შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეატრის ღამის ჩრდილები (სრულად)


9-07-2021, 18:55
ავტორი ჰებე
ნანახია 1 752

მსახიობები ერთ სიცოცხლეში ათას ცხოვრებას ასწრებენ...

        იმ დღეს ზედმეტად დაღლილს და ზედმეტად ძალაგამოცლილს მხოლოდ ძილი მინდოდა, თეატრიდან რომ დამირეკეს.
-ვერო, რეპეტიცია გადავწყვიტეთ, შეძლებ მოსვლას?
        ხანდახან, როცა ადამიანი მომენტისთვის შეუფერებელ გადაწყვეტილებას იღებს, შესაძლებელია ის გადაწყვეტილება მისთვის რაიმე ახლის, დიდის, ან სულაც საშინელებისა და ტანჯვის დასაწყისი იყოს. ამას ჩემი მაგალითიდან გეუბნებით, რადგან იმ დღეს, ზედმეტად დაღლილმა და ზედმეტად ძალაგამოცლილმა, რომელსაც მხოლოდ ძილი მინდოდა, შემოთავაზებას ორწუთიანი ორჭოფობის შემდეგ დადებითი პასუხი გავეცი.
-არ შემიძლია, მაგრამ შევძლებ.
         ექვსი საათი სრულდებოდა, თეატრის მთავარ კარს რომ გადავაბიჯე. დერეფანში შემოჩეხილმა სამმა პატარა, ონავარმა ბიჭმა, რომლებსაც წითური თმები ამშვენებდათ ხმაურითა და სიცილ-კისკისით სწრაფად ჩამიქროლეს და გარეთ გაცვივდნენ. საგრიმიოროში შესულს შეკრებილი თანამშრომლები ხელის აწევით მომესალმნენ.
-წითური ბავშვები ვინ არიან?- ვიკითხე დაინტერესებულმა. თანამშრომლებმა გაოცებით გამომხედეს.
-მთელი დღეა აქ ვარ, არავითარი ბავშვები მე არ მინახავს-აიჩეჩა ნიმ მხრები.
-გენერალური როდის გვაქვს?
-ყოველ შემთხვევაში დღეს არა, ანუ არ ვიცი-კოცნა გამომიგზავნა . ნის ჰაერში მოსრიალე წითელ კულულებს შურით გავაყოლე მზერა.
-მაგ თმას მოგაჭრი და მე მივიკერებ თავზე!-ნაჭრის თეთრ ჩანთაში უდიერად ჩავაგდე დამჯდარი ტელეფონი და სარკეში ჩემი გადახოტრილი თავი შევათვალიერე, მერე ხელზე მაზი გადავინაწილე, რომელსაც ატმის სურნელი ჰქონდა და შეზელვა დავიწყე.
-ვინმემ არ დაგასწროს-ჩამიკრა თვალი მელოტმა ზურამ. მისი თავი თეთრი განათების ფონზე გაპრიალებული ფეხსაცმელივით ბზინავდა.
-საერთოდაც შემეშვით! თქვენ თქვენს თავებს მიხედეთ! -მიმიკურად შეკრა წარბები ნიმ და აღშფოთებული გამომეტყველება აიკრა სახეზე.
-გეხვეწები ნუ კერავ ასეთ როჟებს, ხომ არ ვთამაშობთ ჯერ- შევწუხდი. თერმოსიდან დიდი ხნის გაციებული ყავა მოვსვი, რათა ოდნავ მაინც გამოვფხიზლებულიყავი. სარკეში თვალებჩაწითლებული, ფერმკთალი სახე სუსტად მიღიმოდა.
-ამას კაცი ვერ გაუგებს რა!- აიქნია ხელი ნანამ. ნანა დასის უხუცესი, ჭაღარა წევრია.-შვილო, თეატრი შეგეზარდა, თეატრს შეეზარდე. ხალხს პირს აღებინებ, ისე თამაშობ, ჩვენ პირს ვერ გვახურინებ ისე თამაშობ და რა გაგიხდა ეს თეატრგარე მიმიკები ა?
-რეალობასთან მოწყვეტა თამაშის დროსაც მეყოფა-ჩავუკარი თვალი და ლოყაზე რუმიანა დავიტანე.
-ეს გამომართვი, გადაიმეორე!- ხელში შემომაჩეჩეს ფურცლები, რომლებიც შეუხედავად გადავდე გვერდით.
-მადლობა...

      მოთენთილმა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ცოტაოდენი ძალა, როდესაც სცენაზე შევდგი ფეხი. სხეული ოდნავ დავძაბე, შევისისხლხორცე პერსონაჟის ყოფა და თვალებიდან მაშინვე ცრემლები წამსკდა.
-"მე რა დაგიშავე?! მეც უნდა გამყიდო მამავ?
-ჩემო ძვირფასო ლალა, არასწორად გაიგე...-მამაკაცმა შფოთვა აიკრა სახეზე. აკანკალებული ხელები თმაზე გადავისვი. ცრემლიანი თვალები დაბლა დავხარე.
-მეც გამყიდი მამავ...  მეც მომაშორებ მშობლიურ კერას. შემომხედე!- გაავებული მზერა მივაპყარი მხრებჩამოცვენილს- შემომხედე! მე შვილი ვარ შენი! ნუთუ ასე გამიმეტებ?!-გულზე მჯიღი დავირტყი.
-ლალა, ჩემო ლალა!- კაცმა ხელები მკლავებზე მომიჭირა-სიცრუეა! ნუ გგონია რომ ამას ჩავიდენ. -ღელვა და შფოთვა იმღვრეოდა მის სახეზე.
ამ სიტყვებზე ახლაც ერთიანად მოვადუნე სხეული და უტეხად გავუსწორე კაცს მზერა.
-გამყიდი, როგორც ჩემ ბიძაშვილს...
-არ გაგყიდი, არა მეთქი!"-მთელი ძალოთ შემანჯღრია მოღრიალემ. ნერწყვის წვეთები სახეზე უსიამოვნოდ შემეშხეფა.
მკლავები მეტკინა.

-ბესო! ცოტა ნაზად! მოტეხავ მკალვებს ასე გოგოს!
კაცმა ხელი შემიშვა. თვალზე გადაკრული ბინდი გაეფანტა და მეც შვებისგან ამოვისუნთქე.
-ბოდიში რა, ვერო. ძალით არ მინდოდა.
-არაუშავს...-დავამშვიდე ის. ატკივებულ მკლავებზე ხელი მოვისვი. ხელოვნური ცრემლები ბუნებრივს შეეცვალა.
-რაარი ბიჯო! თავს ნუ კარგავთ მეთქი რამდენჯერ გითხრათ!- კვლავ ყვიროდა რეჟისორი.
-კაი დაწყნარდი ვანო, არაფერია.-შევკარი კოპები.
-რა არაფერია გოგო, აიწიე მაისური!- ჩემთან მოსულმა მაისურის მკლავები ამიწია.-ესაა არაფერი?!
-გეყოფა! გამივლის!-არ მესიამოვნა აწითლებული მკლავების ნახვა, რომელსაც თითები დასტყობოდა.
-შევისვენოთ!

ვანომ ცალკე გამიხმო, მკლავზე მსუბუქად დამისვა ხელი.
-მართლა კარგად ხარ?
-ნუ ღელავ- დავუქნიე თავი თავდაჯერებულად და მის გულ-მკერდს შუბლით მივეყრდენი.
-დავიღალე...
-გეთქვა და სხვა დროისთვის გადავიტანდი რეპეტიციას- გაწეწილ თმაზე დამისვა ხელი.
-არაუშავს-მოვისრისე თვალი და ავხედე. მეგობრის თბილი ღიმილიც სასიამოვნოდ მადუნებდა.
-წავალ, ვეტყვი რომ ხვალ გავირეპეტიციებთ.
-მოიც, რა. აზრი?
-სახლში წახვალ და დაისვენებ!- შუბლზე მაკოცა და გამეცალა. ღრმად ჩავისუნთქე მტვრიანი სცენის სურნელი და მაღლა ავიხედე. ბნელი თაღი ბოროტულად მიმზერდა. მიყვარდა მისი სიბნელე. მიყვარდა მტვრის სურნელი, რომელიც სცენას ამშვენებდა და მიყვარდა სკამებითა თუ მაყურებლით გადავსებული დიდი დარბაზის სცენიდან ხილვა. ყველაფერი მიყვარდა რაც თეატრში იყო, ყოველი დეტალი, რაც მას ამშვენებდა.
ვერც გავიგე, ისე შემომეცალნენ თანამშრომლები ირგვლივ, და დავრჩი მხოლოდ მე. სცენის შუაში დავწექი, თვალები სიბნელეს მივაპყარი და ღრმად ამოვისუნთქე შვებისგან. ნელ-ნელა სხეული მიდუნდებოდა, მზერა მემღვრეოდა და ძალაგამოცლილს ვერც მივხვდი, ისე ჩამეძინა.

      თითქოს წყალქვეშ ვიყავიო, ღრმად ამოსუნთქვით დავაღწიე თავი ძილის საბურველს. მზერა რომ გავიწმინდე, ჩემს ზემოთ კვლავ შავ საბანს გადაეფარა ჭერი; შნმთანთქმელ წყვდიადს, რომელიც ბოროტად მიმზერდა. გვიან შევამჩნიე, ჩემს გარშემოც ზუსტად ასეთივე სიბნელე გამეფებულიყო, თავისი მარწუხებით შევებოჭე და მასში გაქრობას მიქადდა. პირველმა რაც მომიცვა, ეს იყო არა შიში და იმედგაცრუება, არამედ გაურკვევლობა და ინტერესი. კითხვა, რომელიც დიდ სცენაზე მარტოდ მარტო მყოფს მაწუხებდა, იწყებოდა ასე:" რატომ...?"
რატომ ვიყავი სიბნელეში? ნუთუ ყველა წასული იყო? ნუთუ სრულიად მარტო დამტოვეს ამ ცივ, პირქუშ და ბნელი ჭერის ქვეშ მძინარე? რატომ იყო, ჩემი გულოსფეთქვის მეტი არაფერი რომ არ მესმოდა? ნერწყვი ღრმად ჩავისუნთქე, ფეხზე წამოვდექი. და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი როგორ შემომეპარა ჩუმი, პატარა შიში ფესვებგასადგმელად მომზადებული, რომლის ჩემში არსებობამაც შემაშინა და მთელი სხეულით შევეცადე ეს დამზაფვრელი, ბოროტი და მომწამვლელი გრძნობა უარმეყო. და რადგან ჩემს მეორე სახლისადმი ნდობა უსაზღვრო გამაჩნდა, აღნიშნული ქმედება ჩემდა გასაკვირად საოცრად იოლად გამომივიდა. გადავწყვიტე ყოველი ეჭვი, რაც გულს მიღრნიდა, ჩემიდან გამექრო, გზა გამეკვლია ჯერ საგრიმიოროსკენ, შემდეგ გასასვლელისკენ და სახლში მშვიდად და აუღელვებლად დავბრუნებულიყავი. მაჯაზე ჩემდა სამწუხაროდ არ მეკეთა საათი, რათა დრო განმესაზღვრა. მაგრამ მალევე მივხვდი, რომც მკეთებოდა, სიბნელეში მაინც ვერაფერს გავარჩევდი. თან არც ტელეფონი მქონდა.  ორიენტაცია დაკარგული იძულებული გავხდი ხელის ცეცებით გამეკვალა გზა სცენაზე. თვალებგახელილიც წყვდიადს ვეჯახებოდი და  გამეფებული უსიამოვნო აურა, რომელიც ჩემს ირგვლივ იმღვრეოდა, შინაგანად ცოტა არ იყოს, მბოჭავდა. ათიოდე თავისუფალი წინ გადადგმული პატარა ნაბიჯების შემდეგ ჩემს გაწვდილ ხელის თითებს რაღაც სქელი მატერია შეეხო. ხელით მოვსინჯე მისი ხარისხი, მისმა სივრცეზე გადაჭიმულმა მდგომარეობამ და სიმძიმემ  მამცნო, რომ სცენის მთავარ ფარდას შევჩეხებოდი. მარჯვნივ დავიწყე სვლა, ისე, მატერიაზე ხელს მივასრიალებდი, მერე მთელს სიგრძეზე ჩამოფარებული რაც შემეძლო ძალით, ჩემსკენ მოვქაჩე. რა თქმა უნდა ფარდა ვერ გავწიე. თუმცა დავძარი და შესაძლებლობა მომეცა დამენახა მთელ სივრცეში ჩამწკრივებული სკამების ლანდები, რომლებსაც თეთრი მატერია ეკრათ და ერთადერთ საშუალებად მეპყრა, წყვდიადის მარწუხებიდან დავხსნილიყავი. ფარდა ნელი სვლით ჩამოვიტოვე უკან. ფრთხილი, მოზომილო ნაბიჯებით გავიწიე წინ. ფეხს იატაკზე ვაცეცებდი, რათა გადასასვლელი მეპოვა და სცენის ქვემოთ არ ჩავარდნილიყავი. როცა მაღალ ზღურბლს შევახე ფეხი, დავიხარე. ხელით მოვსინჯე თუ სად იყო კიბე. ბოლოს, მყარ ზედაპირზე ხელდაყრდნობილს შემართება გამიორმაგდა, მუხლებისა და ხელების დახმარებით, ოთხი საფეხური  ხოხვით ჩამოვიტოვე და ქვემოთ ჩავედი.
-მშვენიერი ყოფაა! ადამიანს მეტი რა გინდა ბედნიერებისთვის?!-მძვინვარებდა ჩემში აღფოთება.
მდგომარეობას იმდენად ვიაზრებდი, გამოვრიცხავდი ბოროტ ხუმრობას. ამას თან ერთვოდა ის ფაქტი რომ, ჩემს კოლეგებს საბედნიეროდ მსგავსი წამოფრენები არ ახასიათებდათ. თავს ამით ვიმშვიდებდი და სუსტად მბჟუტავი ათასობით სკამის თეთრი მატერიის ფონზე, ხელისა და ფეხების ცეცებით მივემართებოდი სავარაუდო გასასვლელისკენ. იმედი მქონდა, დერეფანში სინათლე ანთებული იქნებოდა და თავისუფლად შევძლებდი საგრიმიოროში გასვლას, რათა ჩანთა ამეღო და საბოლოოდ, მთავარი თუ არა, უკანა გასასვლელით მაინც მესარგებლა. ამასთანავე დაცვის არ ყოფნა წამითაც არ დამიშვია გონებაში. პირველი სერიოზული აღელვება მაშინ დამატყდა თავს, როცა დერეფანიც პირქუშად მომზირალი დამხვდა- მუქი ნაცრისფერი გამეფებულიყო ირგვლივ. მკრთალად ვამჩნევდი ბოძებს. თითქოს ნისლი ჩამოწოლილიყო, და ვერ ვხვდებოდი საიდან შემოდიოდა  ბაცი სინათლე. ამას თან ერთვოდა ირგვლივ გამეფებული სიცივე, რომელიც ყოფის უსიამოვნებას ერთი-ორად ამძაფრებდა. არასასიამოვნო აურით გაჟღენთილი საყვარელი ადგილი ახერხებდა ჩემს დაზაფვრას. მაისურის ამარამ მკლავებზე ხელი შემოვიჭდე და ხელმარჯვნივ, კედელს მიყრდნობილი გავუყევი იმ მხარეს, სადაც საგრიმიორო მეგულებოდა.  როცა, ამავედროულად მარცენა მხარეს ვიყურებოდი, სადაც წესით ღია ფარდებჩამოფარებული ფანჯრები უნდა ყოფილიყო ჩამწკრივებული, ორჭოფობის შემდეგ საკუთარ თავს ყველაზე ლოგიკური კითხვის დაბადების უფლება მივეცი: სად იყო ქალაქის სინათლე, რომელიც ამ ფანჯრებში უნდა შემოსულიყო? წესით და რიგით, თუ ღამე იქნებოდა, ლამპიონებისა და მანქანების სინათლეს უნდა შემოეღწია ნისლგამეფებულ დერეფანში, და თუ დღე იქნებოდა, მზის ანც სხივებს უნდა გაეჩახჩახებინათ აქაურობა. მაგრამ ყველაზე დამაფიქრებელი და შემაძრწუნებელი იყო ის ფაქტი, რომ სინათლის არც ერთი წყარო არ არსებობდა. სწორედ ამ დროს, როცა სასოწარკვეთას უნდა მივცემოდი გამახსენდა დარაბა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი თეატრის დერეფნის ფანჯრებს დარაბები არ გააჩნდათ, სრულ სიბნელეში ჩარჩენის გააზრებამ იმდენად შემაშფოთა, სრულიად ალოგიკური რწმენა დამებადა: სანამ მე მეძინა ფანჯრებს დარაბები დაუყენეს და ამიტომაც იყო დერეფანი ბნელი და პირქუში. ნერწყვი გადავაგორე, შევიცვალე მიმართულება და კვლავ ხელის ცეცებით, ამჯერად კანკალატანილი დავიძარი იქით, სადაც ფანჯრები მეგულებოდა-ჩემი მოსაზრების სიმართლეში უნდა დავრწმუნებულიყავი!
    როცა თხელი ფარდა გავწიე და ჩემი ხელები ცივ მინას შეეხო, გულისცემა იმდენად გამიძლიერდა, საფეთქელთან ვგრძნობდი მას. ვცდილობდი საკუთარი თავი მომეთოკა, რაც შეძლებისდაგვარად გამომდიოდა. სახე შავ მინასთან ახლოს მივიტანე, მზერა დავძაბე, თუმცა ფანჯრის მეორე მხარეს ვერა გავარჩიე რა.
-ო, არა!-სასოწარკვეთა ნელ-ნელა იდგამდა ჩემში ფესვებს. ფანჯრის გაღება დავაპირე, თუმცა როცა სახელური ვერ ჩამოიწია, ვიგრძენი როგორ მომაწვა თვალებში ცრემლები. კიდევ ერთხელ ვცადე, თუმცა ამაოდ- ფანჯარა არ გაიღო. უკან დავიხიე. უცებ თავში ერთმა აზრმა გამკრა. ჩემზე ჩამოფარებულ ფარდას ხელი ავუქნიე, ადგილიდან სირბილით გადავდგი ხუთი დიდი ნაბიჯი. სავარაუდო შემდეგი ფანჯრის ადგილსამყოფელს გავუსწორდი. ხელის ცეცებით ვიპოვე ფარდა. გავწიე, ფანჯარას მივუახლოვდი და ისიც შევამოწმე. კვლავ მინა, კვლავ ვერ გაღებული ფანჯარა და კიდევ ერთხელ დავლილი უსიამოვნო ემოცია, რომელიც საშინელად ჰგავდა  ცუდ წინათგრძნობას. ისევ ჩამოვიტოვე უკან თხელი მატერია, კვლავ გავირბინე ხუთი ნაბიჯი, ისევ შევამოწმე შემდეგი ფანჯარა; მერე კვლავ სასოწარკვეთა მომეძალა ვერგაღებული ფანჯრის გამო:
-კარგი რა! ღმერთო!
გავუყევი მთელ  სიგრძეზე ჩამწკრივებულებს და როცა საბოლოო, მერვე ფანჯარას მივადექი, და მასაც დაკეტილს, გვერდით არსებულ შემოსვლელ კარებს, რომელიც ერთადერთ ხსნად მიმაჩნდა, ვედრებით მივუახლოვდი. ორნამენტებით მოჩუქურთმებულს ხელი შევახე თუ არა, ღრმად ამოვისუნთქე. ანჯამას აკანკალებული ხელი მოვხვიე და გადავატრიალე. კარი არ გაიღო.
-ჯანდაბა! გაიღე!- ჩემი ყვირილი ცარიელ დერეფანში ავისმომასწავლებელ ექოდ გავრცელდა.

      თვალები ძლიერად დავხუჭე. ნერწყვი გადავაგორე და ათრთოლებულ ჩემს თავს ნებისყოფის მოკრებისკენ შემოვუძახე:
-მშვიდად ვერო! მშვიდად!- ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. უკან მივტრიალდი, გამეფებულ ნისლს შევერიე და შევეცადე ისევ საგრიმიოროსკენ გამეკვალა გზა. უცებ შევდექი. ადგილზე გაშეშებულს ზურგსუკან გაგონილი ხმისგან სხეულში უსიამოვნო ჭიანჭველებმა დამიარეს. ბრაზმა მომიცვა . კარს მივუახლოვდი და მივაყურადე. კარის მეორე მხრიდან ბიჭების მოგუდული, ჩუმი სიცილის ხმა ისმოდა.
-ჰეი! აქ ხართ?-ვიკითხე ხმამაღლა. კვლავ ექო, მაგრამ მოსალოდნელი პასუხის მაგივრად-სიჩუმე.
-აქ ხართ? ბიჭებო! გამიღეთ კარი!
   შედეგად ჩუმი ფხუკუნი, არავითარი პასუხი და ასე მეგონა თავში სისხლი მომაწვა.
-ბავშვებოო!- ხელი დავაბრახუნე კარზე. ისევ უპასუხოდ დატოვებული მიმართვა.
არეულ სახეზე ხელი ჩამოვისვი დასაწყნარებლად, თუმცა მოთმინებამ მიმტყუნა და ფეხი მთელი ძალით მივარტყი კარებს.
- გამომიშვით, თორემ აქედან რომ გამოვალ, პირველებს დედათქვენებს მოვიკითხავ, თქვე პატარა ნაბი*ვრებო!-ვიღრიალე მთელი ხმით. პასუხი მხოლოდ დერეფანმა დამიბრუნა ექოდ. ვერც ვხვდებოდი, ისე იმსხვრეოდა ჩემი ნებისყოფა. კარის უკან კვლავ ჩაფხუკუნება გაისმა და, ისევ სიჩუმე. კვნესანარევი ამოოხვრის ფონზე კარებთან ჩავცურდი. ბეჭებით მივეყუდე და მკლავები მუხლებს ჩამოვაყრდენი დაღლილმა.
-ბავშვებო, გამიღეთ რა კარი-შევირბილე ხმა-მშია, მწყურია, სახლში მინდა... გავიხუმრეთ, გვეყოს.- თვალები დამეხუჭა-წინ გამეფებული შავი ნისლისთვის მომერიდებინა.
      იმის გააზრება, რომ ჩემი ვედრება, მცდელობა აქედან გასვლისა ამაო იყო, მავსებდა შფოთვით. ფეხზე წამოვდექი და ბოლოჯერ შევეცადე ბედი მეცადა, თუმცა მიმართვა ამჯერადაც უპასუხოდ დატოვეს. შევიკურთხე და იძულებული გავხდი, საბოლოოდ ამეღო გეზი საგრიმიოროსკენ. ნისლი, რომელიც დერეფანში არსაიდან ჩნდებოდა, გაუკრვევლობით იმდენად მავსებდა, სრულიად ვცარიელდებოდი ფიქრებისგან. მოწოლილი ცრემლები თითის ბალიშებით გავაქრე თვალებიდან და სავარაუდო მიმართულებით დავიძარი დანიშნულების ადგილისკენ. დერეფნის ბოლოს, სინათლის ჩამრთველები მეგულებოდა. სანამ მოსაცდელ ოთახში შევაბიჯებდი და იქიდან საგრიმიოროში, გადავწყვიტე სინათლე ამენთო. ჩამრთველს თითი ავკარი, თუმცა სინათლე დერეფანში არ ანთებულა.
-ფუ შენი! -შევეშვი.
საგრიმიოროს კარის ანჯამა რომ ჩამოვწიე და კარი გავაღე, შვებისგან ამოვისუნთქე, მაგრამ შემოგებებულმა უკუნეთმა ბედნიერება წამში ჩამიცხრო, ამიტომ ხელის ცეცებით კედელს გავუყევი, რათა ჩამრთველი მომეძებნა-მარტივად მივაგენი და ოთახი მაშინვე გავანათე. მართალია უეცარმა სინათლემ თვალები ამიწვა და მაიძულა სახეზე ხელი ამეფარებინა, მაგრამ ერთობ ჩააცხრო ჩემში გამეფებული ქაოსი და შფოთვა. როგორც კი თვალი მოჩახჩახე სინათლეს შევაჩვიე, მაშინვე ჩემი მაგიდისკენ გავიწიე, რათა სკამიდან  ჩანთა ამეღო და ტელეფონით მესარგებლა, თუმცა მოლოდინის არგამართლებამ იმედის კოშკები ერთიანად ჩამომამსხვრია თავზე-ჩანთა გამქრალიყო.
-ღმერთო!  მეკაიფები?!
პირველი რაც ვიფიქრე, იყო: იქნებ ნივთი სხვა ადგილას შევინახე-მეთქი, თუმცა საგრიმიოროში ჩემი ზურგჩანთა არსად არ იყო. დავიბენი. უთუოდ ვინმე მომპარავდა, ანდა ჩემ კოლეგებს რომ არ დავხვდი აქ, თან წაიღებდნენ, რათა შემდგომ ჩემთვის მოეცათ. ნეტავ არავის მოსვლია აზრად რომ სცენა შეემოწმებინათ?! კედლის მრგვალ საათს შევხედე და გაოცებისგან შუბლი შევკარი. ზუსტად ექვსს აჩვენებდა. სავარაუდოდ განთიადის, რადგან სწორედ საღამოს ექვსი საათი იყო თეატრში რომ მოვედი. მას შემდეგ რეპეტიცია მქონდა, მერე ჩამეძინა... გამიკვირდა, რადგან ჩაბნელებულ დერეფანს, რომელსაც თან უამრავი ფანჯარა გასდევდა, სექტემბრის დილის მზის სინათლის კვალიც არ აჩნდა. მოწოლილი მღელვარებისგან კანკალატანილმა რომელიღაც სკამზე გადაკიდებული ზედა ავიღე. ჟაკეტი ჩავიცვი და სინათლის წყაროს
მოწყობილობის ძებნა მაშინვე დავიწყე, რათა ჩაბნელებულ შენობაში მისით მესარგებლა და რამენაირად აქედან გავსულიყავი, თორემ ვხვდებოდი ყოფისგან გამოწვეულ უსიამოვნო აურას დიდხანს ვეღარ გავუძლებდი-ძალა გამომეცლებოდა, დავიმსხვრეოდი და უნებისყოფოდ დარჩენილი შემოპარული შიშისგან გავიგუდებოდი.
      მთელი საგრიმიორო რომ გადავქექე, ფანარს საბოლოოდ მივაგენი. სიხარულით ამოვისუნთქე და გადავწყვიტე ჯერ დერეფანში სინათლე ამენთო, შემდეგ კი უფრო ზუსტად შემემოწმებინა ფანჯრები, თუ რა სჭირდა. იმ ჭინკებისთვის კი, აქ რომ ჩამკეტეს და კარი არ გამიღეს, მომინდა მუცელი გამომეფატრა. უცებ გავაანალიზე რა საშინელებაზე დავფიქრდი და აზრები უკუვაგდე.
-ღმერთო მიშველე.-გავაქნიე თავი და ფანარი ჩავრთე. მერე კარი გამოვაღე და ნისლნარევ ბნელში მოკრებილი ძალებით შევაბიჯე.
    ბურუსში ფანრით მიდამოების განათება ჭირდა, თუმცა სულ არაფერს ნამდვილად ჯობდა. მოსასვენებელ ოთახს გავცდი და დერეფანში გავაბიჯე. დერეფნის დასაწყისში არსებულ ჩამრთველებს დაღონებულმა შევხედე. ცარიელი დერეფნისკენ შებრუნებულს ისევ ჩუმი სიცივე შემომეპარა სხეულში, თუმცა ნაბიჯი არ მომიდუნებია, პირიქით ფეხს ავუჩქარე და მტკიცედ მივედი კარებთან. კვლავ არ გაიღო. სასწაულს არც ველოდი. ორფრთიან კარებს თან დაყოლილი მრგვალი ფანჯრიდან რომ გამეხედა, ფეხის წვერებზრ ავიწიე და გაჩახჩახებული ფანარი მინას მივადე, თუმცა ამაოდ. ფანჯრის მიღმა კვლავ უკუნი სიბნელე მეფობდა. თითქოს წყვდიადს ჩთაენთქა ქალაქი. დაღონებულმა ამოვიოხრე და უკან გამოვბრუნდი. გადავწყვიდე რომ უკანა გასასვლელიდან მესარგებლა. როგორც წესი, იქ თეატრის დარაჯი უნდა ყოფილიყო. ამან დამაიმედა.
ვინაიდან მალე მინდოდა აქედან გასვლა, მთელი შენობის შემოვლის იდეა ჭკუაში არ დამიჯდა. გადავწყვიტე მთავარი დარბაზის გავლით მოკლე გზით გავსულიყავი თეატრის სამხრეთ ნაწილში. თეატრის ნახევარზე მეტი თანამშრომელი ამ მარტივ ხერხს მივმართავდით ხოლმე დროის მოსაგებად, ამიტომ მეც მთავარი სივრცისკენ დავიძარი. სიბნელიდან სიბნელეში გასვლა არ იყო იმდენად ღელვაამტანი, რამდენადაც სიცარიელიდან სისავსეში. ჩაბნელებულ დარბაზში ფეხი შევაბიჯე თუ არა, ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. სხეული ამიწვა ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ. ისედაც მარტოობით, სიბნელითა და სიცივით დაძაბული, კიდევ უფრო დავიძაბე. გულზე თითქოს თალხი გადამეფარაო, სუნთქვა გამიძნელდა. ფანარის დარბაზისთვის შემოვლება ვერ გავბედე, არც გამომივიდოდა, რადგან რამდენიმე ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, უეცრად რომ ჩაქრა. ერთი პირობა ვიფიქრე, უკან გავბრუნებულივაყი და სხვა გზით მესარგებლა, თუმცა არ გავჩერებულვარ, ფანარის ანთებით დაკავებულმა პატარა ნაბიჯებით წინ წავიწიე. ხან ხელი დავარტყი, ხან შევანჯღრიე. ამაოდ.
და უცებ გავშეშდი.
შიშისგან სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა მომიცვა და სული შემიკრა. ფეხით რაღაცას წამოვდებულიყავი. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ რაც წინ შემეჩეხა, არა სკამი ან რაიმე ნივთი, არამედ რაღაც რბილი იყო. თვალები ძლიერად დავხუჭე. გადავწყვიტე ამ რაღაცისთვის გადამებიჯებინა, რადგან ასამდე სკამისთვის გადაფარებული თეთრი მატერია, იმდენად ბაც სინათლეს გამოსცემდა, არ შემეძლო ჩემს ფეხებთან არსებული დამენახა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. და შევკრთი.
სიცივე გაბატონდა ჩემს სხეულში.
ნათლად ვიგრძენი სისხლის სუნი და ნაღველი მომაწვა. თვალები უნებურად ამიცრემლიანდა და კანკალნარევი ოხვრა აღმომხდა.
ერთიანად ახმაურებული გულ-მუცელი რომ ვერ დავიოკე, გადავწყვიტე ხელში ჩაბღაუჯებული ფანარი კიდევ ერთხელ მომესინჯა. კვლავ არ აინთო.
შიში, რომელიც ძირს არსებულის მიმართ გამაჩნდა, იმდენად მძაფრი იყო, ადგილიდან ვერ ვიძროდი. თითქოს მხრებზე ვიღაცას ჩემთვის ყინული შემოეხვია პლედად და განეზრახა თავადაც ყინულად ვექციე. კანკალი ვერ დავიოკე. ცრემლებული თვალები მოვიწმინდე და ქვემოთ დავიხედე. არაფერი ჩანდა სიბნელის გარდა.  გადავწყვიტე უკან გავბრუნებულიყავი და დარბაზის გარედან შემოვლით, დერეფანით გავსულიყავი თეატრის მეორე მხარეს. ვიღაცის თუ რაღაცის დაჟინებული მზერა კი ჰალუცინაციად შევეცადე აღმექვა. ზურგსუკან მოვტრიალდი და ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ როგორც კი ფეხით რაღაც რბილს დავაბიჯე მაშინვე შიშისგან შევკივლე და ფეხი უკან გამოვწიე დამფრთხალმა. მთელი სხეულით ვკანკალებდი.
-ღმერთო...
ცრემლები ვერ შევიკავე. ხელის გათეთრებამდე ჩამებღაუჯა ფანარი, რომელიც არ ინთებოდა. არ ვიცოდი ირგვლივ რა ხდებოდა. წინ და უკან რაღაც ბარიერი მიშლიდა ხელს დარბაზიდან გასვლაში. ბნელოდა.
და მარტო ვიყავი.
ხმაც ჩამწყდომოდა.
მთელი გულით მინდოდა სიზმარში ვყოფილიყავი. მდგომარეობის გააზრება მიჭირდა. თავბრუ დამეხვა.
რამდენიმე წუთი ვიდექი ფეხზე და სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობდი.
ბოლოს, როცა ძალები და ნებისყოფა მოვიკრიბე, სახიდან ცრემლები მოვიშორე.
იძულებული ვიყავი დაბლა დავხრილიყავი და ხელით მომესინჯა, თუ რა მაშინებდა ასე ძლიერ.
საკუთარმა გამბედაობამ აღმაფრთოვანა.
ფანარი მოვსინჯე, კვლავ არ ინთვებოდა.
დაბლა დავიხარე, ჩავიცუცქე. ხელები დარბაზის ხალიჩაზე გავაცოცე და თითებზე სისველე ვიგრძენი. არ გამიკვირდა.
უკვე ვიცოდი რომ ჩემთან ძალიან ახლოს სიკვდილი დადარაჯებულიყო. მაგრამ მე მისი არ მეშინოდა, რადგან მას ძალიან კარგად ვიცნობდი...
სველი თითებით სითხე მოვსინჯე, აშკრად სისხლი იყო. გულისრევა შევიკავე და სუნთქვაშეკრულმა გავაცოცე ხელები ჩემგან შედარებით მოშორებით. შევკრთი, როცა რაღაცას შევეჩეხე. სრულ სიბნელეში თვალები დავხუჭე და ხელი შევახე მას. მატერია მომხვდა თითებში. მერე სხეული შევიგრძენი. ცივი. ხელების ფათურით სხეული მოვსინჯე და უცებ ხელებზე რაღაც მასა მომეცხო. ეს არ იყო სისხლი. უფროსწორად იყო სისხლი, და კიდევ რაღაც ფაფისმაგვარი.
ზერელედ მოვსინჯე ფანარი და ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, სწორედ მაშინ გაანათა. ჭერს მინათებული სინათლე დაბლა დავხარე. ყელიდან ხავილი აღმომხდა, როცა ადამიანის მუცელს შევხედე. თვალს ვერ ვაშორებდი სისხლით გაჟღენთილ სხეულს. მუცელი გაფატვროდა. შინაგანი ორგანოები ზედ მუცელზე ეყარა. ნაღველი მომაწვა ყელში. პატარა ტანით, გვიან აღვიქვი რომ ადამიანი ბავშვი იყო. თრთოლვაატანილმა ცახცახით გავაყოლე ფანარი თავისკენ და მთელი ძალით ვიკივლე, როცა მასში წითური თმით ის  ბიჭი ამოვიცანი, რომელიც ერთ ერთი მათგანი იყო მათ შორის, ვინაც თეატრში მოსვლისას გვერდით ჩამირბინეს.
უკან გავხოხდი შეშინებული და  როცა ზურგიდანაც შემეჩეხა ბარიერი, ფეხზე წამომხტარმა ფანარი დავანათე სხეულს. გვერდიგვერდ მწოლარე ორი ბიჭი ვიხილე, რომელთაც ასევე გაფატვროდათ სხეული და მათაც წითური თმა ამშვენებდათ. ხელიდან ფანარი გამივარდა. ძალაგამოცლილი ცხედრებს შორის მუხლებით დავეცი და თავი ჩავღუნე. აქვითინებული სისხლიან ხელებს მანამდე ვიფარებდი სახეზე სანამ გულისრევა არ ვიგრძენი. გამახსენდა ყოველი დეტალი, რაც მათ ამ დგომარეობასთან ჰქონდა შეხება და სკამის წინ მიჩოჩებულმა იქვე ვარწყიე.
მთელი სხეულის განკალს ვერ ვიკავებდი. არვიცი რა დრო გავიდა, ჩემმა ასეთმა მდგომარეობამ რამდენი ხანი გასტანა, მაგრამ ნელ-ნელა დაწყნარებულმა სიტუაციისადმი ანტისხეული გამოვიმუშავე. მერეღა მომაგონდა, რომ შენობის შემოსასვლელთან მდგარს, როცა ბიჭებმა, რომლებიც კარის მეორე მხარეს იცინოდნენ, კარი არ გამიღეს, ვისურვე, ახლოს მყოლოდნენ, რათა მათი მუცლები გამეფატრა და კიდევ ერთხელ წამომაზიდა.
მივხვდი რომ რაღაც ან ვიღაც ძალიან ცუდ თამაშს მეთამაშებოდა.
ავქვითინებულმა, როცა გავიაზრე რომ გვამებს შორის ვიჯექი მაშინვე წამოვხტი და ცხედრებს გადამხტარმა დარბაზის მეორე კარი გავგლიჯე.
თუ მთავარი დერეფანი ნისლისფერს მოეცვა, შენობის უკანა მხარეს არსებული ფოიე სრულ უკუნეთში ჩაძირულიყო. როცა წყვდიადში მოვექციე და ირგვლივ ვერაფერი გავარჩიე, ვერც კარი, საიდანაც გამოვარდი, ვერც ფანჯრები, და ვერც გასასვლელი, რითაც ამ კოშმარიდან თავის დაღწევას ვგეგმავდი, ორიენტაცია ამერია. ხელში არც ფანარი მქონდა. დაზაფრულს არც გამხსენებია ხელში ამეღო. ვერც უკან ვბრუნდებოდი, და ამის შესაძლებლობაც რომ მქონოდა, ბავშვების გვამს ვერც გავეკარებოდი.
სრულიად გაბრუებულმა ხელის ცეცებით კედელის მოძებნა ვცადე. ამაოდ. ირგვლივ სიცარიელე იყო.  და ისეთი უკუნი, თვალთან თითს ვერ მივიტანდი. სუნთქვა გამიძნელდა ყოფისგან. თავში რაღაცეები მიზუზუნებდნენ. პირი გავაღე, რათა ჰაერი ჩამესუნთქა.
და უცებ არსაიდან კარის გაჯახუნების შემაზარენი ხმა მოისმა, რომელიც სივრცეში ექოდ გავრცელდა და მთელი სხეული ამიკანკალა.
-ღმერთო... ღმერთო გევედრები... მიშველე-ავქვითინებული უაზრო, შეშინებული თვალებს ვაცეცებდი სიცარიელეში, მაგრამ ხსნა არსად ჩანდა.
კარმა დაიჭრაჭუნა. სმენა დაძაბული მქონდა. ერთ ადგილას გაშეშებულმა ადვილად შევამჩნიე შორიდან რაღაც მოემართებოდა ჩემსკენ და უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. მძიმე, ნელი ნაბიჯები სიბნელეში ჩუმ ექოდ გაისმოდა და რაც უფრო ამცირებდა მანძილს ჩემთან, მით უფრო ძლიერდებოდა. საბოლოოდ კი გაჩერდა.
-გახდები შენი თეატრის ჩრდილი, თუ სამუდამოდ დაგაშორო საყვარელ ადგილს?-ყურთან შიშისმომგვრელად ჩამჩურჩულა ხავერდოვანმა ბარიტონმა და მოშიშვლებულ კისერზე სიცივე შემომახვია. ეკლებად დამაყარა ფეხიდან წამოსულმა ჟრუანტელმა. კანი შიშისგან ამეხორკლა.
ხელი სივრცეში გავიქნიე, თუმცა ვერაფერს შევეხე.
-ვინ ხარ!- გავმძვინვარდი უეცრად. -ჩემგან  რა გინდათ! გამიშვით!- ხმამაღლა ვეღარ გავბედე ლაპარაკი. ექო მეპასუხებოდა.
-შენი თეატრის მოჩვენება..-ჩაიცინა ხმამ.
-ნუ მეხუმრებით! ეს რა ბოროტი ხუმრობაა?! გამიშვით გესმით?! გამიშვით!- ცრემლი ღვარად მდიოდა ლოყებზე.
-მე ერთხელ გკითხე. მეორედ გამეორება არ მჩვევია-ცივად გამოცრა ხმამ ჩემს ყურთან და ასე მეგონა გვერდით რაღაცამ ჩამიქროლა.
ადგილზე შევხტი.
მოულოდნელად ჩემს უკან ხმები გაჩნდნენ. ქალის კივილი, ჩვილის ტირილი და მამაკაცის შემაზარენი ხარხარი ექოდ მოედო მთელ ფოიეს. ყურებზე ხელი ავიფარე, რომ ეს საშინელება არ გამეგონა, მაგრამ სიჩუმემ არ დაისადგურა. ხმები უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ, თითქოს ჩემსკენ მოიწევდნენო, დამფრთხალმა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. და როგორც კი ჩემს თვალწინ სინათლის პატარა წერტილი შევნიშნე იმედმოცემული მისკენ დაუფიქრებლად გავიქეცი.
გულამოვარდნილიმივრბოდი მთელი ძალით. უკან ადევნებული ხმები გაქცევას მაიძულებდნენ. სინათლე კი არა და არ დიდდებოდა. შორეული სხივი მიუწვდომელ ოცნებად რჩებოდა. მოულოდნელად სინათლე გაიზარდა და ჩემს ფეხ ქვეშ დერეფნის მყარი იატაკი გაუჩინარდა. სცენაზე აღმოვჩნდი. უკან ხმები გაქრნენ. მივხვდი, უკუნეთს თავი დავაღწიე. უკან მივიხედე, სიბნელე ბატონობდა, ხოლო ჩემს წინ კი სცენას ნისლისფერი, ბაცი სინათლე დაჰნათოდა თავს. სცენის შუაში ადამიანები იდგნენ. მეფე-დედოფლის გვირგვინი რომელთაც ედგათ, დანარჩენებს გამოეყვნენ. ადამიანების სახეს ვერ ვხედავდი, მხოლოდ შავ სილუეტებს ვხედავდი და ისინიც რაღაც შორეულად მეჩვენებოდა. ადამიანებმა ნაზი, მშვიდი მელოდიის დუდუნი დაიწყეს. მონუსხულივით შევყურებდი, როგორ შეკრეს ნელ-ნელა წრე. წრე ხან ვიწროვდებოდა, ხან ფართოვდებოდა.
ცეკვავდნენ.
ეს სცენა საიდანღაც მეცნობოდა. ის იყო, ნაბიჯი გადავდგი სცენისკენ, რომ ადამიანებს ერთი გოგონა გამოეყო, რომელსაც გრძელი კაბა ემოსა და ფართო სამკლაურები ჰაერში ულივლივებდა. სილუეტი შემოტრიალდა. ჩემსკენ დაიძრა, ლამაზი, მომაჯადოებელი მელოდიის ფონზე უკან დანარჩენებიც მოჰყვნენ. სულ ექვსნი იყვნენ. ისინი ჩემსკენ ნელა, აუღელვებლად მოიწევდნენ. ნელ-ნელა შორდებოდნენ სცენის მქრალ სინათლეს. დამფრთხალმა უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ის იყო გაქცევისთვის მოვაბილიზე სხეული, შევდრკი. ჩრდილში წინ მომავალი გოგონას სილუეტი გამოიკვეთა. თეთრი კაბა ემოსა მხოლოდ. როცა სახეს შევხედე, ჰაერი ვერ ჩავისუნთქე.
მე ვიყავი.
გოგონამ მელოდიის ღიღინი შეწყვიტა და სათნოდ გამიღიმა.
მე კი სხეულში გავრცელებულ კანკალს ვერ ვწყვეტდი. მის უკან ნისლი შეეპარა სცენას და სილუეტები მასში გაუჩინარდნენ. თვალებგაფართოებული მის სახეს ვერ ვწყვეტდი მზერას. ერთ ადგილს შევყინვოდი.
ნელ-ნელა გოგონამ უფრო ფართოდ გაიღიმა. მისი სათნო ღიმილი და მზერა, რომელიც პირდაპირ ჩემი თვალებისკენ იყო მომართული იმდენად შემზარავი, საშიში და საზარელი გაუხდა, ყელიდან ხავილი აღმომხდა. მისი ბოროტებით გაჟღენთილმა თვალებმა და სატანისებრმა ღიმილმა მთელ ჩემს სხეულში სიცივე გაამეფა და შიშისგან მოხეთქილმა ტალღამ დაკივლება მაიძულა. უკან შევბრუნდი და მთელი ძალით გავიქეცი სიბნელეში. ზურგსუკან ვიხედებოდი. თეთრი კაბით შემოსილი, რომელიც სიბნელეში ცხადად იკვეთებოდა, თავისი დემონური ღიმილით უკან მომდევდა. გავრბოდი რაც ძალა მქონდა.
მივხვდი, მე არ ვიყავი თეატრში.
არ ის ვიყავი, ვინც უკან მომდევდა.
უბრალოდ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ცხადი ყოფილიყო.
ცრემლმომდინარე ქოშინით მივრბოდი და მალ მალე უკან ვიხედებოდი. დერეფანი არა და არ სრულდებოდა. უსასრულო სივრცე კი ასე მეგონა ყოველი ჩემი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უფრო მეტად იზრდებოდა. ძალა გამომეცალა, შემზარავი ყოფისგან დავიღალე.
და თავადაც ვერ მივხვდი ისე გამომელია მუხლებში ძალა და ცივ ფილებზე მოწყვეტით დავეცი. მუხლები ამტკივდა. უკან მივიხედე.ამჯერად მარტო ვიყავი. ირგვლივ კვლავ სიბნელე იყო. თავი ცივ ფილებს დავადე და ხმამაღლა ავქვითინდი. ექოც ტიროდა. სისხლშემხმარი ხელები სახესთან დავაწყვე. გულამოსკვნილი მთელი სხეულით ვცახცახებდი. გული საგულეში არ მეჯდა.
სახლში მინდოდა.
თვალებდახუჭულმა ჩემი ოთახი ვინატრე, სადაც სავარძელში მოკალათებული სპექტაკლის როლებს ვსწავლობდი.
-ღმერთო...-დამცდა ბაგეებიდან.
მოულოდნელად სივრცეში კვლავ გამოიკვეთა ჩუმი, ნელი ნაბიჯები, რომლებმაც ზრდა იწყეს. თვალები უფრო ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, წამოვჯექი და მუხლებს ხელები შემოვვხვიე მოკუნტულმა. ტუჩს კბილი ძლიერად დავაჭირე რომ არ მეკივლა.
ნაბიჯების ხმა გაძლიერდა და საბოლოოდ სიცივეც ვიგრძენი.
-თვალები გაახილე, ვერო- ყურთან ჩამჩურჩულა თბილად ბარიტონმა.
შემეშინდა.
-არა, არა გთხოვ... გამიშვი გევედრები-თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
-გაახილე თვალები, და გპირდები გაგიშვებ...-დამიდო პირობა. არ მჯეროდა, მაგრამ გამოსავალი არ მქონდა. ნელა დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და საკუთარი თავის დანახვისთანავე კივილით გავხტი უკან. მანაც ჩემსავით იმოძრავა. მივხვდი, სარკე იყო, არსაიდან გაჩენილი.  სარკიდან დამფრთხალი, შეშინებული გოგონა მიმზერდა, რომელსაც თვალები ტირილისგან ჩაწითლებოდა, სახე კი შეშლილს მიუგავდა.
ეს მე ვიყავი.
ყრუდ ამოვიხავლე.
სარკეში არსებულს ნელ-ნელა გადახოტრილი თმა გაუწითლდა. თავზე ხელი მოვისვი, ანარეკლმაც იგივე გააკეთა. სარკეში არსებულ გოგონას თმა უსწრაფესად წამოეზარდა, წითელ კულულებად დაეშვა და როგორც კი ჩემს მხრებზე რაღაც რბილი შევიგრძენი კივილით გავხოხდი უკან, თავზე ხელი მოვისვი, რათა ეს რაღაც მომშორებოდა, თუმცა ხელებში თმა შემრჩა, რომელიც თითქოს ჩემი ყოფილიყოს, მოქაჩვისას თავი ამატკია. თმა გაგრძელდა და წელზე დაგვეფინა მეც და ჩემს ანარეკლს.
-არა... ღმერთო... არ მინდა! მომაშორე! მომაშორე!- ნერვიულად ვიყრიდი ზურგიდან, ვქაჩავდი, თუმცა ამაოდ. სარკეში კვლავ ჩემს თავს მოვკარი თვალი.
ჭორფლებით დაფარულმა ჩემმა სახემ გაურკვევლობისგან კინაღამ გამაგიჟა. მას ვგავდი. ნის. გოგოს, რომლის თმებისაც ყოველთვის მშურდა.
-არა! არა! ნერვიუალად უკან გავხოხდი, ფეხზე წამოვხტი და უკუსვლა დავიწყე, თუმცა სარკე არადა არ პატარავდებოდა.
მე მომდევდა.
-გამიშვი...შემეშვი... გევედრები-ამოვიქვითინე და სახე ხელებში ჩავრგე. სისხლის სუნმა კვლავ გულისრევის შეგრძნება გამიჩინა. ყოფამ გული შემიღონა. სუნთქვა შემიკრა. ჩემი გამოსახულება სარკეში ნელ-ნელა გაიცრიცა. თავბრუდახვეული უკან საყრდენი რომ ვერ ვიგრძენი, ცივ ფილებს ზურგით დავეცი, სულისშემკვრელმა ტკივილმა კი უკუნეთი კიდევ უფრო გააშავა.

და გამომეღვიძა.
პირველი რასაც შევეჩეხე ეს სცენის ღრმა, ბნელი ჭერი იყო, რომელიც ძველებურად მიქადდა შთანთქმას. და უცებ გამახსენდა; ელვის უსწრაფესად დატრიალდა ჩემში ყველა მოვლენა, რაც კი ბოლო საათებში გადამხდა და როცა ვერ ჩავისუნთქე ჰაერი, ფეხზე წამოვხტი. შევკრთი. სცენა ჩაბნელებულიყო. შიშმა ამიტანა. ცრემლები მომაწვა. ხელები ძლიერად მივიჭირე პირზე რომ მომდგარი ქვითინი შემეკავებინა. მერე გავაანალიზე რომ ხელებზე სისხლი უნდა მქონოდა მოცხებული. სახესთან ახლოს მოტანილზე ვერანაირი ლაქის კვალი ვერ გავარჩიე რადგან სიბნელე იყო. დავსუნე. სისხლის სუნი გამქრალიყო. უფრო მეტიც, ჩემი საყვარელი ხელის მაზის, ატმის სურნელი ამდიოდა ხელებზე. სწრაფად გაბატონდა  გაურკვევლობა ჩემში. თავზე ხელი მოვისვი და ზურგიდან კიდევ ერთი ლოდი მომეხსნა, ნაცნობი კულულების არშეხვედრისას.
და იმის გასარკვევად, რომ მომხდარი სინამდვილე იყო თუ კოშმარი, მივხვდი ფარდის მიღმა უნდა გავსულიყავი, რომელიც სცენას დარბაზისგან ყოფდა. კანკალატანილმა გადავდგი პატარა ნაბიჯები, ისიც ფეხის ცეცებით. არ მინდოდა ისევ რაიმე რბილი შემჩეხებოდა. ხელების ჰაერში ცეცებამ შედეგი გამოიღო. ფარდის მძიმე მატერია მალევე შევიგრძენი და ავქაჩე. მის ქვემოთ დავიხედე და მოფენილმა ბაცმა სინათლემ თავადაც გამანათა. მოუთმენლად გავძვერი ფარდის ქვეშ. დარბაზში ასე თუ ისე სინათლე სუფევდა. მქრალი ნათელი არსაიდან შემოდიოდა და სიმშვიდეს მგვრიდა. ძველებურად ჩამწკრივებულიყო სკამები. ყველგან სინათლე იყო. ბაცი, მაგრამ მაინც სინათლე. მაშინვე ჩავირბინე კიბეები, სცენიდან ჩამოვედი და უკანმოუხედავად გავიქეცი კარებისკენ. დერეფანში გასული თეატრის კარში ახლახანს შემობიჯებულ ვანოს და დამლაგებელ ქალს წავაწყდი.
-ვერო?-კაცმა გაკვირვებით აზიდა წარბები.
-ვანო!- ქვითინი ვერ შევიკავე. რაღაცისგან გადარჩენილი მისკენ გავიქეცი, მკლავები კისერზე შემოვხვიე და კაცს ძლიერად ჩავეხუტე. შეუკავებელი ტირილისგან პერანგის მხარი მთლიანად დავუსველე. მანაც ძლიერად შემომხვია ხელები წელზე და გულში ჩამიკრა.
-ძვირფასო, კარგად ხარ?- გვერდიდან შემეკითხა დამლაგებელი ნორა. თავი სწრაფად დავუქნიე და შევეცადე აჩქარებული გულისცემა დამეოკებინა. ამაოდ. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ვანოს მოვშორდი. მაშიღა შევნიშნე, ფანჯრებში სინათლე თითქოს ვერ ეტეოდა. გარეთ მზე აცხუნებდა.
-ვერო, კარგად ხარ?- შეშფოთებულმა და შეწუხებულმა ცრემლები მზრუნველად მომწმინდა სახიდან.
-კი... მე-ხმა საშინლად მიკანკალებდა-უბრალოდ მარტო რომ დავრჩი... ძალიან... ძალიან შემეშინდა ვანო...-ვერ შევაკავე მომდგარი ქვითინის ტალღა და კაცის გულ-მკერდში ჩავრგე სახე. მხრები საშინლად მიცახცახებდა.
-აქ რა ხდება?
თავი ავწიე.
გარედან ნიმ შემოაბიჯა. მის წითელ, გრძელ კულულებზე გამიშეშდა მზერა. ტანში გამცრა. უეცრად ნერვიუალად მოვისვი კისერზე ხელი. თმა არ მქონდა. დავწყნარდი.
-ვერო, რა გჭირს? აქ რა გინდა?- მაშინვე აღელდა გოგონა.
-აქ დარჩენილა წუხელ, კარები ჩაგვიკეტია, შეშინებია გოგოს-აუხსნა ნორამ.
მაგრამ მან რა იცოდა, სიმარტოვის კი არა, თვითონ თეატრის რომ შემეშინდა?
ახლაც თვალწინ მიელავდნენ ღამინდელი კადრები;
სისხლი ხელებზე, წითელი თმა თავზე, სიცივე კისერზე და კაცის იდუმალი ხმა ჩემს ყურებთან.
-ძვირფასო, გვეგონა წახვედი, არ იყავი არსად-ნი მომიახლოვდა, ზურგზე მზრუნველად დამისვა მკლავი. ვანოს მარწუხებს თავი დავაღიწე კოპებშეკრულმა.
-არ ვიყავი? -ჯერ კიდევ მიკანკალებდა ხმა.
-ხო არსად. ვანო რომ მოგშორდა და გვითხრა დავიშალეთო, შენ სცენაზე აღარ იდექი. საპირფარეშოებშიც მოგძებნეთ, დარბაზში, სცენაზეც კი, მაგრამ არსად იყავი. გვეგონა წახვედი, იმიტომ რომ შენი ჩანთაც არსად იყო. ტელეფონსაც არ პასუხობდი.-მიხსნიდა გოგონა და მთელ სხეულში შიში და სიცივე მიბატონდებოდა. ცრემლები მომაწვა.
-მაგრამ ჩემი ჩანთა... მეგონა თქვენ წაიღეთ.-გონება მერეოდა. ვგრძნობდი.
-არა ძვირფასო-თავი გააქნია დამლაგებელმა-კარგად მოვძებნე ყველგან, მაგრამ შენი ნივთები არსად არ იყო.
გავბრუვდი. ნერვებში შემიჩნდნენ მწველი ნაპერკლები, რომლებმაც სუნთქვა შემიკრეს.
-კი მაგრამ-ჩავიჩურჩულე-როცა ვანო მოგიბრუნდათ, იქ ვიყავი. მერე სცენის შუაში დავდექი და დავინახე როგორ გახვედით კულისებში-გადღაბნილი მზერა მივაპყარი ვანოს-მერე მე მეძინებოდა და ძირს დავწექი, ჭერს ვუყურებდი...-ცრემლების დიდი გორგალი ყელში მომბჯენოდა.
-ვერიკოო, გადაიღალე, დაიღალე, თავად თუ იცი რას ბოდავ?- დოინჯი შემოირტა ქალმა.
-არ ვბოდავ ნი...- ვედრებით სავსე იყო ჩემი ხმა.
-ვერო, მოდი, სახლში წაგიყვან, ძალიან ცუდად გამოიყურები.-ზურგზე მომხვია ვანომ ხელი.
ფიქრარეულმა ინსტიქტურად დავუქნიე თავი.
არ ვიცოდი რა ხდებოდა. ვერ ვხვდებოდი. გაურკვევლობას მთლიანად შევებოჭე. ნუთუ კოშმარი იყო ჩემი მთელი ტანჯვა? ნუთუ მართლები იყვნენ ჩემი თანამშრომლები? სად გაქრა ჩემი თეთრი ჩანთა? ნუთუ მთელი ის საშინელი ამბავი და შეგრძნებები რაც თავს დამატყდა მთელი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო?
სუნთქვა მიჭირდა. თავბრუდახვეული და ძალაგამოცლილი ვანოს ხელს ვეჭიდებოდი.
გარეთ რომ გავაბიჯეთ, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მზის სურნელმა სხეულში გამეფებული სიცივე დააშოშმინა.
ის იყო, ვანოსთვის საათი უნდა მეკითხა, მის მაჯაზე რომ გამიშეშდა მზერა. მაჯის საათი ექვსს ამცნობდა.
-ვანო, შენი საათი გაფუჭდა?- ამითრთოლდა ხმა.
კაცმა მაჯაზე დაიხედა.
-არა, ექვსია, ადრე გამოვედით. მე და ნი სცენარზე ვმუშაობდით და აქ წამოსვლა გადავწყვიტეთ-გამიღიმა ლაღად. სახსრები ამტკივდა. მაინც მოვიკრიბე ძალა და კიბეებზე ჩავედით. ვანოს მანქანის გვერდით ნაცნობ პოლიციელს გაეჩერებინა ავტომობილი.
-მშვიდობაა მეგობრებო? ვერო, ფერი არ გადევს  სახეზე.- ჩვენსკენ წამოიწია მანქანის კარებს მიყრდნობილი კაცი, რომელსაც ხელში ყავის ჭიქა დაეკავებინა.
-ასეთი მშვიდობა, გაგა?- უპასუხა ვანომ-წუხელ აქ დაგვრჩენია და ჩაგვიკეტავს-ანიშნა ჩემზე. მწუხარებით იყო გაჟღენთილი მისი ხმა. ახალგაზრდა პოლიციელმა თანაგრძნობით შემომხედა. და სწორედ იმ დროს, როდესაც მან ვანოს მანქანის კარი გამიღო, რათა ჩავმჯდარიყავი, თეატრიდან ქალის გამყინავი კივილის ხმა გაისმა.
ავისმომასწავებლად დამიარა სიცივემ.
პოლიციელმა ჭიქა მაშინვე მიწაზე დადო, სწრაფად გაიქცა შენობისკენ და თეატრის ღია კარში შევარდა.
-ვანო, რა ხდება?- იმედით მივაპყარი კაცს მზერა.
-არ ვიცი ვერო, აქ დამელოდე, მოვალ მალე. -ჩემი ხელი მანქანას ჩამაჭედინა და თავადაც სირბილით წავიდა თეატრისკენ. ცნობისმოყვარეობამ მძლია. მოპოვებული სიმშვიდე ძალის აღდგენისთვის გამოვიყენე და მათ კვალდაკვალ ავედევნე. შენობაში შეუსულმა, დერეფნის გადაკვეთით, მეორე მხარეს, დარბაზის შესასვლელთან ჩაკეცილი ნორა და ვანო დავინახე. კედელთან კი ნი ჩამჯდარიყო და თავი ხელებში ჩაერგო. მთლიანად ცახცახებდა. აღელვებული სწრაფად მივუახლოვდი მათ, დარბაზში შევედი და ნანახმა ადგილზე გამაშეშა. ტკივილის გამავრცელებელი ჭიანჭველები კვლავ გამეფდნენ სხეულში. პოლიციელი სამ წითურ ბიჭთან ჩაკეცილიყო, რომლებიც გვერდიგვერდ იწვნენ სკამების სივრცეებს შორის; რომლებთაც მუცლელი გაფატვროდათ და სისხლის გუბე დაეყენებინათ ირგვლივ; რომლებთან ახლოსაც ჩემი თეთრი ჩანთა ეგდო.
მთლიანად წითელი, სისხლიანი.
ხმა ჩამიწყდა.
შევიბოჭე.
თურმე დარბაზიდან უკანმოუხედავად გასვლისას ვერ შევამჩნიე ისინი. გვერდიგვერდ იწვნენ.
და სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ კოშმარი, რომელიც თავს გადამხდა, სულაც არ იყო სიზმარი. ხელებზე დავიხედე. ხელები, რომლებიც არ დამიბანია და იმ პატარა, ანცი ბიჭების სისხლით უნდა ყოფილიყო დასვრილი, რომლებმაც წინა დღით, საღამოს ექვს საათზე დარბაზში შემოსვლისას ჩამიქროლეს. მე ხომ მათ სისხლს შევეხე?
მაგრამ სრულიად სუფთა იყო.
კანკალატანილი ოხვრა აღმომხდა. უკან გადავდგი ნაბიჯები. დარბაზის კარებმა არ გამიშვა.
-ღმერთო...-ჩავიჩურჩულე მე.
და სამ, გათეთრებულ სხეულთან დახრილმა პოლიციელმა მძვინვარებით ამომხედა.

*   *   *

-გახდები შენი თეატრის ჩრდილი, თუ სამუდამოდ დაგაშორო საყვარელ ადგილს?-ყურთან შიშისმომგვრელად ჩამჩურჩულებს ხავერდოვანი ბარიტონი და მოშიშვლებულ კისერზე სიცივეს მახვევს.
-კი! კი! კი! გავხდები! -მოუთმენლად ვპასუხობ გატანჯული. თავს ვუქნევ. და თვალსაწიერიდან საყვარელი შენობის გამოსახულება მიქრება თუ არა, ვკივი.
სულისშემკვრელად თეთრი ოთახი კი ჩემს კივილს ვერ იტევს.

დასასრული.



№1 სტუმარი Ana-maria

ვეროსთან ერთად ვიგრძენი თითოეული ნაბიჯი,მეც შემეშინდა. სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი,ბოლომდე ჩავედი და გული დამწყდა,ნუთუ ვერო წყვდიადში დარჩა. მაგრამ მერე მაინც დავაჯერე თავი,რომ სინათლე გაიმარჯვებდა.

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფიკო

მიყვარხარ რააა! ასეთი ემოციები რა ხანია არ მქონია ისტორიის კითხვისას...

 


№3  offline მოდერი ჰებე

სტუმარი სოფიკო
მიყვარხარ რააა! ასეთი ემოციები რა ხანია არ მქონია ისტორიის კითხვისას...

მადლობაა,
<3333333

Ana-maria
ვეროსთან ერთად ვიგრძენი თითოეული ნაბიჯი,მეც შემეშინდა. სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი,ბოლომდე ჩავედი და გული დამწყდა,ნუთუ ვერო წყვდიადში დარჩა. მაგრამ მერე მაინც დავაჯერე თავი,რომ სინათლე გაიმარჯვებდა.

<333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent