შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 4)


10-07-2017, 00:11
ავტორი linda
ნანახია 1 597

დალიჰარი (თავი 4)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ




-*-*-*-*-*-*-*-4
ულმობლად ათქორავდა სრორდის საზღვართან, სოფელი ჰკავიდან გამომავალ გზას.
რა ხანი იყო, რაც უკან დარჩენილიყო სოფლის მომცრო სამიკიტნოსა მოლხინება, ოხშივარადენილი ხორცნი და ტკბილი ღვინო, დახეთქილი, დამშვრალი მიწის მომალბობელი ავდარი შენაცვლებოდა მას.
თითქოს შეერისხათ ქვეყანა ღმერთებს, ქუხდნენ, ცეცხლსა და კუპრივით მძიმე, ბაჰირელთა ღაპაღუპით წამოსულ ცრემლივით ცივ წვეთებს უგზავნიდნენ შესისხლულ მიწას.
ბნელოდა გარშემო. მხოლოდ შავი ღრუბლებიდან დროდადრო გამოცურებული მთვარე ღებავდა სწორ, მურყან-ფიჭვნარითა და ბუჩქნარით დაფარულ მიწებს, ტრიალ, უწყლოობით გადამხმარ მინდვრებს რძისა ფერად. ერთადერთი, სრორდის მეთუნეთა მიერ თიხის ფიალებში დატანილი წვრილი ვერცხლის ძარღვივით მიიკლაკნებოდა გზა. დაბურულ ტყის გულში გაეკაფათ იგი, და თქორისა და ნესტისაგან მომბალიყო მიწა.
და აი, ამ გზაზე, აჩრდილივით ფიგურა ზანტად, ტაატით მიჰყვებოდა ბილიკს. თითქოსდა ლანდთა ქვეყანას გამოჰცეოდა იგი, და მის სუსტ მხართა თავებს ტანჯულ სულთა წყევლა ეზიდათ თან, რომელიც ავდრად მოევლინა მთელ სრორდს.
მიდიოდა შავოსანი ბერიკაცი, თავით ბოლომდე ლავსანის უხეშ, ქეჩაგამოკრულ და ქონით გაპოხილ თალხში გამოხვეული, ფეხთ კი მაღალყელიანი ხარის ტყავის წაღები ამოესხა. კლდის მუხისაგან გამოთლილ, ვერცხლისთავა ყავარჯენს ეყრდნობოდა იგი, შალითას აფარებდა თავს წვიმისაგან დასაფარად.
გზისპირა ვებერთელა, მეხდაცემულ და ფუღურო მუხას ჰკიდა თვალი ბერიკაცმა. ორიოდე ყივილისა სავალზე იყო ასწლოვანი მუხა კჰავსა და მეზობელ სოფელ - ერთი მზით დაშორებულ გირდს შორის.
შედგა ბერიკაცი. ქშინავდა დაღლილობისაგან, წვიმის ნესტი გასჯდომოდა მოკანკალე მუხლთ. მიმოიხედა, ღვინისაგან ამღვრეული, მაგრამ მაინც გამჭოლი თვალებით მოათვალიერა მიდამო.
-ეჰეი! - ბერიკაცისათვის მაღალი, ჟღერადი ხმით შესძახა მან. - მოველ გზისა მგზავრი, ბეჩავი! სრორდისა ღმერთებმა დაგლოცონ, შაჰაიაქეილი ვაჭარი ინგენი გახლავარ!
ყრუ ღრჭიალი გაისმა უცაბედად მხარმარჯვნივ და ყავარჯენი მოიმარჯვა კმაყოფილმა ბებრუცუნამ.
შავი, დახავსებული და გაქექილი ფიცართაგან შეჰკრული ეტლი გამორახრახდა ხეთა მიღმა, ორი გაქუცული ჯაგლაგი შეებათ საწევ უღელში, მეეტლე ცნობისმოყვარეობით იმზირებოდა მუქ თვალთ მოფარებული ტყავის შალითის მიღმა.
-შაჰაიაქელო ინგენ! - შესძახა მან. - კეთილი იყოს თქვენი ფეხი სრორდსა შინა!
-მადლობა გიხდი, ღმერთთა ღმერთმა ელიჰამ დაგლოცოს! - მიუგო ბებრუცუნამ, ზანტად, ყავარჯნის ცეცებით მიუახლოვდა ეტლს. ჩამოხდა მეეტლე და ხელი შეაშველა მოხუცს ეტლისა მონჯღრეულ ფეხსადგამზე.
შიგნით ბნელოდა, უხეშ ტილოგადაკრულ ქეჩის საჯდომზე ქოშინით მიესვენა ბერიკაცი. დაჩაჩანაკებული კარი მოიხურა და შეუძახა მეეტლემ ცხენებს, მათრახი მოსცხო.
ეტლი დაიძრა, ღერძის ღრჭიალითა და ბებერ ცხენთა ჩაქჩაქით.
ეტლის წინა კედელში მომცრო სარკმელი გამოეჭრათ, წვიმისაგან დასაცავად ქონით გაპოხილი ხარის ტყავის ნაჭერი ჩამოეფარებინათ ზედ. ყავარჯნის ვერცხლის თავით ასწია იგი ბერიკაცმა და გაჰხედა მეეტლეს.
-წყეული ავდარი! - შესძახა მან და წამიერად თავი მოაბრუნა მეეტლემ, მაგრამ გზას გაჰხედა ისევ. - ღმერთთა ღმერთ ალიჰას წვერსა ვფიცავ, შეგვრისხეს ღმერთებმა!
-მომიტევეთ, რათა უფროსსა და გამოცდილს გკადრებთ ამას, შაჰაიაქელო ინგენ, მაგრამ გადმოგვხედეს ღმერთებმა! - შესძახა მეეტლემ, რათა თქორი და ქარისა მიერ აყმუვლებული ხენი გადაეფარა მის ხმას. - აგე, ორი მთვარეა, რაც გადახსნილი ცა და ღმერთთა სიბრალული არ გვიხილავს ჩვენდა წაწყმედილ თვალთ! დასკდა მიწა და დახმა მოსავალი, ხორბალი, ქატო თუ სიმინდი გაჩანაგდა, უწყლოობითა დაშვრა და დაწყდა პირუტყვი! მოგვეწია უკვე მეათე მთვარე, როდესღა უნდა განვამზადოთ ზამთრისა მარაგი? ცის ცვარი დაგვაბერტყეს ღმერთებმა, დაე თქორავდეს, იქნებ ადიდდნენ რუები და სიცოცხლე მოედოს მინდვრებსა...
-დიდად განსწავლული ყოფილხარ საგლეხო საქმეში! - ჩაიქირქილა ბებრუცუნამ. - გლეხი იყავ, ყმაწვილო? რა მოგცეს ღმერთებმა სახელად?
-სება გახლავარ, ბატონო! გლეხი ვიყავ, აგე სამი მთვარე შესრულდების შვიდ მზეში, რაც ეტლი მიბოძა თავადმა გენრიმ, მისი სახელი დალოცონ ღმერთებმა! - თავი მაღლა აღაპყრო და შეჰღაღადა ღმერთებს მეეტლემ. - ფრიად მოწყალეა თავადი გენრი, ათ სპილენძს მიბოძებს ყოველ მთვარეს!
-ფრიად მოწყალეა, დიახ, დიახ... - ჩაიბურტყუნა ბერიკაცმა. - ახლა რას გიბოძებს, სებავ ყმაწვილო? ჩემდა მასთან მიყვანაში?
-ოც სპილენძს, შაჰაიაქელო ინგენ! - მხიარულად მიუგო მეეტლემ. - გზა ვრცელია, მგზავრი კი ძვირფასი... თავადი ფრიად მეგობრულად და პატივისცემით საუბრობდა თქვენზე!
-ბრძენია თავადი. - მიუგო კმაყოფილმა ბერიკაცმა. - უწყის, რასა იქმს და რასა საუბრობენ მისი ბაგენი. მამამისსა ვიცნობდი, ოქროთა მაღაროში ვმუშაობდით ერთად... ზედმიწევნით მახსოვს ცხონებულის სახე, შავ კლდეში ოქროს ძარღვსა თუ ზოდს რომ მიაგნებდა!
თითქოს სილა შემოჰკრესო, გახევდა მეეტლე, მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა მათ შორს და ჩაეღიმა ბერიკაცს.
-ნუ მომაპყრობ ყურადღებას, ყმაწვილო, მოხუცი კაცი ვარ, უბირი და ბეჩავი, წარმავალ დღეთა მონატრება დამჩემდა მე უგუნურს! - მიმართა ბებრუცუნამ, ბაგეს უკრთობდა ავბედითი ღიმილი.
-როგორცა თქვენ ბრძანებთ, ბატონო. - მიუგო სება მეეტლემ, მაგრამ იმოდენა მხიარულება და გახსნილი გონება რაღაცას წარეტაცა მისთვის.
დუმილი ჩამოწვა.
ქარი ღმუოდა, ჩაუქროლავდა ხეთა ხმელ, დამაშვრალი მიწის მსხვერპლ ტოტთ, მშობელ დედახეს ტკაცანით ჰგლეჯდა და ციბრუტივით ატრიალებდა ჰაერში. ნემსებად ქცეულიყვნენ წვიმის წვეთები დაუდგრომელ ქარიშხალში, ულმობლად ერჭობოდნენ მიწას, რომელიც ხარბად იშიშვლებდა დამაშვრალ მკერდს, უკლებლივ ისრუტავდა მას, იქნებ აივსოსო ჩემი ცარიელი გული.
გაჭირვებით მიჩაქჩაქებდა ორი უბადრუკი ჯაგლაგი, ძლივს ეწეოდნენ ეტლს. უწყალოდ ატყლაშუნებდა მათრახს მეეტლე, უყიოდა მოფრატუნე პირუტყვს.
ყმაწვილს აჰყურებდა ბერიკაცი, თვალმოუშორებლივ უმზერდა, იმისდა მიუხედავად, რომ წვიმა და თქორი სცემდა საკრმელში, უსუსხავდა დაკენკილ, ნაოჭიან სახეს.
-დიადია მეფე სოლომონი, დიდება მას! - შესძახა მან უეცრად. - რა ამბავი დადის, სება ყმაწვილო, რასა იქმს მეფე?
-ღმერთებმა დიდხანს აცოცხლონ პატრონი სრორდისა! - უმალ წამოიჩიტა მეეტლე, ძლივსძლივობით კრთოდა მისი ხმა ქარის ღრიალში. - უბირად იყო იგი მთელი ზამთარი, მაგრამ გამოკეთების პირზეა, გადმოგვხედეს ღმერთებმა!
-ნუთუ? - გაფანჩული წარბები აზიდა ბერიკაცმა, დამცინავად შეუკრთა ბაგე და უმზირა წამიერად საავდრო ღრუბელთა მიერ მოცულ ცას, თითქოსდა უნდა შეჰკითხოდა ღმერთებს. - აგე, რა საუცხოო ამბავი მახარე, ყმაწვილო! და მეფისწული რასა იქმს?
-მეფისწული შვიდი მთვარეა, რაც ლაშქრობაში გაემგზავრა, შაჰაიაქელო ინგენ! - თავაზიანად მიმართა მას მეეტლემ, მაგრამ მაინც ეტყობოდა ყმაწვილს გაკვირვება, რად არ უწყის მეფისწულისა ამბებიო. - ჯარი მისი მოედო ჰანიანთ, ოოლონთ, კარეფთა ტომთ, ცხენით სამი მთვარისა სავალზე მოგვიტანა მიწები... ვერეჰივთა ურჩი სამეფო გაანადგურა მან, რამდენჯერ ვიწვნიეთ ღალატი მათი ორპირობისა გამო! პირწმინდად ამოწყვიტა მათი უბადრუკი ლაშქარი! ამბობენ, მეფის თავი ჯერაც ჰკიდიაო ვერეჰივთა სამეფოს შესასვლელთან, სარზე, ყველას გასაფრთხობადო... ხმები დადის, ფრიად კმაყოფილი გახლდათ ამფაკართა მეფე, ასეთი უნდა იყოსო ჩემი ქალიშვილის უღლის მწეველი!
-მაშ ამფაკართა ვივიენ ქალი დედოფლად მოევლინება სრორდს? - ჩაიქირქილა ბებრუცუნამ. მეეტლემ არარად ჩააგდო, ანდა ვერც კი შეამჩნია დაცინვა, კლავ მოჰყვა მხიარულად მასლაათს იგი.
-დიაღ, დაე ეგრე იქნეს, ჩემო ბატონო! - მიუგო მან. - მეტად სარგებლიანი იქნება ამფაკართან დამყარებული საქორწინო კავშირი!
-მე გამიგონია, ამფაკართა ქალი, პირველ ვაჟზე იყოო დანიშნული, მართლაც ასეა? ბალღი იყო ჯერ, ორიოდე მთვარისა ვივიენი, როცა დასწერეს მისი ბედი... - შემპარავად შეჰკითხა ბერიკაცმა. - მეფისწული ჰასსე იყოო მისი საქმარი...
წამიერად ჩამოვარდა დუმილი, თავაწყვეტილი ქარის ზმუილი ისმოდა მხოლოდ.
-არა ვუწყი რა... - მიუგო ბოლოს მეეტლემ. კვლავ შეუკრთო ბაგენი დამცინავმა ღიმილმა ბერიკაცს, უგუნურიო, გაუელვა გონს.
-ბებერი ვარ, ყმაწვილო, რაღაც-რაღაცები უხეიროდ მახსენდება, ნუ შემრისხავ! - გადაიხარხარა მან. - მაგრამ რაოდენ საცოდავი ამბავია! რაოდენ საწუხარია, ხუთი შვილიდან ოთხი ღმერთებს ჩააბარო... ეჰეი, რა შვილები ჰყვანდა მეფე სოლომონს! პირლამაზი ნაბოლარა კონსტანცი, შავთვალა ელისაბედი, არწივივით მომზირალი თადეოსი! მისი პირმშო და მემკვიდრე, ჰასსე! კარგად მახსოვს მეფისწული ჰასსე, ოცდაცხრა ზამთრისა იყო იგი, როცა იხილეს უღირსმა ჩემმა თვალებმა, ჯირითისა, ხმლობისა, მშვილდისა და ნადირობისა შეჯიბრში სირცხვილი აჭამა ყველას, საკუთარ ძმებსა და გამოცდილ თავადებსაც კი! რაოდენ აშოლტილი იყო, მხარბეჭიანი, მამაცი, მეფობისა საწინდარი! სამ ზამთარში კი გარდაიცვალა, მისი უბიწო სული შეინახონ ღმერთებმა...
-ღმერთებმა უპატრონონ! - დაეთანხმა მეეტლე, მაგრამ გაკმინდა ხმა.
დანარჩენი გზა კრინტი არ დაუძრავთ არცერთს. ბერიკაცს ჩამოეშალა სარკმელზე ჩამოფარებული ხარის ტყავის ნაჭერი, ირწეოდა უბადრუკ ეტლში და უსმენდა ცისა ენის საამურ ლოკვას ეტლის თაღზე.
ტაატით, დინჯად, მაგრამ მტკიცედ ეწეოდნენ ჯაგლაგნი ეტლს, მათრახის ტყლაშუნი და მეეტლეს შეძახილნი ერთვოდნენ ჰაერში გამეფებული ქარის ღრიალსა და თქორის შხაპუნს.
ჯერ თვლემდა, მერე კი უმზერდა ბერიკაცი სარკმლიდან, თუ როგორ სცვლიდნენ სრორდის ტრიალი მინდვრები მურყან-ფიჭვნარს, როგორ ჰხურავდა ცა თვალთ, და როგორ იწმენდდა იგი საავდრო ღრუბელთ დანამული სხეულიდან.
მოაწია მერვე ყივილმა, და იწვერებოდა მზე, წითლად ღებავდა აღმოსავლეთს, სიცოცხლის ალისფერს ანთხევდა მდელოთ, თითქოს უწყალოდ დაჭრესო იგი.
ღიმილით შეჰყურებდა შენათებულ ცას ბერიკაცი, უმზერდა, თუ როგორ ისხამდნენ ჩახჩახა, გარიჟრაჟის სუნთქვით გამკრთალი ვარსკვლავნი ცის ლურჯ მოსასხამს, ზურგს აქცევდნენ სრორდს და უტოლსწორო მზის წინაშე იხრიდნენ ქედს.
ტრიალ მინდვრებს ბუჩქნარით დაფარულნი მდელონი უცვლიდნენ გვერდს. მალევე იხილა ბერიკაცმა ბუჩქნარს მოყოლილი, თვალს უწვდენელი ტყრუშული ღობე, წნელითა და ეკალბარდებით შეჰკრული და გამაგრებული, ამწვანებულ მამულს რომ ერტყმოდა გარშემო.
თავადი გენრის სამფლობელოში მოვედითო, გამოსძახა მეეტლემ და იამა ბებრუცუნას ასეთი უხიფათო მგზავრობა. კიდევ კარგი, ფათერაკს არ გადავეყარეთო, ხმამაღლა გადაიხარხარა მან და კვერი დაუკრა მეეტლემ.
გამალებით იცქირებოდა ბერიკაცი სარკმელში, უმზერდა, თუ როგორ უახლოვდებოდა ჯაგლაგ-შებმული ეტლი ფიჭვნარსა და ბუჩქნარში ჩაფლულ, თავადი გენრის ადგილ-მამულს. შესცქეროდა იგი მარმარილოთი მოპირკეთებულ ქათქათა სვეტებსა და საფეხურებს, მოხასხასე ბაღჩასა და ხილით დახუნძლულ ხეთ. ამ გვალვაში მსახურთ შორიდან აზიდვინებსო წყალს, გაუელვა მას გონში. წითელი კაკლის ხის საჯინიბონი წამოჭიმულიყვნენ შორს, კოხტა შემოღობილში დაჰქროდნენ მოვლილი, ძუაგრძელი, ბალანალაპლაპებული ბედაურნი.
კენჭებით მოკირწყლულ ბილიკზე გაარახრახა სება ყმაწვილმა ეტლი, მარმარილოს საფეხურთა შორიახლოს ალაგმა ცხენები, უყვავებდა და გასძახოდა ნაცემ ჯაგლაგთ.
თითქოსდა დაიბარესო, უმალ გამოვარდა მსახური მარმარილოს სვეტების მიღმა აღმართული ბჭედან, მიეახლა მოხუცს. ხელა შეაშველა და სახლისაკენ მიმავალს მოახსენა, ამ წამსვე გელოდებათო თავადი გენრი.
ზორბა სახლის უსასრულო დერეფანთ გაატარა მოხუცი. ხარბად ათვალიერებდა ბერიკაცი ოქრო-ვერცხლით მოჭედილ შანდლებსა და ველიურის მძიმე, სამეფო ლურჯ ფარდებს. კოხტა ტილოს სამოსში გამოწყობილი მსახურნი ხვდებოდნენ ყოველ ნაბიჯზე, ვერ ჰკადრებდნენ ისინი ბერიკაცს თვალთ შეხედვას, თავს უხრიდნენ და გზიდან ეცლებოდნენ.
კმაყოფილი იმზირებოდა თალხით მოსილი ბებრუცუნა.
მოჩუქურთმებული, წითელი კაკლის ხის ბჭესთან მიაცილა იგი მსახურმა, თავი მოიდრიკა მის წინაშე და გაეშურა სასწრაფოდ.
კარი შეაღო ბერიკაცმა და უმალ მოავლო თვალი მდიდრულ, ძვირფასად მოკაზმულ სამუშაო ოთახს, შემდეგ კი თავად გენრის ჰკიდა მზერა, რომელიც მერხთან მიმჯდარიყო, საქმეში ჩაფლული და ოქროსპირა, ქათქათა ბუმბული ეპყრა ხელთ.
კოხტად მოკაზმულიყო თავადი. ორმოც ზამთარს ახლახანს მიღწეულს, ბნელი ჰქონდა თმა, ვითარცა ლანდთა სამყარო, ერთი ჭაღარაც კი არ შეჰპარვოდა მასში. გამჭრიახი თვალნი აზიდა მან, ფართედ გააპო ბაგენი ხშირი ულვაშის მიღმა, ფეხზე წამოუდგა უფროსს. ბუმბერაზი, ახოვანი, კლდესავით მაღალი და მხარბეჭიანი იყო იგი, თითქოსდა ჰფარავდა ტანით მის უკან აღმართულ, გარიჟრაჟის ფერებით მორთულ ფანჯარას.
-თავად გენრის ვახლავარ. - ქირქილით ამოიხრიალა ბერიკაცმა. -კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს სამყოფელში!
-ღმერთებმა დაგლოცონ, შაჰაიაქელო ინგენ! გაიძვერა მისანო! - დამცინავად, გულიანად გადაიხარხარა თავადმა. - შემობრძანდი, მოისვენე... აგე, მცირედ ვიმასლაათოთ და მერმე ძვირფასად მოგასვენებ!
-ვუწყი თქვენი მცირე მასლაათი რამდენ ხანს გასტანს... მომიფრთხილდი, თავადო. - მიმართა ბებრუცუნამ, ყავარჯნის ცეცებით მიუახლოვდა მერხს და მძიმედ დაემხო ოქროს ძაფით მოქარგულ ბარხატის სავარძელს, შალითა გადაიძრო. ლაპლაპა, მეჩხერი ჭაღარით დაფარული თავი გამოუჩნდა მას. - შენსა კეთილმყოფელს ბებერი ქარი ჩაუდგა ძვლებში, მალ-მალე აქროლებს თავის ნებას!
-სუაგრამ დამწყევლოს! - გადაიხარხარა თავადმა, მეწამული მაუდის მუნდირი კოხტად გაისწორა მან, კვლავ სავარძელს მიესვენა. - წლები მიდიან და მიდიან, ყველა ქედს იდრეკს მათ წინაშე, მაგრამ ვითარცა უმნიშვნელო მწერები, გვერდს გივლიან, ბერიკაცო! არა იცვლები, არა!
-არაფერი იცვლება, თავადო. - თავი მოუდრიკა მას ბებრუცუნამ. - ვითარცა კვლავ და კვლავ ცის კამარაზე აღმოცენილი ვარსკვლავნი, ისევე მეორდება ყველაფერი... აი, გიმზერ და თითქოსდა ცხონებულ მამაშენს ვუცქერ...
თავი ოდნავ დაიქნია, ბაგე შეკრა საპასუხოდ ბუმბერაზმა. თავს ზემოთ ეფრქვეოდა თაღმაღალი ფანჯრიდან შემომავალი განთიადის მზერა.
-აბა, ინგენ, მითხარ, მოგიტანა რამე სოფელ-სოფელ წოწიალმა? - ოქროსპირა, აბრწყინებული ბუმბული თითთა შორს დაატრიალა თავადმა. - უწყი, რაოდენ მსურდა შენთან საუბარი, შენ კი, აგე, ერთი მთვარე შესრულდების, რაც მაცდევინე მაძებარი ძაღლივით! - გაიცინა მან, მაგრამ უცხო ცეცხლი ჩაუდგა თვალებში, ავი და მიმალული.
-რასაკვირველია, თავადო. - მიუგო ბერიკაცმა, ყავარჯენი სამჯერ დასცხო იატაკს, მძლავრე იყო მისი მკლავი. - ჩემი თვალით უნდა მეხილა, რა ხდება სრორდისა თავს... თითქოსდა ხალხმა არა უწყის რა, თუ რაოდენ წაიწყმიდა სამეფო ოჯახი, რაოდენ ახლოს მიადო ბილწმა მეფისწულმა მახვილი მფეთქავ მამაძარღვთან... ბრმად ენდობიან, ვითარცა ღამის ფრინველნი, სჯერათ მეფისწულისა და მეფისა, მათ სახელს ილოცებიან. მათ შეურაცხყოფას ვერ იტანენ, თავადო, მაგრამ ეჭვის მარცვალს ვხედავ, ვგონებ, უწყის ზოგმა, რამეთუ მოაკვდინა მეფისწული ჰასსე ძმის მახვილმა, ან უწყიან, რომ ურევია მეფისწული ანდრეი ძმისა სიკვდილში, მაგრამ ოსტატურად ჰფარავენ ამას.
თავს აქნევდა წარბშეკრული, მჭმუნვარე ბუმბერაზი.
-იმ წამს, რაც ჭეშმარიტი მემკვიდრის სისხლით გაისველა ბილწი ხელნი მისმა ღვიძლმა ძმამ, უბედურების მეტი არარა გვიხილავს, ინგენ. - ხმადაბლა, შეფარვით მიუგო თავადმა. - გახშირდა გვალვა, გაჩანაგდა მოსავალი, გაწყდა პირუტყვი... მეფისწული ჰასსეს უმანკო სისხლი ამძიმებს ამ მიწებს, ინგენ! დიდი ცოდვა გვაწევს, ჰგუდავს ქვეყანას... ვგრძნობ, ამ წყეულ ძვლებში ვგრძნობ მიცვალებულისა ყივილს, დამნაშავე ცოცხალია, ტვირთად აზისო ამ ქვეყანას!
-რა სული იყო მეფისწული ჰასსე... - სიბრალულით გადააქნია თავი ბერიკაცმა. - ნამდვილი მეფე! ბედისწერად ედო მეფობა! თითქოსდა მისი დიადი მამისა მამა, ცხონებული ბერთრამი, ღმერთებმა უპატრონონ მის სულს, იცქირებოდა მისი თვალებით... დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებდი, დიდს! დიადს! თვით ღმერთთა ღმერთი ალიჰა ჩამჩურჩულებდა მის მომავალს...
მწარედ გაეღიმა მოხუცს. მდუმარედ, მოთმინებით უსმენდა თავადი გენრი.
-მაგრამ მუდამ ვუწყოდი, რომ სასტიკი დასასრული ემთხვეოდა ბეჩავს. - განაგრძო ბერიკაცმა. - არ ეწერა დიდხანს სიცოცხლე, უბედურ ვარსკვლავზე იყო გაჩენილი, სუაგრასა და ნიჰიდას ბნელი ნიშანი დასმოდა დაღად მის დაბადებას... მაგრამ რასა ვიფიქრებდი, თუ წყეული მესამე ვაჟი დაასხამდა თავსლაფს მათ ოჯახს! რა სირცხვილია! რა წარმოუდგენელი ცოდვაა!
დუმდა თავადი გენრი, მოქუფრული შეჰყურებდა ბერიკაცს და გაიბადრა იგი.
-ვუწყი, რაზეც გეფიქრება, თავადო. - მონაოჭებული ბაგე გააპო მან. - თავისუფლად ისაუბრე... გეშინის, რომ მეფისწული ანდრეის ცოდვა უფრო დაამძიმებს ამა ქვეყანას, ხომ ასეა? გეშინის, რამეთუ შენც მოგეწევა მეფისწულის ცოდვა, დაგაჩაჩანაკებს და გაგაღატაკებს...
შესცქეროდა მას ბუმბერაზი. უწყოდა ორივემ, რა უვლიდათ გონში მათ, მაგრამ არცერთი არ გასცემდა თავს.
-ყინული ასხია მეფისწული ჰასსეს უდროო საფლავს, ჩემო ინგენ. - გოროზად აზიდა თავი მან. - ყივის მისი უმანკო სული, თავისუფლებას ითხოვს, ძმის სისხლით შეღებილ ხელებში დაჰკარგვია იგი.
-იმედია უწყი, რასაც მეუბნები, თავადო. - ხმადაბლა ჩაიქირქილა ბერიკაცმა. - სისხლი სისხლით არ განიბანება.
-რძითა და აიაზმით ვერ მოასვენებ მეფისა სულს. - უდრეკელად მიუგო თავადმა გენრიმ. - იმკითხავე, გულთმისანო, იმკითხავე! შეჰკითხე ღმერთებს, უწყიან მათ, რა არის სწორი და რა არა... მსურს მხოლოდ, ეს საზიზღარი წყევლა ავარიდო ქვეყანას, ჩვენი მიწისა ნაყოფს მიწაშივე რომ ჰკლავს!
მხოლოდ ეგ არ გსურსო, გაიფიქრა ბერიკაცმა, მაგრამ სიტყვა არ დაძრა წამიერად.
-რაოდენ მძიმე საქმეს ეჭიდები, არა უწყი, თავადო. - განაგრძო მან, ქირქილით. - ისე არ მოხდეს, რომ მუხლებზე დაცემულმა მოინანიო...
-უკვე შევეჭიდე, ინგენ. - ფართოდ გაიღიმა თავადმა. - უკან ვეღარ დავიხევ. ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინო... მიწინასწარმეტყველე, ინგენ. რასა ხედავ ჩემ მომავალში?
წამოიწია ბერიკაცი. გადაშალა ლავსანის თალხთა გაპოხილი კალთები, ვითარცა ვეებერთელა ფრინველის ფრთები, ოთხჯერ დასცა ყავარჯენი იატაკს და მუხლთ დაეცა, შეჰღაღადა ღმერთებს, ლოცვათა ბუტბუტს მოჰყვა.
დადუმებულიყო თავადი. ეცქირა შაჰაიაქელი ინგენისა მკითხაობისათვის, უწყოდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალა მლოცველისათვის ხელი. ღმერთებთან კავშირს დაჰკარგავდა იგი, იმ მცირე ძარღვს, რომლითაც იყო დაჯილდოებული და ვერ იწინასწარმეტყველებდა სათანადოდ.
მცირე ხანი ილოცებოდა ინგენი, მერე კი წამოდგა. ცეცხლი დამინთეთ და თუჯის ქვაბით მდუღარე წყალი მომიტანეთ, აქაურ წმინდა მიწასთან ერთადო, მოითხოვა მან.
მსახური გამოიძახა და ყველაფრის უმალ მოტანა უბრძანა თავადმა. ცეცხლი ააგიზგიზეს მხევალმა ქალებმა, თუჯის ქვაბით ათუხთუხებული წყალი და ღრმა ვარცლით მიწა დაუდგეს ბუხრის წინ.
ფეხი მოირთხა ქვაბის წინ ინგენმა. მოსასხამთა ჯიბეებიდან ფრთხილად გამოაცოცა გაჯირჯვლული ხის როდინი, ბაზალტის სანაყი ქვა და პაწაწინა ტყავის პარკუჭები. ფერადი ფხვნილი გადმოაპირქვავა მან პარკუჭებიდან როდინში, წმინდა მიწა მოაყარა თავზე და თავადს მიმართა, ხელი გაიჭერითო სუფთა დანით.
ხელისგული გადაისერა გენრიმ, და ორიოდე წვეთი დაამატა ბერიკაცმა სანაყ მასას, ცოტა მდუღარეში ჩაამატეთო, სთხოვა თავადს.
სისხლი დააწვეთა თუჯის ქვაბში ბუმბერაზმა, სანამ ვარდის პირის ფერად არ შეიფერა ქაფქაფა წყალი.
ბაზალტის ქვით ნაყავდა ბერიკაცი სისხლის, ფხვნილებისა და მიწის მასას, სანამ კარგად არ შეერია იგი ერთმანეთს, მერე კი სისხლიან მდუღარეში ჩაიხედა, დანაოჭებული ხელი უყოყმანოდ ჩაჰყო მასში და ამოურია, თვალმოუშორებლივ ჩასჩერებოდა და ილოცებოდა, ადგილზე დარწეული.
მერე კი ნაზავი ამოიღო როდინიდან და ასხურა წყალი, ღმერთებისაკენ ასწია იგი, დაფუფქული ხელებით სზელდა მას გაუწყვეტლივ.
მერე კი მოიქნია იგი და ცეცხლში შეაგდო.
იხუვლა ცეცხლმა. შემართა საბრძოლველად ენა, ვითარცა ღმერთთა რისხვამ, გაჰყარა ნაპერწკლები, თითქოსდა უფრო აღვივდნენ და ყლორტებივით აღმოცენდნენ ნაცრიდან მუგუზალნი, მოიცვეს და დაეპატრონნენ ბერიკაცისა მზერას.
უმზერდა, თვალმუოშორებლივ უმზერდა ბერიკაცი.
-მიჩვენე, ღმერთო... მაპოვნინე გზა... მიჩვენე, ღმერთო... მაპოვნინე გზა... განმიდიდე ხილვა, დამანახე დაუნახველი... - ბუტბუტებდა იგი და შეჰყურებდა აცეკვებულ ალს.
მიწა და სისხლი შეისუნთქა ცეცხლმა, წყალი შემოაძარცვა და მათ ეძგერა. კვლავ იფეთქეს ნაპერწკლებმა, და აბრიალდნენ ენები.
თვალმოუშორებლივ უმზერდა ბერიკაცი.
ფრინველმა გაშალა ცეცხლთა ფრთები, და შეჰღრიალა ქვემოდან მგელმა. განდიდდა იგი, ხახა დააღო, ნაკვერცხალთა ლალებისა ჰქონდა თვალები, აშიშვლებდა ეშვთ, მაგრამ არ ეპუებოდა წყეული ფრინველი, გულისგამგმირავად დასჩხაოდა თავზე, ლალებს უნისკარტებდა უწყალოდ. მერე კი თითქოსდა შეერთდნენ ისინი, გადაფარა მათი ხილვა ცეცხლმა, გადაბუგა. შეჰყვირა ვიღაცამ შორს, გაუგებრად ღრიალებდა იგი, გაიძახოდა რაღაცას, და თითქოს ბერიკაცის ყურთა შორის რეკდა სიკვდილი...
უმალ ჩანავლდა ცეცხლი.
ბაგენი დახურა ალმა, ჩაინავლნენ მუგუზალნი, ოხშივარი ასდინდა კერას.
თვალები გამოახილა ბერიკაცმა, ლოცვა შეწყვიტა, ბაგეთ მოკიდებული დორბლი მოიწმინდა სასწრაფოდ. გული მოუსვენრად ფეთქავდა მკერდში.
-რა იხილე? - თითქოსდა შორიდან ესმოდა თავადი გენრის ხმა. - შაჰაიაქელო ინგენ, რა იხილა შენმა თვალებმა?
მოტრიალდა ბერიკაცი. თრთოდა მისი ბაგე, სასა უწყლო ჩრდილოეთისა მიწას მიმგვანებოდა.
-რა იხილე?! - იხუვლა თავადმა გენრიმ.
-დიადი ამბავი ვიხილე. - გამშრალი ენა მოაბრუნა ინგენმა. - ფრიად დიადი, თავადო...
-მე რა ბედი მელის? - ჩაეკითხა მოუთმენლად ბუმბერაზი. - ამოსთქვი, ინგენ! რას უნდა ველოდე?
-დიადი ბედი გელით, ჩემო თავადო. - ხმადაბლა მიუგო ბერიკაცმა. - ბედისწერას ვრცელი ამბავი უწერია თქვენზე...
ეამა თავადს. მომუჭა გასისხლული ხელი, აღმართა ცისაკენ და მადლობა შესწირა ღმერთებს.
შაჰაიაქელი მისანი ინგენი კი ფეხმორთხმული იჯდა, თითქოსდა მიჰყინვოდა თავადის ძვირფას აბრეშუმის მოჩუქურთმებულ ხალიჩას.
ჩაჰყურებდა ბერიკაცი ჩანავლებულ ცეცხლს, ცეცხლს, რომელმაც თავზარი დასცა, და ფიქრობდა გამალებით.


-*-*-*-*-*-*-
ცის კაბადონზე მცოცვარე მზეს ღრუბელნი გაერღვია და გაელია თავისი გზის ნახევარი, როცა მეფისწულს გამოეღვიძა.
მშფოთვარედ ეძინა, და თითქოს წყლიდან ამოჰქაჩესო, ისე წამოვარდა იგი, ოფლში გაწურული, სუნთქავდა მძიმედ და შლეგივით აცეცებდა ჩასისხლულ თვალებს.
კერასთან ჩაცუცქულმა მსახურმა მოჰხედა და წამსვე მის წინაშე განერთხა მიწას, დალოცა მხედართმთავარი და შეჰბედა, სარდალნი გელიანო.
წამსვე დაითხოვა იგი ანდრეიმ. წამოდგა, უმალ გადაიძრო ქათქათა ჩითის გრძელი, ოფლით სველი ტუნიკა, პირს გრილი წყალი შეისხა მსახურის მიერ მომზადებული თუნგიდან. მერმე ჩამოჯდა იგი, დღის პირველი ლოცვა აღავლინა ღმერთებისადმი, შეწევნა შესთხოვა მათ, და გაშტერდა ცოტა ხნით, იხსენებდა უსიამო სიზმარს.
ვერაფერი გაიხსენა. ცუდად ენიშნა.
აბრეშუმის თხელი ტუნიკით შეიმოსა იგი, გასცდა კარვის სულშეხუთვას და მიეფიცხა ბაჰირას გრილ მზეს. აღმოსავლეთიდან მონაბერი ზღვის სუნთქვა სწეწავდა მლაშე ჰაერს, ნთქავდა მზისა მხურვალებას.
შემოეგებნენ მსახურნი, მაგრამ ყური არ უგდო მათ მხედართმთავარმა. გაფანტოდა გონება, იდუმალ მოუსვენრობას აეტანა იგი. რაღაც უფუთფუთებდა გონებისა მიღმა, დაუოკებელს ხდიდა, მოსვენებას არ აძლევდა.
შორიახლოს სახელდახელოდ გაშლილ, თხუთმეტი შუბოსანით მოსაზღვრულ კარავს ჰკიდა მან თვალი.
წუხანდელმა ამბავმა გაუელვა მას გონში. ერქანთა დიაცის მიერ მიყენებულმა ჭრილობამ უხსენა თავი, გადახვეულ დოლბანდთა ქვეშ სწიწკნიდა იგი. გაახსენდა მონათა გაქცევა, ის უბადლო, წარმოუდგენლად თავხედური მასხრობა, რომელიც შეჰბედა მას ბარბაროსმა დიაცმა.
გაიღრჭიალეს მეფისწულის კბილებმა. უმალ კარვისაკენ გაემართა იგი.
მის დანახვაზე შუბოსნები ორად მოიხარნენ, თავი მოიდრიკეს მათი მხედართმთავრისა და მეფისწულის წინაშე.
მათ ზედაც არ შეჰხედა მეფისწულმა, წამსვე გადასწია კარვის კალთა და შიგნით შეაბიჯა.
გაოგნებით მოიხედა მიწაზე გაგებულ სარეცელთან დაჩოქილმა მსახურმა, წამსვე განერთხა მიწას. რკინის ჩაჟანგული თუნგი გაუცურდა დაფეთებულს, ჭილობზე დაიღვარა წყალი.
თავი გოროზად აღმართა ანდრეიმ. ქეჩის უბრალო სარეცელს მიუახლოვდა უჩუმრად, ზედ მისვენებულ დედაკაცს მოავლო მზერა.
ბრინჯაოსფრად დაფერილ კანსაც კი ეტყობოდა დაღლილობის ფითრი. საფეთქელი და თეთრი წარბი გასეროდა დიაცს, დალილავებოდა ღაწვი, სისხლი შეხმობოდა ფერფლისფერ თმას ყურთან. გრძელი, ყელიდან კოჭამდე მფარავი, უხეში ტილოს კაბა ემოსა, ვითარცა დიაცს შეჰფეროდა, ხელები მუცელს დაეკრიფათ მისთვის.
ბაგენი ოდნავ გაჰპობოდა, კრთოდნენ თვალის კაკლები ქუთუთოთა მიღმა. მშვიდად უღელავდა სავსე მკერდი დიაცს.
უმზერდა მას ანდრეი და უსიამოვნოდ უფორიაქდებოდა სული.
სხვა დროს არც კი შეყოყმანდებოდა, წამითაც კი, თმას შეკრეჭდა ძირში, თვალთ დასთხრიდა, ხელებს მოჰკვეთდა, და გააგდებინებდა თავს სახალხოდ ასეთი შეურაცხყოფისათვის.
ხელებს კუმშავდა, ბაგე უთრთოდა, შიგნეული ეწვოდა ანდრეის. მრისხანებისაგან აცახცახებული უმზერდა ხელუხლებელ დიაცს.
შემოუარა სარეცელს, ხელი აუქნია შიშის ზარით მომზირალ მსახურს. თუნგი აიტაცა მსახურმა, თავი დაუკრა და უკანმოუხედავად დასტოვა კარავი.
ადგა მცირედი ხანი მეფისქალის სასთუმალს ანდრეი. უმზერდა გამჭოლი მზერით, ვითარცა ლამობდა თვალებით მასში შეძრომას, დიაცის გონების შეცნობასა და მის შეპყრობას.
უცაბედად გადასწიეს კარვის კალთა. წამიერად გადაჰხედა მოქუფრულმა მეფისწულმა, ვინ მკადრაო უსიტყვოდ შემოჭრა.
სარდალი კლავდი იმზირებოდა, შეცბუნებული. მეფისქალს გადასწვდნენ მისი შავი თვალები, მერე კი მხედართმთავრის წინაშე მოიდრიკა მან ქედი.
-რაიმე გსურს? - კბილებში გამოსცრა ანდრეიმ.
-გეძიებდით, ჩემო ალფა. - უფრო მეტად მოიხარა კლავდი, მეფისქალს უმზირა წამიერად. - ქუდის კაცი მოგვიბრუნდა ავლატიდან... თვით მეფე თეოდორი გვიმოწმებს, არ გამოჩენილანო ბარბაროსნი. სიტყვა გადაუკრავს, როგორც დაავალეთ, ჩვენს კაცს, რომ არ მიიღოს ხიზანნი, და სიტყვა გადაუკრავს მეფესაც, მათი ჭაჭანება არ იქნებაო ჩემს სამეფოში.
დუმილით უპასუხა მოქუფრულმა მხედართმთავარმა. კვლავ გაიხედა დიაცისაკენ.
შეცბა.
ფითრისფერი, ცარიელი თვალები გამოეხილა დიაცს. პირდაპირ მას შეჰყურებდა.
ხელები დაეკრუნჩხა ანდრეის. გასწეწეს ჭრილობებმა, უყიოდა სისხლი და ხორცი.
პირი იბრუნა, ჩაუარა კლავდს და დასტოვა კარავი.
დუმილი ჩამოვარდა. უმზერდა სარდალი კლავდი სარეცელს მისვენებულ, თვალგამოხელილ მეფისქალს. საპასუხოდ უმზერდა მას ეირინი, მეფური სიძულვილი ეხატა სახეზე, ძილით მოსვენებული ნაკვთები ეღრიჯებოდა ხელახლა.
სიტყვის დაძვრა სურდა კლავდს, მაგრამ ხმა არ გაიღო.
მუზარადი შეისწორა სარდალმა, და კარვის კალთის ფრიალით დასტოვა დიაცი მარტო.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

12 გვერდი და 3,021 სიტყვაა ^^ იმედია ისიამოვნებთ! ^^

 



№2  offline წევრი blue witch

ცივი სითბოს შემდეგ მოგყვები და ამ ისტორიაზეც ზუსტად იგივე აღფრთოვანებას განვიცდი, ადრე მოგწერე არ ვიცი გახსოვს თუ არა ცივი სითბო უნდა დაბეჭდო მეთქი ახლა კი დალიჰარიც მენანება ფურცელზე გადატანის გარეშე საარსებოდ <3 საოცარი მწერალი ხარ ლინდა, მე სათქმელი სხვა აღარაფერი მაქვს heart_eyes

 



№3  offline წევრი Tuska

ააჰ ლინდა,რა ძაან მაგარი გოგო ხარ <3 ძალიან ძალიან ნიჭიერი <3 <3 საოცრება ხარ აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის <3 უმაგრესია ის რასაც შენ ქმნი.ვგიჟდები შენი წერის სტილზე,ისეთი დახვეწილი და გამართულია <3 ნუ არვიცი რა საუკეთესო რომ ხარ ეჭვი არ უნდა შეგეპაროს <3

 



№4  offline ახალბედა მწერალი linda

blue witch
ცივი სითბოს შემდეგ მოგყვები და ამ ისტორიაზეც ზუსტად იგივე აღფრთოვანებას განვიცდი, ადრე მოგწერე არ ვიცი გახსოვს თუ არა ცივი სითბო უნდა დაბეჭდო მეთქი ახლა კი დალიჰარიც მენანება ფურცელზე გადატანის გარეშე საარსებოდ <3 საოცარი მწერალი ხარ ლინდა, მე სათქმელი სხვა აღარაფერი მაქვს heart_eyes

კი, როგორ არ მახსოვს heart_eyes heart_eyes ისე მიხარია ეს სიტყვები, ბავშვივით... ძალიან დიდი მადლობა, რომ მკითხულობ და მომყვები! kissing_heart kissing_heart

Tuska
ააჰ ლინდა,რა ძაან მაგარი გოგო ხარ <3 ძალიან ძალიან ნიჭიერი <3 <3 საოცრება ხარ აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის <3 უმაგრესია ის რასაც შენ ქმნი.ვგიჟდები შენი წერის სტილზე,ისეთი დახვეწილი და გამართულია <3 ნუ არვიცი რა საუკეთესო რომ ხარ ეჭვი არ უნდა შეგეპაროს <3

ვაიმე ღმერთო, ამ სიტყვებს ვკითხულობ და ვიხვევი გორგალივით, არც კი ვიცი სად წავიდე laughing laughing ძალიან, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



№5  offline წევრი ჟიზელი

ვდგავარ ახლა და წინ მიდგას ის შავოსანი ბებრუცა,ავად რომ ოყურება და ქირქილებს, ეირინის გაკაცრულ წარბს და დიდ მანძილზე დაგებულ კარვებსაც ვხედავ, მაღლა აწოწილ ცეცლის ალებს და საზიზღარ ამინდში ძლივს რომ იკვლევს გზას,იმ ეტლსაც.
მერე ენა მოგიბრუნდება და იტყვი,არ ვაპირებ წიგნის გამოცემას არასდროსო :დ

 



№6  offline ახალბედა მწერალი linda

ჟიზელი
ვდგავარ ახლა და წინ მიდგას ის შავოსანი ბებრუცა,ავად რომ ოყურება და ქირქილებს, ეირინის გაკაცრულ წარბს და დიდ მანძილზე დაგებულ კარვებსაც ვხედავ, მაღლა აწოწილ ცეცლის ალებს და საზიზღარ ამინდში ძლივს რომ იკვლევს გზას,იმ ეტლსაც.
მერე ენა მოგიბრუნდება და იტყვი,არ ვაპირებ წიგნის გამოცემას არასდროსო :დ

მე კიდევ ვზივარ და ვარ ლენჩივით გაბადრული :დდდ heart_eyes heart_eyes ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 წიგნს რაც შეეხება, რა ვიცი, რა ვიცი... აბსოლუტიზმი არ მიყვარს, ამიტომ არ ვიტყვი არასდროსო, მაგრამ რამდენად რეალურია გამოშვების შანსი, არ ვიცი :დდ კატეგორიულ უარს არ ვიტყოდი, მაგრამ მე ამითაც კმაყოფილი ვარ ^^

 



№7 სტუმარი Guest Lika

Linda uniichieresi xar beta icode rigor velodebodi

 



№8  offline ახალბედა მწერალი linda

Guest Lika
Linda uniichieresi xar beta icode rigor velodebodi

უღრმესი მადლობა!

 



№9 სტუმარი Tako98

კარგი რა ლინდა ამდენი ხანი ველოდე და ანდრეიზე და ეირინზე ორი სიტყვა იყო სულ
მეტ ანდრეის მეტ ეირინს და მეტ ურთიერთობას ველი იცოდე მომდევნო თავში
ან ილაპარაკონ ან იჩხუბონ რაღაც მაინც ქნან რა

 



№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რომ იცოდე როგორ მომწონს შენი თხრობის სტილი... ვკითხულობ და მთლიანად სრორდის სამეფოს ჩახლართულ ინტრიგებში ვარ გამომწყვდეული... მთლიანად შევიგრძნობ და ვითავისებ თითოეულ სიტყვას...
ყველა ეს სამეფო კარის ინტრიგა და მასში მოქცეული ანდრეისა და ეირინის სასტიკი და შურისმაძიებელი წყვილი იმდენად ზღაპრულ და ფანტასტიურ კონტრასტს ქმნის რომ მთლიანად ჩამითრია და დამიმონა...
საოცარ ჰიპნოზს უკეთებ მკითხველს და "დალიჰარის" ჩახლართულ ხვეულებში ითრევ და სამუდამოდ ტოვებ მასში...
ძალიან ძლიერი და ნიჭიერი მწერალი ხარ შენ...

 



№11  offline ახალბედა მწერალი linda

Tako98
კარგი რა ლინდა ამდენი ხანი ველოდე და ანდრეიზე და ეირინზე ორი სიტყვა იყო სულ
მეტ ანდრეის მეტ ეირინს და მეტ ურთიერთობას ველი იცოდე მომდევნო თავში
ან ილაპარაკონ ან იჩხუბონ რაღაც მაინც ქნან რა

ვწუხვარ ძალიან :( მაგრამ ესეც საჭირო იყო, სულ ანდრეისა და ეირინზე რომ დავწერო, ვერ განვითარდება სათანადოდ სიტუაცია :დდდ შემდეგ თავში ანდრეისა და ეირინს ვუბრუნდებით ^^მადლობა რომ მკითხულობ! ^^
უცნობი ქ
რომ იცოდე როგორ მომწონს შენი თხრობის სტილი... ვკითხულობ და მთლიანად სრორდის სამეფოს ჩახლართულ ინტრიგებში ვარ გამომწყვდეული... მთლიანად შევიგრძნობ და ვითავისებ თითოეულ სიტყვას...
ყველა ეს სამეფო კარის ინტრიგა და მასში მოქცეული ანდრეისა და ეირინის სასტიკი და შურისმაძიებელი წყვილი იმდენად ზღაპრულ და ფანტასტიურ კონტრასტს ქმნის რომ მთლიანად ჩამითრია და დამიმონა...
საოცარ ჰიპნოზს უკეთებ მკითხველს და "დალიჰარის" ჩახლართულ ხვეულებში ითრევ და სამუდამოდ ტოვებ მასში...
ძალიან ძლიერი და ნიჭიერი მწერალი ხარ შენ...

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 მიხარია, რომ მოდიან ინტრიგები შენამდე <3 <3 მეც ისე ვიძირები ხოლმე, წარმოვიდგენ ყველაფერს და ნამდვილი მგონია, ვერ ვარ მგონი :დდდ

 



№12  offline წევრი BlondeCandy

არ ვაპირებ დიდი ტქსტის დაწერას.
უბრალოდ ერთი სიტყვითავ შეიძლება ვთქვათ ის, რისი თქმაც საჭიროა
უნიჭიერესი ხარ!
უბრალოდ გაგიჟებული ვარ ისე მომწონს heart_eyes heart_eyes

 



№13  offline ახალბედა მწერალი linda

BlondeCandy
არ ვაპირებ დიდი ტქსტის დაწერას.
უბრალოდ ერთი სიტყვითავ შეიძლება ვთქვათ ის, რისი თქმაც საჭიროა
უნიჭიერესი ხარ!
უბრალოდ გაგიჟებული ვარ ისე მომწონს heart_eyes heart_eyes

ვაიმე ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 წარმოუდგენლად მიხარია, რომ მოგწონთ ^_^ <3

 



№14 სტუმარი tamari

ლინდა..... კარგი იყო.მოწონხარ და მომწონს შენი მიდგომა ამ მოთხრობის მიმართ.ერთი თხოვნა მაქვს (თქვენი მონამორჩილისგან),"დალიჰარს" მოუხდებოდა ფარსმანსპარსისეული პერსონაჟი.უფრო მეტი ინტრიგა და ეფექტი იქნებოდა.ეს ჩემი სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა.იმას აღარ მოვყვები რომ ყველაზე კარგი ხარ და ლიდერი ხარ.იცი რა მომწონს ყველა შენს პერსონაჟში? რომ ყველა ჩამოყალიბებული და გაწონასწორებულები არიან,იციან რა უნდათ.მოკლედ ლინდა უდავოდ ლიდერი ხარ.ჩემთვის (დარწმუნებული ვარ სხვა მკითხველისთვისაც) ამ შენი ნაწარმოებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ძლიერი ადამიანი ხარ.მე კი ძლიერ ადამიანებს პატივს ვცემ.კარგი იყო......

 



№15  offline ახალბედა მწერალი linda

tamari
ლინდა..... კარგი იყო.მოწონხარ და მომწონს შენი მიდგომა ამ მოთხრობის მიმართ.ერთი თხოვნა მაქვს (თქვენი მონამორჩილისგან),"დალიჰარს" მოუხდებოდა ფარსმანსპარსისეული პერსონაჟი.უფრო მეტი ინტრიგა და ეფექტი იქნებოდა.ეს ჩემი სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა.იმას აღარ მოვყვები რომ ყველაზე კარგი ხარ და ლიდერი ხარ.იცი რა მომწონს ყველა შენს პერსონაჟში? რომ ყველა ჩამოყალიბებული და გაწონასწორებულები არიან,იციან რა უნდათ.მოკლედ ლინდა უდავოდ ლიდერი ხარ.ჩემთვის (დარწმუნებული ვარ სხვა მკითხველისთვისაც) ამ შენი ნაწარმოებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ძლიერი ადამიანი ხარ.მე კი ძლიერ ადამიანებს პატივს ვცემ.კარგი იყო......

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 მიხარია რომ მოგწონთ და მადლობა რჩევისათვის ^^ ვცდილობ ეს ისტორია ყველანაირი გავლენის გარეშე დავწერო, მხოლოდ მე და ჩემი ფანტაზია ჩავრთო მასში, ამიტომ არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ ^^ ვნახოთ როგორ წარიმართება ყველაფერი... უდიდესი მადლობა თქვენ სტიმულისათვის <3

 



№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაახ შენ ვინ გვყავხარ ლინდა.დავიწყე კითხვა და საოცერბა რომ ხარ უთქვანთ ხო? scream იცი გამოცდილ,ნიჭიერ და შენზე ბევრად დიდები ვერ შეძლებენ ასე დაწერონ.ახლა ვფიქრობ რა დავწერო რომ ზუსტად შენზე იყოს ზედ გამოჭრილი,მაგრამ ვერაფერს ვიფიქრებ disappointed სასწაული ხარ.რთულად წერ დამეთანხმები ხო?ამას არ ვიცი რამდენი ძალა,ფიქრი და დრო ჭირდება.ახლა მესმის მალ-მალე რატომ არ დებ ახალ თავებს და ზედმეტის მოთხოვნის უფლება არ გვაქვს.არ გიფიქრია შენც თათულის მსგავსად გახვიდე რომელიმე კონკურსზე და დაბეჭდო შენი წიგნი?იმსახურებ,ძალიან ბევრს იმსახურებ.თქვენისთანა ნიჭიერი ხალხი არ უნდა იკარგებოდეს kissing_heart ანუ იმას ვგულისხმობ მხოლოდ აქ არ უნდა წერებოდეს.აუცილებლად უნდა იბეჭდებოდეს.ბევრი ხართ აქ უნიჭიერესები და გულს ძალიან,ძალიან უხარიხართ heart_eyes kissing_heart
--------------------
ლანა

 



№17  offline ახალბედა მწერალი linda

La-Na
ვაახ შენ ვინ გვყავხარ ლინდა.დავიწყე კითხვა და საოცერბა რომ ხარ უთქვანთ ხო? scream იცი გამოცდილ,ნიჭიერ და შენზე ბევრად დიდები ვერ შეძლებენ ასე დაწერონ.ახლა ვფიქრობ რა დავწერო რომ ზუსტად შენზე იყოს ზედ გამოჭრილი,მაგრამ ვერაფერს ვიფიქრებ disappointed სასწაული ხარ.რთულად წერ დამეთანხმები ხო?ამას არ ვიცი რამდენი ძალა,ფიქრი და დრო ჭირდება.ახლა მესმის მალ-მალე რატომ არ დებ ახალ თავებს და ზედმეტის მოთხოვნის უფლება არ გვაქვს.არ გიფიქრია შენც თათულის მსგავსად გახვიდე რომელიმე კონკურსზე და დაბეჭდო შენი წიგნი?იმსახურებ,ძალიან ბევრს იმსახურებ.თქვენისთანა ნიჭიერი ხალხი არ უნდა იკარგებოდეს kissing_heart ანუ იმას ვგულისხმობ მხოლოდ აქ არ უნდა წერებოდეს.აუცილებლად უნდა იბეჭდებოდეს.ბევრი ხართ აქ უნიჭიერესები და გულს ძალიან,ძალიან უხარიხართ heart_eyes kissing_heart

ვაიმე, არც კი ვიცი რა გითხრა... ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 ჰო, თავიდან სასტიკად გამიჭირდა, ახლაც მიჭირს ასეთი სტილით წერა, პლუს სიუჟეტი ბევრად უფრო დახლართული და დეტალებით აღსავსეა ვიდრე მე ვარ მიჩვეული და ამიტომ დრო მჭირდება რომ ყველაფერი დალაგებულად დავწერო :( ძალიან მინდა რომ არეულ-დარეული არ გამოვიდეს. წიგნს რაც შეეხება, არა მგონია გენაცვალე, სიმართლე გითხრა. არ ვიტყვი რომ არავითარ შემთხვევაში თქო, უბრალოდ მე ამითაც კმაყოფილი ვარ, თქვენი სითბო ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისი და ბევრიცაა <3 უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარე! heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent