შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

დალიჰარი (თავი 11)


10-09-2017, 22:52
ავტორი linda
ნანახია 1 102

დალიჰარი (თავი 11)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ


-*-*-*-*-*-*-*-11
თეთრი წუხილი ჩამოსწოლოდა სრორდის დედაქალაქ ბელთათინს, მეთორმეტე მთვარის ერთ სუსხიან მზეს. ცას კოპები შეჰკვროდა, მუქ ნაცრისფერ ღრუბელთ დაეფარათ იგი, დღის მხევლის ნაპერწკალიც კი ვერ აღწევდა მიწამდე, სუსხსა და ჭირხლს მოეცვა ჰაერი. სტიროდა ცა, სითბო წართმეოდა და გაყინული ცრემლებით გლოვობდა.
თითქოსდა ეხმაურებაო ზეცას, ფითრისფერი კოცნა სიკვდილისა დასდებოდა ბელთათინს. მუდამ სიცოცხლით სავსე ქალაქი თითქოსდა გამოეშიგნათ, ვითარცა შესაწვავად სამზადი საკლავი, სისხლი აღარ მოჩქეფდა მის ძარღვებში. ქუჩებში მოციმციმე სინათლენი, გამყიდველთა მხიარული შეძახილები, ფერად-ფერადი ბამბა-მარმაში, ქათამთა კრიახი ჰაერს შეერია და გაქრაო თითქოს, შავი ქსოვილი გადმოჰკიდებოდა ფანჯარათა მინებს.
მაგრამ იმ გაუსაძლის, გამაყრუებელ სიჩუმეს, თოვლსა და ჩამკვდარ, უსიცოცხლო დედაქალაქს რომ სდევდა თან და სულს უხუთავდა ყოველ სულიერს, შემზარავი გოდება ჰკვეთდა. სულისშემძვრელი იყო იგი, უთვალავი ადამიანის სულიდან ამოხეთქილი, გულწრფელი და ცრემლისმომგვრელი. სასახლესთან შეჰკრებილიყვნენ მგოდებელნი, ზეთისხილის გამხმარ რტოებს ჰყრიდნენ ალისფერი ქსოვილით დაფარულ, მოკირწყლულ მიწაზე, რათა თოვლს არ დაეფარა ისინი, ჰგოდებდნენ და აცილებდნენ გარდაცვლილის სულს, რათა ღმერთებამდე მშვიდობიანად ემგზავრა მას.
ვოლფრამთა სასახლის კოშკიდან გადმოჰყურებდა მგოდებელთ თექვსმეტი ზამთრის მეფისწული ანდრეი. წარბები შეეკრა მას, ბალღური სისავსე ჰფარავდა მამაკაცურ ნაკვთებს, და შეუღერებელი ყმაწვილკაცის ღინღლი მოსდებოდა მის ტუჩ-პირს.
თუმცაღა ბალღობის ნატამალი არ ედო მის პირისახესა და თვალებს. თავით ფეხამდე თალხით შემოსილ ანდრეის განუზომელი ტკივილი ჩასდგომოდა გამშრალ, ჩასისხლულ თვალებში. გადაჰყურებდა იგი ბელთათინის მცხოვრებთ, რომლებიც მოწიწებითა და წუხილით აცილებდნენ მეფე სოლომონისა და დედოფალი კიდას აწ უკვე მეორე გარდაცვლილ ქალიშვილს, ოცდაერთი ზამთრის მეფისქალ ელისაბედს.
თვალს ხელი მიიფარა ანდრეიმ, როცა იგრძნო ცრემლთა მოწოლა, ბაგე და ნიკაპი აუთრთოლდა.
შეცბა იგი, როცა მხარზე ხელის შეხება იგრძნო. სასწრაფოდ მოიწმინდა მოღალატე, კაეშნით აღსავსე თვალები და აჰხედა ძმას.
ოცდასამი ზამთრის ჰასსე დაჰყურებდა ზემოდან. დაჰკარგვოდა მომავალ მეფეს ბალღური ნაკვთები, მხოლოდღა ახალგაზრდა მამაკაცის გამოკვართული, თლილი ნაკვთებიღა დარჩენოდა მის პირისახეს. მაღალი იყო ჰასსე, ბრგე და მხარგანიერი, უნაკლო მხედარი და მეომარი, სრორდის თვალისჩინი.
მაგრამ თითქოსდა მხრებში მოხრილიყო, მოტეხილიყო იგი. ფერფური წასვლოდა, თვალები ჩასცვენოდა მგლოვიარე ძმას.
თითები მოუჭირა მან ანდრეის მხარზე, თავზე მამურად გადაუსვა ხელი.
-აქ რად გაჩერებულხარ, ანდრეი? - შეჰკითხა ძმას. - ნუთუ არ გსურს ელისაბედის სულს გაუძღვე მის ბოლო გზაზე?
-ელისაბედი მოკვდა, ჰასსე. - მიუგო ანდრეიმ. ღვარძლი და ბრაზი ჰფარავდა მის ხმას. - ვეღარსად გავაცილებ მას, რადგან მკვდარია იგი.
-მკვდარია იგი, და ცივი მიწა შესჭამს მის სხეულს მალე, - ხმა უთრთოდა ჰასსეს, თვალები გადაგლესოდა. - მაგრამ იგი კვლავ ჩვენი დაა, ანდრეი, და მუდამ იქნება.
-ჩვენი და აღარ არის! - შეჰყვირა ანდრეიმ, ხმა გაუტყდა. - ჰოი ღმერთებო! რა შეგცოდეთ ასეთი ვოლფრამთა მოდგმამ?! ჯერ კონსტანცი წაიყვანეს მათ, ნუთუ არ იმყოფინეს იგი? ახლა კი ელისაბედი!
შედრკა ჰასსე. ნაკვთები მოეღრიცა, ნაცრისფერი დასდო მის პირისახეს ძმის სიტყვებმა.
-საკმარისია, ანდრეი. - მკაცრად გამოსცრა მან კბილთა შორის. - შეგთხოვ, მცირეოდენი პატივისცემა გამოიჩინე...
-მიცვალებული პატივისცემას არ საჭიროებს, ჰასსე! - შესძახა მეფისწულმა. - მიცვალებული ლეშია მხოლოდ და აღარაფერს საჭიროებს!
-ხმა გაკმინდე! და დაფიქრდი, თუ რას კადრულობს შენი ბაგე! - იბღავლა ჰასსემ, თვალები დაუბრიალა ძმას. - როგორ მოიხსენიებ ჩვენს დას, ანდრეი?! ნუთუ იმსახურებს ელისაბედი, რომ ლეში უწოდო მის სხეულს, სხეულს, რომლითაც იგი სითბოსა და ღიმილს გჩუქნიდა?!
ნაკვთები დაეღრიჯა ანდრეის. ბაგე უთრთოდა, შორს მომზირალი თვალები კი, მხოლოდ სუსხსა და სიცივეს რომ დაესადგურებინა მათში, თითქოსდა გადაეჭირხლაო, გაუქვავდა, ამოუშრა.
-შენ ხარ დამნაშავე, რომ მიიცვალა იგი. - თქვა მან ანაზდად.
ისე შედრკა ჰასსე, თითქოს სილა გააწნესო. წარბები შეჰკრა მომავალმა მეფემ, ანდრეის დაჟინებით ჩასცქეროდა თვალებში.
-რასაა რომ ამბობ, ანდრეი? - გამომცდელად წაიჩურჩულა მან. - ნუთუ ასე უტიფრად დამწამებ ცილს...
-შენ უწყოდი! - შეჰღრიალა ანდრეიმ, გამწარებულმა შეჰკრა მუშტები და შეუბღვირა ძმას. - უწყოდი, რომ სხეულის ცდუნებას აჰყვა იგი, რომ დიაცური გრძნობის ალში გადაეშვა! და ვისთან! ვისთან მეთქი?!
-ხმა გაკმინდე... - ნახშირივით შავი თვალები გააკვესა ჰასსემ, მაგრამ არ შეეპუა ანდრეი, მისი მომავალი მეფისა და უფროსი ძმის წინაშე არ დახარა მზერა.
-ვისთან და იმ წყეულ, ვიღაც მდაბალ და ბინძურ მეჯინიბესთან! - შესძახა გაავებულმა. - იმდენად მონუსხა ჩვენი და, რომ ახალი სიცოცხლე შეჰქმნა მაგ წყეულმა მასში! ასე დაისაჯა იგი, აღარც იმ ბავშვს უდგას მკერდში სუნთქვა და არც მას!
მხრებში სტაცა ჰასსემ ძმას ხელები, მძლავრად შეანჯღრია, შლეგივით შეჰყურებდა.
-ანდრეი! - შეჰღრიალა მან. - რასაა რომ ამბობ?! როგორ გიტრიალდება ენა ამ საზიზღარ სიტყვათა სათქმელად? არაფერიც არ უწყი!
-მე ვუწყოდი! - გაიბრძოლა მეფისწულმა. - მე გაფრთხილებდი, მაგრამ ყურად არ იღე ჩემი გაფრთხილება! ელისაბედს მხოლოდ შენი სჯეროდა, მხოლოდ შენ ძალგიძდა მისი გამოფხიზლება იმ წყეული ბურანისაგან, იმ საზიზღარმა მეჯინიბემ რომ მოახვია თავს...
-მე უძლური ვიყავი! მეფე არაფერია გულის წინაშე! - შესძახა ჰასსემ. - წადილიც არ მქონია ჩავრეოდი... ელისაბედსა და მის გულისსწორს თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი...
-უყვარდათ?! - სიტყვა გადმოაფურთხა ანდრეიმ. - მაშ სადაა მათი სიყვარული?! სიცრუე გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ იგი, კვირტშივე მოსასპობი, მას გაფურჩქნა, ფრთათა შესხმა არ ეწერა! სიყვარულმა მოაკვდინა ჩვენი და, ჰასსე, შენ შეგეძლო სიკვდილს გადაგერჩინა იგი, მაგრამ არჩიე სეირი გეხილა გვერდიდან...
ხმა არ ამოიღო ჰასსემ. იდგა მომავალი მეფე, ფერწასული, თვალებჩაცვენილი, მზერაჩამკვდარი და უსუსური სიმშვიდით უსმენდა ძმას.
სულისშემხუთველი, უძრავი და ქვითკირივით მძიმე იყო ჰაერი, რომელსაც მხოლოდ გარედან მომავალი საყოველთაო გოდება ჰკვეთდა.
-შეშლილს ჩამოჰგავხარ, ანდრეი. - თქვა მან. - ბაბალ ქაანის სიტყვანი მესმის შენი ბაგეთაგან. რაოდენ მოგწამლა მაგ წყეულმა გველმა...
-გეყოს! - შეჰღრიალა ანდრეიმ. - საკმარისია! მუდამ ერთსა და იგივეს გაიძახი! ნუთუ ვერ ხვდები, ჰასსე, რომ ეს აზრები სწორედაც რომ ჩემია?! ბაბალ ქაანს სიტყვა არ დაუძრავს ელისაბედის სიკვდილზე!
-მის სიცოცხლეზე ბევრს საუბრობდა იგი. - კბილთა შორის გამოსცრა ჰასსემ. - დრო მოვა, ანდრეი, და ჩემი შიშველი ხელებით მოვაკვდინებ.
წამოწითლდა ანდრეი, თვალები ჩაუსისხლდა გაცოფებულს. ხელი აღმართა მეფისწულმა ჭეშმარიტი მემკვიდრის წინაშე.
-ძმათა შუღლის დროც მოსულა! - შესძახეს გვერდიდან და ანაზდად გაქვავდა ანდრეი, აღმართული ხელი მოზიდული მშვილდივით შერჩა და შეეყინა სუსხიან ჰაერს. მიბრუნდა იგი, კოშკის ქვის თაღის ქვეშ გამოჭიმულ თადეოსს ჰკიდა თვალი. - რასა იქმთ? ნუთუ სხვა დროს ვერ კინკლაობთ?
-წარვედ! - შესძახა ჰასსემ. - წარვედ, თადეოს, ელისაბედს უპატრონე...
თადეოსმა გადაიხარხარა. მოულოდნელი და შემზარავად ხმამაღალი იყო მისი სიცილი, თითქოსდა თითოეული ბგერა სათითაოდ ეხლებოდა ქვის კედელთ, სხლტებოდა, ვითარცა მთელი ძალით მოქნეული მახვილი მახვილზე, რომლებიც ღრჭიალებდნენ ყურისწამღებად.
-სად წავიდე, ჰასსე? - კბილთა შორის გამოსცრა მან. ოცი ზამთრისა იყო თადეოსი მხოლოდ, მაგრამ უმალ დაუნაოჭდა სახე, ნაკვთები დაეღრიჯა, ვითარცა ასი ზამთრის ბებერი იდგა მათ წინაშე. - ელისაბედთან? როგორი პირით ვეახლო მას, მაუწყე, როცა თქვენი ნალაპარაკევი ყურთა შორს მირეკს! მეჯინიბე?! ვიღაც მეჯინიბე?! ნუთუ უხსენებელი შეჰკადრა ელისაბედს, მონუსხა და გარყვნა, გაუგონარი სითავხედე ჩაიდინა?! მან მოჰკლა იგი! - შეჰღრიალა მან და მოსასხამის კალთა გადააფრიალა, წელზე შემორტყმული მახვილის ვადაზე გაივლო ხელი.
გაფითრდა ჰასსე. ბაგე აუთრთოლდა.
-ნუთუ მრისხანება მოგერია, თადეოს? - წარბები აზიდა ანდრეიმ, ულმობელი მზერით შესცქეროდა ძმას. - ახლაღა უკვე გვიანია შენი სისხლისა და ხორცისაკენ გამოხედვა! წარვედ, მიეძალე შენს სასმელსა და ხარჭებს!
-ანდრეი! - იფეთქა ჰასსემ. - ხმა გაკმინდე!
სახე წამოუჭარხლდა თადეოსს, თვალებმა ნაპერწკლები გაჰყარეს.
-სახელი მაუწყე მისი. - გაჭირვებით ამოთქვა მან. - მოვკლავ. ვამხელ, ყველას წინაშე გამოვიწვევ და მოვკლავ.
უმალვე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ძლივს შეინძრა გაქვავებული ჰასსე, ძმას მოუბრუნდა, დააშტერდა გაოგნებული.
-თადეოს, შეიშალე?! - შესძახა მან. - რად...
-ვალერიანი. - თქვა ანაზდად ანდრეიმ, სიტყვა გააწყვეტინა ძმას. თადეოსს გამომცდელად ჩაჰყურებდა თვალებში იგი, იწვევდა, მოლოდინით აღსავსე გახლდათ მისი მზერა. - კაცი ხარ, თადეოს? შეასრულე შენი მუქარა!
შემზარავმა ღიმილმა მოუღრიცა ბაგე თადეოსს. მახვილი იძრო ქარქაშიდან, პირი იბრუნა და კისრისტეხით დაეშვა კოშკის კიბეებზე.
წამსვე უკან აედევნა ჰასსე, მას ანდრეი მიჰყვა. გასძახოდა მომავალი მეფე, ღრიალებდა, ემუდარებოდა ძმას, შეჩერდი, დაიღუპავ თავსო, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავდა თადეოსი.
მიჰქროდნენ სასახლეში მოღრიალე ძმები, გადაფითრებულ თადეოსს ხელში მახვილი აღეღო და იპობოდნენ მათ წინაშე თავდახრილი, შემცბარი მსახურნი.
სასახლის ბჭენი შეგლიჯეს მცველებმა, როცა მეფისწული თადეოსი მოუახლოვდათ, მოიდრიკეს ქედი, თუმცაღა გაოგნებულნი შესცქეროდნენ მრისხანებისაგან სახეწაშლილ ძმებს, ერთმანეთს რომ მიჰყვებოდნენ.
კიბის საფეხურნი ჩაათავა თადეოსმა, შეჩერდა, სადაც მოკირწყლულ გზას ჰფარავდა ალისფერი ქსოვილი, მასზე გაფენილი ზეთისხილის რტოებით. გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყო უთვალავი ადამიანი, თავადნი თუ უბრალო მსახურნი, სასახლის კარიბჭის მიღმა გრძელდებოდა უწყვეტი მწკრივი, გოდებდნენ ისინი და ღმერთებს ავედრებდნენ მეფისქალის სულს.
ელისაბედი კი, ჯერ კიდევ ბალღი, მიცვალებული ელისაბედი, წითელ სუდარაში გამოეხვიათ. ძვირფას, აკაციის ხის კვარცხლბეკზე ესვენა მისი ნეშტი, აბრეშუმს, ზეთისხილის რტოთა და ძვირფასეულობათა შორის ჩაფლული. პირადი მცველნი, რომლებიც ბავშვობიდან იცავდნენ, შემორტყმოდნენ მიცვალებულს გარშემო, შუბები აეშვირათ, თავიდან ფეხამდე შეიარაღებულთ. განაცრისფერებულიყვნენ ისინი, ერთი კი, ხანშიშესული, ვეებერთელა წვეროსანი მამაკაცი, სტიროდა გულამოსკვნით, სამგლოვიარო სიმღერას გაჭირვებით აყოლებდა ჩახლეჩილ ხმას.
„ინებეთ უმწიკვლო სული, ინებეთ ზვარაკი, ინებეთ მსხვერპლი, ღმერთებო... ინებეთ, ვითარცა თქვენ გენებოთ...“
ნეშტს მიუახლოვდა თადეოსი. თლილი, ძვირფასი მინის თაღი ჰფარავდა ელისაბედის თავს, ნაზად ეფინებოდა ზედ თოვლი. თვალები დაეხუჭა მეფისქალს, სრორდის მშვენების შავი წამწამები მოლურჯო ლოყებზე ეფინნენ. გაცრეცილ ტუჩებზე დაფქული წითელი ქვა წაეცხოთ მისთვის, ყორნის ფრთასავით მუქ თმაში ოქროულობა ებნია. მშვიდი, უაღრესად მშვიდი და უმშვენიერესი ჩანდა იგი სიკვდილში.
სახე მოემანჭა თადეოსს.
სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მას ჰასსე, უჩურჩულა, ნუ იზამო ამას. ხელი გაჰკრა, მოიშორა იგი თადეოსმა.
არ გამოჰპარვიათ გარშემომყოფთ მეფისწულისა და მომავალი მემკვიდრის უცაბედი გამოჩენა და საეჭვო საქციელი. თავადნი ცალი თვალით იმზირებოდნენ მათკენ, მათი ბიძა გიუნტერი, ხელდაკრეფით, ყურადღებით ადევნებდა მათ თვალს.
-ვალერიან! - შესძახა ანაზდად თადეოსმა, ჰასსე ერთი ხელის გაქნევით მოიცილა და მახვილმომარჯვებულმა გაცოფებული თვალები მოავლო არე-მარეს. - მეჯინიბევ, მდაბალო, ყეყეჩო სულო, ვალერიან! მეახლე!
იმდენად ხმამაღალი და მრისხანებით აღსავსე იყო მისი შეძახილი, რომ შეცბნენ გარშემომყოფნი. გოდება ახლო-მახლოს მიჩუმდა, ღიად უცქერდნენ თავადნი და მსახურნი თადეოსს, გაოგნებულნი.
-ვალერიან! - იბღავლა თადეოსმა. ორი ნაბიჯით მიუახლოვდა მას სახეუცვლელი გიუნტერი, მხარში ხელი ჩაავლო.
-ნუთუ ამგვარად მოეპყრობი შენს დას?! - ჩაჰსისინა მან მეფისწულს ყურში. - ნუთუ ამგვარად შეარცხვენ მას, მის წოდებას, გრძნობასა და ნაყოფს? დაფიქრდი, თადეოს, რამეთუ მის და საკუთარ სახელს არცხვენ!
-ვალერიან! მეახლე მეთქი! - შეჰყვირა მეფისწულმა, ყურად არ იღო ბიძის სიტყვები.
უკმაყოფილოდ დაიფრუტუნა გიუნტერმა. ხელი უშვა დისშვილს და მცველთ ხელი აუქნია, წაიყვანეთო.
მაგრამ, სანამ თადეოსს სტაცებდნენ ისინი ხელს, აჩოჩქოლებულ მგლოვიარეთა რიგებს გამოეყო რუხი სილუეტი, შეჰყვირა, მეფისწულს ვეახლებიო.
ყველა ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალი მიუბრუნდა უბრალო მეჯინიბეს. ზოგი მხოლოდ გულწრფელი ცნობისმოყვარეობითა და გაოგნებით აღვსებულიყო, ზოგს გულგრილობის სუსხი გადაჰკრავდა, ზოგი სეირს უყურებდა, ზოგი კი აღუწერელი მრისხანებით იწვოდა, რომელსაც მხოლოდ ამ მეჯინიბის სისხლით ხელთა შეღებვაღა ჩააცხრობდა.
ახალგაზრდა იყო ვალერიანი, მაგრამ გაწეწილი, მუქი წვერ-ულვაში და მწუხარების დაღდასმული პირისახე აბერებდა. ჯმუხი იყო იგი, ტირილისაგან თვალებჩამოსიებული და მხოლოდ ისეთი გაუსაძლისი მწუხარებისაგან მოტეხილი, მხოლოდ გულისსწორისა და პირმშოს დაკარგვა რომ შობდა ადამიანში.
ბრაზისაგან აცახცახდა თადეოსი. უმზერდა ბინძურ, გაქექილ შალში გამოხვეულ მეჯინიბეს და არ სჯეროდა, რომ ეს წყეული ურცხვად ხელყოფდა ელისაბედს.
-როგორ გაბედე, ღორის ნაშობო! - შესძახა მან. - როგორ შეჰბედე მეფისქალისათვის ხელი დაგეკარებინა, როცა მის ფეხის მტვრად არ ღირხარ! აქ გამოდი, თუ არ გეშინის და გეყოფა გამბედაობა, შემებრძოლე, როგორც კაცი კაცს!
-თადეოს! - იბღავლა ჰასსემ. - საკმარისია! გაუგონარი მკრეხელობაა! ვალერიან, წარვედ, თქვენ კი გაიყვანეთ ესენი! - უბრძანა მან მცველთ.
-არავინ არ გაინძრეს. - კბილთა შორის გამოსცრა თადეოსმა და შეყოვნდნენ მცველნი, ერთმანეთს გადახედეს.
-რაღას ელოდებით? - იფეთქა გიუნტერმა. - ახლავე!
-ისაუბრეთ, რამდენიც გსურთ, მეფისწულო. - ანაზდად ხმა ამოიღო ვალერიანმა და გარინდულნი შეაცქერდნენ მას. - რაც გწადიათ, ის თქვით... მაგრამ იგი... - ვალერიანმა სულისშემძვრელი მწუხარებით აღვსილი, წყლიანი თვალებით უმზირა სატრფოს ნეშტს. ცრემლები გადმოუგორდა გაფითრებულ პირისახეზე. - იგი ისეთივე უმწიკვლო და ნეტარი იყო, როგორც ეს თოვლი, სიცოცხლითა და სინათლით აღსავსე. მე ვუწყი, თუ როგორი ბრძანდებით თქვენ, და ვერ მოსცხებთ მას ჩირქს...
-შენ მოსცხე! - იბღავლა თადეოსმა. კვლავ შემზარავად გადაიხარხარა, შეურაცხყოფილი, ულმობელი ელფერი მოევლინა მის პირისახეს. - ღორის ნაშობო, ნეხვში ნათრევო, ფეხის მტვერო! ნუთუ ვერ ხვდები, რომ შესცოდე?! ესაა შენი სასჯელი! შენი სასჯელი, რომელიც მთელ სრორდს მოევლინა და მთელმა ქვეყანამ უნდა ზიდოს შენს გამო! გაუგონარი ცოდვა ჩაიდინე ღმერთებთა წინაშე, სწორედაც ამიტომ ჩაჰკლეს მათ შენი პირმშო, სანამ იგი ამ ქვეყნის ბინძურ ჰაერს შეისუნთქავდა პირველად, და ბოლო მოუღეს შენს გულისსწორს!
-თადეოს! - შესძახა თავზარდაცემულმა ჰასსემ. გაოგნების შეძახილებმა ტალღად გადაუარა გარშემომყოფთ, თითქოსდა ჰაერს შეეყინა მშვიდად მთოვი ცა, გაოგნებისაგან შეირყა, დაიგუგუნა, აცახცახდა.
მიტკლისფერი დაედო ვალერიანს, თითქოს ნაწილებად დაიშალა იგი, ადგილზე წაბარბაცდა გაოგნებული მამაკაცი. თითქოს სიცოცხლე გამოაცალაო თადეოსის სიტყვებმა.
-შეიპყარით! - უბრძანა გიუნტერმა მცველთ, თადეოსს მოსასხამში მოავლო ხელი და სისინით წაათრია სასახლისაკენ. მათ უმზერდა თავზარდაცემული ჰასსე, ადგილს მიყინულიყო. მოქუფრული ანდრეი კი შორიახლოდან შესცქეროდა სეირს.
ვალერიანს მიუახლოვდნენ მცველნი.
ჯერ არც კი შეინძრა ახალგაზრდა მამაკაცი, თითქოს გაეშეშებინათ იგი მეფისწულის უწყალო სიტყვებს.
მერე კი, თითქოს ვინმემ ცეცხლი შეუნთოო, ანაზდად, ელვის სისწრაფით ამოძრავდა იგი. მკვირცხლად დაუსტა მცველთ, ერთს შუბი გამოსტაცა და გაიჭრა წინ.
გაოგნებისაგან შეჰყვირეს გარშემომმყოფებმა, მსახურებმა, თავადებმა, უკან დაიხიეს.
იბღავლა ჰასსემ, იშიშვლა ორლესული და მიეჭრა ვალერიანს, მაგრამ გვიანი იყო.
გაფრინდა მეჯინიბის ძლიერი მკლავის მიერ გატყორცნილი შუბი, ზუზუნით გაჰკვეთა ჰაერი, და თადეოსს, ხმაურის გაგონებისას რომ იბრუნებდა პირს, ეძგერა ზურგში.
პირი დააღო თადეოსმა, მაგრამ ხმა ვერ ამოუვიდა ყელიდან. გაოგნებისა და აუტანელი ტკივილისაგან გაუფართოვდა მეფისწულს თვალები, სისხლი სახიდან ჩამოერეცხა.
სხეულში ნაძგერ იარაღს გაეგლიჯა სათუთი ქსოვილი, მკერდში გამოჩრილიყო სისხლით მოსვრილი, მბზინვარე შუბისწვერი. ამოიგმინა თავზარდაცემულმა ბედშავმა, ვაიმეო და მუხლები მოეკვეთა.
გმინვა აღმოხდა ელდანაცემ გიუნტერს, დისშვილის ჩაკეცილი სხეული დაიჭირა, ჩაიმუხლა და მკერდზე მიისვენა ყმაწვილკაცი, უმოწმებდა სასიკვდილო ჭრილობას და გავეშებული გაიძახოდა, მომგვარეთო მკურნალნი.
ორლესული მოუქნია გააფთრებულმა ჰასსემ ვალერიანს. მოჰკვეთა მარჯვენა, რომლითაც მან სტყორცნა შუბი, მერე კი, ტკივილისაგან აღრიალებულს, ორი დარტყმით თავი წააგდებინა. სავსე ტომარასავით დაეშვა ვალერიანის სხეული, სიცოცხლის ალისფერი დაანთხია თოვლს. ღია, ჩაცვენილ თვალებში შიში და მწუხარება ჩარჩენოდა.
გააკანკალა თადეოსს და უკანასკნელი სუნთქვა წარეტაცა მის მკერდს. ათრთოლებული ჩაჰყურებდა დისშვილს გაოგნებული გიუნტერი. მივარდა მომავალი მეფე მიცვალებულ ძმას, სტაცა ხელები, შეანჯღრია და ჩაიხუტა სხეული, რომელშიც სიკვდილის სუსხი იბუდრებდა, თითქოსდა ცდილობსო თადეოსის სულის შეკავებას.
აღრიალდა ჰასსე. არაადამიანურად გოდებდა და გმინავდა მომავალი მეფე, თავი აღიღო მან და შეჰღაღადა ღმერთებს. ვითარცა გაყინულ ზღვას ტალღამ, ისე გადაუარა მისმა სასოწარკვეთილმა ხმამ არე-მარეს, გარშემომყოფნი შეზარა, თოვლი გაჰყინა და ცა შეძრა.
თავზარდაცემული, გაუნძრევლად იდგა ანდრეი. ბაგე გაჰპობოდა, ვერ ხვდებოდა, თუ რა მომხდარიყო მის თვალთა წინაშე. მის ერთადერთ ძმას ჰკიდა მზერა მეფისწულმა, მუხლთ დაცემულ მომავალ მეფეს, რომელიც ღრიალებდა და გოდებდა ანგარიშმიუცემლად.
ნეტავ შემდეგი ვინ იქნებაო, გაჰკრა მტარვალმა აზრმა გონში, სული აუფორიაქა.
ორივე ახალგაზრდის სისხლი დაედინა მიწას. გასერეს, დაასახიჩრეს და გარყვნეს მათ თოვლის სისპეტაკე, ახლად აღმოცენებულ მეწამულ ხავსსა და ყვავილებს წააგავდნენ, ისეთივე მშვენიერსა და უჩვეულოს, ვითარცა ელისაბედის გაცრეცილ სახეზე აღმოცენებული, წითლად აღუებული ბაგე იყო.
ცა ყურისწამღებად გაჰკიოდა და სტიროდა თეთრი ცრემლებით.


-*-*-*-*-*-*-
მეათე თვის სუსხს შეეჭირხლა ვოლფრამთა სასახლის მინები და ახლად ჩასვენებულიყო მზე, როცა თავის ოთახებში ბრახუნით შეიჭრა უალდჰარის თავადი გენრი. ნაპერწკლებს აფრქვევდა თვალთაგან ბუმბერაზი, წამსვე ბოლთის ცემას შეუდგა, და მზერა დაჟინებით მიაბჯინა ცეცხლთან მიფიცხებულ შაჰაიაქელ ინგენს.
ფერი მოერთხა ბერიკაცს, გადაეშალა კალთები თავისი განუყრელი, დაფხრეწილი მოსასხამისა. მიენაბა თვალები, ხის გაჯირჯვლულ როდინში ჩაენთო სანდალოზის ხის ნაფოტები, რომელთა სურნელსა და კვამლში გამოხვეული ირწეოდა.
თვალები გაახილა ინგენმა. თოვლში ჩაკონებულ, წითელ ყვავილთა ხილვას მოსწყდა ანაზდად.
უმზირა მას გენრიმ, გავეშებული დააბოტებდა, თუმცაღა ყურიც არ შეუბერტყავს გრძნეულ ბებრუცუნას, განაგრძობდა რწევასა და ბუტბუტს.
-ინგენ! - შეჰღრიალა თავადმა, როცა გაუწყდა მოთმინების ძაფი. - მომხედე, გრძნეულო ბებერო! ნუთუ ესაა შენი მონაგარი?! ნუთუ ამას გასწვდება მხოლოდ შენი თვალსაწიერი?!
-მეფე არ იძვრის, თავადო? - შეჰკითხა ინგენმა, ისე რომ არც კი შეუხედავს, თითქოსდა აბეზარი მწერი ყოფილიყო ბუმბერაზი. - ნუთუ კვლავ დაემუქრეთ მას?
-მას? - შესძახა გენრიმ. - იგი უარს ამბობს ჩემს ხილვაზე! ლაჩარი, სნეული ბებერი! მხოლოდ თავისი ლაქია გიუნტერი მომიგზავნა, ჰგონია მას, რომ ამით დავკმაყოფილდები!
გადაიხარხარა შაჰაიაქელმა ინგენმა. ჰაერში გაკრთა და განიბნა სანდალოზის ხის კვამლი, კერაში აგიზგიზებული ცეცხლი აცახცახდა.
-ამ ქვეყანაზე ყველაფერია გიუნტერი, თავადო, მაგრამ ლაქია არ გახლავს. - ჩაიქირქილა მან. - ქარიშხალმა რამდენიც არ უნდა აიკლოს არე-მარე, მდუმარე მთა მაინც არ მოიდრეკს ქედს...
წარბები შეჰკრა თავადმა, საკვირველად აღიჩინა გულთმისანი ბერიკაცის გაუგებარი სიტყვანი.
-რასაა რომ ბუტბუტებ, ბერიკაცო?! - იფეთქა მან. - უგუნურის სიტყვათა ტრიალს სჯობს მაუწყო, რად არ მემორჩილება მეფე!
-მეფე ქვეყნის ბურჯია, საფუძველი და საყრდენი, თავადო... - ჩაილაპარაკა ინგენმა. - გიხაროდენ, რამეთუ ძლიერია იგი...
-ძლიერი! - შესძახა დამცინავად გენრიმ. - ძლიერების ნატამალი არ სცხია მის მყიფე, ბებერ სხეულს! საკუთარი ხელით მოვკლავ მას და გასრულდება ეს საქმეც!
-შენ თვითონაც უწყი, რომ ტყუილად გაიძახი მაგ მუქარას, თავადო. - ჩაიქირქილა ინგენმა. - სრორდელნი, თუმცაღა უწყიან შენი ძალისა და სიმდიდრის ამბავნი, არარად ჩაგაგდებენ, თუ მეფედ არ გაკურთხა სნეულმა სოლომონმა! ბებერია იგი, სნეული, მკლავი აღარ უჭრის და თვალი, მაგრამ ვოლფრამია იგი, სრორდი კი ვოლფრამთა აგებულია...
-როგორ ვაიძულო იგი, ინგენ? - სიტყვა გააწყვეტინა თავადმა. - როგორ ვაიძულო იგი, რომ მე გადმომილოცოს გვირგვინი?
-უგუნურო! - შეჰყვირა ბებრუცუნამ, მოტრიალდა თავისი ჩია სხეულით, ნაკვერცხლებივით ღვიოდნენ მისი თვალები ლაბადის ქვეშ. - უგუნურო, ყეყეჩო ვიგინდარავ! გწადია მეფე იყო? გწადია?! მაშასადამე მხოლოდ მაშინ, როცა ჭეშმარიტი მემკვიდრე მოკვდინდების და სრორდის ტახტს ვოლფრამნი აღარ ეყოლება, შეძლებს მეფე, რომ ვიღაც გადამთიელი აკურთხოს სრორდის მფარველად!
ზორბა ყურები და ღაწვები აუფორაჯდა უალდჰარის თავადს, როგორ მკადრესო.
-გადამთიელი, უბადრუკო ბერიკაცო? - შესძახა მან. - ნუთუ ასრედ გეფიქრება ჩემზე? რაც მე ამ ქვეყანას შევალიე, ყეყეჩო! გაუგონარი სითავხედეა!
გავეშებულმა თავადმა უმალვე გაალაჯა, გამოჰგლიჯა ოთახთა კარი და ზურგსუკან მოიჯახუნა.
კედლები შეაზანზარა ბუმბერაზის მკლავთა ძალამ.
ძარღვიც არ შესტოკებია ინგენს. ჭკვამოკლე კაცს ენამოკლე სჯობსო, წაიბურტყუნა ჩუმად. მხოლოდ დაკოჟრილი თითებით ამოურია ავარვარებულ სანდალოზის ხეთა ნაფრცქვენთ, ერთი აზიდა, აცადა აბოლება და შესჭამა, დანარჩენი კი შეჰყარა ბუხარში, მას მოსასხამთა კალთებიდან გამოძვრენილი, მბრწყინავი ფქვილი და ყორნის ვეებერთელა ბუმბული მიაყარა.
იფეთქა ცეცხლმა და ჩანავლდა უმალ. მოწითალო, მერე კი ვარდის პირისფერი, მკრთალი სინათლე მოეფინა ოთახს სუსტად.
პირი გააწკლაპუნა ინგენმა, სანდალოზის ხის სურნელება იგემა და თვალები დახუჭა.
მცირე ჟამს მხოლოდ ვარდის პირისფერს უცქერდა იგი, ბებრის თხელ ქუთუთოთა საფარს გამოქცეულს. უცქერდა და ირწეოდა, როკავდა ხილვა მის თვალთა მიღმა, გამაბრუებელმა სანდალოზის ხის სურნელმა თითქოსდა ნისლი ჩამოაწვინა მიჩუმათებულ ოთახში. ჰაერიც კი გარინდულიყო, თითქოსდა აღარ ღუოდნენ ნაკვერცხალნიც, არ დავურღვიოთო გრძნეულ ბერიკაცს სიმშვიდე.
ანაზდად უფრო დაიხუთა ჰაერი. სანდალოზის ხის სურნელი გამხმარი ბალახის, კლდოვანი მიწის მოტკბო სურნელითა და შორეული იმედის მოყვითალო ელფერმა ჩაანაცვლა. სული შეუგუბდა გულთმისანს, თითქოს დაგავენო, მზის მწველი სხივები მოედო ყველგან.
ჩამობნელდა, მერე კი აღიმართა მოწითალო ჩრდილი ნაკვერცხალთა სარეცელიდან, თავ-ფეხი გამოისხა, მგლად იქცა. ხახა დააღო ვეებერთელა მტაცებელმა, გადიდდა, მოიცვა მთელი სივრცე, იწვოდა და სწვავდა შემოგარენს, ყურისწამღებლად ღრიალებდა, ამცნობდა ყველას მის სიახლოვეს. ყელი აღიმაღლა მან და შეჰყმუვლა მაღლა, გაბმით.
ყმუილზე, თითქოს ათასი ფრინველი წამოიშალაო, სამარისებური სიჩუმის მიუხედავად უთვალავ ფრთათა ფრთხიალი ჩაესმა ინგენს. ვეებერთელა ყორანი აფრინდა, ალმოკიდებული თვალები გააკვესა, დაიჩხავლა, მგლის თავზე გაშალა ფრთები.
მერე კი აალდნენ ორივენი, ნისლი ძრწოდა მგლის დაღებული ხახიდან, თითქოსდა გაუსაძლის სიცივეში სუნთქავსო იგი, ყორანი არ ჩერდებოდა, თავს დასჩხაოდა, უფრო და უფრო ხმამაღლა, სანამ შავმა ნისლმა არ აავსო თვალსაწიერი.
ბალახისფერი ელფერი დაედო გარემოს, მათრობელა ღვინის ტკბილი სიმჟავით შეზავებული. მერე იფეთქა სინათლემ, ისევე აინთო, როგორც ციცინათელები შაჰაიაქის ბუჩქნარებში.
ერთი. ორი, სამი, ათი, ათასი...
მერე კი გაჰქრა შუქი, უმალ ჩაკვდა ყველაფერი. დიაცი გაჰკიოდა შორს, შორს, მას მამაკაცის ღრიალი შეემატა და კვლავ აიჭრა ყორანი, თუმცაღა სხვა იყო იგი, სულ სხვა, პირველს ჩაუნისკარტა, ხეთ, მდინარეთ, მთათ გადაუფრინა და შეერია ღრუბლებს, ამაზრზენი იყო მისი გაბმული ჩხავილი.
გაჰქრა ვარდის პირისფერი ნათება. იძალეს ნაკვერცხლებმა, ალი მოსდეს აბოლილ კუნძებს და თვალი გაახილა შაჰაიაქელმა ინგენმა. ცახცახებდა ბერიკაცი, მწარე გემო დასდებოდა მის ბაგეს.
-აააჰ... - ამოიოხრა მან, ცივი ოფლით შუბლდაცვარული შუბლი შეიმშრალა მოსასხამის კალთით. - ღმერთებო, ხათაბალა მოგივლენიათ ჩემს თავს! - ჩაიქირქილა, მუხლებზე დაიწყო აცახცახებული ხელები. - მხოლოდ ერთი ბერიკაცი ვარ, ღმერთებო, დიდი ხნის სული აღარ მიდგას პირში, შემიწყალეთ მე ცოდვილი, ნება მომეცით ნებივრად განვლო დარჩენილი წუთისოფელი...
ცეცხლი ტკაცუნებდა. მოიხარა ინგენი, ღმერთთა წინაშე ჩუმად წაიბუტბუტა ლოცვა, მერე კი გაირინდა.
-დროა. - ჩაილაპარაკა მან. - ჟამი მოვიდა იმისა, რომ ყველაფერზე ვიზრუნო. ნუ იდარდებთ, თავადო გენრი... - ჩაიქირქილა მან, თითქოსდა ცხენის ბეწვით დაფარულ იატაკს ესაუბრებაო. - თქვენ იქნებით მეფე.
მერე კი გასწორდა მოხუცი. როდინში კვლავ ჩაანთო სანდალოზის ნაფრცქვენნი, ააბოლა და ცეცხლს მიშტერებული კვლავ მოჰყვა რწევასა და ბუტბუტს.


-*-*-*-*-*-*-*-
კლდოვან ტრამალზე მყოფთათვის უკვე მესამე მზე ეფარებოდა თვალუწვდენელ ველებს, როცა სიცოცხლე დაეტყო უნაყოფო მიწას. მწვანედ მოღაღანე გორაკები აიზიდნენ შორს და გაუსაძლის სიცხეს, მიბინდებულზეც რომ ასხივებდა მზის გულზე გავარვარებული ქვა, მცირე სიგრილე შეეპარა, თუმცაღა ამას ვერ გრძნობდა და ვერ უმზერდა ქურანზე ამხედრებული ანდრეი.
უწყლობას, გაუსაძლის ტკივილსა და სიცხეს მოეტეხა მეფისწული. იმის შემდეგ, რაც მეფის მიერ ნაუწყები ამბით გავეშებულმა ორი ყივილის მანძილზე შეუჩერებლად, თავაწყვეტით აჭენა სისხლისფერი ბედაური, ძალ-ღონე დალეოდა ანდრეის. რეტი ესხმოდა დამაშვრალსა და ტანჯულს, ცივ ოფლს აეპრიალებინა მისი გაფითრებული პირისახე, გაჭირვებით იკავებდა თავს ქურანზე.
მის გვერდით მიერეკებოდა თავის ულაყს თაფლაზე ამხედრებული ეირინი. თავადაც ქანცგაწყვეტილი იყო დიაცი, სუნთქავდა მძიმედ, თუმცაღა სიცხეს შეჩვეულ მის სხეულს გაეძლო კლდოვანი ტრამალისათვის. ფრთებაწურული ყორანი ჩაჰფრენოდა მეფისქალს მხარზე, კანში ჩაბჯენილი კლანჭებით ადენდა სისხლს, რომელიც შემხმარიყო ეირინის ტილოს კაბას.
ანდრეის უმზერდა ეირინი მალ-მალე, გადაჰხედავდა შემოგარენს, უსმენდა დაძაბული, იქნებ გავიგოო სებიანთა სამფლობელოსთან მდებარე წყაროთა ჩუხჩუხიო, მაგრამ მასაც ელეოდა ძალა და მხნეობა, ვეღარ იტანდა დამშრალი სხეული მოგზაურობის სიმძიმეს.
დღის მხევლის სისხლისფერი ედო თვალსაწიერზე აწვერილ მდელოებს, როცა ფრთებჩამოყრილმა ყორანმა ასწია მბზინვარე თავი, ფრთები ააფრთხიალა და თავზე დაგორგლილ ფერფლისფერ დალალებზე ჩაუნისკარტა მეფისქალს.
გამოფხიზლდა დიაცი. თავი აზიდა, მიაყურადა, იყნოსა ჰაერი.
სიგრილის სურნელი იგრძნო. ანკარა წყლის წვეთები ამშრალიყვნენ თითქოს ჰაერში, მაგრამ მათ გემოს გრძნობდა მეფისქალი ბაგეზე, ცხენის ფლოქვთა ქვეშ ოდნავი დრეკა იგრძნო მიწისა.
ფრთები დაიქნია და აფრინდა ყორანი, ირაო შემოჰხაზა მათ თავზე და მიმართა სებიანთა სამფლობელოს ნაყოფიერ მიწებს.
მოზიდა საბელი და ცხენიდან ჩამოხდა მეფისქალი. მუშტი დასცხო კლდოვან მიწას და ზედ მიადო ყური, რათა გაეგონა მიწისქვეშა წყაროს დამაიმედებელი, უტყუარი გუგუნი.
კრთოდა მიწა, გრიალით მიედინებოდა მის გულქვეშ წყალი.
-რასა იქმ, დიაცო? - შეჰკითხა ანდრეიმ. შემდგარიყო მეფისწული, მიბნედილი თვალებით უმზერდა ჩამუხლულ ეირინს.
-ჩამესმა გრიალი წყლისა, სრორდელო. - მიუგო მეფისქალმა, თაფლაზე ამხედრდა კვლავ. - მომყევ! გიხაროდენ, რამეთუ ახლოსაა საშველი.
თაფლას ქუსლები შემოჰკრა ეირინმა და გააჭენა, მიჰყვა ყორნის მიერ დაფარულ გზას. წითელი ათინათი ჰღებავდა მის მოფრიალე თეთრ კაბასა და კეფაზე დაგორგლილ თმას გამოქცეულ დალალებს.
მცირე ჟამი უცქირა ანდრეიმ, რეტი ესხმოდა, ლიბრი გადაეკრა მის თვალებს. მოიკრიბა დარჩენილი მწირი ძალ-ღონე, ქუსლები შემოჰკრა ქურანს და დასჭყივლა. ჩიტივით გაფრინდა ცხენი, აედევნა თაფლას.
ის ღამე წარმოუდგა თვალწინ მეფისწულს, პირველად რომ იხილა ერქანთა დიაცის ბრინჯაოსფერი, ზიზღისაგან დაღმეჭილი, მაგრამ უდრეკი პირისახე. გაახსენდა, თუ როგორ მიაჭენებდნენ ისინი ცხენებს კლდოვან ნაპირზე, თავგადაკლულ, სასიკვდილო რბოლაში ჩაბმულნი, რომელშიც ტოლ-სწორი არ აღმოაჩნდა გრძნეულ დედაკაცს.
მიქროდნენ თაფლა ულაყი და სისხლისფერი ქურანი, გონი მისდიოდა მეფისწულს, საბელს მოხვეული ხელები უდუნდებოდა, კლდოვანი ტრამალი კი თვალსა და ხელს შუა, თითქოსდა შეულოცესო, სკდებოდა, ფერს იცვლიდა, ფერფური მისდიოდა. ნაპრალთაგან ყვითელი, გადამხმარი ბალახის მაგივრად ხავსი და ნორჩი ყლორტები იზიდებოდნენ, ნოტიო მიწა ეფინებოდა ალაგ-ალაგ, მოახლოვდა მოღაღანე ტყისფერი ბალახით გადაპენტილი ველები და ხეთა ტევრი, რომლის სიცოცხლისათვის მეათე თვის სუსხს ვერაფერი დაეკლო.
ახლოვდებოდა სებიანთა სამფლობელოს განთქმული ნაყოფიერი მიწები, ახლოვდებოდა წყლის გუგუნი, მიწას ჰკვეთდა, მშვიდად მირაკრაკებდა კალაპოტში და თავი წამოჰყო იმედმა, კვირტები გაიჩინა, აყვავილდა.
ბალახით დაფარულ მდელოს გადაუარეს, და სვლა შეანელა მეფისქალის თაფლამ. იხილა ეირინმა, თუ როგორ დაშვებულიყო ვეებერთელა ყორანი მოზრდილ ღელეში, აფართხალებდა გაშლილ ფრთებს და ყელს იღერებდა.
ჩამოხდა მეფისქალი. არ დასჭირვებია თაფლას წყალთან მიყვანა, თვითონ მივარდა და დაეწაფა დაღლილი პირუტყვი მას. მის გვერდით ჩაიმუხლა მეფისქალმა, ანკარა წყალს მოხვია პეშვი და იჯერა გული.
ასმაგად გაუძლიერდა ანდრეის წყურვილი, როცა ღელე იხილა მან. რეტდასხმული რის ვაივაგლახით ჩამოხდა ქურანიდან და წამსვე ჩაიკეცა, ფორთხვით მიაღწია წყალს. კინაღამ ღელეში ჩავარდა იგი, მაგრამ მოსთოკა სხეული. გაუგონარი ნეტარება განიცადა მან, როცა მზეთა განმავლობაში დამშრალი, ჩახლეწილი ყელი დაჰფარა გრილმა წყალმა. ეწაფებოდა იგი, პირღიად ნთქავდა, ყლუპს ყლუპი მისდევდა, თითქოსდა ეწადა მთელი ღელე შეესრუტა, სანამ სული არ მოითქვა და აღარ ძალუძდა.
მცირე ხანს ღელეს პირას ეგდო ანდრეი, თავი მიესვენებინა მოზრდილ ქვაზე და სუნთქავდა მძიმედ, მხოლოდღა ანკარა წყლის ჩუხჩუხს, კუტკალიათა ჭრიჭინს და ტევრში მოთამაშე ქარის შრიალს უგდებდა ყურს, რომელსაც მალ-მალე ემატებოდა შორიდან მომავალი ცხენთა ფლოქვებისა და ეტლის ჭრიალის ხმა.
სანამ ისვენებდა დაღლილობისაგან გათანგული მეფისწული, ტილოს კაბა იძრო მეფისქალმა და ღელეს გულში შევიდა განსაბანად. მდორედ მიედინებოდა ანკარა, გრილი წყალი, ეამა გახურებულ სხეულზე ეირინს. გაწეწილი, ოფლისაგან გაზინთული ფერფლისფერი დალალები ჩამოიშალა, რათა განებანა და წყალში გაევარცხნა ისინი.
შხაპუნმა გამოაფხიზლა მეფისწული, თავი აზიდა. გაჭირვებით დაებჯინა საღ მხარს და იხილა თუ როგორ ჩამჯდარიყო ღელეში ერქანთა დიაცი, გაეშალა თმა და ივარცხნიდა თითებით. მეჩხერ ტევრს გამოჰპარვოდნენ მზის სხივები, მიდამო აელეწათ და ეკონებოდნენ დალალებში.
მის მზერას ჰკიდა თვალი ეირინმა, მიაჩერდა მშვიდად.
-გიხაროდენ, სრორდელო ძაღლო, რამეთუ ცოცხალმა მოაღწიე სებიანთა ნაყოფიერ მიწებს. - გამოსძახა მან.
უმზირა ანდრეიმ, და აარიდა თვალი.
-წყეულიმც იყოს... - თქვა მან. - წყეულიმც იყოს ნაყოფიერი მიწებიც, სებიანთა სამფლობელოც, კლდოვანი ტრამალიც! წყეულიმც იყოს, რადგან ჩემს ლაშქართან აღარ მიმესვლება...
-გეშინის, რომ იქვე მიგაკლავენ შენი მოღალატენი? - შეჰკითხა ეირინმა. დალალთა ვარცხნას მორჩა დიაცი, მიმართა მეფისწულს და შორიახლოს ჩაიმუხლა, მის ბრინჯაოსფერ სხეულს წყალი და სველი თმა ჰფარავდა. - დაგაფრთხო სრორდის მეფის მონაწერმა?
მწყრალად გადახედა მას ანდრეიმ, წამოიწია გმინვით და პირისახეს იპკურა წყალი.
-მე სიცოცხლის ფასი ვიცი, გრძნეულო დიაცო, - წაიდუდუნა მან. - ჭეშმარიტი მემკვიდრე ვარ, წყეულ მოღალატეთ არ მოვაკვლევინებ თავს. სრორდს მეფე სჭირდება...
-შენ კი ძალაუფლება, არა, სრორდელო ქოფაკო? - მშვიდად მიუგო ეირინმა.
თვალები გააკვესა ანდრეიმ, მაგრამ არა უთხრა რა. გაიხედა მან, გადაავლო თვალი სებიანთა სამფლობელოს მწვანე ბალახით დაფარულ მიწებს, გადასული მზისაგან უკვე დაჩრდილულ ფიჭვთა და ნაძვთა ტევრს, რომლის მიღმაც ისმოდა ცხენთა ჩაქჩაქი.
ალბათ სებიანთა მიწისაკენ მიიჩქაროდნენ გზას დამდგარნი. ცხენი და ეტლი დასახლებას მიანიშნებდა, მაშასადამე საკვებსა და მცირედ დასვენებასაც გამოჰკრავდნენ ხელს...
-მაშ? - შეჰკითხა ეირინმა, როცა სიჩუმე ჩამოვარდა მათ შორის. - რისი წადილი აგიღვივდა, ჩრდილოეთელო? გწადია მამაშენის სიტყვას მისდიო და უჩუმრად მიაღწიო შენს მოკავშირეებს?
-ნუ შემბედავ მასხრად აგდებას, ერქანთა დიაცო. - კბილთა შორის გამოსცრა მეფისწულმა. - არარად მიღირს შენი სიტყვანი... ყოველივეს გავაკეთებ იმისათვის, რომ სათანადოდ დავსაჯო ქვეშქვეშა მოღალატეები. პირველ რიგში უალდჰარის თავადს ამოვგლეჯ ენას, რომლითაც შემომბედა და შეთქმულება დასახა სხვა გველებთან ერთად, მერე მარჯვენას მოვკვეთ, რომლითაც სისრულეში მოიყვანა იგი, მერე კი თავს წავაგდებინებ, რომლითაც ეს გაუგონარი მკრეხელობა მოუვიდა გონში! როგორ გამიბედა!
ნაპერწკლებს ყრიდა თვალთაგან გაცოფებუბული ანდრეი, სუნთქავდა მძიმედ. რეტი დაესხა ბედშავს, კვლავ დაასხა ცივმა ოფლმა.
-სებიანთა სამფლობელო ვრცელია. - თქვა ეირინმა. - ათასი ჯურის ხალხები ტრიალებენ, მუდამ მოძრაობაშია იგი, უამრავ გზას უერთდება. მხოლოდღა ის დაგვრჩენია, ჩრდილოეთელო, რომ რიგით მოგზაურთ დავემგვანოთ.
მოქუფრული უცქერდა მას მეფისწული. ახლო მომავალზე აუწყებდა დიაცი, მაგრამ ძალ-ღონე აღარ ჰქონდა ანდრეის. სურდა მხოლოდ, რომ მიწოლილიყო და დაესვენა, ამიტომ აღარა თქვა რა, რეტდასხმულმა კვლავ ქვაზე მისდო თავი.
მის გაფითრებულ სახესა და სახვევებში გამოჟონილ სისხლს უმზირა ეირინმა, საღამოს ბინდბუნდში რომ იცრიცებოდა.
მერე კი წამოდგა, წყლიდან ამოზიდა ბრინჯაოსფერი, საამურად გაგრილებული სხეული. კაბისათვის ხელი არ უხლია მას, რათა მის სითეთრეს ძალუძდა გაეცა. ფერფლისფერი თმა გამოინასკვა მეფისქალმა, დაიგორგლა თავზე და მიმართა ველებს.
ბალახსაც არ აშარიშურებდა ეირინი, ისე გადაევლო ორ მდელოს. უფრო გაძლიერდა ეტლთა ჭრიალი და ცხენთა ფლოქვების დაგადუგი, როცა მან ნაძვთა მცირე ტევრს მიაღწია, რომელიც ბექობზე აღმართულიყო და პირდაპირ გადაჰყურებდა სებიანთა სამფლობელოსაკენ მიმავალ, ჩალისფერი ხრეშით დაფარულ გზას. გზა დაბლობზე გადაჭიმულიყო, ორივე მხარეს შემორტყმოდა ბალახით დაფარული მდელონი, მერე კი იკლაკნებოდა, ველი და მოღაღანე ბალახი ჰფარავდა თვალთახედვიდან. შორს კი, ძალიან შორს სებიანთა ცნობილი ალაყაფი და ხის მაღალი, მოჩუქურთმებული სვეტები აღმართულიყვნენ.
მიდამო მოთვალიერა, და როცა ცხენშებმული ეტლის ჩაქჩაქი მიწყდა გზაზე, ერთ გადაწოლილ ნაძვზე აცოცდა ეირინი. გზას მოფარებულ მსხვილ ტოტზე გადაწვა იგი, აეკრო ზედ და მარამდწვანე წიწვებს შეაფარა თავი, მოგზაურის მოლოდინში გაირინდა.
იწვა მეფისქალი, ჩაჰფრენოდა ტოტს, დღის მხევალი კი მიგოგმანებდა ცის კამარაზე, გროვდებოდნენ ნაცრისფერი ღრუბელნი და ჰფარავდნენ მზის სუნთქვას. რუხი ბინდბუნდი ჩამოწვა, რომელსაც მკრთალად ანათებდა სებიანთა დასახლებიდან მომავალი შუქი და დროდადრო ჩირაღდნები, რომლებიც მოგზაურთ ხელთ ეპყრათ გზის გასანათებლად, ანდა ეკიდათ ძვირფას ეტლზე.
ჩაიარა რამდენიმე ქვეითმა, მხედარმა, ორმა ეტლმა, მაგრამ არ გამოჩნდა ის, ვისაც ელოდა ეირინი, ვისაც თავის განკარგულებაში ექნებოდა ყოველივე, რასაც საჭიროებდნენ სებიანთა სამფლობელოს უჩუმრად გასავლელად.
და ბოლოს, მაშინ, როცა დღის მხევალი საკუთარ სისხლისფერ სუნთქვაში ჩაიხრჩო დასავლეთით და სულშეგუბებულმა სიბნელემ მოიცვა ცის კამარა, კოხტად დაჭედილი ცხენის ფლოქვთა ხმამ ყურები დააცქვეტინა ეირინს. შორიდანვე უმალ შეათვალიერა ახალგაზრდა მხედარი, რომელიც ფეხმაგარ, საღარა ცხენს შემოსჯდომოდა, ძვირფასი თელის კელაპტარი ეპყრა ხელთ. ეირინის მახვილ სმენას არ გამორჩენია ოქროს ჩხრიალი, რომელიც უცნობს მოსასხამის ქვეშ შემალულ ქისაში მიემალა, არც ცხენზე გადაკიდებული ხურჯინი გამოჰპარვია, რომელშიც ჩაწყობილი, მონათათვის განკუთვნილი ჯაჭვები და ძვირფასეულობა ბრწყინავდა.
მონის წამოსაყვანად მიდიოდა იგი. შეძლებული ჩანდა, თუმცაღა არც ისე მდიდარი, რომ მისი გაუჩინარების გამო გადაეტრიალებინათ ქვეყანა.
ავაზასავით აიზიდა ეირინი ტოტზე, ერთი მკვეთრი მოძრაობით ქვეშიდან მოექცა, და როცა მას გაუსწორდა მხედარი, ისკუპა ანაზდად.
მხედარმა შეჰყვირა და არე-მარე ცხენის ჭიხვინმა აიკლო, მაგრამ გაოგნებისა და შიშის მეტი ვეღარაფერი მოასწრო უცნობმა. ეირინმა მას ელვის სისწრაფით ჩაავლო საფეთქლებში ხელები და ერთი ძლიერი მოძრაობით კისერი მოსტეხა.
ცხენს გადაეფინა მიცვალებული. მეფისქალი ჩამოხდა, ბედაურს ლაგამი დაუჭირა, ნეშტი გრძელი მოსასხამის კალთებით მიაბა უნაგირს. ძირს გაგორებული კელაპტარი აიღო და მარტოდ რომ დაიგულა თავი, ცხენი არეკა ბექობზე, მერე კი მიმართა ღელეს.
სიბნელე ჩამოწოლილიყო, კელაპტრის სუსტი შუქი რომ არა, თვალთან ხელს ვერ მიიტანდი. ბალახს უჩუმრად მიარღვევდა ეირინი, ლაგამი ეჭირა მაგრად, უსმენდა კუტკალიათა ჭრიჭინსა და ღელეს მოახლოებულ რაკრაკს.
ისევე დახვდა მეფისწული, როგორც დასტოვა იგი. თავი ქვაზე მიედო და თვლემდა, იქვე კი ყორანი წამოჭიმულიყო, რომელმაც ფრთები ააფრთხიალა, როცა მომავალი მეფისქალი შეამჩნია.
ბალახი გათელა ეირინმა, კელაპტარი რბილ მიწაში ჩაარჭო, რათა არე-მარეს სინათლე მოჰფენოდა. ტილოს კაბა გადაიცვა მან, ფერფლისფერი დალალები ჩამოიშალა.
უცნობი მხედრის ნეშტი გადმოაგდო ცხენიდან, სასწრაფოდ შემოაძარცვა მოსასხამი და ძვირფასი სამოსი. ხურჯინიდან მონის სამკაულობა აართვა მეფისქალმა, დაგრეხილი, მძიმე ყელსაბამი შეიბა ყელზე, ხელებსა და ფეხებზე ჟღარუნა სამაჯურები აისხა, ბოლოს კი მძიმე თავსაბურავი შემოიხვია თმაზე, რომელიც შუბლზე შემოსავლებ მოოქროვილ ფირფიტას უერთდებოდა. ნიშნულთა დასაფარადო, გაივლო ეირინმა, მერე კი მოსართავები ახსნა საღარა ცხენს და აართვა უნაგირი.
-რასა იქმ? - მოესმა ანაზდად და პირი იბრუნდა, მასზე მაცქერალ მეფისწულს შეაგება მზერა. უჩუმრად წამოწეულიყო ანდრეი, გაცრეცილ პირისახესა და რუხ კულულებს კელაპტრის სუსტი შუქი დაჰფენოდა. მოქუფრული უმზერდა იგი, მაგრამ მცირე ძილს მოეღონიერებინა, ლიბრი აღარ გადაჰკვროდა თვალებზე.
-სებიანთა სამფლობელოს განვლა თუ გწადია, სრორდელო, სათანადოდ უნდა გამოჩნდე ხალხში. - მიუგო ეირინმა, იქვე მიყრილი სამოსი მიუგდო მეფისწულს. ხმადაბლა, მელოდიურად გაიჟღრიალეს ასხმულმა სამაჯურებმა. - ჭრილობანი დაიფარე! სებიანთა სამფლობელოში მხოლოდღა მოსალხენად მიდის ხალხი, მათ არ იციან ომი და არ ეამებათ მეომრის ხილვა...
-ნუთუ... - ანდრეი წარბშეკრული უმზერდა ცხენს, სამოსს, მერე კი ბინდბუნდში გაჭირვებით გაარჩია ბალახში მიწოლილი მამაკაცის სხეული. - შენ იგი მოჰკალ?
-მცირეოდენი ფული და სამოსი გვესაჭიროებოდა. - მიუგო ეირინმა, სისხლისფერ ქურანს, რომელიც უწყინრად ძოვდა, დაადგა უნაგირი და დაამაგრა, უმალ შეამოწმა მოსართავები. - მე მართლა გრძნეული არ გეგონო, წყეულო სრორდელო, არ ძალმიძს ჰაერიდან ვშობო სასიცოცხლო საჭიროებანი.
აღარა უთხრა რა ანდრეიმ. პირი იბრუნა, ჩითის შარვალი გაიძრო და ღელეში ჩააბიჯა, მკერდსა და ზურგზე იპკურა წყალი, კისერი და კულულები დაისველა. გრძნობდა იგი, თითქოსდა კლდოვან ტრამალზე მზის თითოეული სხივი, ბედაურთა ფლოქვთაგან ადენილი მტვერი მის სხეულს დაჰკონებოდა.
გრილი წყლით ნაამებმა ამოაბიჯა ნაპირზე, უმალ ჩაიცვა უცნობი მხედრის სამოსი. მშვენიერი ქსოვილისა იყო პერანგი, არც გახამებული ტილოს შარვალი და გამძლე ხარის ტყავის ქალამნები ჩამოუვარდებოდა მას. მძიმე ლაბადა მოისხა მეფისწულმა და აჰხედა ერქანთა დიაცს.
იდგა დიაცი საღარა ცხენთან ახლოს, უპრიალებდა შუბლს აკრული ფირფიტა, ნიშნულთ რომ უფარავდა. აღარსად ჩანდა მისი მბზინავი ფერფლისფერი თმა და ტილოს კაბა, ყველაფერი რუხ თავსაბურავს დაეფარა. მხოლოდღა მეფისქალის ფითრისფერი, თითქოსდა უწამწამო თვალები იმზირებოდნენ უცვლელად.
არა უთხრა რა ეირინმა, საღარა ცხენს გავაზე შემოჰკრა ხელი. დაიჭიხვინა ცხენმა, შეიკუნტრუშა და გაიჭრა მდელოზე.
მიცვალებული ტევრში შეათრია მეფისქალმა, ნაძვის მიწამდე ჩამოწოლილი ტოტებით დაჰფარა. როცა ღელესაკენ მობრუნდა, უკვე ამხედრებულიყო ანდრეი ქურანზე, ყორანი მხარს შემოესვა და ელოდა მას.
კელაპტარი აიღო და თაფლაზე ამხედრდა ეირინი, მერე კი ანდრეის გაუძღვა წინ. ცხენის ყოველ ნაბიჯზე ჟღარუნებდნენ სამაჯურები.
-ამდენი ხარახურა რად მიჰქრონდა იმ მხედარს? - შეჰკითხა ანდრეიმ, როცა მდელონი გადალახეს, ბექობს ჩაუყვნენ. მათ წინ ზორბა ეტლმა გაიშხუილა, აამტვერა ჩალისფერი ხრეში.
-სებიანთა სამფლობელოს სახელი გავარდნილი აქვს მონათა ბაზრის გამო. ის მხედარიც მონის საყიდლად მიემართებოდა... - მიუგო ეირინმა. - აქ ყველანაირი ჯურის მონა იყიდება, ჩრდილოეთელო... ამფაკართა სამეფოდან, ავლატიდან, ჩაქერიდანაც კი... ერქანთა სამეფოდან ხშირად იტაცებენ ახალგაზრდებს, რათა ამ ბაზარზე გაჰყიდონ. - ეირინს ფითრისფერი თვალები გაუშტერდა. - ალბათ იხილავ ჩემი შეფერილობისა და თმის მქონე ხალხს, თუმცაღა თმას ჰფარავენ ისინი, ისეთივე სიძვად ითვლება იგი აქ, როგორც შენ უკუღმართ ქვეყანაში.
-მაშ ესაა შენი სამალავი, ერქანთა დიაცო? - წარბები აზიდა მეფისწულმა. - შენ მონა ხარ, მე კი შენი ბატონი?
-შენ ბაგეს გამოქცეულ სიტყვათ დაუკვირდი, სრორდელო, თორემ ენას პირშივე დაგიწვავ. - პირი მისკენ იბრუნა ეირინმა, უმზერდა წარბშეკრული. - თუკი გწადია მშვიდობიანად გადალახო აქაურობა, ისე მოიქეცი ვითარცა მონათმფლობელსა და ვაჭარს შეჰფერის. გავფრთხილდი, არავინ შეურაცხყო. იცან ის, ვინც შენზე მაღლა დგას. ის მხედარი, სამწუხაროდ, გონიერი არ აღმოჩნდა, იარაღს არ ატარებდა... ხელთ არასოდეს აღიღო კელაპტარი. აქ მონა უნათებს ბატონს გზას...
-ეგ სამკაულობაც მონისაა... - თქვა ანდრეიმ. - ვითარცა პირუტყვს, ნახევრადძვირფას ქვათ ჩამოჰკიდებენ მათ, რათა ყოველთვის იცოდეს ბატონმა, თუ სადაა მისი მონა და ყოველთვის ახსოვდეს მონას, თუ ვინაა მისი ბატონი...
-მართალია. - მიუგო ეირინმა. - და ქისას უფრთხილდი, სრორდელო, არავინ მოგტაცოს იგი.
სიჩუმე ჩამოვარდა. საღამოს ბინდბუნდს მხოლოდღა ჭრიჭინების სიმღერა, კელაპტრის ტკაცუნი და ეირინის სამაჯურთა ჟღრიალი არღვევდა. ღამის გრილი ქარი უბერავდა, აშრიალებდა მოღაღანე ბალახს და დედასავით არწევდა ასწლოვან ხეებს, ჩალისფერ შარაგზას რომ გადმოჰყურებდნენ.
სებიანთა დასახლება კი, ღამესაც კი რომ სიცოცხლით ჩქეფდა, უფრო და უფრო ახლოვდებოდა.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

19 გვერდი და რეკორდული 4,860 სიტყვა! heart_eyes heart_eyes მომიტევეთ რომ თავის ნახევარია მხოლოდ ანდრეი და ეირინი, მაგრამ შემდეგ თავში აუცილებლად ანაზღაურდება! <3 საჭირო იყო ეს მონაკვეთებიც დამეწერა kissing_heart kissing_heart იმედია ისიამოვნებთ heart_eyes heart_eyes bowtie

 



№2 სტუმარი lalka

ვაიმე ხო ამომიღამდა და წამომეთარა ეს თვალები შენს ლოდინში.სადა ხარ ერთი ჰა?უუუფ კაი იყო მსუყე მარა მაინც არ მეყო.კიდე რამდენ დღეს გვალოდინებ ნეტავ.

 



№3  offline ახალბედა მწერალი linda

lalka
ვაიმე ხო ამომიღამდა და წამომეთარა ეს თვალები შენს ლოდინში.სადა ხარ ერთი ჰა?უუუფ კაი იყო მსუყე მარა მაინც არ მეყო.კიდე რამდენ დღეს გვალოდინებ ნეტავ.

რას ვიზამთ, ცოტა ხო უნდა ვიჭოტაოთ laughing laughing დიიიიდი მადლობა გენაცვალე <3 <3 იმედი მაქვს, რომ შემდეგ კვირას დავდებ და ასე დავარეგულარულებ დადების გრაფიკს ^_^ უღრმესი მადლობა რომ მელი და მკითხულობ! heart_eyes heart_eyes

 



№4 სტუმარი Guest ანა

შენი მოთხრობა დიაზეპამი წავიკითხე და მივხვდი ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც შეუძლია დაწეროს შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე წყვილზე ვიცი რთულია მაგრამ მაინც მგონია კარგი მესინი იქნება საზოგადოებისთვის

 



№5  offline ახალბედა მწერალი linda

Guest ანა
შენი მოთხრობა დიაზეპამი წავიკითხე და მივხვდი ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც შეუძლია დაწეროს შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე წყვილზე ვიცი რთულია მაგრამ მაინც მგონია კარგი მესინი იქნება საზოგადოებისთვის

ამაზე პირადში მომწერე გენაცვალე ^_^ თუმცაღა მოწოდებული იდეებით მე ისტორიებს ვერ ვწერ, ამიტომ ძალიან ვწუხვარ. ჩემიდან უნდა ამოდიოდეს, სხვანაირად არ გამოვა... მაგრამ მიხარია რომ ასე ფიქრობ <3

 



№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momenatre sixarulo ...
Pirceli nawili dzaan seriozuli iyo. Martla.
Ssocreba xar.
Velodebi shemdeg 'amanazgaurebel " tavs

 



№7  offline ახალბედა მწერალი linda

nawkas12345
Momenatre sixarulo ...
Pirceli nawili dzaan seriozuli iyo. Martla.
Ssocreba xar.
Velodebi shemdeg 'amanazgaurebel " tavs

მეც ძალიან მომენატრეთ ყველანი :( <3
ვაიმე, ძალიან მიხარია რომ პირველ ნაწილზე ასე ფიქრობ... მართლაც სასტიკად სერიოზული იყო, მძიმე და დამთრგუნველი, თითქოს სული მეხუთებოდა მეც....
შემდეგ თავში აუცილებლად თითქმუს მხოლოდ ანდრეი და ეირინი იქნებიან, წინა თავის მსგავსად და იმედია ამით დღევანდელ დანაკლისს ავანაზღაურებ! <3
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რომ მკითხულობ! <3

 



№8  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ვაიმეეე დიაცო ეს რეები დაატრიალე ჰა?! საშიში დედაკაცი ხარ :დდდ ❤წუხელ მოვკალათდი კარგად მეთქი ჩავუჯდები და წავიკითხავ-თქო მაგრამ ვინ გაცადა :დდდ მაშინ დამაჯდა ძილის პეპელა მაინც და მაინც :დდ ❤❤
სამაგიეროდ ახლა წავიკითხე გამოფხიზლებულზე თან რამხელა თავი იყო უჰ უჰ უჰ ორ თავს უდრიდა და კაათ ვისიამოვნე :***❤
დასაწყისი ხო იყო რაცხა სასტაული :დდ იმედი მქონდა ძაან დიდი ამბავი გასკტებოდა და გასკტა კიდეც :დდდ ახლა ეჭვი მღრღნის ელისაბედის ბავშვი ცოცხალი რომ იყოს :დდდ
ისე ანდრეი ბავშვობაშიც რა დამპალი ყოფილა :დდ როგორ გაახელა მისი ძმა მაგას რომ არ ეტლიკინებინა ენა არც არაფერი მოხდებოდა ...ერთი შვილის სიკვდილი არ კმაროდა და დაკრძალვა ორმაგ დაკრძალვად გადააქციეს :(((
ნუ მართალია ეირინი და ანდრეი ცოტა იყო მაგრამ რაც იყო სასტაული :დდდ უკვე წარმომიდგენია იმ სამეფოში რა ამბები ელოდებათ ამ საცოდავებს :დდ უკვე გული მიფანცქალებს და ინტერესისგან თითებს ვიჭამ :დდ ❤❤
ეირინი ტიტლიკანა რო დატანტალებს ანდრეის არაფრის თავი არ აქვს ახლა თორე მაგას არ ატანტალებდა ეგრე :დდდდ აქ გარყვნილი აზრები მომაწვა და არ შეიმჩნიო :დდდ ❤❤
მოკლედ,მძახალო რომ ვკითხულობ სულ მგონია ფილმს ვუყურებ ისე ცხადად წარმომიდგება ხოლმე თითოეული სცენა თვალწინ❤❤ამას სულ გეუბნები და არ მომბეზრდება გამეორება ,რომ ასეთი სცენების,აღწერების და ნათლად წარმოჩენის ჯადოქა'ლ'ი ხარ :დდდ❤❤აი ეს ჟანრი ძაან შენი მგონია და რა ვქნა :დდ ❤❤
უღვარხარ მძახალს ძალზედ შენც და შენი ლამაზი თითუკებიც ამას რომ გაწერინებენ :დდდ :**❤❤❤❤❤

 



№9  offline წევრი Skubidu

გული მიგძნობდა რო ახალი დამხვდებოდა ჩაუჯდები ეხლა

 



№10 სტუმარი Guest ჯიჯი

სასწაული გოგო ხარ რა სასწაულიიი

 



№11 სტუმარი Guest skunsi

sg admin dges yvelaze magari xar

 



№12  offline ახალბედა მწერალი An_Gel

მე ახლა დავიწყე შენი კითხვა. ამ ისტორიით გეცნობი და უბრალოდ ვერ ვხვდები, სად ვიყავი აქამდე?! სულ ვიცოდი, რომ კარგი ისტორიები გქონდა და მკითხველები გიჟდებოდნენ შენზე,მაგრამ რაღაცნაირად ვერასდროს ვახერხებდი წაკითხვას. ახლა გადავწყვიტე და უბრალოდ ვერ ვხვდები, რას ვაკეთებდი აქამდე?!
ასეთი განსხვავებული ლექსიკით, შინაარსით, პერსონაჟებით დატვირთული ისტორია მე მეორე არ მინახავს ამ საიტზე. (შეიძლება არის და მე არ ვიცი)მეგონა რომელიმე კლასიკოსის რომანს ვკითხულობდი. ამ თავის პირველი ნაწილი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. იმდენად მძაფრად გადმოეცი ემოციები, დავიძაბე და ამან მომანდომა თერთმეტივე თავის წაკითხვა. (რომ დაგეწევი მთლიანად მერე მოგახსენებ ჩემს აზრს :დდ)
მოკლედ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ახლაც. ძალიან განსხვავებული მწერალი ხარ და მიხარია,რომ დავიწყე შენი გაცნობა. heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№13  offline ახალბედა მწერალი linda

Margaritha Loki
ვაიმეეე დიაცო ეს რეები დაატრიალე ჰა?! საშიში დედაკაცი ხარ :დდდ ❤წუხელ მოვკალათდი კარგად მეთქი ჩავუჯდები და წავიკითხავ-თქო მაგრამ ვინ გაცადა :დდდ მაშინ დამაჯდა ძილის პეპელა მაინც და მაინც :დდ ❤❤
სამაგიეროდ ახლა წავიკითხე გამოფხიზლებულზე თან რამხელა თავი იყო უჰ უჰ უჰ ორ თავს უდრიდა და კაათ ვისიამოვნე :***❤
დასაწყისი ხო იყო რაცხა სასტაული :დდ იმედი მქონდა ძაან დიდი ამბავი გასკტებოდა და გასკტა კიდეც :დდდ ახლა ეჭვი მღრღნის ელისაბედის ბავშვი ცოცხალი რომ იყოს :დდდ
ისე ანდრეი ბავშვობაშიც რა დამპალი ყოფილა :დდ როგორ გაახელა მისი ძმა მაგას რომ არ ეტლიკინებინა ენა არც არაფერი მოხდებოდა ...ერთი შვილის სიკვდილი არ კმაროდა და დაკრძალვა ორმაგ დაკრძალვად გადააქციეს :(((
ნუ მართალია ეირინი და ანდრეი ცოტა იყო მაგრამ რაც იყო სასტაული :დდდ უკვე წარმომიდგენია იმ სამეფოში რა ამბები ელოდებათ ამ საცოდავებს :დდ უკვე გული მიფანცქალებს და ინტერესისგან თითებს ვიჭამ :დდ ❤❤
ეირინი ტიტლიკანა რო დატანტალებს ანდრეის არაფრის თავი არ აქვს ახლა თორე მაგას არ ატანტალებდა ეგრე :დდდდ აქ გარყვნილი აზრები მომაწვა და არ შეიმჩნიო :დდდ ❤❤
მოკლედ,მძახალო რომ ვკითხულობ სულ მგონია ფილმს ვუყურებ ისე ცხადად წარმომიდგება ხოლმე თითოეული სცენა თვალწინ❤❤ამას სულ გეუბნები და არ მომბეზრდება გამეორება ,რომ ასეთი სცენების,აღწერების და ნათლად წარმოჩენის ჯადოქა'ლ'ი ხარ :დდდ❤❤აი ეს ჟანრი ძაან შენი მგონია და რა ვქნა :დდ ❤❤
უღვარხარ მძახალს ძალზედ შენც და შენი ლამაზი თითუკებიც ამას რომ გაწერინებენ :დდდ :**❤❤❤❤❤

ტეტაააააა ჩემო თუხთუხა მძახალოო <3 <3 heart_eyes heart_eyes
მესმის შენი, როდის დაფრთხიალებენ ეს ძილის პეპლები, როცა არ გინდა მაშინ გაჯდებიან სიკვდილის ბუზებივით და რო გინდა, ყველა ერთად წყდება და მიდიან ბაბუაჩემის მამასთან laughing laughing laughing laughing
იმხელა თავია ვერ გადაახტები, მეც ვერ დავიჯერე, მარა მიხარია რო მოგელამუნა კაათ :დდდდ
ამბებე თქვა ხომ დაგპირდი ხოდა აგერ ამბებეეეეც laughing laughing ოდესღაც ხო უნდა გარკვეულიყო ჩვენი ანდრიუშას შავბნელი წარსულის ამბები :დდ ახლავე გეტყვი ქალაუ რომ არაა ელისაბედისა და ვალერიანის ბავშვი ცოცხალი, ყველა გაწყდა :( უბედური ქალი და გადაყვა მშობიარობას, ხშირად ხდებოდა ეგეთები სამწუხაროდ თავის დროზე :( tired_face tired_face აბა გოგოო! ძაან შეუკიკინა ანდრეიმ თადეოსს და აჰა! მიიღო კიდეც საკადრისი. ანდრეის რომც არ ეთქვა, თადეოსი მაინც მიაგნებდა ვალერიანს, მარა ამან დაუჩქარა სიკვდილი პატიოსნად neutral_face neutral_face ლენჩი ბენტერა ესა triumph triumph
ამბებეეეე ხდება შემდეგ თავში, თან ძაააან ამბებეეეე :დდდდდდ ბევრი კითხვა დაისმება და ზოგ-ზოგიერთი რამ გაირკვევა, პასმოტრიმ :დდდ <3
ეხ, გარყვნილი აზრები მეც მომაწვა, ჯერ ეირინმა რომ გაიხადა და მერე ანდრეიმ, მეთქი შვილებო რატო ცდებით ერთმანეთს ყველაფერში თქო? მარა ესმით? არ ესმით :/
ტეტააააა, უდიდესი, უღრმესი მადლობა შენ, მძახალო! <3 <3 ისე მახარებ და მაბედნიერებ, რო სულ ასეთი ბედნიერი და გახარებული დადიოდე ამ დედამიწაზე <3 მიკაქალ heart_eyes heart_eyes
Skubidu
გული მიგძნობდა რო ახალი დამხვდებოდა ჩაუჯდები ეხლა

უღრმესი მადლობა! <3 იმედია მოგეწონა და ისიამოვნე <3
Guest ჯიჯი
სასწაული გოგო ხარ რა სასწაულიიი

უღრმესი, უდიდესი მადლობა! <3 heart_eyes heart_eyes
Guest skunsi
sg admin dges yvelaze magari xar

დიდი მადლობა გენაცვალე relaxed relaxed heart_eyes heart_eyes

 



№14  offline წევრი crete20

კარგი იყო ადრიდელი ამბების გადმოცემა. ანდრეის იმ საქციელსაც ვამართლებ პატარა იყო და დის სიკვდილში მეჯინიბეს ადანაშAულებდა. მაგათი ძმა მეჯინიბემ რომ მოკლა იმსახურებდა იმ სიტყვების მერე რაც საკუთარ დაზე და დისშვილზე თქვა.

რაც შეეხება ჰასე ძალიან მომწონს, გაწონასწორებული და ჭკვიანი ტიპია! heart_eyes heart_eyes

მოკლედ შემდეგ თავსი მგონი მაგრად ვიხალისებ. დარწმუნებული ვარ ანდრეი შეიფერებს ბატონის პოზიციას და ეირინს მონასავით მოექცევა stuck_out_tongue_winking_eye laughing laughing საწყალ ეირინს კი ხმის ამოღების საშუალება არ ექნება laughing laughing მაგარმ ალბათ როცა დაიმარტოხელავებს მერე გამოლანძღავს სროდელ ღორს laughing laughing stuck_out_tongue_winking_eye

როგორც მე დავასკვენი ანდრეი მუსლიმანია (ქალები თმას რომ იფარავენ), ეირინი კი უფრო მოქრისტიანო stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

სულმოუთქმელად ველი ახალ თავს heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№15  offline ახალბედა მწერალი linda

An_Gel
მე ახლა დავიწყე შენი კითხვა. ამ ისტორიით გეცნობი და უბრალოდ ვერ ვხვდები, სად ვიყავი აქამდე?! სულ ვიცოდი, რომ კარგი ისტორიები გქონდა და მკითხველები გიჟდებოდნენ შენზე,მაგრამ რაღაცნაირად ვერასდროს ვახერხებდი წაკითხვას. ახლა გადავწყვიტე და უბრალოდ ვერ ვხვდები, რას ვაკეთებდი აქამდე?!
ასეთი განსხვავებული ლექსიკით, შინაარსით, პერსონაჟებით დატვირთული ისტორია მე მეორე არ მინახავს ამ საიტზე. (შეიძლება არის და მე არ ვიცი)მეგონა რომელიმე კლასიკოსის რომანს ვკითხულობდი. ამ თავის პირველი ნაწილი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. იმდენად მძაფრად გადმოეცი ემოციები, დავიძაბე და ამან მომანდომა თერთმეტივე თავის წაკითხვა. (რომ დაგეწევი მთლიანად მერე მოგახსენებ ჩემს აზრს :დდ)
მოკლედ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ახლაც. ძალიან განსხვავებული მწერალი ხარ და მიხარია,რომ დავიწყე შენი გაცნობა. heart_eyes heart_eyes heart_eyes

ვაიმე აგი რა წაიკითხა ჩემა თვალებმა scream scream scream scream რაებს მეუბნები, გინდა საბოლოოდ გავიფუყო, გავიფხორო, ავფართხალდე და სამუდამოდ გაფხორილი დავრჩე? flushed joy joy heart_eyes heart_eyes ისე გამახარეს შენმა სიტყვებმა რომ ვერც კი წარმოიდგენ <3 კლასიკოსის რომანივოოოოოოო მეორევოოოოო scream scream heart_eyes heart_eyes
აუცილებლად მომახსენე აზრი როცა დამეწევი <3 <3 უღრმესი მადლობა, რომ გულთან მიიტანე ეს ამბავი, დაიძაბე და კითხვა გადაწყვიტე! heart_eyes heart_eyes ჩემთვის რა პატივია ისეთი მწერლიდან, რომელზეც ქება-დიდებაზე მეტი არაფერი მესმის, ამ სიტყვების მოსმენა ვერც კი წარმოიდგენ <3 ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes heart_eyes

 



№16  offline ახალბედა მწერალი linda

crete20
კარგი იყო ადრიდელი ამბების გადმოცემა. ანდრეის იმ საქციელსაც ვამართლებ პატარა იყო და დის სიკვდილში მეჯინიბეს ადანაშAულებდა. მაგათი ძმა მეჯინიბემ რომ მოკლა იმსახურებდა იმ სიტყვების მერე რაც საკუთარ დაზე და დისშვილზე თქვა.
რაც შეეხება ჰასე ძალიან მომწონს, გაწონასწორებული და ჭკვიანი ტიპია! heart_eyes heart_eyes
მოკლედ შემდეგ თავსი მგონი მაგრად ვიხალისებ. დარწმუნებული ვარ ანდრეი შეიფერებს ბატონის პოზიციას და ეირინს მონასავით მოექცევა stuck_out_tongue_winking_eye laughing laughing საწყალ ეირინს კი ხმის ამოღების საშუალება არ ექნება laughing laughing მაგარმ ალბათ როცა დაიმარტოხელავებს მერე გამოლანძღავს სროდელ ღორს laughing laughing stuck_out_tongue_winking_eye
როგორც მე დავასკვენი ანდრეი მუსლიმანია (ქალები თმას რომ იფარავენ), ეირინი კი უფრო მოქრისტიანო stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes სულმოუთქმელად ველი ახალ თავს heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

მიხარია რომ მოგეწონა ადრინდელი ამბები <3 გეთანხმები, იმის მიუხედავად, რომ ანდრეიმ გაახელა თადეოსი, მისი ბრალი მთლად არ ყოფილა, რადგან უმისოდაც გადადგამდა თადეოსი იგივე ნაბიჯს... და მაინც მოკლავდა ვალერიანი მისი სიტყვებისათვის :(
მეც ძალიან, ძალიან მომწონს ჰასსე <3 უხ, ისეთი მაქვს წარმოდგენილი, მშვენიერი კაცია! ^^ სამწუხაროა რომ აღარაა ცცოხალი :(
ვნახოთ, ვნახოთ, თუ რა იქნება შემდეგ თავში laughing laughing ანდრეი გაყოყოჩდება ვითომ? laughing laughing პასმოტრიმ, თუ იზამს ეგრე და თუ მოუთმენს ფიცხი ეირინი laughing laughing
მომუსლიმანოსა და მოქრისტიანოზე შესაძლებელია :დდდ მაგრამ სრორდში ქალები არ იფარავენ თმას relaxed relaxed relaxed relaxed უბრალოდ საქმე იმაშია, რომ იქ ღია ფერის თმა არის გაიგივებული გარყვნილებასთან, მაგრამ თმას არ იფარავენ ^^
უღრმესი, უდიდესი მადლობა, რომ მკითხულობ და ასეთ სტიმულს მაძლევ! relaxed relaxed heart_eyes heart_eyes

 



№17 სტუმარი Guest ლიკუნა

აუუუუ აიი ძაან მაგარი იყო.ზოგადად ისტორიას რომ ვხედავ შენს ატვირთულს მიხარია ძალიან ძალიან.ყველაზე მეტად შენი ისტორიები მიყვარს.საუკეთესო ხარ მოკლედ რა

 



№18  offline ახალბედა მწერალი linda

Guest ლიკუნა
აუუუუ აიი ძაან მაგარი იყო.ზოგადად ისტორიას რომ ვხედავ შენს ატვირთულს მიხარია ძალიან ძალიან.ყველაზე მეტად შენი ისტორიები მიყვარს.საუკეთესო ხარ მოკლედ რა

ვაიმე როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ! <3 <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, გენაცვალე, რომ გიხარია ჩემი ისტორიები heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ვაიმე საუკეთესოოო გავიფხორე, გავიფუყე და ავფართხალდი heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes relaxed relaxed

 



№19 სტუმარი Guest ლიკუნა

linda
Guest ლიკუნა
აუუუუ აიი ძაან მაგარი იყო.ზოგადად ისტორიას რომ ვხედავ შენს ატვირთულს მიხარია ძალიან ძალიან.ყველაზე მეტად შენი ისტორიები მიყვარს.საუკეთესო ხარ მოკლედ რა

ვაიმე როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ! <3 <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, გენაცვალე, რომ გიხარია ჩემი ისტორიები heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ვაიმე საუკეთესოოო გავიფხორე, გავიფუყე და ავფართხალდი heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes relaxed relaxed

ვაიმე აი ყველა შენი ისტორია მიყვარს და ვინ იცის რამდენჯერ წამიკითხავს

 



№20  offline ახალბედა მწერალი linda

Guest ლიკუნა
linda
Guest ლიკუნა
აუუუუ აიი ძაან მაგარი იყო.ზოგადად ისტორიას რომ ვხედავ შენს ატვირთულს მიხარია ძალიან ძალიან.ყველაზე მეტად შენი ისტორიები მიყვარს.საუკეთესო ხარ მოკლედ რა

ვაიმე როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ! <3 <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, გენაცვალე, რომ გიხარია ჩემი ისტორიები heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ვაიმე საუკეთესოოო გავიფხორე, გავიფუყე და ავფართხალდი heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes relaxed relaxed

ვაიმე აი ყველა შენი ისტორია მიყვარს და ვინ იცის რამდენჯერ წამიკითხავს

ჰაიმეეეეეე heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes გავთბი <3 <3 უღრმესი, უდიდესი მადლობა შენ! ^_^ <3

 



№21  offline წევრი Bai

აუჯჯ როდის იქნება გაგრძელება?ისე მაინტერესებს დღეში ათასჯერ ვამოწმებ

 



№22  offline ახალბედა მწერალი linda

Bai
აუჯჯ როდის იქნება გაგრძელება?ისე მაინტერესებს დღეში ათასჯერ ვამოწმებ

ვაიმე, უღრმესი მადლობა, გენაცვალე ^_^ დღეს ვაპირებ მეთორმეტეს დადებას ^_^ <3 საღამოსთვის იქნება ^^ heart_eyes heart_eyes

 



№23  offline წევრი Bai

linda
Bai
აუჯჯ როდის იქნება გაგრძელება?ისე მაინტერესებს დღეში ათასჯერ ვამოწმებ

ვაიმე, უღრმესი მადლობა, გენაცვალე ^_^ დღეს ვაპირებ მეთორმეტეს დადებას ^_^ <3 საღამოსთვის იქნება ^^ heart_eyes heart_eyes

ველოდები ადამიანი ამდენი ხანია აი არ ვიცი უკვე ლამის გაგრძელების წერა დავიწყე

 



№24  offline ახალბედა მწერალი linda

Bai
linda
Bai
აუჯჯ როდის იქნება გაგრძელება?ისე მაინტერესებს დღეში ათასჯერ ვამოწმებ

ვაიმე, უღრმესი მადლობა, გენაცვალე ^_^ დღეს ვაპირებ მეთორმეტეს დადებას ^_^ <3 საღამოსთვის იქნება ^^ heart_eyes heart_eyes

ველოდები ადამიანი ამდენი ხანია აი არ ვიცი უკვე ლამის გაგრძელების წერა დავიწყე

ვაიმე გენაცვალე heart_eyes heart_eyes satisfied satisfied laughing laughing ძალიან ვცდილობ რომ ცოტა რეგულარულად იყოს, მაგრამ ხარისხიანადაც უნდა დავწერო და სამწუხაროდ ვერ მივაფუჩეჩებ :( მადლობა რომ მკითხულობ heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent