შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 14)


3-10-2017, 00:32
ავტორი linda
ნანახია 986

დალიჰარი (თავი 14)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ


-*-*-*-*-*-*-14
განვლო სუსხს, ზრეას ჩახჩახსა და მლოცველთა სიმღერაში ჩაძირულმა ცრუღამემ. რუხ ღრუბელთ გამოპარულმა მთვარემ ვერცხლისფერი სხივები ჩააწნა სინათლეთა კონას, როცა ტევრის ჩრდილიდან წამოიწია ანდრეი. მეათე თვის სიცივე, ყინულად რომ მოსდებოდა ბალახს, წვიმით დაჟიებულ სამოსში აღწევდა, და ჩამოწოლილ ღამეს არაფერი მოჰქონდა, გაუსაძლისი ყინვის გარდა.
-წავედით, დალიჰარ. - მიმართა მან. მწყრალად ამოჰხედა მას ეირინმა, თუმცაღა არა უთქვამს რა. მხოლოდღა ზანტად წამოიწია იგი, სხეულზე შემოიჭირა რუხი თავსაბურავი.
-დალხენის ადრეულად დატოვება უპატივცემულობაა ნაყოფიერების ღვთაებისა. - თქვა მან, როცა ანდრეის მიჰყვა უკან. - იგი არ დაგლოცავს, სრორდელო...
-ვითარცა შენი წყეული ღვთაება არ გლოცავს, ერქანთა დიაცო? - მოუჭრა ანდრეიმ. - ვრცელია ზულუსტის დაბლობი, და უხვად ახვევიან მას მლოცველნი. ამ გნიასში ვერავინ შეგვნიშნავს...
-შენივე ღმერთებისა არ გწამს, სრორდელო ქოფაკო? - შეჰკითხა ეირინმა. სუსხიანმა ქარმა წამოუბერა, ტევრსა და ბალახებში გაიჭრა სტვენით და შეუდრკა სხეული ერქანთა დიაცს. - მაშ რად გძაგს ესოდენ ჩემი რწმენა, თუკი საკუთარი არ გაგაჩნია?
-თხელი ყინულით დაფარულ უკიდეგანო ზღვაზე მიდიხარ, დალიჰარ! - პირის მოუბრუნებლად მიუგო მეფისწულმა. - ნუთუ შენი მიწის ყოველივე ადათ-წესის წინაშე იხრი ქედს?
მცირე ჟამით დადუმდა ეირინი. შესცქეროდა იგი მის წინ მიმავალი მეფისწულის ბეჭებს და რუხ კულულებს, ზრეას მოჩახჩახე სინათლე რომ მოჰფენოდათ.
-ერქანთა მიწაზე გატარებული ყველა დღე პაწაწინა, თუმცა შეუფასებელი ნაწილია ჩემი, ვითარცა თითოეული კენჭი თვალუწვდენელი ზღვის ფსკერზე... - თქვა მან ბოლოს.
მოიქუფრა ანდრეი. შედგა იგი, მოუტრიალდა ერქანთა დიაცს. ცივ ფითრისფერ თვალებში უმზერდნენ ეირინს ზრეას სინათლენი, ნაწვიმარ ქვათა არეკლილი ოქროსფერით დაჰფერვოდა ბრინჯაოსფერი კანი. გულგრილობა ეხატა მის პირისახეს, და, უკვე მეორედ, ძლივს შესამჩნევი წუხილი იხილა მეფისწულმა.
უცქირა ანდრეიმ, შეჰკრა წარბი, მაგრამ არა უთხრა რა. იბრუნა პირი, გაჰყვა ქუჩას.
უჩუმრად მიჰყვა უკან ეირინი. ჩასცქეროდა ერქანთა დიაცი მიწას, თითქოსდა ანაზდად გასტეხაო საკუთარმა სიტყვებმა, მონარჩენი მწირი მხნეობა გამოსწოვა. დაღლილობის დაღი დასმოდა მის პირისახეს.
ვაჭრებთან შეჩერდა ანდრეი. მცირე სამოსი და საკვები შეიძინა, მერე კი ღამისსათევის ძებნაში დაუყვა აჩახჩახებულ ქუჩებს. თბილ სინათლეს აფრქვევდნენ კელაპტარნი, მაგრამ იძალა ღამემ, ოქროსფრად დაფერილმა სინათლეთა ქალაქმაც კი ვერ განირიდა ნაწვიმარს შემორჩენილი სუსხიანი ქარი, რომელმაც დაჰბერა სტვენით, და მოიტანა ყინულოვანი წვიმის თქორი. ანაზდად ამოვარდა იგი, ცეცხლის ალი მოჰგლიჯა კელაპტართ, შეათრთოლა თავთავნი და ყვავილნი, სხეულზე სამოსი შემოჰყინა მეფისწულსა და ერქანთა დიაცს, ქუჩაში რომ მიიჩქაროდნენ. გაფითრდა მეფისწული, ჭრილობამ გაუსაძლისად გასწიწკნა, თავი შეახსენა.
თავსაბურავი მოიხვია ეირინმა, ქარის წინაშე დახარა თავი.
მიიჩქაროდნენ გამვლელნი, სახლებს აფარებდნენ თავს, მიწყდა მოლხენისა და სიმღერის ხმა. მხოლოდღა კანტიკუნტად შერეოდა ქარის წუილს მლოცველთა ღაღადი და გოდება.
გაძეძგილ, ზორბა სამიკიტნოში შეაღწიეს გაჭირვებით. ანდრეის გოროზი პირისახისა და ოქროს ხილვისას დაფაცურდა მეპატრონე, მეორე სართულზე მიუჩინა ოთახი. ანდრეი შეძლებული ვაჭარი ჰგონებოდა მას, უტრიალებდა და პირფერი ღიმილით შესციცინებდა, ცეცხლს დაგინთებთ, ვახშამსა და განბანვისათვის ქაფქაფა წყალს ამოგიტანთო.
ერთი ოქრო ესროლა მას ანდრეიმ და ხარბად ჩაბღუჯა იგი მეპატრონემ, საკუთარი ხელით ამოუზიდა ვახშამი და წყალი.
მსახურთ არ აკადრებდაო მდიდარ სტუმარს, გაივლო გონში ეირინმა, ოთახს მოავლო მზერა. სარეცელი, იატაკზე დაფენილი ქვეშაგები, ორი სკამი, სარკე და ზორბა სკივრი წარმოადგენდა მის ავლადიდებას. თითქოსდა კვლავ სებიანთა სამფლობელოში იყვნენ, კვლავ იმ სამიკიტნოში, თითქოს კვლავ ჩაესმოდა მეფისქალის ყურთ სიტყვა „დალიჰარი“...
ცეცხლი ააგიზგიზა პირფერმა მეპატრონემ და გულითადი ლოცვით დასტოვა ისინი. მოზრდილ, წითელი ხისაგან გამოჩორკნილ სარეცელზე დაეშვა ხვნეშით ანდრეი.
სველი ლაბადა და მაუდის ტუნიკა შემოიძრო მან, მიჰყარა გვერდით და ქაფქაფა წყლის ვარცლში ჩაფენილ სუფთა ტილოს სწვდა.
განიბანდა იგი ცხელი ტილოს ნაგლეჯით არაქათგამოცლილ, ყინვისაგან დასუსხულ სხეულს. კისერსა და პირისახეზე მოისვა იგი, შუბლს აკრული რუხი კულულები გადაიწია. ძილბურანი ერეოდა დაღლილს.
უსიტყვოდ უმზერდა მის სხეულს ეირინი, ბუხრის ალისფერი რომ დასდებოდა. ხელები დაეკრიფა მეფისქალს, უცქერდა იგი, თუ როგორ იძრო მეფისწულმა დარჩენილი სამოსი, როგორ განიბანა შიშველი სხეული სველი ტილოთი და როგორ ეძალებოდა ღვინოს.
ნაკვთები დაეღრიჯა ეირინს. ქვეშაგები მიითრია ბუხართან, თრთოდა დაჟიებულ სამოსში. მეფისწულის მწველ მზერას გრძნობდა, თუმცაღა პირი არ იბრუნა მისკენ.
უცქერდა მეფისწული, ჩასისხლული, ლიბრგადაკრული მზერით, თუ როგორ შემოიძარცვა ერქანთა დიაცმა სამოსი. გვერდით მიაგდო თავსაბურავი და ტილოს კაბა, მხოლოდღა გრეხილ თოკებად დაფენილი ფერფლისფერი თმა ჰფარავდა მის სიშიშვლეს.
ყბა შეჰკრა ანდრეიმ. ტკბილი სიმწარე აუზვირთდა ცეცხლმოკიდებულ მკერდში, იფეთქა და ჟრჟოლის ტალღად დაედინა გაციებულ სხეულს.
თვალი აარიდა სასწრაფოდ და უმალ მოიყუდა ღვინის თუნგი.
ქვეშაგებზე წამოწვა ეირინი, ქეჩით დაჰფარა სიშიშვლე. საფარველში გამოხვეული მიეფიცხა აგიზგიზებულ კერას და ინატრა ბურანი.
გრიალებდა წვიმა, შლეგივით ეხლებოდა სახურავსა და ფანჯრებს. ქარი იტაცებდა წვეთებს გზიდან, წუილით ახეთქებდა არე-მარეს, და გრგვინავდა იგი, თითქოსდა ჭექა-ქუხილს აეტანა ცის კამარა.
თვალები მილულა ერქანთა დიაცმა. გალღვა კერაში აგიზგიზებული ცეცხლის ალი, განიბნა, მწველ ალისფერ ლაქად იქცა...
-ცრუობ, დიაცო. - თქვა ანაზდად მეფისწულმა და მოგვრილი ბურანი გაუფრთხო ეირინს. წამოიწია ერქანთა დიაცი, პირი იბრუნა მისკენ.
უცქერდა ანდრეი, და კერის ცეცხლი მოჰკიდებოდა ეირინს ფითრისფერი თვალებსა და გაწეწილ დალალებზე.
-ცილისწამება სიცრუეზე მძიმეა, სრორდელო. - ჩუმად მოუჭრა ერქანთა დიაცმა.
-ცრუობ! - შესძახა ანდრეიმ. - ცრუობ, როდესაც შენი ბაგენი ძვირფასად რაცხავენ შენს წყეულ მიწაზე გატარებულ თითოეულ დღეს... რამეთუ მხოლოდ ომი, სნეულება და შიში გიხილავს, დალიჰარ. - მიუგო ანდრეიმ, კვლავ მოიყუდა თუნგი.
-განსაცდელით აღსავსე დღენი ერქანთა მიწისადმი ფესვგამდგარ სიყვარულს ვერაფერს აკლებს, სრორდელო. - შეჰსისინა ეირინმა. - ჩემი მიწის ტანჯვა მიხილავს და განმიცდია, თუმცაღა გულისტკივილს მგვრიდა იგი, რადგან ერქანთა სამფლობელო ესოდენ ძვირფასია ჩემთვის...
-გაჩენის დღეს არ იწყევლი, დიაცო? - შეჰკითხა ანდრეიმ. - ნუთუ არ გეზიზღება დღე, როცა გშობა დედაშენმა? ნუთუ არ გძაგს იგი გამოვლილ ჭირთა გამო?
ენას უქცევდა და ლუღლუღებდა იგი, მაგრამ მაინც მკაფიოდ, ვითარცა ზარები, რეკდნენ მისი სიტყვანი.
უსიტყვოდ შეაცქერდა ეირინი. მიჩქმალულ საიდუმლოებას ეძიებდა მის ჩასისხლულ თვალებში.
-ძმა მოჰკალ, სრორდელო? - შეჰკითხა ბოლოს. - უხსენებელ ცოდვაში გაისველე ხელები?
გაქვავდა ანდრეი. თუნგს შემოაჭდო ათრთოლებული თითები, გმინვა წასკდა ბაგეს.
-პასუხი გწადია ესოდენ უგუნურ კითხვაზე, დალიჰარ? - მოუჭრა ბოლოს. - რამეთუ არა უწყი რა...
-ყველაფერი ძალზედ მარტივია. - სიტყვა გააწყვეტინა ეირინმა. - ცეცხლს დიდხანს რომ ჩასცქერი, ბრმავდები, სრორდელო.
მიწვა ერქანთა დიაცი, და სიჩუმემ მოიცვა გარემო, რომელსაც შლეგივით ჰკაწრავდა სახურავს დამსკდარი თქორი.
უცქერდა მას ანდრეი. მათრობელა ღვინის ლიბრი გადაჰკვროდა მზერაზე, ცეცხლის ალი ულოკავდა მკერდს, მაგრამ ჭრილობის ტკივილი არ იყო იგი. რის ვაივაგლახით გაიშოტა მეფისწული, ქათქათა ბამბის საფარველით დაჰფარა შიშველი სხეული.
კერაში ტკაცუნი გაჰქონდა ალს და მაცდურ, მყუდრო ოქროსფერში ჩაძირულიყო ოთახი.
გარეთ კი პირქუში, სუსხიანი ღამე დაუდგა ზრეას, არსად მოჩანდა ღამის მხევლისა და ცის კამარას მიმობნეულ მარგალიტთა ციალი. ამოვარდნილი ქარიშხალი თავთავთ და ყვავილთ ჰგლეჯდა სადღესასწაულოდ მორთულ ზრეას მუხას, მოაქროლებდა წვიმას და აქრობდა სინათლეთა ქალაქის შუქს, სანამ წყვდიადში ჩაკარგულ ციცინათელათა მსგავსად არ ბჟუტავდა მხოლოდ იგი. მოგვიანებით ზეცისადმი აღაპყრობდნენ ხელთ ზრეას მცოდნენი, შეჰღაღადებდნენ ღმერთებს, რად მოგვივლინეთო ავდარი ნაყოფიერების ღმერთებისადმი მიძღვნილ მზეს, რამეთუ განსაცდელისა ნიშანი იყო იგი.
ბობოქრობდა ქარი, განრისხებული ჰქროდა და წვიმას მოაყოლებდა სევდიან სუსხს.
თუმცაღა, როცა დილით ზრეა დასტოვეს მეფისწულმა და ერქანთა დიაცმა, დამცხრალიყო იგი. მხოლოდღა სქელი, ნაცრისფერი საბურველი გადაჰკვროდა ცას, თითქოსდა ცხვრის მატყლით გადაუპენტიათო ღამით.
მიდიოდა ღრუბელი, ჰქროდა ქარი, და მიჰყვებოდნენ მათ მეათე თვის სუნთქვით შემცივნული მოგზაურნი. მთათა საფარველი არ ჰქონდა ზრეას შემოგარენს, ვერც ისეთივე ტყის საფარით დაიკვეხნიდა, როგორც სებიანთა სამფლობელო.
თუმცაღა, ერთი მზის განვლისას, ზულუსტის დაბლობის ფართო თვალსაწიერზე, აღიმართა ნისლსა და მოსავლის მაოხარი წვიმის საბურველში გამოხვეული შენობანი. შორიდანაც კი მკაფიოდ სჩანდა გორაკს შემომდგარი, თეთრი თლილი ქვის სასახლე, რომელიც ღრუბელთა ნაცრისფერ ფონზე იცრიცებოდა. უზარმაზარ დასახლებას გამოჰყურებდა იგი, შავ-თეთრი ალამი აეფრიალებინათ ცას მიწვდენილ კოშკურაზე.
შაარ-ჰაფას დედაქალაქი, ზულუსტის დაბლობის გული იფლიჰემი აღიმართა მეფისწულისა და ერქანთა დიაცის წინაშე, ქალაქი, სადაც განთქმულ ლაქლან ხანს ჩაეჭდო ხარბი კლანჭები.
დღის მხევალი იწვერებოდა ღრუბელთა მიღმა და ვარდის პირის ფერს ჰფენდა თვალსაწიერს, მისი შუქი ეღვრებოდა სასახლის ქათქათა ქვას. გარიჟრაჟის ყინვა თრთვილად ეფინა ბალახს, და ბრწყინავდა იგი ამომავალი მზის შუქზე, თითქოსდა ვარსკვლავთცვენა დააცხრაო შიშველ მინდორს.
იზრდებოდა იფლიჰემი, ჰფარავდა თვალსაწიერს, ცის კამარას ემიჯნებოდა, რაც უფრო უახლოვდებოდნენ მას მოგზაურნი. გალავანი არ ჰქონდა დედაქალაქს, თუმცაღა თეთრი ქვით მოპირკეთებულ გზასთან აღემართათ მომცრო კოშკურა, საიდანაც დაღვრილ შეძახილთ იტაცებდა ნებიერი სიო.
-დიადია იფლიჰემი! - გაჰკიოდა მახარობელი. - ხელნი ცოდვისაგან განიბანეთ, მოგზაურნო, რამეთუ გზა ვრცელია, იფლიჰემი კი წმინდა! ღმერთთა ღმერთ ალიჰას აურჩევია იგი თავის სამყოფელად! წალკოტია შაარ-ჰაფა, ზულუსტის დაბლობი კი უძვირფასესი გული მისი... დაიხსომეთ, მოგზაურნო, თქვენი შვება და ნეტარებაა იფლიჰემი... განიბანეთ, შეჰღაღადეთ ღმერთთა ღმერთ ალიჰას და ეახლეთ დიად ლაქლან ხანს, დაილოცოს მისი სახელი, რამეთუ ბეჩავთა მოწყალეა იგი! ეახლეთ, დალოცეთ, ღმერთებს შეავედრეთ მისი სიცოცხლე, და აღივსებით მისი გაუზომელი წყალობით!
კვლავ გაჰკიოდა იგი, თუმცაღა აღარ ათხოვა ყური ანდრეიმ. სქელი ლაბადის შალითა წამოიფარა მან, ლაქლან ხანის სპეტაკ სასახლეს შეაცქერდა.
-ნაყოფიერების ღვთისადმი მიძღვნილი ლხენა გამართეს წინა მზეს... - ჩაილაპარაკა მან, უმზირა თაფლაზე ამხედრებულ ერქანთა დიაცს. ტაატით მოჰყვებოდა იგი გვერდით, მის სამაჯურთა სუსტ ჟღარუნს ჰფარავდა სიცოცხლით მჩქეფარე ქუჩა, გამვლელთა ხმაური და კოშკურიდან დაღვრილი კივილი. - რა გასაკვირია, რომ სასახლის ბჭენი ფართოდ გაუღიათ ბეჩავთა დასაპურებლად!
-ზანტია ლაქლან ხანი, თუმცაღა არა ბრიყვი. - ხმადაბლა წაილაპარაკა ეირინმა, ფითრისფერი გამჭოლი თვალებით ათვალიერებდა შემოგარენს. - უწყის, თუ რა სწადია შაარ-ჰაფას ხალხს...
-უწყის, რომ არად აგდებენ მოსახლენი მის აღვირახსნილობას, ამიტომაც ოქროთი და ტკბილით უქონავს მათ თავს... - მიუგო ანდრეიმ. - შეჰფერის კიდეც ესოდენ მდაბალი და პირფერი ქცევა...
-პირფერი საქციელი თუ გულწრფელი, მაინც ბედკრულთ სწყალობს იგი. - ბაგე მოემანჭა ეირინს. - გიხაროდენ, რომ პირფერი და გაქნილია იგი, რამეთუ ძალგიძს შეხვდე მას...
არა უთხრა რა ანდრეიმ. ქუსლები შემოჰკრა ქურანს, ქუჩაში ჩორთით გააჭენა იგი, თვალს არ აშორებდა ქათქათა სასახლეს.
იღვიძებდა იფლიჰემი. კოშკურადან მომავალი მახარობლის კივილი ცრუდილის ბურანს სტაცებდა ქალაქს, იღებოდნენ ფანჯრები, ჭრიალი გაჰქონდათ ურემთ და ეტლთ. ღამე დანთებულ კელაპტართ აქრობდნენ მოსახლენი, ვაჭარნი აწყობდნენ თავიანთ დახლებს ქუჩებში, და ქუჩათა შორის ნაწილებად იხლიჩებოდა მოგზაურთა ურდო.
აიწია დღის მხევალი, გაიზმორა, გაიცრიცა მისი თვალსაწიერს მოფენილი, ვარდის პირის ფერი სუნთქვა. თეთრ ღრუბლებში შეიბურა იგი, მხოლოდღა წუხილით აღსავსე ნაცრისფერი სინათლე მოსდებოდა შემოგარენს, და სუდარით დაჰფარულს ჰგავდა ქათქათა ქვით შემკული იფლიჰემი.
გადიდდა თლილი თეთრი ქვის სასახლე, ბუმბერაზივით წამოიმართა, და ახმაურდნენ ქუჩები, სისხლმა იწყო მათში ჩქეფა. მოსახლეთა და მოგზაურთა რიგი გადაჭიმულიყო სასახლის ღია ბჭესთან, მოლოდინითა და მოუთმენლობით ატანილნი ცმუკავდნენ ისინი. სჩანდნენ უბრალო გლეხნი, რომელთაც ხორბლის ტომრები მიჰქონდათ ძღვენად ხანისათვის, და ძვირფას მარმაშში გამოხვეული დიდგვაროვნები, რომლებიც მედიდურად აჟღრიალებდნენ ქისებს და გარშემო შემორტყმულ მეომართა საფარველიდან იმზირებოდნენ გოროზად.
მომლოდინეთა ურდოს შეერივნენ ერქანთა დიაცი და მეფისწული. მიიწევდა წინ ანდრეი, მიარღვევდა ქურანით მოსახლეთ, და ყურს არ უგდებდა მათ უკმაყოფილო შეძახილებს, მხოლოდღა მძიმე ლაბადის შალითადად იმზირებოდა გოროზი თვალებით. სისხლისფერ ქურანზე აღმართული ისე გადაჰყურებდა აყვირებულ მოსახლეთ, თითქოსდა თვით ხანის ტახტზე მჯდარიყო.
ბჭესთან ჩამოხდნენ ეირინი და ანდრეი. კბილებამდე შეიარაღებული ბუმბერაზნი იცავდნენ სასახლის ფართოდ მოღებულ ალაყაფს. ყურადღებით შეათვალიერეს მათ, გაჩხრიკეს საგულდაგულოდ და როცა იარაღი ვერ უპოვეს, მოახსენეს, გელითო ლაქლან ხანი.
მარმარილოს თლილ საფეხურებზე ააბიჯა ანდრეიმ, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ეირინი. თვალუწვდენელი კიბე უთვალავი მინდვრის ყვავილით მოერთოთ, ნაზი სიო მათ სურნელსა და ფურცლებს იტაცებდა, ფერის ნაპერწკლებად ეფინებოდნენ ისინი ნაცრისფერ, მეათე თვის ბურუსში ჩაძირულ იფლიჰემს. უგრძესი იყო კიბე, თითქოსდა შაარ-ჰაფას ხანს სურდა ღმერთებს მისწვდენოდა, ცის კამარისათვის შეებჯინა იფლიჰემის სასახლე.
-რაოდენ გონიერია იგი... - წაიდუდუნა ანდრეის გვერდით ეირინმა, ასცქეროდა დაუსრულებელ საფეხურთ. - თითოეული ნაბიჯი ჩვენი უფრო გვამდაბლებს...
-ფუფუნების მოყვარული კაცია ხანი. - მიმართა ანდრეიმ. - ფუფუნებისა და ძალაუფლებისა, ორივეს მოხვეჭისა და წარმოჩენის წადილს აუტანია... მასთან აჰყავს მოსახლენი, მისი ხილვის უფლებას უბოძებს, რამეთუ ამაყად აგრძნობინოს თავი, მაგრამ ყოველივე ნაბიჯით ახსენებს, თუ რაოდენ შორსაა იგი მათგან...
უცქირა ეირინმა, მაგრამ აღარ მიუგო პასუხი.
რაც მაღლა მიიწევდნენ, უფრო სწრაფად დაჰქროდა ქარი, ჰგლეჯდა მინდვრის ყვავილებს, ფერად კორიანტელს აბუქებდა ჰაერში. გამყინავი სუსხი შეერია მას, თითქოსდა ღრუბელთ შესდგესო ფეხი. მიწაზე დარჩენილთა ხმაური გაიცრიცა, მიწყდა, მხოლოდღა ქარის ყურისწამღები გუგუნი და მარმარილოს შემმოსავ ყვავილთა შრიალი გაისმოდა გარშემო.
ალაყაფის კართან გამაგრებულ ბუმბერაზ მეომართ შეავლო ანდრეიმ თვალი და შეაბიჯა ძვირფასი მარმარილოთი მოპირკეთებულ დერეფანში. მაღალი იყო დარბაზი, სინათლე იღვრებოდა მომცრო სარკმელებიდან, რომელიც მათ შემამკობელ ფერად მინაში იფშვნებოდა და ფერად ნაპერწკლებად ღვიოდა უთვალავ კელაპტართა თბილ სინათლეში, თითქოსდა გარეთ დატრიალებული, ყვავილების ფურცელთა კორიანტელი შიგნით შემოიღვარაო.
დერეფნის ბოლოს კი, მეომრებით გარშემორტყმული, მაღალ, მოოქროვილ ტახტზე დაბრძანებულიყო ლაქლან ხანი. მეწამულ ბეწვ-ტყავსა და ძვირფას ფარჩა-ბარხატს მისწოლოდა, ვერცხლისფრად მოლაპლაპე ჯავშანი ჰფარავდა მის მკერდს. ღამის წვდიადივით შავ თმაში ედგა გვირგვინი, და ოქროს ძაფით მოსირმული მოსასხამი მოეგდო მხრებზე. ზორბა კაცი იყო იგი, ორმოცდაათ ზამთარს მიღწეული, აბრეშუმსა და მაუდში შეფუთული. მოკაუჭებული ცხვირის ზემოდან მუქ წარბთა ქვეშ ღრმად ჩასმული, გამჭოლი თვალები იმზირებოდნენ, რომელთაც წამსვე თავით ფეხამდე შეათვალიერეს სტუმარნი.
შალითის ქვეშ შებურული თვალებით უმზერდა მას ანდრეი, კელაპტართა ნაპერწკალნი რომ არ მიჰკარებოდნენ ჯერ.
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი ზულუსტის დაბლობის გულში! - წამოიძახა ანაზდად ხანმა, მისი ლაღი, ღრმა ხმა, ექო რომ გამოსცა უზარმაზარ დარბაზში, ზრიალით მიენარცხა თეთრი მარმარილოს კედელთ. - იფლიჰემი თქვენი პირადი წალკოტია, მოგზაურნო! მაშა? საიდან მოდიხართ, საით გაგიწევიათ?
უცქირა მცირე ჟამით ანდრეიმ, არა უთხრა რა.
და მერე კი, როცა ეჭვის ქუფრი მოაწვა ხანის ბრინჯაოსფერ პირისახეს, შალითა იძრო მან.
შედრკა ლაქლან ხანი. გამოუცდელი კაცის თვალში არც კი შენძრეულა იგი, კვლავ ღიმილი ეკრო მის სახეს ნიღბად, თუმცაღა იხილა ანდრეიმ, თუ როგორ შეჰკრა მან აქამდე მოშვებული სხეული, როგორ გაუბრწყინდა თვალები.
აზიდა ბეჭდებით შემკული ხელი და ანიშნა მეომართ, რომლებიც წამსვე გამოემართნენ მათკენ.
-ვგონებ, სჯობს ცალკე გავისაუბროთ! - შეჰღიმა მათ ხანმა, თვალი არ მოუშორებია მათთვის, სანამ მეომარნი ეირინსა და ანდრეის დარბაზის მიღმა აცილებდნენ. - ღმერთებმა გადმომხედეს! თავიანთი ძღვენი მიწყალობეს ამ დალოცვილ დღეს!
ჩაიკარგა მისი ხმა, როცა ვეებერთელა ბჭენი მოიჯახუნეს ერქანთა დიაცისა და მეფისწულის უკან, თავით ფეხამდე შავში გამოხვეული მსახური გამოეგებათ მათ, გაგიძღვებითო ლაქლან ხანის პირადი ოთახებისაკენ.
გაუძღვა იგი, და გულმოდგინედ ათვალიერებდა ანდრეი შემოგარენს. ქათქათა თეთრი ქვითა და მარმარილოთი ნაგები შემოგარენი გაჰკიოდა აურაცხელ სიმდიდრეს. ხანის ოთახებიც, რომლებშიც დასტოვა შავოსანმა მსახურმა, ცივი თეთრითა და შავით იყო მორთული, მხოლოდღა ხანის სამეფო სარეცელი დაეფარათ მეწამული ბეწვითა და აბრეშუმით, რომელსაც ფერადი მინიდან მომავალი შუქი ეღვრებოდა.
იდგა მეფისწული, წარბშეკრული მისჩერებოდა კარს, საიდანაც ლაქლან ხანი უნდა შემობრძანებულიყო, მერე კი უმზერდა ეირინს, რომელსაც თავი დაეხარა, ვითარცა შეშვენოდა მონას, მძიმე ლაბადაში დაფარულიყო, მხოლოდღა კოჭებს მორგებული სამაჯურები და შიშველი ფეხები მოუჩანდა.
მცირე ხანმა განვლო. სამარისებური სიჩუმე იწვა ოთახში.
ანაზდად შემოჰგლიჯეს კარი.
ლაქლან ხანი შემოიჭრა თავისი მოსირმული მოსასხამის ფრიალით, ღია ჭაობისფერი, კატისებრი თვალები შეანათა მათ და ღიმილმა გაუცისკროვნა პირისახე.
-თვით სრორდის დიადი მგელი მეწვია... - წაიდუდუნა მან, და ახარხარდა გულიანად. - რაოდენ გასაკვირია! არა ვუწყოდი რა, რომ ესოდენ ბარაქიანი დღე გამითენდებოდა! უხვი პირით მეახლა დღის მხევალი... ვუწყოდი, სრორდელთ ბაჰირა აღიღესო, მაგრამ სხვა არა მსმენია რა... ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ ბარაქიანი წვერი დამაყოლა, არა, მემკვიდრევ სრორდისა?
-კეთილი იყოს ჩემი ფეხი შაარ-ჰაფასა და იფლიჰემში... - მიუგო ანდრეიმ, გაეპო ბაგე, თუმცაღა უწყოდა მან და ლაქლან ხანმაც, რომ გულწრფელი ღიმილი არ გადაჰკვროდა მის პირისახეს. - დაე ღმერთების წყალობა არ მოჰკლებოდეთ მათ.
-ღმერთები ფრიად მოწყალენი არიან, რამეთუ თქვენი თავი მომივლინეს, დიადო მგელო! - ხელები ფართოდ გაშალა ხანმა, ძვირფასი ქვები უბრწყინავდა მათზე და ფერადი ცეცხლი მოედო თითქოს მის ჯავშანს. - მაშა? რა მოუძღვა თქვენს ფეხს აქამდე, მემკვიდრევ სრორდისა? ნუთუ ლაშქრითურთ არ უნდა უბრუნდებოდეთ სრორდს?
-სნეულება მოედო ლაშქარს, წყლის სენი მძვინვარებდა მასში, მაგრამ უარესი სნეულება შეეყარა ბელთათინს, თითქოსდა შხამი დაალევინესო... - მიუგო ანდრეიმ. - დასნებოვანდა იგი და მხოლოდღა მეომართა დადენილი სისხლი თუ იხსნის.
-ქარაგმანი უგუნურს უამბეთ, დიადო მგელო. - თავი მოიდრიკა მის წინაშე ხანმა, მაგრამ იმოდენა დაცინვას გაეჟღინთა მისი ხმა, რომ წარბი შეჰკრა ანდრეიმ. - ვუწყი, რომ გადატრიალების მყრალი სურნელი სდის სრორდს...
-ბაგე დაიტკბეთ, მმართველო შაარ-ჰაფასა, რამეთუ კვლავ მყარად დგას მიწა ჩემი. - მოუჭრა ანდრეიმ.
წარბები აზიდა ლაქლან ხანმა.
მერე კი ეირინს მიუტრიალა გამჭიახი თვალები, თითქოსდა განგმირა მზერით.
თავდახრილი იდგა ერქანთა დიაცი, შალითის ქვეშ დაჰბურვოდა პირისახე.
-ეს ვინღაა? - შეჰკითხა ხანმა. - თანამგზავრი გაიჩინეთ, დიადო მგელო, თუ მონა შეისყიდეთ?
-არავინაა იგი. - მიუგო ანდრეიმ. - მხოლოდ და მხოლოდ ტყვე ჩემი გამარჯვებისა...
-შალითა იძრე, დიაცო! - მიმართა ხანმა ერქანთა დიაცს, თითქოსდა მოუყრუაო მეფისწულს. ყბები შეჰკრა ანდრეიმ, მაგრამ არა უთხრა რა ხანს.
დააყოვნა მცირედ ერქანთა დიაცმა, მაგრამ ყურად იღო ბრძანება შაარ-ჰაფას მმართველისა. იძრო შალითა, გამოაჩინა თავსაბურავით დაფარული თავი, ბრინჯაოსფრად დაფერილი პირისახე და ფითრისფერი თვალები, რომლებითაც ცივად შეაცქერდა იგი ხანს.
გაოგნდა ლაქლან ხანი. დაჟინებით უცქერდა ანდრეი, თუ როგორ მოემანჭა სახის ნაკვთები მას, გაუფართოვდა თვალები, და გააპო ბაგე.
-ერქანთა სამფლობელოს დიაცი... - წაილაპარაკა ხანმა, თითქოსდა საკუთარ თავს ახსენებსო, მერე კი გადაიხარხარა ანაზდად. - დალიჰარი! ჩემი დალიჰარი! - შესძახა მან. - რა ხანია არ მიხილავს პირისახე შენი, გოგონავ ჩემო! მაუწყეს, რომ წახველ შორს...
მოიქუფრა ანდრეი, ხანსა და ერქანთა დიაცს უმზირა. აქამდეც უხილავთო ერთმანეთი, გაივლო მხოლოდ.
არ შემდრკალა ეირინი, პირისახე დაეღრიჯა, წითელ-ყვითელმა გადაჰკრა.
-შენი ბილწი ენის ტარტარი კვლავ გყვარებია. - მოუჭრა ბოლოს. ხანმა კვლავ გაიცინა, ცეცხლი მოეკიდა შხამით დაფერილ მზერაზე.
-შენი მწარე სიტყვანი ვერაფერს დამაკლებენ, გოგონავ ჩემო. - შეჰღიმა მან. - რამეთუ განმიცდია სიტკბოება შენი...
შედრკა ანდრეი. გაოგნდა მეფისწული, სუნთქვა გაუქვავდა ყელში, თითქოსდა მატყლით ამოუვსესო პირი.
-სიცრუე არასოდეს იქცევა სიტკბოებად. - კბილთა შორის გამოსცრა გავეშებულმა მეფისქალმა. ცეცხლს აკვესებდნენ მისი ფითრისფერი თვალები.
მისკენ იბრუნა პირი ანდრეიმ.
-ვუწყოდი, რომ ყოველთვის მართალი ვიყავი, ერქანთა დიაცო. - თქვა მან.
კვლავ ხარხარი წასკდა ლაქლან ხანს. ღიმილით შეჰყურებდა ორივეს, მასხრად იგდებდა მათ მისი გაბრწყინებული მზერა.
-ერქანთა დიაცი... ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანი... ჰოი, რაოდენ საკვირველია! - შესძახა მან და მას მოუტრიალდა წარბშეკრული მეფისწული, უკვე ცეცხლი მოჰკიდებოდა მრისხანებისაგან მკერდზე. - მომიტევეთ, მეფისწულო, მაგრამ საკვირველად აღვიჩინე, რომ ესოდენ მარტივი რამ არ უწყით, მემკვიდრევ სრორდისა!
-რა არ ვუწყი? - შესძახა გამძვინვარებულმა მეფისწულმა. - რომ ეს დედაკაცი სიძვის დიაცია?
-სიძვის დიაციო! - შესძახა ლაქლან ხანმა. - მემკვიდრევ სრორდისა, ნუთუ არ შეგისწავლია სხვა მიწათა ხალხნი, მათი ადათ-წესები? ნუთუ შენი სამეფო კარის სწავლულებმა არა უწყოდნენ რა...
-შაარ-ჰაფას მბრძანებელი ბრძანდებით, ლაქლან ხან, მაგრამ თქვენი ბაგედან დადენილი შეურაცხყოფა ჩემთვის უბრალო გლეხის შეურაცხყოფის ტოლფასია! - იფეთქა მეფისწულმა.
-ჰოი, დიადო მგელო! უბრალო გლეხიც კი მიხვდებოდა, და თავს დახრიდა იმ მშვენიერებისა და სიტკბოების წინაშე, უხვად რომ უწყალობიათ ღმერთებს ამ დიაცისათვის! - ჩაიქირქილა ხანმა. - როდესაც მას იგემებ, დალიჰარის ჭეშმარიტ მშვენიერებას დაეწაფები, მუხლს მოიყრი მის წინაშე!
თვალთ დაუბნელდა ანდრეის, თითქოს სამი თუნგი გამოსცალაო, ღვინით სავსე, შეტორტმანდა ადგილზე, წამიერად გაუსწორა თვალი ხანს.
და ეძგერა ელვის სისწრაფით, მეფურად აღმართულ და მოღერებულ ყელში სტაცა ხელი. ახრიალდა ხანი, ყელზე შემოჭერილ თითებს დაეჯაჯგურა, უმალ წამოუწითლდა მოწოლილი სისხლისაგან ბრინჯაოსფერი კანი.
-ყველა, ვისაც აბჯარი აცვია, მეომარი არაა! - შეჰსისინა ანდრეიმ, ლაქლან ხანის გადმოკარკლულ თვალებს დაჟინებით ჩასცქეროდა. - ყველა, ვისაც გვირგვინი ამშვენებს მეფე არ არის და ყველა, ვისაც ენა აქვს პირში, ბილწად არ უნდა ატრიალებდეს მას... იქნებ უწყოდეთ, მმართველო შაარ-ჰაფასა, რომ სტუმარი ძვირფასია!
და ხელი უშვა, თითქოსდა უხსენებელს ეხებაო.
უკან წაბარბაცდა ახრიალებული ხანი, ჩასისხლული თვალები მიაპყრო ანდრეის და კვლავ წასკდა ხველებაშერეული ხარხარი.
-ესოდენ... ესოდენ უგუნური როგორ ბრძანდებით, დიადო მგელო? - შეჰკითხა მან ხრიალით, თუმცაღა უცინოდა პირისახე. შედრკა იგი, როცა შეუღრინა მეფისწულმა. - მაგრამ თქვენ თვითონ იხილავთ საკუთარ სიტყვებში ფესვგამდგარ მიუტევებელ შეცდომას...
-ღმერთებს შევღაღადებ, რომ თქვენც იგივე წყალობა მოგივლინოთ, ლაქლან ხან. - მიუგო ანდრეიმ.
მწველი მზერა მიაპყრო მას ხანმა და გასწორდა, გადაშალა მხრები, სცადა ზემოდან დაეხედა მისთვის, მაგრამ ბრგე იყო ანდრეი, მაღალ-მაღალი და ახოვანი.
-დროა კვლავ მივუბრუნდე ჩემს ხალხს. - თავი მოიდრიკა მეფისწულის წინაშე ლაქლანმა. - მომიტევეთ, რამეთუ გტოვებთ, მემკვიდრევ სრორდისა... - ეირინს მიაპყრო მან დამცინავი თვალები. - ...და დიაცო ერქანთა! დაე კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა შაარ-ჰაფაში... ვგონებ, თქვენი წადილი დარბაზის მოწვევას საჭიროებს, მეფისწულო! შევკრებ მათ და ვიხილოთ, თუ რა იქნება საუკეთესო გამოსავალი! მცირე ხანში მსახურნი თქვენს ყოველივე წადილს შეასრულებენ, ყველაზე ძვირფასი, რაც ზულუსტის დაბლობში მოიპოვება, თქვენს განკარგულებაშია! დალოცვილი ჰყვანდეთ შაარ-ჰაფას!
კიდევ ერთხელ დაუკრა მან თავი, და დასტოვა ოთახი.
უმალ კარისაკენ გადააპურჭყა ეირინმა. ფურთხი მოეცხო ქათქათა, ძვირფას ხალიჩას.
-შეფარვით სწადია დაგვწყევლოს... - თქვა მან. - ყველაზე ძვირფასი, რაც ზულუსტის დაბლობში მოეპოვება მას, ხელშეუხებელი ალისფერი შროშანია.
-ალისფერი შროშანი... - ყბები შეჰკრა ანდრეიმ. - მოშხამვა სწადია ჩვენი...
-შეჩვენებული, დაწყევლოს ღვთაებამ... - წაიდუდუნა ერქანთა დიაცმა. - მეამებოდა ხილვა იმისა, თუ როგორ ჩაუსისხლდებოდა ფითრისფერ სიკვდილჩამდგარი თვალები!
-მომეკლა, დალიჰარ? - მას მოუბრუნდა მეფისწული.
შეაცქერდა ეირინი, მრისხანების დაღი ესვა მის ბრინჯაოსფერ პირისახეს.
-ნება შენია. - მიუგო ბოლოს. - უწყი, რომ მე არც კი გამიტოკდებოდა ძარღვი, თუკი მას მოჰკლავდი.
-რაოდენ გძულს იგი... - ბაგე შეუკრთა ანდრეის. - მაშ რად იგემა მან სიტკბოება შენი? - კბილს კბილზე აჭერდა იგი, თითქოსდა მარწუხებს უჭერენ და სიტყვებს ჰგლეჯენო პირიდან.
მწყრალად შეჰხედა ეირინმა და აქცია ზურგი.
-მე მხევალი ვარ ჩემი ქვეყნისა, ჩემი მიწისა და ჩემი ღვთაებისა, სრორდელო. - მოუჭრა მან. - ყოველივეს მისთვის ვაკეთებ... დღემდე და მარადისობამდე მაკისრია მისი ვალი, და ყოველი მზის ამოსვლისას მას ვიხდი.
დადუმდნენ ისინი.
და ჩამოწვა სულისშემხუთველი, ფერადი მინიდან შემოღვრილ სინათლეში განბანული სიჩუმე.
ქვემოთ კი, ლაქლან ხანის სასახლის თვალუწვდენელ კიბესთან, ჟივილ-ხივილი გაჰქონდათ მოსახლეთ.
სიცოცხლით ჩქეფდა ზულუსტის დაბლობი.


-*-*-*-*-*-*-*-
ყინულოვანი სიცივე იდგა ზამთრის ბუნიაობის ბნელ ღამეს, წყლიანი, ნემსთაგვარად მახვილი თოვლისათვის შეეშვირა მიწას მკერდი. წყვდიადი ჩამოწოლილიყო უგრძესი ღამისა, რომელსაც დროდადროღა ხლეჩდა რუხ ღრუბლებში გაკლაკნილი ელვა, მოელვარე ნაპერწკლებად რომ სკდებოდა და ჩაბნელებულ ზღვას ეფრქვეოდა. არნახული სიშმაგით აწყდებოდა იგი კლდოვან ნაპირს და ყურისწამღები ღრიალით ეხმაურობოდა მეხის გრგვინვას. თითქოსდა შეირწყნენო ცა და ზღვა ერთ უზარმაზარ, მრისხანებით აღსავსე არსებაში, რომლის წინაშე ყოველივე ფითრისფერი სიკვდილივით გარინდულიყო, რამეთუ სიკვდილს უქადდა იგი ყველას, ვინც გადაუდგებოდა გზაზე.
მოლოდინში იგუდებოდა წყვდიადში ჩაძირული ერქანთა საგვარეულო სასახლე. სამეფო კოშკიდან, სადაც ესვენა მეფისა და დედოფლის სარეცელი, ციალებდა მკრთალი ოქროსფერი სინათლე. განწირულ კივილს სისხლმდინარე ბაგეში ახრჩობდა ქვეშაგებს მიწოლილი მშობიარე დედოფალი, თავს ეხვივნენ მკურნალნი, უზელდნენ მუცელს, ფეხებსა და თავს სანდალოზის ხის ზეთით, შესთხოვდნენ, შეინარჩუნეთო სიმშვიდე, ღვთაება არ გაგწირავთო.
ერქანთა ზღვისფერ, თითქოსდა უწამწამო თვალებს ატრიალებდა დედოფალი მათკენ, ტკივილს მრისხანება ერეოდა და დუმდნენ მკურნალნი. მხოლოდღა უჩუმრად დაჰფოფინებდნენ თავზე, ოფლით დაცვარულ პირისახეს უწმენდნენ, ყორნის რუხი ბუმბულებითა და დილის ვარდებით შემკული ფერფლისფერი თმა რომ მიჰკვროდა ზედ. გმინავდა სარეცელს მიწოლილი დიაცი, სუსტად ციალებდა კერა და მარზანგუშის მოტკბო სურნელი გაბნეულიყო ჰაერში.
წარჩინებულნი და თავადნი ესწრებოდნენ შობას, კედელთ ჩაჰყოლოდნენ ისინი და შესცქეროდნენ, თუ როგორ იკლაკნებოდა და ღმუოდა დედოფალი გაუსაძლისი ტკივილისაგან. მლოცველნი პირქვე დამხობილიყვნენ და შეჰღაღადებდნენ ღვთაებას, ერქანთა მომავალი მბრძანებელი მშვიდობით მოავლინეთო ამ ქვეყანას.
-Maij loorg, såarter datkvüisera, åbte ikwe vülleih Erkanna... åbte kefvårrat gerdil shaal… Maij loorg, såarter datkvüisera... (ღვთაებავ ჩემო, ინებე წყალობა ჩვენდამი, რათა ერქანთა ახალი ყვავილი აღმოცენდეს... რათა მარგალიტი შობოს ზღვამ... ღვთაებავ ჩემო, ინებე წყალობა ჩვენდამი...) - დუდუნებდნენ ისინი, აღაპყრობდნენ ხელთ ზეცისაკენ და კვლავ ენთხებოდნენ მიწას, სარეცელის გარშემო შემოჯარულ ღვთაების ხის კერპთა წინაშე.
იბადებოდა ერქანთა მომავალი მბრძანებელი, ბობოქრობდა ზღვა და ზეცა.
და შორს, კოშკურიდან და ზღვიდან შორს, ერქანთა სასახლის ნესტიან ჯურღმულში, მცირე ჩალაზე მიწოლილი დედაკაცი გმინავდა ყრუდ. მხოლოდღა მომცრო, გისოსებიან სარკმელში შემოღვრილი წყვდიადი, რომელსაც დროდადრო ელვა ხლეჩდა, ანათებდა პაწაწინა საკანს.
ცივი იყო საკანი, ჟამგამოვლილი და დრომოჭმული ქვანი დაცვარულიყვნენ, ხავსი მოსდებოდათ. სიო ეხლებოდა კედლებს, ყურისწამღებ გრგვინვას სდებდა ჰაერს.
თავი ააღირა დედაკაცმა, დაიღმუვლა მწარედ. მხოლოდ დაფხრეწილი ჩითის კაბით შემოსილიყო, რომელიც ნაგლეჯებადღა ჰქცეოდა დაბეჩავებულ სხეულზე. გაძვალტყავებული იყო იგი, უზარმაზარი მოუჩანდა გამობერილი მუცელი და მკერდზე გადმოჰყროდა ფერფლისფერი დალალები დიაცს.
შობდა იგი. შობდა თავის ნაშიერს, მაშინ, როცა ერქანთა სასახლის უმაღლეს კოშკში ბაჰირას მომავალი მმართველი იბადებოდა.
დაიგმინა მან და იბრუნა პირი, ყინულივით კედელს მიეყუდა ხელებით.
თვალმოუშორებლივ უცქერდა მას წყვდიადში გახვეული, საკნის გისოსებთან გაჯგიმული მცველი.
-Hossu olmøgradera loorg, düerke. (ღვთაებამ დაგწყევლა, დიაცო.) - თქვა მან ანაზდად. – kiwe arhbøåkurrad hossu serkåel... (რამეთუ ასეთი განსაცდელი მოგივლინა...)
-Sikkestoraav! (ხმა გაკმინდე!) - შეუღრინა დიაცმა, ტკივილისაგან კვლავ გაუსაძლისი გმინვა აღმოხდა. – seerki maij trebhøed verra saükgverteri hossu oköar gsirkved... Verra gyüanmerav maij høöilar loorg... (რამეთუ არ ძალუძთ ჩემს ყურთ შენს ბილწ სიტყვათა სმენა... ღვთაებას ნუ შეურაცხყოფ ჩემი ცოდვით...)
-Esse olmøgradera irze, düerke. (მან დაგწყევლა, დიაცო.) - მიუგო მცველმა. – Verra serpinaid mirkve büefer? Kiewe hossu høöilared verra serpinaivar? (წმინდა წყალში არ განიბანე? რად არ წაიყოლა მან შენი ცოდვანი?)
-Verra serpinaivar, kiwe verravarkeroogra… (არ წაიყოლა, რამეთუ მიუტევებელნი არიან ისინი.) - კბილთა შორის გამოსცრა დედაკაცმა, შეუთრთოლდა მთელი სხეული. – tehteria loorga farre øhkra abagrutix! (ღვთაების წინაშე წარვდგები მათი სიბინძურით შემკული!)
გმინვა წასკდა დიაცს, დადუმდა.
გამაყრუებლად გრგვინავდა, მძვინვარებდა ქარი და ზღვა.
-Noih, düerke! (ჰოი, დიაცო!) - შესძახა მცველმა. – Noih, hossu olbriåara! Kiwe hossu soree cerüviånad loorg! (ჰოი, შავ დღეზე გაჩენილო! დაე ღვთაებამ მიიბაროს სული შენი!)
არა უთხრა რა დედაკაცმა. ხროტინებდა იგი ყელში გაქვავებული სუნთქვისაგან, ღვარად სდიოდა ოფლი. კვლავ იბრუნა პირი, გამხმარ ჩალაზე დაეშვა და აქოშინდა.
-Hossu relihva, kiwe weqviøraad seri, düerke? (უწყი, თუ რა დაემართება მას, არა, დიაცო?) - კვლავ შეჰკითხა მეომარმა. –loorga vyuåleg ceruviånad ort… (წყალობა ღვთაებისა ამ ჟამს მხოლოდ ერთისაა...)
-kraate verkoöäseri veklut! (კვლავ მაქვს იმედი!) - მიუგო დიაცმა მტკიცედ. – Kiwe maij loorg... (რამეთუ ჩემი ღვთაება...)
ანაზდად გაუწყდა სიტყვა ქალს, ყვირილი წასკდა ყელიდან. შეეკრა ჩამომხმარი სხეული, სისხლმდენი თითები ჩაეჭდო სველ ქვებს. იხლართებოდა, ტოკავდა მისი ვეებერთელა მუცელი, სანამ უფრო ხმამაღლა არ დაიკივლა ქალმა, და გამხმარ, სველ ჩალაზე, ელვის ნაპერწკალთა შუქზე და გამაყრუებელი გრუხუნისას, არ იშვა ბალღი მისი.
კედელს მიესვენა დიაცი, და ტირილი მორთო ახალშობილმა.
მერე კი, თითქოს მძლავრი ხელით გახლიჩაო ქარის წუილითა და თქორის გუგუნით აღსავსე ჰაერი, ხმა გაისმა უმაღლესი კოშკიდან.
ავისმომასწავებელი იყო იგი, გამყინავი, კედლებში ძგერდა.
ზარნი რეკდნენ. ჰფარავდნენ ჭექა-ქუხილს, ზეცასა და ზღვას, მიწა აღზევებულიყო თითქოს და თავის გამარჯვებას ამცნობდა მათ.
ახალი სიცოცხლის ზარნი რეკდნენ.
-Verra vyuålegrad loorg. (არ შეგიწყალა ღვთაებამ.) - თქვა ანაზდად მცველმა. –Hossu relihva, düerke, keei vathuraad. (უწყი, თუ რა გელით, დიაცო.)
ხმა არ გასცა დედაკაცმა. გაძვალტყავებული ნაკვთები მოღრეჯოდა, სტიროდა უხმოდ.
მეომართა აბჯრის ჩხრიალი გაისმა შორს. ჯურღმულისაკენ მოიწევდნენ ისინი, თითოეული მათი ნაბიჯის ხმა ზართა რეკვაში იღვრებოდა და გუგუნებდა დედის გონში, რომელსაც წინ ეწვა თავისი ახალშობილი.
ახალშობილი, რომელსაც მოჰკლავდნენ. გამოღადრავდნენ პაწაწინა მუცელს, გაუხლეჩდნენ ყელს, რომლიდანაც ხმა ამოსდიოდა, და საკუთარ სისხლს დაანთხევდნენ მის სხეულს.
წამოიწია დიაცი, გადმოკარკლული თვალები მიაპყრო მცველს.
-Loorg olmøgraadera hossu, saak raggår whaki inn tied potorä høbz... (დაგწყევლოს ღვთაებამ, სისხლი მოაწვეს შენს გატეხილ პურს...) - გადმოაპურჭყა მან სიტყვანი, სიძულვილით სავსე მისი ხმა რეკდა პაწია საკანში. – …kiwe saaspyatha hoiläöz. Keei saaspyatha seri? Acanäferdera seri hio kverødera! (…თუკი უბიწოებას გამოღადრო ყელი. რად ჰკლავ? აღიღე იგი და გამოიყენე!)
-Roilüade Erkann irze qabesterav, düerke? (ერქანთა ადათ-წესები დავარღვიო, დიაცო?) - შეჰკითხა მცველმა.
არა უთხრა რა დედაკაცმა. აარიდა თვალი და შუბლზე მიეფერა ახალშობილს.
ქუხდა, რეკდნენ ზარნი და ამცნობდნენ სრულიად ბაჰირას მათი მომავალი მბრძანებლის შობას.
ბობოქრობდნენ ზღვა და ზეცა.
და ცამდე გაჰკიოდა ბალღი, იკლაკნებოდა ცივ ქვებზე, რომლებშიც მოახლოებულ მეომართა თითოეული ნაბიჯი ფეთქავდა.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

15 გვერდი და 3,853 სიტყვაა ^^ ნაკლები ვიდრე წინა თავებში, მაპატიეთ :( იმედია ძაან ცოტაც არ მოგეჩვენებათ. ეს კვირა დაკავებული მქონდა და ვერ მოვახერხე მეტი... მაგრამ მგონი რაც მინდოდა ყველაფერი ვთქვი ამ თავით ^^ იმედია ცოტ-ცოტა რაღაცებმა განიცადეს ძვრა :დდ <3 მადლობა რომ მომყვებით და იმედია ისიამოვნებთ/ისიამოვნეთ!

 



№2  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

იჰიი მგონი პირველი ვარ :დდდ ❤
უუჰ რა ბარაქიანი თავი იყო ალიჰას წვერს ვფიცავ :დდდ ❤ მივიყუჟე ჩემს ოთახში ,გარეთ წვიმდა იქცეოდა ყველაფერი მე კიდე ამას ვკითხულობდი და თავი მონაწილე მეგონა მძახალო ისე წარმომიდგინე თვალწინ ეს ყველა სცენა *_*❤რა ნიჭიერი მყავხარ ნუ!!! ♡☆ ❤❤
მთელი თავი თითქმის ეირინს და ანდრეის დაეთმო თუმცა მათი საუბრიდან და იმ "ხვითოსთან" შეხვედრიდანაც ბევრი რაღაც გაირკვა :დდდ გაირკვა რა, კიდე უფრო ინტრიგაში ჩამაგდე :დდდ ინტრიგანი ხართქვა ხო ვამბობ :დდდ ❤❤
რა უნდათ რას ერჩიან ამ საწყალ ეირინს ყველა კაცი ამას როგორ ემტერება, სინსილა მაგათი ;)) რომ მოსდოს ერთი ყბაში ყველას ღირსებიც იქნებიან :დდდ
იმ გაზლუქებულ ლაქლანს რა სიქიმა უნდა ნეტავ ;)) როგორ მომიშალა ნერვები რომ გამეგლიჯა შუაზე მომინდა...ანდრეიმ რომ წაუჭირა ხელი იქნება მიახრჩოსთქო მაგრამ მაგას ხო კაცი ვერაფერში ვერ გამოიყენებს :დდდდ მართალია იქ მარტო თავისი თავის გამო იკაცა მაგრამ მაინც ეირინის დაცვასავით გამოუვიდა და მამეწონა ძალზედ :დდ ❤❤
ჰო, აი ბოლო სცენამ ტრადიციულად დამშოკა ქალო :00 აგი რია იყო ვითონ :დდდ❤ მანდ რაცხა ინტრიგაა მომხდარი ... იქ ორი ბავშვიო და რაღაცაო ....უუჰ უუჰ უჰ(აქ ეჭვის თვალით ვიხედები) :დდდდ მკითხავთან უნდა წავიდე თორე ამის დასასრულამდე რა გაძლებს :დდდ ♡☆
მოკლედ შე ინტრიგის დედამთილო გელოდები მოუთმენლად,ყოველ თავში სულ ახალ სასწაულებს გვიტოვებ და აღმაფრთოვანებ აქ ამხელა ფილარმონია ქალს,გამაგიჟე და გადამრიე ნუ :დდ ვგიჟდებითქვა ❤❤ :დდდ
ჰო კიდო ეჭვი მაქვს ის კაცი მაგათ ასე იოლად არ დაეხმარება და იქაც რაღაც მოხტება ხოდა ველი ველი შემდეგს გულის ხვანცალით :დდდ ❤❤❤❤
პ.ს.ღამის სამი საათი სრულდება და ძაან დალაგებული კომენტარი არ გამომივიდა მომიტევეთ :დდდდ ❤❤

 



№3  offline ახალბედა მწერალი linda

Margaritha Loki
იჰიი მგონი პირველი ვარ :დდდ ❤
უუჰ რა ბარაქიანი თავი იყო ალიჰას წვერს ვფიცავ :დდდ ❤ მივიყუჟე ჩემს ოთახში ,გარეთ წვიმდა იქცეოდა ყველაფერი მე კიდე ამას ვკითხულობდი და თავი მონაწილე მეგონა მძახალო ისე წარმომიდგინე თვალწინ ეს ყველა სცენა *_*❤რა ნიჭიერი მყავხარ ნუ!!! ♡☆ ❤❤
მთელი თავი თითქმის ეირინს და ანდრეის დაეთმო თუმცა მათი საუბრიდან და იმ "ხვითოსთან" შეხვედრიდანაც ბევრი რაღაც გაირკვა :დდდ გაირკვა რა, კიდე უფრო ინტრიგაში ჩამაგდე :დდდ ინტრიგანი ხართქვა ხო ვამბობ :დდდ ❤❤
რა უნდათ რას ერჩიან ამ საწყალ ეირინს ყველა კაცი ამას როგორ ემტერება, სინსილა მაგათი ;)) რომ მოსდოს ერთი ყბაში ყველას ღირსებიც იქნებიან :დდდ
იმ გაზლუქებულ ლაქლანს რა სიქიმა უნდა ნეტავ ;)) როგორ მომიშალა ნერვები რომ გამეგლიჯა შუაზე მომინდა...ანდრეიმ რომ წაუჭირა ხელი იქნება მიახრჩოსთქო მაგრამ მაგას ხო კაცი ვერაფერში ვერ გამოიყენებს :დდდდ მართალია იქ მარტო თავისი თავის გამო იკაცა მაგრამ მაინც ეირინის დაცვასავით გამოუვიდა და მამეწონა ძალზედ :დდ ❤❤
ჰო, აი ბოლო სცენამ ტრადიციულად დამშოკა ქალო :00 აგი რია იყო ვითონ :დდდ❤ მანდ რაცხა ინტრიგაა მომხდარი ... იქ ორი ბავშვიო და რაღაცაო ....უუჰ უუჰ უჰ(აქ ეჭვის თვალით ვიხედები) :დდდდ მკითხავთან უნდა წავიდე თორე ამის დასასრულამდე რა გაძლებს :დდდ ♡☆
მოკლედ შე ინტრიგის დედამთილო გელოდები მოუთმენლად,ყოველ თავში სულ ახალ სასწაულებს გვიტოვებ და აღმაფრთოვანებ აქ ამხელა ფილარმონია ქალს,გამაგიჟე და გადამრიე ნუ :დდ ვგიჟდებითქვა ❤❤ :დდდ
ჰო კიდო ეჭვი მაქვს ის კაცი მაგათ ასე იოლად არ დაეხმარება და იქაც რაღაც მოხტება ხოდა ველი ველი შემდეგს გულის ხვანცალით :დდდ ❤❤❤❤
პ.ს.ღამის სამი საათი სრულდება და ძაან დალაგებული კომენტარი არ გამომივიდა მომიტევეთ :დდდდ ❤❤

პირველი ხარ და განუმეორებელი ვოტ, მძახალო laughing laughing heart_eyes
აუუუუ თან კითხულობ, თან წვიმა მოდის გარეთ, თან აქანეა წვიმა, იფ იფ <3 კეთილი შურით მშურს, აქ ცოცხალი თავით არ წვიმს, ისე დგას მოჟამული ამინდი laughing
ვაიმეეეეე "ხვითოსთან" შეხვედრა :დდდდდდდდდდდ ნუ მიხარია რომ გაირკვა რაღაც-რაღაცები და პატარა ინტრიგაც მოეყარა თავზე :დდდდ <3 რას ვიზამ, ინტრიგანი ლინდა ინ აქშენ :დდდდდდ
ლაქლანი თლა არ ემტერება, უფრო სხვა მიზნები ამოძრავებს მაგ სიქიმის მკეთებელს მაგას imp imp მიეწია ტრიქსეს, გაბრიელს და სხვებს კიდო smiling_imp smiling_imp
ოოოო, მეც მინდოდა ანდრეის მოეხრჩო, მარაააააა ეგეთი უტვინოც არაა რომ საკუთარ სასახლეში მოახრჩოს ეგ გაქსუებული, ნაღდად კი იმსახურებდა :დდდდდ ჰო, ბოლოში კი გაბრაზდა და გაჭედა მარა მგონი თვითონაც არ იცის რატომ :დდდდ
კეეეეე, ეგ ორი ბავშვი ძალიან მნიშვნელოვან რამეს ახდის ფარდას <3 ^^
ძაანაც დალაგებული კამენწარია და ძაანაც დიიიდი მადლობა შენ! <3

 



№4 სტუმარი Guest anisia

Shensss istoriass 240naxxva rom aqvs echvimeparebaa Linda xoaristqo :/

 



№5  offline ახალბედა მწერალი linda

Guest anisia
Shensss istoriass 240naxxva rom aqvs echvimeparebaa Linda xoaristqo :/

ნამდვილად მე ვარ :დდ ნუ რას ვიზამთ, არაა ბევრი მკითხველი, მაგრამ არა უშავს ნამდვილად, მე რამდენიც არ უნდა იყოს მეყოფა ^^ <3

 



№6  offline წევრი Firefly

ვაიმეე ლინდაა როგორ გამახარე!♥ არდავიღლები შენი ქება-დიდებით, საუკეთესო ხარ.

ბოლოს მაგრად დავინტრიგდი და რამოიტმემს შემდეგ თავამდე(( მოკლედ დიდად არმეხერხება კომემტარების წერა, მაგრამ როარდაეწერა ვერმოვისვენებდი .
გყვარობ♥
--------------------
M.T

 



№7  offline ახალბედა მწერალი linda

Firefly
ვაიმეე ლინდაა როგორ გამახარე!♥ არდავიღლები შენი ქება-დიდებით, საუკეთესო ხარ.

ბოლოს მაგრად დავინტრიგდი და რამოიტმემს შემდეგ თავამდე(( მოკლედ დიდად არმეხერხება კომემტარების წერა, მაგრამ როარდაეწერა ვერმოვისვენებდი .
გყვარობ♥

მიხარია რომ გახარებ, რადგან წავიკითხე შენი კომენტარი და ავფართხალდი, გავიფუყე <3 heart_eyes heart_eyes ჰო, ბოლოში ინტრიგის ჩაუგდებლად ვერ მოვისვენე laughing laughing smiling_imp smiling_imp #ინტრიგანილინდაინაქშენ :დდდდდდ
რატომაც არ გამოგდის, გამოგდის მშვენივრად <3 უღრმესი მადლობა რომ მკითხულობ! ^^ heart_eyes heart_eyes

 



№8 სტუმარი ირი

აბა დალიჰარი რომ წავიკითხე შემოვვარდი კი არა ერთამოსუნთქვაში წავიკითხე

ირი
აბა დალიჰარი რომ წავიკითხე შემოვვარდი კი არა ერთამოსუნთქვაში წავიკითხე

ძვირფასო ავტორო მე ვერ მივხვდი დალიჰარი რას ნიშნავს რის გამოც ერქანთა დიაცი ასე რისხდება?თუ გაგვიმხილე და არ ვიცი?

 



№9  offline წევრი crete20

ჰმმმ...ეს Sროდელი ღორი რომ ეჭვიანობს ნახეეთ რაა smiling_imp smiling_imp laughing laughing ასე გააგრძელე ანდროოო heart_eyes heart_eyes smiling_imp

რატომ დაგვაინტრიგე ბოლოშიი?? satisfied satisfied smiling_imp

სულმოუთქმენლად ველი ახალ თავს heart_eyes kissing_heart kissing_heart

Guest anisia
Shensss istoriass 240naxxva rom aqvs echvimeparebaa Linda xoaristqo :/

ასე ცოტა ნახვა იმიტომ აქვს რომ უმეტესობას კარგი ისტორია არ მოწონს. არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ მაგრამ აქ ძირითადად არიან პატარა თინეიჯერები რომლებსაც ბანალური სასიყვარულო ისტორიები აინტერესებს და ისეთები +18 რომ აწერია. თუ დააკვირდებით ნახავთ რომ +18 ისტორიებს და რაღაც სულელურ "მოთხრობებს" მაღალი ნახვა აქვს!

 



№10  offline ახალბედა მწერალი linda

ირი
აბა დალიჰარი რომ წავიკითხე შემოვვარდი კი არა ერთამოსუნთქვაში წავიკითხე

ირი
აბა დალიჰარი რომ წავიკითხე შემოვვარდი კი არა ერთამოსუნთქვაში წავიკითხე

ძვირფასო ავტორო მე ვერ მივხვდი დალიჰარი რას ნიშნავს რის გამოც ერქანთა დიაცი ასე რისხდება?თუ გაგვიმხილე და არ ვიცი?

პირველ რიგში დიიიიდი მადლობა რომ წამიკითხეთ და მითუმეტეს რომ ერთ ამოსუნთქვაში წამიკითხეთ! <3 <3 "დალიჰარის" მნიშვნელობა არ დამიწერია ჯერ, მხოლოდ ნავარაუდევია ^^ მაგრამ გამოჩნდება აუცილებლად! <3 heart_eyes heart_eyes

 



№11 სტუმარი ირი

linda
ირი
აბა დალიჰარი რომ წავიკითხე შემოვვარდი კი არა ერთამოსუნთქვაში წავიკითხე

ირი
აბა დალიჰარი რომ წავიკითხე შემოვვარდი კი არა ერთამოსუნთქვაში წავიკითხე

ძვირფასო ავტორო მე ვერ მივხვდი დალიჰარი რას ნიშნავს რის გამოც ერქანთა დიაცი ასე რისხდება?თუ გაგვიმხილე და არ ვიცი?

პირველ რიგში დიიიიდი მადლობა რომ წამიკითხეთ და მითუმეტეს რომ ერთ ამოსუნთქვაში წამიკითხეთ! <3 <3 "დალიჰარის" მნიშვნელობა არ დამიწერია ჯერ, მხოლოდ ნავარაუდევია ^^ მაგრამ გამოჩნდება აუცილებლად! <3 heart_eyes heart_eyes

გასაგებია ველოდები ინტერესით მაშინ

ირი
linda
ირი
აბა დალიჰარი რომ წავიკითხე შემოვვარდი კი არა ერთამოსუნთქვაში წავიკითხე

ირი
აბა დალიჰარი რომ წავიკითხე შემოვვარდი კი არა ერთამოსუნთქვაში წავიკითხე

ძვირფასო ავტორო მე ვერ მივხვდი დალიჰარი რას ნიშნავს რის გამოც ერქანთა დიაცი ასე რისხდება?თუ გაგვიმხილე და არ ვიცი?

პირველ რიგში დიიიიდი მადლობა რომ წამიკითხეთ და მითუმეტეს რომ ერთ ამოსუნთქვაში წამიკითხეთ! <3 <3 "დალიჰარის" მნიშვნელობა არ დამიწერია ჯერ, მხოლოდ ნავარაუდევია ^^ მაგრამ გამოჩნდება აუცილებლად! <3 heart_eyes heart_eyes

გასაგებია ველოდები ინტერესით მაშინ

ამ საიტზე მხოლოდ ამ ისტორიისთვის შემოვდივარ

 



№12 სტუმარი ბლაა

შემდეგი როდის იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent