შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ მომხმარებელთან ერკე


8-04-2017, 23:26
ავტორი მარრიამი
ნანახია 673

ინტერვიუ მომხმარებელთან ერკე

წარმოგვიდგინე საკუთარი თავი.


მე გახლავართ ცოტა ქედმაღლურად ვიტყვი მოდი, სიყვარულის ჯადოქარი, ერკე მიდასი. მგონი 21 წლისაც. მგონი იმიტომ, რომ შეიძლება 1000 წლისაც ვარ, უბრალოდ ხანდახან თუ გამიელვებს ის ცხოვრება 22, 23 ან მეტი წლის წინ რაც მოხდა, და რატომღაც ვიღაცამ დამავიწყა განგებ, ალბათ ის ბოროტი ჯადოქარი იყო და არ უნდოდა მცოდნოდა ეს ყველაფერი, მაგრამ დიდ ხანს ვერ გასტანს მისი მაგია, გპირდებით!

როდის და როგორ აღმოაჩინე, რომ წერის სურვილი გაგიჩნდა?


ჩემი აზრით მცდარია, უბრალოდ ის აზრი რომ ბუნებამ უნდა დაგანათლოს წერის ნიჭი და ამის შემდეგ შეგიძლია რომ წერო და ის აზრიც, რომ ყველას არ შეუძლია წერა. რატომ? მიმაჩნია, რომ ვინც მოინდომებს და სწორად მიუდგება ამ საკითხს, შეისწავლის და რაც მთავარია ეცდება, არ დანებდება ამით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, არ ვამბობ მხოლოდ წერაზე, ნებისმიერი სხვა რამე აიღეთ. მე თავიდანვე დავინტერესდი, დედაჩემიც წერდა რაღაც ჩანახატებს და ლექსებს, მას ვუყურებდი ალბათ, თუმცა პირველად წერის სურვილი არ მახსოვს, სადღაც 10-12 წლის ვიყავი რომ გამიჩნდა. ვწერდი გარკვეულ ლექსებს მეც, მახსოვს სანთლის შუქზე ვწერდი, იმ დროს ხშირად მიდიოდა დენი, ეს ალბათ ყველას ახსოვს, ჩემ ხნისებს და უფრო დიდებსაც, რვეულში ვწერდი და რვეულები სულ დასანთლული მქონდა ხოლმე, ამ დროს დედაჩემი მეხმარებოდა, მახსოვს უთქვამს ხოლმე როგორ დამეწერა, წინასწარ ვწერდი სიტყვებს რომლებიც ერთმანეთს ერითმებოდა და მერე ვაწყობდი აზრობრივად. ცოტა მოგვიანებით ჩანახატების და მოთხრობების წერაც დავიწყე (მაგრამ ის რვეული მგონი სადღაც დავკარგე). მოგვიანებით შერლოკ ჰოლმსის გავლენით რამდენიმე მოთხრობა დავწერე დეტექტივის ჟანრში, მივხვდი რომ ჩემი სფერო იყო, შემდეგ დიდი სურვილი მქონდა დამებეჭდა. მაშინ ჩემს დაბადების დღეზე ფული ჩამივარდა ხელში, მაშინვე ერთ-ერთ ადგილს მივაშურე, გამომცემლობაც არ იყო, თუმცა გადავიხადე თანხა და 20 ეგზემპლარი ამიწყვეს, ყდის დიზაინზე კი ერთად ვმუშაობდით. შემდეგ ეს წიგნები გავაჩუქე, ყველა ერთის გარდა და ამან უფრო მეტი სტიმული მომცა რომ გამეგრძელებინა წერა, როცა ჩემ წიგნს ხელში ვიღებ ახლაც კი სიამაყის შეგრძნება მეუფლება ხოლმე. აი მერე კი, მოგვიანებით აღმოვაჩინე მწერალი სტივენ კინგი, რომლის სტილიც და ყველაფერი იმდენად მომწონდა რომ მაშინვე მივხვდი რა ჟანრში უნდა ამეწყო მე კარიერა.

როდის და როგორ აღმოჩნდი საიტზე?


ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სადღაც 3 წლის წინ. ჩემი ნაწერების მკითხველისთვის გაზიარება მსურდა და სხვადასხვა საიტებზე ვდებდი, მათ შორის ამ საიტსაც მივაგენი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა სხვა საიტს შევეშვი და მთელი მონდომებით აქეთ გადმოვერთე.

მოგვიყევი შენი პერსონაჟების შესახებ - სად იქმნებიან, როგორ?


ჩემი პერსონაჟების შესახებ რომ დავიწყო მოყოლა, ალბათ ვერ გამაჩერებთ (იცინის).
პირველ რიგში, ისინი გრძნობით იქმნებიან! და ალბათ რაღაცით მგვანან კიდეც თითოეული. ჩემი თვისებები აქვთ, ზოგს სიყვარულის ნიჭი, ზოგს სიკეთის ან გოგოების სიყვარული ერთიანად. ერთ დაუსრულებელ მომავალ რომანში მყავს ასეთი ტიპი, რომელიც გოგოებზე გიჟდება, მაგრამ ერთ გოგოსთან 1 კვირაზე მეტ ხანს ვერ ძლებს, მოკლედ ისეთი ტიპაჟია, რომელიც ყოველთვის ახალს ეძებს და არ ჯერდება ძველს, თუმცა მისთვისაც სიურპრიზს ამზადებს ერკე, მაგრამ როდის დაიწერება არ ვიცი. ყველა პერსონაჟი ჩემს ლეპტოპში იქმნება, თუმცა სახეებს ქუჩაში გამვლელებისგან, ან რაღაც წამოსროლილი სიტყვა ქმნის, შეიძლება მეტროში დანახული ლამაზმანი რომლის სახებაც მერე არ ამომდის თავიდან. ამას წინათ ერთ ისტორიას მოვკარი ყური, გოგო უყვებოდა მეგობარს, მშობლები არ ჰყავდა, ძმასთან ცხოვრობდა, მანქანასაც ატარებდა, ჰყავდა ბიძაშვილებიც, ქუჩაში ღამით სეირნობდა ხოლმე და კითხვაზე არ გეშინია? მან უპასუხა, რომ ადამიანების უფრო ეშინოდა, ვიდრე ღამის. ღამე ყველაფერი მშვიდი და უფრო ლამაზიაო. კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოყვა საკუთარ თავზე, მაგრამ არ დავიწყებ ჩამოთვლას, ერთი ასეთი პერსონაჟი გადასარევიც იქნებოდა. მუზა შეიძლება აი ასე მოვიდეს, რაღაცას ყური მოვკრა და წერის სურვილი გამიჩნდეს, ან ის თუ რაზეც ვწერო.

რა შეგძინა საიტმა?


უმადური არ ვიქნები და ბევრად დავიხვეწე. მეგობრები და მშვენიერი კოლეგები გავიცანი, გადასარევი გოგონები და ერთი ორი ბიჭიც, გოგას თაოსნობით. მაგრამ ვხვდებოდი რა სურდა მკითხველს, რისი წაკითხვა, რას ელოდა ჩემგან და ამით მკითხველის მოთხოვნილებაზეც დავფიქრდი. მართალია აქ სიყვარულის ისტორიებს ელიან ხშირად, მაგრამ მე არა მხოლოდ ამ ჟანრში ვწერდი და ეს მოსწონდათ, მყვებოდნენ და თავიანთ აზრსაც მიზიარებდნენ, რამაც ბევრი რამ მასწავლა. მასწავლა იდეების ჩამოყალიბება და შემდეგ მათი ხორცშესხმა, მასწავლა ჩემს პერსონაჟებში ცუდი მხარის დანახვაც, (ადრე ყველა მიყვარდა და მხოლოდ კარგს ვხედავდი) და რაც მთავარია მათი გაწირვა. (მართალია დიდი ძალისხმევის ფასად, მაგრამ მაინც).

თუ კითხულობ ისტორიებს, რის მიხედვით არჩევ? როგორი უნდა იყოს ისტორია, რომ შენ წაიკითხო?


ადრე ვკითხულობდი თან ძალიან ბევრს, როცა არ ვწერდი ან წიგნს ან ისტორიებს ვკითხულობდი, რადგან დრო თავზე საყრელი მქონდა. ამ ბოლო დროს მოვიკოჭლებ, მაგრამ გეტყვით რის მიხედვით ვარჩევდი. პირველ რიგში შეიძლებოდა ყოფილიყო ეს იმ ავტორის, ვისაც დავუახლოვდი ამ პერიოდში და მათ ისტორიებს არ ვტოვებდი. მეორე რიგში სათაურით, რომლის სათაურიც მომეწონებოდა მისას ვკითხულობდი და აუცილებლად ვცდილობდი რომ დამწყები და ახალბედას ნაწერი წამეკითხა, ვინც გადაწყვიტა და პირველად შემოდგა ჩვენს საიტზე და ზოგადად მწერლობაში ფეხი. ვაძლევდი რჩევებს, მითითებებს და მიხაროდა იმის კეთება, რომ ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი მათ.

საკუთარი ისტორიებიდან და პერსონაჟებიდან, რომელს გამოარჩევდი, რომელი გიყვარს განსაკუთრებით?


ალბათ ლომიას პერსონაჟს გამოვარჩევდი, მისი სახელი უმეტესობას მაინც შეიძლება ეცნობა, მათ ვისაც ეს ისტორია წაუკითხავს. „ესმერალდა“ - ზე ასე ვთქვათ ჩემი მოგონებები მაკავშირებს. თუმცა ეს არ არის იმის მიზეზი, რატომაც ლომია მიყვარს. ამ ისტორიის მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ დაიწერა მეორე ნაწილიც „ბედისწერა“, რომელიც ასევე დევს საიტზე. შემიძლია ვთქვა, არასდროს ვაპირებდი ისეთ „სასიყვარულო“ ისტორიის ან რომანის დაწერას, სადაც მხოლოდ სიყვარული იქნებოდა, დრამა და მეტი არაფერი, ნელა განვითარდებოდა მოვლენები. მიყვარს მძაფრი სიუჟეტი, მოულოდნელობის ეფექტი, ინტრიგა და ალბათ იგრძნობა კიდეც ეს ჩემს ნაწერებში. სიუჟეტი ასეთია, ქუჩის ბიჭი და ქალების მუსუსი ლომიაც განსაცდელში ვარდება სავაჭრო ქსელ გუდვილში მას დაჭრიან და საავადმყოფოში მოხვდება, იქ კი ერთი მზეთუნახავი გოგონა, მისთვის უცნობი შევა და ლომიას ცხოვრებაშიც ყველაფერი უკუღმა ამოტრიალდება. ეს პერსონაჟი იმიტომ გამოვარჩიე, რომ ამ კაცში იმაზე მეტად ვხედავ საკუთარ თავს, ვიდრე წარმომედგინა, ბევრის გამოგონება არ დამჭირვებია, ერთადერთი მსგავსი ლექსიკით და ქუჩაში ქცევებით არ გამოვირჩევი, არც გოგონებს ვეპყრობი ასე, მაგრამ ხო უნდა დამეხატა ქუჩის ბიჭი, უბნის კოლორიტი, რომელსაც მთელი უბანი უსმენდა და ჰყვებოდა. ჩათვალეთ, დანარჩენი, უმეტესობა რაც წერია მე ვარ. მიყვარს მსგავსი აზრიანი ფრაზების წამოსროლა, სხვების ჭკუის დარიგება და ასე შემდეგ, მოკლედ თუ წაიკითხავთ გზას მარტივად გაიგნებთ ჩემამდე მოსასვლელს.

გვითხარი ცოტა რამ შენს გარემოზე, მოგვიყევი მათზე, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის.


ჩემს გარშემო მყავს მშობლები, რომლებიც ძალიან მიყვარს, პატარა და-ძმა, ძმა ცოტა დიდი, და კი ჯერ საკმაოდ პატარა, 10 წლის. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები კი ჩემს ცხოვრებაში მშობლების შემდეგ, არიან ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ის გოგონები ვისთვისაც სისულელეებსაც ჩავიდენ და ალბათ თავსაც კი გავწირავდი ამის საჭიროება რომ არსებობდეს. ვცდილობ სამყაროს პოზიტიურად ვუყურო და ნეგატიური არაფერი შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში. არიან ჩემს გვერდით ისეთი ადამიანები, ვინც ნეგატიურად ფიქრობს, აზროვნებს, მაგრამ ბედნიერებას სწორედ იმაში ვხედავ, რომ მათ შთავაგონო, შევცვალო და მათი აზრები გამოვცვალო, რაც მათაც პოზიტიურს და ბედნიერს გახდით. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი მოწოდება. ადამიანების უკეთესობისკენ შეცვლა! რამდენად გამომდის ეს უკვე თქვენ განსაჯეთ, ვინც მიცნობთ და თქვენ, მკითხველო.

შენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი შენს ცხოვრებაში?


საკუთარ თავს, რომ წინ აღვუდექი და ყველა დაბრკოლების მიუხედავად მე ისევ აქ რომ ვდგავარ! ისევ რომ ვწერ. ისევ ჩემ საქმეს ვაკეთებ და უკან არ ვიხევ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

რას შეცვლიდი საკუთარ თავში?


ორადორ რამეს შევცვლიდი ჩემს თავში, გულუბრყვილობას და ადვილად მიმნდობას, რაც ბევრად მაფერხებს და ბევრსაც მაკარგვინებს ზოგადად, ბევრს ცვლის გარშემო, მეგობრების წრიდან დაწყებული, საქმის სურვილით და ჩემში განცალკევებით მდგარი გულით დამთავრებული. და მეორე, ეს არის საოცარი ნიჭი, რომლითაც შემიძლია უნებურად, ძალით კი არა, სრულიად უნებურად ადამიანს ისე ვაწყენინო, რომ მეორედ ჩემთან შეხვედრის, მიმოწერის ან საუბრის სურვილი გავუქრო. მეხერხება! ესეც ნიჭია!

მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ, რა გსურს რომ მიიღო ცხოვრებისგან მომავალში?


მინდა ვისწავლო ჩემი მიზნებისა და სურვილების მკაფიოდ გამოხატვა და ფურცელზე ჩამოწერა, რომ მივყვე მათ და არ გადავუხვიო გზას. მინდა ცნობადობა ხალხში და წარმატება კონკრეტულ სფეროებში, ეს იქნება ბიზნესი, რომელსაც წარვმართავ და იქნება უამრავი წიგნის ავტორობა, რა განხრაც ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმოგზაურებ ბევრს, სხვადასხვა ქვეყანაში და ხალხს ჩემი წიგნებით მივცემ სიმშვიდეს, ჩემთან ურთიერთობით კი ყველაფერს ვეცდები რომ პოზიტივი იყოს მათ ცხოვრებაში და ყველაფრით დავეხმარო. მექნება სახლი სხვა ქვეყანაში.

რომ არა საქართველო, რომელ ქვეყანაში დაიბადებოდი?


იტალიაში. იტალია ძალიან ლამაზი ქვეყანაა ჩემთვის და საინტერესო ხალხი ცხოვრობს. იტალიური ენა ხომ ყველაზე მუსიკალურად ითვლება, არა?

რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად?


გულწრფელობას და ერთგულებას.

საყვარელი წიგნი, მუსიკა, ფილმი..


საყვარელი წიგნი - დოსტოევსკი ძმები კარამაზოვები, მოთამაშე, ეშმაკნი. ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა, ძაღლის გული. სტივენ კინგი - მწვანე გზა, წელიწადის დრონი, ბნელი კოშკი, მიზერი, ნათება და ა.შ.
საყვარელი მუსიკა - მოცარტის მთვარის სონატა, ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია (ძირითადად ასეთი მუსიკის ფონზე ვწერ) დანარჩენი რეპი, როკი და პოპსაც ვეტანები.
საყვარელი ფილმი - „სიცრუის ილუზია“ „მრბოლელი აჩრდილი“, „მედალიონი“ „ათასი სიტყვა“ „სახის გარეშე“ „ხერხი“ და სხვა. ყველას ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი.

დროის უკან დაბრუნება რომ შესაძლებელი იყოს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?


უნივერსიტეტში აღარ ჩავაბარებდი და ჩემ თავს ვეტყოდი პირდაპირ რისი გაკეთება იყო საჭირო, რომ ამ შედეგამდე მიმეღწია, ან უკეთეს შედეგამდეც ვიდრე ახლა ვარ. ნუ გამკიცხავთ (იცინის).

ოქროს თევზი რომ დაგეჭირა, ან ჯინი გაგენთავისუფლებინა, რომელი სამი სურვილის შესრულებას სთხოვდი?


შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ არაფერს. გავუშვებდი, რადგან ასე ბევრად საინტერესოა ცხოვრება, როცა შენით აღწევ ყველაფერს და მიზნისკენ მიისწრაფვი. თუმცა მოდი წარმოვიდგენ, რა შეიძლება ვთხოვო. აქ იმაზეცაა, უნდა ვიცოდეთ დავისახოთ სწორი მიზნები და ჩამოვაყალიბოთ რა გვინდა.
ვთხოვდი მოეცა ჩემთვის ძალა, არასდროს დამეხია უკან და ყველაფერი გადამელახა მარტივად. და მოეცა ახლავე და არა 200 წლის შემდეგ. ზუსტ თარიღსაც ვეტყოდი.
მეორეს შევასრულებინებდი, რომ მქონოდა კონტაქტები იმ წარმატებული ადამიანებისა, რომლებიც ახლა მილიონებს ითვლიან ჯიბეში და მათთან დარეკვის შემდეგ, რჩევის საკითხავად ან დასაფინანსებლად არც ერთი უარი არ მიმეღო. ოო მშვენიერი იქნებოდა.
და მესამეს, უზარმაზარ სახლს იტალიაში, 3 სართულიანს, თავისი დიდი ეზოთი, აუზიც იქვე და რკინის ღობით შემოგარსული. არ ვიქნებოდი ძალიან მომთხოვნი და ამას ახლავე კი არა, არამედ 1 წლის შემდეგ შევასრულებინებდი, მაშინ როდესაც ადგილსაც მოვნახავდი თუ სად უნდა აშენებულიყო ეს სახლი.

ბლიცი


ბავშვობაში მინდოდა - მფრინავობა, უფრო სწორედ სუპერმენობა.
ბავშვობაში მეგონა - სიკვდილს დავამარცხებდი.
ცხოვრება ვერ წარმომიდგენია - ოცნებების გარეშე.
ჩემთვის მეგობრები არიან - მამოძრავებელი ძალა, რის შედეგადაც ვხდები შეუჩერებელი.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ვიყენებ - ეს ტკივილიც გაივლის და მალე ყველაფერი კარგად იქნება.
მინდა ვიცოდე - არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ თუ არა.
დღესასწაულებიდან გამოვარჩევ - ახალ წელს.
ზღაპრის გმირი, რომელსაც ვგავარ - პიტერ პენი.
ჩემი დევიზია - არასდროს დანებდე!
მჯერა, რომ - დაუღალავი შრომის შედეგად მიიღწევა ყველაფერი, რაც ადამიანს სურს გულით.
მაღიზიანებს - ტყუილი.
მეშინია - მარტო ყოფნის.
მინდა - ცოლი (ამიტომ რიგში მოეწყვეთ გოგოებო რომ აგარჩიოთ)
ვმეგობრობ - ადამიანებთან.
ვაპატიებ - განსაკუთრებულ ხალხს ჩემთვის, ვისი დაკარგვაც არ მსურს.
მიყვარს - ფიქრი.
ვამაყობ - მეგობრებით.
მწყინს - როცა ვმარცხდები და როცა ვერ მიგებენ.
ვფიქრობ - როგორ გავახარო საყვარელი ხალხი.
ვოცნებობ - სიმშვიდეზე და თაობებისთვის სამაგალითოდ ქცევაზე.
ვცხოვრობ - სიყვარულით.скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ Violeta_ia

საინტეტესო პიროვნება ხარ ^^ წარმატებებს გისურვებ გეგმებთან დაკავშირებით. უდავოდ საინტერესო ინტერვიუა ))

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ ერკე

Violeta_ia
საინტეტესო პიროვნება ხარ ^^ წარმატებებს გისურვებ გეგმებთან დაკავშირებით. უდავოდ საინტერესო ინტერვიუა ))

დიდი დიდი მადლობა :) შენც წარმატებებს გისურვებ ყველაფერში! გაიხარე.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



№3  offline √ მოდერი ™ bla.ell

უნამუსო...ბოდიში მოგიხადე და წაკითხვაც არ იკადრე...:// მომეწონა ინტერვიუ...

 



№4  offline √ მოდერი ™ წითური გოგონა

ერკეს ინტერვიუ უფრო პატარა არ შეიძლებოდა))
--------------------
მწვანე ლიმონი

 



№5  offline √ ახალბედა მწერალი™ ერკე

bla.ell
უნამუსო...ბოდიში მოგიხადე და წაკითხვაც არ იკადრე...:// მომეწონა ინტერვიუ...

გაბრაზება ცუდი ვიცი გეთანხმები, თუმცა მარტო ჩემი ბრალიც არ არის შენი ბრალიცაა. და კი არ მახსოვს რაღაც. და რა უნამუსო, კიდე მე ვარ უნამუსო, ცოლად შენ არ მომყვები და :D მე ვყოფილვარ უნამუსო. მადლობთ.
წითური გოგონა
ერკეს ინტერვიუ უფრო პატარა არ შეიძლებოდა))

აჰაჰ, მადლობ.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



№6  offline √ მოდერი ™ bla.ell

ოუფ...ჩემს ერთ-ერთ სიახლეში მხოლოდ ორ ადამიანს მოვუხახდ ბოდიში...და შენც იყავი მარა ახლა რომ დამეწერა დავფიქრდებოდი...

 



№7  offline √ ახალბედა მწერალი™ ერკე

bla.ell
ოუფ...ჩემს ერთ-ერთ სიახლეში მხოლოდ ორ ადამიანს მოვუხახდ ბოდიში...და შენც იყავი მარა ახლა რომ დამეწერა დავფიქრდებოდი...

რომელში აბა? მითხარი და ვნახავ და მოგიყვან ცოლადაც ნუ ღელავ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



№8  offline √ წევრი ™ TeJi

იტალია <3...
ეს მომეწონა ყველაზე მეტად შენში grin

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ ერკე

TeJi
იტალია <3...
ეს მომეწონა ყველაზე მეტად შენში grin

წავიდეთ ერთად იტალიაში? :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



№10 √ სტუმარი ™ a.a.

ჰაიმეეეეე :დ რა მაგარიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent