შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 1)


27-06-2017, 23:01
ავტორი linda
ნანახია 4 456

დალიჰარი (თავი 1)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ




-*-*-*-*-*-*-*1
ცას სწვდებოდა მტვერი, რუხი ბოლი და მეომართა აჩქარებული სუნთქვა, დროდადრო უკანასკნელ, განწირულ კვნესასა და ტკივილით აღსავსე ღრიალს ერთვოდა.
ჰაერში გაიწუილა ქონგურიდან ნასროლმა ისარმა, ცეცხლი და ბოლი გაჰკვეთა და კიდევ ერთ, გასისხლიანებულ შავ აბჯარში გამოწყობილ ქვეითს მოუსწრაფა სიცოცხლე.
მაგრამ ამაოდ. ერთი ქვეითის სიკვდილი ვერ შეაკავებდა ერქანის საგვარეულო სასახლეზე შემორტყმულ ჯარს.
ეცემოდა დედაქალაქის გული.
გვიან ღამით შეუტია ალფას მიერ ნაწინამრძღოლმა ჯარმა დედაქალაქ ბაჰირას. შემოიპარნენ ჩრდილოეთელნი, მათ გაწვრთნილმა, ომგამოვლილმა ჯარისკაცებმა, რომელთაც თვით მეფისწული ანდრეი მიუძღოდა მხედართმთავრად, მუხანათურად გაკაფეს და გადაბუგეს შეუმზადები სოფლები, არ დაინდეს ბავშვნი, მოხუცნი თუ დედაკაცნი, თავზარი დასცეს მშვიდობიან ხალხებს და შიში დარგეს დედაქალაქში. ცეცხლივით გავრცელდა ამბავი, ჩრდილოეთელთა დაუდგრომელი ურდო მოემართებაო.
გაამაგრეს ბაჰირა. ცეცხლი ააგიზგიზეს გალავნის ქონგურებზე, მეციხოვნეები გაასამმაგეს, მშვილდოსნები დააყენეს. დღე სიტყვა წარმოთქვა ჯარის წინაშე მეფემ, აცახცახებულ ბაგეებს მალავდა შევერცხლილი წვერის ქვეშ. თავისი პირველი შვილი და მემკვიდრე, ერქანის მეფისქალი და მარგალიტი, ეირინი ამოეყენებინა გვერდით. ეირინს უარი ეთქვა სასახლის დატოვებასა და მთებში გახიზვნაზე, აპირებდა მამასა და ჯარს ბოლომდე დგომოდა გვერდით. მტკიცედ იდგა მომავალი დედოფალი და მისი სიმტკიცე გულს უფრთხიალებდა ჯარისკაცთ, გამბედაობასა და ბრძოლის ჟინს უნერგავდა.
სასახლის გალავანს შიგნით შეიფარეს ყველა, ვისაც მებრძოლი ეთქმოდა, პირტიტველა ვაჟებიც კი. დედაკაცნი და ბავშვნი საწუხარი ამბის გაგებისთანავე გაიხიზნენ ზღვისპირა მთებში, მეფის განგებით, ღვთაების იმედზეღა დარჩენილნი.
არ უცდიათ ჩრდილოეთელთ მალვა. შეიჭრნენ დედაქალაქში, მათ ურიცხვმა ურდომ შემუსრა მცირე, დაზაფრული და შეუმზადებელი ჯარი, ცეცხლი წაუკიდეს მერვე მთვარის მობიბინე ბალახსა და გამხმარი წალმით დახურულ სახლებს, თითქოსდა ცეცხლისათვის შემზადებულთ. ურცხვად შეესივნენ სიჩქარეში უკან დატოვებულ მწირ ავლა-დიდებას, ყველაფერი მოკრიბეს, გასაყიდად შეჰკრეს, მიითვისეს, როგორც მათი კუთვნილი ნადავლი.
მაგრამ ეს მცირე სიმდიდრე არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც მხედართმთავარი სასახლის აღებისას ჰპირდებოდა მათ. ყველანი ამბობდნენ, მაცნეები ჩურჩულებდნენ, რომ აურაცხელი სიმდიდრით იყო აღსავსე ზღვისპირა დედაქალაქის გული, რომ თვით ოკეანის სხეულიდან ამოეზიდათ ძვირფასეულობანი, რომლებიც ფასდაუდებელი იქნებოდა უწყლო ჩრდილოეთში. უფრო განდიდდებოდა, საგანძურით აღივსებოდა ჩრდილოეთელთა ქვეყნის სრორდის დედაქალაქი - ბელთათინი.
პირველ დღეს მაგრად იდგა ბაჰირას გული. ვერ აიღო მხედართმთავარმა ჩაკეტილი სასახლე.
ღამით დაისვენეს მეომრებმა. კარვის დაცემის, კაცთა და პირუტყვთა დაპურების ბრძანება გასცა მეფისწულმა.
მჭუნვარედ მისჩერებოდა იგი გადამწვარი, ჩაშავებული მდელოს გადაღმა აღმართულ სასახლეს. ცაში ატყორცნილიყვნენ კოშკები, მათზე აფრიალებული თეთრი და მწვანე დროშა, ერქანთა გერბით შემკული, ღამის წყვდიადშიც კი ცხადად მოჩანდა. ფანჯრებიდან სინათლე იღვრებოდა, გაცხოველებული სამზადისი გაეჩაღებინათ სასახლეში, ალბათ მეომრებს აპურებდნენ, დაჭრილთ ჭრილობებს უხვევდნენ, მათ ცრუ ღმერთს ეთაყვანებოდნენ და მასზე ლოცულობდნენ...
სასახლის გალავანზე შემალულიყვნენ გუშაგნი, მშვილდოსანთა წამახული ისრის პირები და ალესილი შუბები ბზინავდნენ ქონგურებიდან, თვალს სჭრიდა მათი ავისმომასწავებელი ელვარება.
შავი ლითონის აბჯარი ემოსა მხედართმთავარს. წითელი, დაფხრეწილი, სისხლით მოსვრილი ლაბადა მოესხა მხრებზე, რომელზეც ჩამომჯდარიყო, ფეხი მოერთხა და ჩასცქეროდა აგიზგიზებულ კოცონს.
სარდალნი დამსხდარიყვნენ მის გვერდით, ემასლაათებოდნენ სასახლის აღების გეგმაზე.
მაგრამ ყურს არ უგდებდა მათ მეფისწული.
მაცნეს ელოდა.
უცაბედი იყო მისი გადაწყვეტილება, რომ ბაჰირასაკენ შემოეტრიალებინა ჯარი. ბაჰირა უახლოესი ზღვისპირა ქალაქი იყო ორი ათასი კილომეტრის მანძილზე, რომლის დაპყრობის შემთხვევაში უწყლო ჩრდილოეთს ზღვაზე მზა გასავალი ექნებოდა. მისმა სარდლებმა უარყვეს მისი უცაბედი შემოთავაზება, მაგრამ მხედართმთავრის სიტყვას ვერავინ აღუდგებოდა წინ. ჯიუტად გასცა ბრძანება, რომ პირი ბაჰირასაკენ ექციათ, მოულოდნელად დასცემოდნენ და აეღოთ დედაქალაქი.
მწირი ცნობანი გააჩნდათ ბაჰირას მმართველობაზე. ის უწყიდა მეფისწულმა, რომ ცრუ ღმერთს, „ღვთაებას“ ემსახურებოდნენ ისინი, რომ ბარბაროსთა, გაუნათლებელთა და ურცხვთა სამყოფელი იყო ბაჰირა, ავხორცი, სიძვის დედაკაცებითა და ლაჩარი, სულმოკლე კაცებით. მათზე მეტად კი არაფერი სძაგდა. კბილები ეღრჭიალებოდა, სიძულვილის ცეცხლი უღვივდებოდა ძარღვებში მათ ხსენებაზე, და აუწერელი სიამოვნება იყო მათი გაკაფვა, მათი სისხლის დაღვრა თავის მახვილზე.
სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ესაჭიროებოდა მეფისწულს. თავდებობა იმისა, რომ დაპყრობილ ხალხს ვერაფერი გაებედა.
გაეგო, მეფისა და მემკვიდრის დაცვას თავს შეაკლავენო მათი მეომარნი. მათი მოკვლა ბრძოლის გიჟურ ჟინს ჩაუნერგავდა ხალხს.
ფიქრებიდან შეძახილმა გამოაფხიზლა მხედართმთავარი. გუშაგები მაცნეს მოსვლას იუწყებოდნენ.
გაფაციცებული იყურებოდა მდელოს გაღმიდან ამორბენილი, გაოფლილი, პირტიტველა ყმაწვილი. მახვილი იშიშვლეს მეომრებმა, მხედართმთავარს ამოეფარნენ.
-მოუშვით! - ბრძანა მეფისწულმა.
მახვილი ქარქაშში არ ჩაუგიათ მეომრებს, მაგრამ გზიდან ჩამოეცალნენ ყმაწვილს.
მუხლი მოიყარა მხედართმთავრის წინაშე პირტიტველა, აქოშინებულმა მაცნემ, დამტვერილ, ლითონის ფეხსაცმელზე ეამბორა.
-სახელი მომახსენე. - უბრძანა მხედართმთავარმა. შორიახლოს აგიზგიზებული კოცონის სიცხეც კი ვერ უთბობდა ცივ, ცარიელ თვალებს. ისე ავისმომასწავებლად ელვარებდნენ ისინი, როგორც მისი ბნელი, დამასკოს ფოლადის ორლესული, ახლა რომ სისხლისაგან სწმენდდა.
-ლაზარე, ჩემო ალფა. - მოახსენა მაცნემ, მოწიწებით უმზერდა მის სამკერდეს, თვალის გასწორებას ვერ ჰკადრებდა მხედართმთავარს.
-რა ამბავი მოგაქვს, ლაზარე? - ჰკითხა მხედართმთავარმა. -თავისუფლად ისაუბრე.
-მისი ხატება არ გაგვაჩნია, ჩემო ალფა, მაგრამ ყველანი უკლებლივ ამბობენ, ურთქმელიაო მისი სილამაზე. ენით ვერ აღიწერება ერქანის მეფისქალი, ცივ ნიავს არ აკარებს ხელმწიფე, ირმის რძესა და იასამნის ზეთში აბანავებს. - მიუგო მაცნემ. - შუბლზე საგვარეულოს ნიშნულები გამოუსახავს, სპეტაკ ფერფლისფერად დაჰფენია მუხლამდე თმა და ოკეანე უღელავს თვალებში...
მოიქუფრა მხედართმთავარი. ელვარება დაკარგეს მისმა თვალებმა და ქათქათა, გაშიშვლებულმა კბილებმა იჩინეს თავი ბაგეთა მიღმა. ორლესული მოიქნია, ჯერ კიდევ სისხლშემხმარი და წვერი ლაზარეს მიუშვირა.
მიწას განერთხა აცახცახებული მაცნე, მიტევებას შესთხოვდა, ლუღლუღით.
-მათნაირი ურჯულონი ლამაზნი ვერასოდეს იქნებიან. - კბილებში გამოსცრა მხედართმთავარმა. - ბარბაროსი, უღვთო, ავხორცი ხალხი სუფევს ერქანის საგვარეულოში.
-მათ სიტყვებს მოგახსენებთ მხოლოდ, ჩემო ალფა... - ლუღლუღებდა და სიკვდილის შიშით თრთოდა მაცნე. - თავი ახლავე მომკვეთეთ, თუ მათი მჯეროდეს...
-მეფე? - შეაწყვეტინა მხედართმთავარმა.
-მეფე დავიდ ისააკ ერქანი მოხუცებულია, ჩემო ალფა. - მიუგო მაცნემ. - შიშის ზარი დასცა თქვენმა სახელმა...
ეამა გაგონილი მეფისწულს. თავი მაღლა ააღირა ამაყად, ღიმილი შეუკრთა ჩაფხუტის ქვეშ შებურულ ნაკვთებზე.
-ძრწის, გახიზვნა სურს, მაგრამ სირცხვილით ვერ გაუბედავს. - აგრძელებდა მიწაზე დამხობილი ლაზარე. - მეფისქალი ეირინი კი მტკიცედ მდგარა, ჩემო ალფა, უარი განუცხადებია მთებში გახიზვნაზე, მეომარი ბრძანებულა დიაცი, მშვილდოსნად იყო შეტევისას და ახლა დიაცურ საქმეს მიჰყო ხელი, დაჭრილთ უვლის...
-მეომარი დიაცი? - გაოცება და ზიზღი ვერ დამალა სარდალმა, თავადმა ატავესმა. მუქი თვალები ცბიერად აუკიაფდა, კანი მოეჭმუჭნა მათ გარშემო. - დიაცი და მეომარი? დედაკაცს მახვილის აწევაც კი არ ძალუძს, მეომარი როგორ უნდა უწოდონ?
-ყურს ნუ დაუგდებ, მეგობარო! - ხელი მხარზე დაჰკრა გვერდით მჯდომარე სარდალმა, თავადმა გაბრიელმა. მხედართმთავრისაკენ აფაციცებდა ხოჭოსებრ თვალებს, პირში შეჰყურებდა მლიქვნელი გონებით. - წაგბილწავენ მათი უხამსი ტრადიციები!
-უკუღმართი, უღვთო ხალხი... - სიტყვები გადმოაფურთხა მჭმუნვარე მხედართმთავარმა. ბრაზით აღვსილი თვალებით გადაჰყურებდა სასახლეს და შეჰნატროდა იმ დღეს, როცა შემუსრავდა მასში მყოფ ბიწიერებას, საკუთარი ხელით მოჰკვეთდა მეფეს თავს, შეარცხვენდა მამაკაცურ ღირსებას მახვილით ხელყოფითა და ტყვედ ჩაიგდებდა ბაჰირას მარგალიტს, ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანს, სხვა სამეფო ოჯახის და მეომართა წარმომადგენლებთან ერთად. წაიყვანდა მათ საპატიო ტუსაღებად ბელთათინში, წარუდგენდა მათ, როგორც სამხილთ იმისათვის, რომ შეძლო ბარბაროსთა დაოკება, და საზღვაო გზის გახსნა.
რომ ღირსეული მემკვიდრე იყო.
-მეფე ბრძანებს, რომ მისი მემკვიდრე გახიზნონ, როცა სასოწარკვეთის ჟამი მოახლოვდება. - ჩაილაპარაკა მეფისწულმა, თითქოს თავისთვის, მაგრამ წამსვე მისკენ მოტრიალდნენ სიახლოვეს მყოფი ყურნი. - თუ ეშინია, სიკვდილის ეშინია. საკუთარ სიკვდილს შეჰგუებია, მაგრამ საგვარეულოს წაწყმედასა და ამოძირკვას ვერასოდეს შეეგუება.
-რამდენიმე შენიღბული გასასვლელია სასახლიდან მთებამდე, ჩემო ალფა! - შეჰკადრა და ხმა აღიმაღლა მაცნემ. - თუ მიბრძანებთ, მე...
-ენა ნუ წაგისწრებს, მაცნევ! - იღრიალა მეფისწულმა, ავად აუელვარდა ჩაფხუტის მიღმა შემალული, მუქი თვალები, ცეცხლი რომ მაინც ერეკლებოდა მათში. კვლავ მიწას განერთხა დამფრთხალი მაცნე. - შემოთავაზებები არ მჭირდება შენგან!
მეომრებს მიუბრუნდა მეფისწული, მაცნე გაიყვანეთო, უბრძანა. აყვირებული ყმაწვილი ძალით გაათრიეს ჯარისკაცებმა.
წამოიწია მხედართმთავარი. ორლესულს დაებჯინა, სარდლებს მიმართა. ყური უგდო მათ მასლაათს, სასახლეზე დაცემისა და ყველა შესაძლო უკანდასახევი გზის მოჭრის გეგმა განიხილეს.
საგუშაგოზე დამდგარ მეომრებზე განკარგულება გასცა მეფისწულმა, ჯარს ჩამოუარა, უბრძანა, დაარიგა, გაამხნევა. მომიწებით აჰყურებნენ მისი ქვეშემდომნი, მათი წინამძღოლისადმი დაუშრეტელი იმედი უკიაფებდათ თვალებში.
ღრუბელთა შორის გამოცურებული მთვარე ჯერ კიდევ ბრდღვიალებდა და აღმოსავლეთს ჯერ კიდევ არ შეჰპარვოდა გარიჟრაჟის ალი, როცა გასანთლულ, წითელი ტყავით დახურულ კარავში შეაბიჯა მხედართმთავარმა, ძვირფას ქურქ-ბეწვთ წამოწვა, მოსასვენებლად. სურსათ-სანოვაგით დატვირთული ქარავანი ჩამოხდა, ცხვრები და ღორები დაკლეს ჯარის დასაპურებლად.
იცვლებოდნენ ყოველი საათისას გუშაგნი. გადაჰყურებდნენ სასახლეს, გამჭოლი, მუქი თვალნი ზვერავდნენ შემოგარენს. მათთან ერთად დაძრწოდა ცაზე მთვარე, იმალებოდა რა ღრუბელთა მიღმა, თითქოს პირი იბრუნაო კაცთა სისასტიკისაგან.
ღვიოდნენ შეუჩერებლად კელაპტრები გალავანზე, ვითარცა საფლავზე დანთებული სანთლები.
და როცა პირველმა სხივებმა იჩინეს თავი ჰორიზონტზე, და ზღვაში აირეკლა ამომავალი მზის სიწითლე, ყიჟინა დასცა მეფისწულმა, ჯარს გაუძღვა სასახლისაკენ.
იდგა ბაჰირას დაფეხვილი გული.
მაგრამ დაეცა.
ადუღებული ხის ფისი მოასხეს, ცეცხლი წაუკიდეს ხის კარიბჭეს. აალებული კარიბჭე შეგლიჯეს ქვეითებმა, მათ ცხენოსნები მიყვნენ, ფლოქვებქვეშ გათელეს ბაჰირელები.
ყიჟინით შეიჭრა აღტკინებული მეფისწული, ორლესული აღემართა, გამარჯვების წყურვილით გათანგულ ხალხს მიუძღოდა, აქეზებდა, მის მახვილზე დაღვრილ თითოეულ წვეთ სისხლს იწოვდნენ თითქოს მისი ჯარისკაცები, სიცოცხლე და ჯანი შეჰმატოდათ თავდადებულთ.
უკან იწევდნენ აცახცახებული, ბაჰირას ბოლო იმედნი. შიშის ზარს, ჩრდილოეთელთა მოულოდნელმა შეტევამ რომ დასცათ, გამოეცალა მათთვის ბრძოლის ჟინი, მხოლოდ სიკვდილის შიშითღა იბრძოდნენ, სასოწარკვეთილნი.
წელთა, ომთა და ჭირთა გამოწვრთნილ, ნაგვემ ლეშს ეღობებოდნენ გზაზე, გზაზე, რომელიც შეუვალი ვერასოდეს იქნებოდა იმ ცხოველური კაცისათვის, მათ წინაშე რომ აზიდულიყო ბნელ, მოძრავ კედლად, და მიწაზე გასწორებას უქადდა. შიშსა და სისხლს თესავდა ლითონის სურნელით გაჟღენთილ, მწველ ჰაერში დამასკოს ფოლადის თითოეული ავისმომასწავებელი გაელვება.
სასახლის უკანა მხრიდან შეუტია თავადმა ატავესმა, თავად გაბრიელს გასაპარ გზათა ჩახერგვა ევალებოდა. გაქცევის ყოველგვარი გზა უნდა მოესპოთ განწირულ მეომართათვის.
მეფისწული კი, როგორც დაფნის გვირგვინოსანი ტრიუმფატორი, სისხლისფერი წითელი ხავერდით შემკულ გზაზე ჰკაფავდა ახლად დაკაცებულ, პირტიტველა ყმაწვილებს, როგორც ნორჩ, მწვანესისხლიან წნელთ, ეკალბარდადაც კი არ აგდებდა მათ.
რამდენჯერმე დაჭრეს მეფისწული, ფერდსა და მკლავში, მაგრამ არც კი უგრძვნია ამწვარი, სისხლმდენი ჭრილობები.
ღრიალებდნენ ჩრდილოეთელნი, ბრძოლასა და სისხლს მოწყურებულნი, დიად გამარჯვებასა თუ აურაცხელ დიდებას დახარბებულნი.
სისხლის ჩანჩქერთა მიერ მორწყულ სასახლის საფეხურებზე ააბიჯა მხედართმთავარმა. მისი ორლესული განმგმირავი ღრჭიალით ეხლებოდა საფეხურთა მარმარილოს, რეტს ასხამდა მის წინ აღმართულ, აცახცახებულ ბაჰირელთ.
მახვილი აღიღო მხედართმთავარმა და სასახლის შეგლეჯილ ბჭეთა შორის აღმართულ კაცს გაუყარა მკერდში. ეამა მისი ხროტინი, სისხლით სავსე სუნთქვა.
-ბაჰირა ჩვენია! - იქუხა მან, აღმართა მომაკვდავ მზეზე აბზინებული ორლესული. - დიდება სრორდს! დიდება დიად მეფე სოლომონს!
-დიდება სრორდს! - იხუვლა ჯარმა. - დიდება მეფეს! დიდება ალფას! დიდება, დიდება, დიდება!
თბილ, მფეთქავ გვამს გადააბიჯა და სასახლეში შეაბიჯა მეფისწულმა.


-*-*-*-*-*-*-
გრძელ, წნულ ფერფლისფერ თმათა ბოლოები ალისფერს შეეღება.
მომაკვდავი მზის სისხლი იღვრებოდა ჩალეწილი სარკმლიდან, და ეცემოდა რა მარმარილოთი მოპირკეთებულ კიბეს, ტყდებოდა, ნაპერწკლებად სცვიოდა დარბაზში გახელებულ როკვას.
ცივი, რუხი, თლილი ქვის კედლები აღმართულიყვნენ გარშემო, დროის სვლით დადუმებულნი, დახავსებულნი, უმზერდნენ სისხლისღვრას და ესმოდათ სიკვდილი.
ჩრდილოეთელთა ურდო შემოჭრილიყო ერქანის გულში. ელავდა მათი ბნელი, ფოლადის აბჯარი, მოვარდნილი ქარი შლიდა და აფრიალებდა მეწამულ მოსასხამთ. სიკვდილის, ეშმის მოციქულთ ჩამოჰგავდნენ, უსახო, მუზარადიანი ლეშები.
რამდენიმე დიაცთ ეშიშვლათ მახვილი. კაცის ძალღონითა და შემართებით იბრძოდნენ, ვითარცა სამშობლო იყო მათი ნაშიერი.
მახვილი გაეტეხათ ერთი მეომარი დიაცისათვის.
სატევარი იშიშვლა ქალმა წელზე შემორტყმული სახვევიდან. დაუძვრა ერთ ქვეითს ოსტატურად, სამხრესა და სამკერდე დაფს შორს ჩასცა სატევარი. აღრიალდა კაცი, მოწყვეტით განერთხა მიწას, სისხლით მორწყა ჭადრაკის დაფისებრად დაგებული ძვირფასი ფილები.
გაიქცა ქალი. კიდევ ორ ქვეითს მოუსწრაფა სიცოცხლე სატევარით, მერე კი მკვდარ მშვილდოსანს აართვა მშვილდ-ისარი, წამიერად მისი სული შეჰღაღადა ღვთაებას, მუხლთ დაცემულმა.
წამოდგა, ავარდა კიბეზე. მშვილდი მოდრიკა, შუბლში დაუმიზნა ჩრდილოეთელს.
მუზარადის საშუბლის ფოლადი გაუხლიჩა ისრის პირმა ბედშავს, შუბლის ძვალი გაუმტვრია. დაეცა ჯარისკაცი, დაიკლაკნა.
მარმარილოს საფეხურებზე ავარდა ქალი.
ის-ის იყო, მშვილდი მოდრიკა და დარბაზს მოვარდნილ, შავ ორლესულიან კაცს დაუმიზნა, რომ კივილი ჩაესმა გვერდიდან.
-Eirin Zahra! Eirin Zahra, døxla hirmann, vålkva! - გაჰკიოდა საფეხურთ გადმომდგარი, შავ ლაბადაში გამოხვეული, სახედაღარული დედაკაცი. ლიბრი გადაჰკროდათ მის თვალებს, შიშის ზარი ედგა მათში, ობობის საცეცებს ჩამოჰგავდნენ ლაბადიდან გამოჩრილი აცახცახებული ხელები.
-Merka stryūd! - შეჰყვირა ქალმა, მახვილოსან მეომარს ჰკიდა თვალი, შეუბრალებლად რომ ჰკაფავდა მის გზახე აღმართულთ. ბაგენი გაეპო ქალს, თვალებმა ცეცხლი დააკვესეს. კვლავ მოდრიკა მშვილდი. – Õgretin Erkann khůmber laig!
-Nëisert klå, Eirin Zahra! -ხაოდა დედაკაცი, შეურაცხადს ჩამოჰგავდა. -vårloorg tahklla, vårloorg ölmokh!
გაიღრჭიალეს ქალის კბილებმა. ისარს შეუშვა თითები და გაფრინდა იგი, ჰაერი გაჰკვეთა.
შავ მახვილოსანს არ გაჰკარებია. მის ახლოს მდგომის მკერდს წაჰგლიჯა სუნთქვა.
-Døxla hirmann! Gýůntek olgräb! -გაჰკიოდა დედაკაცი. კიბეთ ამორბენილ ქალს სწვდა, ლაბადა მოასხა მხართ ელვის სისწრაფით. -kärtsar Eirin! -გადაჰხავლა დარბაზს. -Mepgyun vårloorguk wätu kabütuyen!
პირი იბრუნეს ჩრდილოეთელთაგან მეომრებმა. დუჟინი ეცა საფეხურთ, ლაბადამოსხმულ ქალს აედევნენ ფეხდაფეხ.
მათ უმზერდა დარბაზში დაღვრილ სისხლის ნაკადულში მდგომი მეფისწული.
არ გამოჰპარვიათ მის გამჭოლ თვალთ ფერფლისფერი თმის ციალი, საფეხურთა მიღმა. არც ის, თუ როგორ გაჰყვა მას უდრტვინველად ამალა.
შუბლზე ნიშნულნი გამოსახვოდა იმ დიაცს.
ტუჩის კუთხე შეიტოკა უფლისწულმა. გამეტებით მოიქნია დამასკოს ფოლადის ორლესული, პირწმინდად შემუსრა დარჩენილნი. ჯარისკაცთ უბრძანა, რომ კიბეზე გაქცეულთ დასწეოდნენ.
-დაეწიეთ! მომითრიეთ! - ჭექდა ის. - მეფე მონახეთ! სარდლები შეჰკარით და აქ მომიყვანეთ! დიაცნი და ბავშვნი წამოასხით, მონებად გავიხდით! სახელმწიფო ხაზინა იპოვეთ, გამოზიდეთ ოქრო და ძვირფასი ქვა!
იყურებოდა აღტკინებული, თავის უძლეველ ჯარს გაჰყურებდა.
გამწარებული გარბოდა ქალი. და მიჰყვებოდა ამალა, რომელიც თავს შეაკლავდა მის სიცოცხლეს.
მისდევდნენ ბნელ აბჯრიანი ეშმის მოციქულნი.
გზა აუბნია მათ ქალმა. სასახლის დაუსრულებელ დერეფნებს მიაშურა, მოჩვენებათა მსგავსად, უჩუმრად აბიჯებდნენ, სიცოცხლეს დახარბებულნი.
გასაპარ გზას დაადგა იგი. სასახლის ჯურღმულში გადიოდა მომცრო ბილიკი, მთისაკენ მიმავალ შუკას უერთდებოდა. მომაკვდავი მზის სისხლი და მოძალული ღამის ბნელი დაიფარავდა მათ.
ლაბადის შალითა თავზე მოიფარა ქალმა.
დადაბლდა ჯურღმულში გამავალი გვირაბის თავი, სული შეხუთა და წყვდიადი ჩამოაწვინა.
-Gezråd,- გადაუჩურჩულა მან მეომართ. -Nøole köistrak...
და იბრიალა ელვის უსწრაფესად ცეცხლმა, გამალებით მიეხალა კედელთ, დახავსებულთ, მოეფინა ქალის ფერმკრთალ თვალებსა და სამეფო ნიშნულებს შუბლზე.
უკან დაიხია ქალმა. აელვარდა მის ხელში სისხლიანი სატევარი. თვალთ ცეცხლი მოედო, მახვილი იშიშვლა მისმა ამალამ. შიშის ზარდაცემული, თალხით მოსილი დედაკაცი მუხლთ დაეცა, ხელები აღაპყრო და მოგუდული ხმით დაიწყო გოდება.
-ღმერთმა გადმომხედა! - ბაგენი გაუპო სარდალ ატავესს აღტკინებამ. კელაპტარი აენთო მის მემარჯვენეს, და ხარბი თვალებით უმზერდა სარდალი ერქანის მეფისქალს. - მეფისქალო ეირინ, რა პატივია!
-Darhkäve maij nöik! - შეჰყვირა მეფისქალმა. ზიზღმა და სიძულვილმა დაუღმიჭა თლილი ნაკვთები, სიმტკიცის განსახიერებად იდგა. მოიქუფრა სარდალი ატავესი. – Gnäsnii fillie dardøss!
-რას ამბობს? - შეჰყვირა გავეშებულმა სარდალმა. - შეურაცხმყოფს ბინძური ბაგეებით, ხომ ასეა? ვინ უწყის ბარბაროსთა ენა?!
წყვდიადივით ჩამოწოლილიყო დუმილი. ვერავინ ჰბედავდა შეპასუხებას, იმის შიშით, თავი არ გამაგდებინონო.
-მთარგმნელი ალფას ახლავს, სარდალო... - ძლივს შეჰბედა მემარჯვენემ. კელაპტარი შეუცახცახდა ხელში.
-ეშმაკმა დასწყევლოს! მაშ დააკავეთ ესენი! - იფეთქა კბილებდაკრეჭილმა სარდალმა. ერქანის მეფისქალს ეცნენ ქვეითნი.
ორს გამოღადრა სატევარით ყელი ეირინმა, თავგანწირვით იცავდნენ მეფისქალის თავისუფლებას მეომარნი, მაგრამ ამაოდ. სატევარი გააგდებინეს მეფისქალს, შეჰკრეს.
-Sørka kiwe labaaråd laig! - შეჰკივლა მეფისქალმა. რამდენიმე ურჩი შედრკა, მახვილი დაჰყარეს, და ისინიც ეირინის მსგავსად შეჰკრეს, ყველანი სასახლის სიღრმისაკენ გაათრიეს.
დანარჩენნი კი ჩრდილოეთელთა ხმალთ წამოეგნენ.
-ღმერთმა გადმომხედა! - ცას მადლობას სწირავდა სარდალი ატავესი, წყვდიადის გამფანტველი კელაპტრის შუქი სცემდა მობერებულ, აღტკინებით აღსავსე ნაკვთებზე. უმზერდა უხეში თოკით გაკრულ მეფისქალის ხელებს, მის მიჩუმათებულ ამალასა და თალხით მოსილ დედაკაცს, რომელიც შეუჩერებლად გოდებდა.
დარბაზისაკენ გაათრიეს შეპყრობილნი. სისხლით მოერწყათ ბნელი და სპეტაკი მარმარილოს ფილები, რამდენიმე ფერფლისფერთმიანი, ძვირფასად აღჭურვილი მამაკაცი, აშკარად მაღალი წოდებისა, დაეჩოქებინათ თავიანთივე მეომართა სისხლში. უჩუმრად იყვნენ სარდლები, თავთა დაყრა ელოდათ მალე, იმზირებოდნენ ავად.
მოტეხილ, ბებერ მეფეს მოათრევდნენ. ამღვრეულ, წყლიან თვალებს ძლივს ახელდა შიშის ზარდაცემული მეფე, ძლივს უსწორებდა თვალს მის დამაქცევარს, შავი აჩრდილივით აღმართულ მხედართმთავარს.
დაამხეს მეფე, მისი სარდლების წინაშე დასცეს მუხლებზე. დარეტიანდა მოხუცი, გული წაუვიდა დაღლილობისა და შიშისაგან. გრძელი, თეთრი, გაწეწილი თმა დაეფინა მიწაზე.
-სამლოცველოში თავის ცრუ ღმერთზე ილოცებოდა, ჩემო ალფა. - მიმართეს ჯარისკაცებმა. - სირცხვილით ვერ გაუბედავს გაპარვა...
თავი მაღლა ააღირა მეფისწულმა. მიწაზე დამხობილ, უგვირგვინო, დაქცეული ქვეყნის დაქცეულ მეფეს დაჰყურებდა.
დაიგმინა ეირინმა. აყვირდა გამძვინვარებული ამალა და უფრო უმატა გოდებას თალხით მოსილმა დედაბერმა.
პირი მათკენ იბრუნა მხედართმთავარმა. ბაგეთა კუთხენი შეუთრთოლდა, კმაყოფილს.
-მოიყვანეთ! - ბრძანა მან, და მისკენ წაათრიეს მეფისქალი თავისი ამალითურთ.
შეჰყურებდა მეფისქალ ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანს მეფისწული. პირველად ენახა ბარბაროსთა მიერ უმშვენიერესად აღიარებული დიაცი.
მზეს მიუკარებელი ეგონა ქალი. ეგონა, რომ კანი იმ რძეს მიუგავდა, რომელშიც განიბანებოდა.
მაგრამ მიჰკარებოდა მზე ქალს. ბრინჯაოსფრად დაჰფეროდა კანი, მზეს დაუნახველი ხორბლისფერი მკერდის საწყისი უღელავდა ოდნავ ჩამოშლილ, სისხლით შეფერილ სამკერდე სახვევთა მიღმა.
შალითა გადაჰხადეთო, თითქოსდა გაუცნობიერებლად ბრძანა მეფისწულმა, თვალს ვერ სწყვეტდა ქალს. მუზარადის საცხვირე ასწია, რომ უკეთესად დაენახა იგი.
წამსვე გადააძრო ლაბადა მეფისქალის გვერდით მდგომმა.
ჯერ კიდევ ბალღის სახე ჰქონდა დიაცს. ასაკით ვერ იქნებოდა ოცდახუთ ზამთარზე მეტი. მოზღვისფრო, ფითრისფერი, თითქოსდა ცარიელი თვალები ჰქონდა, ურყევი იყო მისი მზერა, თითქოსდა გაშტერებულიყო, თვალებით სწვავდა გარშემო ყველაფერს. ბრაზი და ზიზღი გაშიშვლებულიყვნენ მის მზერაში.
შედრკა მეფისწული ანდრეი.
-დააჩოქეთ! - იღრიალა მან. მზერით ეურჩებოდა ქალი, და ვერ აიტანდა მბრძანებლობას დაჩვეული მხედართმთავარი ურჩობას.
მხართ დააწვნენ ქვეითები, მაგრამ გაუძალიანდა დიაცი. ქათქათა კბილები დაღრიჯა, ცეცხლი დააკვესა, ძეგლივით იდგა.
გაისუსა ჯარი. ცეცხლის ტკარცალი და დაჭრილთა სასოწარკვეთილი ბღავილი ისმოდა მხოლოდ ტყვიისფერ, შებინდებულ, ბოლით, სისხლითა და ნაპერწკლებით გაჟღენთილ ჰაერში.
-Mai verra berlütøri jokohir ad loorg! - შეჰკივლა მეფისქალმა. მაღალი ხმა ჰქონდა, მტკიცე, კვლავ აუტანელი ურჩობა გამოხატვოდა ბრინჯაოსფერ ნაკვთებზე, თითქოსდა იწვევდა მეფისწულს.
-რას ამბობს? - შეჰყვირა მხედართმთავარმა, მოქუფრულმა მიმოიხედა. - მთარგმნელი სადაა?
-ამბობს, რომ ღვთაების გარდა არავის დაუჩოქებს, ჩემო ალფა... - წამოიძახა შიშისაგან გაცრეცილმა ქვეითმა, სასწრაფოდ ეახლა მხედართმთავარს, წელში მოიხარა მის წინაშე.
-უთხარი, რომ ჩემს წინაშე უძლურია მისი ღვთაება! - კბილებში გამოსცრა მეფისქალის წარმოუდგენელი სითავხედით გავეშებულმა მეფისწულმა. - უთხარი, რომ ამაოდ ლოცულობდა მის წაწყმედილ, ცრუ ღმერთზე!
სასწრაფოდ უთარგმნა მეფისქალს ქვეითმა, ხმა უთრთოდა. ეირინს მისკენ არც კი გაუხედავს, მოქუფრული, წელში გამართული, ამაყი დაშტერებოდა მხედართმთავარს.
მერე კი, უცაბედად აიხედა ზემოთ, და მუხლთ დაეცა, მოზღვისფრო თვალები მიაპყრო ჭერს.
თითქოს არც დრეკდა ქუთუთოებს, თითქმის უჩინარნი იყვნენ მისი წამწამები, გაშიშვლებოდა თვალები.
-Maij loorg, olmørgrad da vårloorga, saak raggår whaki inn tied potorä høbz... - თალხით მოსილი დედაბრის გოდებას ერწყმოდა მისი ღაღადი.
-რას ამბობს?! - ღრიალებდა გაცოფებული მეფისწული, თვალებით მეათასედ ჰკლავდა თანამემამულეთა სისხლში დაჩოქილ დიაცს.
-თავის ღმერთზე ილოცება, ჩემო ალფა, მის სიტყვებს ვერ გკადრებთ... - ლუღლუღებდა შიშისაგან რეტდასხმული, მიტკლისფერი მთარგმნელი.
-მითხარი, ყეყეჩო, თორემ ჩემივე ხელით ამოგკვეთ ენას! - ორლესული აღმართა გაცეცხლებულმა მხედართმთავარმა და მის წინაშე პირქვე განერთხა მთარგმნელი.
დედაბერი გოდებდა. ერქანის მეფისქალი კი, კელაპტართა ცეცხლ-მიმდგარი, სისხლით მოსვრილი, სამსხვერპლოზე გაყვანილ ქურუმ ქალს ჩამოჰგავდა, რომელიც სიცოცხლის ბოლო წამს ღვთისადმი შენდობის შესთხოვნაში ლევდა. თვალები ცეცხლით უელავდა, სასტიკი, სიძულვილით აღსავსე იყო მთელი მისი არსება.
-ამბობს, რომ ღვთაებამ დაგწყევლოთ, ჩემო ალფა, ამბობს, რომ სისხლი მოაწვეს თქვენს მიერ გატეხილ პურს, რომ ღორის სალაფავად იქცეს თქვენი ლეში... - ცახცახებდა მთარგმნელი. - სურს, რომ თორმეტი საგუთნე ხარის შესაწირიც არ გაკმაროთ ღვთაებამ ცოდვათა გამოსასყიდად... რომ არასოდეს გეღირსოთ მემკვიდრე, რომ თქვენმა ცოდვებმა მუცელში ჩაუკლას ის დედამისს...
გაფითრდა მეფისწული, მიტკლისფერი დაედო, ტუჩები დაეღრიჯა.
-საკმარისია! - ამოხეთქა მან, აიქნია ორლესული, და ვადაჯვარი უთავაზა მეფისქალს საფეთქელში. სისხლმა იფეთქა, და გვერდზე გადავარდა ქალი, სახეზე ჩამოუგორდა სისხლის ნაკადული, მყისიერად დაინთხა მიწაზე, გაედინა მეფისწულისაკენ.
წმინდა ალისფერ სითხეს ფეხი დააბიჯა ანდრეიმ. გაცეცხლებული დაჰყურებდა მეფისქალს. სხვას ასეთი შეურაცხყოფისათვის წამსვე მოჰკვეთდა თავს, ან ძელზე მიბმულს დასწვავდა.
მაგრამ ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანი ცოცხალი სჭირდებოდა. ბებერი მეფე ვერ გაუძლებდა ხანგრძლივ მგზავრობას სრორდისაკენ. მომავალი დედოფალი აუცილებელი იყო.
უფრო ხმამაღალი გოდება ამოუშვა დედაბერმა.
-ეს გააჩუმეთ! - იჭექა სახეწაშლილმა მხედართმთავარმა. თავადმა გაბრიელმა მოიღერა ხმალი და მკერდში განგმირა ახრიალებული დედაკაცი. წამოიქცა იგი, საბოლოოდ დადუმებული, თვალღია.
რეტდასხმული აფარფატებდა უჩინარ წამწამებს ეირინი, მაგრამ მალე მოეგო გონს, მის წინაშე აღმართულ მეფისწულს სტყორცნა ყველაფრის მომცველი, მწველი ზიზღით აღსავსე მზერა. ხილვა უტრიალებდა თვალწინ.
-ბაჰირა ჩვენია! - ღრიალებდა მხედართმთავარი. დაიხარა, მეფისქალს ჩაავლო ფერფლისფერ თმაში სისხლიანი ჯაჭვის ხელთათმნით მოსილი მუშტი და ასწია უხეშად. ქალის ყელი და სახე ყველას დასანახად გააშიშვლა. გაცოფებისაგან შეჰყვირა მეფისქალმა, გამყინავი ხმით აკივლდა, დაიკლაკნა. - მე მას ზღვა მოვუტანე! დაე მუდამ იცოცხლოს სრორდმა! დაე განდიდდეს, დაე ილხინოს, დაე იბატონოს!
სუნთქვის ქვეშ, გამწარებული სწყევლიდა ეირინი მისი ქვეყნის დამაქცევარ შავ აჩრდილს.
იქუხა ჯარმა, მათ მეფისწულსა და მეფეს ლოცავდნენ, აღტკინებულნი.
გამაყრუებლად დაუსტვინა ანდრეიმ, ბედაური მოიხმო თავისთან. ორლესული ქარქაშში ჩააგო, მკლავში ჩაავლო ხელი მეფისქალს, ძალით აათრია ზემოთ, და ამხედრდა სპილენძისფრად აბზინებულ ულაყზე. ეირინი კურტანის მსგავსად გადაიგდო წინ.
-სარდლებს თავები დააჭერით და სარებზე წამოაცვით! ურჩები დაკოდეთ და ზღვაში გადაყარეთ! დილეგში გამოჰკეტეთ! - დაიქუხა მხედართმთავარმა. დაუოკებელ ულაყს ატრიალებდა, საკბილაკე ლაგამს ეწეოდა, ახლად ამხედრებულ ცხენოსნებსა და ქვეითებს გადაჰყურებდა, ერქანთა სასახლესა და მოედანზე რომ შეკებილიყვნენ. - მონები და პირუტყვი წამოასხით! ხაზინა გამოცალეთ! ილხინეთ! გადმოზიდეთ სურსათი, დააპურეთ, ღვინო მიეცით დამაშვრალთ! გამარჯვება ჩვენია, დიდება სრორდს!
-დიდება სრორდს! დიდება ალფას! დიდება გამარჯვებას! - ქუხდა ჯარი.
სპილენძისფერი, დარახტული ულაყი ამაყად გაატარა სასახლის სისხლით მორწყულ ეზოში ტრიუმფატორმა მხედართმთავარმა. ბაჰირას მთავარი მარგალიტი ნადავლად გადაეკიდა ცხენზე, ქალის ფერფლისფერი ნაწნავი სისხლში, ტალახსა და ნანგრევებში დასთრევდა.
გამორეკეს სარდლები. დააჩოქეს სასახლის წინ და ხმალთა ერთი მოქნევით წააცალეს თავები, სარებზე წამოაგეს და ქონგურებზე გადმოჰკიდეს.
კელაპტრები აენთოთ გარშემო. ბნელოდა, ავდრის პირი უჩანდა ამინდს, შავი ღრუბლები შეგროვილიყვნენ ცის კამარაზე. ერთი ვარსკვლავიც კი არ ციალებდა, მხოლოდ სანთლებივით ენთნენ ჩირაღდნები ბაჰირას დაცემული გულის საფლავზე.
ჩრდილოეთელი მეციხოვნეები იდგნენ გალავნის ქონგურებზე. ისრებით აევსოთ კაპარჭები გუშაგებს, ბედნიერნი გადაჰყურებდნენ წყვდიადს.
ჩურჩულებდნენ დახავსებული, ომგამოვლილი, კაცთა სისასტიკით შეძრწუნებული ნანგრევები. გოდებდნენ დაჭრილნი, ლოცვას აღავლენდნენ ღვთაებისაკენ, მუხლმოყრილნი, მონობისათვის განწირული მეომარნი და დიაცნი. თითქოს უსულოდ დაყრილი ლეშები, უკვე ყორნებსა და სვავებს რომ იზიდავდნენ, ცარიელი, უთქმელი თვალებით აჰყურებდნენ ზეცას და საყვედურობდნენ თავიანთ ღმერთებს წყეული, უდროო ბედისწერისათვის.
ლეშთ აბიჯებდა კელაპტართა შუქში გახვეული მხედართმთავრის ულაყი. და ქანაობდა მასზე გადაკიდებული ერქანის მეფისქალი, გაშტერებული ჩაჰყურებდა მისი მშობლიურ, წაწყმედილ, ჩრდილოეთელთა მიერ წაბილწულ მიწას.
ეს მსხვერპლიც უნდა გაეღო თავისი სამშობლოსათვის.
თვალები დახუჭა ეირინმა, სუნთქავდა თანამემამულეთა სისხლს, დადაგული სამშობლოს მწვანესა და მიწას.
მარგალიტი გადმოუცურდა ქუთუთოზე, დიდი ხნის განმავლობაში პირველი და უკანასკნელი.


-*-*-*-*-*-*-
შორს, მრავალი მინდვრის, მთისა და მდინარის იქით, ბაჰირას ნაწილებად გახლეჩილი, დალეწილი გულისაგან განსხვავებით, სიმშვიდე სუფევდა სრორდის დედაქალაქ ბელთათინში.
მოსაღამოვებულიყო ბელთათინის სამეფო სასახლეში. კონსულთა და თავადთა კრება საათთა წინ დასრულებულიყო, ვახშამიც ეგემათ წარჩინებულთ და ახლა მოსასვენებლად გაკრეფილიყვნენ.
რუხი ქვის თლილ კედლებზე დაემაგრებინათ მბჟუტავი კელაპტრები, რომელთაც ღამის სამზადისში გართული მსახურები უნთებდნენ ალს.
სიჩუმე იდგა სამეფო საძინებელში. სრორდის ხელმწიფე სოლომონი იწვა, სარეცელის ქვეშაგთა წითელ აბრეშუმსა და ხავერდში ჩაფლული, თეთრ ჩითში გამოწყობილი. გარშემო მკურნალები შემოჰხვეოდნენ მეფეს, ერთი ფრთხილად უსინჯავდა გაძვალტყავებულ მკლავზე მაჯისცემას, მეორე ძმრით უზელდა საფეთქლებს, მესამე კი აიაზმას აპკურებდა ლოგინსა და მის გარშემო.
თავი დაუკრეს მკურნალებმა ხელმწიფეს, როცა მოათავეს ძილისპირულის სამზადისი. მსახურმა როზმარინის სანათი დაანთო ოთახის კუთხეებში, რათა ძილშიც კი მისი განმწმენდი სურნელი მოფრქვეოდა სნეულს.
კარი უჩუმრად გაიკეტეს.
თვალები წამსვე გამოახილა ხელმწიფემ, მზერა მოპირდაპირე, მეწამულ კედელს მიაპყრო, რომელზეც პორტრეტი ეკიდა.
თვითონ იდგა შუაში, მაგრამ ახოვანი, მხარბეჭიანი, ახალგაზრდა. დედოფალი ედგა გვერდით, ნაზი ღიმილი გადაჰფენოდა დიაცს სახეზე, მათ წინ კი მათი ხუთი შვილი, აწ მათგან ოთხი გარდაცვლილი იდგა. ვარდისფრად შეჰფეროდათ ბალღებს ღაწვები, თვალები ცოცხლად იმზირებოდნენ, ამ პორტრეტის შემხედვარე ვერასოდეს უწყიდა კაცი, რომ სიკვდილის მყრალი სუნთქვა ტრიალებდა მათ გარშემო.
თავი უკან გადასწია სნეულმა სოლომონმა. ცრემლები მოწყდა თვალებს, ნიკაპს გამოენასკვა. ბალღივით ატირდა კაცი, განიერი, მისუსტებული მხრები უცახცახებდა ბედშავს.
-ვერ შევასრულე შენი სურვილი... - მაღლა, ვიღაცას მიმართა, ნაღვლიანმა. - იმედი გაგიცრუე, მოგსპე, გაგანადგურე... შენი ხატება ვერ ვაქციე სინამდვილედ... შემინდე, მუხლმოდრეკილი გევედრები, შემინდე... შემინდე მე უმეცარს, ბრიყვს... რომ ასე დავანგრიე და გავაცამტვერე შენი იმედები, შემინდე...
ტიროდა სნეული მეფე.
შორს, მთათა და ბარს მიღმა, ერთადერთი ცრემლით ტიროდა ეირინი.
მასთან ერთად ტიროდნენ მონობისა და სიკვდილისათვის განწირულნი.
იცინოდა მხედართმთავარი ანდრეი.
იცინოდა ჯარი, და ტიროდა მათ ფეხქვეშ გათელილი მიწა.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

15 გვერდი და 3,340 სიტყვაა :დდ იმედია ისიამოვნებთ! <3 <3

 



№2  offline წევრი შამხათი

მეგონა, ფილმს ვუყურებდი, იმდენად საინტერესოა. მიყვარს ასეთი ამბები. გელი მოუთმენლად.

 



№3  offline ახალბედა მწერალი linda

შამხათი
მეგონა, ფილმს ვუყურებდი, იმდენად საინტერესოა. მიყვარს ასეთი ამბები. გელი მოუთმენლად.

ვაიმე, უღრმესი მადლობა! <3 <3 იმედია მალე იქნება შემდეგი <3

 



№4  offline წევრი anisia

Ganamjeravs :D :D wavedi wavikitxo :D <3

 



№5  offline ადმინი okay

ოჰ, ლინდა, ლინდა...
საიტზე, არც ერთ მწერალს არ აქვს ალბათ ასეთი ლექსიკა. ასეთი წერის სტილი...
შენი ინდივიდუალიზმი, საოცარი სიტყვათა მარაგი და თხრობის მანერა, მაშინვე თვალში ეცემა მკითხველს.
ძალიან მომეწონე. მგონი, ისე რომ შენს სხვა ისტორიებსაც წავიკითხავ.

რაც შეეხება, კონკრეტულად დალიჰარს,
ზიზღი ვიგრძენი.
ყველას მიმართ, გარდა ეირინისა.
ჩემში, გამოჩენისთანავე აღფრთოვანება გამოიწვია მისმა პიროვნებამ.
საოცარი ადამიანია, მე ასე მგონია და
უფლისწული,
ალბათ მალე მისი მიჯნურიც კი გახდება.
გამოვიცანი? :დდ

ნუ, გელოდები.
და კიდევ, ძალიან მაინტერესებს სათაური რას ნიშნავს და რა არის.
--------------------
Sun...

 



№6 სტუმარი Guest მირანდა

ლინდაა როგორ ველოდებოდიიი და მოლოდინი გამიმართლდაა ძალიან მომეწონაა ყოჩაღ ველი შემდეგ თავს❤❤

 



№7  offline წევრი Meryam

გაგრძელებაც თუ ასეთი იქნება როგორიც დასაწყისია, მაშინ ეს არის შენი საუკეთესო ნაწერმოები მხატვრული თვალსაზრისით ❤ სუპერ!❤❤❤ გეხვეწები გვითარგმნე რა უნდა ამ ეირინს

 



№8  offline ახალბედა მწერალი linda

anisia
Ganamjeravs :D :D wavedi wavikitxo :D <3

იმედია მოგეწონება და ისიამოვნებ! <3
okay
ოჰ, ლინდა, ლინდა...
საიტზე, არც ერთ მწერალს არ აქვს ალბათ ასეთი ლექსიკა. ასეთი წერის სტილი...
შენი ინდივიდუალიზმი, საოცარი სიტყვათა მარაგი და თხრობის მანერა, მაშინვე თვალში ეცემა მკითხველს.
ძალიან მომეწონე. მგონი, ისე რომ შენს სხვა ისტორიებსაც წავიკითხავ.

რაც შეეხება, კონკრეტულად დალიჰარს,
ზიზღი ვიგრძენი.
ყველას მიმართ, გარდა ეირინისა.
ჩემში, გამოჩენისთანავე აღფრთოვანება გამოიწვია მისმა პიროვნებამ.
საოცარი ადამიანია, მე ასე მგონია და
უფლისწული,
ალბათ მალე მისი მიჯნურიც კი გახდება.
გამოვიცანი? :დდ

ნუ, გელოდები.
და კიდევ, ძალიან მაინტერესებს სათაური რას ნიშნავს და რა არის.

ვაიმე რაებს მეუბნები, არ შეიძლება ეს ჩემთვის, მერე ძაან გავიფხორები ხოლმე :დდდდ <3
პირველად ვწერ ასეთი სტილით და ძალიან ვნერვიულობდი, მიხარია, თუკი არ ჩანს ძალიან ყალბი :დდდ
ეირინსა და მეფისწულს რაც შეეხებათ... ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ვნახოთ, ვნახოთ ^^ laughing laughing
დალიჰარის მნიშვნელობა კი გზადაგზა გამოჩნდება <3
უღრმესი მადლობა, რომ წამიკითხე! ^^
Guest მირანდა
ლინდაა როგორ ველოდებოდიიი და მოლოდინი გამიმართლდაა ძალიან მომეწონაა ყოჩაღ ველი შემდეგ თავს❤❤

ვაიმე ძალიან მიხარია! <3 <3 უღრმესი მადლობა, ძალიან ვეცდები, რომ მალე იყოს ^^

 



№9  offline ახალბედა მწერალი linda

Meryam
გაგრძელებაც თუ ასეთი იქნება როგორიც დასაწყისია, მაშინ ეს არის შენი საუკეთესო ნაწერმოები მხატვრული თვალსაზრისით ❤ სუპერ!❤❤❤ გეხვეწები გვითარგმნე რა უნდა ამ ეირინს

ვაიმე, უღრმესი მადლობა! heart_eyes heart_eyes ეგ მენერვიულება მეც, რომ ვერ გავქაჩო ეს სტილი და არ მეყოს ძალა, რომ ბოლომდე მივიყვანო :( :( მაგრამ იმედია მოვახერხებ :დდ ნუ ცოტას გითარგმნით თუ გინდათ :დდდ "Merka stryūd! Õgretin Erkann khůmber laig!" - ნიშნავს "უნდა ვიბრძოლო! ერქანთა გვარმა უნდა იცოცხლოს!" "Darhkäve maij nöik! Gnäsnii fillie dardøss! " ატავესს რომ ეუბნება შეპყრობისას - "ჩემ სახელს ნუ ამბობ! შენი ბინძური პირით!"

 




საკუთარ თავსაც კი გადააჭარბე, იმდენად მაგარია.უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.ეს კაცი ზვიადს კი არა,მეფე გიორგის ჰგავს,ოღონდ უფრო უმოწყალოა.ქალი შორენას მივამსგავსე,მხოლოდ გარკვეული მიზეზების გამო.არ მინდა მას ჰგავდეს მთლიანად.ჯანდაბა,უმაგრესია და ჯანდაბა,რატომ მახსენდება სულ დიდოსტატი.წარმატებები შენ,ძალიან კარგი ხარ.

 



№11 სტუმარი Noo oon

Dzliivs gamochndi... Ukve seriozulad vnerviulobdi shenze. Jer ar damiwyia kitxva magram verc ki warmoidgen rogor gelodebodi. Sheni yvela istoria lamis zepirad vici. Nona samxaradze amit gikomentarwbdi xolme. Warmatebebi chemo kargo

 



№12  offline წევრი Meryam

ისევ მეოცნებე
საკუთარ თავსაც კი გადააჭარბე, იმდენად მაგარია.უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.ეს კაცი ზვიადს კი არა,მეფე გიორგის ჰგავს,ოღონდ უფრო უმოწყალოა.ქალი შორენას მივამსგავსე,მხოლოდ გარკვეული მიზეზების გამო.არ მინდა მას ჰგავდეს მთლიანად.ჯანდაბა,უმაგრესია და ჯანდაბა,რატომ მახსენდება სულ დიდოსტატი.წარმატებები შენ,ძალიან კარგი ხარ.

მეც სულ დიდოსტატი მახსენდებოდა :))) და ლინდუს, ხო ხვდები რა მაგარი ხარ!!!❤

 



№13  offline ახალბედა მწერალი linda

ისევ მეოცნებე
საკუთარ თავსაც კი გადააჭარბე, იმდენად მაგარია.უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.ეს კაცი ზვიადს კი არა,მეფე გიორგის ჰგავს,ოღონდ უფრო უმოწყალოა.ქალი შორენას მივამსგავსე,მხოლოდ გარკვეული მიზეზების გამო.არ მინდა მას ჰგავდეს მთლიანად.ჯანდაბა,უმაგრესია და ჯანდაბა,რატომ მახსენდება სულ დიდოსტატი.წარმატებები შენ,ძალიან კარგი ხარ.

ვაიმე, არც კი ვიცი რა გითხრა... ძალიან, ძალიან დიიიდი მადლობა! <3 <3 ნუთუ უფრო უმოწყალოა? :დდდ მადლობა, იმედია არ დაემგვანება, შორენა დავივიწყე სანამ ამას დავიწყებდი :დდდდ
Noo oon
Dzliivs gamochndi... Ukve seriozulad vnerviulobdi shenze. Jer ar damiwyia kitxva magram verc ki warmoidgen rogor gelodebodi. Sheni yvela istoria lamis zepirad vici. Nona samxaradze amit gikomentarwbdi xolme. Warmatebebi chemo kargo

დიდხანს არ დავიკარგებოდი, ვემზადებოდი ყველანაირად <3 იმედია მოგეწონებათ! <3 მახსოვხართ, უღრმესი მადლობა, რომ მომყვებით და მკითხულობთ! <3

 



№14  offline წევრი Meryam

linda
Meryam
გაგრძელებაც თუ ასეთი იქნება როგორიც დასაწყისია, მაშინ ეს არის შენი საუკეთესო ნაწერმოები მხატვრული თვალსაზრისით ❤ სუპერ!❤❤❤ გეხვეწები გვითარგმნე რა უნდა ამ ეირინს

ვაიმე, უღრმესი მადლობა! heart_eyes heart_eyes ეგ მენერვიულება მეც, რომ ვერ გავქაჩო ეს სტილი და არ მეყოს ძალა, რომ ბოლომდე მივიყვანო :( :( მაგრამ იმედია მოვახერხებ :დდ ნუ ცოტას გითარგმნით თუ გინდათ :დდდ "Merka stryūd! Õgretin Erkann khůmber laig!" - ნიშნავს "უნდა ვიბრძოლო! ერქანთა გვარმა უნდა იცოცხლოს!" "Darhkäve maij nöik! Gnäsnii fillie dardøss! " ატავესს რომ ეუბნება შეპყრობისას - "ჩემ სახელს ნუ ამბობ! შენი ბინძური პირით!"

100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ შეძლებ და ბოლომდე ასე და უფრო მაგრადაც წახვალ ❤ ოქრო გოგო ხარ შენ!

 



№15  offline ახალბედა მწერალი sopiko

რა გოგო ხარ შენ, ლინდა, რა გოგო, რომ იცოდე!
შენი ლექსიკა, შენი სიტყვათა მარაგები, შენი მოხერხებული წერის სტილი საოცრად საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის კითხვის პროცესს.
დიდებული მწერლები გამახსენე შენ მე ამ ისტორიით.
თემაზე ცალკე უნდა ვილაპარაკო. იმდენი რამის თქმა შეიძლება, რომ სათქმელი არ გამოგელევა. ომი. ბრძოლა. ეს ისეთი რამაა, ერთისთვვის ბედნიერებასთან რომ ასოცირდება და მეორესთვის უბედურებასთან. მეტაფორები ყოველ წუთას მხვდებოდა. ანდრეი იცინოდა. ეირინი იტანჯებოდა. მიწა ტიროდა, ჯარისკაცები კი ქუხდნენ. წარმომიდგენია, როგორ შესძულდებოდა ეირინს ანდრეი და იმას ვერ ვუშვებ, რომ შეიძლება ერთმანეთი შეუყვარდეთ :დდ
ზუსტად ვიცი, რომ წინ მეტად მრავალფეროვანი და ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლები გველოდება, რაც შენთვის დამახასიათებელია...
გელი heart_eyes

 



№16 სტუმარი ნეილო

ლინდა როგორ ველოდი შენგან სიახლეს.იმედებს არასდროს მიცრუებ.შეუდარებელია,პირველივე ნაწილში ჩანს ძალიან დიდი სიამოვნება გველის შენს მკითხველს.ქედს ვიხრი შენი უსაზღვრო ფანტააზიის წინაშე.

 



№17 სტუმარი tamari

ლინდა ჩემო კარგო ადამიანო,ვაღიარებ და ხმამაღლა ვიტყვი რომ ერთერთი საუკეთესო და ლიდერი ხარ ამ საიტზე.ჩემი წინა მორბე
დისა არ იყოს,შენ უკვე ჩემთვის შემდგარი მწერალი ხარ.ემოცია არ მყოფნის ის გადმოგცე რაც მე კითხვის დროს განვიცადე,(გავთავხედდები და ვიტყვი)ასე მეგონა კლასიკოსი მწერლის ისტორიულ რომანს ვკითხულობდი.ძლიერი ხარ,ეს ყველა შენს ნაწარმოებში ჩანს.არ გააუბრალოვო ესეთ ტემპში წერე." ქედს ვიხრი შეს წინაშე"ვაფასებ ნიჭიერ ადამიანებს.

 



№18  offline ახალბედა მწერალი linda

Meryam
linda
Meryam
გაგრძელებაც თუ ასეთი იქნება როგორიც დასაწყისია, მაშინ ეს არის შენი საუკეთესო ნაწერმოები მხატვრული თვალსაზრისით ❤ სუპერ!❤❤❤ გეხვეწები გვითარგმნე რა უნდა ამ ეირინს

ვაიმე, უღრმესი მადლობა! heart_eyes heart_eyes ეგ მენერვიულება მეც, რომ ვერ გავქაჩო ეს სტილი და არ მეყოს ძალა, რომ ბოლომდე მივიყვანო :( :( მაგრამ იმედია მოვახერხებ :დდ ნუ ცოტას გითარგმნით თუ გინდათ :დდდ "Merka stryūd! Õgretin Erkann khůmber laig!" - ნიშნავს "უნდა ვიბრძოლო! ერქანთა გვარმა უნდა იცოცხლოს!" "Darhkäve maij nöik! Gnäsnii fillie dardøss! " ატავესს რომ ეუბნება შეპყრობისას - "ჩემ სახელს ნუ ამბობ! შენი ბინძური პირით!"

100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ შეძლებ და ბოლომდე ასე და უფრო მაგრადაც წახვალ ❤ ოქრო გოგო ხარ შენ!

ძალიან, ძალიან ვეცდები! უღრმესი მადლობა! <3 <3
ჟიზელი
არ იუ ფაქინგ ქიდინგ მი?
აი, მარტო 3,000 სიტყვა ხომ წავიკითხე? მაგრამ მხოლოდ იმდენი ფული ვინატრე მქონდეს,რომ შენ ეს რომანი დაგიბეჭდო. საკუთარ თავს გადააჭარბე. ჩემთვის მწერალი ხარ, უზარმაზარი ნიჭის მქონდე,თანაც საკმაოდ ახალგაზრდა. უნდა ამაყობდე საკუთარი თავით. მაინტერესებს, მშობლებს თუ აკითხებ ? და კიდევ, კონსტანტინე გამსახურდია გამახსენდა თავისი "დიდოსტატის მარჯვენათი"... ჩემთვის კიდევ ეგ წიგნი ძალიან ძვირფასია.

ნოუ, არ იუ ფაქინგ ქიდდინგ მი??? სად წავიდე და სად შევძვრე, არ ვიცი...
ისე გამახარე, ვერც კი წარმოიდგენ... რომანს რაც შეეხება, არა მგონია ოდესმე ჩემი რომელიმე ნაწერი გამოვცე წიგნად, მაგრამ უღრმესი მადლობა! მშობლებმა არ იციან, არავინ იცის ჩემი დის გარდა <3
sopiko
რა გოგო ხარ შენ, ლინდა, რა გოგო, რომ იცოდე!
შენი ლექსიკა, შენი სიტყვათა მარაგები, შენი მოხერხებული წერის სტილი საოცრად საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის კითხვის პროცესს.
დიდებული მწერლები გამახსენე შენ მე ამ ისტორიით.
თემაზე ცალკე უნდა ვილაპარაკო. იმდენი რამის თქმა შეიძლება, რომ სათქმელი არ გამოგელევა. ომი. ბრძოლა. ეს ისეთი რამაა, ერთისთვვის ბედნიერებასთან რომ ასოცირდება და მეორესთვის უბედურებასთან. მეტაფორები ყოველ წუთას მხვდებოდა. ანდრეი იცინოდა. ეირინი იტანჯებოდა. მიწა ტიროდა, ჯარისკაცები კი ქუხდნენ. წარმომიდგენია, როგორ შესძულდებოდა ეირინს ანდრეი და იმას ვერ ვუშვებ, რომ შეიძლება ერთმანეთი შეუყვარდეთ :დდ
ზუსტად ვიცი, რომ წინ მეტად მრავალფეროვანი და ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლები გველოდება, რაც შენთვის დამახასიათებელია...
გელი heart_eyes

შენ რა გოგო ხარ, ნეტა თუ იცი?
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა! <3 <3
დიახ, მე ახლა ცივი თვალით ვუყურებ ამ ნაწერს, მაგრამ ომის წარმოდგენაც არ მინდა. ომისმაგვარი ხელაღებული სისასტიკე ამ ქვეყანაზე არ არსებობს. მე ახლა ვიმშვიდებ თავს, რომ ეს ყველაფერი გამონაგონია, მაგრამ... ცოტას დავწერ კიდევ და ვიგრძნობ ალბათ.
ოოო, ეირინსა და ანდრეის რაც შეეხებათ, ვნახოთ, ვნახოთ, ვერაფერს დაგპირდებით :დდდდ
კიდევ ერთხელ დიიიდი მადლობა! <3
ნეილო
ლინდა როგორ ველოდი შენგან სიახლეს.იმედებს არასდროს მიცრუებ.შეუდარებელია,პირველივე ნაწილში ჩანს ძალიან დიდი სიამოვნება გველის შენს მკითხველს.ქედს ვიხრი შენი უსაზღვრო ფანტააზიის წინაშე.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 <3
tamari
ლინდა ჩემო კარგო ადამიანო,ვაღიარებ და ხმამაღლა ვიტყვი რომ ერთერთი საუკეთესო და ლიდერი ხარ ამ საიტზე.ჩემი წინა მორბე
დისა არ იყოს,შენ უკვე ჩემთვის შემდგარი მწერალი ხარ.ემოცია არ მყოფნის ის გადმოგცე რაც მე კითხვის დროს განვიცადე,(გავთავხედდები და ვიტყვი)ასე მეგონა კლასიკოსი მწერლის ისტორიულ რომანს ვკითხულობდი.ძლიერი ხარ,ეს ყველა შენს ნაწარმოებში ჩანს.არ გააუბრალოვო ესეთ ტემპში წერე." ქედს ვიხრი შეს წინაშე"ვაფასებ ნიჭიერ ადამიანებს.

ჩემთვის ასეთი რამეების თქმა არ შეიძლება, გულის პრანჭვები მეწყება მერე :დდდდ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ! <3 ჰო, მეც იმის მეშინია, რომ ვერ მოვახერხებ ამ სტილის შენარჩუნებას, მაგრამ ძალიან ვეცდები, თუ არადა, ცოტა ხნის მერე, ჩასწორებისას მივხედავ <3

 



№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

სპეციალურად არ ვკითხულობდი ნაწყვეტებს ფეისბუქზე, რომ ერთიანად მესიამივნა აქ და ასეც მოხდა...
მშვენიერია ყველაფერი.
ჯერ დასაწყისია, ამბის და ყველაფერი დანარჩენის გაცნობა, ამიტომ შეფასებაც შესაბამისი იქნება.
როგორც მხედართმთავარს, მსგავსი ხასიათი, მრისხანე და შეუპოვარი ამართლებს ანდრეის. თუმცა,,არავინ იცის, რა იმალება მის მიღმა.
ეირინის ძლიერი, მებრძოლუ სული ძალიან მომეწონა. მისი გარეგნობაც და ენაც. ენა შენი შექმნილია ხომ? ნუ ეს არაა იოლი, ასე, რომ ყოჩაღ.
აღწერები იყო ძალიან ძალუან მაგარი...

დავინტერესდი კიდევ უდრო და ვნახოთ, რას შემოგვთავაზებ ^^

პ.ს. ღრუბლებს შორის გამოცურული მთვარე - გამოცურებული მთვარე უფრო სწორია ალბათ...

ის ის იყო - ის-ის იყო ;)

ველი გაგრძელებას <3

 



№20  offline წევრი chiamaia

შენ ხარ ქალი პიროვნება!!! ასეთი ფანტაზიის უნარი და ლექსიკური მარაგი ყველას კი არ აქვს. რჩეულთა ხვედრია <3 საოცრება იყო <3 ცუდია შენს ნიჭს რომ არ უმხელ მშობლებს. შვილით სიამაყის ერთ-ერთ მიზეზს ართმევ იცოდე ამ საქციელით :დდდ მე პირადად მაგრა გამიხარდებოდა შენნაირი ნიჭიერი შვილი რომ მყავდეს წერის მხრივ :D წარმატებებს გისურვებ ამ ნაწარმოებში :*** რთულია ასეთი ენით წერა, მაგრამ შენ ამას შეძლებ ანა <3 როგორც სამხ.კორეელები ამბობენ: fighting! :D

 



№21  offline ადმინი bibo

ეს ის ს\ემთხვევა როცა ბოლოს ველოდები ვიცი სასწაულებს ვკარგავ სასწაულ ისტორიას მაგრამ ცივი სითბო უშნოდ ახსოვს გულს უშნოდ შემორჩა და დღესაც გულს ის ნაწილი ტკივა ის გაურკვევლობა ის ცოცხალი თუ გადარჩენილი ნიკოლოზი ჰო ერთგავარი პროტესტია ბოლო თავს წავიკითხავ იმედია მოვითმენ იმედია გავძლებ heart_eyes ჰო ნიჭის პიკზე რო ხარ ფაქტია რაც წავიითხე უძლიერესია შეუდარებელი ხარ შენ ერთი ხრ საიდანღაც ასეთი სასწაული ჯემი heart_eyes ჰო ნიჭის პიკზე ხარ საზღვრები და სივრცის გარეშე ასე უბრალოდ მიტყუებ და დედამიწას მწყვეტ რა ვქნა რო მითრე ვდა ასე უბრალოდ ისტორის გმირებად წარმოვიდგენ თავს ასე ვხატავ ასე ვქარგავ მე შენ ისტორიას heart_eyes ჰო სიგემრიელევ გელი მე ბოლო თბილ ტკბილ დასრულებულ თავს ველი და მერე იქნება ჩემი უდიდესი კომენატრი პაწაწო ასე როოო მელოდე მე ხოლო მე კი ველი შენ ისტორის ბოლო თავს heart_eyes

 



№22  offline წევრი crete20

ძალიან მომეწონა!!! თავიდან კუთხვა რომ დავიწყე მეგონა ეს სტილი არ მომეწონებოდა ნაგრამ იმდენად კარგად წერ რომ რამდენინე გაბსხვავებულ სტილი აღარ იგრძნობა..თავი პერსონსჟებთან წარმივუდგინე,მეგონა რონ მათთან ერთად ვიყაჩი...
ყოჩაღ და ახალ თავს ველოდებიი!!!

 



№23  offline ახალბედა მწერალი linda

lullaby
სპეციალურად არ ვკითხულობდი ნაწყვეტებს ფეისბუქზე, რომ ერთიანად მესიამივნა აქ და ასეც მოხდა...
მშვენიერია ყველაფერი.
ჯერ დასაწყისია, ამბის და ყველაფერი დანარჩენის გაცნობა, ამიტომ შეფასებაც შესაბამისი იქნება.
როგორც მხედართმთავარს, მსგავსი ხასიათი, მრისხანე და შეუპოვარი ამართლებს ანდრეის. თუმცა,,არავინ იცის, რა იმალება მის მიღმა.
ეირინის ძლიერი, მებრძოლუ სული ძალიან მომეწონა. მისი გარეგნობაც და ენაც. ენა შენი შექმნილია ხომ? ნუ ეს არაა იოლი, ასე, რომ ყოჩაღ.
აღწერები იყო ძალიან ძალუან მაგარი...

დავინტერესდი კიდევ უდრო და ვნახოთ, რას შემოგვთავაზებ ^^

პ.ს. ღრუბლებს შორის გამოცურული მთვარე - გამოცურებული მთვარე უფრო სწორია ალბათ...

ის ის იყო - ის-ის იყო ;)

ველი გაგრძელებას <3

მიხარია, ძააალიან მიხარია, რომ ერთბაშად წაკითხულით ისიამოვნე! heart_eyes
გეთანხმები, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, იმედია ყველაფერი კარგად იქნება :დდდდ აუცილებლად დაველოდები შესაბამის შეფასებებს <3
დიახ, ჩემი აზრით, ასეთი წარმომიდგენია მე ანდრეის ეპოქაში მცხოვრები მეფისწული და ამავდროულად მხედართმთავარი.. სჭირდება კიდეც, რომ იყოს ისეთი, როგორიც არის, მაგრამ კიდევ რას მალავს ეგეც საკითხავია :დდდდ
ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ეირინი! <3 დიახ, ენა ჩემი დაწერილია და იმედია არ დამავიწყდება რა რას ნიშნავს :დდდდდ
მადლობა უღრმესი!
პ.ს. დაუყოვნებლივ შევასწორე, როგორც კი მიმითითე, მიყვარს რომ მასწორებინებენ :დდდდდდ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! <3
chiamaia
შენ ხარ ქალი პიროვნება!!! ასეთი ფანტაზიის უნარი და ლექსიკური მარაგი ყველას კი არ აქვს. რჩეულთა ხვედრია <3 საოცრება იყო <3 ცუდია შენს ნიჭს რომ არ უმხელ მშობლებს. შვილით სიამაყის ერთ-ერთ მიზეზს ართმევ იცოდე ამ საქციელით :დდდ მე პირადად მაგრა გამიხარდებოდა შენნაირი ნიჭიერი შვილი რომ მყავდეს წერის მხრივ :D წარმატებებს გისურვებ ამ ნაწარმოებში :*** რთულია ასეთი ენით წერა, მაგრამ შენ ამას შეძლებ ანა <3 როგორც სამხ.კორეელები ამბობენ: fighting! :D

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 მიხარია, რომ მოგეწონა <3
ჰო, რა ვიცი, ოთხი წელია ვწერ და მაინც ვერ ვანდობ ვერავის :დდ მშობლებს რაც შეეხებათ, არა მგონია, რომ გადაირიონ და არიქა, მხარს დაგიჭერთო :დდდდ არა მგონია დააინტერესოთ, სიმართლე გითხრა, მაგრამ ვნახოთ მომავალში ^^
პ.ს. ისე გამიხარდა სამხრეთ კორეა რომ ახსენე... Fighting! relaxed relaxed
bibo
ეს ის ს\ემთხვევა როცა ბოლოს ველოდები ვიცი სასწაულებს ვკარგავ სასწაულ ისტორიას მაგრამ ცივი სითბო უშნოდ ახსოვს გულს უშნოდ შემორჩა და დღესაც გულს ის ნაწილი ტკივა ის გაურკვევლობა ის ცოცხალი თუ გადარჩენილი ნიკოლოზი ჰო ერთგავარი პროტესტია ბოლო თავს წავიკითხავ იმედია მოვითმენ იმედია გავძლებ heart_eyes ჰო ნიჭის პიკზე რო ხარ ფაქტია რაც წავიითხე უძლიერესია შეუდარებელი ხარ შენ ერთი ხრ საიდანღაც ასეთი სასწაული ჯემი heart_eyes ჰო ნიჭის პიკზე ხარ საზღვრები და სივრცის გარეშე ასე უბრალოდ მიტყუებ და დედამიწას მწყვეტ რა ვქნა რო მითრე ვდა ასე უბრალოდ ისტორის გმირებად წარმოვიდგენ თავს ასე ვხატავ ასე ვქარგავ მე შენ ისტორიას heart_eyes ჰო სიგემრიელევ გელი მე ბოლო თბილ ტკბილ დასრულებულ თავს ველი და მერე იქნება ჩემი უდიდესი კომენატრი პაწაწო ასე როოო მელოდე მე ხოლო მე კი ველი შენ ისტორის ბოლო თავს heart_eyes

კიბატონო, ჩემო ტორტო <3 მესმის, ცივი სითბოს მერე ძნელია ინტრიგანი ლინდას ნდობა :დდდდდ smiling_imp smiling_imp უღრმესი მადლობა შენი უტკბილესი სიტყვებისათვის, იმედია მოგეწონება როცა წაიკითხავ! <3 <3
crete20
ძალიან მომეწონა!!! თავიდან კუთხვა რომ დავიწყე მეგონა ეს სტილი არ მომეწონებოდა ნაგრამ იმდენად კარგად წერ რომ რამდენინე გაბსხვავებულ სტილი აღარ იგრძნობა..თავი პერსონსჟებთან წარმივუდგინე,მეგონა რონ მათთან ერთად ვიყაჩი...
ყოჩაღ და ახალ თავს ველოდებიი!!!

ვუიჰ, მიხარია, რომ მოგეწონა ეს სტილი, ვნერვიულობდი :დდდ იმაზე ძნელია ვიდრე მეგონა, მაგრამ ვნახოთ, იქნებ გამიადვილდეს ნელ-ნელა :დდდ ძალიან დიიიდი მადლობა! მალე იქნება ახალი თავიც <3

 



№24  offline წევრი Bsellsb

ახლა მარტო აღმოვაჩინე რომ ახალი ისტორია დაგიწყია :დდდ და სანამ წავიკითხავ მინდა გაგაფრთხილო რომ "ცივი სითბო" ჯერ არ დამვიწყნია(მაგას რადამავიწყებს) ისიც მახსოვს რომ შენზე გაბრაზებული ვიყავი იმ ისტორიის გამო, კონკრეტულად დასასრულზე ვამბობ :დდდდ სითბო რომ მინდოდა მეტი და როარ გვაღირსე :დდდ ეეჰ ლინდა

 



№25  offline ახალბედა მწერალი linda

Bsellsb
ახლა მარტო აღმოვაჩინე რომ ახალი ისტორია დაგიწყია :დდდ და სანამ წავიკითხავ მინდა გაგაფრთხილო რომ "ცივი სითბო" ჯერ არ დამვიწყნია(მაგას რადამავიწყებს) ისიც მახსოვს რომ შენზე გაბრაზებული ვიყავი იმ ისტორიის გამო, კონკრეტულად დასასრულზე ვამბობ :დდდდ სითბო რომ მინდოდა მეტი და როარ გვაღირსე :დდდ ეეჰ ლინდა

ვწუხვარ ძალიან :( რა ვქნა, ასე გამოვიდა, კი მენანება რაღაც-რაღაცები, მაგრამ მაინც ისე გამოვიდა თითქოს, როგორც უნდა ყოფილიყო. ვიმედოვნებ რომ აქ ავანაზღაურებ laughing laughing

 



№26  offline წევრი NniNna

ლინდსი..დაგიბრუნდით და ახლა ვიწყებ კითხვას..

შეფასებებზეც შეგეხმიანები:დდდ

 



№27  offline ახალბედა მწერალი linda

NniNna
ლინდსი..დაგიბრუნდით და ახლა ვიწყებ კითხვას..

შეფასებებზეც შეგეხმიანები:დდდ

დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდება! ^^ heart_eyes heart_eyes

 



№28 სტუმარი Guest მარი

ძალიან მადლობა რათა ამწიგნის საშვალებით გავიჰე ბევრი რაამ, მადლობა ამისთვის აი გასაოცარია მოთხრობის ლექსიკა წარმოთქმები და აშშ, კიდევ ერთხელ დაველოდები მომდევნო თავს heart_eyes kissing_heart innocent relaxed <3 <3

 



№29  offline ახალბედა მწერალი linda

Guest მარი
ძალიან მადლობა რათა ამწიგნის საშვალებით გავიჰე ბევრი რაამ, მადლობა ამისთვის აი გასაოცარია მოთხრობის ლექსიკა წარმოთქმები და აშშ, კიდევ ერთხელ დაველოდები მომდევნო თავს heart_eyes kissing_heart innocent relaxed <3 <3

უღრმესი მადლობა! ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ <3 <3 უი, მხოლოდ ეს თავი ნახეთ თუ სხვა თავებიც? :დდ

 



№30  offline წევრი მოცინარი

ლინდუსიი <3 რა კარგი ყოფილაა :* მართალია, აქ ბევრი აღწერაა და ამას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ ძალიან ლამაზი ნაწერია :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent