ნუ ყვირი.
შუაღამეა. ისე წვიმს, ლამის ცა ძირს ჩამოვიდეს. კომენდანტის გამო ქალაქს ღრმა ძილით ძინავს და ეს ხმაურიანი წვიმა, რომელიც გამეტებით აწყდება ფანჯრებს, ისე ცდილობს ყველას შეფხიზლებას, რომ მხოლოდ ეგოისტობას თუ მივაწერთ ამ ქცევას. ცხელი, ლიმონიანი ჩაის ფინჯნით ხელში ვდგავარ და მისაღები ოთახიდან გამომავალი სიყვითლის ფონზე ფანჯარაში არეკლილ ჩემს გამოსახულებას ვუყურებ. ერთ ადგილს მივეყინე, ვერ ვიძვრი, არც სამოძრაო არეალი მაქვს - ასეც შეიძლება ითქვას. ყველაფერი რუტინაა. გათენდება. შუადღეა. დაღამდება. დრო ჩვეულებრივია, არაფერს ცვლის, არც თვითონ იცვლება, არც სხვებს აცდის შეცვლას. თვითონ უმოქმედოა და სხვასაც არ ამოქმედებს. რაღაც კონკრეტული ტრაექტორია მოუხაზავს, ასე სამას სამოც გრადუსიანი და ისე წკაპა-წკუპით დაძრწის, თითქოს უნდა რომ სხვებიც არ გაექცნენ ამ დიამეტრს, რადიუსს, ქორდას, ნებისმიერს, რასაც დრო შემოხაზავს. და ეს ყველაფერი ისე მაგიჟებს, გული მეწვის. თვალების გახელა მეზიზღება. დახუჭვა იმდენად არა, ვისვენებ, ყველაფრის შეგრძნებას ვკარგავ, არაფერი მესმის, მაგრამ ყოველი დაღამება ჩემთვის სადიზმის ტოლფასია. ცრემლებით დაღლილს თავისით მეთვლიმება. ვფიქრობ რა უნდა მეშველოს, თუმცა - არაფერი. არაფერი არ იქნება არასდროს, თუ შენ არ მოინდომებ, მაგრამ მე ვერ ვინდომებ. აღარ მაქვს ძალა იმის, რომ რამე მინდოდეს. უფლებასაც ვეღარ ვაძლევ თავს, რომ რამე სიახლე მოხდეს. ვთქვათ, რამე კარგი; ან უფრო ცუდი. სულერთია - რა იქნება. ხელის ფრჩხილიდან ფეხის ფრჩხილამდე დაღლილი ვარ. ერთადერთი, რასაც ჩემს თავთან ვგულწრფელობ, სიკვდილის “არ მოახლოებაა”. ეს ისე არ მინდა, როგორც ყოველ დილით ნაადრევი გათენება და იმის შეტყობინება, რომ ისევ საზიზღარი დილა გათენდა და ტყუილად თქვა იმ გენიოსმა “აღარ გათენდება დილა საზიზღარი, რომელი საათია, რომელი საათია?”. არაფრით აგვიანებს. არ გაცდის სიმშვიდეს, საწოლში თბილად ყოფნას, არაფერს გაცდის. დღე ზუსტად ისეთია, როგორიც დრო. ღამე მიყვარს და თან - მძულს. ღამე სასტიკია, მაგრამ შვილები ჰყავს; და მისი შვილების ტკივილებს უსმენს; ცრემლებს უმშრალებს; ცლის, ამოაღებინებს იმას, რაც ახრჩობს. და დღისით ყველა გხედავს, მაგრამ ვერავინ გამჩნევს. ვერ ხედავენ - ვინ დგას შენ უკან და რა უნდა მას, რა სჭირდება, რომ ბედნიერი გახდეს. ადამიანებს ჰგონიათ რომ ის, რაც გაქვს შენ, სრულებით საკმარისია ბედნიერებისთვის. მე არ მყოფნის ასეთი ბედნიერება. არ ვარ ბედნიერი, ვერ ვიქნები. ზოგჯერ მგონია, რომ არ არის ამის საშუალება. როგორც ექიმი უწერს პაციენტს რეცეპტს, ისე გამომიწერა ღმერთმა - ბედნიერების “არქონა”. ახლა ყველაფერს ღმერთს ვაბრალებ. მაშინ, როცა მას უნდა ვიცავდე და, როცა მისით სულით უნდა ვსაზრდოობდე, იმაზე გადავედი რომ - დავადანაშაულო. ასე მგონია, ყველაფერი მისი ბრალია. მერე მახსენდება, რომ მსგავსად ადამიანები იქცევიან. არ მინდა “ადამიანები” ვიყო, არ მინდა მათსავით “პროსტა” არსებად ვიქცე. გააზრება იმის, რომ ამ ტანჯვასაც აქვს თავისი ხიბლი - ჭკუიდან მშლის. ჩემთვის უთქვამთ ყველა განსაცდელს ზღვა ბედნიერება მოსდევსო. ზოგჯერ მჯერა, ზოგჯერ - არა და ზოგჯერ ვცდილობ, რომ სხვებს დავაჯერო ეს. თითქოს ამით საკუთარ თავს ვიმსუბუქებ. ყველას ვუსმენ და ყველა მტკივა - საკუთარი თავის გარდა. ჩემს თავს ვერ ვუსმენ. ვერ გავიგე - რა უნდა. ალბათ, ამიტომაც არის ასეთი დაღლილი, უსუსური. არადა, ზოგჯერ ისე ვარ, აი, ახლა ამ მთას ავიღებ და გადავდგამ - მეთქი - ვფიქრობ. ჩემი სამყარო ფიქრობს, რომ ძლიერი ვარ. მას ჰგონია, რომ მე შემიძლია ეს სამყაროც კი შევცვალო. ასე არ არის. მან უნდა იცოდეს, რომ ზოგჯერ მეც ვიღლები; ზოგჯერ სუნთქვაც მეზარება; ზოგჯერ მინდა - მეც მისმენდნენ; ზოგჯერ... ო, იმდენი ზოგჯერ არის. მოვიცელე. დედაჩემი არ მიცნობს. ალბათ, ამ ამბავში ყველაზე დიდი ტრაგედია ეს არის. არც უნდა მიკვირდეს. ჩემი არსებობის არც ერთი წელი მისი მხრიდან ჩემ უკან მდგარი სხეულის გაცნობით არ გალეულა. წელთან რა მინდა, საათიც არ გასულა. საათი კი არა, არც წუთი, არც წამი, არც წამის მეასედი. ამის დედაც! დედაჩემი მძულს. ზოგჯერ დედები ტყუილად არსებობენ, მუცლით თრევასაც გამადლიან და რომ არ გავჭიანურდე, დედაჩემს ჩემი არ ესმის და ვერც გაიგებს. მორჩა. ლაპარაკი მეზარება. იმის გამოხატვა რომ ცუდად ვარ, შეუძლებელია. არა, რომც შევძლო, ვიღაცას ეგონება რომ კარგად ვარ და ასე გამოვხატავ. ეს “ვიღაცა” ახლო რომ აღმოჩნდეს, საკუთარ თავს დავკარგავ. იმედი აღარ მექნება, რომ ოდესმე ვინმე გამიგებს. რთულია. საშინლად რთულია ყოფა. გათენდება. შუადღეა. დაღამდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.