ლოცვა
ვბრაზობ ხოლმე შენზე, მაგრამ რომ დავფიქრდები, ჩემი იმედი ხარ. შემოვაბიჯებ შენი სახლის გალავანში, გადმოვცდები ამ მაღლად ამართულ ჯებირებს და სულის სიმშვიდეს ვპოულობ. ვიცი, რომ მიმიღებ; ვიცი, რომ ჩამიხუტებ; ვიცი, რომ ჩემში ყველა ნაცოდვარ ფიქრს მოაშთობ; ვიცი, რომ მაპატიებ და ჩემი ბოდიში წამალიც იქნება; მე შენით ვიშვი. შენ გინდოდა, რომ აქ მოვსულიყავი და ხანდახან მეჩხუბა კიდეც. მეჩხუბა იმისთვის, თუ რატომ დავიბადე; რა მინდოდა; რა არის ჩემი არსებობის მიზეზი ან მიზანი; შენ გინდოდა თავით ფეხამდე კითხვის ნიშანი ვყოფილიყავი. და მე ავდექი. პირობა მოგეცი, რომ კითხვებზე პასუხს სათითაოდ ვიპოვიდი. მერე კი მივხვდი - თურმე იმიტომ დავიბადე, რომ შენი ხატი ვიყო; თურმე ამ ცხოვრებაში ჩემი დაბადება სულაც არ არის ტანჯვა და ჩემი ყველა საყვედური შენდამი მკრეხელობაა; თურმე ჩემი ყველა ამონთხეული ბრაზი შენდამი სიყვარულის გაზღვავების საწინდარი ყოფილა; თურმე შენ ყოფილხარ ის, ვისთვისაც მე დავიბადე. მე - შენი შვილი და შენ - ჩემი მამა. შენ ჩემი სამი ერთად შეტყუპებული თითი ხარ, რომელიც ჯერ შუბლთან მიმაქვს, შემდეგ ჭიპთან და ბოლოს მხრებზე. ორიერთში ვარ ახლა და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ტირილის მერე გაგრძელებული ცხოვრება პატიების გამოხატულება და შენგან მიღებული თანხმობაა, რადგან დღეს უფრო უკეთ ვარ, ვიდრე გუშინ და ხვალ უფრო კარგად ვიქნები, ვიდრე დღეს. ალბათ, იმიტომ რომ შენ მასწავლე - თუ არ მინდა ხვალ მეტკინოს, დღეს უნდა ვისწავლო როგორ ვებრძოლო ამ ტკივილს. და მერე, როცა ხვალ გავიმარჯვებ დღეის ბრძოლით, შენს ძალოვანებას კიდევ ერთხელ და მარად ვიწამებ; ისევ მოვალ, ისევ ჩაგეხუტები, ისევ რიდით გაკოცებ და ჩემი თითებით მოგეფერები. ჩუმად, ფეხაკრეფით მოგეპარები შუა ხატთან, წრეს შემოგივლი ჯერ მარჯვნივ და მერე მარცხნივ. შენ ერთადერთი ხარ, ვისთანაც ბოდიშის მოხდაზეც მე არასდროს ვორჭოფობ და არ მიჭირს; უეჭველად ვაღიარებ ჩემ წილ დანაშაულს და ვიცი, რომ შემეშალა; აუცილებლად ასასრულებელ პირობებსაც გაძლევ და ცხოვრების ბოლომდე, როცა ისევ ვაპირებ ვაშლი მოვკბიჩო, მახსენდება როგორ დაგპირდი. გამოვსწორდები. ღმერთო, შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მე არასდროს ვუღალატებ? ვისაც არასდროს მოვატყუებ? ვისაც საუკუნოდ ვუერთგულებ? ვისთანაც ყველა ცოდვას ვაღიარებ? ვისთანაც არ შემეშინდება ჩემი თავი ვიყო? ერთი ხარ, რომელსაც არ ვეთამაშები. როგორი რთულია ასე მიყვარდე, შენც გიყვარდე და მაინც გულს მტკენდე შიგადაშიგ მარტოობის შეგრძნებით; ასე მინდოდეს შენთან ახლოს ყოფნა, რომ არ მოგიშორო არც გულიდან და არც მკერდიდან; პირჯვრისსაწერო, მე შენი მეშინია. რაც უფრო მიყვარდები, მით უფრო მირთულებ ცხოვრებას. და როცა მე კვლავ ვიგებ ამ ომშიც, როგორც იქამდე ყველა დანარჩენში, ვხვდები რომ შენზე კი არა, ჩემს შიშზე გავიმარჯვე. კიდევ ერთხელ მოვიპოვე ის, რაც სრულყოფილ ხატად ქცევისკენ მიბიძგებს და მაშორებს ამ საცოდვეთს, ამ შიზოგადოებას. აქ ყველას შიგ აქვს, მაგრამ მაინც გარეთ ეძებენ. ამ სიბინძურეში ჩემი ყველა გამარჯვება სარკეში შენს თავს დამანახებს, თუ როგორ გიდევს ხელი ჩემს მხარზე, როგორ სათნოდ მიყურებ, როგორ ლოცულობ ჩემთვის, როგორ მაჯერებ ამქვეყნიურობის მშენიერებას და როგორ მეუბნები სხვებსაც ვასწავლო შენი ჭეშმარიტების აღიარება. შენ აქ ხარ. თუკი ვინმესთან არ ხარ, ეს იმიტომ რომ თავად არ უნდა; მაგრამ მაინც დარდობ. და რატომ? იმიტომ, რომ შენი შვილია და შვილებს მარტო არ ტოვებენ. ზოგჯერ მე მაინც მარტო ვარ და როცა ასეთ დროს ვინმე ჩემთან მოდის სანუგეშებლად, ვხვდები, შენ ხარ სხვის ტყავში გადაცმული. მე ყველაფერს შენ გაწერ. შენ გინდა კარგად ვიყო, არაფერი მტკიოდეს და მაწუხებდეს. სადღაც ჩემი სახელიც მესმის, რომ იცი, ... , შენ უეჭველად კარგად უნდა იყო. ეს ცხოვრება ტრა.კულია. მერე რა, თუ ერთხელ ვერ გაგიმართლა? დაეცემი და წამოდგები, როგორც აქამდე ამოსულხარ ყველა ნეხვიდან და ეგ განავლის სუნი ისე ჩამოგირეცხია, ვიღაცას ეგონა ვარდების ქვეყნიდან გამოგაგზავნეს სურნელების ადამიანთა შორის განსაფრქვევად. კიდევ რა მასწავლე იცი? არაფერი გაკლდება იმით, თუ მე შენსას არ ვირწმუნებ, რადგან შენ შენი არსებობის გჯერა, ვერც უარყოფ და იმისაც, რომ ჩვენ-ყველას გვჭირდები. მაგრამ პირიქით? მეშინია თქმისაც, რადგან მე ყველაფერი მაკლდება, თუ... თუ შენ არ გირწმუნებ, სხვასთან წახვალ და სხვა გირწმუნებს. მე კი დავრჩები უიმედო, შენზე გაწბილებული და ისევ შენ დაგიწყებ ჩხუბს, რაც, როგორც ამბობენ, კარგად მეხერხება. ჩვენ ვერ ვისწავლეთ, რომ შენთან ურთიერთობით შენ გემსგავსებით; ვერც ის ვისწავლეთ, რომ ყველაფერი შენი განგებაა; უშენობით მე ცხოვრების არსს ვკარგავ. ჩემი ყველა თვალის გახელა და დახუჭვა შენთვის მადლობის თქმით იწყება და მთავრდება. ზოგი საყვედურს ამბობს. ვერ დაგიჯერეს. ვერ გირწმუნეს. და შეცდნენ. არადა, ნეტარება სწორედ ისაა, როცა უხილავი ხარ და მე შენი რწმენა ფეხდაფეხ დამყვება. ვერ გხედავ და ვიცი, ჩემთან ხარ. ვერ გხედავ, მაგრამ ხომ გგრძნობ? შენ არსებობ. შენ ყველას კარზე აკაკუნებ. ვიღაცებს ჰგონიათ ტახტზე ზიხარ, რაღაც კვერთხისებური გიჭირავს, მანდ მოსულებს ხელზე მთხვევას აიძულებ, ზოგს ჯოჯოხეთში უშვებ, ზოგს სამოთხეში. არადა, დადიხარ. ისევე დააბიჯებ მიწაზე, როგორც ჩვენ. იმდენად დიდი ხარ, ყველას ყოფნი. თან დაგვყვები. და როცა გვჭირდება, კარზე გვიკაკუნებ. ზოგი არ გიღებს, მაგრამ მომავლის რომელიღაცა წამს მაინც შენთან მოდის მუხლზე ჩოქვითა და სახის ხოკვით. გთხოვენ პატიებას, რომ თავის დროზე არ მიგიღეს. შენ კი ისევ არ ღალატობ შენს შვილს. მეცინება. როგორ შეგიძლია ასე გიყვარდეთ? როგორ შეგიძლია ასეთი იყო? იმ უარყოფის მერე მაინც როგორ შეგიძლია პატიება? შენ რა, პრინციპები არ გაქვს? მკრეხელები იტყვიან უთავმოყვარეოაო და მე როგორ მინდა გგავდე. მითხარი, ღმერთო, რა ცოდვა ჩავიდინო ისეთი, რომ შენ ცოცხლად გიხილო? ჩემ წინ, რომ დადგე? რომ შეგეხო? რომ გემთხვიო ხელზე? პირჯვარი, რომ ერთად გადავიწეროთ? დავდივარ აქეთ-იქით და გეძებ. უთვალავი ტაძარი შემოვიარე იმის ფიქრით, რომ სადმე შეიძლებოდა საკურთხეველთან მდგარიყავი და თვითონვე წაგეკითხა ჩვენთვის ლოცვა. ისევ ვერ გიპოვე. ისევ ვერ გპოულობ. ვითომ უკვე მეც შიგ მაქვს და გარეთ ძებნას ვიწყებ (?). ვუყურებ ამ შიზოგადოებას და არსად საშველი არ არის. შენს ტაძარში, შენს სახლში შენს შვილებს ლანძღავენ. აესე ურცხვად შენ თვალწინვე ქილიკობენ, არადა, რამდენი რამ გვასწავლე? შენ ხომ გვითხარი, რომ ჩვენ ადამიანებად უნდა დავრჩენილიყავით? თუ ასე გინდოდა, რატომ აძლევ მათ ამდენის უფლებას? რატომ არ ეშინიათ შენი? აა, ხო, ესენი ბრმამორწმუნენი არიან. შენ კი არა, საკუთარ თავებს ყიდიან უფასოდ. აბა, ამათ ოცდაათ ვერცხლსაც ვინ გადაუხდის? ისე, რა მაგარია ეს სამყარო. რამდენი სახლი გაქვს? რატომ კეტავენ შენს სახლებს? რატომ არ შეიძლება შენს ობოლ შვილებს იქ ეძინოთ? რატომ იყინებიან უსახლკაროები ქუჩაში? იმდენს ვლაპარაკობ შენზე... და ამ ფიქრში საყვედურებსაც ვიწყებ. თითქოს ყველა სხვადასხვანაირად გიყვარდეთ. ალბათ, ასე ჩანს, რადგან ვიღაც ჩემს ცხოვრებასაც ნატრობს. მე არავისას. ვიტყვი ხოლმე ნეტა ამას - მეთქი, მაგრამ მერე მრცხვენია. ჩვენ არ ვიცით ვის როგორი ცხოვრება აქვს და არ შეიძლება ადამიანები ერთმანეთზე ასე ლაპარაკობდნენ. ზოგჯერ ისე თვალნათლივ უარგყოფენ ჩემ ირგვლივ, მაშინვე პირჯვარს ვიწერ და ხმამაღლა ვეუბნები გაჩუმდი, სირცხვილია - მეთქი. დრო მოვა და ყველა მიხვდება. ტრაგიზმამდე მისულ ყველა ადამიანს ავიწყდება შენი არსებობა. გადანაშაულებენ, რომ თითქოს მიატოვე. მერე კი ასე ამბობენ: - აი, სანამ ბოლომდე ტრაკ.ში არ ჩავალ, იქამდე საშველი არსით ჩანს. როგორ გამოჩნდება, როცა არ სჯერათ? თუ არ გიწამეს, სასწაულის არსებობას როგორ დაიჯერებენ? ვინ ჰგონიხარ შენ ამათ? აჰ, ხო, ესენი ადამიანები არიან, ამათ მაინც ყველაფერი ეპატიებათ. ჩემი ყოფა ზოგჯერ ისე ყარს, რომ მეც ვკარგავ ხოლმე რწმენას. მეც ვერ ვხედავ ხოლმე საშველს, მაგრამ ეტყობა, მაინც იმდენად მჯერა შენი, ღამით რომ ვტირი, დილით უკვე რაღაც სასწაული ხდება. იმ წამსვე ვიდებ გულზე ხელს პატიებისა და გულწრფელობის ნიშნად; იმ წამსვე ვხვდები, რომ შენ ყოველთვის მაიძულებ სინათლის მჯეროდეს. მე მორწმუნე ვარ. სხვებიც არიან. ამის მიუხედავად, ყველას შიგ აქვს და გარეთ ეძებენ. ჩვენ, ყველანი შენი შვილები ვართ. და ამ ჩემ აღვლენილ ლოცვას არ ვიცი რამდენი წაიკითხავს, მაგრამ ჩემი ფიქრით ნერვი შეუტოკდებათ. წავალ ახლა, დავიძინებ. სიზმრად გიხილავ. რაც გულით გინდა და ნატრობ, ყველაფერი ლოცვა არ არის, ღმერთო?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.