შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და თუკი ვცდები? (ნაწილი 1)


27-01-2018, 01:16
ავტორი ანაკონდა
ნანახია 457

და თუკი ვცდები? (ნაწილი 1)

კიდევ ერთი გასაუბრება. ისევ უშედეგოდ. ერთობ აღშფოთებული მიიკვლევდა გზას ტროტუარზე მიმავალ ადამიანებს შორის. კოპებშეკრული არად დაგიდევდათ, გუბე-გუბე რომ მიაბოტებდა და საგულდაგულოდ გასუფთავებული ფეხსაცმელები ერთიანად ტალახში ამოესვარა. ამინდიც არ სწყალობდა იმ დღეს.
გადაწყვეტილების მიღების პირველი დღიდანვე ეწინააღმდეგებოდა მამა. ეუბნებოდა, სამსახურს მაინც ვერ იშოვი და არც ცოლად მოგიყვანენ მსახიობ ქალსო. მოკლედ, თავიდანვე მარცხი უწინასწარმეტყველეს. ჯიუტად იცავდა თავის მიზნებს და უნივერსიტეტშიც თეატრალურ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ იშოვა სამსახური. უფრო სწორად, როგორც მსახიობი, ვერ დასაქმდა. უნივერსიტეტის დასმა სწორედ იმ წელს შეწყვიტა მუშაობა, როცა ჩააბარა. ახლა ცდილობდა, ნებისმიერ ადგილას დაეწყო სტაჟირება და პრაქტიკაში გამოეყენებინა ცოდნა. მამაჩემმა დამწყევლა და რა გასაკვირიაო, გაბოროტებული ფიქრობდა და მიაბიჯებდა.
მამის სტერეოტიპებს სძლია, თავი დააღწია მშობლიურ პატარა სოფელს, რომელიც დედის სიკვდილის შემდეგ მშობლიურად სულაც აღარ ეჩვენებოდა და ახლა, როცა სულ ცოტა აკლდა საბოლოო მიზნამდე, მარცხს მარცხზე ეჯახებოდა. არ ნებდებოდა, მაგრამ ამან დაღალა.
შინ მისულმა ფეხსაცმელები გაიხადა და საწოლზე დაემხო. ძილმა მალევე წაართვა თავი. ბავშვობიდან ასე იყო: როცა თავს ცუდად გრძნობდა, მაშინვე ძილი მოერეოდა ხოლმე.
საღამოს სამსახურში წასასვლელად მოემზადა. მეზობელი დაეხმარა და სახლთან ახლოს მაღაზიაში კონსულტანტად დააწყებინა მუშაობა. ღამით მორიგეობდა და საკმაოდ იღლებოდა. ყველაზე მეტად მაინც ის ფაქტი ქანცავდა, რომ ვერ ახერხებდა მსახიობობით იმდენად დაკავებულიყო, რამდენადაც სურდა. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ და არავის უნდოდა, ეს გამოცდილება დამწყებისთვის მიეცა. მარტო ცხოვრობდა. ქირასა და კომუნალურებს როგორღაც უმკლავდებოდა. ზოგჯერ მამა საჭმელს უგზავნიდა. ზაფხულის მერე არ ენახა და ენატრებოდა, თუმცა სწავლასა და სამსახურს ვერ მიატოვებდა.
იმ საღამოსაც გადაიცვა მაღაზიის ლოგოიანი წითელი მაისური და დახლთან თავისი ადგილი დაიკავა. კლიენტებს ემსახურებოდა და მათი გასვლისთანავე კონსპექტებში იჭყიტებოდა. მეორე დღეს გამოცდა ჰქონდა.
კითხულობდა, როცა აღელვებული თანამშრომელი მიუახლოვდა:
_ დეა, სასწრაფოდ უნდა წავიდე. ჩემს დას მშობიარობა დაეწყო, საავადმყოფოში მიჰყავთ. სულ მარტოა. ხომ დამეხმარები? მიხედე მაღაზიას, გთხოვ, ეს სამსახურიც რომ დავკარგო, არ ვიცი, რა გვეშველება.
ხმა უკანკალებდა ბიჭს. დეა შეშფოთდა:
_ წადი, რა თქმა უნდა, მივხედავ და უფროსსაც ვეტყვი, რაც ხდება. ნუ ღელავ, არაფერი გაფუჭდება და არ დაგითხოვს.
_ ოქროს გოგო ხარ, დეა, ოდესმე გადაგიხდი._ მიაძახა და მაღაზიიდან გავარდა.
დეამ მიმოიხედა. უსაფრთხოების წესების მიხედვით, ნახევარ საათში კარი უნდა დაეკეტა და პატარა ფანჯრიდან მიეყიდა პროდუქტი ხალხისთვის. მერე შედარებით მშვიდად შეძლებდა, ემეცადინა. აი ძილი კი ნამდვილად არ ეწერა. ის ის იყო კარი ჩაკეტა, რომ გარეთ ხმაური ატყდა. სამუშაო წესდება იმ პერიოდში მაღაზიის დატოვებასაც უკრძალავდა და და არც მყიდველების შეშვება შეეძლო. ფანჯრიდან გაიხედა და თვალი მოჰკრა მამაკაცებს, საკმაოდ ბევრნი იყვნენ. წრე შეეკრათ და აგრესიულად იქცეოდნენ. დეა კარგად ვერ ხედავდა მათს სახეებს. მღელვარებამ შეიპყრო. გადაწყვიტა, რომ ჩხუბობდნენ და სწორედ მაშინ, როცა პოლიციის ნომერს კრეფდა, დაინახა, როგორ დაიჭირა ორმა მესამე, მეოთხემ კი ხელი მოუქნია, დანის ელვარებამ ლამპიონის სინათლეზე შორიდანაც კი თვალი მოსჭრა დეას, გოგონამ ერთი შეჰკივლა და დაჭრილი ბიჭიც მიწაზე დაეშვა. არამზადამ დანა კიდევ ერთხელ აღმართა და დეაც გავარდა მაღაზიიდან:
_ გაჩერდი! _ ისე იღრიალა, საკუთარი ხმა ეუცხოვა. კაცმა დაფანჩული წარბები მაღლა ასწია და მისკენ მოტრიალდა. ადამიანად წოდებული ცხოველების ბრბო კაფანდარა გოგონასკენ მოტრიალდა და უშვერმა სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დააბინძურა ჰაერი. პოლიციის სირენების ხმაც გაისმა და დამნაშავეები მიმოიფანტნენ. ბიჭი სისხლში ცურავდა. დეა მასთან მიიჭრა, გულზე ყური დაადო. სუსტად, მაგრამ, ჯერ კიდევ ფეთქავდა.
სასწრაფოს მანქანაში შეხტომას რომ აპირებდა, მოვალეობა მერეღა გაახსენდა, მძღოლს საავადმყოფოს მისამართი გამოართვა, უკან დაბრუნდა და მაღაზია დაკეტა. ტაქსიში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ დაიძრა, თან უფროსს დაურეკა და შემთხვევის შესახებ უამბო. ყურმილში ერთხანს დუმილი ჩამოწვა, მერე კი მშვიდად აცნობეს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. დეას ბრაზმა გონება აურია. უნდოდა ,,ფულის ტომარა” თავის ადგილას მოესვა, მაგრამ მიხვდა, აზრი არ ექნებოდა რამის თქმას. ბოღმა გულში ჩაიკლა და უბრალოდ ტელეფონი გათიშა.
საავადმყოფოებს ვერასოდეს იტანდა.დედის დაღუპვის მერე პირველად შეაბიჯა საავადმყოფოში და მუხლები აუკანკალდა. ბიჭი მოიკითხა და მისი სახელიც შეიტყო: დემეტრე მანაგაძე. საოპერაციოდან გამოიყვანეს.მდგომარეობა სტაბილურიაო, უთხრა ექთანმა. დეამ შვებით ამოისუნთქა. როგორც აღმოჩნდა, ბიჭის სანახავად არავინ მოსულიყო. ეს ცოტა გაუკვირდა. პალატაში შესვლა დააპირა. ჯერ კიდევ ეძინა პაციენტს, როცა დეამ კარი შეაღო. დეას ყურადღება მაშინვე მისმა გრძელმა, ფერმკრთალმა თითებმა მიიპყრო. ათასგვარ მილში ახლართული ღრმად და მშვიდად სუნთქავდა, თითქოს დამღლელი დღის მერე ისვენებსო. ამან დეას ღიმილი მოჰგვარა. საწოლს მიუახლოვდა და სახეზე დააკვირდა. მაღალი შუბლი ჰქონდა, ოდნავ წამოზრდილი შავი წვერი ძალიან უხდებოდა. სწორი ცხვირი და თხელი ტუჩებიც ჰარმონიას ქმნიდნენ მის სახეზე. გოგონამ უნებურად წაიღო ხელი მისი სახისკენ და ლოყაზე ოდნავ შეეხო თითებით. წვერის სიუხეშემ შეაკრთო. ბოლოჯერ გამოხედა უდრტვინველად მძინარე მანაგაძეს, დარწმუნდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და საავადმყოფო დატოვა.
შინ მისულმა ცხელი შხაპი მიიღო. მანამ იდგა წყლის ჭავლის ქვეშ, სანამ კანი მთლად არ ჩაუწითლდა. საყვარელი პიჟამა ჩაიცვა და საბანში გაეხვა. მისდა გასაოცრად, დაკარგულ სამსახურზე არ დარდობდა. ნერვიულობდა ბიჭზე, რომელსაც, ფაქტობრივად, არ იცნობდა და რომელიც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

მოგესალმებით, მეგობრებო! <3 მომენატრა თქვენი შეფასებები. გამიზიარეთ სასწრაფოდ კრიტიკაცა და მოლოდინებიც და, თუ დაგაინტერესებთ, ერთად გადავწყვიტოთ ამ პერსონაჟების ბედი. ვიცი, რომ ძალიან პატარაა, მაგრამ მოწონების შემთხვევაში მოცულობის გაზრდასაც შევეცდები. <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mia15

გააგრძელე საინტერო ჩანს.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

შენი ნიკი მეცნო და ეგრევე გავხსენი. საინტერესოდ დაიწყე და დარწმუნებული ვარ ჩამითრევს. ასე, რომ ველოდები მომდევნოს

 


№3  offline წევრი ანაკონდა

Chikochiko
შენი ნიკი მეცნო და ეგრევე გავხსენი. საინტერესოდ დაიწყე და დარწმუნებული ვარ ჩამითრევს. ასე, რომ ველოდები მომდევნოს

❤❤ ვეცდები, არ გაგიცრუო მოლოდინი

mia15
გააგრძელე საინტერო ჩანს.ველი შემდეგ თავს

❤❤❤ გმადლობ

 


№4 სტუმარი ani

ძალიან კარგია ვაგრძელებ დღესვე კითხვას
heart_eyes kissing_heart

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ