შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (8)


24-02-2018, 10:23
ავტორი Nickolson
ნანახია 503

Blue Neighborhood (8)

14.
– დავით, – ძილში ჩემი ბიძაშვილის ხმა ჩამესმა.
„ნინი?“
თვალები გავახილე და საწოლის ბოლოში მდგარი ნინი დავინახე.
– ნინი? – გახარებული წამოვჯექი და ჩემკენ გამოქცეულ გოგოს გადავეხვიე, – როდის ჩამოხვედი?
– ახლა.
– ღამით იმგზავრე?
თავი დამიქნია და სევდიანად გამიღიმა.
ნინი გიორგის შვილი იყო. ყვარელში გატარებული ერთი წლის მანძილზე ისე დავმეგობრდით, ფაქტობრივად, საუკეთესო მეგობრები გავხდით. წელს ჩააბარა უნივერსიტეტში, მაგრამ რატომღაც ვეღარ შევეხიანეთ ერთმანეთს. არადა, თბილსში ისე მარტივი იქნებოდა ურთიერთობის გაგრძელება.
– როგორ ხარ?
მხრები ავიჩეჩე.
– ჯერ არ ვიცი, – როგორ მიჭირდა საჭირო სიტყვების მოფიქრება, – ვერ ვეგუები.
– ჰო, ვიცი. თავიდან ასე იქნები, ტკივილს და მარტოობას მერე იგრძნობ. ვიცი, ცუდი ურთიერთობა გქონდა მამიდასთან, მაგრამ დედაშენი იყო და ტკივილს ვერ ასცდები.
რამდენიმე წლის წინ მანაც დაკარგა დედა, ამიტომ იცოდა, რასაც მეუბნებოდა.
– როგორ მიდის შენი საქმეები? ეგუები ახალ გარემოს?
– კი. ხომ იცი, ხალხთან კონტაქტი არ მიჭის, – გამიღიმა მან, – შენი საქმეები როგორ მიდის?
მხრები ავიჩეჩე.
– მგონი ყველაფერი კარგადაა... ან იქნება, ეს დღეები როცა ჩაივლის.
– ისევ მარტო ხარ? – მკითხა და ისე ეშმაკურად გამიღიმა, თითქოს რაღაც იცოდა.
– არა, – მეც იმავე ღიმილით ვუპასუხე.
– მართლა? – გაოცებულმა მკითხა.
– დღეს ჩამოვა და გაგაცნობ.
– მომიყევი რა... როგორი ბიჭია?
– შენ თვითონ მითხარი, დღეს რომ გაიცნობ.
– კარგი.
– გავიდეთ ეხლა გარეთ.
– ჰო, ჩაიცვი, გარეთ ვიქნები, – ღიმილით გავიდა ჩემი ოთახიდან.
ნინის გასვლისთანავე თვალები დავხუჭე და საწოლზე გადავწექი. ერთხანს ასე ვიწექი, მერე გვერდით გადავბრუნდი და საბანი თავზე წავიფარე. ისევ გულისრევას ვგრძნობდი. მეჩვენებოდა, რომ იქ, მეორე სართულზე მწოლიარე დედაჩემი მეძახდა, მსაყვედრობდა, რომ მისი მეშინოდა, რომ მის ნახვას ვერ ვბედავდი, რომ მარტო დავტოვე. ისევ...
როგორც იქნა, ძალები მოვიკრიბე და ავდექი. ტანსაცმელი ჩავიცვი და გარეთ გავედი. მისაღებ ოთახში არავინ დამხვდა. კარგი იყო. სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე და როდესაც უკან დავბრუნდი, ოთახში უკვე ხალხი ირეოდა. უმეტესობას საერთოდ არ ვიცნობდი, ან შეიძლება ბავშვობაში ვიცნობდი, მაგრამ ახლა არავინ მახსენდებოდა. ისინი მოდიოდნენ ჩემთან, მეხვეოდნენ და მისამძიმრებდნენ და თითქოს თავიანთ მწუხარებას მე მიტოვებდნენ. ისინი თავისუფლდებოდნენ ტკივილისგან, მე კი ისე ვიყავი სავსე, ვგრძნობდი, რომ მეტს ვეღარ ვუძლებდი.
საღამო ხანს, როცა ხალხი შეთხელდა, სამზარეულოში შევედი რამის საჭმელად. დღეს მხოლოდ ერთხელ ვჭამე, ისიც რამდენიმე ლუკმა. სამზარეულოში ქალები ირეოდნენ. ჩემს შესვლაზე ყველა წამით გაჩუმდა, მერე კი უხერხულად გამიღიმეს და თავიანთი საქმე განაგრძეს. ზოგი საჭმელს ამზადებდა, ზოგი ჭურჭელს რეცხავდა, ზოგი კი, უბრალოდ, საუბრობდა. ის იყო, მაცივარი უნდა გამომეხსნა, რომ სამზარეულოს ფანჯრიდან ენდის მოვკარი თვალი.
„ჩამოვიდნენ“, – გავიფიქრე და ვიგრძენი, როგორ დამიარა სხეულში სისუსტემ. სუნთქვაშეკრული გავშეშდი რეზის გამოჩენის მოლოდინში. რამდენიმე წამის შემდეგ ისიც გამოჩნდა ლუკასთან ერთად. სამზარეულოდან გავვარდი და როგორც კი მისაღები ოთახის კარი გაიხსნა და ჩემი მეგობრები რეზისთან ერთად შემოვიდნენ, მათკენ წავედი, რეზის ხელი ჩავკიდე და გაოცებული ბიჭი ჩემი ოთახისკენ წავიყვანე. ზურგს უკან ლუკას და ენდის შეკავებული სიცილის ხმა მომესმა.
ოთახში შევედით და კარი დავხურე. რეზიმ მაშინვე ხელები შემომხვია და ისე ძლიერ ჩაიკრა გულში, სუნთქვა შემეკრა. მისი სახე ხელებში მოვიქციე, თმა უკან გადავუწიე და ტუჩები მის ტუჩებს მივაწებე.
– მენატრებოდი, – თქვა მან ჩურჩულით.
– მეც.
თავი ცუდად ვიგრძენი. ისევ თავბრუ დამეხვა.
– უნდა დავწვე, ცუდად ვარ.
– რა მოგივიდა? – შეშფოთდა რეზი.
– თავბრუ მეხვევა.
საწოლზე დავწექი. ისიც გვერდით მომიწვა და ჩემკენ გადმობრუნდა.
– დღეს ჭამე რამე? – მკითხა მან.
– ცოტა.
– ღმერთო! – გაბრაზებული წამოჯდა.
– მოიცადე, სად მიდიხარ?
– რამე საჭმელს მოგიტან.
– არ მინდა, აქ იყავი, – მკლავში ხელი წავავლე და უკან დავაბრუნე, – მერე შევჭამ.
რეზი სახეზე მომეფერა. ძალიან ნაზად ჩამომისვა თითები ლოყასა და თმაზე.
– რა ქენი გამოცდაზე?
– დავწერე, – მიპასუხა მან, – როგორ ხარ შენ?
– მე არამიშავს. უბრალოდ, ძალიან დავიღალე.
– არ მინდოდა მარტო წამოსულიყავი აქ.
– რაც მთავარია, ხომ ჩამოხვედი.
– წავალ, საჭმელს მოგიტან. საშინლად გამოიყურები.
– დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, – გავუღიმე.
რეზი სიცილით გადმოიხარა ჩემკენ და ლოყაზი ხმაურით მაკოცა.
– ახლავე დავბრუნდები.
თავი დავუქნიე.
მისი გასვლისთანავე ოთახში ენდი და ლუკა შემოვიდნენ.
– ჰეი, – ღიმილით წამოვჯექი.
– ვიზიარებთ, დავით, – ორივე გვერდით მომიჯდა.
– გმადლობთ, – ჯერ ერთს გადავხედე, მერე მეორეს, – შენ რა, დაჭრილი წამოხვედი ამხელა გზაზე? – მივუბრუნდი ენდის.
– არც კი მაწუხებს...
– იმიტომ, რომ გამაყუჩებლებზე შეჯექი, – თქვა ლუკამ.
– რა?
– არა! შენ კი მოკეტე! – შეუღრინა ენდიმ ლუკას, – რაც უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლის შეხორცების პროცესი, უფრო პროდუქტიული ვიქნები.
– ფრთხილად იყავი.
– სულელი კი არ ვარ.
– ალექსი და რატი სად არიან?
– დაკრძალვისთვის ჩამოვლენ.
თავი დავუქნიე.
– რეზი უნდა განახა, როგორ ნერვიულობდა. გზაშიც ისე გვაჩქარებდა, ლამის ავარიაში მოვყევით, – მითხრა ლუკამ.
– ავარიაში? – შეშინებული მივუბრუნდი მას.
– ლუკა! – დაუყვირა ენდიმ, – დაფიქრდი, რას ამბობ!
– სერიოზული არაფერი, უბრალოდ ჩქარა მოვდიოდით, – დაძაბული ღიმილით შემომხედა ლუკამ, – იმიტომ, რომ შენს ბიჭს შენთან უნდოდა.
ამ დროს რეზი შემოვიდა დიდი ლანგრით ხელში.
– აი, შენც, – წამოიძახა ლუკამ და ფეხზე წამოხტა, – წამოდი, ენდი, გიორგის მივუსამძიმროთ.
– მერე შემოგივლით, – ენდიც ლუკას გაჰყვა და ოთახიდან გავიდნენ.
ისე მშიოდა, ყველაფერი შევჭამე, რაც კი რეზიმ მომიტანა. ის კი გაოცებული ღიმილით მადევნებდა თვალს.
– შემდეგი გამოცდა როდის გაქვს?
– ხვალ მქონდა, მაგრამ ლექტორს დაველაპარაკე და ოთხი დღის შემდეგ ვწერ.
– მართლა? ჩემ გამო გამოცდები არ გააცდინო.
– არ გავაცდენ, ნუ ღელავ, – მან ლანგარი გადადგა, – მისმინე, შენმა ნათესავებმა იციან შენზე?
– ბიძაჩემმა და ჩემმა ბიძაშვილმა. დანარჩენებმა არ ვიცი, არა მგონია.
– კარგი, – დაძაბულმა ჩაისუნთქა ჰაერი, – ანუ ბიძაშენს ეტყვი, რომ ერთად ვართ?
მივხვდი, ნერვიულობდა.
– თუ შენ არ გინდა, არაფრის თქმა არ არის საჭირო.
– მინდა, უბრალოდ ცოტას ვღელავ.
– ნუ ნერვიულობ, – მისი ხელი ავიღე და ხელისგულზე ნაზად ვაკოცე. რეზი ღიმილით დაწვა საწოლზე. მეც გვერდით მივუწექი.
– ეს შენი ოთახია?
თავი დავუქნიე. მან ღიმილით მოავლო თვალი გაყვითლებულშპალერიან კედლებს, საღებავაცვენილ ფანჯრებს, დამტვერილ წიგნებს მაგიდაზე, ცნობილი ნახატების ძველ რეპროდუქციებს, ტანსაცმლის კარადაზე დაპირქვავებულ ხარახურას, გამხმარი ყვავილების ქოთნებს ფანჯრის რაფაზე, ძველ ფირსაკრავს, იატაკზე აკოკოლავებულ ფირფიტებს და ობობის ქსელებს ჭერზე.
– სევდიანი ოთახი გაქვს, – აღნიშნა მან, – მომწონს.
– ალბათ იმიტომ, რომ როცა ჩემს ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა, ამ ოთახს ვაფარებდი თავს. მგონი დავღალე ამდენი დრამებით, – სივრცეს ისე გავუღიმე, თითქოს ოთახს ველაპარაკებოდი.
– დავით, – მოულოდნელად ოთახში ენდი შემოიჭრა.
– რა მოხდა?
– მამაშენი მოვიდა, – მიპასუხა გაოგნებულმა და დაძაბული დაელოდა ჩემს რეაქციას.
როგორც კი მისი ნათქვამი გავიაზრე, მაშინვე წამოვხტი და გარეთ გავვარდი. იმდენი ხანი ველოდი ამ დღეს. მას შენდეგ, რაც ვატომ მიგვატოვა, მისგან არაფერი ისმოდა. ისიც კი არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ახლა კი, მისი გამოჩენა, მითუმეტეს, ასეთ დროს, ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. ოღონდ, მთავარი იყო იმედი არ გამცრუებოდა... მთავარი იყო, კვლავ ისეთი ყოფილიყო, როგორიც მახსოვდა.
მისაღებ ოთახში დავინახე კაცი, რომელიც დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც სურათებზე. უბრალოდ, უფრო მეტად გაჭაღრავებულიყო და თმაშიც ჭაღარა გამრავლებოდა. მაშინვე მიცნო. პრინციპში, ისეთი დაფეთებული გამოვვარდი, მიხვდებოდა ვინც ვიყავი. დაძაბული ვიდექი მის პირდაპირ და ერთი სული მქონდა ხმა ამოეღო. ვატომ ხმის ამოღების ნაცვლად გამიღიმა და ფრთხილად, მორიდებულად გადამეხვია.
– გამარჯობა, დავით, – ფრთხილად მითხრა მან.
– გამარჯობა, მამა, – იმდენი წელი იყო, ეს სიტყვა ხმამაღლა არ წამომითქვამს, თავი უხერხულად ვიგრძენი.
– ვიზიარებ შენს მწუხარებას... მართლა ძალიან ვწუხვარ.
– გმადლობ, მე... არ ველოდი შენს ნახვას.
– ალბათ ბოდიში უნდა მოგიხადო, ამდენი ხანი რომ არ გამოვჩენილვარ...
– ყველაფერი რიგზეა. მესმის, რატომაც არ გინდოდა წარსულის გახსენება.
– როგორ მიდის შენი საქმეები? იცი, თვალს გადევნებდი შორიდან. შენს ბლოგსაც ვკითხულობ ხოლმე. ხშირად არა, მაგრამ მაინც... და ძალიან ვამაყობ შენით.
– ბლოგს კითხულობ? – მისი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გავიგე.
ვატომ ღიმილით დამიქნია თავი.
– ყველაფერი რიგზეა, ნუ იძაბები, – გამამხნევა მან.
გამიჭირდა იმის გააზრება, რომ მამამ ჩემზე ყველაფერი იცოდა და ასე ღიმილით მესაუბრებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დედა მატყუებდა. ვატოს წასვლა ჩემი ბრალი არ იყო. ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ამის მოსმენა მჭირდებოდა.
– ის ბიჭი შენი შეყვარებულია? – ჩემკენ ღიმილით გადმოიხარა და ისე მკითხა, რომ ვერავის გაეგო.
თვალი გავაპარე რეზისკენ. ლუკასა და ენდისთან ერთად იდგა და გაფართოებული აკვირდებოდა ჩვენს თითოეულ მოძრაობას.
– როგორ მიხვდი?
– მზად არის დამარტყას, თუ რამეს გაწყენინებს, – გაიცინა მან.
კვლავ გავედე რეზის. რატომღაც მომეჩვენა, რომ ზუსტად ისევე დაძაბული მიყურებდა, როგორც ენდი და ლუკა. რეზიმ თვალებით მკითხა რა ხდებაო. ვანიშნე, რომ მოსულიყო.
– რეზი, გაიცანი მამაჩემი, ვიტო. მამა, ეს რეზია.
– გამარჯობა, რეზი, – ხელი გაუწოდა ვატომ.
– გამარჯობა, – წამიერი ყოყმანის შემდეგ ჩამოართვა ხელი რეზიმ.
– ვერასდროს წარმოვიდგენდი, შენს შეყვარებულს ასეთ ვითარებაში თუ გავიცნობდი.
– კარგი, რა, მამა. მარიამის სიკვდილი რომ არა, ჩემს შეყვარებულს ვერასდროს გაიცნობდი... და ვერც მე, – დავამატე მოგვიანებით, თუ ამასაც გაცნობა ერქვა.
ვატომ არაფერი მიპასუხა.
– სწორი შენიშვნაა, – თქვა მოგვიანებით, – წარმომიდგენია რისი გადატანაც მოგიწევდა. მარიამთან ცხოვრება აუტანელი იქნებოდა, თანაც, თუ შენი ორიენტაციის შესახებ იცოდა... – მან ამოიოხრა, – მინდა იცოდე, რომ მე მხარს გიჭერ.
– გმადლობ.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რადგან ვატო კვლავ დადუმდა.
– მგონი დროა დედაშენი მოვინახულო.
თავი დავუქნიე.
– გინდა გამოგყვე?
– არა, არა, – სწრაფად მიპასუხა მან, – მაშინ ვერ გამოვემშვიდობე... ახლა მოვიდა მაგისი დრო.
მესმოდა მისი. იყო დრო, როცა ვატოს დედაჩემი მართლაც უყვარდა.
– ალბათ გზის მისწავლება არ დაგჭირდება.
– ხო, – გამიღიმა მან და მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს აუყვა.
ვატო ცოტა ხანს კიდევ დარჩა ჩვენთან. ცოტა ვილაპარაკეთ, უმეტესად ფორმალური და ცივი საუბარი გვქონდა. ბოლოს ჩემი წასვლის დროაო, თქვა და მე და რეზის ორივეს ერთად გადაგვეხვია.
– არ ვიცი კიდევ როდის გნახავ, – თქვა მან.
რატომღაც მიხაროდა ასეთი გულწრფელი რომ იყო.
– რაც არ უნდა იყოს, გამიხარდა რომ მოხვედი.
– მიყვარხარ, დავით. ისეთი მამა არ ვყოფილვარ, როგორსაც იმსახურებდი. მაპატიე ამის გამო.
– არც მე ვიყავი საოცნებო შვილი. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.
მან გამიღიმა და მანქანაში ჩაჯდა. ხელი დავიქნიე. მანაც იგივე მოძრაობა გააკეთა, შემდეგ კი მისი მანქანა მოსახვევში გაუჩინარდა. ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და სახლში შევედი. მხოლოდ რეზი, ენდი და ლუკა შემოვრჩით. გიორგი და ნინიც ვატოს წასვლის შემდეგ წავიდნენ. უცნაური იყო ჩემს შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად ამ სახლში ყოფნა. უცნაური იყო ისიც, რომ გარდაცვლილ დედაჩემს ისე ვგრძნობდი, თითქოს აქ იყო, ჩვენ გვერდით. თითქოს სადაცაა ყავითა და შოკოლადებით ხელში შემოვიდოდა ოთახში, ჩვენს გვერდით დაჯდებოდა და მეგობრებს ჩემი ბავშვობის შესახებ მოუყვებოდა. სამწუხარო იყო, რომ ასეთი დედა არასდროს ყოფილა.
– გეძინება? – მკითხა რეზიმ.
– ხო, დაწოლა მინდა.
– ჩვენ სად ვიძინებთ? – მკითხა ლუკამ.
– ამ ოთახში, – ხელი ჩემი ოთახის გვერდით კარისკენ გავიშვირე, – ოღონდ საწოლს თეთრეული თქვენ უნდა გადააკრათ.
– რა პრობლემაა.
რა კარგი იყო დაწოლა. სხეული მთლიანად მომეშვა. გვერდით გადავბრუნდი და რეზის მივეხუტე. მაშინვე მისი სურნელით ავივსე. მან ხელები წელზე შემომხვია.
– ერთი სული მაქვს, როდის წავალთ აქედან, ეს ყველაფერი რომ დავივიწყო.
თმაზე გადამისვა ხელი. ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა. წამოვჯექი და კარადიდან ავიღე. უცნობი ნომერი იყო.
– გისმენთ, – ვუპასუხე.
– გამარჯობა, დავით, – მომესმა ძალიან ნაცნობი, დავიწყებული ხმა. სხეულში უსამოვნო გრძნობამ დამიარა. გული ისე ამიჩქარდა, რომ ყურებში ჩამესმოდა გულისცემის ხმა.
– გამარჯობა, – მინდოდა მისი სახელი ხმამაღლა წარმომეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი.
– გავიგე რაც მოხდა. ძალიან ვწუხვარ.
– მადლობა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ყურმილში მისი სუნთქვის ხმა მესმოდა. იმდენჯერ მიგრძვნია ეს სუნთქვა ჩემს სხეულზე...
– როგორ ხარ?
– კარგად.
– როგორ მიდის შენი საქმეები?
– ნორმალურად, – ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ეს საუბარი.
– მიხარია თუ ასეა. კარგი, დავით, მოსამძიმრება მინდოდა... მართლა ძალიან ვწუხვარ.
– გმადლობ.
– ნახვამდის.
– კარგად, – მობილური გავთიშე და კარადის თავზე შემოვდე.
ერთხანს ჩუმად ვიყავი. მიჭირდა იმის აღქმა, რომ რამდენიმე წუთის წინ რომას ველაპარაკებოდი.
– ვინ იყო? – მკითხა რეზიმ.
შევხედე. მგონი რაღაცას ხვდებოდა.
– ისეთი არავინ.
– მაშინ რატომ აგაღელვა მისმა ზარმა?
მისმა ეჭვიანობამ ღიმილი მომგვარა, თუმცა ამაში კარგი არაფერი იყო.
– არც ისე კარგი მოგონებები მაქვს მასთან და იმიტომ.
– რა ჰქვია?
– კარგი, რა, რეზი, – გამეცინა.
– მითხარი, რა ჰქვია? – რეზი საწოლში ჩაწვა, საბანი გაისწორა და წარბები ასწია იმის ნიშნად, რომ ჩემს პასუხს ელოდა.
– რომა.
– გიყვარდა?
– შეწყვიტე ჩემთვის დაკითხვის მოწყობა, – გვერდით მივუწექი და მეც ზუსტად იმ პოზაში დავწექი, როგორშიც ის – ზურგზე, გულზე დაკრეფილი ხელებით.
– არ გიწყობ დაკითხვას, – ხმა დაურბილდა, – ესე იგი, გიყვარდა.
– მე ეგ არ მითქვამს.
– არც უარყავი, – ჩემკენ გადმობრუნდა, წამოიწია და თავი მოხრილ ხელს დააყრდნო, – შენთვის პირველი იყო?
– გეყოფა! – მკაცრად ვუთხარი.
– რატომ? მაინტერესებს. პირველის დავიწყება შეუძლებელია, ხომ ასეა?
– ეგ ყველაზე სულელური თეორიაა, რაც კი ოდესმე მსმენია, – ღიმილით ვუპასუხე.
– მაგრამ პირველი იყო?
– ჰო.
– ამიტომ გქონდა ასეთი რეაქცია?
– როგორი რეაქცია?
– მისმა ზარმა აგაღელვა.
– რა თქმა უნდა, ამაღელვა. სამი წელია მისი ხმა არ გამიგია.
– ისევ გიყვარს?
მისმა კითხვამ გამაბრაზა. რეზის რა, ეგონა, მასთან ყოფნა და პარალელურად სხვისი სიყვარული შემეძლო? ასე ცუდად მიცნობდა?
– შენ როგორ გგონია? – უხეშად ვკითხე.
მზერა ამარიდა. ბოლოს ამოიოხრა, ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ხელები შემოვხვიე, ჩემკენ მოვიზიდე და კოცნაში ავყევი. საოცრად რბილი, ცხელი და გემრიელი ტუჩები ჰქონდა, მისი ენა კი გამაგიჟებლად მოძრაობდა ჩემს პირში...
– მოიცადე, გაჩერდი, – მხრებში ხელები ჩავავლე და მოვიცილე. ახლა ამის დრო არ იყო.
– მაპატიე, – დაიჩურჩულა მან. ტეჩებზე გადავუსვი ხელი და გავუღიმე, – ბოდიში რომ ჩაგაცივდი.
– მე შენ მიყვარხარ, – ვუთხარი ჩურჩულით, – მეგონა ეს იცოდი.
ჩემმა ნათქვამმა შეაკრთო. აღელვებულმა ფრთხილად ჩამომისვა ხელი სახეზე და მომხიბვლელად გამიღიმა.
– მე ის ვიცი, რომ უშენოდ არც ერთი წუთის გატარებაც კი აღარ მინდა.
– მოდი ჩემთან, – ჩემკენ მოვიზიდე. თავი მკერდზე დამადო. ჩემს აჩქარებულ გულისცემას დაუგდო ყური. ხელები ძლიერად შემოვხვიე.
– დავიძინოთ? – მკითხა მან. თავი დავუქნიე, – ძილინების.
– ძილინების.
რეზიმ ცალი ფეხი ჩემს ფეხებში ახლართა, საბანი გაისწორა და კომფორტულად მოკალათდა ჩემს მკლავებში. ღიმილით ვაკოცე თავზე, ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი და თვალები დავხუჭე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.