შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა


18-02-2019, 15:23
ავტორი Paranoiac
ნანახია 181

გოგონა

მოხუცდა. მკბენარისაგან შემუსრული ყავისფერი ტყავი ჭარმაგი მხატვრის ტილოსავით ერთიანად გახუნებოდა. ტალახში ამოთხვრილი ბებერი ჩლიქები რძით გადავსებულ ჯიქანს ძლივს იჭერდნენ. ხახუნისგან გაცრეცილ ბაგაზე აყუდებული, ზანტად აღლაჭუნებდა დროის მომწარო, უფერულ რეზინას. პაპა დაკოჟრილი, დამჭკნარი ხელებით ყოველ საღამოს ლებნისხელა ტკიპას აცლიდა. თან სადგომის წინ მოთამაშეს, ნახირისეულ ზღაპარ-ამბებს მიყვებოდა. მაჯერებდა, რომ ძროხებს ბალახზე მეტად „ჟუაჩკა“ უყვარდათ. მეც უდარდელად ავირბენდი ხოლმე სიძველით მოვარაყებულ კიბეს და უკან ბაბოლის ვარდისფერი კევათი ვბრუნდებოდი. დაბალ, გვარიანად ჩასუქებულ კაცს საღეჭ რეზინას რკინის მრგვალ ფირფიტებზე ვუცვლიდით. ზობას მაღაზია მე და გოგონას გვახარებდა. მე სილასავით ხრაშუნა, ცხელ-ცხელი მზესუმზირის ჰალვით. გოგონას ბაბოლით. ორივე ვბედნიერდებოდით..
უთენია პაპა ძროხას ნახირში უშვებდა. დაიყივლებდა თუარა ყინტორა, ბიბილომოკვეცილი მამალი, სადგომის კარიც იხსნებოდა. გოგონა ჯერ ხავსმოკიდებული ნავიდან წრუპავდა მღვრიე წყალს. მერე მის მსგავსად საშოვარზე მიმავალ, ბეხრეკ მოძმეებს ფეხს უწყობდა. ლონდრე ჯარისკაცივით სულ უკანუკან მიჩანჩალებდა.
წითლად მობაბანე ღუმლის წინ, ძველ ტახტზე წამოგორებული, ზღაპარს ველოდი. მაწვნით გამობუსკნული პაპაც არ მიტეხავდა. ბირკით მორთულ, შვინდისფერ წინდებს ტახტის გვერდით გადადებდა ხოლმე და ირეოდა იყო და არა იყო რას კორიანტელი.. გოგონა უკვე დაბინავებული გვყავდა. ერთი ვედრო რძის სანაცვლოდ, შემომჭკნარი თაგვისკბილათი სავსე ბაგა მისთვის შვება იყო. იწვა და თვლემდა, ახალი დღის მოლოდინით.. ხვალ ისევ უნდა გაჰყოლოდა თავჩაქინდრულ, სევდანარევი ერთფეროვნებით სავსე მეგობრებს. ისევ უნდა ეპოვნა მწვანე, ცვრიანი ბალახი.. ისევ სავსე, მოთახთახე ჯიქნით უნდა მოსულიყო..
ერთ დღესაც, მწვანე მდელოდან დაბრუნებული, სადგომში აღარ შეუყვანიათ. მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი სახლიდან არ გამოსულა. წვრილ, სიყვარულით მობრჭყვიალე თვალებში ხორბლისხელა ცრემლები კიფობდნენ. მოხუცი დუმდა..
საღებავაცირცნილ, ცისფერ ქუჩაში უცხო ლანდი შევამჩნიე. უცნაური სახე ჰქონდა. იცინოდა, მაგრამ მაინც არაფერი უხაროდა. სიავით მოცინარი ადამიანი აქამდე არასდროს მენახა.. უბნის უსაქმური, მოხარხარე მუტრუკებით გარშემორტყმული ძროხა თავდახრილი იდგა.. არ ვიცი რაზე ფიქრობდა. მაგრამ მივხვდი, რომ არ ეშინოდა. ან ეშინოდა და უნდოდა ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო..
არ განვიცდიდი, რომ ოჯახის ბურჯი წამოიქცა.. განვიცდიდი, რომ მის წყლიან ღიად დარჩენილ თვალებში სევდიანი კლოუნი ნაძალადევად იცინოდა..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.