შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (4)


16-02-2018, 20:14
ავტორი Nickolson
ნანახია 219

Blue Neighborhood (4)

10.
უცნაური იყო, მაგრამ მომდევნო ორი კვირის მანძილზე აია აღარ გამოჩენილა. რეზიც ყოველ ღამეს სახლში ატარებდა. საღამოობით აკადემიიდან შენ დაბრუნებული შეიკეტებოდა თავის ოთახში, შეიტანდა ჭიქა ღვინოს და ხატავდა. გვიანობამდე მესმოდა, როგორ აჭყაპუნებდა წყალს ფუნჯების რეცხვის დროს. მინდოდა მეკითხა, აიასთან ხომ არ იჩხუბე–მეთქი, მაგრამ არ მსურდა ეფიქრა, რომ მის ცხოვრებაში ვერეოდი.
დილით რომ გამეღვიძა და საათს შევხედე, ვიფიქრე, რეზი უკვე წასული იქნებოდა და მუსიკა ხმამაღლა ჩავრთე. არც შორტის ჩაცმა დამჭირვებია, საცვლიანი გავტანტალდი სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად. ის იყო, ჩაიდანი წყლით ავავსე, რომ გამახსენდა, გამოსვლისას ჰოლში რეზის ფეხსაცმელს და ქურთუკს მოვკარი თვალი. აკადემიაში არ წასულა, არადა, ლექციებს არასდროს აცდენდა. სწრაფად გავვარდი ჩემს ოთახში და მუსიკა გამოვრთე. მასთან უნდა შევსულიყავი და გამეღვიძებინა, მერე დავფიქრდი, ასე ხომ ვერ შევალ–მეთქი, შორტი ამოვიცვი და რეზის კარზე მივუკაკუნე.
– შემოდი, – მომესმა მისი ხმა. რაღაც არ მომეწონა. კონკრეტულად ვერ მივხვდი რა, მაგრამ შეშფოთებულმა სწრაფად შევაღე კარი და ოთახში შევედი.
– აკადემიაში არ მიდიხარ? აგვიანებ.
რეზი საწოლში იწვა, საბანში გახვეულიყო და მხოლოდ თვალები და ცხვირი უჩანდა.
– მგონი სიცხე მაქვს, – სუსტად მითხრა და ამოიკვნესა.
საწოლს მივუახლოვდი. გრძელი კულულები ოფლის გამო შუბლზე მისწებებოდა, თვალები მართლაც სიცხიანივით უბრწყინავდა და სუნთქვა უჭირდა. შუბლზე ხელი დავადე. იწვოდა.
– ძალიან ცხელი ხარ.
თვალები დახუჭა ჩემს შეხებაზე. ხელი მანამ არ ამიღია, სანამ ხელის გული ძალიან არ გამიცხელდა. ვიცოდი, სიამოვნებდა ცივის შეხება, მაგრამ ჩემი ხელი ცივი აღარ იყო.
- წავალ, თერმომეტრს მოვიტან.
არაფერი მიპასუხა. თვალებდახუჭული გაირინდა. ოდნავ გაეპო ტუჩები და მძიმედ სუნთქავდა.
უკან რომ დავბრუნდი, ჩაძინებული დამხვდა. ლოყები ასწითლებოდა. მისგან ისეთი სიმხურვალე მოდიოდა, შორიდანვე ვგრძნობდი.
გვერდით ჩამოვუჯექი. ვერაფერი გაიგო. მისკენ წავიღე ხელი და შუბლსა და ყელზე მიწებებული თმა გავუსწორე. ჩემს შეხებაზე ოდნავ გაინძრა და თვალები გაახილა.
- თერმომეტრი უნდა ჩაგიდო. ცოტა ცივი იქნება.
თავი დამიქნია. საბნიდან ხელი ამოიღო თერმომეტრის გამოსართმევად, მაგრამ უღონოდ ჩამოუვარდა.
– დაგეხმარები.
რეზიმ ისევ დამიქნია თავი.
საბანი ოდნავ გადავხადე. ლურჯი მაისური, რომელიც სულ სველი ჰქონდა, საყელოდან ჩამოვუწიე, მკლავი ავაწევინე და თერმომეტრი იღლიაში ჩავუდე. მკლავი მკერდზე გადავადებინე, შემდე კი საბანი გავუსწორე.
– არ გაინძრე, კარგი?
ისევ დამიქნია თავი.
ათი წუთის მანძილზე არც კი გავტოკებულვართ. მგონი რეზის ისევ ეძინა, მე კი ვუყურებდი და მის გამო ძალიან ვღელავდი. სად გაცივდა ასე ძალიან, სიცხისგან რომ იწვოდა? ვინ იცის რა დაემართებოდა მთელი დღე, წამლების გარეშე, მე რომ არ შემემჩნია სახლში რომ იყო ან საერთოდ არ შევსულიყავი მის ოთახში.
– რეზი, თერმომეტრი უნდა ამოვიღო, – ოდნავ შევეხე მხარზე. რეზი შეიშმუშნა და მივხვდი, რომ თანახმა იყო. თერმომეტრი ამოვიღე. 39,8 გრადუსი ჰქონდა. ძალიან მაღალი იყო. არ ვიცოდი რა უნდა მიმეცა, წამლები თითქმის არ მქონდა.
– აფთიაქში უნდა წავიდე.
– არ წახვიდე... – დაიჩურჩულა.
– წამლები უნდა დალიო, ძალიან მაღალი სიცხე გაქვს. მალე დავბრუნდები, გესმის? – მისმა ვედრებით სავსე ხმამ ჩემზე ისე იმოქმედა, საშინლად ავკანკალდი.
– კარგი.
აფთიაქში გავიქეცი. ფარმაცევტმა წამლები გამომატანა. უკან დაბრუნებული კიბეზე რომ ავრბოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი დღის ენერგიის მარაგი ამოვწურე.
– ჰეი, მოვედი, – გვერდით მივუჯექი.
– ძალიან მცხელა.
– წამლები დალიე და მერე სველი ტანსაცმელი უნდა გაიხადო.
– კარგი.
გაჭირვებით წამოჯდა წამლების დასალევად. ცივი წყალი ესიამოვნა. ის იყო, ისევ უნდა დაწოლილიყო, რომ ხელი ვტაცი მკლავში და შევაჩერე.
– ბარემ მაისურიც გაიხადე, უკვე წამომჯდარი ხარ.
მაისურის ბოლოებში წაავლო ხელი და შეეცადა ზემოდ აეწია. ენერგია არ ჰქონდა.
– მომეხმარე, – მთხოვა და თვალები დახუჭა.
მაისური გავხადე. ახლა ალბათ აციებდა, მაგრამ სველი მაისურით წოლას, ასე აჯობებდა.
– შორტიც,– კიდევ მთხოვა მან.
გაოცების შეძახილი აღმომხდა, როცა დავინახე, რომ შორტის ქვეშ საცვალი არ ეცვა. არ ვიცი, მისთვის სულერთი იყო თუ არა, ისევ შიშველს რომ ვხედავდი, თანაც ასე ახლოს, ალბათ სიცხის გამო ემოციებს ვერ გამოხატავდა, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. აფორიაქებულმა ძალდატანებით ჩავაწვინე საწოლში და საბანი ნიკაპამდე ავუწიე.
– დაგცხება, მაგრამ შეეცადე არ გადაიხადო.
– დედაჩემს დაურეკე... – ჩაილუღლუღა მან.
უცნაური იყო, თავის მშობლებზე არასდროს ლაპარაკობდა. მეც გავურბოდი მასთან ამ თემაზე საუბარს. არ ვიცოდი, უნდოდა თუ არა ჩემთვის რამის გამხელა, მაგრამ ახლა სურდა, რომ დედამისი მოსულიყო. ალბათ ავადმყოფობის გამო თავს სუსტად და დაუცველად გრძნობდა.
მის მობილურში დედამისის ნომერი მოვძებნე და დავრეკე.
– ვა, რეზი? გაგახსენდა, რომ დედა გყავს? – მომესმა ქალის საყვედურნარევი, ახალგაზრდული ხმა.
– ქალბატონო მაგდა, მე დავითი ვარ, რეზის ოთახის მეზობელი...
– გამარჯობა, დავით, – დაიბნა ქალი, – რეზის ტელეფონით რატომ მირეკავ?
– რეზიმ მთხოვა თქვენთან დარეკვა. მაღალი სიცხე აქვს, წამლები დავალევინე და მალე დაუწევს.
– რამდენი აქვს სიცხე?
– 39 და 8 გრადუსი.
– ძალიან მაღალია. ახლა როგორ არის?
– მალე ჩაეძინება.
– კარგი, დავით. მისამართი მომწერე და ახლავე წამოვალ.
– კარგი.
– მადლობა რომ დამირეკე.
გამიკვირდა, რეზის დედისთვის თავისი საცხოვრებლის მისამართი რომ არ მიეცა. იმედი მქონდა, დაძაბული ურთიერთობა არ ექნებოდათ. ვიცოდი, რამხელა სტრესიც იყო ასეთი ცხოვრება და არ მემეტებოდა რეზი ამისთვის.
მაგდას მისამართი მივწერე. რეზი თვალებდახუჭული იწვა და მშვიდად სუნთქავდა. ალბათ უკვე ეძინა. ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან და კარისკენ წავედი, როცა მისი ხმა გავიგონე.
– არ წახვიდე...
კართან მისული გავშეშდი. რამდენიმე წამი დამჭირდა მისი თხოვნის გასააზრებლად. რეზი დარჩენას მთხოვდა. მარტო ყოფნა არ უნდოდა და სურდა, რომ მასთან დავრჩენილიყავი.
ნელა შევტრიალდი უკან და კვლავ საწოლისკენ გავემართე. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. არ მინდოდა ჩვენ შორის უხერხულობა შექმნილიყო, მაგრამ მაინც მივუწექი გვერდით საწოლის ზემოდან.
– გმადლობ, – გავიგონე რეზის ნათქვამი. არაფერი ვუპასუხე. რამდენიმე წუთში სუნთქვა უფრო მშვიდი და ღრმა გაუხდა. ახლა კი ნამდვილად ჩაეძინა.
კარზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, შემდეგ კი გამახსენდა, რომ რეზის მაღალი სიცხე ჰქონდა, მე მის საწოლზე ვიწექი და რეზის დედა უნდა მოსულიყო.
ისევ გაისმა კაკუნის ხმა. გარშემო მიმოვიხედე. რეზის თავი ჩემკენ გადმოეწია და შუბლით ოდნავ მეხებოდა თავზე. სხვა დროს ამ სიტუაციით ალბათ დიდხანს დავტკბებოდი, მაგრამ კაკუნი არ წყდებოდა და უნდა ავმდგარიყავი.
– გამარჯობა, დავით, – ნაძალადევად გამიღიმა მან. ღელავდა.
– გამარჯობა, ქალბატონო მაგდა. მობრძანდით.
– მაგდა დამიძახე.
ქალი ბინაში შემოვიდა და იქაურობა უგულისყუროდ მოათვალიერა.
– სად არის? როგორ არის?
– სიცხემ დაუწია. ახლა სძინავს, – რეზის ოთახამდე მივიყვანე.
– დიდი მადლობა მასზე რომ იზრუნე.
– არაფრის. რა მადლობა, – გავუღიმე და სამზარეულოში გავედი. მაგდა რეზის საძინებელში შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მაგდა ჩემთან დაბრუნდა, სამზარეულოში.
– ყავას დალევთ? – ვკითხე მე.
– დიახ, გმადლობ.
– ისევ სძინავს?
– ხო. ცხელი არ მეჩვენა, ალბათ წამლებმა იმოქმედა.
– კარგია.
– აბა, მომიყვები შენზე? ჩემი შვილი არაფერს მიყვება. ხომ ხედავ, მისი სახლის მისამართიც კი არ ვიცოდი, – დაძაბულად გაიღიმა მან.
ღიმილით შევხედე ქალს და ყავის გაკეთება განვაგრძე. ისიც ღიმილით და დაკვირვებით მადევნებდა თვალს.
– რა მოგიყვეთ? – ყავის ჭიქები მაგიდაზე დავდგი და მეც მაგიდას მივუჯექი.
– საიდან იცნობთ ერთმანეთს?
– საერთო მეგობარმა გაგვაცნო. მე მდგმურს ვეძებდი, რეზი ბინას და... – სუსტად გავუღიმე.
– არც ვიცოდით სახლიდან წასვლას თუ აპირებდა. მხოლოდ გადასვლის დღეს გამოგვიცხადა მე და მამამისს, მივდივარო.
როგორ მეცნო ეს სიტუაცია.
– სახლიდან წასვლა ძალიან მკაცრად ჟღერს.
– მკაცრად? წარმოიდგინე, 22 წელი ერთად ვცხოვრობდით, ერთ მშვენიერ დღეს კი გამოგვიცხადა, მივდივარ და ცალკე ვაპირებ საცხოვრებლად გადასვლასო. დღემე ყოველ დილით ჩუმად დავდივარ, რომ არ გავაღვიძო.
– დამოუკიდებლად ცხოვრება მოუნდა. ცხოვრების ამ ეტაპზე იგრძნო, რომ ცალკე გადასვლა უკეთესი იქნებოდა... – დავიცავი რეზი.
– უკეთესი რაზე, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე? გაცილებით უკეთეს ბინასა და პირობებში? არ გეწყინოს, – სწრაფად დაამატა.
– არ მეწყინება, – გავუღიმე, – იცით, მე ამ საკითხში ალბათ ვერ დაგეხმარებით. მამამ მიგვატოვა. დედა ამაში მე მადანაშაულებდა და ვძულდი. ასე რომ, მეც სახლიდან ვარ „გაქცეული“.
მაგდამ გაოცებით შემომხედა.
– ჰო, შენ აშკარად ვერ დამეხმარები. რას საქმიანობ?
– მაგისტრატი ვარ სოციოლოგიაზე. კიდევ ბლოგერი ვარ. სულ ესაა, – ღიმილით ავწიე წარბები იმის გაანალიზებაზე, მხოლოდ ეს მქონდა სათქმელი ჩემს საქმინობასთან დაკავშირებით.
– საინტერესოა, – სტანდარტული პასუხი გამცა ქალმა, – რეზი ალბათ უკვე შენი ოჯახის წევრია, ერთად ცხოვრება ხომ აახლოებს ადამიანებს. გამოდის, ახლა შენც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ.
– არც ისე ძალიან აახლოებს ადამიანებს. რეზის საკუთარი თავზე ლაპარაკი დიდად არ უყვარს.
ქალმა გაოცებით შემომხედა.
– არ უყვარს? დარწმუნებული ხარ?
– ლაპარაკი უყვარს, ოღონდ საკუთარ თავზე არა.
– რეზი ყოველთვის საკუთარ თავზე შეყვარებული მხატვარი იყო. რა შეიცვალა? – იკითხა ქალმა, თუმცა მომეჩვენა, რომ უფრო საკუთარ თავს ეკითხებოდა, ვიდრე მე. ამ კითხვაზე პასუხი არც მე მქონდა.
– რეზი ძალიან კარგი მხატვარია, – გავუღიმე მაგდას.
– ხო. მამამისი მოქანდაკეა, მე – არქიტექტორი. ლამაზი და ნიჭიერი შვილი გვეყოლა.
– ნამდვილად, – გულწრფელად დავეთანხმე.
– მომიყევი შენზე რამე. მინდა ვიცოდე, ჩემი შვილი ვისთან ერთად ცხოვრობს.
– ჩემზე რა მოგიყვეთ? – წამით დავფიქრდი, რისი თქმა შემეძლო მისთვის, – მე წერა მიყვარს. ძალიან მიყვარს. ცხოვრების მძინე პერიოდში წერა მეხმარებოდა, რომ დროებით რეალობისგან გავქცეულიყავი და ცოტა ხნით მაინც მეგრძნო თავი კარგად. კიდევ ფოტოებს ვიღებ. ფოტოგრაფიის არცერთი კანონი არ ვიცი, მაგრამ ჩემს სურათებს არა უშავს, მოყვარულის დონეზე კარგია.
– რითი იღებ?
– პოლაროიდით.
მაგდას გაეღიმა.
– რაღაცნაირად ნოსტალგიური ფოტოები გამოდის პოლაროიდით.
– კი. თითქოს თითოეული გადაღებული ფოტო ისტორიაა, თითქოს ამბებს ჰყვებიან...
– ზუსტად! – დამეთანხმა ქალი.
მოულოდნელად ჩემმა ტელეფონმა დაიწკარუნა. ეკრანს დავხედე. რეზი იყო. მაგიდისკენ გავაპაე თვალი, თითქოს სახეზე მეტყობოდა, რეზიმ რომ გაიღვიძა და მომწერა. მაგდა არ მიყურებდა. სასწრაფოდ გავხსენი მისი მესიჯი.
„ახლავე შემოდი!“
ღიმილი მომადგა ტუჩებზე. ალბათ სიცხემ დაუწია და ახლაღა გააცნობიერა, დედამისი რომ დაიბარა აქ.
– ახლავე დავბრუნდები.
– კარგი, – გამიღიმა მაგდამ.
რეზის ოთახში მაგდასგან შეუმჩნევლად შევიპარე. რეზის ბალიშები აემაღლებინა და წამომჯდარიყო. საბანი მხოლოდ თეძოებზე ეფარა.
– როგორ ხარ?
– უკეთ. თავი მტკივა. დედაჩემს აქ რა უნდა? მითხარი, აქ არის? იმიტომ გეკითხები, რომ მისი ხმა ჩამესმის და იმედი მაქვს, რომ მეჩვენება.
– შენ თვითონ მითხარი დამერეკა.
რეზის გაოგნებისგან ყბა ჩამოუვარდა. რამდენიმე წამს ასე მომჩერებოდა, შემდეგ გამოფხიზლდა, ერთი ხელის მოძრაობით თმა უკან გადაიწია და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად.
– და შენც დაურეკე?
– ჰო.
თვალები აატრიალა.
– ალბათ ტვინი გაგიბურღა ლაპარაკით. სხვათაშორის, ამაში დედას ვგავარ.
– შენ წარმოდიგინე, არა, – გავუღიმე და მივუახლოვდი. ხელი შუბლზე დავადე, მაგრამ მგონი ჩემმა საქციელმა დააფრთხო, რადგან გაოცებული თვალებით ამომხედა, – სიცხემ დაგიწია.
– ხო. უკეთ ვარ.
– ჰმ...
– რა?
– არაფერი. რა გირჩევნია, დედაშენის სანახავად გამოხვალ თუ აქ შემოვიდეს?
– გამოვალ! – წამოიყვირა რეზიმ.
– ასეც ვფიქრობდი. ჩაიცვი და გამოდი. ჩვენ ყავას ვსვამთ.
– დედაჩემთან ერთად ყავას სვამ?
– ხო, რა მოხდა?
– უკვე შენი დაქალია?
– რეზი, რა გჭირს? – მისი აგრესიისგან გაოცებულმა თავი ვეღარ შევიკავე.
– არაფერი, – თავი დახარა, – უბრალოდ მისი ნახვა არ მინდა. მაპატიე... შეგიძლია სააბაზანოდან ხალათი გამომიტანო?
პასუხი არ გამიცია, შეცბუნებულ ბიჭს თვალი შევავლე და ოთახიდან გავედი. სააბაზანოს კარზე ჩამოკიდებული თეთრი ხალათი ჩამოვხსენი და კვლავ მასთან დავბრუნდი. შესვლისთანავე საბანი გადაიხადა და ფეხები იატაკზე დააწყო.
– გმადლობ, – თქვა მან.
„არ გაწითლდე, დავით“, – მხიარულად შევუძახე ჩემს თავს და ხალათი ჩასაცმელად მოვუმარჯვე. სათითაოდ გაუყარა მკლავები, შემდეგ წამოდგა და ფრთხილად შეიკრა.
– თავბრუ მეხვევა, – წამით თვალები დახუჭა. მალე გადაუარა, გამიღიმა და ჩემთან ერთად ოთახიდან გავიდა.
– რეზი, გაიღვიძე? – სიხარულისგან ფეხზე წამოხტა მაგდა და შვილი გულში ჩაიკრა. რეზიმ უხერხულად ჩამოყარა ხელები.
– გამარჯობა, დედა.
– როგორ ხარ, რეზი? სიცხე კიდევ გაქვს? – მაგდამ შუბლი გაუსინჯა, შემდეგ მხრებსა და მკლავებზე ჩამოუსვა ხელი.
– კარგად ვარ.
– მომენატრე. მამასაც მოენატრე.
– უმმ... იცი, დედა, მეც მიხარია შენი ნახვა, მაგრამ უნივერსიტეტში უნდა წავიდე.
– რა?! – ერთდროულად წამოვიყვირეთ მე და მაგდამ.
რეზიმ თვალები დამიბრიალა.
– სად უნდა წახვიდე? ისეთი მაღალი ტემპერატურა გქონდა, ბოდავდი, – წარბები ავწიე და დედამისზე მივანიშნე თვალით. რეზიმ შემომიბღვირა.
– თითქმის ერთი თვეა არ მინახავხარ. შენი კიდევ ერთი წუთიც კი არ გინდა გინდა ჩემ გვერდით გაატარო? რა გჭირს, რეზი?!
– რა? რა სისულელეა! დედა, არ არის მასე. უბრალოდ, დამოუკიდებლად ცხოვრება მინდა და თქვენ საშუალებას არ მაძლევთ...
– მოიცადე, რა გეგონა, შენს საცხოვრებელს თუ გვეტყოდი, მოგივარდებოდით და შენს გადარწმუნებას შევეცდებოდით?
– მე დაგტოვებთ, – იქ ზედმეტი ვიყავი. დედა–შვილმა, როგორც იქნა, საუბარი დაიწყო.
– არა! არ წახვიდე! – დაიყვირა რეზიმ და ისეთი თვალებით გადმომხედა, ადგილზე გავშეშდი.
– სულელი ბავშვი ხარ. ჯერ კიდევ სულელი ბავშვი. რით ვერ გაიზარდე?!
რეზიმ არაფერი უპასუხა. ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. სკამზე ჩამოჯდა და დედამისს დაღლილი მზერით ახედა.
– გინდა, წვნიანი გაგიკეთო? – შესთავაზა უცებ მაგდამ.
რეზიმ მძიმედ დაუქნია თავი.
- კი, მინდა.
– ახლავე, – მაგდა გამხიარულდა, – დავით, დამეხმარები?
– სიამოვნებით.
– უნივესიტეტში არ მიდიხარ? – მკითხა გაბრაზებულმა რეზიმ.
– დღეს არა, – გავუღიმე.
– ღმერთო ჩემო! – ამოიოხრა მან და თავი ხელებში ჩარგო.
ცოტა ხნის შემდეგ მაგიდაზე სურნელოვანი, გემრიელი კარტოფილის პიურე შემოვდგით, რომელიც წვნიანად იყო ჩაფიქრებული, თუმცა არ გამოგვივიდა. მაგდა კულინარიული ნიჭით დიდად ვერ დაიკვეხნიდა.
რეზის მადა არ ჰქონდა. ძალით შეჭამა რამდენიმე ლუკმა, მერე კი კოვზი დადო და სკამის საზურგეზე გადაწვა.
– გემრიელი იყო, მაგრამ მეტი აღარ მინდა.
– არა უშავს. ესეც კარგია, რომ შეჭამე.
– უნდა დავწვე, თავი მტკივა.
– კარგი, კარგი. დაწექი და გამოკეთდი. მე წავალ, სამსახურში უნდა დავბრუნდე. თავს გაუფრთხილდი და შემეხმიანე ხოლმე, კარგი?
– კარგი, ოღონდ გაუფრთხილებლად თავზე არ დაგვადგე! – ფეხზე წამოდგა რეზი.
– გაუფრთხილებლად არ გესტუმრებით, დამშვიდდი, – გაუღიმა მაგდამ და რეზის გადაეხვია.
– გამიხარდა რომ მოხვედი, – უთხრა რეზიმ.
– მე ის გამიხარდა, რომ დამირეკე.
– სინამდვილეში მე დაგირეკეთ, – მათი დედაშვილური სიყვარულის ყურება აღარ შემეძლო.
– ჰო, რა თქმა უნდა, – გამომხედა მაგდამ.
– საკმარისია, უნდა დავწვე, ფეხზე ვეღარ ვდგავარ, – რეზი საძინებელში შევიდა.
– გამიხარდა შენი გაცნობა, დავით. იმედი მქვს, ხშირად შევხვდებით ერთმანეთს.
– მეც გამიხარდა. დროებით.
მაგდა წავიდა თუ არა, რეზის ოთახში შევედი.
– სერიოზულად? – ხმაურით მივხურე კარი და გადაჯვარედინებული ხელები მკერდზე დავიკრიფე.
– რა მოხდა? – გაოცებული წამოჯდა საწოლზე.
– სახლიდან წამოხვედი?
– ასე არ ვიტყოდი...
– შენი მშობლებისთვის იმისი მიზეზი არ გითქვამს, რატომ გადაწყვიტე ცალკე ცხოვრება. არ ურეკავ, არ ელაპარაკები. შენი აზრით, ეგ რა არის? – ფეხზე დგომით დავიღალე და მის საწოლზე ჩამოვჯექი.
– აუცილებელია ახლა ლაპარაკი? მეძინება.
ალმაცერად გადავხედე. მან ამოიოხრა და საწოლზე მოწყვეტით გადაწვა, შემდეგ კი ბალიში დაიმხო თავზე.
– შენ საერთოდ არ ელაპარაკები, – ჩაიდუდღუნა მან.
– იცი, რატომაც არ ველაპარაკები.
– არა, არ ვიცი, – ნიშნის მოგებით მიპასუხა.
– ჩემს ბლოგს კითხულობ. გამოდის, რომ იცი.
უეცრად კეფაში ბალიში მომხვდა და ძირს დავარდა. ბალიშს დავწვდი და რეზის ვესროლე. სიცილით აირიდა.
– კარგი, გავალ. დაისვენე, – ფეხზე წამოვდექი. ხალათიან რეზის ბალიში მკერდზე მიეხუტებინა და ფეხის თითებს ათამაშებდა.
– მაშინ დავიძინებ.
შემეძლო უნივერსიტეტში წავსულიყავი. ერთ ლექციას მაინც დავესწრებოდი, მაგრამ შინ დარჩენა და რეზისთან ყოფნა ვამჯობინე. საღამოს სიცხე ისევ აუწევდა და მერჩივნა აქ ვყოფილიყავი. უცნაური ის იყო, რომ ბიჭს ასეთი მაღალი სიცხე ჰქონდა და არც ყელი სტკიოდა და არც სურდო აწუხებდა.
ვმეცადინეობდი, მაგრამ რეზიზე მეფიქრებოდა. ის მომენტი მედგა თვალწინ, ახალგაღვიძებულზე რომ აღმოვაჩინე, თურმე მის გვერდით ჩამძინებია. რეზი კი შუბლით მეხებოდა. თავის ოდნავი მობრუნება მჭირდებოდა და ისე ახლოს აღმოვჩნდებოდი მასთან, რომ... კიდევ კარგი, რომ არ მივაბრუნე. კიდევ კარგი, რომ რეზის დედის კაკუნმა გამაღვიძა, რამაც მაიძულა სწრაფად ავმდგარიყავი. მაგრამ ახლა ხელს აღარაფერი მიშლიდა და მეც ვეღარ ვაკონტროლებდი ფიქრებს. უკვე იმდენჯერ ვნახე შიშველი რეზი, უნებურად ისე ახლოს აღმოვჩნდი მასთან, აღარ შემეძლო თავის მოტყუება, თითქოს მისი სიახლოვე არ მაღელვებდა. იმდენი ხანი იყო სექსი არ მქონია, აღარც კი მახსოვდა, რა განცდა იყო. ახლა ყველაზე მეტად სექსი მჭირდებოდა, თუმცა, ყველაზე ნაკლებად, რეზისთან ურთიერთობის გაფუჭება. იმიტომ კი არა, რომ მომწონდა, არამედ იმიტომ, რომ კარგი და საინტერესო ადამიანი იყო და გული დამწყდებოდა, რომ დამეკარგა.
ორი საათის შემდეგ ფრთხილად მივუკაკუნე კარზე. პასუხი არ გამცა. მაინც შევაღე კარი და შევიხედე. ეძინა. გამიხარდა საწოლში რომ ჩაწოლილიყო. კარი გამოვიხურე და ჩემს ოთახში დავბრუნდი. სწავლას გულს ვერ ვუდებდი. „ტალღებთან მებრძოლი“ ჩავრთე და თითქმის სამი საათი ისე ვუყურებდი ლარს ფონ ტრიერის ფილმს, დაძაბულობისგან არც კი გავტოკებულვარ. ფილმი დამთავრდა, ლეპტოპი გამოვრთე და ამ დროს გავიგონე, როგორ გამოვიდა რეზი ოთახიდან.
– როგორ ხარ? – ვკითხე სავარძელზე მიწოლილ ბიჭს. თბილი ტანსაცმელი ჩაეცვა..
– სიცხემ ისევ ამიწია, – თქვა და რამდენჯერმე წამოახველა.
– დალიე წამლები?
– ჰო. გინდა რამეს ვუყუროთ? ვეღარ ვიძინებ. კითხვა თავს მატკიებს, ხატვის ნერვები არ მაქვს...
– კარგი, – ღიმილით დავეთანხმე. ისეთმა შეწუხებულმა მთხოვა, მგონი ეშინოდა, უარი არ მეთქვა, – რას ვუყუროთ?
– რა ვიცი. „შრეკს“... – თქვა და ზუსტად ჩექმებიანი კატასავით დაუმრგვალდა თვალები.
– რომელ ნაწილს? – ვცადე არ გამცინებოდა.
– პირველს.
– ლეპტოპს მოვიტან.
კომპიუტერი ტელევიზორს შევუერთე და მულტფილმი ჩავრთე. ტელევიზორში DreamWorks Animation–ის ლოგო გამოჩნდა. ფილმი დავაპაუზე და საძინებლიდან ორი პლედი გამოვიტანე.
– მადლობა, – რეზიმ პლედი გადაიფარა და ფეხები მოკეცა, მეც რომ დავმჯდარიყავი. ფილმი კვლავ ჩავრთე და გვერდით მივუჯექი. პლედში გავეხვიე და კომფორტულად მოვეწყე.
– ფეხები გაშალე, თუ გინდა, – ვუთხარი რეზის.
– არა, იყოს. კარგად ვარ.
გამიკვირდა, მაგრამ მულტფილმს ბოლომდე უყურა, თუმცა თვალებს ისე ხშირად ახამხამებდა, აშკარად ეძინებოდა.
– მე აქ დავიძინებ, რა, – მითხრა როდესაც ფილმი გამოვრთე.
– საწოლში არ გირჩევნია?
– არა, კარგად ვარ ასე. ოღონდ ტელევიზორი დაბალ ხმაზე ჩამირთე, მალე დამეძინება.
გამეღიმა. ლუკასავით მასაც უყვარდა ჩართულ ეკრანთან ძილი.
ლეპტოპი გამოვრთე და ტელევიზორში არხების არჩევას შევუდექი. საინფორმაციო გამოშვებებს და საპნის ოპერებს გადავახტი, ბოლოს ერთ არხზე დოკუმენტურ ფილმს მივაგენი შავ ხვრელებზე, ხმას ჩავუწიე და რეზის გავხედე, რომელსაც უკვე თვალები ეხუჭა. პულტი იქვე დავუდე იატაკზე, მალე რომ ეპოვა და მეორე პლედიც გადავაფარე. თვალები არ გაუხელია, თუმცა ტუჩები ოდნავ შეარხია მადლობის სათქმელად. თავი ვეღარ შევიკავე და შუბლზე ხელი მივადე. მომეჩვენა, რომ სუნთქვა შეეკრა. ცხელი იყო, თუმცა საგანგაშოდ არა.
– ღამე მშვიდობისა, – ვუთხარი და ისე, რომ მის პასუხს არ დავლოდებივარ, საძინებელში შევედი. პასუხს მაინც ვერ გამცემდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი talia

ძალიან მომწონს ეს მოთხრობა, ყოველ დღე შემოვდივარ ხოლმე იქნებ დაიდო, ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ. smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent