შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (7)


22-02-2018, 00:17
ავტორი Nickolson
ნანახია 598

Blue Neighborhood (7)

დილით საოცრად ბედნიერმა გაივღვიძე. ერთი სული მქონდა რეზი მენახა. სწრაფად ჩავიცვი და გარეთ გავედი. ის იყო, საძინებლის კარი გავაღე, რომ რეზიც გამოვიდა თავისი ოთახიდან. ჩემსავით გაოცებული შედგა და უცებ თვალისმომჭრელად გამიღიმა.
– გამარჯობა, – მივესალმე მე.
– გამარჯობა.
– როგორ გეძინა?
– კარგად, – თუმცა მისი ამოღამებული თვალები სხვა რამეზე მეტყველებდა, – ცოტა მეძინა, მაგრამ კარგად. შენ?
– მე დიდხანს და კარგად, – გავუღიმე.
– კარგია.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე ჩვენი ოთახების კარებთან ვიდექით და ერთმანეთს სულელურად ვუღიმოდით.
ბოლოს რეზიმ თავი გააქნია და სააბაზანოში შევიდა. კარი არ ჩაუკეტავს, როგორც ჩანდა, კბილები უნდა გაეხეხა. ცოტა მოვიცადე და მეც შევედი. პირთან მიტანილი კბილის ჯაგრისი ჰაერში გაუშეშდა. თმა დაულაგებლად შეეკრა უკან და ძალიან უხდებოდა. ღიმილით ამოვუდექი გვერდით და კბილის პასტა ჯაგრისზე წავუსვი. კბილების გახეხვა დავიწყე. რეზიც გამოფხიზლდა და ისიც შემომიერთდა. ბოლოს პირში წყალი გამოვივლე, ჯაგრისი გავრეცხე, რეზის კიდევ ერთხელ გავუღიმე და სააბაზანოდან გამოვედი. ყავა მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, რეზიც დალევდა. წყალი დავდგი ასადუღებლად და კარადიდან ჭიქები გამოვიღე. ამ დროს რეზის შემოვიდა. ნელა, თითქმის გაუბედავად მოვიდა ჩემთან და ჭიქებში შაქრის ჩაყრა დაიწყო. ყავის ქილა გავუწოდე. გამორთმევისას თითებზე შემეხო და ძალიან ნელა გამომართვა. გამეღიმა. რეზიმ ყავა ჩაყარა, ამასობაში წყალიც ადუღდა და დავასხი. როცა ჩაიდანს თავის ადგილზე ვაბრუნებდი, შევამჩნიე, რომ რეზი ცალი ხელით დახლს ეყრობოდა და უცნაური მოლოდინით დაჰყურებდა თავის ხელს. მსუბუქად შევეხე თითებზე და ხელის ზურგი მკლავზე ავუცურე. მან თვალები დახუჭა. ვიგრძენი, როგორ აუჩქარდა სუნთქვა. ხელი მკლავზე ავუცურე და ტუჩებგაპობილ ბიჭს ძალიან ნელა ვაკოცე.
– რას იტყვი, ყავა ერთად რომ დავლიოთ? – ვკითხე მას.
– კარგი, – თავი დამიქნია.
მისაღებ ოთახში გავიტანეთ ჭიქები. რეზიმ კომპიუტერში კოსმოსის ხმა ჩართო. დივანზე დავჯექი, ზურგით სახელურს მივეყრდენი და ფეხები ავიკეცე. რეზი ფეხებს შორის ჩამიწვა და ზურგით მომეკრა. ხელი მუცელზე შემოვხვიე და ყელში ხმაურით ვაკოცე, მან კი ყავის ჭიქა ისე შემომაჩეჩა, ლამის ზედ დამასხა.
– ფრთხილად, – სიცილით ვუთხარი.
– მაშინ მოისვენე, – მიპასუხა და გამომწვევად გამიღიმა.
სიცილით გავაქნიე თავი. ის ისევ მომეყრდნო ზურგით და ყავა ოდნავ მოსვა.
– შეიძლება რაღაც გკითხო?
რეზიმ თავი დამიქნია.
– გახსოვს, მაღალი სიცხე რომ გქონდა? რა გჭირდა მანამდე? რამდენიმე კვირის მანძილზე ოთახიდან არ გამოდიოდი და სვამდი... ბევრს. რატომ?
– ხანდახან ასე ვიცი ხოლმე. საკუთარ თავში ვიკეტები და ვხატავ. ჭიქა ღვინო მემარება რომ გონება გამეხსნას და უკეთ დავხატო. არაფერი მჭირდა, უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვიყავი და შენზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი...
– მე კი მეგონა, თავს მარიდებდი.
– არ ვიცოდი შენთან რაზე უნდა მელაპარაკა. მეშინოდა, რომ თუ დაგელაპარაკებოდი, თავს გავცემდი და შენ ყველაფერს მიხვდებოდი. მეც მინდა რაღაც გკითხო, უფრო სწორად, გთხოვო...
– მთხოვე.
– მინდა, რომ შენი ბლოგის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები წამაკითხო.
– გამოუქვეყნებელი ჩანაწერები? – მისმა მიხვედრილობამ გამაოცა.
– ჰო. ჩემზე რომ წერდი, – გაუბედავად მიპასუხა.
სივრცეს გავუღიმე.
– გაინტერესებს შენზე რას ვფირობ?
– ჰო. იმიტომ, რომ შენ ლაპარაკი არ გიყვარს, შენ წერ, – უკმაყოფილოდ მიპასუხა.
– კარგი, წაგაკითხებ.
– ოღონდ დღეს არა. ხვალ გამოცდა მაქვს და ახლა შენი ჩანაწერები რომ წავიკითხო, გამოცდისთვის ვერ მოვემზადები. ახლა შეგიძლია უბრალოდ მაკოცო, – რეზიმ თავი მხარზე დამადო და ქვემოდან სიცილით ამომხედა.
– იცი, რა? მე არაფერის გაკეთებას ვაპირებ, შენ გააკეთე რაც გინდა, – გამომწვევად გავუღიმე ბიჭს და ტუჩები გავილოკე.
რამდენიმე წამს დაჟინებით მიყურა, მერე წამოიწია, ყავის ჭიქა გამომართვა და თავის ჭიქასთან ერთად იატაკზე დადგა. შემდეგ ჩემკენ შემობრუნდა და ტუჩებში უხეშად მაკოცა.
– მოემზადე გამოცდისთვის. მეც სამეცადინო მაქვს და ხელს არ შეგიშლი.
– კარგი, – გამიღიმა მან და წამოსადგომად გაიწია. სანამ ადგებოდა, ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. სწორედ ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა. გიორგი იყო, ბიძაჩემი. უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე რაღაც. დაახლოებით ვიცოდი, როგორი საუბარი გვექნებოდა და ძალიან მეზარებოდა. ოთახისკენ მიმავალი რეზი შედგა და გაოცებულმა შემომხედა.
– გისმენ, გიორგი.
მობილურში სიჩუმე იყო. მხოლოდ ბიძაჩემის სუნთქვა და გაუგებარი ხმაური მესმოდა.
– დავით...
მისი დაღლილი და გამოფიტული ხმა არ მომეწონა.
– რა მოხდა? – ცივმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.
– ძალიან ვწუხვარ, დავით... მარიამი ამ დილით გარდაიცვალა.
რაღაც ძალიან დიდი ბიძგი ვიგრძენი მკერდში. ისეთი მტკივნეული იყო, რომ მეგონა მკერდი მეგლიჯებოდა და ხელი მივიჭირე, რომ როგორმე შემეჩერებინა ტკივილი.
გიორგი კვლავ მეუბნებოდა რაღაცას, მაგრამ არ მესმოდა.
– ახლავე წამოვალ, – ვთქვი ბოლოს.
– ხო, უნდა წამოხვიდე, – მიპასუხა მან აკანკალებული ხმით. არ შემეძლო. მისი ტირილის გამო შეიძლება მეც ტირილი დამეწყო. სწრაფად გავუთიშე და გაოცებულ რეზის ავხედე, რომელიც ჩემ წინ, სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარიყო.
– რა მოხდა?
– მარიამი... დედაჩემი გარდაიცვალა.
ამის ხმამაღლა წარმოთქმა ისე გამიჭირდა. საშინლად და დაუჯერებლად ჟღერდა. რამდენჯერ მიოცნებია ამაზე... ყველაზე საზიზღარი, ყველაზე ბოროტი ადამიანი ვიყავი. მე დედაჩემის სიკვდილზე ვოცნებობდი და ახლა ის მართლაც მკვდარი იყო.
უცებ რეზის ძლიერი ჩახუტება ვიგრძენი. მისმა შეხებამ გამომაფხიზლა. მეც შემოვხვიე ხელები და თვალები დავხუჭე. წარმოუდგენელ ტკივილს ვგრძნობდი შიგნიდან. ის კი თითქოს ამ ტკივილს ზღვარს უწესებდა და საშუალებას არ აძლევდა, მთლიანად ვშთანთქმულიყავი.
– უნდა წავიდე.
– ჰო, – დამეთანხმა ის.
– კარგი, უნდა ჩავიცვა, – ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
– მეც მოვდივარ.
– არა! – წამოვიყვირე.
რეზის სახე შეეცვალა.
– ხვალ გამოცდა გაქვს, ხომ არ დაგავიწყდა?
– რა? გამოცდა? – დაბნეულმა გაიმეორა, – გადავიტან.
– შუალედურს ვერ გადაიტან.
– მაგრამ...
– არა! – მკაცრად ვუთხარი, – გამოცდის მერე ჩამოდი, – მივხვდი, რომ ზედმეტი მომდიოდა, – გთხოვ. მინდა, რომ ხვალ გამოცდა დაწერო. კარგად დაწერო. მერე კი ჩემთან წამოხვიდე.
სახეზე შევატყე, რომ დამნებდა. ბოლოს თავი დამიქნია. ოთახში შევედი, სწრაფად ჩავიცვი შარვალი და მაისური, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ზურგჩანთაში ჩავყარე და კვლავ გარეთ გავედი. რეზი იქვე მელოდა.
– ძალიან ვწუხვარ, – მითხრა მან.
– გმადლობ, – ჩურჩულით ვუპასუხე. მასთან მივედი და ჩავეხუტე. რეზიმ ხელები შემომხვია და შუბლზე მაკოცა.
– ხვალამდე, – სევდიანად გამიღიმა მან.
საღამო ხანი იყო, ყვარელში რომ ჩავედი. მთელი ის დრო, რაც ტაქსიში გავატარე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რეალობა დავკარგე, სიზმარში ვიყავი. მხოლოდ ტკივილს ვგრძნობდი მკერდში და ეს იყო ყველაზე რეალური რამ, რისი აღქმაც შემეძლო.
სახლის ჭიშკარი ღია იყო და უამრავი ხალხი ტრიალებდა. გადასვლისთანავე, ჯერ კიდევ არაფერი რომ არ მქონდა გააზრებული, იმდენი ხალხი წამოვიდა ჩემკენ, ვინატრე გავმქრალიყავი. ბოლოს, როგორც იქნა, სახლში შესვლა მოვახერხე.
– დავით, ჩამოხვედი? – გადამეხვია ჩემი მეზობელი, მარინე, – ძალიან ვწუხვარ, დავით...
– გმადლობ, – უხერხულად მოვცილდი.
– ნახე ბიძაშენი?
– ჯერ არა.
– წავალ, დავუძახებ.
დაბნეულმა დავუქნიე თავი. მარინე გავიდა და ჩემს ოთახში შევედი. არ ვიცი, მგზავრობის გამო იყო თუ აქ ჩამოსვლით გამოწვეული სტრესით, მაგრამ გული მერეოდა. კარის გაღების ხმაზე თავი ავწიე. გიორგიმ სევდიანად გამიღიმა და ხელები გაშალა. ფეხზე წამოვხტი და მისკენ წავედი. გულში ჩამიკრა და მხარზე ხელი რამდენჯერმე დამარტყა.
– მალე მოხვედი.
– როგორც კი დამირეკე, მაშინვე წამოვედი.
– კარგად ხარ?
თავი დავუქნიე.
– შენ როგორ ხარ?
– მეც კარგად ვარ, – მითხრა მან, მაგრამ ვიცოდი, რომ მატყუებდა, – არ გინდა, ნახო?
– არ შემიძლია... ჯერ არ შემიძლია...
– კარგი, კარგი. როცა ხალხი წავა...
– ჰო, – თავი დავუქნიე. მიმიხვდა, დედაჩემი მარტოს უნდა მენახა. მარტო მე და ის უნდა ვყოფილიყავი, როცა ერთმანეთს შევხვდებოდით.
– უნდა გამოხვიდე, ხომ იცი... სირცხვილია.
ისევ დავუქნიე თავი.
– შეგიძლია შენ მიხედო საქმეებს? მე არც კი ვიცი, რისი გაკეთებაა საჭირო.
– ნუ ნერვიულობ, ყველაფერს მოვაგვარებ.
– გმადლობ.
– გავიდეთ, ხო?
– ჰო.
– დავით, – დამიძახა მან, – საყურე მოიხსენი.
– სულ დამავიწყდა, – პირსინგის რგოლი გამოვიძრე ყურიდან და შარვლის ჯიბეში ჩავიდე.
მთელი საღამო სამძიმრებს ვიღებდი. გაძლებაზე ვიყავი. ბიძაჩემის გამამხნევებელი მზერა რომ არა, ალბათ დიდი ხნის წინ შევიკეტებოდი ჩემს ოთახში, ამდენი ხალხისგან შორს. როცა უკვე ყველა წავიდა და სახლში მხოლოდ რამდენიმე ახლო ნათესავი შემორჩა, გადავწყვიტე დედა მენახა. მეორე სართულზე ავედი და ოთახში დაძაბული შევედი. ოთახის შუაგულში ყვავილებით მორთული კუბო იდგა. გარშემო სკამები ელაგა. მარტო არ ვიყავი. დედაჩემის დეიდაშვილი და მისი შვილი ისხდნენ. ჩემს დანახვაზე მანანა დეიდამ ტირილი დაიწყო, ლიკამ კი დაამშვიდა და თითქმის ძალით გაიყვანა გარეთ.
მარტო დავრჩი. გაშეშებული ვიდექი და მიახლოებას ვერ ვბედავდი. ბოლოს, როგორც იქნა, მივედი და სკამზე ჩამოვჯექი. ძალიან თეთრი იყო. სახეზე იმაზე მეტი ნაოჭი ეტობოდა, ვიდრე მახსოვდა და გავიფიქრე, ალბათ როგორ ნერვიულობდა–მეთქი ჩემ გამო, თავისი დანგრეული ცხოვრების გამო. გიორგი მითხრა, ძილში დაიღუპაო, ძალიან მშვიდად, ვერაფერი გაიგოო. მე კი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მე მოვკალი დედაჩემი. არ ვიცი ავადმყოფობდა თუ არა. შეიძლება თავის ძმასაც უმალავდა. ყოველთვის ძლიერ ქალად მოჰქონდა თავი. სინამდვილეში პრობლემებს მხოლოდ ჩხუბით და ნივთების მტვრევით გაურბოდა, ოთახში ჩაკეტვით და რამდენიმეკვირიანი დეპრესიით. ამაში მაინც ხომ დაგემსგავსე–მეთქი, გავიფიქრე. ვიცოდი, რომ ჩემ გამო ყოველთვის ცუდად გრძნობდა თავს, ყოველთვის შფოთავდა, ეშინოდა, რცხვენოდა... ალბათ ვერ გაუძლო ამდენ რამეს... ჩემი ბრალი იყო...
თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე დასამშვიდებლად. პირში თითქოს სიკვდილის გემო ვიგრძენი. ფეხზე წამოვდექი, მივუახლოვდი და ზემოდან დავაცქერდი. აკანკალებული ხელი გაყინულ თითებზე მოვიჭურე.
„რა ლამაზი თითები გქონია. თითებითაც შენ დაგემსგავსე“, – კვლავ გავიფიქრე.
– მაპატიე ყველაფრისთვის. მეც გპატიობ, – ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი. ძილი და გონების გათიშვა მჭირდებოდა. ჩემს ოთახში შევედი და დაწოლისთანავე ჩამეძინა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.