შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული- ნაწილი 1


9-07-2017, 17:25
ავტორი ჟიზელი
ნანახია 451

დანაღმული- ნაწილი 1

(პროლოგი)
" რა ვიცოდი,თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა.რომ მცოდნოდა კიდეც,შევძლებდი ამ ბედნიერების შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას? მაშინ რომ მივმხვდარიყავი,ეს ადამიანის სიცოცხლეში ყველაზე სანუკვარი გაელვებაა-მეთქი,შევეცდებოდი კი,იღბალს (თავიდანვე) ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა."
- ორჰან ფამუქი



__________________________________
ბებიას სახლი ამსტერდამის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგა. ქალაქის აღმოსავლეთით,განაპირა მხარეს მუდამ ცაცხვის სუნით გაჟღენთილ პატარა უბანში,რომელიც ვიწრო,საკმაოდ გრძელ და მომწვანო არხს ზუსტად გაეყო შუაზე. ხასხასა მწვანე ხავსს ჰქონდა გადაფარული ამ არხის ბეტონის კიდეები და წყალიც დაუკითხავად ირეკლავდა მის მიმზიდველ ფერს,განსაკუთრებით მაშინ,როცა შემოდგომის ღრუბლიანი დღეები იდგა ქალაქში. მასთან სტუმრობა ყოველთვის მიყვარდა შემოდგომისას .ჯერ მონატრებულ ქუჩას ჩამოვუვლიდი, ერთმანეთზე მიჯრილი ფერად-ფერადი სახლების ჩანახატებს გავაკეთებდი ჩემს ალბომში, მერე არხის პირას , ცაცხვის ვეებერთელა ხეებს შორის ჩამწკრივებულ ველოსიპედებს ქართულ ენაზე გადავითვლიდი და ბოლოს ბებიას შინდისფერსახურავიანი, ყავისა და რძის ფერებში გაზავებული,მსუქანა სახლის წინ ავისვეტებოდი სახეზე ფართო ღიმილით. უცნაურია,მაგრამ ამას ყოველ ჩამოსვლაზე ვაკეთებდი. მაიამი სულაც არ იყო ასეთი მყუდრო და სიყვარულისფერი,მელანქოლიური ადგილი ჩემთვის . მე კი ეს მომწონდა ყველაზე მეტად "ფერადი სახლების" ქუჩაზე,სადაც შემეძლო მუქი სტაფილოსფერი აგურით აშენებული, მოძველებული ხიდის კიდეზე საათობით ვმჯდარიყავი და მსოფლიოში ყველაზე დამთრგუნველი სიმღერების ფონზე მთელი გატაცებით მეხატა ჩემი მოთხრობების გმირები მანამდე ,სანამ აივანზე თავის სარწეველა,მოძველებულ ხის სკამზე მყუდროდ მოთავსებულ ბებიას არ შევნიშნავდი.კარგად ვიცოდი,როცა იქ ჯდებოდა სულაც არ იყო ამაღლებულ განწყობაზე და შვებას სადღაც,ყველაზე მაღალ ცაცხვებს გადაღმა ,ძალიან შორის,უსასრულობაში ეძებდა. თუ ის ცუდად იყო,მეც ავდგებოდი , ხატვას ვწყვეტდი და ჩემს საძინებელ ოთახში მანამდე ვიკეტებოდი,სანამ არ მომაკითხავდა, როგორც ყოველთვის, მოპირდაპირე ქუჩაზე ნაყიდი კარამელიანი დონატებით ხელში. თითქოს ამ ჟესტით ბოდიშს იხდიდა იმისათვის,რომ თავს უფლება მისცა და ფერფლისფერი,ზამთრის სუსხით გაჟღენთილი ლაბადა შემოიხვია თავიდან ფეხებამდე.
ფოთოლცვენა ახალი დაწყებული იყო, ისევ რომ დავბრუნდი ამსტერდამში. წითელ-ყვითელ ფოთლებს გადაეფარა არხის ორივე მხარეს მთელი ქუჩა, ჭაობისფერი ლივლივა წყალი,ზოგიერთი ფარდულის მოძველებული სახურავიც კი . ფერადი სახლები ისევ მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ მკრთალი ცის ფონზე. მე ისევ ნელა მივსეირნობდი მოიისფრო ყვავილებით მოხატულ, მელნისფერ პალტოში ჩამალული და არხის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ ველოსიპედებს, როგორც ყოველთვის, ქართულად ვითვლიდი. გაჭირვებით,თუმცა მაინც ქართულად .ბებია ისევ წითელმოაჯირებიან ,კვადრატის ფორმის აივანზე დამიხვდა.რა თქმა უნდა,ვერ შემამჩნია. მისი შვება ისევ სადღაც,გოლიათ ცაცხვებზე უფრო უზარმაზარ ღრუბლიან ცაში იშლებოდა შორ მანძილზე და სულაც არ აინტერესებდა რა ხდებოდა დედამიწაზე. სახლში ,როგორც ყოველთვის,იოლად შევაღწიე,რადგან კარები არასდროს მხვდებოდა დაკეტილი. შესვლისთანავე ჩემი მელნისფერი მოსაცნელი შემოსასვლელში უსწორმასწოროდ მივკიდე, პატარა ჩემოდანიც იქვე სარკიან სათავსოსთან მივდგი,წამში გავიარე მოგრძო,მუქი ბორდოსფერი ხალიჩით დაფარული ჰოლი და სასტუმრო ოთახის კარებთან ჩადგმულ ხის, ფართოსაფეხურებიან ,მრგვალ კიბეს სუნთქვაშეკრული ნელი ნაბიჯებით ავუყევი. აივნის კარზე აყუდებულს ღიმილი შემეპარა მის დანახვაზე . ისევ იქ იჯდა, რაღაცას ღიღინებდა ქართულად,რაღაც ისეთს,რომ წამის მეასედში ცხელი ტალღა ჩემს ყველა სასიცოცხლო ორგანოს მარწუხივით მჭიდროდ ,დაუნდობლად შემოეხვია და მერე მხურვალე,ვერცხლისფერ პატარ-პატარა ,მლაშე ბურთულებად წამსკდა თვალებიდან. ქარის ზუზუნში ყურს ვუგდებდი მის სევდას და უკლებლივ ყველა ტკივილნარევ სიტყვას ვარჩევდი. _
"სახურავებზე,სახელურებზე,
საფეხურებზე,ქვაფენილებზე -
დაფენილია თოვლი და მთვარე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი
და ისევ შენზე უნდა ვიფიქრო,
უნდა ვიფიქრო და დავიჯერო,
რაც დღეს არ მჯერა, რასაც ეს ჭერი
უკვე ამდენი ხანია უძლებს.
მე მინდა: ერთხელ დაგკარგო უცებ
და სხვანაირი გიპოვო მერე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი.
თეთრ ხეზე ჩიტებს დარჩათ ეჟვანი…
მე მინდა: შენი ფეხის ხმა კარებს
მთვარეში, თოვლში არ მოეჩვენოს
და გაიცინო, როგორც იცინი
ნამდვილად, სადღაც: ფიქრში თუ ძილში,-
თორემ მე დღესაც ვეღარ ვიძინებ
უცნაურ ეჭვით, უცნაურ შიშით.
ქვაფენილებზე,საფეხურებზე,
სახელურებზე,სახურავებზე,
დაფენილია თოვლი და მთვარე. " _
მღეროდა ხმადაბლა,ცრემლიანი ხმით, ცაცხვების შრიალის ფონზე და მეგონა,ისინიც ჩუმად განიცდიდნენ მასთან ერთად იმ წარსულის ყოველ წამს,რომელსაც ბებია ასე ჩაბღაუჭებოდა ამდენი ხნის შემდეგაც კი . მაშინ პირველად მივხვდი,რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ამდენი წლის ტანჯვის მიზეზი. სულ მთლად თეთრი,თოვლივით ქათქათა თეთრი თმები ისევ მოკლედ,ყბების გასწვრივ სწორად შეეჭრა.თავიდან ფეხებამდე შავ-წითელი კუბიკებით დაფარულ, ფოჩებიან ნაქსოვ თხელ საბანში გახვეულიყო და ღიღინ-ღიღინით სიფრიფანა მხედველობის სათვალეს შუშებს საგულდაგულოდ უწმენდდა. ვეღარ მოვითმინე და აივნის კარებს ორივე ხელით ჩაბღაუჭებულმა სიტყვები ძლივს ამოვაძვრინე ხორხიდან.
- ოდესმე მომიყვები ? _ ვკითხე ფრანგულად.ჩემი ხმა ჰაერში ათას ნაწილად,ზამთრის ძილივით მშვიდად გაიფანტა.არაფერი უპასუხია.ალბათ ვერც გაიგო ან რას გაიგებდა,ღრმა ფიქრებში პირდაპირ თავით იყო გადაშვებული. უკიდეგანო სივრცეში მთელი თავისი არსებით ლივლივებდა . ჩემთვის კი მისი ფიქრები რატომღაც ყოველთვის შემზარავ უფსკრულთან ასოცირდებოდნენ.
- ციაკო ოდესმე მომიყვები ასე რა გაწუხებს? _ ამერიკული აქცენტით გაჟღენთილი ქართული სიტყვებით ახლა უფრო ხმამაღლა ,ენის ბორძიკით გავუმეორე შეკითხვა ბებიას. თითქოს გამოერკვაო მშობლიური ენის გაგონებისას,სწრაფად შემოტრიალდა გაკვირვებაშეპარული თვალებით.
- ღმერთო ჩემო,ჟიზელ.ჩამოხვედი ? როგორც იქნა ჩამოხვედი. _ საბანი ერთი ხელის მოსმით გადაიძრო,ჩემს გაწვდილ ხელებს წამში შეეგება და მთელი სახე გახარებულმა გადამიკოცნა. სიცილი ვერ შევიკავე. ხმამაღლა იცინოდა ისიც. საერთოდ,სულ არ იყო შეცვლილი. კანი ისევ მცხუნვარე მზეზე დაბრაწული ჩალისფერი ჰქონდა.შუბლზე ისევ ორი გრძელი ,არც ისე ღრმა ხაზი გასდევდა ლამაზად , შავი თვალები ისევ ოსტატურად მოეხატა შავივე საღებავით. ღმერთო, რა ლამაზი იყო ეს ქალი. მიუხედავად ჭაღარისა მაინც არ კარგავდა ეგზოტიკური,აფრო-მერიკელი მიმზიდველი ახალგაზრდა გოგონას შეხედულებას.
- როგორ მომწონს შენი ტატუ რომ იცოდე._ საჩვენებელი თითი ფრთხილად გადავუსვი მარჯვენა წარბს ზემოთ ერთი მეორეზე პატარა,უკვე კარგახსნის გაცრეცილ,ზღვისფერ სამ წრეს.
- თავის დროზე მეც მომწონდა. _ მიპასუხა გაღიმებულმა. აქ ძალიან ცივაო მოიმიზეზა და ხელჩაკიდებული შემიყვანა შიგნით.
იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ.ყველაფერი აინტერესებდა ჩემი ცხოვრების შესახებ,ყველა დეტალი,უმნიშვნელოც კი. ერთმანეთის პირდაპირ ვისხედით მოძველებულ ,ჩუქურთმებით გაწყობილ ძველ სკამებზე და რაც თავში მომდიოდა სულ ყველაფერს ვლაქლაქებდი. მე ცხელ-ცხელ , ქაფ-ქაფა ლატეს ვსვამდი დიდი რძისფერი ჭიქით,ის ღია,მომწვანო-მოყვითალო ,თავისივე მოკრეფილი ცაცხვის ჩაის. ჩემი ამბების მოსმენისას გულიანად გაეცინა ჩემს მრავალეროვნებაზე. "საერთაშორისო ბავშვი ხარ,ჟიზელ." _მიმეორებდა ხშირად. მართლაც ასე იყო. მიუხედავად იმისა,რომ აშშ-ში ვცხოვრობდი მშობლებიც და ბებია-ბაბუაც ყველა სათითაოდ სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ წარმოშობით. მთელი დღე გავლიეთ საუბარში.შემოვიარეთ ბებიას მონატრებული საქართველოც,ბაბუას ელეგანტური საფრანგეთიც,დედას მშობლიური ლუქსემბურგიც,გადავწვდით მამას ავსტრალიასაც და ჩემს ამერიკასაც,მაგრამ მე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა ეს მისი ცხოვრების ადრეული ხანა იყო,რომელზეც არასდროს არავისთან საუბრობდა. ყველაზე სანუკვარი გაელვება და ამავდროულად ყველაზე დიდი სევდა,ყველაზე დიდი ყინულის ბასრი ლოდი მის გულზე.
რამდენიმე დღე ამსტერდამის ქუჩებში ბოდიალით გავლიე ფოტოაპარატით და ჩამწერით ხელში . ერთი საინტერესო საიტი მქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებიბჩვეულებრივი ადამიანების შესახებ ,რომლებსაც მოგზაურობისას ქუჩაში ვაჩერებდი,ფოტოებს ვუღებდი და მათ ამაღელვებელ,სასაცილო ,გულისამაჩუყებელ ისტორებთან ერთად ამ საიტზე ვათავსებდი. დიდ მოწონებასა და ინტერესს იმსახურებდა ხალხისგან ჩემი საქმიანობა .მეც მეტი რა მინდოდა,მშვენივრად ვკლავდი დროს,როცა მოწყენილობისგან არ ვიცოდი რა მეკეთებინა . მიყვარდა ველოსიპედით სეირნობა არხების ნაპირებზე, მომაჯადოებელი ფერის ყვავილების თვალიერება სრულიად უცხო ადამიანების აივნებზე,პატარა კაფეში ჟელატინიანი ნამცხვირს დაგემოვნება ლატესთან ერთად და ფიქრი იმ ხალხე,რომლებიც ჩემს ობიექტივში ხვდებოდნენ.
ციაკოს დილა-საღამოს თუ ვნახულობდი ხოლმე,მანამდე, სანამ ერთხელ ძილბურანში გახვეულს კარზე არ მომიკაკუნა. იმ დღეს სეირნობამ ძალიან დამღალა,ფეხის კუნთები ისე მაწუხებდა ,მეგონა ტკივილისგან წვივები მტვერივით წმინდად დამეფშვნებოდა. რატომღაც პირველი რაც მომაფირქდა ნამდვილად ცუდადაა და ჩემი დახმარება სჭირდება-მეთქი,სხვა შემთხვევაში არც საჭმელად მაღვძიებდა და არც რაიმე სახლის საქმისთვის. ელვის სიწრაფით წამოვხტი და დაბორიალებულმა,გაფართოებული გუგებით მთელი ძალით ჩამოვწიე კარის ცივი სახელური. ბოლომდეც კი არ მქონდა გახსნილი, სულმოუთქმელად რომ მითხრა : _
- მოგიყვები.ოღონდ თბილად ჩაიცვი.აივანზე ცივა. _მტკნარი წყალივით დამშვიდებულმა შევხედე ამ სიტყვების გაგონებისას,თუმცა თავიდან ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა და გაურკვევლობისაგან მოღრეცილი სახით ,თავის ოდნავი გაქნევით ვანიშნე რას მომიყვები-მეთქი. თავბრუ ისე მესხმოდა სწრაფად ადგომისაგან,აზროვნებაც აღარ შემეძლო.
- ხომ მკითხე ოდესმე მოგიყვებოდი თუ არა? ხოდა დღეს მოგიყვები,თუ რა თქმა უნდა , სხვა გეგმები არ გაქვს. _ გამიცინა გამომწვევად და ისევ ის კუბიკებიანი პლედი უფრო მჭირდოდ შემოიხვია მხრებზე.ელდა მეცა ,კიდევ უფრო დავაჭყიტე თვალები ენაჩავარდნილმა. ისე შევყურებდი,თითქოს წინ მრავალი წლის წინ დაღუპული, მდიდრულად მორთული ტიტანიკი მედგა უვნებელი და სახსალამათი.
- გინდა თუ არა? _ ქართულად მკითხა გაბეზრებული სახით და ოდნავ უკან გადაიზნიქა იმედგაცრუების ნიშნად. თითქოს ცხვირში ნესტის მჭახე სუნი მეცაო,თავი სწრაფად გადავაქნიე დამფრთხალმა.
- რა თქმა უნდა,აივანზე დამელოდე._ ვუთხარი მტკიცედ, ჩემი პატარა ჩამწერი ჯიბეში ჩავიგდე და ცოტა ხანში სწრაფი ნაბიჯებით გავემართე იქით,საითაც მელოდა. ჩემთვის არც შემოუხედავს ისევ ათასობით მთვარის გადაღმა იყურებოდა საკუთარ წარსულ დღეება და ღამეებში.
- ქართული ხომ არ დაგავიწყდა? _ მკითხა მერე უზადო ფრანგული აქცენტით.
- არა. ნებისმიერ ენას დავივიწყებ,ოღონდ არა შენსას. _ გამეღიმა მის კმაყოფილებით სავსე მიმიკაზე.
-ყველაფერს ქართულად მოგიყვები.
სხვა ენაზე არ მინდა._გამარკვია სიტუაციაში მაშინვე ,გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილივით ერთი ღრმად ამოიოხრა და ცაცხვებს ძლივსმოწყვეტილი გამომცდელი მზერა დაუბრკოლებრივ გამისწორა.
- რა იცი ჩემზე გარდა იმისა,რომ საქართველოში დავიბადე? _ სათვალიანი ხელი ჩემსკენ გადმოხარა და მთელი ტანით შემოტრიალებული დიდი ინტერესით დაელოდა ჩემს პასუხს . მივხვდი ,ვერ ხვდებოდა ,საიდან უნდა დაეწყო მოყოლა.
- მე.... ,_ თავდახრილი ჩავფიქრდი , _ მე შენი ნამდვილი გვარიც კი არ ვიცი ციაკო. _ წამოვიძახე კიდევ უფრო მეტად გაღიმებულმა და რატომღაც შავ კაბაში მკვეთრად გამოჩრილ მის მუხლებს დავაშტერდი, თითქოს მაშინ გავაანალიზე ,თუ რა ცოტა ვიცოდი იმ დადამინზე,რომლის ჩახუტებაც ისე მიკურნავდა სულს,როგორც ჯადომოხსნილ მთავარ პერსონაჟს ფენტეზის ჟანრის ფილმებიდან.
- ციაკო მორელ, _ დემონსტრაციულად წარმოთქვა თავისი სახელი , _ რა საშინლად ჟღერს არა? _ გაეცინა ხმამაღლა.
-შენი ქართული სახელი და ბაბუას ფრანგული გვარი საინტერესო ნაზავია,რატომაც არა? _ ჩემი პასუხის მოსმენისას თავისი ყაყაჩოებიანი შავი ქუდიდან გაღიმებულმა შემომაპარა გამთბარი მზერა და მაშინ კიდევ ერთხელ გავივლე ოცნება მისნაირ სილამაზეზე. იასამნისფერი ტუჩსაცხი მის ღიმილს მართლაც უფრო უნაკლოს და გამაბრუებელს ხდიდა . ქათ-ქათა თმა მარჯვენა ყურზე ხელის მკრთალი მოძრაობით გადაიწია და თვალები ისე მინაბა,თითქოს იმ წამს შოპენის "ფანტაზიას" უსმენდა შემოდგომის ჭექა-ქუხილიან,გრილ საღამოს და სიცივის მეტი ამ ქვეყნად არავინ და არაფერი ადარდებდა . ეტყობოდა,ესიამოვნა ნერვებისმომშლელად დახლართულ ძაფის გორგლალს რომ მიმიგავდა გონება მისი ამბის მოლოდინში.
- მაშ ,იყოს ასე. _ თქვა ბოლოს და წამში ერთიანად გამოცვლილი, გაწყალებული, წაშლილი სახით მომაჩერდა . ძალიან მინდოდა სიტყვა-სიტყვით მეთარგმნა მისი სულის ენა,მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი,რომ ცხრამეტი წლის ასაკში ძალიან გამიჭირდებოა ღრმად, თითქმის ფსკერამდე ჩავწვდომოდი იმ ისტორიას,რისი მოყოლაც ასე მამაცურად გადაწყვიტა იმ დღეს . კარგად ვიცოდი,უკვე დიდი ხანი იყო,რაც ციაკოს ცა სულაც აღარ ანათებდა ლაჟვარდისფრად და მაშინ,სწორედ იმ აივანზე, შემიპყრო საზიზღარმა შიშმა,რომელიც მუცლის არეში ეგოისტურად მოთარეშე ყრუ ტკივილს სავსებით წააგავდა და მოსვენებას უმოწყალოდ მიკარგავდა. რაღაც ისეთი მიფორიაქებდა სულს,რაღაც ისეთი რისი თავი და ბოლოც ვერაფრით აღმომეჩინა და მაინც, მე გულისამრევად მეშინოდა ციაკოს წვეთ-წვეთად ნაგუბარი ყველა ქრონიკული ტკივილის, სხეულის ყველა სისხლძარღვში ჩაყინული გაბაბრუებელი , მომაკვდინებელი შხამის - მისი წარსულის. ერთი ვიცოდი, განსაკურნებელი წამალი მისთვის მე სულაც არ მქონდა. მისი შველა იმ ადგილს შეეძლო, იმ ადგილს,სადღაც იმ ოხერი ცაცხვების გადაღმა ,სადღაც დედამიწიდან შორს და ვინ იცის,ვისთან რა ძალიან ახლოს. ფიქრებიდან მისმა დამთბარმა ხმამ გამომიყვანა და დაიწყო თუ არა თხობა, ხმა აღარ გამიღია ზედმეტად.

- მაშინ ყველაზე მეტად სუსხიანი,მოქუფრული ოქტომბერი იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.მახსოვს, ჩემი ხელით მოქსოვილ ყვითელ კაშნეს ყელიდან არ ვიშორებდი, ისე მეშინოდა ავად გახდომის . ვეღარ ვუძლებდი ჭექა-ქუხილიანი საღამოებით გამოწვეულ ნოსტალგიებს. ფერფლისფერ ცას და თითქოს სულგამოცლილ ბუნებას თითქმის ჭკუიდან გადავყავდი. მთელი დღე სახე ჩამომტიროდა და ყელშიამოსულ ამინდზე დაუღალავად ვწუწუნებდი. შეუწყვეტელი წვიმების მიუხედავად, აკვიატებული მქონდა,რაც არ უნდა მომხდარიყო ,თვის პირველ კვირაშივე მოვუღებდი ბოლოს ამ უაზრო განწყობას. ჩემი უნივერისტეტის მეგობარმა - თინამ,არ დააყოვნა და ერთ საღამოს ჩემი კარის წინ ასვეტილმა გამომიცხადა,ვიცი როგორც უნდა გავხალისდეთ და უარი არ გამოვაო. მაშინვე მივხვდი,რომ ჩვეულად, რაღაც არანორმალური გამომიჩხრიკა და ჩემი საქმე ნამდვილად არ იქნებოდა კარგად.
- სახლში შემოდი. ტუჩები სულ გალურჯებული გაქვს. სულ გადაირიე არა? ეს თხელი ჯინსის ქურთუკი რომ შემოგიცვამს.შენთვის ალბათ საერთოდ არ უთქვამთ,რომ ცივა-მეთქი_ დავტუქსე და საყვედურებით ახუნძლული კარში შემოვატარე. გულწრფელად შემტკიოდა მის არანორმალურობაზე გული და ცოტა ვბრაზდებოდი კიდეც,მაგრამ შესანიშნავად ვიცოდი,ეს სულაც არ ადარდებდა.
- გეყოფა რა. _ ხელის აქნევით ჩაეშვა სავარძელში, ტალახსა და წვიმაში შეზელილი ერთი ფეხი სახელურზე უდარდელად გადადო და დინჯად გააგრძელა საუბარი .
-წეღან ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვიჯექი,წვიმის ხმას ვუსმენდი და ვფიქრობდი,რა სასტიკად გვეპყრობა ეს ბუნება მე და შენ. ხოდა , ცუდი არ იქნებოდა,თუ ერთხელ ვცდიდით.
-რას? _გამეცინა მის გახარებულ სახეზე.
-გაფრენას. მოკლედ, ხვალ ჩვენ რაზიკაშვილის ხიდიდან გადავხტებით. _ ჩემს გაკვირვეულ სახეს რომ შეეჩეხა, ნიშნისმოგებით დაამატა თოკებითო. რა თქმა უ დაჩემგან ცივი უარი მიიღო, არ მინდა-მეთქი ვუმეორებდი დაუღალავად და რა არგუმენტი აღარ მომყავდა,რომ გადაეფიქრა,პოტენციურ გულის წასვლასა და შიშის გარდაუვალ განცდას გადავრჩენოდი,მაგრამ არაფერმა მიშველა.
- როგორ არა. _ იყო მისი აუღელვებელი პასუხი ჩემს ყოველ უარყოფის ნიშნად გაქნეულ თავზე და მეორე დღეს ორივე გალაქტიონის გამზირს მივუყვებოდით. მე ჩემი შავი პალტოთი,ყვითელ კაშნესა და ამავე ფერის ბათინკებში გამოწყობილი,ის კი თხელი ტყავის შარვლითა და წინა დღის ჯინსის ქურთუკით. უდარდელი გოგო იყო თინა. იმდენად უდარდელი ,რომ ამას მის სიარულის მანერაშიც კი ამოიკითხავდით. მგონი ყველაზე და ყველაფერზე მეტად თავისი შავი,ტყავის ვიწრო ყელსაბამი უყვარდა,რომელსაც ყელიდან არც ერთი წამით არ იშორებდა. ამბობდა, ჩემი ძალა ამ ყელსაბამშია და მის გარეშე მე სულაც არ ვარ თინა კანდელაკიო. ასეთი უცნაური ამოჩემება იცოდა ნივთებისა და ადამიანების,ასე გავჩნდი მის ცხოვრებაში მეც . უნივერსიტეტის პირველი კურსის პირველი დღიდანვე ერთად ვიყავით.არ ვიცი რა ნახა ჩემში განსაკუთრებული ამ თავქარიანმა, თავისუფლების მოყვარულმა გოგომ ან მე რა მომწონდა მასში ასე ძალიან,მაგრამ ფაქტია,ჩემთვის იმაზე მეტად ასოცირდებოდა მხსნელის ცნებასთან ,ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი ადამიანი ჩემ გარშემო. ის ,რომ არა ,შეიძლება თვეები ისე გასულიყო,რამეზე გულიანად არ მეცინა. მასთან მართლაც ვერასდროს მოიწყენდი. უყვარდა ქუჩაში ცეკვა და ათასი მსგავსი სისულელე. მადლიერი ვიყავი,რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდა მოკლეთმიანი,ზომაზე მეტად გამხდარი, მუდამ შავი ყელსაბამითა და ათასი სიგიჟით გამოწყობილი გოგო. ალბათ, მე მისი ხასიათის მხიარული,ნათელი მხარე მიზიდავდა,მას კი პირიქით,მოსწონდა ჩემი პესიმიზმით გაჟღენთილი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. უნდოდა,ჩემთვის ის მოეცა,რაც ასე ძალიან მაკლდა - საკუთარი თავის სიყვარული. ამიტომ მაიძულებდა იმ დღეს ხიდიდან გადახტომას დიდი მონდომებით. განიჟებული მარწუნებდა ისეთი სქელი,თოკია,აი ისეთი,რომ სპილოსაც გაუძლებსო. იმ წუთად ფაქტი ერთი იყო, თინა უკვე იმ ადრენალინის ბურუსში გახვეულიყო,რაც მეც გარდაუვლად უნდა გამომეცადა და მარწმუნებდა,რომ ამაზე მაგარი შეგრძნება არცერთი მოტო-რალის დროსაც კი არ განუცდია არასდროს.
- კარგი რა. ერთი დღე იყავი პატარა ჩიტუნა,რა იქნება? _ იქნევდა ორივე მკლავს ჰაერში დაუღალავად.
მე კიდევ აკანკალებული ხმით ვუმტკიცებდი,რომ ეს თოკი მაინც და მაინც მე გამიწყდებოდა და ყველაზე საშინელი სიკვდილით მოვკვდებოდი,რაზეც კი ოდესმე მიფიქრია ძილისწინ.
- და ინსტრუქტორთან ერთად რომ გადახტე? _ დენდარტყმულივით წამოიძახა მოთმინებაამოწურულმა.
- არა.
- რატომ ? _ შეიცხადა მაშინვე ჩემი ცივი უარი.
- მერე უფრო არ გაწყდება თოკი შე თავქარიანო ?_ წამოვიყვირე მოთმინება დაკარგულმა.
- სამაგიეროდ მარტო შენ არ მოკვდები. _ გაშალა ხელები დიდი აღმოჩენის ნიშნად. მის საქციელზე როგორცვე გამეცინა, ჩათვალა ,რომ უკვე თანახმა ვიყავი და ერთ- ერთ ინსტრუქტორს სთხოვა,ჩემთან ერთად გადამხტარიყო. ათ წუთში ფეხებზე უკვე სქელი თოკი მქონდა მჭირდროდ შემოხვეული და შიშისაგან აწურული თინას საწყლად მივშტერებოდი. ვნანობდი იმ ხიდიდან რომ გადავიხედე. ქვის დიდი ლოდები თითქოს საზიზღარი,შემზარავი სიმახინჯის მქონე ადამიანების სახეს იღებდნენ და სიკვდილით მემუქრებოდნენ. შიშისგან რა აღარ მელანდებოდა თვალდახუჭულს, ადამიანის მოახლოება რომ ვიგრძენი.
- გცივა და იმიტომ კანკალებ,თუ გეშინია?_ თვალისდახამხამებაში წინ ამეყუდა თინას შერჩეული ინსტრუქტორი.
- რა?
- რატომ კანკალებ? _ გამიმეორა მოკლედ.
- მცივა. _ მტკიცედ ვუპასუხე მე.
- აჰა,ესე იგი, ასე ძალიან გეშინია._ გაეღიმა საკუთარ აღმოჩენაზე და ერთი მხარისკენ თავგადაგდებული უცნაურად მომაშტერდა.
- რა იყო? _ ვკითხე მაშინვე.
- ეგ კაშნე გიყვარს?
- ძალიან. _დაბნეულმა ვუპასუხე.
- ხოდა მოიხსენი.არ მგონია, გადახტომისას კისერზე შეგრჩეს. კაშნე მართლაც მოვიხსენი და მოაჯერზე უდარდელად მიყრდნობილ თინას მივაჩეჩე. ცივმა ქარმა კიდევ უფროდ მეტად დამიარა ტანში და პანიკამ ერთიანად ამიტანა. უკვე კივილს ვაპირებდი თოკები მომხსენით-მეთქი ,ისევ რომ გამიბა საუბარი და თითების ჰორიზონტალური ქნევით მანიშნა მოდი ჩემთანო.
- რატომ?
- მოდი..ჩემთან. _ ისევ ხელით მანიშნა მასთან ახლოს,რომ მივსულიყავი. ფეხი არ მომიცვლია ადგილიდან. გაბეზრებულმა ამოიოხრა.სწრაფად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი და ერთიანად მომიქცია თავის მკლავებში. უცნაურად მეტკინა გული,არა ისე როცა გაწყენინებენ ან გაგაბრაზებენ, ფიზიკურად განვიცადე ის ტკივილი. ასე მეგონა, ჩემს თავზე დაყრდნობილი ბიჭის ნიკაპი და საფეთქელზე მოდებული მისი თბილი კანი ,პირდაპირ ჯანდაბაში მგზავნიდა. ასეთი სინდრომებით დახასიათებული დაავადება რომ არსებულიყო ,მაშინ მე ვიქნებოდი ბოლო სტადიაში მყოფი პირველი ავადმყოფი. იყო კიდეც ეს დაავადება. მახსოვს სუნთქვა შევწყვიტე. არ ვიცოდი რა გამეკთებინა,ხელები სად წამეღო. ის კი არა და არ მიშვებდა ხელებს. გონს თინას დაძახებამ და მისმა ირონაშეპარულმა გამომეტყველებამ მომიყვანა.
- შეგიძლია ამოისუნთქო. _ მითხრა ერთი წამის წინ ჩემთან ჩახუტებულმა და ერთი მეტრის სიშორეზე დამშორდა. ღრმად ამოვისუნთქე. მიუხედავად იმისა,რომ მომშორდა,მაინც ვგრძნობდი მის შეხებას. თითქოს მისი ნაწილი სხეულში ჩამადნა. უცნაურია არა? სახელიც კი არ ვიცოდი მისი. ის კი არა , იქიდან რომ ქუდმოგლეჯილი გამოვქცეულიყავი და მერე გეკითხა,ამიღწერე როგორ გამოიყურებოდაო, ვერაფერს გავიხსენებდი. იმდენად დამაბნია,ვუყურებდი და ვერც კი აღვიქვამდი მის ნაკვთებს.
- რას აკეთებ? _ ამოვილუღლუღე გაოცებულმა და ხელები სასწრაფოდ უკან წავიღე,კანკალი რომ დამემალა.
- შენთან ერთად ვხტები ასეა არა? შენ მაინც გეშინიოდა . ხოდა მოგიხსენი ეგ შიში. _გამიღიმა და გულმოდგინედ მიუბრუნდა საქმეს.
- ჩახუტებით?
- ჩახუტებით. ახლა ხომ მენდობი ?
- გენდობი._ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ფეხებზე მობმულ წითელ თოკს ისე დავაშტერდი,თითქოს მის მაგივრად და ვინჩის „მონალიზა“ იდო ძირს.
- მე ტიტე._ თოკების შემოწმება დაესრულებინა და ხელს მიწვდიდა.
- ცირა._ ვუპასუხე მეც. ისეთი თბილი ხელები ჰქონდა,მის შეხებაზე კიდევ უფრო მეტად ამაკანკალა. ამაზეც გაეცინა. ყველაფერზე იცინოდა და მე კიდევ უფრო საფუძვლიანად მასწავლიდა ჯანდაბის გზას,განსაკუთრებით მაშინ,როცა მასთან ჩახუტებული 150 მეტრის სიმაღლიდან ვხტებოდი და არაფერი,საერთოდ არაფერი იყო მაშინ ისეთი ჯადოქრული,ვიდრე ის ფრენა მასთან ერთად.
***
რთი რამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ჟიზელ,თავად სასწაულებსაც სჭირდებათ ცოტაოდენი დრო,რომ რაც შეიძლება ხმაურიანად შემოგლიჯონ სასოწარკვეთილებით დახავსებული და გულისდაწყვეტით აყროლებული სულის კარები. იცი რა გრძნობაა,როცა ჯოჯოხეთურად შემზარავი რეალობა,რომელიც ზომაზე კიდევ უფრო მეტად გტკენს გულს,ერთ წამში გაცამტვერდება? როცა მიხვდები,რომ ის რაც შეუძლებელი გეგონა,სულაც არ ყოფილა ისეთი მიუწვდომელი ,როგორც ოლიმპოს მთაზე დამკვიდრებული ლეგენდარული ღმერთი - ზევსი.
მაშინ,იმ ძველ ხიდზე ,რომ ვიდექი,ახლა უკვე ფრენისაგან გვარიანად აღფრთოვანებული და თავზე გაორმაგებული დოზით ეიფორიადაბერტყილი, ერთი წუთის განმავლობაში მეგონა,რომ ახლახანს გათიბული ხასხასა ბალახის არომატი მისი შეხედვისას რომ ვიგრძენი, კანქვეშ ,სავარაუდოდ შუბლის ყველაზე უფრო ფართე და მეწამური,მლანტი სითხით გატენილ ძარღვთან შეუმჩნევლად შემიძვრებოდა და იქიდან ყველაზე სწრაფ ატრაქციონზე უფრო სწრაფად,იქნებ სინათლის სიჩქარითაც კი მოედებოდა ჩემს მთელ არსებას და ნარკოდამოკიდებულივით შემზარავად საცოდავს გამხდიდა.იქ დგომისას და მასთან ერთად ფრენის გახსენებისას დროის შეგრძნება დავკარგე,თითქოს საათის ისრები უკან იწევდნენ და მერე ჩვეულ მუშაობას დაბრუნებულნი რამდენჯერმე იმეორებდნენ ამ სასიკვდილო მანევრს. მაშინ,ჩემს ცხოვრებაში პირველად,გავიფიქრე,რომ არანაირი აზრი არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს,თუ ვინმე ისეთის გარეშე იარსებებ დედამიწაზე,ვინც დროის განზომილებებში უგვზოუკვლოდ ხეტიალის საბაბს გაძლევს, ვინც თავგზას გიბნევს. ამან სასტიკად შემაშინა. დროის შეგრძნების დაკარგვა პირდაპირ კატასტროფასთან ასოცირდებოდა ჩემთვის,რადგან ამ შეგრძნებას მაშინ განიცდიან,როცა თავს ვინმესთან ფანტასტიკურად გრძნობენ. სულაც არ მინდოდა ასეთ გრძნობას ჩემთვის ტვინი გამოერეცხა,სულაც არ მინდოდა პლანეტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი - "პატრისია" პირდაპირ ჩემი მკერდის არეში, მფეთქავი ორგანოს ადგილზე სამუდამოდ დაგუბებულიყო და ცალმხრივი ნაკადის შემთხვევაში,იქაურობა გამწარებული გლადიატორების ნაომარს დამსგავსებოდა.არ მინდოდა რომის კოლიზეუმის არენად მექცია ჩემი გული,რადგან რეგენერაციის უნარს ნამდვილად არასდროს ვფლობდი. ვუფრთხოდი ყველაფერს,რაც აზროვნების უნარს დამაკარგვინებდა. არ ვიცი,როდის ან რატომ ჩამომიყალიბდა ასეთი დამოკიდებულება,მაგრამ ფაქტი ერთი იყო, იმაზე მეტად მეშინოდა ბედნიერების, ვიდრე ნორმალურ ადამიანს შეიძლება შეეშინდეს. სწორედ ამიტომ ჩავავლე ხელი თინას და რაც შემეძლო სწრაფად,გამომუმშვიდობებლად გადმოვაღწიე ხიდის არეალიდან. მეგონა იმ ადგილს თუ გავეცლებოდი,სულაც აღარ შემეყრებოდა ის ათასი ტანჯვისა და ათი ათასი თვითგვემის სინდრომი,სიყვარულს რომ ეძახიან.
მივდიოდით მე და ჩემი მეგობარი და ზუსტად ვიცოდი,რასაც გავურბოდი მიუხედავად იმისა,რომ დიდი ალბათობით, ის ბიჭი სულაც არ იყო ჯადოსნური,ლურჯი ცის ქვეშ გადაწოლი ფეთქებადი ნივთიერებებით დანაღმული მწვანე,ხასხასა მინდორი,რომელზე გავლაც გულის სიღმეში ყველაზე მეტად მინდოდა.
ტაქსის გაჩერებას გულმოდგინედ ვცდილობდით მე და თინა, არსაიდან რომ გამოჩნდა და თეთრი,უსწორმასწოროდ ამოხეული,პატარა ფურცლის ნაგლეჯი უხმოდ გამომიწოდა.
- ეს რა არის? _ მკაცრი ხმით ვკითხე,თითქოს მისმა გამოჩენამ საერთოდ არ მომიდუნა მუხლები. მახსოვს ,თვალით როგორ ვეძებდი სადმე ჩამოსაჯდომ ადგილს და ვერაფერს ვპოულობდი. გონებადაკარგულს ხელში მეჭირა ფურცელი ,რომელზეც გარკვევით ეწერა მისი სახელი და გვარი - ტიტე სანიკიძე, მისივე მობილური ტელეფონის ნომრის პარალელურად.
-ვიცი, ცაცია ვარ და ამის გამო ლამაზი ნაწერით ვერ ვამაყობ. _ შემომცინა ჩვეულად. კარგად ვხედავდი,როგორ გადაურბინა ნერვიულობის ყინულოვანმა ტალღამ სახეზე და გამომეტყველება ერთიანად გაუფერმკრთალა. თითქოს მესიამოვნა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა და გულგაკეთებულმა მკაცრი ტონითვე ვუპასუხე კარგად იცი,რაც ვიგულისხმე-მეთქი. სიცივისაგან აბუზული თინა უკვე მოშორებით,რამდენიმე ნაბიჯით წინ იდგა . კარგად ვხედავდი, ხელბში საკუთარი ქუდი ჩაებღუჯა და გასაოცარი ბედნიერების გამომხატველი მიმიკით იღიმოდა. ამის გამო, უფრო გაღიზიანებულმა ფურცელი უკან გავუწოდე და თამამად შევაშტერდი სახეში. გული ისევ გაზაფხულის ძლიერი ქარისგან შეწუხებული სუსტი ატმის ხესავით გადაიხარა მარჯვენა მხარეს , მოგრძო,აპრეხილ წამწამებში ვიწროდ მოქცეულ ,მზის სხივებზე შემთბარ მკვახე ყურძნისფერ თვალებს რომ გადავაწყდი.
- შენც არაჩვეულებრივად ხვდები რისი ჟესტია,როცა ვიღაც უცხო ბიჭი გამბედაობას ძლივს იკრებს და ხელში თავის ნომერს გაჩეჩებს. _ სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაჰკრა. ეტყობოდა,ნასიამოვნები დარჩა აღფრთოვანებულმა რომ არ ჩავიჩურთე მისი კოორდინატები ჩიბეში.
- გამომართვი. არ მინდა._ ვუთხარი მტკიცედ.
- კარგი რა. _ გაეცინა უხერხულობისაგან დაძაბულს და ტყავისხელთათმანიანი ხელი შიშველ თავზე რამდენჯერმე სწრაფად გადაისვა.
- ვწუხვარ,მაგრამ ჩვენ იმაზე მეტად განვსხვავდებით ერთმანეთისგან,ვიდრე შენ გგონია._მოჩვენებითი დამწუხრებით ავზნიქე წარბები ზემოთ.ესე იგი წლების განმავლობაში საკამათო არ მოგვაკლდებაო _ გაეცინა ისევ.
- გინდა გითხრა რა იქნება მომავალში,თუ მე ამ ბარათს გამოგართმევ? _ გამეცინა მეც. არაფერი მიპასუხა,ვხვდებოდი ხელებგადაჯვარედინებული ყურადღებთ მისმენდა,ამიტომ საუბარი ისევ მე განვაგრძე.
- მე,რა თქმა უნდა, არ მოგწერ. შენ ჩათვლი,რომ ვმორცხვობ და ერთი-ორ დღეში როგორღაც ჩემი სახლის მისამართს გაიგებ და უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს ,შენი დანახვა გამიხარდება . მერე შევხვდებით. ბევრს ვისაუბრებთ,იქნებ უფრო შორსაც წავიდეს ჩვენი ურთიერთობა. მერე, სადმე გაიცნობ ლამაზ გოგოს,მოგეწონება,იმაზე მეტად ,ვიდრე ახლა მე მოგწონვარ. დაიწყებ მასთან შეხვედრებს ჩემგან ფარულად და ერთხელაც თქვენ ორნი მე გადამაწყდებით ქუჩაში მოსეირნეს. დაგშორდები. ეს დიდ გავლენას არ მოახდენს შენზე,რადგან მე მხოლოდ ერთი სევდიანი,სენტიმენტალური მოთხრობა ვიქნები შენს ცხოვრებაში,რომელსაც უფრო მეტი გოგოს მოსახიბლად ოსტატურად გამოიყენებ. მე კი,ალბათ მაგ უშენობას გადავყვები, რადგან ერთადერთი ნამდვილი გრძნობა ტკივილია. ესეც ჩვენი ბედნიერი დასასრული. შენნაირებს კარგად ვიცნობ. _ გავუღიმე გამარჯვებულის სახით,ასე მეგონა ჰარი პოტერის მაგივრად მე მოვაგებინე ქვიდიჩის გუნს თასი .საუბრის დასასრულს და მის უხმოდ წასვლასაც ველოდი შუბლზს განაპირას საჩვენებელი თითი რომ დაატრიალა რამდენჯერმე და მთელი სერიოზულობით მკითხა :
- შენ რა , გიჟი ხარ?
- თუ რეალიზმის ას პროცენტიან შეგრძნებას გიჟობად მოიხსენიებ,მაშინ ასეა. _ დავუდასტურე ნათქვამი.
- პირიქით. რაღაც საოცრად საშინელი, მტანჯველი ილუზიებით გაჟღენთილი კომფორტის ზონა გაქვს შექმნილი. უნდა გამოაღწიო მაგ ადგილიდან ,თუ გინდა რომ მარტო არ დარჩე მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, გესმის? წინააღმდეგ და საუკეთესო შემთხვევაში, მარტო იქნები და საკუთარ დაბადების დღეზე ერთადერთ საჩუქარს საკუთარი თავისაგან მიიღებ ხოლმე და როცა გარდაიცვლები,მეზობლის კატა ერთი კვირის მერე გვამის სუნზე მოგაგნებს. გადამხმარ ყვავილსაც კი არავინ მოგიგდებს, სამეზობლოში აკრეფილი ფულით ნაყიდ კუბოზე. აი,როგორია შენი რეალობა პოკაჰონტას.
- ნამდვილი ვირი ხარ._ წამოვიყვირე აღშფოთებულმა და სიმწრისგან ფეხი ისე დავარტყი მიწას,მეგონა იქვე გაიხლიჩემოდა ათას ნაწილად და შიგ ჩაგვიტანდა ყველას ერთიანად .
- აი,მე კი ვთვლი,რომ მდინარე შენში მიედინება. შეხვედრამე. _ მითხრა და კიდევ ერთი, ისეთივე ბარათი პალტოს ჯიბეში ჩამიტენა. წამში გაეცალა იმ ადგილს,სადაც გაცოფებული ვიდექი და მისი თავხედობის გადახარშვას ამაოდ ვდილობდი.ასე მეგონა,ყურებიდანაც კი სქელ ,მომწამვლელ ბოლს ვაფრქვევდი ჰაერში. თინა იდგა და სეირების მოყვარული არისტოკრატივით თავშეკავებულად იცინოდა. ცდილობდა,მის სიცილს უფრო მეტად არ გადავეყვანე ჭკუიდან. კარგად ესმოდა რასაც ვსაუბრობდით და მისი ენამახვილობით გახალისებული პირდაპირ ჩემს ჯიბეში ჩაძვრა. ფურცელს,რომ შეხედა კიდევ უფრო მეტად გაეცინა.
- არ შევმცდარვარ, ფსონი მაგ ბიჭზე რომ დავდე. _ შემომიტრიალა ფურცლის წარწერებიანი ზედაპირი,რომელზეც ჩემი მობილურის ნომერი ეწერა და სახე დამცინავად გადაებადრა . ასე მეგონა, მარცხით გაზავებულ პირამდე სავსე,საშინელი გემოს მქონე წვნიანის ჯამებს მიდგამდნენ წინ დაუსრულებლად და მის ჭამას ვერა და ვერ ვამთავრებდი . მანამდე,მასთან შეხვედრამდეც , შესანიშნავად ვხვდებოდი,რომ სამყაროში სიახლეების მოძებნით არასდროს ვიყავი დაკავებული. ყოველთვის წარმოდგენილი მქონდა ერთი და იგივე ბანალური სასიყვარულო ისტორია,ერთი და იგივე დასაწყისითა და დასასრულით,რომელიც ამ ქვეყნად ყველა წყვილს არაჩვეულებრივად ერგებოდა და სწორედ ამიტომ ვამბობდი უარს მოზღვავებულ გრძნობებზე. ვფიქრობდი,რომ ყველა სახლის ყველა კედელი ნაცრისფერი იყო და მის გადაღებვას არასდროს არცერთი წყვილი არ ცდილობდა. მერე გამოჩნდა ვიღაც უცხო და სულ რამდენიმე წამში ,სულ რამდენიმე სიტყვით ,აშკარად მკვეთრად დამანახა,რომ ყველაზე მშიშარა და სასოწარკვეთი გოგო ვიყავი მთელი დედამიწის ზურგზე და საერთოდ აზრი არ მქონდა რა შესაძლებლობებს სთავაზობს ცხოვრება ადამიანებს. მაშინ, ჩემი მრავალწლის ნაგროვები პრინციპები ერთ პატარა,საოცრად ვიწრო ყუთში დაუკითხავად მოაქცია და სახურავის დახურვა თავისი ბოლო სიტყვებით მე მომანდო. იმ წამს ისეთი გაბრაზებული და შეურაცხყოფილი რომ არ ვმდგარიყავი იმ ქუჩაში , იქნებ ჩავბღაუჭებოდი კიდეც მის შემოთავაზებას, გრძელი და სქელი ლურსმებით დამეჭედა იმ ყუთისთვის ის ოხერი სახურავი და შორს,სადმე ოკიანის ფსკერზე უფრო დაბლა ჩამემარხა საგულდაგულოდ ის აზრები,რაც აშკარად ყოველთვის მიშლიდა ხელს ბედნიერების შეგრძნებაში და იქმებ მცირე დოზით მაბეჩავებდა კიდეც.
***
დაახლოებით სამი უგრძესი კვირა იყო გასული იმ დღიდან,როცა იმ ძველებურ ხიდზე ფეხი დავადგი და ამ დროის მანძილზე სავსებით სრულყოფილად გავაცნობიერე,რომ ბიჭი,რომელმაც საკუთარი
სიტყვებით ერთი გემოზე შემაჯანჯღარა და სრულიად მარტივად შემრაცხა შიზოფრენიკად , აშკრად იმაზე მეტად შეეზარდა ჩემს ფიქრებს,ვიდრე ამას ოდესმე ვგეგმავდი.თუმცა ,იმასაც კარგად ვაცნობიერებდი,რომ ჩემმა მაშინდელმა წინასწარნეტყველებამ სრული კრახი განიცადა და ტიტე მეორე ან მესამე დღეს კი არა, თითქმის ერთი თვე არ გამოჩნდა. მე თუ მკითხავდით,არც არასდროს აპირებდა ამის გაკეთებას. აღშფოთებული თინა დღეში ათჯერ მიმეორებდა,რომ აუცილებლად მომძებნიდა და კიდევ ერთხელ სცდიდა ბედს,თუმცა მე ხომ ინტროვენტებისათვის განკუთვნილ დაბურულ ბუშტში სასოწარკვეთილი ვიჯექი მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება და რა თქმა უნდა,სულაც აღარ მჯეროდა და ვერც ვერაფრით დავიჯერებდი ,რომ კიდევ ერთხელ მაინც ვნახავდი ისრიმისფერ თვალებს . დამიჯერე,მაგ შენი უარებით იმაზე მეტად მომაჯადოვებელი და მიმზიდველი ხდები მამაკაცებისთვის,ვიდრე ის გოგონები,რომლებიც ათასგვარ სპეკტაკლს დგამენ,რომ ოცნება აისრულონ და ვინმეს გული ღვთისრისხვადატეხილი ზომბებივით გადაყლაპონო _ მითხრა ერთხელ წყობიდან გამოსულმა კანდელაკმა ,როცა თემა ისევ ხიდზე გაცნობილ ბიჭზე ჩამოვარდა ერთ საღამოს. უნდა ვაღიარო,რომ მე და ჩემს მეგობარს მის გარდა სალაპარაკო თემა აღარც კი გაგვაჩნდა.
სულაც არ არის ასე. მან ხომ ჩემი ნომერი დამიბრუნა-მეთქი ,
დაჟინებით ვიმეორებდი ჩემს ერთადერთ ,არც თუ ისე აზრს მოკლებულ არგუმენტს და გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი,რომ ფსიქიკურად ოდნავ შეშლილ ადამიანს რაღაცით მართლაც წავაგავდი. მინდოდა გამოჩენილიყო,მაგრამ ზუსტად ვიცოდი, მაინც უხეშად,მოჩვენებითი სიმტკიცით გავისტუმრებდი უკან. ტიტე სანიკიძე ზედგამოჭრილი იყო ჩემი ერთიანად გადამხმარი,გაუწყლოებული სამყაროსათვის. დიდი სიამოვნებით შევიყვარებდი კიდეც ასეთ ადამიანს ,მაგრამ ღრმად მწამდა,რომ მე ვერ შევძლებდი ჩემს ხელებში მომექცია სხვისი ხელები და ისიც დაუნდობლად გამეწირა ტანჯვისათვის, დამებინძურებინა ისეთივე ტრაგიზმით,როგორითაც ჩემი თითებიც კი საზრდოობდნენ დღე და ღამ. არ დავუშვებდი ვინმე ჩემი სიყვარულით დამეავადებინა,არ დავუშვებდი ,რომ ვინმეს ჩემ გამო გაუცნობიერებლად მოეწამლა საკუთარ ჭაში წყალი,რადგან ერთხელ მოშხამული ,საგზაო ნიშნებისდა მიუხედავად, ვერავინ ვეღარასდროს მიაგნებს სახლის კარებს , საწყის წერტილს ვეღარასდროს ვერავინ დაუბრუნდება.
***
საქართველოში ნოემბრის სამ რიცხვს სულაც არ უყვარდა არც ერთ წელთან წვიმის გარეშე მისალმება. არ ვაჭარბებ ჟიზელ, არც ერთი სამი ნოემბერი არ მახსოვს თავსხმა წვიმა რომ არ ყოფილიყო თბილისში. ყინულის ბოროტ დედოფლად შერაცხული, გამომწვევად მყინვარე ღრუბლები მთელი მონდომებით დაგვათქეშავდნენ ხოლმე თავზე ცის ყველა უკიდეგანო,ავბედით ოკეანეს.
ალბათ მამას ასე ძალიან ამიტომ უყვარდა ქვეყნად საკუთარი გაჩენის დღე. ამბობდა ეს წვიმა განრისხებული ღმერთის რისხვას კი არა ,შებინდებისას ჭალაზე მოკრეფილი ხასხასა პიტნისაგან დამზადებულ ჩაიში შაქრის ორი ნატეხის ჩაყრას უფრო მაგონებსო. სწორედ ამიტომ,ბავშვობიდან ვფიქრობდი,რომ რაღაც დოზით რომანტიზმი მართლაც ეყარა ამ ჩვეულებრივ თვესა და რიცხვში, რადგან მოტკბილო,ჯერ კიდევ ორთქლამდინარ ჩაის მართლაც არაჩვეულებრივი არომატი და გემო ჰქონდა , თანაც განურჩევლად ყოველ წელს,გამონაკლისების გარეშე. იმ დღეს საშინლად მაღალი სიცხე მქონდა. გაციებას ვერგადარჩენილი და მთელი ღამის ნაავადმყოფარი საზიზღრად,გამოფიტულად ვგრძნობდი თავს, განსაკუთრებით მაშინ,როცა წინ ბებიას ფუფუსით გამზადებული ქათმის მოყვითალო-მომწვანო ბულიონი მედგა შიგ არხეინად მოცურავე მწვანილებთან ერთად და აღარ ვიცოდი გაწითლებული ცხვირი სად წამეღო,რომ როგორმე მისი მსუყე სუნი არ შემესუნთქა. თავის ტკივილისგან გაბეზრებულმა ჩემი
ყვითელი კაშნე რომ შემოვიხვიე და წვიმიან საღამოს გარეთ გამოვვარდი, არც პროკურორი ქარცივაძის დღეობის აღსანიშნავად შეკრებილი ხალხის მრცხვენოდა და აღარც შეწუხებული დედაჩემის სახლში დასაბრუნებელი ხვეწნა-მუდარით რომ გამომყვა ლიფტამდე . რამდენიმე წუთში გუბეებით გადაჭედილ ვიწროზე უფრო ვიწრო,ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მივსეირნობდი წაშლილი სახით, ჩემს გამჭვირვალე საწვიმარსა და მძიმე ბათინკებში გამოწყობილი, პატარა კაფე "ჟასმინი" რომ აღმოვაჩინე. მიუხედავად იმისა,რომ სიცივისაგან ჩახლეჩილ ყელში ნამდვილად არაფერი გადამივიდოდა, მაინც შევხსენი ვარდისფერი შუშის მაღალი კარი და ფართო ფანჯარასთან დავიკავე კიდეც ადგილი.
- იმედია მეტიჩრობაში არ ჩამომართმევ,მაგრამ შენი სახიდან გამომდინარე ვივარაუდებდი,რომ ყელიც უნდა გტკიოდეს ცოტა. შემიძლია წითელი ღვინო შემოგთავაზო ,დამიჯერე ნამდვილად შველის. _ სასიამოვნო ღიმილის მქონე,ზომაზე უფრო მეტად დაბალმა გოგონამ მენიუზე თითის მინიშნებით მაპოვნინა ჩემი საშველი.
- იყოს ერთი ბოთლი წითელი ღვინო._ უყოყმანოდ დავთანხმდი მეც.
- როგორც ჩანს დათრობა გინდა არა?_ სასიამოვნოდ გაეღიმა ჩემს შეკვეთაზე.
- ისეთი მაღალი სიცხე მაქვს,ასე მგონია, ცოტაც და ჩემი მზერით აქ რამე აუცილებლად აალდება. ამიტომ, სიმართლე გითხრა,მაგიდაზე თავის დადება და გათიშვა უფრო მეტად მინდა და გმადლობ,რომ მიზეზიც მაპოვნინე. ახალგაზრდა მიმტანმა ისევ
ღიმილით მიპასუხა ჩემს წამოროშილზე და ნახევარ საათში მუქი წითელი მიხაკებივით სასიამოვნო შესახედი, მათრობელა სითხით სავსე ორ ჭიქას ითვლიდა ჩემი სხეული და ვინ იცის გონებაში უკვე მერამდენედ ვმღეროდი ორი დღით ადრე პირველად მოსმენილ ,სევდიან რუსულ სიმღერას,ჩემს წინ აყუდებულ მოვარდისფრო ფანჯარაზე ნელი კაკუნის ხმა რომ გავიგე.
ის იყო.
თამბაქოსფერ,სქელ ქურთუკსა და ასეთივე ფერის ქუდში გამოწყობილი ტიტე სანიკიძე იდგა შუშის გადაღმა. ერთ ხელზე მის გვერდზე მდგარი,კუპრივით შავი როტვეილერის წითელი საყელური ჰქონდა გაადახვეული რამდენჯერმე,მეორე ხელით კი ჩემი თვალების გასწვრივ თაბახის თეთრი ფურცელი მიებჯინა წვიმისაგან დაცვარულ მინაზე და მაშინ უკვე მესამედ ჩაიტუმბა სისხლის გაორმაგებული ნაკადი პირდაპირ ჩემს მუჭისოდენა გულში. ფურცელზე ისევ არანორმალური სიმახინჯით გამოყვანილი სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა - " არასდროს გიფიქრია,რომ ჩემი ბედისწერა ხარ პოკაჰონტას ? ".
ჟრუანტელმა წკარუნა ზარივით ისე დამიარა სხეულში თითქოს უკუნი ღამის მარწუხებში მოქცეული, შიშისაგან ხელებჩამოცვენილი, უსუსურად ვიდექი ამაზონის დაბურულ ტყეში და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო,თუ როგორ დამეღწია თავი იქ გამეფებულ სიჩუმეში სრიალა ქვეწარმავალივით შეცურებული ,ზეთის მუქი საღებავებივით ერთმანეთში მონდომებით შეზელილი ჭრიჭინების შემზარავი,ავისმომასწავებელი ხმაურისაგან. ჯუნგლებიდან მისი ძაღლის მოუთმენლობისაგან გამოწვეულმა მკვეთრმა დაყეფვამ გამომტყორცნა და გამოფიხზლებულმა უარის ნიშნად თავი რამდენჯერმე სუსტი მოძრაობით გავუქნიე. ბედნიერებაშემტკბარი სახე
ერთიანად მოეღრიცა, მაღლა აზნექილი წარბების ბოლოები იმედგაცრუებასა და ბრაზს ერთროულად ხატავდნენ მის სახეზე. წამში ქურთუკის ჯიბეს დაწვდა, მობილური სხარტად ამოაძვრინა და მინაზე მოდებული საჩვენებელი თითით მანიშნა მიპასუხეო. ჩემი ხელის ზანტ მოძრაობას თვალებით აედევნა და ვუპასუხე თუ არა ყურმილში ჩამძახა :
- გამოდი გარეთ. _ ხმის ჟღერადობით მაშინვე მივხვდი ისიც გვარიანად გაციებული რომ უნდა ყოფილიყო.
- არ შემიძლია. _ გავუქნიე თავი ისევ და ძლივს გავაანალიზე,რომ ჩემი ნომერი ამდენი ხნის მანძილზე მაინც ჰქონდა .
- გამოდი. გელოდები. _ ახლა უკვე მბრძანებლური ტონით,მოკლედ და კონკრეტულად გამიმეორა
იგივე .როტვეილერს რაღაც თბილი ტემბრით დასძახა ერთხელ და ლაპლაპა,შავი ძაღლი მაშინვე მკვირცხლად წამოხტა ფეხზე, თავად პირით ქუჩისაკენ შებრუნდა და მიმახვედრა,რომ მისი მოთმინება გვალვისაგან დამსკდარ მიწას ემსგავსებოდა თანდათან ,მე კი იმ წამს დამამთავრებელი კლასის საშინლად მომაბეზრებელ მასწავლებელს წავაგავდი ,რომელიც დამსახურებულად იჯდა წებოდასხმულ სკამზე და ვერაფრით იძვროდა ადგილიდან . ძალიან მინდოდა,რომ ერთ ადგილზე მიყინვა მაღალი ტემპერატურისთვის ან თუნდაც ორი ჭიქა ღვინისათვის გადამებრალებინა ,მაგრამ აშკარად ვგრძნობდი მისი არსებობის გამო, ჩემში მცხოვრები სითხე დუღილისაგან უკვე მთელი სიმძლავრით ფუყფუყებდა ყველა ზომის სისხლძარღვში და ჩემი კანიდან ამოხეთქვას ორთქლად ლამობდა. გარეთ გასვლის და მისი არსებობის შეგრძნების მეშინოდა,
რადგან ვიცოდი,იმაზე მეტად მომინდებოდა მის მკლავებში მჭიდროდ შეხიზვნა,ვიდრე ხარბ ადამიანს მოუნდებოდა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი,ყველაზე გამორჩეული სამკაული და მაინც როგორ მეშინოდა იმის,რომ ვიღაცის გრძნობებზე დამოკიდებული ადამიანი ვხდებოდი და არაფრის,საერთოდ არაფრის შეცვლა აღარ შემეძლო.
სიცივისაგან აწურული,ღონემიხდილი ვიდექი "ჟასმინის" კარის გადმოღმა, ვუყურებდი მის თბილ ტანსაცმელში გამოხვეულ მაღალ სილუეტს და ასე მეგონა თითქოს თხელ ქაღალდში გადახვეულ თამბაქოს მეათასე პორციას ვაგემოვნებინებდი ჩემს დაბალ სასიცოცხლო მონაცემებს,თანაც ცხოვრებაში სულ,სულ პირველად . ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადამიანი რომელსაც მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მეორედ
ვუყურებდი, ჩემი მძაფრარომატიანი თამბაქო იყო და მე მისით შეპყრობილი ,სახიფათო მწვერვალის პიკზე მდგარი მშიშარა ქალი. არ ვიცი სად ვიპოვე,რომელ ჯიბეში მოვნახე გამბედაობა , დაუყივნებლივ მივედი და უყოყმანოდ დავუდექი წინ . მაშინ ჩემი თავი ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას წააგავდა, თუმცა კვლავინდებურად მეშინოდა გულისტკენის,მეშინოდა,რომ ერთხელაც ჩემს თავს ჩემივე ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში მტირალსა და დაპატარავებულს, უიმისობისგან გამწარებულს და გადამხმარს ვიპოვნიდი, მაგრამ სულ რომ ფერფლად ვქცეულიყავი მაინც ყველაფრად მიღირდა მისი ყურება ,რადგან როცა ისევ დავინახე ახლად ამწვანებული ბალახისფერი , ოდნავ სუსხშეპარული დილის ნამით გახასხასებული,თხელ წარბებს ქვეშ, გრძელ,უხეშ წამწამებს შორის
მოქცეული მისი თვალები,მზის სხივებივით მუქი რიჟა ოდნავ სქელი წვერი და ქუდის გამო უსწორმასწოროდ ჩამოყრილი მოგრძო თმა, ვიგრძენი რომ მის გარეშე სულდაგუბებულ პატარა გუბეს დავემსგავსებოდი, რომლის დალევას ჩიტებიც კი არ გაივლებდნენ გონებაში აღარასდროს.
თავი დახარა რამდენიმე ხნით და ყელის ტკივილისგან გაუხეშებული ხმით მითხრა.
- იცი რა? შენი არჩევა ყველაზე დიდი სისულელე იყო, არანორმალური,გიჟური იდეა,მაგრამ მე მიყვარს ცუდი იდეები.
- საერთოდ არ გეშინია?_ ვკითხე გულწრფელად.
- რისი უნდა მეშინოდეს?
- მე და შენ პარალელური წრფეები რომ აღმოვჩნდეთ? ვერასდროს რომ ვერ გადავკვეთოთ ერთმანეთი, სულ ცალ-ცალკე,კარის მეზობლებივით რომ ვიარსებოთ? მერე რა იქნება? მე ამის მეშინია. _ თვალი ავარიდე. აღარ შემეძლო თუნდაც ჰაერში გაყინული მისი ამონასუნთქისათვის მეყურა
კიდევ ცოტა ხანს. ვუფრთხოდი პასუხს,რომლის შინაარსი არც კი გადამეწყვიტა როგორი მინდოდა ყოფილიყო. მოულოდნელად მარჯვენა ხელზე ხელთათმანი შეიხსნა, ხელისგული თმაში შემიცურა და ბერა თითი რამდენჯერმე ფრთხილად გადამატარა წარბზე. ერთი შემომხედა,თითქოს ნებართვას იღებსო და ტუჩებით შემეხო შუბლზე, სიზმარში გნახეო მითხრა, ამ ადგილზე სამი შავი წრე გეხატა და ძალიან,ძალიან ,სიგიჟემდე გიყვარდიო. ზუსტად იმ დროს, იმ სივრცესა და განზომილებაში აღარ ვიყავი, სადაც წესით უნდა ვყოფილიყავი. მთის სახლში ვიდექი, წვრილბრეტელებიან შოკოლადისფერ ,პრიალა კაბაში გამოწყობილი და უზარმაზარ ფანჯარასთან მდგარი, გრილი ჰაერის ნაკადით აფრიალებულ ქათქათა ფარდის მკრთალ შეხებას ვგრძნობდი სხეულზე, ტიტეს წამის წინ კისერთან დატოვეულ
ღიმილნარევ კოცნასთან ერთად. მაშინ არავინ და არაფერი არსებობდა ჩვენ ორის გარდა და მივხვდი,რომ ჩემს ტანსაცმელსაც კი უყვარდა მისი არსებობა, ფარდაში გამჭოლ და იისფერ ხალიჩაზე დაცემულ თბილ მზესაც უყვარდა ტიტე, ჩემს კანზე დაყრილ ციცქნა ბურთულებსაც უყვარდა ტიტე,საერთოდ ყველაფერს,რასაც მე ვხედავდი,ვგრძნობდი და აღვიქვამდი,საერთოდ ყველაფერს უყვარდა ტიტე სანიკიძე.
- გადამფრენი ჩიტებისგან
გადაშავებული ლურჯი ცა თუ გინახავს? _ მკითხა ჩუმად. მიხვდა,რომ სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ ჩამაგდო.
- მინახავს._ამოვილუღლუღე ძლივს.
- არასდროს იქნება ჩვენი ცა ასეთი. თუ ჩვენ ახლა პარალელური წრფეები ვართ, მაშინ რატომ გვაქვს ორი გადაკვეთის წერტილი? აი,აქ და აი ,აქაც._ თავისი გრძელი თითები ჯერ ჩემს გულზე ჩამოაცურა ფრთხილად და მერე თავისაზე დაიდო დიდ ხანს.
- მე ხომ შენი სახელის გარდა არაფერი ვიცი შენზე? _ გავიბრძოლე კიდევ ერთხელ. გაეცინა,სწორედ ისე ,როგორც მაშინ ხიდზე. მივხვდი,რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ერთმანეთამდე განვლილ ცხოვრებას. არსად იყო ჩემი ბედნიერებაც , თუ არა მასში. ტიტე მზის ამოსვლისას წამწამების დაშორებას წააგავდა ჩემთვის და ალბათ ,მასთან ერთად გაღვიძებისას ვიქნებოდი კიდეც მანუელ კოსტა, უცნაურად,ღიმილით რომ იღვიძებდა ყოველ დილით,მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, გული ერთს ამბობს,გონება კი მეორეს.скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაუუ ეს რა მაგარი რაღაც იყო და შენც ძაან მაგარი გოგო ხარ❤. ასეთი საოცრება კარგა ხანია არ წამიკითხავს. აი მესმის ასეთი წერის ნიჭი❤
ვგრძნობ, წინ უფრო დიდი სიამოვნება მელის❤

 



№2  offline წევრი ჟიზელი

Chikochiko
ვაუუ ეს რა მაგარი რაღაც იყო და შენც ძაან მაგარი გოგო ხარ❤. ასეთი საოცრება კარგა ხანია არ წამიკითხავს. აი მესმის ასეთი წერის ნიჭი❤
ვგრძნობ, წინ უფრო დიდი სიამოვნება მელის❤

ვაი , დიდი მადლობა. არა უდიდესი ^^ მიხაროა,რომ წაიკითხე.☀

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent