შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 15)


16-10-2017, 00:37
ავტორი linda
ნანახია 1 012

დალიჰარი (თავი 15)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-=-=-=-=-
თავის თემა: "Everdream" by Epic Soul Factory




-*-*-*-*-*-*-*-15
ათჯერ მოჰფინა თავისი ბრწყინვალება დღის მხევალმა ზულუსტის დაბლობს, ათჯერ შეიბურნენ რუხ ღრუბელთა საფარველში ჩახჩახა ვარსკვლავნი, და ათჯერ დაიბანა პირი მთვარემ ზულუსტის დაბლობის თავზე იმ მზიდან, რომლის სინათლემოსხმულმა მეფისწულმა და ერქანთა დიაცმა იფლიჰემის თვალუწვდენელ კიბეზე შეაბიჯეს.
მოახლოებულიყო მეთერთმეტე მთვარე, ჰგუდავდა იგი მეათე მთვარეს და წითელ-ყვითელი ელფერი გადაჰკრავდათ დედაქალაქის მიღმა გადაჭიმულ მინდვრებს, ბამბის ქულებივით მოსდებოდათ საბალახოდ გადენილი ცხვრის ფარა. ჰქროდა ქარი და თქორავდა ღამით, დილის ცვარი იჭირხლებოდა და სპეტაკ თრთვილად მოსდებოდა შემოგარენს, თითქოსდა ნაადრევად გაყინულაო ზეცა.
ბობოქრობდა სასახლეში გამომწყვდეული ანდრეი. მოლოდინს გაეთანგა იგი, ელოდა, თუ როდის შეასრულებდა თავის დანაპირებს ლაქლან ხანი. ელოდა მოწვეულ დარბაზს, რომელიც გადაწყვეტდა, მოფენილიყო თუ არა სრორდის მიწა შაარ-ჰაფას მეომართა ნეშტებით, მათი სისხლით განბანული გვირგვინი დაედგა ანდრეის.
ცივ ნიავს არ აკარებდა მათ ლაქლან ხანი, საუკეთესო ოთახებში გაამწესა, აბრეშუმი, ფარჩეული, ძვირფასეულობა და საკვების კორიანტელი დაახვია თავს, თუმცაღა ხელშესახებად, მძიმედ ჩამოჰკიდებოდა ჰაერს სატუსაღოს სურნელი, მისი ბილწი სისხლი დასდენოდა ანდრეის ფერხთით მოგვრილ ფუფუნებას, თავისი ბრწყინვალებით ჰგუდავდა მეფისწულის თავისუფალი სუნთქვით აღსავსე მკერდს.
მისწოლოდა მეფისწული გედის ბუმბულითა და გერმით სავსე ქვეშაგებს, ემოსა მეწამული მაუდი, მისი მახვილი მზერით მხოლოდღა იფლიჰემის ოქრო-განძეული ხარობდა, ზულუსტის დაბლობის საუკეთესონი ემსახურებოდნენ.
მაგრამ ძრწოდა იგი, ცეცხლს აფრქვევდა, ვერ აეტანა ლაქლან ხანის უგუნური უმაქნისობა მოთმინებასა და ურჩობას დაუჩვეველ მეფისწულს.
მაგრამ არ იწვევდა ხანი დარბაზს. ყოველ მზეს, როცა გარიჟრაჟის სუნთქვით შეირხეოდნენ ზულუსტის დაბლობის წითელი შროშანნი და ცხვართა ბღავილი ატანდა თეთრი სასახლის გათოშილ კედლებში, ახლადდაკრეფილი ყვავილებით შეამკობდნენ მსახურნი მარმარილოს კიბეს, ბჭეთ მოაღებდა ლაქლანი, ნადიმს მართავდა, უხვად გასცემდა საკვებს, ძვირფასეულობასა და კარგ გუნებას. მუდამ დალხენილთა ჟივილ-ხივილი იდგა სასახლის ძირში, მაგრამ რძისფერ, ნისლიან ჰაერში იცრიცებოდა იგი, ვერ აღწევდა კოშკს, რომელშიც ერქანთა დიაცი და მეფისწული გამოჰკეტა დაპირებამ ხანისა.
აბრეშუმითა და ფარჩეულით შემოსილიყო ერქანთა დიაცი. მისი სხეულზე შემოგლეჯილი ტილოს კაბა ფერფლად ქცეულიყო მსახურთა ხელში, აბრეშუმ-ფარჩეული მიერთმიათ მისთვის. ფერადი მინით შემოსილ ფანჯარას მიმჯდარიყო იგი, გადაჰყურებდა სასახლის ფუძეს, სადაც თითქოსდა უდარდელ მწერთ აეტეხათო კორიანტელი, ირეოდნენ მოსახლენი. გადაჰყურებდა იგი იფლიჰემში შემავალ გზას, ყურს უგდებდა მსახურთა მასლაათს და ფიქრობდა გამალებით.
ფიქრობდა, რამეთუ უწყოდა მან, ლაქლან ხანი არ დართავდა მათ ნებას იფლიჰემის დასტოვებისა. მის თვალებში წაწყმედილი სული და სიბილწე იხილა ეირინმა, რომელსაც ძალუძდა მოეცვა ყოველივე აქოთებული წუმპით. ამიტომ ელოდა იგი.
ელოდა შეშლილ ეფრემს, რომელიც ჭეშმარიტი მმართველი იყო ამ ქვეყნისა, ლაქლან ხანის მყიფე ზურგს ამოფარებული. იგი ვერ შენიშნა ხანის გვერდით ერქანთა დიაცმა მაშინ, როცა პირველად შეაბიჯეს მარმარილოთი მოფენილ დარბაზში. წარჩინებული თავადნი ეხვივნენ გარშემო ხანს, თავისი სარდალნი, მაგრამ მხედართმთავარი შაარ-ჰაფას ლაშქრისა არსად სჩანდა.
მაშასადამე, ეფრემი რაზმითურთ შაარ-ჰაფას საზღვარზე გახლდათ. გაკვრით უწყოდა ერქანთა დიაცმა, რომ შაარ-ჰაფას წალკოტს დახარბებული ტომები ესხმიანო სოფელთ თავს, სწვავენ მოსახლეთა სახლობას და იტაცებენო მათ ავლადიდებას. ყოველი ზამთრის უხვ დროს წამოიჭრებოდნენ ისინი, რათა ხელთ ეპყრათ ხვავ-ნაყოფი შაარ-ჰაფას მიწებისა.
არ აღიჩინა საკვირველად ეირინმა, რომ დასტოვა ზულუსტის დაბლობი მხედართმთავარმა, რამეთუ ნაყოფიერების ღმერთისადმი მიძღვნილი ნადიმი და მოლხენა უმალ მიიზიდავდა თავდამსხმელთ.
არად აგდებდა ლაქლან ხანს ეირინი. იგი მხოლოდღა ხალხთა სასურველ მმართველად ქცეულიყო, ნიშნად იმ ფუფუნებისა და უდარდელობისა, მუდამ რომ თან სდევდა შაარ-ჰაფას სახელს.
მაგრამ სიბინძურე ტრიალებდა ხანის სამეფო კარზე, რომელსაც სათავეში ედგა მხედართმთავარი შაარ-ჰაფასა, შეშლილი ეფრემი. იგი აღზევებულიყო ხანზე მაღლა, უჩუმრად დაბრძანებულიყო ტახტზე და ხელთ ეპყრა სადავენი შვიდი სამეფოს ნაყოფიერი წალკოტისა. ლაქლან ხანს არ ძალუძდა მოწვევა დარბაზისა, რამეთუ უგუნური ლაჩარი გახლდათ იგი, მხოლოდღა ნადიმთა გაძღოლა და შეშლილი ეფრემის ფეხქვეშ გართხმა აწვა ვალად.
და ელოდა მის მობრძანებას ერქანთა დიაცი, რამეთუ გონიერი იყო ეფრემი, გამჭრიახი და თვალმახვილი, მის თვალთ და ყურთ არ გამოეპარებოდათ ამბავი ხანთა დაუპატიჟებელი სტუმრებისა.
გაუსაძლის მოლოდინში მიიზლაზნებოდა თითოეული მზე, აისისას ნთქავდა იგი ღამის წყვდიადს, ცრუღამისას კი თავისივე ალისფერ სუნთქვაში იგუდებოდა. გასცქეროდა იფლიჰემის სასახლის ოთახებში გამომწყვდეული ერქანთა დიაცი გზას.
და მეთერთმეტე მზის გარიჟრაჟისას, როცა იფეთქა სიდიადემ დღის მხევლისა და რუხ მინდორთ თრთვილის სიქათქათე შეეპარათ, უჩვეულოდ შმაგი იყო ქარი. თვალუწვდენელ მინდორზე გადაჭიმულ დასუსხულ გზას ბდღვირი აუყენეს მოახლებულმა ცხენებმა. მოაგელვებდნენ ბედაურთ მეომარნი, მათი ფლოქვთა თქარუნისაგან ათრთოლებული მიწა უძღოდათ წინ, უკან კი მტვრის კორიანტელი მიჰყვებოდათ საფარველად. შაარ-ჰაფას შავ-თეთრი ალამი აღემართა მედროშეს, რაზმს კი მეწამულ ლაბადამოსხმული, შემტვერილი სპილენძისფერი მუზარადითა და აბჯრით აღჭურვილი შეშლილი ეფრემი მოუძღოდა.
გარეთ კი, როგორც კი ჰკიდეს თვალი იფლიჰემის გუშაგებმა მხედართმთავარს, უმალ გადასძახეს ერთმანეთს, მოემართებაო მმართველი ლაშქრისა, მცველი იფლიჰემისა, დადგრომელი ყასაბი ზულუსტის დაბლობისა.
თვალმოუშორებლივ უცქერდა მათ ეირინი, სანამ იფლიჰემის შენობათა მიღმა არ ჩაიკარგნენ ისინი. ყურს უგდებდა იგი, თუ როგორ აჩქროლდა სიცოცხლით შაარ-ჰაფას დედაქალაქი, სიცოცხლით, იმედითა და რიდით, რომელიც მას მხედართმთავრის დაბრუნებამ მოუტანა.
ეფრემი იხმობდა მათ. უმალ შეიტყობდა იგი, თუ რას იქმოდა ლაქლან ხანი.
პირი იბრუნა ეირინმა. შეაცქერდა ანდრეის, რომელიც მისწოლოდა სავარძელს და უმზერდა ავარვარებულ კერას.
წარბები შეჰკვროდა სრორდის მემკვიდრეს. გარიჟრაჟისას სცილდებოდა მისი ძილი სარეცელს, თუკი ეწვეოდა ღამით. დაღლილობის დაღი აღარ დასწოლოდა მის პირისახეს, ძვირფას, ოქროს ძაფით მოსირმულ მეწამულ მაუდსა და ყარყუმის ბეწვში გამოეწყოთ იგი, მაგრამ მოუთმენლობის ელფერით შემოსილი მრისხანება ედგა მუქ თვალებში, ახლა ცეცხლის ალისფერით რომ ულაპლაპებდა.
შეიგრძნო მისი მზერა სრორდელმა, პირისახე მისკენ იბრუნა და შეაცქერდა.
-გწადია რამე, დალიჰარ? - შეჰკითხა მან.
-შეშლილმა ეფრემმა დაჰკრა ფეხი იფლიჰემის მიწას, სრორდელო. - მიუგო ეირინმა. - სასახლისაკენ მოემართება იგი და გვიხმობს კიდეც მალე, როცა აუწყებენ, რომ სრორდის დიადი მგელი ეწვია ზულუსტის დაბლობს...
-მზაკვარი კაციაო იგი, გაქნილი და ფოლადივით მტკიცე. - ჩაილაპარაკა მეფისწულმა. შეფიქრიანდა, ერქანთა დიაცის ფითრისფერ თვალებს ჩააცქერდა გამალებით. - არ იქნება მარტივი მოდრეკა მისი.
-არ მიეპირფერო, სრორდელო. - უთხრა ეირინმა. - მან უწყის ფასი თავისი მიწისა, უწყის ფასი თავისი სისხლისა... მათ არ დათმობს სარფიანი, გულზე დაწერილი სიტყვის გარეშე...
-ღმერთებმა გამაცამტვერონ და ფერფლი ამ წყეულ მიწას მოსდონ, თუკი მის წინაშე თავი დავიმცირო, დალიჰარ. - მიუგო ანდრეიმ. შესცქეროდა ერქანთა დიაცს მწყრალად, რამეთუ არ ეამა სიტყვანი მისი. - სახელმწიფოთა საქმენი არაა დიაცთა საფიქრალი...
-უწყი, თუ რას სთავაზობ მას, სრორდელო ქოფაკო? - მოუჭრა ეირინმა. - რა გაბადია, შენს ზურგზე მოსხმულ, იფლიჰემის სამოსის გარდა? ძალგიძს მოდრეკა მისი? შაარ-ჰაფას მხედართმთავარია შეშლილი ეფრემი, მაგრამ გლეხთა და ვაჭართა სისხლი ჩქეფს მასში... რა უნდა შესთავაზო მმართველს ქვეყნისა, რომელიც ფუფუნებასა და დიდებას არ ისაკლისებს?
-ის, რაც მას სწადია. - მოუჭრა ანდრეიმ. ფეხზე წამოდგა მეფისწული, მცირე ხანი ბოლთას სცემდა, კარს გაჰყურებდა გამალებით.
-ხომ მაუწყე, რომ არ შეეპირფერებოდი, სრორდელო? - ბაგე გაუკრთა ეირინს. დაჟინებით დასცქეროდა იგი ანდრეის და უმალ გაუსწორა მზერა, როცა მისკენ იბრუნა პირი მეფისწულმა. - დაჰპირდი, რომ დაიცავ საზღვარს მისას, რამეთუ მიმდებარე ტომნი მოსვენებას არ აძლევენ სოფელთ...
ჩუმად შეაცქერდა მას ანდრეი.
-ვუწყი, თუ როგორ მოვთაფლო მხედართმთავარი შაარ-ჰაფასა, ერქანთა დიაცო! - თქვა მან. - მაგრამ რად მაუწყებ ამას...
სიტყვა გაუწყდა მეფისწულს, როცა ანაზდად ჩოჩქოლი გაისმა დერეფანში.
ოთახთა კარი შემოჰგლიჯეს, მოახლე გოგონა შემოვარდა და წამსვე თავი მოიდრიკა მათ წინაშე. აფორიაქებული, მოუთმენლობით აღსავსე სჩანდა იგი, თავით ფეხამდე მმოსავი რუხი ტილო გვერდზე მოჰქცეოდა.
-ძვირფასო სტუმარნო ზულუსტის დაბლობისა! - შესძახა მან. - დიადი მხედართმთავარი, ეფრემი ზულუსტისა გიხმობთ, რამეთუ თქვენთან მასლაათი სწადია!
ერქანთა დიაცმა და მეფისწულმა წამსვე ერთმანეთს სტყორცნეს მზერა. წამოიწია ეირინი, ფეხებზე ჩამოეფინა აბრეშუმის კაბა, სქელი თავსაბურავი შეისწორა მან, რათა დაჰფარვოდა ფერფლისფერი ნაწნავი.
აქეთ მომყევითო, მოუთმენლად შესთხოვა მოახლემ, და თავისი თალხების ფრიალით დასტოვა ოთახები, წამსვე აედევნნენ მას შაარ-ჰაფას დაუპატიჟებელი სტუმარნი.
დერეფანი დერეფანს მისდევდა, მსახურთა ურდო მსახურთა ურდოს, თვალს რომ რიდით აყოლებდნენ, ძვირფასი ტილოები და შანდლები ერთმანეთს. პაწაწინა გასასვლელში ჩაიყვანა ისინი მოახლემ, გარიჟრაჟის სინათლე რომ გამალებით ცდილობდა მის განათებას, თუმცაღა ფუჭი იყო მცდელობა, რამეთუ რუხი გახლდათ გასასვლელი, მხოლოდღა მძიმე კარის ძირში იპარებოდა ფერმკრთალი სუსხი.
ყურისწამღები ჩოჩქოლი ისმოდა კარის მიღმა. მამაკაცთა ხარხარი და ხმამაღალი ლაპარაკი ჰკვეთდა ჩამომდგარ ბინდბუნდს. აბჯარნი ლაწუნით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს, მახვილთა ჭახანი კედლებში თრთოლვად უვლიდა ბებერ სასახლეს.
შაარ-ჰაფას საზღვართა დამცველი რაზმი დაბრუნებოდა იფლიჰემს.
დაეჯაჯგურა კარს ციცქნა მოახლე, გაჭირვებით შეაღო.
სასახლის ეზო გადაიჭიმა მათ თვალწინ. ატალახებულიყო იგი, ქათქათა გალავნით შემოესაზღვრათ. რუხი ქვით აგებული საიარაღოს გვერდით გაშლილიყო რაზმი, უდარდელად მასლაათობდნენ და ხარხარებდნენ გამარჯვების სიამაყითა და პატივით ატანილი მეომარნი.
ბუმბერაზი შავი ულაყიდან ჩამოხდა მაღალ-მაღალი, ბრგე, მუზარადიანი მამაკაცი, მეწამული ლაბადა მხართ მოესხა და შესაშურად მოჩუქურთმებული აბჯრის სამკერდეზე გამოსახვოდა შაარ-ჰაფას გერბი.
შეშლილი ეფრემი დაჰბრუნებოდა იფლიჰემს.
პირდაპირ მათ უმზერდა იგი. ანდრეის თვალებს ჩააჭდო მზერა და წამსვე მათკენ გამოემართა. უდარდელი იყო იგი, დაუდევარი ნიღაბი აჰკვროდა მის სახეს, მაგრამ მეომრის სიფრთხილე და გამოწვრთნილი მხედართმთავრის გამოზომილი ნაბიჯები მოუძღოდნენ მას წინ.
-მხედართმთავარო შაარ-ჰაფასა! - მის წინ ტალახში განერთხა მოახლე გოგო. - ლაქლან ხანის სტუმარნი გეახლნენ!
-წარვედ, გოგონა. - მიუგო ეფრემმა და უმალ წამოიჭრა გოგო, თავი დაუკრა მას და გაიქცა სასახლისაკენ, უკანმოუხედავად.
-მაშ შეშლილ ეფრემს ამაოდ არ გიწოდებენ, მხედართმთავარო? - შეჰკითხა ანდრეიმ და წარბები აზიდა საპასუხოდ ეფრემმა. გაეცინა გულიანად.
-შენს სამეფო კარზე ზრდილობას არ გასწავლიდნენ, ბალღო? - ყვითელ კბილებს აჩენდა იგი, გარიჟრაჟის ახლადშობილ სინათლეში უჩვეულოდ უპრიალებდა რუხი თვალები. მახვილის ვადაზე გაივლო ხელი. - რამეთუ ენა საქმეზე წინ გისწრებს...
-მე ფუჭ საუბართ არარად ვაგდებ, ეფრემ, და ვგონებ, რომ არც შენ. - მოუჭრა ანდრეიმ. - ვუწყი, თუ რა მწადია, და ვუწყი, თუ რა გწადია. მაშასადამე, ამაო თავაზს არ გავატან დროს...
-ჰოი, დიადო მგელო სრორდისა! - გადაიხარხარა ეფრემმა, ვეებერთელა წვერში შებურული ქათქათა კბილები გამოაჩინა. - ვუწყოდი, რომ პირქუში იყავი, ბნელი ვითარცა ღამე ზამთრის ბუნიაობისა და უტეხი ვითარცა ავლატის კლდენი, მაგრამ საკვირველად აღვიჩინე პირდაპირობა შენი... თუმცაღა, ორივენი ერთი წოდებისა ვართ...
-არა. - სიტყვა გააწყვეტინა მეფისწულმა. - ორივენი მხედართმთავარნი ვართ ლაშქრისა, მაგრამ შენ მმართველი ბრძანდები შაარ-ჰაფასა, მამასა ჩემსა ლოცვა არ უბოძებია ჩემთვის, რათა დავიდგა გვირგვინი სრორდისა...
უცქირა ეფრემმა. ცნობისმოყვარეობა გაკრთა მის ცივ თვალებში, გარიჟრაჟის ალისფერიღა რომ ათბობდა მათ.
-რა გწადია, დიადო მგელო? - დაცინვა გაერია მას ხმაში. - რად მოადექი ზულუსტის დაბლობს, რად მოადექი იფლიჰემის სასახლეს, თუკი უწყი, რომ ძმადნაფიცი შენი ქვეყნისა მხოლოდ ნადიმთ და ხარჭათ განაგებს?
-მოვედი, რამეთუ სრორდმა გამოჰკვება შაარ-ჰაფა გასაჭირის ჟამს. - მიუგო მეფისწულმა. - უპატრონა მაშინ, როცა მიწას ერთხმოდა იგი მეტოქეთა წინაშე, გაუსაძლისად მძიმე უღელი შეუმსუბუქა მას, შაარ-ჰაფას მცხოვრებთ ააცილა სიკვდილი... იქნებ დროულია ვალის გადახდა, ეფრემ?
-ვალი მხოლოდ მაშინაა ვალი, თუკი მას ოდესმე გადაიხდიან, დიადო მგელო. - მახვილის ვადას თითები მოავლო ეფრემმა, ქარქაშიდან ამოზიდა. - სრორდმა ერთობ მზაკვრულად ისარგებლა შაარ-ჰაფას სისუსტით, დააპურა იგი, მაგრამ წასტაცა მეომარნი, დიაცნი, მიწანი...
-ლურითის უდაბნოს გადმოგცემ, თავისი ოაზისებითურთ. - მოუჭრა მეფისწულმა. - ექვსი მზის სავალის მანძილზეა გადაჭიმული იგი, ოაზისნი უხვად აღმოცენებულან, სიცოცხლით ჰყვავიან მკვდარ ქვიშაში...
-და შაარ-ჰაფას უძველესი სამლოცველო, სადაც ჩვენს ხალხთა შეუფასებელი ნაწერები ინახება, ოაზისის უმშვენიერეს ბუნებაში, ცისფრად მორაკრაკე ტბასთან აღმართულა. - მიუგო ეფრემმა. - კარგად ვუწყი, თუ რა გწადია, დიადო მგელო სრორდისა, და კარგად ვუწყი, თუ რისი გაღება ძალგიძს. შაარ-ჰაფას ხალხი და ხანი არ გახლავარ, რამეთუ რამედ ჩავთვალო მკვდარი ქვიშის, ქარბუქისა და ჟამმოჭმული ეტრატების ხუთი მზე... მე ის სამლოცველო დროთა მტვერი მგონია მხოლოდ... მე მინდა ვუწყოდე, თუ რაგვარი მეომარი ხარ, ალფავ ლაშქრისა! მინდა ვუწყოდე, თუ ღირს ჩემს მეომართა სისხლი შენს გვერდზე საბრძოლველად!
თვალები გადაატრიალა მან, ეირინს ჩააცქერდა ფითრისფერ თვალებში.
-დალიჰარი. - ბაგე გაეპო მას. - ერქანთა დიაციო, ასე ფიქრობ, მგელო სრორდისა? როგორ შეიპყარი იგი? გამიგონია, უბადლო მეომარნი და მოჯირითენი არიანო ისინი...
ცეცხლი გააკვესა თვალებით ანდრეიმ.
-შევიპყარი, რამეთუ ჩემზე სუსტი აღმოჩნდა იგი. - გამოსცრა კბილთა შორს.
-ბევრი რამ გსმენია ჩვენი ხალხისა, ეფრემ! - თქვა ანაზდად ეირინმა. - თუკი გსმენია, უბადლო მეომარნი არიანო ერქანთა სამფლობელოს ხალხნი, მეც გამიგონია, ყოველი გარიჟრაჟისას ამოდისო მზე, და ალისფერი შროშანნი ჰყვავიანო მისი ამბორის ქვეშ.
წარბები აზიდა გაოგნებულმა ეფრემმა, გამომცდელად შეაცქერდა ერქანთა დიაცს. გულიანად გადაიხარხარა მან, ვეებერთელა, გაწეწილ წვერზე მოისვა ხელი, ცნობისმოყვარეობით აღვსილმა. აღტკინება ეხატა თვალებში.
-მაშა, მაშა! - შესძახა მან. - რაოდენ მშვენიერი ბრძანდები, დიაცო! ნუთუ ესოდენ კარგად ცოცხლდება შენს ხელში მახვილი, ვითარცა გულს აცოცხლებ მამაკაცისას?
-ესოდენ კარგად ცოცხლდება ჩემს ხელში მახვილი, რომ სისხლს სტაცებს გულს მამაკაცისა. - მიუგო ეირინმა. კვლავ გადაიხარხარა მხედართმთავარმა, ფაშვზე იტაცა ხელი.
პირი იბრუნა მან, გამაყრუებლად დაუსტვინა და რაზმი იხმო.
უმალ ეახლნენ მას მეომარნი, კბილებამდე შეიარაღებული, ბრძოლისა და მგზავრობის მტვერდადებული ბუმბერაზნი. თავი აზიდა მეფისწულმა, გოროზად გადაჰხედა მათ. მას შესცქეროდნენ მეომარნი, რამეთუ მეფურობას, უსიტყვო მორჩილების ბრძანებას ასხივებდა სრორდის მემკვიდრე, ესოდენ ძლიერს, რომ მის წინაშე ფეხს მოიდრეკდნენ ყველანი.
გამომცდელი მზერა სტყორცნა ეფრემმა ანდრეის.
-მწადია ვიხილო, თუკი შენი დალიჰარი აასრულებს თავის სიტყვას. - თქვა მან, ქარქაშიდან მახვილი იძრო და ესროლა ეირინს. ჰაერში იპყრა ხელთ იგი მეფისქალმა, შეათამაშა ბრძოლის გამოწრთული ფოლადი და მახვილის ლაპლაპს გაჰხედა სინათლეზე. - შერკინება სამი სისხლისა... ყაბულს ხარ, სრორდელო მგელო?
ყბები შეჰკრა ანდრეიმ. მზაკვრობა შაარ-ჰაფას მხედართმთავრისა უწამლავდა სხეულს, მისი უტიფრობა სძაგდა, რამეთუ იფლიჰემში მის წინაშე მარტოდმარტო იყო იგი. არ ჰკითხულობდა შეშლილი ეფრემი მეფისწულის ნებას, და კარგად უწყოდნენ ეს, ამიტომაც ვითარცა წყეული ისარი ესობოდა სულში დაცინვა ეფრეისა.
ბაგე შეუთრთოლდა მას, ცივი თვალებით უმზირა ეფრემს.
-მაშ ვიხილოთ თუ რაოდენ გაწვრთნილნი არიან ისინი, ეფრემ. - მიუგო მან. გაკრთნენ მეომარნი, ხელნი მახვილთ გაივლეს, როგორ შეჰბედაო სტუმარმა მხედართმთავარს სახელით მოხსენიება, მაგრამ მხოლოდ გაიღიმა ეფრემმა, თითქოსდა აუწყებდა მათ, დიადიაო მოწყალება ჩემი.
ცეცხლი მოეკიდა მკერდზე ანდრეის. ნაკვერჩხლებივით აენთო თვალები, შეეკრა წარბი და გაეპო ბაგე, რათა ცხოველური მხარე ეხილათ მისი, მხარე იმ მგლისა, ხროვის მეთაურისა, რომელთანაც შერკინების ხსენებაზეც კი თრთოდნენ.
მაგრამ არ შემკრთალა ბრძოლას შებერებული მხედართმთავარი. უსიტყვოდ, დამცინავი ღიმილით უსწორებდა სრორდის მემკვიდრეს მზერას.
-იულიენ, შეემზადე საბრძოლველად. მუზარადი და აბჯარი მოჰგვარეთ დიაცს! - ბრძანა მან. მეომართ გაოგნება გამოეხატათ პირისახეს, თუმცაღა მხედართმთავრის სიტყვას არ გადაუხვევდნენ, ამიტომ რამდენიმე წამსვე გაემართა საიარაღოსაკენ.
-ჰოი, ღმერთებმა შემიწყალონ! - შესძახა ერთმა, გამოემართა მათკენ და იშიშვლა მახვილი, თვალით ზომავდა ერქანთა დიაცს თავიდან თხემამდე. შესცქეროდა ანდრეი, თუ როგორ გოროზად უმზერდა მას საპასუხოდ მეფისქალი. - ეს რა დღე გამითენდა! დიაცს უნდა შემაბრძოლოთ, ბატონო ჩემო?
-ზოგი დედაკაცი ყველა იმ მოქნეულ მახვილზე უარესია, სიკვდილის პირას რომ მიუყვანიხარ, იულიენ! - გადაიხარხარა ეფრემმა. - შეემზადე, რამეთუ უდიდესი შეცდომა დიაცთან მის დიაცობაზე ფიქრია...
მეომრებმა ჟივილ-ხივილით მოარბენინენ აბჯარი და მუზარადი, უმალ ერქანთა დიაცს მოარგეს სხეულზე. ტყავითა და წნული ფოლადით დაფარული ხელთათმანები მოირგო ეირინმა, მხედართმთავრის მახვილი აღმართა მეტოქის წინაშე.
თვალები უცინოდა იულიენს. ამპარტავნება დასტყობოდა მას, ჰხედავდა ანდრეი, რომ სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მის წინ აზიდული დიაცი, რომელსაც აბჯარი აესხა აბრეშუმის კაბაზე.
უკან დაიხიეს მეომრებმა, რკალად შემოერტყნენ მეტოქეთ, არენა გაუთავისუფლეს. ღიმილით გადაჰხედა მათ ეფრემმა.
-ფრიად უჩვეულო სანახაობის მომსწრნენი გახდებით, ჯარისკაცნო! - დაჰკივლა მან. - უყურეთ და დაიხსომეთ, რამეთუ ვეღარასოდეს იხილავთ ამას!
ნაკვთები მოეღრიჯა ანდრეის. სწვავდა უთვალავი მზერა, მათკენ რომ მომართულიყო სასახლის აურაცხელი ფანჯრებიდან, სწვავდა ცნობისმოყვარე მსახურთა და მეჯინიბეთა ჩოჩქოლი, შრორიახლოს ეზოში რომ შექუჩულიყვნენ.
-შერკინება სამი სისხლისა ძალზე მარტივია! - განაგრძო ეფრემმა. - გამარჯვებული ისაა, ვინც სამჯერ დაადენს მეტოქეს სისხლს, ალიჰას, უჯაგასა და სანთათას სახელით, მათი დალოცვა მოჰფენოდეს წყალობად ამ მიწას!
ბებუთი იძრო მან და აბჯარს შემოჰკრა.
გამაყრუებელი ზრიალისას იმარჯვა მახვილი იულიენმა და დამცინავი ღიმილით მოუქნია ერქანთა დიაცს. ზანტი იყო მისი ქმედება, რამეთუ მხედართმთავრის სიტყვები ყურად არ ეღო ბუმბერაზს.
არც აცია, არც აცხელა მეფისქალმა, უგვერდა მას ანაზდად და აღმართულ მკლავთან, აბჯრით დაუფარავ იღლიაში გაჰკაწრა კანი.
შეჰღრიალეს მოულოდნელობისაგან შემცბარმა მეომრებმა.
იბღავლა იულიენმა. უფრო გაოგნებისგან, რამეთუ მომცრო იყო ჭრილობა, ტკივილს არ მოჰგვრიდა მას. განცვიფრებით შეაცქერდა იგი ეირინს, რომელმაც ხელში დაატრიალა მახვილი, ცივი ფითრისფერი თვალებით შესცქეროდა, ყოვლად შეუდრეკელი.
-პირველი სისხლი! პირველი სისხლი დიაცისა! - დასჭექა ეფრემმა. აჩოჩქოლდნენ მეომარნი, რამდენიმემ უმალ შეუსტვინა ხმამაღლა, შორიახლოს შექუჩული გაოგნებული მოახლენი ყელყელაობდნენ, კისერთ იგრძელებდნენ, რადგან რამე ეხილათ.
-ეშმაკმა დალახვროს! - შესძახა იულიენმა, წამოწითლდა,, როცა უწყალოდ სიცილი დააყარეს რაზმელებმა. - სუაგრამ და ნიჰიდამ დამწყევლონ... ჰოი, დიაცო! რად უწყი ხმლისა ენა?
-უწყის, რათა შენი გრძელი ენა ჩაგაგდებინოს! - გამოსძახა რაზმელმა, და ყურისწამღები ხარხარი ატყდა.
შეაცქერდა ეირინი, და არც აცია, არც აძგერა, დაჰკივლა ანაზდად.
მახვილი შემართა და გაექანა, ფითრისფერი თვალების ბრიალით მოუქნია მას.
მახვილი შეაგება იულიენმა, აუტანელი ღრჭიალით შეაკავა იგი, და მისი გრძელი ორლესულის წვერმა ყელთან დაადინა სისხლი ერქანთა დიაცს.
-პირველი სისხლი იულიენ მსტავრელისა! - შესძახა ეფრემმა.
გამოერკვაო უგუნური მეომარი, უწყის, თუ რაოდენ საშიშ ცხოველს შესჭიდებიაო, გაივლო გონში მეფისწულმა. მთელი სხეული შეჰკვროდა იულიენს, თვალმოუშორებლივ შეჰყურებდა ერქანთა დიაცს, რათა არ გამოჰპარვოდა მისი მოძრაობანი.
გაექანა მეომარი უმალ, საომარ ყიჟინას დაჰყვიროდა იგი, თითქოსდა საფრთხილო გაბედულება გამოსჭვიოდა მის ზორბა სხეულში, მაგრამ ჰხედავდა თვალი გამოცდილი კაცისა, რომ ყოყმანი ლაჩრისა შხამად მოსდებოდა მის ნაბიჯებს.
მახვილი არ აღმართა ეირინმა. მოიქნია იგი ანაზდად, თავისუფალი ხელით ჩააფრინდა წვერში და შეაგება იულიენის ორლესულს.
ყურისწამღები ღრჭიალით გადაესკვნენ მახვილნი ერთმანეთს, ერქანთა დიაცის ყელს ასცდა ორლესული მეომრისა, და საპასუხოდ მის ყელს მიაბჯინა ბასრი წვერი ეირინმა.
ყიჟინა დასცხო რაზმმა. უფრო გაბედული მეჯინიბენი მოუახლოვდნენ მათ, ფანჯარათა შორეული ხათქუნი გაისმოდა, ცოცხლდებოდა ეზო სასახლისა.
თითქოსდა ცნობისმოყვარეობით აღვსილიყო სრულიად არე-მარე, გალავანს მიღმა მობობღავდა დღის მხევალი და მზერას ჰფენდა ატალახებულ ეზოს, თითქოსდა ძლიერ სწადიაო ხილვა შერკინებისა. ქვანი ზღუდისა თრთოდნენ, გამოეხილათ ზამთართა განმავლობაში შეკრული ქუთუთონი.
გაცხოველებული ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა შეშლილი ეფრემი მეფისქალს.
-მეორე სისხლი დიაცისა! - გადაიხარხარა მან. - გაფრთხილდი, იულიენ, რამეთუ ძალუძს დაგაჩოქოს, ყელს გამოგღადრავს იგი!
წამოჭარხლდა ერქანთა დიაცის მეტოქე. აბჯარში ჩასდიოდა მეფისქალის მიერ დადენილი ალისფერი სირცხვილი, გაცოფებას აელეწა იგი. ჰხედავდნენ, თუ რაოდენ დიდი მრისხანება მოჰგვარა მას რაზმისა და მხედართმთავრის ესოდენ დაცინვამ.
და უწყოდა მეფისწულმა, რომ ვერ გაიმარჯვებდა იგი ცივად მომზირალი ეირინის წინაშე, ფითრისფერი თვალებით რომ იყურებოდა მის გონში.
გახელებული ღრიალით ეძგერა იულიენი ერქანთა დიაცს, მახვილით შეკავება სცადა მეფისქალმა. დახელოვნებული მეომრის ოსტატობით იქნევდა ორლესულს იულიენი, ჰხედავდა ანდრეი, თუ როგორ უთრთოდა მისი განუზომელი ძალისაგან შეძრულ დიაცს სხეული.
არ იყო ეირინი ისეთივე ძლიერი, როგორც ბუმბერაზი მეომარი, ერთ-ერთი საუკეთესო შაარ-ჰაფას ლაშქრისა, მაგრამ სხარტი გახლდათ იგი, მსუბუქი, მარდად უსხლტებოდა იულიენს.
გარიჟრაჟის ოქროსფერი ეფინებოდა მახვილთა ჭახუნს.
და ანაზდად უგვერდა მეომარს ეირინმა, მუცელში ჰკრა წიხლი.
ჟრუანტელის მომგვრელი ზრიალი გაიღო აბჯარმა და უწყოდნენ ყველამ, თუ რაოდენ მტკივნეული იქნებოდა დარტყმა, მაგრამ მხოლოდ იულიენი მოიკაკვა გმინვით, ძარღვი არ გასტოკებია ერქანთა დიაცს, მხოლოდღა ქშინვა წასკდათ მის ბაგეთ.
მის წინაშე მოხრილ, ქედმოდრეკილ მეომარს დაჰხედა ეირინმა.
და მოუქნია მახვილი.
იულიენის მაჯასთან იფეთქა სისხლმა და ორლესული გაუცურდა მოკრუნჩხული თითებიდან მეომარს, ბღავილი ასტეხა.
თავი აზიდა ეირინმა, მკერდი სწრაფად ებერებოდა, მაგრამ მაგრად მოეკუმა ბაგე, გოროზად დაჰყურებდა იულიენს. ბებუთი შემოჰკრა აბჯარს ეფრემმა და დაჰკივლა, მესამე სისხლი და გამარჯვება დიაცსო.
ყურისწამღები იყო სიჩუმე, ძვლამდე სუსხიანი და ყოვლისმომცველი, რამეთუ დიაცმა დაამარცხა სამი სისხლის შერკინებაში მეომარი შაარ-ჰაფასა.
იულიენის ორლესული აღიღო ეირინმა და გამოემართა ანდრეისაკენ.
ადგილს მიჯაჭვულიყო მეფისწული, უცქერდა ერქანთა დიაცს, დღის მხევლისა და გამარჯვების ცეცხლი რომ წაჰკიდებოდა ბრინჯაოსფერ პირისახესა და ფითრისფერ თვალებს. შესცქეროდა მას მეფისქალი და არ ძალუძდა ანდრეის მისგან მზერის აცილება, რამეთუ იწვოდა იგი, თავისი სხივებით აღავსებდა მის თვალთა თითოეულ კუთხე-კუნჭულს.
მის წინაშე მიწაში ჩასცა ორივე მახვილი ეირინმა. იძრო მუზარადი, და დახარა ფერფლისფერი, წნული თმით მოსილი თავი, უკნიდან გალავნის მიღმა მოკიაფე მზის ოქროსფერი რომ დაჰფენოდა.
და მუხლი მოიყარა.
სრორდის მემკვიდრის წინაშე მოიყარა მუხლი ქედმოდრეკილმა ერქანთა დიაცმა, მიწაში ჩაეფლო მისი ჩალისფერი აბრეშუმის კაბა, წაიბილწა და ტალახით მოისვარა მუხლამდე დაფენილი ფერფლისფერი ნაწნავი.
ძარღვი არ გასტოკებია ანდრეის პირისახეს, ცივად დაჰყურებდა იგი ერქანთა დიაცის დახრილ თავს, მაგრამ სულისმომცველმა გაოგნებამ მოშანთა გონი მისი. მწარედ ახსოვდა სიტყვანი დიაცისა, როდესაც პირველად იხილა იგი, თუ როგორ აუწყა მთარგმნელმა ურჩობა მისი ტყვისა, რამეთუ ღვთაების გარდა არავის წინაშე არ დაიჩოქებდა იგი. უცქერდა იგი ქედმოდრეკილ ეირინს, მის დახრილ, ფერფლისფერი თმით შემკულ თავს და აფორიაქებამ შეიპყრო მეფისწული, თითქოსდა თვითონ მოედრიკა მუხლი მეფისქალის წინაშე, თითქოსდა გრძნობდა, თვალით აშიშვლებდა ურჩობასა და ცეცხლით მოცულ მზერას ერქანთა დიაცისა, რომელიც მისი ყალბი მორჩილების მიღმა შეფარულიყო.
გმინვამ გადაუარა არე-მარეს, თითქოსდა უწყიან, თუ რაოდენ გასაკვირი რამ მოხდაო. შეთრთოლდნენ გალავნის უთქმელი, ჟამგამოვლილი, მაგრამ ესოდენ სანახაობის უხილავი ქვანი, ქვად იქცა გაყინული ჰაერი და სუნთქვა ბაგეს შეეყინათ მეფისწულისა და მეფისქალის მაცქერალთ.
-წამოდექ, დიაცო. - თქვა ანდრეიმ, გარინდული არე-მარე დაფლითეს მისმა სიტყვებმა. უმალ წამოიწია ერქანთა დიაცი, მიაპყრო ფითრისფერი თვალნი, გამომცდელი მზერით აღსავსენი, და მისი ტალახით მოთხვრილი კაბის მიუხედავად, მორჩილების ნატამალიც კი ვერ იხილა მასში ანდრეიმ.
-რაოდენ გასაოცარია, როცა ესოდენ უმშვენიერესი დიაცი შენს წინაშე მუხლს მოიყრის! - შესძახა ეფრემმა. უცნაური ბრწყინვალება მოსდებოდათ მის თვალებს, დაჟინებით ჩასცქეროდა ორივეს. - დიადი, ბნელი მგელი სრორდისა და სპეტაკი ყორანი ერქანთა! ზეცა და მიწა! ზღვა და ხმელეთი! ჰოი, ღმერთები გწყალობენ, მემკვიდრევ სრორდისა, რამეთუ იგი მოგივლინეს!
თავი დაუკრა მათ ეფრემმა, და წამსვე მუხლი მოიყარეს მეომრებმა. კრთოდნენ სასახლის ფანჯრებს გადმოკიდებული და შორიახლოს შეყრილი მსახურნი, ვერ ბედავდნენ მოახლოებას, თუმცაღა ვერც გაერიდებინათ მზერა.
გულზე წრე გამოისახა ეფრემმა. მოწმეთა წინაშე ცხრა ათას კაცს დაჰპირდა, თქვენი შემოთავაზებისა სანაცვლოდ შეეწევაო შაარ-ჰაფა სრორდს. ღმერთების უხვი წყალობა მოჰფენოდესო შაარ-ჰაფას, მიუგო საპასუხოდ მეფისწულმა და მის წინაშე უფრო მოიკაკვა ქედმოხრილი ეფრემი.
იმ ღამით, როცა ქათქათა თეთრი ღამის შუქი იღვრებოდა ბუხრის ოქროსფრით ცეცხლმოკიდებულ ოთახებში, თვალი ვერ მოხუჭა ანდრეიმ. იწვა იგი, შავ აბრეშუმში განბანული, კერაში აღვივებულ შეშათა ტკაცუნს უსმენდა და ღამის მხევლის გამეფება ახლოსაც არ მიჰკარებოდა.
მხარზე შეივლო ხელი მეფისწულმა, გახეთქილ და აწ უკვე პირშეკრულ ხორცზე, წანდელით რომ გაჰკვეთა ერქანთა დიაცმა იმ ავბედით დღეს მისივე კარავში. ის სინანული თვალწინ აუკიაფდა მეფისწულს, დიაცის სიძულვილით მოღრეჯილ ნაკვთებს რომ მოჰფენოდათ, რამეთუ მისი გულის განგმირვა ვერ შესძლო.
წამოდგა ანდრეი. ოქროთი დაფერილი შანდალი, ქონის სანთელნი რომ იწვოდნენ ზედ, აიტაცა. მხოლოდღა გრძელი, ბნელი ტუნიკით მოსილმა, უჩუმრად გადაჰკვეთა ოთახი, მეომრისა სიფრთხილით შეაღო კარი, რომლის მიღმა ეგულებოდა ერქანთა დიაცი.
მომცრო, მსახურთათვის განკუთვნილ ოთახში სიჩუმე მძიმედ ჩამოსწოლოდა წყვდიადს, რომელიც სანთელთა შუქმა შემოაძარცვა არე-მარეს, სარეცელზე მიწოლილ დიაცს დაეფინა.
ბურანში გახვეულიყო ეირინი. წყვდიადის საბურველი და სანთელთა სითბო შემოჰხვეოდა მის სხეულს, ქუთუთოთა მიღმა მიმალულიყვნენ მისი მუდამ ცივი, ზიზღითა და გულგრილობით აღსავსე თვალები. მოზიდული მშვილდის მსგავსად აღარ დასჭიმვოდა ნაკვთები, თითქოსდა უმალ გადაუწყდებაო.
წამიერად შეაცქერდა მას ანდრეი.
და თითქოსდა იგრძნოო მისი მზერა, ანაზდად გააპო ქუთუთონი ეირინმა. ლიბგადაკრული თვალები მოუტრიალა კარში აღმართულ მამაკაცს, ხელთ რომ სინათლე ეპყრა.
და გაშრა იგი.
იხილა ანდრეიმ, თუ გაქვავდა ერქანთა დიაცი, ფერფური წაუვიდა, ანაზდად ქვეშაგებიდან იძრო ბებუთი.
შიში, სულისმომცველი და დაუძლეველი შიში ჩასდგომოდა დიაცს მზერაში, ისეთი, როგორიც აქამდე არასოდეს ეხილა ანდრეის.
არასოდეს ეხილა ესოდენ ძლიერი შიში ერქანთა დიაცისა. მუდამ სიძულვილით, მრისხანებითა და სიმამაცით იყო იგი აღსავსე, თითქოსდა საკუთარი თავი შემოსცქეროდა ფითრისფერი მზერით.
ამიტომ იდგა იგი, გაუნძრევლად. სანთელთა შუქი თრთოდა, იმ თავზარს აშიშვლებდა, დიაცს რომ დასტყდომოდა თავს.
მერე კი, თითქოსდა მხოლოდღა ჩრდილი მისდგომოდაო ერქანთა დიაცს, გაჰქრა ელდა მისი. მზერა კვლავ გაუცივდა ეირინს, გამოწვდილი ბებუთი ქვეშაგებში შეაბრუნა მან.
მაგრამ მკერდზე ამოსწვოდა მისი გაოგნებული, შიშით აღსავსე მზერა ანდრეის.
-რასა იქმ, სრორდელო? - შეჰკითხა ეირინმა. - რა გწადია, წყვდიადის საფარველის ქვეშ რომ დაიარები?
არა მიუგო რა ანდრეიმ. თვალმოუშორებლივ შესცქეროდა ეირინი, მცირე ჟამი გადაიჭიმა მათ შორის, მხოლოდღა შეშას დადენილ ალთა ტკაცუნი და სანთლის შუქის თრთოლა არღვევდა მას.
-შენა, ერქანთა დიაცო? - უპასუხა ბოლოს ანდრეიმ. - რად იძრე ეგ ბებუთი, რად გეშინის?
-შენი არ მეშინის, სრორდელო ქოფაკო! - მოუჭრა ეირინმა, ბაგე გააპო, შეუღრინა მეფისწულს.
-ვუწყი, რომ არ გეშინის ჩემი, თუმცაღა ეს მხოლოდღა შენი უგუნურებაა. - მიუგო ანდრეიმ. - მაშ ვისი გეშინის, დალიჰარ? ვის გულს გწადია ჩასცე ბებუთი?
შესცქეროდა ეირინი უსიტყვოდ, ალს ნაღვერდლებად ექცია მისი თვალები. უმზერდა იგი და უთროდა ბაგე, თითქოსდა უთქმელ სიტყვათა ამოთქმა სწადიაო.
-რად დამიფრთხე ბურანი, სრორდელო ქოფაკო? - შეჰკითხა ეირინმა ბოლოს. - რად არ გეწვია ძილი, რად გეწადა შემოჭრა ჩემთან?
-შენ ჩემს წინაშე მუხლი მოიყარე, დალიჰარ. - უთხრა ანდრეიმ, ორიოდე ნაბიჯით გადაჭრა მომცრო ოთახი და სარეცელს მიწოლილ, წამოწეულ ერქანთა დიაცს თავს დაადგა. - შენი მახვილი ჩემს წინაშე აძგერე მიწას, ჩემს წინაშე იძრე მუზარადი... ვითარცა ფიცი ერთგულებისა, შენ...
-შენ კი უწყი, რომ მორჩილების ნაპერწკალიც არ ღვიოდა ჩემში! - შეჰყვირა ეირინმა, კბილებს აღრჭიალებდა იგი მრისხანებისაგან, თვალებით ჰკლავდა ანდრეის.
-რად რისხდები, ერქანთა დიაცო? - ბაგე შეუთრთოლდა ანდრეის. - ვუწყი, რაც გააკეთე. დაამარცხე ერთ-ერთი საუკეთესო შაარ-ჰაფასა, მერე კი ყველასათვის ხილულად სთქვი, რომ სრორდის მხედართმთავარს ვერავინ აღუდგება წინ, რამეთუ მან გამარჯვებულის მოდრეკა შესძლო!
-ეფრემი დახმარების ხელს არ გამოგიწვდიდა. - მოუჭრა ეირინმა. - ძლიერებისა და ომის მოყვარულია იგი, უსუსური კაცი მისთვის უმდაბლეს მწერზე მდაბალია...
-და შენ ხილულ ჰქენი მისთვის, რომ მე არა ვარ უსუსური კაცი. - მიუგო ანდრეიმ. - უწყი, რომ არასოდეს გაჰკარებია ჩემს მკერდს უსუსურობა და სილაჩრე, მაგრამ რად აუწყე ეს შეშლილ ეფრემს? სრორდის აღზევება გწადია, დალიჰარ?
უსიტყვოდ უმზირა ეირინმა. ნაკვთები მოეღრიჯა, ნაოჭებმა გადაჰკვეთეს მის ბრინჯაოსფერ შუბლზე გამოსახული ნიშნულნი ერქანთა. შესცქეროდა იგი და ეძებდა რაღაცას.
-უსუსური არა ხარ, სრორდელო, მხოლოდღა მდაბალი ბრძანდები. - თქვა მან. - მე შენი აღზევება მწადია, შენი, ვითარცა მფეთქავი სისხლით აღსავსე ადამიანისა.
დადუმდა ანდრეი და უმალ ბაგე შეჰკრა ეირინმა.
-ჰოი, ერქანთა დიაცო... - ნაკვთები მოეღრიჯა მეფისწულს. - კვლავ გეფიქრება, რომ ერქანთა სამფლობელოს დაგიბრუნებ? რომ დედოფალი იქნები მისი?
-თუკი სიცოცხლე მოევლინება შენს სულს, სრორდელო, დააბრუნებ ყოველივეს, რაც წაგირთმევია და რისი დაბრუნებაც ძალგიძს. - მიუგო ეირინმა, ისეთი დაჟინებით შესცქეროდა, თითქოსდა გაშტერებოდა მზერა.
-ნუთუ ახლა არა ვარ ცოცხალი, დიაცო? - შეჰკითხა ანდრეიმ, გუგუნი ყურებში უძგერდა. - ნუთუ ფეთქვა ჩემი გულისა არ გესმის მკერდში?
-მესმის იგი, ვითარცა ზართა რეკვა ჩამესმის, სრორდელო. - მიუგო ეირინმა. ხმადაბლა საუბრობდა იგი, თითქოსდა მართლაც უგდებსო ყურს. - მაგრამ შენს მკერდში არაა სიცოცხლე, შენს გონშია იგი. ჩემს წინაშე ლეში აღმართულა, რამეთუ ცხოვრებას ადამიანობა წარუტაცია მისთვის.
ისე შემოსცქეროდა ეირინს ჩრდილოეთელი, თითქოსდა ყურებს ვერ უჯერებსო. თითქოსდა რაღაც ხელუხლებელს წაეპოტინა მასში.
-სცდები, დალიჰარ. - მიუგო მან ბოლოს. - მე ფრიად დალოცვილი ცხოვრებით დამაჯილდოვეს ღმერთებმა, მიწას მეფის ვაჟად მომავლინეს, ისე განაგეს ჩემი ცხოვრება, რომ ვყოფილიყავი საუკეთესოთა საუკეთესო, მომავალი მეფე და მხედართმთავარი სრულიად სრორდის ლაშქრისა!
წამოიწია ეირინი. ქვეშაგებზე მოირთხა ფეხი, თვალებში ჩაჰხედა ანდრეის.
-მაგრამ ეს წოდებანი შენთვის არაფერს ნიშნავს, არა, სრორდელო? - შეჰკითხა ანაზდად. - გწადია მეფობა, რამეთუ ამით ძალგიძს დამტკიცება იმისა, რასაც აქამდე მოუცავს სული შენი...
-საკმარისია. - სიტყვა გააწყვეტინა მეფისწულმა. ოთახის წყვდიადს მოფენილი შუქი თრთოდა, ცახცახით ეხლებოდა კედელთ. - ხმა გაკმინდე...
-რატომ, რამეთუ შეგიცანი, სრორდელო? - მიუგო მეფისქალმა, თვალს არ აშორებდა იგი, ჩაჰყურებდა ოქროსფრად აბზინებულ მზერას ჩრდილოეთელისა. - რამეთუ შენი საიდუმლო, რომელიც არასოდეს წასცდომიათ შენს ბაგეთ, მე ამოვაყოლე სუნთქვას?
დადუმდა ანდრეი. მხოლოდღა ფითრისფერ თვალებში ჩასცქეროდა დიაცს.
გაიწელა სიჩუმე, მოზიდული მშვილდივით დაიძაბა იგი, მოუთმენელი მოლოდინის სიმწარე მოედო მომცრო ოთახს.
პირი იბრუნა ეირინმა. ქვეშაგებზე მიწვა იგი, გვერდით გადაიგდო ფერფლისფერი ნაწნავი და შეაცქერდა მის აღელვებულ მკერდსა და თეთრ ჩითში გამოკვართულ სხეულს ანდრეი, მხოლოდღა აბრეშუმის საფარველი რომ ჰფარავდა.
იგრძნო მისი მზერა ეირინმა, ამოხედა მწყრალად.
-წარვედ, სრორდელო ქოფაკო. - კბილთა შორის გამოსცრა მან. - ვხედავ, თუ როგორი წაბილწულია მზერა შენი. წარვედ, რამეთუ ძალმიძს ეს ბებუთი გულში ჩაგცე...
-ჩემი მზერაა წაბილწული, დიაცო? - გადმოაფურთხა სიტყვანი ანდრეიმ. ცეცხლი წაუკიდა დიაცის ნათქვამმა, რამეთუ წმინდა წყლის სიცრუე იყო იგი. - და სიძვა შენი?
შეაცქერდა ეირინი, წამოიწია კვლავ, აზიდა თავი და ყელი გააშიშვლა.
-გწადია ის სიტკბოება, რომელიც ლაქლან ხანმა იგემა, სრორდელო ქოფაკო? - შეჰსისინა მან.
-უღმერთო ყეყეჩი გგონივარ, დალიჰარ? - ხმას აუწია ანდრეიმ. უფრო აცახცახდა სანთელთა შუქი. - ესოდენ ბილწი უმსგავსობის ჩამდენი გგონივარ?!
-მამაკაცი მგონიხარ მხოლოდ, სრორდელო. ერთი უბრალო მამაკაცი. - მოუჭრა ეირინმა. ზურგი შეაქცია მან, საფარველი მოიფარა მხარზე. - წარვედ! წარვედ, რამეთუ აღარ მწადია შენ სიტყვათა მოსმენა!
ენაჩავარდნილი შეჰყურებდა მის თავს ანდრეი. კბილები გააღრჭიალა მეფისწულმა, ნაკვთები მოეღრიჯა, მრისხანება აუზვირთდა მკერდში.
პირი იბრუნა მან, გაალაჯა და მთელი ძალით მოაჯახუნა კარი, ისე მძლავრად, რომ შედრკნენ ქვანი, ჟრჟოლამ დაუარა ეირინის სარეცელს.
იწვა ერქანთა დიაცი. მოკაკვულიყო, საგულდაგულოდ იფარავდა სხეულს. წყვდიადში იმზირებოდნენ მისი ფითრისფერი თვალები, რომელთა ბურანი წარეტაცა სრორდის მემკვიდრეს.
ცარიელი იყო წყვდიადი, ბნელი და ცივი, ვითარცა ის ზმანება, რომელიც კარში მდგარი უცნობი მამაკაცის ხილვამ რომ მოჰგვარა.
თვალები მილულა ეირინმა.
და ინატრა ძილი, რომელიც არ ეწვეოდა.
ისეთივე სიცივეს, სიცარიელესა და წყვდიადს დაესადგურებინა მომცრო ოთახში, რაოდენ სითბოთი, მრისხანებითა და ალისფერი შუქით აღვსილიყო ოთახი კარს მიღმა.
ბურანი არ მოდიოდა, და წყნარი იყო ღამე ზულუსტის დაბლობში.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

16 გვერდი და 4,031 სიტყვაა. იმედია მოგეწონებათ! მომიტევეთ დაგვიანების გამო :( სამწუხაროდ მომაწვა სამეცადინო და რამდენადაც არ უნდა ვეცადო, მაინც შეზღუდული ვარ დროში სასტიკად, პლუს ამ ისტორიისთვის ბევრი მზადება მჭირდება... ერთს გპირდებით, რომ მე ამ ისტორიას დავასრულებ, მიფუჩეჩების გარეშე. მოვყვები ამბავს მთლიანად და დავასრულებ. იმედია თქვენც მოგეწონებათ ეს მოგზაურობა.
უღრმესი მადლობა ყველას. heart_eyes heart_eyes

 



№2 სტუმარი Qeti qimucadze

Gavgijdi. Gadavirie .ca agar vici ravqnaaaaaaa. Umagresi gogo xarrr. Miyvarxar me shen adamianuri faqtorittt, sxvagavarad rom davcero siyalbe gamovaaa. Shemiyvardi sheni shemoqmedebidann. Ufali gfaravdesss. Amshuagames ras amaforiaqeee. Ras merchodiiii

 



№3 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

დაახლოებით რამდენ ხანში დაამთავრებ ლინდა?

 



№4  offline ახალბედა მწერალი linda

Qeti qimucadze
Gavgijdi. Gadavirie .ca agar vici ravqnaaaaaaa. Umagresi gogo xarrr. Miyvarxar me shen adamianuri faqtorittt, sxvagavarad rom davcero siyalbe gamovaaa. Shemiyvardi sheni shemoqmedebidann. Ufali gfaravdesss. Amshuagames ras amaforiaqeee. Ras merchodiiii

ვაიმეეეეეეეეეეეეე ავფართხალდი, გავიფუყე, გავიბადრე <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ! მიხარია რომ მოგწონთ! <3
სტუმარი გიკი გოგო
დაახლოებით რამდენ ხანში დაამთავრებ ლინდა?

არ ვიცი სიმართლე გითხრა :( 2-3 თვე დასჭირდება ალბათ, თუ მეტი არა :( დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი სამწუხაროდ :(

 



№5  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

სიტყვები აღარ მყოფნის :დდ???? არ ვიცი როგორ აღვწერო ის დაძაბულობა და ემოციები რასაც ამ ისტორიის კითხვის დროს განვიცდი... ისტორია არა ეს წიგნია ჩემთვის, წიგნის ელ ვერსიად მაქვს წარმოდგენილი :დდ❤❤
ძალიან მაგარი თავი იყო და ნამდვილად ღირდა ამდენი ლოდინი მძახალო *_* ♡♡ ძალიან დატვირთული იყო ,შენებური "სპეც-ეფექტებით" და ინფორმაციულადაც❤❤
ბრძოლის სცენა სასწაულად მომეწონა ❤ გავგიჟდი ისეთი ექშენი იგრძნობოდა მართლა მეგონა რომ ფილმს ვუყურებდი ❤❤ არ ვიცი ამას როგორ ახერხებ მაგრამ ყოველი ახალი თავის დადებას წვიმა და ქარი ემთხვევა :დდდდ თან ამას ვკითხულობ და გარეთ იქცევა ყველაფერი და..... ჩემი სათუთი გული მეტს კი ვეღარ უძლებს :დდდდ❤❤❤
ეირინმა რომ დაიჩოქა თვალები შუბლზე ამივიდა :დდ რამდენჯერმე გადავიკითხე მეთქი რაიმე არასწორად ხო არ წავიკითხე-თქო :დდდ ეგ იყო მართლა შოკი და მოვლენა :დდდ❤❤ ანდრეის სახე წარმოვიდგინე და ერთი მაგრად შემორტყმა მომინდა :დდდდ აი ზუსტად "შემოულაწუნე მამაო ოხროხინეო" ის დაემართა :დდდდდდდ
ბოლო სცენა იყო რაცხა მართლა საოცრება :დდდ მანდ უკვე თვალები ბუდიდან გადმომცვივდა :დდდდ აუ ეირინმა რა უქნა :დდდ დააშტერა ზორბეგი :დდდდ იდგეს ახლა და ყლაპოს ევერესტის ხელა ნერწყვი :დდდდ ეგ ამპარტავნება იქნება რომ დაღუპავს მაგას საბოლოოდ :დდ
არა კი იყო ღირსი ანდრეი მაგრამ მაინც დევწვი და დევთუთქე მაგათი საცოდაობით :დდ❤ ძაან შოკია ეს ისტორია ჩემო ნიჭიერო და საყვარელო მძახალო, შენსავით *_*❤❤ ყოველ ჯერზე რომ მაკვირვებ და მავსებ რაღაც უცნაური ემოციებით :** ❤❤ნეტავ საერთოდ არ დასრულდეს :დდდ❤❤❤

 



№6  offline ახალბედა მწერალი linda

Margaritha Loki
სიტყვები აღარ მყოფნის :დდ???? არ ვიცი როგორ აღვწერო ის დაძაბულობა და ემოციები რასაც ამ ისტორიის კითხვის დროს განვიცდი... ისტორია არა ეს წიგნია ჩემთვის, წიგნის ელ ვერსიად მაქვს წარმოდგენილი :დდ❤❤
ძალიან მაგარი თავი იყო და ნამდვილად ღირდა ამდენი ლოდინი მძახალო *_* ♡♡ ძალიან დატვირთული იყო ,შენებური "სპეც-ეფექტებით" და ინფორმაციულადაც❤❤
ბრძოლის სცენა სასწაულად მომეწონა ❤ გავგიჟდი ისეთი ექშენი იგრძნობოდა მართლა მეგონა რომ ფილმს ვუყურებდი ❤❤ არ ვიცი ამას როგორ ახერხებ მაგრამ ყოველი ახალი თავის დადებას წვიმა და ქარი ემთხვევა :დდდდ თან ამას ვკითხულობ და გარეთ იქცევა ყველაფერი და..... ჩემი სათუთი გული მეტს კი ვეღარ უძლებს :დდდდ❤❤❤
ეირინმა რომ დაიჩოქა თვალები შუბლზე ამივიდა :დდ რამდენჯერმე გადავიკითხე მეთქი რაიმე არასწორად ხო არ წავიკითხე-თქო :დდდ ეგ იყო მართლა შოკი და მოვლენა :დდდ❤❤ ანდრეის სახე წარმოვიდგინე და ერთი მაგრად შემორტყმა მომინდა :დდდდ აი ზუსტად "შემოულაწუნე მამაო ოხროხინეო" ის დაემართა :დდდდდდდ
ბოლო სცენა იყო რაცხა მართლა საოცრება :დდდ მანდ უკვე თვალები ბუდიდან გადმომცვივდა :დდდდ აუ ეირინმა რა უქნა :დდდ დააშტერა ზორბეგი :დდდდ იდგეს ახლა და ყლაპოს ევერესტის ხელა ნერწყვი :დდდდ ეგ ამპარტავნება იქნება რომ დაღუპავს მაგას საბოლოოდ :დდ
არა კი იყო ღირსი ანდრეი მაგრამ მაინც დევწვი და დევთუთქე მაგათი საცოდაობით :დდ❤ ძაან შოკია ეს ისტორია ჩემო ნიჭიერო და საყვარელო მძახალო, შენსავით *_*❤❤ ყოველ ჯერზე რომ მაკვირვებ და მავსებ რაღაც უცნაური ემოციებით :** ❤❤ნეტავ საერთოდ არ დასრულდეს :დდდ❤❤❤

მძახალო, ოქროვ და პლატინავ, ძაან გინდა გულმა დამარტყას და გადავფიჩინდე? :დდდ <3 ნუ ნელზია ტაკ ნელზიიიიიაააააა :დდდდ <3
როგორ მიხარია, თუ ღირდა, მეც დავიტანჯე და თქვენც დაგტანჯეთ, ერთი სული მქონდა სანამ ავტვირთავდი, მარა ვერ მოვედი კლავიატურამდე სამწუხაროდ :დდ
ნოსტრადამუსის შთამომავალი ვარ ვანგას ხაზით, ხო იცი არა smiling_imp smiling_imp laughing laughing
ვუჰუუუუ ავფართხალდი <3 ძაან მიხარია რომ მოგეწონა ბრძოლის სცენა! მოუჯოკრა ეირინმა ყველას და მერე უცებ მიახტა ანდრეის :დდდდ "შემოულაწუნე მამაო ოხროხინეო" ვაიმე ამოვწყდი laughing laughing laughing laughing მეც ხროხინი დამეწყო რააა :დდდდდდდდ
ოოო, ბოლო სცენა სასტიკად მნიშვნელოვანი იყო <3 ერთი მხრიდანაც გამოჩნდა ბევრი რამ და მეორე მხრიდანაც ^^ მართლაც რომ მოასორომგორომა ეს ამხელა დევი კაცი :დდდდდდდ ქალს მისთვის ენა არ ჩაუგდებინებია აქამდე, ნეტა რას ფიქრობდა :დდდდ
უღრმესი, უდიდესი მადლობა, მძახალო, რომ მკითხულობ და ამოდენა სტიმულს მაძლევ! დიიიდი დიიიიდი მადლობა! <3 heart_eyes heart_eyes

 



№7 წევრი ჟიზელი

აუ,იცი რა მომინდა, ეს შტერი რომ შებლაყუნდა დალიჰარის ოთახში, ერთი ამოეხვნეშა საცოდავად, ჩამოსჯდომოდა სარეცელზე და ესაუ რათ,ბევრიბევრი,უსასრულოდ,მთვარის გაგუდვისა და მზის მხევალის ამოსვლის ჰორიზონტზე.
იმიტომ,რომ ქცევევზე ეტყობა უყვარდება ეს ქალი და არ მინდა ახლა ამისი დატანჯვა.
ისე ყველა კაცი კი უნდა იტანჯებოდეს ქალის სიყვარულის გამო :დდდ
მაგრამ ანდრეი ისეთი საყვარელია,ცოდოა,თან მაშინ,როცა ეირნის გულზე არ ეხატება.ჯერ არ გამოუხატავს ყოველშემთხვევაში. ისე, ასე მგობია ,რომ ანდრეის ძალიან ცუდად გახდომა თუ მოუბრუნებს ამ ქაჯანს გულს.აი,დაკარგვის რომ შეეშინდება ,მაში მიხვდება რომ ის აიიიი ის არის :დ

 



№8  offline ახალბედა მწერალი linda

ჟიზელი
აუ,იცი რა მომინდა, ეს შტერი რომ შებლაყუნდა დალიჰარის ოთახში, ერთი ამოეხვნეშა საცოდავად, ჩამოსჯდომოდა სარეცელზე და ესაუ რათ,ბევრიბევრი,უსასრულოდ,მთვარის გაგუდვისა და მზის მხევალის ამოსვლის ჰორიზონტზე.
იმიტომ,რომ ქცევევზე ეტყობა უყვარდება ეს ქალი და არ მინდა ახლა ამისი დატანჯვა.
ისე ყველა კაცი კი უნდა იტანჯებოდეს ქალის სიყვარულის გამო :დდდ
მაგრამ ანდრეი ისეთი საყვარელია,ცოდოა,თან მაშინ,როცა ეირნის გულზე არ ეხატება.ჯერ არ გამოუხატავს ყოველშემთხვევაში. ისე, ასე მგობია ,რომ ანდრეის ძალიან ცუდად გახდომა თუ მოუბრუნებს ამ ქაჯანს გულს.აი,დაკარგვის რომ შეეშინდება ,მაში მიხვდება რომ ის აიიიი ის არის :დ

ვაიმეეეეეეეეე :დდდდდდდდდდ სასთუმალზე ჩამოჯდომა ძაან მომეწონა :დდ ფანტაზიებს რომ შევყევი, არ დაგიმალავ და მეც იგივე ვიფიქრე მარააა ანდრეი არ იზამდა ამას :( მგონი ჯერ კიდევ აშკარაა თუ რას ფიქრობს ეირინზე, და რა აწუხებს, რა უნდა. თუმცა ამ უკანასკნელში თვითონაც ვერ გარკვეულა წესიერად :დდ ბიჭია, გატანჯული და გრძნიბების კორიანტელით აღსავსე ბიჭი და მეც მეცოდება :(
მარა დიახ! ყველა კაცი უნდა დაიტანჯოს :დდდდდდდდ ანდრეის ისედაც ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა, ხომ გაფშიკა ფეხები, რამე სერიოზული რომ დაემართოს კიდო :დდდდდდდდ მარაააა ი სასტიკად მომეწონა შენი სიტყვები:"ის აი ის არის" <3 ერთიც "ისაა" და მეორეც <3 უუუუუუხ მიყვარან სასტიკად.
უღრმესი მადლობა, გენაცვალე, რომ მკითხულობ და აზრი გამოთქვი! ვნახოთ რა იქნება ^^<3

 



№9 წევრი ჟიზელი

linda
ჟიზელი
აუ,იცი რა მომინდა, ეს შტერი რომ შებლაყუნდა დალიჰარის ოთახში, ერთი ამოეხვნეშა საცოდავად, ჩამოსჯდომოდა სარეცელზე და ესაუ რათ,ბევრიბევრი,უსასრულოდ,მთვარის გაგუდვისა და მზის მხევალის ამოსვლის ჰორიზონტზე.
იმიტომ,რომ ქცევევზე ეტყობა უყვარდება ეს ქალი და არ მინდა ახლა ამისი დატანჯვა.
ისე ყველა კაცი კი უნდა იტანჯებოდეს ქალის სიყვარულის გამო :დდდ
მაგრამ ანდრეი ისეთი საყვარელია,ცოდოა,თან მაშინ,როცა ეირნის გულზე არ ეხატება.ჯერ არ გამოუხატავს ყოველშემთხვევაში. ისე, ასე მგობია ,რომ ანდრეის ძალიან ცუდად გახდომა თუ მოუბრუნებს ამ ქაჯანს გულს.აი,დაკარგვის რომ შეეშინდება ,მაში მიხვდება რომ ის აიიიი ის არის :დ

ვაიმეეეეეეეეე :დდდდდდდდდდ სასთუმალზე ჩამოჯდომა ძაან მომეწონა :დდ ფანტაზიებს რომ შევყევი, არ დაგიმალავ და მეც იგივე ვიფიქრე მარააა ანდრეი არ იზამდა ამას :( მგონი ჯერ კიდევ აშკარაა თუ რას ფიქრობს ეირინზე, და რა აწუხებს, რა უნდა. თუმცა ამ უკანასკნელში თვითონაც ვერ გარკვეულა წესიერად :დდ ბიჭია, გატანჯული და გრძნიბების კორიანტელით აღსავსე ბიჭი და მეც მეცოდება :(
მარა დიახ! ყველა კაცი უნდა დაიტანჯოს :დდდდდდდდ ანდრეის ისედაც ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა, ხომ გაფშიკა ფეხები, რამე სერიოზული რომ დაემართოს კიდო :დდდდდდდდ მარაააა ი სასტიკად მომეწონა შენი სიტყვები:"ის აი ის არის" <3 ერთიც "ისაა" და მეორეც <3 უუუუუუხ მიყვარან სასტიკად.
უღრმესი მადლობა, გენაცვალე, რომ მკითხულობ და აზრი გამოთქვი! ვნახოთ რა იქნება ^^<3

ანდრეი ხო ზოგადად ურჯულოს ქალაქდ არ აღიქვამს და ერთ მომენტში დიაცოთი მიმართა და მეგონა,იცვლება-მეთქი დამოკიდებულება. თავის და უნებურად იცავს ვიგინდარებისგან და პლუს მომეჩვენა თუ რა, იმ მეფეზე იეჭვიანა სიტკბოება რომ გაუგია დალიჰარისა :დდ მერე და ეს ჩაღიმებები :დდდ
რა ვიცი,მე უკვე ვგრძნობ ელექტრონულ ველს :დდდდდდდ

 



№10  offline წევრი crete20

რაო რა თქვა სროდელმა ქოფაკმა: სახელმწიფოთა საქმეები არააო დიაცთა საფიქრალიოოო?! rage ოჰ ანდრო ერთი კაი გალაწუნება მოგიხდებოდა laughing laughing

თავიდან მეგონა რომ დახმარების სანაცვლოდ ეირინს მოსთხოვდა, მერე კარგი მეომარი რომ ახსენა იმწუთას გავიფიქრე ეირინს ვინმეს შეაბრძოლებს და თუ მოიგო დაეხმარება თქო და ასეც მოხდა laughing laughing ნუ ეხლა მთლად ვერ გავთვალე, არ მოველოდი რომ ეირინი მუხლს მოუყრიდა ანდროს smiling_imp smiling_imp მაგ მომენტში ისე ვკითხულობდი სუნთქვა დამავიწყდა. ამ მოთხრობას რომ ვკითხულობ ხომ საერთოდ იქ წარმომიდგენია თავი და ამ მომენტზე ხომ საერთოდ ტრიდე ვერსია იყო heart_eyes heart_eyes bowtie bowtie

ჰოდააა რა შეეხბა ამათშორის ქიმიასს laughing laughing დეიწყო!დეიწყოო!! laughing laughing როგორ უთხრა? "წაბილწული მზერა" smiling_imp (სად იცოდა ეხლა ამან ვნება) გინდივარ მაგრამ ვერ მოგართვიო laughing smiling_imp smiling_imp

აუუუ, იმ ვიღაცასთან იმედია არ დაწოლილა და ანდროს ტყუილად უთხრა "გწადია იმ სიტკოების გემო რაც ლაქლან ხანმა იგემაოო"! ძაან მინდა რო ანდროს თვალში ყველანაირად ხელშეუხებელი იყოს heart_eyes heart_eyes stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

მოკლედ....ნიჩიერი გოგო ხაარ ძალიააააან heart_eyes heart_eyes უნიჭიერესი და უკარგესი! kissing_heart

 



№11  offline ახალბედა მწერალი linda

ჟიზელი
linda
ჟიზელი
აუ,იცი რა მომინდა, ეს შტერი რომ შებლაყუნდა დალიჰარის ოთახში, ერთი ამოეხვნეშა საცოდავად, ჩამოსჯდომოდა სარეცელზე და ესაუ რათ,ბევრიბევრი,უსასრულოდ,მთვარის გაგუდვისა და მზის მხევალის ამოსვლის ჰორიზონტზე.
იმიტომ,რომ ქცევევზე ეტყობა უყვარდება ეს ქალი და არ მინდა ახლა ამისი დატანჯვა.
ისე ყველა კაცი კი უნდა იტანჯებოდეს ქალის სიყვარულის გამო :დდდ
მაგრამ ანდრეი ისეთი საყვარელია,ცოდოა,თან მაშინ,როცა ეირნის გულზე არ ეხატება.ჯერ არ გამოუხატავს ყოველშემთხვევაში. ისე, ასე მგობია ,რომ ანდრეის ძალიან ცუდად გახდომა თუ მოუბრუნებს ამ ქაჯანს გულს.აი,დაკარგვის რომ შეეშინდება ,მაში მიხვდება რომ ის აიიიი ის არის :დ

ვაიმეეეეეეეეე :დდდდდდდდდდ სასთუმალზე ჩამოჯდომა ძაან მომეწონა :დდ ფანტაზიებს რომ შევყევი, არ დაგიმალავ და მეც იგივე ვიფიქრე მარააა ანდრეი არ იზამდა ამას :( მგონი ჯერ კიდევ აშკარაა თუ რას ფიქრობს ეირინზე, და რა აწუხებს, რა უნდა. თუმცა ამ უკანასკნელში თვითონაც ვერ გარკვეულა წესიერად :დდ ბიჭია, გატანჯული და გრძნიბების კორიანტელით აღსავსე ბიჭი და მეც მეცოდება :(
მარა დიახ! ყველა კაცი უნდა დაიტანჯოს :დდდდდდდდ ანდრეის ისედაც ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა, ხომ გაფშიკა ფეხები, რამე სერიოზული რომ დაემართოს კიდო :დდდდდდდდ მარაააა ი სასტიკად მომეწონა შენი სიტყვები:"ის აი ის არის" <3 ერთიც "ისაა" და მეორეც <3 უუუუუუხ მიყვარან სასტიკად.
უღრმესი მადლობა, გენაცვალე, რომ მკითხულობ და აზრი გამოთქვი! ვნახოთ რა იქნება ^^<3

ანდრეი ხო ზოგადად ურჯულოს ქალაქდ არ აღიქვამს და ერთ მომენტში დიაცოთი მიმართა და მეგონა,იცვლება-მეთქი დამოკიდებულება. თავის და უნებურად იცავს ვიგინდარებისგან და პლუს მომეჩვენა თუ რა, იმ მეფეზე იეჭვიანა სიტკბოება რომ გაუგია დალიჰარისა :დდ მერე და ეს ჩაღიმებები :დდდ
რა ვიცი,მე უკვე ვგრძნობ ელექტრონულ ველს :დდდდდდდ

ერქანთა დიაცს უწოდებს, ამიტომ შეამოკლა რა, თავისი ჭკუით :დდდდ უტვინოა რა, ხო გეუბნები :დდდდდდდ კი, გეთანხმები იმაში, რომ თავისუნებურად თუ შემთხვევით თუ როგორც არის, დაცვა გამოსდის, სურვილი მაინც :დდ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ! <3

 



№12  offline წევრი Skubidu

აუუუ კარგი რა ეხლა ესე ლომკაში მტოვებ ისე რეალურად წარმოვიდგინე ბრძოლა სანთლის შუქით განათებული ოთახი ბუხარი და ეირენის თავზე მდგომი ანდრეი მეგონა მათ შუაში ვიდექი ძალიან მაგარია

 



№13  offline ახალბედა მწერალი linda

crete20
რაო რა თქვა სროდელმა ქოფაკმა: სახელმწიფოთა საქმეები არააო დიაცთა საფიქრალიოოო?! rage ოჰ ანდრო ერთი კაი გალაწუნება მოგიხდებოდა laughing laughing

თავიდან მეგონა რომ დახმარების სანაცვლოდ ეირინს მოსთხოვდა, მერე კარგი მეომარი რომ ახსენა იმწუთას გავიფიქრე ეირინს ვინმეს შეაბრძოლებს და თუ მოიგო დაეხმარება თქო და ასეც მოხდა laughing laughing ნუ ეხლა მთლად ვერ გავთვალე, არ მოველოდი რომ ეირინი მუხლს მოუყრიდა ანდროს smiling_imp smiling_imp მაგ მომენტში ისე ვკითხულობდი სუნთქვა დამავიწყდა. ამ მოთხრობას რომ ვკითხულობ ხომ საერთოდ იქ წარმომიდგენია თავი და ამ მომენტზე ხომ საერთოდ ტრიდე ვერსია იყო heart_eyes heart_eyes bowtie bowtie

ჰოდააა რა შეეხბა ამათშორის ქიმიასს laughing laughing დეიწყო!დეიწყოო!! laughing laughing როგორ უთხრა? "წაბილწული მზერა" smiling_imp (სად იცოდა ეხლა ამან ვნება) გინდივარ მაგრამ ვერ მოგართვიო laughing smiling_imp smiling_imp

აუუუ, იმ ვიღაცასთან იმედია არ დაწოლილა და ანდროს ტყუილად უთხრა "გწადია იმ სიტკოების გემო რაც ლაქლან ხანმა იგემაოო"! ძაან მინდა რო ანდროს თვალში ყველანაირად ხელშეუხებელი იყოს heart_eyes heart_eyes stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

მოკლედ....ნიჩიერი გოგო ხაარ ძალიააააან heart_eyes heart_eyes უნიჭიერესი და უკარგესი! kissing_heart

ტეტუუუუუუუუუ გადავირიე გადავიშალე, გავიფურჩქნე <3
კეეეეეე, ამის დროს ეგრე იყო საქმე, ეირინის გარდა სხვა ქალი მეომრის ამპლუაში არ უნახავს და გაგვიშტერდა ბიჭი :დდ ნუ უჩვეულოა ეს მისთვის ძალიან :დდდდდ ;)
ჰო, მეც ეგ მეგონა :დდ მაგრამ ლაქლანია ეგეთი, სანაცვლოდ რომ ქალს მოსთხოვს, ეფრემს ეგეთები არ აინტერესებს, დარწმუნებული ვარ რომ ოხრად ჰყავს ქალები ვოტ :დდდდდ ამხელა მმართველ კაცს დალიჰარიც ეყოლებოდა და იმის იქითაც :დდდდდდ
ტეტუუუუუუუუუუ ტრიდეო <3 ვაიმე როგორ გამახარე... კი, ეგ მომენტი მოულოდნელი იყო ჩემთვისაც სიმართლე გითხრა, მაგრამ მესმის რატომაც გააკეთებდა ეირინი ამას, და აუცილებლად გააკეთებდა, ვოტ, იმიტომ რომ საჭირო იყო smiling_imp smiling_imp ნუ ყველაფერზე წამსვლელი რომაა ვხედავთ :დდდ
დეიწყო laughing laughing laughing laughing მეც ასეთი ახუნტრუცებული ვიყავი დამიჯერე და ახლაც ვარ :დდდდდდ ქიმიას რაც შეეხება არ ვიცი ;) მააარა ვნახოთ ^^ წაბილწული მზერა აქამდეც მიუპყრია ვაჟბატონს ეირინისთვის, პირველად რომ ნახაააა, მერე ხრეშზე ნათრევი კარავში რომ ეგდო, მერე კაბა რომ გაიხადა ტყის პირას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც არ უნდა იძახოს, მაინც კაცია და ეირინი მაინც ლამაზი ქალია და ვსო, ტოჩკა და წერტილი :დდდდ
ნუუუუუუუუუუუუუ ხელშეუხებლობას და ლაქლანთან დაწოლას რაც შეეეხება, კომენტარს არ გავაკეთებ ^^ ხომ გსმენია, ინტრიგა თუ არ იქნა რაა მამულიო :დდდდ
უღრმესი, უდიდესი მადლობა შენ! <3

 



№14 სტუმარი ბლააა

სად ხარ ამდენხანს?

 



№15  offline ახალბედა მწერალი linda

Skubidu
აუუუ კარგი რა ეხლა ესე ლომკაში მტოვებ ისე რეალურად წარმოვიდგინე ბრძოლა სანთლის შუქით განათებული ოთახი ბუხარი და ეირენის თავზე მდგომი ანდრეი მეგონა მათ შუაში ვიდექი ძალიან მაგარია

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 ვწუხვარ ლომკისათვის, მაგრამ მიხარია რომ საინტერესოდ მიგაჩნია <3
ბლააა
სად ხარ ამდენხანს?

რია ვიცი :( ვწერ, 12 გვერდი მაქვს, მაგრამ დრო არ მყოფნის სამწუხაროდ, რომ ვწერო. მგონი ამ კვირაში იქნება! <3 თუ რამე ფეისბუქზე მომწერე და გიპასუხებ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent