ასინქრონი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასინქრონი


1-08-2018, 09:03
ნანახია 460

ასინქრონი

ადამიანებს დამბეზღებლობა სისხლში გვაქვს გამჯდარი. ეს ასე იყო და მუდამ ასე იქნება, ამას ვერ უშველის ვერც გმირი და ვერც ჟამთა ცვლა. გინდა თანამდებობა?-ჩაუშვი.
უარს განაცხადებ- ვერ წაიწევ წინ. კარიერის ყოველი ხარისხი-დასმენების სერიაა და სხვა არაფერი. ჩემი სამსახურეობრივი მოღვაწეობის მთელი ამ წლების პერიოდში უამრავ მსგავს ადამიანს შევხვედრივარ. მაინც ვერ ვხვდები საიდან გვაქვს ადამიანებს მსგავსი მოხერხებულობა. ჩვენი ქვეცნობიერი ისე ბატონობს ჩვენზე ზოგჯერ ვერც ვხვდებით ამას.
როდესაც ჩემი მშობლების მეგობრები მათთვის საყვარელ კითხვას მისვამდნენ, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა.
-რა გინდა გამოხვიდე როცა გაიზრდები. სრული პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით ვპასუხობდი მშობლებისთვის საძულვევ პასუხს.
- რა თქმა უნდა გიჟი. გაოცების დაფარვას რომელსაც ჩემი ამდენად დამაჯერებელი პასუხი იწვევდა მათში ხმამაღალი სიცილის საშუალებით ცდილობდნენ. ღიმილითვე პასუხობდნენ ჩემი წყობიდან გამოსული მშობლებიც. დაშოშმინების შემდეგ მეორე კითხვა ისმოდა.
- და რატომ გიჟი?
- ყველაზე საინტერესო სწორედ რომ გიჟის თეორია და დამოკიდებულებაა და საერთოდ რას ნიშნავს იყო გიჟი? არცერთი გიჟი არ არის გიჟი თუ მის არგუმენტს მოისმენ. აი ამიტომ. ვპასუხობდი ისევ სრული სერიოზულობით. ამ პასუხს მუდამ მოყვებოდა უფროსების გაურკვეველი მზერის ერთმანეთში გაცვლა და ჩემთვის თავზე ხელის გადასმა. ვერ ვიტანდი როცა თავზე ხელს მისვამდნენ და კალთაში ჩაჯდომას მთხოვდნენ. ახლაც არ მიყვარს.
ყოველთვის მსურდა, შემოსავალი რაც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში საყვარელი საქმის კეთებით მქონოდა, თუმცა არ მეგულება ადამიანი რომლის ფინანსური მდგომარეობა იმაზე იყოს დამოკიდებული რაც გონებრივ თუ სულიერ სიამოვნებას ანიჭებს. ვაკეთებთ იმასაც რაც არ გვსურს, დავდივარ იქ სადაც არ მოგვწონს, გვაცვია ის რაც დისკომფორტს გვიქმნის, ვჭამთ იმას რაც იაფია და არა გემრიელი. ვყიდულობთ იმას რასაც ჩვენი მიზერი ფინანსი ეყოფა ან არც ეყოფა და ასე დაუსრულებლად...
ჩემი ოჯახი მდიდარ ოჯახათ ითვლებოდა, არ ითვლებოდა ასეც იყო. კილომეტრებზე გადაჭიმული საძოვრებითა და ბაღ-ვენახებით, პირუტყვის აუარებელი რაოდენობითა და მოსავლის ზღვა მარაგით ოჯახს თვიურად იმდენი შემოსავალი ქონდა რაც მთელ სოფელს წელიწადში. რა ღორობაა... მაგრამ ისინი შრომობდნენ. დღედაღამ მიწაში თავჩაღუნულნი, ფიზიკური შრომით დაღდასმულნი ატარებდნენ თავიანთ ცხოვრებას და გააჩნდათ ზღვა შემოსავალი რასაც არც იყენებდნენ, უბრალოდ ლამაზად დაპაჭკულ კუპიურებს ჩერდაკში აწყობდნენ და ღამღამობით მორიგეობით ითვლიდნენ... სანაცვლოდ სულო და გულო სახლში საჭმელი ეყარა. შეგეძლო რწყევამდე გეჭამა, მერე ღებინებით კუჭი დაგეშოშმინებია, ისევ გეჭამა და ასე დაუსრულებლად. შემოსასვლელი მუდამ ღია იყო, ვერ გაიგებდი ამ სახლის პატრონი და სტუმარი ვინ იყო.. ვისაც რა უნდოდა და სადაც უნდოდა იმას და იქ აკეთებდა...
-გადააგდე ეგ წიგნი, აიღე თოხი. დამიღრიალებდა ბაბუაჩემი თუ კი რომელიმე ხეზე საგულდაგულოდ დამალულს მაინც შემამჩევდა წიგნით ხელში.
-შენ თოხი გიყვარს, მე წიგნი. ასე რომ ვაკეთოთ ორივემ ის რაც გვიყვარს, ჩავძახებდი მისგან შორს ყოფნით გადიდგულებული.
-ჩემი თოხი გაჭმევს შე უმადურო, ჩამოდი ძირს.
-ვინ გთხოვს რომ მაჭამო?
-ეს ბავშვი შემომაკვდება. ჩემთან რომ ვერაფერს გააწყობდა ბებიას დაუწყებდა ჩხუბს.
-თავი დაანებე. ეტყოდა ხოლმე ბებია. პატარაა.
-პატარა კი არა სულელია. აიღებდა თოხს და გზას მიუყვებოდა.
თითქმის ყოველ საღამოს ამინდის მიუხედავად შუა ცეცხლს შემომსხდარი მთელი სოფელი მანამ შეექცეოდა ჩვენს ნობათს სანამ რომელიმე მათგანი პირღებინებით არ წაბილწავდა იქაურობას, სასმელს კი თუ პირში ვეღარ იტევდნენ ტანზე ისხავდნენ.
-იმღერე რამე, დამიძახებდა შეზარხოშებული ბაბუჩემი.
-კლოუნი არ ვარ. ვიტყოდი და გავრბოდი.
როცა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა თვრამეტ წელს მივაღწიე და საკუთარი ცხოვრების წარმართვა თავად ავიღე საკუთარ თავზე ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე მივატოვე აოხრებული მამული და ქალაქს მივაშურე. ბინა რომელიც ჩემმა მშობლებმა მიქირავეს ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. შევთანხმდით რომ მხოლოდ ორი თვის ქირითა და სახარჯი ფულის გამოგზავნით შემოიფარგლებოდნენ, შემდეგ კი თავად უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე. საკუთარ თავში დარწმუნებულმა უპრობლემოდ მივიღე მათი შემოთავაზება და ხელიც კი მოვაწერე სოფლის ნოტარიუსის მიერ შეთითხნილ საბუთს სადაც მე როგორც ერთადერთი მემკვიდრე უარს ვაცხადებდი საკუთარ ქონებაზე რადგანაც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა მის განვითარებაში და მხოლოდ მისი გაპარტახებით ვიყავი დაკავებული, ეს ბოლო პუნქტი ბაბუაჩემის მოთხოვნით დაემატა...
ორი კვირის ხეტიალის შემდეგ მივხვდი რომ ჩემი განათლება კილომეტრებით მაინც ჩამორჩებოდა ქალაქის აქტიურ ცხოვრებას, ნელ ნელა თვითრწმენას ვკარგავდი თუმცა ფარხმალი არასოდეს დამიყრია. არცერთი გამომცემლობა არ ინტერესდებოდა ჩემს მიერ მიტანილი მასალით და შესაბამისად ოცნება რომ შემოსავალი საყვარელი საქმის კეთებით მიმეღო ჯერჯერობით ოცნებათ რჩებოდა. იმის მისახვედრად რომ არავის აინტერესებდა ჩემი მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხი და შეთითხნილი ისტორიები დიდი დრო არ დამჭირვებია. ვის ადარდებდა ლიტერატურა, საზოგადოება იმდენად იყო შეპყრობილი სოციალური ქსელის ავადმყოფური მოთხოვნილებით რომ ერთმანეთის წინ მსხდომნიც უკვე წერილების გზავნით ირთობდენენ თავს. მათი შემხედვარე ცეცხლის პირას საჭმლით მუცელ ამოყორილი ჩემი მეზობლები მენატრებოდნენ...
როცა მშობლების მიერ გამოგზავნილი ფული შემომეხარჯა სამსახურის ძიება დავიწყე. ძლივს მოვეწყვე ერთ-ერთ ბარში მიმტანად, აქაც ხუთი ენის ციდნასა და მუშაობის სამ წლიან გამოცდილებას ითხოვდნენ მაგრამ ალბათ უფროს ძალიან შევეცოდე, ჩემი დიდრონი მავედრებელი თვალების წინაშე უძლური შეიქნა და სამსახურში ამიყვანა. კიდევ კარგი თორემ სადაც კი მივედი ყველგან ისეთ რამეებს ითხოვდნენ მგონი ეს ქალაქელები აკვნიდან მუშაობენ. დღეში ათი საათი ფეხზე ვიდექი და მატრაკვეცა ქალაქელებს ვემსხურებოდი. ნეტავ ბაბუა მხედავდეს გავიფიქრებდი ხოლმე როცა ძალიან შემომაწვებოდა უსუსურობის განცდა. მერე ისევ წელში ვიმართებოდი და საქმეს ვაგრძელებდი. თავიდან სახლში მისული დაბალი შუქის ფონზე მთელი დღის ემოციების წერით ვირთობდი თავს. ათასგვარი ამბების გამოგონება ხომ ბავშობიდან ჩემი ჰობი იყო მაგრამ ერთი თვის შემდეგ წერა კი არა ლოგინამდე ძლივს მიმყავდა ჩემი წინდაუკან სირბილით დაქანცული სხეული. სამი თვის დამქანცველი სამუშაოს შემდეგ უფროსმა კაბინეტში დამიბარა.
-მე მომწონს შენი მუშაობა. ამბობს და თან გასიებულ ღიპს იფხანს.
-მადლობ სერ. ვპასუხობ და წინსაფრის კუთხეს ვეთამაშები.
-მინდა დაგაწინაურო.
-მართლა სერ? ვპასუხობ გაბადრული. მადლობ სერ, გპირდებით იმედს არ გაგიცრუებთ.
-მაგრამ ამისთვის. ამბობს ის, საროჩკის ორ ღილს იხსნის და თავისი ქონიანი თითებით ბანჯგვლებში ცურვას იწყებს.
ზედ მის მაგიდასთან გულის რევას ვერ ვიკავებ და ოფლით გაჟღენთილ საროჩკაზე ვისაქმებ. წინსაფარს ვიხსნი, პირს ვიწმენდ და სახეში ვესრვი. უხმოდ ვტოვებ მის კაბინეტს ისევე როგორც სამსახურს.
სახლში მისულმა რადგან ოცდამეერთე საუკუნის მიუხედავად ჩემი ოჯახი მაინც არ აღიარებდა და არ იყენებდა ტექნიკას, სოფელში წერილი გავგზავნე და ჩასვლის ნებართვა ვითხოვე. პასუხი ორ დღეში მივიღე. მხოლოდ ერთი სიტყვა "ჩამოდი". ბარგი შევკარი და გზას დავადექი.
გრძელი გზის დასასრულს ჩემი სოფელიც გამოჩდა და მხოლოდ მაშინ მივხვდი ზუსტად იქ აღმოვჩნდი სადაც ყველაზე ნაკლებად მსურდა ყოფნა. ტრანსპორტიდან ჩამოვდივარ, როგორღაც ვაკოწიწებ ქალაქში დასაბრუნებელ ფულს და ისევ ვუბრუნდები გატუტუცებული ვითომ ინტელიგენტი ადამიანების სამყოფელს. გარეუბნის ერთ დანგრეულ კორპუსში გაუბედურებულ მაგრამ საცხოვრებლად გამოყენებად ბინას საკმაოდ იაფად ვშოულობ, დედაქალაქში ყველაზე პოპულარულ გაზეთს ვყიდულობ და თანამედროვე ავტორების წერის სტილის შესწავლას ვიწყებ. გადააფურთხა, გაა*ხა, დაიკიდა, ეს ის სიტყვებია რომლებიც თანამედროვე ლიტერატურაში აქტიურად გამოყენებადი ყოფილა. ისტორიები მშრალი, ყოველგვარ სიღრმესა და გრძნობებს მოკლებული იაფფასიანი ამბები. მეც წერას საკუთარი ბიოგრაფიის თხრობით ვიწყებ. ჩემი პირველი ჩანახატი რომელიც ნეკროლოგის სახით ერთ-ერთმა ჟურნალმა დაბეჭდა შემდეგი სათაურის იყო "ბაბუაჩემი ღორია" შემდეგი იყო "გაუპატურება" ამას მოყვა "მკვლელობა სიგარეტის გამო" ალბათ ხვდებით რა პრიმიტიულ შინაარსთან გვაქვს საქმე. თუმცა ამის მიუხედავად მკითხველი არ აკლდა ამ ყველაფერს. მეც ჯიბის ფული გამიჩნდა და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა თუმცა ვხდებოდი იაფფასიან ნოველისტს უფრო ვგავდი ვიდრე მწერალს. ბაბუას თოხს მეტი ფასი ქონდა ვიდრე მთელ ჩემს ამ იდიოტობებს. ორი წლის შემდეგ უკვე მცნობდნენ ქაჩაში... საბოლოოდ ეს მარაზმი თავად მომბეზრდა და მსგავსი სისულეების თითხვნას შევეშვი. ლეპტოპი გავყიდე და ერთ-ერთ კომპანიაში მოლარედ მოვეწყვე. დაწინაურებების კუთხით მხოლოდ იმიტომ გამიმართლა რომ ჩემი უფროსი ქალი იყო, თანაც მკვეთრად გამოხატული სექსუალური ლტოლვით გამოირჩეოდა მამაკაცების მიმართ და არასოდეს უცდია ჩემი ლოგინში შეთრევა.
ბაბუა ისევ მიწაზე მუშაობს. დედამ მეორე შვილი გააჩინა, ამჯერად ბიჭი, ის ჩვენ გვგავს მიყვებოდა მის შესახებ თვეში ერთხელ გამოგზავნილ წერილებში. ბაბუაჩემი წარმოვიდგინე, ამაყი, თოხის ტარს დაყრდნობილი როგორ გაყურებს ჰექტრებად გადაჭიმულ მინდვრებს, როგორ უზიარებს ჩემს პატარა ძმას მიწისა და შრომის შესახებ ცოდნას. მერე წარმოვიდგინე რომ ბაბუაჩემი მატლია, სუსტი სლიპინა მატლი, რომელიც სასოწარკვეთილი დატრიალებს მასზე ასი ფუტით მაინც მძიმე იარაღებს მაგრამ რა თქმა უნდა ამაოდ, მერე გაბოროტებული მიწაში მიძვრება, მიწაზე თუ ვერა მიწაში მაინც იმუშავებს... მას ხომ სხვაგვარად არ შეუძლია... მერე ჩემ ძმაზე ვფიქრობ, რომ გაიზრდება ისიც მათთან ერთად დაითვლის ჩერდაკში ლამაზად დაპაჭკულ ფულს, ისიც გულის რევამდე შეჭამს და ვერ შერგებულ ღვინოს თავზე დაისხამს. ამ ერთმანეთთან ასინქრონულ ფიქრებში მოფარფატეს მონური, უღიმღამო სამუშაოს უგულოდ შესრულებით, სრულებით ემოცია გარეცხილს, ღრმა ძილი ჰადესში მიმათრევს. წინააღმდეგობის გაწევის არანაირი სურვილი... თვალებს ვხუჭავ... ბაბუაჩემი მატლია.. ღიმილი ძლივს მიპობს ბაგეს და მეძინება...

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი ჰაიკო

რ კარგად წერ,ყოჩაღ!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№2  offline მოდერი ჰალუცინოგერი

ჰაიკო
რ კარგად წერ,ყოჩაღ!

მადლობა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent