შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და თუკი ვცდები? ( ნაწილი მეოთხე)


5-02-2018, 17:44
ავტორი ანაკონდა
ნანახია 366

და თუკი ვცდები? ( ნაწილი მეოთხე)

დეამ დამძიმებული თვალები ძლივძლივობით გაახილა. დემეტრეს მანქანის უკანა სავარძელზე იწვა. წამოიწია. ისე გაუჭირდა, თითქოს წყლიდან ამოჰქონდა სხეული. მძღოლის ადგილას იჯდა მანაგაძე. თავი გვერდით გადაეგდო მძინარეს და მშვიდად სუნთქავდა. დეამ თითები ფრთხილად ჩამოუსვა სახეზე. პირველი შეხება გაახსენდა საავადმყოფოში. მაშინ რომ რაიმე ისე არ წასულიყო... დემეტრე გამოფხიზლდა. გოგონას კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
_ კარგად ვარ... გმადლობ. რა დროა?_ პირი გაშრობოდა დეას და გაუძნელდა სიტყვის თქმა. მიმოიხედა. ბნელოდა. ბიჭმა საიდანღაც წყლის ბოთლი ამოაძვრინა და გაუწოდა.
_ ათი ხდება.
_ მამაჩემი. როგორ ნერვიულობს. გმადლობ._ წყალი მოსვა და ბოთლი დაუბრუნა, _ შინ უნდა წ.ავიდე. სასწრაფოდ!
დემეტრემ მანქანა უსიტყვოდ დაძრა და მალევე მივიდნენ გოგონას სახლთან. დეამ კარი გამოაღო და სწრაფად გადავიდა. ერთ წამს შედგა. მიბრუნდა და მძღოლის მხარეს ფანჯარას მიადგა. დემემ სწრაფად ჩამოსწია მინა და ყურადღებით შეხედა.
_ მაპატიე. ეს დღე ნამდვილად არაა ჩემი საუკეთესო დღეთაგანი. იმისთვისაც ბოდიშს გიხდი, რომ შინ არ გეპატიჟები. ეს მამაჩემს არ მოეწონება. მას... ვერ ავუხსნი, ვინ ხარ. მე ხომ ეს ჯერ საკუთარი თავისთვისაც რიგიანად ვერ ამიხსნია. ყველაფრისთვის გმადლობ. არ ვიცი, აქ რატომ იყავი, მაგრამ თბილისში რომ დავბრუნდები, იმედია, ვისაუბრებთ და მიამბობ, რისთვის მოხვედი. მრცხვენია დღევანდელის გამო. ვწუხვარ. დროებით.
ზურგი სწრაფად აქცია და სიტყვაც არ ათქმევინა მანაგაძეს. დემემ დააპირა, დასწეოდა და მაგრად ჩახუტებოდა. უნდოდა ეთქვა, რომ სამარცხვინო სულაც არაა გრძნობების გამოხატვა. უნდოდა, დეას მოეყოლა თავისი ტკივილის შესახებ და ასე ცოტა მაინც შემსუბუქებოდა. უნდოდა ეთქვა, რომ მის გვერდით იქნებოდა სულ. ყოველთვის მოუსმენდა და მხარს დაუჭერდა. სურვილები გულში კიდევ ერთხელ ჩაიკლა. ავტომობილი დაქოქა და დედაქალაქში დაბრუნდა.
დეა შინ შევიდა. მამას დივანზე ჩასძინებოდა. ტელევიზორი გამორთო, პლედი ფრთხილად მიახურა და ერთხანს უყურებდა მძინარეს. მთელი გულით ებრალებოდა მამა, რომელსაც ცოლი სიგიჟემდე უყვარდა და არასოდეს არაფერი დაუკლია მისთვის. ნამდვილად არ იმსახურებდა იმას, რაც გადახდა. სამზარეულოში გავიდა ყავის მომზადება დაიწყო. მიხვდა, რომ თავს უკეთ გრძნობდა და იმასაც მიხვდა, რომ დედას ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, აპატია. თავისი ფინჯნით საძინებელს მიაშურა. დემეტრეზე ფიქრობდა. ვერ ხსნიდა, ეს ბიჭი რა მიზნით გამოჩნდა მის ცხოვრებაში. ყავა ნახევრად დალია და ძილმა თავი წაართვა.
მამას არ უკითხავს, შინ მისვლა რატომ დააგვიანდა. დეამ დივნის გვერდით წაქცეული ლუდის ბოთლი მეორე დილითღა იპოვა და მიხვდა, ისევ სვამდა. ამან გული ატკინა. ცოლის ამბის მერე კინაღამ გალოთდა და ექიმებმა მკაცრად აუკრძალეს ალკოჰოლის მიღება. დავითი ამან აშკარად ვერ შეაჩერა და მაინც წრუპავდა ხოლმე. საბოლოოდ დეამ გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა. მამა ეზოში ძელსკამს უტრიალებდა, როცა გოგონა მრისხანე გამომეტყველებითა და ლუდის ბოთლით ხელში მიუახლოვდა.
_ ხომ დამპირდი, მამა?
კაცმა ჯერ გაოცებით შეხედა, შემდეგ სინანული გაუკრთა თვალებში.
_ შენ არ გესმის...
_ მხოლოდ ის მესმის, რომ ვერ ვუყურებ, როგორ ისწრაფებ სიცოცხლეს. შენს დაკარგვას ვერ გადავიტან, ამას ვერ ხვდები?_ დეას უნდოდა სიმტკიცე გამოეჩინა, მაგრამ გუშინდელის მერე ემოციებს აშკარად ვეღარ უმკლავდებოდა.
_ მაპატიე, ჩემო გოგო, ვეცდები, მე ვეცდები, არ ინერვიულო._უთხრა და გადაეხვია. დეა მთელი ძალით მოეხვია მოხუცს.
_ შენი ბრალი არ ყოფილა, მამი. დედას უნდოდა ასე. მე და შენ ვერ შევაჩერებდით, მამი. დაივიწყე, გთხოვ. აპატიე, რომ გვიღალატა. ვაპატიოთ, მამი...
_ ვაპატიოთ, ჩემო პატარავ, მოვინდომებ... შენთვის ვაპატიებ, ჩემო სიცოცხლის წყაროვ..._ ეუბნებოდა და შუბლზე კოცნიდა ქალიშვილს. ორივენი ტიროდნენ.
ორი დღის შემდეგ დეა თბილისში დაბრუნდა. მამას შეჰპირდა, რაც შეიძლება მალე ისევ ჩამოვალო. თავად დავითს ჯანმრთელობის გამო მგზავრობა დიდად არ რგებდა და თავს იკავებდა ხოლმე.
თავის პაწაწინა ბინაში შებიჯებისას უჩვეულო სიამოვნება იგრძნო. გაახსენდა, დღეს კურსელები უნდა სწვეოდნენ. საგამოცდოდ პრეზენტაცია ერთად უნდა მოემზადებინათ. მაღაზიაში ჩაირბინა და სტუმრების დასახვედრად სასუსნავები იყიდა. გამოსვლისას მაღაზიის გვერდით კაფის კედელზე გამოკრულ ვაკანსიას მოჰკრა თვალი და შიგნით შევიდა. მენეჯერთან მოლაპარაკებამ საოცრად იოლად ჩაიარა და ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოც იშოვა. ოფიციანტობას, წესით, ალღოს იოლად აუღებდა. შინ გახარებული ავიდა. ცოტას ღელავდა. კურსელებთან დიდად ვერ მეგობრობდა. პირადი ტრაგედიის გამო ძალიან ჩაკეტილი გახდა და ურთიერთობებს ( გარდა საქმიანისა) გაურბოდა ხოლმე. ისინიც მალევე მივიდნენ. ორი გოგონა და ერთიც ბიჭი. თავიდან ცოტა დაძაბულობა იგრძნობოდა, მაგრამ დეამ მოინდომა და საღამომ ძალიან მხიარულად ჩაიარა. თემაც მშვენივრად მოამზადეს. სტუმრები რომ გააცილა, მიხვდა, რაღაც აკლდა. თავიდან ვერ გაიგო, რა დაავიწყდა. მერე გააანალიზა: დემეტრე მანაგაძე ენატრებოდა.
რეპეტიციაზე წასასვლელად განსაკუთრებით ემზადებოდა. უნდოდა, ლამაზი ყოფილიყო. ამაზე ფიქრისას ცოტა დაირცხვინა. უწინ არავის გამო სდომებია, სახლიდან ლამაზი გასულიყო. მერე თავი გააქნია ავი ფიქრების გასაფანტავად და მსუბუქი მაკიაჟითა და მუქი მწვანე კაბით გააბიჯა სახლიდან. კაბის ფერი მისი თვალების სიმწვანეს კიდევ უფრო გამოკვეთდა.
დარბაზში შესული თვალებით ეძებდა დემეტრეს. ის არ ჩანდა. მერე ხელმძღვანელს ვიღაცამ დაურეკა. ქალის სახე უსიამოვნო გამომეტყველებამ დაფარა. ტელეფონი გათიშა და სტუდენტებს მოუბრუნდა:
_ დღესაც ბატლერის გარეშე მოგვიწევს თამაში. ბატონი დემეტრე, სამწუხაროდ, დაკავებულია. ასე თუ გავაგრძელეთ, ვერაფერს მოვასწრებთ._ დაამატა გაღიზიანებულმა.
ეს ქალი სულ ნერვებდაწყვეტილი იყო, მაგრამ ამჯერად დეაც იზიარებდა მის განწყობას. უგემურად ჩაიარა დღემ. უგულოდ მუშაობდა და შენიშვნაც რამდენჯერმე მიიღო. როგორც იქნა, დასრულდა. კურსელებმა საუბარი გაუბეს და ცოტა ხანს გადაავიწყდა თავისი გაბრაზებაც. ავტობუსის გაჩერებაზე ბავშვებს გამოემშვიდობა. გადაწყვიტა ისევ ფეხით წასულიყო შინ. იმ ავბედით გადასახვევს რომ მიადგა, მხოლოდ მაშინღა გაახსენდა კაპიუშონიანი უცნობი და უცებ თავში გიჟური იდეაც მოუვიდა. რატომ არ უნდა დაეძლია შიში სწორედ ახლა? უბნის ხულიგნები ან იქნებოდნენ იქ, ან არა. ჩვეულებრივი გზა იყო, რომელსაც სახლში უნდა მიეყვანა და დიახაც, შიშს ახლავე დაამარცხებდა. ქუსლების კაკუნით ამაყად მიიწევდა ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაში. ჯერ ვიღაც კაცმა ჩაურა, მერე მოზარდების ჯგუფმა გაუსწრო და მიიმალა. თითქმის გადაწყვიტა, რომ არანაირი საფრთხე აღარ ელოდა და თავსაც დასცინა სიმხდალისთვის, რომ ყაყანიც მოესმა. ჯგუფი ამჯერად ერთი სახლით ქვემოთ ,,აბირჟავებდა”. დეას გააჟრჟოლა, როცა ხმებიც შეიცნო. იქაურობა ლუდის სუნად ყარდა. ვინ იცის, იმათ რამდენად იცნეს, მაგრამ მათი ინტერესის ობიექტად დაუყოვნებლივ კიდევ ერთხელ იქცა.
ერთერთმა სხვებს ანიშნა და რამდენიმე წყვილი ავხორცი მზერა მისკენ აღმოჩნდა მიმართული. შიშისაგან სუნთქვა შეეკრა. ისტორია მეორდებოდა და ამჯერადაც მისი სიბრიყვის გამო. უკან ერთი ნაბიჯით დაიხია, მერე _ მეორით.
_ ნუ გეშინია, პატარავ, ცოტა ვილაპარაკოთ,_ ძმაკაცურად მოუღერა ერთერთმა ლუდის ბოთლი და ახარხარებული ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდა.
უცბად მანქანის ბორბლების ღრჭიალის ხმა გაიგონა. ფარებმა მიანათა და მის ფეხებთან გაჩერდა. მანაგაძე გადმოვიდა და კარი მიაჯახუნა. შვება, სიხარული, მონატრება, წყენა ერთბაშად შემოაწვა დეას. მერე კი ეს ყველა გრძნობა ერთმა შეცვალა _ შიშმა. დემეტრე არამზადების ჯგუფს მძულვარე თვალებით უმზერდა. ისინიც აგრესიულად უყურებდნენ. დეა ერთბაშად გონს მოვიდა და დენდარტყმულივით მივარდა ბიჭს
_ დემეტრე, დემე, შემომხედე!
რომ ვერაფერს გახდა, მისი სახე პატარა ხელებში მოიქცია და თავისკენ დაქაჩა.
_ გთხოვ, დემეტრე, წამიყვანე, წავიდეთ აქედან, გთხოვ!
ბიჭმა ცივად მოიშორა მისი ხელები. იმ ტიპებს თვალს არ აშორებდა.
_ დემეტრე! შენ ხომ დამპირდი! მეშინია..._ უკანასკნელად სასოწარკვეთილმა ამოიჩურჩულა დეამ და ტირილი წასკდა. მანაგაძე თითქოს გონს მოეგო. მანქანის კარი გამოუღო გოგოს.
_ ჩაჯექი!
ერთი კიდევ გახედა მოშორებით მდგომ არამზადებს, რომელთაც ვერ გაეგოთ, უნდა ეჩხუბათ, თუ არა. მერე თავადაც დეას გვერდით დაიკავა ადგილი და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
დეას სიამოვნებდა უსაფრთხოების შეგრძნება. როგორც იქნა, ისიც ნახა...
_ რაზე ფიქრობდი?_ დემეტრეს ყვირილზე შეხტა._ რაზე ფიქრობდი, როცა იქ მეორედ გაისეირნე? გინდოდა, რამე დაგშავებოდა?
_ შენ იყავი მაშინაც..._ კითხვას თავად უპასუხა გოგონამ და გაოგნდა.
_ამას ახლა მნიშვნელობა აქვს? მიპასუხე, რას ფიქრობდი?
_ გთხოვ, მშვიდად ატარე, ნუ ყვირი.
_ ავარიის გეშინია, მე არ მენდობი ამ წამს და იქ ვის იმედად იყავი შუაღამისას? ჯანდაბა._ დემეტრემ მანქანა სწრაფად გააჩერა და საჭეს ხელები მთელი ძალით დასცხო._ სულ შემშალე ჭკუიდან. ეს რა მიყავი. რომ ვერ მომესწრო...
_ მაგრამ მომისწარი._ დასჯილი ბავშვივით ამოიბურტყუნა ხმაწართმეულმა. დემემ გადახედა. სკამზე მობუზული და ერთიანად აკანკალებული მართლა ბავშვს ჰგავდა. გაყინულ ბავშვს. გათბობა ჩართო და დეას თავისი ქურთუკიც მიაწოდა. გოგონას გული გაუთბა. მერე მიუბრუნდა და მხიარულად უთხრა:
_ აუხ, დემე, დღეს შენ ზუსტად ისე გადამარჩინე, როგორც ედვარდმა ბელა ,,ბინდში”. რა მაგარია!
დემემ ჯერ გაოცებულმა გადახედა გვერდზე მჯდომის გაცისკროვნებულ თვალებს, თავადაც ჩაეღიმა და გაეპასუხა:
_ მგონი იმაზე მეტად გადარეული ხარ, ვიდრე მეგონე.


კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ კითხულობთ და გაინტერესებთ. <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ani gafrindashvili

Maagadze miyvarsss es sheni bralia cnobistvis ra <3.

 


№2  offline წევრი ანაკონდა

ani gafrindashvili
Maagadze miyvarsss es sheni bralia cnobistvis ra <3.

:დდდდდ შესანიშნავია ❤

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ