შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 10)


2-09-2017, 23:57
ავტორი linda
ნანახია 1 896

დალიჰარი (თავი 10)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-*-*-*-*-*-*-10
მზე ჯიუტად მიცოცავდა ცაზე, დაუდგრომლად აცხუნებდა. ჰაერში აუტანელი, მწველი ხვარტი იდგა, სუნთქვაც კი ჭირდა. ჭრიჭინობელები, დილით რომ ასე დაუდევრად აცნობდნენ არე-მარეს თავიანთ სიმღერას, დადუმებულიყვნენ. ფოთოლიც კი არ იძვროდა, თითქოს გაუსაძლის სიცხეში გარინდულიყო უსიერი ტყე, დღის მომაჯადოვებელ მხევალს ლიბრი მოეკიდებინა ყოველი სულიერი თუ უსულოსათვის.
სული ეხუთებოდა სიცხეს მიუჩვეველ ანდრეის. ოფლი სდიოდა ბედშავს ღვარად, თვალებში ჩასდიოდა, ხილვას უშლიდა. ჭრილობები, მათზე წაცხებული ბალახთა ნაყენისა და სახვევების მიუხედავად, გაუსაძლისად ეწვოდა, თუმცაღა ტკივილით გამოწვეულ გმინვას ყელში ჰკლავდა. არ სურდა ერქანთა დიაცის ყურამდე მისულიყო მისი ტკივილი, რადგან ისედაც ნელა მიდიოდა დედაკაცი.
რამდენიმე ყივილის სიარულის შემდეგ, მდინარის ფონი სჩანდა თვალსახედში. ვეებერთელა ქვები ურყევად ამოწვერილიყვნენ მიწიდან, რომელთა შორის მდინარე ნაკადულივით მორჩილად მირაკრაკებდა. წმინდა წყალს დაეწაფნენ, მოიკლეს წყურვილი, ფონზე გადავიდნენ და დაადგნენ აბალახებულ შარაგზას.
მზე იქანცებოდა, ჩასასვლელად ემზადებოდა, ისინი კი მიდიოდნენ, დაუსრულებლად. ერთადერთხელ შეისვენეს, ნაშუადღევის გაუსაძლის სიცხეს შეაფარეს თავი მდინარის იქით აღმართულ, მეჩხერ ტევრში, რომელიც ძლივძლივობით იკავებდა ჩრდილს. პირწმინდად გაცალეს ეირინის მიერ შეკრული ბოხჩა, მაგრამ მაინც დამშეულიყვნენ მთელი მზის სიარულით არაქათგამოცლილნი. მიაყურადა ერქანთა დიაცმა, იქნებ სავათნი ან ინდაურნი იყვნენო, ჰაერი დასუნა და კენკრას ეძია ჩირგვნარში, მაგრამ პირის გასასველებელს ვერაფერს მიაგნო. გაწბილებულნი და დამშეულნი გაუდგნენ გზას.
დღის მეექვსე ყივილი აწევდა უკვე, როცა დამდგარ, დამყაყებულ ჰაერს მცირე, გრილი ნიავი შეეპარა და მცირე მლაშე სურნელი, ზღვიდან მონაბერ ქარს რომ შემორჩენოდა გზაზე, გაჰქრა, მისი ადგილი ოდნავ მჟავე, მყრალმა სურნელმა დაიკავა. გაუთავებელმა ბორცვებმა, მათზე სიარული რომ ასე უჭირდა ანდრეის, გაივაკეს, მათ წინ გადაიჭიმა ვეებერთელა ხეებით სავსე ტყე, რომელსაც, საითაც არ უნდა გაეხედა სულიერს, არც თავი უჩანდა და არც ბოლო.
რაც უახლოვდებოდნენ ტყეს, მით უფრო მაღლა იწევდნენ ხეთა კენწეროები და უფრო მძაფრდებოდა მყრალი სურნელი, სანამ გულისამრევად არ იქცა. ხეთა ზორბა ტანებს ხშირი, გაუვალი ლელიანი ჰფარავდა. გაჭირვებით მიიწევდა წინ ანდრეი, ჰკაფავდა უკიდეგანო ლელქაშს, მოქუფრული ათვალიერებდა ტყეს და ხეთა ფესვებთან დაფენილ უცნაურს ბალახს უმზერდა ეჭვით.
ტყის პირას შედგა ეირინი. ლელქაშს თავი მოჰგლიჯა, გაისროლა.
ანდრეისდა გასაოცრად, მან ბალახის საფარი გაჰკვეთა, წყალში დაინთქა. ზედაპირზე შემორჩენილი უცნაური ბალახის ნაგლეჯები ტალღებად, მცირე ნავებივით გაცურდნენ აქეთ-იქით.
-გიხაროდენ, სრორდელო! - თქვა ეირინმა, გამალებით ათვალიერებდა არე-მარეს, ფონს ეძებდა. - უელჰამის ჭაობები მოგესალმებიან!
-ნუთუ ყველგან ესოდენ წყალი დგას? - იკითხა წარბშეკრულმა მეფისწულმა. - დაე ცურვით გადავლახოთ!
-არა, რასაკვირველია. - მიუგო ეირინმა, ზორბა, მაღალი ლელქაში მოსტეხა და ტყის პირს დაუყვა. მიწას სინჯავდა იგი, ცდილობდა ამაღლებული მიწა ეპოვა, საიდანაც ფონს გავიდოდნენ. - ჭაობები იდუმალია, სრორდელო, თითქოსდა მცირეა წყალი, მაგრამ მთრეველი, ავი სილა იმალება მის სიღრმეში, ისე ჩაგითრევს, ვერც კი მოასწრებ გაფართხალებას... თუმცაღა ჭაობი არ არსებობს ფონის გარეშე.
ლელიანს მიუჰყვებოდა ეირინი და მიჰყვებოდა ანდრეი, ფრთხილად სინჯავდა რბილ მიწას. ესოდენ რბილი ნიადაგი არასოდეს შეეგრძნო მას. უწყლო ჩრდილოეთს მხოლოდ ქვასავით მაგარი, დამსკდარი, ულმობელი მიწა ჰფარავდა, რომელიც დღეღამ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად იღებდა ნაყოფს.
მცირე ჟამმა განვლო, სანამ ერქანთა დიაცი ფონს მიაგნებდა. იგი ფრთხილად გაუყვა ამაღლებულ მიწას, ანდრეის ანიშნა, მომყევიო. მის ნიშანზე მოიქუფრა მეფისწული, მკერდს ცეცხლი მოედო.
რამოდენა დამცირება იყო! ვოლფრამთა ერთადერთი მემკვიდრე, სრულიად სრორდელთა ლაშქრის ალფა და მომავალი მეფე კვალდაკვალ ადევნებოდა ბარბაროს დედაკაცს! გაუგონარი მკრეხელობა! რაოდენ თავხედი იყო ერქანთა დიაცი, რომ უკანასკნელი ვოლფრამისათვის შეებედა ესოდენ თავგასული ქმედება!
მოვკლავო, იქადნიდა გონში ანდრეი, მოვკლავ და მის ნეშტს პირწმინდად დავწვავ, ნაცარს კოლტს დავუყრი, რათა მისი ნასახი არ დარჩესო ამ მიწას.
მაგრამ გულში ჩაიმარხა და ენას შეიხმო სისხლის ყივილი მეფისწულმა. უნდა გაჰრიდებოდნენ ამ წყეულ ჭაობებს, მერე კი თავის ლაშქრამდე უნდა მიეღწია. მხოლოდ მაშინ მოავლენდა თავის რისხვას ყველა სულიერს, ვინც ღმერთებს შეჰღაღადებდა მისი მოკვდინების წადილით.
-სამი მზის სავალი ასე უნდა განვლოთ? - შეჰკითხა წარბშეკრულმა ერქანთა დიაცს, მიწას დაებჯინა ფრთხილად და გარშემო დატრიალებული, აბეზარ მწერთა გუნდი მოიცილა თავიდან. - შიმშილითა და წყურვილით სული ამომძვრება!
-ეს შენი ფარშევანგის ბუმბულებით დაფარული და პატიოსანი ქვებით მოვარაყებული ოთახები როდია, ჩრდილოეთელო. - დაცინვით შესძახა ეირინმა, მის ძახილზე მწერები დაფრთხნენ, უსაფრთხო საფარავს მიაშურეს. - მცირედი გაჭირვებაც უნდა იწვნიო...
-გაჭირვება ბარბაროსთა ენაზე მოკვდინებაა? - შეუღრინა მოქუფრულმა ანდრეიმ.
-რასაკვირველია არა. - მშვიდად მიუგო ერქანთა დიაცმა, ლელქაშით მიწა მოსინჯა და წყლიდან ამოზიდულ, ერმანეთს ჩაკონებულ და უთავბოლოდ გადახლართულ ხეთა ფესვებს გადააბიჯა. - ამბობენ, უელჰამის ჭაობებს კეთილი სული იცავს, მწყურვალს წყურვილს უკლავს, მშიერს აპურებს და სასოწარკვეთილს ანუგეშებსო. მას შევეფარებით ღამით, თუ ვპოვეთ.
-თუ ვპოვეთ?! - შესძახა გაოგნებულმა ანდრეიმ, გაფაციცებით უმზერდა ეირინს და მის მიერ დადგმულ ნაბიჯთ მიჰყვებოდა შეუცდომლად. - არ უწყი, სადაა? იქნებ არც დადის ამ დედამიწაზე ეგ შენი კეთილი სული?
-ვიხილავთ მას, სრორდელო. ღვთაება გაგვინათებს გზას, მცირე რწმენა იქონიე. - მიუგო ეირინმა, წყალზე მონარნარე ვებერთელა დუმფარას გადააბიჯა.
დადუმდა ერქანთა დიაცი და დადუმდა მეფისწულიც.
აუარებელ მწერთა ბზუილის მიუხედავად, დუმილი მოსდებოდა მყრალ წყალსა და მასზე დაფენილ მწვანე საფარს, ალაგ-ალაგ ხეთა ფესვები და წყლის ჩუმი ნაკადი ჰკვეთდა. ჰაერში აესროლათ ქორფა წვეროები აშოლტილ ხეებს, მათ ნაზად არწევდა სიო.
გრილოდა ჭაობებში, და თითქოს ჭირხლი შეერია ჰაერს, როცა მოაწია ღამემ. არაქათგამოცლილმა დღის მხევალმა წარიტაცა დღის სითბო, ხარბად გაეხვია მასში. შორეული დასავლეთი შეჰღება სისხლისფრად, მაგრამ მისი ნაპერწკალიც აღარ აღწევდა ფოთლებით შემოსილ ხეთა ხშირი საბურველის მიღმა, ბინდბუნდი მოსდებოდა სუსხიან ჰაერს.
ცოტა ხანი მიიწევდა ეირინი წინ, ძლივძლივობით არჩევდა გაფაციცებით მაცქერალი თვალებით ხესა და წყალს, უსმენდა ნაკადთა მოძრაობას და ხელებს აცეცებდა გარშემო, რათა გზა გაეკვლია, მაგრამ მალევე მიჰხვდა დიაცი, რომ აღარ ძალუძდა. კუნაპეტი გამეფებულიყო გარშემო, უელჰამის ჭაობები კი ყინულივით ცივდებოდნენ ღამე, მეცხრე მთვარის სუსხი ჭაობთა შუაგულს ჭირხლავდა კიდეც.
ისინი წელამდე წყალს მოარღვევდნენ ორიოდე ყივილის მანძილზე. უწყოდა ეირინმა, რომ ანაზდად წაერთმეოდა ფეხებში ძალა, თუკი მათ მალევე არ მიუფიცხებდა ცეცხლს.
ტკივილი მოაწვა მას ადევნებულ ანდრეის. ჭრილობებს წაცხებული ნაყენის მიერ მოგვრილი საამური შვება წაეტაცა განვლილ დროს, დამშეულიყო, წყურვილი და გაუსაძლისი დაღლილობა მოსწოლოდა დაჭრილს.
-უნდა შევჩერდეთ. - თქვა ანაზდად ეირინმა. მისი ხმა, თითქოსდა საომარ ბუკს დაჰკრესო, ისე გავრცელდა მიჩუმათებულ, მიძინებულ ჭაობში, ფოთლები შეარხია და ძილი დაურღვია დუმფარებზე შეგროვილ მწერთა ჯოგს. - აღარ ძალმიძს გზის გაკვლევა... საძილე ადგილი უნდა ვპოვოთ...
-რასაა, რომ ამბობ, წყეულო ბარბაროსო?! - შესძახა ანდრეიმ, გაფაციცებით შეჰყურებდა მის წინ მდგარ, რუხ სილუეტს, კეფაზე დაგორგლილი დალალები რომ მთვარის სხივივით ესხა თავზე და მას გზას უკვლევდა. - ნუთუ სადმე საძილე ადგილი გეგულება? ცოტაც გაისარჯე, ფეხები არ დაგატყდება! ის შენი კეთილი სული ვპოვოთ...
-არა ვუწყი, თუ სადაა იგი! - მოუბრუნდა მოქუფრული ეირინი, თუმცაღა კარგად ვერ არჩევდა მის ნაკვთებს ანდრეი. - უელჰამის ჭაობები სამი გზის სავალზეა გადაჭიმული, არც კი ვუწყი, თავშია იგი, შუაში თუ ბოლოს! იგი ბევრს არ უნახავს, იდუმალია და უნდა ჰპოვო, რათა დამხმარე ხელი გამოგიწოდოს!
-მაშ ვპოვებთ. - მიუგო ანდრეიმ კუშტად. - იქნებ ახლოსაა? უკან არ დავიხევ, დიაცო, ამ აქოთებულ ყინულივით წყალს არ მივაბარებ ჩემს სიცოცხლეს!
მდუმარედ უმზირა ეირინმა. ძალიან ეწადა ანდრეის მისი პირისახის დანახვა, რათა მიმხვდარიყო, თუ რას ჰფიქრობდა გრძნეული დედაკაცი, მაგრამ ჩამოწოლილი სიბნელე რუხი საბურველით ჰფარავდა მის ნაკვთებს.
მერე კი პირი იბრუნა დიაცმა, გზის გაკვლევა განაგრძო.
ერთი ყივილი განვლეს. ფეხებში ძალა ერთმეოდა ერქანთა დიაცს, რეტი დაესხა. უწყოდა, რომ წყალში მაცდური სილის გარდა სისხლისმწოველი წურბელებიც სუფევდნენ, რომლებიც დროს იხელთებდნენ და მგზავრთა შიშველ კანს ეწაფებოდნენ, სადაც მიუწვდებოდათ ხელი. ალბათ მეც ამეკიდნენო, იფიქრა ეირინმა, მაგრამ არც უცდია წვივებს ხელი შეევლო, გაჰყინვოდა კანი, ვერც შეიგრძნობდა მათ.
მერე კი, სანამ იმედი გადაუწყდებოდა ერქანთა დიაცს, სინათლე დალანდა ხეთა შორს. სუსტად მოკიაფე, მბჟუტავ სხივს ხეთა ტევრი ჰფარავდა თვალთახედვიდან, სანამ არ მიუახლოვდებოდი.
წამსვე სინათლისაკენ გაემართნენ, ვითარცა სანთლის ალს ადევნებული მწერნი.
მოახლოვდა შუქის წყარო და თვალი შეავლო მას ეირინმა.
ხეთა შორს გაბჯენილ ფიცრებზე წამოეჭიმათ ქორფა წკნელებით შეკრული, თიხით შელესილი და ლელქაშით დაფარული ქოხი. მომცრო, მტვრიანი მინის ფანჯრიდან იღვრებოდა სინათლე, დაფეხვილი კარის გვერდით კი ჩირაღდანი ჩამოეკიდებინათ.
ქოხის კართან ვიღაც ქალს მოერთხა ფეხი, გვერდიდან დაჰფენოდა სინათლე. გამხმარი ლელისაგან ოსტატურად სწნავდა ქუდს.
-ვინაა მანდ? - დაიხავლა მან, ისე, რომ თავი არ აუღია სამუშაოდან, შესაშური სისწრაფით გრეხდა ლელს. - ვის სწადია სიკვდილი, ესოდენ გვიან რომ შესჭიდებია უელჰამის ჭაობებს?!
-უბრალო მოგზაურნი გახლავართ, დიაცო! - შესძახა ანდრეიმ, არაქათგაცლილ დაჭრილს ისღა ეწადა, რომ შუქი ეხილა და მცირეოდენ დაესვენა. - ღმერთები დაგლოცავენ, შეგვიფარე ბედკრულნი და გვიპატრონე, სანამ მზე შესცვლიდეს მთვარეს!
მცირე ხნით არ გაინძრა უცხო დიაცი, მერე კი წამოდგა ღიღინით, ჩირაღდანი ჩამოხსნა კედელს და მათ მიუშვირა, გადმოჰკიდებოდა ფიცრებს.
ორმოცდაათიოდე ზამთრისა იქნებოდა. ოდესღაც მშვენიერ, თაფლისფერ თმას უხვად შერეოდა ჭაღარა, დროის დაღი დასდებოდა მონაოჭებულ პირისახეს. ფართო ბაგე ჰქონდა, გაფანჩული წარბები, ცხვირი ქორივით წაწვეტებული და კაუჭიანი.
შეათვალიერა ორივე და ღიმილმა გაუნათა სახე, ხელი დაუქნია.
-მოიწით, შვილებო! სტუმარი, მეტადრე მოულოდნელი, ციდან გამოგზავნილი ფრთიანი ანგელოზია! - გულთბილად მოიპატიჟა მან, კიბე ჩამოუშვა და წამსვე მოეპოტინა მას ეირინი, რის ვაივაგლახით აათრია გაყინული სხეული. მას ფეხდაფეხ მიჰყვა ანდრეი, რომელიც გაწამებული გმინავდა ჭრილობათა ტკივილისაგან.
თვალიც კი არ დაუხამხამებია ჭაობთა დედაკაცს, წამსვე შეუძღვა ქოხში, თან გაუჩერებლად არატრატდა.
-სალომეა გახლავართ, შვილებო... მობრძანდით, მობრძანდით! - ეპატიჟებოდა ის, ორი სამფეხა სკამი გამოათრია საიდანღაც და აგიზგიზებული ბუხრის წინ დასხა ორივე, წყალი ფიალებში ჩამოსხა თიხის, ულაზათოდ შეთითხნილი თუნგიდან, რომელიც ხარბად შესვეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა. - ნუთუ მთელი ეს გზა ფეხით განვლეთ? რამ გაგიჭირვათ ასე, შვილებო, რომ მოგიწიათ ასე მგზავრობა? ეს კიდევ დაჭრილია! - მან გამომცდელი თვალი შეავლო ანდრეის ჭრილობებს, ოდნავ რომ ჟონავდნენ ალისფერ სისხლს ტუნიკის სახვევებში. - საიდან მოდიხართ, საით გაგიწევიათ?
-ავლატის მთებიდან მოვდივართ. - მკვირცხლად უპასუხა ეირინმა, თან დაუდევრად იცილებდა წვივებზე აკიდებულ წურბელებს, ცეცხლში ჰყრიდა, აშიშხინებულ სისხლისმწოველებს უმზერდა. - სებიანთა სამფლობელოს გზას ვადგავართ...
-გავიგე, ბაჰირაში დიდი ალიაქოთი სუფევსო! - განაცხადა სალომეამ, თიხის ფიალებში გამალებით ნაყავდა რაღაცას, ქოხი სასიამოვნო, მადისაღმძვრელმა სურნელმა აავსო. - მართალია, შვილებო?
ეირინი დადუმდა. კისერი წაეგრძელებინა, ცეცხლს მიშტერებოდა, ღრმად შეისუნთქა.
-დიახ. - თქვა ბოლოს. - სრორდის ლაშქარმა დაიპყრო ბაჰირა. პირწმინდად გაჟლიტეს მეომარნი, ერთი პირტიტველა ვაჟიც არ დასტოვეს... მთელი დედაქალაქი და მას მოხვეული მდელონი და ტყენი იწვიან...
-თავი ნუ მოგიკვდება! - შესძახა დედაკაცმა, მერე კი ხმამაღლა გადაიხარხარა. დაცინვის ელფერი დაჰკრავდათ მის სიტყვებს. - გაუგონარი ამბავია! უწყლო ჩრდილოეთელებმა ბაჰირას ზღვა დაისაკუთრეს! უწყიან კი, თუ რა უნდა უყონ მას?
ეირინმა არა უთხრა რა, დუმილით ათვალიერებდა ქოხს. ყურს არ უგდებდა მათ ანდრეი, ლაფში ამოთხვრილი ქალამნები გაეძრო და ფეხებს ითბობდა.
მისკენ გადაიხარა ეირინი ანაზდად.
-არაფერს პირი არ დააკარო, რასაც მოგაწოდებს. - ყურისძირში უჩურჩულა მან. მის სიტყვებს ცეცხლის ტკაცუნი, წურბელათა შიშხინი და ხის როდინში ბაზალტის სანაყი ქვის რახუნი ყლაპავდა.
გახევდა ანდრეი. ეირინის გაქვავებულ ნაკვთებს შეავლო თვალი, მერე კი, მოქუფრულმა, დიაცს მიაპყრო თვალი, რომელიც გულმოდგინედ ნაყავდა როდინში სურნელოვან ბალახებს.
-საიდან მოდიხარ, დედაკაცო? - შეჰკითხა მან. - რა დაგრჩენია ამ წყეულ ჭაობებში?
-სალომეა გახლავართ, შვილო, შორიდან გადმოხვეწილი, შვიდი სამეფოს შვილი გეახლებით. - მიუგო დიაცმა, კედლიდან გამხმარი ხორცის მახინჯი ნაჭერი ჩამოხსნა და მომცრო, ულაზათო დანით აათალა გვერდი. - მაგრამ უკეთესი ცხოვრების მიზნით მივატოვე ყველაფერი, აქეთ გამოვიხიზნე... უკეთესი ცხოვრებისა რა მოგახსენო, არ გამიმართლა ბედმა! აქ დავსახლდი, სიწყნარეცაა, საჭმელიცა და სასმელიც. აგე, შორიახლოს საჩეხეა მოწყობილი! ვიღაც ბერიკაცს გაუმართავს, ჭკვიანი კი ყოფილა, ჭაობებს ვერსად გაექცეოდნენ ველური ბედაურნი... მათ ვუვლი, ხმის გამცემნი მყვანან... - სიტყვა გასწყვიტა, ბალახ-ბულახის ნაზავითა და გამხმარი ხორცით სავსე ფიალები შესთავაზა მან.
არ გვწადიაო, იუარეს ორივემ. ბევრი ეჯახირა დედაკაცი, მიირთვით, დამშეულნი იქნებითო, მაგრამ მაინც არ დააკარეს პირი მის მოწოდებულ საჭმელს.
რაღაცას ბურტყუნებდა ჩუმად სალომეა, მაგრამ გადადო ფიალები, კიდევ ერთი სამფეხა მოითრია ცეცხლთან და ჩამოჯდა, შეაცქერდა დაუპატიჟებელ სტუმართ მომლოდინედ.
-რაიმე მოჰყევით, შვილებო! - შესძახა მან, ღრმად ჩამჯდარი, შავად მოკიაფე თვალებით გამომცდელად შესცქეროდა. უცნაურ, დაგრეხილ ღიმილად გაეპო ბაგე. - ერთი გამოყრუებული დედაკაცი ვარ ამოდენა ჭაობებში, ყურშიც მესმის და თვალიც მიჭრის, თუმცა უდიერად მიბერდება ორივე... რამე მოჰყევით, რათა კარგად მოვისმინო, თუნდაც რაიმე ზღაპარი...
მოქუფრული შესცქეროდა ანდრეი დედაკაცს. არ ეამა მის თვალში გაჩენილი ნაპერწკალი, ავად იცქირებოდა იგი. ისრის ნატეხს უფრო მარჯვედ მოავლო თითები.
ეირინი არც კი შენძრეულა, სალომეას ჩუმად უცქერდა, მერე კი თავაზიანად გაუღიმა, დავიწყებო თხრობას.
-ათასი მთისა და ათასი ზღვის იქით, - დაიწყო მან, ფითრისფერი თვალები ცეცხლს გაუშტერა. - იქ, სადაც მხევალი დღისა ღამით ევლინებოდა ქვეყანას და მხევალი ღამისა მიწას ათბობდა, მაშინ, როცა მეფე სერავსის სახელით არ კრთოდნენ ყველანი, ერთ მდიდარ ვაჭარს ათი ვაჟი ჰყავდა. ათივე მხარბეჭიანი, ბრგე და მხნე.
აურაცხელი ქონება ვაჭარს პატივმოყვარეობამ და ხელგაშლილობამ გაანიავებინა. დარდისაგან დასნეულდა მოხუცი და სანამ განუტევებდა სულს, დარჩენილი მცირე ავლადიდება და მიწები დაურიგა ვაჟებს. დალოცა ვაჟები მომაკვდავმა და ნაბოლარას, თავის საყვარელ შვილს, უჩუმრად საიდუმლო გაანდო.
-შვიდი უდაბნოს, შვიდი უღრანი ტყისა და შვიდი მდინარის მიღმა, ცარცოვანი ტრამალია. ცარცოვან ტრამალზე თოვლივით თეთრი იურთები დგანან, სულიერი არ ჭაჭანებს გარშემო. იურთები ოქროთი, პატიოსანი ქვებითა და გედის ბუმბულებითაა სავსე. წამოიღე განძი და გამდიდრდებიო.
შეჰფიცა ყმაწვილმა მამას, ხელთ ვიგდებო განძს. გადაულოცა მცირე ქონება და მიწები ძმებს, ამოისხა რკინის ქალამნები, ხელთ ყავარჯენი დაიჭირა და გაუდგა გზას.
შვიდი უდაბნო გადალახა მან. მეშვიდე უდაბნოში ხვლიკი დახვდა, რომელიც ნებივრად ეფიცხებოდა მზეს. მას არწივი დასტრიალებდა თავზე და ეტყობოდა, რომ მისი შეჭმა ეწადა.
ქვა სტყორცნა ნაბოლარამ არწივს და დააფრთხო. მადლობა გადაუხადა ხვლიკმა და ჰკითხა, საით გაგიწევიაო. ცარცოვან ტრამალზე, იურთების სიმდიდრის საძებნელადო, მიუგო ვაჟმა.
ურჩია ხვლიკმა, განსაცდელი გელის და გაბრუნდიო უკან, მაგრამ ნაბოლარას არაფრის გაგონება არ სურდა. მოიჭამა კუდი ხვლიკმა და მისცა ვაჟს, განსაცდელს რომ გადაეყრები, მიწაში ჩაჰფალ, ჩემი სახელი ახსენე და წამსვე გიხსნისო.
მადლობა გადაუხადა ვაჟმა და გზა განაგრძო.
შვიდი უღრანი ტყე გადალახა მან. ტყეში მელია შეამჩნია, რომელსაც გრძელი კუდი გახლართვოდა ჩირგვნარში. ტოტები გადაკაფა ყმაწვილმა და გაათავისუფლა მელია.
სული მოითქვა ცხოველმა, მადლობა გადაუხადა და ჰკითხა, საით გაგიწევიაო. ცარცოვან ტრამალზეო, მიუგო ვაჟმა. სცადა მისი შეჩერება მელიამ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ოქროსფერი ბეწვი გამოიძრო კუდიდან და მისცა ნაბოლარას, განსაცდელს რომ გადაეყრები, ეს ბალანი დაწვი, ჩემი სახელი ახსენე და უმალ გიხსნისო.
მადლობა შესწირა ვაჟმა, შვიდი მდინარის გზას დაადგა. მეშვიდე მდინარეს მიუახლოვდა და შორს ცარცოვანი ტრამალი მოჩანდა, როცა უცნაური ხმა შემოესმა. გაიხედა და რას ხედავს! წყლის ბოროტი სული, ნუკელაქი, ჩაჰფრენია ვიღაც ულამაზეს ქალიშვილს ლორწოვანი თითებით და მდინარეში დახრჩობას უპირებს. ეცა წამსვე ყმაწვილი, ეძიძგილავა ნუკელაქს, სანამ თავისივე ძვლის სატევარით არ გამოსჭრა ყელი.
სიხარულით ეამბორა თვალცრემლიანი ქალიშვილი მხსნელს ხელზე, მადლობა შესწირა და ჰკითხა, საით გაგიწევიაო.
ცარცოვანი ტრამალის იურთებისკენო, მიუგო ვაჟმა.
ეხვეწა და ემუდარა ქალი, არ წახვიდე, ნუ დაიღუპავ თავსო, მაგრამ საკუთარს ჯიუტად ადგა ყმაწვილი. ბოლოს ქალიშვილმა დალალი შეიჭრა, ვაჟს გადასცა და დაარიგა.
-ცარცოვან ტრამალს რომ მიადგები, გეგონება, რომ სულიერი არ ჭაჭანებს, მაგრამ ასე არაა. იქვე აღმართულ გამხმარ ლეღვის ხეს დაინახავ. ტოტი მოსტეხე და შეინახე. როგორც კი ტრამალზე დაყრილ საცხენე წივას დაინახავ, თვალები დახუჭე და არ გაახილო, სანამ ათას ნაბიჯს არ განვლი. გაცოფებულ ჭიხვინს გაიგონებ და შიშისაგან მუხლი მოგეკვეთება, მაგრამ ტოტი გადააწანი იმ მოჭიხვინე არსებას და შესძახე, განვედ სულო-თქო! იქ ადრე ქარავანი მოკვდა, ცხენთა სულები დაჰქრიან ტრამალზე და განძს იცავენ, თუ თვალებს გაახელ და ხმას არ გაიღებ, თავს მოგჭამენ. ჭიხვინი რომ მიწყდება, თვალი გაახილე. იურთებს დაინახავ, გარშემო უამრავი განძეულია. ხელი არაფერს ახლო. იურთათა შორს ულამაზეს, სისხლისფერთმიან ქალიშვილს დაინახავ. იგი გრძნეულია, ცდუნებას ეცდება, მაგრამ მის სიტყვებს ყური არ უგდო. მიდი და ჩემი დალალით მოჰგუდე. თუ ვერ უძლებ, ჩემი თმა შეჭამე, ჩემი სახელი ახსენე და მეც იქ გავჩნდებიო.
მადლობა გადაუხადა ვაჟმა და მიაშურა ტრამალს. როგორც ქალიშვილმა დაარიგა, გზის პირას გამხმარი ლეღვის ხე დალანდა, ტოტი მოსტეხა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, საცხენე წივა დაინახა, თვალები დახუჭა და ათასი ნაბიჯი გადადგა. ჭიხვინი შემოესმა, სულ ახლოს, მაგრამ თვალები არ გაუხელია, გადაჰკრა ტოტი არსებას და შესძახა, განვედ სულოო. ჭიხვინი გაწყდა და თვალები გაახილა ნაბოლარამ.
გარშემო ცარცოვან ტრამალზე უფრო თეთრი იურთები ბრწყინავდნენ, იქაურობა აურაცხელ სიმდიდრეს აევსო. ეწადა ვაჟს, რომ სწვდომოდა საგანძურს და ჯიბეები გამოეტენა, მაგრამ გაუძლო ცდუნებას.
იურთათა შორის კი, იჯდა განძით გარშემორტყმული, ულამაზესი ქალიშვილი. სისხლისფერი თმა ესხა თავზე, ასეთი სილამაზე ჯერ არ ეხილა ნაბოლარას. სტიროდა ქალი, შეემუდარა, ხელი მომეცი და აქედან წამიყვანე, სანამ ჩემი მცველნი გამოგეცხადენო.
მიუახლოვდა მას მისი მშვენიერებით მოჯადოებული ყმაწვილი, მაგრამ არ დასცალდა. ერთ-ერთი იურთიდან უზარმაზარი გველი გამოიჭრა და ვაჟს მიაშურა. დაფრთხა ყმაწვილი, მაგრამ ხვლიკის სიტყვა გაახსენდა, მისი კუდი დაჰფლა მიწაში და სახელი ახსენა. წამსვე უზარმაზარი ხე ამოიზარდა მიწიდან, იმოდენა სიგრძეზე აიშოლტა იგი, რომ მისი კენწერო ცას სწვდებოდა. ხე წამსვე აყვავილდა, მძაფრსურნელოვანი ყვავილები გაიფურჩქნენ. სურნელით რეტდასხმული გველი ხეს ააცოცდა და უსურვაზივით შემოეხვია.
მეორედ მიუახლოვდა ქალიშვილს ვაჟი, მაგრამ ანაზდად მეორე იურთიდან ცხრათავიანი ხარირემი გამოიჭრა, დაიბღავლა, ცხრა თავი დახარა და რქებზე აცმას უპირებდა ვაჟს. ვაჟი შეშინდა, მაგრამ ამჯერად მელიის სიტყვა გაახსენდა, მისი ბალანი ამოიღო, დასწვა და მისი სახელი ახსენა. დამწვარი ბეწვი ფენიქსად იქცა, რომელიც ჩხავილით დაატყდა თავს ცხრათავა ხარირემს, თვრამეტივე თვალი ამოჰკორტნა და როცა ხარირემი უკანმოუხედავად გაიქცა, უმალ დაიფერფლა.
მესამედ მიუახლოვდა ქალიშვილს ვაჟი. ქალიშვილი სტიროდა, ემუდარებოდა, მიხსენიო. ცდუნდებოდა ნაბოლარა, ამიტომ ამოიღო ყვითელთმიანი ქალიშვილის დალალი, შესჭამა და მისი სახელი ახსენა.
წამსვე გაჩნდა ყვითელთმიანი ქალიშვილი, იძრო წითელი ცული და თავი გააგდებინა განძში ჩაფლულ ქალს. ვაჟმა მას მადლობა შესწირა, განძი და მშვენიერი ქალიშვილი წამოიყვანა, იმ დღის მერე კი ბედნიერად ცხოვრობდა.
ანაზდად გასწყვიტა სიტყვა ეირინმა, დადუმდა. სიჩუმეში ჩაიძირა პაწაწინა ქოხი, უადგილოსა და დამაყრუებელში, თითქოსდა სასტიკად ხელყვესო მეფისქალის ხმა.
ძლივძლივობით გამოერკვა ანდრეი, მონუსხულივით რომ შესცქეროდა ერქანთა დიაცს, მის გაშტერებულ, ალაპლაპებულ თვალებსა და ბრინჯაოსფერ კანს.
დუმილი უხეშად დაარღვია დედაკაცმა.
-ეგ ძალიან კარგი, - თავს აკანტურებდა სალომეა, - მაგრამ ფრიად გაოცებული დავრჩი... ნუთუ არ უწყი ერქანთა ზღაპრის ჭეშმარიტი დასასრული? ვიფიქრე, მე სულელმა, რაკი ერქანთა დიაცია, უწყის მეთქი...
ეირინი მთელი სხეულით დაიძაბა, თვალები გაუფართოვდა, წაუვიდა ფერფური. წარბშეკრული შეაცქერდა მას ანდრეი, თითქოსდა მოეჩვენა, თუ როგორ გაჰკრა შიშმა თვალებში.
-შენა, დიდო მგელო? - ანდრეის მოუბრუნდა დედაკაცი. - შენ რაღას მეტყვი? ნუთუ აქამდე არ იკმარე ამდენი არსების სიკვდილი? ნუთუ ჭეშმარიტი მეფე არ იმყოფინე?
ფეხს წამოვარდა თავზარდაცემული ანდრეი. კინაღამ საფეხა სკამს წამოედო, ისრის ნატეხი მოუღირა სალომეას. ეირინი არ შენძრეულა, იჯდა და შესცქეროდა დედაკაცს.
-რასაა რომ მეუბნები! - შეჰყვირა მეფისწულმა. - ვინა ხარ, წყეულო დიაცო!
-როცა სისხლისფერთმიან ქალიშვილს თავი გააგდებინა წითელი ცულით, მერე ვაჟს მოუბრუნდა მდინარის დიაცი! - შესძახა სალომეამ, ეირინს დაშტერებოდა დაჟინებით. - და ალესილკბილებიან, ნუკელაქის დად, ოროუჟად იქცა. ოროუჟმა წითელი ცულით ვაჟს ყელი გამოსჭრა და ცარცოვანი ტრამალის იურთათა განძი თავისად დაისაკუთრა! დაიხსომე, დიაცო! დაიხსომე, თუმცაღა უნდა უწყოდე ეს...
ეირინი მხეცივით წამოვარდა. ავაზასავით უმალ ისკუპა მან, ხელი ყელში ჰკრა სალომეას. გალურჯდა დედაკაცი, წაიფორხილა და დაიწყო ხრიალი. ანდრეისაკენ გაიხედა და მოეპოტინა, პირი დააღო ხარბად.
მის გამოწვდილ ხელს სტაცა თითები ანდრეიმ, ამაზრზენი ჭახანით გადაუწია და მაჯაში მოსტეხა. დედაკაცი ტკივილისაგან აყმუვლდა, მუხლთ დაემხო.
-ვინა ხარ?! - შეჰღრიალა მას გაცოფებულმა მეფისწულმა, მოტეხილი ხელი მაგრად შეარხია. აბღავლდა დედაკაცი. - ვინა ხარ მეთქი?!
-ბაბალ ქაანი მოკითხვას გიგზავნის, უწმინდურო ძაღლო... - ამოიხრიალა სალომეამ.
ყელიდან გაუგონარი, არაადამიანური ხმა ამოხდა მეფისწულს. წითელ-ყვითელმა გადაჰკრა ანდრეის, სუნთქვა შეეკრა, თითქოსდა გუდავენო.
მერე კი ისრის ნატეხი მოუქნია დედაკაცს, საფეთქელში გაუყარა, მერე კი ხელი ისე შეუშვა თითქოსდა უხსენებელს ეხებაო.
წაიქცა სალომეა. ჩრჩილდაჭმულ ხის იატაკს ანთხევდა სიცოცხლის ალისფერს, თვალები ღია, თვითკმაყოფილი და ანგარებით აღსავსე დარჩენოდა.
-ბილწი, უწმინდური... - ჩურჩულებდა გაოგნებული ანდრეი, უკან დაიხია, ქანცგაწყვეტილი, გაოფლილი დაეშვა სამფეხა სკამზე. - ბილწი დედაკაცი...
იატაკზე გაწოლილ ნეშტს უმზერდა ეირინი, მალ-მალე კი გადაჰხედავდა ანდრეის. მეფისწულივით ფერი წასვლოდა მეფისქალს, ელდანაცემს ხელები უთრთოდა.
სული როგორც კი მოითქვა და სუნთქვა მკერდში ჩაიბრუნა, გვამი გარეთ გადაათრია და ჭაობის მყრალ წ....ბში ჩაუძახა ეირინმა. მას დანაყილი ბალახით სავსე ფიალები მიაყოლა.
თვალს არ აშორებდა მას ანდრეი.
ცეცხლს მიეფიცხა ეირინი. მცირე ხნით უჩუმრად უმზერდნენ ერთმანეთს, თითქოსდა ერთიმეორის ფერწასულ, ელდანაცემ პირისახეს ეწერა მათ ახლად აღმოცენებულ კითხვათა პასუხნი.
-რად მითხარი, რომ პირი არაფრისათვის დამეკარებინა? - შეჰკითხა ანდრეიმ და დაარღვია მძიმე სიჩუმე. - საიდან უწყოდი, რომ შხამს გვაჭმევდა ეს წყეული?
-სურნელით ვიგრძენი საწამლავ ბალახთა ნაზავი. - მიუგო მეფისქალმა. - ჩვენი მოკვლა ეწადა...
-არა, ცდები, დიაცო. შეჭმა ეწადა. - თქვა უცებ ანდრეიმ, ამ ალიაქოთში მიწაზე დავარდნილ ულაზათო დანაზე მიუთითა. - ტარი ადამიანის მკლავის ძვლისაა.
არაფერი თქვა ეირინმა, დადუმდა, დანას ჩაშტერებოდა. ანდრეიმ ყურადღებით მოათვალიერა ქოხი, უმზერდა იგი აქამდე შეუმჩნეველ, ჭერზე მოქანავე მალათა აცმას, თაროზე ფიალებად შეწყობილ თავის ქალებს. სკამს, რომელზეც სალომეა ჩამომჯდარიყო, ძვლის ფეხნი ჰქონდა.
-საჩეხე ახსენა. - თქვა ანაზდად ანდრეიმ. - რაკი აქვეა საჩეხე, მაშასადამე ცხენთა სავალი გზაც იქნება...
-გავშორდეთ ამ წყეულ ადგილს. - წამოდგა მეფისქალი. - წყეულიმც იყოს ეს ქოხიც და მისი პატრონიც...
კედელს მიკრული მშრალი ხორცი ბოხჩაში გამოკრა ეირინმა, კელაპტარი მოხსნა, ცეცხლი წაუკიდა მას. ქოხს პაწაწინა უკანა კარი ჰქონდა, რომლის მიღმა, ხეთა სქელ ტევრში გაებათ დაწეწილი, დახავსებული თოკებისა და მომცრო ტოტებისაგან შეკრული ხიდი, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოსდა სადაცაა ჭაობთა მყრალ წ....ბში დაინთქებაო.
ჯერ ეირინმა გადაკვეთა ხიდი, მას ანდრეი მიჰყვა. მათ ფეხქვეშ საეჭვოდ ჭრიალებდნენ ტოტნი, თითქოსდა მათი ღალატი და ჭაობთა წყალთათვის მინდობა ეწადათ. ნისლი დასწოლოდა არე-მარეს, თუმცაღა წინ მიმავალი, კელაპტრის მოკიაფე შუქი და ცეცხლის სინათლეზე აბრწყინებული, მთვარის სხივივით თმა მეფისქალისა უნათებდა გზას ანდრეის.
უამრავი მწერი ტრიალებდა და ბზუოდა გარშემო, ჩირაღდნის ჩახჩახა შუქი ეფინებოდა მათ, ლაპლაპა სხეულებზე ირეკლებოდა. თითქოსდა ცეცხლი მოსდებოდა თითოეულს, პაწაწინა ნაპერწკალთ ჩამოჰგავდნენ, ჰაერში რომ ენთო.
თითქოსდა ვარსკვლავთცვენას მიეტოვებინა ცა და საბურველად მოჰფენოდა მიწას.
მდუმარედ შესცქეროდა სანახაობას ანდრეი. ეირინის ჩირაღდანსა და ფერფლისფერ დალალებს გაუშტერა თვალი მან.
უწყოდა, რომ ვეღარასოდეს იხილავდა ამას.
კიდული ხიდის ბოლოს როგორც მიუახლოვდნენ, ჭიხვინი შემოესმათ. მოზრდილი კუნძული აღმართულიყო შუა ჭაობებში, მასზე წკნელებისაგან შეკრული მესრით შემოსაზღვრული საჩეხე წამოეჭიმათ. კელაპტრის მიახლოებაზე საჩეხეში შეგროვილი ბედაურნი წამოცვივდნენ, ფლოქვები დასცხეს მიწას, აჭიხვინდნენ გავეშებულნი.
განთიადის მხრიდან ფიცრებით შეკრული, ზორბა ხიდი ეკვროდა კუნძულს, ვეებერთელა ბოძებზე იდგა და ხეთა ტევრში იკარგებოდა, სადაც მას კელაპტრის თვალს ვერ მიაწვდენდი.
-აქედან გაჰყავდა და მოჰყავდა ბედაურნი. - ჩაილაპარაკა ანდრეიმ, გამოცდილი მხედრის თვალი შეავლო ცხენთ. - ველურებს იჭერდა, ათვინიერებდა და ამწყვდევდა აქ, მერე კი ალბათ გაჰყავდა ბაზარზე...
-არ უნდა მოგვეკლა ის წყეული დედაკაცი. - თქვა ანაზდად ეირინმა, კელაპტრის შუქზე ათვალიერებდა ფეხმაგარ ცხენთა მოვლილ ბეწვს, ავად მომზირალ, გამჭრიახ თვალებსა და მოღერებულ ყელებს.
-რაო? - მოუბრუნდა მოქუფრული ანდრეი. - ამ ჭაობებმა საღი გონი გამოგწოვეს, გრძნეულო დედაკაცო? ნუთუ გსურდა იმ წყეულ დიაცს ყელში გაჩხეროდი?
-ბედაურთ ვინღა მოუვლის... - ჩუმად ჩაილაპარაკა ეირინმა, თითქოსდა თავისთვის. ხელი გაიწვდინა, მესერთან მოახლოებულ, გაბედულ თაფლას მოუთათუნა ცხვირზე.
უცქირა ანდრეიმ. გაუკრთა ბაგე, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
მეფისქალმა თაფლა გამოიყვანა საჩეხედან, მეფისწულმა კი რუხ ქურანს დაადგა თვალი. მესერს მოხეული საბლები ჩააბეს ცხენებს და დაადგნენ ხიდს.
სამჯერ ამოვიდა და ჩავიდა მზე, სამჯერ ჩაიმალა ჭაობის ხეთა ტევრის მიღმა ვარსკვლავთა ჩახჩახი და მთვარის ციალი, სანამ გადაჰკვეთდნენ უელჰამის თვალუწვდენელ ჭაობებს.
ჭაობთა მიღმა მდინარის მომცრო შენაკადის გადალახვა მოუხდათ, რომელსაც სისხლივით წითელი ქვები ჩაჰფენოდა ფსკერზე. მის მიღმა კი კლდოვანი ტრამალი გადაიჭიმა.
გაუსაძლისად აცხუნებდა მზე. უელჰამის ჭაობნი ცივი და ღამით ალაგ-ალაგ დაჭირხლულნიც კი იყვნენ, ტრამალს კი ვერ მისწვდენოდა მეათე მთვარის ყინულოვანი სუნთქვა, მხოლოდ და მხოლოდ დღის მხევლის სითბოთი საზრდოობდა. მზის გულზე გამოფენილიყვნენ ხვლიკები და სიცხის მოყვარული მწერნი თუ ქვეწარმავალნი, ოხშივარადენილ ქვებზე მიწოლილნი ეფიცხებოდნენ მზეს, ალაგ-ალაგ უადგილოდ ამოჩრილ, ყვითელ ბალახებს ჰგლეჯდნენ და კლდოვან ფუღუროთა წიაღში იბუდებდნენ.
იწვოდა ანდრეი. ძალზედ გაუჭირდა დაჭრილს კლდოვან ტრამალზე მგზავრობა. ეირინის მიერ წამოღებული გამხმარი ხორცი ორი მზის მიწურვისას შემოეფრცქვნათ ხელთ, მაგრამ წყურვილი უხუთავდათ სულს. ამბობდა ერქანთა დიაცი, სებიანთა სამფლობელოსთან მიახლოებისას ნაყოფიერი მიწები და უამრავი წყაროაო, თუმცაღა სებიანთა სამფლობელოს ნატამალიც კი არ სჩანდა თვალსაწიერში.
თაფლასა და ქურანზე ამხედრებულიყვნენ მოგზაურნი. ცქვიტი იყო ანდრეის სისხლისფერი ქურანი, ყოჩაღი და ფეხმაგარი, გონს გაივლებდა ხოლმე მეფისწული დანანებით, დაჭრილი რომ არ ვყოფილიყავ, ჩიტივით გავფრინდებოდიო. მაგრამ მხოლოდ ჩორთით შეეძლო ანდრეის მოუსვენარი ქურანის გარეკვა, რათა სასტიკად მტკივანი ჭრილობები არ გადახსნოდა.
დაუსრულებლად აცხუნებდა მზე, გახურებული ტრამალი ღამეც კი ოხშივარს უშვებდა, და დაუსრულებლად მიდიოდნენ დამაშვრალნი.
მესამე მზის მიწურულს, რუხმა ჩრდილმა გადაუარა ცას, კამარა შეკრა, მოგზაურთ ჩაუწუილა ყურისძირთან. გაჭირვებით გამოერკვა სიცხისა და უწყლობისაგან რეტდასხმული, ტუჩებდახეთქილი მეფისწული, აჰხედა ცას.
ირაო შემოჰხაზა მათ თავზე ვეებერთელა ფრინველმა, ააფართხალა ფრთები, ბუღი აუდინა ჰაერს.
ლანდთა სამყაროდან გამოქცეული აჩრდილივით შავი იყო ყორანი. გონიერი თვალებით დაჰყურებდა მათ. ანდრეის გამოწვდილ წინამკლავს ჩაეჭიდა ბასრი კლანჭებით, სისხლი დაადინა.
შეაყოვნა თაფლა ეირინმა, სისხლისფერ ქურანს გაუსწორა, შეჰყურებდა, თუ როგორ შემოხსნა ანდრეიმ ვეებერთელა ყორანს ფეხზე მიმაგრებული ბარათი. ყორანმა გონიერი მზერა მიაპყრო ერქანთა დიაცს, ფერფლისფერ დალალებზე წაუნისკარტა.
თაფლაზე გადახრილმა ეირინმა კი უმალ ჩაიკითხა ბარათი.
„ჩემო თვალისჩინო, ჩემო ერთადერთო ვაჟო! განსაცდელი მოგვადგა კარს მგლებს, ქოფაკნი სჩანან ვოლფრამთა სასახლეში. შენი სიკვდილი სწადია უალდჰარის თავად გენრის, ოქროსა და განდიდებას დახარბებულნი მოუსყიდია წყეულს!
თავადი გენრი ყველგანაა, ჩემო თვალისჩინო, უფრთხილდი, რამეთუ შენი ამბავი არ მივიდეს მის ყურამდე... გული ცუდს მიგრძნობს, შენი მოკვდინება სწადია, ამიტომ ათასი ყური და ათასი თვალი გამოისხი, რათა არ წაგისწროს წყეულმა ქოფაკმა! არავის ენდო, სამალავის საბურავი მოისხი და უჩუმრად განვლე გზა სრორდამდე, მოკავშირეთა მეფეთ ეახლე, იქნებ დახმარების ხელი გამოგიწოდონ!
ღმერთთა ღმერთი ალიჰა გფარავდეს. ეს წერილი დასწვი.
მგელი იყავ, და მგლის შიში გქონდეს.
შენი მოსიყვარულე მამა და მეფე სოლომონი.“
ცახცახებდა მეფისწული. ცოფის ფითრი მოაწვა მის სახეს, უწყლობისაგან ჩაცვენილი თვალები ჩაუსისხლდა.
-თავადი გენრი... - კბილთა შორს გამოსცრა მან. - ოჰ, წყეულო! მლიქვნელი, გველი მოღალატე!
-გვირგვინს წაგრტაცებენ, სრორდელო. - ჩაილაპარაკა ერქანთა დიაცმა. მწყრალად გადახედა მეფისწულმა მას, წერილი მოკუჭა და შენთქა.
-გადატრიალება ელის სრორდს. - ამოიხრიალა მან. - მაგრამ ჭეშმარიტი მეფე მხოლოდ მე ვარ.
მერე კი შემოჰკრა ქუსლები ქურანს. თავისუფლება იგრძნო სისხლისფერმა ულაყმა, დაიჭიხვინა მხიარულად და კლდოვან ტრამალზე გაიჭრა. ნაპერწკლებს ყრიდნენ ცხენის ფლოქვები და განრისხებული მეფისწულის თვალები, რომელიც იქედნიდა ჩუმად მოღალატის მოკვლას.
მიაქროლებდა ბედაურს ანდრეი, მოაგელვებდა მის გვერდით თაფლას ეირინი და მკლავიდან აფრენილი ყორანი კამარას ჰკრავდა მათ თავზე.
სებიანთა სამფლობელო ახლოვდებოდა.


-*-*-*-*-*-*-*-
ხუთი მზის სავალზე კი, ამფაკართა საგვარეულო სასახლეში, ვივიენ ქალის ოთახებს მიაშურა მორგანამ. ამფაკართა მეფისქალის დერეფანში გამაგრებულიყვნენ გუშაგნი, რომელთაც მორგანას დანახვისას აღიღეს იარაღი და თავი დაუკრეს, მოახსენეს, ვივიენ ქალი მთელ მზეს განცხრომასა და მოსვენებაში ატარებსო.
ღვარძლი აუგროვდა მკერდში მორგანას, როცა დერეფანს დაუყვა და მომავალ დედოფალთან შესახვედრად დამტვერილი, ჭუჭყიანი მოსასხამი და ტუნიკა შეისწორა. უწყოდა მორგანამ, რომ ვივიენ ქალი მისნაირ დაფეხვილ სტუმართ არ იღებდა, მეფისქალთან შეხვედრას მუდამ წინ უსწრებდა თავით ფეხამდე განბანვა და ოქროთი მოსირმული ჩითით შემოსვა, მაგრამ ვერ შეჰბედავდნენ ამას ვივიენ ქალის დას, თუმცაღა ნაბი*ვარი იყო იგი.
კარებთან გამაგრებულ მცველთ შეეგება მორგანა, მოახსენა, ვივიენ ქალის სანახავად მოვსულვარო.
რიდითა და მოწიწებით მიუკაკუნა ერთმა ბუმბერაზმა ოთახების კარს, მცირე ჟამს ელოდა და მხოლოდ მაშინღა შეაღო, როცა ვივიენ ქალის წკრიალა ხმა გაისმა, რა გაგჭირვებიათო.
დაგუდულად ლაპარაკობდნენ ისინი, რის შემდეგაც გამოეგება მცველი და თავი დაუკრა, გიხმობთო მეფისქალი.
უყოყმანოდ შეაბიჯა მორგანამ.
მოსასვენებელ ოთახში, ძვირფას ბეწვ-ბუმბულთ მისწოლოდა ვივიენ ქალი. ოქროთი მოვარაყებული სავარძლის გვერდით ამფაკართა საუკეთესო ოსტატის მიერ მოჩუქურთმებული მომცრო მაგიდა ედგა, რომლიდანაც ლოყაწითელა ვაშლი აიტაცა ვივიენმა, ქათქათა კბილები ჩაასო და ბალახისფერი თვალები გააკვესა, როცა მორგანას მიაბჯინა მზერა.
მზერით არ უპასუხია მორგანას. ფანჯრების მინებს გამოპარულ, მომაკვდავ მზის სხივებს უცქირა, მერე კი საძინებელი ოთახისაკენ გამავალ მაღალ, წითელი კაკლის კარს მიუტრიალა მზერა, რომელზეც კუდგაშლილი ფარშევანგის ჩუქურთმა იწონებდა თავს.
-მომიტევეთ, დიადო დაო. - თავი მოუდრიკა მან ვივიენ ქალს, მზერით განგმირა აბრეშუმში გამოხვეული გამოკვართული სხეული. - რამეთუ ენით აღუწერელ სიამოვნებას მოგტაცეთ.
ვივიენმა გადაიკისკისა. ვაშლი მაგიდაზე გადადო და წამოიწია, აწეწილი წითური კულულები გაისწორა.
-შენს გამჭრიახ თვალს არაფერი გამოეპარება, დაო. - მიუგო მან. - კეთილი იყოს შენი ფეხი! მაშ? რა ამბავი მოგაქვს? სადაა ტრიქსე, მეზღვაურნი, ბამბა-ბუმბული?
-რაოდენ გულმოწყალე ხართ, დიადო დაო. - თქვა მორგანამ. - მომიტევეთ, რომ ამას გაუწყებთ, მაგრამ ტრიქსე ცოცხლებში აღარ სწერია, განსვენდა და მიებარა ღმერთებს.
ბაგეს ხელი მიიდო ვივიენმა, თვალები უბრწყინავდა.
-რაოდენ საწუხარი ამბავია! - წაიწუწუნა მან, გადაშოლტილი წარბები შეჰკრა, ვითომდა ჭეშმარიტად სწუხდა, მაგრამ თვალებში ანთებული სიხარული გასცემდა. - ბევრის მნახველი იყო ეგ ბედკრული ვაჭარი, ვფიქრობდი, იქნებ მცირე ჟამს გაგიძლოს მეთქი...
-კვლავ საწუხარი ამბავი მაქვს, დიადო დაო. - სიტყვა გააწყვეტინა მორგანამ, სათქმელის ამოთქმის სურვილით იწვოდა. - ფრიად საწუხარი.
უკმაყოფილებამ მოიცვა ვივიენ ქალის თეთრყირმიზი პირისახე, არ ეამა მეფისქალს, რომ პირში ჩასჩარეს სიტყვა, მაგრამ წამოიწია, ხელი აუქნია მორგანას, ისაუბრეო.
-ბაჰირა აიღო სრორდელთა ურდომ. - თქვა მორგანამ.
წარბები აზიდა ვივიენმა. ცნობისმოყვარეობა გამოეხატა მზერაში.
-ბაჰირას წაეპოტინა და მოიგდო სრორდელთა ალფამ? - თქვა მან. - ნუთუ ესოდენ სასოწარკვეთილი და ბრალიანია იგი, რომ სიცოცხლეს სასწორზე აგდებს? გაგიკვირდება, დაო, მაგრამ მაოცებს სრორდელი მგელი, ანდრეი კილიან ვოლფრამი!
მუხლი იპყრო ნახევარდის წინაშე მორგანამ.
-მეფისწული ანდრეი უცხო მოღალატისა და ისკერიის თავადი ატავესის ხელით განიგმირა ბაჰირადან ორი ყივილის სავალზე, ხუთი მზის წინ, დიადო დაო. - თქვა მან, გამომცდელად უცქერდა მეფისქალს.
ნაკვთი არ შესტოკებია პირისახეზე ვივიენ ქალს, მხოლოდ ხელი მოემუშტა, გადაუფითრდა თითები.
მერე კი გადაიხარხარა. ხმამაღლა, უხეშად, დაცინვის ელფერი დაჰკრავდა ზედ.
-სანამ მის ნეშტს არ ვიხილავ, არა მჯერა. - განაცხადა მან. - მას სიკვდილი არ უწერია! მისი ვარსკვლავნი არ სწერენ ამას... მას სიცოცხლე უწერია, სიცოცხლე ჩემთან! იგი ჰასსეს არ ჩამოჰგავს, ვისი ბედისწერაც მუდამ სიკვდილი იყო!
-ნუთუ კვლავ გჯერათ, დიადო დაო? - თვალი გაუსწორა მორგანამ. - ჩემი თვალით ვიხილე, თუ როგორ განგმირეს იგი მკერდში და როგორ დაინთქა ავლატის მთების წმინდა წყლის წიაღში! უკანასკნელი ვოლფრამი ღმერთებს ეახლა... იმ წყეული ბაბალ ქაანის რწმენა გაქვთ, დიადო დაო?
-ძიძას ნუ მოიხსენიებ ასე. - მიუსისინა ვივიენმა, ბალახისფერი თვალები ანთებოდა. - რამეთუ ყოველივე ესმის, ყოველივეს ჰხედავს, ყოველივე იცის! ყველგან თვალნი და ყურნი აქვს! ნუთუ სიმართლისათვის უნდა დაისაჯოს იგი?
თავი მოიდრიკა მორგანამ, არარა თქვა რა. უწყოდა, რომ მცდელობათა მიუხედავად, ვივიენ ქალის ერთგულებას მისი განუყრელი ძიძის მიმართ, რომელიც სასახლის მეზობელ ფრთაში, განცხრომას მიცემული განისვენებდა, ვერაფრით შეარყევდა.
-წარვედ! - ხელი აუქნია ვივიენმა. - სიტყვა არ დაძრა ამის შესახებ... ვიხილოთ, თუ ვინ წამოჰყოფს პირველი თავს, ვის სურს ჩემი საბედოს სიკვდილი...
თავი დაუკრა მორგანამ, ავი მზერა სტყორცნა ნახევარდას და დასტოვა ოთახი.
მაგრამ ვივიენ ქალი მას აღარ უმზერდა. ლოყაწითელა ვაშლებს უცქერდა იგი, წარბი შეჰკვროდა და გამალებით ფიქრობდა.
ფიქრობდა იგი, თუ როგორ ეპოვნა უკანასკნელი ვოლფრამი, რომლის სიკვდილისაც არ სჯეროდა.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

თითქმის 17 გვერდი და 4,319 სიტყვაა ^^ იმედია ისიამოვნებთ! <3

 



№2  offline წევრი ჟიზელი

აუ , ეირინი რომ ყვებოდა ამბავს, რატომღაც მაშივე სიკვდილის საჩუქრები გამახსენდა და ჰერმიონას ხმა და აქცენტი(ჩემთვის ასე საყვარელი ინგლისური აქცენტი) ჩამესმოდა მაგის კითხვისას :დ თან რომ ყვება ერქანთა დიაცი ,ცალკე გარემო წარმოვიდგინე - ჰაერი რომ დაგუდული,ჩაპრესილია და საზიზღარი,ავისმომასწავებელი სიჩუმეა გამეფებული.აი,ისეთი, გულს რომ გიწუხებს.
ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა :დ ეს თავი,ხო აი ზუსტად ეს თავი, დანარჩენ ცხრაზე საინტერესეო აღმოჩნდა ჩემთვის,ან მონატრებულმა წავიკითხე უფრო მარილიანად :დ მოკლედ, გარემოს აღწერაც ,სიუჟეტის განვითარებაც ზომიერი იყო და არც ერთი აჭარბებდა ერთმანეთს :დ
და კიდევ, ვწუხვარ ,რომ ასეთი ცოტა მკითხველი აკომენტარებს... ისეთი შთაბიეჭდილება მრჩება თითქოს თუ წყვილს შორის ხვევნა-კოცნა,მტლაშა-მტლუში არაა აღწერილი ,საინტერესეოდ არ მიაჩნიათ. მე კიდევ მიყვარხარ :დ
ხო კიდევ, კომუნიკაცია აშკარად დამყარდა :დ ჯეიმის და "ბრიენ ოფ ფაქინგ თართის" თავდაპირველი ურთერთობა გამახსენდა,ერთად რომ უწევდათ მგზავრობა. არც ანდრეის ბაგის გაკრთომა გამომპარვია. რამდენი ვწერე, ტკბილად დამეძინება :დ

 



№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

გუშ8ნ წავიკითხე.
არ ვიცი რა გითხრა.
საოცარია...
წარმოიდგინე შთაბეჭდილებას ვერ გადმოვცემ სიტყვებით.....
მოუთმენლად გელოდები ....

 



№4  offline ახალბედა მწერალი linda

ჟიზელი
აუ , ეირინი რომ ყვებოდა ამბავს, რატომღაც მაშივე სიკვდილის საჩუქრები გამახსენდა და ჰერმიონას ხმა და აქცენტი(ჩემთვის ასე საყვარელი ინგლისური აქცენტი) ჩამესმოდა მაგის კითხვისას :დ თან რომ ყვება ერქანთა დიაცი ,ცალკე გარემო წარმოვიდგინე - ჰაერი რომ დაგუდული,ჩაპრესილია და საზიზღარი,ავისმომასწავებელი სიჩუმეა გამეფებული.აი,ისეთი, გულს რომ გიწუხებს.
ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა :დ ეს თავი,ხო აი ზუსტად ეს თავი, დანარჩენ ცხრაზე საინტერესეო აღმოჩნდა ჩემთვის,ან მონატრებულმა წავიკითხე უფრო მარილიანად :დ მოკლედ, გარემოს აღწერაც ,სიუჟეტის განვითარებაც ზომიერი იყო და არც ერთი აჭარბებდა ერთმანეთს :დ
და კიდევ, ვწუხვარ ,რომ ასეთი ცოტა მკითხველი აკომენტარებს... ისეთი შთაბიეჭდილება მრჩება თითქოს თუ წყვილს შორის ხვევნა-კოცნა,მტლაშა-მტლუში არაა აღწერილი ,საინტერესეოდ არ მიაჩნიათ. მე კიდევ მიყვარხარ :დ
ხო კიდევ, კომუნიკაცია აშკარად დამყარდა :დ ჯეიმის და "ბრიენ ოფ ფაქინგ თართის" თავდაპირველი ურთერთობა გამახსენდა,ერთად რომ უწევდათ მგზავრობა. არც ანდრეის ბაგის გაკრთომა გამომპარვია. რამდენი ვწერე, ტკბილად დამეძინება :დ

ჰერმიონი გამახსენდაო და გავიბადრე, ისე გამიხარდა laughing relaxed relaxed მომელამუნა პირდაპირ გულზე :დდდ მართლაც სწორედ ეგეთი გარემო იყო, დახურული, ეირინს გვერდით მეტოქე უზის, იქეთ ქალი, ვისაც მათი შეჭმა უნდა, ეს კიდევ ზის და ყვება ზღაპარს... რაღაცნაირად სევდიანია თითქოს ასეთი სიტუაცია...
ტეტაა <3 <3 ძალიან ვეცადე, რომ ყველაფერი, რაც მინდოდა ამ თავში ჩამედო, ჩამეტია შიგნით :დდ ალბათ მაგიტომაცაა ^^ დიდი კი გამოვიდა და ვეწვალე, მაგრამ მიხარია, რომ უფრო დაბალანსებული ჩანს ყველაფერი ^^ ძალიან ვეცდები რომ შემდეგი თავებიც ასე იყოს <3
ჰო, ცოტანი აკომენტარებენ :დდდდ შეიძლება მაგიტომაც, რა ვიცი... შეიძლება იმიტომაც, რომ ასე ვაგვიანებ და :დდ მაგრამ არა უშავს, ვინც აკომენტარებს, ისიც საკმარისია <3 ერთიც რომ იყოს, მე მაინც დავწერ, იმდენად მსიამოვნებს ამ ისტორიის წერა :დ მეც მიყვარხარ, გენაცვალე, უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ მომყვები! <3
ვაიმეეეეეე ჯეიმი და ბრიენ ოფ ფაქინგ თართ :დდდდ არ ვიცი ზუსტად ვინები არიან, მაგრამ ფაქინგ კაი იყო laughing laughing laughing laughing laughing laughing ავყირავდი laughing laughing laughing laughing ვნახოთ, ვნახოთ, რა მოხდება, ან ის ბაგის გაკრთომა რას ნიშნავს ;)
მეც ტკბილი დღე მექნება, რაკი შენი კომენტარი წავიკითხე <3 უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ! <3
nawkas12345
გუშ8ნ წავიკითხე.
არ ვიცი რა გითხრა.
საოცარია...
წარმოიდგინე შთაბეჭდილებას ვერ გადმოვცემ სიტყვებით.....
მოუთმენლად გელოდები ....

ტეტააა heart_eyes heart_eyes heart_eyes
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენი სიტყვებისათვის! <3
ისე გამახარე და იმოდენა სტიმული მომეცი, ვერც კი წარმოიდგენ <3 ყველანაირად შევეცდები, რომ მალე იყოს <3

 



№5 სტუმარი lalka

ვაიმე რატო ხარ ასეთი საყვარელი და ნიჭიერი?:დ უმაგრესი იყო ვლი შემდეგს სულმოუტქმელად.საათის სხვაობის გამო კომენტარს დგეს ვწერ.ჩემო უუუძვირფასესოვ.

 



№6  offline ახალბედა მწერალი linda

lalka
ვაიმე რატო ხარ ასეთი საყვარელი და ნიჭიერი?:დ უმაგრესი იყო ვლი შემდეგს სულმოუტქმელად.საათის სხვაობის გამო კომენტარს დგეს ვწერ.ჩემო უუუძვირფასესოვ.

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 არა უშავს, როდესაც მოხერხებულია თქვენთვის მაშინ დააკომენტარეთ heart_eyes heart_eyes kissing_closed_eyes kissing_closed_eyes ჩემთვის დღეს თუ გუშინ დაწერილი თბილი სიტყვა ერთმაირად თბილია relaxed relaxed heart_eyes

 



№7  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ვუიმე მძახალოო სიტყვები ამომეწურა და არ ვიცი რითი შეგაქო :დდდ❤❤
ძალიან მაგარი თავი იყო,თან თითქმის მთლიანად მომავალ მონარქებს ჰქონდათ დათმობილი :)))
სალომეას რომ შეხვდნენ უცებ იცი რა წაემოვიდგინე? :დდდ ანიმაცია რომ არის პრინცესა და ბაყაყი ,იმაშია ერთი ქალი დედა ოდი ჯადოქარია და ჭაობებში ცხოვრობს და აი სალომეა ზუსტად მისნაირი წარმოვიდგინე რატომღაც :დდდდ (ნუ მომაქცევ ყურადღებას :დდ)
იმაზე ძაან გამეცინა ანდრეი ამჯერად გულში რომ იმუქრებოდა ეირინის მოკვლით :დდდ აქამდე ანთხევდა ხმამაღლა და უკვე ფიქრზეც გადავიდა ვაჟბატონი :დდდ❤❤
კიდევ ერთ რაღაცას გეტყვი :დდდ ჭაობებში სიარულის მომენტებს ისეთი სიტყვებით აღწერდი რომ მიუხედავად მშვიდი სიტუაციისა მაინც მძაფრი შეგრძნება მიჩნდებოდა :დდდ აი ხომ არაფერს არ აკეთებდნენ არც ჩხუბობდნენ და არც იბრძოდნენ უბრალოდ მიდიოდნენ მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ომის სცნეას ვკითხულობდი და ეგ შეგრძნება ყველაზე მეტად მამეწონა ;))
ჰო კიდო ,ველი შემდგომს ჩემი ზორბეგი მიმყოფოს ალიჰამ კაათ :დდდ ალოვიუ ჩემო ნიჭიერო მძახალო ❤❤❤❤❤

 



№8  offline ახალბედა მწერალი linda

Margaritha Loki
ვუიმე მძახალოო სიტყვები ამომეწურა და არ ვიცი რითი შეგაქო :დდდ❤❤
ძალიან მაგარი თავი იყო,თან თითქმის მთლიანად მომავალ მონარქებს ჰქონდათ დათმობილი :)))
სალომეას რომ შეხვდნენ უცებ იცი რა წაემოვიდგინე? :დდდ ანიმაცია რომ არის პრინცესა და ბაყაყი ,იმაშია ერთი ქალი დედა ოდი ჯადოქარია და ჭაობებში ცხოვრობს და აი სალომეა ზუსტად მისნაირი წარმოვიდგინე რატომღაც :დდდდ (ნუ მომაქცევ ყურადღებას :დდ)
იმაზე ძაან გამეცინა ანდრეი ამჯერად გულში რომ იმუქრებოდა ეირინის მოკვლით :დდდ აქამდე ანთხევდა ხმამაღლა და უკვე ფიქრზეც გადავიდა ვაჟბატონი :დდდ❤❤
კიდევ ერთ რაღაცას გეტყვი :დდდ ჭაობებში სიარულის მომენტებს ისეთი სიტყვებით აღწერდი რომ მიუხედავად მშვიდი სიტუაციისა მაინც მძაფრი შეგრძნება მიჩნდებოდა :დდდ აი ხომ არაფერს არ აკეთებდნენ არც ჩხუბობდნენ და არც იბრძოდნენ უბრალოდ მიდიოდნენ მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ომის სცნეას ვკითხულობდი და ეგ შეგრძნება ყველაზე მეტად მამეწონა ;))
ჰო კიდო ,ველი შემდგომს ჩემი ზორბეგი მიმყოფოს ალიჰამ კაათ :დდდ ალოვიუ ჩემო ნიჭიერო მძახალო ❤❤❤❤❤

ტეტააააააა გადავიშალე გავიფხორე გავიფუყე გავიმასქენი heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes სალბუნია პირდაპირ შენი სიტყვები მძახალო relaxed relaxed
დიაღ, დიაღ, მეთქი დროა ხო ეირინსა და ანდრეის პაწა საქმე გამოვუძებნო, თორემ დამრჩნენ განზე თქვა laughing laughing
ვაიმეეეეეეე სალომეა და ჯადოქარი ოდი <3 ძაან მომწონს ეგ ანიმაციაც და ეგ საყვარელი ბრმა დედაბერიც <3 მიხარია რომ გაგახსენდა, თუმცა ოდი არ ჭამდა ხალხს laughing laughing
ჰო, აქამდე ხმამაღლა იწყევლებოდა, ახლა გულში :დდდდ კარგია ეს თუ ცუდი ღმერთმა იცის, გულჩათხრობილი არ გამიხდეს ბიჭი laughing laughing მარა რაღაი მზერით აღარ გუდავს, რას დავეძებ, ჯანდაბას, წყევლოს და იყოს, გულს მოიოხებს პაწა laughing laughing
ოოოოო, ჭაობებზე გეთანხმები! <3 თითქოს არაფერია გარშემო, სიწყნარეა, გარეული ცხენები და მოღალატეები არსად ჩანან, მაგრამ ჭაობები ისეთი დამთრგუნველი და შიშის მომგვრელია თვითონ... მოკლედ მესმის შენი! <3
აილავიუ ჩემო ერთადერთო და განუმეორებელი მძახალო <3 ძაან ვეცდები რომ მალე იყოს შემდეგი! heart_eyes heart_eyes

 



№9  offline წევრი ლილიტიი

როგორი ნოყიერი თავი იყოოოო
პირველად დავკმაყოფილდი ეირანის და ანდრეის დიალოგით, პირველად არ მიუყენებიათ ერთმანეთისთვის შეურაცმყოფა, პირველად არ უმზერდნენ ერთმანეთს ბოროტად და ავად.
აი არ ვიცი ამ ორის მუღამი მაქვს.
სასწაულები არიან, ისე მინდა ის ჯიუტი, ქედმაღალი რქები წაატეხოს ეირანმა ანდრეის და ისე მინდა ანდრეიმ დაიმსახუროს პატიება, რომ არ ვიცი.
ნელ ნელა ახალ ეტაპზე გადავედით და ძაააალიან მიხარია, როგორც იქნა განვითარდა მოვლენები
სასწაული გოგო ხარ შენ, ესე როგორ წერ ამ სიტყვებით და ამ სტილიიიით არ ვიცი გადიდებ :დდ

 



№10 სტუმარი Drogons

lindaachka sul gewuwunebi xolme ra ver ganavrce tqooo da ai rogorc iqna ganavrce ki ara sakmaod didi nabiji gaakete jer marto eseni rom ar tatxaven ertmanets :DD
mere imitom rom chveni azri gaitvalisiwne da mtliani tavi (viviens tu ar chavtvlit) sul andreis da eirans dautme
mesame imitom rom movlenebi daachqare da aachqare mati svlac.
ra gitxra magari gogo xar, rom gvitvalisowneb da mere kide eset saswaulad gvanebivreb.
gemrieli tavia orjer wavikitxe, eiranis monatxribi ambavi samjer dedas vficavar :DD
magari gogo xar es unda dabechdo aucileblad

აუუუუ ეს რა მაგარი თავი იყოოო

კიდე შოკში ვარ, კიდე გადავიკითხე იმენა :დდდ

 



№11 სტუმარი ია

გოთის გავლენა შევატყვე და კითხვის სურვილი გამიქრა... (((

 



№12  offline ახალბედა მწერალი linda

ლილიტიი
როგორი ნოყიერი თავი იყოოოო
პირველად დავკმაყოფილდი ეირანის და ანდრეის დიალოგით, პირველად არ მიუყენებიათ ერთმანეთისთვის შეურაცმყოფა, პირველად არ უმზერდნენ ერთმანეთს ბოროტად და ავად.
აი არ ვიცი ამ ორის მუღამი მაქვს.
სასწაულები არიან, ისე მინდა ის ჯიუტი, ქედმაღალი რქები წაატეხოს ეირანმა ანდრეის და ისე მინდა ანდრეიმ დაიმსახუროს პატიება, რომ არ ვიცი.
ნელ ნელა ახალ ეტაპზე გადავედით და ძაააალიან მიხარია, როგორც იქნა განვითარდა მოვლენები
სასწაული გოგო ხარ შენ, ესე როგორ წერ ამ სიტყვებით და ამ სტილიიიით არ ვიცი გადიდებ :დდ

ტეტა, უღრმესი მადლობა! <3
ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ამათი დიალოგი! <3 იმის მიუხედავად რომ ერთმანეთს მაინც ვერ იტანენ, მცირეოდენი ძვრა იქნებოდა ამდენი რამის შემდეგ... ამიტომ დაეტყოთ ცვლილება :დდ
ჯიუტი ქედმაღალი რქები laughing laughing laughing laughing laughing laughing ვნახოთ, ვნახოთ, ჯერჯერობით ვერ დაგპირდებით ვერაფერს, მაგრამ ნელ-ნელა განვითარდება სიტუაცია და ვნახავთ რა იქნება <3 მეც ძალიან მომწონს ჩემი ბუსუნსულები, მეც მინდა ცვლილება, მაგრამ ძალიან ვეცდები რომ ყველაფერი თავის დროზე იყოს ^^
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3
Drogons
lindaachka sul gewuwunebi xolme ra ver ganavrce tqooo da ai rogorc iqna ganavrce ki ara sakmaod didi nabiji gaakete jer marto eseni rom ar tatxaven ertmanets :DD
mere imitom rom chveni azri gaitvalisiwne da mtliani tavi (viviens tu ar chavtvlit) sul andreis da eirans dautme
mesame imitom rom movlenebi daachqare da aachqare mati svlac.
ra gitxra magari gogo xar, rom gvitvalisowneb da mere kide eset saswaulad gvanebivreb.
gemrieli tavia orjer wavikitxe, eiranis monatxribi ambavi samjer dedas vficavar :DD
magari gogo xar es unda dabechdo aucileblad

აუუუუ ეს რა მაგარი თავი იყოოო

კიდე შოკში ვარ, კიდე გადავიკითხე იმენა :დდდ

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ! <3 heart_eyes heart_eyes
კი, დრო იყო უკვე რომ საქმეს შევდგომოდით laughing laughing და კიდევ დრო იყო ანდრეის და ეირინის მოგზაურობისა <3 ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა! შემომეწუწუნე ხოლმე თუ რამე, რომ კიდევ შევეცადო მოვლენების განვითარებას laughing laughing
ოოოოო, ეირინის ზღაპარი მეც ბევრჯერ წავიკითხე, სიმართლე გითხრა, მართლა ჰგავს ზღაპარს heart_eyes heart_eyes
ვაიმე შოკშიო scream scream scream scream გადავიშალე და გადავიფუყე heart_eyes heart_eyes უღრმესი მადლობა, რომ მკითხულობ და სტიმულს მაძლევ relaxed relaxed
ია
გოთის გავლენა შევატყვე და კითხვის სურვილი გამიქრა... (((

არადა ღმერთი რჯული, პირველი ორი სერიის მეტი არ მინახავს, ისიც ორი წლის წინ laughing laughing რო შევატყვე რა ხილიც იყო მივანებე თავი, ძლიერი ნერვები უნდა მაგას laughing laughing ძალიან ვწუხვარ გენაცვალე, თუ ასე გამოვიდა და დაკარგე კითხვის სურვილი :( მადლობა რომ მკითხულობდი აქამდე! <3 kissing_heart

 



№13 სტუმარი ია

მე მაინც შენი ერთგული მკითხველი ვარ ცივი სითბოს შემდეგ :) ალბათ მომეჩვენა მსგავსებაზე

 



№14  offline წევრი crete20

მოკლედ ეს თავი მგონი საუკეთესო იყო თავებს შორის! heart_eyes heart_eyes

ძალიან მაგარი იყო ბუნების აღწერა და ეირინის და ანდრეის დიალოგიც heart_eyes heart_eyes ყველაზე მეტი ამ თავში ილაპარაკეს laughing laughing თან მგონი ანდროს უკვე დაეწყო სიმპატიები stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes heart_eyes heart_eyes
ანდრეი როგორი უსუsuრია ეირინის გარეშე იმ ტყეში laughing საკვალელი heart_eyes heart_eyes
მოკლედ შენი ისტორიებიდან ესაა ჩემი ფავორიტი heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№15  offline წევრი Skubidu

აუუუუ ახალი თავი როდის იქნება სულ მოითქმელად ველი შენი ერთგული მკითხველი პ.ს ძალიან მაგრათ წერ ისეთი წერის მანერა გაქვს თვალწინ წარმომიდგენია ყოველი დეტალი ისეთი შეგძნება მქონდა თითქოს მათთან ერთად მეც მცხელოდა

 



№16 სტუმარი Dikarka

Chemtbis nomeri 1 xar shen .... Saocari yvrlasgan gansxvavebuli weris stlit da udidesi nichit. Warmatebebi

 



№17  offline ახალბედა მწერალი linda

ია
მე მაინც შენი ერთგული მკითხველი ვარ ცივი სითბოს შემდეგ :) ალბათ მომეჩვენა მსგავსებაზე

ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე! <3 ძალიან გამიხარდება, თუ კვლავ განაგრძობ მკითხველად ყოფნას heart_eyes heart_eyes მსგავსებას რაც შეეხება, არ ვიცი laughing laughing
crete20
მოკლედ ეს თავი მგონი საუკეთესო იყო თავებს შორის! heart_eyes heart_eyes

ძალიან მაგარი იყო ბუნების აღწერა და ეირინის და ანდრეის დიალოგიც heart_eyes heart_eyes ყველაზე მეტი ამ თავში ილაპარაკეს laughing laughing თან მგონი ანდროს უკვე დაეწყო სიმპატიები stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes heart_eyes heart_eyes
ანდრეი როგორი უსუsuრია ეირინის გარეშე იმ ტყეში laughing საკვალელი heart_eyes heart_eyes
მოკლედ შენი ისტორიებიდან ესაა ჩემი ფავორიტი heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

ტეტააააა <3 <3
ძალიან, ძაააალიან დიდი მადლობა შენ <3 მართალი ხარ, მგონი საერთოდ არ ულაპარაკიათ აქამდე იმდენი, რაც ამ თავში ილაპარაკეს :დდდ სიმპატიებს რაც შეეხება, პასმოტრიმ wink laughing laughing
რა ქნას, არ იცის ამ უბედურმა ბიჭმა გზა, პლუს სასტიკადაა დაჭრილი <3 ზაღვარელია მართლაც :დდ heart_eyes heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye
ისე გამახარე ვერც კი წარმოიდგენ! <3
Skubidu
აუუუუ ახალი თავი როდის იქნება სულ მოითქმელად ველი შენი ერთგული მკითხველი პ.ს ძალიან მაგრათ წერ ისეთი წერის მანერა გაქვს თვალწინ წარმომიდგენია ყოველი დეტალი ისეთი შეგძნება მქონდა თითქოს მათთან ერთად მეც მცხელოდა

უღრმესი მადლობა! <3 ძალიან მიხარია რომ ცოცხლდება ყველაფერი შენს თვალწინ და გრძნობ კიდეც relaxed relaxed დღეს იქნება შემდეგი თავი ^^ <3
Dikarka
Chemtbis nomeri 1 xar shen .... Saocari yvrlasgan gansxvavebuli weris stlit da udidesi nichit. Warmatebebi

ვაიმე გავიფხორე, გავიფუყე, ავფართხალდი heart_eyes heart_eyes უღრმესი, უდიდესი მადლობა! <3 heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent