შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის დღე


9-05-2018, 14:36
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 314

ის დღე

ფოტოზე გამოსახულ შუახნის ქალს ვუყურებ, ცისფერი მანათობელა თვალები, პირდაპირ მიცქერენ, იღიმიან და ამავდროულად ტირიან, წითლად შეფერილ გუგებში კიდევ უფრო მეტად ჩანს ცისფერი ფერის სიკაშკაშე. სქელი ტუჩითა და პატარა ცხვირით ქალურ სილამაზეს ასხივებს. ქერა თმა დაუდევრად შეუკრავს და მისი ჩამოშლილი ბოლოები მხრებზე ლამაზად ეფინება, თხელ სხეულს თეთრი გამჭვირვალე კაბა უმშვენებს. კადრში სხვა ადამიანებიც ჩანს, უფრო სწორად მათი კმაყოფილი მზერა, ფირზე ასახული ქალის ცქერით გამოწვეული ვნებათაღელვა.

კედელზე დაკიდებული საათიდან გუგულმა შუაღამის 12 საათის დადგომა მამცნო, წვიმა გამალებით ესხმის თავს ფანჯრის მინებს, ქარი კი ადვილად აღწევს სიძველისგან სიმყარე დაკარგულ კარებში. ბუხარში ცეცხლი მინავლებულია მაგრამ ოთახში მაინც თბილა. სანთლის შუქზე ვმეცადინეობ. დასკვნითი გამოცდებისთვის ვემზადები, თვალებს რული ედება მაგრამ თავს ძილის საშუალებას არ ვაძლევ. გვერდითა ოთახიდან ჩემი პატარა ძმის ხმა მესმის.
-დედა მეშინია.
-აქ ვარ. მოდი დავიმალოთ, ეუბნება ჭექაქუხილისგან შეშინებულ ჩემს ძმას დედაჩემი და სავარაუდოდ ორივენი საბნის ქვეშ იმალებიან. ყოველთვის ასე იქცევიან.
-მამა მალე მოვა? კითხულობს აცახცახებული ხმით ნიკა.
-მალე მოვა, ამბობს დედა. საბნის ქვეშ დამალულ ნიკას მალევე ეძინება. კარზე კაკუნის ხმა ისმის, მთელ სახლში შემზარავი სიჩუმე მომენტალურად ისადგურებს. დედა ოთახიდან გამოდის. -შენ ძმასთან შედი, ამბობს და თვითონ კარისკენ მიდის.

ფოტოაპარატით ხელში თბილისის უბნებს მივუყვები და განურჩევლად ყველაფერს სურათებს ვუღებ. საზოგადოების ინტერესიანი მზერა თან მაღიზიანებს, მაგრამ ამავე დროს არ მაინტერესებს. მოკლემეტრაჟიანი კოლაჟის გაკეთება მინდა და დასახიჩრებული კადრების ფირად ქცევას ვაპირებ, ამიტომაც ვიღებ სადარბაზოს კედელზე საღებავით მიდღაბნილ (ნაგავი არ დაყაროთ) წარწერას, შემდეგი კადრი კი წარწერის ქვეშ დაზვავებული ნაგვის ამსახველი კადრია.
-რას იღებ. მესმის მეორე სართულის ღია ფანჯრიდან.
-დოკუმენტურ ფილმს.
-ნაგვის შესახებ?
-დაახლოებით.
-სხვა საქმე არ გაქვს?
-არა, ვპასუხობ ღიმილით და ობიექტივს ჩემი მოსაუბრის ფანჯრისკენ მივმართავ.
-მოაშორე. ისმის ყვირილი. ფოტოს მაინც ვიღებ და საუცბათოდ ვტოვებ იქაურობას.

ოთახში გამეფებულ სიჩუმეს, დედის ჩუმი ტირილი ერწმის და მეც მასთან გავდივარ. სამზარეულო მაგიდაზე გაშლილ ფოტოებს ერთი მხრიდან მეორე მხარეს ანაცვლებს, გრძელი ლამაზი თითებით ფირებზე აღბეჭდილ გამოსახულებებს ეფერება, თან ჩუმად ტირის. ჩემ დანახვაზე, ცრემლებს მაისურის სახელოთი იწმენდს და ღიმილით მიცქერს.
-რა მოხდა? ვამბობ და მის გვერდით ვჯდები.
-სახეზე გაყინული თითებით მეხება, სასიამოვნო და ამავდროულად სიგრილის შეგრძნებით, თვალებს ვხუჭავ და მის სურნელს შევიგრძნობ. მერე დგება, მისი ჰაეროვანი სხეულის მოძრაობა უჩვეულოდ დამძიმებული მეჩვენა, თვალებში მოწოლილი სიბნელე, სხეულს უბუჟებს და მზერა ერთ წერტილში ეყინება.
-დე.
-უკეთ ვარ. მაწყვეტინებს და ოთახიდან გადის. მტვრით დაფარულ მბჟუტავ ლამფაში ცეცხლის ალს ბრძოლა აქვს გაჩაღებული, გავარვარებული მინის კედლებს თავის დაღწევის მიზნით ამაოდ ასკდება.

გადაღებულ კადრებს ვუყურებ, არაფერი ღირებული, ნაგვის სრული ფერთქგამა. ერთი ხელის მოსმით ვუკარი ნაგვის ურნაში თავი, სიგარეტს თითებში ვაწვალებ, სამი თვე გავიდა აღარ მიმოწევია, ახლაც ცხვირთან მიმაქვს თამბაქოს რულონი, ღრმად ვსუნთქავ მის სურნელს, მერე ისევ გვერდით ვდებ.

-აიღე. ამბობს დედა და ლამაზად შეფუთულ ყუთს წინ მიდებს.
-რა არის.
-გახსენი. ამბობს და ჩემს გვერდით ჯდება. ყუთს ვხსნი. ციფრული აპარატი, თანაც დიდი ხნის ნანატრი. თვალებში ვარსკვლავები მენთება და მის შესწავლას ვიწყებ. - მოგწონს?
-რა თქმა უნდა.

ოთახში მამა შემოდის.
-რას აკეთებ?
-ისეთს არაფერს, რამე გინდოდა?
-დედას ელაპარაკე?
-არა, რამე მოხდა?
-დაურეკე. ოთახიდან გადის. ტელეფონს ვიღებ და დედასთან ვრეკავ.

თოვს, დედა ცვრით დაფარულ ფანჯრის მინებზე ფიგურების ხატვით ერთობა. ის აღარ საუბრობს, იმ დღის შემდეგ რაც მამა სახლიდან წავიდა. ასე თავისთვის, გამოგონილ სამყაროში ხეტიალით გაყავს დრო. სკოლიდან თავიდან ფეხებამდე სველი ვბრუნდები. ოთახში ცივა, ბუხარში ცეცხლი არ ანთია.
-ნიკა სადაა. ვკითხულობ თან სველ ტანსაცმელს ვიხდი და თბილ სპორტულებში ვეხვევი.
-მამასთან.
-არ გცივა?
-არა.
-მე მცივა.
-ცხელი ჩაი დალიე. ამბობს დედა და ხატვას აგრძელებს. ვუყურებ. მერე ოთახიდან გავდივარ. საწოლში ვწვები და გაყინული სხეულის გათბობას ვცდილობ.

-საფრანგეთში მივდივარ, ისმის ყურმილს იქეთ.
-კარგია. ვამბობ და სიჩუმეში ვუჩინარდები.
-წამოხვალ ჩემთან ერთად? ისმის ცოტაოდენი პაუზის შემდეგ.
-ფილმზე ვმუშაობ დედა, არ შემიძლია. ისევ სიჩუმე.
-როგორც გინდა.
-როდის დაბრუნდები?
-ერთ წელიწადში. ისევ სიჩუმე. -რა იყო? აგრძელებს ცოტა ხანში.
-არაფერი. აეროპორტში მოვალ ვამბობ და ყურმილს ვდებ. სიგარეტს ვუყურებ, მერე თითებში დიდხანს ვაწვალებ, ბოლოს ვუკიდებ, ღრმა ნაფაზს ვარტყავ და კვამლში გახვეული საცრემლე ჯირკვლების გააქტიურებას ვგრძნობ.

მე და ნიკა ტრადიციისამებრ შაბათ საღამოს კაფეში ვსხედვართ და ერთმანეთს ჩავლილი კვირის ინფორმაციას ვუზიარებთ. ახალ გოგოზე აღტაცებით მიყვება. 19 წლის არის მაგრამ აშკარად შეყვარებულია, თვალებში უჩვეულო სიცელქე აქვს გამეფებული, ხმაც სხვაგვარად უჟღერს, ერთ ადგილას ვერ ისვენებს, ცქმუტავს.
-უნდა გაგაცნო. ამბობს მოულოდნელად.
-თუ შენ გინდა.
-მინდა. ვუღიმი. ხელში ტელეფონს იღებს და ოდნავ მოშორებით გადის.

-წახვალ? ისმის კარებს მიღმა მამის ხმა.
-არა. პაუზას სევდით გაჟღენთილი ამოსუნთქვა მოსდევს და შემდეგ მძიმე ნაბიჯების ხმა, რომელიც ნელნელა მშორდება.

კაფეში პატარა ქერათმიანი, ჭორფლიანი გოგონა შემოდის და პირდაპირ ჩვენსკენ მოემართება. ნიკა ფეხზე დგება.
-ეს ნინია ამბობს და მეგობარს ჩემ თავს აცნობს. ეს სოფოა, ნიკა წითლდება. სოფოც წითლდება. პასუხად მხოლოდ ვუღიმი. გვერდიგვერდ სხდებიან და უხერხულად ცქმუტავენ. -რას დალევ? ეკითხება ნიკა სოფოს.
-არაფერს, მალე უნდა წავიდე. ნიკა იძაბება. მე სკამის საზურგეს მიყრდნობილი ორი ლამაზი ბავშვის ცქერით ვტკბები. მერე ჩანთას ვიღებ. მიმტანთან ანგარიშს ვუსწორებ და გავდივარ.
-გამიხარდა შენი გაცნობა. ვეუბნები სოფოს.
-მეც. ამბობს მორცხვად და ფეხზე დგება, ნიკაც დგება. მეღიმება. ნიკას თვალი ჩავუკარი და კაფე დავტოვე.

მთელი კლასი შატალოზე წავიდა მე კი რატომღაც პირდაპირ სახლში წავედი. შესასვლელი კარი ღია მხვდება, შევდივარ, ჩანთას იქვე ვაგდებ. უცნაურია. ვფიქრობ ჩემთვის, დედა შინ არ დამხვდა, ოთახში შევდივარ, მაგიდიდან აპარატს ვიღებ და ეზოში სურათების გადასაღებად გავდივარ. ხეებით დაბურულ ეზოს შუაგულში ქალის მხიარული სიცილი მესმის. ხმას მივყვები. უფრო და უფრო ახლოს მივდივარ. მერე დედაჩემს ვხედავ, ლაღს, მხიარულს, ბედნიერს. იქ კიდევ ვიღაც არის, არ მეცნობა.
-დედა. ვეძახი შორიდან. სიჩუმე. ხელის მოძრაობით ვხვდები რომ თმას ისწორებს. -მოდი ნინი. მეძახის და ჩემს შესაგებებლად მოემართება. მეორე სილუეტი რომელიც გაცილებით დიდია დედის სიფრიფანა სილუეტტან შედარებით, წელში იმართება, ზურგს მაქცევს და ხეებს შორის უჩინარდება. დედა მეხვევა. -ავად ხომ არ ხარ? ასე ადრე არ გელოდი. ამბობს აღელვებული, სახეზე სრული სითეთრე აქვს მოფენილი.
-ვინ იყო?
-სად?
-იქ.
-არავინ.
-როგორ თუ არავინ. მიყურებს, ორივე ხელებს მკლავებში მაგრად მიჭერს, ცისფერი თვალებიდან მომავალი მზერა მთელ სხეულში მივლის.
-არავინ. ამბობს ის. -მოგეჩვენა.
-მომეჩვენა. ვამბობ მე.
-კარგი გოგო ხარ, სახლში შევიდეთ, ხელს მკიდებს და სახლისკენ ვბრუნდებით.
-მომეჩვენა. ვიმეორებ მე და უკან მიხედვას ვერ ვბედავ.

მე, მამა, ნიკა და დედა აეროპორტში ვართ და დედას თვითმფრინავის გასვლას ველოდებით. ჩვენგან ცოტა მოშორებით დედას მეგობარი დგას, ბარგს დარაჯობს და დედას თვალს არ აცილებს.
-ბავშვებს მიხედე. ამბობს დედა მამის მისამართით თუმცა იატაკის ფილებს უყურებს და არა მამას.
-ისინი დიდი ხანია ბავშვები არ არიან. ამბობს მამა და ნიკას თმას უჩეჩავს. დედა ნიკას გულში იკრავს, მერე შუბლზე კოცნის და ყურში რაღაცას ეუბნება, ნიკა იღიმის, დედაც იღიმის. მერე მზერა მამაზე გადააქვს.
-არაფერი თქვა. ამბობს მამა და ლოყაზე კოცნის. ის ჩემკენ მოდის. მიყურებს.
-მომენატრები. ამბობს დედა. სიჩუმე ისადგურებს. მერე ტრიალდება და მიდის. ყელში მოწოლილი გულის ცემა და თვალებში მოწოლილი ცრემლი გულღვიძლს მიხურებს და საშინელი ხმა ამომდის ყელიდან.
-დედა. ალბათ უფრო ვღრიალებ ვიდრე ვეძახი. ის ჩერდება, ფრხილად ტრიალდება ჩემკენ.
-რა იყო, ამბობს ცრემლნარევი ხმით. ხელში კამერა მიჭირავს, ფოტოს ვუღებ. მერე კი ვამბობ.
-არაფერი. ის ცრემლს ხელით მალავს, როგორც ყოველთვის. მერე კი მიდის.

ფილმის მონტაჟს, როგორც იქნა ვასრულებ და კომპიუტერის ეკრანს დაღლილ მზერას ვაშორებ. ფოტოზე გამოსახულ შუახნის ქალს ვუყურებ, ცისფერი მანათობელა თვალები, პირდაპირ მიცქერენ, იღიმიან და ამავდროულად ტირიან, წითლად შეფერილ გუგებში კიდევ უფრო მეტად ჩანს ცისფერი ფერის სიკაშკაშე. სქელი ტუჩითა და პატარა ცხვირით ქალურ სილამაზეს ასხივებს. ქერა თმა დაუდევრად შეუკრავს და მისი ჩამოშლილი ბოლოები მხრებზე ლამაზად ეფინება, თხელ სხეულს თეთრი გამჭვირვალე კაბა უმშვენებს. კადრში სხვა ადამიანებიც ჩანს, უფრო სწორად მათი კმაყოფილი მზერა, ფირზე ასახული ქალის ცქერით გამოწვეული ვნებათაღელვა.
სწორედ ამ ფოტოთი მთავრდება ჩემი ფილმი სახელწოდებით "ის დღე"

დარბაზში შუქი ინთება, ადრენალინ მოზღავავებული საზოგადოება გამაყრუებელი ოვაციებითა და შეძახილებით აყრუებს იქაურობას, პროჟექტორების შუქი თვალს მჭრის, მაგრამ ამის მიუხედავად კარგად ვარჩევ წინა რიგებში გამოჭიმულ, ბედნიერებით გაბრუებულ მამასა და ნიკას, ტაშს ხელის გულების სრულ ატკიებამდე რომ უკრავენ. მაყურებელს მადლობას ვუხდი, მოციმციმე შუქის ფონზე ნაცნობ სილუეტს ვხედავ, დარბაზის ყველაზე ბნელ კუთხეში დგას და ტირის. ბაგეს ღიმილი მიპობს. ის ჰაეროვან კოცნას მიგზავნის, ტუჩების მოძრაობით ვხვდები რას ამბობს.
-ყოჩაღ. მერე მიდის. ისევ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent