შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (სრულად)


1-02-2017, 15:43
ავტორი murachashvili
ნანახია 13 757

თავი პირველი
დეკემბრის სუსხიანი საღამო იდგა თბილისში. ვერ გაიგებდი როგორი ამინდი იყო, თან წვიმდა, თან თოვდა, ყველა სიკეთესთან ერთად ქარიც ქროდა. სახლიდან გამოსულ, 16-17 წლის, ბეჭებზე გიტარა მოკიდებულ ვაჟს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, აშკარად ამინდის შეუფერებლად ეცვა. ინანა დედას რომ არ დაუჯერა და თავზე ქუდი არ დაიფარა. ჯემპრის გაწელილი საყელო ჩვეულებისამებრ ისევ ცხვირზე აიწია, მკლავები ხელთათმანების ნაცვლად დაბლა დაქაჩა (ჩამოძაძღა). თხელი ჯინსის ქურთუკი ხელებით შემოიჭირა სხეულზე და სადარბაზოდან გარეთ გავარდა. ზამთრის სუსხმა ტანისამოსში უსიამოვნოდ გაატანა, გააჟრჟოლა, თავი კიდევ უფრო ღრმად ჩარგო საყელოში და სირბილით დაუყვა დოლიძიდან ზოოპარკისკენ მიმავალ დაღმართს. არ ეჩქარებოდა, მაგრამ სიცივისგან დასამალად მაინც გარბოდა. ერთი სული ჰქონდა დროულად მისულიყო ფილარმონიამდე. იქიდან კი რაღა რჩებოდა?
ალბათ, ნახევარი საათი მაინც გავიდა. გათოშილი ვაჟი ორმოცდამეთერთმეტე სკოლასთან შეჩერდა. მეორე სართულზე, მარჯვენა კუთხეში არსებული ფანჯრიდან მკრთალი სინათლე გამოდიოდა.
- უკვე მოსულან! -კმაყოფილმა ემოცია ვერ დამალა.
ერთი ძლიერად კიდევ დაიზუზუნა ქარმა, ცივი ფიფქები ისევ სახეზე მიაყარა, თუმცა ინსტრუმენტების ხმის გაგონებაზე სიცივეც დაავიწყდა და მყისვე შევარდა შენობაში. შესასვლელშივე ფეხების ბაკუნით ჩამოიბერტყა თოვლი, პირველ სართულზეც კი ისმოდა ზემოდან წამოსული ფანდურისა და გიტარის ხმა. ბავშვები უკვე მღეროდნენ. ერთი კი შეავლო იქვე დაკიდებულ სარკეში თვალი საკუთარ გამოსახულებას. თითებით ეცადა სველი, ჯიუტი თმის გასწორებას, თუმცა უშედეგოდ. გრუზა შავი თმა წყლისგან ორმაგად დაჰხვეოდა და ყინვისგან სასაცილოდ გაფშეკოდა, სწრაფად აირბინა კიბეები, გაიხადა ქურთუკი და ოვალურად მსხდომ გიტარისტებს შეუერთდა.
გვერდულად გამოხედა საშუალო ასაკის, დაბალმა, გამხდარმა ქალმა. თუმცა არაფერი უთქვამს. ხელით ანიშნა, სიმღერა დაეწყო. სინქრონში, ერთდროულად უკრავდა ათი გიტარა. ისეთ ხმას გამოსცემდნენ ინსტრუმენტები იფიქრებდით ერთ, ცოცხალ არსებად ქცეულიყვნენ. ვაჟმა ერთი ღრმა ჩაისუნთქა და ამღერდა კიდეც:
- ხევსურის ქალაო, შენა ხარ ერთადერთი...
ხელმძღვანელმა ამჯერად წინ მჯდომ ერთ-ერთ გოგონას ანიშნა:
- ჩვენ შორის ჩამდგარა უფალი, ქრისტე ღმერთი....- აჰყვა წკრიალა პირველით წინ მჯდომი, თხუთმეტიოდე წლის, გაჩხინკული, კიკინებიანი გოგონა.
აშკარად არ ელოდნენ, უნებურად დაკვრაც კი შეწყვიტეს მუსიკოსებმა და გაოცებულებმა, ინტერესით შეხედეს ქალიშვილს. როგორც წესი, გოგონა მხოლოდ უკრავდა, მიუხედავად პედაგოგის მრავალგზის თხოვნისა, სიმღერისგან თავს იკავებდა. ამჯერად კი ტრადიცია დაარღვია.... თითქოს მასაც კი ეხამუშა საკუთარი ხმის ჟღერადობა, მზერა მაშინვე მოარიდა მეწყვილეს და თავი დახარა, უხერხულად იშმუშნებოდა, თითქოს არ ელოდა მეგობრებისგან ასეთ რეაქციას.
- კარგია, არაჩვეულებრივია! როცა ინდომებთ, ყველაფერს ახერხებთ! - არ დაიგვიანა ხელმძღვანელის ხმამაც - მარიამ, საკუთარ კომპლექსებს თუ დასძლევ, არაჩვეულებრივი დუეტი გამოგივათ! - პედაგოგისგან შეფასების გაგონებაზე, გოგონა გაწითლდა და ისევ მორცხვად დახარა თავი.
- შენ რას ფიქრობ, საბა? - ამჯერად ჩვენთვის ნაცნობ ვაჟს მიმართა ქალმა.
- რავი, მას...მომწონს...
აშკარად ვაჟის დასტურს ელოდნენ, ბავშვებიც აჰყვნენ: - ძალიან კარგი იყო, მას... ძალიან ლამაზი!...
- მარიამ, გვქონდეს შენი იმედი? - დაძაბული მისჩერებოდა ქალიშვილს პედაგოგი.
- რომ ვერ შევძლო? - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას.
- რას ჰქვია, ვერ შეძლო?! ჩვენ აქ არ ვართ?! დაგეხმარებით! - ემოციებისგან წამოხტა საბა.
- რეპერტუარსაც გავახალისებთ. მხოლოდ ბიჭები ხომ არ ვიმღერებთ? - საბას აჰყვა გვერდით მჯდომი, გამხდარი, თხელი აგებულების, ცისფერთვალება ტატოც.
- იქნებ არ ღირს?! - გოგონა აშკარად ისევ ყოყმანობდა.
- ამას რას ვეკითხებით?! ხმა აქვს და იმღერებს, აბა რას იზამს? - უცებ გადაუწყვიტა საბამ და ისე დაუბრიალა თვალები გოგონას, რომ შეწინააღმდეგების სურვილი საბოლოოდ დაეკარგა.
- ამ გადარეულებს მიგაბარებ და ისე აგამღერებენ, მგონი გაჩუმებას გეხვეწებოდეთ... - თვალი ჩაუკრა პედაგოგმა მარიამს.
- აბა, საშობაო სიმღერა! - მორიგი სიმღერა დაიწყეს ბავშვებმა.
რეპეტიცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, ვერც კი შენიშნეს ისე სწრაფად გავიდა დრო.
- მოკლედ. მშობლები გააფრთხილეთ - რეპეტიციის დასრულებისთანავე ბავშვებს მიმართა ხელმძღვანელმა - 25 დეკემბერს ბაკურიანში მივდივართ, ერთი კვირით, ახალ წელს იქვე შევხვდებით, ადმინისტრაციის თხოვნით 31 დეკემბერს სასტუმროს მუსიკალურ გაფორმებასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ, საახალწლო კონცერტზეც მივიღებთ მონაწილეობას და თბილისში ბედობას დავბრუნდებით.
პედაგოგის სიტყვებს საკმაოდ დიდი აურზაური მოჰყვა, ვიღაცას გაუხარდა, ვიღაცას - პირიქით, სხვა გეგმები ჰქონდა და ბაკურიანი ხელს უშლიდა.
- ვინ როგორ დაგეგმავთ არ ვიცი, მაგრამ თქვენ სამნი, - საბას, ტატოს და მარიამს მიმართა პედაგოგმა - უსიკვდილოდ იქ უნდა იყოთ.
- მას, ღირებულება? რამდენი უნდა გადავიხადოთ? - გაუბედავად იკითხა გოგონამ.
- ერთი კაცი 350 ლარი.
- ეეე, რა იაფია... - სიხარულით თვალები გაუბრწყნდა საბას, თუმცა სიტყვები პირზე შეაშრა, როცა ტატოს დაბღვერილი სახე დაინახა.
- მას, მე ალბათ, ვერ წამოვალ... - ფრთხილად შეაპარა ბიჭმა.
-გამორიცხულია, ტატო... სამი სოლო გაქვს, ორ დუეტში შენ და საბა ხართ, რამდენიმე სიმღერაში მარიამიც მოგემატებათ, ხვდები რამხელა პრობლემებს შემიქმნი დარჩენით?!
- მესმის, მას, მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, ტატო, ახლა რომ დამაღალატო იცოდე არასოდეს გაპატიებ! - თითის ქნევით დაემუქრა მასწავლებელი.
უკვე კარგად ბნელოდა, როცა გაკვეთილიდან გამოსული ბავშვები ხმაურით დაიშალნენ. ქარი ჩამდგარიყო, აღარც წვიმდა. ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე თეთრად ბარდნიდა. ავტობუსის გაჩერებაზე იდგა ჩვენი სამეული. მოთმინებით იცდიდნენ მეგობრები.
- რა ლამაზია! - სუნთქვა შეკრული ემოციებს ვეღარ მალავდა მარიამი, ვინ იცის მერამდენედ უღებდა გადათეთრებული ქუჩას მობილურით ფოტოებს.
- აშკარად გეტყობა, რომ არ გცივა! - ხელებს ისრესდა და გათბობის მიზნით ადგილზე აბაკუნებდა ფეხებს საბა.
- ამხელა პალტოში რომ შესცივდეს, სირცხვილიცაა! - სიცილით გახედა ტატომ სავარუდოდ სამი ზომით დიდ პალტოში გამოწყობილ მარიამს, გოგონას ყელზე დიდი, სხვადასხვა ფერში გაწყობილი, ზოლიანი, შარფიც შემოეხვია და თავზე მოკლე პანამის მსგავსი, თექის წითელი შლაპაც დაეფარებინა. სასაცილოდ გაფშეკვოდა თოვლისგან გაყინული ნაწნავები.
- რა, ცუდია? არ მიხდება?! - ხმაში წყენა შეეპარა მარიამს.
- რატომაც არა? ტიპიური პეპი ხარ!.. - სიცილს ვერ იკავებდა ტატო.
- ოღონდ პეპისგან განსხვავებით ზედმეტად მორცხვი. - არ ჩამორჩა მეგობარს საბაც.
- მგონი აღარ მოდის ავტობუსი... - აშკარად თემის შეცვლა სცადა მარიამმა.
- არადა, გავიყინე!... - უკვე აძაგძაგებდა საბას.
- შე საცოდავო, სულ ჩემი სათრევი როგორ უნდა იყო?! - სიცილით მოიხადა ტატომ საკუთარი ქუდი და თავზე ჩამოაფხატა მეგობარს, თავად კი ქურთუკის „კაპიუშონი“ წამოიხურა.
- ისეთი ფერი გაქვს, მგონი არც ეს შარფი გაწყენს! - მარიამმაც მიბაძა ტატოს, თითისწვერებზე აიწია და მისი ზოლებიანი შარფიც შემოახვია საბას, სულ ოდნავ შეეხო ვაჟს სახეზე, მაგრამ ესეცკი საკმარისი აღმოჩნდა, ვისღა ახსოვდა ზამთარი და სიცივე.
-ესეც ასე, ბაშვი გათბა! - ეშმაკურად იცონოდა ტატო.
- ისე დიდხანს თუ გავჩერდებით, მგონი გაყინვა მართლა არ აგვცდება, იქნებ ფეხით?!... - გაუბედავად იკითხა მარიამმა.
- ისედაც ფეხით მოვედი, უკან ამ გზას რა გაივლის! -ხელოვნურად აჯიჯღინდა საბა - იქნებ მეტრო?
- კი, კი, აქედან რუსთაველამდე სულ რაღაც ორი ნაბიჯია... - მაშინვე დაეთანხმა მარიამიც.
- თან ნაძვის ხესაც ვნახავთ, იქნებ საახალწლო სოფელშიც შევიაროთ?!... - საეჭვოდ უციმციმებდა თვალები საბას.
ერთი კი გახედა გვერდულად მეგობრებს ტატომ, მხოლოდ საბა რომ ყოფილიყო, ალბათ ხმამაღლა გააპროტესტებდა, მაგრამ მარიამის სიხარულით აფახუნებული თვალების დანახვაზე, უარი ვეღარ უთხრა. გოგონა ბიჭებმა შუაში ჩაიყენეს და ნელი ნაბიჯით მეტროსკენ მიმავალ გზას დაუყვნენ.
პატარა ბავშვივით ყველა ვიტრინასთან ჩერდებოდა მარიამი და ფოტოებს იღებდა.
- მობიტელის ნაძვის ხე, ჯეოსელის ნაძვის ხე, რა იყო მარიამ მობილურებს უკეთებ რეკლამას?! - სიცილს ვეღარ იკავებდა ფოტოგრაფიით დაკავებული საბა.
თუმცა გოგონა პოზიციებს მაინც არ სთმობდა, იმდენი ქნა ბიჭებიც კი აიყოლია და რამდენიმე ერთობლივი სელფიც გადაიღეს.
ლამპიონების ქვეშ იდგა მარიამი, თავზე ათოვდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ხელებგაშლილი, ბედნიერი ტრიალებდა.
- ლამაზია, ხომ? - აღტაცებული მისჩერებოდა საბა ქალიშვილს.
- მეჩვენება, თუ ეს გოგო ზედმეტად გიზიდავს? - ჩუმად ჰკითხა ტატომ.
- გეჩვენება! - ღრენით მოუჭრა ვაჟმა.
- ვითომ?! - ეჭვით გახედა მეგობარს.
- კი. - ისეთი ტონით უპასუხა, რომ შემდგომი კითხვის დასმის სურვილიც დაეკარგა.
- კარგი გოგოა, ოღონდ ერთი ნაკლი აქვს, როგორმე უნდა ავამღეროთ! - თვალი ჩაუკრა ტატომ საბას.
- ეგ ნაკლი გამოსწორებადია... სიზმრად ვნახე, გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა! - მარიამის შემხედვარემ ბავშვობის დროინდელი სიმღერა წამოიწყო საბამ.
- თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კამფეტები ცვიოდა... - მაშინვე აჰყვა მეგობარს ტატოც.
- აბა, რა ერთი შენი სახე დაგენახა, სულ კანფეტებისგან გციოდა!... - მხიარულად აკისკისდა მარიამი.
- ეეე, კარგი რა... - მაშინვე შეკრა შუბლი საბამ - აგვყევი მიდი!...
თითქოს მის სიტყვებს ელოდაო, ისევ ბიჭებს ჩაუდგა შუაში და წკრიალა ხმით, გაუბედავად აჰყვა:
- ეზოში შემომეგებნენ მოსეირნე წყვილები,
კანფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები....
ბიჭებმა კმაყოფილებმა გადახედეს ერთმანეთს და მისამღერზე თავადაც აჰყვნენ გოგონას:
- გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად, კანფეტები ცვიოდა.
მისამღერის დასრულება და შემთხვევითი გამვლელების ტაშიც ერთი იყო. ერთმანეთს ღიმილით გადახედეს, რევერანსით მადლობა გადაუხადეს შემოსწრებულ მაყურებელს და ისევ სიცილით გააგრძელეს მეტროსკენ მიმავალი გზა.
- ირმამ თუ დაგვინახა ასე ქუჩა-ქუჩა რომ ვმღერივართ, კარგ დროსაც გაგვატარებინებს! - ხელმძღვანელის გაბრაზებული სახის წარმოდგენაზე ისევ აფხუკუნდა საბა.
- აბა, ქალი სოლო კონცერტისთვის გვამზადებს და ჩვენ... ისე, ვერაფრით ვხვდები, ასეთი ხმის პატრონი სიმღერაზე უარს როგორ ამბობ? - ინტერესით ჩაეკითხა ტატო მარიამს.
- როგორც ირმა ამბობს, ჩემი კომპლექსია, ზედმეტი ყურადღება არ მიყვარს. ასე, მეგობრებში... - საკუთარ სიტყვებზევე გაწითლდა მარიამი.
- ანუ, ხალხი გაბნევს? - გაოცებულმა დახედა წონასწორობის შესანარჩუნებლად მკლავზე ჩამოკონწიალებულ ქალიშვილს საბამ.
- არა, უბრალოდ, ალბათ დრო მჭირდება, ცოტა დრო...
- აი, დრო კი ნამდვილად არ გაქვთ, მე თუ ვერ წამოვალ, სოლისტობა თქვენ ორს მოგიწევთ! - გულდაწყვეტილმა აღნიშნა ტატომ.
- კაი, ტო... ეგ როგორ? მართლა არ წამოხვალ? - გულწრფელად შეწუხდა საბა.
- ასე გამოდის, ჩემებს ისედაც საკმაოდ პრობლები აქვთ, ბაკურიანისთვის დამატებით თანხას ვეღარ მოვთხოვ...
- ანუ წამოსვლას ფინანსების გამო ვერ ახერხებ?! - თითქოს პრობლემის დაზუსტებას სურსო, განმეორებით ჩაეკითხა ბიჭი.
- ასე, გამოდის... - მეგობრების ჩაფიქრებულ, დაჟინებულ მზერას ვეღარ გაუძლო ტატომ და თვალი აარიდა.
- თანხა რომ ვიშოვოთ, წამოხვალ? - ამჯერად მარიამმა ჰკითხა.
- ასე, იოლია?! დედაჩემი ლამის ოცდაოთხი საათი მუშაობს და ხელფასი სულ სამასი ლარი აქვს. რა ნამუსით მოვთხოვო, ეგ თანხა ბაკურიანისთვის მომეცი მეთქი?!
- თუ ჩვენით ვიშოვით? მშობლებს თუ არაფერს გამოვართმევთ? - ისევ ჩაეკითხა გოგონა.
- რაღაც საეჭვოდ კითხულობ, რამე მოიფიქრე? - მის ეშმაკურად აციმციმებულ თვალებს ზედმეტად კარგად იცნობდა საბა.
- რომ ვიმღეროთ? მაგალითად მეტროში, ან მიწისქვეშა გადასასვლელში...
- ხუმრობ?! - გაოცებულებმა ჯერ საბას შეხედა ტატომ და შემდეგ ისევ შუაში მდგომ მარიამს.
- ამბობ კომპლექსი მაქვს, ვერ ვიმღერებო და მეტროში აპირებ დაკვრას? - ტატოზე ნაკლებად არც საბას უკვირდა.
- მე თუ არა, თქვენ ხომ იმღერებთ? მე დავუკრავ, რას ვკარგავთ?! იქნებ გვეცადა? - მუდარით უმზერდა მარიამი ბიჭებს.
ქალიშვილის იდეა ჭკუაში ჩაუჯდა საბასაც: - ამდენი ფიქრი აღარ გვჭირდება. ჩვენი რა მიდის? ვიმღერებთ, თუ საჭირო იქნება მთელი დღე ვიმღერებთ, მარიამი თუ არა, მე და შენ მაინც და წასასვლელ ფულსაც მოვაგროვებთ!
- რავიცი, აბა... - აშკარად ისევ ყოყმანობდა ტატო, თუმცა უნდა ეღიარებინა, რომ მეგობრების თვალებში დანახული გულწრფელი დახმარების სურვილი უკვე ახარებდა და აბედნიერებდა.

მეორე თავი
მოუხედავად ტატოს პროტესტისა, მარიამმა იმდენი მოახერხა, რომ ბიჭები თავისუფლების მოედნამდე ფეხით სეირნობაზე დაითანხმა, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს, საბას დიდი ხვეწნა არც სჭირდებოდა. გოგონაზე ნაკლებად არც ის იყო აჟიტირებული და მის ნებისმიერ ახირებას უსიტყვოდ ეთანხმებოდა. სამივენი ბავშვობას იხსენებდნენ, ქაშუეთამდე ვერც კი იგრძნეს ისე გალიეს გზა.
- იცი რა მიყვარდა? ახალ წელს დედა ნაძვის ხეზე რომ წამიყვანდა, საჩუქრებში მედალიონის, რუსული მანეთიანის ფორმის „პლიტკა“ შოკოლადსა და მანდარინს რომ ალაგებდნენ... - აშკარად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დანახვაზე მოაწვა ნოსტალგია საბას.
- იცი, რომ სასახლეში საახალწლოდ ახლაც მსგავსი საჩუქრები აქვთ?! - ეშმაკურად გამოხედა მარიამმა.
- კაი?! ისევ მანეთიანის ფორმის შოკოლადებით?! - გაოცება ვერ დამალა ტატომ.
- მთლად მანეთიანის არა, მაგრამ მსგავსი.
- ნაძვის ხეზე შენ არ დადიხარ და საიდან იცი?! - აშკარად არ უჯერებდა საბა.
- შარშან ნაძვის ხის გახსნაზე გახლდით თოვლის პაპასთან ერთად... - ნიშნის მოგებით გადახედა ბიჭებს.
- კაი?!... „სნეგურაჩკა“ იყავი, თუ თოვლის ბებო?! - ირონიულად დახედა საბამ ისევ მკლავზე ჩამოკონწიალებულ გოგონას.
- მგელი!... - მისი ტონით განაწყენებულმა უკმაყოფილო სახით ახედა მარიამმა.
- არა, მართლა…- სიცილს ვეღარ იკავებდა ბიჭი.
- ბოშა ვიყავი და ელფებთან ერთად ახალ წელს მოვყევი...
გოგონას სიტყვებზე ორივენი ახარხარდნენ:
- პირველად გავიგე, თოვლის პაპას ბოშა ახლდეს ახალი წლის მილოცვის დროს... - გაოცება ვერ დამალა ტატომ - გაფიცებ, შენ რას აკეთებდი?
- რა უნდა გამეკეთებინა?! ვცეკვავდი, ვმღეროდი და საჩუქრებს ვარიგებდი. - ისეთი კმაყოფილი სახით გამოუცხადა მარიამმა, თითქოს დიდი საგმირო საქმე ჩაედინოს.
- კაცმა რომ ჰკითხოს, კომპლექსები აწუხებს, ვერ მღერის ქალბატონი, თუ ჩვენთან იფასებ თავს?! - ირონიულად ჩაეკითხა საბა.
- თავის დაფასება რა შუაშია?! ბავშვებს ხომ ვერ ვაწყენინებდი?! მომღერლები არ მოვიდნენ... - თითქოს თავს იმართლებდა საკუთარი სიმღერის გამო გოგონა, ისე დაიმორცხვა.
- კარგი.. სიმღერა რომ მხოლოდ ხვეწნის შემდეგ გეხერხება, ეგ უკვე გავიგეთ, ცეკვაც თუ იცოდი ნამდვილად არ გვეგონა, აშკარად რაღაცას გვატყუებს! - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ტატომ საბას.
- არ გჯერათ? თუ დამიკრავთ ვიცეკვებ! - ზედმეტი თავპატიჟის გარეშე გამოუცხადა გოგონამ.
თითქოს მის დასტურს ელოდნენ, შალითებში შენახული გიტარები მყისვე ამოიღეს, იქვე მდგომ ერთ-ერთ დათოვლილ სკამზე შალითა დააფინეს და ზედ მოთავსდნენ. სულ რამდენიმე წუთი ეყოთ ერთმანეთთან შესაწყობად და ბოშური სიმღერა, „ნანე ცოხაც“ აჟღერდა. მუსიკის სწრაფ ტემპს მოხდენილად აჰყვა მარიამიც, ვისღა ახსოვდა თოვლი და ყინვა, სახე აწითლებული ცეკვავდა ქალიშვილი. თითქოს მისი ბედნიერი სახე ორმაგ სტიმულს აძლევდა ბიჭებსაც, ნელ-ნელა უფრო და უფრო უმატებდნენ მუსიკის ტემპს, მომღერალ ვაჟებს თვითონაც აჰყვა, ისეთი გრძნობით მღეროდა, იფიქრებდით გიტარასთან ერთად კვნესოდა.
ერთობოდნენ, თუმცა ამ გართობა-გართობაში ნელ-ნელა ხალხიც ემატებოდათ, ვერც კი შენიშნეს როგორ გაჩერდნენ გამვლელები, მარიამის ცეკვასა და სიმღერას ღიმილით უცქერდნენ.
- თქვენ გაიხარეთ! - ცეკვის დასრულება და მაყურებელთა ძლიერი ტაშიც ერთი იყო.
- ამ ცივ საღამოს თქვენ თუ გაგვათბობდით. საახალწლო არაფერი იცით?
გულს ხომ არ დასწყვეტდნენ საკმაოდ ასაკიან, ერთ დროს ალბათ ლამაზ წყვილს, საბამ მაშინვე ფრენკ სინატრას “Jingle Bells” -ს წამოიწყო.
სამ ხმაში ტკბილად, შეწყობილად მღეროდნენ მეგობრები, თუმცა როგორც აღმოჩნდა ტექსტი იქ დამსწრე საზოგადოებისთვისაც კარგად ნაცნობი იყო, ვინც ინგლისურად ვერ მღეროდა, ქართულად აჰყვნენ:
- ალილო, ალილო, შობა თენდება! ახალი წლის სიხარულს რა შეედრება!...
- ეს რაა?! რამე ქართული, ისეთი, გულში რომ გაატარო! - წამოვიდა ახალი შეკვეთა იქვე მდგომი ხრიდოლის ქუდიანი მამაკაცისგან.
- ქართული? - ამჯერად ტატოს გახედა საბამ და მათი სიმღერაც ააჟღება - ხევსურის ქალაუ შენა ხარ ერთადერთი!
- ჩვენ შორის ჩამდგარა უფალი ქრისტე ღმერთი! - ისევ წკრილებდა მარიამის პირველი.
- ეე, ესენი აღარ ხუმრობენ ხომ იცი?!.. - იქვე მდგომი ახალგაზრდების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფიც მიუახლოვდათ მომღერლეს.
- აქ რა ხდება?! - გაოცებულმა იკითხა ვიღაც აკადემიურად ჩაცმულმა, შუახნის მამაკაცმა.
- ფულს ვაგროვებთ, საკონცერტოდ!.. - თბილად შესცინა მარიამმა.
- ფულს? ამ ხალხმა აღარ იცის რა აკეთოს! - ვიღაცამ უკმაყოფილოდ ამოიღრინა. თუმცა როგორც კი დაინახა, რომ ბავშვების სიმღერითა და ცეკვით აღტაცებულმა, მამაკაცმა გიტარის გახსნილ შალითაში მომღერლებს ას ლარიანი ჩაუგდო, რეპლიკაც მაშინვე შეწყვიტა - ეეე, ასე მეც ხომ ვიმღერებ?!.. - ლამის უკან გაჰყვა კაცს.
- მერე იმღერე, ვინ გიშლის?! - ისე შეუღრინა მამაკაცმა, რომ ადგილზე გაშეშდა. მის დაბნეულ რეაქციაზე მაყურებლებიც ახარხარდნენ, თავდახრილი და დარცხვენილი მოშორდა შეკრებილ საზოგადოებას, თუმცა შორს მაინც არ წასულა, იქვე ახლოს გაჩერდა და ისე უსმენდა მომღერლებს.
სწორედ ამ დროს მიუახლოვდა ჩვენს მეგობრებს საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, სავარაუდოდ მათივე ასაკის გოგონა.
- უკაცრავად, რამდენიმე წელია გიტარაზე არ დამიკრავს, ნებას მომცემთ?! - გაუბედავად უმზერდა შალითაში მოთავსებულ მარიამის გიტარას.
- დაკვრაზე უარს როგორ გეტყვით! - მხიარულად შესცინა გოგონამ და ინსტრუმენტიც მიაწოდა.
მოხერხებულად მოურიკდა უცნობი ტატოს გვერდით და ყველასგან მოულოდნელად Rock Around The Clock –ის ენერგიული მელოდიაც ააჟღერა.
- აი, ეს მესმის! - აღტაცება ვერ დამალა ტატომ და ყურადღებით შეათვალიერა გვერდით მჯდომი საკმაოდ სუსტი აგებულების გოგონა. თხელი სახე სიცივისგან გაფითრებოდა, გრძელი შავი თმა წონ ჩამოეშალა, ერთად-ერთი რაც დანარჩენებისგან გამოარჩევდა არაბუნებრივად, შავი მოციმციმე თვალები იყო. ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებდით, ამ სუსტ არსებას, თუ ასეთი ცეცხლის დატრიალება შეეძლო.
ბუნებით ლიდერობას მიჩვეული, არ ჩამორჩა უცნობ ქალიშვილს ტატოც. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ისე რიტმულად უკრავდნენ. მარიამი ისევ ცეკვავდა, მაყურებელთა შორის მდგომი ახალგაზრდებიც აიყოლია, ყველაზე მეტად რამოდენიმე წუთის წინ შემოერთებული ვაჟები აქტიურობდნე,. რაც აშკარად არ მოეწონა საბას, მაშინვე ფეხზე წამოხტა და მყისვე შუაში ჩაუდგა მოცეკვავე უცნობებსა და მარიამს. თუმცა ვაჟებს სულაც არ გაუპროტესტებიათ, ზედმეტად ეგოისტი უნდა ყოფილიყავი, რომ საბასა და მარიამის ცეკვისთვის ხელშეშლა მოგენდომებინა. მერწმუნეთ, ასეთ სანახაობას ნამდვილად ვერ ნახავდით. წყვილი საოცრად გრძნობდა ერთმანეთის განწყობას, იმდენად ერთ არსად ქცეულნი ცეკვავდნენ, რომ იფიქრებდით მთელი ცხოვრება „როკენროლის“ ცეკვაში ჰქონდათ გატარებული.
პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის ჯგუფის დანახვაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჯიც გაჩერდა, თუმცა მუსიკოსებისა და მოცეკვავე წყვილის დანახვაზე ავტომობილიდან აღარ გადმოსულან, შორიდანვე ღიმილით აკვირდებოდნენ მუსიკის ტემპს აყოლილ ბავშვებს.
სტვენითა და ტაშის ახალი ტალღით დააჯილდოვეს მაყურებლებმა ჩვენი მეგობრები. წუთების წინ მარიამთან მოცეკვავე ვაჟებმა გიტარის შალითაში რამოდენიმე ოც ლარიანი ჩაყარეს. თითქოს მათ მიბაძეს დანარჩენებმაც, რიგ - რიგობით ყრიდნენ საკმაოდ მსხვილ კუპიუტებს. თვალებს არ უჯერებდნენ მეგობრები, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მარიამის იდეამ გაამართლა, სახე გაბრწყინებული გოგონა ხან საბას ეხუტებოდა და ხან ტატოს.
- უღრმესი მადლობა, თქვენ რომ არა!... - ვინ იცის მერამდენედ უხდიდნენ მადლობას უცნობ ქალიშვილს.
მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არც თვითონ უკრავდნენ, სამივენი აღიარებდნენ, რომ ამხელა მოწონება სწორედ იმ უცნობი გოგონას წყალობით დაიმსახურეს.
- რას ბრძანებთ, პირიქით, იმდენი ხანია არ დამიკრავს, დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის! - ღიმილით დაუბრუნა მარიამს ინსტრუმენტი.
- ერთი წუთით, თქვენ თანხაც გერგებათ! - აშკარად არ ემეტებოდა წასასვლელად გოგონა ტატოს - ახლავე გადავითვლი, მეოთხედი თქვენია!...
- როგორ გეკადრებათ, ეგ თანხა თქვენ გჭირდებათ! - სიცილი ვერ შეიკავა უცნობმა - მე ამ საღამოსთვისაც მადლობელი ვარ, წარმატებები!
- ერთი წუთით მოიცადეთ, იქნებ ყავა მაინც დაგველია?! - ისევ ცდილობდა ტატო მასთან ყოფნის წუთების გახანგრძლივებას.
- არ არის საჭირო, თან მელოდებიან! - იქვე გაჩერებულ შავი ფერის ჯიპზე ანიშნა გოგონამ - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! - დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია ბავშვებს და სწრაფადვე გაქრა ავტომობილის ჩაბნელებულ სალონში.
გულდაწყვეტილმა ერთი კი გახედა ტატომ სწრაფი სიჩქარით მიმავალ ავტომობილს, თუმცა დარდისთვის დრო ნამდვილად არ ჰქონდა, სწრაფად გადათვალეს მოგროვილი თანხა, თვალებს არ უჯერებდნენ, ხუთას ლარზე მეტი მთლიანად მას გადასცეს მეგობრებმა. ამ თანხით ბაკურიანშიც წავიდოდა და ოჯახის ბიუჯეტშიც შეიტანდა მის მცირედ წვლილს, სიხარულისგან გული ყელში ებჯინებოდა ტატოს, მარტო რომ ყოფილიყო ალბათ ატირდებოდა კიდეც.
- არც კი იცით, როგორ მიყვარხართ! - ორივე მეგობარს ძლიერად მოეხვია ის.
ალბათ კარგახანს იდგებოდნენს ასე ჩახუტებულები, დუმილი საბას რომ არ დაერღვია.
- მგონი ხშირად უნდა მოვაწყოთ მსგავსი კონცერტები!... - ღიმილით შეხედა ტატოს მკლავებში მოქცეულ მარიამს და თავადაც ჩაეხუტა ქალიშვილს.
- მოგეწონა ხომ? რა გენაღვლებათ? მე კი გავიჭყლიტე. ფრთხილად იყავით, ჩვევაში არ გადაგივიდეს, ხშირად არ შეიძლება, ჯანმრთელობისთვის მავნებელია!... - სწრაფად გაინთავისუფლა ვაჟების მკლავებისგან თავი გოგონამ.
- კაცმა რომ გკითხოს, არ მოგწონს, არადა, მასთან ჩახუტების შანსს არ უშვებ!... - ირონიულად გადაულაპარაკა ტატომ.
- გნახავ შენც ჩემს დღეში და მაშინ გაგახსენებ! - კბილებში გამოსცრა საბამ.
- ახლა, მართლა სახლში წასვლის დროა, თუ არ ვიჩქარებთ მეტროშიც აღარ შეგვიშვებენ!... - თითქოს მათი საუბარი არც კი გაუგიაო, ისე გამოუცხადა ბიჭებს მარიამმა.
- რა მეტრო, კარგად თუ ხართ?! ფული გვაქვს, ტაქსით წავიდეთ, ჯერ შენ დაგტოვებთ შემდეგ ჩვენ...
დიდად თავპატიჟი არ ერთს არ დაუწყიათ, სიხარულით დაეთანხმნენ ტატოს წინადადებას. ნელა მიიკვლევდა ავტომობილი გზას საბურთალოსკენ.
- აღიარეთ, ხომ კარგად უკრავდა ის გოგო? - თვალებში ჭინკები უხტოდა მარიამს.
- კი, მაგარი იყო...
- სახელი მაინც გაგვეგო! - დანანებით ჩაილაპარაკა ტატომ.
- ისე უკრავდა, აშკარად პროფესიონალია, სადმე მაინც შევხვდებით... - იმედიანად ჩაილაპარაკა მარიამმა.
- არა მგონია, ჩვენსავით სასტუმროებში გამოდიოდეს! - ირონია ვერ დაფარა საბამ.
- თვითონვე თქვა, რამდენიმე წელია არ დამიკრავსო...
ტატოს ხმაში გაჟღერებული სინანული არ გამოჰპარვიათ მარიამსა და საბას, ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად შეხედეს, თუმცა კომენტარი აღარ გაუკეთებიათ. გოგონას მითითებით ავტომობილმა სპორტის სასახლესთან შეუხვია და ერთ-ერთი კორპუსის წინ გაჩერდა.
- იცოდე, რომ ახვალ დაგვირეკე და ჩვენც წავალთ!...
- არის, შეფ! - სამხედროს მსგავსად გაკრეჭილი გაებღინძა მარიამი მეგობრებს და სირბილით შევარდა სადარბაზოში.
რამდენიმე წამში საბას მობილურზე ქალიშვილისგან შინ მისვლის მაუწყებელი ზარიც შევიდა.
- ვინმე მოგდევდა?! ასე სწრაფად როგორ ახვედი? - ღიმილს ვეღარ იკავებდა ბიჭი.
- არასერიოზული ადამიანი ხარ! - თბილად ეცინებოდა ტატოსაც.
- მე? - გაოცებულმა გახედა საბამ.
- შენ, აბა მე ხომ არა? რომ გკითხონ მხოლოდ მეგობარია, არადა...
- მხოლოდ მეგობარია, - ისევ ჯიუტად იმეორებდა საბა - ისე, მგონი იმ უცნობმა შენც საკმაოდ მოგხიბლა?! - მოხერხებულად შეცვალა თემა.
- მე აქვე ჩამოვალ, ბუკიას ბაღთან, ეს ყმაწვილი კი, პანკისის კუთხემდე მიიყვანეთ!... - დასმულ კითხვაზე არც მან უპასუხა მეგობარს, სწრაფად გადაიხადა ტაქსის მომსახურეობის ღირებულება, ხელის აწევით დაემშვიდობა საბას და წავიდა.
- მე ვარ ყმაწვილი?! - მეგობრის სიტყვებზე ეცინებოდა საბას.
უნდოდა თუ არ უნდოდა, ისევ მოცეკვავე მარიამის აციმციმებული თვალები უტრიალებდა.
- მეგობარი? - საკუთარ თავთანაც კი უჭირდა იმის აღირება, რომ ასეთი ბედნიერი საღამო აქამდე არ ჰქონია, ამის მიზეზი კი აშკარად მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ზედმეტად გამხდარი, ზედმეტად გიჟი და იქნებ მორცხვიც კი...

მესამე თავი
- საბოლოოდ გაგიჟდი ხომ?! რა გინდოდა გოგო, იმ ქუჩის ბავშვებთან? რა შოუ დადგით ამ შუაღამისას? - გაავებული უყვიროდა ჩვენთვის ნაცნობ, შავ თმიან გოგონას ავტომობილის საჭესთან მჯდომი მამაკაცი.
- არ გესმის, შენ არაფერიც არ გესმის! - ცრემლებისგან ხმა გაბზარვოდა ქალიშვილს.
- მე ხომ?!... გიტარა და ჩქარი ტაში გიშველის?!...- ირონიულად გახედა სარკიდან უკან მჯდომს.
- მამა, გთხოვ, ხომ შევთანხმდით? მუსიკას თავი დავანებე, უკვე ვემზადები, კიდევ რას ითხოვ ჩემგან?!
- კიდევ?... მხოლოდ იმას, რომ ამ წყეული ინსტრუმენტის არსებობაც კი დაივიწყო, ამოშალო შენი ცხოვრებიდან, სწორედ ისე, როგორც... - წინადადებას აღარ ასრულებს, თუმცა შვილის თვალებში ჩაგუბებული ტკივილით ისედაც ხვდება, რომ სათქმელს მიუხვდა.
გულის სიღრმეში ალბათ, ხვდებოდა, რომ შეუძლებელს ითხოვდა შვილისგან, განა თავად შეძლო?! დაივიწყა? უნდოდა თუ არა, მაინც უნდა ეღიარებინა, რომ დღემდე ვერ მოინელა. მუსიკა შეეცილა, მან წაართვა, მის გამო დაკარგული ერთად-ერთი სიყვარული მოუშუშებელ ჭრილობად დარჩენილიყო, ისევე მძაფრად ტკიოდა, როგორც მაშინ, ორი წლის წინ. გგონიათ უღალატა? არა, არც სხვა მამაკაცის გამო მიუტოვებია. მათი შვილის მსგავსად მასაც სიმღერა უყვარდა, გონება ეკეტებოდა, წინა საახალწლოდ დაგეგმილ რეპეტიციაზე აგვიანდებოდა, ფილარმონიაში ანსამბლის წევრები ელოდნენ, მეუღლეს აღარ დაელოდა და ტაქსი გამოიძახა.
ასეთ დასასრულს წინასწარ არავინ გეგმავს, რომ სცოდნოდა არც წავიდოდა, არც მძინარე ქალიშვილს დატოვებდა.
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არ დაუგეგმავს და ალბათ არც უნდოდა, მოსახდენი მაინც მოხდა, ავტო-საგზაო შემთხვევამ წამში დაასრულა ყველაფერი. ალბათ, არც ის ტაქსის მძღოლი გეგმავდა ახალი წლის ღამეს საავადმყოფოს მოსაცდელში დგომას, იქნებ მასაც ელოდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ...
იმ დღეს შეიძულა მუსიკაც, სიმღერაც და ყველაფერი რაც ხელოვნებასთან ასოცირდებოდა გიორგიმ. მაშინ აუკრძალა ერთად-ერთ ქალიშვილს გიტარაზე დაკვრა. დაივიწყა საკუთარი ოცნება, ერთ დღეს დიდ სცენაზე ამღერებული ენახა ანი. წუთების წინ საკუთარი შვილის თვალებში აკიაფებული სხივი კი ისევ წარსულისკენ ექაჩებოდა. გოგონამ მამის დაჟინებულ მზერას თვალი აარიდა, ავტომობილის ფანჯრიდან უმზერდა დათოვლილ თეთრად გადაპენტილ ქალაქს. როგორ უნდოდა მისი ცხოვრებაც ასეთივე სუფთა ყოფილიყო. ყელში მოწოლილი ბოღმა ახრჩობდა, ჯიუტად ჩამოგორებული ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა.
მისი ცრემლების დანახვაც გულს სტკენდა კაცს, მაგრამ პოზიციების დათმობას მაინც არ აპირებდა, საჭეს ნერვიულად უჭერდა ხელს, კბილს - კბილზე აჭერდა, რომ როგორმე საკუთარი გაღიზიანება დაემალა.
ცხოვრებაში არაფერი აკლდა ანის, მაგრამ ახლა იმ, უდარდელი სამი მეგობრის, მათი ხალისისა და თავისუფლების პირველად შურდა.
- როგორც დაგპირდი, არდადეგებზე ბაკურიანში წავალთ... - საუბრის თემის შეცვლა სცადა გიორგიმ. ეგონა გაახარებდა შვილს, თუმცა მის სახეზე სასურველი ემოცია მაინც ვერ შენიშნა - ახალ წელს იქ შევხვდებით, მეგობრებთან ერთად და ბედობას დავბრუნდებით...
დილით რომ ეთქვა ეს სიტყვები, ალბათ სიხარულის ყიჟინასაც შემოსძახებდა ანი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მშრალი, კარგიათი შემოიფარგლა, ეს იყო და ეს.
ავტომობილი ვერაზე, ერთ-ერთ კერძო, ორსართულიან სახლის ეზოსთან გააჩერა თუ არა მამაკაცმა, მაშინვე გადავიდა გოგონა, მამას ერთხელაც კი არ გამოხედა, უსიტყვოდ შევიდა ოთახში და მაშინვე დაწვა.

ბაკურიანში წასასვლელად წინასწარ დაბარებული ავტობუსი ჩვეულებისამებრ სკოლის წინ ელოდა ბავშვებს. ნელ-ნელა იკრიბებოდნენ წამსვლელები. მარიამი ამჯერადაც დედასთან ერთად მიდიოდა. ძლივს ამოღო ტაქსის მძღოლმა გატენილი საკმაოდ მოზრდილი ჩანთა ავტომობილიდან.
- ლიკა დეიდა, მოგეხმარებით! - მყისვე მათთან გაჩნდა საბა. თუმცა ჩანთის აწევა აშკარად გაუჭირდა ვაჟს და ტატოც მიეშველა მეგობარს.
- რა არის ამდენი ამ ჩანთაში?! - შვებით ამოისუნთქეს, როცა როგორც იქნა ავტობუსის საბარგულში შეაგდეს და ავტობუსშიც ავიდნენ.
- არ იცით დედაჩემის ამბავი?! მოსიარული აფთიაქია, ნახევარი ჩანთა წამლებითა და მალამოებით გაავსო, რა იცი ვის დასჭირდესო!... - ეშმაკურად იცინოდა მარიამი.
- რომ გკითხოთ არ გჭირდებათ, ვინ იყო შარშან მთელი კვირა არტახით გადაკრული ფეხით?! - სიცილით გამოხედა ქალმა წინა წლის მარცხის გახსენებაზე სახე აწითლებულ საბას - შეთხვევით ხდება ყოველთვის, წინასწარ არავინ გეგმავს, ამიტომ ჯობია პირველადი დახმარების საშუალებებიც მომარაგებული გვქონდეს!
- აბა, რა ლიკა დეიდა, განსაკუთრებით, როცა ეს, ორი თარსი ერთადა არიან! - სიცილით გახედა ტატომ უხერხულად აწურულ მარიამსა და საბას.
- ეეე, ერთად-ერთხელ, ისიც შემთხვევით, ლიკა დეიდა, უბრალოდ ბურანი გადაგვიბრუნდა და... - ვინ იცის მერამდენედ უწევდა საბას ახსნა.
მარიამი ისევ ანცი თვალებით უმზერდა მათ, ისე უდარდელად იცინოდა, თითქოს ბორნის ამბავი მას სულაც არ ეხებოდა.
არადა, მშვენივრად ახსოვდათ სამივეს. წინა წელს, სასტუმროდან ვითომ ციგურებზე სასრიალოდ წავიდნენ, ყოველ შემთხვევაში პედაგოგი და ლიკა ასე ფიქრობდნენ. სინამდვილეში კი ბურნებითა და კვადროციკლებით აპირებდნენ შეჯიბრს. ბურნების იდეა სწორედაც რომ, მარიამს ეკუთვნოდა. რადგან მარიამმა ტარება არ იცოდა, საბამ ჯენლტმენობის გამოვლენა მოინდომა. თან ცოდვა გამხელილიც სჯობს, გოგონასთვის თავის მოწონების კიდევ ერთი საშუალება ეძლეოდა, ბურანზე თავად დაჯდა და მარიამიც უკან მოისვა.
ერთი წრე მშვიდად დაარტყეს მოედანს. აი, მეორეზე წრეზე... უკან მჯდომ მარიამს საჭესთან არსებული ერთ-ერთი, წითელი ფერის ღილაკის მნიშვნელობის გაგება მოუნდა. ვიდრე ვაჟი რამის თქმას მოასწრებდა, ფეხზე წამოიმართა, წინ გადმოიწია და ხელიც დააჭირა ღილაკს.
ერთად-ერთი რაც მაშინ საბამ გაიაზრა, ის იყო, რომ მართვის სისტემის ბლოკირების გამო, საკმაოდ სწრაფად მიმავალი ბურანი გაჩერდებოდა, რაც ფეხზე მდგომ მარიამს მინიმუმ ყირა-ყირა გადავარდნას უქადდა. საჭეს ხელი უშვა ვაჟმა და ორივე ხელით გოგონას წაეპოტინა, თუმცა უშედეგოდ, წონასწორობა დაკარგეს, გვერდულად გადახრილი ბავშვები თავადაც გადაცვივდნენ და ყველა სიკეთესთან ერთად ბურანიც გადაიყოლეს. თოვლში დაცემისგან არც არაფერი დაუშავდებოდათ, თუმცა გადაბრუნებული ბურანი საბას ფეხზე დაეცა.
რა თქმა უნდა ვაჟს ერთხელაც კი არ დასცდენია ბორნის გადაბრუნების რეალური მიზეზი, მათი გაპარვის იდეაც და შემდგომი მარცხიც საკუთარ თავზე აიღო და დაზიანებული ბორნის ღირებულებაც სრულად გადაიხადა.
ლიკას სახეზე ფერი აღარ ედო, როცა სასტუმროში მარიამი შუბლზე საკმაოდ დიდი კოპით დაბრუნდა. თუმცა გოგონას ვინღა ჩიოდა, საბას ფეხი გასიებოდა, ჩალურჯებოდა და სიარულიც უჭირდა. საბედნიეროდ მხოლოდ ნაღრძობი აღმოჩნდა.
სასტუმროს ექიმი ეუბნებოდა, რომ კოჭის არეში ფეხის გადაბრუნება საკმაოდ საშიში იყო და თუ თაბაშირით არ დააფიქსირებინებდა, შეიძლება საოპერაციოც გამხდარიყო. არადა, მეორე დღეს მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, ვაჟს სცენაზე გაფშეკილი ფეხით ჯდომის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა, თავი გაიგიჟა და ექიმს თაბაშირი არ დააგებინა.
სწორედ მაშინ მოევლინა ლიკა მხსნელად. იმ საღამოს კვერცხის ცილისა და ფქვილისგან გამზადებული არტახის სახვევი დაადო, მართალია მყრალი სუნი ჰქონდა, მაგრამ ამას ვინღა ჩიოდა. მეორე დღეს კუნთების დაჭიმვის საწინააღმდეგო მალამო წაუსვა და „ჟგუტით“ მყარად დაუფიქსირა ფეხი, ისე რომ შარვალში არც კი ეტყობოდა, თუ ფეხზე სახვევი ედო. ასე ერთი კვირა დაჟგუტული ფეხით იარა საბამ და ფეხის ტკივილმაც გაუარა.
ერთად-ერთი, რაც მაშინ შვებას ჰგვრიდა საბას მარიამი იყო. გოგონა ცრემლებით სავსე თვალებით ცდილობდა, როგორმე დედას დაჰხმარებოდა და ვაჟისთვის არ თუ სახარბიელო მდგომარეობა, როგორმე შეემსუბუქებინა.
ახლა? უმზერდა საბა გვერდით მჯდომ მარიამის თვალებში აკიაფებულ ჭინკებს და ხვდებოდა, რომ გოგონას გართობასთან დაკავშირებით აუცილებლად ექნებოდა შემუშავებული ახალი გეგმა. თითქოს ფიქრებს მიუხვდა ლიკა, ღიმილით გამოხედა უკან მჯდომ სამეულს და ნახევრად ხუმრობით, გამაფრთხილებლად გამოუცხადა:
- იმედია, სასტუმროს არ გადაწვავთ, დანარჩენს კიდევ არაუშავს, როგორმე მოვუვლით!
წინ მიიწევდა ავტობუსი, ლიკა ირმასთან საუბრობდა, ბავშვები ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად მღეროდნენ. რეპერტუარში ქართულენოვანი სიმღერები რომ შემოაკლდათ ინგლისურზე გადავიდნენ, შემდეგ რუსულზე, შემდეგ ისევ ხელახლა დაატრიალეს ქართული სიმღერები.
- სულ ცოტაც და აქვე ავცეკვდები! - მათი შემხედვარე სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკა.
- შენი ჭირიმე, ეგ არ უთხრა! - სწრაფად შეიცხადა ირმამ -ტეხილებით დაუვლიან დავლურს!....
ავტობუსმა ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით გადაუხვია, დათოვლილი ნაძვები თავმომწონედ ხვდებოდნენ სტუმრებს. როგორც იქნა შევიდნენ ბაკურიანში. ავტობუსი სასტუმრო „თბილისთან“ გაჩერდა და მგზავრობაც დასრულდა.
ხმაურით ჩამოიშალენ ბავშვები, თბილად შეფუთულები, ბარგით დატვირთულნი სასტუმროს მიმღებში შელაგდნენ და მოთმინებით ელოდნენ მათთვის გამოყოფილ ნომრებში ასვლას.
მეოთხე თავი
ბაკურიანში ჩასულები ოთხ-ოთხად გადანაწილდნენ მათთვის გამოყოფილ ნომრებში. ლიკა, მარიამი, ირმა და კიდევ ერთი ჯგუფის წევრი გოგონა, სახელად სოფო მესამე სართულზე არსებულ საერთო, ორ ოთახიან ნომერში შევიდნენ. გოგონაც მარიამის მსგავსად სიმღერაზე დადიოდა. იმდენად მოეწონა პედაგოგი, რომ მისი კლასელი გიგაც აიყოლია და ბავშვები აგერ უკვე მესამე წელია ჯფუფში ერთ-ერთ წამყვან მომღერლებად ითვლებოდნენ.
ასაკით ჩვენი ნაცნობი სამეულის ტოლნი, ყველასგან სიცელქითა და ცოდვა გამხელილი სჯობს, მავნებლობითაც გამოირჩეოდნენ, თითქოს ერთმანეთი მიიზიდეს, საკმაოდ მალევე შეეთვისნენ მუდამ მხიარულსა და მოუსვენარ მეგობრებს. ერთობლივი გასვლების დროს განუყრელ ჯგუფად ქცეულნი სამეულის მიერ წამოწყებულ ნებისმიერ ავანტიურაში უსიტყვოდ იღებდნენ მონაწილეობას და არც ონავრობაში ჩამორჩებოდნენ მათ.
ცხადია ყველაზე ცელქების გვერდით ყოლა დანარჩენი ჯგუფის გაკონტროლებაშიც ეხმარებოდა ირმას, სწორედ ამ მოსაზრებით სოფო მისივე ნომერში დაიტოვა. აი, გიგასთან მიმართებით კი ცოტა არ იყოს დაძაბული იყო პედაგოგი, ყოველ წუთში თუ არა, ალბათ ათ წუთში ერთხელ მაინც კითხულობდა სად იმყოფებოდა ჯგუფის ყველაზე მოუსვენარი წევრი.
ლიკას და ირმას ბავშვების ქცევის ასახსნელად საკუთარი თეორია ჰქონდათ შემუშავებული: - რამდენად მშვიდი და წყნარიც არ უნდა იყოს, ბავშვი - ბავშვია, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი, უნდა ყურადღება, მიისწრაფვის ლიდერობისკენ. ხუთი ასეთი გამორჩეული ინდივიდი კი აუღებელი ციხე-სიმაგრეა!....
ალბათ, აზრი არ აქვს ჯგუფის დანარჩენ წევრებზე საუბარს, მათი ისტორიების განხილვა საკმაოდ შორს წაგვიყვანს და არც მე შეგაწყენთ თავს. ვიდრე გოგონებები ამობარგებით იყვნენ დაკავებულნი, ვაჟები ინსტრუმენტებიანად უკვე მიმღებში ჩასულიყვნენ, მთელ სასტუმროში უკვე ისმოდა მათი სიმღერა.
- იმედია, სიმღერების გამო სასტუმროდამ გასახლება არ მოგვიწევს... - სიცილს ვერ იკავებდა ირმა.
- მასწ.., მიმღებში ახალგაზრდა, მოკლე კაბიანი, ადმინისტრატორები სხედან და... - ჭინკები უხტოდა სოფის.
- და?!... - შვილის ხმაში გამკრთალი ეჭვიანობა არ გამოჰპარვია ლიკას.
- თავს აწონებენ ჩვენი ბიჭები... - სოფის წამოწყებული წინადადება დაასრულად ირმამ.
მარიამის აპილპილებული, სასურველზე მეტად აჭარხლებული სახის დანახვაზე ერთმანეთს ეშმაკურად გადახედეს ქალებმა.
- ნუ გეშინია, შენი პრინცი ასე იოლად ვერ დაგთმობს, ეგ ყველაფერი გიგას ოინები იქნება!...
- ვისაც უნდა იმას გაეპრანჭოს, მე რა?!... - ხელოვნური უდარდელობით მეგობარს გახედა მარიამმა, თითქოს მისგან ელოდა ხსნას, თუმცა ქალების საუბარში ჩარევა აზრადაც არ მოსვლია სოფის.
დედის მრავალმნიშვნელოვანი, ღიმილის დანახვაზე, ისევ გაცხარდა გოგონა:- არასწორად ფიქრობ, სულაც არ!...
- მე ხომ არაფერი მითქვამს?! - დანებების ნიშნად ხელები აწია ლიკამ - კითხვაც არ დამისვამს, შენით იმართლებ თავს!...
- ისედაც ყველაფერი სახეზე გაწერიათ! - ლიკას აჰყვა ირმაც.
- მასწ.. დედას გეფიცებით, მართლა არაფერი ხდება! - თვალები ცრემლებით აევსო მარიამს.
- არ გრცხვენია?! ერთი დედა გყევარ და იმასაც ტყუილზე დასაფიცებლად მიმეტებ?! - მეტიჩარა, ნაწყენი სახით მოწრუპა ტუჩები ლიკამ.
- სულ ასე იცი. წინასწარ გამოიტან დასკვნებს. საბას არაფერი უთქვამს და... - ხმა გაებზარა გოგონას.
- კაცმა რომ გკითხოს არაფერი ხდებაო, არადა მის ხსენებაზე ფერი გეკარგება! - ირმამ თვალი ჩაუკრა ლიკას.
- აუ, კარგით, რაა მას.. თქვენ მაინც დამიჯერეთ! - ამჯერად მართლა ვეღარ შეიკავა ცრემლები მარიამმა.
- ჩვენს ხუმრობებზე ასე თუ იტირე, კვირის ბოლომდე დასიებული თვალებით ივლი!- შვილის ცრემლებმა იმდენად შეძრა, რომ ლიკაც ატირდა.
- დალაგებული არ ხარ, შენ რაღა გატირებს?! - დაბნეული უმზერდა სოფოს ირმა.
- აუ, მასწ... რა საყვარლები არიან! - სლუკუნ - სლუკუნით ძლივს მოუყარა სასურველ სიტყვებს თავი სოფომ.
თითქოს სატირალ მიზეზს ეძებდნენო, გულამოსკვნილები ტიროდნენ სამივე.
- ღმერთო შენ მიშველე! შენ აბაზანაში შედი! - სწრაფად შეაგდო მარიამი ირმამ - შენ -საძინებელში - ამჯერად სოფის ჯერი დადგა - შენ კი - დარჩი ჩემთან!
საკუთარ თავზე თვითონაც კი ბრაზდებოდა ლიკა, მაგრამ რათ გინდა?! ვერა და ვერ დამშვიდდა.
- ჩვილიც კი, ტირილს იწყებდა თუ არა, მეც მაშინვე ცრემლები მომდიოდა თვალებიდან! - თითქოს ბოდიშებს უხდიდა ირმას ლიკა.
- სამკურნალო ხარ... - ისევ ეცინებოდა ირმას - ზოგჯერ მგონია, რომ მარიამს მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე შენ...
- არცაა გამორიცხული, - ხელის გულებით იწმენდდა ცრემლებს ლიკა - თექვსმეტი წლის ვიყავი, თითქმის მისი ასაკის, როცა გავთხოვდი. მისი არ იყოს, მეც ბრმად მჯეროდა ერთად-ერთი ჭეშმარიტი სიყვარულის. რომ მკითხო, რომელი იყო ჩემთვის ბედნიერი დღე, დაუფიქრებლად გეტყვი, ჩემი ქორწილი. მის თვალებში დანახული საკუთარი ანარეკლი. ვასხივებდი, ვანათებდი სიყვარულს. ისიც თითქმის ჩემი ასაკის იყო, სულ რაღაც თვეებით დიდი.
მაფრთხილებდნენ, მეხვეწებოდნენ მშობლები, არ გავთხოვილიყავი, მაგრამ ვინ დაუჯერა? გგონიათ ბიჭი არ მოსწონდათ? არა, მიზეზი ჩვენი მცირეწლოვანება იყო.
იმ წუთებში გვეგონა მთელი სამყარო გვიპირისპირდებოდა, მხოლოდ ჩვენ ვიცოდით რა იყო სიყვარული, ჩვენს ერთად-ერთსა და წრფელ გრძნობას დაცვა და გადარჩენა სჭირდებოდა და გადავარჩინეთ კიდევაც, მისი შემოთავაზება, გავიპაროთო და ჩემი დაუფიქრებელი, დიახ - ერთი იყო.
გგონია ვნანობ?! არა. წარსულში დაბრუნების საშუალება რომ მქონდეს, არც კი დავფიქრდები, ისევ ასე მოვიქცევი, ჩემი სიყვარულის გამო ისევ ყველაფერს დავთმობ.
ჩემი მშობლები სწრაფად შეგვირიგდნენ, სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი მის ოჯახზე.
- ეს ურთიერობა დიდხანს არ გაგრძელდებაო! - თითქოს წინასწარ იცოდნენ ჩვენი პატარა ოჯახის დასასრულის შესახებ.
ჩვიდმეტისას მარიამი უკვე მყავდა. ბავშვი ფაქტიურად დედაჩემმა გაზარდა. მე მხოლოდ სათამაშოდ თუ მანდობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ზრდასრული ქალივით ვიქცეოდი, ახლანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ჩემს შვილს ლამაზ თოჯინად უფრო აღვიქვამდი, მომწონდა მისი განებივრება, მისთვის ნაირ-ნაირი კაბების ყიდვა, გამოვპრანჭავდი და ვსეირნობდით დედა-შვილი.
არ იფიქრო თითქოს ვერ ვიაზრებდი, რომ ოჯახი მყავდა. ვიაზრებდი კიდევაც და ზედმეტადაც განვიცდიდი, ყველაფერში ჩემს მშობლებზე რომ ვიყავით დამოკიდებულები. გგონია, რამეს გვამადლიდნენ?! არა, მაგრამ ხომ არსებობს ზღვარი? ხომ არ შეიძლებოდა ყველა წვრილმანისთვის მშობლებისთვის მეთხოვა ფული?
ვერ ვიტყვი, რომ მეუღლეს არ ვუყვარდი, ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებ, მარიამზე ხომ აბოდებდა. ორივენი ვსწავლობდით, თითქმის მთელი დღე გასულები ვიყავით, დილით მივდიოდით - ბავშვს ეძინა, ღამით მოვდიოდი - ისევ ეძინა, ფაქტიურად მარიამს ვერც ვხედავდით. ოდნავ თავისუფალი დრო თუ მქონდა ვცდილობდი დაკარგული ამენაზღაურებინა და შვილისთვის დამეთმო. მას კი, არ ესმოდა. ქმარი იყო, მისი წილი ყურადღება ჭირდებოდა და ითხოვდა კიდეც. ალბათ ნორმალური ამბავი იყო, ჩვიდმეტი წლის ბიჭს ისევ სდომოდა გართობა, კლუბები, მეგობრებში სიარული. სიმართლე რომ გითხრა, ამაზე არც მე ვიტყოდი უარს. მაგრამ შვილს სახლში მარტოს ხომ ვერ დავტოვებდი, საბედნიეროდ ამდენი კი მესმოდა. - ირონიულად გაეღიმა ლიკას - ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მის გაუთავებელ მეგობრებში სიარულს, შედეგად ჩემი და მარიამის შინ მარტო ჯდომა მოჰყვებოდა.
ვეგოისტობდი, ვეჭვიანობდი. მინდოდა ისიც ჩემტან ყოფილიყო. მის თითოეულ წასვლას ხმამაღლა ვაპროტესტებდი, თუმცა სიტყვა, პროტესტი კიდევ მსუბუქი ნათქვამია. ჩვენი თითოეული კამათი ერთმანეთის შეურაცყოფითა, გინებითა და კარის მოჯახუნებით სრულდებოდა.
შემდეგ იყო, დაუსრულებელი ბოდიშები და ლოდინი, როდის დალაგდებოდა ყველაფერი.
ერთ დღეს კი უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ დავიღალე, აღარც ენერგია მქონდა. ნელ-ნელა გავცივდი კიდევაც, ჩვენმა მგზნებარე სიყვარულმაც ფერი დაკარგა. ცალმხრივად ხომ არაფერი ხდება? ჩემი ქცევის პროპორციულად იცვლებოდა ისიც. ერთმანეთზე შეყვარებული ცოლ-ქმრის ნაცვლად მოჩხუბარ, ამ მეზობლებს დავემსგავსეთ. სალაპარაკოც კი გამოგველია. დამიჯერებ? ზოგჯერ ვუმზერდი და მეგონა წინ სრულიად უცხო ადამიანი მეჯდა.
მისი წასვლა არც გამიპროტესტებია და თუ დამიჯერებ პირიქით თავისუფლების შეგრძნებაც კი დამიბრუნდა. მისი მთელი ცხოვრება მადლიერი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ მარიამი მაჩუქა. ის დღემდე ჩემი სისუსტეა.
იმაზე სწრაფად გაიზარდა ვიდრე წარმოვიდგენდი. თითქოს ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ გვერდით თინეიჯერი შვილი მიდგას. ოღონდ ცოდვა გამხელილი სჯობს, მგონი ბოლომდე ვერ აღმიქვამს დედად.
ახლა ვუმზერ გაზრდილსა და შეყვარებულს და მეშინია. მეშინია, რომ ჩემს შეცდომებს გაიმეორებს!
- თავადვე არ თქვი, რომ საშუალება რომ მქონდეს საკუთარ სიყვარულს ისევ დავიცავდიო?! - ხუმრობა ნარევი ტონით ჰკითხა ირმამ.
- თქმით კი ვთქვი, მაგრამ საკუთარი შვილისთვის ასეთ ცხოვრებას მაინც არ ვისურვებდი. ვხედავ რომ უყვარს, იმ ბიჭის თვალებში ანთებულ ცეცხლსაც ვამჩნევ და შიშით გული მისკდება... - ცრემლებს ისევ ვერ იკავებდა ლიკა.
- რა სულელი ხარ, დე.... - უკვე დამშვიდებულმა, გაკრეჭილმა მარიამმა გამოყო თავი აბაზანიდან, აშკარა იყო, კარგად ესმოდა ლიკას სიტყვები.
კურტუმის ქნევით მიუახლოვდა ფანჯარასთან მდგომ დედას და უკნიდან მოეხვია.
- ჩემ გათხოვებამდე ამდენი თუ ინერვიულე, გაჭაღარავდები! - ღრმად შეისუნთქა დედის თმის სურნელი.
- ჭკვიანია შენი შვილი, დაუფიქრებლად არ მოიქცევა... - თვალი ჩაუკრა სევდიანად მომღიმარ ლიკას ირმამ.
ალბათ, კიდევ დიდხანს ისაუბრებდნენ, კარებზე კაკუნი რომ არ გაეგონათ. გოტარებით ხელდამშვენებული ტატო, საბა და გიგა მისაღებში სიმაღლის მიხედვით შემოლაგდნენ. ერთი კი შეავლეს ეჭვით თვალი ერთმანეთს ჩახუტებულ დედა-შვილს, მაგრამ კითხვის დასმა ვერ გაბედეს.
- ირმა, მასწ... დღეს რა გეგმები გვაქვს? - ანცი ღიმილით იკითხა საბამ.
- არიების შესრულება უკვე დაასრულეთ?! - საყვედურნარევი ხმით ჰკითხა ხელმძღვანელმა.
- გიგას ვეხმარებოდით... - ყურებამდე იკრიჭებოდა საბა.
- მერე, რაო ადმინისტრატორმა, კარგი ბიჭი ხარო?! - სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკა.
- ზედაც არ შემომხედა... - ღრენით ჩაიდუდუნა ვაჟმა.
- ღირსი ხარ! - საძინებდილად ნიშნის მოგებით გამოსძახა სოფიმ.
- აუ, მასწ... რა დროს ადმინისტრატორია, იქნებ სადმე გავიდეთ?
- თქვენ ისეთი მაგრები ხართ, უკვე მოიფიქრებდით სად მივდივართ! - ბავშვების თვალებში მოხტუნავე ჭინკებმა აშკარად გამოუკეთა განწყობა ლიკას, აღარაფერი ეტყობოდა წუთების წინანდელი სევდის.
- თქვენი იმედი გვქონდა! - იმედით შემოხედეს ბიჭებმა.
- ნეტა რატომ არ მიკვირს? - ეშმნაკურად უცინოდა თვალები მარიამს.
- რადგან ჩემი... მაშინ წავიდეთ სასრიალოდ, შემდეგ ვნახოთ როგორ დავიღლებით, იქნებ ბურნებითა და კვადროებითაც ვისეირნოთ, ქალბატონო, შენ მაგ ეტაპს გამოტოვებ! - ადგილზე მოხტუნავე ქალიშვილს მკაცრად გადახედა ლიკამ, მაგრამ როგორც კი დაინახა, შვილის მოღრუბლული სახე, ხმამაღლა აკისკისდა - კარგი, არ გამოტოვებ, ოღონდ ამჯერად მე ვიქნები მძღოლი და იცოდე, ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე! - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი - დანარჩენი კი შემდეგ მოვიფიქროთ.
- ვინც თხილამურებზე დგომა არ ვიცით? - ჭინკები უხტოდა თვალებში გიგას.
- ვინც თხილამურები არ ვიცით, ციგები ვიქირავოთ და...
- კისერი ისე ვიტეხოთ! - ტატოს დაუსრულებელი ფრაზა ამჯერად სოფომ დაასრულა.
- რადგან ასე კარგად დაგეგმეთ, თქვენ, ხუთნი ლიკასთან იქნებით, მე კი -პატარებს მივხედავ!
- მშვენიერია! - სიხარულით დაეთანხმნენ ირმას ბავშვები.
- ჰე, თქვენ კიდევ აქ ხართ?! თხუთმეტ წუთში კომბინიზონებითა და წყალგაუმტარი შარვლებით ვიკრიფებით ჰოლში! - სწრაფად მიაბრძანა ოთახიდან ბიჭები ლიკამ.
მეხუთე თავი
პირობისამებრ მათთვის დამახასიათებელი სილაღითა და ხმაურით შეიკრიბნენ ბავშვები მიმღებში. კომბინიზონებსა და თბილ შარფებში შეფუთნილებს, მხოლოდ თვალები და ცხვირის წვეროები მოუჩანდათ, დიდი ზომის სათვალეები ნაწილს შუბლზე აეწიათ. ირმა შედარებით პატარებთან ერთად უკვე ეზოში გუნდაობდა. როგორც ყოველთვის მხოლოდ ლიკა იგვიანებდა.
ლოდინით გაბეზრებული ახალგაზრდებიც შეუერთდნენ ეზოში მოგუნდავეებს. მხიარული ხმებითა და კივილ-წივილით წამში აიკლეს გარემო.
- როგორც ვხედავთ, ახალი სტუმრებიც მოგსვლიათ! - ცალი თვალით გახედა მიმღებში მდგომმა მაღალმა, წყალგაუმტად ტანისამოსში გამოწყობილმა, სპორტული აგებულების მამაკაცმა ადმინისტრატორს.
- კი, მოვიდნენ და გამოაცოცხლეს კიდევაც ყველაფერი! იმედია მინებს არ დააზიანებენ! - კეკლუცი სიცილით ანიშნა კარების ვიტრაჟზე შერჩენილ გუნდაზე ახალგაზრდა გოგონამ.
- მაგ პირობის შესრულება ცოტა რთული კი იქნება, მაგრამ ვეცდებით!.. ახლავე გაგარიდებთ ჩემს „ნადირებს“! - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი აჭარხლებულ ადმინისტრატორს თავზე წამომდგარმა ლიკამ.
- უკვე მოხვედით?... კარგი, გამოვდივარ! - ეზოში მიმავალმა მამაკაცმა კარები გამოუხსნა, წინ ლიკა გაატარა და ტელეფონზე საუბრით თავადაც უკან მიჰყვა. მადლობის ნიშნად ოდნავ დაუკრა თავი ქალმა და ის იყო კიბეები სწრაფი, მკვირცხლი ნაბიჯით უნდა ჩაერბინა, რომ მოყინულ მეტლახის საფეხურზე ფეხიც აუცურდა, რომ არა უკან მომავალი მამაკაცი, ალბათ კიბის ბოლომდე სრიალ-სრიალით ჩავიდოდა. ერთი კი შეჰკივლეს ბავშვებმა, მაგრამ კაცის ხელებში მოქცეული მხიარულად მოკისკისე ლიკას დანახვაზე მაშინვე დამშვიდდნენ.
- უკაცრავად, ბოდიშს გიხდით! - დანანებით დახედა ქალმა მისი გადარჩენის მცდელობისას მამაკაცის ძირს დავარდნილსა და ნამსხვრევებად ქცეულ აიფონ 7-ს.
- ოდნავ დაკვირვებით, რომ გემოძრავათ ბოდიშების მოხდაც აგცდებოდათ! - წარბაწეულმა, უკმაყოფილო სახით შეუღრინა ყოფილმა მეპარტონემ.
- ბატონო?! - მამაკაცის ტონი არ მოეწონა ლიკას - თქვენ რა, ფიქრობთ, რომ ასე განგებ მოვიქეცი?!
- განგებ არა, დაუკვირვებლობით! - პოზიციას არ თმობდა ის.
- ზარალს აგინაზღაურებთ, ახალს გიყიდით... - ძირს დავარდნილი ეკრან დაფშვნილი ტელეფონი მარიამმა აიღო და მოკამათეებს მიუახლოვდა.
- ამინაზღაურებთ?! თქვენ ამინაზღაურებთ?! - ისეთმა გაოცებულმა ჰკითხა კაცმა, თითქოს ქალიშვილს რაიმე ალოგიკური ეთქვას.
- დიახ, აგინაზღაურებთ! - თავმოყვარედ, ამჯერად უკვე წარბაწეულმა გამოუცხადა იქვე მდგომმა საბამ.
მამაკაცმა ჯერ წინ მდგომ დაბღვერილ ხუთეულს შეხედა, შემდეგ ისევ მის მკლავებში მოქცეულ, მამლაყინწასავით წამოყინჭულ ლიკას და მოულოდნელად ისე ახარხარდა, რომ სიცილისგან ცრემლებიც ვეღარ შეიკავა.
- გიორგი, რა გჭირს, აღარ მოდიხარ?! - გაოცებული უმზერდა ახალგაზრდებს შორის მდგომ ახარხარებულ მამაკაცს იმ წუთას ეზოში შემოსული უცნობი, სავარაუდოდ მისივე ასაკის კაცი.
- არაფერი, უკვე მოვდივარ!... - შემოსულს მიეგება გიორგი, ბავშვებისთვის ზედაც აღარ შეუხედავს, ისე გავიდა მეგობართან ერთად ეზოდან - ერთი ისტერიკიანი ქალის დახმარებისას ტელეფონი დავამტვრიე!... - ისე უყვებოდა უცნობს, ეზოში მდგომ ლიკასა და ბავშვებს მისი ხმა არ ესმოდათ.
- კაი, ტო... ანის ნაჩუქარი?! გაგიჟდება, რომ გაიგოს...
- ვეტყვი, თბილისში დამრჩა მეთქი და რომ დავბრუნდებით ახალს ვიყიდი, სხვაობას ვერც მიხვდება... - უცებ გამონახა გამოსავალი გიორგიმ.
- რა გინდა? ხომ დაგპირდნენ, ზარალს აგინაზღაურებთო? - ეშმაკურად ეკითხებოდა თანამგზავრი.
- დაიჯერებ ხოლმე, ლევან... როდის იყო მსგავსი ტიპის ქალები რამეს იხდიდნენ?! - ირონიულად გაეცინა გიორგის - მაგისთანებს იქეთ უყვართ როცა ახარჯავენ, მოხერხებულად ვარდებიან, შემთხვევით კისერზე გეკიდებიან და...
- ბავშვებთან ერთად იყო... - არაფრით არ უნდოდა მეგობრის სიტყვების დაჯერება ლევანით წოდებულ კაცს.
- ბავშვებთან, თორემ სულ მისები არ ყოფილიყვნენ... - პოზიციებს არ თმობდა გიორგი.
- ანი სადაა? აღარ წამოვიდა? - მიხვდა ლევანი, რომ აზრს ვერ შეაცვლევინებდა მეგობარს და თემა შეცვალა.
- მეგობრებმა გამოაუარეს და სასრიალოდ წავიდნენ, იქვე დაგვხვდებიან.
- მეგობრებმა?! - ეჭვით გახედა ლევანმა.
- კლასელებმა...
- აღარ მიკვირს, რატომ ვერ ვხედავ ნათლულს, კლასელები თუ აქ ჰყავს, ჩვენისთანა პენსიონრებს ახლოსაც არ გაეკარება!...
- გული არ ამიჩუყო!... - ირონიულად გახედა გვერდით ჩავლილ ცნობისმოყვარედ მომზირალ გოგონებს გიორგიმ. მანდილოსნებმა თითქოს იგრძნეს მისი მზერა, სიარულის მანერაც კი შეეცვალათ. ამის დანახვაზე ორხმაში ახარხარდნენ მეგობრები, ასე სიცილ-სიცილით გადაუხვიეს 25 მეტრიანი სასრიალო ტრასისკენ ორივემ.
- იცოდე, რადგან ანის შენი მწყემსვა აღარ ჭირდება, ხვალ დიდველზე მივდივართ! - წინასწარ უთანხმდებოდა ლევანი გიორგის.
- კარგი, კარგი წავიდეთ! - სიცილით დაეთანხმა მეგობარი.

- უზრდელი, თავხედი!... - ბავშვებს მოჰყვებოდა და ქოთქოთებდა ლიკა.
- თანამდებობისთვის შეუფერებელი!... - დედას აჰყვა მარიამიც.
- არადა, რა სიმპატიურიიიი!... - მეოცნებე ხმით გამოაცხადა სოფიმ.
- ასეთების სიმპატიურობას არ უნდა ენდოთ, მიგიზიდავენ, მოგხიბლავენ და შემდეგ ერთი შეცდომის გამო ღრიალით დაგაფარებენ თავზე ყველაფერს! -დამრიგებლურად გამოუცხადა ქალმა.
- არც კი გვიფიქრია, მთავარია შენ არ... - სათქმელი სიტყვები პირზე შეაშრა გოგონას, ისე ცივად შეხედა დედამ.
- ისე, რა, ლიკა დეიდა?! ერთ სასტუმროში, თითქმის გვერდი - გვერდ ნომრებში!... - ეშმაკურად უცინოდა სოფო.
- კარგად ხომ ხართ? - შუბლზე ხელი ისე დაადო, თითქოს სიცხეს უსინჯავდა - ბავშვებო, ამათ რამე ხომ არ დაალევინეთ?! - სიცილით გასძახა წინ მიმავალ ბიჭებს ლიკამ.
- ჩვენ?! არა... - იმდენად სერიოზულად უპასუხა წინ მიმავალმა ტატომ, რომ სიცილი ვეღარ შეიკავა და მხიარულად აკისკისდა.
- იცინე, იცინე და ჩვენ მშვენივრად გავერთობოდით... - პოზიციებს არ თმობდა მარიამი.
- გასართობად შენ და საბაც გვეყოფით! - მისი რეპლიკით აჭარხლებულ შვილს მხიარულად დაეჭყანა ლიკა.
როგორც იქნა 25 მეტრიან ტრასამდეც მივიდნენ და თხილამურების გასაქირავებელი პუნქტისკენ აიღეს გეზი.
ბავშვებს მათთვის სასურველ ზომის ბათინკებისა და თხილამურებს შერჩევაში დაეხმარა და როგორც იქნა საკუთარი თავისთვისაც მოიცალა.
- მოკლედ, თქვენ პირველ ტრასაზე გახვალთ, მე კი ... - ხელით ანიშნა მესამე ტრასისკენ განკუთვნილ ლიკამ.
- აუ, დე... ისედაც ოცდახუთიანები და თან პირველი ტრასა? ხუთი წლის ბავშვები ხომ არ ვართ, ჩვენც შენთან ერთად წამოვალთ რა! - მუდარით უმზერდა მარიამი.
- ამდენი ხანია არ მდგარხართ, რომ გევარჯიშათ არა?! - აშკარად ყოყმანობდა ლიკა.
- რა ვარჯიში გვინდა? ბარემ ერთად ვიქნებით... - მარიამს აჰყვნენ მეგობრებიც.
- მაშინ არც თქვენი და არც ჩემი, მეორე ტრასაზე მივდივართ! - სიცილით გამოაცხადა ლიკამ.
თუმცა გადაწყვეტილების შეცვლა მაინც მოუწიათ, კანატკასთან მისულებს გამოუცხადეს:
- თოვლის საფარი ტრასაზე რამდენიმეგან დაზიანებულია, ან პირველი ტრასით უნდა ისარგებლოთ, ან მესამეზე გადახვიდეთო.
ლიკამ ბავშვების მესამე ტრასაზე წაყვანა ვერ გაბედა, ერჩია თავი დაეზღვია, თავად ენახა როგორ სრიალებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გაერისკა შედარებით რთულ ტრასაზე მათთან ერთად გასვლა.
სასრიალო ტრასაზე უამრავი ხალხი ირეოდა, ვერ გაიგებდი სად გადიოდა ზღვარი ფეხით მოსიარულეებსა და მოთხილამურეებს შორის. ან ციგაზე მოცურავე გეჯახებოდა ფეხებში, ან აუდგილო ადგილზე გამომხტარი ახალბედა მოთხილამურე კარგავდა წონასწორობას და შეჩერებაში უნდა დაჰხმარებოდი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზიგ-ზაგებით, ერთმანეთის მორიდებაში, როგორც იქნა კანატკის ბილეთებიც აიღეს და რიგშიც ჩადგნენ.
ლიკამ ბავშვებს უკანასკნელი დირექტივები მისცა და ის-ის იყო კანატკასზე უნდა დამჯდარიყო, რომ საკმაოდ უხეში მოძრაობით წინ გიორგი ჩაუდგა.
- უკაცრავად?! - თვალები ჭყიტა ლიკამ.
- ჩათვლეთ, რომ დამტვრეული ტელეფონის ვალს მიხდით! - უკვე კანატკაზე მჯდომმა მამაკაცმა სიცილით დაუქნია ხელი.
- ქალი არ ვიყო, თუ ეს თავხედობა ძმრად არ ამოგადინო! - კბილების კრაჭუნით მორიგ სკამზე შეხტა ლიკა, ერთი კი გამოხედა რიგში მდგომ ბავშვებს, ფეხების ქნევითა და ნელი რწევით გაჰყვა წინს წასულებს.

- ეეე... აქ თავზე გადახტომა მოსული „პონტია“? - ჯერ კდევ გიორგიზე გაღიზიანებულმა, ამჯერად მის წინ საკმაოდ უცერემონიოდ ჩამდგარ, მათ მსგავსად კომბინიზონებსა და სქელ შარფებში შეფუთულ, გოგონების წყვილზე ანიშნა საბამ მეგობრებს.
- უკაცრავად, ბიჭებო! - კისკისით, ისე გამოხედა ერთ-ერთმა, თითქოს მათთან მდგომი მარიამი და სოფო ვერც კი შენიშნა.
- რას ვერ ვიგებ იცი? ასე კოსმონავტებივით გამოწყობილი ქალი როგორ შეიძლება გეპრანჭებოდეს, სახე ამათ არ უჩანთ, თვალის ფერი და ტანი! - გულწრფელად შეიცხადა გიგამ.
- თუ რამე კომბინიზონების ფერით იცნობ! - თვალი ჩაუკრა გიგას საბამ.
- კოსმონავტის რა გითხრა და.. კომბოსტოებს ნამდვილად გვანან! - ტატოს შედარებაზე ახარხარდნენ ბიჭები.
ერთი კი გამოხედა სამეულს წყვილიდან ნარინჯისფერ კომბინიზონში გამოწყობილმა, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა, მოხერხებულად შეხტა რამოდენიმე წამით შეჩერებულ სკამზე და წინ მოფარფატე მეგობარს მიჰყვა.

მეექვსე თავი

ლიკას გაბრაზება არ გამოჰპარვია გორგის. კმაყოფილმა ჩაიცინა.
- დაანებე თავი, რატომ აგიჟებ?! - მეგობრისგან ასეთი ბავშვური ჯინიაობა საკმაოდ უკვირდა ლევანს.
- თავს ვირთობ, საქმე მაინც არ მაქვს და...
- იქნებ მოგეწონა?
- მე? -გულიანად ახარხარდა გიორგი - უბრალოდ საპნის ბუშტების გაქრობაში ვეხმარები...
-საპნის ბუშტების?! -ვერ მიუხვდა ლევანი.
- არ მიყვარს მასეთი ტიპის გოგოები, საკუთარ ასაკს რომ ვერ გრძნობენ, აჰყოლია 15-16 წლის ბავშვებს, ისინიც აშკარად ყველაფერში ბაძავენ, ალბათ კუმირად ჰყავთ, არადა, ერთი ფემინისტკა ვინმეა, თავს რომ იმშვიდებს ბავშვებთან ურთიერთობით.
- ფემინისტკა?! გაფიცებ, ამდენი რამ როგორ გაიგე?!
-აშკარად კაცთმოძულეა, რაღაცას რომ ეუბნები, ძაღლივით იღრინება!
- შენს სიტყვებზე, მხოლოდ რომ იღრინება და არ გკბეს ეგ მიკვირს... - მეგობარს აჰყვა ანგლობაში ლევანიც.
-საკბენ მანძილამდე არ ვუშვებ... - თვალი ჩაუკრა მეგობარს და იქვე ახლოს, დაბლა დასაშვებად მდგომ ლიკას გახედა - დავიჯერო ასე ახლოს შემთხვევით დადგა? მასაც იგივე დოზით უნდა ჩემთან ურთიერთობა და კინკლაობა, როგორც მე...
ის, ის იყო მორიგი რეპლიკა უნდა ეთქვა ლიკასთვის რომ ქალმა კანატკიდამ იმ წუთას ჩამომხტარ ბავშვებს ხელი დაუქნია, დაბლა გელოდებითო, მიაძახა და თხილამურებით დაეშვა. წელში მოხრილი, ლამაზად, ფრიალ-ფრიალით, მსუბუქად მიქროდა ის და უკან, რამდენიმე მეტრიან დისტანციაზე, ახალ ფეხადგმული წიწილებივით მიჰყვებოდა ხუთეული, სწრაფად ჩავლილ ლიკაზე ანიშნა:
-ხომ გითხარი?! ისე, ცუდად არ სრიალებს ჩვენი ლეკვი...
-წეღან ძარლი იყო, ახლა ლეკვობამდე მივიდა, ცოტა ხანში ბაჭიაც თუ გახდა... - ახარხარდა ლევანი.
- არ ვიცი, ცხოველთა რომელ სახეობამდე მივალთ, მაგრამ საკმაოდ აზარტული ვინმე ჩანს, მე კი შეჯიბრი მიყვარს.
- შეჯიბრი ქალთან?! -წარბი ასწია ლევანმა.
- მისი სრიალი ქალისას ჰგავს? არამგონია პაექრობაზე უარი მითხრას.
-ამოვა მეორე წრეზეც, გაჰყევი და ვნახოთ...
-არა, მაგ დონის მოთხილამურეს ოცდახუთიანებზე არ უნდა გაეჯიბრო...
-თუ ძმა ხარ, კისერი არ მოატეხინო... - ისევ იცინოდა ლევანი.
მაგრამ გიორგი მეგობარს აღარ უსმენა, უკვე ლიკასკენ მიემართებოდა:
- რაღაც უნდა შემოგთავაზოთ... - სათვალის ზემოდან სკეპტიკურად, ეჭვით გამოხედა ლიკამ - ერთმანეთს გავეჯიბროთ...
-მეხუმრებით?!
-რატომ?! ტელეფონის ვალიდანაც ამოხვალთ...
- ვხედავ თქვენი ვალის გადახდა მთელი ცხორება მომიწევს, იქნებ სიკვდილამდეც?!
- ამხელა ამბიცია ნამდვილად არ მაქვს, თუმცა...
-რა თუმცა? -ქალის ხმაში გაღიზიანება ირონიამ შეცვალა.
- გავერთობოდით, მეგობრებსაც სრიალის სკალსს ვაჩვენებდით... - დამცინავად გახედა ჯერ კიდევ შუა ბილიკზე მმყოფ ბავშვებს გიორგიმ.
-კლასს?!.... რაღაც გეშლებათ, ისინი მოზარდები არიან, ჩემს ასაკში ბევრად უკეთ ისრიალებენ. მათ არასოდეს გავეჯიბრები და არც ვინმესთვის „კლასის“ ჩვენებას... თქვენგან განსხვავებით, ისინი ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებენ, - ღიმილით გახედა წაბორძიკებულ, თოვლში მოგუნგლულ, მხიარულად აკისკისებულ შვილს - ეს თქვენ გჭირდებათ საკუთარ ფასეულობებში გარკვევა...
- არ სრიალებთ? -ნარინჯისფერ კობინიზონიანი გოგონა მეგობართან ერთად მიუახლოვდა ლევანს.
- აი, მამაშენი როგორც კი ტურნირის გეგმებს დააწყობს... -სიცილით დაანახა შორიახლოს მდგომი წყვილი ლევანმა.
-ტურნირის?.. ამ ქალთან?! მოეწონა?! -უსიამოვნოდ გაჰკრა გულში გოგონას.
- არ გინდა ზედმეტი დრამატიზმი. არაფერია საგანგაშო, უბრალოდ მაგ ქალმა ცოტა გააბრაზა და რევანში სჭირდება.. - თვალი ჩაუკრა ნათლულს ლევანმა - რადგან მეგობართან ხარ, წინააღმე ხომ არ იქნები, მამაშენთან ერთად სადმე რომ გავიდე?.
- მარტო, თუ ისიც მოგყვებათ? -თავით ლიკაზე ანიშნა გოგონამ.
- მარტო! -ანის ირონიული რეპლკებით გაღიზიანებულმა უპასუხა ლევანმა -მამაშენმა ტელეფონი თბილისში დატოვა და თუ ვერ დააურკე არ გაიკვირდეს...
-ოკ... გასაგებია! იმედია საინტერესო სანახავობას არ გამმაპარებთ! -ხელი დაუქნია ანიმ და მეგობართან ერთად დაეშვა.
- რატომ არ უთხარი, მეც რომ მივდივარ?! სასრიალოდ მარტო დარჩები? იქნებ დავიყოლიო ჩემები ცოტა ხანს კიდევ დამტოვონ? -აშკარად ყოყმანობდა ანის მეგობარი წასულიყო თუ არა.
- ამას როგორ ვეტყოდი, ცოტა ხნით ძიძის როლში თუ არ იქნება მამაჩემი, ცუდი არ იქნება, ჩემს გამო ნუ იღელვებ, აქედან სასტუმრომდე ორი ნაბიჯია. ცოტა ხანს ვისრიალებ და მეც წავალ.
- მართლა?! -ისევ ყოყმანობდა გოგონა.
- მიდი, მიდი, ნუ გეშინია, არ დავიკარგები! -სიცილს ვეღარ იკავებდა ანი, თბილად მოეხვია კლასელს და ისევ კანატკის რიგში ჩადგა.

- თანახმა ვარ, მხოლოდ ერთი პირობით... - გვერდზე ჩავლილ, მათკენ მომზირალ ნარინჯისფერ კომბინიზონიან გოგონას, გიორგის მგავსად, თავადაც თვალი გააყოლა ლიკამ.
- ანუ პირობებსაც მიყენებთ?! -არ ესიამოვნა ქალის თვითდაჯებული ტონი მამაკაცს.
- იმ ბავშვებისა და თქვენი მეგობრების წინ ბოდიშს მომიხდით, იმ შეურაცყოფისთვის დღეს რომ მომაყენეთ...
- ბოდიშს არაოდეს ვიხდი! - ზედმეტად უხეშად მოუვიდა ნათქვამი მამაკაცს, თუმცა სწრაფადვე შეცვალა ტონი: - ვთქვათ, გავაკეთე გამონაკლისი, თქვენ თუ დამარცხდებით რას იზამთ?!
- არ ვიცი, ეგ პირობა თქვენ უნდა წამომიყენოთ, იმედია არ არსებული აიფონის, ახალი მოდელის ყიდვას არ მომთხოვთ...
-არა, მოთხონა ბევრად მარტივია, აღიარებთ, რომ დღევანელი დავარდნის სცენა გათამაშებული იყო, ჩემი ყურადღების მისაპყრობად....
-თვითდაჯერებული იდიოტი ხარ! -ცივად გამოცრა კბილებში ლიკამ, ვიდრე მამაკაცი კიდევ რამეს ეტყოდა ადგილიდან მოწყდა და დაბლა დაეშვა. არც გიორგი ჩამორჩა. სწრაფავე დაეწია, გვერდულად ჩაუჭრა ქალს, გვერდი - გვერდ მისრიალებდნენ.
- რას გადამეკიდე?! გიჟი ხარ?... -ბრაზს ვეღარ მალავდა ლიკა.
- დამარწუნე, რომ ვცდები! - მაინც არ ეშვებოდა გიორგი - გპირდებით, მარცხის შემთხვევაში, ბოდიშს მოვიხდი... - კბილებში ცივად გამოსცრა გიორგიმ.
ქალი შეჩერდა, რამდენიმე წამით მიაჩერდა სერიოზულად მომზირალ კაცს.
- ხვალ, თორმეტ საათზე ბავშვებთან ერთად დიდველზე ვიქნები...
-დღეს რატომ არა?! -ეშმაკურად უმზერდა მისი გამოხტომებით გაბეზრებულს ქალს.
- თქვენი ავანტიურისგან რას ელით ვერ ვხვდები, რადგან ამ სისულელეზე დაგეთანხმეთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ გეგმებს შევცვლი....
- ავანტიურაზე?! მგონი შეთქმულების თეორიების ზედმეტად გჯერათ. თქვენი გაღიზიანება არც კი მიფიქრია, რადგან ხვალ გსურთ, იყოს ხვალ...
- ხვალ რა უნდა იყოს? - თავზე წამოადგათ ლევანიც.
-თქვენი მეგობრის ცრემლების ღვრა... - ირონიულად გაეცინა მაიკოს და ისევ სრიალით დაეშმა ქვემოთ.
- ეგ კიდევ საკითხავია... -თვითკმაყოფილი ღიმილით ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- კარგი, გიო, მოეშვი მაგ ქალს. რაღაც მინდა შემოგთავაზო, მგონი ანი ჩვენს გარეშეც გამოიკვლევს გზას სასატმრომდე, იქნებ სადმე წავსულიყავით?!
-კი, ბატონო, რადგან ასე ბრძანებთ! - სწრაფადვე დაეთანხმა ლევანი.

კარგა ხანს სრიალებდა ჩვენი ხუთეული, მართალია ლიკას ტემპებით ვერა, მაგრამ საბა, მარიამი, გიგა და სოფო, თითქმის ტოლს არ უდებდნენ. რასაც ვერ ვიტყოდით ტატოზე. ამჯერადაც როგორც იქნა ბილიკის სათავეში მოექცნენ მეგობრები, მართალია ტატო არ აღიარებდა, მაგრამ ფაქტი იყო, აშკარად პირველად იდგა თხილამურებზე. უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება, თეორიულად კი უხსნინენ, დამუხრუჭების წესებს, მაგრამ მგონი დიდად არ ესმოდა მათი სიტყვების მნიშვნელობა.
-ეეე, რა ვერ გაიგე?! -ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა მარიამი - თითქოს როლიკებზე დგახარ, მუხლებში ოდნავ იხრები, ფეხებს განზე წევს
. - ასე? -თითქოს შპაკატში ჩაჯდომას აპირებსო, ისე ჩაჩხავს ფეხებს ტატო.
- არა, მუხლის თავები ერთმანეთისკენ მიმართე, რაც უფრო ახლოს მიიტან, მით უფრო გაგიიოლდება შეჩერება.
-რაღაც გეშლება, მარიამ. შეჩერება კი - არა, სრიალი მინდა - საკუთარი ხუმრობით თვითთონვე იყო კმაყოფილი.
- ოდესმე ხომ უნდა შეჩერდე? თბილისამდე სრიალით აპირებ ჩასვლას? -ხარხარებდა საბა.
- თხილამურებზე დგომა თუ არ იცოდი, ვერ თქვი? -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი სოფომ.
- სულ რამდენიმე მცდელობა, თქვენ თუ ცურავთ მეც ვისრიალებ! - იხტიბარს არ იტეხდა ვაჟი.
- ჯანდაბას შენი თავი, იცოდე გვერდით მოგვყვები, სიჩქარეს არ უმატებ და თუ რამე, საჯდომით ვარდები!... - თითს უქნევს საბა.
მეგობრის ბრძანებას პირნათლად ასრულებდა ტატო. მოთმინებით, ნელ-ნელა მოჰყვებოდა სასრიალო ბილიკზე.
სულ რაღაც ხუთიოდე დაშვება ეყოთ მეგობრებს ნებისყოფა ემწყემსათ ტატო.
- მშვენივრად ახერხებ ჩვენს გარეშე სრიალს, მიდი აბა ამჯერად მარტო დაეშვი! - ეშმაკურად შეაგულიანა სოფომ.
- რამე არ იტკინოს... - მაინც ყოყმანობდა მარიამი.
- კარგი, რა დიდი - დიდი დავარდეს. მეტს რას იზამს? ცოტას გავერთობით.
-წამოდი, ნუ გეშინია, ვიდრე ეგ ერთ წრეზე დაეშვება, ჩვენ ჩასვლასაც მოვასწრებთ და ამოსვლასაც, შუა გაზე წამოვეწევით... -აშკარად სოფოს უჭერდა მხარს გიგაც.
- აბა, მაზიანზე ვეჯიბრებით, ვინ პირველი?!... - თვალი ჩაუკრა გოგონებს საბამ და ტრასაზე დაეშვა.
- უსინდისო... - კივილ-კივილით, კისრისტეხით დაედევნენ დანარჩენებიც, ვისღა ახსოვდა ტატო.
მიუხედვდ იმისა, რომ საბა წინ იყო, მაინც დაელოდა მარიამს და ერთად, ზიგზაგურად დაეშვნენ ბილიკზე. ფინიშამდე პირვლები სოფო და გიგა მივიდნენ, თუმცა ვაჟი სულაც არ აპროტესტებდა. ეშმაკური ღიმილით გახედა მარიამისა და საბას ერთემნეთზე ჩაჭიდებულ ხელებს სოფომ.
- რა იყო? -ნაწყენმა შეუღრინა მეგობარს.
- მე? მეტად ახლოს არ გიშვებს? - ქირქილებდა გიგაც.
- ზედმეტი ხომ არ მოგდით?! - მეგობრების ხუმრობით განაწყენებულმა ხელის გაშვება სცადა მარიამმა, თუმცა უშედეგოდ. ვაჟი ძლიერად უჭერდა თითებს და მის განთავუსუფლებას არც კი ფიქრობდა.
- აი, ლიკა გიახლოვდებათ და... - ქალის ხსენებისთანავე ისე სწრაფად გაუშვა საბამ ხელი, რომ თავი ვეღარ შეიკავეს და ოთხივენი ახარხარდნენ.
- ჰე, დროს ნუ კარგავთ! - ხელით საათზე ანიშნა ლიკამ. კანატკის რიგში პირველი ჩადგა და ბავშვებს ასვლა ისევ დაასწრო.

ტატო აღტაცებული გაჰყურებდა მეგობრების სრბოლას, ცალი თვალით გახედა გვერდით ჩავლილ ნარინჯისფერ კომბინიზონიანსაც.
- მაგარია. მათ თუ შეუძლიათ მეც შევძლებ, წელში ლაღად გაიმართა. ფეხებში გასწორდა და დაეშვა. ნელ-ნელა კრეფდა სიჩქარეს, უსაზღვროდ დიდი ადრენალინის მატებაც იგრძო. თუმცა მოულოდნელად... შორიანვე დაინახა როგორ დაკარგა წონასწორობა წინ მიმავალმა მოთხილამურემ, აშკარად მოცურდა და მთელი ტანით მოწყვეტილი, დაეხეთქა ძირს, მკვეთრი ნარნჯისფერი კომბინიზონით რამდენიმე წუთის წინ ჩავლილი გოგონა იცნო.
- ეე... გაიწიე, გაიწიე... - მთელი ხმით უყვიროდა, მაგრამ თითქოს წაქცეულს მისი არც ესმოდა, გაწევას აშკარად არ ჩქარობდა. - ამის დადაც... - უკვე შიში შეეპარა ტატოს, საბას ნასწავლი დამუხრუჭების მეთოდის გამოყენება სცადა, მაგრა ბევრი ვერაფერი, მუხლებიც შეატყუპა, ტერფებსაც დააწვა, მაგრამ უშედეგოდ. მთელი სისწრაფით ძირს გართხმულ გოგონას შეასკდა, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, მთელი ტანით დაასკდა წაქცეულს და შეჩერდა.
- გაგიჟდი, ბიჭო?! თვალებიდან ვერ იყურები?! - გაავებული მასზე დავარდნილი ვაჟის მოშორებას ცდილობდა გოგონა.
- რომ გაწოლილიხარ შუა ტრასაზე, არ უნდა გაიწიო?!. გეძახდი, შენ კი... - არ ჩამორჩა ტატოც.
- ანუ, ჩემი ბალია?!... - გაკაპასდა ქალი - გვერდი ვერ ამიარე?!
- მაგდენი რომ მცოდნოდა, ამ დღეში ხომ აღარ ვიქნეოდი? - როგორც იქნა თოვლის ფერთხვით ფეხზე წამოდგა ტატო.
- როცა არ იცი, არც უნდა დადგე! - ისევ გაბრაზებული უღრენდა გოგონა.
- კარგი, ვაღიარებ, მე არ ვიცი სრიალი, რაც არ ვიცი, არ ვიცი, შენ რატომ ზიხარ ამ შუა ტრასაზე?! - ეშმაკურად ეფლირტავებოდა ტატო.
- თხილამური გამიტყდა და.... - იქვე დაგდებული თხილამურის ნარჩენებზე ანიშნა გოგონამ.
- კაი, ტო... ასეც ხდება? გინდა ჩემი გათხოვო?! -გულწრფელად შეწუხდა ვაჟი.
- მერე შენ?
-სრიალი მაინც არ ვიცი და მგონი ნაკლებ ზიანს მივაყენებ საკუთარ თავს, თუ ნელ-ნელა ფეხით დავეშვები..
- დიდი მადლობა, მაგრამ აზრი არ აქვს! - თხილამურების მოსახსნელად შეჩერებული ვაჟი, შეაჩერა გოგონამ - თან მგონის ფეხიც ვიტკინე, სავარაუდოდ თხილამურებზე დადგომას ვერ შევძლებ... - ტკივილით ამოისლუკუნა ანიმ.
-ტატო, რა გჭირთ?! - შეშინებულნი უმზერდნენ მეორე წრეზე ამოსული მეგობრები.
- თქვენს მეგობარს არაფერი, აი, მე კი... ნატკენ ფეხზე დამეცა! - აშკარად ზედმეტად გააბუქა უცნობმა.
- კაი?!... - ტატოს ბღვერით გახედეს ბავშვებმა.
მართალია შეფუთულ შარფსა და დიდი ზომის სათვალეში უცნობის ვიზუალის დანახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ რატომღაც ხმაზე ეცნობოდა გოგონა ტატოს.
- ღირს დანაშაულის დაბრალება?! -ერთი კი გაიფიქრა ვაჟმა, მაგრამ დიდხანს ფიქრი არ დასცალდა, ამჯერად ლიკა წამოადგათ თავზე.
- რატომ გაჩერდით?! შენ ვინ ხარ, რა გჭირს? - მაშინვე კითხვები მიაყარა მათ.
- ლიკა დეიდა, მგონი ახალი პაციენტი გიშოვეთ! - კანატკასთან მომხდარი წეღანდელი თავხედობის გამო, ზედმეტადაც კი ახალისებდა სოფის უცნობის ფეხის ტკენა.
- აბა, მაჩვენე... თოვლით დასვრილი ბათინკის გასახდელად დაიხარა ლიკა.
-არა, არა, ნუ წუხდებით, სერიოზული არაფერია, მგონი სრიალს შევძლებ, აქვე სადღაც მამაჩემია, ნათლიაჩემთან ერთად, ახლავე დავურეკავ და ისინი დამეხმარებიან.
გოგონა მობილურს დასწვდა, რამენჯერმე დარეკა, თუცა უშედეგედ.
- წარმოუგენელია, მობილური გამორთულიაო! - გოგონას ხმაში ხმა ისე გაბზარვოდა, ალბათ ცოტაც და ატირბოდა.
- ნუ ღელავ, ჩვენ დაგეხმარებით. სიარული თუ არ შეგიძლია, აქეთ - იქიდან ამოგიგებით, სულ სრიალ - სრიალით ჩაგიყვანთ... - ისევ ხუმრობდა მარიამი. გოგონას ლაღ ხმაზე ანისაც კი გაეღიმა.
- ყველაფერზე სიცილი შეიძლება?! - თვალები დაუბრიალა ლიკამ ალაზღანდარებულ, აფხუკუნებულ ბაშვებს - მოტეხილი არ გექნება, ასე მშიდად ვერ გაჩერდებოდი. მაგრამ გარისკვა არ ღირს. სიფრთილე გმართებს.
- უბრალოდ ბიჭებს ეპრაჭება, ყურადღებას იფერებს! - ცინიკურად გადაულაპარაკა სოფომ მარიამს - იცის როგორ მიიქციოს ყურადღება,სულ ცოტაც და სამივე მის ჭკუაზე ირბენს...
- არა მგონია, მსახიობობდეს, მგონი მართლა სტკივა... დაბლა უნდა ჩავიყვანოთ? - თითქოს დედისგან იღებდა ნებართავს მარიამი.
- მოკლედ, საბა და გოგა, ხელები ისე დააწყვეთ, თითქოს ტახტრევანია, - სწრაფად გასცა დირექტივები ლიკამ - იმედია ფრთხილად სრიალს შეძლებთ, კიდევ ახალი ტრავმები არ გვჭირდება! - სიცილით გააფრთხილა საბა - ტატო, შენ როგორც ამ ყველაფრის მიზეზი, თხილამურებს წამოიღებ. თქვენ კი... - გოგონებსაც გამოუძებნა ფუნქცია ლიკამ - სასტუმროში გაიქცევით და პირველადი დახმარების ნივთებს მომიტანთ. ჟგუტი არ დაგავიწყდეს! - უკვე გზაში მყოფ შვილს მიაძახა ლიკამ.
- აბა, რამე რომ იყოს შენს სახელს არ გვეტყვი, პრინცესა?! - ბიჭების მიერ გაკეთებულ ტახტრევანზე მოხერხებულად მოთავსებულ გოგონას რევერანსით ჰკითხა ტატომ.
- კომბოსტო!.. - ირონიულად უპასუხა ანიმ.
- რომ გკითხონ, ცუდად ხარ, არადა... - მისი უკმეხი ტონი არ მოეწონა ვაჟს.
- ფეხი ვიტკინე, ენა კი არა...
- ის არ გვყოფნის, რომ ხელით მიგვყავს, ახლა ამათი კამათიც უნდა ვისმინოთ?! - გაბრაზებულმა გახედა ტატოს გიგამ.
- უთხარი სახელი, თორემ დაგტოვებთ აქვე! - სიცილს ვერ იკავებდა საბა.
- დატოვების რა გითხრათ, და სათვალე დამეორთქლა, ვეღარაფერს ვხედავ... - მეტიჩარა ხმით გამოაცხადა მან, სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, სათვალე შუბლზე რომ აუწია ტატომ - შარფსაც თუ მომხსნით... - ამჯერად მუდარით მიმართა ქალმა.
- ეეე! - გაოცებისგან, ინსტიქტურად დაბლა ჩამოსვა გოგონა საბამ.
- შენ?! - სასიამოვნოდ გაოცებული უმზერდა ტატო ტკივილისგან სახე დამანჭულს, მაგრამ მაინც ოდნავ მომღიმარ ანის.
- აი, ეს მესმის!... მარიამი გადაირევა, რომ გაიგებს ვინც ხარ, აქ შენს ნახვას მართლა არ ველოდით! - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი საბამ ტატოს.
- პატივისცემაც ასეთი უნდა, ტკივილისგან ვიდრე არ დავარდება ხელში აყვანას არ აღირსებთ ხომ?! - სიცილით ტუქსავდა ბიჭებს ლიკა.
- ახლავე, ახლავე... - ვისღა ახსოვდა წუთების წინანდელი წუწუნი, გიგას აღარ აცადა, ტატომ და საბამ ბუმბულივით მსუბუქად აიტაცეს ანი ხელში.

მეშვიდე თავი
როგორც იქნა თხილამურების გასაქირავებელ პუნქტამდეც მივიდნენ, ანი ერთ-ერთ რკინის კონტეინერში შეიყვანეს, მარიამისა და სოფოს დაბრუნებამდე ლიკამ ბათინკები გახადა და შარვლის ტოტიც შეჭრა მუხლამდე, ტრავმირებულ ტერფს ყურადღებით ათვალიერებდა, მტკივან ფეხზე დაჭიმული ძარღვები ლურჯად დატოტილიყო, ხელის დადებით, ფრთხილად შეამოწმა მუხლის მყესები, იოგები, წვივის კუნთები. ანი კბილებს ერთმანეთზე აჭერდა კვნესის შესაკავებლად.
- ჩუ, საყვარელო, ჩუ, ჩემო ტკბილო! აი, მოვლენ ის გადარეულები, მოიტანენ სახვევებს და... - ისე ეფერებოდა ლიკა, თითქოს წინ პატარა ბავშვი ეჯდა.
ბიჭების დაფეთებული, შეწუხებული სახეების შემხედვარე ანის მწარედ ეღიმებოდა, ბუნებით წუწუნა და მშიშარა არ იყო, ამჯერადაც კბილზე კბილს აკეჭდა კვნესა რომ არ აღმოხდენოდა. თუმცა ცრემლების შეკავება მაინც უჭირდა, ტუჩები გაფითრებოდა, ტკივილისგან თუ სიცივისგან ავარდნილ ცახცახს ვერაფრით აჩერებდა.
ლიკას პროგნოზი გამართლდა, ფეხი მოტეხილი არ ჰქონდა, თუმცა სახსარი აშკარად დაჭიმვოდა და ნელ-ნელა შესიებასაც იწყებდა. პირველივე რაც მოიფიქრა ქალმა ის იყო, რომ ცივ-ცივ საფენების დასადებდა ბიჭებს რკინის სათლით თოვლი შეატანინა. - ეს მიშველის?! - ეჭვით უმზერდა სიცივისგან აკანკალებული გოგონა ცივ კომპრესს.
- ლიკა დეიდამ იცის რასაც აკეთებს! - ქალის უნარებში დარწმუნებულმა, ამაყად წარმოთქვა საბამ.
- საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი... - სიცილით გახედა ტატომ მეგობარს.
- სად ხართ? - ბიჭების რეპლიკებისთვის პასუხი არ გაუცია, შვილთან დარეკა ლიკამ.
- მოვედით! - გარედან გაისმა სოფოს ხმაც.
- ეეე, შეუძლებელია!.. - გაოცებული უმზერდა მარიამი ხან ანის და ხან ბიჭებს - აქ საიდან? როგორ?! - სიხარულს ვეღარ მალავდა გოგონა.
- მამაჩემთან ერთად ვისვენებ, საახალწლოდ ჩამოვედით! - ღიმილს ვერ იკავებდა ანიც.
- ისე ვიდრე ერთმანეთს ესიყვარულებით, იქნებ ეგ ჩანთა მომაწოდო და სახვევების დადებაშიც მომეხმარო?! - შვილის აღტაცებული სახის დანახვაზე სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკაც, სილურჯის გაწოვის დასაჩქარებლად ჰეპარინის მალამო წაუსვა მუხლზე.
- რა თქმა უნდა! - ახლაღა გაახსენდა მარიამს გოგონას დახმარება რომ სჭირდებოდა, სწრაფად ამოიღო არტაშანი და რვიანისებრი ნახვევის გაკეთებაში მოხერხებულად დაეხმარა დედას.
- შარშანდელი პრაქტიკა, აშკარად კარგად გამოადგა, ხედავ რა კოხტად ადებს სახვევს?! - მხარი გაჰკრა გიგამ საბას.
- მგონი სახვევები მალე შენც დაგჭირდება და არა მგონია ვინმე დადებაში დაგეხმაროს! - ჩუმად შეუღრინა მეგობარმა.
- რომელ სასტუმროში გაჩერდით? - ისევ ანისთან საუბარს აგრძელებდა მარიამი.
- თბილისში...
- კაი?! - გაოცებულმა ტატომ მეგობრებს გადახედა.
- თუ სწორად მივხვდი სასრიალო ბილიკზე მყოფი მამაკაცი....
- მამაჩემია... - წინადადება არ დაასრულებინა ლიკას ანიმ.
- სამწუხაროა... - ხუმრობა ნარევი, თუმცა ნაწყენი ტონით აღნიშნა ქალმა.
- უკაცრავად?! - გიორგის მიმართ წამოსროლილი რეპლიკა აშკარად არ ესიამოვნა ანის.
- რომელ მამაკაცზე ამბობთ? - ცნობისმოყვარედ ჩაეკითხა სოფო.
- დილით რომ შევხვდით, ცნობისათვის დღევანდელი ინციდენტის გამო, რევანში მოინდომა, ხმალ ასპარეზობა გვაქვს დანიშნული...
- ხუმრობ, დედა?!
- სულაც არა, 12 საათზე დიდველზე თხილამურებით ვეჯიბრებით ერთმანეთს...
- რომელ ინციდენტზე საუბრობთ? - ცნობისმოყვარედ იკითხა ანიმ.
- პატარა უსიამოვნო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, სერიოზული არაფერი... - თვალების ბრიალით გააჩუმა ლიკამ, გიორგის სალანძღავად მომართული ბავშვები - ესეც - ასე, ფეხი გადახვეულია - კმაყოფილმა შეავლო თვალი მარიამის მიერ დადებულ რვიანისებრ სახვევს ლიკამ - მგონი ბიჭები წინააღმდეგნი არ იქნებიან პატარა ქალბატონს სასტუმრომდე ტაქსით თუ მივიყვანთ.. ერთ სასტუმროში ვყოფილვართ, ამაღამ მალამოს კიდევ დაგადებ, ერთი - ორი დღე თუ მოუფრთხილდები და ფეხს ძალას არ დაატან კარგი იქნება, შემდეგ კი ისევ იფრენ ჩიტივით....
- შეგაწუხეთ... - უხერხულად იშმუშნებოდა ანი.
- რას ამბობ, მგონი პირიქით, ბავშვები აშკარად გახარებულები არიან შენთან შეხვედრით...
- არ გითქვამთ, ერთმანეთს საიდან იცნობთ?! - ინტერესით ჩაეკითხა გიგა.
საბამ და მარიამმაც ტატოს შეხედეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფოსთან და გიგასთან მეგობრობდნენ, ვაჟს აშკარად არ უნდოდა მათაც გაეგოთ, როგორ იშოვეს ბაკურიანში წამოსასვლელი თანხა, ნაწილობრივ ლიკასიც ერიდებოდა, უხერხულად შეიშმუშნა.
- ერთმანეთს ერთ-ერთ კონცერტზე შევხვდით! - ისევ მარიამმა გამოიყვანა მდგომარეობიდან, ლიკამ ეჭვით გახედა შვილს, ვერ იტანდა როცა გოგონა იტყუებოდა, თუმცა ზედმეტი კითხვები მაინც არ დაუსვამს.
- კონცერტზე?! ჩვენ არ ვიყავით?! - თითქოს განზრახ სვამდა ამდენ კითხვას გიგა.
- არა მკითხე მოამბეო, მიპერტყე და მიაგდეო! - ღრენით შეუბღვირა საბამ.
- შარშან, კლუბში რომ არ წამოხვედით, იქ გავიცანით... - მეტიჩარა ხმით დაეჯღანა მარიამი სოფოს და გიგას.
- დიახ, დიახ, კლუბში... - მართალია დიდად ვერ მიხვდა მათი გაცნობის რეალური ისტორია რატომ დამალეს საბამ და მარიამმა, მაგრამ მაინც აჰყვა ანი.
- ტაქსი მოვიდა!... - შვილის ტყუილებით გაბეზრებულმა შეაწყვეტინა ბავშვებს ლიკამ.
მინივენის ტიპის ავტომობილშო ხმაურით მოთავსდნენ.
- ბაკურიანში რამდენ ხანს რჩები? - როგორც იქნა გაბედა კითხვის დასმა ტატომ.
- ალბათ, ახალი წლის ჩათვლით, როგორც წესი ბედობას ვბრუნდებით ხოლმე... - ახალი წლის ხსენებაზე სულაც არ იგრძნობოდა ანის ხმაში სიხარული, ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს, თუმცა ზედმეტი კითხვების დასმა ვერ გაბედეს.
- მშვენიერია, ერთად ვიქნებით, კარგადაც გავერთობით... - უკვე გეგმებს აწყობდა მარიამი. ოდნავ შესამჩნევად, ტკივილით გაიღიმა ანიმ.
- რა, არა?!... - ეჭვით გახედა საბამ გვერდით მჯდომს - საახალწლოდ კონცერტი გვაქვს, ხომ მოხვალ?!
- ჩვენთან ერთად ხომ დაუკრავ?! - ამჯერად მარიამი ჩაეკითხა გოგონას.
- არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით!... - ყოყმანობდა ანი.
- ეეე, კარგი რა!...
- კი, მაგრამ კონცერტზე გამოსვლაზე რომ ითანხმებთ, ირმას არ ეკითხებით?! - სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკა.
- დაველაპარაკებით, ვთხოვთ!... - საუბარში ჩაერთო ტატოც.
- არ მოგისმენია და იმიტომ ამბობ, მისი დაკრული ირმამ რომ ნახოს, გაგიჟდება!... - ემოციებს ვერ მალავდა მარიამი.
- ახალი წლის ღამეს არც კონცერტზე ვიქნები და ვერც წვეულებას დავესწრები... - ისევ უარზე იყო გოგონა.
- აბა, პენსიონერივით სასტუმროს ნომერში ხომ არ იჯდები?! - ირონია გაერია ხმაში საბას.
- მე რომც მოვინდომო, მამაჩემი მაინც არ დამეთანხმება, მით უმეტეს ახალი წლის ღამეს... პედაგოგისთვის თხოვნას აზრი არ აქვს... - როგორც იქნა ამოღერღა ანიმ და მისკენ მომზირალ, გაოცებულ თანამგზავრებს ცრემლებით სავსე თვალები აარიდა.
გოგონას სიტყვებით გაოცებული ბავშვები ლიკას ისე მიაჩერდნენ თითქოს შველას მისგან ელოდნენ, ქალი ჩაფიქრებული უმზერდა უჩვეულოდ მოწყენილ გოგონას. ალბათ, გრძნობდა, რომ მის ტკივილს ბევრად ღრმად გაედგა ფესვები. არაფერი უთქვამს, უბრალოდ მოეხვია გვერდით მჯდომს. ერთი ღრმად ამოიოხრა ანიმ და ცრემლებით დანამული სახე ქალის მკერდში ჩამალა. გრძნობდა, როგორ უცახცახებდა მხრები ანის, სავარაუდოდ ისევ ტიროდა, მაგრამ დუმილის დარღვევას ვერც ერთი ბედავდა.
- შენთვის გულის ტკენა არ გვინდოდა!... - ცოტაც და ალბათ ანისთან ერთად გოგონებიც ატირდებნოდნენ.
- ჩუ.... ნუ ტირი... ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი გაივლის... ადრე თუ გვიან ნებისმიერი ტკივილი ყუჩდება, ან უბრალოდ ამ ტკივილით ცხოვრებას ისწავლი...
- თქვენ არ იცით, თქვენ უბრალოდ არ იცით... - ჩუმად ჩურჩულებდა ანი.
როგორც იქნა სასტურომდე მივიდნენ, უკვე დამშვიდებული გოგონა ნომრამდე მიაცილეს:
- გასაგებია, რომ ახალი წლის ღამეს ვერ შემოგვიერთდები, მაგრამ დღეს საღამოს რა გეგმები გაქვს?!... - გამომშვიდობებისას ჰკითხა ტატომ.
- ექიმმა მშვიდად იყავი, ბევრი არ იაროო... - სიცილით დახედა გადახვეულ ფეხს ანიმ.
- დე... როგორ ფიქრობ, ანის ნომრებს შორის სიარულიც არ შეუძლია?! - ეშაკურად გახედა მარიამმა ლიკას.
- ნომრებს შორის მგონი დასაშვებია.... ჰა, ჰა, უკიდურეს შემთხვევაში, სასტუმროს ეზომდეც შეიძლება ჩასვლა.
- უფრო შორს თუ მოვინდომებთ წასვლას?! - ეშაკური სიცილით იკითხა სოფომ.
- შენ მაგაზე ნუ ღელავ, მოვიფირებთ რამეს... - გოგონას ნაცვლად, სიცილით უპასუხა ტატომ.
- მოვწესრიგდები, მამაჩემს ბარათს დავუტოვებ და შემოგიერთდებით...
- დიდხანს არ გვალოდინო იცოდე!....- ისე მოეხვია მარიამი თითქოს ერთმანეთს სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ.

არ ვიცი რამდენად ღირს იმის აღწერა როგორ ერთობოდნენ ბავშვები, ირმას ეცინებოდა:
- რა აზრი ჰქონდა ბიჭებისთვის ცალკე ნომრის აღებას, თუ მთელი დღე აქ ისხდებოდნენ? - ღიმილით ეკითხებოდა ლიკას.
თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს, უფროსები ბევრად მშვიდად გრძნობდნენ თავს, როცა ყველანი ერთად ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ.
მათ ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა, თამაშობდნენ ყველაფერს, ხუთი წლის ბავშვებივით, დახუჭობანადან მოყოლებული, „სიმართლე და მოქმედებით“ დამთავრებული...
მიუხედავად იმისა, რომ ანი ვერ დადიოდა, ყველაზე სახალისო მგონი მაინც დახუჭობანას თამაში გამოდგა, ირმა და ლიკაც კი აიყოლიეს, ვინ სად იმალებოდა ვერ გაიგებდით. ამხელა ბავშვები ზოგი სანახევროდ ცარიელ კარადებში, ვიღაცამ ლოგინის ქვეშაც სცადა შეკვეტება, თუმცა მალევე გადაიფიქრეს, ზედმეტად ვიწროაო. ყველა მათგანს საკუთარი სამალავი განსაკუთრებულად ეჩვენებოდა. ამჯერადაც ასე იყო...
- უსინდისო ხარ! - უკმაყოფილო სახით საყვედურობდა ტატოს სოფო.
- რატომ ვითომ? - სიცილს ვეღარ იკავებდა ვაჟი.
- იჭყიტებოდი.
- დედას გეფიცები, არც კი მიფიქრია...
- აბა რა იცოდი აბაზანაში რომ დავიმალე? - ამაყად წამოეყინჭა გოგონა.
ტატომ ერთი კი გახედა გვერდით უწყინარი სახით მდგომ გიგას, მიამიტად აფახუნებდა თვალებს, ვერც კი იფიქრებდით, რომ რამდენიმე წამის წინ თავად ანიშნა ვაჟს სად იყო დამალული სოფო.
- ამის მიხვედრას რა უნდოდა?! იმდენად ვიწრო კაბინაა, შენს მეტი ვერავინ შეეტევა! - დაბღვერილ სოფოს ენა გამოუყო გიგამ და მკვირცხლად გავარდა მოქნეული ბალიში რომ აეცილებინა.
- კარგით, ახლა დაშოშმინდით! - იქვე გაშვერილი ფეხით მჯდომმა ანიმ გამშველებლის როლი მოირგო - მარიამი და საბაც გყავთ კიდევ მოსაძებნი...
- იქნებ ვაცადოთ ცოტა ხნით განმარტოვება?! - ეშმაკურად გახედა ტატომ მეგობრებს - მაგათ ბოლოსთვის მოვიტოვებ...
- რაო, რაო, რას ვაცდითო?!- ვეღარ მოითმინა და საწოლის ქვემოდან გამოყო თავი ლიკამ.
- მანდ როგორ შეეტიეთ?! - გაოცებისგან თვალები ჭყიტეს ბავშვებმა.
- არ ვიცი, შეტევით კი შევეტიე, მაგრამ მგონი ვეღარ გამოვდივარ! - სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკა.
- გეუბნებოდი აქ ამოძვერი მეთქი და არ დამიჯერე! - კარადის თავიდან ჩამოსძახა ირმამ.
- ეეე, მასწ... თქვენც? მანდ როგორ მოხვდით?! - გულწრფელად გაუკვირდათ თითქმის ჭერამდე აყუდებული კარადის ანტრესორიდან მომზირალი ირმას დანახვა.
- საბა დამეხმარა... - ამაყად ჩამოსძახა გაოგნებულ ბავშვებს ირმამ.
- და, თვითონ სად წავიდა? - ეშმაკურად იკითხა სოფომ.
- ეგეთებს არ ვართ, თუ მაგრები ხართ თქვენით იპოვეთ... - ნიშნისმოგებით ჩამოსძახა ირმამ.
- ქალბატონო ირმა, როგორი ამინდია შენთან? - ისევ ხუმრობდა გაჭედილი ლიკა.
- არაჩვეულებრივი... - სიცილით ჩამოსძახა ირმამ.
- აღარ გვეძებთ? გავიყინეთ... - აივნის კარებიდან თავად შემოყო თავი საბამ.
- აქ რა ხდება? - ვაჟის მხარს ზემოდან გამოიჭყიტა სახე აწითლებულმა მარიამმა.
- დედა?!... მასწ... - ვეღარ მიხვდა გოგონა პირველად რომელს დაჰხმარებოდა.
- მასწ.. მანდ დარჩენით ახვედით? ჩამოსვლას არ აპირებთ?! - სიცილს ვერ იკავებდა საბაც.
- როგორც ამომსვი ისე ჩამომიყვანე, სკამი მომიდგით!... - გასცა ბრძანება ირმამ.
საბა მოზრდილი სკამით უკვე იდგა კარადასთან. ხუმრობ-ხუმრობით დაეხმარნენ ირმას ჩამოსვლაში. შემდეგი ეტაპი ლიკას გამოძვრენა იყო, რაც სულაც არ გამოდგა ასეთი მარტივი. ლეიბიან-მატრასიანად ყველაფერი ასაღები გაუხდათ ქალის გამოსაყვანად. მტვრითა და აბლაბუდებით დასვრილი თითქმის თეთრი გამოძვრა ლიკა.
- დამლაგებელს უნდა ვუსაყვედურო... - ტანისამოსს ხელით იფერთხავდა ლიკა.
- აბა, საბრალომ ვერ გაითვალისწინა ლოგინის ქვეშ თუ შეძვრებოდი!... - სიცილით გამოსძახა მარიამმა.
სიცილ-კისკისი მოულოდნელმა კაკუნმა შეაწყვეტინათ. კარები აბაზანაში მიმავალმა თმაგაჩეჩილმა ლიკამ გახსნა და ღიმილი სახეზე შეეყინა, როცა მისი ვიზულით გაოცებული გიორგი დაინახა.
- უკაცრავად, უდროო დროს მოვედი?! - ქალის აბლაბუდებითა და მტვრით დაფარული სახის დანახვაზე სიცილის შეკავება სცადა მამაკაცმა - ნომერში წერილი დამხვდა, მგონი ჩემი ქალიშვილია თქვენთან...
- აქ ვარ, აქ... - კოჭლობით გამოვიდა ანი.
- ფეხზე რა გჭირს?! - უცებ გადაავიწყდა აბაზანაში დამალული ლიკა და მისი უცნაური ვიზუალი გიორგის, შეშფოთებული უმზერდა შვილს.
- არაფერია, ნუ გეშინია, ჩვენთან მოგიყვები! - ხელკავი გამოსდო ქალიშვილმა და მათი ნომერისკენ წაიყვანა.

მერვე თავი
მარიამის გვერდით იწვა ლიკა, გოგონა ძილში მშვიდად სუნთქავდა და ოდნავ იღიმებოდა, ჩაფიქრებული უმზერდა შვილს, ერთად-ერთი ვის თვალშიც სურდა იდეალური და ძლიერი ყოფილიყო მარიამი გახლდათ. ბევრი მოუთმენია ლიკას, შეურაცყოფაც, ღალატიც. სიამაყის გამო დაუკარგავს საყვარელი ადამიანებიც, დაუთმია ყველაფერი, მაგრამ შეინარჩუნა მთავარი საკუთარი ღირსება. გგონიათ ნანობდა?! არა. ალბათ, წარსული რომ დაბრუნებულიყო ისევ ანალოგიურად მოიქცეოდა, ისევ გაუშვებდა...
ცხოვრებაში მისი ერთად-ერთი სტიმული მარიამი იყო, უნდოდა შვილისთვის სამაგალითო, მისაბაძი ყოფილიყო, დედა, რომელიც შვილის ბედნიერებისთვის იბრძოდა, დედა, რომელიც მისი საქმის პროფესიონალი იყო და რომელსაც სულაც არ ეშინოდა ცხოვრებისეული სირთულეების. გოგონასაც სწორედ ამას ასწავლიდა, დამოუკიდებლობის ფასს, ჰქონოდა უნარი დაეცვა თავი ყოველთვის და ყველასგან.
ახლა რა მოხდა?! ვიღაც, სრულიად უცნობი უცერემონიოდ შემოიჭრა მის ცხოვრებაში. შვილისა და მისი მეგობრების თვალწინ დაამცირა. მისი ნაკოწიწები სიმხნევე თვალსა და ხელს შუა შემოაძარცვა ქალს. უნებურად ცრემლები მოაწვა, რა სჭირდა?! რატომ გრძნობდა თავს ასე უსუსურად?! არასოდეს ასე ძლიერ არ სდომებია ლიკას ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა, ფიქრობთ გიორგის აზრი აღელვებდა? სულაც არა. მამაკაცმა ქალში მიძინებული შეგრძნებები გააღვიძა. მისი დამცინავი მზერა თითქოს ახელებდა ლიკას, დიახ, ახელებდა სხვა სიტყვით ვერც მოიხსენიებდი მის მდგომარეობას. ალბათ, თავად ამ გრძნობას აზარტს უფრო უწოდებდა, დიახ, აზარტს...
მთელი გულით უნდოდა კაცს მისი უპირატესობა ეღიარებინა, პირველად არ სცნეს მისი ღირსებები, ცხოვრებაში პირველად მამაკაცი არ ცდილობდა მისი გულის მოგებას, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, კაცმა ჩათვალა თითქოს ლიკა გაეპრანჭა, ან იქნებ არც შემცდარა გიორგი? იქნებ მართლაც შენიშნა ლიკას მზერაში ის ნაპერწკალი, რომელსაც ერთი ნახვით მოწონებას უწოდებენ?!
- გამორიცხულია! - მყისვე უარყო საკუთარი ეჭვი - ქალთან როგორ უნდა მოიქცეს არც კი იცის, მაღიზიანებს, ნერვებს მიშლის, თავხედია, უზრდელი, ამპარტავანი, უგულო.... ცხოვრებაში არაფერი ღირებული არ გააჩნია, საკუთარი შვილიც კი არ ეცოდება... ბოდიშს მომიხდის, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბოდიშს მომიხდის და გაქრება, ისევე უკვალოდ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა...
ხვდებოდა ლიკა, რომ გიორგისგან ბოდიშის მოხდის იმედი არ უნდა ჰქონოდა, სავარაუდოდ არც მამაკაცი აპირებდა იოლად დანებებას, წინ უდაოდ რთული ასპარეზობა ელოდა, მაგრამ თუნდაც არ მოეხადა ბოდიში, გიორგის დამცინავ, ირონიულ მზერაში სულ მცირე პატივისცემის დანახვაც კი საკმარისი იქნებოდა ქალის შელახული პატივმოყვარეობის აღსადგენად.
გულში ისევ ლანძღავდა, რას არ უწოდებდა გიორგის, თუმცა ამდენი ფიქრის მიუხედავად ყველაზე მთავარს მაინც ვერ მიუხვდა ლიკა. მამაკაცმა აშკარად ჭკუაში აჯობა, მისი ირონიით, სიუხეშით და ზედმეტად ქედმაღალი დამოკიდებულებით იმაზე მეტს მიაღწია ვიდრე აქამდე ლიკას ცხოვრებაში არსებულმა ნებისმიერმა, ბევრად თავაზიანმა თაყვანისმცემლებმა. მიუხედავად საკუთარი სურვილისა, ქალი მთელი ღამე სწორედაც რომ გიორგიზე ფიქრობდა, მართალია ძირითადად ემუქრებოდა, მაგრამ ხომ მაინც ფიქრობდა?!
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე დღის ასპარეზობაზე ფიქრში როდის ჩაეძინა ლიკას ვერც გაიგო.
უკვე დილის თერთმეტი საათი ხდებოდა, საძინებელში ირმამ რომ შემოაკითხა:
- ბავშვები სასაუზმოდ ჩავიდნენ, ყავა უნდა დავლიოთ, არ შემოგვიერთდები?!
- კი, რათქმა უნდა... - ქალის მრავლობით ფორმაში ნათქვამი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თმებაჩეჩილმა, პიჟამოებზე სქელი პირსახოცის ხალათი შემოიცვა და მთქნარებით თავადაც მისაღებში გავიდა.
- ამბობენ ქალის სილამაზე ახალგაღვიძებულზე უნდა შეაფასოო! აშკარად თქვენზე არაა ნათქვამი!... - მისაღებში მდგომ ბართან, სპორტულებში გამოწყობილი, ფეხი-ფეხზე გადადებული, ყავის ჭიქით ხელში ირონიული ღიმილით უმზერდა გიორგი.
- აქ რას აკეთებთ?! - მამაკაცის იქ ნახვას აშკარად არ ელოდა ლიკა, დაბნეული ხან ირმას უმზერდა და ხან გიორგის, აჩეჩილ თმაზე ერთი კი გადაისვა ხელი, მაგრამ აშკარად უშედეგოდ. თუმცა თავი იმდენად სტკიოდა, საკუთარი ვიზუალი ნამდვილად აღარ აღელვებდა ლიკას, მოზრდილ ჩაის ჭიქაში ყავა სუფრის კოვზით ჩაიყარა, სამი კოვზი შაქარიც დაიმატა და მამაკაცის მსგავსად თავადაც ბართან დასკუპდა.
- ამდენი ყავა და შაქარი მავნებელია! - თითქოს თავისთვის ჩაიბურტყუნა გვერდით მჯდომმა.
- როგორმე ჩემით გადავწყვეტ! - ისევ იღრინებოდა ლიკა.
- რადგან არ იშლით... შოკოლადიც მიირთვით, ყავას უხდება!... - ქალისკენ არც კი გაუხედავს თეფშზე წვრილად დამტვრეული შოკოლადის ფილები ისე მიაწოდა გიორგიმ ჯერ ირმას და შემდეგ მას - ვიდრე ბავშვები საუზმობენ, კეთილმეზობლურად გესტუმრეთ, თუ სწორად მახსოვს თორმეტ საათზე ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, შემთხვევით ხომ არ გადაიფიქრეთ?!
- რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შემთხვევით არ გადამიფიქრია! - ირონიაში არ ჩამორჩა ლიკაც.
- არადა, თქვენი სახით თუ ვიმსჯელებთ, გამოძინება არ გაწყენდათ! - მიამიტი ბავშვივით გაუღიმა გიორგიმ.
- ბატონო...
- გიორგი... - ხელოვნური თავაზიანობით შეახსენა საკუთარი სახელი კაცმა.
- ძალიან დამავალებთ, ყავის სმისას თქვენი უხამსი რეპლიკების მოსმენა თუ არ მომიწევს!...
- უკაცრავად, თუ ზედმეტად შეგაწუხეთ, ქალბატონო....
- ლიკა! - ქალმა ოდნავ თავისდაკვრით წარმოსთქვა საკუთარი სახელი.
- ისე თქვენი ვიზუალიდან გამომდინარე კრუელა უფრო მოგიხდებოდათ. - საკუთარ ხუმრობაზე თვითონვე გაეღიმა, მათ შემხედვარეს ირმასაც ღიმილი გაეპარა სახეზე, თუმცა ლიკას სიბრაზით აწკეპილი წარბების დანახვაზე სწრაფადვე შეიკავა თავი - თუ სწორად მახსოვს თქვენს შემოჭრამდე, მე და ქალბატონი ირმა მშვენივრად ვბაასობდით და მივირთმევდით ყავას... - გიორგიმ თვალი ჩაუკრა ამჯერად უკვე აფხუკუნებულ ირმას.
- უკაცრავად „ბაასში“ ხელი თუ შეგიშალეთ, საკუთარ ნომერში ყავის სმის გამო, ბოდიშიც მქონია მოსახდელი?!... - ირონიულად გაეცინა ლიკას.
- თქვენს თავმოყვარეობას მოვუფრთხილდებით და ბოდიშის მოხდას აგარიდებთ! - ქალის აპილპილებული, გაცხარებული მზერა უსაზღვროდ სიამოვნებდა მამაკაცს და ამის დამალვას არც კი ცდილობდა.
- ბოდიშის მოხდას ამარიდებთ?! - რამოდენიმე წამით გაოცებული უმზერდა ლიკა გიორგის. სულელი არ იყო, კარგად ხვდებოდა, რომ გიორგი ეთამაშებოდა. ქალის სიბრაზე ამჯერად ინტერესმა შეცვალა. გადაწყვიტა თამაშში აჰყოლოდა მამაკაცს, მისი თვითდაჯერებული და ამპარტავანი ტონი აღარ შეემჩნია - ერთი რამ მაინტერესებდა და რომ არ გკითხოთ არ შემიძლია...
- გისმენთ! - მაცდური ღიმილით მიაჩერდა გიორგი.
- ეს მიმიკა, ირონიული გამოხედვა, პერიოდულად ჩაღიმება, გგონიათ სექსუალურია?!...
- თქვენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, მგონი - კი... - სიცილს ვეღარ იკავებდა გიორგი.
- არ ვიცი როგორი გამომეტყველება მაქვს, მაგრამ აშკარად ცდებით... - ეშმაკურად გახედა გიორგის ლიკამ.
ყურადღებით აკვირდებოდა მამაკაცის ზედმეტად სიმპატიურ სახეს, უნებურად ანის სიტყვები ამოუტივტივდა, ახალი წლის ღამეს რესტორანში ვერ ჩამოვალ, მამა არ გამომიშვებსო. შეუძლებელია ერთ დროულად ასეთი სასურველიც იყოს და ასეთი უჟმურიც.
- იცით, წუხელ ბევრი ვიფიქრე... - უცებ დასერიოზულდა ქალი.
- ჩემზე?! - ისევ მაცდურად უციმციმებდა თვალები გიორგის.
- ნაწილობრივ თქვენზეც, უფრო კი თქვენს გოგონაზე... იმედია ზედმეტად არ გაღიზიანდებით, რაღაც მინდა შემოგთავაზოთ....
- ჩვენს ავანტიურაში ბავშვებს ნუ გავრევთ! - შვილის ხსენება აშკარად არ ესიამოვნა მას.
- რატომღაც მგონია თქვენი გოგონა სულაც არ იქნებოდა წინააღმდეგი! - არ აპირებდა გაჩუმებას ლიკა - ბოდიშის მოხდაც აგცდებოდათ, თუ..
- თუ?! - კბილს-კბილზე აჭერდა გიორგი, რომ ლიკას თავხედური ტონის გამო შესაბამისი პასუხი არ დაებრუნებინა.
- ახალი წლის ღამეს გოგონას სიმღერის უფლებას მისცემდით! - ისე სწრაფად მიაყარა სათქმელი თითქოს ეშინოდა არ გაეჩუმებინა მამაკაცს და გიორგის რეაქციის მოლოდინში დაძაბული გაიტრუნა.
- ვერ გავიგე?!... - ინსტინქტურად ფეხზე წამოხტა გიორგი - თავხედი, უზრდელი ქალი ხარ! - უფლება რომ მიგეცათ, ალბათ, შუაზე გაგლეჯდა ლიკას, თუმცა ქალი სულაც არ აპირებდა უკან დახევას, თითქოს ელოდა კიდეც მის ასეთ რეაქციას, ჯიუტად მისჩერებოდა თვალებში, ყურადღებით აკვირდებოდა მამაკაცში მომხდარ ცვლილებებს.
- როგორც ბავშვებმა მითხრეს, ანი კარგად უკრავს... - საუბარში ფრთხილად ჩაერია ირმაც.
- ზედმეტად კარგადაც კი... - საკუთარი ტკივილის დასამალად თვალი აარიდა ლიკას და ყავის ჭიქას მიაშტერდა გიორგი. კარგად დაინახეს, როგორ გათეთრდა სახეზე, მაგრად მოკუმულ ყბაზე ლურჯი კაპილარი უცახცახდა მამაკაცს. მის ასეთ რეაქციას აშკარად არ ელოდნენ, ქალები ერთმანეთს მისჩერებოდნენ, თითქოს უსიტყვოდ ეკითხებოდნენ ერთმანეთს, რომელს დაერღვიათ დუმილი, ისევ ლიკამ გაბედა.
- არ მინდოდა, ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს ასეთი ტონით, მაგრამ ანის სიტყვების შემდეგ მოსვენება დავკარგე.... - წუთის წინანდელი ირონია გამქრალიყო მის ხმაში - ისეთი ტკივილით ახსენა მუსიკა, ახალი წლის ღამე, რომ....
- ხვდებით მაინც რამდენის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს?! - ტკივილისგან საკუთარი ხმის ცნობაც კი გაუჭირდა გიორგის - ვინ ხართ ამ საკითხზე რომ ლაპარაკობთ?!...
- არც არავინ... - ისევ სიტყვებს არჩევდა ლიკა - მაგრამ, ზოგჯერ უცნობი უფრო მეტს გეტყვის, ვიდრე ახლობელი..
- საკუთარ თავზე ბევრს იღებთ, ქალბატონო ლიკა! - ქალის სახელი ზიზღით წარმოსთქვა გიორგიმ.
- ძნელი მისახვედრი არაა, რომ გოგონას მუსიკა უყვარს... - საუბარში ისევ ირმა ჩაერია.
- ანიმ კარგად იცის, რომ მუსიკა მის ცხოვრებაში აღარ იარსებებს...
- ჩემს შვილს ასე ძლიერად რამე რომ ჰყვარებოდა, არ დავუშლიდი, მისი ბენდიერებისთვის...
- მართალი ბრძანდებით... - სიტყვა შეაწვეტინა ლიკას გიორგიმ - მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებდით, მეც ასე ვიქცევი....
- მისთვის გიკითხავთ? იქნებ?!... - პოზიციებს არ სთმობდა ლიკა.
- საკმარისია!... - ცივად გააჩუმა ქალი - თქვენთან ამ საკითხის განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ....
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ლიკა, მაგრამ კამათი ანისთან ერთად ნომერში შემოსულმა ბავშვებმა შეაწყვეტინეს.
- ასპარეზობა თუ გადაიფიქრეთ პირდაპირ მითხარით, თუ არა და... - ისევ მისთვის ჩვეული ირონიული მზერა დაიბრუნა გიორგიმ.
- ნახევარ საათში მზად ვიქნები...
- კეთილი, მაშინ მიმღებში დაგელოდებით!...-ლიკას პასუხს აღარ დალოდებია ისე გავიდა გიორგი.
- ისევ იკამათეთ?! - საძინებელში მოსამზადებლად შესულ დედას შეფყვა მარიამი.
- ასე გამოვიდა...
- ამ კაცმა ისევ თუ იუხეშა... - მუქარით შეკრა მუშტები გოგონამ.
- ამჯერად ჩემი ბრალია, ზედმეტი მომივიდა... - აღიარა ლიკამ.
- რა ვერ გაიყავით?
- მინდოდა ანისთვის ახალი წლის ღამეს დაკვრის უფლება მიეცა და ამის გამო გადაირია... - აღიარა ლიკამ.
- გასაგებია. საუზმის დროს ჩვენც ამ საკითხზე ვსაუბრობდით, ანიმ გვითხრა მიზეზი რატომაც ვერ იმღერებს, ახალი წლის ღამეს დედამისი ავარიით დაიღუპა...
- კი, მაგრამ მუსიკა რა შუაშია?
- ქალი მომღერალი იყო და იმ ღამით კონცერტზე მიდიოდა... - სევდიანად უთხრა გოგონამ.
მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა ლიკა, ზედმეტად ეტკინა შვილის სიტყვები ლიკას. ვერაფრით იფიქრებდა თუ ეს ერთი შეხედვით ავარა და უხეში კაცი ამხელა სევდას ატარებდნენ გულით. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა შვილი ჩაეხუტა, სახე მარიამის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, ლოყები მლაშე სითხეს დაენამა, თუმცა ცრემლების შეკავებას არ ცდილობდა ლიკა, შვილს ჩახუტებული ტიროდა ქალი.



მეცხრე თავი
გიორგი შვილისა და ლევანის თანხლებით მიმღებში მოთმინებით ელოდა მოასპარეზეებს. ის-ის იყო ანისთვის უნდა ეთხოვა, იქნებ მოიკითხო შენი მეგობრები, ამდენ ხანს რას ელოდებიანო, რომ ლიკას თანხლებით ისევ კოსმონავტებივით შეფუთნული ხუთეულიც გამოჩნდა.
- ქალბატონი ირმა? - ხელმძღვანელი მოიკითხა მამაკაცმა.
- პატარებთან გადაწყვიტა დარჩენა...
- უცნაურია, ამ ბავშვებს თქვენ განდობთ?! ზრდასრულ ადამიანად გთვლით?! - ჩვეულებისამებრ ირონია არ დაიშურა გიორგიმ.
მკვახე პასუხის სათქმელად პირი კი გახსნა ლიკამ, მაგრამ გადაიფიქრა, უკვე ეზოში გასულ ბავშვებთან გავიდა და ეჭვით შეათვალიერა ეზოში მდგომი მოზრდილი ჯიპი.
- როგორ ფიქრობთ, ავტომობილში ჩავეტევით, ტაქსი ხომ არ დავიქირავოთ? - ისე ჰკითხა ბიჭებს თითქოს ავტომობილთან თავმომწონე სახით მდგომ მამაკაცებს ვერ ხედავდა.
- ქალბატონო ლიკა, შეურაცყოფებს არ ვართ!... - გვერდულად გახედა ლევანმა იქვე მდგომ გიორგის - თქვენ აქ დაბრძანდით... - მძღოლის გვერდზე დასაჯდომად კარები გამოუხსნა ლიკას და თავად უკვე ბავშვებთან ერთად მძღოლის უკან მჯდომ ნათლულს მიუჯდა.
ერთი კი შეყოყმანდა ქალი, ერთმანეთის გვერდი-გვერდ, თითქმის ერთმანეთის კალთებში მოთავსებულ ბავშვებს თვალი გადაავლო, დიდად არ მოეწონა უადგილობის გამო საბას მკერდზე მიკრული ქალიშვილის დანახვა, მაგრამ ზედმეტად მდგომარეობის გართულებას მოერიდა და მძღოლის გვერდით ხმის ამოუღებლად მოთავსდა.
გარეთ ბარდნიდა, მსხვილი ფარფატა ფიფქები ავტომობილის საქარე მინას ეკვროდა, მინის საწმენდი ჩოთქები ჯიუტად ცდილობდნენ თოვლისგან მინების გასუფთავებას. თუმცა უშედეგოდ, წინა ფიფქის ადგილს ისევ ახალი, ანცი ფიფქი იკავებდა და ასე უსასრულოდ.
- ვგიჟდები ამ ადგილზე. ნახე რა სილამაზეა... - აღტაცებულმა მოავლო თვალი მარიამმა დათოვლილ მთებსა და სითეთრეში ალაგ-ალაგ ჩაკარგულ სასტუმროებს.
- დავიჯერო მხოლოდ ამ ადგილებზე გიჟდები? - თველები ეშმაკურად უციმციმებდა საბას.
- გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ ერთ დღესაც შეიძლება აქ აღარ მოვიდეთ! - მოხერხებულად აარიდა პასუხს თავი გოგონამ.
- აფერისტო! - თმები აუჩეჩა მარიამს ვაჟმა - რატომ არ უნდა მოვიდეთ ვითომ? - ნიკაპით დაეყრდნო გოგონას თავზე.
- რავიცი აბა, ათასი რამ ხდება...
- ყოველთვის მოვალთ, აი, ნახავ, თუ არა... - ნიშნისმოგებით გაუმეორა ეჭვით მომზიმარ ქალიშვილს - ვივლით ასე უსასრულოდ დათოვლილ მთებსა და ტყეებს შორის, მე და შენ, ტატო და ანი, შემდეგ ჩვენი შვილები, ერთად და ერთმანეთით ...
- რასაც მეუბნები, ამის გჯერა?! - ღიმილით გადახედა გვერდით მჯდომ მოჩურჩულე ანის და ტატოს მარიამმა.
- მჯერა რომელია, მეყოლება ყველაზე დიდი „რეკაშეტი“ სიდედრი და სავარაუდოდ ჯიჯღინა, მყრალი სიმამრი... - სიცილით გახედა წინ მჯდომ წყვილს საბამ.
- მამაჩემი სულაც არაა ჯიჯღინა... - იდაყვი გაჰკრა ვაჟის სიტყვებით სახე აწითლებულმა, აფხუკუნებულმა მარიამმა.
- მამაშენი მართლაც არაა ჯიჯღინა, პრინციპში სიმამრ-ნაცვალი უნდა მეთქვა... - თვალებით ანიშნა საქარე მინის სარკიდან ლიკასკენ მალულად მომზირალ გიორგიზე.
- ვითომ?!... - ეჭვით გახედა გოგონამ წინ მჯდომებს - არა მგონია..
- გინდა ნიძლავი? - თავისას არ იშლიდა საბა.
- დებილო, საკუთარ დედაზე დაგენიძლავო?! - ჩუმად ფხუკუნებდა მარიამი.
- კარგი, არ დამენიძლავო... მაგრამ არა მგონია ვცდებოდე, ისე კბენენ ერთმანეთს, რომ... ტატო შენ რას ფიქრობ? - ამჯერად გვერდით მჯდომ მეგობარს გადაულაპარაკა ჩურჩულით ვაჟმა.
- რაზე მეკითხები? - ანისთან მოსაუბრე აშკარად ვერ მიუხვდა საბას კითხვას.
- ერთ დღეს მე და შენ შეიძლება ქვისლები გავხდეთ! - ისე გამოუცხადა თითქოს ანის აჭარხლებული სახე ვერც კი დაინახა და თვალით წინ მჯდომებზე ანიშნა საბამ.
- ვითომ?! - ლიკასა დაგიორგის სახის დასანახად ოდნავ წინ წამოიწია ტატომაც.
- მგონი აბუქებ, მე ვერაფერს ვამჩნევ... - მხრები აიჩეჩა გოგონამ.
- ქალები ვერასოდეს ვერაფერს ვერ ამჩნევთ, არადა... მარიამს რომ ჰკითხო, უბრალო ძმაკაცი ვიყავი...
- რა, არა?! ჩვენ დღემდე ასე ვიცით... - აფხუკუნდნენ გიგა და სოფოც.
- ლევან შენ რას ფიქრობ?! - ანიმ აზრი ამჯერად ყველაზე კომპეტენტურს ნათლიამისს ჰკითხა.
- იმას, რომ თუ იმ ორს შორის რამე ხდება, თავად გაარკვევენ, ვასასია-ჭორიკნების ჩარევის გარეშე... - ჩურჩულში აჰყვა ბავშვებს მამაკაციც და ცხვირზე მსუბუქად წაჰკრა თითი ანის.
- ჭორიკანა რა შუაშია?! უბრალოდ გვაინტერესებს... - გაიბუსხა ანი.
- აი, ნახავთ, თუ მართალი არ ვიქნები! - პოზიციებს არ სთმობდა საბა.
- შენი სახით დიდი მაჭანკალი დაკარგა კაცობრიობამ... - ისევ ფხუკუნებდა მარიამი.
- აუცილებლად ვიფიქრებ მაგ პროფესიაზე, იქნებ ეგ ტრადიციაც კი აღვადგინო... - თვალი ჩაუკრა გოგონას ვაჟმა.
- რაო, რაო?! რომელ ტრადიციაზე საუბრობთ?! - უკანასკნელ სიტყვებს მოჰკრა ყური გიგამ.
- მაჭანკლობაზე - ენა გამოუყო მარიამმა მეგობარს.
- ცუდი იდეაა?! - გვერდით მჯდომ ლევანს გახედა საბამ - მგონი არ გამიჭირდება...
- ვერ ვხდები, რაზე საუბრობთ... - აშკარად ვერ მიუხვდა ბავშვებს მამაკაცი.
- ოცდამეერთე საუკუნეში მამაკაცი ხანუმა უნდა ვიყო! - ამაყად წამოიყინჭა საბა.
- ისე კაბის კი რა გითხრა და ჩიხტიკოპი კი მოგიხდება! - ხმამაღლა ახარხარდა ტატო.
- რატომ ხანუმა, იქნებ ქაბატო ყოფილიყავი? - მეგობრებს აჰყვა ანიც.
- არა, მე ხანუმა მომწონს... - ქალივით ააფახუნა თვალები საბამ.
- რა პრობლემაა? თუ გარიგება არ გამოგივა, არც შენი გაგდება გაგვიჭირდება, სულ სიმღერ-სიმღერით გაგაცილებთ:
- ხანუმ, ხანუმ ცანცარა, გასწი აქედან ჩქარა!.. - ოთხივენი ერთდროულად ამღერდნენ ავტომობილში.
- ასე იოლად შემელევით?! - ხელოვნურად ნაწყენი ტოლით იკითხა საბამ - შენგან ამას ნამდვილად არ ველოდი!... - გვერდულად გახედა მარიამს.
- გაიბუტა იხვის ჭუკი... - აფხუკუნებული ჩაეხუტა გოგონა.
- ჩუმად რომ ქირქილებთ და იცინიხართ, იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ ასე რამ გაგართოთ?- სიცილით გამოხედა სარკიდან აფხუკუნებულ ბავშვებს გიორგიმ.
- საბა, ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე! - ვეღარ მოითმინა ლიკამაც, ისე გამოსძახა, უკან არც კი მოუხედავს.
- გეუბნები, „იმენნა რეკაშეტია“ რა... - მარიამის ბეჭებს ამოეფარა აფხუკუნებული ვაჟი - მაგარი ნერვები ექნება მაგ კაცს დედაშენს თუ გაუძლებს... - მისი მკლავებიდან თავის დასახსნელად აფართხალებული ქალიშვილისთვის ხელის გაშვება არც კი უფიქრია, უფრო ძლიერად მიიხუტა - გეხვეწები, მოისვენე რა... ასეთ ჩახუტების საშუალება კიდევ როდის მექნება კაცმა არ იცის. - სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით საფეთქელზე მარიამს.
ლიკამ ერთხელ კიდევ გამოხედა უკანა ხედვის სარკიდან ვაჟის მკლავებში გატრუნულ თვალებაციმციმებულ ქალიშვილს, ისევ უნდოდა შენიშვნის მიცემა, მაგრამ გიორგის გამომცდელი, ირონიული მზერის დანახვაზე გაჩუმება ამჯობინა. თვალი აარიდა მამაკაცის თვალებს, ხმაურით გადაყლაპა ყელში მოწოლილი ნერწყვი და ისევ გარეთ მოფარფატე ფიფქებს გახედა.
- კარგად ხართ? - გონს გიორგის შეკითხვამ მოიყვანა.
-არაჩვეულებრივად... -ბავშვების მსგავსად ისე აჩურჩულდა ქალი თითქოს არ უნდოდა მისი სიტყვები უკან მჯდომებს გაეგონათ.
- არადა, არ გეტყობათ... - თვალი ჩაუკრა გიორგიმ.
- უბრალოდ ვერ მამჩნევთ, ეტყობა ემოციებს კარგად ვმალავ... - ხელოვნური უდარდელობით უპასუხა ქალმა.
- მე კი პირიქით ვიტყოდი, ეჭვიანობთ და საკუთარი ემოცების მოთოკვა გიჭირთ, საკმაოდ ცუდი მსახიობი ხართ! - გამარჯვებულის ტონით, თავადაც ჩურჩულით გამოუცხადა მან.
- რადგან ამდენს მივხვდით, ისიც გეცოდინება ვისზე ვეჭვიანობ? - აშკარად კეკლუცის ხასიათზე დადგა ლიკა.
- იმ ბიჭზე ახლა თქვენს შვილს რომ ეხუტება...
- მაგ ბიჭს საბა ჰქვია... - ღრენით გამოუცხადა ლიკამ - თქვენ არ ეჭვიანობთ?! - ამჯერად მან გახედა უკან ტატოს კალთაში აშკარად კომფორტულად მოთავსებულ ანის.
- კი... - ქალისდა გასაკვირად, ზედმეტად მარტივად აღიარა საკუთარი ემოციები გიორგიმ.
- ჩემგან განსხვავებით, კარგად ნიღბავთ თქვენს ემოციებს... - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ლიკას.
- ამ სიტყვებს კომპლიმენტად ჩავთვლი... - გვერდულად გაუღიმა გიორგიმ - მისი დაბადების დღიდან ვუნერგავ ჩემს თავს, რომ ადრე თუ გვიან მისი გაშვება მომიწევს, მაგრამ დაჯერება მაინც არ მინდა... - კარგი მეგობარივით შესცინა ქალს.
- იქნებ არც გაუშვათ და პირიქით?
- პირიქით?! - ეჭვით გამოხედა მამაკაცმა.
- მეორე შვილი მოგემატოთ...
- მართლა ასეთი ოპტიმისტი ხართ, თუ უბრალოდ თავს იმშვიდებთ?! - გაოცებული უმზერდა გიორგი ლიკას.
- ამას თუ ოპტიმიზს დაარქმევთ, ალბათ, უბრალოდ მინდა ასე იყოს...
- საინტერესოა.. რამდენი წლის ხართ ლიკა?
- ოცდათოთხმეტის...
- ანუ სადღაც ოცის უკვე დედა იყავი?!
- ასე გამოდის...
- მერე? თქვენმა მეუღლემ თქვენი იმედები გაგიმართლათ? თქვენი მშობლებისთვის მეორე შვილივით იყო?
იგრძნო როგორ ჩაწყდა შიგნიდან ლიკას, ჯიუტად მომზირალ მამაკაცს თვალი აარიდა, ისევ ავტომობლის ფანჯრიდან იყურებოდა.
- დასმულ კითხვაზე არ მიპასუხებთ? - აშკარად არ აპირებდა თავის დანებებას გიორგი.
- მე თუ არ გამიმართლა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემს შვილსაც ჩემი ბედი ელის! - ღრენით უპასუხა ლიკამ.
ქალის დაღვრემილ სახეს რამდენიმე წუთით აკვირდებოდა მამაკაცი. ხმას არც ერთი არ იღებდა, ისევ უკან მჯდომი ბავშვების ფხუკუნს უსმენდნენ.
- მეც მჯერა, რომ ჩვენგან განსხვავებით ბევრად ბედნიერი ცხოვრება ექნებათ!... - ლიკასკენ არც კი გაუხედავს, თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- როგორც იქნა მოვედით... - შვებით ამოისუნთქა ქალმა. მართალია მამაკაცთან ასე მშვიდად საუბარი სიამოვნებდა, მაგრამ მაინც ზედმეტად იყო დაძაბული, ერთი სული ჰქონდა, მისი გამჭოლი მზერისგან თავი დაეღწია.

მეათე თავი
ავტომობილის გაჩერება და შიგ მჯდომი ბავშების ნელ-ნელა ხმაურით გადმოლაგება ერთი იყო.
- დედას გეფიცებით, მანქანამ აიწია... - სიცილს ვერ იკავებდა მარიამი.
- აუ, ფეხები დამიბუჟდა… - ავტომობილიდან ძლივს გადოძვრა გიგა.
- მოდი, ჩაგარტყამ და.... - მის თანხმობას აღარც დაელოდა, დაბუჟებულ ბარძაყზე გამეტებით დაუტყაპუნა ხელი ტატომ.
- გადაირიე?! გაჩერდი!... - ტკივილისგან ძლივს ამოიხავლა გიგამ.
- არ გაგიგია?! დაბუჟებულს უცხოს ჩატყმა შველის! - თვალი ჩაუკრა საბამ ტატოს და თავადაც წელში მოხრილი მეგობრისკენ დაიძრა.
- დედას გეფიცებით, თავს თუ არ დამანებებთ, „იმენნა“ შემომაკვდებით! - ღრენით დაემუქრა ვაჟი ბიჭებს.
- რა თქვა? „იმენნაო“?! - ირონიულად გაეცინა ტატოს.
- ასეთი უმადურობის გამო, დაისჯები!... - ბიჭები იმდენად მოულოდნელად დაეტაკნენ ნახევრად მოხრილ გიგას, რომ ვაჟმა ვერც გაცლა მოასწრო და ვერც წონასწორობის შეკავება შეძლო, ერთმანეთს ჩაფრენილი სამეული მოწყვეტით გადავარდა თოვლში და გორაობა-გორაობით დაეშვნენ დაბლა.
- ლიკა დეიდა, მიშველეთ....უთხარით, დამანებონ თავი!... - თოვლის კორიანტელში სადღაც ქვემოდან ისმოდა გიგას სიცილ ნარევი მუდარა.
თუმცა ქალს აზრადაც არ მოსვლია მოჭიდავეების გაშველება. ღიმილით დასცქეროდა ზემოდან თოვლის ერთ მასად ქცეულ ბიჭებს.
- არადა, რომ ჰკითხო დიდები არიან.... - სიცილს ვეღარ იკავებდნენ გოგოები.
- ვართ კიდეც... - ვერაფრით მივხდნენ როგორ მოახერხა საბამ გამოძვრომა. საკუთარი მოხერხებულობით კმაყოფილი გაბადრული იბერტყავდა თოვლს, თუმცა დიდხანს არ დასცალდა, გვერდით მდგომმა სოფომ მსუბუქად უბიძგა და ისევ თოვლში გაგორებულებთან აღმოჩნდა.
- ეეე, ამას უყურე ერთი... - სამივემ სიცილით წამოყვეს თავები.
- ლიკა დეიდა, მიშველეთ! - საბრალოდ აკივლდა გაფითრებული სოფო, როგორც კი მისკენ დარაზმული ბიჭები დაინახა, მაგრამ ლიკამდე მირბენა ვერ მოასწრო, ბიჭები ამჯერად სოფოს დაეძგერნენ და თოვლის გროვაში გადაიყოლეს.
- დაეხმარეთ, ცოდოა! - სიცილისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდა ლიკა.
თითქოს მის თანხმობას ელოდნენო, სოფოს გადასარჩენად კივილ-წივილით გაქანდნენ თოვლში მოჭიდავე ბავშვებისკენ გოგონებიც.
- დიდხანს ვაპირებთ აქ დგომას?! - ავტომობილზე მიმაგრებული სასრიალოდ განკუთვნილი ატრიბუტები უკვე მოეხსნა გიორგის, უკმაყოფილოდ შუბლშეკრული დასცქეროდა ერთმანეთში არეულ ბავშვებს.
- გეჩქარებათ დამარცხება?! - ირონიულად გაეღიმა ქალს.
- ჩემპიონის სტატუსი მინდა დროულად მივიღო!... - თან თვალი ჩაუკრა გიორგიმ და ლიკას და ლევანს მათთვის განკუთვილი თხილამურებიც მიაწოდა.
- რადგან ასე გეჩქარებათ… ბავშვებო!... - ერთი ხმადაბლა გაპრანჭულად დაიძახა ლიკამ, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს.
- ბავშვებო!... - ისევ დაიძახა ქალმა, ისევ ანალოგიურად უშედეგოდ.
- ბავშვებო!... - ამჯერად დაავიწყდა პრანჭვა, გიორგისა და ლევანთან ერთად დასჭექა ლიკამ და ძირს მოგორავეებიც გაჩერდნენ.
ერთი გამოხედეს გაოცებულებმა და მაშინვე ფეხზე წამოხტნენ. ასე გადათეთრებულები, თოვლში ამოგუნგლულები სიმაღლის მიხედვით დასჯილი ბავშვებივით დამწკრივდნენ. შუბლშეკრული უმზერდნენ უფროსები, მუჯლუგუნებით ისევ ერთმანეთში მოძიძგილავეებს.
- სრიალი აღარ გინდათ?! - ხელოვნურად მკაცრი ტონით იკითხა გიორგიმ.
- როგორ არა... - ტანისამოსს იფერთხავდნენ ბავშვები.
- თქვენი თხილამურები საბარგულშია, მოწესრიგდით და შემოგვიერთდით... - უკვე კანატკებისკენ მიმავალმა მოაძახა ბავშვებს გიორგიმ.
- არ მოდიხართ?! - გაოცებულმა გამოხედა ლიკას, რომელიც აშკარად ყოყმანობდა, ვერ გადაეწყიტა ბავშვების იქ დატოვება.
- მოდით, თქვენ გიორგისთან ერთად ადით სასრიალო ბილიკზე, მე კი, ბავშვებს დაველოდები და ერთად შემოგიერთდებით!... - მრავალმნიშვნელოვნად გახედა გვერდულად მომღიმარ მამაკაცს ლევანმა.
- გუშინდლის შემდეგ ცოტა არ იყოს მათი მარტო დატოვების...
- მარტო?!... შეურაცყოფას მაყენებთ, ქალბატონო ლიკა! - ამაყად გაისალა მხრებში ლევანი - ჯობია, დიდხანს არ აცდევინოთ, ისედაც იღრინება... - სიცილით გახედა შუბლშეკრულე ძმაკაცს - როდის გახდა ასეთი უჟმური?! - ისე ჩაილაპარაკა თითქოს გიორგი იქ არც იყო.
- დარწმუნებული ხართ?! - ისევ ყოყმანობდა ქალი.
- ქალბატონო ლიკა, თუ გადაიფიქრეთ მითხარით, თუ არადა, თოთო ბავშვები არ არიან, როგორმე მიხედავენ საკუთარ თავს!...- ვეღარ მოითმინა გიორგიმ.
- წადით, წადით, ამ პატარა ნადირებს მე მივხედავ! - ისევ იცინოდა ლევანი.
- აქვე ერთი კარგი რესტორანი მეგულება - როგორც კი გიორგი და ლიკა გაისტუმრა ბავშვებს მიუბრუნდა მამაკაცი - რატომღაც მგონია, რომ ასეთ, ნახევრად სველ მდგომარეობაში თოვლში სრიალს თბილ ბუხართან ცხელ-ცხელი ხინკლის ჭამა გირჩევნიათ...
- ისე, საბას მაჭანკლობის რა გითხრა და მგონი, შენი სახით მართლა დიდი ხანუმა დაკარგა საქართველომ... - ნათლიას იდაყვი გაჰკრა ანიმ.
- მოვა დრო და დამიფასებთ!... დაუთმეთ ეს ბავშვური გასართობები „დიდ ბავშვებს“ - კანატკებისკენ ჯიჯღინით მიმავალ წყვილს გახედა ლევანმა - ჩვენ კი უფრო უკეთესად გავერთობით...
- მერე ისინი?! - ყოყმანით გახედა მარიამმა დედას, დიდად არ ენდობოდა გიორგის და არც მათი მარტო დატოვების აზრი ხიბლავდა.
- დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოვნა არ გაუჭირდებათ!... - ლევანს აჰყვა ტატოც.
- დედაშენს მესიჯი გავუგზავნოთ და...
- ენდობი?! - ჩუმად ჰკითხა საბას - ისეთი უხეშია, რამე რომ აწყენინოს?
- არა მგონია თავი დააჩაგვრინოს!... - სიცილით გახედა ლიკას გვერდით მდგომმა ვაჟმაც - ალბათ, ცოტას იჩხუბებენ, იკამათებენ და კონსენსუნსამდეც მივლენ...
უკვე ავტომობილის საჭესთან მჯდომმა დაუძახა ბავშვებს ლევანმა:
- დამიჯერეთ, ასე სჯობს, ნუ ყოყმანობთ, წავიდეთ, წავიდეთ!...
დიდად აღარც ბავშვებს გაუპროტესტებიათ, ჩვეული ყიჟინით შელაგდნენ სალონში.

ვიდრე ლევანთან ერთად წასული ბავშვები რესტორანში გათბობასა და ქეიფს გეგმავდნენ, ლიკა და გიორგი ისევ სასრიალო ბილიკისკენ მიიწევდნენ. თითქმის შუა ტრასამდე იყვნენ ასულები, როცა უცებ შუქი გამოირთო და კანატკა გაჩერდა.
- სავარაუდოდ ნახევარი საათით მაინც გაჩერდა! - მოსრიალეებში ტალღად დაიარა ახალმა ამბავმა.
- აქ ჯდომას, ფეხით ხომ არ ავიდეთ?! - უკანა სავარძელში მჯდომ მამაკაცს გასძახა ლიკა.
-ავიდეთ! - თითქოს მის კითხვას ელოდაო, სწრაფად ჩამოხტა გიორგი, თუმცა ქალისთვის ჩამოსვლაში დახმარება აზრადაც არ მოსვლია, ისე გააგრძელა ფეხით გზა.
- უცნაურია, ყოველთვის ასეთი „მყრალი“ ხართ?! - გაჭირვებით ჩამოხტა კანატკიდან ლიკა და წინ მიმავალ გიორგის აედევნა.
- მყრალი?! - ქალის სიტყვები იუკადრისა გიორგიმ.
- დიახ, მყრალი!... - უკან დახევა არც კი უფიქრია ლიკას - თქვენთვის ქალთან ქცევის წესები არ უსწავლებიათ?!
თხილამურებისთვის განკუთვნილი ბათინკებზე სველი თოვლი ეკვროდა, ისედაც მძიმე ფეხსაცმელით სიარული აშკარად უჭირდა, რამდენიმეჯერ წაიბორძიკა კიდევაც.
- დახმარება გჭირდებათ? - ხელი გაუწოდა მამაკაცმა, ინსტინქტურად ჩაეჭიდა მის მარჯვენას ლიკა, თუმცა გიორგის ირონიული ღიმილი შენიშნა თუ არა ხელი სწრაფადვე გამოგლიჯა.
- არა... - ღრენით უპასუხა მან.
- დარწმუნებული ხარ? - ისევ ჩვეული ტონით ჰკითხა მამაკაცმა.
- კი... - ჯიურად თავის ქნევით უპასუხა ქალმა.
- კეთილი, - მისთვის ხვეწნა აზრადაც არ მოსვლის, ამაყად თავაწეული ნელი ნაბიჯით მიაბიჯებდა გიორგი.
ართობდა ლიკას სიფიცხე, მისი გაღიზიანებული, განაწყენებული სახის მზერაც ზედმეტად სიამოვნებდა. წამი-წამზე ელოდა როდის უმტყუნებდა ნერვები ქალს, როდის აყვირდებოდა. გვერდით ლევანი რომ ჰყოლა, აუცილებლად უსაყვედურებდა ასეთი ქცევის გამო, თუმცა იი ხომ იქ არ იყო?!
უკან მოხედვა აზრადაც არ მოსდიოდა გიორგის, მიდიოდა და ელოდა დასახმარებლად როდის დაუძახებდა ლიკა.
ქალმა კი ისევ წაიბორძიკა და დავარდა კიდევაც თოვლში. ძალა გამოსცლოდა ლიკას, აღარ უნდოდა აღარაფერი, აღარც შეჯიბრი, აღარც ამ ჯიუტი კაცისთვის რამის მტკიცება. უფლება რომ ჰქონოდა ატირდებოდა, დიახ, პატარა ბავშვივით ატირდებოდა, და... უმტყუნა კიდევაც ნებისყოფამ ლიკას, იმდენად შეეცოდა საკუთარი თავი, რომ ატირდა.
გაჩერდა გიორგი, ზურგს უკან მომავალს მიაყურადა. თუმცა არ შემობრუნებულა, თოვლის ხრაჭუნის ხმა აღარ ესმოდა. როგორც იქნა შემობრუნება იკადრა. თოვლში იჯდა ლიკა და წამოდგომას არც კი ცდილობდა. თავი ხელებში ჩაერთო, მხრები ოდნავ შესამჩნევად უთრთოდა და ტიროდა.
დაძაბული მისჩერებოდა გიორგი, თითქოს ელოდა, როდის ამოხედავდა, როდის წამოდგებოდა და გააგრძელებდა გზას, მისი ჩვეული მეტიჩარა ხმით, როდის ეტყოდა, რომ სულაც არ აპირებდა დანებებას.
ცრემლებით სავსე თვალებით ამოხედა ლიკამ. იმხელა საყვედური ჩანდა ქალის მზერაში, რომ მამაკაცი გაშრა, დაბნეული ისე აკვირდებოდა თითქოს პირველად დაინახა, პირველად გაიაზრა, რომ აღარსად იყო ჯიბრის ობიექტი, აღარც უპირატესობის მტკიცება სჭირდებოდა. წინ მხოლოდ ერთი სიფრიფანა, საკმაოდ ნაზი და ლამაზი ქალი ეჯდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ, თუმცა ქალის მზერაში იმხელა სიძულვილი დაინახა, რომ ახლოს მისვლა ვერ გაბედა:
- ლიკა, კარგად ხართ?! - საკუთარი ხმა ვერ იცნო გიორგიმ.
- უბრალოდ, ამიხსენით, რატომ?!... - ტირილისგან ხმა უკანკალებდა ლიკას.
- რა, რატომ? - დაუბნეულმა ჩაიმუხლა მამაკაცმა.
- რატომ შემიძულეთ, რატომ?... -
- არა... არ მინდოდა, უბრალოდ... - სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა გიორგიმ.
- უბრალოდ, ერთობოდით! - თავადვე გასცა პასუხი საკუთარ კითხვას - ჩემი დამცირება თუ გინდოდათ, ჩათვალეთ, რომ გაიმარჯვეთ.
- ვერ გავიგე?!
- დავიღალე, რასაც გინდათ იმას გეტყვით, ვაღიარებ, თუ გინდათ ათჯერ გაგიმეორებთ, რომ თქვენი ყურადღების მისაპყრობად, ძალით წავიბორძიკე. ოღონდ თავი დამანებეთ. - აშკარად ისტერიკაში იყო ქალი.
- ლიკა!.. - ფრთხილად შეეხო მხრებზე გიორგი.
- არ გაბედოთ, ჩემთან მოკარებაც კი არ გაბედოთ!... - გაცოფებული წამოხტა ლიკა - ზიზღით მოიშორა მისი ხელები - თქვენში არაფერი ადამიანური არ დევს, არაფერი... მე სრბოლა უკვე დავასრულე...
- ასე არაა, ცდებით... - თავის მართლებას ცდილობდა გიორგი.
თუმცა ლიკა აღარ უსმენდა, ბათინკებზე თხილამურები დაიმაგრა და თავქვე დაეშვა.
- ლიკა, მოიცადეთ, ლიკა!... - უკან დაედევნა გიორგი.
მამაკაცი რაღაცას ეძახდა, თუმცა ქალს მისი სიტყვები არ ესმოდა, ცივი ჰაერი სახეში სცემდა, სათვალე დაეორთქლა, ხელის ერთი მოსმით მოიშორა და უმისამართოდ მოისროლა. წელში მოხრილს, ხელები ბარძაყებზე მიებჯინა და მიქროდა. ნელ-ნელა სისწრაფეს უფრო და უფრო უმატებდა. წამით დაავიწყდა გიორგი, მასთან კამათიც, მხოლოდ სრიალზე ფიქრობდა. წინ საკმაოდ მოზრდილი ტრამპლინი ჩანდა, გვერდის ავლა აზრადაც არ მოსვლია, არ შეშინებია, პირიქით, თითქოს ადრენალინიც მოემატებოდა, თვალები დახუჭა ლიკამ და გაფრინდა, ზუსტად ვერ მიხვდა რა სიმაღლეზე ან რამდენ ხანს მიფრინავდა ჰაერში. სიამოვნების ყიჟინა აღმოხდა ქალს, როგორც კი ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნო:
- საბოლოოდ გაგიჟდი?! - გონს გიორგის გაცოფებულმა, შეშლილმა ხმამ მოიყვანა, მკლავზე ისე ჩაებღუჯა მამაკაცს თითქოს ეშინოდა ისევ ხელიდან არ გასხლტომოდა, როგორც იქნა თვალების გახელაც იკადრა ლიკამ.
- შენ არც კი იცი, ეს რა იყო!.. - ბედნიერი უღიმოდა გიორგის.










მეთერთმეტე თავი
- არ ხარ ნორმალური, დედას გეფიცები, მართლა არ ხარ!... - სიბრაზისგან აცახცახებულმა გიორგიმ ახედა ტრამპლინს, საინადანაც სულ რამდენიმე წუთის წინ ქალთან ერთად მოფრინავდა.
მამაკაცის მზერას გააყოლა თვალი ლიკამაც. თითქოს ახლაღა გაიაზრა ის რისკები რაც ამ სიმაღლიდან ხტომას ახლდა. უნებურად შეეშინდა, ტანში უსიამოვნოდ გასცრა.
- შენ, შენ რატომღა გამომყევი? - დაბნეულმა გახედა წინ მდგომს.
- აბა რა უნდა მექნა? - არანაკლებ გაოცებული ჩაეკითხა კაცი - არ უნდა გამოგყოლოდი?!
უსიტყვოდ უმზერდა ლიკა თვალებში თავზემდგომს, დუმილს არც ერთი არ არღვევდა, მაგრამ ყველაზე მეტყველი ალბათ, სწორედ ეს სიჩუმე იყო, თავიდან ერთმანეთს უბღვერდნენ, შემდეგ თითქოს რაღაც შეიცვალა. გიორგის მისთვის ჩვეული ირონიული ღიმილი დაუბრუნდა, ქალისთვის თვალის არიდება არც კი უფიქრია, ოდნავ გვერდულად იღიმებოდა. ვეღარ გაუძლო ლიკამ მის მზერას, უხერხულად შეიშმუშნა.
- მაპატიე, თქვენი გაღიზიანება აზრადაც არ მომსვლია, - ისევ თქვენობით ფორმას დაუბრუნდა - უბრალოდ... - ნერვიულად თოვლს სრესდა ლიკა.
- უბრალოდ, იმდენად ეგოისტი ხართ, რომ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობთ, ეგაა და ეგ, აზრადაც არ მოგდით ოდნავ მაინც გაუწიოთ ანგარიში გვერდით მყოფს! - ისევ ღიმილით საყვედურობდა გიორგი.
- ვერ გავიგე?! თქვენთვის გამოყოლა არ მითხოვია, აუცილებელი არ იყო გადმოხტომა, თუ გეშინოდათ!...
- მეშინოდა?! - სახე ზედმეტად ახლოსაც კი მიუტანა მამაკაცმა - მართლაც რომ ვერაფერი გაგიგიათ! - თითქმის ყურთან უჩურჩულა მან - თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს...
- დამცირება აუცილებელი არაა, თუ რამეს ვერ ვიგებ, თქვენი ქარაგმების ბრალია!... - უხერხულობის შეგრძნება სიბრაზემ შეცვალა, ისევ გაიბრძოლა მარწუხებად ქცეული ხელებისგან გასანთავისუფლებლად, თუმცა უშედეგოდ.
- ქარაგმების?!... დავიჯერო ვერაფერს ხვდებით?! - თვალებში ჯიუტად უმზერდა მამაკაცი.
მათ შორის რაღაც შეცვლილიყო, აღარ ჩანდა ზიზღი, აღარც - მუქარა, მამაკაცის გამოხედვაში ვნება ჩამდგარიყო, ახალ ემოციებს უკითხავად გაედგათ ფესვები. მოულოდნელობისგან შეკრთა ლიკა, ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში, საკუთარი ცვლილების თავადვე შეეშინდა, როგორც არასდროს ისე უნდოდა გიორგის მკლავებიდან თავის დაღწევა, ისევ ვერ შესძლო.
მამაკაცი ხელის გაშვებას არც კი ფიქრობდა. წამიერად, მაგრამ მაინც გაიფიქრა, რომ მიუხედავად სიცივისა, გიორგის მკლავებში მოქცეულს მთელი ცხოვრებაც კი შეეძლო დგომა.
- შეუძლებელია! - ისე გაიქნია თავი თითქოს აბეზარი ფიქრების მოშორება სურდა.
საკუთარი აზრების თავადვე შერცხვა, რატომღაც ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მიუხვდა მამაკაცი, ფაქტზე გამოიჭირა, გაწითლდა ლიკა, დიახ, თხუთმეტი წლის გოგოს მსგავსად გაწითლდა, საშუალება რომ ჰქონოდა, გაიქცეოდა, დაიმალებოდა კიდევაც, მაგრამ...
მკლავზე მოჭერილ თითებს დასჩერებოდა და ვეღარ ხვდებოდა სტკიოდა, თუ სიამოვნებდა მისი ძალის შეგრძნება. გიორგი კი, თითოეულ რეაქციას ხარბად აკვირდებოდა, მისი ზედმეტად კმაყოფილი სახით, ძნელი არ იყო მიხვედრა, რომ ზუსტად გრძნობდა ქალში მომხდარ გარდატეხას.
- არც კი გაბედოთ, - ისევ გასაქცევად შემართული ლიკა მისკენ მიიზიდა - მე მიყურეთ, თვალებში მიყურეთ! - მამაკაცის ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილა, აღარც ფართხალებდა, აღარც გასხლტომას ცდილობდა, უმზერდა თავზე წამომდგარ ახმახს, საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა ქალს, რატომღაც თვალები ცრემლებით აევსო. რა სჭირდა? მუდამ ძლიერს, საკუთარი უსუსურობა აღიზიანებდა, რა ჯანდაბას უკეთებდა ეს კაცი? ასე როგორ მონუსხა?
- გიპნოზს მიკეთებთ?! - გააზრება ვერც კი მოასწრო, ისე წამოროშა პირველივე რაც ენაზე მოადგა.
რეაქციაც შესაბამისი მოჰყვა, გიორგიმ სიცილი ვეღარ შეიკავა, ხმამაღლა ახარხარდა და როგორც იქნა ხელიც გაუშვა:
- თქვენთან კაცი არ მოიწყენს!
- სიცილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, სიცოცხლეს ახანგრძლივებს!... - თვალი ჩაუკრა თავისუფლების შეგრძნებით გათამამებულმა ქალმა.
- გამახსენეთ, ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, მადლობას აუცილებლად გადაგიხდით... - ისევ ხარხარებდა გიორგი.
- სიამოვნებით შეგახსენებთ... - ისევ კეკლუცის ხასიათზე იყო ლიკა - „ზედმეტი არ მოგივიდეს!“- დანაშაულში გამოჭერილივით, დატუქსა საკუთარი თავი - თოვას უმატებს, ჩვენი წასვლის დროა!... - დასერიოზულებულმა გამოუცხადა ისევ ეშმაკურად მომღიმარ გიორგის.
ამჯერად ორივენი გვერდი-გვერდ ყოველგვარი შეჯიბრისა და ზედმეტი მოქმედებების გარეშე მოცურავდნენ. უყვარდა ლიკას სრიალი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრიალის დროს ავიწყდებოდა ყველა და ყველაფერი, მოცურავდა და ზემოდან კმაყოფილი, სახეგაბრწყინებული გადმოსცქეროდა კანატკებთან შეკრებილ ხალხს. გიორგი? მოცურავდა და უმზერდა გვერდით მდგომს, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავადაც ბოლომდე გრძნობდა ქალში მომხდარ გარდასახვას, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ შესაძლებელი იყო გრძნობებისა და ემოციების ასე გამოხატვა. ცხოვრებაში პირველად შურდა ვიღაცის, დიახ, შურდა, ქალის რომელსაც სიცოცხლით ტკბობის უნარი ჰქონდა.
როგორც იქნა ჩამოვიდნენ და ბათინკებზე მიმაგრებული თხილამურებიც მოიხსნეს.
- ჩვენები სად არიან?! - ბავშვებს ეძებდა ლიკა.
- ლევანს მათი რესტორანში წაყვანა უნდოდა, ეტყობა შეასრულა პირობა. - უდარდელი ტონით ისე გამოუცხადა მამაკაცმა, თითქოს მეგობართან ერთად წინასწარ თავად არ დაეგეგმა მათი იქ წაყვანა.
- რესტორანში?!... იცოდი? მე რატომ არ მითხარით? - უკმაყოფილოდ გაებზარა ხმა ლიკას.
- რა, უარს ეტყოდი? არ გაუშვებდი?!
- ავტომობილიდან ფეხზე ჩასაცმელს მაინც ამოვიღებდი, ასე როგორ ვიარო?!... - ხელში მოუხერხებლად დაჭერილ თხილამურებს შუბლშეკრულმა გახედა ქალი.
- არაფერია, მე წამოვიღებ... - მისი თხილამურებიც გამოართვა გიორგიმ და საკუთარ წყვილთან ერთად მსუბუქად გადაიდო მხარზე: - შორს არ არიან, როგორმე მივალთ...
- ამ ჯოჯოებით? - ამჯერად უხეშ ბათინკებს დაჰყურებდა და ისევ წუწუნებდა ლიკა.
- თქვენს ჩექმებს კიდევ ეგ ბათუნკები სჯობს... - ირონია შეერია ხმაში გიორგის.
- ვერ გავიგე? ჩემს ჩექმებს რას უწუნებთ ვითომ?! - გვერდულად გამოხედა მისი რეპლიკით განაწყენებულმა ლიკამ.
- თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წარა - მარა ფეხი გიცურავთ და წაქცევის კანდიდატი ხართ, სხვას არაფერს... - სიცილს ვეღარ იკავებდა გიორგი.
- რას ამბობთ, მაგ ჩექმების გამო ფასდაკლებას ორი სეზონი ველოდი...
- აშკარად შემოგატყუეს, მე შენს ადგილზე საყვედურს გამოვუცხადებდი მწარმოებელს... - თვალი ჩაუკრა გიორგიმ.
- საყვედურს?!.. რისთვის პადუშის ძირიანი ჩექმებით თოვლში დავდიოდი და ფეხი მიცურავდა მეთქი?! მინიმუმ გიჟად ჩამთვლიან...
- მაგაში ახალი არაფერი იქნება, თუმცა... - ისევ ფხუკუნებდა მამაკაცი.
- ჯერ ის არ მიპატიებია, ნახევარი ბაკურიანის გავლა ამ საზიზღარი ბათინკებით რომ მიწევს, თქვენს ადგილზე, მსგავსი უხამსი რეპლიკებისგან თავს შევიკავებდი... - მკაცრად გამოუცხადა ლიკამ.
- უკაცრავად, ქალბატონო ლიკა, თქვენი წყენინება აზრადაც არ მომსვლია, მით უმეტეს, რომ სახალხოდ ერთი ბოდიში ისედაც მოსახდელი მაქვს... - ქალის მსგავსად თავადაც თქვენობით მიმართვის ფორმაზე გადავიდა გიორგი.
- კარგით, დაივიწყეთ, მაგ ბოდიშის მოხდისგან მგონი გიხსნით, თუ ამ დაღმართის ჩავლაში დამეხმარებით... - შუბლშეჭმუხნილი უმზერდა ლიკა საკმაოდ მოლიპულ ფერდობს.
- მაგ მცირედზე როგორ დაგზარდები, ჩემი მკლავი და...
- ჩემი ხელები... - სიცილით გამოსდო ხელკავი ლიკამ მამაკაცს.
სრიალ-სრიალითა და ფხუკუნ-ფხუკუნით ჩამოიყვანა ფერდობზე გიორგიმ.
- უღრმესი მადლობა! - რევერანსით მოუხადა მადლობა ლიკამ, როგორც კი ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნო.
- მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ! - თავაზიანობაში არც მეწყვილე ჩამორჩა - თუმცა ისევ ხელკავით სიარული სჯობდა, თბილად მოვდიოდი... - ეხამუშა ლიკას მოშორებით დგომა გიორგის.
- თქვენთვის ცოტა ნაადრევია სითბოს დევნა, აშკარად არ ხართ იმ ასაკში... - მხიარულად კისკისებდა ლიკა.
- უკაცრავად, დამავიწყდა, თქვენ ხომ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ! - სიცილში აჰყვა გიორგიც.
- ეტყობა მომღერლებიც დაიქირავეს... - როგორც იქნა მივიდნენ რესტორნამდე მისულებს გარეთაც კი ესმოდათ დარბაზიდან მომავალი ტაშ-ფანდურისა და სიმღერის ხმა.
- მაგათ მომღერლები რათ უნდათ, ჩვენი ბავშვები არიან... - სახე გაებადრა ლიკას.
ჩვენს ხუთეულს გარშემო მჯდომი ხალხიც მიმატებოდა, გიგა და ტატო „ტაში ბიჭო, გიორგუნა“-ს მაგიდაზევე უკრავდნენ, სოფო, ანი და ლევანი ბოლო ხმაზე მღეროდნენ, საბა და მარიამი კი ჩვეულებისამებრ ხალხისგან შეკრულ წრეში ცეკვავდნენ. ტაშის გუგუნსა და ოვაციებში ვერც კი შენიშნეს როგორ წამოადგნენ თავზე ლიკა და გიორგიც.
ერთი კი გადახედა უხერხულად აწურულ ქალიშვილს გიორგიმ, თუმცა ხმა არ ამოუღია, ლევანს ავტომობილის გასაღები გამოართვა და გარეთ გავიდა.
- კარგად ხარ?!... - ავტომობილის სალოში მჯდომს თავზე წამოდგა ლიკა.
- არაფერი, ფეხზე გამოცვლა თუ გსურთ, თქვენი ჩექმები საბარგულში აწყვია... - ქალისთვის არც კი შეუხედავს, ღრენით უთხრა გიორგიმ.
- ბავშვებს საღამოს ნუ ჩააშხამებთ!... - მამაკაცის უხეში ტონის აშკარად ეწყინა ქალს.
- ეგ რომ არ მინდოდა, ამიტომაც გამოვედი... - ტკივილისგან ხმა გაბზარვოდა გიორგის.
- ასეთი ძნელია? - იმხელა თანაგრძნობით უმზერდა ლიკა, უნებურად გაეღიმა კაცს.
- სამწუხაროდ... ჩემზე ნუ ღელავთ, შედით ბავშვებთან, მე კი აქ დაგელოდებით...
- დარწმუნებული ხარ? - ისევ ყოყმანობდა ქალი.
- კი... - ამჯერად გულღიად გაუღიმა გიორგიმ - უბრალოდ დრო მჭირდება, სულ ცოტა დრო...

ამდენი ტაშ-ფანდურითა და ერთმანეთის დევნით, დაღლილ- დაქანცულები საკმაოდ გვიან დაიშალნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა უთხრა სასტუმრომდე მე გამოვაცილებო, გიორგი პირობისამებრ მაინც მოთმინებით იცდიდა გარეთ.
როდის-როდის დაეძინათ ბავშვებს, ყოველ შემთხვევაში ირმას და ლიკას ნამდვილად ეგონათ რომ ეძინათ. შუა ღამისას მობილურის ეკრანმა ციმციმით ამცნო მარიამს, ბიჭების ზარის შესახებ.
- ალო! - ჩურჩულით უპასუხა და გვერდით მწოლიარე დედას ცალი თვალით გადახედა.
- ბებრებო, გძინავთ! - გოგონას მსგავსად რატომღაც ტელეფონის მეორე მხრიდანაც ჩურჩულებდა საბა, თითქოს ეშინოდა მისი ხმა ლიკას არ გაეგო.
- არა.. ბებერი შენ ხარ!. - მოგვიანებით გაიაზრა ვაჟის ნათქვამი და ღრენით უპასუხა მარიამმა.
- მიდი, ჩამოდით რა... ჯოკერში ერთი გვაკლია... - გოგონას ტონისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე შეეხვეწა საბა.
- სოფო, სოფო!... - რამდენიმეჯერ ჩურჩულით დაუძახა გვერდით ლოგინში მძინარე მეგობარს, თუმცა რადგან ვერაფერი გააგებინა, მასთან გადაძვრა და მსუბუქად შეეხო.
- მმმ... - გაურკვეველი ბგერები ამოუშვა გოგონამ.
- ბიჭებმა ჩამოდით, გავერთოთო!
გართობის გაგონებაზე ისე სწრაფად წამოჯდა ნახევრად მძინარე, თმებაჩეჩილი სოფო, რომ მარიამმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ჩუმად აფხუკუნდა.
- რა გაცინებს, დებილო, ლიკას გააღვიძებ! - უცებ მოვიდა გონს სოფო და აფხუკუნებულ დაქალს პირზე ბალიში დააფარა.
- მომაშორე ეგ ტომარა, გავიგუდები, სულელო! - სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა მარიამი.
- არასერიოზულო ადამიანო!... - მარიამის შემხედვარე სოფოსაც ეღიმებოდა - ერთი თუ გაკლიათ, ორს როგორ გვეპატიჟებით?! - მარიამის კისკისისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, ეშმაკურად ჩასძახა ტელეფონში საბას.
- ორს - არა, სამს, ანისაც მივწერეთ... - ამჯერად ტატოს ხმაც გაიგონეს გოგონებმა.
- ანის?! ისიც ჩამოვა? - გაოცებულმა შეხედა მასზე არანაკლებ გაოცებულ მეგობარს.
- თუ გოგოები ჩამოვლენო... ეეე... მიდით რა... - ამჯერად ტატო გადავიდა ხვეწნაზე - ჩამოდით რა...
- ჩამოდით, ჩამოდით, ნუ დაიდებთ ამათ ცოდვას!... - აროხროხდა გიგაც და ვიდრე ოთახიდან გავარდებოდა ტატოს მოქნეული ბალიშიც მოხვდა.
- მიდით, მიდით... ჯოკერს არა, მაგრამ სხვა რამეს მოვიფიქრებთ, გავერთობით, რა... - ისევ ჩასვლას ეხვეწებოდა საბა.
- კარგით, ანის შევძახებთ და...
შეძლებისდაგვარად ჩუმად ემზადებოდნენ გოგონები, ფეხაკრეფით გამოვიდნენ საძინებლიდან, ის-ის იყო ნომრიდან უნდა გამოსულიყვნენ, რომ თავზე წამოადგათ ჟანდარმივით გაჯგიმული, დოინჯშემორტყმული ლიკა:
- სად მიძვრებით ამ შუა ღამისას?! - მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტნენ გოგონები.
- მეე?! ჩვეენ?!... - ერთმანეთის ყურებაში ვეღარ მოიფიქრეს სათქმელი, პასუხებში აირივნენ ორივენი.
- დე... გემუდარები, გეხვეწები, გაგვიშვი რა!....
- სად მიდიხართ მეთქი?! - მუდამ მხიარულს, ამჯერად ტონი ცივი და მკაცრი ჰქონდა ლიკას.
- ანიც მოდის, ბიჭებმა ვითამაშოთო... - ისევ სიმართლის თქმა ამჯობინა მარიამმა.
- ვერ გავიგე?! გაგიჟდით?! საკუთარ მოქმედებებს ანგარიშს უწევთ?!
- დე... რა მოხდა რა... მალე ამოვალთ!
- ვის ეპარებოდით?! თავმოყვარეობა დაკარგეთ?! შუა ღამისას, ბიჭებთან ნომერში, რა ჯანდაბა გინდათ?!... - სიბრაზისგან ცახცახებდა ლიკა.
- ლიკა დეიდა, დედას გეფიცებით, ცუდს არაფერს!...
- არ მაინტერესებს! - ქალის გაცოფებული თვალების დანახვაზე ხმა ჩაუწყდა სოფოს.
- რა ხდება?! - შესასვლელში მოკამათეებს ამჯერად ირმა წამოადგათ თავზე.
- მასწ... ცუდი არაფერი გვინდოდა, უბრალოდ... - სლუკუნებდა მარიამი.
- უბრალოდ, დღევანდელი გართობა არ ეყოთ, ისევ თამაში მოუნდათ!... - ისეთი საყვედურით სავსე თვალებით უყურებდა ლიკა შვილს, რომ სოფომ და ირმამაც კი თვალი აარიდეს.
გქონიათ ისეთი მომენტი, როცა მხოლოდ მზერაც კი გკლავს, როცა გრძნობ რომ ვიღაცას ზედმეტად ატკინე, თითქოს იმედი გაუცრუე. განა რა ჩაიდინეს ასეთი?! ვერაფრით ხვდებოდნენ გოგოები ასე ძლიერ რა აწყენინეს ლიკას, ცუდი ხომ არაფერი უნდოდათ, უბრალოდ... მაგრამ ეს უბრალოდ იმდენად მწარე გადასაყლაპი აღმოჩნდა.
- ასე ნუ მიყურებ, დე... გთხოვ! - ხმა გაბზარული ცრემლებს ვეღარ იკავებდა მარიამი.
მისი ცრემლების დანახვაზე ნიკაპი აუკანკალდა ლიკას, თუმცა თავის შეკავება შეძლო.
- გგონია ვერ ვხვდები რა ხდება თქვენს თავს? გგონიათ მხოლოდ თქვენ გიყვართ?! ყველაზე რთულსა და სახიფათო ასაკში ხართ... წამი, სულ რაღაც ერთი წამია საკმარისი თქვენი ცხოვრების მიმართულების შესაცვლელად... გგონიათ მხოლოდ თქვენ იცით რა არის ვნება?!
- ჩვენ ხომ მსგავსი არაფერი... - ისევ ლუღლუღებდა მარიამი.
ირმას ისე უმზერდნენ ბავშვები თითქოს ხსნას მისგან ელოდნენ:
- თქვენი გაღვიძება არ გვინდოდა, არ გვეგონა ასე თუ გაბრაზდებოდით!... ისეთი რა ჩავიდინეთ?! - ისევ მეგობარს ესარჩლებოდა სოფო.
- პატარა აღარ ხარ, კარგად შემომხედე, დამაკვირდი.... ვიცი, რომ ძნელია სხვის შეცდომებზე სწავლა, მაგრამ... საკუთარ თავს ოდნავ მაინც თუ არ დააფასებ, ასე იოლად ხელმისაწვდომი თუ იქნები, ერთ დღეს უბრალოდ გადაგთელავენ და მოგისვრიან..
- საბა, ასე არ... საბა არ... - ხმა ჩაუწყდა მარიამს.
- როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეთ, ღირსებას ნუ დაკარგავთ!
- აბუქებ... ჩვენ უღირსი არაფერი ჩაგვიდენია!... - დედის სიტყვები აშკარად ეწყინა მარიამს.
- ბევრჯერ არც მეცინება, მაგრამ მაინც სულელივით ვიცინივარ, ვცდილობ გვერდით გედგე, შენთან ვიყო ნებისმიერ დროს, არ გაყვედრი, ან როგორ დაგაყვედრი? გენდობი, მარიამ, საკუთარ თავზე მეტადაც კი... ასე გაპარვას მერჩია გეთქვა, უბრალოდ გაგეფრთხილებინა, არ მინდა ჩემი ნდობით ბოროტად სარგებლობდე!... - მეტი აღარაფერი უთქვამს, უსიტყვოდ შეიკეტა ლიკა საძინებელში.
- მასწ... დედას გეფიცებით მსგავსი არაფერი გვიფიქრია!... - ისევ სლუკუნებდა მარიამი.
- გასაგებია, მაგრამ დედაშენისაც უნდა გაიგო, ეშინია...
- კი, მაგრამ რის?! - ისე იკითხა სოფომ თითქოს მართლა ვერ მიხვდა რამ გააღიზიანა ლიკა.
- ვერც ხვდებით?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ირმას -დავიჯერო მართლა ვერ მიხვდით? ჩუმად იპარებოდით, გვატყუებდით... რატომ?!... ამიხსენით! რამე დაგიშალეთ, რამით შეგზღუდეთ?! გამარკვიეთ?!... - სიბრაზეს ვეღარ მალავდა ქალი.
- მასწ, გემუდარებით რა... სულ ხუთი დღით ვართ ჩამოსული, რა დაშავდება ცოტას თუ...
- შენც ასე ფიქრობ? არაფერი დაშავდა?! - გამომცდელად შეხედა თავდახრილ მარიამს - ყველაზე შეურაცყმყოფელი ადამიანისთვის ტყუილია, თუ გინდა საყვარელ ადამიანს ატკინო, უნდა მოატყუო...
- ჩვენ არ მოგვიტყუებია, უბრალოდ... - მიამიტურად აფახუნებდა თვალებს მარიამი.
- თან ხომ არსებობს უწყინარი ტყუილიც?! - თვალებში ჭინკები უხტოდა სოფოს. მათი შემხედვარე ღიმილი გაეპარა სახეზე ირმას:
- თქვენ თუ ასე ფიქრობთ... იყოს თქვენებურად, ალბათ ჩვენ ვცდებით, მიბრძანდით, გაერთეთ... - ირონიულად გაუღიმა ქალმა და თავადაც მის ოთახში შეიკეტა - ოღონდ, ხვალ კონცერტი რომ გაქვთ არ დაგავიწყდეთ!
ცხვირწინ მოკეტილ საძინებლების კარებებს უყურებდნენ იქვე ატუზული ბავშვები.
- მარიამ... - მუდარით უმზერდა სოფო.
- არა, მართლა ეწყინებათ!
- ეეეჰჰჰ... - ხელი ჩაიქნია სოფომ და ფეხების ფრატუნით შევიდა საძინებელში.
- ირმამ და ლიკამ, არაოოო... - ნაღვლიანი ღიმილიც მიაყოლა მესიჯს მარიამმა და თავადაც უკან მიჰყვა მეგობარს.
- მაპატიე, თუ ზედმეტი მომივიდა! - გვერდით მიწოლილ შვილს მოეხვია ლიკა.
- დე.., მიყვარხარ... - შვილის ცრემლები ხელზე იგრძნო ქალმა.










მეთორმეტე თავი
დილით სასაუზმოდ ჩავიდნენ სასადილოში. ანი ბავშვებს შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ კაციან მადიგასთან ვერ ეტეოდნენ, კუთხეებთანაც მიამატეს სკამები და ექვსნი მაინც ერთად მოთავსდნენ. ქალები შორიდანვე მიესალმნენ უკვე მაგიდასთან მსხდომ გიორგის და ლევანს, მიუხედავად მამაკაცების მოლოდინისა, ქალბატონებმა მათთან დაჯდომისგან თავი შეიკავეს, ცალკე მაგიდასთან მოთავსდნენ. თვალი გააყოლა გვერდზე ჩავლილებს გიორგიმ, რაღაცაზე დაძაბული, შეწუხებული სახით საუბრობდა ირმა, არანაკლებ სერიოზული სახით უსმენდა ლიკაც.
- რა სჭირთ?! - სმენა დაძაბა გიორგიმ, თუმცა მათი სიტყვები მაინც ვერ გაიგონა.
- აბა?!... - მოლოდინით უმზერდა ლევანი.
- რა, აბა?!
- არაფერი გაქვს სათქმელი?! - თვალებით ლიკაზე ანიშნა მან.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გიორგიმ.
- სულ არაფერი?! - აშკარად არ უჯერებდა მეგობარი - გუშინ ტყუილად დაგტოვეთ?...
- ასე გამოდის... - მეგობარს თვალი აარიდა გიორგიმ.
- მოისუსტებ, დაბერდი?! - მხიარულად ახარხარდა ის.
- ალბათ, თუმცა ვაღიარებ, იმაზე საინტერესო ქალი გამოდგა ვიდრე ველოდი, არის მასში რაღაც...
- იდუმალი, ამოუცნობი... - ისევ იკრიჭებოდა ლევანი.
- ნაწილობრივ...
- კარგი რა, ძალით უნდა გაგლიჯო სიტყვები?! - ხმაში გაღიზიანება შეეტყო ლევანს.
- რა გითხრა ვერ ვხვდები, თხუთმეტი წლის ბიჭივით ხომ არ დავიწყებ, ასე შემომხედა, ისე გამიღიმა...
- ანუ, შემოგხედა, გაგიღიმა?!...
- ლევან... - ზედმეტად აჟიტირებულ მეგობარს შეუბღვირა გიორგიმ.
- კარგი, მხოლოდ ის მითხარი, შანსები აქვს?
- იმაზე მეტი, შენ რომ გგონია... - ისევ ინტერსით უმზერდა გიორგი ირმასთან მოსაუბრე, უჩვეულოდ სერიოზულ ლიკას - მაპატიე, ლევან, რომ არ გავიგო, რა სჭირთ, ვერ მოვისვენებ!... - მაგიდასთან მჯდომი მეგობარი მიატოვა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ჩაფიქრებულ ქალბატონებს.
- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? - მათ პასუხს აღარც დალოდებია, ისე ჩამოჯდა მათთან - აღარ იტყვით, რა ხდება?! - დაძაბული მიაჩერდა ქალებს.
- ცუდადაა ჩვენი საქმე... - როგორც იქნა დუმილი დაარღვია ირმამ - ადმინისტრატორმა გაგვაფრთხილა, მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, დღეს, შუა დღის შემდეგ შუქი უნდა გამორთონ და სავარაუდოდ ხვალ დილამდე არ იქნებაო...
- ასეთი სახეები ამის გამო გაქვთ?! - შვებით ამოისუნთქა გიორგიმ.
- დღეს ახალი წელია!... - შუბლშეკრულმა გამოუცხადა ლიკამ.
- იყოს მერე, შუქს ახალ წელთან რა კავშირი აქვს?! - ვერაფრით ხვდებოდა მათი უხასიათობის მიზეზს მამაკაცი.
- თქვენთვის არანაირი, მაინც ნომერში აპირებდით შეხვედრას!... - ისე შეუღრენა, თითქოს მისი ბრალი იყო შუქის ჩაქრობა - მაპატიეთ, ცუდად გამომივიდა!... - გიორგის ტკივილით მომუშტული ხელის დანახვაზე ენაზე იკბინა ქალმა, თუმცა წამოსროლილი სიტყვებს ვეღარ დააბრუნებდა.
- ზედმეტად ვართ გაღიზიანებულები, ამ დღეს ისე ველოდით.. - ლიკას მდგომარეობიდან გამოყვანა სცადა ირმამ.
- სასტუმროს ადმინისტრაციის თხოვნით, საახალწლო კონცერტი ჩვენს ბავშვებს უნდა ჩაეტარებინათ, ეს მათთვის დიდი პრაქტიკა იქნებოდა.. - მამაკაცს თვალებს ვეღარ უსწორებდა, თავდახრილი საუბრობდა ლიკა.
- გაორმაგებული ძალებით ვვარჯიშობდით, ფესტივალებზე როცა გამყავს, თითოეულ მათ სიმღერაში იქეთ ვუხდი თანხას ორგანიზატორებს. აქ კი, ულიმიტოდ სიმღერის საშუალება გვქონდა, ცოცხალი მუსიკა, მაყურებლები, ამდენი შრომა წყალში ჩაგვეყარა, დასანანია...
- ვერ გავიგე, ბავშვები ხომ ცოცხლად მღერიან, შუქს მათთან რა კავშირი აქვს?!
- აპარატურას რა ვუყოთ? მიკროფონებს, დინამიკებს? თან ჩაბნელებულ დარბაზში ხომ არ დავსვამთ? - როგორც იქნა გაბედა ლიკამ თავის აწევა.
- გენერატორი არ არსებობს? - გამოსავალს ეძებდა გიორგი.
- ეგეც ვიკითხეთ, შუქი კარგა ხანია არ გამოურთავთო, ერთი ცალი ჰქონიათ შემთხვევით შემორჩენილი, ისიც სასტუმროს ნომრებსა და სასადილოს ძლივს ეყოფაო...
- არ ყოფილა საშველი, საღამოს სადღესასწაულო სადილი მაინც იგეგმება, თუ ეგეც გაუმქდა?! - ირონიულად იკითხა კაცმა.
- კონცერტის შემდეგ გეგმავდნენ, აღარც მიკითხავს...
- თქვენი ბავშვები რესტორნებში სიმღერას ისე არიან მიჩვეულნი, საღამოს ნაცვლად, სადილი გააფორმეთ მუსიკალურად... - აშკარად იხუმრა გიორგიმ. გვერდულად გახედა ლიკამ, მისი ნათქვამი ეტყობა ჭკუაში ჩაუჯდა, სახე გაუნათდა ქალს.
- გმადლობთ! ზოგჯერ თქვენც კი შეგიძლიათ ჭკვიანური აზრების შემოთავაზება! - მამაკაცის გასაოცრად, გულწრფელად მოუწონა იდეა - სადილს სად გეგმავენ, ამ დარბაზში? - ამჯერად ირმას ჰკითხა მან.
- მგონი.
- დამიზუსტე, კარგი?! დანარჩენს კი მე მივხედავ!...
- ვერ გავიგე, რას მიხედავ?! - ნათქვამს ვერ მიუხვდა გიორგი.
თუმცა მისთვის პასუხის გაცემა არც კი უფიქრია ქალს, ისევ ირმას აძლევდა დირექტივებს:
- ადმინისტრაციას დაელაპარაკე, მუსიკალური პროგრამა ამ დარბაზზე ავაწყოთ... დანარჩენზე კი მე ვიზრუნებ!..
- სად მიდიხარ, აღარ იტყვი?! - მისი იგნორი უკვე აღიზიანებდა გიორგის.
- გოგოებს გავაფრთხილებ, საღამოსთვის დარბაზის გაფორმებაში დამეხმარონ, რადგან შუქის პრობლემაა, მაგიდებს სანთლებით გავანათებთ, მგონი წინააღმდეგნი არ იქნებიან... გენერატორს კი სცენისა და აპარატურისთვის გამოვიყენებთ... - მხიარულად შესცინა ქალმა.
- კი, მაგრამ დარბაზის მორთვას როგორ აპირებ, აქსესუარები გაქვს?
- არა, მაგრამ შევიძენ!... - ხალისიანად გამოუცხადა ქალმა.
- სად შეიძენ? - ლიკას აღტაცებული სახის ყურება უკვე ართობდა გიორგის.
- სადმე... - ახლაღა დაფიქრდა ლიკა, რომ ბაკურიანში სასურველი აქსესუარების შეძენა გაუჭირდებოდა - აქ თუ არ იქნება, თბილისში?!... - სწრაფადვე ნახა გამოსავალი.
- წეღან არ თქვით, შუა დღის შემდეგ ქარბუქია მოსალოდნელიო?! საღამომდე თბილისში ჩასვლას, ყველაფრის შეძენას და დაბრუნებას როგორ მოასწრებ?! - დედაქალაქში წასვლის იდეა აშკარად არ მოეწონა გიორგის.
- კი, მაგრამ... ბავშვებს საღამოს ხომ არ ჩავაშხამებთ?! თან მანქანაში მჯდომს ქარი ხომ არ წამიღებს? - მაინც არ თმობდა პოზიციებს ლიკა.
- დედას გეფიცები, მთლად ნორმალური არ ხარ!... - უცებ დაუსვა დიაგნოზი გიორგიმ.
- ახალი თქვი რამე, ეგ მოსმენილი მაქვს! - უკვე კარებისკენ გარბოდა ლიკა.

შესაშური სისწრაფით მოემზადა ქალი, რამდენიმე წუთში უკვე მისაღებში იყო. ტაქსი სასტუმროს ეზოში ელოდა. ის-ის იყო ავტომობილში უნდა ჩამჯდარიყო, რომ გიორგის ხმაც გაიგონა:
- ლიკა, მომიცადე, მეც მოვდივარ!...
- შენ? - გაოცებულმა გამოხედა უკან მდგომს.
- ამ ამინდში მარტო ხომ არ ივლი? მე წაგიყვან, თქვენი მომსახურეობა აღარ გვჭირდება! - აბუზღუნებულ ტაქსის მძღოლს ათ ლარიანი მიაწოდა და გაუშვა.
- გიორგი... - შეწინააღმდეგებას აპირებდა ლიკა.
- ძალიან გთხოვ, ტყუილად ნუ მალაპარაკებ! - სწრაფად გააჩუმა მამაკაცმა.
ქალმა დამორჩილება გადაწყვიტა, უსიყვოდ გაჰყვა იქვე მდგომი დათოვლილი ავტომობილისკენ.

ესიამოვნა და ეუცხოვა სალონში არსებული სითბო ლიკას. ისეთი სიმყურდოვის შეგრძნება დაეუფლა ხმა ვეღარ ამოიღო. თითქოს დაუსმელ კითხვაზე უპასუხაო, მისკენ არც კი გაუხედავს, ისე უთხრა გიორგიმ:
- არ მიყვარს ცივ ავტომობილში ჯდომა. ვიდრე გელოდი, რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა? ცოტა შევათბე...
მისი „გელოდი“ სასიამოვნოდ მოჰხვდა ყურს, თუმცა არ შეიმჩია ლიკამ, ფანჯრიდან დათოვლილ მთებს ისე აკვირდებოდა, თითქოს იმ წუთას ამაზე მეტი საფიქრალი არ ჰქონდა. გვერდულად გაეღიმა მამაკაცს, ფრთხილად დაძრა ავტომობილი და ეზოდანაც გავიდნენ.
- მამაკაცისგან ყურადღებას ყოველთვის ასე იფერებთ?! - ქალის სიჩუმით გაბეზრებულმა, როგორც იქნა დუმილი გიორგიმ დაარღვია.
- ბატონო? - დაბნეულმა ახედა ლიკამ.
- დიდხანს აპირებთ ასე ჯდომას? - გვერდულად გამოხედა უხერხულად აწურულს.
- არა, უბრალოდ ვფიქრობ...
- ფიქრობთ? მაინც რაზე? - ირონიულად იკითხა გიორგიმ.
- საიდან დავიწყოთ...
- რა საიდან დავიწყოთ?
- საახალწლო აქსესუარების შეძენა. განა ამის გამო არ წამოვედით? - ცოტა არ იყოს გააღიზიანა გიორგის ხმაში გაპარულმა ეშმაკურმა ტონმა ქალი.
- ამას ამდენი ფიქრი სჭირდება? ჩავიდეთ გორის გზაზე, გუდვილში და...
- გუდვილში? მანდ არც კი მიფიქრია მისვლა, როგორ ფიქრობ, რიგები იქნება? - გულუბრყვილოდ იკითხა ლიკამ.
- რომ გკითხონ, მთელ თბილისს შემოივლიდით აქსესუარების საყიდლად, თან მარტო მიდიოდი, მე ნახევარი გზა მაინც შეგიმოკლე, ახლა რიგში დგომაც არ გინდა? - გაეცინა გიორგის.
- სხვა გზა თუ არ გაქვს, ზოგჯერ გიწევს შენთვის არასასურველი ქმედებების ჩადენაც...
- არჩევანი ყოველთვის არსებობს, შეგეძლოთ დამჯდარიყავით სხვა სტუმრების მსგავსად მშვიდად და შეხვედროდით ახალ წელს ჩუმად, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე.
- მსგავსი ახალი წელი მექნება ალბათ სამოცი წლის ასაკში, ისე არჩევანი თქვენც გქონდათ, მაგრამ მაინც წამომყევით... - ღიმილი გაეპარა ხმაში ლიკას.
- მართალია, მქონდა, შენგან განსხვავებით, არც ვნანონ და არც ვწუწუნებ, რომ წამოვედი. პირიქით, ასე ბევრად მშვიდად ვიქნები... - ჩვეულ მკაცრ ტონშიც კი იგრძნობოდა მისი მზრუნველობა.
- მშვიდად? ჩემს გამო ინერვიულებდი?
- გიკვირს?! ამ ამინდში, მარტო, თან ტაქსით. უნებურად დეჟავუს შეგრძება მაქვს, აღარ მინდა იგივე განმეორდეს...
მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ბოლომდე არ დაუმთავრებია სათქმელი, მაინც მიუხვდა ლიკა, ვისთან დააკავშირა. ტანში უსიამოვნოდ გასცრა.
- იმ დღეს მასთან რომ ყოფილიყავი, შეიძლება ის ავარია არ მომხდარიყო?
- არ ვიცი, იქნებ მომხდარიყო კიდევაც, იქნებ მისი ბედიც გამეზიარებინა, ან იქნებ დღეს ცოცხალიც ყოფილიყო და ისევ ბედნიერები ვყოფილიყავით, რას გაიგებ...
- მაპატიე, ალბათ არ უნდა მეკითხა! - ხმა გაებზარა ლიკასაც.
- არაფერია, უკვე შევეჩვიე, სამწუხაროდ წარსულს ვერ შევცვლი, სამაგიეროდ აწმყოში ხომ შემიძლია ნაკლები შეცდომების დაშვება? - ჩვეულებისამებ გვერდულად გაუღიმა გიორგიმ.
- გიყვარდა?
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მამაკაცმა:
- შეუძლებელი იყო არ გყვარებოდა, იმდენად ცოცხალი იყო, ლაღი, ბედნიერებას ასხივებდა. თუმცა ხშირად მსაყვედურობდა, არ გიყვარვარო, ის ყურადღებას ითხოვდა, მე კი - არ მეცალა. არ იფიქრო თითქოს იდეალური ურთიერთობა გვქონდა, სულაც - არა, ვკამათობდით, შენ წარმოიდგინე განქორწინებითაც კი მემუქრებოდა, თუმცა ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. - მოგონებებში იქექებოდა გიორგი და სახე უბრწყინავდა, უნებურად იეჭვიანა ლიკამ, რატომღაც არ ესიამოვნა მის ხმაში გაპარული სითბო - ანის დაბადებიდან მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა, ერთ დღეს დიდ სცენაზე გვემღერა ჩვენ სამივეს, მე, ანის და მას. თავს ვერ ვპატობ, რომ ვნანობდი, ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარებოდა ჩვენი ქორწინების სისწორეში. აი, ასე ერთმანეთთან ძიძგლაობაში, ურთიერობების რკვევაში შემომეცალა ხელში და დავრჩი სრულიად გამოფიტული, მარტო, უეომოციოდ, უყველაფროდ...
- შემდეგ? - მართალია გიორგის სიტყვები ტკივილს აყენებდა, მაგრამ მაინც აინტერესებდა ლიკას.
- შემდეგ არაფერი... თავიდან პანიკაში ვიყავი, უცებ მარტოხელა მამის ამპლუაში აღმოვჩნდი, ახლა მგონი შევეგუე...
- მგონი?
- მგონი... ერთი წუწუნა, ცოტა გიჟი არსება ვნახე და მგონი მომეწონა... - სიცილით გახედა გიორგიმ აწითლებულ ლიკას.
- წუწუნა არ ვარ! - პატარა ბავშვივით გააპროტესა ქალმა.
- რიგში დგომის მე მეშინია? - ისევ იცინოდა მამაკაცი.
- უბრალოდ აღვნიშნე, რომ რიგში დგომა არ მიყვარს და შეძლებისდაგვარად ვერიდები მსგავს სიტუაციებში მოხვედრას, თუმცა დღევანდელი დღე გამონაკლისია. ბავშვების გახარებულ სახეებს რომ წარმოვიდგენ, წინასწარ ვარ ბედნიერი. ძალიან მინდა გამოგვივიდეს.... - საუბრის სასიამოვნო თემაზე გადატანა სცადა ქალმა.
- მართლა ასეთი მხიარული ხარ, თუ... -ინტერესით გამოხედა გიორგიმ.
- მხიარული?! ასეთად მთვლი? - აშკარად კეკლუცობდა ლიკა.
- გარეგნულად ასე ჩანხარ, მომიყევი რამე შენი ცხოვრების შესახებ... - ღიმილი გაეპარა მის გაპრანჭულ ხმაზე მამაკაცს.
- ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემგან თითქოს ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვდენ, ვიდრე შემეძლო... ამ ზედმეტ პასუხისმგებლობებს არც მე გავურბოდი, მთხოვდნენ კარგად სწავლას? ვსწავლობდი, მთხოვდნენ ერთგულებას? ვიყავი კიდევაც ერთგული. მინდოდა ვყოფილიყავი და როგორც ამბობდნენ, ვიყავი კიდევაც კარგი მოსწავლე, კარგი მეგობარი, კარგი მეუღლე, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მეუღლედ ვერ ვივარგე... - ირონიულად გაეცინა ლიკას.
- სინამდვილეში?
- რა სინამდვილეში? - ვერ მიუხვდა გიორგის.
- გავიგე, რომ გარეგნულად მხიარული და მომცინარი ჩანხარ, სინამდვილეში როგორია ნამდვილი ლიკა? - ინტერესით გამოხედა გიორგიმ.
- გარეგნობა ზოგჯერ გატყუებს, ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ. - უცებ დასერიოზულდა ლიკა.
მამაკაცი ყურადღებით დააკვირდა, თითქოს მზერით ცდილობდა, მისი შინაგანი სამყაროს დანახვას.
- რატომღაც მგონია, არ მოგეწონება ნამდვილი ლიკა... - ხმა გაებზარა ქალს, გამომცდელად მომზირალ მამაკაცს თვალი აარიდა და ისევ დათოვლილ მთებს გახედა.
- იქნებ მე გადავწყვიტო? - ფრთხილად შეეხო ქალს სიფრიფანა თითებზე.
ჟრუანტელმა დაუარა სხეულში მისი შეხებისგან. დაბნეულმა დახედა ლიკამ მამაკაცის ნატიფ თითებში მოქცეულ საკუთარ ხელს, სცადა განთავისუფლება, თუმცა უშედეგოდ, უნებურად კანკალმა აიტანა ქალი.
- ჩემი გეშინია?
- არა... - სასურველზე მეტადაც კი გაწითლდა ლიკა.
- ეს ხომ არაა ხელოვნური? - ამჯერად აწითლებულ ღაწვებზე შეეხო გიორგი, თითქოს თითის ბალიშებით იგრძო, როგორ მოძრაობდა კაპილარებში სისხლი, ქალის დამფრთხალი ჩიტივით აფრთხიალებული გულისცემაც კი გაიგონა და გაეღიმა.
- მინდა ნამდვილი ლიკა გავიცნო, მორცხვი, იქნებ სევდიანიც კი, მაგრამ რეალური...
- გინდა?!... - სიხარულის მარცვალი მაინც გაეპარა ხმაში ლიკას.
- კი, მინდა! - გვერდულად იღიმოდა გიორგი.

მეცამეტე თავი
აზრი არ აქვს ალბათ, იმის მოყოლას, როგორ მივიდნენ ლიკა და გიორგი გუდვილამდე, საბედნიეროდ მათთვის სასურველი ნივთები მართლაც აღმოჩნდა ქსელში და ასცდათ თბილისში წასვლა. აქსესუარების შეძენა იმაზე სახალისო გამოდგა ვიდრე წარმოიდგენდნენ. მარკეტში შესვლისთანავე აიღეს მოზრდილი, გორგოლაჭებიანი ურიკა, სხვადასხვა საქონლით დატვირთულ სექციებში ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ ხალხის ტალღას და არჩევდნენ სასურველ ნივთებს.
ურიკა იმაზე სწრაფად გაივსო ვიდრე ელოდნენ.
- ძალიან გთხოვ, ერთი ურიკა კიდევ მოაგორე!... - ერთ-ერთი დახლიდან აღებული სანტას წითელი ქუდი ჩამოაცვა ლიკას გიორგიმ თავზე.
სალაროებთან მისულმა ქალმა აღმოაჩინა, რომ მისდა სამწუხაროდ, საქონლის ჩასადები თავისუფალი ურიკები აღარ იყო.
- ასეთი რამ გაგონილა? - ჯიჯღინებდა ლიკა - იქნებ კალათა მაინც მომცეთ?
- სამწუხაროდ აღარ გვაქვს! - გულგრილი ტონით გამოუცახდა მენეჯერმა
- დიდი, პოლიეთილენის პარკები მაინც რომ მომცეთ?
- ქალბატონო, პარკებში საქონელს მხოლოდ გატანისას ვახარისხებთ! - ღიმილით გამოუცხადა სალაროში მდგომმა მოლარემ.
- კი, მაგრამ, სალარომდე საქონელი ხომ უნდა მოვიტანო?
- რა ვქნათ? ცოტა ხანს დაიცადეთ და განთავისუფლდება...
- დაიცადეთ და განტავისუფლდება! - მოლარე გამოაჯავრა ლიკამ - თქვენც ურიკებს ელოდებით? - იქვე მდგომ ათიოდე მყიდველს შეავლო თვალი.
- უკვე ოცი წუთია... - გაბეზრებული ხმით უპასუხა შუახნის ქალმა.
- რაც-არის არის, უკვე მოგროვებული საქონლის ღირებულება გადავიხადოთ, შეძენილი ნივთები ავტომობილში გადავიტანოთ და ისევ ეს ურიკი გამოვიყენოთ.. - სავსე ურიკით მოადგა გიორგი.
- და რიგში ორჯერ ჩავდგე? - სალაროსთან სამრიგად გამწკრივებულ გადამხდელებს ეჭვით გახედა ლიკამ.
- უკეთესი აზრი გაქვს?
- კი... მომყევი... - ანცი ბავშვივით უციმციმებდა თვალები ლიკას.
ნელი ნაბიჯით ისევ საახალწლო სექციაში შევიდა ლიკა, უკან დატვირთული ურიკით მიჰყვებოდა გიორგი.
- რეზინის ხომ არაა? ვეღარ დაიტევს და რაც გვაქვს დაწყობილი იმასაც დავაპნევთ!... - გამაფრთხილებლად გამოუცხადა ლიკას, რომელიც ჯიუტად ისევ პირთამდე სავსე ურიკაში ტენიდა ფერად სანთლებს.
- ჩუუ... - ტუჩზე თითის მიტანით გააჩუმა გიორგი ლიკამ.
მოულოდნელად თითის წვერებზე აიწია, აქეთ-იქით ქურდულად გაიხედა, სურსათის სექციაში, საკმაოდ დაბნეული სახით მოსიარულე სათვალიან კაცს აედევნა, რომელიც ჯერ კიდევ მარკეტში შემოსვლილსას შენიშნა წყვილმა.
მამაკაცი სექციებს შორის კარგა ხანია დადიოდა ცარიელი ურიკით, თუმცა ვერა და ვერ ჩამოყალიბებულიყო რა ეყიდა. ამჯერადაც ისევ მაიონეზებით სავსე თაროსთან მდგომს, ურიკა იქვე გაეჩერებინა და ყურადღებით კითხულობდა ქილაზე განთავსებულ შემადგენლობას.
ლიკამ აქეთ-იქით მიიხედა და როგორც კი დარწმუნდა, რომ ეტიკეტის კითხვაში გართულ მამაკაცს მისთვის არ ეცალა, ხელი სტაცა იქვე გაჩერებულ ურიკას და გიორგისკენ კმაყოფილი და ბედნიერი გამოიქცა.
- გაგიჟდი? რას აკეთებ? - ხარხარს ვერ იკავებდა საკუთარი ქმედებით ზედმეტად აღტაცებული ლიკას შემხედვარე გიორგი.
- ესეც, ასე, - ხელებს იფშვნეტდა ქალი - კიდევ იაროს და იფიქროს...
- რომ მიგიხვდეს რას იზამ?. ახალი წლის ღამეს ამხელა ქალი ურიკის პარვას კადრულობ?! - ირონიულად დასცინოდა გიორგი.
- იმდენ ხანს არჩევს, ვიდრე მეორე სექციამდე მივა, ჩვენი გასვლის დროც მოვა და დავუბრუნებ უკან... - უდარდელად უპასუხა ლიკამ.
- დაუბრუნებ?! პრინციპში შენგან არ გამიკვირდება, იქნებ მადლობაც კი მოახდევინო?!... - ყურებს არ უჯერებდა გიორგი.
- არც ეგაა გამორიცხული, რას არ გააკეთებ გაჭირვების გამო!... - ცალი თვალით გახედა ურიკის ყოფილ პატროს, რომელიც მხრების ჩეჩვით, აქეთ-იქით იყურებოდა და რამდენიმე წამის წინ იქვე მდგომ ურიკას ეძებდა.
ფხუკუნით ჩაუარეს გვერდი ეჭვით მომზირალ მამაკაცს, სასურველი ნივთები სწრაფად შეიძინეს, მოზრდილი რიგიც მოთმინებით გალიეს და როგორც იქნა მარკეტიც დატოვეს.

მარკეტიდან გამოსულებს გარეთ უკვე სიბნელე დახვდათ. საკმაოდაც ციოდა, თან ქარიც ქროდა, ტანში ორივეს უსიამოვნოდ გააჟრღოლათ.
- იცი რას ვერ ვიგებ? ამ ყველაფრის ყიდვა ნამდვილად გვჭირდებოდა? - შეჭმუხნილი შუბლით მისჩერებოდა გიორგი პოლიეთილენის პარკებით სავსე საბარგულსა და ავტომობილის სალონს. ლიკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და უკანასკნელი პარკიც შეტენა.
- და, ამ პარკების ტარებას შენ აპირებდი?!
ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სიცივისგან დასამალად სხარტად შეხტა სალონში. თვალი საათისკენ გააპარა, ისრები თითქმის ექვსს უჩვენებდნენ.
- დიდი დრო გასულა...
- უნდა ვიჩქაროთ... - შეფიქრიანებულმა გახედა ქარისგან გადაზნექილ ხეებს გიორგიმ.
მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არ თოვდა, ქარს თოვლის ნამქერი მაინც მოჰქონდა, ავტო-ბანზე გარეგანათების ფონზე მოძრაობა შედარებით იოლი იყო, აი რაც შეეხება ბორჯომისკენ მიმავალ გზას, აქ ორმაგად გართულდა სიტუაცია.
ყველა სიკეთესთან ერთად თოვდა კიდევაც. თეთრი, მსხვილი ფიფქები ფრიალ-ფრიალით ეშვებოდნენ. ალაგ-ალაგ თუ დაინახავდით ოდნავ მბჟუტავ ლამპიონებს. სხვა დროს ალბათ აღტაცებული მიაჩერდებოდა თოვლის ფიფქებს ლიკა, ამჯერად კი, გაფითრებული, ხმას ვეღარ იღებდა, დაძაბული იყურებოდა გარეთ, როგორც იქნა
ავტომობილით ბაკურიანისკენ გადაუხვიეს.
- სულ ცოტაც და მივალთ!... - თითქოს ქალის დამშვიდებას ცდილობსო, ხმამაღლა ფიქრობდა გიორგი.
ხილვადობა კიდევ უფრო გაჭირდა. მინების საწმენდი ჩოთქები მაქსიმალურ სიჩქარეზე მუშაობდნენ, მათი გაუთავებელი ღრიჭინი უკვე ნერვებზე მოქმედებდა. თითქოს პრობლემები აკლდათ, თოვლსა და ქარს ნისლიც დაემატა. ბურუსში გამოსახულებები აღარ ჩანდა. ალაგ-ალაგ მოციმციმე სინათლით ხვდებოდნენ, რომ სადღაც ახლოს დასახლებული პუნქტი იყო.
მათი გამოთვლით, წესით წაღვერში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა დარწმუნებით თქმა უჭირდათ.
- კიდევ კარგი, მხოლოდ ერთი გზაა და გადახვევა არ გვჭირდება!... - ხუმრობას ცდილობდა გიორგი.
- ბედი ჩვენი... - დაძაბული, დაჭყეტილი თვალებით იყურებოდა ლიკა, და ცდილობდა შიში არ შეტყობოდა.
თვალი ერთდროულად გააყოლეს ციცინათელასავით მბჟუტავ ნათებას, რომელიც სავარაუდოდ გვერდზე ჩავლილი ავტომობილების ფარები უნდა ყოფილიყო.
- ოდესმე საშინელებათა ფილმის გადაღება თუ დამჭირდება, მსგავს ამინდს გადავიღებ...
- ერთად გადავიღოთ და სათაურადაც დავარქვათ: „ლიკა და გიორგი სანტას ძებნისას“... - მხიარულად შესცინა გიორგიმ.
- სანტა ქართული არაა... - გაბუტული ხმით გამოუცხადა ქალმა.
- ოჰ, უკაცრავად, დამავიწყდა, „ლიკა და გიორგი თოვლის პაპის ძებნისას“! - პათეტიკურად შეცვალა სათაური -ასე უკეთესია?! - გვერდულად გამოხედა გვერდით მჯდომს.
- ალბათ... - უხალისოდ დაეთანხმა ლიკა.
- როცა ჩემთან ხარ, ნურაფრის გეშინია... - მსუბუქად წაჰკრა ცხვირზე თითი გიორგიმ, ქალის გაყინული თითები ხელში მოიქცია და ოდნავ შეეხო ტუჩებით.
ცრემლებ ჩამდგარი თვალებით მისჩერებოდა ლიკა. სულ ერთი წუთით მოდუნდა, სულ ერთი წამით დაიკარგა მამაკაცის თვალებში. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ ყველაფერს შორიდან უმზერდა, ეს ყველაფერი თითქოს უკვე იყო, ერთხელ უკვე იყო.
ოდნავ შებრუნდა მამაკაცი, თვალი მოსჭრა არსაიდან გაჩენილმა ნათებამ, რომელსაც ავტომობილის გაბმული სიგნალიც მოჰყვა. დაძაბულმა გაუშვა ხელი ქალს. საჭე გვერდულად, ბოლომდე აიღო და გზის სავალი ნაწილიდანაც გადავიდა. დარტყმის მოლოდინში ყურებზე ხელი აიფარა, თვალები დახუჭა ლიკამ, გგონიათ შეეშინდა? არა, ამ განცდას შიშს ნამდვილად ვერ დაარქმევდი, თითქოს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გაურბინა, მარიამის ბედნიერმა სახემ, მამაკაცის თვალებში წამის წინ დანახულმა საკუთარმა გამოსახულებამ. არ ემეტებოდა ეს ყველაფერი დასათმობად, ყურებზე ხელაფარებულმა მაინც გაიგონა სატვირთოს გაბმული სიგნალი, მუხრუჭების ხმა, თუმცა მტვრევის ხმა არ ყოფილა. ავტომობილი მხოლოდ შეირყა საკმაოდ მოზრდილი სატვირთოს ჩავლისგან.
- ლიკა!... - მღელვარებისგან შეცვლილი საკუთარი ხმა ვეღარ იცნო კაცმა.
ფრთხილად შეეხო მხარზე უჩვეულოდ გარინდულ ქალს. იმის წარმოდგენაზეც კი როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო.
- მაპატიე, ჩემი ახირების გამო... - ცრემლებს ვეღარ კავებდა ლიკა.
- ვიცოდი, ვგრძნობდი... თავს ვერ ვაპატიებდი, დღეს რომ დამეკარგე!.. - გულში ძლიერად იკრავდა აცახცახებულ ქალს.
- ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი!... - ოდნავ შესამჩნევად იღიმებოდა და ათრთოლებული თითებით ეფერებოდა სახეზე გიორგის.
წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო, პრინციპში ასეც იყო, არ უნდოდა ტირილი, მაგრამ თავს მაინც ვერ იკავა, მიუხედავად იმისა, რომ იცინოდა, თვალებიდან ჯიუტი ცრემლები მაინც მოიკვლევდნენ გზას.
- ყველაფერი კარგადაა... - მისივე სიტყვებს იმეორებდა და ტუჩებით ცდილობდა ქალის ცრემლებით სავსე თვალების ამოშრობას გიორგი.

რომ არა, ჯიუტად ამღერებული ლიკას მობილური ტელეფონი ალბათ, კარგა ხანს გასტანდა მათი ალერსი, მოხერხებულად გაინთავისუფლა თავი მამაკაცის მკლავებისგან, სუნთქვის დასარეგულირებლად ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონზე ისე უპასუხა ლიკამ.
- დე, სად ხართ?! - მეორე ბოლოდან ესმოდა მარიამის წკრიალა ხმა.
- მიკროფონზე ჩართე, ხმას მეც გავიგონებ.. - ტუჩების მოძრაობით ანიშნა გიორგიმ, თან ავტომობილი დაქოქა, რამდენიმე წუთით ძრავის ხმას მოუსმინა და როგორც კი დარწმუნდა, რომ მკვეთრი გადასვლით ავტომობილს არაფერი დაზიანებოდა, ისევ სავალ ნაწილს დაუბრუნდა.
- მგონი, წაღვერს გამოვცდით!.. - სიბნელეში კიდევ ერთხელ სცადა მათი ადგილმდებარეობის ადდგენა ლიკამ - მაქსიმუმ ნახევარ საათში მანდ ვართ!...
- ნახევარ საათშიო!... - აშკარად გვერდით მყოფებს გასძახა გოგონამ.
- ანიც თქვენთანაა? - შვილი მოიკითხა გიორგიმ.
- კი, აქ ვარ მამა... - მისი ხალისიანი ხმის გაგონებაზე მყისვე დაავიწყდა რამდენიმე წუთის წინანდელი შიში კაცს.
- ლიკა დეიდა, რეპეტიციას მოვრჩით, მაგიდებიც უკვე დავალაგეთ... - სოფოც ჩაერთო საუბარში.
- ოჰო, ყოჩაღ!...
- დე, ნიღბები რომ გთხოვეთ, გვიყიდე?
- კი, გიყიდეთ...
- ბუშტებიც?! - აშკარად ზედმეტად იყო აჟიტირებული მარიამი.
- თქვენარ იცით რა დღეში ვარ, დროულად ჩამოდით, გადამრიეს, ვეღარ ვუძლებ!... - წუწუნებდა ირმა.
- სულ ცოტაც და მანდ ვართ... - სიცილს ვეღარ იკავებდნენ ავტომობილი მჯდომნი.
- გელოდებით იცოდე! - ყველამ ერთხმად ჩასძახეს მიკროფონში და ტელეფონიც გათიშეს ბავშვებმა.















მეთოთხმეტე თავი
ზუსტად ვერც იტყოდნენ რამ უფრო დაღალა ლიკა და გიორგი, ემოციებმა თუ ფიზიკურმა დატვირთვამ. თუმცა ფაქტი იყო, რომ ბაკურიანში საკმაოდ დაქანცულები ჩავიდნენ. სადღესასწაულო ვახშამზე დასწრებაზე მეტად, ახლა ქალს დასვენება უფრო უნდოდა, დაჭიმულობის მოსახსნელად კისერს აქეთ-იქით ამოძრავებდა და ხელით ისრესსდა.
- დაიღალე? - გვერდულად გამოხედა გიორგიმ.
მისთვის თავის მოჩვენება აზრადაც არ მოსვლია, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ლიკამ.
- მინდა ახლავე გითხრა, შემდეგ გაურკვევლობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, ყველაფერში დაგეხმარები, დარბაზსაც მოგაწყობინებ, ოღონდ საღამოზე ყოფნა არ მთხოვო!...
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მამაკაცს ახალი წლის ღამეს სულაც არ ემღერებოდა და ექეიფებოდა, სადღაც გულის სიღრმეში მაინც იმედოვნებდა, რომ გადაიფიქრებდა.
- არც ანის გამოუშვებ? - გაუბედავად ჰკითხა ლიკამ.
- არ ვიცი, ალბათ, არა...
- კი, მაგრამ... - შეწინააღმდეგებას აპირებდა ქალი, თუმცა მამაკაცის მოკუმული ტუჩებისა და ყბაზე ნერვიულად აცახცახებული ძარღვის დანახვისთანავე, გაჩუმება ამჯობინა, სიტყვის ამოღება ვეღარ გაბედა.
- ეგოისტურად ვიქცევი? - მისკენ არც კი გაუხედავს, ფიქრებს მიუხვდა - ლევანს რომ ჰკითხო, კიო გეტყვის! - ირონიულად გაეღიმა მას - უბრალოდ, რთულია, ძალიან რთული!
- მესმის, მაგრამ...
- გესმის? - როგორც იქნა ქალისკენ მობრუნდა გიორგი - ამას ვერ გაიგებთ, თქვენ ვერ გაიგებთ...
- ჩვენ იქნებ ვერც გავიგოთ, მაგრამ ანიმ?
- რის თქმას ცდილობ? - სხვა დროს აყვირდებოდა, ნებისმიერს გააჩუმებდა, ვინც ამ თემაზე საუბარს მოინდომებდა, მაგრამ ახლა კბილს-კბილზე ჯიუტად აჭერდა ზედმეტი რომ არ წამოსცდენოდა, კოპებშეკრული უმზერდა ლიკას თვალებში.
- ის შენთვის, თუ მეუღლე იყო, მისთვის დედა გახლდა. ხვდები მაინც ეგ სიტყვა რამხელა დატვირთვას ატარებს? მასაც ეტკინა, იქნებ იმაზე მეტადაც კი ვიდრე გაჩვენა?! შენ კი... - ხმა უთრთოდა ლიკას.
- რა, მე კი?!...
- იმის ნაცვლად, რომ როგორმე ამ ტკივილის დავიწყებაში დაეხმარო, დავიწყებაში თუ არა შემსუბუქებაში მაინც, ყოველ წელს ჯიუტად ახსენებ ახალი წლის ამ ავბედით ღამეს.
- გინდა მითხრა, რომ ორმაგად ვტკენ?! - ხმაში გესლი გაერია კაცს.
- ჩემზე უკეთ იცი, რომ მხიარულება დავიწყებას არ ნიშნავს, ყოველთვის ბედნიერების გამო არ მღერიან, შეიძლება გტკიოდეს, მაგრამ მაინც იცინოდე და ეს ფარისევლობა არ იქნება. ამ დღეს ნომერში ჩაკეტვა კი არა, მეგობრებთან ყოფნაა საჭირო, ადამიანებთან ვინც ტკივილს დაგიამებს, ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებს...
- არ, გესმის, ლიკა, შენ არაფერი არ გესმის! - სიმწრისგან ავტომობილის საჭეს დაჰკრა ხელი გიორგიმ.
- შეიძლება არ მესმის... - თვალები ცრემლებით აევსო ლიკას - მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, თავსაც იტანჯავ და ანისაც აწვალებ.
როგორც იქნა სასტუმროს ეზოში შევიდნენ და ეზოში მომლოდინე ბავშვების დანახვაზე საუბარიც შეწყვიტეს. მათი დანახვისთანავე სახე ისე გაებადრა ლიკას, თითქოს რამდენიმე წამის წინ უსიამოვნო თემაზე არც კი ესაუბროს. ავტომობილიდან შეძენილი ნივთებს გადმოღებაში მონაწილეობას ყველა იღებდა.
- ლიკა დეიდა, მაღაზიაში რამე დატოვეთ?! - სიცილს ვერ იკავებდნენ ბიჭები.
- თქვენივე საკეთილდღეოდ, ერთ რჩევას მოგცემთ, საახალწლო აქსესუარების საყიდლად ქალი არ წაიყვანოთ!... - ჩვეული ირონიული ღიმილით გაუღიმა და პარკებით დატვირთულმა დარბაზისკენ აიღო გეზი გიორგიმ.
- მეც გირჩევთ, - ამჯერად გოგონებს მიმართა ლიკამ - ჯიჯღინა, მყრალ მამაკაცებს მოერიდეთ!...
- გოგოები როგორმე კი მოერიდებიან, მაგრამ შენ რაღა გეშველება, სად აპირებ დამალვას?!.. - მრავალმნიშვნელოვნად შეხედა უკვე მობრუნებულმა გიორგიმ.
- ზედმეტი მოგდის! - უხერხულად, სასურველზე მეტადაც კი გაწითლდა ლიკა.
- მეჩვენება, თუ ეს ორნი, რაღაც?!... - ეჭვით გახედა პატარა ბავშვებივით მოკინკლავე წყვილს ტატომ.
- აბა, რას გეუბნებოდით?! - კმაყოფილი გაიჯგიმა საბა.
- მყრალ მამაკაცში ვის გულისხმობდით? - ბიჭების რეპლიკებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე იკითხა მარიამმა.
- ერთ სათვალიან მამაკაცს, დედაშენმა მარკეტში ურიკა რომ მოპარა... - მოხერხებულად დაიძვრინა თავი გიორგიმ.
- ბავშვებთან ყველაფერი კი არ უნდა თქვა! - ბავშვების ისტერიული სიცილის გაგონებაზე ღრენით გამოხედა საბარგულში შემძვრალმა ლიკამ.
- რა? რა მოპარეთ?! ცარიელი იყო თუ სავსე? - ამჯერად ანიც ჩაერთო საუბარში.
- რა თქმა უნდა ცარიელი! ისე ღირსი კი იყო მამაშენი, თავისუფალი ურიკის მოლოდინში მთელი დღე იქ მდგარიყო... - საბარგულში ჩაყუდბულმა გამოსძახა ლიკამ.
- სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი, შენთან ერთად თუნდაც მთელი დღე ვმდგარიყავი რიგში... - უცებ სალონიდან საბარგულში გადმოყო თავი გიორგიმ.
- შემდეგისთვის გავითვალისწინებ... - თვალი ჩაუკრა ქალმა და უკანასკნელი პარკი ხელიდან ააცალა მამაკაცს.
როგორც იქნა ეღირსათ დარბაზში შესვლაც. ერთი მხარე მთლიანად დაეთმოთ ბავშვებისთვის. სავარაუდო სცენის წინ მაგიდები ოვალურად დაელაგებინათ, სცენასა და მაგიდებს შორის იმხელა ფართი რჩებოდა, რომ მონდომებულ მოცეკვავეებს მოედნადაც გამოადგებოდათ.
გიორგის პირობა არ დაურღვევია, დარბაზის მორთვაში ეხმარებოდა ქალს. ვიტრაჟების ნათურებიანი ბადით გაწყობა ბავშვებმა ითავეს.
- ასეთი რამ თუ არსებობდა არც კი ვიცოდით! - გაოცებულები უმზერდა ირმა მზის ენერგიით დამუხტულ ნათურებს, რომლებიც ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ ჩაბნელებულ ფანჯრებზე.
- რადგან ელექტრო ენერგიის დეფიციტი გვაქვს, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ!...
- გენიოსი ხარ, დე... - აღტაცებული მარიამი მოეხვია დედას.
- შეხედე როგორ მიისაკუთრა მთელი დიდება?! მე მალობას არავინ მეტყვის? - თითქოს ეწყინაო, ისე გამოხედა გიორგიმ.
- უკაცრავად, ბატონო გიორგი. თქვენი ღვაწლის დაკარგვა არც კი გვიფიქრია... ბავშვებო, ამ სილამაზისთვის თქვენი პიონერული მადლობა...
თითქოს ქალის ნებართვას ელოდნენო, ექვსივემ ერთ დროულად იხუვლა:
- დიდი მადლობა, ბატონო გიორგი! - ჟივილ-ხივილით მოეხვივნენ კაცს.
- შენი გაგიჟებულები არიან ესენი... - სიცილით უქნევდა თითს ირმა.

თეთრი გადასაფარებლებითა და წითელი სერვიზებით გაწყობილ მაგიდებს კიდევ ერთხელ შეავლეს თვალი და დარბაზიდან გამოვიდნენ.
- აბა, სწრაფად ვწესრიგდებით, ლოგოიანი მაისურებისა და ფეხზე კეტების ჩაცმა არ დაგავიწყდეთ.
- მასწ... ისევ ჯინსებით? ახალი წელია... - უკმაყოფილოდ აწუწუნდა სოფო.
- განწყობისთვის... - სანტა კლაუსის წითელი ქუდები და სხვადასხვა ფერის წვიმები მოაწოდა ლიკამ ბავშვებს.
- მოკლედ, თერთმეტის ნახევრისთვის ყველანი ჩვენთან ვიკრიბებით, დარბაზში ერთად ჩამოვდივართ!... - უცებ გასცა დირექტივა ირმამ.
- შემთხვევით, ხომ არ გადაიფიქრე? - დანარჩენებს რომ არ გაეგონათ ისე ჰკითხა უკვე ნომრის კარებში მდგომმა ლიკამ გიორგის.
მამაკაცმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
- ჩვენ რომ ვთხოვოთ?! - სავარაუდოდ ბავშვებიც იგივე თემაზე საუბრობდნენ. უხერხულად აწურულ, მოწყენილ შვილს მიუახლოვდა გიორგი.
- მოდიხარ?
გოგონამ ერთი კი შეხედა ცრემლებით სავსე თვალებით მამას, თუმცა სიტყვა აღარ უთქვამს, მორჩილად მიჰყვა კიბეებზე ამაყი ნაბიჯით მიმავალს.
- რა კაცია, რა!... - უკმაყოფილებას ვერ მალავდა ნომერში შესული მარიამი.
- საკმარისია, მაგ საკითხის განხილვას, კონცერტზე იფიქრო სჯობს, საკუთარ პრობლემებს როგორმე თავადვე მოაგვარებენ!... - ვერც კი შენიშნა ისე გადავიდა გიორგის დაცვაზე ლიკა - და საერთოდაც, თუ არ იმარჯვებ, აბაზანაში მე შეგასწრებ!... - აბაზანიდან სოფო გამოვიდა თუ არა, იქვე დადებულ პირსახოცს დასწვდა ქალი.
- არც კი გაბედო!... - კივილით შევარდა მარიამი.
- ელაპარაკე მშვიდობაზე!... - აფხუკუნდა ქალი.
- ლიკა დეიდა, თმებს გამისწორებთ!.. - მუდარით უმზერდა სოფო.
- ლიკა, იცოდე რიგში მეც ვარ!... - მისაღებიდან გამოსძახა ირმამ.
- კეთილი, გელოდები! - ფენით შეიარაღებულმა გასძახა ირმას.

მოწყენილი ანი მამასთან ერთად გაბუსხული სახით ლოგინზე წამოსკუპებულიყო და ისტერიულად რთავდა ტელევიზორს სხვადასხვა არხზე. გვერდულად უმზერდა გიორგი გვერდით მჯდომ შვილს.
- ანი - მკაცრი ხმით დუმილი დაარღვია გიორგიმ - იმედია სადღესასწაულო ტანსაცმელი წამოღებული გაქვს... - ღიმილი მაინც გაეპარა ხმაში.
წამიერად გაუშეშდა ისევ გადასართველად მომართული პულტი, გაოცებულმა გახედა მამას, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, ისევ ხომ არ ხუმრობდა გიორგი.
- ისეთი სახით მიყურებ, აღარ გინდა წასვლა?!... - გვერდულად გაეცინა კაცს.
- მეხუმრები?! - აშკარად უჭირდა დაჯერება.
- ვიფიქრე, იქნებ მართლა სჯობს წარსული წარსულად დავტოვოთ, დავასრულოთ გლოვა და....
- შეუძლებელია!... - კარგად მიხვდა რად უღირდა გიორგის ამ სიტყვების წარმოთქმა. თვალები ცრემლებით აევსო ანის, ემოციებისგან ხმა გაბზარულმა თავი ვეღარ შეიკავა და მოეხვია - შენ არც კი იცი, როგორ გამახარე, შენ არც კი იცი!... - მკვირცხლად წამოხტა გოგონა - შენ? შენ არ წამოხვალ? - ახლაღა გაახსენდა მამა.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გიორგიმ.
- იქნებ?
- არ გინდა ანი გთხოვ, წადი, გაერთე, იმხიარულე, ჩემზე ნუ ფიქრობ...
- კი, მაგრამ, ლიკასაც გაუხარდებოდა. - მაინც არ სთმობდა პოზიციებს ანი, უკანასკნელ იმედს მოეჭიდა ქალიშვილი.
- ის ბიჭი გაგიჟებს, მივხედავ მე მაგ საკითხს! - თითის ქნევით მისაღებში გაერიდა გიორგი ზედმეტად კმაყოფილ შვილს.
აშკარად არ შემცდარა ანი, კარგად დაინახა როგორ გაკრთა ლიკას ხსენებისას მამაკაცის სახეზე ღიმილი. მეტი არც არაფერი სჭირდებოდა, ისედაც ხვდებოდა, რომ ამ ქალმა იმაზე მეტი მოახერხა ვიდრე ელოდა.
- ჩემი გაშვებაც ლიკას დამსახურებაა? - ენას კბილი მაინც ვერ დააჭირა და საკუთარი ფიქრები ხმამაღლა გააჟღება ანიმ.
- წასვლა თუ არ გინდა, თქვი, თუ არადა!... - სიტყვა აღარ დაასრულა, მისაღებში ღრენით გავიდა გიორგი. თუმცა დასტური არც სჭირდებოდა გოგონას, მისი რეაქცია ბევრად მეტყველი იყო ვიდრე სიტყვები.
კარგად იცოდა ანიმ, რომ ბავშვები საახალწლო საღამოზე ჯინსებსა და ანსამბლის ლოგოიანი მაისურებით იქნებოდნენ, შესაბამისად სადღესასწაულოდ გამოსაწყობად არც თავად გამოუდია თავი, საახალწლოდ მამის მიერ ნაჩუქარი ირმებითა და ფიფქებით მოხატული ჯემპრი და ჯინსები ჩაიცვა, თმები ბალერინას მსგავსად ზემოთ აიკეცა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას ყურადღებით დააკვირდა.
აშკარად ვერ მოითმინა მიმღებში მჯდომმა გიორგიმ, ისევ საძინებელში შემოაკითხა.
- ასე აპირებ წასვლას? - ინტერესით შეავლო თვალი შვილს.
- ბავშვებიც სპორტულად იქნებიან!... - თითქოს თავი იმართლა.
- ულამაზესი ხარ! - თბილად ჩაიკრა გიორგიმ შვილი.
- მადლობ, მა... - მკერდში ჩაკრულმა სუნთქვა შეკრულმა ამოილუღლურა. ხომ, ბევრი არაფერი?! მაგრამ თვალები უციმციმებდა, ბედნიერებისგან ასხივებდა ანი.
- იქნებ მაინც მოიფიქრო? - ნომრიდან გამოსვლისას ისევ მუდარით შეხედა მამას.
- ჩემზე ნუ ფიქრობ, გაერთე!... - შვილის პასუხს აღარ დაელოდა, ისე მიხურა კარები გიორგიმ.
როგორც იქნა ბავშვებისა და ირმას სტილისტობის შემდეგ ლიკამ საკუთარი თავისთვისაც მოიცალა. უკვე მომზადებული ბიჭებიც ნელ-ნელა ამოდიოდნენ. ის-ის იყო, ჩაცმა დაასრულა, მუდამ გაშლილი თმა კლასიკურად აიკეცა, მაკიაჟი შეისწორა. სარკესთან დატრიალდა, შავი მუხლამდე გამოყვანილი კლასიკური, წინ დახურული, უკან ღრმა დეკოლტიანი კაბა, მის უზადო ტანს უფრო მეტად აჩენდა. იქვე დალაგებული მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩაიცვა და საკუთარ გამოსახულებას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.
- მგონი ცუდად არ გამოვიყურები! - აშკარად მოეწონა მისი ასლი.
სწორედ ამ დროს კარებზე კაკუნის ხმაც გაიგონა, რასაც მიმღებიდან გოგონების კივილიც მოჰყვა. დამფრთხალი გავარდა გარეთ და ერთმანეთს ჩახუტებული ანი, მარიამი და სოფო რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა.
- ერთხელაც იქნება და ინფაქტს დამმართებთ! - აჩქარებული გულისცემა ძლივს დაირეგულირა ქალმა.
- ვაა, ლიკა დეიდა, რა ლამაზი ხართ! - ემოციები ვერ დამალეს გაპრანჭულ ლიკას დანახვაზე ბავშვებმა.
- გიორგიმ ამ ფორმაში რომ გნახოს!... - თვალი ჩაუკრა გვერდით მდგომმა ირმამ.
- როგორ მოახერხე მისი დაყოლიება?! - მათი რეაქციისგან გაწითლებულმა ლიკამ ანის მიმართა.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ანიმ - მოულოდნელად თავად შემომთავაზა წამოსვლა.
- ეს გენეტიკური გაქვთ? - თითქმის ყურთან უჩურჩულა საბამ მარიამს.
- რა? - ვერ მიუხვდა კითხვას და ვაჟის მოქმედებით დაბნეული თავადაც გაწითლდა.
- აი, ეს... - აფორაჯებულ ყვრიმალზე შეეხო საბა.
- ეტყობა... - სწრაფად მოარიდა გოგონამ სახე.
- რადგან მოდიხარ, სანტას ქუდიც დაგჭირდება! - თავზე ჩამოაცვა ტატომ წითელი პოპონჩიკი ანიმ.
სულ რამდენიმე წამით შეხვდა მათი მზერა, ოდნავ შეეხო სახეზე, მაგრამ გოგონას თითქოს ცეცხლი წაეკიდა, მარიამის მსგავსად, ისიც ისე გაწითლდა, რომ ღიმილი ვეღარ შეიკავა ვაჟმა. არაფერი უთქვამთ, საერთოდ არაფერი, მაგრამ...
- წასვლის დროა!... - მსუბუქად წაჰკრა ხელი საბამ ტატოს და აფხუკუნებულ გოგოებზე ანიშნა.
- ჰო, ჰო წასვლის დროა... - სიცილის შეკავებას ცდილობდნენ ქალებიც.
თითქმის თერთმეტი საათი ხდებოდა, როცა სასტუმროს სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზში ჩავიდნენ. სტუმრები უკვე შეკრებილიყვნენ. ფანჯრებიდან ოქროსფრად, მოლივლივე ტალღებად იღვრებოდა ნათება, მეტი რომანტიულობისა და სადღესასწაულო იერის მოსამატებლად, მაგიდებზე წითელი სანთლებიც აენთოთ. ვერც კი იფიქრებდით, თუ ეს ოთახი სულ რამდენიმე საათის წინ სასადილოდ გამოიყენებოდა.
სცენასთან ახლოს ორი, ოთხ კაციანი, ცარიელი მაგიდა სავარაუდოდ მათთვის იყო გამოყოფილი. სმოკინგში გამოწყობილი ლევანი მოთმინებით ელოდათ შესასვლელში.
- აქ ხარ? - სიხარული ვერ დამალა ნათლიის დანახვაზე ანიმ.
- მამაშენმა მითხრა აქ დაგეგმილი კონცერტის შესახებ, ამას როგორ დავაკლდებოდი... - თითი წაჰკრა გოგონას ცხვირზე.
- ბატონო ლევან, როგორი სიმპატიური ხართ!.. - ვიდრე ლიკასა და ირმას ვიზუალით აღტაცებული მამაკაცი კომპლიმეტებად დაიცლებოდა, მანდილოსნებმა დაასწრეს.
- უკვე მეშინია, ვინმემ არ მოგიტაცოს! - ტატოს მხარს ამოფარებული, ფხუკუნებდა ანი.
- რა იცით, რა ხდება? იქნებ მეც შევხდე ჩემს ბედს?! - თვალი ჩაუკრა ლევანმა ნათლულს - სხვა თუ არაფერი, ამისთანა ქალბატონებს ხომ სჭირდებათ ღირსეული კავალერი?
- გვჭირდება რომელია... - აქეთ-იქიდან ღიმილით ამოუდგნენ ქალები და ხელკავიც გამოსდეს ამაყად მომზირალ მამაკაცს.
დარბაზში შესვლისთანავე მიიპყრეს დამსწრე საზოგადოების ყურადღება. ალბათ, არც იყო გასაკვირი, მიუხედავად ბავშვების სპორტული ჩაცმულობისა, ბიჭიან-გოგოიანად იმდენად ლამაზები და განსხვავებულები იყვნენ, რომ მაშინვე გამოარჩევდით დარბაზში სადღესასწაულოდ საგანგებოდ გამოპრანჭული მასისგან.
ბავშვები შესვლისთანავე დაემშვიდობნენ უფროსებს და მათთვის განკუთვნილი მინი-სცენისკენ გაეშურნენ. მართალია არ გამოხატავდნენ, მაგრამ სახეებზე ეტყობოდათ, რომ ღელავდნენ. დაძაბულები თითქოს წამებს ითვლიდნენ კონცერტის დაწყებამდე.
- მოგესალმებით, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ჩვენს დღევანდელ საღამოს დაპირებისამებრ მუსიკალურად გააფორმებს ჩვენი ბავშვები! - მხიარულად წარადგინა ირმამ ხუთეული - იმედია მქუხარე აპლოდისმენტებით გაამხნევებთ მათ!...
თუმცა დარბაზს უკვე ეტყობოდა, რომ კარგა ხანია ქეიფობდნენ, არავის აღელვებდა იმღერებდნენ თუ არა ბავშვები, მონდომებით ამბობდნენ სხვადასხვა სახის სადღეგრძელოებს. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი, ანი და ლიკა სტვენითა და ტაშის კვრით აჰყვნენ ირმას, დანარჩენი საზოგადოება ირონიული მზერითა და ახალი სადღეგრძელოთი შეხვდა ბავშვებს.
სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ ჩვენს ხუთეულს დაკარგული მხნეობის მოსაკრებად, ინსტრუმენტები დროებით გვერდით გადადეს ბიჭებმა, ფეხზე წამოდგნენ და წუთ პაუზის შემდეგ, ტატოს ბანიც გაისმა:
- მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
„მუმლი მუხასა“ და „ლილეოსი“,
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა,
- ეს სიმღერაა საქართველოსი! - აჰყვნენ დანარჩენებიც.
- მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვში ხმა საცნაური? - ამჯერად უკვე საბა მღეროდა.
- გესმის თერგის და მტკვარის ხმაური
ეს სიმღერაა საქართველოსი! - მარიამის წკრიალა პირველის გაგონებაზე გაისუსა დარბაზი.
- მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის. - წინ წამოიწია გიგამაც.
- გესმის გრიალი მთებიდან ზვავის?
ეს სიმღერაა საქართველოსი! - ისევ ერთხმად მღეროდა ხუთეული.
- თავისუფლების მოყვარე ერებს,
ვით ზღვას, ვერარა ვერ შეაჩერებს, - ისე იყურებოდა ტატო მართლაც აბობოქრებულ მდინარეს მიამსგავსებდით.
- მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს
ეს სიმღერაა საქართველოსი! - ბოლო ტაეპზე ბავშვებს დარბაზიც აჰყვა.
კმაყოფილებმა და ბედნიერებმა გადახედეს მომღერლებმა ერთმანეთს:
- აქ გამარჯვების დროშად წერია:
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა გულს უმღერია,
ეს სიმღერაა საქართველოსი! - ისევ დარბაზთან ერთად დასჭექეს მათ.
- აი ეს მესმის! ავიტაცეთ, ავიტაცეთ! ჩვენს ლამაზსა და უმშვენიერეს ქვეყანას გაუმარჯოს! - რომელიღაც მაგიდიდან სადღეგრძელოს ამბობდა თამადა.
- სხვა გზა არ გვაქვს, დარბაზს უნდა ავუწყოთ სიმღერები, სხვაგვარად მათ ყურადღებას ვერ მივიპყრობთ! - დამრიგებლურად გახედა ირმამ ხუთეულს.
- ნუ გეშინიათ მას, მოვახერხებთ! - თითქოს პირველი დაძაბულობა მოჰხსნოდათ, აშკარად ბევრად ხალისიანები იყვნენ ბავშვები.
ვიდრე სადღეგრძელოს დაასრულებდნენ, მომღერლებმა ინსტრუმენტებიც მოიმარჯვეს და როგორც კი დარბაზი ჩაჩუმდა, ერთდროულად გაისმა ფანდურებისა და გიტარის ხმაც, ისევ პატრიოტულ ნოტაზე აგრძელებდნენ ბავშვები:
- ხევსურის ქალაო, შენა ხარ ერთადერთი... - დასჭექა საბამ.
- ჩვენ შორის ჩამდგარა უფალი, ქრისტე ღმერთი....- რეპეტიციისგან განსხვავებით, თამამად აჰყვა წკრიალა პირველით გვერდით მდგომი მარიამიც.
მღეროდნენ ხევსურულ მოტივებზე ბავშვები, მაყურებლებში მჯდომმა ერთ-ერთმა მოქეიფემ ვეღარ მოითმინა, ტეხილებით შეხტა სცენასა და მაგიდებს შორის საცეკვაოდ დატოვებულ მოედანს პარტნიორის ძებნაში მონდომებით დაარტყა წრე, დიდხანს არ დატოვეს ეულად, სწრაფად გამოუჩნდა მეწყვილეც სოფოს სახით, დარბაზს თითქოს ერთი გამოფხიზლება სჭირდებოდა, ერთი ბიძგი, სწრაფად წამოშალნენ წყვილები, ზოგი ადგილზე, ზოგი კი სცენასთან მოედნისკენ მიიკვლევდნენ გზას.
- ბავშვებო, ცოტა თანამედროვეები, ყველამ არ ვიცით ქართული ცეკვები! - დარბაზიდან გამოსძახა ვიღაცამ.
- თანამედროვეებს ხომ სულ დაგლიჯავთ! - სიცილს ვერ იკავებდა გიგა. - რა ვქნათ?
ტატომ ერთი კი გამოხედა ანის, ხელით ანიშნა ჩვენთან ამოდიო, თუმცა გოგონამ თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ მათთან ყოფნის უფლება მისცა, მაინც ვერ გაბედა სცენაზე ასვლა.
- შენ გეძახიან? მიდი, ადი, იმედს ნუ გაუცრუვებ! - შეაგულიანა ლიკამ. თუმცა გოგონა ისევ ყოყმანობდა.
- წამოდი, დღეს ოცნება უნდა ავისრულოთ, ჩვენი ოცნება! - არეულ დარბაზში ვერც კი დაინახეს, როდის შემოვიდა ლევანის მსგავსად კონსერვატულად ჩაცმული გიორგი. სასიამოვნოდ გაოცებული უმზერდა ლიკა მამაკაცს, ღიმილს ვეღარ იკავებდა გაოცებული ანის შემხედვარე, ხომ ისედაც სიმპატიური იყო, მაგრამ ასე ჩაცმულს თვალს ვერ მოაშორებდი გიორგის. - არ მოიწყინოთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით! - თვალი ჩაუკრა ქალს და ხელით მსუბუქად სცენისკენ უბიძგაძგა გაოცებულ შვილს.
- ნებას მომცემ? - გიგას გიტარა გამოართვა გიორგიმ და მისივე ადგილზე ჩამოჯდა.
- ისევ როკენ-როლი? - ღიმილით მიაწოდა მარიმმაც საკუთარი გიტარა ანის.
- მამ? - კიხვის თვალით გახედა მამაკაცს.
- აბა, შეძლებ აყოლას? - ირნიულად გადახედა იქვე მჯდომ ტატოს.
- ვეცდები! - ღიმილით შესცინა ვაჟმა.
- კარგად ეცადე, იცოდე, ამაზეა დამოკიდებული შენი და ჩემი ქალიშვილის ურთიერთობის ბედი! - ნახევრად ხუმრობით დაემუქრა მამაკაცი.
სცენაზე მომხდარ ცვლილებებს ყურადღებით აკვირდებოდნენ მოქეიფეებიც, ისეთი სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენასაც კი გაიგებდი.
და, როგორც იქნა დაიწყო. არ ვიცი ამას რა ერქვა, სამი გიტარა ერთ ხორცად ქცეული, ერთ არსებად უკრავდა. ანი ტიროდა, დიახ სიამაყისგან, სიხარულისგან. გიორგი კი.... შვილის ცრემლებით სავსე თვალებში ხედავდა იმ ბედნიერებას აქამდე დაკარგული რომ ეგონა, მისი გულწრფელი ღიმილი ავსებდა და ორმაგად მატებდა სითამამეს, მამაკაცს ეგონა ცხოვრებაში ვეღარ შეძლებდა ხელში გიტარის დაჭერას, არამც თუ როკენ-როლის დაკვრას, ახლა? ახლა უკრავდა და მთელ სხეულში გრძნობდა მუსიკად დავლილ ტალღას, მარიამი და საბა ცეკვავდნენ, იქვე იდგნენ გიგა და სოფოც, ტაშის კვრითა და სტვენით ამხევებდნენ მეგობრებს, თუმცა გიგამ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ მოითმინა, სოფოს ხელი სტაცა და თავადაც მოცეკვავეებს შეუერთდა. ვეღარ მიხვდებოდი ეს ბავშვები მომღერლები იყვნენ, თუ სამეჯლისო ცეკვის პროფესიონალები, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ წყვილები, ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. უცხო თვალი ჩათვლიდა, რომ ერთმანეთს ეასპარეზებოდნენ, თუმცა რეალურად, უბრალოდ წინა წყვილს დასვენების საშუალებას აძლევდნენ. ეს იყო და ეს, ამჯერად მართლაც ტაშის გრიალით წამოდგა დარბაზი, ბედნიერი მოცეკვავეები ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
- არ იცი როგორ მიყვარხარ! - ემოციები ვეღარ შეიკავა ანიმ და მუსიკის დასრულებისთანავე მამას მოეხვია.
- გახსოვდეს, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, გილოცავ ახალ წელს! - ხელში აიტაცა ერთად-ერთი ქალიშვილი მამაკაცმა.
ანის სცენიდან გაშვება არც კი უფიქრიათ, იქვე დაიტოვეს ბავშვებმა. საათი უკვე ოცდასამ საათსა და ორმოცდახუთ წუთს უჩვენებდა.
- აბა, რას იტყვით ქალბატონო ლიკა? - ჩვეული ირონიული ღიმილით მიუჯდა გიორგი გვერდით ქალს.
- იმას, რომ სასიამოვნოდ გამოცებული ვარ, თქვენ უდავოდ იმაზე ნიჭიერი ბრძანდებით ვიდრე წარმოვიდგენდი... - კეკლუცი ღიმილით უღიმოდა ქალი.
- ასე ნუ მიცინი, თორემ თავს ვერ შევიკავებ...
- და? - ისევ იპრანჭებოდა ლიკა.
- გაკოცებ! - თითქმის ყურთან უჩურჩულა მამაკაცმა და ტუჩებით ფრთხილად შეეხო საფეთქელზე. დამფრთხალმა ლიკამ უკან ისე გაიწია, თითქოს მართლა კოცნიდა გიორგი - აღიარე, შეგეშინდა ხომ?
- შენგან არაფერია გამორიცხული! - აჭარხლებულმა ლიკამ გაზიანი სასმელი მოსვა.
- ჯერ შენი სიმღერა უნდა მოვისმინო, ხომ უნდა ვიცოდე შენი მუსიკალური ნიჭის შესახებ? სახლში უბრალო ქალს ვერ შევიყვან! - ისევ ხუმრობდა გიორგი.
- ამჯერად თუ დაკვრაში ვეჯიბრებით, იმედი უნდა გაგიცრუო, დაკვრა ნამდვილად არ მეხერხება... - სიცილს ვერ იკავებდა ლიკა.
- ბავშვებო გაიგონეთ? - ქალის სიტყვებს ყურადღება არც კი მიაქცია, ამჯერად სცენაზე მდგომებს ასძახა გიორგიმ - ლიკას გული სწყდება, მე არ მამღერებენო!
- ეეე, ლიკა დეიდა...
- არა, რას ამბობთ, რა სიმღერა, გიორგი ხუმრობს! - უარზე იყო ქალი, მაგრამ ვინ უსმენდა?
- ლიკა, ლიკა! - ხუთეული ერთხმად სკანდირებდა, იმდენი ქნეს, რომ მთელი დარბაზი უხერხულად აწურულ მიაჩერდა.
- ამას არასოდეს გაპატიებ! - ღრენით გამოხედა აპილპილებულმა ქალმა ზედმეტად კმაყოფილ გიორგის და სცენაზე მდგომ ბავშვებს შეუერთდა.
- დე, ჩვენი სიმღერა?- კითხვის თვალით შეხედა მარიამმა.
- აბა, მე სხვა არ ვიცი და.. - აშკარად უკმაყოფილო იყო ლიკა. მარიამმა ღიმილით მომართა არეული გიტარა და დაკვრაც დაიწყო.
Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что никогда тяжёлый шар земной
Не уплывёт под нашими ногами. - თავიდან გაუბედავად ისმოდა ლიკას ხმა, თუმცა ნელ-ნელა მხნეობაც მოემატა და ხმაში სიმტკიცეც დაუბრუნდა, შვილის მსგავსად ისიც პირველ ხმას მღეროდა.
- აბა, სიმღერა არ ვიციო?! - გაოცებულმა გახედა ლევანმა მეგობარს.
- არ იცი რა გადარეულია?! გამიკვირდებოდა რომ ვერ ემღერა! - აღტაცებას ვეღარ მალავდა გიორგი.

Мне нравится, что можно быть смешной,
Распущенной
И не играть словами,
И не краснеть удушливой волной,
Слегка соприкоснувшись рукавами - ისევ აგრძელებდა ლიკა.
- ვაა, რა ქალია! - უკან მჯდომთაგან აქებდა ვიღაც ლიკას.
- აბა, აბა... - კვერი დაუკრეს ისევ უკნიდან.
- მგონი, დროა სცენიდან ჩამოვიდეს, თორემ ასე თუ გაგრძელდა ვიღაცის ცემა არ აგვცდება! - დაბღვერილ მეგობარს სიცილით გაჰკრა მხარი ლევანმა.
- მაშ ასე, მეგობრებო! - საათს გახედა ლიკამ და სიმღერაც შეწყვიტა, მგონი დროა წუთების დათვლა დავიწყოთ, სულ მალე ახალი წელი შემობრძანდება!
მიკროფონ მომარჯვებულილიკა ბავშვებთან ერთად იდგა სცენაზე და უსუთვლით ითვლიდა წამებს: - ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი!...- თვილის დასრულება აღარ დასცალდა, მისი ერთი გარედან შემოსულმა სალუტების ხმამ გადაფარა. დარბაზში მოქეიფე ხალხი ერთმანეთს ულოცავდნენ აწ, უკვე დამდგარ ახალ წელს. ლიკა ქვემოთ მდგომ მამაკაცებს შეუერთდა.
- აბა? - საკუთარი ნამღერით აშკარად კმაყოფილი სახით უმზერდა ლიკა.
- პირველად ვნანობ, გარშემო ამდენი ხალხის ყოფნას... - ვნებამორეული ფრთხილად მოეხვია გიორგი.
- 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და... - ისევ მღეროდნენ ბაშვები და ისევ აჰყვათ დარბაზი. რასაც რწმენისა და ტრადიციების სადღეგრძელოც მოჰყვა, თუმცა ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ამდენი სმისგან დაღლილ საზოგადოებას, აშკარად ცეკვა უფრო სურდათ.
ბავშვებიც უკრავდნენ და უკრავდნენ, სცენის ერთი მხრიდან სიმღერით წამოვიდა დარბაზისკენ საბა:
- Oh, the weather outside is frightful
But the fire is so delightful
And since we've no place to go
Let it snow, let it snow, let it snow
სცენის მეორე ბოლოდან გამოჩნდა ტატოც:
- It doesn't show signs of stopping
And I brought some corn for popping
The lights are turned way down low
Let it snow, let it snow, let it snow
თუმცა დიდხანს არ დასცალდათ, შუაში ჩამდგარმა ანიმ და მარიამმა შეაწყვეტინეს და Abba -ს Happy New Year-ს წამოიწყეს:
- No more champagne
And the fireworks are through
Here we are, me and you
Feeling lost and feeling blue
It's the end of the party
And the morning seems so grey
So unlike yesterday
Now's the time for us to say...
ღიმილით დახედეს მომღიმარ გოგონებს და მისამღერზე აჰყვნენ ბიჭებიც:
- Happy new year
Happy new year
May we all have a vision now and then
Of a world where every neighbour is a friend
Happy new year
Happy new year
May we all have our hopes, our will to try
If we don't we might as well lay down and die
You and I
დარბაზში მსხდომნი კი ცეკვავდნენ, ლევანს უკვე ეპოვა ვიღაც ლამაზი გოგონა მეწყვილედ, გიორგი და ლიკა აღარ ჩანდნენ. სულ რამდენიმე წამით გაახსენდათ შვილებს საეჭვოდ დაკარგული წყვილი, სულ რამდენიმე წამით მოავლეს დარბაზს თვალი, თუმცა მალევე დაივიწყეს.
გიორგი და ლიკა კი, თეთრად დათოვლილ, სპეტაკ თოვლში გვერდი-გვერდ მიაბიჯებდნენ, აღარ ქროდა ქარი, მხოლოდ ბარდნიდა ბაკურიანში, მსხვილი თეთრი ფიფქები ეცემოდა ლამპიონების ქვეშ მდგომ ჩახუტებულ წყვილს. სველდებოდნენ, იქნებ სციოდათ კიდევაც, თუმცა ისინი ამას ვერ გრძნობდნენ.
- მიყვარხარ! - ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა მამაკაცის მკერდს ამოფარებულ ლიკას გიორგი - არაფერს მეტყვი?.. - ჯიუტი მოლოდინით ააწევინა ქალს თავი და თვალებში ჩააცქერდა.
ლიკას ხმა არ მოუღია, ან რა საჭირო იყო?! მისთვის სათქმელი სიტყვებში ყელში ბურთივით გასჩხეროდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა, ბედნიერებისგან ტიროდა ქალი. გიორგის მისი სიტყვები არც სჭირდებოდა, პასუხი იმაზე მეტყველი იყო, ვიდრე ეგონა.
- მიყვარხარ! - ლიკას უთქმელი ფრაზა ისევ თავადვე გაიმეორა, ქალის მოწყურებული ბაგეებისკენ დაიხარა და...
ისევ თოვდა, ისევ ბარდნიდა და ისევ იდგა ლამპიონთან გრძნობებით მთვრალი ჩახუტებული წყვილი.




№1 სტუმარი lalka

kargi iyo momewona.zalian gamexarda rom kargad daamtavre .sxvagvarad arc sheizleboda isedac imdeni dardi gadaitana giorgimac da likamac.yochag .velit upro zliers.

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი საყვარელი ისტორია...
ლიკა და გიორგი ხომ საერთოდ სხვა თემაა...
ძალიან ლამაზი ისტორიაა მეგობრობაზე, სიყვარულზე, ამხანაგობაზე და ბავშვობაზე...
ძალიან მიყვარს ეს ისტორია...

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalka
kargi iyo momewona.zalian gamexarda rom kargad daamtavre .sxvagvarad arc sheizleboda isedac imdeni dardi gadaitana giorgimac da likamac.yochag .velit upro zliers.

დიდი მალობა შეფასებისთვის kissing_heart დროებით პატარა შესვენება მოვიწყე, იმედია მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით, რამდენად ძლიერი იქნება არ ვიცი, ამის შეფასებას თქვენ მოგანდობთ, თუმცა ცოტა უფრო სერიოზული თემით ნამდვილად იქნება heart_eyes

უცნობი ქ
ჩემი საყვარელი ისტორია...
ლიკა და გიორგი ხომ საერთოდ სხვა თემაა...
ძალიან ლამაზი ისტორიაა მეგობრობაზე, სიყვარულზე, ამხანაგობაზე და ბავშვობაზე...
ძალიან მიყვარს ეს ისტორია...


უკვე როგორ ძალიან მომენატრეთ heart_eyes kissing_heart ამ სითბოსთვის მაინც დავიწყებ ახალ ისტორიას laughing

 


№4  offline წევრი Timea25

რა კეთილი ფერია ხარ.
კარგი იყო .

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Timea25
რა კეთილი ფერია ხარ.
კარგი იყო .

smile სულ ბოროტი ხომ არ ვიქნები? ზოგჯერ ფერიობაც კარგია heart_eyes kissing_heart

 


№6 სტუმარი Guest ...

უკარგესი იყო იმედია მეორე ნაწილსაც დადებ და ასევე კარგი დასასრულით ^_^

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest ...
უკარგესი იყო იმედია მეორე ნაწილსაც დადებ და ასევე კარგი დასასრულით ^_^


დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის heart_eyes რაც შეეხება მეორე ნაწილს, ამ ისტორიის აზრი ახალი წელი უნდა ყოფილიყო, მისი ზედმეტი დრამებითა და განცდებით დატვირთვა არც მინდა და არცაა სასურველი, თუმცა ჩვენი ისტორიის პერსონაჟების მხიარული ცხოვრება რომ ვიცი,იქნებ სხვა ისტორიაც შემოგთავაზოთ, თუმცა ეგ სამომავლოდ, ამჯერად კი უფრო სერიოზული ისტორიით მინდა მოვბრუნდე heart_eyes

 


№8  offline წევრი ucnobi_18

აურამაგარიიიყოო

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ucnobi_18
აურამაგარიიიყოო

kissing_heart

 


№10 სტუმარი ნანამია

უთბილესი, უტკბილესი და უსიყვარულესი ისტორიაა, ახალ წელზე არ ვგიჟდები, მაგრამ ამ მოთხრობას ,, გავგიჟდი..."

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნანამია
უთბილესი, უტკბილესი და უსიყვარულესი ისტორიაა, ახალ წელზე არ ვგიჟდები, მაგრამ ამ მოთხრობას ,, გავგიჟდი..."

ნანამია
უთბილესი, უტკბილესი და უსიყვარულესი ისტორიაა, ახალ წელზე არ ვგიჟდები, მაგრამ ამ მოთხრობას ,, გავგიჟდი..."

დიდი მადლობა smile

 


№12  offline წევრი utsnobi

სასიამოვნო, სახალისო და თბილი ისტორიაა, განწყობას ამაღლებს, ძალიან მომეწონა

 


გული გამითბო ❤️❤️

 


№14  offline წევრი Nane123

ძალიან ძალიან მომეწონა ❤ მსუბუქი და საიამოვნო წასაკითხი ❤ ისეთი ერთი ამოსუნთქვით რომ ჩაიკითხავ ❤ სახალისო თბილი და ტკბილი ❤❤❤❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

utsnobi
სასიამოვნო, სახალისო და თბილი ისტორიაა, განწყობას ამაღლებს, ძალიან მომეწონა

გამოგონილი პერსონაჟი
გული გამითბო ❤️❤️

Nane123
ძალიან ძალიან მომეწონა ❤ მსუბუქი და საიამოვნო წასაკითხი ❤ ისეთი ერთი ამოსუნთქვით რომ ჩაიკითხავ ❤ სახალისო თბილი და ტკბილი ❤❤❤❤

უყურადღებოდ ნუ ჩამთვლით. არ მეგონა ძველ ისტორიებს თუ კითხულობდით. დიდი მადლობა. ძალიან გამახარეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent