შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი სიზმრები (სრულად)


15-07-2020, 15:56
ავტორი lukakhati
ნანახია 1 550

დღისით, მზისით, ივასათვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რა გაშინებსო - კბილის ექიმიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ. უხერხულად გაიცინებდა და მოგიყვებოდათ, თუ როგორი აღშფოთებული დარჩა, როდესაც ერთ ავბედით დღეს ექიმმა შეატყობინა - სიბრძნის კბილი ამოსაღები გაქვსო - ეს გასაჭირი ოცდაორი წლისამ ღირსეულად გადაიტანა, მაგრამ შიში მაინც შიშად გაჰყვა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მსმენელი უმეტეს შემთხვევაში ან დაცინვით პასუხობდა ან მის აღიარებას ხუმრობად იღებდა. ეს ივას სულაც არ ანაწყენებდა, პირიქით, ახალისებდა - ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობდა.
ვისაც რა უნდოდა, ის ეფიქრა - ივა არ ტყუოდა, მაგრამ ბოლომდე სიმართლესაც არ ამბობდა :
საკმარისი იყო, ღამე სქელ ფარდასავით ჩამოწოლილიყო, რომ აღარც კბილის ექიმის ზმანება დასდევდა და აღარც ბურღის ზუილი ჩაესმოდა. გეგონება, დღე გაშლილი ველი ყოფილიყო, სადაც უმისამართოდ დარბოდა, ღამე კი - მტაცებელი, რომელიც უკან დასდევდა.
უწყოდა, რომ როგორც კი თვალს მოხუჭავდა, დევნა დასრულდებოდა და ვეღარსადაც ვერ გაიქცეოდა, ამიტომ ჩამობნელებასთან ერთად ერთადერთი საფიქრალიღა ჰქონდა - არ ჩასძინებოდა.
ნეტავ, ღამით ივასათვის რომ გეკითხათ ყველაზე მეტად რა გაშინებსო - სიზმრებიო - გიპასუხებდათ? თავს დავდებ, სიტყვა ყელში გაეჩხირებოდა. გეგონება ამ შიშის აღიარებით დამარცხდებოდა. თუმცა ეს შიში ხომ იმასაც ნიშნავდა, რომ მასაც ჰქონდა რაღაც სისუსტე, რომელსაც ვერაფერს უხერხებდა?
აი, ამის აღიარება კი დამარცხების ტოლფასი იყო - არადა, ვინ დათვლის, რამდენჯერ აღიარა ან დამარცხებით რამდენჯერ დამარცხდა. მაშინ რაღატომ გაურბოდა საკუთარ სიზმრებს, ივა?
როგორც არ უნდა ყოფილიყო, ივამ არასასურველი შიშები ბოქლომით დიდი ხნის წინ ჩარაზა.
მავანს ხომ უთქვამს, ეშმაკი იმით არის ძლიერი, რომ ხალხს თავის არარსებობაში არწმუნებსო? ჰოდა, ასე ირწმუნებდა თავისი სიზმრების არარსებობაში თავს, ივაც და დარწმუნებული იყო, რომ თუკი ამას მოახერხებდა, შიში სადღაც შორს, წარსულში, უძილო ღამეებთან ერთად დარჩებოდა.
წელი წელს მიჰყვებოდა.
ჩაჟანგული კლიტე გაუჩერებლად ჟრიალებდა.
***
საიდან მოდიოდნენ ეს სიზმრები? ივას ამ კითხვაზე ვერაფრით ეპასუხა და, სიმართლე რომ ითქვას, პასუხი აღარც აინტერესებდა,
საკუთარი შიში ჯერ კიდევ პატარაობისას აღმოაჩინა. მაშინ გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ თუ ძილის წინ ლოცვებს ჩაიბუტბუტებდა, იმ ღამით საზარელ სიზმარს თავიდან აირიდებდა. მაგრამ ვაი, რომ ივა მორწმუნე არასდროს ყოფილა და ხშირად ისიც კი უფიქრია, რომ სწორედ ფარისევლობისათვის ისჯებოდა.
წლებთან ერთად, ღმერთის რწმენა საბოლოოდ დაკარგა და იმედად მხოლოდ ასანთის კოლოფი და სანთელიღა შერჩნენ - ღამე თუ თავზარდაცემულს გამოეღვიძებოდა, შეეცდებოდა აკანკალებული ხელი დაემორჩილებინა. ასანთს აანთებდა და ცეცხლს სანთელზე გადაუკიდებდა. კვამლი აიტალღებოდა, მაგრამ მაინც გაანათებდა და ივას ყვითელ, მოელვარე პლედად დაეფინებოდა, მის საწოლს კი თავშესაფრად აქცევდა.
ყველაზე საზარელი სიზმარი ივამ ორი წლის წინ ნახა, როდესაც დაესიზმრა, რომ ეძინა და საშინელ სიზმარს ხედავდა. რა ესიზმრებოდა, არ იცოდა, მაგრამ სახეზე შფოთვა აღბეჭდოდა. საძინებლის ყველა ჩრდილს კი ხორცი შეესხა და მას გარშემო ეხვეოდა.
„გამოფხიზლდი“ - ყვიროდა, მაგრამ ვის უყვიროდა? ალბათ, ისევ ივას, ოღონდ იმ ივას არა, რომელიც თვითონ იყო. ის ხომ მზის ჩასვლასთან ერთად გაქრა. სამაგიეროდ, არსებობს მძინარე ივა, რომლის არსებობაც ივას სულაც არ ახარებს - ამას ფიქრობს ივაზე ივა. კარგი გასართობია, არა?
ოფლში იწურებოდა, როდესაც გამოეღვიძა.
ასანთს ვერ მიაგნო.
გაუცნობიერებლად პირჯვარი გადაიწერა.
გააცნობიერა და გაეღიმა.
საბანი თავზე გადაიფარა.
იმ ღამით მეტი სიზმარი აღარ უნახავს.
***
ივას ამ ღამითაც განერვიულებულს გაეღვიძა. ასანთისკენ ხელი წაიღო, მაგრამ სანთლის მაგივრად სიგარეტს მოუკიდა. ღრმა ნაფაზი დაარტყა - მარჯვენა ხელით ეწეოდა. სიგარეტი არ უყვარდა, მაგრამ სიჩუმეში გახვეულს მოწევა სიამოვნებდა. ზურგზე წვებოდა და დიდხანს უყურებდა, როგორ ეთამაშებოდა ფანჯრიდან შემომავალი ნიავი ბოლს. აკვირდებოდა, სიბნელეში როგორ უჩინარდებოდა და ფიქრობდა, რომ ოდესღაც თვითონაც მის მსგავსად გაუჩინარდებოდა - ეს სულაც არ ანაღვლიანებდა, მაგრამ არც ახარებდა.
სიზმარი ასეთი იყო :
მაგიდასთან იჯდა. რეზინისებრ ხორცს მიირთმევდა. ყოველ ლუკმას ჩვეულებრივზე ნელა ღეჭავდა. მძიმედ, არასასიამოვნო ყლაპავდა. თავის თავს ვერ ხედავდა, მაგრამ შეეძლო, დაეფიცა, რომ ფერმკრთალი იყო.
პირველად ენახა ადამიანები, რომლებსაც გარშემო უყურებდა - თითქოს ყველას ივას მსგავსი ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ შესახედაობით განსხვავდებოდა მისგან. ვერ ხვდებოდა, უყვარდა თუ ეზიზღებოდა ისინი, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ვალდებული იყო, ჰყვარებოდა.
არ ახსოვს, რაზე საუბრობდნენ. არ უსმენდა. უბრალოდ, უყურებდა და ლუკმას ლუკმაზე ყლაპავდა.
იმ უცნაურ მსგავსებაზე ჩაფიქრებულიყო, რომელიც მათ შორის არსებობდა. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ არ უნდოდა, რომ მათი მსგავსი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ გადაიტანა მზერა ნარინჯისფერ გადასაფარებელზე, რომელმაც კინაღამ გული აურია.
სიზმრიდან ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ივა სარკეში ათვალიერებს ანარეკლს და დარწმუნებულია, რომ მათ არ ჰგავს. ის არ იცის, მათზე უკეთესია თუ უარესი, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ამბავია.

***
კიდევ ძალიან ბევრი წელი გავა და არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ერთ დღეს ივა არ გააცნობიერებს, რომ მას სიზმრების სულაც არ ეშინია - არამედ საკუთარი აზრები აფრთხობენ. ისინი, რომლებიც მზის შუქზე გასაქანს ვერ პოულობენ და ღამით სიზმრებში ჰპოვებენ თავშესაქცევ ადგილს.
არადა, გულის სიღრმეში ეს ივამ იცის, მაგრამ ოხერ სიამაყეს ვერაფერს უხერხებს.
აბა, მე რაღა დამჩენია? ტკბილ სიზმრებს გისურვებ, ივა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent