შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 7)


9-08-2017, 00:25
ავტორი linda
ნანახია 660

დალიჰარი (თავი 7)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-*-*-*-*-*-*-*-7
ვერვინ მიუხვდა მეფისქალს ჩანაფიქრს, მაგრამ მისი ნამოქმედარის შესახებ დაუცხრომელ მითქმა-მოთქმას აეტანა ბანაკი.
არავინ უწყოდა, რომ წყევლა იყო როკვა მეფისქალისა, საუკუნეთა მანძილზე ერქანთა საგვარეულოს მიერ გამოძერწილი მძლავრი წყევლა, რომლისა თითოეული მცირე მოძრაობაც კი ღვთაებისადმი აღვლენილი ვედრება იყო გაჭირვების ჟამისას. ვედრება, რომელიც ღვთაების მიერ მოვლენილ სასტიკ სასჯელს უძღოდა წინ.
არავინ უწყოდა სიმართლე, მაგრამ ისინი, ვინც იხილა მეფისქალის ცეკვა, ჩურჩულით იუწყებოდნენ, მისანია, გრძნეულება შეუსწავლია ბარბაროს დედაკაცსო. სიძვის დიაცობათურთ გრძნეულიც ყოფილა, მოგვნუსხაო ყველანი.
მერე კი უფრო ხმადაბლა ჩურჩულებდნენ, თვით მხედართმთავარი და ჩვენი ალფაც დაარეტიანაო. როგორც კი მოსწყდებოდნენ ეს სიტყვები მათ ბაგეთ, სასწრაფოდ სწყვეტდნენ საუბარს, ვაითუ არსაიდან მეფისწული გაჩნდეს და თავები დაგვაყრევინოსო.
არ გამოჰპარვოდათ მეომრებს ქალის სხეულს მაცქერალი მეფისწული. თავი დააკარგვინა ქალისა ალერსს დაჩვეული და მონატრებული ანდრეი დიაცის დანახვამო, ამბობდნენ უფროსი მეომარნი, დინჯად, თითქოსდა არიგებენო მათ შემორტყმულ ახალგაზრდა ჯარისკაცებს.
მითქმა-მოთქმას თითქოსდა ერთბაშად აბობოქრებული ავდარიც უნთებდა ცეცხლს. ღრიალებდა ზღვა, ხილული სისასტიკისაგან გავეშებული, მას თან სდევდა უწყალო ქარი, რომელიც თავისი სუსხიანი კლანჭებით ჰგლეჯდა და ჰკაფავდა ყველაფერს თავის გზაზე, მომავალ, მახვილ ნემსთამაგვარ თქორს უშენდა არე-მარეს. მოტანებულმა მეათე მთვარემ სიცივე მოიტანა თან მხოლოდ, ცა პირქუშად იმზირებოდა და ზურგი ექციათ მიწისაკენ ღამის მხევალსა და ჩახჩახა მარგალიტებს, მოესხათ შავ ღრუბელთა მოსასხამი და აღარ სურდათ თავიანთი მადლი მოემართათ მიწისაკენ.
ყურადღება უცხო ჩაქერელი ვაჭრისა და მისი პატარა მარჯვენა ხელის უცაბედმა გამოჩენამაც ჰპოვა. ტრიქსესმაგვარი უბრალო ვაჭრის მეფისწულის სტუმრად მიღება აოგნებდათ მათ, ათვალწუნებითა და ამზერით უცქერდნენ მუდამ მისთვის გამოყოფილ კარავთან, დიდი წოდების კაცივით თავაწეულ ტრიქსეს, რომელიც თავის ცნობილ ფარშევანგთა მსგავსად ყელყელაობდა და ორი კაცის იჯრას ნთქავდა ერთ ულუფად.
უკმაყოფილონი იყვნენ მეომარნი და დაუსრულებლად ბჭობდნენ მათ ასავალ-დასავალზე, მეფე ბერთრამისადმი მირთმეული ორმოცდაათი ფარშევანგის ამბავი, რომლებიც საუბედუროდ შეეწირნენ ბერთრამის მეუღლის ძვირფას ქურქს, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ.
თუმცა ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენდა იმისათვის, რომ ტრიქსეს ხომალდთა მიერ ჩამოზიდული ძვირფასი ბუმბულები, ბამბა და აკაცია მიეღოთ საჩუქრად. მეფისწულისადმი მორთმეული აურაცხელი ძღვენი ურმებით ორი მზის განმავლობაში ზიდეს მეომრებმა, რათა დაეცალათ სამივე ზორბა ხომალდი. ნაწილი გულუხვმა მეფისწულმა ჯარს დაურიგა, ნაწილი კი სახაზინოში შეინახოსო, განკარგა მან.
არა მარტო მეომართ, არამედ სარდალთ აეთვალწუნებინათ დაუპატიჟებელი სტუმარნი. გაბრიელი იჭვნეულად შესცქეროდა მათ და ერთგული გუშაგები მიეჩინა მათთვის, სარდალ ატავესს კი სძაგდა ჩაქერელნი, გაიძვერა მლიქვნელნი არიან, ზურგში სატევარის ჩამცემნიო, გაიძახოდა დაუღლელად. კლავდი კი მაძებარი ძაღლივით უმზერდა მათ, არაფერი გამოეპარებოდა სარდლის ბებერ თვალსა და გამოცდილ, გამჭრიახ გონებას. ხედავდა იგი, თუ როგორ ავად უმზერდა მორგანა მეფისქალის კარავს, უწყოდა მან, რომ არ დასრულდებოდა ეს ამბავი კარგად.
ერთი თვალი შეავლო მათ მეორე მზეს და მიაშურა მეფისწულს ვედრებით, ფრთხილად უნდა ვიყოთო მათთან.
საკვირველად აღიჩინა მისი შეშფოთება ანდრეიმ. რად უნდა ვუფრთხილდეო უბრალო ვაჭარსა და მის მჭლე ბალღს.
-ნუ მოტყუვდებით, ჩემო ალფა, - შეჰკადრა კლავდმა. ფეხი მოერთხა ბერიკაცს ბეწვთ მისვენებული მეფისწულის წინაშე. ტკბილ ხორცებსა და მათრობელა ღვინოს შეექცეოდა მობრდღვიალე ნაკვერცხლებით აღსავსე კერას მიფიცხებული ანდრეი. - ნუ ირწმუნებთ ბებერი ვაცისა და პაწია ბეღურას ცრუ ხილვასა და სიტყვას! იმაზე უფრო საფრთხილოა მორგანა, ვიდრე ძალმიძს წარმოვიდგინო...
-ბალღი, სარდალო კლავდ? - მუქი წარბი აზიდა მხედართმთავარმა, ქვეშემრდომს გადმოჰხედა ზემოდან. - ის პაწია გოგო? მაუწყე, კლავდ, რად უნდა იფრთხილოს დიდმა მგელმა იოტისოდენა ბეღურას წინაშე?
გარეთ იქუხა, მერე კი დასჭექა ელვამ. ნაკვთი არ შეჰკრთობია ბებერ სარდალს, იმის მიუხედავად რომ თითქოს მიწა შეძრა ქუხილმა. იმძლავრა თქეშმა, ნიაღვრებად დაედინა კარავს.
-ბეღურას სხეულში ამფაკართა მეფის სისხლი ჩქეფს, ჩემო ალფა... - ხმადაბლა, სისინით წარმოთქვა კლავდმა, ძვირფასი, ხარის ტყავის ხელთათმანნი მოეჭმუჭნა მის მოკვარჩხულ ხელებს. - ამფაკართა ხელმწიფის ა იგი.
წამოიწია ანდრეი. თითქოსდა მზერაზე გადაკრული ღვინის ნაცარი გაჰქექესო, მის ქვეშ გამოუჩნდა ნაღვერდლებივით მოელვარე თვალები. ნაპერწკლები გაჰყარა მისმა მოკუმულმა ბაგემ.
-ვუწყოდი, რომ ამფაკართა მეფე არასოდეს იკლებდა ხარჭათა ალერსს, მაგრამ არა ვიცოდი რა, თუ იგი თავის ნაბიჭვართ სხვაგან აგზავნიდა და უბრალო ვაჭართა სამსახურთათვის სწირავდა მათ... - ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა.
-ამფაკარნი ფრიად... მოსიყვარულენი გახლავან, ჩემო ალფა, - გაჭირვებით ამოთქვა ასევე გაჭირვებით ნაპოვნი სიტყვა კლავდმა. - მათთთვის შვილი არ განირჩევა! მაგრამ რათა სამეფო ტახტის მემკვიდრეს არ შეეცილონ, საკუთარ ნაბიჭვრებს უგზავნის ხელმწიფე სამეფო კართ, აჩვენებს მათ კეთილგანწყობას, ფეხქვეშ უგებს საკუთარ ნაშიერს. აკარველი ტრიქსე კი უთვალავ კავშირთ დაიკვეხნის, ბებერ ვაცს იყენებს პატარა ბეღურა, რათა მეტი ნახოს და გაიგოს...
-უბადლო ჯაშუშნი ჰყავს ამფაკართა ხელმწიფეს მის ნაშიერთა სახით. - მიუგო მეფისწულმა. -ჰა! რაოდენ გაიძვერაა!
-ამიტომ გაფრთხილებთ, ჩემო ალფა. - თავი მოიდრიკა კლავდმა. - ვივიენ ქალის ნახევარდაა მორგანა და მასსავით ეშმაკი. დროს იხელთებს იგი, რომ შეგათვალიეროთ...
ყბები დასჭიმა ანდრეიმ. თავის საცოლეს, ამფაკართა ვივიენ ქალს მხოლოდ ერთხელ შეხვედროდა და ეწვნია მისი სასტიკი სილამაზისა და უწყალო ბუნების შემზარავი ნაზავი. თეთრყირმიზი იყო დიაცი, სრორდის თეთრწვერა მთებიც კი ვერ შეედრებოდნენ მისი პირის სითეთრეს, ბროლივით უელავდა კანი. გამჭოლი ტყისფერი თვალები და სისხლივით წითელი ტუჩები ამშვენებდა, რომელთაც იკვნეტდა იგი, რათა მუდამ სავსე და თითქოსდა ამბორისათვის მზად ჰქონოდა. ალისფერი, ხშირი თმა ესხა ვივიენს და წითელი გველი იკლაკნებოდა თითქოს მის მზერაში.
-მათ თავიდანვე ვერ მოინადირეს ჩემი ნდობა, სარდალო. - მიმართა მეფისწულმა, პირი იბრუნა, მიეძალა ღვინოს. - არ ძალმიძს მათი ნდობა, ვინც ბარბაროსთ ოქროს იღებდა გასამრჯელოდ... ერთხელ მოღალატე კაცი ბევრჯერ მოღალატე კაცია.
-ბრძნულად მსჯელობთ, ჩემო ალფა. - თავი მოუდრიკა კლავდმა მეფისწულს. - და მუდამ ასე გიჭრიდეთ გონება. უფრთხილდით მორგანას, რამეთუ შესაძლებელია მის თვალთაგან გიმზერდეთ ვივიენ ამფაკარი.
მზერა შეავლო მეფისწულმა და აუქნია ხელი, დაითხოვა თავისი კარვიდან.
წამოიწია კლავდი, წელში მოიხარა მხედართმთავრის წინაშე, მერე კი, სანამ კარვის გასასვლელს მიაშურებდა, თვალებში შეხედვა შეჰბედა მეფისწულს.
-მუდამ გახსოვდეთ, ჩემო ალფა. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან, ისე, რომ თითქმის მთლიანად ჩაიკარგა მისი ხმა თქორსა და ჭექა-ქუხილში. - ბეღურასაც ძალუძს თვალები ამოჰკორტნოს დიდ მგელს.
მერე კი შებრუნდა, მარტოდ დასტოვა მეფისწული.
ღვინო გადადო ანდრეიმ. მჭმუნვარესა და ამ ახალი ცნობით ფრიად აფორიაქებულს დაჰკარგოდა თრობის საღერღელი.
მისი აფორიაქებული გონების მსგავსად აშლილიყო ავდარი, ბობოქრად ღმუოდა და ვერ ჰპოვებდა თანასწორს გარშემო.
და შორს, ბანაკის პირას, ტყეში მოაჭენა ბედაური ოქროსკბილა ელოიმ. მოფარებული ლაბადის შალითა, დაუდგრომლად რომ წვეთავდა წვიმის წვეთებს და ვერც კი ჰფარავდა მის სველ სახესა და მკერდს, ჩამოიწია მან, რათა ცოტათი მაინც გაჰქცეოდა თქორს.
თუმცა მადლობელი იყო ელოი ავდრისა. მისი ბედაურის ფლოქვთა ხმა შეენიღბა მას, რათა ბანაკში მყოფთ არაფერი გაეგონათ.
ჩამოხდა ოქროსკბილა. ბედაურის ლაგამი მაგრად შემოჰხვია და მოაბა ხეს, შემოიძრო შალითა, სრორდელი მეომრის აღჭურვილობასა და აბჯარს დაჰხედა. რუხი, სველი ფოლადი მკრთალად ბზინავდა ბანაკის შორეულ სინათლეთა შუქზე.
სატევარი იშიშვლა ელოიმ. სურდა, რომ უბრალო მეომართა რიგებს შერეოდა, მაგრამ არ შეყოყმანდებოდა, რომ მოეკლა ყველა, ვინც წინ გადაუდგებოდა.
უჩუმრად განვლო მან მეჩხერი ტყე, გუშაგთ გვერდი აუქცია და სახელდახელოდ გადახურულ, ფარღია კარავს შეეფარა. იმის მიუხედავად, რომ თითქოსდა კარვის წაქცევას აღარაფერი უკლდა გახელებული ქარისა და წვიმის უწყალო ხელის ქვეშ, მაინც მოილხენდნენ მის ქვეშ, პატარა ცეცხლის გარშემო შემოკრებილი მეომარნი, სვამდნენ ღვინოს და შეექცეოდნენ ხორცს.
სხვათა შეუმჩნევლად შეერია მათ ოქროსკბილა, ასწია მოწოდებული ღვინით აღსავსე ფიალა, ადღეგრძელა მეფისწული, რომლის მოკვლისათვის აურაცხელ გასამრჯელოს ჰპირდებოდნენ.
ცოტა დაისვენა. შეთვრა, დანაყრდა. სხვათა ჩრდილში შემალულმა შეჰკითხა ერთ მთვრალ მეომარს, სად არისო სარდალი ატავესი.
მეომარმა სლოკინ-სლოკინით, გაჭირვებით აუწყა, თავის რაზმთან იმყოფებაო იგი, ბანაკის მეორე მხარეს.
წამსვე გაეშურა ოქროსკბილა. არც კი უცდია, რომ თავი შეეფარებინა სიბნელისათვის, სადმე შემალულიყო, იგი თავაწეული, ამაყად მიიწევდა წინ, ვითარცა ნამდვილი სრორდელი მეომარი. საუკეთესო სამალავი თვალწინ არისო, ამბობდნენ ბრძენნი.
შორიდანვე ჰკიდა თვალი ელოიმ ტყესთან ახლოს მდგარ სარდალ ატავესს. მისი განიერი ფიგურა ადვილად ხილვადი იყო შიგნიდან მანათობელ კარავთა შუქზე, ალისფერი მოსასხამი მიწამდე დასთრევდა, რომელსას ხელით ნაქარგი, სრორდის მოზრდილი გერბი ამშვენებდა, ბზინვა გაუდიოდა ხახადაღებული მგლის ეშვებს. მას თავისი რაზმის მეომრები გაემწკრივებინა და უყვიროდა.
მიუახლოვდა ელოი და მუხლი მოირთხა სარდლის წინაშე.
-ფრიად საინტერესო და საჩქარო ამბავი უნდა მოგახსენოთ, სარდალო! - შესძახა მან, აჰხედა ატავესს, რომელიც მოქუფრული შესცქეროდა და გააპო ბაგე.
თვალი ჰკიდა მისი ოქროს კბილის ბზინვარებას ატავესმა და ანიშნა, ადექიო.
წამოდგა ელოი. ცივ ტალახში ამოგანგვლოდა მუხლები და მოსასხამი.
მწყრალი მზერა გადაუგდო გამწკვირვებულ მეომართ სარდალმა, მოგვიანებით დავუბრუნდებითო ამ საკითხს, და შებრუნდა მოსასხამის ფრიალით, თან წაიყოლა ელოი.
ტყის პირს დაუყვნენ. ქარი დაუდგრომლად წუოდა, ზურგში სცემდა თქორს და მიერეკებოდა მათ წინ.
-უფრო ადრე გელოდი. - კბილებში გამოსცრა ატავესმა. მუზარადის საცხვირე აეწია მას, სქელი, ჯაგარივით წვერი ერთიანად გალუმპვოდა, დაბურვოდა პატარა, ავი თვალები.
-მომიტევეთ, თავადო. - მიუგო ელოიმ. - თავადმა გენრიმ როგორც კი გამომგზავნა, წამსვე გამოვეშურე. ცამეტ მზეში დავფარე სრორდიდან ბაჰირამდე გაჭიმული გზა, არ დავიშურე ბედაური თუ ჩემი თავი...
-რასა ამბობს თავადი გენრი? - შეაწყვეტინა ატავესმა. - ნუთუ აქამდე ემზადებოდა იგი?
-არა ვუწყი რა, თავადო ატავეს. - ღიმილმა შეუკრთო ბაგე ელოის, თვალები ეშმაკურად აუელვარდა. - მაგრამ ვგონებ, ელოდა იგი, აქამდე ელოდა ერთ პიროვნებას, რომლის ნების გარეშე ვერ გადადგამდა ერთ ნაბიჯსაც კი...
-ნუ მეთამაშები, ძაღლო! - შეუბღვირა ატავესმა, ავი თვალები მოქუფრულმა შუბლმა დაუჩრდილა სარდალს. - ვინაა ეს პიროვნება, ვისაც ახსენებ?
-შაჰაიაქელი ინგენი, თავადო. - მიუგო ოქროსკბილამ და შეჰღიმა თავადს, როცა შედგა იგი, ელდანაცემი.
მოქუფრული, თვალებგაფართოებული შეჰყურებდა სარდალი ელოის.
-გულთმისანი? - გაჭირვებით ამოღერღა ატავესმა, უცახცახებდა სველი წვერი. - ინგენი... თავადმა გენრიმ მოუხმო და ეახლა ეგ ბებერი გაიძვერა?
-მართლა ეგრე ფიქრობთ შაჰაიაქელ ინგენზე, თავადო? - შესძახა მოჩვენებითი გაოცებით ელოიმ. - გამიგია, თქვენც გსურდათ გესარგებლათ მისი მისნური ნიჭით...
ნაკვთები დაეღრიჯა სარდალს. განიერი, ჩასკვნილი სხეული თითქოს უფრო გაეზარდა, გასივდა და ლამობდა არე-მარე მოეცვა, მაგრამ თვალის უდრეკელად შეჰყურებდა მას ათას ცეცხლში გამოვლილი ელოი.
-ხმა გაიკმინდე! - შეუყვირა სარდალმა. წამიერად გამოჰხედეს შორიახლოს, ფარღია კარავს შეფარებულმა ჯარისკაცებმა, მაგრამ წამსვე აარიდეს მზერა, სარდალის რისხვა ჩვენც არ გადმოგვწვდესო.
-მომიტევეთ, სარდალო. - მიუგო ელოიმ და თავი მოიდრიკა მის წინაშე, მაგრამ დამცინავი ნაპერწკალი ედო მის სიტყვებს.
კბილები დააღრჭიალა სარდალმა.
-რასა ამბობს შაჰაიაქელი ინგენი? - მოუთმენლად ჰკითხა მან, მაგრამ შეამჩნია ოქროსკბილამ, თუ როგორ ცდილობდა იგი ცნობისმოყვარეობის შენიღბვას. - უწყი, ძაღლო?
-მსახურნი ჩურჩულებდნენ თავადი გენრის მამულში, უწინასწარმეტყველაო მისანმა თავადს. - მიუგო ელოიმ. - უთქვამს ინგენს, დიადიაო თქვენი მომავალი, და ყოველივე კარგს მოელისო თავადი, ემზადებაო მეფე სოლომონის თავიდან გვირგვინის მოსაგლეჯად...
მოიქუფრა ატავესი, თითქოს არ ესიამოვნაო მეფეზე ამგვარად საუბარი, მაგრამ უწყოდა ელოიმ, ამჩნევდა, არ ეამაო თავადი გენრის ამბავი. ალბათ თავშეკავება უჭირსო, ფიქრობდა აღტკინებით მსგავს ამბავთა მოყვარული ოქროსკბილა, სურსო გამოლანძღოს თავადი გენრი, აძაგოს იგი და თქვას, მე მსურსო მეფისა გვირგვინი, მაგრამ კბილს აჭერსო ენას.
ეს იყო შაჰაიაქელი ინგენის დიდი გავლენის აშკარა საბუთი. ნუსხავდა განთქმული გულთმისანი ყველას, მისი სახელი უსწრებდა წინ მის ხილვას. და რაკი თავად გენრის დიადი მომავალი უწინასწარმეტყველა მან, შედავება არ ძალუძდა ისეთ თავმომწონე კაცსაც კი, როგორც თავადი ატავესი გახლდათ.
თავი ხელში აიყვანა სარდალმა, მუზარადი აზიდა, სცადა ზემოდან გადმოეხედა ელოისათვის, მაგრამ ვერ შეძლო, მაღალ-მაღალი და აშოლტილი იყო ოქროსკბილა.
-როდის მოაგვარებ შენს საქმეს, ძაღლო? - გამოსცრა მოქუფრულმა კბილებში. უმალ მოიხარა წელში ოქროსკბილა.
-ღმერთები შემეწევიან, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, თავადო. - მიუგო ეშმაკურად. - ვუწყი, რომ მუდამ ერთგული მეომრებითაა გარშემორტყმული ანდრეი, რამეთუ მხედართმთავარი და მეფისწულია იგი. მე კი არ ძალმიძს ასე მისი მკერდის განგმირვა... მსურს მფეთქავი გულით დავუბრუნდე ბელთათინს და ჩემი დამსახურებული გასამრჯელო ავიღო ხელთ... ხომ იცით, სარდალო, ძაღლებსაც სურთ საკუთარი სახლი და მშვიდობიანი ცხოვრება.
-მე მოგცემ ამის შესაძლებლობას. - მიუგო ატავესმა. - ყურადღებით იყავ! დავაშორებ მეფისწულს თავის დამცველთ, და მაშინ იხელთებ დროს, ელოი.
სიტყვა გაწყვიტა სარდალმა და მუქარით აღსავსე თვალები დააკვესა.
-მაგრამ ეს ირწმუნე ძაღლო, თუ შევიტყობ, რომ შენი საქმე ვერ შეასრულე ანდა დამასმინე, ადგილზე დაგკლავ და გაგაცამტვერებ. - შეუღრინა მან.
მერე კი შებრუნდა, მოსასხამის ფრიალით, და მიაშურა წყვდიადს.
გაჰყურებდა მას უსიტყვოდ ოქროსკბილა, იღიმოდა თავისთვის.
მხრები შეათამაშა და მიმართა შორიახლოს აღრიალებულ, გვერდზე წაწოლილ კარავთ შეფარებულ მეომართ. ღვინოსა და ხორცს გაუსინჯავდა კვლავ გემოს.


-*-*-*-*-*-*-*-
სანამ სარდალი ატავესი საგონებელში ჩავარდებოდა, როგორ უნდა დავაცილოო მეფისწული თავის რაზმს, სიკვდილი ეამბორა თავისი ფითრისფერი კოცნით სალაშქრო ბანაკს.
მოგვიანებით იფიქრებდა სარდალი ატავესი, ღმერთთა ღმერთმა ალიჰას დაიბერტყაო თავისი ოქროს წვერი ჩემზე.
უხილავი სენი გავრცელდა ბანაკში.
ორი ახალგაზრდა ცხენოსანი დასნეულდა. ჩიოდნენ, გაუსაძლისად გვტკივაო ფაშვი. წინა ღამეს შეუჩერებლად ესვათ მათ ღვინო, ამიტომ მკურნალებმა მათ ტანჯვასა და ვედრებას არ უგდეს ყური, სასმელმა მოწამლაო ისინი.
მაგრამ მკურნალთ ეჭვები გაეფანტათ ერთი მზის თავზე, როცა სნეულებამ ელვის სისწრაფით შემოაძარცვა ცხენოსანთ სიცოცხლის ნიშანწყალი, გაალურჯა, ჩაუცვინა თვალები, და დაუნაოჭა ხელები. გამუდმებით სითხეს აღებდნენ ისინი, სენმა მოსტაცა მათ სახეს ფერი და ბაგეს სუნთქვა.
მერე კი, გეგონებოდათ სენმა გემო გაუსინჯაო ადამიანის სიცოცხლეს და ფრიად ეამაო, რადგან ვითარცა გადამხმარ ტყეში კვესი აბედს გაჰკრესო, ისე გავრცელდა ბანაკში სენი.
მკურნალნი წამსვე ეახლნენ მეფისწულსა და სარდლებს, სენი ემუქრებაო ბანაკს, შესთხოვეს, უნდა დავწვათო სნეულთა სხეული, რამეთუ გავრცელდესო მკვდართა სხეულებიდან სენი.
ჯერ უარზე იყო მეფისწული, ვერ დავსჯიო გარდაცვლილს, ვითარცა ბარბაროსს, მაგრამ იძალეს სარდლებმა, უნდა მოვუფრთხილდეთო ცოცხალთ.
ღამის მოწოლისთანავე დასწვეს მდუღარე კუპრით მკურნალებმა ორი გარდაცვლილი ცხენოსნის გვამები, ფერფლი კი წაატანეს თქორისაგან წამოსულ ნიაღვარს.
მაგრამ მიცვალებულთა დაწვამ ვერ შეაჩერა ბობოქარი სენი.
მეორე მზის თავზე ოცი კაცი მოიყვანეს, მესამე მზის თავზე მათ კიდევ ასი დაემატა. ნახევარზე მეტი წაიტაცა სნეულებამ. სამხედრო, ფარღია კარავნი სნეულთა დასაწოლად იქცა, აცრემლებული ცის ქვეშ მიმორბოდნენ მკურნალნი, სქელი მოსასხამნი მოესხათ, შავი ნიღბები აეკრათ სახეებზე, სიკვდილთა მოციქულნი გეგონებოდათ ისინი და არა სიცოცხლისა.
ჯერ ყური არ შეიბერტყეს სხვა მეომრებმა, მაგრამ როცა იხილეს, თუ როგორ სწვავდნენ სენის გავრცელების შიშით შეპყრობილი მკურნალნი და მსახურნი ადუღებული კუპრით ჯარისკაცთა სხეულთ, შეშფოთებამ აიტანა ისინი.
მესამე მზის თავზე თავზარდაცემულ ბანაკს თითქოსდა ბედნიერი დღე გაუთენდა. ღამე ავდრის რუხი ღრუბელნი გაჰკვეთა ქარმა, დასავლეთისაკენ გარეკა, მხოლოდ ნაგლეჯნი დასტოვა ცაზე, რომელთაც არ ძალუძდათ მზის ბრწყინვალების დაფარვა.
მკურნალთ მუხლი მოიდრიკეს მზის წინაშე, მხურვალე ლოცვა აღავლინეს, გადმოგვხედესო ღმერთებმა.
მაგრამ არ უწყოდნენ მათ, რომ მორიგი უიღბლობა გახლდათ გამოდარება.
მესამე მზის ბოლო ყივილისას, როცა მორიგი მიცვალებული ჯარისკაცი დასწვეს კუპრით, უფროსმა, ყველაზე გამოცდილმა მკურნალმა შეჰკრიბა სხვები და აუწყა, წყლის სენი არისო ეს.
ელდა ეცათ მკურნალთ, რამეთუ ბინძური წყლის სენი მხოლოდ წმინდა წყლით განიბანებოდა, მათ კი არ უწყოდნენ, თუ საიდან შემოეპარათ სნეულება.
წამსვე ეახლა უფროსი მკურნალი მეფისწულს, უნდა გადავღვაროთო ჩვენი წყალი და ღვინო, რათა მასში იმალებაო სნეულების კერა.
-დალოცვილი ღვინო ამ დაწყევლილ მიწას გავატანოთ?! - აღრიალდა აღშფოთებული ატავესი, მეფისწულის კარავში შეკრებილთ ავი თვალი მოავლო. - მაუწყე, მკურნალო მეშექ! რისი მკურნალი ხარ, თუ ავადმყოფთა განკურნება წმინდა სითხის წაწყმედას უდრის?
-სარდალო ატავეს. - შეაწყვეტინა მოქუფრულმა გაბრიელმა. - წყლის სენი იოლად არ დაიძლევა, იგი ფრიად სასტიკ და გადამწყვეტ ზომებს საჭიროებს, თორემ მსხვერპლად კიდევ უამრავს შეიწირავს! - მან თვალი თვალში გაუყარა მოქუფრულ სარდალს. - ნუთუ გსურთ, რომ ჩვენი მეომარნი, რომელთა სიცოცხლეც ღვინოზე უფრო ძვირფასია, დაიხოცნონ?
-მომიტევეთ, ჩემო ალფა, - თავი მოიდრიკა აქამდე დადუმებულმა კლავდმა მჭმუნვარე მეფისწულის წინაშე. - მაგრამ ვგონებ სიმართლეს გვაუწყებს მკურნალი.
ფერწასულმა მკურნალმა ღრმად ამოიხვნეშა, წამოწითლდა. ცახცახებდა ბედშავი.
-წყლის სენი მიხილავს, ჩემო ალფა.- განაგრძო კლავდმა, ყურიც არ შეუბერტყია ბებერ მგელს მისკენ მაცქერალი ატავესის ავ მზერაზე. - თქვენ არ გეხსომებათ, ბალღი იყავით, მაგრამ ბელთათინის ქვის ხევს მწარედ ახსოვს წყლის სენი... ქვის ხევის თითქმის ნახევარი მოსახლეობა შეიწირა მან...
თვალები გაუშტერდა კლავდს, წარბშეკრული შეაცქერდა მეფისწული.
-წარსულს მომავალში ნუ უმზერ, კლავდ! - შეუტია გავეშებულმა ატავესმა. - უმჯობესი იქნება, რამე სარგებლიანი გვაუწყო!
-სარგებელი მოგვიტანა მკურნალმა მეშექმა. - ახალგაზრდა მკურნალზე ანიშნა კლავდმა. - მართალს გვაუწყებს, საჭიროა გადავღვაროთ სასმელი, განვარიდოთ სნეულნი ჯანმრთელთ და წესრიგი დავამყაროთ ამ ორომტრიალში...
-საკმარისია. - ხელი აზიდა ანდრეიმ და წამსვე მისი ნების პატივისცემის ნიშნად მოიდრიკეს თავები სარდლებმა, მკურნალი მიწას განერთხა. - მაშ წყლის ახალი წყარო უნდა მოვიძიოთ. - განაცხადა მოქუფრულმა.
მოიღუშა ატავესი, მაგრამ დადუმდა, მტრულად უმზერდა მეფისწულს.
-რაოდენ უიღბლონი აღმოჩნდნენ სნეულნი! - შესძახა გაბრიელმა. - რამეთუ დღეს მზიანი დღე გაუთენდათ... კვლავ რომ პირს ცვარი მოეცხოთ ღმერთებს, წვიმა იქნებოდა ჩვენი წყარო! ახლა კი შორეული წყაროს ძიება მოგვიწევს, რამეთუ ახლომახლო მყოფ წყაროებს დაჰქონდეთ სენი...
სარდალთ უმზერდა ანდრეი, მერე კი წამოდგა, კარვის გასასვლელს მიმართა. წამსვე წამოიწივნენ დანარჩენები, მისდიეს მხედართმთავარს.
-ის ვაჭარი, მისი ბალღი და ერქანთა დიაცი მომგვარეთ. - უბრძანა კარავთან მოყარაულე რაზმს მეფისწულმა. წამსვე დაფაცურდნენ ისინი განკარგულების აღსასრულებლად.
-ჩემო ალფა! - შესძახა ელდანაცემმა კლავდმა. - რად გსურთ ბებერი ვაცისა და მისი ბეღურის ხილვა? ან ერქანთა დიაცის?
-სარდალო კლავდ, მეპასუხები? - მოუბრუნდა მოქუფრული მეფისწული და თავი დაუკრა კლავდმა, მუხლი მოიყარა მხედართმთავრის წინაშე. - ვაჭარმა და მისმა ბალღმა უწყიან ამ ქალაქის ასავალ-დასავალი, აქ ხშირი სტუმარნი იყვნენ, ეცოდინებათ მათ, თუ სად გადის შორეული წყარო... ერქანთა დიაცი კი... - სიტყვა გაუწყდა ანდრეის, კბილები გააღრჭიალა.
-ერქანთა დიაცზე უკეთესად არავინ უწყის ბაჰირა. - წარმოთქვა გაბრიელმა. - მომავალი დედოფალი იყო იგი, თითოეული ქვა და ხე ეცოდინება მას.
კბილებს კრეჭდა ელდანაცემი, აფორიაქებული კლავდი, მაგრამ ხმის გაღებას ვერ ბედავდა იგი, ეშინოდა მხედართმთავრის რისხვის.
ზურგი შეაქცია მათ დადუმებულმა ანდრეიმ, შემაღლებული მდელოდან გადაჰხედა თვალუწვდენელ ბანაკს.
იხილა, თუ როგორ ეცემოდა ღრუბელთა ნაგლეჯს შორის გამოპარული მზის სხივთა სვეტები კარავთ, თითქოს ღმერთები ლოცავდნენ მძიმე ავდარგამოვლილ ლაშქარს, მაგრამ მხოლოდ თვალის ახვევა იყო დარი, მშვენიერ საბურველში გამოხვეული ბოროტება.
უკან ნაბიჯების ხმა და ნაჩურჩულევი ბარბაროსთა ენა შემოესმა ანდრეის. მობრუნდა, რათა ეხილა მოახლოებული ერქანთა დიაცი.
წამსვე გაუსწორა თვალი შუბოსნებშემორტყმულმა დიაცმა მას.
მის მიერ მოყენებულმა ჭრილობამ გასწიწკნა ანდრეის. სახე მოეღრიჯა მხედართმთავარს.
-მეფისწული მიხმობს, რა პატივია! -აღრიალდა ანაზდად ვიღაც ბექობზე და გადაჰხედეს აქოშინებულ ტრიქსესა და მის უკან მომავალ მორგანას სარდლებმა. - მეფისწულო ანდრეი! რითი შემიძლია მოგემსახუროთ? ყველაფერს გავაკეთებ თუკი მიბრძანებთ!
ეშმაკურად უბრწყინავდა თვალები ვაჭარს, მხედართმთავრის წინაშე მოიხარა წელში. ზიზღით შესცქეროდა მას კლავდი, მერე კი მორგანასაკენ მიმართა მზერა სარდალმა, უცქერდა, აფორიაქებული, თუ როგორი სიძულვილით შეჰყურებდა მჭლე ბალღი ერქანთა დიაცს.
მაგრამ ზედ არ შეჰყურებდა მას დიაცი. მისი მეფური, ამაყი მზერა მეფისწულისაკენ იყო მიმართული, რომელიც თვალმოუშორებლივ, მოქუფრული უცქერდა საპასუხოდ.
მაშინაც კი იბრძვიან, როცა ერთმანეთს უმზერენო, გაივლო კლავდმა.
-გვითხარი, ვაჭარო! - მიმართა გაბრიელმა. - უწყი, თუ სად ჩქეფს ამ დაწყევლილ მიწაზე წმინდა წყალი?
უკმაყოფილებამ გადაჰკრა სახეზე ვაჭარს, თითქოსდა როგორ ბედავსო მდაბალი სარდალი პასუხის გაცემას, როცა მეფისწულს მივმართეო.
-თუ მეფისწულს ამის გაგება სურს, სიამოვნებით მივასწავლი. - მედიდურად წარმოთქვა მან, მაგრამ გახევდა, როცა გამაფრთხილებლად გააშიშვლა გაბრიელმა მოსასხამის ქვეშ შემალული მახვილის ვადაჯვარი. - ზუსტი ადგილმდებარეობის ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ვუწყი, მეფისწულო, რომ ავლატის მთაგრეხილიდან მოედინება კამკამა ღელე, სხვათ უერთდება და სუფთა მდინარედ ჩამოედინება მზის მეშვიდე ყივილის მხარეს, ორი ყივილის სავალზე მხოლოდ. მასში განბანვა აკრძალულია, მხოლოდ პეშვით იხოცავენ მის წყალს ბაგეთ და დალოცვილნი არიან. ამბობენ, თვით ღვთაების ცრემლებიაო მდინარეში... - თვალები აუელვარდა ტრიქსეს. - თუ გამიყოლებთ, მეფისწულო, უთქვამთ, კარგი ცხენებით მხოლოდ ერთ ყივილშიც შეიძლება ჩასვლაო...
-ოდესმე ყოფილხარ იქ? - შეჰკითხა გაბრიელმა. ეჭვი ღრღნიდა, უსიამოვნებას უთქვამდა გული.
-არა, სარდალო, - თავი მოიდრიკა ვაჭარმა, შეურაცხყოფილის სახეზე აიკრა ნიღაბი უმალ. - მაგრამ...
-აუწყე ამ წყეულს, რომ უნდა გვიჩვენოს ის მდინარე. - შეაწყვეტინა მათ ანდრეიმ, შორიახლოს ატუზულ მთარგმნელს აუქნია ხელი.
ჩუმად უჩურჩულა ბარბაროსთა ენაზე მთარგმნელმა ერქანთა დიაცს მეფისწულის განკარგულება.
როგორც კი სიტყვა დაასრულა მან, ნაკვთები გაუქვავდა ეირინს. ნაპერწკლები გაჰყარეს მისმა თვალებმა, ბაგე შეუთრთოლდა.
-Mie shouer mai? - შეჰკითხა მან, ჯიუტად ჩასცქეროდა მოღუშულ მეფისწულ თვალებში.
-ამბობს, რად უნდა შევასრულოო თქვენი ბრძანება, - აუწყა აფორიაქებულმა მთარგმნელმა.
-წყეულო! - შეჰღრიალა ატავესმა, თვალებში ცოფი ჩაუდგა. - ჩემო ალფა, როგორ გიბედავთ! უკვე მკვდარი უნდა იყოს, მისი ფერფლი ტალახში უნდა იზილებოდეს! წყეული სიძვის დიაცი!
წამიერად უყურა მეფისქალს ანდრეიმ.
-ჰკითხე, თუ რა სწადია. - კბილთა შორის გამოსცრა მან ბოლოს, ყური არ უგდო ატავესის აღშფოთებით აღსავსე შეძახილს. - სამლოცველოში მივაბრძანო? მისი ხალხი გავათავისუფლო? ბაჰირა დავუბრუნო, როგორ მომავალ დედოფალსა და ჭეშმარიტ მემკვიდრეს?
დაცინვას რომ ჰკიდა თვალი მის სიტყვებში, ხარხარი ატეხა ატავესმა. მოქუფრული შეჰყურებდა კლავდი მეფისწულს, სანამ მთარგმნელი უჩურჩულებდა მეფისქალს.
-Mai werkeøåer hossu klerhaissera Bahirra! - ხმა აღიმაღლა მეფისქალმა. - Maij loorg verra warkeroograd hossu! Klerhaissera, kiu hossu konnen...
-სურს, რომ დასტოვოთ ბაჰირა. - განაცხადა მთარგმნელმა. - ამბობს, რომ არ მოგიტევებთ მისი ღვთაება, და უნდა დასტოვოთ ახლავე...
-თუ გზას გაგვიკვლევს, - თქვა მეფისწულმა, გულზე წრე გამოისახა ფიცის ნიშნად. - დავტოვებ ამ დაწყევლილ მიწას.
უთარგმნეს მეფისქალს მისი სიტყვები.
მწარედ გაეცინა ეირინს, საზიზღარმა ღიმილმა დაუღრიჯა ბრინჯაოსფერი სახე, მაგრამ არარას ამბობდა იგი.
მსახურთ უბრძანა მეფისწულმა, მოგვგვარეთო ბედაურნი. მოაგელვეს მათ მხედართმთავრის სპილენძისფერი ულაყი, ამხედრდნენ უმალ. სარდალი კლავდი დასტოვეს ბანაკში მათ, უბრძანა მეფისწულმა, მიხედეო ლაშქარს. მხოლოდ ატავესი, გაბრიელი, ეირინზე გარშემორტყმული შუბოსნები და მცირე რაზმი წაიყოლა მან, დაუპატიჟებელ სტუმართურთ.
ვერავინ შენიშნა, სარდალი ატავესის გარდა, თუ როგორ კაზმავდა ბანაკის პირას ცხენს მეომარი, და როგორ იმზირებოდა ხანდახან მათკენ. ჩვეულებრივი კაცის თვალი ხინჯს ვერ იპოვიდა ამ აშოლტილი, თითქოსდა კეთილშობილი სრორდელი მეომრის მზერაში, მაგრამ უწყოდა ატავესმა, რომ დრო იხელთა ელოიმ, დაედევნებოდა მათ უკან უჩუმრად და მალე აღასრულებდა დათქმულ პირობას.
მზე შუბის პირზე იდგა, დაუდგრომლად აცხუნებდა, როცა მიმართეს გზას. მზეს შეუჩვეველ, უწყლო ჩრდილოეთის შვილებს ღვარად სდიოდათ ოფლი, მეტადრე კასრივით ნასუქი ტრიქსე იტანჯებოდა თავისი ყელში გამოსკვნილი, ძვირფასი მეწამული მაუდის სამოსის გამო.
ეირინი კი, როგორც მზის მცხუნვარებას დაჩვეული, ჭეშმარიტი ბაჰირელი დიაცი, მშვიდად წამომართულიყო ცხენზე, ერთი წვეთი ოფლიც კი არ მიჰკარებოდა მის მაღალ შუბლს, თითქოს ზღვიდან მონაბერ ქარს უშვერსო პირს. ბედაურზე ირწეოდა იგი, მცველებით გარშემორტყმული, მეფისწულს გვერდით ამოდგომოდა და მიუძღვებოდა მათ წმინდა წყლისაკენ.
ქორივით ადევნებდა მას თვალს ტრიქსე, უცხო გზაზე არ გადაუხვიოსო და ავად შეჰყურებდა მორგანა.
გზა დაუსრულებელი ჩანდა. მცირედ იყო ბილიკი გაკაფული, წვიმებსა და დამბალ მიწას მწვანე ბალახი გაეზარდათ რუდუნებით, რომელიც მზისაგან ოხშივარადენილ მიწაზე იწონებდა თავს, ნამი ესხა თავს, როგორც სამკაული. სიმწვანე ჰფარავდა თვალუწვდენელ მინდორს, რომელიც გორათა შორის მიიკლაკნებოდა და იბერებოდა თითქოს, შორს, რათა ცაში აწვდენილი, თეთრ ღრუბელთა მიერ დაცარცული მთები ეშვა.
ერთმა ყივილმა განვლო, სალაშქრო ბანაკი თვალს მოეფარა, გზა შემაღლდა და მეჩხერი ტყე აღიმართა გარშემო, ჰაერს კი შორეული, წყლის შრიალის ხმა ჰკვეთდა.
-აი, მივუახლოვდით, მეფისწულო! - შეჰყვირა გაბადრულმა ვაჭარმა. - ყური უგდეთ, როგორ ჩქეფს წყალი! როგორც ჩანს, არ გვიმუხთლა ერქანთა დიაცმა!
-ხმა გაიკმინდე, ვაჭარო! - მოუბრუნდა მას ანდრეი და წამსვე თავი დაუკრა შეცბუნებულმა ტრიქსემ. - ნურასოდეს გეგონება, რომ უფლება გაქვს ამდენად კადნიერი ბრძანდებოდე!
ფერი წაუვიდა ტრიქსეს, ხმა გაკმინდა. მტრულად იმზირებოდა მორგანა.
ქუსლები შემოჰკრა ულაყის ფერდებს ანდრეიმ, წინ გარეკა ბედაური, წყლის შრიალისაკენ.
მეჩხერი, აკაციათა ტევრი გახშირებულიყო და მცირე ხევს ერტყმოდა, რომელშიც ჩქაფუნით მიედინებოდა მდინარე. სპილენძისფერი ულაყი შეაყენა ბექობის პირას მეფისწულმა, გადაჰხედა მზის შუქზე აბზინებულ, კამკამა წყალს, რომელიც ელვის სისწრაფით მიჩქაფუნებდა, კალაპოტის ძირში ჩაფენილ ზორბა ქვებს ბუმბულებივით ატრიალებდა წყალი, მიაქროლებდა, და მინდვრის ბოლოს, რომლის მიღმა თვალუწვდენელი ტყე და მთები გადაჭიმულიყვნენ, ეშვებოდა ჩანჩქერად.
ულაყი მოაჭენა ეირინმა მის გვერდით, მას სხვებიც მოჰყვნენ.
-წყალი სუფთაა, ჩემო ალფა. - მიმართა მეფისწულს ხევში მაცქერალმა გაბრიელმა. - დღესვე ძალგვიძს ვარცლთა...
სიტყვა გაუწყდა სარდალს.
ანაზდად უჩვეულო ზუზუნმა გაჰკვეთა წყლის ჩქაფუნით აღსავსე ჰაერი, გაბრიელს ჩაუწუილა მუზარადთან. მას თან მოჰყვა მეორე, ელვის სისწრაფით, და პირდაპირ ბეჭში ეძგერა ანდრეის.
მოულოდნელობისაგან თვალები გაუფართოვდა მეფისწულს, შეჰყვირა, მხარზე მოეპოტინა ისარს ხელით, გაოგნებული.
შეჰღრიალა გაბრიელმა, აღტკინება ძლივს დამალა ატავესმა. ტრიქსე აბღავლდა, უკან მიმართა ცხენი, მორგანაც თან წაიყოლა, მას თან მიჰყვნენ უჩინარი მშვილდოსანის შიშით დამფრთხალი შუბოსანნი.
ნაკვთები გაჰქვავებოდა გახევებულ ეირინს, წამსვე შებურული ტევრისაკენ გაიხედა მან, საიდანაც სტყორცნეს ისარი.
ღრმად გამჯდარი მეომრის ინსტინქტი მოერია ანდრეის გაოცებასა და მრისხანებას, ელვის სისწრაფით მოქაჩა ლაგამი სპილენძისფერი ულაყის მოსატრიალებლად.
არ დააყოვნა აკაციის ხეზე, ფოთოლთა შორის შემალულმა ელოიმ, მოზიდა მშვილდი და ისარი ისარზე სტყორცნა.
პირველი მიზანს ასცდა, მუზარადი გაუკაწრა სარდალ გაბრიელს, მეორე ყელში მოხვდა სარდალი ატავესის ბედაურს, მესამე კი ეირინის ცხენს დაერჭო გავაზე.
ცხენმა დაიჭიხვინა, ტლინკები ჰყარა. ლაგამი მოჰქაჩა ეირინმა, შეეცადა ბექობს განერიდებინა ბედაური, მაგრამ ამაოდ, ანაზდად, ელვის სისწრაფით მოხდა ყველაფერი, ისე, რომ დაკივლებაც ვერ მოასწრო მეფისქალმა.
ბექობის კიდეზე დაუსხლტა ცხენს ფლოქვები და პირდაპირ დაინთქა მდინარეში, თან წაიყოლა მხედარი.
ხილულისაგან წამიერად გახევდა ანდრეი. ბექობს გადაჰყურებდა იგი, იქ, სადაც ერქანთა დიაცი გაუჩინარდა აქაფებულ, აზვირთებულ წყალში და არ უჯერებდა თვალს.
კვლავ გაიწუილა ისარმა, და ამჯერად მარცხენა ძუძუზე დაერჭო მეფისწულს.
შეჰღრიალა ანდრეიმ. გამძვინვარებულმა მკერდზე იტაცა ხელი, ერთიანად გადაუფითრდა სახე.
მას გადაჰფარებოდა გაბრიელი, ღრიალებდა და უკიჟინებდა, ყალყზე შეაყენეთო ცხენი.
მოზიდა ლაგამი მეფისწულმა, და ყალყზე შედგა სპილენძისფერი ულაყი, რომელსაც ყელში ეძგერა მორიგი ისარი.
წაიფორხილა პირუტყვმა. შეჰყვირა თავზარდაცემულმა გაბრიელმა.
უზანგებისაგან დროულად გაითავისუფლა ფეხები მეფისწულმა და მოწყვეტით დაენარცხა მიწას, ტკივილისაგან აღრიალებული. მის გვერდით გაიშოტა, ისრით განგმირული ულაყი, მიწა შეარყია მისმა სიმძიმემ.
-ჩემო ალფა! - ღრიალებდა გაბრიელი, წამსვე ჩამოხდა, საკუთარი ფაშატი ამოაფარა მათ, გაფაციცებით უმზერდა აკაციათა ტევრს. - ატავეს! - დაუყვირა მან მოახლოებულ სარდალს, -სასწრაფოდ უნდა...
საუბარი არ აცადა მას ატავესმა. მახვილი გაუქნია და ვადაჯვარი უთავაზა საფეთქელზე.
ღვინის სავსე ტიკივით დაენარცხა გაბრიელი მიწას.
მახვილი მოიმარჯვა ატავესმა და მიმართა მიწას გაკრულ ანდრეის, რომელიც გაცოფებული შესცქეროდა, გაუსაძლისი ტკივილისაგან აღრჭიალებდა კბილებს, ეღრიჯებოდა ნაკვთები.
-მოღალატევ! - შესძახა მან, თითები მკერდში გაყრილი ისრის გარშემო დაკრუნჩხოდა, ამაოდ ცდილობდა სისხლდენის შეჩერებას. - წაწყმედილო, წყეულო, გველო კაცო! მდაბალო, სულგაყიდულო მოღალატევ! როგორ ბედავ?! როგორ მიბედავ?!
აღტკინება გადაჰფენოდა სახეზე ატავესს. მეფისწულის გვერდით ჩაიმუხლა მან, დასისხლიანებულ მარცხენა არათითზე მორგებული საგვარეულო ბეჭედი მოაძრო და რუდუნებით გაიკეთა თვითონ.
დაუღრიალა გაცოფებულმა ანდრეიმ, წამოწევა სცადა და წელზე შემაგრებულ სატევარზე გაივლო ხელი, მაგრამ სახეში სილა გააწნა ატავესმა, და მკერდიდან ამოჩრილი ისარი გადასტეხა შუაში.
ტკივილისაგან ვეღარც კი შეჰყვირა ანდრეიმ, მხოლოდღა მთელი სხეული დაეკრუნჩხა, წითელ-ყვითელმა გადაჰკრა სახეზე.
-მიყურე, პატარა ლაწირაკო! - მიმართა ატავესმა, ბეჭის განმგმირავი ისარიც გადაატეხა უმალ, სიამოვნებით აღსავსე დაჰყურებდა, თუ როგორ იკრუნჩხებოდა მეფისწულის სხეული ტკივილისაგან, როგორ დაედო მკვდრისფერი. წამოდგა იგი, ფეხი ჰკრა და ბექობისაკენ გადააგორა მხედართმთავრის სხეული. - დღეს, მე დავასრულე ვოლფრამთა დინასტია... გიხაროდენ, სრორდ! რამეთუ ახალი მეფე გეყოლება! - სიხარულით ქშინავდა იგი, მკლავში ჩაავლო ანდრეის ხელი და წაათრია. - გიხაროდენ, მეფისწულო! რამეთუ უკანასკნელი ვოლფრამი ბრძანდები...
-დაფიქრდი, ატავეს! - შეჰღრიალა მეფისწულმა, უკანასკნელ ძალას გაჭირვებით იკრებდა, თვალებში უბნელდებოდა. - თუ ამას ჩაიდენ, გეფიცები, თუ უკანასკნელი შენი დღეები ჩემდამი სიკვდილის ვედრებაში არ გალიო, მე წამიყვანონ სუაგრამ და ნიჰიდამ! ჩემ მომავალ გვირგვინს ვფიცავ, თუ არ განანო!
-გვიანია, ჩემო ალფა. - დაცინვით მიუგო მის თავზე აღმართულმა ატავესმა. - გვიანია.
მერე კი ჰკრა ფეხი და კიდეზე გადააგდო მეფისწული.
თითქოსდა ვეღარ გრძნობდა ანდრეი, თუ როგორ დაუგლიჯეს ტუნიკა და შარვალი ბექობის მჭრელმა ქვებმა, როგორ გაუსაძლისად, მთელი სხეულის მომცველად ჰგლეჯდნენ ჭრილობები, როგორ დააღო ხახა წმინდა, ყინულივით წყალმა და მიიღო ის თავის მკერდში.
დაატრიალა მდინარემ, თავის ნებაზე ააბურთავა დინებამ, სანამ აღარ უწყოდა ანდრეიმ, თუ სად იყო მიწა და სად ცა.
ბოლოს კი მისთვის ყველაფერი რუხ, უმტკივნეულო წყვდიადში დაინთქა.скачать dle 11.3

 




№1  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

კი დავაგვიანე და გაჭოტავებთ მარა სამაგიეროდ 14 გვერდი რეკორდული და 3,810 სიტყვაა :დდდდდდ ამბებეა და რა ამბებე :დდდ <3 იმედია მოგეწონებათ! <3
და ჰო, 12-ში დასასვენებლად მივდივარ (ისევ) და ამიტომ ზუსტად არ ვიცი, დავდებ თუ არა ერთ კვირაში :( მაქსიმალურად შევეცდები დავდო, მაგრამ არ ვიცი ზუსტად :(

 



№2 √ სტუმარი ™ lalka

vaimeeee es ra daatriale gogoni.uh zaan mzime tavi ki iyo ise mara amovisuntke da ratkma unda erkanta diaci gadarcha uraaaa.vaime ki daagviane mara sityvebi ar myopnis ra magari gogo xar.da ra sityvebis korianteli da maragi gakvs.ai uzlieresi da ulamazesi nawarmoebia.

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

lalka
vaimeeee es ra daatriale gogoni.uh zaan mzime tavi ki iyo ise mara amovisuntke da ratkma unda erkanta diaci gadarcha uraaaa.vaime ki daagviane mara sityvebi ar myopnis ra magari gogo xar.da ra sityvebis korianteli da maragi gakvs.ai uzlieresi da ulamazesi nawarmoebia.

ვაიმე, უღრმესი მადლობა! კარგად უნდა მომეფიქრებინა ეს ფრიად მნიშვნელოვანი თავი და შემომეგვიანა, ძალიან ვწუხვარ :( :( იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ვნახოთ რა მოხდება ^^ დიდი მადლობა, რომ მელი და მკითხულობ <3 <3 <3

 



№4 √ სტუმარი ™ tamari

ვინმემ მითხარით ეს რა იყო? ახლა გადავალ ჭკუიდან ამ ორს რამე რომ დაემართოს.კარგია მაგრამ გთხოოოოვ მალე დადე შემდეგი თავი,არ გვალოდინო.მე პირადად დღეს არ დამეძინება... მოვკვდები ნერვიულობით სანამ მდინარე ამათ გამორიყავს და ა.შ. worried disappointed_relieved გთხოვ ლინდა არ გვანერვიულო და მალე დადე მორიდი თავი.კარგი გოგო ხარ. heart_eyes innocent

 



№5  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

tamari
ვინმემ მითხარით ეს რა იყო? ახლა გადავალ ჭკუიდან ამ ორს რამე რომ დაემართოს.კარგია მაგრამ გთხოოოოვ მალე დადე შემდეგი თავი,არ გვალოდინო.მე პირადად დღეს არ დამეძინება... მოვკვდები ნერვიულობით სანამ მდინარე ამათ გამორიყავს და ა.შ. worried disappointed_relieved გთხოვ ლინდა არ გვანერვიულო და მალე დადე მორიდი თავი.კარგი გოგო ხარ. heart_eyes innocent

ტეტაააა ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 წაიღო ეირინი და ანდრეი წყალმა, ნეტავი სად მიიყვანს :დდდდდ ძალიან ვეცდები რომ მალე იყოს, მაგრამ 12-ში დასასვენებლად მივდივარ და ცოტა გამიჭირდება... უღრმესი მადლობა, რომ მელი და ამოდენა სტიმულს მაძლევ <3

 



№6 √ სტუმარი ™ Drogons

აუ ძალიან აგვიანებ აღარ მახსოვს სად წყვეტ ხოლმე.
რომ გავაგრძელო წინა თავის წაკითხვა მიწევს იმდენად აგვიანებ...
მერე კიდე ისე წერ და იმდენი ხალხი შემოგყავს რომ ტვინი მერევა უკვე ვახტები და მხოლოდ ანდრეის და ეირანის დიალოგებს ვკითხულობ იმიტო რომ ეგენი გვაინტერესებს ყველას და შენ ძალიან მწირს წერ მათზე...
სავარაუდოდ ეხლა მეფის ქალი გადაარჩენს ანდრეის და უმკურნალებს.
ხო კიდე ანდრეი რატომ გადაწყვიტე დაგერქმია მეფისწულისთვის 20 საუკუნეში სადაც ხალხს ვაფშე სხვა სტილის სახელები ჰქვიათ მაგასაც ვერ მივხვდი..
მოკლედ იქნებ 2 წლის მერე არ დადო ხოლმე თავები და დიალოგები ჩართო ამ უამრავ გაწელილ ახწერვებს

 



№7  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

Drogons
აუ ძალიან აგვიანებ აღარ მახსოვს სად წყვეტ ხოლმე.
რომ გავაგრძელო წინა თავის წაკითხვა მიწევს იმდენად აგვიანებ...
მერე კიდე ისე წერ და იმდენი ხალხი შემოგყავს რომ ტვინი მერევა უკვე ვახტები და მხოლოდ ანდრეის და ეირანის დიალოგებს ვკითხულობ იმიტო რომ ეგენი გვაინტერესებს ყველას და შენ ძალიან მწირს წერ მათზე...
სავარაუდოდ ეხლა მეფის ქალი გადაარჩენს ანდრეის და უმკურნალებს.
ხო კიდე ანდრეი რატომ გადაწყვიტე დაგერქმია მეფისწულისთვის 20 საუკუნეში სადაც ხალხს ვაფშე სხვა სტილის სახელები ჰქვიათ მაგასაც ვერ მივხვდი..
მოკლედ იქნებ 2 წლის მერე არ დადო ხოლმე თავები და დიალოგები ჩართო ამ უამრავ გაწელილ ახწერვებს

ძალიან ვწუხვარ :( მესმის რომ ხშირ-ხშირად უფრო სასიამოვნოა კითხვა და მეც არ მსიამოვნებს, ერთი კვირის ინტერვალებით რომ ვდებ... მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. ტექსტი დასაწერად ძნელია, გადაკითხვა უნდა, სიუჟეტი ჩახლართული, ამიტომ თითოეული დეტალის მოფიქრებას და ისე დაწერას, რომ უხეშად არ გამოვიდეს, დრო უნდა. მართლა ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის :( :(
ანდრეისა და ეირინს რაც შეეხება, ვიცი რომ წამყვანი პერსონაჟები არიან და მათზე ბევრის წაკითხვა გსურთ, მაგრამ სხვა პერსონაჟებიც მნიშვნელოვანები არიან და მათზე რომ არ დავწერო, არ გამოვა, ძალიან ვცდილობ რომ მინიმუმამდე დავიყვანო სხვების ნაწილები, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია სიუჟეტის განვითარებისათვის, რომ ვერ დავტოვებ დაუწერლად. პლუს, ანდრეისა და ეირინს მომავალში გაცილებით მეტი დრო დაეთმობათ, ამიტომ :დდდდდდდდდ
ანდრეის სახელს რაც შეეხება, რა ვიცი, მომეწონა ეს სახელი და :დდდდ მეოცე საუკუნეში არაა დადგმული, მაქსიმუმ შუა საუკუნეებში იყოს, თუმცაღა არ მიყვარს დროისა და სივრცის დაკონკრეტება, ამიტომ არის ეს ისტორია ნახევრად ფენტეზი :დდდ
კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ და მადლობა, რომ მკითხულობ!

 



№8  offline √ წევრი ™ crete20

აუუუ აქ გაჩერება იქნებოდაა!?
ზსასწრაფოდ ახალი თავი

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

crete20
აუუუ აქ გაჩერება იქნებოდაა!?
ზსასწრაფოდ ახალი თავი

ბოდიში მარა ასე გამოვიდა smiling_imp smiling_imp smiling_imp innocent innocent ძალიან ვეცდები რომ მალე იყოს <3

 



№10  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

უუუუჰ როგორი ექშენი იყო განსაკუთრებით ბოლო ნაწილი :დდდ ძალიან მომეწონა და ძალზედ ვისიამოვნე❤❤ხო მალე ჩავიკითხე მაგრამ იმდენად კარგი იყო რომ უკმაყოფილების შეგრძნება არ დაუტოვებია ❤❤❤ ქალი ნიჭი ხარ შენ :***❤❤❤❤❤
წყაროსთან რომ წავიდნენ ზუსტად ვიცოდი რომ რაღაც ეგეთი მოხდებოდა :დდდ
აი ეირინი რომ გაიქცა პირველად და ანდრეი რომ გაიტყუა ბანაკიდან სიმართლე გითხრა მაშინ ველოდი მსგავს სცენას ანუ მაგათ ტყეში ერთად დაკარგვას :დდდ
ნუ ჰო ასე მგონია რომ ეგ ორი ერთმანეთს შეხვდებიან ტყეში იქ გამშველებელი არავინ ეყოლებათ და დახოცავენ ერთმანეთს :დდდდ
ასე მგონია ეირინმა იცის ამათი ენა და უბრალოდ თავს იშტერებს :დდდ ჰო და კიდევ ანდრეის და ეირინის დიალოგებს ველოდები მოუთმენლად :დდდ ❤ზოგადად დიალოგები მიყვარს და მთავარი პერსონაჟების განსაკუთრებით :დდ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent