შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (3)


14-02-2018, 09:28
ავტორი Nickolson
ნანახია 233

Blue Neighborhood (3)

7.
არ მეგონა, რეზი ასე მალე თუ ისარგებლებდა ჩემი თანხმობით. მეორე დღეს, უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს, სახლში აია დამხვდა. თბილად მომიკითხა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით. როგორ მინდოდა შემძულებოდა ეს ქალი და თან ამის გამო სინდისიც მქენჯნიდა. ცოტათი, მაგრამ მაინც ვეჭვიანობდი. იმავდროულად იმასაც ვხვდებოდი, რომ აიას შეძულება ვერაფერში დამეხმარებოდა.
წყვილი მარტო დავტოვე და საძინებელში შევიკეტე. მუსიკა ჩავრთე ხმამაღლა, ოღონდ ისე, რომ არც ისინი შემეწუხებინა და არც მე გამეგონა მათი საუბრის ხმა. ხან წიგნი გადავშალე, ხან უაზროდ ვსქროლე ფეისბუქი, მაგრამ მაინც ვერაფრით ამოვიგდე მათზე ფიქრი თავიდან. იმის წარმოდგენაზე, რომ აია აქ რჩებოდა და რეზის მასთან ექნებოდა სექსი, ძალიან მასევდიანებდა.
შუაღამე იქნებოდა გადასული, სააბაზანოში რომ გავედი. დივანზე აიას ჩანთა და თხელი ჟაკეტი დავინახე, რეზის საძინებლიდან კი მათი საუბრის ხმა გამოდიოდა. მიყურადების სურვილი ნამდვილად არ მქონდა, სწრაფად შევძვერი ჩემს საწოლში და ყურსასმენები გავიკეთე. ფილმი ჩავრთე და ყურების დროს ჩამეძინა.
როცა გამეღვიძა, კომპიუტერის ეკრანზე უკვე ფილმის დასასრულის ტიტრები დარბოდა. წყლის დასალევად და სიგარეტის მოსაწევად ავდექი. შორტი ამოვიცვი და აივნაზე გავედი. ის იყო, სიგარეტს მოვუკიდე, რომ აივნის კარი გაიღო და რეზი გამოვიდა. მოკლევადიანი, მუქი ფერის მაისური ეცვა და მწვანე შორტი. სიბნელის გამო მაისურის ფერს ვერ ვხედავდი.
– სასიამოვნო ნიავია, – თქვა მან.
არაფერი ვუპასუხე, სამაგიეროდ იდაყვები აივნის მოაჯირს დავეყრდენი, ჰაერი ჩავისუნთქე და მთელი ტანით წინ გადავიწიე.
– შეიძლება თავბრუ დაგეხვას და გადავარდე.
– არ გადავვარდები, – ვუპასუხე, თუმცა მაინც გავსწორდი. რეზიმ ეშმაკურად ჩაიცინა, – შენ და აია დიდი ხანია ერთად ხართ? – მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე.
– ბავშვობიდან ვმეგობრობთ, სექსი კი დღეს პირველად გვქონდა, – თქვა ისე, რომ ჩემკენ არ გამოუხედავს.
გაოგნებულმა შევხედე. სახეზე სიმშვიდე ეხატა და ნეტარებით ეწეოდა სიგარეტს. ნორმალური იყო, ახალგაცნობილი ადამიანისთვის მსგავისი რამის თქმა? რის მიღწევას ცდილობდა? იქნებ უბრალოდ გულახდილობის ხასიათზე იდგა. უხერხულად ჩავახველე.
– შენ არავის ხვდები? – მკითხა მან.
თავი გავაქნიე.
– ხომ არ აპირებ, ვინმე კარგი ბიჭი გამაცნო? – ირონიულად გავუღიმე.
– თუკი გინდა, – ზუსტად იმავე ღიმილით მიპასუხა.
– ჰმ, – ჩავიცინე, სიგარეტი ჩავაქრე და სახლში შევედი. ვიგრძენი, როგორ გამომაყოლა თვალი.


8.
დილით აია და რეზი წასულები დამხვდნენ. საათს რომ დავხედე, მივხვდი, დილა საერთოდ არ ყოფილა. უნივერსიტეტში ვაგვიანებდი. სწრაფად მოვწესრიგდი და უნივერსიტეტში წავედი. დატვირთული დღე არ მქონდა, ამიტომ საღამოს ექვსი საათისთვის უკვე სახლში ვიყავი. ლუკამ მომწერა, შენთან გამოვალო და მისი საყვარელი ძირტკბილას ჩხირები ვიყიდე. ლუკა მალე მოვიდა. ყავისფერი თმა უკან შეეკრა, ღია ცისფერი პერანგი და მუქი მწვანე ჰალსტუხი ეკეთა. ჰალსტუხზე გრძელფეხება ჯამბაზები ეხატა.
– ჰალსტუხი? – ვკითხე გაოცებულმა.
– ჩახუტება მჭირდება, სტრესი უნდა მოვიხსნა, – საწყლად ამოიოხრა და გადამეხვია. სიცილით ჩავეხუტე.
– იცი, ღია კარში ვდგავართ. არ მინდა მეზობლები ვალაპარაკო.
ლუკა ცივად მომშორდა, ხელისკვრით შემაგდო სახლში, შემომყვა და კარი მიიხურა.
– სად არის შენი ბიჭი? – ინტერესით მოავლო ოთახს თვალი იქაურობას.
– ჩემი ბიჭი არ არის, – ამოვიოხრე და უკან გავყევი.
– აქ არ არის?
– არ მოსულა. წუხელ სექსი ჰქონდა. აქ, ამ ოთახში, – ხელი მისი საძინებლისკენ გავიშვირე, – თავის საუკეთესო მეგობართან.
ლუკამ გადაიხარხარა.
– სტესში შენ ყოფილხარ, – სიცილით დაწვა დივანზე და თავი კალთაში ჩამიდო. თმის რეზინი მოვხსენი და თითები თმაში შევუცურე. სახეზე ნეტარი ღიმილი გამოესახა.
– მოიცა, შენთვის რაღაც მაქვს, – თავი ავაწევინე, დივნიდან წამოვხტი და სამზარეულოში გავიქეცი.
– რა?
– აბა, გამოიცანი!
– მმმ... არ ვიცი, – სიცილით გამომძახა.
ძირტკბილას ჩხირებიანი თასი მკერდზე დავადგი. ლუკას თვალები გაუნათდა.
– მიყვარხარ. ხომ იცი, არა?! – მკითხა ბედნიერმა.
– ვიცი. დამსვი მეც,– ძველ ადგილს დავუბრუნდი. ლუკამ ძირტკბილას ერთი ჩხირი პირისკენ გააქანა, – ჰალსტუხი რატომ გიკეთია?
– ყლინჯი, – მან ჯამბაზებიანი ჰალსტუხი ზემოთ აიქნია, – ამას ყლინჯი ჰქვია.
– რატომ გიკეთია? – კითხვა გავუმეორე.
– შეხვედრა გვქონდა.
– და ეს აირჩიე?
– არჩევანი ამას, ჭიამაიებიან და ცისარტყელა ჰალსტუხს შორის უნდა გამეკეთებინა.
– ღმერთო ჩემო! – თვალები ავატრიალე.
სიცილით ამომხედა ქვემოდან.
– იცი, რა? როცა შენი ბიჭი დაბრუნდება და კარის გაღების ხმას გაიგებ, შეგიძლია მაკოცო და თუ იეჭვიანებს, ესე იგი მასაც მოსწონხარ.
– ჯერაც ერთი, ჩემი ბიჭი არ არის. მეორეც, თუ ჩემი კოცნა გინდა, უბრალოდ მთხოვე... მოიცადე, შენ გგონია, იეჭვიანებს? – ვკითხე მისი შემოთავაზებით დაინტრიგებულმა.
– არ ვიცი, თუ მოსწონხარ, მაშინ იეჭვიანებს, – მხრები აიჩეჩა მან, – დავით, შეიძლება გაკოცო? – მიტყუპებული ხელები ნიკაპთან მიიპატა და ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა, მისკენ მაცდური ღიმილით დავიხარე. ლუკამ ცალი წარბი ასწია. მოულოდნელად ძირტკბილას ჩხირი გამოვტაცე ხელიდან და ტუჩებში მოვიქციე.
– გემრიელი ტუჩები გაქვს, – აღვნიშნე სიცილით.
– ბოროტო, – ლუკამ ტუჩები მკაცრად მოკუმა. სწორედ ამ დროს კარის გაღების ხმა გავიგონეთ, – მოვიდა, ადექი! – მკაცრად დავუჩურჩულე.
– არ ავდგები, – ჩურჩულითვე მიპასუხა.
– ჰეი, მოვედი, – გაისმა რეზის მხიარული ხმა. რატომაც არ იქნებოდა კარგ გუნებაზე წუხანდელის შემდეგ? – აუ... გამარჯობა, – დაბნეულმა წამოიძახა დივანზე გაშხლართული რეზის დანახვაზე, რომელსაც თავი ჩემს კალთაში ედო, ჰალსტუხი და პერანგის ზედა ორი ღილი გახსნილი ჰქონდა და მე თმაზე ვეთამაშებოდი.
– გამარჯობა, – ლუკამაც მხიარულად უპასუხა და ფეხზე წამოხტა. შეეცადა ერთი ხელის გადავლებით მოეწესრიგებინა თავი, მაგრამ არც ისე კარგად გამოუვიდა, – მე ლუკა ვარ, დავითის მეგობარი, – ლუკამ ღიმილით გაუწოდა ხელი.
– სასიამოვნოა. რეზი, – ღიმილითვე ჩამოართვა ხელი რეზიმ და წამით მე შემომხედა. მომეჩვენა, რომ თვალები ეშმაკურად უბრწყინავდა, – ძირტკბილა? – წამოიძახა მოულოდნელად, – შეიძლება ავიღო?
– კი, რა თქმა უნდა, – გადაჭარბებული თავაზიანობით დაეღრიჭა ლუკა. ამოვიოხრე.
რეზი დივანზე დადებული თასისკენ გადმოიხარა და ფაქტობრივად მთელი ტანით გადამევლო ზემოდან. მისი სუნამოს სუნი მეცა, გრძელვმა თმის ღერებმა კი სახეზე მომიღიტინა.
– ძალიან მიყვარს.
– ხო, მეც. დავითი ჩემთვის ყიდულობს ხოლმე, ახლა შენთვისაც იყიდის. არა, დავით?
ნაძალადევი ღიმილით დავუქნიე თავი და ვინატრე მომკვდარიყო.
– ტანსაცმელს გამოვიცვლი, – უხერხული ღიმილით მოგვავლო თვალი ორივეს და თავისი ოთახისკენ წავიდა.
– გეია, – დარწმუნებით თქვა ლუკამ, – ჩემი გეიდარი არასდროს ცდება. კარგად დაიმახსოვრე, – ჩემი სკეპტიკური სახის დანახვაზე მკაცრი გამომეტყველება მიიღო და გვერდით მომიჯდა, – ცუდ დღეში ხარ, – დაამატა მოგვიანებით.
– ვიცი.
– ყავა მინდა. გაქვს?
– კი.
– შენც გინდა?
– კი.
– მიდი მაშინ, შენს ბიჭსაც ჰკითხე, თუ უნდა, – ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და სამზარეულოში გავიდა.
– არ არის ჩემი ბიჭი, – ჩავიღრინე ჩუმად და უკან გავყევი, – გამოვა და ვკითხავ.
– წადი და ჰკითხე, რომ გეუბნები! – მკაცრად დამიბრიალა თვალები.
ამოვიოხრე. რეზის საძინებელთან მივედი და კარზე ორჯერ მივუკაკუნე.
– ყავას დალევ? – პასუხისთვის არ დამიცდია, ისე ვკითხე.
– კი, მადლობა, – მიპასუხა მან, ტანსაცმლის შრიალი მომესმა. შარვალს იხდიდა.
კარს სწრაფად მოვშორდი.
– მასაც გაუკეთე, – სამზარეულოს მაგიდას მივუჯექი.
ლუკამ გამომხედა, კმაყოფილმა ხმამაღლა გადაიხარხარა და კარადაში ქექვა განაგრძო.
– რეზის ხუთი ჩაუყარე.
– არის ხუთი, – დიდ ფინჯანში შაქრის ჩაყრა დაიწყო. ცოტა ხანში წყალი ადუღდა და სამ ჭიქაში გადაანაწილა.
– ეს შენი, ეს რეზისი, ესეც ჩემი, – ჭიქები მაგიდაზე გადმოაწყო და გვერდით მომიჯდა, – მოწევა შეიძლება?
თავი დავუქნიე.
– ოღონდ ფანჯარა გააღე.
ენერგიულად წამოხტა და ფანჯარა გამოაღო.
– დარჩები ამაღამ?
– შენთან თუ დამაძინებ, კი.
რეზი სწორედ ისეთ დროს შემოვიდა, მხოლოდ ლუკას ნათქვამი გაიგო. უხერხულად მოგვიახლოვდა და ყოყმანით ჩამოჯდა სკამზე.
– მადლობა, – უთხრა ლუკას.
– არაფრის, – უპასუხა მან და შემდეგ მე მომაპყრო შეკითხვის მზერა. პასუხს თუ არ გავცემდი, დარწმუნებული ვიყავი, ისეთ რამეს მეტყოდა, თავს საშინლად მაგრძნობინებდა. ხშირად იქცეოდა ასე, როცა იგებდა, რომ ვინმე მომწონდა. თითქოს პროვოკატორობდა იმ ბიჭის თანდასწრებით.
– კარგი, დაიძინე.
– მშვენიერია, – კმაყოფილმა გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, – დედაშენს ხომ არ დაურეკია?
– არა.
– შენც არ დაურეკე.
თავი გავაქნიე.
– დედასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, – ავუხსენი რეზის.
– მივხვდი. მაშინაც ხომ ვისაუბრეთ.
– ხო.
– არ ინერვიულო, კარგად იქნება, – მითხრა ლუკამ.
– არ ვნერვიულობ, – უხეშად ვუპასუხე ლუკას.
უმეტყველო მზერით შემომხედა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რაც არ უნდა მემტკიცებინა, რომ დედაჩემი მძულდა და ვერ ვიტანდი, გულის სიღრმეში მაინც მიყვარდა, მაინც ვღელავდი მასზე. ლუკასთან კი ამის აღიარების არ მრცხვენოდა, უბრალოდ უკვე ინსტინქტურად გადავდიოდი იმის მტკიცებაზე, რომ მარიამი სულერთი იყო ჩემთვის.
რეზი აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს. ყავა მალე დალია და თავის ოთახში დაბრუნდა, სამეცადინო მაქვსო. ლუკამ უკმაყოფილოდ აიბზუა ტუჩები და ისეთი თვალებით გადმომხედა, მივხვდი, მის ჭკუის სწავლებას ვერ ავცდებოდი.
– რამდენად ძლიერ მოგწონს?
– არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, გესმის? აღარ დამელაპარაკო რეზიზე. მომწონს, მაგრამ იმდენადაც არა, რომ ასე განხილვად ღირდეს. თანაც, იმდენს მიჩიჩინებ მოგწონსო, მგონი მართლა მომეწონება, – უცებ მივხვდი, რომ სწორედ მე ვლაპარაკობდი რეზიზე ამდენს და შემცბარმა მოვკეტე.
– კარგი, როგორც გინდა. შენ არ გაქვს სამეცადინო?
– მაქვს, მაგრამ ხვალისთვის არა.
– მაშინ რამე ფილმს უყუროთ.
– დავწვეთ?
– ჰო, რა ვიცი. თუ არ გინდა დაწოლა...
– არა, მინდა. დაღლილი ვარ, შენც...
ჭუჭყიანი ჭიქები უცებ დავრეცხე. ლუკა ჩემს ლეპტოპთან ერთად უკვე საძინებელში მიცდიდა. ფილმს არჩევდა და კომპიუტერის ეკრანს თვალს არ აცილებდა. შუქი ჩავაქრე. გარეთ ჯერ კიდევ ნათელი იყო, მაგრამ მალე დაბნელდებოდა. შარვალი და წინდები გავიხადე და საწოლში შევძვერი.
– მეტი ბალიში არ გაქვს?
– არა, მარტო ეს.
შევეცადეთ ისე გავემაღლებინა, რომ კომფორტულად დავწოლილიყავით და ფილმი ისე გვენახა. ლუკამ „თეთრი ოლეანდრი“ ჩართო. ოცი წუთიც არ იყო გასული, რომ ვიგრძენი, როგორ ჩაეძინა. ჯერ სუნთქვა გაუხდა მშვიდი და თანაბარი, შემდეგ კი უცებ თავი მხარზე ჩამომადო. ფილმმა დამაინტერესა, ამიტომ ბოლომდე ყურება გადავწყვიტე. თანაც, რომ გამომერთო, ლუკას გაეღვიძებოდა. უყვარდა ფილმის ყურების დროს ძილი.
როგორც კი ფილმი დათავრდა, ლუკა შეირხა და თვალები გაახილა.
– აუ, დამეძინა, – თქვა და თავი ასწია. დაბუჟებული მკლავი გავშალე და რამდენჯერმე გავავარჯიშე, – კარგი იყო?
– კი, არაუშავდა.
ლუკამ ქვემოთ ჩაიჩოჩა და საწოლში კომფორტულად ჩაწვა.
– არ იძინებ?
– სიგარეტს მოვწევ და დავიძინებ.
– დაანებე თავი რა ამ წყეულ სიგარეტს, – წაიბუზღუნა უკვე ძილბურანში წასულმა.
– კარგი, – ღიმილი დავპირდი, თუმცა ორივემ ვიცოდით, რომ ჩემი თანხმობა მხოლოდ დიალობის დასრულებას ნიშნავდა.
აივანზე გავედი. რეზი იქ დამხვდა. დეჟა ვუს განცდა დამუფლა, ოღონდ თითქოს როლები გავცვალეთ.
– ჰეი, – გავუღიმე ოდნავ. მანაც გამიღიმა, ოღონდ ხმა არ ამოუღია.
– არ გეძინება? – მკითხა, როცა მისი სანთებელით მოვუკიდე სიგარეტს და უკან დავუბრუნე, – მეგონა, უკვე გეძინათ.
– ახლა ვაპირებ დაძინებას, – არ შევიმჩნიე, რეზიმ მრავლობით ფორმაში რომ დასვა შეკითხვა.
– შენ და ლუკა ერთად ხართ? – ხმაზე შევატყე, ამაზე საუბარი ეუხერხულებოდა.
– არა, მეგობრები ვართ. უბრალოდ მეგობრები, – ცივად გავუღიმე, რადგან მისი და აიას სექსით დაგვირგვინებული მეგობრობა გამახსენდა.
– მართლა? – გაეცინა ნერვიულად, –მე კიდევ ვიფიქრე, რომ...
– არა, მსგავსი არაფერი.
– მე და აიაც მეგობრები ვიყავით. ახლა კი... – წინადადება აღარ დაამთავრა. ჩაფიქრებულმა გააქნია თავი რამდენჯერმე.
– კარგად ხარ?
– კი. რატომ მეკითხები? – შეცბა.
– დაბნეული მეჩვენები.
– არაფერია...
გავჩუმდი. არ ვიცოდი რა მეთქვა. როგორც ჩანს, არც მან იცოდა.
– შევალ მე. ღამე მშვიდობის, – დამემშვიდობა იგი.
– ძილინების.
მეც მალე შევედი. ლუკას ეძინა. ისე მივუწექი გვერდით, ვერაფერი გაიგო.


9.
ერთად ცხოვრების პირველივე კვირას რეზიმ აია მეორედ დაპატიჟა. ისეთი მძაფრი რეაქცია აღარ მქონია, როგორც პირველად, თუმცა მაინც უსიამოვნო იყო. პარასკევი იყო, წინ შაბათ–კვირა მქონდა და მთელი კვირის სასწავლი მასალა დაგროვილი. დასაკარგი დრო არ მქონდა, მითუმეტეს, რეზიზე უაზრო ეჭვიანობაში. წყვილი მარტო დავტოვე და საძინებელში შევედი. სწავლა გვიან დავამთავრე, ღამის პირველი იყო დაწყებული. წიგნები გადავდე, ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები ზურგს უკან გადავწიე და რმდენჯერმე გავავარჯიშე. თავი მტკიოდა და მეძინებოდა. გარედან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ალბათ დიდი ხნის წინ დაწვნენ და ეძინათ. უეცრად კარზე საშინელი ბრახუნის ხმა გაისმა. გული გადამიქანდა მოულოდნელობისგან. სწრაფად წამოვხტი ფეხზე. ბრახუნი განმეორდა. ვიღაც აშკარად გავაბრაზეთ.
სადარბაზოში შუქი ავანთე და სათვალთვალოდან გავხედე. ვიღაც კაცის დამახინჯებული ჰაბიტუსი მოჩანდა, მელოტი იყო და სათვალთვლოში ისე იყურებოდა, მეგონა მხედავდა. კარი გავაღე. შუახნის მამაკაცი ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა, ოფლის წვეთები შუბლზე ულაპლაპებდა, წინ და უკან ირწეოდა, პერანგი ასჩეჩვოდა და სასმლის სუნად ყარდა.
– გამარჯობა, – დაბნეული მივესალმე უცნობს.
– სად არის? – ისიც აშკარად დაბნეული მომჩერებოდა და ცდილობდა ჩემს ზურგს უკან ბინა მოეთვალიერებინა.
– ვინ?
– მეორე, აქ ვინც ცხოვრობს. სად არის?
რეზის ეძებდა. არ ვიცოდი, რეზის ასეთ ხალხთან თუ ჰქონდა ურთიერთობა.
– რამე გნებავთ? შემიძლია გადავცე.
– გამოვიდეს! – დაიყვირა უცებ. გაოცებულმა შევხედე, – საქმე მაქვს.
– იცით მაინც რომელი საათია? თუ საქმე გაქვთ, ხვალ მობრძანდით, ან მე მითხარით და გადავცემ.
– თავისი ჯართი ველოსიპედი მოაშოროს აქედან, – განაგრძო ყვირილი, – მანქანა ვეღარ დამიყენებია. მოაშოროს, თორემ დავუმტვრევ და ჯართში ჩავაბარებ.
ეს კაცი ტროტუარზე გაჩერებული ველოსიპედის გამო ამოვიდა საჩხუბრად. ტროტუარზე აპირებდა მანქანის გაჩერებას და თანაც, საკმაოდ ნასვამი იყო.
ის იყო, პირი გავაღე პასუხის გასაცემად, რომ კაცს მზერა ჩემს ზურგს უკან ჩაეკარგა, თვლები გაუდიდდა და ისე გაფითრდა, თითქოს მოჩვენება დაინახა. იმაში დარწმუნებული, რომ ჩემს ზურგს უკან მოჩვენება არ იდგა, მეც შევტრიალდი შესამოწმებლად და ზუსტად უცნობი კაცისნაირი გამომეტყველება გამიხდა. სრულიად შიშველი რეზი ოთახიდან გამოსულიყო და აშკარად ნამძინარევი თვალებით ორივეს მოგვჩერებოდა.
– რა მოხდა? – იკითხა დაბნეულმა.
სახეზე სრული გაურკვევლობა ეწერა. ცალი ხელით კედელს ეყრდნობოდა წონასწორობის შესანარჩუნებლად. ულამაზესი სხეული ჰქონდა, თვალს ვერ ვწყვეტდი. ვიცოდი, რომ უნდა მომრიდებოდა, მაგრამ სხვა შანსი ალბათ აღარ მომეცემოდა, რეზის შიშველი სხეულით რომ დავმტკბარიყავი. ეს კადრი სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.
– ეს... ეს... გარყვნილებაა... ამაზრზენია... ღმერთო, დიდებულო! – ამოიბუტბუტა კაცმა და უკანმოუხედავად გაიქცა.
რეზიმ გვერდით ჩამიარა, თვალი გავაყოლე. მან კარი მიხურა და შემდეგ შემომხედა.
– ბოდიში ჩემ გამო თუ შეურაცხყოფა მოგაყენეს.
– არა, არაფერია, – ვუპასუხე ხმაჩამწყდარმა.
აღარაფერი მიპასუხა, თავისი ოთახისკენ გაემართა და კარს უკან გაუჩინარდა.
დილით ყვირილმა გამაღვიძა. თავიდან აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა, შემდეგ რეზის ხმა გავარჩიე. შეშინებული წამოვხტი საწოლიდან და გარეთ გავვარდი. სწორედ ამ დროს რეზის ოთახის კარი გაიღო და აკისკისებული აია გამოვარდა.
– კარგად, დავით, – მხიარულად დამემშვიდობა და შემოსასვლელ კარში გაუჩინარდა.
– აია, მოიცადე! – ყვირილით გამოეკიდა რეზი, რომელიც ჩემს დანახვაზე უცნაურად გაშეშდა. ისევ შიშველი იყო, როგორც წუხელ, წინ ბალიშს იფარებდა და სახეზე ეტყობოდა, სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე.
– რა მოხდა?
– საცვლები წაიღო! ყველა საცვალი და აი, რა დამიტოვა! – ცხვირწინ ქალის შავი, მაქმანებიანი საცვალი ამიფრიალა.
პირზე ხელი ავიფარე, სიცილისგან თავი რომ შემეკავებინა, რადგან ეს ძალიან, ძალიან უხერხული იქნებოდა. მაგრამ ვერ შევძელი. ხმამაღლა ავხარხარდი. გაბრაზებული რეზი საძინებელში შევარდა.
– ნუ მიყურებ! – დამიხვირა და კარი მომიჯახუნა.
ცოტა დავმშვიდდი. კართან მივედი და მივუკაკუნე. მესმოდა, როგორ სცემდა ბოლთას ოთახში.
– მე გათხოვებ სუფთა საცვალს, ან ჩავალ და სადმე გიყიდი...
– აქ სად უნდა მიყიდო? – გაღიზიანებულმა გამაწყვეტინა.
– არ ვიცი, – მაგაზე არ იფიქრია, – მაშინ ჩემსას მოგცემ. არ ვიცი სხვანაირად როგორ დაგემხარო.
– კარგი, – მომესმა, როგორ ჩაიბურტყუნა. სიცილით შევედი ჩემს ოთახში, კარადის უჯრიდან სუფთა საცვალი ამოვიღე და რეზის ოთახის კარზე მივაკაკუნე.
– გამიღე.
როგორც ჩანს, კართან იდგა, რადგან მაშინვე გამიღო.
– გმადლობ, – ჭარხალივით გაწითლებულმა გამომართვა და კარი კვლავ ცხვირწინ მომიხურა.
კარს მოვშორდი. ახლა ალბათ მარტო ყოფნა სურდა. თუმცა მე დილაადრიან ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა მათმა მხიარულებამ... უფრო სწორად, აიას მხიარულებამ, თორემ რეზი სულაც არ ჩანდა კარგ ხასიათზე.
– მადლობა... დაგიბრუნებ, – ჩაცმული გამოვიდა ოთახიდან.
– არ არის საჭირო...
– უფრო მეტად ნუღარ შემილახავ თავმოყვარეობას, კარგი? – თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
– კარგი, – სწრაფად ვუპასუხე. არ მინდოდა თავი ცუდად ეგრძნო.
– გავდივარ მე.
– კარგი.
რეზიმ მუქი მწვანე ქურთუკი მოიცვა და სწრაფად წავიდა.
საღამოს ენდისთან ერთად ჩაის დასალევად წავედი. სახლში დაბრუნებულს საწოლზე ახალი საცვალი დამხვდა. გამეცინა და უჯრაში ჩავაგდე. დღეს მთელი დღე ვცდილობდი, რომ მის საოცარ შიშველ სხეულზე არ მეფიქრა, მაგრამ თავად შემახსენა თავი. ბედის ირონია იყო.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent