შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის გაზაფხული


6-10-2018, 19:53
ნანახია 658

შემოდგომის გაზაფხული

განმარტოვებით მივუყვებოდი შემოდგომის ნიუ-იორკს უოლ სტრიტზე და ოდნავ შეციებული ვცდილობდი, წვიმის ჟინჟვლისგან დაწინწკლული ხელები ჯიბეებში დამემალა. სითბოს ვეძებდი, აი, ისეთს, რომელიც აფორიაქებულ სულს სიმშვიდეს და მყუდროებას მოუტანდა. ადრე, მხოლოდ დედას შეეძლო, ასეთი სითბო თავის სიყვარულით და ტკბილი სიტყვებით მოეტანა. ახლა, ისიც აღარ მყოფნის, ან გავიზარდე და ისე ვეღარ ვაწუხებ, როგორც ბავშვობაში შემეძლო. დიდხანს ვიარე უგზოუკვლოდ და ერთ ლამაზ და მაღალ შენობას მივადექი. მისმა შუასაუკუნოვანმა, ევროპულმა არქიტექტურამ გამიტაცა, თვალი ვეღარ მოვწყვიტე გარეთა ფასადზე გამოსახულ ფიგურებს და რამდენიმე წუთით, გარინდებული, ულამაზეს ნამუშევრებში ჩავიკარგე. არ ვიცი რატომ, მაგრამ შიგნით შესვლა მომინდა. კარი ფრთხილად შევაღე და მლოცველებს შორის დავიკავე ადგილი. ვუყურებდი, როგორი გულისყურით უსმენდნენ პასტორს და თითოეულ სიტყვას დაკვირვებით უშვებდნენ გონების წიაღში. შემდეგ ჩემს გვერდით მჯდომ ახალგაზრდას გადავხედე და მის მზერას გავაყოლე თვალი. იგი ეკლესიის ყველაზე მაღალ ადგილს შეჰყურებდა და ტუჩის ოდნავი მოძრაობით რაღაცას ბუტბუტებდა.
ნეტა შემეძლოს, გამოვიცნო, რას სთხოვს ღმერთს,-გავიფიქრე და თვალი სხვა მლოცველისკენ გავაპარე.
ის კმაყოფილი იყო, ბედნიერი სახე ჰქონდა და იღიმებოდა, ოღონდ ისე, შეუმჩნევლად, ჩუმად, თავისთვის -ვერავინ შეამჩნევდა. ალბათ, ღმერთს რაღაცისთვის მადლობას უხდიდა. ჩემს წინ კი შუახნის მამაკაცი იჯდა, რომელიც ნერვიულად ატრიალებდა ქორწინების ბეჭედს და ისეთი სახე ეჭირა, თითქოს პასტორის სიტყვებს ბოლომდე მიჰყვებოდა. რაზე ფორიაქობს?-ჩემს თავს ვეკითხებოდი და გონებაში სავარაუდო მონახაზებს ვაკეთებდი. ადამიანების კითხვით რომ დავიღალე, გადავწყვიტე, პასტორისთვის მომესმინა. მაინტერესებდა, რა თემაზე ესაუბრებოდა მრევლს. ჩემი ფიქრები გავაჩუმე და მის სიტყვებს ყური დავუგდე. ვიდრე მის სასაუბრო თემას ჩავწვდებოდი, დიდ ეკრანზე გამოსახულ, გატეხილი კვერცხის სურათს შევხედე, სადაც ნაჭუჭი, ყვითელი გული და ცილა ჩანდა.
ვინ ვართ ჩვენ? რისგან შევდგებით? -სხეულისგან და სულისგან,-თავადვე უპასუხა მამაკაცმა. სხეული ნაჭუჭია, ხოლო სული, მისი შიგთავსი. ერთ დღეს, ჩვენი სხეული ამ კვერცხის ნაჭუჭივით განადგურდება და დარჩება გაშიშვლებული სული, რომელიც სწორედ ისეთი იქნება, როგორი ცხოვრებითაც მანამდე ვზრდიდით. ყველა ჩვენგანი უნდა ეცადოს, რომ მისი სულიერი გზა წმინდა და სუფთა იყოს. იცით, რა იცის სულმა? -დაძველება... და თუ ეს მოხდა, ისეთი საშინელი სუნი ექნება, ასეთ ადამიანთან ვერასოდეს გაჩერდები. უნდა ვეცადოთ, რომ დროდადრო იგი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვებით ვკვებოთ და განვაახლოთ. მან მოწყენა და დაღლაც იცის. ჰოდა, რომ არ დაიღალოს, უნდა გავუფრთხილდეთ და დადებითი ენერგიებით ავავსოთ. სიკვდილიც იცის... ამიტომ აქაც დროული ჩარევაა საჭირო, რომ მდინარესავით არ დაიწრიტოს და გამოშრეს. ჰო, კიდევ, ჩვენს ირგვლივ გაჩენილი ვირუსები უნდა მოვარიდოთ და არ დავაავადმყოფოთ. გავუფრთხილდეთ როგორც ჩვენს, ასევე სხვის სულსაც, რომ ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი სიღრმით ვცხოვრობდეთ,-საუბრობდა პასტორი.
რა საინტერესოა,-გავიფიქრე, ფეხზე წამოვდექი და ფეხაკრეფით დავტოვე იქაურობა.
ნეტა ჩემი სული როგორია? შველა ხომ არ სჭირდება? იქნებ სულაც ჯანმრთელია? იქნებ ვირუსი შეეპარა, ან კვდება და იწურება კიდეც? ბოლო აზრმა უცნაურად გამაკანკალა. ღმერთო, ისე არ მომკლა, რომ სულიერად ამოვიწურო. როგორი უაზრო იქნება მაშინ ცხოვრება...-არ მასვენებდნენ აკვიატებული ფიქრები.
ალბათ, სულს სეზონებიც აქვს. მაგალითად, გაზაფხული. წარმომიდგენია, რა ლამაზი იქნება ადამიანი, ვისთანაც ეს დრო ბუდობს. მინდა, სულ მასსავით თბილი და ფერადი ვიყო. არა, შემოდგომაც კარგია, მაშინ სულის სიმწიფეს განიცდი და ბევრი უჩვეულო და შემოდგომასავით მრავალფეროვანი სიგიჟეების ჩადენის შესაძლებლობები გეძლევა. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი შემოდგომის გაზაფხულია. როცა მეტისმეტი სითბოსგან, თითქმის მთლად ფოთოლგაცვენილ ხეებს ვერაფერი გაუგიათ და თავგზააბნეულები, გვიან შემოდგომაზე კვირტიდან იწყებენ ყვავილების გამოხეთქვას. ოჰ, რა საამო და საინტერესო იქნება ასეთი ადამიანები... მინდა, შემოდგომის გაზაფხული მერქვას. სიგიჟეა, მაგრამ წავალ და მაინც ვიპოვი. მთავარია, სულს არ ჩამოათოვოს. არ მიყვარს ყინვა, საზარელია...скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

ყველა შენი დაწერილი გამორჩეულია ქეთი. ძალიან მომწონხარ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი მარიკო
ყველა შენი დაწერილი გამორჩეულია ქეთი. ძალიან მომწონხარ.


დიდი მადლობა, ჩემო კარგო. გამახარე ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფიო

შესანიშნავია!
შემოდგომის გაზაფხული?ნწ აი რთული მაშინაა როცა აცნობიერებ როგორ მიიპარება უკვე შემოდგომის შემოდგომა...
ჩამაფიქრეთ როგორც ყოველთვის...

 


№4  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი სოფიო
შესანიშნავია!
შემოდგომის გაზაფხული?ნწ აი რთული მაშინაა როცა აცნობიერებ როგორ მიიპარება უკვე შემოდგომის შემოდგომა...
ჩამაფიქრეთ როგორც ყოველთვის...


ჩემთვის "შემოდგომის შემოდგომა" ადამიანები ცხოვრებისგან ძალიან გამოცდილ და ბრძენ ხალხთან ასოცირდება. ერთი სიამოვნება იქნება მათთან საუბარი, ბევრს გაიგებ ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline წევრი sweetgirl

დიდი ხანია არ წამიკითხავს ჩანახატები.ჩამოვყევი სიახლეებს და რატომღაც შენი ჩანახატი გავხსენი ❤️ და როცა წავიკითხე ბოლომდე რაც დაწერე,უფრო მომეწონა :დ ❤️❤️ წარმატებები ქეთი ❣️❣️❣️

 


№6  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

MariamChiokadze
დიდი ხანია არ წამიკითხავს ჩანახატები.ჩამოვყევი სიახლეებს და რატომღაც შენი ჩანახატი გავხსენი ❤️ და როცა წავიკითხე ბოლომდე რაც დაწერე,უფრო მომეწონა :დ ❤️❤️ წარმატებები ქეთი ❣️❣️❣️


ძალიან დიდი მადლობა, მარიამ. მეც წარმატებებს გისურვებთ ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

წარმატებები ქეთ ???????????? ????????????????????

 


№8  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ნათია
წარმატებები ქეთ ???????????? ????????????????????


მადლობა, ნათი ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent