შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული


25-10-2017, 22:01
ავტორი lukakhati
ნანახია 280

დაკარგული

ჩვიდმეტი წლის ბიჭს ჩემი ცხვორება ერთფეროვანი მეჩვენებოდა. არა, ცხოვრების სიყვარული არასდროს დამიკარგავს. ეს ერთფეროვნებაც მიყვარდა. ოჯახში ერთადერთი შვილი ვიყავი. დარდს არავის ვუზიარებდი, ცრემლს არავის ვაჩვენებდი. არასდროს გული არავისთვის გადამიშლია. არა იმიტომ, რომ არავინ მყავდა, უბრალოდ ასე გადავწყვიტე. მარტომ გადავყწვიტე გვალვაში წყლის ძებნა, სევდა ზღვას გავატანე. ვცდილობდი ყველა დაბრკოლებას ღიმილით შევხვედროდი. ვამაყობდი ჩემი თავით. ჩვიდმეტი წლის ასაკში უკვე მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ნანახი მქონდა. რომ ყველაფერი გამოვიარე. ძალიან ვცდებოდი. ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი არასდროს ყოფილა. აღელვებულ ზღვას ჰგავს ჩემი ცხოვრება. ზღვას, სადაც ადიდებული ტალღები არასდროს მშვიდდებიან. სიოს მშვიდი ალერსის ნაცვლად აქ ქარიშხალი სუფევს. ქარიშხალი, რომელიც საუცხოო სურნელს აფრქვევს. ეს საყვედური არ არის. სხვანაირად არც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. მალე ოცდაათი წლის გავხდები. ოცდაათი წელი ვიცხოვრე და არასდროს საყვედური არ მითქვამს. მე ზღვა აღელვებული მიყვარს. კი, დაღლილს ბევრჯერ წამომცდენია, რომ მეტი აღარ შემეძლო. მშვიდი ცხოვრებაც მინატრია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თხოვნა არავინ გაიგო. მე სხვანაირი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებდი. მე ასეთი ცხოვრებისთვის გავჩნდი.
ღელვასაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ეს სიმფონია, რომელსაც ქარიშხლისა და ტალღების ცეკვა ქმნის, მიწას მწყვიტავს. მეც მას ვერწყმი. ხშირად მიოცნებია ზღვის ქაფად გადაქცევაზე. მუდმივად წყალში ყოფნაზე. ზღვის მკლავებში გახვევაზე . ქართან თამაშზე. ასე მოკლედ შემიძლია ავღწერო ჩემი ცხოვრება. ეს ამბავი ჩემზე არ არის. ერთხელაც ზღვას , რომელსაც საზღვარი არ ჰქონდა, რაღაც ამოუცნობი, უჩვეულო ესტუმრა- ილარია. ეს ამბავი ილარიაზეა. გოგოზე, რომელიც ადიდებულ ტალღებში გადაეშვა. მაგრამ ილარია წყალი არ ყოფილა. ყველაზე ადიდებული, აღელვებული ზღვაც კი არასდროს არ არის ამბიციური. ყოველთვის მშვიდი და ნაზი რჩება. ილარია ცეცხლი იყო. მე წყალი ვიყავი, ის-ცეცხლი. მე ვერ დავიფერფლებოდი, ილარია ვერ ჩაქვრებოდა. ის ცეცხლი იყო. ცეცხლი, რომელსაც საშინლად ეშინოდა. ეშინოდა უკვალოდ, ჩაქრობის”
ივანე მეტრეველი


თავი პირველი
წყალი

ივანე მეტრეველი, ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მეტრეველები პატარა, ლამაზად მოწყობილ იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ. ივანეს სახელს არავინ ეძახდა, აღარც ახსოვდა რატომ, მაგრამ ბავშვობაში ივო შეარქვეს - ივო მეტრეველი. მოსწონდა ეს სახელი. არც თვითონ უყვარდა ივანეს რომ ეძახედნენ. არც არავინ აღარ ეძახდა. ნათესავებთან სტუმრად მისულს თუ დაუძახებდა ვინმე დავიწყებულ სახელს. ივო მოსაწყენი ცხოვრებით არ ცხოვრობდა, მაგრამ არც განსაკუთრებულად უცხოვრია ოდესმე. თავისი ცხოვრება უყვარდა, თუმცა არც დაუნდობელ მორევში გადაშვებას ერიდებოდა. ხშირად წვებოდა სახლის სახურავზე და ცას უყურებდა. სანახავი არც არაფერი იყო, დიდი ხანია უკვე თბილისის ცა ერთფეროვანი გამხდარიყო. ღამით ვარსკვლავები არ ჩანდა, მაგრამ ივო საათობით იწვა და ცარიელ, არაფრისმთქმელ ცას აკვირდებოდა. არავინ იცოდა რას უყურებდა, მაგრამ ივო სიცარიელეში იძირებოდა, დაფრინავდა. დაფრინავდა იმ მაღალყელიანი წეროს მსგავსად, რომელიც წლების წინ მარცხენა ბეჭის ქვევით დაეხატა. უცნაური ნახატის მნიშვნელობა ვერავის აეხსნა, არც ივომ იცოდა, უფრო სწორად იცოდა, მაგრამ ვერავის უხსნიდა. ამიტომ არავის აჩვენებდა. არ მალავდა უბრალოდ ზედმეტ კითხვებს ერიდებოდა. მაინც მოსწონდა, ძალიან მოსწონდა.
მეტრეველების ოჯახს ერთადერთი შვილის დაბადებამ დაუბრუნა ის სიხარული, რომელიც მათ დიდი ხნის წინ დაეკარგათ. დიდ, მაღალ ხეს ჰგავდა ეს ოჯახი. ჭიაშეპარულს, დაბერებულს, აყვავების იმედი დაეკარგა. როდესაც აღარ ელოდებოდა, როდესაც არავინ ელოდებოდა ივანე დაიბადე. განებივრებული ბავშვი მშობლებს ყველაზე მეტად უყვარდათ. ყოველთვის საუკეთესო მოჰქონდათ მისთვის. არასდროს არაფერი დანანებიათ, მაშინაც კი ,როდესაც ამის საშუალება შეიძლება საერთოდაც არ ჰქონიათ. ბავშვობა ლამაზ მოგონებად დარჩა. იზრდებოდა, მაგრამ არ იცვლებოდა. ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი ეჩვენებოდა. მშვიდ დინებას მიჰყვებოდა. სკოლაშიც მშვიდად გრძნობდა თავს, სწავლაც უყვარდა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო. არ იცოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა ივოს წინ რა ელოდა. მოზარდ ბიჭს უკვე მის ცხოვრებაში ყველაფერი მომხდარი ეგონა. ცდებოდა, ივანე ძალიან ცდებოდა. სულ ეგონა, რომ არსებობდა აუცილებლობა ცხოვრებაში ყველაფერს თავისი სახელი რქმოდა. იმ სახელებს ეგუებოდა, რომლებიც მრავალი წლის წინ, მისგანდამოუკიდებლად დაერქვათ : დრო, სირცე - ზედმეტ პასუხებს არ ეძებდა. დრო კი გადიოდა, ხე სხვადასხვა ფრად იმოსებოდა. მწვანეს, წითელი გახუნებული, მკვდარი ფოთლები ერეოდა. დაფანტულებს ერთი სურვილი ჰქონდათ. სიოსთან ეთამაშათ, გაჰყოლოდნენ, მოესმინათ. ზოგს გაუმართლა, კეთილმა ბოლო სურვილი შეისმინა. მოწყვეტილს გაჰყვა, ბოლომდე მიაცილა. არ დარდობდა ხე, დაკარგულ ფოთლებს არ უყურებდა. იცოდა, რომ ისევ აყვავდებოდა.
დრო გადიოდა, ხე ისევ იმოსებოდა, მწვანდებოდა და ყველაფერი წრეს მიჰყვებოდა.
ყოველდღე მათ სახლში კარი იღებოდა. ყოველღამით უკან დაბრუნებულები მშვიდად სადილობდნენ.
დღეები დღეებს ეცვლებოდა , ფრთებს ბუმბულები ცვიოდა.
ივანეს დედა , ნინო ერისთავი , თავისი გვარის მსგავსად დახვეწილი და ელეგანტური იყო. ადრე დაქორწინებული თავს დიასახლისობით ირთობდა. ხშირად სეირნობდა ივოს დედა დაკარგულ ქუჩებში. თვითონაც არ იცოდა სად მიდოდა, ვისთან მისვლას ლამობდა. არ იცოდა, მაგრამ მიჰყვებოდა ბილიკს,რომელიც ნინომ ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დახატა. თვითონაც არ იცოდა ბილიკის ბოლოს რა იყო. მაგრამ ბოლომდე არ მიდიოდა, მაინც ყოველსაღამოს უკან ბრუნდებოდა. საღამოობით უკან იმედგაცრუებული ბრუნდებოდა, ვერ ხვდებოდა სახლში დაბრუნება უხაროდა თუ არა. ძველი ერთფეროვნებით დაღლილს ხშირად უოცნებია დაკარგვაზე. დედის გარდაცვალების შემდეგ ნინო სულ გაუჩნარებას ნატრობდა. უდედოდ დარჩენილმა უეცრად გადაწყვიტა ოჯახის შექმნა. არ ჰქონდა მნიშვნელობა სად დაიკარგებოდა. წყვდიადსა თუ სიბნელეში, მზესა თუ ქარში სახლში არ ჩერდებოდა. ნანობდა, ძალით, ნაადრევად შექმნილ ოჯახს ძალიან ნანობდა. თავის ქმარს არ ადანაშაულებდა, მხოლოდ საკუთარ თავს. პასუხს საკუთარ თავს სთხოვდა და ზიზღდებოდა. ნუცა ვერც მიხვდა როგორ გახდა ნინი. ვერც ნინი მიხვდა როგორ გახდა ნინო მეტრეველი. სახელებივით იცვლებოდა. ლამობდა, ისევ ნუცად გახდომას ძალიან ლამობდა. მაგრამ არც ეს სინანული იყო მარადიული, ეს გრძნობაც გაქრა, როდესაც ზამთრის თოვლიან დღეს ივანემ თვალები პირველად გაახილა. ნინოს ივანე უყვარდა, დედას ივო ყველაზე მეტად უყვარდა. თავისი ქმარიც უყვარდა, მაგრამ გულის ნადებს არ უმხელდა. ვერ ეუბნებოდა, რომ ყოველდღე სახლიდან გასულს უკან დაბრუნება არ უნდოდა. 9 დეკემბრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ნინო ხვდებოდა, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იმ ოჯახს აშენებდა, რომელზედაც ოცნებობდა. აი ივოს მამა - მათე მეტრეველი კი არავის არ ჰგავდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მართლა არსებობდა. წიგნის პერსონაჟს ჰგავდა. გმირს, რომლის ამბავსაც ბოლო არ უჩანდა. დასაწყისი და დასასრული ბუნდოვანი იყო. მუდმივად ამოუხსნელ, პასუხგაუცემელ კითხვად რჩებოდა პროტაგონისტი. მაგრამ არც გამოუსწორებელ რომანტიკოსს მოსწონდა საკუთარი ოჯახის დასაწყისი. ეს არ იყო ის დასაწყისი, რომელზეც ოცნებობდა. სხვა გზა არ ჰქონია. არავინ იცოდა, მაგრამ მათემ ზუსტად იცოდა, რა იყო, როდესაც შენი ცხოვრება სხვას ეკუთვნოდა. ყველაფრის მიუხედავათ, ყოველდღე იღიმოდა. ყველანაირად ცდილობდა ცოლ-შვილის განებივრებას. ნინო ამას ხედავდა, აფასებდა და უყვარდა. კი, ყველაფრის მიუხედავად, მათ ერთმანეთი უყვარდათ. ივოსაც უყვარდა მშობლები და უკვე ბავშვობიდან იცოდა, რომ მათგან წასვლა არასდროს ენდომებოდა.
არსად მიდიოდა, დრო გადიოდა, თეთრი ბუმბულები ცვიოდა.

უსახელო სიზმარი
ივომ განერვიულებულმა გაიღვიძა. სიგარეტს მოუკიდა. მარჯვენა ხელით ეწეოდა ივო, მარცხენა ხელს თითქმის არასდროს ხმარობდა. ლამაზად ეწეოდა, მაგრამ სიგარეტი არ უყვარდა. მოწევა უყვარდა, მაგრამ ხშირად არ სიამოვნებდა. თვითონაც იცოდა, მაგრამ მოწევას თავს მაინც არ ანებებდა. ახლა, ღამის სიჩუმეში გახვეულს მოწევა ნამდვილად ესიამოვნა. სახლში მარტო იყო და ვერც მშობლები მიუხვდებოდნენ ვერაფერს. გრილი ნიავი სიგარეტის კვამლს აუჩინარებს. აკვირდებოდა კვამლს და ფიქრობდა, რომ ოდესღაც ამ კვამლივით თვითონაც გაქრებოდა. სევდიან განწყობაზე არ იყო, უბრალოდ, ასე ჩვეოდა - ბევრს ფიქრობდა, ივო ძალიან ბევრს ფიქრობდა. ყველაზე მეტს კი მაშინ ფიქრობდა, როდესაც უნებურად ფიქრობდა იმას, რაც არ უნდოდა რომ ეფიქრა. ამიტომ ეწეოდა განერვიულებული ივო, ესიზმრა ის, რაც მას არ უნდოდა. არავინ ნერვიულობს, ზედმეტ მნიშვნელობას სიზმრებს არავინ ანიჭებს. ივო ნერვიულობდა, ძალიან ნერვიულობდა. ქედმაღალი არასდროს ყოფილა. რბილი ხასიათი ჰქონდა, ყველას განსაკუთრებულად უყვარდა. დღეს პირველად შეეპარა ეჭვი თავის თავში და იფიქრა, რომ ივო, რომელსაც სხვები ხედავდნენ სინამვილეში თვითონ არ ყოფილა. სიზმარი ასეთი იყო:
მოწყენილი იჯდა მაგიდასთან. ნელა ჭამდა, ჩვეულებრივზე ნელა ღეჭავდა და ყოველ ლუკმას მძიმედ არასასიამოვნოდ ყლაპავდა. თავის თავს ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ მკრთალი, ძალიან ფერმკრთალი იყო. პირველად ენახა ადამიანები, რომლებსაც უყურებდა, რომლებიც მის წინ ისხდნენ და ჭამდნენ. არ იცოდა. ვერ ხვდებოდა უყვარდა თუ ეზიზღებოდა. ზუსტად ვერ ამბობდა, მაგრამ გრძნობდა, რომ უნდა ყვარებოდა და არ უყვარდა, მაგრამ არც ეზიზღებოდა, ივოს არავინ ეზიზღებოდა. ყოველი ლუკმა არასასიამოვნო იყო. აღარ ახსოვს რაზე ლაპარაკობდნენ, არც სიზმარში უსმენდა. უბრალოდ უყურებდა და ლუკმას ლუკმაზე ყლაპავდა. ზუსტად არ იცის რამდენი ხანი იყო ასე, ხშირად არ ესიზმრებოდა ასეთი ერთფეროვანი სიზმრები. ერთი, რაც ზუსტად დაამახსოვრდა იყო ის, რაც ივოს ეჭვის მიზეზი გახდა. უყურებდა და არ უნდოდა, რომ მათი მსგავსი ყოფილიყო.გრძნობდა, რომ ის მათი მსგავსი არ იყო. არ იცოდა რატომ არ უნდოდა, არც ის იცოდა მათზე უარესი იყო თუ უკეთესი, მაგრამ ერთი ზუსტად იცოდა.
სიზმარმა ივოს გონებაში დავიწყებული კითხვები გააღვიძა. მოწია, სიგარეტი ჩაწვა. დაღლილი, სიგარეტის მძიმე ნაფაზებისგან უფრო აჩქარებული გულით დააწვა საწოლს. დიდხანს უსმენდა საკუთარ გულისცემას. უსმენდა მანამ, სანამ დაეძინა. არ უყვარდა, როდესაც საკუთარი გულის ცემა სხვა ყველაფერს აყრუებდა, მაგრამ სხვანაირად ვერ იქნებოდა, რადგაც ივო ფიქრობდა, თუ ვინ იყო სინამდვილეში და პასუხს ვერ პოულობდა. მაგრამ მაინც ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა.
***
სახლშიც ისეთი იყო, როგორიც სკოლაში მიმავალი. პატარა, კერძო სკოლაში სწავლობდა სახლთან ახლოს. ხალხმრავლობა არ უყვარდა, ამიტომ ეს ადგილი მისი შესაფერისი იყო. ხშირად მიდიოდა ფეხით სკოლაში. გზაშიც კი ერიდებოდა ხალხმრავლობას. მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს ირჩევდა. ქუჩებს, სადაც ხალხი არ დადიოდა. მასაც, დედის მსგავსად, ხანდახან უნდოდა დაკარგულიყო. გრძელი, თეთრი კედლების ნაწილი გამხდარიყო. შერწყმოდა მათ და წყნარად ეყურებინა როგორ გადი-გამოდის ხალხი. გუშინდელი სიხმრის შემდეგ კი ვინმეს ნახვა სულას არ უნდოდა. ხო, ისევ იმ სიზმარზე ფიქრობდა. აინტერესებდა, რატომ გრძნობდა მაგისათან თავს გარიყულად. აინტერესებდა და სკოლისაკენ მიმავალი სიზმარსა და რეალობას შორის იხლიჩებოდა. ფეხებში სისუსტეს გრძნობდა. მოსახვევში ავტომატურად უხვევდა. არ უყურებდა სად მიდიოდა. ახლა, გზაში თავს ისე გრძნობდა, როგორც სიხმარში მაგიდასთან. ყელში სიმძიმეს გრძნობდა, ბეჭებზე სიმძიმე აწვებოდა.
სიმძიმე აწვებოდა, ვერ სწორდებოდა, ბეჭის ქვემოთ დატყვევებული , მაღალყელიანი წერო კიოდა.
დაიღალა, ფეხით სიარულით არასდროს იღლებოდა, მაგრამ ახლა საკუთარი სხეულიდან ამოძვრომა უნდოდა. კანის გახლეჩვას, დაფლთას და ნიავს გაყოლას ლამობდა იმ თეთრი წეროს მსგავსად, რომელიც ბეჭის ქვემოთ დაეტყვევებინა.
-ივო დამელოდე.
ეს ივოს კლასელი მაკა შალამბერიძე იყო. ხორცშესხმული სიხარული. ამ დღეს ივოსაგან განსხვავებით , მაკა საკუთარ კანში თავს საუცხოოდ გრძნობდა. კი, შეიძლება ივოს ვინმეს ნახვა არ უნდოდა, მაგრამ ნაცნობი სახის დანახვა სულ უხაროდა. ასეთი იყო ივო მეტრეველი. უცხოების მიმართ დაუნდობელ დაუნდობლობას იჩენდა, მაგრამ , ვისაც იცნობდა ისინი უყვარდა. გულწრფელად, ძალიან უყვარდა.
-მაკა როგორ ხარ?
-კარგად ივო, შორიდან დაგინახე... გეძახდი. რომ ვერ შემამჩნიე გამოგყევი
საუცხოო სანახავი იყო მაკას ღიმილი. ყოველთვის გულწრფელად იღიმოდა. სულ სადად ,ლამაზად ეცვა. ყურადღებას არ იქცევდა, თუმცა საკმარისი იყო ერთხელ გაეღიმა, რომ ის აღარასდროს გავიწყდებოდა.
-ხო, ფიქრებს გავყევი.
გაიღიმა ივომაც. ეს ღიმილიც გულწრფელი იყო. როდესაც მაკას შეხედა რატომღაც მასაც ძალიან მოუნდა მასსავით გაეღიმა.
ბეჭებზე სიმძიმე აღარ აწვებოდა, წელში იმართებოდა, თეთრი ბუმბულები ციდან ცვიოდა.
ბევრი ილაპრაკეს გზაში. ესიამოვნა ივოს გულწრფელად საუბარი.ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ გულწრფელად მეგობართან საუბარზე უარს არასდროს ამბობდა. ბავშვობის ამბებიც გაიხსენეს. ძალიან დიდი ხანია იცნობს ივო მაკას.
სკოლას მიახლოვებულს სიზმარი აღარც ახსოვდა. გადაწყვიტა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო. სიზმრებს მნიშვნელობა არ აქვთ. შეიძლება ეს სიზმარიც არ ყოფილა ასეთი საშინალი, თუმცა ივომ მისგან რეალობადქცეული კოშმარი შექმნა.
ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სკოლაში მისულს უკვე დარდი აღარ ახსოვდა.
ზარი ირეკებოდა, ხალხი შედიოდა, ციდან თეთრი ბუმბულები ცვიოდა.

***
ღია ფანჯრიდან შემომავალი მანქანების აუტანელი ხმაური მასწავლებლის ყოველ რეპლიკას ყლაპავდა. ივოსაკენ მიმავალი ყველა ბგერა ქრებოდა და უსასრულობაში იკარგებოდა. პატარა კლასში იჯდა ივო. ჩვეულ ადგილას იჯდა და გარშემომყოფებს ყურადღებასაც არ აქცევდა. ოცი ბავშვით გარშემოტყმული მაგიდასთან მარტო იჯდა. წლებია მაკას გვერდით ზის, მაგრამ დღეს მაკა თავს შეუძლოდ გრძნობდა და სკოლიდან ადრე წავიდა. ასე დარჩა მარტო მაგიდასთან ივო მეტრეველი. მასწავლებელს თვალებში უყურებდა, მაგრამ მისი ხმა არ ესმოდა. გარედან შემომავალ ხმაურს მიჰყვებოდა. აინტერესებდა ვინ სად მიდიოდა, ასე ვის სად ეჩქარებოდა და უინტერესო გაკვეთილს ყურადღებასაც კი აღარ აქცევდა.
ეს ბოლო გაკვეთილი იყო. ყველა ზარის დარეკვას ელოდებოდა, თუმცა ივო ამაზე არ ფიქრობდა. საათი წიკწიკებდა. არც ეს ხმა ესმოდა. ასეც ხდებოდა, როდესაც წარმოსახვას მიჰყვებოდა დრო შეუმჩნეველი, სივრცე კი- გამჭვირვალე ხდებოდა.
საათი აუტანლად წიკწიკებდა, სივრცე იკარგებოდა, ბეჭზე დატყვევებული თეთრი წერო წიოდა.
გარშემო ყურებისას გრძნობდა, რომ ყველას თავში სხვადასხვა აზრი უტრიალებდა. თავს დაუპატიჟებლად, განდეგილად გრძნობდა. ეცნო, ეს გრძნობა ოდესღაც სტუმრებია. კი, სწორედ ისე გრძნობდა თავს, როგორც აუტანელ, უსახელო სიზმარში, მაგრამ ივოს ეს სიზმარიც უკვე აღარც ახსოვდა. შავ-თეთრად შემოსილ კლასში ივოს სილუეტიც ნელ-ნელა უფერული ხდებოდა. შავი თუ თეთრია სიცარიელე? ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ფერებს ნელ-ნელა კარგავდა. გარშემო ყველას მიმართ გაურკვეველი გრძნობა ეუფლებოდა და ეშინოდა. ეშინოდა გაეფიქრა, რომ ზიზღს გრძნობდა. ეგონა, რომ როგორც კი თავში ეს აზრი გაჩნდებოდა მომენტალურად ერთი წერტილიდან წამოსული მთელ სხეულს დაეპატრონებოდა და ნელ-ნელა დაიფერფლებოდა. მაგრამ ივო სინამდვილეში მათ მიმართ ზიზღს არ გრძნობდა. ივოს უნდა გადაეწყვიტა მათი მსგავსი იქნებოდა თუ არა და იცოდა, რომ სულაც არ უნდოდა მის სამყაროს რქმოდა უფერული. არ უნდოდა, სხეული შავ-თეთრ ფონზე დაკარგვას ეწინააღმდეგებოდა და კანკალებდა.ვერც ამ კანკალის მიზეზს ხვდებოდა და ეშინოდა. ივოს საკუთარ თავად ყოფნის ბედნიერების დათმობას არ აპირებდა.
ვინ ხარ ივო? ვინ ხარ შენ ივანე მეტრეველო? შენ მათი მსგავსი არ ხარ… შენ ეს იცი. ამ ყველაფერს თეთრი, მაღალყელიანი წეროს წივილი ამბობდა. ივოსაც ეს უბრალო წივილი, გულს უჩქარებდა. გულს უჩქარებდა და ,როდესაც უკვე სიცარიელე მთელ სხეულს ყლაპავდა, თავში ათასი აზრი უტრიალებდა. ეს უბრალოდ, უმიზეზოდ არ ხდებოდა. უბრალოდ ივომ მართლა იცოდა ყველა რას ფიქრობდა. იცოდა, მაგრამ არ უნდოდა, რომ სცოდნოდა. გრძნობდა, რომ ეგოიზმითა და ნარცისიზმით გაჟღენთილ ჭაობში თვითონ ჩაძირვა არ უნდოდა. ვერავინ იტყოდა რომ ჩვენს გმირს მხოლოდ თავისი თავი უყვარდა. მას ყველა უყვარდა, ისინიც უყვარდა, ვისი სიყვარულიც სულაც არ იყო საჭირო. ამიტომ სტკიოდა, როდესაც აცნობიერებდა, რომ სხვების თავში აზრები მხოლოდ მომავალს, ეგოიზმით სავსე ფანტაზიებსა და მატერიალიზმის გარშემო ტრიალებდა. ხო, ასეთი ხალხი მას მართლა არ უყვარდა. არ უყვარდა და მიხვდა, რომ მათ უნდა გარიდებოდა. მიხვდა და შავ-თეთრი სიცარიელე დაიკარგა. ყველაფერი თავის ადგილას დაუბრუნდა და გახლეჩილი, დაფლეთილი სივრცეც ნელ-ნელა მთლიანი ხდებოდა.
საათის წიკწიკის დასასრულის დროც დადგა. ყველა ადგა. როგორც ყოველთვის, ბოლო გავიდა ოთახიდან. გავიდა, ჩუმად, ხმისამოუღებლად, თითქოს არც არსებობდა. სინამდვილეში, აქ მხოლოდ ივო არსებობდა. ის კლასიდან შეუმჩნევლად წასვლას არ ლამობდა, ჭაობიდან ჩუმად გაქცევა უნდოდა. კი, დღევანდელის მერე ივანე დარწმუნებული იყო, რომ ამ ჭაობში ფეხს არ ჩადგამდა, მაგრამ ის დამნაშავეც იყო, რადგან არ იცოდა, რომ სინათლის ერთი წვეთი იყო საჭირო ყველაფრის შესაცვლელად. თუმცა ეს არ იცოდა, არც ივო იყო სინათლე. ივო წყალი იყო. წყალი, რომელიც დინებას მიჰყვებოდა, მაგრამ რომლის დინებასაც სხვა ვერავინ შეეხებოდა.
გზა მოკლდებოდა, სახლისკენ მიდიოდა, ციდან მზესთანმიახლოვებული, თეთრი წერო კიოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent