შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეშვიდე თავი)


12-01-2018, 20:24
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 475

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეშვიდე თავი)

- აი სასწაულიც მესმის - ხითხითებდა ინე - უკვე ერთი თვე გავიდა და ინასგან არაფერი მსმენია. - მიუგო ლაღად ქრისტიანოს.
- არც მე - უემოციოდ გამოსცრა ქრისტიანომ. უცნაურად უგუნებო და ყურებჩამოყრილი ჩანდა.
- ამბობენ, რომ ვივიანთან კონტრაქტი გააუქმა, მთელი თავისი ქონება კი ვალების გასტუმრებას შეალია. წარმოგიდგენია? ნეტავ რა დაემართა მაგ ჯოჯოხეთის მაშხალას?
- განაღვლებს?
- არა. რაც არ უნდა დამართნოდა, ბედი ჩემს სასიკეთოდ შემოტრიალდა. ყველაფერი ნაზი დინებასავით მშვიდად მიედინება ჩემს ცხოვრებაში და ტანსაცმლის გაყიდვებსაც არც ერთი წითური დემონი არ უშლის ხელს.
- საინტერესოა - შავი წვერი ჩაფიქრებით მოისრისა ქრისტიანომ.
- ქრის, რა გჭირს?
- არ ვიცი.
- რას ქვია, არ იცი? კითხვებზე მხოლოდ ერთი სიტყვით მპასუხობ, ნირწახდილი და სევდიანი ხარ. ვერ ვხვდები, რა დაგემართა.
- იქნებ სხვანაირი კითხვა უნდა დაუსვა? - ოთახიდან გამოვიდა ფრანკო თავისი სახასიათო ეშმაკური სიცილით. - რა კი არა, ვინ დაემართა.
ინე ისე შეხტა ფრანკოს ხმის გაგონებაზე, გეგონება მოჩვენება დაენახოს. ჯერაც ვერ შეეჩვია, რომ ქრისტიანოს სახლში მეორე კაველოც იმყოფებოდა ხოლმე.
- ფრანკო, გაჩერდი რაა. - სთხოვა ქრისტიანომ.
- შენ კიდევ აქ ხარ? მეგონა, დიდხანს არ დარჩებოდი აქ - ირონიულად გაუღიმა ქალმა და თვალი თვალში გაუყარა.
- მე კიდევ ძალიან დიდხანს დავრჩები აქ ჩემო საყვარელო ინე, თუმცა ამ შემთხვევაში, სჯობს ბარში ჩავიდე და ერთი-ორი გადავკრა. ქრისტიანოს შენთან ხანგრძლივი და გულწრფელი ლაპარაკი სურს.
- მართლა? - ახლა ქრისტიანოს შეხედა გაოცებულმა ინემ - ამ ბოლო დროს, ორივე ძმა შეთქმულებივით გადახედავთ ხოლმე ერთმანეთს. თითქოს, ვიღაც უცნობი ვიყო და რაღაცას მიმალავდეთ. რა იყო ქრისტიანო, აღარ მენდობი? - ჰკითხა განაწყენებულმა.
- რომ გენდობი და მიყვარხარ, იმიტომ ვარ ასეთი შეშფოთებული. მეშინია, რომ რასაც ჩემგან გაიგებ, შენ დაგაკარგვინებს ჩემს მიმართ ნდობას.
- რა მოხდა? - ახლა ინეც დამფრთხალი ჩანდა.
ფრანკომ თავის ძმას შეხედა და მერე მშვიდად მიიხურა სახლის კარი.
- ვიღაც გოგო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში - წყნარად თქვა კაცმა.
- მერე მაგას რა სჯობს? მოგწონს? რამე სერიოზულია?
- ჰო. ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი მხრიდან.
- მოიცა, იმას არ მოსწონხარ? - გაკვირვებისგან ისე გაუფართოვდა თვალები ქალს, გეგონება მსგავსი რამ სამყაროს დასასრული ყოფილიყო.
- არ მოვწონვარ ცოტა მსუბუქი ნათქვამია - გაეცინა ქრისტიანოს - მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა მხოლოდ მაგ გოგოს ვინაობას აქვს. არ ვიცი, როგორ გითრა. სიმართლე თუ გაინტერესებს, თავი სამშობლოს მოღალატე მგონია, მაგრამ ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მართალი გამოდგა ის ბანალური ფრაზა, გულს ვერ უბრძანებო და მეც ვერ ვუბრძანე ამ დასანახშირებელს - გულზე მიიტყა ხელი კაცმა.
- რა გახელებული რაინდივით საუბრობ - გაეცინა ინეს. - უბრალოდ, ყველაფერი მომიყევი და ეგაა.
- ინა ბელინი მიყვარს - აღმოხდა კაცს ერთი ამოსუნთქვით.
ცოტახანი სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა ოთახში და წამით ორივეს ეგონა, რომ ამ სიმშვიდეს საშინელი წყვდიადის ახლდა. „ინა ბელინი მიყვარს“ - განმეორდა რამდენიმეჯერ ინეს მეხსიერებაში ეს ფრაზა და ქალი მიხვდა, რომ ყველაზე საშინელი კოშმარი აუხდა, რადგან ქრისტიანოს ბაგეებიდან წარმოთქმული გოგონას სახელი ასჯერ უფრო შემზარავად ჟღერდა. მითუმეტეს, თუ მის სახელს თან სიყვარულიც ერთვოდა.
- ხუმრობ? - ხმა ჩაუწყდა ინეს.
- თავს ვერ ვაკონტროლებ. ერთი თვეა, რაც აღარსად გამოჩენილა. მისი ნომერიც გავიგე, ტელეფონს არ პასუხობს, მის მისამართზეც ვიყავი, თუმცა კარი არავინ გამიღო. სოციალური ქსელები გააუქმა და ისე აორთქლდა, თითქოს არც უცოცხლია. მაპატიე ინე. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები გულს გტკენს, მაგრამ ახლა მე ასმაგად ვარ გულნატკენი. მის არსებობას მხოლოდ ვიდეოებში და გასული თვის ჟურნალების გარეკანზე ვგრძნობ.
- მოიცადე, ახლა რა ვქნა, დაგაწყნარო? - გამწარებული წამოხტა სავარძლიდან.
- შენგან მხოლოდ გაგება მჭირდება. უბრალოდ მითხარი, რომ არ მიბრაზდები.
- არ გიბრაზდები? - გადაიხარხარა ქალმა. - არ გიბრაზდები? - კიდევ ერთხელ გაიმეორა და მიხვდა, რომ შეეძლო, ასე შეშფოთებულს, კიდევ ასჯერ წარმოეთქვა.
- მიბრაზდები - დიდი ვარაუდით დაასკვნა კაცმა.
- გიბრაზდები არა ქრისტიანო... ვერ გიტან! ყოველი შემთხვევისთვის, დროებით მაინც და ძალიან გთხოვ, არ დამირეკო. ცხელ გონებაზე შეიძლება რამე საშინელი, თავზარდამცემი და შეურაცხმყოფელი გითხრა - თითქმის დაიყვირა ქალმა, სახლიდან გაგიჟებული გავარდა და ლიფტში სირბილით შევიდა.
ქრისტიანომ ზუსტად იცოდა ინეს ხასიათი და იმ წამებში თუ დაედევნებოდა, უარესად გაავებული ქალის გარდა, არაფერი შერჩებოდა ხელში. ამიტომ, დრო მისცა ყველაფრის გადასახარშავად.
ქრისტიანოს სახლის შენობის ბარში შევარდა ინე. ფრანკოც იქ ეგულებოდა. გარეთ წვიმის თქეში მოდიოდა და ნაცრემლარი თვალები ქუჩის ციდან ჩამონადენმა წვეთებმა ჩამოურეცხა. ბართან იჯდა ფრანკო, როგორც ქრისტიანოს სჩვეოდა ხოლმე. ინე დაინახა თუ არა, მისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. ქალს ნახევრად სველი მანტო გაჰხადა და თავისი ჩააცვა უსიტყვოდ.
- იცოდი? - ჰკითხა გაბრუებულმა ინემ.
- ისეთი სახე გაქვს, გეგონება ქმარი გამოიჭირე ღალატში. კითხვებიც იგივენაირი გაქვს ინე. - გაეცინა ფრანკოს და თოჯინასავით ასვა ბარის გრძელ სკამთან, რომელზე შემოჯდომის მცდელობაც ქალისთვის ძირითადად, კრახით მავრდებოდა და ფრანკოს ამ კრახებიდან თითქმის ყველა ახსოვდა.
- უარესია ის, რაც შენმა ძმამ გააკეთა.
- არაყი დაუსხით და ბროწეულის წვენი, მისატანებლად. - სთხოვა კაცმა ბარმენს.
- შენც ასეთი იმედგაცრუებული იყავი? - ჰკითხა მოულოდნელად ინემ ფრანკოს და სასმელი ერთ ყლუპში გააქრო, შემდეგ კი გვარიანად დაიჯღანა.
- ქრისტიანოს როცა ინა შეუყვარდა? ჰო, რა ვიცი. მემგონი.... - ვერ მიხვდა, რა ეპასუხა. სულაც არ ყპფილა სინამდვილეში იმედგაცრუებული.
- როცა უარი მიიღე ჩემგან სულელო - გაეცინა ინეს და ამ სიცილში ფრანკომ მთელი ის დაღლილობა შენიშნა, რომელიც ქალს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დაჰგროვებოდა.
- უკვე უცნაურ რამეებს ამბობ. შენი უარი და ქრისტიანოს სიყვარული ინას მიმართ, რა შუაშია?
- არ ვიცი. სისულელეებით მაქვს თავი გამოჭედილი. ახლა იმაზეც კი ვფიქრობ, რომ ინა დანით ავკუწო. ნეტა ქრისტიანოს ძალიან ეწყინება? - ისევ გადაუძახა ყელში მორიგ სასმელს და მესამესაც დასტაცა ხელი.
- ვფიქრობ, ეწყინება - გაეცინა ფრანკოს და ტუჩთან მიტანილი მესამე ჭიქა გამოაცალა ქალს ხელიდან. შენი სახლის გასაღები სად გაქვს ინე?
- ჩანთაში.
- ჩანთა სად გაქვს?
- მანქანაში.
- მანქანის გასაღები? - უკვე კომედიას ემსგავსებოდა მათი დიალოგი.
- ჯიბეში. - თქვა და ღიმილით აუთამაშა თავისი მანქანის გასაღები.
- მოდი, სახლში წაგიყვან, კარგი?
- კარგი, მაგრამ ხელი უნდა მომკიდო, თორემ ფეხებში წყალი შემივიდა და ტერფები ფეხსაცმელშივე მისრიალებს.
- კარგი ქალბატონო - გაეღიმა ფრანკოს და ისე მსუბუქად აიყვანა ქალი ხელში, გეგონება ბუმბულის წონა ჰქონოდა. მანქანის კარი დიდი გაჭირვებით გააღო და ქალი შიგნით შესვა.
- ეგეთი მთვრალიც არ ვარ ფრანკო - გაეცინა ინეს.
- ვიცი, რომ არ ხარ, მაგრამ ზედმეტად დაღლილი და ძალაგამოცლილი ხარ.
- ჰო. შენმა მუტრუკმა ძმამ ისე გამამწარა, რომ სათანადოდ ვერც კი ვცოფდები.
- შენ მაინც ხომ იცი, რომ გულს ვერ უბრძანებ? - შეხედა კაცმა ინეს.
- რატომ ვერ ვუბრძანებ?
- გახსოვს, ჩემი შეყვარება რომ ყველაზე ნაკლებად გინდოდა? სხვანაირ კაცზე ოცნებობდი. აი, ქრისტიანოს მსგავსზე. ისეთზე, რომელსაც ძალაუფლების გამოყენება უყვარს. მე კი ნაკლებად გამოვირჩეოდი ეპატაჟური ცხოვრების ნირით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი მდიდრია.
- რა სისულელეა. არასდროს მიოცნებია კაცზე. ღმერთს ვევედრებოდი, საერთოდ არავინ შემყვარებოდა.
- ჰო და, ხომ ვერ უბრძანე გულს?
- არ ვუბრძანე, ვერ ვუბრძანე კი არა. უბრალოდ დავნებდი და თავი გავანებე, რადგან სასიამოვნო შეგრძნება იყო ეს დამპალი სიყვარული, უცხო და გრანდიოზული.
- მიხარია თუ ასე ფიქრობ - მანქანა ქალის სახლთან გააჩერა და მის გადმოსაყვანად გადავიდა.
- თავი ინვალიდი მგონია - გაეცინა ინეს.
- მართლა პარალიზებულივით ხარ. - გადმოსვლაში დაეხმარა კაცი. ნაავადმყოფარივით ნელი ნაბიჯებით ავიდნენ სახლამდე.
- ძალიან მეძინება, არადა ცხელი შხაპი არ მაწყენდა - თქვა ინემ და საწოლზე ისე დაეხეთქა, შხაპზე ფიქრი მხოლოდ ოცნებებშიღა დარჩა.
- რახან ადგილზე მოგიყვანე, მე წავალ. - გაეღიმა ფრანკოს.
- არ წახვიდე რაა - შარვალზე ჩაებღაუჭა ქალი (იმ წამს, მხოლოდ მაგ ნაწილის დაჭერა შეძლო). - დაწექი - ჩაიბურტყუნა თვალებდახუჭულმა.
- კარგი - ჩაიჩურჩულა დაბნეულმა კაცმა და ფეხზე გაიხადა, ნელა მიუწვა ინეს გვერდით. მართალია, ამ ქალის სურნელის კიდევ ერთხელ შესაგრძნობად არ იყო მზად, მაგრამ საკუთარ თავსა და გრძნობებს ვეღარ გაუძალიანდა. ინეს სრიალა, წვიმის წვეთებისგან ფორმაშეცვლილ თმას ნაზად შეეხო. ისევ ძველებურად ჟრუანტელი ეუფლებოდა ქალის ნებისმიერი ნაწილის შეხებისას. ისეთი ნაზი და უმწეო იყო ახლა ინე, როგორც არასდროს. ფრთხილად გადმოწვა კაცის მკერდზე და თვალები მინაბა. ნამდვილად არ იცოდა, რას აკეთებდა, თუმცა წამით ქრისტიანოს მდგომარეობაშიც შევიდა. როგორც ჩანს, ძნელია გიყვარდეს ვინმე და სსხეული ფიქრების საწინააღმდეგოდ წარმართო. გრძნობებს ემორჩილება უმეტეს შემთხვევაში გულიც და გონებაც. ახლა მთელი გრძნობით სურდა ფრანკოს შიშველი მკერდიდან მისი კანის სურნელს ხარბად დასწაფოდა და ასეც მოიქცა: კაცს თეთრი პერანგის ღილები ნელა შეუხსნა და თავი მის სრიალა მკერდზე ნეტარებით დადო. არც ისეთი მთვრალი იყო, რომ თავისი ქცევა ვერ ეკონტროლებინა, სულ რაღაც ორი ჭიქა დაელია, მაგრამ იცოდა, დაღლილობას მხოლოდ ეს კაცი მოუხსნიდა.
ლავასავით ამოხეთქა ინეს სხეულში მთელი ცხოვრების დაღლამ: დაღლამ ბრძოლისგან, თვითგადარჩენისგან, მუშაობისგან, ზედმეტი ფიქრისგან და გრძნობების დაძლევისგან. ერთი რამე მაინც უთუო იყო: რამდენიც არ უნდა ემუშავა, ფრანკოსზე ფიქრებისგან ვერც ერთ დღეს ვერ იძვრენდა თავს. იმ საღამოს, არც უცდია თავის დაძვრენა. მთელი დღის თქეშში ნასიარულები ადამიანი, რომ საღამოს სითბოთი გაჟღენთილ სახლში შეაბიჯებს, ისე იყო მისთვის ფრანკოც.
* * *

ინამ თავის ავტოფარეხში შეაყენა მანქანა. უგუნებო სახით გადმოვიდა და ცოტახანს გაშტერდა. ბოლო თვის განმავლობაში საგნებზე მიშტერება, წელის ტკივილი და გამუდმებული შაკიკი დასჩემებოდა. შავები ეცვა ძაძებივით, იმაზე გამხდარი იყო, ვიდრე ოდესმე, თუმცა ერთი რამე კვლავ უცვლელი რჩებოდა: სადაც არ უნდა წასულიყო, ყველა თვალებგაფართოებული მიშტერებოდა წითურ ლამაზმანს.
აღარ უნდოდა ინას სილამაზე.
უჩვეულო კანონზომიერებიბთ აღმოჩნდა სამყარო აწყობილი. თუ ფული და სილამაზე აქვს ადამიანს, მაშინ დანარჩენ ყველაფერს კარგავს. აღარც ოჯახი ჰქონდა ინას, აღარც მეგობრები ჰყავდა და მითუმეტეს, დაზუსტებით ისიც არ იცოდა, ვინ იყო.
ბარებში ხეტიალი და სიმთვრალე დასჩემებოდა გოგონას. უცნობ თაყვანისმცემლებს ბოლო დროს, სასმელზე დაპატიჟების უფლებას რთავდა, მაგრამ შემდეგ იმედგაცრუებულებს სტოვებდა ხოლმე ბარშივე, თავად კი სახლში ბრუნდებოდა.
- ინა! - მოესმა ზურგიდან კაცის ხმა. ქრისტიანო იყო.
კაცი წამით შეყოვნდა და გოგონას მიაჩერდა. ნეტავ, მართლა ინა იყო ეს ძალაგამოცლილი, უსუსური არსება თუ ეჩვენებოდა?
- ქრის? - ხმადაბლა, გაკვირვებულმა იკითხა. სიმთვრალისგან თვალებში უორდებოდა და ნორმალურად ვერ არჩევდა მართლა ქრისტიანო იყო თუ ვიღაც სხვა.
- სად დაიკარგე? - მიუახლოვდა კაცი. ინამ მისი სურნელით იგრძნო, რომ უთუოდ ქრისტიანო იქნებოდა. მსგავსი არომატის მქონე ხომ არავინ შეჰხვედრია ცხოვრებაში.
- რაში გაინტერესებს? - ჰკითხა უკმეხად და მანქანას ჩაებღაუჭა, რომ არ დავარდნილიყო.
- მაინტერესებს! - თქვა კაცმა დაჟინებით, გოგონას უფრო მიუახლოვდა.
- ვერ ვხვდები რა ხდება. ჯერ ჩემი არსებობა გაწუხებდათ ყველას ერთად, ახლა არ არსებობა გაწუხებთ?
- მითხარი, პრობლემები გაქვს?
- რაში გაინტერესებს?
- მაინტერესებს!
- კი, ძალიან ბევრი მსუქანი და საზარელი პრობლემა მაქვს, რომლის ახსნასაც ვერ შევძლებ.
- ბევრი დრო მაქვს. წავიდეთ სადაც გინდა და დავილაპარაკოთ.
- არ ვაპირებ. - მიუგო გოგონამ მტკიცედ - ყველაფერი დამთავრდა. დამთავრდა ინა ბელინის ბრძოლა. ინეს გადაეცი, შეუძლია ფრთები ფართოდ გაშალოს მოდის ასპარესზე. მე აღარ ვაპირებ მასთან ქიშპობას.
- ძალიან ცუდი. ინეს შენ ჰაერივით სჭირდები. სადაც კონკურენცია და ბრძოლა არ არსებობს, იქ სრულფასოვანი და უნაკლო არაფერი იქმნება. შენ ინეს დახმარებით უნაკლო იყავი და ისიც ასევე იყო შენი მტრობის დამსახურებით. მოიკრიბე ძალ-ღონე და აღიდგინე სახელი. არაფერი დაგიკარგავს ინა. არაა გვიანი, რომ იქ დაბრუნდე, სადაც შენი ადგილია. ხალხი გიჟდება შენზე, ყველას ენატრები. მეც კი ვგრძნობ ამას.
- არაუშავს, გადაიტანენ მალე უჩემობას. - გაეცინა გოგონას.
- რა დაგემართა? ასეთი არასდროს ყოფილხარ.
- შენ არ მიცნობ და ისიც არ იცი, როგორი ვყოფილვარ.
- როგორ არ გიცნობ. - ამოიოხრა კაცმა - იმაზე უკეთ გიცნობ, ვიდრე წარმოგიდგენია. როცა რამეს აშავებ, ყოველთვის კეკლუცი ღიმილი დაგთამაშებს ხოლმე სახეზე და მიუხედავად იმისა, რომ სინდისი გქენჯნის, დანაშაულის გრძნობის გადაფარვას სწორედ ამ ღიმილით ცდილობ. შენ ინა ბელინი ხარ. კარგად დაიმახსოვრე. არიან ადამიანები, რომლისთვისაც ბედი ყველაფერ საუკეთესოს იმეტებს. სამყარო ყველაფერს გპატიობს, ყველა ახირებასა და დანაშაულს შეგარჩენს ხოლმე და ეს უნდა გამოიყენო.
- როგორც ხედავ, არაფერიც არ შეურჩენია ჩემთვის დედა ბუნებას. ზოგჯერ მინდა, სახეზე მჟავა გადავისხა და დავმახინჯდე თუ ეს სიმახინჯე ცხოვრების ყველა დანაკარგს დამიბრუნებს. არ ვიცი, რატომ გელაპარაკები ამაზე, მაგრამ ზედმეტად დაღლილი და ურესურსო ვარ იმისთვის, რომ ბრძოლა განვაახლო.
- ამას ნუ იზამ, ძალიან გთხოვ - შეშფოთდა კაცი.
- ისე ნუ იქცევი, თითქოს ყველაზე ძვირფასი ვიყო, რაც კი ცხოვრებაში გაბადია! - დაუყვირა ინამ და ნაბიჯის გადადგმა სცადა, მაგრამ ფეხები ერთმანეთში აერია და პირდაპირ ქრისტიანოს მკლავებში ჩაეშვა.
- ჩშშშ, დაგიჭირე - გაეღიმა კაცს.
- რატომ მოხვედი? - ჰკითხა გოგონამ და გაჭირვებით დააღწია კაცის სხეულს თავი. ისევ თავის მანქანას მიეყრდნო.
- ვიცი, რომ მთელი ქონება ჯარიმებში გაფანტე.
- ჰო, ჯარიმებში გავფლანგე ყველაფერი. რომც მოვინდომო, ახალი კონტრაქტით აღარავინ ამიყვანს, სახელი მაქვს უკვე გამტყდარი.
- მე დაგეხმარები.
- ვერ დამეხმარები.
- გეუბნები, დაგეხმარები მეთქი!
- რითი დამეხმარები ქრისტიანო? - გაეცინა ინას - დარჩენილ ჯარიმებს გადამიხდი თუ ინეს სთხოვ, რაღაც რაღაცეები დამითმოს? ალბათ, უბედნიერესია ჩემ გარეშე. შენგან კი რომც მჭირდებოდეს, დახმარებას ვერ მივიღებ.
- რატომ ვერ მიიღებ?
- იმიტომ, რომ ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია!
- გახდი ჩემი ცოლი და აღარ იქნები მტერი - შესთავაზა მოულოდნელად კაცმა.
გოგონა გაშეშდა.
ქრისტიანოც გაშეშებული იდგა და აანალიზებდა თავის შეთავაზებას. ნამდვილად არ უნდოდა ამის ასე უეცრად თქმა, მაგრამ როცა იმის საშიშროება იგრძნო, რომ ინას ვეღარ ნახავდა ყოველ ივენთზე, ანდაც სულელურ წვეულებებზე გოგონას თუნდაც ცალი თვალის მოკვრის ერთი შანსიც კი აღარ ექნებოდა, შეურაცხადს დაემსგავსა. საერთოდ, რისთვის ღირდა რაღაცისთვის ბრძოლა თუ ინას დანახვისგან გამოწვეული აჟიოტაჟი აღარ მოედებოდა მთლიანად მის სხეულს? მასთან ყოფნა მთელი სულით უნდოდა. ერთხელ, დედამისმა ასეთი რამ უთხრა: „გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ვინმე, ვინც ყველა ქალის გამო იძიებს შურს ვის გულშიც კი ცეცხლი დაგინთია და შემდეგ ასე აგიზგიზებული დაგიტოვებია ეს ცეცხლი ტყის შუაგულში ყველა ხის გადასაწვავად. გამოჩნდება და მიხვდები, რომ ცხოვრებაში ჯერ არასდროს წარმოთქმული ყველა სიტყვა მისთვის გემეტება „მიყვარხარ“-დან დაწყებული და „უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია“-თი დამთავრებული“.
მართალი აღმოჩნდა დედამისი.
ყველა აქამდე ართქული სიტყვა და არ განცდილი შეგრძნება ახლა ინას დამსახურებით იღვიძებდა ქრისტიანოს სულში.
- ახლახანს ცოლობა მთხოვე? - ჰკითხა ჯერ კიდევ შოკირებულმა ინამ.
- ჰო და ამაზე სერიოზული, ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ.
- ღმერთო ჩემო- ღრმად ჩაისუნთქა გოგონამ და დაეტყო, რომ მნიშვნელოვანის სათქმელად მოემზადა. - ახლა კარგად მომისმინე - თქვა გოგონამ და საჩვენებელი თითი ისე მიმართა კაცისკენ, თითქოს ემუქრებოდა.
- გისმენ თქვენო აღმატებულებავ.
- ვიცი, რომ შენთვის საინტერესო ვარ და შენ ალბათ ყველაზე სასურველი კაცი ხარ ქალებისთვის. ალბათ მეც შემიყვარდებოდით სხვა რომ ყოფილიყავი. სხვა, ოღონდ იმავე ხასიათით, იმავე გარეგნობით, საუბრით...
- ინე რომ არ იდგეს ჩვენს შორის?
- არა, ინე არაფერ შუაშია. პირიქით, დიდი სიამოვნებით დაგახვევდი თავბრუს რომ შემდეგ ინეს დაბოღმილი სახისთვის მეცქირა მორიგი ტრიუმფალური გამარჯვების შეგრძნებით აღსავსეს. ახლა კი მომისმინე და არ შემაწყვეტინო, სანამ ნახევარი საათის წინ დალეული მთელი ბოთლი ვისკი ჯერ კიდევ მოქმედებს ჩემზე და ჯერ კიდევ არ ვნანობ, რომ ამდენის თქმას ვბედავ.
- შენს განკარგულებაშია ჩემი ყურადრება - თავი დაუქნია ქრისტიანომ იმის მოლოდინში, რომ ინა თავისი მორიგი მონოლოგით თავზარს დასცემდა.
- მე ვიცი, რამაც გიბიძგა იმისკენ, რომ ჩემთვის ცოლობა გეთხოვა. ეს უბრალო ვნებაა ქრისტიანო. შენ ნამდვილი მახე ხარ. მე არ გავბმულვარ ამ მახეში... სხვა მრავალი გაება, ისინი შესაძლოა ჩემზე ლამაზები იყვნენ, ჩემზე ჭკვიანები, გამოცდილნდი და ეს თავ-გზას გიბნევს. მე ხომ შენი მამაკაცური ღირსება დავაყენე ეჭვის ქვეშ და ელოდები მომენტს, როცა მეც გამბზარავ. დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენი შენი სიმპათია, როცა ჩამწვარი სიგარეტი ჩაგიკუჭე გულის ჯიბეში და შენ გაცოფებული მზერის ნაცვლად, აღფრთოვანებული თვალები მომაპყარი. ჰო და, მართლაც რომ მახე ხარ მაგ შენი თვალებით, შავი წვერით, რომელიც ალბათ საოცრად ფაფუკი და ნაზია, მაგ მამაკაცური მიმზიდველი სურნელით, ან თუნდაც კუნთებით, რომლის მფარველობის ქვეშაც წეღან თავი საოცრად დაცულად ვიგრძენი და დარწმუნებული ვარ, ამის განცდა ნებისმიერი ქალის ოცნება იქნებოდა. მაგრამ არის ერთი რამ, რაც უნდა იცოდე. - პატარა პაუზა გააკეტა, თითქოს სათქმელი გაუწყდაო, მაგრამ მალევე განაგრძო სიტყვით გამოსვლა - მე არ ვიბზარები! მე ყველა არ ვარ. გგონია, რომ ადრე თუ გვიან მეც ყველას რიცხვში ჩავეწერები. გინდა ერთხელ მაინც დაკავდე ჩემთან სექით, ჩემი სურნელი გამოისრუტო სხეულიდან, ჩემი ფერები შეითვისო და შემდეგ, მე რომ შავ-თეთრი გავხდები, მე, რომ არომატი აღარ მექნება, მაშინ თავდაჯერებულად გაიღიმებ. მაშინ იზეიმებ იმ მწვერვალის დაპყრობას, რომლის სიმაღლე ჯერ არავის დაულაშქრავს და მომინელებ, ისე, როგორც სხვები. იმედი გაქვს, რომ თუ ერთხელ მაინც გავხდები შენი, მაშინ ჩემზე ფიქრი აღარ შეგაწუხებს. თუმცა იმას ვიტყვი, რაც უკვე ვთქვი. მე ყველა არ ვარ, მე ძალიან ძლიერი ვარ. ვინ იცის, იქნებ შენი ცოდვების საზღვევად დავიბადე ამ ქვეყანაზე, ამიტომ ნუ დაიღლი თავს ტყუილად - დაასრულა ინამ და ქრისტიანოს უსიამოვნო სახით გახედა.
- და საიდან მოიტანე, რომ ქალისგან მხოლოდ სექსი მჭირდება. მითუმეტეს კი შენგან? - გაჯავრდა ქრისტიანო - მე შენ ცოლობა გთხოვე და არა ერთი ღამით ცხეულის ჩუქება. ჯანდაბა ინა! ძალიან მაცოფებ! დიახ, იმაზე ჭკვიანი და მომხიბვლელი ხარ, ვიდრე სხვა დანარჩენი და მზად ვარ, ამ სიტყვებით შენი თავდაჯერებულობა უფრო მეტად გავამტკიცო. ჩემს ხაფანგში შენზე მშვენიერი არასდროს არავინ გაბმულა. რა თქმა უნდა, უფრო გამოცდილი იყო ყველა, ვიდრე შენ ხარ, მაგრამ ლამაზი? ეს სისულელეა. არ ვიცი, სხვა როგორ აღგიქვამს, შეიძლება ეს ჩემი აზრებია მხოლოდ, ან რაღაც განსხვავებული გემოვნება მაქვს, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ შენზე ლამაზი არასდროს არავინ მინახავს. თავს მეც იმითი ვიმშვიდებდი, რომ გარეგნობამ მომხიბლა. შენ ხომ ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება გქონდა, მაგალითად, ჩემზე თერთეტი წლით პატარა ხარ, ზედმეტად თავდაჯერებული, ჩემზე და ჩემს საყვარელ ადამიანებზე გადამტერებული, ჯიუტი, ზოგჯერ თავხედიც... მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ყველა ის თვისება მიზიდავდა შენში, რასაც თავიდან უარყოფითად მივიჩნევდი. მოსვენება დავკარგე, შენს სახლთანაც კი ვიყავი და ეს ყველაფერი სექსის სურვილის გამო არ მომხდარა. ერთად რომც დავწვეთ, ვერც მაგ ლამაზ ხმას წავიღებ და ვერც შენს გარეგნობას შევისრუტავ. შენ ხომ ერთჯერადი გამოყენების ნივთი არ ხართ, რომ ერთხელ გაგიგო გემო და მერე სანთელივით ჩაქვრე.. ეს შეუძლებელია, ამოიგდე ამაზე ფიქრი თავიდან. არავის შეუძლია წაგართვას ის, რაც შენი საკუთრებაა, თუ რა თქმა უნდა, როგორც წეღან თქვი, მღავას არ შეისხამ სახეზე, თუმცა მაგ შემთხვევაშიც ვერ დაგანებებ თავს. უწინდელივით აჩრდილივით აგედევნები და ყველგან გიპოვნი, სადაც დააპირებ წასვლას. უცნაური ხარ, დღითიდღე მაოცებ. ნამდვილად ვერ დაგარქმევდი გადაშლილ წიგნს, რომელშიც შენი ფიქრების ამოკითხვა შემეძლება. არასდროს ვიცი რა აზრები გაქვს, რას გეგმავს, მაგრამ თუ გაიცინებ, თუ მოულოდნელად გაიცინებ, აი ისე, როგორც მორიგი ოინისას იცინი... ჯანდაბა ჩემს თავს! ელეთმელეთები მემართება.
ერთხელ ჩემს ხუმრობაზე გაგეცინა... გულწრფელად და გაუცნობიერებლად მაჩუქე ლაღი, ძლიერი, სიცოცხლის მომნიჭებელი ენერგია. ამ დროს, ჩვეულებისამებრ ჩაგეჩხვლიტა ლოყები, თვალებზე კი ჯერ აქამდე არ არსებული ნაოჭები გაგიჩნდა. იმ ნაოჭებს არ ვგულისხმობ, სიბერის ნიშანი რომ არის და ქალები რაღაც მკვებავებით ცდილობენ მის გაქრობას. ეს ნაოჭები, პირველი სიცილის იყო. პირველად გაგეცინა ჩემთან ერთად, თითქოს შემთხვევით ახლობლადაც კი მიმიღე. თვალები კი კუპრივით შავი გაქვს, რაც ნამდვილად ამაღელვებელია, მაგრამ ამ შავ თვალებზე უეცრად გიშერი შევნიშნე, გამჭვირვალე იყო და შიგნით ფერადი მოზაიკის მსგავსი ნამსხვრევები მოჩანდა. მაშინ ერთ რამეს მივხვდი - მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჩაკეტილია შენი ხასიათი ჩემთვის, საკმარისია მხოლოდ ერთხელ გაიცინო და მაშინვე სამყაროს ყველა ღირსშესანიშნაობა გადაიშლება წინ, რომელსაც ხელს ვერ შეახებ, მხოლოდ შეიგრძნობ. მე შენი სიცილი შევიგრძენი და ეს სხეულის შეხებაზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო. სამუდამოდ მჭირდები და არა ერთი ღამით!
ინა მდუმარებით, მეტყველებაწართმეული აანალიზებდა კაცის ნათქვამს. აქამდე მრავალი თავისზე შეყვარებული მამაკაცი უნახავს, თუმცა მსგავსი რამ არასდროს ჰქონდა მოსმენილი.
- ოჰ, ქრის - წარმოთქვა სასოწარქვეთილმა გოგონამ.
- ინა შენ... შენ ძალიან ადვილად შეგიძლია ყველაფრის დაბრუნება. ძალიან ძლიერი ხარ. - სიტყვებს ვეღარ პოულობდა კაცი აღელვებისგან.
- ვიღაც უკვე არსებობს, დარწმუნებული ვარ. შეიძლება ათი წლისაა უკვე ან თხუთმეტის. გაიზრდება და ჩამანაცვლებს. მე კი ისე არ გავუმწარებ სიცოცხლეს, როგორც ინე და არტურო მიმწარებდნენ ბავშვობის წლებში. მალე შემცვლის სხვა... მოდის ინდუსტრიაში კიბის ჩემს საფეხურზე სხვა დადგება და შენს გულში ჩემს ადგილსაც სხვა ჩაანაცვლებს ქრისტიანო.
- სისულელეა - გაეცინა კაცს - ახალბედები არავის სჭირდება, როცა ლეგენდები არსებობენ. შენ ლეგენდა ხარ და ყოველთვის ლეგენდად დარჩები.
- მაპატიე ქრის, მე უნდა წავიდე. - თქვა დაბნეულმა გოგონამ და კაცს გაშორდა.
სახლში მისული ინა გაშეშებული შედგა ფანჯარასთან და გრძნობდა, როგორ სწრაფად უძგერდა გული. აქამდე მრავალს ჰყვარებია, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უთხოვია მისთვის ოჯახის შექმნა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ნინა

სასწაული ხარ! არ მესმის, ასეთი ცოტა აქტიურობა რატომ აქვს ამ ისტორიას, როცა ყველაზე მაგარი ისტორიაა. მართლა გამორჩეულია. ორიგინალური და დახვეწილი. შენი ისტორიები ყოველთვის დახვეწილი, ძალიან გამართული და განსაკუთრებული ენით წერია, მაგრამ ეს რაღაც სულ სხვაა. არ მიყვარს, როცა მხოლოდ სიყვარულს ეთმობა ხოლმე ყურადღება მოთხრობებში და შენთან კი ძალიან ბევრ თემას ვაწყდები. ასევე ძალიან მიხარია, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის პერსონაჟები გყავს, რომლებიც კაცზე არ არიან დამოკიდებული (აქაური ისტორიების 89%-ში "ჩემს ჯიპში ჩაჯექი ქალო" კაცები არიან, ანდაც ძალიან მდიდრები ხოლმე, გოგო ღარიბია და ასე მიედინება ძლიერ-სუსტს შორის ურთიერთობა).
ალბათ პერსონაჟებზე ლაპარაკით ვერასდროს დავიღლები. ყველა მოქმედი გმირი შემიძლია ცალ-ცალკე ჩამოვთვალო და დავახასიათო, მაგრამ ამას შემდეგი თავისთვის გადავდებ. მემგონი, ინა არტუროს ქალიშვილია. ძალიან მინდოდა ინეს დაც აღმოჩენილიყო, თუმა ამას შენ მოგანდებ (იმედია ასეც აღმოჩნდება. ქრისტიანოს და ინას დიალოგზე გავჭედე. აი რაღაც სასწაული იყო. მეგონა რო ვიღაც ძალიან ძალიან მაგარი მწერლის სერიოზულ ნაწარმოებს ვკითხულობდი. ჯერ მარტო რა შედარებები გქონდა.
სორი, ბათ ზის ის თრუ
კიდე თუ ვილაპარაკე, ვეღარასდროს გავკმინდავ ხმას

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნინა
სასწაული ხარ! არ მესმის, ასეთი ცოტა აქტიურობა რატომ აქვს ამ ისტორიას, როცა ყველაზე მაგარი ისტორიაა. მართლა გამორჩეულია. ორიგინალური და დახვეწილი. შენი ისტორიები ყოველთვის დახვეწილი, ძალიან გამართული და განსაკუთრებული ენით წერია, მაგრამ ეს რაღაც სულ სხვაა. არ მიყვარს, როცა მხოლოდ სიყვარულს ეთმობა ხოლმე ყურადღება მოთხრობებში და შენთან კი ძალიან ბევრ თემას ვაწყდები. ასევე ძალიან მიხარია, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის პერსონაჟები გყავს, რომლებიც კაცზე არ არიან დამოკიდებული (აქაური ისტორიების 89%-ში "ჩემს ჯიპში ჩაჯექი ქალო" კაცები არიან, ანდაც ძალიან მდიდრები ხოლმე, გოგო ღარიბია და ასე მიედინება ძლიერ-სუსტს შორის ურთიერთობა).
ალბათ პერსონაჟებზე ლაპარაკით ვერასდროს დავიღლები. ყველა მოქმედი გმირი შემიძლია ცალ-ცალკე ჩამოვთვალო და დავახასიათო, მაგრამ ამას შემდეგი თავისთვის გადავდებ. მემგონი, ინა არტუროს ქალიშვილია. ძალიან მინდოდა ინეს დაც აღმოჩენილიყო, თუმა ამას შენ მოგანდებ (იმედია ასეც აღმოჩნდება. ქრისტიანოს და ინას დიალოგზე გავჭედე. აი რაღაც სასწაული იყო. მეგონა რო ვიღაც ძალიან ძალიან მაგარი მწერლის სერიოზულ ნაწარმოებს ვკითხულობდი. ჯერ მარტო რა შედარებები გქონდა.
სორი, ბათ ზის ის თრუ
კიდე თუ ვილაპარაკე, ვეღარასდროს გავკმინდავ ხმას


ღმერთო რა ბედნიერი ვარ. ასეთი კომენტარით რო დაგეწყება დღე, მეტი რაღა უნდა ინატრო?
ვფიქრობ, აქტიურობის ნაკლებობა იმითი აიხსნება, რომ ჯერ ერთი სექსის სცენაც არ მაქვს დაწერილი და მიუხედავად იმისა, რომ უარჰყოფენ, ხალხს მაინც უყვარს სექსი smile
დიდი მადლობა, რომ ასეთი ქათინაურებით ამავსე დილიდან. მეც არ მომწონს, როცა მარტო ქალისა და კაცის სასიყვარულო ისტორიებია ხოლმე მთელ სიუჟეტში, როდესაც კაცისა და კაცის სიყვარულიც შეიძლება ჩავრთოთ, ქალისა და ქალისაც და საერთოდ, ყველანაირი სიყვარული, რაც კი არსებობს. ამასთან, მტრობაც ძალიან საინერესოა.

 



№3  offline წევრი თინათინი88

მეც ვიფიქრე რომ ინა არტუროს შვილია, ძალიან მომწონს ყველა შენი მოთხრობა, საინტერესოდ წერ და ასევე საინტერესო პერსონაჟები გყავს. მეც ნინასი არ იყოს მიკვირს რატომ ყავს ცოტა მკითხველი შენს მოთხრობებს როცა საუკეთესო ხარ.
პ.ს. რაც ყველაზე მეტად მკლავს ამ საიტზე არის გრამატიკული შეცდომები, შენ ამითაც კი გამორჩევი

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

თინათინი88
მეც ვიფიქრე რომ ინა არტუროს შვილია, ძალიან მომწონს ყველა შენი მოთხრობა, საინტერესოდ წერ და ასევე საინტერესო პერსონაჟები გყავს. მეც ნინასი არ იყოს მიკვირს რატომ ყავს ცოტა მკითხველი შენს მოთხრობებს როცა საუკეთესო ხარ.
პ.ს. რაც ყველაზე მეტად მკლავს ამ საიტზე არის გრამატიკული შეცდომები, შენ ამითაც კი გამორჩევი

ძალიან დიდი მადლობა თინათინ. ჩემთვის მთავარია, რომ ხარისხიან მკითხველს მოვწონვარ და ბედნიერი ვარ ამით.
ინას და არტუროს რაც შეეხება, მალე გავშლი კარტებს smiling_imp

 



№5 სტუმარი სტუმარი nina

ვაიმე, მიყვარხარ!
არასდროს მიგვატოვო, არასდროს წახვიდე, თორემ თავს მოვიკლავ.
უცებ ვიღაცის ისტორიაში დაწერილი სექსის სცენა წავიკითხე და მივხვდი, რომ შენ ამ საიტის კი არა, ზოგადად ქართულ ლიტერატურაში ეროტიკის დედა ხარ.
მიყვარხარ.
არ წახვიდე
მოვკვდები!
ვიცი, რომ ამ მოთხრობაში არ გაქვს მსგავსი სცენები, მაგრამ გადავწყვიტე, გამეგებინებინა, რომ ბრილიანტი ხარ დამუშავებული და ძვირადღირებილი

ისა, მე სხვა ნინა ვარ. პირველი კომენტარი რომ უწერია ის ნინა არ ვარ

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი nina
ვაიმე, მიყვარხარ!
არასდროს მიგვატოვო, არასდროს წახვიდე, თორემ თავს მოვიკლავ.
უცებ ვიღაცის ისტორიაში დაწერილი სექსის სცენა წავიკითხე და მივხვდი, რომ შენ ამ საიტის კი არა, ზოგადად ქართულ ლიტერატურაში ეროტიკის დედა ხარ.
მიყვარხარ.
არ წახვიდე
მოვკვდები!
ვიცი, რომ ამ მოთხრობაში არ გაქვს მსგავსი სცენები, მაგრამ გადავწყვიტე, გამეგებინებინა, რომ ბრილიანტი ხარ დამუშავებული და ძვირადღირებილი

ისა, მე სხვა ნინა ვარ. პირველი კომენტარი რომ უწერია ის ნინა არ ვარ


ვაიმეეეეეეე. უსაყვარლესი ხარ :დდდ და მეც დამპლურად მიხარია, რომ მარტო მე მთვლი მაგარ +18-ების მწერლად. დიდი მადლობა შენ! არსად წასვლას არ ვაპირებ, ფეხსაც არ მოვიცვლი, არ მიგატოვებ არასდროს :დდ მთელი ცხოვრება შენთან ვიქნები <3

 




ვფიქრობდი დაასრულებს და მერე წავიკითხავ თქო.. ერთიანად მეთქი
მაგრამ..
ვერ გავძელი!
აი გულმა ვერ გაუძლო და რავქნა :დდ
ისე ვეტაკე ამ ორ გამოტოვებულ თავს თითქოს ჩემი სიცოცხლის ელექ ყოფილიყოს :დდ ♥♥♥
აი რა უნდა ვთქვა ახლა ისეთი რაც შენ არ იცი?!
განსაკუთრებული რონ ხარ!
არაჩვეულებრივად რომ წერ!
უნიჭიერესი და უკარგესი რომ ხარ!
ღვთაებრივად რომ გყავს პერსონაჟები აღწერილი!!!
და
გასაოცრად რომ მიყვარს ეს ისტორია
და
შენ!!!
უბრალოდ სიტყვებიც აღარ მაქვს რომ შეგაქო და შევაქო ეს ისტორია რადგან ზედმეტად ბევრს ნიშნავს ჩემთვის და მგონია რომ სიტყვებით ვერც ავღწერ იმ ემოციებს და გრძნობებს რასაც წაკითხვის დროს ვგრძნობ♥♥♥
რაღაცნაირია...შენეული და გასაგიჟებელი♥♥ ისეთი მე რომ გულს მიჩქარებს ...
ორივეზე ვგიჟდები თავიანთი ნაკლის მიუხედავად ორივე დიდებულია ჩემს თვალში ! ინეც და ინაც♥♥
რაღაც არაჩვეულებრივად და სასწაულად გყავს გამოყვანილი მოთხრობაში...
მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ:დდ ალბათ მიზვდი რისი თქმაც მინდა! რომ ვაბოდებ ამ ისტორიაზე და შენზე! რადგან სასწაული და უმაგრესი გოგო ხარ!
ამ ისტორიასაც ყოველ დღე ველოდები რომ დადებ რადგან ვერ ვითმენ რომ არ წავიკითხო და გული არ გავიხარო! ♥♥♥ წარმატებები ჩემო კარგო ♥♥

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
ვფიქრობდი დაასრულებს და მერე წავიკითხავ თქო.. ერთიანად მეთქი
მაგრამ..
ვერ გავძელი!
აი გულმა ვერ გაუძლო და რავქნა :დდ
ისე ვეტაკე ამ ორ გამოტოვებულ თავს თითქოს ჩემი სიცოცხლის ელექ ყოფილიყოს :დდ ♥♥♥
აი რა უნდა ვთქვა ახლა ისეთი რაც შენ არ იცი?!
განსაკუთრებული რონ ხარ!
არაჩვეულებრივად რომ წერ!
უნიჭიერესი და უკარგესი რომ ხარ!
ღვთაებრივად რომ გყავს პერსონაჟები აღწერილი!!!
და
გასაოცრად რომ მიყვარს ეს ისტორია
და
შენ!!!
უბრალოდ სიტყვებიც აღარ მაქვს რომ შეგაქო და შევაქო ეს ისტორია რადგან ზედმეტად ბევრს ნიშნავს ჩემთვის და მგონია რომ სიტყვებით ვერც ავღწერ იმ ემოციებს და გრძნობებს რასაც წაკითხვის დროს ვგრძნობ♥♥♥
რაღაცნაირია...შენეული და გასაგიჟებელი♥♥ ისეთი მე რომ გულს მიჩქარებს ...
ორივეზე ვგიჟდები თავიანთი ნაკლის მიუხედავად ორივე დიდებულია ჩემს თვალში ! ინეც და ინაც♥♥
რაღაც არაჩვეულებრივად და სასწაულად გყავს გამოყვანილი მოთხრობაში...
მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ:დდ ალბათ მიზვდი რისი თქმაც მინდა! რომ ვაბოდებ ამ ისტორიაზე და შენზე! რადგან სასწაული და უმაგრესი გოგო ხარ!
ამ ისტორიასაც ყოველ დღე ველოდები რომ დადებ რადგან ვერ ვითმენ რომ არ წავიკითხო და გული არ გავიხარო! ♥♥♥ წარმატებები ჩემო კარგო ♥♥

ვაიმე, ძაან ბედნიერება ხარ, დიდი მადლობა <3 შენნაირი მკითხველებისთვის მიღირს მარტო წერა, სულ რომ ორი და სამი იყოთ, მაინც ბედნიერი დავწერდი <3
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩემი შვილების (პერსონაჟების) სიყვარულისთვის. მეც ძალიან გაფასებ და მიყვარხარ. ყოველი შენი კომენტარი ახალ სტიმულსა და ენერგიას მაძლევს <3

 



№9 სტუმარი katie

ძაან მომწონხარ, საერთოდ ყველასგან განსხვავებული ხარ ამ საიტზე <3 მე მაინც ჩემს პირველ ვარაუდს ვაწვები და მგონია რომ ამ 2 გოგოს შორის ნათესაური კავშირია, სახელებიც ძაან სიმბოლურია ინა–ინე ))) რაღაცნაირი ემოციური ინტელექტი ჩანს შენს ყველა პერსონაჟში და ვაფასებ ამას! სხვისი არვიცი და ჩემთვის ყველაზე დონე გოგო ხარ ვინც კი ამ საიტზე წამიკითხავს! ასე გააგრძელე <3

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

katie
ძაან მომწონხარ, საერთოდ ყველასგან განსხვავებული ხარ ამ საიტზე <3 მე მაინც ჩემს პირველ ვარაუდს ვაწვები და მგონია რომ ამ 2 გოგოს შორის ნათესაური კავშირია, სახელებიც ძაან სიმბოლურია ინა–ინე ))) რაღაცნაირი ემოციური ინტელექტი ჩანს შენს ყველა პერსონაჟში და ვაფასებ ამას! სხვისი არვიცი და ჩემთვის ყველაზე დონე გოგო ხარ ვინც კი ამ საიტზე წამიკითხავს! ასე გააგრძელე <3

ვაიმე, უღრმესი მადლობა <3 შენ გამო ვეცდები კიდევ უფრო დონე და სიფსიხე გავხდე <3
შენს ვერსიას რაც შეეხება, მომავალ თავებში აუცილებლად გავშლი კარტებს smiling_imp

 



№11  offline მოდერი TeddyBear

მიყვარს ეს ისტორია, საოცარი პერსონაჟები გყავს ❤ ყველანი სიგიჟის პირას არიან მისულები და ეს უფრო მეტად მიზიდავს ❤
ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ გაორებული ვრჩები, ვერ ვხვდები რომელი პერსონაჟისაკენ უფრო ვიხრები, რომელი უფრო მეტად მომწონს ან არ მომწონს.
ერთი მხრივ მინდა ფრანკოსა და ინეს წყვილზე უფრო მეტი წავიკითხო, ბოლოს კი იმედი მრჩება ქრისის და ინას მომენტები კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
განსაკუთრებული წერის სტილი გაქვს და პირველივე ისტორიიდან რომელიც წავიკითხე მაშინვე დამამახსოვრდი ❤
განსაკუთრებით მაინც ეშმაკი ქალია მიყვარს ^^
იმედი მაქვს ამ ისტორიასაც ხშირად დავუბრუნდები თავიდან წასაკითხად ❤
შემდეგ თავს მოუთმენლად ველი ❤
არაჩვეულებრივი ხარ!

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
მიყვარს ეს ისტორია, საოცარი პერსონაჟები გყავს ❤ ყველანი სიგიჟის პირას არიან მისულები და ეს უფრო მეტად მიზიდავს ❤
ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ გაორებული ვრჩები, ვერ ვხვდები რომელი პერსონაჟისაკენ უფრო ვიხრები, რომელი უფრო მეტად მომწონს ან არ მომწონს.
ერთი მხრივ მინდა ფრანკოსა და ინეს წყვილზე უფრო მეტი წავიკითხო, ბოლოს კი იმედი მრჩება ქრისის და ინას მომენტები კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
განსაკუთრებული წერის სტილი გაქვს და პირველივე ისტორიიდან რომელიც წავიკითხე მაშინვე დამამახსოვრდი ❤
განსაკუთრებით მაინც ეშმაკი ქალია მიყვარს ^^
იმედი მაქვს ამ ისტორიასაც ხშირად დავუბრუნდები თავიდან წასაკითხად ❤
შემდეგ თავს მოუთმენლად ველი ❤
არაჩვეულებრივი ხარ!

უსაყვარლესი ხარ, დიდი მადლობა ესეთი თბილი კომენტარისთვის.
სხვათაშორის, მეც გაორება მემართება ხოლმე, ორივე ერთნაირად მიყვარს და ვცდილობ, ორივეს ერთნაირი ნაკლი და ღირსება შევძინო.
"ეშმაკი ქალია" ჩემთვისაც ზედმეტად ძვირფასია, ხშირად ვკითხულობ ხოლმე, ძალიან მენატრებიან smile
იმედია, ღირსეულად გავაგრძელებ და ისევ კმაყოფილი იქნები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent