შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 6)


1-08-2017, 22:50
ავტორი linda
ნანახია 694

დალიჰარი (თავი 6)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-*-*-*-*-*-*-6
განვლო ათმა მზემ.
სუნთქვას იკრეფდა შემოდგომა, მეცხრე თვის სუსხს სდებდა გამძვინვარებული ქარი ბაჰირას ნარჩენებს, გადაბუგული სასახლისა და მდელოთა რუხ ფანტელებს ხვეტდა მგლოვიარე მიწიდან, წასცხებდა უკიდეგანო მინდვრებს, თითქოსდა არ სურდა მას, ეხილა ტანჯული ბაჰირას დაფერფლილი გული.
მხოლოდ ის ჰქონდა ქარს საწუხარი, რომ დანახშირებულ სასახლეზე გაცილებით ბნელ სისასტიკეს ვერ შესძრავდა, ვერ აღგვიდა პირისაგან მიწისა. კვლავ პარპაშებდა იგი გარშემო, თავის მყრალ სურნელს ასუნთქებდა გარემოს და ბილწავდა სულ რაღაც ერთი მთვარის წინ აყვავებულ, მერვე თვის მოცინარი მზით მობრდღვიალე დედაქალაქს.
ღრიალებდა გამძვინვარებული, სასოწარკვეთილი ზღვა, ვერ ინელებდა ბობოქარ წ....ბს მიბარებულ მის შვილთა ხორცს. ბობოქრობდა, მაგრამ ვერ ხელყოფდა, ვერ განბანდა მიწას დაჩვეულ ჩრდილოეთელთა სისხლიან ხელებს.
შეუჩერებლად ღრეობდნენ ისინი, ღამის მხევალი დაჰნათოდათ თუ დღის პატრონი, გაეშალათ ტაბლა, სვამდნენ და ღრეობდნენ, დიდებასა და გამარჯვებას მიღწეულნი. მხედართმთავრის განკარგულებით სურსათ-სანოვაგის ქარავნები ჩამოცალეს, გახსნეს სახაზინო, გულმოწყალედ დააჯილდოვა მისი ფეხუდრეკელი ჯარი მეფისწულმა ანდრეიმ. იკვლებოდა ათობით ცხვარი და ღორი, მათი ყივილის ხმა გისოსებს მიღმა დამწყვდეულ ქალთა ჩუმ ტირილსა და ქარის ყურისწამღებ ზუზუნს ერწყმოდა. იცლებოდა ღვინის ვარცლები, ასობით თუნგ წყალს ეზიდებოდნენ მსახურნი ზღვიდან, ვეღარ აუდიოდნენ გაცხოველებულ ღრეობას.
მეომარნი კი შეუჩერებლად სვამდნენ, უძირო ტიკჭორებივით ნთქავდნენ უსასრულო ნადიმს და თითოეულ სიტყვას მხედართმთავრისა და მათი მომავალი მეფის დალოცვას მოაყოლებდნენ, ღმერთებს შეავედრებდნენ მის დიად პიროვნებას.
ამ დიდებით დამტკბარი მეფისწული მიწოლილიყო კარავში, მკურნალთა დაუცხრომელი ყურადღებისა და ლოცვათა ქვეშ იკრეფდა ძალებს, იშუშებდა იარებს, და სარდლებს იხმობდა, მათთან ერთად ბჭობდა, კაცს კაცზე, რაზმს რაზმზე აფრენდა ბაჰირას უცხო მიწათა დასალაშქრად, გემსადგურის აღმოსაჩენად.
თავადი გაბრიელი დაჰყვებოდა რაზმთ, აღრიცხავდა ვარსკვლავებს და ხატავდა რუქებს. ორბის თვალი ჰქონდა სარდალს, შეაჩერებდა შუა გზაზე რაზმს და აკვირდებოდა ცას მიმოფანტულ მარგალიტთა ჩახჩახს. ვითარცა ასოებს, ისე ჰკითხულობდა ვარსკვლავებს იგი, მუდამ გამალებით აღბეჭდდა აღმოჩენას ტყავ-ეტრატზე.
ილაშქრებოდა გარემო. მიუწვდენელ ხეთა კენწეროებსა და გადაბუგულ სოფელთა ნარჩენებს მოჰკიდებდნენ ჯარისკაცნი სრორდის სამეფო გერბით: ხახადაღებული მგლით შემკულ ალმებს, ამცნობდნენ ყველას, იმარჯვაო უწყლო ჩრდილოეთმა ზღვის მიწაზე.
ჰპოვეს გემსადგური მეშვიდე დღეს.
სასახლიდან ორიოდე ყივილის სავალ მანძილზე მიჩქმალულიყო იგი, მცირე სრუტე უნდა გადაელახათ მასთან მისაღწევად, რომელიც ზღვის მოქცევისას ორი ცხენის სიმაღლეს უტოლდებოდა, მაგრამ მიქცევისას ფონად ევლინებოდა ცხენოსნებს. გემსადგურს თავზე წამოდგომოდა თვალუწვდენელი კლდე, კლდეში გამოეკვეთათ რამდენიმე გამოქვაბული, სასაწყობოდ. აურაცხელი, ღვინით, დაშაშხული ხორცითა და სხვა უცხო, ჩრდილოეთელთათვის უცნობი, გამომშრალი თევზით სავსე კასრები, დაგრეხილი თოკები, გამძლე ტილოს აფრები ავსებდა გამოქვაბულებს. მომცრო სამლოცველოში ჩამწვარიყო სიჩქარეში მიტოვებული ქონის სანთლები, რომელთაც ფრთიანი ღვთაების ხის კერპი შეეჭვარტლათ.
კლდოვან ნაპირს შემიჯნული იყო ზორბა, გაჯირჯვლული შავი აკაციის ნაგებობა, სქელი, ფოლადშემოკრული ხიმინჯები იკავებდნენ ვეებერთელა ნავმისადგომს, რომელსაც ხუთიოდე მოზრდილი ხომალდი მიუდგებოდა. მომცრო შუქურა ჩანავლებულიყო, მიტოვების მწვანე სევდა მოსდებოდა გემსადგურს.
შუქურა ააჩახჩახეს ჯარისკაცებმა, მის თავზე, ზორბა თასში მიტოვებულ ნახშირს წაუკიდეს ცეცხლი. თავად სარდალმა გაბრიელმა მიმართა ზღვისაკენ ბროლითა და მინით მოჭედილი, მოზრდილი ფოლადის დაფი, დაზვერა ტალღები და ახლომდებარე კუნძულნი.
ღვინიანი და საკვებიანი კასრები ზღვაში გადაჰყარეთო, ბრძანა გაბრიელმა, მაგრამ უჩუმრად ეურჩა მას რამდენიმე გაბედული, სასმელს მოწყურებული მეომარი. ტიკჭორები აავსეს ღვინით, სარდალისაგან მალვით გამოზიდეს ისინი საწყობიდან, და საგულდაგულოდ დასამალად ჩაუცალეს ისინი სრორდის მათრობელა ღვინის ვარცლთა ფაშვებს.
ბჭობდნენ და მოილხენდნენ სრორდელნი, და წარბშეკრული შეჰყურებდა მათ აჩრდილთ კარავში გამომწყვდეული ერქანთა მეფისქალი, რომელსაც ამჟამად მთელი რაზმი იცავდა.
მისი საქციელით გამძვინვარებულმა ანდრეიმ ოთხი მზე აშიმშილა იგი, მხოლოდ მომცრო თუნგით უზიდავდა მსახური წყალს, ისიც თავადი კლავდის ხვეწნა-მუდარის შედეგად, მოკვდებაო დიაცი. მტკიცედ იდგა გენერალი კლავდი თავის აზრზე, არ ივარგებსო მეფისქალის ასე გაწირვა. ბოლოს დაჰყვა მას მეფისწული, მეხუთე მზეს მცირედი ხორცი გაუგზავნა ეირინს.
თავადი კლავდი ყოველ დილით, მეშვიდე ყივილისას აკითხავდა ერქანთა დიაცს. ზოგჯერ მკურნალთან ან მთარგმნელთან ერთად, ზოგჯერ მარტოდმარტო შედიოდა კარავში. არ ეამებოდა სხვა სარდლებსა და ჯარისკაცებს მისი საქციელი, ბოროტი ხმანი დაირხა ბანაკში, ურთქმელს სჩადისო მტრის დიაცთან კლავდი.
არ ეამებოდა მეფისწულსაც, მაგრამ გადაეწყვიტა არ დაეშალა სარდლისათვის მისი სტუმრობა მეფისქალთან. გულუხვად დააჯილდოვა სახაზინოს ოქროთი მთარგმნელი და ერქანთა დიაცის კარვის გუშაგნი, უბრძანა, ყოველი სიტყვა, რომელიც მეფისქალის ბაგეთ მოსწყდება, ჩემთან უნდა მოვიდესო.
მაგრამ სდუმდა ერქანთა დიაცი, თავისუფლებააღკვეთილი, დაუდგრომელი ავაზასავით ბრდღვინავდა, და მცირედ გამოელაპარაკებოდა მას სარდალი კლავდი.
მის თითოეულ სიტყვას უმალ უკაკლავდა მეფისწულის გულუხვობას დახარბებული მთარგმნელი ანდრეის. ისმენდა ანდრეი, თუ როგორ ესაუბრებოდა კლავდი ეირინს მის ქვეყანაზე, ეკითხებოდა მიწებზე, მემკვიდრეობასა და წარსულზე.
უსმენდა და ზიზღდებოდა მეფისწულს მისი საქციელი, მაგრამ არარას ამბობდა, უშვილო ბერიკაცის ახირებად თვლიდა ამ გაუგონარ საქციელს.
როგორც კი მეფედ აკურთხებდნენ და გვირგვინს დაადგამდნენ, წამსვე თავად კლავდსა და კიდევ რამდენიმე წარჩინებულს ჩამოართმევდა წოდებასა და მიწებს. სათანადოდ დასჯიდა ყველას, ვინც ალმაცერად შეჰყურებდა და ეჭვი ეპარებოდა მასში.
ალბათ პირველ რიგში ერქანთა დიაცს მოჰკვეთდა თავს.
მიწოლილიყო მეფისწული და ოცნებებს მისცემოდა.
მაგრამ არ დასცალდა მოსვენება.
მეთერთმეტე მზე იწურებოდა და ზღვას ქარი გამოება კუდად, როცა შუქურაზე მყოფმა მზვერავებმა მოახლოებული საავდრო ღრუბლებსა და მათ მოყოლილ სამ ხომალდს ჰკიდეს თვალი ჰორიზონტზე. აფრინეს კაცი ბანაკში, მაცნეს სიტყვათა დასამოწმებლად შუქურას მოვარდა თავადი გაბრიელი, ჩამოწოლილ ბინდბუნდში, მხოლოდ ღამის მილეული მხევალი და ჯერ კიდევ ღრუბელთა მიღმა შეუმალავი ვარსკვლავნი რომ ანათებდნენ, დაათვალიერა სამი ზორბა ხომალდი, რომელთაც ამაყად აეწიათ ქათქათა აფრები და ზღვის გადაღმა მდებარე სამეფოს, ჩაქერის გერბის მატარებელ დროშას აფრიალებდნენ.
წამსვე აფრინა კაცი გაბრიელმა, მეფისწულს აუწყა ამბავი, და ბრძანა მხედართმთავარმა, რომ მოზრდილი, ცხენოსანთა და ქვეითთა რაზმი გამზადებულიყო, რომელმაც სარდალი ატავესის წინამძღოლობით მიაშურა გემსადგურს, ვითარცა დაეცვათ ახლადაღებული საზღვაო გზა, თუ ჩაქერელნი შეეწინააღმდეგებოდნენ მათ.
რაზმი გემსადგურზე განალაგა და ჩაასაფრა თავადმა ატავესმა, როცა ორიოდე ყივილის შემდგომ მოადგნენ ხომალდები ნავმისადგომს, ჩაჰყარეს ღუზები და ააფრიალეს თეთრი ალმები მშვიდობისა ნიშნად.
გონიერების გამოჩენას ელოდა მათ გაგებებული სარდალი გაბრიელი, არ სურდა სისხლი დაღვრილიყო. იცოდა გაბრიელმა, რომ გაქნილნი იყვნენ ჩაქერელნი, უბადლო ვაჭარნი და მლიქვნელნი. და ისიც უწყოდა თავადმა, რომ შვიდი სამეფოს ენაზე საუბრობდნენ ისინი, არ გააჩნდათ საკუთარი, შვიდი სამეფოსგან ოდესღაც გახიზნული გაიძვერა ხალხებისაგან მომავალთ.
და გონიერნი აღმოჩნდნენ ჩაქერელნი. იცნო გემთა კაპიტანმა შუქურის მობრდღვიალე სინათლეზე გაკიდებული სრორდის დროშა, სწრაფად მოავლო თვალი გამოგებებული სარდლის რუხ აბჯარსა და შეფერილობას და წამსვე მიხვდა, თუ რა დაატყდა თავს ბაჰირას.
ხელი აზიდა და მიესალმა იგი გაბრიელს, სანამ მეზღვაურნი ფიცარს სდებდნენ ნავმისადგომს, სრორდელთ ვეახლებიო.
-დიდება მეფე სოლომონს! - დაამატა მან, როცა ფიცარს შემოაბიჯა. სიტყვებს უცნაურად წელავდა, სუფთად ულაპლაპებდა სავსე, ფართო სახე. თვალები დანაოჭებოდა, ზედ გადმოჰფარებოდა გაფანჩული, მუქი წარბები. წოდებაზე მოპოტინების სურნელი ასდიოდა ვეებერთელა, ალისფერ ქუდს, უამრავი ძვირფასი ბუმბული ესხა ზედ. მუქ, გრძელ ზღვისფერ მოსასხამსა და ტყავის მაღალ ქალამნებს რუხი ელფერი დასდებოდა ბინდში.
ფრთხილად მიუახლოვდა მას თავადი გაბრიელი, მახვილის ვადიდან არ იღებდა მარჯვენას.
-დიდხანს იცოცხლოს მეფემ! - მიუგო მან საპასუხოდ, მერე კი იჭვნეულად შეათვალიერა ძვირფას წითელ მაუდში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც მარტოდმარტო გადმოვიდა გემსადგურზე, ნიშანი მისცა მეზღვაურთ, დარჩითო უკან. - მისი სახელის ქვეშაა ამიერიდან ეს მიწა, უცხოელო... ვინა ხარ? რა გესაქმება აქ?
გულიანად გადაიხარხარა ჩაქირელმა.
-უბრალო ვაჭარი ვარ, კარგო კაცო, ხე, ბამბა და ბუმბული გადამაქვს! - გულითადად იცინოდა იგი, მაცდურად უელავდა მოჭუტული, გონიერი თვალები. იმ წამსვე გადაწყვიტა გაბრიელმა, რომ არ ნდობოდა ამ კაცს. - ტრიქსე გახლავარ, ჩაქერის აღმოსავლეთიდან, მთებისა და ტუსსის ვაჟი! არ გაგიგია დიდებული ვაჭარი, აკარველი ტუსსი? სუაგრასა და ნიჰიდას ხელებში ჩავიხრჩო, თუ მისი შვილი არ ვიყო! მან მოიარა პირველად შვიდი სამეფო და ორმოცდაათი ფარშევანგი აჩუქა თითოეულ მეფეს! ორმოცდაათი! ფრიად კმაყოფილი იყოო მეფე ბერთრამი, ღმერთებმა შეინახონ მისი სულიო, მეუბნებოდა ცხონებული...
კაცმა კვლავ გადაიხარხარა, ფაშვი ხელით ეჭირა. ფულითა და ოქროთი ნასუქი, პატივმოყვარე და გაიძვერა ვაჭრის განსახიერება გახლდათ, გაბრიელის აზრით, რომელმაც იცნო მისი მონათხრობი.
ახსოვდა ორმოცდაათი ფარშევანგის ამბავი, რომელთაც ელოლიავებოდა ბერთრამი, მერე კი შეუღლებისას სათითაოდ წააკრიფა მათ ბუმბულები.
-მე სრორდის ჯარის მარჯვენა ფალანგის სარდალი, მეფისწული და მთავარსარდალი ანდრეის ერთგული ქვეშემრდომი და ბელთათინის დიდი თავადის წოდების მქონე გაბრიელი გახლავარ, უცხოელო. რა გწადია? - ჰკითხა მან. ტრიქსემ ბეჭდებასხმული ხელები აღმართა, დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა მის ბაგეს.
აზვირთდა ზღვა, ირხეოდნენ ხომალდნი, კიფოდან ცხვირამდე მიმორბოდნენ მეზღვაურნი, ქათქათა ტილოს აფრებს ჰკრავდნენ, ფოლადის რგოლებს უჭერდნენ კასრებს. ქარი უწეწავდა თავად გაბრიელს თმას, მის უკან გაწყობილ რაზმს მახვილთა ვადაზე ედოთ მარჯვენა.
შეუჩერებლად მოგორავდნენ დასავლეთიდან საავდრო ღრუბელნი და ფარავდნენ მთვარის ბრწყინვალებას.
-რაც თქვენ გწადიათ, ჩემო ბატონო. - მიუგო ტრიქსემ. თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. - ბაჰირას დაპყრობის აღსანიშნავად მოგართმევთ ჩემს ბარგს ძღვენად! შეუდარებელი საქონელი მაქვს, უბადლო! ასეთს შვიდ სამეფოში ვერსად იპოვით!
-ძალზე გულუხვი ბრძანდები, ვაჭარო. - ცივად შეუკრთა ბაგე გაბრიელს. - სანაცვლოდ რასაა, რომ ითხოვ? რა გსურს?
-რასაა რომ მკადრებთ, ჩემო ბატონო! - შეიცხადა ვაჭარმა, ფრიად შეურაცხყოფილის ნიღაბი გადაეფინა სახეს. - ძღვენი როდისაა, რომ სანაცვლოს საჭიროებს! მხოლოდ თქვენი კეთილგანწყობა და ტკბილი სტუმარ-მასპინძლობა მწადია...
-მაშ უარს არ გვეტყვი, თუ მოვისურვებთ თქვენი ხომალდნი მოვინახულოთ? - შეჰკითხა სარდალმა გაბრიელმა. წამსვე ანიშნა რაზმს, და მის ნიშანზე სამალავიდან წამოასხა მეომრები ატავესმა, მოღუშული წამოემართა ხომალდებისაკენ.
რაზმს წამსვე მოავლო გონიერი თვალები ტრიქსემ, ნაკვთები შეუკრთა.
-ფრიად საფრთხილოა, ზღვა ბობოქრობს, - გესლით აღავსო მან სიტყვები, მაგრამ მაინც გააპო ბაგენი და თავი მოიდრიკა მეომართა წინაშე, რომელთაც შიშის ნაპერწკალი ჩასახვოდათ მის სიტყვათა გაგონებისას. - მაგრამ მიბრძანდით. - ნიშანი მისცა მან მეზღვაურთ და წამსვე დაფაცურდნენ ისინი, ათიოდე სქელი სავალი ფიცარი გადმოსდეს ხომალდებიდან.
კბილები გააღრჭიალა თავადმა, თვალებით ჰკლავდა ამ თავგასულ კაცს. უწყოდა ტრიქსემ, რომ უწყლო ჩრდილოელთათვის დიდი წყალი ბოროტება იყო, გლუვი, ცოცხალი ზედაპირის ქვეშ ჩამალული ნაირფერი სიკვდილი.
სასწრაფოდ აჰყარა ხომალდებზე ატავესმა მეომარნი, თან ღრიალებდა, გასინჯეთო თითოეული კუთხე-კუნჭული, ნახული იარაღი კი გადმოჰყარეთო ხომალდებიდან.
ელდანაცემი მეზღვაურნი უკან იწევდნენ, მშვიდობის ნიშნად სწევდნენ ხელებს. მომხდარს ადევნებდა თვალს ტრიქსე, მშვიდი გამომეტყველება გადაჰფენოდა სახეს, მაგრამ უწყოდა გაბრიელმა, რომ სისხლი უდუღდა მას ძარღვებში.
-ტრიქსე, მე წამომყვებით. - მახვილის ვადას კვლავ მოავლო მარჯვენა გაბრიელმა, მარცხენათი კი გემსადგომის კლდოვან ნაპირას დაბმული ცხენებისაკენ მიუთითა. - ისეთ სტუმარ-მასპინძლობას გაგიწევთ, თქვენ რომ შეგფერით.
კვლავ ღიმილს გაეპო ვაჭარი ტრიქსეს ბაგე, მაგრამ უსიამო გრძნობა ედგა თვალებში.
-როგორც გენებოთ, ჩემო ბატონო. - წელში მოიხარა იგი მოწიწებით. - მხოლოდ იმას შეგთხოვთ, ჩემი მარჯვენა ხელი წამომაყოლოთ, საიდუმლოს გაგიმხელთ და ფრიად უნიათო ვარ მის გარეშე! - მხიარულად გადაიხარხარა მან.
უმზირა გაბრიელმა, და დაუქნია ბოლოს თავი, ნებას გაძლევთო.
-მორგანა! - გასძახა ტრიქსემ, მისი ვეებერთელა ფაშვიდან ამოსულმა ღრიალმა ქარის დაუდგრომელილ ღრიალი, ზღვის ბობოქარი ღელვა, მეომართა და მეზღვაურთა ალიაქოთი გადაჰფარა. - მორგანა!
ფიცართან უმალ გამოჩნდა ტრიქსეს მარჯვენა ხელის, მორგანას მომცრო ფიგურა. მოიღუშა გაბრიელი, მაგრამ გასძახა მეომართ, გამოატარეთო იგი.
მკვირცხლად გადმოირბინა მორგანამ ფიცარი, ვაჭარს ამოუდგა გვერდით. ყურამდე ძლივს სწვდებოდა ჩასკვნილ ტრიქსეს, გაცრეცილი ლურჯი ტილოს ჯვალო ემოსა, ქონით გაპოხილი ქალამნები და ქეჩის თავსაბური წაეკრა თავზე, რომლიდანაც გამოსჩროდა ჩალასავით ხეშეში ისეთი რუხი თმა, თითქოსდა შეუჭვარტლიათო. შუქურის სინათლეზე უბრდღვიალებდა პატარა, ჭკვიანი თვალები, რომლებითაც ქუთუთოთა შეუნძრევლად შესცქეროდა სარდალს.
-დიად მეფე სოლომონს გაუმარჯოს, თავადო. - თქვა მან.
ჯერ ბალღი იყო მორგანა, თექვსმეტ ზამთარს არაცდენილი.
არაფერი შეიმჩნია გაბრიელმა, ბედაურებისაკენ გაუძღვა მათ. სხარტად, ორიოდე ნაბიჯზე შემორტყმოდნენ მეომარნი.
უსწრაფესი ცხენოსანი აფრინა გაბრიელმა, მეფისწულს აცნობეთო ჩაქერელი ვაჭრის ამბავი.
ამხედრდნენ და სალაშქრო ბანაკისაკენ გაემართა მათი რაზმი.
ესმოდათ, თუ როგორ ბრდღვინავდა ზღვა, როგორ ასკდებოდნენ ტალღები კლდოვან ნაპირს. ცივი ზურგი ექციათ ვარსკვლავებს მიწისაკენ, რუხი ღრუბლები გადმოჰყურებდნენ ზემოდან, რამდენჯერმე იქუხა, უცრემლოდ მძვინვარებენ ღმერთებიო, გაივლო გაბრიელმა გულში.
საბედნიეროდ ჯერ არ აემაღლებინა მოქცევას სრუტეში ფონი. გაარღვიეს მკერდამდე წყალი ბედაურებმა, და ჩორთით გააჭენა სარდალმა გაბრიელმა თავისი ფაშატი, ქოშინით მოჰყვებოდა მას უკან მეომრებით გარშემორტყმული ვაჭარი და ბედაურზე ამაყად მჯდომი მორგანა.
ორიოდე ყივილის განვლისას მოუახლოვდნენ სალაშქრო ბანაკს. კბილებამდე შეიარაღებულნი გამოეგებნენ მათ მეომარნი, ცხენები ჩამოართვეს მსახურებმა. ვაჭრის ხილვა მოისურვაო მეფისწულმა, გადაულაპარაკეს სარდალს.
მოიღუშა გაბრიელი, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგებოდა მხედართმთავრის ნებას. გაუძღვნენ მსახურნი თვალუწვდენელი ბანაკის თავისაკენ, სადაც კოცონთან გაეშალათ მდიდრული ტაბლა.
ტაბლას მეომარნი შემოსხდოდნენ, მის თავში კი წამომჯდარიყო მეფისწული ანდრეი. მოსვენებულიყო ღვინოს მიძალული, ქუთუთოები მიელულა, ჩითის უბრალო ტუნიკასა და შარვალში გამოწყობილიყო იგი. ერთადერთი სამეფო ნიშანი მის მარცხენა არათითზე მორგებული საგვარეულო ბეჭედი გახლდათ, მაგრამ მისი თავდაჭერა, მუქ წარბთაქვეშა გამოხედვა და იჭვნეული, გამჭოლი მზერა, რომლითაც წამსვე შეათვალიერა და შეაფასა მან უცხოელი ვაჭარი, მის უდავო მეფურობასა და არე-მარეს ბატონ-პატრონობაზე მეტყველებდა.
იგრძნო ეს ვაჭარმა და წამსვე გაემართა, მეფისწულის წინაშე განერთხა მიწას, მას მიჰბაძა მისმა მარჯვენა ხელმა. მათ ფეხდაფეხ მიჰყვა სარდალი გაბრიელი მეომართურთ, გვერდით ამოუდგა მხედართმთავარს, ოდნავ ამოეზიდა ქარქაშიდან მახვილი.
მომლხენი, ტაბლას შემომსხდარი, გალეშილი მეომარნი გულგრილად აყოლებდნენ მათ თვალს, სწევდნენ ღვინით სავსე ფიალებს და ადღეგრძელებდნენ მეფისწულს.
თავი ასწია ვაჭარმა, კოტიტა თითებით სწვდა მხედართმთავრის ქალამანს და ტუჩებზე წაიცხო მასზე დადებული მტვერი.
-შენს წინაშეა სრულიად სრორდის მეომართა განმგებელი და მხედართმთავარი, მეფე სოლომონისა და დედოფალი კიდას ერთადერთი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე, მეფისწული ანდრეი კილიან ვოლფრამი! - შესძახა გაბრიელმა. - მიესალმე, ვაჭარო!
-უბრალო ვაჭარი, ჩაქერელი ტრიქსე გეახლებით, მეფისწულო ანდრეი, თქვენი სახელი დაილოცოს... შემოგცქერით და მართლდება თქვენი სახელი, როგორც მგელთა ხროვის ალფისა... - შაქარი ამოსდიოდა ყელიდან მას. - ნება მომეცით ჩემი საქონელი გიბოძოთ ძღვენად...
უსიტყვოდ შესცქეროდა მას ანდრეი, და უფრო ფართოდ გააპო ბაგე გაიძვერა ვაჭარმა.
-თქვენი მამისა მამას, მეფე ბერთრამს, ღმერთებმა უპატრონონ მის დიად სულს, დიდად ეამა ჩემი მამის, აკარველი ტუსსის ძღვენი, ორმოცდაათი ფარშევანგი! - შესძახა მან, მეწამულ ქუდზე დამაგრებული ბუმბულები აცახცახდნენ, კოცონის ნაპერწკალთა ცეკვას აჰყვნენ. - უდიდესი სიამოვნება იქნება ჩემთვის, რომ ფარშევანგის ბუმბულნი, საუკეთესო, ხელით ნარჩევი ბამბა და უძვირფასესი აკაცია გიბოძოთ...
უცქირა მეფისწულმა.
-თქვენი ფეხის მტვერზე ვილოცებ, მეფისწულო, უდიდესი პატივია თქვენი ხილვა! - ანაზდად ბალღური ხმით დაიჟღურტულა მორგანამ. სისინით, მკვირცხლად მიუბრუნდა მას ტრიქსე, დაუცაცხანა, ენა ჩაიგდეო, მაგრამ უკვე მეფისწულის ყურადღება მიექცია ბალღს. - ჩემი ნათლია და მეურვე, ჩაქერელი თავადი ბოლივარი და მისი ამხანაგნი სამეფო კარზე აღფრდოვანდებიან ამ დიადი ამბით!
ანდრეის ბაგე შეუკრთა. ოდნავ გაეღიმა მეფისწულს და ააქნია ხელი.
ნაკვთები მოეღრიჯა გაბრიელს. ეს ბალღიც ისეთივე გაქნილი და გაიძვერა იყო, ვითარცა მისი კაპიტანი. ეჭვიც კი არ შეჰპარვია სარდალს, მეფისწული ამაში გართობის საბაბს ჰპოვებსო.
-დაბრძანდი, ტრიქსე. - უბრძანა მეფისწულმა, და წამსვე ფეხზე წამოიჭრა ტრიქსე, წელში იღუნებოდა, უთვალავ მადლობას სწირავდა და პატივზე ბუტბუტებდა, სანამ ტაბლასთან ადგილი გაუთავისუფლეს მეომრებმა. ძელსკამზე მოიღვენთა იგი, ორი კაცის ადგილს ჰფარავდა მთლიანად. მისი ნასუქი სხეულის გვერდით უფრო წვრილდებოდა თითქოს მორგანას მომცრო, მჭლე ტანი, რომელიც თითქოსდა გაჭირვებით იჭერდა ვებერთელა, ხეშეშთმიან თავს.
-მიამბე, ტრიქსე. - შეჰკითხა მხედართმთავარმა, მსახურის მიერ შევსებული ფიალა აზიდა ბაგეებთან. გაფაციცებული შეაცქერდა ვაჭარი, სიტყვა არ გამომეპაროსო. - რა ხანია, რაც აქ ვაჭრობ? სხვა ბარბაროსთაც უზიდავ ბამბასა და ბუმბულს?
-რაოდენ ენაკვიმატი ბრძანდებით, მეფისწულო! - გადაიხარხარა ვაჭარმა, გაბრდღვიალებული, ხარბი მზერით შეჰყურებდა მეფისწულს. - ბარბაროსნი არიან ბაჰირელნი, მაგრამ ოქროს კბილით ვერ წაჰკვნეტ, არ დამეთანხმებით? რაც ბებერ დავიდს ქალი მემკვიდრე შეეძინა და სასახლის ბჭენი ფართოდ გააღო, ყოველ ზამთარს დატვირთული ვეახლები! და ოქროთი დატვირთულნი მეახლებიან ისინიც!
ჩაიფრუტუნა და ღვინო შესვა მეფისწულმა, თვალები ეგლისებოდა. ხელ-ფეხი გაჰქვავებოდა სარდალ გაბრიელს, რადგან კარგს არაფერს მოასწავებდა მეფისწულის სიმთვრალე, მაგრამ კრინტს ვერ სძრავდა ბედშავი, უწყოდა, რომ ვერ გამოსტაცებდა ანდრეის ღვინოს.
-მეფისწულო ანდრეი, თქვენი მომავალი გვირგვინი დაილოცოს... - მისკენ გადაიხარა გაბადრული ტრიქსე. - რა ბედი ეწია ბაჰირას მარგალიტს: ეირინ ზაჰრა ლაილის? უმალ თავი მოჰკვეთეთ? ფრიად გულდასაწყვეტია, რაოდენ ლამაზი იყო ეგ დიაცი, როგორ ცეკვავდა... აღუწერელი სიამოვნება იყო, თვალს ვერ სწყვეტდა ვერავინ... სამეფო კარის ვახშამზე უბადლო სანახაობას გვთავაზობდა მუდამ!
ტრიქსეს ფართო, გაბღენძილ სახეს ჩაჰფრენოდა ანდრეი თვალებით, აღტკინება გამოეხატა მზერაში.
მერე კი, სანამ რამეს მოიმოქმედებდა შეშფოთებული გაბრიელი, გულიანად გადაიხარხარა მეფისწულმა.
გაოგნებით შეაცქერდნენ მეომარნი, წამიერად დაშოშმინდა ლხენა.
მათი შეცბუნების მიუხედავად, ხარობდა მეფისწული ანდრეი. ხარობდა იმ ამბით, რომელიც შეუგნებლად გაუმხილა ჩაქერელმა ვაჭარმა.
-მაშ ასე არა? - ბაგე გაჰპობოდა მეფისწულს, ფეხზე წამოიჭრა, მუშტი მთელი ძალით დასცხო ტაბლას. შეცახცახდნენ ჭურჭელი და მეომარნი. - თურმე ეს წყეული, სიძვის დიაცი, ცრუ ღმერთზე რომ ილოცება, უბრალო ვაჭართ უმართავდა სანახაობას, სამეფო კარზე! რაოდენ საკვირველია!
-ჩემო ალფა... - მხარზე ხელი უმალ შეავლო გაბრიელმა, მაგრამ ვეღარაფერი შეაჩერებდა შემთვრალ, აღტკინებულ მეფისწულს.
-გამოათრიეთ ერქანთა დიაცი! - შეჰღრიალა მეფისწულმა, კბილები გააშიშვლა, ღვინით სავსე ფიალა აზიდა. - დაე იცეკვოს! ვიხილოთ ბარბაროსთა როკვა... - მერე კი, თითქოს გაახსენდაო, ტყისპირას მიყენებულ ურემთ მიუშვირა მკლავი. - ისინიც მოათრიეთ! რამეთუ იქნებ სწორედ ისეთი სიამოვნება მოგვანიჭონ, როგორც ჩვენი სტუმარი ირწმუნება... - გაბადრულ ტრიქსეს მიმართა მან. მკვდარივით ფერწასული იდგა ვაჭრის უკან მორგანა.
წამსვე გაეშურნენ მეფისწულის ნების აღსასრულებლად ჯარისკაცნი. ბაჰირელ ქალთა კივილმა გაჰკვეთა ჰაერი.
გაცხარებით უჩურჩულებდა გავეშებული სარდალი გაბრიელი მეფისწულს, რომელსაც ღვინის ფიალა მიეტანა ბაგესთან და ცისაკენ თვალაპყრობილი მადლობას სწირავდა ღმერთებს. ეუბნებოდა, ნუ დაამცირებთ ასე ერქანთა დიაცს, ვაჭრის სიტყვას ნუ აიღებთო ოქროს ფასად...
მაგრამ ყურსაც კი არ უგდებდა მხედართმთავარი თავისი სარდლის შეგონებას.
ტაბლასთან ადგილის გამოთავისუფლება უბრძანა მან მეომართ. მიმოიწივნენ ისინი, აღვივებული კოცონის პირას გააშიშვლს მიწას და შემოერტყნენ რკალად, სანახაობისათვის გამზადებულნი. თითქოს თერთმეტი მზის წინანდელ, ნაცნობ რკალში მეომართა მიერ ბაჰირელ დიაცთა პატივაყრას უმზერდნენ.
მოათრიეს დიაცნი, დაჰყარეს მტვრიან, შიშველ მიწაზე, ვითარცა საკლავი. გაკრული ხელ-ფეხი გაეხსნათ მათთვის, მწირად მიწოდებულ საკვებს დაელია მათი სხეულები, გოდებდნენ და საცოდავად იმზირებოდნენ გაძვალტყავებულნი.
მალევე მოჰგვარეს ეირინი. გამწკრივებულ მეომართა შორის მოაბიჯებდა იგი, შუბოსნებით გარშემორტყმული, უბზინავდა ბრინჯაოსფერი კანი და თავზე დაგორგლილი ფერფლისფერი თმა. ყბები დასჭიმვოდა, წამსვე მეფისწულს ჰკიდა თვალი და შეაცქერდა ცივად.
ცეცხლი მოეკიდა მკერდზე ანდრეის.
-ღმერთთა ღმერთის ალიჰას წვერმა მომახრჩოს... ესაა მეფისქალი?! - აღტკინებით გაჰკიოდა ტრიქსე. - ესაა?! ნამდვილად ესაა?
არ გამოჰპარვია გაბრიელს, თუ როგორ გადაიხარა მორგანა, როგორ ჩასჩურჩულა ვაჭარს რაღაც.
-თქვენ ხომ გინახავთ ერქანთა დიაცი, ვაჭარო! - შესძახა მან და ტრიქსემ წამსვე მოატრიალა მისკენ შეცბუნებული თვალები. – ასე არაა?
გადაიხარხარა ჩაქერელმა, გაიძვერას თვალები აუციმციმდა.
-უნდა მომიტევო, სარდალო! - მიუგო მან. - დაჰკარგვია მეფისქალს სიამაყე! რაოდენ შეცვლილა ერქანთა მარგალიტი...
აღმუვლებილიყვნენ მეომარნი, წყევლიდნენ ამაყად მომავალ, ქუთუთოთა შეურხევლად მათ მეფისწულზე მაცქერალ დიაცს. რამდენიმემ გვერდზე გადააპურჭყა, ვერ შეჰბედეს მეფისქალს მასზე შეფურთხება.
ჯერ კიდევ ცოცხლობდა მათ გონებაში მეფისქალის ზმანება, რომელიც შეუბრალებლად ჰკლავდა სამ სრორდელ მეომარს.
მას ფეხდაფეხ მოსდევდა მთარგმნელი, რომელიც უჩურჩულებდა მეფისქალს, ალბათ უთარგმნიდა მეფისწულის სურვილს.
კოცონთან მიიყვანეს ეირინი, და უკან დაიხიეს შუბოსნებმა.
-მაშ? - მკლავები გადაშალა მეფისწულმა, ღვინის ფიალა გამოსცალა და ტაბლას დაახეთქა, მიწა შეზანზარდა თითქოს ფეხქვეშ. თვალმოუშორებლივ უმზერდა კოცონის შუქზე გამოკვეთილ ქალის სხეულს. - იცეკვოს!
სასწრაფოდ უთარგმნა ყმაწვილმა მეფისქალს.
გაყინული იმზირებოდა დიაცი, მერე კი ბაგე შეუთრთოლდა, თვალი მოავლო გარშემორტყმულ მეომართ.
-Mai dargøaserii... Vaalmisera hossu! - შესძახა მან. – Maij loorg warkeroograd mai...
-ამბობს, რომ მეფისწულის სურვილს შეასრულებს! - შეჰყვირა გაბადრულმა მთარგმნელმა და ყიჟინა დასცხეს მეომრებმა. - ამბობს, იყავითო მზად, და მომიტევებსო ჩემი ღვთაება...
მეფისწულმა გადაიხარხარა. მას უმალ აჰყვნენ ჯარისკაცნი და თავისი თავით აშკარად კმაყოფილი, აღტკინებული ვაჭარი, რომელიც ხარბად შესცქეროდა ერქანთა დიაცს.
იქუხა ცაში, იელვა, ელვის ნაპერწკლები აცეკვდნენ ჰაერში, დაეყარნენ ფერფლისფერ თმას.
დიაცთ გადახედა ეირინმა. ფეხზე წამოიწივნენ ისინი, ხელები შემოჰკრეს ერთმანეთს, მიწას დასცხეს ტერფები.
თმა ჩამოიშალა ეირინმა, მუხლამდე დაეფინა ფერფლისფერი დალალები.
მერე კი დაიხარა, გადაიფხრიწა კალთა კბილებით, ისე რომ მუხლამდე ჰფარავდა მხოლოდ უხეში კაბა. ორივე ხელში ააფრიალა ტილოს ნახევი.
მეომრებმა ღრიალი ასტეხეს. გაოგნდნენ, არ ელოდნენ მეფისქალისაგან ასეთ ქმედებას.
უმზერდა გაქვავებული მეფისწული, თუ როგორ აღმართა მკლავები ეირინმა, ადგილზე ციბრუტივით დატრიალდა, თითქოს ალთა კვალად სდევდა ცეცხლისაგან ოქროსფრად დაფერილი თმა.
რაღაც გაუგებარის ბუტბუტი წამოიწყეს ქალებმა, გამაყრუებელ ქუხილსა და ელვის ჭახანს ერეოდა მათ ფეხთა ბრახუნი და ხელთა ტკაცანი. თითქოსდა დაფდაფებს სცემდნენ, და მათ მუსიკას აჰყოლოდა მეფისქალის სხეული.
რკალს შემოურბინა ეირინმა, ხელებს გრეხდა, ტილოთა ნახევებს ატრიალებდა. მუხლი მოირთხა, ცისკენ აიქნია მკლავები.
მერე კი ანაზდად წამოხტა, როგორც ავაზა, და თითქოს ფრთაშესხმული ფრინველიაო, ტაბლაზე ისკუპა.
მეომართა ყურისწამღები ღრიალის ხმაზე მოიწევდა წინ, არც კი ეხებოდა ტაბლაზე დაწყობილ ჭურჭელს, როკავდა მისი მუსიკას აყოლილი თითოეული ნაკვთი. ღარიბული, უფორმო კაბა ვერ ჰფარავდა დიაცის სხეულს, მის ჩამოქნილ ფეხებსა და მაღალ, გედისებრ ყელს, რომელსაც იღერებდა ქალი ცისაკენ მუშტთა აღმართვისას. გამჭვირვალე გამხდარიყო მის უკან ავარვარებული კოცონის წყალობით უხეში ტილო, შესცქეროდნენ მეომარნი, მეფისწული, ნერწყვმოწოლილი ვაჭარი და სარდალი გაბრიელი გამოყვანილ წელსა და ტალღასავით მოძრავ სხეულს.
თითქოს მოუხშირეს დაფდაფებმა, თითქოსდა უფრო ხმამაღლა ქუხდა, და უფრო აჩქარდა ეირინიც, სამი შუბის სიგრძეზე გადაჭიმულ ტაბლას ბოლოს უახლოვდებოდა, სადაც აღმართული ადგილს მიყინული ანდრეი.
გველივით იკლაკნებოდა დიაცი, გველივით მომნუსხველი იყვნენ მისი ცეცხლის ამრეკლავი, ნაღვერდლებივით ავარვარებული თვალები. ტრიალებდა, იყრიდა მუხლს, შლიდა მკლავებს, და როგორც კი პირს მეფისწულისაკენ მიიბრუნებდა, არ აცილებდა მზერას.
დაბალი, გაბმული ღმუილი გაებათ ბაჰირელ დიაცთ, კვლავ, ყურისწამღებად სცემდნენ დაფდაფნი, და თავში ავარდნოდა თითქოს ხმაური მეფისწულს, მათრობელა ღვინოს ერეოდა და რეტს ასხამდა.
ადგილზე დატრიალდა ეირინი, ისე, რომ კინაღამ შეეხო მხედართმთავარს მისი აფრიალებული ფერფლისფერი თმა, კვლავ თვალებში ჩაჰხედა და მისკენ გაიშვირა ორივე ხელი.
მერე კი ელვის სისწრაფით დაიხარა იგი, მეფისწულს გაუსწორდა, ისე, რომ ერთი სუნთქვაღა აშორებდათ მხოლოდ.
ანაზდად შეწყდა დაფდაფთა ცემის ხმა და დაბალი ღმუილი, მხოლოდ ქუხდა და ჭექდა დაუდგრომლად.
ელვამ გაჰკვეთა, და გახსნა ცამ პირი, აცრემლდა, ღრუბელნი გააპო.
ღრმად სუნთქავდა ანდრეის თავს წამომდგარი ეირინი, და მას აჰყურებდა გახევებული, მარმარილოს ძეგლივით აღმართული მეფისწული.
დადუმებულიყვნენ გარშემო მეომარნი, სუნთქვაშეკრულნი შეჰყურებდნენ მომხდარს. გრძნობდნენ ისინი, რომ ასეთ სანახაობას ვეღარ იხილავდნენ.
გვერდით გადაჰყარა ეირინმა ტილოს ნახევები და გასწორდა, გადგა უკან, მოიღერა ყელი და ამაყად გადმოჰხედა მეფისწულს.
ტაბლას სტაცა ხელი ანდრეიმ, გაქვავებული ბაგე გააპო.
-ღმერთთა ღმერთის ალიჰას ფეხს ვფიცავ! - შეჰყვირა აღელვებულმა ტრიქსემ. – ეს რა ვიხილე! სამეფო კარზე ამგვარი სანახაობა სად მინახავს, არა, მორგანა?
ვებერთელა თავს უკანტურებდა საპასუხოდ მორგანა.
-ჩუმად! - შეჰღრიალა მეფისწულმა და წამსვე დადუმდა ვაჭარი. - კმარა. - გაჭირვებით ამოთქვა მან. - ესენი გაათრიეთ.
ბაჰირელი დიაცნი შეჰკრეს კვლავ და წაათრიეს ურმისაკენ, მაგრამ აღარ გოდებდნენ ისინი, თითქოს წაჰგლიჯაო მათ მიერ ქმნილმა მუსიკამ ხმა.
ეირინმა უკანასკნელად ჩაჰხედა თვალებში ანდრეის, მერე კი მიბრუნდა მეფისქალი, უდრტვინველად გადაუარა ტაბლას, მარგალიტებივით აუბრწყინდა მუხლამდე დაფენილ თმაში ჩაკონებული წვიმის წვეთები. დადუმებულნი, თვალმოუშორებლივ შესცქეროდნენ მას მეომარნი.
ალყა შემოარტყეს მას შუბოსნებმა და მიმართეს წყვდიადს, მისი კარვისაკენ.
როგორ კი თვალს მოეფარა ეირინი, უკან დაიწია მეფისწულმა და დაეშვა ძელსკამზე.
-დაიშალეთ! - შესძახა გაბრიელმა, ტაბლას შემომსხდართ შეუბღვირა და წამოიშალნენ ისინი, წვიმისაგან დასაფარად მიაშურეს კარავთ. ჩვენი სტუმრები დააბინავეთ და მცველი მიუჩინეთო, უბრძანა მან მსახურებს, და მადლობის ბუტბუტით წამოიწია ტრიქსე.
წამიერად დაიცადა სარდალმა, სანამ დარწმუნდა, რომ არავინ ჭაჭანებდა ახლომახლო, მერე კი სასწრაფოდ გადაიხარა მეფისწულისაკენ.
-ჩემო ალფა... - გადაულაპარაკა მან. შესცქეროდა, თუ როგორ შეჰკვროდა წარბი ანდრეის, როგორ დასჭიმვოდა ტაბლას ჩაჭიდებული ხელი.
-წყეული, გრძნეული დიაცი... - კბილთა შორის გამოსცრა ანდრეიმ. - წყეული, წყეული, წყეულიმც იყოს მისი სახელი, სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლონ...
აფორიაქდა მეფისწული. უსიამოვნო გრძნობა ჩაუდგა მკერდში, თითქოს ყინულად უქციესო გული, მოუშხამეს სისხლი და ზურგი გამოჰგლიჯეს. მოშუშებული იარები კვლავ ასტკივდა, სწეწავდა უსიამოდ.
-მომიტევეთ, ამას რომ გეუბნებით, ჩემო ალფა, მაგრამ არ უნდა გამოგეყვანათ ერქანთა დიაცი. - შეჰკადრა ხმადაბლა სარდალმა. -არ ღირდა მისი ასე დამცირება...
-დამცირება! - შეჰყვირა ანდრეიმ, თვალები აენთო, ნაკვთები დაეღრიჯა. -დამცირება?! რა შეჰბედა სრორდელთა ცივილიზაციას! ბარბაროსი, წყეული სიძვის დიაცი! რაღაც გრძნეულებას ფლობს!
ვეღარ შეჰბედა გაბრიელმა. მხოლოდ ძალუძდა ის, რომ განზე გამდგარიყო და ეცქირა, თუ როგორ წამოდგა მეფისწული და როგორ მიმართა თავის კარავს.
და არ უწყოდა არავინ, ეირინისა და ბაჰირელ დიაცთა გარდა, რომ წყევლა, ღვთაებისადმი ნავედრები წყევლა გახლდათ მეფისქალის როკვა.

-*-*-*-*-*-*-
ცა, თითქოსდა აღვლენილი წყევლის პასუხად მიწად ჩამოდიოდა, ეჰკვროდა მას, დაუსრულებლად ქუხდა, გამძვინვარებული, აპურებდა დამშეულ ზღვას.
ორიოდე მზის სავალის მიღმა კი, ერქანთა მიწის პირას, მომცრო სახლთან მიაჭენა გვერდებაქაფული და სიკვდილის პირას მისული ბედაური მხედარმა. ჩამოხდა, შეჭვარტლულ, გვერდზე გადაწოლილ ტყრუშულ ღობეს ჩამოჰკიდა ბედაურის ლაგამი, აბობოქრებულ ცას ახედა და შუბლზე ჩამოსწია ქონით გაპოხილი ლაბადის შალითა.
ღობე მომცრო ქოხს შემორტყმოდა გარშემო. ქოხის პაწაწინა, დაბურული მინა ოქროსფრად დაეფერა შიგნით მოციმციმე კერას. თეთრი ალამი გამოეკიდათ ქოხის დანჯღრეულ კარზე.
ბაგე შეუკრთა ოქროსკბილას. ქოხი გადაუწველი როგორ დატოვესო, გაივლო მან, მერე კი დაასკვნა, ალბათ არ გაუვლიაო სრორდისა ჯარს აქ.
ქოხის კარს მიადგა მამაკაცი და დაუპატიჟებლად შეაღო იგი.
აღვივებულ კერასთან ჩაცუცქული ქალი ელვის სისწრაფით წამოხტა, მისი დანახვისას შეჰყვირა, უკან დაიწია, ელდანაცემმა, მერე კი ბარბაროსთა ენაზე შეჰკითხა რაღაც.
არაფერი უპასუხა ოქროსკბილამ, კუთხეში შარიშურის გაგონებისას იქეთ მიაპყრო მზერა.
პაწაწინა, ძველი ფიცრებისაგან შეკრულ საწოლში, ჩვართა საფარველის ქვეშ, ორი ლოყაწითელა ბალღი იწვა, გოგო და ბიჭი. საბნიდან, თუ იმ ჯვალოს საბანი ეთქმოდა, იმზირებოდნენ შიშითა და ბალღური ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალები.
დიაცმა რაღაცის ლუღლუღი დაიწყო, გაფართოებული, ცისფერი თვალებით ემუდარებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს, მუხლი მოიყარა მის წინაშე, შიშველ მიწას დაეფინა მისი თმა.
-არაფერს დაგიშავებ, დიაცო. - უთხრა ელოიმ. კარი გამოიხურა, რათა წვიმასა და სუსხს არ შემოეღწია ისედაც ცივ ქოხში, მერე კი პაწაწინა, კერასთან მიდგმულ მაგიდას მიუახლოვდა, დანჯღრეული სკამზე დაეშვა ხვნეშით.
-რამე პირის გასასველებელი არა გაქვს, დიაცო? - შეჰკითხა მისკენ გაოგნებით მომზირალ დედაკაცს, ბაგესაკენ მიუთითა. - საჭმელი, სასმელი!
შეშფოთებული შეაცქერდა დიაცი, მერე კი თვალმოუშორებლივ დაიხია უკან, ქოხის კედელზე გაკიდებული გამშრალი ხორცის ვებერთელა ნაჭერი ჩამოხსნა და მიუგდო, ვითარცა ძაღლს.
ბაგე შეუკრთა ოქროსკბილას, მაგრამ დამშეული მადიანად შეექცა ხორცს.
დროდადრო აჰხედავდა დიაცს, რომელიც სასთუმალთან ეჯდა, სხეულით ჩამოჰფარებოდა თავის პატარებს. თითქოს სიკვდილის აჩრდილი გამოეცხადაო, მიტკალივით გაფითრებულიყო იგი, დიდი თვალებით შემოჰყურებდა.
-ერთი უბრალო მოგზაური კაცი ვარ მხოლოდ, დიაცო. - ხმადაბლა მიმართა ოქროსკბილამ. - შემინდოს ალიჰამ, რად მიყურებ ეგეთი თვალებით? აი, შევჭამ შენი და შენი შვილების საკვებს და გავუდგები გზას... მომიტევე, ბარბაროსო, რამეთუ ვჩქარობ, ორი მზეა ლუკმა არ ჩამსვლია პირში...
დიაცი გაოგნებული, თავზარდაცემული შესცქეროდა. ალბათ ვერ გაეგო, თუ რატომ შემოეჭრა და რას ესაუბრებოდა ეს უცნობი მგზავრი.
-ნეტავ იცოდე რისთვის მივიჩქარი ბაჰირასაკენ... - ხორცი მოჯიჯგნა ელოიმ და პაწაწინა ქოხს მოავლო მზერა. - აქ რა დაგრჩენია, დიაცო? სადაა შენი კაცი, ბაჰირას დასაცავად წავიდა და ეგ ორი ბალღი უმამოდ დასტოვა? ალბათ ელი ახლაც, შეგეძლო გაქცეულიყავი, მაგრამ დაბრუნდი და ელი, როდის მოვა უკან! არასოდეს მოგივა შენი ბარბაროსი კაცი, არასოდეს... რომელი ჭკუათმყოფელი დასტოვებდა ახალგაზრდა, მშვენიერ დედაკაცსა და ორ ბალღს? უჭკუო ბრძანებულა იგი!
დიაცმა ათრთოლებული ხელი გაიშვირა კარისაკენ, რაღაც გაუმეორა, რამდენჯერმე. პაწია გოგოს ცრემლებით აღვსებოდა თვალები, ღრიალი ასტეხა.
ჯიჯგნიდა ხორცს ოქროსკბილა ელოი.
-ნეტავ გეამებოდა, რომ გესმოდეს, შენი კაცის მკვლელის მოსაკლავად მივდივარ, დიაცო? - შეჰკითხა მან ბარბაროს დედაკაცს. - ნეტავ კვლავ შიშით შემომაცქერდები, როცა მეფისწულ ანდრეის მკერდს გავუნგმირავ და ვოლფრამთა მოდგმას დავასამარებ? ეეჰ, ნეტავ გესმოდეს ჩემი ნალაპარაკევი, დიაცო, ნეტავ...
მერე მიმოიხედა, თვალი გადაავლო სასტიკ, საცოდავ სიღარიბეს, აღვივებულ კერასა და მომცრო ბეწვთ ტყრუშულ კედლებზე, ქოხის შესათბობად.
ნაჯიჯგნი ხორცი მისწია, ფეხზე წამოდგა.
უფრო და უფრო ფითრდებოდა ბარბაროსი დიაცი, რაც უფრო უახლოვდებოდა მას ოქროსკბილა, ბალღებს გადაეფარა.
ლაბადის ჯიბიდან ამოიღო სამი ოქრო ელოიმ, გადაუგდო დიაცს.
ათრთოლებული თითებით ძლივსძლივობით დაიჭირა ბარბაროსმა დედაკაცმა ოქროები, დაჰყურებდა, თვალებს ვერ უჯერებდა იგი. ლოყაწითელა ბალღები აჭყლოპინდნენ, გაართო ისინი ოქროს ბრჭყვიალმა, წაეპოტინნენ პაწაწინა თითებით.
ცოტა ხანი უცქირა ოქროსკბილამ, მერე კი ზურგი აქცია მათ, გააღო კარი, თქეშსა და გრუხუნში მიმართა წყვდიადს.скачать dle 11.3

 




№1  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

თითქმის 16 გვერდი და 3,801 სიტყვაა. იმედია ისიამოვნებთ! <3

 



№2 √ სტუმარი ™ lalka

vaax ra kargi gogo xar rom icode.ise gamexarda ro davinaxe .martlac sakmaod didi tavia mara mainc ar meyo.zalian mogvanatre tavi.

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

lalka
vaax ra kargi gogo xar rom icode.ise gamexarda ro davinaxe .martlac sakmaod didi tavia mara mainc ar meyo.zalian mogvanatre tavi.

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე არ დავდე და მიხარია, რომ გაგიხარდათ დანახვა heart_eyes heart_eyes

 



№4  offline √ აქტიური მკითხველი ™ lalita

ყველა შენი ისტორია მაგარია ,მაგრამ ეს ყველაზე გამორჩეული და საინტერესო გამოგდის თან წერის სტილიც სხვანაირი გაქ .ნუ არვიცი რავთქვა ამ ისტორიით დაამტკიცე , რომ უნიჭიერესი გოგო ხარ . მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და ასე აღარ დააგვიანო.

 



№5  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

lalita
ყველა შენი ისტორია მაგარია ,მაგრამ ეს ყველაზე გამორჩეული და საინტერესო გამოგდის თან წერის სტილიც სხვანაირი გაქ .ნუ არვიცი რავთქვა ამ ისტორიით დაამტკიცე , რომ უნიჭიერესი გოგო ხარ . მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და ასე აღარ დააგვიანო.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes heart_eyes მიხარია, რომ მოგწონთ <3 სამწუხაროდ დასასვენებლად ვიყავი და ამდენ ხანს იმიტომ დავაგვიანე, მაგრამ იმედია ასე აღარ მოხდება <3 მადლობა ლოდინისათვის! kissing_heart kissing_heart

 



№6  offline √ წევრი ™ crete20

რატომღაც მეგონა ცეკვის დროს ანდრეის ხმალს წაართმევდა და თავს დასხმებოდა smile laughing

როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო

 



№7  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

crete20
რატომღაც მეგონა ცეკვის დროს ანდრეის ხმალს წაართმევდა და თავს დასხმებოდა smile laughing

როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო

ანდრეის ხმალი არ ჰქონდა მაგ დროს, მაგრამ თავდასხმა შეიძლება განეხორციელებინა :დდდდ უბრალოდ ყველაზე დიდი წყევლა მოუვლინა ეირინმა, რაც კი იცოდა, შენ ამოწყდიო laughing laughing
უღრმესი მადლობა! <3 kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

 



№8 √ სტუმარი ™ tamari

ლინდა,ლინდა,ლინდა ძალიან კარგი ხარ მეტი რა გითხრა.ნაწარმოების მხრივ ყველაზე უკეთ შენ უწყის, როდის და როგორ დაწერო,მხოლოდ ერთს გთხოვ მალე დადე თავებიიიი smile . ხო და კიდევ (მეტი ინტრიგა).მოკლედ..... კარგი ხარ და გელით.

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

კი ვთქვი ნელა წავიკითხავ-მეთქი მაგრამ ისეთი შუსტრი მძახალი გყავს აჰა დაგეწიე აგერ :დდდ
ნუ სასწაული რომ არის და საოცრება ეს გითხარი უკვე :დდ❤ ეს ჟანრი ძალიან მიყვადს და ვფიქრობ რომ ნამდვილად ფანტასტიკურად გამოგდის :** ❤❤❤
უფ ცეკვის სცენა როგორ მომეწონა *_* ისე ზუსტად იყო აღწერილი რომ ნათლად წარმოვიდგინე :)) ასე მეგონა ფილმს ვუყურებდი :დდ❤
ანდრეი კი არა მაგას უნდა ერქვას დავითა და ყოველ წამს გავუმეორებდი რაც მოგივა დავითაო :დდდ რას აცეკვებდა ირტყას ახლა თავში ხელი რაც დაემართება(და ალბათ დაემართება):დდდ ❤❤
ბოლო ინტრიგა კიდე ისე საყვარლად დატოვე და დამტოვე მეც გაღიმებული :დდდ
მოკლედ გელი გელი ამჯერად მოთმინებით :დდდ❤❤❤

 



№10 √ სტუმარი ™ Guest elis

წარმოუდგენელი უაზრობაა ნაწარმოებში იმის შეტანა რასაც მკითხველი ვერ გაიგებს(რაღაც უცხო ენაზე რომ წერ იმას ვგულისხმობ)
და კიდევ სულ თხრობა და ერთიორი დიალოგი მარტო საშინლად მოსაწყენია

 



№11  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

tamari
ლინდა,ლინდა,ლინდა ძალიან კარგი ხარ მეტი რა გითხრა.ნაწარმოების მხრივ ყველაზე უკეთ შენ უწყის, როდის და როგორ დაწერო,მხოლოდ ერთს გთხოვ მალე დადე თავებიიიი smile . ხო და კიდევ (მეტი ინტრიგა).მოკლედ..... კარგი ხარ და გელით.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 სიამოვნებით დავდებდი ყოველდღე ახალ თავს, მაგრამ სამწუხაროდ ტექსტს და სიუჟეტს მოფიქრება უნდა და ამიტომ არ შემიძლია ისე ხშირ-ხშირად დავდო, როგორც ადრე :( ძალიან ვეცდები, რომ მეტი და მეტი ინტრიგა იყოს :დდდდ ძალიან მიხარია, რომ მელი! <3
Margaritha Loki
კი ვთქვი ნელა წავიკითხავ-მეთქი მაგრამ ისეთი შუსტრი მძახალი გყავს აჰა დაგეწიე აგერ :დდდ
ნუ სასწაული რომ არის და საოცრება ეს გითხარი უკვე :დდ❤ ეს ჟანრი ძალიან მიყვადს და ვფიქრობ რომ ნამდვილად ფანტასტიკურად გამოგდის :** ❤❤❤
უფ ცეკვის სცენა როგორ მომეწონა *_* ისე ზუსტად იყო აღწერილი რომ ნათლად წარმოვიდგინე :)) ასე მეგონა ფილმს ვუყურებდი :დდ❤
ანდრეი კი არა მაგას უნდა ერქვას დავითა და ყოველ წამს გავუმეორებდი რაც მოგივა დავითაო :დდდ რას აცეკვებდა ირტყას ახლა თავში ხელი რაც დაემართება(და ალბათ დაემართება):დდდ ❤❤
ბოლო ინტრიგა კიდე ისე საყვარლად დატოვე და დამტოვე მეც გაღიმებული :დდდ
მოკლედ გელი გელი ამჯერად მოთმინებით :დდდ❤❤❤

ო, ჩემო ძვირფასო მძახალო, გიპასუხე გაშანშალებული კომენტარით მარა სად გაშპა ეს კომენტარი ზევსი თუ გაიგებს laughing laughing :დდდ
ძალიან, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა! heart_eyes heart_eyes ცოტა მოგეთმინა, შუსტრო მძახალო, ახლა ლოდინი რომ მოგიწევს? :დდდდ
ცეკვის სცენა სულ თვალწინ მედგა და კანკალი დამაწყებინა რომ ვწერდი :დდდდდდდ ოხ, ანდრეი რა ხათაბალაში გაყავი თავი, შე მართლა დავითა, სად მიძვრებოდი რო მიძვრებოდი, დატეულიყავი შენ ადგილად, გელოთა და ჩაგეცეცხლა ეგ შენი ხორცები ბოლო ბოლო laughing laughing
ზუსტად შენი ღიმილისათვის დავტოვე ეგ ბოლო ინტრიგა და კაია რო გამოვიდა heart_eyes smiling_imp smiling_imp
უღრმესი, უდიდესი მადლობა ასეთი სტიმულისათვის! <3 <3
Guest elis
წარმოუდგენელი უაზრობაა ნაწარმოებში იმის შეტანა რასაც მკითხველი ვერ გაიგებს(რაღაც უცხო ენაზე რომ წერ იმას ვგულისხმობ)
და კიდევ სულ თხრობა და ერთიორი დიალოგი მარტო საშინლად მოსაწყენია

ამ თავში ნათარგმნი იყო მთარგმნელის მიერ ეირინის სიტყვები :( მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ისიც, რაც არ იყო ნათარგმნი, ისეთი სიტყვებია, რომ მათი თარგმნა ახლა არ ივარგებდა :დდდდდ ძალიან ვწუხვარ, თუ მოსაწყენია თქვენთვის, ძალიან ვცდილობ, რომ ბუნებრივად წავიყვანო სიტუაცია და არაფერი გამომრჩეს pensive pensive
ბოდიში და მადლობა, რომ წამიკითხეთ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent