შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება ანგელოზი (VIII)


16-10-2017, 22:56
ავტორი susik-fusik
ნანახია 770

მწვანეთვალება ანგელოზი (VIII)

იმ ღამეს საშამ უცნაური სიზმარი ნახა:მზით განატებულ უზარმაზარ მწვანე მინდორზე იდგა დაბნეული, მიუსაფარი... ძალიან შორიდან მამის სუსტი ძახილი ჩაესმა: - საშა! საშა!... მიიხედა... ოქროსფერი შუქით დაფერილ ბილიკზე მაღალი, მომღიმარი მამაკაცი მოაბიჯებდა და ხელს უქნევდა. საშამ მაშინვე იცნო მამა... მერაბს ტანთ თავისი განუყრელი, მუდამ ლაქებით აჭრელებული, საღებავების სუნით გაჯერებული ხალათი ეცვა და, ეტყობოდა, ზუსტად ისევე უხაროდა სიცოცხლე, როგორც იმ ავადსახსენებელ დღემდე... ბიჭი შიშმა აიტანა. უნებლიედ უკან დაიხია და უცებ უზარმაზარი პირდაღებული ხრამის პირას აღმოჩნდა... იგრძნო, როგორ გამოეცალა ფეხქვეშ ნიადაგი... ქვემოთ ჩაიხედა... უსასრულობამდე დაეღო სიბნელეს ხახა... თვალი ვერ უწვდინა... "თუ ჩავვარდი დავიღუპები!" - გაუელვა. მიიხედ-მოიხედა, ხელის მოსაჭიდს ეძებდა შეწუხებული... არაფერი ჩანდა.. მწვანე მინდორიც სადღაც გაქრა და საშინელი უკუნი ჩამოწვა. "მამა! მამა! - მთელი ხმით აყვირდა და განწირული ჰაერს მოეპოტინა. - მიშველე, მამა, მიშველე! დავიმტვრევი!.." სიჩუმემ ყურები ატკინა... მიხვდა, მისი არსება ყვიროდა და ითხოვდა შველას... ყელიდან კი მხოლოდ სუსტი ხავილი ამოსდიოდა... "მორჩა, ყველაფერი დამთავრდა!".. - გაიფიქრა სინანულით და გამოწვდილი ხელიც დაინახა. - "მოდი, მამა, მოეჭიდე, ნუ გეშინია!.." - გარკვევით მოესმა მერაბის სიტყვები. "შორსაა, ვეღარ მივწვდები!.." - გაიფიქრა სინანულით და თავბრუდამხვევი სისწრაფით დაინთქა წყვდიადში... თვალები დახუჭა... თავისდა გასაოცრად, უცნაური სიმსუბუქე იგრძნო, მერე ვიღაცის კისკისი მისწვდა მის სმენას, სიბნელეში გაკრთნენ მწვანე თვალები... საშა გამოერკვა... მიხვდა, ვარდნა დამთავრდა... მორჩა... იგი ისევ იმ მწვანე მინდორში ზის... თავს მერაბი წამოსდგომია და თმაზე ეფერება... "მამა! - გულში იხუტებს მის ძლიერ ხელს ბიჭი, - რა კარგია, მამა, როგორც იქნა, ისევ ერთად ვართ... წამიყვანე შენთან!.."
კაცის თვალებში უსაზღვრო ტკივილი მოჩანს... სევდიანად უქნევს თავს და წინ გადაშლილ მინდორზე უთითებს:
-ჯერ ადრეა, საშა, ძალიან ადრე... ჯერ ეს მინდორი უნდა გადაიარო... ნუ გეშინია, მე მაინც ყოველთვის შენთან ვიქნები, ჩემო გულადო ბიჭო...
-არ დამტოვო, მამა! - ევედრება საშა. მგრამ კაცი მაინც შორდება... მისი სხეული ნელ-ნელა ლღვება და ზევით-ზევით მიიწევს...
-მამაა! - ყვირის საშა და...
-უჰ, სიზმარი ყოფილა, - ამოისუნთქა შვებით. - სახლში ვარ, ჩემს ლოგინში, ოფლში კი გავწუწულვარ, ეს ვინღა მანჯღრევს?.. ოჰ, ინა, ინა, შენ რა გითხარი...
-რახან შენ თვალი გაახილე... - გულზე დაიდო ხელი ინამ და საწოლთან მდგარ სავარძელში ჩაჯდა.
-რა მოხდა, რა სახე გაქვს? - გაუკვირდა საშას.
-კიდევაც რომ მეკითხება!.. კინაღამ გული გამიხეთქე, მთელი ხმით ბღაოდი და ისეთი ცივი იყავი... ისეთი... მკვდარივით... - ასლუკუნდა გოგონა. - კიდევ კარგი, ბებოს და გოგიჩას არ გაუგონიათ შენი ყვირილი... მაინც რა გეტაკა, არ მეტყვი?!
-მგონი, სიზმარი ვნახე, - დაფიქრდა საშა. - ჰო, სიზმარი იყო...
-ცუდი თუ კარგი?! - დაინტერესდა ინა, წამოდგა, საშკასთან უფრო ახლოს მიჩოჩდა, ძმის ფეხებთან მოიკეცა და სმენად იქცა.
-ჰა, თქვი ახლა, ნუ მომკალი...
-არ ვიცი...
-როგორ თუ არ იცი?! ნორმალური ხარ, საერთოდ?..
-არ ვიცი-მეთქი, არ გესმის? უცნაური სიზმარი იყო, ვერაფერი გავუგე...
-მომიყევი და მე გეტყვი,სიზმარი შეიძლება ღვთიურიც იყოს და ეშმაკეულიც... - ბრძენი დედაბერივით განაცხადა ინამ და გულხელდაკრეფილი ძმას მიაჩერდა.
-თავი დამანებე, რა უნდა მოგიყვე? სიზმარი - სიზმარია, გათავდა და მორჩა...
-ჰმ! გათავდა... ერთი შენი ბღავილი მოგესმინა, მერე ნახავდი!..
-წადი, რა, ინა, მომასვენე...
-"წადი, რა, ინა..." - გაიბუსხა გოგონა. - ახლა აღარ გჭირდები, არა? არ უნდა შემოვსულიყავი... ახია ჩემზე...
საშას გაეცინა.
-ჰო, კარგი, ნუ იბუტები. მოდი, გაკოცო... მალე ისედაც ვეღარ გნახავ... როგორ მომენატრები!.. - საშკა გოგონას მოეხვია და გულზე მაგრად მიიკრა. - გამიჭირდება უთქვენოდ... ძალიან გამიჭირდება...
-მერე, ნუ წახვალ! ვინ გაძალებს?!
-ეეეჰ, ინა, შენ ვერ გაიგებ...
-რასაკვირველია, ვერ გავიგებ... კაცები ყველანი ერთნაირები ხართ, ეგოისტები... -მოულოდნელად ინა საშკას ხელიდან გაუსხლტა და ოთახიდან გავარდა. საშკა განცვიფრდა.
"ამას რაღა მოუვიდა, ნეტავ? ვინმე ხომ არ უყვარს? საკუთარი პრობლემებით ისე გავერთე, ვერც კი შევნიშნე, როგორ უცბად გაიზარდა... რა ცუდ დროს მივდივარ... ახლა უნდა ამას ყურადღება... გოგიჩას ვთხოვ, მიხედოს..."
საშკამ საბანი გვერდზე მიაგდო და ფეხშიშველი ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა... თავში ფიქრების და ემოციების ნამდვილი კორიანტელი ედგა, ორ ცეცხლშუა იყო ჩავარდნილი, აღარც აქ გაჩერება შეეძლო, არც თავისიანები ეთმობოდა...
"არა იშავს, ცოტა ხნით წავალ, ძალიან ცოტა ხნით, - იმშვიდებდა თავს. - რამე საქმეს მოვეკიდები, ცოტა ფულს მოვაგროვებ და ჩამოვალ... ბებიაჩემიც ცოდვაა, რა ქნას ამ ქალმა?! ან როდემდე უნდა ვისხდეთ მის კისერზე?.. ინასაც იმდენი რამ უნდა... განა ვერ ვხედავ, მისი ტოლი გოგონები როგორი ჩაცმულ-დახურულები დადიან, ეს კი, საწყალი, ხმას ვერ იღებს, უპრეტენზიოდ იცვამს ჩემს დაპატარავებულ ჯემპრებსა და გადაკეთებულ შარვლებს... ერთი ავაწყო და მერე მე ვიცი... არაფერს მოვაკლებ... თბილისში ინასნაირი ჩაცმული აღარავინ ივლის! თიკო ნინუაც კი... ჰმ, ისევ თიკო... ვერაფრით ამოვიგდე თავიდან... თუმცა, განა ასე ადვილია?! მაინც, რატომ დამამცირა ასე... ხომ შეეძლო, უბრალოდ ეთქვა, არ მიყვარხარო... მაგან და მისმა დედიკომ კი... ეჰ, ეტყობა, ფულიანი ხალხი ყველა ერთნაირია... ნეტავ, მე როგორი გავხდები, ერთბაშად რომ გავმდიდრდე?.."
საშკა შეეცადა, საკუთარი თავი ფულით ჯიბეებგაძეძგილი წარმოედგინა, მაგრამ ვერ შეძლო. გაეცინა. მერე ისევ წუხანდელი სიზმარი გაახსენდა და მამის სურათისაკენ გააპარა მზერა... მეხსიერება დაძაბა, სურდა, სიზმრის ყოველი წვრილმანი აღედგინა, მაგრამ ყურადღება ეფანტებოდა... უცებ მიხვდა, თიკოს პორტრეტები უშლიდა ხელს, გულმოსული საწოლზე შეხტა და ერთმანეთს მიყოლებით დაიწყო მათი კედლიდან ჩამოხსნა.
ოთახში გოგიჩამ შემოჰყო გაბურძგნილი თავი ძილისაგან დასიებული თვალების ფშვნეტით.
-რას აკეთებ, ტო?.. აღარ უნდა მოისვენო?.. - ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ და მადიანად გაიზმორა...
-ვაჰ, გოგიჩ, ამ დილაუთენია რამ აგაყენა? - გაუკვირდა საშას.
-შენ დააძინებ ვინმეს? ოღონდაც ამიხსენი, რა გაბღავლებდა...
-გაიგონე?
-ბნედიანივით ღრიალებდი და რას ვერ გავიგონებდი, ყრუ ხომ არა ვარ? საწყალი ინაც გვარიანად დააფეთე...
-ჰო ინა... მართლაც, მაგრად იყო შეშინებული...
-აბა, რა?! მაგრამ შენ მარტო შენს თავზე ფიქრობ! დიდი ეგოისტი ვინმე ხარ, ნამდვილი ბაიყუში... მაგ ნახატებს რაღას ერჩი?
-აბა, რად მინდა, აქ რომ მიკიდია?.. ჩამოვხსნი და ქალბატონს გავუგზავნი... - საშკამ პორტრეტები ერთად დაახვია.
გოგიჩა ჩვეულებისამებრ ჩაეხეთქა სავარძელში და მაშინვე წამოიყვირა:
-ხმა არ ამოიღო, უკვე ვზივარ... ზამბარებიც დიდი ხანია ჩაწყვეტილია...
საშას გაეცინა, საწოლზე ჩამოჯდა, ოთახს სინანულით მოავლო თვალი და ამოიოხრა...
-მოდი, რა, ძმურად, არ წახვიდე... სულ ასე ხომ არ ვიქნებით, აქაც შეიცვლება რამე...-თქვა გოგიჩამ.
-მაგალითად, რა?! - ჩაეცინა საშას.
-რა ვიცი, მაგის დედაც... ოდესმე ხომ უნდა დაგვადგეს საშველი!.. - შეიგინა გოგიჩამ და მხრები აიჩეჩა.
-მე მაგ "ოდესმეს" იმედით ვეღარ ვიქნები... ვერ ხედავ - ვობდები, უსაქმურობისაგან ხავსი მეკიდება...
-მერე, რას ზიხარ უსაქმოდ... ხატე...
-ვხატო? რა ვხატო?.. ხატვას ფუნჯი და საღებავები არ უნდა?.. ჯანდაბას, საღებავები თუ არა, ფანქარი და ფურცელი ხომ მაინც უნდა მქონდეს? მეც, ერთბაშად, პარლამენტის შენობა არ მომახატვინონ...
-იტყვი ხოლმე, რა... - დაიღრიჯა გოგიჩა. - მაგათ პარლამენტსაც "გავკარი", ეგენიც თუ ხალხია...
-პარლამენტი ისე, მაგალითისთვის ვთქვი... გაიგე, აქ არაფერი მეჯღანება!.. უნდა წავიდე!..
-იქ ხომ, რას ამბობ, პირდაპირ აეროპორტში დაგხვდება ლიმუზინი - არიქა, ბატონი საშა ჩამოსულა, სახელგანთქმული ფერმწერი და უნიჭიერესი პორტრეტისტიო!.. - გოგიჩამ "პორტრეტისტს" შეგნებულად გაუსვა ხაზი, კიდევ ერთხელ უკბინა მეგობრის "მწვანეთვალება მუზას".
საშკა მშვენივრად მიხვდა, საითაც უმიზნებდა გოგიჩა, მაგრამ აღარ გამოეკიდა, რადგან გრძნობდა, მის სიტყვებში სიმართლის მარცვალიც ერია. გოგიჩამ მეგობრის დუმილი თანხმობად ჩათვალა, გული მოეცა და განაგრძო.
-არ გინდა, საშკა, არ წახვიდე.. აქ კიდევ ჩვენ გყავართ - მე, ბებიაშენი, ინა, ბიჭები... იქ როგორ უნდა იყო მარტო, რომ გაგიჭირდეს, პატრონი არ გინდა?..
-რა უნდა გამიჭირდეს? - გაეცინა საშას და მეგობრის მზრუნველობამ გული აუჩუყა.
-რა ვიცი... - ხელები გაშალა გოგიჩამ. - ეშმაკს არ სძინავს... ვინც რუსეთში წავიდა, ზოგმა ქურდობა დაიწყო, ზოგმა წამალი შეუშვა ვენებში... გაბარიგდნენ და გამამაძაღლდნენ... აბა, რა, ძმაო... მაშ, ამდენი ფული - საიდან?.. წითელ მოედანზე დოლარებმსხმოიარე ნაძვი დგას თუ რა?!
-ნარკომანობა და ქურდობა რომ მინდოდეს, როგორ გგონია, აქ ვერ მოვახერხებდი? თუ თბილისში წამალი არ იშოვება ან "კაიფს" ვერ "დავიჭერ"?..
-ეეე, იქ მაინც სხვაა, ბიჭო! სხვანაირი ჰაერი უბერავს. მერე, ძმაო, თუ ერთხელ წაგიცდა ხელი... ისე, ქართველები მაგარი მაიმუნი ხალხი ვართ... ჩვენნაირი "პაკაზუხა" და წამბაძველი ერი მეორე არაა დედამიწის ზურგზე. ამიტომ გვჭირს ამდენი უბედურება!..
-შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ, გოგიჩ... რა "წვეტიანი" აზრები გაწუხებს, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? - გულწრფელად გაუკვირდა საშას მუდამ არასერიოზული მეგობრის "ღრმად ფილოსოფიური" აზროვნება.
-აბა, აქამდე სულელი გეგონე? რატომ, რადგან ზოგიერთივით გაცვეთილ ფრაზებს არ ვისვრი, ცხვირწინ თითს არავის ვუტრიალებ, ქართველობაზე და მაგარ ბიჭობაზე თავს რომ არ ვდებ, იმიტომ?! - ეწყინა გოგიჩას.
-არა, რას ამბობ, ეგ არც მიფიქრია!.. - შეწუხდა საშა. - უბრალოდ, აქამდე, მსგავსი არაფერი გითქვამს.
გოგიჩამ მხრები აიჩეჩა:
-ჰოო, რა ვიცი, აბა?! არ მინდა შენი გაშვება, მეცოდები...
-რა მჭირს შესაცოდებელი? - გაეცინა საშკას.
-ძნელია, ბიჭო, იმხელა ქალაქში ახლობლის გარეშე ცხოვრება... ხმის გამცემი მაინც არ გინდა?!
-ნუ გეშინია, ხმის გამცემს ვიშოვი როგორმე... მაგრამ... - საშა დაფიქრდა და მეგობარს უცნაურად გადახედა.
-რა იყო? რანაირად მიყურებ?! - დაეჭვდა გოგიჩა.
-გოგიჩა, ინას მიმიხედე, რა! დღეს შევამჩნიე, როგორ გაზრდილა ეგ მაიმუნი, ეგა... ვინმე ოხერი არ გადაეკიდოს... - საშას "ბურთი" გაეჩხირა ყელში და გაჩუმდა. უკვე "გადაკიდებული ოხერი" კი ქურდობაზე წასწრებულ ბაცაცასავით გაინაბა და ჭარხალივით გაწითლდა, თავი დაღუნა, საბნის კუთხეს დაუწყო წვალება...
-რად გინდა ლაპარაკი?! - ამოღერღა ენის ბორძიკით. - თვალის ჩინივით გავუფრთხილდები. ოღონდ... საშა...
გოგიჩა შეყოყმანდა: ეთქვა თუ არა?! სწორედ ახლა, აქ, დილაუთენია, მეგობრის საწოლზე წამოსკუპებულს, ეღიარებინა თუ არა, რომ ინა უყვარდა?.. შეიძლება, უკეთესი დრო ვეღარც კი ეპოვნა აღსარებისათვის: საშკა მიდიოდა და, ვინ იცის, როდის შეხვდებოდნენ ასე პირისპირ სასაუბროდ... ტელეფონით თუღა დაელაპარაკებოდნენ ერთმანეთს... მაშინ ხომ ვერ ეტყოდა - შენ რომ შენი და ჩამაბარე, მიყვარს და წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო?! არადა, ახლაც რომ ვერ აბამდა სათქმელს თავს?..
-საშა... - ალუღლუღდა ისევ, მაგრამ საშკა აღარ უსმენდა, თავის "შედევრებს" დასცქეროდა სინანულით... როგორი აღმაფრენით ხატავდა იმ უმადურის პორტრეტებს... თუმცა...
-ეს ნახატებიც მიუტანე, რა, იმას! ოღონდ ახლა არა, როცა წავალ, მერე...
-მეტი საქმე არა მაქვს! - გაგულისდა გოგიჩა და უცებ გადაწყვიტა, "აღსარება" შემდგომისათვის გადაედო. "გაცილებისას ვეტყვი", - დაიმშვიდა თავი და მაშინვე დაუბრუნდა "მჭევრმეტყველების" უნარი.
-გეხვეწები, შემპირდი, რომ მიუტან... თორემ დავხევ! - საშკა ნახატებს წაეპოტინა...
-მომეცი აქ... - ეცა ხელებში გოგიჩა. - არაფერსაც არ დახევ! ეს პორტრეტები ჩემთან იქნება, თიკო ნინუა ასეთი საჩუქრის ღირსი არ არის!
-ბიჭებო, მაინც ყველაფერი მესმის და შემოვალ, რა? - ოთახში თავი შემოყო ინამ და ძმას მუდარით მიაჩერდა.
-კართან დგომა ვერ მოგაშლევინე და რა გიყო? - ხელი ჩაიქნია საშკამ. - შემოდი, შემოდი... თუმცა ჩვენც გამოსვლას ვაპირებდით, მომშივდა.
-ბებო მაწვნიან ბლინებს აცხობს - შენ რომ გიყვარს. ჩაიც დავდგი.
-ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ! - შეაქო გოგიჩამ. ინა საშკას ზურგს ამოეფარა და ბიჭს ენა გამოუყო . იმანაც, მუქარის ნიშნად, ჩუმად მუშტი დაანახვა... ინას გაეცინა და ძმას მხარზე მიეკრა...
* * *
"დიადი საბჭოეთის" ყოფილი დედაქალაქი საშას ცივი წვიმით შეხვდა... თბილისური თბილი, მზიანი შემოდგომის შემდეგ ცოტა ძნელი ასატანი იყო მოსკოვური უამინდობა... ჰაერში უკვე ზამთრის სუნი ტრიალებდა... ბებოს მოცემული ფულით ბიჭმა პატარა ოთახი იქირავა და მეორე დღესვე შეუდგა სამუშაოს ძებნას... ერთკვირიანი უშედეგო ხეტიალის შემდეგ მიხვდა - გოგიჩა მართალი იყო, როცა ეუბნებოდა, იქ არავის სჭირდები და არც არავინ გელოდებაო. განა თვითონაც არ იცოდა ეს?! მაგრამ რაღაცის იმედი ჰქონდა. ფიქრობდა - თუ არ დავხატავ, მუშად მაინც ვიმუშავებო... მოტყუვდა... მოსკოვში მუშახელის ნაკლებობდა ნამდვილად არ იგრძნობოდა, თანაც - იაფი მუშახელის. ორი ბოთლი ფალსიფიცირებული, უხეირო არყით რაზმს იქირავებდი მთელი დღით. რაც შეეხება ხატვას, აქაც - კონკურენცია... ქუჩები, მეტროს შესასვლელები თუ მიწისქვეშა გადასასვლელები სავსე იყო წვერმოშვებული მჯღაბნელებით. არა, ცუდად ნუკი გამიგებთ...მათ შორის ბევრი ნიჭიერი შემოქმედიც ერია, საშკასავით ლუკმა-პურის საშოვნელად ქუჩაში გამოსული, თუმცა ჩვენი გმირის მდგომარეობას ეს უკეთესობისკენ ოდნავადაც არ ცვლიდა. ერთი-ორჯერ დიასახლისს მიეხმარა ბაზრობიდან საქონლის მოზიდვაში... ქალს პატარა სავაჭრო ფარდული ჰქონდა - იქვე, სახლთან. საშკა ძალიან მოსწონდ - "საშოკს" ეძახდა, ქართველს არ ჰგავხარო, ეუბნებოდა და აშკარად ეპრანჭებოდა. ბიჭი კი გულს ასკდებოდა: ნუთუ იმისთვის ჩამოვიდა ამხელა გზაზე, იმისთვის მოწყდა თავისიანებს, რომ ორმოცდაათი წლის ქალთან ეკურკურა? ამის წარმოდგენაზე გული ერეოდა. ახლადგამომცხვარ ჯულიეტას ჭირიანივით ერიდებოდა, ჯიბრით "Тётя Лида"-ს ეძახდა და აცოფებდა...
* * *
მთელი დღის უშედეგო წანწალით დაქანცულმა და გულგატეხილმა საშკამ საწოლამდე ძლივს მიათრია ფეხები და ლოგინზე ტანსაცმლიანად მიეგდო. სამზარეულოდან ლიდას ღიღინი ისმოდა, მერე კი მისმა მძიმე ნაბიჯებმა ჯერ ბინა შეაზანზარა, დერეფანს გამოჰყვა და საშკას ოთახის კართან დადუმდა. ბიჭი უკმაყოფილოდ დაიღრიჯა: "ახლა თავს შემოყოფს და ვითომ გაოცებული იკითხავს: "საშოკ, ტი დომა?! ნუ კაკ, ნაშოლ ჩტო-ნიბუძ?! ახ, ნეტ, და?! დურაჩოკ, ტი, საშულიკ... ა, ვედ მოგ კაკ კოროლ ჟიტ..."
"ჰმ, იდიოტი! თავი ალბათ დედოფალი ჰგონია", - მწარედ გაეცინა საშას... კარმა ფრთხილად გაიჭრიალა და ლიდას იაფფასიანი სუნამოს მწარე სუნი ბიჭს ცხვირში "ეტაკა". "ფუჰ, ნეტავი რას ისხამს ეს უპატრონო", - ჩაიბურტყუნა თავისთვის და გვერდი იცვალა.
-Сашок спишь? - კატასავით შემპარავად აკრუტუნდა ქალი და შეეცადა, ბიჭისთვის სახეზე დაეხედა.
-მმ...მმ...მმ... - თვალის გაუხელელად დაიზმუვლა საშამ...
-Извини, дорогой... но к тебе пришли...
რაო? ხომ არ მოესმა? "კ ტებე პრიშლიო?!" საშკა დამდუღრულივით წამოვარდა და განცვიფრებული მიაჩერდა არანაკლებ გაკვირვებულ და დაბნეულ ლიდას.
-Кто, кто... ко мне пришел?! - იკითხა ხმის კანკალით და პასუხის მოლოდინში მღელვარებისაგან სული შეუგუბდა...
-საშას გაუმარჯოს! გეგონა, ვერ მოგაგნებდი?! - მოესმა ვიღაცის რბილი, ბუბუნა ხმა...
ზრურბლზე ლევან ნინუა იდგა და უღიმოდა...




ავტორი: ნ.წულუკიძე


არ გამიგრძელებია დიდი ხანია და გამიხარდება მკითხველები კიდევ თუ შემორჩა ამ ისტორიის დიდი სიყვარულით თქვენი ანაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი bibi

aseti ert wliani shualedebit unda wero mza masala da isic chitis sakenkivit mogvigdo?! dagvcini ara? es rom vnaxe dges dzalian gamixarda magram rom davinaxe 201

aseti ert wliani shualedebit unda wero mza masala da isic chitis sakenkivit mogvigdo?! dagvcini ara? es rom vnaxe dges dzalian gamixarda magram rom davinaxe 2014 wlidan gaqvs wera dawyebuli davrchi gagimebuli ! didi imedi maqvs yoveldge tu vera xshirad mainc vnaxav vrceli tavebit.. pasuxismgeblobas mouxme da dawyebuli saqme daasrule ketilsindisierad.

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ეს რომანი წაკითხული მაქ ოღონდ წიგნი. ძალიან კარგი წასაკითხია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent