შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 9)


25-08-2017, 22:16
ავტორი linda
ნანახია 778

დალიჰარი (თავი 9)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-*-*-*-*-*-*-9
აღტკინებით გასცქეროდა სარდალი ატავესი მდინარეს, რომელიც, თითქოსდა სარეცხი წყალიაო, მის ქალამანს აკრულ ჭუჭყს მიაქროლებდა, შორს, მოუსავლეთში.
ვეღარასოდეს იხილავდა ყეყეჩი, ამაყი მეფისწული ანდრეი დღის სინათლეს, დაწყევლილი მიწის ნაშობი წყლით აევსებოდა მკერდი, დაწყევლილი მიწა მიიბარებდა და ფერფლად აქცევდა მის მშრალ ძვლებს.
შეკუნტრუშდებოდა დიადი თავადი, იმოდენა გახლდათ მისი სიხარული.
-მე მოვკალ ვოლფრამთა მოდგმა... - ამაყად ჩურჩულებდა იგი, თვალმოუშორებლივ გასცქეროდა ორ წერტილს, რომლებიც მდინარის აქაფებულ ზვირთში იკარგებოდნენ, შორს, შორს თვალთახედვიდან. - მე მოვკალ... უკანასკნელი ვოლფრამი დასამარდა, ცრუ მგელს ცოდო ეწია, ვეღარ გაუძლო ღვიძლი ძმის წმინდა სისხლით შეღებილი მახვილის სიმძიმეს! უკანასკნელი ვოლფრამი მკვდარია!
მკერდი ჰაერით გაივსო ატავესმა. ცხოვრებაში არასოდეს ყოფილიყო ესოდენ ბედნიერი!
-ნუთუ ბინძურ ენებს თქვენც ატარტარებთ, თავადო? - მოესმა მას და ელდანაცემმა პირი იბრუნა, მის უკან აღმართულ ელოის ჰკიდა თვალი. ისე მოახლოებულიყო ოქროსკბილა, თითქოსდა ლანდთა ქვეყანას გამოპარული აჩრდილიაო. ბაგე გაეპო, ეშვზე გადაკრული ოქრო ბრწყინავდა მზეზე.
-ენა ჩაიგდე, ძაღლო! - შეუტია ატავესმა. - შენი ადგილი იცოდე!
-ვუწყი, თუ რა ადგილი მიჭირავს, თავადო. - ხარბად გაიცინა ელოიმ, გონდაკარგული სარდალი გაბრიელის სხეულს მიუახლოვდა, მის გვერდით ჩაიჩოქა. - უალდჰარის თავადი გენრის პირდაპირი ქვეშემრდომი გახლავართ! - მან სატევარი დააძრო ჯიბიდან და გაბრიელს მარცხენა არათითი მოჰკვეთა, მისი საქციელით გაოგნებულ ატავესს მოუბრუნდა. - იგი მომავალი მეფეა, თავადო, გეშინოდეთ მისი, და მაშასადამე, გეშინოდეთ ჩემი!
იგი მობრუნდა, მოკვეთილი თითი მკაფიოდ დაანახა სარდალს.
მოქუფრული შესცქეროდა ატავესი ოქროსკბილას და კბილებს აკრაჭუნებდა, განრისხებული. დაუჯერებელი გახლდათ ის, რომ ეს ქუჩიდან მოთრეული, უბრალო ძაღლი ბედავდა მასთან, თავადთან და სარდალთან შეპასუხებას! რაოდენ თავგასული გახლდათ იგი!
-მეფისწულის ბეჭედი გადმომეცით, თავადო. - შეჰღიმა ელოიმ. - თავად გენრის უკანასკნელი ვოლფრამის მოკვდინების საბუთი ესაჭიროება... რამეთუ არ დამცალდა თვით მეფისწულიდან მომეკვეთა თითი, ბეჭედი გადმომეცით...
შეუღრინა შეფიქრიანებულმა ატავესმა, მაგრამ ბეჭედი გადასცა მას. რუდუნებით წამოაცვა მოკვეთილ თითზე ბეჭედი ოქროსკბილამ, და ფრთხილად გამოახვია იგი ირმის ტყავის გასანთლულ პარკუჭში.
-ღმერთებმა დაგლოცოთ, თავადო ატავეს. ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ შეიფაროს თქვენი სული. - დამცინავად შეუკრთა ბაგე ელოის.
მერე კი უკან დაიხია, ხეთა ტევრს შეერია და მალევე გაქრა თვალთახედვიდან.
მას გასცქეროდა და კბილებს აკრაჭუნებდა გააფთრებული, შეურაცხყოფილი ატავესი. მალევე გამოერკვა იგი, გაფაციცებით მიმოიხედა, არავინ მიცქერდესო. სარდალი გაბრიელი გმინავდა, ფხიზლდებოდა, რეტდასხმული, ამიტომ კიდევ რამდენჯერმე მაგრად უთავაზა მას ვადაჯვარი თავში. არ სურდა ატავესს ახალგაზრდა სარდლის მოკვლა, ერთადერთი გადარჩენილი რომ ყოფილიყო, ეჭვს აიღებდნენ მასზე. თუმცაღა შეეძლო ცოტა ხნით საწოლს მიეჯაჭვა გაბრიელი და ისე მოეწყო საქმე, რომ მისი ყოველი სიტყვა ნაბოდვრად ჩაეთვალათ მსმენელთ.
უნდა აჩქარებულიყო და დაეტოვებინა აქაურობა. ცხენს უხმო, სასწრაფოდ ამხედრდა და ქუსლები ჰკრა, წამსვე მიმართა გზას.
მაგრამ არ უწყოდა მან, რომ მდელოს გადაღმიდან უმზერდა ორი წყვილი თვალი.
მოჰფარებოდნენ სამალავს ტრიქსე და მორგანა, აღელვებული, გაუკაფავი ბალახის საფარველში, არხეინად ადევნებდნენ თვალს მომხდარს.
თვალები მოწკურა მორგანამ, მოქუფრული შეჰყურებდა ატავესს, რომელიც ცხენს მოაგელვებდა.
-ეს რა ჰქნა? - ჩურჩულებდა მის გვერდით მიმალული, დაპატარავებული, გაოგნებული ტრიქსე. - ჰოი, ღმერთთა ღმერთის ალიჰას წვერმა დამიფაროს! სუაგრამ და ნიჰიდამ დამთხარონ თვალები, ხელები გამიხმონ და ფერფლის მიწაზე ამომხდეს სული... ეს რა ჰქნა, ნუთუ მეფისწული ანდრეი მოჰკლა?
ცხენი მოატრიალა მორგანამ. გამჭოლი თვალებით უმზერდა, თუ როგორ მოაქროლებდა ცხენს ატავესი.
-წავედით. - თქვა მან, მდელოს ბექობს ჩაუყვა, აღელვებულ ბალახში მიმართა ცხენი. - მასზე ადრე უნდა მივაგელვოთ ცხენები ბანაკს.
-მორგანა! - სისინით შესძახა დამფრთხალმა ვაჭარმა, ქუდი მოიხადა, ალისფერი სახელოთი მოიწმინდა აჭარხლებული, ოფლში მცურავი სახე. პაწაწა თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით. - ნუთუ ვერ დაინახე, თუ რა ჰქნა? მეფისწული და ალბათ სარდალი გაბრიელიც ღორებივით დაკლა იმ შეშლილმა! შეურაცხადია!
-მას არ მოუკლავს მეფისწული ანდრეი. - მიუსისინა მორგანამ. - იმ მშვილდოსანმა მოჰკლა. თუმცაღა სარდალ ატავესს ძლიერ სურდა მეფისწულის სიკვდილი... შეურაცხადი არ არის თავადი ატავესი, მაგრამ როგორც ჩანს, მოღალატეთა რიგებს ეკუთვნის.
შეფიქრიანდა მორგანა.
რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? ნუთუ გადატრიალება ელოდა სრორდს?
-ეს არ უნდა გვეხილა! - აფორიაქებულიყო ტრიქსე, ცხენს ქუსლები შემოჰკრა, რათა მორგანას თავაწყვეტილად გაჭენებულ ცხენს დასწეოდა.
-პირიქით, ბატონო, პირიქით... - თავისთვის ჩაილაპარაკა მორგანამ. - სწორედ ეს უნდა გვეხილა...
მათ მთავარ გზას გადაუხვიეს და ტყეებში გაკაფულ ბილიკს, ბუჩქნარი რომ ჰფარავდა, დაადგნენ.
თავადი ატავესი კი შლეგივით მიაქროლებდა ბედაურს. ღვარად სდიოდა ოფლი ვოლფრამთა მოღალატეს, თუმცაღა მხოლოდ გაუსაძლისი სიცხის გამო არ ემართებოდა ეს. აღტკინებამ გაუარა და შიშმა მოიცვა მისი გონება.
იქნებ გაეგოთ, თუ რა მოიმოქმედა? ვაითუ ვინმემ უთვალთვალა, იხილეს, თუ როგორ მიაბარა მან მეფისწული აზვირთებული მდინარის ტალღებს? ვაითუ როგორც კი დაუბრუნდებოდა სალაშქრო ბანაკს, წამსვე მოეკვეთათ თავი, შუბზე წამოეგოთ, მისი სხეული კი, ვითარცა მოღალატისა, ბედაურის კუდზე მიებათ, უცხო მიწით გატენილი, ტყე-ღრეში ეთრიათ, მერე კი დაეწვათ და ზღვაზე მოედოთ მისი ცხენთა ფლოქვქვეშ დათქორილი ფერფლი?
ხელები აუთრთოლდა სარდალს, სიკვდილის შიშისაგან ფერი წაუვიდა, ცივმა ოფლმა დაასხა ბედშავს, წამსვე შეჰღაღადა ღმერთებს.
მალევე გამოერკვა, ჰაერში მოწოლილმა ქარმა გამოაფხიზლა, წვერს რომ უწეწავდა. შეუცვლელად ჩახჩახებდა მზე, გარშემო ყანასავით ღელავდა ბალახი, იგი კი მიჰქროდა ცარიელ გზაზე. შუბოსნები და ვაჭარი, როგორც ჭეშმარიტი ლაჩრები, გაიქცნენ, ოქროსკბილა ძაღლი წასული გახლდათ, ერქანთა დიაცი მეფისწულთან ერთად წაიღო წყალმა, აქამდე დაახრჩობდა კიდეც აზვირთებული მდინარე მას, გაბრიელი კი უგონოდ იწვა და კარგა ხანი ვერ მოიხედავდა საიქიოსაკენ. მხოლოდ ისღა დარჩენოდა თავადს, რომ ლაშქრის სადავეები ეგდო ხელთ და სასწრაფოდ დაბრუნებოდა სრორდს.
უკვე მიახლოებოდა ბანაკს, როცა ცხენოსანთა რაზმი ეახლა, მათ სარდალი კლავდი უძღოდა წინ. უკან ჩორთით მოჰყვებოდა ვაჭარი თავისი ამფაკართა ნაბიჭვრითურთ, მათ კი ფეხათრევით მოსდევდნენ შუბოსნები.
-ატავეს! - შეჰყვირა კლავდმა, გაოგნებულმა ჩაჰხედა თვალებში. კვლავ მოერია აღტკინება ატავესს, გამარჯვებულად იგრძნო თავი. - გამაგებინე, რა მოხდა?! მაუწყეს, რომ ცოცხლებში აღარ სწერია ალფა...
-ასეც იყო, ო, დიადო სარდალო! - შესძახა ერთმა აცახცახებულმა შუბოსანმა. - მეფისწული მოჰკლა იმ მშვილდოსანმა!
-ხმა გაიკმინდე! - შეუყვირა მას მრისხანებისაგან გაფითრებულმა კლავდმა. - არარად მიღირს შენი საუბარი... დაე სარდალმა სთქვას თავისი სიტყვა!
ატავესმა ბაგე შეიტოკა, გვერდით გაიხედა, თითქოსდა ძნელად ამოსათქმელი ყოფილიყო ეს მისთვის.
-ვშიშობ, რომ ასეა... - ამოღერღა მან.
-ღმერთებო, მაღალო ღმერთებო! - შეჰყვირა თავზარდაცემულმა კლავდმა, ნიკაპზე მოდებული, თხასავით მეჩხერი თეთრი წვერი აუცახცახდა. - ამას რას ისმენენ ჩემი ყურები! ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ დამწყევლოს, სუაგრასა და ნიჰიდას მივებარო ახლავე!
-იმდენად სწრაფად მოხდა, კლავდ... - თავი თითქოსდა დანანებით გადააქნია ატავესმა, მწუხარება აღბეჭდვოდა სახეზე. - ისრები დაგვიშინეს! ვიღაც ისროდა აკაციათა ტევრიდან, ორჯერ განგმირა მეფისწული, მეორედ მარცხენა ძუძუში ეძგერა ისარი! ულაყი ყალყს შეაყენა მომაკვდავმა და მდინარეში დაინთქა! მისი სხეულიც აღარ დაგვრჩა, რათა სათანადოდ დავკრძალოთ... წყეული, წყეული მკვლელი... როგორ არ აუცახცახდა ის მარჯვენა, როგორ არ ჩამარხეს ფერფლის მიწაში სუაგრამ და ნიჰიდამ, როცა მშვილდი მოზიდა უკანასკნელ ვოლფრამზე! გაბრიელს თითი წააწყვიტა ისარმა, უგონოდ წევს ბედკრული... ერქანთა დიაციც დაინთქა მდინარეში, მათ გადარჩენა აღარ უწერიათ...
თვალები მაგრად დახუჭა სარდალმა კლავდმა. ამის გაგონება არ ეწადა მრავლისმომსწრე თავადს, რომელიც ხშირად ჰხედავდა სამეფო კარზე პაწია ანდრეის თავისი და-ძმებითურთ.
-რაზმი შეჰკრიბეთ! - შეჰღრიალა მან. - სასწრაფოდ! უნდა მოვიძიოთ ვოლფრამთა დინასტიის საფლავის მთხრელი! იმ აკაციათა ტევრს ცეცხლი წაუკიდეთ, დაე შიგნით გამოიბუგოს! უსწრაფესი ცხენოსნები გააყოლეთ მდინარეს, ვაითუ სადმე გამორიყოს ალფა! ალბათ ჩვენს რიგებში იმყოფებოდა ურჯულო, უწყოდა, თუ სად მიდიოდა მეფისწული, და დრო იხელთა! წაიწყმიდოს მისი სიცოცხლე და მისი საფლავი! წყეული მოღალატე! წყეული მკვლელი!
დაიძრნენ ცხენოსნები. ნაწილმა ბანაკისაკენ გაჰქუსლა, ნაწილი კი, შუბოსნებითურთ, მდინარისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
ნაკვთები მოეღრიჯა მოხუცს კლავდს მწუხარებისაგან, თვალები აუწყლიანდა.
-ღმერთო, ეს რა წყეული დღე გაგვითენდა! - შესძახა მან. - ვერ დავიჯერებ... პაწია ანდრეი ცოცხლებში აღარ სწერია! დიდო ალიჰა, რა შეგცოდეს ვოლფრამებმა ასეთი, რომ ასეთი უწყალო სასჯელი მიუსაჯე! მხოლოდ ოცდაათი ზამთრის ბალღი! თავისი და-ძმების რიგს შეემატა, ღმერთებმა მიიღეს...
ბანაკამდე მთელი გზა ვერ შეჩერდა მოხუცი. სტიროდა კლავდი, გოდებდა და გლოვობდა უდროოდ, მოღალატის ხელით წატაცებულ სიცოცხლეს. სიცოცხლეს, რომელსაც სრორდის მომავალი მმართველნი უნდა ეშვა.
ბანაკში მოიყვანეს უგონო თავადი გაბრიელი, წამსვე მკურნალნი დაესივნენ მას.
ცეცხლი წაუკიდეს აკაციათა ტევრს. ცხელოდა, ქარი ჰგლეჯდა იქაურობას, აიტაცა ატკარცალებული ალები და მოსდო არემარეს. აალდა ტყე, ტევრიდან ტევრზე გადადიოდა ცეცხლი და შეუბრალებლად ბუგავდა ყველაფერ შემხვედრს.
თუმცაღა ვერ მიაგნეს ცხენოსანთა რაზმმა სრორდის დამაქცევარს.
მთელი ღამე და დღე მიუყვებოდა ცხენოსანთა რაზმი გამძვინვარებულ მდინარეს, სანამ ქანცი არ გაუწყდათ ცხენებს.
ამასობაში კი მთელი სალაშქრო ბანაკი გლოვობდა მხედართმთავრის დაკარგვას.
მთელი მზე იშიმშილეს მეომრებმა, დღის უწყალო მხევალი დაჰნათოდათ ტალახში ჩამუხლულებს. მჯიღს იცემდნენ მკერდზე, გლოვის ნიშნად წვერი დაიგლიჯეს და გადაჭრეს მათ. მეფისწულის კარვამდე მიმავალი გზა მოსასხამებით დაჰფარეს ჯარისკაცებმა, თვალუწვდენელ გზაზე კი სრორდიდან ჩამოზიდული, ზეთისხილის უამრავი რტო მოაფინეს. ეს ქვეყანამოვლილი რტონი, სისხლისღვრასა და ბრძოლათ რომ მოესწრნენ, სრორდში დაბრუნებულთ უნდა სჭეროდათ ხელში, როგორც გამარჯვებისა და სიდიადის ნიშანი.
ახლა კი, ეს რტონი მეფისწულის სულს გაუძღვებოდნენ, ღმერთებისაკენ გაუკვალავდნენ გზას, რათა უშფოთველად მისულიყო იგი, სამარადისო სიმშვიდეს მოჰგვრიდნენ.
მეფისწულის სპილენძისფერი ულაყი გაატყავეს, რუდუნებით გარეცხეს ტყავი, გასანთლეს და მასში გამოახვიეს მეფისწულის სამოსი, ორლესული, ჭურჭელი, მერე კი ფურგონში დაასვენეს, მოსირმული მაუდითა და ზეთისხილის რტოებით გარშემოტყმული, რათა სრორდში წაესვენებინათ.
მომაკვდინებელი სენის ბობოქრობის მიუხედავად, მთელი ღამე დასტიროდა ლაშქარი მხედართმთავარს სარდალი კლავდის თავადობით. მშვიდად დაჰნათოდათ მათ თავზე ღამის მხევალი, უშფოთველად მიმოდიოდნენ ქარს აყოლილი ღრუბელთა ნაგლეჯნი, თითქოსდა წარბსაც არ იტოკებდნენ, მიწაზე გამართული გლოვის მაცქერალნი.
და მთელი ღამე ეზიდებოდნენ, თავადი ატავესის ბრძანებით, თუნგებით წმინდა წყალს მსახურნი, რათა ვარცლნი აევსოთ. ბრძანა სარდალმა, რომ როგორც კი დაასრულებდნენ გლოვას და ყველა ვარცლი აივსებოდა, წამსვე დასტოვებდნენ ამ ბილწ, წაწყმედილ მიწას.
იმ ღამით, აკარველმა ტრიქსემ მოიწადინა გემსადგურიდან გაქცევა, ლაჩარ ვაჭარს სურდა გაჰრიდებოდა გამართულ ალიაქოთს.
და იმ ღამესვე, საკუთარმა მარჯვენა ხელმა მოგუდა იგი.
იმ ღამით გაქცევისათვის მოემზადა მორგანა, რათა შვიდი სამეფოს გზას დასდგომოდა.
იმ ღამით ტიროდა ლაშქარი.
იმ ღამით მშვიდი იყო მთვარე.


-*-*-*-*-*-*-
ანაზდად გამოიღვიძა ეირინმა.
უმალ გადაეწმინდა თვალს გადაკრული ძილი, ცას აჰხედა. აფორიაქებულიყო მეფისქალი, გამალებით უცემდა გული.
მეომრად გაწვრთნილს ფრიად ფხიზელი ძილი ჰქონდა, მცირე, მოახლოებული გაფრთხიალებაც კი საკმარისი გახლდათ, რომ სხარტად წამოვარდნილიყო ფეხზე. ამიტომაც უწყოდა მან, რომ ანაზდად გაღვიძება საფრთხეს მოასწავებდა.
გამჭოლი თვალები სწრაფად მიმოავლო არე-მარეს ეირინმა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა. აფორიაქებული წამოიწია, მიაყურადა, თუმცაღა ვერაფერი გაიგონა. დილის სუსხს მოეცვა ჰაერი, კერაში ცეცხლი ჩანავლებულიყო, მხოლოდღა დანაცრული ნაღვერდლები და ხეთა კენწეროებს მოდებული განთიადის სისხლი აშუქებდა გარემოს.
პირი იბრუნა მეფისქალმა. თვალი ჰკიდა, თუ როგორ მიწოლილიყო კერის მეორე მხარეს მოხრილი სრორდელი, მისი სუნთქვაც კი არ ისმოდა. თვალები დაეხუჭა თავის ღრმა ძილში, დილაბნელშიც კი თითქოსდა ანათებდნენ მისი მბზინვარე კულულები და მწვანედ ღუოდა ჭრილობებს წაცხებული ბალახთა და წმინდა წყლის ნაზავი.
მოუსვენრად მღეროდნენ ჭრიჭინობელები ჩირგვნარში, მათ გარეული ინდაურების შორეული ყვიტყვიტი, საპასუხოდ სავათთა გამოძახილი და ბებერ კვიპროსებში მოთამაშე ქარის შრიალი ერწყმოდა. შორიახლოს თამამი კუტკალიები დახტოდნენ, სახელდახელო საკიდზე გადაფენილ ტილოს კაბასაც კი შემოსხდომოდნენ ისინი.
წამოიწია ეირინი, მუხლებზე დაეცა, დილის ლოცვა აღავლინა. გამშრალი სამოსი გადაიცვა, მდინარის პირას მოიკლა წყურვილი, პირისახეს წყალი იცხო. კვლავ შეიარაღდა ისრის ნატეხით და მიაშურა უსიერს.
ნადირობას საღამოს ბინდბუნდსა და დილაბნელში დასჩვეოდა მეფისქალი. ამ დროს ძილი მორეოდათ ტყის ნაშიერთ, ბურანს მოეწამლა მათი სიფრთხილე და დაუდევრად უერთდებოდნენ ტყის ძილისპირულსა თუ განთიადის გალობას, ამიტომაც იოლი გახლდათ მათი შემჩნევა.
ბუჩქნარში მიაგნო ეირინმა შეჯგუფულ, ნასუქ გარეულ ინდაურებს, ერთს მარდად მოუგრიხა კისერი და სანამ დანარჩენები აღშფოთებული ყვიტყვიტით ეხმაურებოდნენ სიმშვიდის დაფრთხობას, კერამდე წამოათრია.
ცეცხლს შეუკეთა, კვლავ ააგიზგიზა. ნანადირევს ბუმბულები გააცალა, მოზიდული წმინდა წყლით განბანა, დალოცა საკვები. შამფურზე წამოაგო და მიუფიცხა ცეცხლს, თვითონ კი ჩაიმუხლა იქვე, რათა შემცივნული სხეული შეეთბო.
მზე ძალას იკრებდა, ცის კაბადონზე მიცოცავდა, სისხლისფერს ვარდის პირისა ფერი და ნარინჯისფერი ენაცვლებოდნენ. ზურგი შეაქციეს მიწას ვარსკვლავებმა, მოისხეს ცის ლურჯი მოსასხამები და ჩათვლიმეს, მთელი ღამე მიწის ცქერით გასცლოდათ არაქათი. იხუვლა ტყემ, პირს ცვარი მოიცხო, გაშალა ვეებერთელა მკლავები და გაიზმორა, თითქოსდა წელში სწორდებოდნენ ასწლოვანი თელები და კაკლები, უფრო ხალისიანად გაისმოდა მდინარის ჩუხჩუხიც. შორეული გუგუნი უფრო გაძლიერდა, ეირინის მახვილ ყურს, მიწაზე რომ დაედო, მკრთალი ფლოქვების თქარუნიც მოსწვდა.
გარეული ბედაურნი დაჰქროდნენ შორიახლოს. საღამოს მდინარესთან ჩამოვიდოდნენ ისინი პირის გასასველებლად, თუმცაღა, შემაღლებულ ადგილს, სადამდეც ისინი ათრია წყალმა, არ მიეძალებოდნენ, უფრო ჭალებს ენდობოდნენ უკარება პირუტყვნი.
სანახევროდ შემწვარიყო გარეული ინდაური და კვიპაროსთა ზორბა ტანებს მოსდებოდა გარიჟრაჟის სუსხიანი სუნთქვა, როცა შეინძრა ანდრეი. თვალები გაჭირვებით გამოახილა დაჭრილმა, მიბნედილი მზერით მოათვალიერა მიდამო.
უსიტყვოდ, ცივად უცქერდა მას ეირინი, და შეუჩერებლივ უკეთებდა ცეცხლს.
მცირე ხნით გაუნძრევლად იწვა ანდრეი. შესცქეროდა ცეცხლს და ფიქრობდა იგი, თუ რა გადახდა თავს. საზიზღარ მოგონებებად მოევლინა წინა დღე, მოუწამლა გუნება და დაუმძიმა გული.
წამოიწია იგი, და ჭრილობებმა წამსვე შეახსენეს თავი. დაეღრიჯა სახე ანდრეის, მკერდთან ხელი მიიტანა.
მიიტანა და წამსვე შეიგრძნო ჭრილობებს წაცხებული ნაზავი.
-ეს რაღაა? - ძლივს ამოიხრიალა მან, მწვანე ნაყენი ფრთხილად მოიწმინდა თითებით, შეაცქერდა ერქანთა დიაცს. - ეს შენა ჰქენი, ბარბაროსო? მწამლავ?!
-შენი სიკვდილი თუ მეწადა, წმინდა წყალს გაგატანებდი, სრორდელო ღორო. უბრალოდ სამკურნალო ნაყენია. - ცივად მიუგო მეფისქალმა, ჯოხით გვერდი უცვალა გარეულ ინდაურს. - ანდა ისრის პირს ჩაგცემდი გულში... მე იმ მშვილდოსანის მსგავსად, შენი სიკვდილი რომ ეწადა, მიზანს არ ავაცილებდი.
შესცქეროდა ანდრეი. ვერ გაეგო გონებადაბინდულს, თუ რა ეწადა ერქანთა დიაცს. მისდა გასაკვირად, თითქოსდა დაამებოდა იარები.
-არ გწადია ჩემი სიკვდილი, სიძვის დიაცო? - კბილთა შორის გამოსცრა მან, მარცხენა მხარზე შეხორცებულ ჭრილობას, ჯერ კიდევ ვარდისფრად შეფერილს, შეავლო ხელი. - ნუთუ შენ არ განმგმირე წანდელით ჩემივე კარავში?
უმზერდა ერქანთა დიაცი. ვერაფერს ვერ ამოიკითხავდით მის გაქვავებულ ნაკვთებსა და ბაგეზე, მაგრად რომ მოეკუმა.
-ეს ტყე კარავი როდია, სრორდელო. - მიუგო ბოლოს, ჩურჩულით, მისი სიტყვები, ტყის სიმღერის, ნანადირევის შიშინისა და ცეცხლის ტკაცუნის მიღმა გაჭირვებით მისწვდა მეფისწულის ყურებს. - არც ისრის ნატეხია სატევარი, არც მე ტყვე და არც შენ მხედართმთავარი, მგელთა ხროვის ალფავ...
გამძვინვარდა ანდრეი. ფერწასული წამოჭარხლდა უმალ, ნაპერწკლები გაჰყარეს მისმა ნაღვერდლებივით ანთებულმა თვალებმა.
-როგორ შეჰბედავ სრორდის მომავალ მეფეს შენს უღმერთო სიტყვებს! - იფეთქა მან. - სიკვდილი გწადია, უგუნურო?!
-რად აღრიალდი? - მიუსისინა ეირინმა, გაფაციცებით მიაყურადა. - გწადია, ათასი ჯურის მხეცები დაგვეცნენ თავს? შორიახლოს ველური ბედაურნი დაქრიან, ჩრდილოეთელთა უწყინარ ცხენებს არ ჰგვანან ისინი... ფლოქვებქვეშ ისე იოლად გაგთელენ, ვითარცა მწერი იყო...
-გგონია, პირუტყვს ვუფრთხი, წყეულო დიაცო? - შესძახა მეფისწულმა.
-სიკვდილს უნდა უფრთხოდე, ყეყეჩო... - თავი აზიდა ეირინმა, ამაყად გამოჰხედა წარბებქვეშ მომზირალ გამძვინვარებულ ანდრეის. - და სიკვდილი არ მწადია. შენ მე არ მომკლავ, ქოფაკო, რამეთუ ჩემს გარეშე აქედან გზას ვერ გაიკვლევ, მდინარე წაგიღებს ან ჭაობებში ამოგხდება ეგ უღმერთო სული... ვერც მომკლავ, სრორდელო. თუ გწადია, ღამით ისრის პირი ჩამცე ზურგში, გაიხსენე, რომ ერთხელ გადაურჩი ჩემი ხელით სიკვდილს და მეორედ არ ავაცილებ! აღარ გაგიმართლებს...
-უკვე გამიმართლა, დიაცო. - ბაგე მოეღრიცა ანდრეის, სხეულზე დაიხედა, ურიცხვი ახლად შეხორცებული ჭრილობა თუ ძველი ნაიარევები რომ ჰფარავდა. - მრავალჯერ გამიმართლა. არც პირველი ხარ, ვინც ჩემი სატევარზე წამოგება სცადა, და არც უკანასკნელი.
სიჩუმე ჩამოვარდა. აღარაფერი უპასუხა ერქანთა დიაცმა, კვლავ უბრუნა ინდაურს გვერდი, მერე კი გვერდიდან ზორბა ნაჭერი აათალა, წამსვე იტაცა პირში, დამშეული ჰგლეჯდა ხორცს.
მისი დანახვისღა აეშალა ანდრეის მადა. მისი დასუსტებული სხეული აქამდე წადილს ჰკლავდა მასში, მაგრამ ახლა, როცა საფრთხე არსად მოჩანდა, წყურვილი და შიმშილი მოერია. ინდაურის ფეხს სწვდა ანდრეი, მოჰგლიჯა და დაძიძგნა.
მობობღავდა დღის მხევალი ცის კამარაზე და ორნი აცლიდნენ ინდაურს ხორცს, სანამ შამფურზე წამოგებული შიგნეული და ძვლები არ დარჩათ.
წამოდგა მეფისწული, გაჭირვებით, გმინვით, საშინლად სტკიოდა ჭრილობები, მდინარისაკენ იბრუნა პირი.
-საით გაგიწევია, სრორდელო? - მიაძახა ეირინმა, ძვალს თავი მოაგლიჯა კბილებით და ტვინი ამოსწოვა.
ხმა არ გასცა ანდრეიმ. გმინავდა დაჭრილი ტკივილისაგან, მაგრამ მაინც მტკიცედ დასდგომოდა გზას.
-თუკი შენ ლაშქარს მიაშურე, იმის იმედი არ გქონდეს, რომ მათ მიაღწევ, ქოფაკო! - შესძახა ეირინმა. - ან სეგილთა ტომი წაგტაცებს სიცოცხლეს, ან ტყეში დაჰკარგავ გზას, ანდა უელჰამის თვალუწვდენელ ჭაობებში ამოგხდება სული!
შედგა ანდრეი. სიმწრისაგან კბილები დააკრაჭუნა, სახე მოეღრიჯა მეფისწულს, და წამსვე გადმოჰხედა ერქანთა დიაცს.
-გზას გავიკვლევ, წყეულო. - მიუგო გააფთრებით. - ვერავინ მომკლავს! ჩემი მოკვლა ასე იოლი როდია!
მისდა გასაკვირად, ბაგე შეუტოკდა მეფისქალს, წამიერად ისე გამოიყურებოდა იგი, თითქოს ეღიმებაო.
-წარვედ, მეფისწულო. - ცივად მიუგო მან. - წარვედ და დაადექი გზას, თუკი სიკვდილი მოგწყურებია, ვითარცა წმინდა წყალი.
უთხრა და განაგრძო ძვლების უკანასკნელი ხორცისაგან გაცლა, გვერდით დაგდებული წკნელით უცვალა გვერდი აგიზგიზებულ ტოტებს, ახლა რომ შამფურზე წამოცმულ კარკასსა და შიგნეულობას ჭვარტლავდნენ.
უმზირა ცოტა ხნით მეფისწულმა. მიუახლოვდა მას, მხოლოდღა კერა აშორებდათ ერთმანეთს.
-უწყი, სადა ვართ, ერქანთა დიაცო. - თქვა მან.
თვალისდაუხამხამებლად შეაცქერდა მეფისქალი, მისი ცეცხლით ანთებული, ფითრისფერი თვალები, წამწამები რომ თითქმის არ ემჩნეოდათ, თითქოსდა მოჯადოებულნი იყვნენ.
ანდა აჯადოებდნენ ყველა სულიერს, ვინც მას გზაზე გადაეყრებოდა.
-კარგად მომისმინე, სრორდელო. - დაიწყო მან ანაზდად, წკნელი მოიმარჯვა. - ამას მეტჯერ აღარ გაგიმეორებ... თავზე ბუმბერაზი გალაოზის მხართა თანავარსკვლავედი დაგვნათის, იგი ლომისთავა თანავარსკვლავედს ემიჯნება, მათ გვირგვინად ადევს თავზე ოთხქიმიანი ვარსკვლავი, რაც გვაუწყებს, რომ ბაჰირადან თორმეტიოდე მზის სავალზე გამოვირიყეთ...
პირისახე დაეღრიჯა ანდრეის. მძიმედ ჩამოჯდა იგი, მტრულად უმზერდა მეფისქალს.
-ფეხმაგარი ბედაურიც რომ მყვანდეს, ხუთ მზეში თუ დაიფარება, იმოდენა სავალია. - განაგრძო ეირინმა, ისე საუბრობდა, თითქოს არავის მოერთხა ფეხი მის პირისპირ. - მდინარე სწრაფია, თვალმიუწვდენელ მიწებზე მიედინება, მთასა და ბარს ჰკვეთს... ამჟამად ადიდებულია იგი წვიმათა გამო, ღვთაებას მადლობა შესწირე, ქოფაკო, რათა შეგიწყალა. აზვირთებული რომ არ ყოფილიყო წმინდა წყალი, სეგილთა ტომთან გამოგრიყავდა იგი, მათ კი უცხონი გულზე არ ეხატებათ...
-რაოდენ გასაკვირია, - ბაგე შეუკრთა ანდრეის, - რომ ბარბაროსნი სუფევენ მხოლოდ ამ მიდამოში!
მისკენ გადმოაპურჭყა ეირინმა, კბილები გააშიშვლა და შეუღრინა. ძარღვი არ გასტოკებია მეფისწულს.
-საკუთარი მიწა-წყლისა და თვისტომის თავდადებული დაცვა ბარბაროსობა გგონია, სრორდელო? ყეყეჩო ვიგინდარავ! - შესძახა მან, ბაგე ასწია ზიზღით. - თუმცაღა, ტალახში ნებივრობას მიჩვეულ პირუტყვს ვერ დასვამ სუფრაზე და ვერ წაგისწრებს ენა, რომ სალაფავის ვერცხლეულით ჭამა მოსთხოვო...
უსიტყვოდ უცქირა მოქუფრულმა მეფისწულმა.
-რა გწადია, წყეულო დიაცო? - კბილთა შორის გამოსცრა მან. - რად ზიხარ აქ? რად არ უერთდები იმ ბარბაროსთა ურდოს, ავლატის მთებს რომ შეაფარეს თავი?
-ბაჰირას ცოდვაა გამოსასყიდი. - მიუგო ერქანთა დიაცმა ცივად. - მაგრამ მე ვერ გამოვისყიდი მათ. რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, არ ძალმიძს, რადგან ჩემი ცოდვანი არ არიან ისინი.
შეჩერდა ეირინი, უცქერდა ცეცხლს.
-უგუნური და ჭკვამოკლე გგონივარ, სრორდელო ქოფაკო, მაგრამ ვიცი, თუ როდის ვარ უძლური. - თქვა ბოლოს. - დიახ, ძალმიძს ავლატის მთებში გაქცევა და თავშეფარვა, მაგრამ ბაჰირას გასაჭირში არ მივატოვებ, ერქანთა სიცოცხლე მე დამაწვა მხოლოდ... ყური მიგდე, სრორდელო, თუკი კაცობის მცირედი წვეთიც კი შემოგრჩენია მაგ ბილწ სხეულში, უნდა ვალად დაგედოს ჩემი საქციელი.
ნაკვთები ეგრიხებოდა გამძვინვარებულ, შეურაცხყოფილ მეფისწულს, ღრმად სუნთქავდა და მუშტებს ჰკრავდა იგი.
-რა გწადია? - ჰკითხა ბოლოს.
არაფერი უპასუხა ეირინმა, წკნელი ააქნია და მზისაკენ გაიშვირა.
-დღის მხევლის გზაზე თვალუწვდენელი ზღვაა. - თქვა მან, მერე კი ტყის სიღრმისაკენ იბრუნა პირი. - აქეთ კი ავლატის მთები... წმინდა წყალს თუ აუყვები, სეგილთა ტომს გადაეყრები.
-ტომი მცირეა. - ჩაილაპარაკა მოქუფრულმა ანდრეიმ. - მყიფე და სუსტი. მათი გეშინის, გრძნეულო დიაცო?
-მათ გალაოზის თანავარსკვლავედი დაჰყურებთ, იღბლიანნი არიან... - შეუდრეკელად მიუგო ეირინმა. - ღვთაებაზე ილოცებიან, თუმცაღა დიდი მეფე სერავსის ნაბიჭვართაგან იშვნენ, სანამ ერქანნი მოევლინებოდნენ ამ ქვეყანას, სანამ ავლატის მთებიდან დადენილი წყალი ამოდენა გაიზრდებოდა... მათი უძველესი ადათ-წესების მიხედვით, უცხოს თავამდე ფლავენ მიწაში, თავის ძვალს უმტვრევენ, ტვინს სწოვენ და კვიპროსის ნერგს რგავენ მასში. ესაა ტომის მიწათა წაბილწვის საფასური, სრორდელო. მათ გზაზე არ გავივლიდი.
-მაშ სადაა გზა, რათა იმ წყეულ დედაქალაქს მივაღწიო?! - იფეთქა მეფისწულმა.
-ჭაობთა გადალახვა მოგიწევს! - ბაგე შეუტოკდა მეფისქალს. - უელჰამის ჭაობები ორი მზის სავალზეა გადაჭიმული, მას კლდოვანი ტრამალი ენაცვლება, მერე კი სებიანთა სამფლობელოა გადაჭიმული... თუკი მათ გადალახავ, ბაჰირას მიაღწევ.
-იქნებ შენი ბაგეთაგან მხოლოდ სიცრუე იღვრება, გრძნეულო? – თავი აზიდა, ამაყად გამოჰხედა მას.
-ღვთაებამ გიხსნა. - მიუგო ეირინმა. - რაკი გიხსნა, შენ ჯერ კიდევ გაკისრია შენი საქმე ამ მიწაზე, ამიტომაც არ განმიგმირავს შენი გული. სიცრუე არარად მარგია.
შეფიქრიანდა მეფისწული, ზურგი აქცია ერქანთა დიაცს.
დადუმდა, გაივლო გონში, თუ როგორ ეძგერა ისარი ბეჭში და აუტანელი ტკივილი მოჰგვარა.
ვიღაც უბადლო მშვილდოსანმა დაუშინა ისრები აკაციათა ტევრიდან. ეს მშვილდოსანი, დიდი ალბათობით, ბანაკში ბრძანდებოდა და სულწასული ელოდა იმ დროს, როცა შეეძლო იგი მარტო მოეხელთებინა, თავისი მზაკვრული წადილის ასრულების შემდეგ კი იოლად ვერ ეპოვათ. და თუკი თვით თავადი ატავესიც გახლდათ მოღალატე, სხვანიც იქნებოდნენ. ხმამაღალი და ჭკვამოკლე იყო ატავესი, მაგრამ ლაჩარიც გახლდათ იგი, ყოვლისა მოშიშარი, იგი ვერ შეჰბედავდა მეფისწულს ასეთ ქმედებას, თუკი მას ზურგგამამაგრებელი ძალა არ გააჩნდა.
ატავესი და უცნობი მშვილდოსანი მარტონი ვერ და არც მოიმოქმედებდნენ ესოდენ ღალატს.
კბილები გააღრჭიალა ანდრეიმ.
მრავალჯერ მოსწვდენოდა მის ყურთ ავი ენები, რომლებიც იუწყებოდნენ, უბედური დღე გაუთენდებაო სრორდს, ჩაესვენებაო მისი მზე! უჩურჩულებდა ძმადნაფიცი თავადი სამუელი, იყავი მხნედ, რადგან ბევრნი გისურვებენო ცუდს. მალ-მალე აფრთხილებდა ბიძა გიუნტერი, რამეთუ აჭარტალებდნენ სამეფო კარსა და სრულიად სრორდში ენებს, ღვიძლი ძმა მოჰკლაო ანდრეიმ, ვერ ისვენებსო მომავალი მეფის სისხლი!
ცეცხლი მოედო მკერდზე ანდრეის, სასოწარკვეთილების ნაპერწკლები გაერივნენ მასში.
ღალატი! გაუგონარი მკრეხელობა, სრულიად სრორდისა და ვოლფრამთა ღალატი!
უწყოდა ანდრეიმ, რომ ვიღაც ყეყეჩის ხელი ერია ამაში, იგი მართავდა მიუწვდომელი ფოლადის ფარდის მიღმა თითოეულ ნაბიჯს, მან მოუგზავნა ის წყეული მკვლელი, მან მოისყიდა და აცდუნა თავადი ატავესი!
გაჰკრა გონში მეფისწულს, თუ როგორ გაჰკრა ატავესმა მისკენ მომართულ გაბრიელს თავში მახვილის ვადაჯვარი, თუ როგორ დაეცა სარდალი უგონოდ. გულმა რეჩხი უყო.
ატავესმა გაბრიელი მოიშორა. კლავდი, ის ბედკრული, ბებერი კოჭლი ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას. ატავესს უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი უნდა ჰგონებოდა მათი ხროვის ალფა, რომლის ადგილსაც თვითონ დაეპატრონებოდა, და არც დააყოვნებდა იგი, რომ სრორდში დაბრუნებულიყო.
ალბათ აფრინა კიდეც კაცი, რომ მთელ სრორდს გაეგო საწუხარი ამბავი, რომ ფოლადის ფარდის მიღმა მიმალულ მოღალატეს აღტკინება განეცადა, ეზეიმა, და სისრულეში მოეყვანა თავისი გეგმები.
იქნებ უკვე გამგზავრების სამზადისში იყო გართული მხედართმთავრის გარეშე დატოვებული ლაშქარი.
გული მოეწურა ანდრეის. გაშტერებით ჩასცქეროდა ავარვარებულ ცეცხლს, მის როკვასა და აცეკვებულ ნაპერწკლებს, მაგრამ ვეღარაფრით ხედავდა მას.
-გზას გავუდგეთ. - ბრძანა მან, გარემოს მიაპყრო თვალი, კვიპროსთა მიღმა მზის გამოპარულ მზის სხივებს უცქირა, უკვე ზომავდა იგი უკან სავალ გზას. ფრთხილად შეარხია გულმკერდი, რათა ჭრილობათა ტკივილი შეეგრძნო, შეეფასებინა, თუ როგორ გაუმკლავდებოდა დაუსვენებელ სიარულს.
არც კი შეინძრა ეირინი, წარბი გამომცდელად ასწია მხოლოდ, მერე კი ძაღლივით მოსჭიდა კბილნი ძვალს.
-გზა ვრცელია, სრორდელო. - მიუგო მან. - მგზავრი კი ძვირფასიო, არ გსმენია? არ ძალგიძს სიარული, ვერ გამომვყები... ორი მზის თავზე გავუდგებით გზას.
-არა! - შეჰღრიალა ანდრეიმ, ყური არ უგდო ეირინის სისინს, ხმა გაკმინდეო. - შენი დრო არ იკარგება, წყეულო დიაცო! ნუთუ ჭკვა არ გყოფნის? სასწრაფოდ უნდა გავუდგე გზას!
-მაშ კარგი, ერთი მზის თავზე გავუდგებით გზას. - ამოსთქვა დუმილის შემდეგ მეფისქალმა, მოქუფრული უცქერდა ანდრეის. - ღვთაებამ გიხსნა, ჩრდილოეთელო, გვერდით მოისვრი მის მიერ სულჩადგმულ სხეულს?
-შენს ბილწ ღმერთს მე ნუ მიხსენებ. მე ჭეშმარიტად მხოლოდ ჩემი ღმერთები მიმაჩნია... არ იგონებ ნათქვამს? ჩემ ლაშქარს უნდა დავუბრუნდე... - წაუსისინა ანდრეიმ. - მაუწყე, დიაცო, რაკი თვისტომისა და შენი წყეული მიწის დაცვა გწადია, საკვირველად აღიჩინე ჩემი სიტყვანი? ნუთუ გაოცებს ის, რომ დაჭრილს მწადია დამქანცველი გზის გავლა, რათა ჩემ სისხლსა და ხორცს, ჩემს ნაოფლარსა და ვალს დავუბრუნდე?
უფერული წარბები შეჰყარა ეირინმა, ისე უმზერდა, თითქოსდა პირველად იხილაო მისი სახე. მერე კი აარიდა თვალი.
-ერთი მზის თავზე მივაშურებთ გზას. - გაიმეორა მან. - ხვალ, როგორც კი კვიპაროსთა კენწეროებს ცეცხლი მოედება და გალაოზის ვარსკვლავები ჩახჩახს შესწყვეტენ, უელჰამის ჭაობებს მივაშურებთ.
უცქირა მას ანდრეიმ წამიერად, მის შეკრულ წარბებსა და დახრილ თვალებს, მოპრიალე წამწამები რომ დაჰფენოდათ ზედ. ფეხი მოერთხა მეფისქალს, ჩამოქნილი წვივები მოუჩანდა კაბის ქვეშ და გაახსენდა ანდრეის, თუ როგორ როკავდა მისი ტილოში გამოკვართული სხეული ცეცხლის წინაშე, როგორ ისკუპა მან ტაბლაზე და როგორ დაიხარა მასთან.
ცეცხლს მიუჯდა კვლავ, შემცივნული სხეული მიუფიცხა.
იწევდა მზე, მალ-მალე ჰფარავდნენ მას ღრუბელთა ნაგლეჯები, მაგრამ იძალა დღის მხევალმა, გამოასხივა, შეათბო მიწა. მიღოღავდა იგი ცის კაბადონზე, და ჭიანჭველებივით ირეოდნენ მის გულზე მიფიცხებული, უსიერ ტყეს შეფარებულნი.
კენკრა და ყვავილები მოკრიფა ეირინმა, კვლავ მოინადირა გარეული ინდაური, რომელსაც პირწმინდად გააცალეს ხორცი. მთელი დღე გმინავდა გაუსაძლისი ტკივილისაგან ოფლში გაღვრილი მეფისწული, ჯიუტად არიდებდა იგი თვალს ერქანთა დიაცის დაჟინებულ მზერას. თითქოსდა შეჰღაღადებდა თვალებით გრძნეული დედაკაცი მას, არ ძალგიძსო სიარული, რასაც ვერ აიტანდა მუდამ ძლიერებასა და მოწიწებას დაჩვეული ვოლფრამთა მემკვიდრე.
საღამოს ბინდბუნდში, როცა მოკვდა მზის შუქი და მის გვამს გადააბიჯა ვარსკვლავთა ჩახჩახა სინათლემ, მუხლი მოიპყრო ეირინმა, ლოცვა აღავლინა ღვთაების წინაშე. შეჰღაღადა მასა და მის ძუძუმტე ყორანს, შეწევნა შესთხოვა, გრძელ გზაზე დამეწვიეო მეგზურად.
მერე კი წყალი და ბალახები მოზიდა, კვლავ დაამზადა სამკურნალო ნაზავი, შორიახლოს მიუგდო მეფისწულს. არაფერი უთქვამს საპასუხოდ ანდრეის, სიტყვის დაცდენით არ დაიმცირებდა იგი თავს, მაგრამ მაინც წასცხო იარებს ნაზავი, ტკბილად ახსოვდა მას დილით განცდილი საამური შვება, რომელიც ამ ნაყენმა მოჰგვარა.
დილით კი, როცა ხილულ იქნა გზა და მდინარის შხაპუნი ისმოდა ბუნდოვნად უსიერ ტყეში, ცეცხლი ჩააქრო ეირინმა. მოზრდილ ფოთოლთა ბოხჩაში ინდაურის ხორცი, ბალახები, ყვავილები და ძვლები გამოჰკრა. ისრის ნატეხით შეიარაღდა ანდრეი, ტუნიკის ნახევებით, გაჭირვებით შეიხვია ჭრილობები.
და როგორც კი ოდნავ შეათბო ჰაერი მზის მცხუნვარებამ, ჭრიჭინობელებმა ჩირგვნარში უდარდელი სიმღერა გააბეს და შორს გარეულ ბედაურთა ფლოქვების თქარუნი მიწყდა, მიმართეს ერქანთა დიაცმა და უწყლო ჩრდილოეთელმა უელჰამის ჭაობთა გზას.скачать dle 11.3

 




№1 √ ახალბედა მწერალი™ linda

14 გვერდი და 3,580 სიტყვაა <3 იმედია ისიამოვნებთ! <3 სამწუხაროდ, ამ კვირის ბოლოს მივემგზავრები საქართველოდან, მერე იქ ერთი ამბავია და... არ ვიცი ზუსტად შემდეგს როდის მოვახერხებ. მომიტევეთ პლს :( არა მგონია შემდეგ კვირაში იყოს, მაგრამ ტელეფონში დავწერ და ძალიან ვეცდები რომ ძალიან არ დავაგვიანო. უღრმესი მადლობა ყველას ვინც მკითხულობს! <3

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ჰიიიმე მძახალო :00 ორმაგად ინტრიგნული თავი იყო :დდ მიუხედავა დ სპოილერებისა მაინც ნემსებზე ვიჯექი და თვალებდაქაჩული ვკითხულობდი :დდდ
ამ თავის პირველმა ნაწილმა მაინც რაღაცნაირად შენზარა ...მორგანასი მეშინია ცოტა არ იყოს :დდ თან სახელიც ისეთი აქვს თავიდანვე ეტყობოდა მაგას კოჭებში რაც იქნებოდა :დდდ
უუფ მეორე ნაწილი ხო იყო და იყო :დდდ ჩემი ზორბეგი :დდ ❤❤არა მაინც რა უმადურია სინსილა გაწყდა მაგის :დდდ დაეხმარა გოგო ეს კიდე ღრიალებს ბოლო ხმაზე დაჭრილი მამონტივით 3:))
აი ამ ბუნების აღწერებით რომ არ იღლები ეგ მართლა ძაან კარგია და სასწაულად გამოგდის,ზოგ ისეთ უცხო სიტყვას ვნახულობ ხოლმე არა მნიშვნელობა კი მესმის მაგრამ არც კი გამხსენებია ეს სიტყვა თუ იყო ჩვენს ენაში :დდდ ❤❤
მე მაგდენი მოთმინება სად მაქვს ორი სიტყვით აღვწერ ხოლმე და ეგრევე მოქმედებაზე გადავდივარ :დდდდ ძაან სულსწრაფი მძახალი გყავს :დდდდდ
ისე ეჭვი მაქვს იმ ჭაობებში მაგათ კაი არაფერი დაემართებათ :დდდდ არა მართლა ძაან მაინტერესებს უჰ უჰ უჰ (აქ ხელებს ვუსვამ ერთმანეთს :დდდ)
მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ ჩემო უნიჭიერესო ❤❤❤❤ დაე მალე მოგეკვარახჭინებინოს საქმეები და მალე დაგვბრუნებოდე :დდდ ❤❤❤❤

 



№3 √ სტუმარი ™ ქენდის

მარგარიტა რა საყვარელია :დდდ

ოოოო აი ჩვენს მოთხრობას რაც შეეხება, ძალიან ნიჭიერი და სასწაული გოგო ხარ შენ.
ერთს ვიქრიბ, რომ ძალიან ნელა ანვითარებ მოვლენებს, საკმარისზე ნელაც.
არ ვიცი საერთოდ რას ველოდები ანდრეის და ეირანის წყვილს?
მაქამდე სანამ ეგ მოხდება დიდი ამბავი იქნება და მთელი ომი, სიამაყის, ამპარტავნების, ძველი წყენის დავიწყება მოუხდებათ.
ან საერთოდ იქნებიან რომ ერთად? ://
მე კი ძალიან მინდა, რომ იყვნენ.
ვიცი მოთხრობა მაქაურ სიალამზეზე და დინასტიებზეც არის, მაგრამ აშკარად ყველა ამ ორის დიალოგს უფრო ველოდებით ხოლმე :დდ

 



№4 √ ახალბედა მწერალი™ linda

Margaritha Loki
ჰიიიმე მძახალო :00 ორმაგად ინტრიგნული თავი იყო :დდ მიუხედავა დ სპოილერებისა მაინც ნემსებზე ვიჯექი და თვალებდაქაჩული ვკითხულობდი :დდდ
ამ თავის პირველმა ნაწილმა მაინც რაღაცნაირად შენზარა ...მორგანასი მეშინია ცოტა არ იყოს :დდ თან სახელიც ისეთი აქვს თავიდანვე ეტყობოდა მაგას კოჭებში რაც იქნებოდა :დდდ
უუფ მეორე ნაწილი ხო იყო და იყო :დდდ ჩემი ზორბეგი :დდ ❤❤არა მაინც რა უმადურია სინსილა გაწყდა მაგის :დდდ დაეხმარა გოგო ეს კიდე ღრიალებს ბოლო ხმაზე დაჭრილი მამონტივით 3:))
აი ამ ბუნების აღწერებით რომ არ იღლები ეგ მართლა ძაან კარგია და სასწაულად გამოგდის,ზოგ ისეთ უცხო სიტყვას ვნახულობ ხოლმე არა მნიშვნელობა კი მესმის მაგრამ არც კი გამხსენებია ეს სიტყვა თუ იყო ჩვენს ენაში :დდდ ❤❤
მე მაგდენი მოთმინება სად მაქვს ორი სიტყვით აღვწერ ხოლმე და ეგრევე მოქმედებაზე გადავდივარ :დდდდ ძაან სულსწრაფი მძახალი გყავს :დდდდდ
ისე ეჭვი მაქვს იმ ჭაობებში მაგათ კაი არაფერი დაემართებათ :დდდდ არა მართლა ძაან მაინტერესებს უჰ უჰ უჰ (აქ ხელებს ვუსვამ ერთმანეთს :დდდ)
მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ ჩემო უნიჭიერესო ❤❤❤❤ დაე მალე მოგეკვარახჭინებინოს საქმეები და მალე დაგვბრუნებოდე :დდდ ❤❤❤❤

ტეტაააააა მძახალო <3 <3 <3 როგორ მაბედნიერებ ნეტავი იცოდე :დდდდ <3
ჰოოო, მორგანას ამბავი გასაგებია უკვე, რა ჯურის ტარაკანაცაა ეგ გაქნილი გველი, ეგა :დდდ ხო მიაკლა ტრიქსე, ახლა რას იზამს და სად ჭირში მიდის, ღმერთებმა იციან მარტო :დდ მიაკვტეს ძაღლი გზაში :დდდდდდ
დაჭრილი მამონტი laughing laughing laughing laughing laughing laughing რა ქნას ამ უბედურმაც, დაჭრილია და ცოდოა :(( ეირინი კიდე ძულს, უბედურს :დდდდდ 3:)
ბუნების აღწერებია ჩემი საშველი, ესენი უფრო მსიამოვნებს ვიდრე თვითონ მოქმედება :დდდდ ნელი მძახალი გყავს, ნელი და რა ვუშველოთ :დდდდ
ვნახოთ, ვნახოთ, რა მოხდება ჭაობებში, პირობებს არ ვდებ 3:) smiling_imp smiling_imp
ახლა ვწერ და ვნახოთ როდისთვის მომიხერხდება <3
ხო იცი როგორ მახარებ, ძვირფასო მძახალო heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart უღრმესი მადლობა შენ! <3
ქენდის
მარგარიტა რა საყვარელია :დდდ

ოოოო აი ჩვენს მოთხრობას რაც შეეხება, ძალიან ნიჭიერი და სასწაული გოგო ხარ შენ.
ერთს ვიქრიბ, რომ ძალიან ნელა ანვითარებ მოვლენებს, საკმარისზე ნელაც.
არ ვიცი საერთოდ რას ველოდები ანდრეის და ეირანის წყვილს?
მაქამდე სანამ ეგ მოხდება დიდი ამბავი იქნება და მთელი ომი, სიამაყის, ამპარტავნების, ძველი წყენის დავიწყება მოუხდებათ.
ან საერთოდ იქნებიან რომ ერთად? ://
მე კი ძალიან მინდა, რომ იყვნენ.
ვიცი მოთხრობა მაქაურ სიალამზეზე და დინასტიებზეც არის, მაგრამ აშკარად ყველა ამ ორის დიალოგს უფრო ველოდებით ხოლმე :დდ

მარგარიტა უზაღვარლესი მყვანს :დდდ <3
ვიცი, რომ ნელა მიიწევს მოვლენები წინ, მაგრამ სხვანაირად ვერ ვაკეთებ :( მინდა სრულფასოვნად დავწერო და არ მივაფუჩეჩო, მქონია ასეთი შემთხვევები ამიტომ ვიკავებ თავს. თუმცა ყველანაირად შევეცდები რომ დავაჩქარო ამიერიდან <3
ჰო, ბოლოში რა მოხდება ან ამ ორს რა მოუვა ღმერთმა იცის smiling_imp smiling_imp და მე კიდო laughing laughing smiling_imp smiling_imp
ვიცოდი, რომ დიალოგს ელოდა მკითხველი, ამიტომ ორი სცენის დიალოგი ერთ სცენაში ჩავატიე :დდდ ტიპებს მგონი სხვა თავებში ამდენი არ ულაპარაკიათ laughing laughing
უღრმესი მადლობა შენ შენი სიტყვებისათვის და რომ მკითხულობ და მომყვები! <3 heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№5 √ სტუმარი ™ Guest ნათია

ძალიან კარგი ნამუშევარია ლინდა. ნუ რა ენითაც წერ, ეს ძალიან დიდ ძალისხმევას და ცოდნას (სიტყვათა მარაგს და ზოგადად ენის ცოდნას) მოითხოვს და ის, ვინც გეუბნება, რომ იღლება ამ ენით, არ დაუჯერო! იშვიათია ასეთი ნაწარმოებები ამჟამად, ზუსტად ასეთი იშვიათი ენით დაწერილი! ცოტა სწრაფად თუ განავითარებ მოვლენებს და დაგვაოკებ სულსწრაფ მკითხველებს, კარგი იქნება :D მე მაინც მგონია, რომ ანდრეი და ეირინი უკვე წყვილია :) თავიდანვე გაკრთა მაგ ორს შორის ჰაერში ნაპერწკლები და ველი მათი, როგორც წყვილის უფრო განვითარებას და გრძნობების (ოღონდ სიძულვილის აღარ) გაღრმავებას. აუცილებლად ველი შემდეგ თავებსაც.
წარმატებები <3

 



№6 √ ახალბედა მწერალი™ linda

Guest ნათია
ძალიან კარგი ნამუშევარია ლინდა. ნუ რა ენითაც წერ, ეს ძალიან დიდ ძალისხმევას და ცოდნას (სიტყვათა მარაგს და ზოგადად ენის ცოდნას) მოითხოვს და ის, ვინც გეუბნება, რომ იღლება ამ ენით, არ დაუჯერო! იშვიათია ასეთი ნაწარმოებები ამჟამად, ზუსტად ასეთი იშვიათი ენით დაწერილი! ცოტა სწრაფად თუ განავითარებ მოვლენებს და დაგვაოკებ სულსწრაფ მკითხველებს, კარგი იქნება :D მე მაინც მგონია, რომ ანდრეი და ეირინი უკვე წყვილია :) თავიდანვე გაკრთა მაგ ორს შორის ჰაერში ნაპერწკლები და ველი მათი, როგორც წყვილის უფრო განვითარებას და გრძნობების (ოღონდ სიძულვილის აღარ) გაღრმავებას. აუცილებლად ველი შემდეგ თავებსაც.
წარმატებები <3

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 მკითხველისაც მესმის, რამდენიმემ მითხრა, რომ ეუცნაურებათ ასეთი ენა, მაგრამ ასეთი სტილის ისტორიას სხვანაირი ენა არ მოუხდებოდა, ჩემი მოკრძალებული აზრით. ამიტომაც გავრისკე და მიხარია თუ ფიქრობ, რომ რაღაც გამოდის laughing laughing heart_eyes heart_eyes ყველანაირად ვეცდები, რომ ცოტა დავაჩქარო და ეგ თუ არა, დიდი თავები დავდო, რომ ბევრი სცენები ჩაეტიოს :დდდდ ეირინსა და ანდრეის რაც შეეხებათ, ვნახავთ მალე ცოტ-ცოტა ცვლილებებს relaxed relaxed wink #ინტრიგანიმე smirk smirk ვთვლი, რომ მათი ურთიერთობა თავიდან თავამდე იცვლება და ვნახოთ რა მოხდება შემდეგში <3
უღრმესი მადლობა შენ, რომ წამიკითხე და შენი აზრი გამიზიარე heart_eyes heart_eyes
პ.ს. გეფიცები, არ ვიცი რატომ, ალბათ დღევანდელი ნერვიულობის ფონზე, მაგრამ ამეტირა შენი კომენტარი რომ წავიკითხე. კარგი ცრემლებით ამეტირა, რასაკვირველია flushed laughing laughing დიდი მადლობა <3

 



№7 √ სტუმარი ™ Guest ნათია

აჰ, ცრემლები არ გინდა :) არაფრის, რა მადლობა.
ტაკ ძერჟაწ, ტემპი არ დააგდო და გააგრძელე ასევე. შეეცადე ხოლმე, რომ დიდხანს არ გვალოდინო. მესმის, რომ დიდ თავებს წერ და შრომატევადია, მაგრამ იმდენად უცებ წაკითხვადია ჩემთვის, რომ ლომკაში ვრჩები, რომ მოვრჩები კითხვას smile მშვენიერი გამოდის, რაც გამოდის და ატავესს თუ ეტირება დედა ადრე თუ გვიან, დიდად გავიხარებ frowning
პ.ს. ისე ეირინი მეც კი შემიყვარდა თავისი ფერფლისფერი რაფუნცელის სიგრძე თმით, მარტო ანდრეის კი არა smile yum

 



№8  offline √ წევრი ™ crete20

მოკლედ როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ! stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes heart_eyes

ძალიან ვისიამოვნე ამ თავით. ცოტა ვიცინე და ცოტაც ანდრეიზე გავბრაზდი laughing laughing სულ იღრინება. და იმისდამიუხედავად რაც ანდრეიმ ეირინის ხალხს და ოჯახს გაუკეთა ეირინი მაინც წყნარადაა!

მოკლედ ველი როგორ მოატეხავენ ერთმანეთს რქებს laughing laughing laughing laughing

 



№9 √ ახალბედა მწერალი™ linda

Guest ნათია
აჰ, ცრემლები არ გინდა :) არაფრის, რა მადლობა.
ტაკ ძერჟაწ, ტემპი არ დააგდო და გააგრძელე ასევე. შეეცადე ხოლმე, რომ დიდხანს არ გვალოდინო. მესმის, რომ დიდ თავებს წერ და შრომატევადია, მაგრამ იმდენად უცებ წაკითხვადია ჩემთვის, რომ ლომკაში ვრჩები, რომ მოვრჩები კითხვას smile მშვენიერი გამოდის, რაც გამოდის და ატავესს თუ ეტირება დედა ადრე თუ გვიან, დიდად გავიხარებ frowning
პ.ს. ისე ეირინი მეც კი შემიყვარდა თავისი ფერფლისფერი რაფუნცელის სიგრძე თმით, მარტო ანდრეის კი არა smile yum

ჰო, მეტჯერ აღარ ვიტირებ, მაშინ მომაწვნენ ემოციები laughing laughing heart_eyes heart_eyes
ძალიან ვეცდები რომ არ დავაგდო ტემპი, ამას დაგპირდები <3 მიხარია, რომ უცებ და იოლად იკითხება, ისიც, ლომკას რომ იწვევს laughing laughing laughing laughing smiling_imp smiling_imp #მუდამბოროტიმე laughing laughing ატავესს რაც შეეხება, ვნახოთ ^^ კარმა ყველას მოაწევსო და იქნებ მასზეც გამართლდეს :დდდდ
პ.ს. ვაიმეეეე <3 heart_eyes heart_eyes მიხარია, რომ ასე მოგწონს ეირინი <3 სულ მინდოდა ასეთი გარეგნობის გოგო მყოლოდა ისტორიაში და უბედნიერესი ვარ, რომ გამომიჩნდა შესაძლებლობა laughing laughing relaxed
უღრმესი მადლობა, რომ მკითხულობ! <3
crete20
მოკლედ როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ! stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes heart_eyes

ძალიან ვისიამოვნე ამ თავით. ცოტა ვიცინე და ცოტაც ანდრეიზე გავბრაზდი laughing laughing სულ იღრინება. და იმისდამიუხედავად რაც ანდრეიმ ეირინის ხალხს და ოჯახს გაუკეთა ეირინი მაინც წყნარადაა!

მოკლედ ველი როგორ მოატეხავენ ერთმანეთს რქებს laughing laughing laughing laughing

ტეტა ძალიან დიიიიიდი მადლობა! <3 <3
რომ იცინე ეს უკვე კარგია, და ანდრეიზე რომ გაბრაზდი, მთლად უკეთესი laughing laughing რა ქნას ბიჭმა, ეგეთი დაჭრილი და მეტოქესთან დარჩენილი მეც აღრენილი ვიქნებოდი უაზროდ laughing laughing ეირინს ღვთაების დიდი რწმენა აქვს და იმიტომ ინარჩუნებს სიწყნარეს, თორემ ალბათ ამასაც უნდა რომ მიახვრიტოს laughing laughing
უღრმესი მადლობა შენ! <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent