შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმს, რომ შენ გარეთ გამოხვიდე.


31-10-2015, 11:59
ავტორი BvBArMy
ნანახია 9 155

ვიმღეროთ ძმებო,
გავიტანოთ ამ სიჩუმის სქელი კედლები,
ავაყირაოთ დედამიწა
და
ბუდეები ცაზე დავკიდოთ ჩიტებისათვის,
რომ
არ გამოსდონ ფრთები ტოტებს,
ეკლებს,
მავთულებს,
რომ
ყველა ბუდე გულაღმაა
და
გულღიაა,
რომ
არ სჭირდებათ ბარტყებს ჭერი
გარდა დედის დაღლილი ფრთების,
რომ
ღრუბლებისგან სწავლობენ ფრენას,
ვიმღეროთ ძმებო,
რომ
ჩვენ უკვე გამოვიღადრეთ დახუჭული ქუთუთოები
და
ეს თვალები მივასერეთ მთების ჰორიზონტს,
ყველაფერს ვხედავთ
და
ვგრძნობთ იმდენს,
რომ
ყოველ დილით გვეღვიძება შეკრული მუშტით,
რომ
რაც გვაღვიძებს ტკივილია
და
არა შვება,
რომ
სიზმრებიდან რაც მოგვყვება, ნახველია სისხლის კოლტებით,
რომ
წინა ღამით ჩაგვეძინა სუნთქვაშეკრულებს,
რომ
ღამეები არ გვყოფნის,
დღეებს ვათენებთ,
ჩვენი დუმილი დანაშული
და
ცოდვაა უფლის წინაშე,
ჩვენ სხვანაირი ასკეტები ვართ,
განწირული
ამ ქალაქების
და
ქუჩების სიცოცხლისათვის,
უნდა ვყვიროდეთ,
უნდა ვყმუოდეთ,
უნდა ვუსტვენდეთ
და
ვუბერავდეთ ყველა მაღალ ქარზე ძლიერად,
ცას ვარსკვლავებით სავსე მკერდი გამოვაფლითოთ,
არ უნდა მივცეთ მოსვენება საკუთარ სულებს,
უნდა ვმღეროდეთ,
იმ ათასი ბოდვის შესახებ,
თუ
როგორ გვტკივა,
როგორ გვახრჩობს,
როგორ განვიცდით,
ან
თუნდაც
როგორ უმოწყალოდ ვინადგურებთ საკუთარ თავებს,
ვიმღეროთ ძმებო,
რომ
ფოთლები რომლებიც მოწყდნენ,
სიზმრისეულად
და
გამხმარი ტანის სიმძიმით ძირს ეშვებიან,
დაცემამდე გამოიღვიძონ,
ვიმღეროთ ძმებო,
რომ
რკინიგზის ბინძურ სადგურზე
შემწვარი ხორცის სუნი უკლავს შიმშილს მათხოვარს,
რომ
წაჰყვებოდა მატარებელს,
რომ
ჰქონდეს ბინა,
რომ
ხელებს იწვდის ხელებისკენ
და
არა ცისკენ,
ვიმღეროთ ძმებო,
რომ
ცოდვილებს,
მძიმე ცოდვილებს,
გამოსაცვლელი კბილებივით გვერყევა სიტყვა
ყველა ლოცვაში,
პირობაში,
დაფიცებაში,
ჩვენ რომელსაც უფალს შევწირავთ,
ვიმღეროთ ძმებო,
რომ
ჩვენ ასეთ შეურაცხადებს
თვითმკვლელობაც გვეპატიება,
მაგრამ
ერთმანეთს არ ვაპატიებთ,
რომ
ოცნებები უფალს ვერ ვანდეთ,
ვიმღეროთ ძმებო,
რომ
არაფერი არ შემოგვრჩა სამღერი მართლა,
მაგრამ
ვიმღეროთ
მათთვის ვინც ახლა არ არიან
და
იქნებიან მომავალში
და
ჩვენს საფლავებს მიიდებენ ყურებზე
როგორც
მძიმე ნიჟარებს,
სამყაროების ოკეანემ
რომ
გამორიყა გულის ნაპირზე
და
ჩვენს ღმერთამდე შეშლილ ხმასაც გაიგონებენ,
მიწის ამ მძიმე სიყვარულით შეჭმულ ძვლებიდან.
წვიმს, რომ შენ გარეთ გამოხვიდე.


არ ვარ ის კაცი,
სიკვდილის
წინ
რომ
ინათლება ხოლმე.
მოულოდნელად წავიდა სითბო,
მოულოდნელად ჩაქრა სინათლე
და
მე ვიგრძენი,
რომ
მარადიულ სიცივესა
და
სიბნელეში ვარ გამომწყვდეული.
იქნებ
მზესაც ნერვებივით წყდება სხივები,
იქნებ
სიბნელესაც სტკივა
როცა
ანათებენ.
მუხლებში დალექილი სული მიმძიმებს ნაბიჯებს
და
ჩემი სიმარტოვიდან წყვილი ცრემლი ჟონავს.
ჩიტებს დაბლა ექაჩება ყულფი,
ადამიანებს პირიქით.
რა
იქნებოდა,
ცის მიმართულებით ჩავძირულიყავი.
მე მესმის სიმწრით შეკრული მუშტის ხმა,
განა მაშინ
როცა
ურტყამენ,
არამედ მაშინ,
როდესაც
უფრო დიდი სიმწრით
შეხსნიან ხოლმე თითებს
და
საფეთქლებისკენ მიმართული ხელისგულებიდან
მოთმინებით ყვირიან.
რაღაც
ისეთი,
მარჯვნივ
რომ
შეუხვევ
და
მარცხნივ გადაიხრები.
მრავლობითში მტკივა
და
მხოლობითში ვგრძნობ.
მხოლოდ ჩემს ლექსებს არ ეშინიათ ჩემი დაკარგვის.
წვიმს, რომ შენ გარეთ გამოხვიდე.

სიბნელეს
რომ
მიაჩვევ თვალს
და
მერე ნელ-ნელა,
თავისით
რომ
გამოიკვეთება ხოლმე ყველაფერი,
სივრცე,
ფიგურები,
მოვლენები,
აი
ასე
მოხდა
ჩვენს შემთხვევაშიც,
შენ აღარ გჭირდება ხელების ცეცება,
შენ უკვე ისე დადიხარ ჩემში,
რომ
აღარაფერს ეჯახები,
მაგრამ
მე
მხოლოდ
ერთი რამ მიხარია,
ისეთი ბნელი
რომ
არ
აღმოვჩნდი,
ვიდრე
ერთი შეხედვით ვჩანდი.

წვიმს, რომ შენ გარეთ გამოხვიდე.


დავსველდეთ,
წვიმს....
წვეთები თხრიან გუბეში საფლავს.
დავსველდეთ
გთხოვ,
მინდა გუბეში
რომ
ფეხი ჩავდგა,
ისე
უაზროდ
და
ყურადღება არ მივიქციო
შენი
და
სხვათა.
დავსველდეთ
ისე
როგორც
ჰაერი
და
მოდი ერთხელ
შევამჩნიოთ როგორც მერცხლებმა
და
მოდი ერთხელ
ვიგრძნოთ როგორც კანმა სისველე,
რომ
ვართ ცოცხლები,
რომ
შეგვიძლია დავინახოთ ღმერთი მიწიდან
და
მოდი
ერთხელ
დავემსგავსოთ ადამიანებს,
რომელთაც
ქოლგით
არ
უყვარდათ
გასვლა წვიმაში.

წვიმს, რომ შენ გარეთ გამოხვიდე.


ე თქვენ არ მოგყვებით,
მე ჩემთვის მივდივარ,
მარტო ვარ.
სულ მარტო.
ჩემი გზაც ერთია.
რომ მინდა იმაზე მაგარი გიჟი ვარ
და ვიწვავ სიგარეტს ფილტვებზე დენთიან.
უშაქრო ნაბიჯებს ხასიათს ვუხამებ,
ჩემს ყველა ოცნებას მივიყვან ბოლომდე.
არა მაქვს ამ თქვენი ცხოვრების მუღამი
და მინდა ჩიტივით უბრალოდ ვცოცხლობდე.
მჭირდება არავინ, მიმიღოს ისეთი
როგორიც ახლა ვარ, ან სინამდვილეში,
თუ ადრე ფრენისთვის ზეცისკენ ვიწევდი,
დღეს უკვე დავფრინავ თითების ჩრდილებში.
და მე ვარ ფანქარი, რომელსაც საშლელი
არ მოჰყვა, თუმცა წვერს ყოველდღე უთლიან,
სიკვდილს ხელს ვურტყამ და არავინ გვაშველებს,
ვუყურებ, ვიცინი, როგორ გაუწრთვნიათ.
ეს ჩემი ქუჩაა და ჩემი სალამი
ტროტუარს, ბორდიურს, უმხრებო ლამპიონს,
მტვერია ამ ჩემი ტკივილის მალამო
და ღამე შეშლილი სიზმრების ყლაპია .
და თვითმფრინავებმა ცა ისევ გახაზეს,
მიწას კი ყოველდღე ფეხები ჩხაპნიან,
დღეს წვიმის წვეთივით დამეცი სახეზე
თვალებში ჩახმედე და უკან გაფრინდი.

წვიმს, რომ შენ გარეთ გამოხვიდე.


მომენტი,
როცა
ხვდები,
რომ
ძილი გაგიტყდა,
თითქოს იმედი გადაგეწურა,
რომელიც
არასოდეს გქონია.
არ მეძინება,
მაგრამ
გამოძინებაა საჭირო,
ხვალ სად აღარახარ წასასვლელი,
ყველაფერს ფიქრობ რაც დღეს გამოგრჩა,
ან გამოტოვე,
სხვა გზა არა გაქვს,
უნდა იყვირო,
ისე თითქოს ტრიალ მინდორში დგახარ
და
ექოს შენი სისხლძარღვებიდან ელოდები.
სიზმრებს
და
ოცნებებს ბევრი აქვთ საერთო,
მაგრამ
არა ახდენა.
ჩემი ხელის აქენვაზე
სამარშუტო ტაქსები აჩერებენ ხოლმე,
ჩაქნევაზე სიცოცხლე.
მე დღეს არ მივხურე ჩემი საძინებლის კარი,
დედაჩემი სახლშია,
დედაჩემი მეორე ოთახშია,
დედამ იცის,
რომ
არ ვარ კარგად,
მე არ შემიძლია იძულებითი კარგად ყოფნა,
დედაჩემს მოდუნება არ შეუძლია,
ღმერთს კი ის,
რომ
ჩაერიოს.
ახლა ვიღაცა საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად,
ზის
და
ჰოროსკოპს არჩევს,
მთვარია სწამდეს
და
ნაგვის ბუნკერშიც
რომ
ჩაყოს თავი,
იგივე სიღრმეს მიწვდება,
იგივე დასკვნას გამოიტანს.
მე დამავიწყდა მიცვალებულთა ხსენების დღეები.
წუთიერი დუმილი მათ საფლავებთან,
უფრო წუთშესვენებას გავს ამ ცხოვრებიდან,
ვიდრე მათი სულებისთვის პატივის მიგებას.
ნუთუ ის ძაღლი რომელმაც დამკბინა,
შემიძლია გადავარჩინო.
უმნიშვნელოა ჩემი წვილი ჩემს ადამიანობაში.
ჩვენ უკვე სათითაოდ ვაცვამთ ქრისტეს ჯვარზე.
მე ამ სახლში უნდა ვიცხოვრო,
მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება.
ეს არ არის ჩემი წმინდა ადგილი,
მიუხედავად იმისა,
რომ
აქ არასდროს გადამიფურთხებია.
რას დაიტოვებენ ეს კედლები ჩემი მხრებისგან?
საზღვარგარეთ,
მთვარეზე,
სამოთხეში,
ან
ჯოჯოხეთში კი არა,
ჩემს ოთახშია ჯერ კიდევ ისეთი ადგილები დარჩენილი,
სადაც ფეხი არ დამიდგამს.
ტარაკნებს ვატან ჩემს სიძულვილს, იატაკის ყველა ღრეჭოში.
ეს ხალხი
ნერვების წყვეტას,
ძვლების მტვრევას,
თვალში ნამცეცის ჩავარდნას,
ფეხსაცმლის ორი ზომით სივიწროვეს
და
ნემსის ჩხვლეტას გრძნობს,
მაგრამ
მათ არ შეუძლიათ იგრძნონ როგორ მოძრაობს სისხლი,
მათ არ შეუძლიათ გაფრენა.
ბავშვებს ეტყობათ,
იმ ადამიანთა თანაცხოვრება,
რომელთაც
ერთამენთი არ უყვართ,
მათ შეუძლიათ,
ასფალტზე ცარცით გავლებული ბაგირიდან
ისე ჩამოვარდნენ
რომ
დაიღუპონ.
მზე ამ მთების უკან ჩავიდა,
მაგრამ
ამ მთების მიღმაც ღამეა.
იქნებ
ის,
რასაც
ღმერთში ადამიანურს ვხედავთ,
ადამიანშია ღვთიური.
რატომ
არ
ეტყობა
ცას,
მოწყვეტილი ვარსკვალვების
სიცარიელე.
წვიმს, რომ შენ გარეთ გამოხვიდე.

უცნაურია
ორიდან ერთი
ყოველთვის
პირველი ხვდება რომ
ის მისი სულის ნაწილია.
მეორეს კი
ამის მისახვედრად,
ხშირად,
თქმა ჭირდება.
მე შენ მიყვარხარ.
არ მჯერა მეორე ნახევრების.
მჯერა რომ
არსებობს ორი ადამიანი,
რომელთაც
ერთი წილი სული
დააქვთ,
საკუთარი სხეულით.

წვიმს, რომ შენ გარეთ გამოხვიდე.


იცი, როგორ ვარ? ასაკიც რომ კარგავს პირვანდელ
მნიშვნელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა
ღირებულება, რაც აქამდე გაგაჩნდა, შენი
წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და არსებობაც,
ზოგადად. იღებ ფურცლის ნაგლეჯს, იღებ კალმისტარს
და წერ, რომ შენი სახელია “საკარიასი”,
მიგაქვს სანთელთან ეს ნაგლეჯი (ფურცლის) და წვავ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? არაფერი როცა არ ხდება
გარშემო. როცა გასართობად რამეს იგონებ,
ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდა
და რა თქმა უნდა ტრაგიკულად დასრულდა შენთვის,
ან დასრულდება და მერე ამ გამოგონილი
ტრაგედიების ანჟანბემანს აყოლებ ჩაის
და შიგადაშიგ შაქრის ნატეხს, ან მურაბას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა შენში თავს იჩენს ნიჭი
მისნობის, ისე ერთფეროვნად გადის ყოველდღე
ერთი ცხოვრების ერთი მთელი ცხრა მეათედი,
ყოველთვის ერთი სადგურიდან, ასევე ერთი
მიმართულებით, ზუსტად იცი ხვალ რა მოხდება:
როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად წახვალ, ან ვინ
შეგხვდება გზად და რა ეცმევა, რას გეტყვის სხვას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე..

წვიმს, რომ შენ გარეთ გამოხვიდე.


აქ უცხოპლანეტელს ცნობენ,
უცხოსამყაროელს ვერა,
ამიტომ
ვარ მარტო.

ზურგით დამაყენე
და
მესროლე თუ გინდა,
ოღონდ
ფონი ცისფერი იყოს.

ჩვენი მოკვეთილი თავები
ხომ
მზესუმზირებს გვანან.

ჩემი სისხლის შხეფები ცაზე დარჩება.
და
სანამ ღამე სიბნელეს აცნობიერებს,
მე აღარაფრის მეშინია,
რადგან
ჩვენ მოვუშვით წვიმა მოწმენდილი ციდან,
რადგან
ჩვენ გადავტეხეთ სინათლე ხერხემალში,
რადგან
ჩვენ ამოვიყვანეთ ცისარტყელა ღამით,
რადგან
ჩვენ ვიპოვნეთ ღმერთი ადამიანებში
და
არავისთვის არაფერი გვიკითხავს,
რადგან
აწი თვალდახუჭულები დავინახავთ ერთმანეთს,
ჩვენ - შეშლილები.



№1 სტუმარი ლილეე

აქ უცხოპლანეტელს ცნობენ,
უცხოსამყაროელს ვერა,
ამიტომ
ვარ მარტო.

 


№2 სტუმარი nia

მომწონს wink [s][/s][/u][u][i][/i]ხდდდ

 


№3  offline წევრი თამუნა

მომწონს, ლამაზი სიახლეა smile
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

კარგი იყო და სასიამოვნოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent