შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 2)


1-07-2017, 23:14
ავტორი linda
ნანახია 2 252

დალიჰარი (თავი 2)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-*-*-*-*-*-*-*-2
გაავდრდა.
პირი მოაღეს ცის კამარაზე შეკრულმა შავმა ღრუბლებმა, ცეცხლი დააკვესეს, აღრიალდნენ.
ჯერ კაცთა თვალის მიერ უხილავი, ნემსთა მსგავსი თქორი დაეშვა.
მერე კი იქუხა, დასჭექეს მათ ქვეშ გამეფებული ადამიანთა გვემითა და გოდებით გავეშებულმა, სასტიკ, გულქვა ხორციელ ლეშებთან უსუსურმა ღმერთებმა, დასტიროდნენ სასაკლაოს.
პირი იბრუნა, შავი ზურგი შეაქცია და ხელთ იბანდა ფითრისფერი მთვარე.
საყასბო გაემართათ ჩრდილოეთელთ უცხო მიწაზე. ჰკეპავდნენ და ჰკოდავდნენ ბაჰირელთა გარდაცვლილ უწვერულ, მეომარ ვაჟებს, წაბილწულ ხორცს კი ურმებით მიეზიდებოდნენ ზღვისაკენ. ბაჰირელთა თვალის ასახვევად ჯერ მათ დაჭრილთ მკურნალები მიუჩინა მეფისწულმა, მაგრამ როცა განზე გაათრიეს ისინი, შეჰღაღადეს, რომ უარეყოთ თავიანთი ცრუ ღმერთი, მოეცილებინათ შინაგანი ბიწიერება, რამეთუ გარეგანს ვერ მოიცილებდნენ, და შეიწყნარებდნენ მათ. ერთხმად უარყვეს მათთვის უაღრესად შეურაცხმყოფელი შემოთავაზება მეომრებმა. დაასაჭურისეს ისინი, ურჩებს თვალები დასთხარეს და ხელები მოჰკვეთეს, მერე კი გაუსაძლისი ტანჯვისაგან აღრიალებულნი, სასახლის ეზოში აღმართულ ძელებს მიაბეს, მდუღარე ხის ფისი და კუპრი გადაასხეს, მერე კი ცეცხლი წაუკიდეს, თანამემამულეთა დასანახად.
ცეცხლით მოინათლნენ ჯარისკაცები, უღალატონი ღვთაებისა.
საკუთარ მეომართა კოცონზე დაწვას შეუდგნენ. საბრძოლო ყიჟინით მიაცილებდნენ მათ, ვერ ჰკადრებდნენ ბარბაროსთა მიწაზე წოლას და მასშივე დამარხვას. მეომართა ფერფლს თან წაიღებდნენ, ძვირფასი ზარდახშებით, და სრორდის კიდესთან დამარხავდნენ მათ, რომ ომში დაცემულ მეომართა ჯანი და სული შესწეოდათ, გაემაგრებინა მათი საზღვარნი.
ერქანთა სასახლის სატუსაღოში ჩაჰყარეს ძალზედ მოხუცნი და მეომარი დიაცნი, იქ ჩასალპობად. ნამუსი აჰხადეს ქალთ მედილიგეებმა, მათი სასოწარკვეთილი კივილი ცას სწვდებოდა, მაგრამ არავინ დაუგდებდა ყურს ბაჰირას ბარბაროს, სიძვის დიაცთ.
სასახლის მთავარ სამლოცველოს წაუკიდეს ცეცხლი. სალოცავი ოქროს ჭურჭელი, ძვირფასი ქვებითა და პლატინის ძარღვებით შემკული თუნგები და ფიალები გამოზიდეს. ზიზღით უმზერდნენ მეომარნი ცრუ ღვთის კერპებს, კედრის ხისაგან გამოთლილ, ფრთებიან არსებას, რომელსაც ყორანი მოესვა მხარზე. ხის ფისი გადაასხეს ღვთაების გამოსახულებებს, უთვალავ ხის ფიგურას და ალი შეუნთეს. სურდათ სარდლებს, რომ ბარბაროსთა ღვთაების ყველა ნიშანი მოესპოთ, და წაეგლიჯათ ის რწმენა, რომელიც მოუწოდებდა მომავალ დედოფალს არავის წინ მოეყარა მუხლი, თავისი ცრუ ღმერთის გარდა და ასეთი სასიკვდილო, ყოვლად უტიფარი შეურაცხყოფა მიეყენებინა მათი მეფისწულისათვის.
სახაზინოს დაეხარბნენ, სკივრებით გამოზიდეს ოქროულობა, ძვირფასი, ოკანის სხეულიდან წარტაცებული თვლები და სამკაულები, უთვალავი გოდორი დატვირთეს, ცხენშებმული ურმები, რომლებიც ვეღარ იტევდნენ განძს, სამგზავროდ გაამზადეს. ხარბად იჯიბავდნენ ოქროს ყელსაბამებსა და რგოლებს აურაცხელი სიმდიდრით თვალაჭრელებული მეომრები, და მიერეკებოდნენ სასახლის გათელილ, ატალახებულ მიწაში გაჭირვებით, ტაატით მიმავალ ცხენებს.
სასახლის ბაღჩა-ბაღს, ტალავრებს, ასწლოვან მუხათ და კედართ, თავიანთი კენწეროებით რომ ცის კამარას ეცილებოდნენ, ცეცხლი შეუნთეს, ხილით დახუნძლული ბაღი გადაბუგეს. სასახლის ამბრებში ზამთართა განმავლობაში მოზიდული, სისხლითა და ოფლით მოყვანილი მოსავალი - ხორბალი, ფეტვი თუ შვრია ძირფესვიანად გადაწვეს, თითქოსდა ეშინოდათ, ერთი მარცვალი არ დაგვეტოვოსო. ცოცხლად ამოწვეს ღორთა კოლტი, ცხვართა ფარა, ცხენთა რემა, და სხვა პირუტყვი საჯინიბოებსა თუ ბოსლებში, მათი განწირული კივილი გულისგამგმირველად მოედო არე-მარეს.
დაენანა ზოგს მეომარს ნასუქი, ჭრელი, სქელჯაგარა ღორები, სქელმატყლიანი ცხვრები და ფეხმაგარი ცხენები, მაგრამ წაბილწული და წაწყმედილი იყო მათი ზურგი, მათი ხორცი და მათი ძუძუდან მონადენი რძე.
მეფისწულის ბრძანებით, ყველაფერს, რაც ხისა იმყოფებოდა სასახლეში, უკლებლივ ალი შეუნთეს. სურდა მხედართმთავარს, რომ ოდესღაც ამაყად აღმართული ერქანთა საგვარეულო სასახლის მაგიერ მისი შავი, გაჭვარტლული, გაპარტახებული აჩრდილი მდგარიყო მხოლოდ, რომ გაფრთხილება ყოფილიყო ეს მათთათვის, ვინც მთებში გაიხიზნნენ, თავსადები იმ უტყუარი სიმართლისა, რომ ვეღარასოდეს დაიბრუნებდნენ იმას, რაც წაჰტაცეს მათ.
ხრჩოლავდა სასახლე.
ხრჩოლავდნენ ბარბაროსი, ურჯულო ბაჰირელები.
ერქანის საგვარეულოს თეთრი და მწვანე, მათი გერბით შემკული დროშა, თითქოსდა წყვდიადში მანათობელი, და ხალხთა თავისაკენ მომხმობი, ჩამოხსნევინა და მდუღარე კუპრით დააწვევინა მეფისწულმა, თავიანთი ალისფერი დროშა გამოჰკიდა.
მერე კი დაუყოვნებლივ აფრინა კაცი სრორდისაკენ, მისი გამარჯვების მაცნედ, მდევარი კი მთებისაკენ, რამეთუ მოეხელთებინათ გახიზნულნი, ცხენოსანთა რაზმი კი მთებისაკენ მიმავალ, მათთვის ცნობილ ბილიკებს გაუმართა, ეგების მობრუნება მოესურვოთო ბაჰირელთ.
ავდრის მიუხედავად შეუჩერებლად ეზიდებოდნენ სასახლის ეზოდან ოქროულობითა და საგანძურით დატვირთულ ურემთ, მოერეკებოდნენ საზიდის სიმძიმისაგან გვერდებგაქაფულ, ნესტოებდაბერილ ცხენებს, ქარავანთ ტვირთავდნენ.
გამარჯვების ცეცხლით შეპყრობილნი, კელაპტართა და მოგიზგიზე კოცონთა შუქზე მოლაპლაპე აბჯართ ალმოდებულნი უშვერდნენ ბაგეთ ღმერთთა ცრემლებს და გაჰყვიროდნენ გლეხურ, გამარჯვების სიმღერას.
აურაცხელი კარვები დასცეს გალავნის გარეთ. გაფაციცებულიყვნენ ყმანი და მსახურნი, უწყოდნენ, რომ ბრძოლაგამოვლილ მეფისწულს ვერ ჰკადრებდნენ ლოდინს. სასწრაფოდ გააგეს მისი კარავი, ლოდებით შემოსაზღვრეს კერა, შემართეს ძელები, დაჰფარეს შესანთლული ტყავით და სქელი ქეჩით მოფენილი ჭილობი, ძვირფასი ბეწვ-ტყავი მოაფინეს მიწაზე.
ჩამოხდა კარავთან მეფისწული. ეირინი გადმოათრია ულაყიდან, მძიმედ დაენარცხა მეფისქალი ატალახებულ, აზელილ მიწაში. ბრძანა მხედართმთავარმა, რომ მეჯინიბეთ ულაყი განებანათ და მოესვენებინათ, მეომართ კი მისი კარვის დედაძელზე მიებათ მეფისქალი.
სხვას ვერავის ანდობდა წყეულ დიაცს, ახლოს უნდა ჰყოლოდა.
კბილებდაღრეჯილი, გაცოფებული ეირინი შეათრიეს კარავში. ფრთხილობდნენ მეომარნი, მეფისწულის მოსასვენებელ ბეწვ-ტყავთ ერიდებოდნენ. სანამ გაბაწრეს მათ ეირინი, მსახურნი თავს დასტრიალებდნენ ანდრეის, სხეულიდან ჩამოხსნეს მუზარადი, წითელი ლაბადა და აბჯარი, სანამ ჩითის გრძელ ტუნიკასა და ტილოს უბრალო შარვალში არ დარჩა იგი. ტუნიკის გვერდი და სამკლავი სისხლით შეღებვოდა მეფისწულს.
მკურნალნი დაესივნენ მას, რძის აბაზანის მიღება შესთხოვეს ანდრეის, კანი წმინდა უნდა იყოს, სანამ წაგცხებთო სამკურნალო ნაზავს.
ფაშატი ვირები და ცხვრები მორეკეს და მოზრდილი სათლი გაავსეს მათი მონაწველი ქაფქაფა რძით.
გაშიშვლდა მეფისწული და ეირინის წინაშე განბანეს იგი ვირისა და ცხვრის რძით მსახურებმა. განბანვის ხილვას ქალს არასოდეს ჰკადრებდა მეფისწული, მაგრამ სიძვის დიაცი იყო ეირინი, წყეული, წაბილწული და ურჩი, იგი არ იმსახურებდა ისეთ მოპყრობას, ვითარცა ბელთათინის სამეფო კარზე ეპყრობოდნენ მაღალი წოდების დიაცებს.
თვალს არ აშორებდა მხედართმთავარს ეირინი, მაგრამ წამითაც არ გაუხედავს მისი სიშიშვლისაკენ, ეზიზღებოდა იგი, თვალებით გუდავდა, შეუჩერებლად სწყევლიდა, ღვთაებას შესთხოვდა, რომ იგივე ბედი სწეოდა მის თანამემამულეთა და მიწისა მაოხარს, როგორც იმ პირტიტველა, მტკიცე მეომრებს, რომელთა სასოწარკვეთილი ღრიალის დამალვა არ ენება ავდარს.
განიბანა მეფისწული. მკურნალებმა ნაზავი წასცხეს ჭრილობებზე, თაფლით გაჟღენთილი სახვევებით შეუხვიეს და აიაზმა აპკურეს სხეულზე.
შემოსეს მხედართმთავარი და დასტოვეს ორნი კარავში მსახურებმა, უბრძანა მათ ანდრეიმ, რომ მთარგმნელი და სარდლები მოეხმოთ.
მათ მოლოდინში გართული მიწვა მხარბეჭზე მეფისწული. დედაძელზე მიბაწრულ მეფისქალს შეაქცერდა, მსახურთა მორთმეულ ტკბილ ხორცთ და მათრობელა ღვინოს შეექცა.
ისეთივე ცხოველსა და ბარბაროსს ჩამოჰგავდა დიაცი, როგორიც იყო შიგნით. გამურულიყო, გასისხლიანებულიყო, შალითა და ლაბადა ჩამოეფხრიწათ, მასსავით ბინძური ტალახი აღრეოდა ფერფლისფერ ნაწნავში. სუფთა მხოლოდ თვალები მოუჩანდა ბრინჯაოსფერ სახეზე, ცარიელნი და გაშტერებულნი.
-Neili bäitva kiwe ngøran låmbva... - ამოისისინა ღვარძლით აღსავსე სიტყვები მეფისქალმა. – Mai sürtiri tørdo, keei ihoger! Maij kreskvår verra Eirin, abagrütix ktever! Ngoba Güøhmarya pitavebøddi dtira plaåhada!
-არ ვუწყი შენი ბარბაროსული ენა, დიაცო. - თვალმოუშორებლად მიუგო მეფისწულმა. დამშვიდებულიყო, ეამა მის უცაბედად მოქანცულ, ბრძოლის ჟინის მოკლებულ სხეულს განბანვა და მსუბუქი სამხარი. - მაგრამ კარგი პირი არ უჩანთ შენ სიტყვათ... ნეტავ დადუმდებოდე, თუ ეგ ბილწი ენა შენთვის ძვირფასია...
სასით დაიხრიალა მეფისქალმა და გადმოაპურჭყა ნერწყვი, ფურთხი პირდაპირ ტკბილ ხორცთ წაეცხო, წამის წინ რომ მადიანად შეექცეოდა მეფისწული.
მერე კი კვლავ გახსნა შხამით აღსავსე ბაგენი ეირინმა.
- Keei ihoger! Abagrütix ktever! - ბობოქრობდა იგი, ღმერთთა მიერ მოვლენილ წყევლად აკვესებდა ელვას თვალებით. – Ne verra cronva Erkann! Falløin Güøhmaryat! Falløin Erkann!
დაიღრიჯა ანდრეი. ცეცხლი დაენთო მეომარ სულში, ხელი გააციცა, სახორცე შალთს მოავლო თითები.
-ენას ამოგაძრობ, ყურებს მოგკვეთ და ძაღლებს გადავუგდებ საჯიჯგნად! - იფეთქა მან. - სახიჩრად გაგხდი და მოვისვენებ! წყეულიმც იყავ, ღმერთებმა შეისმინონ ჩემი ვედრება!
შედრკა უეცრად მეფისწული, პირი იბრუნა. გამაყრუებელი თქეში ერწყმოდა მდუღარე კუპრითა და ფისით დადაგულთა გოდებას.
ნაბიჯთა ხმა ისმოდა გარედან. გადასწიეს კარვის კალთა.
ჯერ კიდევ აბჯრით აღჭურვილმა სარდალმა ატავესმა შემოაბიჯა, მხედართმთავრის წინაშე მოწიწებით მოიხარა წელში. ახალგაზრდა სარდალი გაბრიელი, კოჭლი სარდალი კლავდი და მთარგმნელი შემოჰყვნენ მას, მუხლი მოიყარეს მეფისწულის საპატივცემულოდ.
კოჭლმა კლავდმა თვალი ჰკიდა მხედართმთავრის ხელში შალთს, წამსვე გადასწვდნენ მისი ცბიერი თვალნი გაბაწრულ, კბილებდაღრეჯილ, მაგრამ დადუმებულ ერქანთა მეფისქალს. ყურადღებით მოათვალიერა იგი.
-გეახლებით, ჩემო ალფა. - ფეხი მოირთხა ქეჩით მოფარულ ჭილობზე და მუზარადი მოიხადა ატავესმა. წვიმის წვეთები სდიოდა შავი წვერით დაფარულ ყბებზე. - მადლობას ვწირავ ღმერთებს, რომ ამგვარად წარიმართა დღევანდელი დღე!
-ვუწყოდი, რომ ეგრე წარიმართებოდა. თქვენ კი მეურჩებოდით, ატავეს. - მედიდურად მოუჭრა ანდრეიმ, ღვინო მოსვა, შალთით გასწია შორს ტკბილი ხორცნით ახორხლილი მათლაფა.
მალული ცეცხლი ჰყარეს ატავესის თვალებმა. მონაოჭებული ბაგე შეუტოკდა კოჭლ კლავდს და თავი დახარა გაბრიელმა. უხილავი სიმძიმე ჩამოწვა კარავში.
-შემინდეთ, მეფისწულო. - თავი დახარა ატავესმა. თითქოსდა ფაიფურისააო მისი სახე, ნიღაბი გადაჰკვროდა ზედ. უმალ ჩაანავლა გაცეცხლება, მეფისწულის უდიერ შეურაცხყოფაზე რომ წამოჰყო თავი. - რამეთუ არ ვუწყოდი, რას ვიქმოდი.
- არ ღირს. - ხელი აუქნია ანდრეიმ, დაჭრილმა ფერდმა გასწიწკნა, სახე დაუღრიჯა. ტკივილი მიმალა უმალ. - მდევარი ვაფრინე მთებისაკენ. რასა უწყით, მივაგნებთ ვინმეს?
-მომიტევეთ, ჩემო ალფა, მეგონება, რომ დახანებულია უკვე. - მიმართა კლავდმა. - უცხო მიწებია, არ უწყიან ჩვენმა მეომრებმა, სადაა ხევი და მთა, ბარბაროსნი კი, თუკი ოდნავ მაინც ჭკვაგარკვეული ხალხია, უსწრაფეს, მიუდგომელ ბილიკებს დაადგებოდნენ...
-ავდარია, ჩემო ალფა. - დასძინა გაბრიელმა. - ჭირს უცხო მიწაზე გზის გაკვლევა, მაგრამ ახლა მეტად შეფერხდება მდევარი.
-რუქას ხელახლა შევისწავლით. - განაცხადა მხედართმთავარმა. -კაცს ვაფრენ მეზობელ ავლატს, გავაფრთხილებ, იქნებ მისკენ გაემართნენ წყეული ბარბაროსები...
თანხმობის ნიშნად თავი დაუკრეს სარდლებმა ანდრეის.
დადუმდა მოქუფრული მეფისწული, სვამდა მათრობელა ღვინოს და სახელდახელოდ, დედაძელთან ამოთხრილ მიწაში აგებულ კერას, ლოდებით გარშემორტყმულ მუგუზლებს უმზერდა.
-რას გვიბრძანებთ, ბებერ მეფეს რა ვუყოთ? - გაბედა და ფიქრი დაურღვია მხედართმთავარს კლავდმა. მას შეაცქერდა ანდრეი, ღვინის ფიალას ატრიალებდა ხელში.
-ვერ დასტოვა მისი ხალხი და მიწა-წყალი. - წარმოთქვა ბოლოს, ბაგენი ღიმილმა შეუთრთოლა, თვალები აენთო. - პატივსა ვცემ მის გადაწყვეტილებას, დილეგში ჩავამწყვდევ. დაე სული დალიოს სანუკვარ სამშობლოში... მონები წამოასხით, მოხუცები დილეგში დასტოვეთ, დანარჩენები კი დახოცეთ.
ღვინო მოსვა მეფისწულმა.
ალმაცერად შეჰყურებდა კოჭლი კლავდი ერქანის მეფისქალს.
გავეშებული იყურებოდა ქალი. თვალები გამოეხილა, ფითრი ბრინჯაოსფერ სახეზეც კი დასტყობოდა, ისე წასვლოდა ფერი. მოედრიკა კისერი და შეჰყურებდა მათ, თითქოს ყველაფერი ესმისო.
მოიქუფრა კლავდი. თავიდან გამოიგდო უგუნური ფიქრი.
მისი მზერა შენიშნა ეირინმა. უფრო მეტად დაიღრიჯა, ფერი მოუვიდა, ისევ დააკვესა ცეცხლს გაშტერებული, ცარიელი თვალები.
-Råd abagrütix ktever! - შეჰყვირა მან და გაჰკვეთა მძიმედ ჩამოწოლილი დუმილი. – Verra tregöårad chaoldheth!
კარვის კუთხეში მიკუნჭული მთარგმნელისაკენ, უთქმელად მიმართა ხელი მეფისწულმა.
-გწყევლით, ჩემო ელფა. - მიწას განერთხა იგი. - უღმერთო ვირთხებს გიწოდებთ, გეუბნებათ, რომ არ შეგრჩებათ დაღვრილი სისხლი...
-უთხარი, რომ ამოვკვეთ ენას. - შალთი მოიმარჯვა მეფისწულმა, მოიქნია და ვადამდე ჩასვა მიწაში. - უთხარი, რომ ამაოდ მწყევლის, ვერაფერს დამიშავებს მისი ცრუ ღვთის მრისხანება. უთხარი, რომ მლოცავენ ღმერთები ბარბაროსთა წაწყმედისათვის...
-Güøhmarr selgra kiwe ke ghüaraddh-machra tonrega… - მიმართა მეფისქალს აცახცახებული ხმით მთარგმნელმა.
-Verra pwåöra maij pharschåkar! Güøhmarr ghüaraddh-machra hossu tonrega! - მოუჭრა მას სიტყვა ეირინმა, მოქუფრული უმზერდა მხედართმთავარს, მერე კი თავი აზიდა, სარდლებს სიძულვილით აღსავსე თვალები მოავლო და გაიბრძოლა, მის შემკვრელ ბაწართ შეეწინააღმდეგა. – Keei verra hossu laig, keei gnerkver. Keei saaspyath hossu!
გაფითრდა მთარგმნელი, პირი დააღო, მზერა გააპარა მხედართმთავრისაკენ, რომელიც მოქუფრული უმზერდა მეფისქალს. არ გამოჰპარვია მისი მზერა კოჭლ კლავდს, ცბიერ თვალებს აფაციცებდა, ეჭვი უღრევდა სარდალს გონებას.
-რას ამბობს? - ხმას აუწია მეფისწულმა, როცა დუმილი ისმოდა მთარგმნელის ბაგეთაგან და კარავში გამეფებულ სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ყურისწამღები თქეში, დაჭრილთა და დადაგულთა გოდება არღვევდა.
-ა-ამბობს, რომ ენას თვით ამოგკვეთთ... და მო-მოკვლით გემუქრებათ, ჩემო ალფა. - ძლივს წაილუღლუღა მიტკლისფერმა მთარგმნელმა, თვალები გადმოკარკვლოდა.
სარდალ ატავესს გულითადი ხარხარი წასკდა. წარმოუდგენელი იყო ამ დიაცის ჭკვის სიმოკლე.
არ გასცინებიათ გაბრიელსა და კლავდს, დადუმებულნი შეჰყურებდნენ ავად მომზირალ ეირინს.
ბაგეს კუთხე შეიტოკა ანდრეიმ.
-დაე გაიაროს ათასმა წელმა, ათასმა ჭირმა, ათასმა წყალმა და ათასმა ცეცხლმა, სანამ ეს სიძვის დიაცი თავის ნებას აღასრულებს. - წარმოთქვა ღიმილით მეფისწულმა. - და თუ ამ დიაცის ხელით მიწერია სიკვდილი, ახლავე გაიხსნას ცა, ელვა ჩამოუშვან ღმერთებმა და განმაბნიონ ამ წაწყმედილ მიწას.
-მოგეხსენებათ ბარბაროსთა ჭკვამოკლეობა, ჩემო ალფა! - გამობერილ ფაშვზე ხელს იდებდა ატავესი, სიცილის წყალი სდიოდა აფორაჯებულ ლოყებზე. - ეშმაკმა დასწყევლოს ესენი! მართლაც ხომ არ მოვკვეთოთ ეგ ბილწი ენა!
-ჩემო ალფა... - უცაბედად ამოიღო ხმა გაბრიელმა და მოიხარა, მიწას დააწყო ხელისგულნი მხედართმთავრის წინაშე. - არ განმირისხდეთ, ერთი აზრი ჩამეჭედა გონში და შემიჩნდა, არ მასვენებს, უნდა ამოვთქვა...
-ბრძანე, გაბრიელ. - მიუგო მეფისწულმა.
-ბარბაროსნი დაუოკებელნი არიან. - დაიწყო სარდალმა ფრთხილად. - ურჩნი, გაუტეხელნი, აულაგმავნი... სიკვდილი არჩიეს თავიანთი ცრუ ღვთის უარყოფას! მათში ჩაუმქრალ ცეცხლად ანთია სიჯიუტე და ბრძოლის ჟინი!
-რისი თქმა გსურს, გაბრიელ? - მოიქუფრა ანდრეი, წამოიწია, მის წინაშე დამხობილ სარდალს შეაცქერდა. წამომართული, ბეწვ-ტყავთა გარემოცვაში მთელი არსებით ასხივებდა მეფურ არსობას, რომლის წინაშე თავი მოიდრიკეს ატავესმა და კლავდმა. - თავისუფლად ისაუბრე!
-ისრით განგმირული ყორანი არავის უკვირს, ჩემო ალფა, მოთვინიერებული კი ყველას. - მიუგო გაბრიელმა, მზერა ეირინს გადასწვდა, რომელიც დადუმებულიყო, მაგრამ ძლიერად სუნთქავდა, უღელავდა მკერდი და შეჰკვროდა ყბანი. - მონუსხეთ ეს დიაცი, გაიხადეთ ერთგულ მხევლად, გახადეთ ბაჰირა თქვენი და თქვენდამი აღფრთოვანება და შური არ გაუნელდებათ ჩვენ მოსისხლე მტრებს!
უცქირა მას წამიერად მეფისწულმა. მიწვა, კლავდსა და ატავესს გადასწვდნენ მისი თვალები.
-სიმართლეს ღაღადებს. - თქვა უმალ კლავდმა. - შეუძლებელს შეიძლებთ, თუ ამას აღასრულებთ. ხოტბას გასხამენ ათას მთასა და ათას ბარს იქით.
-როგორ... - ძლივს ამოიდგა აქამდე გაოგნებისაგან მიჩუმათებულმა ატავესმა ენა. - და რასა სთავაზობთ, როგორღა მონუსხოს ეს... ეს... - ეირინისაკენ მრისხანებისაგან აცახცახებული ხელი გაიშვირა მან, სახე უარესად აუფორაჯდა. - ეს სიძვის დიაცი! ბარბაროსი, ურჯულო! ვითარცა ქალს, ისე მოელაციცოს? სიტკბო უჩურჩულოს ყურისძირში? გაუგონარი მკრეხელობაა!
ხმა არ გაიღო მეფისწულმა. უმზერდა დიაცს. უთვალიერებდა ბრინჯაოსფერ კანსა და ფერფლისფერ თმას.
სრორდის სიძვის დიაცთა დალალებისფერი ნაწნავი ჰქონდა მეფისქალს.
-დავფიქრდები. - განაცხადა ბოლოს. - გზა ვრცელია, ტვირთი კი დიდი. წადით, მოისვენეთ. ხვალ, გარიჟრაჟისას ვისაუბრებთ.
მორღვეული პირი დააღო ატავესმა, სურდა შეჰპასუხებოდა მხედართმთავარს, ეს განუკითხაობა, რომელსაც უკვე ფესვნი გაედგა ანდრეის გონში, აღმოეფხვრა. მაგრამ გადაიფიქრა სარდალმა, როცა მეფისწულის ჩამობნელებულ, მუგუზალთა სინათლეზე ალაპლაპებულ გუგებს გადააწყდა.
თავი დაუკრეს მხედართმთავარს სარდლებმა და გაიკრიფნენ სასწრაფოდ. უბრძანა მთარგმნელს მეფისწულმა, რომ ღამე კარავში დარჩენილიყო, მერე კი განკარგულება გასცა, რომ კარვის გარშემო ათი მცველი დაეყენებინათ.
შემოეხვივნენ ფხიზელი გუშაგნი სამეფო კარავს, ალესილი შუბებით ხელში. თქეში ლოკავდა თავისი გამყინავი ენით არე-მარეს, ზღვიდან მონაბერი სიმლაშე დატრიალებულიყო ჰაერში, პირში ადნებოდათ ჯარისკაცებს.
არ წყდებოდა ბედსვიან მეომართა შეძახილები, ოქროს რომ იჯიბავდნენ და ქარავნებს ტვირთავდნენ აურაცხელი ოქროთი. ინავლებოდა კოცონზე დამწვართა კუპრის ცეცხლი, ხელდახელ მქრალი მუგუზლებიღა ანათებდნენ შემოგარენს, დროდადრო ცეცხლს დააკვესებდნენ ღმერთები და ელვა ხლეჩდა საავდრო ღრუბლებს.
გმინავდნენ და თავიანთ ბედკრულ ყოფას დასტიროდნენ დაჭრილნი.
დადუმებულიყვნენ ბაჰირელნი. ზოგი სამუდამოდ, აღარ შეერჩინათ ჩრდილოეთელთ მათთვის მკერდში სუნთქვა, ზოგი კი მალულად იწყევლიდა თავ-ბედს, ჩრდილოეთელთა შიშით შეპყრობილი.
დადუმებულიყო თვალგაშტერებული ეირინი. ბაწრებს უჩუმრად ებრძოდა. ჩრდილოეთელი მეომრებისაგან, უტიფრად რომ მოავლეს ხელი და გაბაწრეს, აეცინცლა ყელის გამოსაღადრი წანდელი, მკლავთა სახვევებსა და დაფხრეწილ ლაბადაში მიემალა.
ჩანავლებულ მუგუზლებს დასჩერებოდა მეფისწული. ღვინოს მიეძალა, რული მოეკიდა.
ჩაეძინა, დაქანცულს.
ორივეს უმზერდა კარვის კუთხეს მიყინული, შიშის ზარდაცემული მთარგმნელი.
გარეთ კი შეუჩერებლად ბობოქრობდა ავდარი, თითქოსდა ეირინის აწყვეტის მცდელობას ხელს აფარებს და აქეზებსო.


-*-*-*-*-*-*-*-
წვრილად, უხილავად თქორავდა სრორდის საზღვართან მდებარე მომცრო სოფელ კჰავში, როცა ალისფერლაბადამოსხმულმა მხედარმა მოაჭენა დაღლილობისაგან გვერდაქაფებული ცხენი სოფლის კიდეზე მდგარ სამგზავრო სამიკიტნოსთან. მსახური ბიჭი გამოეგება სტუმარს, აათვალიერა მისი მგზავრობისაგან მოფხრეწილი, ეკალ-ბარდებიანი, გამურული, მაგრამ უდავოდ ძვირფასი ქსოვილის ლაბადა, თვალი ჰკიდა მის მძიმედ დარახტულ, ფეხმაგარ ბედაურს, რომელიც ნესტოებს ბერავდა, მუხლები უთრთოდა.
ჩამოხდა მხედარი, ლაგამი და ერთი ოქრო გადაუგდო მსახურს, ცხენს მიმიხედეო, უბრძანა.
ლაგამის ჩამორთმევისას სამთვალად გაკვანძული ცხენის ძუა და უნაგირზე ამოტვიფრული სამხედრო გერბი - ხახადაღებული მგელი შეამჩნია და წამსვე წელში მოიხარა მსახური. სამეფო მაცნეს ვეახლებიო.
შორიდან მოვიდა მნიშვნელოვანი ამბითო, გაუელვა აზრმა ბიჭს.
საპასუხოდ თავი დაუკრა მხედარმა, და მომცრო საჯინიბოსაკენ მიმავალ ბიჭს უმზირა ალმაცერად, მერე კი სამიკიტნოს შელახული, ანჯამებმორყეული, გამოხუნებული წნელის კარი შეაღო.
ორომტრიალი გაემართათ სამიკიტნოში. მოილხენდნენ და ღრეობდნენ დღის გარჯით დამაშვრალი და ქანცგაწყვეტილი გლეხები, სასმელს სწევდნენ და მღეროდნენ.
„ღვინო, ხორცნი, მოკეთენი
და გამოჩენა წყალისა
გვირჩევნის ტკბილსა შერბეთსა
და შეხებასა ქალისას!“
გლეხთა ტაბლას გვერდი უბირად უქცია მხედარმა, სამიკიტნოს დახლს მიადგა. ალმაცერი მზერით გამოეგება მას დახლიდარი, ქეჩით თავწაკრული ჯმუხი, შუბლმიჭ....ტილი და ტუჩ-პირს მეჩხერღინღლიანი დედაკაცი.
ერთი ოქრო მიუცოცა მხედარმა დიაცს და წამსვე გაცისკროვნდა დახლიდარი, ჩაბზარული კბილები გამოაჩინა, მიელაციცა კაცს.
საუკეთესო ღვინო მოითხოვა დამაშვრალმა და გამოსცალა მოზრდილი, მოპირკეთებული თიხის ფიალა ერთი შესმით, სული მოითქვა.
მერე კი გასწორდა, ხმა აღიმაღლა.
-უწყოდეთ! - შეჰყვირა მან და დადუმდნენ გლეხნი, გაკვირვებულებმა მოხედეს მხედარს. შალითა გადაიძრო მან, სამიკიტნოს მბჟუტავ ჩირაღდანთა შუქზე ალაპლაპდა მუზარადის საშუბლეზე გამოსახული სამეფო გერბი. - მე მეფისწული ანდრეის მაცნე გახლავართ! ჩვენი მომავალი მეფე და ბატონი ბაჰირასაკენ მიემართება, ჩვენთვის საზღვაო გზის მოსაპოვებლად! აფრინეთ მალემსრბოლი, მოსდეთ ქვეყანას!
თვალები დაკარკლა დახლიდარმა, წამსვე გაფაციცდა, იქვე მდგომ მსახურს მოუხმო.
-ჩვენი ჭროღა დარახტე, გაიუს! - ხაოდა იგი, სანამ წამოცვივდნენ გლეხნი, მხედარს მისცვივდნენ. - კასიაში გადადი, იქა ჰყავთ ჩინებული ცხენოსნები!
-მეჟოლიათა ფრთხიალს მოასწარი, ბიჭო! - გასძახა გლეხმა კარში გავარდნილ მსახურს, მერე კი კვლავ მხედრისაკენ იბრუნა პირი.
-აკი არ უნდა დაბრუნებულიყო მეფისწული? - გაჰყვიროდა ერთი. - რამეთუ მაგრად დახვდა ბაჰირა!
-ენა გადაყლაპე, ბესარიონ! - შეუტია მეორემ. - რასაა რომ კაკანებ!
-ვრცელია მხედართმთავრის სიბრძნე და ჯარი! - შეაწყვეტინა მათ მოქუფრულმა მხედარმა. - არა ვუწყი რა, რა მოხდა ბაჰირაში, მაგრამ შევთხოვ ღმერთებს, რომ მუხლი მოუმაგრონ ჩვენს ჯარს...
-როდის გაფრინა მეფისწულმა? - იკითხა შლეგივით თვალებგაცეცებულმა გლეხმა. - რა ხანია, რაც მგზავრობ?
-ბადრი და მრთელი იყო მთვარე, როცა ბაჰირასკენ პირის ბრუნება ინება მხედართმთავარმა და საიდუმლოდ მაფრინა ამბის გასავრცელებლად... - წარმოთქვა მხედარმა. დახლს ეყრდნობოდა, მგზავრობისაგან გადაღლილი. - ღმერთები შემეწივნენ, ცამეტ მზეში დავფარე ერთი მთვარის მანძილი... ბაჰირა მიღწეული ექნებათ ამ წამს, მალე აფრენს მეფისწული ქუდზე კაცს...
აღრიალდნენ გლეხები. წვრილ-წვრილი კითხვები დააყარეს მხედარს.
ორომტრიალს უჩუმრად შეჰყურებდნენ სამიკიტნოს კუთხეში მსხდომი ცალთვალა მეწისქვილე კალემი და ლოთი მარტინი.
მათ მეზობელ მაგიდაზე დამხობილიყო შავოსანი ბერიკაცი, ღვინით ნახევრად სავსე ფიალა ედგა წინ.
-აიღებდა ვითომ ბაჰირას? საზღვაო მარგალიტს? - გადაულუღლუღა მარტინმა კალემს, მერე კი მთელი ფაშვით აროხროხდა. - რად იბრუნა იქეთ პირი? შვიდ მთვარეში არ უნდა დაბრუნებულიყო? რად წააწოწიალა ამდენი ხალხი... მისი შვილები კი არ ეცემიან უცხო მიწაზე...
-რწმენა იქონიე. - დინჯად მიუგო ცალთვალამ. - მე მჯერა მისი.
-ანდრეის გჯერათ? - მოუტრიალდათ უცბად მეზობელ მაგიდაზე მჯდომი ბერიკაცი, ლაბადის მოფარული თავიდან გადმოჰყურებდა, უკბილო, მონაოჭებული ბაგენი მოუჩანდა მიმკვდარ სინათლეზე. - კი უნდა გჯეროდეთ, სნეულია მამამისი, მალე მოკვდინდების ბედშავი...
-ხმა გაიკმინდე! - შეუტია კალემმა. ღვინისაგან რეტდასხმული მარტინი დადუმებულიყო, სრუტუნებდა სახეზე წითელი ბატატივით აფუებული ცხვირით. - დიდხანს იცოცხლოს მეფე სოლომონმა!
-იცოცხლოს. - კვერი დაუკრა ბებრუცუნამ, მერე კი კვლავ მოაღო პირი. - იქამდე მაინც გააწიოს, სანამ ანდრეი მობრუნდება...
-მხოლოდ სახელს რატომ უწოდებ? - ატრუვდა მარტინი. - აქაური არა ხარ, ურჯულოვ? მეფისწულის შეურაცხყოფისათვის ძელს მიგსხამენ და თხუთმეტს მათრახს გითავაზებენ! ხარკსაც დაგადებენ აურაცხელს!
-არა ვარ აქაური. - მიუგო ბერიკაცმა. - აგე, თქვენი მეზობელი გახლავართ, შაჰაიაქელი ინგენი, ვაჭარი, გამიკითხეთ თუ მოგესურვოთ...
-უცხოთა მიერ შეურაცხყოფა ოც მათრახს უდრის, ბერიკაცო! - შლეგივით გადმოკარკლა შერჩენილი თვალი კალემმა.
-ძმის მოკვლა რასა უდრის, მეფისწულის მხევლებო? - ჩაიცინა ბებრუცუნამ.
გაშრა კალემი. მიტკლისფერი დაედო, ადამის ვაშლი აუკანკალდა ყელში, ჩაუშავდა თვალთა უპეები. წითელი ცხვირი უმალ ჩაულურჯდა მარტინს.
-რასაა, რომ იძახი... - დაიჩურჩულა ფითრიანმა ცალთვალამ. - წადი აქედან, თუ არ გინდა, რომ ფრჩხილები ცალ-ცალ გაგაცალონ და ღორის ნავალში ჩაგახრჩონ!
-მიპასუხე, კარგო კაცო, შენი სისხლისა და ხორცის განგმირვა, ერთი დედის ძუძუზე გაზრდილი ძმის სისხლით დალოცვილი მიწის შეღებვა რასა უდრის? - ქირქილებდა ბერიკაცი. - წამხდარია ეგი თქვენი მეფისწული, არ იმსახურებს სრორდისა ბატონობას! შეცდნენ ღმერთები, როცა იგი დასტოვეს მიწაზე და სხვანი წაიყვანეს, შესცოდა ბედისწერამ...
-წარვედ! მეფისწულს რაებს ჰკადრებ! - ხმა აღიმაღლა და ასისინდა ცალთვალა. - გაეთრიე! განგვერიდე, შაჰაიაქელო ცრუ კაცო!
აქირქილდა შავოსანი, წამოდგა, გამოსცალა ღვინის ფიალა.
-მე კი წავალ, მაგრამ სიმართლე მაინც დარჩება! - დაიხრიალა მან. მიიქციეს ყურადღება, მათკენ მომართეს მზერა მხედარმა და რამდენიმე გლეხმა. - არ გაიხაროს მკვლელმა, ოჯახის წამწყმედელმა, სისხლში განბანულმა!
-განვედ! - წამოვარდა კალემი. - მკრეხელო! ენაშხამიანო, ცრუ კაცო!
-საკმარისია! - დაჰკივლა დახლიდარმა. - ამოდენა ამბავი მოგვივიდა, თქვენ კიდევ უტიფრად კინკლაობთ! მეფისწულის მაცნეს მაინც ეცით პატივი!
სიმწრისაგან დადუმდა კალემი. ენა არ მოუტრიალდებოდა, რომ მეფისწულზე გაგონილი წარმოეთქვა, რათა ამ ბერიკაცის ცოდვა შეეტყოთ გარშემომყოფებს.
ბებრუცუნამ კი უკეთესად მოიხვია ლაბადა, კლდის მუხის ყავარჯენი გამოაცურა მოსასხამის ნაკეცებიდან.
გადაჭრა სამიკიტნო, აჩრდილივით, გამოაღო კარი და თითქოს აქ არც ყოფილაო, შეერია ღამის თქორსა და წყვდიადს.скачать dle 11.3




№1 ახალბედა მწერალი linda

12 გვერდი და 2,880 სიტყვაა ^^ იმედია მოგეწონებათ! <3

 



№2  offline წევრი chiamaia

ანდრეი, რა ქენი ბიჭო ეს? შენ მოჰკალი ძამიკო? :O :დდდ გათახსირებული ეგა :დდდ ანა სიტყვები არ მყოფნის. როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ <3

 



№3 ახალბედა მწერალი linda

chiamaia
ანდრეი, რა ქენი ბიჭო ეს? შენ მოჰკალი ძამიკო? :O :დდდ გათახსირებული ეგა :დდდ ანა სიტყვები არ მყოფნის. როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ <3

თქვენ მოჰკალით ძერა?? laughing laughing laughing laughing ვნახოთ, ვნახოთ, ისედაც ტონა ხალხი ყავს მოკლული ამ წამპალს :დდდდ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 <3

 



№4 სტუმარი Guest გიკი გოგო

მოვედი გარყვნილი ქალი. რაც მშვიდ ქარიშხალში არ მაღირსე იმედია ამინაზღაურებ აქ. ცივი სითბოს შემდეგ აღარ ვაპირებდი შენი ისტორიების წაკითხვას მაგრამ ვრისკავ მაინც. აქაც ყველას ნუ ამომიცოცავ შე ქალო

და თუ მალ-მალე დადებ კარგი გოგო იქნები

 



№5 ახალბედა მწერალი linda

Guest გიკი გოგო
მოვედი გარყვნილი ქალი. რაც მშვიდ ქარიშხალში არ მაღირსე იმედია ამინაზღაურებ აქ. ცივი სითბოს შემდეგ აღარ ვაპირებდი შენი ისტორიების წაკითხვას მაგრამ ვრისკავ მაინც. აქაც ყველას ნუ ამომიცოცავ შე ქალო

და თუ მალ-მალე დადებ კარგი გოგო იქნები

ვაიმეეეე :დდდდდდდდ ვერაფერს დაგპირდები, მაგრამ ვეცდები <3
ჰო, მალ-მალე დადებას რაც შეეხება, ისე სწრაფ-სწრაფად ვერ დავდებ, როგორც ცივ სითბოს ან მშვიდ ქარიშხალს ვდებდი, ტექსტს დრო უნდა :( მაგრამ ძალიან, ძალიან შევეცდები ^^

 



№6 სტუმარი ნიიააა

როგორც ყოველთვის საოცარია! ნუთუ მართლა მოკლა ძმა ანდრეიმ? და ეირინი რას იზამს ნეტააა

 



№7 ახალბედა მწერალი linda

ნიიააა
როგორც ყოველთვის საოცარია! ნუთუ მართლა მოკლა ძმა ანდრეიმ? და ეირინი რას იზამს ნეტააა

იმედია მალე გამოჩნდება ყველაფერი <3 უღრმესი მადლობა! <3 <3

 



№8 სტუმარი lalka

rogorc yoveltvis gvaoceb lindush sheni shemokmedebit ise wer xandaxan mgonia shua asakis xar arada jer zalian axalgazrda xar.yochag .yoveli nawarmoebi erti meoreze sauketesoa.

 



№9 ახალბედა მწერალი linda

lalka
rogorc yoveltvis gvaoceb lindush sheni shemokmedebit ise wer xandaxan mgonia shua asakis xar arada jer zalian axalgazrda xar.yochag .yoveli nawarmoebi erti meoreze sauketesoa.

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი წავიკითხე ორივე თავი და კიდევ კარგი რომ წავიკითხე... ხომ გითხარი მომეეონება მეთქი და აჰა კი არ ნომეწონა უკვე შემიყვარდა ეს ნაწარმოები... იმდენად პროფესიონალურად, იმდენად ლამაზად, იმდენად მრავალფეროვანი ლექსიკითაა გადმოცემული მოვლენები რომ უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ...
არ ვიცი ახალ თავს როდის დადევ მაგრამ მოუთმენლად რომ გელი ვიცი...
პ.ს. ანდრეი მეტისმეტად სასტიკი ადამიანია და იმედია შეიცვლება მისი ეს ნაკლოვანება და იმედი მაქვს ეირინი დაკოდავს ანდრეის გულს... მოკლედ გელი გელი მოგელი...

 



№11 ახალბედა მწერალი linda

უცნობი ქ
აი წავიკითხე ორივე თავი და კიდევ კარგი რომ წავიკითხე... ხომ გითხარი მომეეონება მეთქი და აჰა კი არ ნომეწონა უკვე შემიყვარდა ეს ნაწარმოები... იმდენად პროფესიონალურად, იმდენად ლამაზად, იმდენად მრავალფეროვანი ლექსიკითაა გადმოცემული მოვლენები რომ უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ...
არ ვიცი ახალ თავს როდის დადევ მაგრამ მოუთმენლად რომ გელი ვიცი...
პ.ს. ანდრეი მეტისმეტად სასტიკი ადამიანია და იმედია შეიცვლება მისი ეს ნაკლოვანება და იმედი მაქვს ეირინი დაკოდავს ანდრეის გულს... მოკლედ გელი გელი მოგელი...

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიიიიდი მადლობა! <3 ისე გამიხარდა, რომ ვერც კი წარმოიდგენ, ბედნიერი ვარ, რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes
პ.ს. ანდრეის ალბათ სჭირდება კიდეც ასეთი სისასტიკე :( ვნახოთ, ვნახოთ, რა იქნება <3

 



№12 სტუმარი Guest Okay

ასე სტუმრის სტატუსით მიწევს კომენტარის დატოვება ჩემი ინტერნეტის გამო. ეგ არაფერი :დ
ეს პრინცი, მთელი მისი სამეფო, ეს ომი, ხალხი და საერთოდ ყველაფერი მაღეზიანებს.
როგორ შეუძლიათ ასე დაუნდობლად მოქცევა?
რა მნიშვნელობა აქვს, ურჯულოა თუ არა, ქალი არის - ქალი! და უფლისწულს არ ეპატიება ასეთი საქციელი.
მეზიზღება, რა :დდ

ბოლო ნაწილმა თან დამაბნია, თან დამაინტრიგა.

ისე, მაინტერესებს თუ მოახერხებ და ამ ყველაფერზე უარყოფით წარმოდგენას შემაცვლევინებ. ^^

ნუ, შენ საოცრად წერ.
ისედაც გეცოდინება, ალბათ.

 



№13 ახალბედა მწერალი linda

Guest Okay
ასე სტუმრის სტატუსით მიწევს კომენტარის დატოვება ჩემი ინტერნეტის გამო. ეგ არაფერი :დ
ეს პრინცი, მთელი მისი სამეფო, ეს ომი, ხალხი და საერთოდ ყველაფერი მაღეზიანებს.
როგორ შეუძლიათ ასე დაუნდობლად მოქცევა?
რა მნიშვნელობა აქვს, ურჯულოა თუ არა, ქალი არის - ქალი! და უფლისწულს არ ეპატიება ასეთი საქციელი.
მეზიზღება, რა :დდ

ბოლო ნაწილმა თან დამაბნია, თან დამაინტრიგა.

ისე, მაინტერესებს თუ მოახერხებ და ამ ყველაფერზე უარყოფით წარმოდგენას შემაცვლევინებ. ^^

ნუ, შენ საოცრად წერ.
ისედაც გეცოდინება, ალბათ.

არა უშავს, მე მაინც გიცანი :დდდდ
დიახ, განუკითხაობა და სისასტიკეა ნამდვილად... იყო ასეთი დრო და ალბათ მუდამ იქნება. ანდრეისათვის კი ეირინი კი სამ სიტყვაში გამოიხატება: სიძვის დიაცი, მეომარი დიაცი და ურჯულო. აქ მორჩა ყველაფერი მისთვის, ეს ქალი მისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ქალად, როგორც რიგით ურჯულოს, ისე უყურებს.
ოო, მიხარია, რომ დაგაინტრიგა smirk smirk ვნახოთ საით წაგვიყვანს ეს ბოლო ნაწილი.
აბა ვნახოთ თუ მოვახერხებ :დდდ
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3

 



№14  offline წევრი An-El

მმმ ეს ვინ დაბრუნებულაოო,გამიხარდა შენი დანახვააა :) უკვე ვიცი რო ფრიად საინტერესო და შენებურად გემრიელი იქნებააა :* გელი გელი მოგელიიი :*

 



№15 ახალბედა მწერალი linda

An-El
მმმ ეს ვინ დაბრუნებულაოო,გამიხარდა შენი დანახვააა :) უკვე ვიცი რო ფრიად საინტერესო და შენებურად გემრიელი იქნებააა :* გელი გელი მოგელიიი :*

მიხარია, რომ გაგიხარდა <3 უღრმესი მადლობა! heart_eyes heart_eyes

 



№16  offline წევრი მოცინარი

ანდრეი, შენ რა მოკალი ის?! :O ტეტააა რავარი ქვა ყოფილა აგი >:( ეირინს აგი უნდა შეუყვარდეს? :/ ' ძალიან ოქრო ხარ' :დ :* იმედია მოლბა ცოტა :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent