შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლე გვირაბის ბოლოს (სრულად)


18-05-2017, 23:03
ავტორი linda
ნანახია 3 428

სინათლე გვირაბის ბოლოს (სრულად)

ღამის სიცივეს დილის სიგრილე, ამომავალი მზის სიწითლე და სურნელი ეპარებოდა, როცა ძელსკამზე წამოწოლილ ნათიას გამოეღვიძა. გაცვეთილ ტანსაცმელში, ძვლებამდე გამჯდარიყო სიცივე, გვერდები ქვეშ ამოდებული მაგარი ფიცრებისაგან სასტიკად სტკიოდა, მაგრამ მაინც წამოიწია, გმინვით.
ძელსკამზე წამოჯდა, ხმამაღლა დაამთქნარა. ლოყა მთელი ღამე ფიცარზე ედო, დარწმუნებული იყო, რომ ახლა ოდნავ მაინც ექნებოდა ჩალურჯებული, გვერდებთან ერთად. მის კანზე საკმარისი იყო ოდნავ ხელის მოკიდება, და წამსვე სისხლი ექცეოდა.
ქალმა მიწას დააბჯინა ამოღამებული, ჩაცვენილი თვალები და ოხვრით წამოდგა ფეხზე. ტერფები გაყინვოდა, ჭუჭყი და მტვერი დასდებოდა გაცრეცილ, თითქმის ძირგამოხეულ ფეხსაცმელზე.
ტარგალეული, ბოლოებში სიმჩაჟანგული ფანდური ზურგზე მოიგდო. კიდევ კარგი, რომ არ მოჰპარეს. პარკის ამ უკაცრიელ, თითქმის მიუდგომელ და დაბურულ მხარეს არავინ მოდიოდა, ამიტომაც იყო შესაძლებელი აქ ღამღამობით დაწოლა იმის შიშის გარეშე, რომ ვინმე გაქურდავდა, მოკლავდა ანდა იძალადებდა მასზე. მაგრამ ყოველთვის ეშინოდა ფანდურის მოპარვის.
ნათიას შეაჟრჟოლა. ჩიტები ბუნდოვნად, საიდანღაც ჭიკჭიკებდნენ, მათი გალობა ქვემოთ იღვრებოდა და რაღაცნაირ ელფერს დებდა დილის მსუსხავ სიცივეს. ნათიამ თვალებში ჩამოყრილი, თხელი თოკებივით ჩამოკიდებული, გაქუცული და ჭუჭყიანი თმა უკან გადაიგდო, პალტოს საყელო აიწია და სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა დილის ნამით დაფარული, მოუკრეჭავი გაზონი.
თავშესაფარს ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა. თუ ქალაქში აღმართული საათით გაითვალისწინებდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩაუარა, მხოლოდ რვის ნახევარი იყო ჯერ. ფეხს ითრევდა, არ სურდა ლუკა დროზე ადრე გამოეყვანა, იქ აჭმევდნენ, ცოტას, მაგრამ აჭმევდნენ მაინც.
მაგრამ რვა საათზე თავშესაფარი, როგორც წესი იკეტებოდა. მხოლოდ ღამისთვის იყო განკუთვნილი.
როცა შეეძლო, ნათია ლუკასთან რჩებოდა ღამ-ღამობით, მაგრამ ეს იშვიათობა იყო. თავშესაფარში ადგილის მოძებნა ყოველთვის ჭირდა, მითუმეტეს ადგილისა, რომელიც უფროს ადამიანს ეყოფოდა. გაცილებით იოლი იყო ბავშვის მიბარება საღამოოობით, მაშინ, როცა ადგილი ჯერ კიდევ იყო, დილით კი მისი წამოყვანა.
რამდენი ხანი იყო, რაც ამ პატარა რიტუალს ატარებდა ყოველ დღე.
თავშესაფარი მომცრო, ჭუჭყიანი, მუდამ ოფლის, შმორისა და დაღლილობის სუნად აყროლებული ორსართულიანი შენობა იყო, რომელშიც ყოველთვის პრობლემა იყო შუქი და გათბობა.
სამაგიეროდ ტარაკნები და ბაღლინჯოები იყვნენ ბლომად.
ნათიამ ჰაერში გამოკიდებულ მოზუზუნე მწერების გუნდს, რომლებიც აშკარად შესასვლელთან ახლოს დახვავებულ ნაგავს დასეოდნენ, ხელი გაუქნია და აჭრაჭუნებულ იატაკზე შედგა ფეხი.
-თეა, გამარჯობა. - მიესალმა ის დახლთან მდგარ, სახედახორკლილ, ლოყებწითელა ქალს, რომელიც გადმოკარკლული თვალებით დააშტერდა. თეა აქ კარგა ხანი იყო, რაც მუშაობდა, და ყოველთვის ის იღებდა ხოლმე ხალხს.
-ნათო! - დაიბუხუნა მან. - როგორა ხარ, ძველო? დაიცა, პეტიკოს ავძახებ და ჩამოგიყვანს ლუკას... პეტოოოოო! - დაიყივლა მან თავისი თანამშრომლის გასაგონად.
-აუ! - მოისმა პეტიკოს ჩახრენწილი ხმა ზემოდან.
-ნათო მოვიდა, ლუკა ჩამოიყვანე! - ასძახა ქალმა, მერე კი ჩვეული სისხარტით გააჩინა საიდანღაც თავშესაფრიდან გაწერის ფორმა.
-მოაწერე, მიდი. - უთხრა თეამ, მერე კი დაიხარა, რაღაცაც შარიშური აუტეხა დახლის ქვეშ. ნათიამ სწრაფად მოაწერა ხელი და თითები პალტოს ჯიბეებში დამალა. გაუხეშებული, გასაცოდავებული ხელების დანახვა არანაირად არ სიამოვნებდა.
-დეეე... - მოესმა გვერდიდან და ელვის სისწრაფით მიტრიალდა. ცხვირ მოკაუჭებულ, მუდამ თმაგაზეპილ პეტიკოს ლუკა ხელში აყვანილი მოჰყავდა.
-როგორ ხარ, დედი? - ხელში აიყვანა ქალმა ბავშვი და მაგრად მიიხუტა მისი პატარა სხეული მკერდზე, პეტიკოს მადლობის ნიშნად დაუქნია თავი. კაცმა რაღაც ჩაიბურტყუნა და ზურგი შეაქცია. ალბათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა. - როგორ გეძინა?
-კარგად, დეეე. თეა ბიცოლამ პური მოიტანა ჩუმად, მე, მათეს და გვანცას გვაჭამა. - ჩუმად თქვა ბავშვმა, თითქოს საიდუმლოს ჰყვებაო, მერე კი მუქი ქერა, აბურძგნული თმით დაფარული თავი კისერში მიაყრდნო, უფრო მაგრად მიეხუტა. მისი მუქი, თითქმის შავი თვალები დახლთან მდგარ ქალს გადასწვდნენ.
-თეა... - გადმოხედა ნათიამ და ქალის ცნობისმოყვარე, საცოდაობითა და სიბრალულით აღსავსე, გადმოკარკლულ მზერას შეხვდა. მის წინ დახლზე თითქოს მიტოვებულად, ეულად იდო პარკში გამოხვეული პური.
ნათიას ყველაფერი დაეძაბა. ქალის გაცრეცილ, მკერდზე შემოჭერილ ძველებურ კაბას დახედა.
უსიამოვნო გრძნობა გაუჩნდა, თითქოს გული აერეოდა მალე. რაღაცნაირი ზიზღი მოაწვა კისერში.
-ლუკა, აბა მადლობა გადაუხადე ბიცოლა თეას. - უთხრა მან ბავშვს, თან მზერა პურისკენ გადაატრიალა.
-‘ადლობა, ბიცოლა თეა... - ჩუმად, ოდნავი ღიმილით ჩაიბურტყუნა ლუკამ. თეა გაიბადრა, სავსე, წითელი სახე ღიმილმა გაუპო.
ნათიას ტუჩებიც კი არ შესტოკებია.
-თეა, მადლობა, მაგრამ ამას ვერ მივიღებ... - დაიწყო მან ხმადაბლა.
-ნუ სულელობ, ნათო. - ხელი აუქნია ქალმა. - ზედმეტს ნუ ილაპარაკებ და მოდი, აიღე სანამ პეტიკო ჩამოსულა. ეგ თავსივა ეგა... მიდი ახლა. - წარბები შეკრა მან, როცა ნათიამ ყოყმანით გადახედა პურს. - ნუ იბზუებ ტუჩს.
-შენც გჭირდება ეგ პური. - უთხრა ქალმა.
-ლუკასაც სჭირდება. - მოუჭრა თეამ და ნათია დანებდა.
-უღრმესი მადლობა. - უთხრა მან, სწრაფად აიღო პური და პალტოს შიგნით, დიდ ჯიბეში შეინახა.
რომ გამოვიდნენ, გარეთ ჯერ კიდევ ციოდა, მაგრამ მზე უკვე ამოწვერილიყო. დასავლეთიდან მუქი ღრუბლები მოიწევდნენ.
იწვიმებდა ალბათ.
ნათია სწრაფი ნაბიჯით გაემართა პარკისაკენ, სადაც ღამით ეძინა. გზაში პურის ნაჭერი მოუტეხა ლუკას, თვითონ ცოტათი მომცრო შეჭამა. ილუკმებოდა, ფიქრობდა, და თან ლუკას გაცხარებულ საუბარს უსმენდა.
-...და მერე მათემ მითხრა, რომ მისი მამიკო მალე იშოვის ფულს სახლისთვის, ხომ მაგარია, დეეე? - უთხრა ბავშვმა და ნათიამ ნაძალადევად გაუღიმა, ნაღვლიანად ჩახედა აღტაცებულ თვალებში.
ეს ბავშვი იყო ამ ყველაფრის დასაწყისი, ამავდროულად ბოლოც. ყველაფერი ლუკათი იწყებოდა და მთავრდებოდა. მისი ცხოვრების ყველაზე ძნელი პერიოდი, ამავდროულად მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდიც, დღე და ღამე.
უცნაური იყო ალბათ, რომ ნათიას ბავშვი, რომლის ნახევარი თითქმის უცნობი მამაკაცი იყო, ასე უყვარდა. ადრე სჯეროდა მხოლოდ ორი მშობლის, ურთიერთსიყვარულისა და მისგან შობილი სიყვარულისა ბავშვის მიმართ, მაგრამ მის შემთხვევაში ეს არ გამართლდა. მთელი სიყვარული მის ხარჯზე იყო, ყველაფერ სხვასთან ერთად.
ნიავი უბერავდა. ლუკას მხრებზე ჩამოყრილი მუქი ქერა თმა აეშალა და ნათიამ სასწრაფოდ მოახურა თავზე ჟაკეტის კაპიუშონი.
პარკში რამდენიმე მოხუცი იჯდა უკვე. ცას უყურებდნენ და რაღაცას ბუტბუტებდნენ ძელსკამზე დაკოსებული ქალები. რამდენიმე ათლეტური პიროვნება დაძუნძულებდა აქეთ-იქით.
ნათიამ ლუკა ქვემოთ დაუშვა, ტანსაცმელი, როგორც შეეძლო, ჩამოუფერთხა. სასწრაფოდ მოტეხა მორჩენილი პურის ორი მესამედი.
-შენ გქონდეს. - შეაჩეჩა მან ბავშვს და ჟაკეტი შეუსწორა, ხელით გაუწმინდა ფეხსაცმელი, რომ ცოტა მტვერი მაინც მოეცილებინა. - როცა მოგშივდება, ჭამე, არ მოიშიო, კარგი? საღამოს კიდევ ვიყიდი რამეს, კარგი, დედი?
-კარგი, დეე. - მიუგო ლუკამ და თავი დაუქნია. ბავშვს ლოყები ჩაცვენოდა, სახეზე გაცრეცილი, ნაცრისფერი ელფერი ედო.
ეს არ იყო ჯანმრთელი ხუთი წლის ბავშვის სახე.
ნათიას გული მოეკუმშა, მაგრამ ხმა არ გაუღია.
-მიდი, დედი. ჭკვიანად იყავი, კარგი? - უთხრა მან და პარკის გაშლილი სივრცისაკენ უბიძგა. - თუ შეგცივდება, მაღაზიაში შედი, ცოტა ხანი იყავი, რომ არ გამოგაგდონ, კარგი?
-შენ ვერ დარჩები? - ჩუმად, ფრთხილად ჰკითხა ბავშვმა და ნათია მთელი სხეულით შეტოკდა. ამას ლუკა მაშინ ეუბნებოდა, როცა ცუდად გრძნობდა ხოლმე თავს. მახინჯი გრძნობა გაუჩნდა მკერდში.
-ვერ დავრჩები, დედი. - უთხრა მან ბოლოს. - უნდა წავიდე და დავუკრა, რომ ცოტა საჭმელი ვიყიდო. რომ მოვრჩები, მაშინვე წამოვალ.
ლუკამ თავი დაუქნია. სახეზე არაფერი გამოხატვია, მაგრამ ნათია მაინც ხედავდა მის შინაგან დაღლილობას.
შებრუნდა და საბავშვო მოედნისაკენ გაიქცა. მოხუცებმა კრიტიკული მზერა გააყოლეს.
ნათია დაბურულ სივრცეში იდგა, მათი თვალთახედვიდან მოშორებით. კარგი იყო, რომ უყურებდნენ, ერთგვარად მიხედავდნენ ასე. ლუკა ძალიან ჩუმი, გამგონი ბავშვი იყო, ამასთანავე ძალიან უნდობელი. რამდენიმე თვე იყო, რაც ნათია ასე ტოვებდა ხოლმე, როცა მიხვდა, რომ ბავშვი ძალიან იღლებოდა მთელი დღე ქალაქში გაუთავებელი სიარულით, ნათიას გამოფიტულ სხეულს კი მისი სულ ტარება არ შეეძლო. ალბათ მუხლები მოეკვეთებოდა, რომ ეცადა.
ქალმა ამოიხვნეშა. ლუკას კიდევ ერთი მზერა სტყორცნა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ცენტრისაკენ მიმავალ ბილიკს.
ხალხმრავალ ადგილას, გზაჯვარედინთან ახლოს მოკალათდა. რამდენიმე გამვლელმა ბინძური მზერა სტყორცნა, როგორც ჩანდა, არ მოეწონათ მისი არ ყოფნა.
ალბათ ხედს ამახინჯებდა.
იყო არა ადამიანი, არამედ უშნო, გაზინზლული დეკორაცია. არ შეეფერებოდა ამ ქალაქის ზიზილ-პიპილებსა და ხალხს.
ფანდურის სიმები გაასწორა და ყელი ჩაიწმინდა. უნდოდა, ემღერა, მაგრამ ყოველთვის საცოდავად ეხრინწებოდა ხმა სიმღერისას, ეს კი, მისი გამოცდილებით ყველაზე მეტად არ მოსწონდა მის გარშემო შემოკრებილ ხალხის პატარა გუნდს. მეტადრე იმათ არ მოსწონდათ, ვისაც ცოტა ხურდა მაინც ეყარა ჯიბეში და შეეძლო დახმარების გაწევა.
ამიტომ ხმა არ ამოუღია. ჩუმად უკრავდა. უბრალო მელოდიას, ხელები სიცივისაგან სტკიოდა და ოდნავ შესიებოდა, არ ივარგებდა ძალიან ძნელი მელოდიის დაკვრა.
მის წინ გაფენილ გაქუცულ ქუდში კანტიკუნტად ცვიოდნენ ხურდები.
მეტადრე ხუთ ან ათთეთრიანები. ეს ისეთი ქველმოქმედება იყო, როცა ადამიანს უბრალოდ ამ უსარგებლო ხურდების მოშორება უნდოდა, და ამას, მისი აზრით, „კეთილშობილური“ სახით აკეთებდა.
ნათიას უცებ გადაფურთხება მოუნდა.
მის გარშემო ხალხი შეკრებილიყო და დაჟინებით შეჰყურებდა. წამიერად მიხვდა, რომ დაავიწყდა დაკვრა, მისი თითები ავტომატურად მოძრაობდნენ სიმებზე.
არავითარი ემოცია.
ხალხი ამას მაინც ვერ ხვდებოდა.
კიდევ ერთი ხუთთეთრიანი დავარდა წკარუნით ქუდში.

-*-*-*-*-
ათი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი.
ვიღაცას ორთეთრიანი გადმოეგდო.
ნათიამ ხურდები ჩაიჯიბა, ნაბიჯს აუჩქარა.
საათი გამვლელებს მოახლოებულ ხუთ საათს აუწყებდა. მალე ხუთჯერ ჩამორეკდა ყველას გასაგონად ზარი.
რატომღაც ნათიას სულ ავიწყდებოდა ზარის რაოდენობის დათვლა. მათი რაოდენობა, ბგერა სუსხში იკარგებოდა.
ქალაქში დაეხეტებოდა. ფანდურზე დაკვრას არა უშავდა, მაგრამ თუ სურდა საკუთარი და ლუკას სიტუაციის გაუმჯობესება, რამე უკეთესი უნდა ეშოვა.
რომელიღაც კაფეზე განცხადება გაეკრათ. პატარა, მინისკედლიანი კაფე იყო, ძველებური კარით. დამლაგებელს ითხოვდნენ. ნათიამ არც კი დააყოვნა, მაშინვე შეაბიჯა.
დახლთან მდგარმა ქალმა გაკვირვებით გადმოხედა, როცა მას მიადგა და ნათიამ გონებაში შეადარა ეს ჩამოქნილი, კოხტა, ტუჩებშეღებილი, თმადახვეული ქალი თეას. უდიდესი განსხვავება იყო. ქალის თვალებში ზიზღმა გაიელვა და ნათიას მოეჩვენა, რომ თეა ამ ქალზე ასჯერ ლამაზი იყო.
-გნებავთ რამე? - იკითხა მან.
-განცხადება დავინახე. დამლაგებლის თაობაზე. - ხმადაბლა მიუგო ნათიამ და ინტერესით მიიხედ-მოიხედა. ყველაფერი გაწკრიალებული ჩანდა, იატაკიდან დაწყებული, კედლის კუთხეებით დამთავრებული.
-უკაცრავად, მაგრამ არ ვიღებთ. - მიუგო ქალმა მოპრუწული ტუჩებითა და ფინალური, მოჭრილი ტონით. ნათიას ტუჩები დაუწვრილდა.
-ლულუ, სიცოცხლე... - ვიღაც ახალგაზრდა კაცი, ასევე ოფიციანტი მოუახლოვდა ქალს და მხარზე ხელი მოსდო. - ეს ვინაა? - ისე იკითხა და ურცხვად აათვალიერა მან, თითქოს ნათია იქვე საერთოდ არ მდგარიყო. - რა გინდა?
-განცხადება დავინახე. დამლაგებლის თაობაზე. - ღეჭვით გაიმეორა ნათიამ. უკვე ნანობდა აქ შემოსვლას. ცივმა ოფლმა დაასხა, როცა კაცმა თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ლულუ, გესმის? - ჩაიქირქილა მან. - წვირიან ბომჟებს არ ვიღებთ აქ. თხის სუნით ყარხარ, ვიღაცა ხარ. წადი რა, კლიენტებს გვიწუხებ.
ნათიამ კბილები ერთმანეთს დააჭირა, ძლივს ამოისუნთქა, ისე ძლიერად მოაწვა სახეში სისხლი.
-ვატო! - დაუსისინა ქალმა, ლულუმ, თავის კოლეგას. - რა საქციელია?
-კარგი რა, სიცოცხლე... - უპასუხა ვატომ, მაგრამ ნათიას აღარ მოუსმენია. კარისაკენ შემობრუნდა.
არაფერი უთქვამს, იცოდა, რომ რამის თქმა უფრო გააუარესებდა საქმეს. ზიზღი მოაწვა კისერში, სწრაფად გაალაჯა გარეთ. ეწვოდა ზურგი და მასზე მობჯენილ მზერას გრძნობდა.
მაღაზიაში ორი ბოთლი ლუდი, პური და კარგა ხანი ყოყმანის შემდეგ, პატარა ბოთლი იოგუტი იყიდა. ლუდი გზაში დალია, ალკოჰოლი სასიამოვნოდ გაერია ორგანიზმში. პარკისაკენ მიბანცალებდა, თავჩაქინდრული, ფიქრობდა მორჩენილ ხუთ ლარზე, რომელიც მის მცირე დანაზოგს შეემატებოდა.
იქნებ მოეხერხებინა თბილი ქურთუკის ან ფეხსაცმლის ყიდვა ლუკასათვის.
უკვე ექვსი საათი იყო. მოეწვიმა, ფილაქანზე გუბეები იდგა, როცა პარკს მიადგა.
ლუკას აიყვანდა და თავშესაფარში წაიყვანდა. გასავათებული იყო. არ ახსოვდა, როდის დაიღალა ასე ძალიან.
ამ ბოლო დროს ძალიან იოლად იფიტებოდა შინაგანად. თითქოს სიცოცხლეს წოვდნენ.
პარკში შეუხვია. გზაზე დაყრილი კენჭები ტალახში არეულიყვნენ, გულისამრევი ჭყლოპინი ისმოდა სიარულისას.
შორიდანვე შეამჩნია.
საბავშვო მოედანთან ახლოს, ძელსკამზე ლუკა ჩამომჯდარიყო. მის გვერდით ვიღაც უცნობი, მაღალი კაცი იდგა, გრძელ პალტოში გამოხვეული, პრიალა ფეხსაცმლით. ის ლუკასკენ დახრილიყო.
ნათიას სუნთქვა აუჩქარდა. ფეხები ტეხდა და მკერდი ეწვოდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და გაიქცა.
-ჰეი! - შეჰყვირა მან. - ოე! რომელი ხარ? ჩემს შვილს მოშორდი!
ლუკამ სწრაფად გამოხედა, ხმამაღალი „დეე“ ამოუშვა, მაგრამ არც კი უცდია ძელსკამიდან განძრევა და მისკენ გადმოხტომა. ხელში გამეტებით ჩაებღუჯა მონარჩენი, პატარა პურის ნატეხი.
„შეჭამა მაინც.“ შვებით გაუელვა ნათიას გუნებაში.
-ლუკა, დედი... - ქალი შვილს სწვდა და ახლოს მიიხუტა, ერთგვარი შიშით ააღირა კაცისკენ თავი.
-ბავშვი ცუდად გახდა და შევჩერდი წამიერად. პანიკა არ არის საჭირო. - ხმადაბლა თქვა კაცმა და ნათიამ მკვეთრად შეხედა თვალებში.
მუქ თვალებში.
ეცნო.
ქალი მთელი სხეულით, ყოველი ნაკვთით დაიჭიმა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მიწა ფეხქვეშ გამოეცალა, თითქოს თავზე ენგრეოდა ყველაფერი, რაც კი აქამდე იცოდა.
მის წინ თავისი შვილის მამა იდგა, კაცი, რომელიც ხუთ წელზე მეტი იყო, რაც არ ენახა და რომელსაც ყოველდღე წყევლიდა.
„ნაგავი.“ წამიერად გაუელვა ნათიას თავში.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კაცი ისევ მშვიდად მიშტერებოდა. მის თვალებს არც კი მისწვდომიათ ცნობის ნაპერწკალი, რამე ნიშანი, ნაკვთის შეტოკება, რამე, რომელიც ნათიას ამცნობდა, რომ მან იცნო.
კაცს არ ახსოვდა მისი სახე.
ნათიას უაზრო ზიზღი, აუტანელი გულდაწყვეტა, მერე კი სევდა მოაწვა.
სევდიანად იდგა. გარშემო წვეთები ეცემოდნენ.
წვიმა დაიწყო.





-*-*-*-*-*-2
მუქთვალება კაცს წვიმის წვეთები სახეზე დაუგორდნენ. წარბები უფრო მუქი და მბზინვარე გამოუჩნდა. გვერდზე კოხტად გადავრცხნილ თმაზე დაეფინა წვეთები.
ნათია უსიტყვოდ შეჰყურებდა. ენა უსიამოვნო, მძიმე, წებოვან შეგრძნებას ტოვებდა პირში.
-აქ რა გინდა? - ისე ამოთქვა მან, რომ საკუთარი სიტყვებისათვის ყურადღება არ მიუქცევია, გონებაში ათასი სისულელე დაუტრიალდა. წამიერად ისიც იფიქრა, რომ ახლავე ადგილს მოწყდებოდა და გაიქცეოდა, მაგრამ არ განძრეულა.
-დავინახე, რომ ბავშვი ტიროდა. - კაცი მოიღუშა. - და ახლომახლო არავინ ჰყავდა პატრონი. - მჭმუნვარე გამომეტყველება მიიღო მან და მხრები შემართა. ნათიას ზემოდან დააცქერდა, თითქოს უფრო გაიშალა.
ქალი მოიბუზა. იგრძნო, თუ როგორ კარგავდა ფერს. მაგრამ წარბშეკრული აჰყურებდა მაინც.
-ახლა ჰყავს. - თქვა ბოლოს და თვალი აარიდა, ლუკას გადახედა, რომელიც მთელი ძალით ჩასჭიდებოდა, ცხელი შუბლი მოედო კისერზე. - დედი, როგორა ხარ? იტკინე რამე?
ლუკამ თავი წამოსწია და წამსვე, ნათიას კისერზე გაჩენილი სიცხე ერთბაშად გაქრა. იმ ადგილას, სადაც ლუკას წამის წინ თავი ედო, მომენტალურად დასუსხა. ქალს შეაჟრჟოლა. ბლანტი რაღაც ჩამოუგორდა კისერზე.
ლუკას შუბლი, მარჯვენა მხარეს, სისხლში მოსვროდა, რომელშიც წითლად იღებებოდნენ მუქი ქერა თმის ღერები. ნათიას რატომღაც შემოდგომის გაუფერულებულმა ფოთლებმა, ფორთოხლებმა და საკუთარმა გაყვითლებულმა ფრჩხილებმა გაუელვეს გონებაში.
-ეს რა გჭირს? - ძლივს ამოღერღა მან, სასწრაფოდ გადაუწია მან ბავშვს თმა უკან. მოზრდილი განაკაწრი აჩნდა, საიდანაც შეუჩერებლად მოჟონავდა სისხლი.
-დავეცი, დეე... - დაისლუკუნა ლუკამ, ლურჯდადებული ტუჩები აუთრთოლდა, სახე უშნოდ მოეჭმუხნა. - მტკივა.
-ვიცი, დედი, ვიცი... - ხმა ჩაეხრინწა ნათიას. უცებ შეეშინდა. სისხლის არ ეშინოდა, მაგრამ წამიერად კაცს გადახედა, რომელიც ისევ შუბლშეკრული იდგა მათთან ახლოს. ქალს უცებ სუნთქვა შეეკრა. ამ ადამიანთან ახლოს დგომა, სისხლის მკრთალი სურნელი და კისერში ჩაგორებული წვიმის წვეთები ვერ აიტანა.
-რომელი დედა ტოვებს ასე შვილს? - თქვა კაცმა და ინტერესით აათვალიერა, წარბები ისევ შეეკრა. ნათია მათ ქვემოთ გაჩენილ მუქ სივრცეს დააშტერდა. კაცს ნაცრისფერი ელფერი ედო სახეზე ოდნავ. ალბათ ჩამოწოლილი ჩრდილის გამო.
სამი ხალი ჰქონდა ლოყაზე. არც კი ახსოვდა.
-არ მაქვს შესაძლებლობა, რომ თან წავიყვანო. - მოჭრა მან და თავისუფალი მარცხენა ხელი დაიმკლავა, შედარებით სუფთა მაჯა წვიმას შეუშვირა, მერე კი მაგრად მიადო ლუკას შუბლზე. სუფთა ნაჭერი არ ჰქონდა, ხელებს კი შეძლებისდაგვარად იბანდა ხოლმე. მაჯაზე ბლანტი, გულისამრევი შეგრძნება დაჰყვა შემაშფოთებელი სისწრაფით.
ნათიას სუნთქვა აუჩქარდა.
იგრძნო, თუ როგორ გაჟონა ფეხსაცმელში ფილაქანზე დადგმულმა წყალმა. თითები დაუსველდა.
მთელი ტანით შეაჟრჟოლა.
-სწორედ ამიტომ დაზიანდა ბავშვი ასე. უყურადღებობის გამო. - კაცმა ტუჩი აიბზუა, პაკტოს საყელო წამოიწია. მოკლე, სკალპთან ახლოს გაკრეჭილ თმას სულაც არ ეტყობოდა სისველე. ნათიას ბოღმა მოაწვა.
უცებ მოუნდა, რომ მიეხალა მისთვის მათი შეხვედრა ხუთი წლის წინ, ეყვირა და სცენა მოეწყო, სახეში მიეფურთხებინა მისთვის ყველა ის სიტყვა, რომელიც გულზე ადგებოდა მთელი ხუთი წელი. ხანდახან ოცნებობდა კიდეც ამ კაცთან შეხვედრაზე, მხოლოდ იმისათვის, რომ გულიანად გამოელანძღა, მხრებზე დაწოლილი ბარგი მოეცილებინა.
მაგრამ არა. ნათიას კრინტი არ დაუძრავს. მაგრამ მხრებზე დაწოლილი ლოდები კიდევ უფრო დამძიმდნენ.
-შენ არაფერი გესაქმება. - კბილებში ძლივს გამოსცრა მან. - თუ არ გსურს დახმარება, შეგიძლია წაბრძანდე. - მან უფრო მაგრად მიაჭირა მაჯა ლუკას შუბლს. ბავშვს სისხლი წარბამდე ჩამოუგორდა.
-არც ისე დიდი ნატკენია. - უცნაური ტონით გააგრძელა კაცმა, ისე იქცეოდა, თითქოს ნათიას სიტყვები ვერ გაიგონაო. იგი ლუკასკენ დაიხარა. - ამდენი სისხლი არ უნდა მოსდიოდეს.
-ვიცი. - უთხრა ნათიამ და უცებ შეეშინდა. ცივი გონებით უყურებდა ამ ყველაფერს. სისხლი ისევ წვეთავდა მის წინამკლავზე, იდაყვთან გასკვნოდა და მის ისედაც ნოტიო ტანსაცმელში იკარგებოდა.
ეშინოდა არა იმისა, რომ უჩვეულოდ ბევრი სისხლი მოსდიოდა ლუკას, რომ ბავშვს სახე აკრუნჩხოდა ტკივილითა და დისკომფორტით, არამედ ამ ყველაფრის მნიშვნელობისა. ეშინოდა, რომ მარტო დარჩებოდა.
ჟრუანტელმა დაუარა, წამიერად თვალებში დაუბნელდა. მოეჩვენა, თითქოს დაუსრულებელი გვირაბის შუაგულში იდგა და ვერ გაეგო, რომელი მიმართულებით წასულიყო. ყველგან გაუგებრობა, სიცივე, სიბნელე უქადდა.
როგორც ყოველთვის.
-არ შემიძლია. - ამოილუღლუღა მან, თითქმის გაუცნობიერებლად. - დედი, ძალიან გტკივა, არა... რატომ მოგდის... დაეცი? შენ რომ მოკვდე, მე რაღა ვქნა? მარტო არ დამტოვო, ძალიან გთხოვ, არ დაგეძინოს, დარჩი ჩემთან, გემუდარები, დედი...
ნათია ატირდა. ცხელი ცრემლები უგორდებოდა სახეზე, რომლებსაც მალევე კარგავდა სახეზე ჩამოგორებულ წვიმის წვეთებში. ლუკა კიდევ უფრო გაფითრებულიყო, მაგრამ ხმას არ იღებდა. ტუჩები უთრთოდა.
-კარგი, დაწყნარდი. - თითქოს შორიდან მოესმა კაცის ხმა. - აქვე საბავშვო კლინიკაა, იქ მიიყვანე...
-არ შემიძლია. - საპასუხოდ თავი გააქნია ქალმა, სწრაფად გამოერკვა ტრანსიდან. - ფული არ მაქვს. არ მიმიღებენ.
-მე მიგიყვანთ. - შესთავაზა კაცმა და ნათიას ნერწყვი კისერში გაეჩხირა, უნდობლად გადახედა მას. - მიგიღებენ და მიხედავენ იქ.
ნათიას ცუდი წინათგრძნობის უსიამოვნო ჟრუანტელმა დააყარა სხეულზე, გამოჩენილი წინამკლავის კანი დაეხორკლა. უსიამოვნოდ გაუცივდა მუცელი.
„რატომ აკეთებს ამას?“ გაიფიქრა გულწრფელი ინტერესით. „მაინც რატომ?“
არსებობდნენ ამ კითხვის პასუხები, მაგრამ ყველა ზედმეტად იდიოტური და გულუბრიყვილო გახლდათ. სიკეთე? კეთილმოსურნეობა? უაზრობა იყო. ეს გაკვეთილი რამდენი ხანია, რაც ნასწავლი ჰქონდა ნათიას.
-კარგი. - მიუგო მაინც ბოლოს. - წაგვიყვანე.

-*-*-*-*-
კლინიკაში თბილოდა. თანამედროვე, პრიალა თეთრი გამათბობლები დაემონტაჟებინათ კედლების გასწვრივ გაკეთებულ ნიშებში. გრილ ლინოლეუმში გამოსახულება ირეკლებოდა.
ლუკა ექიმთან საათნახევარი იქნებოდა, რაც შეიყვანეს. ოთახთან იცდიდნენ.
დერეფანი ცარიელი იყო, ამაყად ბრდღვიალებდნენ თავსზემოთ დაყენებული ნეონის სანათურები. შიგადაშიგ გაივლიდნენ სახემოჟამული პაციენტები, თეთრებში გამოწყობილი, წამლის სუნად აყროლებული ექთნები.
შორიახლოს, მრგვალი, თავწაკრული დამლაგებელი ნათიას მიერ დატოვებულ ტალახიან ნაფეხურებს სწმენდდა და შიგადაშიგ ბინძურ მზერას სტყორცნიდა მათი მიმართულებით. ნათიამ თავისდაუნებურად მისი მზერა თავის ფეხსაცმელსა და ნაფეხურებს შეადარა.
არც კი იყო დიდი განსხვავება.
ჯერ კიდევ ვერ გაეგო, თუ რას აკეთებდა აქ მისი შვილის მამა. შეეძლო აქედან წასულიყო უკვე.
მაგრამ ადგილიდან არ იძროდა. იჯდა, კალთაში დაეკრიფა დაძარღვული ხელები და რაღაცას მიშტერებოდა, სივრცეში.
ლუკას მისი თვალები ჰქონდა.
ნათია მოიღუშა. წინამკლავი სისხლით მოსვროდა. ახლა, წვიმის გარეშე, რომელიც სურნელს ანეიტრალებდა, უფრო მძაფრად გრძნობდა სუნს. პირში მეტალის გემო დაუდგა და წამიერად გული აერია.
ვერ წარმოედგინა, თუ რას უკეთებდნენ ლუკას იქ ამდენი ხანი. ნუთუ სერიოზული იყო რამე? საერთოდ ძნელი იყო ბავშვის სისხლდენის შეჩერება, პაწაწინა განაკაწრები ისე მალე არ უხორცდებოდა, როგორც ნათიას ახსოვდა საკუთარი განაკაწრების გაქრობა, მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
უბრალოდ ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნია, რაკი ყოველთვის ხდებოდა. ამასაც ცივი თვალით უყურებდა. ყველაფერი ჩვეულებრივი ხდებოდა, რაც არ უნდა საშინელი ყოფილიყო, თუ საკმარისად გაიმეორებდი. ეს პრინციპი რამდენი ხანი იყო, რაც არსებობდა ნათიას ცხოვრებაში. მისი აზრით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ იგნორანტი იყო.
ო არა. უბრალოდ თავს იცავდა. ვერ წარმოედგინა, რა მოხდებოდა, ყოველ წვრილმანზე რომ ტირილი წამოეწყო. ქუჩა არ იყო სასახლე, არავინ გამოგიწვდიდა დამხმარე ხელს.
ნათია გაცივდა. ყინულივით ჰქონდა თითები.
-როგორ იტკინა თავი? - ჩუმად ჰკითხა მის გვერდით მჯდომარე კაცს. მან ისე გადმოხედა, თითქოს მისი დანახვა გაუკვირდაო. ისე დაშტერებოდა თვალებში, თითქოს რაღაც ეძებდა.
-არ ვიცი. არ დამინახავს. ფეხი ამიცურდაო, ასე მითხრა. - კაცმა ჩაიფრუტუნა, ფეხს ნერვიულად აბაკუნებდა იატაკზე. - თან დააყოლა, უცხოებს არ ველაპარაკებიო. ჭკვიანი ლაწირაკი.
ნათიამ კბილები გააღრჭიალა, მუშტები შეკრა.
-ნუ აყენებ შეურაცხყოფას. - კბილებში გამოსცრა მან. კაცმა გაკვირვებით გადმოხედა. ახლაც მონაცრისფრო ელფერი ედო მის კანს, ნათიამ ახლაღა შეამჩნია.
-არ ვაყენებ. - თქვა მან ბოლოს. - ჭკვიანი არის მეთქი, ხომ ვთქვი.
-მოკეტე რა. - მიახალა ქალმა. დისკომფორტსა და უსიამოვნებას გრძნობდა. რაღაც არ იყო რიგზე.
-მგონი, უფრო ზრდილობიანი უნდა იყო ჩემს მიმართ. - მშრალად უპასუხა კაცმა. - ბოლოს და ბოლოს, მე მოგიყვანეთ აქ.
-შენივე შემოთავაზება იყო. - უპასუხა ნათიამ. კამათის თავი არ ჰქონდა. შეიძლება რაღაც უაზროდ წამოეროშა, რასაც მერე უკან ვეღარ დააბრუნებდა. სიფრთხილე იყო საჭირო. - მე არაფერი მითხოვია.
-ეგ იმას არ ნიშნავს, რომ... - დაიწყო კაცმა, მაგრამ არ დასცალდა. მათ მარჯვენა მხარეს უხმაუროდ გაიღო კარი და ექიმმა გამოაბიჯა.
უფრო მეტი მომჟავო, მედიკამენტების სუნი მოეფინა დერეფანს. საშუალო სიმაღლის, თმააკეცილმა ექიმმა ისე გადმოხედა და შეაფასა ორივე, რომ წარბი არ შესტოკებია.
-ლუკა ბერიძესთან თქვენ ხართ, არა? - იკითხა მან. ნათია ნელა წამოდგა ფეხზე.
-მე დედა ვარ. - თქვა მან ხმადაბლა. თვალები მის უკან მდგომი კაცისაკენგაექცა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ექიმმა უცნაურად გამოხედა. დანაოჭებულ, თითქოსდა გაცრეცილ და დაკენკილ სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდი.
-მეუღლეა? - იკითხა მან და კაცზე მიანიშნა. ნათიამ სწრაფად გააქნია თავი. ეგონა, ეს აშკარა იყო.
-არა, არ არის მეუღლე. - უპასუხა მან ყოველი შემთხვევისათვის.
-მობრძანდით. - თქვა ექიმმა და ოთახში შეაბიჯა. ნათიამ კაცს გადმოხედა, მერე კი ორივენი უკან შეჰყვნენ შიგნით მიმავალ ქალს.
ლუკა საწოლზე იწვა. ჟაკეტი გაეძროთ, ფეხზე სხვა წინდები ეცვა, უფრო თბილი და ხარისხიანი. მისი ფეხსაცმელი საცოდავად ეწყო ქვემოთ. ჟაკეტი გამათბობელზე გადაეფინათ. ნათია უხერხულობამ შეიპყრო. მოუნდა, რომ გამქრალიყო, თავისი მთელი არსება სადმე დაემალა. უფრო მეტად მოიბუზა.
-როგორ არის? - იკითხა მან. იქვე მიმდგარ სკამს დახედა, მაგრამ ვერ გაბედა დაჯდომა. - კარგად იქნება?
-ვერ მოგატყუებთ, ქალბატონო... - ექიმმა მოლოდინით შემოხედა.
-ნათია. - შეაშველა ქალმა. რაღაც ამოუტრიალდა მუცელში. უცნობი და უადგილო მოეჩვენა მიმართვა.
-ქალბატონო ნათია, თქვენი შვილი ავადაა. - უთხრა ექიმმა. - თავზე არაფერი სჭირს. ცოტა ღრმა განაკაწრი იყო, მეტი არაფერი. ეგ მალე მოურჩება.
-ანუ? - ჩაეძია ნათია. გული სწრაფად უცემდა მკერდში. არ ესმოდა, თუ რა ხდებოდა, რისკენ უხვევდა ეს ქალი.
-თქვენი შვილის იმუნური სისტემა თითქმის განადგურებულია, ქალბატონო ნათია. - მშრალად, ცივი პროფესიონალიზმით უთხრა ექიმმა. - ბავშვი სუსტია, საკმარისად არ ჭამს, საჭირო პროდუქტების მიღებაზე ზედმეტია ლაპარაკი. იცით, ამ ფონზე იოლია დაავადების გაჩენა, მითუმეტეს პატარა ბავშვზე. რამდენი წლისაა?
-ხუთის. - ავტომატურად უპასუხა ნათიამ. ლუკაზე გაშტერებოდა თვალები.
-აი, ხუთის. პატარაა ჯერ, თან ძალიან. - ექიმმა ფეხი ფეხზე შემოიდო. ნათია ყურადღებით დააცქერდა. ბალთებიანი, სქელძირა თეთრი ფეხსაცმელი ეცვა.
-რა სჭირს? - იკითხა მან ხმადაბლა. - მეტყვით თუ არა?
-ძალიან ვწუხვარ. - უთხრა ქალმა და ნათიას ყველაფერი ამოუტრიალდა მუცელში. ინატრა,რომ ახლავე გამქრალიყო. - ლეიკემიაა. აქ შეცდომა არ შეიძლება, ქალბატონო...
-ნათია. - მექანიკურად ჩაილაპარაკა ქალმა. თვალთ დაუბნელდა, ნეონის ამაყად გაბრდღვიალებული სანათებიც კი ვერ ანათებდნენ მის მზერას. ქალს მუხლები მოეკვეთა, მძიმედ ჩაეშვა სკამში.
-დიახ, ნათია. მაშასადამე, ქალბატონო ნათია. რამდენიმე არჩევანი გაქვთ. ჯერ კიდევ დასაწყისი სტადიაა, ეს აშკარაა. შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ ქიმიოთერაპია, მაგრამ არ გირჩევდით, ძალიან სუსტი ორგანიზმი აქვს, ალბათ ვერ გადაიტანს. უფრო მსუბუქი, ანტიბიოტიკური და უბრალოდ, კვებითი თერაპია სავსებით...
-შემომხედეთ, ექიმო. - სიტყვა გააწყვეტინა ნათიამ და ჩაცვენილი თვალები მიაპყრო ექიმს, რომელიც ცივად დააშტერდა საპასუხოდ. ქალს ტუჩები აუთრთოლდა, ხელები კონვულსურად უკანკალებდა. - თქვენი აზრით, მე შევძლებ საჭირო მკურნალობის საფასურის გადახდას? დამცინით?
-ჩემი მოვალეობაა, რომ პაციენტს შესაბამისი მკურნალობის არჩევანი წარვუდგინო. - ცივად უთხრა ქალმა, თითები ერთმანეთს გადააჭდო. - გაქვთ თუ არა ამის საშუალება, უკვე მე აღარ მეხება.
ნათიას ხმა არ გაუღია. ფეხზე წამოდგა.
-წავიყვან. - თქვა მან ჩუმად. ფეხები უკანკალებდა და თითქოს ერთიანად დამძიმებულიყო, მაგრამ მაინც გადადგა შვილისაკენ ნაბიჯი. აქედან უნდა გასულიყო, თანაც სასწრაფოდ. არც კი სურდა ექიმის სიტყვებზე ფიქრი.
ოთახში დაყენებული, თითქოს ნოტიო, მჟავე სურნელი გულს ურევდა.
ლუკა ხელში აიყვანა, ზურგზე მოახურა ჟაკეტი და ფეხსაცმელები აიღო. სწრაფად შემობრუნდა, ექიმისაკენ არც კი გაუხედავს, ისე გავიდა კარში.
დამლაგებელმა ისევ ბინძური მზერა სტყორცნა, რომელიც ისევ ფეხსაცმელებს ჰგავდა.
სასწაულებრივად, კაცი უკან გამოჰყვა. მაშინაც კი, როცა თითქმის სირბილით გამოვარდა გარეთ.
-რას აპირებ? - ჰკითხა მან უკნიდან. ხმას წვიმის შხაპუნი ბურავდა. ნათია შედგა.
წვიმაში იდგა, გაცვეთილ, ათას ჭირგამოვლილ ტანსაცმელში გამოწყობილი, ხელში მძინარე ბავშვი ეკავა, რომელსაც საჭმელი და დასვენება სჭირდებოდა, თან სასწრაფოდ. ბავშვი, რომელსაც კიდევ ერთი საათი ვერ მიიყვანდა თავშესაფარში. ბავშვი, რომელსაც სახლი არ ჰქონდა, დედამისი უსახლკარო, ჭუჭყიანი თხა იყო და რომელსაც ლეიკემია სჭირდა.
ბავშვი, რომლის გარეშეც ნათია ვერ გადაიტანდა ცხოვრებას.
ძალიან ცივად უყურებდა ამ ამბავს. ხმამაღლა ტიროდა, მაგრამ ცივად. ცრემლები ცივად ქცეულიყვნენ მის გაფითრებულ ლოყებზე. ტირილიც კი აღარ იყო ემოციის გამოხატვა, უბრალოდ დაცლის საშუალება.
-არ ვიცი, რა გავაკეთო... - ამოიგმინა მან. - ლეიკემია... ასე არ შემიძლია, სიკვდილი მინდა...
მართლა უნდოდა. გულწრფელად მოუნდა, არადა სასტიკად ეშინოდა.
-არ შეიძლება სოციალური დახმარება მოითხოვო? - იკითხა კაცმა, სულაც არ ჩანდა შეძრული მისი ცრემლებით. - მოითხოვ და დაუფინანსებენ.
-რა მიზეზით? - ჰკითხა ნათიამ. ვერ გაერჩია, ლოყებზე წვიმის წვეთები დასდიოდნენ თუ ცრემლები. - რამდენი უსახლკარო დადის, მე რატომ მომცემენ? ნუ სულელობ.
უცებ გონება გაუნათდა. კაცისაკენ მიბრუნდა, ნერვიულად მოილოკა ტუჩები.
-თქვენი სახელი? - დაიწყო ყოყმანით. - უკაცრავად, არ მიკითხავს...
-ნიკოლოზი. - მიუგო კაცმა და წარბები ასწია. ზრდილობიანი ტონი გაუკვირდა და ნათიას უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა. იცოდა, თუ რას ფიქრობდა ნიკოლოზი... ნიკა. რომ ნათია აფერისტობდა.
რაც შეესაბამებოდა სიმართლეს.
მაგრამ სხვა გზა არ იყო.
-კარგი, ნიკოლოზ. - თქვა მან. - რაღაც უნდა გთხოვო... დახმარება უნდა გთხოვო. - ძლივს ამოთქვა მან და მომლოდინედ დააშტერდა კაცს, რომელიც წარბშეკრული მოაშტერდა. ცხვირზე უგორავდა წვიმის წვეთები.
-დახმარება. - გაიმეორა მან. - რომ შენი შვილის მკურნალობის საფასური გადავიხადო? - მისი სახე გაღიზიანებულმა გამომეტყველებამ მოიცვა წამში. - არც კი გიცნობ. რა პასუხისმგებლობა მაქვს...
-ჩვენი შვილის. - წამოსცდა ნათიას. სასოწარკვეთილებას გრძნობდა, რომელიც ცხელ ბურთად უტრიალებდა გაციებულ მუცელში. ერთიანად აკანკალებული, ვერ გაეგო, შიშით, ნერვიულობითა თუ სიცივით, მისჩერებოდა ამ კაცს, რომელიც, ფაქტიურად, ლუკას გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა იყო.
კაცი გაშრა. მთელი სხეული ლარივით დაეჭიმა, მუქი წარბები ზემოთ აიწივნენ.
-ჩვენი შვილის. - მექანიკურად გაიმეორა მან და ნათიამ სასწრაფოდ დაუქნია თავი.
-არ მინდოდა მეთქვა. - ხმადაბლა თქვა მან. - მივხვდი, რომ ვერ მიცანი. სხვა გზა არა მაქვს, უნდა გამიგო. გეფიცები, არ გატყუებ, მახსოვხარ. ვერც დამავიწყდებოდი. მამის სულს ვფიცავარ, ეს ბავშვი შენია...
-არ მახსოვხარ. - ცივად თქვა კაცმა, ჯერ კიდევ განცვიფრებული, დაბნეული და ცოტათი თავზარდაცემული გამომეტყველება ეხატა სახეზე. - საერთოდ. არ მახსოვს, რომ ოდესმე ბომჟთან ვწოლილიყავი.
ნათიას თითები მოეკრუნჩხა, გული გამალებით უცემდა. ლუკა უფრო ახლოს მიიხუტა.
ეს შანსი ხელში უნდა მოეგდო, რადაც არ უნდა დაჯდომოდა.
-სულ არ ვიყავი უსახლკარო. - ხმადაბლა თქვა მან. - მეც არ მახსოვს ნათლად. მუსიკა, ნარწყევის სუნი, დახუთული ჰაერი და შენი სახე მახსენდება მხოლოდ.
კაცი ღრმად სუნთქავდა, დაჟინებით დაშტერებოდა სახეზე, თითქოს მის გახსენებას ცდილობდა. რამდენჯერმე ლუკას გადაავლო თვალი.
სახე უჩვეულოდ ღია ჰქონდა და წამიერად ნათიას იმედი ჩაესახა...
მერე კი კაცს გამომეტყველება შეცვალა. მოიღუშა და მხრებში გასწორდა.
-ცდები. - თქვა მან და თავი გააქნია. - შენი არ მჯერა. ასე იოლად არ გავებმები ამ იდიოტურ ხაფანგში.
მერე კი შებრუნდა. თავისი მანქანისაკენ წავიდა.
ნათია უკან აედევნა. ფეხსაცმელში ჭყლაპა-ჭყლუპით დადიოდა წყალი. წამიერად გაუელვა, რომ თმასა და სახეს მაინც ჩამობანდა წვიმა.
-არ ვცდები! - დაიყვირა მან. რამდენიმე გამვლელმა მსუბუქად შებურული ზიზღით გადმოხედა, მაგრამ ნათიას ყურადღება არ მიუქცევია. - ვერ გაიგონე, რა თქვა ექიმმა?
კაცი არ უსმენდა. მანქანაში ისე ჩაჯდა, რომ უკან არ მოუხედავს.
ნათია იდგა. ისევ გაახსენდა ის დაწყევლილი გვირაბი, ფორთოხლები და გაყვითლებული ფოთლები.
მანქანა დაიძრა.
ისევ წვიმდა.

-*-*-*-*-
რაღაც იშვიათი იღბლის წყალობით, თავშესაფარში მისი ადგილი აღმოჩნდა.
ლუკამ გამოიღვიძა, და ნათიამ კიდევ ერთხელ იტირა. ლუკას ვერ გაეგო, თუ რატომ ტიროდა იგი, მაგრამ მაგრად მიეხუტა, არაფერი უთქვამს. ერთადერთხელ წაიჩურჩულა, თავი მტკივაო.
ამაზე უფრო ისტერიული ტირილი აუვარდა ნათიას.
ჭამეს, ლუკამ გემრიელად დალია მთელი იოგურტი, ტუჩების წკლაპუნით, ზედ პური დააყოლეს.
მთელი ღამე შვილთან ჩახუტებული იწვა. იხუტებდა მის შემთბარ, პატარა სხეულს და გამწარებული ფიქრობდა.
აშკარა იყო, რომ თვითონ ვერაფრით ვერ შეძლებდა ბავშვის დახმარებას. სამედიცინო ჩარევის გარეშე აქ ლუკას ბედი გადაწყვეტილი იყო უკვე.
ლეიკემია.
გაეგო ადრე ამაზე. ენახა კიდეც დაავადებული ხალხი.
ყოველთვის სიმპათიას გრძნობდა, ებრალებოდა ისინი, მაგრამ მუდმივად შორი, მიუწვდომელი გრძნობა, მისთვის გაუგებარი ცნება იყო ეს.
მალევე ავიწყდებოდა. ხანდახან სინდისი ქენჯნიდა, მაგრამ უფრო ხშირად ესეც ავიწყდებოდა ხოლმე.
მაგრამ ახლა საქმე აბსოლუტურად სხვანაირად იყო. ლეიკემია მის შვილში ბუდობდა, და ნათია მზად იყო კედლებზე გასულიყო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მომავალ გვამს იხუტებდა გულში და ამან ისე დააფრთხო, რომ ლუკას კინაღამ ხელი შეუშვა. შიგნით ყველაფერი ეწვოდა, გამალებით ფიქრობდა.
რა დამთხვევა იყო, რომ იმ ნაგავ კაცს შეხვდა. მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამ კაცის ერთადერთი არსებითი მნიშვნელობა ის იყო, რომ იგი ლუკას ნახევარი იყო, დონორი, სხვა არაფერი. მეტს არაფერს წარმოადგენდა ნათიას ცხოვრებაში. მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქტულ ცნებას, რომელსაც ქალი ხშირად იგონებდა, და რომელზეც ლუკა ხმას არ იღებდა.
ერთხელ არ უკითხავს მამაზე. ალბათ ხვდებოდა.
მას დახმარება შეეძლო, მაგრამ ეს ვარიანტი გამოირიცხა. პოტენციური მნიშვნელობა, რომელიც ნიკოლოზს გააჩნდა, გაქრა. სივრცეში დაიკარგა, ჰაერში გამოსუნთქული ორთქლის მსგავსად.
სხვა რამ უნდა ეღონა.
დილით თეას გამოემშვიდობა. ლუდი დალია პარკში, ისევ იყიდა იოგურტი და ყველის ნაჭერი. ძელსკამზე ისხდნენ, ლუკა მკერდზე მიჰყუდებოდა ჩუმად ღეჭავდა ყველსა და პურს.
გუბეები დამდგარიყო, კენჭები ტალახში ჩამჯდარიყვნენ. წვიმის გრილი სურნელი ტრიალებდა გარშემო.
ნათიამ ლუდი მოყლურწა.
-სმის დროა? - მოესმა გვერდიდან და სწრაფად მოატრიალა თავი. ლუკა ჩუმად აჰყურებდა მათ თავზე აღმართულ ნიკოლოზს.
-ახლა ყოველთვის. - მიუგო ნათიამ. შეეცადა, მკერდში გაღვივებული იმედის ნაპერწკალი გაექრო. არაფერს კარგს არ მოუტანდა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
„რისთვის მოვიდა?“ გაუელვა ქალს თავში. „რა უნდა?“
-არ მითქვამს ტყუილი. - თქვა მან ჩუმად და ბოთლი მოიყუდა, ბავშვი უფრო მაგრად მიიხუტა გულზე, სასმელი გადაყლაპა და ცხვირი მის თმაში ჩარგო. თმას სიძველის, სიცივისა და წვიმის სურნელი ასდიოდა. - მაგრამ რომც მეთქვა. ხუთი წლისაა მხოლოდ. - ტირილი უნდოდა, მაგრამ ვეღარ გრძნობდა ცრემლებს. - ძალიან გთხოვ. ამ ბავშვის მეტი არავინ მყავს. შენ ვერ ხვდები... მხოლოდ ლუკა. მე არა, მხოლოდ ლუკა. ჩემს წაყვანას არ გთხოვ. - ნათიამ მშრალად ახედა. ნიკოლოზი მშვიდად დაჰყურებდა. ისევ ის ნაცრისფერი ედო სახეზე.
ალბათ მუქი პალტოს ბრალი იყო.
კაცი გვერდით მიუჯდა, ლუკას გადმოხედა, რომელიც ინტერესით მოშტერებოდა.
-სად უნდა წამიყვანოს? - იკითხა ბავშვმა. მის ხმაში პროტესტი არ იგრძნობოდა. მხოლოდ ჩუმი შეგუება და ცნობისმოყვარეობა.
კაცმა ამოიხვნეშა. გამონასუნთქი, ცხელი ჰაერი ნათიას ცხვირ-პირში შეეფრქვია.
აჰა.
ესე იგი ეწეოდა. მყრალი სიგარეტის სუნი ასდიოდა მის სუნთქვას.
-წავიყვან. - თქვა მან.
ნათიამ თვალები დახუჭა, მთელი სხეულით მოეშვა.
ძელსკამის ზურგს მიეყუდა, თავს ვეღარ იჭერდა.
სიგარეტის სურნელი ტალახის, წვიმისა და იმედის ტკბილ სურნელს შეერია.

-*-*-*-*-*-3
ისევ წვიმდა.
ნათიამ ამოიქოშინა, კედელს მიეყუდა.
წამიერად თავბრუ დაეხვა, თვალებში დაუბნელდა და მუხლები მოეკვეთა. ისევ ის წებოვანი, ბლანტი გემო გაუჩნდა ენაზე.
ძლივს გადაყლაპა ყელში გახირული ნერწყვი და ძალ-ღონე მოიკრიბა.
ქუჩაში დაეთრეოდა, აქეთ-იქით. რამდენჯერმე დაჯდა გზაჯვარედინებთან დასაკრავად, მაგრამ გუბეები იდგა, გამდინარი წყალი ყველაფერს უსველებდა, სიბინძურე და ჭუჭყი მოჰქონდა, ნიაღვარივით.
იმის მიუხედავად, რომ ამას მიჩვეული იყო, ნათიას გული აერია. კინაღამ იქვე არწყია.
რომელიღაც ძელსკამთან მოეკვეთა მუხლები და იქვე ჩამოჯდა. ყველაფერი ტეხდა აქეთ-იქით სიარულისაგან. უნდოდა რომელიმე მაღაზიაში შეპარულიყო, გამთბარიყო და ცოტა ხანი დაესვენა, მაგრამ ვერ გაბედა. არავის სურდა მისი გაზუნზლული ტანსაცმლის მიერ დატოვებული კვლების წმენდა. ნაფეხურებზე კი ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
ქალმა კანკალით ამოიხვნეშა და ფანდური უფრო მაგრად და საიმედოდ შემალა პალტოს ქვეშ. მკერდამდე დაჟიებოდა ტანსაცმელი, გაყინულ ტერფებს ვეღარც გრძნობდა თითქმის.
სქელძირა, ბალთებიანი, თეთრი ფეხსაცმელი მოეჩვენა.
გამათბობელზე გადაკიდებული ჟაკეტი და ქვემოთ, პრიალა ლინოლეუმზე მიწყობილი გაცვეთილი, ტალახიანი, ბინძური ფეხსაცმელი.
ნაცრისფერიც. პალტოც გაახსენდა.
მისი შვილის მამა.
„ნაგავი. აყროლებული ვირი.“ გაიფიქრა ნათიამ და გაყინული ცხვირი მოიწმინდა. რატომღაც შეახურა მთელ ტანზე და კანკალი აუვარდა.
თმა ლოყებზე მიჰკვროდა, მაგრამ არც კი უცდია გადაწევა. მოსწონდა დისკომფორტი. გონებას უფანტავდა, რომ სხვა რამეებზე არ ეფიქრა.
მაგალითად ლუკაზე.
ფეხები გაიშვირა და ტყლაპუნით ჩადო გუბეში. ძირგამოხეულ ფეხსაცმელში მაშინვე გაჟონა წყალმა.
კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა. ზურგსა და იღლიებზე ცხელმა ოფლმა დაასხა.
იყინებოდა, მაგრამ ამავდროულად ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბუხარში შეაგდეს. თითქოს ვიღაც დაჟანგულ, დაყავისფერებულ ლურსმნებს აჭედებდა თავის ქალაში. ვიღაცის სიცილი მოესმა და მოეჩვენა, რომ მას დასცინოდნენ.
უაზრო იყო ეს ყველაფერი.
ფეხები უფრო ღრმად ჩაჰყო გაყინული, ამღვრეული წყლის გუბეში. წვიმა ტყაპუნით ეცემოდა ზურგზე და თმა უსიამოვნოდ მიჰკვროდა ლოყებზე.
გამვლელები თვალმოუშორებლად უყურებდნენ. გრძნობდა მათ მზერას, თითქოს სხეულს უწვავდა მისკენ მობჯენილი თითოეული თვალი.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ იმსახურებდა ამას. იმსახურებდა სიცივეს, ამავდროულად აუტანელ სიცხესაც, იმსახურებდა იმას, რომ პალტოს ჯიბეში ჩადებული პურის ნაჭერი ახლა უკვე დაჟიებული და დაშლილი იქნებოდა წვიმისაგან.
ამას იმსახურებდა, იმიტომ რომ ლუკას ლეიკემია ჰქონდა.
ისევ დაწყევლილი ბალთები. სქელი ძირები. თეთრი ფეხსაცმელი და ის საზიზღარი მჟავე სუნი.
ნათიამ ტუჩი აიბზუა. სახე მოეკრუნჩხა და ტირილი აუვარდა. გადაიხარა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. არც კი უცდია სახის დამალვა ანდა ტირილის შეკავება. ხმამაღლა ბღაოდა და ყველას ყურადღებას იქცევდა. ლუკას სიკვდილზე ფიქრობდა და წამდაუწუმ ის საშინელი ბნელი გვირაბი ეჩვენებოდა, საიდანაც ვერაფრით ახერხებდა თავის დაღწევას.
ნუთუ სულ ასე უნდა ყოფილიყო?
ნათიას გააკანკალა. ისევ შეეშინდა, იგრძნო, თუ როგორ შეიპყრო პანიკამ.
ვიღაც გამვლელმა შორიახლოს გადმოაფურთხა. მისი ნერწყვი ამღვრეულ წყალს შეერია, რომელმაც ნათიას ფეხებამდე მოიტანა.
ქალი არც კი გაინძრა, მაგრამ მთელი გულით მოუნდა იმ გამვლელისთვის სილა გაეწნა და სახით ჩაეყუდებინა ამ ჭუჭყიან წყალში. ხმამაღლა სლოკინებდა.
მართლაც ფურთხის ღირსი იყო. ლუკას ლეიკემია ჰქონდა. არა გაციება, არა ფილტვების ანთება, არა ტილები, არამედ ლეიკემია. ყველა დაავადებიდან, რაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უნდა ყოფილიყო.
რაღა თქმა უნდა. მერფის კანონი.
კანონი ხომ რაღაც აბსოლუტური იყო. თუ რაღაცას კანონი ერქვა, ესე იგი სიმართლეს ღაღადებდა. ნათიას მერფის კანონის ყოველთვის სჯეროდა, მაგრამ პირველად მიიღო ასეთი შოკი.
უცებ შერცხვა. სირცხვილი სწვავდა. შერცხვა, რომ თვითონ არ ჰქონდა ლეიკემია. სიამოვნებით გადმოიტანდა დაავადებას თავის თავზე და ბედნიერი მოკვდებოდა. ვითომ მის სიკვდილს ექნებოდა რაიმე განსხვავება.
ლუკას კი მამამისი მიხედავდა.
ნათია წელში გასწორდა. თვალთ უბნელდებოდა, ისევ გული აერია.
სიგარეტის სუნი, ნაცრისფერი ელფერი და მუქი პალტო გაახსენდა.
სიგარეტის აყროლებული სუნი, რომელსაც კაცი სახეში აფრქვევდა, სანამ ნათია მას ელაპარაკებოდა. სანამ უხსნიდა, თუ რა იყო საჭირო ლუკასათვის. სანამ ელაპარაკებოდა იმაზე, რომ ბავშვს მას გადააბარებდა. მას, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა, და მხოლოდ ის იცოდა, რომ ნიკოლოზი ერქვა, მისი შვილის მამა იყო და სიგარეტს ეწეოდა.
„ვერ ვარ.“ აბსოლუტური სერიოზულობით გაიფიქრა ქალმა. „მართლა ვერ ვარ. ფსიქიატრიულში უნდა გამომკეტონ.“
საშინელი დედა იყო და ესმოდა კიდეც ეს. რაღაც ეუბნებოდა, რომ ბავშვი ნიკოლოზისათვის არ უნდა გაეტანებინა. ახლა გრძნობდა, რომ არ ემეტებოდა.
უაზრო, გაუგებარი ბრაზი იგრძნო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ეს კაცი, რომელიც მის ცხოვრებაში ასე გაუფრთხილებლად შემოიჭრა და მისი არ სჯეროდა, ყველაფერს ჰპარავდა. ჯერ ნორმალური ცხოვრება შემოაძარცვა, მერე კი სიცოცხლის მთავარი მიზეზი: მისი შვილი წაიყვანა.
ნათიამ მოწყვეტით, სწრაფად დაიწყო სუნთქვა. ისეთი შგრძნება ჰქონდა, რომ ჰიპერვენტილაცია ემართებოდა. ცივი ჰაერი სუსხავდა და თითქოს ცეცხლს უკიდებდა ფილტვებში. სასუნთქი გზები აეწვა.
მუშტებს კრავდა. საცოდავად ეღუნებოდა ხელისგულებში ჩაჭერილი, გაყვითლებული ფრჩხილები.
მერე კი გაახსენდა.
ლუკას ხომ ლეიკემია ჰქონდა. მამამისს თვითონ გაატანა. ის საჭმელსა და სითბოს მაინც მისცემდა ბავშვს.
ისევ სირცხვილმა დაუარა. ისევ ინატრა, რომ ლეიკემია ჰქონოდა. მთელი გულით.
-აქ დაჯდომა არ შეიძლება. - მოესმე და უცებ გამოერკვა. სწრაფად ასწია თავი.
ვიღაც ჯმუხი კაცი დაჰყურებდა, უშველებელი წინამკლავებით, რომლებიც მკერდზე გადაეჯვარედინებინა, თითქოს იმუქრებოდა. რომელიღაც მაღაზიის დაცვა იყო ალბათ. პრიალა სამკერდეზე დიდი ასოებით ამოეტვიფრათ „დავითი“.
პრიალაფეხსაცმლიანი იყო.
კიდევ ერთი, საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც მისი ახლოს ყოფნა არ სიამოვნებდა. ხმასაც კი არ იღებდა. უბრალოდ იჯდა თავისთვის და გუბეში ატყლაპუნებდა ფეხებს. ნუთუ ასეთი საზიზღარი სანახავი იყო?
ნათიამ თვალი აარიდა, მიმოიხედა.
-ჰო, შენ გელაპარაკები! - აგდებულად მიმართა კაცმა. - სხვაგან მონახე დასაჯდომი.
ქალმა ხმა არ დასცა, თავი დახარა. არ სურდა, რომ გაებრაზებინა ეს კაცი, მაგრამ არსადაც არ უნდოდა, რომ წასულიყო.
ძალიანაც სიამოვნებდა გუბეებში ფეხის ჩაყოფა.
-შენ არ გესმის? - კაცმა უხეშად სტაცა მკლავში ხელი და ნათიას სისხლმა აასხა სახეში. ერთიანად გადაწითლდა.
მოეჩვენა, რომ მარჯვენა ხელში ჩაქუჩი ეჭირა და ამ ადამიანს სცემდა. მთელი ძალ-ღონით დაარტყამდა ბლაგვთავა, მძიმე ჩაქუჩს, გალეული ტარით, და სცემდა თავის ქალაში, სანამ არ ჩაუტეხავდა. სანამ მის ტვინს არ დაინახავდა შიგნით.
ცოტა ფერი მიეცემოდა ამ ამღვრეულ წყალს მისი სისხლით.
მერე მოიმარჯვებდა ჩაქუჩს, ამჯერად მეორე, ორკაპა მხარეს და სახის ძვლებს ჩაულეწავდა. სასიამოვნო იქნებოდა მათი გულისამრევი მსხვრევის გაგონება.
ნათია შეკრთა. გამოერკვა. კაცი სადღაც მიათრევდა.
-აქ აღარ გნახო! - ღრიალებდა ის, მერე კი ხელი ჰკრა. ქალი წაბარბაცდა, ხეს მიეჯახა და იქვე ჩაცურდა. უცებ წაერთვა სიარულის ძალ-ღონე. მკლავი მტკივნეულად უფეთქავდა და იცოდა, რომ კიდევ ერთი ჩალურჯება მიემატებოდა მის სხეულზე დახატულ, უშნო, დალილავებულ ადგილებს.
პრიალაფეხსაცმლიანმა ხმადაბლა შეიგინა, მაგრამ ისე, რომ ნათიას გაეგონა. ქალმა თავი დახარა, ტუჩი აიბზუა. ხელები უკანკალებდა.
გამვლელები მიშტერებოდნენ. ვიღაცამ ხმამაღლა გაიცინა.
ნათიამ მკვეთრად გადახედა. ვიღაც საკედაკენკილი, გაკრეჭილი ბიჭი მოშტერებოდა, მის აშკარა ძმაკაცებთან ერთად წამოყუდებული.
ნათიამ მას უაზრო, ამღვრეულ, ღრმად ჩამჯდარ თვალებში ჩახედა და თითქოს თვალწინ გაუელვა ამ ბიჭის პათეტიკურმა ცხოვრებამ.
ბიჭმა შუათითი აჩვენა. ორივე ხელით. გოროზად დაჰყურებდა. მისი ძმაკაცები ხმამაღლა ახორხოცდნენ. ხელებს ერთმანეთს უტყაპუნებდნენ და წელში იხრებოდნენ.
პირფერობა. აფერისტობა. მლიქვნელი, ყალბი ხალხი.
ნათიას წამსვე თვალწინ დაუდგა ვირების ჯოგი.
არ იყო დიდი განსხვავება.
ხელები ეფხანებოდა, მაგრამ მაინც წამოდგა ფეხზე. ბიჭებისკენ აღარ გაუხედავს, მაგრამ ყურებში რეკდა მათი ყროყინის ხმა. ქუჩა გადაჭრა და ლასლასით გაემართა პარკისაკენ.
შუა გზაში შეისვენა. დაჟიებული პური შეჭამა. ცოტა ხნით აქაც ჩამოჯდა ძელსკამზე.
მის წინ ჩამწკრივებულ მაღაზიებს ააშტერდა უაზროდ. სამუშაო უნდა ეშოვა.
ფული სჭირდებოდა. ლუკასთვის სჭირდებოდა, ბავშვი უნდა დაებრუნებინა, თან სასწრაფოდ.
მერე კი ერთი მაღაზია იცნო.
ლულუ და ვატო.
ქალი დახლთან იდგა, მას ნათია მინის ვიტრინაში ხედავდა. ლულუ წარბებაწეული, თვალმოუშორებლივ მიშტერებოდა, მის გვერდით წამოჭიმულ ვატოს, რომელიც ჭიქებს წმენდდა, რაღაც გადაულაპარაკა. კაცმა თავი ასწია და მისი დანახვისას ჩაიცინა.
ნათიამ თვალები აარიდა და ფეხზე წამოდგა. პირი ჯიბეში ჩაიდო და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას.
-უკაცრავად! უკაცრავად! ქალბატონო! მოიცადეთ! - მოესმა უკნიდან და ინსტინქტურად შეჩერდა, იმის მიუხედავად, რომ მას არ ეძახდნენ ალბათ. არ იცოდა, თუ რატომ აკეთებდა ამას.
ნათია ფიქრიანად დააშტერდა მის წინ, ამოვარდნილ ფილაქანის ფილას, რომლის ქვეშაც ჭუჭყიანი წყალი ცურავდა.
თვალები ასწია, როცა ვიღაც წინ გადაუდგა.
-უკაცრავად. - მიმართა ლულუმ, წარბები საცოდავად შემართა და ისეთი სახით აათვალიერა, რომ გეგონებოდა, ახლა ან იტირებს, ან გული აერევაო. ნათიას ბევრი ასეთი სახე ენახა.
-გინდათ რამე? - ჰკითხა მან და მაგრად მოუჭირა დაჟიებულ პურს ხელი.
ეს კოხტა, კაბიანი, მაღალქუსლიანი, თმადახვეული და ლამაზი ქალი უადგილოდ გამოიყურებოდა. ამ ამოვარდნილი ფილის გვერდით. ნათიას უცებ მოუნდა, რომ გვერდით გაეხედა. რაღაც ძალიან ეხამუშებოდა, როცა ამ ორს უყურებდა.
ეს ქალი და ფილა.
-რა მინდა გითხრათ... ბოდიში უნდა მოგიხადოთ ვატოს საქციელის გამო. აუ იცით რა, ვატო აი ძააან მაგარი ტიპია, მაგრამ ხანდახან... აი ხომ გესმით ჩემი? - ჩამოარაკრაკა ქალმა. ხმა სუფთა, ჟღერადი და მაღალი ჰქონდა.
-მღერით? - შეაწყვეტინა ნათიამ. რატომღაც ეგონა, რომ ეს ქალი მღეროდა და თავისი თითქმის გამქრალი, მშრალი ცნობისმოყვარეობა აუმოქმედდა.
-ვაიმე, კი. - ქალმა ამაყად გაიღიმა და მხარზე გადმოგდებული კულული უკან გადააგდო. - სოპრანო. ხმაზე მიხვდით? ნიჭი გაქვთ აშკარად...
-მეც ვმღეროდი. - თქვა ნათიამ, ხელები მოექავა, უნდოდა რომ ფანდური გამოეძვრინა.
-აღარ მღერით? - ჩაეკითხა ქალი.
-არა.
-სამწუხაროა. - საცოდავად აბურცა გამოკვეთილი, ჭყეტელა ვარდისფერი ტუჩები ლულუმ. - სიმღერა აი... სიმღერა ჩემი სულის გამოძახილია, ხომ გესმით? - საკუთარი თავის აშკარა სიამაყით განაცხადა ქალმა, და ნათიამ წარბი ასწია.
„ყალბად მაინც არ ამბობს.“ გაიფიქრა მან. „არც ყალბია. კარგი ცხვირი აქვს.“
თავი გადააქნია. სისულელეებზე ფიქრობდა.
-გინდოდათ რამე კიდევ? - თქვა მან და მაღაზიისაკენ გაიხედა. კარში ვატო იდგა და წარბშეკრული, გაღიზიანებული იყურებოდა. ნათიამ თვალი აარიდა.
-დამლაგებლობა კიდევ გსურთ? - მიახალა ლულუმ.
ნათიამ თვალები დაახამხამა.
„აყროლებული თხა. ბომჟი.“ გაუელვა თავში.
-კი. - თქვა მან. ლულუ გაიბადრა.
„ეს ყალბი იყო.“ გაიფიქრა ნათიამ. ტუჩის კუთხეები შეუთრთოლდა.
-მობრძანდით მაშინ, მობრძანდით... აგიყვანთ თუ გნებავთ. - უთხრა ქალმა, თან სწრაფი ნაბიჯით გაემართა მაღაზიისაკენ, მონდომებით და ოსტატურად უვლიდა გვერდს გუბეებს.
ნათია ცოტა ხანი შეჰყურებდა. მერე კი უკან მიჰყვა.
კარში გაჩხერილი ვატოსათვის არც კი შეუხედავს, ისე ჩაუარა გვერდით.
-მოკლედ, ტანსაცმელს აი იმ ოთახში გამოიცვლით ხოლმე... მაისური, კაბა და ფეხსაცმელია. - არიგებდა ლულუ, სანამ ნათია ყველანაირად ცდილობდა, რომ იატაკი ზედმეტად არ მოესვარა. სანახევროდ არ უსმენდა, თითქოს ტრანსში იყო.
არ ესმოდა, თუ რას აკეთებდა აქ.
იმ ოთახში შევიდა, რომელზეც ლულუმ მიუთითა. ჭურჭელი დაელაგებინათ მაღალ კარადაში, კედელზე დაკიდულ საკიდებზე რამდენიმე უნიფორმა და პალტოები ეკიდა.
ნათიამ წამსვე გაიძრო ტანსაცმელი და კუთხეში მიყუდებულ სკამზე დაახვავა. რამდენი ხანი იყო, რაც პალტო არ გაეძრო და შეაჟრჟოლა, როცა შიშველი კანი გამოუჩნდა. სხეულზე დაიხედა.
გვერდები დალურჯებული ჰქონდა, როგორც ყოველთვის. კანი უხეში. ყველგან ჭუჭყიანი იყო.
იქვე ნიჟარა იყო, გვერდით ვარდისფერი, ძველებური საპნით, ალბათ თანამშრომლები აქ იბანდნენ ხოლმე ხელებს შემოსვლისას. მასში დაიბანა ხელები, სახე და თავი, როგორაც შეეძლო, ხელსახოცები დაასველა და სხეულიც მოიწმინდა. თმა აიკეცა და სარკეში ჩაოხედა.
ერიდებოდა გაუმჭვირვალ, სარკულ ზედაპირებში ჩახედვას. არ იცოდა, რატომ, მაგრამ უბრალოდ არ სიამოვნებდა. ახსოვდა, თუ როგორ გამოიყურებოდა ადრე, ჩანთამოკიდებული, მბზინვარე თმითა და სუფთა ტანსაცმლით. სარკეში ჩახედვა თითქოს გაუქრობდა ილუზიას.
მაგრამ ახლა, ვიღაც უცნობი, მობუზული, მოშვებული ქალი შემოჰყურებდა. ახალგაზრდა იყო ჯერ. ძალიან უცნობი. რამდენიმე შესამჩნევი ნაოჭი შუბლზე. ჩაცვენილი, ამოშავებული თვალებითა და გაუხეშებული ტუჩებით.
ვერ იცნო. გაოცებული შეჰყურებდა. მართლა მოეჩვენა, რომ სხვა იდგა მის წინ და მთელი გულით შეეცოდა ეს სხვა ადამიანი.
უცნაური იყო.
უნიფორმა სწრაფად ჩაიცვა. ნელა, უხმაუროდ გააბიჯა გარეთ.
ვატო და ლულუ დახლთან იდგნენ, მისკენ ზურგშექცევით. ლაპარაკობდნენ.
-ხომ გითხარი. - უხეშად მიახალა ვატომ. - რა ვიცით. იქნებ ტილები ჰყავს, ან რწყილები, მერე სად მიდიხარ?
-ნუ ხარ დეგენერატი და ნერვებს ნუ მითხრი. - მკვახედ მიუგო ქალმა. - შენ რა ჯანდაბა გინდა? მოხვეტავს ხოლმე აქ, თეფშებს დარეცხავს, მტვრებს და მაგიდებს გადაწმინდავს. ყავას მოადუღებს ხოლმე. ცუდია?
-მერე შენ რაღას გამიკეთებ? - შეუბრუნა ვატომ. - იჯდები?
-დიახაც. - მიუგო ლულუმ და ფრჩხილებზე დაიხედა. - ცოტას გადავუხდით და იქნება. ვსო. არ გინდა, რომ დაისვენო ხოლმე?
-საიდანღაც მოთრეული. - დაისისინა ვატომ. - მაგისთანაც ასს მოგიყვანდი. ბებიაჩემის სოფელში ათას იდიოტს უნდა აქ ჩამოთრევა. ასე ძალიან არ არიან აყროლებულები მაინც. კაი რა, ლულუ...
-მორჩა. - მტკიცედ მიუგო ქალმა. - პლუს, სიკეთე, ვატო. - გადაიკისკისა მან და ნათიას ყურები ეტკინა. ეს სიცილი ისეთი ბავშვური და გულწრფელი ჩანდა, სულაც არ ეხამებოდა ამ ქალს. - ამ შაბათს ეკლესიაში მივდივარ წირვაზე.
ვატომ ჩაიფრუტუნა. არაფერი უთქვამს.
ნათია მთელი ტანით კანკალებდა. უცებ ძალიან შეეშინდა. შეეშინდა ამ ხალხის. ამ უნიფორმის. ამ უცნობი ადგილის, და მეტადრე იმ ქალის, რომელიც სარკიდან შემოჰყურებდა.
კარი ჯახუნით მიხურა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა დახლისაკენ, როცა ვატომ და ლულუმ გადმოხედეს. ქალმა გაოცებით დააფახურა თვალები.
-ვაიმე, როგორ გიხდება! - აღტაცებით ამოთქვა მან, მერე კი თავზე დახედა და შეკრთა. - თავი დაიბანე?
-კი. - უპასუხა ნათიამ და სწრაფად გადახედა ვატოს. იგი თვალებმოჭუტული მიშტერებოდა, ისევ მეთოდური, ავტომატური მოძრაობით წმენდდა ჭიქებს.
ლულუ რაღაცას ლაქლაქებდა.
ნათიას ვიტრინაზე გაუშტერდა თვალები.
ლუკა ახლა მამამისთან იყო.
ნეტავ როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.

-*-*-*-*-
ნიკოლოზმა კარი მიაჯახუნა, კარი გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიგდო. პალტო შემოიხსნა და საკიდზე ჩამოჰკიდა.
ზემოდან რახუნი გაისმა. ანა-სოფია მობრძანდებოდა ქვემოთ.
ნიკოლოზმა ქვემოთ დაიხედა. ჩაზუნზლული, სახეგაცრეცილი ბავშვი ამოჰყურებდა უსიტყვოდ.
-რა გიყო ახლა მე შენ? - ჩაილაპარაკა კაცმა და თავი მოიქექა. ვერც კი გაეგო, თუ რამ აიძულა ამ ბავშვის წამოყვანა. აშკარა იყო, რომ დედამისი ვერ იყო თავის ჭკუაზე. გამეტებით უმტკიცებდა და ეფიცებოდა, რომ ეს ბავშვი მისი შვილი იყო, იმის მიუხედავად, რომ მისი სახე არანაირად არ ახსოვდა ნიკოლოზს.
რა აბსურდი იყო.
თან ლეიკემია ჰქონდა ამას. ექიმთან უნდა მიეყვანა. უკეთეს ექიმთან. სულაც არ მოეწონა ის ქალი. რაღაცნაირად იყურებოდა, ექიმისთვის უჩვეულო სიცივით მოეპყრო პაციენტებს.
ასე არ უნდა ყოფილიყო საქმე.
-ნიკოლოზ! ძლივს მოხვედი! - გაისმა ანა-სოფიას გამყინავი ხმა, და ქალმა სწრაფად ჩაათავა კიბის ბოლო საფეხურები, მისკენ გამოემართა სერიოზული სახით, მერე კი ბავშვს ჰკიდა თვალი.
შედგა.
ნიკოლოზი დაიძაბა. მისი გამომეტყველება არ მოეწონა.
-ეს ვინღა ჯანდაბაა? - დაიკივლა აღშფოთებულმა ქალმა. - ნიკოლოზ! პარკეტი მოთხვარა! ამ..ამ ჭუჭყიან გუბეს აყენებს!
-აწმინდავენ ამ გუბეს. - ნიკოლოზს რაღაც ჟინმა დაუარა. უნდოდა, რომ ამ ქალის ჯიბრზე წასულიყო. - ავადაა და ჩემთან ამიტომ მოვიყვანე.
-ჩემთვის არ უნდა გეკითხა? - ტუჩი აიბზუა ქალმა და სქელი, შავი თმა უკან გადაიგდო, ტუჩები დაბურცა, მისი აზრით, მიმზიდველი სახე მიიღო, რომლის მიმართ ნიკოლოზი რამდენი ხანი გახლდათ, რაც გაციებული იყო.
-ვითომ რატომ? -შეუბრუნა მან. - ჩემი სახლია ეს და შენ არაფერი გესაქმება. ახლა კი მიდი და აბაზანა მოამზადე, გასაგებია?
-რაც ქვია, შენი სახლია? - დაიკივლა ქალმა და ნიკოლოზმა კბილები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს. ანა-სოფიას სახე მოეკრუნჩხა, და კაცს წარმოუდგენლად უშნო მოეჩვენა იგი, მისი აშკარა ნატიფი ნაკვთების მიუხედავად. ქალმა პატარა ფეხი ბავშვივით დააბაკუნა. - ხომ არ დაგავიწყდა, ვის ელაპარაკები?
-ძალიან კარგადაც მახსოვს. - კბილებში გამოსცრა კაცმა და ანა-სოფიას ჯიბრზე დაიხარა, ლუკა ხელში აიტაცა და მისი გაზუნზლული ტანსაცმელი თავის პერანგზე მიიხუტა, რომელიც მისი შეყვარებულის საჩუქარი იყო. - ნუ ჩხავიხარ მაინც, თუ აბაზანას არ გააკეთებ ამ ავადმყოფი, საწყალი ბავშვისათვის, გვერდზე გაიწიე და ნუ მებლანდები ფეხებში.
-პერანგი! - დაიწივლა ანა-სოფიამ და ნიკოლოზს საფეთქელში დაუწყო ძარღვმა მტკივნეულად პულსაცია. - მაგ... მაგ... მაგას მასე იხუტებ? იცი მაგაში რა მივეცი?
-თუ მამაშენმა რა მიცა? - შეუბრუნა კაცმა და სწრაფად ჩაუარა გვერდით, კიბეებს აუყვა.
-მართლა გავიწყდება, ვინ ბრძანდები! - გაკაპასდა ანა-სოფია, ფეხების ბაკუნით მოჰყვებოდა.
-ფრთხილად იყავი, თორემ ისიც დამავიწყდება, თუ შენ ვინ მიგდიხარ და კიბეზე დაგაგორებ. - დაუსისინა ნიკოლოზმა და კიბეები აათავა, სწრაფი ნაბიჯით გაემართა საკუთარი სააბაზანოსაკენ.
-შე ნაგავო! არაკაცო! მოძალადე ნაბი*ვარო! - ბობოქრობდა მის უკან ანა-სოფია, მაგრამ ნიკოლოზს აღარაფერი უთქვამს. თითქოს დაიცალა. მთელი სხეულით დაღლილი იყო. ეს ბოლო ორი დღე ზედმეტად სტრესული იყო და ახლაც ვერ გაერკვია, თუ რა ხდებოდა ნორმალურად.
აბაზანა თბილი წყლით გაავსო, სანამ მისი მითითებით, ლუკამ თავისი ტანსაცმელი გაიძრო. კაცი შეცბა მისი დალურჯებული სხეულის დანახვაზე, მაგრამ არაფერი უთქვამს. ბავშვი აბაზანაში ჩასვა და ანა-სოფიას ერთ-ერთი რბილი ღრუბლით დაბანა. ქალი ერთ ამბავს ატეხდა, მაგრამ სიმართლე რომ ეთქვა, სასიამოვნოც იყო ეს.
ლუკა ხმას არ იღებდა, მაგრამ გაოცებული, დიდი თვალებით შეჰყურებდა ყველაფერს. აბაზანას, ზედ ჩამოფარებულ, მუქ ფარდას, ჭერს, სინათლეს, შხაპს, ღრუბელს, და ყოველთვის მზერას ნიკოლოზისაკენ ატრიალებდა.
წყალმა მალე მოყვითალო- მოყავისფრო ფერი მიიღო. ბავშვს ცოტა ფერი მოუვიდა. მუქი ქერა თმა უფრო ღია, სახე კი უფრო სუფთა გამოუჩნდა. ნიკოლოზმა ის თავის პირსახოცში გამოახვია და სააბაზანოდან გამოიყვანა.
დერეფნის გასწვრივ, ანა-სოფია თავის დაკარგულ ღრუბელზე ბობოქრობდა. ნიკოლოზს ჩაეცინა. ლუკა ისევ გაოცებული აჰყურებდა, დიდი თვალებით.
-გცივა? - ჰკითხა კაცმა, სანამ იგი თავისი ოთახისაკენ მიჰყავდა. ბავშვი დაიძინებდა, თვითონ კი ბევრი ჰქონდა სამუშაო.
-არა. წყალი თბილი იყო. - ჩუმად უპასუხა ბავშვმა, თავი სწორად ეჭირა, აშკარად სიამოვნებდა პირსახოცში ყოფნა. ნიკოლოზს ძალაუნებურად ჩაეღიმა.
ბავშვი საწოლთან ახლოს დასვა.
-დაწექი. - უთხრა მან, მერე კი თავისი კარადისაკენ გაემართა. რატომღაც ახსოვდა აქ თავისი ძველი ნივთები. იქნებ შედარებით პატარა მაისური ეპოვა, რომელსაც ბავშვი ჩაიცვამდა, სანამ იშოვიდა სხვა რამეს.
თავისი ერთ-ერთი, თინეიჯერობის ასაკის, გაცრეცილი მაისური ამოაძრო ძველი ყუთიდან. დედამისს არასოდეს ემეტებოდა ნივთების გადაყრა ამ გაცემა და თვითონაც ეს გამოჰყვა.
ძალიან მოუნდა, რომ მოეწია.
-ლუკა... - თქვა მან და შემობრუნდა, მერე კი გაკვირვებისაგან წარბები შეკრა.
ლუკა იატაკზე იწვა. საწოლის გვერდით, პირსახოცშემოხვეული. ნიკოლოზი ფრთხილად მიუახლოვდა. ბავშვმა ინტერესით, თვალებმილულულმა ამოხედა, აშკარად ეძინებოდა.
-აქ რატომ დაწექი? - ჩუმად ჰკითხა კაცმა და ლოგინზე მიუთითა. - საწოლზე უნდა დაწვე, ლუკა.
ბავშვის სახეზე გულწრფელი გაოცება გამოიხატა.
-მე ყოველთვის ქვემოთ ვიწექი ხოლმე. - ჩაიბუზღუნა მან. - მათე და გვანცა არ ეტეოდნენ. დედიკოსთანაც, პარკში.
ნიკოლოზმა ხმა ვერ ამოიღო, მხოლოდ ყელი ჩაიწმინდა.
-ახლა ლოგინზე დაწვები. - უთხრა მან და მაისური გადააცვა, პირსახოცი ჯერ კიდევ სველ თავზე გადააფარა და საწოლზე ასწია. ლუკა ყოყმანით ჩაძვრა გადასაფარებელში და კიდევ ერთხელ, გაოცებული, ინტერესით სავსე გამომეტყველებით ახედა.
კაცმა რატომღაც უხერხულად იგრძნო თავი.
რაღაც არ მოეწონა.
-თუ მოგშივდა, მითხარი. - უთხრა მან. - ანა-სოფიას... აი, იმ ქალს, ქვემოთ რომ ყვიროდა, არ დაელაპარაკო. მე აქვე ვიქნები, მეზობელ ოთახში. დაიძინებ?
ბავშვმა თავი დაუქნია. თვალები ეხუჭებოდა. ნიკამ შუქი გამორთო და კარი ოდნავ გამოხურა.
ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რაში გაჰყო თავი.
გარეთ ისევ წვიმდა.

-*-*-*-*-*-4
ოთახში ბნელოდა. ოდნავ გადაეწიათ ფარდა, საიდანაც ბუნდოვნად მოჩანდა განათებული ქუჩა, სადაც რამდენიმე მანქანა გაიქროლებდა ხოლმე, კანტიკუნტად. ცისფერი სინათლე ეფინებოდა ოთახს ხის მერხზე შემომდგარი ლეპტოპისაგან.
ნიკოლოზი უკან გადაიწია, სკამის ზურგს მიეყუდა. თვალები მოისრისა და ამოიხვნეშა. სულ ცოტა ჰქონდა დარჩენილი და მოახერხებდა დასვენებას. მოიღუშა და თვალები ნელა გადაატრიალა საათისაკენ, მაჯა სინათლესთან ახლოს მიიტანა.
უკვე სამის ნახევარი იყო, თვითონ კი ჯერ კიდევ აქ იჯდა. ძალიან ჩამორჩა სამუშაოს ახლახან მომხდარი ამბების გამო, ახლა კი დაგროვილი დოკუმენტებისათვის უნდა მიეხედა.
ეკრანს უაზროდ დააშტერდა და წამიერად მწარე გრძნობამ გაუელვა. ამას დაამთავრებდა. წავიდოდა და დაწვებოდა, თვალს მოატყუებდა სამიოდე საათით. მერე ფეხზე უნდა ამდგარიყო, ანა-სოფიას დილის წიკვინისა და ბუზღუნისათვის ესმინა, მერე კი სამსახურში უნდა წასულიყო. დღესაც მოუწევდა ადრე გათავისუფლება, თუ უნდოდა, რომ ამ ბავშვისათვის მიეხედა.
ბავშვი, რომელიც ახლა მას ებარა. რომელიც მისი პასუხისმგებლობა იყო.
ბავშვი. რომელსაც მუდმივი ყურადღება და მოვლა სჭირდებოდა.
ნიკოლოზს თავი ასტკივდა. საფეთქლები თითებით დაისრისა, მოღუშულმა, თან ხმადაბლა შეიკურთხა.
მაგიდაზე დადებული მობილურის ნათურა ნარინჯისფრად ციმციმებდა.
რაში გაჰყო თავი. არც კი დაფიქრდა ნორმალურად. იმასღა ფიქრობდა მხოლოდ, რომ ამ ბავშვს დახმარება სჭირდებოდა, თან სასწრაფოდ, არ იმსახურებდა ცოტათი ჭკუაზე შერყეულ დედასა და იმ პირობებს, რომელშიც ცხოვრობდა.
ნანობდა მის წამოყვანას. ეს ბავშვი მისი საქმე არ იყო, ეს ფაქტი გახლდათ. უბრალოდ უნდა წამოსულიყო იქედან და აღარ უნდა ენახა ისინი მეტჯერ. საკუთარი თავი უაზროდ გახლართა ამ ამბავში, რომელიც, გრძნობდა, რომ ზედმეტი იყო მისთვის.
ამოიხვნეშა. ვეღარაფერს იზამდა. ეს ბავშვი ახლა მასთან იყო, მის ლოგინში ეძინა, მის ძველ მაისურში გამოწყობილს. ქუჩაში ვერ გააგდებდა.
ამოიხვნეშა და წელში გასწორდა. დაიგმინა, როცა ხერხემლის მალები გატკაცუნდნენ.
მერე კი უკნიდან მოესმა. ნაბიჯების ხმა და კარის ოდნავი ჭრიალი.
„დასაზეთია.“ გაუელვა უნებურად და სწრაფად შემობრუნდა. ანა-სოფია აქ არ შემოდიოდა ცოცხალი თავით, მითუმეტეს ასე გვიან...
-ლუკა. - თქვა მან, როცა კარის სახელურზე ხელჩაკიდებული ბავშვი დაინახა, რომელიც სასაცილოდ გამოიყურებოდა თითქმის იატაკამდე დაშვებულ მაისურში. რატომღაც ახლაღა მიხვდა, რომ ეს ბავშვი პატარა იყო თავისი ასაკისათვის.
ალბათ ცუდი პირობებისა და დაავადების გამო.
გასაგებიც იყო.
-გინდოდა რამე? - ჰკითხა მან და ნელა წამოდგა ფეხზე. ლუკამ ხმა არ გასცა, ინტერესით უყურებდა.
ნიკოლოზმა თვალები მოჭუტა, უხერხულად იგრძნო თავი. ლეპტოპიდან მომავალ სინათლეზე ბავშვის თვალები მუქად პრიალებდნენ.
მისი თვალების იდენტურად.
ნიკოლოზი მოიღუშა. ბავშვს მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა.
-ავად ხომ არ ხარ? - ჩუმად ჰკითხა მან. ცოტათი აღიზიანებდა ეს სიჩუმე, მეტადრე მაშინ, როცა დახმარებას ცდილობდა.
-მშია. - წყნარად თქვა ბავშვმა და ამოხედა. ნიკოლოზმა ახლაღა გაიგონა, თუ როგორ უღრუოდა მას მუცელი. ამოიხვნეშა და სახე მოისრისა.
-აქამდე რატომ არ მითხარი? - უთხრა მან და ბავშვს ხელი მოჰკიდა, აიყვანა და ფეხზე წამოდგა. სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა ჩაბნელებული კიბეები.
სამზარეულოში სინათლე ენთო. ანა-სოფია წამოჭიმულიყო ერთ-ერთ სკამზე და მიბლეტილი თვალებით, აბურძგნული თმით გადახრილიყო ღვინის ჭიქაზე. ნიკოლოზმა თვალები გადაატრიალა. არც კი უკვირდა. ლუკა ბართან დასვა, მაღალ სკამზე, ქალისაგან შორს. ანა-სოფიამ მისკენ მოატრიალა დაწითლებული თვალები.
-აქ რა გინდა? - დაისისინა მან.
-ლუკას ვაჭმევ. - უპასუხა ნიკოლოზმა და მაცივარი გამოაღო. - ლუკა, კვერცხი გინდა? მოგიხარშო თუ შევწვა?
ლუკა თვალებგაფართოებული, გაოცებული მიაშტერდა და კაცმა ტუჩები მოკუმა. რასაკვირველია. ძალიან უაზრო კითხვა იყო. საიდან ეცოდინებოდა მთელი ცხოვრება ქუჩაში მყოფ ბავშვს შემწვარი და მოხარშული კვერცხი? რატომ დაასკვნა, რომ ეცოდინებოდა?
ნიკოლოზი მთელი სხეულით დაიძაბა, კარაქი და კვერცხები გამოიღო.
ეს არ იყო მისი დასკვნა. ეს იყო ნორმა. ყველამ იცოდა შემწვარი და მოხარშული კვერცხი. ვისაც იცნობდა, ყველამ იცოდა ტრივიალური ამბავი, იმდენად უბრალო და ყოველდღიური, რომ ყურადღებას არ აქცევდა კიდეც ამას.
მაგრამ ეს სხვა ამბავი იყო. მისთვის ასეთი ცნობილი და ჩვეულებრივი რამ ამ ბავშვისათვის ფუფუნება იყო.
ნიკოლოზმა ორი ნაჭერი პური მოჭრა და ზედ კარაქი წასცხო. ლუკას გადახედა, რომელიც ცნობისმოყვარეობით, თვალენგაფართოებული დაჰყურებდა ხელებში. საკუთარი პატარა ხელები ბარის გრილ ზედაპირზე დაეწყო და მოგრძო, უსწორმასწოროდ შეჭრილი მუქი ქერა თმა კისერზე დაჰფენოდა.
უცებ ძალიან შეეცოდა. ნიკოლოზი ცივად უყურებდა ბავშვს, მაგრამ წამიერად გაუელვა აუტანელმა სიბრალულმა, რომელსაც მკრთალად შერეოდა სირცხვილი.
-კვერცხს მოგიხარშავ. - ხმადაბლა უთხრა ბავშვს და მადუღარა ჩართო, პატარა ქვაბი შემოდგა ცეცხლზე. - შენ კი ეს ჭამე. - ახლოს მიუწია მან ლუკას კარაქიანი პურით სავსე თეფში.
ბავშვმა ნელა დაიწყო ჭამა, ხან მას ამოხედავდა ინტერესით, ხან კი ცეცხლზე მობუყბუყე ქვაბს.
-მე რატომ არ მიკეთებ ხოლმე საუზმეს? - ხმამაღლა იკითხა ანა-სოფიამ. სკეპტიკურად შეჰყურებდა, ნელა ატრიალებდა ჭიქას, რომელიც შუამდე იყო დაცლილი.
-თავად რატომ არ მიკეთებ? - შეუბრუნა ნიკოლოზმა და ცეცხლს ოდნავ დაუწია, ქალისაკენ არ გაუხედავს. - და საერთოდ რას აკეთებ აქ? რატომ არ გძინავს? სულ სილამაზის რვა საათზე წიკვინებ ხოლმე...
ანა-სოფიამ დაიფრუტუნა. ღვინო მოწრუპა, მერე კი ლუკას შეავლო მზერა.
-რაღა მნიშვნელობა აქვს. - ხმადაბლა თქვა მან. ნიკოლოზი შემობრუნდა, წარბები შეკრა.
-რას აღარ აქვს მნიშვნელობა? - ჩაეკითხა ის.
ანა-სოფია ყურადღებას არ აქცევდა. ლუკას ათვალიერებდა.
-რატომ მოიყვანე? სად იპოვე ეს ბავშვი? - იკითხა მან.
„არ ჩხავის მაინც.“ გაიფიქრა ნიკოლოზმა და ამოიხვნეშა.
-პარკში. - მოკლედ თქვა მან.
-რა იცი, რომ ლეიკემია აქვს? გითხრეს და დაიჯერე?
-დებილი გგონივარ? - დაუღრინა კაცმა. - ცუდად იყო და ექიმთან მივიყვანე. გასინჯეს, ანალიზები აუღეს. სისხლის კიბო აქვს, ანა-სოფია. ჩემს თვალწინ მოგვახსენა ექიმმა დიაგნოზი.
-მოგვახსენა? - წამოიწია ანა-სოფია, სახეში ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია, მაღალი შუბლი და ამოშავებული თვალები უკეთ გამოუჩნდა. - ვინმესთან ერთად იყავი?
-დედამისთან. - მოკლედ მოჭრა კაცმა და კვერცხს დაუკაკუნა. - უპატრონო არ გეგონოს ეს ბავშვი.
-დედამისი? მერე დედამისს წაართვი? სად ეგდო ის ქალი, რომ წამოიყვანე? - ხმას აუწია ანა-სოფიამ, თითქმის აგრესიულად მოსვა ღვინო, ბრაზით აღსავსე თვალებით დაშტერებოდა.
-თვითონ გამომატანა, ნუ თხრი ნერვებს. - დაუსისინა ნიკოლოზმა. უკვე ღიზიანდებოდა. აშკარა იყო, რომ მის შეყვარებულს არ სიამოვნებდა ამ ბავშვის აქ ყოფნა, რაც ნერვებს უშლიდა. მიზეზი კი ის იყო, რომ ანა-სოფიას ამის უფლება არ ჰქონდა. ეს ნიკოლოზის კანონიერი სახლი იყო და ვისაც უნდოდა, იმას მოიყვანდა აქ.
-დაუჯერებელია. - აღშფოთებული ფრუტუნით მიაწვა სკამის საზურგეს ანა-სოფია და კიდევ დაისხა ღვინო. - მაგისთანა დედას რა ვუთხარი. თვითონ სადღაა?
-ქუჩაში. - მოკლედ მოჭრა ნიკოლოზმა. - მთხოვა, რომ ბავშვი წამომეყვანა, თვითონ კი გარეთ დარჩა. კმაყოფილი ხარ? მოკეტავ ახლა?
-შენ მე ძაღლი ხომ არ გგონივარ? - მკვახედ მიახალა ანა-სოფიამ. - გითხარი, რომ გავიწყდება, მე ვინ ვარ და უკვე ყელში ამომდის ეს უკვე. ჯერ დებილივით დაყიალებ, ორთქლმავალივით ეწევი და სახეში მაბოლებ, ახლა კიდევ ეს ქუჩიდან მოთრეული ბავშვი! - ქალმა წკარუნით დაახეთქა ჭიქა მაგიდაზე და ნერვიულად დაიკვნიტა ტუჩები. ღვინის რამდენიმე წვეთი მაგიდაზე დაიღვარა. ნიკოლოზს ყბები დაეჭიმა.
-ნუ ცდილობ წყობილებიდან გამომიყვანო. - ხმადაბლა გააფრთხილა მან. - თუ არ გაწყობს, შეგიძლია წაეთრიო, მე აქ არ გაკავებ.
-ერთი დღეც იქნება, მართლა წავეთრევი და ვნახავთ, რა ჩემი ფეხები დაგრჩება! - დაიყვირა ანა-სოფიამ და ხვნეშით წამოდგა ფეხზე. ლუკას კიდევ ერთი ბინძური მზერა სტყორცნა, ბოთლს ყელში სტაცა ხელი და ბანცალ-ბანცალით გავიდა ოთახიდან.
სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ მიმავალი ქალის ნაბიჯები არღვევდა.
-ნუ მოუსმენ. - ლუკას მოუბრუნდა ნიკოლოზი. ბავშვს ერთი ნაჭერი გაეთავებინა და მეორეს მიირთმევდა, თან თვალებგაფართოებული დაშტერებოდა მაგიდას. - ანა-სოფია ვერ არის ცოტა.
-ვიცი. - ბავშვმა მხრები აიჩეჩა. - გარეთაც ბევრი ყვირის ხოლმე. დედიკო ამბობს, რომ თავი დავწიო და არ შევხედო. ზოგი გვიყვირის და ცუდ სიტყვებს გვეუბნება ხოლმე. დედიკო ამბობს, რომ არ უნდა გავიმეორო და სწრაფად უნდა გავიქცე.
ნიკოლოზს ყბა მოენგრა. შუბლი დაისრისა.
არ იმსახურებდა ამას ეს ბავშვი. არც ის ქალი.
-კვერცხი მზადაა. - თქვა მან, რომ ჩამოწოლილი, დაძაბული სიჩუმე ცოტათი მაინც გაექრო.
რატომღაც გრძნობდა, რომ არ გამოუვიდა.
ლუკამ ბევრი ჭამა. ჩაიც დალია და განაცხადა, რომ ყველაფერი მოეწონა. გამთბარსა და დანაყრებულს ეძინებოდა, ამიტომ ნიკოლოზმა ისევ თავის საძინებელში აიყვანა. უკვე სამი საათი იყო, თვითონ კი ჯერ კიდევ კარგა ხანი მოუწევდა კაბინეტში ყურყუტი.
ხუთის წუთები იყო, რომ დაამთავრა და ბოლო დოკუმენტი შეინახა. საშინლად ეძინებოდა, გარეთ კი უკვე იცრიცებოდა მუქი, ღრუბლებით დაფარული ცა.
ფიქრები რატომღაც ლუკას დედასაკენ გაექცა. ნეტავ ახლა რას აკეთებდა.
ალბათ ძელსკამზე იწვა და ეძინა.
კაცმა თავი გადააქნია, ფეხზე წამოდგა. ყველაფერი სტკიოდა და ერთი სული ჰქონდა, სანამ ლოგინში ჩაწოლას შეძლებდა.
საკუთარი ოთახის კარი ჩუმად შეაღო. ლუკა პატარა ბურთად მოხვეულიყო საბნის ქვეშ, და აკანკალებულიყო.
კაცი ფრთხილად მიუახლოვდა ლოგინს.
-ლუკა? - ხმადაბლა იკითხა მან და საბანი ფრთხილად გადასწია. ბავშვს სახე აკრუნჩხოდა, ღია კარიდან შემოსულ სინათლეზე ცრემლიანი, სველი სახე გაუბრწყინდა. საცოდავად მოისრისა თვალები და წამოისლუკუნა.
-გტკივა რამე? - ჰკითხა კაცმა და მისკენ დაიხარა, მოღუშული დააშტერდა. - რატომ ტირიხარ?
ლუკამ ხმა არ გაიღო.
ნიკოლოზმა ამოიხვნეშა. ეს ყველაფერი ზედმეტი იყო ერთი ღამისათვის. გრძნობდა, როგორ მოსწოლოდა ყველაფერი ყელში. კიდევ ერთი პროვოკაცია და შეიძლებოდა აფეთქებულიყო.
-დედა. - თქვა უცებ ლუკამ და კაცი შეცბა, გაკვირვებულმა, სიბრალულით დახედა ბავშვს.
სიჩუმე ყურებში შიშინებდა. ოთახი ცარიელი და ყრუ იყო, ისევე, როგორც ნიკოლოზის გონება.
არაფერი უთქვამს. ბავშვს გვერდით მიუწვა და უხერხულად გადაუსვა თავზე ხელი.
აღარ ახსოვდა, თუ როდის შეწყდა ტირილი და როდის ჩაეძინა ლუკას, მაგრამ მაშინღა მოახერხა, მთლად ქანცგაწყვეტილმა, დაძინება.
ფანჯრიდან უკვე ალიონის სხივები იწვერებოდნენ.

-*-*-*-*-
-ნიკოლოზ! ნიკოლოზ, აეგდე ფეხზე! - კიოდა ანა-სოფია. აშკარად ისმოდა მისი ჩვეული ფეხების ბავშვური ბაკუნიც.
კაცმა ძლივს გაახილა თვალები.
-რა გინდა? - ძლივს ამოილუღლუღა მან, მაჯა მოჭუტულ თვალებთან მიიტანა. შვიდს ხუთი წუთი აკლდა. - ამ დილაუთენია რა გაკივლებს?
-იმ შენმა მოთრეულმა ღლაპმა მოსვარა ყველაფერი! - ხმას იდევ უფრო აუწია ანა-სოფიამ და ნიკოლოზს გაღიზიანება ყელში მოაწვა. ჯერ კიდევ არ დავიწყდებოდა გუშინდელი დღის დაძაბულობა და სტრესი. - სასტუმრო ოთახში აღებინა! ხალიჩაზე! აყროლებულია იქაურობა, სუნს რა გაიყვანს!
-თუ გააწუხე გული, რა... - ძლივს წამოიწია ნიკოლოზი და თვალების სრესით ჩაუარა ქალს. - ნერვებს ნუ მითხრი.
-ოჰ, მართლა? ვითომ შენ ზრუნავ ჩემს ნერვებზე! - შეუბრუნა ანა-სოფიამ, ფეხდაფეხ მოჰყვებოდა და კაცს დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ აეწია და ფანჯრიდან გადაეგდო. სულაც არ დასწყდებოდა გული. - რა გეგონა, მოვითმენდი, ის ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი რომ მოათრიე აქ?
-გითხარი ნერვებს ნუ მიშლი მეთქი, შე რეგვენო. - დაისისნა ნიკოლოზმა და სწრაფად შეაბიჯა სასტუმრო ოთახში. მის უკან მომავალი ანა-სოფია გაკრთა და ათასი სალანძღავი სიტყვა დაუშვა თავზე, მაგრამ კაცი აღარ უსმენდა.
ლუკა ტახტთან ახლოს ატუზულიყო, მობუზული. მის წინ ნარწყევის მოზრდილი გუბე იდგა, ოთახი მწვავე, მჟავე, რაღაცნაირად ტკბილი სურნელით იყო გაჟღენთილი. ნიკოლოზს გული აერია.
-ნაბი*ვარო! უკანასკნელო ნაძირალა! გინდა, ხომ, რომ მამაჩემს დავურეკო? გინდა არა? მოვახსენო ყველაფერი? მერე ვნახავთ, რა კუდამოძუებული ფინიასავით გაიძურწები! - დაიკივლა ანა-სოფიამ და ნიკოლოზი გატყდა. სისხლმა თვალებში აასხა, ელვის სისწრაფით შემობრუნდა და ქალს მთელი ძალით სტაცა მხარზე ხელი.
-შე ცხოველო! - თავისი გრძელი ფრჩხილები მოუქნია გაკაპასებულმა ქალმა, მაგრამ ნიკოლოზმა ხელებიც დაუჭირა და მთელი ძალით შეანჯღრია.
-წყობილებიდან ნუ გამომიყვან, ანა-სოფია. - კბილებში გამოსცრა მან, ბრაზი და მრისხანება მკერდში მწველ ბურთად უტრიალებდა. - თორემ გეფიცები, არ ვიცი რას ვიზამ. შეწყვიტე ჩხავილი და გაეთრიე, თორემ გატკენ.
ქალს ხელი შეუშვა. ანა-სოფია ელვის სისწრაფით, ფეთიანივით გახდა უკან, სახეზე ზიზღი გამოხატვოდა.
-ასე ხომ? - ჩაიბურტყუნა მან და ბრაზით სავსე თვალები მოაპყრო. ნიკოლოზი უსიტყვოდ უყურებდა. წამიერად გაუელვა გონებაში სიძულვილმა საკუთარი თავის მიმართ, იმ ნიკოლოზის მიმართ, ვისაც ეს გველი შეუყვარდა.
ის ნიკოლოზი აქ აღარ იყო, საბედნიეროდ.
-მიდი მაშინ. ნარწყევი აწმინდე და შენს ქუჩის ღლაპს მიხედე. ვინ იცის, იქნებ იმ ქუჩის ქალსაც მიაგნო! - მიახალა ანა-სოფიამ და შებრუნდა, კიბეებზე ავარდა.
ნიკოლოზს ხელები მოექავა. უნდოდა გაჰკიდებოდა და ერთი მძლავრი მოქნევით შემოენარცხებინა კედელზე, მერე კი კისერი მოეგრიხა.
მაგრამ ლუკასკენ შებრუნდა.
ბავშვი ჩუმად ტიროდა, მისი ცხვირიდან კი შეუწყვეტლივ წვეთავდა სისხლი. სისხლი ტუჩებამდე ჩამოჰყოლოდა და მოწითალო, საზიზღარ ყვითლად უღებავდა.
-ფუ შენი... - გამოსცრა კბილებში კაცმა და სამზარეულოში გავარდა, სწრაფად აიტაცა სუფთა ტილო და ცივ წყალში დაასველა, რამდენიმე ყინულის ნატეხი გამოახვია შიგნით. სწრაფი ნაბიჯით დაბრუნდა ბავშვთან და თავი ოდნავ უკან გადააწევინა, ცხვირის თავზე დაადო ტილო.
-წყნარად... კარგი, ვსო, წავიდა ანა-სოფია. დაწყნარდი. - როგორც შეეძლო, ისეთი წყნარი ხმით მიმართა ნიკოლოზმა, მაგრამ გრძნობდა, რომ არ გამოსდიოდა. ბავშვს უფრო აშინებდა.
-დედა. - წამოისლუკუნა ლუკამ, თვალები მაგრად დახუჭა, პატარა, გაცრეცილი სახე საცოდავად მოკრუნჩხოდა. - დედა, დედა, დედა...
-კარგი. ნახავ დედას. - დაუფიქრებლად უთხრა კაცმა.
ბავშვი უფრო ხმამაღლა, ისტერიულად, დაგუდული ხმით ატირდა.
ნიკოლოზმა საფეთქელი მოისრისა.
საშინლად უნდოდა მოწევა.

-*-*-*-*-
ვიღაც ეწეოდა კაფეს შორეულ კუთხეში. ნათია დახლთან გრძნობდა სურნელს.
სიმყრალე.
ნიკოლოზი გაახსენდა, თავისი პალტოთი და სახეზე დადებული ნაცრისფერით.
ალბათ მაინც პალტოს ბრალი იყო.
ვატო და ლულუ შორიახლოს იდგნენ და რაღაცაზე გაცხარებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ნათია თავს აძალებდა, რომ მათთვის ყურადღება არ მიექცია. ყველანაირად ცდილობდა.
ხალხი ხშირად შემოდიოდა. მათთვის მენიუ უნდა მიეტანა და შეკვეთები უნდა აეღო.
კლიენტები უცნაურად უყურებდნენ. ეჭვით შეავლებდნენ თვალს, მერე კი მზერას მენიუებზე გადაიტანდნენ.
მათთვის უფრო საინტერესო თემებზე.
ნათიას უკვირდა კიდეც. რამდენად შეეძლო უნიფორმას ადამიანის შეცვლა.
მაგრამ არა. ეს სწორი მიდგომა არ იყო. თვითონ ისევ ისე გრძნობდა თავს, როგორც იმ მძიმე, ჭუჭყიან, დაჟიებულ ტანსაცმელში. თვითონ არანაირად არ იცვლებოდა. მხოლოდ საზოგადოების გადმოხედვა და აზრი იცვლებოდა მასზე.
ვიღაც ქალმა არც კი შეხედა. სიგარეტს აბოლებდა, კვამლი სახეში შეაფრქვია. ნაცრისფერი ქულები ჰაერში გაიფანტნენ.
რატომღაც ზუსტად ისე იგრძნო თავი, როგორ ქუჩაში. როგორც ცოტა ხნის წინ, როცა ვიღაც დაცვის პრიალაფეხსაცმლიანმა გვერდზე მოისროლა.
ხალხი ისევ აიგნორებდა. ეჭვით უყურებდა. ხედავდა, როგორც უნიათო დეკორაციას.
მაგრამ ამას სხვა რაღაცაც დაემატა. ახლა ვირიც იყო. მომუშავე ვირი. ვატოსა და ლულუს მიერ დაქირავებული ვირი, რომელსაც მათი ტვირთი უნდა ეზიდა.
ნათიას იმის სიძლიერეც კი არ ჰქონდა, რომ მათ მიერ ასეთ საქციელზე გაბრაზებულიყო. არც კი იყო, მისი აზრით, აქ რამე გასაბრაზებელი. ფულს გადაუხდიდნენ მაინც.
სულ არ ბრაზობდა. სიამაყეს ვერ გრძნობდა თითქოს, ცივი გულით დაშტერებოდა ნიჟარაში დახვავებულ, დასარეცხ ჭურჭელს, რომელსაც კარგა ხანი მოუნდებოდა. უბრალოდ, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, თითოეულ თეფშს, სწორი პირით, სიამოვნებით ჩასცხებდა ორივეს თავში. სახეში. ჩანგლით ამოუკორტნიდა თვალებს.
მაგრამ არ ბრაზობდა. გაღიზიანებას ვერ გრძნობდა, ვერაფრით. ეს უბრალოდ ცივი, გამოზომილი, სერიოზული გრძნობა იყო, რომელსაც სახელი არ ჰქონდა, არც მიზეზი, მისი გადმოსახედიდან. სიამაყე აღარ ჰქონდა, ამიტომაც იდგა აქ და ამიტომ ეწეოდა შავ სამუშაოს ვირივით. ამიტომაც არაფერი არ ჰქონდა შესალახი. მისი ბრაზი, რომ ჰქონოდა, უმიზეზო იქნებოდა.
ნათია გაცივდა. ისევ ეშინოდა საკუთარი თავის. უფრო მეტად კი იმ ქალის, სარკეში რომ დაინახა. თითქოს უკან სდევდა ის ქალი, თითქოს ის უსახავდა ამ ცივ გრძნობებს.
გამოერკვა. ნიჟარა წყლით ავსებულიყო, გადმოსვლის პირზე გახლდათ. წყალი გამორთო და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო.
რომ დაამთავრა, იქაურობა აწმინდა. ლულუს მითითებით დაჰყვა მაგიდებსა და დახლს ჭუჭყის მოსაწმენდად. მორწყა მცენარეები. მოგვა იატაკი და მტვერი გადაწმინდა. თეფშები დაწმინდა და ჭურჭლის კარადაში შეალაგა.
ვატოს მზერას გრძნობდა.
არ ესიამოვნა. კაცი რაღაცნაირად მოშტერებოდა.
ალბათ უკვირდა მისი უნიფორმაში დანახვა. ყოველ შემთხვევაში, ამ მიზეზზე ცდილობდა ნათია კონცენტრირებას.
ცხრა საათისათვის სწრაფად ჩაიცვა, დღიური გასამრჯელო აიღო. კვირაში ხუთჯერ მოვიდოდა. დღეში შვიდი ლარი.
არ იყო ცუდი. გარანტირებული მაინც ჰქონდა ფული. თუ ასე გაგრძელდებოდა, თვეში ასორმოც ლარს იშოვიდა, თუ არ მოხსნიდნენ.
უცნაური იყო ისევ ნოტიო, ჭუჭყიანი პალტოს შეგრძნება ტანზე. შესცივდა. თან რაღაცნაირად ამძიმებდა. ისეთი შგრძნება ჰქონდა, რომ ის ქალი, სარკეში რომ ნახა და ვერ იცნო, ამ პალტოს სახით დაუბრუნდა. ისევ აყროლებული თხა და ბომჟი გახდა.
პარკისაკენ გაუხვია. შორიდანვე დაინახა.
ნიკოლოზი იჯდა ერთ-ერთ ძელსკამზე. მას ელოდა.
ნათიას გულ-მუცელი ამოუტრიალდა, ერთიანად დასცხა. ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის გაიქცა. მძიმე ნაბიჯების ხმაზე კაცმა გამოიხედა, მის დანახვაზე წამოიწია.
-ლუკა როგორ არის? - ჰკითხა ქალმა, დაჟინებით ჩაჰყურებდა თვალებში. - რა მოხდა?
ჩამობნელებულიყო. ამ დროს ნათიას უკვე ეძინა ხოლმე. ადრე იძინებდა. საქმეს რომ მორჩებოდა, აღარ ვარგოდა ფეხზე დარჩენა. მერე ათას სისულელესა და საშინელებაზე იწყებდა ფიქრს.
პლუს, რაც მეტი ხანი იყო უგონოდ, უფრო ნაკლები საჭმელი სჭირდებოდა. უფრო იოლი იყო მუცლის გვრემის ატანა.
-სად იყავი ამდენ ხანს? - ჰკითხა კაცმა. - ორი საათია რაც გელოდები.
ნათიამ ტუჩი მოიკვნიტა, ნერვიულად შეუტოკდა კისრის კუნთები.
უნდოდა მიეხალა, რომ თვითონ ხუთი წელი ელოდა.
მაგრამ სიცრუე იქნებოდა ეს, ამიტომ ხმა არ ამოიღო.
-ლუკა კარგადაა? - გაიმეორა ჯიუტად. კაცმა ამოიხვნეშა, ფეხზე წამოდგა.
-წამოდი, ჩემთან დარჩი შენც ცოტა ხანი. - თქვა მან.
ნათიამ თავი ოდნავ გააქნია გვერდზე. თვალები მოჭუტა.
-ბოდიში, მომეყურა რაღაც.... - ნიკოლოზისკენ იმპულსურად გადმოიხარა. კაცმა სახე მოჭმუხნა.
ისევ სიგარეტის სურნელი ასდიოდა. ამჯერად მის ტანსაცმელზე იგრძნო ნათიამ.
-არ მოგეყურა. ცუდად არის. საჭმელი წააღო და სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან. პლუს, შენ გეძახის. მეცოდება. საკმარისი ადგილი და საჭმელი მაქვს, ცოტა ხანი იცხოვრე, სანამ ჩაწყნარდება საქმე. - თქვა ნიკოლოზმა, დაღლილი სახე ჰქონდა.
ნათიას ტანი მოექავა. ზურგზე ცივმა ოფლმა დაასხა.
უნდოდა, ეკითხა, თუ რას ნიშნავდა ჩაწყნარება. უცებ გაუელვა სულელურმა აზრმა, რომ ჩაწყნარება სიკვდილი იყო. ჩაჩუმება.
ლუკას სიკვდილი. ხმას ვეღარ გაიღებდა. ასე არ იყო?
თავი გადააქნია. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ ჭკუაზე იშლებოდა.
-წავიდეთ. - თქვა მან სწრაფად. - ბავშვი მაჩვენე.

-*-*-*-*-
თითქმის ვერ გაბედა მანქანის სავარძელში ჩაჯდომა. შეეშინდა, რომ ამ კაცის, მისი ერთადერთი დამხმარის საკუთრებას მოსვრიდა.
მაგრამ მაინც მოუწია.
ნიკოლოზს არაფერი უთქვამს, ხმას არ იღებდა.
მანქანა გაჟღენთილი იყო სიგარეტის სურნელით. გამოზომილი პაკა-პუკით ეცემოდა წვიმა საქარე მინაზე.
ნათია მთელი გზა ფანჯარაზე მცოცავი წვეთის მოძრაობას აკვირდებოდა.
მოზრდილ სახლთან გაჩერდნენ. ნათია სწრაფად გადმოვიდა და ნიკოლოზს უკან აედევნა. თვალში ცუდად მოხვდა იქვე მიყენებული, ჭყეტელა ფერებში შეღებილი მანქანა.
არ ეგონა, რომ შესაძლებელი იყო მისთვის რამე უსიამოვნოს დანახვა.
კიბეები მოწმენდილი იყო. ნაფეხურები დატოვა ზედ, როცა კარისაკენ ააბიჯეს. ნიკოლოზმა შესასვლელი გააღო და შეაბიჯა.
ნათიამ წამსვე დაინახა.
ლუკა კართან ახლოს იდგა, თითქოს სულ იქ იყო, თითქოს ელოდებოდა მის მოსვლას. თმა დაბანილი მოუჩანდა, სახეზე უკეთესი ფერი ედო. ეცვა რაღაც გრძელი, უშველებელი მაისური.
სუფთად მოჩანდა.
მხოლოდ ერთი დღის შემდეგ.
ნათიას ისევ ცეცხლად აარტყა სირცხვილმა. წამით არ სურდა ბავშვს შეხებოდა. არ სურდა, რომ მოესვარა თავისი შეხებით.
ვერც კი გაიგო, როგორ დაეშვა მუხლებზე. აქედან უკეთესად მოჩანდა ლუკა.
ბავშვი გამოწვდილი მკლავებით მოუახლოვდა და მიეხუტა. ქალმა მაგრად მოხვია მკლავები.
თბილი იყო პატარა სხეული. იმაზე მეტად თბილი, რაც კი ოდესმე ახსოვდა.
ნათიას რცხვენოდა. მაგრად იხუტებდა ლუკას, თავს რგავდა მის სუფთა, პრიალა თმაში, რომელსაც აღარ ასდიოდა სიძველის სურნელი, და ისევ რცხვენოდა.
მათ უკან კი ისევ და ისევ წვიმდა.

-*-*-*-*-*-5
იმ ღამეს ლუკასთან ჩახუტებულს ეძინა. საწოლი რბილი იყო, საბანი თბილი, ოთახში გათბობაც იყო დამონტაჟებული.
ზედმეტად თბილოდა კიდეც. ნათიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მთელ სხეულზე ცეცხლი ეკიდა და საბნიდან თავამოყოფილი ძლივს სუნთქავდა. ლუკას ღრმად ეძინა, მოსვენებული ჩანდა, და ნათია განძრევას ვერ ბედავდა, იმის მიუხედავად, რომ მისი სიცივეს შეჩვეული სხეული ვერ იტანდა ასეთ სითბოს.
თავისი ძელსკამი მოუნდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ამ ლოგინში იძირებოდა. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე კინაღამ პანიკა დაეწყო, მოეჩვენა, რომ საწოლი შიგნით ითრევდა, უშველებელ, ბნელ, ახურებულ ხახაში ყლაპავდა. გაშტერებული, ერთიანად აკანკალებული იწვა და ვერ ინძრეოდა, ბნელ კედელს მიშტერებოდა უსიტყვოდ.
თვალი არ მოუხუჭავს.
იქამდე უყურა კედელს, სანამ მას ფანჯრიდან მომავალი მკრთალი მზის სხივები არ დაეფინა.
მაშინღა შეამჩნია, რომ იმ კედელზე საათი ეკიდა.
საათი ტიკტიკებდა, წამის ისარი მდორედ, გამოზომილად მიიწევდა წინ.
„სულაც არ მიიწევს წინ.“ უცებ გაუელვა ნათიას, თვალები გაუფართოვდა, ხმამაღლა სუნთქავდა. „ტრიალებს. უსასრულო წრეში ტრიალებს.“
რატომღაც შეეცოდა საათი.
ალბათ იმიტომ, რომ მისი მუდმივი მონოტონური მოგზაურობა საკუთარ ცხოვრებას შეადარა. არავითარი პროგრესი, მხოლოდ ერთ ადგილას ტრიალი.
ახლა არ იყინებოდა მაინც.
არ ელოდა, რომ ნიკოლოზი აქ მოიპატიჟებდა. აპირებდა, რომ მისთვის მიეკითხა, მაგრამ სულაც არ სურდა მისი შეწუხება. კაცს ხომ შეეძლო, რომ ყოველ წუთს მოესროლა აქედან ლუკა.
ბავშვს ამას ვერ გაუკეთებდა.
ექვსს ხუთი წუთი უკლდა.
ნათიას სხეული გაუხურდა. იგრძნო, როგორ აეწვა იღლიები და ოფლმა დაასხა. მთელი ღამის განმავლობაში გამომშრალი იწვა, ახლა კი ზურგი დაუსველდა, ტანსაცმელი ზურგზე მიეკრა.
საათის მინა შემოსულ სხივებს ირეკლავდა. პრიალა იყო.
ნათიას რატომღაც პეტიკო და მისი გაზეპილი თმა გაახსენდა. მოეჩვენა, რომ საათი ისეთივე ზიზღით აღსავსე გამომეტყველებით მოშტერებოდა, როგორც პეტიკო.
რა აბსურდი იყო.
პეტიკოს თავი მასზე უკეთესი მიაჩნდა. გაზეპილ, უნიათო, ცხვირმოკაუჭებულ, მუდამ საცოდავად მომზირალ პეტიკოს. მაგრამ რაც მთავარი იყო, ალბათ იყო კიდეც უკეთესი. სახლი მაინც ჰქონდა. შემოსავალი. მეუღლე.
ნათიამ ტუჩები დაიკვნიტა. სიამაყე რომ ჰქონოდა შერჩენილი, შერცხვებოდა.
რატომღაც, ოდნავ შერცხვა. ამ ბოლო დროს ხშირად რცხვენოდა.
შვიდის თხუთმეტი წუთი იყო.
ვერ გაეგო, თეასნაირი ქალი რას აკეთებდა პეტიკოსნაირ კაცთან. ნუთუ თეას ასე ძალიან უნდოდა გათხოვება, რომ პეტიკოს გაჰყვა?
ნათიამ თავი გადააქნია. ალბათ იყო კიდეც ასე. ასეთი რამე ხშირად ხდებოდა, ასე არ იყო?
ლუკა ოდნავ შეინძრა დედის მკლავებში. პაწაწინა მუშტები მის ნოტიო, გახურებულ ზურგზე შემოჭერილ ნაჭერში გახლართულიყვნენ.
ნათიას ტანსაცმელი კართან ეკიდა, სკამზე. ქალმა ორად მოკეცა დაფლეთილი, ჭუჭყიანი პალტო, რომ იატაკს არ შეხებოდა. არ სურდა ამ სუფთა, სასიამოვნო სახლში რამესათვის ცუდად შეეხო ხელი და დაესვარა, ან დაეზიანებინა.
შვიდს ოცი წუთი აკლდა.
სამსახური.
ახლაღა გაახსენდა ნათიას. სამსახური ჰქონდა. კაფეში.
აწრიალდა. რაღაც აკლდა. რაღაცას ვერ ხედავდა.
მერე კი გაახსენდა. ფანდური საწოლის ქვეშ შემალა. როცა დაწვა, პანიკური შიში მოერია, რომ ნიკოლოზი შემოვიდოდა, ლუკას წაართმევდა. თუ ლუკას არა, მის ფანდურს მიადგებოდა, ამიტომ კარი შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი.
კარგი რამე იყო ეს გადასატრიალებელი საკეტები.
ნათიას ახლაც პანიკა მოერია. ნიკოლოზი ბავშვის წართმევას უპირებდა. თვითონ აქედან გავიდოდა, სამსახურში, და ნიკოლოზმა იცოდა ეს. იცოდა, რომ წავიდოდა და ექნებოდა დრო ლუკა წაეყვანა. არა, ნათია ამის უფლებას არ მისცემდა, ბავშვს ბოლომდე ჩაეჭიდებოდა, იმის მიუხედავად, რომ საშინელი დედა იყო და ლუკა მამამისთან იქნებოდა უკეთესად...
ქალი სწრაფად გამოერკვა, თითქოს სიზმრიდან გამოფხიზლდაო. ცივმა ოფლმა დაასხა ზურგზე. თვალებგაფართოებული, აქოშინებული იწვა და ლუკას მთელი ძალით იხუტებდა გულში.
ქალს ეშინოდა. პანიკურად. ნიკოლოზის ეშინოდა.
თავი გადააქნია.
მართლა ირყეოდა ჭკუაზე.
ნელა, ყოყმანით გადმოცურდა ლოგინიდან, ლუკას ფრთხილად გააშვებინა ხელები და საბანი ამოუკეცა. ბავშვი შეინძრა, თვალები გაახილა და ნათია მთელი სხეულით დაიძაბა. არ სურდა, რომ ავადმყოფი ბავშვი შეეწუხებინა.
-დეე... მიდიხარ? - ჰკითხა ბავშვმა, თან ნამძინარევმა თვალები მოისრისა.
ნათიას გული დაუდნა. ბავშვს გაუღიმა. კარგა ხანი იყო, რაც ლუკა ასეთი მოსვენებული, ლოყაწითელა არ ენახა. მონატრებოდა ასეთი უდარდელი სახე.
-კი, დედი. სამსახური ვიშოვე და უნდა წავიდე. - უთხრა ქალმა და ფრთხილად გადაუწია შუბლზე, თვალებში ჩამოყრილი მუქი ქერა თმა. ძალიან ჩამოგრძელებოდა, მაგრამ ნათიამ მის სახესთან მიტანილი მაკრატელი წარმოიდგინა და შეაჟრჟოლა.
-დარჩი რა... - წაიბუზღუნა ბავშვმა და ხელზე მოსჭიდა თითები. ნათია საკუთარ გაყვითლებულ, მყიფე ფრჩხილებს დააშტერდა და თვალები აემღვრა. თავი გადააქნია.
-არ შემიძლია, დედი. - დაიჩურჩულა მან. - ცოტა ფული გვჭირდება.
-ახლა ხომ აქ ვართ? - ხმადაბლა თქვა ბავშვმა. - ნიკოლოზ ბიძიას საჭმელი აქვს.
ნიკოლოზ „ბიძია“. ნათიას მწარე გემო გაუჩნდა პირში, იმის მიუხედავად, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. არც მიზეზი. უცებ შერცხვა, იმის გამო რომ მისმა შვილმა მამამისი არ იცოდა. დამნაშავედ იგრძნო თავი, რომ ლუკას ამას უმალავდა. რაღაცნაირად ნიკოლოზსაც უმალავდა ამას, იმის მიუხედავად, რომ უკვე უთხრა კაცს მისი შვილის შესახებ.
ალბათ იმიტომ, რომ ნიკოლოზს მისი არ სჯეროდა. ისეთი გახლდათ სიტუაცია, თითქოს არაფერიც არ ეთქვა.
-სულ აქ ხომ არ ვიქნებით, დედი? - ლოყაზე ცერი გადაუსვა ნათიამ და თმაზე მოეფერა. - ერთ დღესაც გადასვლა მოგვიწევს. სულ ვერ შევაწუხებთ ნიკოლოზ ბიძიას.
-მე რომ ვთხოვო? - ჰკითხა ბავშვმა და თავისი მუქი თვალებით ამოხედა. ლოყაზე სამი ხალი ჰქონდა.
ნათია გაკრთა. წამიერად მოეჩვენა, რომ ნიკოლოზი შემოჰყურებდა.
გამომეტყველება იდენტური იყო.
უსიტყვოდ გააქნია თავი. თითქოს ენა ჩაუვარდა.
-წავალ, დედი. შენ ბიძიასთან მიდი და ჭამე. ბევრი ჭამე, კარგი? - უთხრა ნათიამ და შემობრუნდა. ხელები ექავებოდა, უნდოდა ფანდური საწოლის ქვეშიდან გამოეძვრინა და პალტოში შეემალა, ნაცნობი სიმძიმე ეგრძნო, მაგრამ ვერ გაბედა. წინა საღამოს არ ეშინოდა, მაგრამ ახლა ეჩვენებოდა, რომ თუ დაიხრებოდა, საწოლის ქვეშიდან რაღაც ააცოცდებოდა სხეულზე, ანდა ვიღაც სტაცებდა მაჯაში ხელს.
სწრაფი ნაბიჯით აიტაცა პალტო და მოიცვა, მერე კი ჩუმად გავიდა ოთახიდან. ლუკას კიდევ ერთხელ გადმოხედა კარის ღრიჭოდან. ბავშვი დიდი თვალებით მოშტერებოდა.
ნათიამ აკანკალებული ტუჩებით გაუღიმა და შებრუნდა, კიბეზე ჩაირბინა. ჯერ კიდევ ბნელოდა სახლში, კედელს ხელის ცეცებით გაუყვა, სანამ გასასვლელ კარს არ მიაგნო.
ავტობუსით წასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა. რატომღაც იცოდა, რომ არ აუშვებდნენ ზედ. ნაწილობრივ არ სურდა, რომ ხალხი შეეწუხებინა.
ნათიამ თავი გადააქნია. სისულელეს ფიქრობდა. არ სურდა, რომ თვითონ შეწუხებულიყო მათი მზერითა და აბზეკილი ცხვირების გრძნობითა და დანახვით.
ფეხით ჩავიდა ქალაქში. ორმოცდახუთ წუთში ქოშინით მიადგა კაფეს და სწრაფად შეაბიჯა შიგნით.
ვატო იდგა დახლთან, ისევ მეთოდურად სწმენდდა ჭიქებს.
ნათია წამიერად დაინტერესდა, იყო თუ არა ჭიქების წმენდა მისი მუდმივი სამუშაო. კაცი ან ჭიქებს სწმენდდა, ანდა ნათიასთვის უკვე ნაცნობ, „მაღალი“ საზოგადოებისათვის შესაფერის რეპლიკებს ისროდა. ბანალური იყო კიდეც.
ლულუ არსად ჩანდა. ნათიამ ტუჩები მოიკვნიტა, როცა ვატომ მოღუშული სახით ამოხედა.
-მიდი, გამოიცვალე. - უთხრა მან, რაღაცნაირმა გამოხედვამ გაუარა თვალებში. - რომ გამოხვალ, ჭურჭელია დასარეცხი.
-წინა საღამოს არ გავრეცხე? - შეუბრუნა კითხვა ნათიამ. ვატომ წარბები შეკრა.
-არასათანადოდ იყო გარეცხილი. - თვალები გადაატრიალა მან, თითქოს რაღაც აშკარას ამბობდა, ნათია კი ზედმეტად გამოთაყვანებული იყო იმისათვის, რომ გაეგო. - ხელახლა გარეცხე.
ქალს სიცხის ტალღამ დაუარა. ტუჩი მოიკვნიტა. მერე კი დაინახა, თუ როგორ დააშტერდა ვატო პირზე და კბილები სასწრაფოდ დააჭირა ერთმანეთს.
ცხელი ტალღა უფრო ინტენსიური გახდა.
-გამოვიცვლი. - თქვა ქალმა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა პატარა საკუჭნაოსაკენ. კარი მიაჯახუნა და გადაკეტა.
მართლა კარგი რამ იყო ეს გადასატრიალებელი საკეტი.
ნელა გამოიცვალა. გასვლა არ უნდოდა, ვატოსი შეეშინდა, მისი გამოხედვისა და აგდებული ტონის. გაფაციცებით უსმენდა, კართან ახლოს მდგარი, ლულუს ხმას ელოდებოდა, რომ გასულიყო.
ცოტა ხანში მოესმა კაფეს კარის თავზე ჩამოკიდებული ზარის ჟღარუნი.
-დაგაგვიანდა. - ბუნდოვნად მოესმა ვატოს ხმა, რასაც ლულუს სიცილი მოჰყვა.
სიცილი, რომელიც სულაც არ ერგებოდა ქალს. მაგრამ ნათიას გაუხარდა კიდეც მისი გაგონება.
-შევყოვნდი, საშინელი „პროპკა“ იყო, რომ ხვდები, არა... - თქვა ქალმა აგდებული ხმით.
-რა ბანალური მიზეზია. ყველა მაგას ამბობს, როცა ნამდვილი მიზეზის დამალვას ცდილობენ. - თქვა ვატომ. ნათიამ მთელი ძალით დაისვა მკლავზე სველი ხელსახოცი, თან უფრო ახლოს აიტუზა კართან.
-ნუ იდიოტობ რაღაცას. - თქვა ქალმა გაბეზრებული ტონით. - ის ქალი სადაა?
-იცვლის. - ნათიამ თითქმის იგრძნო ვატოს მზერა, მისკენ მომართული და კინაღამ უკან გახტა. თითქოს ვატო პირდაპირ მას აშტერდებოდა.
რაღაც ბნელი, საშინელი დაუტრიალდა მუცელში.
-ალბათ რწყილებს იცილებს. - დაამატა კაცმა და ნათიამ გამეტებით დაისვა ხელსახოცი მუცელზე. ფრჩხილები მოუხვდა და მწველი ნაკვალევი დაურჩა ისედაც დალურჯებულ, გაფითრებულ კანზე. გამწარებით მოიწმინდა ტანი. თითქოს რწყილები მართლაც აუფუთფუთდნენ ყველგან სხეულზე.
-ნუ სულელობ, ვატო. - თქვა ქალმა. - ალბათ იბანს.
ვატოს სიცილი აუტყდა.
-იბანს? - გაიცინა მან. - და როგორ? შხაპი არ გვაქვს იქ და...
-რა დეგენერატი ხარ. - დაისისინა ლულუმ და ნათიას რაღაცნაირი, დეფორმირებული, მაგრამ მაინც რეალური პატივისცემა გაუჩნდა ამ ქალის მიმართ. - შხაპი არა ისა კიდევ, რაებს როშავ. ნიჟარა გვაქვს და შიგნით დაიბანს პირს. ხომ დაინახე, თმა როგორ ჰქონდა დაბანილი გუშინ? ნუ აყენებ შეურაცხყოფას, არავითარი რწყილები არ ჰყავს.
-კარგი რა, ლულუ, თხის სუნით ყარს, გეფიცები. - წაიბუზღუნა ვატომ და ნათიამ კბილები გააღრჭიალა ერთმანეთზე. ჟრუანტელიც კი აღარ უვლიდა კბილების ამაზრზენ ხახუნზე, იმდენად უგრძნობი გახდომოდა სხეული.
-თხა შენ თვითონ ხარ. - მიახალა ლულუმ და ნათია შემობრუნდა, სასწრაფოდ გადაიცვა უნიფორმა და გამოაბიჯა. ლულუ დახლთან იდგა, ვატო მის ახლოს წამოჭიმულიყო, მაგრამ ნათიას მისთვის არ შეუხედავს. ლულუმ ხელი აუწია და ოდნავ გაუღიმა, ნათიამ თავი დაუქნია და სამზარეულოში გავიდა, რომ ჭურჭელი ხელახლა დაერეცხა.
შეკვეთებს იღებდა. ისევ ერთნაირი ხალხი. ერთნაირი სახეები. ერთნაირი ქცევა, მისი იგნორირება და მენიუზე დაშტერება. იატაკიც მოგავა. მცენარეები მორწყა. ლულუსა და ვატოს ყავა მოუდუღა, ცოტა მზარეულებსაც გაუტანა. გრძნობდა, რომ ისინი უფრო იმსახურებდა.
ვატოს ყავაში სურდა შაქრის ნაცვლად მარილი ჩაემატებინა, ან ჩაეფურთხებინა ჭიქაში, მაგრამ გადაიფიქრა. უდიდესი სიამოვნებით გააკეთებდა ამას, მაგრამ ვერ გაბედა. ვატოსი ეშინოდა.
რვა საათზე მოახერხა გამოძრომა. ლულუს დაემშვიდობა, სწრაფი ნაბიჯით მოშორდა კაფეს.
ერთ საათში ააღწია სახლში. პალტო უფრო მძიმედ ეჩვენებოდა, შედარებით მოსუფთავებული სხეული თითქოს უარყოფდა ბინძურ, ნოტიო, აშმორებულ ნაჭერს.
სწრაფად აირბინა შემოსასვლელ კარებთან, აქოშინებულმა. სირბილი, იმის მიუხედავად, რომ ფეხებს სტკენდა და ფილტვებს უწვავდა, ძალიან სიამოვნებდა. საკუთარი სხეული ერთადერთი რამ იყო, რაზეც კონტროლი ჰქონდა ამ დაწყევლილ ცხოვრებაში, და სიამოვნებას ჰგვრიდა მასზე მობერილი გრილი ჰაერი, აჩქარებული სისხლი ძარღვებში და თავისუფლად, საზღვრების გარეშე მოძრავი კიდურები. თითქოს ცოცხლად გრძნობდა თავს. უფრო ცოცხლად.
კარი ვიღაც შავთმიანმა, კოხტად წარბებგამოქნილმა, მუქ წითლად ტუჩშეღებილმა ქალმა გააღო. ნათია მშვიდად დააშტერდა. ლულუს მიამგვანა.
-აქ რა გინდა? ვინა ხარ? - მკვახედ იკითხა მან, დოინჯი შემოირტყა ჩამოთლილ თეძოებზე. შემოჭერილი მაისური და ბარძაყებზე შემოტკეცილი, მუხლებთან გადაჭრილი შარვალი ეცვა.
ნათიამ პალტოს გვერდებს მოუჭირა თითები. შეცდა. ეს ქალი არ ჰგავდა ლულუს.
-ნათია ვარ. - მოკლედ თქვა მან. - ჩემი შვილი აქაა. ლუკა.
-წასაყვანად მოხვედი? - წარბები აზიდა ქალმა, ერთიანად მოეშვა, სასიამოვნო ღიმილით გაუღიმა.
სიყალბე.
-ძალიან სასიამოვნო იყო მისი აქ ყოფნა, მაგრამ მე და ნიკოლოზი საკუთარი შვილების ყოლას ვაპირებთ მალე, ამიტომ არა მგონია უცხო ბავშვის აქ ყოფნა შსაფერისი იყოს... - გაუღიმა ქალმა.
-არ მიმყავს არსად. - თავი გადააქნია ქალმა და ბუნდოვანი, რაღაცნაირი კმაყოფილებით უყურებდა, თუ როგორ შეეცვალა ქალს სახე. - ნიკოლოზმა აქ საცხოვრებლად მომიყვანა.
ქალს ტუჩები აუთრთოლდა, მთელი სახე დაეჭიმა. ნაკვთები მოეკრუნჩხა, და წამიერად ძალიან მახინჯი ჩანდა.
-რა სისულელეა. - ძლივს გამოსცრა მან კბილებში. - ნიკოლოზი აქ ქუჩის ქალებს არ მოიყვანდა...
-როგორც ჩანს მოჰყავს. - თავისდაუნებურად წამოსცდა ნათიას, ქალს თვალმოუშორებლად უყურებდა. ის თვალებდაჭყეტილი, დაბნეული დააშტერდა ორიოდე წამით, მერე კი მისი სახე დაუძლეველმა ბრაზმა მოიცვა.
-როგორ მიბედავ! - წამოიკივლა მან. - როგორ...როგორ მიბედავ, შე... შე... კა**ა, საიდანაც მობრძანდი, იქით წაეთრიე, გასაგებია? შენი დამპალი მატლიც თან წაიყვანე, გასაგებია?
ქალი თავისას გაჰკიოდა, ნათია კი ყოვლად გაუნძრევლად იდგა და მშვიდად დაშტერებოდა მას. არ ესმოდა, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთ ადამიანთან ცხოვრება.
ნიკოლოზი უცნაური იყო, ალბათ.
ნათიას უცებ მოუნდა, რომ ყველაფერი ეთქვა, რასაც ფიქრობდა. ნიკოლოზი მაინც ვერაფერს გაიგებდა. ამ ქალს ვერ იტანდა, პლუს არ იცნობდა. მისი სახელიც არ იცოდა.
რატომღაც უფრო იოლი იყო მისთვის იმ ადამიანებთან დალაპარაკება, ყველაფრის მათ სახეში მიხლა, თუ მათი სახელი არ იცოდა. სახელის ცოდნა ახალ პასუხისმგებლობას ნიშნავდა ამ ადამიანის წინაშე.
ნათია ძალიან მადლობელი იყო.
-ლულუს არ ჰგავხარ. - თქვა მან ხმადაბლა, ქალმა კივილი შეწყვიტა და გადმოკარკლული თვალებით, გაშტერებული დააჩერდა. - მისი სახე გაქვს, ხომ იცი. მაგრამ პეტიკო ყოფილხარ. პეტიკოს გამგვანებ. მოკაუჭებული ცხვირი ხომ არ გქონდა ადრე? ჩაქუჩით გაგისწორებდი.
ქალი განცვიფრებული, პირდაღებული დააშტერდა.
-შენ უბერავ, ხომ? - დაიჩურჩულა მან. - ვიღაც ფსიქოპატი ბრძანდები?
ქარი უბერავდა, ტანზე სუსხავდა, ძირგამომძვრალ ფეხსაცმელში წუოდა. ნათიამ მხრები აიჩეჩა. ალბათ მართლა შეშლილი იყო. ცოტათი მაინც.
უკნიდან ღრჭიალი, ნაცნობი ღრჭიალი მოესმა.
-ანა-სოფია! - მოესმა ნიკოლოზის ხმა და თითქოს მთელი სხეული მყიფე, მსხვრევადი და ამასთანავე რაღაცნაირად თხევადი გაუხდა. კაცს გამოხედა, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მოიჩქაროდა მათკენ.
-სახლში შედით. - უთხრა მან ორივეს და ნათიამ სწრაფად ჩაუარა ქალს, ანა-სოფიას გვერდით, რომელიც ჯერ კიდევ გაშტერებული იყურებოდა.
-პირი დახურე, ანა-სოფია. - კარი მიკეტა ნიკოლოზმა. - რას დღაოდი? ყველა გამვლელმა გაიგონა...
-რას და ეს ვინაა? ვინაა?! - ხმას აუწია ანა-სოფიამ და ისტერიული ხმით მორთო საყვედურები. - ვინ მომითრიე სახლში? შენი კა**აა ხომ? ამასთან მღალატობდი? ამ ქუჩის ქალთან, ახლა სახლში მოათრიე, რომ ახლოს გყავდეს?
-რაებს ბოდავ. - კბილებში გამოსცრა ნიკოლოზმა, მუქი თვალები ანა-სოფიას ლურჯი თვალებისაკენ მიებჯინა. - ნუ დაგეწყო უაზრო ფანტაზიები, ძალიან გთხოვ, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ... ეს ქალი... - ნიკოლოზმა წამით გადმოხედა, და ნათიამ მზერა გაუსწორა. ლუკა მოეჩვენა წამიერად.
ისევ იდენტური გამომეტყველება.
-...ლუკას დედაა. - ნიკოლოზმა მზერა ანა-სოფიაზე გადაიტანა. - აქ იცხოვრებს ცოტა ხნით, სანამ მე ლუკას მივხედავ. გასაგებია თუ არა?
-არ მინდა რომ ეს ბომჟი აქ ცხოვრობდეს! - ხმას უფრო აუწია ანა-სოფიამ. - გაათრიე, რა პასუხისმგებლობა გაქვს ამ ორის წინ? არ მითხარი, დედამისი ქუჩაში დარჩაო? რატომ მოეთრა და შენ რატომ იღებ? ჩვენს სახლში რატომ იღებ, მითხარი!
-ჩემი სახლია ეს. - დაუსისინა ნიკოლოზმა და ნაცრისფერი პალტო ერთი მძლავრი მოძრაობით მოიძრო. - იმ ბავშვს იმიტომ ვეხმარები, რომ მინდა. იმიტომ რომ ავადმყოფი ბავშვია და დახმარება სჭირდება. დედამისი სჭირდება, და ამიტომ მოვიყვანე, სულ ესაა.
ნიკოლოზი ახლოს მიიწია, ანა-სოფიას თვალებში ჩახედა. ჩვეულებრივ, ეს პოზიცია მომავალ კოცნაზე მიუთითებდა, მაგრამ ნათია მათ სახეებზე ბრაზისა და მრისხანების გარდა ვერაფერს ხედავდა.
რა უცნაური წყვილი იყო.
-იმიტომ ვეხმარები, - კბილებში გამოსცრა კაცმა. - რომ გული მაქვს. აი შენ კი, ანა-სოფია, ქვა გიდევს მკერდში. -ის გასწორდა, ტუჩი აიბზუა, ნათიას სტყორცნა მზერა. - მისცემ ნათიას შენს ძველ ტანსაცმელს თუ ამაზეც მე ვიზრუნო?
ანა-სოფიას რაღაც ჩახშული, მრისხანებით აღსავსე ღმუილი აღმოხდა. შებრუნდა და ფეხებით ბრახუნით აუყვა კიბეს. ნიკოლოზმა ზიზღით სავსე მზერა გააყოლა.
ნათია არ ინძრეოდა. გაპრიალებულ პარკეტსა და აშკარად ძვირფას ხალიჩას აკვირდებოდა.
-როგორც ჩანს, მე მომიწევს ამაზე ზრუნვა. - თქვა ნიკოლოზმა.
ნათიამ თავი დააქნია.
აღარაფერი უთქვამს. მუცელი უსიამოვნოდ უღრუოდა.
ერთი სული ჰქონდა, სანამ ლუკას ჩაეხუტებოდა და გახურებულხახიან საწოლში ჩაეშვებოდა.
იქნებ დღეს შესძლებოდა დაძინება.
-*-*-*-*-*-6
ანა-სოფია ბრაზიანად აბრახუნებდა ზემოთ რაღაცას. ნათია თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ქალი განგებ აკეთებდა ამას. არაფერი არ ჰქონდა საბრახუნები, უბრალოდ ყურადღების მისაქცევად აყენებდა ამხელა ხმაურს.
ხუთი წლის ბავშვივით იქცეოდა.
ნათიამ თავი გვერდზე გადახარა, ლუკა გაიხსენა. ლუკაც ხუთი წლის იყო, მაგრამ მისი ასეთი ქცევა არასოდეს ენახა. როგორც ჩანდა, ანა-სოფია გონებრივად ჭირვეულ ბავშვზე უარესიც კი იყო.
-ეს ჩემი შეყვარებული იყო, ანა-სოფია. - თქვა ნიკოლოზმა და ნათიამ ინტერესით ამოხედა. კაცმა ფეხსაცმელი გაიძრო და წელში გასწორდა, თავზე ხელი გადაისვა, მოპრიალე მუქი თვალები მისკენ მოატრიალა. ნათიას ისევ დაუთხევადდა სხეული. - ვწუხვარ მისი საქციელის გამო.
-მივხვდი. - ჩუმად უპასუხა ქალმა და მხრები აიჩეჩა. - არა უშავს, უარესიც მინახავს.
კაცმა წარბი წამიერად აზიდა, სახეზე რაღაცნაირი გამომეტყველება გამოეხატა, თითქოს მყრალი სურნელი შეისუნთქაო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ამოიხვნეშა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო, მის პალტოს დააცქერდა.
-გინდა შხაპი მიიღო? - ჰკითხა მან. - რამეს გამოვძებნი. ანა-სოფიას ტანსაცმელს მოგცემდი, მაგრამ ცოცხალი თავით არ დათმობს არაფერს, მაგასთან ლაპარაკი და კამათი კი აღარ შემიძლია. ჩემი ტანსაცმელი რომ მოგცე ცოტა ხნით? ძველი რაღაცები მაქვს, მოგერგება ალბათ.
ნათიამ ისევ აიჩეჩა მხრები, ტანსაცმელზე დაიხედა. აუწერელი კონსტრასტი იყო მის გაქუცულ, დაჟიებულ, აშმორებულ პალტოსა და მისი ძირგამომძვრალი ფეხსაცმლის ქვეშ დაფენილ ძვირფას ხალიჩას შორის.
ნიკოლოზი თავის ტანსაცმელს მისცემდა. საკუთარი სხეული უგრძნობი ეგონა ქალს, მაგრამ მუცელი ამოუბრუნდა.
-მასე იყოს. - ხმადაბლა თქვა მან.
ნიკოლოზმა თავი დაუქნია.
-თუ გინდა, დატოვე მაგ ფეხსაცმელი და პალტო აქ. - მიუთითა მან და კიბისაკენ გაემართა. ნათიამ თავი დაღუნა, თავის ფეხსაცმელს ჩააშტერდა. ალბათ არ სურდა კაცს, რომ უფრო მეტად მოესვარა ყველაფერი. - პირსახოცებს მოგცემ...
-ლუკა როგორ არის? - ჰკითხა ნათიამ და მისკენ ააღირა თავი. კაცი უკვე კიბეზე იდგა, შეჩერებულიყო და წარბშეკრული მიშტერებოდა. ქალი უსიტყვოდ მიაჩერდა. ეს კაცი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. ალბათ ზედმეტად ზრუნავდა კიდეც, მაგრამ არ სურდა ნათიას მისი მოქმედებისათვის ასეთი სიტყვა ეწოდებინა. ამ კაცის მხრიდან ზრუნვა ზედმეტი იქნებოდა მისთვის. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, და ნათიას შეეშინდა. შეეშინდა, რომ ასევე სწრაფად შეეჩვეოდა ამ ყველაფერს, რომ ამ კაცის კეთილ, თითქმის გიჟურ ქმედებას უცხო ხალხის მიმართ ზრუნვას დაარქმევდა და როცა დრო იქნებოდა, ვეღარ შეძლებდა ამ მზრუნველობასთან გაშორებას.
უფრო იოლი იყო საკუთარი თავის იგნორირება. უფრო იოლი იყო სხვაზე კონცენტრირება და იგნორის გაკეთება ყველაფერი დანარჩენისადმი.
-კარგად არის. - მიუგო ნიკოლოზმა, ჯიბეში ხელი ჩაიდო, მეორე ხელით კი მოაჯირს დაეყრდნო. გაპრიალებულ მოაჯირზე შესაბამისად მიჩანდა მის მაჯაზე მბზინავი საათი.
ნათიას საწოლი ოთახის კედელზე ჩამოკიდებული, მისკენ დაჟინებით მომზირალი საათი გაახსენდა. მონოტონური ტრიალი. შეაჟრჟოლა.
-დღეს ექიმთან მივიყვანე. - თქვა ნიკოლოზმა. ნათიამ თვალები დაახამხამა. ექიმის, სქელძირა თეთრი ბალთებიანი ფეხსაცმლის, მედიკამენტების მჟავე სურნელი გაახსენდა და ცივი გრძნობა ჩაეღვარა მუცელში.
-მერე? - ჰკითხა მან ჩუმად. - რა თქვა?
-რაც იმ ექიმმა გვითხრა. - მხრები აიჩეჩაკაცმა. - შესაფერისი დიეტა, და ანტიბიოტიკური თერაპია. სისხლიც ავუღეთ, ცუდი ანალიზები აქვს, ანემია...
-ნემსი? - შეაწყვეტინა ნათიამ, თვალები გაუფართოვდა, გრძნობდა, თუ როგორ აუჩქარდა სუნთქვა.
მჭრელი, მჩხვლეტავი, მწველი ნივთები ვერ წარმოედგინა ლუკასთან ახლოს. ეშინოდა. მაკრატლების ეშინოდა. გატეხილი ძელსკამებიდან გამოწეული მჭრელი რკინების ეშინოდა. ქუჩაში დაყრილი მინის ნამტვრევებისაც.
სულ ეჩვენებოდა, რომ ლუკას დასუსტებულ სხეულს უმიზნებდნენ. რომ მას დააზიანებდნენ, ტკივილს მიანიჭებდნენ.
ნემსები. სულ ცოტა ხანი არ იყო ბავშვთან ახლოს. სულ ცოტა ხანი დაუტოვა მამამისს და უკვე ატკინა ამ კაცმა. ამ არაკაცმა.
-რატომ გაუკეთე ნემსი? - იგრძნო, თუ როგორ აუკანკალდა ხმა. - რატომ ატკინე? ლუკასთვის ნემსი არ შეიძლება... რატომ დაარჭე ნემსი... ლუკა ავადაა, არ გესმის, მტკივნეული არ იქნებოდა მისთვის? ასეთი სასტიკი ხარ?
კაცი გაოცებული მიშტერებოდა, ქვემოთა საფეხურზე ჩამოდგა ფეხი.
ნათია ვეღარ სუნთქავდა. წამდაუწუმ უსიამოვნოდ უტრიალებდა თვალწინ მტკივნეული შეგრძნება, თითქოს ტანზე დასუსხა, თითქოს ყველგან უყრიდნენ გავარვარებულ ნემსებს. თვალთ დაუბნელდა.
-ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი, რომ შენთან არ შეიძლებოდა ლუკას დატოვება... - უსიამოვნოდ დაიმანჭა ქალი.
-კარგი, წყნარად, კარგად არის... - ჩაერია ნიკოლოზი, დაბნეული და შეწუხებული ჩანდა, კიბეზე ჩამოაბიჯა.
-შენ ვერ გაიგე... - დაიჩურჩულა ქალმა. თავზარდაცემული, აღშფოთებული შეჰყურებდა მოახლოებულ კაცს, თვალები დაეჭყიტა, გრძნობდა, თუ როგორი სიმძლავრით ეჭიმებოდა კისერში კუნთები ყოველი შესუნთქვისას და აუტანელი ტკივილი იგრძნო. - შენ არ გესმის... საერთოდ ვერაფერი გაიგე. შენ არ გინახავს, თუ რა იოლია მისი დალურჯება. შენ ვერ გაგიაზრებია, რომ ლეიკემია აქვს. შე არაკაცო, შენ არ გინახავს, თუ როგორ დაეცა ქუჩაში მინის ნამტვრევებზე და კინაღამ გადაისერა მაჯები, არც ის გინახავს, მე რომ იმ დაწყევლილი ძელსკამის რკინის ძელს წამოვეგე... არ გინახავს, როგორ ტიროდა ჩემი სისხლის დანახვისას, სანამ მე ჭრილობის დაფარვას ვცდილობდი და ხმამღლა ღრიალს, ცრემლებს ვიკავებდი, რომ მას აღარ ენახა ეს... იმიტომ რომ იქ არ იყავი, გასაგებია?! - ქალი ყვირილზე გადავიდა, აღარ იცოდა, თუ როგორ შეეკავებინა შიგნით დაგროვილი მომწამვლელი მრისხანება, რომელიც თითქოს მუქ სარტყელად შემორტყმოდა მკერდზე და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. - არასოდეს არ ყოფილხარ იქ! ახლა კი გინდა რომ წამართვა! გინდა რომ თან წაიყვანო.. გგონია, რომ ამის უფლებას მოგცემ...
ნათია მთელი ტანით შეტოკდა, სიზმრიდან გამოერკვა თითქოს, როცა ნიკოლოზმა ელვის სისწრაფით სტაცა მაჯაზე ხელი. შეხების სიცხე გავარვარებულ ტალღად მოევლო მის სხეულს. ქალს ერთიანად შეაჟრჟოლა. გაუძალიანდა.
-ნათია, დაწყნარდი... გეყოფა.... საკმარისია! - ხმას აუწია ნიკოლოზმა, თან მაგრად სტაცა მეორე ხელიც, სანამ ნათია კბილებს აღრჭიალებდა და ცდილობდა მას გასხლტომოდა, მთელი სხეულით ფართხალით. - გეყოფა! - დაიყვირა კაცმა და სხეულზე მაგრად მოსჭიდა მკლავები, რომ დაეკავებინა.
ნათია წამსვე შედრკა, უსიცოცხლოდ ჩამოეკიდა კიდურები და მთელი სხეულით მოეშვა. მოულოდნელად მთელ სიმძიმედაწოლილმა მამაკაცმა ამოიგმინა და წაბარბაცდა, მისი აზიდვა სცადა, რომ ქალი იატაკამდე არ დაცურებულიყო.
-რა გჭირს, ღმერთო ჩემო... - წაილუღლუღა კაცმა, წელზე მკლავი მოხვია და მთელი ძალით ასწია.
ნათიამ ტირილი დაიწყო. არც კი ესმოდა, თუ რა ემართებოდა, ეს სიტუაცია ნორმალური ნამდვილად არ იყო.
ასეთ რამეზე ტირილი არ უნდა დაეწყო. ცივად უნდა ეყურებინა ყველაფრისათვის. არ უნდა ჰქონოდა რეაქცია. არ უნდა გაეცა საკუთარი ემოცია, უნდა ჩაეხშო საკუთარ თავში ყველაფერი და ცდილიყო არაფერი ეგრძნო. ეს ხომ მისი დაცვა იყო, მისი გალავანი, კედელი რომელიც ტკივილისაგან იცავდა.
თვითონ მოსპო და გაანადგურა ეს კედელი. აჩვენა, თუ როგორი პათეტიკური, ჭკუაზე შერყეული ქალი იყო, რომელსაც ყველაფრის ეშინოდა, ყველაფერი პანიკას რგავდა მასში.
ახლა კი ნიკოლოზი აქედან გაუძახებდა. მიხვდებოდა, რომ არ ღირდა მისი ნორმალურ სახლში მიყვანა, რომ ქუჩაში უნდა ყოფილიყო, ქუჩისათვის იყო განკუთვნილი. ნათია მზად იყო ამისათვის, ვერაფერს ვერ და არც იზამდა. მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ ნიკოლოზს ლუკას გაგდებაც არ გადაეწყვიტა.
ამიტომ ვერც კი ინძრეოდა, გაშტერებულიყო, ვერც კი გრძნობდა, თუ როგორ ანჯღრევდა ნიკოლოზი და როგორ ცდილობდა მის წამოწევას.
თავბრუ დაეხვა. რატომღაც ნარწყევის მჟავე სურნელი იგრძნო ჰაერში.
-მაშ კარგი. - ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა და მთელი ძალით ასწია, მხარზე ისე მოიგდო, ვითომ აქაც არაფერიო. ქალმა თავი ჩაჰკიდა, ჭუჭყიანი თმა უსიცოცხლოდ ჩამოეკიდა და იგრძნო, თუ როგორ წაუვიდა სისხლი თავში და როგორ დაუმძიმდა შუბლი. - არ ვიცი, რა გჭირს...
ნათიას არ უპასუხია. გრძნობდა, თუ როგორ ქანაობდა სხეული და როგორ ადიოდნენ კიბეებზე.
ვერ გაეგო, კიბეები შორდებოდნენ თუ უახლოვდებოდნენ ნიკოლოზის ყოველი ნაბიჯისას. მისი ფეხსაცმლის გაპრიალებულ ქუსლს უყურებდა და მისკენ მომზირალი საათები ახსენდებოდა.
ნიკოლოზმა მისი და ლუკას ოთახამდე აათრია, კარი ფეხის კვრით შეაღო. ნათია პირდაპირ იატაკზე დაუშვა, და ქალმა ძლივს ამოისუნთქა, მასთან მორბენილი ლუკა მაგრად ჩაიხუტა.
-რა დაგემართა? - ხელები გაშალა კაცმა, ღრმად სუნთქავდა და დოინჯი შემოირტყა, დაბნეული, გაღიზიანებული სახით დაჰყურებდა.
ნათიამ არ უპასუხა. ლუკა უფრო მაგრად ჩაიხუტა გულში.
-არაფერი. - გამოსცრა მან კბილებში. - უბრალოდ ვერ ვიტან ნემსებს. რკინებს. ვერც ნამტვრევებს. ცუდი ნივთები არიან, სულ ესაა.
ნიკოლოზი წარბებაწეული უყურებდა. ნათიამ იგრძნო დაძაბულობა.
არც სჯეროდა ნიკოლოზს მისი.
-გასაგებია. - თქვა მან ნელა.
„ტყუის.“ გაიფიქრა ქალმა.
- გაინტერესებს, რა მოხდა? - გააგრძელა ნიკოლოზმა.
-კი. უარესად არის. - თქვა ქალმა. ვერც კი შეძლო, რომ შეკითხვა ჩაექსოვა თავის სიტყვებში.
-არა. - თავი გააქნია კაცმა. - უფრო სწორად, არ ვიცი. იმ კლინიკაში არ მოუციათ სისხლის ანალიზი, აქ გაუკეთეს. დაბალი ჰემოგლობინი, შაქარი, ლეიკოციტები, ანემია. - მან ჯიბიდან ამოაძვრინა დაკეცილი ქაღალდი და გადმოუგდო.
ქაღალდი ქალის წინ დაეცა, და ნათია ხარბად სწვდა მას ცალი ხელით.
რატომღაც ძაღლი წარმოიდგინა, პატრონი ეულ, მის მიერ თითქმის გამოხრულ ძვალს რომ უგდებდა.
უსიამოვნოდ ცივი იყო ეს ქაღალდი მის ხელში.
გადაშალა და რიცხვებს გადაავლო თვალი.
-ანტიბიოტიკური თერაპია. - გააგრძელა კაცმა. - შემდეგ კვირას აპირებენ დაწყებას. გაწყობს?
ნათიამ არაფერი უთხრა. ფურცელი დაკეცა და ლუკას პატარა, გამხდარ, მაგრამ თბილ მკლავებზე დაუსვა ხელები.
-გეტკინა, დედი? - დაუჩურჩულა მან. ლუკამ თავი დაუქნია, შიდა იდაყვზე დაკრული ჭრელი ლეიკოპლასტირი აჩვენა.
ნათიას მზერა გაუორდა. ჭრელი, ჭყეტელა ლეიკოპლასტირის ფონზე უფრო ფერმკრთალი მოეჩვენა ლუკას ისედაც გაცრეცილი კანი.
-მაგრამ მერე დეიდამ საწუწნი მომცა. - დაიჩურჩულა ბავშვმა. - და რომელი დასაწებებელიც მინდოდა, ის დამაწება. ნიკოლოზ ბიძიამ ხელი მომკიდა, როცა შემეშინდა. ნემსი წვრილი იყო. იცოდი, მუქი რომაა სისხლი?
-ვიცი, დედი, ვიცი. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა და კაცისაკენ მიატრიალა მზერა. - კი, მაწყობს. - თქვა მან.
-კარგი. ახლა დაიბან? - ჰკითხა ნიკოლოზმა და წარბები შეკრა. - შენთვის უკეთესია. პლუს, არ მინდა ისევ მორთოს ღრიალი ანა-სოფიამ.
რაღა თქმა უნდა. ნათიას ანა-სოფიას მოკრუნჩხულმა, დამახინჯებულმა სახემ გაუელვა გონებაში. წამიერად გადაწყვიტა, რომ სულაც არ სურდა დაბანა, მხოლოდ იმისათვის, რომ ანა-სოფიას ღრიალი წამოეწყო.
თუმცა, რომ არ დაებანა, ქალი... უფრო სწორად, გონებრივად ეს ჯერ კიდევ ჭირვეული ბავშვი მაინც ატეხდა ყვირილს. ჰოდა რა საჭირო იყო?
სულაც არ უნდოდა შხაპი. წლები იყო, რაც ნორმალურ აბაზანაში არ ყოფილიყო და ვერც კი წარმოედგინა, თუ როგორი იქნებოდა ცხელი წყლის ქვეშ დგომა.
ალბათ ჭუჭყთან ერთად მატლები და ტილებიც გაჰყვებოდნენ წყალს.
ქალს შეაჟრჟოლა.
-რა სჭირს ანა-სოფიას? - იკითხა უცებ ლუკამ და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალები მიაპყრო ნიკოლოზს. - რატომ ყვირის? ავადაა?
კაცს სახე შეეცვალა, ყბა მოენგრა, მერე კი ჩაიცინა.
-ჰო, რაღაც მასეთი, ლუკა. - ხმადაბლა თქვა მან, მერე კი ნათიას გადმოხედა უსიტყვოდ. ქალმა წამსვე დახუჭა თვალები. ერთი შეხედვა ამ კაცზე აგონებდა, მისი იდენტური გამომეტყველებისა და მუქი თვალების დანახვა მის სტატუსს აგონებდა, იმას, რომ ის ლუკას მამა იყო.
რატომღაც არ სურდა ამის გახსენება. აღარ სურდა, რომ ამ კაცზე ისე ეფიქრა, როგორც თავისი შვილის ნახევარზე.
-სააბაზანოში პირსახოცებს და ცოტა ტანსაცმელს დავაწყობ. მარჯვნივაა, მეორე ოთახი. ჩემი ოთახის გვერდით. ცოტა ხნით ჩემი ტანსაცმელი გექნება, თუ არ გეწყინება. - დაამატა კაცმა.
ნათიამ თავი დახარა. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა.
-არ მეწყინება. - ამოილუღლუღა მან.
-კარგი. მაშინ მოვამზადებ მე, რაც დაგჭირდება. დროზე გამოდი, მერე ვჭამოთ. - უთხრა კაცმა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ.
როცა კარის მიკეტვის ხმა გაისმა, მერეღა გაახილა ნათიამ თვალები და ლუკას გადახედა, ნაღვლიანად გაუღიმა.
-ნიკოლოზ ბიძია კარგი კაცია. - ჩუმად თქვა ლუკამ. ნათია უფრო მეტი ყურადღებით დააცქერდა შვილს. ახლაღა შეამჩნია, რომ მას აშკარად ახალი, დაკოპლილი მწვანე ზედა და ნეიტრალური, გაცრეცილი ნაცრისფერი შარვალი ეცვა. ფეხზე ზოლიანი წინდები წამოეცვათ.
ნიკოლოზმა ტანსაცმელი უყიდა.
ნათიას რაღაც გაეჩხირა მკერდში.
წარმოიდგინა სცენა, რომ კაცს ლუკა ხელში აეყვანა და მასთან ერთად არჩევდა ტანსაცმელს. სითბოს ნაცვლად სიცივე იგრძნო. არაადეკვატურობა და შეუფერებლობა ჩაეღვარა გონებაში და თითქოს გაყინა, ადგილს მიაჯაჭვა.
ცოტა ხანი ასე იჯდა. საათის ტიკტიკი ესმოდა, მაგრამ არ სურდა აეხედა დროის გასაგებად. ეშინოდა, რომ ისევ დაჟინებით დააშტერდებოდა ციფერბლატი.
-ნიკოლოზ ბიძიამ გიყიდა ესენი? - დაიჩურჩულა მან და ხელები შეუშვა ბავშვს. შერცხვა მის ახალ ტანსაცმელზე თავისი ჭუჭყიანი პალტოს სახელოებით შეხება. ლუკა ოდნავ დაბნეული, მაგრამ თავისი ჩვეული უემოციო სახით უყურებდა.
-კი, მომიტანა. - ხმადაბლა თქვა მან. - პარკით.
ნათიამ თავი დაუქნია, სწრაფად წამოდგა ფეხზე. უნდოდა ლუკას უფრო მაგრად ჩახუტებოდა, ახლოს ჰყოლოდა და დარწმუნებულიყო, რომ ნიკოლოზი არ აპირებდა მის წაყვანას, მაგრამ ვერ შეძლო. ასეთ მდგომარეობაში იყო, ასე ეცვა. აუტანელი სურნელიც ასდიოდა ალბათ. ასე ვერ შეეხებოდა, ვერ დააბინძურებდა ბავშვს.
-დავიბან და მოვალ, დედი. კარგი? - უთხრა მან ბავშვს და კარს მიუახლოვდა. ლუკამ მკრთალად გაუღიმა, შებრუნდა და ენერგიულად აცოცდა ლოგინზე. ნათიას ტუჩები დაეღმიჭა. ორი დღე იყო მხოლოდ, რაც ლუკა ნორმალურად ჭამდა და უკვე უფრო სხარტი და მოღონიერებული ჩანდა.
არ იყო თვითონ კარგი დედა.
კარი გააღო და გარეთ გააბიჯა. მარჯვნივ მეორე კარს მიადგა და შეაღო.
სინათლე ენთო. კუთხეში, ნიჟარასთან ახლოს, ტუმბო იდგა, ზედ პირსახოცები, დაკეცილი მაისური და მუქი ფერის შარვალი გადაეფინათ. ნათიამ მოიხედა, კარი მიხურა და საგულდაგულოდ გადაკეტა.
სააბაზანო მოათვალიერა. ნიჟარის უკან შეამოწმა. ტუმბოშიც. აბაზანის ფარდის იქეთაც, ჭერიც მოათვალიერა.
არავინ ჩანდა, ამიტომ წყალი მოუშვა აბაზანაში. კინაღამ უკან გახტა, როცა მდუღარე წყალი შიშინით წამოვიდა შხაპიდან და გაწვდილი მკლავი დაუწვა.
ცოტა ხანი მოიცადა, სანამ ოთახი ორთქლით აივსებოდა, მერე კი ტანსაცმელი გაიძრო. ერთ პატარა გროვად დატოვა იატაკზე და მობუზული შეძვრა მდუღარე წყლის ქვეშ სისინით.
ცოტა ხანი იდგა. ვეღარ აიტანა და გაანელა. უყურებდა, თუ როგორ მიცურავდა მისგან გაყვითლებულ-გაყავისფრებული წყალი.
რომელიღაც ბოთლს სტაცა ხელი და სწრაფად დაიბანა. გამწარებული იხეხავდა ფრჩხილებით სხეულს.
რამდენიმე მოსტყდა კიდეც.
გაიმშრალა და ჩაიცვა. ისე გრძნობდა თავს, თითქოს რამდენიმე კილო მოაკლდა, ფიზიკურად. მორალურად კი კიდევ რამდენიმე კილო დაემატა მის ტვირთს, როცა გადენილი ჭუჭყის რაოდენობა დაინახა.
იმ ყველაფერს თავის სხეულზე ატარებდა ამდენი ხანი. წარმოდგენაც კი არ სურდა.
ტანსაცმელი ჩაიცვა. ცოტათი დიდი ჰქონდა, მაგრამ სუფთა იყო, სასიამოვნო სურნელი ასდიოდა და რაც მთავარია, აღარ იყო ვალდებული, რომ იატაკზე დახვავებული, თავისი ძველი ტანსაცმელი ჩაეცვა. შეხედვაც კი შეეზარა. არ ესმოდა, თუ როგორ ეცვა ეს ამდენი ხანი.
ცოტა ხანი იდგა. მუქ, დაფლეთილ ტანსაცმელს დაჰყურებდა.
მერე კი, იმის მიუხედავად, რომ უსიამოვნოდ უფუთფუთებდა სხეული ამაზე შეხების გაფიქრებისას, გროვა ხელში აიატაცა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა მისი და ლუკას ოთახში, შეაბიჯა და გროვა პირდაპირ კართან დააგდო, ორი ნაბიჯით შორს დადგა მისგან.
აღარ სურდა შეეხედა.
ლუკასკენ მოატრიალა მზერა.
ბავშვი ლოგინზე მოკალათებულიყო, საბანი ჩაებღუჯა პაწაწინა მუშტებში.
თვალებგაფართოებული შემოჰყურებდა.
ოთახის კუთხიდან ოქროსფერი სინათლე მოდიოდა, რომელიც ლუკას გვერდიდან ეფინებოდა. თითქოს ცეცხლი ეკიდა მუქ ქერა თმაზე.
ნათიას მართლა მოეჩვენა ცეცხლის ალები და ფიზიკურად უნდა დაეძალებინა საკუთარი თავისათვის, რომ წინ არ გამხტარიყო. ნელა ნაბიჯებით მიუახლოვდა შვილს და გაუღიმა.
-დე, ჩემნაირი თმა გქონია. - დაიჩურჩულა ბავშვმა. - თეთრი სახეც. მაღაზიებში რომ იყიდება, იმ თოჯინას ჰგავხარ...
ნათიას ისტერიული სიცილი წასკდა. ეს სასაცილო სულაც არ იყო. მაგრამ საოცარი იყო იმის გაფიქრება, რომ მისმა შვილს მისი ნამდვილი, სუფთა სახე არ დაენახა ამდენი წლის განმავლობაში.
-თოჯინამდე მიკლია, დედი. - უპასუხა ქალმა და მკლავები გამოუწოდა. ლუკა წამსვე მიეხუტა და კისერზე მოხვია ხელები.
ნათიამ ხელში აიყვანა. უფრო მსუბუქი მოეჩვენა. არ იცოდა, თუ რა იყო მიზეზი, ბავშვის გახდომა თუ საკუთარი შემსუბუქება, ამდენი ჭუჭყის მოცილების შემდეგ.
თითქმის დარწმუნებული იყო, რომ საკუთარი შემსუბუქება იყო მიზეზი.
წელში გასწორდა და ნელა მოტრიალდა, როცა მათი ოთახისაკენ მომავალი მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა. წამიერად ინატრა, რომ ნიკოლოზი არ ყოფილიყო.
არ სურდა ახლა კაცის ნახვა.
-მზად ხართ? გავიგონე, რომ გამოხვედი... - თქვა ოთახში შემომავალმა ნიკოლოზმა, კართან მიყრილ ტანსაცმელს დახედა, მერე კი ელვის სისწრაფით ამოხედა ნათიას.
ქალს არ უპასუხია. თავი ოდნავ დახარა, ლუკა უფრო მოხერხებულად აიყვანა ხელში. სურდა თვალები დაეხუჭა, როგორც ადრე, მაგრამ ვერ გაბედა. არც შეეძლო. ნიკოლოზი ოდნავ გაფართოებული, მუქი თვალებით შემოჰყურებდა, რომლებიც თითქოს სახეს უწვავდნენ.
ნათიამ ღრმად შეისუნთქა ცხვირით და ჭერისაკენ აიხედა. დაჟინებით დააშტერდა სითეთრეს, მაგრამ მაინც გრძნობდა მისკენ მომართულ მწველ მზერას. თვალწინ ჩახვეული ჩანაწერით უქროდა ნიკოლოზის ოდნავ გაოცებული, თვალებგაფართოებული გამომეტყველება.
ალბათ გაუკვირდა თითქოსდა უცნობი ქალის დანახვა.
-ნიკოლოზ ბიძია, დედას ჩემნაირი თმა აქვს! - წამოიძახა ლუკამ და ნათიას მოუნდა ბავშვი გაეჩუმებინა, მაგრამ არ გაინძრა. - ხომ ჰგავს თოჯინას?
ნიკოლოზმა გაიცინა, და ნათიამ სწრაფად გადმოხედა მას.
-აბა როგორ. - თქვა მან, მერე კი ოდნავ მოიღუშა, თავი გვერდზე გადასწია და ინტერესით დააცქერდა.
-რისთვის ვართ მზად? - ჰკითხა ნათიამ. არაკომფორტულად იგრძნო თავი. ისევ აშკარა იყო დაძაბულობა ჰაერში, მაგრამ ისიც აშკარა გახლდათ, რომ ეს სხვანაირი დაძაბულობა იყო, რომლის გაქრობისათვის ამწუთას ნათია ყველაფერს იზამდა.
თითქოს ნემსებს ასობდნენ ზურგში. აღარ ჰქონდა ჭუჭყის ფენა თავის დასაფარად.
-საჭმელი მზადაა. - თქვა კაცმა და შებრუნდა. პერანგი იდაყვებამდე ჰქონდა აწეული, ახლაღა შეამჩნია ნათიამ. - მოხვალთ?
ნათიას არაფერი უთქვამს, უკან მიჰყვა.
სახლი სასიამოვნო სურნელით იყო გაჟღენთილი. სამზარეულოში ძლივს შესამჩნევი ორთქლი ტრიალებდა. ყველაფერი სუფთა და გაპრიალებული ჩანდა და ნათიას არ სურდა არაფერს შეხებოდა, სანამ არ გაახსენდა, რომ ახლა მსუბუქი იყო.
აღარ ჰქონდა ჭუჭყი, შეეძლო ყველაფერს შეხებოდა სიბინძურის დატოვების გარეშე.
ქალმა ტუჩი მოიკვნიტა. გარედან კი მოიშორა ჭუჭყი, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შიგნითაც უტრიალებდა სიბნელე.
მაგიდა სამ კაცზე გაეწყოთ. ნიკოლოზმა ქვაბი მაგიდის შუაში გადმოდგა, ხის სადგამზე.
-ანა-სოფია არ მოვა? - იკითხა ნათიამ, ლუკა მის გვერდით დასვა.
ნიკოლოზმა ამოხედა, წამიერად დააშტერდა, მერე კი ოდნავი, მწარე ღიმილით გააქნია თავი.
-არა. ღამე ჭამა უყვარს. ღამე სმაც. - თქვა მან.
-რა სჭირს? - იკითხა ნათიამ. მუცელი უღრუოდა, ვერ ბედავდა კერძის გადაღებას. ნიკოლოზმა დაჭრილი პური დადო მაგიდაზე. ყველიც იდო. ლორი. სალათი. კიტრი და პომიდორი.
რა იოლი ჩანდა მაგიდაზე მათი დადება. უბრალოდ მაცივრის გამოღება და მათი გამოწყობა. უიოლესი საქმე ჩანდა ამ ქვეყანაზე.
ნათიას რაღაც აეწვა შიგნით.
ნიკოლოზმა არაფერი უპასუხა. ხელები ტილოზე შეიწმინდა და ხმამაღალი ქშინვით ჩამოჯდა, მისკენ გამოაპარა მზერა, თვალებით აფასებდა თითქოს.
-გადაიღეთ. - ხმადაბლა უთხრა მან. - სანამ ცხელია. მარილი დაამატე თუ აკლდეს.
ნათიამ ქვაბს თავი მოხადა. კოვზით გადაუღო ლუკას კერძი, ორი ნაჭერი პურიც გადაუდო, მერე კი ცოტა დაისხა თავისთვის.
ვერ ბედავდა ჭამას. ნიკოლოზმა რომ თვალი აარიდა, მაშინღა შეიტენა პირში ხორცის ორი დიდი ნაჭერი და სწრაფად გადაყლაპა.
ყელი ჩაეწვა, მაგრამ ხმა არ გაუღია.
რომ გაეღო, ალბათ კაცი აართმევდა საჭმელს.
-ანა-სოფია ავადაა. - თქვა უცებ კაცმა. ნათიამ მძიმედ გადაიტანა ყელში მესამე ნაჭერი ხორცი და ინტერესით ახედა.
-რა სჭირს? - ხმადაბლა იკითხა მან.
„ლეიკემია.“ გაუელვა თავში. „ლეიკემია. სისხლის კიბო, ლეიკემია, კიბო, კიბო, კიბო....“
-ბავშვი უნდა გვყოლოდა. -თქვა უცებ ნიკოლოზმა. ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა და ნათია უცებ მიხვდა, რომ მას არ სურდა ანა-სოფიას გაეგონა. არ სურდა, რომ ვინმეს გაეგონა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს პირველი იყო, ვინც ამ ამბავს ისმენდა, ამიტომ ხმა არ გაიღო.
სიჩუმე ჩამოვარდა. ნიკოლოზმა შუბლი მოისრისა.
-მერე? - იკითხა ნათიამ.
-მუცელი მოეშალა. - თქვა ნიკოლოზმა და ნათიას ხელები დაეკრუნჩხა. ლუკას განუვითარებელი გვამი წარმოიდგინა და მთელ სხეულში გამყინავმა ჟრუანტელმა დაუარა.
-და ერთხელ კი არა. სამჯერ. მეექვსე, მეთხუთმეტე და მეათე კვირაზე. - კაცმა საფეთქელზე მოიდო ხელი და ნერწყვი გადაყლაპა. ნათია უყურებდა, თუ როგორ აუმოძრავდა მას ადამის ვაშლი. - პირველად რომ ვნახე, კიოდა. სააბაზანოში იჯდა, შხაპის ქვეშ, მუცელზე მოეკიდებინა ხელი და გაუჩერებლად კიოდა. მეორედ, გასული ვიყავით. პირდაპირ შუა ქუჩაში. ჩაიკეცა და დაიკლაკნა. ხმას არ იღებდა, შარვალი სისხლით დაუსველდა. - ნიკოლოზმა ოდნავ ჩაიცინა. - სულ პრინციპული იყო. კბილებს აღრჭიალებდა, ხმას არ გაიღებდა ხალხში. ვერ შეირცხვენდა თავს. მესამედ სასტუმრო ოთახში. ტახტზე. რომ მოვედი, იჯდა. იჯდა და გაშტერებული იყურებოდა, ხელებდაკრეფილი. იატაკამდე ჩამოსულიყო სისხლი.
ნათიას სასტუმრო ოთახში მდგომი ტახტი გაახსენდა. ზედ მჯდომი, მკვდარივით გაფითრებული ანა-სოფია და მის ქვეშ სისხლით მოსვრილი იატაკი წარმოიდგინა.
მუცელში რაღაც გაუცივდა.
-სააბაზანო გამოვცვალეთ. ტახტი გადავაგდეთ. ხალიჩაც. პარკეტი ამაყრევინა. - თქვა კაცმა. - არაფერი მითქვამს. მინდოდა ფსიქოლოგთან მიმეყვანა. რამე თერაპისს კურსი გაევლო. ერთად გაგვევლო, მაგრამ უარი მითხრა.
ნიკოლოზი გაჩუმდა, მაგრამ ნათია რაღაცას გრძნობდა. დაუმთავრებელი იყო. რაღაც აკლდა. ყოველთვის გრძნობდა რაღაცის ნაკლებობას.
-კიდევ არის რაღაც. - დაიჩურჩულა ქალმა.
-მერე ასეთი გახდა. ვუთხარი, აღარ მინდა შენთან თქო. - იმ ღამესვე, სახლში რომ მოვედი, ტახტზე იჯდა, ვენებგადასერილი. იჯდა და იყურებოდა. ისევ დასისხლიანებული ტახტი. ისევ ის გაცრეცილი სახე. - ნიკოლოზმა დაისისინა, სახეზე აუწერელი მრისხანება გამოესახა. - მინდოდა მიმეხრჩო. მინდოდა მიმეტოვებინა. მაგრამ ვერ წარმოიდგენ... ღვინის ბოთლი გადამტვრია და იმით დაესერა მაჯები. ისეთი სახით იყურებოდა... მოკვლა მინდოდა, მაგრამ თავს იკლავდა, ამის უფლებას ვერ მივცემდი. სულ მესამე მოშლის მერე მეჩვენებოდა.
-ახლაც გეჩვენება. - თქვა ნათიამ.
-ახლაც მეჩვენება. - ჩაილაპარაკა კაცმა და გაიცინა. - სულ გამოვცვალე სასტუმრო ოთახი. ისევ ახალი პარკეტი. ახალი ხალიჩა. ახალი ტახტი. ავეჯი. შპალერი. ტელევიზორი. აპარატურა. ფანჯარასაც კი ადგილი შევუცვალე. ავეჯსაც, რომ ოთახი ვერ მეცნო. მაგრამ ისევ ვხედავ ხოლმე და მგონია, რომ ჭკუაზე ვიშლები. - მან ამოიხვნეშა. ნათიამ თავი გადააქნია, ეს კაცი შეშლილს არ ჰგავდა. უბრალოდ შეგუებულს. გამწარებულსა და გაწამებულს. - ძალით მივიყვანე ფსიქოლოგთან. არაფერი. ცოტა ხნით გამოკეთდა. უშველა. მერე ისევ შეუბრუნდა. ისევ თერაპია. მესამე კურსის დროს მითხრეს, რომ უარესდება. თავის თავში იკეტება და სულ იმ მომენტებს იხსენებს.
-და შენ ვერ ტოვებ. - თქვა ნათიამ.
-და მე ვერ ვტოვებ. - გაიმეორა კაცმა. - თავს მოიკლავს, ვიცი. თან ისე, რომ მე ვეღარ მოვუსწრო. პირველი გაფრთხილება იყო. იცოდა, რას აკეთებდა. მეორეჯერ სააბაზანოში ჩაიკეტება, როგორც კი წავალ, და იქ დაიცლება სისხლისგან. დანები მოსწონს.
-არ გინდა, რომ მოიკლას? - იკითხა ქალმა. უნდოდა მეტი გაეგო, იმის მიუხედავად, რომ გული გამალებით უცემდა. გონებაში ანა-სოფიაზე გაგებული ფაქტები მიქროდნენ. ყველა ბნელი, აშმორებული და ბლანტი. როგორც ჩამთევი ჭაობი.
არც კი იყო გასაკვირი, რომ ანა-სოფია ამ ჭაობში ჩაიკარგა.
-არა. - თქვა კაცმა. - ჩემს სინდისზე იქნება. ვერ ვიტან მაგ ქალს. გითხარი, რომ მინდოდა მომეკლა. მაგრამ ვერ შევძელი და ვერც შევძლებ. უნდა იცოცხლოს და თავის დროს ჩაძაღლდეს. მამამისი ამოწმებს ხოლმე. ინვესტორია ჩვენთან. სანამ ცოცხლობს, იქნება კიდეც.
-მისი ფული გინდა? - ჰკითხა ნათიამ.
-არა. - თავი გააქნია კაცმა. - მაგრამ თავს ვარწმუნებ, რომ ესაა მიზეზი.
მერე კი გაჩუმდა. ლუკა წყნარად, თავისთვის მიირთმევდა კერძს.
ნათიამ მეოთხე ლუკმა შეიგდო პირში.
დაგუდული სიჩუმე ჩამოვარდა.
ნათიამ კი მკრთალი, ძალიან ძველი, ცხელი მეტალის სურნელი იგრძნო ჰაერში.

-*-*-*-*-*-7
ნათიამ გამეტებით მოუსვა ჭუჭყიანი, სანახევროდ დაფლეთილი ჩვარი ოთახის კუთხეში, ჯიუტ ლაქაზე. თითქმის ხუთი წუთი იყო, რაც მას ხეხავდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ამოიყვანა ღია ფერის კაფელიდან ლაქა.
უსიამოვნო ფერის, მოყვითალო, ოდნავ წებოვანი ლაქა, რომელსაც უამრავი მტვერი, თმა და სიბინძურე მიჰკვროდა ზედ, და ახლა მუქ, მომწვანო საზიზღრობას ჰგავდა.
ნათიამ ტუჩი მოიკვნიტა. გული ერეოდა, მაგრამ ქშენით დაიხარა და უფრო მაგრად დააწვა გაცრეცილ ჩვარს. თითების მყიფე სახსრები მტკივნეულად გაუტკაცუნდა, და იგრძნო, თუ როგორ დაეხახუნა მათზე გადაკრული, გაუხეშებული, დაჭიმული კანი იატაკს. კანი ასტყავდა და აუტანელი ტკივილი იგრძნო.
მომწვანო სისაზიზღრეს სიწითლეც შეემატა.
ნათია თვალებგაფართოებული ქშინავდა, თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა და წამიერად იგრძნო, რომ ვეღარ სუნთქავდა, თითქოს რაღაც აჯდა მკერდზე და შესუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
მომწვანო-მოწითალო ლაქა თითქოს გაიბნა, გალღვა მის ზედვაში, გარშემო სუფთა კაფელს შეერია, სანამ ნათია ყველგან ხედავდა ამაზრზენი ფერის მასას. გამწარებით ეცა ყველგან, რომ მოეშორებინა, რომ განერიდებინა მისგან, რომ აღარ დაენახა სუფთა იატაკის წამბილწველი საგანი, რომ დაემტკიცებინა, რომ მის მოსაშორებლად ძალა ჰქონდა. რომ გააჩნდა სიძლიერე ამ პატარა საქმის გასაკეთებლად. ამ პატარა ლაქის მოსაშორებლად.
ხელი წამიერად გაუქვავდა და სწრაფად გადაჰყო მის გვერდით მდგარ, ჭუჭყიანი წყლით სავსე ვარცლში. ცივმა წყალმა გახურებული სახსრები დაუამა და აუწვა.
ლაქა. ასეთი პატარა რამის, ლაქის ამოყვანა არ შეეძლო.
ლუკა წარმოიდგინა. მისი პატარა სხეული, რომელიც ზომით პატარა, მაგრამ მომაკვდინებელ დაავადებას ებრძოდა. თავისი უძლურება გაახსენდა.
თვალები მაგრად დახუჭა და ლაქაზე დადო თავი. სულაც არ უნდოდა, რომ სამსახურში ეტირა და აქედან გამოეგდოთ კლიენტების შეწუხებისათვის. მითუმეტეს, როცა ვატო სულ ქორივით დაშტერებოდა თავზე.
ნათია ახლაც გრძნობდა მის მზერას.
კაცი ახლოს ჩაუვლიდა ხოლმე. რამდენჯერმე შეეხო. ნათიამ ტუჩი მოიკვნიტა, სანამ კინაღამ არ მოადგა სისხლი. სულ ოთხჯერ. ერთხელ თავზე. მკლავზე. იდაყვზე. თეძოზე. ნათია ამჩნევდა. კაცს სურდა ეს შეხებანი შემთხვევითობებად გაესაღებინა, მაგრამ ნათია ხვდებოდა.
ვატო რამდენჯერმე გამოელაპარაკა. სულ უყურებდა.
ნათიას გააჟრჟოლა. ტყვია ჩაეღვარა მუხლებში, იმ ადგილებში, სადაც ვატოს ხელი იგრძნო, თითქოს ჭინჭრის ფოთლებმა დასუსხეს. აუტანლად მოეფხანა, მაგრამ არ გაინძრა. შუბლზე ცივი ოფლი მოადგა.
ნელა წამოდგა და საათს გადახედა. შემოსასვლელთან დაკიდებული საათი ტიკტიკებდა და მისი სამუშაო დღის დასასრულის მოახლოებას ამცნობდა. ფეხზე წამოდგა და სასწრაფოდ ჩაწურა ჩვარი ვარცლში.
ერთი თვე გავიდა უკვე. ერთი თვე ნიკოლოზთან, მისი შვილის მამასთან ცხოვრებაში. ერთი თვე, რაც კაცმა ისინი იპოვა და ავადმყოფი ბავშვის გულისათვის შეიფარა ორივე.
სამი კვირა, რაც ლუკამ ანტიბიოტიკური თერაპია დაიწყო.
ნიკოლოზმა უთხრა, მისი ამოვარდნის შემდეგ, მეორე დღეს, უფრო დეტალურად თერაპიის შესახებ. ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ლუკა უკეთესად იქნებოდა. საავადმყოფოში წოლითი რეჟიმი არ იყო საჭირო, და ნათია ალბათ არც კი მისცემდა ნიკოლოზს უფლებას ლუკა იქ წაეყვანა. წამდაუწუმ ის მჟავე, მედიკამენტების სურნელი და სქელი, ბალთებიანი, თეთრი ფეხსაცმელი ახსენდებოდა, რასაც ვერაფრით ვერ აიტანდა.
ანა-სოფია ისევ უკმაყოფილო იყო. ისევ კიოდა ხოლმე. ნათიას ესმოდა, თუ როგორ ჩხუბობდნენ ანა-სოფია და ნიკოლოზი ღამღამობით. სასაცილოც კი იყო ეს სიტუაცია. ორი ადამიანი, რომელთაც ერთმანეთი აბსოლუტურად ეზიზღებოდათ, ერთმანეთთან ყოფნას ვერ იტანდნენ, მაინც ერთად იყვნენ. ამაზრზენი იყო მათი ქცევა.
ანა-სოფია დღეში ერთხელ, რამდენიმეჯერ თუ არა, გემრიელად გამოლანძღავდა. რაღაც გაუგებარს გაჰკიოდა ხოლმე. ნათია ცდილობდა, სიტყვებისათვის მოესმინა, გაეგო, თუ რას ამბობდა იგი, მაგრამ არაფრით არ გამოსდიოდა. როგორც კი ანა-სოფია კივილს იწყებდა, მაშინვე წარმოიდგენდა შხაპში ჩაკეცილ, შიშველ, მუხლებგადატყაულ და სისხლში მოსვრილ ქალს, და მაშინვე ცივი, საშინელი ჟრუანტელი უვლიდა ზურგში. სიმწრის ოფლი ასხამდა. ლუკასთვის ყოველთვის კარგი უნდოდა, სულ მის კეთილდღეობაზე ფიქრობდა, ბავშვი მისი დამხმარე, იმედი და მომავალი იყო. არასოდეს შეჩერებულიყო და წარმოედგინა, თუ რა იქნებოდა, ის რომ არ დაბადებულიყო საერთოდ. თვითონაც რომ ჩაკეცილიყო შუა ქუჩაში და კივილი წამოეწყო ხორხიდან ამომავალი აუტანელი ტკივილისაგან.
ალბათ მართლა შეიშლებოდა ჭკუაზე, მის ქვეშ დაღვრილი სისხლი, სიწითლით გაჟღენთილი ქვაფენილი რომ დაენახა და მნიშვნელობას მიმხვდარიყო. ისედაც ვერ იყო, მაშინ კი მთლად გადავიდოდა ჭკუიდან.
თავი გადააქნია, ვარცლი ხელში აიტაცა. ლაქას ზურგი შეაქცია. უსიამოვნოდ ეჭიმებოდა მკერდი. არ სიამოვნებდა, რომ იატაკს ასე ტოვებდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
„ხვალ დავამთავრებ.“ შეჰპირდა საკუთარ თავს.
ჭურჭლისა და უნიფორმების შესანახი კარადისაკენ გაემართა. ვარცლს კართან დადგამდა და გამოცვლის შემდეგ მიხედავდა.
კარი შეაღო. ვარცლი დადო.
სანამ მოახერხებდა შიგნით შესვლას და კარის ჩაკეტვას, ხელი ჰკრეს და ძალით შეაგდეს შიგნით. გაოცებული, მკვეთრი სუნთქვა აღმოხდა, მაგრამ ხმა არ გაუღია. ასეთ მოქცევას მიჩვეული იყო ქუჩაში. იშვიათად ხდებოდა, მაგრამ მაინც. ხელს ჰკრავდნენ. შეაგინებდნენ, გამოლანძღავდნენ. ხმა არ გაეღო. არ უნდა ეყვირა. ისედაც საკმარისი სიძულვილით უყურებდა ხალხი.
არავის ესიამოვნებოდა მისი აწეული ხმის გაგონება. არავინ მოვიდოდა დასახმარებლად.
და როცა ვატომ კარი ჩაკეტა მის უკან, მისკენ წამოიწია და კუთხისაკენ მიიმწყვდია, ნათიას ხმა არ გაუღია. არც სურდა, რომ ამოეღო.
რატომღაც ახლა გაუელვა იმ აზრმა, რომ ეშინოდა. ეშინოდა იმის, რომ დაიყვირებდა, შველას ითხოვდა და არავინ მოვიდოდა. რომ არავინ დაეხმარებოდა, და ეს უფრო გაუტეხავდა გულს. ეს უფრო დაუკარგავდა იმედსა და რწმენას. ალბათ ამას ვერ აიტანდა.
ვატომ მის კისერში შერგო თავი. წინა ღამით დაბანილ კანს თავისი ტუჩებით აბინძურებდა. აჭუჭყიანებდა და ბილწავდა. რამდენი ხანი იყო, რამდენი ხანი, რაც ასეთი შეხება განეცადა ქალს. ალბათ მხოლოდ ერთხელ, ნიკოლოზთან, და ისიც კი არ ახსოვდა. ახლა კი ვერაფერსაც ვერ გრძნობდა, ზიზღისა და აუტანელი, სხეულზე მოფუთფუთე ბინძური მატლების გარდა.
-ვიცი, რომ გინდივარ, - ჩურჩულებდა კაცი და გახელებული უსვამდა სხეულზე ხელებს, ყველგან უფათურებდა და ნათიას მჟავე გრძნობა მოაწვა კისერში. უნდოდა საჭმელი წამოეღო. ერწყია. განძრეულიყო.
მაგრამ ვერ ინძრეოდა. ქვასავით გაშეშებული იდგა, ამაზრზენი გრძნობისაგან პარალიზებული. ვატომ კედელზე მიაყუდა, მთელი სხეულით აეკრო ქალს.
-რომ იხრები და ეს დაწყევლილი კაბა რომ გეწევა... მითხარი, შე ქუჩის ქალო, რომ მიწვევდი... მთხოვდი... ვხედავდი, რომ გინდოდა... - კაცმა კბილები გააშიშვლა მის კანთან ახლოს, უხეშად მოჰკიდა თავში ხელი და მძლავრად აარახუნებინა კედელზე. ნათია შეკრთა, ტკივილისაგან იმდენად არა, რამდენადაც მოულოდნელი ხმაურისაგან. მასთან ახლოს, თაროზე დაწყობილი თეფშები გაწკრიალდნენ.
მერე კი ვატომ ფეხი ბარძაყებშუა შეუცურა, ხმადაბალი გმინვა აღმოხდა, მაგრად სტაცა თეძოზე მკლავი და ახლოს მოიზიდა, მეორე ხელი კი ნათიას კისერთან შეკრული ელვა-შესაკრავისაკენ აფათურდა.
ნათიას უცებ ნიკოლოზი წარმოუდგა თვალწინ. მისი სახე, ახალგაზრდული სახე. ადრე სულ ღრუბლებში ცურავდა თითქოს, ნისლში ხედავდა მას, ბუნდოვნად ახსოვდა. მაგრამ ახლა დაინახა. ის სამი ხალი. შუბლზე მიკრული, ცხელი ოფლისაგან სველი თმა და სითბო.
ახლა სიცივეს გრძნობდა მხოლოდ. თითქოს სხეული გათიშვოდა.
მერე კი ვატომ ერთი მძლავრი მოძრაობით ჩამოჰქაჩა მისი ელვა-შესაკრავი, რომელიც შუა გზაში გაიჭედა. მის მხრებთან.
ეს ნიშანი იყო.
თითქოს რაღაც აუფეთქდა ქალს მკერდში.
ასე სწრაფად არ ახსოვდა, რომ ოდესმე ამოძრავებულიყო. ელვის სისწრაფით სტაცა ყველაზე ახლოს დადებულ ორ თეფშს ხელი და მთელი ძალით დააფშვნა ვატოს თავზე.
კაცმა წამოიყვირა, თავზე ხელი იტაცა, მოშორდა. უკან წაბარბაცდა და ნათიამ აუტანელი შვება იგრძნო. ახლაღა იგრძნო შიში. ახლაღა აუკანკალდა მუხლები.
კიდევ ერთი თეფში აიღო და მძლავრი, გვერდული გაქნევით გადაალეწა ვატოს თავზე აფარებულ ხელზე. მას ხელები დაესერა. თითებშუა სისხლმა გამოჟონა.
კაცმა ბღავილი წამოიწყო.
ნათიამ ნაბიჯების ხმა გაიგონა. ესმოდა, როგორ ეძიძგილავებოდნენ საკეტს.
წამსვე მოხიკა თავისი ნივთები. საკეტი გადაატრიალა, და მკვეთრი მოძრაობით გააღო, მერე კი კართან შეგროვილი რამდენიმე ადამიანის განცვიფრებული მზერისათვის ყურადღება არ მიუქცევია, მაშინვე სირბილით გაემართა კარისაკენ.
ორი ნაბიჯი არ გაევლო ქუჩაში, რომ ლულუს შეეჩეხა. ქალი ახლა მოდიოდა კაფეში. ალბათ სიტუაციის შესამოწმებლად.
ნათიას უნდოდა ერბინა, სანამ არ დაეცემოდა, ქანცგაწყვეტილი, ცეცხლმოკიდებული ფილტვებითა და მუხლებში ჩასხმული მდუღარე ტყვიით, მაგრამ მაინც შედგა. აუტანელი სურვილი გაუჩნდა, რომ ვინმესთვის მოეყოლა, რაც ახლა მოხდა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ამას არასოდეს გააკეთებდა.
-ნათია! -გაუცინა ლულუმ, თავზე ქოლგა წამოეფარებინა და ნათია ახლაღა მიხვდა, რომ ისევ წვიმდა. არც კი იყო გასაკვირი უკვე. - დაამთავრე ხომ?
-კარგად ვარ. - უპასუხა ნათიამ. უბრალოდ სურდა ეს სიტყვები ეთქვა. უფრო საკუთარ თავს ეუბნებოდა, საკუთარ თავს აჯერებდა, ვიდრე ლულუს. ქალმა კოხტად გამოყვანილი წარბები ასწია, მერე კი კოპები შეკრა.
-ნათია, მოხდა რამე? - ჰკითხა მან. - გაფითრებული ხარ...
-არაფერი არ მომხდარა. - უპასუხა ქალმა. - არაფერი... სულ არაფერი, გესმის? არაფერი არ მომხდარა...
ზარმა გაიჟღარუნა. ნათიას გმინვა აღმოხდა, მუცელი გაუცივდა. განცვიფრებულ, კაფესაკენ მიტრიალებულ ლულუს გვერდი აუარა და მთელი ძალით გაიქცა. აყრილი ფილაქანი ტრიალდებოდა და ფეხებზე ჭუჭყიან წყალს აშხეფებდა.
წვიმდა. სასიამოვნო იყო წვიმის შხაპუნი. მას თან ერთვოდა უკნიდან მომავალი, ვატოს ლანძღვა-გინების ხმა, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა.

-*-*-*-*-
ნათია ვერ იძინებდა.
სასაცილო იყო. სულ ვერ იძინებდა ხოლმე, თვალებამოღამებული იღვიძებდა, მაგრამ ახლა სულ სხვა იყო.
ზურგზე იწვა. მის გვერდით ლუკა მოხვეულიყო, მასთან ახლოს. ერთ ბალიშზე ედოთ თავები. ერთი საბანი ეფარათ.
ლუკას ეძინა. ტკბილად ფშვინავდა. ლოყები ასწითლებოდა.
ნათია ჭერს უყურებდა. ვიღაცამ მანქანა დაქოქა ალბათ გარეთ, სინათლე შემოიჭრა მის ოთახში, მოძრავ ჩრდილებს აჩენდა.
ნათიას ვატო მოეჩვენა კუთხეში. მისი მოფათურე ხელებითა და ბინძური სიტყვებით. იგრძნო, როგორ აუჩქარდა სუნთქვა შიშისაგან.
არა. არ უნდა შეშინებოდა. ეს უბრალოდ ილუზია იყო. მხოლოდ და მხოლოდ ჰალუცინაცია, რომელსაც იოლად დაამარცხებდა, როცა მოუნდებოდა. მისი გონების ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ.
ისევე წაშლიდა მომხდარს თავისი გონებიდან, როგორც ის ლაქა მოაშორა ღია კრემისფერ კაფელს.
ვატო ისევ იქ იდგა. იღიმებოდა. ბოროტულად არა, ტუჩის კუთხეები აეწია და ცარიელი თვალებით უყურებოდა.
ნათიას გააჟრჟოლა. სწრაფად გადმობრუნდა, მზერა აარიდა მას.
ლუკა შეინძრა მის გვერდით.
-დე... - დაიჩურჩულა ბავშვმა და ტუჩები გაბუსხა, თვალები გაახილა, მამამისის მზერით ამოხედა. ლოყაზე სამი ხალი ჰქონდა.
-ჰო, დედი? - ჰკითხა ქალმა.
-მწყურია. - თქვა ბავშვმა და თვალები მოისრისა თავისი პატარა მუშტით.
-წამოდი მერე, და დავლიოთ. - უთხრა ქალმა, და ხელები მაგრად მოსჭიდა, ხელში აიყვანა და მაგრად მიიხუტა გულზე. კუთხეში მდგარ ვატოს გვერდი აუარა, არც კი შეუხედავს ზედ. ლუკასთან შეხებამ დაამშვიდა. თითქოს ვატოც ქრებოდა.
სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა კიბეები. ფრთხილობდა. ეშინოდა, რომ ანა-სოფია ისევ ფეხზე იქნებოდა და მოუწევდა მისთვის ადგომის მიზეზის ახსნა. ქალი ისევ ამბავს ატეხდა, ნათიას კი ნამდვილად არ სჭირდებოდა მისი კივილის კიდევ ერთხელ გაგონება.
საბედნიეროდ, ქვემოთ არავინ იყო. ბუნდოვნად გრძნობდა ვატოს მზერას ბნელი კუთხეებიდან. შეაჟრჟოლა.
შუქი აანთო სამზარეულოში და სწრაფად ჩამოასხა ცივი წყალი ონკანიდან. ლუკამ ორივე ხელით დაიჭირა ჭიქა, ხარბად დაეწაფა წყალს.
ნათია სკამზე ჩამოჯდა ცოტა ხნით. ლუკა სვენებ-სვენებით სვამდა წყალს.
მალევე მორჩა. ნათიამ შუქი გააქრო, და სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, რომ ზემოთ ასულიყვნენ.
მერე კი მოესმა.
კარის ჩხაკუნი.
ქალმა მკვეთრად შეისუნთქა, კინაღამ კივილი აღმოხდა. „ვატო. მომადგა. იცის, სადაც ვარ. მიპოვა, მომაგნო, მიპოვა...“
მთვრალი, არეული სიცილი გაისმა გარედან. ორი თუ სამი იქნებოდნენ. ნათიამ ნიკოლოზის ხმა იცნო და მუცელში გაჩენილი კვანძი გაეხსნა.
კარი ჩხაკუნით გაიღო. ნიკოლოზი შემობანცალდა. მას ორი სხვა მამაკაცი შემოჰყვა.
სამივენი მთვრალები იყვნენ. გალეწილები. ადგილზე ქანაობდნენ, რაღაც გაუგებარს ლუღლუღებდნენ, და ცდილობდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, იმის მიუხედავად, რომ არ გამოსდიოდათ.
ნიკოლოზმა შუქი აანთო. თავი ააღირა.
-ოე! - დაიღრიალა მან და ნათია კინაღამ ადგილზე შეხტა. იგრძნო, თუ როგორ შეცბა ლუკა მის მკლავებში და როგორ მოიბუზა. ასეთ ნიკოლოზს პირველად ხედავდა. - ოე, შე კა**ა შენა... ჩამოეთრიე ძირს, შე ბო...
ნიკოლოზს სიტყვა გაუწყდა, როცა ნათიას ჰკიდა მზერა. მან თვალები მოჭუტა და დაჟინებით დააშტერდა.
-ესაა? - წაილუღლუღა ერთმა. - ესაა შენი ქალი? და... - მან ამოაბოყინა და სიცილი აუტყდა. - ის ლაწირაკი? შ-შვილი გყავს, ?
-შვილი არა ისა... - გაეცინა ნიკოლოზს, მერე კი ხმამაღლა გადაიხარხარა. ნათიას მოეჩვენა, რომ სახლმა მისი სიცილის ექო გამოსცა და შეაჟრჟოლა. - მე სამივე შვილი მყავდა და ყველა მკვდარია, გაიგე, ბიჭო? - ნიკოლოზმა დაასლოკინა, მის თანმხლებს მხარზე დაუტყაპუნა ხელი. - სულ იმ კა**პას ბრალია, იმ საქონლის... შეღებილი ძროხა...
-ეს ვინღაა? - წაილუღლუღა მეორემ, და ნიკოლოზმა ჯერ მისკენ მიატრიალა დასისხლიანებული თვალები, მერე კი ნათიას მიაბჯინა მზერა.
ქალს სუნთქვა შეუკრთა.
-ეს ის ქუჩის ქალია. - ხმადაბლა თქვა მან.
სიჩუმე ჩამოვარდა. ნათია ვერ ინძრეოდა. გრძნობდა, თუ როგორ კრთებოდა მის მკლავებში ლუკა, მაგრამ ფეხები ვერ გაენძრია. მოეჩვენა, რომ ისევ ვატო აკავებდა, ისევ გაყინულიყო და ვერ ინძრეოდა, ისევ ჩაღვროდა ტყვია მუხლებში.
-ესაა? - ამოილუღლუღა კაცმა, და მოულოდნელად, ელვის სისწრაფით გამოემართა ქალისაკენ. ნათია შეცბა და გაქცევა სცადა, მაგრამ კაცმა მკლავში სტაცა ხელი.
-ესაა შენი ახალი კა**ა? ჰა? - დაიღმუვლა კაცმა, მერე კი მეორე ხელი სახეში სტაცა, ბინძური ცერი ტუჩებზე აუსვა და ჩამუქებული თვალებით დააშტერდა. - ლამაზი პირი გიჩანს, გოგო...
ნათიამ ხელი ჰკრა. მერე კი მთელი ძალით გაარტყა სახეში. ლუკას თვალწინ ამას ვერ მოითმენდა.
ვატო იცინოდა კუთხიდან. ხმამაღლა. ნათიამ რეკვა გაიგონა ყურებში.
-რას აკეთებ, გოგო? - იღრიალა ნიკოლოზმა, არეული ნაბიჯით წამოვიდა მისკენ. - მე... მე აქ სტუმარი მოვიყვანე, შ-შენ კი ხელს წევ მასზე? გინდა გაგასილაქო?
-თავი დამანებე. ჯანდაბაშიც წასულხართ სამივე. - დაუსისინა ქალმა, ცდილობდა ხმაში გამბედაობა ჩაექსოვა, იმის მიუხედავად, რომ შიგნით ყველაფერი უთრთოდა.
-გესმით? რაებს წიკვინებს? - ნიკოლოზმა თავის დამქაშებს გადახედა განცვიფრებული მზერით. - რაებს მიბედავს ჩემს საკუთარ სახლში... შენი დედაც ვატირე, გოგო! ქუჩის ქალებისგან ბრძანებებს არ ვიღებ გასაგებია?
ნათიამ მის სახეზე შემოლაწუნებული სილა უფრო გაიგონა, ვიდრე იგრძნო. ლუკამ ხმამაღლა შეისუნთქა და ისტერიული ტირილი მორთო. ნათია გაქვავებული იდგა, თმა სანახევროდ ჩამოშლოდა სახეზე და ჯიუტად მიშტერებოდა ნიკოლოზს.
სახე აეწვა. არა მარტო სილაგაწნული მხარე. მთელი სახე სტკიოდა, ეწვოდა, სირცხვილისა და უძლურობისაგან.
ცრემლებიც მოადგა. ლუკას ხმამაღალი ტირილი გულს უკლავდა.
-აუ, შეხედე, ტო, მგონი იტირებს ახლა... - ამოიხვიხვინა ერთმა, და სიცილი აუტყდა.
ნათიამ მკვეთრად შეხედა. ცრემლებს ყლაპავდა. ლუკა ისევ აგრძელებდა ხმამაღალ ტირილს, რომელიც თითქოს ნემსებად ესობოდა ნათიას სხეულზე.
-აუ, გააჩუმე რა, ეგ ლაწირაკი, თორემ ჩემი ხელით გავაჩუმებ! - მისკენ წამოიწია მეორემ და ნათია წამსვე უკან გახტა. ნიკოლოზი გაინძრა, მისკენ გადმოდგა ნაბიჯი, მაგრამ ქალი სწრაფად შებრუნდა. ბრახუნით აირბინა კიბეები, და კორიდორში ელვის სისწრაფით გავარდა.
ქვემოთ ამაზრზენი სიცილი ისმოდა.
ნათია დაწვა. ლუკას მთელი ძალით იხუტებდა. არავის მისცემდა უფლებას ბავშვისათვის ეტკინა. ლოგინში მობუზულიყვნენ ორივენი, ქალმა კარი ჩაკეტა და ზედ ტუმბო მიაყუდა. ფანჯარაც დაკეტილი იყო.
მხოლოდ ვატო იდგა კუთხეში.
ნახევარი საათი კანკალებდნენ ნათია და ლუკა ერთად, სანამ ქვემოდან ბოთლების მსხვრევის ხმა ისმოდა, მანიაკალურ სიცილსა და ლანძღვა-გინებასთან ერთად.
მერე კი ნაბიჯები კიბეზე ამოვიდნენ. მოუახლოვდნენ მათ ოთახს. კარზე ჯახუნი ატყდა.
-გააღე! - ღრიალებდა ნიკოლოზი. - კარი გააღე, თორემ ჩამოვიღებ, გესმის?!
ვერ ჩამოიღო. კარგა ხანი აბრახუნებდა. ეძიძგილავებოდა სახელურს, ფხაკურობდა საკეტთან. ცოტა ხნის შემდეგ დათაფლული ხმით ეცადა ჯერ ნათიას, მერე ლუკას გამოტყუებას, მაგრამ არ გამოუვიდა.
დილის ხუთ საათამდე, როცა მზე უკვე იწვერებოდა, ნიკოლოზი მათ კარზე აბრახუნებდა.
ხუთ საათამდე თვალი არც ერთს არ მოუხუჭავს.
ლუკას ექვსის ნახევარზე დაეძინა.
ნათიას არ დასძინებია.
თვალიც კი არ მოუხუჭავს.
კარს იქით, ნიკოლოზთან ერთად ვატოც წარმოედგინა.

-*-*-*-*-*-8
ნათიამ ათის ნახევარზე ძლივს წამოსწია თავი ლოგინიდან. გაშტერებული მისჩერებოდა კარს, თვალს ვერ აშორებდა, ეშინოდა, რომ როგორც კი მოწყვეტდა მზერას, მაშინვე ვატო, ნიკოლოზი და მისი ორი მეგობარი შემოცვივდებოდნენ.
გააჟრჟოლა და ლოგინზე ფრთხილად წამოჯდა. მის გვერდით მწოლიარე ლუკა შეინძრა და მილულული თვალებით ამოხედა.
-დედაა... - დაიჩურჩულა მან და წამოიწია, ხელები მაგრად მოხვია და მიეხუტა. ქალმა ფრთხილად გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი, თან ყველანაირად ცდილობდა, რომ კარისაგან მზერა მოეწყვიტა. კუთხეს გადახედა.
იქაც იდგა ვატო, და ნათიამ წამსვე დახუჭა თვალები, მთელი ძალით. სახე ლუკას თმაში ჩარგო.
-დეეე, ლოყა ლურჯი გაქვს... და დიდი... - უთხრა უცებ ბავშვმა და ნათიამ ოდნავ უკან დაიწია, მარცხენა ლოყაზე ხელი აისვა.
სახის ეს მხარე უხურდა. საშინლად ჰქონდა გასიებული. როგორც ლუკამ თქვა, ალბათ სისხლიც ჩაექცეოდა.
ერთ უხეშ ხელის მოკიდებაზე ექცეოდა სისხლი. გასაგებიც კი იყო, რომ ასეთი გარტყმა თავის კვალს დატოვებდა.
ძალიან შესამჩნევ კვალს.
ნათიას სასმელი მოუნდა. რაც აქ მოვიდა, ბევრი არ დაულევია, ჩუმ-ჩუმად სვამდა ხოლმე ანა-სოფიას მიერ მაგიდაზე დატოვებულ ღვინოს. ისე არ შეეძლო. მაგრამ ახლა ერთიანად მოაწვა ნდომა. უნდოდა ძლერი ალკოჰოლის წვა ეგრძნო ყელში და სხეულში სასიამოვნო სითბოს გაშლა განეცადა. უნდოდა, რომ აღარ ეფიქრა.
მომღიმარ ვატოს გადახედა. მისი დანახვა აღარ უნდოდა. ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, თორემ ცოტაც და კაცის მიმართულებით გადააფურთხებდა ალბათ.
ნიკოლოზი. ნათიას სუნთქვა შეუკრთა, ძლივს ამოისუნთქა და ლუკას თავი უფრო მაგრად მიიხუტა მკერდზე. აშკარა იყო, რომ ნიკოლოზი მთვრალი იყო წინა ღამეს. ასეთი რამ მას არასოდეს გაუკეთებია, და ნათიას ჯერ კიდევ არ სჯეროდა მომხდარს. არ სურდა დაეჯერებინა ის ფაქტი, რომ მამაკაცმა, რომელმაც ისინი შეიფარა და მისი შვილის მკურნალობის საფასურს იხდიდა, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა, ასე დაამცირა. მასზე ხელი ასწია.
ნათიამ მძლავრად დაახამხამა თვალები და პირდაპირ ვატოს ჩააშტერდა, ყურადღებით. კაცის გამოსახულება თითქოს ნისლში ცურავდა, თვალები ცარიელი და ჩაცვენილი მოუჩანდა. ქალმა მის თავში ჩარჭობილი თეფში წარმოიდგინა. სახეზე ჩამოგორებული სისხლი. თითებს შორის გამოჟონილი ბლანტი სითხე.
ნათია გამოერკვა. თუმცა უნდა სცოდნოდა. ნიკოლოზმა აღიარა, რომ ანა-სოფიას მიხრჩობა უნდოდა. ქალი მის სიტყვებს სხვა დროს სერიოზულად არ მიიღებდა, მაგრამ ახლა გამონაკლისი იყო. ნიკოლოზს მართლა სურდა ანა-სოფიას მოკვლა. ქალი, რომელსაც მის სამ შვილზე მოეშალა მუცელი. სუიციდური ქალი, რომელიც თავს მოიკლავდა, თუ ნიკოლოზი მას მიატოვებდა. ქალი, რომელიც ნიკოლოზს ტანჯავდა და პროცესში თვითონაც იტანჯებოდა.
ანა-სოფია, ნიკოლოზი, თვითონ. ნუთუ ეს შესაფერისი გარემო იყო ლუკასათვის? სულ ეგონა, რომ მხოლოდ ანა-სოფია იქნებოდა აქ გადმოსვლის შემდეგ პრობლემა, მაგრამ ეს წარმოდგენა არასწორი აღმოჩნდა, ნიკოლოზმაც გამოავლინა თავისი სიბნელე. აღარ მიაჩნდა, რომ ეს ადგილი რომელიმესათვის უსაფრთხო იყო.
იქნებ გაქცეულიყო. ასე აჯობებდა. წამიერად ერჩივნა, რომ ნიკოლოზის სახის დანახვის ნაცვალად ქუჩაში ეცხოვრა, მერე კი მწველმა სინდისმა დაუწყო ქენჯნა. ნიკოლოზი ჯერ კიდევ საჭირო იყო, თვითონ უნდოდა ეს თუ არა. ლუკა იდგა პირველ ადგილზე მის ცხოვრებაში, ბავშვს კი კარგი ჭამა და თერაპია სჭირდებოდა.
ნათია უცებ გაქვავდა. იქნებ ნიკოლოზს მობეზრდა მათი აქ ყოფნა? იქნებ წინა ღამე მისი ნამდვილი გრძნობებისა და სურვილების მანიფესტაცია იყო? „მთვრალი კაცი სიმართლეს ამბობსო“, გაიფიქრა ქალმა და ყველაფერი აუკანკალდა. ნიკოლოზი სახლიდან გაგდებას უპირებდათ.
კუთხეში, ვატომ იმ ამაზრზენი სიცილით გადაიხარხარა, გუშინ ღამით რომ ესმოდა ქვემოდან, რასაც ბოთლების მტვრევის ხმა შეერია. ნათიას ისევ ზარების რეკვა აუტყდა ყურებში.
-მოკეტე. - დაუსისინა მან ვატოს, რომელიც ისევ აგრძელებდა ხარხარს, ხახა დაეღო და შეუჩერებლად იცინოდა.
-დეე? - მოესმა ნათიას ხმა და სწრაფად დაიხედა, ვატოს სიცილი და ზარები თითქოს გაქრნენ. ბუნდოვნად მაინც გრძნობდა მათ, მაინც ესმოდა მათი, მაგრამ თითქოს გაქრნენ. ეს საკმარისი იყო.
-ჰო დედი. ყურადღება არ მომაქციო, ვფიქრობ რაღაცებზე. - უთხრა მან ბავშვს ხმადაბლა.
-უნდა წავიდეთ? - ჰკითხა უცებ ლუკამ და ნათიას ყველაფერი ამოუბრუნდა მუცელში. ძალაუნებურად ძელსკამის გამოჩრილი რკინა, ქუჩაში მიმოყრილი ბოთლის ნამტვრევები და მუცლის გვრემა წარმოიდგინა.
-ალბათ მოგვიწევს, დედი. - უთხრა ქალმა. არ სურდა, რომ ბავშვი მოეტყუებინა. ლუკა ისედაც მიხვდებოდა.
მერე კი ხმადაბალი კაკუნი გაისმა კარზე. სამჯერ ფრთხილად დაჰკრეს ხელი გარედან. ნათიამ ინსტინქტურად ელვის სისწრაფით აიტაცა ლუკა ხელში და საწოლიდან წამოიჭრა.
-ვინ არის? - დაიძახა მან, იმის მიუხედავად, რომ კარგადაც იცოდა, თუ ვინ იყო. უნდოდა რამე ეთქვა, ხმა აემაღლებინა და საკუთარი თავი დაეჯერებინა, რომ არ ეშინოდა.
ხმა არ გაუტყდა დალაპარაკებისას. სიამაყე მოერია.
-ნიკოლოზი ვარ, ნათია. გააღე კარი. - მოისმა მშვიდი ხმა გარედან. თითქოს ნიკოლოზი ახლა ფხიზელი იყო. ნათიას შეაჟრჟოლა. ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა მისი ხმა, მათ გამოტყუებას რომ ცდილობდა ოთახიდან ასეთივე მშვიდი, ზედმეტად დათაფლული ხმით.
-არ გავაღებ. - უპასუხა მან, ცალი ხელით ლუკა დაიჭირა მაგრად, მეორეთი კი კედელთან მიყუდებულ სკამს სწვდა. თავის დაცვა დასჭირდებოდა.
-ნათია, გააღე. - გაიმეორა ნიკოლოზის გაბეზრებულმა ხმამ და ქალმა კბილები გააღრჭიალა. - ძალიანაც არ მინდა, რომ კარს ველაპარაკო.
- ყოველთვის არ ხდება ის, რაც გვინდა. - მიახალა ქალმა და ფანჯრისაკენ გადაიწია, თვალით მანძილი გაზომა მიწამდე. ყბები მაგრად შეკრა. ამხელა მანძილზე ვერ ჩაცოცდებოდა ლუკასთან ერთად. - შენ ნუ ინერვიულებ. ჩვენ წავალთ აქედან. დღესვე.
კარს უკან ხვნეშა გაისმა.
-რას ნიშნავს წახვალთ... მისმინე, ნათია. მინდოდა რაღაც პირისპირ მეთქვა, მაგრამ არ გამოდიხარ. - კბილებში გამოსცრა მან. ნათიამ გაღიზიანება შეატყო ტონში. ალბათ ჯერ კიდევ ნაბახუსევზე იყო.
-მაქედან თქვი. - უპასუხა ქალმა და ფრთხილი ნაბიჯი გადადგა კარისაკენ. - შენი სახის დანახვა არ მჭირდება იმისათვის, რომ გავიგონო.
ნიკოლოზმა ისევ ამოიხვნეშა. ნათია გაიტრუნა, უსიტყვოდ ელოდა.
-ბოდიში მინდოდა, რომ მომეხადა. - თქვა კაცმა და ნათიას თვალები გაუფართოვდა. ერთბაშად გაეყინა ყველაფერი. - ვწუხვარ წინა ღამის გამო... არ ვიცი, რა დამემართა.
-მე ვიცი. - გააწყვეტინა ქალმა ხმამაღლა. - გაილეწე და ის დაგემართა, მეტი არაფერი. - წამიერად რატომღაც ცუდად იგრძნო იმის გამო თავი, რომ ნიკოლოზის სიმთვრალეს კიცხავდა, მაშინ, როცა თვითონაც ბევრჯერ ყოფილა მთვრალი. მაგრამ ამწუთას სულაც არ აინტერესებდა ეს ფაქტი. უბრალოდ სურდა, რომ ნიკოლოზს შეეგნო თავისი საქციელის მნიშვნელობა.
-ვიცი, და... - ნიკოლოზმა კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა. - გააღებ კარს? თუ შტერივით უნდა ვიდგე და ისე ვილაპარაკო?
ნათიამ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, ისე, რომ ემალმა ამაზრზენად გაიღრჭიალა, მაგრამ მაინც წაიწია წინ, ტუმბო გვერდზე გასწია და სწრაფი მოძრაობით გააღო კარი.
ნიკოლოზმა წამსვე სახისაკენ მოაბჯინა მზერა. თვალები გაუფართოვდა.
ნათიამ რაღაც უცნაური, ავადმყოფური კმაყოფილება იგრძნო.
-ძალიან მეტყობა? - იკითხა ბოლოს ჩუმად. ნიკოლოზს კუნთი აუთამაშდა ყბაში. შუბლზე ძარღვი დაებერა. ნათიამ წამიერად მისი კანის ქვეშ მცოცავი მატლი წარმოიდგინა. ზუსტად ისეთი, ვატოს შეხებისას რომ დაფუთფუთებდნენ მის სხეულზე.
ვატო მის უკან იდგა. ნათია გრძნობდა მის იქ ყოფნას.
-ძალიან ვწუხვარ. - თქვა ნიკოლოზმა, შეწუხებული გამომეტყველება მიეღო, ოდნავ წამოზრდილი თმა აქეთ-იქით გასჩეჩოდა, ტანსაცმელიც არ გამოეცვალა წინა ღამეს. - წამოდი, ცოტა ყინულს დაგადებ და ვჭამოთ... - კიბისაკენ გაიხედა მან, მერე კი ნათიას ხელში ჩაბღუჯულ სკამს ჰკიდა თვალი.
-ეგ რატომ გიჭირავს? - წარბები შეკრა მან.
ნათიამ მხრები აიჩეჩა. სხეული აუხურდა. ვერ გაეგო, რისგან. ალბათ სირცხვილი იყო.
-შენ რომ მომეგერიებინე. - თქვა ბოლოს და იგრძნო, თუ როგორ დაემანჭა სახე. - ...თუ კარს შემოამტვრევდი.
ნიკოლოზმა ნერწყვი გადაყლაპა, კუნთი კიდევ ერთხელ აუთამაშდა ლოყაში. ნათია უყურებდა, თუ როგორ აიწია და დაიწია მისი ადამის ვაშლი.
საკმარისი იყო სკამის მაგრად მოქნევა. ცალი ფეხის მის კისერში მიბჯენა და მძლავრი ბიძგი. იატაკზე დასცემდა, თუ საკმარის ძალასა და სისწრაფეს იხმარდა. სკამის ფეხი მის კისერზე. ზედ დაწოლა, და იმ ადამის ვაშლს ჩატეხავდა. ნიკოლოზის ტრაქეა სისხლით აივსებოდა. პირიდანაც წამოუვიდოდა. ამაზრზენი ბუყბუყი.
ერთი მოქნევა იქნებოდა საკმარისი.
ადამის ვაშლი ისევ ამოძრავდა. ნათიამ ნიკოლოზს ახედა, შეეცადა, მისი ნათქვამი სიტყვები გაეგონა.
-ლუკა კარგადაა? - თქვა კაცმა. ნათიას ნაკვთები მოეგრიხა. ლუკას გადახედა. გრძნობდა, ბავშვი როგორ თრთოდა მის გვერდით. ნიკოლოზი დაჟინებით დააშტერდა ბავშვს, მერე კი ნათიას გადმოხედა, თითქოს რაღაცის გაკეთება სურდა, მაგრამ ვერ ბედავდა. ქალმა მის ოდნავ წინ გამოწვდილ ხელს გადახედა და შეეცადა შეუმჩნევლად დაწეულიყო უკან.
ნიკოლოზმა წამსვე გასწია უკან ხელი და აშკარად ნაძალადევად გაუღიმა ლუკას.
-აბა როგორა ხარ, პატარა კაცო? - ჰკითხა მან, ყალბი მხიარული ტონით. ნათია ამჩნევდა, რომ ის ცდილობდა გულწრფელი ყოფილიყო, მაგრამ აშკარად არ გამოსდიოდა.
ცდილობდა მაინც.
ლუკამ ხმა არ გასცა. თვალებგაფართოებული, აშკარად დაფეთებული მიშტერებოდა. ნიკოლოზმა ნათიასკენ მოატრიალა კიდევ ერთხელ მზერა და ქალს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს შეღებილ, ცივ მინაში იყურებოდა. მინაში, რომლის იქით არავითარი სიცოცხლე არ იყო, რომლის უკან სისხლი არ ჩქეფდა, არ იგრძნობოდა სითბო და პულსი.
-შეგეშინდა? - თქვა ბოლოს ნიკოლოზმა, თვალები ისევ ლუკასაკენ მიეტრიალებინა, მერე კი შეეცადა გაეღიმა. - მე შენ როგორ გატკენ, ლუკა...
-დედას დაარტყი. - თქვა უცებ ლუკამ. თვალებში ცრემლები გაუბრწყინდა, სახე ერთიანად გადაუფითრდა. ქვედა ტუჩი უთრთოდა და ნათია ხედავდა, თუ როგორ ცდილობდა ის ტირილის შეკავებას, დაჟინებით დაშტერებოდა ნიკოლოზს. უნდოდა ყვირილი წამოეწყო, სკამი მაგრად მოექნია და გაეთავებინა ეს ამბავი. - ის კაცი ცუდი იყო. შენ კი დედას დაარტყი.
-ვიცი. - უპასუხა ნიკოლოზმა. ხელები ზურგს უკან წაიღო. ალბათ უკანკალებდა და არ სურდა ამის ჩვენება. - და ლუკა, მართლა ძალიან ვწუხვარ, გუშინ... ბევრი რამ მოხდა ამ ბოლო დროს.
ლუკამ არაფერი უპასუხა. შებრუნდა და ნათიას მხარში ჩარგო თავი. ქალმა იგრძნო, თუ როგორ შეუთრთოლდა ბავშვს სხეული ტირილისაგან.
-თქვენ სერიოზულად ხომ არ აპირებთ წასვლას? - ჰკითხა ნიკოლოზმა, დაჟინებით დააშტერდა. - ნათია, მითხარი. აღარ გინდა, რომ ლუკას თერაპია ჩაუტარდეს თუ რა ხდება, გამაგებინე?
ნათია შეცბა. ლუკას უფრო მაგრად მოხვია ხელი. ბავშვი მძიმე იყო. ნელ-ნელა ეცლებოდა ძალა.
-მეგონა, შენ გაგვისვრიდი აქედან. - ჩაილაპარაკა მან. - გუშინ ძალიან არ გესიამოვნა ჩვენი დანახვა. ამიტომ მეგონა... მეგონა, რომ გაგვაგდებდი.
ნიკოლოზს ყბა მოეგრიხა. მერე მწარედ გაეცინა და გვერდზე გაიხედა. მოელვარე კბილები გამოუჩნდა.
ნათია მოიღუშა, დაჟინებით დააშტერდა. საინტერესო იყო.
-გუშინ ღამეს დავთვერი. - თქვა ბოლოს ნიკოლოზმა. - სულ ეს იყო. რა სისულელეს ამბობ. რა თქმა უნდა არ მინდა თქვენი გაგდება... შენ უგულო გგონივარ?
-მგონიხარ. - თვალის დაუხამხამებლად უპასუხა ქალმა. ნიკოლოზი წარბშეკრული დააშტერდა, მერე კი მკვეთრად გადმოიწია მისკენ.
-ამ უგულო კაცმა თქვენ სახლი მოგცათ და შენი შვილის მკურნალობის საფასურს იხდის. - სისინით გამოსცრა მან კბილებში. - მადლიერება იქონიე.
ნათია დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში.
ნიკოლოზმა მზერა აარიდა და შეტრიალდა.
-ჩამოდი, ვჭამოთ და ყინული დაიდე. - უთხრა მან, თან კიბისაკენ გაემართა. ნათია უყურებდა, თუ როგორ გადაისვა მან თავზე ხელები და როგორ ჩაირბინა კიბეებზე.
სააბაზანოსაკენ გაემართა. უნდა დაებანათ ორივეს. ტანზე ისევ შემორჩენოდა თითქოს ვატოს, ნიკოლოზისა და მისი მეგობრის შეხების ნარჩენები. სანამ არ მოიშორებდა, ვერ მოისვენებდა ვერაფრით.
ვატო სააბაზანოში შემოჰყვათ. მის უკან მოცურავდა. ნათიას ბუნდოვნად ესმოდა მისი სიცილი.
ჯერ ლუკა დაბანა. ტანსაცმელი ჩააცვა და დაავალა, რომ ქვემოთ ჩასულიყო, კარგად ეჭამა. როცა ბავშვმა სააბაზანო დატოვა, კარი ჩაკეტა და საშხაპეში შეაბიჯა.
ცხელი წყლის ქვეშ იდგა, თავდახრილი და საშხაპის თეთრ იატაკს დაშტერებოდა. გამჭვირვალე წყალს უყურებდა, რომელიც ფეხებზე დასდიოდა და იატაკზე ტრიალებდა.
წყალს ჭუჭყის არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ნათიამ იცოდა. გრძნობდა, სურნელით გრძნობდა სიბინძურეს, რომელსაც წყალი რეცხავდა მისი სხეულიდან, და იმ სიბინძურესაც, რომლის ჩამორეცხვაც არ შეეძლო. თავი შეუყუდა წყლის ჭავლს და თვალები დახუჭა. ნეტარებით სავსე სიბნელე ჩამოწვა. ვერაფერსაც ვერ ხედავდა. ორთქლსა და სითბოში გამოხვეულიყო.
მერე კი იგრძნო. პანიკა და შიში, რომ წინ რაღაც ედგა. ქავილი, რომელიც თითქოს პირდაპირ თავის ქალის ქვეშიდან მოდიოდა, წამიერი ტერორი, რომ ის რაღაც სწვდებოდა და კედელზე აანარცხებდა.
„არა. არ გავახელ. არ გავახელ, არა, არა...“ გაიფიქრა სასოწარკვეთილმა.
მაინც გაახილა. ვატო პირდაპირ წინ ედგა. თითქოს მისი სიცხე იგრძნო სახეზე.
ქალს ჩახშული, კისერში მობუყბუყე ხრიალი აღმოხდა და უკან წაბარბაცდა. ხმამაღალი რახუნით მიეჯახა საშხაპის კედელს და ქვემოთ მოწყვეტით დაეცა. თავი ბრახუნით მიეხეთქა კედელს და წამიერად მზერა დაებინდა ქალს.
შხაპში ჩაკეცილიყო. ქვემოთ იჯდა და ძლივს ითქვამდა სულს.
მუცლის უცაბედი, მკვეთრი ტკივილი იგრძნო და პანიკის აღსავსე, მოკლე სუნთქვა აღმოხდა. ვატო ისევ იქ იდგა, მაგრამ მოშორებით იყო, მას ყურადღებას აღარ აქცევდა ნათია. მთელი გონებით კონცენტრირებულიყო იმ ტკივილზე, რომელმაც უცაბედად ორად მოკეცა.
ქვემოთ დაიხედა.
ხედავდა, თუ როგორ მოჟონავდა წითელი, ბლანტი სითხე მის ფეხებშუა. სიწითლეს წყალი ხვდებოდა, მაგრამ არ ირეცხებოდა, არ ქრებოდა...
ქალს ჯერ ხმადაბალი ხრიალი, მერე კი პანიკითა და ტერორით აღსავსე სასოწარკვეთილი კივილი აღმოხდა. წამსვე გახოხდა საშხაპის მოპირდაპირე მხარეს, რომ რამენაირად გაქცეოდა თეთრ ლინოლეუმზე დაღვრილ სისხლს, მაგრამ კვალი დატოვა უკან. სადაც მიხოხავდა, წითელი კვალი ისევ უკან სდევდა, სანამ მთელი საშხაპის იატაკი არ მოიცვა სისხლმა. ნათია ისევ კიოდა, ჩაკეცილი, საშხაპის კედელთან აკრული, მყიფე ფრჩხილებით ჩასჭიდებოდა კედელს და ცრემლებამდე მისული მთელი ძალით კანკალებდა. თითქოს ყელს უხლეჩდა კივილი, იმდენად სტკიოდა ხმის იოგები, მეორე კუთხეში კი ვატო ხარხარებდა.
გარეთ ბრაგვანი გაისმა. ვიღაც ეძახდა. ქალის ყვირილი ისმოდა.
მერე კი კარზე რახუნი. ვიღაც რაღაცას გაჰყვიროდა, და ქალს ესმოდა, თუ როგორ ეწვალებოდნენ სახელურს.
კივილი შეწყვიტა და მთელი ძალით იკბინა ტუჩზე, სანამ სისხლი არ მოაწვა ენაზე. სწრაფ შესუნთქვებს აკეთებდა და ცდილობდა ხმა არ გაეღო, იმის მიუხედავად, რომ აუტანელი ტკივილი ნორმალურად აზროვნების საშუალებას არ აძლევდა.
მერე კი კარს დაეჯახნენ. ნათია მთელი ტანით შეხტა, ფეხზე წამოწევა სცადა, მაგრამ მუხლებში თითქოს ტყვია ჩაესხათ. ვერც კი გაინძრა.
ფეხები სისხლში მოესვარა. ბლანტი სითხე გამოზომილად, მაგრამ სწრაფად მოჟონავდა. ნათიას ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს იცლებოდა სისხლისაგან.
კარს კიდევ ერთხელ დაეჯახნენ. ქალის განრისხებული ყვირილი ისმოდა. ბავშვის ტირილიც მისწვდა მის ყურებს.
კიდევ ერთხელ.
კარი შემოამტვრიეს, და ნათიას ხრიალი აღმოხდა, შებრუნდა, კედელში სცადა გაძრომა, რომ ამ ყველაფერს რამენაირად გაჰქცეოდა.
-ნათია! - საშხაპის კარი სწრაფად გამოაღეს, და ქალმა გაიგონა, თუ როგორი შხაპუნით დაეცა წყალი სააბაზანოს იატაკზე. - ნათია, გეყოფა! რა დაგემართა? ნათია მეთქი! გესმის?!
მამაკაცის ხელი შემოეჭდო მაჯაზე და ქალმა ისევ ისტერიული კივილი მორთო.
-არააა! არააა! - ღრიალებდა ის. მის ზურგს უკან ხმამაღალი გინება გაისმა.
-ანა-სოფია, პირსახოცი! - გაისმა უკნიდან. -ანა-სოფია, პირსახოცი მეთქი! - დაიღრიალა კაცმა და ნათიამ იგრძნო, თუ როგორ მოეხვია მხრებზე გახამებული, სქელი, ხორკლიანი მატერია. კაცმა უფრო მაგრად მოქაჩა, თითქმის ძალით გადმოახოხა იატაკზე და სწრაფად ასწია, ბარძაყებთან მოხვია ხელები და პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში, მაგრად მოახურა ზურგზე პირსახოცი.
ნათიას სახე ეკრუნჩხებოდა, ძლივს სუნთქავდა.
სისხლი გაახსენდა. სიცხე მოსდებოდა ფეხებზე.
-მგონი მუცელი მომეშალა... - ძლივს ამოისუნთქა მან და იგრძნო, თუ როგორ გაშეშდა მის წინ მდგომი, ფაქტიურად მასზე აკრული მამაკაცი.
-რაო? - გაისმა უკნიდან ქალის მაღალი, გაოცებითა და გაღიზიანებით სავსე ხმა. - რა თქვა?!
-რას ნიშნავს მუცელი მოგეშალა... - ხმადაბლა თქვა კაცმა.
-სისხლი წამომივიდა... - ქალმა ხელი კანკალით გაიშვირა უკან, საშხაპესაკენ. - ვერ ხედავ?
-ნათია... ვერავითარ სისხლს ვერ ვხედავ. - ხმადაბლა უპასუხა კაცმა, ხმა დაჭიმვოდა.
-რას ნიშნავს ვერ ხედავ. - სუნთქვა გაუკრთა ქალს. - მე დავინახე... შენ რა, ვერ გაიგე? სისხლი მომდიოდა მეთქი!
-გააფრინა. - გაისმა ანა-სოფიას ხმა. - ნიკოლოზ, ეს ქალი ვერაა...
ნიკოლოზი ხმას არ იღებდა.
-ორსულად იყავი? - ჰკითხა ბოლოს.
-არა. - ავტომატურად უპასუხა ქალმა. სახე კაცის მხარზე გადაკრულ სველ მატერიაში ჩაერგო და ცდილობდა, რამენაირად თავისი აზრები წესრიგში მოეყვანა. არ ესმოდა, თუ რა მოხდა, თუ რატომ ამბობდნენ ესენი, რომ სისხლს ვერ ხედავდნენ, როცა თავად ძალიან კარგად იგრძნო მისი სიცხე. არ ესმოდა, თუ რატომ ვერ ხედავდნენ. -ექვსი წელია არავისთან არ ვყოფილვარ, ორსულად როგორ ვიქნები.
-მაშინ მუცელი როგორ მოგეშალა? - გაკაპასდა ანა-სოფია. - რას როშავ სისხლზე? საერთოდ, რა ჯანდაბა გჭირს? ნიკოლოზ, მოაშორე აქედან! - დაიკივლა ქალმა. - მოაშორე, მოაშორე, მოაშორე! - ხმას უწევდა ის.
ნიკოლოზს ხმა არ გაუღია. შემობრუნდა და ოთახიდან გავიდა, თმააბურძგნულ, ბრაზისაგან სახემოგრეხილ ანა-სოფიას გვერდით ჩაუარა.
-ლუკა, წამოდი. - ხმადაბლა მიმართა მან ბავშვს. ნათიამ ნერწყვი გადაყლაპა. - კარგადაა დედაშენი. ალბათ რაღაც მოეჩვენა და შეეშინდა.
-როგორც მე მეჩვენება ხოლმე სიბნელეში? - იკითხა ბავშვმა. ნათია დაიძაბა.
-ჰო, ზუსტად მასე. - უპასუხა ნიკოლოზმა.
ლუკამ მისი კივილი გაიგონა. სააბაზანოს გარეთ იდგა, მაგრამ მისი სასოწარკვეთილი კივილი ხომ გაიგონა.
ნათიას ისევ სირცხვილი მოერია. აუტანელი სირცხვილი. იმისა არ რცხვენოდა, რომ ნიკოლოზს მხოლოდ პირსახოცშემოხვეული მიჰყავდა მისი ოთახისაკენ. რცხვენოდა იმისა, რომ ბავშვმა, რომლის გულისთვისაც ინახავდა თავისი სიამაყის ნარჩენებს, მისი გატეხვის პირდაპირი მაგალითი დაინახა. ყველანაირად ცდილობდა, რომ ბავშვს ის ნორმალური დედა ჰგონებოდა, ცდილობდა, რომ მისთვის საუკეთესო ატმოსფერო შეექმნა, მაგრამ ეს ფარსი დღეს დაიმსხვრა. ლუკამ დაინახა, თუ რანაირი განადგურებული ადამიანი იყო დედამისი სინამდვილეში.
ქალს მუცელი ამოუბრუნდა. ბუნდოვნად იგრძნო, თუ როგორ დასწიეს ლოგინამდე და როგორ გადააფარეს სხეულზე საბანი.
ლუკა საბანზე წამოწვა და მისკენ წამოიწია, კისერში შეურგო თავი. ნათიამ ხელი ამოჰყო საბნიდან, რომ ბავშვს თმაზე მოფერებოდა. გასავათებულმა უკან გადააგდო თავი.
მის ფეხებთან ლოგინი დაიწია. ნიკოლოზი ჩამოუჯდა.
-არ უნდა მომეყოლა შენთვის ანა-სოფიას ამბავი. - ხმადაბლა თქვა მან და ნათიამ თვალები გაახილა, დაჟინებით დააშტერდა მას, წარბშეკრული. - ჩაგეჭედა ტვინში და ათასი სისულელე დაინახე.
ნათიამ რამდენიმე წამი უსიტყვოდ უყურა, მერე კი გვერდზე გაიხედა. მის შემოხედვას ვერ იტანდა.
-ალბათ. ჰო, ალბათ მასე იყო. - ხმადაბლა თქვა მან.
-რა სჭირს ანა-სოფიას? - ჩუმად იკითხა ლუკამ. ნიკოლოზმა მკვეთრად გადახედა ბავშვს.
-ანა-სოფია... - კაცმა ყელი ჩაიწმინდა, სახე მოეგრიხა. - ...ცუდად იყო ადრე. დედაშენს მოვუყევი და ამიტომ მოეჩვენა რაღაცები, კარგი?
-სისხლი მოსდიოდა ანა-სოფიას? - გააგრძელა ლუკამ. ნიკოლოზს მთელი სხეული დაეჭიმა, ფეხზე წამოდგა.
-არ არის მაგ მნიშვნელოვანი. - ხმადაბლა თქვა მან და მზერა სტყორცნა ნათიას. - შენ დაწყნარდი ახლა. არავითარი სისხლი არ იყო იქ, უბრალოდ მოგეჩვენა. საჭმელს ამოგიტან მალე.
მერე კი შებრუნდა, უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან.
ნათია კი ისევ იწვა, ლუკას თმაზე ეფერებოდა და ფიქრობდა.

-*-*-*-*-
ნიკოლოზმა არ იცოდა, თუ რა იყო უარესი. ნათიას გუშინდელი კივილი და ჰალუცინაციები, ის, რომ თვითონ უკვე გაევსო მთელი საფერფლე სიგარეტის ნამწვებით, თუ ის, რომ შიგნიდან კიდევ ერთხელ ისმოდა ხმაური, აწეული ხმები და ბრახუნი. მძლავრად გამოისუნთქა და სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით შევიდა სახლში.
შიგნით სითბო ტრიალებდა. ფილტვები აეწვა კაცს.
-ნათია? - დაიყვირა მან და კიბეებს აუყვა. ხმაური არ წყდებოდა. - ნათია, რას აკეთებ მანდ?
ქალი ქოშინით გამოვარდა თავისი ოთახიდან და ჯიქურ წამოვიდა მისკენ.
-სად არის? -დაისისინა მან, დაჟინებით აჰყურებდა და ნიკოლოზი წარბებაწეული დააშტერდა. საოცარი იყო მის თვალებში გამოხატულ ამ გამომეტყველებასა და გუშინდელ გამომეტყველებას შორის, როცა ქალი სასოწარკვეთილი სახით უხახუნებდა საშხაპის კედელს ფრჩხილებს.
საინტერესო ვინმე იყო ეს ქალი.
-რა სად არის? - უპასუხა მან. ნათიამ ტუჩზე იკბინა, კისრის კუნთები შეუთრთოლდა.
-ჩემი ფანდური. - გამოსცრა მან კბილებში. - სად წაიღე?
-მე რად მინდა ფანდური? - წარბები შეკრა კაცმა. - დაკვრა მე არ ვიცი და..
-შიგნით ფული მედო! - წამოიყვირა ქალმა, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და პირთან ხელი მიიტანა. - სად წაიღე მეთქი?
-მე ფული მჭირდება, შენი აზრით? - ბრაზით დაუსისინა ნიკოლოზმა. - მიმოიხედე, სად ვცხოვრობ, დაგავიწყდა? რა ჯანდაბად მენდომებოდა შენი ფანდური და ფული?
-საწოლის ქვეშ იდო. ახლა კი აღარ დევს! ამჯერად არ მეჩვენება! - ხმას აუწია ქალმა.
ნიკოლოზმა შუბლი მოისრისა. მისი ხმამაღალი ლაპარაკი უკვე შუბლს ატკიებდა. უნდა ეპოვათ მისი ფანდური თუ რაღაც, და მოისვენებდნენ ორივენი...
მერე კი მიხვდა. თავი წამოსწია.
-ანა-სოფია! - დაიძახა მან. ქალი წესით ახლა თავის ოთახში მარტოვდებოდა. თავის ახალ შენაძენ ტანსაცმელს იზომებდა, მაკიაჟს იკეთებდა და შეუჩერებლად ტრიალებდა სარკის წინ. - ანა-სოფია! - ხმას აუწია მან.
-რა ჯანდაბა გინდა? - ყვირილით გამოვარდა ქალი ოთახიდან, ხელში წითელი პომადა ჩაებღუჯა და უშველებელი, ჭყეტელა მწვანე კაბა შემორტყმოდა ტანზე. სხვა დროს ნიკოლოზს ალბათ გაეცინებოდა, ანდა მოეწონებოდა კიდეც მისი შეყვარებულის სტილი, მაგრამ სიცივის მეტი ვერაფერი იგრძნო. ეზიზღებოდა ის წითელი პომადა. ეზიზღებოდა ის ჭყეტელა კაბა და ადამიანი, რომელსაც ეს კაბა შემოხვეოდა სხეულზე.
-სადაა ფანდური? - მშვიდად თქვა ნიკოლოზმა. - რა უყავი ფულს?
ნათია მკვეთრად შებრუნდა ანა-სოფიასაკენ. ქალს გამეტებით, სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა მხრები.
-რომელ ფანდურს? - დაიყეფა გაღიზიანებულმა ქალმა.
-ნათიას ფანდურს, ანა-სოფია, ნერვებს ნუ მიშლი. - მიახალა გაღიზიანებულმა კაცმა. - დაუბრუნებ თუ არა?
-ნათია? - ანა-სოფიას სახემ ჩვეული, მოგრეხილი სახე მიიღო. ნესტოები დაებერა, კისერი და მკერდი გაუწითლდა. - ეგ ვინაა?
ნიკოლოზმა თვალები დახუჭა. ცოტაც და იფეთქებდა.
-ააა. ჰო... უკაცრავად, არ ვიცოდი, ბომჟებზე თუ ვლაპარაკობდით... - ყალბად გაიღიმა ანა-სოფიამ და ტუჩი აიბზუა, პომადას ტკაცანით მოხადა თავი. - საკუჭნაოში აგდია შენი ფანდური.
ნათია სწრაფად შებრუნდა.
-ფულის კი რა მოგახსენო... - გაიღიმა ანა-სოფიამ და წამიერად ნიკოლოზს მისმა ადრინდელმა სახემ გაუელვა თვალწინ.
მხოლოდ წამიერად.
-რაო? - წარბები შეკრა მან. - ფული მოიპარე?
ნათიამ პირი დააღო, ხმადაბლა ხრიალებდა და დაჟინებით დაშტერებოდა მომღიმარ ანა-სოფიას.
-შენ არ გესმის. - ჩაიბურტყუნა მან. - შენ ვერ გაიგე. ვერც გაიგებ. იცი, მე რამდენი ვიწვალე მაგ ფულისათვის? - ხმას აუწია ქალმა. - იცი, რამდენი ხანი ვეგდე გარეთ, სიცხეში, იმ საცოდავ, უბადრუკ ფანდურზე ვუკრავდი, თითებს ვეღარ ვგრძნობდი, იმისათვის, რომ ცოტა ფული მომებოჭა და იმ საღამოს მე და ლუკა მშიერი არ დავრჩენილიყავით? იცი, დეგენერატო?! - დაუყვირა მან ანა-სოფიას და მისკენ გაიწია. ნიკოლოზმა სწრაფად სტაცა ხელი და უკან დასწევა სცადა, მაგრამ ქალი უკვე გამძვინვარებული იბრძოდა, ხმამაღლა კიოდა და ანა-სოფიას უყვიროდა.
-რა უყავი ჩემი ფული? რა უყავი მეთქი? მაგ ძონძში მიეცი არა? გდებულიყავი ქუჩაში საათობით გაყინული, სანამ შენი შვილი ყინვაში გელოდება და გაიგებ! - კიოდა ის და მთელი ძალით იბრძოდა.
ანა-სოფიას სახე მოეჭმუხნა, ოთახში შევარდა და კარი მიაჯახუნა.
ნიკოლოზმა ნათია თავის ოთახში შეაგდო, სადაც, ლოგინზე ლუკა წამომჯდარიყო, მრგვალი თვალებით დაშტერებოდათ.
-ლუკას მიხედე. - დაუსისინა ნიკოლოზმა ქალს, და ნათიამ ღრმად შეისუნთქა, სახის ნაკვთები მოეკრუნჩხა. თვალები ცრემლებით აევსო და შებრუნდა. ზურგი შეაქცია.
სანამ მისი ტირილის ხმის გაგონებას შეძლებდა, კარი მოხურა ნიკოლოზმა.
-*-*-*-*-*-9
ნათიამ ძლივს წამოსწია დილით თავი. ღამით ლუკას ჩახუტებოდა, და ბავშვი თვალებგაფართოებული აშტერებოდა.
-დედი... - წაილუღლუღა ქალმა, თავზე გადაუსვა ხელი და ოდნავ წამოიწია, საკუთარ თმაში გადაისვა ხელი, რომელიც სახეში ჩამოჰყროდა. - რატომ არ გძინავს?
-მეძინა. - ხმადაბლა უპასუხა ბავშვმა. - ცოტა ხნის წინ გავიღვიძე, დე... შენ გეძინა?
-კი, რა თქმა უნდა, მეძინა. - დაიბნა ქალი და ბავშვს შეწუხებულ, გაფართოებულ თვალებში ჩახედა. - რა იყო, დედი? რამის ხომ არ შეგეშინდა?
-მე არა. - ამოილუღლუღა ბავშვმა. - შენ გეშინოდა, დედიკო. ცუდი სიზმარი ნახე?
ნათიას მთელი სახის ნაკვთები დაეჭიმა, ყბა მოენგრა. მშვენიერი იყო. არა მარტო კოშმარებს ნახულობდა, ასევე წრიალებდა კიდეც ლოგინში, ლუკას აწუხებდა, საკუთარი საქცილელით აშინებდა კიდეც მას ალბათ.
სირცხვილი იგრძნო. მთელი სხეული აეწვა აუტანელი გრძნობით.
არადა არც კი ახსოვდა სიზმარი. ნუთუ ვატო დაესიზმრა? ნუთუ დაესიზმრა, რომ მისი მოშორება ვერ მოახერხა, იმ თეფშებს ვერ მისწვდა პატარა, ჩაკეტილ ოთახში? ნუთუ ისიც, რომ ნიკოლოზმა სახლიდან გამოაგდო და ლუკას მკურნალობა შეუწყვიტა?
ნათიას ასი საშინელების სცენარი უტრიალებდა გონებაში, თითქოს ვერ იშორებდა მათ და ვერ გაეგო, თუ სად წაეღო საზიზღარი, გულისამრევი ფიქრები. აშკარად მის ძილში მიდიოდნენ ეს აზრები, აწუხებდნენ და რასაც ღვიძილის დროს მალავდა, ყველაფერი გარეთ ეპარებოდა ძილისას.
ვატოს სუნთქვა ისმოდა კუთხიდან. ხმაზეც კი ეტყობოდა სიმყრალე.
იქეთ არ გაუხედავს ნათიას, ლუკა მაგრად მიიხუტა.
-კარგად ვარ, დედი. - დაიჩურჩულა მან. - უბრალოდ... ძალიან დავიღალე, გესმის?
-მეც. - უპასუხა ბავშვმა.
ნათიამ აღარაფერი უპასუხა. თვალები ეხუჭებოდა და რატომღაც გვერდში გასწიწკნა რაღაცამ, მაგრამ მაინც წამოიწია, საათს გადახედა.
ციფერბლატი პრიალებდა. ქალს ნიკოლოზის მაჯის საათი გაახსენდა და გაააჟრჟოლა.
ცხრა საათი იყო.
-გინდა რამე ვჭამოთ? - ჰკითხა მან ლუკას, ბავშვმა სწრაფად დაუქნია თავი.
ნათიამ ამოიხვნეშა, ძლივს წამოიწია. თავი უსკდებოდა.
-წამოდი მაშინ, დედი... - წაილუღლუღა მან და ბავშვი ხელში აიტაცა. ლუკამ ხმამაღლა დაამთქნარა, მაგრად შემოხვია ყელზე მკლავები და მხარზე დაადო თავი.
ნათიამ ცალი მკლავით დაიჭირა ბავშვი, თან ამაოდ შეეცადა, რომ აეწია გრძელი, ნიკოლოზის მიერ მოცემული პიჟამა შარვალი, რომელიც წამდაუწუმ ებლანდებოდა ფეხებში.
კიბეებზე ჩაიარა, ვატო უკან მოსდევდა. მისდა სასიხარულოდ, ანა-სოფიას ხმა არ ისმოდა, არც სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა თავისი ღვინის ჩვეული ბოთლით.
ნიკოლოზი გაზქურასთან იდგა. სამზარეულო უგემრიელეს სურნელს აევსო.
ნათიას რატომღაც მუცელი ამოუბრუნდა. გული აერია და მოუნდა, რომ გადახრილიყო, იქვე, მოპრიალებულ იატაკზე ერწყია, მაგრამ ნერწყვი გადაყლაპა და თავი შეიკავა.
-ჩამოხვედი? - გაისმა ნიკოლოზის ხმა, და ნათია კინაღამ ადგილზე შეხტა. რატომღც უხერხულად იგრძნო თავი. მოეჩვენა, რომ აქ არ უნდა ყოფილიყო. ნიკოლოზის ხმა ამაზე მიანიშნებდა.
-ლუკას შიოდა. - თქვა მან ხმადაბლა, რატომღაც ისე იგრძნო თავი, თითქოს თავს იმართლებდა, და წამსვე სინდისმა დაუწყო ქენჯნა. საკუთარი შვილსა და მის საჭიროებებს იყუნებდა თავის გასამართლებლად.
-დაჯექით მერე. - თქვა ნიკოლოზმა და გადმოხედა. სახეზე დაღლილობის ნაცრისფერი ედო. მისი პალტო გაახსენდა ნათიას. მწუხარებამ დაიბუდა მასში. - მალე იქნება მზად.
ნათიას აღარაფერი უთქვამს, მაგიდას მიუჯდა, ლუკა გვერდით დაისვა. ბავშვმა მაგიდას მოავლო თვალი, და მორცხვად მოსჭიდა ხელი ჩანგალს. ნათიას მეორე მხარეს ვატო ჩამოჯდა უსიტყვოდ.
ქალმა ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. არ სურდა იქით გაეხედა.
-მზადაა. ჭამეთ. - თქვა ნიკოლოზმა და მაგიდაზე მაჭკატებით სავსე ლანგარი დადო, ზედ შაქარი მოაფრქვია. ჩაი ჩამოუსხა ლუკას ჭიქაში.
ნათიას ხელები აექავა. უნდოდა ადუღებულ სითხეს გადასწვდომოდა, ლუკას ხელებიდან გამოეგლიჯა და შორს მოესროლა, ვატოს სახეში შეემსხვრია ჭიქა. თვალები აარიდა ჩაის.
ნიკოლოზი მაგიდას მიუჯდა. ნელა ილუკმებოდა და ნათიას უყურებდა.
-არ ჭამ? - ხმადაბლა ჰკითხა მან, ქალმა მოწყვეტით მოატრიალა მისკენ თვალი. ლუკას თეფშსა და ზედ დადებულ სამიოდე მაჭკატს ვერ აცილებდა თვალს.
-არა. - მან ტუჩები მოილოკა. - არ მშია.
-ჰმ. - დაიფრუტუნა ნიკოლოზმა და ოსტატურად მოუსვა კარაქი პურზე. ნათია ხელებში ჩააშტერდა დაჟინებით. - სამსახურში არ მიდიხარ? ამ დროს არ გეწყება? რა ჰქვია იმ კაფეს...
-„ლულუ“ ჰქვია. - მიუგო ნათიამ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ხმა გაუტყდებოდა და მოწყვეტით დასცხებდა თავს მაგიდაზე. ვატო უფრო მოუახლოვდა, თითქმის ლოყაზე მოადო სახე, მისი ცხელი, მყრალი, აუტანელი სუნთქვა იგრძნო ნათიამ და კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. - აღარ მივდივარ იქ.
-რატომ? - იკითხა ნიკოლოზმა, მისკენ არ გამოუხედავს. აგრესიულად მოგლიჯა მაჭკატს კიდე. - ჩემთან ცხოვრობ და აღარ გჭირდება მუშაობა?
ნათიას რაღაც გაეჩხირა ყელში. ვერც კი გაინძრა, უსიტყვოდ დააღო პირი.
-ვიშოვი სხვა სამუშაოს. - თქვა მან ბოლოს. - იქ კი... იქ ვეღარ მივალ.
ლუკამ მონარჩენი მაჭკატი შეიტენა პირში და ჩაი მოწრუპა, მერე კი სკამიდან გადახტა.
-ზემოთ ავალ, დეე. - უთხრა ბავშვმა და მოკლე ნაბიჯებით გაემართა კიბეებისაკენ.
-ფრთხილად იარე, დედი! - დაუძახა ნათიამ და იქამდე უყურებდა, სანამ ლუკა კუთხეს არ მოეფარა. - კარი მოკეტე, რომ შეხვალ! - მიაძახა მან.
სიჩუმე ჩამოვარდა. ნათიას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რატომ იჯდა ჯერ კიდევ აქ. ნიკოლოზის აქყოფნა აკავებდა მაგიდასთან, საკუთარი გაუბედაობა, თუ სირცხვილი, ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო და გაუგებარ მასას ჰქმნიდა.
-რატომ მატყუებ? - ჰკითხა უცებ ნიკოლოზმა.
ნათია შეკრთა, თვალებგაფართოებულმა გადახედა.
-გატყუებ? - გაიმეორა მან.
-რატომ მითხარი, რომ ის ბავშვი ჩემია? რომ ჩემი შვილია? - ნიკოლოზმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და მუქი თვალები მის მზერას მიაბჯინა. ქალმა წარბები შეკრა, დაჟინებით მიშტერებოდა.
-იმიტომ რომ არის კიდეც. - ხმადაბლა თქვა ქალმა. მოეჩვენა, რომ ლუკა კუთხესთან იდგა, რომ ბავშვი საერთოდ არ ავიდა ოთახში. რომ ლუკას სურდა მოესმინა მათი ლაპარაკის მოსმენა და უსიამოვნო ჭიანჭველებმა დაუარეს სხეულში.
ნიკოლოზმა წკრიალით დააგდო ჩანგალი ცარიელ თეფშზე. ყბები შეკრა, ლოყაში კუნთი აუთამაშდა.
-ნათია. - ნელა და ხმადაბლა დაიწყო მან. - ქალთან, რომელიც მიყვარდა, სამი შვილი უნდა მყოლოდა. სამივე მომიკვდა, ნათია. - ხმაში სიცივის გარდა არაფერი ეტყობოდა ნიკოლოზს. ეტყობოდა, თუ როგორი შეგუებული იყო ამ სიტუაციას. მისმა სიცივემ ტანზე დასუსხა ნათიას. - და შენ, ვიღაც ქალი, მოდიხარ და მეუბნები... რომ ეს ბავშვი... ჩემია? ამდენს მიბედავ?
-იმიტომ რომ არის კიდეც. - ავტომატურად გაიმეორა ქალმა. რატომღაც სირცხვილი იგრძნო, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში. შერცხვა, რომ ნიკოლოზს ასეთ ტკივილს ანიჭებდა. ხედავდა, რომ კაცს მისი არ სჯეროდა და არც ადანაშაულებდა მას, მაგრამ ტყუილის თქმაც არ შეეძლო. არ სურდა, რომ კაცისათვის მისი შვილი დაემალა. საკუთარ სიტყვებს უკან ვერ წაიღებდა.
-ნათია, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. - თქვა კაცმა, ნათიამ ხმაში ჩამდგარი გაღიზიანება შეატყო და ერთიანად გაიყინა. უცებ შეეშინდა.
ნიკოლოზის გაბრაზება არ უნდოდა. კაცს შეეძლო ყოველ წუთს გაეძახებინა ნათიაც და ლუკაც აქედან, ახლა კი ვერ აიტანდა ამას ქალი.
ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. ყელში რაღაც გაეხირა.
-შენ მე არ მახსოვხარ. - თქვა კაცმა. - საერთოდ. არ მინახიხარ ადრე, პირველად ორი თვის წინ გნახე მხოლოდ.
-მე რომ მახსოვხარ? - შეეპასუხა ქალი. იცოდა, რომ ზედმეტს აკეთებდა. ზღვარს გადადიოდა, ამით უფრო გააღიზიანებდა კაცს. - არ მეშლება, გეფიცები... დაფიქრდი, მართლა არ გახსოვს? ექვსი წლის წინ, მაისში... ქალაქის ბოლოში იყო კაფე-ბარი და წვეულებას ვესწრებოდით...
კაცი წარბშეკრული უყურებდა, ამოიხვნეშა და სახე მოისრისა. კანი უფრო ნაცრისფერი გაუხდა. ნათიამ ჰაერში იგრძნო მყრალი, ძველი სიგარეტის სურნელი.
-ექვსი წლის წინ ბევრ წვეულებას ვესწრებოდი. - თქვა კაცმა ისე, რომ მისთვის სახეში არ შეუხედავს, მაგიდას დაშტერებოდა.
-იქ იყავი. - თქვა ქალმა. - მთვრალი. მეც ნასვამი ვიყავი საკმაოდ, მაგრამ შენი სახე დამამასხოვრდა. სურნელიც. გუგუნიც.
-რისი გუგუნი? - იკითხა ნიკოლოზმა, თუმცა სახეზე ეტყობოდა, რომ ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა ახლა. თითქოს სურდა ამ უბრალო კითხვით ნათიასათვის სიტყვა გაეწყვეტინებინა და თავი ხელში აეყვანა. დაეყოვნებინა ქალის სიტყვები.
ნათია წამიერად გაჩუმდა. ტუჩი მოიკვნიტა, უსიტყვოდ დაშტერებოდა მაგიდას.
-არ ვიცი ზუსტად. - თქვა ბოლოს. - შეიძლება მუსიკის. ხალხის. ჩემი. ყურებში მესმოდა. ალბათ სისხლი მიგუგუნებდა ყურებში.
ნიკოლოზი უსიტყვოდ დააშტერდა.
-მე მაინც არ მახსოვხარ. - თქვა მან. - არა მგონია, ქალთან ვწოლილიყავი, როცა ასეთი მთვრალი ვიყავი... რამდენი წლის იყავი მაშინ?
-ოცის. - უპასუხა ნათიამ. გულისცემა ისევ ყურებში უგუგუნებდა. - ოცდაშვიდის ვხდები მალე.
-შენზე შვიდი წლით უფროსი ვარ. - თქვა კაცმა და დაჟინებით დააშტერდა. თითქოს ამას ახლა რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა.
-არ ვიცი. - თავი გააქნია ნათიამ. აღარ იცოდა, რა ეთქვა, რითი დაემტკიცებინა საკუთარი სიტყვებით თავისი სიმართლე ნიკოლოზისათვის, ამიტომ სიჩუმე ამჯობინა. იქნებ კაცი ცოტათი დაწყნარებულიყო.
ვატო ისევ ცხელ სუნთქვას აფრქვევდა ლოყაზე. ჰაერი სიგარეტის სურნელით გაჟღენთილიყო.
-შენი მშობლები სად არიან? - ჰკითხა უცებ ნიკოლოზმა და ნათია შეკრთა, სუნთქვა კისერშიგაეხირა. ფრთხილად ახედა კაცს, თვალებით შეევედრა, რომ უკან წაეღო კითხვა, რომ არ დაეძალებინა ნათიასათვის ამის თქმა, რადგან მის თხოვნას ქალი ვერ გაუძლებდა, ყველაფერს მოუყვებოდა. ეს კი ვერ დამთავრდებოდა კარგად. - არ გყავს? როგორ აღმოჩნდი ქუჩაში პატარა ბავშვთან ერთად?
ნათიამ ამოიხვნეშა. ხელები უკანკალებდა. კარგა ხანი იყო, რაც ამაზე არ ეფიქრა და ერჩივნა, რომ ასეც გაგრძელებულიყო, მაგრამ როგორც ჩანდა, ჯერ კიდევ უკიაფებდა გონებაში ნაპერწკალი, რომელიც სულ უფრო და უფრო ღვივდებოდა და ყველაფრის თქმისაკენ უბიძგებდა.
ალბათ ტვირთს შეუმსუბუქებდა ყველაფრის მოყოლა.
საათი ტიკტიკებდა. მაცივრის ხმადაბალი გუგუნი და ზუილი ესმოდა ნათიამ. ქარი ქროდა და ხის ტოტები ფანჯრებს ლაწუნით ეხეთქებოდნენ.
-მამაჩემი მცემდა. - თქვა ნათიამ და თითები ერთმანეთში გადახლართა, ისე მძლავრად, რომ სახსარმა გაიღრჭიალა. - დათვრებოდა და მცემდა. ცუდ ხასიათზე იყო, მცემდა. რაღაც არ მოეწონებოდა, მცემდა. დედაჩემსაც სცემდა. მაგრამ დედა სულ მის მხარეს იყო. იდგა და მიყურებდა, როცა მამაჩემი მირტყამდა, მაგრამ არაფერსაც არ აკეთებდა. მე... მე არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ორივე მძულდა. წლების მანძილზე იდიოტივით ვცდილობდი, რომ მათი კეთილგანწყობა მომეგო. - ნათიამ მამის დასიებული, გაწითლებული, პომიდორივით სახე და დედამისის ჩამომხმარი, საცოდავი გამომეტყველება გაიხსენა. მისი გასაცოდავებული თმა და მუდამ დაფარული მკლავები, რომ ჩალურჯებები დაეფარა. ზიზღმა დაუარა, კისერში მოაწვა ნაღველი. - არაფერი გამოვიდა. ერთხელაც ყელში ამომივიდა, და სახლიდან გამოვიქეცი. ჭურჭელს ვრეცხავდი და ჩუმად ვდებდი თეფშებს და ჭიქებს გვერდზე, რომ წკრიალი არ გამოეღოთ და მამაჩემი არ წამომდგომოდა თავზე. ეძინათ. მე სამეცადინო მქონდა. მთელი დღე ვმუშაობდი, სკოლის მერე, მერე სადილი უნდა გამეკეთებინა და საოჯახო საქმისათვის უნდა მიმეხედა. ჟინმა წამომიარა. მინდოდა დამეხეთქებინა თეფშები ქვემოთ, გამომეღვიძებინა ორივე და დანით მომეგერიებინა მამაჩემი, მერე კი ამაყად მოვშორებოდი იქაურობას. მაგრამ ვერ გავბედე. შუქები გავაქრე, შიგნიდან დავკეტე ჩემი ოთახის კარი და ფანჯრიდან გადავძვერი.
-იმ კაფე-ბარში მიხვედი, არა? - თქვა ნიკოლოზმა. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ნათია დაჟინებით დააშტერდა მისი ადამის ვაშლის მოძრაობას ყელზე.
თვალები ეწვოდა რატომღაც.
-ჰო. დავლიე. ვიცეკვე. ყველაფერი გავაკეთე, რაც იქამდე არასდროს გამეკეთებინა. მინდოდა... მინდოდა ცოტაოდენი სიამოვნება მიმეღო ცხოვრებისაგან. მინდოდა... არ ვიცოდი, თუ რატომ გავიფიქრე ეს. ალბათ არც აინტერესებდათ, მე სად ვიყავი... მაგრამ ისე შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს მშობლებს ვღალატობდი, მათ ჩემი საქციელით ტკივილს მივაყენებდი და ეს მსიამოვნებდა. არ ვიცი რა დამემართა. - ქალმა მზერა ასწია ნიკოლოზის ყელიდან, სახეში ჩააშტერდა. არ იცოდა, თუ რას ეძებდა მის გამომეტყველებაში.
ალბათ შეცოდებას. წუხილს.
მაგრამ კაცს მხოლოდ სიცივე ეტყობოდა სახეზე. ტუჩები მაგრად დაეჭირა ერთმანეთისათვის და კუნთი უთრთოდა ყბაზე.
ნათიამ ფრჩხილები ჩაიჭირა ხელისგულებში. იგრძნო, თუ როგორ ასტყავდა კანი, სისველე ჩაეღვარა თითების წვერებთან. სიცხე იგრძნო.
-მერე შენ შეგხვდი. - ქალმა მხრები აიჩეჩა, ნერწყვის გადაყლაპვა უჭირდა. - დარწმუნებული ვარ. შენ იყავი. მერე ეტყობა დავლიეთ, ბურუსის მეტი არაფერი მახსოვს. არ ვიცი, როგორ მივაღწიე სახლამდე. დილით რომ გავიღვიძე, ყველაფერი მტკიოდა.
-მშობლებმა გაიგეს? - ჰკითხა ნიკოლოზმა, და ნათიამ ტუჩები მოილოკა, ინტერესით დააშტერდა. ვერ გაეგო, თუ რას ფიქრობდა კაცი. ვერ გაეგო, მისი სჯეროდა თუ არა.
-არა. ვერც კი გაიგეს, რომ წასული ვიყავი. ერთ თვეში რომ თავბრუსხვევა, ღებინება დამეწყო, მივხვდი რაც ხდებოდა. - ნათიას გააჟრჟოლა. წარმოიდგინა ის საშინელი, გამყინავი თავზარდაცემა, რომელიც სააბაზანოში ჩაკეტილმა, უნიტაზთან დამხობილმა განიცადა, თან სახლში შემოპარებულ ორსულობის ტესტს უყურებდა და უნდოდა კედელზე ეხალა თავი. - მერე სახლიდან წამოვედი.
-არაფერი გაუგიათ? - ისევ ჩაეკითხა ნიკოლოზი. ნათიამ ტუჩები მობრიცა, თავი გადააქნია. სჯეროდა, რომ ეს კითხვა უკვე უაზროდ ჟღერდა, არც ღირდა მასზე პასუხის გაცემა.
-არაფერი მითქვამს. რაც ფული მქონდა შეგროვილი, წამოვიღე, ცოტა საჭმელიც. მეგობრები არ მყავდა, არც ვინმე ნათესავი ვიცოდი. რამდენიმე კლასელს მივაკითხე, მაგრამ მე ვინ მიმიღებდა? სულ კლასის ბოლოში ვიჯექი, სულ დამცინოდნენ. - ნათიამ მხრები აიჩეჩა, ნესტოები დაებერა.
მშობლები გაიხსენა. შეეცადა მამამისის სახის უკეთ გახსენებას, შეეცადა მისი გაწითლებული, გასიებული ცხვირისათვის, ჩამოწეული სამკეცა ღაბაბისა და ალკოჰოლის სურნელად აყროლებული სხეულისათვის სხვა დეტალებიც მიემატებინა, მაგრამ ვერ შეძლო. არც მისი თვალის ფერი ახსოვდა. დედის კი პირიქით, ნაღვლიანი, გასაცოდავებული, დანაოჭებული სახე, მუდამ გაწეწილი თმა და ჩამომხმარი სხეული აღბეჭდვოდა გონებაში.
რა იქნებოდა, რომ არ გაჩენილიყო ამ ხალხის ხელში. რა იქნებოდა, რომ საერთოდ არ გაჩენილიყო. ასე ძალიან არ დაიტანჯებოდა მაინც.
ნათიამ ნიკოლოზს ახედა. კაცი ისევ ცივად, მშვიდად უყურებდა. შუბლზე ძარღვი შეუტოკდა.
-არ გჯერა, ხომ, ჩემი? - დაიჩურჩულა ნათიამ. ვერ გაეგო, თუ რას გრძნობდა. არც წუხილს, არც სევდას. არც ბრაზს. მხოლოდ ყრუ, ყურებში მოგუგუნე სიცარიელეს.
ნიკოლოზმა აღარაფერი უთხრა. თვალი აარიდა.
როცა კაცი წავიდოდა, ბევრს დალევდა ნათია. ცოტა ხნით გამოთვრებოდა კარგად. ღამღამობით დალევა აღარ ჰყოფნიდა ორგანიზმს.

-*-*-*-*-*-
სამსახური ძნელი იყო. არც კი იცოდა, თუ რას აკეთებდა.
ნათიას მონაყოლის შემდეგ ბურანმა მოიცვა ნიკოლოზის გონება. თითქოს ელოდა რაღაცას. მოღუშული იჯდა თავის კაბინეტში, უაზროდ ჩაშტერებოდა შესავსებ და ხელმოსაწერ ფორმას, და გამალებით ფიქრობდა.
ნათიასი არ სჯეროდა, საერთოდ არ ახსოვდა ქალი. ვერ წარმოედგინა ასეთი რამე. მაგრამ მაინც ცდილობდა გახსენებას.
ნათია ძალიან დარწმუებული ჩანდა, მაგრამ ღირდა თუ არა ნიკოლოზს მისთვის დაეჯერებინა და ლუკა თავის შვილად მიეღო? ქალის ასავალ-დასავალი საერთოდ არ იცოდა, მხოლოდ მისი გვარი და ასაკი, რომელიც დღეს გაიგო. იცოდა მისი მოძალადე მამისა და პასიური დედის შესახებ.
წელში გასწორდა. იოლად შეიძლებოდა ამ ყველაფრის გამორკვევა და საბოლოოდ მოგვარება. უბრალოდ მამობის ტესტის ჩატარება იყო საჭირო და მორჩებოდა ეს ამბავი.
საათს გადახედა. ექვსს ხუთი წუთი აკლდა. ახლა უნდა გასულიყო კიდეც ოფისიდან. სწრაფად წამოკრიფა საბუთები და ჩემოდანში ჩაუძახა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.
მთელი გზა სახლამდე გამალებული ფიქრობდა. ბავშვის თმა იქნებოდა მხოლოდ საჭირო. როგორც მამას წარადგენდა თავს და პრობლემები აღარ ექნებოდა, თუ ტესტის კონფიდენციალურობას გაითვალისწინებდა.
სახლში გულისცემააჩქარებულმა შეაბიჯა. ძალიან მოუნდა მოწევა.
სამზარეულოში შუქი ენთო. ანა-სოფია იჯდა მაგიდასთან. ნიკოლოზი ძალიან შეეცადა, რომ კიბეზე ჩუმად, მის შეუმჩნევლად გაპარულიყო, მაგრამ ანა-სოფიამ მაინც შეამჩნია.
ქალი ფეხზე წამოდგა, თმა ისევ გაწეწილი მოუჩანდა, ამოღამებოდა თვალებიც. ნიკოლოზი მოიღუშა. ეს ქალი დღითი-დღე თითქოს ილეოდა, დნებოდა.
რაღაცნაირმა სიბრალულმა დაუარა. წუხილი არ უგრძვნია, არც რაიმე თბილი ემოცია. მხოლოდ ემოცია ამ თითქოსდა უცნობი ადამიანის მიმართ, რომელიც ცივი თვალებით მიშტერებოდა.
-სად იყავი? - დაიხავლა ქალმა და ნიკოლოზმა კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. არ უნდოდა ანა-სოფიასთან დალაპარაკება. ქალი ისევ ისტერიკებს გამართავდა.
-სამსახურში. - მიუგო ნიკოლოზმა. უნდოდა კიბეებზე აერბინა, მაგრამ ვერ ინძრეოდა, სანამ ანა-სოფია უყურებდა. ქალი კი თვალდაუხამხამებლად მიშტერებოდა.
-ნიკოლოზ, არ მსიამოვნებს ესენი რომ აქ არიან. - თქვა ანა-სოფიამ. ხმა ოდნავ დაეწმინდა, უფრო გასაგები გაუხდა და კაცმა წარბები შეკრა. თითქოს თავის ნორმალურ პიროვნებას დაუბრუნდა ანა-სოფია...
-მერე რა გავაკეთო? - უპასუხა მან. -აქედან გავუძახო? დაუცველი ავადმყოფი ბავშვი და დედა? გესმის , რას მთხოვ, ანა-სოფია?
-მე გთხოვ, რომ ეს უცხო ხალხი გააგდო აქედან. - ანა-სოფია მისკენ წამოვიდა, თმის აქეთ-იქით გაწეწილი ღერები სამზარეულოდან მომავალ შუქზე ბზინავდნენ.
-ამ უცხო ხალხს დახმარება სჭირდება. - დაიღმუვლა ნიკოლოზმა და კიბისაკენ შებრუნდა. ანა-სოფიას ჩაბნელებულ სახეს ვეღარ უყურებდა. - შენ კი მოგიწევს რომ გაჩუმდე. ეს თემა დაიხურა უკვე.
-არ დაიხურება სანამ არ ვიტყვი! - მოულოდნელად დაიყვირა ანა-სოფიამ. ნიკოლოზი არც კი შემკრთალა. უკვე შეჩვეული იყო ქალის მოულოდნელ ამოხეთქვებს. კიბეებს აუყვა.
-ნიკოლოზ! ნიკოლოზ, გაჩერდი, შენ გელაპარაკები, შე მხდალო! შე არაკაცო, მოღალატე მატყუარა! თავს მოვიკლავ! თავს მოვიკლავ! - ქალი ისტერიულად კიოდა. ნიკოლოზს ყურებმა წუილი დაუწყეს. უნდოდა ყელში ეტაცა ქალისათვის ხელი და მაგრად მიენარცხებინა კედელზე. წამიერად დაუარა სინანულმა, რომ იმ დღეს, როცა ქალი ვენებგადაჭრილი დაინახა, დაეხმარა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.
წამსვე შეეზიზღა თავი ამის გაფიქრებისათვის, მაგრამ თავი ვერაფრით შეიკავა.
ანა-სოფია მთელი არსებით სძულდა. ეზიზღებოდა ის ალქაჯი, ღვარძლიანი და სიძულვილით სავსე ქალი, რომლადაც იქცა მისი შეყვარებული.
ყურადღება არ მიაქცია ანა-სოფიას კივილს. კიბეები აათავა, ლუკასა და ნათიას ოთახის კარი შეაღო.
ორივეს ეძინა. ნათიას მაგრად მიეხუტებინა ბავშვი გულზე, და თბილად გამოხვეულიყვნენ საბანში.
ნიკოლოზი ფრთხილად მიუახლოვდა ლოგინს. ლუკას სახეს დააშტერდა. ჟრუანტელი დაუარა, როცა ახლოდან დააკვირდა სამ ხალს, ბავშვის ლოყაზე. ძალაუნებურად საკუთარი ლოყა შეუტოკდა.
ბავშვის თმა ნათიასას ჰგავდა. შუბლიც. მაგრამ ცხვირი, თვალების ფერი, ყურები, და ალბათ მომავალში, ყბების მოყვანილობაც ნიკოლოზისას ემგვანებოდა.
კაცმა კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. არა, ეს აბსურდი იყო. ამის დაჯერება არ შეეძლო, საბუთის გარეშე.
ბავშვის თმისაკენ გაიწვდინა ხელი, სურდა, რომ ერთი ღერი ამოეგლიჯა სკალპიდან, მაგრამ შეყოვნდა. ნათიას გადახედა.
ლოყა ისევ მოყვითალო უჩანდა ქალს. მუქი ქერა თმა შვილის მსგავსად მბზინვარე უჩანდა. ახლაღა შეამჩნია ნიკოლოზმა, რომ ქალის ტუჩების მოყვანილობა ლუკასას ჰგავდა.
ახლაღა დაფიქრდა თითქოს. თუ რამდენად შეიცვალა ქალი მხოლოდ ერთი ცხელი აბაზანით, საჭმელითა და თბილი სამყოფელით.
უსიამოვნოდ მოეკრუნჩხა მკერდი. ეს ხალხი ამას არ იმსახურებდა.
უკან დაიწია, ტუმბოზე გადადებული პატარა სავარცხელისაკენ გაიხედა, რომელიც თვითონ შეიძინა ლუკასათვის ორიოდე კვირის წინ. სავარცხელზე რამდენიმე მბზინვარე თმა შერჩენილიყო.
ნიკოლოზმა სწრაფად მოაძრო ერთ-ერთი, ჯიბეში ჩაიდო, და სწრაფი, ჩუმი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
ანა-სოფია რაღაცას ლეწავდა სამზარეულოში.
ნიკოლოზს ყურადღება არ მიუქცევია. ანა-სოფია დაამტვრევდა ცოტა ჭურჭელს და დაწყნარდებოდა, მოვიდოდა გონზე.
მუქ ოქროსფერ, ლუკას თმას თითებში ატრიალებდა, როცა კლინიკაში შეაბიჯა და მამობის ტესტი მოითხოვა.
მაღალმა, წვეროსანმა ექიმმა ჩამოართვა ლუკას თმა. ლოყიდან ანალიზი აიღეს, შეავსებინეს სპეციალური ფორმა და მოაწერინეს ხელი რამდენიმე დოკუმენტზე.
-რამდენ ხანში იქნება? - იკითხა ნიკოლოზმა. უყურებდა, თუ ალაგებდა ექიმი მაგიდას და თავისდაუნებურად გაექცა თვალი მისი ბალთებიანი, თეთრი ფეხსაცმლისაკენ.
-სამ-ოთხ დღეში. - მიუგო ექიმმა. წყნარი, გამგები თვალები და სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. - თქვენს მაილსა და მობილურ ტელეფონზე მოვა აუცილებლად შეტყობინება.
-რამდენად სწორია ეს ტესტი?
-თუ არ დაემთხვა, ნული პროცენტია. თუ დაემთხვა, ოთხმოცდაცხრამეტი მთელი ოთხმოცდაცხრამეტი. ამაზე სწორი ტესტი არ არსებობს. - უპასუხა ექიმმა. - ნუ ინერვიულებთ, ბატონო, აქ შეცდომა შეუძლებელია. გავიგებთ, ეს ბავშვი თქვენია თუ არა.
„სწორედ მაგის მეშინია.“ გაიფიქრა ნიკოლოზმა და ფეხზე წამოდგა.
არ იცოდა, თუ რა ეფიქრა ამაზე. არ იცოდა, სურდა თუ არა, რომ ლუკა მისი შვილი ყოფილიყო.
და ისიც კი არ იცოდა, თუ რას გააკეთებდა სიმართლის გაგების შემდეგ.

-*-*-*-*-*-10
ნათია ლოგინზე წამოჯდა. არ იცოდა, საით გაეხედა, საით შებრუნებულიყო. ლუკას ეძინა, და ქალმა სწრაფად მიმოიხედა, ოთახი მოათვალიერა, საწოლის ქვეშ შეიხედა და ფრთხილად გამოაღო კარადა. არავინ ჩანდა, ფანჯარაც მიკეტილი იყო საიმედოდ. სწრაფად გაემართა კარისაკენ, გამოაღო და ფრთხილად გააბიჯა გარეთ.
კარი გარედან დაკეტა, და ფრთხილად გაემართა ქვემოთა სართულისაკენ. შიგნეული ერთიანად უხურდა, ერთი სული ჰქონდა, სანამ ღვინოს დალევდა. იქნებ ნიკოლოზს დარჩენოდა კარადიდან გამოღებული ვისკის ბოთლიც...
კიბეებზე ჩაიპარა. შუქის ანთება არ სურდა, იცოდა, რომ ნიკოლოზი შეამჩნევდა, ან ანა-სოფია, ან კიდევ უარესი, ლუკა. დარწმუნებული იყო, რომ თუ შუქს აანთებდა, ისისნი დაინახავდნენ, მიხვდებოდნენ, თუ რას აკეთებდა ყოველ ღამე. ანა-სოფია კიდევ უფრო შეიძულებდა, ნიკოლოზი კი აუცილებლად მოისვრიდა გარეთ.
თითქოს ყოველი მხრიდან შემოეხვია სიბნელე. ფაქტიურად ვერაფერს ვერ ხედავდა, და წარმოიდგინა, რომ ბრმა იყო. გარშემო სინათლე ეხვია, მაგრამ უბრალოდ თვითონ ვერ ხედავდა მას. ბრმად თავის წარმოდგენა უფრო იოლი იყო, ვიდრე გარშემომყოფი სიბნელის ატანა. თითქოს ათასი საშინელება მოძვრებოდა მისკენ, პირდაღებული, ლორწოვანი თითებით, მის სხეულზე რომ ცოცავდნენ. ნათიამ კიბეების ბოლომდე მიაღწია და წარმოიდგინა, რომ კუთხიდან რაღაც მოძვრებოდა. ერთიანად შავი არსება, ჩაღრმავებული თვალებით, იატაკზე დაჩოქილი, გრძელი, გამხმარი, ობობისებრი თითებით და მთელი ძალით შეეცადა, რომ ფანტაზიას მორეოდა. პირდაპირ იატაკზე გაწოლილ, მისკენ თავმოტრიალებულ არსებას გვერდით ჩაუარა და სამზარეულოში შეაბიჯა, გულამოვარდნილმა.
ვატოს იქყოფნას ვეღარ გრძნობდა. რატომღაც იგრძნო, რომ მისი აქ ყოფნა უფრო იოლი იქნებოდა, ვიდრე იმ არსებასთან ერთად მარტო ყოფნა.
კარადა გამოაღო, ხელი მოუფათურა. წამსვე მიაგნო უკვე ნაცნობ ბოთლის ფორმას. სწრაფად გადმოიღო, მაგიდაზე ხელით მიაგნო ჭიქას.
მერე კი შუქი აინთო.
ნათია მთელი სხეულით შეხტა, კინაღამ კივილი აღმოხდა, მაგრამ მხოლოდ ჩახშული ხავილი ამოუვიდა ყელიდან. დაფეთებული შეაშტერდა ზღურბლზე მდგარ, თმა-გაძეძილ ანა-სოფიას, რომელიც თვალებდავიწროებული შემოჰყურებდა.
-ლოთიც ყოფილხარ. - დაისისინა მან, მკლავები გადააჯვარედინა და სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯა ოთახში.
ნათიას მკლავები აექავა. ქავილი მთელ სხეულზე გავრცელდა და შეაჟრჟოლა. იცოდა, რომ სინამდვილეში არ ექავებოდა, მხოლოდ მოჩვენება იყო ეს შეგრძნება, მაგრამ არც კი გაინძრა. თავის შეკავებისაგან ოფლი მოადგა შუბლზე.
უნდოდა ხელში ჩაბღუჯული ღვინის ბოთლი გადაემალა. კედელზე მიელეწა, ფანჯარაში გადაეგდო, ანა-სოფიას თავში ერტყა მთელი ძალით, სანამ ბოთლის არსებობას ვერავინ დაამტკიცებდა, სანამ შეუძლებელი იქნებოდა ანა-სოფიას პირიდან სიტყვა „ლოთის“ ამოსვლა მისი მისამართით. ლოთი არ იყო. არასოდეს ყოფილა ლოთი. უბრალოდ უყვარდა ალკოჰოლი. ნუთუ ეს ასე ცუდი იყო?
-არა ვარ ლოთი. - თქვა მან. ანა-სოფია ჩასისხლიანებული თვალებით დააშტერდა და ნათიას კრთომა აღმოხდა, მთელი სხეულით აკანკალდა. მოეჩვენა, რომ სისხლი ჩაეღვარა ქალს თვალებში, წითელი გაუხდა მთელი სკლერა, სანამ ალისფერი თვალებით არ მოშტერებოდა ქალი, გვერდებზე დაშვებული ხელებით სველი ჰქონდა სისხლით, სისხლი უგორდებოდა ფეხებშუა და იატაკზე წვეთავდა. ბუნდოვნად გაიგონა ნათიამ მისი კივილი.
ყურებში ისევ მოესმა გუგუნი.
-ხარ, თან როგორ. - ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ანა-სოფიამ და სწრაფი ნაბიჯით მოვარდა მასთან, ბოთლს ხელი სტაცა. ნათიას სურდა ხელი გაეშვა, დანებებოდა გამძვინვარებულ ქალს, მაგრამ არ გაინძრა. შინაგანმა სურვილმა გადაწონა მისი შიში. მაგრად მოსჭიდა ბოთლს ხელი ყელში.
-როგორ არ გრცხვენია? - კბილებში გამოსცრა ანა-სოფიამ. ნათიამ ახლაღა შეამჩნია, თუ როგორ ჩაცვენოდა მას ლოყები. - ნიკოლოზმა, მაგ დეგენერატმა არაკაცმა, მაგრამ მოღალატემ მიგიღო აქ, შენ და შენი ავადმყოფი ლაწირაკი. ახლა კი არა მარტო აქ ცხოვრობ და ჩვენს ცხოვრებას წამლავ, არამედ სასმელსაც ჰპარავ? როგორ უბედავ? მე როგორ მიბედავ?
ნათიას არ უპასუხია, შიგნით ყველაფერი უდუღდა.
-მე შენ არაფერს გიშავებ. - თქვა ბოლოს და გამბედავად ჩახედა ქალს გაფართოებულ, გადმოკარკლულ თვალებში. - უბრალოდ თავი დამანებე.
-თავი დაგანებო? - შეჰყვირა ანა-სოფიამ და ერთი ძლიერ მოძრაობით ბოთლი ხელიდან გამოგლიჯა. - რას ნიშნავს თავი დაგანებო? და შენ მანებებ თავს? შენ თვითონ შემოიჭერი აქ, შენ თვითონ მიმწარებ ცხოვრებას, შენ თვითონ ერევი ჩემსა და ნიკოლოზის ცხოვრებაში და კიდევ მე დაგანებო თავი?
-შენი და ნიკოლოზის ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნათიამ. არ სურდა ამის თქმა, იცოდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, მაგრამ ანა-სოფიას საუბარი უკვე ნერვებს უშლიდა. შიშის ნაცვლად გაღიზიანება აწვებოდა კისერში და არ იცოდა, რას გააკეთებდა, თუ არ გამოუშვებდა მას გარეთ.
ანა-სოფიას თვალები კინაღამ თავის ქალიდან გადმოსცვივდა. ჩაწითლებული, გამძვინვარებული მზერით უყურებდა და ნათიამ დაინახა, თუ როგორ საეჭვოდ მოიმარჯვა მან ბოთლი.
სუნთქვა შეუკრთა მკერდში.
-და შენი ცხოვრება? - დაუსისინა ანა-სოფიამ. - შენი ცხოვრება როგორღაა? დაეთრევი აქეთ-იქით, შენი საცოდავი ფანდურით. ქუჩაში ცხოვრობ, საკუთარ მშობლებსაც არ უნდოდი. ყველას ფეხებზე ე**დე, და ახლაც კი*იხარ. შენ რა გგონია, ნიკოლოზი ისე გტოვებს აქ? ო არა, მხოლოდ იმ წვინტლიანი ბავშვის გულისათვის.
ნათიას თითქოს ცეცხლი გაეშალა მკერდში. სირცხვილის ალში იწვოდა. იცოდა, რომ ყველაფერი, რასაც ანა-სოფია ამბობდა, მართალი იყო და ალბათ ამიტომ გახლდათ ეს ყველაფერი ასე მტკივნეული.
-შენ გგონია, ვერ შევამჩნიე? - დაუსისინა ანა-სოფიამ. - შენგან განსხვავებით, მინახავს ნიკოლოზის ბავშვობის სურათები. ის ღლაპი სულ მას ჰგავს. ის სამი ხალი. მამამისსაც იგივე ჰქონდა... თმა რომ მუქი ჰქონდეს, მთლიანად ნიკოლოზი იქნებოდა. ეს დეგენერატი კიდევ კარგი, ვერ ხვდება. თუმცა, იცი რა? - ანა-სოფიას სახე გიჟურმა აღტკინებამ მოიცვა. - მგონი ხვდება. უბრალოდ არ უნდა ამის დაჯერება, გესმის? იმიტომ რომ მე, მისმა საყვარელმა ქალმა, სამი ბავშვი დავუკარგე, სამი მოვუკალი, და ამ დროს ვიღაც ქუჩის ქალი მოეთრევა და მისი ცოცხალი, ექვსი წლის შვილი მოჰყავს თან...
-ლუკა ხუთი წლისაა. - წაილუღლუღა ერთიანად თავზარდაცემულმა ნათიამ. ვეღარ გაეგო, რა გაეკეთებინა, ან სად გაქცეულიყო.
იმ არსებასთან ერთად ვატოც ატუზულიყო კუთხეში. რატომღაც ნათიას შეგრძნება ჰქონდა, რომ მეორე კუთხეში მამამისის გაწითლებული სახეც გამოჩნდებოდა.
-ყველაფერი შენი ბრალია. - ბოთლი მკერდზე მიაბჯინა ანა-სოფიამ, სახეზე აუწერელი ბრაზი ეწერა, მთელი მისი არსება სიძულვილს ასხივებდა. - მე ვიცი შენ ვინც ხარ. იმ კაფეში ვიყავი. ვიცი, რატომ აღარ მუშაობ იქ.
ნათიას ისეთი ძალით დაეჭიმა კისრის კუნთები, რომ ვეღარ ამოისუნთქა. თვალები გადმოეკარკლა და სამზარეულოს დახლს დაებჯინა მოკრუნჩხული თითებით.
-„ლულუში“ იყავი? - ძლივს ამოიხრიალა მან. გონებაში ათასი საზიზღარი სცენარი უტრიალებდა. თითები დარეცხილ და იქვე მიწყობილ ჭურჭელთან ახლოს ედო, და ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ისევ იქ იყო, იმ პატარა კაფეში, იმ პაწაწინა ოთახში, წინ ვატო ედგა, მისი ბილწი ხელები უკითხავად დაცოცავდნენ მის სხეულზე, ზუსტად იმ ლორწოვან შეგრძნებას ტოვებდნენ უკან, როგორც სიბნელეში მყოფი უსაზიზღრესი არსებები.
-დიახაც, ვიყავი. - დაეჭყანა ანა-სოფია, უსაზღვროდ, თითქმის მანიაკალურად კმაყოფილი ჩანდა. - მითხრეს, რაც მოხდა. როგორ სცადე კაფეს ერთ-ერთი მეპატრონეს შეცდენა, იმის მიუხედავად, რომ მას უკვე საცოლე ჰყავდა... შენ იცოდი, არა? და მაინც სცადე, რომ ის შენს ბინძურ კლანჭებში მოგექცია, შე კა**ა... და როცა არ გამოგივიდა არაფერი, წამოხვედი. რაო, ჩაგეშალა გეგმები? არ ელოდი, რომ ყველა კაცი ნაგავი არ იქნებოდა? - ეუბნებოდა ანა-სოფია, უაღრესად დაჯერებული საკუთარ თავში, და თავზარდაცემულმა ნათიამ აღარ იცოდა, თუ რა ეფიქრა. ეს ყველაფერი სიზმარი იყო ალბათ. უაზრო კოშმარი, რომელიც ეჩვენებოდა.
მაგრამ არა. ძალიან კარგად ესმოდა ანა-სოფიას ზუზუნი საკუთარ ყურებში. ძალიანაც კარგად გრძნობდა მკერდზე მოჭერილი ბოთლის მტკივნეულ წნევას, მყიფე ფრჩხილები მაგრად ჩაბღაუჭებოდნენ დახლს.
იქნებ მართალს ამბობდა ანა-სოფია. იქნება მართლა მოეჩვენა, ის, რომ ვატო მასზე ძალადობას აპირებდა. იქნებ სინამდვილეში თვითონ სცადა მასზე ძალადობა...
არა. ნათიამ თავი გააქნია. ეს ტყუილი იყო. ასე რომ ყოფილიყო, ვატო ახლა არ იდგებოდა ოთახის კუთხეში, მისი საზიზღარი ღიმილით და არ გაუცინებდა, როცა ნათიამ მისკენ გაიხედა.
-აბა რას იტყვი, შე გარყვნილო დედაკაცო? - შეუყვირა ანა-სოფიამ. -მიდი, აღიარე, რომ სიმართლეა! იცი რა, ერთ დღესაც ნიკოლოზს მოვუყვები ამას, თუ არ გაეთრევი დროზე აქედან!
-მასე არ მომხდარა. - ძლივს ამოილუღლუღა ნათიამ. ეს აბსურდი იყო. ანა-სოფია იტყუებოდა. ტყუილს ამბობდა. ასეც უნდა ყოფილიყო.
-აბა როგორ? - ხმას აუწია ანა- სოფიამ. - აბა როგორ?!
-ანა-სოფია! - ნათია შეხტა, როცა ნიკოლოზის ღრიალი გაიგონა. ანა-სოფიას ზიზღის ნიღაბი მოევლო მთელ სახეზე და შეტრიალდა, ზღურბლზე მდგარ ნიკოლოზს შეაშტერდა, რომელიც პიჟამაში გამოწყობილიყო, თვალები ჩამოსიებოდა, და განრისხებული მიშტერებოდა ორივეს.
ნათიამ ძლივს ამოისუნთქა. მოკლე, წყვეტილ სუნთქვებს აკეთებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გული წაუვიდოდა მალე.
-აქ რა ხდება! - ხმას აუწია ნიკოლოზმა და ბრაზით მოავლო ორივეს თვალი, მერე კი მზერა ანა-სოფიას ჩაბღუჯულ, ნათიას მკერდზე მიბჯენილ ღვინის ბოთლს გაუჩერდა. - რას აკეთებ? - დაიღრინა მან, ორი ნაბიჯით წამოიწია წინ და ხელიდან გამოჰგლიჯა ბოთლი ანა-სოფიას.
-ახლავე ზემოთ ადი. - ხელი მიუშვირა მან ქალს, და ანა-სოფიამ ზიზღით სავსე მზერა მიაბჯინა.
-მე არ ვსვამდი. - ხმამაღლა განაცხადა მან. - ამას უნდოდა დალევა.
ნიკოლოზმა ნათიას გადმოხედა, წარბშეკრულმა. ნათიამ პირი გააღო, ძალიან სურდა რამე ეთქვა, მაგრამ არაფერი ამოსდიოდა პირიდან.
-შენი არ მჯერა. - ხმადაბლა მიუბრუნდა ნიკოლოზი ანა-სოფიას. - ახლა ზემოთ ადი, დაწყნარდი და დაიძინე, გასაგებია?
-ეს გააკეთე, ის გააკეთე, შენი არ მჯერა... - ანა-სოფიამ ხელი ასწია და მთელი ძალით გაარტყა ნიკოლოზს სახეში. ნათიამ პირზე იტაცა ხელი. რატომღაც ნიკოლოზის წამსვე შეწითლებულმა ყბამ და ანა-სოფიას ღვარძლიანმა გამომეტყველებამ გული აურია. - ნუთუ არ გესმის, შე არაკაცო! - დაიკივლა ქალმა. - ნუთუ არ გესმის, რომ ყველაფერს აფუჭებ! შენ ვის მხარეს ხარ? ჩემს თუ ამ კა**ის მხარეს?
-ზემოთ ადი! - დაუღრიალა ნიკოლოზმა, ხელი კიბეებისაკენ გაიშვირა.
ანა-სოფიას სახე მოეკრუნჩხა, დაჟინებით დააშტერდა, სახემონგრეული, ნიკოლოზის სახეს, იმის მიუხედავად, რომ თვალები ცრემლებით აევსო.
წამიერად ნათიას შეეცოდა კიდეც.
მერე კი ანა-სოფიას ყურის წამღები კივილი ამოუშვა. თავზე ხელები იტაცა, და კიბეებისაკენ გაიქცა. მირბოდა და კიოდა. მისი კივილი მხოლოდ კარის მოჯახუნების შემდეგ მიწყდა, მაგრამ ექო თითქოს მთელ სახლში რეკდა ამაზრზენად.
სიჩუმე ჩამოვარდა.
ნათია ძლივს სუნთქავდა, არ იცოდა საით გაეხედა, თვალს არიდებდა ნიკოლოზს.
არც კაცი ინძრეოდა.
-წავალ, დავიძინებ. - ძლივს ამოღერღა ქალმა, სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისაკენ.
-რა გითხრა? - ჰკითხა ნიკოლოზმა. ნათია გაიყინა, თავი გადააქნია.
-არაფერი ისეთი. - წაილუღლუღა მან, მერე კი სირბილით გაექანა კიბეებისაკენ. ნიკოლოზმა კიდევ რამდენჯერმე დაუძახა, მაგრამ ნათია არ შეჩერებულა. არ სურდა მისთვის სახეში შეეხედა.

-*-*-*-*-*-
ნიკოლოზმა ხელები მაგრად გადააჯვარედინა ერთმანეთს და ექიმის კაბინეტში, იატაკზე დაკრულ ლინოლეუმს დააშტერდა. ახლად მოწმენდილი ჩანდა, ჯერ კიდევ ბრწყინავდა.
ორი საათის წინ მოვიდა შეტყობინება. ანალიზის პასუხები მზად იყო. ექიმმა მიიღო, ახლა კი დოკუმენტების მოსატანად იყო წასული.
რა გაეკეთებინა, ლუკა რომ მისი შვილი აღმოჩენილიყო? ნეტავ იგრძნობდა სინდისის ქენჯნას, რომ ნათიას სიტყვებს არ დაუჯერა? მაგრამ ეს მისი ბრალი არ იყო, სურდა დაჯერება, რომ არ იყო, რადგან არ ახსოვდა ის ღამე კაფე-ბარში, რომლის არსებობაშიც მის დაჯერებას ცდილობდა ქალი.
ალბათ არ იგრძნობდა სინდისის ქენჯნას.
მაგრამ სიხარულს იგრძნობდა. სამი შვილი მოუკვდა, და ამ დროს მისი შვილი, პატარა ბიჭი იზრდებოდა სადღაც, მისდა გაუგებრად. იმის მიუხედავად, რომ ლუკა ქუჩაში ცხოვრობდა დედამისთან ამდენი ხანი, მაინც სასიამოვნო, კეთილი, კარგი ხასიათის ბიჭი იყო, და ექიმებს თუ დაუჯერებდა, ნელ-ნელა გამოკეთების გზას ადგა. თერაპია კარგად მოქმედებდა ახალგაზრდა, ახლად მოძლიერებულ სხეულზე.
დედამისი კი... ნიკოლოზმა არ იცოდა, თუ რა ეფიქრა ნათიაზე. ერთადერთს იმას ხვდებოდა, რომ ქალი კარგი დედა იყო. ძალიან, თითქმის აკვიატებულად ზრუნავდა საკუთარ შვილზე. ნიკოლოზს ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა ის პანიკა და გიჟური ამოხეთქვა, რომელიც ქალმა ნემსების ხსენებისას განიცადა. მერე კი უცნაური, ზედმეტი გულწრფელობის მომენტში, მოუთხრო ანა-სოფიას შესახებ, თუ როგორ მოეშალა მუცელი ქალს სამჯერ, და იმავე დღეს ნათიას იგივე მოეჩვენა, როცა სააბაზანოში იყო.
ქალი ძალიან მგრძნობიარე იყო. მაგრამ ასევე კარგად მალავდა ამას.
ანა-სოფია. რა მოეხერხებინა მისთვის? ქალი საბოლოოდ გადავიდოდა ჭკუიდან. მართლა მოიკლავდა თავს, რომ აღმოეჩინა, რომ იმ „ქუჩის ქალმა“, რომელსაც ვერ იტანდა, მის შეყვარებულს ცოცხალი ვაჟიშვილი გაუჩინა.
ნიკოლოზი შეკრთა, როცა კარი გაიღო და ექიმმა შემოაბიჯა, ხელში ქაღალდების დასტა ეჭირა. კაცი ფეხზე წამოდგა.
-აბა? - იკითხა მან. - რას მეტყვით?
-არ ვიცი, ეს სასიხარულო ამბავი იქნება თუ არა თქვენთვის, - დაიწყო ექიმმა, სათვალე შეისწორა და ფურცლები გადაშალა. - მაგრამ ეს ბავშვი თქვენია.
ნიკოლოზმა არაფერი უპასუხა. ღრმად ამოისუნთქა.
-დარწმუნებული ხართ? - იკითხა ბოლოს, სანამ კისერში გაეხირებოდა ხმა.
-ორჯერ შევამოწმეთ, როგორც თქვენ გვთხოვეთ. - ექიმმა სკეპტიკური მზერა სტყორცნა. - აქ შეუძლებელია შეცდომა. აი, აქ მოაწერეთ ხელი... - მან დოკუმენტის ბოლოში გასმულ ხაზზე მიუთითა.
ნიკოლოზმა მექანიკურად მოაწერა ხელი და საბუთები ხელში აიტაცა, თვალი გადაავლო მათ.
-გასაგებია. - თქვა მან ბოლოს. - თავბრუ ეხვეოდა. - დიდი მადლობა.
კაბინეტიდან ნელ-ნელა გამოაბიჯა.
შვილი ჰყავდა. პატარა ბიჭი. ამდენი წლის შემდეგ, ბავშვი ჰყავდა, საკუთარი შვილი.
საავადმყოფოს გასასვლელისაკენ წაბარბაცდა.

-*-*-*-*-*-
ნათიამ ფრთხილად გადაუსვა თაფლი პურზე და ლუკას თეფშზე დაუდო. ბავშვი გემრიელად ილუკმებოდა და ნათიას გაეღიმა მისი ჯანმრთელი, წითელი ფერის დანახვაზე მის ლოყებზე. ბავშვს თვალები გაბრწყინებოდა, ინტერესით მიშტერებოდა ნათიას ხელების მოძრაობას.
-კარგად ხარ, დედი? - ჩაეკითხა ნათია. - ექიმები რას ამბობენ, როგორ მიდის შენი თერაპია?
-ექიმები ამბობენ, რომ კარგი ბიჭი ვარ. - გაიბადრა ლუკა, მერე კი მორცხვად გაიღიმა. - ტაბლეტები მწარეა, მაგრამ მერე ტკბილ კანფეტს მაძლევენ.
-კარგია ტკბილი კანფეტები. - ჩაეღიმა ნათიას და კიდევ ერთხელ, სქლად მოუსვა თაფლი პურზე. ვატოს თითქმის ვეღარ ხედავდა. ვეღარც გრძნობდა მამამისის ბნელ არსებობას გონების შორეულ კუნჭულში.
ანა-სოფია არსად ჩანდა. ალბათ ისევ საყიდლებზე იყო წასული, ანდა ისევ „ლულუში“ მიბრუნდა, უფრო მეტ ბინძურ ტყუილებს აგროვებდა ნათიაზე.
ქალი ადგილზე შეხტა, როცა შემოსასვლელი კარი გაიღო. წამსვე სიმწარე დაეუფლა. ალბათ ანა-სოფია მობრუნდა სახლში. დაიწყებოდა ლანძღვა, ტყუილები და ცილისწამება, რომელთა მოგერიების თავი არ ჰქონდა ახლა. ახლა არა, როცა ასე კარგად გრძნობდა თავს საკუთარ შვილთან ერთად.
ახლა, როცა თითქოს ერთ-ერთი იშვიათი სასიხარულო მომენტი იყო თავის ცხოვრებაში, როცა ნორმალურად გრძნობდა თავს. არაფერი ეჩვენებოდა, არაფერზე ნერვიულობდა. სიბნელე არ დასწოლოდა სხეულზე.
მერე კი სამზარეულოს კარში ნიკოლოზმა შემოაბიჯა. ნათია გაოცებული მიაშტერდა. ნიკოლოზს ხელში უშველებელი, ყელზე ბაფთაშემოხვეული დინოზავრი ეჭირა, მეორე ხელით კი მუყაოს ყუთს მოათრევდა.
-ეს რა არის? - იკითხა ნათიამ, თან გაოცებული დააშტერდა ნიკოლოზის სახეს.
კაცს ნაცრისფერი აღარ ედო. ლუკას დაშტერებოდა, მერე კი ნათიასკენ მოატრიალა მზერა.
-ლუკა, საჩუქარი მოგიტანე. - თქვა მან ბოლოს, დაიჩოქა და დინოზავრი გამოუწოდა.
ლუკა ნელა ჩამოცოცდა სკამიდან, ნელა მიუახლოვდა დინოზავრს და ყოყმანით შეახო ხელი დინგზე, მერე კი მორცხვად ჩახედა ნიკოლოზს თვალებში.
-ჩემია? - ჩუმად თქვა მან.
-კი, შენია. - გაუღიმა ნიკოლოზმა, მერე კი მომენტალურად სახე შეეცვალა. - არ მოგწონს? მეგონა, რომ მოგეწონა, იმ დღეს კარგა ხანი უყურებდი ვიტრინაში...
ლუკამ თავი გადააქნია, დინოზავრს ხელი შეუშვა. დაჩოქილ ნიკოლოზს მიუახლოვდა და ფრთხილად მოხვია კისერზე პატარა მკლავები.
ნათიამ ნერწყვი გადაყლაპა, გაოცებული მიშტერებოდა მათ. ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა, არ ესმოდა, თუ რას აკეთებდა ნიკოლოზი.
წამიერად შეეშინდა, რომ ეს ეჩვენებოდა. რომ ზედმეტად უცნაური იყო ეს სიტუაცია.
კაცმა მაგრად მიიხუტა ლუკა, ფეხზე წამოდგა და მის პატარა მხარში ჩარგო თავი.
ნათია ფეხზე წამოდგა. გული მძლავრად უცემდა მკერდში.
-რას აკეთებ? - ხმადაბლა თქვა მან.
ნიკოლოზმა შემოხედა, ლუკას ჯერ კიდევ მაგრად იხუტებდა გულში. ქალს თვალები გაუფართოვდა, როცა კაცის გადაგლესილი მზერა დაინახა.
-შენ მე შვილი მაჩუქე. - თქვა კაცმა და ნათიას სუნთქვა ყელში გაეჩხირა. გაოცებული მიაშტერდა.
-შენ... გაგახსენდა? - ამოილუღლუღა მან.
ნიკოლოზმა დაუჯერა. მისი სჯეროდა, ლუკა საკუთარ შვილად მიიღო. ნათიამ არ გასცინებოდა და ტირილი წამოეწყო.
უხაროდა, თან უზომოდ. მის შვილს არა მარტო დონორი, არამედ ნამდვილი მამა ეყოლებოდა.
მაგრამ ეშინოდა. ეშინოდა იმისა, რომ ანა-სოფია გამოჩნდებოდა. რომ ანა-სოფია შეიტყობდა ამის შესახებ. თავისი ქცევის მიუხედავად, ქალი ძალიან ჭკვიანი და გაქნილი იყო. ამასთანავე არ ერიდებოდა არაფრის თქმა. მიხვდებოდა ნიკოლოზის ცვლილების მიზეზს.
მერე კი არც კი სურდა ნათიას, წარმოედგინა ის, რასაც ანა-სოფია იგრძნობდა. ვერ წარმოედგინა ქალის მდგომარეობა, რომელმაც სამი შვილი დაკარგა თავის საყვარელ მამაკაცთან, და მისი რეაქცია, როცა ვიღაც ქალი, რომელიც მის სახლში ცხოვრობდა, ამ მამაკაცის შვილის დედა აღმოჩნდებოდა.
საშინელება.
ნათიას შეაჟრჟოლა.
ნიკოლოზი რაღაცას ამბობდა.
-მამობის ტესტი ჩავატარე. - თქვა კაცმა და ბავშვს უფრო მაგრად მოხვია ხელები. ნათია დარწმუნებული იყო, რომ ლუკას ყველაფერი ესმოდა, ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. როგორც კი ნათია და ნიკოლოზი საუბარს მორჩებოდნენ, მაშინ დასვამდა ერთადერთ, მაგრამ ამომწურავ, ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას.
-ანუ არ გაგხსენებია. - ხმადაბლა თქვა ქალმა.
რატომღაც გული დასწყდა.
-არა, მართლა არ მახსოვს. - თქვა ნიკოლოზმა. სახეზე თითქოს შეუფერებელი მოეჩვენა ნათიას წუხილი. - ვცადე, მაგრამ.... ძალიან მთვრალი ვიყავი, ალბათ. საერთოდ არ მახსოვხარ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბავშვი ჩემია და არ ვიცი... არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო.
ნათიას მწარედ გაეღიმა. იცოდა, რომ ნიკოლოზი არაფერში არ იყო დამნაშავე, მაგრამ სიმწარე მოერია.
გაახსენდა ის სასოწარკვეთილება, რომელიც ქუჩაში ახლადგამოსულმა იგრძნო. ფული ცოტა მორჩენოდა, გრძნობდა, თუ როგორ მოძრაობდა მის კანქვეშ ბავშვი და ეს შეგრძნება უფრო აშინებდა, პანიკას ჰგვრიდა. გარეთ, ყინვაში გატარებული ღამეები და სხვა მათხოვრების სიკეთე, გაყოფილი ან მოწოდებული, გამხმარი პური და სინანული. შიში და აუტანელი ტკივილი, როცა ბნელ შესახვევში, ვიღაც მათხოვარი ქალების დახმარებით, აჩენდა ბავშვს. ცხელი ცრემლები, რომლებიც წამდაუწუმ უგორდებოდნენ სახეზე, როცა ლუკა ტირილს იწყებდა, მოშიებული, ნათიას კი მისთვის საჭმლის ფული არ ჰქონდა. ტანჯვის ხუთი წელიწადი.
-არ არის მადლობა საჭირო. - თქვა ბოლოს. - მე ის გავაკეთე, რას საჭირო. ყველანაირად ვეცადე. - საცოდავად აიჩეჩა მხრები. - არ დაგავიწყდეს, მაგ ბავშვი ჩემი შვილიცაა.
-დეე... - ბავშვმა თავი წამოსწია, სახე ნათიასკენ მიატრიალა. გამომეტყველება იმედით ჰქონდა აღსავსე. გაფართოებული თვალებით მოშტერებოდა და ნათიას გული დაუდნა. - ნიკოლოზ ბიძია... - მან ნიკოლოზს გადახედა, რომელსაც სახე მოეკრუნჩხა, გაუღიმა. - ჩემი მამაა?
-ჰო, დედი. - ცრემლიანად გაუღიმა ქალმა. - გაიცანი, მამაშენი.
ლუკა ღიმილით მიუტრიალდა ნიკოლოზს, ლოყაზე ხმაურიანად, ბავშვურად აკოცა და უფრო მაგრად მიეხუტა.
-ვიცოდი. - ჩაილუღლუღა მან.
ნათიას ზემოთ აუვიდა წარბები.
-იცოდი? - გაიმეორა მან. ნერვიულად გაეცინა. მამის ამბავი არასოდეს გაემხილა ლუკასათვის. ბავშვიც არ ეკითხებოდა.
-ჰო. სხვა ბიძიასთან არ მივსულვართ. და... ნიკოლოზ ბიძია... მამა... მე მგავს. - ჩაიბურტყუნა ბავშვმა.
ნიკოლოზმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
-მე გგავარ თუ შენ მგავხარ? - თმაში გადაუსვა ხელი ნიკოლოზმა. ნათიას მთელი სხეული შეუთრთოლდა. ტუჩზე მაგრად იკბინა, ცრემლები გადმოუგორდა.
-...ერთმანეთს ვგავართ. - არ დანებდა ლუკა. ხმა ნიკოლოზის მხარს ჩაეხშო. კაცმა კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაიცინა, მერე კი ნათიას გადმოხედა. თვალები საეჭვოდ გაუბრწყინდა.
-აქ მოდი. - ხმადაბლა უთხრა მან და ნათია ავტომატურად, თავისდაუნებურად წაბარბაცდა მისკენ.
კაცმა მუყაოს ყუთი დააგდო და მკლავი მაგრად შემოხვია ქალს. ნათიამ მის მეორე მხარზე დადო თავი და მკლავი ზურგზე შემოხვია. ლუკა მაგრად მიხუტებოდა მამამისს.
ნათიამ უშველებელ, ბაფთიან დინოზავრს დახედა, რომელიც ჯერ კიდევ ჩაებღუჯა ნიკოლოზს ხელში.
-არ იყო ეს საჭირო. - წაილუღლუღა მან და დაისრუტუნა, თვალები მოიწმინდა. ნიკოლოზს მხოლოდ მკრთალი სიგარეტის სურნელი ასდიოდა. დანარჩენი მხოლოდ საპნის, სისუფთავისა და რაღაცნაირი, თითქოს მისი სპეციფიური სურნელი იყო.
-ეს? ეს საჩუქარი? - ნიკოლოზმა დახედა და ნაღვლიანად გაუღიმა, თავი გადააქნია. - შენ ვერ გაიგე, მგონი. ეს არაფერია, გესმის? აი შენი საჩუქარი კი... შენ მე შვილი მაჩუქე. გესმის, ეს ჩემთვის რას ნიშნავს? როცა ჩემი შვილი მყავს ხელში ამდენი წელი იმედგაცრუებისა და სიმწარის შემდეგ? როცა მეგონა, რომ აღარასოდეს დავიჭერდი ხელში ჩემს ბავშვს?
-ვერასოდეს წარმომედგინა. - თავი გადააქნია ქალმა. - შენზე საერთოდ არ ვფიქრობდი ამ წლების განმავლობაში. მაპატიე.
ნიკოლოზმა გაიცინა, სახე ახლოს მოუტანა.
-საპატიებელი არაფერია. - თქვა მან ხმადაბლა.
მერე კი ფრთხილად შეეხო ტუჩებით შუბლზე, ორივენი მაგრად მიიხუტა ახლოს.
ნათიას ხმა არ გაუღია.
სადღაც საათი ტიკტიკებდა.
სამზარეულოს კართან იყვნენ სამივენი, სითბოსა და კომფორტში გამოხვეულნი. სიბნელესა და ტვირთს ვეღარ გრძნობდა ნათია. ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა, უცნაური, მომწარო ბედნიერებისა და სიხარულის გარდა.
ნიკოლოზმა ტუჩებში აკოცა. კოცნიდა ნაზად და წამდაუწუმ იმეორებდა, თუ როგორი მადლობელი იყო, რომ ნათიამ არ იცოდა ლუკას მნიშვნელობა მისთვის, რომ საბოლოოდ, ამდენი წლის შემდეგ, შვილი ჰყავდა.
არც-ერთი არ ინძრეოდა ადგილიდან.
კუთხეში მდგარი ადამიანები, არსებები გაქრნენ.

-*-*-*-*-*-
ნათიამ ძლივს წამოსწია თავი, სასიამოვნოდ დამძიმებოდა. ლუკას ეძინა. მოპირდაპირე კედელზე დაკიდებული საათი, რომლის ციფერბლატის პრიალი აღარ ეჩვენებოდა საშინლად.
ვატო აღარ იდგა კუთხეში.
ქალი წამოჯდა. ათი საათი იყო. თერთმეტი საათი ისე ეძინა, რომ არ გაღვიძებია.
ასეთი რამ კარგა ხანი იყო, რაც არ მომხდარიყო.
ნელა წამოდგა. სხეული ჯერ კიდევ უხურდა ნიკოლოზის გუშინდელი შეხებით. კაცმა ახლოს მიიხუტა, ტუჩებზე აკოცა. ლუკას საკუთარი შვილი დაუძახა და საჩუქარი: დინოზავრი მოუტანა, რომელსაც ლუკა მთელი ძალით ჩახუტებოდა. ლოყები აწითლებოდა სითბოთი და კომფორტით.
ნათიას რატომღაც ცრემლები მოადგა. სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან და კარი გადაკეტა. საუზმეს გააკეთებდა და ლუკას ამოუტანდა საძინებელში. ამასობაში ბავშვსაც გაეღვიძებოდა.
კიბეებზე ნელა ჩაიარა. გარეთ წვიმდა. მაგრამ ახლა წვიმაც სასიამოვნოდ ეჩვენებოდა, არსად ჩანდნენ კუთხესთან მომლოდინე, ძირს მცოცავი, ლორწოვანი შეხების მქონე არსებები.
სახე მაშინღა შეეცვალა, როცა სამზარეულოში შეაბიჯა.
ანა-სოფია იჯდა მაგიდასთან. ზედ წითელი ღვინო დაღვრილიყო. ქალს მაგრად ჩაებღუჯა ხელში ბოთლის ყელი.
ნათიამ ღრმად ამოისუნთქა, შეეცადა მისთვის ყურადღება არ მიექცია, იმის მიუხედავად, რომ მთელი სხეული უყიოდა მობრუნებულიყო და სადმე შორს გაქცეულიყო.
არა. დასრულებული იყო გაქცევა. დასრულებული იყო გაჩუმება. დასრულებული იყო შიშსა და პანიკაში ცხოვრება მუდმივად, კუთხეებში წარსულის მოჩვენებების დანახვა... ყველაფერი დამთავრებულიყო.
-მაინც მოახერხე, არა? - თავი მისკენ მოატრიალა ანა-სოფიამ. თვალები ჩაშავებოდა და ნათიამ თავისდაუნებურად ორი ნაბიჯი გადადგა უკან. - მაინც მოახერხე და გააცურე. არ ვიცი როგორ, ალბათ ანალიზი გააყალბე, მაგრამ გააცურე.
ქალი ფეხზე წამოდგა, დაბარბაცდა. ბოთლისთვის ხელი არ გაუშვია.
აშკარად ძალიან მთვრალი იყო.
-არ ვიცი, რას გულისხმობ. - უპასუხა ნათიამ და უკან დაიწია. ცუდი, საშინელი წინათგრძნობა ჰქონდა. სასტუმრო ოთახში ტელეფონი იდო, მის გვერდით ნიკოლოზის მიერ დატოვებული მისი ნომერი ეწერა.
იქამდე უნდა მიეღწია, შუმჩნევლად, ყოველი შემთხვევისათვის.
-არაფერი არ გამიყალბებია. - კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. - არც კი ვიცოდი, რომ ნიკოლოზი ტესტს აკეთებდა...
-ტყუი! -დაიკივლა ანა-სოფიამ, თვალები გიჟური ცეცხლით აენთო. მთელი ძალით მოუქნია ბოთლი, მეორე ხელით კი თმაში სწვდა და მაგრად ჰკრა ხელი.
ნათია დაიგმინა, უკან წაბარბაცდა, ჟურნალის მაგიდას მიეჯახა. მაგიდის ზედაპირს დაებჯინა.
ხელი სულ ახლოს ჰქონდა ტელეფონთან.
-მე ვიცი, ვინცა ხარ. - დაუსისინა ანა-სოფიამ, მის წინ ბოლთას სცემდა, გამომწყვდეული მგელივით დაძრწოდა აქეთ-იქით. - ვიცი, რა არარაობას წარმოადგენ. შენი მშობლები ვნახე. ამისთანა ბინძური, საზიზღარი ხალხი ჯერ არ მინახავს. როგორც მშობლები, ისე შვილი, არა? - გაუცინა მან ჩაყვითლებული კბილებით და ნათიამ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ სცემოდა. ცეცხლივით აეწვა სხეული.
-ჩემი მშობლები. - წაილუღლუღა მან. - საიდან...
-მე ყველაფერი ვიცი შენზე. - ბოთლი მოუშვირა ანა-სოფიამ. მის სახეზე აღბეჭდილი სიძულვილის შეეშინდა ნათიას. - რანაირი გარეწარი, არარაობა და ბუნების შეცდომა იყავი თავიდანვე. შენს მშობლებს ატყუებდი, ფულს პარავდი და სადაც გინდოდა და ვისთანაც გინდოდა, იქ დაეთრეოდი. ახლა კი მოდიხარ, და მაგ შენს ცინგლიან ბავშვს ჩემს შყვარებულს ატენი. და ისიც დებილია, რომ გიჯერებს. ალბათ გაუყალბე, თორემ შენნაირთან როგორ დაწვებოდა ნიკოლოზი? - ანა-სოფიას სახე მოეკრუნჩხა, მისი მიმართულებით გადმოაფურთხა. - ათი მეტრიდან არ შეგეხებოდა, შე ლოთო, შე კა**ა...
ნათიას რაღაც მოაწვა კისერში. მძლავრად უცემდა გული. აუტანელი ტკივილი იგრძნო მარჯვენა ფერდში.
-არაფერი გამიყალბებია... - ძლივს ამოიგმინა მან. თითქოს შეკრეს ანა-სოფიას სიტყვებმა, ყველა მხრიდან შებოჭეს, ვერც კი გაინძრა ადგილიდან. თვალებში ჩამოუბნელდა. თითქმის გრძნობდა მამამისის წიხლებს მუცელში, მის მუშტებს სახეზე, დედამისის თვალებს, თითქოს ცეცხლმოკიდებულს, მის ზურგზე, მის დუმილს.
-შენ გგონია, რომ ჩვენს ბედნიერებას ხელს შეუშლი... - ანა-სოფია თითქოს გატყდა. ცრემლები ღვარად გადმოსცვივდა. საშინელება იყო ქალის მოკრუნჩხული, ცრემლებით სველი, მაგრამ ამასთანავე აუტანელი სიძულვილით აღსავსე სახის დანახვა. - რატომ გვიშლი? რატომ ასაღებ იმ ბავშვს... რატომ ასაღებ მას ნიკოლოზის შვილად? გინდა ნიკოლოზმა თავისად გაზარდოს? რატომ? რატომ? მითხარი! - იბღავლა მან და ნათია უკან წაბარბაცდა, მობილურსა და იქვე დაგდებულ ქაღალდის ნაგლეჯს სტაცა ხელი.
ტახტს შემოურბინა, თან შეეცადა არ მიექცია ყურადღება არ მიექცია ანა-სოფიასათვის, რომელიც კიოდა, ცალი ხელით, სანახევროდ ჩამოტეხილი ხელოვნური ფრჩხილებით იხოკავდა ლოყას და ხმამაღლა ბღაოდა, ნათიას უყვიროდა.
ნათია ვეღარ სუნთქავდა. თვალები დაებინდა, მაგრამ მაინც მოახერხა ნომერის აკრეფა.
-ნიკოლოზ... - დაიწყო მან, სუნთქვაშეკრულმა, როცა ყურმილი აიღეს, მაგრამ არ დასცალდა. ანა-სოფიამ გამგმირული ადამიანივით შეჰყვირა, ტახტს გადმოევლო და ბოთლის ერთი მოქნევით ტელეფონი ძირს დააგდებინა.
მერე კი ბოთლი კედლის კუთხეზე გადაამტვრია.
-ბავშვი მე დამიტოვე. - ევედრებოდა და ამავდროულად ემუქრებოდა აშკარად გადარეული, ლოყებდაკაწრული, სახემონგრეული ქალი ნათიას. ნათია ვეღარ სუნთქავდა.
გადაიხარა და სისხლი არწყია იატაკზე. ანა-სოფიამ სულის მოთქმა არ აცადა. მხარში მოსჭიდა ხელი. ნათია მთელი ძალით შეეცადა კიბისაკენ გაბარბაცებულიყო, ლუკასთან დამხობილიყო და კარები ჩაეკეტა, ესმინა, თუ როგორ ამაოდ აბრახუნებდა ზედ ანა-სოფია, მაგრამ მუხლები ეკვეთებოდა.
სასოწარკვეთილმა ტირილი წამოიწყო. ვეღარ სუნთქავდა, აუტანელ ტკივილს გრძნობდა გვერდში.
ანა-სოფიაც ტიროდა, ცხვირწინ გადამტვრეულ ბოთლს უტრიალებდა.
-ბავშვი დაგვიტოვე... - ბღაოდა ის. - ბავშვი დაგვიტოვე და წადი.... მე მივხედავ... მე მივხედავ, ნუ წამართმევ ნიკოლოზს, ნიკოლოზს ნუ წამართმევ. - კიოდა ანა-სოფია. ბოთლი მოუქნია და მხარზე გადაუჭრა ტანსაცმელი. სისხლმა იფეთქა და მკერდზე ჩამოუგორდა ნათიას.
უკან გაბარბაცდა ქალი.
„ლუკა... ლუკა....“ გაიფიქრა მან. გონება დაბურვოდა. თითქოს ნისლში ცურავდა. ნისლს მოეცვა ანა-სოფიას გოდება და ყვირილი.
ბავშვის კარი ჩაკეტილი იყო. ანა-სოფია შიგნით ვერ შევიდოდა.
ვერც თვითონ ააღწევდა იქამდე. ანა-სოფია იქამდე არ აუშვებდა.
იგრძნო, როგორ მოაწვა ყელში სისხლი და გული აერია. უკან ბარბაცით დაიხარა, შემოსასვლელში გაიქცა.
ანა-სოფია კივილით მოსდევდა, ემუდარებოდა, ემუქრებოდა და ბოთლს უქნევდა.
ნათიამ ძლივს გამოაღო კარი და სირბილით გავარდა გარეთ. გრძნობდა, თუ როგორ ელეოდა მუხლებში ძალა, და ჯერ კიდევ იზრდებოდა ფერდში ტკივილი.
საშინელი წინათგრძნობა ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა. მხოლოდ ის ესმოდა, რომ აქედან უნდა წასულიყო, რაც შეიძლებოდა შორს უნდა გაქცეულიყო.
ლუკას კარი ჩაკეტილი იყო. სხვა არაფერი აინტერესებდა ქალს.
ქუჩაში მიბარბაცებდა. რამდენჯერმე კიდევ აერია გული და პირდაპირ ტროტუარზე დაანთხია სისხლი. მუხლები ეკვეთებოდა და გრძნობდა გამვლელების ამრეზით, გაოცებითა და შიშით სავსე შემოხედვას. რამდენიმე შეეცადა მისკენ გამოეწია, მაგრამ ნათიას ყურადღება არ მიუქცევია.
ანა-სოფიას სიძულვილით აღსავსე სიტყვები უტრიალებდა თავში და ვერც კი გაიგო, როგორ წამოიწყო ტირილი. ხმამაღალი ტირილით მიბარბაცებდა ქუჩაში, ქვეცნობიერად მიემართებოდა პარკისაკენ.
წვიმდა. მის ცრემლებს რეცხავდა წვიმა.
არ იცოდა, რამდენი ხანი იარა. პარკის შესასვლელთან დაეცა მუხლებზე.
ვიღაცები მივარდნენ. მის დახმარებას ცდილობდნენ, მხოლოდ ეს ესმოდა ქალს.
ლაფში იდგა მუხლებით. აუტანელი ტკივილი ტეხდა მთელ სხეულში და კიდევ ერთხელ წააღო ალისფერი სისხლი.
ხვდებოდა. მიხვდა, რომ კვდებოდა, და არც კი იცოდა, თუ რა უნდა ეფიქრა ამაზე.
ნიკოლოზი მოუვლიდა ლუკას. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო მთავარი.
უცნაურიც კი იყო.
ვიღაც სადღაც რეკავდა. ვიღაც ხელსახოცს აწვდიდა. მაგრამ მათი მცდელობები უაზრო იყო. უაზრო და ამაო.
ტალახში ლოყით დაემხო და იგრძნო, როგორი საშინელი ბუყბუყით ატყლაშუნდა მის ქვემოთ ლაფი.
თვალები დაებინდა და ბოლოჯერ გადმოუგორდა ცრემლები.
ალბათ იმსახურებდა კიდეც სიკვდილს.
მერე კი ნაცნობი ღრიალი მოესმა და თითქოს შიგნიდან გაუთბა მთელი სხეული.
გაიღიმა. ბურუსი უფრო და უფრო ახლოს იყო.
წინ დაფენილი, სანახევროდ ტალახში მოსვრილი საკუთარი თმა დაინახა და ლუკას მუქი ქერა თმა გაახსენდა. უცებ მოუნდა ეთქვა ნიკოლოზისათვის, რომ ლუკას მარწყვის იოგურტი უყვარდა, სქლად წასმული თაფლი პურზე, რბილად შემწვარი კარტოფილი, ბევრი ჩახუტება და ძილის წინ კარგა ხანი თმის დავარცხნა. რომ ვერ იძინებდა, თუ არ ჩაეხუტებოდნენ.
ენას ვერ ატრიალებდა პირში. ბუნდოვნად იგრძნო, როგორ სტაცეს ხელი, როგორ დაეცა მის გვერდით მუხლებზე ვიღაც მძიმედ და როგორ გადმოსდინდა პირიდან სისხლი.
ნიკოლოზის ცხელი შეხება გაახსენდა მის ტუჩებზე.
მერე კი ყველაფერი გაქრა.

-*-*-*-*-
ნიკოლოზი იქამდე ღრიალებდა და ამაოდ ცდილობდა ნათიას უსულო სხეულის გამოღვიძებას, სანამ სასწრაფოს საყვირის ხმა არ გაისმა. ნათიას ძლივს გამოგლიჯეს ექიმებმა, და არც კი დაუყოვნებია, სასწრაფოს თან გაჰყვა.
-ციროზი. - თქვა ექიმმა, თან წუხილით სავსე თვალები მოაპყრო. დაბალი ქალი იყო, კოხტად ახვეული ქერა თმით. - თან ძალიან მძიმე... როგორც ჩანს, თქვენი... მეგობარი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, თან კარგა ხნით, თითქმის განადგურებული იყო ღვიძლი. სისუსტე ვერ შეატყვეთ? როგორც ჩანს, დიდი სტრესის ქვეშ იყო. შინაგანი სისხლჩაქცევა იყო, უკვე გარდაცვლილი იყო. ძალიან ვწუხვარ.
სახლში უაზროდ წაბარბაცდა.
ლუკა თავის ოთახში იპოვა. კარი შემტვრეული დახვდა, ბავშვი კუთხეში მობუზულიყო და ხმამაღლა ტიროდა. ოთახის შუაგულში კი ბოთლის ნამტვრევებით მაჯებგადასერილი ანა-სოფია იწვა. უკვე გაციებულიყო.
საფლავი თვითონ მოაწყო. თვითონ გაყიდა სახლი, ვეღარ იტანდა მასზე შეხედვას. თვითონ მიხედა ლუკას, ბავშვის გაუჩერებელ ტირილს, მის კოშმარებს, და ანა-სოფიას მოჩვენებებს, რომელიც ლუკას ყველგან ეჩვენებოდა. ტიროდა ანა-სოფიას გახსენებაზე, ქალის მუქარასა და ვედრებაზე.
ორი წელი თერაპია დასჭირდათ ორივეს, მეტადრე ლუკას, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო. ერთადერთი იმაზე სწყდებოდა გული ნიკოლოზს, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ნიკოლოზ ბიძიას ეძახდა. თითქოს უარს ამბობდა მამად მიეღო. გული სწყდებოდა, რომ ნათიას ვერ გამოემშვიდობა, რომ ვერ გაიგო ადრე მისი დაავადების შესახებ. გული სწყდებოდა, რომ ვერ შეძლო ანა-სოფიასთან დროზე დაშორება.
ამინდი ცივი იყო. წლები გრძელი. საფლავი ცივდებოდა, მაგრამ ნიკოლოზი ყოველთვის ცდილობდა რაც შეიძლებოდა ხშირად ასულიყო იქ. ლუკაც მიჰყავდა ყოველთვის. იცოდა, რომ ეს ბავშვს ტკივილს ანიჭებდა, მაგრამ იცოდა, რომ აუცილებელი იყო, თორემ ლუკა დედასაც დაივიწყებდა ერთ დღეს. სურდა მის გონებაში კარგა ხანი შენარჩუნებინა ნათიას სახე.
ყველაფერი თითქოს ძალიან ბევრი, თითქმის ზედმეტი იყო.
მაგრამ ერთხელ, როცა თოთხმეტი წლის, სახლში ახლადმოსულმა ლუკამ სკოლის ჩანთა ტახტზე მიაგდო და მამა დაუძახა, ყველაფერმა თავისი ადგილი დაიკავა.
ყველაფერი უფრო იოლი და მსუბუქი გახდა.
ცხოვრებაც. მუშაობაც. ლუკას მიხედვაც. ყველანაირი ყოველდღიური პრობლემებიც.
რატომღაც გრძნობდა, რომ ნათიაც ზუსტად ასე იფიქრებდა.


Fin

Start: 26.04.2015
End: 26.06.2015

 




№1 √ ახალბედა მწერალი™ sopiko

ერთ-ერთი საუკეთესოა ესეც, თუმცა ძალიან მძიმე.
ექსტრემალურ სიტუაციაში მაქვს წაკითხული :დდ აქეთ-იქით სირბილში და სადაც ვაიფაი დაიჭერდა, იმ ადგილას ახალი თავის სასწრაფოდ ჩართვაში და დამახსოვრებაში ^^

 



№2  offline √ წევრი ™ ninuca)))

ვაიმრ ლინდა შენი ყვეეეეეელა ისტორია მიყვერს. და რა თქმა უნდა ესეც. უმაგრესი იყო. ყოჩაღ.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 



№3  offline √ წევრი ™ zia-maria

cry disappointed_relieved disappointed_relieved წაკითხული მქონდა,მაგრამ კიდევ წაკიკითხე,ძალიან მტკივნეულია.

 



№4 √ სტუმარი ™ Guest Skubidu

Wakitxuli maq sheni yvela istoria may shoris esec da vtvli ro yvelaze mdzime esa tumca yvelaze realurat gaq gdznpbebi gadmocemuli ro vkitxulobdi natia megona tavi ise gtkiva yvela sityva rogorc personaji ganicdis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent