შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ გააღებ ფანჯრებს (სრულად)


20-07-2017, 19:26
ავტორი okay
ნანახია 2 700

ნუ გააღებ ფანჯრებს (სრულად)

მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ისტორიებს, რომლებიც ვერასოდეს დაგაყენებენ კარგ ხასიათზე.
ისტორია ვარდისფერია და საინტერესოა, თქვენ რას გრძნობთ ამ ფერის მიმართ.
მე კი:
**
"მხოლოდ მე შემიძლია, საკუთარი მდგომარეობის მესმოდეს."
**
ქუჩა ნაცრისფერია. ნაცრისფერი და ხმაურიანი. ხალხი მტვრის უხილავი ნაწილაკებივით ირევა. მხრებია ყველგან. დაღლილი და ჩამოყრილი მხრები. უიმედო მხრები. ვეღარასოდეს რომ ვერ იგრძნობენ სხვისი თითების სითბოს, ისეთი მხრები. თავს რომ არავინ ჩამოდებს, ისეთი.
იდაყვებს კრავენ ერთმანეთს. ვინც უფრო უხეშია, ის მივა სახლში ყველაზე ადრე. ვისაც აღარაფერი ახსოვს საკუთარი თავის გარდა, ის.
მაღალი ქალი მიდის. ქერა ნაწნავი ლამის წელამდე სწვდება. როგორი ლამაზია მისი თმები! შეუძლებელია შენიშნო და შეხება არ მოგინდეს... ხელებიც კი აგექავება, თუ მის სრიალა, ღია ფერის თმებში თითებს არ ახლართავ...
მიდის.
წინ მანქანები გადამეტებული სიჩქარით მოძრაობენ და ლამის ერთმანეთს ასკდებიან. საერთოდ არაფერს გრძნობს, კონტურები აღარ აქვთ ადამიანებსა და საგნებს და ყველაფერი ერთმანეთში ირევა. თითქოს მხატვარს აღარ სურს დაასრულოს თავისი ნამუშევარი, რომელიც ეზიზღება, რომელიც წარსულს ახსენებს და ახლა შიშველ ხელებს უსვამს რომ საღებავები ერთმანეთში გადაიდღაბნოს... თან ისე, რომ არაფერი გამოჩნდეს. სულ არაფერი.
ხმები გაურკვევლად ისმის,
სადღაც, სიღრმეში პატარა ბავშვი ტიტინებს. წვრილი ხმა აქვს, დამფრთხალი. თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.
მარცხნივ ვიღაც მანქანის დაქოქვას ცდილობს და ძრავას ახმაურებს.
შორიდან ფუსფუსი მოისმის, ხმაური იმატებს და უახლოვდება.
უჭირს მოძრაობა, ხელებით მხოლოდ ჰაერს ეყრდნობა და გზაზე თვალდახუჭული გადადის.
- დედა!
არა, ეს წითური გოგონა მისი შვილი არ არის. ეს ხმა, არსაიდან ეცნობა. ეს ბავშვი მას არ მიჰყვება უკან. მისი ცისფერი თვალები არ აქვს გოგონას, არც დიდი ტუჩები. იგი არაფრით ჰგავს მას. ამიტომ არ შეუძლია მისი შეყვარება. ამიტომ ვერ ეფერება თავზე, როცა ტირილს იწყებს. ამიტომ არ შეუძლია იშიმშილოს მის დასაპურებლად. ვერც გამხდარ მკლავებს მოხვევს, სიცივის ჩასახშობად. არა, მისი სამყოფი სიყვარული დიდი ხანია ამოუვარდა გულიდან. თითქოს ჯიბე ყოფილიყო ხურდებით სავსე, ოღონდ ძირში გახეული. დიდ ხანს რომ ვერ ინარჩუნებს შიგთავსს.
- დედა!
თითქოს პატარავდება ყველა ხმა და მთელი ძალით, თუმცა მაინც შორიდან ეძახის ეს პატარა მტარვალი, ეს პატარა ურჩხული.
როგორ უნდა, შეტრიალდეს და ადგილზევე დაახრჩოს...
მუხლებში აღარ აქვს ძალა. სადაცაა წაიქცევა, დედამიწა გამოეცლება ფეხქვეშ და იმ შეგრძნებებსაც დაკარგავს, რაც გააჩნია.
ერევა. ფერები, ხმა, მოძრაობა, ემოციები, საგნები, შვილი, წარსული, ამბები, მოგონებები, ფიქრი, ყვირილი.
თავი გასკდება,
ერთი,
ორი,
სამი,
წესით დროა უკვე.
- დედა!
ამაზრზენი ხმა მეორდება.
ცივი საგანი, რომელსაც ხელი ეხება კარის სახელურია. სადარბაზოში ორნი შედიან. გოგონას თეთრი კაბა აცვია და დიდი, გაკვირვებული თაფლისფერი თვალებით იყურება.
ვინ არის ეს ქალი?
მთელ სახეზე, წყალივით მოსდის ოფლი და ყელამდე შეკრულ ღილებს იგლიჯავს. ესმის კიდეც, როგორ ვარდება თითოეული მათგანი იატაკზე... დაბლიდან წითური ბავშვი უყურებს, ვარდისფერ კაბაზე ექაჩება და ეძახის. რაღაცას ევედრება. რაღაცას მთელი არსებით სთხოვს.
არ ესმის. რა თქმა უნდა, მას აღარაფერი აღარ ესმის.
შეხედავს, თვალს გადაავლებს გოგონას და არც იცინის, არც ტირის, არც უნდა რაიმე ემოციის გამოხატვა. უბრალოდ უყურებს და უკვირს. ნუთუ, ეს მართლა მისი შვილია? თუ კი ასეა, რატომ აღარ ახსოვს ის ტკივილი, რომელიც მისი გაჩენისას იგრძნო?! იქნებ, ესეც სხვა ყველაფერთან ერთად ამოუვარდა გონებიდან და სადმე ჩიხში, ქუჩაში, ან მეგობრის სახლში დაკარგა... არადა, ტკივილებს ვერ ივიწყებენ. ან, ტკივილები არ ავიწყდებათ.
ლიფტის კარი ხმაურით იკეტება.
სად არიან?
მეთერთემეტე სართულის დერეფანში მირბის მაღალი ქალი, ნაწნავი წელამდე აქვს ლამის და სადაცაა მასაც გასცდება.
- დედა!
ნუ ეძახის, ნუ ეძახის, რა.
დედა ცუდადაა, ახლა დედას არავინ ახსოვს. ახლა არავინ სჭირდება. დედა არ არსებობს. დედა ავადაა. დედას კბილებით უჭირავს სიცოცხლე და თუ გაექცა... თუ გაექცა მაშინ...
კარი ღიაა. ისე შედის დედა, რომ კიდევ უფრო უღამდება თვალებში. უნდა რომ გაიცინოს. ის დედაა, ეს გოგონა მისი შვილია. ის უკითხავდა ზღაპრებს საღამოობით, ის უმღეროდა ძილისპურულს... როცა ავად ხდებოდა, მისი პატარა თითები ეჭირა და გაყინული ტუჩებით კოცნიდა. ახლა, აღარ უნდა. მისი ცრემლები დაახრჩობენ, თუ არ მიატოვებს. მისი ყვირილი აავსებს გოგონას სიმშვიდეს.
და მაინც, როგორი თვალებით უყურებს. თითქოს ტირილი უნდა და ეშინია, რომ დედას აწყენინებს.
ვეღარ გრძნობს ვერაფერს. ფანჯრის რაფაზე ადის და ადგილზე ირწევა. ყურებზე იფარებს გრძელ თითებს, რომ გონებაში აჟღერებული მუსიკის ხმა დაივიწყოს. ტუჩები ოდნავ დაუშორებია ერთმანეთისთვის და ხმამაღლა სუნთქავს. თითქოს გაღიმებასაც ლამობს.
- ჩამოდი!
გაჩუმდეს ეს ბავშვი! კანკალი იმატებს და ფეხის თითები, ვეღარ გრძნობენ მყარ ზედაპირს. ხელები აფრებივით იშლება.
ვარდისფერკაბიანი ქალი ფანჯრიდან მიდის.
- დედა! - ფანჯარას გადაყუდებული საზიზღარი არსება ისევ ეძახის. ხელებით რაფას ჩაბღაუჭებია, თვალები ასფალტისთვის გაუშტერებია და არ იცის. არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ ის რაც ხდება საშინელებაა. მთელი სხეულით გრძნობს, რომ ცუდი ამბავია მის თავს, მაგრამ გონება ვერ განსჯის შექმნილ ვითარებას.
ასფალტზე კაბა აფენია. ვარდისფერი კაბა. მის ქვეშ ქალი წევს, საოცრად ლამაზია. ქერა ნაწნავი წელამდე სვწვდება, ალბათ მაღალი ქალი იყო. ხომ ასეა?
- დედა!
ფანჯრიდან მოჩანს ქერა გოგონას თავი და ფართოდ გახელილი თაფლისფერი თვალები.
ქუჩაში ისევ ხმაურია. თუმცა ამჯერად აღარაფერია ნაცრისფერი. ვარდისფერ საბურველშია ყველაფერი ჩაძირული, ხალხიც იქვე ტივტივებს... ნისლში მიცურავს.
იმატებს მასა, ითქვიფება, ამ ადამიანებისგან ალბათ ვინმემ უზარმაზარი ნამცხვარი უნდა გამოაცხოს. სხვათაშორის, ყველაზე უგემური ნამცხვარი გამოვა ნამცხვართა შორის!
მერე ხმაურია. ბევრი, ბევრი ხმაური.
ქუჩაში მყოფები ვერ ამჩნევენ, როგორი სველი აქვს სახე ფანჯარას ამოფარებულ გოგონას. ის უკვე ვეღარაფერს ხედავს მიწაზე და თვალებს ზეცისკენ აპარებს.
ლურჯია და უზარმაზარი. თითქოს უნდა ჩაგყლაპოს, ან პირიქით, შენს ფილტვებში ჩასრიალდეს. მაგრამ, არა. არ იძვრის. მოგჩერებია და ხანდახან თვალებსაც ახამხამებს.
- ნუ გააღებ ფანჯრებს! ვარდისფერკაბიანი ქალბატონები აუცილებლად გაფრინდებიან.
აი, ასე.
**
შუქი არსად ანთია. ოთახის კუთხეში ზის. კედელს თავით ეყრდნობა და სივრცეს უღიმის.
არავინ არის. არც ოთახში, არც ცხოვრებაში, არც სამყაროში.
წითური თმები მხრებზე აფენია. ხელები მუხლებისთვის მოუხვევია და ცდილობს გაიხსენოს. ფიქრისგან თავი სტკივა. სტკივა აუტანლად.
მეხსიერების სიღრმეში მკვდარი თევზებივით ტივტივებენ მოგონებები და უნდა ხელი ჩასჭიდოს, ნაპირზე ამოათრიოს და ხელახლა შეისწავლოს.
ახსენდება ბნელი სადარბაზო, ლიფტის ხმაური. მერე ვარდისფერკაბიანი ქალი, რომელიც არაფრით ჰგავს მას. ეს ქალი ხმას არ იღებს. ადგილზე ქანაობს და ძალა ეცლება.
მერე ქრება კადრები და რჩება მხოლოდ ხმები. ვიღაც ყვირის, მერე სირენების ხმა ისმის და საბოლოოდ ისიც წყდება.
მოგონებათა ჯაჭვი ხმაურით იმსხვრევა გოგონას გონებაში.
**
ყავისფერი ჩანთა.
ყავისფერი დღე.
ყავისფერი, მუქი თვალები.
და გაცრეცილი კანი, თითქოს მზისგან გახუნებული. არც თეთრი, არც კრემისფერი. უბრალოდ გავარდისფერებული სასწაულებრივად.
ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი. პატარა, წვრილი თითები სასაცილოდ უკანკალებს.
ცივა.
ცივა ისე, როგორც უნდა ციოდეს ადამიანს, რომელსაც არავინ ჰყავს ვინც დეკემბრის ყინვას შეუმსუბუქებს. ცხვირის წვერი გასწითლებია. ტუჩები კი იისფერად მოუჩანს.
- უკაცრავად. - რამდენიმე ხმა ერთდროულად ეუბნება და ისიც კუთხისკენ მიიწევს, ცდილობს შეუმჩნევლად შეერიოს ახმაურებულ ხალხს.
ლამის გული აერიოს, მათ შემყურეს. მუცელში უწრიალებს კიდეც რაღაც არასასიამოვნო, გადმონთხევას რომ ითხოვს. ეს უმნიშვნელო ადამიანები, არაფრის გამო ახმაურებულები, არაფრისკენ რომ მიიწევენ და არაფერს წარმოადგენენ, ჭირივით სძულს. ხანდახან ებრალება კიდეც.
- ფრთხილად! - ვიღაც მთელი ძალით შეასკდა და ფიქრებიდან გამოარკვია.
ფილაქანებს ძლივს მოსწყვიტა თვალი და მის წინ გაჩერებულ სილუეტს ააყოლა. დგას მისი ასაკის ბიჭი, ყავისფერი თმები ნახევარ სახეს უფარავს ლამის და შეწუხებული უყურებს. ხელები მასაც ჯიბეებში ჩაულაგებია და მხოლოდ მხრები უცახცახებს სიცივისაგან.
შეხედა გოგონამ და ვერაფრით გადაწყვიტა, თვითონ იყო თუ არა დამნაშავე, საჭირო იყო თუ არა უხერხულობისთვის ბოდიშის მოხდა. მერე თავი ისევ დაბლა დახარა და ღრმად ამოისუნთქა.
- შენი ბრალი იყო, მაგრამ არაუშავს. - ხმა მშვიდი აქვს, აუღელვებელი. წითურ თმებს მიშტერებია და უნდა რაღაც ისეთი თქვას, კვლავ მიიპყროს მოსაუბრის მუქი ყავისფერი თვალები.
- თ! - ერთადერთ ბგერას ამბობს, მაგრამ მტკიცედ. ახლა, კიდევ უფრო მეტად სცივა. შეიძლება ისე ძლიერ, ჯერ რომ არასდროს შესციებია. მოშიშვლებულ ყელზე დეკემბრის ცივი ქარი ეხვევა.
- ჰო, თქვენი ბრალი იყო, მაგრამ არაუშავს. - მოსაუბრე სწრაფად ასწორებს შეცდომას და ფეხსაც არ იცვლის ადგილიდან.
გამვლელები ხმადაბალი წუწუნით დადიან და ცდილობენ, ცუდ დროსა და ცუდ ადგილას შეჩერებული ახალგაზრდები ჩამოყრილი, დამძიმებული, მაგრამ ძლიერი მხრებით აქეთ-იქით მისწიონ.
- მე წავალ. - გოგონა თავს წევს. ბიჭის თვალები მას ირეკლავს. ისეთ ლამაზს, როგორიც შეუძლებელია სხვაგან იყო, გარდა იმ ადამიანის თვალებისა, რომელსაც მოსწონხარ.
ცისფერი, უჩვეულოდ ღია თვალები აქვს... გოგონას ეშინია. მძიმედ სუნთქავს და სადაცაა, ყვირილი დასცდება მის ბაგეებს. შეშფოთებული აკვირდება მის თვალებს, ცის მსგავს, სუფთა თვალებს და მერე ხელებს სახეზე იფარებს.
- არა, არა! - მთელი არსებით უარყოფს რაღაცას, ვიღაცას და გარბის.
მისდევს ცისთვალება და კვლავ ესმის:
- არა, არა!
მისდევს და უარყოფენ. უნდა დაეწიოს, ხელი ჩასჭიდოს და დაელაპარაკოს, მაგრამ მას უარყოფენ.
ნაცრისფერ ქუჩაში ვარდისფერ ნაფეხურებს მისდევს ცა. სადაცაა დასიცხულ ტროტუარს დააცხრება და მკერდში ჩაიკრავს.
- არა, არა! - გოგონა გარბის.
წითური თმები დაფლეთილი იალქნებივით მიირწევა ქარში.
ნაცრისფერია ქუჩა.
ნაცრისფერია ხალხი.
ნაცრისფერი დეკემბერი ამოსუნთქვით ითბობს ხელებს.
შუაზე გახლეჩილ სამყაროში გარბის ვარდისფერი და ცა მიჰყვება.
- არა, არა!
**
- დაგეწიე.
- ეგ იმიტომ, რომ მე გადავიფიქრე გაქცევა. - გოგონა მუხლებს დაეყრდნო ხელისგულებით და სირბილისაგან დაღლილმა ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი.
- ყველანი გავრბივართ ხოლმე. სულ გავრბივართ. მაგრამ, ხანდახან მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე გამოგვეკიდოს.
- მე ამიტომ არ გავქცეულვარ.
- აბა, რატომ? - მშვიდი ხმა არ შეცვლია. იდგა და უყურებდა წითურს.
- შემეშინდა.
- რისი? რატომ?
გოგონა წელში გასწორდა. გაბედა და თვალები გაუსწორა ბიჭს. ისევ ღია ფერი, ისევ ცის ფერი...
- შენი თვალების.
გაეცინა.
ისეთი სიცილი ჰქონდა, ყველა სხვა ფიქრს რომ გავიწყებდა... მარტო უნდა მოგესმინა და შენც აყოლოდი.
- არ ვხუმრობ.
- ჰო? - დასერიოზულდა და ეჭვით გადახედა. ისევ ვერ იჯერებდა, რომ სერიოზლად საუბრობდნენ.
- ჰო. - მოკლედ მოუჭრა და წასვლა დააპირა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თვალი ქუჩას მოავლო.
ალბათ, უკვე გვიანი იყო, რადგან ადამიანების უმეტესობა თავის პატარა, უბადრუკ სოროში ბრუნდებოდა. ხმაური ნელ-ნელა წყდებოდა და შავი, უკუნითი ეფინებოდა სახლებს, ტროტუარს, მაღაზიებს... მხოლოდ ლამპიონები იდგნენ წელგამართულნი და ყვითლად ანათებდნენ.
- გაგაცილებ.
თავი დაუქნია. მარტოობა კარგია, თუმცა არა ყოველთვის.
წითურმა თმები სულის შებერვით მოიშორა სახიდან. უჩვეულო სიხარული მოსდებოდა მის გონებას და შფოთავდა. ეს მის გვერდით მიმავალი ცისთვალას ღია თვალებზე მეტადაც კი აშინებდა...
- მიყვარს ღამით სეირნობა. ღამე ყველა ნაკლს ფარავს. ღამით ყველაფერი იდეალურია...
- ყველაფერი, ადამიანების გარდა. - უხეშად შეაწყვეტინა. აღარ შეუხედავს მისთვის, ისედაც გრძნობდა რომ იღიმოდა.
- ადამიანებს რას გვერჩი?! - იუმორნარევი ხმით ჰკითხა.
წითური შეჩერდა.
- ადამიანები რას მერჩიან?!
- რა ვიცი, რა ვიცი... შენ ჩვენნიანი არ ხარ?
- ამაზე მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ.
- მერე?
- ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი, თვალებიც ორი... ყველაფერი ზუსტად ისე მაქვს და ისეთი, როგორიც სხვებს. მაგრამ როცა სხვებთან ერთად ვარ, მაინც ვერ ვიჯერებ რომ მათნაირი ვარ. საერთო ენას ვერ ვპოულობ. ვერც ისეთ დუმილს, მათთან რომ გამაერთიანებს. რაღაც დიდი არსება გაწოლილა ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორის და როცა ადამიანებთან მიახლოებას ვცდილობ, მიღრენს. მე მეშინია, რომ მიკბენს და უკან ვბრუნდები. მერე ყველაფერი ზურგებია. ზურგები. ზურგები. და ჩემი გაწვდილი ხელები, რომელსაც არავინ ეხება.
- ვერ ვიტან იმ ტკივილებს, რომლების გაყუჩებაც არ შემიძლია. - ბიჭი შეჩერდა, რადგან წითური აღარ აპირებდა აღარც ერთი ნაბიჯის გადადგმას.
- მოვედით.
- არა, ეს შენ მოხვედი. ჩემს სახლამდე შორია.
- ძალიან ცივა.
- არაუშავს.
გაეღიმა.
- მე ლიზი მქვია. მაგრამ ვიცი, აღარ შევხვდებით ერთმანეთს და შენც ვეღარასოდეს ვეღარ მომმართავ სახელით.
- ლიზი... ლიზი... თუ კი ცხოვრებას ტრაგედიად აქცევ, მაშინ ცხოვრებაც ტრაგედიას შექმნის შენგან.
გოგონას მთელი სხეული გაეყინა. როგორი ახლო იყო ეს სიტყვები, როგორი ნაცნობი... რამდენიმე კადრმა ჩაურბინა გონებაში და სანამ ფიქრს დაასრულებდა, უნებურად წამოსცდა:
- შენ?
- ცოტნე.
ცისთვალა შეტრიალდა და წავიდა. ყვითლად განათებულ ქუჩაში, თავად ყვითელის ადგილიც აღარ იყო, ისე აავსო ცის ფერმა.
- ცისთვალა ცოტნე. - ლიზიმ გაიღიმა და ბნელ კორპუსში შევიდა.
სიცარიელით სავსე სახლი და გაციებული ოთახები ელოდა... შევიდოდა, დალევდა ცხელ ჩაის და გამორთული ტელევიზორის ეკრანზე საკუთარ გაცრეცილ ანარეკლს დააკვირდებოდა.
როცა კარის სახელურს ჩასჭიდა ხელი, კართან მარტოობამ მოირბინა და ღიმილით გაუღო.
- მოვედი. - არავის მიმართა და თამამად შეაბიჯა სიბნელეში.
***
ხმები. ადამიანები. გაქცევა.
ვიღაცას მიჰყვება ინსტიქტურად. ხელებს იწვდის, ებღაუჭება ვარდისფერ ნაჭერს.
ქალი შიშით უყურებს. სახე გაოფლილი აქვს, ქერა თმები ჩამოშლილი. ეს ქალი, საერთოდ არ ჰგავს მას. მისი კრემისფერი კანი, მისი მშვენიერი თვალები...
- დედა! - ეს თავისი ხმაა. თუმცა ხვდება, სიზმარი მის გარეშე მიმდინარეობს. მას სიტუაციის კონტროლი არ შეუძლია.
მერე, ყველაფერი ირევა. ღია ფანჯრის რაფაზე ვიღაც დგას და იღიმის. ეს დედამისია.
- დედა!
ქალი აღარ ირწევა. ქარი ფარდებს თამამად არხევს...
სარკმლებს მიღმა კრიალა ცა ჩანს.
ეღვიძება.
...
ლიზიმ გამხდარი მკლავები მხრებზე შემოიხვია. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და აუტანლად ეწვოდა. კანკალმა ფეხის თითებიდან თმის ძირებამდე დაუარა ლამის და შეამცივნა.
ტერფებით შეეხო იატაკს და საბანი გადაიძრო. მუხლებზე შემოიწყო ხელები და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა.
სიზმრები.
ქვეცნობიერის ყველაზე ხმამაღალი ამოძახილი, რომლის ბოლომდე გაგებაც არ შეგიძლია.
წამოდგა. წამიერად თვალებში ბნელი ჩაუდგა და შებარბაცდა. ოთახი მის გარშემო დატრიალდა და უსუსურობის შეგრძნება დაეუფლა. შიშით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, კედელს გაჰყვა. წყურვილი სტანჯავდა. მაგიდიდან თბილი წყლით სავსე ფინჯანი აიღო და ფრთხილად მოსვა.
ნაცრისფერი კედლები, ნაცრისფერი ჭერი, თითქოს შიგ სულში უძვრებოდა და მთელ შიგნეულობას იმავე ფერს აძლევდა.
ერთადერთი დადებითი მთელი ამ საცხოვრებლისა, იყო მიუწვდომლად მაღლა გამოჭრილი, მეტისმეტად პატარა სარკმლები, რომლიდანაც გადახტომა შეუძლებელი იყო.
"რომ შემეძლოს, გადავხტებოდი." - გაიფიქრა და სკამზე ჩამოჯდა. მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები.
გრძელი მაისურის ამარა იჯდა. წითელი თმები მხრებზე ეფინა და ყელს უფარავდა. დაღლილი თვალებით აკვირდებოდა საკუთარ გამხდარ ფეხებს და ცოტაც და ხელახლა ატირდებოდა.
კარზე ზარი გაისმა. ლიზიმ მკლავზე იჩქმიტა, იფიქრა მძინავსო. ვიღაც ისევ რეკავდა.
ეჭვით სავსე მზერა მიანათა კარს და წამოდგა. პატარა, არეულ საწოლზე მიგდებული გრძელი მოსაცმელი აიღო და სწრაფად ჩაიცვა. სანამ კართან მივიდოდა, ყველა შესაძლო ვერსია განიხილა, მაგრამ ერთხელაც არ უფიქრია, რომ კარს მიღმა შეიძლებოდა ცოტნე მდგარიყო.
- შენ? - როცა კარგი გამოაღო, სიხარულნარევმა გაოცებამ მოიცვა გოგონა.
- მე. - ცისთვალამ გაუღიამა და თამამად შეაბიჯა შიგნით.
- როგორ ცივა! - სწრაფად აღნიშნა და რადგან ოთახში დივანი არ იდგა, მაგიდას მიუჯდა.
ლიზის ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს თავად იყო სტუმრად. უხერხულად ჩასჭიდა ხელები ერთმანეთს და კარს ზურგით მიეყრდნო.
- ჩაი, ყავა, წვენი, რამე? - ცოტნემ გაიღიმა და თვალებით თავისუფალი სკამის ძებნა დაიწყო.
- მხოლოდ ერთი სკამი მაქვს. - გოგონამ მხრები აიჩეჩა და მაინც მიუახლოვდა სტუმარს.
- ჯენტლმენად არ დავბადებულვარ, მაგრამ... - მაშინვე წამოდგა დააპირა, მაგრამ ლიზიმ მხარზე ნაზად დაადო ხელი და ისევ დასვა.
- ისე, რომელი გირჩევნია?
- ყავა.
- შაქარი?
- არც ერთი.
- კარგი.
ზურგი აქცია და წყლის ადუღებას შეუდგა. ჭიქაში ჩაყარა ერთი კოვზი სურნელოვანი ყავა და მერე წუთიერად ჩაფიქრდა. რატომ იყო უცხო ადამიანი ახლა მის ბინაში და რატომ აკეთებდა მისთვის ყავას? ეს არ იყო სწორი.
- ფანჯრები ასე მაღლა რატომაა? - ინტერესით აღსავსე ხმა შემოესმა. - და ასე პატარა...
ლიზი შეკრთა. მუხლებში ძალა გამოეცალა და შებარბაცდა.
- კარგად ხარ? - სანამ ცოტნე წამოდგებოდა, მანამ შეძლო გოგონამ წონასწორობის დაცვა.
- კარგად ვარ. ნუ დამელაპარაკები ფანჯრებზე. გთხოვ.
ცოტნემ უხმოდ დაუქნია თავი და მერე, ღიმილით გამოართვა ყავით სავსე ფინჯანი.
- მგონი, მარტო ცხოვრობ...
- ჰო.
- არ მოგწყინდა?
- რა ვიცი... უნდა მომწყინდეს?
- კი. აუცილებლად.
- სხვა გზა მაინც არ მაქვს.
- ოჯახი?
გოგონამ მხოლოდ ჩაიცინა.
- ალტერნატივა ყოველთვის არსებობს.
- მაგრამ ყველასთვის არა. - ლიზი იატაკზე დაჯდა და თავისი ყავა მოსვა.
- ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავს შენს ყავას. - თვალები სივრცეს გაუსწორა და თავისთვის ჩაილაპარაკა. სიამოვნებდა ასე ყოფნა. ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებულ თემეზე საუბარი, ცისთვალასთან.
- მე წავალ. - მოულოდნელად წამოდგა ცოტნე. ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო და გოგონას წინ დადგა.
- ნახვამდის.
ცისთვალამ ოდნავ ჩაიღიმა და გარეთ გავიდა.
როგორც კი კარი მიიხურა, ლიზიმ სახეზე აიფარა ხელები და ტირილი დაიწყო.
ოთახში კვლავ მძიმე, ნაცრისფერი მარტოობა იდგა.
***
ლიზის დედას ძალიან ლამაზი, ცისფერი თვალები ჰქონდა. სიმშვიდე იდგა მათში ყოველთვის და არაფერს შეეძლო მისი ამღვრევა.
მაგრამ, როგორც ცუნამი, ისე აბობოქრდა მის სულის სარკმლებში ჩამდგარი ცისფერი ზეცა და აირია ცხოვრებაც.
მშვიდხმიანი ქალი, ქერა თმებით და ნატიფი მოძრაობებით, მოუხეშავ არსებად იქცა.
რაღაც აწუხებდა...
იყო რაღაც, რაზეც არაფერს ამბობდა. როგორც კი საკუთარ სხეულში, ახალი სიცოცხლის არსებობა შეიგრძნო, დაფრთხა. ვერ შევძლებო იმეორებდა, ვერ შევძლებო. არც კი უცდია.
როცა გოგონა დაიბადა, რომელიც არაფრით ჰგავდა მას, თვალებიც მოუსვენრად უელვარებდა და თმებიც წითლად უღაჟღაჟებდა, კიდევ უფრო გაღეზიანდა. ვერაფრით ახერხებდა მისი ტირილის მოსმენას, ვერც მისი კისკისით ხარობდა. მხოლოდ უცნაური, ძალიან უცნაური შეგრძნება ტანჯავდა.
როცა გოგონას ლიზი დაარქვა, სახელი რომელიც ყველაზე მეტად არ უყვარდა, იფიქრა - გადავრჩებიო. ვერ გადარჩა. რამდენიმე წელი გაძლო და მერე ფანჯრიდან წავიდა.
ვარდისფერი მტრედივით გაფრინდა... მიილია... დაიცალა...
ლიზი დარჩა. სწორედ იმ შეგრძნებით, რომელმაც აიძულა ფანჯარასთან მდგომს ნაღვლინად ეცქირა ქუჩაში შეკრებილ ადამიანებს შორის მწოლიარე სისხლიანი ქალისთვის...
- დედა!
არსებობს სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც კარგად ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში ვერაფრით გამოვიყენეთ. ჩვენს თავს ვერ მოვარგეთ. ერთი ასეთი სიტყვა იყო. ერთი ასეთი გამოტოვებული ცხოვრება. შვილის ცხოვრება.
ლიზის თვალები გაუმუქდა. ღია თაფლისფერი - მუქ ყავისფერად ექცა.
ბავშვობა - დიდობად.
ლიზი იდგა და ფიქრობდა -
ფანჯარა რომ ყოფილიყო დაკეტილი, დედაჩემი გადარჩებოდაო...
ვინ იცის...
***
ლიზი მარტო იჯდა ოთახის კუთხეში და ხელები მშვიდად ეწყო გამხდარ მუხლებზე. დროდადრო, თავს წამოწევდა, ინტერესით მოატარებდა ოთახს თვალებს, თითქოს იქ ეძებს პასუხს თავის კითხვებზეო.
"მე მესმის როგორ, არ მესმის რატომ.." - სიმწრის ღიმილი გადაეკრა სახეზე.
წლები იყო უკვე, რაც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რამ ან ვინ მიიყვანა დედაჩემი თვითმკვლელობამდე, რამ ან ვინ აიძულაო...
უამრავი კითხვა.
არც ერთი პასუხი.
ადამიანს, ყველაზე მეტად გაურკვევლობა აწუხებს.
***
გვიანი იყო, როცა სასეირნოდ გავიდა გარეთ. ლამპიონებით განათებულ ყვითელ გზას მიუყვებოდა და ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა. თუმცა, სხვა თუ არაფერი, იგი იმაზე მაინც ფიქრობდა, რომ არაფერზე არ უნდა ეფიქრა.
- ლიზი. - ქუჩის კუთხიდან მისკენ ჩქარი ნაბიჯებით მომავალი სილუეტი შენიშნა.
სანამ შუქი პირდაპირ მის სახეს არ დაეცა, მანამ ვერ იცნო.
- ცის... - შეკრთა. - ცოტნე, როგორ ხარ? - სწრაფად შეასწორა თავისივე სიტყვები.
- როგორ თქვი? - კმაყოფილმა გაიღიმა.
- არაფერი. დაივიწყე.
- არა, მითხარი.
- ცისთვალა...
ბიჭს სახე გაებადრა.
- შემომხედე!
დარცხვენილმა ლიზიმ თავი ასწია და მის შუბლს მიაჩერდა.
- თვალებში... თვალებში მიყურე!
გოგონამ ფრთხილად, შიშით ჩახედა თვალებში. წამიერად, კვლავ შიშმა გაჰკრა გულში, სახე მოღრეცილმა სცადა მზერის სხვა საგანზე გადატანა, მაგრამ ცოტნემ ჩახველებით ანიშნა - არც იფიქროო...
მერე, გადაუარა.
- ასე ჯობია. - ბიჭი კიდევ უფრო კმაყოფილი იყო. - ლამაზი თვალები მაქვს, არა?
- კი. ლამაზია.
- შენებიც. - სიცილით აღნიშნა.
ლიზიმ იგრძნო, როგორ აავსო მთელი მისი სხეული უცნაურმა სითბომ.
რამდენი შეხვედრაა ადამიანთან საკმარისი იმისთვის, რომ შეიყვარო?
ორმოცდაათი? ოცდაათი? ათი? იქნებ ერთიც სრულიად საკმარისია?
- სამი... - გოგონას გონებამ მარტივად უპასუხა კითხვას.
ცოტნეს შესაყვარებლად, მხოლოდ სამი დღე აღმოჩნდა საჭირო.
***
ცოტნემ სთხოვა, ჩემს სახლში წამომყევიო. მინდა იცოდე სად და როგორ ვცხოვრობო.
გაყვა.
სანამ ქუჩას გადაჭრიდნენ, ბიჭმა ხელი ჩასჭიდა და სწრაფად სიარული აიძულა. ლიზი გადაღლილი ნაბიჯებით მისდევდა.
კიდევ უფრო დაიღალა, როცა მეცხრე სართულზე მოუწიათ ასვლამ ფეხით, ლიფტის გამოუყენებლობის გამო.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება! - პათერიკურად წარმოთქვა ცისთვალამ და კარი ფართოდ გააღო.
პირველი, რაც გოგონამ შენიშნა, უზარმაზარი ფანჯრები იყო... თუმცა კარგად დახურული.
- ნუ გააღებ ფანჯრებს... გთხოვ... ნუ... - უნებურად ხელები მოჰხვია ცოტნეს და თვალები ცრემლებით აევსო.
გოგონას რეაქციით გაოცებულმა, კარი სწრაფად მიხურა და ხელები თავადაც შემოაჭდო სუსტ მხრებზე.
- დამშვიდდი. დამშვიდდი. - უცვლელი ტონით გაუმეორა და შეეცადა, გაღიმებოდა.
- მაპატიე. - ლიზი ახლაღა გამოერკვა და თვალები შეიმშრალა.
- კარგად ხარ?
- კი, კი.
- მაშინ, რაღაც მინდა მოგცე. - ცოტნემ ხელი ჯიბეში ჩააცურა და რაღაც ლითონის საგანი ამოიტანა.
- გასაღები?
- როცა გინდა, მოდი. ჩათვალე, რომ შენი სახლია.
- არ გეშინია, რომ გაგქურდავ? - ლიზიმ ზურგი აქვია და კიბეებს ჩაუყვა.
- არა. შენ გეშინია ჩემი სახლის.
- ანუ გასაღები სიმბოლურია. მხოლოდ იმიტომ მომეცი, რომ იცი, მისი გამოყენა არ შემიძლია.
- არა, არა! - სიცილით ჩაეჭიდა ცისთვალა მხარზე. - მე მგონი, თუ თავს მოგანატრებ, იმ უზარმაზარ ფანჯრებს დაივიწყებ და მოხვალ!
ლიზიმ გასაღები გამოართვა და შეინახა.
***
მთელი ღამე ვერ დაიძინა. რაღაც არ ასვენებდა. რაღაც უწამლავდა გონებას.
საბანი გადაიძრო, ფეხზე წამოხტა და პირდაპირ აბაზანას ეცა.
სახეში ცივი წყალი შეისხა და იატაკის მშრალ კუთხეში ჩამოჯდა.
რაღაცის ეშინოდა...
გაახსენდა დედამისი. ვარდისფერკაბიანი, ულამაზესი ქალი. რომელმაც სამუდამო მარტოობისთვის გაიმეტა, უდანაშაულო გოგონა.
მერე?
მერე იყო წლები, როცა განსაკუთრებით მძიმე იყო ცხოვრება. როცა ყველა მის დახმარებას ცდილობდა, ყველას ებრალებოდა. აიძულეს, რომ მასაც სიბრალული ეგრძნო საკუთარი თავის მიმართ. ლიზი მიხვდა, ცოტაც და ეს თანაგრძნობა ზიზღში გადაეზრდებოდა და ყველას უარი უთხრა. მეგობრები და ნათესავები ჩამოიშორა. მხოლოდ მათ შემოთავაზებულ პატარა ფულს და კიდევ უფრო პატარა ბინას დათანხმდა და მერე, ცხოვრებიდან ყველა გააქრო.
ასე ჯობია. რაც უფრო ნაკლებად უყვარხარ ადამიანებს, მით ნაკლებად ატკენ შენი სიკვდილით. სიკვდილის გარეშე კი, წარმოუდგენელია.
ფეხზე წამოდგა. სახე შეიმშრალა და საწოლისკენ აიღო გეზი. ზედ ჩამოჯდა და თავი დახარა.
რამ შეაშინა ასე?
ნეტავ, შესაძლებელია ადამიანს სიყვარულის შეეშინდეს?!
***კვირის ბოლოს, როცა სისტემატიური ხასიათი მიიღო მისი და ცისთვალას შეხვედრებმა, ცოტნემ პატარა, გამჭირვალე ქილა მიუტანა, ლამაზად დაკეცილი ქაღალდებით სავსე.
- ეს რა არის?
- მეჩქარება მე... - მერე სწრაფად გაიხურა კარი და წავიდა.
ლიზი ერთადერთ სკამზე ჩამოჯდა და ქილას დააკვირდა. გარეთ, ერთადერთი წინადადება ეწერა შავი ტუშით:
"33 reasons why i love you"
გოგონამ იგრძნო, როგორ იმატა გულის ცემის სიხშირემ.
სწრაფად მოხსნა პატარა თავსახური და ფურცლები მაგიდაზე გადმოყარა.
" იმიტომ, რომ ლამაზი თვალები გაქვს. " - გახსნა რომელიც პირველად მოხვდა ხელში და მერე, შეუჩერებლად გააგრძელა -
" იმიტომ, რომ როცა იღიმი, თვალებში ათასობით ვარსკვლავი გიჩნდება და ყველა ერთად იწყებს ციმციმს."
" იმიტომ, რომ შენი წითელი თმები, მილიარდ ადამიანშიც კი მაპოვნინებს შენს თავს."
" იმიტომ, რომ როცა იცინი, თვალები გიწყლიანდება. "
" იმიტომ, რომ როცა ჩაფიქრდები, შუბლზე სასაცილო ნაკეცები გიჩნდება."
" იმიტომ, რომ ვიცი არ გამქურდავ. "
" იმიტომ, რომ ლამაზი თითები გაქვს."
" იმიტომ, რომ ჩემი თვალების გეშინია. "
" იმიტომ, რომ გენდობი."
" იმიტომ, რომ შენს ემოციებს არასდროს მალავ ჩემთან. "
" იმიტომ, რომ ახლა, როცა ამას კითხულობ ტირი. "
" იმიტომ, რომ მარტო ხარ ყოველთვის და ეჭვიანობა უბრალოდ არ გამომდის. "
" იმიტომ, რომ როცა შენ გხედავ, მთელი სამყარო ვარდისფერ ნისლში ეხვევა. "
" იმიტომ, რომ ცისთვალა დამარქვი."
ლიზიმ კითხვა შეწყვიტა. უკვე გაშლილი ქაღალდები, მაგიდის კუთხეში ელაგა. მოუნდა, რომ ხელახლა წაეკითხა, მაგრამ ახლების ნახვის ინტერსმა ძლია.
...
მთელი ღამე კითხულობდა სიყვარულის 33 მიზეზს. როცა დაასრულებდა, თავიდან იწყებდა. მერე ისევ... და ისევ... და ასე დაუსრულებლად.
ყველაზე მეტად, ერთმა შეაშინა.
" იმიტომ, რომ შენც გიყვარვარ. "
მართალი იყო ცისთვალა. მაგრამ ახლა რა იქნებოდა? ერთად ყოფნა? ბედნიერება? იმ უზარმაზარ ფანჯრებიან სახლში ცხოვრება? იქნებ ტკბილად დაბერება? ან იქნებ...
შეაშფოთა საკუთარმა ფიქრებმა. ამაზე მეტად კი იმან, რომ ცოტნეს უყვარდა. თან ძალიან უყვარდა.
***
ღამის პირველ საათზე გამოეღვიძა. ცივი ოფლი ასხამდა. ისევ დედამისი დაესიზმრა. უყურებდა ვარდისფერკაბიანი ქალი წარსულიდან და თითქოს თვალებით ბურღავდა. მწველი იყო ეს მზერა, თითქოს აღსასრულის მანიშნებელი და მთელი სხეული უხურდა გოგონას.
რატომ მოიკლა დედამისმა თავი? იქნებ, არსებობს სიყვარულის მსგავსად, თვითმკვლელობის 33 მიზეზიც?
ფეხზე წამოდგა.
მაგიდაზე ჯერ კიდევ ეგდო პატარა ქილა... ხელი ზიზღით ჩასჭიდა, ნიჟარასთან მიიტანა და წყალი მოუშვა. ფრჩხილებით ხეხავდა, წმენდდა შავ საღებავს. ნელ-ნელა, თითქმის სრულიად წაიშალა "33 მიზეზი, თუ რატომ მიყვარხარ"
მერე შავი ტუში მოძებნა. საბედნიეროდ, იპოვა :
"Suicide's 33 reason"
ახალი წარწერა, კიდევ უფრო მოუხდა. მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს, სუფთა მხარეს ახალი წინადადებები დააწერა:
" იმიტომ, რომ ლამაზი თვალები გაქვს. "
" იმიტომ, რომ როცა იღიმი, თვალებში მზე გიფეთქდება"
" იმიტომ, რომ ჩემი წითელი თმები, მილიარდ ადამიანშიც კი გაპოვნინებს ჩემს თავს."
" იმიტომ, რომ როცა იცინი, თვალები გიფართოვდება "
" იმიტომ, რომ როცა ჩაფიქრდები, წარბებს სასაცილოდ კრავ ხოლმე."
" იმიტომ, რომ იცი არ გაგქურდავ. "
" იმიტომ, რომ ლამაზი თითები გაქვს."
" იმიტომ, რომ შენი თვალების მეშინია. "
" იმიტომ, რომ მენდობი."
" იმიტომ, რომ ჩემს ემოციებს ვერასდროს ვმალავ შენთან. "
" იმიტომ, რომ ახლა, როცა ამას ვწერ ვტირი. "
" იმიტომ, რომ მარტო ვარ ყოველთვის. "
" იმიტომ, რომ ჩემი მთელი სამყარო ვარდისფერ ნისლშია გახვეული. "
" იმიტომ, რომ ცისთვალა დაგარქვი."
შეჩერდა. ღრმად ამოისუნთქა და დანარჩენები მიზეზებიც ჩამოწერა. მხოლოდ, უკანასკნელ სამ ფურცელთან შეჩერდა.
მერე ძალა მოიკრიბა და დაწერა:
" იმიტომ, რომ შენც გიყვარვარ. "
" იმიტომ, რომ სიყვარულის მეშინია."
" იმიტომ, რომ არ მინდა ვუყვარდე ვინმეს."
მერე სწრაფად ჩაყარა ფურცლები ქილაში და თავი დაახურა.
კანკალებდა. პირველად, სწორედ ახლა იგრძნო, თუ რატომ მოიკლა დედამისმა თავი.
ეშინოდა! დედამისს სიყვარულის ეშინოდა! ყველაზე მეტად კი, სწორედ იმიტომ აფრთხობდა შვილი, რომ იგი უყვარდა ყველაზე მეტად! ლიზის - ცისთვალა.
კარადაში ვარდისფერი კაბა მოძებნა. ახლა, ყველაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ახლა, ყველა დეტალი გასათვალისწინებელი იყო.
როცა ჩაიცვა და საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა, მიხვდა - ასეთი ლამაზი, არასდროს ყოფილა! ასეთი სრულყოფილი!
წითური თმა მხრებზე ჩამოიშალა და ცოტნეს მიცემული გასაღები მოძებნა. ხელში დაიჭირა და სახლიდან გავიდა.
**
ქუჩა ნაცრისფერია. ნაცრისფერი და ჩუმი. ღამის 4 საათია და ყველაფერი გენიალურადაა. ლამპიონების ქვეშ თამამად მიაბიჯებს ვარდისფერკაბიანი გოგონა. წითური თმები გველივით ეხვევა ყელზე.
ღრმად სუნთქავს ღამის ცივ ჰაერს და თითოეული წამის მნიშვნელობას გრძნობს.
მაღაზიები დაკეტილია. ხალხი არ არის. იდეალური დროა, სიკვდილისათვის.
ნელ-ნელა, ყველა შენობა, სახლი თუ მაღაზია ერთმანეთში ირევა და ერთ მთლიანობას ქმნის. ხელით ვერაფერს ეჭიდება და ფეხებს ძლივს მიათრევს.
მაღალი კორპუსია. სულ ცხრა სართული. მთავარია, გასაღები აქვს... მთავარი გასაღებია!
კარგია, რომ არ გამოჰყვა პატარა, მომაბეზრებელი გოგონა, რომელიც მას არაფრით ჰგავს. კიდევ უფრო კარგია ის, რომ ასეთი გოგონა საერთოდ არ არსებობს. მეტიც, ვერც იარსებებს ვეღარასდროს.
ბედნიერია, რომ არ ესმის:
- დედა!
სუსტი ხმით წარმოთქმული სიტყვები. არავინ ებღაუჭება კაბაზე. ეს მისი სიცოცხლეა! იგი მას ეკუთვნის და ყველაფრის უფლება აქვს. არავის წინაშეა ვალდებული, იცოცხლოს.
კიბის მოაჯირებს მიჰყვება, წინ გრძელი გზაა. ყველა სახლში ჩამქრალია შუქი. მთელ სამყაროში ღამეა. თან ისეთი ღამე, თითქოს ჯერ არასდროს გათენებულა. ისეთი ღამე, თითქოს ვერც მომავალში გათენდება ვეღარასდროს.
ცივია სადარბაზო. ცივი და ცარიელი. ნაცნობ კარს უნდა მოარგოს გასაღები. აი, ასე.
კარი ჭრიალით იღება. კიდევ უფრო ხმამაღლა იკეტება იგი.
ვარდისფერკაბიანი გოგონა ხედავს მხოლოდ ერთადერთ ფანჯარას, რომელიც ღია დარჩათ. მოხდენილად დგება ფანჯრის რაფაზე და ფართოდ აღებს.
სადღაც, ახლოს ნაბიჯების ხმა ისმის. სადღაც, ახლოს ვიღაც არის და მისკენ მიიწევს.
ვინ არის ეს გაჩეჩილთმიანი ბიჭი, რომელიც ღია ცისფერი თვალებით მისჩერებია?
- ლიზი! - კარის ზღურბლთან შეჩერებული, სასოწარკვეთილი ეძახის და თავბრუეხვევა.
ნუ ეძახის! საშინელი ხმა აქვს. საშინლად მომაბეზრებელი. ვარდისფერკაბიანი გოგონა, უკვე დაიღალა მისი მოსმენით.
- ლიზი, გთხოვ! მოიცადე! - ნელ-ნელა უახლოვდება.
ოფლით დაცვარულ სახეზე ღიმილი მოჰფენია გოგონას.
ახლა ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ, ცისთვალას აღარ აქვს ტრადიციულად მშვიდი ხმა.
- ფრთხილად, ლიზი! ლიზი, მე შენ მიყვარხარ! გთხოვ... ჩამოდი, ლიზი! - ხმა უკანაკალებს.
ლიზის ეცინება. როგორი საბრალო გახდა ეს ბიჭი?! ცალ ხელს უშვებს ფანჯარას და უქნევს. ესეც, იდეალური დამშვიდობება.
- ლიზი, მე შენ...
ვარდისფერკაბიანი გოგონა ფანჯრიდან ნაზად მიფარფატებს. მხოლოდ ასფალტზე ვარდნის ხმა არ არის ნაზი.
ღიად დარჩენილი ფანჯრიდან შემოჭრილი ნიავი, ჭრელ ფარდებს არწევს.
ცისთვალა ბიჭი დგას, ფანჯრის რაფას ებღაუჭება და ცარიელ ქუჩაში, უმწეოდ ხელებგაშლილ, ასფალტზე მწოლიარე ვარდისფერკაბიან გოგონას უყურებს.
თვალებში შიში უდგას. ყელში რაღაც აწვება. ალბათ ყვირილი აქვს გაჩხერილი და ამოღება ვერაფრით მოახერხა.
- ლიზი... - უწმეოდ ჩამოშვებულ მხრებზე, ვარდისფერი ჰაერი ელამუნება.
გოგონა მშვიდად წევს და იცის, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა.
ქუჩა, ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი ვარდისფერი.
скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest ...

შოკში ვარ!!

 



№2  offline √ აქტიური მკითხველი ™ nawkas12345

ღმერთო.................
არ ვიცი რა ვთქვა...

 



№3 √ სტუმარი ™ l,m not sick

მეც ხო არ ჩამოვწერო 33მიზეზი რატო მიყვარხარ?
წულაიაააააა...
მაგიჟებ შენი ნიჭით!

 



№4  offline √ წევრი ™ ნონორე.

ვარდისფერი ჩემთვის სექსის და ფლირტის ფერია.
ცოტნე_ცისფერი, ღია გაცრეცილი ადამიამია.


ამიტომ მე არ მინდა ამის გაგება.
მებანალურა თავისი ცოტნეებით და სიყვარულობებით ლიზა.
მებანალურა სუიციდი
მებანალურა სახელი ლიზაც
მებანალურა ყველა'ფერი.


ძალიან ვაფასებ შენს ნიჭს
მაგრამ ეს არ მოვიდა ჩემამდე.

 



№5  offline √ ახალბედა მწერალი™ okay

Guest ...
შოკში ვარ!!

მიხარია! ^^

nawkas12345
ღმერთო.................
არ ვიცი რა ვთქვა...


l,m not sick
მეც ხო არ ჩამოვწერო 33მიზეზი რატო მიყვარხარ?
წულაიაააააა...
მაგიჟებ შენი ნიჭით!

ვაიმე ^^^
გავიკრიჭე ❤

ნონორე.
ვარდისფერი ჩემთვის სექსის და ფლირტის ფერია.
ცოტნე_ცისფერი, ღია გაცრეცილი ადამიამია.


ამიტომ მე არ მინდა ამის გაგება.
მებანალურა თავისი ცოტნეებით და სიყვარულობებით ლიზა.
მებანალურა სუიციდი
მებანალურა სახელი ლიზაც
მებანალურა ყველა'ფერი.


ძალიან ვაფასებ შენს ნიჭს
მაგრამ ეს არ მოვიდა ჩემამდე.


ლიზა არა და ლიზი - კი.
ვარდისფერი ჩემთვის რაც არის, ვთქვი. გაუბედაობა, გაურკვევლობა, საფრთხე, მოგონებები და კიდევ რაღაც-რაღაცები.
და ისტორია საერთოდ არ იყო სიყვარულზე, პირიქით -
სიყვარულის შიშზე იყო.
სუიციდს რაც შეეხება - ყველა ბედნიერება ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ყველა ადამიანს საკუთარი, განსაკუთრებული უბედურება სჭირს. სუიციდი არასწორია, მაგრამ არა ბანალური.

როგორც ჩანს, ვერ ვთქვი სწორად ამ ისტორით ის, რისი თქმაც მინდოდა.

შენ, დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤
--------------------
Sun...

 



№6 √ სტუმარი ™ მალიკი

ძალიან ლამაზი სიტყვები იყო..აზრიც თითქოს.ცოტა აუხსნელი და უცნაური.მხოლოდ ორნი ისტორიაში.
მაგრამ მე გეტყვი ერთ დიდ მიზეზს,რატომ არ მომეწონა:
შენ ძალიან გულქვად მოექეცი ცოტნეს.
ვერ გავიგე თავი რატომ მოიკლა ლიზიმ.
თუ მხოლოდ იმიტომ რომ სულ ვარდისფერ კაბიანი ქალი ესიზმრებოდა.?
არ იყო საჭირო ბოლოში ასეთი ტრაგიზმი.დასაწყისშიც საკმარისად იყო.
დასასრულით ვერ აღვფრთოვანდი.
ისეთი ფრაზები გეწერა ზოგან, მბურძგლავდა.
სამწუხაროა,რომ ბოლოში ცივი წყალი გადამასხი. (ზაფხულის სიცხის მიუხედავად) ))
პატივისცემით, მე ).

 



№7 √ სტუმარი ™ Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 



№8  offline √ ახალბედა მწერალი™ okay

მალიკი
ძალიან ლამაზი სიტყვები იყო..აზრიც თითქოს.ცოტა აუხსნელი და უცნაური.მხოლოდ ორნი ისტორიაში.
მაგრამ მე გეტყვი ერთ დიდ მიზეზს,რატომ არ მომეწონა:
შენ ძალიან გულქვად მოექეცი ცოტნეს.
ვერ გავიგე თავი რატომ მოიკლა ლიზიმ.
თუ მხოლოდ იმიტომ რომ სულ ვარდისფერ კაბიანი ქალი ესიზმრებოდა.?
არ იყო საჭირო ბოლოში ასეთი ტრაგიზმი.დასაწყისშიც საკმარისად იყო.
დასასრულით ვერ აღვფრთოვანდი.
ისეთი ფრაზები გეწერა ზოგან, მბურძგლავდა.
სამწუხაროა,რომ ბოლოში ცივი წყალი გადამასხი. (ზაფხულის სიცხის მიუხედავად) ))
პატივისცემით, მე ).


ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის.
ვრცელი კომენტარები მიყვარს ^^^
სამწუხაროა, რომ იმედები გაგიცრუე'თ.

თავი ზუსტად იმიტომ მოიკლა ლიზიმ, რატომაც დედამისმა.
შეეშინდა სიყვარულის, შეეშინდა რომ ცოტნეზე დამოკიდებულები გახდებოდა და პირიქით.

მოკლედ, მადლობა კიდევ ერთხელ.
--------------------
Sun...

 



№9  offline √ წევრი ™ ფორთოხალი

ნუ ხსნით მიზეზებს და მიზნებს კომენტარებში. საკუთარი ნაწერის უპატივცემულობაა ეს.

არ მომეწონა მოთხრობა, თუმცა პატიოსნად ბოლომდე წავიკითხე.
წარმატებები ავტორს.

 



№10  offline √ ახალბედა მწერალი™ okay

ფორთოხალი
ნუ ხსნით მიზეზებს და მიზნებს კომენტარებში. საკუთარი ნაწერის უპატივცემულობაა ეს.

არ მომეწონა მოთხრობა, თუმცა პატიოსნად ბოლომდე წავიკითხე.
წარმატებები ავტორს.


შინაარსის მიუხედავად, შენი კომენტარი ძალიან გამიხარდა.
ნაწერის უპატივცემულობას რაც შეეხება: ვისთვის - როგორ.
მე ასე არ ვთვლი.

მადლობა.
--------------------
Sun...

 



№11  offline √ წევრი ™ შარლატან

სიკდილი და ისიც ვარდისფერი? რაგაც უცხოა.მართლაც რა ლამაზი იქნებოდა გარდაცვალებას , რომ ფერები ჰქონდეს.გეტყობა არასოდეს გინახავს მისი ცივი უგულო კლანჭები,ბოლომდე რომ გჭამს თორემ ასე აღარ დაწერდი.არ შეწყვიტო წერე ოღონდ სიყვარულზე,მეგობრობაზე.ცისარტყელას ყველა ფერი აურიე ლამაზი იქნება.მოწონხარ სამარგალო!

 



№12  offline √ ახალბედა მწერალი™ sopiko

იმედი გამიცრუვდა_მეთქი, როგორ გაკადრო?
მაგრამ ასეა.
არ ვიცი, რატომ.

 



№13  offline √ ახალბედა მწერალი™ okay

შარლატან
სიკდილი და ისიც ვარდისფერი? რაგაც უცხოა.მართლაც რა ლამაზი იქნებოდა გარდაცვალებას , რომ ფერები ჰქონდეს.გეტყობა არასოდეს გინახავს მისი ცივი უგულო კლანჭები,ბოლომდე რომ გჭამს თორემ ასე აღარ დაწერდი.არ შეწყვიტო წერე ოღონდ სიყვარულზე,მეგობრობაზე.ცისარტყელას ყველა ფერი აურიე ლამაზი იქნება.მოწონხარ სამარგალო!


მადლობა შეფასებისთვის. ❤

sopiko
იმედი გამიცრუვდა_მეთქი, როგორ გაკადრო?
მაგრამ ასეა.
არ ვიცი, რატომ.


არაუშავს.
მადლობა, სოფო. ❤
--------------------
Sun...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent