შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 8)


19-08-2017, 21:24
ავტორი linda
ნანახია 1 175

დალიჰარი (თავი 8)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-*-*-*-*-*-*-8
ღრუბელთა თავშესაფარს გაჰქცეოდა და დაუდგრომლად აცხუნებდა მზე, თუმცაღა ცარცოვან მთათა წიაღიდან მონაბერი გრილი ნიავი იტაცებდა გაუსაძლის სიცხეს. ნებივრად დაქროდა იგი მზის სხივთა შუა, არხევდა მაღალ, ხორბლის ყანასავით მოღაღანე ბალახს, მდელოს რომ ჰფარავდა, და საამურად ელამუნებოდა გორისთავზე აღმართულ ბალღთა სახეებს.
სვეტივით იდგა პირველი მეფისწული და სრორდის მომავალი მეფე, მეფე სოლომონისა და დედოფალი კიდას პირმშო ჰასსე. თოთხმეტი ზამთრისა იყო მეფისწული მხოლოდ, მაგრამ მეფურობა გამოსჭვიოდა მის მზარდ, ნორჩი წკნელივით მოქნილ ტანში, განიერ ბეჭებსა და ძლიერ, მოკლე შარვლით შემოსილ წვივებში. ქორივით იმზირებოდა იგი, პაწაწა, მოღუღუნე კონსტანცი ეჭირა მკლავებში და გორის ძირში მორბენალ და-ძმას გადაჰყურებდა, ვითარცა მათი ჭეშმარიტი დამცველი და ერთგული გუშაგი.
-ელისაბედ! თადეოს! - გადასძახა მან წელამდე მოღაღანე ბალახში კისკისით მორბენალ, ყვავილთა გვირგვინით თავშემკულ და-ძმას. - გაფრთხილდით! გველი არ გადაგეყაროთ ამოდენა ბალახში!
-რად გეშინის, ჰასსე? - გაიწკრიალა ელისაბედის ხმამ. თითქოს მოიხიბლაო, აიტაცა იგი ნიავმა და ფარფატით შეაგება გორის პირს. ღიმილი ვერ განარიდა ჰასსემ ბაგეს. - უწყი, რომ არ ვუშინდებით გველებს! ნეტავ შემხვდეს, თავს გავუჭეჭყავდი და ბალიშისქვეშ ამოგიდებდი!
-ყეყეჩო გომბიო! - ელისაბედს მიმართა თადეოსმა, ამაყად გადააქნია თავი. - სრორდის ამ მხარეს გველები ვერ ხარობენ!
-ვერ ხარობენ, რამეთუ შენი პირისახე იხილეს! - შესძახა გაბადრულმა ელისაბედმა და შეკუნტრუშდა, როცა აჭარხლებული თადეოსი გამოენთო.
ნიავმა ზუზუნით დაჰბერა, მთათა წმინდა სურნელი მოიტანა. მხოლოდღა მინდორში მორბენალი ელისაბედისა და თადეოსის სიცილი ჰკვეთდა შუადღის იდილიას, იტაცებდა მათ ქარი და მოსდებდა მინდორ-ველებს, მეჩხერ ტყეებსა და შორიახლოს აღმართულ ბერეხის ციხესიმაგრეს.
ერთი იშვიათად თბილი, მეხუთე მთვარის მშვენიერი დღე იდგა.
-რად კინკლაობენ მუდამ? - ჩაილაპარაკა ჰასსეს გვერდით, გათელილ ბალახში მოკალათებულმა შვიდი ზამთრის ბალღმა. ბავშვური, კოტიტა თითებით ეწადა მინდვრის ყვავილების გვირგვინად ჩაწნა. - ნუთუ არ დაიღალნენ?
მას დაჰხედა ჰასსემ, მის გვერდით ჩაიმუხლა.
-ერთმანეთს არ ჰგვანან და იმიტომ, ანდრეი. - მიუგო მან უმცროს ძმას. - მათი კინკლაობა ერთმანეთისადმი ნდობის ნაყოფია და ვერაფერს აკლებს მათ კეთილგანწყობას... კინკლაობა ურთიერთშეთანხმებას შობს.
ანდრეი მოიღუშა, პაწია წარბები შეკრა. ძმას აჰხედა დიდი, მრგვალი თვალებით და გაიბადრა, როცა კონსტანცმა დაიჟღურტულა და თმაზე წაეპოტინა ბუნჩულა თითებით.
-შენ რად არ თამაშობ? - შეჰკითხა ჰასსემ. ჩაეღიმა, როცა მხრები აიწურა ანდრეიმ. - თუმცა აი, კონსტანცს ართობ...
პაწია ბალღი დაბეჯითებით განაგრძობდა ანდრეის თმის მოქაჩვას, სანამ თითები არ გააშვებინა ჰასსემ.
-უგუნებოდ ხარ. - განაგრძო მან, როცა შეატყო, არარას იტყვისო ჩემი ძმა. - მითხარი, ანდრეი... რა გიტრიალებს მაგ პატარა თავში?
ანდრეიმ ბაგე მოწკურა, კვლავ მოეღრუბლა სახე.
-კინკლაობა ჩხუბსა და სისხლისღვრაში გადაიზრდება. - თქვა მან ბოლოს, ისეთი თვითდაჯერებით, როგორიც არ უნდა ჰქონოდა შვიდი ზამთრის ბალღს. - ხუთი ცოცხალი ბალღი, მეტადრე სამი ვაჟი სნეულებათა და გვალვათა დროს კარგს არაფერს მოასწავებს...
-ანდრეი! - შესძახა მოქუფრულმა ჰასსემ. გაფაციცებით შეჰყურებდა მომავალი მეფე ძმას, ნიკაპზე მოჰკიდა ხელი და მოატრიალებინა სახე, რათა მის თვალებში ჩაეხედა. - რად საუბრობ ასე? ნუთუ შეიძლება თავში გაივლო ეგეთი უგუნურობა?
დატუქსულმა ანდრეიმ თავი დახარა. წითელ-ყვითელი მინდვრის ყვავილები მისი თითების ქვეშ მოიჭმუჭნნენ, ნაოჭები გაუჩნდათ ფაქიზ ფურცლებს.
-საკუთარი სიტყვებით არ საუბრობ, ანდრეი. - მკაცრად მიმართა ჰასსემ, მერე კი, თითქოს აზრმა გონება გაუნათაო, შეცბა. - ბაბალ ქაანი გესაუბრა, არა? როგორ მოგწვდა ეგ ყეყეჩი...
-ნუ დაასმენ, ჰასსე! - შესძახა ელდანაცემმა ანდრეიმ. - ვფიცავ, ჩემთვის არ უთქვამს, მე მოვუსმინე, როცა სამლოცველოში ილოცებოდა...
-როგორც არ უნდა იყოს, ეგ დაფეხვილი დედაბერი არ უნდა საუბრობდეს ესოდენ ბილწ სიტყვებს! სამეფო ძიძობა არ აძლევს ამის უფლებას! - შესძახა აფორიაქებულმა ჰასსემ, წამსვე გაივლო, უნდა განვარიდო ბაბალ ქაანი აქაურობას და მეტადრე ჩემს და-ძმასო. - ნუთუ მისი გჯერა, ანდრეი? შენ გონიერი ბიჭი ხარ, შეგიძლია საკუთარი ჭკუით იაზროვნო... ეგ ბებერი ყეყეჩი შეურაცხადი და თავგასული გაიძვერაა, გესმის ჩემი? აღარასოდეს მოუსმინო მის სიტყვებს...
ანდრეიმ თავი დახარა, დაჟინებით ჩაჰყურებდა მოჭმუჭნულ ყვავილებს.
მოლბა ჰასსე. ცალი მკლავით დაიჭირა აჭყლოპინებული კონსტანცი, ყურსა და თმაზე რომ ეწეოდა, მეორეთი კი ანდრეი აიტაცა, გორაზე დაეშვა, რათა ელისაბედსა და თადეოსს გამოჰკიდებოდა.
იღიმოდა ჰასსეს ბაგე, მაგრამ ბაბალ ქაანის სიტყვები, ანდრეის პირით რომ მოისმინა, ქარიშხლად დასტყდომოდა მის თავს და მოსვენებას არ აძლევდა. წამლავდა და ჰკლავდა კარგ გუნებას მასში.
ანდრეი კი ხმამაღლა იცინოდა, მაგრად ჩასჭიდებოდა ძმას ტუნიკის საყელოზე, ბაბალ ქაანის სიტყვები გაფრენილიყო ბალღის გონებიდან.

-*-*-*-*-*-*-
დაუდგრომელი იყო ავლატის მთებიდან მონადენი წყალი. თითქოსდა ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ მისი შენაკადი ღელეები, მდინარის ზორბა ტანში ეხლებოდნენ ერთმანეთს, მახრჩობელა გველთა მსგავსად იხლართებოდნენ, ცივ, გლუვ სხეულთა შორს ატრიალებდნენ ყველაფერს, კენჭი იყო ეს თუ ადამიანი.
ელვის სისწრაფით მიჰქროდა მდინარე, სცილდებოდა იმ ბექობს, რომლის თავზეც აღტკინებული ატავესი იდგა, სანამ იოტისოდენა არ მოჩანდა იგი.
წყლის ქაფისა და წვეთთა გარდა არაფერი მოჩანდა ზედაპირზე, თითქოს ჩანთქა და მოინელაო მდინარის ხარბმა ფაშვმა მასში ჩაყრილი ადამიანები.
მაგრამ ანაზდად გაირღვა ზედაპირი, და ხმამაღალი, სასოწარკვეთილი სუნთქვის ხმით ამოხეთქა ეირინმა.
უნაკლო მოცურავე იყო დიაცი, როგორც წყალთან დასახლებულთა შვილი, მაგრამ ვერაფრით უსწორდებოდა მისი ძალა აბობოქრებული, მთის წ....ბიდან ნაშობი მდინარის დინებას. მახვილი თვალით წამსვე მიმოიხედა ეირინმა, მდინარის ციცაბო ნაპირებს შეავლო თვალი და წამსვე უწყოდა, რომ ვერაფრით დაძლევდა წყალს, ვერ მოახერხებდა ნაპირთან მისულიყო. სუნთქვა ეკვროდა, ცივი წყალი თითქოს სხეულში შეგრძნებას აკარგვინებდა, გრძელი ტილოს კაბა სულს უხუთავდა. გამალებით ებრძოდა დინებებს, რათა ესუნთქა, მაგრამ ულმობელი იყო წყალი, ფეხმაგარი ბედაურივით სწრაფი, თორმეტი საუღლე ხარივით ძლიერი და ყინულივით ცივი.
მხოლოდ ისღა ძალუძდა ეირინს, რომც გალურჯებული ბაგე გაეპო, ხარბად ესუნთქა ჰაერი და სველი წამწამების მიღმა ეყურებინა, თუ როგორ ციმციმ უახლოვდებოდნენ ჩანჩქერს.
ამავე დროს, მოშორებით, კიდევ ერთხელ გასკდა მდინარის ზედაპირი და დინებამ, თითქოსდა სწყალობსო, მაღლა ამოაგდო მეფისწული ანდრეის სხეული. მკერდი გაუვსო მხედართმთავარს ჰაერმა, ჩასისხლული თვალები გაახილა. ჯერ კიდევ რეტი ესხმოდა აუტანელი ტკივილით ატანილ ანდრეის, მაგრამ ყინულივით წყალი აფხიზლებდა, ამწვარ ჭრილობებს უყუჩებდა. სანამ ხელ-ფეხს გაანძრევდა იგი, რომ ზედაპირზე დაეჭირა თავი, ტალღამ გადაუარა და კვლავ ჩაყლაპა.
ჩანჩქერს მიახლოებული დინება კი უფრო და უფრო აჩქარდა. ატავესის ფიგურა წერტილივით მოჩანდა, აკაციათა ტევრი შემეჩხერებულიყო, თითქოსდა ისინიც უფრთხოდნენ მოახლოებული წყლის გრიალს, მათ მაგივრად კვიპაროსები აწოწილიყვნენ. გუგუნთან ერთად ახლოვდებოდა შორს გადაჭიმული, ტყით დაფარული მთაგრეხილი, რომელიც ზღვას ემიჯნებოდა.
ათიოდე მკლავის მოსმა იყო დარჩენილი ჩანჩქერამდე, როცა მისგან პირი იბრუნა ეირინმა, მთელი ძალით მოუსვა გახევებული, გაყინული მკლავები, რათა მთელი სისწრაფით არ გადაჰყოლოდა გავეშებულ ზვირთს.
მაშინღა ჰკიდა თვალი, თუ როგორ ამოიზიდა წყლიდან მხედართმთავრის თავი. ტალღათა მოძრაობისას იხილა ეირინმა მის მკერდში გარჭობილი ისრის ნატეხი, რომლისაგან მიყენებული ჭრილობიდან ნაჩქეფი სისხლი ჯერ კიდევ ვერ გადაერეცხა მდინარეს.
იმის დროღა ჰქონდა მეფისქალს, რომ ანდრეის გაცოფებულ თვალებში ჩაეხედა და ყველაფერს მიმხვდარიყო, გაეშიშვლებინა თითოეული აზრი, რომელიც მიჰქროდა ახლა მეფისწულის გონებაში.
მერე კი, ანაზდად გაძლიერდა თითქოს წყლის გრიალი, გამაყრუებლად იქცა, ყველაფერი მოიცვა და გადაფარა.
გამალებით ფიქრობდა ეირინი, ელვის სისწრაფით მიჰქროდა მისი გონება, ფიქრობდა იგი, რომ სამი შუბის ტარზე გადაჭიმულიყო ჩანჩქერი, რომ ქვემოთ შობილი მცირე ტბიდან ისეთივე სიჩქარით მიედინებოდნენ ზვირთები.
მერე კი სალი კლდის ციცაბოზე გადასკდა თეთრ გველთა სხეულები, და თვალები დახუჭა სუნთქვაშეკრულმა მეფისქალმა.
იგრძნო, თუ როგორ გააქანა წყალმა, თავზე დაეცა, თვალები და ყურები აუვსო ყინულით. თითქოს ლოდი უდევსო მუცელში, ეცემოდა, ეცემოდა, კვლავ ეცემოდა, ქვემოთ მიჰქროდა, სისხლი გაჰყინვოდა ძარღვებში.
მერე კი დაეხეთქა ქვასავით ზედაპირზე.
ვეღარ სუნთქავდა. ისეთი ძალით დააწვა წყვდიადი, რომ ყურები დაუხშო, დააბრმავა. აღარ უწყოდა ეირინმა, თუ რამდენი ხანი ტრიალებდა უმისამართოდ, თუ რამდენი ხანი აღარ უწყოდა მიწა და ცა. დააქროლებდნენ დაუდგრომლად ერთმანეთზე შეხეთქებული დინებები, სანამ მკერდზე ცეცხლი არ მოეკიდა მეფისქალს და თითები ვეღარ იგრძნო.
მაგრამ გაუღიმა ბედმა. წყვდიადი გააპო მისმა მებრძოლმა სულმა, თითქოს ღვთაებამ უკარნახაო სწორი გზა, ფეხით ჩამოვიდა მიწას და სანთლით გაუნათა იგი.
ზედაპირზე ამოცურა უჰაერობისაგან რეტდასხმულმა ეირინმა, მოითქვა სული და მიმოიხედა წამსვე, რამეთუ რამე ხელმოსაჭიდი მოჰყოლოდა მდინარეს.
კვლავ ჰკიდა თვალი მეფისწულს, რომელიც გადარჩენოდა ჩანჩქერის რისხვას. უწყლო ჩრდილოეთელი ებრძოდა წყლის დაუდგრომელ სისასტიკეს, უსვამდა მკლავებს, მაგრამ უმალ ტკივილისაგან ეღრიჯებოდა ნაკვთები. ისარგაყრილი ჭრილობა სისხლს აჩქეფდა, წამსვე ერეოდა აქაფებულ დინებას.
ჩასისხლული თვალები აღარ აღვსებოდა გააფთრებით, მხოლოდ სიცოცხლის წყურვილიღა დარჩენილიყო მათში.
მდინარე კი არ ეპუებოდა დაჭრილს. ტალღა ტალღაზე ლამობდა მის ჩაძირვას, ჰფარავდა მისი არსებობის საბუთს ამ დედამიწაზე.
უმზერდა მას ეირინი. უმზერდა მისი ქვეყნის დამაქცევარს, მის მტარვალს, სასტიკსა და იმ ორლესულით აღჭურვილს, მის თანამემამულეთა სისხლი რომ ეცხო. უმზერდა და განუზომელი მრისხანება ახრჩობდა, მაგრამ ქვეყნის საქმეთა ასავალ-დასავალი კარგად უწყოდა მან.
ამიტომ დინების საწინააღმდეგოდ გაცურა, მეფისწულს მიმართა ეირინმა. რის ვაი-ვაგლახით მიაღწია მას, გამალებით ებრძოდა წყალს.
მოახლოებულს მრისხანებით აღსავსე მზერა სტყორცნა ანდრეიმ, მაგრამ არარად ჩააგდო იგი ეირინმა, შეუდგა ბეჭში და მოჰხვია წელზე მკლავი.
ჩაჰყვიროდა მეფისწული ყურში, ღრიალებდა ანდრეი, არაფრად მიღირსო შენი დახმარება, მაგრამ არ ეპუებოდა ერქანთა დიაცი. ხელები ჩააჭდო, არ მისცა სტიქიას უფლება, ჩაეკლა იგი.
მიჰქროდა მდინარე, და მიაქროლებდა მათ. აქაფებული წყლის წვეთები მზის სხივთ იპყრობდნენ, წელში სწყვეტდნენ, და მათი ნაპერწკლები ეფრქვეოდათ თავზე ბედს მინდობილთ, ჰკვეთდა თვალს. მრისხანე იყო მათ სხეულზე მოხვეული ყინული, და დაუდგრომელად აცხუნებდა დღის მხევალი, ორივენი გაერთიანებულიყვნენ თითქოს, რათა დაესაჯათ ისინი წმინდა წყლის წაბილწვისათვის.
მიღოღავდა მზე ცის კამარაზე, ყივილი მისდევდა ყივილს, ნაპირზე აღმართული ტევრი ტევრს, მთა მთას, მდელო მდელოს, გახშირდა ბუჩქნარი. უსიერი ტყე აღიმართა გარშემო, სიქა გასძვრა დღის მხევალს და ელფერი მოსდო ცას მოქანცულობისა.
მდინარე კი დაუღალავად მიექანებოდა, გრიალებდა, ყურთასმენას სჭრიდა და ნაპერწკალიც კი არ ღვიოდა მასში იმ დაღლილობისა, ძვალთა სიღრმეზე რომ მოეცვა ორი წყალწაღებული ადამიანის არსება.
ვეღარ ძალუძდათ მათ ტალღებთან შერკინება, დროდადრო, უფრო გახელებით რომ ჰფარავდა მათ, მეტადრე უჭირდა დაჭრილ ანდრეის, რეტი ესხმოდა მეფისწულს, მრისხანებაღა ასაზრდოებდა. ღმერთებს ავედრებდა თავს, და წყევლიდა იგი ატავესის ღალატს, იქადნიდა, ორლესულს განვბანო მის სისხლში. ეირინს სწყევლიდა იგი, ემუქრებოდა ერქანთა დიაცს, როგორ შემბედეო შენ წაბილწულ ხელთა შეხება, მაგრამ ხელისკვრა არ ძალუძდა.
გახშირდა მდინარის თავზე წამომდგარი ტევრი, ჩრდილი რომ გადმოჰკიდებოდათ წყალზე, და იძალა ღამემ.
სულთმობრძავი მზე გაჭირვებითღა ღებავდა სიცოცხლის ალისფერით ცის მცირე ნაგლეჯს. ციალებდნენ ცას მოფენილი მარგალიტები, იძენდნენ ჩახჩახს, და შენელდა მდინარე, მისი ვეებერთელა, გამჭირვალე სხეული თითქოსდა აილაგმა, დაოკდნენ ბობოქარი გველნი, შეერწყნენ ერთურთს და ერთად იწყეს სვლა.
როგორც კი იგრძნო მეფისქალმა, დაცხრაო წყალი, უმალ იხელთა დრო. თითქმის გამოწურული ძალის ბოლო წვეთითღა შეძლო ერთიანად გაყინულმა ეირინმა გაეღწია ნაპირამდე. აცახცახებულმა აათრია ქვა-ღორღზე ანდრეი, რომელიც თვალსაც კი ვერ ახელდა, იმდენად დაესუსტებინა იგი სისხლდენასა და ყინულივით დინებას.
მოზრდილ ქვაზე დაეხეთქა მეფისქალი. კიდურებსა და ბაგეებს ლურჯი დასდებოდათ, თითქოსდა განსვენებული, კუბოში ჩასაწოლი ნეშტი არისო ეირინი. ლურჯი სხეულსაც ედო, მდინარის სიმძიმეს დაებეჟა ხორცი. სული ძლივს მოითქვა დიაცმა, ამწვარ მკერდს ივსებდა ჰაერით.
რის ვაივაგლახით წამოდგა. არ იყო ახლა დროის ფუჭად ფლანგვის ჟამი. უნდა გაეგო, სად იმყოფებოდა, თუ რამოდენა მანძილზე ათრია წყალმა.
ცას აჰხედა ეირინმა. მკლავი აიშვირა, რათა უკეთესად გაეკვლია გზა ვარსკვლავთა შორის.
ბუმბერაზი გალაოზის მხართა თანავარსკვლავედი ემიჯნებოდა ლომისთავა თანავარსკვლავედს, მათ თავზე დაჰნათოდა ოთხქიმიანი ვარსკვლავი.
წარბები შეჰყარა ეირინმა. თვალები დახუჭა, ღრმად შეისუნთქა, სიო შეიგრძნო.
ოდნავ დაჰკრავდა მლაშე გემო მხოლოდ.
ცივი იყო ნიავი, და თითქოსდა ავდრის პირი არ უჩანდა ჰაერს, მაგრამ არ იყო მატყუარა შემოდგომის ჟამი სანდო.
მდინარე ჩქაფუნებდა, ღრმად სუნთქავდა ეირინი, და ქვა-ღორღზე დაგდებული ანდრეი გმინავდა, ახელდა თვალებს.
გარემო მოათვალიერა მიბნედილმა, ხელ-ფეხს ვეღარ გრძნობდა, ყინულივით წყალს წაეგლიჯა შინაგანი სითბო. თითქოსდა გული გასციებოდა მეფისწულს.
მაგრამ არ მოჰკლავდა ცივი გული.
წამოიწია ანდრეი. თითოეული მოძრაობა მთელ არსებისმომცველ ტკივილს აეტანა, თითქოსდა მისი ყოველი ჭრილობა გადახსნილიყო და მწარე ღვინო ჩაესხათ შიგნით. სისინით სცადა წამოდგომა, მერე კი შორიახლოს აღმართულ ეირინს ჰკიდა თვალი, რომელიც წელში მოხრილიყო და ნაპირის მომცველ ქვებს ჩაჰყურებდა.
-რა მზემ გამინათა ეს დღე, რამეთუ სასტიკად დამსაჯეს ღმერთებმა... - გაჭირვებით ამოიხრიალა მან, ზიზღით შეაცქერდა მეფისქალს. -აგე, უწყალოდ დამჭრა საკუთარმა სარდალმა, წყეულიმც იყოს! ნიჰიდამ და სუაგრამ მოჰკლან იგი ყოველი მზის ამოწვერისას! ამ ყველაფერს კი ეს წყეული სიძვის დიაცი დაემატა! ეშმაკმა დალახვროს! - ღრიალებდა ის, ცახცახი და ხველება აუვარდა.
მისკენ იბრუნა პირი ეირინმა. ორი მბზინვარე ქვა, კვარცის ნატეხები ეჭირა, ერთმანეთს გაჰკრა ისინი და გააყრევინა ნაპერწკალნი. წამიერად აენთო სახე, წყვდიადი გაფანტა.
-შეჩვენებულო! - შესძახა ანდრეიმ. სცადა, გამძვინვარებულმა, წამოდგომა, რათა საკუთარი ხელით მოეღო ბოლო ამ დიაცისთვის. - შენა ხარ ეკალი ჩემ გვერდში! ბარბაროსო, გრძნეულო, სიძვის დიაცო! შენ მოიმოქმედე ეს!
წამიერად თვალი გაუსწორა ეირინმა.
-ნუთუ ჩემი ღვთაების ირწმუნე, ძაღლის ნაშიერო? - ანაზდად თქვა მან. გულცივად უცქერდა გაოგნებისაგან გახევებულ მეფისწულს. - რამეთუ მისდამი ავღვავლინე წყევლა...
შეაცქერდა ანდრეი წამიერად. ბაგე გაამოძრავა ერქანთა დიაცმა და ოდნავი, ბარბაროსთა ენის ელფერდაკრული სიტყვები გადმოსდინდა.
-ნუთუ ჩვენი ენა უწყი, ბარბაროსო... - გამოისუნთქა მეფისწულმა, გაოგნებას მრისხანება სცვლიდა.
-რასაკვირველია, ვუწყი! - მიუგო ეირინმა, ნაპერწკლები გააყრევინა კვარცს და დაიხარა, მოათვალიერა კენჭები. - შვიდ სამეფოთა ენა არ უნდა ვუწყოდე, სრორდელო ქოფაკო? გაუნათლებელი გგონივარ?! ბარბაროსთაც ჰყვანთ თავიანთი მცოდნენი!
არ უპასუხა ანდრეიმ, გამალებით უმზერდა, თუ როგორ ეძებდა დიაცი ქვებს.
-არჩიე არაფერი გეთქვა, რათა სრორდელთა ყველა საუბართათვის ყური დაგეგდო, არა, წყეულო გველო? - სიტყვები გადმოაფურთხა მეფისწულმა. - როგორ ბედავ ჩემი ენის ეგრე წაბილწვას, სიძვის დიაცო?
წარბები შეჰკრა ეირინმა. ქვებმა კვლავ გაჰყარეს ნაპერწკლები.
-შენი ენა არაა შვიდი სამეფოს ენა!-შესძახა მან. - კალისტრატე ფაროვანელ ბრძენს უმადლოდე, რომ ანბანი და ენა შეჰქმნა თქვენი, რამეთუ კვლავ ერთურთს შეჰღრიალებდით ახლა, იგი რომ არა! და მირჩევნია თქვენი ენით დამეწვას ბაგენი, - გამოსცრა მან კბილთა შორის, - ვიდრე უპასუხოდ დაგტოვო, სრორდელო ღორო!
მერე კი წამოდგა, ნაპირს გაუყვა, მიმართა უსიერ ტყეს.
ხეთა კენწეროები იცლებოდნენ ნელ-ნელა სისხლისაგან, წყვდიადი იცავდა მათ, ვარსკვლავთა ჩახჩახი კი ვერ აღწევდა მაღლა აჭრილი ტევრის სიღრმეში.
-წარვედ! - მიაძახა დიაცს ანდრეიმ. - თავიდან მომწყდი, წყეულო!
მერე კი, გამძვინვარებული, ელდანაცემი და ტკივილისაგან გათანგული, ქვა-ღორღს მიესვენა, ცის მუდამ შემწყნარებელი გულის ქვეშ.
ეირინი კი ტყეში მიიკვლევდა გზას. ჰაერი დაყნოსა მეფისქალმა, მცირე მიწა იგემა ენაზე, მერე კი კაკალთა ქვეშ ახასხასებული ხავსი მოჰგლიჯა ბლომად. ნესტი იდგა ტყეში და სილბო ეტყობოდა მიწას წვიმისა და მდინარესთან სიახლოვის გამო, თუმცაღა მზის მცხუნვარებას, რაოდენ მცირეც არ უნდა ყოფილიყო იგი, გამოეშრო ოდნავ მაღლა აზიდული ანდა ცის კამარის ქვეშ გაშიშვლებული მდელოები.
მცირე ფიჩხი და რამდენიმე მსხვილი ტოტი შეაგროვა მან. მომცრო კერა ააგო მდელოზე, რომელსაც შემორჩენოდა მზის ხალასი სურნელი და ზორბა კვიპროსები შემოჰჯარვოდა გარშემო. ისინი დაიფარავდნენ უცაბედი წვიმისაგან.
სახელდახელო ტალ-კვესი იქვე მიაწყო ეირინმა, ხავსითურთ, და გაემართა ნაპირისაკენ, რათა მოზრდილი ქვები მოეძებნა კერისათვის.
იქვე დაუხვდა მეფისწული, თუმცაღა, ვერსად წავიდოდა დაჭრილი. გვერდზე იწვა ანდრეი, ცახცახებდა. საბედნიეროდ, ყინულივით წყალს შეეწყვიტა სისხლის ჩქეფა, მაგრამ ოდნავ შემთბარ ჭრილობებს ეხელთათ დრო, სველ ტუნიკაზე აფურთხებდნენ წითელ ლაქებს.
მას უმზირა ეირინმა, დაიჭირა მისი გააფთრებული, ტკივილისაგან შეშლილი მზერა, მერე კი დახარა თავი, კერის ქვებს დაუწყო ძებნა.
-ნუთუ შენს თავხედობას აქვს ზღვარი?! - იბღავლა მისი საქციელით გამძვინვარებულმა ანდრეიმ. - მოხველ, რათა უმზირო, როგორ ღაფავს სულს შენი დამაქცევარი, ერქანთა დიაცო?!
ეირინმა არ აღირსა პასუხი. თავადაც ათრთოლებულიყო, ფითრისფერი დასდებოდათ მის ტუჩებს. სამიოდე მოზრდილ ლოდს ძლივს უმკლავდებოდნენ მისი მისუსტებული მკლავები.
-ვუწყი, რომ ჩემი ენა იცი, დიაცო! -შეჰღრიალა ანდრეიმ, დაებჯინა გაჭირვებით მკლავს. მრისხანებამ ძალა მისცა, უგრძნობ ფეხებზე წამომართულიყო, მკერდზე იტაცა უმალ ხელი, სახე მოემანჭა. - რად არ მკადრებ პასუხს?!
-მუხლი არ გეკვეთება და შხამს ანთხევ, სრორდელო, სულის ღაფვა ეგ როდია? - მიუგო ეირინმა, ისე, რომ თვალი არ მოუბრუნებია მისკენ. მორიგი ლოდი აიტაცა მკლავებში ქოშინით.
-ქილიკის ჟამი დაგიდგა, ერქანთა დიაცო? - შესძახა ანდრეიმ. - ორივენი სულს დავლევთ ამ ღამეს, ალიჰა იყოს ჩემი მფარველი!
-მე სიკვდილს არ ვაპირებ, ძაღლის ნაშიერო... - მიუგო ეირინმა, ცას აჰხედა. - შენი ღმერთები კი უძლურნი არიან შენ ჭრილობათა წინაშე.
მერე კი შებრუნდა, კვლავ ტყეს მიაშურა.
მკერდზე მაგრად მოიჭდო ანდრეიმ ხელი და უკან აედევნა ერქანთა დიაცს, გაუთავებლად მისძახოდა ლანძღვასა და წყევლა-კრულვას.
ყური არ უგდო ეირინმა. ბნელ ტევრში გაიკვლია გზა და ქვები შემოუწყო კერას. მერე კი, ჩაიჩოქა, ათრთოლებულმა, კვარცს კვარცი გაჰკრა.
აცეკვდნენ ნაპერწკლები, წამსვე შეიტრუსა ხავსი და ბოლი აუვიდა ფიჩხს.
კერის გვერდით დაემხო არაქათგამოცლილი ანდრეი. მკერდზე ნაჭდევი ხელი სისხლს შეეღება, მკლავს მოჰყვებოდა ნაკადულივით.
ცეცხლის შუქი აენთო ეირინს თვალებში. ალს მიუცუცქდა მეფისქალი, რამდენიმე ზორბა ტოტი დასტეხა და შეუკეთა კერას, მერე კი მუხლთ დაეცა და როკვა დაიწყო, ლოცვა აღავლინა ღვთაების მიმართ.
ზიზღით შესცქეროდა მას მეფისწული, სურდა იქვე მიეხრჩო იგი, მაგრამ უწყოდა, რომ ფუჭი იქნებოდა მისი მცდელობა. მზერა უცურავდა თვალწინ, თითქმის ვეღარ გრძნობდა აგიზგიზებული ცეცხლის სიმხურვალეს, ყველაფერი იღრეოდა ერთმანეთში და იცოდა მან, რომ კვლავ წყვდიადი მოიცავდა მალევე.
ამიტომ დრო უნდა ეხელთა, სანამ მისი სიკვდილის წყურვილი არ მორეოდა ეირინს.
გასაოცარი იყო, რომ აქამდე არ მორეოდა იგი ერქანთა დიაცს, მაგრამ ამაზე არ ღირდა ახლა ფიქრი.
სიცოცხლის ძალას ვეღარ დაჰკარგავდა. უნდა მოეწვა ჭრილობები, რათა შეეჩერებინა სისხლდენა.
ელოდა იგი, სანამ გახურდა ცეცხლი, ტკივილისაგან დაღრეჯილმა მარცხენა ძუძუდან ამოიძრო ისრის ნატეხი და მიუგდო კერას. მკერდზე მოიხია ტუნიკა, სისხლმდენ ჭრილობას მიაფარა იგი. გმინავდა დაჭრილი და ელოდა, სანამ არ ავარვარდა ისრის წვერი და ჟანგს დაემსგავსა შემხმარი სისხლი.
უსიტყვოდ უცქერდა ეირინი, გალუმპულ თმას გრეხდა გასაწურად.
წითლად შეიფერა ისრის პირი. ჭრილობა ჩამოიწმინდა ანდრეიმ, იქვე მიგდებული ხის ნაფოტი გაიმაგრა კბილთა შორის, და ათრთოლებულ მკერდს მიადო ავარვარებული ფოლადი.
გაუგონარი ღმუილი აღმოხდა მეფისწულს. ხორცსა და სისხლს უწვავდნენ, თითქოსდა დაღავდნენ, როგორც საქონელს.
ჭრილობას მოეწვა თავი, და შორს მოისროლა ანდრეიმ ისრის ნატეხი. კანკალებდა, ბნედას ებრძოდა, საეჭვო ღრჭიალი გაიღო კბილთა შორის მომწყვდეულმა ნაფოტმა. მორჩენილი ტუნიკაც შემოიხია, გაჭირვებით ამოიძრო მეორე ისარიც და მიიწვა ჭრილობა.
ტკივილისაგან გათანგულმა ნაფოტი გადმოაფურთხა, მეფისქალს აჰხედა. ცივი ოფლით დაჰფარვოდა სხეული, ყველაფერი ისე ბრუნავდა და ტრიალებდა, თითქოსდა მათრობელა ღვინოს მიეძალაო სამეფო კარზე, საკუთარ ოთახებში ძვირფას აბრეშუმს მიწოლილი.
დაბინდული მზერით უცქერდა იგი, თუ როგორ მიაქცია ეირინმა ზურგი, მისი ფერფლისფერი თმა თეთრ, გრძელ ზოლს, მუხლამდე დაშვებულ ჩანჩქერს წააგავდა.
მერე კი ტილოს კაბა აიძრო მეფისქალმა. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ჰკიდა თვალი მეფისწულმა წამით ერქანთა დიაცის მუხლამდე თმით დაუფარავ ბრინჯაოსფერ, ჩამოქნილ ფეხებს, გამოყვანილ წელსა და თეძოებს.
გრძნობა აღზევდა მასში, ტკბილმწარე და ცოცხალი, ძარღვებში გაუჯდა, ფეთქვა დაუწყო გაციებულმა გულმა.
მერე კი კვლავ ჩანჩქერმა დაჰფარა ყველაფერი. ორკაპა ჯოხები დაასო ეირინმა ცეცხლის პირას და სახელდახელო საკიდზე გადაჰფინა კაბა.
-რასაა რომ აკეთებ, დიაცო? - ძლივს ამოილუღლუღა მეფისწულმა, თვალთ უბნელდებოდა. გვერდზე მიწვა, თვალები ეხუჭებოდა, თუმცა მთელი ძალით ებრძოდა ძილს. - წყეულო ბარბაროსო... ვერ მოიშალე სიძვა...
ერქანთა დიაცს ვერ ხედავდა ანდრეი, მაგრამ გარკვევით ჩაესმა მისი ხმა.
-სხეული სიძვა არაა, სრორდელო ქოფაკო. - თქვა მეფისქალმა, ჩაიჩოქა ცეცხლთან და მიეფიცხა სითბოს. - სხეული გულწრფელობის მწვერვალია, გულახდილი და ისეთივე უნაკლო, როგორიც იგი ღვთაებამ შეჰქმნა. შენი უღმერთო სიტყვებით არ წაიბილწება.
სიჩუმე ჩამოვარდა. წყნარად ტკაცუნებდა ცეცხლი, შეპასუხება სურდა ანდრეის, მაგრამ თითქოს ბაგეს ფოლადი გადაჰკვროდა.
-დაიხსომე შენი სიტყვები, სრორდელო. - ცივად ამბობდა ერქანთა დიაცი. - რამეთუ სასოწარკვეთილი ლაჩრის მიერაა ისინი წარმოთქმული. დაიხსომე, იქნებ გაკვეთილი იყოს შენთვის.
და უცქერდა ეირინი, თუ როგორ დახუჭა თვალები სრორდელმა, სხეული მოუდუნდა, მიმართა წყვდიადს.
გეგონებოდათ, სიკვდილის ფითრისფერი კოცნა ადევსო მეფისწულს, მკერდის გამოძრავება რომ არა. წითლად უღუოდა ახლად მომწვარი ჭრილობა.
მისავათებული უბრალო კაცს დაემგვანა. რაღაცგვარი უმანკოების ელფერი ედო მის მძინარე სახეს. გასწეწოდა მუქი, უწყლო ჩრდილოეთელთა უცვლელი მბზინვარე კულულები, მაღალ შუბლს უფარავდნენ. წვერი მოსდებოდა მის გამოკვეთილ ყბებს, თვალთა უპეები ამოშავებოდა. ღონიერი კისერი და მხრები მოხრილიყვნენ, უხერხულად იწვა გვერდზე ანდრეი.
მისკენ გადააპურჭყა მეფისქალმა, მაგრამ ცეცხლმა შენთქა ფურთხი.
შეეძლო წამომდგარიყო, მისი მტარვალისათვის მოეგრიხა კისერი, საკუთარი თმით მოეგუდა, ის ისრის ნატეხი ჩაეცა მისთვის გულში.
მაგრამ იგი სიკვდილისაგან იხსნა მეფისქალმა. წმინდა მდინარემ განბანა იგი, თუმცაღა ბაჰირელ ვაჟთა სისხლს ვერ ჩამორეცხავდა ვერასდროს. და რასაკვირველია, ღვთაების ცრემლებსა და მისი დიდებული, სპეტაკი ყორნის ნისკარტს წარმოექმნა ავლატის მთებს დადენილი წყალი. თვით ღვთაებას ენება, რომ სიცოცხლე პირში შერჩენოდა ბაჰირას დამაქცევარს.
იქნებ, სწორედ ამას აუწყებდა ღვთაება. იქნებ ეს კაცი იქნებოდა თავისივე ცოდვების გამომსყიდველი. ცოდვილის მაგივრად ვერავინ წარუდგებოდა ღვთაებას.
ცისკენ აღაპყრო ხელები ეირინმა, ჩუმად აღავლინა ლოცვა, სიცოცხლის შენარჩუნებისათვის უმადლოდა ღვთაებასა და მის ძუძუმტე ყორანს. შენდობასა და შეწევნას შესთხოვდა.
მერე კი წამოდგა, მიაყურადა უსიერ ტყეს. ცეცხლს მოეცვა მისი სიშიშვლე, უბზინავდა ბრინჯაოსფერი სხეული. ფერფლისფერი, სველი დალალები, გრეხილ თოკებს რომ ჰგავდნენ, ჰფარავდა ნაწილობრივ. ტყის ნიმფას წააგავდა იგი, თითქოს აღრეულიყო გარემოში, თავისი სიშიშვლით, თმითა და ნიშნულებით შუბლზე ეკუთვნოდა ტყეს.
აკაციათა, სანდალოზის ხეთა და თელათა ტოტებს შემომჯდარი ჭოტები ღამეში გაჰკიოდნენ თავიანთ მწუხარებას, მათ უერთდებოდა ბუჩქნარსა და ხასხასა ბალახში მიმალულ ჭრიჭინობელათა უდარდელი სიმღერა. შორეული გუგუნი მოსდებოდა უსიერ ტყეს და იფანტებოდა მაღლა აღმართულ ცის თაღში.
ცოტა ხანი უსმინა ყურადღებით ეირინმა, იმედოვნებდა, რომ ველურ ცხენებსა და სხვა მოზრდილ მხეცებს არ გადაეყრებოდნენ სადმე.
მაგრამ ავისმომასწავებელი არაფერი ისმოდა, ნებივრად და ლაღად მღეროდა ძილისპირულს ტყე.
ნაპირისაკენ გაეშურა მეფისქალი. ქვები მოზიდა, კერას მოზრდილი წრე შემოავლო, ქვეწარმავალთაგან დასაცავად, მერე კი სისხლიანი ისრის ნატეხით შეიარაღებულმა უსიერ ტყეს მიმართა. მოჰგლიჯა ბალახები და ჩირგვნარის ტოტები, თავიანთი ვებერთელა ფოთლებითა და გადაფურჩქნილი ყვავილებით.
ფოთლებით მდინარის წმინდა წყალი მოზიდა, ამოღრუტნულ ქვაში ჩაჰყარა ფოთლები, ყვავილები, დარჩეული ბალახები, დანაყა და დაასხა წყალი, თან ადგილზე ირწეოდა, თვალდახუჭული, ლოცვას ბუტბუტებდა.
გამზადებული ნაზავით მიუახლოვდა მეფისწულს, ჭრილობებზე წასცხო, შეხორცებულებზეც კი. ეს დალოცვილი, ტყის, მიწისა და წყლის ძალებით გაჯერებული ნაყენი დააჩქარებდა ჭრილობათა შეხორცებას, ტკივილს ჩააცხრობდა. არ სურდა მეფისქალს, რომ ხელში ჩაჰკვდომოდა ღვთაების მიერ გადარჩენილი კაცი.
მერე კი ტყეს მიაშურა ეირინმა. მოზრდილი, მიწაზე ჩამოცვენილი ტოტები მოზიდა, რათა ცეცხლისათვის შეეკეთა. ცივი პირი უჩანდა ღამეს, და მცირე თრთოლა ჯერ კიდევ შერჩენოდა მის სხეულს.
მცირე კენკრა და ყვავილები მოკრიფა, აუტანელი შიმშილი ცოტათი დაუცხრა. მდინარიდან დალია წყალი, მერე კი, კერის პირას, ქვის წრეში მიწოლილი, მიეცა უშფოთველ ძილს ღია ცის ქვეშ.


-*-*-*-*-*-*-
ცის თვალუწვდენელი კამარა ღრუბლებს დაეფარათ და ბინდბუნდი ჩამოწოლილიყო სრორდის დედაქალაქ ბელთათინში.
მოახლოებული ღამისა და ჩამომდგარი ნისლის მიუხედავად, სუსხი და მტვერი რომ მოეტანა თან, ბელთათინის ქვით მოკირწყლული ქუჩები სიცოცხლით აღვსილიყვნენ. შეუჩერებლად მიმოდიოდნენ საქონლით დატვირთული ურმები, სადღაც, კუთხეში, სამჭედლოდან მომავალი რიტმული შიშინი ისმოდა, ახლად გამომწვარი ფოლადისა. რეკდნენ ზარები და გაჰკიოდნენ ვაჭარნი, ჰყიდდნენ და ყიდულობდნენ წყრთობით აბრეშუმს, ტილოსა და მარმაშს, სრორდში მოყვანილ მწირ ხილეულს, მოკრიახე ქათმებს, თიხისა თუ ოქროთი მოპირკეთებულ ჭურჭლებს, ნაირ-ნაირ იარაღსა თუ აღჭურვილობას. ათასი ჯურის ხალხი ირეოდა, ერთ ქუჩაზე თავაწეული მდიდარნი დასეირნობდნენ, მათი ვეებერთელა ქუდებითა და მაუდის ძვირფასი სამოსით, მეორეზე კი, შენობათა დაჩრდილულ, ცივ ნიშებში ყვითელთმიანი სიძვის დიაცნი იწონებდნენ თავს.
მთავარ ქუჩაზე ატეხილი ჩოჩქოლი გაჰკვეთა ძვირფასმა ეტლმა. მეეტლე უჭყაოდა ცხენებს, უწყალოდ უტყლაშუნებდა ოთხ ფეხმაგარ ულაყს მათრახს, თან გაჰკიოდა, გზას ჩამოეცალეთ, თვით თავადი გენრი, ძე გოტლიბისა და თავადი სრულიად უალდჰარისა, მოემართებაო. გამვლელნი კი წამსვე ეცლებოდნენ გზიდან, იგრძელებდნენ კისრებს, ცდილობდნენ თვალი მოეკრათ სახელგანთქმული თავადი გენრისათვის, რომელსაც საიმედოდ ჰფარავდა ფანჯრებზე გადაკრული, ლანდთა სამყაროს მსგავსად გაუვალი, შავი ტილო.
მის სამზადისში ჩაფლულიყო ბელთათინის თავს აღმართული ვოლფრამთა სასახლე. ორიოდე მზის წინ მოგელვებულ მხედარს ამბავი მოეტანა, თავადი გენრი მოემგზავრება და მეფესთან ითხოვსო შეხვედრას.
ყველასათვის ცნობილი იყო თავადი გენრი. ფრიად უჩვეულოდ მიიჩნევდნენ სრორდელნი თავად გენრის გაუგონარ ხალხს. აურაცხელი ქონების პატრონი გახლდათ იგი, სრორდის ნაყოფიერი მიწები, მის სამყოფელ უალდჰარს რომ გადაჰკვროდა, ასევე ეკუთვნოდა. მითქმა-მოთქმის საბაბიც ჰქონდათ დაუდგრომელ ენებს, მუდამ ითქმოდა, და ამასთანავე იმალებოდა ის ჩუმი ჩურჩული, რომლის ასავალ-დასავალი თითქოს ყველამ და არავინ უწყოდა. ეს გახლდათ ჩურჩული, თითქოსდა გლეხი კაცის ნაშიერიაო თავადი გენრი, მამა გოტლიბი არა შაჰაიაქელი თავადის ძე, არამედ უბირი სრორდელი მაღაროს მუშა გახლდათო. ამას ამატებდნენ შხამიანი ენები, მხოლოდ დედოფლის კეთილგანწყობით გადაეცა თავად გენრის თავისი წოდებაო.
თუმცა ყველა ენას აჭერდა კბილს, თუმცაღა იცოდნენ, რომ ოქროს მაღაროები, სადაც გადმოცემის მიხედვით წელებზე ფეხს იდგამდა გოტლიბი, ბელთათინიდან მხოლოდ ორიოდე ყივილის გზაზე იყო.
პატივცემული და საშიში კაცი გახლდათ თავადი გენრი, ამას სამეფო კარზე გამართული ჩოჩქოლი და ფორიაქიც ამტკიცებდა. შეუჩერებლად მუშაობდნენ მზარეულნი, მსახურნი და მსახურთუხუცესნი, საუკეთესო სამოსში იწკიპებოდნენ სამეფო კარზე მყოფი თავადნი და კონსულნი, რათა სათანადოდ დაჰხვედროდნენ მომავალ სტუმარს, რომელიც, სამეფო კარზე დიდი გავლენის ქონის მიუხედავად, ხშირად არ ეახლებოდა მეფეს.
მკურნალთა დაჟინების მიუხედავად, ფრიად სუსტად ხართ და სარეცელს მიეჯაჭვებითო, წამომდგარიყო სრორდის ხელმწიფე სოლომონი. მსახურნი აცმევდნენ ათრთოლებულ ბერიკაცს, ბეწვმოვლებულ და ოქროთი მოსირმულ ბამბაში ფუთავდნენ.
-შენ მისი ვალი არ გაწევს, ძვირფასო სიძევ. - გაჰკვეთა დამთბარი ოთახის ჰაერი ცივმა სიტყვამ. თვალები ასწია სოლომონმა, შორიახლოს აღმართულ ცოლისძმას ჰკიდა მზერა.
როგორც ყოველთვის, დაცინვა ედგა შავ თვალებში აშოლტილ გიუნტერს. თავით ფეხამდე შავებში იყო შემოსილი იგი, მხრებზე სქელი მოსასხამი გადაეგდო, რათა წვრილი ბეჭები დაეფარა.
თუმცა წვრილი ბეჭებით ვერ განისჯებოდა იგი. კარგად უწყოდა სოლომონმა ცოლისძმის ბუნება.
-კარგად უწყი, მრჩეველო ჩემო, რომ უპასუხოდ ვერ დავტოვებ მის გამოწვევას. - მიუგო მან.
-მრავალი თავადი დაგიტოვებია უპასუხოდ, მრავალი თავადი მოგინდვია ჩემთვის. - გრძელი, შევერცხლილი კულულებით სავსე თავი გვერდით გადააგდო გიუნტერმა. - თავადი გენრის გეშინის, სიძევ?
-კარგად უწყი შენც, თუ რატომაც ვირჯები ასე, გიუნტერ! - ხმა აღიმაღლა ხელმწიფემ. სნეული წამოწითლდა, მეფურობა დაეტყო მის ჩია სხეულს.
-ისა ვუწყი, რომ გენრის წადილი შეიტყვე, სიძევ ჩემო. - ბაგე გაეპო გიუნტერს, გამჭრიახ თვალებთან ნაოჭები გამოეკვეთა. - და გეშინის, არ გსურს, რომ სუსტი გიხილონ. მაგრამ სამეფო კარი სცენა როდია? ამაო და ფუჭია შენს მიერ დადგმული სანახაობა.
მწყრალად შეჰხედა სოლომონმა მრჩეველს, მაგრამ არაფერი უთქვამს.
მსახურმა ოქროს გვირგვინი დაადგა თავზე მეფეს და თითქოს მხრებში გაიშალა მოხუცი.
ის იყო, მოსასხამის ოქროს, ლალით მოჭედილ ბალთას უსწორებდა მსახური სოლომონს, რომ მეფის ოთახთა კარი შემოჰგლიჯეს.
ლოყაწითელა, ციცქნა მოახლე გოგო შემოვარდა, თვალი ჰკიდა მეფესა და მის მრჩეველს. ელდანაცემი წამსვე მუხლებზე დაეცა, თავი მოიდრიკა მათ წინაშე.
-მომიტევეთ, მეფეო! ღმერთთა ღმერთი ალიჰა იყოს თქვენი მფარველი! - შესძახა მან.
-ისაუბრე, გოგო! - უბრძანა წარბშეკრულმა გიუნტერმა. - რა ამბავი მოგაქვს?
-თავადი გენრი გეახლათ, მეფეო! - მიუგო მოახლემ. ღრმად შეისუნთქა სოლომონმა, მრჩეველს მზერა გაუსწორა. - სადავო დარბაზში გელით იგი, ნადიმზე უარი თქვა, ამბობს, მხოლოდ მეფეს შევხვდებიო!
-ოჰო! - შესძახა გაბადრულმა გიუნტერმა და მეფეს აედევნა, რომელიც ჯიქურ გაემართა კარისაკენ. - ხედავ, სიძევ ჩემო?! კლანჭებს ილესავს ეს თავგასული ვიგინდარა!
-ხმა გაკმინდე, გიუნტერ. - მიუსისინა სოლომონმა, კარში გავარდა, მას თან მისი პირადი ამალა აედევნა, მრჩეველითურთ.
ვოლფრამთა სასახლის დერეფნები მუდამ ცივი გახლდათ, თუმცაღა აბრდღვიალებული ჩირაღდნები და გამვლელთა უწყვეტი ნაკადი სიცოცხლესა და სითბოს სძენდა მათ. უფრო ჩამოცხა თითქოს დერეფნებში, როცა იხილეს მათ, მეფე მოემართებაო.
უჭირდა სნეულ სოლომონს სიარული, მაგრამ მაინც მხრებში გაშლილი, მტკიცე ნაბიჯით აბიჯებდა. ფეხდაფეხ მოსდევდა მას გიუნტერი და მისი ამალა.
სადავო ოთახის კარები შეუღეს მეფეს მსახურებმა, შესძახეს მისი წოდება და სახელი, ღმერთებს შეავედრეს. ალისფერი მოსასხამის ფრიალით შეიჭრა იგი.
გრძელ, მუხის მაგიდასთან აღმართულიყო თავადი გენრის ბუმბერაზი ფიგურა, ჩირაღდნები და მაგიდაზე აბრდღვიალებული უთვალავი სანთელი უნათებდა სახეს. მოგზაურობისაგან შელახულიყო თავადი, მაგრამ ამაყად იმზირებოდა, ბაგე გაჰპობოდა.
თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ გახლდათ. გიუნტერმა ჰკიდა თვალი გენრის გვერდით აწურულ, თალხით შემოსილ ჩია ფიგურას, ვეებერთელა ფრინველს რომ წააგავდა.
-გეახლებით, მეფე სოლომონ! - ორად მოიხარა ბუმბერაზი მეფის წინაშე. - ღმერთებმა დაგლოცონ და დაგიფარონ! ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ გაშოროთ განსაცდელი!
თავი აზიდა სოლომონმა, გვირგვინის ოქრო და პატიოსანი ქვები აბრწყინდნენ სანთელთა შუქზე.
-კეთილი იყოს შენი ფეხი ვოლფრამთა სასახლეში, თავადო გენრი. - თავაზიანად მიუგო მან, მაგრამ ყველა შეამჩნევდა დამალულ ავ ელფერს მის სიტყვებსა და მზერაში. მან მეორე სტუმარს მოავლო თვალი, ეჭვით აღვსილი მიაშტერდა.
-თავადო გენრი! - შესძახა მრჩეველმა, ისე, რომ თვალი არ მოუშორებია თალხით მოსილი ფიგურისათვის. წამსვე იცნო გაქნილმა გიუნტერმა დაღრეჯილი, ნაოჭიანი ბაგე და მოკაკვული ცხვირი. - რაოდენ გასაოცარია! ნუთუ გრძნეული მოგვგვარეთ, თავადო უალდჰარისა?! სახელგანთქმული გულთმისანი, შაჰაიაქელი ინგენი, ვოლფრამთა წმინდა სასახლეში?!
ელდა ეცა მეფეს, ნაკვთები დაეღრიჯა, ფერფური წაუვიდა. ხმლის ვადაზე ხელი გაივლეს მეომრებმა.
-შაჰაიაქელი ინგენი არარას გერჩით, მეომრებო. - გაიღიმა ბუმბერაზმა. - როგორ, ნუთუ ჩია ბებრუცუნასი გეშინით? იგი მხოლოდ ორიოდე სიტყვას სათქმელად მოვიდა!
-დაუკვირდი შენ ბაგეთაგან მოწყვეტილ სიტყვებს, თავადო. - გადაიხარხარა გიუნტერმა. - ალესილ პირად არ მოგიბრუნდნენ!
-სოლომონ მეფევ! - ჩაიქირქილა ანაზდად ბებრუცუნამ, შალითა გადაიგდო და ანთებული თვალები მიაპყრო ფერწასულ მეფეს. - გაფრთხილდით! ყორანი შლის ფრთებს, დასჩხავის მგელს... ვიღაც გაჰკივის, მეფეო, ვიღაც დიადი, ერთობ მნიშვნელოვანი, ფოლადის ფარდა ჩამოჰფარებია ამ საქმეს! გაფრთხილდით, რამეთუ როცა წყეული თეთრი ფრინველი ამოჰკორტნის დიდ მგელს გულს, ხოლო მგელი ბუმბულებს მოჰგლეჯს მას, დიდი მზე ჩაესვენება! ახალი მზე ამოვა, მეფეო, ახალი მზე გაშლის სხივებს და გაათბობს მიწას...
ძვირფასი, რუხი მგლის ბეწვის ქვეშ თრთოდა თავზარდაცემული სნეული მეფე.
-ხმა გაიკმინდე, შაჰაიაქელო ინგენ. - შეჰღიმა მას გიუნტერმა. - ესოდენ სასიამოვნო თუ გახლდათ თქვენი მოსმენა, რას ვიფიქრებდი! იქნებ მეც დამდოთ პატივი და მიმკითხავოთ ბელტებსა და კურდღლის ცურცლზე, როგორც თავად გენრის უმკითხავეთ?
წარბები შეკრა უალდჰარის თავადმა. არ ეამა ბუმბერაზს მრჩეველის სიტყვა.
მხარში სტაცა გიუნტერს ხელი სოლომონმა, მისკენ გადაიხარა საჩურჩულოდ, შეუძლოდ ვარო. არ კი გამოსთხოვებია მათ, წავიდა და წაიყოლა თავისი ამალის ნახევარი.
დერეფნებში მიჰქროდა მეფე, პირად საფრინველეს მიაშურა. უმაღლეს კოშკში გახლდათ საფრინველე, კიბეებზე ციმციმ აიყვანეს სნეული მეფე მეომრებმა.
კოშკში შეიჭრა სოლომონი, ბრძანა დამტოვეთო.
ხარიხაზე ერთადერთი ფრინველი წამოსკუპულიყო და თვლემდა. ზორბა ყორანი გახლდათ იგი, მბზინვარე, ბნელი ბუმბულებით. თაობათა განმავლობაში ის და მისი წინაპარნი ერთგულ მსახურად ედგნენ ვოლფრამთა მოდგმას.
იქვე გამართულ მომცრო მაგიდაზე დასწერა მეფემ ბარათი, საგულდაგულოდ შეჰკრა პაწია პარკუჭში, ყორანს ფეხზე შეაბა, ლამაზ თავზე მოეფერა.
-წადი, ანდრეისთან წადი. - უჩურჩულა მან.
გონიერი თვალები მოატრიალა მისკენ ყორანმა, თითქოსდა მზერას უსწორებდა. საგანგებოდ იყო ფრინველი გაწვრთნილი, მხოლოდ საკუთარ ვაჟთან აგზავნიდა მეფე წერილებს.
ვეებერთელა ფრთები გაშალა მან, აფრთხიალდა და ფანჯარაში გაფრინდა.
თრთოდა მისკენ მომზირალი მეფე.
-იჩქარე, შვილო. - ბურტყუნებდა იგი. - იჩქარე, რამეთუ ხელში მოიგდეს ბებერი მგელი გაქუცულმა ძაღლებმა.
წყვდიადი იცავდა ნელ-ნელა ცას, რომელშიც იკარგებოდა ყორნის ფიგურა.скачать dle 11.3

 




№1  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

თითქმის 17 გვერდი და რეკორდული 4,188 სიტყვაა <3 იმედია აანაზღაურებს და ისიამოვნებთ/ისიამოვნეთ <3 <3

 



№2  offline √ წევრი ™ ჟიზელი

- ამ თავის წაკითხვით,რატომღაც მომინდა,რომ ეირნის თმა და სვირინგები განათებოდა :დდდ მთლად რაპუნცელობას არ ვთხოვ, უბრალოდ ასე მომინდა მდინარის ტალღებს რომ ებრძოდა და მერე ანდრეის სულისმომაბრუნებელს რომ ამზადებდა :დდდ
- ანდრეის გადარჩენა დააბრალა ღმერთებს,აბა თავად არ შეეშველებინა ხელი :დ
- შემეცოდა ბებერი მგელი :/ და რაც კი ფილმი მინახავს ან რაც კი წამიკითხავს, ყველაან სამეფო კარის წარმომადგენლები მეცოდებიან ამოდენა ტვირთისთვის...
- და კიდევ, ანდრეის არ ასწავლეს რომ ქალის ლანძღვა-გინება არ შეიძლება,რომ გადავაყლაპო ის ისრები სათითაოდ :დ
- რაც შეეხება და-ძმების ბავშვობას,რა კეთილი ჩანს უფროსი ძმა - "მომავალი მეფე" ,ცუდია რომ მოკვდა... მაინტერესებს ,რატომ დაიხოცნენ ან ანდრეი რითია გარეული ამ საქმეში,რადგან ის ვიღაც ქალი ცუდ რაღაცებს აგონებდა...

 



№3 √ სტუმარი ™ Guest კატო

კარგი თავი იყო, შემდეგს როდისთვის ველოდოთ დაახლოებით?
ერთი სული მაქვს ამათი წარსული როდის გახდება ნათელი და ამ ორს როდის ეშველება კიდე თუ ეშველათ საერთოდ :დ

 



№4 √ სტუმარი ™ lalka

ეს რა ქენი გოგონი ჰა?ანდრეი როგორ გადაარჩინე.ისე არ იყო ღირსი მარა ჰე ვნახოთ კიდე რა სიურპრიზს გვიმზადებ.

 



№5 √ სტუმარი ™ Drogons

მეფის ქალს სიმპათიები აქვს ანდრეოსადმი.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასეა, დააბრალა ახლა შემოქმედის გადარჩენილია და მე როგორ მოვკლაო))
ხო კიდევ მეორე ძალიან ხეპრე კაცი გამოგყავს ანდრეი და გულის ამრევია ამხელა კაცი მითუმეტეს მეფე ილანძღებოდეს, იგინებოდეს და ყველაზე მთავარი იწყევლებოდეს.
აი რა წყევლა რის წყევლა ://
შენ ამოწყდი ერთ დღეს და შენი კუბო დავდგიო?
დაუკვირდი რას წერ ხოლმე, მეფეა და რამდენიც წყევლა გინენას ახსენებ იმდენი მიქრეა ხოლმე მაგ ბიჭზე რაც კი რამე შემრჩა ყველა წარმოდგენა.
მომდევნო თავს სავარაუდოდ ნოემბრამდე არ გვაღირსებ, ისიც ესეთი მოკლე იქნება და ალბათ ორივეს გააშიშვლებ და ჩაახუტებ ერთმანეთს სიცივემ რომ არ მოკლას? O_o

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

ჟიზელი
- ამ თავის წაკითხვით,რატომღაც მომინდა,რომ ეირნის თმა და სვირინგები განათებოდა :დდდ მთლად რაპუნცელობას არ ვთხოვ, უბრალოდ ასე მომინდა მდინარის ტალღებს რომ ებრძოდა და მერე ანდრეის სულისმომაბრუნებელს რომ ამზადებდა :დდდ
- ანდრეის გადარჩენა დააბრალა ღმერთებს,აბა თავად არ შეეშველებინა ხელი :დ
- შემეცოდა ბებერი მგელი :/ და რაც კი ფილმი მინახავს ან რაც კი წამიკითხავს, ყველაან სამეფო კარის წარმომადგენლები მეცოდებიან ამოდენა ტვირთისთვის...
- და კიდევ, ანდრეის არ ასწავლეს რომ ქალის ლანძღვა-გინება არ შეიძლება,რომ გადავაყლაპო ის ისრები სათითაოდ :დ
- რაც შეეხება და-ძმების ბავშვობას,რა კეთილი ჩანს უფროსი ძმა - "მომავალი მეფე" ,ცუდია რომ მოკვდა... მაინტერესებს ,რატომ დაიხოცნენ ან ანდრეი რითია გარეული ამ საქმეში,რადგან ის ვიღაც ქალი ცუდ რაღაცებს აგონებდა...

ვაიმე ახლა წარმოვიდგინე განათებული სვირინგები და თმა :დდდდ იფ, ისე კარგი შესახედავი კი იქნებოდა, მაგრამ მთლად ვერ გავაჯადოსნურებ :( :(
ჰო, არ ვიცი ერთი :დდდდ ნუ ერთის მხრივ, ეირინი მორწმუნეა, და ამიტომ ასე რომ ჩათვალა, სრულადაც არაა გასაკვირი. მითუმეტეს როცა სულ ღვთაებას ახსენებს და მასზე ილოცება, ის წყევლაც რომ ღვთაებისადმი აღავლინა :დდ კიდევ ერთი მიზეზიც არსებობს, როგორც თქვა ცოდვებს გამოისყიდისო ეს ტიპიო, ხოოოოდა სხვა მიზნებიც ამოძრავებს ;) :დდდ
მეც ძალიან მეცოდება სოლომონი, სიმართლე გითხრა. მეფობის ტვირთი, ამასთან შვილებისა და მეუღლის დაკარგვის ტვირთი, ახლა კიდევ ინგენისა და გენრის ტრიუკები :( თან ავადაა, ცოდოა. :(
ანდრეი ბარბაროსებს არ უყურებს, როგორც ქალებს :დდდ ამით აიხსნება მისი სიტყვები, ჩემი აზრით. ქალი -ქალია პრემისი მისი გადმოსახედიდან არ არსებობს. მისთვის არსებობს ის მშვენიერი ბანოვანები სამეფო კარზე, კდემამოსილები რომ არიან, რომელთანაც ძალიანაც თავაზიანია :დდდდდდ ეირინი კი ძაან კიდია, ქალია თუ კაცი :დდდდდდდ
კი, მართლაც ძალიან კარგი პიროვნება იყო ჰასსე. აუცილებლად გაირკვევა თუ როგორ მოკვდა და რა როლი ჰქონდა იმ ქალს.
უღრმესი მადლობა,რომ მკითხულობ და მიკომენტარებ <3 <3
Guest კატო
კარგი თავი იყო, შემდეგს როდისთვის ველოდოთ დაახლოებით?
ერთი სული მაქვს ამათი წარსული როდის გახდება ნათელი და ამ ორს როდის ეშველება კიდე თუ ეშველათ საერთოდ :დ

სადღაც ერთ კვირაში იქნება შემდეგი თავი ^^ აგვისტოს ბოლოს მივემგზავრები და ამიტომ ცოტა დრო მაქვს, მაგრააამ ვეცდები ყველანაირად <3
მეც ერთი სული მაქვს :დდდდდდ იმედია მივაღწევთ იქამდე :დდდდდ
უღრმესი მადლობა! <3
lalka
ეს რა ქენი გოგონი ჰა?ანდრეი როგორ გადაარჩინე.ისე არ იყო ღირსი მარა ჰე ვნახოთ კიდე რა სიურპრიზს გვიმზადებ.

ეგ რომ მომეკლა ხო დამთავრდა სიუჟეტი :დდდდდ ნუ ვნახოთ, იქნებ მართლა გამოისყიდოს თავისი ცოდვები :დდდდდ
უღრმესი მადლობა <3 <3
Drogons
მეფის ქალს სიმპათიები აქვს ანდრეოსადმი.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასეა, დააბრალა ახლა შემოქმედის გადარჩენილია და მე როგორ მოვკლაო))
ხო კიდევ მეორე ძალიან ხეპრე კაცი გამოგყავს ანდრეი და გულის ამრევია ამხელა კაცი მითუმეტეს მეფე ილანძღებოდეს, იგინებოდეს და ყველაზე მთავარი იწყევლებოდეს.
აი რა წყევლა რის წყევლა ://
შენ ამოწყდი ერთ დღეს და შენი კუბო დავდგიო?
დაუკვირდი რას წერ ხოლმე, მეფეა და რამდენიც წყევლა გინენას ახსენებ იმდენი მიქრეა ხოლმე მაგ ბიჭზე რაც კი რამე შემრჩა ყველა წარმოდგენა.
მომდევნო თავს სავარაუდოდ ნოემბრამდე არ გვაღირსებ, ისიც ესეთი მოკლე იქნება და ალბათ ორივეს გააშიშვლებ და ჩაახუტებ ერთმანეთს სიცივემ რომ არ მოკლას? O_o

ნუუუ არამგონია ეირინს რამე სიმპათია გააჩნდეს :დდდდდდ ძალიან მორწმუნეა, ამიტომ ჩემთვის არაა გასაკვირი, რომ ასე მოქცეულიყო, თუმცა კიდევ დამატებითი მიზნები ამოძრავებს. ახსენა კიდეც, ცოდვები გამოისყიდოსო :დდდდდდდდ
ჯერ მეფე არ არის ანდრეი :დდდ თუმცა რომც იყოს მეფე, მაინც არაფერი შეიცვლებოდა... პატივმოყვარეა მეფისწული, და ვერ იტანს, როცა საქმე მისი გეგმის მიხედვით ვერ მიდის... ვერც ვადანაშაულებ, სარდალმა უღალატა, ორი ისარი თხლიშეს და ყინულივით წყალში გადააგდეს, პლუს იქედან მოსისხლე მტერმა ამოათრია :დდდდდდ მოიოხებს გულს :დდდდდდ
როგორ გეკადრება, რა ნოემბერი :( ვწუხვარ ძალიან, რომ დავაგვიანე. მაგრამ საკმაოდ დიდია ეს თავი, 4200 სიტყვაა თითქმის. ყოველდღე ვწერდი ეს ათი დღე, თან ტელეფონზე, ძალიან გავისარჯე :( ვწუხვარ, რომ ასე ვაგვიანებ, მაგრამ მაქვს საპატიო მიზეზები.
გაშიშვლებასა და ჩახუტებას არ შეეხება, არა მგონია მოხდეს :დდდდდდდდდდდ

 



№7  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ბერეხის ციხეო :დდდ ნიკოლა კენტავრი გამახსენდა :დდდდ ❤❤
ვაიმე რა ქაი იყო ქალაუ ქაი კი არა რაცხა სასტაული :დდდ ❤❤ ხო ვამომბდი იცის იმათი ენა-მეთქი :დდდ კაი წამპალი ქალია ეგ არავის არაფერს შეარჩენს :დდდ ❤❤
აი მართლა ძაან ეპიკური იყო ,ისეთი ამოსუნთქვა რომ დამავიწყდა ზოგიერთ მომენტში :დდდ
ანდრეი რას იწყევლება ერთი შინაბერა მაჩვივით :დდდ მაგრამ მაინც მომწონს ეგ საქონელი კაცი :დდ❤❤მდინარეში ყვნითვის მომენტები განსაკუთრებით დაძაბული იყო და განსაკუთრებით მომეწონა :**❤❤❤❤
ჰო კიდევ ამათი წარსულიც ძაან საეჭვოა რაღაცა...დამაინტერესა რა დაემართათ იმ ბავშვებს :((❤
ძაან დიდი ინტრიგები გველის წინ როგორც სამეფო კარს ახასიათებს ისეთები და უკვე წარმომიდგენია როგორ საოცრად დაწერ ჩემო უნიჭიერესო მძახალო *_* :** ❤❤❤❤

 



№8 √ სტუმარი ™ Guest qeto

კომენტარიmomewona zalian didi xania axali araperi wamikitxavs da uceb chamitria

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

Margaritha Loki
ბერეხის ციხეო :დდდ ნიკოლა კენტავრი გამახსენდა :დდდდ ❤❤
ვაიმე რა ქაი იყო ქალაუ ქაი კი არა რაცხა სასტაული :დდდ ❤❤ ხო ვამომბდი იცის იმათი ენა-მეთქი :დდდ კაი წამპალი ქალია ეგ არავის არაფერს შეარჩენს :დდდ ❤❤
აი მართლა ძაან ეპიკური იყო ,ისეთი ამოსუნთქვა რომ დამავიწყდა ზოგიერთ მომენტში :დდდ
ანდრეი რას იწყევლება ერთი შინაბერა მაჩვივით :დდდ მაგრამ მაინც მომწონს ეგ საქონელი კაცი :დდ❤❤მდინარეში ყვნითვის მომენტები განსაკუთრებით დაძაბული იყო და განსაკუთრებით მომეწონა :**❤❤❤❤
ჰო კიდევ ამათი წარსულიც ძაან საეჭვოა რაღაცა...დამაინტერესა რა დაემართათ იმ ბავშვებს :((❤
ძაან დიდი ინტრიგები გველის წინ როგორც სამეფო კარს ახასიათებს ისეთები და უკვე წარმომიდგენია როგორ საოცრად დაწერ ჩემო უნიჭიერესო მძახალო *_* :** ❤❤❤❤

ჰოუ :დდდდდ მიყვარს ასეთი კავშირები ისტორიებს შორის, პლუს სახელის მოგონება არ დამჭირდა :დდდდ <3
ჰოდა სწორე იყავი რო ამბობდი :დდდ ეგრევე ვიფიქრე, რავარი ჭკვიანი მძახალი მყავს თქვა heart_eyes heart_eyes მარა ხმას რავა გავიღებდი laughing laughing laughing laughing დიაღაც, მაგარი წაკლაა, ხმა არ გაიღო, მოუსმინა, გაისუსა და როცა აწყობდა, თხლიშა თავში :დდდდ
ჰო, არ ვიცი ერთი, რას იწყევლება laughing laughing მარა რაც მაგ უბედურს გადახდა ერთ დღეში, მეც ამომძვრებოდა წყევლით სული :დდდდდდ მაინც მოგწონს ხოოოო ზორბეგი laughing laughing ტეტა რავარი მიხარია მდინარის მომენტები რომ მოგეწონა, რაც მე მაგის წერაზე ვიტანჯე :დდდ მდინარე წყალი მდინარე ზვირთი შხეფები მდინარე წყალი კიდო მდინარე :დდდდ კატასტროფიშე
აუცილებლად გამოჩნდება რა დაემართათ აგი უბედურ ბაღნებს :(
#ინტრიგათუარიქნარაამამული smile smile ძალიან დიდი მადლობა, მძახალო, რომ მომყვები ამ გზაზე <3 <3
Guest qeto
კომენტარიmomewona zalian didi xania axali araperi wamikitxavs da uceb chamitria

ვაიმე, უღრმესი მადლობა! <3 ძალიან მიხარია, რომ წამიკითხეთ და მოგეწონათ! <3

 



№10 √ სტუმარი ™ gaga yaya

 



№11  offline √ წევრი ™ crete20

როგორ ველოდიიიიი!
ჯერ ბევრი ვინერვიულე სანამ წყლიდან მოვიდოდნენ მერე კი ანდრეის და ეირინის დიალოგზე ვიცინეე laughing laughing satisfied

რაც შეეხება ლანძღვას და წყევლას laughing ეგ მოსული პონტია იმ დროისთვის რა დროშიც ეს მოთხრობა იწერება. ადრე არ აგიინებდნენ ერთმანეთს ძირითადად წყევლიდნენ laughing

მოკლედ ველი მეტ ეირინს და ანდრეის ახალ თავში heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№12  offline √ ახალბედა მწერალი™ linda

crete20
როგორ ველოდიიიიი!
ჯერ ბევრი ვინერვიულე სანამ წყლიდან მოვიდოდნენ მერე კი ანდრეის და ეირინის დიალოგზე ვიცინეე laughing laughing satisfied

რაც შეეხება ლანძღვას და წყევლას laughing ეგ მოსული პონტია იმ დროისთვის რა დროშიც ეს მოთხრობა იწერება. ადრე არ აგიინებდნენ ერთმანეთს ძირითადად წყევლიდნენ laughing

მოკლედ ველი მეტ ეირინს და ანდრეის ახალ თავში heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

ვაიმე უღრმესი მადლობა შენ <3 <3
მეც ისე დავიტანჯე როცა მდინარის ნაწილს ვწერდი :დდდდ თან არ მინდოდა მიმეფუჩეჩებინა, თან მამკლა წყლის აღწერამ laughing laughing ისე, კი დაკლეს ერთმანეთი სიტყვებით ამ ორმა წაკლამ laughing laughing
ჰო,რაც შეეხება წყევლა-კრულვას, უბედურ ანდრეის იმდენი რამ გადახდა, რომ არ იწყევლოს ალბათ კი ამოსძვრება სული და გაფშეკს ფეხებს laughing laughing laughing laughing
შემდეგ თავში აუცილებლად იქნებიან ეირინი და ანდრეი, უფრო მეტი <3 <3 ძალიან დიდი მადლობა, რომ მკითხულობ და სტიმულს მაძლევ! kissing_closed_eyes kissing_closed_eyes heart_eyes heart_eyes

 



№13 √ სტუმარი ™ gaga yaya

chem dedas vtene ojaxis gamo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent