შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (2)


12-02-2018, 22:35
ავტორი Nickolson
ნანახია 468

Blue Neighborhood (2)

4.
მთელი ღამე გადამბით მეძინა, ერთხელაც არ გამღვიძებია. გაღვიძებისას ენერგიის ისეთ შემოტევას ვგრძნობდი, რომ სარბენად წავედი. სახლში დაბრუნებულმა შხაპი მივიღე, გუშინ შემორჩენილი საჭმელი შევჭამე და ყავა დავლიე. შემდეგ მისაღებ ოთახში დივანზე მოვკალათდი, მუხლებზე ლეპტოპი დავიდე და რეზის დავუწყე ლოდინი. თან ბლოგის განახლებასაც ვაპირებდი.
მეორე კურსზე ვიყავი, როცა მივხვდი, რომ წერა იყო რეალურად ის, რისი კეთებაც მსიამოვნებდა. თავიდან გასართობად შევქმენი ბლოგი. შემდეგ კი ყოველდღიურობად მექცა ჩემს თავზე წერა, იმაზე, რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი. ვწერდი აქტუალურ პრობლემებზე, ვაწარმოებდი დღიურს, რომელიც ერთი შეხედვით მხატვრული ტექსტი იყო გამოგონილი პერსონაჟებით, რეალურად კი მე მეხებოდა. შემდეგ, ძალიან მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტში საკმაოდ პოპულარული ვიყავი. ჩემს ნაწერებს აზიარებდნენ, ადამიანები მწერდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი ბლოგის კითხვა, რადგან ხვდებოდნენ, რომ არ იყვნენ მარტონი, რომ იყო ვიღაც ისეთი, ვისაც მათი ესმოდა, მათნაირი ცხოვრებით ცხოვრობდა, მათ მსგავსად განიცდიდა ჩაგვრას და ამის მიუხედავად, ამაზე საუბარი შეეძლო. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ერთ დღესაც, აუდიტორიის კართან ლუკა დამხვდა. სამსახური შემომთავაზა თავის არასამთავრობო ორგანიზაციაში. დიდ ანაზღაურებას ვერ დაგპირდები, მაგრამ თუ დამთანხმდები, ძალიან დიდ სამსახურს გამიწევო. ჩვენთან მოდიან 15–16 წლის ბიჭები და გოგონები, რომელთაც ჰგონიათ, რომ მარტონი არიან, რომ ყველას სძულთ ისინი. მნიშვნელოვანია დავანახოთ, რომ ასე არ არის. გამიხარდება, თუ დამეხმარები ამაშიო. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი და არც არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება. ლუკა ჩემი პირველი მეგობარი იყო. ის დამეხმარა საკუთარი თავის უფრო მეტად რეალიზებაში. თითქმის ძალით დამათრევდა ყველგან, სადაც კი მიდიოდა, რადგან ხმაურიან ადგილებს დიდად ვერ ვიტანდი. სამსახურიდან მაცნობდა ხალხს, ერთად ვაკეთებდით სხვადასხვა პროექტებს, ერთად დავდიოდით ბარებში, ვცეკვავდით, ვფლირტაობდით და საოცრად ბედნიერები ვიყავით.
კარზე ზარის ხმა გაისმა. ლეპტოპი გვერდით გადავდე და კარის გასაღებად წავედი. კარში წყვილი იდგა – გოგო და ბიჭი.
– გამარჯობა. შენ ალბათ დავითი ხარ? – ღიმილით მკითხა ბიჭმა.
– კი. შენ კი – რეზი? – გავუღიმე მეც.
– მართალი ხარ, – მხიარულად გაიცინა მან, – ეს აიაა, ჩემი მეგობარი.
– სასიამოვნოა, – მოხდენილად გამიღიმა აიამ.
– ჩემთვისაც. შემოდით, – კარიდან გავიწიე და გზა დავუთმე.
სანამ ბინაში შემოვიდოდნენ, ორივეს შეთვალიერება მოვასწარი.
რეზი მაღალი, გამხდარი ბიჭი იყო. 22 წლის იქნებოდა. ყავისფერი კულულები მხრებამდე სწვდებოდა. ნათელი, თაფლისფერი თვალები ჰქონდა და საოცრად ლამაზი, უცნაური ფორმის თვალის ჭრილი, პარალელეპიპედის ფორმის, გრძელი და ჭინკებით სავსე. არც ისე პატარა, თუმცა ლამაზი ცხვირი ჰქონდა. ისეთი, როგორიც ზუსტად ესადაგებოდა მის სახეს და აღნაგობას. ტუჩები მსხვილი და ვნებიანი ჰქონდა. ზედა ტუჩი ოდნავ უფრო დიდი იყო, ვიდრე ქვედა. წვერს ვერ ვიტანდი, მაგრამ მისი ოდნავ წამოზრდილი თმა ყბებსა და ნიკაპზე საოცრად მომხიბლავი მეჩვენა. თვალისმომჭრელი ღიმილი ჰქონდა, ღიმილის დროს მარცხენა ლოყაზე ჩაღრმავება უჩნდებოდა. შემოსვლისას ისე მოხდენილად გადაიწია თმა ყურზე, რომ სუნთქვა შემეკრა და მივხვდი, რომ კარგს არაფერს მიქადდა მისი გამეზობლება.
აია უბრალოდ ულამაზესი იყო ისევე, როგორც მისი სახელი. ისე გამოიყურებოდა, თავისუფლად მისცემდი 20–დან 30 წლამდე ნებისმიერ ასაკს. კარედ შეჭრილი თმა მწვანედ შეეღება, რაც მის ჭრელ თვალებს საოცრად კვეთდა. ნაზი და მომხიბვლელი იყო. ალბათ რეზის გაგიჟებით უყვარდა ეს ქალი. გულში რაღაც ჩამწყდა. ჩუმად, სევდიანად ამოვიოხრე და კარი მივხურე. უცებ გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა ერთად აპირებდნენ ოთახის ქირაობას და მაშინ ჩემმა ბოროტმა, ეგოისტმა მხარემ წამოყო თავი. გადავწყვიტე, რომ თუ ერთად დააპირებდნენ ცხოვრებას, უარი მეთქვა.
– რა საყვარელი ბინაა, – შესვლისთანავე წამოიძახა რეზიმ და ანთებული თვალები მოატარა იქაურობას.
– ძალიან, – დაეთანხმა აია.
– წამოდით, დაგათვალიერებინებთ.
სათითაოდ შევიყვანე ყველა ოთახში. აღფრთოვანებული რეზი ცმუკავდა, მგონი მართლა მოსწონდა ბინა.
– მაგარია! ძალიან მომწონს. შეიძლება დღესვე გადმოსვლა?
– რა თქმა უნდა. ერთად პირებთ თუ...?
– არა, მარტო მე, – გამიღიმა რეზიმ და სწრაფად ამარიდა თვალი.
„ნეტავ იცის? – გავიფიქრე მე, – ალბათ იცის, თუ რატის მეგობარია“. არ მინდოდა მისთვის უხერხულობა შემექმნა. ერთმანეთთან თუ ორივე არაკომფორტულად ვიგრძნობდით თავს, სჯობდა საერთოდ არ გადმოსულიყო.
– მაშინ ახლა წავალთ. ბარგს წამოვიღებ და დაახლოებით ერთ საათში დავბრუნდები.
– კარგი. ჩემს გასაღებს მოგქცემ ასლის გადასაღებად.
– კარგი აზრია. სადმე ხომ არ აპირებ გასვლას?
– არა, სახლში ვიქნები.
რეზის გასაღები ჩავუგდე გამოშლილ თითებში.
– მაშინ, დროებით, – ბიჭმა აღფრთოვანებით მოავლო ბინას თვალი და კარისკენ წავიდა.
– ნახვამდის, – გამიღიმა აიამ.
– ნახვამდის, – მეც გავუღიმე და ორივე გავაცილე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ წინ მთელი თავგადასავალი მელოდა.


5.
რეზი მართლაც მალე დაბრუნდა. ორი დიდი ჩემოდანი შემოაგორა შესასვლელში და სამზარეულოში შემოვიდა.
– მეორე სართული ეძახე და მოვკვდი კიბეზე, – სკამზე ჩამოჯდა, – აი, შენი გასაღები.
– მოგეხმარები ამოლაგებაში.
– არ გინდა, არ შეწუხდე.
როგორც გინდა–მეთქი, მხრები ავიჩეჩე.
– არ მოგერიდოს, იცოდე.
– კარგი, – გაეცინა ბიჭს.
– ყავას დალევ?
– კი.
– შაქარი რამდენი?
– ხუთი.
– რა? – წამოვიყვირე და მაშინვე ტუჩები მოვკუმე.
– ვიცი, რომ ცუდია, – საწყლად ამოთქვა მან, – ადრე რვას ვიყრიდი. ყოველ ერთ თვეში ერთი კოვზით ვამცირებ. ვაპირებ, რომ ორზე ჩამოვიდე.
სიცილით შევხედე ბიჭს. იმ წამს ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო, გავიფიქრე, როგორ გამიმართლა, რომ შევხვდი–მეთქი. სულაც არ მაინტერესებდა, რომ შეყვარებული მყავდა, რადგან უბრალოდ ჩემთვის მომწონდა და მისით აღფრთოვანების გაზიარებას არავისთან ვაპირებდი – არც მასთან და არც რომელიმე ჩემს მეგობართან.
– შენ არ აკეთებ რაიმე ისეთს, რაც იცი, რომ ცუდია, მაგრამ ვერ ელევი?– ისე მკითხა, თითქოს ჩემგან თანაგრძნობას ელოდა.
– მოწევა ითვლება?
– არა, მეც ვეწევი, – მხრები ჩამოყარა მან.
– რატი სად გაიცანი? – ღიმილით ვკითხე და ყავა გავუწოდე.
– გმადლობ. რატი ჩემი ნატურა იყო. მეორე კურსზე ლექტორმა დაგვავალა შიშველი სხეული დაგვეხატა. რატი ფეისბუქზე ვიპოვე და ფიზიკურად ძალიან მომეწონა. ნატურობა შევთავაზე. ისიც დამთანხმდა. ბოლოს ისე მოეწონა, რომ ჩვენთან აკადემიაში დაიწყო მუშაობა და ახლა მთელი კურსის ნატურაა. შენ საიდან იცნობ?
– საერთო მეგობარმა გამაცნო ბარში.
– რატის მეგობრებს კარგად არ ვიცნობ.
– ყველას გაგაცნობ, როცა ამოვლენ.
– კარგია. ხვალ გეწყება სწავლა?
– კი.
– ხომ არ ნერვიულობ?
– არც ისე.
– მე ყოველთვის ვნერვიულობ, როცა სადმე პირველად მივდივარ. ახლაც, სანამ აქ მოვიდოდი და გაგიცნობდი, ისე ვინერვიულე, რომ აიას ვთხოვე გამოყოლა.
– რა განერვიულებდა?
– არ ვიცი. ხომ შეიძლება ბინა არ მომწონებოდა, ან შენ. საერთოდ, შენ არ მოგწონებოდი, ან თავი ცუდად მეგრძნო ახალ გარემოში.
– ახლა როგორ გრძნობ თავს?
– მშვენივრად. შენ?
– შესანიშნავად, – ღიმილით ვუპასუხე, – ანუ ფიქრობ, რომ აქ კარგი გარემოა?
– კი. გარემოც კარგია და შენც.
– მეც? ფიქრობ, რომ კარგი ვარ? – დაეჭვებით შევეკითხე.
– გინდა დამარწმუნო, რომ არ ხარ? – კითხვა შემომიბრუნა მან.
– ვისთვის როგორ, – მხრები ავიჩეჩე.
– ვისთვის შეიძლება ცუდი იყო? როგორც წესი, ადამიანებში არ ვცდები ხოლმე. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ.
– მაგალითად, მე ცუდი შვილი ვიყავი ჩემი მშობლებისთვის.
– იქნებ შენი მშობლები იყვნენ ცუდები შენთვის?
არ ვიცი რანაირად ჩამოვარდა საუბარი ჩემთვის ასეთ რთულ საკითხზე.
– მაპატიე. არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– ბოდიში, – რეზი გაფითრდა. გაოცებულმა შევხედე, მგონი, ძალიან მგრძნობიარე იყო, – არ მინდოდა...
– ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ახლა არ მინდა ხასიათი გავიფუჭო.
– ზოგადად მე ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე, რადგან ლაპარაკი ძალიან მიყვარს. მგონი, ხატვაზე მეტადაც კი. თან, სულ სისულეებს ვლაპარაკობ. ამიტომ, როცა შემატყობ, რომ მართლა ვლაქლაქებ, უბრალოდ მითხარი რომ გავჩერდე. მართლა გეუბნები. ჩემი ყველა მეგობარი გაფრთხილებული მყავს და შენც გეუბნები. არ მოგერიდოს, მითხარი, რომ ბევრს ვყბედობ და გავჩუმდები.
–ეგ ხომ უხეში საქციელია?
– სულაც არა. მე თუ არ გამაჩუმებ, ისე ჩემი ნებით არ გავჩუმდები.
– მგონი, ბევრს კი არ ლაპარაკობ, უბრალოდ მხიარული ხარ. შეგიძლია ადამიანს თავი კარგად აგრძნობინო.
– მართლა? – მკითხა გაოცებულმა.
– კი, – თავი დავუქნიე, – სასიამოვნოა შენთან საუბარი და მოსმენა.
– გმადლობ, – გაეღიმა მას, – დროა ჩემს საქმეს მივხედო. წავალ, ბარგს ამოვალაგებ, – რეზი ფეხზე წამოდგა, – გმადლობ ყავისთვის.
– არაფრის. დახმარება მართლა არ გჭირდება?
– არა, – მიპასუხა მან და კარისკენ წავიდა. თვალი გავაყოლე. კართან მისული შეჩერდა, შემობრუნდა და თვალი თვალში გამიყარა, – იცი, დავით? არ არსებობს ცუდი შვილი. არსებობენ მშობლები, რომლებსაც თავიანთი შვილების არ ესმით, – მითხრა მან და სამზარეულოდან გავიდა.



6.
უნივერსიტეტში პირველმა დღემ ჩვულებრივ ჩაიარა. ზოგიერთი ლექტორის ნაცნობი სახის დანახვა ძალიან გამიხარდა. ლექციების შემდეგ ჯგუფელები ერთმანეთის გასაცნობად კაფეში წავედით. გვიანი იყო, სახლში რომ დავბრუნდი, თითქმის 10 საათი ხდებოდა. რეზი ჯერ არ მოსულიყო. სამზარეულოში შევედი ყავის დასალევად. დივანზე მოვკალათდი, ლეპტოპი წინ დავიდგი და ბლოგზე შევედი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც ერთი სიახლე არ გამომიქვეყნებია. ამის მიუხედავად, გამუდმებით ვწერდი. ახლა კი თავიდან უნდა გადამეკითხა ყველაფერი, რაც ყვარელში დავწერე, შემდეგ ჩამესწორებინა და ნელ–ნელა ამეტვირთა.
კარის გაღების ხმა გაისმა. თვალები ჰოლში გასასვლელს მივაპყარი, სადაც ორიოდ წამში რეზი გამოჩნდა.
– გამარჯობა, – დაღლილად გამიღიმა მან.
– გამარჯობა, – მეც გავუღიმე.
რეზი დივნის მეორე ბოლოში ჩამოჯდა და თავი საზურგეზე გადადო.
– როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
– ნორმალურად. შენ დაღლილი ჩანხარ.
– ხო, მძიმე დღე იყო, – თავი ასწია, ხელი თმაში შეიცურა და მოიჩეჩა, – წავალ, წყალს გადავივლებ.
წყლის ჩხრიალის ხმაზე ვკითხულობდი ვორდის ფაილს და თან რეზიზე ვფიქრობდი. ამაღელვებელი იყო მისი წარმოდგენა შხაპის ქვეშ. მაინტერესებდა თვითონ რას ფიქრობდა ჩემზე. ის, რომ მასზე კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვე, ძალიან ზედაპირული იყო. მაინტერესებდა რაზე ფიქრობდა, როცა ჩემთან ერთად გადაწყვიტა ცხოვრება. შთაბეჭდილება მოახდინა მისმა საქციელმა, თუმცა არც აიას არსებობის ფაქტს ვივიწყებდი.
ფიქრებში წასულმა ვერ შევამჩნიე, როგორ გამოვიდა რეზი სააბაზანოდან. მალე კვლავ ჩემთან შემოვიდა, სველი თმა კულულებად ეყარა თავზე, კანი საოცრად ნაზი და რბილი უჩანდა და შხაპის გელის სასიამოვნო სუნი ასდიოდა.
– საჭმელი მაცივარშია. მე არ დამელოდო, არ მშია, – ვუთხარი მას.
– არც მე მშია ძალიან. ყავას გავიმზადებ და მოვალ. კიდევ ხომ არ გინდა?
– არა.
სანამ რეზი სამზარეულოში ყავას იკეთებდა, მე ჭიქა ბოლომდე გამოვცალე და მას დავუწყე ლოდინი. მალე დაბრუნდა.
– აია რომ დარჩეს ხოლმე ხანდახან, პრობლემა ხომ არ იქნება? – მკითხა ცოტა ხანში.
შევეცადე იმედგაცრუება არ დამტყობოდა. არადა, ისეთი მძაფრი იყო რეზის ნათვამით გამოწვეული რეაქცია.
– ეს უკვე შენი სახლია. მე არ უნდა მეკითხებოდე ასეთ რაღაცებს.
– ხო, ვიცი, – უხერხულად მიპასუხა მან, – მაგრამ მინაც... ერთმანეთის აზრს თუ გავითვლისწინებთ, გამიხარდება.
– რა თქმა უნდა. შეგიძლია ის დაპატიჟო, ვინც გინდა.
რეზიმ გამიღიმა. ბიჭს ყურადღებით დავაკვირდი. ბედნიერი ჩანდა.
– წავალ მე, დავწვები. ძლიან დავიღალე, – თქვა მან და წამოდგა.
– ღამე მშვიდობის.
– ღამე მშვიდობის, – იმავე სიტყვებით დამემშვიდობა და თავის ოთახში შევიდა.
ჟურნალების მაგიდაზე ხელუხლებელი ყავა დარჩა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი talia

ძაlიან მომეწონა,აუ განრიგი მითხარით როდის დებთ თორე ყოველ წუთს შემოსვლა არა კომფორტულია და იმედი მაქვს გააგრძელებთ smile

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.