შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და თუკი ვცდები? ( ნაწილი მეორე)


28-01-2018, 14:42
ავტორი ანაკონდა
ნანახია 368

და თუკი ვცდები? ( ნაწილი მეორე)

ცხოვრება დუნედ მიედინებოდა. დეა გამოცდებს აბარებდა და ყოველდღე უფროდაუფრო იშვიათად ახსენდებოდა კრიმინალური ინციდენტი, რომელსაც შეესწრო.
ერთ საღამოს ლექციები გვიან დაუმთავრდა და შინისაკენ გაეშურა. მთელი გზის მანძილზე ეჩვენებოდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. უცნაური შეგრძნება დაღლილობას გადააბრალა, მაგრამ მზერას ქუჩაში, ავტობუსსა და უკვე სადარბაზოშიც მაინც გრძნობდა. ჩვეულებრივ, ფეხით ასვლას ამჯობინებდა, მაგრამ ამჯერად უყოყმანოდ შეაბიჯა ლიფტში. მეათე სართულამდეც ააღწია. სადარბაზოში ჩამიჩუმი არ ისმოდა. უჩვეულო დაძაბულობამ აიძულა კარი მაქსიმალურად სწრაფად გაეღო და შიგნიდანაც დამატებითი გასაღებით გადაეკეტა. ფინჯანმა ყავამ და სიმყუდროვემ, რომელსაც არავინ ურღვევდა, შიში გაუქრო. გამოძინება მაკლია და გადავიღალეო, გადაწყვიტა საბოლოოდ.
მომდევნო დღეებშიც ეჩვენებოდა, რომ ვიღაც უყურებდა. შიშმა შეიპყრო, ხომ არ ვგიჟდებიო. გვიან თუ უწევდა გარეთ ყოფნა, ფეხს აუჩქარებდა ხოლმე და შინისაკენ, ფაქტობრივად, გარბოდა.
იმდღევანდელი სიახლით გახარებულს თავისი უცნაური შიშებიც კი გადაავიწყდა: საგამოცდოდ მის კურსს მარგარეტ მიჩელის ,,ქარწაღებულნი” უნდა დაედგა. კასტინგის შედეგად სკარლეტ ო’ჰარას როლზე დაამტკიცეს და ამის გაგებისას, მთელ სხეულში საოცარი იმპულსები იგრძნო. ეს წიგნი ბავშვობიდან ერჩივნა ყველა სხვას. აღმერთებდა რეტ ბატლერს, მამაკაცის იდეალად მიაჩნდა და უკვირდა, ბოლო გვერდებამდე, რომ ვერ აფასებდა სკარლეტი მის სიყვარულს. არ იცოდა, რეტის როლი ვის უნდა ეთამაშა, მაგრამ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. საგამოცდოდ პიესას ერთერთ თეატრში წარადგენდნენ. მაყურებლებიც დაესწრებოდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, ცნობილი რეჟისორი შეაფასებდათ. უფროსკურსელთა გამოცდილებით ამ დღეს რეჟისორს ყოველთვის მიჰყავდა თავის დასში მსახიობად სტუდენტი, რომელიც ყველაზე მეტად მოხიბლავდა. დეას იმედები ჩაესახა. მთელი მისი ბოლოდროინდელი პესიმიზმი უკვალოდ გაქრა და ქუჩას ამაყად ყელმოღერებული მიუყვებოდა. ბედნიერი იყო ახალი შესაძლებლობით, რომელიც ერგო და არაფრით აპირებდა ამ შანსის ხელიდან გაშვებას.
ავტობუსის გაჩერებასთან მისულმა აღმოაჩინა, რომ თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში უნდა დალოდებოდა. სიცივეს არ შეეპუა და სახლისკენ ფეხით დაიძრა. ერთი ჩვევა ჰქონდა, რომელსაც თავად ცუდს უფრო უწოდებდა: ერთ რომელიმე გზას ამოიჩემებდა და, რაც უნდა მომხდარიყო, მხოლოდ ამ გზით გადააადგილდებოდა ხოლმე. ხშირად ფიქრობდა, რომ კომფორტის ზონის სიყვარული მარცხის გარდა არაფერს მოუტანდა. იმ საღამოსაც სწორედ ეს გაიფიქრა და გადაწყვიტა, სიახლე ეცადა. გაუყვა გზას, რომელიც ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა, ნაკლებად ხმაურიანი იყო და დეას უფრო მყუდროდაც მოეჩვენა. თუმცა ეს იქამდე, სანამ მათ დაინახავდა. ოთხნი იყვნენ. ჩაბნელებული სადარბაზოს წინ ისხდნენ და ხორხოცებდნენ. ყველა ფილმი დაუდგა თვალწინ, სადაც ასეთი (თუმცა ასეთში რას გულისხმობდა, წესიერად ვერც აგიხსნიდათ) ტიპები ვიწრო შუკებში მარტო მიმავალ გოგონებს აედევნებიან ხოლმე, ,,ბინდიც” გაიხსენა. სამწუხაროდ, ედვარდ კალენი ნამდვილად ვერ გამოჩნდებოდა ახლა თავისი ვერცხლისფერი ვოლვოთი. ჰოდა უკან დაბრუნება დააპირა. მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა, მართლა პარანოია მეწყებაო და მშვიდად ( როგორც შეეძლო!) განაგრძო გზა. ჯგუფს რომ ჩაუარა, მზერებიც იგრძნო და ხმამაღალი სიცილიც შემოესმა. ფეხს სულ ოდნავ აუჩქარა და საკუთარ თავს დაჰპირდა, აწი კომფორტის ზონიდან გამოსვლას სხვა ხერხებით ვეცდებიო. ცდილობდა უკან არ მიეხედა, ეგონა, სამშვიდობოს ვარო და ფეხის ხმაც შემოესმა. ყმაწვილები გარკვეული დისტანცით მიჰყვებოდნენ უკან. დეას ოფლმა დაასხა. უკანასკნელ იმედებს ებღაუჭებოდა, იქნებ უბრალოდ თავიანთ გზაზე მიდიანო, რომ ძახილიც შემოესმა. აი ეს კი ბოლო წვეთი იყო. სიმამაცის უკანასკნელი ნაგლეჯიც ჯანდაბაში მოისროლა და მთელი სისწრაფით გაიქცა. ფეხი რაღაცას წამოჰკრა და ძირს გაიშხლართა. ფილმებში სულ ბრაზობდა სცენარისტებზე, გაქცევისას პერსონაჟებს რომ უმოწყალოდ ანარცხებდნენ მიწაზე. იმ წამს მიხვდა, რომ რეალურად დაემართა ეს ,,სიბრიყვე”, ფეხზე წამოხტა და გზა კოჭლობით გააგრძელა. მგონი ფეხი იღრძო, ჯანდაბა. უკნიდან სიცილის ხმა ისევ შემოესმა და ერთერთის ამაზრზენი შეძახილიც:
_ გეყოფა, პატარავ, აქედან მაინც ვერსად გაიქცევი!
გააჟრჟოლა, მიმოიხედა. ყველგან კედლები ჩანდა. პირველივე გასასვლელში გაძვრა და კიდევ უფრო ვიწრო ჩიხში აღმოჩნდა. ამასობაში მთლად ჩამობნელდა და გზას საერთოდ ვეღარ არჩევდა. პოლიციის არსებობის შესახებაც, როგორც იქნა, გაახსენდა. ჯიბეები მოიქექა, ჩანთაც. ტელეფონი ვერ იპოვა. ეტყობა, გაქცევისას ამოუვარდა. ვეღარაფერი უშველიდა, ეს არამზადები ღმერთმა იცის, რას ჩაიდენდნენ. რომელიმე მათგანი რომ შეხებოდა მაინც, თავს არ იცოცხლებდა. მამა გაახსენდა, ვერ გადაიტანდა, მას რომ რამე მოსვლოდა. ამაზე ფიქრმა ცრემლები მოჰგვარა. მათი ხმები სულ ახლოს ისმოდა, ეძებდნენ. გადაწყვიტა, სიბნელეს მინდობოდა. იმათ ხელში ჩავარდნას, ჯობია სადმე გადავიჩეხოო და ბრმად განაგრძო გზა ვიწრო კედელთან ხელის ცეცებით. ფეხით ისევ რაღაცას წამოედო და თვალები დახუჭა დაცემის მოლოდინში. მისდა გასაოცრად, რაღაც რბილსა და თბილზე აღმოჩნდა მიკრული. წელზე ძლიერი ხელები მარწუხებივით შემოეჭდო, გონებამ განგაშის სიგნალები გაავრცელა. მგონი, გაება! დააპირა, უკანასკნელი ხერხიც ეცადა და მთელი ხმით ეყვირა, მაგრამ პირზე ხელი ააფარეს. შიშისგან გონება რომ არ დაკარგა, ესღა უკვირდა. უცბად შემოესმა:
_ ნუ გეშინია, გამომყევი!_ მოჩურჩულისადმი ნდობა დაუყოვნებლივ იგრძნო დეამ. მის სახეს ვერ არჩევდა, მაგრამ როცა პირიდან ხელი მოაშორა და მისი თითები მოძებნა, გოგონა მთელი ძალით მოეჭიდა გადამრჩენელს და აედევნა. ორივენი სიბნელემ შთანთქა.
საუკუნედ მოეჩვენა დეას გზა. ბოლოსდაბოლოს გამოაღწიეს და ლამპიონის მკრთალმა შუქმაც კი თვალი მოსჭრა. გვერდით მდგომის შეთვალიერება დააპირა, მაგრამ სახეს კაპიუშონი უფარავდა. როგორც იქნა, ენა ამოიდგა:
_ მე, მე არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. თქვენ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.
_ ჩავთვალოთ, რომ გავსწორდით, შინ წადი._ მიუგო უცნობმა და ზურგი აქცია.
დეა უყურებდა მის ზურგს, სანამ მთლად არ გაუჩინარდა. ცოტა ეწყინა კიდეც ,,მიგდება”. მერე საკუთარ თავს გაუბრაზდა უმადურობისთვის და პირველივე ტაქსიში ჩაჯდა.
ერთადერთი, რაც უნდოდა, ამ თავგადასავლის დავიწყება იყო. ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა და პანიკაში არ ჩავარდნილიყო. და მაინც, ვინ იყო მისი სუპერგმირი? რას აკეთებდა იმ უკუნეთში სწორედ მაშინ, როცა დეას საფრთხე ემუქრებოდა? შინ მისულმა ისიც კი გადაწყვიტა, ყველაფერი მომეჩვენაო, მაგრამ მობილური ნამდვილად დაეკარგა. მაშასადამე, ის ყველაფერი ნამდვილად გადახდა თავს. ღმერთს მადლობა შესწირა და კიდევ ერთხელ ინატრა, სცოდნოდა, ვინ იხსნა. ან რა ანგარიში ახსენა საუბრისას? დაბნეულ დეას დაწოლისთანავე ჩაეძინა.
ერთი კვირის შემდეგ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყეს. სტუდენტები შეგროვდნენ და ელოდნენ მსახიობს, რომელიც სპეციალურად მოიწვიეს მამაკაცის მთავარი როლის შესასრულებლად ერთერთი თეატრის დასიდან.
დეა ძალიან ღელავდა. გამოცდილ პარტნიორთან მუშაობის პერსპექტივა თან ხიბლავდა და თან აშინებდა. დარბაზის კარი ხმაურით გაიღო და ი ს შემოვიდა. დეას სუნთქვა შეეკრა. ახალგაზრდა არაამქვეყნიურად სიმპათიური იყო. დარბაზში მყოფთ მზერა სწრაფად მოავლო და ჯიქურ შეხედა დეას. შემდეგ ხელმძღვანელისკენ დაიძრა. მსახიობებმა ტექსტები დაინაწილეს. გოგონას ბატლერის როლის შემსრულებელი საიდანღაც ეცნობოდა. როცა მისი ხმა გაიგონა, კიდევ უფრო გაუმყარდა ეჭვი. თუმცა მაინც ვერ იგებდა საიდან. ფიქრებმა წაიღო.
_ ნიჟარაძე!_ შემოესმა საკუთარი გვარი და შეხტა_ აქ ვართ და შენ გელოდებით!_ ხმა აგრესიული გახდომოდა ხელმძღვანელს. გოგონამ უყურადღებობისთვის მოიბოდიშა და თავი ჩახარა სიწითლე რომ დაემალა. ქალი კი საუბარს განაგრძობდა:
_ როგორც ვამბობდი, თქვენთვის ეს სპექტაკლი საეტაპო მნიშნელობის მოვლენაა. ბატონმა დავითმა თავისი დასიდან მსახიობი გამოგზავნა, რათა დაგეხმაროთ და სპექტაკლის დღეს საკუთარი მაქსიმუმის ჩვენება შეძლოთ. გაიცანით, დემეტრე მანაგაძე. ის მთავარ მამაკაც პერსონაჟს, რეტ ბატლერს განასახიერებს. პარტნიორობას კი ქალბატონი დეა გაუწევს, რომელსაც ყურადღების მეტად მოკრება არ აწყენდა.
დეა საშინლად გაბრაზდა. შემდეგ მისმა გონებამ მოსმენილი გაანალიზა და გონება გაუნათდა. მანაგაძე, რა თქმა უნდა, ის იყო. როგორ ვერ იცნო. შემთხვევითობაც ასეთი უნდა. ესე იგი სრულიად გამოკეთდა და თავს მშვენივრად გრძნობს. გოგონა ამ აღმოჩენამ გაახარა. მანაგაძე თვალს არ აშორებდა. ეს ძალიან აბნევდა.
ის საღამოც დასასრულს მიუახლოვდა. გუნდის ხელმძღვანელმა ტექსტის თავიანთი ნაწილი ყველას მისცა და შემდგომი რეპეტიციის თარიღიც დანიშნა. გამოვიდნენ. დეა შენობის წინ შეჩერდა, სამგზავრო ბარათის პოვნა სურდა და ჩანთაში ჩაძვრა. მოულოდნელად უჩვეულო ჭრიალი შემოესმა, გაიხედა და თვალი მოჰკრა ველოსიპედისტს, რომელიც ტროტუარზე საოცარი სისწრაფით პირდაპირ მისკენ მოქროდა. შეშინებულმა ნაბიჯის გადადგმაც ვერ შეძლო და შეჯახების მოლოდინში თვალები დახუჭა. უცბად ხელზე დაექაჩნენ და მთელი ძალით უკან გადაქანდა. ვიღაცას დაეჯახა, მაგრამ ძირს არ დაცემულა. დაინახა, როგორ ჩაუქროლა ველოსიპედისტმა. არც კი შეუნელებია. ხმადაბალ გინებას მოჰკრა ყური და გადამრჩენელისკენ შებრუნდა. მანაგაძე მოღუშული უყურებდა, მერე მიახალა:
_ შემდეგში ცოტა უფრო ყურადღებით იყავი, ჩემნაირი რაინდი არცთუ ისე ბევრია!
ირონიულად გაიღიმა და ზურგი თავდაჯერებულადვე აქცია. დეა იმ წამს საბოლოოდ ჩამოყალიბდა საკუთარ გრძნობებში: ამ ბიჭს საშინლად ვერ იტანდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

დეას თუ არ უმდა დემეტრე მე აქ არ ვარ ???????? ძალიან მომწონს ისტორიის დასაწყისი და იდუმალი დემეტრეც

 


№2  offline წევრი ანაკონდა

სტუმარი დარინა
დეას თუ არ უმდა დემეტრე მე აქ არ ვარ ???????? ძალიან მომწონს ისტორიის დასაწყისი და იდუმალი დემეტრეც

:დდდ გმადლობ, მიხარიაა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent