მტრედებიანი ბინა
წუთის წინ ტელეფონი გავთიშე. სიბრალულმა ჭყინტი ყველივით გამწურა. შემეცოდა. ერთი, ორი, სამი, მივდივარ... მივედი. რას ხედავს ამას ჩემი თვალები?! ქალი მკვდარივით წევს დაბეტონებულ გზაზე და ხელში კარგამოზრდილი ხორცის ნაჭერი უჭირავს, ასე შორი ხედვითაც ეტყობა როგორი რბილია. უხ, რა იქნება მოხარშული და მერე ზეთში შეპიწკინებული! უმჯობესი ღუმელში შეწვა იქნებოდა, ფოლგაში გახვეული, ლიმონით მოწურული, იფ, იფ! მემგონი, ქათამია. ხო, ნამდვილად ქათამია. გულ-მკერდს ჰგავს ის ნაჭერი, თან როგორი ამოზნექილია, სავსე, მსუქანი. ეტყობა, ეს ქათამი კაინაჭამი იყო, სიმინდით გაძეძგილი. ვაითუ სოფლის ბროილერია?! უხ, მართლა რა იქნება! თხელი ცხიმის ფენითაა დაფარული ზემოდან, ვიფიქრე ხელს დავადებ - მეთქი, მარა სირცხვილია. ქალი მოკვდა და მე ხორცს ვათვალიერებ მსუნაგივით. ვაი, ჩემო თავო! არა, მართლა კაი დედალი იქნებოდა, თუ მამალი? არა, არა, დედალი. ჩვენთან მარშუტკებით ჩამოყავთ ხოლმე სოფლის დედაკაცებს, ასე რვალარში ყიდიან. ცალკე ძვლებიც აქვთ, ცალკე ფილეც ანუ ის რბილი ხორციც, მთლიანი ქათმებიც, ახალიც, ძველიც, ამ ფასშიც, იმ ფასშიც. ჭაღაროსანი ყვება ახლა: დადგა ეს მარშუტკა, გახსნა კარი მძღოლმა და მოვარდა გიჟივით ის ავადმყოფი, ის მართლა სამკურნალო. ქალი მოკვდა და მაინც სირცხვილია ასე ლანძღვა -მეთქი - ვეუბნები. სულ წამებში უყურა, უყურა და ამოარჩია, მერე ხელი სტაცა, გავარდა და ისე უცებ, გაწვრთნილი მერანიც ვერ დაეწეოდა ლამის. პირდაპირ სამოცდაცხრაში შევარდა, ნეტა, სად მირბოდა, ან რა უნდოდა? ამ ქათმების გამყიდველმაც ერთი თქვა - რავუყო ახლა, მეუთხარი მოდი და ნისიად მოგცემ - მეთქი, ამან მთლად მომპარაო. არადა, რა მოპარა? ქალი იქ ყოფილა, ერთი ვერ უყვირა რას აკეთებ შენო? ეს კაი ვიცით, სხვაზე გადაბრალება. ხო, ხო, სად ვიყავი? შევარდა და ჩვენ აქ გაოგნებულები ვიცდით, ის კიდევ, თურმე, ბინის თავიდან არ გადმოგვყურებს? დაჰყურებს ამ ჭიანჭველებს, პატარა, გულღრძო, ბოროტ ადამიანებს ის ხორცსდანატრული და ფიქრობს... მეც ვფიქრობ. ამ ფიქრში დედაჩემი მახსენდება. ბავშვობაში დედა მეუბნებოდა ხოლმე მე ძვლები მიყვარსო და ბრმად მჯეროდა. დამიდებდა სულ ჩილა ხორცებს სიძველისგან დახაზულ და ძირგაყვითლებულ თეფშზე, ვჭამდი მეც მადიანად და თვითონ იჯდა ჩემ წინ - ძვლებით, ფრთებით და კურტუმოთი. მერე გავიგე, მოგვიანებით, თურმე, დედას ძვლები სულაც არ ჰყვარებია. წევს ახლა ეს ქალი, რაღაცნაირად დედაჩემს მაგონებს, მარა ამას ვინმეც არ ჰყავდა, ამას, ამ საცოდავს. რაც დედა აღარ იყო, მე ვუყოფდი ჩემს ქათამს. იმ ნაჭრებს, რომელიც დედას უნდა ეჭამა. სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, იქნება დედაჩემი საფლავიდანაც ამდგარიყო? გაგიჟდა ეს ქალი მოსუქებული ქათმების დანახვაზე და მოიპარა. რა უნდა ექნა, არა, მართლა რა უნდა ექნა? მე ვყავდი მარტო. მეც როგორ ვყავდი, ჩემთვის არავინ იყო, ისე მეცოდებოდა, ჩემთვის. ერთი კი ვიფიქრე, მოვუძებნი ვინმე თავისიანს - მეთქი, მარა... რომ ნდომოდათ... ახლა ისიც არ ვიცი სად უნდა დავასაფლავო. ის კი უეჭველი ვიცი, ეს ხორციც თან უნდა ჩავაყოლო, ზუსტად ასე, ხელშეურყევად, როგორც ახლა უჭირავს. ვუყიდი ერთ ნაგლეჯ მიწას, აბა, მეტი რად უნდა? ვინმე ამას არ ჰყავს გვერდით მისაწვენი. ეგ იქნება ჩემი საჩუქარი მისთვის და ერთი კაი დედალიც ძღვნად უნდა შევწირო. გაცივდა, გალურჯდა... აქეთ სასწრაფო, იქით პოლიცია. აქამდე რომ ეკითხათ ამ საცოდავის ამბავი, იქნება ცოცხალიც ყოფილიყო? კვლავ წევს ეს გაყინული ქალი დაბეტონებულ გზაზე და ჩემთვის ვამბობ... ჩვენთან ავანგარდში ერთი მტრედებიანი ბინაა, სამოცდაცხრა ნომერი. ვხედავ როგორ ადის ეს ქალი და ემზადება... ეტყობა, ეს დახატული მტრედებიც ცოცხალი ქათმები ეგონა და შეჭმა უნდოდა მსუნაგს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.