შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოთხი სეზონი


9-04-2018, 16:50
ავტორი lukakhati
ნანახია 406

ოთხი სეზონი

მე ამ გზას პირველად არ გავდივარ. არც შემოდგომის სილამაზე არის უცხო ჩემთვის. გზა მოფენილია დამჭკნარი, სიცოცხლეწართმეული ფოთლებით. ერთ დროს ჩემი ცხოვრებაც ჰგავდა ამ ფოთლებს. ისიც ნელ-ნელა ხუნდებოდა და ერთ ადგილას მიტოვებული თავის დროს ელოდებოდა. არის შემოდგომაში რაღაც ამაღლებული, რაღაც სევდიანიც. ეს სილამაზეა, რომელსაც დასასრულისა და დასაწყისის ერთობლიობა ქმნის.
ფოთლები ხუნდებოდა, ქარის მკლავებში გახვეული ნელ-ნელა ქვევით ეშვებოდა, გზააბნეული მიწაზე ეცემოდა.
„თავისუფალი ხართ”, - რამდენიმე დღის წინ გადაწყდა ჩემი განთავისუფლება. „ციხე” - არ მიყვარს ეს სიტყვა. მაგრამ სწორედ ეს სიტყვა ერქვა წლების განმავლობაში ჩემს სახლს. წლები გავიდა, სეზონები სეზონებს მიჰყვებოდა და მე ამ დროის განმავლობაში, როგორც მიწაზე მარტო დარჩენილი ფოთოლი, შორიდან მიამიტად ვუყურებდი ჩემს მშობელ ხეს. მიწიდან ვუყურებდი დაცარიელებულ ტოტებს და ზამთრის მომლოდინეს, გაყინულს არაფერი დამრჩენოდა ლოდინის მეტი. აყვავების სურვილი იღვრებოდა ყოველდღე ჩემს სხეულში და ებრძოდა სიცარიელეს, რომელსაც უკვე ჩემს სხეულში ტოტები ფართოდ გაეშალა და გულს შემოხვეული ფესვებით სასოწარკვეთა ჩაეღვარა.
აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, გარეთ რა მელოდებოდა. მე არც არავინ მელოდებოდა, მაგრამ არც ეს აზრი ყოფილა გადამწყვეტი ჩემთვის. არც მოწყვეტილმა ფოთოლმა იცის, სად დაეცემა, მაგრამ ის რამდენიმე წამი, როდესაც მთელი არსებით გრძნობს თავისუფლებას და ქარს გაყოლილი ცეკვა-ცეკვით აპობს სივრცეს, ავიწყდება შეპარული სიყვითლე და სიცოცხლედაბრუნებული, გამწვანებული წამით ტკბება. მეც ახლა ამ ფოთოლს ვგავარ და მთელი არსებით ვგრძნობ ნესტშეპარულ, ცივ ჰაერს.
ერთ დროს მთლიანი იმსხვრეოდა, ტოტები ბერდებოდა, სიცივეშემოპარული გამწვანებას ელოდებოდა. ესეც ის წამია, რომელსაც წლების განმავლობაში ველოდი. ალბათ, ასეც სჯობდა. ხშირად მენატრებოდა დრო, როდესაც ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი მეჩვენებოდა. დედისერთამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში გადავწყვიტე ყვითელი ფოთლებით მოსილ გზაზე მარტო სიარული. დარდი ქარს გავატანე, მაგრამ არ დავემონე, დავუპირისპირდი და შეიძლება, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი თოვლით დაფარულ სამარხში.

დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არასდროს შემძლებია. არ შემძლებია ბიჭს, რომელიც თავის ცხოვრებას ერთ უსასრულო, უსაზღვროდ გაშლილი ზღვად ხედავდა. სიცოცხლისმოყვარულს ცეცხლისაკენ არასდროს მივლია. დაფერფვლის შიში არ მშორდებოდა. ბევრჯერ გამიკეთებია არასწორი არჩევანი. ეს ყველაფერი ჩემგან სიცოცხლეს მოითხოვდა, მე კი ვარჩიე, მეცხოვრა. გინდაც, ეს ცხოვრება ყველასათვის საძულველი ყოფილიყო. ის ყოველთვის იქნებოდა ჩემი და მე მექნებოდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მისი წილხვედრი.
გაშიშვლებული ხეები ერთმანეთს ემსგავსებოდა, არე-მარე იხლიჩებოდა, სიკვდილის სუნში ყველაფერი იყინებოდა.
„მამა. როგორ მომენატრე“, - ჩემი გოგო უკვე გაიზარდა. სახლში მეგებება მზრუნველი ცოლი. ამ სუნს არაფერი ჰგავს. ახალაყვავებული ნუშის სუნი დაცარიელებულ სხეულს მივსებს და შინ მიზიდავს. არც აქაურობა შეცვლილა, დაძველებული ავეჯი მტვერს არ დაუფარავს. ისევ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აყვავდება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ოცნებაა. კი, ყველაფერი შეიძლებოდა, ასეც ყოფილიყო. მე ასეთი ვარ. ქუჩაში მარტო მიმავალს ხშირად მიყვარს, წარმოვიდგინო, როგორი შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩემი ცხოვრება გაშიშვლებულ ხეს დამსგავსებულმა, სასოწარკვეთილმა, სიმართლისათვის თვალებში ყურებით დაღლილმა გაზაფხულის ოცნებისთვის არსებობა გადავწყვიტე. ეს ოცნება და წარმოსახვა იყო ჩემი მკვებავი ამ დროის განმავლობაში. მისი სუნი მართლაც ჰგავდა ახლადაყვავებული ნუშის ყვავილის სუნს. იღვრებოდა შეუმჩნევლად ჩემს საკნის სუნით გაჟღენთილ სხეულში და მარწმუნებდა, რომ ერთ დღეს აქაც ამოვარდებოდა ქარი და მის მკლავებში გახვეული მეც წავიდოდი.
ხანდახან ასეა უმჯობესი. რაღაცეებს უნდა შეეგუო. გარდაუვალს ვერავინ შეცვლის. მე ისევ არჩევანი გავაკეთე. უარი ვთქვი სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაზე და უკანასკნელი ლაჩარივით წარმოსახვით უსასრულო ლაბირინთი დავხაზე. ლაბირინთი, რომლის ბოლოშიც სიმართლე არასდროს იყო. ყოველთვის იყო რაღაც კარგი, რაღაც სანუკვარი, მაგრამ ეს ყველაფერი არასდროს არ ყოფილა მართალი.
…და მაინც, სინანულში ცხოვრებას მე უმოქმედობა ვარჩიე. ამ ყველაფერს “გარდაუვალი” დავარქვი და დავემონე. არც ზამთრის მოსვლა უხარია ბუნებას, არ უხარია დაძინება, მაგრამ არც მას აქვს სხვა გზა. მანაც მიიღო თავისი ბედი და მარადიული ეგუება ეფემერულად წოდებულ ნაღველს.
მე ერთ დროს მართლა მყავდა ოჯახი. გვერდით მყავდა ქალი, რომელთან ერთადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრების პირობა დავდე. ვერც ეს პირობა შევასრულე. კარი გავაღე და სიხარული, რომელიც ადრე ჩვენს სახლში ყოველ კუთხე-კუნჭულს ავსებდა, გავუშვი. ისიც და მეც ვგავდით ათასფრთებგაშლილ ციცინათელას. და ის უფრო ღირსეული, უფრო მზრუნველი, დამფასებელი პატრონის საძებნად წავიდა. ასე მოკლედ შემიძლია, აღვწერო ჩემი ცხოვრება: ყველაფერს, რასაც ერთ დროს ჩემი ბედნიერება ერქვა, ხაზი მე თვითონ გადავუსვი.
მიზეზის გახსენება ახლა უსაფუძვლოა. მე ვიცი, რომ მე მერქვა დამნაშავე და ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რამდენიმეწლიან პატიმრობას ასე დაუფიქრებლად შევეგუე.
დაძინებული იღვიძებდა და მზის პირველი სხივი ტოტებს ძველ სიკაჟეს უბრუნებდა, შორიდან უკან მომავალი უამრავი ფრინველის ხმა ისმოდა.
ბავშვობაში მიყვარდა ამ სადარბაზოში თამაში. ეს კიბე არასდროს არ ყოფილა ჩემთვის ჩვეულებრივი. ის ყოველთვის განსაკუთრებული იყო ჩემი და ჩემი მეზობლებისათვის, მაგრამ ახლა ეს კიბეც უსიხარულოდ ავიარე. არც ველოდები ნაცნობი სახის გამოჩენას. რამდენიმე წამი გავჩერდი სახლის კართან. სადარბაზოში აღმართულ სარკეს ვუყურებდი და გამახსენდა ყოველი დღე, ყოველი წამი, როდესაც ამ სარკეში საკუთარი ანარეკლი დამინახავს. ამ სარკეში ერთ დროს იხედებოდა მოზარდი ბიჭი, რომელიც აქ საკუთარ მშობლებთან ერთად უდარდელად ცხოვრობდა, ერთ დროსაც ახალდაქორწინებული, ბედნიერ მომავალში დარწმუნებული და ბოლოს, როდესაც ჩემი ანარეკლი აქ დავინახე, ვიყავი თვალებაწითლებული, შავებში ჩაცმული... დაქვრივებული.
ჩემი ანარეკლიც სეზონებივით იცვლებოდა და ხან მთლიანი იყო, ხანაც - დამსხვრეული.
ფესვებს ძველი სიძლიერე უბრუნდებოდათ, დამდნარ თოვლს გამარჯვებული ზევიდან უყურებდა, ტოტებზე ნელ-ნელა ახალდაბადებული კვირტები ჩნდებოდა.
საკეტის კარი მძიმედ გადატრიალდა. ეს ჩემი სახლია. არაფერი არ შეცვლილა, საწყენიც კია, თითქოს აქედან არასდროს წავსულვარ. კედელზე ისევ ჰკიდია ჩემი და ჩემი ოჯახის სურათები.
სახლი დალაგებულია. ალბათ, დედა აქ ხშირად მოდის. ცოტა ხანში გავალ და ვნახავ ჩემს მშობლებს. ახლა კი მინდა, დავტკბე, რამდენიმე წუთი მინდა საკუთარის შეგრძნების ბედნიერებით დავტკბე.
…ეს ფანჯარა ყველაზე მეტად მენატრებოდა. ეს დიდი, თითქმის კარისხელა ფანჯარა, იყო ყოველთვის ჩემი ერთგული მესაიდუმლე. მიყვარდა დიდ რაფაზე დაჯდომა და ფანჯრიდან ეზოში გაშლილი ხეების ყურება. ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც ისეთებად დარჩნენ.
მოკვდავი უკვდავის წილხვედრი ხდებოდა, ბუნება მარადიულ წრე-ბრუნვას მიუყვებოდა, ეზოში ახალაყვავებული ხე ხარობდა, მზით განათებულ ტოტებზე მორცხვი ნუშის კვირტი სახლობდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი bla.ell

მე ყველაზე მეტად შემოდგომა მიყვარს blush თანაც ყველაზე ლამაზია და შემოდგომას ჩემი ხშირი "ხასიათი" უხდება თანაც..კარგი ჩანახატია მისტერ...
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

bla.ell
მე ყველაზე მეტად შემოდგომა მიყვარს blush თანაც ყველაზე ლამაზია და შემოდგომას ჩემი ხშირი "ხასიათი" უხდება თანაც..კარგი ჩანახატია მისტერ...

მეც შემოდგომა მიყვარს რაღა დაგიმალო ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent