შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიზტომანი(ა) - 1 - ცის ცრემლები


13-02-2018, 16:00
ავტორი MoonLady
ნანახია 392

ლიზტომანი(ა) - 1 - ცის ცრემლები

ლიზტომანია იცი რა არის, აილინ ?
ესაა ადამიანის მოთხოვნილება, სულ უსმენდეს მუსიკას.
მე ლიზტომანი ვარ.
გამუდმებით ვუსმენ მუსიკას, ვაკვირდები და ვისისხლხორცებ ნოტთა ქაოსურ წყობას, მძაფრ მუხტს, რომელსაც დიადი ვიოლინოს გასაღები აძლევს ცელქად მოთამაშე ნოტებს, დაკლაკნილ სანოტო სისტემაზე და იცი რა ?
ეს მუდმივი პროცესი, უკვე ბუნებრივ მდგომარეობას ჰგავს. არის კიდეც და... ბუნებრივი მდგომარეობა მომაკვდავი სიჩუმეა.
ამიტომ ახლა მუსიკა ჩემთვის სიჩუმის ტოლფასია. მომაკვდავი სიჩუმის, რომლის შემდეგაც არაფერი რჩება. ჩემი ჟანგბადი, სიცოცხლის ელექ აუტანლად ჩუმადაა. ეშმაკმაც დალახვროს, აილინ, რა ჯანდაბა ვქნა ? ვეება ბურთი სწრაფად მიგორავს ყელისკენ და თვალებს არარსებული ცრემლისგან მიწვავს.
მივაბიჯებ წვიმის სისველით გაჟღენთილ ტროტუარზე და ხარბად ვისუნთქავ პეტრიქორს.
მომენატრა განცდა, როცა სასიამოვნო მელოდია სასმენი აპარატიდან სისხლძარღვებში გადადის, სისხლის პაწაწინა ნაწილაკებს ეხეთქება, ვენების გავლით გულში შედის და სხვანაირად აძგერებს ამ დაუღალავ ტუმბოს...
განსაკუთრებით ნოემბრის სუსხიან საღამოს.
შენ ჰომ იცი როგორ მიყვარს ნოემბერი ? აი, ნოემბერს კი, როგორც ვატყობ, აღარ. დიად თვეს შევძაგდი, თითქოს. გაინტერესებს რატომ ვფიქრობ ასე ? აილინ, მე არ ვფიქრობ, მე ვგრძნობ და ვცდილობ ეს გრძნობა გაუფილტრავად გადმოვცე. მერე რა, რომ შესაძლოა ჩემი ცდა კრახით დასრულდეს, მე მაინც ვცდი, ისევ და ისევ...
გაყინულ ხელებს, სწრაფი მოძრაობით, ტყავის ქურთუკის მოცუცქნულ ჯიბეში ვუჩენ ადგილს და გათბობა მწადია. სასაცილოა, ჰო. შემოდგომის სუსხშეპარული, საკმაოდ ძლიერი ქარი ყურებში მიწივის, ძვალ-რბილში ატანს და მაიძულებს რეფლექსურად ავკანკალდე. კუნთების რიტმული შეკუმშვა გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩემზე.
ღრმად ამოვისუნთქე და თეთრ კვამლს დავაკვირდი,
სითბო იყინება.
როგორ შეგეძლო გყვარებოდა, აილინ ? არა, ნივთები და მოვლენები კი არა, სრულიად უცხო ადამიანები. ბანალურად რომ გკითხო, აი რასაც მეორე ნახევარს უწოდებენ. როგორაა შესაძლებელი შეიყვარო სრულიად უცხო ? არასდროს განმიცდია ადამიანთან ურთიერთობისას ისეთი გრძნობა, როგორიც აღწერილია ხოლმე დიად რომანებში. უდავოდ მიტაცებს მათი კითხვა და სამწუხაროდ, რაც უფრო მეტ რომანს ვკითხულობ, მით უკეთ ვხვდები, რომ მხოლოდ წიგნის გაცრეცილ ფურცლებზეა შესაძლებელი ამის არსებობა. რეალობა სხვანაირია, ძალიან სხვანაირი, მწარე, დამანგრეველი და სხვანაირი. არ მეთანხმები ? რა სისულელა ამას რომ გეკითხები. რა თქმა უნდა, არ მეთანხმები. შენ ხომ ამით ცხოვრობ, სუნთქავ, არსებობ. შენ ჰომ ზე-რომანტიკული ნატურა ხარ. წამიც არ შეგიძლია გაძლო იქ, სადაც სიყვარული არ არის. მახსოვს ამბობდი, სიყვარული ზედმეტად პატარა სიტყვაა იმისთვის, რომ აღვწერო ჩემი განცდებიო.
მე სულ მიკვირდა.
ახლაც მიკვირს.
მე კი ლიზტომანი.
არა, მეც რომანტიკული ვარ. მუსიკაა ჩემი რომანტიკა,
მუსიკაა ჩემი სიყვარული.
ფრთხილი მოძრაობით გამოვრთე მოთამაშე ნოტები ტელეფონში. ერთხანს ჩამქრალ ეკრანს ჩავაშტერდი. ყურსასმენებში, სტანდარტული გაგებით, სიჩუმემ დაისადგურა. ეს სხვისთვის იყო სიჩუმე, ჩემთვის კი მუსიკა, ნეტარება, ცხოვრება, ჟანგბადი...

სტანდარტული სიჩუმე მუსიკაა, სტანდარტული მუსიკა სიჩუმე.

რატომღაც ნაბიჯი შევანელე ერთ ლიტ-კაფესთან. აილინ, გული მიგრძნობდა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ჩემი ინტუიცია მეტად იშვიათი გახლდა, მაგრამ საუცხოო სიზუსტით შეეძლო თავის მოწონება.
რეალურად რა უნდა მომხდარიყო წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ ჩემს ყოვლად ერთფეროვან ცხოვრებაში რაღაც საინტერესო რომ მომხდარიყო, ნამდვილად გამიხარდებოდა.
დიდი ზომის მყუდრო კაფეში საკმაოდ ნელი ნაბიჯით შევედი და კუთხის მაგიდას მივუახლოვდი. მოხერხებულად მოვკალათდი და თვალი მოვავლე იქაურობას. სასიამოვნო, ზღვის არომატი ტრიალებდა იქ. წარმოდგენაც არ მქონდა როგორ მოახერხა ამ ადგილის პატრონმა, თავად ზღვა მოეპატიჟებინა სტუმრად, მაგრამ ჩემგან უდავოდ აპლოდისმენტის ღირსია.
მაგიდები არ იყო რაიმე კანონზომიერების მიხედვით განლაგებული, სრულ ლაბირინთს ქმნიდნენ მთელი კაფეს ფართობზე, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა არავის, მეტიც, თითქოს ასეთი წყობა იზიდავდა კიდეც ხალხს. მინები გარედან დაბურული იყო, შიგნიდან კი ყოველივე, რაც გარეთ ხდებოდა, არაჩვეულებრივად ჩანდა. მიმტანი მომიახლოვდა და შეკვეთის მიცემა მთხოვა. ხმაზე ეტყობოდა, რომ იღიმოდა. საინტერესოა, ეს ღიმილი უბრალოდ საზოგადოებისთვის იყო გამიზნული თუ მართლა ეღიმებოდა ?
მისკენ არც კი გამიხედავს ისე ვუთხარი, რომ ყავა და კრუასანი მოეტანა ჩემთვის. უხმო ნაბიჯებით გამეცალა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სახეზე ღიმილი იმ წამსვე გაუქრა, როგორც კი ზურგი მაქცია. მე კი ხის უბრალო სკამის საზურგეს მივაწექი და თავი უკან გადავაგდე. ცოტა ხანი თვალდახუჭული ვიჯექი და ხელებით სკამს ვიყავი ჩაფრენილი. შემდეგ კი ერთმანეთზე მიწებებული ქუთუთოები სხვადასხვა პოლუსებზე განვალაგე და ვიგრძენი კიდეც თვალის გუგები როგორ გამიფართოვდა.
ჭერი მუქ ციფერსა და ღია ლურჯში გარდამავალ ფერად ლივლივებდა თითქოს. ეული ღრუბლის ნაგლეჯები აქა-იქ მოჩანდნენ, მაგრამ მთლიანობაში ცა მოწმენდილი იყო. ვარსკვლავებით მოჭედილი და სულში შემძვრომი. ზერეალისტური ნახატი იყო. წამით მომეჩვენა კიდეც, რომ ამ საოცარ კაფეს სახურავი არ ჰქონდა და პირდაპირ ულამაზეს ცაში ვიხედებოდი. იქვე ბუმბერაზ მთვარეს ვხედავდი უზადოდ დახატულს, რომელიც თავის ვერცხლისფერ ნათებას უხვად აფრქვევდა არემარეს. მაგრამ უკეთ რომ დავაკვირდი, ტალღების მკრთალი ელფერი დავლანდე ნახატზე. ეს ცა კი არა, ზღვა ყოფილა ცის ანარეკლით დახატული. გაოცებისაგან ტუჩები ოდნავ შევაღე და ღრმად ჩავისუნთქე.
მთელი სხეული მომიდუნდა და ვინატრე, ნეტავ ამ სანახაობას რეალურად ვესწრებოდე-მეთქი...
ზღვის არომატი, ეს არაჩვეულებრივი ნახატი და სტანდარტული სიჩუმე, ჩემთვის კი მელოდია.
უცნაურ შეგრძნებას აღძრავდა ეს ტრიო ჩემში. მუცლის არე თითქოს სიცივისგან მეწვოდა, ტანშიც კი მტეხდა, პარალელურად სიცხისგან სული მეხუთებოდა. თითქოს ვიგრძენი ფერთა პალიტრამ როგორ შემოხვია თავისი ძლიერი მარწუხები ჩემს გავარვარებულ ყელს და ძალიან ნელა დაიწყო დახრჩობის იმიტაცია. ამ მდგომარეობამ ჩემში შემოაღწია და სამუდამო ანაბეჭდი დამიტოვა.
კი, ზედმეტად ვექცევი შთაბეჭდილების ქვეშ,
რაც შეიძლება მკაფიოდ მსურდა ამ სიტუაციის აღბეჭდვა საკუთარ ქვეცნობიერში, რადგან რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ არც თუ დიდი ხნით დავრჩებოდი დღეს აქ.
რამდენიმე წუთი გარინდული ვათვალიერებდი, აილინ. შემდეგ კი მზერა გამვლელებზე გადავიტანე და განწყობა მომენტალურად მომეღრუბლა.
ახლა ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი, ნეტავ, რა უტრიალებთ თავში ? ასეთ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება ხშირად მცდარი აღმოჩნდება ხოლმე და მეც, შესაბამისად, არ ვენდობი მას. საზოგადოება ზედაპირულ განხილვასაა მიჩვეული, იშვიათია შემთხვევები, როდესაც ისინი სვამენ სიღრმისეულ კითხვას - რატომ ?
რატომ დადის უგზოუკვლოდ ტალახში ამოგანგლული, თვალცრემლიანი ბავშვი ქალაქის ქუჩებში და გამვლელებს ფულს ვედრებით სთხოვს, რატომ ტირის შუა ხნის ქალი გზაზე და მის სხეულზე არსებულ ქსოვილს ტანსაცმელსაც ვერ უწოდებ, რატომ ზის გოგონა შუა ზამთარში ასფალტზე და არაფერზე რეაგირებს ?
ბავშვი ობოლია და მცირეწლოვანი და ჰყავს საპატრონო, ქალს ცოტა ხნის წინ შვილი მოუკვდა, გოგო კი გააუპატიურეს. ხალხი კი რას იფიქრებს ? წარმოდგენაც არ მსურს.
მიმტანი მომიახლოვდა და წინ ჯერ კრუასანი, შემდეგ კი ყავა დამიდო. ცხელმა სასმელმა თავისი არამიწიერი არომატით მომაჯადოვა.
- ინებეთ. - თქვა მიმტანმა და როცა პასუხი ვერ მიიღო, ხელი მხარზე ფრთხილად შემახო. ოდნავ შევკრთი. თვალი ჯერ მის ხელს შევავლე. ძალიან ბანალურია, მაგრამ მისმა ნატიფმა და გრძელმა თითებმა საოცრად მომნუსხეს. წამით შევყოვნდი, თვალი ვერ მოვწყვიტე, შემდეგ ისინი ჰაეროვან მოძრაობად დაიხატნენ, ჩემს მხარს მოშორდნენ და თავად მიმტანის სახეს მიუთითეს. იმდენად ბუნებრივად და დახვეწილად მოძრაობდნენ, რომ ბაგე გამეხსნა გაოცების გამოსახატავად.
- ასე მოინუსხე ? - გაისმა ბოხი ხმა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს პირველად მესმოდა, არადა, ფაქტია, მან უკვე გამომართვა შეკვეთა... თუ...
- მადლობთ, რომ თქვენი მოვალეობა შეასრულეთ. - მაქსიმალურად ემოციის გარეშე ვუთხარი და თვალი გავუსწორე.
ხისფერი თვალები ჰქონდა. ხის... აი, სხვები უმეტესად ზღვასავით ჩამთრევს ამბობენ, მაგრამ ჩემი პირველი ასოციაცია ველური ჯუნგლები იყო, აილინ. ჯუნგლებში არსებული გრძელი ლიანებივით გეხვეოდნენ თითქოს და მოძრაობის საშუალებას არ გაძლევდნენ. სხვადასხვა ჯურის ცხოველები თუ ფრინველები დაგაცხრებოდნენ თავს, ხოლო შხამიანი ქვეწარმავლები და მწერები პარალელურად იხელთებდნენ დროს და სასიკვდილო შხამი წამის მეასედში უკვე შენს სისხლძარღვებში დაიწყებდა სრიალს. მუქი ქერა იყო, ოდნავ გრძელი თმა ჰქონდა. სახეზე სწორი ცხვირი და საშუალოზე ოდნავ მოზრდილი, წითელი ტუჩები უაღრესად სასიამოვნო სანახაობას ქმნიდნენ. მთლიანობაში მეტად მიმზიდველი ყმაწვილი იყო, ვაღიარებ.
უნებურად მოზრდილი ნერწყვი გადავუშვი საყლაპავ მილში და სახეში დაჟინებით ჩავაშტერდი. ალბათ, მეგონა, რომ თავს არაკომფორტულად იგრძნობდა და გვერდით გაიხედავდა, თუმცა ეს მხოლოდ მეგონა.
ჩემთვის მზერა არც კი მოუცილებია, ისე დაჯდა მოპირდაპირე სკამზე, რითაც ჩემი გაოცება გამოიწვია.
- არა მგონია სამუშაო საათებში შენი ქცევა მისაღები იყოს ადმინისტრაციისთვის. - ეჭვის თვალით შევხედე.
- ადმინისტრაცია კარგი, შენთვის მისაღებია? - მკითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. მის თვალებში ახლა თითქოს მხეცი ჩაბუდებულიყო.
- ჩემთვის სულერთია. - მხრები ავიჩეჩე და ყავას დავწვდი.
ფრთხილად მოვსვი და უეცრად სასწაულად მომინდა მუსიკის მოსმენა. მომენატრა ჰარმონიული შერწყმა ნოტებისა, რომლებიც ჩემი სულის სიმშვიდეს ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად ქარგავდნენ.
- სულერთია კომპანიონი გეყოლება თუ არა ?
- ჰო, თუ ეს შენ იქნები. - მგონი უხეშად გამომივიდა.
- სულერთია ისიც, რომ სხვები იფიქრებენ რომანტიკული წყვილიაო? - ოდნავ გაოცება შეეტყო ხმაში. თვალებიც ასევე ოდნავ გაუფართოვდა, მაგრამ საკმარისად, რომ მე შემემჩნია.
- ისინი ასე მსხდომ და-ძმაზეც ასე იფიქრებენ, ამიტომ ჰო, ჩემთვის სულერთია. - ამჯერად გაკვირვებული მზერით მე დავაჯილდოვე. ყავა ფინჯანზე დავაბრუნე და ხელები მრგვალ, მოკრემისფრო მაგიდაზე დავაწყვე.
- იშვიათად შევხვედრივარ შენნაირად მოაზროვნე ადამიანს. - ჩაილაპარაკა წუთიერი დუმილის შემდეგ. ჩემი ბიუსტი დაკვირვებული მზერით შეათვალიერა და იგი საბოლოოდ მოშიშვლებულ ლავიწზე გააჩერა. არ ვიტყვი, რომ მზერამ ამწვა ან რაიმე მაგდაგვარი. უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნებამ მომიცვა, რომელსაც სიტყვიერად ვერ აღვწერ, აილინ. მე კი მის თითებს დავუბრუნდი. დაიჯერებ, რომ გითხრა, სუნთქვა შემეკრა, როცა მან თითებით ჯერ თავისი ღვთაებრივი თვალები, შემდეგ კი მთელი სახე მოიფშვნიტა? არაუშავს, არც მე მჯერა ბოლომდე.
შემომხედა და გააგრძელა.
- უფრო სწორად, საერთოდ არ შევხვედრივარ.
- ბევრია დღესდღეობით ისეთი, რომელსაც საზოგადოებრივი აზრი ფეხებზე ჰკიდია. - ჩავილაპარაკე, მხრები ძლივსშესამჩნევად ავიჩეჩე და კრუასანი მადიანად ჩავკბიჩე. არ მერიდებოდა ამ ადამიანის, აილინ. არც ის მიცდია, რომ არისტოკრატულად მეჭამა ან რაიმე მსგავსი. არ მსურდა მასზე შთაბეჭდილების მოხდენა და ეს ერთი მხრივ შვება იყო ჩემთვის. ზოგადად, ადამიანს აწოდებ საკუთარ თავზე იმ ინფორმაციას, რაც გსურს, რომ იცოდეს. ამ ტიპთან კი ამაზე საერთოდ არ მეფიქრებოდა. ისე ვიქცეოდი, თითქოს, საკუთარ თავთან ვყოფილიყავი მარტო. ყოველგვარი კომპლექსის გარეშე.
ღმერთო ჩემო, ეს ლექცია კრუასანის ჭამას მოვაყოლე ?
- კი, ეგეთი ბევრია. - ამასობაში მიპასუხა მან. - მაგრამ გააზრებული ფეხებზე დაკიდება იშვიათია.
- ანუ მათ არ აქვთ გააზრებული?
- არა. - თავი დანანებით გააქნია. - მოდურია ახლა - ცხოვრობდე ამ სტილით.
- ‎შესაძლოა მართალი ხარ. - ვთქვი და ხელსახოცს დავწვდი. ყავაც ჩავამთავრე და ბიჭს თვალებში ჩავხედე. - ანგარიში მინდა. - ვუთხარი და გავეკრიჭე.
- ‎ერთით ნოლი. - მითხრა სერიოზული სახით.
- ‎ბატონო ? - ცოტათი დავიბენი და ჩავაშტერდი. ვიფიქრე ჰომ არ მომესმა-მეთქი.
- ‎კრუასანი და ყავა ჩვენი დაწესებულების ხარჯზე. - მომხიბვლელად გამიღიმა ბიჭმა.
- ‎ამის უფლება უბრალო მიმტანს აქვს ? - წარბი ავწიე და ეჭვის თვალი შევავლე.
- ‎უბრალოს არა. - ისევ მიღიმოდა, მე კი შიგნეულობა მეწვოდა. ვერ ვხვდებოდი ეს მისი ღიმილის და თითების ბრალი იყო, რომლებსაც, თითქოს, სპეციალურად ათამაშებდა, თუ იმის, რომ მუსიკის მოსმენის სერიოზული "ლომკა" მქონდა.
- ‎ კარგი, ბრალიანო მიმტანო ! გემრიელი იყო. - წარმოვთქვი და წამოდგომა დავაპირე.
- ‎გაწვიმდა ! - უეცრად აღმოხდა და მისმა შეცვლილმა ხმის ტემბრმა მაიძულა საკუთარი მზერა მისკენ მიმეპყრო.
იმ მომენტში მე მას ადამიანად ვერ აღვიქვამდი. შემიძლია შევადარო მოსიარულე გრძნობას. წამის მეათასედში იგი სასწაულმოქმედ აბსტრაქციად გადაიქცა, რომელიც ძალაუნებურად გითრევს საკუთარ არსებაში და გაიძულებს აღფრთოვანებული შეძახილებით გააყრუო ეს ვეება სამყარო, სადაც ის ყველგანაა და ყველაფერია.
შეგრძნება დამეუფლა, რომ ის არ იყო მხოლოდ საკუთარი თავი. ის მეც ვიყავი.
შთანმთქა.
რას ვბოდავ, აილინ ?
წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, ამ ორფეხა არსებას რომ ვუყურებ, უაზროდ თუ აზრიანად, მინდება სიტყვათა უწყვეტი ქსელის შექმნა. ობობად გარდავიქმნები, რომელსაც ალბათ, სურს, რომ მისმა სიფრიფანა და წებოვანმა ქსელმა ვინმე ჩაითრიოს.
იქნება კი ეს "ვინმე" სიმპათიური მიმტანი ?
არ ვიცი, აილინ.
- წვიმა გიყვარს ? - ჩემთვის მოულოდნელად ვკითხე და ტუჩის კუთხეები დაუკითხავად დაიხატნენ ღიმილად ჩემს სახეზე.
- ძალიან ! - თქვა და ანთებული თვალები შემაგება. - შენ არა ?
- ‎მეც, მაგრამ ეჭვი მაქვს, ვერავის ეყვარება იგი ისე, როგორც შენ. - გავუგრძელე საუბარი.
ეს ჩემთვის უჩვეულო იყო. არ მიყვარდა ადამიანები. მერე რა, რომ კითხვა და ემოციები მიყვარდა, რომელსაც განიცდიდნენ ადამიანები, თავად ისინი მაინც არა.
- გრძნობათა შედარება არ მიმაჩნია მართებულად. - სახე მოეღრუბლა, თითქოს.
- ‎რას გულისხმობ ? - გავოცდი.
- ‎იმას, რომ მე და შენ წვიმა სხვადასხვა მიზეზით, უმიზეზობით თუ გრძნობით გვიყვარს. ჩვენ ბოლომდე ისიც არ ვიცით სხვა რას გულისხმობს, როცა, მაგალითად, კონკრეტულ გრძნობა სიყვარულზე საუბრობს. ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.
- ‎საინტერესოა. - ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ მართალი იყო. რომ მკითხონ რომელი ბენდი გიყვარს ყველაზე მეტადო, ალბათ, დავფიქრდები და ვერ ვუპასუხებ. იმ მარტივი მიზეზით, რომ სხვადასხვანაირად მიყვარს თითოეული. მხიარულის მოსმენა, როცა სევდიან განწყობაზე ვარ, მაღიზიანებს, პოზიტიურად რომ ვარ, პირიქით. გააჩნია განწყობას. კმაყოფილი თვალები მივაპყარი, ის კი კვლავ შხაპუნას მისჩერებოდა.
- ‎გინდა წვიმას მოვუსმინოთ ? - მკითხა, უცრად, ისე, რომ ცის ცრემლებისთვის მზერა არ მოუშორებია.
- ‎რატომაც არა? - ვუპასუხე და ამჯერად მისი ჯუნგლების მპყრობელმა ხისფერმა თვალებმა ჩემკენ აიღეს გეზი.
- ‎წამოდი. - მითხრა და სწრაფად წამოდგა. ხელი ძლიერად ჩამკიდა და ჩქარი ნაბიჯებით გარეთ გამიყვანა. მისი ხელი თბილიც კი არ იყო, ცხელი იყო. მე კი კიდურები ზამთარ-ზაფხულ მოყინული მაქვს.
გასასვლელთან შეჩერდა. ხელზე მაგრად მომიჭირა და ჩემი თითების ფალანგები სახესთან ახლოს მიიტანა. ორგანიზმიდან თბილი ჰაერი გამოუშვა და სასიამოვნო ჟრუანტელმა ინება მთელი ჩემი სხეული თავის საკუთრებად გამოეცხადებინა. არ ვიცი ასე სითბო მესიამოვნა, თუ მისი ჟესტი, მაგრამ ფაქტია, თვალები მიმელულა წამით სიამოვნებისგან.
- გაყინული ხარ. - მითხრა მან და გარეთ გამიყვანა.
- ‎სულ ასე ვარ. - მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა. მან კი საჩვენებელი თითი მიიტანა თავის სისხლისფერ ტუჩებთან. ჩუმადო მანიშნა და გაინაბა.
მე ყურსასმენები მოვიშორე და ყური დავუგდე ცის ცრემლების ენით აღუწერელ, საოცარ მელოდიას. წამით მომეჩვენა, თითქოს, ზუსტად ეს იყო სამყაროს იდეალური ჟღერადობა. მომენტალურად გადამისროლა სადღაც სხვაგან. იქ, სადაც სხვადასხვა ფერის ნოტები ქაოსურად ირეოდნენ დაკლაკნილ ლაბირინთში და თავისებურ, არეულ კანონზომიერებას ქმნიდნენ. უმიზნოდ დავეხეტებოდი ამ ირეალურ ლაბირინთში და არაფრის დიდებით არ მსურდა გამოსვლა. ერთადერთი, რაც მამოძრავებდა იყო დაუშრეტელი სურვილი იმისა, რომ ჩემს მგრძნობიარე სასმენ აპარატს რაც შეიძლება მეტი ნოტი, აკორდი, წვიმის წვეთი, ცის ცრემლი დაეჭირა და გადაეშვა პირდაპირ სისხლში. გაევლო გული და ეს ტუმბო სხვანაირად აეძგერებინა.
ამ გრძნობის აღწერა აღემატება ჩემს ძალებს, აილინ. ეს უბრალოდ უნდა იგრძნო. ეშმაკმაც დალახვროს, რატომ არ მიცდია ადრე ? მაგრამ იცი რა ? მაინც ვფიქრობ, რომ ქვეყნად მხოლოდ ერთი საოცრება არ იარსებებს.
- მოგწონს? - ჩაიჩურჩულა და შემომხედა. ჩემზე ორი თავით მაღალი იყო. თვალები უბრწყინავდა, ტუჩებზე კი მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა.
- ‎უჰუმ. - ყრუდ ჩავილაპარაკე და მთელი სხეულით მისკენ შევბრუნდი.
- ‎რა მოგწონს? - ჩამეძია.
- ‎წვიმის მუსიკა. - დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- ‎როგორია ? - მკითხა და ახლოს მოიწია. თავის ოდნავ ზემოთ აწევა მომიწია, რომ მისთვის თვალი თვალში გამეყარა.
- ‎ქაოსურად დალაგებული.
- ‎გიყვარს მუსიკა ?
- ‎ჰო. - მოკლედ, მაგრამ როგორც მომეჩვენა მრავლისმთქმელად ვუპასუხე.
- ‎რას უსმენ ხოლმე ? - აქ შევკრთი.
- ‎სიჩუმეს. - ვთქვი და თავი ჩავქინდრე.
- ‎სიჩუმე მელოდიურია ? - მკითხა და ქუჩის მიმართულებით გადადგა ნაბიჯი. არც მე დავრჩენილვარ უკან. ზურგიდან ვაკვირდებოდი. რელიეფური მხრები ჰქონდა. სიარულისას ოდნავ, სულ ოდნავ ირხეოდნენ.
- ‎არა. - თავი გავაქნიე და გვერდით ამოვუდექი.
- ‎უცნაურია. - ჩაფიქრდა.
- ‎უბრალოდ... - დავიწყე და ხმა გამიწყდა. ღრმად ჩავისუნთქე და გავაგრძელე. - უ'ბრალოდ მუსიკა იმდენად გამიბუნებრივდა, რომ სიჩუმე გახდა.
- ‎მოგბეზრდა ?
- ‎არა. მტკენს. - ვთქვი და თავი შარფში, თითქმის, მთლიანად ჩავრგე.
- ‎ისეთი ბუნებრივი ჟღერადობა გჭირდება, რომელიც მელოდიურობას არ დაკარგავს და არ გატკენს. - თქვა და შემომხედა.
- ‎შენ გიყვარს მუსიკა?
- ‎თუ ადამიანისეულია - კი. - მიპასუხა და თავისი ბროლის კბილებით ფართო ღიმილი დახატა. ყოველ ჯერზე, როცა მისი ტუჩის კუთხეები ზემოთ იწეოდნენ, ლოყაზე ნაოჭი უჩნდებოდა. მე კი რატომღაც მსურდა შევხებოდი.
- ‎ანუ ?
- ‎ანუ ადამიანის ბუნებრივი ხმა. სიცილი, ტირილი, ღიმილი... სუნთქვა, გულისცემა, ნაბიჯები. ყველას ბუნებრივი ხმა ინდივიდუალურია. არასდროს ბუნებრივდება, როგორც შენ თქვი და არც მტკენს.
- ‎მომასმენინებ ? - ვკითხე თუ სწრაფად და არაფრის დიდებით არ მსურდა უარყოფითი პასუხის მიღება.
- ‎კარგი. წავიდეთ. - თქვა მან სიცილით და ხელი კვლავ ჩამკიდა. ჩემი თითებისგან განსხვავებით მისმა ნატიფმა ფალანგებმა ყინულის იერიშს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.
შხაპუნა წვიმა გადაღებას არ აპირებდა, ჩვენ კი თამამად მივაბიჯებდით ტროტუარზე, სადაც ცის ცრემლები ასრულებდნენ თავიანთ უკვდავ სიმფონიას. დედამიწა როიალი იყო, წვეთები კი პიანისტის თლილი თითები, რომლებიც იმდენად სრულყოფილად ასრულებდნენ საკუთარ საქმეს, რომ ჩვენ პერიოდულად ვჩერდებოდით, რათა განსაკუთრებული მომენტები ზედმიწევნით ზუსტად აღექვა ჩვენს ყურთასმენას და აღბეჭდილიყო არაცნობიერში.
უხმოდ მივდიოდით ხელიხელჩაკიდებულები. არ ვიცი სად, მაგრამ მას მივყავდი იქ, სადაც მისასვლელი გზის გაგრძელება რაც შეიძლება დიდი ხნით მსურდა.

....

ვერ მოვითმინე და დავდე. ჯამში ხუთ თავზე მეტი არ იქნება, ვგონებ. აქედან ორი გამოვაცხვე უკვე :დ
ვფიქრობ ცუდი არ უნდა იყოს, ცოტათი მომწონს, მე პირადად.
არა, ვიტყუები. ცოტათი არ მომწონს, რა ვქნა :დ
ველოდები შეფასებას და იმედია მოგეწონებათ ^-^
შენიშვნები თამამად გამოთქვით, შეძლებისდაგვარად ვეცდები გავითვალისწინო. <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent