შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 16)


4-11-2017, 23:37
ავტორი linda
ნანახია 1 201

დალიჰარი (თავი 16)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-=-=-=-=-=-
თავის თემა: "Call of Destiny" by Josh Kramer


-*-*-*-*-*-*-*-16
დღის მხევლის სიუხვის ბუღი ასდიოდა ბელთათინის მიწას. ონავარ სიოს, თეთრგულა ცარცოვან მთათა წიაღში რომ შობილიყო და გაეშალა ფრთანი, უდარდელ როკვაში აეყოლიებინა მოღაღანე მინდორს მოდებული ყვავილები. ფერთა კორიანტელად იფურჩქნებოდნენ მზისა და ნიავის სათუთი ამბორით აღელვებული მდელონი, მოზუზუნე ფუტკართა ნაყარი ოქროსფერ ელფერად დაჰფენოდათ ზედ. მწვანედ ღაღანებდა მიდამო და კრთოდნენ ნებივრად მზისა სხივნი, რამეთუ წვიმის წყალობა ებოძათ ღმერთებს უწყლო ჩრდილოეთისათვის. მომავალი ხვავ-ბარაქასა და ნედლი ბალახის სურნელს აეტანა მიდამო, რომელსაც მდელოთ მორბენალ ბალღთა ჟივილ-ხივილი ერთვოდა.
და იდგა მეექვსე მთვარის მიწურულს გადაღლილი მზე.
გვერდი მიეფიცხებინა დღის მხევალისათვის გორაკზე აღმართულ ბერეხის ციხესიმაგრეს. დღის მხევლის დაუდგრომელი სხივნი მის პირქუშ კედლებსაც მოსდებოდნენ, ამოექოლათ ნაპრალნი და ნებივრად იმზირებოდნენ თბილი თვალებით დერეფნებში. მდელოთა მათრობელა სურნელი შეჰპარვოდა ღია ფანჯრებს, თითქოსდა ყვავილებით აღავსესო ყოველი კუთხე-კუნჭული. უჩვეულოდ ჰყვაოდა სიცოცხლით ციხესიმაგრე, სისხლად ძარღვებში ლაღი სიცილი და მსახურთა დაუღალავი ფუსფუსი ედგა.
თუმცაღა, ღმერთთა მიერ ნაწყალობევ დღესაც კი, რომელსაც ბერეხის შემზარავი ჰაერის საამურად ქცევა ძალუძდა, ვერ გაეფანტა მეფისწულ ჰასსეს გუნებას მოდებული საავდრო ღრუბელნი. ღია ფანჯარასთან მისჯდომოდა მაგიდას იგი, ხელთ ბუმბული ეპყრა, ეტრატთა ხვავი გადაშლოდა წინ. იჯდა იგი, სპეტაკი ტუნიკა და ბამბის შარვალი ემოსა, თუმცაღა ვერ ჰფარავდა უბრალო სამოსი ვოლფრამთა სისხლსა და დინასტიის მეფეთა გამოძახილს, მისი ყოველი ნაკვთიდან რომ გამოსჭვიოდა.
ოცდაათი ზამთარი შესრულებოდა მეფის პირმშოს, მამაკაცობის სიმწიფეში შეედგა ფეხი. ახოვანი გახლდათ იგი, ბრგე, მხარით განიერი და ჭკვით მახვილი. ქვეყნის ასავალ-დასავალი ბრწყინვალედ უწყოდა მან, და ვითარცა მომავალი მეფე, უმარცხოდ უძღოდა სახელმწიფო საქმეთ.
უამრავი საზრუნავი აწვა ჰასსეს მხრებზე და ფიქრის ნაცრისფერი ბურანი მოსდებოდა მის თლილ პირისახეს.
-...გოროვარის თავადი თორმეტ უღელ წმინდა ფოლადსა და ცხრა საწყაო ოქროს ძარღვს შეგთხოვს, ჰასსე. - ჩაესმა ანაზდად გიუნტერის ხმა და შედრკა ჰასსე. ფანჯარას გაშტერებული თვალნი კვლავ ეტრატს მიუტრიალა მან. - თორემ ბრურგის მესამე ტოტს გადავკეტავო, შემოგითვალა მან.
-აქამდეც შემოუთვლია მას ესოდენ გამბედავი თხოვნა? - შეჰკითხა ჰასსემ.
-მხოლოდ ერთხელ. - მიუგო გიუნტერმა. - ხუთიოდე ზამთრის წინ.
-მაშ გაეცით ის, რაც სწადია. - მიუგო მეფისწულმა, ბატის ფრთა მელანში ჩააწო და გაჰკაწრა ეტრატი. - რამეთუ ფრიად მძიმე ზამთარი გველის... თორმეტი უღელი ფოლადი და ცხრა საწყაო ოქროს ძარღვი ვერ დაჰფარავს უწყლობის ფასს, რომელსაც ჩრდილოეთი იწვნევს...
მის გვერდით აღმართულმა გიუნტერმა უმალ ააღრიჭინა ბატის ფრთა, სიტყვა-სიტყვით ჩაინიშნა განკარგულება მეფისწულისა.
-რაოდენ გულუხვი ხარ, ჰასსე. - ჩაესმა ანაზდად და წამსვე სტყორცნა მშვიდი მზერა მეფისწულმა ფანჯარასთან, სავარძელს მიწოლილ ძმას. დამცინავად უმზერდა მომავალ მეფეს ოცდასამი ზამთრის ანდრეი, ბრაზს მოეღრიჯა პირისახე მისი. - რაოდენ ხელგაშლილი, თავადნი შენი მოსასხამის კალთას ემთხვევიან! სახელმწიფო ხაზინაც გავხსნათ, რამეთუ ძვირფასეულობითაა იგი სავსე...
-ანდრეი. - ცივად შეაწყვეტინა გიუნტერმა. მტრული მზერა შეავლო მეფისწულმა ბიძას, თუმცაღა არ შემდრკალა ომსა და ქარტეხილში გამობრძმედილი მრჩეველი მეფისა. - სახელმწიფო ისტორიის მასწავლებლისაკენ მიმავალი გზა დაჰკარგე? საკვირველად აღვიჩენ შენს აქ ყოფნას.
-მირჩევნოდა სწორ გზას დავდგომოდი, ბიძავ ჩემო. - შეჰღიმა ანდრეიმ, თუმცაღა ღიმილის ნატამალიც არ გადაჰკრავდა მის მოქუფრულ წარბს.
-წარვედ, ანდრეი. - მიმართა ჰასსემ, კვლავ ეტრატს მიუბრუნდა. - მიხედე სწავლებას შენსას, რამეთუ შენი მოვალეობაა იგი.
-როგორც შენ აღიღე სრორდის შერცხვენა და დაქცევა ვალად, ჰასსე? - გაჰკენწლა ანდრეიმ, გადაიხარხარა, როცა გამომცდელად შეაცქერდა გიუნტერი.
-ზემრეიგის თავადმა ქუდზე კაცი აფრინა, ჰასსე. - განაგრძო მან, ისე რომ ბნელი მზერა მისი არ მოსცილებია ანდრეის, თითქოსდა აფრთხილებდა, ნუ შესწვდებიო ზღვარს. - არ იხდიანო დირიეს ტომები ხარკს სათანადოდ.
-და ნუთუ წარეტაცა გონება თავადს? რად ავიწყდება ყოველთვის მნიშვნელოვანი ნაწილი ამბისა? - შეჰკითხა ჰასსემ, მშვიდად ჩაჰყურებდა იგი ეტრატს, რომელსაც ფრთით მოხაზული მშვენიერი ნიშნულნი ჰფარავდნენ. - რამეთუ დირიეს ტომებს წყლის სენი დაატყდათ თავს, უდროოდ მოსტაცა ქვეყანას უფროსი თუ ბალღი, მოსავალი ძლივსღა ჰყოფნით გადარჩენილთა მოშიმშილე მუცელთ. აუწყე, რომ აღიღოს ის, რისი შემოძლევაც ძალუძთ მათ, და სათავადოს ხაზინადან საკვები გასცეს.
-ბინძური ბარბაროსებიც შენი ვალია, ჰასსე? - წამოსძახა ანდრეიმ. მოიქუფრა გიუნტერი, მაგრამ თავნება მეფისწულმა არარად ჩააგდო ბიძა.
-ვალი მხოლოდ ისაა, რაც დირიეს ტომს ჩვენს წინაშე დაეკისრება, რამეთუ მოწყალენი ვიყავით გაჭირვებისა ჟამს. - მოუჭრა ჰასსემ. - ყოველივე ძაფს მახვილი, მუშტი და მათრობელა ღვინით დალხენა ვერ გასჭრის, ანდრეი.
-ჰასსე, ნუ მიმართავ მას. - შეჰსისინა გიუნტერმა. - რამეთუ სწორედ ეს სწადია. რად ყოყლოჩინობ, ანდრეი? ნუთუ ვერ გყოფნის შენს ძმადნაფიცთა გაკილვა?
-ჩემი ძმადნაფიცნი სრორდს სირცხვილისაკენ არ მიაქანებენ! - არ შეეპუა მეფისწული. - სათუთი ხელი არასოდეს ჰქონია მეფესა მისას...
-არ ჰქონია, რამეთუ არ ძალუძდა ქონა მისი. - წარბები აზიდა გიუნტერმა. - სრორდს მშვიდობა მოევლინა, და დროა მისი ნაყოფის სიტკბოზე ვიზრუნოთ, ვიდრე მტაცებელთაგან დავიცვათ იგი.
დადუმდა ანდრეი. ავი, ღვარძლით სავსე მზერა მიუტრიალა ფანჯარას, შლიდა და ჰკრავდა თითებს მუშტებად.
-ვურგის თავადის ქვრივს ბელთათინს მოსვლა სწადია. - ვითომც აქაც არაფერიო, განაგრძო გიუნტერმა მშვიდად. - თავადის, ღმერთებმა მიიბარონ მისი სული, დიდძალ ქონებას შორეული ნათესავნი ეცილებიან.
-მხოლოდ ბელთათინს მოსვლა არ სწადია მას. - თქვა ანაზდად ანდრეიმ. - რამეთუ ფრიად ბარაქიანია ჰასსეს პირადი ოთახნი...
-რად გგონია ასე, ანდრეი, რაკი მწირია ოთახნი შენნი? - შეჰკითხა გიუნტერმა.
აღშფოთდა ანდრეი. ყმაწვილკაცობის სიწითლემ გადაჰკრა მის პირისახეს, წამოიწია და შეუბღვირა ბიძას.
-თავხედო! - შეჰყვირა მან. - არა უწყი რა, თუ სად დგახარ?! შენი ადგილი გავიწყდება, ბიძავ, რამეთუ მხოლოდ მდაბალი მრჩეველი ხარ და არა სამეფო ოჯახის უცვლელი წევრი! ნუთუ ქილიკით უნდა აღავსო ცხოვრება ჩვენი, რადგან ცარიელია ცხოვრება შენი?!
მუშტი დაანარცხა მაგიდას ჰასსემ. აშრიალდნენ ეტრატნი, სამელნე გვერდზე წამოიქცა. სამარისებური სიჩუმე დააწვა ოთახს, რომელსაც მხოლოდ ფანჯრიდან შემომავალი სიოს ზუზუნი არღვევდა უდარდელად.
-გრძელი ენა მოკლე ჭკვის ნიშანიაო, არ გსმენია, ანდრეი? - მშვიდად მიუგო ჰასსემ, თუმცაღა თვალებში მრისხანება ჩასდგომოდა მეფისწულს. - წარვედ, სანამ შენივე ხელით არ გაითხრი სამარეს, რამეთუ ღირსება შენი სულსა ღაფავს.
მეწამულ ელფერად წამოუჭარხლდა ანრეის პირისახე, ბაგე მრისხანებისა და დამცირებისაგან აუთრთოლდა, მტრული მზერით იყურებოდა იგი. წამოიჭრა ანაზდად, და უკანმოუხედავად დასტოვა ოთახი.
მისმა მოჯახუნებულმა კარმა შეათრთოლა კედლები. ჩაახველა გიუნტერმა, კვლავ თავის ეტრატს ჩაჰხედა, ვითომც აქაც არაფერიო.
-მაშ, მეფისწულო, ვურგის თავადის ქვრივი... - კვლავ შეჰკითხა მან.
-ჰოი, ბიძავ! - სიტყვა შეაწყვეტინა ჰასსემ. წამოქცეული სამელნე გაასწორა მან, ფრთა ჩააბრუნა მასში და უმზირა მძიმედ. - უწყი, თუ რა საზრუნავი გამჩენია... რასა ჰგონებ, ჩამოჰგავს ძმა ჩემი ამ სამელნეს? ძალმიძს კი ფეხზე დაბრუნება მისი?
ამოიხვნეშა გიუნტერმა, დაახვია ეტრატი და ჩააცქერდა ჰასსეს თავს, ამდენი გასაჭირი რომ ღრუბლად დასტრიალებდა ზედ.
-უწყი, თუ საით მიჰყავს იგი თავის ბობოქარ გონებას. - უპასუხა მან. - ჰასსე, არ ღირს ამაზე ჩაძიება, რამეთუ ფუჭი იქნება ნაფიქრალი შენი...
-ბაბალ-ქაანს მოუშხამავს გონება მისი. - მიუგო ჰასსემ. - თავში შეუძვრა, ფესვი გაიდგა და დასდო თავისი მყრალი ნაყოფი უმწიფარ, ნოყიერ ნიადაგში... არა ვუწყი რა, თუ როგორ წარიმართება გონი მისი, რამეთუ გული შეუპყრია და ძაფებზე გამოუბამს. მაუწყე, ბიძავ, რა გეფიქრება მასზე?
-ბობოქრობს იგი, რამეთუ ძალზედ გაივსო ფიალა მისი. ჯებირებს აწყდება, ვითარცა დაუდგრომელი ბრურგი და ვერ დაოკდება მანამ, სანამ არ განშტოვდება კალაპოტი მისი. - დინჯად მიუგო გიუნტერმა. - ვგონებ რომ ვეღარავინ შეასმენს იმას, რისი სმენაც ვეღარ შერჩენია ანდრეის...
-რა ვიღონო, ბიძავ? - ჩაილაპარაკა ჰასსემ, მდორედ, ჩურჩულით, თითქოსდა საკუთარ თავს შეჰკითხაო. - ნუთუ კვლავ უნდა დავკარგო ჩემი ღვიძლი ძმის, ჩემი სისხლისა და ხორცის ძახილი? არ ძალმიძს მივატოვო იგი...
-უკვე რამდენი ზამთარია, რაც არ მიგიტოვებია ძმა შენი, ჰასსე. - მიუგო გიუნტერმა. - მაგრამ გცილდება და გცილდება იგი... რაც ბაბალ-ქაანი განაშორე აქაურობას, უფრო მეტად მოედო ქუში მის პირისახეს, განიცადა ძლიერ... განვლილმა ექვსმა მთვარემ ვერ განარიდა შხამიანი მწუხარება მის სულს.
-ვუწყი, ბიძავ. - მიუგო ჰასსემ. ლაღი გაზაფხულის საამური სითბო ელამუნებოდა მის მოქუფრულ პირისახეს. წყვდიადივით შავი და სევდიანი ჰქონდა თვალები, და მხიარული იყო მათზე მეამბორე მეექვსე მთვარე.
უმზირა უსიტყვოდ გიუნტერმა. მცირედ ჭოჭმანობდა იგი, თუმცაღა არ შეუდრკა ენას მოწოლილ სიტყვათა სიმძიმეს.
-ბაბალ-ქაანმა კაცი აფრინა ჩემთან, ჰასსე. - თქვა მან ანაზდად.
ისე შედრკა სრორდის პირმშო, თითქოს ბეჭებს შორის ხანჯალი ჩასცესო. უმალ მოტრიალდა მეფისწული, გავეშებული მზერა მიაპყრო ბიძას. ქვად ჰქცეოდა სავსე ბაგე.
-გიუნტერ! - შეჰღრიალა მან. - ჰოი, ღმერთებო, სუაგრამ და ნიჰიდამ დამწყევლონ, ეს რა ჩაესმათ ჩემს ყურებს! ჰოი, ღმერთთა ღმერთ ალიჰას შევთხოვ, რომ დამიბნელოს თვალისჩინი და წარმტაცოს სმენა, რამეთუ ვერ დავიჯერებ...
-ვუწყი, თუ როგორი გაქნილი გაიძვერაა ბაბალ-ქაანი, ჰასსე. - სიტყვა მტკიცედ გააწყვეტინა გიუნტერმა. - ვგონებ, ჩემზე უკეთესად არავინ სცნობს მის სიბინძურეს, ვერც დედა შენი, ვერც მამა შენი, ვერც სამეფო კარი! ნუ ასწევ ხმას შენსას, რამეთუ კვლავ მაქვს სათქმელი შენდამი.
თრთოდა ჰასსე, ნაკვთები მოეღრიჯა და გადაუფითრდა გატანჯულს. მოეშვა ანაზდად, შუბლს ხელი აიფარა.
-გისმენ, ბიძავ. - თქვა ბოლოს. - რა სწადია მაგ ბოროტ სულს? სწადია კვლავ მოევლინოს სრორდს?
-ღმერთებმა მოწყალება მოგვავლინონ! არა. - ბაგე შეუკრთა გიუნტერს. - სრორდი არასოდეს ყოფილა მისი მიზანი, ჰასსე. მხოლოდ სურდა, რომ თავისი მყრალი კვალი დაეტოვებინა უკან... მისი წერილი, რომელიც იმ დღესვე კერაზე დავწვი, მხოლოდ და მხოლოდ მის ბოლო წინასწარმეტყველებას მაუწყებდა.
-არ ძალმიძს დაჯერება მისი... - თქვა ჰასსემ. მრისხანებითა და ფიქრით აღსავსე მზერა გაუშტერდა, საკუთარ ხელს ჩასცქეროდა იგი, რომელიც უნებურად შეეკრა მუშტად, თითქოს წინ ედგა წყეული გრძნეული დედაკაცი.
-ვუწყი, დისწულო, რომ არ ძალგიძს. - მიუგო გიუნტერმა. - მაგრამ უბადლო გულთმისანია იგი, ღმერთებთან კავშირით დაიკვეხნის. ვგონებ, სუაგრამ და ნიჰიდამ აირჩიეს ბედისწერისა ძარღვად დედამიწაზე, რამეთუ ბილწია იგი, წაწყმედილი და უგვანი... მაუწყა, რომ ჰხედავს წითელ ცეცხლში გამოხვეულ ბელთათინს, რომლის გულზე ნებივრად ცეკვავენ წყვდიადის მგელი და სპეტაკი ყორანი. მგელი კლანჭებით ლამობს ყორანის ბუმბულთა შემოცლას, იგი კი შეუპოვრად დასჩხავის, მის თვალებს ეტანება, რათა ამოჰკორტნოს... მაუწყებს იგი, რომ დიად გზას ჰხედავს ანდრეისათვის, რამეთუ ვარსკვლავებშია დაწერილი ბედი მისი...
-როგორც ბედი ჩემი, ბიძავ? - შეჰკითხა ჰასსემ, ცარიელი მზერა მიაპყრო ღია ფანჯარას. - რამეთუ მე სიცოცხლე არ მიწერია.
დადუმდა გიუნტერი. თვალები დახუჭა მაგრად და გადააქნია თავი.
-მომიტევე, დისწულო. - შესთხოვა მან. - მომიტევე ცოდვილს, რამეთუ არ ძალმიძს შეკავება ბედისწერისა.
-მე ბედისწერისა არ მჯერა, ბიძავ. - თქვა ჰასსემ, ღიმილმა აუნთო ფერმკრთალი ტუჩ-პირი. - მაგრამ ანდრეის მჯერა. მწამს მისი სიცოცხლისა. ხუთი ცოცხალი ბალღი გაჭირვებისა ჟამს მსხვერპლთა საწინდარია, და ვგონებ, მე არ მერგება სიცოცხლე, რამეთუ ანდრეის უფრო სწყურია იგი.
შესცქეროდა დისწულს გიუნტერი. პირველად ესმოდა მისი ბაგიდან დადენილი, თითქოსდა უიმედო, სასოწარკვეთის ელფერით გახუნებული სიტყვანი, რომელიც გულს უწურავდა ბიძას.
-დაე არასოდეს აღსრულდეს სიტყვა შენი, ჰასსე. - თქვა მან.
-ჩემი სიტყვა, ბიძავ? - მოუტრიალდა მეფისწული, მწარე დაცინვის ცეცხლი აკიაფებოდა მის პირისახეს. - ჩემი თუ ბაბალ-ქაანისა, რამეთუ, როგორც მაუწყე, მან დასწერა ბედი ჩემი. დაცემა ბელთათინისა, წითელ ძაფებში გამოხვეული მგლისა და ყორნის ჭიდილი... უწყი, ბიძავ, თუ რას ნიშნავს მგელი, და უწყი, რომ მე ვერასოდეს ვიქნები ნაწილი ბაბალ-ქაანის წინასწარმეტყველებისა. ანდრეი მოგვევლინება ვოლფრამთა უკანასკნელ ნაშიერად, და მის ხელში აგიზგიზდება ის ცეცხლი, ბელთათინს რომ მოედება...
არა უთხრა რა გიუნტერმა. ხვდებოდა იგი, რომ ამაოდ ჩაივლიდა სიტყვანი მისი, რამეთუ ვერ უარყოფდა საკუთარივე სიტყვას. ვერ უარყოფდა ბაბალ-ქაანის გულთმისნობას, რომელიც ამოდენა წყევლად მოევლინა ვოლფრამთა დინასტიას.
-თუკი მოვკვდები, ბიძავ, - განაგრძო ჰასსემ, - გვირგვინი ანდრეის დაადგი, აკურთხე იგი.
-მე რად მაუწყებ ამას, დისწულო? - შეჰკითხა გიუნტერმა მკაცრად. - ნუთუ პირში სული არ უდგას მამასა შენსა?
-უწყი, თუ რა გასაჭირი აქვს მეფე სოლომონს, ბიძავ. - მოუჭრა ჰასსემ. - ვუწყი, რომ ძმებად ხართ შეფიცულნი, თუმცაღა ცხოვრება ფიცს არარად აგდებს! გონი მყიფეა მისი, ნებისყოფა არარსებული, სიმამაცე ომსა და გასაჭირს წარუტაცნია... შეგთხოვ, ბიძავ, ანდრეის დაადგი გვირგვინი სრორდისა.
ჩაეცინა გიუნტერს, მწარედ.
-ნეტავ ანდრეის ჩაესმოდეს სიტყვანი შენნი. - თქვა მან. - რამეთუ აღტკინებით აღივსებოდა იგი. წადილი მისი მუდამ ტახტისაკენ იყო მიმართული...
-მხოლოდღა მარტოობა შეარყევს იმ ქვასავით საბურველს, შხამად რომ გადაჰფარებია ანდრეის გონს. - თქვა ანაზდად ჰასსემ. - თუკი ეს მარტოობა ჩემი სიკვდილით იქნა მიღწეული, დაე აღსრულდეს ნება ღმერთებისა! დაე აღსრულდეს ნება წყეული გრძნეული დედაკაცისა! და თუკი ჩემი სიკვდილიც კი ვერ შეატოკებს ძარღვს ანდრეის გულში, მაშინ ჰოი ღმერთებო, დაე მოგებაროთ სრორდი, რამეთუ ვოლფრამთა დინასტიას გაგრძელება არ ეწერა...
-ანდრეი მეფობისათვის არაა მზად, ჰასსე. - მოუჭრა გიუნტერმა, გამომცდელად ჩააცქერდა დისწულს. - ამაყია იგი, ამპარტავანი, თავქარიანი, უმსგავსი და მოშხამული!
-ვუწყი, ბიძავ, თუ როგორია იგი. - მიუგო ჰასსემ. კვლავ ღია ფანჯარას გასცქეროდა მეფისწული, ხარბად შეჰყურებდა მშვენიერი გაზაფხულის ცელქობას. - მაგრამ ძარღვებში უჩქეფს ვოლფრამთა სისხლი. წლები გაივლიან, და ვიმედოვნებ რომ დადუღდება იგი. მწადია რომ მასთან იყო, როცა ცეცხლთა ალში გამოეხვევა სრორდის გული.
წამიერად გაჩუმდა იგი, წარბი შეჰკრა და დახუჭა თვალები, ფიქრობდა გამალებით.
-ზღვას წადი, ბიძავ ჩემო. - თქვა მან ანაზდად. - იხილე სიდიადე მისი და ჰპოვე ის სპეტაკი ყორანი, სულის გამოძახილი რომაა ჩემი ძმისა.
-მესულე მისი? - წარბები აზიდა გიუნტერმა. - ფრიად შორია დასკვნა შენი, ჰასსე...
-შორი არაა, ბიძავ, რამეთუ ცოტანი არიან ამ ქვეყანაზე, ვისაც ძალუძს გაუსწორდეს ანდრეის. - ჩაილაპარაკა ჰასსემ, ამოიხვნეშა მძიმედ და კვლავ ჰკიდა ხელი ფრთას.
-შენა ხარ სრორდის თვალსაჩინი, ჰასსე, და არა იგი. - მოუჭრა გიუნტერმა. - ნუთუ გჯერა, რომ იგი შენზე სწრაფი, ჭკვამახვილი და ძლიერია?
-ეგ არასოდეს მითქვამს. - ანაზდად გაიღიმა ჰასსემ. - მართლაც თავქარიანი და უჭკუოდ ამაყია იგი, თუმცაღა ვოლფრამთა სისხლი დაუდგრომელ მდინარედ დუღს მასში.
-ჰოი, ღმერთებო! მაშ რატომ არ დაიბადა იგი პირველ ვაჟად, ჰასსე? - შეჰკითხა გიუნტერმა. - რად არ ერგო მას ჭეშმარიტი მეფობის წყალობა?
-არ ერგო, რამეთუ უნდა ებრძოლა მისთვის. - მიუგო მეფისწულმა. - არ ერგო, რამეთუ განეცადა გასაჭირი, რამეთუ ნაყოფი ეშვა მის განსაცდელს.
დადუმდა გიუნტერი. თავს აქნევდა და ჩასცქეროდა მეფისწულს, ეგრიხებოდა სული და გული, სევდას მოებერებინა პირისახე მისი.
-გემორჩილები, მეფისწულო. - მიუგო ბოლოს. - გავემგზავრები და ვპოვებ მას, ვისაც უწერია ანდრეისთან შერკინება.
მადლობა მიუგო ჰასსემ და ეტრატებს მიუბრუნდა იგი. დასტოვა მჭმუნვარე მეფისწული გიუნტერმა, დასტოვა იგი თავის საფიქრალსა და უთვალავ საქმესთან.
თუმცაღა, საქმეს ვეღარ დაუდო გული ჰასსემ. აღარ მოეცვა ოთახი ფრთის ეტრატზე ღრიჭინს, მხოლოდღა სიო დათარეშობდა მასში ჩუმი სტვენით.
გასცქეროდა სრორდის თვალსაჩინი და პირმშო ბერეხის ციხესიმაგრეს შემორტყმულ ღმერთთა მიერ ბოძებულ წყალობას, ქარის უხილავ ამბორსა და ფერთა კორიანტელს, თვალწარმტაცად რომ იფრქვეოდა მდელოთ გადაწოლილ გაზაფხულს. ფრთხილი თითებით შეჰხებოდა უმწიფარი მეშვიდე თვე არე-მარეს, ჰაერს მომავალი ხვავ-ბარაქისა და დღის მხევლის მხურვალების სურნელს ჰფენდა.
იმზირებოდა ნაღვლიანად, და გამალებით ფიქრობდა ჰასსე.
დრო კი მიისწრაფვოდა, ვითარცა უწყლო ჩრდილოეთს დადენილი ცქვიტი, სურნელოვანი სიო.


-*-*-*-*-*-*-*-
ცას ლიბრი გადაჰკვროდა, ლიბრი მეთერთმეტე მთვარისა. შლეგი ქარი დაუდგრომელად მიჰქროდა უსასრულო ველთა თავს, დათრთვილული თქორი და სუსხი მოჰქონდა მას უხვად და სპეტაკ ჟრჟოლას ჰფენდა შემოგარენს. იკლაკნებოდა გზა, დაუღალავად უხვევდა და წინ მიდიოდა იგი, მდელოთ და გორაკთ ეფარებოდა. თვალსაწიერზე ამაყად აღმართულნი, ცარცოვანი მთანი იჭიმებოდნენ, ისწრაფვოდნენ ზეცისაკენ და ამაყად შებჯენოდნენ მის კამარას, როცა უკაცრიელ გზას ფლოქვთა შეფარული თქარუნი მოედო.
ნელი ჩორთით მიუყვებოდა ათასგზის განვლილ ხრეშს ორი მხედარი, იგაზან-ლას კლდეებისაკენ აეღოთ გეზი, რომელთა მიღმა თვალუწვდენელი, უწყლო მიწები გადაჭიმულიყვნენ, მიწები, რომელთა ბუდეშიც შობილიყო შვიდი სამეფოს დიადი სრორდი.
ყელი მოეღერებინა სისხლისფერ ქურანს. კოხტად დაერახტათ იგი, ვითარცა წარჩინებულის ბედაურს შეშვენოდა, ცქვიტად სზიდავდა იგი მხედარს. შავებში გამოხვეულიყო პატრონი მისი, სელის ზეთით გაპოხილი, მჭიდროდ ნაქსოვი მაუდის ლაბადა ესხა, მისი კალთა შემოჰხვეოდა წელზე შემორტყმულ ორლესულს. ბეწვიანი შალითა უფარავდა თეთრ პირისახეს, ხარის ტყავის, ოქროთი მოსირმული სამოსით დაჰფარვოდა სხეული, და ისეთივე პირქუში იყო გამომეტყველება მისი, ვითარცა წყვდიადი მისი სამოსისა და მწუხარება შლეგი ქარისა.
მის გვერდით ირწეოდა თაფლა ბედაურზე ამხედრებული ეირინი. ჩალისფერი, გასანთლული ქეჩის ლაბადა მოესხა მას, თეთრი ტყავის ბამბაგამოკრული ტუნიკა ემოსა. წვივებზე მაღალი, ირმის ტყავის ქალამნები ამოესხა, რომელთაც ბამბით ნაქსოვი თბილი პაჭიჭები ჰფარავდათ. ფერფლისფერი თმა კოხტად გადაეწნათ მსახურთ მისთვის, კეფაზე დაეგორგლათ, და ბრინჯაოსფერი, გედისებრი ყელ-კისერი გაშიშვლებოდა ბეწვის შალითის ქვეშ.
გარიჟრაჟზე დაეტოვებინათ მხედართ შაარ-ჰაფა. შეშლილმა ეფრემმა გამოაცილა ისინი, და შემოჰფიცა მოწმეთა წინაშე, კაცი აფრინე ჩემთან და უმალ მოგაგებებ ცხრა ათას კაცსო ბელთათინის კარს. ორლესული და ფარი უბოძა ეფრემმა ანდრეის, ძვირფასი და საუკეთესო ოსტატთა მიერ რუდუნებით გამოჭედილი, ეირინს კი იულიენის მამაპაპური წითელი ხის მშვილდ-ისარი მიართვა, რამეთუ მან შაარ-ჰაფას რჩეული მეომარი დაამარცხაო, განაცხადა მხედართმთავარმა.
შუაღამე ჩამოსწოლოდა შემოგარენს თავისი სუსხიანი სხეულით, როცა საბალახო მინდორნი, ზამთრის თრთვილი რომ მოსდებოდა, სალმა კლდემ შეცვალა. ცარცოვან მთათა უღელტეხილი გადაჭიმულიყო გარშემო, თვალსაწიერზე ჰფარავდა ყოველივეს, მათ წინაშე კი კლდენი აღმართულიყვნენ, პირქუშ, ბნელ კედლად ეფარებოდნენ თეთრი ღამის ნაცრისფერ ცას. ხრეშით მორწყული, გამხმარი ხავსით მოფენილი გზა მიიკლაკნებოდა, სტყდებოდა ქვათა მახვილ კუთხეებზე იგი და იკარგებოდა ბუმბერაზ, წყვდიადით მოცულ ქვათა შორის. მომცრო იყო საცხენე ბილიკი, გაჭირვებით დაიტევდა გვერდიგვერდ მიმავალ ორ მხედარს.
ლაგამს მოსწია მეფისწულმა, შეაყენა სისხლისფერი ქურანი. აჰხედა კლდეს, შეათვალიერა გამალებით.
თითქოსდა ცოცხლობდა იგაზან-ლა, მედიდურად წამომართული, ათას ჭირგამოვლილი, დროხილული და გაცვეთილი, მაგრამ უდრეკი. სუნთქავდა იგი, ხმაურიანად, შორეული გუგუნით, სვავთა ავისმომასწავებელი სისინი ჰკვეთდა ჰაერს და ჟრუანტელს ჰგვრიდა ათასწლოვან ქვათ.
წამოუბერა ქარმა, ზამთრისა და ფიჭვთა ფისის სურნელი მოაფრქვია გარემოს, შალითა შეურხია ანდრეის. მძიმედ გამოისუნთქა მეფისწულმა, და უგზო-უკვლოდ განიბნენ მისი სუნთქვის ქულები წყვდიადში.
შეჩერდა ეირინიც, მოაბრუნა თაფლა და გამომცდელი თვალი მიაპყრო მეფისწულს. იგრძნო ანდრეიმ მზერა მისი და მიატრიალა დაბურული მზერა.
-სალი კლდისა გეშინის, სრორდელო? - შეჰკითხა ეირინმა, გარკვევით მხოლოდღა მის ფითრისფერ თვალთა ბრწყინვალებას ხედავდა ანდრეი ჩამოწოლილ ბურუსში. - არასოდეს შეგიდგამს ფეხი იგაზან-ლას ქვით მოფენილ გზებზე?
შეუღრინა ანდრეიმ, ქუსლები შემოჰკრა სისხლისფერ ქურანს, ბილიკს მიმართა უჭოჭმანოდ.
-ნადირთა, სვავთა და უთვისტომოთა უკაცრიელი სამყოფელია იგაზან-ლა. - მოუჭრა მან. ქარი დაუდგრომლად გუგუნებდა, მაგრამ მაინც გასხლტა ხმა მეფისწულისა, კედლებს მიეხალა და ათასწლოვან ქვათა შორის ჩაიკარგა მცირე ექოდ. - ყინულოვანია იგი და სიცოცხლის მწოველი, რამეთუ სუაგრას და ნიჰიდას დაუდევთ მათი წყეული ბუდე აქ...
ჩორთით გადაუსწრო ანაზდად თაფლამ ქურანს, და ლაგამი მოსწია ანდრეიმ. თავი მოაბრუნა ერქანთა დიაცმა, გულგრილი მზერა მოაპყრო.
-რაოდენ ცდები, სრორდელო! - შესძახა მან. - რამეთუ უცხოთა თვალის ასახვევად ეძახიან იგაზან-ლას სიცოცხლის მწოველს... უკაცრიელია იგი, თუმცაღა უიშვიათესი ცხელი წყაროებით დაიკვეხნის... ჰოი, რაოდენ საამურნი არიან ისინი, ბუმბერაზ, გავარვარებულ ქვათა მიერ აქაფქაფებულნი, ხალხთა მიერ წაუბილწავნი. და არ დაგავიწყდეს, სრორდელო, რამეთუ უწყლო ჩრდილოეთის სასიცოცხლო ძარღვი, ბრურგი სწორედ იგაზან-ლას კლდეთა შორს იშვა...
-მაშ სრორდთან დაგიდგამს ფეხი შენი, დალიჰარ? - შეჰკითხა ანდრეიმ. - რამეთუ ბევრი რამ უწყი...
-მე ბევრი მიხილავს და ბევრსაც ვნახავ. - თქვა ეირინმა.
არა უპასუხა რა ანდრეიმ. ერქანთა დიაცის თავს შეაცქერდა, ჩალისფერი ბეწვის შალითა რომ ჰფარავდა და ბუნდოვნად მოსჩანდა მხოლოდ თეთრი ღამის უმთვარო საფარველის ქვეშ.
მიდიოდნენ, დადუმებულნი. თვალსაწიერზე ჩაიკარგა საბალახო მინდვრები, მხოლოდღა აშოლტილი, სალი კლდენი დარჩნენ გარშემო. იძალა გუგუნმა, ყრანტალებდნენ სვავნი და ცივ ქვათა სუსხი გაუჯდა ანდრეის ძვლებში. აიზიდა იგაზან-ლა, წამოიმართნენ კლდენი, სანამ არ შესუსტდა შუქი თეთრი ღამისა და ჩამოწვა წყვდიადი, რომელშიც ძლივსღა არჩევდა ანდრეი ეირინის ჩალისფერ ლაბადას.
-სდექ, დალიჰარ! - შესძახა ანდრეიმ. მოსწია ლაგამი და შეაყენა ბედაური. მიწყდა თაფლას ფლოქვთა თქარუნი, გუგუნი მძიმედ დააწვა ანდრეის სმენას.
-მოხდა რამე, სრორდელო ქოფაკო? - ანაზდად გაიჟღერა ხმამ დიაცისა. - უკან დაბრუნება გწადია, რამეთუ გეშინის?
-ფუჭი და საფრთხილოა კლდეთა შორის მიმავალი გზა, როცა წყვდიადს დაუბურავს იგი. - მიუგო ანდრეიმ, უმალ ჩამოხდა ცხენიდან და უნაგირს მოფენილი ქეჩა ჩამოჰგლიჯა. - ისარი მიბოძე, დალიჰარ!
სიჩუმე ჩამოვარდა, რომლის გაჰკვეთას გამალებით ცდილობდნენ ანდრეის თვალები. განვლო მცირე ჟამმა და რის ვაივაგლახით იხილა მეფისწულმა, თუ როგორ ჩამოხდა ცხენიდან ეირინი.
ჩუმი ნაბიჯებით მოუახლოვდა ერქანთა დიაცი, ისრის პირთა ღრჭიალი ჩაესმა მეფისწულს. ხელი გააცეცა მან, და უმალ იპყრო ხელთ ისარი, რომელსაც სახელდახელოდ შემოჰხვია უხეში ნაჭერი. ხურჯინიდან ამოღებულ კვესსა და აბედს გააყრევინა ნაპერწკალნი და კელაპტრად ააჩახჩახა ქეჩა.
იფეთქა ალმა, შენთქა წყვდიადი და აინთო, ვითარცა სითბოს ნაღვერდალი ჩანავლებულ კერაში. ყოვლის მომცველი, ბუმბერაზი კლდენი შემსუბუქდნენ თითქოს, ქვებზე სისინით გადაისრიალა ბნელმა და კუთხე-კუნჭულთ მიაშურა.
შეითამაშა ალმა, ხარბად დაერია ქეჩას.
ერქანთა დიაცს უმზერდა ანდრეი და საპასუხოდ, დაჟინებით შესცქეროდა მას ეირინი.
ნაკვერცხლებად ანთებოდა მუქი თვალები ჩრდილოეთელს, ოქროსფერი ელფერი მოჰფენოდა მის ფერმკრთალ პირისახეს, სპეტაკ ლაქად რომ მოსჩანდა ბნელ სამოსსა და რუხ კულულებში. არ იძვროდა მეფისწული, მაგრამ კრთოდნენ ჩრდილნი მის თლილ ნაკვთებზე, ბაგე მოეკუმა და შეჰყურებდა ისე, თითქოსდა მისი თავის ქალის გადახსნასა და გონში შემოძრომას ლამობსო.
უბრალოდ იდგნენ მცირე ხნით, შეჰყურებდნენ ერთმანეთს და თითქოსდა დადუმებულიყო მოწმედ აღმართული იგაზან-ლა, რათა არ დაერღვია კელაპტრის ალში გამოხვეული სიმშვიდე, მეფისწულსა და ერქანთა დიაცს რომ მოსდებოდათ.
მერე კი ფითრისფერი, ცეცხლმოკიდებული მზერა აარიდა ეირინმა, თაფლას მიაშურა უმალ. ლაგამი ყურებზე გადაუგდო ბედაურს და კვლავ ანდრეისაკენ იბრუნა პირი.
-გზას გავუდგეთ, სრორდელო. - თქვა მან. - რამეთუ ვრცელია იგაზან-ლა, და ისეთივე ყინულოვანია ფსკერი მისი, რაოდენ ცხელნი არიან წყარონი მისნი.
არა მიუგო რა მეფისწულმა. მხოლოდღა მაღლა აღმართა ჩირაღდანი და ლაგამით წაიყოლა ბედაური, რამეთუ ვიწროვდებოდა საცხენე ბილიკი, ციცაბოს ემიჯნებოდა, რომლის მიღმა ღრმავდებოდა ხახადაღებული უფსკრული.
მიიწევდნენ მაღლა, მიიკლაკნებოდა და ქვათა კუთხოვან საფარველზე ტყდებოდა გზა, ხრეში სცვიოდა მათ ნაბიჯთაგან უფსკრულში. ჩახჩახებდა კელაპტარი, ალისფერ ნაპერწკლად ღვიოდა კლდეთა შორის, მაგრამ თითქოსდა უფრო განადიდებდა სიმცირე მისი იგაზან-ლას სიდიადეს, სალ კლდეთა მჭრელ გვერდებსა და მიუწვდომელ წვერებს.
დუმდა ღამის მხევალი და უჩუმრად მიუყვებოდნენ გზას მოგზაურნი. კლდის ნაპრალებში შეუბრალებელი, სუსხიანი ქარი სტვენდა, შორეულ გუგუნსა და სვავთა ყარყატს ბუკნაჭოთა კივილი შეემატა. გაყინულ ქვათა სიცივე ჩამოწვა, სხეული დაუსუსხა ზღვასა და მზეში გამოზრდილ ერქანთა დიაცს. თრთოდა იგი, გამყინავი სიოს წინაშე მოეკუმა ბაგე.
გუგუნებდა იგაზან-ლა, მას შორეული გრიალის ხმა შეემატა, თითქოს დაუდგრომელი მდინარე ეხეთქებაო კედელთ.
დაჰბერა ქარმა და ეირინისა და ანდრეის თავზე აღმართული ბუმბერაზი ციცაბოდან წამოიშალა ყვავთა გუნდი, უთვალავ ფრთათა ფართხუნმა და გამაყრუებელმა ჩხავილმა შეზარა სალი კლდე. თვალი გააყოლა მათ ეირინმა, უცქირა, თუ როგორ აიწივნენ ისინი, შეჰკრეს ირაო და ყურისწამღები ქაოსით გადაჰფარეს კლდეთა შორის ხილული თეთრი ღამის ნაგლეჯი.
მერე კი გადასცდა თვალსაწიერს ყორანთა ბნელი ლაქა და ანაზდად თვალი ჰკიდა მეფისქალმა, მაღლა, შორს, თითქოსდა სალ კლდეში მოკიაფე, ცეცხლისფერ ალს.
-მარტონი არ ვყოფილვართ, დალიჰარ. - თქვა ანდრეიმ, დაჟინებით შეჰყურებდა იგი შუქურასავით ანთებულ, ოქროსფერ ციალს. - სხვა მოგზაურიც შეუფარებია იგაზან-ლას.
-არ იძვრის ალი. - მიუგო ეირინმა, აუჩქარა ნაბიჯს. - ცეცხლი დაუნთია მას, და ვგონებ, ცხელ წყაროებთან ახლოსაა, რამეთუ მხოლოდღა იქ გამოჰქცევიან კლდის მოზრდილ ნაპრალებს საცეცხლე ხე-ბუჩქნარნი.
მცირდებოდა საცხენე გზა, და იშოლტებოდა მაღლა ბილიკს შემორტყმული, აგრიალებული იგაზან-ლა. ფრთხოდნენ ქურანი და თაფლა, რამეთუ სუსხის ცვარი მოსდებოდა სალ კლდეს, დაჭედილ ფლოქვთა ქვეშ ხრშიალებდა და სხლტოდა ხრეში. ფრუტუნებდნენ დამფრთხალი ბედაურნი და საპასუხოდ სვავთა მოახლებული სისინი ეხმაურებოდათ მათ.
ჩაიწვა სახელდახელოდ აბრიალებული ქეჩა და კვლავ წყვდიადი მოედოთ მოგზაურთ, როცა მუშტისხელად იქცა კლდეთა შორის, მომცრო გამოქვაბულში აკიაფებული ციალი, რომელსაც ერთადერთი ლანდი დაჰკანკალებდა გარშემო.
გამალებით გასცქეროდა მას ეირინი, ლაგამს მოხვეული თითები უკრთოდა ბეჩავს, დასუსხული იგაზან-ლას ყინვისაგან, მაგრამ შეუპოვრად მიიწევდა წინ, აბიჯებდა ცვარით გაპოხილ სალ კლდეს და შეუჩერებლად მიათრევდა აფრუტუნებულ თაფლას.
მოახლოვდა ცეცხლი. თბილ საბურველად მოეფინა იგი მეფისწულისა და ერქანთა დიაცის სახეთ, სუნთქვა გაუთბო მათ და ალისფრად ააჩახჩახა ნაპრალთა შორის გამოხეთქილი ხავსი.
კოცონის წინ იდგა ლანდი, და ჰხედავდა მას მეფისწულის მჭრელი თვალი.
იცნო.
-საკვირველად აღიჩინე მოგზაური, დიაცო? - შეჰკითხა მან ანაზდად ერქანთა დიაცს.
-არა. - მოუჭრა მეფისქალმა. - მხოლოდ... ბევრნი არ სტუმრობენ იგაზან-ლას. საკვირველია, რომ ჩვენს გზასთან აღმოჩნდა იგი.
-ნუ გეშინის, დალიჰარ. - ბაგე შეუტოკდა ანდრეის. – რამეთუ ვუწყი, თუ ვინაა იგი.
უმალ მოატრიალა მისკენ მზერა მეფისქალმა. გამყინავი ჰქონდა ფითრისფერი თვალები, ღაწვები სიცივისაკენ ვარდის პირად შეფაკვლოდა. დახეთქილი ბაგე გააპო მან და შეჰკრა წარბი.
-მაშ ვინაა იგი, სრორდელო? - შეჰკითხა მან.
უმზირა მას მეფისწულმა და გამოქვაბულში მოციალე კოცონისაკენ მიაბრუნა თავი, შეაცქერდა ლანდს, რომლის თალხებში გამოხვეული სხეული, ამაყი შუბლი და შევერცხლილი კულულები იკვეთებოდა ყოველი ნაბიჯისას.
-ბიძაა იგი ჩემი. - ჩაილაპარაკა ანდრეიმ, ფეხს აუჩქარა, მაგრად მოჰქაჩა ქურანის ლაგამს.
შედრკა ერქანთა დიაცი. ფითრისფერი მზერა მიაპყრო კოცონთან ძეგლად აღმართულ ლანდს, რომელიც გამჭოლი მზერით შეჰყურებდა მათ.
განსვენებული, ღმერთებთან მიბარებული სრორდის დედოფალი კიდას ძმა, მეფის მრჩეველი გიუნტერი აღმართულიყო მათ თვალწინ, უკაცრიელი იგაზან-ლას ცარიელ გულში. ყინულოვანი ქარი ეხეთქებოდა მის მაღალ-მაღალ, თხელ სხეულს, მაგრამ არც კი კრთოდა იგი.
-ბედაურნი მანდვე დასტოვეთ! - გადმოსძახა ანაზდად გიუნტერმა. - წყაროთაგან წყურვილმოკლულ ბალახს ამოუხეთქავს სალი კლდე... წყლისა და ბალახის სურნელს გაჰყვებიან ისინი და ამოივსებენ ცარიელ მუცელთ, რამეთუ არაქათი გასძვრებოდათ მათ მოგზაურობისას...
არც კი დაფიქრებულან მეფისწული და ერქანთა დიაცი. ხურჯინი ჩამოხსნა ქურანს ანდრეიმ და წამსვე დასტოვეს ბედაურნი. აუყვნენ ხრეშით მოფენილ სალ კლდეს, და ხელი გამოუწოდა დისწულს გიუნტერმა.
მაგრად მოსჭიდა ბიძას თითები ანდრეიმ, შეაცქერდა გამალებით, მოქუფრული.
-რად დასტოვე მეფე შენი, ბიძავ? - შეჰკითხა მან. ბაგე შეუკრთა გიუნტერს, იბრუნა პირი და მიაშურა ცეცხლს, იქვე გაფენილ ლაბადაზე მოირთხა ფეხი და ანიშნა, მოდიო ახლოს.
მის პირდაპირ ჩამოსხდნენ მოგზაურნი, და გამჭრიახი მზერა მოავლო მათ გიუნტერმა.
-ალბათ უწყი, რომ მკვდარი ჰგონიხარ ყველას სრორდში, დისწულო ჩემო. - თქვა მან. - რამეთუ ფრიად გაქნილია თავადი გენრი... მეფობა სწადია უგუნურ ლაჩარს, და ფიქრობს იგი, რომ ღმერთებს მიებარა სული შენი...
არა მიუგო რა მეფისწულმა. ჩასცქეროდა ცეცხლს, ქუში შეჰყროდა მის პირისახეს.
-ბეჭდიანი თითი მოართვა მან მეფე სოლომონს, ღმერთთა ღმერთმა წყალობა მოავლინოს მას! - განაგრძო გიუნტერმა. - ჰოი, არ გიცნობს მამა შენი, ანდრეი... უმალ ირწმუნა ბეჩავმა, რომ მოღალატის ხელით დაეცი, მაშინ, როცა ბრძოლათ ვერ წამოუქცევიხარ. იმ ღამესვე, როგორც კი ღამის მხევლის სიქათქათე მოეფინა წყვდიადს, ერქანთა სამფლობელოსაკენ გამოვეშურე, და ჰოი საოცრებავ! ხუთიოდე მზის თავზე სამიკიტნოში ჩამესმა, თურმე სამხრეთით გამოჩნდაო ზამთართა განმავლობაში უნახავი დალიჰარი! მტრედის ბუმბული ასხიაო თავს და უმშვენიერესიაო პირისახე მისი! - წამსვე ეირინს სტყორცნა მზერა, მაგრამ ცეცხლს ჩასცქეროდა მეფისქალი, არ გასტოკებოდა ძარღვიც კი. - ჩრდილოეთელ, შეძლებულ ვაჭარს ჰყვანსო იგი, და გადაიმტერესო სებიანთა სამფლობელო... გონში გავივლე, ძმადნაფიც ლაქლან ხანს ეახლებაო დისწული ჩემი, და შაარ-ჰაფასაკენ ავიღე გეზი. და აი, ანდრეი... არ შევმცდარვარ.
-რაოდენ გიჭრის გონი, ბიძავ. - მოუჭრა ანდრეიმ. - რად მოხველ?
-მოველ, რამეთუ საღსალამათი დაგაბრუნო ბელთათინს. - მიუგო გიუნტერმა. - სრორდში გადატრიალება მწიფდება, ანდრეი, წყეული გულთმისანი, შაჰაიაქელი ინგენი მოუყვანია თავად გენრის, მამაშენის გაცურება განუზრახავთ მათ, რათა აკურთხოს ბილწი, წყეული...
-რად დასტოვე იგი? - იფეთქა ანდრეიმ, კოცონის მოცეკვავე ალი შეაკრთო მისმა მრისხანე სუნთქვამ. ცეცხლი მოსდებოდა მკერდზე მეფისწულს. - უწყი, თუ რაოდენ მყიფეა გონი მისი...
უცქირა გიუნტერმა, და ღიმილმა გაუპო ბაგე, მერე კი ერქანთა დიაცს შეავლო თვალი.
-მაშ ესაა დალიჰარი შენი... - წაიდუდუნა მან. - რად წამოიყვანე იგი, ანდრეი? ხარჭა იყო იგი შენი თუ მკვლევარი გზისა?
არ შენძრეულა ეირინი, თუმცაღა თვალები გააკვესა. ცეცხლს ჩასცქეროდა იგი გამალებით და მუშტებად შეჰკვროდა კალთაში ხელები.
-ერქანთა დიაცია იგი და უწყის ასავალ-დასავალი ამ წყეული მიწებისა. - მოუჭრა ანდრეიმ.
დადუმდა ანაზდად გიუნტერი. შეაცქერდა დისწულს, ღიმილმა გაუპო ბაგე, მერე კი მზერა მიუტრიალა ერქანთა დიაცს, რომელსაც აეწია მზერა, გამომცდელად შეჰყურებდა ფითრისფერი თვალებით.
-ჰოი, ღმერთებო! - ხელები აღაპყრო და შეჰღაღადა გიუნტერმა ზეცას, დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა მის სახეს. - რაოდენ ძლიერია ნება თქვენი! ჰოი, ღმერთებო, რამეთუ განსაცდელი და წყალობა მოგვივლინეთ...
-უბრალოდ ისაუბრე, ბიძავ. - მოიქუფრა მეფისწული. - რამეთუ ვუწყი, რომ გამალებით მალავ სათქმელს ქარაგმების მიღმა.
გიუნტერმა მზერა გაუსწორა მას.
-ამბავს მოგითხრობ, დისწულო. - თქვა მან. - და განსაჯე თავად სათქმელი ჩემი.
ანდრეის შუბლშეკრული პირისახე არარად ჩააგდო მან, და მოჰყვა თხრობას.
-ათასი ზამთრისა და ათასი ზაფხულის, ათასი დღისა და ათასი ღამის მხევლის მიღმა, სანამ დიადი კალისტრატე მძლევარი თავისი ორლესულით დაღვრილი სისხლით მორწყავდა ცის კამარას და ათასობით გულადთა ლეშთაგან იშვებოდა შვიდი სამეფო, უკაცრიელ მინდორთ ერთი ტომი ჰპატრონობდა. გულადი იყო ბელადი მისი, თუმცაღა განვლილ ზამთართა სპეტაკი სუსტი დაჰპატრონებოდა მის თმა-წვერს, კლდის გულიდან გამოჭედილი ორლესულის სიმძიმეს წაეხდინა მარჯვენა მისი, და უთვალავ ბრძოლათა სუნთქვას მოეწამლა სისხლი მისი. მემკვიდრეს ეძიებდა ბელადი, მუხლმაგარსა და გამჭრიახს, ვისაც ძალუძდა დაცვა თვალუწვდენელი მინდვრებისა და მთებისა, სამყაროს კიდეს რომ ემიჯნებოდნენ.
ხუთი მამაცი მეომარი წარსდგა მის წინაშე, შეჰფიცა თითოეულმა, მე ვიქნებიო ღირსეული ბელადი.
გულწრფელნი იყვნენ ყველანი, გარდა ნაბოლარა მეომრისა, რომელიც ღვარძლით იყო აღსავსე, ხარბი გული ჰქონდა და გაქნილი თითები.
ბოროტება განიზრახა გაიძვერამ. განვლო შვიდი მინდორი, შვიდი მდინარე და შვიდი მთა, სალ კლდეში მოსახლე გულთმისანს ეახლა და შესთხოვა, გამომიწოდეო დახმარებისა ხელი და აგავსებო ხვავ-ბარაქით, როცა შევიქნები ბელადად.
გააფრთხილა ბერიკაცმა, ღმერთები ჩამჩურჩულებენ, რომ ინანებო ამას, მაგრამ მეომარს არაფრის გაგება არ ეწადა.
დაჰყაბულდა ბოლოს გულთმისანი და ააფრიალა ბნელი მოსასხამი მისი, ყორნად იქცა და გადაუფრინა სალ კლდესა და ცარცოვან ტრამალს. ბევრი იფრინა თუ ცოტა, ცაში გამოკიდებულ კუნძულს მიაღწია. კუნძული ღრუბელთა შორის შებურულიყო, კაცის თვალით უნახავი ახალგაზრდობის წყარო სდიოდა მას სისხლად, და მწიფე თურინჯის ნაყოფით მიწამდე დაზნექილი ზურმუხტის ხენი ამშვენებდნენ. უმაღლესი კენწერო აშოლტილიყო მაღლა, ცის კამარაზე გაედგა ფესვები და ნაყოფად ვარსკვლავნი ესხა, და მასზე მიებორკათ ჰეიგლშარი, ქალიშვილი სუაგრასა და ღვთაება მიწისა და ცის გასაყარისა. გულზე შემოეყარა გულთმისანს, რამეთუ რასა ჰხედავს! ქალის სახე ჰქონია ჰეიგლშარს, გველის ტანი და ხელებად სვავის ფრთანი ასხია. მეწამული თვალებით ცეცხლს აფრქვევს და ფრთათა აფართხუნებისას ქარბუქი ტყდება მიწაზე.
მწიფე თურინჯი მოსწყვიტა გულთმისანმა და მიართვა ღვთაებას ძღვენად, შესთხოვა, მოავლინეო წყალობა რჩეულ მეომარს.
გააპო ბაგე ჰეიგლშარმა და გადმოსდინდა მიწის მომწამვლელი შხამი.
-მოგკლავდი, რადგან თვალით მიხილე, მიწის კაცო! - შეჰსისინა მან. - მაგრამ ვხედავ, რომ ალალია გული შენი! მისმინე და დაიხსომე... უფრთხოდე გარეულ ტახს, ვარდის კენკრა მიართვი სხვებს და ოქროს თვალს როცა იხილავ, ჩაიჯიბეო.
ერთადერთი ცრემლი დაღვარა ჰეიგლშარმა, რომელიც წამსვე ოქროს თვალად იქცა.
მადლობა შესწირა ბერიკაცმა და გამოფრინდა უკან. ჰპოვა სალ კლდეზე ნაბოლარა და მოუთხრო სიტყვა-სიტყვით ნაამბობი ჰეიგლშარისა, ოქროს თვალი გადასცა.
საკუთარი თვალი გამოიგდო ნაბოლარამ და ღვთაების ნაბოძები ჩაისვა. დალოცა იგი ბერიკაცმა და შესთხოვა არ დაევიწყებინა დაპირება მისი.
სალი კლდე დასტოვა ნაბოლარამ, თავის ტომს დაუბრუნდა. მიჰქროდნენ დღენი, მისდევდა დღის მხევალი ღამისას, და ჰეიგლშარის რჩევას არ ივიწყებდა იგი.
ერთ მშვენიერ დღეს ტახზე ნადირობა მოიწადინა ბელადმა, მეომარნი იახლა ამალად. გაჰყოლა ეწადა ნაბოლარას, მაგრამ დარიგება გაახსენდა და დარჩა სახლში.
იმ ღამით ნანადირევი მოათრია ბელადმა. ტახს ეშვებზე ორი მეომარი წამოეგო და სული გაეფრთხობინებინა.
მთვარის თავზე, ნადირობისას ველური ვარდის კენკრა ჰპოვა ნაბოლარამ, ხეთა ტანზე უსურვაზივით შემოჰხვეულიყო იგი. დაკრიფა პირწმინდად და მეომართ მიართვა, მაგრამ პირი არ დააკარა თვითონ.
დაიწამლნენ მეომარნი და დაიხოცნენ.
ბელადად შეიქმნა ნაბოლარა, და ყოველ მზეს ილოცებოდა იგი, ჰეიგლშარს მადლობას შეჰღაღადებდა. მუდამ ესვა ოქროს თვალი და განცხრომით მართავდა თვალუწვდენელ მინდვრებს. გადაავიწყდა თავისი დაპირებაც და სალ კლდეში გამოკეტილი ბერიკაციც.
ელოდა გულთმისანი, ელოდა ნანატრ ხვავსა და ბარაქას, დღითი-დღე გასცქეროდა გზას, მაგრამ არ ჩანდა იგი.
განაწყენდა ბერიკაცი, მრისხანების ცეცხლი მოედო. იქცა ყორნად, შვიდი მინდორი, შვიდი მდინარე და შვიდი მთა გადაჰკვეთა მან. ვიგინდარა ბელადს დააცხრა ის, სანამ იგი ნებივრად ეფიცხებოდა მზეს, და ამოჰკორტნა ჰეიგლშარის მიერ ნაბოძები ოქროს თვალი.
წამსვე საკუთარ შიშსა და ყურისწამღებ ყვირილში ჩაიფერფლა ბელადი, მისი ნაცარტუტა მინდორთ მოსდო ქარმა, და ყოველივე ცოცხალი წალეკა.
ოქროს თვალი ჰეიგლშარს დაუბრუნა გულთმისანმა, მერე კი კვლავ თავის სალ კლდეს დაუბრუნდა, სადაც დალია სული.
დადუმდა ანაზდად გიუნტერი. ანდრეის შესცქეროდა იგი გამალებით.
მოქუფრულიყო მეფისწული, ნაკვთები მოღრეჯოდა. მრისხანედ შესცქეროდა ბიძას.
და მის გამომეტყველებას ირეკლავდა ერქანთა დიაცი. შეჰღიმა მას გიუნტერმა და უმალ წამოიჭრა ფეხზე ეირინი.
-ვუწყი, რისი თქმაც გწადია, მრჩეველო სრორდისა! - შეჰსისინა მას ეირინმა, დაუძლეველ მრისხანებას აევსო ნაკვთები მისი, თრთოდა მთელი სხეულით, შლეგი იყო ფითრისფერი მზერა მისი. - ჰგონებ, რომ შენს წყეულ ღმერთებთან მიგიყვანს შენი ქილიკი და ამპარტავნობა?!
-არა, ვგონებ რომ სიმართლე გამიკვალავს მათკენ გზას, დიაცო. - მიუგო გიუნტერმა. - ძალგიძს რომ ჩემი სიტყვანი გაიმეორო?
-მე სიცრუით არასოდეს წამიბილწავს ბაგე ჩემი. - მოუჭრა ეირინმა, გამოქვაბულის მოღებული პირისაკენ დაიწია, მონაბერმა ქარმა შეუთრთოლა შალითის ბეწვი და მინავლდა მის სხეულს დადენილი ალის ელფერი, თითქოსდა სიკვდილის ფითრისფერი კოცნით ეამბორაო მას თეთრი ღამე.
კრთოდა იგი, ცეცხლსა და ღამის რუხ სინათლეში განბანული და წარბშეკრული შესცქეროდა მას ანდრეი.
-ვგონებ, რომ არ ძალგიძს შენი ნათქვამისას გულზე წრის გამოსახვა, დიაცო. - თქვა ანაზდად გიუნტერმა.
მთრთოლვარე ბაგე მოკუმა ეირინმა.
ანაზდად იბრუნა მან პირი და გასხლტა გამოქვაბულის პირში, მიაშურა წყვდიადს.
უმალ წამოიჭრა ფეხზე მეფისწული, შეჰღრიალა მან ერქანთა დიაცს, შესდექო მანდვე. ყური არ უგდო ეირინმა, ელვის უსწრაფესად აუყვა კლდეში გამოკვართულ საფეხე ბილიკს.
მისკენ გაიწია გავეშებულმა ანდრეიმ.
-აქ მოდი, დისწულო! - შესძახა გიუნტერმა. - რამეთუ გაგიმხელ საიდუმლოს იმ დიაცისა.
უმზირა მას წამიერად ანდრეიმ, მერე კი კვლავ მიუჯდა ცეცხლს.
-რა უნდა მიამბო, ბიძავ? - შეჰკითხა მან. - რამეთუ ვუწყი, ვინცაა იგი...
-მაგრამ ეჭვი გიღრღნის სხეულს, არა, ანდრეი? - მოუჭრა გიუნტერმა. - იგი არაა ის, ვინც შენ გგონია...
-მაშ ვინ? - გამალებით, გამომცდელად შეაცქერდა ბიძას ანდრეი. დაუძლეველი ცნობისმოყვარეობა ჩასდგომოდა ცეცხლისაგან აპრიალებულ თვალებში. - ვინაა იგი?
-არავინაა, დისწულო. - მიუგო გიუნტერმა. - არავინ. ერქანთა სამფლობელოს დიაცია იგი, მაგრამ ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანი არაა სახელი მისი...
გაშრა ანდრეი.
გამტკნარდა იგი, თითქოსდა სუნთქვა მოაკლდა მის ბაგეს, ცეცხლის ალნიც ვეღარ ჰფარავდნენ მის მიტკლისფერ პირისახეს.
შლეგივით გააცეცა თვალნი გაოგნებულმა მეფისწულმა, გამომცდელად შეაცქერდა ბიძას.
-მას... მას სამეფო ნიშნულნი აქვს შუბლზე. - რის ვაივაგლახით ამოთქვა მან. - მაუწყეს, რომ ერქანთა დიაცი შეუპოვრად იბრძოდა თავის მეომართა გვერდით...
-რასა ჰგონებ, ანდრეი, რომ ერქანთა მეფე თავის ერთადერთ ქალიშვილს, მომავალ დედოფალსა და ხალხის იმედს ბრძოლისათვის გასწირავდა? - წარბები დამცინავად აზიდა გიუნტერმა. - ნიშნულნი აქვს შენს დალიჰარს, მაგრამ სამეფონი არ არიან ისინი, თუმცაღა სამეფო კარის საპატიო წევრს ეკუთვნიან...
-იქნებ სცდები! - შეჰღრიალა მეფისწულმა, კრთოდა აღელვებული სხეული მისი. - შენ საიდან უნდა უწყოდე, ბიძავ?
-ვუწყი, რამეთუ ერქანთა სამფლობელოში წლების წინ გავემგზავრე, ანდრეი. - მიუგო გიუნტერმა, თვალები გადაეგლისა, თითქოსდა მოგონებათა ლიბრი მოედოთო მათ. - წლების წინ, როცა ოცდაოთხი ზამთრისა სრულდებოდი შენ, მე ზღვის მარგალიტს, მათ სამფლობელოს ვეწვიე. და ვიხილე ერქანთა დიაცი... ხორბლისფერი კანი და უგრძესი, მუხლამდე ფერფლისფერი თმა ჰქონდა მას... მხოლოდ თექვსმეტი ზამთრისა იყო იგი, მაგრამ უმშვენიერესი... მაშინ მაუწყეს, რომ ამალა ჰყვანსო ერქანთა დიაცს, დიაცნი, რომლებიც მისათვის სულს დალევენ. მათ რიგებს შორის კი ერია ერთი, პირველი მცველი მომავალი დედოფლისა, რომელსაც სახელი არ გააჩნდა... არავინ, რომელიც იმავე ღამეს იშვა, როცა ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანი მოევლინა ამ ქვეყანას...
ცეცხლს უმზერდა გიუნტერი. არა თქვა მან მცირე ხნით, თითქოს ითქვამდა სულს.
ფეხზე წამოდგა ანდრეი. სისხლი აუყივლდა გაოგნებულს, ზურგი აქცია ბიძას და მიაშურა ცეცხლის ოქროსფრით დაუმშვენებელ თეთრ ღამეს, დიაცის ფეხთა მიერ განვლილ საფეხე ბილიკს აუყვა.
მშვიდად გასცქეროდა მას გიუნტერი, მწარე ღიმილმა მოუღრიცა ბაგე.
-ჰოი, ღმერთებო... - წაიდუდუნა მან, ცას შეჰღაღადა. - ღმერთთა ღმერთო ალიჰამ, გადმოჰხედე სრორდის მომავალს, რამეთუ ენით აღუწერელი ტანჯვა ელის გზაზე! ვერ ითმენს სული მისი, მიჰყვება თავისავე გამოძახილს...
თავი გადააქნია მჭმუნვარემ, და მიეფიცხა ცეცხლს.
გარეთ კი, მხოლოდღა თეთრი ღამის სინათლე იდგა, რომელსაც ოდნავ შეჰპარვოდა მოახლოებული გარიჟრაჟის მოლოდინი. მის შუქზე მიჰყვებოდა სალი კლდის ბილიკს სულწასული ანდრეი.
გონება ერთიანად აღრეოდა მეფისწულს. ეწადა ეფიქრა, თუმცაღა ფერფლისფერი ფიქრნი უთავბოლო კორიანტელად ტრიალებდნენ, ხელიდან უსხლტებოდნენ.
მის გარშემო, ღამის ცვარისაგან დანამული ქვანი აშრნენ, და ფეხქვეშ იგრძნობოდა მიწის კრთომა, რომელსაც ქვებზე ნახეთქები ცხელი წყარო იწვევდა. ქვანი გაცხელებულიყვნენ, მათი ნაპრალებიდან ხავსსა და ნებივრად მოღაღანე ბალახს ამოეხეთქა.
ბილიკის თავს მიაღწია ანდრეიმ.
მომცრო ცხელი წყარო ჩქეფდა კლდის წვერზე, დასდიოდა შავ ქვებს და მოზრდილ გუბეში ჩაედინებოდა. ოხშივარი ასდიოდა წყაროს, ჰაერში იცრიცებოდნენ ქულები, თითქოსდა ერეოდნენ თეთრ ღამეს, რომელიც აღმოსავლეთით გადაეხლიჩა გარიჟრაჟს, მზის ოქროსფერი მკრთალად ციალებდა ღრუბელთა მიღმა.
გუგუნებდა ანდრეის ფეხქვეშ იგაზან-ლა, თრთოდა და ფეთქავდა, ვითარცა გული მეფისწულისა.
უმალ დალანდა ანდრეიმ წყაროს ოხშივარში გამოხვეული ფიგურა. ცხელ ქვებზე ჩამომჯდარიყო იგი, მოერთხა ფეხი და მხოლოდ სახვევებითღა შემოსილი გაჰყურებდა ალიონს.
მას მიაშურა ანდრეიმ. შემოიძრო მოსასხამი და დაეშვა დიაცის გვერდით.
ისხდნენ, დადუმებულნი, წყაროს პირას და გასცქეროდნენ, თუ როგორ ჰყრიდა ოქროსფერი სინათლე ნაპერწკლებს ღრუბელთა მიღმა.
სახვევების ქვეშ უღელავდა გულმკერდი დიაცს, მხარზე გადმოეგდო ფერფლისფერი ნაწნავი. ბაგე ეღრიჯებოდა, თითქოსდა ლამობსო რაღაცის თქმას.
-რად მოხველ, სრორდელო ქოფაკო? - შეჰსისინა ბოლოს. - წარვედ აქედან!
-მოველ, რამეთუ შენს გარდა არავის გააჩნია პასუხნი ჩემს კითხვებზე, დალიჰარ. - მოუჭრა ანდრეიმ. - რად მიჰკერებია სიცრუე მუდამ ბაგესა შენსა?
-მაშ გაშალა უკიდეგანო ენა მისი სრორდის მრჩეველმა... - დაცინვით მიუგო დედაკაცმა.
-რად იცრუე, დალიჰარ? - სიტყვა გააწყვეტინა ანდრეიმ. ხმაურობდა გული მისი და წიოკს აეტანა გონება მისი.
-მე არასოდეს მითქვამს სიცრუე, სრორდელო! - დაჰკივლა დიაცმა, გაცეცხლებული ფითრისფერი თვალები გაუსწორა ანდრეის წყვდიადივით მზერას. - მე არასოდეს მითქვამს, რომ ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანის სახელის მატარებელი ვარ! მე გაუწყე კიდეც, რომ არ ვიყავი ის, ვინც გეგონა...
-როდის მაუწყე, დიაცო? - შეჰყვირა გაოგნებულმა ანდრეიმ. - როდის მაუწყე, რამეთუ...
-ბაჰირას კლდოვანი ნაპირი გახსოვს, სრორდელო? - მოუჭრა დედაკაცმა, მრისხანებაჩამდგარმა დაცინვამ მოუღრიჯა ბაგე.
მის წინ, ბედაურზე ამხედრებული დიაცის ხილვამ გაუელვა ანდრეის თვალწინ. გაჰკვეთილი მოსართავი, ქვა-ღორღით მოფენილ ნაპირზე დანარცხებული ტყვე და მის ბაგეთაგან სიტყვებად დადენილი შხამი იხილა მან.
დადუმდა მეფისწული. უცქირა ალიონს.
მეწამული მზე ამოიწვერა კლდეთა და მთათა მიღმა, თეთრი ღამის საფარველი გახლიჩა, ალისფერი სინათლე მოჰფინა შემოგარენს. გადაჰყურებდნენ ცხელ წყაროსთან მსხდარნი, თუ როგორ იძვროდა კლდეთა შორის ჩაფენილი სპეტაკი ნისლი, აქაფებული ზღვასავით იდგა იგი, თითქოსდა მთათა გაგუდვას ლამობდა. იწევდა დღის მხევალი და ცეცხლი ეკიდებოდათ კლდეთა წვერებს, მისი გრილი, შორეული სითბო მოედო მეფისწულის პირისახეს.
მზერა გაატრიალა მან.
და დიაცის ფითრისფერ თვალებს წააწყდა.
შუბლშეკრული შემოჰყურებდა იგი, მაგრამ აღუწერელი სევდა ჩასდგომოდა მზერაში, მრისხანება და მოლოდინი.
ახლაღა შენიშნა მეფისწულმა, რომ შიშველ მხრებზე მას უთვალავ მზის ამბორად დაჰყროდა ჭორფლი. ფითრისფერ თვალებს ოქროსფერი მტვერი ერიათ და ოხშივარისაგან ასწითლებოდა ღაწვები დიაცს.
-შეურაცხგყვეს, სრორდელო ქოფაკო? - თქვა მან ანაზდად. - ჰგონებ, როგორ გამაცურესო ასე? ნუ გეშინის, რამეთუ ბევრნი...
-ვუწყი, თუ რატომ გააკეთე ეს. - მოუჭრა ანდრეიმ. - ეს გააკეთე, რათა დაგეცვა მეფე შენი, დედოფალი შენი, მიწა შენი...
დადუმებულიყო დიაცი და შესცქეროდა, თითქოს პირველად იხილაო პირისახე მისი.
-ვინა ხარ, დალიჰარ? - შეჰკითხა ანდრეიმ.
-მე სახელი არ მაქვს, სრორდელო. - მიუგო მან, წუხილი მოერია მრისხანებას მის თვალებში. - ცოდვად მშობა დედამ ჩემმა, რამეთუ ღვთაების წყალობა წარვტაცე ჭეშმარიტ დედოფალს მისი მიწად მოვლენის ღამეს... მე მუდამ ფარი და მახვილი ვიყავი მისი, მისი შემცვლელი, მისი სარკე...
-მაშ რას გეძახდნენ, დიაცო? - შეჰკითხა მეფისწულმა. ჩურჩულით გაიცრიცა ხმა მისი ცხელი წყაროს ოხშივარს, ამომავალი მზის სიწითლესა და სალი კლდის ხმაურიან სუნთქვაში. აგუგუნდა იგაზან-ლა, თითქოსდა ეხმაურებოდა იგი მეფისწულის სიტყვებს, და გამალებით, ცხელი სისხლის ფეთქვით ელოდა უსახელო დიაცის პასუხს.
-ზაჰრას. - თქვა დიაცმა.
ცა გახლიჩა მეწამულმა მზემ, მონაბერმა ქარმა გაჰყარა ღრუბელნი, და ოქროსფრად დაფერილი იასამანი მოედო ცის კამარას. თითქოს ვარდის ფურცლები ჩაჰყარესო ზღვაში, ვარდის პირისფერმა დაჰბურა მთათა შორის გაწოლილი ნისლი.
-ზაჰრა. - გაიმეორა ანდრეიმ. - ზაჰრა, ზაჰრა...
შესცქეროდა დიაცი. ჰხედავდა იგი, თუ როგორ ღვიოდა მეწამული დღის მხევალი ანდრეის ბნელ თვალებში, მონაბერი სიო უკრთობდა გრძელ, შავ კულულებს.
ათრთოლდა დიაცის ბაგესთან ჰაერი.
ცემდა მძლავრად გული სამკერდე სახვევთა მიღმა.
ზაჰრას უმზერდა ანდრეი.
გარინდულიყო იგაზან-ლა მათ ფეხქვეშ, თითქოსდა მათი ძვრა არ სწადიაო.
დღის მხევალი თრთოდა ცხელი წყაროს ოხშივარში და მოჰფენოდა არე-მარეს ალისფრად აკივლებული გარიჟრაჟი.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

რეკორდული 21 გვერდი და 5,510 სიტყვა! <3 ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ და მელით, უდიდეს სტიმულს მაძლევთ <3 დღე არ გავა, რომ არ ვიფიქრო ამ ისტორიაზე, ერთი სული მაქვს სანამ დავამთავრებ, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს რომ სწრაფ-სწრაფად ავტვირთო, თვარააააა :დდდდ უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და იმედია მოგეწონებათ/მოგეწონათ! <3

 



№2  offline ახალბედა მწერალი An_Gel

აი, ლინდა, მერე მეტყვი ნუ მაწითლებო, შენ ჩემი გულისშეტევა გინდაო, ესაო, ისაო, არადა როგორ არ ვთქვა, რა საოცარი მწერალი ხარ და რა საოცარზე საოცარი ისტორიაა?!
ჯერ რა მუსიკა გასდევდა თემად, მერე როგორ აღწერ ამ მოვლენებს. კიდევ უნდა გავიმეორო, რომ შენი ეპითეტები, მეტაფორები, ბუნების აღწერები, საოცარია! ეს არ არის უბრალოდ ისტორია. ეს არის ნაწარმოები. ძალიან ღრმა, მრავალფეროვანი და საოცარი ნაწარმოები.
ახლა კონკრეტულად ამ თავზე :დდდ ჰასსეს გამოჩენამ, ანუ ეგრედ წოდებულმა "ფლეშბეკმა" გამახარა :დ. მიყვარს ის სცენები, სადაც ახალგაზრდა ანდრეი და მისი ძმა არიან. კარგად გამოკვეთს, რამხელა გზა გაიარა ანდრეიმ. (თუმცა ჩემი აზრით, ჯერ კიდევ აკლია რაღაცები ბრძენ მეფედ დაღვინებამდე) ჰასსეს და გიუნტერის დიალოგი იყო შესანიშნავი! ამაღელვებელი იყო ანდრეიზე მისი ძმის სიტყვების მოსმენა. განსაკუთრებით კი ის მომეწონა, რომ ანდრეიმ ტახტისთვის უნდა იბრძოლოს და ამ ბრძოლაში ერქანთა დიაცი უნდა დაეხმაროს <3
ბიძის და ანდრეის შეხვედრა ცოტა სხვანაირი წარმომედგინა, მაგრამ თავის დასაწყისში წარსულის დიალოგის წაკითხვამ დამარწმუნა, რომ ეს ორი მაინც და მაინც ვერ ძოვს ბალახს ერთად :დდ
ჩვენი იდუმალი ეირინის ამბავი საბოლოოდ გავარკვიეთ ესეიგი.(საბოლოოდ?! :დდ) მომეწონა ანდრეის რეაქცია და მომეწონა, რომ ეირინმა თავისი ნამდვილი სახელი უთხრა. ლამაზი სახელია ზაჰრა. მისნაირ ქალს ძალიან შეეფერება, ჩემი აზრით.
მოკლედ, სერიოზული თავი იყო. განსაკუთრებით ეირინის/ზაჰრას გამო. იმაზე მეტად მომნატრებია ამ ისტორიის კითხვა, ვიდრე მეგონა. საოცარი გოგო ხარ შენ, რაღა გითხრა ჩემი აღფრთოვანების გამოსახატავად, აღარ ვიცი. heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№3  offline ახალბედა მწერალი linda

An_Gel
აი, ლინდა, მერე მეტყვი ნუ მაწითლებო, შენ ჩემი გულისშეტევა გინდაო, ესაო, ისაო, არადა როგორ არ ვთქვა, რა საოცარი მწერალი ხარ და რა საოცარზე საოცარი ისტორიაა?!
ჯერ რა მუსიკა გასდევდა თემად, მერე როგორ აღწერ ამ მოვლენებს. კიდევ უნდა გავიმეორო, რომ შენი ეპითეტები, მეტაფორები, ბუნების აღწერები, საოცარია! ეს არ არის უბრალოდ ისტორია. ეს არის ნაწარმოები. ძალიან ღრმა, მრავალფეროვანი და საოცარი ნაწარმოები.
ახლა კონკრეტულად ამ თავზე :დდდ ჰასსეს გამოჩენამ, ანუ ეგრედ წოდებულმა "ფლეშბეკმა" გამახარა :დ. მიყვარს ის სცენები, სადაც ახალგაზრდა ანდრეი და მისი ძმა არიან. კარგად გამოკვეთს, რამხელა გზა გაიარა ანდრეიმ. (თუმცა ჩემი აზრით, ჯერ კიდევ აკლია რაღაცები ბრძენ მეფედ დაღვინებამდე) ჰასსეს და გიუნტერის დიალოგი იყო შესანიშნავი! ამაღელვებელი იყო ანდრეიზე მისი ძმის სიტყვების მოსმენა. განსაკუთრებით კი ის მომეწონა, რომ ანდრეიმ ტახტისთვის უნდა იბრძოლოს და ამ ბრძოლაში ერქანთა დიაცი უნდა დაეხმაროს <3
ბიძის და ანდრეის შეხვედრა ცოტა სხვანაირი წარმომედგინა, მაგრამ თავის დასაწყისში წარსულის დიალოგის წაკითხვამ დამარწმუნა, რომ ეს ორი მაინც და მაინც ვერ ძოვს ბალახს ერთად :დდ
ჩვენი იდუმალი ეირინის ამბავი საბოლოოდ გავარკვიეთ ესეიგი.(საბოლოოდ?! :დდ) მომეწონა ანდრეის რეაქცია და მომეწონა, რომ ეირინმა თავისი ნამდვილი სახელი უთხრა. ლამაზი სახელია ზაჰრა. მისნაირ ქალს ძალიან შეეფერება, ჩემი აზრით.
მოკლედ, სერიოზული თავი იყო. განსაკუთრებით ეირინის/ზაჰრას გამო. იმაზე მეტად მომნატრებია ამ ისტორიის კითხვა, ვიდრე მეგონა. საოცარი გოგო ხარ შენ, რაღა გითხრა ჩემი აღფრთოვანების გამოსახატავად, აღარ ვიცი. heart_eyes heart_eyes heart_eyes

არანორმალური კომენტარები რომ გაქვს და განუზომელი სიხარულით რომ მაჯილდოვებ თუ ხვდები? :დდდდ მწერალი ხარ შენც, კოლეგავ და მიხვდები აბა რას იზამ :დდდდდ ჰოდა დიახაც რომ გავწითლდი, დიახაც რომ გულის პრანჭვები დამეწყო და ვზივარ ახლა აფართხალებულ/გაფუყული :დდდ
ვუუუუუ, მიხარია რომ მოგეწონა მუსიკა! ნაწილობრივ ამის ფონზე დავწერე და ვიფიქრე რომ მოუხდებოდა. ძაან მიხარია რომ მოუსმინე!
მეც ძალიან მსიამოვნებს "ფლეშბექების" წერა :დდდდ ძალიან მომწონს ჰასსე ( რა სჭირს მოუწონარი როოოო 3:) ) ამიტომაც ერთი სიამოვნებაა მისი გაწონასწორებულობის დაწერა ანდრეის კაპრიზობის გვერდით :დდდდდ წაკლა ღლაპი ესა :დდდდდ ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ანდრეის და გიუნტერის დიალოგი და მიხარია, რომ აგაღელვა და ჰქმნაააა რა :დდდდდ ჰასსე, ყველაფრის მიუხედავად, მგონია რომ ყოველთვის ხედავდა ძმაში კარგს და სათანადოდაც იქცეოდა, ამიტომ მოაშორა იქაურობას ბაბალ-ქაანი (წაკვტეს ეგ წაკლა სადმე :/) დაა შესანიშნავი ძმა იყო. ასეთივე მეფეც იქნებოდა რომ დასცდოდა :/
ჰოოოო, მართალი ხარ, ანდრეის და გიუნტერის შეხვედრა მეც სხვანაირი მქონდა განზრახული მაგრამ წერისას ეს შემომეწერა :დდდდ
სახელს რაც შეეხება, ჩვენს "არავინ"-ს ტექნიკურად ნათხოვარი აქვს. რაკი ეირინს მეორე სახელი ზაჰრა ჰქვია, ამას ეძახდნენ ზაჰრას. მეც ძალიან მომწონს ეს სახელი და გეთანხმები 100%-ით, მისნაირ ქალს ზაჰრა უფრო შეეფერება <3
ასი და ათასი და უამრავი მადლობა შენ! აღარც ვიცი როგორ გამოვხატო ის ბედნიერება რომელსაც შენ მანიჭებ! უღრმესი, უდიდესი მადლობა ამისათვის! <3

 



№4 სტუმარი Qeti qimucadze

Vgijdebi. Ara ufro gagijebuli varr. Mtel istorias simgerasavit mihyveba margalitivit asxmuli leqsologiaaa. Saocreba xar lindaaa. Asec vfiqrobdi rom eirini ariyo es pirovnebaaa. Arjdeboda konteqstshi. Zalian scorad da zustad gaqvs gadmocemuli emocia. Peizajebi da hiperboluri metaforebiii. Madloba amistviss. Cuxel vnaxe magram arcavikitxe. Mindoda dasvenebuli gonebit shemesrutaaa

 



№5 სტუმარი ნინო ლომიძე

ვაიმე ლინდა,ჯერ როგორ იგონებ ამ სახელებს და სახელწოდებებს,მერე როგორ იმახსოვრებ?აღმოჩნდა რომ მხოლოდ ,,დალიჰარის" გამო შემოვდივარ საიტზე.ყველას მიმართ ინტერესი დავკარგე,დალიჰარის გარდა.

 



№6  offline ახალბედა მწერალი linda

Qeti qimucadze
Vgijdebi. Ara ufro gagijebuli varr. Mtel istorias simgerasavit mihyveba margalitivit asxmuli leqsologiaaa. Saocreba xar lindaaa. Asec vfiqrobdi rom eirini ariyo es pirovnebaaa. Arjdeboda konteqstshi. Zalian scorad da zustad gaqvs gadmocemuli emocia. Peizajebi da hiperboluri metaforebiii. Madloba amistviss. Cuxel vnaxe magram arcavikitxe. Mindoda dasvenebuli gonebit shemesrutaaa

ვაიმე, აღარც ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება <3 მიხარია, რომ აქამდეც იგრძენით რაღაც შეუსაბამობა, და ის რომ ეირინი შეიძლებოდა ეირინი არ ყოფილიყო :დდ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთი სიტყვებისათვის! <3 kissing_heart kissing_heart
ნინო ლომიძე
ვაიმე ლინდა,ჯერ როგორ იგონებ ამ სახელებს და სახელწოდებებს,მერე როგორ იმახსოვრებ?აღმოჩნდა რომ მხოლოდ ,,დალიჰარის" გამო შემოვდივარ საიტზე.ყველას მიმართ ინტერესი დავკარგე,დალიჰარის გარდა.

ზოგ სახელებს სიტყვების აბურდვით ვიღებ, ზოგის ინსპირაცია სპეციფიური სიტყვებიდან მოდის <3 ვაიმე რას ამბობთ, უზომოდ გამახარეთ თქვენი სიტყვებით! დიიიიდი მადლობა რომ მკითხულობთ და ამისათვის სტუმრობთ საიტს! heart_eyes heart_eyes

 



№7  offline წევრი crete20

არ მინდოდა დამთავრებულიყოო disappointed_relieved heart_eyes heart_eyes
უკარგესი იუოოო heart_eyes heart_eyes ისეთი კარგი იყო დავმუნჯდი და კომენტარს ვერ ვწერ

ჰასე არის კაცის ეტალონი!!! პირდაპირ კაცი პიროვნებააა laughing heart_eyes heart_eyes

ეს რა ინტრიგა იყოო laughing laughing ეირინი ეირინი არაა satisfied satisfied smiling_imp smiling_imp smiling_imp კი ვფიქრობდი პრინცესამ ესე ბრძოლა სად ისწავლო თქო, არ არსებობს მეთქი! თან გზები და ამდენი რამე როგორ იცის თქო ...მარა ალბათ გამორჩეული პრინცესაა თქო და იცისს stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

ბოლოში ის მომენტია: აკოცა,აკოცა, კინაღამ აkოცა! laughing laughing იმედია აკოცებს smiling_imp smiling_imp

უმაგრესი გოგო ხარ heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart sunglasses

 



№8  offline წევრი Skubidu

იცი ერთხელ გამიჩდა ეჭვი იმის შესახებ რომ ეირენი ეირენი არ იყო ???????? იმასაც მაშინვე მივხვდი ცეცხლის გვერდზე ვინც იქნებოდა და გამიხარდა იციი????მომწონს ეს დამალული ნაწილები რომლებიც გაიძულებს იაზეოვნო მოკლეთ კარგი იყო ყოჩაღ ????????????????????????

 



№9  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

მოვაღწიე!!!! რამდენი ხანია ვეღირები წაკითხვას, სამჯერ დავიწყე და სამჯერვე ჩამეძინა :დდდდდ მაგრამ არა იმიტომ რომ კითხვა მეზარებიდ ,პირიქით გულისფანცქალით ვკითხულობდი,მაგრამ დაღლილობამ თავისი ჰქნა :დდდდდ❤❤
აღარ ვიცი რა ვთქვა,მარტო ანდრეი კი არა ყველა გაგვასულელე :დდდ ეირინის ამბავმა შოკში ჩამაგდო :00
არა კი მქონდა ეჭვები მაგრამ ეს უარყოფის ფუნქცია რომ ჩაირთვება ამ ტვინში ხო ად გინდა მერე რამე მოუხერხო :დდდდ ყველაფერი უცებ დალაგდა თავის ადგილას და გავგიჟდი ისეთი ეფექტი ჰქონდა ამ მომენტს :*** ❤❤❤ძალიან ჭკვუანური გათვლა იყო და ამის გამო კიდევ უფრო გაფასებ :***❤❤❤
ახლა ის მაინტერესებს ნამდვილი ეირინი სადაა და თან ამ სახელზე მწყდება გული :((( არ მინდა მას ზაჰრა დაუძახონ ეირინი ყველაზე მეტად აკვტება :დდდდ❤❤❤❤
წარმომიდგენია აწი რა საოცრებებს დაატრიალებ შენი ამბავი რომ ვიცი :დდდდდ❤ ვამაყობ შენით მძახალო :**❤❤❤❤
პ.ს. ისევ წვიმა დაემთხვა კითხვის დროს :დდდდდდდ ❤❤❤

 



№10 სტუმარი პრლა

როდის დადებ ახალთავსოო

 



№11 სტუმარი lalka

ara martla chvens motminebasac akv sazgvari .ara ise martla xom kargad xar?

 



№12  offline ახალბედა მწერალი linda

პრლა
როდის დადებ ახალთავსოო

მგონი ახალ წლამდე ვერა :(
lalka
ara martla chvens motminebasac akv sazgvari .ara ise martla xom kargad xar?

ძალიან, ძალიან ვწუხვარ ამისათვის :( უბრალოდ ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ ვწერო, ღამღამობით ვჯდები ხოლმე და ვწერ ცოტას, ისე სასტიკად ვარ ხოლმე დაღლილი. ბოდიშის მოხდის მეტი არაფერი შემიძლია... ახალ წლამდე ალბათ არ იქნება ახალი თავი :( ძალიან დიდი ბოდიში :(

 



№13 სტუმარი სტუმარი autumn

ლინდა!

არ მომწონს ეს...
შენებური ძლიერი ისტორიით დაგვიბრუნდი რა...

 



№14  offline ახალბედა მწერალი linda

სტუმარი autumn
ლინდა!

არ მომწონს ეს...
შენებური ძლიერი ისტორიით დაგვიბრუნდი რა...

ძალიან ვწუხვარ რომ არ მოგწონს :( როგორ შეიძლება რომ გამოვასწორო?
სანამ ამას არ დავამთავრებ, სხვა ისტორიას არ დავიწყებ, ამიტომ უახლეს მომავალში ახალი არ იქნება :(

 



№15 სტუმარი სტუმარი მაყვალა

ეს პირველია შენი შემოქმედებიდან რომელსაც არვკითხულობ
დავიწყე და შევეშვი
ალბათ ამ ჟანრის უსიყვარულობის ბრალია
თორემ შენი ისეთი ნიჭიერი ხარ და ისე საოცრად წერ ეს შენი ბრალი ვერ იქნება))<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent