შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 19)


19-02-2018, 00:30
ავტორი linda
ნანახია 919

დალიჰარი (თავი 19)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-=-=-=-=-
თავის თემა: "If only you knew how much I love you" by Eficio Cross




-*-*-*-*-*-*-*-19
დღის მხევლის თვალისმომჭრელი წრე სისხლით მწიფე ღრუბლებში იბანებოდა და კუტკალიები ნებივრად დაამღერებდნენ ძილისპირულს ჭვავის უმწიფარ ყანაში, როცა უპტეითის ტომის სამფლობელოსაკენ მიმავალ გზას ბედაურთა ფლოქვებმა აუდინეს ბდღვირი. ზოლ-ზოლად დაფლეთილიყვნენ ლურჯად დაფერილი ღრუბელნი, სიოში დარწეულ ჭვავის ქორფა თავთავთა შორის იღვრებოდა სულთმობრძავი სინათლე მზისა და ამხედრებულ ამალას ცრეცდა ნარინჯისფრად.
მათრობელა გახლდათ სურნელი მეხუთე მთვარისა, ჰასსეს პირისახეს რომ მოსდებოდა. ხალვათად მოკაზმულიყო მემკვიდრე სრორდის ტახტისა, ქათქათა ჩითის ხალათ-შარვლითა და ოქროსფერი ლაბადით შემოსილიყო. ძვირფასეულობა არა ეპყრა რა მეფისწულს, მხოლოდღა საგვარეულო ბეჭედი უმშვენებდა მარჯვენა არათითს, თუმცაღა არარა გახლდათ ვოლფრამთა დიდკაცური მოკაზმულობა იმ მეფური მზერის წინაშე, ჰასსეს თვალებიდან რომ გამოსჭვიოდა. ოცდათორმეტი ზამთრისა სრულდებოდა მეფისწული, და გამუდმებით ჩურჩულებდნენ ვოლფრამთა დარბაზში აღტაცებულნი თავადნი, მეფეს ტახტის გადალოცვა განუზრახავსო.
სრორდის მიწებს ჩამოუვლიდა მეფისწული ჟამიჟამ, ეწადა ქვეყნის ხალხთა ყოფა ეხილა. მხოლოდღა თითო-ოროლა თავადსა და მხედართ იყოლებდა ამალად, ჩუმი, საიდუმლო და მსუბუქი იყო მგზავრობა მისი.
ჰასსეს სტყორცნა მზერა ოცდახუთი ზამთრის ანდრეიმ. ძმის გვერდით ამხედრებულიყო იგი, ბნელი ღრუბელი მოსდებოდა მის პირისახეს, რამეთუ დიადი იყო საფიქრალი მისი, მძიმე ვითარცა ათასი საწყაო და სულშემხუთველი ვითარცა უკიდეგანო ოკეანე. ფიქრებს მიეცემოდა იგი, თუმცაღა მათ თავადი სამუელისა და გაბრიელის უდარდელი მასლაათი, კუტკალიათა ჭრიჭინი და ბედაურთა ნალთა წკარუნი უფრთხობდა, სანამ ისინი ჩორთით მიუყვებოდნენ მოკენჭილ, ხრეშიან გზას.
მონაბერი სიო ღრმად შეისუნთქა ჰასსემ. მშვენიერი იყო უპტეითის ტომთა სამფლობელო, ბრურგის ორ შტოს შორის მოქცეული, მთანი გადმოჰყურებდნენ ამაყად ზემოდან. ჭვავის ყანებს, სიოში დარწეულ შეფოთლილ ხეებსა და დღის სამუშაოთი მოქანცულ გლეხთა ხალისიან ღიღინს აღევსო ჰაერი, მომავალი ცრუღამის სიგრილე რომ შეჰპარვოდა. დასავლეთს უმზირა ჰასსემ, სადაც ღრუბელთა მიღმა ეწადა მოფარება მზის მხევალს, ხეთა შორის დაფატრული ალისფერი შუქი მოედო მეფისწულის პირისახეს.
მოახლოვდა დაგუდული ფუსფუსი უპტეითის ტომისა, გლეხთა ნარინჯისფრად დაფერილი სილუეტნი აღიმართნენ ხის ქოხთა შორიშორს, გამომწვარი თიხის სახურავებს თითქოს ცეცხლი ეკიდათ. გზის გარშემო აღმართულ ხეხილზე, ფოთოლთა შორის მიმალული ბალღები დალანდა ჰასსემ, მისასალმებლად ხელი აღმართა და შეჰღიმა მათ.
დიდგვაროვანი მოემართებაო, გადასძახეს ერთურთს, აიტაცა მათი წკრიალა ხმა სიომ, თითქოსდა ზარი რეკსო ამ უჩუმარ დღეს, და უპტეითის ტომის ქოხებს მოსდო იგი. გამოეფინნენ შუკებს ცნობისმოყვარე გლეხნი, ამალას მიაპყრეს თვალნი.
ჩამოხდა და მათ მიუახლოვდა ჰასსე, მიესალმა, სტუმარნი გეწვიეთო ჩრდილოეთიდან.
რამდენიმემ უმალ შეიცნო მეფისწული სრორდისა, მუხლი მოიყარეს მის წინაშე.
-ჰოი, მეფისწულო, რაოდენ ბედნიერი დღე გაგვითენდა! - დასძახა ერთმა, უზომო სიხარულით გამსჭვალულიყო მზერა მისი. - ღმერთთა ღმერთმა ალიჰამ გადმოგვხედა, მოიწადინა დალოცვა ჩვენი, მზის სხივი მოგვივლინა უპოვართ!
მოახლოებული ცრუღამის სიწყნარე, მძიმე შრომით აღსავსე მზის დაღლილობა რომ გასდევდა, ანაზდად გაიფანტა ჰაერში. მეფისწულის სახილველად დასტოვეს ქოხები, ბაღჩები თუ ყანები, შემოეჯარნენ მემკვიდრეს სრორდისა, მათი ბედნიერი შეძახილებით აღივსო მათრობელა ჰაერი. დაფაცურდნენ დედაკაცნი და ჟივჟივი ასტეხეს ბალღებმა, ხეხილს შემომსხდარნი დაჰყურებდნენ დიდგვაროვანთა ამალას.
მოკრიალებული ცის კამარის ქვეშ დაანთეს კოცონი და გაშალეს ტაბლა, საჩეხეში აბღავლდა საკლავი. საჩქაროდ ჩამოატყავეს, სისხლი დაადინეს და გამოშიგნეს სამი ნასუქი თხა, ვეებერთელა თუჯის ქვაბები შემოდგეს ცეცხლზე ხორბლის მოსახარშად და ველურ ყვავილთა დასაკრეფად გაგზავნეს ბალღები. აღფრთოვანებული ყიჟინითა და ფერად-ფერადი თაიგულებით მორთეს ბალღებმა ტაბლა, მეფისწულთა გარშემო ლამობდნენ შემოჰჯარვას და მათთვის გაუგებარი, თუმცაღა მაინც გულწრფელი სიხარულით აღსავსენი აწვდიდნენ მათ ყვავილებს.
ჩაინავლა სინათლე დღის მხევლისა დასავლეთში, მხოლოდღა სისხლისფერი მრუდი მოსჩანდა ქარში მოჩურჩულე ჭვავის თავთავთა შორის, იასამნისა და ვარდის ფურცელნი მოეფინნენ თითქოს ცას. წარბი შეჰკრეს ღრუბლებმა, ჩამუქდნენ, მაგრამ ჩუმი და უწყინარი იყო მრისხანება მათი, მხოლოდ მცირე ნაგლეჯი ცის კამარაზე, რომელზეც მთვლემარე ვარსკვლავნი ახელდნენ თვალს.
ჩამოდგა ცრუღამე და დაცარიელდნენ ბაღჩათა ქორფა მონაგრით სავსე მათლაფები, დამჭლევდნენ ქერის ნაწურთა ნასუქი ტიკჭორები და ძვლებამდე გაილია საკლავი, თუმცაღა არ ცხრებოდა მოლხენა უპტეითის ტომთა ხალხისა. არხეინად დაამღერებდნენ ისინი, მადლიერნი ღმერთთა წინაშე, შეჰღაღადებდნენ მათ და ლოცავდნენ სრორდიდან მოვლენილ ამალას, ვითარცა ზეციდან მოევლინენო ისინი. სიუხვე მოაქვსო მეფის პირმშოს ფეხსაო, გაჰყვიროდნენ ისინი და მოხარული ცეცხლით ენთო უპტეითის სამფლობელო, ვითარცა სინათლეთა ქალაქი ზრეა.
ტაბლას თავადობდა ჰასსე. მარჯვნივ ანდრეი უმშვენებდა ხელს, მარცხნივ თავადი გაბრიელი და ისე მისწოლოდა იგი სკამს, თითქოსდა სრორდის ტახტზე მოსვენებულაო. ღიმილი მოჰფენოდა მეფისწულის პირისახეს, რომელსაც მოლხენის სხივი გასდევდა ძარღვად, თუმცაღა ვერ მისწვდენოდა იგი მის თვალებს. მხოლოდ სამჯერ მიჰკარებოდა ქერის ნაწურით აღსავსე ფიალის ტუჩი მის ბაგეს, და მუდამ სავსე რჩებოდა მის წინ მდგარი მათლაფა. მოლოდინს აღევსო მეფისწულის გონება, უპტეითის ტომთა შორეული კუნჭულისადმი მიმართულს, და იცდიდა იგი, სანამ მუქ ლურჯად არ დაიფერა ცის კამარა, თითქოს მელანი მოასხესო და მასზე მიმობნეული მარგალიტებივით არ აბრწყინდნენ ვარსკვლავნი.
შეთვრნენ გლეხნი, ცეცხლს შემოერტყნენ რკალად როკვით. სიმიანი საკრავი ააჟღერეს ახალგაზრდა ქალიშვილებმა, დაამღერებდნენ ღმერთებისადმი სამადლობელს და შეფარვით უმზერდნენ დიდგვაროვანთ სრორდისა. ტომის უხუცესი შორიახლოს მიუჯდა თავადებსა და მეფისწულებს, ფიალას ფიალაზე სცლიდა და მომლოდინე თვალს აპარებდა ჰასსესაკენ.
ღამეში ჩადნა მწუხრი და გრილი სიო მოედო ჰაერს, როცა წამოდგა ჰასსე. მას მიჰყვა უხუცესი, განაცხადა, მოსვენება ესაჭიროებათო სტუმართ, დედაკაცებს ქვეშაგებთა გაშალა უბრძანა. მემკვიდრეს სრორდისა მე მივაცილებო მოსასვენებლად, მოჭრა მან და შეფარვით ანიშნა ჰასსეს, სწრაფად განარიდა იგი ატეხილ ფუსფუსს.
ვითარცა ეული სანთელი ბნელი ოთახის წინაშე, წყვდიადში დაიღვენთა სინათლე კოცონთა, ვარსკვლავთა და მიმობნეულ ჩირაღდანთა ამარა დარჩა ჰასსეს გარშემო გავსებული ღამე. მკვირცხლად, ვითარცა ვირთხა, შუკებში გაძვრა ტომის უხუცესი, კუთხეს მოფარებული დედაკაცისაგან აიტაცა გამომწვარი თიხის ლამფა. პატრუქი ნარინჯისფრად ალიცლიცდა მის ხელში, და უმალ მოჰხედა ჰასსეს, წელში მოიხარა და ჩასჩურჩულა, მომყევით, მეფისწულოო.
გაშლილ ტაბლასთან გამართული ღრიანცელი დაგუდულ გუგუნად იქცა და თითქოსდა უფრო მაღლა აიზარდნენ ცის კამარას შებჯენილი, უპტეითის სამფლობელოს გამოფარებული მთები, როცა ნაბიჯი შეანელა უხუცესმა. პაწაწინა, ტყრუშული ღობით განცალკევებულ ქოხზე მიუთითა მან, ლამის მიწამდე დახარა ჭაღარა თავი და მიუგო, გელითო დედაკაცი შინ.
მიუახლოვდა ქოხს ჰასსე. ცეცხლის ტკაცუნი გაისმოდა შიგნიდან, ჰბოლავდა ჭერზე გამოჭრილი სარკმელი, სანდალოზის ხის სურნელება მოსდებოდა არე-მარეს.
ბაგე უთრთოდა მეფისწულს, პირქუში იყო პირისახე მისი და მუშტად შეჰკვროდა ხელები.
ამოისუნთქა მან და შეაღო კარი, მსწრაფლ შეაბიჯა.
უმალ ასწია თავი ცეცხლის პირას მჯდარმა დედაკაცმა. შავი აბრეშუმით შემოსილიყო იგი, ჭაღარა კულულები აეკრიფა კეფაზე და გამჭირვალე აბრეშუმის რიდე ჰფარავდა მის პირისახეს. მაგრამ მაინც მოსჩანდნენ მისი თვალები, ნაოჭებით შემოჰჯარული და სიბერით დანისლული, თუმცაღა მაინც გამჭრიახი, ძვალ-რბილში გამტანი მზერით.
კართან შეჩერდა ჰასსე. უჩუმრად დასცქეროდა იგი დედაკაცს, რომელმაც ამაყად ასწია ნიკაპი, თითქოსდა არ მოიდრეკსო თავს მომავალი მეფის წინაშე.
-რაოდენ უხვნი და მოწყალენი არიან ღმერთები, რამეთუ სრორდის პირველი ვაჟის ხილვით დამაჯილდოვეს! - სიჩუმე დაარღვია დედაბერმა. არ იძვროდა ჰასსესაკენ მომართული მზერა მისი. - მაშა, მეფისწულო? რახანია არ მიხილავს პირისახე შენი, მხოლოდ სიზმრებში გიხილე... რაოდენ გაზრდილხარ, კაშკაშაა ვარსკვლავი შენი!
-ვუწყი, თუ რას ფიქრობ ჩემ ვარსკვლავზე, ბაბალ-ქაან. - მიუგო ჰასსემ. - ვუწყი, თუ რას გაუწყებენ ხილვანი შენნი.
წარბები აზიდა ბაბალ-ქაანმა, თავი მოდრიკა, თითქოსდა ქათინაურს იღებსო.
-ანდრეი აქაა, ამ ცის ქვეშ. - თქვა მან.
-ჰოი, წყეულო! - შეჰსისინა ჰასსემ. - თუკი წადილს ამჟამს ამიხდენდნენ ღმერთები, კვლავ ბელთათინში იქნებოდა იგი...
-პატარა ბიჭო. - შეჰღიმა ბაბალ-ქაანმა. - აღმართულხარ, დიადი, მძლავრი და უტოლსწორო, მაგრამ უსუსური, ვითარცა თავთავი ქარიშხლის წინაშე. თავი ვერ წაგგლიჯა მან, მაგრამ ნაყოფიერება შემოგძარცვა, დაგტოვა ეულად უეჭველი სიკვდილის წინაშე...
მშვიდად შეაცქერდა ჰასსე, თითქოს სიწყნარე მოუტანაო მისმა ნათქვამმა.
-ჩემი სიცოცხლე ხანმოკლე იქნება, თუმცაღა არა უნაყოფო. - მიუგო მან. - მხოლოდღა შენი დამპალი, შხამიანი თესლი წარმოგიდგება მონაგრად შენს გონში. სუაგრამ და ნიჰიდამ გშობეს ამ მიწაზე, და მათი რუხი ღრუბელი მოსდებია ყოველივეს, რასაც თვალსა და ხელს დაადებ...
-უმაქნისო, უვიცო ბიჭო! - დასძახა ანაზდად ბაბალ-ქაანმა. ნაკვთები მოეღრიჯა, აენთო ლიბრგადაკრული თვალები. - თუკი შენი პაწია, ბალღის თავით ჰგონებ, რომ საუბარი შენი შესძრავს ჩემს სულს და სიმართლის ნაპერწკალი ურევია მასში, მაშ აქვე გამაცამტვერონ ღმერთებმა, ნაცარტუტად დაფშვნან ჩემი ბებერი ძვალნი და ამ წყეულ მიწაზე დამანთონ ცეცხლად... მე მხოლოდღა ზეციურ წადილთა შიკრიკად ვიქეცი, ჰასსე, ურყევნი არიან ისინი, რამეთუ ბედად დასწერილან. სამეფონი უნდა შეერთდნენ, თუმცაღა არა შენი გვირგვინის ქვეშ...
-რაოდენ მაცდურნი არიან სიტყვანი შენნი, ვითარცა თაფლი უხსენებელისა პირში. - მიუგო ჰასსემ. - რად მოსულხარ აქ, ბაბალ-ქაან? წარვედ, მიჰხედე წითელ მეფისქალს ამფაკართა...
-მწადია ვიხილო აღსრულება ღმერთთა წადილისა. - თქვა დედაკაცმა. - მე მხოლოდღა მათი ნების აღსრულება მწადია, ჰასსე. ვუწყი, რომ გსურს იხილო სრორდი ვითარცა ძლიერი და უტოლსწორო, წალკოტი ამ წყეულ მიწაზე, რომლის სიდიადეზე მოისმენენ ბალღნი, განსჯიან კაცნი და ამბად მოჰყვებიან მოხუცნი, სიდიადეზე, რომელიც ისეთივე დაუდგრომელი და ყოველივეს წამლეკავია, ვითარცა დიდი ბრურგი...
-მაგრამ არ მკითხავ, თუ ხილვა მწადია მისი. - მიუგო მეფისწულმა. - რამეთუ არ ძალმიძს სრორდს შევძინო ის სიდიადე, სისხლით მორწყულ მიწასა და გაციებულ კერებს რომ შემთხოვს მსხვერპლად...
-მუდამ სუსტი იყო გული შენი, ჰასსე. - თქვა დედაკაცმა.
-თუმცაღა ლაჩრობას ვერ დამწამებ, ბაბალ-ქაან. - მიუგო ჰასსემ. - არა ძალგიძს ჩემდამი ცილისწამებას მოჰხვიო ბაგენი შენნი...
-ყოველივე ცოდვის, გაცუდებული კაცისა და წყვდიადში დაღვენთილი სანთლის შემოქმედად მე მთვლი, ჰასსე. - შეჰღიმა დედაკაცმა. - რად გგონია, რომ არ ძალმიძს ხმა აღვიმაღლო და სიბილწენი დაგწამო?
-ჩემთვის არასოდეს მოგიწოდებია შხამი, მისით აღსავსე ოქროს ფიალა არ მოგიტანია ჩემს ბაგესთან. - სიმწრის ღიმილმა შეუკრთო ბაგე ჰასსეს. - მე მხოლოდღა შემომაფურთხეს იგი.
გადაიხარხარა ბაბალ-ქაანმა. მჭახე იყო ხმა მისი, მყივანა და გულგამგმირავი, თითქოსდა გაჰკივისო დიაცი.
-იშვიათნი არიან კაცნი, რომელთა გულნი კვლავ უმწიკვლონი არიან. - თქვა მან. - რომელთაც შეჰხებიათ სიმწარე ამ წყეული, დამზრალი მიწისა, შეჰხებიათ სისხლი, ფუფუნება, დიადი გვარი, სისასტიკე და ძალაუფლება... - ნაკვთები შეუთრთოლდა დედაბერს, შეჰკრა წარბი, თითქოსდა ახალი საწუხარი მოედოთო ჟამგამოვლილ ნაოჭებს.
-მაგრამ ჰგონებ რომ სუსტია გული ჩემი. - მიუგო ჰასსემ. - სცდები, დიაცო... წაბილწული გული მხოლოდ წაბილწულთ ჰხედავს, ბნელი, მყიფე და გაუსაძლისია სამყარო მისი.
უმზირა მცირე ხნით ბაბალ-ქაანმა, არას ამბობდა, თითქოს რაღაცას ეძიებსო მეფისწულის თვალებში და საპასუხოდ გაუსწორა თვალი ჰასსემ.
-მუდამ უბედური იყო ვარსკვლავი შენი. - წაიდუდუნა ბოლოს დედაბერმა. - სუაგრასა და ნიჰიდას დაღი ესვა ზედ, თითქოსდა ჰეიგლშარის მყრალმა სუნთქვამ შეათრთოლა და მოანაოჭაო იგი... მალე წახვალ, ჰასსე.
თავი აზიდა ჰასსემ. სევდა მოედო მის პირისახეს, თუმცაღა სიმშვიდის ელფერი ვერ დაუკარგა მას. წამიერად ძალიან ახალგაზრდად მოსჩანდა იგი, მისი სუფთა, ფერმკრთალი პირისახე, მბზინვარე შავი კულულები და სიბნელე მისი ღრმა, უკიდეგანო თვალებისა, ავდრის ზღვას რომ ჩამოჰგავდა.
-ვარსკვლავთა ძახილს არ ვსაჭიროებ. - თქვა მან ბოლოს. - ვუწყი, თუ ვის ხელშია ჩემი აღსასრული. ვუწყი, თუ ვისი მახვილს დაედინება ჩემი სისხლი...
რაღაც გაკრთა მოსაუბრეთა შორის, უჩუმარი, ხელუხლებელი, ვითარცა გულიანად დაგდებული ყური.
-სრორდი შენი ფეხის მტვერს ეამბორება, ჰასსე. - თქვა ბაბალ-ქაანმა. - მაგრამ არ ძალუძს არავის, არასოდეს, გაგება იმისა, თუ რაოდენ დიდი ძღვენი გაიმეტეს ღმერთებმა მათთვის.
-ძღვენი თუ სამსხვერპლო საკლავი, ბაბალ-ქაან? - ბაგე შეუთრთოლდა მეფისწულს. ცეცხლი აენთო თვალებში, უფრო მძლავრი, მწველი და მიმზიდველი, ვიდრე ცეცხლი ქოხისა, ვიდრე კოცონი უპტეითის ტომისა, ვიდრე თვით დიდი ქალაქი ზრეა.
-დაე გზანი შენს სიცოცხლეთა ვარდით იყოს მოფენილი. - უთხრა ბაბალ-ქაანმა.
-მხოლოდღა ერთ გზას ვხედავ. - მიუგო ჰასსემ. - და თუკი ვარდითაა იგი მოფენილი, მაშ გული ჩემი ფეთქვას მათ ეკლებზე აღასრულებს.
ჩაიღიმა ბაბალ-ქაანმა, და თავი მოიდრიკა მის წინაშე. აბრეშუმის რიდე შეუთრთოლა ცეცხლის მწველმა სუნთქვამ, და მორჩილებით აღსავსენი სჩანდნენ მისი დახრილი თვალები.
შეტოკდა ჰასსე, როცა ანაზდად ნაბიჯთა ხმა ჩაესმათ მის ყურებს. ღამის წყვდიადისა და ყანების დაგუდული შრიალის იდილია გაფატრა ქოხს მოახლოებულმა სილუეტმა. უხუცესის სიტყვას არა უგდო მან ყური და თამამად შეჰგლიჯა კარი.
-ჰასსე! - შესძახა მეფისწულმა და ნაკვთები მოეღრიჯა ჰასსეს, ეწადა ძმას გადაჰფარებოდა, თუმცაღა უწყოდა, რომ ანდრეის მზერა უკვე დაეცა ცეცხლის პირას მჯდომ ბაბალ-ქაანს.
გამტკნარდა ანდრეი. სისხლი ჩამოერეცხა პირისახიდან, ნაკვთები შეუტოკდა შლეგივით და წაიფორხილა, შეტორტმანდა. ხელი სტაცა ჰასსემ, რომ მუხლებზე არ დაცემულიყო იგი წყეული გულთმისანის წინაშე.
-რაოდენ დამლოცეს ღმერთებმა! - ხელები აღმართა ბაბალ-ქაანმა, შეჰღიმა ორივეს. - ორი მეფისწული სრორდისა აღმართულა ჩემს წინაშე!
-წარვედ. - მიუგო ჰასსემ, გამომცდელად ჩააცქერდა დედაკაცის გაცრეცილ, დანისლულ თვალებს.
-შენს ხანჯალს რად არ იძრობ, პირმშოვ სრორდისა? - შეჰკითხა ბაბალ-ქაანმა. არ იძვროდა ღიმილი მისი.
-ბილწი არის ბაგე შენი, და ლამობ წამბილწო მეც, თუმცაღა ფუჭნი არიან მცდელობანი შენნი. - მიუგო ჰასსემ, იბრუნა პირი და ანდრეი მოარიდა წყეული გულთმისანის მზერას. - მე ხანჯალს არ ვსაჭიროებ, ბაბალ-ქაან.
ქოხიდან გაალაჯა ჰასსემ, ზურგზე მოჰხვია ანდრეის მკლავი და უმალ მოიჯახუნა კარი. უხუცესი იქვე მობუზულიყო, შიშით აღვსებოდა ლამფის შუქით განათებული პირისახე.
-დაბრუნდა იგი? - შეჰკითხა ანდრეიმ, მოუბრუნდა ძმას. ბაგე მოკუმა ჰასსემ.
-არა. - თქვა ბოლოს. - კვლავ ამფაკართა სამეფო კარს უბრუნდება.
-რად გადმოჰკვეთა ამფაკართა მიწები? რად ინება მიეტოვებინა შვილობილი მისი? - წარბი შეჰკვროდა ანდრეის, მიტკლისფერი პირისახე მისი მრისხანებით იფერებოდა. - რად ინება ამ მოუსავლეთში...
-მსწრაფლ ნათქვამი სიტყვანი ჭკვამოკლე ხალხთა ორპირი იარაღია, ანდრეი. - მოუჭრა ჰასსემ.
-შენი ხილვა ეწადა? - შეჰკითხა ანდრეიმ. უცხო ელფერი მოეფინა მის ნაკვთებს, ისეთი, როგორიც მისი ყრმობიდან აღარ ეხილა ჰასსეს. შეზარა ძმის პირისახემ და არა უთხრა რა საპასუხოდ მეფისწულმა, მხოლოდღა ზურგი აქცია, ქოხთა სახურავთა მიღმა, აბრიალებული კოცონის ათინათს მიაპყრო თვალი.
უმალ ქოხისაკენ გაემართა ანდრეი. აზვირთებულ ბრურგს ჩამოჰგავდა იგი, მოღრეჯოდა ბაგე და ცეცხლი მოსდებოდა მკერდზე.
კარი გამოგლიჯა მან.
ცარიელი იყო პირი კერისა. უდარდელად ლიცლიცებდა ცეცხლი, ალისფერს სდებდა გარემოს და კვლავ სანდალოზის ხის სურნელებით გაჟღენთილიყო არე-მარე, თუმცაღა არსად სჩანდა შავი აბრეშუმით მოსილი დედაკაცი, სიბერის ლიბგადაკრული, გამჭოლი თვალებით რომ იმზირებოდა.
-გზა ვრცელია ჩვენს წინაშე, ანდრეი. - თქვა ჰასსემ, ზღრუბლზე მილურსმულ ძმას, მის მრისხანებისაგან ათრთოლებულ მხრებს შესცქეროდა მშვიდად. - ღამე კი სულმოკლე და თვალთმაქცი. მოისვენე მცირე ხნით.
არ იძვროდა ანდრეი. უხუცესის მოწიწებითა და ჰასსეს სიმშვიდით აღსავსე მზერის მიღმა ერეოდა ჰაერს მრისხანე სუნთქვა მისი.
ბოლოს ქოხის კარი მოიქნია მან, მყიფე კედლები შეაცახცახა. იბრუნა პირი, არც კი შეჰხედა ჰასსეს და უკანმოუხედავად მიაშურა შუკებს.
მცირე ხნით მის სილუეტს უცქერდა ჰასსე, სანამ იგი წყვდიადში არ გაიღვენთა. სევდას აღევსო მზერა მეფისწულისა, სევდასა და სიმშვიდეს.
ცის კამარას მიაპყრო მზერა ჰასსემ. დასავლეთით შექუჩებულიყვნენ ღრუბელთა ნაგლეჯნი, თითქოსდა სიოს გაურეკავსო ისინი, ვითარცა ფარა ცხვრისა. უსაშველოდ ლურჯი იყო ზეცა, და უსაშველოდ შორი თაღი მისი, მიწას ეამბორებოდა ჩახჩახა ვარსკვლავებისა და მთვარის გალეული ჩონჩხის სინათლე.
-მეფისწულო... - შეჰკადრა ტომის უხუცესმა, სანახაობას მოსწყვიტა იგი.
-დიახ... რასაკვირველია. - წაიდუდუნა ჰასსემ. - მაშ, უნდა გამიძღვეთ წინ, უხუცესო.
უმალ დაფაცურდა ბერიკაცი, მისი ლამფის პატრუქის ლიცლიცს მიჰყვა ჰასსე.
მზერა სწვავდა ზურგს, დანისლული, თუმცაღა მუდამ გამჭრიახი, მაგრამ არ მოუხედავს უკან.
ლიცლიცებდა უდარდელად უპტეითის სამფლობელო, და უჩუმარი იყო მოძალული, მელნისფრად დაფერილი ღამე.


-*-*-*-*-*-*-*-
მეთორმეტე მთვარის ქათქათა, ყინულოვან სუნთქვას მოეცვა უწყლო ჩრდილოეთის მიწები. თითქოსდა უჩუმრად, უდრტვინველად უშვირაო დედაბუნებამ ღაწვი მისი პირველი თოვლის სპეტაკ ბაგეს, ისე შესცვალეს დღისა და ღამის მხევლებმა ათჯერ ერთურთი, და დადუმებულიყო ყოველივე გარშემო, ნეტარ განცხრომას მისცემოდა სულიერი თუ უსულო. მიტკალივით გაფითრებულიყო ცის კამარა, ღრუბელთა ფერმკრთალ მოსასხამში გამოხვეულ მზეს ჰფარავდა იგი. არ ენება უწყლო ჩრდილოეთის მიწების დადაგვით გადაღლილ დღის მხევალს ხილვა ცოდვიანი მიწისა, მხოლოდღა ცის კამარას მიკრულ ღრუბელთა გადახლეჩისას მიისწრაფვოდა მიწისაკენ ოქროსფერი სხივი. ვითარცა კვირტს, მასაც მალევე ჰკვეთდა ძირში მთათა თავზე ატეხილი ქარი, რომელიც უდარდელად მიერეკებოდა სპეტაკ ბურუსს.
თეთრად გადაეპენტა შეუყოვნებელ თოვას ქროუსალის ტყე, მოძალულიყო ყინვა და თითქოსდა რძისფერი ყინული გადაჰკრავსო ყოველივეს, მბრწყინავი ჭირხლით დაეფარა შემოგარენი. სიწყნარეს მოეცვა ქროუსალის ტყე და მის მიღმა გადაჭიმული მთანი თუ ბარნი, ტყის ბინადართა სიმღერა და შორს, შორს, დიადი ბრურგისა და მის მწირ შენაკადთა დაგუდული დუდუნი აეტაცებინა სუსტ სიოს, მკრთალ ნახმევად სდებდა არე-მარეს.
თუმცაღა, სპეტაკი საფარველი მეთორმეტე მთვარისა ვერ დაჰფარავდა, ვერ წარიტაცებდა იმ მეწამულ სასაკლაოს, რომლის სისხლითაც დამბალიყო ქროუსალის ტყის მიწა. ვითარცა სუდარა, გადაჰფარებოდა ამბორი ფანტელებისა იმ ბედშავთა სხეულებს, რომელთაც უდროოდ დაელიათ სული სრორდისა და ერქანთა სამფლობელოს უბადლო მეომართა მახვილთა ქვეშ. ვივიენ ქალის მიერ შეკრებილი ამფაკართა თორმეტი მეომრიდან მხოლოდ ერთსღა შერჩენოდა სუნთქვა მკერდში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეჰბედა მან ხმლის აღმართვა ზაჰრასა და ანდრეის.
ქროუსალის ტყის ტევრში გამქრალიყო იგი, და ამფაკართა სამფლობელოს გზას დასდგომოდა უკანმოუხედავად.
ჩუმად გლოვობდა იმ ღამით დანთხეულ სიცოცხლის ალისფერს დედაბუნება, როცა თერთმეტი გვამი განზე გადაათრიეს და მომცრო ჭალაში ჩაუძახეს მეფისწულმა და ბაჰირელმა დიაცმა. გულში წამიერად გაივლო მეფისწულმა, რომ საფლავი გაეთხარათ და მისთვის მიებარებინათ ლეშნი მეომართა, თუმცაღა მეთერთმეტე მთვარის შეუბრალებელ სიცივეს ქვად ექცია მიწა. ნეშომპალით დაჰფარეს მკვდარნი, ჩაანავლეს კერა და მიმართეს გზას.
და ვრცელი იყო გზა, ვრცელი და უკაცრიელი, მხოლოდ ჩირგვნარში მიმალულ გნოლთა კაკანი, ხარირემთა შორეული ყვირილი, ხეთა შორის სიოს სტვენა და დუმილი დათოვლილი ტყისა დასწვეოდათ მეგზურად. წყურვილს უხვად იკლავდნენ დამაშვრალნი თიხის ფიალებში დახვავებული თოვლით, თუმცაღა შაარ-ჰაფადან წამოღებული საგზალი, და ბედაურთათვის წივა გაჰქრა თვალსა და ხელსა შუა. მესამე მზის მიწურულს მიილია ბოლო ნარჩენი მცირეოდენი ხილისა და ხორცისა, გამოიფხიკა ხურჯინები და შიმშილმა ჩასჭიდა თავისი უწყალო კლანჭები მოგზაურთ.
იმ ღამით, როცა იძალა თეთრ ღრუბელთა საფარველის შუქმა და მომცრო ბანაკი დასცეს მის ქვეშ, ჩირგვნარში მთვლემარე ორი ნასუქი გნოლი რის ვაივაგლახით მოინადირა ზაჰრამ, თოვლის სპეტაკ სუდარაზე აღუებული, შეჭირხლული კენკრა ჩამოჰკრიფა. პატარა ცეცხლზე შეწვეს ფრინველნი და პირწმინდად გასცალეს ხორცისაგან, თუმცა მომცრო გნოლებსა და დათრთვილულ კენკრას არ ძალუძდათ შეკავება იმ სიცარიელისა, ხურჯინებსა და მუცლებში რომ დაესადგურებინა და იმზირებოდა ავი თვალებით.
მეხუთე მზისას შემეჩხერდა ტყე, და დაჰბერა ულმობელმა ქარმა, რამეთუ ხეთა ტევრს ვეღარ შეეკავებინა იგი. ამაღლდა სპეტაკი საფარველი ნიადაგისა, რამეთუ კვლავ ნებივრად ეკონებოდნენ ფიფქები მიწას. რის ვაივაგლახით მიიწევდნენ ოფლში გაღვრილი, გვერდებაქაფული, არაქათგამოცლილი ბედაურნი გაყინულ თოვლში, რამეთუ მუხლს ჰფარავდა იგი და ფუძე მისი მოეყინა გაყამირებულ მიწასა და ულმობელ ქარს. გზის გასაკვალად ჩამოხდა ანდრეი, მიარღვევდა იგი თოვლს და ნაკვალევი მისი ქცეულიყო ტყის მკვეთ ერთადერთ ძაფად.
იძალა ღრუბელთ გამოქცეულმა სინათლემ. ყოველი ნაბიჯისას ნაკლებ ვარჯსა თუ ხეთა სქელ ზროს ეხეთქებოდა იგი, სანამ არ დაჰფარა ყოველივე და პირისპირ აღუდგა მოგზაურთ, თვალისმომჭრელად ააბრწყინა ქათქათა არე-მარე. თეთრად ბრწყინავდა პირმობრუნებული მხევალი მზისა ნაცრისფერ ღრუბელთა შუა, ეფინებოდა შემაღლებულ ქროუსალის ტყეს და დაღმართის მიღმა გადაშლილ ჭალას, რომელშიც ხეთა მცირე ტევრთა შორის მდორედ მიიკლაკნებოდა მომცრო შენაკადი ბრურგისა, ვითარცა მზის გულზე მონებივრე გველი. ცარცოვან მთებს დაეფარათ თვალსაწიერი, და შუაზე ხლეჩდა მათ ხეობა შენაკადისა, რომელიც იკარგებოდა შორეულ ბურუსსა და კაცის თვალის მიერ მიუწვდენელ მიწებში.
ჰქროდა სუსტი სიო, და თუმცაღა უდრტვინველი სჩანდა გზა თოვლისა მიწამდე, უჩვეულო ფორიაქი ჩასდგომოდათ ძვლებში მოგზაურთ. მეცხრე მზისას აჰხედა ტყვიისფერ ზეცას გიუნტერმა და განაცხადა, ღმერთები უგზავნიანო უწყლო ჩრდილოეთს ქარბუქს, უცახცახებდა ბებერი ძვლები. დედაბუნების ფორიაქი სდევდა მათ თითოეულ სუნთქვას და თუმცაღა ძალუძდა ქარს სხივნი მზისა მოესპო კვირტში, ვერ განედევნა მას ნაცრისფერი ღრუბელი, რომელიც მათ ჩამოსწოლოდათ.
და, მეათე მზის მიწურულისას, როცა დღის მხევლის სისხლისფერში იგუდებოდა თვალსაწიერი და ყინვა უდარდელად დათარეშობდა ძვალსა და რბილში, წყლის პირას დაბანაკდნენ მოგზაურნი. შიმშილით გათანგულთ მხოლოდ წყლით ძალუძდათ მუცელთა ამოვსება, მცირე ცეცხლი გააჩაღეს ქვიან ნაპირზე და ბაჰირელი დიაცის დაკრეფილ კენკრას მიეძალნენ, რამეთუ უკან, ძეძვთა საიმედო საფარში დარჩენილიყვნენ იოლად მოსანადირებელი გნოლნი.
წყლის პირს მიმდგარიყო ზაჰრა. ძეგლივით უძრავი იყო იგი მოძალული ქარის წინაშე, ყინვისაგან აალებოდა ღაწვები და დაჰხეთქოდა ბაგე. არაქათგამოცლილს, სამოსში ჩამდნარი თოვლისაგან დაჟიებულსა და დამშეულს თვალები ჩასცვენოდა, თუმცაღა გამჭოლი იყო მზერა მისი და კვლავ მტკიცედ აბიჯებდა იგი. ამფაკართა ამალის სისხლით შეღებილი მისი ლაბადა მეწამულ ფარდად ტკარცალებდა მის გარშემო, როცა თავი აზიდა, შეისუნთქა ღრმად და შეიგრძნო უწყალო ამბორი ქარისა.
-ქარიშხალი უახლოვდება უწყლო მიწებს. - თქვა მან ანაზდად, და კოცონთან მსხდომარენი წამსვე მოუბრუნდნენ მას. - ერთ მზეში, როცა ჩაესვენება დღის მხევალი და მომლოდინე ღამის სევდა მოიცავს ყოველივეს, ბობოქრად მოვა იგი...
-გულზე წრეს გამოისახავ, დიაცო? - შეჰკითხა გიუნტერმა. მოსასხამებში გამოხვეულიყო იგი, გაწეწილი, შევერცხლილი კულულები მისი კრთოდნენ წყლიდან მონაბერ სიოში და გამომცდელი გახლდათ მზერა მისი, რომელიც ხან მის დისწულს და ხან ბაჰირელი დიაცის ზურგს უმზერდა. - ნუთუ სწორედ ისე მოხდება ყოველივე, ვითარცა შენ უწყი?
-დედაბუნება არ ცრუობს, მრჩეველო სრორდისა. - მიუგო ზაჰრამ. - იდუმალია იგი, ვითარცა ფსკერი ოკეანისა, და მიუწვდომელი, ვითარცა მწვერვალი მთაგრეხილისა, თუმცაღა თუკი შეიცნობ, ისეთივე უწყინარია იგი, როგორც კამკამა წყარო. ქარნი მოდიან, სურნელი და სიმძიმე მათი დასწოლიათ სულიერსა თუ უსულოს. მოდიან, და სიფრთხილეს ელიან ჩვენგან, რამეთუ დაუძლეველად და ულმობლად მოედებიან არე-მარეს...
-მძლავრნი და მქონენი ძალაუფლებისა ვერასოდეს უძლებენ ჟამთა სვლას. - მიუგო გიუნტერმა. - თოვლს აღგავს იგი პირისაგან მიწისა, ყოველივეს, რაც გზაზე გადაეყრება, რძისფერ ნისლში ჩაკარგულ ბრმად აქცევს, თუმცაღა მალევე გაცამტვერდება თვითონაც...
-თავშესაფარი უნდა ვეძიოთ, რამეთუ ცის ღია კამარა, ხეთა ტევრნი თუ მთანი ვერ დაგვიფარავენ. - თქვა ანდრეიმ. ალისფრად აპრიალებოდა მეფისწულს მუქი თვალები, მალ-მალე უკეთებდა იგი მომცრო ცეცხლს.
-უახლოეს სოფლამდე ოთხი დღის სავალია, დისწულო. - მიუგო გიუნტერმა. - მხოლოდღა თვალსაწიერზე მოსჩანს საზღვარი სრორდისა. დასავლეთით მგლოვიარე ქალწულთა მღვიმეთ გამოუფატრავთ მთები, იქნებ მათ მივაშუროთ...
-არა. - მოუჭრა ანდრეიმ. - ვერ დაგვიფარავენ მღვიმენი, და მათ კლდოვან სიღმეში საკვების ნასახიც კი არავის უნახავს... ქვის ხევს უნდა შევეფაროთ, ბიძავ, ქარიშხალში მის პირას აღმართული სადარაჯო გვიჩვენებს გზას...
წარბები აზიდა გიუნტერმა. ბაგე შეუთრთოლდა.
-წყლის სენის მიერ წარტაცებული წყეული ხევი, ანდრეი? - შეჰკითხა მან. - ნუთუ სუაგრასა და ნიჰიდას მიერ დაწყევლილ ადგილს შეაფარებ თავს?
-რაოდენ უცნაურნი ხართ, ჩრდილოეთელნო! - თქვა ანაზდად ზაჰრამ. პირს არ იბრუნებდა დიაცი, შორეული მიწებისაკენ მიმართულიყო მზერა მისი. - სენმა იმსხვერპლა ხალხი ქვის ხევისა... ხალხი ჩრდილოეთისა, მაგრამ განვლეს ზამთრებმა, ათასმა წყალმა განბანა სამყოფელი სენისა, თუმცაღა თქვენვე განყენებულხართ მას, თქვენვე დაგიფარავთ მიწა თქვენი უკაცრიელობისა და მარტოობის სუდარით...
დადუმდა დიაცი. მას მიუტრიალდა გიუნტერი, მის სისხლით შეღებილ ლაბადასა და ბეწვმოვლებულ შალითაში გამოხვეულ პირისახეს მოავლო თვალი. მერე ანდრეის მიაპყრო მზერა მან, რომელიც ტოტებს ჰყრიდა ცეცხლში და მალ-მალე შესცქეროდა ზაჰრას, ბნელი და გამჭრიახი იყო მზერა მისი, ვითარცა ხეთა ტევრში მიმალული მგლისა.
-ქვის ხევისაკენ გავეშურებით. - თქვა მეფისწულმა. - სუაგრასა და ნიჰიდას წყევლა ის ქარიშხალია, ახლა ჩვენსკენ რომ მოემართება.
შეფარვით ჩაიღიმა გიუნტერმა და დაჰბურა ღიმილი მისი მოძალულმა ბნელმა, დასავლეთით მომაკვდავ დღის მხევალს რომ ეამბორებოდა ტყვიისფრად დაფერილი ბაგით. ჩაესვენა მზე და თვალსაწიერის მიღმა გაიკრიფა სითბო მისი, თარეში განაგრძო უწყალო ყინვამ და ცახცახი აუვარდა ყოველივეს, თრთოდნენ ყინულის ცრემლებით მტირალნი ღრუბელნი და საპასუხოდ როკავდა მიტკალივით გაფითრებული მიწა.
ნიავქარმა დაჰბერა მეორე მზეს.
ანც სიოს შეენაცვლა იგი, წუილით გაიჭრა ხეთა შორის და ააღრჭიალა ასწლოვანი ხეები, კამკამა წყალს მოუბრიცა პირისახე, ფანტელები ახვეტა და მათი ქათქათა მოსასხამით შემოსილი ჩაეკონა მთასა თუ ბარს. ყურისწამღებად გაჰკიოდა იგი, ბღაოდა ვითარცა სასოწარკვეთის პირას მიყვანილი საკლავი, თუმცაღა ეპყრა იარაღი ჯალათისა, მსხვერპლად კი ყოველივე გადაჰფენოდა წინ.
იმატა ქარიშხალმა, როცა დაიფლითა სინათლე დღის მხევლისა ცაში და ელფერიღა დარჩა მისი. საფარველი ქარბუქისა, მხოლოდ შორეულ მიწებს რომ ჰბურავდა რძისფრად, უწყალო მეტოქედ იქცა, კედლად აღიმართა მოგზაურთა წინაშე. ფიფქები, მხოლოდ ერთი მზის უკან რომ სათუთად ეფინებოდნენ მიწას, მწველ, პაწაწინა ისრებად ქცეულიყვნენ, ეკონებოდნენ შალითებში გამოხვეულ პირისახეთ და ავისმომასწავებელ ბედს ჩაჰკიოდნენ ყურისძირში. რის ვაივაგლახით მიიწევდნენ მოგზაურნი წინ, ჰკვეთდნენ თოვლსა და ქარიშხალს, გაჭირვებით მიათრევდნენ თავპირახვეულ, აცახცახებულ პირუტყვს, რომელთა დამფრთხალი ფრუტუნი ქარს მიჰქონდა ჟამიჟამ. შალითის ქვეშიდან იმზირებოდა ანდრეი, პირისახეს ხელი მოეფარებინა და თვალებმოჭუტული გამალებით უმზერდა შემოგარენს. ჭირდა ხილვა, გამყინავი ქარბუქის მიტკლისფერ ბურუსსა და მოწოლილი მწუხრის წყვდიადში ნაცრისფერი მოსდებოდა შემოგარენს, რომელშიც ტყვიისფრად დაჰფერილიყვნენ ქარბუქში დარწეული, აბღავლებული ხეები. ვითარცა ლაშქრობაში გამოწვრთნილ მხედართმთავარსა და ამ თოვლიანი მიწების შვილს შეჰფეროდა, დაგეშილი მგლის ალღოთი მიარღვევდა იგი თოვლს. სცნობდა გორაკს, ხეთა ტევრსა თუ შენაკადის პირთან ახლოს მოკენჭილ ნაპირს, რომელზეც იღვენთებოდნენ ფანტელნი.
მიილია სულთმობრძავი დღის სინათლე და ჩაიგუდა იგი მთათა მიღმა, თან მიჰქონდა მოგზაურთა გულში აკიაფებული იმედი, უღიმღამოდღა რომ ათბობდა მათ გათოშილ, დაჟიებულ სხეულებს. თითქოსდა გაყოყოჩდაო, აბღავლდა ქარი, უფრო მეტი შემართებით დაატრიალა თოვლი, გაუსაძლისად სტვენდა იგი, ჰყინავდა ყოველივეს და თბილ სუნთქვას სტაცებდა მოგზაურთ ბაგეთაგან, სანამ პირის ჰაერით გამოვსებაც კი გაუსაძლისი შეიქნა. მეტადრე გიუნტერს გასჭირვებოდა, ისე უთავბოლოდ დათარეშობდა სუნთქვა მის მკერდში, თითქოსდა საკუთარ თავსა თუ მათზე გამძვინვარებული დედაბუნება ყოფილიყო, ღამის ყინვის ჩამოწოლისას კარგს რომ არაფერ უქადდა მათ.
თუმცაღა, იფიქრებდა მოგვიანებით ანდრეი, არ ინებესო ღმერთებმა გაწირვა ჩვენი, რამეთუ სანამ ზურგს უკან მოტოვებული დღეების გარჯა და შიმშილი, ვითარცა გამძვინვარებული ნადირი, ეცემოდათ ფეხებში, ქვის ხევის სადარაჯო დალანდა მან.
ღმერთთა ღმერთის ალიჰას წყალობით, მაღალი იყო ქვის ხევის პირას აღმართული, თლილი ქვით ნაგები კოშკურა, რომელიც ოდესღაც ჩრდილოეთის მიწების დარაჯებს ეპყრათ. ცარიელი გახლდათ იგი, დროის სვლას სახურავი ჩაეზნიქა, ქვანი გაეყრევინებინა და ქარი უკითხავად დათარეშობდა მასში, თუმცაღა მაინც უდრეკად იდგა იგი, ვითარცა ქარბუქის წყვდიადში აკიაფებული სხივი გზამკვლევისა. აიმართა ანდრეი, თანამგზავრთ მისძახა, ახლოსაო თავშესაფარი, მოიკრიბა ძალ-ღონის შემორჩენილი ნაფლეთები და წამსვე მიაშურა სადარაჯოს.
ქოშინით მიიწევდნენ მოგზაურნი, და დაუღალავი სტვენით აძიგძიგებდა მიწას ქარბუქი. მომცრო შენაკადი გადაკვეთეს მათ, მუხლამდე წყალში ძლივს შეათრიეს შემცივნული ბედაურნი. ალაგ-ალაგ ყინულის ნატეხები მოსდებოდნენ დინებას, დაჟივდნენ და დამძიმდნენ ქალამნები და პაჭიჭები, აქამდე თოვლი რომ შემოჭირხლოდა გარშემო. ყოველი ნაბიჯისას ქანცი სწყდებოდათ და სუნთქვა უგუბდებოდათ მოგზაურთ, თუმცაღა ახლოვდებოდა კოშკურა, სანამ მათ თავზე არ აღიმართა იგი, მიტკლისფერით დაფერილი ფერდობის მიღმა კი ქვის ხევის ნაგებობათა წაწვეტებულმა, ცისკენ ატყორცნილმა თაღებმა იჩინეს თავი.
წამსვე დაეშვა ანდრეი დაღმართზე, და შემოჰბერა ქარმა, თითქოს დაუსრულებელ სილას აწნავენო ღაწვზე, მოხრეშილი, მოყინული მიწა დაჰფენოდა ფეხქვეშ. ელვის სისწრაფით ჩაათავეს ფერდობი, და უახლოეს ნაგებობას მიაშურა ანდრეიმ, თოვლით შეფეთქილ კედლებსა და აბეზარი ქარბუქის რძისფერ, მწველ საბურველში, რომელიც ღამის წყვდიადში იცრიცებოდა, გაჭირვებით მიაგნო კარს. უკან ბედაურთ ფრუტუნი და გაგულისებული ჭიხვინი აეტეხათ, სანამ ბაჰირელი დიაცი მათ პირმოღებულ, ფიცრებით შეკრულ საჩეხემდე მიათრევდა.
გადარაზული კარი შეგლიჯა მეფისწულმა, შიგნით შეალაჯა, მას გიუნტერი მოჰყვა წყევლა-კრულვით. სულს ხუთავდა ოთახში ჩამოწოლილი, მიბნედილი ბურუსი და დაბალი თაღები მისი, საკვამურში ქარი ღრიალებდა. წამსვე ბუხარს მიაშურა სრორდის მრჩეველმა, რამეთუ პირი მოეღო მას და შეუჩერებლად ანთხევდა ქარბუქის ნაგლეჯებს, საკვამურის ყელი გადარაზა და ქოშინით მიესვენა იქვე მიგდებულ დანჯღრეულ სკამს.
სანამ სულს მოითქვამდნენ, ღია კარში შემოიჭრა ზაჰრა და საგულდაგულოდ გადაჰკეტა იგი. კედელთა მიღმა ჩაგუბდა ქარბუქის გაუსაძლისი ბრდღვინვა, ფასადს ეხეთქებოდა იგი უწყალოდ, მაგრამ ქვანი უდრეკნი იყვნენ მის წინაშე.
და, თუმცაღა ხმა და მწველი ისარნი ქარისა თავშესაფრის მიღმა დარჩენილიყო, მისი მყინვარე სუნთქვა კვლავ მოსდებოდა არე-მარეს. ბუხარში ჩამოეთოვლა, ტლანქად თლილი მინები, მკრთალად რომ ციალებდნენ ჩამოწოლილ წყვდიადში, შეჭირხლულიყვნენ, და სუნთქვა მოგზაურთა ქათქათა ქულებად იქცეოდა ჰაერში.
ცახცახს აეტანა ზაჰრა. ჩრდილოეთის გაუსაძლის ყინვასა და ერთიანად სველ სამოსს, თითქოსდა ათ ურემად რომ დასწოლოდა სხეულზე, არაქათი გამოეცალა მისთვის. ხელ-ფეხი უთრთოდა სიცივეს მიუჩვეველ დიაცს, უწყოდა, რომ მალევე უნდა გამთბარიყო, რათა ხურვებას არ დაერია ხელი მისთვის.
გაფაციცდა გიუნტერი, მაგიდასა და ბუხარზე მდგარ ქონის სანთლები აალიცლიცა კვესითა და აბედით, სანამ ანდრეი თოვლს ჰყრიდა ბუხრიდან. სანთელთა შვებისმომგვრელ, ოქროსფერ შუქზე, თბილად რომ კაზმავდა ძვალსა და რბილში მძრომ ყინვას, დალანდა ზაჰრამ კუთხეში მიყრილი, ბეწვით დაფარული ქვეშაგები, წამსვე მიაშურა მათ. უმალ, დაუდევრად შემოიძრო მშვილდ-კაპარჭი, დათოვლილი მოსასხამი, დაბამბული ტუნიკა, პაჭიჭები და ქალამნები. მოცახცახე, მიტკალივით გაფითრებულ ხელებს დააცქერდა იგი წამიერად, როცა ხახადაღებულმა სიცივემ ყოველი მხრიდან შემოჰკრა, მოშანთა, თითქოს გავარვარებულ დაღს ადებენო სხეულზე.
ბაჰირელ დიაცს გაჰხედა წამიერად ანდრეიმ და იხილა სხეული მისი, ახლა მხოლოდღა ტილოს სქელი კაბა და ფერფლისფერ ნაწნავი ჰფარავდა. ქვეშაგებს მიესვენა დიაცი, ბეწვნი მოიხვია მთრთოლვარე სხეულზე და თითქოსდა შეიგრძნოო თვალები მისი, ანაზდად შეაცქერდა ანდრეის.
უმალ აარიდა მზერა მეფისწულმა, გიუნტერს მიუბრუნდა. არხეინად შეჰყურებდა მას ბიძა, ეშმაკურად აჰკიაფებოდა თვალში ოქროსფერი ათინათი სანთლებისა.
-სანამ ქარბუქი არ ჩაცხრება, არ გვიწერია აკიაფება თუნდაც ერთი ნაღვერდლისა. - გამომცდელად შეაცქერდა ბიძას ანდრეი. - რამეთუ თითოეულ ნაპერწკალს წარიტაცებს იგი, შენთქავს და გააცამტვერებს...
-ქარბუქი გაივლის, ადამიანნი კი დარჩებიან, დისწულო. - შეჰღიმა გიუნტერმა. ხრიალით ამოსდიოდა ხმა, თითქოსდა ქარიშხლის ნატამალი კვლავ უმძვინვარებსო მკერდში. - ენაცვლება დღის მხევალი ღამისას და ვითარცა წყვდიადი მიიკრიფება მზის სიდიადის წინაშე, ფეხს აღიღებს იგი ამ მიწიდან...
მინას შემომსკდარი ქარის გუგუნს მიაპყრო ყური ანდრეიმ, მოათვალიერა მომცრო სამყოფელი მათი.
ვითარცა ქვის ხევს შეჰფეროდა, თლილი, ერთიმეორედ მიჯრილი, ნაცრისფერი ქვით აეგოთ სახლი. ზედ თხელი ფიცარნი და მოწნული ჭილობი გაეკრათ, რომელთაც ნადირთა ტყავნი ფარავდნენ, რათა სითბო არ გაცრეცილიყო გაყინულ კედელთა შორის. ჭილობი ჰფარავდა მიწას, მომცრო ბუხარი, მის გვერდით მიმოყრილი ჭურჭელი, დანჯღრეული მაგიდა და ორად ორი სკამი წარმოადგენდა ამ მწირი სახლობის ავლადიდებას. ჭერში სხვენისაკენ მიმავალი სკამი გამოეჭრათ, ძირმომპალი კიბე აჰყუდებოდა ზედ.
ლაბადა შემოიძრო ანდრეიმ, სანთლით ხელში ააბიჯა კიბეზე. ნაგვემი კაცივით ღრჭიალებდნენ და კვნესოდნენ საფეხურნი მის ფეხქვეშ.
პაწაწინა იყო სხვენი, მთლიანად აღავსო იგი მომცრო სანთლის შუქმა, ყოველ კუთხეს მიწვდა, წყვდიადი შენთქა და ნაპრალებშიღა დასტოვა ჩრდილი.
ქვეშაგები ეწყო სამიოდე კაცისა, გარშემო თასმებით გამოკრული სიმინდის ფუჩეჩი და ნალები მიმოეყარათ.
წარბი შეჰკრა ანდრეიმ. თითქოსდა ცხადად წარმოუდგა თვალწინ ზამთართა მიღმა ჩაკლული ხილვა ბალღებისა, ფუჩეჩითა და ნალებით რომ თამაშობდნენ და ქარიშხლის ღმუილის შიშით გარინდულნი, ქვეშაგებიდან იცქირებოდნენ ვეებერთელა თვალებით.
პირი იბრუნა ანდრეიმ. ბეწვ-ტყავნი გადმოჰყარა მიწაზე, ქარბუქის გრგვინვასა და სხვენში ჩამოწოლილ წყვდიადს გაატანა ხილვა ბალღებისა, წყლის სენმა რომ იმსხვერპლა.
სამოსი გაიძრო მეფისწულმა, ტუნიკისა და შარვლის ამარა გაეხვია ქვეშაგებში. იწვა იგი, სითბოს იკრებდა სხეული მისი და მბჟუტავ სანთელთა შუქს უცქერდა, ნარინჯისფერ ბურუსად რომ მოსდებოდა ქვის დაბალ თაღებს. ამ ალისფერი ბურუსის მიღმა, ანდრეის თვალს რომ გადაჰკვროდა ლიბრად, ბობოქრობდა ქარბუქი, მთელი სხეულითა და შეუკავებელი სისასტიკით ეხლებოდა ზედ, თუმცაღა ვერ გაერღვია იგი.
ფორიაქით აღსავსე, ნაძალადევი სიჩუმე მოსდებოდა ოთახს.
სკამს მისვენებულმა გიუნტერმა ამოიხვნეშა. უხეში იყო სუნთქვა მისი, თითქოსდა ნადირი უკაწრავსო მკერდს უწყალოდ.
-ჩრდილოეთის გზა გადაჭიმულა ჩვენს წინაშე, ბიძავ. - თქვა ანდრეიმ. - ჰპოვე ძილი, რამეთუ გაჭირდება იგი, როცა სრორდის საზღვარი აღიმართება ჩვენს წინაშე...
-უწყი, რომ შენგან არ მესწავლება, დისწულო. - მიუგო გიუნტერმა, გამომცდელი მზერა სტყორცნა ანდრეის. - ჩვენი სამშობლოა ეს მიწები, თუნდაც ქარბუქისაგან დამზრალი, თუნდაც მწველი მზისაგან დადაგული, თუნდაც დაფლეთილი და მორწყული ჩვენ ხალხთა სისხლით...
წამიერად დადუმდა გიუნტერი. ბეწვთაგან ამოზიდულ, ფერფლისფერთმიან თავს მიაპყრო თვალი.
-რად მისწოლია ჩრდილოეთის მიწას ბარბაროსი, დიაცი ერქანთა, დისწულო? - შეჰკითხა მან ანდრეის.
გაირინდა მეფისწული, უცქირა ბაჰირელ დიაცს უმალ.
-ძილს მისცემია იგი. მაუწყე, ანდრეი... - თქვა გიუნტერმა.
-არა, ბიძავ. - მოუჭრა მეფისწულმა. ზაჰრას სხეულს უმზერდა, უფორმო გროვად რომ მოსჩანდა, ქვეშაგებში გამოხვეული. არ იძვროდა იგი, არც პირისახე ეხილა ანდრეის მისი, თუმცაღა უწყოდა, რომ ფხიზლობდა ბაჰირელი დიაცი, გაეხილა ფითრისფერი თვალები და უცქერდა ბეწვთა საფარველის ქვეშ ჩამოწოლილ წყვდიადს.
თავი დააქნია გიუნტერმა. იღიმოდა იგი, თითქოსდა ვერ აილაგმაო თავი, უთრთოდა ბაგე და შეჰყურებდა დისწულს.
-დიდი ხნის წინ ვეახლე ერქანთა სამფლობელოს, ანდრეი. - თქვა მან ანაზდად. მისი სუნთქვის წინაშე შეირხა სანთელთა ალი, ალისფერი ბურუსი და რუხი ჩრდილები ათამაშდნენ, როკავდნენ ხელჩაკიდებულნი, და სჩანდა ხილვა მათი, ვითარცა შუქი თბილად მოტკარცალე კერისა. - მუდამ მეწადა მეხილა დღის მხევლისა და ზღვის გასაყარის ფუძეზე მდგარი მიწა, თუმცაღა, ჰასსეს თხოვნითღა აღვისრულე სურვილი. ვიხილე იგი, თვალწარმტაცი, მდიდარი ფერითა თუ ოქროთი, მშვენიერი ვითარცა ნამით დაფარული ვარდი დილისა...
ყბები შეჰკრა ანდრეიმ. მოეღრიჯა პირისახე, პირქუში ღრუბელი მოედო მის შუბლს და უმალ დახუჭა თვალები მან, თითქოსდა რუხი ჩრდილი დაჰფარავსო სიტყვებს სრორდის მრჩევლისა.
-კარგად უწყი, თუ ვინ ვიხილე იქ, დისწულო. - განაგრძო გიუნტერმა. - კარგად უწყი, თუ სადაა ახლა იგი. მეგონა, რომ ვერ ვპოვე ის, რაც ჰასსეს ეწადა, თუმცაღა შევცდი...
-როგორც კი სუაგრასა და ნიჰიდას წყევლა გასცდება აქაურობას, სულს მოვითქვამთ, ბიძავ, და ღამის თავზე მივაშურებთ სრორდის საზღვარს. - მოუჭრა ანაზდად ანდრეიმ. - ვგონებ, ბრურგის მეორე ტოტს უახლოვდება ლაშქარი სრორდისა, და მალევე ჩვენს მიწათა კედელი აღიმართება მათ წინაშე...
-ანდრეი. - გული ამოაყოლა სუნთქვას გიუნტერმა, თავი გადააქნია. წამიერი, ყოვლისმომცველი სევდა ჩაუდგა თვალებში.
-როგორც კი საზღვარს გადავკვეთთ და სრორდელთა სახლობას ვიხილავთ, მტრედს ვაფრენ ივლადალისაკენ, რათა სამუელმა უწყოდეს ასავალ-დასავალი ჩვენი. - თქვა მეფისწულმა. - ბერეხის ციხეს შევეფარებით, ბიძავ, რათა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და ვძლიოთ ვოლფრამთა სასახლეში ფესვგადგმული, სუაგრასა და ნიჰიდას მიერ მოვლენილი წყევლა...
-რად ვბჭობთ ბარბაროსი დიაცის ყურისძირში, დისწულო? - სიტყვა გააწყვეტინა გიუნტერმა. - იქნებ ღალატის წყვდიადს მოუცავს გონი მისი, იქნებ სული კბილებით უჭირავს, სანამ გაგყიდის შენ და იმ ცოდნას, რომელიც გზაზე შეიძინა...
-ვუწყი, რომ ენა შენი არასოდეს უსწრებს წინ შენს ჭკვას, ბიძავ. - მოუჭრა ანდრეიმ. პირქუში იყო მზერა მისი, მოკუმული ბაგე მრისხანე.
ჩაიღიმა გიუნტერმა, თუმცაღა აღარა უთქვამს რა.
ბეწვთა საფარველის ქვეშ ჩაბუდრებულ წყვდიადში თრთოდა ზაჰრა. გულში ჩაკრული თითები გაჰყინვოდა დიაცს, გულმუცელი უხურდა. სითბო შეჰპარვოდათ ზამთართა ჟამგამოვლილ, მარტოობის მტვერდადებულ ქვეშაგებს, და თუმცაღა გასციებოდა ხელ-ფეხი დიაცს, კვლავ თბილი იყო სუნთქვა მისი, გონი ფხიზელი და მზერა აღსავსე სიცოცხლით.
ჩაესმოდა მას მასლაათი მეფისწულისა და მრჩევლისა, თუმცაღა არ მიჰკარებია მის გულს წადილი იმისა, რომ გაეპო ბაგე, რამეთუ ვერ იხილა საჭიროება. უწყოდა, რომ გიუნტერს საიდუმლოს უღელი უღრღნიდა სულს, თუმცაღა ჰგონებდა იგი, რომ ყოველივე იხილავსო შუქს დღის მხევლისა.
თვალები მილულა ზაჰრამ. მშფოთვარე ძილს მიეცა.
გარეთ კი, ვითარცა სიზმარნი მისნი, დაუდგრომელი და მშფოთვარე იყო დედაბუნება. ყოველივე, რასაც კაცის თვალი მიუწვდებოდა, ქარბუქის უწყალო პარპაშს მოეცვა. ნებიერ ქარს აყოლილი, თავგზააბნეული ფანტელნი დაჰქროდნენ, და მათი ქათქათა საბურველის წინაშე იდრიკებოდა ხე თუ ბუჩქი, ცხოველი ტყისა თუ უდღეურ დღეზე გაჩენილი, ჩრდილოეთს შეჭიდებული მგზავრი.
მთელი ღამე ბობოქრობდა ყინვა, დააზრო მიწა და წყალი, და თითქოსდა მისი არყოფნა იგრძნოო, ხურვება შემოენთო ბაჰირელ დიაცს ძილში. თითქოსდა როცა სიფხიზლე წარეტაცა მის გონს, ალისფერმა თრთოლამ მიჰყო ხელი გამოფიტულ სხეულს და სისხლით გაჯირჯვლული ხელ-ფეხიდან დაერია ზაჰრას სიცხე. ბორგვა იწყო დიაცმა, მოწოლილმა სისხლმა თითქოსდა გადაავსოო ტყავი მისი, მყიფე ჯებირებს ასკდებოდა და ლამობდა გამოხეთქვას, დაუდგრომელი და უწყალო. ცხელმა ოფლმა დაასხა, სანთელთა შუქზე აბრწყინებულიყო ალეწილი პირისახე მისი, ფერფლისფერი თმა მიჰკვროდა შუბლზე, ვითარცა სხეულზე შემოსკვნილი ტილოს კაბა.
ბორგავდა იგი და ბობოქრობდა გარეთ ქარიშხალი, ნაპრალებში ლამობდა შემოღწევას.
ვითარცა სხეული გამოჰხვეოდა ხურვების ალში, ისევე აეტანა მშფოთვარე გონი დიაცისა ცეცხლს. საზარელ სიზმარს ჰხედავდა იგი. სულშემხუთველ კვამლში გამოხვეული, გაჭვარტლული და სისხლში ნაბანი, ქანცგაწყვეტილი მიჰქროდა ნაცარტუტად ქცეულ, ცარიელ მიწაზე, რომელსაც კვლავ ჯიუტად, ხარბად ნთქავდა ცეცხლი, ხახა დაეღო და მასში ჩადენილ აურაცხელ მეომართა სისხლს ლოკავდა ურცხვად. ცის კამარა შავად შეეღება ადენილ კვამლს, მკერდდაფლეთილი, ხელფეხმოწყვეტილი მეომარნი ეყარნენ ვეებერთელა მთებად, შემზარავ, სულშეგუბებულ ბურუსად მოსდებოდა მათი გოდება არე-მარეს. რის ვაივაგლახით ფეხზე ტორტმანებდნენ ზოგნი, ხაოდნენ, გასისხლული ხელები აღემართათ და შეჰღაღადებდნენ ღმერთებს, რომელთაც პირი ექციათ ზეცას გადაკრული ბნელი სუდარის წინაშე. იგუდებოდა დიაცი, გაჰკიოდა, თუმცაღა ჰაერსაც კი არ ატოკებდა კივილი და სუნთქვა მისი გარშემო, ცეცხლშემონთებული სისხლისა და ლეშთა გაუსაძლისი ოხშივარი ტრიალებდა მხოლოდ. მიჰქროდა ზაჰრა და მწველ, დამპალ მიწას ადენილ გაჭვარტლულ ბურუსში მხოლოდ შორს, შორს მდგარ შავოსან მეომარს ხედავდა, რომელსაც ორლესული აღემართა, ტკარცალებდა მისი დაფხრეწილი, სისხლით დაფერილი ლაბადა. ბაგე გააპო შავოსანმა და გრგვინვამ აიტანა მიწა, აკივლდნენ მეომარნი და გაუსაძლისი სიცხე შემოენთო ზაჰრას, უგრძნობლად იწვოდა, ცეცხლი მოედო მის ხელ-ფეხს, მკერდსა და თვალებს, ძირამდე შენთქა თმა მისი და მის ბაგეთაგან გამომსკდარ კივილს წაეპოტინა...
თვალები გაახილა ბაჰირელმა დიაცმა. გამოხეთქვას ლამობდა ყელში ჩაგუბებული, ძილთა ჯებირებიდან გადმომსკდარი კივილი, თუმცაღა წამსვე წარიტაცა იგი სპეტაკმა შუქმა, ზედ რომ ეფრქვეოდა ზაჰრას. ცეცხლი მშვიდად ტკარცალებდა კერაში, სამოსის შარიშური და ბუყბუყი ჩაესმოდა დიაცს, და აჰყურებდა იგი, თუ როგორ მოსჩანდა ლურჯი ცის ნაგლეჯი ფანჯარაში, როგორ იღვრებოდა მინაში დღის მხევლით გაჯერებული სინათლე.
წამოიწია ზაჰრა. ბეწვთა საფარველი დაცურდა მის გულმკერდზე, თითქოსდა ნაწილი ხურვებისა ჩამოსცილდაო მის სხეულს. მიმოიხედა მან და უმზირა კერასთან მოფუსფუსე გიუნტერს, რომელიც თუჯის ქვაბში ურევდა ქაფქაფა წყალს, თან მას შემოსცქეროდა.
-ღმერთებმა ინებეს თვალის გახელა შენი, დიაცო! - თქვა მან, ღიმილი მოეფინა მის პირისახეს. - რამეთუ ცეცხლივით მოგედო სხეულს ალი...
-მე ხურვება ვერ მომისწრაფებს სიცოცხლეს, მრჩეველო სრორდისა. - მიუგო ზაჰრამ. ჩახლეწილი იყო ხმა მისი. მიწვა კვლავ, დღის მხევლის ხელებში მოფარფატე მტვერს მიაპყრო თვალი.
-დილას ჩაწყნარდა გრგვინვა ქარბუქისა. - თქვა გიუნტერმა. - წავიდა იგი და თან წარიტაცა ცის კამარას გადაკრული ღრუბელნი, გოდება მიწისა და უიმედობა ჩვენი! მალე აღიმართება სრორდის საზღვარნი ჩვენს წინაშე, დიაცო...
პირი იბრუნა ზაჰრამ მისგან, ზურგი აქცია, სიტყვა არ დასცდა მის ბაგეს. ქირქილი წასკდა გიუნტერს, არხეინად მოურია ათუხთუხებულ წყალს.
-სანადიროდ გაეშურა ანდრეი. - თქვა მან, თვალს არ აცილებდა ბეწვთა საფარველში გამოხვეულ დიაცს. - რწმენა ვიქონიოთ, რომ რამეს მოიხელთებს ამ ორომტრიალში, დიაცო, რამეთუ საკვების გარეშე აღარ ძალუძთ გაძლება ჩემს ბებერ ძვლებს...
დუმდა ზაჰრა, და პირი იბრუნა მისგან მომღიმარმა გიუნტერმა. მხიარულად თუხთუხებდა თუჯის ქვაბი, გრატათა დაგუდული ჟივჟივი მოჰყვებოდა მზის მხევლის ფანჯარაში შემოწვდილ ხელებს. ლოგინში დაეღვენთა დიაცს სხეული, თითქოსდა წარეტაცაო ხურვებით აღსავსე ღამის ფორიაქი, და მხოლოდღა ძვლებში ფესვგადგმური დაღლილობა დარჩა. მიწოლილიყო იგი, ფხიზელი მზერით შეჰყურებდა ქვის ჩარჩოში ჩასმულ ცის ნაგლეჯს და სიმშვიდეს ლამობდა გონება მისი.
დღის მხევალი ცის კამარის შუაგულს აღწევდა და ქაფქაფა წყლის ორთქლით აღივსო ოთახი, როცა კარი შემოაღეს ანაზდად. გამოშიგნულ-ჩამოტყავებული შველით მხარზე შემოალაჯა ანდრეიმ და თან მოიტანა ლითონური, თოვლის სიცივეს აყოლილი სურნელი სისხლისა.
ნანადირევი მაგიდაზე დააგდო მეფისწულმა, მზერა მისი შეფარვით მიაპყრო ბეწვთაგან მაცქერალ ფითრისფერ თვალებს. მზის შუქში განბანულიყო ფერფლისფერი თმა დიაცისა, ვერცხლის უნატიფეს ძაფებად მოსხმოდა თავზე, ვითარცა სხივნი მთვარისა.
თვალი აარიდა ანდრეიმ, კვლავ საკლავს მიუბრუნდა იგი.
მოიხარშა ხორცი, დადუმდა მოთუხთუხე თუჯის ქვაბი და სული მოითქვეს დანაყრებულებმა. საჩეხეში ნაპოვნი ძველი წივით გამოჰკვება ანდრეიმ ბედაურნი, შვლის ტყავი ცეცხლისა პირას გაჰფინა გასაშრობად, შიგნეული და უმი ხორცი საკლავისა კი თოვლყინულში დაფლა.
მოისვენებდნენ მოგზაურნი ქვის ხევში, და გაილია ბადრი, თბილი ამბორი დღის მხევლისა. მწუხრის სიცივე შეეპარა ჰაერს, და თვალუწვდენელ მიწებს მოედოთ წყვდიადის ჩრდილი, გაირინდნენ, ჩათვლიმეს.
ცრუღამე ჩამომდგარიყო, როცა ფეხზე წამოდგა ზაჰრა. კერის პირას მჯდარ გიუნტერს, შეშის მწირი გროვიდან რომ უკეთებდა ცეცხლს, არც კი შეჰხედა ზედ, ქალამნები ამოისხა პაჭიჭებითურთ, ბეწვი მოიგდო მხრებზე და ჰაერის წადილით აღვსილმა გააბიჯა გარეთ.
წმინდა იყო ჰაერი, წმინდა და მჭახე, ძვალრბილში ატანდა მასში ჩამოწოლილი სიცივე. ცას აჰხედა ზაჰრამ და მშვენიერი იყო იგი, ვითარცა გაუსაძლის ყინვაში დამზრალი, გადაგლესილი უძირო ოკეანე, რომლის წიაღიდან, ყინულის ბზარებიდან ანათებდნენ ვარსკვლავები. მზის ნასისხლარი კვლავ დარჩენოდა დასავლეთით ზეცას, თუმცაღა მსწრაფლ იცრიცებოდა იგი, მის ფონზე კი, ფერდობზე მდგარი ბნელი სილუეტი გადაჰყურებდა უწყლო ჩრდილოეთის მიწებს.
ბეწვი მაგრად მოიხვია და მას მიმართა უმალ ზაჰრამ, აღმართს შეუდგა. მცირე ჟამში შემოაცალა ცრუღამის ყინვამ მასზე შემონასკვული სითბო, ულმობლად ჰკბენდა მის ხელებსა და პირისახეს. ხეშეში და ღრმა იყო მის ფეხქვეშ საფარველი თოვლისა, თუმცაღა მაინც წინ მიიწევდა დიაცი, სანამ ფერდობის თავს არ მიაღწია და გვერდით არ ამოუდგა შორს მაცქერალ სილუეტს.
მცირე ხნით დუმდნენ.
-ღამე მოდის, დალიჰარ. - თქვა ბოლოს ანდრეიმ, სიტყვები მისი ორთქლად განიბნენ ჰაერში. - ყოველივე სუსტს დაადუმებს გაუსაძლისი სისასტიკე მისი.
-ჯერ კიდევ შეგვრჩენია მკერდში სუნთქვა, სრორდელო. - მიუგო ზაჰრამ. - და უწყინარ შველს ვერ მოერია ღამე, რამეთუ ცოცხლად ჰპოვე იგი.
-წარვედ, დიაცო. - მზერა მიაპყრო ანდრეიმ. - წარვედ, რამეთუ უწყალოა წყვდიადის სუდარაში გამოხვეული, თოვლიანი მიწა.
არა უთხრა რა ზაჰრამ, მზერა უწყლო ჩრდილოეთის თვალუწვდენელ მიწებს მიაპყრო.
ნარინჯისფერი ბურუსი დალანდა ჩრდილოეთით, რომელიც ვერ დაებურა ჩამოწოლილ წყვდიადს. თითქოსდა ალნი ციალებენო, შორს, შორს, მთათა და ბართა მიღმა. ცის მუქ სილურჯეს იასამნისფრად ცრეცდა იგი, თითქოსდა ცის კამარა იღვენთებაო მასში.
-ცეცხლნი აუგიზგიზებიათ საზღვრის გუშაგებს. - თქვა ანაზდად ანდრეიმ. წარბი შეჰკრა ზაჰრამ, აზიდა თავი და შეაცქერდა მისკენ მომზირალ, წყვდიადში ალიცლიცებულ თვალებს.
-სრორდელთა ურდო მისდგომია კარიბჭეს სრორდისა. - თქვა მან, კვლავ ნარინჯისფერ ბურუსს მიაპყრო თვალი.
იდგნენ ორივენი ფერდობზე და გადაჰყურებდნენ დათოვლილ ჩრდილოეთს.
გაივსო ღამე, გადაშალა უკიდეგანო მკერდი მისი და გულში ჩაიკრა მდუმარე მიწა, სათუთად ეამბორა ცივი ბაგეებით. ნამგალა მთვარე მიცურავდა ცის გაყინულ ოკეანეში, და უდარდელად ჩახჩახებდნენ ვარსკვლავები.скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი linda

თითქმის 20 გვერდი და რეკორდული 5,545 სიტყვაა, მე კიდევ წავედი მარილზე :დდდდდ დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობს <3 იმედია ისიამოვნებთ/ისიამოვნეთ <3 <3 heart_eyes heart_eyes

 



№2  offline წევრი goddess

საუკეთესო ხარ❤

 



№3 წევრი ლილიკო

რამდენი რამე გადაიტანეს ამ ორმა ერთად და ვფიქრობ ჯოჯოხეთი წინ აქვთ კიდე გასავლელი როცა მიაღწევენ დანიშნულების ადგილს. აი მაშინ რა იქნება?...
ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია ვერ გამოვარჩევ განსაკუთრებულად რომელიმეს. ამაზე კი თამამად შემიძლია ვთქვა რომ ურთლესი საქმეა რომელსაც შეეჭიდე და თავს ართმევ.
ერთია ისტორია განავითრო და მეორე ასე რთულად დაწერო.
თამამად შემიძლია გიწოდო მწერალი უკვე. <3
ერთერთი ჩემი უსაყვარლესი ახალბედა მწერალი ხარ. <3 #ლინდა

 



№4  offline ახალბედა მწერალი linda

goddess
საუკეთესო ხარ❤

ვაიმე, ძალიან, ძალიან დიიიიდი, უზარმაზარი მადლობა თქვენ! heart_eyes heart_eyes
ლილიკო
რამდენი რამე გადაიტანეს ამ ორმა ერთად და ვფიქრობ ჯოჯოხეთი წინ აქვთ კიდე გასავლელი როცა მიაღწევენ დანიშნულების ადგილს. აი მაშინ რა იქნება?...
ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია ვერ გამოვარჩევ განსაკუთრებულად რომელიმეს. ამაზე კი თამამად შემიძლია ვთქვა რომ ურთლესი საქმეა რომელსაც შეეჭიდე და თავს ართმევ.
ერთია ისტორია განავითრო და მეორე ასე რთულად დაწერო.
თამამად შემიძლია გიწოდო მწერალი უკვე. <3
ერთერთი ჩემი უსაყვარლესი ახალბედა მწერალი ხარ. <3 #ლინდა

მართლაც რომ ურთულესი გზა გამოიარეს და დიდი ალბათობით არც დარჩენილი გზა იქნება იოლი, ალბათ უფრო ძნელიც :( გენრის ცოცხალი თავით ვერ გამოაგდებენ სასახლიდან, და მოკლედ კარგი პირი არ უჩანს დანიშნულების ადგილზე მისვლას confounded confounded disappointed disappointed
ისე გამახარე შენი თბილი სიტყვებით, რომ ვერც კი წარმოიდგენ heart_eyes heart_eyes ვზივარ სიბნელეში მოკუნტული და ვხარობ რა laughing laughing ძალიან, ძალიან დიდი, უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ მკითხულობ, მოგწონს და ასეთ სიტყვებს იმეტებ kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 



№5 სტუმარი Qeti qimucadze

Arvici ravtqvaa. Yovel jwrze maocebb, saocreba gogo xarr, axals verafers getyvi, ubralod agvnishnav rom sheni ceris stili, metaforebi da sityvata shecyoba nebismier literaturas daamshvenebdaaa. Imdenad gaizarde rom ukve shemdgari mcerali xarr. Axla ragazlebs momdevno tavamdeee. Rodis iqneba am oris dasvenwbaaa neta? Daitanjnen, carmatebebi lamazo qalbatonooo

 



№6  offline ახალბედა მწერალი linda

Qeti qimucadze
Arvici ravtqvaa. Yovel jwrze maocebb, saocreba gogo xarr, axals verafers getyvi, ubralod agvnishnav rom sheni ceris stili, metaforebi da sityvata shecyoba nebismier literaturas daamshvenebdaaa. Imdenad gaizarde rom ukve shemdgari mcerali xarr. Axla ragazlebs momdevno tavamdeee. Rodis iqneba am oris dasvenwbaaa neta? Daitanjnen, carmatebebi lamazo qalbatonooo

იმოდენა სტიმულს მმატებს თქვენი კომენტარები, რომ არ ვიცი... ძალიან, ძალიან დიდი, უღრმესი მადლობა თქვენ! heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart მიხარია რომ მკითხულობთ <3 ეჰ, ამწუთას დავდე ფაქტიურად და ერთი სული მაქვს სანამ ახალ თავს დავდებ :( არ ვიცი ზუსტად როდის იქნება... მართლაც რომ გასძვრათ სიქა საწ....ბს sweat sweat მადლობა კეთილი სურვილებისათვის! heart_eyes heart_eyes

 



№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

შოკირებული ვარ ♥♥♥ აი საერთოდ არ ველოდი და რომ დავინახე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ♥♥♥ ყოველი თავი განსაკუთრებული და რაღაც საოცრებაა და ესეც.. უბრალოდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე ♥♥♥ ეს თავიც სულმოუთქმელად ჩავიკიატხე და უფრო მეტი და მეტი მინდოდა.. მინდოდა გაგრძელებულიყო და არ დასრულებულიყო იმდენად შევიჭერი კითხვაში და მოვწყდი სამყაროს ♥♥♥უნიჭიერესი და უკარგესი ხარ♥♥♥ მთელო სულით და გულით ველოდები შემდეგ თავს და იმედია სულ ასე გამაბედნიერებ როგორც ახლა ♥♥♥წარმატებები♥

 



№8  offline წევრი Skubidu

Rogor gamixarda uazrot viyavi exla chavujdebi

 



№9  offline ახალბედა მწერალი linda

ტკბილიწიწაკა
შოკირებული ვარ ♥♥♥ აი საერთოდ არ ველოდი და რომ დავინახე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ♥♥♥ ყოველი თავი განსაკუთრებული და რაღაც საოცრებაა და ესეც.. უბრალოდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე ♥♥♥ ეს თავიც სულმოუთქმელად ჩავიკიატხე და უფრო მეტი და მეტი მინდოდა.. მინდოდა გაგრძელებულიყო და არ დასრულებულიყო იმდენად შევიჭერი კითხვაში და მოვწყდი სამყაროს ♥♥♥უნიჭიერესი და უკარგესი ხარ♥♥♥ მთელო სულით და გულით ველოდები შემდეგ თავს და იმედია სულ ასე გამაბედნიერებ როგორც ახლა ♥♥♥წარმატებები♥

ტეტაააჰ heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart აბა მე მკითხე როგორ გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა, გენაცვალე heart_eyes heart_eyes უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ მკითხულობ და მოგწონს heart_eyes heart_eyes ზუსტად არ ვიცი შემდეგი როდისთვის იქნება, მაგრამ ვეცდები, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მსუყე იყოს <3 მიხარია რომ ასე ჩამთრევია შენთვის ეს ისტორია blush blush heart_eyes heart_eyes
Skubidu
Rogor gamixarda uazrot viyavi exla chavujdebi

ვაიჰ <3 უღრმესი მადლობა, იმედია ისიამოვნებ! heart_eyes heart_eyes

 



№10  offline წევრი ბელუ შეროზია

გელოდი! heart_eyes როგორც იქნა ! მიხარიხარ მე შენ kissing_heart მოკლედ შენი ისტორიების გმირებს ძნელი გზის გავლა უწევთ ყოველთვის... იცი ? ეს სიძნელეები მომწონს უზომოდ, ახლა კი ვიქნები შემდეგი თავის მოლოდინში

 



№11  offline წევრი oshxareli

Mtavaria ertad iyon da yvelafers gadalaxaven???????? moutmenlad veli shendeg nawils ❤️❤️❤️

 



№12  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან აგვიანებ რა იქნებ დაგედო რამე

 



№13 სტუმარი სტუმარი ლინდა

მეგობრებო, ძალიან ვწუხვარ იმისათვის რომ პასუხს ვერ გცემთ :(
ვიცი რომ ვაგვიანებ და ძალიან ვწუხვარ :( სამწუხაროდ შეფერხებებია საიტზე და არ ხერხდება ნორმალურად სიახლეების ატვირთვა :(

 



№14  offline წევრი ტატულიკა

ერთი ამ ისტორიას ვკითხულობდი და ესეც აღარ იდება.

 



№15  offline ახალბედა მწერალი linda

ტატულიკა
ერთი ამ ისტორიას ვკითხულობდი და ესეც აღარ იდება.

ბოდიშის მოხდის მეტი არაფერი შემიძლია :( ძალიან ვწუხვარ. დრო არ მაქვს, ამ ისტორიის წერას კი ისეთი მასიური დრო და ყურადღება უნდა, რომ ვეღარ ვუდგები სამწუხაროდ. დიდი მადლობა, რომ მკითხულობდით! იმას დაგპირდებით, რომ აუცილებლად გავაგრძელებ, შემდეგი თავი დაწყებული მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი, როდის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent