შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 17)


30-12-2017, 00:02
ავტორი linda
ნანახია 676

დალიჰარი (თავი 17)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-=-=-=-=-
თავის თემა: "I will not be shaken" by Johannes Bornlof



-*-*-*-*-*-*-*-17
თვალწარმტაცი იყო იგაზან-ლა.
ღია ცის ქვეშ გადახსნილ გულად ფეთქავდა იგი, გრიალი გაუდიოდათ მის წიაღში მოგუგუნე ქაფქაფა წყაროთ. გარიჟრაჟის სიმღერას გაჰკიოდა კლდეთა ნაპრალთაგან ამოხეთქილი ყორანთა ურდო, მათ ზანტად ეპასუხებოდნენ სვავნი და მსხვერპლის მოლოდინში ლაღად დასტრიალებდნენ სალ კლდეს, მოთმინებით აღვსილიყვნენ მათი სიხარბით გათანგული სხეულნი. ცოცხლობდა იგაზან-ლა, იძვროდა, და ჩრდილოეთით სხეული მისი იპობოდა ორად, თითქოსდა მკლავთ შლისო, რათა ეშვა უწყლო მიწათა სასიცოცხლო ძარღვი, დიადი ბრურგი, რომელიც დაუდგრომელი წყლის გრგვინვით მიემართებოდა სრორდისაკენ.
ამოდიოდა მზის მხევალი და მისი ალისფერი უთვალავ მეომართა დაღვრილ სისხლად ედებოდა ცის კამარას. ჰბერავდა ქარი, ვითარცა შამბნარში გახვეული ცბიერი მელა, დაძრწოდა იგი ცაზე და მონარჩენ თეთრ ღამეს მიერეკებოდა ულმობლად თვალსაწიერის მიღმა. მისი სუსხით მოსილი მახვილით იხლიჩებოდა ღრუბელთა საფარი, გაცრეცილ ნაპრალთა შორის გამოეხეთქა მეწამულ სინათლეს, რომელიც იასამნისფერ ნისლად ჩაწოლილიყო მთათა და კლდეთა შორის, და ქვათა დასუსხულ გვერდებს ჰფერავდა ოქროს ბრწყინვალებით. მკრთალად ღვიოდნენ ცის კაბადონზე გაბნეული ვარსკვლავნი, თუმცაღა ღრუბელთა საფარველის მიღმა ახლად გამოჩენილნი მალევე ინთქებოდნენ მზის მხევლის სწორუპოვარ ციალში.
აღელვებული, ოქროსფერი მტვერი ცხელი წყაროს ოხშივარში გამოხვეული დიაცის თვალებში ცურავდა ნებივრად. მკერდი უღელავდა ზაჰრას, ნაწნავს გამოჰქცეული დალალი დაეცვარათ ორთქლთა ქულებს. მჭმუნვარე აღარ იყო წარბი დიაცისა, მყისიერ შვებას მოეცვა იგი, თითქოსდა მის გონსაც დაჰბერაო ულმობელმა ქარმა, წარსტაცა ავდრის ღრუბელი.
სრორდელს შესცქეროდა იგი. მისკენ მოეპყრა მზერა ანდრეის, ჩვეულებრივ ჩრდილოეთის ფერმკრთალი, მზემიუკარებელი პირისახე წითლად აეფორაჯებინა სიცხეს. მზეს ირეკლავდნენ მისი მუქი, თითქოსდა წყვდიადჩამდგარი თვალები.
ახალგაზრდული სიფიცხე და თავქარიანობა მუდამ თან სდევდა ჩრდილოეთელს, თუმცაღა უმზერდა მას დიაცი, უმზერდა ვითარცა სიმწიფეში ფეხშემდგარ მამაკაცს. განიერი იყო მხარი მისი, შავი ტყავის ტუნიკაში გამოკვართული, ნაპერწკლებს აკვესებდნენ მისი ბნელი თვალნი, წყვდიადის უკიდეგანო, დამჩრდილავ, ყოველივეს ჩამთრევ უფსკრულს ჩამოჰგავდნენ. ასეთივე უფსკრულის ფერად შეფერილიყო თმა-წვერი მისი, რომელთა შორის ფერმკრთალ, თლილ მარმარილოდ მოსჩანდა მეფისწულის პირისახე. იგაზან-ლას უკიდეგანო სივრცეშიც კი ბუმბერაზად სჩანდა იგი, თითქოსდა ცის კამარას შეჰკიოდა ვოლფრამთა სისხლი მისი, ყოველივეს ყურადღებას იპყრობდა, მბრძანებლობდა და მეფობდა მათზე.
უფრო მძლავრად აძგერდა გული მის სახვევთა მიღმა. აღელდა მის თვალებში ჩამდგარი ოკეანე და ათრთოლდა მხრებზე დაყრილი მზის ამბორი.
შესცქეროდა ანდრეი მას დაუსრულებლად და დღის მხევლის სხივთა ალისფერი ძაფი იჭიმებოდა, ცახცახებდა და მათ შორის იფერებოდა ვარდისა პირით.
ანაზდად იბრუნა პირი ზაჰრამ, მზერა მოსწყვიტა მეფისწულს. თვალს სჭრიდა მეფისწულის სახეზე არეკლილი სხივთა კონა.
გამწყდარიყო ალისფერი ძაფი, მხოლოდღა მის მიერ დანატოვარი ნაპერწკალნი მოსდებოდნენ ქაფქაფა წყაროს სიცხით გაჯერებულ ჰაერს, მაგრამ თვალს არ აცილებდა დიაცს ანდრეი.
-შენი დედოფალი სადაა, დალიჰარ? - შეჰკითხა ანაზდად მეფისწულმა. - მაშ სიცრუე წასკდა ჩემი მაცნეს ბაგეთ, როცა მომახსენა, მედგრად აღმართულაო ეირინ ზაჰრა ლაილ ერქანი თავის მეომართა გვერდით?
-იგი გული, მზე და მთვარეა ხალხთა, მათი ჭკვა და ენა, მათი იმედი... - მოუჭრა ზაჰრამ. - რად გეგონა, რომ ერქანთა სიამაყე მომავალ დედოფალს გასწირავდა სასიკვდილოდ?
- შენ იკისრე საბრძოლველი მისი, დიაცო. - მიუგო ანდრეიმ. - რად ინება ასე მეფისქალმა? რად ინება გაწირვა შენი?
აფორაჯდა დიაცი. სისხლი მოაწვა, ნაკვთები დაეღრიჯა ბეჩავს, ოქროს მტვერი თითქოსდა კორიანტელად ჰქროდა მის ფითრისფერ მზერაში.
-იგი ერქანთა სისხლის მატარებელია, ერთადერთი მემკვიდრე მეფისა! - შეჰსისინა მან. - მე მხოლოდღა მცველი ვარ მისი, მსახური და მდაბალი მონა, სრორდელო...
-რაოდენ საკვირველია, დალიჰარ, რამეთუ შესაშურია სიამაყე შენი, თუმცაღა მალ-მალე უსასრულო თვითგვემაც გამოსჭვივის მასში! - მშვიდად მიუგო მეფისწულმა.
აღარა უთხრა რა ზაჰრამ. პირი იბრუნა მისგან, კლდეთა შორის ჩაწოლილ ნისლს მიაპყრო თვალი.
- ვუწყი, ამ ყოველივეში რად ისვრი ხელსა და გონს, დიაცო. - თქვა ანაზდად ანდრეიმ, გამალებით შეჰყურებდა იგი ზაჰრას დახრილ მზერას, იგაზან-ლას სალი კლდის წყვდიადზე დაფენილ, ოქროს ძაფივით მბზინვარე წამწამებს. - რამეთუ არ გაგაჩნია სურვილი სიცოცხლისა... რამეთუ ვერ ჰხედავ მომავალსა შენსა შენს წარსულში, ამიტომ დაუსრულებლივ იქმ იმას, რაც კი შენთვის უსწავლებიათ, რაოდენ ბილწიც არ უნდა იყოს...
-ხმა გაკმინდე, სრორდელო ქოფაკო! - შეუყვირა დიაცმა. თრთოდა ფითრისფერი მზერა მისი. - უწყი, რომ მხევალი ვარ ჩემი ქვეყნისა, ჩემი დედოფლისა, ჩემი მიწისა...
-მაგრამ არა უწყი რა, თუ ვინა ხარ, დალიჰარ. - მოუჭრა ანდრეიმ.
ბაგე უცახცახებდა დიაცს. შეჰყურებდა მეფისწულს, თითქოსდა პირველად იხილაო იგი.
-მე არავინ ვარ, სრორდელო. - თქვა ბოლოს, მის ბაგესთან თრთოდა ჰაერი. - არავინ.
-გეშინის, დიაცო. - უთხრა მეფისწულმა. - გეშინის, რამეთუ ვერ ჰპოვე თავი შენი. ბევრი გინახავს, მთა და ბარი, ზღვა და მიწა, ზეცა და უფსკრული, თუმცაღა შენივე გონის სიღრმეებს ვერ მიაწვდინე ხელი...
-და შენა, სრორდელო ქოფაკო? - შეჰკითხა ზაჰრამ, ცეცხლი მოედო მის პირისახეს და ფითრისფერი თვალები დაუბრიალა მის დამაქცევარს. - შენ უწყი სიღრმენი გონებისა შენისა? რამეთუ გაკაფულ, ვარდითა და ქათქათა ფარჩით მოფენილ გზაზე გივლია მხოლოდ...
-რასა ჰხედავ გარშემო, დალიჰარ, ნუთუ ვარდით მოუფენიათ ჩემს ქვეშემრდომთ უკიდეგანო მინდორნი ჩემს წინაშე? - იგაზან-ლას პირქუში, დღის მხევლის წინაშეც კი წყვდიადით შებურული სალი კლდისაკენ გაიშვირა მკლავი ანდრეიმ. - ნუთუ ბრძოლანი ჩემნი ქათქათა ფარჩაზე როკვას ჩამოჰგავდა? მეც გამისვრია ხელი, დიაცო, მეც დავცემულვარ, მეც დამდენია სისხლი...
-მაგრამ უწყოდი ყოველთვის, რომ მეფე იქნებოდი, სრორდელო. - მოუჭრა ზაჰრამ. - იმ წამს, როცა მოჰკალ ჭეშმარიტი მემკვიდრე და შენს ბილწ ხელთ სისხლი დაედინათ მისი...
ნაკვთები დაეღრიჯა მეფისწულს. ნაპერწკლებს ჰყრიდა იგი, თითქოსდა ცეცხლი მოეკიდა მკერდზე.
-ჭეშმარიტი მემკვიდრე! - შეჰყვირა მან, თვალებში სისხლი მოსწოლოდა, გაშმაგებული შეჰყურებდა დიაცს. - ნუთუ ხუთ ბალღთაგან პირველობა სახელმწიფო საქმეებში სწაფავს ხელს? მაუწყე, დიაცო, ნუთუ არ გინახავს უღირსნი, რომელთა წოდება მყიფე და ფუჭია, ვითარცა ოხშივარი ქარიშხალში?!
-ცრუი, სრორდელო. - მიუგო ზაჰრამ, იქედნურად შეჰყურებდა. - ნაღველსა, მარტოობასა და უსასრულო წუხილს ჩაუჭიდია შენი ბილწი, სისხლდადენილი სულისათვის კლანჭები... ძლიერია მათი ხელნი, რამეთუ ვერ იცილებ მათ, და ყოველთვის, როცა ბაგეს სუნთქვა გდინდება, მათ ებრძვი, სრორდელო.
არა უთხრა რა მეფისწულმა. ნესტოები დაჰბერვოდა, შეჰყურებდა გავეშებული.
მხოლოდღა იბრუნა პირი და წამოდგა ფეხზე. ოხშივარი ქულებად ასდიოდა იგაზან-ლას მცხუნვარე გულში გამთბარ წყაროს, სასიამოვნო სითბოში გახვეულიყო. შორს, თვალსაწიერის მიღმა, ღამე იბრუნებდა პირს და მისცემოდა ძილს, სანამ დღის მხევლის მხურვალე შუქი ფეთქავდა მთათა და სალ კლდეთა შორს.
მცირე ხნით დააცქერდა გარიჟრაჟისაკენ მაცქერალ დიაცს ანდრეი. არც კი იძვროდა იგი, თითქოსდა შეერწყაო სალ კლდეს. მხოლოდღა იგაზან-ლას წიაღიდან მონაბერი, თბილი სიოსაგან უთრთოდა მკერდზე გადაგდებულ სქელ ნაწნავს შუბლთან გამოჰქცეული ფერფლისფერი თმის დალალი, და ოდნავ კრთოდა მის მხართ მიმოყრილი ამბორი მზისა.
იგრძნო მისი მზერა დიაცმა, მისკენ იბრუნა პირი და შეაცქერდა დაჟინებით. გედისებრი, მაღალი ჰქონდა ყელ-კისერი, ოხშივარის ქულები ცახცახებდნენ მის ბაგესთან. აღელვებული ოქროსფერი მტვრით აღსავსე თვალებით მოავლო მზერა მის ნაკვთებს.
სალ კლდეზე ოსტატის ხელით გამოძერწილ ქანდაკს ჩამოჰგავდა იგი.
გახევდა ანდრეი. იბრუნა პირი, დღის მხევალს აქცია ზურგი. მოსასხამი აიტაცა და ჯიქურ მიაშურა კლდის ნახეთქში ჩაძირულ ბილიკს.
ზურგზე, თითქოსდა წანდელი აღუმართავთო, გრძნობდა იგი დიაცის მზერას, სანამ მის თვალთახედვიდან არ დაჰფარა იგაზან-ლამ.
მომცრო იყო ბილიკი, თუმცაღა, როცა კლდის ნაპრალში შეაბიჯა ანდრეიმ, სუნთქავდა მძიმედ, თითქოსდა უსასრულოდ, თვალსაწიერის მიღმა გადაჭიმული გზა დაჰფარაო. დაეშვა იგი ცეცხლის გვერდით, ფეხი მოირთხა და გავეშებით ჩააცქერდა მოტკაცუნე ალს, ხარბად რომ შთანთქავდა შეშას.
იჭვნეულად, ნიშნისმოგებით შეჰყურებდა ბიძა დისწულს.
-მაშა? - შეჰკითხა გიუნტერმა. დისწულს გამჭრიახი თვალებით დაჰყურებდა. - გაუწყა ყოველივე ბაჰირელმა დიაცმა, ანდრეი? შეიტყვე, რისი ცოდნის წადილსაც შეეპყრო გული შენი?
-მხოლოდღა ის ვუწყი, რომ მარცხი ვიწვნიე, ბიძავ. - კბილთა შორის გამოსცრა ანდრეიმ, დაცვარულ შუბლზე შეივლო ხელი. რაოდენ მძლავრად სცემდა გული მისი, გაივლო გონში მეფისწულმა, რაოდენ მოსწოლოდა სხეულსა მისსა ცვარი აღელვებისა. - ღმერთთა ღმერთს ალიჰას ვფიცავ, ნუთუ სუაგრასა და ნიჰიდას წყვდიადით მოცული საბურველის ქვეშ მოვექეცი? არავინაა იგი, მხოლოდღა მცველი, ერთი უბრალო მსახური ერქანთა სამეფო კარზე...
-ნუთუ მისი ჭკვა, მშვენიერება და სიმამაცე მხოლოდღა მცველისა და მსახურის წოდებას შეჰფერის? - თქვა ანაზდად გიუნტერმა და უმალ მიიპყრო დისწულის შმაგი მზერა.
-ბიძავ! - შესძახა მეფისწულმა, მოეღრიჯა ნაკვთები და დაეღარა პირისახე. - რასაა რომ გაიძახი! სიძვისა ელფერი მოსხმია მის თავს და ისე იბრძვის, ვითარცა მამაკაცი, რასაც ვერცერთი კდემამოსილი ქალი ვერ შეჰბედავდა მოწყალე ღმერთებს! სიცრუე აჰკვრია მის ბაგეს, უსასრულოდ გადაჭიმულან ცოდვანი მისნი!
თავი აღმართა გიუნტერმა. გამჭოლი მუქი თვალებით გადმოჰხედა, დაცინვა ეხატა მზერაში და სისხლი მოაწვა ანდრეის პირისახეს.
-დიდი განსაცდელი გამოგივლია, დისწულო. - თქვა ანაზდად ბიძამ, ტოტით უბრუნა გვერდი ალის ამბორში გამოხვეულ შეშებს. - ვინ იყო იგი, ვინც ღალატი შეჰბედა სრორდს? ვინ სცადა მოკვდინება შენი?
არ ეამა ბანზე აგდებული სიტყვა მეფისწულს, მაგრამ არა უთხრა რა.
-წყეული ატავესი, სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლონ მისი ბილწი ლეში! - თქვა მან ბოლოს. - თუმცაღა ვუწყი, რომ მარტო არ იყო იგი. ვგონებ, წყეულმა თავადმა უალდჰარისა გაუწოდა ხელი დახმარებისა... ტევრიდან მაძგერეს ისარნი, და ავლატის მთებიდან დადენილ ზვირთში მიკრა თავი წყეულმა მოღალატემ, ეშმაკმა დალახვროს! ყელს გამოვჭრი, როგორც კი ვიხილავ მას, მარჯვენას მოვკვეთ და კოლტს მივუყრი მის ნარჩენთ, რათა ჭუჭყს შეერიოს და ჭუჭყში დაინთქას...
- ისკერიის თავადი ატავესი... - წაილაპარაკა გიუნტერმა. - ვითარცა ისკერია განშორებია ბელთათინს უთვალავი ყივილის სავალით, ისე განრიდებოდა მუდამ წადილთ სამეფო კარისა თავადი ატავესი! ვუწყოდი, რომ ნდობა მისდამი უგუნურება იქნებოდა, მეტადრე სარდლობა მისი შენს გვერდით, თუმცაღა გაქნილია იგი, პირფერი და სასტიკი... ჰგონებს, რომ მოგკლა, წამოგაქცია სამუდამოდ, თუმცაღა შენი ფეხის მტვრად იქცევა, დისწულო.
- რასა იქმს წყეული უალდჰარის თავადი? - შეჰკითხა ანდრეიმ. - ჰოი, ოქროს ბრწყინვალება რაოდენ აბნელებს ერთგულებას! ვგონებ, ულოიდის, ისკერიისა და თუქლექის თავადნი მხარს აუბამენ მას, რამეთუ მყიფეა მათი კავშირი სამეფო კართან, მუდამ მოწინააღმდეგე ძალად ევლინებოდნენ მამასა ჩემსა... ახლადმოსულ ძალაუფლებას მიელაქუცებიან წყეული მოღალატენი, რათა ფეხი მოიკიდონ!
-ვრუასალის თავადის ქალიშვილი ჰყვანდა გენრის ცოლად, მან მეორე ვაჟი გაუჩინა. - თქვა გიუნტერმა. - იგი სამეფო დარბაზს დახარბებული კაცია, უალდჰარის თავადს გაუწოდებს დახმარების ხელს.
-სუაგრა და ნიჰიდა მოევლინონ მათ მფარველად, მათ სახლებში ჩამოსდგან ბილწი ფეხნი მათნი, გაუწყვიტონ პირუტყვი, დაულპონ სახლ-კარი და დაუშრონ რუ... - კბილნი გააშიშვლა მეფისწულმა. - უწყის კი დარბაზმა, თუ რაოდენ დიდი გადატრიალება ელის სრორდს? უწყიან მათ, რომ უალდჰარის წყეული სული დასტრიალებს ბელთათინს?
-ვგონებ, ივლადალისა და ფარვუდის განსწავლულნი თავადნი ხვდებიან, თუ რა სენი მოედო ბელთათინის სამეფო კარს, როცა ვოლფრამთა სასახლეს ეწვია თავადი გენრის ამპარტავნობა! - შეჰღიმა დისწულს გიუნტერმა. - ნეტავ გეხილა, ანდრეი, თუ როგორ მოაგელვებდა იგი ოქროს ძარღვითა და პატიოსანი თვლებით მოვარაყებულ ეტლს, როგორ გაჰკიოდნენ მისი თანმხლებნი, თვით დიადი თავადი გენრი, პატრონი უალდჰარისა მოემართებაო!
-თავბედს ვაწყევლინებ, თვალთ დავთხრი და მარჯვენას მოვკვეთ, მერე კი მის ლეშს სალაფავად მივუგდებ პირუტყვს, რამეთუ ვეღარ ჰპოვოს ბილწმა სულმა მისმა ღმერთებისაკენ მიმავალი გზა... - აბობოქრდა მეფისწული. შესცქეროდა მას ბიძა, დაუფარავ ცნობისმოყვარეობასა და აღტკინებას შეებურა მის მზერაში ათამაშებული ნაპერწკალნი.
-როგორც კი ვაუწყებთ სრულიად სრორდს, რომ მათ ჭეშმარიტ მეფეს კვლავ უდგას სული, ვგონებ, ლაჩარნი კვლავ ლაჩრებად დარჩებიან, დისწულო, ვერ შეჰბედავენ ღმერთებს შეურაცხყოფას, რამეთუ მათ ინებეს, მათ გაკურთხეს სრორდის ტახტზე აღსასვლელად. - თქვა გიუნტერმა. - სრორდი ფართოდ გაშლის თავის მკლავებს შენს შესახვედრად, ანდრეი, რამეთუ მისი გული, სიძლიერე და ჭკვა ხარ.
შეაცქერდა ბიძას ანდრეი მცირე ხნით, და სალი კლდის ნაპრალში შემოღვრილ სინათლეს მიაპყრო მზერა.
-ბერეხის ციხეს მივაშურებ. - თქვა მან. - მიუწვდომელია იგი, მაგრამ მახვილი ვითარცა თვალი ქორისა... ფჰეიმის, ბრილლესა და უბრეინის ქალაქნი მყარად დგანან, რამეთუ ბელთათინის გარშემო შემოურტყამთ წრე... ვგონებ, მათი თავადნი გულუხვად მიიღებენ მემკვიდრეს სრორდისა...
-ნუ გეშინის, დისწულო, რამეთუ შენ გიწერია მეფობა სრორდისა და არა თვითმარქვიათ, რაოდენ მდიდარნი და ძალაუფლებით აღჭურვილნი არ უნდა იყვნენ ისინი, ვითარცა თავადი გენრი! - მიუგო გიუნტერმა.
-მე ვარსკვლავებისა არ მჯერა, ბიძავ. - მიუგო ანდრეიმ. - ღმერთებმა შემიწყალონ, რამეთუ არ ჩამესმის მათ მიერ ჩემდამი მოვლენილი სიტყვანი... ისღა ვუწყი, რომ მყიფეა ბედისწერა ჩვენი.
-მყიფე, დისწულო? - ჩაეღიმა გიუნტერს, ბაგეს ალისფერი ჩრდილი აუთამაშდა ცეცხლისა. - ვგონებ, რომ ერთადერთია ბედისწერა ჩვენი, რაც გარდაუვალია.
დადუმდა ანდრეი, თითქოს სიტყვათ ეძიებსო, თუმცაღა არ დასცალდა მეფისწულს მათი ამოთქმა. ჩუმმა ნაბიჯებმა და მომავალი სხეულის გარშემო გამოხეთქილმა სიომ შეარხიეს კოცონის ალნი. შემოაბიჯა ბაჰირელმა დიაცმა, და შემოიტანა ცხელი წყაროს ოხშივარით შემოსილი სურნელი სალი კლდისა, რომელსაც მალ-მალე სტაცებდა სხეულიდან მოტკარცალე ცეცხლი და სისხამ დილას აყოლილი ანცი სიო.
დადუმდნენ კაცნი, შესცქეროდნენ, თუ როგორ მიწვა იგი სალი კლდის პირას, მათგან პირი იბრუნა, ფითრისფერი თვალნი არ მოაპყრო მათ. ალისფერად დაუფერა ცეცხლმა ჩალისფერ მოსასხამზე გადაშლილი, ფერფლისფერი ნაწნავი.
იგრძნო გიუნტერის მზერა ანდრეიმ და აარიდა დიაცს თვალი, მოუტრიალდა ბიძას. არა უთხრა რა გიუნტერმა, თუმცაღა ოდნავი ღიმილი, ბაგეს რომ უპობდა, მრავლისმეტყველი გახლდათ. ნაკვთები მოეღრიჯა მეფისწულს და გამალებით ჩააცქერდა კოცონს, ლაღად რომ ტკარცალებდა, გარიჟრაჟის სუსხსა და სალი კლდის ნახეთქში ჩამოწოლილ სიბნელეს შეჭიდებული.
შეისვენეს იმ დღე-ღამით. გიუნტერის თქმით, ვრცელი იყო იგაზან-ლა, თვალუწვდენელი იყო სხეული მისი, ვითარცა მიწასა და ხეთა ტევრში ჩაძირული, ნებივრად გადაწოლილი მხეცი. თუმცაღა, თუკი დასავლეთისაკენ აიღებდნენ გეზს და ბრურგის სათავის ახლომახლოს მიაშურებდნენ, ქროუსალის ტყეს დაადგებოდნენ თავს. მარადმწვანე, ბუმბერაზ ნაძვთა და ფიჭვთა გაუვალი ტევრი იყო იგი, გაეხლიჩა უდრეკი სალი კლდე და უკითხავად შეჭრილიყო იგაზან-ლას სხეულში, ვითარცა მეტოქის მკერდში მახვილი ჩასცესო. ტყის მიღმა უწყლო ჩრდილოეთის გამხმარი, მზის გულის ქვეშ დახეთქილი ოქროსფერი მიწა გადაშლილიყო, თუმცაღა მალე მის თავს მოწოლილი მეთორმეტე მთვარე დაჰფერავდა სპეტაკი საფარველით. ეფიქრებოდა მეფისწულს, რომ ქათქათა ცის კაბადონისა და ყინვისაგან დამდგარი ჰაერის ქვეშ უნდა ეწვნიათ შორეული მგზავრობა.
იმ ღამით ღვთაების წინაშე ილოცა ბაჰირელმა დიაცმა. შეჰყურებდა მას ცეცხლის პირას მიწოლილი ანდრეი, თუ როგორ იდგა იგი სალი კლდის პირას, მხოლოდღა თეთრი ღამის, იგაზან-ლას სულისშემხუთველი წყვდიადისა და კოცონის ალისფერ ამბორში გამოხვეულიყო იგი. მუხლმოდრეკილი, ზეცისაკენ ხელაპყრობილი შეჰღაღადებდა თავის ღვთაებას, თითქოსდა ლოცვით შეპყრობილი ირწეოდა მთელი სხეულით.
აზვირთებულ, ყოველივე მომხდარისაგან აღელვებულ სულს იმშვიდებდა ზაჰრა. ფეხი მოერთხა და როკავდა იგი, შუბლს აბჯენდა ცივ კლდეს, პატიებასა და გზის გაკვლევას შესთხოვდა ღვთაებას, მომივლინეო შენი ძუძუმტე ყორანი, რათა დაჰბეროსო მისი დიადი ფრთებიდან წყალობის ქარმა.
ნამგალა მთვარის სინათლეს მცირე ჟამით გაეპო ცის კამარის თეთრი საბურველი, როცა კლდის ნახეთქის პირთან მიწვა იგი, თავის ჩალისფერ მოსასხამში გამოხვეული, მოკაკვული, თითქოსდა საკუთარ გულს იხუტებსო მკერდში. ზურგს უწვავდა ნებივრად ატკარცალებული ცეცხლისა და მისკენ დაუღალავად მომართული მზერის სიმხურვალე.
გარიჟრაჟისას შეკაზმეს ბედაურნი და დაადგნენ ცალფეხა, ხრეშითა და სალი კლდით მოფენილ გზას, იგაზან-ლას სხეულში ძარღვად რომ მიიკლაკნებოდა.
თითქოსდა გაუფატრავთო თეთრი ღამე, მისი მღვრიე სისხლი დასდიოდა ცის კამარას, დღის მხევლის მხურვალებას ვერ ჩამოერეცხა იგი. სიცივე მოსწოლოდა სალ კლდეს, დაუდგრომელი და ნაპრალთა შორის ნებივრად მოღრიალე, კანტიკუნტად ამოხეთქილ, გამხმარ ხესა თუ ბალახს ჰგლეჯდა იგი და ტანს შემოჰხვეოდა დაუპატიჟებელ მოგზაურთ, თითქოსდა ჩაჰკიოდა ყურში, განერიდეთო ჩემს მიწას. მის კივილს გუგუნით ეხმაურებოდა იგაზან-ლა, რომლის ცხელი სისხლის ჩქეფა ათრთოლებდა უძრავ კლდეს. თითქოსდა დაუსრულებლად გადაჭიმულიყო იგი, თვალსაწიერს კი პირქუში კლდე ჰფარავდა მუდამ.
ორი მზე განვლეს მოგზაურთ, შეუსვენებლად მიისწრაფვოდნენ წინ, როცა დღის მხევლის სხივნი მოჰფენოდნენ მიწას ღრუბელთა მუდმივი საფარველის მიღმა, და ისვენებდნენ მცირეოდენ, როცა თეთრი ღამე ანათებდა იგაზან-ლას ყოვლისმომცველ, სულისშემხუთველ წყვდიადს.
ვითარცა სალ კლდის თაღად აღმართულ ცის კამარას, ქუში მოსწოლოდა ბაჰირელი დიაცის გუნებას. თაფლაზე ამხედრებული, ანდრეის გვერდით ტაატით მიდიოდა იგი, და მხოლოდღა ღვთაებისადმი შეჰღაღადებისას იპობოდნენ ბაგენი მისნი. ღელავდა მის ფითრისფერ თვალებში ოქროსფერი მტვერი და კვლავ შეუპოვარი იყო თითოეული ნაკვთი მისი, თუმცაღა პირქუში, მრისხანებანარევი სევდა გამოსჭვიოდა მისი მზერიდან.
მალ-მალე შესცქეროდა მას ანდრეი, და მათ გადმოჰხედავდა გიუნტერი, მოავლებდა იჭვნეულ, მრავლისმთქმელ თვალს, მერე კი კვლავ გაჰყურებდა თვალსაწიერს, ნისლსა და კლდეს რომ დაეფარათ.
მეორე მზე ინავლებოდა და სპეტაკი თოვლის სურნელი მოეტანა სუსხით გაჯერებულ ქარს, როცა გავაკდა კლდე, ჰაერი შეიბურა ჩამოწოლილი ნისლით. გუგუნებდა იგაზან-ლა, თუმცაღა მას შეჰმატოდა დაუგდრომელი წყლის გრიალი, თითქოს კლდის გახლეჩილი მკერდიდან გამომსკდარაო იგი. თვალნი გააცეცა ზაჰრამ, რის ვაივაგლახით იხილა ნისლში აღრეული, ქროუსალის ტყის უხვი, მარადმწვანე ტევრი.
შავრა შეაჩერა გიუნტერმა, გამჭოლი მზერა მოავლო თვალსაწიერს.
-ბრურგის სათავეს მოვუახლოვდით! - თქვა მან, გაფაციცებით უგდო ყური შემოგარენს, თუმცაღა ბრურგის ღრიალის, ქარის სტვენისა და შორეულ ყვავთა ჩხავილის მეტი არაფერი ჩაესმოდა მის მახვილ ყურს. - ვგონებ, ქროუსალის ტყის პირს მივადექით, დღის მხევლის ჩასვლას რომ ემიჯნება...
-სქელია ნისლი, და გაუვალია ქროუსალის ტყე. - მიუგო ანდრეიმ. - კარავი დავცეთ ტყის პირას, ბიძავ, და მოვიცადოთ, სანამ დღის მხევალი შეანაცვლებს ღამეს, რამეთუ ვერ გავიკვლევთ გზას...
სიტყვა გაუწყდა ანაზდად მეფისწულს და აღმართა ბაჰირელმა დიაცმა თავი, რათა თვალი ნისლში შებურული ტყისაკენ მიეპყრო, თუმცაღა სიტყვის ამოთქმა არ დასცალდა.
სისინმა გახლიჩა ჰაერი, და ანაზდად ისარმა გაჰკვეთა ბურუსი, წამიერი, ქარში განბნეული ბრწყინვალებით ჩაუქროლა ზაჰრას მხართან.
შედრკა დიაცი, შეცბუნებულმა თაფლამ ჭიხვინი ასტეხა. საბელი მოსწია ბედაურის დასაშოშმინებლად ზაჰრამ, გამალებით დასცქეროდა იგი შებურულ ტყეს, საიდანაც ისარი სტყორცნეს.
ტოტთა ჭრიალი მოჰგვარა მათ ყურთ ქარმა და ანაზდად ალღო აუძგერდა მკერდში ანდრეის. ელვის უსწრაფესად გვერდით აბრუნა სისხლისფერი ქურანი მეფისწულმა, ხელი სტაცა თაფლას უნაგირს, იძრო ფარი და დიაცი დაჰფარა მისით.
წამსვე, თითქოსდა დაუბარებიათო, მეორე ისარი გამოიჭრა სისინით.
თუმცაღა სწორი იყო გზა მისი, ვერ დაძლევდა იგი ანდრეის ღონიერ მკლავსა და იფლიჰემის ოსტატთა მიერ გამოჭედილ ფარს.
გამაყრუებელი ჟღრიალი გაიღო ფოლადმა ფოლადზე, სალ კლდეს ეძგერა შმაგად, ნაპრალებმა უმალ ამოსძახეს ექოდ იგი. შეთრთოლდა იგაზან-ლა, დამფრთხალ ყვავთა ურდო აიჭრა ცაში, გამძვინვარებულებმა ჩხავილით ჩამოჰკივლეს მათ.
უმალ იმარჯვა მშვილდი ბაჰირელმა დიაცმა, მოზიდა იგი და ფარის პირზე გადასდო ისარი, გასტყორცნა იქით, საიდანაც მათკენ გამოიჭრა ალესილი პირი ფითრისფერი სიკვდილისა.
გამალებით უგდო ყური ანდრეიმ, თუმცაღა აღარაფერი სწვდებოდა მის ყურს. არ იძვროდა, თაფლას დასაოკებლად ჩასჭიდებოდა ზაჰრას უნაგირს და აღემართა ფარი იფლიჰემისა.
კვლავ მოზიდა მშვილდი დიაცმა, მეფისწულის სხეულისა და ფარის მიღმა იმზირებოდნენ მისი გამჭოლი თვალნი.
გაირინდა თითქოს ყოველივე, ჟღრიალის სალ კლდეზე დასერილი ექო, ყვავთა ჩხავილი, ბრურგის გრიალი და ანდრეის ღრმა სუნთქვაღა ჩაესმოდა ბაჰირელ დიაცს მხოლოდ.
-ვუწყოდი, რომ გეძიებდნენ, დისწულო, მაგრამ არა ვუწყოდი რა, თუ რაოდენ გაქნილი იყო მდევარი... - თქვა გიუნტერმა. - გავეცალოთ აქაურობას, რამეთუ ვგონებ, ორ ისარს არ დასჯერდებიან ისინი!
შავრას შემოჰკრა ქუსლნი და თხემიდან დაეშვა მრჩეველი, მას მიჰყვნენ ქურანი და თაფლა. ბედაურთა ფლოქვთა თქარუნმა აიტანა იგაზან-ლა, თუმცაღა ქროუსალის ტყეში მოპარპაშე ქარის სტვენასა და ბრურგის ღრიალს ერწყმოდა და სუსხში იფანტებოდა იგი. ქვა-ხრეშსა და ღორღს გამშრალი მიწის ნაგლეჯნი შეემატნენ, რომელთაც თრთვილში გამოხვეული, ხერხეში ბალახი ჰფარავდა.
მეჩხერ ტევრში შეიჭრნენ მხედარნი ჩორთით და ქროუსალის ტყის მარადმწვანე თაღს შეეფარნენ. ცამდე ატყორცნილ კენწეროებს მოსდებოდათ სქელი ნისლი, მაგრამ მხოლოდღა მსუბუქი ბურუსი იდგა გარშემო, რომელთაც მიარღვევდნენ ბედაურნი. გადადიოდა მზის მხევალი, და უფსკრულივით პირს აღებდა წყვდიადი, თეთრი ღამისა და მზის ჩასვენების ალმოდებული მოლურჯო ჩრდილიღა, ზორბა ხეთა ტანებს შორის რომ გამომსკდარიყო, უნათებდათ გზას.
მიაგელვებდა სისხლისფერ ქურანს ანდრეი, ხელი ფარს ედო, იქნებ კვლავ გავიგონოო ისრისა შხუილი.
შედრკა იგი, როცა სუსტად, თუმცაღა მაინც გარკვევით ჩაესმა შორეული, ცხენთა ფრუტუნი. მდევარიო, გაივლო მან გონში წამსვე და ქუსლები შემოჰკრა ქურანს.
იგივეს უგდო ყური ბაჰირელმა დიაცმა, მისმა გამჭოლმა მზერამ მაღალ, გაუვალ შამბნარსა და მეჩხერ ტევრში დალანდა უცხოთა სილუეტნი. წამსვე შეაყოვნა თაფლა ზაჰრამ, რამეთუ მიხვდა იგი, მოგვიჭრესო მსტოვართ გზა.
მერე კი, ისევე ანაზდად, როგორც ისარმა გამოჰკვეთა იგაზან-ლას კლდეს მომდგარი ქარის სხეული, შორეულმა სისინმა აღავსო ჰაერი.
მომცრო წანდელმა გაუშხუილა წინ გიუნტერს, მსუბუქი ბურუსი გააპო და იქვე აღმართულ ვეებერთელა ფიჭვს ეძგერა.
ყალყზე შედგა შეცბუნებული შავრა და შეყოვნდნენ მხედარნი, ლაგამი მოზიდა გიუნტერმა.
-ეშმაკმა დალახვროს! - შეჰყვირა მან. - სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლონ!
მისმა წყევლა-კრულვამ და შავრას გავეშებულმა ჭიხვინმა შეათრთოლა სუსხიანი ჰაერი, წიწვთა მახვილ წვერებს წამოეგო და ეახლა შამბნარს მომდგარ უცხოთა ყურებს მოეფინა.
-მდევარი მოგეწია, სრორდელო... - მეფისწულს გადაულაპარაკა ზაჰრამ და მტრული მზერა მიაგება ტევრიდან გამომავალ მხედართ, ყოველი მხრიდან რომ უახლოვდებოდნენ მათ.
წამსვე იშიშვლა ანდრეიმ მახვილი, განრისხებულმა მოავლო თვალი შავით შემოსილ მსტოვართ. განსაცდელი ეგრძნო ზაჰრას, მშვილდი მოეზიდა უმალ.
-ესოდენ მძვინვარედ შემოგვყურებთ, დიადო მგელო სრორდისა! - ანაზდად თქვა ერთმა, შალითა გადაიძრო და გამჭრიახი, ღრმად ჩასმული თვალებით შემოსცინა მათ. გრძელი ჟღალი წვერი უთრთოდა ქროუსალის ტყის მცირე სიოში. - ნუ აღმართავთ თქვენს იარაღს ჩვენს წინაშე, რამეთუ მშვიდობით გეახლებით!
დაჟინებით დააცქერდა მას ანდრეი, ათიოდე მხედარს მოავლო გამოწვრთნილი მეომრის თვალი. ყველანი კარგი მხედარნი სჩანდნენ, კოხტად დარახტულ ბედაურთა ლაგამნი ეპყრათ ხელთ, თუმცაღა ერთმა მომცრო ფიგურამ მიიპყრო ყურადღება მეფისწულისა. მგზავრობისაგან გამტვერილი მუქი შალითის ქვეშიდან ავად იმზირებოდა იგი, დაჩრდილულ ტყეშიც კი შესამჩნევი იყო პირისახე ბალღისა და შუბლს მიმოყრილი ხეშეში თმა.
-წყეული ვირთხა ამფაკართა... - ჩაესმა მეფისწულს ზაჰრას ჩურჩული, და გაივლო მან, დალიჰარმაც იცნოო აკარველი ტრიქსეს მარჯვენა ხელი მორგანა. კბილნი გააღრჭიალა მან, რამეთუ უწყოდა, ამფაკართა ვივიენ ქალის, წითელი გველის ხელი ურევიაო ამაში.
-ცეცხლივით თმა-წვერი, უნაგირს მოდებული ბადე და თქვენი მომავალი მეფის წინაშე გაბედული საუბარი ვერ მოგიშლიათ ამფაკართა სამფლობელოს! - საპასუხოდ შესძახა მდევართ გიუნტერმა. - ვგონებ, ვივიენ ქალმა განიცადა ფრიად, როცა თავისი საბედოს სიკვდილი ამცნეს...
-მეფისქალი ღმერთებს შეჰღაღადებდა და ირწმუნა, რომ არ დაცემულაო ჩემი გულისსწორი მოუსავლეთში! - შესძახა მორგანამ. - რამეთუ ძლიერია რწმენა და მძლავრია ხელი მისი, საუკეთესოთა შორის საუკეთესონი შეჰკრიბა, რათა გვეპოვა მეფისწული და მიგვებრძანებინა იგი სამშვიდობოს...
-თავადი ჟერარდი გეახლებით, მეფისწულო! აღტკინებას ვერ ვმალავ, რამეთუ სალბუნად მოევლინა თქვენი, ცოცხალისა და საღ-სალამათის ხილვა ჩემს თვალთ... - თქვა ჟღალწვეროსანმა, გიუნტერსა და ბაჰირელ დიაცს გადასწვდა მზერა მისი. - ვხედავ, თქვენი დისწულის დასახმარებლად მობრძანებულხართ, მრჩეველო სრორდისა!
ფრთხილი თვალი მოავლო მათ გიუნტერმა, შეჰღიმა უდარდელად.
-მალე დღის მხევალი ჩაესვენება და უმალ მოიცავს ცის კამარას მისი ბნელი ზურგი, მეგობარნო ჩემნო... - განაცხადა მან. - ორი მზეა, რაც შეუსვენებლივ გადმოვლახეთ იგაზან-ლას ვეებერთელა კლდენი... დავბანაკდეთ, რამეთუ ქარი უქრით ჩემს ფუღურო ძვალთ, ახალგაზრდობის ნატამალი აღარ შემრჩენია!
ხმამაღლა გადაიხარხარა მან, თუმცაღა არავინ აჰყოლია მის მოჩვენებით დალხენას. ჟღალწვეროსანმა მხოლოდღა შეჰღიმა საპასუხოდ, აქეთ მობრძანდითო, მიუგო მხოლოდ.
დაიძრა მდევარი და მათ მიჰყვნენ მოგზაურნი. ორლესული ქარქაშში ჩაეგო მეფისწულს და მშვილდი კვლავ ზურგზე მოეგდო ბაჰირელ დიაცს, თუმცაღა სიმზადით აჩქროლებოდათ სისხლი, რამეთუ სულისშემხუთველი იყო ჰაერს დაწოლილი დაძაბულობა. ყურადღებით უმზერდნენ მხედარნი მათ თვალთა კუთხიდან, მეტადრე მორგანა, რომლის თვალებიდან ბალღისათვის შეუფერებელი ღვარძლი და მრისხანება გამოსჭვიოდა.
თავადი ჟერარდი ამოუდგა გვერდში ანდრეის, პატივისცემის ნიშნად მოიდრიკა თავი მის წინაშე, თუმცა ჰხედავდა მეფისწული, რომ ერთგულება მისი მხოლოდ და მხოლოდ ამფაკართა მეფისქალს ეკუთვნოდა.
-თქვენი დალიჰარი გყვანთ, დიადო მგელო სრორდისა? - შეჰკითხა მან, თავდახრილ ბაჰირელ დიაცს მიაპყრო წამიერად თვალი. ხარბი იყო მზერა მისი, ცნობისმოყვარეობითა და ჟინით აღსავსე. - ხელზე ჩამოვითვლიდი მათ ხილვას, თუმცაღა რაც ბალღი ვარ, მსმენია მათ მშვენებაზე... მართლაც მშვენიერია იგი...
-ნუთუ ამფაკართა სამფლობელოში მშვენიერ დიაცთა ხილვანი მოისაკლისეთ? - კბილებში გამოსცრა ანდრეიმ, ცარიელ თვალებში ჩააცქერდა ჟერარდს. - ბარბაროსთა დიაცთ მოუტაცნიათ გული თქვენი?
გადაიხარხარა ჟღალწვეროსანმა, ღვარძლი გამოსახვოდა მის პირისახეს.
-არა, რასაკვირველია, დიადო მგელო სრორდისა... - მიუგო მან. - თუმცაღა იშვიათი ხილი მუდამ მაცდურია... იგი გზის გამკვლევად წამოიყვანეთ მხოლოდ, მეფისწულო?
-განსწავლულია იგი ამ წყეული მიწების ასავალ-დასავალში. - მოუჭრა ანდრეიმ. - თქვენა, თავადო? ფრიად საკვირველად აღვიჩინე ამფაკართა სამფლობელოს ხალხთა ხილვა...
-კარგი მდევარნი გახლავართ, დიადო მგელო, საუკეთესოთა საუკეთესო მხედარნი და მაძებარნი, სამხრეთის თავს დამტყდარ აურზაურს მოვყევით მხოლოდ. - მიუგო ჟერარდმა. - სულაც არაა გასაკვირი, რომ დამაშვრალთა პირის გასასველებლად გახდა ამბავი თქვენი! გინდ მეფისწულად მოევლინოთ ხალხთა თვალს, გინდ მდაბალ ვაჭრად, მუდამ მათ მზერას ითხოვს თქვენი გამოჩენა!
არა უთხრა რა ანდრეიმ, ორლესულის ვადას მოავლო მარჯვენა, თუმცაღა არ ცხრებოდა ჟერარდი.
-რად დასტოვეთ ლაშქარი თქვენი, დიადო ალფავ სრულიად სრორდის ჯარისა? - შეჰკითხა მან ეშმაკურად, გულუბრიყვილობის მსუბუქი საფარველი გადაჰკვროდა მის სიტყვათ, თუმცაღა ბრმაც კი იხილავდა, რომ თავადს რიდი არ ჰქონდა მეფისწულისა. - ვგონებ, დიდი გასაჭირი დაგტყდომიათ თავს, რამეთუ მან თქვენს მეომართაგან წაგრტაცათ...
-თუმცაღა განსაცდელმა ვერ მოდრიკა იგი, მუხლი ვერ მოაყრევინა, ვითარცა სრულიად სრორდის მომავალ მეფეს შეჰფერის! - ანაზდად განაცხადა გიუნტერის ცივმა ხმამ, ანდრეის გვერდში ამოუდგა იგი. - არ დამეთანხმებით, თავადო ჟერარდ? შესაშურია სიძლიერე დიადი მგლისა!
გადაიხარხარა ჟღალწვეროსანმა. გარშემო ჩამოწოლილ სიბნელეში უსიამოვნოდ იფეთქა მისმა ხმამ, ხეთა თაღს მიაწყდა, სუსხიან სიოს შეერია.
-მართალი ყოფილა ამბავნი, სრორდის მრჩეველს მზე და მთვარე ამოსდისო დისწულზე! - თქვა თავადმა. - მუდამ გვერდში უდგასო, ვითარცა მამა და ძმა!
ნაკვთები შეუტოკდა ანდრეის, აუთრთოლდა ბაგე. მარჯვენა მისი მაგრად მოეჭდო ორლესულის ვადას.
-დისწულია იგი ჩემი, და ბატონ-პატრონი სრორდისა! - ღიმილით მიუგო გიუნტერმა, თუმცაღა შეუცდომელი გახლდათ მის თვალებში აკიაფებული მტრული ნაპერწკალი. - ვგონებ, თქვენს მეფედაც შეიქნება იგი, რამეთუ ამკაფართა ვივიენ ქალის დედოფლობა ისეთივე უპირობოა, ვითარცა სისხამ დილით ამობრწყინება მზის მხევლისა!
თავაზიანად შეჰღიმა თავადმა ჟერარდმა, თუმცაღა არა უპასუხა რა. ქუსლნი შემოჰკრა მხოლოდ ბედაურს და ჩორთით გააჭენა იგი, მხედართ ანიშნა, მომყევითო ფეხდაფეხ.
ცრუღამის ბურუსით გაჟღენთილიყო ქროუსალის ტყე, ინავლებოდა სისხლისფერი სინათლე დღის მხევლისა, მხოლოდღა სუსტად შეფერილიყვნენ ცის კამარამდე ატყორცნილი ნაძვთა წვერები. მოახლოებული თეთრი ღამის სუსხიანი სუნთქვა მოსდებოდა ტყეს, დათრთვილულ ბალახსა და მოლურჯო წიწვებს თავისი სპეტაკი შეხებით ჭირხლავდა იგი. სულთმობრძავ დღეს ბოლო სხივთ სწოვდა ყინულოვან სიოსა და სუსხში გამოხვეული, მდუმარე ტყე, ვითარცა სამარე, სისხლისფერი ათინათი გადაჰკრავდა თეთრი ღამის სილურჯეში ჩაძირულ ტოტებსა თუ შამბნარს.
ერთი ყივილის სავალი დაჰფარეს მათ მსუბუქი ჩორთით, მისუსტდა და უკან ჩაიკარგა იგაზან-ლას მკერდიდან გადმოხეთქილი ბრურგის ღრიალი. სისხლისფერი ათინათი მინავლებულიყო, წყვდიადი და სულისშემხუთველი სამარისებური სიჩუმეღა დარჩენოდა საბურველად, რომელიც გაჰფანტა ხეთა შორის მოკიაფე ნარინჯისფერმა ციალმა, რომელსაც უდარდელი მასლაათი და სიცილი ერთვოდა ზედ.
-კეთილი იყოს ფეხი თქვენი ჩვენს ბანაკში, დიადო მგელო! - განაცხადა ჟერარდმა, მომცრო მდელოზე მიანიშნა მათ. მცირე კოცონი დაენთოთ, როელიც ნებივრად ტკარცალებდა, უდრტვინველად ჰფანტავდა ხეთა თაღქვეშ ჩამოწოლილ წყვდიადსა და სუსხს. ორი შავოსანი მიჰფიცხებოდა ცეცხლს, შალითის ქვეშიდან უმზერდნენ, ცნობისმოყვარეობით აღვსილნი. - ვიმედოვნებ, რომ ცხვირს არ აუბზუებთ ჩვენს მცირე სამყოფელს, ვითარცა სიმდიდრესა და ფუფუნებას ხართ დაჩვეული, მეფისწულო! მხოლოდღა ღამით შევისვენებთ, რამეთუ მოგზაურობით ერთობ დამაშვრალნი გახლავართ, ალიონზე კი კვლავ გავუდგებით გზას!
პასუხი არ აღირსა მეფისწულმა. ჩამოხდა იგი და მას მიჰბაძეს მხედრებმა, დააბეს ბედაურნი და კოცონს შემოუსხდნენ. საიდანღაც გააჩინეს გამშრალი ხორცი და ლოყაწითელა ვაშლები, ქერის წყალფაფის მოდუღებას შეუდგნენ კოცონზე შემომდგარ თიხის ქვაბში, მადიანად შეექცნენ მსუბუქ სამხარს. ხუთიოდე მხედარი საგუშაგოდ შემოერტყა მდელოს, მაგრამ თითქოსდა მხოლოდღა სრორდის ტახტის მემკვიდრე ჰგონიათო საფრთხილო, მისკენ მიემართათ გამჭრიახი მზერა.
ნაძვს მიბმულ თაფლასა და სისხლისფერი ქურანის გვერდით მიესვენა დათრთვილულ, რბილ წიწვთა საფარველზე ზაჰრა. ხურჯინიდან გულაბი მსხლები ამოაწყო მან, დამშეულმა მადიანად ჩაასო კბილნი ოქროსფერ ხილს, ტკბილი წვენი დაედინა ბაგეს.
მის გვერდით დაეშვა ანდრეი. ორლესულის ქარქაში ეპყრა მეფისწულს ხელთ და გამჭოლი, შეფარული მზერით გასცქეროდა მის წინ გადაშლილ მომცრო მდელოს. ჟერარდსა და მორგანას მიაპყრო თვალი მან, უცქერდა იგი, თუ როგორ ემასლაათებოდნენ ისინი ცეცხლს ნებივრად მიფიცხებულ გიუნტერს. თავაზიანობისა და პატივისცემის ნიმუშად ქცეულიყო ბიძა მისი, როგორც შეშვენოდა სრორდის სამეფო მრჩეველს...
-ვგონებ, რომ არ სწადია დახმარება შენი მდევარსა შენსა. - ანაზდად წაიდუდუნა ზაჰრამ. შალითის ქვეშ შეფარული ფერფლისფერი თავი მოედრიკა მას. - გაფრთხილდი, რამეთუ იქნებ ღამით ზურგში ჩაგცენ მახვილი...
გულაბი აიტაცა ანდრეიმ, სიტყვათა დასაფარად მიიტანა ბაგესთან.
-წითელი, გრძნეული გველია ამფაკართა ვივიენ ქალი. - დაიჩურჩულა მან, კოცონს არ აცილებდა მზერას. - უხსენებელს იქმს იგი, რათა აღასრულოს დათქმული სიტყვა... ნუ გეშინის, დალიჰარ, რამეთუ სიკვდილი ჩემი არ სწადია მას. ვგონებ, იგაზან-ლას პირას გამოტყორცნილი ორი ისარი შენ გეკუთვნოდა მხოლოდ...
მცირე ხნით ხმა არ გასცა ზაჰრამ, კვლავ ტკბილ გულაბს ჩაასო კბილნი.
-მაშა, ამფაკართა ვივიენ ქალზე დარხეულ ხმათ სიმართლის ნაპერწკალი ჰქონიათ მათში, სრორდელო. - თქვა მან ანაზდად. - გრძნეულთა ბნელ ხელობას სწავლობსო იგი, და გულთმისანი დედაბერი ჰყვანსო სასახლეში, მისთვის დედობილად მოვლენილი...
ხელები მოეკრუნჩხა ანდრეის, მკერდში ცეცხლი ჩაეღვარა.
-წყეული დედაბერი... - წასკდა მის ბაგეს, მზერა წყვდიადივით ჩაუბნელდა, ნაკვთები მოეღრიჯა, სხეულის თითოეულ კუთხე-კუნჭულს მოსწოლოდა მრისხანება. - წყეული, წყეული, წყეული დედაკაცი, დაე სუაგრამ და ნიჰიდამ ამოჰგლიჯონ ქვაგული მკერდიდან, სუნთქვა წარსტაცონ ბაგეს და ფერფლი მისი ჩამარხონ მოუსავლეთში...
-ბაბალ-ქაანი. - თქვა ზაჰრამ, ფითრისფერი, ოქროს მტვრით აღსავსე მზერა შალითის ქვეშიდან შეფარვით მოუტრიალდა ანდრეის პირისახეს. კოცონს გასცქეროდა ანდრეი, თუმცაღა თრთვილსა და სუსხში დანთებული მომცრო ცეცხლი ერთი ნაპერწკალიც კი არ იყო იმ ალისა, თვალებში რომ აჰგიზგიზებოდა. უთრთოდა გულაბზე აკრული ბაგე.
მცირე ხნით ჩუმად იყო იგი, თითქოსდა ბაბალ-ქაანზე ფიქრმა მოიცვაო გონი მისი.
-სამეფო ძიძა იყო წყეული დედაბერი. - თქვა მან ანაზდად, ტკბილმწარე მოგონების ათინათი დასთამაშებდა მის ნათქვამს. - სასახლესა და ჩვენს გონსა თუ გულებში ჩასახლდა იგი, ბინა დაიდო და ვითარცა ნოყიერ ნიადაგს თესლი მიაბარესო, ფესვნი გაიდგა...
შედგა იგი ანაზდად, თითქოსდა გამოერკვაო, მოგონებისა და მრისხანებით აჩქროლებული სისხლის ბურუსში გამოხვეული. დაჰხედა წამიერად ბაჰირელ დიაცს, იხილა შეფარვით მომზირალნი თვალნი მისნი, კოცონის ალით დაფერილი ბრინჯაოსფერი პირისახე და ბაგეს დადენილი წვენი ტკბილი ხილისა.
თვალი მოარიდა ზაჰრამ, იბრუნა პირი. გულაბის ნარჩენი მიუგდო თაფლას, უკეთ მოიხვია ჩალისფერი მოსასხამი. ნაძვის ზორბა ზროს მიეყრდნო იგი, თითქოსდა ემზადებაო საძილედ, თუმცაღა ღია ჰქონდა ფითრისფერი თვალები, ფხიზელი და გამჭრიახი იყო მზერა მისი.
კვლავ კოცონს უმზირა ანდრეიმ, თვალი მიაპყრო მოცინარ და მომასლაათე მხედართ. მოილხენდნენ ისინი, მომცრო ტიკჭორიდან ეწაფებოდნენ ქერის ნაწურს, და მალ-მალე უკეთებდნენ ცეცხლს, რომელიც ნებივრად ტკარცალებდა, სიცოცხლის ათინათით ჰფერავდა შემოგარენს.
-ვგონებ, აქედან მშვიდობიანად ვერ გავაღწევთ, დალიჰარ. - დაიჩურჩულა მან, დახარა თავი, გულაბი დააგემოვნა.
-გზა ვრცელია, სრორდელო. - მიუგო ზაჰრამ. - ყოველ მხარეს გადაჭიმულა იგი... თუმცაღა არასოდეს ყოფილა მშვიდობიანი...
არა უთხრა რა მეფისწულმა. შალითით მოსილი თავი უკან გადააგდო ანდრეიმ, თვალები მილულა. ნაძვთა ვეებერთელა, თეთრი ღამით დაბურული ვარჯი გადმოჰფარებოდა ხის ძირში მსხდომთ თაღად, ცეცხლის ალნი ლოკავდნენ სუსხიან ჰაერს.
ცრუღამე წყვდიადში დნებოდა, ჩასვენებულიყო დღის მხევალი და კუშტი ნაცრისფერი მოსდებოდა ზეცას.
ახლოვდებოდა მეთორმეტე მთვარე, და ქროუსალის ტყეს ბურუსად ადგა სურნელი თოვლისა.


-*-*-*-*-*-*-*-
მეშვიდე მთვარის ხვარტი დასწოლოდა ჰაერს, იმის მიუხედავად, რომ სამიოდე ყივილის წინ გადახრილიყო უწყალოდ მცხუნვარე დღის მხევალი. სუსტად ჰბერავდა ზღვიდან მომავალი მლაშე სიო, თუმცაღა მხოლოდ წამიერ შვებას ანიჭებდა გაუსაძლის სიცხეში გამოხვეულ უსულოსა და სულიერს. ჩამავალი მზის სისხლისფერით ანთებულ თელებსა და კაკლებს ფოთოლნი ჩამოეყარათ, სადღაც, მინდორზე სიცხით გათანგულ ცხვართა უნიათო ბღავილი ჰკვეთდა ჰაერს. ახლად მოწოლილიყო საღამო და ჯერ მხოლოდ ცრუღამის ჩრდილი ადგა მოწმენდილ ზეცას, თუმცაღა მწირი იყო ხალხთა ხილვა ზღვისპირას გაშენებულ მცირე დაბაში, მხოლოდღა მოგზაური თუ გაიქროლებდა ქვა-ღორღით მოფენილ ქუჩებში ფლოქვთა თქარუნითა თუ ეტლის ჯაყჯაყით.
შორეული ცხვართა ბღავილი, საპასუხო ნაგაზთა ღავღავი და ტალღების გრიალი ჩაესმოდა ნაცრისფერი სილით მოფენილ სანაპიროს. სილისა და მეჩხერი ბალახით დაფარული მაგარი მიწის გასაყარზე აღემართათ თეთრი ქვით ნაშენი მოზრდილი სახლობა, ოსტატურად გამოკვეთილი მარმარილოს სვეტები და ჩუქურთმებით მოკაზმული აივანი ერთი შეხედვით იკვეხნიდა სიმდიდრეს. სახლობას სიწყნარე ჩამოსწოლოდა საბურველად, მხოლოდ დრო და დრო გაისმოდა მსახურთა გადაძახილნი.
სახლის პირთან უძრავად იდგა და ზღვას გაჰყურებდა წმინდა ქვიშაში ფეხებჩაფლული, ჩვიდმეტი ზამთრის ქალიშვილი. ბრინჯაოსფერი ელფერი მოსდებოდა მის კანს, სპეტაკი ფარჩის თხელი შარვალი და ტუნიკა ემოსა მხოლოდ. ნიშნულნი აღბეჭდოდა შუბლზე, გიშრით შემკულ ბრინჯაოს ძარღვს მოეკაზმა თეძოებს დაფენილი, მშვენიერი ნაწნავი.
იდგა და გასცქეროდა ზაჰრა ალაპლაპებულ ზღვას, უდრტვინველი და მშვიდი ჰქონდა ფითრისფერი თვალები, თითქოსდა ყინული მოსდებიაო მის მზერას.
-Zahra! - ჩაესმა მას და წამიერმა ღიმილმა შეუტოკა ბაგე, პირი იბრუნა. ქათქათა აბრეშუმის კაბით შემოსილი, ფერფლისფერ თმაში ოქროს ძარღვჩაბნეული ქალიშვილი მოჰქროდა მისკენ. ღიმილს აენთო მისი მშვენიერი, ხორბლისფერი პირისახე, ზღვისფერი და მანათობელი ჰქონდა თვალები, სამეფო, ოსტატთა მიერ ნახელავი ნიშნულნი იწონებდნენ მის შუბლზე თავს.
- Güøhmarya Erkanna... (ერქანთა მეფისქალო...) - მის წინაშე თავი მოიდრიკა ზაჰრამ. წკრიალა, ზარივით სიცილი წასკდა ეირინის სავსე, ვარდის ბაგეს, გვერდში ამოუდგა იგი თანატოლს. – Kiewe åarkisseva guak, maij Güøhmarya? (რად მოხვედით აქ, მეფისქალო ჩემო?)
-Hossu relihva, kiwe tõerikaaseri märkes, Sespian... (უწყი, რომ მძაგს სახლში ყოფნა, დობილო...) - მიუგო ეირინმა. – trewõske oarra Sabahe ktaülirer, guakkes bzeurid hossu vüille... Behre päoneva? (ბებერი საბაჰის სმენას მირჩევნია აქ, ზღვასთან გავლიო წუთნი, შენს გვერდით... როდის მოხველ?)
წამიერად არა უთხრა რა ზაჰრამ, აქაფებულ, სილას ჩაკონებულ ზღვას გასცქეროდა.
-Mai gvøårtiri vokkel, Güøhmarya. (მე მალე კვლავ მივდივარ, მეფისქალო.) - მიუგო ბოლოს.
პირქუში ღრუბელი მოედო ეირინის მშვენიერ პირისახეს. თავი გადააქნია გაწბილებულმა, ზღვისფერი თვალები გაუცივდა, შეცახცახდნენ ფირუზნი და ზურმუხტნი, შუბლსა და ყურებს რომ უმშვენებდნენ.
-Kiewe gvøårtirad qorahat, Zahra? (რად მიდიხარ მუდამ?) - შეჰკითხა მან. – Mai verra ntåvii, Sespian! Vorga hio Weiqüer verra zejøiraad, hossu relihva mair, kiwe mai qwerri verdifärra... (ბრიყვი არა ვარ, დობილო! თავადნი და სწავლულნი მოსვენებას არ გაძლევენ, მაუწყე, რამეთუ ძალმიძს დახმარება შენი...)
-Verra, Güøhmarya. (არა, მეფისქალო.) - მოუჭრა ზაჰრამ, ფითრისფერი თვალები მიაპყრო ეირინს. – gvøårtirada, kiwe oarr Sabah oujäberad hossu. (წარვედ, რამეთუ ბებერი საბაჰი გეძიებთ).
ბაგე მოკუმა ეირინმა, შეაცქერდა წამით, მწყრალად, ნაღველი და მუდამ უცვლელი, მეფური მრისხანება აღბეჭდოდა ზღვისფერ თვალებში.
მერე კი იბრუნა პირი, ქათქათა აბრეშუმის ფრიალითა და სუსტ სიოში გაშლილი ფერფლისფერი თმის ფრიალით შეუდგა სახლობისაკენ გზას.
თვალი არ მიაწვდინა მას ზაჰრამ, იდგა იგი და გასცქეროდა თვალსაწიერს.
დაბის პირას თავადის მალემსრბოლის მიერ დატოვებული ბედაური ელოდა. ცრუღამის ჩამოდგმისას უნდა დაერახტა იგი და დადგომოდა გზას, რათა ერქანთა სამფლობელოს საზღვრამდე მიეღწია ალიონისას.
ზღვას უმზირა ქალიშვილმა.
ორიოდე მზეღა გაივლიდა მხოლოდ, და ნებივრად გააპობდა ალაპლაპებულ ტალღებს ხომალდი, რომელსაც უნდა ხლებოდა თვითონ.
მშვენიერი იყო ზღვა. ჩამავალი მზის კაშკაშა სისხლისფერი აეტაცებინათ ტალღებს, სიტკბოს ელფერი გასდევდა მათი წიაღიდან მონაბერ, დღის მხევლის სიმხურვალით გამთბარ სიოს. წამიერმა შვებამ აავსო ზაჰრა, თითქოსდა ბობოქარ წყალს დაფენილი სიმშვიდე სწოვსო წუხილსა თუ მარტოობას, მრისხანებასა თუ სასოწარკვეთილებას, მის სხეულს რომ აღავსებსო პირამდე.
ფითრისფერი, ოქროს მტვერით აღსავსე მზერა მილულა ქალიშვილმა.
მსახურთა გადაძახილი ჩაესმა ანაზდად და თითქოსდა მონაბერმა სიომ წარსტაცაო, უმალ გაიპო შვების მყიფე საბურველი, სულისშემხუთველმა სევდამ აღავსო კვლავ.
ღრმად ამოისუნთქა ზაჰრამ, შემოუძახა თავს. უკუაგდო სევდა, კვლავ ცივმა, ნაცნობმა სიცარიელემ დაისადგურა მასში.
დღის მხევალი ჩაინავლა თვალსაწიერის მიღმა, მხოლოდღა სისხლისფერ ზოლად გაწოლილიყო ათინათი მისი აბობოქრებული წყლის თავზე.
იძალა სიომ, ფერფლისფერი ნაწნავი შეუთრთოლა ზაჰრას. მცირე ხნით არ იძვროდა იგი, თითქოსდა იმახსოვრებსო სანახაობას.
მერე კი პირი იბრუნა ქალიშვილმა, მზეს ზურგი აქცია და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა სილიან სანაპიროს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ახალბედა მწერალი linda

17 თავი და 4,750 სიტყვაა ^^ დიდი მადლობა მათ, ვინც მელოდით და მომითმინეთ ამდენი ხანი, ერთი სული მქონდა სანამ დავდებდი, მაგრამ ფიზიკურად დრო არ მქონდა საწერად სამწუხაროდ... იმედია ამოდენა ჰიატუსზე აღარ გავალ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და იმედია ისიამოვნებთ! <3 <3

 



№2  offline წევრი Bai

აღარ დააგვიანო რა თორემ ძალიან ცუდია როდესაც რაღაცას ელოდები და თან იმდენ ხანს რომ ბოლოს იმედგაცრუებას გრძნობ რადგან გგონია რომ ავტორი ყურადღებას არ გაქცევს და არ აინტერესებს ის ფაქტი რომ ელოდები

 



№3  offline ახალბედა მწერალი linda

Bai
აღარ დააგვიანო რა თორემ ძალიან ცუდია როდესაც რაღაცას ელოდები და თან იმდენ ხანს რომ ბოლოს იმედგაცრუებას გრძნობ რადგან გგონია რომ ავტორი ყურადღებას არ გაქცევს და არ აინტერესებს ის ფაქტი რომ ელოდები

მესმის და ძალიან ვწუხვარ ამისათვის :( გპირდები, რომ არავინ მავიწყდება და არც უმიზეზოდ ვაგვიანებ. მეც ერთი სული მაქვს სანამ ავტვირთავ ხოლმე, მაგრამ მაქვს პრიორიტეტები, საქმეები და ამიტომ ვერ მოვახერხე სამწუხაროდ :(

 



№4 სტუმარი Qeti qimucadze

Rogorc mocyurebuls udabnoshibaxarebs oazisis xilvaa, ise gamaxara daliharis axalma tavma, shesanishnavi iyo linda. Shentvis saqebari sutyvebi ar menanebaa. Arachveulebrivi mcerali xar. Shens yvela istorias gansxvavebuli stili, magram saerrto strixi aqvttt. Sulmoutqmelad ixitxebaaa. Aq bevri zalian kargi avtoria. Agatac agvovachinee, magram chemtvis nomer pirveli xarr, stili, punqtuacia, martlcera. Performansi, kreativi, hiberbola, idiodizmi, metafora, epitetebi da mdidari leqsika, moqnili manera da sheiqmna dalihariccc. Bednier axalclebs gisurvebbbb

 



№5 სტუმარი ნენსი

დეედაა ამას რას მოვესწარი ???? მართალია ძალიან დიდხანს გვალოდინე მაგრამ ღირდა ლოდინად იმდენად საოცარი თავი იყო. ვგიჟდები ანდრეის წყევლა-კრულვაზე ???? ჩემი ბრაზიანი ???????? ამ ორს შორის თითქმის დამთბარი ურთიერთობაც მომწონს, მართალია ისევ უბღვერენ ერთმანეთს მაგრამ რაღაც ისე აღარაა როგორც პირველად.
საოცარი ხარ ლინდა და თუ საჭირო გახდა კიდევ უფრო დიდხანს დაგელოდები წუწუნის გარეშე იმიტომ რომ ვიცი შედეგი ასეთი მაგარი იქნება ყოველთვის ????????

 



№6  offline ახალბედა მწერალი linda

Qeti qimucadze
Rogorc mocyurebuls udabnoshibaxarebs oazisis xilvaa, ise gamaxara daliharis axalma tavma, shesanishnavi iyo linda. Shentvis saqebari sutyvebi ar menanebaa. Arachveulebrivi mcerali xar. Shens yvela istorias gansxvavebuli stili, magram saerrto strixi aqvttt. Sulmoutqmelad ixitxebaaa. Aq bevri zalian kargi avtoria. Agatac agvovachinee, magram chemtvis nomer pirveli xarr, stili, punqtuacia, martlcera. Performansi, kreativi, hiberbola, idiodizmi, metafora, epitetebi da mdidari leqsika, moqnili manera da sheiqmna dalihariccc. Bednier axalclebs gisurvebbbb

ისე მახარებ შენი სიტყვებით, ვერც კი წარმოიდგენ <3 სხვა არც კი ვიცი რა გითხრა, გულითადი მადლობის გარდა არაფერი მეთქმის ამ სასიამოვნო სიტყვებისათვის heart_eyes heart_eyes მეც გილოცავ დამდეგ ახალ წელს! <3
ნენსი
დეედაა ამას რას მოვესწარი ???? მართალია ძალიან დიდხანს გვალოდინე მაგრამ ღირდა ლოდინად იმდენად საოცარი თავი იყო. ვგიჟდები ანდრეის წყევლა-კრულვაზე ???? ჩემი ბრაზიანი ???????? ამ ორს შორის თითქმის დამთბარი ურთიერთობაც მომწონს, მართალია ისევ უბღვერენ ერთმანეთს მაგრამ რაღაც ისე აღარაა როგორც პირველად.
საოცარი ხარ ლინდა და თუ საჭირო გახდა კიდევ უფრო დიდხანს დაგელოდები წუწუნის გარეშე იმიტომ რომ ვიცი შედეგი ასეთი მაგარი იქნება ყოველთვის ????????

მეც კი მიკვირს რომ ავტვირთე საბოლოოდ :დდდდდ ერთი სული მქონდა, როგორც კი მოვრჩი წერას, მაშინვე ავტვირთე <3 მართალი ხარ, რაღაც ძვრები არიან, მგონი ეჭვობენ, რომ ამ ყველაფერში ტექნიკურად მარტონი არიან და ამიტომ ზურგის გამმაგრებელი სჭირდებათ, მაგრამ საბოლოო გაცნობიერებამდე გვიკლია ჯერ :დდდდდ
ძალიან დიდი მადლობა, რომ მელი მოთმინებით! <3

 



№7  offline წევრი ლილიკო

აი ამ წუთს მოვრჩი კითხვას და ძალიან დამაინტერესა. რათქმაუნდა დაველოდები შემდეგ თავებს. აი ყოჩაღ შენ როგორი რთულია მესმის. წარმატებები!

 



№8  offline წევრი Skubidu

Iseti interesit vkitxulobdi exla kide agarc maxdovs bolo tavishi ra ewera yoveltvis gamorcheuli da gansakutrebuli stili gaqvs weris yoveltvis moutmenlat geli

 



№9  offline წევრი crete20

პირველ რიგში ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება relaxed heart_eyes ეს ისტორია არის ჩემთვის უსაყვარელსიიი და ჩმეი ნაწილიი satisfied რომ ვკითხულობ ხომ ყველაფერი დეტალურად წარმომიდგენია და მგონია კინოს ვუყურებ ოღონდ ემოციებსაც რომ ახმოვანებენ სიტყვებით ისეთს satisfied smiley satisfied grinning

ზუსტად მახსოვდა სად გაჩერდი წინა თავზე! უმეტესად ერტი და ორი კვირა რომ აგვიანებს "მწერალი" ისტორიის დადებას უნდა გადავიკითხო ხომე რომ გამახსენდეს სად გაჩEრდა!

ახლა სროდელი ქოფაკი თავის თავზე ბრაზდება რომ მოსწონს ურჯულო laughing laughing satisfied satisfied საკალელიი, საკუთარი თავი გამოიჭირა stuck_out_tongue_closed_eyes heart_eyes

აბა ყოჩაღAდ და ველი ახალ თავს heart_eyes kissing_heart რაღაცნაირად დაუსწრებლად შემიყვარდი ლინდაა laughing satisfied satisfied

 



№10  offline ახალბედა მწერალი linda

ლილიკო
აი ამ წუთს მოვრჩი კითხვას და ძალიან დამაინტერესა. რათქმაუნდა დაველოდები შემდეგ თავებს. აი ყოჩაღ შენ როგორი რთულია მესმის. წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა თქვენ! <3 <3 თავიდან მართლაც ძალიან რთული იყო, ახლა ცოტათი გამიიოლდა საქმე. მიხარია რომ მკითხულობთ <3
Skubidu
Iseti interesit vkitxulobdi exla kide agarc maxdovs bolo tavishi ra ewera yoveltvis gamorcheuli da gansakutrebuli stili gaqvs weris yoveltvis moutmenlat geli

ძალიან ვწუხვარ :( მესმის, რომ დიდი ხანია არ დამიდია და ამიტომ ძნელია იმის გახსენება, თუ რა მოხდა... დიდი მადლობა იმისათვის, რომ მაინც წამიკითხეთ! <3
crete20
პირველ რიგში ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება relaxed heart_eyes ეს ისტორია არის ჩემთვის უსაყვარელსიიი და ჩმეი ნაწილიი satisfied რომ ვკითხულობ ხომ ყველაფერი დეტალურად წარმომიდგენია და მგონია კინოს ვუყურებ ოღონდ ემოციებსაც რომ ახმოვანებენ სიტყვებით ისეთს satisfied smiley satisfied grinning

ზუსტად მახსოვდა სად გაჩერდი წინა თავზე! უმეტესად ერტი და ორი კვირა რომ აგვიანებს "მწერალი" ისტორიის დადებას უნდა გადავიკითხო ხომე რომ გამახსენდეს სად გაჩEრდა!

ახლა სროდელი ქოფაკი თავის თავზე ბრაზდება რომ მოსწონს ურჯულო laughing laughing satisfied satisfied საკალელიი, საკუთარი თავი გამოიჭირა stuck_out_tongue_closed_eyes heart_eyes

აბა ყოჩაღAდ და ველი ახალ თავს heart_eyes kissing_heart რაღაცნაირად დაუსწრებლად შემიყვარდი ლინდაა laughing satisfied satisfied

ტეტაააააა უღრმესი მადლობა, პირველ რიგში! <3 კი, მოვრჩი გამოცდებს როგორც იქნა და მივხედე საქმეს :დდდდ heart_eyes heart_eyes მიხარია რომ კინოდ წარმოგიდგენია, ძალიან ვცდილობ რომ თითოეული დეტალი თვალსაჩინო იყოს, როცა საჭიროა wink wink
ისიც ძალიან მიხარია რომ გახსოვდა <3 მესმის, იოლი დასავიწყებელია, ამიტომ ორმაგად მიხარია რომ გახსოვს დასასრული ^^
დიაღ, ბრაზდება ბიჭი :დდდდდდდდ ნამეტანი გამოჭერილ სიტუაციაში არიან და ამიტომ მოუწევთ ერთმანეთი აიტანონ wink wink ნელ-ნელა ცვლილებებიც მოხდება მომავალში wink wink
დაუსწრებლად შემიყვარდიო heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ვაიმე, ტკბილო, ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა <3 უღრმესი მადლობა! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent