შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (1)


10-02-2018, 23:31
ავტორი Nickolson
ნანახია 725

Blue Neighborhood (1)

1.
მთელი დღე უშედეგოდ ვეძებდი ბინებს ინტერნეტში. ვერაფერი ვიპოვე. გაღიზიანებულმა დავხურე ლეპტოპი, სკამიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. როცა ძველი, საღებავაცვენილი ფანჯარა ჭრიალით გაიღო, ოთახში დილის სუფთა ჰაერი შემოიჭრა და მეც ისე ჩავისუნთქე, როგორც ახალდაბადებულმა ბავშვმა – შეშინებულად და სწრაფად. აღარ შემეძლო ამ სახლში გაჩერება. აქედან რაც შეიძლება მალე უნდა წავსულიყავი. აქაურობა მახრჩობდა, მგუდავდა. ბოლო ერთი წელი კი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის.
არ ვიცოდი, სხვა რა უნდა დამერქმია იმ მდგომარეობისთვის, რაშიც ახლა ვიმყოფებოდი. ყოველ დღე მიწევდა საკუთარი თავის მალვა, სხვა ადამიანის როლის მორგება, ჩემთვის გაუგებარი წესების დამორჩილება და დედაჩემის გაუთავებელი საყვედურების მოსმენა. თავიდან ვფიქრობდი, რომ თუ ყურადღებას არ მივაქცევდი, ყველაფერთან შეგუებას შევძლებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, ჩემს გენეტიკაში შემგუებლობის გენი არც ისეთი აქტიური იყო, როგორც სხვა ადამიანების შემთხვევაში.
ყვარელში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ბავშვება კარგად არ მახსოვს. მხოლოდ ის მომენტები ვიცი, რასაც დედა მიყვებოდა, თუმცა მისი მონაყოლი რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს, არ ვიცი. მამამ მიგვატოვა. მე და დედა მარტო დავრჩით. დედა ამაში მე მადანაშაულებდა, ამბობდა, რომ მამა ჩემ გამო წავიდა სახლიდან, რადგან ჩემი რცხვენოდა, არ უნდოდა მისი შვილი ვყოფილიყავი. მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ასე არ იყო. მამა იმიტომ წავიდა, რომ მარიამის ფსიქოზსა და ისტერიკას ვეღარ გაუძლო. ვატო ყველაზე მშვიდი ადამიანი იყო, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. მისი ყველაზე დიდი შეცდომა დედაჩემის შეყვარება იყო. მარიამს ადამიანში ყოველივე კარგის ჩაკვლა შეეძლო და სწორედ ამან გაანადგურა მამაც.
როცა მამა წავიდა, მაშინ მივხვდი, რომ ბავშვებს სულაც არ აქვთ გენეტიკურად ჩადებული მშობლების სიყვარული. არც მშობლებს – შვილების. მე მძულდა მარიამი. უფრო იმიტომ, რომ ვერასდროს ვგრძნობდი მის სიყვარულს. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა შვილის გაჩენა. სულაც არ იყო ჩემთვის მშობელი, საბავშვო ბაღის ბოროტ დირექტორს უფრო ჰგავდა, რომელსაც ბავშვების გამწარება ართობდა. უფრო სწორად კი, ნორმალურად მიაჩნდა. იმის გამო არ შევძულებივარ, რომ გეი ვარ. მის სიძულვილს პატარაობიდან ვგრძნობდი. არ ვიცი ვის ვაგონებდი, როცა მხედავდა, მაგრამ მახსოვს, მე სულ იმის ცდაში ვიყავი, უკეთ გამეცნო დედაჩემი, რათა მისთვის მოსაწონ შვილად ვქცეულიყავი. მაგრამ არაფერი შეცვლილა. მალე თავი დავანებე მისთვის თავის მოწონების მცდელობას და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მისგან თავი შორს დამეღწია.
სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და თბილისში წამვედი. იმ წამს, როცა პირველად შევდგი ფეხი ახალი ბინაში, ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, თითქოს მტანჯველი სიკვდილის შემდეგ ხელახლა დავიბადე, უმტკივნეულოდ და მშვიდად. თითქოს გავწყვიტე უხილავი კავშირი წარსულთან და საკუთარი თავის გაცნობა დავიწყე. პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ ვინ ვიყავი, რა მინდოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს, რატომ განვიცდიდი ასე მწარედ მარიამთან გაფუჭებულ ურთიერთობას, როცა სულ იმის მტიცებაში ვიყავი, რომ მიყვარდა... გავიცანი ჩემნაირი ადამიანები – ბიჭები და გოგონები, შეშინებულები, დამფრთხალები, მაგრამ მაინც ბედნიერები. ის გოგონები და ბიჭები, რომლებსაც თავისივე სქესის ადამიანები მოსწონდათ, გავიცანი ადამიანები, რომლებიც ჰეტეროსექსუალები იყვნენ, მაგრამ ისე არ მიყურებდნენ, როგორც გალიაში გამომწყვდეულ ცხოველს, სიმახინჯეს, გარყვნილს ან თუნდაც გალერეაში გამოფენილ ექსპონანტს. დავიწყე წერა, შევქმენი საკუთარი ბლოგი, სადაც დროდადრო უნივერსიტეტის ნაშრომებსა და პატარ–პატარა მოთხრობებს ვდებდი. პირველად შემიყვარდა, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავდა ნამდვილი მეგობრები. მე სხვა ადამიანად ვიქეცი.
მესამე კურსზე მეგობრის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე. თან პარალელურად პრაქტიკას გავდიოდი, მაგრამ იმ წელს, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ორგანიზაციაში კრიზისი დაიწყო და სამსახურიდან წამოვედი. ორგანიზაციის დამფუძვნებლებს დროებით აქტივიზმის შეწყვეტა მოუხდათ. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ცხოვრების ხალისი დავკარგე. თანაც, თითქოს სპეციალურად, მარიამი ყოველ დღე მირეკავდა, როდის უნდა ჩამოხვიდე და მომხედო, სახლს კაცის ხელი აკლიაო. ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა ამაში, არაფერი აკლდა. ბიძაჩემი მასზე ზრუნავდა და ბიძის შუამავლობით მეც ვეხმარებოდი. მარტო არასდროს იყო, მაგრამ მაინც ითხოვდა, რომ დავბრუნებულიყავი. სულ ერთი წამით იმედი მომეცა, რომ რაღაც გამოსწორდებოდა, ახალგაზრდობაში თუ არა, სიბერეში მაინც იქნებოდა თბილი და მოსიყვარულე დედა, ამიტომ გავტყდი, დავნებდი და დაბრუნება გადავწყვიტე. ყოველ დღე იმ იმედით ვიღვიძებდი, რომ დედაჩემის სახეზე ჩემი დანახვით გამოწვეულ ღიმილს დავინახავდი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად გვიჭირდა ერთმანეთის ატანა. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ამასობაში თითქმის ერთი წელიც გასულიყო და მეც უკან, თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე. მაგისტრატურის გამოცდა ისე ჩავაბარე, დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს. შემდეგ დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს. სწორედ მაშინ ვითხარი დედას, რომ მივდიოდი.
ფანჯარას მოვშორდი. ლეპტოპი კვლავ გავხსენი და ფეისბუქზე შევედი.
„ვეძებ ბინას მისაღებ ფასში. ტერიტორიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მეტროსთან იყოს ახლოს“, – დავწერე და გამოვაქვეყნე.
ჩემი გვერდი, რომელიც მუდამ ჩაკეტილი იყო, პირველად გაიხსნა საჯაროდ.


2.
რა თქმა უნდა, ვერაფერი ვიპოვე. მეგობრების შემოთავაზებული ბინების ფასი ისეთი მაღალი იყო, გადახდას ვერ შევძლებდი. ფული მქონდა, მაგრამ იმდენი არა, რომ უთავბოლოდ მეხარჯა. ბოლოს მაინც მივაგენი პატარა, მაგრამ სამოთახიან ბინას /Flatshare in Tbilisi-ს/ გვერდზე იმდენად დაბალ ფასში, რომ გაოცება ვერ დავმალე. 300 არაგველების მეტროსთან იყო ახლოს, მყუდრო და წყნარ უბანში. ბინაც კომფორტული და სასიამოვნო აღმოჩნდა. იმავე დღეს წავედი ბინის დასათვალიერებლად და ისე მომეწონა, რომ მფლობელს მაშინვე გადავუხადე ქირა და გადავწყვიტე, ახლავე გადავსულიყავი. ყვარელში დაბრუნდი, ჩემი ნივთები ჩავალაგე და მარიამს გამოვუცხადე, მივდივარ–მეთქი. ისე წამოვედი, მისთვის არ შემიხედავს, არ მინდოდა მისი ზიზღნარევი მზერის დამახსოვრება.
გვიანი ღამე იყო, ჩემს ახალ ბინაში რომ დავბრუნდი. ბარგი საძინებელში შევიტანე. ამოლაგების თავი არ მქონდა. მობილური მოვიმარჯვე და რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე შეტყობინება გავიგზავნე:
„ჩამოვედი.“
რამდენიმე წამში ლუკას შეტყობინება მივიღე:
„მისამართი მომწერე.“
ლუკას მისამართი გავუგზავნე და ბედნიერმა ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
– ესეც ასე, დავით, – ხმამაღლა წარმოვთქვი და სუპერმარკეტში ჩავედი პროდუქტების საყიდლად.


3.
დილით რომ თვალი გავახილე, პირველი, რაც დავინახე, ლუკას გრძელი, ყავისფერი თმა იყო ჩემს გვერდით. მისკენ გადავბრუნდი და ყურადღებით დავაკვირდი. რაღაც უცნაური ხდებოდა და ვერ გამეგო რა. ბოლოს, როგორც იქნა, მივხვდი. ლუკას ორივე ხელით ჩაებღუჯა ბალიში და პირდაპირ სახით ჩარგულს ეძინა. საერთოდ თუ სუნთქავს–მეთქი, გავიფიქრე და დაეჭვებულმა თმა გადავუწიე გვერით. ლუკამ რაღაც წაიბუზღუნა და ხელი ამიკრა. შემდეგ გვერდით გადაბრუნდა და ძილი განაგრძო.
საწოლიდან წამოვდექი. თავი მტკიოდა. ოთახის ბოლოში, სავარძელზე მძინარე ალექსის ქერა თავს მოვკარი თვალი. ფეხები აეკეცა, ჭრელ პლედში გახვეულიყო და ღრმად ეძინა. უხმაუროდ გადავიარე იატაკზე დაყრილ ხარახურას შორის და სამზარეულოში გავედი. რატი უკვე ამდგარიყო, სამზარეულოს მაგიდასთან ლეპტოპს მისჯდომოდა და სიგარეტს ეწეოდა.
– ღვთის გულისათვის, ფანჯარა მაინც გააღე, – წავიბურტყუნე და ფანჯარას ვეცი. მძიმე ჰაერი მდორედ გაედინა გარეთ.
– რა გეტაკა? – ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე მკითხა.
– თავი მისკდება. ყავის ყიდვა დამავიწყდა.
– ვიცი. ენდი ჩავიდა უკვე.
გვერდით მივუჯექი და მაგიდის ცივ ზედაპირზე თავი დავდე.
– რას აკეთებ? – მივუბრუნდი ისევ რატის, დაჰიპნოზებულივით რომ შეჰყურებდა ეკრანს.
– არაფერს, – რატი სწრაფად გამოფხიზლდა, – ფეისბუქს ვსქროლავდი და შევყევი.
ჩემთვის საკმაოდ ნაცნობ მდგომარეობაში აღმოჩენილა. გავუღიმე და თვალები დავხუჭე. რამდენიმე წამში შუბლზე რატის შეხება ვიგრძენი.
– ჰეი, შუბლი გახსენი. ახლა უკვე ჩვენთან ხარ, – მისი თვალებიდან ისეთი სითბო იღვრებოდა, საოცარი სიმყუდროვე ვიგრძენი.
– ხანდახან მავიწყდება.
კარის გაღებისა და დახურვის ხმა გაისმა. მივხვდი, ენდი დაბრუნდა.
– პრივეტ, დათ, – ოთახში შემოვიდა ენდი.
– სალამი.
გოგონამ პარკი კარადაზე შემოდო და ყავისა და ტკბილეულის ამოლაგებას შეუდგა. აღფრთოვანებულმა შევხედე. ენდი ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც შემიპყრო. რა თქმა უნდა, მისდამი ეროტიკულ ლტოლვას არ ვგრძნობდი. ყოველთვის ვაფასებდი ისეთ სილამაზეს, რომელიც სტანდარტებში არ ჯდებოდა, ენდი კი ამის საუკეთესო მაგალითი იყო. მისი თვალები იმდენად დიდი და ცისფერი იყო, ხანდახან არაამქვეყნიურ არსებას ჰგავდა. კანი ისეთი თეთრი და თხელი ჰქონდა, მეჩვენებოდა, რომ გამჭვირვალე იყო. ისე თვალნათლივ მახსოვს ჩვენი პირველი შეხვდრა რამდენიმე წლის წინ. „ევროკავშირმა საქართველოსათვის“ კონკურსი გამოაცხადა დამწყები ბლოგერებისთვის. კონკურსში გავიმარჯვე და საუკეთესო ბლოგის კატეგორიაში გამარჯვებისთვის საკმაოდ მაღალი თანხა მივიღე. სწორედ დაჯილდოებაზე გავიცანი ენდი. თავიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება ერთმა გალეულმა გოგონამ. პირველ რიგში იმით, რომ დამსწრე საზოგადოებისგან განხსვავებულად ეცვა. მისი ნაცრისფერი, თხელი მაისური ტყვიით დაცხრილულს ჰგავდა. ლიფი არ ეცვა და პატარა მკერდი წერტილებად აჩნდა, თუმცა, როგორც ეტყობოდა, სულაც არ აწუხებდა ეს. შავი ჯინსის შარვალი მუხლებზე გადახეოდა, ფეხზე კი მაღალძირიანი ბათინკები ეცვა. ყველზე მეტალის ბუმბული ეკეთა, წარბზე კი ორი პირსინგი ჰქონდა. თმა მოკლედ შეეჭრა, რის გამოც მისი უზარმაზარი თვალები უფრო დიდი ჩანდა. „ლიზბეთ სალანდერი“, – გავიფიქრე ღიმილით, შემდეგ კი ძალიან გავვოცდი, როცა გავიგე, რომ ეს უცხო გარეგნობის გოგო ევროკავშირის მიერ მოწვეული კონსულტანტი იყო. დაჯილდოების შემდეგ გამართულ წვეულებაზე გამოველაპარაკე და პირდაპირ მაჯახა, მე კაცები არ მიზიდავსო. მე ქალები–მეთქი, ვუპასუხე და გავუღიმე. ჩემდა გასაკვირად, ენდი გაწითლდა, მაპატიე, ვერ გიცანიო, მითხრა და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. თავიდან ცივი და ჩაკეტილი იყო, მაგრამ შემდეგ უფრო გაიხსნა, გათამამდა. ძალიან მალე მივხვდი, რომ ენდი მხოლოდ საინტერესო გარეგნობის ქალი კი არა, მრავალმხრივი და ძალიან ღრმა პიროვნებაც იყო.
– ყავას დალევთ? – იკითხა ენდიმ. თავი დავუქნიე.
– ყავა მეც მინდა, – მოგვესმა ლუკას ყვირილის ხმა.
– მეც, – აჰყვა ალექსიც.
ყავის მომზადება ენდიმ დაიწყო. ცოტა ხანში ლუკა გამოფრატუნდა წაშლილი სახით და ჩემ გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
– დამესიზმრა, რომ ვიღაც მათრახიანი ქალი მაუპატიურებდა, – დაიჩურჩულა გაფითხრებულმა ლუკამ.
– როგორი იყო? – სიცილით იკითხა ენდიმ.
– როგორ უნდა ყოფილიყო, გოგო! მაუპატიურებდა–მეთქი! – წამოიყვირა ლუკამ.
– იქნებ დავითი იყო და ქალში აგერია? – მოსაზრება გამოთქვა თვალებმოჭუტულმა რატიმ.
– სერიოზულად? – მივუბრუნდი ლუკას და შეურაცხოფილი მზერით შევხედე. ლუკა შეცბა, – დაგავიწყდა წუხელ რაც მოხდა?
– კარგით ახლა. ისეთი მთვრალიც არ ვყოფილვარ, შენთან სექსი მქონოდა და დამვიწყებოდა, – შეშფოთებულმა შემომხედა მან.
– ლუკა, გატყუებენ, – გამოსძახა ალექსმა.
ლუკამ შვებით ამოისუნთქა.
– მე ვიყავი ის ქალი, – კვლავ გაისმა ლუკას ხმა.
სიცილი აგვიტყდა.
–კარგით, რა. ასე როგორ შეიძლება! – მხრები ჩამოყარა ლუკამ.
– არა, მაინც რანაირად გეძინა? საერთოდ სუნთქავდი.
– დილით ხელებს რომ მიფათურებდი, ჩემს სუნთქვას ამოწმებდი, ხომ?
– არა, მკვდარი მეგონე და ნეკროფილური გადახრები მაქვს, – თბილად გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
– გარყვნილო, – წაიჩურჩულა ლუკამ, – ერთი წელია ერთად არ გვიცეკვია.
– ერთი წელია ცეკვის დროს არ ჩაგხუტებივარ, – ვუპასუხე სევდიანად.
– მაშინ, წავიდეთ სადმე ამ შაბათს, – ენდიმ ყავის ჭიქები მაგიდაზე დააწყო, – ალექს, გამოდი!
– დილა მშვიდობის, – ალექსიც მაგიდას მიუჯდა.
– სახლის დალაგებაში დახმარება არ გჭირდება? – მკითხა რატომ.
– არა. მოვერევი მარტო.
– არ გინდა რუმმეითი მოძებნო? – შემომთავაზა მოულოდნელად ენდიმ.
– რუმმეითი?
– ხო. ორსაძნებლიანი ბინაა. იპოვე ვინმე საყვარელი ბიჭი ან გოგო. ქირას და კომუნალურებს გაიყობთ.
– კარგი აზრია, – დაეთანხმნენ სხვებიც.
– რა ვიცი, შეიძლება.
– თუ მოიფიქრებ, ჩემი მეგობარი ეძებს ბინას, – რატი მაგიდის იდაყვებით დაეყრდნო და ჩემკენ გადმოიწია, – კარგი ბიჭია, ერთმანეთს გაუგებთ. სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. რეზი ჰქვია.
– კარგი.
– კარგი? ვეტყვი, რომ შეგეხმიანოს. შენს ნომერს მივცემ.
– კარგი, მიეცი, – დავეთანხმე მეც.
არც ისე დიდი ხნის წასულები იყვნენ მეგობრები, რომ რეზიმაც დამირეკა. მეორე დღეს შევთანხმდით შეხვედრაზე. იმედი მქონდა, რომ მართლა გავუგებდით ერთმანეთს.
სახლის დალაგება დავიწყე. თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ როცა მოვრჩი, უკვე შებინდებული იყო. კომპიუტერში Eyes Wide Shut–ის საუნდტრეკი ჩავრთე, ხმას ბოლომდე ავუწიე და ვანაში ჩავწექი. ნახევარი საათის შემდეგ გამოვედი. ისეთი მოთენთილი ვიყავი, ფილმის ყურების თავიც არ მქონდა, ამიტომ დაძინება გადავწყვიტე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent