შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აირი [ 1 თავი ]


22-06-2017, 22:10
ავტორი MoonLady
ნანახია 586

აირი [ 1 თავი ]

ტუჩს სისხლამდე იკვნეტს და გაჰყურებს უსასრულო, ლურჯ, წყლიან სივრცეს. ვერავინ იტყვის, რაზე ფიქრობს ახლა ის... არავის ძალუძს იმ უზარმაზარი, ლოდივით სიტყვის დაძვრა ადგილიდან, რომელიც აღწერს მის საოცარ შინაგან სამყაროს. განა იცის კი ვინმემ მისი სულისშემძვრელი სამყაროს შესახებ ? იცის კი, რას განიცდის ეს უცნაური, ბუმბულივით მჩატე გოგონა, რომლის სიმძიმე მიუღწეველია თითქმის ყველასთვის ? რა თქმა უნდა არა. აზვირთებული, ბუმბერაზი ტალღები გორგალად იხვევიან და ძლივს აღწევენ მის პეპელასავით მსუბუქ სხეულამდე, რომელიც სასიამოვნო ჟრჟოლად იღვრება აქაფებული წყლის შეხებისას, გრილი საღამოს მიერ დახატულ იისფერ ფერში. თეთრი, სიფრიფანა ნაჭერი, რომელსაც ტანსაცმელი ეწოდება, იმდენად თხელი და გამჭვირვალეა დასველებისას, რომ მის სუსტ ფეხებს აპკივით ეწებება და თოვლივით თეთრ კანს ურცხვად აჩენს. მაგრამ განა ის ფიქრობს ახლა ამაზე ? რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხიც უარყოფით ნოტებად დაიღვრება უსასრულო სივრცეში, რომელთაც შთანთქავს ზღვისფერი ტალღები. რიტმულად ატყაპუნებს იგი ყინულივით ცივ, მარილიან სითხეში სუსტ ფეხებს და სისხლისფერ ტუჩებს უცნაურად, ჩურჩულით აცმაცუნებს...
ზურგს უკან ნაბიჯების ხმა ესმის, თუმცა ყურსაც არ იბერტყავს. გაჰყურებს აწ უკვე ჩაბნელებულ ჰორიზონტს და დახეთქილი ტუჩების უწყვეტი მოძრაობით გასცემს საკუთარ თავს. არც მის გვერდის ჩამომჯდარი მძიმე სხეული ანაღვლებს, არც მისი გაყინული კიდურები, რომელნიც ნოემბრის სუსხიან საღამოს საშუალებას აძლევენ სითხეს, ატომთა მოძრაობა შეაფერხოს. მისი გონება სრულიად სხვა სამყაროში დაჰქრის. იქ, სადაც ვერავინ გაბედავს შებიჯებას. იქ, სადაც ზღვარი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის მოისპო და შთაინთქა წყვდიადში. მან მისცა საშუალება ბუნებრივ რაობას შტორმივით დასტყდომოდა თავს მის გონებას და ძღვენად მიერთმია მისთვის უწყვეტი ინფორმაციის ნაკადი გადასამუშავებლად.
...
- ჩემთვის გამორჩეულთან და განსაკუთრებულ ინდივიდთან ასოცირდება, რომელმაც დაინახა ის სამყარო, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ხედავს და შთაბეჭდილება იმდენად შოკისმომგვრელი იყო, მისმა ფსიქიკამ ვერ აიტანა. ასეთი ადამიანებით ყოველთვის ვინტერესდები, ბევრ დაფარულ კითხვაზე გაგცემენ პასუხს, გული მწყდება, რომ მათ არავინ უჯერებს. - ასე გასცა პასუხი წითურმა, ცისფერთვალება გოგონამ მამაკაცს კითხვაზე. „როგორ შეგიძლია აღწერო შენეული „გიჟის“, „არანორმალურის“ გაგება ?“ და ფორთოხლის წვენი დააგემოვნა. სიამოვნებისგან თვალები ოდნავ მილულა და ტუჩები ოდნავ გააწკლაპუნა. ხშირი და სქელი თმები კოხტად გაეყო. ოდნავ გვერდულად, მარჯვნივ გადაეწია და კეფაზე შეუმჩნევლად დაემაგრებინა. მარჯნისფერ ტუჩებს იკვნეტდა და მამაკაცს გამომწვევად უმზერდა თვალებში. ზედა ტუჩი ქვედაზე ოდნავ თხელი ჰქონდა, რაც თავისებურ შარმს ანიჭებდა და ქვედა ბაგის დაგემოვნების სურვილს მიზანმიმართულად უზრდიდა კაცს. თუმცა სხვა ვინ, თუ არა ეს მამაკაცი დაიკვეხნიდა განსაცვიფრებელი თავშეკავების უნარით ? ქალის ჟესტები ცივად, უყურადღებოდ დატოვა და მისთვის საინტერესო ინფორმაციის შეგროვებას შეუდგა.
- შთაბეჭდილება იმდენად შოკისმომგვრელი იყო, მისმა ფსიქიკამ ვერ აიტანა. - გაიმეორა მისი ნათქვამი და სკამის მაღალ საზურგეს მთელი სიმძიმით მიეყრდნო. მხრებში ტკივილი იგრძნო, თუმცა წარბიც არ შესტოკებია. - რატომ ვერ აიტანა ? ანუ, არ შეიძლება, რომ ადამიანმა ეს შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება მიიღოს და აქციოს საკუთარ ნაწილად ? - წარბი ასწია მამაკაცმა.
- როცა ადამიანს სუსტი ფსიქიკა აქვს, რა თქმა უნდა მეტისმეტად ინტენსიურ და მძაფრ შთაბეჭდილებას იგი ვერ აიტანს, ალეკსეი. - წარბი შეჭმუხნა ქალმა. თითქოს დაუჯერებელი იყო მისთვის, რომ მის მიერ ნათქვამ, სრულ ჭეშმარიტებას, ალეკსეი ვერ ხვდებოდა. - მაგალითად ნარკოტიკი. მეგობრის ახლობელს ფსიქიატრიულში მოუწია წაბრძანება, რადგან ვერ გაუძლო წამლის მძაფრ ზემოქმედებას და ფსიქიკა შეერყა. - წარმოთქვა წითურმა და თითები ერთმანეთში გადახლართა. რაღაც მძიმე არ აძლევდა მას საშუალებას გახსნილიყო ბოლომდე. ეს უჩვეული შეგრძნება ბოლო ერთი კვირის განმვლობაში ძალიან აწუხებდა ქალს, მაგრამ არაფრის დიდებით არ სურდა ამის გამომჟღავნება ალეკსეისთან. ფიქრობდა, რომ კაცს ისედაც ჰქონდა პრობლემები.
- რამდენად ღრმად შეუძლია შეტოპოს ამ შთაბეჭდილებაში ადამიანს ? მხოლოდ წამიერია ეს შთაბეჭდილება თუ გააჩნია გაფართოების და შთანთქმის უნარი ? და შესაძლებელია თუ არა, ადამიანს შეეძლოს დაფაროს ფსიქიკური შერყეულობა, რომ არ აღმოჩნდეს ფსიქიატრიულში ? - მიაყარა კითხვები ზედიზედ ალეკსეიმ და თვალები აენთო. ეტყობოდა, რაოდენ ღრმად იყო ჩაფლული იგი თავის ინტერესის სფეროში. საფეთქელთან მდებარე იისფერი, მსხვილი ძარღვი ფეთქავდა და გვამცნობდა, როგორი დაძაბული იყო ის ამ მომენტში. გარეგნულად კი მას ვერაფერს შეატყობდით.
- Алёш, что с тобой ? - ჰკითხა ქალმა და დაკვირვებული მზერა შეავლო მამაკაცს.
- Ничего Альба, ничего... - უპასუხა მამაკაცმა და ხელები კეფაზე შემოიწყო.
- მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედით, ნერვიული გახდი. - სასხვათაშორისოდ უთხრა ალბამ და სცადა თვალი შეუმჩნევლად გაეპარებინა კაცისკენ. მაგრამ განა ფსიქოლოგიის ლექტორს მსგავსს გამოაპარებდა ? ნურას უკაცრავად. გაეღიმა ალეკსეის... ფართოდ გაეღიმა და წამოდგა, ქალის მარჯნისფერ ტუჩებს წაეტანა და კოცნის შემდეგ თვალი ჩაუკრა. მაგიდაზე თანხა დადო და შებრუნდა. – აი, ყოველთვის ასე იცი ხოლმე... - წამოიწყო ალბამ, მაგრამ მამაკაცმა გააჩერა.
- საქმე მაქვს, ამ საღამოს არ დამელოდო. - უთხრა ალბას და გზას გაუდგა. მშვიდი ნაბიჯები ჰქონდა ალეკსეის, რიტმული და მძიმე, მაგრამ ქალს მაინც გაჰკრავდა ხოლმე გულში წამიერად მისი ზურგის შეხედვისას. არ იცოდა რა ეწყო ამ მხრებზე, არ იცოდა და ვერც გაიგებდა. ალბამ ღრმად ამოიხვნეშა და შუბლი მოისრისა. ჩაფიქრდა. ცდილობდა გაერკვია, რა ხდებოდა მისი საყვარელი მამაკაცის თავს, რომელთანაც უკვე მეოთხე წელიწადია ჰქონდა ურთიერთობა. დანიშნული იყო მასზე და ერთ თვეში მისი ცოლიც გახდებოდა, მაგრამ ეს უეცარი ჩამოსვლა საქართველოში, ალეკსეის ცვლილება და მართლაც რომ ნერვიული ხასიათი. მხოლოდ მასთან საკმარისად ახლოს მყოფი ადამიანები შეძლებდნენ მასში ცვლილების შემჩნევას, ის ხომ შორიდან რკინასავით უდრეკი და ცივი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ალბას კი ეშინოდა, ძალიან ეშინოდა, რომ მისი იმიჯი რეალურ ხასიათს ზუსტად მოერგებოდა ოდესმე. მაგრამ... სინამდვილეში იცნობდა კი ალბა ამ მამაკაცს ბოლომდე ? ვინ იცის...
სიგარეტს მოუკიდა. ხარბად ჩაუშვა ფილტვებში ნიკოტინით გაჟღენთილი მომწამლავი კვამლი და ცერა თითი შუბლზე, წარბებს შორის მიიბჯინა. წამით გაირინდა, თვალი მის წინ დადებულ ყავის ჭიქაზე გაუშტერდა. ამ დროს კი კვამლმა მჭიდრო პლევრა შექმნა ფილტვების ირგვლივ და ალბამ ოდნავი შვება იგრძნო, შემდეგ კი იგივე თითი ნიკაპზე მიიდო და ჩაიჩურჩულა.
- რა ხდება შენს თავს, ალიოშა... ნეტავ მაცოდინა, რა ხდება... - წამოდგა და კიდევ ერთი ნაფაზი დარტყა. ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და თავდაჯერებული ნაბიჯებით გასწია წვიმისგან სველი, პარალელური ქუჩისკენ.
...
მიაბიჯებდა სველ ტროტუარზე და უხვად ისრუტავდა წვიმის საამო არომატს, რომელსაც პეტრიქორი ეწოდება. მოსწონდა ეს არომატი, მოსწონდა სველი ტროტუარი, რომელიც შთანთქავდა მის მძიმე ნაბიჯებს და მოსწონდა ის ხალხი, რომელსაც იგი სრულიად არ ანაღვლებდა. ყველა თავისი საქმით იყო გართული, ყველას სადღაც მიეჩქარებოდა, ყველას ტვინი გამოტენილი იყო ფიქრით „მაგვიანდება !“. ყველას გონება დაკავებულია ფიქრებით. ისინი იღწვიან, მირბიან, იბრძვიან, მაგრამ თავადაც ვერ ხვდებიან რისთვის. ისინი ბერდებიან და კვდებიან ისე, რომ არ უგემიათ ის სიამოვნება, რომელიც თან უნდა ახლდეს მიზნისკენ მიმავალ პროცესს. არასწორი გადაწყვეტილებები და არასწორად არჩეული ცხოვრებისეული გზა. მხოლოდ დაღლილობა, მოუშორებელი დაღლილობა, რომელიც მუდმივად თან სდევს მათ უწყვეტ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას.
ალეკსეი კი მშვიდად იყო, უბრალოდ სუნთქავდა და ფიქრობდა. ფიქრობდა მამამისზე, რომელსაც ცოლის მოყვანა მოუნდა, მაინცდამაინც ქართველის და მის გამო დაიჟინა საქართველოში ჩამოსვლა. თითქოს სპეციალურად, მაინცდამაინც ამ დროს გამოჩნდა ალეკსეისთვის ხელსაყრელი სამსახური თბილისში. გეგმავდა ამ ცვლილებას საკუთარ ცხოვრებაში, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ სრულიად შეუიარაღებელი შეხვდა მას. წინააღმდეგი იყო მამამისის ქორწინების. თითქოს გული უგრძნობდა რაღაც უცნაურს...
ამოიხვნეშა და მოზრდილი ნაბიჯი გადადგა ყავისფერი, მართკუთხედის ფორმის ფილებით მოპირკეთებულ ტროტუარზე. ჰაერის ნამიანი ნაკადი სახეში შეეხეთქა. შედგა და მისგან ათიოდე მეტრში ლანდივით აისვეტა გოგონას სილუეტი. საოცრად სუსტი იყო, მაგრამ რაღაც აუხსნელს ფლობდა, რაც ხალხს იზიდავდა და ალეკსეიმ შეამჩნია, რომ ირგვლივ ბრბომ სხვანაირად დაიწყო მოძრაობა. შენელებულად თითქოს, რათა ამ უცნაური ქმნილებისთვის ოდნავ დიდხანს ემზირა. ალეკსეიმ ტუჩები მოკუმა და თვალები მოჭუტა. გოგონას ხელში ორი ჯოხი დალანდა, ბარაბანის ჯოხები იყო, თუ სწორად გაარჩია ალიოშამ. პერიოდულად ატრიალებდა მათ თავის გრძელ თითებს შორის გოგონა. ეს მოძრაობა ძალაუნებურად აჰიპნოზებდა ხალხს, წამით არც ალეკსეი იყო გამონაკლისი.
- Bonjour fille ! - მოესმა შორიახლოს ფრანგული. მსხვერპლზე ნახტომისთვის მომზადებულს დაემგვანა, თუმცა პოზა არ შეუცვლია, უბრალოდ, უფრო გულმოდგინედ დაუგდო ყური გარემოში შექმნილ ბგერით ტალღებს. ეს ფრაზა გოგონასკენ იყო მიმართული. ყავისფერ ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, შუა ხნის მამაკაცი იდგა მის წინ და „კეთილად“ უღიმოდა მას. გახუნებული, მუქი მწვანე ფერის შარვალი და დამტვერილი, ასევე ტყავის ფეხსაცმელი ეცვა. დაკოჟრილი ხელები უკანკალებდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით ცდილობდა დაემალა ეს ფაქტი. არ შეშინებია თეთრ, სიფრიფანა სარაფანში გამოწყობილ, ერთი შეხედვით სრულიად უმანკო გოგოს. მშვიდი მზერით ახედა კაცს და თავი ოდნავ დაუკრა მისალმების ნიშნად. - Quel âge avez-vous ? - რამდენი წლის ხარო, ჰკითხა კაცმა სუფთა ფრანგულით.
- J’ai diex-sept ans. - ნაზი, მომნუსხველი და მომაჯადოებელი ხმა ამოვიდა ამ გრძელი, დაძარღვული კისრიდან და მომენტალურად დაიმონა მის წინ მდგომი მამაკაცი. ყრუ გმინმა ამოუშვა კაცმა დახურული პირიდან. სცადა დაეფარა ის სიამოვნება, რასაც გრძნობდა იმ მომენტში, მაგრამ ამ ქმნილების წინაშე ნებისმიერი ადამიანი აშკარად უძლური იყო. რეფლექსურად რეაგირებდნენ და ამ რეაგირების დამალვა უკიდურესად უჭირდათ, მეტიც ! ეს შეუძლებელიც კი იყო. ალეკსეი კი წარბაწევით უმზერდა გოგოს, რომელსაც აღელვების არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა სახეზე. ძარღვი უტოკდებოდა ალკოჰოლიკის ფრანგულზე და მის დამოკიდებულებაზე. ჩვიდმეტი წლისა ყოფილა გოგონა. ხვდებოდა ალესკეი, რომ თავადაც შეეპყრო იგი უცნაურ განცდას ამ ბავშვის მიმართ, მაგრამ ჯიუტად არ უტყდებოდა საკუთარ თავს. ხოლო შუახნის მამაკაცის გამგელებული თვალები მას მოთმინებას უკარგავდნენ.
- Comment tu t’apelles ?
- Je m’apelle Iri. - აირი ? როგორ, აირი ჰქვია ? რა უცნაურია... წარბი შეჭმუხნა ალეკსეიმ. აგრეგატული მდგომარეობა ? არა, არა. აშკარად სხვა მოტივით დაარქვეს... თანდათან უფრო იძაბებოდა ალეკსეი კოგანი. გრძნობდა კიდურებიდან შეკრებილ ნერვულ იმპულსს, რომელიც ბრაზად ფორმირდებოდა მის გონებაში.
- Iri est un beau nom… - ლამაზი სახელიაო აირი... ნამდვილად ლამაზია, მაგრამ გოგონას წელზე ჩაცურებული კაცის ხელი გულს ურევდა ალეკსეის, ეს ეს იყო მათკენ აპირებდა წასვლას, რომ კაცმა უთხრა გოგოს. - Allons-y avec moi, je vais vous montrer mon travail. - წამოდი ჩემთან ერთად, ჩემს ნამუშევრებს გაჩვენებო... აი აქ უკვე კოგანმა მოთმინება დაკარგა, სწრაფი ნაბიჯით გაემართა მათკენ, მუშტები შეეკრა და თვალები ჩამუქებოდა. აირის მზერას შეეჩეხა. ვერაფერი ამოიკითხა ბიჭმა ამ თვალებში, ამ მზერამ აიძულა კაცი გაჩერებულიყო. გაჩერებულიყო და თვალებთან მომდგარ სისხლს უმოქმედობით გამკლავებოდა. გოგოს მცირე თავის დაკვრამ და შუახნის მამაკაცთან ერთად რიტმული ნაბიჯების გადადგმამ გაააფთრა ალეკსეი. ყბები ერთმანეთს არაადამიანურად დააჭირა და სახეზე ენით აღუწერელი ზიზღი გამოეხატა. რაც გინდა ის გიქნიაო წამოიძახა გულში და იმედგაცრუებულმა გასწია საქმეზე. იმედგაცრუებულმა ? რატომ ? ვინ იცის...
...
- ალიოშა, შვილო, ამ საღამოს არაფერი დაგეგმო. კატალინას გაგაცნობ. - გაისმა მამაკაცის თბილი ხმა ყურმილის მეორე ბოლოს და ალეკსეი ძალიან დაიძაბა მისი გაგონებისას. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი მშობიარობას გადაყვა, მაინც არ სურდა სხვა ქალს დაეკავებინა მისი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ არ ახსოვდა დედობრივი სითბოდა მზრუნველობა, მაინც არ სურდა, ფორმალურად მაინც ყოფილიყო ვინმე ამ სტატუსის მატარებელი მის ცხოვრებაში. ეგოისტურად იყო განწყობილი თავისუფალი ადგილისადმი ამ პოსტზე.
- არანაირი სურვილი არ მაქვს... - გაღიზიანებული ხმით წამოიწყო ალეკსეიმ.
- კატალინამ ძალიან გთხოვა ალიოშა, მხოლოდ ერთი შეხვედრა, მხოლოდ ერთი. - მტკიცე ხმით გაისმა მუდარა ტელეფონში. იცოდა ალიოშამ, რომ ერთი შეხვედრით არ დასრულდებოდა მისი და მისი ე.წ. დედინაცვლის შეხვედრები. იცოდა, რომ მამამისს ზედმეტად თბილი ქალები მოსწონდა და ისიც იცოდა, რომ უარს ვერ ეტყოდა ქალს. თუმცა საკუთარ თავსა და გაღიზიანებადობაზე პასუხს ვერ აგებდა, ამასაც ხვდებოდა ალეკსეი.
- მამა, მგონი უნდა ხვდებოდე. - ცივად უპასუხა ალეკსეიმ.
- არაჩვეულერივად ვხვდები, მაგრამ არ მინდა ეს უცხოს ეფექტი იყოს ჩემს ოჯახში. ფსიქოლოგიის ლექტორი ხარ ბოლობოლო, არ გაინტერესებს როგორი ქალია და როგორი შვილები ჰყავს ? - გაბრაზდა მაქსიმილიანი.
- შვილები ჰყავს ? - გაოცდა ალეკსეი, მაგრამ არ შეიმჩნია. ვერ ხვდებოდა, რატომ უკვირდა. 17 წლით იყო უფროსი მაქსი ალიოშაზე, 44 წლისა. არ უნდა გაჰკვირვებოდა, რომ დაახლოებით ამ ასაკის ქალს მოიყვანდა ცოლად.
- ალიოშა, ხანდახან მანცვიფრებ საკუთარი შეკითხვებით.
- რამდენი წლისაა ? - დაუსერიოზულდა ხმა ალეკსეის.
- 38. გოგონები 20 და 17 წლისანი არიან. – 17 წელიწადზე ის უცნაური გოგონა გაახსენდა ალეკსეის, რომლის თვალებშიც ვერაფერი ამოიკითხა და რომლის უცნაური აურა ბრბოს აიძულებდა შენელებული კადრივით ემოძრავა. თავად ამ გოგოს მოძრაობა იყო შენელებული, სულისშემძვრელი კადრი, რომელიც ქმნიდა ნარკოტიკული ზემოქმედების მუქ ელფერს. თითქოს შავ-თეთრ სამყაროში მოხვდი, სადაც მწვანედ შეეძლო ენათა ამ არსების თვალებს... ფიზიკურად რთული იყო იმის დაჯერება, რომ ის არსებობდა...
- მოვალ. - მისდა გასაკვირად წარმოთქვა ალეკსეიმ და ოდნავ გაოცდა საკუთარი მომენტალური რეაქციით. თავისი პოტენციური „დების“ გაცნობის სურვილმა შეიპყრო და მოუნდა დღევანდელი იმედგაცრუება როგორმე გაებათილებინა.
- საღამოს რვისთვის მოხვალ. მისამართს გადმოგიგზავნი. - კმაყოფილი ხმით ჩაილაპარაკა მაქსიმილიანმა და ტელეფონი გათიშა. ღრმად ამოისუნთქა ალეკსეიმ და ტელეფონი მანქანაში, გვერდითა სავარძელზე მიაგდო. რამდენიმე წამში მესიჯი მოუვიდა, სავარაუდოდ მისამართი. ალმაცერად გახედა მართკუთხა ფორმის მოწყობილობას და მანქანა დაძრა ადგილიდან. სწრაფად მიაპობდა შავი Astron Martin-ი თბილისის გზებს.
გრძნობდა ამ დროს ალეკსეი, რომ სადღაც ვაკუუმისკენ მიექანებოდა და არ სურდა, წამითაც კი არ სურდა გაჩერება. თითქოს ასე უფრო მარტივად შეძლებდა დროის შენელებული მოძრაობის სრულყოფილ შეგრძნებას. წამები გაცილებით ნელა მიიწევდნენ წინ, როდესაც ის სისწრაფეს მთელი სხეულით აღიქვამდა. შეისისხლხორცა თითქოს მეტალის პროექცია, რომელიც ბრდღვინვით მიიწევდა წინ. თავისუფლდებოდა ამ მომენტში ალეკსეი, თითქოს სამყაროს არც ერთი წესი არ იყო მისთვის კანონი. თითქოს თავად ის იყო მთელი სამყარო. მხოლოდ მისი „მე“ არსებობდა რეალობაში. ამ დროს კი მისი ეგო იმდენად იზრდებოდა, რომ ბოლომდე შთანთქავდა მის ინტელექტს. ბედნიერების მცირე ნაპერწკალი ღვივდებოდა ალიოშაში, მაგრამ მომენტალურადვე ქრებოდა გაჩერებისას.
ალეკსეი რაღაც უჩვეულოს გრძნობდა ამჯერად. თითქოს ჰაერის მოძრაობა ოდნავ შეცვლილიყო. მთელი ძალით უჭერდა საჭეს ხელს და ძარღვები ებერებოდა. თანდათან ბრაზმა დაიწყო წვთობით გადმოდენა მისი მოთმინების ფიალაში, შემდეგ ნაკადმა მიზანმიმართულად დაიწყო ზრდა, წამიერად ამოხეთქა და ქალაქს გაცდენილი ალეკსეი გზიდან გადავიდა. მანქანა გააჩერა და მოაჯირს დაეყრდნო. არ სუნთქავდა, სახეზეც მარტივად შეამჩნევდით უჟანგბადო სისხლძარღვებს...
- ჰეი, ძმაო, ჩაისუნთქე ! - მხარზე ხელი დაჰკრა თეთრწვერა მოხუცმა. ამრეზით ახედა ალეკსეიმ მამაკაცს. ღარიბულად იყო ჩაცმული მამაკაცი, თუმცა გემოვნებიანად. უმზერდა და გრძნობდა, როგორ ეღლებოდა ფილტვები, როგორ მოძრაობდა თავქუდმოგლეჯით ვენებში უჟანგბადო სისხლი, მაგრამ არ სუნთქავდა. თითქოს ჩასუნთქვით დიდ ცოდვას ჩაიდენდა. საკუთარ თავს არ აპატიებდა... - ისუნთქე, ჩაისუნთქე ჰაერი, აირი ჩაუშვი ფილტვებში, დაიხრჩვები ! - აგრძელებდა მოხუცი.
მოულოდნელად ალიოშა მოდუნდა, ღრმად ჩაისუნთქა და მსუბუქი გაბრუებულობა მას თავს უმოწყალოდ დააცხრა. გაიღიმა, შემდეგ გაეცინა და თეთრწვერას მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა. თავი დაუკრა მადლობის ნიშნად და მანქანაში ჩაჯდა.
საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა ალეკსეი, მომენტალურად ამჩატდა მისი სხეული. იღიმოდა და კვლავ იმავე სისწრაფით მიაქანებდა მანქანას. ამჯერად ყველაფერი რიგზე იყო. ჰაერმაც კი დაიბრუნა ჩვეული მოძრაობის უწყვეტი რიტმი...
ვერ ხვდებოდა ალეკსეი და ცდილობდა გაეანალიზებინა ის შეგრძნება, რაც მოხუცის სიტყვების გაგონებისას დაეუფლა, მაგრამ იმდენად იყო შეპყრობილი გრძნობით, რომ რეალურად არც სურდა აზრების მოკრება. ეს ე.წ. სურვილი მხოლოდ ფასადი იყო. არასოდეს არ უშვებდა ეს კაცი გარეთ საკუთარ რეალურ გრძნობებს, არასოდეს, წამითაც კი არ გამოპარულა მისი ქვეცნობიერიდან წამოსული იმპულსი რეალურ, მატერიალურ სამყაროში. მაგრამ ვინ იცის, რამდენად მგრძნობიარე იყო ალეკსეი სინამდვილეში ? აშკარა იყო, იმდენად დიდ, ძლიერ და სულისშემძვრელს ატარებდა იგი გულით, რომ წამის მეასედითაც კი უყურადღებო მოპყრობა და აბსოლუტურად ყველაფერს წალეკავდა მისი მძვინვარე და ბნელი შინაგანი სამყარო. უზარმაზარ ძალისხმევად უჯდებოდა თავის მოთოკვა ამ ადამიანს. ადამიანს ? ვინ იცის...

საღამოს რვა საათია...
ალეკსეი ზუსტ დროს მოადგა უზარმაზარ სასახლეს, რომელიც ქათქათა ყინულისფერად ანათებდა მაისის ფერად საღამოს. ერთი შეხედვით რეალურადაც ყინულისგან ნაგებს ჰგავდა. მინისებრი, თითქოს გამჭვირვალე ნაგებობა, რომელიც მიუხედავად თავისი შეფერილობისა, მაინც არ უშვებდა შიგნით მიმდინარე პროცესის მინიმალურ რხევასაც კი, ეზოს მშვიდ გარემოში. უზარმაზარი, თაღოვანი ფანჯრების მინებიც კი ზამთრის ცივი, სუსხიან საღამოს შედეგად დაჭირხლულს ჰგავდა. ერთხანს აკვირდებოდა მინებს ალეკსეი და წამით მოეჩვენა, რომ ჭირხლი თავისებური ორნამენტების სახით იყო ამოტვიფრული მინებზე...
ტუჩის კუთხეში წვიმის მოზრდილი წვეთი დაეცა. ცისკენ მიაპყრო ლურჯი თვალები...
მომენტალურად მოიღრუბლა, ცამ პირი მოკუმა და არაფრის დიდებით არ აპირებდა სიტყვის თქმას. იმდენად ჩამობნელდა, რომ ყინულის სასახლემ ფერი იცვალა და გარემო აირეკლა. სრული ღრუბლისფერი გახდა და შემზარავი სიუჟეტი დახატა ირგვლივ. საზარლად გაიელვა და სასახლის თავზე დაეცა თითქოს მეხი.
ალეკსეიმ წარბი შეჭმუხნა და უზარმაზარი ჭიშკრისკენ გაემართა. იმდენად ძველმოდური იყო კარიბჭე, რომ სულ მცირე ჭრიალს მაინც ელოდა მისგან კაცი, მაგრამ ნურას უკაცრავად, იმდენად დიდებული მდუმარებით გაიღო მის წინ აღმართული გისოსები, რომ ალეკსეი წამით კმაყოფილების შეგრძნებამ მოიცვა. თუმცა მეორე მხრივ უკმაყოფილების შეგრძნებამ შემოუტია. რამხელა წარმოდგენა აქვს ამ ოჯახს საკუთარ თავზე ? გაიფიქრა უნებურად.
მიაბიჯებდა უცნაური ფორმის ფიგურებისგან დაგებულ ქვაფენილზე და მოუთმენლად ელოდა... რას ელოდა მოუთმენლად ? განა სურდა იმ ქალთან შეხვედრა ? არ სურდა. მაგრამ მაშინ, რას ელოდა იგი ასე მოუთმენლად ? რაში სურდა დარწმუნებულიყო.
საგულდაგულოდ არ მომზადებულა ამ შეხვედრისთვის. ჩვეულებრივი თეთრი ფერის პერანგი ეცვა, ზემოდან კი ჯინსის თხელი ქურთუკი მოეგდო. ასეთივე ფერის ჯინსის შარვალთან შეხამებული. შინაურულად იყო. ზედმეტად შინაურულად.
ეს ეს იყო ზარისკენ წაიღო ხელი, რომ ვეებერთელა კარი მის წინ ფართოდ გაიღო და ალეკსეიმ თავისი ლურჯები შეაგება მის წინ მდგარი ქალის ცოცხალ, ლურჯს თვალებს. რომლებიც ასხივებდნენ პოზიტივს. უკიდურესად მუქი, შავში გარდამავალი წაბლისფერი ფერის თმები თავისუფლად აეწია ქალს ცხენის კუდივით, ხოლო წინ გადმოყრილი უსწორმასწორო ჩოლკა მას თავისებურ შარმს ანიჭებდა. თვალებს შორის ოდნავ შეშუპებული კანი რთულად შესამჩნევი გახლდათ, თუმცა ბავშვობიდან დაკვირვებული თვალის მქონე ალეკსეის არაფერი გამოჰპარვია.
ფართოდ გაიღიმა ქალმა როგორც კი ალეკსეი დაინახა. რამდენიმე ნაოჭი დალანდა კაცმა მის სახეზე, თუმცა იმას ვერ უარყოფდა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და საოცრად უხდებოდა ქალს ღიმილი. ოვალური სახე და საშუალო ზომის, წითელი ტუჩები მიმზიდველ ტანდემს ქმნიდნენ და ალეკსეი მიხვდა, თუ რატომ მიიზიდა ამ ქალმა მამამისი. წითელი ტუჩები და ლურჯი თვალები ყოველთვის იყო მისი სისუსტე. ალიოშას დედაც ამ დუეტს ატარებდა.
- გამარჯობა ! - დაბოხებული ხმით მიესალმა ქალს კოგანი.
- გამარჯობა ალეკსეი ! მობრძანდი ! - თვალები სიხარულისგან აუკიაფდნენ ქალს.
როგორც კი ნაბიჯი გადადგა და ნაგებობაში აღმოჩნდა, ალეკსეი მომენტალურადვე შეუდგა ყველაფრის შესწავლას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ამ სასახლის მართლაც რომ მეფური ინტერიერი და უცნაური არომატი, რომელიც არსაიდან იფრქვეოდა და მომენტალურად გიმატებდა რამდენიმე ასეულ წელს. თითქოს მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში, დიდებულ ლუვრში მიაბიჯებდი, თითქოს ვერსალის სასახლე გეპყრა ხელთ. ძალიან მიმზიდველი გარემო სუფევდა აქ, თავს დიდგვაროვნად გრძნობდი. თითქოს მეფური აურა გარს შემოგეხვია და ეგოს მისცა გაზრდის საშუალება.
მიუხედავად თეთრი შეფერილობისა გარედან, შიგნით ყველაფერი უფრო მოყავისფრო ფერის გარადაციაში იყო შესრულებული. უზარმაზარ დარბაზში ამოყო თავი როგორც კი შევიდა. მის წინ უცნაური ფორმის ვეებერთელა კიბე იწონებდა თავს, რომლის მოაჯირებიც ლომის თავებით იყო მოჩუქურთმებული და მსხვერპლს შეექცეოდა. ბუმბერაზი, მოცისფრო შეფერილობის ჭაღი დღესავით ანათებდა ამ დარბაზს. კიბის ქვეშ კი მოწითალო კარი იყო, რომლის ოქროსფერ სახელურზეც შორიდანაც კი შეიმჩნეოდა მტვრის თხელი ფენა, ესეიგი იმ ტერიტორიას იშვიათად სტუმრობდნენ, გაიფიქრა მამაკაცმა. სხვადასხვა ფორმის ჩვილის ქანდაკებები აქა-იქ თითქოს ეშმაკურად უმზერდნენ სტუმრებს, ხოლო თითოეულ ქანდაკებასთან იდგა გრძელი სკამი, რომელზეც რამდენიმე ადამიანი თავისუფლად მოთავსდებოდა. არც ამ სკამების ფორმას დაჰკლებია უცნაური ორნამენტები. - ძალიან მიხარია რომ მოხვედი ! მაქსიმ ისე დამიხატა შენი ხასიათი წინასწარ მეწყინა, რომ არ მოხვიდოდი. - დაფაცურდა კატალინა და კიბეებისკენ გაუძღვა კაცს. ალეკსეიც მძიმე ნაბიჯებით გაჰყვა მას უკან და იატაკს დააკვირდა. წითელი ფერის ხალიჩა არაჩვეულებრივად ეხამებოდა ყავისფერს. თუმცა ნაბიჯების გადადგმისას ალეკსეის ხანდახან ეჩვენებოდა, თითქოს ადამიანის სახის მოხაზულობას არჩევდა ხალიჩაზე დახატულს. ეუცნაურა და როგორც კი კიბის პირველი იარუსი აიარა, კატალინა პირდაპირ წავიდა.
ალეკსეი ოდნავ შეცბა, რადგან იქ კარის ნატამალიც კი არ ჩანდა. უზარმაზარი ნახატი იყო, პორტრეტი, რომელზეც ალეკსეიმ ვერ ამოიცნო ამ სასახლის მფლობელი. იფიქრა, ალბათ რომელიმე მისი პოტენციური დათაგანი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ჩააცქერდა ინტერესით. გონებაში დაიმახსოვრა ყველა შტრიხი და გაოცდა, როდესაც კატალინამ „პორტრეტი გააღო“ და მისაღები ოთახისკენ გაიშვირა ხელი. მამაკაცი ნელი ნაბიჯებით გაემართა ოთახისკენ და როგორც კი ფეხი შედგა სრულიად სხვა ტიპის ინტერიერში, სრულიად სხვა სურნელსა და გარემოში ამოყო თავი.

- მაქსი, ალეკსეი მოვიდა ! - წამოიძახა კატალინამ და სასახლით გართული ალეკსეი მხოლოდ ახლაღა დააკვირდა მის ჩაცმულობას. ლურჯი ფერის ყელიანი, გრძელი სვიტერი და შავი ფერის სხეულზე მომდგარი ნაჭრის შარვალი. ფეხზე საყვარელი თაგვის ფორმის რბილი სახლის ფეხსაცმელი. ზედმეტად მარტივად და მსუბუქად იყო ჩაცმული ქალი. ალეკსეი ჩაფიქრდა, რას უნდა ნიშნავდეს ასეთი კონტრასტი საცხოვრებელ სახლსა და ჩაცმულობას შორის. მომღიმარი სახის მაგიერ, მკაცრ და არისტოკრატულ ბუნებას უფრო ელოდი ამ ბუმბერაზი ნაგებობის პატრონისგან.
მაგრამ ხელში სულ სხვა შერჩა. უცნაური ქალი იყო ეტყობოდა. სხვადასხვანაირი შთაბეჭდილება ებრძოდა ერთმანეთს და ინტრიგაშეპყრობილი ალეკსეი ცალყბა ღიმილით მიყვებოდა უკან. ძალიან საინტერესოა რაში სჭირდებოდა ამ ქალს ასეთი თამაში კონტრასტებთან. რისი დამტკიცება სურდა და საერთოდ, რა ფილოსოფიას ატარებდა გულით.
- ალიოშა ! Спасибо, что пришёл! - თქვა კაცმა და შვილისკენ წამოვიდა. თაფლისფერი თვალები ჰქონდა მაქსიმილიანს. მაღალი იყო, ახოვანი და სპორტულებში ჩაცმული. არ ესიამოვნა შვილს მამის თავისუფალი ჩაცმის სტილი. რაც თავი ახსოვს სულ ოფიციალურ ფორმაში იყო მამამისი, ახლა კი მისი ასეთი ცვლილება ნერვებზე უკრავდა სწრაფ მელოდიას. მამაკაცს სურდა გადახვეოდა ალეკსეის, მაგრამ მან მხოლოდ ცივი ხელის ჩამორთმევა აკმარა. ჩუმად ჩაიცინა კაცმა და უთხრა. - არასოდეს შეიცვლები ალეკსეი...
- თუ ვინმემ არ შეგცვალა. - გაისმა ქალის წკრიალა ხმა შავ-თეთრ, მოდერნისტულ სტილში გაკეთებულ მისაღებში. ხმის წყარო სავარაუდოდ დივანზე იჯდა.
- ქალს თუ გულისხმობ, დაგაგვიანდა. - ცალყბად გაეცინა ალეკსეის.
- დარწმუნებული ხარ ? - ხმის წყარო წამოდგა და ალეკსეიმ დალანდა ქერა, თითქმის თეთრში გარდამავალი თმები, თოვლივით ქათქათა კანი და მუქი, ყავისფერში გარდამავალი მწვანე თვალები.
- ავრო, როგორ არ გრცხვენია ! - დოინჯი შემოირტყა კატალინამ.
- არაფერია, მაინტერესებს რას გულისხმობს. - ირონია აეკრო სახეზე ალეკსეის. - დარწმუნებული ვარ. - მიუბრუნდა ქერას.
- საკუთარ თავში დარწმუნებულობა, ვეებერთელა ეგოზე მიუთითებს. - დასძინა ავრორამ.
- და ? - სახეზე აკრული ღიმილი უფართოვდებოდა ალეკსეის.
- და ის, რომ გაზრდილი ეგო ამპარტავნების პიკია, ამპარტავანი ხალხი კი ფიტულია.
- მცდელობა, გამოამჟღავნო ცოდნა, პრიმიტიულ თვითდამკვიდრების ხერხად მევლინება ავრო. მინიმალურია იმის შანსი, რომ მე შევიცვლები. - მხრები აიჩეჩა ალეკსეიმ. გოგონა მას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ეს ეს იყო კამათის გაგრძელებას აპირებდა, რომ...
- ჩასწორება. შეცვლა არა. საკუთარი თავის რეალობაში გამოშვება. - გაისმა ნაზი, ალეკსეისთვის აწ უკვე ნაცნობი ხმა, რომლის გაგონებისას კაცი მომენტალურად მიბრუნდა გოგონასკენ და სისხლი საფეთქლის ძარღვებს მოაწყდა. სიფრიფანა თეთრი კაბა, სისუსტე და ლანდისმაგვარი სილუეტი.... მის წინ სრულიად გალუმპული 17 წლის გოგონა იდგა, რომლის მწვანე თვალები არაფერს ასხივებდნენ. ან, იქნებ ასე ეგონა ალეკსეის ? უბრალოდ ეგონა...



პ.ს. დავბრუნდი... უფრო დახვეწილი (როგორც ვატყობ) და უფრო თავისუფალი. შეფასებას და შენიშნებს გთხოვთ ^-^ თავებს დავდებ 3-4 დღეში ერთხელ. მოცულობა დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც წაიკითხეთ...скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჰეიი ეს ვინ დაბრუნდა



სიხარულოო ჯერ რამდენიმე თავიი დაიწეროს და მერე დაავიწებ!!!
აბააა შენ იცი გელოდები ომუთბენლად!!!

 



№2  offline მოდერი MoonLady

nawkas12345
ჰეიი ეს ვინ დაბრუნდა



სიხარულოო ჯერ რამდენიმე თავიი დაიწეროს და მერე დაავიწებ!!!
აბააა შენ იცი გელოდები ომუთბენლად!!!

^-^ მომენატრე ^--^ <3

 



№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

MoonLady
nawkas12345
ჰეიი ეს ვინ დაბრუნდა



სიხარულოო ჯერ რამდენიმე თავიი დაიწეროს და მერე დაავიწებ!!!
აბააა შენ იცი გელოდები ომუთბენლად!!!

^-^ მომენატრე ^--^ <3

მეცც^-^:დდ

 



№4  offline წევრი An-El

კომენტარი გაგიშანშალე და სხვაში ამერიე სორი :D ალბათ მიხვდები ვისშიც :D პირველად წავიკითხე შენი ისტორია და მოვიხიბლეეე. . ძალიან.საინტერესო და დამაინტრიგებელია. .ასე რომ ამიერიდან შემოვუერთდი შენს მკითხველთა რიიიგებს :D

 



№5  offline მოდერი MoonLady

An-El
კომენტარი გაგიშანშალე და სხვაში ამერიე სორი :D ალბათ მიხვდები ვისშიც :D პირველად წავიკითხე შენი ისტორია და მოვიხიბლეეე. . ძალიან.საინტერესო და დამაინტრიგებელია. .ასე რომ ამიერიდან შემოვუერთდი შენს მკითხველთა რიიიგებს :D

გმადლობ... ვეცდები იმედები არ გაგიცრუო...
(კი მივხვდი და ეგ ავტრორი ოფიციალურად ჩემი საკუთრებაა, თითი არ დაედოს ! :დდდ )

 



№6  offline წევრი nini sabauri

როგორ მომენატრე შენც და შენი ისტორიებიც... სად დაგვეკარგეე??
მიხარიაა ისევ რომ გამოჩნდი<3 <3
საინტერესო ისტორიაა, ველოდები შემდეგ თავს<3

 



№7  offline მოდერი MoonLady

nini sabauri
როგორ მომენატრე შენც და შენი ისტორიებიც... სად დაგვეკარგეე??
მიხარიაა ისევ რომ გამოჩნდი<3 <3
საინტერესო ისტორიაა, ველოდები შემდეგ თავს<3

მეც ძალიან მომენატრე... ძალიან ^-^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent