შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება ანგელოზი (IX)


17-10-2017, 21:07
ავტორი susik-fusik
ნანახია 580

მწვანეთვალება ანგელოზი (IX)

მერე ორი, გრძელი ნაბიჯით გადმოჭრა პაწაწკინტელა ოთახი და საშკას გადაეხვია... სარგადაყლაპულივით გაშეშებულ, პირდაღებულ ლიდას კი ანიშნა, დაგვტოვეო... ქალი უსიტყვოდ დაემორჩილა დაუპატიჟებელი სტუმრის ბრძანებას და ოთახიდან გაიძურწა. ლევანმა გოლიათის მხრები ძლივს "ჩააკვეხა" ვიწრო სავარძელში, გრძელი ფეხები თითქმის ფანჯრამდე გაჭიმა და საშკას მოგონილი მუქარით დაუქნია თითი.
-არ გრცხვენია, ბიჭო?! ორი კვირაა, აქა ხარ და არც კი დაგირეკავს.
საშა უხერხულად შეიშმუშნა.
-რა ვიცი, აბა! როგორ მომაგენი?!
-დათომ და გოგიჩამ დამირეკეს თბილისიდან... საზიზღარი ვინმე ხარ, გამოუსწორებელი...
"ოხ, გოგიჩ, გოგიჩ," - გაიფიქრა საშამ და ლევანს დამნაშავესავით გაუღიმა.
-ახლავე ადექი, მოხვეტე შენი ბარგი-ბარხანა და გამომყევი, ჩემთან იცხოვრებ! - გადაჭრით განუცხადა სტუმარმა.
-არა, არა, რას ამბობ!.. შეუძლებელია!.. დიდი მადლობა, ლევან, მაგრამ...
-არავითარი "მაგრამ!.." ნუ გგონია, ამ სოროში დაგტოვო... მარტო ვცხოვრობ, ასეც რომ არ იყოს... მოკლედ, დროს ნუღარ ვკარგავთ, მივდივართ... - ლევანი საშკას პასუხს აღარ დალოდებია, საწოლსქვემოდან სპორტული ჩანთა გამოათრია, ხელის ერთი მოსმით ჩატენა სკამზე დახვავებული ტანსაცმელი... მაგიდაზე გაშლილი სახატავი ფურცლები, ფანქრები, საღებავები მოხვეტა, ისინიც შიგ ჩაყარა, ჩანთა შეკრა და გაუნძრევლად მჯდარ საშკას უკმაყოფილოდ შეუძახა: რას უცდი, აღარ მოდიხარ?
საშამ უარის ნიშნად ხელები გაასავსავა.
-არ შემიძლია, ლევან... შენ ყველაფერი არ იცი... მე... მე... - უნდოდა ეთქვა, შენი დის გულისთვის გადმოვიხვეწე ამ სიშორესო, მაგრამ ლევანმა აღარ აცალა...
-ყველაფერი მშვენივრად ვიცი! იმაზე მეტიც კი, ვიდრე გგონია. ამაზე საუბრის დრო კიდევ გვექნება... ახლა ჩაიცვი, მე კი შენს "მომხიბვლელ" დიასახლისს გავუსწორდები...
-არ გინდა... მთელი თვის ქირა წინასწარ მაქვს გადახდილი... საშკა წამოდგა. ქურთუკს დასწვდა და ჩაიცვა, ლევანს გაუხარდა, ბიჭს თვალი ჩაუკრა, ჩანთას დასწვდა, მხარზე მოიგდო და კარისკენ გაემართა.
-ჩავედი აბა!... მანქანასთან დაგელოდები, - იქვე ატუზულ ლიდას ხაზგასმული ფამილარობით დაუკრა თავი და საფეხურები ჩაირბინა.
-Сашок, ты что, уходишь? - შეიცხადა ლიდამ აბარგული მდგმურის დანახვაზე და სახე მოეღრუბლა.
-Да, тётя Лида... ухожу... - გაეცინა საშას.
-Тётя, тётя, что ты наладил, как попугай... ах, мы с тобой-то... ну ладно... телефончик хоть оставь...
-Извини, Лидочка, некогда мне... как-нибудь в другой раз... встретимся ещё... спасибо за все...
ბიჭი გულდაწყვეტილ ქალს მოეხვია, ლოყაზე მაგრად აკოცა და კიბეზე დაეშვა...
დაღამებულიყო. ცაზე კანტიკუნტად მოჩანდნენ ვარსკვლავები. "თბილისში ცაც კი სხვანაირია... ნეტავ, რა მოსწონთ ამ ქალაქის?" - სევდიანად გაიფიქრა საშამ და ქურთუკი შეიკრა. სადარბაზოსთან კრემისფერი, ოდნავ გვერდებშელახული "07" იდგა. მანქანის ღია სარკმლიდან ლევანს გადმოეყო თავი და ხელს უქნევდა. მოულოდნელად საშკამ იგრძნო, როგორ აივსო სიხარულით, ცას ერთხელ კიდევ ახედა, მანქანის კარი გამოაღო, ჩაჯდა და შვებით ამოისუნთქა.
-წავედით? - ჰკითხა ლევანმა და გასაღები გადაატრიალა.
-წავედით! - თავი დაუქნია საშამ, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.

* * *

ლევანის ბინას დიდი ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ მყუდრო იყო და მოხერხებული. თეთრად შეღებილ კედლებს რამდენიმე ფერწერული ტილო ამშვენებდა - ალბათ, თავად მასპინძლის ნამუშევარი. საშკას ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლისას მოსწონდა ლევანის სტილი. პედაგოგებიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ამიტომ ყველას ძალიან გაუკვირდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს ლევანმა აკადემიაც მიატოვა, ხატვაც, ოჯახიც, თბილისიც და რუსეთში გადაიხვეწა.
ლევანმა ჩანთა საძინებელში გაიტანა. ოთახში დაბრუნდა და კართან უხერხულად ატუზული საშკას დანახვაზე გაეცინა.
-როდემდე აპირებ ასე დგომას? გაიხადე ქურთუკი და მომეცი. მერე კი ბინას დაგათვალიერებინებ.
საშკამ ქურთუკი გაიძრო, ლევანს მიაწოდა და, სანამ მასპინძელი შემოსასვლელში ფათურობდა, სურათებთან ახლოს მივიდა. ერთზე უცნაური, ჯოჯოხეთური როკვა იყო გამოსახული, ნახევრად შიშველ გოგონებს სხეულის ფორმები მკვეთრად ემჩნეოდათ, სახეები კი ოდნავ გადღაბნოდათ. მთლიანობაში ნახატი კიდევ რაღაცას გამოსახავდა, ოღონდ რას, საშკა თავიდან ვერ მიხვდა, მერე ოდნავ უკან დაიხია, კარგად დააკვირდა და შეძრწუნდა: ტილოდან სატანა მოსჩერებოდა - ბედნიერი, მოღიმარი, მოზეიმე სატანა...
ლევანმა ბუტერბროდებიანი ლანგარი პატარა მაგიდაზე დადგა, ბარიდან მომცრო მუცელგაბერილი ჭიქები და კონიაკის ბოთლი გამოიღო და საშასთან შეჩერდა.
-მოგწონს?
-ძალიან!.. - თავი დაუქნია საშამ.
ლევანმა ჭიქაში კონიაკი დაასხა, მიაწოდა, თავისთვისაც დაისხა, ბოთლი იატაკზე დადგა სა საშას გაუღიმა:
-აბა, გაგვიმარჯოს! - სასმელი სულმოუთქმელად გადაჰკრა და ისევ ბოთლს წაეტანა.
-გაგვიმარჯოს! - თქვა საშამაც, ჭიქა პირთან მიიტანნა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ სვენებ-სვეებით დალია.
-ეეე, ძმაო, ეგრე არაფერი გამოვა, გადაჩვეულხარ სმას! მოდი, დაჯექი. ერთადერთი, რაც ამ ყინულით სავსე ქვეყანაში ვისწავლე, სმა და ბუტერბროდების კეთებაა... მოდი, მოდი, ნუ იპრანჭები. ისე, თუ გშია, კვერცხსაც შეგიწვავ.
საშამ თავი გააქნია. ტყავის რბილ სავარძელში ჩაჯდა და ლორიან ბუტერბროდს დასწვდა.
-წარმომიდგენია, რა გუნებაზე იქნებოდი, როცა იმას ხატავდი! - ანიშნა სურათზე.
-"ღიმილზე" ამბობ? - გაეცინა ლევანს. - ჰოო, ზოგჯერ ვდგავარ ხოლმე სიგიჟის ზღვართან... ისე, ჩემო საშა, ეგაა ჩვენი ცხოვრება - ყველაფერს ვიღაცის ჯიბრით, ვიღაცის დასანახად ვაკეთებთ, ის "ვიღაც" კი მხოლოდ დაგვცინის... აღარაფერი შეგვრჩა საკუთარი, გარდა ცოდვის ჭაობში ჩაფლული სხეულებისა. ღიმილიო... განა შეიძლება იყოს რამე, ყალბ, ხელოვნურ ღიმილზე საშინელი, როცა ხედავ, როგორ ამოფარებია უკან ცუდად შენიღბული სიძულვილი?!.. არასოდეს გიფიქრია, რომ ტირილი გაცილებით ლამაზია, იმიტომ, რომ გულწრფელია?
-რატომ? ტირილიც შეიძლება იყოს ყალბი, - არ დაეთანხმა საშა.
-მართალი ხარ, მაგრამ ხელოვნური მწუხარება, ყალბი ცრემლი ადვილად იშიფრება, ღიმილი კი... ნუთუ არასოდეს მოხიბლულხარ ადამიანით მხოლოდ და მხოლოდ მისი მომაჯადოებელი ღიმილის გამო? რამდენ ხანს გაუვლია, სანამ ღვარძლი, გულცივობა და ირონია აღმოგიჩენია მის მიღმა?.. ეჰ, ყოველ ნაბიჯში დაგვცინის სატანა, ჩვენ კი ვერ ვხვდებით... ნებით თუ უნებლიეთ მის მსახურებად ვიქცევით... - ლევანმა ხელი ჩაიქნია და ჭიქები შეავსო. - როგორ გგონია, რატომ გადმოვიხვეწე ამ სიშორეზე?.. მომწყინდა, გესმის? ჩემ ირგვლივ არსებული დამყაყებული სიცრუის ჭაობი ვეღარ ავიტანე! მივხვდი, თუ არ გამოვასწრებდი, მეც ყელამდე ჩავიძირებოდი იმ წუმპეში... იცი, საშა, პირველად მამაცემის ღიმილში დავინახე სატანის ზეიმი და შემეშინდა... იმ ჭერქვეშ დარჩენის შემეშინდა, სადაც ის ათევდა ღამეს... იმ დღეს გავიქეცი სახლიდან. ერთ კვირას დათოსთან ვცხოვრობდი, მერე მოვხვეტე ჩემი "ძონძები" და წამოვედი. ჩვენებმა დღესაც არ იციან ნამდვილი მიზეზი. ერთი წლის განმავლობაში სამჯერ ჩამომაკითხა მამაჩემმა, ორჯერ დეიდაჩემი გამომიგზავნა... საიდან აღარ მომიარეს - არაფერი გამოუვიდათ. ახლა მომეშვნენ... ის კი არა, ბატონი ალექსანდრე "საქმეებზე" როცა ჩამოდის მოსკოვში, მაშინაც აღარ მკითხულობს, ეტყობა, საბოლოოდ ჩაიქნია ხელი...
-დედაშენი? - ჰკითხა საშამ და მაშინვე თვალწინ წარმოუდგა ბრილიანტებით დახუნძლული ტუტუცი დედაკაცი, მისი გაფშეკილი თით, და მკივანა ხმაც ჩაესმა თითქოს.
-ჰმ, დედაჩემი... დედაჩემს თიკოს მეტი არავინ ახსოვს, მაგაზეღა ამყარებს იმედებს. მე ამაგი წყალში გადავუყარე და იქებ სიძე მაინც შეხვდეთ ისეთი, როგორიც ნინუების პრეტენზიულ ოჯახს ეკადრება! ეეეჰ, შენ კიდევ არ იცნობ მაგათ, რა ხალხია... ის ბავშვიც მაგათ გადააგვარეს, გადარიეს. თიკოზე გეუბნები. იცი, როგორი საყვარელი იყო? სუფთა, ანკარა... ახლა?! მის გვერდით შიმშილით რომ კვდებოდეს ვინმე, დაობებულ პურს არ გაიმეტებს, წავა და ნაგავში გადაუძახებს...
-ლევან... - დაიწყო საშამ.
-მოიცა, ნუ მაჩერებ, ყოველთვის კი არა ვარ აღსარების გუნებაზე! თანაც, ვიცი, რა უნდა მითხრა. ბიჭებმა მიამბეს... - ლევანმა ღრმად ჩაისუნთქა და ჭიქა სულმოუთქმელად გადაიმხო პირში... - ნია გახსოვს? - ჰკითხა მოულოდნელად.
-ნია? - უცებ ვერ მიხვდა საშა.
-ნია - ჩვენთან, ქანდაკებაზე რომ სწავლობდა... - ლევაანი სავარძელში გადაწვა და თვალი ჭერზე მოციმციმე უცნარი ფორმის, ავანგარდული სტილის ჭაღს გაუშტერა...
საშას მაშინვე გაახსენდა მაღალი, ავადმყოფურად გამხდარი, მთლად სიფრიფანა, ჰაეროვანი გოგონა, რომლის დიდრონი, კაკლის მურაბასავით შავი თვალებიდან ყოველთვის ამოუხსნელი სევდა იღვრებოდა... ლამაზიაო, ნიაზე ვერ იტყოდით, მაგრამ რაღაცნაირი ხიბლი ჰქონდა, შეხედავდი და გული შეგეკუმშებოდა... საშას სულ უკვირდა, ასეთი ნაზი,თხელი თითებით საჭრეთელს როგორ ხმარობსო, ფუნჯიც კი მძიმე იქნებოდა მისთვის... წყნარი გოგო იყო, მორიდებული... აჩრდილივით დადიოდა აკადემიის დერეფნებში... მერე კი სადღაც გაუჩინარდა. ათასგვარ ჭორს ჰყვებოდნენ ნიაზე გოგონები - ლექტორი უყვარდა, იმან კი შეაცდინა და მიატოვაო... არა, ლექტორმა კი არა, ვიღაც "ბიძასთან" ერთად საზღვარგარეთ "დაგაზაო"... არა, ბატონო, რაღაც მოურჩენელი სენი სჭირს და სახლშია გამოკეტილიო... საშა ისე ახლოს არ იცნობდა ნიას, რომ მისი ბედ-იღბლით დაინტერესებულიყო. ისევ ცნობისმოყვარე, ლაქლაქა გოგიჩა თუ მოურბენინებდა "ცხელ" ინფორმაციას, თორემ სად ეცალა საშკას ნიასთვის?..
-გახსოვს? - გაუმეორა ლევანმა.
-კი, როგორ არა, - გამოერკვა საშა ფიქრებისაგან. - უცნაური გოგო იყო, არა?
ლევანმა ამოიოხრა. საშამ ყურადღებით შეათვალიერა ბიჭი და მოულოდნელად გონება გაუნათდა.
-გიყვარდა? -თქვა შემცბარმა.
-მერე როგორ... როცა ვუყურებდი, სიცოცხლე მიხაროდა... საშა, ვიცი, შენ გამიგებ... იმიტომ, რომ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს... ნია მოვლენა იყო, ღვთის საჩუქარი, უზარმაზარი ბედნიერება... ისე ძალიან მიყვარდა, რომ ვერასოდეს დავხატე, ვერ შევძელი, გესმის? დამცინოდა ხოლმე, როცა მხედავდა, როგორ ვჯახირობდი...- ლევანი წამოხტა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა... საშა ენაჩავარდნილივით მისჩერებოდა მის მთრთოლავ ფართო ბეჭებს. - რა ბედნიერი ვიყავი, სანამ ნია მყავდა... მომეყუჟებოდა ხოლმე მხართან შეციებული, გაწუწული ბარტყივით და ათასგვარ სისულელეს მეჩურჩულებოდა. ერთი ლექსი ჰქონდა აკვიატებული, სულ იმას ბუტბუტებდა:
"მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს...
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს..." - ჰოდა, მეც დამაავადა ამ დიდი სიყვარულით. ოღონდ სოფელში ვერ წავიყვანე, ნატვრა ვერ ავუსრულე, ნეტავი მომესწრო. - ლევანი დადუმდა და საშკას შეხედა. მერე განაგრძო, - რატომ ხდება, რომ ადამიანი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი ხელით ინგრევს ბედნიერებას?! თუმცა უბედურება სწორედ ისაა, რომ ვერ ხვდები, როდისა ხარ ბედნიერი... მაგრამ მე ხომ ვიცოდი, ვიცოდი და მაინც ვერ გავუფრთხილდი!.. რამდენ ქალთან ვყოფილვარ... აქ ხომ, ხელის დაქნევაც არ დაგჭირდება, ისე ჩაგიგორდება ლოგინში ხუთი ერთად... რამდენთან ვწოლილვარ... მაგრამ ნია სხვა იყო, თითქოს სხვა სამყაროდან მოვლენილი. არასოდეს დამავიწყდება, პირველად რომ გაიხადა ჩემთან... სამ საათს მაწვალა... - ლევანს უნებლიეთ გაეცინა. - მე ვხდიდი, ის იცვამდა... ბოლოს გავცოფდი, ტანსაცმელი აივანზე გავიტანე და იქ დავუმალე... დილით ძლივს ვიპოვეთ... მერე კი... დიდხანს იტირა... იცი, როგორი ლამაზი იყო? იმიტომ გითხარი - ცრემლი ღიმილზე გაცილებით ლამაზია-მეთქი, იმიტომ, რომ გულწრფელია. ჩვენი სიყვარულიც გულწრფელი იყო... სანამ...
ლევანმა ხელი ჩაიქნია, ბოთლს წაეტანა, დაასხა.
-მოდი, დავლიოთ... არავისთვის მითქვამს, რასაც ახლა გიყვები. იქნებ არც უნდა ვაკეთებდე ამას, მაგრამ აღარ შემიძლია... დავიხრჩობი... თუ გინდა, ნურც მომისმენ, ოღონდ ჩუმად იჯექი და ხელი არ შემიშალო... თორემ რომ არ დავიცალო, ნამდვილად შევიშლები...
ლევანმა შუბლი მოისრისა, სავარძელში ჩაეშვა და თვალი "ღიმილს" გაუშტერა.
იმ დღეს მამაცემმა სახელოსნო მიყიდა... ზარ-ზეიმით ჩამაბარა გასაღები, სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი. მაშინვე ნიასთან გავიქეცი, კისრისტეხით გავრბოდი. შეშინებული დამხვდა, შემკრთალი. თავიდან არაფერს მეუბნებოდა. აღარ მოვეშვი... დედაჩემი ყოფილიყო მასთან. თურმე ქვეყანა დაახვია თავზე წივილ-კივილით: "შენნაირი გველის წიწილი ჩემს სავსე ოჯახში შემოძრომას ვერ ეღირსებაო! - უყვიროდა თურმე. - განა არ ვიცი, რისთვის ჩაუწექი ჩემს შვილს ლოგინში, არც ისეთი სულელი ვარ, დავიჯერო, თითქოს გიყვარდესო, ერთი კვირის ვადა მომიცია აქედან ასაორთქებლად, თუ არა და, მერე შენს თავს დააბრალეო"... ძლივს დავამშვიდე საწყალი გოგო. სახლში მივვარდი და საშინელი სკანდალი მოვაწყვე. იმ საღამოს დედაჩემისგან შევიტყვე - ნია, თურმე, ფწხმძიმედ იყო, ჩხუბში წამომაძახა გაავებულმა, ვერ მოესწრები, ის კახპა თავისი ნაბიჭვრით სახლში მომითრიოო... ახლაც არ ვიცი, საიდან შეიტყო ან ნიას ორსულობის ამბავი, ან ის, მის ცოლად მოყვანას რომ ვაპირებდი... ერთი სიტყვით, ორი დღის შემდეგ ნიას ვეღარსად მივაკვლიე... მამამისმა ოდნავ გამოაღო კარი, ძლივს მაღირსა - "გირჩევ, ნია საერთოდ დაივიწყოო..." ეს იყო და ეს... მხოლოდ ახლა, ამდენი ხნის შემდეგ მივხვდი, თიკო რომ ჰყავდათ ინფორმატორად!.. მე, სულელი, ყველაფერს ვუყვებოდი, ნიაც გავაცანი... ეტყობა, იმასაც "შეუძვრა" მელასავით... ეეჰ... - ხელი ჩაიქნია ლევანმა. - ჩემი ბრალია ყველაფერი... ნაცარტუტად უნდა მექცია დედაჩემის რუდუნებით შექმნილი "იდილია"... კარგად უნდა მიმემტვრია ყველაფერი... ფუჰ, გული მერევა, როცა ვიხსენებ, სად ვცხოვრობდი...
-იმიტომ წამოხვედი? - საშკა სევდიანად შესცქეროდა დაჭრილი ვეფხვივით გამძვინვარებულ მეგობარს და გულწრფელად თანაუგრძნობდა.
-არა, მაშინვე არა... კიდევ ვერ მივხვდი, გესმის? მაინც ნიას ვამტყუნებდი, გულს ვასკდებოდი - როგორ მიმატოვა-მეთქი... ძებნა დავუწყე... ისევ მივედი მამამისთან, ვემუდარე, ნიას აადგილსამყოფელი გაემხილა... ვერ გავტეხე. თუმცა ის კი ვათქმევინე, მამაჩემმა როგორ "მომიგვარა" პრობლემა: ნიას ძმისთვის "წამალი" ჩაადებინა, განყოფილებაში ცემით კინაღამ მოაკვლევინა... მერე ნიას "ნარკომანი" ძმა ჩემს თავში "გაუცვალა"... აი, ასე, ჩემო კარგო... ახლა ხომ ხვდები, როგორი ოჯახის ქალიშვილი შეიყვარე?.. სულერთია, არაფერი გამოგივიდოდა... ეგ თიკო თავისი მშობლების შვილია, მათსავით უსულგულო მუმია, ეგოისტი და თავნება. დამიჯერე - ვერასოდეს გაგიგებდა, მთელი ცხოვრება დაიტანჯებოდი... ამიტომ, ჩათვალე, რომ გაგიმართლა...
ლევანმა ხელში შერჩენილი ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა და, თითქოს ღრმა ძილისგან გამოერკვაო, შუბლზე მოისვა ხელი.
-უჰ, რამდენი ვილაპარაკე... - შეხედა საშას და დამნაშავესავით გაუღიმა.
-ნია აღარ გიძებნია? - თვალებში შეხედა ლევანს საშამ და მაგიდის კრიალა ზედაპირზე დაფენილ მტვერზე თითით უაზრო ფიგურების გამყვანას მოჰყვა.
-რა აზრი ჰქონდა? კიდევ ერთ იმედგაცრუებას ნამდვილად ვეღარ გადავიტანდი...
-რას გულისხმობ?
-ბავშვს...
-რომელ ბავშვს? - ვერ მიხვდა საშა.
-ჩემს შვილს... ხომ შეიძლებოდა, ნიას მუცელი მოეშალა? დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცეოდა... ამას კი ვერ ავიტანდი... ახლაც არ ვიცი, რას მოვიმოქმედებდი...
-კი, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა საცოდავ გოგოს? თუმცა, გეფიცები, მესმის შენი... ჩემს შვილს რომ... მოკლდე, ალბათ, არც მე ვაპატიებდი...
ლევანმა თავი გააქნია.
-არა, შენ ვერ გამიგე... არ ვაპატიებდი-მეთქი, რომ ვამბობ, ნიას არ ვგულისხმობ...
-აბა, ვის?
-მამაჩემს!.. - ლევანმა ამოიოხრა. - რისთვის დამსაჯა ასე ღმერთმა, რომ მაგ ოჯახში დავიბადე?! რა იქნებოდა, მამაჩემით მეამაყა?.. აი, მაგალითად, შენ... არა გყავს მამა, მაგრამ მაინც გეამაყება მისი შვილობა, ხომ მართალია?..
საშკამ არაფერი უპასუხა, თავჩაქინდრულმა გააგრძელა მაგიდაზე უაზრო ფიგურების ხატვა.
-გეკითხები - მართალი ვარ თუ არა? - ჩააცივდა ლევანი.
-რა ვიცი, ლევან... როგორ გითხრა... ყველას თავისი ჯვარი აქვს სათრევი...
-ჰო, ასეა... თავისი ჯვარი... - გაიმეორა ლევანმა, მერე გაიღიმადა სახე საოცრად ალერსიანი გაუხდა.
"როგორ ჰგავს ზოგჯერ თიკოს, -გაიფიქრა საშამ. - თიკოსავით მაღალია და ლამაზი. ისეთივე თხელი და ნატიფი ცხვირი აქვს, ისეთივე გაბუტული ტუჩები, მხოლოდ თვალები აქვს მუქი თაფლისფერი, იმიტომ აქვს ასეთი თბილი გამოხედვა, ამით განსხვავდება დისაგან. თანაც ის ნაზია, სიფრიფანა, ლევანი კი გოლიათივით მხარბეჭიანი..." საშას გაახსენდა, როგორ შურდათ აკადემიაში (მათ შორის - თავადაც) მხარბეჭიანი, ახოვანი ბიჭის, რომელიც სპორტსმენს უფრო ჰგავდა, ვიდრე მხატვარს. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მარტო ლევანი გარეგნობა კი არა, მამამისის - ალექსანდრე ნინუას ფულების ურევდა თავგზას. თუმცა ლევანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, "მამიკოს ბიჭობა" მისი ცხოვრების კრედო არასოდეს ყოფილა...
ლევანი სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში ორთქლმოდებული ფინჯნებით დაბრუნდა.
-ცხელი ჩაი ლიმონით... ჩაის მოსკოვში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება... ამას მალე თავადაც მიხვდები, - თქვა მოზეიმე ხმით და ფინჯანი საშას წინ დაუდგა. - რა ბედნიერებაა, რომ აქა ხარ! -დაუმატა მოგვიანებით.
-მოსკოვში ჩვენიანი არავინაა? - ჰკითხა საშამ დაჩაიში მოტივტივე ლიმონის ნაჭერს სული შეუბერა.
-თუ ქართველებს გულისხმობ, უმჯობესი იქნებოდა, ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ იცნობდე. ჭირიანებივით ვერიდები... ათასგვარ სისაძაგლეში ურევენ ხელს. თუმცა არ გეგონოს, ყველა უვარგისი იყოს, არც ასეა საქმე... უვარგისი და ნაგავი ყველა ერშია. მთავარია, შენი ჭუჭყიანი საცვალი საჯაროდ არ გამოფინო თოკზე, ყველას დასანახად, თორემ... - ლევანს გაეცინა. - ისე, ერთი კარგი "მრეცხავი" ნამდვილად მოგვიხდებოდა. ჰა, რას იტყვი?
საშამ ჩაი ფრთხილად მოსვა და თავი დაუქნია.
-მართალი ხარ. რაღაც გვაკლია ქართველებს... იქნებ - მარილი?!
-რას ამბობ, ზუსტად ეგ "მარილი" გვაქვს მეტი! - გადაბჟირდა ლევანი. მერე კედელზე ჩამოკიდებულ საათს მოჰკრა თვალი და შეშფოთდა, - მგონი, გაგათენებინე, ხომ იცი?! წამოდი, დაგაძინო... დედასავით უნდა მოგიარო...
დედის ხსენებაზე საშა შეცბა. რა ახლოს იყო ახლა ქალბატონი ლიზა, ხელის ერთ გაწვდენაზე... მართალია, "დედიკოს" ზუსტი ადგილსამყოფელი არ იცოდა, მაგრამ ამასაც დაადგენდა როგორმე, რომ მოენდომებინა... თუმცა... საშკამ ისევ იგრძნო გრილი ტუჩების შეხება შუბლზე და ტანში ტალღასავით დაურბინა ტკივილმა. ამ ტკივილმა ინა გაახსენა...
-შეიძლება დავრეკო? - გასძახა ლევანს, რომელიც საძინებელში კედლის კარადიდან ლოგინს იღებდა.
-როგორ არა, რას მეკითხები? დარეკე... ოღონდ გაითვალისწინე, თბილისში ახლა დილის ხუთი საათია, ყველას ფეხზე წამოყრი... გვარიანადაც დააფეთებ. უმჯობესია, დილით დარეკო, ტელეფონი მთელ დღეს შენს განკარგულებაში იქნება.
-მიდიხარ სადმე?
-არა, შენი ხათრით საღამომდე ფეხს არსად გავადგამ...
-მერე, სამუშაო?
ლევანს გაეცინა.
-მე მხოლოდ ღამით ვმუშაობ... და ვფიქრობ... ასევე მოგიწევს შენც...
საშამ კითხვიანი მზერა მიაპყრო მეგობარს.
-ასე ნუ მიყურებ, სუტენიორი ნამდვილად არა ვარ! - გაიღიმა ლევანმა. - ერთ-ერთ პრესტიჟულ კაზინოს ვიცავ. რას იზამ, ძმაო, თუ ფული გინდა, ცოტა ხნით ფუნჯი და ფანქარი უნდა დაივიწყო... თუმცა გულს ნუ გაიტეხ - მხოლოდ დროებით... ცოტა გაიმართები და მერე ხატვას ვინ გიშლის?! ისე, დღისითაც შეგიძლია ხატო, თუ ამის თავი გექნა. მე, მაგალითად, სამ თვეს სულ მეძინა, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე... ახლა ორი საათიც მყოფნის... საშამ ამოიოხრა... ლევანმა გამამხნევებლად დაჰკრა მხარზე ხელი.
-არაფერია, ყველაფერი კარგად იქნება! Нет худа без добра!.. სამაგიეროდ, ფული შეგძულდება სამუდამოდ... ამის გარანტიას გაძლევ...
-როგორ?
-ხვალ ნახავ... დავიძინოთ...
-მერე, მიმიღებენ?
-მაგაზე არ იდარდო... რაღაც-რაღაცები მეც მეკითხება... პრობლემა არ იქნება...


ავტორი: ნ.წულუკიძე

ესეც შეპირებული თავი, შევეცდები ხშირად და დიდი თავები დავდო...
მადლობა რომ კითხულობთ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი bibi

me vkitxulob da imedianad gelodebi : ))

 



№2 სტუმარი nia

rodis iqneba shemdegi male dadet gtxoovt raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent