შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და თუკი ვცდები? ( ნაწილი მეხუთე)


15-02-2018, 17:37
ავტორი ანაკონდა
ნანახია 262

და თუკი ვცდები? ( ნაწილი მეხუთე)

მანქანის კარი არც ამჯერად გაუღია. გედეას თავის თავზე ეცინებოდა: ჯიუტად ცდილობდა დემეტრეში ჯენტლმენური თვისებების აღმოჩენას და ,,უმადურობდა”. ბოლოსდაბოლოს, ამ ბიჭმა რამდენჯერმე გადაარჩინა, თანაც ისეთ სიტუაციებში, შედეგს რომ წინასწარ ვერც კი განსაზღვრავ.
_ ყავას დაგალევინებ, თუ გინდა.
_ მხოლოდ ჩაის ვსვამ.
_ ხილის ჩაი მაქვს...
_ მხოლოდ შავი.
დეა გაჩუმდა და მრისხანებით სავსე მზერა მიაპყრო. დემემ გადაიხარხარა. როცა ასე იცინოდა, გოგონა გაბრაზების ყოველგვარ უნარს კარგავდა და ისიც კი ავიწყდებოდა, რაზე აპირებდა გაბრაზებას.
_ კარგი, რა, დეა, პირდაპირ მითხარი, რომ შინ მეპატიჟები.
_ არ გეპატიჟები.
_ ამას ასე პირდაპირ მეუბნები?_ ,,შეიცხადა” ბიჭმა.
_ დიახაც!_ მიახალა დეამ.
_ უზრდელი გოგოსავით იქცევი!
_ ჰოდა ,ვიყო!
_ უკვე ხარ!
_ ვიყო!
ისევ ახარხარდა დემეტრე. დეა მიხვდა, რომ პატარა ბავშვივით იქცეოდა და შეწუხდა.
_ ცივა, სახლში შევალ და გმადლობ.
_ ასე არ გამოვა, წეღან შინ მიწვევდი და ახლა მომავალ შეხვედრაზეც აღარ შევთანხმდეთ?
_ რავიცი, ჩემი ნახვა რომ გინდოდეს, ამდენ რეპეტიციას არ გააცდენდი._ წამოაყრანტალა და მხოლოდ მერე მიხვდა, რა თქვა. ენაზე იკბინა და ინატრა, დრო უკან გადაეხვიათ, რომ გამცემი წინადადება დემეტრეს არ მოესმინა. ბიჭმა თავი უკან გადახარა, თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და უთხრა:
_ ესე იგი, ყოველ რეპეტიციაზე ჩემს მოლოდინში ხარ.
_ ცხადია, შენ ჩემი მეწყვილე ხარ, მთავარი როლი გაქვს და კიდევ მინდა, კარგი შთაბეჭდილება დავტოვო შენზე, რომ რეჟისორმა თქვენს დასში გადმომიყვანოს.
_ ზოგჯერ ვერ გამიგია, მსახიობობა რატომ გადაწყვიტე, თუ სულ პატარა ტყუილიც კი ლოყების აწითლებად გიჯდება. _ ეს უთხრა და დასამტკიცებლად გრძელი თითები ოდნავ ჩამოუსვა ლოყაზე. ახლა თითქოს მართლა ცეცხლი წაეკიდა გოგონას. უკან დაიხია და ალუღლუღდა:
_ კარგი... ჰო... მე... ისა...
_ შედი და დაისვენე, ხვალ გამოგივლი და ერთად წავიდეთ რეპეტიციაზე.
_ რა საჭიროა...
_ ალბათ, არის. დროებით._ დემემ ზურგი აქცია. გოგონას მეტად დაბნევა აღარ უნდოდა და სწრაფად გამოეცალა.
უცბად მინა ჩასწია და მიაძახა_ ჰო, მართლა, ეგ კაბა შენს თვალებს ძალიან უხდება.
დეამ მადლობის თქმა, ვეღარ მოასწრო, დემეტრეს მანქანა ადგილს მოსწყდა, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი შევიდა სახლში. დიახ, მოსწონდა მანაგაძე, თანაც ძალიან.
მეორე დღეს უნივერსიტეტში მართლაც ერთად წავიდნენ. დემეტრე ცდილობდა, უშუალო ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა, ცდილობდა მაკასთან პარალელი არ გაევლო ხოლმე. დეა არაფრით ჰგავდა მის მოღალატე ყოფილს და ამას თავს გამუდმებით უმეორებდა. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ თავს ვერაფერს უხერხებდა და აღიზიანებდა დეას ნებისმიერი სახის კონტაქტი მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან. იმდენი ქნა, დეამაც შეამჩნია მისი უკმაყოფილო გამომეტყველება, როცა თანაკურსელმა ბიჭმა საერთო ფოტოს გადაღებისას მხარზე ხელი გადახვია. გოგონამ წუხილი და კმაყოფილება ერთდროულად იგრძნო. და, მაინც, ნუთუ მათი ნაცნობობის განმავლობაში ბიჭი ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდა, რომ დეასთვის სულერთი დიდი ხანია, აღარ იყო?
ბავშვობაში გოგონა ბევრს წერდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მამამ ექვსი წლისას პირველად მიუტანა პაწაწინა ბლოკნოტი, ყველაფერს იწერდა. ინიშნავდა, რას ჭამდა, როგორი ამინდი იყო, როგორ ხასიათზე იყო დედა. გაეგონა, რომ დღიურში საიდუმლოებები ინახებოდა, ჰოდა დაძინებამდე მარტო დარჩენილი წერდა ხოლმე, რაზე კამათობდნენ მისი მშობლები, როგორ დასდევდა მათი ძაღლი მეზობლის ქათმებს. მერე თემები შეიცვალა, გოგონამ თავის მომავალზე წერა დაიწყო. უნივერსიტეტსა და დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. დედის დაღუპვის მერე ერთბაშად მოისროლა ფურცელი და კალამი. ემოციების გამოხატვა საბოლოოდ შეწყვიტა. ერთხელ სცადა და სამად სამი სიტყვა გადაიტანა ფურცელზე, რამაც საბოლოოდ ააღებინა ხელი ამ საქმიანობაზე. იმ დღეს კიდევ ერთი ტირილში მოსული განთიადისას დეამ ფურცელზე მიაჯღაბნა: ,,რატომ არ ვკვდები?”
ახლა მისი გონება მთლიანად მანაგაძეს შეეპყრო. მხოლოდდამხოლოდ მასსა და მომავალ სპექტაკლზე ფიქრობდა, რომელიც მის ცხოვრებაში რაღაც ახლის დასაწყისი შეიძლებოდა, გამხდარიყო.
იმ დილით საყვარელი ლატე გაიმზადა და მზით განათებული სამზარეულოს ფანჯარასთან ფანქრითა და ფურცლით დაჯდა. ამდენი ხნის მერე პირველად და მძაფრად იგრძნო, როგორ სურდა, ეწერა. ყავა მოსვა, მზის სხივებს სახე შეუშვირა, სითბო მუზად მიითვისა და ფანქარიც იდუმალი შრიალით დააკვდა მონატრებულ სუფთა ზედაპირს:
,,გამარჯობა, დღიურო? არა, ელენა გილბერტი მეშვიდე კლასში მოვიტოვეთ. მას მერე, რაც მან დეიმონი აირჩია, ,,ვამპირის დღიურებზე” გული ამიცრუვდა. როგორი არეული ვარ. სულაც არ ვაპირებდი საუბრის დაწყებას სერიალით, რომელსაც კარგა ხნის წინ ვუყურებდი. ვზივარ ჩემი სამზარეულოს მაგიდასთან. აბსოლუტური სიჩუმით ვტკბები. ეს დღე ჩემია. დღეს არც კაფეში მივდივარ, არც რეპეტიცია მაქვს, არც ლექცია. ასე რომ შემიძლია, მშვიდად ვწრუპო ჩემი ყავა და შევეცადო, იმ შეკითხვების ნაწილს მაინც ვუპასუხო, გონებაში რომ მიტრიალებს.
სადღაც წამიკითხავს, რომ გაღვიძებისას პირველად და დაძინებისას უკანასკნელად ვისზედაც ფიქრობ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანიაო. ვინაიდან ძილის წინ ვაანალიზებ, რომ საათში რამდენჯერმე დემეტრე მანაგაძესთან დაკავშირებული რომელიმე მოგონება და მისი ჩემდამი დამოკიდებულების შესახებ ახალი შეკითხვა მომდის თავში, მგონი თამამად შემიძლია, ვიფიქრო, რომ ყველაზე თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანი მაინცაა ჩემთვის.
ბოლოს ორი დღის წინ ვნახე. რეტ ბატლერს მართლაც ოსტატურად განასახიერებს. ვუყურებ, როგორც სკარლეტი და როგორც დეა და დემეტრეც მომწონს და რეტიც. ხანდახან ვეღარც ვიგებ სად იწყება და მთავრდება ჩემი პერსონაჟის მისი პერსონაჟისადმი გრძნობები. ასეთ წამებში ვამჩნევ, რომ მე ვუყურებ ადამიანს, რომელიც ჩემს საყვარელ წიგნის გმირს განასახიერებს და რომელიც, როგორც ნამდვილი პიროვნება, ჩემთვის უკვე ზედმეტად ძვირფასია.
ჩვენი გაცნობაცა და შემდგომი შეხვედრებიც უცნაურობებით იყო სავსე. მე ის გადავარჩინე, მან კი _ მე. მაგრამ ახლა თითქოს სადღაც გავიჭედეთ და ვერც წინ მივდივართ, ვერც უკან ვბრუნდებით. მისი არ ვიცი და მე ნამდვილად ვერ წავალ წინ, სანამ საბოლოოდ არ მივხვდები, რას განიცდის ჩემ მიმართ, (თუ საერთოდ განიცდის რამეს!) და, მით უმეტეს, უკან ვეღარ დავბრუნდები.
დროდადრო მრისხანება მიპყრობს. რატომაა, რომ ველოდები როდის იტყვის რამეს თავად? ხომ შემიძლია, ვიკითხო, ვცადო, ვიბრძოლო. მრცხვენია ამის აღიარებისა, მაგრამ მეშინია. ზუსტად ვერც ავხსნი, რის მეშინია. ალბათ, ყველაფრისა და არაფრის ერთდროულად. სარკეში ვიყურები და ვერ ვხედავ ვერაფერ გამორჩეულს საკუთარ თავში. ვერ ვხედავ ვერაფერს, რის გამოც ის ჩემს თავს ვინმე სხვას ამჯობინებდა. ვიცი, მესმის, რომ ეს თვითგანადგურებისკენ უმოკლესი გზაა, მაგრამ მეშინია და ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ დამალვისკენ მიბიძგებს, ზოგჯერ სულაც გაქრობა მინდება.
ამას წინათ ფოტოს გადაღებისას ლევანი გადამეხვია. მეგობრული ბავშვია და ეს ბუნებრივია, ჩვენ ხომ საერთო ფოტოს ვიღებდით. ი ს ცალკე იდგა და მიყურებდა. მზერა დაეძაბა და ამან დამაბნია. იმ საღამოს იმდენად ლაკონიური იყო, თითქოს ის ის იყო გამიცნო. არც ის აუხსნია, რატომ ჩამომაკითხა სოფელში. როგორ გაიგო, რომ იქ ვიყავი და რატომ იზრუნა ჩემზე, როცა სასაფლაოს ქვებს შორის დაცემული მიპოვა. სულელურად ჟღერს. მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი იმავეს იზამდა, ალბათ. მე არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი იმ დღეს მის მანქანაში, არ მახსოვს, როდის მოვიდა და ამის გამო ვწუხვარ. რომ შემეძლოს, აღვადგენდი სცენას, სადაც ის მპოულობს. არც იმას მიყვება, რატომ დამყვებოდა უჩუმრად უკან სულ თავიდან. ვწერ, ვწერ და შვებას საერთოდ ვერ ვგრძნობ. თითქოს ეს კითხვები მახრჩობს.
როგორ შეუძლია ასეთი ცვალებადი ხასიათი ჰქონდეს? ვერ გამიგია, რა ვქნა. თუმცა მგონი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ისევ ისაა, რომ საქმე ვაკეთო და ცხოვრების დინებას მივყვე. საკუთარი თავით დავიღალე.”
ბოლო სიტყვას გოგონამ ღრმა ამოოხვრაც მოაყოლა. გარეთ ისევ ისე აჭერდა მზე, თითქოს ამ წამს დეას სულში ქარიშხალი სულაც არ მძვინვარებდა. ამან ის ცოტა დაამშვიდა. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიძლება ამოყირავდეს შენი სულიერი მდგომარეობა, რაღაც მყარად ინარჩუნებს დადებითს, რაღაც სითბო მაინც სითბოდ რჩება. ჩაეღიმა დეას თავის ბავშვურ აზრებზე.სარკიდან ახალგაზრდა ქალი უყურებდა ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ეგონა, რომ ოდნავადაც არ გაზრდილა. ზოგჯერ უნდებოდა, ისევ შეძლებოდა ზაფხულობით თავისი სოფლის მინდვრებში მეგობრებთან ერთად სირბილი და დამალობანას თამაში. არა, აშკარად გაიზარდა. ის მეგობრები კი წარსულში დარჩნენ. უფრო სწორად, სხვა გზები იპოვეს მომავლისაკენ.
,,ჯანდაბა, ნუთუ ეს მზიანი დღეც ნეგატიური ფიქრებით დავიწყე? შეწყვიტე, დეა!”
დახედა მის წინ შევსებულ ფურცლებს და დაღლილობასთან ერთად საოცარი შვებაც იგრძნო.
მოულოდნელად მისი ტელეფონი ახმაურდა. ეკრანზე დემეტრეს სახელის ამოკითხვისას გულისცემა აუჩქარდა და ამან დააფრთხო. შეტყობინებაში ეწერა: ,, ხუთისთვის იმ კაფეში დაგელოდები. ვაპირებ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას, რომელსაც შენს თვალებში გამუდმებით ვკითხულობ. ( უნდა ვაღიარო, მთელი ორი დღე გავიდა და მომენატრა ,,კითხვა” ^^) თბილად ჩაიცვი, საღამოს აცივდება.”



მაპატიეთ, ჩემი მუზა ცოტა მელანქოლიურად განეწყო და აღარ მეხმარებოდა. :დ <3 გმადლობთ, რომ კითხულობთ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი ლალი

ძალიან კარგად წერ,სწორად საინტერესოდ! ბევრს არ აქვს აქ შენნაირი წერის მანერა და დახვეწილობა,ყოჩაღ! ოღონდ ნუ აგვიანებ ხოლმეეე! :-)

 



№2  offline წევრი ანაკონდა

სტუმარი ლალი
ძალიან კარგად წერ,სწორად საინტერესოდ! ბევრს არ აქვს აქ შენნაირი წერის მანერა და დახვეწილობა,ყოჩაღ! ოღონდ ნუ აგვიანებ ხოლმეეე! :-)

უღრმესი მადლობა. მიხარია, თუ ასე ფიქრობთ. გამართულად წერას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნამდვილად. ვცდილობ, ვწერო. უბრალოდ თუ გულით არ მომინდა, ვერ ვუჯდები. თან სამსახურის გამოც დრო არ მყოფნის. ვაფასებ თქვენს სიტყვებს. ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent