შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატერინა (სრულად, ნაწილი 2, დასასრული)


12-03-2018, 00:26
ავტორი An_Gel
ნანახია 9 471

კატერინა (სრულად, ნაწილი 2, დასასრული)

*_*_*_*

ხანდახან, ცხოვრებაში, ხომ არის მომენტები, როცა ყველა და ყველაფერი გტკენს? თითქოს სამყაროს თითოეული წერტილი ეკალივით ესობა გულს და გაღონებს. ხოდა, სწორედ ამ მომენტში, როცა მთელი არსება გაქნილი ჯიბის ქურდივით მოუსვენრად აცეცებს თვალებს, ოღონდ კი შვება ჰპოვოს სადმე, ერთ წერტილს უშეშდება მზერა; მილიარდობით წერტილს შორის ერთს, რომელიც თითქოს არ გტკენს და რომელიც თითქოს შვებასაც კი განიჭებს, წამით.
სწორედ ასე იდგნენ თავიანთი სახლის მისაღებ ოთახში ჯაყელები. თითოეულ მათგანს ერთი კონკრეტული წერტილისთვის მიეჩერებინა მზერა და ჯიუტად დუმდა. მარიამის და იოანეს სიტყვები თითქოს ჰაერში დაფრინავდნენ ჯერაც. კედლებს ერწყმოდნენ, ფარდებს ეკიდებოდნენ და იატაკს ეფინებოდნენ - სამუდამოდ რჩებოდნენ სახლში. ამიერიდან თითქოს ყოველთვის, როცა კი სტუმარი ან მასპინძელი სახლის კარს შეაღებდა, ჯაყელისა და დანელიას სიტყვები სახეში ეცემოდა და სულს აუშლიდა.
ყველაფერი ერთ წყვდიად ღამეში მომხდარ ამბავს ემსგავსებოდა. დღის შუქი მოეფინა ყველაფერს და მათაც უკვე სრცხვენოდათ ბნელ ღამეში ჩადენილი სიმხეცის. თვალებში ვეღარ უყურებდნენ ერთმანეთს, რადგან წყვდიადგადაკრული აფექტი და იმპულსები მზის სხივებში დიფუზირდა.
ვინ იცის, რამდენ ხანს იდგნენ ასე და კიდევ რამდენს იდგებოდნენ, რომ არა ქეთევანის ადგილიდან მორყევა და შეკივლება. ვაიმე, მაშო-ო, დაიკივლა ქალმა და თითქოს ეს აღმოჩნდა ყველასთვის გამოსაფხიზლებელი სირენა.
დემეტრემ ყველაზე სწრაფი რეაქცია გამოავლინა და მანამ დაიჭირა ცოლი, სანამ დაეცემოდა, წონასწორობადაკარგული.
-კატო, წყალი მოუტანე! - იყვირა შეშინებულმა ჯაყელმა და სახეზე ხელები დაუსვა ქალს, რათა შეეფხიზლებინა.
-არ მინდა... წყალი არ მინდა... გამიშვით, მაშო უნდა მოვაბრუნო, დემეტრე... - მოგუდული ხმით გაიძახოდა ქეთევანი.
-დაწყნარდი, ქეთევან. წამოდი, დაჯექი და წყალი დალიე!
-არ მინდა დაჯდომა! - გაჯიუტდა ქალი და უხეშად მოიცილა ქმრის ხელები. - რა გააკეთე, ადამიანო? ღმერთო, ისევ იმავეს გაკეთების უფლება როგორ მოგეცი?!
-დამშვიდდი-მეთქი ქეთევან, დაუკვირდი შენს სიტყვებს! - დაუყვირა ცოლს ჯაყელმა, როცა მიხვდა, ქეთევანი იმაზე მეტის თქმას აპირებდა, ვიდრე საჭირო იყო.
-მარიამსაც იგივე გინდა გაუკეთო, რაც თამარას გაუკეთე, არა? - წამოიყვირა ქეთევანმა და გაავებულმა შეხედა ქმარს.
დემეტრეს სახეზე ფერი ეცვალა ქალის სახელის ხსენებისას. იმდენად გაფერმკრთალდა, ყველას გაკვირვება გამოესახა სახეზე. დემეტრე ხომ არასდროს გამოირჩეოდა ემოციურობით?!
-საკმარისია, ქეთევან, თავი ხელში აიყვანე! - მშვიდი ტონით მიმართა ჯაყელმა მეუღლეს, თუმცა კი დიდი მძვინვარება იგრძნობოდა მის ხმაში.
-როდემდე გავჩუმდე, დემეტრე?! მითხარი, როდემდე?! - არ ცხრებოდა ქეთევანი.
ლუკა, ბექა, ეკატერინე და დანარჩენები გაკვირვებით ადევნებდნენ თვალს წყვილის ჩხუბს და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ.
-თუ რამის თქმა გინდოდა, რატომ მაშინ არ ამოიღე ხმა, როცა მარიამიც აქ იყო, ჰა? ასე თუ შეგტკიოდა გული შენს შვილზე, მაშინ გეთქვა რამე! - მწყობრიდან გამოვიდა დემეტრეც და გვარიანად ამოიდგა ხმა.
ეკატერინეს თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. პირველად იყო, რომ ასე წონასწორობადაკარგულ მშობლებს უყურებდა. უცხო ქალის სახელის ხსენებამ აშკარა მღელვარება გამოიწვია მამამისში.
-ღმერთო, რა გულქვა ხარ, დემეტრე! - თავში იტაცა ხელები ქეთევანმა.
-ეკატერინე, დედაშენი ოთახში აიყვანე და დამამშვიდებელი მიეცი! - მკაცრად მიმართა დემეტრემ ქალიშვილს.
-წამოდი, დედა... - ფრთხილად მიუახლოვდა კატო ქალს.
-ღმერთო, რა გულქვა ხარ... ღმერთო ჩემო... - ბუტბუტებდა ქეთევანი.
-დაგეხმარები, კატო! - დედამთილს მეორე მხრიდან ამოუდგა ელენე და კიბეებზე ასვლაში მიეხმარა ქალს.
-ეს თემა დაიხუროს და საერთოდ შეწყდეს ამაზე ლაპარაკი! - ბრძანება გასცა ჯერ კიდევ განრისხებულმა დემეტრემ, გაკვირვებულ ბიჭებს გადახედა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ოთახი.

*_*_*_*

იოანემ ძალიან ფრთხილად შეხსნა საძინებლის კარი და ფეხაკრეფით შევიდა ოთახში. მარიამი გულაღმა იწვა, ჭერს მიშტერებოდა თვალებით. თვალებით, რომლებიც ცრემლებით იკვლევდნენ გზას, მისი თმისკენ და მასში იკარგებოდნენ.
გული შეეკუმშა მოტირალი ცოლის დანახვისას; მათი ქორწინება უკვე იყო ცრემლების მომტანი, მიუხედავად დიდი სიყვარულისა.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს და კიდეზე ჩამოჯდა. თავი დახარა და იატაკს გაუშტერა მზერა - მდუმარედ უცხადებდა ცოლს თანადგომას.
-იცი, რას ვერ ვხვდები? - ისევ ჯაყელმა დაარღვია სიჩუმე და ისე მიმართა მეუღლეს, ჭერისთვის მზერა არ მოუცილებია. - მკვლელი შვილები უყვართ, ყაჩაღები, მოძალადეები, დამნაშევეები და არაკაცები, ნუთუ ასე რთულია, შეყვარებული შვილის მიღება? - ძლივს ლაპარაკობდა მარიამი, რადგან ყელში წაჭერილი რგოლი ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა.
იოანემ მთელი არსებით გაისიგრძეგანა ცოლის ტკივილი; თავადაც ეტკინა გული და დამნაშავედ იგრძნო თავი.
-მაპატიე, რა. ბოდიში, რომ ჩვენი სიყვარულის გამო ამხელა ტკივილის ატანა გიწევს. - გატეხილი ხმით ამოილაპარაკა და ცალი ხელი დაუსვა მწოლიარეს.
-სიყვარულისთვის ბოდიშს არ იხდიან, იოანე; დღეს ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ. - ისევ იმავე ტონალობაში თქვა მარიამმა.
-როგორ მინდა იცი, აი, ეგ ტკივილი დაგიამო? საერთოდ რომ გავაქრო და მის ადგილას კვირტებივით ბევრი-ბევრი სიყვარული ამოვზარდო!
-ამ ტკივილის დაამება მხოლოდ შენ შეგიძლია, იოანე; მარტო შენ. - მკრთალად გაეღიმა ჯაყელს.
-იცი, როგორი ამაყი ვიყავი დღეს? შენ, ასე შეუპოვრად მებრძოლი, ჩემ გამო და ჩვენი სიყვარულის გამო... სასწაული სანახავი იყო! ახლა გეტყვი და არ გაბრაზდე: გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ დღეს შეიძლებოდა მარტო დავბრუნებულიყავი სახლში. მაინც მეშინოდა, რომ შენი ოჯახის დანახვისას აღარ მოგინდებოდა ჩემთან წამოსვლა. მაგრამ დღეს დავრწმუნდი, რომ ჯერ კიდევ არ გიცნობ კარგად; ყოველდღე ახერხებ ჩემ გაოცებას, მარიამ!
-ეგ შიში რომ გქონდა, ვხვდებოდი. - გაეღიმა გოგონას. - უკვე იმაზე კარგად გიცნობ, ვიდრე შენ გგონია...
-ჰო, მე არ ვარ რთული ამოსაცნობი. შენსავით გასაოცარი და ცვალებადი ხასიათებიც არ მაქვს. რაც ვარ, ის ვარ; არაფრით გამორჩეული, შენგან განსხვავებით. ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა შენ შესასწავლად. - სახე გაებადრა დანელიას და ხელზე აკოცა გოგონას.
-ვნახოთ... მთელი ცხოვრება წინ გვაქვს. სიბერეში მითხარი, მოახერხე თუ არა ჩემი შეცნობა. - კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა მარიამს.
-ჰო, სიბერემდე მოგიწევს დაცდა...
-მანამდე კი, შეგიძლია, ცოტა ხნით მარტო დამტოვო? უბრალოდ მინდა მარტომ გამოვიგლოვო რაღაც-რაღაცები.
-რა თქმა უნდა, გავალ ახლავე. თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე, კარგი? აქ ვარ, იცოდე.
-კარგი. - ქმარს გაუღიმა ჯაყელმა, თვალებით მიაცილა კარამდე და მხოლოდ მარტო დარჩენის შემდეგ მიეცა ისევ ცრემლებს.

*_*_*_*

ლუკა გაშმაგებული მხეცივით მიმოდიოდა კაბინეტში და ხმაურიანად ქშენდა. მუჭს ხან კრავდა, ხანაც ხსნიდა. უნდოდა, ვინმესთვის დაერტყა, რამე დაელეწა და გაეფუჭებინა. იმდენად იყო გამწარებული, საკბილოს ეძებდა.
-კარგი, დაჯექი ერთ ადგილას, გააფრენ ეგრე! - ბოლოს გეგამ ვეღარ მოითმინა დაუყვირა მეგობარს.
-რა დამამშვიდებს, ბიჭო?! რა დამამშვიდებს?! - იღრიალა ჯაყელმა და ერთიანად აწითლდა სახეზე.
-ღრიალით საქმეს ვეღარ უშველი!
-როგორ მინდა ახლა ვიღაცა ვცემო ან რაღაც დავლეწო! - სიმწრით ძლივს გამოთქვამდა სიტყვებს ლუკა და ხელებს ჰაერში ასავსავებდა. - ფუი, ამის დედა****ცი, რა გააკეთა ამ გოგომ? რა გაააკეთა?! - განწირული ხმით გაყვიროდა ოთახში.
თორნიკე იქვე იდგა, კარსაყუდებული. საერთოდ ვერ იაზრებდა იმ წამს მომხდარს; სადღაც ბურუსში იყო მისი გონება. ტვინი მთელი ძალით ბლოკავდა ინფორმაციას. ვერაფრით დაიჯერებდა, რომ „თავისი მაშო“ სულაც აღარ იყო მისი; რომ მას ახლა მტრის ცოლი ერქვა.
-რატომ ხარ ჩუმად, ბიჭო?! - ბოლოს, როგორც იქნა, იპოვნა საკბილო ლუკამ, როცა სააქაოს მოწყვეტილი არველაძე შეამჩნია. - რატომ არ იღებ ხმას?! - ღრიალებდა ჯაყელი.
-კარგი, ლუკა, შეეშვი ამას... - მკლავზე ფრთხილად შეეხო რატი მამაკაცს.
-რას ქვია, შევეშვა?! - ხელი აუქნია ლუკამ ძმაკაცს და ახლა მას შეხედა გაავებული თვალებით. - ჩემი დის სიცოცხლე ვანდე მე ამას, ასეთი რაღაც რანაირად მოხდა?!
-ლუკა... - ენა ძლივს ამოითქვა გაწბილებულმა თორნიკემ. გრძნობდა, რომ ყველა უჯრედი დაშლას და გაქცევას ლამობდა.
-თვალდახუჭული განდობდი ჩემი დის სიცოცხლეს. არაფრის მეშინოდა იმიტომ, რომ ვიცოდი, შენ იყავი მის გვერდით და აკონტროლებდი. რანაირად მოხდა-მეთქი ასეთი რამ?!
არველაძე ხმას ვერ იღებდა; დასჯილი ბავშვივით, კარში იყო ატუზული და თავი ჰქონდა დახრილი.
-მიპასუხე, ბიჭო, რატომ ხარ ჩუმად?! - უარესად ახელებდა ჯაყელს თორნიკეს დუმილი. - იცოდი, რომ მაშოს დანელიებთან ჰქონდა კონტაქტი?!
-ვიცოდი... - ძლივსგასაგონად ამოთქვა მამაკაცმა.
-მერე?! - ბოლო ხმაზე იღრიალა ძარღვებდაბერილმა. - მერე, რომ იცოდი, რას მიკეთებდი?! რანაირად მიეცი ჩემს დას აქამდე მისვლის უფლება?! მიპასუხე, ჩვენ რატომ არ გვითხარი, იმ ს*რებთან რომ დადიოდა მაშო?!
-ბევრჯერ ვცადე ახსნა...
-რისი ახსნა ცადე, ბიჭო?! ჩვენ რატომ არ გვითხარი-მეთქი, ჩვენ?! აქამდე როგორ მოიტანე საქმე? თავს ლაფი როგორ დაასხი ჩვენს ოჯახს?! მე მეგონა, გიყვარდა ჩემი და!
-ლუკა...
-ცხვირწინ აგწაპნეს ქალი, თან ვინ?! მაინცდამაინც ახვლედიანის ძმაკაცმა! ამის მერე, რა უნდა გელაპარაკო შენ, საერთოდ?
-ლუკა, წადი წყალი დალიე და დამშვიდდი! - ბოხი ხმა გააჟღერა ოთახში ბექამ.
-რა ჩემ ფეხებად მინდა წყალი?! წყალი რას მიშველის!
-წადი-მეთქი! - თვალები უბრიალა ჯაყელმა ბიძაშვილს.
-თვალით აღარ დამენახო, იცოდე. აღარასდროს, ცხოვრებაში! სადმე რომ გადამეყარო, მოგკლავ, გეფიცები! შენ არ ყოფილხარ კაცი, თორნიკე. მე შენ ყველაზე ძვირფასი განდე, შენ კი იგივე გააკეთე, რაც ნიკუშასთან! მეტჯერ აღარ გაპატიებთ, მორჩა. გაეთრიე ამ სახლიდან, აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა! - ამრეზით უყურებდა ლუკა არველაძეს. ბოლო სიტყვებზე მხარი გაკრა, გვერდი აუარა და ოთახიდან გავიდა.
-ხვდები მაინც, რამდენჯერ შეგეშალა უკვე ჩვენთან? - დინჯად წამოდგა სავარძლიდან ბექა, თორნიკეს წინ დაუდგა და პირდაპირ თვალი თვალში გაუყარა.
თორნიკე ხმას ვერ იღებდა; ან რა უნდა ეთქვა?! - ჯიუტად მიშტერებოდა იატაკს.
-წადი აქედან. - განაჩენივით ჟღერდა ბექა ჯაყელის ბოლო სიტყვები, რომელიც ჩვეულ, ნაცნობ სიმშვიდესა და მასში ჩაბუდებულ მრისხანებას გამოხატავდა.
ბექამ ჯიბეში ჩაიწყო ხელები, უკანასკნელად შეხედა თორნიკეს არაფრისმთქმელი მზერით, გვერდი აუარა და მანაც დატოვა კაბინეტი.

*_*_*_*

დიდხანს იტირეს, ბევრი ცრემლი ღვარეს და ბოლოს მხოლოდ იმიტომ დაწყნარდნენ, რომ დაღლამ შეახსენათ თავი.
ელენემ საძინებლამდე მიაცილა ეკატერინე. დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა და მხოლოდ ამის შემდეგ გასწია თავისი ოთახისკენ.
ლუკა საწოლის კიდეზე იჯდა, თავდახრილი. მთელ ოთახს ეტყობოდა მისი ემოცია; ჰაერი აუტანელი ტკივილით გაჟღენთილიყო.
ფრთხილად მიუახლოვდა ქმარს, თმაზე ხელი დაუსვა და გვერდით მიუჯდა; მამაკაცმა მაშინვე ჭყვიტა ჩაწითლებული თვალები.
-ჯობია დაწვე და მოისვენო, ლუკა, შენც დაიღლებოდი...
-არ მინდა! - იუარა და ისევ დახარა თავი.
-ლუკა, არ დაიტანჯო, რა, თავი... გახსოვდეს, რომ ჩვენს შვილს მამა სჭირდება გვერდით!
-ვის რად უნდა ჩემნაირი მამა ან ქმარი?! კაცისთვის ყველაზე დიდი ღირსების შემნახველი, დაა. მე ორი და მყავდა და ვერც ერთს მოვუფრთხილდი! რაში ვვარგივარ საერთოდ?! - სიმწრით ლაპარაკობდა ჯაყელი.
-ნუ იტყვი მაგას!
-არ ვაპატიებ, ელენე! გეფიცები, ყველაზე წმინდას, არ ვაპატიებ! - უცებ მიუბრუნდა ცოლს მამაკაცი და ბავშვივით მიანათა ნამტირალევი თვალები.
ელენეს გული ეტკინა. ქმრის წითელ თვალებში საოცარი სიშავე იკითხებოდა. დაუფიქრებლად მოხვია ხელი მამაკაცს და გულში ჩაიკრა, დასაწყნარებლად.
-არ ვაპატიებ, არასდროს ვაპატიებ, არასდროს! - ბუტბუტებდა სიმწრით ჯაყელი და მუშტს საწოლზე უტყამდა.

*_*_*_*

ქეთევანი თავის საწოლზე იყო დამხობილი. სრულ აგონიაში მყოფს, ცრემლის გადმოგდების უნარიც აღარ შესწევდა.
მძიმედ გაიღო კარი. დემეტრემ გოროზი ნაბიჯით შეაბიჯა ოთახში. გული დაეწვა განადგურებულ მდგომარეობაში მყოფ ცოლს რომ შეხედა, მაგრამ ვერაფერი თქვა. რამდენჯერმე ცადა მასთან მიახლოება, მაგრამ ვერ გაბედა. სარკის წინ, სკამზე იყო ჩამომჯდარი და მძიმედ სუნთქავდა.
-ამას არასდროს გაპატიებ, დემეტრე... - დუმილი ბალიშში თავჩარგული ქალის ყრუ ხმამ დაარღვია.
-ქეთევან... - ანაზდად აღმოხდა მამაკაცს ცოლის სახელი. ქეთევანი წამოიწია და ზურგშექცევით დაჯდა საწოლზე.
-ჩემი შვილები ახლა ტირიან. გული სტკივათ,რადგან სულის ნაწილი დაკარგეს. მე უძლური ვარ, შვილებს ვერ ვეხმარები, მათი დაცვაც კი ვერ შევძელი...
-ქეთო...
-შენი ბრალია! - წამოიყვირა უცებ ქალმა. - მათაც იგივე გაუკეთე, რაც შენს თავს წლების წინ! ისინიც ისე გაწირე; ისევე დაუნდობლად და მხეცურად!
-მორჩი, ქეთევან, გევედრები! - ამოიღმუვლა, დაჭრილი ცხოველივით, დემეტრემ.
-შენც ყელამდე ტალახში გაისვარე და მეც იგივე დამმართე. ეს ტალახი მახრჩობს, დემეტრე; მახრჩობს და ერთ დღეს აუცილებლად დამახრჩობს!
-ჩემი მიტოვება ახლა უკვე ძალიან გვიანია, ქეთო. უკვე საკმაოდ ღრმად შემომყევი მაგ ჭაობში... - თვალები პატარა ბიჭივით აემღვრა ჯაყელს.
-მიტოვება? - ჩაეცინა უღიმღამოდ ქალს. - არა, დემეტრე. მე რომ შენი მიტოვება შემძლებოდა, დიდი ხნის წინ გავაკეთებდი მაგას. მაგრამ ზედმეტად მხდალი აღმოვჩნდი. მე მაშინაც შენ გვერდით ვიყავი, დღესაც შენ გვერდით ვარ და მომავალშიც ასე იქნება. ამაღამაც მოგიწვები გვერდით, ხვალაც და ზეგაც, მაგრამ იცოდე, დღევანდელს არასდროს გაპატიებ! - სიწითლითა და ცრემლებით აჭრილი თვალები მიანათა უემოციოდ ქეთევანმა ქმარს, ერთხანს უყურა და მერე უჩუმრად გააბრუნა თავი.
დემეტრემ დიდხანს უყურა ცოლს. დაჟინებით აკვირდებოდა მის უკვე ჩამობერებულ ნაკვთებს. ხომ კარგად იცოდა, მისი თითოეული ნაოჭი წლებს კი არა, მას თავად რომ მიეწერებოდა?!
„სასურველი სასიძო - დემეტრე ჯაყელი“ - ცოლის სახეზე დაბუდებული ნაოჭები.
„საუკეთესო ქმარი - დემეტრე ჯაყელი“ - ცოლის გულს ობმოკიდებული ტკივილი.
„მისაბაძი მამა - დემეტრე ჯაყელი“ - შვილების თვალებს შეუმშრალი ცრემლები.
„ავტორიტეტი მამაკაცი - დემეტრე ჯაყელი“ - ნანგრევებად ქცეული ოჯახი.

*_*_*_*

ანდრეას საღამოს გამოეღვიძა. მთელი ღამის ნათევს, მკვდარივით ეძინა დღის განმავლობაში. ოთახიდან ჯერ კიდევ დახუჭული თვალებით და ბანცალით გამოდიოდა, ერთიანად აერული ჰქონდა დრო და საათი.
ჩაბნელებულ დერეფანს მიიკვლევდა, როცა უეცრად შენიშნა ადამიანის სილუეტი ჰოლიდან გამავალ აივანზე. იფიქრა, დედა ხომ არ ზის სიცივეშიო და თავადაც გადაწყვიტა გარეთ გასვლა.
კართან მისულს მისგან ზურგით მდგარი მარიამი შერჩა. გოგონა მოაჯირს იყო აწეპებული და აშკარად ტიროდა, რასაც მისი შიგადაშიგ ამოსრუტუნება ადასტურებდა.
ანდრეა მაშინვე მიხვდა, რომ ჯაყელებთან სტუმრობას კარგად არ ჩაევლო. უცნაურად გულის კენწვლა იგრძნო. მისთვის ვინ იყო მარიამი, რომ შესცოდებოდა? მაგრამ გოგონა იმდენად უმწეოდ გამოიყურებოდა, ახვლედიანიც ვერ დარჩა ინდიფერენტული.
უკან გაბრუნება და იოანესთან ლაპარაკი უნდოდა. რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ მარიამს ახლა საერთოდ არ მოუნდებოდა მასთან საუბარი. მასთან კი არა, არავისთან. ნაბიჯი უკან გადადგა და უეცრად, თითქოს უხილავმა ძალამ დაიჭირაო, იქვე გაშეშდა. ფეხის გატოკებაც ვერ შეძლო. მიხვდა, მარიამის პირად სივრცეში შემოჭრილი, ასე ჩუმად ვეღარ გავიდოდა იქიდან. ისევ გასწორდა, ჩაახველა და მორიდებით მიმართა მისგან ზურგით მდგარს:
-არ გაცივდე, მარიამ... - იქნებ სხვა რამის თქმაც შეეძლო, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. ის ხომ ჯაყელი იყო, თავად კი ახვლედიანი.
მარიამი შეცბა და მთელი კორპუსით მიუბრუნდა მამაკაცს. ცრემლები სწრაფად შეიშრო და უცნაური, ემოციაამოუცნობი მზერით მიაშტერდა ზღურბლზე მდგარს.
-არ გავცივდები, მალე შემოვალ შიგნით. - იმდენად გადაღლილი იყო ჯაყელი, რომ მასთან უხეშობის თავიც კი არ ჰქონდა.
-ტიროდი? - არც იცოდა, რატომ დაუსვა ეს შეკითხვა, უბრალოდ რაღაციდან ცდილობდა თემის აგებას.
-მადლობელი ვიქნები, თუ მარტო დამტოვებ. - ისევ აქცია მამაკაცს ზურგი მარიამმა.
-ტირილი ვერ გიშველის. - მტკიცედ განაცხადა ახვლედიანმა და დაუკითხავად ამოუდგა ჯაყელს გვერდში.
-კარგი, მე წავალ... - ამოიხვნეშა გოგონამ და ხელები შეუშვა მოაჯირს.
-რაღაცით ვგავართ ერთმანეთს, იცი? - გამხიარულდა ანდრეა და ჩვეული, ირონიაგაჯერებული ღიმილი მიიფინა სახეზე.
-ბატონო?! - აღშფოთებით ჩაეცინა მარიამს.
-შენმა ოჯახისწევრებმა ვერ გაგიგეს, ხომ ასეა?
-არ მინდა, ამაზე ლაპარაკი და საერთოდაც, ნაკლებად გეხება ეგ ამბავი! - გაბრაზდა ჯაყელი.
-ტირი იმიტომ, რომ ოჯახს გამოერიყე. ჰოდა იცოდე, რომ რაღაცით ვგავართ მე და შენ ერთმანეთს.
-მაინც რით?
-მათ ჩვენი არ ესმით... - ღიმილს შერეული სერიოზულობით დასძინა ახვლედიანმა. - ვერ ხვდებიან, რას მოვითხოვთ და რატომ.
-და შენ გესმის ჩემი? - უნდობლობა და ეჭვი იგრძნობოდა მარიამის ტონსა და მზერაში.
-აბა, შენი აზრით, აქ რატომ ვცხოვრობ? - ჩაეცინა მამაკაცს. - ოჯახთან კომფლიქტზე შემიძლია „რეფერატი“ დავწერო. დამიჯერე, არავინაა ამ საქმეში ჩემზე მცოდნე.
-ჩემი და შენი შემთხვევები ერთმანეთს არ გავს!
-ორივე მეამბოხე ვართ, არ გვესმის უაზროდ გამეფებული დოგმებისა და ეჭვქვეშ ვაყენებთ მიღებულ ნორმებს.
-მე არ ვარ მეამბოხე. - გააპროტესტა გოგონამ.
-როგორ არ ხარ? - ჩაეცინა ახვლედიანს. - ხარ და სწორედ ეს მოსწონს იოანეს შენში. სწორედ ამიტომ შეუყვარდი ასე ძალიან; შენი ძლიერი ხასიათების გამო.
მარიამმა დიდი დისკომფორტი იგრძნო, როგორც კი გაიაზრა, ვისთან ერთად იდგა აივანზე. მზერა მოაცილა მამაკაცს და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-ჯობია შევიდე მე, ცივა.
-მარიამ! - ანდრეას შეძახილი მისწვდა უკვე კართან მყოფს. - არ ღირს ტირილი. ტირიან მაშინ, როცა ნანობენ. შენ კი სანანებელი არაფერი ჩაგიდენია. შენი სიძლიერის არ უნდა გეშინოდეს. მოვა დრო და შენი ოჯახიც მიხვდება ყველაფერს, მოვლენ შენთან, საბოდიშოდ, და შენ მათ ყელმოღერებული უნდა დახვდე, ძალიან ამაყი და ძლიერი. ვხედავ შენში პოტენციალს, იოანეს გვერდით ნამდვილად ყველაფერს შეძლებ!
მარიამი არც შებრუნებულა, არც რამე უთქვამს. უბრალოდ მოისმინა ანდრეას სიტყვები და გზა განაგრძო.
საძინებელში შესულს, იოანე დაუხვდა, საწოლზე მჯდარი.
-მეგონა, გეძინა უკვე. - ღიმილი შეაგება ცოლს.
-აღარ დამეძინა... - დაღლილი ხმა ჰქონდა მარიამს. ზურგსუკან მიხურა კარი და ნელი ნაბიჯით გაემართა მამაკაცისკენ.
-კარგად ხარ? თავი ხომ არ გტკივა? დღეს მთელი დღეა არაფერი გიჭამია.
-არაფერი მინდა. - მკრთალად გაეღიმა ჯაყელს და ქმარს გვერდით მიუჯდა.
-არ მინდა, რომ ასე იყო... - დაიწუწუნა იოანემ.
-აღარ ვიქნები, გეფიცები!
-მესმის შენი მდგომარეობის, მაგრამ...
-არა, მართლა, გეფიცები! ეს დღე მაპატიე და ხვალიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. - სიმტკიცე შეერია ხმაში მარიამს. - მე ეს ნაბიჯი გადავდგი, შენი ცოლი მქვია ახლა და სინანულს არ ვაპირებ.
-ჩემთან ნუ ითამაშებ, მარიამ...
-არ ვთამაშობ. არ ვამბობ, რომ გული არ მტკივა; მტკივა და სულ მეტკინება. მათ სიტყვებს და ქცევებს ვერასდროს დავივიწყებ, მაგრამ მე ეს ყველაფერი ვიცოდი, როცა შენ ცოლობას ვთანხმდებოდი. უბრალოდ... რავიცი... ალბათ, სადღაც გულის სიღრმეში მაინც მქონდა სულელური იმედი. - თვალები აუწყლიანდა ჯაყელს და თავი დანელიას მკერდს მიაბჯინა.
-ინანებენ, მარიამ. დამიჯერე, ცხელგულზე ნათქვამ ყოველ სიტყვას ინანებენ! - თმაზე ნაზად დაუსვა ხელი იოანემ ცოლს.
-ჰო, ინანებენ, თუ არა, ჩემთვის უკვე სულერთია... - ისევ წამოსწია თავი გოგონამ. - მთავარია, რომ მე არ ვინანო არასდროს შენთან ყოფნა.
-არ ინანებ, გეფიცები!
-მჯერა...
-ვიცი, ახლა ყველაფერი ძალიან ქაოსურად ჩანს, ჯერ წესიერად ერთმანეთთან ყოფნაც კი ვერ მოვასწარით, თაფლობისთვეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ გპირდები...
-მჯერა იოანე, მჯერა! - გაეღიმა ჯაყელს ქმრის ახსნა-განმარტებებზე.
-ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევ! - მაგრად მოეხვია დანელია ცოლს.
-ვიცი... ვიცი... - ღიმილით ჩურჩულებდა მარიამი.
-ხვალ სადღაც უნდა წაგიყვანო. - უცებ მოშორდა იოანე გოგონას და გაუღიმა.
-სად? - ჩაეცინა ჯაყელს.
-სიურპრიზია.
-არ მეტყვი?
-სიურპრიზიათქო, მოგეწონება, მენდე!
-კარგი, გენდობი. - გაეღიმა მარიამს. იოანესაც გაეღიმა,მოწყვეტით აკოცა მეუღლეს და მერე ისევ მოეხვია.
მხოლოდ იოანეს მკლავებში გრძნობდა მარიამი, რომ ყველაზე დიდი ტკივილიც კი უღირდა მის გამო; იმ სითბოსა და სიყვარულის გამო, რომელსაც მამაკაცისგან გრძნობდა ასე უხვად.

*_*_*_*

მეორე დღეს ილიასა და ერეკლეს მეშვეობით ყოველ მეორეს თბილისში ჯაყელებისა და დანელიების გვარები ეკერა პირზე. ზოგი იცნობდა მარიამსა და იოანეს, ზოგიც არა, მაგრამ ამ ამბავმა ყველა ერთნაირად შოკირებული დატოვა. მიზეზი ალბათ მაინც ის იყო, რომ გახურებულ ბრძოლაში ვერავინ იფიქრებდა, თუ ჯაყელებიდან ერთ-ერთი მტრის „ბანაკში“ გადაბარგდებოდა.

-იოანე, მოდი ნახე რას წერენ ჟურნალებში! - სამზარეულოში სასაუზმოდ გამზადებულმა უტამ გასძახა ბაღში მდგარ ძმას.
-რა მოხდა, რა გაყვირებს? - მაშინვე შევიდა შიგნით უფროსი დანელია.
-ახალი ჟურნალ-გაზეთები მოიტანეს, ნახე, რა ამბებია! - რამდენიმე ჟურნალი გაუწოდა უტამ მამაკაცს.
-ეს მარიამია?! - მაშინვე აეშალა სახე დანელიას.
-მარიამი კი არა, გადაშალე მითითებულ გვერდზე, შენც ხარ!
-ჯანდაბა! გასკდა უკვე ამბავი, არა? - წარბები შეკრა იოანემ.
-როგორც ჩანს. - მხრები აიჩეჩა უტამ.
-დილა მშვიდობისა, ბიჭებო. - დაღლილი სახით, მაგრამ მაინც ღიმილით შეაბიჯა სამზარეულოში მარიამმა.
ძმებმა ერთმანეთს გადახედეს; იოანემ თვალებით ანიშნა უტას, ჟურნალები დამალეო.
-დილა მშვიდობისა, მარუს, როგორ გეძინა? - ღიმილით შეეგება რძალს უტა და მაგიდა დაფარა კორპუსით.
-რა სახეები გაქვთ? - მაშინვე იეჭვა გოგონამ რაღაც.
-რა? - ჩაეცინა იოანეს.
-მოხდა რამე?
-არა, არაფერი! - გაეცინა უტას.
-უტა!
-გეფიცები!
-იოანე?!
-აუ, შენ ვინ ხარ რა. აჩვენე, უტა, მაინც გაიგებს და ჯობია, ახლავე იცოდეს. - ძმას მიმართა იოანემ და ცოლს სკამი გამოუწია, დასაჯდომად. - ნახე, ყველა ჟურნალი ჩვენზე წერს. როგორც ჩანს, გასკდა უკვე ამბავი.
-„დემეტრე ჯაყელის სიძე იოანე დანელია გახდა; ლუკა ჯაყელმა და ანდრეა ახვლედიანის უახლოეს მეგობარს მიათხოვა“ - ჩუმი ხმით წაიკითხა მარიამმა სტატიის სათაური.
-ასეთი რაღაც მოსალოდნელიც იყო... ყველასთვის უჩვეულო ამბავია და რა თქმა უნდა, არ გაუშვეს შანსი ხელიდან. - რძლის გამხნევება ცადა უტამ.
-ილაპარაკებენ და დაივიწყებენ, არც პირველები ვართ და არც უკანასკნელები. - დაამატა იოანემ.
-რაც არის, არის! - უემოციოდ ამოილაპარაკა ჯაყელმა და გულგრილად მიაგდო ჟურნალი მაგიდას. - არც მეგონა, რომ საიდუმლოდ დარჩებოდა ეს ამბავი. - მხრები აიჩეჩა და წამოდგა. - თქვენ უკვე ისაუზმეთ, ბიჭებო? - მხიარულად მიმართა ძმებს ბოლოს.
უტამ და იოანემ ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებით.
-არა, ჩვენ ნანას ველოდებოდით. ნინო დეიდა ჰყავს სუფთა ჰაერზე გაყვანილი. დაბრუნდება და მოამზადებს საუზმეს. - მშვიდად მიმართა უტამ გოგონას და მაგიდაზე დაყრილი ჟურნალები მოკრიფა.
-მე გასაუზმებთ, დანელიებო. დაეტყოს დიასახლისის ხელი ამ ოჯახს! - შესძახა გოგონამ და გაიცინა.
-ვა, ვა ,ვა, ეს უკვე მომწონს... - ჩაეცინა იოანეს და კომფორტულად მოკალათდა მაგიდასთან.
-და მარტო თქვენ ორნი იქნებით? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა მარიამმა ბიჭებს; არ უნდოდა ანდრეას სახელი ეხსენებინა.
-ანდრეა ცოტა ხნის წინ წავიდა სამსახურში. იქიდან კი პირდაპირ თავის ახალ ბინაში წავა, არ იდარდო. - გაუღიმა უფროსმა დანელიამ ცოლს.
-თავის ბინაში? - გაიკვირვა ჯაყელმა.
-ჰო, ჩვენთან არ იცხოვრებს, მაგრამ დედამისის დატოვება გვთხოვა რაღაც დროით. შენ ხომ არაფერი გაქვს საწინააღმდეგო?
-არა, რა თქმა უნდა, არა. შენი სახლია და მე რა უფლება მაქვს, შეგეწინააღმდეგო?! - მხრები აიჩეჩა გოგონამ და საუზმის მომზადებას შეუდგა.
-აბა, ეგეთები არ იყოს! - წარბები შეკრა იოანემ. - ჩემი კი არა, ჩვენი სახლია, ძვირფასო მეუღლევ, ხომ არ დაგავიწყდა?
-შეუჩვეველი ვარ ჯერ, ცოტახანი უნდა დამაცადოთ და მაპატიოთ ხოლმე მსგავსი რეპლიკები. - გაეცინა მარიამს.
სიცილ-სიცილში გაატარებინეს მარიამ ჯაყელს პირველი დილა ახალ ოჯახში ძმებმა დანელიებმა. მარიამი მხოლოდ ამ ორ ადამიანთან ყოფნის დროს გრძნობდა, რომ ყოველი დღე იმაზე უკეთესი უნდა ყოფილიყო, ვიდრე წინა; მომავალი ბევრად უფრო ნათელი, ვიდრე წარსული.

*_*_*_*

-ალექსანდრე, დღევანდელი ჟურნალები ნახე? - კისრისტეხით შევარდა ახვლედიანების სასადილო ოთახში ლიზა და ქმარს ცხირწინ აუფრიალა ახალგამოსული ჟურნალი, რომელსაც მარიამ ჯაყელის ფოტო ამშვენებდა.
-არა, რა თქმა უნდა, მოხდა რამე? რა სახე გაქვს? - დინჯად ჰკითხა ახვლედიანმა გოგონას.
-ნახე რას წერენ, გადაირევი!
-რა მოხდა, ლიზ, ძალიან აჟიტირებული მეჩვენები... - გაეცინა ანასტასიას და ერთი ჟურნალი თავისთვისაც აიღო. - რაო?! - თვალები გაუფართოვდა და წამოიყვირა, როგორც კი სტატიის სათაური წაიკითხა.
-ეს რა, ხუმრობაა რამე, თუ ასეთი სერიოზული ჭორი მოიგონეს? - არანაკლებ გაკვირვებული დარჩა სანდრო.
-რა მოხდა ასეთი? - შვილს და ძმიშვილს მიმართა კითხვით სუფრის მეორე ბოლოში მჯდარმა ირაკლიმ.
-იოანეს და მარიამ ჯაყელს უქორწინიათ, მამა!
-ვინ იოანეს? ვინ მარიამ ჯაყელს? - გაიოცა უფროსმა ახვლედიანმა.
-ანდრეას იოანეს, მამა; იოანე დანელიას და დემეტრეს უმცროს ქალიშვილს. გაპარულანო, ასე წერენ.
-აქ წერია ლუკა ჯაყელმა მიათხოვაო... - სტატიის სათაური გადაიკითხა ანასტასიამ.
-მოიცა, რას ლაპარაკობთ, კაცო? ხომ არ გაგიჟებულხართ?! ლიზა, შვილო, ერთი მეც მომაწოდე ეგ ჟურნალი! - ხელი გაუწოდა ირაკლიმ რძალს და ამ უკანასკნელმაც მაშინვე აასრულა მისი თხოვნა.
-ვაიმე, დანელიებთან ერთხელ კი ვნახე ეგ გოგო, მაგრამ რა ქორწილი, რა სისულელეა საერთოდ? - გაკვირვებით ჩაეცინა ტასოს.
-მოიცა, დანელიებთან ნახე მარიამ ჯაყელი? სახლში მაგათთან?
-ჰო, უტას კურსელია მარიამი; რომ იჩხუბა და სანახავად წავედი, მაშინ შემხვდა მაგათთან სახლში.
-ანუ მთელი ეს დრო უყვარდათ ერთმანეთი? ლუკა ჯაყელის დას და ჩვენს იოანეს? - სასწაული რა! - აზრზე ვერ მოდიოდა ალექსანდრე.
-რომ ვნახე თვალები შუბლზე ამივიდა. ყველა ჟურნალში ეგენი არიან, ყველა მაგათზე ლაპარაკობს, ალბათ...
-მამა, რა გაფითრებული უყურებ მაგ ჟურნალს, რამე განსხვავებულად ხომ არ წერია? - სანდრო მიუბრუნდა ჟურნალს გულმოდგინედ მიშტერებულ მამას.
-არა, არაფერი...უბრალოდ, გაკვირვებული ვარ და გაოცებული... - უცებ გამოერკვია ირაკლი და ჟურნალი გადადო.
-გაკვირვებული არ ქვია ამას! - გაეცინა სანდროს. - იქნებ არ არის მართალი? ძალიან მეეჭვება, ჭორი არ იყოს. ტასო, დაურეკე რა ანდრეას, გადაამოწმე!
-ვაიმე, დავურეკავ ახლავე! - სხარტად დასწვდა ტელეფონს ტასო და ბიძაშვილის ნომერი აკრიფა.
-სამსახურში ვარ, ანასტასია. გინდოდა რამე? - მალევე გააგონა ანდრეამ ხმა გოგონას.
-ანდრეა, გაზეთები ნახე?
-რა გაზეთები, სამსახურშივართქო, რა მოხდა?
-ბიჭო, იოანემ მართლა მარიამ ჯაყელი მოიყვანა ცოლად?
ანდრეამ პაუზა გააკეთა, ამოიხვნეშა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა:
-გაიგო უკვე ყველამ?
-ანუ მართალია? - წამოიყვირა გოგონამ.
-კი, მართალია.
-მერე?
-რა მერე? - ჩაეცინა ახვლედიანს.
-რაღა რა მერე, ანდრი, რა მოხდა? როგორ მოხდა? ოჯახმა რაო?
-აუ, ტასო, დავსხდეთ ახლა ასე და ვიჭორაოთ? - გაეცინა ანდრეას. - როგორ წარმოგიდგენია, რას ეტყოდნენ?
-გადაირევა კაცი! კი მაგრამ, როდის რა მოასწრეს, რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობენ?
-რა მნიშნელობა აქვს, შეუყვარდათ ერთმანეთი და სხვანაირად არ გამოდიოდა!
-მოიცა, შენ რას აპირებ ახლა, ერთად უნდა იცხოვროთ?
-მოვძებნე მე ჩემთვის უკვე ბინა, გადავდივარ დღეს!
-ვაიმე, თუ მჯეროდეს, რომ ჩვენმა იოანემ მარიამ ჯაყელი მოიყვანა ცოლად! - ამოიხვნეშა ანასტასიამ და ამ ქმედებას ამოაყოლა მსუბუქი სიცილიც.
-უყვართ ერთმანეთი, ძალიან.
-წარმომიდგენია... ისე ამ დღეებში შენი და ნინო ბიცოლას მონახულება მინდოდა და ახლა რა გამოდის? ვეღარ მოვალ ხოლმე მანდ?
-რატომ ვეღარ მოხვალ? მარიამი კარგი გოგოა, ტასო, კარგად გაიცნობ და როგორღაც დაუმეგობრდები, ნახავ!
-მეხუმრები?
-მართლა ვამბობ. მეც კი უსიტყვოდ მიტანს, შენზე არ ექნება გართულება, დამიჯერე.
-არ ვიცი, შოკში ვარ ჯერ კიდევ! - გაეცინა ანასტასიას.
-კაი, წავედი ახლა მე, საქმე მაქვს ბევრი და აბა შენ იცი, გაკოცე. ახალი ბინის მისამართს მოგწერ მერე.
-კარგი, აბა შენ იცი, ანდრი, ჭკვიანად.
გოგონამ ტელეფონი გათიშა და თავის ადგილზე დააბრუნა.
-რაო? რა გითხრა?
-სიმართლეაო! - მხრები აიჩეჩა ტასომ და ჩაიცინა.
-ვახ, ხედავ შენ?! - ტაში შემოკრა გაოცებულმა ალექსანდრემ.
-ძალიან უყვართო ერთმანეთი...
-რანაირად, კი მაგრამ? - ჩაეცინა სანდროს. - აი, ასე, უბრალოდ, არაფერს არ აქცევენ ყურადღებას და უყვართ?
-ხო რა, ეგრე გამოდის. - მხრები აიჩეჩა ლიზამ.
-რას არ ვიფიქრებდი, მაგრამ იოანეს და ჯაყელების წარმომადგენელს? - ვერასოდეს! შენ რას იტყვი მამა?
-ძალიან მამაცი ბიჭი ყოფილა იოანე! - მტკიცედ განაცხადა ფოქრებიდან გამორკვეულმა ირაკლიმ და წამოდგა. - ისეთი რაღაც გააკეთა, ძალიან ბევრი რომ ვერ ბედავს! - დაამატა ცოტა ხნის შემდეგ ისევ იმავე ტონალობით და შემართული ნაბიჯით დატოვა ოთახი.
-ვაიჰ, თვით ირაკლი ახვლედიანიც კი შთაბეჭდილების ქვეშაა? - გაკვირვებით ჩაეცინა ანასტასიას.
-როგორც ჩანს. - მხრები აიჩეჩა ალექსანდრემ და ბიძაშვილის ქმედება გაიმეორა.
-აუ, ისე გამომაშტერა ამ ამბავმა, სულ გამეპარა დრო, დამაგვიანდა მე! - უცებ წამოხტა ანასტასია.
-თუ გინდა, დამელოდე და მე გაგიყვან უნივერსიტეტში. - შესთავაზა გოგონას სანდრომ.
-არა, მეჩქარება მე, მძღოლს ვთხოვ და ის წამიყვანს, აბა ჰე, საღამომდე! - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ჯაყელმა ცოლ-ქმარს და სწრაფად გავარდა ოთახიდან.
-შენ კომპანიაში მიდიხარ, სან? - ქმარს ჰკითხა თბილად ლიზამ და ლოყაზე მიეფერა.
-ხო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, რთული ყოფილა პრეზიდენტობა! - თვალები აატრიალა მამაკაცმა.
-ძალიან ბევრს მუშაობ, სანდრო. ჯერ ახლა დავბრუნდით საქორწილო მოგზაურობიდან და შენ უკვე თავით ხარ ჩაფლული საქმეში, სულ ვერ იცლი ჩემთვის! - აწუწუნდა გოგონა.
-კარგი, რა, ლიზა. ხომ იცი, როგორი დატვირთული გრაფიკიც მაქვს? ვმუშაობ, ხომ არ ვთამაშობ?!
-ნუ მიბრაზდები... ხომ იცი, რომ უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა და მეტი არაფერი? ახალდაქორწინებულები ვართ და ჯერ კიდევ ვეგოისტობ.
-ნუ ეგოისტობ. სახლი სახლია, სამსახური - სამსახური. მამაჩემმა მთელი თავისი ცხოვრების ნამუშევარი და ნაწვალევი მანდო, იმედებს ვერ გავუცრუებ!
-ვიცი, ხო... - თავი დახარა ლიზამ.
-თათბირზე დამაგვიანდება, უნდა წავიდე. - წამოდგა ალექსანდრე.
-ამ შაბათ-კვირას მაინც წავსულიყავით სადმე. წყნეთის სახლი ხომ თავისუფალია უკვე, იქ შეგვიძლია განმარტოება. - თავისი იდეით გახარებულმა, თავი სწრაფად წამოსწია გოგონამ.
-ამ შაბათ-კვირას? არ ვიცი... ბევრი საქმეა, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, გპირდები.
-ალექსანდრე! შაბათ-კვირას მაინც დამითმე დრო, კარგი რა! სად გაგექცევა ეგ შენი საქმე? - თვალები აუწყლიანდა ლიზას.
-გამიგე, ლიზა, პრეზიდენტი ვარ, ბევრი რამ მევალება. მამაჩემის გზა ღირსეულად უნდა განვაგრძო... არ გამიბრაზდე, რა. - ბოლო სიტყვებზე ხმა დაუთბა მამაკაცს, ცოლს მიუახლოვდა და ნაზად აკოცა შუბლზე.
-კარგი, მესმის, სხვა დროს იყოს... - ნაძალადევი ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ და ოსტატურად დამალა წყენა.
-ჩემი ჭკვიანი ცოლი! - მაშინვე გამხიარულდა სანდრო, მოწყვეტით აკოცა ცოლს შუბლზე და მოსცილდა. - ვახშამზე არ მელოდოთ, დამაგვიანდება! - უკვე კართან მისულმა, მიუბრუნებლად უთხრა გოგონას და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
ლიზამ დანანებით გააყოლა თვალი მიმავალ ქმარს და მოწყვეტით დაეცა სკამზე. ცდილობდა, გაეგო მისთვის და გულგრილად მიეღო ის ფაქტი, რომ ახალდაქორწინებული წყვილი ყველაფერს უთმობდა დროს, გარდა ერთმანეთისა. თავს არწმუნებდა, რომ ეგოისტი იყო; რომ საერთოდ არ ფიქრობდა, ოჯახის ბიზნესზე; რომ ალექსანდრე აუცილებლად იქნებოდა მასთან, გადაუდებელი საქმე რომ არ ჰქონოდა. უმეორებდა საკუთარ თავს, რომ სანდრო ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მის ყვრიმალზე მაინც მოგორავდა ერთი თავხედი ცრემლი, რომელიც გოგონას გულის სიღრმიდან მოდიოდა და რომელსაც დიდი იმედგაცრუება მოჰქონდა თან.

*_*_*_*

ანდრეას ადრიანი დილიდან საქმიანი კაცის იმიჯი ჰქონდა მორგებული და თანამშრომლებთან ერთად პატიოსნად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. იმდენად ოსტატურად მოქმედებდა, თითქოს წლების მუშაობის გამოცდილება და სტაჟი ჰქონდა. თუმცა, როგორც თვითონ იფერებდა და ამბობდა, ყველაფერი მის უსაზღვრო ნიჭსა და ალღოს აღების საოცარ უნარს მიეწერებოდა.
თანამშრომლებთან რომ დაამთავრა თათბირი და მარტო დარჩა, იოანეს კაბინეტში, ჰალსტუხი ჯანდაბაში მოისროლა და გემრიელად გაიშოტა სავარძელში. თვალები მინაბა და ნაკლული ძილის ანაზღაურება ცადა, თუმცა ტელეფონის გულისწამღებმა ზუზუნმა არაფრით მოასვენა.
-გისმენთ! - უკმაყოფილოდ უპასუხა ზარს, ისე, რომ არც დაუხედავს ეკრანისთვის.
-ანდრეა, ხომ არ გაგაღვიძე? - გაისმა მობილურში გიორგი თოიძის მშვიდი ხმა.
-არა, ბატონო გამომძიებელო, სამსახურში ვარ უკვე. მოხდა რამე?
-შენთან ლაპარაკი მინდოდა. ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანი დეტალები გამოვარკვიეთ და თქვენც მინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში!
-რა დეტალები გაარკვიეთ? რამე მნიშვნელოვანია? - მაშინვე დაინტერესდა ახვლედიანი.
-დღეს საღამოს მოდით ჩვეულ ადგილზე, მოგიყვებით ყველაფერს.
-კარგი, მოვალ, სულ ეს იყო?
-დიახ, სულ ეს იყო. მაშ, საღამომდე!
-შეხვედრამდე, ბატონო გამომძიებელო... - ჩაიბურდღუნა ანდრეამ და ტელეფონი გათიშა.
რამდენიმე წუთი არ იყო გასული, რომ მობილურის ზუზუნმა ისევ დაურღვია სიმშვიდე. თავი მობეზრებულად წამოსწია, მობილური ამოიღო ჯიბიდან და მაშინვე უპასუხა.
-გისმენთ!
-გამარჯობა, ანდრეა! - გაისმა მობილურში მამაკაცის ოდნავ ხრინწიანი და ირონიაშეპარული ტონი.
-გამარჯობა?! ვინ ბრძანდებით? - დაიბნა ახვლედიანი.
-ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოდი, ასე ვთქვათ, მე ბარბარე ჟღენტის ნაცნობი ვარ. ბარბარე ჟღენტს ხომ იცნობ, ანდრეა? - ირონიამ იმატა უცნობის ხმაში.
ანდრეას მაშინვე დაეჭიმა კუნთები, გულმა რამდენჯერმე გაკენწლა, მაგრამ სიმშვიდე არ დაუკარგავს. - საიდან იცნობთ ბარბარეს და ვინ ხართ?!
-ეზოში შავი ფერის, დაბურულმინებიანი მანქანა გელოდება, მოდი და დავილაპარაკოთ...
-ვინ ხარ-მეთქი და რა გესაქმება ბარბარესთან?! - დაიყვირა ანდრეამ და წამოვარდა.
-დიდხანს ნუ მალოდინებ, შემოსასვლელთან ვდგავარ... - უდარდელი სიმშვიდით გასცა პასუხი უცნობმა მამაკაცმა და ტელეფონიც გაითიშა.
ანდრეამ სწრაფად აიღო ქურთუკი და მოუსვენრად გავარდა ჰოლში.
-მე ცოტახნით უნდა გავიდე, თუ რამე მოხდა, ჩემ აქ არ ყოფნაში, დამირეკეთ. იოანეს შეწუხება არაფრისდიდებით არ გაბედოთ. დავბრუნდები მალე! - მდივანს დაუბარა და თავშეკავებული, ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.

უცნობის მიერ აღწერილი მანქანა მართლაც იდგა ეზოში, შენობის შესასვლელის პირდაპირ. ანდრეა დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა კი უკვე გრძნობდა სისხლის დუღილს მთელ სხეულში. მანქანას რომ მიუახლოვდა და იქიდან მაინც არავინ გადმოვიდა, მიხვდა, თავად უნდა ჩამჯდარიყო. გარშემო მიმოიხედა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ავტომობილის უკანა კარი გააღო.
მანქანაში შუახნის მამაკაცი იჯდა. როგორც ანდრეამ დაასკვნა, სწორედ მას ელაპარაკებოდა მობილურით, რამდენიმე წუთის წინ. უცნობმა ნელა მოატრიალა თავი ახვლედიანისკენ, გაუღიმა და მარცხენა ხელი მის გვერდით ადგილს დაარტყა.
-დაჯექი, ანდრეა, ვილაპარაკოთ! - ანდრეა უხმოდ დაჰყვა მის ნებას.
-ვინ ხართ? საიდან იცნობთ ბარბარეს და რა გინდათ? - სიმშვიდეს ინარჩუნებდა ახვლედიანი, თუმცა კი ღელავდა უკვე.
-წავედით! - მხარზე ხელი დაკრა უცნობმა მძღოლს, ეს უკანასკნელიც უსიტყვოდ დაემორჩილა მის ნებას და მანქანა დაქოქა.
-მოიცა, რას ნიშნავს, წავედით?! - გაცეცხლა ანდრეა. - ვინ ხართ-მეთქი და რა გნებავთ! დაყრუვდით თუ არ გესმით ქართული?!
-ნუ ბრაზობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს... - სიმშვიდეს არ კარგავდა უცნობი.
-ჩემი სახელი საიდან იცით?
-მაგას სერიოზულად მეკითხები? - ცინიკურად ჩაეცინა მამაკაცს.
-რა გინდათ ჩემგან და რა შუაშია ამ ყველაფერთან ბარბარე?!
-გაიგებთ, ყველაფერს გაიგებთ, მოთმინება იქონიეთ...
-სად მივდივართ?
-ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას. ნუ ღელავ, შენი მოკვლა აზრადაც არ მაქვს!
-არ მეშინია თქვენი! - შეუღრინა ანდრეამ უცნობს.
-ვიცი. - ჩაეცინა მამაკაცს. - დამიჯერეთ, ცუდს არაფერს გიპირებთ; უბრალოდ დავილაპარაკებთ და გაგიშვებთ.
ახვლედიანს ხმა აღარ ამოუღია. მიხვდა, რომ არაფერს ჰქონდა აზრი. უბრალოდ უნდა დაეცადა და გაეგო, რას უპირებდა უცნობი.
ერთხანს იარეს. ქალაქის ცენტრს აშკარად ჩამოშორდნენ და რომელიღაც გარეუბანში გადაუხვიეს. სულ ცოტახანში მანქანა ხრიოკ გზას მიყვებოდა, ანდრეას ადრე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ თბილისში მსგავსი ადგილი არსებობდა.
მძღოლმა მანქანა მივარდნილი ქარხნის წინ გააჩერა. გადმოსვლისთანავე ცხვირის ნესტოები აუწვა მკვდარი კატის მყრალმა სუნმა ახვლედიანს.
-ეს რა ადგილია საერთოდ? ვინ ოხრები ხართ?! - წარბშეკრულმა მოათვალიერა გარემო.
-აქ საუბარში არავინ შეგვიშლის ხელს... - ისევ გაუღიმა უცნობმა მამაკაცს და შენობისკენ გაუძღვა.
-რა გინდათ ჩემგან? ჯაყელების მოგზავნილები ხართ?! - შენობაში შესვლისთანავე ჰკითხა ანდრეამ კაცს.
-ჯაყელების? - ჩაეცინა უცნობ მამაკაცს. - არა, ჯაყელების არა...
-აბა?! ვინ მოგაგზავნათ ჩემთან და რა მოტივით?!
-დაჯექი, დავილაპარაკოთ. - თვალით ხის ძველისძველი სკამისკენ ანიშნა „მასპინძელმა“ ახვლედიანს.
-არვიცი საიდან მიცნობთ, მაგრამ თუ მიცნობთ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ დიდი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი. ასე რომ, მითხარით, რა გინდათ და გამიშვით, სანამ ჯერ კიდევ ვინარჩუნებ სიმშვიდეს! - შეუღრინა ანდრეამ უცნობს.
-ოჰო, როგორც ჩანს მართლაც არ ხუმრობენ შენზე! - თვალები გაუფართოვდა უცნობს და დინჯად დაიკავა ადგილი ახვლედიანის წინ, სკამზე.
-ვინ ხართ?
-სახელს რა მნიშვნელობა აქვს?
-თქვენ ხომ იცით ჩემი?! ვინ ხართ და რა გინდათ?
-მოდი ასე ვთქვათ, მე შენი მტრის მტერი ვარ. მოყვარე გამოვდივარ, არა? - გამომწვევად გაეღიმა ჩახრეწილხმიანს.
-ვერ მიგიხვდით!
-არადა მეგონა, მიხვედრილი ბიჭი იყავი, ანდრეა. რა ვთქვი გაუგებრად? ჯაყელებს არ ვწყალობ, თქვენსავით!
-მერე და მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან? - გაკვირვებით ჩაეცინა ანდრეას.
-თქვენ მე მათზე შურისძიებაში დამეხმარებით! - გადაჭრით განაცხადა უცნობმა.
-შურისძიებაში? მე? რატომ უნდა დაგეხმაროთ?
-იმიტომ, რომ ჯაყელები თქვენი მტრებიც არიან, არა?
-მისამართი შეგეშალათ. მამაჩემს მიაკითხეთ დახმარებისთვის, მე ძალიან არ მაინტერესებს მსგავსი საუბრები, ნახვამდის! - სწრაფად წამოდგა ანდრეა და წასასვლელად შებრუნდა.
-მეგონა ბარბარე ჟღენტის სახელი ძალიან გარკვევით ვახსენე... ნუთუ სულერთია ეგ გოგო თქვენთვის? - ირონიულად წაისისინა ჩახრეწილხმიანმა.
-რა თქვი? - მაშინვე მიბრუნდა ახვლედიანი, რომელსაც წამებში დასდებოდა ალისფერი სახეზე.
-დაჯექი და კარგად მომისმინე, თუ არ გინდა, რა თქმა უნდა, რომ შენს მეგობარს საფრთხე დაემუქროს.
-ისე მოგკლავ და აგაორთქლებ აქედან, კაციშვილი ვერ მიაგნებს შენს ლეშს! - კბილებშორის გამოცრა ახვლედიანმა და მძვინვარე თვალები დაასო წინ მდგომს.
-შეიძლება, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, სულელი იყო ან ეგოისტი და გოგონას სიცოცხლე ფეხებზე გე,კიდოს. - ჩაეცინა უცნობს, რომელიც წამითაც არ ღელავდა.
-ვინ ჯანდაბა ხარ და რა გინდა, თქვი! - ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო ანდრეა, სახე ახლოს მიუტანა უცნობს და უღრიალა.
-ეკატერინე ჯაყელი... - მშვიდად ჩაილაპარაკა ჩახრეწილხმიანმა.
-რა? რა შუაშია აქ ეგ გოგო?!
-მინდა, რომ მასთან გააბა ურთიერთობა და ოჯახს ჩამოაშორო!
-რა სისულელეებს ლაპარაკობ! სრულ ჭკუაზე არ ხარ, როგორც ჩანს! - უკან დაიხია ანდრეამ, რომელიც უფრო მეტად გაოცებული იყო, ვიდრე გაბრაზებული.
-მე კიდევ მგონია, რომ ძალიან ნათლად გადმოვეცი სათქმელი. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, მინდა იგივე გაუკეთო ეკატერინეს, რაც შენმა ძმაკაცმა გაუკეთა მის დას.
-რა? - წამოიყვირა ახვლედიანმა. - რა სისულელეა! ეს რომელმა იდიოტმა მოიფიქრა?! - გაცეცხლდა მამაკაცი.
-მაქსიმალურად მიიჩვევთ, გააბრუებთ და თავს შეაყვარებთ! იმ ზომამდე უნდა მიიყვანოთ, რომ საერთოდ დაივიწყოს გარდაცვლილი საქმროც და ოჯახიც. შენ გამო ყველაფრის გამკეთებელი უნდა იყოს; გონის დაკარგვამდე უნდა შეაყვარო თავი და შემდეგ, როცა ოჯახსაც განუდგება, მიატოვო!
-ამას არ გავაკეთებ! თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ასეთ აფსურდს არასდროს დავთანხმდები? რომც მინდოდეს, ვერასდროს დავუკავშირდები ეკატერინე ჯაყელს და მითუმეტეს, თავს ვერ შევაყვარებ!
-ო, აი, აქ კი ძალიან ცდები, ანდრეა. როგორც ჩანს, ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვს!
-მორჩი ამ უაზრო ლაპარაკს და გამიშვი. სისულელეა-მეთქი ეს ყველაფერი და არ დაგთანხმდები ასეთ რამეზე, არასდროს!
-კარგი, იყოს ასე... - მხრები აიჩეჩა უცნობმა, დაიხარა, სკამთან მიგდებული ჩანთა გახსნა და იქიდან მოყვითალო ფერის კონვერტი ამოაძვრინა. - დაათვალიერე, არ მოგერიდოს! - თავაზიანად მიმართა სტუმარს და მაგიდაზე კონვერტიდან ამოღებული სურათები გაშალა.
ფოტოებზე ბარბარე ჟღენტი იყო აღბეჭდილი. უნივერსიტეტში, კაფეში, მარტო, მეგობრებთან ერთად, მომღიმარი, მოწყენილი - ყველგან და ყველანაირი ბარბარე!
-ეს რა ჯანდაბაა? - ცოტა ხნის შემდეგ ამოიღო ხმა უკვე წკიპზე მყოფმა.
-ძალიან ახალგაზრდა და წარმატებული გოგონაა. კარგად სწავლობს და აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ნამდვილად დასანანი იქნება, თუ...
-არც კი გაბედო, ნაბი*ვარო! - იქუხა ახვლედიანის ხმამ. - როგორ ბედავ და მემუქრები საერთოდ?! წარმოდგენაც არ გაქვს, ვინ ვარ და რა შემიძლია? შენი არ მეშინიათქო ხომ გითხარი! ვერ მაიძულებ შენს ბინძურ თამაშში მონაწილეობას! არ ვიცი, ეს სურათები საიდან გაქვს, მაგრამ ბარბარეს სათოფეზეც კი ვერ მიუახლოვდები; არც მე მოგცემ ამის უფლებას და არც მისი ამჟამინდელი მეურვე. ასე რომ, სისულელეების ლაპარაკს მორჩი და ვინმე სხვა მოძებნე შენი იდიოტური გეგმებისთვის!
-შენ ადგილას ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი, რომ ეგ გოგო უსაფრთხოდაა!
-ვინ ჯანდაბა ხარ? ვინ დგას შენს უკან? ვის ბრძანებებს ასრულებ?! - ღრიალებდა წონასწორობადაკარგული.
-ისეთი ადამიანი, ვისაც ყველაფერი შეუძლია. დამიჯერე, ჩემი ერთი ზარი და ორ წამში აღარ გეყოლება ეგ შენი ბარბარე... - თავდაჯერებული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე უფროსს.
-მოგკლავ და ვეღარსად დარეკავ! - დაიყვირა ახვლედიანმა და უცნობის ყელს ჩააფრინდა. - ვინ ჯანდაბა ხარ, რომ მემუქრები?! ვინ ოხერი ხარ, რომ ამდენს ბედავ?! - ანჯღრევდა ხელებში მოქცეულს ანდრეა და უყვიროდა.
-ჩემი მოკვლა არაფერს შეცვლის, ხომ ხვდები? - ძლივს ამოთქვა თვალებჩასისხლიანებულმა.
-ვინ დგას შენ უკან, ვინ?! - ხელები შეუშვა ანდრეამ უცნობს და ეს უკანასკნელიც მოწყვეტით დაეცა ბეტონის იატაკს.
ჩახრეწილხმიანი დიდხანს ახველებდა. მერე სული მოითქვა და ქვემოდან ახედა გამძვინვარებულს.
-იმაზე ბევრად ძლიერი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა! - გაეცინა და წამოდგომა ცადა, მაგრამ ცხვირში მიიღო ანდრეას წიხლი.
-ვის ბრძანებებს ასრულებმეთქი, მითხარი!
-რა საჭიროა ეს სიველურე? ხომ ხედავ, რომ მარტო ვარ და მხოლოდ ლაპარაკი მინდა?! ჩხუბი რომ მდომოდა, მარტო არ დაგხვდებოდი და ეს შენც კარგად იცი! - დასისხლიანებულ ცხვირს უჭერდა ხელებს ჩახრეწილხმიანი.
-ხოდა ძალიანაც ცუდი, რომ მარტო ხარ. მოკვდები და შენი მძღოლიც კი ვერაფერს გაიგებს! არ უნდა ყოფილიყავი ასე თავდაჯერებული!
-და მაინც რომ არ ვკარგავ იმედს? - ძლივს წამოდგა უცნობი და ირონიულად გაუღიმა ახვლედიანს. - ვიცი, რომ მაინც დამთანხმდები. მცემე, რამდენიც გინდა!
-გიჟი ხარ, არა? - ჩაეცინა ანდრეას. - შენს სიტყვებს თავად თუ იაზრებ, საერთოდ?! ჯაყელების ბიძაშვილის მკვლელი ვარ, რა სიყვარულზე მელაპარაკები?
-შენმა ძმაკაცმა თუ მოახერხა, შენ რითი ხარ მასზე ნაკლები? - ჩაეცინა უცნობს. - ქალის მოხიბვლაზე უკეთ არაფერი გამოგდის და არ გინდა ეს თავმდაბლობა!
-რომც შემეძლოს, ამას არ გავაკეთებ!
-ბარბარეზე არ ფიქრობ? ნუთუ აუცილებელია მუქარა?!
-ბარბარეს თითსაც ვერ დააკარებთ-მეთქი, გითხარი უკვე!
-და რა მოხდება, თუ ჯაყელები მისი ვინაობის შესახებ გაიგებენ, ანდრეა? - სახე ახლოს
მიუტანა ჩახრეწილხმიანმა ახვლედიანს და ძალიან დაბალ ხმაზე დაიჩურჩულა.
-რა? - ერთიანად შეეშალა სახე ანდრეას. - ჯაყელები რა შუაში არიან ბარბარესთან?!
-ნუ გგონია, რომ მარტო შენ იცი, რა მოხდა იმ ღამით, როცა ნიკუშა ჯაყელი მოკალი. - ტუჩის კუთხე ჩატეხა ჩახრეწილხმიანმა.
-გეფიცები, ახლა მართლა მოგკლავ... - მძინვარებამ იმატა მამაკაცის ხმაში.
-თუ გინდა, კიბატონო. უბრალოდ ეს არსებითს არაფერს შეცვლის და ეს შენც კარგად იცი! - გაეცინა უცნობს.
-რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?! - იღრიალა სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფმა ანდრეამ.
-გითხარი უკვე: მინდა, რომ ეკატერინე ჯაყელი ჩამოაშორო ოჯახს, გამოიყენო და მიატოვო.
-სისულელეა ეგ ყველაფერი! მე რომც ვეცადო, არაფერი გამოვა...
-ძალიან თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. მითუმეტეს შენნაირი ბიჭისთვის. - გაუღიმა უცნობმა ანდრეას.
-ძალიან დიდი დრო დამჭირდება...
-ერთ წელს გაძლევ, მეტს არა!
-ერთ წელიწადში მის გაცნობასაც ვერ მოვასწრებ!
-ერთ წელიწადს, ანდრეა, მეტს არა!
-არ გავაკეთებ ამას, ფეხებზე მკ,იდია, არ გავაკეთებ!
-წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ ჯაყელები გაიგებენ, ვინ არის ბარბარე ჟღენტი? ჯაყელებს კი არა, მთელ ქვეყანას გავაგებინებთ სიმართლეს და შევარცხვენთ თქვენს სიყვარულს. იცი, ამ ამბავს რა მოყვება? - საბოლოო ჯამში ბარბარე ისევ შენ დაგადანაშაულებს და შეგიძულებს! - ბოლო სიტყვები ხაზგასმით თქვა უცნობმა და გაიღიმა.
ანდრეამ კბილები დაასო ერთმანეთს სიმწრისგან და ყბის კუნთი აათამაშა. ჩიხში იყო მიმწყვდეული და ამას კარგად ხვდებოდა.
-ვინ ჯანდაბა ხარ ამისთანა? საერთოდ, რა იცი, იმ ღამის შესახებ?! - ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა ახვლედიანმა.
-ყველაფერი ვიცი, ანდრეა. ამიტომ უბრალოდ ჯობია, ჩემთან იმეგობრო. მტრობას არ გირჩევ, არავისთვის მოუტანია ამას კარგი!
-შენ ხარ, არა? შენ ხარ ის მესამე, ჩვენსა და ჯაყელებს შორის რომ ამღვრევს წყალს! პაატა შენ მოკალი?! - თვალების გარსი ჩაუწითლდა ანდრეას, უცნობს გაეღიმა.
-თანახმა ხარ, თუ დაღუპავ ახალგაზრდა და უმანკო გოგონას ცხოვრებას?
-შე ნაბი*ვარო, ოდესმე აუცილებლად გადაგიხდი ყველაფრისთვის, იცოდე! - იღრიალა ახვლედიანმა.
-აუცილებლად. ეგ სურვილი ცხოვრების მიზნად დაისახე და არ დაივიწყო, მაგრამ იქამდე ეკატერინე ჯაყელი მოაჯადოვე შენი შარმით! - ცინიკურად ჩაეცინა ჩახრეწილხმიანს.
-გეფიცები გაზღვევინებ, თვალებში გიყურებ და ისე მოგკლავ!
-შენც გაერთობი ამ საქმით, დამიჯერე. ბოლოსდაბოლოს, ეკატერინე ჯაყელს გთავაზობ, ბევრისთვის ასე საოცნებო ქალს!
-მოკეტე! - მოთმინება გადაეწურა ახვლედიანს და ხელის ერთი მოსმით ააყირავა მაგიდა.
-შენი გაცეცხლება თანხმობად უნდა მივიღო? - ჩაეცინა უცნობს და დინჯად წამოდგა.
-თუ უარს ვიტყვი, რა მოხდება?
-უკვე გითხარი, შენი საყვარელი ქალი დაზარალდება. თან ძალიან, ძალიან მძიმედ. იმაზე მძიმედ, ვიდრე ცხონებული მამამისი!
-მოგკლავ, ხომ იცი, რომ ჩემთან თამაში არ ღირს? ოდესმე აუცილებლად მოგწვდები და მოგკლავ! - სიმწრით გამოთქვამდა სიტყვებს ანდრეა.
-ეჰ, ოდესმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს... მთავარია, რა არის ახლა და რა იქნება ერთი წლის შემდეგ... - კმაყოფილებით გაეღიმა ბოლო სიტყვებზე ჩახრეწილხმიანს.
-რა დაგიშავა ასეთ იმ ოჯახმა?! ასეთი სისასტიკე რით დაიმსახურა?! - ამრეზით აათვალიერა ანდრეამ მამაკაცი.
-ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის. რაც შენ გევალება, იმას მიხედე, ანდრიკო!
-მაინც გავიგებ ყველაფერს და გაზღვევინებ, გპირდები!
უცნობმა გადაიხარხარა, ხელსახოცით კარგად მოიწმინდა დასისხლიანებული ცხვირი და ისევ ახვლედიანს მიუბრუნდა.
-თუ ყველაფერი გავარკვიეთ და კითხვები არ გაქვს, წავიდეთ. საქმიანი კაცები ვართ და დასაკარგი დრო არ გვაქვს!
-მალე მომაცილეთ ამ წყეულ ადგილს, ყარს აქაურობა! - იფურთხებოდა ანდრეა.

გზაში ხმას არცერთი იღებდა. ახვლედიანი მძიმედ სუნთქავდა და მაგრად აჭერდა კბილებს ერთმანეთს. უნდოდა, შებრუნებულიყო და დაეხრჩო გვერდით მჯდომი, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს არაფერს შეცვლიდა.

-შეხვედრამდე, ანდრეა. გახსოვდეს, რომ გაკონტროლებთ! - ღიმილით დაემშვიდობა ჩახრეწილხმიანი, როცა მანქანა მისი სამსახურის წინ გაჩერდა.
-ჯანდაბამდეც გზა გქონიათ! - წაისისინა ახვლედიანმა და სწრაფად გადავიდა.
მანქანა სწრაფად მოწყდა ადგილს. სულ მალე გამწარებული ანდრეა ახვლედიანი მარტოდ-მარტო იდგა ეზოში.

*_*_*_*

უტამ სიურპრიზი გაუკეთა იოანესა და მარიამს და ილიას ტბაზე, ერთ-ერთ სასტუმროში დაუჯავშნა ადგილი.
შებინდებულზე ჩააღწიეს დანიშნულების ადგილამდე. ირგვლივ ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო, მარიამს მართლაც ავიწყდებოდა ყველა დანარჩენი. გაბადრული სახით მიიწევდა სასტუმროსკენ, უკან კი ჩემოდნებით დატვირთული იოანე მიყვებოდა.

-დავისვენოთ და ვივახშმოთ, კარგი? ერთი მშვენიერი ადგილი ვიცი, ხედით პირდაპირ ტბაზე. - ღიმილით ელაპარაკებოდა ნომერში მყოფი დანელია ვერანდაზე მდგარ მეუღლეს.
-როგორც შენ გინდა! - გაუღიმა მარიამმა მამაკაცს და ისევ საოცარ ბუნებას გახედა.
-ხომ ლამაზია? - ზურგიდან აეკრო იოანე ცოლს.
-საოცრებაა! - აღმოხდა გოგონას. - ბავშვობაში ვიყავი აქ, მაგრამ ასეთი ლამაზი არ მახსოვდა აქაურობა...
-იმიტომ, რომ მე არ ვიყავი მაშინ შენ გვერდით, ვერ ხვდები?! - შეიფერა დანელიამ.
-ჰო, მართლა მაგიტომ მეჩვენება ყველაფერი ასეთი საოცარი; შენ გვერდით რომ ვარ ყველაფერი საოცარისფერი ხდება. - იღიმოდა მარიამი და სახეზე ეფერებოდა ქმარს.
-საოცარისფერი? - გაეღიმა ჯაყელის სიტყვებით გაბედნიერებულ იოანეს.
-მაგ ფერი თვალები გაქვს შენც ჩემთვის...
სახეგაბრწყინებული დანელია მაშინვე წაეტანა ცოლს ტუჩებზე. მერე კი მაგრად მოეხვია და გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი.

*_*_*_*

გიორგი თოიძე სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა შეხვედრის ადგილზე ნახევარი საათით ადრე მისულს, ანდრეა ახვლედიანი ჭიშკართან მომლოდინე დაუხვდა. მამაკაცს ცალი ფეხი გალავანზე ჰქონდა მიყუდებული და თავჩაქინდრული, თავის ფიქრებში იყო გართული.
თოიძის მახვილ თვალს შორიდანაც კი საეჭვოდ სერიოზული ეჩვენა ახვლედიანი. მისი გულმკერდი მძიმედ ადი-ჩადიოდა. ეტყობოდა, რომ რაღაცაზე ღელავდა.

-საღამო მშვიდობისა, ანდრეა! ასე ადრე რამ მოგიყვანა? - ღიმილით მიუახლოვდა დეტექტივი ჭიშკარს და მეგობრულად გაუღიმა დამხვდურს.
ანდრეა უმალ გამოფხიზლდა, წელში გასწორდა, დაფეთებული თვალები შეანათა თოიძეს და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ, როცა სიტუაციაში გამოერკვა, მკრთალად გაუღიმა გამომძიებელს.
-რამე ხომ არ მომხდარა? ფერი არ მომწონს შენი. - ეჭვისთვალით შეათვალიერა გიორგიმ მამაკაცი და ჭიშკრის კარი გააღო.
-რატომ მეკითხებით? - არ ესიამოვნა ანდრეას გამომძიებლის მზერა.
-არა, უბრალოდ, უჩვეულოდ მეუცნაურებით. - მხრები აიჩეჩა თოიძემ.
-უჩვეულოდ გეუცნაურებით რას ნიშნავს, ბატონო გიორგი? - ჩაეცინა ახვლედიანს.
-მე ზოგადად ყველა მეუცნაურება, ერთი შეხედვით ნორმალურიც და არანორმალურიც, მაგრამ უჩვეულოდ მხოლოდ ისინი, ვინც მართლაც ეჭვს აღძრავენ ჩემში.
-უცნაური კაცი ხართ! - გაეცინა ანდრეას და ამით ცადა მოწოლილი დაძაბულობის მოშორება. - ანუ მე ეჭვს აღვძრავ თქვენში?
-არვიცი, თქვენ მიპასუხეთ! - მსუბუქად ჩაიცინა თოიძემ და მისაღები ოთახისკენ გაუძღვა სტუმარს.
-ოხ, ეს თქვენი ლაბირინთული ლაპარაკები! - ამოიხვნეშა ახვლედიანმა და ამ მოქმედებას ამოაყოლა სიცილიც. - მძიმე დღე მქონდა სამსახურში, სულ ეს არის!
-თავის მობეზრება არც მიფიქრია, უბრალოდ მეგობრულად გკითხეთ, - ბავშივით დაიმორცხვა გამოძიებელმა.
-იქნებ საქმეზე გადავსულიყავით? როგორც ვხვდები, რაღაც სერიოზული გაქვთ ჩემთვის სათქმელი. - აშკარად ფორიაქობდა ანდრეა.
-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. რამეს ხომ არ დალევთ?
-რაიმე ძლიერს! - გადაჭრით განაცხადა ახვლედიანმა და ხელები მოიფშვნიტა.
-დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი მომხდარა? მაინც აფორიქებული მეჩვენები! - ჩაეცინა თოიძეს და ბარს მიადგა. - ორმაგი?
-სამმაგი! - აღმოხდასავით ანდრეას და ხელები დახრილ თავზე შემოიჭდო.
-ოჰო, ანდრეა ახვლედიანი თავს იკლავს... - თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგიმ და თხოვნა შეუსრულა სტუმარს.
-უბრალოდ სტრესის დაძლევაში მეხმარება. მიჩვეული ვარ, ნუ ღელავთ. - თავის მართლებასავით ჟღერდა ახვლედიანის სიტყვები.
-თქვენ უკეთ იცით. - მხრები აიჩეჩა თოიძემ და ჭიქა გაუწოდა მამაკაცს.
-აბა, გისმენთ! - სასმლის განახევრებისთანავე მიუბრუნდა ანდრეა გამომძიებელს.
-ჰო, გადავიდეთ საქმეზე. - გამოცოცხლდა დეტექტივი, ქურთუკის ჯიბე გახსნა და გამჭირვალე ყუთში მოთავსებული დისკი ამოიღო იქიდან.
-ეს რა არის?
-ძალიან მნიშნელოვანი სამხილია ჩვენს საქმეში. ლეპტოპს მოვიტან და უყურეთ. - წამოდგა თოიძე და გვერდით ოთახში გავიდა. მალევე დაბრუნდა ხელში, ვერცხლისფერი ლეპტოპით ხელში.
-ვიდეოა? - დაინტერესდა ანდრეა.
-ვახტანგ გიორგობიანის. სავარაუდოდ, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრეა აქვს ჩაწერილი, ანტალიაში ყოფნისას.
-საინტერესოა... - ჩაილაპარაკა ახვლედიანმა და ეკრანი თავისკენ მიატრიალა.
ძალიან ცდილობდა ანდრეა, რომ გიორგობიანის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვისთვის გულისყურით ესმინა, მაგრამ გონება მაინც უცნობთან დიალოგისკენ ექაჩებოდა. მისი სახე, ხმა, დამცინავი ღიმილი და სიტყვები თავიდან არ ამოსდიოდა. გრძნობდა, რომ ძალიან დიდ შარში გაყო თავი. არც ის იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და არც ის, ღირდა თუ არა ყველაფრის თოიძისთვის მოყოლა.
ალბათ ვერც გადაწყვეტდა ვერაფერს და ასე გაურვევლობაში იქნებოდა, რომ არა მის ყურთასმენას მიწვდენილი რამდენიმე სიტყვა ვიდეოდან: „დათქმულ ადგილზე მისულმა თავი ბნელ და მივარდნილ შენობაში ამოვყავი, მკვდარი კატის სუნით იყო აყროლებული იქაურობა. მგონი მივარდნილი ქარხანა იყო ან რაღაც მსგავსი.“ - გიორგობიანის სიტყვებმა მაშინვე განგაშის სიგნალები ჩაურთო. მიტოვებული ქარხანა და საშინელი სუნი?! - ეჭვგარეშე იყო, რომ გიორგობიანი სწორედ იმ ადგილზე ლაპარაკობდა, სადაც თავად ანდრეა იმყოფებოდა.
ამის გააზრებას გონების წამიერი განათების ეფექტი ჰქონდა ახვლედიანისთვის. უნებურად წაიღო ხელი კლავიატურისკენ და შეცბუნებულმა, „დაპაუზების“ ღილაკს დაკრა თითი.
-რამე მოხდა, ანდრეა? - გაკვირვებით შეხედა თოიძემ წინ მჯდომს.
-არა, არაფერი, უბრალოდ... - პატარა ბიჭივით დაიბნა.
-გააგრძელეთ ყურება, ყველაზე საინტერესო ახლა იწყება.
ანდრეამ ისევ მოიკრიბა გონება და ვიდეოს ყურება განაგრძო. მთელი სხეული აუდუღდა. იგრძნო, როგორ აუვარდა სისხლი თავში. გრძნობდა, რომ ყველა კუნთი ეჭიმებოდა. სიმწრით კბილები ერთმანეთს დაასო, როგორც კი მისმა ტვინმა გიორგობიანის ნათქვამი გაიაზრა.
-ილია ჯაფარიძე! - წამოიყვირა და წამოხტა, როგორც კი ვიდეო დასრულდა და ეკრანი გამუქდა. - ის არის ყველაფრის თავი და თავი, არა?!
-თუ გიორგობიანს დავუჯერებთ, დიახ... - მშვიდი იყო, როგორც ყოველთვის, გიორგი.
-არ ტყუის, ვახო არ ტყუის! - გაშმაგდა ანდრეა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
-რატომ ასე დარწმუნებით? - ჩაეცინა გაკვირვებულ თოიძეს.
-არის რაღაც, რაც უნდა მოგიყვე, გიორგი! - უცებ შეჩერდა ერთ ადგილზე ახვლედიანი, მტკიცე ტონით მიმართა გამომძიებელს და ღრმად ამოიხვნეშა.
-ყურადღებით გისმენ! - ხელები გაშალა ღიმილით გიორგიმ და თვალებით ისევ სავარძლიკენ ანიშნა მამაკაცს.
ანდრეამ ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მოუყვა გამომძიებელს. ეს უკანასკნელი დიდი ყურადღებით უსმენდა, თვალებმოჭუტული. ნიკაპზე ისვამდა ხელს, როგორც ახასიათებდა ფიქრისას და შიგადაშიგ, გაურკვეველი ბგერების წამოძახილით ეხმიანებოდა ახვლედიანის ლაპარაკს.
-ეგ კაცი თავიდანვე არ მომეწონა. არსაიდან გამოჩნდა და მელასავით შემოიძურწა ჩვენს ცხოვრებაში. თურმე რა ფარისეველი ყოფილა, ღმერთო. რა იდიოტივით გამაცურა, მაგ ბებერმა მელამ! - თავში იტაცა ხელები ანდრეამ. - ახლა ბარბარეს საფრთხე ემუქრება, არა? მე თავად ჩამიგდია ლომის ხახაში!
-დამშვიდდით, ანდრეა. ახლა ღელვას აზრი არ აქვს, ცივი გონებით მსჯელობაა საჭირო.
-რა ცივი გონებით, მეხუმრებით? ილია ჯაფარიძე სახიფათო ადამიანია, მასთან თამაში ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს! - ნერვებს ვერაფრით თოკავდა ანდრეა.
-სწორედ ამიტომაც გვმართებს ფრთხილად მოქმედება! - ტონს აუწია თოიძემაც. - ბავშურად ვერ მოვიქცევით. მე ახლავე შემიძლია ეს ვიდეო წავიღო და ჩემს უფროსს ვაჩვენო. მაშინვე გამოსცემენ ჯაფარიძის დაკავების ორდენს, მაგრამ ეს არაფერს გვარგებს. საქმე მაქსიმუმ სასამართლომდე მივიდეს. ბევრად უფრო ვალიდური სამხილები გვჭირდება მის წინააღმდეგ. გარდა ამისა, უნდა გავარკვიოთ, რატომ მტრობს ეგ კაცი თქვენ და ჯაყელების ოჯახს.
-მაგის გარკვევას როგორ ვაპირებთ? ამ ადამიანის სახელიც კი არ ხსენებულა ჩვენს ოჯახში არასდროს, პაატას სიკვდილამდე.
-ხოდა, საქმეც მაგაშია! სავარაუდოა, რომ წარსულში რაღაც მოხდა დემეტრე ჯაყელს, ირაკლი ახვლედიანსა და ილია ჯაფარიძის შორის.
-მე რამდენადაც ვიცი, მამაჩემი და ჯაფარიძე მეგობრობდნენ ადრე, მაგრამ პაატას სამძიმარზე მათი შეხვედრა ნამდვილად არ ჰგავდა ძველი მეგობრებისას.
-ჩემი თანაშემწე სწორედ ახლა მუშაობს გიორგობიანის უკანასკნელ დავალებაზე - წარსულს იკვლევს და პასუხს მამათქვენისა და დემეტრე ჯაყელის უწინდელ ცხოვრებაში ეძებს.
-რატომ გგონიათ, რომ ეს შედეგს მოიტანს?
-გიორგობიანი ტყუილად არ აგვირევდა კვალს. იცოდა, რომ სიკვდილი ელოდა და სწორედ ამიტომ ჩაწერა თავისი აღსარება ჩვენთვის. რატომ უნდა მოვეტყუებინეთ?
-ჯანდაბა! როგორ შეიძლებოდა, ისეთი ბრმა ვყოფილიყავი, რომ აქამდე ვერაფერი შემემჩნია ან მამაჩემისთვის ან ჯაფარიძესთვის! - ბრაზობდა ახვლედიანი.
-სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მიკვირს, რომ არასდროს გაგჩენიათ კითხვები მამათქვენთან. ნუთუ არასდროს დაინტერესებულხართ, რატომ მტრობთ ასე დაჟინებით ჯაყელებს?
-ბატონო გამომძიებელო, შეგიძლიათ მითხრათ, რატომაა ამ ოთახის კედლების ფერი კრემისფერი? იმიტომ, რომ სახლი ასე ჩაგაბარეს, არა? და თქვენ არც გაგჩენიათ ეგ კითხვა. სწორედ ასე ვიყავით მე და ჩემი ძმაც,ბავშვობიდან უბრალოდ ვიცოდით,რომ ჯაყელები მტრები იყვნენ და მორჩა! მამაჩემი მიზეზებზე არასდროს საუბრობდა.
-ნუთუ ჭორის სახითაც არასდროს არაფერი გაგიგიათ? ბოლოსდაბოლოს, თბილისში ვცხოვრობთ, აქ რა დაიმალება?
-ჭორების სახით? - ჩაფიქრდა ახვლედიანი. - რავიცი, თქვენც გეცოდინებათ, რომ ამბობენ, ირაკლი და დემეტრე ადრე მეგობრები ყოფილან და ქალის გამო გადამტერებიან ერთმანეთსო.
-მერე? თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
-არ გამოვრიცხავ, სიმართლე რომ გითხრათ. მამაჩემმა დედაჩემი მხოლოდ ფულის გამო მოიყვანა ცოლად. სხვა რომ ჰყვარებოდა, არ გამიკვირდებოდა მისგან.
-ხო, მაგრამ სად არის ის სხვა? სად წავიდა ის ქალი, აი, ეს არის საინტერესო! იქნებ დემეტრეს მეუღლეზეა საუბარი?
-ქეთევან ჯაყელზე? - არამგონია! - თავი გააქნია ანდრეამ. - გამყრელიძის დაბადებისდღეზე ხშირად შეხვედრილან ერთმანეთს, მამაჩემს ძარღვიც არასდროს შეტოკებია მისი დანახვისას.
-თქვენ რა იცით, იქნებ ემოციებს მალავს კარგად? - გაეცინა თოიძეს.
-არა, მამაჩემი გადაშლილი წიგნივითაა ჩემთვის. ჯაფარიძეც იმიტომ მომეჩვენა საეჭვოდ, რომ ირაკლი შეხვდა მას გადაფითრებული სახით.
-მაშ იქნებ დაფიქრებულიყავით და გაგეხსენებინათ, ოდესმე, რომელიმე ქალის დანახვისას ხომ არ ჰქონია მამათქვენს უცნაური რეაქცია?
-დანახვისას? - ისევ ჩაფიქრდა ანდრეა. - დანახვისას არა... მაგრამ ...
-მაგრამ? - დაიძაბა თოიძე.
-არის ერთი ქალი, რომელიც დიდი ხანია უკვე ეჭვს აღძრავს ჩემში და გაგიკვირდებათ, მაგრამ ჯაფარიძეს უკავშირდება ის ქალიც!
-ასეთი ქალის არსებობის შესახებ იცით და აქამდე დუმდით? - გაოცდა გიორგი. - მითხარით სახელი და გვარი!
-გვარი არ ვიცი, მხოლოდ სახელი. თამარა - ასე ერქვა იმ ქალს.
-ერქვა?
-ან შეიძლება ქვია, ეგ უკვე არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ანდრეამ.
-ვინ იყო? იცნობდით?
-მე არა, მისი სახელიც კი არ მქონდა გაგონილი, ამ რამდენიმე კვირის წინ რაღაც ფოტო რომ არ მეპოვნა დედაჩემის ოთახში.
-რა ფოტო?
-ბორჯომში იყო გადაღებული ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ. ჩემი მშობლები და ილია ჯაფარიძე არიან. მაშინ ილია ვინ იყო, ისიც კი არ ვიცოდი. მოსამსახურე ქალს ვკითხე და მან ამიხსნა, რომ მეგობრობდა ადრე მამაჩემი მაგ კაცთან. მერე შემთხვევით წამოცდა, ილია ჯაფარიძის საცოლის სახელიც. კარგად ახსოვდა, ასე მითხრა, ძალიან ლამაზი გოგონა იყოო. სახელის თქმა არ უნდოდა, მე ვაიძულე, მაგრამ მეტი აღარაფერი უთქვამს, მამაჩემთან გადამამისამართა მაშინვე.
-მამათქვენმა რა გითხრათ? - აშკარად დაინტრიგებული ჩანდა თოიძე.
-კარგად მახსოვს, როგორ აეშალა სახე, როცა ქალის სახელი ვუხსენე. აი, ზუსტად ისე, როგორც ილია ჯაფარიძესთან შეხვედრისას. საინტერესო არაფერი უთქვამს. თავიდან მომიცილა უაზრო პასუხებით, მაგრამ ეჭვი ვერ გამიქრო. მერე ჩემი ძმის ქორწილი იყო, სადაც ჯაფარიძის ქალიშვილი და ბარბარეც იყვნენ დაპატიჟებულები. იქ გავიგე, რომ ინას დედას თამარა არ ჰქვია და რომ საერთოდ არც კი სმენია მას ამ ქალის შესახებ.
-ანუ ვინმე თამარა ილია ჯაფარიძეს ცოლად არ მოუყვანია?
-ასე გამოდის.
-ყველაფერი ზედმეტად საეჭვოდ გამოიყურება, ანდრეა... - წვერზე მოისვა ხელები გიორგიმ. - აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, ვინ იყო ის ქალი და რა მოხდა.
-ისიც უნდა გავიგოთ, ჯაყელები როგორ უკავშირდებიან ამ ამბავს.
-და თქვენც უნდა დაგეხმაროთ დავალების შესრულებაში.
-მე როგორ უნდა დამეხმაროთ? - გაიკვირვა ახვლედიანმა.
-ეკატერინე ჯაყელი გვჭირდება! - გადაჭრით განაცხადა თოიძემ.
-რას ქვია, გვჭირდება? რაში გვჭირდება?
-უხეშად რომ ვთქვათ, როგორც ჯაშუში ჯაყელების სახლში. - ჩაეცინა თოიძეს.
-გინდათ, რომ აქ მოიყვანოთ? მასთანაც ისევე ითანამშრომლოთ, როგორც ჩემთან? - არ დაგთანხმდებათ!
-ეგ მე მომანდეთ, მეხერხება ადამიანების დარწმუნება. - ეშმაკურად გაეღიმა გამომძიებელს.
-ჩემთან ერთად მაინც არ გაჩერდება... ხომ გესმით?
-მოვახერხებთ რაღაცას. ბოლოსდაბოლოს, თქვენი „დავალებაც“ ხომ მაგაში მდგომარეობს? ეკატერინე ჯაყელი უნდა მოხიბლოთ.
-ამას ვერ გავაკეთებ! - შეიშმუშნა ანდრეა.
-ანდრეა, მესმის თქვენი, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ალბათ ხვდებით, რამდენად საშიში ადამიანია ილია ჯაფარიძე. მას კი ახლა ბარბარე ჰყავს, მისი კონტროლი შეუძლია, მისით მანიპულირება.
-ჯანდაბა! - წამოიყვირა გამწარებულმა ახვლედიანმა და წამოხტა. - ბარბარე უნდა დავიხსნა მაგ კაცისგან, ყველაფერს ვეტყვი და...
-სისულელეების ლაპარაკს მოეშვით! უკვე გითხარით, ბავშვურ შეცდომებს ვერ დავუშვებთ.
-როგორ დავტოვო იმ კაცის ხელში?
-სანამ მათ ჭკუაზე ივლით, გოგონასაც არ დაემუქრება საფრთხე, ნუ ნერვიულობთ! ჯობია იმაზე იფიქროთ, როგორ დაუახლოვდებით ეკატერინე ჯაყელს და როგორ ამოვხსნით ამ საიდუმლოებებით მოცულ საქმეს.
-მამაჩემს უნდა დაველაპარაკო...
-რისთვის?
-რაღაცას მაინც დავძალავ ან შევატყობ სახეზე,ან არ ვიცი, რაღაც ხომ უნდა გავაკეთო? ასე ვერ ვიქნები!
-პირველ რიგში თავს მოუხმეთ, დაუფიქრებლად ვერ მოვიქცევით.
-კარგი, მოვიქცეთ დაფიქრებულად, რას მთავაზობთ?!
-უკვე გითხარით, ეკატერინე ჯაყელთან თანამშრომლობას.
-სისულელეა! მე და ეკატერინე ჯაყელი ერთ ოთახში? მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მისი და ჩემს მეგობარს გაჰყვა ცოლად? - წარმოუდგენელია!
-აბა თქვენ რას აპირებთ, ანდრეა? დავალებას არ შეასრულებთ და ბარბარეს სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებთ?! - ტონს აუწია თოიძემაც.
-არა, რა თქმა უნდა!
-აბა?! როგორ აპირებთ ილია ჯაფარიძესთან ბრძოლას? ამ ვიდეოთი? უკვე გითხარით, უფრო ვალიდური საბუთები გვჭირდება!
-რა არის თქვენთვის „უფრო ვალიდური“?! - გაბრაზდა ანდრეა.
-დრო სჭირდება ყველაფრის გარკვევას. ასე უცებ არაფერი მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ოცდაათწლიან დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ.
-მხოლოდ ერთი წელი მომცეს. მხოლოდ ერთი წელი, ჯაყელის შეცდენისთვის.
-თუ ჭკვიანად მოვიქცევით, ყველაფერს დამიჯერებთ და არაფერს დამიმალავთ, ყველაფერს მოვასწრებთ.
-მე თქვენ არაფერს გიმალავთ. - ბავშვივით გააპროტესტა გამომძიებლის სიტყვები ახვლედიანმა.
-ეს ვიდეო რომ არ მენახებინა თქვენთვის, რამეს მეტყოდით? - გაეღიმა თოიძეს.
-მეგონა...
-თქვენ მე მიყურებთ, როგორც პოლიციელს, ანდრეა. გგონიათ, ყველაფერს, რასაც მეტყვით, თქვენ წინააღმდეგ გამოვიყენებ. მაგრამ დროა უკვე გაიგოთ, რომ მე თქვენ მხარეს ვარ. არ მენდობით და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემგან რაღაცების დამალვა მხოლოდ ცუდს მოუტანს საერთო საქმეს. ხომ ხედავთ, რომ მე არაფერს გიმალავთ? ამას პარტნიორობა ჰქვია!
-კარგი, შევთანხმდით, რომ აღარაფერს დაგიმალავთ და გენდობით. ოღონდ ერთი პირობით, ჩემ გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ.
-შევთანხმდით! - გაეღიმა გიორგის.
-ეკატერინე ჯაყელს რას უპირებთ? თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამხელა აგრესიას გამოიწვევთ მასში ჩემი გამოჩენით. ახლა მითუმეტეს.
-ჰო, ეს მესმის... კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ, ეკატერინეს ჯერ მხოლოდ მე დაველაპარაკები, მის ნდობას მოვიპოვებ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოგაჩენთ თქვენ.
-ასე ჯობს! - დაეთანხმა ანდრეა დეტექტივს.

*_*_*_*

ლუკა ჯაყელი მთვარის შუქით განათებულ აივანზე იჯდა, მარტოდ-მარტო. ალბათ, ყველას ეძინა სახლში, შუაღამე უკვე კარგახნის გადასული იყო, მაგრამ თავად ვერაფრით ახერხებდა მოსვენებას. თვალწინ სულ მარიამი და იოანე ედგნენ; დის წარბშეუხრელი მზერა და ანთებული თვალები, მისი და დანელიას უკანასკნელი სიტყვები და ყველას თვალებში ჩაბუდებული ტკივილი.
მორიგი ღერი ამოიღო შეკვრიდან, თვალები მოისრისა და მხოლოდ ამის შემდეგ მოუკიდა თამბაქოს.
ღამის მყუდროება და მარტოობის სიჩუმე უეცრად დაარღვია სახლიდან მომავალმა ნაბიჯების ხმამ. ლუკამ თავი წამოსწია და ისე დაელოდა დაუპატიჟებელ სტუმარს. ხალათში გამოწყობილი სილუეტი მალევე გამოჩნდა აივანზე და ერთიანად მოშალა მამაკაცის მარტოობის ვაკუუმი.
-რატომ არ გძინავს, ეკატერინე? - მიუბრუნებლად მიხვდა ლუკა სტუმრის ვინაობას.
-არ მეძინება... - დამძიმებული ტონი ჰქონდა გოგონას. კარის ჩარჩოს მოშორდა და უნებართვოდ მიუჯდა ძმას გვერდით. - დიდი ხანია, აქ ზიხარ?
-არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ჯაყელმა და ფილტვები თამბაქოთი გაიჯერა.
-მეგონა, შეეშვი მოწევას. - სასხვათაშორისოდ აღნიშნა კატომ.
-ისევ შევეჩვიე. - სიმწრით ჩაეცინა ლუკას.
ეკატერინემ იმ მხარეს გაიხედა, საითაც მისი ძმა იხედებოდა ასე დაჟინებით. სრულ სიცარიელეს უმზერდა ორივე.
-ბავშვობაში რატომღაც მეგონა, ეს ოთხი კედელი გვიცავდა ყველაფერი ცუდისგან. - უცერემონიოდ წამოიწყო საუბარი ეკატერინემ. - თითქოს ყველაფერი საშინელი ჭიშკართან რჩებოდა და ვერაფრით ახერხებდა ჩვენს სახლამდე მოღწევას. ხანდახან, მინდება, ისევ ბავშვები ვიყოთ. რა სხვანაირად გვეჩვენებოდა ყველაფერი მაშინ, არა? - მტკივნეულად ჩაიცინა გოგონამ.
-ეს ოთხი კედელი კი არა, მამაჩვენი გვიცავდა მაშინ. ახლა კი მე უნდა დამეცავით, მაგრამ როგორც ხედავ, ჩავფლავდი.
-ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს რამის გაკეთება შეგეძლო და არ გააკეთე.
-იოანე დანელია შეიყვარა, ეკატერინე! იოანე დანელია, გესმის? დღისით და მზისით, ჩვენს თვალწინ. მე კი ამდროს ღრუბლებში დავფრინავდი.
-ოცდაოთხი საათი დარაჯად ვერ დაუდგებოდი.
-როგორ ვენდობოდი, ღმერთო ჩემო, რა იდიოტურად ვენდობოდი! - თვალები მოისრისა ლუკამ. - იმ იდიოტ ბიჭს როგორ ვენდობოდი და რა გააკეთა!
-შენ გინდა, რომ თორნიკე დაადანაშაულო ყველაფერში. უსამართლო ნუ იქნები, რა.
-უსამართლო? რომ მოსულიყო და ეთქვა, მაშო ხრამში მიმყავს და გამატანეო, გავატანდი! იცი, როგორ ვენდობოდი? - თვალდახუჭულზე მეტად! მეგონა, უყვარდა თორნიკეს ჩემი და. მეგონა, ჩემი ერიდებოდა და მეც ვაცლიდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან უყვარდა! ვცდებოდი? ეკატერინე, ვცებოდი? მარტო მე მეგონა ასე? მარტო მე მეგონა, რომ მათი დაუსრულებელი კინკლაობა და კატა-თაგვობანა დიდი სიყვარულის გამო იყო?!
-არა, ლუკა, მარტო შენ არ გეგონა მასე... - დაიჩურჩულა კატომ.
-რა იოანე დანელია, საერთოდ? რა სხვა კაცი?! როდის? როდის? მასაც ხომ უყვარდა თორნიკე, როდის მოასწრო გადაყვარება? როდის გაიზარდა ასე ძალიან? რატომ ვერ შევამჩნიე, რატომ ვერ მივუხვდი, რატომ არ მოვიდა და მითხრა?! - ჯანდაბა! როგორ შეიძლება გამოგეპაროს? ასე რამ გამომაშტერა? რამ დამაბრმავა ასე უღმერთოდ?! - პატარა ბიჭივით ტიროდა იმ წამს ლუკა ჯაყელი და თან სიმწრით მუხლებზე იბრახუნებდა მუშტებს.
-ვერ წარმოიდგენდი, ვერავინ წარმოვიდგენდით. ყველას გვეგონა, მაშოს თორნიკე უყვარდა. - ეხუტებოდა გოგონა ძმას და ამშვიდებდა.
-როგორ შეიძლება, ძმაკაცის ნდობა ინანო? განა რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მწარედ დავისაჯე? უბრალოდ ვენდობოდი ბავშოვბის მეგობარს, ძმას! ხომ უყვარდა მაშო? მაშოსაც ხომ უყვარდა? მაშინ რა მოხდა?! რა მოხდა და რატომ მოხდა?!
-ყველას გამოგვეპარა. ვეღარავინ ვიცლიდით ერთმანეთისთვის. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილებს, ინტერესი გაგვიქრა ერთმანეთისადმი.
-და მან შვება იოანე დანელიაში ჰპოვა? სხვა ვერავინ ნახა, მაინცდამაინც მას მიადგა? თორნიკე რას მიკეთებდა? მერე მეტყვი უსამართლო ხარო, მაგრამ ელენე რომ ყოფილიყო მსგავს დღეში, მე წამით მაინც მოვცილდებოდი?! როცა საყვარელი ქალი იტანჯება, გაქვს უფლება თუ არა, მის გვერდით არ ხარ?! მისგან შორს როგორ უნდა გაძლო საერთოდ? რა გული გაგიძლებს?
-არ ვიცი... ძალიან მინდა თორნიკესი მესმოდეს, მაგრამ არ შემიძლია. არასდროს მესმოდა, რატომ აწვალებდა ასე მაშოს და ვერც ვერასდროს გავიგებ, ალბათ.
-ჩემი ბრალია! მე ვარ იდიოტი. ხომ ვხედავდი, რომ ასე აწვალებდნენ ერთმანეთს? მაგრამ მაინც არაფერს ვეუბნებოდი თორნიკეს. ველოდებოდი, რომ თვითონ მოსულიყო და ეთქვა; ველოდებოდი და აჰა! მაშოს რომ თვალცრემლიანს ვხედავდი, უნდა მივსულიყავი იმ იდიოტთან და მეთქვა „იმოქმედე, რას მიდგახარ?! ჩემი მხარდაჭერა გაქვს!“ რატომ არ ვუთხარი? რატომ არ ვუთხარი, ღმერთო! ან ის რატომ ვერ მიხვდა? ვისთვის იყო საიდუმლო, რომ ჩემთვის ყოფილიყო? რატომ ვერ მიხვდა, რომ ყველაფერს ვხვდებოდი და არ ვიყავი წინააღმდეგი? რატომ არ მიცნობდა ბავშვობის ძმაკაცი ასე კარგად?!
-ძალიან რთულია, ლუკა; ადამიანებისთვის სიტყვების წარმოთქმაზე რთული არაფერია, ამ ქვეყნად.
-რატომ მერე, რატომ?! ხომ გაქვს ეს დალოცვილი ენა პირში? ხომ მოგცა ღმერთმა სალაპარაკოდ? რა ბნედა დაგვეცა სუყველას? რა უბედურება დაგვემართა, რომ ყველა გავჩუმდით და აქამდე მოვედით?! ახლა ვის რა ვუთხრა, კატო? როგორღა გავიდე ქუჩაში ან თქვენ როგორ გიყუროთ? შვილი რომ მკითხავს მამიდაზე, რა ვუთხრა? ქუჩაში რომ შემხვდეს შემთხვევით, რა ვქნა? მეორე მხარეს გადავიდე?! რა ჯანდაბა ვქნა, რომ არ შემიძლია?! არ შემიძლია ეს ოხერი, ვერ ვაპატიებ! ნიკუშა რომ მოკვდა, იცინოდა ის ნაბიჭ*არი. რატომ მოკვდა და როგორ, რა მნიშვნელობა აქვს? იმსახურებდა, თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენი ძმა ხომ იყო? ის კი იცინოდა მაშინ, როცა ჩვენ ნიკუშას ვტიროდით. დათუნა რომ მოგიკლეს? მაგ ნაბიჭ*რებმა დათუნა რომ ჩაგაკლეს ხელებში, სად იყო ეგ ახ*არი? იქნებ იმავე მანქანაში იჯდა, ვინ იცის? და მაშო ახლა მაგ კაცის ცოლია?! - დაწყევლოს ღმერთმა ასეთი სამართალი! რატომ უნდა იბადებოდეს ჩემი შვილი ასეთ ქვეყანაში? რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ? რა მოხდება, ეს ოხერი „არ შეიძლება,“ არ შეიძლება რომ იყოს ყველასთვის?
-მაშინ ადამიანები აღარ გვერქმეოდა... - დანანებით და დიდი ტკივილით გაჟღინთა სიტყვები ეკატერინემ.
-მიმიფურთხებია ასეთი ადამიანობისთვის! - ყველანაირემოციაგამოცლილი ხმაღა შერჩენოდა მამაკაცს.
-როგორ არ მინდოდა, რომ თქვენც ისევე ჩაგექნიათ ამ ცხოვრებაზე ხელი, როგორც მე... როგორ არ მინდოდა და მაინც, რა გარდაუვალი აღმოჩნდა ყველაფერი... - თვალები დახუჭა ეკატერინემ და ცრემლებიც მაშინვე დაეშვნენ ყვრიმალებზე.
ლუკა სკამიდან ქვევით ჩაცოცდა, უსიცოცხლო სხეულივით. იატაკზე დაეშვა, კედელს მიაყრდნო თავი და სახე ხელებში ჩარგო. ეკატერინე კი ჯიუტად არ ახელდა თვალებს და ცრემლით ისველებდა ღაწვებს.
რამდენად სტკიოდა ორივეს და რამდენად იტანჯებოდნენ, ამას მხოლოდ ეს ორი ადამიანი თავად და კიდევ ერთი, მათი უკვე მოკვეთილი ნაწილი თუ გაიაზრებდა. ხმას კი აღარცერთი იღებდა, სიბნელეში უჩუმრად იფანტებოდა მათი ტკივილი.
დიდხანს იყვნენ ასე,ლუკა კედელთან ჩამუხლული,ეკატერინე სკამზე თვალებმინაბული.
მერე გაიარეს ტკივილითა და მარტოობით გაჟღენთილმა საათებმაც;
მერე დაათენდათ თავზეც.

*_*_*_*

იოანე და მარიამი სასტუმროს ვერანდაზე ვახშმობდნენ, სასიამოვნო მუსიკისა და ულამაზესი ბუნების ფონზე. ირგვლივ ყველაფერი იმდენად ლამაზი და მშვიდი ჩანდა, ჯაყელიც ძალაუნებურად მშვიდდებოდა. იოანე იმ ღამით განსაკუთრებულ სიყვარულს ასხივებდა თვალებიდან. აღტაცებით აკვირდებოდა ბროწეულისფერ კაბაში გამოწყობილ მეუღლეს.
-სადღეგრძელო მინდა ვთქვა! - უცებ შესძახა დანელიამ და ჭიქები ღვინით შეავსო.
-თქვი. - ყურთამდე გაეპო ღიმილი მარიამს.
-იცი რას გაუმარჯოს? - სიყვარულის გარდაუვალ განგებას! - გაეღიმა იოანეს. - წარმოგედგინა, სულ რამდენიმე თვის წინ, რომ ახლა აქ ვიქნებოდით მე და შენ? საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვართ, უცხოები ხომ ვიყავით? ახლა კი ცოლ-ქმარი ვართ! ასე მგონია, ჩვენ შეხვედრამდე გადაწყდა ჩვენი ამბავი. არვიცი ვინ გადაწყვიტა, როდის ან რატომ, მაგრამ ასე ჯიუტად გადაწყვიტა და გაგვაბედნიერა ორივე. ამას ჩემთვის სიყვარულის გარდაუვალი განგება ჰქვია და არ აქვს მნიშნელობა, რას იტყვიან სხვები, ადრე თუ გვიან ყველა დაივიწყებს ამ ამბავს. ჩვენ კი სულ გვემახსოვრება, სულ გვეცოდინება და სულ გვეყოლება ერთმანეთი!
-გაუმარჯოს! - ჭიქა ჰაერში აღმართა ჯაყელმა და მსუბუქად მიუჭახუნა მამაკაცისას.
-ბედნიერი ხარ, მარიამ? ახლა და ამ წამს.
-ახლა და ამწამს არ მგონია, რომ სადღაც ჩემზე ბედნიერი ადამიანი შეიძლება დაიარებოდეს! - გულწრფელმა ღიმილმა გაუნათა სახე გოგონას.
-იცი, როგორ გიხდება ღიმილი? - თავადაც გაეღიმა ცოლის შემყურე იოანეს.
-სულ გავიღიმო ხოლმე? - გაეცინა მარიამს.
-არა, სულ რომ გაიღიმო ფასს დაკარგავს და გაუფერულდება. იმიტომ მიყვარს ასე ძალიან, რომ ერთი შეხედვით ზედმეტად მკაცრ შთაბეჭდილებას ტოვებ; თითქოს საერთოდ არ იცი, ღიმილის მნიშვნელობა, მერე უცებ იღიმი და ყველაფერი ქრება, გარშემო! - ჩაიცინა ბოლო სიტყვებზე დანელიამ.
-შენზეც მკაცრი შთაბეჭდილება დავტოვე? - გამხიარულდა გოგონა.
-მკაცრი? მკაცრი არ ერქვა მაგას! მეგონა, ჩემი სამზარეულოს იატაკს დამაკლავდი! - გადაიხარხარა მამაკაცმა. - იცი, რა დამემართა ჩემ სამზარეულოში რომ დაგინახე პირველად, უტასთან ერთად? ვიფიქრე, შანსი არ არის ეს მარიამ ჯაყელი იყოს, ალბათ მეშლებათქო. რას წარმოვიდგენდი?!
-აბა მე მკითხე? - გაეცინა მარიამს. - როდის მოგეწონე?
-არ მომწონებიხარ, არც მაშინ და არც მერე. პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი. - გაეღიმა იოანეს.
-კარგი ახლა, მატყუებ! - გაეცინა ჯაყელს. - რომეოობა ნუ მომინდომე.
-გეფიცები! - იცინოდა იოანეც.
-პირველი დანახვისთანავე რანაირად? საერთოდაც, პირველად ბევრად ადრე მნახე შენ მე, გამყრელიძის დაბადებისდღეზე.
-ხო, მაგრამ მაშინ არ შემიმჩნევიხარ. შენი აღქმა, გონებაში, ჩემს სამზარეულოში შეხვედრიდან დაიწყო.
-ანუ რა გამოდის? როგორც კი აღმიქვა შენმა გონებამ, შემიყვარა? - გაეცინა მარიამს.
-ნუ იცინი, სიმართლეა. იცი, მე რა მგონია? - უცებ გამხიარულდა იოანე და წამოიწია. - ნებისმიერი ადამიანის გონებაში ერთი კონკრეტული სახელი და გვარია ჩაბეჭდილი, დაბადებიდანვე. ამ ადამიანის სიცოცხლეში ან შეხვდები ან ვერა, მაგრამ თუ შეხვდი, ერთგვარი სენსორული კონტაქტის ეფექტი ექნება ყველაფერს.
-სენსორული კონტაქტის?
-ჰო, ფილმებში როგორცაა, სეიფის კარი ერთი კონკრეტული ადამიანის შეხებით რომ იხსნება. ასე ხდება აქაც, დაინახავ იმ ერთ კონკრეტულ ადამიანს და გონებაში ჩაბეჭდილი სახელი და გვარიც მაშინვე აციმციმდება. იცნობს თავის ნამდვილ ნახევარს. ეს ყველაფერი ერთ წამში მოხდება, მაგარმ ადამიანმა შეიძლება მაშინვე გაიაზროს ეს ან რამდენიმე ხანში.
-ან სულ ვერ გაიაზროს?
-ჰო, ეგრეც შეიძლება მოხდეს. წარმოიდგინე, ქუჩაში რომ ჩაუაროთ ერთმანეთს, ორივეს გონებაში ჩაბეჭდილი „სენსორი“ აციმციმდეს, მაგრამ შენ ყურადღებაც არ მიაქციო, შენი გზა განაგრძო, ჯიუტად და არც მან მოიხედოს უკან. მე რატომღაც მგონია, ყველა ადამიანს ეძლევა შანსი თავის მეორე ნახევართან შეხვედრის. რომ ამბობენ, ყველას მეორე ნახევარი იბადება, მაგრამ ზოგის იმდენად შორს, რომ შეხვედრასაც ვერ ასწრებენო, არ მჯერა. არ არსებობს, რომ ერთხელ მაინც ვერ შეხვდე შენი ცხოვრების მეგზურს. უბრალოდ, მომენტის დაჭერა უნდა შეგეძლოს; შენი გულის და გონების უნდა გესმოდეს და როცა ტვინი ნიშანს მოგცემს, მზად იყო წამის გასაშეშებლად. ბედნიერება, ყველასთან მიდის, ზოგს საბავშვო ბაღში ხვდება, ზოგს სკოლასა თუ უნივერსიტეტში, ზოგს საკუთარი სახლის სამზარეულოში და ზოგსაც ქუჩაში. უბრალოდ, უნდა გრძნობდე, უნდა ელოდო შენს გონებაში ჩაბეჭდილი სახელის წითლად ანთებას. მთავარია ეგ ერთი „შექანება“ გაიგო და თვითონ სიყვარულს რამდენ ხანში ჩამოაყალიბებ სიტყვებად, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
-ფრიად საინტერესო თეორია გქონიათ, ძვირფასო მეუღლევ! - ტაში დაუკრა მარიამმა მამაკაცს და გაუცინა.
-ხედავ რა მიყავი, ექიმო? რაებზე ვფიქრობ და რა დასკვნები გამომაქვს! - გაეცინა იოანესაც.
-მე თუ მკითხავ, საოცარი მიგნებაა. ვფიქრობ და მეც მგონია, რომ შენთან პირველი შეხვედრისას „შემაქანა“ განგებამ. უბრალოდ რაღაც დრო დამჭირდა ამის გასააზრებლად.
-რა საოცარი რამეა, წარმოიდგინე: ორი სრულიად უცხო ადამიანის შეხვედრა და ის წამიერი „ციმციმი,“ გონებაში.
-სიყვარული არის ყველაზე საოცარი რამ. ორისგან შემდგარი ერთი დიდი საოცრება! - გაეღიმა მარიამს და ჭიქა აღმართა ჰაერში. - გაუმარჯოს ჩვენს საკუთარ საოცრებას!
-გაუმარჯოს! - ღიმილით მიუჭახუნა ჭიქას ჭიქა იოანემ.

დალიეს ზომიერად, ილაპარაკეს ბევრი და დუმდნენ ცოტა ხნით. ორის შორის გაბმული უხილავი ძაფები ნელ-ნელა იჭიმებოდა ვნების საჭიმის მიერ და იმავე ღამით, თავიანთ საწოლთან მისულებს, საერთოდ აღარ შერჩენოდათ ერთმანეთს შორის მანძილი.
ცხელი ტალღა თითების ბალიშებიდან აღწევდა სხეულში და მთელი სხეულის გავლით თმის ღერებამდე მოიცავდა ორივეს. ალკოჰოლს შერწყმული ვნება და სიყვარული ზღვასავით ღელავდა და ჯებირების გადანგრევას ლამობდა. იოანემ ფრთხილად შეუცურა ცალი ხელი წელზე გოგონას, მეორეთი კი ლავიწს დაუყვა - მარიამი მის ტყვეობაში იყო თხემით-ტერფამდე.
იმ სამაღოს განმავლობაში პირველად, მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და ორივემ შეძლო იქ ჩაბუდებული გრძნობების ამოკითხვა.
პირველი კოცნა იყო საოცრად ნაზი და ჰაეროვანი, ვნებათა ზემოთ მდგომი, სრულიად უამბიციო;
მეორემ მოიტანა მეტი ეშხი და უფრო დიდი სიმძაფრე;
მესამე და მეოთხე ქურდებივით იძურწებოდნენ ჯაყელის ლავიწისკენ;
მეხუთემ და მეექვსემ ერთიანად მოიტანეს ის ქარიშხალი, რომელიც “პირველის მორევში” ჩაყრიდა ორივეს.
შემდეგ იყო იოანეს თლილი თითების შეხება და მარიამის ტანსაცმლისგან განძარცვა. ერთდროულად უხერხული და სიამოვნებანარევი სიგრილის შეგრძნება კანზე.
მერე იყო „პირველის მორევი,“ საოცარი წამი და ორი სხეულის ერთ მრთელად გარდაქმნა.
ორის მიერ შექმნილი, ერთი მთლიანობა - საოცრება იყო ღამის სტუმარი.

*_*_*_*

გიორგი თოიძე ადრიანი დილიდან ჩაფლული იყო საქმეში. მაგიდაზე თანაშემწის მიერ გადარჩეული ძველი ჟურნალ-გაზეთები ეწყო და მისთვის საინტერესო გვარებსა თუ სახელებს ეძებდა. შუადღეს თავად თანაშემწეც შეუერთდა უფროს გამომძიებელს და მასთან ერთად დაიწყო „წარსულის ქექვა“.
-რენე, ერთი მითხარი, შენი ბავშვობის მეგობრებს ყველაფერს უყვები? - უეცრად ჰკითხა საქმეში გართულმა თოიძემ თანაშემწეს, ისე რომ თავი არც აუწევია მაგიდიდან.
-გააჩნია, უფროსო,რატომ მეკითხებით? - როგორც ყოველთვის, დააბნია რენე უფროსის უცერემონიო შეკითხვამ.
-ანუ, რაიმე უსიამოვნება რომ შეგემთხვას, ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ძალიან ენდობი, ეტყვი? - უფრო გასაგებად დასვა კითხვა გამომძიებელმა.
-რავიცი, ვეტყვი, ალბა; თუ ძალიან მნიშვნელოვანია, ვეტყვი. დარდის გამზიარებელი ხომ დამჭირდება?!
-ჰო, მეც ვფიქრობ, რომ ეტყვი. - მოეწონა თანაშემწის პასუხი გიორგის და გაიღიმა.
-რატომ მკითხეთ, უფროსო? სტატიებში იპოვეთ რამე?
-არა, ამასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ.
-უბრალოდ ახლა გაგახსენდათ და მკითხეთ? - ჩაეცინა გაკვირვებულ რენეს.
-არა, იცი რამ დამაფიქრა? ჩემი და ანდრეას იმდღევანდელ დიალოგს ვიხსენებდი და უცებ მივხვდი, რომ ანდრეას საერთოდ არ გაკვირვებია ის ფაქტი, რომ ილია ჯაფარიძემ პირადად პაატა ჟღენტის მკვლელობა შეუკვეთა.
-ანუ?
-ანუ ეს ფაქტი სრულიად ნორმალურ მოვლენად მიიჩნია.
-ვერ მიგიხვდით, უფროსო... - თავი მოიქექა დამწუხრებულმა რენემ.
-ანდრეამ ჩათვალა, რომ ილია ჯაფარიძის მიერ პირადად პაატა ჟღენტის სიკვდილის შეკვეთა საერთოდ არ იყო არალოგიკური. ანუ ჯაფარიძეს რაღაცაში აწყობდა მისი მოშორება.
-და ეგ თქვენს პირვანდელ კითხვასთან რა კავშირშია?
-ოო, აი ეგ კი კარგი კითხვაა, ჩემო რენე! - გაეღიმა თოიძეს, გაზეთებს შეეშვა და კომფორტულად მოთავსდა სავარძელში. - ილია ჯაფარიძის ქალიშვილი და ჩვენი ბარბარე ჟღენტი რომ კლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ, ხომ ყველასთვის ნათელია ეგ ამბავი?
-დიახ, მერე?
-მერე ის, რომ ნიკუშა ჯაყელის მკვლელობის ღამეს ინა ჯაფარიძეც კლუბში იმყოფებოდა ბარბარე ჟღენტთან ერთად. ხვდები, რენე?
-მივხვდი, უფროსო! - წამოიყვირა გახარებულმა რენემ. - თქვენ ფიქრობთ, რომ... არა, ვერაფერსაც ვერ მივხვდი. თქვენ ხომ მხოლოდ ეჭვები გქონდათ ბარბარესთან დაკავშირებით?
-ეჭვები გამიღრმავდა, რენე. ახლა უკვე თითქმის ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ბარბარე ჟღენტი ნიკუშა ჯაყელის მკვლელობაში უშუალოდაა გარეული. სავარაუდოდ, ანდრეა სწორედ ამიტომ აფარებს ხელს.
-ხო, მაგრამ ბარბარეს რა შეხება უნდა ჰქონოდა ნიკუშა ჯაყელთან?
-მთვრალი ხალხით გადატენილ კლუბში ყველას ყველასთან აქვს შეხება, რენე.
-ანუ თქვენ გჯერათ, რომ ანდრეამ ნიკუშა ბარბარეს გამო მოკლა?
თოიძე ჩაფიქრდა. ნიკაპზე მოისვა ხელი და რამდენჯერმე ამოიხვნეშა.
-ჰო, ასე მჯერა.
-და ინა ჯაფარიძემაც იცის ამ ყველაფერის შესახებ, არა?
-თუ იმ ღამეს ერთად იყვნენ გოგონები, ინას აუცილებლად გაუჩნდებოდა შეკითხები და არამგონია, ბარბარეს რამე დაემალა უახლოესი მეგობრისთვის.
-ანუ გამოდის, რომ ბარბარემ გული გადაუშალა ინას, ინამ მამამისს უთხრა ყველაფერი, ილიამ კი ეს ყველაფერი პაატას წინააღმდეგ გამოიყენა? - თავისივე სიტყვებში აიბნა უმცროსი გამომძიებელი.
-ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ჯაფარიძეს ანდრეას ხელში ჩაგდება და მისი იარაღად გამოყენება სურდა. ანდრეას კი არაფერი თოკავს ისე, როგორც ბარბარეს ხსენება. ბარბარეზე მუქარით ანდრეასაც დაითანხმებდნენ ნებისმიერი საქმის გაკეთებაზე; რაც მოხდა კიდეც. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ ჟღენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და არც აპირებდა დაბრუნებას, რომ არა...
-მამის სიკვდილი. - ღიმილით დაასრულა გამომძიებლის სიტყვები რენემ.
-ჰო, ერთი შეხედვით, ყველაფერი ლოგიკურად ჯდება.
-გამოდის, რომ ჯაფარიძემ პაატა ჟღენტი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ბარბარე დაებრუნებინა ქალაქში და ხელში ჩაეგდო? - რა სისასტიკეა!
-სისასტიკე და ძალიან დიდი გამჭრიახობა ერთდროულად... - ღიმილით დაეთანხა თანაშემწეს თოიძე.
-ნუთუ სხვა მიზეზს ვერ იპოვნიდა? აუცილებლად კაცი უნდა მოეკლა?
-ეს გზა ყველაზე მარტივად ჩააგდებინებდა ხელში ბარბარეს ოჯახს და მისით მანიპულირების უფლებას მისცემდა. გეგმა ხუთიანზე შეასრულა, ვერაფერს იტყვი!
-პრაქტიკაში არ მყოლია ჯაფარიძისნაირი სასტიკი კაცი! - თავს აქნევდა რენე.
-შენ კი არა, რენე, მეც კი არასდროს მყოლია მისნაირი დამნაშავე პრაქტიკაში. - გაეღიმა გამომძიებელს.
-საიდუმლო რომ ამოხსენით, ამას ეტყვით ანდრეას?
-არა, რა საჭიროა ? ანდრეა კბილებით იცავს იმ გოგოს, დაე იყოს ყველაფერი ისე, როგორც არის. ჩათვალონ, რომ ამის შესახებ ვერასდროს ვერავინ გაიგებს.
-ჰო, ნუ დავაფრთხობთ ბატონ ახვლედიანს, ისედაც ძლივს ვაკავებთ ჩვენთან. - გაეცინა რენეს.
-ჯერ სად ხარ, ჩემო რენე, ეკატერინე ჯაყელი არც შემოგვიყვანია თამაშში! - გაეღიმა თოიძესაც.
-ხო მართლა, უფროსო, არ დაგაგვიანდეთ მასთან შეხვედრა. თხუთმეტი წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ გამოვიდა სახლიდან. სულ მალე მივა დანიშნულების ადგილამდე.
-კარგი, წავალ მაშინ მე. - წამოდგა თოიძე თავისი სავარძლიდან და წასასვლელად მოემზადა.
-აბა წარმატებები, უფროსო. გული მიგრძნობს, ახვლედიანზე მეტად მისი დათანხმება გაგიჭირდებათ! - გაეცინა რენეს.
-მე კი გული მიგრძნობს, რომ გეთანხმები, რენე! - გაეღიმა გამომძიებელსაც, თანაშემწეს დროებით დაემშვიდობა და კაბინეტიდან გასული, დინჯად დაუყვა ბიუროს კიბეებს.

*_*_*_*

იოანე და მარიამი უკვე ქალაქში შედიოდნენ, როცა დანელიას მობილურზე შეწუხებულმა ანდრეამ დაურეკა და ფირმაში მისვლა თხოვა. ახვლედიანს რაღაც გაეფუჭებინა საქმეში და ახლა მხოლოდ იოანეს, როგორც უფროსს, მისი გამოსწორება.
მარიამმა თავის ფირმასთან დატოვა ქმარი, თავად კი, მგზავრობისგან დაქანცული, პირდაპირ სახლში წავიდა.

საწოლზე იწვა, გულაღმა და თვალებმინაბული. გონებას ასვენებდა და ფიქრს უკრძალავდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კარზე დაუკაკუნეს და მყუდროებაც დაურღვიეს.
-მარიამ, შვილო, ხომ არ გეძინა? - ნახევარი ტანით შევიდა ოთახში ნანა.
-არა, ნანა, მოხდა რამე?
-სტუმარია შენთან.
-ვინ სტუმარი? - გაიკვირვა მარიამმა, რადგან არავის ელოდა, მითუმეტეს იმ სახლში.
-ასე თქვა, თორნიკე მქვიაო.
-რა მქვიაო? - წამოიყვირა მარიამმა და დაფეთებული წამოხტა. ეგონა, მოესმა სახელი.
-თორნიკეო, ასე მითხრა... მიიღებ?
-სახლში მარტო ჩვენ ვართ? - უცებ შეშინდა ჯაყელი.
-კი, შვილო, იოანემ დარეკა წეღან, შემაგვიანდება და არ ინერვიულოსო. აღარ შეგაწუხე, მეგონა გეძინა.
-კარგი, კარგი, კარგი... სტუმარს უთხარი კაბინეტში დამელოდოს, მოვალ ორ წუთში!
-როგორც მეტყვი. - გაუღიმა ნანამ გოგონას და ოთახი დატოვა.

მარიამი სწრაფად მივარდა სარკეს, საკუთარ ანარეკლს თვალებში ჩახედა და რამდენჯერმე ამოისუნთქა, ღრმად. გული საგულეს ვეღარ ეტეოდა. თვალების წვას უკვე გრძნობდა. კიბეებს მიუყვებოდა და ფეხები უკან რჩებოდა.
რა უნდა ეთქვა? განა ყველაფერი ისედაც ცხადი არ იყო? ან როგორ გაბედა მოსვლა? მარტო რომ არ ყოფილიყო? უტა ან იოანე რომ დახვედროდა სახლში? ან თუნდაც, ანდრეა?

კაბინეტის კართან მისვლამდე ცხრა სიცოცხლე გალია მარიამმა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეშაფოტზე მიდიოდა. ზღურბლთან მისული კიდევ ერთხელ შეჩერდა, ამოისუნთქა, თავს შეუძახა და კარი შეაღო.

*_*_*_*

ეკატერინე, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ყოველდღე სტუმრობდა დათუნას საფლავს. ბოლო ხანებში თავს მშვიდად მხოლოდ ორ ადგილას გრძნობდა - თავის სახელოსნოში და მისი საყვარელი ადამიანის საფლავზე. როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაფერს უყვებოდა დათუნას; თავის დარდს უყოფდა მეორე ნახევარს. წამით მშვიდდებოდა კიდეც. ეგონა, მისი სიტყვები მართლაც აღწევდნენ გასვიანამდე.

ორშაბათ დილასაც ჩვეულ დროს გამოცხადდა გოგონა სასაფლაოზე. საყვარელს ახალი ყვავილები მიუტანა, ძველი და უკვე დამჭკნარი კი დაცვის ბიჭს გაატანა გადასაყრელად. თავად ისევ გაყინულ ლოდზე ჩამოჯდა, ისევ ისე დაიკრიფა ხელები და დახარა თავი. დიდხანს ლაპარაკობდა. ყველაფერს, რაც შიგნით ჰქონდა და რასაც განიცდიდა, დაუზოგავად უზიარებდა გაყინული მარმარილოს ქვას. იქვე დაცვის ბიჭები ელოდებოდნენ და მის უსაფრთხოებას იცავდნენ. ახლოს მისვლას, რა თქმა უნდა, ვერცერთი ბედავდა.
რაღაც დროის შემდეგ დაუბრუნდა ჯაყელი სააქაოს. წამოიწია, მთელი გრძნობით აკოცა გასვიანის სურათს და წამოდგა. ცრემლით ამოვსებული უპეები შეიმშრალა, თვალები დახუჭა, რამდენჯერმე ამოისუნთქა ღრმად და წასასვლელად მოემზადა.
ჩანთის ასაღებად დახრილმა დიდი სილუეტის წამოდგომა იგრძნო თავზე; მაშინვე შეცბუნებულმა აიხედა და ხელთ შუახნის მომღიმარი მამაკაცი შერჩა.
-შუადღემშვიდობისა, ქალბატონო ეკატერინე. - სანდომიანი ხმა ჰქონდა უცნობს.
-უკაცრავად, ვიცნობთ ერთმანეთს? - ვერ გამოერკვია გოგონა.
-ვიცნობდეთ, გამომძიებელი გიორგი თოიძე, ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ! - ელეგანტურად დაუკრა თოიძემ თავი ჯაყელს.
-გამომძიებელი? - თვალებზე შერჩენილი ცრემლები მოიწმინდა კატომ და უკეთ დააკვირდა უცნობ მამაკაცს. - რა გნებავთ?
-ქალბატონო ეკატერინე, ყველაფერი რიგზეა? - დაცვის ბიჭი მიუახლოვდა გოგონას.
-კი, ლექსო, დაბრუნდი მანქანასთან და მეც მალე მოვალ. - მშვიდად გასცა პასუხი ჯაყელმა ბიჭს და ისევ თოიძეს მიუბრუნდა.
-ქალბატონო ეკატერინე, მესმის, დაგაბნიეთ, სრულიად შეუფერებელ ადგილას გამოგეცხადეთ, სრულიად შეუფერებელ დროს, მაგრამ იცით, თქვენთან გასაუბრება მინდოდა, რაღაც თემებზე... - მშვიდი ღიმილით წამოიწყო საუბარი გამომძიებელმა.
-ჩემთან გასაუბრება? ახლა? რასთან დაკავშირებით?
-იცით, ეს აქ განსახილველი საკითხი ნამდვილად არაა. თუ დრო გაქვთ, იქნებ სადმე დავმსხდარიყავით და გველაპარაკა, აქვე ძალიან კარგი საჩაიე ვიცი.
-ბატონო... თქვენი სახელი შემახსენეთ უკაცრავად?
-გიორგი.
-დიახ, ბატონო გიორგი, სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც არ შემიძლია, რა უნდა გვქონდეს მე და თქვენ სალაპარაკო.
-მერწმუნეთ ქალბატონო, ყველაფერს აგიხსნით, თუ დამთანხმდებით და წამომყვებით.
-არც კი ვიცი, რა გითხრათ... - შეიშმუშნა ეკატერინე.
-მენდეთ, გთხოვთ. - დაამატა თოიძემ, როცა გოგონას უნდობლობა შენიშნა.
-ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ შეგიძლიათ თქვენი მოწმობა წარმომიდგინოთ?
-რა თქმა უნდა! - გაეღიმა გიორგის და ჯიბიდან საფულე ამოიღო. - მე მაპატიეთ, თავიდანვე უნდა მეჩვენებინა თქვენთვის, უბრალოდ ეს ოფიციალობები არაფრით არ შემიძლია. - ჩაეცინა და მოწმობა გაუწოდა გოგონას.
ეკატერინე დიდხანს აკვირდებოდა თოიძის ფოტოს და როგორც კი დარწმუნდა, რომ ის მართლაც სანდო ადამიანი იყო, უკან დაუბრუნა პატრონს საბუთი.
-კარგი, თანახმა ვარ, ვისაუბროთ.
-ძალიან კარგი! - გაეღიმა კმაყოფილ თოიძეს.
-წინააღმდეგი ხომ არ ხართ, ჩემი მანქანით რომ წამოვიდე, დაცვის ბიჭებთან ერთად?
-როგორ გეკადრებათ, არა, რა თქმა უნდა!
-კარგი, მაშინ წავიდეთ.
-მე წინ წავალ, თქვენი მანქანა უკან გამომყვეს. - დაუბარა გიორგიმ ჯაყელს და თავისი მანქანისკენ წავიდა.

თოიძეს მართლაც არ უვლია მანქანით დიდხანს. მალევე გააჩერდა მომცრო ზომის კაფის წინ, სადაც თითოოროლა მაგიდა თუ იქნებოდა დაკავებული.

-აი, აქ დავსხდეთ! - კუთხის მაგიდაზე ანიშნა თოიძემ გოგონას, როგორც კი კაფეში შევიდნენ.
-რა საქმე გქონდათ ჩემთან? რაზე უნდა ვისაუბროთ? - მაგიდასთან დაჯდომისთანავე მიუბრუნდა ჯაყელი გამომძიებელს.
-ჩაის დალევთ? - ღიმილით ჰკითხა გიორგიმ გოგონას.
-სიმართლე გითხრათ, აქ ჩაის დასალევად არ მოვსულვარ.
-დალიეთ ჩაი, კარგია, დაგაწყნარებთ. - ისევ ღიმილით გააგრძელა ლაპარაკი თოიძემ და ეკატერინეს აგრძნობინა, რომ ძალიან ღელავდა.
-კარგი, დავლიოთ ჩაი. - დანებდა ჯაყელი, რომელიც ზედმიწევნითი დაკვირვებით სწავლობდა გამომძიებელს.
-ახლავე! - ცალი ხელი ასწია გიორგიმ და იქვე, მაგიდასთან მოფუსფუსე ოფიციანტს უხმო.


-აბა, ყურადღებით გისმენთ, ბატონო გიორგი, რაზე გინდოდათ ჩემთან ლაპარაკი? - ჰკითხა ეკატერინემ თოიძეს, როგორც კი სიფრიფანა გოგონამ ორი ფინჯანი ჩაი დადო მათ მაგიდაზე.
-ჰო, სიმართლე გითხრათ ეგ ძალიან რთული ამბავია და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. - ჩაეცინა დეტექტივს და შაქრის ორი ნატეხი ჩააგდო ფინჯანში.
-სულ თავიდან დაიწყეთ.
-საქმეც ეგაა, რომ ამ ამბავს არც თავი აქვს და არც ბოლო.
-მაბნევთ, ბატონო გიორგი. უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვით? არ მაქვს ამდენი დრო.
-მე გამომძიებელი ვარ, ქალბატონო ეკატერინე. გამომძიებელი, რომელიც ინტერესდება ქვეყანაში მომხდარი ყოველგვარი კრიმინალის შესახებ.
-და მე რა შუაში ვარ?
-ეკატერინე ჯაყელი ძალიან ცნობილი ოჯახიდან? - ჩაეცინა თოიძეს.
-მისმინეთ, ჩემს ოჯახზე რასაც ლაპარაკობენ, ეს მეც კარგად ვიცი და ალბათ თქვენც. მაგრამ ეს არავის საქმე არაა, თუ გამოძიებას რაიმე შეკითხვა აქვს ჩემი ოჯახის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩემს ბიძაშვილს ან ძმას უნდა მიმართოთ და არა მე. - გაცხარდა ჯაყელი, რადგან მიხვდა, საითაც მიჰყავდა საუბარი გამომძიებელს.
-არასწორად მიმიხვდით, ეკატერინე. მე თქვენი ძმები არ მაინტერესებს,პირადად თქვენ მაინტერესებთ. - სიმშვიდე წამითაც არ შეტოკებია გიორგის.
-მე? მე საერთოდ არაფერი ვიცი. ახლახან დავბრუნდი ქალაქში,ალბათ ძალიან კარგად იცით,რატომაც წავედი აქედან...
-ეკატერინე,მოდი პირდაპირ გეტყვით,ბავშური მიკიბვ-მოკიბვები არ მხიბლავდა არასდროს. თქვენი და ახვლედიანების მტრობის შესახებ უკვე ძალიან დიდი ხანია ყველამ იცის. ეს ამბავი მოიცავს ორი ადამიანის სიკვდილს და ორის მოკვლის მცდელობას. წლებია უკვე ასე გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ხომ ასეა?
-მერე?
-მე, როგორც კანონდამცველი და მისი აღმსრულებელი, დაინტერესებული ვარ,რომ ბოლო მოვუღო ამ მრავალწლიან დაპირისპირებას და ერთხელ და სამუდამოდ გამოვარკვიო სიმართლე. გესმით?
-ბატონო გიორგი, მერწმუნეთ, ქვეყნად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ დაპირისპირების კანონიერი გზებით შეწყვეტა ჩემზე მეტად სურს. საქმეს გაგიმარტივებთ, დაიჭირეთ ჩემი ბიძაშვილის და საქმროს მკველი, ანდრეა ახვლედიანი და დამთავრდება ყველაფერი კანონის ფარგლებში!
-სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება. კანონს რომ არავინ და არაფერი უშლიდეს ხელს, დღეს ანდრეა ახვლედიანიც ციხეში იჯდებოდა და მინდა გითხრათ, რომ თქვენი ძმებიც. რამდენიმე თვის წინ თავად დავხურე საქმე, რომლის დასკვნაშიც ეწერა, რომ ძმები ახვლედიანები სასიკვდილოდ უბრალო ყაჩაღებმა დაჭრეს. ხომ ორივემ ვიცით, რომ ეს აბსურდია? - ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი თოიძეს.
-თუ საჭირო იქნება, ჩემი ოჯახის წევრებიც უნდა დაისაჯონ. ყველამ საკადრისი უნდა მიიღოს! - გადაჭრით თქვა ეკატერინემ.
-მიხარია, რომ ასე ფიქრობთ მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა, რაც პირადად თქვენ დაგატყდათ თავს, ამ რამდენიმე თვის წინ. კანონის ნდობა უმთავრესია, მაგრამ მაინც, მინდა გითხრათ, რომ აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხართ.
-რა უნდა მითხრათ, ბატონო გიორგი, პირდაპირ მითხარით!
-პირდაპირ და ხმამაღლა სათქმელი ეს აქ ნამდვილად არ არის. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და არც მე მინდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვისაუბროთ ამაზე.
-მაშინ აქ რატომ მომიყვანეთ?
-პირველი შეხვედრისთანავე სახლში რომ მეთხოვა წამოყოლა, წამომყვებოდით? - ჩაეცინა გიორგის. ეკატერინემ ვერაფერი თქვა. - ხოდა სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ჯერ თქვენი აქ მოყვანა. თანაც მინდა, რომ შემდეგში მარტო მოხვიდეთ და არა კავალერებთან ერთად. - თავით გარეთ მდგარ დაცვაზე ანიშნა თოიძემ.
-ასეთი რა არის, რომ აქ ვერ მეუბნებით? გამოძიებამ რაღაც გაარკვია, არა? რაღაც იცით და არ მეუბნებით! - ანერვიულდა ჯაყელი.
-ქალბატონო ეკატერინე, ვიცი, რომ პირველად მხედავთ და ახლახანს გამიცანით. ამიტომ საერთოდ არ ხართ ვალდებული მენდოთ, მაგრამ მერწმუნეთ, თუ შეხვედრაზე დამთანხმდებით, თქვენთვის საინტერესო ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით.
-რა ინფორმაციას? რას შეეხება ეს ყველაფერი?
-ყველაფერს: თქვენი და ახვლედიანების მტრობას, თქვენი ბიძაშვილის მკვლელობას, დათუნას მკვლელობას...
-მაგას ცოდნა რად უნდა? ყველამ იცის, ვინც არის დამნაშავე!
-ვშიშობ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. - გაეღიმა გამომძიებელს.
-ანუ? - დაიბნა ჯაყელი.
-ილია ჯაფარიძის შესახებ გსმენიათ ოდესმე რამე? - ხმას დაუწია თოიძემ.
-ილია ჯაფარიძის? - ჩაფიქრდა გოგონა. - არა, არასდროს. რატომ მეკითხებით?
-აქ ვერ გეტყვით, ეკატერინე, აქ არა.
-აბა სად? - მოსვენება დაკარგა კატომ.
-ახლა მე თქვენ მისამართს დაგიწერთ, იქ შეგვეძლება შეხვედრა ამავე საღამოს.
-თანახმა ვარ, მომეცით!
-ამის შესახებ არავინ უნდა გაიგოს, ეკატერინე. ხვდებით ალბათ, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა.
-ვხვდები და არავის ვეტყვი.
-საერთოდ არავის!
-საერთოდ არავის. - თავი დაუკრა გოგონამ.
-კარგი, მაშინ ეს ფურცელი აიღეთ, ჩემი ბინის მისამართი და ტელეფონის ნომერი წერია. დღეს საღამოს შევხვდეთ, შვიდ საათზე, გაწყობთ?
-დიახ, მარტო მოვალ.
-მენდეთ, ეკატერინე, დამიჯერეთ, არ გაგაწბილებთ და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.
-დიდი ხანია ამ საქმეზე მუშაობთ?
-რამდენიმე თვეა. მას შემდეგ, რაც ძმები ახვლედიანები დაჭრეს თქვენმა ძმებმა და ამ საქმის გამოძიება მე მომანდეს.
-უცნაურია, ჩვენს საქმეში გამოძიება არასდროს ჩარეულა. ორივე მხარე ვახერხებდით თქვენ მოცილებას. - ჩაეცინა ირონიულად ეკატერინეს.
-ჩემი მოცილება ვერ მოახერხეთ. ძალიან ჯიუტი ვარ და საქმეს არასდროს ვანებებ თავს! - გაეცინა თოიძეს.
-იმედი მაქვს, ბოლოში გახვალთ.
-თუ დამეხმარებით, აუცილებლად!
-მე როგორ უნდა დაგეხმაროთ?
-მოდით დღეს და ყველაფერზე დავილაპარაკოთ. - გაეღიმა გიორგის.
-კარგი, მაშინ ახლა წავალ, დიდი ხანია სახლიდან გამოსული ვარ და არ მინდა, ინერვიულონ. - წამოდგა ეკატერინე და ჩანთა აიღო.
-საღამომდე.
-საღამომდე, ბატონო გიორგი, რამე თუ შეიცვლება, დაგირეკავთ.
-ჩემი ნომერი გაქვთ. - გაუღიმა მიმავალს თოიძემ და ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად.

*_*_*_*

მარიამმა კარის შეხსნისთანავე ინანა კაბინეტში შესვლა და გაქცევა ინატრა, როგორც კი ფანჯარასთან მდგარ თორნიკეს შეავლო თვალი. არველაძე წელში მოხრილი იდგა, წვერგაუპარსავი და დაბეჩავებული. კარის გაღების ხმაზე გასწორდა, თმაზე უცერემონიოდ გადაისვა ხელი და ნაღვლიანი თვალები მიანათა ოთახში შესულს.
-საღამო მშვიდობისა, მაშო. - უცნაურად ტკივილიანი ტონი ჰქონდა მამაკაცს.
-რისთვის მოხვედი, თორნიკე? - მარიამის ცივი და უემოციო ხმის უკან მაინც იგრძნობოდა ღელვა და ტკივილი.
-დალაპარაკება მინდა შენთან... გეფიცები, მხოლოდ დალაპარაკება. - ჰაერში უსიცოცხლოდ აღმართა ორივე ხელი არველაძემ და ასეთივე თვალებით მიაშტერდა ჯაყელს.
-რაღა არის სალაპარაკო? - თვალები დახარა ჯაყელმა, რადგან ვერაფრით აიტანა თორნიკეს განადგურებული მზერა.
-ნუთუ სალაპარაკოც აღარაფერი გვაქვს? - გაკვირვებით და დიდი ტკივილით ჩაეცინა მამაკაცს.
-რაღა უნდა გითხრა სიტყვებით? მგონი, საკმარისად მატკინე და გატკინე უკვე.
-სამაგიერო გადამიხადე, არა? - ისევ ჩაეცინა არველაძეს, ამჯერად მხოლოდ დიდი ტკივილით.
-ცდები! - გაბრაზდა მარიამი.
-გეფიცები, მაშო, ეს რამდენიმე დღეა ტვინს ვიდუღებ იმაზე ფიქრით, რატომ მოიქეცი ასე. რატომ... რა... რა ჯანდაბა მოხდა, როგორ მოხდა და სად მოხდა! იცი, როგორ მინდა პასუხი ვიპოვნო? რომ არ მითხრა, მოვკვდები იცოდე და შენ იქნები დამნაშავე! გული მიკვდება, მაშო, ადამიანს აღარ ვგავარ, მარტო ერთ რამეს დასტრიალებს ჩემი ფიქრები - რატომ მოიქეცი ასე?
-რა გინდა, რომ გითხრა, თორნიკე? - წამოიყვირა აღელვებულმა გოგონამ და წამოდგა. - აუცილებელია სიტყვებით მოისმინო მიზეზი?
-აუცილებელია, ჰო! - დაიყვირა არველაძემ. - აუცილებელი კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ შენგან მოვისმინო ეგ სიტყვები, რომ დავიჯერო, რომ დავრწმუნდე, ეს ყველაფერი რეალობაში ხდება!
-თორნიკე...
-უბრალოდ მითხარი, რა; მითხარი მიზეზი და მე ვიყო არაკაცი, ოდესმე თუ კიდევ დაგენახო ცხოვრებაში! უბრალოდ მითხარი, რომ შენგან მოვისმინო, შენი პირიდან წარმოთქმული. მინდა, თვალებში მიყურო და ისე მითხრა, ძალიან ნელა და გასაგებად.
-თორნიკე, თავს ნუ იტანჯავ... - ცრემლები ეწვივნენ ჯაყელის ყვრიმალებს.
-თავს ნუ ვიტანჯავ? - ვიტანჯავ კი არა, მოვკვდი უკვე! იმ დღიდან აღარ ვარსებობ, რაც დანელიასთან ერთად გამოგვეცხადე და შენი დაქორწინების ამბავი გვამცნე. იმ დღიდან ცოცხლებში აღარ ვწერივარ, მაშო, ვერ ხვდები? არ იცი, რამდენად რთულია ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის? - საოცრად სასოწარკვეთილი იყო იმ წამს არველაძე.
-და შენ გგონია, ჩემთვის არის მარტივი? - გული ამოუჯდა მარიამს.
-მაშინ რატომ გააკეთე ასეთი რაღაც, მაშო? რატომ?! გაიძულა? დაგაშინა? ვინმეს მოკვლით დაგემუქრა? მითხარი და გეფიცები, მე მოვთხოვ პასუხს ყველაფრისთვის, ოღონდ მითხარი!
-მსგავსი არაფერი ყოფილა, თორნიკე. შენც ხომ კარგად იცი, არა?
-მე არ მჯერა, რომ ამ კაცთან შენი ნებით ხარ! - უცებ გაგულისდა მამაკაცი. - შენ ხომ ჩემი მაშო ხარ? ჩემი მაშიკო... ჩემი...
-შენი რა? - უცებ შეაწყვეტინა ლაპარაკი მარიამმა არველაძეს და ცრემლები მოიცილა თვალებიდან. - შენ რა? პატარა და?!
-მაშო...
-შენი ვინ? საყვარელი პატარა მაშიკო?!
-გეყოფა, რა მაგ სისულელის ძახილი გაუთავებლად! გეყოფა თავის მოკატუნება, ვითომ არ იცი და ვერ ხვდები, ვინ ხარ ჩემთვის!
-ვინ ვარ? ვინ ვიყავი, უფრო სწორად? ვინ, მითხარი! როდის მაგრძნობინე? რომელი დღის, რომელ მომენტში? მითხარი და გეტყვი, რომ მართლა მე ვიყავი სულელი და თავს ვიკატუნებდი! - ერთიანად გაცხარდა ჯაყელი.
-შენ ძალიან კარგად იცოდი, რომ გადმოცემა არ შემეძლო არასდროს!
-რატომ? ჩემი ძმის გამო? სისულელეა ეგ და ეს შენც კარგად იცი! ლუკას შენზე ვყავდი მობარებული. თავს მშვიდად მხოლოდ იმიტომ გრძნობდა, რომ იცოდა, შენ არ მტოვებდი მარტო არასდროს. ეგონა, მომავალი სიძე იყავი მისი... - ბოლო სიტყვები ძალიან ჩუმად და დიდი ტკივილით ამოილაპარაკა მარიამმა და კიდევ ერთხელ მოიწმინდა ნაკადად დადენილი ცრემლი.
-ნუ მკლავ შენი სიტყვებით, გევედრები... - თვალები მინაბა თორნიკემ და ცრემლებს სააშკარაოზე გამოსვლის უფლება წაართვა.
-შენ რომ მკლავდი მთელი ცხოვრება? შენ რომ არასდროს მაძლევდი შანსს? შენთვის რომ ყოველთვის „პატარა მაშიკო“ ვიყავი?! შენ ხომ ვერასდროს ხედავდი ჩემში ქალს? შენზე უგონოდ შეყვარებულ ქალს! - ბოლო სიტყვები სიმწრით გამოცრა ჯაყელმა.
-გეყოფა! აღარ მინდა, მაგის მოსმენა!
-რატომ აღარ გინდა? იმიტომ, რომ შენც კარგად იცი ეს ყველაფერი, თუ იმიტომ, რომ ხვდები, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა? მე რა მგონია, იცი? - ორივე!
-ასე გსიამოვნებს ჩემი წამება? ამდენად გძულვარ?
-მართლა გგონია, რომ მძულხარ? მართლა გგონია, ოდესმე შენს შეძულებას შევძლებ? - აღშფოთებით ჩაეცინა მარიამს.
-ჩემი გადაყვარება შეძელი?
-არ გვინდა, რა...
-მაშო! მიპასუხე, ჩემი გადაყვარება შეძელი? - მტკიცედ გაიმეორა კითხვა თორნიკემ და თვალი-თვალში გაუყარა გოგონას.
-ხანდახან მგონია, არც არასადროს მიყვარდი, თორნიკე... - მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ძალიან ნელა და ძალიან ჩუმად ამოილაპარაკა ჯაყელმა და ცრემლები გადაყარა სახიდან.
თორნიკეს წარბიც არ შეხრია. ორ ფეხზე მყარად იდგა და ვაჟკაცურად იტანდა თავის წილ ხანჯალს გულში. მხოლოდ მისი თვალები, შეცბუნებული და გადარეცხილი თვალები გამოხატავდნენ იმ უზარმაზარ ტკივილს, რომელსაც მარიამის სიტყვები იწვევდა მასში.
-გასაგებია... - ჩაიხრიალა არველაძემ ცოტა ხნის შემდეგ და თავი დახარა, რადგან ამჯერად ვეღარაფრით შეაკავა ცრემლები.
-აუცილებელი იყო ამის თქმა? აუცილებლად უნდა მეტკინა შენთვისაც და საკუთარი თავისთვისაც? აუცილებელი იყო აქ მოსვლა და კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, თუ რამდენად საშინელი ადამიანი ვარ?! - თავში ავარდნილი ტკივილი ძლივსღა ალაპარაკებდა ჯაყელს.
-ჰო, აუცილებელი იყო, ორივესთვის... - უემოციოდ დაილაპარაკა თორნიკემ და სავარძელში ჩაეშვა. - ყველაზე ბასრი დანით უნდა გადაგვეჭრა ეს კავშირები, რომ მათი კიდევ ერთხელ გახარების ყველანაირი შანსი მოგვესპო!
-მე არ მინდოდა ასე ყოფილიყო, თორნიკე და არავინ იცის ეს შენზე კარგად!
-ჰო, ვიცი,რომ ყველაფერი ჩემი ბრალია... მერწმუნე, ყველაზე მწარედ ვიწვნიე ჩემი შეცდომის შედეგი. ახლა აღარავინ მყავს: აღარც მეგობრები, აღარც მიზნები და ოცნებები, აღარც შენ...
-თორნიკე...
-ჩემი ბრალია და ვიცი! - უცებ ისევ წამოდგა თორნიკე და მარიამს ძალიან ახლოს დაუდგა წინ. - ჩემო პატარათქო, მაშინ არ უნდა მეთქვა, როცა ვფიქრობდი, რომ ძალიან ქალურად გამოიყურებოდი; ძალიან საყვარელი ხართქო, არ უნდა მეთქვა, როცა გამომწვევი და სექსუალური იყავი; შუბლზე კოცნით არ უნდა შემოვფარგლულიყავი, როცა ასე მინდოდა შენი დიდრონი ტუჩების შეხება - მონუსხულივით ლაპარაკობდა არველაძე და სულ უფრო ამცირებდა მანძილს მასსა და ჯაყელს შორის.
-თორნიკე, გაჩერდი... - სუნთქვა შეეკვრა მარიამს.
-როგორ მინდოდა... როგორ მინდოდა ეს ბაგეები ჩემად მეგულა... - თავისას აგრძელებდა მამაკაცი. მარჯვენა ხელი ტაატით ასწია და საჩვენებელი თითი ძალიან ნელა შეახო ქალის ზედა ტუჩს. - ახლაც ისე ძლიერ მინდა... - თვალები წამიერად მინაბა თორნიკემ და სულ სხვა, ანთებული თვალები გაახილა მაშინვე.
-ახლა გინდა? - გაკვირვება უფრო აღმოხდა გოგონას ვიდრე წყენა და გაბრაზება. - ახლა გინდა, როცა უკვე გათხოვილი ქალი ვარ?! - ბრაზიც შეურია ტონში და უხეშად მოიცილა მისი ხელი სახიდან. - ახლა, როცა სხვისი ცოლი მქვია და სამუდამოდ დამკარგე, მიხვდი, რომ ქალი ვიყავი მთელი ამ დროის განმავლობაში, არა? - ტონს აუწია გოგონამ. - მიხვდი, რომ „პატარა მაშიკო“ უკვე დიდი ხანია აღარ ვარ, რომ „პატარა მაშიკოს“ სიყვარული უნდოდა! ქალად ყოფნა და სიყვარული უნდოდა, საყვარელ მამაკაცთან! ახლა მიხვდი ამას? ასე გვიან?!
-ვიცი, რომ არ მაქვს უფლება. ვიცი, რომ გაგაწამე...
-არა, არ იცი! - წამოიყვირა ჯაყელმა. - არ იცი, რას ნიშნავს, როცა საყვარელი ადამიანისგან ძმური მზრუნველობის მეტს არაფერს ელი! არ იცი, რა საშინელებაა, როცა საყვარელი ადამიანი ორმაგ თამაშს გეთამაშება! თან ეჭვიანია, თაყვანისმცემლებს გაშორებს და ეგოისტურად გისაკუთრებს, როცა საქმე საქმეზე მიდგება კი თავზე გკოცნის და გეუბნება, რომ დიდი ამაგი აქვს შენზე! რომ ისე უყვარხარ, როგორც პატარა და! იცი მაინც, რამდენჯერ გაგიმწარებივარ? რამდენჯერ გიტირებივარ ცხარე ცრემლით? - არ იცი! ვერც ვერასდროს გაიგებ მაგას და აღარც მინდა, რომ გაიგო!
-ამდენი ემოცია და ამდენი გრძნობა როგორ ალაგმე შენი გულიდან ასე ბეჯითად, მაშო? - გულწრფელი გაკვირვება მძლავრობდა თორნიკეს ტონში.
-ძალიან შევეცადე და ძალიან დამეხმარნენ! - ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა მარიამმა და ჩაიცინა.
-არ მჯერა შენი!
-რატომ? გგონია შეუძლებელია ადამიანი გადაიყვარო?
-შეუძლებელია! რამდენიმე თვეში ამდენ წელს ვერ დაიტევდი; რამდენიმე თვე არ გეყოფოდა ყველაფრის ერთიანად წაშლისთვის.
-მეყოფოდა, თუკი ამ წლების ნახევარი უბრალო ილუზიით აშენებული ურთიერთობები და მოგონებები იქნებოდა, თორნიკე.
-მე არცერთ წამს, არცერთ დღეს შენთან ილუზიით არ ვყოფილვარ! - გაბრაზებით გამოცრა სიტყვები თორნიკემ.
-არ არის საჭირო აღიარება, მესმის, რომ რთულია შენთვისაც...
-შენგან ასეთი სისასტიკე არ დამიმსახურებია!
-მე სისასტიკე არც შემიქმნია, თორნიკე. არც მიფიქრია და არც მდომებია...
-თავისით შეიქმნა, არა? იფიქრა, იფიქრა დედაბუნებამ, რით გავამწარო ჯაყელები და მათი გარეშე ხალხიო, ამოგირჩია შენ მსხვერპლად და თავისით მოხდა ყველაფერი, არა? - ჩაეცინა თორნიკეს, ფანჯრის რაფაზე შემოჯდა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და გააბოლა.
-შენი ირონია ცოტა უადგილოა! - გაღიზიანდა მარიამი.
-ეგ არაფერი! მეც უადგილო ვარ ამ ცხოვრებაში, მაგრამ ვვარსებობ ჯერ კიდევ. უადგილო ვარ, იმიტომ,რომ ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა. - ჩაეცინა არველაძეს და სიგარეტის დიდი კვამლი გამოუშვა პირიდან.
-აუცილებელი არაა ჩემ გამო სასოწარკვეთილებას მიეცე. უბრალოდ შეგიძლია ჩემსავით იპოვნო ბედნიერება.
-შენ ბედნიერი ხარ? - გაეღიმა თორნიკეს.
-ვარ!
-რანაირად, მითხარი, რა?! მეც მასწავლე, როგორ უნდა იყო ბედნიერი ოჯახისა და საყვარელი ადამიანების გარეშე. მასწავლე და გეფიცები, მეც ვიპოვნი ჩემს გზას! რატომ ატყუებ შენს თავს, მაშო? ამიხსენი, რანაირად ხარ ბედნიერი იმ კაცის გვერდით, ვინც ოჯახს დაგაშორა? მითხარი მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი გიღირს!
-შენც ხომ კარგად იცი მიზეზი.
-არა-მეთქი! მინდა შენგან მოვისმინო. მინდა თვალებში შემომხედო და ის მითხრა, რის გამოც აქ მოვედი. მინდა, ჩემი ყურით გავიგონო და ჩემი თვალით ვნახო, რომ დავიჯერო და გონებაში ჩავიბეჭდო.
-რაში გჭირდება თავის დატანჯვა? უბრალოდ დაიჯერე და წადი...
-არა, მაშო, საქმეს არ გაგიმარტივებ! მინდა, რომ მითხრა, ასე რთულია?
-შენ მეკითხები მაგას? - ჩაეცინა მარიამს.
-შენ ხომ, ჩემგან განსხვავებით, არასდროს ყოფილხარ მხდალი და მშიშარა? - ჰოდა მითხარი! მითხარი ის მიზეზი, რის გამოც ოჯახიდან მოკვეთილიც კი ბედნიერი ხარ!
- მიყვარს, თორნიკე... - თქვა ჯაყელმა ძალიან მშვიდად, აუღელვებლად და ჩუმად. თქვა და მართლაც, პირდაპირ თვალებში შეხედა მამაკაცს.
თორნიკეს სუნთქვა შეეკვრა. ხომ დაჟინებით ითხოვდა? მაგრამ მაინც, დენის დარტყმის ეფექტი ჰქონდა მარიამის სიტყვებს მისთვის. წამით გაირინდა და თვალებში მიაჩერდა გოგონას. - არაფერი, არაფერი გულწრფელობის გარდა.
-ძალიან? - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა მამაკაცმა და თავი დახარა.
-არასდროს, არავინ მყვარებია ასე... - სვენებ-სვენებით, ძალიან ჩუმად თქვა მარიამმა და ფანჯრისკენ შეტრიალდა, რათა თავისივე სიტყვებით გამოწვეული ტკივილის ცრემლები არ დაენახებინა სხვისთვის.
თორნიკეს თვალები ისე აუწყლიანდა და ჩაუწითლდა, ვერც გაიაზრა. ყველა კუნთი დაეჭიმა და იგრძნო, ვიღაცამ როგორ დასცა დიდი ლოდი მის შიგნეულობას. მუხლებშიც იგრძნო სისუსტე, ხელებშიც და ზოგადად - მთელ სხეულშიც. ერთიანად მოიშალა. მარიამის ოთხად ოთხმა სიტყვამ მიწაში ძალიან ღრმად გაუთხარა სამუდამო სამარე.
სიტყვის თქმა რომ ვერ მოახერხა, თავი დააქნია რამდენჯერმე, ხელები უძლურების ნიშნად დაუშვა და წასასვლელად შებრუნდა.
მარიამი უბრალოდ იდგა ხელებგადაჯვარედინებული, მისგან ზურგით და ცრემლებით აცილებდა ბავშვობის სიყვარულს.
კართან მაინც შედგა არველაძე, ჩარჩოს ცალი ხელით დაეყრდნო და ნელა მიბრუნდა ჯაყელისკენ.
-და მაინც, რამდენად სასაცილოა, არა? - სევდიანად ჩაეცინა თორნიკეს. მის ხმაში უკვე ბატონობდა დამარცხებულის იმედგადაწურული ტონი. - ფიქრობ, რომ ცხოვრებაში არსებობს რიგი საკითხები, რომელთაც ქვეყნად ვერაფერი შეცვლის, რაც არ უნდა ბევრი წელი გავიდეს - ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული... და მერე, უეცრად, აღმოაჩენ,რომ თურმე ამ ქვეყნად ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, საკუთარი თავის ჩათვლით. მე აღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი, შენ აღარ ხარ ისეთი, როგორიც იყავი, ჩვენც ვეღარ ვართ ისეთები, როგორიც ვიყავით. ჩვენი სიყვარულის ამბავი კი დიდი ხნის წინანდელ ზღაპარს ემსგავსება, ზოგისთვის ლამაზს, ზოგისთვის სულელურს,ზოგისთვის ფუჭს, მაგრამ ყველასთვის, ჩვენივე თავების ჩათვლით - გარდასულს, გახუნებულს და აღარარსებულს. ჰო, ასეც ხდება ცხოვრებაში, ზოგიერთი ურთიერთობა იმ რკინასავით მაგარი გგონია, რომელსაც ვერაფერი მოალბობს, სინამდვილეში კი ყინულია, მზის სხივების ხილვისთანავე რომ გეცლებიან ხელიდან, ქრებიან სადღაც უსასრულობაში და იკარგებიან სამუდამოდ...
-მშვიდობით, თორნიკე... - ამოიჩურჩულა ძლივსგასაგონად მარიამმა და რამდენიმე კურცხალი მოიშორა თვალებიდან. ამ სიტყვას, ალბათ, ცხოვრების ნახევარი და ძველი მარიამი გააყოლა ჯაყელმა.
თორნიკემ თავი დახარა და კარის ჩარჩოს მიაბჯინა.
-მშვიდობით, მაშო. ბედნიერებას გისურვებ, მარიამ! - ძალიან ყრუდ და ძლივსგასაგონად დაილაპარაკა, ბოლოჯერ შეხედა ცხოვრების სიყვარულს თვალებში და სწრაფად გასცილდა იქაურობას.
მარიამი იქამდე არ შებრუნებულა, სანამ არველაძე ძალიან შორს არ დაიგულა ოთახიდან. უბრალოდ იდგა, ფანჯარას მიშტერებული, ხელებგადაჯვარედინებული და „ცრემლდიდობას“ ებრძოდა. არა, უფრო სწორად, არც ებრძოდა.
არსებობენ ადამიანები, რომელთა მიზეზით გამოწვეულ ცრემლებსაც არ უნდა ებრძოლო. ზოგი იმსახურებს „ცრემლდიდობას“, ზოგის კარის გახურვა მართლაც უნდა გამოიტირო.
თორნიკე ამას იმსახურებდა.
ავად თუ კარგად, ხომ იყო? „ავიც“ მოიტანა მან მარიამის ცხოვრებაში და შეიძლება იმაზე მეტიც, ვიდრე „კარგი,“ მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მას მხოლოდ „კარგის“ მოტანა სურდა. უბრალოდ არ გამოვიდა. ვერ გამოვიდა... ხდება ხოლმე ასე, უბრალოდ გეტყვის ბუნება „არას“ და უნდა მიიღო ის, როგორც განაჩენი. განაჩენი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება!
მერე კარის გახურვის ხმა გაიგო ჯაყელმა და მაშინვე მიუტრიალდა ოთახს. ხელები ჩამოუშვა, სიცარიელეს თვალი მოავლო და ადგილზე წაბარბაცდა.
იქვე ჩაიკეცა ან წაიქცა. კედელს თავი მიაყრდნო, მუხლები მოკეცა და თავი მათში ჩარგო. ცოტა ხანს ცრემლიც არ გადმოვარდნია. უბრალოდ აანალიზებდა, რომ ეს სულ ბოლო ძაფი იყო. ეს ძაფიც გადაიჭრა, ყველაზე მტკივნეულად და ყველაზე დიდი სისხლდენით, მაგრამ გადაიჭრა და ახლა უკვე ახლა აღარაფერი დარჩენილიყო.

*_*_*_*

-ბატონო ირაკლი, თქვენთან თქვენი ვაჟიშვილია მოსული. - ახვლედიანის მდივანმა დაკაკუნების შემდეგ მორიდებით შეაღო უფროსის კარი.
-მერე როდის იყო, რომ ნებართვა სჭირდებოდა? - შემოვიდეს! - საბუთებში გართულს, თავი არც აუწევია მამაკაცს.
-ალექსანდრე არა, ბატონო ირაკლი, ანდრეა მოვიდა.
-ანდრეა? - მაშინვე წამოსწია თავი გაკვირვებულმა ირაკლიმ.
-დიახ, ასე მითხრა, მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო.
-მაშ მობრძანდა? - ირონიულად ჩაეცინა ახვლედიანს. - შემოვიდეს უთხარი, დიდხანს როგორ ვალოდინებ?!
-კარგი, ახლავე. - თავი დაუკრა მდივანმა მამაკაცს და კარი მიიხურა.

ანდრეამ რამდენიმე წამში შეაღო კაბინეტის კარი, უხეიროდ და უცერემონიოდ დაეშვა ერთ-ერთ სავარძელში, ფეხი-ფეხზე შემოიდო და პირდაპირ აჯახა მამას:
-უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ!
-გამარჯობა, ანდრეა, როგორ ხარ? მე კარგად, მადლობთ. სასიამოვნოა, რომ არასდროს გავიწყდება მშობელი მამის მოკითხვა. - ირონიულად ეღიმებოდა შვილის შემყურე ირაკლის.
-არ გვინდა, ეს ფარსი! გითხარი, უნდა ვილაპარაკოთ. - გაღიზიანდა უმცროსი ახვლედიანი.
-რაო, რამ შეგაწუხა? ნიავმა დაუბერა შენი ცარიელი ჯიბიდან?
-შენ წარმოიდგინე და არა, ირაკლი! ძალიანაც მშვენივრად ვარ. ნუთუ არ გითხრა შენმა საამაყო ვაჟკაცმა? - მამის ირონია გაიზიარა შვილმაც.
-ჰო, გავიგე მუშაობა დაიწყოო, მაგრამ მას მერე კი გავიდა ორი კვირა და მეგონა, დაიღლებოდი უკვე.
-შენ ჩემზე ნერვიულობით არ შეიწუხო თავი. ძალიან ცდები თუ გგონია, რომ ფულის სათხოვნელად მოვედი აქ!
-აბა რამ შეგაწუხა? - ინტერესით აზიდა წარბები უფროსმა ახვლედიანმა.
-რაღაც კითხვები მაქვს, რაზეც პასუხები მხოლოდ შენ გაქვს და მოვითხოვ მიპასუხო! - მტკიცე იყო ანდრეა.
-რა კითხვები?
-ილია ჯაფარიძესთან რა ურთიერთობა გქონდა წარსულში? - უცერემონიოდ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე აჯახა ანდრეამ კითხვა მამას.
ირაკლის წამში გაუქრა ირონიანარევი ღიმილი სახიდან და შეცბა. ვერც ამჯერად მოახერხა ემოციების დამალვა და ახვლედიანმაც მაშინვე შენიშნა მამის უცაბედი ფერიცვალება.
-რატომ ჩაეციკლე ამ ილიას? ხომ გითხარი უკვე, ადრე ვმეგობრობდით... - მაქსიმალურად ცდილობდა თავის დაჭერას უფროსი ახვლედიანი.
-ადრე მეგობრობდით და მორჩა? ასე მარტივად არაფერი ხდება შენს ცხოვრებაში!
-რა გინდა, ანდრეა? რას იქექები ჩემს საქმეში?! აკი უარი თქვი ჩემზე და ოჯახზე? რატომ არ ეშვები მაშინ მაგ ამბავს?! - ანერვიულდა ირაკლი.
-ვაი, რომ ეგ ამბავი მარტო შენი საქმე არ არის, მამა!
-რა მოხდა? სადმე შეხვდით ერთმანეთს? რამე გითხრა? რამე პრობლემა შეგექმნა მასთან?
-უნდა შემქმნოდა? - გაკვირვებით ჩაეცინა ანდრეას. - ირაკლი, შენ რა, გეშინია მაგ კაცის?
-რა სისულელეა! საიდან მოიტანე? რატომ უნდა მეშინოდეს მისი?
-მაშინ მითხარი, რატომ აღარ მეგობრობთ?
-ხომ გითხარი ერთხელ? ის უკრაინაში წავიდა, მე აქ დავრჩი და დაგვეკარგა ურთიერთობა. რა არის ამაში ასეთი უცნაური?
-ეგ მიზეზი არ არის! პაატას გასვენებაზე მითუმეტეს უფრო კარგად უნდა შეხვედროდით ერთმანეთს.
-რა გინდა, ანდრეა? რატომ ეძებ პრობლემას იქ, სადაც არაფერია? შენი ჩვეული გასართობი დაგელია?
-ეგ კაცი ასე უცაბედად გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და ყველაზე ერთგული მსახურის ოჯახი წაგართვა, თავხედურად. შენთვის არც კი უკითხავს, არც კი მოსულა და გაუფრთხილებიხარ. შენ კი რეაქციაც არ გქონია, არ არის ეს უცნაური?
-თუ გონება არ მატყუებს, არც შენ გაგიგიჟებია თავი, არა?
-მე ჩემი მიზეზები მქონდა!
-ჰოდა, მეც მქონდა ჩემი! - გაბრაზდა ირაკლი.
-რა მიზეზები? - მითხარი! - გაჯიუტდა ანდრეა.
-რატომ ჩამაცივდი, რა გინდა? ასე უეცრად გამომეცხადე სამსახურში და უცერემონიოდ ითხოვ რაღაც სულელურ პასუხებს, სულ გააფრინე?!
-მაგ კაცს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები ჰყავს, მამა! პაატას ოჯახი, გესმის? ჩვენი ოჯახის ყველაზე ერთგული მსახურის ოჯახი! დარწმუნებული ხარ, რომ ეგ კაცი სანდოა? მითხარი, რომ დარწმუნებული ხარ და წავალ!
-რატომ ვერ ისვენებ, შვილო? - ამოიხვნეშა ირაკლიმ.
-ილია ჯაფარიძე შენთვის სანდო ადამიანია?
-რატომ გადარდებს ეს ასე ძალიან? - გამაგებინე!
-იმიტომ, რომ იმ კაცს ბარბარე ჰყავს! - წამოიყვირა მოთმინებადაკარგულმა ანდრეამ და მერეღა გაიაზრა ნათქვამი.
ირაკლი შეცბა და გაფითრდა. თვალებში მიაჩერდა შვილს და როგორც კი მათში მისთვის ასე ნაცნობი სხივი შენიშნა, თავი დახარა.
-პაატას მთელი ოჯახი... - დაამატა რამდენიმე წამის შემდეგ ახვლედიანმა და ნათქვამის შელამაზება ცადა.
-რატომ ხარ ასეთი ხათაბალა და შარისმაძიებელი, ჰა? - ჩუმად ალაპარადა ირაკლი და ქვევიდან ახედა შვილს.
-შენ დაგემსგავსე ალბათ. - მხრები აიჩეჩა ანდრეამ და მკრთალად, თუმცა გულწრფელად გაიღიმა.
-დიდი ხანია ილიასთან ურთიერთობა არ მქონია... აღარც კი ვიცი როგორია ახლა.
-ადრე როგორი იყო?
-ამბიციური, ქედმაღალი და პატივმოყვარე.
-სად გაიცანით ერთანეთი?
-ნოდარ გამყრელიძესთან, სახლში. - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა უფროსმა ახვლედიანმა.
-გამყრელიძესთან? ისიც იცნობდა ილიას?
-ჰო, მან გაგვაცნო ერთმანეთი.
-თქვენ სამნი მეგობრობდით?
-მე და ილია უფრო. ნოდარი ყოველთვის სხვანაირი იყო. ერიდებოდა რისკს, არც სჭირდებოდა ცხოვრებაში არასდროს.
-რისკს? რა რისკს?
-მე და ილიას საერთო საქმის წამოწყება გვინდოდა. წმინდა ვისკის შემოტანა ირლანდიიდან და აქაურ ბაზარზე გასაღება.
-მერე? - ინტერესი ემატებოდა ანდრეას.
-ილიას ჰქონდა ფული, მე იმ დროისთვის ჯერ არა...
-და დედაჩემზე იქორწინე, ხო? - ჩაეცინა ზიზღით ახვლედიანს.
-ნინოს მამას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა. ისეთ სასიძოს ეძებდა, მის ბიზნესს რომ გაუძღვებოდა.
-და, რაღა თქმა უნდა, შენ საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდი! - გაეცინა ანდრეას.
-ნინო ილიამ გამაცნო, მასთან სახლში, ერთ საღამოს.
-მოდი, პირდაპირ მითხარი, შენ და ილიას კონკრეტული გეგმა გქონდათ, როგორ „შეგებათ“ დედაჩემი და მისი ფულები, არა?
-დედაშენი ძალიან ლამაზი ქალი იყო...
-ირაკლი!
-მაშინვე შევუყვარდი, მე კიდევ ფული მჭირდებოდა საქმისთვის. ყველა ბედნიერი დარჩა! - თავის მართლებასავით გამოუვიდა ირაკლის.
-მერე რა მოხდა? - სიმწრით გამოცრა სიტყვები ანდრეამ.
-მერე მე და ნინომ ვიქორწინეთ, მე და ილიამ კი ბიზნესი წამოვიწყეთ. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა.
-რამ აგრიათ?
-მგონი საკმარისზე მეტი მოგიყევი, ანდრეა, მოცლილი ხომ არ ვარ? თათბირი მაქვს. - მაშინვე დაფაცურდა ირაკლი.
-მამა! რამ აგრიათ-მეთქი?
-რავიცი, დრომ და ვითარებამ! სხვანაირი კაცი იყო ილია, ახირებული! ვეღარ შევეწყვეთ ერთმანეთს და დავცილდით, სულ ეს იყო! - შვილის თავიდან მოშორებას ცდილობდა უფროსი ახვლედიანი.
-თამარას რა როლი ჰქონდა მაგ საქმეში? - უცებ ჰკითხა ანდრეამ მამას, ირაკლი მაშინვე გახევდა.
-თამარას?
-ჰო, ილიას საცოლე თამარას, ასე ერქვა მგონი, არა?!
-ჰო... რავიცი, მგონი ასე ერქვა, ეგრე მახსოვს, ჰო... - ბორძიკობდა ირაკლი ლაპარაკისას.
-ერთმანეთს რატომ დაშორდნენ, არ იცი?
-დაშორდნენ? - სასხვათაშორისოდ იკითხა ახვლედიანმა.
-არ იცოდი? ილიამ მერე სხვა ქალზე იქორწინა, ვისგანაც ინა ეყოლა.
-ჰო... მართლა? არ ვიცოდი... არა, ნამდვილად არ მახსენდება მათი დაშორება.
-მაშ არ გახსენდება? - ეჭვისთვალით შეათვალიერა ანდრეამ მამა.
-ხომ გითხარი? - არა!
-ანუ შენ და ილია ცუდად არ დაშორებიხართ ერთმანეთს, არა?
-არა.
-იყავით მეგობრები, დაშორდით, როგორც ბიზნესპარტნიორები და დარჩით უცხოები... საინტერესოა. - ჩაილაპარაკა თავისთვის ანდრეამ.
-ხომ გითხარი, შვილო? უცნაური კაცი იყო ილია, ახირებული და პატივმოყვარე. ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ გაეკარო, არასდროს!
-ეგ თხოვნაა თუ მოთხოვნა? - ჩაეცინა ახვლედიანს.
-თხოვნა, თხოვნა...
-მაგრამ იმდენად სანდო არის, რომ პაატას ოჯახმა მასთან იცხოვროს?
-ის და პაატა დიდი ხნით ადრე მეგობრობდნენ. მის ოჯახს დიდ პატივს სცემს და რა უნდა იყოს სახიფათო?
-ირაკლი, ხომ ხვდები რასაც გეკითხები, რატომ იკატუნებ თავს?! - გაბრაზდა ანდრეა.
-რა გინდა, ანდრეა?! - მოთმინება დაკარგა უფროსმა ახვლედიანმა.
-პირდაპირ მითხარი, მიქარე თუ არა რამე ჯაფარიძესთან ურთიერთობაში და შესაძლოა თუ არა, რომ ის კაცი პაატას ოჯახით ცდილობდეს შენზე შურისძიებას!
-პაატას ოჯახით? - წამიერად შეცბა ირაკლი და თითქოს მხოლოდ იმ მომენტში გაიაზრა შვილის სიტყვები. - საით მიგყავს ლაპარაკი, ანდრეა? პაატა მკვდარია, ილიამ კი კეთილი ნება გამოიჩინა და მისი ოჯახი შეიფარა. შენ სხვანაირად ფიქრობ?
-არვიცი, სხვანაირად ფიქრის მიზეზი უნდა მქონდეს?
-პაატა და ილია ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ!
-მე პაატაზე და ილიაზე არ გეკითხები. შენზე და ილიაზე გეკითხები, რატომ არ მპასუხობ?
-არაფერი... ჩემსა და ილიას შორის არაფერი მომხდარა... - ძლივს დაატანა სიტყვებს ძალა უფროსმა ახვლედიანმა და მზერა აარიდა შვილს. - პაატა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მისი ოჯახი კი ილიამ უბრალოდ ძველი მეგობრობის ხათრით შეიფარა, მორჩა!
-დარწმუნებული ხარ? - სახე ახლოს მიუტანა ანდრეამ მამას და უკეთ დააკვირდა მის ფერმკრთალ ნაკვთებს.
-კი, ვარ!

ანდრეამ კბილები მაგრად დაასო ერთმანეთს და თავის ქნევით წამოდგა სკამიდან. რამდენიმე წამით უყურა თავის სავარძელში მჯდარ უფროს ახვლედიანს და როცა დარმწუნდა, კერკეტი კაკალი არ გატყდებოდა, წასასვლელად შებრუნდა.
-ანდრეა! - შვილის სახელი მოწყდა ირაკლის ბაგეებს და მიმავალი მაშინვე შეაბრუნა. - ის გოგო... პაატას ქალიშვილი, ბარბარე... - ჩუმად დაიწყო ლაპარაკი ახვლედიანმა და მზერა გაუსწორა ანდრეას. - რამდენად ძვირფასია შენთვის?
-რატომ გადარდებს? - ხელები გაშალა უმცროსმა ახვლედიანმა.
-თუ ეგ გოგო შენთვის რამეს ნიშნავს და თუ გეძვირფასება, წამოიყვანე ილიასგან! - თითქოს ვერ მოითმინაო, სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს ირაკლიმ და მაშინვე მოაშორა მზერა წინ მდგარს.
-და თუ მეუბნები, რომ მაგ შენს ჯაფარიძეს მხოლოდ კარგი მოტივები ამოძრავებს და რომ არ უნდა გვეშინოდეს მისი?! - გააბრაზა ანდრეა მამის ნათქვამმა.
-მაინც! - არ დანებდა ახვლედიანი.
-რატომ?! მითხარი რატომ და დაგიჯერებ! - მეტად გახელდა ანდრეა.
-ახირებული კაციათქო ილია, ხომ გითხარი? ჯობს თუ არ იცხოვრებს ბარბარე მასთან!
-ახირებული კაცია? ირაკლი, რამდენი წლის ვარ, სამის? - ჩაეცინა უმცროს ახვლედიანს. - არ მეუბნები მიზეზს, არ მიყვები არაფერს და გინდა დაგიჯერო? თუ არაფერი ყოფილა შენსა და ილიას შორის, რამ შეგაშინა? და თუ იყო, რატომ არ მეუბნები?! - ტონს თანდათან უმატებდა ანდრეა.
-არაფერი ყოფილათქო! - ნერვიულობისგან წამოიყვირა ირაკლიმ.
-მაშინ გამანებე თავი! - დაიყვირა ახვლედიანმაც. - თუ არაფრის თქმა არ შეგიძლია, ბოლომდე გაჩუმდი! არ მჭირდება შენი მამა-შვილური დარიგებები!
-რა გინდა ჩემგან, შვილო, რაზე ითხოვ პასუხებს?! გამაგებინე, რა! - უძლურების ნიშნად ხელები დაუშვა ირაკლიმ.
-იცი, შენ მე რაც მინდა და რაზეც გთხოვ პასუხებს. ძალიან კარგად იცი! არ მეუბნები არაფერს და კარგი, გაჩუმებას არჩევ და იყოს, როგორც შენ გინდა. მაგრამ იცოდე - მე შენ დღეს, აქ მოსვლით, ბოლო შანსი მოგეცი! უკანასკნელად მოგეცი შესაძლებლობა ყველაფრის გამოსასწორებლად. - მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს ახვლედიანი და დამფრთხალ თვალებში უყურებდა მამას. - ერთ დღეს შეიძლება ყველაფრის თქმა მოგინდეს: რა მოხდა სინამდვილეში შენსა და ჯაფარიძეს შორის, ან დემეტრე ჯაყელი როგორ გადაიმტერე, მაგრამ იცოდე, მე აღარ მოგისმენ! მე აღარ ვიქნები შენ გვერდით და აღარც შენი სიმართლე დამაინტერესებს. ეს ბოლო იმედი იყო, მამა, მე მეტ შანსს აღარ გავიღებ!
ანდრეა ისე შებრუნდა და წავიდა, აღარც მიუხედავს უკან. კარი გაიჯახუნა და დატოვა ირაკლი ახვლედიანი თავის კაბინეტში მარტოდ-მარტო თავის აჩრდილებთან საბრძოლველად. არავინ, ისე არავინ და არაფერი უშლიდა ახვლედიანს წარსულის ზვირთებს, როგორც უფროსი შვილის თვალებში არეკლილი სევდა.
-როგორ მძულს! - თავისქნევით და სიმწრით ჩაილაპარაკა ირაკლიმ და წამოდგა. - როგორ მძულს! - ხელის ცეცებით მიჰყვა სამუშაო მაგიდას და მდივანზე დაეცა, მოწყვეტით. - როგორ მძულს! - ვისკის ბოთლს და ჭიქას დასწვდა, წამის უსწრაფესად ჩამოასხა და მოწყურებულივით დაეწაფა. - ჩემი თავი! - ტირილნარევი, გადაღლილი ხმით ამოთქვა და თავი ჩაქინდრა. - ჩემი საცოდავი თავი... - ჭიქა მაგიდაზე დადგა, ორივე ხელი თვალებზე აიფარა და იქნებ ატირდა კიდეც.
ირაკლი ახვლედიანი, თავის კაბინეტში მარტოდ-მარტო დარჩენილი, წარსულის ლანდებთან მებრძოლი...

*_*_*_*

გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ ეკატერინეს მოსვენება ჰქონდა დაკარგული. გულს ვერავის და ვერაფერს უდებდა. თავის სახელოსნოში იყო ჩაკეტილი და ცდილობდა ყველანაირი ემოცია მოლბერტზე გადაეტანა. ფუნჯს ხელში იღებდა, დიდხანს ატრიალებდა და ისევ უკად აბრუნებდა, ყოყმანით. მუშაობას ვერაფრით ახერხებდა, მხოლოდ მოახლოებულ შეხვედრაზე აკვიატებული ფიქრები ეხვეოდა თავს.
შვიდი საათი რომ მოახლოვდა, კატომ ჩანთა აიღო და მისაღები ოთახისკენ გასწია, რათა ოჯახისწევრებისთვის მისი წასვლა ეცნობებინა.

-მიდიხარ? სად მიდიხარ? - გაკვირვება ვერ დამალა ელენემ.
-ნინი გახსოვს? ორჯონიკიძე.
-როგორ არ მახსოვს, სამხატვროში სწავლობდით ერთად, მერე?
-გამოფენა აქვს ერთ კვირაში და იქამდე უნდა, რომ მე მანახოს მისი ნამუშევრები.
-და შენც დათანხმდი? - ოდნავი ეჭვიანობა იგრძნობოდა ლუკას ხმაში.
-გულის გადაყოლება და ოდნავი განტვირთვა მჭირდება. - თავი იმართლა ეკატერინემ.
-მართალს ამბობს, ლუკა, მოეშვი... - ქმარს გადაულაპარაკა ელენემ და მხარზე დაადო ხელი.
-არ დააგვიანო! - უემოციოდ მიმართა ჯაყელმა დას.
გოგონამ თავი დაუკრა ძმას და რძალს და აუღელვებელი ნაბიჯით გასწია კარისკენ. გასასვლელში წამოეწია ეკატერინეს ლუკა, მკლავში წაავლო ხელი და თავისკენ მიაბრუნა.
-ნამდვილად იმ შენს კურსელთან მიდიხარ, კატო? - მკაცრი და შეუვალი ტონი ჰქონდა ჯაყელს.
-აბა სხვაგან სად უნდა მივდიოდე? - აფორიაქდა გოგონა მაშინვე.
-იცი შენ, სადაც, უფრო სწორად, ვისთანაც!
-ჩემს კურსელთან მივდივარ-მეთქი, ლუკა, რა გინდა? - თავი მხნედ დაიჭირა ეკატერინემ.
-კატო, იცოდე, რომ გავიგო, შენც მომატყუე და იმასთან წახვედი...
-ვინ იმასთან? გგონია მარიამთან წავალ? - დის სახელის ხსენებამ მაშინვე გაუყინა ტონი უმცროს ჯაყელს.
-ვცდები?
-რა თქმა უნდა, ცდები! როგორ იფიქრე მსგავსი სისულელე? მე მასთან აღარაფერი მესაქმება. მეგონა, დავხურეთ ეს თემა. თუ გგონია, რომ ქალურ სისუსტეს გამოვიჩენ და გული მომილბება უმცროს დაზე, ცდები! ყველაზე მეტი მიზეზი მე მაქვს, რომ არასდროს ვაპატიო მაშოს! - ძმის ეჭვმა იმდენად გააცხარა ეკატერინე, გაბრაზება ვეღარ დამალა და ერთიანად მიაყარა ყველაფერი ლუკას.
-კარგი, მჯერა, რომ იმასთან არ მიდიხარ. წადი და ფრთხილად იყავი, იცოდე... - დის პასუხი დამაკმაყოფილებელი ეჩვენა უფროს ჯაყელს, შუბლი გახსნა და კატოს წასვლის ნება დართო.
-შევეცდები, არ დავიგვიანო. - გასვლისას ისევ თავისი ჩვეული, მშვიდი ტონით დაიბარა გოგონამ და აუღელვებელი ნაბიჯით გაუყვა ეზოს.
*_*_*_*

შვიდი საათი სრულდებოდა, როცა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და მყუდრო ქუჩის კუთხეში ტაქსი გაჩერდა, რომლიდანაც ეკატერინე ჯაყელი გადმოვიდა და მითითებული მისამართისკენ გასწია.
კართან დიდხანს დგომა არ დასჭირვებია, პირველი დაკაკუნებისთანავე გააღო მასპინძელმა და სტუმარს შინისკენ შეუძღვა.
-ძალიან გამახარეთ, თქვენი მოსვლით, ეკატერინე!
-იმედი მაქვს, მე არ მანანებთ იმავეს. - ჩაეცინა ჯაყელს და ქურთუკი გამომძიებელს გადაულოცა.
-აქეთ მობრძანდით, სახლში მარტო ვარ, ნუ ღელავთ, არაფრის მოგერიდოთ. - მისაღებისკენ წაუძღვა თოიძე გოგონას.
-საყვარელი სახლია, ძალიან მყუდრო ქუჩაზე, მარტო ცხოვრობთ? - ხელოვანის ცნობისმოყვარეობამ სძლია ეკატერინეს.
-არა, დაოჯახებული ვარ. - გაეღიმა გიორგის. - ამ სახლში არც ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია.
-აბა საყვარლებს ხვდებით აქ? - გაეცინა ჯაყელს და თავადვე გაუკვირდა საკუთარი გამბედაობა.
თოიძეს გულიანად გაეცინა, რადგან მაშინვე ანდრეას ნათქვამი გაახსენდა, როცა ახვლედიანი ესტუმრა მას სახლში პირველად.
-თქვენ წარმოიდგინეთ და პირველი არ ხართ, ვინც ამას მეკითხება. ნუთუ ასეთი მოღალატის შთაბეჭდილებას ვტოვებ? - ფართედ ეღიმებოდა მამაკაცს.
-დეტექტივებს ადამიანი ვერაფერს გაგიგებთ, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში. - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - კარგი, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მემგონი, ამისთვის არ მოვსულვარ აქ, არა? - დასერიოზულდა კატო.
-საქმეზე აუცილებლად, მაგრამ მანამდე, ჩაის ან ყავას ხომ არ მიირთმევთ?
-არა, მადლობთ, გადავიდეთ საქმეზე. რა გაქვთ ჩემთვის მოსაყოლი?
-ჰო, აი, ეს კი ძალიან რთული შეკითხვაა და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო მოყოლა...
-რატომღაც მგონია, რომ თქვენ იმაზე მეტს ხედავთ ამ ორი გვარის მტრობაში, ვიდრე ეს ჩანს და ვიდრე ჩვენ, ყველას, გვგონია... რა იცით, ბატონო გიორგი? - წარბები შეჭმუხნა დაძაბულმა ჯაყელმა.
-მგონია და დღითიდღე უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ისე არ არის თქვენს ცხოვრებაში, როგორც თქვენ გეუბნებიან და გჯერათ... - ფრთხილად წამოიწყო საუბარი თოიძემ.
-უფრო კონკრეტულად?
-ჯაყელებ-ახვლედიანები, ყველასთვის ცნობილი ორი გვარია, რომელიც უკვე ამდენი წელია მტრობს ერთმანეთს, მაგრამ მგონია, რომ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში.
-ანუ? - ვერ გაიგო ეკატერინემ.
-ანუ არის კიდევ ვიღაც, მესამე, ვინც თქვენ ორს შორის წყალს ამღვრევს.
-ვინ მესამე? ვინ არის ასეთი? - მეტად დაიძაბა გოგონა.
-როგორც უკვე გითხარით, მისი სახელი და გვარია ილია ჯაფარიძე, ცნობილი ბიზნესმენი. გამოძიებამ სწორედ მასზე მიიტანა ეჭვი.
-ვინ არის ჯაფარიძე? რატომ არასდროს უხსენებიათ მისი სახელი ჩემს ოჯახში?
-ეგ მეც ძალიან მაინტერესებს, ეკატერინე და დიდი იმედი მაქვს, დამეხმარებით ამის გარკვევაში.
-კარგი, მაგრამ რატომ ის? რატომ ხართ დარწმუნებული, რომ სწორედ ის არის ორივე გვარის მტერი?
-ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით...
-მაშინ მითხარით, რაში გამოიხატება მისი მტრობა? გინდათ მითხრათ, რომ ჩემი ბიძაშვილი და საქმრო მან მოკლა? - ცინიკურად ჩაეცინა ეკატერინეს.
-თქვენი ბიძაშვილის ამბავი მგონი უკვე სრულიად გარკვეულია...
-და სწორედ ამიტომაც ზის დამნაშავე ციხეში, არა? - სიმწრით გაეღიმა გოგონას.
-ეს უკვე სხვა თემაა. ძალიან სამწუხარო და საშინელი, მაგრამ მაინც, ჩვენთვის ამჟამად უინტერესო.
-კარგი, ნიკუშა გასაგებია, მაგრამ დათუნა? ჩემი დათუნა? გინდათ მითხრათ, რომ ახვლედიანებმა არ ჩამაცხრილეს საყვარელი ადამიანი ხელებში? - ცრემლის თხელი ფენა გადაეკრო ჯაყელის თვალებს.
-თქვენი საქმროს შემთხვევაში ყველაფერი ბევრად რთულადაა... - ხელები მოიფშვნიტა თოიძემ.
-რთულად? რას გულისხმობთ? - მაშინვე წამოიწია კატო და გასწორდა, რათა უკეთ მოესმინა გამომძიებლისთვის.
-ქალბატონო ეკატერინე, ლევან ნაკაშიძეზე გსმენიათ ოდესმე რამე თქვენი საქმროსგან?
-ლევან ნაკაშიძეზე? - გაკვირვებით გაიმეორა სახელი და გვარი გოგონამ. - არა, არ მახსენდება, ვინ არის?
-არის არა, იყო. ლევან ნაკაშიძე თქვენი საქმროს დედის, ქალბატონი ლიუდმილას, ნათლული იყო.
-ლიუდმილა ვასილევნას ნათლული? დათუნას არასდროს უხსენებია მისი სახელი ჩემთან... რა დაემართა?
-თურქეთში მოკლეს, ციხეში, პატიმრების ბუნტის მსხვერპლი გახდა.
-ციხეში? პატიმარი იყო?
-დიდი ალბათობით, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რის გამოც გასვიანი არასდროს ახსენებდა თქვენთან მის სახელს. ნაკაშიძის დოსიე ბევრ გაუგებრობას, აყალ-მაყალს, ჩხუბს,ციხესა და მსგავს ათასგვარ შავ-ბნელ საქმეს ითვლის.
-ლიუდმილა ვასილევნას ნათლულის? - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან ჯაყელს.
-დიახ, ნათლულის, რომელიც თქვენს საქმროსთან ერთად იზრდებოდა მოსკოვში.
-და დათუნას ერთხელაც არ უხსენებია მისი სახელი ჩემთან?
-სავარაუდოა, რომ გასვიანსა და ნაკაშიძეს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რაც ალბათ, ნაკაშიძის ცხოვრების წესით იყო განპირობებული.
-და ამიტომაც ჩამოვიდა დათუნა საქართველოში... - თავისთვის ჩაილაპარაკა ეკატერინემ, რომლისთვისაც ყველაფერი ნელ-ნელა ხდებოდა ნათელი. - ახლა გასაგებია მისი სიტყვები...
-რომელი სიტყვები? - მაშინვე ცქვიტა ყურები თოიძემ.
-ჩვენი ურთიერთობის პირველ ხანებში დათუნასთვის არაერთხელ მიკითხავს, რატომ გადაწყვიტა დედის, უნივერსიტეტისა და იმ ადგილის დატოვება, სადაც გაიზარდა, ის კი ყოველთვის იშმუშნებოდა და მპასუხობდა, რომ უბანი, რომელშიც ის იზრდებოდა არასდროს ყოფილა უსაფრთხო მისნაირი ბიჭებისთვის. კანონიერი ქურდების გვერდით უწევდა ცხოვრება, რასაც არაერთი უსიამოვნება მოუტანია მისთვის...
-მაგრამ კონკრეტულად სახელი არასდროს უხსენებია, არა?
-ისიც კი არ უთქვამს, რომ რომელიმე მათგანთან მეგობრობდა. არც მას და არც ქალბატონ ლიუდმილას...
-ნუ გიკვირთ, ეკატერინე, საკუთარი ოჯახის ბნელ ლაქებს ხშირად ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი უმალავენ. - ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე გამომძიებელმა.
-კარგი, რაც არის, არის! ახლა მითხარით, რა შუაშია ეგ ადამიანი დათუნას სიკვდილთან?
-სიმართლე გითხრათ, ამის გარკვევას ჯერ კიდევ ვცდილობ და ნაკაშიძეც მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია.
-მაგრამ თქვენ თქვით, რომ ის მოკვდა.
-ქურდულ სამყაროში ერთი ადამიანის მტერი, მთელი ჯგუფის მტერია. ამ შემთხვევაში ნაკაშიძის სიკვდილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
-მაგრამ ვინ იყო მტერი? ჩემი დათუნა? - გაოცდა ეკატერინე.
თოიძემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩუმდა. აწყლიანებული თვალებით მომზირალ ჯაყელს დააკვირდა და მიხვდა, რომ ეკატერინე ჯერ კიდევ არ იყო მზად საყვარელ ადამიანზე სიმართლის მოსასმენად.
-მათთვის მტრად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი, ვინც მათ იდეოლოგიას არ გაიზიარებს.
-ანუ რა გამოდის? ჩემი დათუნა მხოლოდ იმიტომ მომიკლეს ასე მხეცურად, რომ მან ნათელი მომავალი და მშვიდი ცხოვრება არჩია? - ცრემლები წასკდა ჯაყელს და მწარედ აქვითინდა.
-ეს მხოლოდ ვარაუდია... - ტონი მოულბა თოიძეს, რადგან შეებრალა მოტირალი ქალი.
-გინდათ დამარწმუნოთ, რომ ახვლედიანების ხელი არ ურევია ამ საქმეში?
-გამოძიება ვალდებულია ყველა ვარიანტი განიხილოს, ეკატერინე...
-რომელმა გამოძიებამ?! - დაიყვირა უკვე სასოწარკვეთილებაში მყოფმა გოგონამ. - რომელმაც თვალისდაუხამხამებლად დახურა თბილისის ცენტრში, დღისით-მზისით მომხდარი მკვლელობა?!
-ამასაც ახვლედიანებს ნუ დავაბრალებთ... - ოდნავ ჩაეღიმა გამომძიებელს.
-არავის, არცერთ გვარს და ოჯახს უნდა ჰქონდეს ამხელა გავლენა ქვეყანაში! - სიმწრით გამოცრა სიტყვები ჯაყელმა და ბღუჯით მოიწმინდა ცრემლები.
-ამაში კი ნამდვილად დაგეთანხმებით.
-ანუ რა გამოდის? გამოძიებას რომ დაცლოდა, შესაძლოა, რომ დათუნას მკვლელისთვისაც მიეგნო უპრობლემოდ?
-უპრობლემოდზე რა მოგახსენოთ, საქმე ძალიან ძნელად თუ მიიწევს წინ. ფაქტია, რომ ძალიან სერიოზულ და გავლენიან დაჯგუფებას ვუპირისპირდებით.
-და თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ ისინი არ არიან ახვლედიანები, ხომ ასეა?
-დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები, ჯერ-ჯერობით, მაგრამ, დიახ, უფრო მეტად მჯერა, რომ ისინი თქვენი საქმროს მკვლელობაში არ უნდა იყვნენ გარეულნი.
-კარგი, მაშინ ილია ჯაფარიძეზე რას იტყვით? ლაპარაკი ხომ სწორედ მისგან დავიწყეთ?!
-ჰო, ილია ჯაფარიძეზეც საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და რომ არა გასვიანის ქურდულ სამყაროსთან კავშირი, ალბათ სწორედ მას განვიხილავდი პირველ ეჭვმიტანილად.
-ღმერთო ჩემო, არც კი მჯერა ახლახანს მოსმენილი ამბების... დაჯერებაც კი არ მინდა! - თმაზე ხელი გადაისვა აგონიაში მყოფმა ჯაყელმა და ამოიხვნეშა.
-არის კიდევ ერთი პიროვნება, რომელზეც უნდა გკითხოთ, ეკატერინე. ვინმე თამარას შესახებ ხომ არ გსმენიათ ოდესმე რამე?
-თამარას? გვარი არ იცით?
-სამწუხაროდ არა, მხოლოდ სახელი... ვინმე თამარა, გსმენიათ?
-თამარა... თამარა... თამარა... - ჩაფიქრდა ეკატერინე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ოჯახში გაეგონა ეს სახელი.
-არაფერი გახსენდებათ?
-გამახსნედა! კი, კი, ნამდვილად ეგ სახელი ახსენა დედაჩემმა!
-როდის? რა ვითარებაში? - მაშინვე გამოცოცხლდა თოიძე.
-მამაჩემთან ჩხუბის დროს წამოცდა. მაშინ ისე ვიყავით განერვიულებულები ჩემი დის საქციელის გამო, რომ ამისთვის ყურადღებაც არავის მიგვიქცევია, მაგრამ... კარგად მახსოვს, დედამ ასე უთხრა, იგივე გაუკეთე მარიამს, რაც თამარასო.
-იგივე გაუკეთე მარიამს, რაც თამარასო? - ინტერესით გაიმეორე სიტყვები გიორგიმ.
-ჰო, დაახლოებით ასე, ზუსტად არ მახსოვს.
-და მამათქვენმა რა უპასუხა?
-არაფერი. ლაპარაკი შეაწყვეტინა და ოთახში აგვაყვანინა მისი თავი.
-და არცერთს გაგჩენიათ კითხვა, ვინ იყო ეს თამარა?
-არა. ამისთვის არავის გვეცალა, ხომ გესმით? გაიგებდით, რაც მოხდა ჩვენს ოჯახში...
-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, მესმის.
-რა კავშირი აქვს მაგ ქალს ჩემს ოჯახთან? ვინ არის საერთოდ?
-მასზე არაფერი ვიცით. მხოლოდ ის, რომ ილია ჯაფარიძის საცოლე იყო.
-ილია ჯაფარიძის საცოლეს მამაჩემმა რაღაც დაუშავა წარსულში?
-ამასთანავე მინდა იცოდეთ, რომ ჯაფარიძე ირაკლი ახვლედიანის ახლო მეგობარი იყო წარსულში. ხვდებით სად იკვეთება ყველაფერი?
-ყველაფერი ერთმანეთშია აბურდული და გადახლართული...
-გეთანხმებით, მაგრამ სულ მცირე ახლა ის მაინც იცით, რომ ეს ბრძოლა სამკუთხედია და არა დაუსრულებელი წრფე.
-დაუჯერებელია... მაინც რამდენ საიდუმლოს უნდა ინახავდეს ერთი ოჯახი?
-მესმის, რომ ძალიან რთულია ოჯახის წარსულის საიდუმლოებებში ქექვა, მაგრამ რას ვიზამთ, თუ ეს წარსული ასე მნიშვნელოვანია აწმყოსთვის?! - სტუმრის სანუგეშებლად გაიღიმა მასპინძელმა.
-ჩემგან რას მოითხოვთ, რით შემიძლია თქვენი დახმარება?
-ანუ დასახმარებლად მზად ხართ? - უფრო ფართედ გაეღიმა თოიძეს.
-დიახ, მზად ვარ! მინდა, ყველაფერს აეხადოს ფარდა, ერთხელ და სამუდამოდ! ყელში ამომივიდა ამდენი სისხლის ღვრა და გაურკვევლობა. ზემდეტად ბევრი ახლობელი ადამიანი დავკარგე ამის გამო.
-მაშ, ძალიან კარგი. ჯერ-ჯერობით თქვენგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ, გაარკვიეთ ვინ არის თამარა და რა კავშირი აქვს თქვენ ოჯახთან.
-ეს რაში დაგვეხმარება?
-კავშირს ვიპოვით ილია ჯაფარიძესა და მამათქვენს შორის და თუ მათ შორის ვიპოვნით კავშირს...
-ირაკლი ახვლედიანსა და მამაჩემს შორისაც მოვახერხებთ იმავეს. - გამომძიებლის წინადადება დაასრულა ეკატერინემ და შეკრული შუბლი გახსნა.
-არვიცი, ვინ არის ეგ ქალი ან საიდან მოვიდა და სად წავიდა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ გადამწყვეტი როლი სწორედ მან ითამაშა ჩვენს საქმეში.
-როგორც ყოველთვის ხდება, არა? - ქალის დანთებულ კოცონს უამრავი კაცი ემსხვერპლა. - ჩაეცინა ჯაყელს.
-შეიძლება ასეც ითქვას. - გაეცინა დეტექტივს.
-კარგი, კიდევ არის რამე, რისი თქმაც ჩემთვის გსურთ? კიდევ რით შეგიძლიათ ჩემი გაოცება?
-ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო, ეკატერინე. ჩემი მიზანი ამ დროისთვის ამოვწურე, სხვა მხრიდან დაგანახეთ თქვენი გაუთავებელი მტრობა და იმედი მაქვს, რომ თქვენი ნდობაც მოვივე, არა?
ეკატერინეს არაფერი უპასუხია; უბრალოდ შეიშმუშნა და მკრთალად გაუღიმა წინ მდგომს. გიორგისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
-მაშინ წავალ და როგორც კი რამეს გავარკვევ, დაგირეკავთ.
-ხო, დამირეკეთ აუცილებლად. გაგაცილებთ. - კარისკენ გაუძღვა თოიძე გოგონას.
-დროებით, ბატონო გიორგი. - დამშვიდობებისას საქმიანად ჩამოართვა დეტექტივს ხელი ჯაყელმა.
-დროებით. - თვალი გააყოლა მიმავალს გიორგიმ და მხოლოდ მაშინ დახურა კარი, როცა კატო ქუჩის კუთხეს მიეფარა.
*_*_*_*

მეორე დილას ყველა ერთად აცილებდა ცოლ-ქმარ ჯაყელებს. ქეთევანს სულაც არ სურდა სახლის დატოვება და ნაღვლიანი თვალებით შეჰყურებდა შვილებს, თუმცა დემეტრეს დაჟინებულ მოთხოვნას ვერ აღუდგებოდა წინ. ექიმის რჩევით, ქალს დასვენება და სუფთა ჰაერი სჭირდებოდა, რადგან ბოლო დროს გული აწუხებდა. ამიტომაც, დემეტრეს მანგლისში მიყავდა მეუღლე. მანქანაში ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ მიუახლოვდა ქალი შვილებს და ორივეს ერთდროულად გადაეხვია.
-არ მანერვიულოთ, გთხოვთ. მშვიდად იყავით და ჭკვიანად. - ვედრებით სავსე თვალებით მიაჩერდა ქეთევანი ლუკას და ეკატერინეს.
-არ ინერვიულო შენ ჩვენზე, დედა, წადი და დაისვენე. - მკრთალად გაუღიმა ლუკამ ქალს და ზურგზე დაუსვა ხელი.

მშობლები გააცილეს თუარა, ლუკამაც სამსახურისკენ აიღო გეზი და დარჩნენ სახლში მხოლოდ გოგონები.
უჩვეულოდ დაცარიელებულიყო სახლი. მისი ყველაზე ერთგული წევრების გარეშე უიმედოდ გამოიყურებოდა კედლები. ვერანდაზე ყავა დავლიოთო - შესთავაზა ელენემ ეკატერინეს, მაგრამ დედის გარეშე გოგონას ამის ხალისიც არ ჰქონდა. თავაზიანი უარი განუცხადა რძალს და თავისი სახელოსნოკენ აიღო გეზი. დილიდან ისევ ცუდად გრძნობდა თავს, დაღლილი იყო და სხეულში გამჯდარ სიმძიმეს გრძნობდა.

გუაში უკვე ხელში ეჭირა და სახატავად ემზადებოდა, როცა მობილურმა დაურეკა და მუშაობის დაწყებაშიც შეუშალა ხელი.
-გისმენთ! - უკვე ჩვეული და უხალისო ტონით უპასუხა ზარს და ცალი იდაყვით მაგიდას დაეყრდნო.
-ეკატერინე, მე ვარ, გიორგი თოიძე, მიცანით? - მაშინვე გაიგონა მობილურში მისთვის უკვე ნაცნობი ხმა.
-ა, ბატონო გიორგი, დიახ. უკაცრავად, თქვენი ნომრის ჩაწერა დამვიწყებია. გისმენთ, მოხდა რამე?
-დღეს საღამოს თუ გეცლებათ, თქვენთან შეხვედრა მინდოდა.
-ამ ორ დღეში რამე მოხდა? რამე ხომ არ გაგირკვევიათ? - დაიძაბა ჯაყელი.
-არა, არა, სამწუხაროდ არა, მაგრამ არის რაღაც, რაც პირველ შეხვედრაზე ვერ გითხარით და უნდა იცოდეთ.
-კარგი, მოვალ, რა თქმა უნდა. ისევ იქ და ისევ იმავე დროს?
-დიახ, თუ თქვენთვის არ იქნება პრობლემა.
-არა, მოვალ!
-ძალიან კარგი,მაშინ საღამომდე.
-საღამომდე. - მოკლედ დაუბრუნა გოგონამ პასუხი გამომძიებელს და ტელეფონიც გათიშა.

უცებ იგრძნო გულის აჩქარება და მომატებული ღელვა. თითქოს დეტექტივს არანაირი მიზეზი არ მიუცია სანერვიულოდ, მაგრამ ჯაყელს მაინც არ მოსწონდა რაღაც. ხელისგულები გაუცივდა და გაუოფლიანდა, წინათგრძნობა რაღაცას კარნახობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რას.
წინასწარ შეუთანხმდა თავის თავს, რომ საღამომდე ცხვირს არ გაყოფდა სახელოსნოდან და მოახლოებულ შეხვედრამდე ამ გზით გაიყვანდა დროს. ერთხანს მაინც აწუხებდა რაღაც, გულის სიღრმეში, მაგრამ შემდეგ მოდუნდა, კონცენტრირება ნახატზე გადაიტანა და სულ მალე თხემით-ტერფამდე გადაეშვა თავის საყვარელ საქმეში.
ხატვაში საღამო მალე მოახლოვდა. სწრაფად ემზადებოდა; ერთი სული ჰქონდა, თოიძესთან მისულიყო და ის ამბავი მოესმინა, რომელიც გამომძიებელმა მათი პირველი შეხვედრისას ვერ გაანდო გოგონას. უსაფუძვლო ღელვა მაშინვე დაუბრუნდა, როგორც კი გასაღები გადაატრიალა და მანქანა დაქოქა.
იყო კი მისი ღელვა საერთოდ უსაფუძვლო?! რატომ უნდა ყოფილიყო ჯაყელი წყნარად? რა იცოდა გიორგი თოიძის შესახებ? ან რატომ ეხმარებოდა ან რატომ ენდო?!
-ჯანდაბა! - ხმამაღლა წამოიყვირა ეჭვებით შეწუხებულმა ეკატერინემ და საჭეს დაარტყა ორივე ხელი. - მორჩა ფიქრი! - შეუძახა თავის თავს, კატეგორიულად და მხოლოდ გზაზე კონცენტრირდა.

*_*_*_*

რამდენჯერმე დარეკა ზარი კარზე და ხელების ფშვნეტით დაელოდა მასპინძლის გამოჩენას. თოიძეს არც ამჯერად დაუღალატებია გოგონა, სულ რამდენიმე წამში უკვე შინისკენ მიუძღვებოდა სტუმარს.
-მეგონა, ჩემს ზარს უნდა დალოდებოდით, მე კი ჯერ არაფერი გამირკვევია. - ლაპარაკით შევიდა სახლში კატო.
-ჰო, ვხვდები, რომ ორ დღეში ვერაფერს გაარკვევდით. უბრალოდ, როგორც უკვე გითხარით, მე თვითონ მაქვს დაუმთავრებელი საქმე თქვენთან. - მისაღებ ოთახში შეუძღვა გამომძიებელი გოგონას.
-რა საქმეა ამისთანა? რამე სერიოზულია? - დაიძაბა ჯაყელი, რომელსაც წამითაც არ ტოვებდნენ ეჭვები.
-საკმაოდ! - უჩვეულოდ სერიოზული იყო თოიძე. ეკატერინეს, კარგად რომ ცნობოდა, ფარულ ღელვასაც აუცილებლად შეამჩნევდა მამაკაცს.
-რა ხდება? - განაჩენის მოსასმენად შეემზადა ჯაყელი და დივანზე დაეშვა.
-უპირველეს ყოვლისა, ეკატერინე, მინდა გითხრათ, რომ თქვენგან მხოლოდ ერთ რამეს მოვითხოვ - ნდობას!
-ნდობას დამსახურება უნდა, ბატონო გიორგი...
-ვიცი. ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირე ავანსის იმედი მაქვს თქვენგან. - მსუბუქად ჩაეცინა მამაკაცს.
-თქვენ მიმართ ნდობის ნასახიც რომ არ გამაჩნდეს, ახლა აქ არ ვიჯდებოდი. - ცდილობდა თავდაჯერებული ყოფილიყო ეკატერინე.
-ხოდა სწორედ თქვენი მახვილგონიერების იმედი მაქვს ახლაც!
-მეტყვით, რა ხდება? - მოთმინება ეწურებოდა ჯაყელს.
-გეტყვით, გეტყვით. - ამოიხვნეშა თოიძემ და სტუმრის წინ დაიკავა ადგილი. - ეკატერინე, თქვენ ხომ ხვდებით, რომ მე, უბრალო დეტექტივი, მარტო ვერ გავართმევ თავს ორი ძალიან გავლენიანი გვარის საქმეების გამოძიებას?
-ვხვდები, მაგრამ, ალბათ, თქვენც უნდა გქონდეთ თქვენი კავშირები, არა?
-როგორც წესი - კი, მაგრამ, როცა საიდუმლოდ იძიებ საქმეს, თანაც ასეთ საქმეს, კანონიერი გავლენების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს ადამიანს. - გაეღიმა თოიძეს.
-რისი თქმა გინდათ, ბატონო გიორგი?
-პირდაპირ უნდა გითხრათ, მეტაფორებით საუბარსა და თქვენს ნერვებზე თამაშს აზრი არ აქვს.
-გეთანხმებით!
-ოჯახის საიდუმლოებების გარკვევაში, ისე ვერავინ დაგეხმარება, როგორც თავად ამ ოჯახის წევრი...
-ანუ?
-როგორც ამბობენ: ციხე შიგნიდან ტყდება. - გაეღიმა გამომძიებელს. - მე თქვენ აგირჩიეთ ჯაყელების მხრიდან, მაგრამ ასევე ავარჩიე ადამიანი ახვლედიანების მხრიდანაც. უხეშად რომ ვთქვათ, მე ავარჩიე ჯაშუშები, რომლებიც ინფორმაციას საუკეთესოდ მოიპოვებდნენ თავიანთი ოჯახებიდან.
-რას მეუბნებით, ბატონო გიორგი, ანუ თქვენ ახვლედიანებთანაც თანამშრომლობთ? - ხელისგულები გაუოფლიანდა ეკატერინეს და ხმა აუთამაშდა.
-დიახ. და მე მჭირდება, რომ ეს ადამიანი თქვენც მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოგვივა.
-ვინ არის?! - კატეგორიული გაუხდა ტონი ჯაყელს.
-უნდა დამპირდეთ, რომ არ გაიქცევით და არავის ეტყვით ამ ამბავს.
-ვინ არის-მეთქი?!
-მისი დანახვისას სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აყვეთ.
-ბატონო გამომძიებელო, ვინ არის თქვენი მეკავშირე?! - მოთმინება გადაეწურა ეკატერინეს და სწორედ იმ დროს, როცა ბოლო სიტყვები წამოიყვირა, ზურგსუკან გაიგონა ბოხი, მაგრამ ჩვეული ცინიზმით გაჟღენთილი ხმა:
-ჯაყელების ქალბატონს, თავმდაბალი სალამი, ნაძირალა ახვლედიანისგან!
ეკატერინეს მთელ სხეულში დაურა სიცივემ, რომელიც საბოლოოდ გულთან გაჩერდა და სუნთქვა შეუკვრა გოგონას. თვალის გუგები ერთი ორად გაუდიდდა და მაშინვე წამოხტა, დენდარტყმულივით. შებრუნდა იმის იმედით, რომ კარში სულ სხვა ადამიანს დაინახავდა. ოღონდ მას არა...
მაგრამ კარში, ეკატერინსედა საუბედუროდ, ჯიბეებშიხელებჩაწყობილი და ცინიკურღიმილაკრული ანდრეა ახვლედიანი იდგა.
-ახვლედიანების მხრიდან ჩვენი მოკავშირე ანდრეა ახვლედიანია, ეკატერინე... - ოთახში გაყინულ ბგერებს შორის მოხდენილად გაისრიალა თოიძის მუდამ მშვიდმა ხმამ.

ჯაყელი უბრალოდ იდგა და რამდენიმე წამის განმავლობაში დაჟინებით უყურებდა კედელზე მიყრდნობილ ახვლედიანს, რომელიც ჯიუტად არ იცილებდა სახიდან ღიმილს. თითქოს იწვევდაო, მისგან მოქმედებას ელოდა. ეკეტერინეს გონებაში კი სინათლის სისწრაფით ცვლიდნენ კადრები ერთმანეთს: ნიკუშას სიკვდილი, მისი დაკრძალვა; დათუნას სიტყვები, დასისხლიანებული საქორწილო კაბა, საავადმყოფოს საშინელი სუნი, ბურუსში გატარებული თვეები და ტკივილი - სულის წამღები ტკივილი. მის წინ კი იმ წამს, მისთვის, ამ ყველაფრის შემოქმედი და ყველაზე საძულველი ადამიანი იდგა.

-მოგკლავ, მოგკლაავ!!! - უცებ დაიყვირა კატომ და სწრაფად მივარდა ახვლედიანს. გიორგიმ და ანდრეამ რეაგირებაც ვერ მოასწრეს, ისე გაშმაგებით ეცა გოგონა ანდრეას და მუშტების რტყმა გამეტებით დაუწყო, გულ-მკერდზე.
-ეკატერინე, გაჩერდით! - წამოიყვირა თოიძემ და სწრაფად მივარდა გოგონას, რათა ახვლედიანისგან მოეშორებინა.
-ხელი გამიშვით! ნუ მეხებით! ამ ნაძირალას ახლავე მოვკლავ! მოვკლავ! - შეურაცხადივით ყვიროდა ჯაყელი და ფრჩხილებით ახლა უკვე სახეს უკაწრავდა ანდრეას.
-გეყოფათ! - ტონს უმატა დეტექტივმა და ძლივს დააცილა ორი სხეული ერთმანეთს. - გაჩერდით, ეკატერინე!
-ხელი გამიშვით-მეთქი! - ყვირილს არ წყვეტდა ჯაყელი.
-გიჟივით ყვირილს თუ არ შეწყვეტ, ხელს არავინ გაგიშვებს! - როგორც იქნა ამოიღო ხმა ანდრეამ, რომელსაც მთელი სახე და ყელი დაკაწრული ჰქონდა.
-ხმას ნუ იღებ, ხმას ნუ იღებ! - ოდნავ მოდუნდა კატო.
-ჯანდაბა, ესღა მაკლდა, რა!
-ეკატერინე, ანდრეა ჩვენი მოკავშირეათქო. ასე მოქცევით ვერაფერს მივაღწევთ!
-ასე მოქცევით? როგორ მოქცევით?! აბა რა გინდათ, რომ ვქნა? წინ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანების მკვლელი დგას! გინდათ ჩავეხუტო? თუ ხელი ჩამოვართვა?!
-უბრალოდ გაჩუმდით და დამშვიდდით, ანდრეა აქ ჩვენს დასახმარებლადაა!
-რა დასახმარებლად?! ღმერთო, რა დასახმარებლად?! ისაა ყველაფრის თავიდათავი!
-უკვე მომბეზრდა! - თვალები აატრიალა ანდრეამ.
-მკვლელი ხარ და უნამუსო ნაძირალა! - დაუყვირა ჯაყელმა ახვლედიანს.
-ბატონო გამომძიებელო, იქნებ დააწყნაროთ როგორმე... - თოიძეს მიუბრუნდა ანდრეა.
-რატომ არის ეს აქ?! რა უნდა ამას აქ?! ეს არის თქვენი გეგმა, ბატონო გიორგი?! იმ საქმეების გამოძიებაში უნდა დაიხმაროთ, რომელშიც თვითონაა დამნაშავე?! - ახლა გამომძიებელზე მიიტანა იერიში ეკატერინემ.
-ეკატერინე, თუ დამშვიდდებით, ყველაფერს აგიხსნით. ისე არაფერი გამოვა...
-რა უნდა ამიხსნათ, რა?!
-ის, რომ შენი საქმროს მკვლელი მე არ ვარ! - მოთმინება გადაეწურა ანდრეას და წამოიყვირა.
-არ გაბედო! არც კი გაბედო თავის მართლება! - უარესად გაგიჟდა კატო.
-ეკატერინე, გინდათ, რომ თქვენი საქმროს მკვლელი დაისაჯოს? გინდათ, თუ არა?! - ჩვეულ ტონს ნელ-ნელა ღალატობდა თოიძე.
-ის ჩემს წინ დგას, მიდით და დააკავეთ!
-არა, არ დგას და გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ - ანდრეა ახვლედიანს თქვენი საქმრო არ მოუკლავს! - დაიყვირა სახეზე პომიდორივით წითელმა გიორგიმ.
გამომძიებლის ყვირილი იმდენად მოულოდნელი იყო, ანდრეამ და ეკატერინემ თვალები დააჭყიტეს. წამით ყველა გაჩუმდა და ოთახში ისევ დაისადგურა სიჩუმემ.
-როგორ ფიქრობთ, ანდრეა რომ მკვლელი იყოს, მასთან ვითანამშრომლებდი? გამოძიება არ დააცალა თქვენმა ოჯახმა ჩემს სამსახურს, თორემ ყველაფერს ვიპოვნიდით და თავადაც დარწმუნებოდით, რომ ახვლედიანებს თქვენი საქმროს სიკვდილში ბრალი არ აქვთ.
-ისევ იმავე სისულელის თქმას აპირებთ? ვიღაც ნაკაშიძის შესახებ, რომელიც თითქოსდა ჩემი დათუნას ნათესავი იყო.
-ეს არც სისულელეა და არც ტყუილი, ეკატერინე! თქვენ უბრალოდ იმიტომ ბრაზობთ, რომ თქვენი გარდაცლილი საქმროს შესახებ ისეთ დეტალებს იგებთ, რომლებზეც წარმოდგენაც არ გქონდათ მაშინ, როცა გეგონათ, თქვენ შორის საიდუმლოებები არ არსებობდა. - ოდნავი ბრაზით თქვა თოიძემ და ზუსტად იქ მოარტყა, სადაც უმიზნებდა - ეკატერინე მაშინვე შეცბა და დადუმდა.
-მღლის ამდენი თავის მართლება. გასვიანის სიკვდილის დღესაც ვუთხარი შენს ძმებს და ახლა შენც გაგიმეორებ - მაგ შენი საყვარელი ბიჭის მოკვლა მე არაფერში მჭირდებოდა! ცოდვები ჩემიც საკმარისი მაქვს, კიდევ სხვისი რომ არ წამოვიკიდო ზურგზე! - მშვიდი იყო ახვლედიანი და პირდაპირ თვალებში უყურებდა გოგონას.
-თქვენ გარდა ჩემს ოჯახს... მტერი არ ყავს... - თითქოს შეეგუაო სინამდვილეს, ბოლოჯერ გაიბრძოლა ჯაყელმა და ცრემლები გადმოყარა.
-ძალიან ვწუხვარ, ეკატერინე, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, მკვლელი თქვენი ოჯახის მტრებში კი არა, თქვენი საქმროს წარსულში უნდა ვეძებოთ. - ტონი მოულბა დეტექტივს.
-შეუძლებელია, ჩემს დათუნას მტერი ვერ ეყოლებოდა! არა, შეუძლებელია, მატყუებთ! თქვენც ამათ მხარეს ხართ! ახვლედიანების კაცი ხართ და გინდათ თავგზა ამირიოთ! - მეორე სუნთქვა გაეხსნა ჯაყელს.
-არა, ეს ასე არ არის და მეგონა, შევთანხმდით უკვე იმაზე, რომ მენდობით. - ამოიხვნეშა თოიძემ.
-შენი დათუჩა არ იყო წმინდანი, მხოლოდ თავს ასაღებდა იაფასიანი გზებით! სინამდვილეში შენი საყვარელი ბიჭუნა მხოლოდ ჩამშვები არაკაცი და ლაჩარი იყო! - ზიზღით ცრიდა კბილებშორის სიტყვებს ახვლედიანი.
-გაჩუმდი! - დაიყვირა ეკატერინემ და მთელი ძალით მოქნეული ხელი გაარტყა მამაკაცს.
-ჰოო, უმცროს ჯაყელთან პირველმა შეხვედრამ ბევრად უფრო უმტკივნეულოდ ჩაიარა... - ჩაეცინა ახვლედიანს.
-არც კი გაბედო და შენი ბინძური ენით ჩირქი არ მოსცხო დათუნას ხსოვნას, გაიგე?! არც გაბედო-მეთქი, შე ნაძირალა!
-ანდრეა, გეყოფა. შენი ცინიზმი დაივიწყე ცოტახნით და დასერიოზულდი! მესმის, რომ ორივესთვის რთულია, მაგრამ თუ სიმართლის გარკვევა გვინდა, ერთად უნდა ვიმუშაოთ. ერთად კი ვერ ვიმუშავებთ, თუ თქვენ ერთმანეთს დაჭამთ! - უჩვეულოდ მკაცრი იყო თოიძე.
-რომ გითხრათ, ბედნირებისგან შინაგანად ვკივი და ღამეები არ მძინავს აღფრთოვანებისგანთქო, მოგატყუებთ, მაგრამ შეგნებული ადამიანი ვარ და მზად ვარ ქალბატონ ეკატერინესთან სათანამშრომლოდ. - თავდაჯერებულად იღიმოდა ანდრეა.
-არავითარ შემთხვევაში! ჩემი ბიძაშვილის მკვლელს მაგიდასთან არასდროს დავუჯდები! - კატეგორიული იყო ეკატერინე.
-აჰა, ერთი არაკაციდან მეორეზე გადავიდა, შესანიშნავია... - ჩაილაპარაკა ანდრეამ და ჩაიცინა.
-ანდრეა! - გაბრაზდა თოიძე.
-რა თქვი? - თვალები დაიწვრილა ჯაყელმა. - როგორ ბედავ, საერთოდ?! როგორ გყოფნის თავხედობა და როგორ აყენებ ნიკუშას სულს შეურაცყოფას?!
-ეგ თქვენი ნიკუშა რომ ცხოველი იყო და არაკაცი, შენს ძმებსაც ძალიან კარგად მოეხსენებათ, ქალბატონო ეკატერინე! მე ნამდვილად არ ვიცი, შენ რა იცი, მაგრამ შენს ადგილას სირცხვილით არც ვახსენებდი მის სახელს. ნიკუშა თქვენი ლაქაა და არა ჩემი! - გამძვინვარდა ახვლედიანი და იმდენად ბობოქარი გახდა, ეკატერინესაც კი შეეშინდა მისი.
-შეცდომა ყველას მოსდის ამ ცხოვრებაში! შენ ღმერთი არ ხარ, რომ სხვას სიცოცხლის უფლება წაართვა!
-თუნდაც ეშმაკი ვიყო, ფეხებზე ! მთავარია, რომ შენს ცხოველ ბიძაშვილს ახალგაზრდა გოგონას ცხოვრების დამახინჯების უფლება არ მივეცი!
-და შენ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გაქვს დამახინჯებული, ახვლედიანო?! - ცინიკურად და სიმწრით ჩაეცინა ჯაყელს.
-გეყოფათ, ბავშვებივით იქცევით! - კამათის ყურებით დაღლილმა თოიძემ ძლივს ამოიღო ხმა.
-მე მივდივარ აქედან, ჩემი იმედი არაფერში გქონდეთ! - ჩანთას დაავლო ხელი კატომ.
-ეკატერინე, ნუ მაფიქრებინებთ, რომ თქვენში შევცდი!
-რას ელოდით მისგან, ბატონო გამომძიებელო, ისიც რიგითი ჯაყელია! - მოესმა ზურგსუკან გოგონას ანდრეას დამცინავი ხმა.
-იცით, რას გეტყვით? - უცებ გაჩერდა ჯაყელი და მობრუნდა. - ეს ნაძირალა მართალს ამბობს, მე რიგითი ჯაყელი ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძაშვილის მკვლელთან თანაარსებობა შეუძლებელია. მაგრამ თუ მაინცდამაინც ჩვენი სისხლის წარმომადგენელი გჭირდებათ, ჩემს დას მიაკითხეთ. ის აუცილებლად დაგეხმარებათ ამ საქმეში და ამასთანაც სიამოვნებით ითანამშრომლებს! - ზიზღით აათვალიერა ეკატერინემ ახვლედიანი და ისევ შებრუნდა წასასვლელად.
-თქვენს დას თქვენს ოჯახთან ურთიერთობა აღარ აქვს, ეკატერინე. ის ვერ შეძლებს ჩვენს დახმარებას!
-ეგ უკვე თქვენი პრობლემაა!
-ჰო, რა თქმა უნდა, გაიქეცი იმის შიშით, რომ რაიმე სამარცხვინო არ გაიგო შენს საყვარელ ბიჭზე და ერთიანად არ დაგემსხვრეს მისი ხელშეუხბელი ხატი! - ისევ სარკასტულად ეცინებოდა ანდრეას.
-რა თქვი?! - მაშინვე გაჩერდა ეკატერინე და შებრუნდა. - გგონია, დათუნას რამე ისეთი ექნებოდა ცხოვრებაში გაკეთებული, რაც ჩემს თვალში მას დააკნინებს?!
-ვერასდროს გაიგებ, თუ გაიქცევი და ეს ეჭვი ცხოვრების ბოლომდე არ მოგასვენებს. - მხრები აიჩეჩა ანდრეამ და გაიღიმა.
-თუ ჩვენთან დარჩებით, გპირდებით, რომ ჯერ თქვენი საქმროს მკვლელობას გამოვიძიებთ, დაგარწმუნებთ ჩვენი მოტივების სისწორეში და შემდეგ შევუდგებით მთავარი საქმის გამოძიებას. - დაურთო თოიძემ ახვლედიანის ნათქვამს, რადგან ხედავდა - ეკატერინე ყოყმანობდა.
-და თქვენ გინდათ, რომ მე ეს საქმე იმ ადამიანთან ერთად გამოვიძიო, რომელსაც მკვლელად მივიჩნევ?! - მცირე ხნიანი დუმილის და ყოყმანის შემდეგ თქვა ეკატერინემ.
-ნუ ღელავ, ყველაფერი რომ მორჩება, ბოდიშის მოხდას არ გთხოვ! - დივანზე კომფორტულად მოთავსდა ანდრეა; იგრძნო - ჯაყელი რჩებოდა.
ეკატერინე ისევ გაჩუმდა. ერთ ადგილას ქანაობდა, გამწარებული და ჩაწითლებულ თვალებით რიგ-რიგობით აკვირდებოდა ახვლედიან-თოიძის დუეტს.
-ამ ადამიანთან ზედმეტი კონტაქტი არ მექნება, მხოლოდ საქმიანი. მისი ზედმეტი რეპლიკა, შემოხედვა ანდაც შეხება და წავალ! - ბოლოს მაინც შებრუნდა ოთახში ეკატერინე და ჩანთა მაგიდაზე დადო.
-გულს მტკენ! მეგონა საუკეთესო მეგობრები გავხდებოდით და საღამოობით შეყვარებულებზე ვიჭორავებდით ფინჯან ყავასთან ერთად.
-ანდრეა, გეყოფა! - ბავშივით დატუქსა თოიძემ ახვლედიანი და ეკატერინეს მიუბრუნდა. - თანახმა ვარ!
-კარგი, ჯანდაბას, ხმას არ ამოვიღებ ხოლმე! - გაეცინა ახვლედიანს და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
-თუ შევატყობ, რომ საქმე გაჯანჯლდა და ბოლო არ უჩანს, დაგტოვებთ.
-ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე რაც შეიძლება მალე გავხსნათ. გარწმუნებთ!
-ჩემი თავი მძულს ამას რომ ვამბობ, მაგრამ მზად ვარ ჩემი საქმროს მკვლელობის გამოსაძიებლად თქვენთან ვითანამშრომლო.
-არ ინანებთ, ეკატერინე, მერწმუნეთ! - გაეღიმა თოიძეს.
-შესანიშნავი სამეული შეიკრა! თბილისის კრიმინალებს უნდა ეშინოდეს ჩვენი ტრიუმვირატის! - ჩაეცინა ანდრეას და ჯერ თოიძეს, ხოლო შემდეგ ჯაყელს გადახედა, რომელიც მტრულად უმზერდა.
დაძაბული სიჩუმე, რომელიც ანდრეას სიტყვების შემდეგ ჩამოწვა ოთახში, თოიძის მობილურზე შემოსულმა ზარმა გაფანტა.
-ჩემი თანაშემწე მირეკავს და აუცილებლად უნდა ვუპასუხო. ახალ საქმესთან დაკავშირებული დეტალები აქვს სათქმელი. სამზარეულოში გავალ და იმედი მაქვს, უკან დაბრუნებულს, დაჭმულები არ დამხვდებით. - ბოლო სიტყვებზე ორივეს გადახედა გამომძიებელმა და ოთახი დატოვა.

დარჩნენ ოთახში ორნი - ეკატერინე ჯაყელი და ანდრეა ახვლედიანი. ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ. ჯაყელი მტრულად უმზერდა წინ მჯდომს, სამაგიეროდ ახვლედიანი იღიმოდა ბედნიერი ბავშივით.
-ისე, წარმოიდგინე ახლა, შენს ძმებს რომ წარმოდგენა ჰქონდეთ, სად ხარ და ვისთან ერთად, რა დაემართებოდათ! შენი დის ამბავმა თუ არ გაუხეთქათ გულები, შენ ნამდვილად დამართებდი ინფარქტს! - გამხიარულდა ახვლედიანი და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-შენთვის სასაცილოა, არა, ეს ყველაფერი?! მარტო თამაში გინდა და გართობა. - ზიზღით უყურებდა ეკატერინე მამაკაცს.
-არ მესმის, რა არის მაგაში ცუდი. - ჩაეცინა ახვლედიანს.
-როგორ შეგიძლია, ერთდროულად იყო ასეთი ცივსისხლიანი მკვლელი და ამჩემფეხება ცინიკოსი?!
-რა არის მაგაში რთული?
-ადამიანი მოკალი! რა მნიშვნელობა აქვს, იმსახურებდა თუ არა? ახალგაზრდა ბიჭი მოკალი, რომელსაც ოჯახი ჰყავდა: მამა, ძმა, საცოლე, ბიძაშვილები და შენ ის ყველას წაგვართვი. რამდენიც არ უნდა იმეორო, რომ ნიკუშა სიკვდილს იმსახურებდა, გულის სიღრმეში მაინც არ გაწუხებს ხოლმე სინდისის ქენჯნა?
-დედ-მამა, და-ძმა, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მეგობრები იმ გოგოსაც ჰყავდა, რომელზეც შენი ბიძაშვილი ცდილობდა ძალის ხმარებას. - იყო ძალიან მშვიდი და უემოციო პასუხი ანდრეას მხრიდან. - ნუ ცდილობ სინდისზე ამაგდო და შენი არაკაცი ბიძაშვილი შემაცოდო, ეკატერინე, არ გამოგივა! - თავი წამოსწია ანდრეამ და თვალი-თვალში გაუყარა ჯაყელს.
-იცი, რა არის განსხვავება შენსა და ჩემს „არაკაც ბიძაშვილს“ შორის? - ნიკუშა მკვდარია, შენ კი - მკვლელი. - არც ეკატერინეს აურიდებია მზერა ახვლედიანისთვის.
-როცა ეგ ფაქტი შემაწუხებს, აუცილებლად დაგიკავშირდები და კარგი ფსიქოლოგი მირჩიე. - ჩაეცინა ანდრეას და წამოდგა, რათა ოთახში გაეარ-გამოეარა.
-როგორ შეგიძლია იყო ასეთი გულქვა?! შენც ხომ გყავს ოჯახი და მეგობრები? არ შეიძლება ასე უბრალოდ ყველაფერი ფეხებზე გეკიდოს! არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია.
-ორი წუთის წინ მოკვლას მიპირებდი, ახლა კი მორალს მიკითხავ და ჩემს ფსიქოანალიზს ცდილობ? - ისევ გაეცინა მამაკაცს.
-შეშინებული ბიჭუნა ხარ! - დასკვნასავით ჟღერდა ჯაყელის სიტყვები. ანდრეას თვალები გაუფართოვდა მოულოდნელობისგან. - ჰო, მაგ შენი ცინიზმის უკან შეშინებულ პატარა ბიჭს მალავ! - ახვლედიანის რეაქციით გაგულისებულმა, ცეცხლს ნავთი დაასხა ეკატერინემ.
-პირად ფსიქოლოგად როცა დაგნიშნავ, მაშინ დაკავდი ჩემი შესწავლით. ისე კი, არამგონია ბიძაშვილის მკვლელზე ამდენი დროის ხარჯვა ღირდეს! - ბრაზი და გაკვირვება არ შეიმჩნია ახვლედიანმა და ჩვეული ცინიზმით მიმართა გოგონას.
-მაპატიეთ, მაგრამ მე უნდა წავიდე, მნიშვნელოვანი საქმეა და ვერ გადავდებ. - ლაპარაკით შევიდა ოთახში თოიძე და ჯერ ანდრეას, ხოლო შემდეგ ეკატერინეს დააკვირდა. - ყვირილის და დავი-დარაბის ხმა რომ არ მესმოდა, ეს უკვე კარგია. - ჩაეცინა თავისივე სიტყვებზე ბოლოს.
-შემდეგი შეხვედრა როდის გვექნება? ან ახლა რას დამავალებთ? - წამოდგა ეკატერინე.
-მინდა, რომ ლევან ნაკაშიძეზე გაარკვიოთ რაც შეიძლება ბევრი რამ. დათუნას ბავშობის მეგობრებს გამოკითხეთ ან ოჯახისწევრებს, ეს ხომ შეგიძლიათ?
-მისი ყველა მეგობარი მოსკოვში ცხოვრობს. ოჯახიდან კი მხოლოდ დედა ყავს, რომელიც ასევე მოსკოვში ცხოვრობს. ერთადერთი მეგობარი, რომელიც აქ ჰყავს, გეგაა.
-გეგა მიქაბერიძე?
-დიახ, ჩვენი ოჯახის მეგობარი.
-ძალიან კარგი, მაშინ სწორედ მას გაესაუბრეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დასტყუოთ.
-გასაგებია...
-ბატონო გამომძიებელო, რას გადაეკიდეთ ამ ნაკაშიძეს? ხომ თქვით, რომ მკვდარია, იქნებ არც ღირს მასზე ასე ჩაციკვლა?! - სასხვათაშორისოდ ჩაერია საუბარში ანდრეა.
-და იქნებ ღირს?! - ღიმილით მიუბრუნდა თოიძე ახვლედიანს და მოჭუტული თვალებით დააკვირდა.
-ჰო, რავიცი, როგორც თქვენ იტყვით. - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
-შეიძლება წავიდე? უკვე სული მეხუთება ამ ადამიანთან ერთ ოთახში ყოფნით! - ეკატერინემ მიმართა თოიძეს, ანდრეას გაეღიმა.
-დიახ, დიახ, მიბრძანდით. თუ რამეს გაარკვევთ, რა თქმა უნდა, მირეკავთ.
-კარგად იყავით, ბატონო გიორგი. - დაემშვიდობა გოგონა დეტექტივს და წასასვლელად შებრუნდა.
-კარგად იყავი, ეკატერინე, მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა! - მიაძახა ანდრეამ ღიმილით, თუმცა გოგონა მის პროვოკაციას აღარ აჰყოლია და მშვიდად დატოვა სახლი. - მეც წავალ, ძალიან დამღალა ამ დღემ, თანაც სახე მეწვის და უნდა მივხედო. - დაიმანჭა ანდრეა, როცა დაპორჭყნილი სახე გაახსენდა.
-ხომ ხვდებით, რომ თქვენი ირონია უადგილოა? გავიწყდებათ, რა არის თქვენი მიზანი? ყველას უნდა ეგონოს, რომ ეკატერინეს თავი შეაყვარეთ! როგორ მოხდება ეს, თუ უფრო შეაძულებთ ჯაყელს თავს?! ცოტა გონებას მოუხმეთ, ანდრეა. ცინიზმი გვერდზე გადადეთ და თავი დაუხარეთ; სხვანაირად არაფერი გამოგივათ, ზედმეტად ამაყია!
-ანგელოზად ვერ მოვაჩვენებ თავს. მისი ბიძაშვილის მკვლელი ვარ!
-იყავით ის, ვინც ხართ, მორჩა და გათავდა!
-დღეს რატომღაც ყველა ჩემს ფსიქოლოგობას ცდილობს... - გაეცინ ანდრეას.
-დამიჯერეთ, გამოცდილი კაცი ვარ და ვიცი. - გაეღიმა თოიძესაც. - ახლა კი წავიდეთ, თორემ მართლა დამაგვიანდება.
-წავიდეთ, წავიდეთ. - ამოიხვნეშა ახვლედიანმა და დეტექტივს კუდში მიჰყვა.

*_*_*_*

ეკატერინე რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა ქაფიანი წყლით სავსე აბაზანაში და ერთწერტილმიშტერებული, ტვინის გათიშვას ცდილობდა. გონება მხოლოდ ერთ კადრს ატრიალებდა - ირონიულღიმილაკრულ ანდრეა ახვლედიანს. ცდილობდა ყურადღება გადაეტანა; დაევიწყებინა, მაგრამ საკუთარი თავი ეზიზღებოდა, რადგან ბიძაშვილის მკვლელთან უნდა ეთანამშრომლა. საშინელ სისუსტეს გრძნობდა, უსუსურობასა და უნიათობას. იმავეს აკეთებდა, რის გამოც მარიამი მოიძულა მთელმა ოჯახმა.
-სხვა გზა არ გაქვს, ეკატერინე, გაიგე! - ისევ ნაცად ხერხს მიმართა ბოლოს და საკუთარი თავი დატუქსა. წყლისგან დანაოჭებული და გადათეთრებული ხელები თვალებზე ჩამოისვა, ამოიხვნეშა და თავი უკან გადასწია.

„ნეტავ აქ იყო დათუნა. ნეტავ შეგეძლოს ჩემი დახმარება. მინდა, რომ წინ მეჯდე და ყველა კითხვაზე მცემდე პასუხს. მაშინ ხომ არ მომიწევდა იმ მკვლელთან თანამშრომლობა? მაშინ ხომ არ შემაწუხებდა გულისრევის შეგრძნება?!
ვინ არის ლევან ნაკაშიძე? რას მიმალავდი მთელი ამ დროის განმავლობაში? არ მინდა... არ მინდა... არ მინდა ფიქრი! ჩვენ ხომ არასდროს გვქონია საიდუმლოებები? ჩვენ ხომ ყოველთვის ამით ვიყავით გამორჩეულები?! მაშინ მოდი და მიპასუხე - ვინ არის ლევან ნაკაშიძე და რა კავშირი აქვს მას შენს სიკვდილთან?!“

*_*_*_*

ანდრეა მთვარის შუქით განათებული ოთახის რაფაზე იჯდა, თავი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი და ჩაის სვამდა. ძალაუნებურად ეკატერინეს სიტყვებზე ეფიქრებოდა და შინაგანი ბრაზი ჭამდა. უცებ წამოდგა, ჭიქა რაფაზე დადგა და სააბაზანოში შევიდა. შუქი აანთო და საკუთარ ანარეკლს სარკეში დააკვირდა. თვალებიდან ნიკაპამდე დიდი წითელი ზოლები აჩნდა - ჯაყელის ნახელავი. სახე უფრო ახლოს მიუტანა სარკეს და უკეთ დააკვირდა თავის თავს.
-არანორმალური ქალი! - ჩაეცინა ცოტა ხნის შემდეგ და ნაკაწრებს თითები გადაუსვა. - მე თუ შეშინებული პატარა ბიჭუნა ვარ, შენც ძალიან მალე გახდები შეშინებული პატარა გოგონა. ამის პირობას გაძლევ, ჯაყელების ალქაჯო ქალბატონო! ისე შეგიყვარდები, გასვიანის სახელს საერთოდ დაივიწყებ... - თავისი სიტყვებით კმაყოფილმა, საკუთარ თავს გაუღიმა სარკეში, შუქი ჩააქრო და საძინებელში გადაინაცვლა.

*_*_*_*

ეკატერინეს ალბათ სულ ორი საათი არ ეძინა გადაბმულად. მის ტვინში იმდენი რამ იხარშებოდა, ძილისთვის ვერაფრით იცლიდა გონება. მთელი ღამის განმავლობაში ალბათ ათასმა გვარმა მაინც გაიელვა მის თავში, მაგრამ ყველაზე საშიში მაინც ნაკაშიძე იყო მისთვის. ლევან ნაკაშიძე... სრულიად ბუნდოვანი და უცხო. მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის სიკვდილთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული. რა მოხდა დათუნას წარსულში და რამ გამოაქცია თბილისში? - ამაზე ზუსტი პასუხი მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა, თბილისში და ეს ადამიანი გეგა მიქაბერიძე იყო.
როგორც კი გათენდა და მზეც ამოიწვერა ცის კიდეზე, ჯაყელი წამოდგა ლოგინიდან და მობილური მოიმარჯვა. გეგას თავის ბინაში შეუთანხმდა შეხვედრაზე და აღტკინებულმა დაიწყო მზადება.
ძმასთან და რძალთან ერთად ისაუზმა, დაიბარა, რომ სახელოსნოში იქნებოდა, სინამდვილეში კი მიქაბერიძის სახლისკენ აიღო გეზი.

კართან დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, გეგამ მალევე გაუღო კარი და ღიმილით შეიპატიჟა შინ.
-მოდი, დაჯექი, რამეს დალევ?
-არა, არაფერს მადლობა. დიდი ხნით არ მოგაცდენ, ვიცი, რომ თელავში გეჩქარება.
-ნუ სულელობ, კატო. მითხარი, რისი თქმაც გინდა. არ მომწონს შენი სახის გამომეტყველება.
-გეგა, დათუნაზე უნდა გელაპარაკო... - დასერიოზულდა ეკატერინე, დივანზე დაჯდა და ხელების ფშვნეტას მოჰყვა.
-რა უნდა მითხრა? - არ მოეწონა გოგონას ტონი მიქაბერიძეს.
-მინდა, რომ გულწრფელი იყო ჩემთან...
-როდის მომიტყუებიხარ, კატო?
-გეგა, მე დათუნას ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცი? - ყოველგვარი შესასვლის გარეშე ჰკითხა ჯაყელმა მამაკაცს და მის რეაქციას დაელოდა. გეგა აშკარად გაოცდა, არ ელოდებოდა ასეთ კითხვას.
-რას ქვია, ყველაფერი იცი? რა არ უნდა იცოდე? - არ ესიამოვნა მიქაბერიძეს კითხვა.
-მისი მოსკოვური ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცი?
-დათუნას რა უნდა დაემალა შენთვის, კატო? რა თქმა უნდა, ყველაფერი იცი!
-მაშინ მითხარი, ვინ არის ლევან ნაკაშიძე? - მტკიცე ტონი ჰქონდა ეკატერინეს.
გეგა აშკარად შეცბა და შეშინდა - მამაკაცის სახელის ხსენებას ნამდვილად არ ელოდებოდა ეკატერინესგან.
-ეგ კაცი შენ საიდან იცი? - საგრძნობლად დაუბოხდა ხმა მამაკაცს.
-დათუნას ნათესასვი იყო, ხომ ასეა?
-ლიუდმილა ვასილევნას ნათლული იყო. ორი წლის წინ მოკლეს ციხეში, როგორც ვიცი.
-მე რატომ არ ვიცოდი მის შესახებ?
-არ იყო საჭირო და იმიტომ! დათუნა მას გამოექცა თბილისში. უკეთესი ცხოვრება უნდოდა, უკეთესი ადამიანების გარემოცვაში. საერთოდ ცდილობდა მაგ კაცთან კავშირის დავიწყებას.
-ვინ იყო ასეთი ის ნაკაშიძე?
-ყოვლად ბინძური და გახრწნილი ადამიანი, რომელიც ჭაობისკენ მიათრევდა დათუნასაც! - ზიზღით ალაპარაკდა გეგა.
-დათუნა კი აქ ჩამოვიდა მისგან თავის დასაღწევად?
-ჰო, ყველაფერი მიატოვა და აქ გადმოვიდა, ჩემთან.
-ჭაობისკენ თრევაში რას გულისხმობ? დათუნა რამე ცუდს აკეთებდა მოსკოვში? - თვალები დააწვრილა ეკატერინემ, რადგან თავის ტკივილი უტევდა ნელ-ნელა. გასვიანზე საუბარს ვერაფრით ახერხებდა შინაგანი ემოციების გარეშე.
ჯაყელის კითხვამ ნირი წაუხდინა მიქაბერიძეს. კატოს მზერა მოაშორა და სავარძელში გასწორდა - არ იცოდა რა ეპასუხა კითხვაზე.
-არ მომწონს შენი დუმილი, გეგა. - უფრო მეტად დაიძაბა გოგონა.
-კატო, ჩვენ დათუნაზე არ ვლაპარაკობთ ახლა? დათუნა გასვიანზე - ჩემს ძმაკაცზე და შენს საყვარელ მამაკაცზე. რა უნდა გაეკეთებინა დათუნას ცუდი?
-არვიცი, შენ მითხარი. - თვალები აემღვრა ჯაყელს.
-ლევან ნაკაშიძე იყო ჩხუბისთავი, აყალ-მაყალის მოყვარული და თავზეხელაღებული ადამიანი. ციხის საკანში ბევრად უფრო მეტი დრო ჰქონდა გატარებული, ვიდრე საკლასო ოთახში. ასეთ ადამიანთან ერთად იზრდებოდა დათუნა და ასეთ ადამიანთან ბრძოლა უხდებოდა ყოველდღიურად, რომ მას არ დამსგავსებოდა და მისნაირი ნაძირალა არ გამხდარიყო. აქ რომ ჩამოვიდა, ჩემთან, ისე უჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება და ისე ენატრებოდა მოსკოვი, დაბრუნებასაც ფიქრობდა. იცოდე, კატო, იქ რომ დაბრუნებულიყო, ნამდვილად ჩავარდებოდა ნაკაშიძის ხელში და მისი ბოლოც ისეთივე იქნებოდა, როგორიც იმ ნაძირალასი იყო.
-რატომ დარჩა? - თვალებზე გადაფენილი სითხის თხელი ფენიდან ნელ-ნელა იძერწებოდა ცრემლები.
-ვითომ ვერ ხვდები, არა? - ნაღვლიანად გაეღიმა გეგას. - შენ შეგხვდა.
-და... ჩემ გამო დარჩა? - ტირილი წასკდა ჯაყელს და თავი ხელებში ჩარგო.
-შენთან უბედნიერესი კაცი იყო დათუნა, ეკატერინე. - გოგონას მიუახლოვდა მიქაბერიძე და მოეხვია. - ვიცი, რომ არასდროს უნანია აქ დარჩენა.
-რომ წასულიყო იქნებ უკეთესიც ყოფილიყო?! იქნებ ახლა ცოცხალი ყოფილიყო?!
-არ გინდა ამაზე ფიქრი, კატო. საერთოდ, რატომ არ ეშვები წარსულს? საიდან გაიგე ლევან ნაკაშიძის სახელი?
-დათუნას ნივთებში სურათი ვნახე, ის და ლევანი იყვნენ ბავშვობაში. - უცებ მოიგონა ტყუილი ეკატერინემ.
-და ასე დაგაინტერესა მისმა ვინაობამ?
-მე ყველაფერი მაინტერესებს, გეგა; დათუნას ძველი ცხოვრების ყველა დეტალი. მის წარსულს მაინც შევისწავლი, თუ მომავლის შესწავლა შეუძლებელია!
-არ გინდა, კატო, დამიჯერე, რა - არ გინდა!
-აბა რა ვქნა? როგორ მოვერიო მისი აღარყოფნით გამოწვეულ უზარმაზარ ნაპრალს?
-მის გარეშე ცხოვრება ისწავლე. - თვალები აემღვრა მიქაბერიძესაც.
-შენ გამოგდის?
-არა, მაგრამ ვცდილობ.
-ძალიან რთულია... ძალიან რთულია... - თავი დახარა ეკატერინემ და აქვითინდა. გულმოკლული გეგა კი მაშინვე მოეხვია გოგონას და მანამ აწყნარებდა, სანამ საბოლოოდ არ ჩააცხრო ჯაყელის შიგნით არსებული ტკივილი.
რამდენიმე წუთი ერთმანეთზე ჩახუტებულები ისხდნენ და მათთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს მისტიროდნენ. შემდეგ ნელ-ნელა უკლო გოგონამ ტირილს და სულ მალე დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას.
-წყალი ხომ არ გინდა? - თბილად ჰკითხა მიქაბერიძემ მეგობარს და გაუღიმა.
-არა, არ მინდა. წავალ მე, აღარ მოგაცდენ, შენც წასასვლელი ხარ. - თვალები შეიმშრალა ჯაყელმა და წამოდგა.
-შენთვის სულ მცალია, კატო, ხომ იცი? ნებისმიერ დროს მოდი და დამელაპარაკე, სულ მზად ვარ ამისთვის.
-მადლობა. აბა კარგად იყავი, ნაყოფიერ მუშაობას გისურვებ კახეთში. - რკინის კარი გააღო ეკატერინემ.
-კატო. - თითქმის გასული მოაბრუნა გეგამ. - დათუნას წარსულს შეეშვი, რა. დამიჯერე, კარგს ვერაფერს მოიგებ მაგით. - თხოვნაზე მეტად, მოთხოვნა ჟღერდა მამაკაცის ხმაში.
-ნუ ღელავ, გეგა, მეც ვხვდები უკვე მაგას. - ეჭვნარევად გაუღიმა ჯაყელმა მეგობარს და კიბეებზე დაეშვა.

გარეთ გამოსული ეკატერინე მარტის დილის სუსხმა შეაწუხა და ქურთუკის სხეულზე უფრო მჭიდროდ მიკვრა აიძულა. იმდენად იყო ემოციებისგან დაცლილი და უძილობისგან დაღლილი, მხოლოდ სახლში მისვლა და თავის ოთახში ჩაკეტვა უნდოდა. გონებით უკვე ასეც იქცეოდა; წარმოიდგენდა, როგორ მიიღებდა ცხელ შხაპს, გათავისუფლდებოდა ფიქრებისგან და განიტვირთებოდა, მაგრამ მისი წარმოსახვითი აზრები მანქანის მსუბუქმა სიგნალმა დაარღვია.
ეკატერინე მაშინვე გამოფხიზლდა და ირგვლივ მიმოიხედა. მისგან ათიოდე მეტრის მოშორებით, ქუჩის კუთხეში, შავი და დაბურულმინებიანი მანქანა იდგა. გაკვირვებული ჯაყელი მაშინვე მიუახლოვდა მანქანას და კინაღამ გაგიჟდა, როცა ძლივს-ძლივობით, მაგრამ მაინც გაარჩია მძღოლის სახე, რომელშიც ანდრეა ახვლედიანი ამოიცნო.
რამდენიმე წამის განმავლობაში შოკში მყოფი ეკატერინე გაშტერებული მისჩერებოდა ფანჯრის მინას, რომელზეც ბუნდოვნად ირეკლებოდა ახვლედიანის ღიმილი. ბოლოს ისევ მან ჩამოსწია ფანჯარა და ირონიულად მიმართა გოგონას:
-ჰო, უფრო დიდხანს იდექი მანდ ასე გაშტერებული, იქნებ ბოლო-ბოლო შეგვამჩნიოს ვინმემ. - თქვა და ცალყბად გაიღიმა.
-როგორ ბედავ?! - ძლივს ამოიღო ხმა ჯაყელმა.
-რა? ახლა მაინც რა ვთქვი?!
-როგორ ბედავ აქ მოსვლას?! გეგამ რომ დაგინახოს იცი, რა მოხდება საერთოდ?! - ნელ-ნელა ბრაზდებოდა გოგონა.
-თუ დროზე არ ჩაჯდები მანქანაში, ალბათ დაგვინახავს კიდეც! - გაეცინა მამაკაცს. ეკატერინემ სწრაფად გამოგლიჯა მანქანის კარი და გვერდით მიუჯდა ანდრეას, ამ უკანასკნელმაც მაშინვე ასწია შუშა.
-რა ჯანდაბას აკეთებ აქ?! დღისით და მზისით გინდა ვინმემ დაგვინახოს, არა?! - მაშინვე ჩხუბზე გადავიდა ეკატერინე.
-ამ მანქანას დაბურული მინები ზუსტად იმიტომ აქვს, ქალბატონო ეკატერინე, რომ ვერავინ შეგვამჩნიოს. - თავდაჯერებულ და ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა სახიდან ახვლედიანი.
-შენი სულივით ბნელი მანქანა გყავს, ხო? - ზიზღით ჩაეცინა ჯაყელს.
-თუ დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ ეს მანქანა მე კი არა, შენს სიძეს ეკუთვნის.
-ვის?!
-შენს სიძეს, სიძეს; იოანეს, რა. - უდარდელად წამოიძახა ანდრეამ და გამომწვევად გაუღიმა გვერდით მჯდომს.
ეკატერინეს ბრაზისგან ჭარხლისფერი დაედო სახეზე. იარაღი რომ ჰქონოდა, ალბათ დაუფიქრებლად დაახლიდა ტყვიას შუბლში ახვლედიანს.
-ახლა კარგად მომისმინე, შე ნაძირალავ, ეგ შენი მეგობარია, ძმა თუ ძმაკაცი, მეორედ ჩემი თანდასწრებით აღარ ახსენო და გირჩევ, საერთოდ მოეშვა ჩემს ნერვებზე თამაშს, თორემ დამიჯერე, ჩემისთანა გამწარებული ქალისგან კარგს არაფერს უნდა ელოდოს კაცი!
-ღმერთო, ვიღაც საშინელ ხასიათზეა! - თვალები გაუფართოვდა ანდრეას და ჩაიცინა. - რაო, რა გითხრა ამისთანა შენმა გეგამ? მოგიყვა ზღაპრები?
-მოკეტე! ვერ ვხვდები, შენ რატომ უნდა გაბარო ანგარიში.
-შეგახსენო? - მე და შენ ამ საქმეს ერთად ვიძიებთ.
-შენი დახმარება არ მჭირდება! როგორმე თავადაც გავართმევ საქმეს თავს.
-ხო, რა თქმა უნდა, შენ ხომ ბავშვობიდან მკვლელობების გამოძიებით იყავი დაკავებული, სკოლის მერე! - ირონიულად ჩაეცინა ანდრეას.
-შენ ძალიან გამოცდილი ხარ მაგ საკითხში, ხომ? ა, არა, გამახსენდა - შენ მკვლელობის გამოძიებაში კი არა, მკვლელობაში ხარ ძალიან გამოცდილი! - არც ეკატერინემ დააკლო ირონია და ზიზღი ნათქვამს.
-მე ცუდ ბიჭებთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს, ძვირფასო. - ტუჩის კუთხე ჩატეხა ახვლედიანმა.
-გული მერევა შენზე, იცი? - თვალები დაუწვრილდა ჯაყელს.
-შემიძლია პაკეტი მოგცე, ახალთახალ სალონს ნუ დამისვრი, ძალიან გთხოვ.
-ღმერთო, რა საშინელი ხარ!
-კარგი, რამე ახალი მითხარი ახლა. კითხვას გაგიმეორებ - რა გითხრა გეგამ?
-არაფერი...
-ეკატერინე, მოვრჩეთ ბავშვობას, მართლა მიპასუხე!
-მართლა არაფერი უთქვამს! მხოლოდ ის, რაც ვიცოდი.
-ანუ?
-რა ანუ? ანუ ის, რომ დათუნა აქ ნაკაშიძეს გამოექცა და რომ ის ვიღაც ნაკაშიძე საშინელი ადამიანი იყო.
-სხვა არაფერი უთქვამს? - უჩვეულოდ დაინტერესებული იყო ანდრეა.
-შენ რა იყო, რა ძალიან გაინტერესებს ყველაფერი?! თოიძე აქ არ არის და თამაში არ გჭირდება!
-თოიძე რა შუაშია? - უკან დაიხია ახვლედიანმა. - მაინტერესებს უბრალოდ.
-სხვა არაფერი უთქვამს, მასთან მოსვლას აზრი არ ჰქონდა.
-რატომ მგონია, რომ რაღაცას ეჭვობ და არ მეუბნები? - სახეზე უკეთ დააკვირდა ანდრეა ეკატერინეს.
-კი, ვვეჭვობ, რომ ეს გამოძიება სისულელეა და რომ შენმა ოჯახმა მოკლა დათუნა. კიდევ რამის ცოდნა გინდა? - ცინიკურად გაუღიმა ეკატერინემ მამაკაცს.
-არა, ეგ თავისთავად, მაგაზე არ გეკითხები. ისედაც ვიცი, სულ, რომ მართლა ვიპოვნოთ დათუჩას მკვლელი, შენთვის მაინც მე დავრჩები დამნაშავედ. ახლა მითხარი, მართლა რა ეჭვი გაწუხებს და არ ამბობ?
ეკატერინე რამდენიმე წამით გაჩუმდა და უკეთ დააკვირდა უდანაშაულო ღიმილით მომზირალ ანდრეას. - მგონია, რომ გეგამ რაღაც იცის და არ მეუბნება. - ბოლოს მაინც გადაწყვიტა თქმა და მზერა მოარიდა მამაკაცს.
-რა უნდა იცოდეს და არ ამბობდეს? - დაინტერესდა ანდრეა.
-არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ნაკაშიძის სახელის ხსენება არ მოეწონა. წამოსვლისას გარკვევით გამაფრთხილა, დათუნას წარსულში ქექვას შეეშვიო. არ უნდა, რომ რაღაც ვიპნოვო.
-ასეთს რას უნდა მალავდეს ეგ შენი დათუნია? - ჰა, ჰა, გრანდიოზული ცათამბრჯენის საიდუმლო ნახაზები ჰქონოდა. - ირონიულად ჩაეცინა ახვლედიანს და ფანჯრიდან გაიხედა გარემოს შესამოწმებლად.
-შენთვის არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქვეყანაზე, არა? - თავი გააქნია ეკატერინემ.
-როგორ არა! დედა, ვისკი და ვაშლის ჯემი! - გაუღიმა ანდრეამ გოგონას, მაგრამ როცა საპასუხოდ მხოლოდ ზიზღნარევი მზერა მიიღო, დაამატა: - კარგი, ხანდახან, ქლიავის ჯემსაც ვეტანები!
-ამაზრზენი ხარ! - წამოიყვირა ჯაყელმა და კარი გააღო, რათა მანქანიდან გადასულიყო.
-თოიძეს მე დავურეკავ და ვეტყვი, რაც მოხდა. შენ აღარ შეწუხდე. დღეს ან ხვალ შეიძლება შეხვედრა მოგვიწიოს და იცოდე, არაფერი დაგეგმო. - ძრავა ჩართო ანდრეამ, ხელი დაუქნია მანქანიდან გადასულ კატოს და სწრაფად მოსცილდა ადგილს.

*_*_*_*

ეკატერინესთან დამშვიდობების შემდეგ, ანდრეამ ჯერ თოიძეს დაურეკა და ყველაფერი უამბო, შემდეგ კი იოანეს და ამცნო, რომ სამსახურში არ მივიდოდა. ორი დღე იყო, რაც დედა არ ენახა და შინაგან დისკომფორტს გრძნობდა.
სახლისკენ მიმავალი ბილიკი ღიღინით გაიარა და, როგორც ჩვეოდა, ხმაურიანად დააკაკუნა სახლის კარზე. უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო. ერთ ადგილზე ცეკვავდა და მღეროდა, სანამ კარი გაიღო და მარიამი დაინახა ზღურბლზე.
-უი. - მაშინვე გაჩერდა ახვლედიანი და სასაცილოდ შეიცხადა ჯაყელის დანახვა. - აღარც კი მახსოვდა, რომ ამ სახლის დიასახლისი უკვე შენ ხარ. - გულწრფელად გაეცინა ანდრეას, საპასუხოდ კი ვერაფერი მიიღო უემოციო მზერის გარდა.
-იოანე სახლში არ არის. - კარს მოსცილდა მარიამი და შიგნით შეუშვა მამაკაცი.
-ვიცი. ჩემი უფროსი ახლა სამსახურშია. წესით, მეც მასთან ერთად უნდა ვიყო, მაგრამ ვზარმაცობ. - მხრები აიჩეჩა ახვლედიანმა და გაიღიმა.
მარიამს ძალიან უცნაურად ეჩვენებოდა ანდრეას ასეთი უშუალო ქცევა და მხიარული ტონი. მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო, ასეთი ანდრეა, მაგრამ მაინც არაფერს იმჩნევდა. არ ტყდებოდა და ხასიათის სიმტკიცეს ავლენდა მასთან.
-დედაჩემი თავის ოთახშია?
-ბაღში ჰყავს ნანას გაყვანილი, აჭმევს. - სასხვათაშორისოდ უპასუხა გოგონამ და მისაღები ოთახისკენ გაემართა.
-ისე, მარიამ. - უცებ დაუძახა ანდრეამ ჯაყელს და მოაბრუნა. - არვიცი, გითხრა თუ არა იოანემ, მაგრამ მე მაინც გეტყვი - დედაჩემი თქვენთან ცოტახნით ცხოვრობს. უბრალოდ, ახლა ისეთი პერიოდი მაქვს...
-რატომ მიხსნი? - გაკვირვებით ჩაეცინა მარიამს. - ჯერესერთიც, ეგ შენი და იოანეს საქმეა და მე არ ვერევი; მერე მეორეც, ქალბატონი ნინო საერთოდ არ მიშლის მე ხელს. მე მაინც იშვიათად ვარ სახლში; ან უნივერსიტეტში მიწევს ყოფნა ან კლინიკაში. დედაშენი სულაც არ მიშლის ხელს. - უემოციო ტონით აუხსნა ყველაფერი მარიამმა მამაკაცს და გასცილდა. ანდრეამ თვალი გააყოლა მიმავალს და ჩაეცინა: - დილიდან ჯერ ერთი ჯაყელი, ახლა მეორე. ღმერთო, ჩემი გვარის წარმომადგენელი მომენატრა! - ამოიხვნეშა და ბაღისკენ აიღო გეზი.

ქალბატონი ნინო და მისი განუყრელი მსახური მართლაც ეზოში იხდნენ. ნანას თეფში მოემარჯვებინა ხელში და , თუ მისი ქალბატონის სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებდით, უშედეგოდ ცდილობდა მისთვის ეჭმია.
-შუადღე მშვიდობისა, ლამაზო ქალბატონებო! - ღიმილით მიუახლოვდა ანდრეა ეზოში მყოფთ და დედის წინ ჩაიმუხლა. - როგორ ხარ, დე? - ფართოდ გაუღიმა დედას და მუხლებზე დაუსვა ხელები. ქალს შესამჩნევად შეეცვალა სახე; შვილის ხმაზე აშკარად რეაგირებდა.
-ეს ორი დღე აშკარად მოაკლდა შენი ყურადღება, ანდრეა. აღარც ჭამს, წამლებზეც მეურჩება, გუშინ ცოტა წნევებმაც შეაწუხეს.
-ექიმს ხომ არ დავურეკო? - არ მოეწონა ნანას ნათქვამი ახვლედიანს.
-რავიცი, შვილო, რას გეტყვის ის ექიმი ახალს? - ამოიხვნეშა ნანამ.
-დედა, მე ვარ, ანდრეა, ხომ მიცანი? - ნინოს მიუბრუნდა ანდრეა და ისე გაუცინა, როგორც ბავშობაში უცინოდა ხოლმე, როცა შოკოლადს თხოვდა. ნინომ თავი დახარა და უკეთ დააკვირდა ვაჟიშვილს. დიდხანს უყურა თვალებში და ბოლოს, როგორც იქნა, გაუღიმა. ორივე ხელი წამოსწია და სახეზე მოხვია მამაკაცს.
-ანდრეა... ჩემი ანდრეა... მალე მოვა? - ჰკითხა აწყლიანებული თვალებით მის წინ ჩამუხლულ შვილს.
-მე ვარ, დე, ისევ ვერ მცნობ? - გული ეტკინა ახვლედიანს.
-ჩემი შვილი... ჩემი ანდრეა ძალიან კარგი ბიჭია. მას არავინ მოუკლავს, არავინ! - ტყუპი ცრემლი ჩამოუგორდა ქალს ლოყებზე და გაყინული ხელები მოაშორა მამაკაცს.
ანდრეამ ჩხვლეტა იგრძნო გულის არეში და თავი დედას ჩაუდო კალთაში. სიმწრისგან კბილები ერთმანეთს დააჭირა და ყბის კუნთი აათამაშა.
-ანდრეა, შვილო, მე წავალ და წამალს მოვუტან დედაშენს, მანამდე იქნებ რამდენიმე ლუკმა აჭამო. - ფრთხილად დაადო ზურგზე ხელი ნანამ ახვლედიანს და როგორც კი მისგან თავის ქნევა მიიღო, პასუხად, დედა-შვილს ჩამოსცილდა.
-რა იქნებოდა, შენი ანდრეა მართლაც ისეთი კარგი ბიჭი რომ იყოს, როგორიც შენ გწამს, ჰა, დედი? - ქვევიდან ახედა ახვლედიანმა დედას და ოდნავ გაუღიმა. - მოდი, შევჭამოთ ცოტა, წამალი გვაქვს დასალევი. - წამოიწია და წვნიანით სავსე თეფშს მოკიდა ხელი.
-არ მინდა! - გაურჩდა ნინო და თავი სხვა მხარეს გაატრიალა.
-ანდრეას ხათრით? შენი ბიჭის ხათრით ჭამე. - კოვზი პირთან მიუტანა ანდრეამ ქალს. ნინომ ისევ დიდხანს უყურა შვილს თვალებში და ბოლოს ოდნავ გააღო პირი. - კარგი გოგო ხარ! - გაეღიმა გახარებულ ახვლედიანს.

რამდენიმე ლუკმის შემდეგ ნინო ისევ გაურჩდა და არარას დიდებით ჩაიდო ლუკმა პირში. ანდრეაც დანებდა და აღარ დააძალა დედას ჭამა. წამოდგა, რათა თეფში იქვე, მაგიდაზე დაედო, როცა შემთხვევით შენიშნა მეორე სართულის საძინებელი ოთახის ფანჯრიდან ქურდულად მომზირალი მარიამი. ანდრეას ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. თეფში დადო და დედას მიუჯდა გვერდით.
-მოდი, დაველოდოთ ნანას და წამალი დავლიოთ, ხო? - ხელი მოხვია ქალს და ფეხი ფეხზე გადაიდო. ნინომ დამფრთხალი თვალებით შეხედა გვერდით მჯდომს, მაგრამ როგორც კი მისი ღიმილი დაინახა, დამშვიდდა. ქვეცნობიერად ენდობოდა ქალი შვილს და სწორედ ამას ებღაუჭებოდა ანდრეა მთელი ძალით. - სად დაიკარგა ეს ქალი აქამდე, რა ვერ მოიტანა ეს წამალი?! - მცირე ხნიანი ლოდინის შემდეგ წამოდგა ანდრეა და სამზარეულოსკენ გაიხედა, როცა მისდა გასაოცრად ბაღისკენ მომავალი ალექსანდრე შენიშნა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა დედას და ძმას და წამალი გაუწოდა ანდრეას.
-დიდი სიურპრიზია შენი აქ ხილვა. რამ შეგაწუხათ? - ირონიულად ჩაეცინა ანდრეას და წამალი გამოართვა ძმას.
-შენ წარმოიდგინე და, დედის სანახავად მოვედი. - არც ალექსანდრეს დავიწყებია ირონია. - როგორ ხარ, დე? - დედასთან ჩაიმუხლა სანდრო და ხელზე ხელი დაადო. ნინო მაშინვე შეხტა, შეშინებული და უმცროსი შვილი თავიდან მოიცილა.
-ბოლო ორი დღეა, უარესადაა; უფრო მწვავედ რეაგირებს კონტაქტზე. - აუხსნა დედის მდგომარეობა უფროსმა ახვლედიანმა უმცროსს.
-მერე ექიმს დაურეკეთ? - წამოდგა ალექსანდრე.
-რისთვის?
-რას ქვია, რისთვის? იქნებ წამალი აღარ შველის ან კლინიკაში დაწოლა სჭირდება.
-კლინიკაში დაწოლა არ სჭირდება!
-შენ რა იცი? სხვათაშორის იწვა უკვე კლინიკაში.
-ჰო, ვიცი. ნანამ მითხრა, რომ კლინიკაში უარესად გახდა იმიტომ, რომ სათანადო ყურადღებას ვერ იღებდა. დედაჩემს კი ერთადერთი რაც სჭირდება, მუდმივი ყურადღება და სითბოა.
-ყოვლისმცოდნე ანდრეა! - ირონიულად გაეღიმა ძმის შემყურე სანდროს.
-ცოდნა არ სჭირდება მაგას. ნანასთან თავს კარგად გრძნობს და ენდობა იმიტომ, რომ ყოველდღე ურთიერთობს მასთან. მე შენზე მეტად მენდობა, რადგან უფრო ხშირად მხედავს. აი, ირაკლი რომ მოუყვანო, ალბათ შეტევა დაემართება! - მშვიდი ღიმილით აუხსნა უმცროს ძმას მდგომარეობა ანდრეამ და დედას წამალი დაალევინა.
-კარგი, რადგან ყველაფერზე გაქვს პასუხი, ახლა ის მითხარი, როდის დაბრუნდებით წყნეთის სახლში?!
-წყნეთის სახლში არ დავბრუნდებით.
-აბა აქ აპირებ დედაჩემის დატოვებას? სახლში, რომლის დიასახლისიც ჯაყელია? სულ გამოშტერდი, არა?!
-ვერ გავიგე, შენ რა გაწუხებს? - ჩაეცინა ანდრეას. - როგორმე თავად მოვაგვარებ მაგ პრობლემას. შენ შენს ცოლს მიხედე. მართლა, როგორ გყავს? იმედია, ბედნიერია შენთან ერთად...
-ძალიან ბედნიერია! - ნიშნისმოგებით თქვა სანდრომ და დოინჯი შემოირტყა.
-ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია?!
-შენი სულელური ბრალდებები მხოლოდ ბრალდებებად დარჩა, თუ გაინტერესებს!
-ჰო, ვხედავ. იმდენად შეიცვალე, რომ დღის საათებში, კომპანიის მაგივრად, დედასთან ხარ. ღმერთო! ირაკლიმ იცის? - შეიცხადა ახვლედიანმა და ცალი ხელი პირზე აიფარა.
-რა ცინიკოსი ხარ, ანდრეა, რა გეშველება?! - თავის ქნევით ჩაეცინა უმცროს ახვლედიანს.
-არვიცი, არვიცი... მეც დღე და ღამე მაგაზე ვღელავ!
-ნეტავ როდის მოგბეზრდება ეს მეამბოხე ბიჭის როლი?
-რავიცი, ჯერ-ჯერობით ვხალისობ! რომ მომბეზრდება, შენ დაგირეკო თუ ჩვენს მამიკოს? - თამაშს აგრძელებდა ანდრეა.
-ძალიან სასაცილოა! გინდა ჯაყელის თვალწინ ვიკამათოთ, არა? - ხმა დაიდაბლა ალექსანდრემ და ძმას ორი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-ნუ ღელავ, ოჯახმა ზურგი აქცია და ვერ იჯაშუშებს. - გაუღიმა ახვლედიანმა ძმას.
-იოანესთან, სამსახურში, რას აკეთებ? ცინიკოსის კურსებს გადიხარ? - გაეცინა უმცროს ახვლედიანს.
-არა, მე თავად ვარ მასწავლებელი. გინდა, შენც მოდი? უკეთესად გასწავლი ცოლთან მოსიყვარულე ქმრის როლის თამაშს!
ალექსანდრეს გამომეტყველება შეეცვალა და ხელი კრა ძმას. - რამდენჯერ უნდა გითხრა, ჩემს ქორწინებას შეეშვითქო?! - კბილებში გამოცრა გაბრაზებულმა და კუშტი მზერა დაასო წინ მდგომს.
-დედასთვის არც ისე კარგია ასეთი სცენების ყურება. თუ რამის გარკვევა გინდა, წამოდი, სახლში შევიდეთ! - პერანგზე ხელები ჩამოისვა ანდრეამ და ძმას გაუღიმა.
-ვიცი, რომ მარიამ ჯაყელი ახლა სახლშია და გვიყურებს. გგონია, რამეს მოვიმოქმედებ?!
-ხო, დამავიწყდა, რომ ჩემი უმცროსი ძამიკო ძალიან დიპლომატია მზის შუქზე. - ხელი ჩაიქნია უფროსმა ახვლედიანმა და გაიცინა.
-ანასტასიას მაინც კითხულობ? მისი ცხოვრებით მაინც ინტერესდები? - უცებ შეცვალა სალაპარაკო თემა გაცეცხლებულმა სანდრომ.
-შენ ნუ ღელავ, მე და ანასტასიას ყველაფერი კარგად გვაქვს. ხშირად მოდის ჩემთან და ერთად დავცინით შენს საოცრად შეკრულ ჰალსტუხებს.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს! - ორივე ხელი თავზე გადაისვა ალექსანდრემ.
-მშვენიერია, ძლივს მივაღწიეთ კონსესუსს. იცი, ჯობია წახვიდე. ხომ ხვდები? ახლა ამ სახლის დიასახლისი ჯაყელია და მას შენი კი არა, ჩემი დანახვაც არ სიამოვნებს დიდად.
-რატომ? ჯერ ვერ მოხიბლე შენი საოცარი შარმით?! თუ ბიძაშვილის მკვლელს ვერანაირი შარმი მოგაწონებს?! - ცინიკურად ჩაილაპარაკა უმცროსმა ახვლედიანმა და სარკასტული ღიმილით დააჯილდოვა უფროსი ძმა.
ანდრეას გამომეტყველება შეეცვალა და წარბები შეკრა. ნაძალადევად გაიცინა ძმის „ხუმრობაზე“ და შემდეგ ღიმილით უთხრა:
-ახლა გაეთრიე აქედან!
-რა იყო? ახლა აღარ ხარ ცინიკოსობის ხასიათზე?!
-არა, ახლა ხელების ქავილის ხასიათზე ვარ და დამიჯერე - ეს კარგს არაფერს მოასწავებს!
-კარგი, წავალ, დამშვიდდი. ისედაც თათბირი მაქვს სამზე და შენ გამო ვერ დავაგვიანებ. - გაეცინა ალექსანდრეს და წასასვლელად შებრუნდა.
-ფეხს აუჩქარე, გაგაცილებ! - უკან მიჰყვა ძმას ანდრეა.

-ნანა, თუ დედაჩემს რამე გაუჭირდეს ან დასჭირდეს, დამირეკე ნებისმიერ დროს, კარგი? - სამზარეულოში ლაპარაკით შევიდა სანდრო.
-კარგი, შვილო. დაგირეკავ აუცილებლად. - თავი მორჩილად დაუქნია ნანამ მამაკაცს.
-კარგი. მაშინ წავალ ახლა მე და დაგირეკავ ხოლმე. გაცილება არ მჭირდება, აბა კარგად. - ქალს გაუღიმა უმცროსმა ახვლედიანმა, ძმასაც ბოლოჯერ შეავლო თვალი და გასასვლელისკენ გაემართა.
-სანდროს სულ ირაკლის სიარული გაუხდა, არა, შვილო? - ღიმილით გადაულაპარაკა ნანამ ანდრეას, ალექსანდრეს სამზარეულოდან გასვლის შემდეგ.
-ჰო, ნანა, დღითი-დღე უფრო მეტად ემსგავსება ჩემი ძმა ირაკლის... დღითი-დღე... - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ახვლედიანმა და უკან გაბრუნდა, ეზოში.

*_*_*_*

ეკატერინე სახლში ძალიან განერვიულებული დაბრუნდა. ანდრეა ახვლედიანთან ურთიერთობა და დათუნას წარსულის ძიება იმდენად დიდ ტკივილს აყენებდა, კანკალს და გაყინულ ხელისგულებს ვერაფრით ერეოდა.
სახლში სამარისებური სიჩუმე მეფობდა. ლუკა სამსახურში იყო, ელენეს ეძინა, მოსამსახურეები კი სამზარეულოში იყვნენ შეყუჟულები. ჯაყელმა სწრაფად აირბინა კიბეები და მანაც თავის ოთახს შეაფარა თავი.
გრძნობდა, რომ გული ეფილითებოდა; რომ რაღაც შიგნიდან ჭამდა და ამდენს ვეღარ გაუძლებდა. ყველაზე უსუსურად და მარტოსულად გრძნობდა თავს. როგორ სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც გვერდით დაუდგებოდა და საათობით მოუსმენდა მის ქვითინს, მაგრამ ნანო ამერიკაში იყო, ელენესთან კი გრძნობდა, რომ ვერ ილაპარაკებდა. რაც არ უნდა ბევრი ეუარა, დევდარიანი ახლა უკვე მისი რძალი იყო და არა დაქალი. არსებობდა თემები, რომლებზეც ძმის ცოლთან ვეღარ ილაპარაკებდა.
ახლა მისი მშველელი მხოლოდ მარიამი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი ახლა ყველაზე შორეულად ეჩვენებოდა ეკატერინეს. ყველაზე მეტად უნდოდა, რომ ამდგარიყო, დაერეკა საყვარელი დისთვის და თუნდაც მობილურში გადაეშალა გული, მაგრამ ვერ შეძლებდა. მათ შორის უზარმაზარი უფსკრული იყო გაჩენილი და ამ უფსკრულს იოანე დანელია ერქვა.
როგორ ენატრებოდა, როგორ ძლიერ ენატრებოდა თავისი მაშო, თავისი პატარა მაშიკო, რომლისთვისაც ყველაფრის მოყოლა და გაზიარება შეეძლო. მაშო, რომელიც მოუსმენდა, გაუგებდა და ანუგეშებდა. უმცროსი და, რომელიც მისი სულის დაკარგული ნაწილი იყო. ნაწილი, რომელიც ახლა ასე ეწვოდა და სტკიოდა.
მონატრების ქარიშხალმა ისე ძლიერ შემოუტია, მისი თითოეული უჯრედი მოიცვა. იმ წამს მარიამი გვერდით რომ ჰყოლოდა, ალბათ ყველაფერს ჯანდაბაში მოისვრიდა და მაგრად მოეხვეოდა, რათა შემდეგ მის მხარზე ტირილი შეძლებოდა.
ეკატერინე უცებ წამოხტა საწოლიდან, კარი გააღო და კიბეებისკენ გაიქცა. სწრაფად აირბინა საფეხურები და სხვენის კართან შეჩერდა. გრძნობდა, მოკვდებოდა ახლავე რომ არ შეხებოდა მის ნივთებს და მათი ერთობლივი ფოტოები არ დაეთვალიერებინა. ყველაფერი კი სხვენში იყო ჩაკეტილი. ლუკას მაშოს ნივთების დაწვა უნდოდა, მაგრამ ვერ გაიმეტა - სხვენში ჩაკეტა ყველაფერი.
ჯაყელმა სწრაფად გააღო კარი და ნელა შეაბიჯა ოთახში. ირგვლივ უამრავი ანტიკვარი, ბავშობის ნივთი და სურათი იდო. ოთახი გაჟღენთილი იყო მტვრის ნოსტალგიური სურნელით. ეკატერინე ნელა დაუყვა დაბალ კარადას და ორი თითით თან გაიყოლა მტვრის თხელი ფენა. ბავშვობაში მას, ლუკას, ბექას, ნიკუშას და მაშოს ყველაზე მეტად სწორედ სხვენში ამოსვლა და ძველ ნივთებთან ერთად თამაში უყვარდათ. დემეტრე ყოველთვის ბრაზობდა ამაზე, მაგრამ ბავშვები ყოველ ჯერზე უფრო მეტი ხალისით მიიპარებოდნენ ყველაზე ზემო სართულზე მდებარე ოთახისკენ.
კატო ღიმილით მიუახლოვდა ხის მაღალ და ძველისძველ კარადას, ფრთხილად გამოხსნა და სურათების დათვალიერება დაიწყო. შემდეგ რამდენიმე სკივრშიც ჩაიხედა და ყველა იმ ნივთს შეეხო, რომელიც მაშოს თავს და ბედნიერ ბავშვობას ახსენებდა.
ბოლოს ყველაზე პატარა და ყველაზე დამტვერილ კარადას მიადგა, რომელსაც იქამდე არასდროს აქცევდა ყურადღებას. ორივე კარი ერთდროულად გამოხსნა და გაკვირვებული დარჩა, როცა შიგნით მხოლოდ პატარა სკივრი დახვდა.
სკივრი იმდენად იყო დამტვერილი, მთლიანად თეთრი ფერო ედო. ეკატერინემ ხელში აიღო, კარადიდან გამოიღო და იქვე, მაგიდაზე დადო. ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და სახელდახელოდ გაწმინდა ხის მასალა. უკვე გასუფთავებულ სკივრს თავიდან დააკვირდა და გაკვირვებისგან კინაღამ თვალები გადმოსცვივდა, როცა ხეზე გარკვევით ამოტვიფრული სახელი წაიკითხა.
„თამარა“ - ეწერა სკივრს, რომელიც იმ წამს ეკატერინეს წინ, ჯაყელების სახლის სხვენის მაგიდაზე იდო.
გული აუფანცქალდა. მიხვდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიაგნო. ბევრი აღარც უფიქრია, მაშინვე დასწვდა ხის ნაკეთობას და მისი გახსნა ცადა. ბევრი ეწვალა, ძალაც გამოიყენა, თუმცა საგულდაგულოდ დალუქულს ვერაფრით ახსნა თავი. შემდეგ დაფაცურდა და მთელ ოთახში დაუწყო გასაღებს ძებნა, თუმცა მაინც ვერაფერს გახდა - გასაღები არსად ჩანდა.
აფორიაქებულმა მაშინვე დაავლო სკივრს ხელი და სწრაფად დაბრუნდა უკან, თავის ოთახში. გიორგი თოიძეს დაურეკა და ამცნო, რომ საღამოს აუცილებლად უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს. გამომძიებელსაც არ უთქვამს უარი და საღამოს დაუთქვა შეხვედრა ბინაში.

*_*_*_*

საღამოს მოლოდინში ეკატერინემ სული დალია. ოთახში მიდი-მოდიოდა და ათას ახსნას უძებნიდა მის მიერ ნაპოვნ სკივრზე ამოტვიფრფულ სახელს. ბოლოს კინაღამ გააფრინა - ფიქრისგან ტვინი უკვე ადუღებას იწყებდა.
ექვს საათზე ჯაყელი უკვე მანქანაში იჯდა და თოიძის სახლისკენ მიემართებოდა. გზადაგზა გვერდით სავარძელზე იყურებოდა და ამოწმებდა, რომ სკივრი ნამდვილად მასთან ერთად იყო. ისე ნერვიულობდა, თითქოს ხის პატარა ყუთი კი არა, მოპარული მილიონი ედო ჩანთაში. თუმცა გრძნობდა, მის ხელთ არსებულ ნივთს ახლა მილიონზე უფრო დიდი ფასი ჰქონდა.
მანქანა, როგორ ყოველთვის, ქუჩის კუთხეში გააჩერა და ფეხით მიირბინა ჭიშკრამდე. მოუსვენრად დარეკა ზარი და ერთ ადგილზე ცქმუტვით დაელოდა მასპინძლის გამოჩენას.
თოიძე უჩვეულოდ აგვიანებდა. ბოლოს იმედიც გადაეწურა და იფიქრა, რომ მასზე ადრე მივიდა დანიშნულების ადგილამდე. უკვე უკან გაბრუნებას და მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა, როცა რკინის კარი გაიღო და ზღურბლზე არც მეტი, არც ნაკლები, ანდრეა ახვლედიანი გამოჩნდა, საფირმო ღიმილით.
-შენ რა გინდა აქ?! - მოუსვენრობა სულ გადაავიწყდა ეკატერინეს და ერთიანად გაიყინა.
-თოიძემ მომცა გასაღები წინა შეხვედრისას. თავად აგვიანებს და მე მთხოვა შენი დახვედრა. - კარს მოცილდა ახვლედიანი და შიგნით შეატარა გოგონა. ეკატერინემ ცივად ჩაუარა გვერდი მამაკაცს და სახლისკენ გაემართა.
-შენ რატომ მოგცა გასაღები?!
-მე და გიორგი საყვარლები ვართ, არ უთქვამს? - ეს სახლი ჩემთვის იქირავა! - მაშინვე წაუმსახიობა ანდრეამ.
-მორჩი! - გაღიზიანდა ჯაყელი და უხეშად შეხსნა სახლის კარი. - არ უთქვამს, რამდენ ხანში მოვა?
-ძალიან გეჩქარება?
-შენი საქმე არ არის! - ქურთუკი საკიდზე დაკიდა გოგონამ და მისაღები ოთახისკენ გაემართა.
-მწყინს, რომ არ მენდობი. – მოიღუშა ანდრეა.
-მე კიდევ გული მერევა შენზე და მინდა მოშორდე, მაგრამ გიტან, ხომ ხედავ?! - დაიღალა ახვლედიანთან საუბრით ჯაყელი და სავარძელში ჩაეშვა.
-ჰო, რომ მიტან ამას მეც კარგად ვხედავ, სარკეში ჩემს სახეს როცა ვუყურებ! - ირონიულად ჩაილაპარაკა მამაკაცმა, გოგონას მიუახლოვდა და სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა, კარგი დაქალივით.
-ახლავე მომშორდი! - მაშინვე აფეთქდა ჯაყელი.
-ვზივარ, რას ვაშავებ? - გაეცინა ანდრეას და ისე ახლოს მიუჯდა კატოს, მათი ფერდები ერთმანეთს ეხებოდა.
-არ შემეხოთქო, რომ გეუბნები, არ გესმის?! - მაშინვე წამოფრინდა სავარძლიდან ეკატერინე და ზევიდან დახედა მამაკაცს.
-რომ შეგეხო, რას იზამ? - წამოდგა ახვლედიანიც, სახე ახლოს მიუტანა ეკატერინეს და გაუღიმა.
-მომშორდი და არ გამეკაროთქო! - ხელები მამაკაცის გულ-მკერდს მიაბჯინა ჯაყელმა და ზიზღით გამოცრა სიტყვები.
-შეგაშინეთ, ჯაყელების ქალბატონო?! - ცინიკურად ჩაეცინა ანდრეას.
-ჰო, ლამისაა ხელებში დაგეფერფლო, ვერ გრძნობ? - ცინიკური გაუხდა მზერა ეკატერინესაც.
-ვგრძნობ... ვგრძნობ... - ღიმილს ვერ იშორებდა მამაკაცი.
-მომშორდი-მეთქი! - ისევ გაიმკაცრა ხმა ჯაყელმა.
-თითქმის შემეშინდა. - გაეცინა ანდრეას.
-რა თავხედი ხარ!
-მხოლოდ თავხედი? - კარგი რა, რამე სხვა მითხარი - გამაკვირვე, გამაოცე! - მომართული პათოსს სარკაზმით ჟღინთავდა ახვლედიანი.
-მოდი, აქ ჩამოჯექი და ოცნებას მოჰყევი, როგორც ამბობენ - ოცნებას ჯერ კაცი არ მოუკლავს! - გამომწვევად და ოდნავ დამცინავად გაუღიმა ეკატერინემ მამაკაცს და გაეცალა.
-ნამდვილი მამაკაცის სიახლოვისას ასე ფრთხები? - ზურგსუკან გაიგო ჯაყელმა ახვლედიანის ირონიული სიცილი.
-მოიცა, მაგით რისი თქმა გინდა?! - მაშინვე წამოეგო ანკესს კატო და მიბრუნდა.
-ქარიზმატული და ნამდვილი მამაკაცი შენთვის ხომ უცხოა? - უფრო გასაგებად ახსნა ნათქვამი ანდრეამ და გამომწვევად გაუღიმა წინ მდგომს. ეკატერინეს მაშინვე აუთამაშდნენ ბრაზისგან წარბები. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, არც აცია, არც აცხელა და მოქნეული ხელი სახეში გაარტყა მამაკაცს.
-რამდენჯერ უნდა აგიკრძალო შენი ბინძური ენით დათუნას მოხსენიება?! - დაუყვირა სახეზე ერთიანად წითელმა კატომ ახვლედიანს.
-დათუნა მე არც მიხსენებია... - აწითლებულ ლოყაზე ხელი მიიდო ღიმილით ანდრეამ.
-გაჩუმდი-მეთქი! - მეორეჯერაც მოიქნია ხელი ჯაყელმა და მეორე ლოყაც აუწითლა მამაკაცს.
-ვიცოდი, რომ სიმართლე მწარე იყო, მაგრამ ასეთ მწარესაც ვერ წარმოვიდგენდი... - თავი ჩაქინდრა მამაკაცმა და ჩაიცინა.
-გინდა, წყობრიდან გამომიყვანო, არა?! მაგ შენი ბინძური პირით გინდა მომშხამო და გამანადგურო, რომ დავნებდე და ამ საქმეს შევეშვა. ვიცი, რომ ამას ცდილობ! გინდა დამიმტკიცო, რომ მაგარი ბიჭი ხარ და საერთოდ არ გადარდებს ჩემი ბიძაშვილის მკვლელის სტატუსი. თითოეული შენი გამოხედვით და მაგ შენი დამპალი ღიმილით, ჩემ დამარცხებას ცდილობ, მაგრამ იცოდე, - სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს შენი ატანა და სულ რომ ერთიანად დამანგრიოს შენმა ყურებამ, მაინც არ შევეშვები ამ საქმეს! კარგად გაიგე? - არასდროს დაგნებდები და არ მოგცემ შენი შხამით ჩემი მოწამვლის უფლებას! - ეკატერინე მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს და აღმართული საჩვენებელი თითით ცდილობდა ყოფილიყო მეტად მტკიცე. ბოლო სიტყვები წამოიყვირა, ხელი დაუშვა და გაწონასწორებული ადამიანის სახე მიიღო ისევ. მერე შებრუნდა, ისე რომ სიტყვის თქმაც არ დააცადა ანდრეას და ოთახიდან გასვლა დააპირა. - ბატონო გიორგი რომ მოვა, დამიძახე. უკან ვიქნები, ეზოში! - უკანმოუხედავად დაუბარა ანდრეას და მოხდენილი ნაბიჯებით გავიდა მისაღები ოთახიდან.
ორიველოყაამწვარი ანდრეა კი უბრალოდ იდგა გახევებული და სახეზემიყინული ღიმილით აყოლებდა თვალს გოგონას.

*_*_*_*

თოიძეს დიდი ხნით არ დაუგვიანია; ათ წუთში საკუთარი გასაღებით გააღო კარი და საქმიანად შეაბიჯა მისაღებ ოთახში.
-ეკატერინე სად არის? - მისალმების მაგივრად კითხვით მიმართა გაკვირვებულმა გამომძიებელმა სავარძელში მჯდარ ანდრეას და ოთახი მოათვალიერა.
-ჩემს შარმს ვერ გაუძლო და უკანა ეზოში გაიპარა. - ღიმილით უპასუხა ახვლედიანმა დეტექტივს.
-კიდევ რამე უთხარით? ანდრეა, ბავშვობთ! - წარბები შეკრა გიორგიმ.
-არაფერი მითქვამს. - თავი იმართლა სიცილით ანდრეამ.
-ვიცი მე თქვენი არაფერი. ხომ გთხოვეთ თავშეკავება?
-უბრალოდ ვიხუმრე რამდენჯერმე! რა ჩემი ბრალია, მას თუ იუმორის გრძნობა არ აქვს?!
-მართლა არასერიოზულად იქცევით! გავიწყდებათ, რომ ეკატერინეს გული გაქვთ მოსაგები.
-არ მავიწყდება! მე ჩემი ხერხები მაქვს...
-თქვენი ხერხები? ეკატერინეს ბიძაშვილის მკვლელობაში გედებათ ბრალი, კაცმა არ იცის, სჯერა თუ არა, რომ დათუნა თქვენ არ მოგიკლავთ, მისი ოჯახის უპირველესი მტერი ხართ და იმის მაგივრად, გულისხმიერად ექცეოდეთ, უარესად აქეზებთ! ეს არის თქვენი გეგმა?!
-უნდა ვიცოდე, რამდენად შორს შეუძლია წასვლა და რამდენად ძლიერია! - დასერიოზულდა ანდრეა და წამოდგა. - ბოლომდე უნდა გამოვიყვანო წყობრიდან, რომ მისი ყველაზე სუსტი წერტილები კარგად დავინახო!
-გგონიათ, ასე ადვილად გატეხავთ? ვერც კი ხვდებით, რამდენად ძლიერ ქალთან გვაქვს საქმე, არა? - ჩაეცინა თოიძეს.
-არა, ამას მე კი არა, თქვენ ვერ ხვდებით!
-არ მომწონს თქვენი მიდგომა... იმდენს იზამთ, ჩემს თავსაც შეაძულებთ ეკატერინეს და აქედან გააქცევთ.
-ქალებთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს, ბატონო გამომძიებელო. იქნებ უბრალოდ მენდოთ? - გაეღიმა ახვლედიანს.
-თქვენს საქმეში არ ვერევი. უბრალოდ გეუბნებით, რომ ცეცხლს ეთამაშებით.
-არ დავიწვები, ნუ ღელავთ. ჯობია, ეკატერინეს დაუძახოთ. მგონი, რაღაც მნიშვნელოვანი აქვს თქვენთვის სათქმელი.
-კარგი, წავალ, დავუძახებ. თქვენთან ლაპარაკს მაინც არ აქვს აზრი. - თავი გააქნია თოიძემ და უკანა გასასვლელისკენ გაემართა.

გამომძიებელი მალე დაბრუნდა ოთახში ჯაყელთან ერთად. ორივეს სახეზე იკითხებოდა ფორიაქი და მოუსვენრობა.
-მანახეთ, მანახეთ, ახლავე მანახეთ! - აღტკინებული იყო თოიძე.
ეკატერინემ სწრაფად მოიმარჯვა ჩანთა, გახსნა და იქიდან ფრთხილად ამოაძვრინა ხის საშუალო ზომის სკივრი.
-დარწმუნებული ხართ, რომ სხვა არაფერი იდო იმ კარადაში? - მოწიწებით გამოართვა დეტექტივმა ხის ნაკეთობა გოგონას, დააკვირდა და შემდეგ მაგიდაზე დადგა.
-ეს რა არის? რა ხდება, მე არ მეტყვით? - ვერაფერი გაეგო ანდრეას.
-სკივრს დააკვირდით, ანდრეა. - გაუღიმა აღტაცებულმა გიორგიმ ახვლედიანს. ანდრეა მაშინვე დაიწია მაგიდისკენ და სინათლეზე კარგად გაარჩია ხეზე ამოტვიფრული სახელი „თამარა“.
-თამარა? ეს... ჩვენი თამარაა? - გაკვირვება ვერ დამალა მამაკაცმა.
-ეს სკივრი ეკატერინემ საკუთარი სახლის სხვენში იპოვნა. თქვენ როგორ ფიქრობთ? - უფრო ფართედ გაეღიმა თოიძეს.
-ნამდვილად ისაა! მერე რაღას ვუცდით? - გავხსნათ!
-გენიოსია! - ჩაისისინა ეკატერინემ. - გგონია, მარტო შენ მოიფიქრე ეგ? - უბრალოდ ვერ ვხსნი, გასაღები უნდა!
-რა გასაღები? გავტეხოთ რამენაირად.
-ამ სკივრში ჩვენი საქმისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალები შეიძლება ინახებოდეს. ამიტომ ამას ჩემთვის დავიტოვებ და მე მივხედავ. - ნიკაპზე ისვამდა ხელს ჩაფიქრებული გამომძიებელი და ისე ლაპარაკობდა. - ახლა მთავარი ის არის, რომ ბოლო რგოლიც შეკავშირდა ჯაჭვთან.
-რა რგოლი? - ჩაეცინა ანდრეას.
-ახლა უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ თამარა არის ადამიანი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ირაკლი ახვლედიანს, დემეტრე ჯაყელსა და ილია ჯაფარიძეს.
-რა კავშირი უნდა ყოფილიყო მათ შორის? - დაიძაბა ეკატერინე. - ნუთუ სამივეს ერთი ქალი უყვარდა? ბოლოსდაბოლოს, ჭორებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ქალმა გადაკიდა ჯაყელებ-ახვლედიანები ერთმანეთს.
-და ეს ქალი თამარა იყო?
-დიახ, რატომაც არა?
-არ გამოვრიცხავ მაგ შესაძლებლობას, მაგრამ ერთ რამ არ მესმის - ჩვენ ვიცით, რომ თამარა ილია ჯაფარიძის საცოლე იყო, ილია ჯაფარიძე კი საერთოდ არ არის ცნობილი ამ დაპირისპირებისთვის. რატომ გადაეკიდებოდნენ ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთს მამათქვენები სხვა კაცის საცოლის გამო? - ფიქრისგან შიგადაშიგ წარბებს ათამაშებდა თოიძე.
-სიყვარულს რას გაუგებთ?! - ეტყობა ძალიან ლამაზი იყო ეს თამარა და დაახვია სამივეს თავბრუ. - მხრები აიჩეჩა ანდრეამ.
-და თუ სამივეს ასე ძალიან უყვარდა ეს ქალი, სად არის ის ახლა?! რატომ არსად ჩანს?
-მიხვდა, რომ გიჟებთან ჰქონდა საქმე და გადაიკარგა! - ისევ მარტივი ახსნა იპოვნა ახვლედიანმა და ჩაიცინა.
-გადაიკარგა და ეს გვარები ასე უბრალოდ გადაემტერა ერთმანეთს? - არა, აქ რაღაც სხვაა... - დაჟინებით აკვირდებოდა გამომძიებელი ხის სკივრზე ამოტვიფრულ სახელს.
-დედაჩემმა ჩხუბისას მამაჩემს ასე უთხრა - მარიამსაც იგივე გაუკეთე, რაც თავის დროზე თამარასო. ეს რას უნდა ნიშნავდეს? - წამოდგა ანერვიულებული ეკატერინე და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
-რა გაუკეთე მამათქვენმა მარიამს?
-ზურგი აქცია და სახლიდან გააგდო, რადგან მარიამი თავის საყვარელ ადამიანს გაჰყვა ცოლად. - ირონიულად ჩაეცინა ანდრეას და ჯაყელს გახედა.
-შესაძლოა, რომ თამარა მამაჩემის საცოლე ყოფილიყო ილიამდე? - ანდრეას ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია საქმეში ჩართულმა გოგონამ და გამომძიებელს მიუბრუნდა.
-და ამის შესახებ დედათქვენი საუბრობდეს ასე წყნარად? - დაეჭვდა გიორგი.
-წყნარად არც უსაუბრია, ჩხუბში წამოაძახა.
-გაბრაზებულმა - სავარაუდოდ ორივე ფაქტით გაბრაზებულმა. რატომ შეაწუხებდა დედათქვენს მის გამოჩენამდე არსებული ქალების ამბები, მამათქვენის ცხოვრებაში? ან საცოლეს როგორ გააგდებდა სახლიდან?
-იქნებ ცოლი იყო? - ვარაუდი გამოთქვა ახვლედიანმა.
-ცოლი? - შეუძლებელია! მამაჩემს დედაჩემამდე რომ ჰყოლოდა ცოლი, გვეცოდინებოდა. - მაშინვე იუარა ეკატერინემ.
-არასდროს იცი, რას მალავენ უფროსები. - გაეღიმა ანდრეას.
-კარგი, დავუშვათ ცოლი იყო, რატომ დაშორდებოდა? რატომ შეაქცევდა ზურგს?
-იმიტომ, რომ ცოლი ილია ჯაფარიძესთან უღალატებდა.
-და თამარა შემდეგ ილიას საცოლე გახდებოდა? ასე მარტივად? - არამგონია.
-აბა თქვენ რა გგონიათ, ბატონო გამომძიებელო?! - დაიღალა ვარაუდების გამოთქმით ანდრეა და დივანს მიაშურა.
-თუ ეს თამარა არც ცოლი იყო მამაჩემის, არც საცოლე და არც საყვარელი, მაშინ ვინ იყო და რატომ მოექცა მას მამაჩემი სასტიკად? ან მისი სახელობის სკივრს რატომღა ინახავს ამდენი წელი? - სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა ნელ-ნელა ჯაყელი.
-ეკატერინე, თქვენს დას რომ სახლიდან აგდებდნენ, ვისი მხარე დაიჭირეთ? - უცებ წამოდგა თოიძე,ფანჯარასთან მივიდა და ზურგით დადგა.
-ეს საერთოდ რა შუაშია ახლა?! - მაშინვე აეშალა სახე გოგონას.
-თქვენს დას გამოესარჩლეთ? - შებრუნდა გიორგი და ჯაყელს გაუღიმა.
-დარწმუნებული ვარ, პირველ ქვას ეს ესვროდა. - რა თქმა უნდა, არ დაუგვიანია ანდრეას ცინიკურ რეპლიკას.
-ამას საქმესთან რა კავშირი აქვს?! - გაბრაზდა ეკატერინე. - ჩემს დას იმიტომ არ გამოვესარჩლე, რომ პირველ რიგში მე მივიჩნევდი მას დამნაშავედ!
-იმიტომ, რომ ოჯახისთვის მიუღებელი საქციელი ჩაიდინა, არა? - უფრო ფართოდ გაეღიმა თოიძეს.
-იმიტომ, რომ იმ პრინციპებს უღალატა, რომლითაც ვიზრდებოდით და ამ ნაძირალას ოჯახის წევრი გახდა! - ზიზღით გადახედა გოგონამ ანდრეას.
-და სხვენში რას აკეთებდით?
-ბატონო? - დაიბნა ჯაყელი.
-სხვენში რატომ ახვედითთქო? - მშვიდად გაიმეორა კითხვა დეტექტივმა.
-იმიტომ, რომ... - სახე შეეცვალა კატოს. - რაღაც ნივთის პოვნა მინდოდა.
-ნივთის, რომელიც წარსულს გაგახსენებდათ, არა? - გაეღიმა თოიძეს.
-ამას საერთოდ რა მნიშნელობა აქვს, ბატონო გიორგი, მეტყვით?! - გაბრაზდა ეკატერინე.
-თქვენი და სახლიდან გააგდეთ, უარყავით და ზურგი აქციეთ, იმიტომ, რომ თქვენთვის მიუღებელი საქციელი ჩაიდინა, მაგრამ ოჯახი მაინც ინახავს მის ნივთებს სხვენში, ხომ ასეა?
-დიახ, ასეა... - თვალები აუწყლიანდა გოგონას და ხმა აუთამაშდა.
-იმიტომ, რომ რაც არ უნდა გაბრაზებული იყოთ ოჯახისწევრზე, მისი გულიდან და გონებიდან ამოშლა და სრულიად დავიწყება შეუძლებელია. მითუმეტეს დედმამიშვილის. - ისევ იღიმოდა გამომძიებელი.
-ამ ყველაფრით რისი თქმა გინდათ, ბატონო დეტექტივო?! - წარბები შეჭმუხნა ანდრეამ.
-ეკატერინე, მესმის, რომ ახლა რასაც ვიტყვი, თქვენთვის შოკისმომგვრელი და დაუჯერებელი იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენთვის ასე საინტერესო და იდუმალებით მოცული თამარა გვარად ჯაყელი უნდა იყოს.
-ჯაყელი?! - წამოიყვირა გაოცებულმა ეკატერინემ.
-დიახ, ჯაყელი. დემეტრე ჯაყელის უმცროსი ან უფროსი და - თამარა ჯაყელი. - სერიოზული სახე მიიღო თოიძემ და ჯერ ანდრეას, ხოლო შემდეგ ეკატერინეს გადახედა თავის ქნევით.
-მამიდა რომ მყოლოდა, მეცოდინებოდა! - წამიერი შოკის შემდეგ აღშფოთებით ჩაეცინა ჯაყელს.
-მოიცათ, მოიცათ, ბატონო გამომძიებელო, რამ გაფიქრებინათ, რომ თამარა მაინც და მაინც დემეტრე ჯაყელის დაა? - გოგონაზე არანაკლებ გაურკვევლობაში იყო ანდრეა.
-სინამდვილეში ეს არც ისე რთული მისახვედირა. უბრალოდ წარმოუდგენელია, უბრალო ადამიანისთვის იმის გააზრება, რომ ოჯახმა ასე კარგად დამალა ერთ-ერთი წევრის არსებობა. ფაქტია, რომ ილიას, დემეტრესა და ირაკლის ეს ერთი ქალი აკავშირებთ. წარმოუდგენელი იქნებოდა თამარა ჯერ დემეტრეს საცოლე ან თუნდაც ცოლი და შემდეგ ილია ჯაფარიძის საცოლე გამხდარიყო. ცუდად არ მიიღოთ, ეკატერინე, მაგრამ მამათქვენი ძალიან პატივმოყვარეა და ასე მშვიდად არ დაუშვებდა ამას. თანაც აქ გასათვალისწინებელია დედათქვენის ფაქტორიც, რომელიც ვერ პატიობს მამათქვენს თავის დროზე თამარას მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს. რატომ დააინტერესებდა ქალბატონ ქეთევანს ქმრის ყოფილი ქალები?
-ეს საკმარისი მიზეზი არ არის, გიორგი! - ჩაეცინა ახვლედიანს.
-კაცისთვის ოთხი ყველაზე ძვირფასი ქალი შეიძლება არსებობდეს, ცხოვრებაში: დედა, და, ცოლი და ქალიშვილი. პირველი და ბოლო ასაკობრივად არ ემთხვევა, გვრჩება მხოლოდ ცოლი და და. ვინაიდან ცოლის „პოსტი“ ქალბატონ ქეთევანს აქვს დაკავებული, რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი - და.
-მამიდა რომ მყოლოდა, მეცოდინებოდა-მეთქი! - სიმწრით გამოცრა სიტყვები კბილებსშორის ეკატერინემ და სავარძელში დაეშვა, მძიმედ.
-არ გეცოდინებოდათ, თუ ამაზე მამათქვენი იზრუნებდა სათანადოდ!
-ბატონო გამომძიებელო, მემგონი, ცოტას ამლაშებთ. მარიამსაც აქვს უთანხმოება ოჯახთან და ისიც გამოაგდეს სახლიდან, მაგრამ გგონიათ, ლუკა ჯაყელის შვილებს არ ეცოდინებათ მამიდის არსებობის შესახებ?
-კი, ანდრეა, ეცოდინებათ იმიტომ, რომ მარიამი იმავე ქალაქში ცხოვრობს, რომელშიც მისი ოჯახისწევრები.
-მაგით რისი თქმა გინდათ? - უცებ წამოსწია თავი ეკატერინემ.
-თუ ჩემი ვარაუდი მართებულია, მაშინ თამარა ჯაყელზე რაღაც ინფორმაციის მოძიება მაინც უნდა შევძლოთ მე და ჩემმა თანაშემწემ.
-და თუ ვერაფერი იპოვნეთ?
-თუ ვერაფერი ვიპოვნეთ... - წამიერი პაუზა გააკეთა თოიძემ. - მაშინ გამოდის, რომ ან ძალიან დიდი ხნის წინ გადაიხვეწა ქვეყნიდან, თქვენმა ოჯახებმა კი პროფესიონალურად იზრუნეს მისი კვალის გაქრობაზე, ან... - ისევ გაჩერდა გამომძიებელი. - ან თამარა აღარ უნდა იყოს ცოცხალი.
-აბსურდია ეს ყველაფერი! - ანერვიულებული გოგონა მონოტონურად იზელდა მუხლებს.
-მესმის, რომ ყოველთვის რთულია ოჯახის საიდუმლოებებთან ჭიდილი, მაგრამ ამ დროისთვის ეს ვარაუდი ყველაზე რეალურად მეჩვენება, ეკატერინე.
-მკვდარი რატომ უნდა იყოს? მოკლეს? რამე დაავადება სჭირდა? უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა? - ვარაუდებს გამოთქვამდა ანდრეა.
-მაგას ასე მარტივად ვერ გავარკვევთ, ანდრეა. - გაეღიმა გიორგის.
-ცოცხალი რომ იყოს, რანაირად არ მეცოდინებოდა? კარგი, მე ვთქვათ არა, მაგრამ ვინმეს! ლუკას ან ბექას... ან.. ან არ ვიცი - რომელიმეს! უცხოეთში რომ ცხოვრობდეს, ერთხელ მაინც როგორ არ შეეცდებოდა ძმებთან დაკავშირებას? ან ჩემს მშობლებს როგორ არ წამოცდებოდათ მის შესახებ?!
-ჰო, სწორედ ეგ მაფიქრებინებს მეც, რომ თამარა აღარ უნდა იყოს ცოცხალი.
-მისი საფლავი ხომ უნდა არსებობდეს?
-ალბათ არსებობს კიდეც, ვინ იცის?! - მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა.
-და მამაჩემი არასდროს სტუმრობს ხოლმე დის საფლავს?
-ეკატერინე, მოეშვი ისე ლაპარაკს, თითქოს მამაშენის ყოველი ნაბიჯის შესახებ იცოდე! - ჯაყელის ლაპარაკმა დაღალა ანდრეა. - ჩვენს მამებს უამრავი საიდუმლო აქვთ, ახალი ამბავია ეს შენთვის?
-მამაჩემის შესახებ შესაძლოა ბევრი რამ არ ვიცოდე, მაგრამ და რომ ყოლოდა, მეცოდინებოდა! - კბილებსშორის გამოცრა სიტყვები გოგონამ და მტრული მზერა ესროლა ახვლედიანს.
-დარწმუნებული ხართ, რომ თამარას სახელი ბავშობაში ან მოზარდობაში არ გაგიგიათ ოჯახში?
-დარწმუნებული ვარ! ეს სახელი პირველად დედაჩემისგან გავიგე და არც მიმიქცევია ყურადღება, რომ არა თქვენ!
-თუმცა მისი სახელობის სკივრი მთელი ამ დროის განმავლობაში ინახებოდა თქვენს სხვენში...
-სხვენში არავინ ავდივართ. მხოლოდ მოსამსახურეები, რომელთაც ძველი ნივთები ააქვთ იქ.
-კარგი, მოკლედ, რაც არის, არის! - ამოიხვნეშა დეტექტივმა და ფანჯარას მოსცილდა. - საქმე მნიშვნელოვნად წაიწია წინ, რაც ძალიან მახარებს. ამ სკივრის გახსნით და თამარა ჯაყელზე ინფორმაციის მოძიებით მე და ჩემი თანაშემწე დავკავდებით.
-მე რა უნდა გავაკეთო? - დაინტერესდა ეკატერინე.
-თქვენ ისევ თქვენი საქმროს მკვლელობას უნდა მიხედოთ.
-ხო, მაგრამ როგორ?!
-ქალბატონო ეკატერინე, მგონი დროა, მოსკოვს ესტუმროთ... - გაეღიმა თოიძეს.
-მოსკოვს?
-გასვიანის მშობლიური მხარე მოინახულეთ, მის ძველ მეგობრებს, ნაცნობებსა და მეზობლებს გაესაუბრეთ და რაც მთავარია - დედამისს, რაღა თქმა უნდა.
-მოსკოვში წავიდე?
-ვერ შეძლებთ? მე წამოგყვებოდით ან მარტო წავიდოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შემიძლია. ამ საქმეს არაოფიციალურად ვიძიებ და თანაც უამრავი საქმე მაქვს აქ.
-არა, მე შემიძლია წასვლა. წავალ, დიახ! - დარწმუნებით დააქნია თავი გოგონამ.
-ანდრეა, თქვენ? - ახვლედიანს მიუბრუნდა თოიძე, მაგრამ სანამ ანდრეა რამეს იტყოდა ეკატერინე აფეთქდა:
-მისი წამოსვლა რა საჭიროა?! მარტოც მშვენივრად წავალ.
-ოჰო, აყვირდა. - თვალები აატრიალა ახვლედიანმა.
-ეკატერინე, მაპატიეთ, მაგრამ მარტო ვერ გაგიშვებთ.
-რატომ ვერ გამიშვებთ, პატარა ვარ?! ეს დამიცავს, თუ რას გამიკეთებს?!
-არა, არ დაგიცავ, თარჯიმანი ვიქნები შენი! იცი რა შესანიშნავი აქცენტი მაქვს რუსული? ცოდვა იქნება, რომ არ მოისმინო.
-ამასთან ერთად არ წავალ! - გაჯიუტდა გოგონა.
-ეკატერინე, მესმის, რთულია თქვენთვის, მაგრამ გაიგეთ, თქვენი საქმრო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანში ცხოვრობდა მოსკოვში. მარტო ვერ გაგიშვებთ,საშიშია.
-ახლა თქვენ მომისმინეთ, ბატონო გიორგი! ამ ადამიანს თითქმის ყოველდღე ვიტან; ვიტან მის უაზრო გამოხტომებსა და კომენტარებს; თქვენთან ერთად ვმუშაობ და გემორჩილებით, როგორც შემიძლია, მაგრამ ამ ადამიანთან ერთად არსად არ წავალ, არც ერთი წამით!
-ერთად მაინც არ იმგზავრებთ, თქვენ თვითმფრინავით გაემგზავრებით, ანდრეა კი -ავტომობილით.
-ხო, ეგ თავისთავად, ეჭვი რომ არავინ აიღოს. - დაეთანხმა ანდრეა დეტექტივს.
-არ მინდა-მეთქი ეს კაცი იქ!
-არც ამ კაცს უნდიხარ, დამშვიდდი! - ჩაეცინა ახვლედიანს.
-ანდრეა! - გაბრაზდა თოიძე.
-ხედავთ? ხედავთ? გინდათ, ამ კაცთან ერთად წავიდე უცხო ქვეყანაში?! - გაცეცხლდა ეკატერინე.
-ეკატერინე, პირადად მე გპირდებით და სიტყვას გაძლევთ, რომ ანდრეა იქ მხოლოდ თქვენი უსაფრთხოების მიზნით წამოვა. არ შეგაწუხებთ, ზედმეტად ხმას არ ამოიღებს და მხოლოდ დაგეხმარებათ. მერწმუნეთ, თუ ჩემს პირობას დაარღვევს, მასთან აღარასდროს გექნებათ შეხება!
-არ ვენდობი!
-თუ არ მენდობი, შენი პრობლემაა,მაგრამ მინდა იცოდე,რომ ამ საქმის გარკვევა მეც ისევე მინდა,როგორც შენ. აქ არ ვიქნებოდი, სხვა ზრახვები რომ მამოძრავებდეს. ასე რომ, თუ ზრდასრულობაზე გაქვს პრეტენზია, ამიტანე და გამიძელი. - უცებ დასერიოზულდა ანდრეა და წარბები შეკრა.
-ვინმემ რომ გაიგოს? რა გარანტია მაქვს, რომ ჩემი ოჯახი არ გაიგებს ამის შესახებ? იცით, რა მოხდება, თუ ისინი გაიგებენ, ამ კაცთან კონტაქტი მაქვს?
-ამაზე მე ვიზრუნებ, ნუ ღელავთ! ვერავინ გაიგებს, რომ ანდრეა მოსკოვში თქვენთან ერთად წამოვა.
ეკატერინემ ჯერ თოიძეს შეხედა, შემდეგ წარბშეკრულ ანდრეას. ხვდებოდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და უნდა დათანხმებოდა. - წამოვიდეს... - თქვა ბოლოს ძალიან ჩუმად და ძლივსგასაგონად. ანდრეას გაეღიმა, გიორგიმ ამოიხვნეშა.
-რაც მალე გაემგზავრებით, მით უკეთესი.
-თუ შესაძლებელი იქნება, ხვალვე. - მხრები აიჩეჩა კატომ.
-არა, ხვალვე ვერ წახვალთ. ანდრეას ყალბი დოკუმენტები დასჭირდება და ამას დრო უნდა...
-მაქვს ყალბი მოწმობა! - ჩაეცინა ახვლედიანს.
-გაქვთ? - გაიოცა თოიძემ.
-რა თქმა უნდა. ახალგაზრდობაში ხშირად მჭირდებოდა!
-თავისი ბინძური საქმეების განსახორციელებლად. - ზიზღით ჩაეცინა ეკატერინეს.
-კი, მაგრამ, ვადა არ აქვს გასული?
-ამერიკაში წასვლის წინ, ახალი გავაკეთე. კიდევ ორი წელი აქვს ვადა.
-ანუ შეიძლება ხვალვე წავიდეთ?
-თუ საბუთები წესრიგში გაქვთ, შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. - მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა.
-ძალიან კარგი! - წამოდგა ეკატერინე. - ახლა შეიძლება წავიდე? - მოუსვენრად იყო გოგონა.
-დიახ, შეგიძლიათ. ხვალ დაგირეკავთ და ყველაფერი განვიხილოთ დეტალურად.
-კარგი, თქვენს ზარს დაველოდები.
-აბა კარგად იყავი, ეკატერინე, მოსკოვში შევხვდებით! - ღიმილით დაემშვიდობა ანდრეა გოგონას და მის შეღრენაზე ჩაეცინა. - შეიძლება მეც წავიდე?
-თქვენ ორი წუთით დარჩით.
-რა მოხდა? ისევ უნდა დამარიგოთ? - გაეცინა ანდრეას.
-ყალბი საბუთები რაში გჭირდებოდათ? - ეჭვისთვალით შეათვალიერა დეტექტივმა ახვლედიანი.
-ასეთ მომენტებში მახსენდება, რომ პოლიციელი ხართ! - თავი გადააქნია ღიმილით მამაკაცმა. -სერიოზული არაფერი დამიშავებია, ნუ ღელავთ.
-მაინც?
-ყალბი დოკუმენტები მამაჩემის გამო გავაკეთე. ხომ ხვდებით? - ანდრეა ახვლედიანი ყოველთვის უფრო „ყვიროდა,“ ვიდრე ვთქვათ, პავლე კოჭლამაზაშვილი.
-საბუთებში ასე დაირქვით? - გაკვირვება ვერ დამალა თოიძემ.
-არა, ეს სიტყვაზე გითხარით. - გაეცინა ახვლედიანს. - აღარ მახსოვს რა, მგონი ზურა ან ზაზა მქვია. დიდი ხანია, ყალბი მოწმობა არ გამომიყენებია.
-ანუ მაგ მოწმობას მამათქვენის იმიჯის მოსაფრთხილებლად იყენებდით.
-უბრალოდ ბევრ გაუგებრობას მაცილებდა თავიდან, სხვა სახელი და გვარი. თუმცა ჩემს სახელსაც არასდროს აკლდა დავი-დარაბა და სკანდალები.
-საინტერესო მიდგომაა. - გაეცინა თოიძეს.
-პირველად გაიგეთ? იცით ამას რამდენი აკეთებს? ჩემი მეგობრებიდან თითქმის ყველას აქვს ერთი ან რამდენიმე ყალბი მოწმობა. - გაეცინა ანდრეას.
-ჰო, წარმომიდგენია... - ჩაეცინა ჩაფიქრებულ გამომძიებელს.
-ახლა შეიძლება წავიდე? დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა?
-არა, კიდევ ერთი რამის თქმა მინდა. - ფიქრებიდან გამოერკვა გიორგი. - ძალიან გთხოვთ, ეს ერთი კვირა, თუ რამდენიც იქნებით მოსკოვში, ნაყოფიერად გამოიყენეთ და ეკატერინესთან საერთო ენა გამონახეთ.
-ნუ ღელავთ, ბატონო გამომძიებელო...
-არა, მართლა გეუბნებით, ანდრეა, ეს გოგო ძალიან ბევრს გითმენთ. ერთხელაც იქნება, აფეთქდება და მერე საერთოდ ვეღარ იპოვნით მასთან დამაკავშირებელ გზას. ეკატერინე ახლა გარდაცვლილი საქმროს მშობლიურ მხარეში მიდის, მისთვის ყველაფერი ძალიან ემოციური იქნება და იცოდეთ, თქვენ მის გვერდში უნდა იდგეთ.
-ჩემს მხარზე ტირილის უფლება მივცე? - ჩაეცინა ანდრეას.
-დაანახეთ, თქვენი მზრუნველი და გულისხმიერი მხარე. აგრძნობინეთ,რომ ცინიკოსი ადამიანის უკან სულ სხვანაირი ანდრეა იმალება.
-იმედს არ გაგიცრუებთ, ბატონო გამომძიებელო,გპირდებით! - ორი თითი შეატყუპა ახვლედიანმა და საფეთქლთან მიიდო.
-თქვენი იმედი მაქვს, იცოდეთ. ეკატერინეს თქვენ გაბარებთ.
-ახლა შეიძლება წავიდე?
-თუ კითხვები არ გაქვთ, მიბრძანდით. ხვალ თქვენც დაგირეკავთ და აგიხსნით ყველაფერს.
-კარგი. აბა კარგად მეყოლეთ, ბატონო გამომძიებელო, რუსულ შოკოლადებს აუცილებლად ჩამოგიტანთ, როცა დავბრუნდებით. - გაეცინა ანდრეას,გამომძიებელს დაემშვიდობა და ხალისიან ნოტაზე დატოვა სახლი.

*_*_*_*

-ხვალ საღამოს მოსკოვში მივფრინავ, ლიუდმილა ვასილევნას ნახვა მინდა. - იმავე საღამოს ძალიან მშიდად ამცნო ეკატერინემ ოჯახს ახალი ამბავი.
ლუკამ, ელენემ და ბექამ,რომელიც მათთან ერთად ვახშმობდა, გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს.
-რატომ გაგიკვირდათ ასე ძალიან? - უემოციოდ ჩაეცინა გოგონას.








-არა, არ გაგვიკვირდა, უბრალოდ მოულოდნელი იყო. - თავი იმართლა ელენემ.
-დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ და გუშინ გადავწყვიტე. - მხრები აიჩეჩა ჯაყელმა და ბიჭებს გადახედა.
-რა საჩქაროა კი მაგრამ? იქნებ დემეტრესა და ქეთევანის დაბრუნებას დალოდებოდი?! - როგორც ყოველთვის, აუღელვებელი იყო ბექა.
-არა, დალოდება არ მინდა, ახლავე მინდა წასვლა.
-ლიუდმილა ვასილევნა გააფრთხილე უკვე?
-მინდა გავახარო. სახლში იქნება, სად წავიდოდა?! - ირონიას ნარევი სიმწრით ჩაეცინა ეკატერინეს.
-კარგი, რადგან ასე გინდა, არ გიშლი, წადი. ახლავე წავალ და ბიჭებს გავაფრთხილებ. - დანა-ჩანგალი მაგიდაზე დააწყო ლუკამ.
-ვინ ბიჭებს გააფრთხილებ?
-დაცვას, რომ წამოგყვნენ...
-არ მჭირდება ძიძები! - გაბრაზდა კატო.
-ძიძები რა შუაშია, ეკატერინე? უბრალოდ შენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. - ბიძაშვილს მიეემხრო ბექაც.
-ამერიკაში ვერ ვიყავი მათ გარეშე? რა უნდა მომივიდეს, ორი წლის ვარ? თუ გგონიათ, თავს ვერ ვაკონტროლებ?!
-ნუ გვეჩხუბები. არაფერიც არ გვგონია. ამერიკაში ოთოსთან და ნანოსთან იყავი, იქ სულ მარტო მიდიხარ.
-მერე რა? პირველი შემთხვევა იქნება, თუ ბოლო? გამოფენებზე სულ მარტო არ დავდიოდი?! - ბრაზს ვერ აკონტროლებდა ჯაყელი.
-და რა მოხდება, ორი კაცი რომ წამოგყვეს? შენც მშვიდად იქნები და ჩვენც.
-არ მინდა არავინ! ასე მგონია, ავადმყოფი ბავშვი ვარ და მოვლა მჭირდება! ნუ ღელავთ, ემოციებს იმდენად გავაკონტროლებ, რომ საკუთარ თავს რამე არ დავმართო!
-ჩვენ ეგ არ გვითქვამს, ეკატერინე... - ტონს არ უწევდა ბექა.
-ხოდა თუ არ გითქვამთ, მაშინ მარტო წავალ, როგორც ყოველთვის დავდიოდი! - წამოდგა გოგონა და ძმებს გადახედა.
-კარგი, წადი მარტო. ოღონდ ნუ ბრაზობ და ნუ ნერვიულდები. - უკან დაიხია ლუკამ.
-მადლობთ. - თავი დაუკრა ჯაყელმა ოჯახისწევრებს. - წავალ ბარგს ჩავალაგებ. - თქვა და ოთახიდან გავიდა.

*_*_*_*

-იოანე, ერთიდან ორ კვირამდე შვებულება მჭირდება! - ზარ-ზეიმით განუცხადა მობილურში ანდრეამ ძმაკაცს.
-ოჰ, რას მეუბნები ერთი! - არ დააყოვნა დანელიას ირონიულმა ჩაცინებამაც.
-მართლა მჭირდება. მოსკოვში მივდივარ!
-სადა, ბიჭო? რა გინდა მოსკოვში?!
-ძველი დრო უნდა გავიხსენო ნატაშასთან ერთად! რატომ მივდივარ და საქმე მაქვს. - გაეცინა ახვლედიანს, მობილური „სპიკერზე“ ჩართო და ბარგის ჩალაგებას შეუდგა.
-რა საქმე გაქვს, ანდრეა?! - მაშინვე დასერიოზულდა იოანე.
-არაფერს ვაფუჭებ, ნუ ღელავ. დუდა უნდა ვნახო, მაჩაბელი.
-დუდა? მოსკოვშია?
-ჰო, ამჯერად მოსკოვშია. - გაეღიმა ანდრეას.
-და რატომ უნდა ნახო? რაღაცას არ მეუბნები, იცოდე!
-ნუ გამიხურე, რა! შენ და მათე ცოლიანი ბიჭები ხართ, თორემ წაგიყვანდით თქვენც.
-მოიცა, რა? მართლა მაგისთვის მიდიხარ, ბიჭო? - გაეცინა დანელიას.
-კი, დე, მიშვებ?
-ანდრეა ახვლედიანო, არ იცვლები!
-სამაგიეროდ შენ შეიცვალე და მათე, მეც რომ შევიცვალო ხიბლს დავკარგავთ.
-ხელფასიან შვებულებაში არ გაგიშვებ!
-იოანე, ფული არ მაქვს!
-თუ ფული არ გაქვს, რა გეგულავება? - გაეცინა დანელიას.
-დუდამ მთხოვა, თორემ მე სულ არ მინდა.
-ჯანდაბა, ახვლედიანო, ჩვეულებრივი ჭირი ხარ! - ამოიხვნეშა იოანემ.
-მასესხე და როგორც კი უფროსი ხელფასს ჩამირიცხავს, ჩაგასესხებ! - გაეცინა ახვლედიანს.
-ხვალ მობრძანდი და მოგცემ! - დანებდა დანელია.
-ხვალ მაინც უნდა მოვიდე, დედა უნდა ვნახო. ეს რამდენიმე დღე ხომ მიმიხედავ?
-მიგიხედავ, მიგიხედავ.
-ძმა ხარ უძმესი! რუსულ შოკოლადებს ჩამოგიტანთ შენ და მარიამს! - გაეღიმა ანდრეას და კოხტად დაკეცილი ჯემპრი ჩადო ჩემოდანში.
-ისე, რაღა მოსკოვში მოგინდათ გართობა, სხვა ადგილი ვერ ნახეთ? ყინავს ახლა იქ!
-ჩემი დუდიკა სადაც არის, იქ ვარ მეც! - გაეცინა ახვლედიანს.
-კარგი, წავედი ახლა მე და ხვალ შემომიარე.
-აბა ჰე, კარგად იყავი, ჩემო მარჩენალო! - მობილურს დაწვდა მამაკაცი და გათიშვის ღილაკს დააჭირა თითი.

*_*_*_*

ჯაყელებმა ერთად გააცილეს ეკატერინე მოსკოვში, ანდრეა კი მარტო მიდიოდა ავტობუსით. შუაღამეს უკვე მოსკოვში იყო ეკატერინე და ერთ-ერთ სასტუმროში ბინავდებოდა. ავტობუსი კი ვლადიკავკასში იყო გაჩერებული.
ახვლედიანმა დრო იხელთა, ავტობუსს მოცილდა, ოდნავ მოშორებით დადგა და მობილური ამოიღო ჯიბიდან. სწრაფად აკრიფა ნაცნობი ნომერი და ხმოვანი სიგნალის შემდეგ შეტყობინება დაუტოვა ნომრის პატრონს.
„დუდა, მე ვარ, ანდრეა. უკვე ვლადიკავკასში ვარ, რამდენიმე საათში ალბათ მოსკოვში ვიქნები. ეკატერინე ჯაყელი რომელიმე სასტუმროში დაბინავდებოდა უკვე. რომ არ მეხმიანები, არ მომწონს, იცოდე. წინა შეტყობინებას მოუსმინე, იმედი მაქვს. პრობლემა გვაქვს და ამ პრობლემას შენ გარეშე ვერ გადავჭრი. დამირეკე, რა. თუ მოსკოვში ხარ უნდა შევხვდეთ.“
ირგვლივ მიმოიხედა და შეამოწმა, რომ მარტო იყო, შემდეგ ჯიბეში ჩაიდო ტელეფონი და ისევ ავტობუსისკენ გაემართა.

*_*_*_*

ეკატერინე სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო, თმას პირსახოცით იმშრალებდა და ნომერში აქეთ-იქით დადიოდა. ოჯახისწევრებთან და თოიძესთან უკვე დარეკილი ჰქონდა, არც ეძინებოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა მთელი ღამე. ტელევიზორს უაზროდ აყვირებდა. უბრალოდ არ უნდოდა, რომ ოთახში სიჩუმეს დაესადგურებინა. სიჩუმე აუცილებლად მოიტანდა ფიქრებს; ფიქრები აუცილებლად მოიტანდა დათუნას...
იქ იყო, იმ ადგილას, სადაც მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი დაიბადა და გაიზარდა. ქალაქში, რომელსაც უამრავი რამ აკავშირებდა გასვიანთან. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ქალაქში ყველა იცნობდა დათუნას. მისი სიტყვები დაუკითხავად დაფრინავდნენ ოთახში და გონებას ურევდნენ გოგონას. მის წინ მკაფიოდ იხატებოდა გასვიანის ღიმილიანი სურათი, როცა დიდი აღტაცებით უყვებოდა ჯაყელს თავისი ბავშვობის შესახებ.
უეცრად მოუნდა, რომ შეხებოდა გარდაცვლილი საქმროს გამოსახულებას ან შეეგრძნო; შეესრუტა და სამუდამოდ დაეტოვებინა მასში. ის ღიმილი... ის ყველაზე ბავშვური და უმანკო ღიმილი...

ღრმად ამოისუნთქა, გულის ტკივილი იგრძნო. შუბლი ფანჯარას მიაბჯინა და რამდენიმე კურცხალს მის ღაწვებზე ჩამოსრიალების ნება დართო. ცალი ხელით კედელს აწვებოდა, მეორე კი მუჭად შეეკვრა და რაფაზე დაედო. რაც უფრო ცხადად ხედავდა მის ღიმილს, მით უფრო უმწვავდებოდა ტკივილი გულის არეში. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ნომრის კარზე ვიღაცამ არ დააკაკუნა რამდენჯერმე.
გოგონამ სწრაფად წამოსწია თავი, ცრემლები შეიმშრალა და ფანჯარას მოსცილდა. ხალათი კარგად შეიკრა და კარის გასაღებად გაემართა.
-„უბორკა ნომერა!“ - კარი გაღებულიც არ ჰქონდა, მამაკაცის რუსული რომ მოესმა და გაღიმებული ანდრეა შერჩა ზღურბლზე.
-აქ რა გინდა?! - მაშინვე შეტევაზე გადავიდა ეკატერინე.
-ღმერთო! - თვალები დაჭყიტა ახვლედიანმა. - ამხელა მოსკოვში ორი ქართველი შევხვდით ერთმანეთს, სასტუმროში, უნდა აღვნიშნოთ! შემთხვევით „ვოდკა“ ხომ არ გაქვს? - ჩვეულ ფორმას არც მოსკოვში კარგავდა მამაკაცი.
-ამ სასტუმროში რას აკეთებ-მეთქი?!
-სასტუმროს წინასწარ დაჯავშნა დამავიწყდა, ადგილი კი მხოლოდ ამ სასტუმროში აღმოაჩნდათ! - მეამიტ ღიმილს არ იშორებდა სახიდან ანდრეა.
-ხო, არა?! მთელ მოსკოვში მხოლოდ აქ იშოვე ადგილი! - ცინიკურად ჩაეცინა ეკატერინეს.
-შენთან ახლოსაც ხომ უნდა ვიყო? არ დაგავიწყდეს, რა ფუნქციით ვარ მე აქ.
-როგორ გაიგე რომელ ნომერში ვიყავი?!
-მიმღებში მჯდარ გოგონა ლენას შესანიშნავი თვალები აღმოაჩნდა. - მხრები აიჩეჩა ახვლედიანმა და გაიცინა.
-ამაზრზენი ხარ. - სახე დამანჭა ჯაყელმა. - ახლა შეგიძლია მოშორდე. გავიგე, რომ ჩამოხვედი. - კარის მიხურვა სცადა გოგონამ, მაგრამ ანდრეამ მაშინვე გაუწია წინააღმდეგობა.
-მაცადე, სად გეჩქარება?!
-რაღა გინდა?
-არ უნდა ვიცოდე, ხვალ რას ვაპირებთ? შემომიშვი ნომერში და დავილაპარაკოთ.
-ხვალ მივდივართ ლიუდმილა ვასილევნას სახლში. უფრო სწორად, მე მივდივარ და შენ სადმე ახლო-მახლოს მელოდები.
-და იცი სადაც ცხოვრობს ეგ ქალი?
-რა თქმა უნდა, ვიცი! ნამყოფიც ვარ მათ სახლში, შარშან ზაფხულს.
-აჰა, ძალიან კარგი! იმედი მაქვს, თოიძემ უკვე დაგარიგა, რა უნდა უთხრა და რა არა.
-ნუ ღელავ შენ, როგორმე გავართმევ თავს ამოცანას! - გაბრაზდა ეკატერინე.
-რა ბრაზიანი ხარ, ღმერთო ჩემო. წავალ, კარგი. ხვალ შეგხვდები დილით, ვესტიბიულში.
-ჯანდაბამდეც გზა გქონია! - უხეშად მიუგდო სიტყვა ჯაყელმა ახვლედიანს და ცხვირწინ მიუჯახუნა კარი.
ანდრეა საშინლად გააბრაზა ეკატერინეს საქციელმა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. გულში შეიკურთხა, უმისამართოდ და კარს მოსცილდა.

*_*_*_*

უკვე მესამე ჭიქას უკვეთავდა ბარმენს, როცა მისგან ორი ადგილის დაშორებით შავებში ჩაცმულმა, წვერმოშებულმა, სათვალითა და ქუდით შენიღბულმა ადამიანმა დაიკავა ადგილი.
-ორმაგი ვისკი! - უაქცენტო რუსულით მიმართა ბარმენს და იდაყვები ხის ზედაპირზე დააწყო.
-ცოტა დაიგვიანე. - ახალმოსულს გახედა ახვლედიანმა და ჭიქა პირთან მიიტანა, რათა ღიმილი დაეფარა.
-მეგონა, იქ გაჩერდებოდი, სადაც ყოველთვის. - სასხვათაშორისოდ აღნიშნა ანდრეას გვერდით მჯდომმაც და მხრები აიჩეჩა.
-ეს სასტუმრო მე არ ამირჩევია.
-სად არის ქალი?
-თავის ნომერშია... შეტყობინებებზე რომ არ მპასუხობდი, რა წესიაო ვითომ?! - ჩაეცინა ახვლედიანს.
-არ მეცალა!
-ახლა ჩამოხვედი შენც?
-ორი დღეა. იქამდე პოლონეთში ვიყავი...
-დაძრწიხარ აქეთ-იქით, მაჩაბელო! - გაეღიმა ანდრეას და ორივესთვის შეუკვეთა სასმელი.
-თქვენ და ჯაყელები როდიდან ძოვთ ბალახს ერთად?
-არ ვძოვთ. მე და ეკატერინე ჯაყელი „ვთანამშრომლობთ.“
-რაო, ეხმარები საქმროს მკვლელის პოვნაში? - ჩაეცინა მაჩაბელს.
-რაც უფრო ახლოს ვიქნები, მით უკეთესი. - გაეღიმა ახვლედიანს.
-რა უნდა? რას ეძებს?
-ლევან ნაკაშიძეზე გამავალ ნებისმიერ ხაზს.
-ლევან ნაკაშიძე მკვდარია!
-ეგ იცის, მაგრამ ჰგონია, რომ ნაკაშიძის წრიდან ვიღაც მოიკითხავდა დათუნას.
-და მისმა დათუნამ რა გააკეთა, იცის? - ჩაეცინა დუდას.
-არა, არ იცის.
-ანდრეა, შენ ხომ იცი, რომ მე სულ ფეხებზე ეს ამბები? იმ ღამესაც გითხარი და ახლაც გაგიმეორებ - თუ გინდა, თქვი სიმართლე!
-ჩემი სათქმელი რაც არ არის, იმას არ ვიტყვი, დუდა!
-გინდა, მე ვუთხრა? - მომიყვანე და ვეტყვი! - უდარდელად აიჩეჩა მხრები მაჩაბელმა.
-ყველაფერს მოუყვები? თავიდან ბოლომდე?
-რატომაც არა? რა უნდა ქნას?
-არა, ასე არ ივარგებს. რომ გაიგოს, მეც ვიცოდი ყველაფრის შესახებ...
-თქვენ რა, დაქალები ხართ? - ანდრეას საუბარი გააწყვეტინა დუდამ და ჩაიცინა.
-მისი ნდობა მჭირდება!
-მაშინ შენც არ მიცნობდე. თუ გინდა გაგიტაცებთ ან ნომერში დაგადგებით, რა მნიშვნელობა აქვს?!
-მართლა არ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა შენთვის, მაჩაბელო? - გაკვირვებით ჩაეცინა ანდრეას.
-შენ გაგიკვირდა? - ჩაეცინა დუდასაც. - დამალვა რომ მდომოდა, არც შენ მოგიყვებოდი სიმართლეს.
-მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში რომ ხარ, საშიში არ არის? ვინმემ რომ შეგამჩნიოს?
-ვინ უნდა შემამჩნიოს? - პოლიციასთან პრობლემა არ მაქვს!
-პოლიცია არც მიგულისხმია, დუდა. - უცნაურად გაეღიმა ახვლედიანს.
-იმათ ასეთ ადგილებში არაფერი ესაქმებათ, თანაც არც ისე ცუდად ვარ შენიღბული. - თვალებით ქუდზე ანიშნა მაჩაბელმა ანდრეას და ჩაიცინა. - აბა რას იტყვი? გინდა, რომ შენმა გოგომ სიმართლე იცოდეს?
-ძალიან სარისკოა... ასე უცებ როგორ გამოჩნდები და გაქრები?
-გამოჩენას მასწავლი თუ გაქრობას, ახვლედიანო? - გაეცინა დუდას.
-შეიძლება მოგკლას!
-ღმერთო, როგორ დაუშინებიხარ ჯაყელის ქალს! - თვალები გაუფართოვდა მაჩაბელს და გადაიხარხარა. - რაო? გაგაბა მახეში?
-რა მახეში?! ნუ სულელობ!
-რატომ? მშვენიერი ქალია...
-დუდა! შენ მაინც იცი ყველაფერი და არ გინდა...
-ჰო, მე რომ ყველაზე კარგად ვიცი, იმიტომაც გეუბნები. მართლა როგორ არის? გავიგე მამა დაღუპვია.
-შენ საიდან გაიგე? - გაუკვირდა ანდრეას.
-მე ყველაფერს ვიგებ, რაც თბილისში ხდება, საინტერესო და მითუმეტეს, შენს გვართან დაკავშირებული. - სრულიად აუღელვებლად უპასუხა მაჩაბელმა.
-სულ ვაკონტროლებ და ვადევნებ თვალს, მაგრამ ისეთ ადამიანთან ცხოვრობს, რომელიც არ მომწონს.
-ვინ არის ასეთი? - დაინტერესდა დუდა.
-ილია ჯაფარიძე. გსმენია მასზე რამე?
-მხოლოდ შორიდან. მასთან რამე პრობლემა გაქვს?
-არა, მე არა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მამაჩემს ჰქონდა.
-გამომძიებლად დაიწყე მუშაობა, ახვლედიანო? - გაეცინა გაკვირვებულ მაჩაბელს.
-როგორც ამბობენ - ცხოვრებამ მოიტანა. - გაეცინა ანდრეასაც.
-ძალიან ნუ გადავარდები პატიოსან ცხოვრებაში. ხომ იცი, წარსულის დავიწყება ვერაფერი სიკეთის მომტანია.
-არაფერს ვივიწყებ, დუდა. ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა.
-ჰო, ეგ ყველაზე მთავარია. - გაეღიმა დუდას და მორიგი ჭიქა დაცალა. - ჰე, გადაწყვიტე, უნდა გინახულოთ შენ და შენი „მეგობარი“ თუ არა?
-ალბათ, არ ღირს, დუდა. მოდი, ნუ გავამწვავებთ სიტუაციას. ეკატერინე გამოიძიებს, გამოიძიებს, ვერაფერს იპოვნის და დაიღლება.
-გგონია დაიღლება? - ჩაეცინა დუდას.
-დაიღლება, ადრე თუ გვიან დაიღლება.
-კარგი. - ამოიხვნეშა მაჩაბელმა და წამოდგა. - რადგან ასეა, წავალ.
-სად მიდიხარ?
-არვიცი, შეიძლება პოლონეთში მომიწიოს დაბრუნება ან უკრაინაში წავიდე. საითკენაც ქარი დაუბერავს... - მხრები აიჩეჩა დუდამ ღიმილით და ქურთუკი ჩაიცვა.
-დაგირეკავ ხოლმე, შეგატყობინებ ახალ ამბებს.
-ჰო, თუ მომიახლოვდებით „ცხელია,ცხელიაო,“ მომწერე! - ჩაეცინა მაჩაბელს მხარზე ხელი დაკრა ახვლედიანს და გაქრა.
ანდრეა კიდევ ცოტახნით დარჩა ბარში, რამდენიმე ჭიქაც დალია და შემდეგ მანაც გადაინაცვლა თავის ნომერში, მოსასვენებლად.

*_*_*_*

ეკატერინეს საშინლად ეძინა მთელი ღამის განმავლობაში. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, ბორგავდა და ძილშიც კი გრძნობდა გულის უცნაურ ფორიაქს. სიზმარში თითქოს დათუნას ხედავდა, მაგრამ თან ვერ ხვდებოდა, რომ ის იყო. გამოსახულება თეთრდებოდა და ნათლად ხედავდა მამაკაცის სილუეტს, მაგრამ როგორც კი საქმე მისი სახის ამოცნობაზე მიდგებოდა, მაშინვე ბნელდებოდა ყველაფერი და გოგონაც წამობდა.
გამთენიისას გამოეღვიძა. ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ საწოლში გაჩერება აღარაფრით შეეძლო. წამოდგა, ხალათი მოიცვა და აბაზანაში გადაწყვიტა შესვლა. გულის არეში მწვავე ტკივილებს გრძნობდა, ამიტომ ჩანთიდან ტკივილგამაყუჩებელი ამოიღო და ისიც თან შეიტანა.
თერთმეტი საათი ხდებოდა, როცა ჯაყელმა ჩათვალა, რომ ანდრეასაც ეღვიძებოდა და ვესტიბიულში ჩასვლა გადაწყვიტა. მთელი დარბაზი მოიარა, მაგრამ ახვლედიანი ვერსად იპოვნა. ბოლოს სასტუმროს რესტორანი დაინახა და მიხვდა, ანდრეაც სწორედ იქ იქნებოდა. არც შემცდარა, ახვლედიანი ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან იჯდა, ბედნიერი სახით მიირთმევდა საუზმეს და მიმტან გოგონას თვალებს უჟუჟუნებდა.
ეკატერინე მაშინვე გაცოფებული მივარდა მის მაგიდას და ისეთი სახით დადგა, მიმტანი გოგონა შეშინდა.
-„სპასიბა, დარაგაია, მოჟეშ იძწი“ - მშვიდი ღიმილით მიმართა ანდრეამ მიმტანს და ეკატერინეს თვალებით სკამზე დაჯდომა მიუთითა.
-მეტი საქმე არ გაქვს?! რუს მიმტანებს ელაქუცები და მშვიდად საუზმობ! - დოინჯი შემოირტყა გაბრაზებულმა ჯაყელმა.
-უხეში შეცდომა! - წამოიყვირა ახვლედიანმა. - მიმტანი ტანიუშა რუსი კი არა, ლიტველია.
-აჰა, იმდენი ხანი ელაპარაკე, წარმომავლობაც გაგიმხილა, არა?! - ზიზღით ჩაეცინა გოგონას.
-არა, კითხვით მარტო ის დავადგინე, რომ ლიტველი იყო. თორემ ბალტიისპირელი რომ არის, ამას ნებისმიერი დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევდა, მათთვის დამახასიათებელი ცივი გამოხედვის წყალობით.
-რა სისულელეა!
-არა, მე ის კი არ მითქვამს, რომ შენ დაკვირვებული არ ხარ. უბრალოდ, შენც მათსავით ყინულოვანი გამოხედვა გაქვს, თუმცა ქართველი ხარ. ამიტომაც არ გეუცხოვა ტანიუშას მზერა. - გაეღიმა კმაყოფილ ანდრეას და საუზმეს მიუბრუნდა.
-იცი, რომ აქ მიმტანი ტანიუშების გასაცნობად არ ჩამოვსულვართ?! რა დროს საუზმეა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის წინ?!
-ჯერ ეს ერთიც, მე არავითარი შეხვედრა არ მელის. მერე მეორეც, გიჟი ვარ მოსკოვში ვიყო და ამათი ძეხვეულობით არ ვისიამოვნო? - ჭამა-ჭამით ლაპარაკობდა მამაკაცი.
-კარგი, შეგიძლია დარჩე! ბოლოსდაბოლოს, მეც იმას ვამბობდი, რომ შენი აქ ყოფნა არაფერში მჭირდება. მე წავალ, აბა კარგად. - გაბრაზებას მოეშვა ეკატერინე, ზურგი აქცია ანდრეას და გასასვლელისკენ გაეშურა.
-ღმერთო, ვის გაუგია დილის თერთმეტ საათზე ოჯახში სტუმრობა?! - უკმაყოფილოდ მოისროლა ხელსახოცი ახვლედიანმა და ჯაყელს მიჰყვა.
-სხვადასხვა ტაქსებით წავალთ.
-ამის აღნიშვნა არ იყო საჭირო.
-მათი სახლის წინ კაფე იყო, იქ დამელოდე გამოსვლამდე.
-მშვენიერია, საუზმის დასრულებას შევძლებ. - ჩაეცინა კმაყოფილ ანდრეას.
-შეგიძლია, ოდნავ მაინც დასერიოზულდე და დღეს მაინც შეეშვა შენს იდიოტურ რეპლიკებს?! - უცებ მოუტრიალდა გაცეცხლებული ეკატერინე მამაკაცს.
-რა? ისეთი რა ვთქვი? უარესებსაც იტან ხოლმე... - გაეღიმა ახვლედიანს.
-უბრალოდ გაჩუმდი და ხმა არ ამოიღო, ძალიან რთულია?!
-მგონი, ძალიან დაძაბული ხარ და ცოტა უნდა მოეშვა...
-დაძაბული?! - თვალები გაუფართოვდა გოგონას. - ქორწილის დღეს გარდაცვლილი საქმროს დედასთან მივდივარ, რომელიც მას მერე არ მინახავს და რომელიც მეორე დედასავით იყო ჩემთვის. ქალი სულ მარტოა და მცირე დროში ორი ინფაქრტის გადატანა მოუწია. თანაც ძალიან სავარაუდოა, რომ მისი ერთადერთი შვილის სიკვდილში მე და ჩემს ოჯახს გვადანაშაულებდეს და ჩემი ნახვა სულ არ მოინდომოს. ასე რომ, კი დაძაბული ვარ, თანაც ძალიან და საერთოდ არ მინდა, იმ დაწყევლილ სახლში მისვლა, სადაც ჩემი ცხოვრების მამაკაცი გაიზარდა, მაგრამ მიწევს იმიტომ, რომ შესაძლოა, მისი მკვლელის შესახებ რაიმე ახალი გავიგო! ამ ყველაფრის ატანას ძლივს ვახერხებ და წკიპზე ვარ, რომ ერთიანად არ დავიმსხვრე. ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ, მაგრამ აი, შენს ცინიკურ კომენტარებს და რეპლიკებს ნამდვილად ვეღარ გავუძლებ. ასე რომ, ძალიან გთხოვ, როგორმე შეიკავე თავი ლაპარაკისგან და ცოტახნით გაჩუმდი! - ეკატერინე თვალებში უყურებდა მასთან ძალიან ახლოს მდგარ ანდრეას და ისე უყვიროდა, ყველა გამვლელი მათ აშტერდებოდა, გაკვირვებული. ახვლედიანი კი უბრალოდ თვალებში უყურებდა გოგონას და ღიმილი თანდათან უქრებოდა სახიდან. პირველად იფიქრა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა; ძალიან პატივმოყვარე რომ არ ყოფილიყო, იქნებ ბოდიშიც მოეხადა.
-წამოდი, ტაქსები გავაჩეროთ. - ძალიან მშვიდი ხმით უთხრა ჯაყელს, ნირწამხდარმა და უხმოდ გაემართა გასასვლელისკენ.

*_*_*_*

ლიუდმილა ვასილევნას სახლი, როგორც ჩანს, საკმაოდ შორს იყო მოსკოვის ცენტრიდან. გადატვირთული მოძრაობის და დიდი მანძილის გამო ეკატერინესა და ანდრეას თითქმის საათნახევარი მოუწიათ გზაში ყოფნა. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე. ტაქსები ერთი მეორის მიყოლებით გაჩერდნენ იმ ქუჩის კუთხეში, რომელზეც მიხალკოვას სახლი იყო.
ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ ეკატერინე ერთ ადგილს იყო მიყინული და ღრმად სუნთქვდა. ანდრეა შორიდანვე მიხვდა, რომ გოგონა ძალიან ღელავდა.
-აბა სად არის ის კაფე? - ნელა მიუახლოვდა ახვლედიანი ჯაყელს იმ ფიქრით, რომ მისი კითხვა ოდნავ გაუქარწ....ბდა ღელვას გოგონას.
კატოს თავიც არ აუწევია, ხელით ანიშნა ქუჩის გადაღმა მდებარე კაფეზე.
-არ მიდიხარ? - ახვლედიანისთვის არადამახასიათებელი სიფრთხილე იგრძნობოდა მის კითხვაში.
-წადი შენ. - მოკლე იყო შარფშიცხვირჩამალული ჯაყელის პასუხი.
-თუ გინდა დაგიცდი, სანამ დაკაკუნებას გადაწყვეტ.
-შენს მხარზე გულიც ხომ არ მოვიოხო? - წადი! - გაბრაზდა ეკატერინე.
-კარგი, კარგი, მივდივარ. - ხელები ასწია ანდრეამ და გოგონას გაეცალა.

ახვლედიანმა კაფეში ისეთი ადგილი შეარჩია, რომ პირდაპირ ეყურებინა ლიუდმილა მიხალკოვას სახლისთვის. თავისთვის ჩაი შეუკვეთა და მშვიდად დაელოდა ეკატერინეს მოქმედებას. ჯაყელი დიდხანს იდგა ქუჩაში. ორჭოფობდა და აშკარად უჭირდა სახლთან მიახლოება. ანდრეა უკვე მეორე ჭიქა ჩაის სვამდა, როცა გოგონა ადგილს მოწყდა და სწრაფად მიუახლოვდა მიხალკოვას სახლს. ახვლედიანს ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი. უფრო კომფორტულად მოეწყო და დაელოდა მოვლენების განვითარებას.


ეკატერინემ ღრმად ამოიოხრა, თავის თავს შეუძახა და კარზე მსუბუქად დააკაკუნა. თვალები აუჭრელდა და მუხლებში სისუსტე იგრძნო. კადრები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს მის გონებაში. ახსენდებოდა, მისი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ამ სახლში. დათუნას და ლიდმილა ვასილევნას ღიმილიანი სახეები, თბილი დახვედრა და სასიამოვნო დღეები. ტვინი იმდენად სწრაფად იხსენებდა ყველაფერს, გოგონას თავბრუ დაეხვა. გრძნობდა, რომ სისუსტე ჯაბნიდა, რომ გაიქცეოდა და აღარასდროს დაბრუნდებოდა, მიხალკოვას სახლში. არ შეეძლო, შვილმკვდარი დედისთვის აწყლიანებულ თვალებში ჩახედვა და მასზე საუბრის მოთხოვნა. ალბათ, გაიქცეოდა, მოსამსახურე გოგონას კარის გაღება ოდნავ მაინც რომ დაეგვიანა. აუცილებლად გაიქცეოდა, უკანმოუხედავად, ტირილითა და დიდი გულლისტკივილით. სისუსტე დაჯაბნიდა, შიში იმძლავრებდა მასში და ვერ გაბედავდა, საყვარელი ადამიანის მშობლიურ ბინაში ფეხის შედგმას. მაგრამ ლიუდმილა ვასილევნას მომვლელ გოგონას არ დაუგვიანია. მანამ გააღო კარი, სანამ ეკატერინეს ტვინი გაქცევის იმპულსებით გაჟღინთავდა ორგანიზმს.
კარი ნელა გაიღო და ზღურბლზე ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა, ქერა თმითა და დიდი ცისფერი თვალებით. ჯაყელის დანახვაზე თვალები ისე გაუფართოვდა და შეიცხადა, თითქოს მიხვდაო, მის ვინაობას.
-გამარჯობა. - მიესალმა გაკვირვებული გოგონა ეკატერინეს. მისი რუსული იმდენად მშვიდად ჟღერდა, ჯაყელიც ერთგვარად მოეშვა და დაწყნარდა.
-გამარჯობა. მე ლიუდმილა ვასილევნას ნახვა მინდოდა. - მაქსიმალურად აკონტროლებდა ტონს ეკატერინე, მაგრამ ფეხების კანკალს ვერაფრით მალავდა.
-ლიუდმილა ვასილევნასი? დიახ, რა თქმა უნდა, მობრძანდით. - წამიერად დაიბნა მოსამსახურე გოგონა, თუმცა შემდეგ გონს მოეგო და სტუმარი სახლში შეიწვია. - თავს შეუძლოდ გრძნობდა და დაწოლა გადაწყვიტა. ახლავე ვეტყვი, რომ კითხულობთ...
-არა, ძალიან გთხოვთ, არ არის მისი შეწუხება საჭირო. მე თვითონ შევალ.
-„ჟენიუშკა, კტო ტამ?!“ - უცებ გაისმა დერეფანში ლიუდმილა ვასილევნას ოდნავ გადაღლილი და ჩახრეწილი ხმა.
-„შას პრიძომ, ლიუდმილა ვასილევნა“ - გასძახა გოგონამ თავის ქალბატონს.
-შეგიძლიათ მითხრათ, როგორ არის? - გული აუჩქარდა ეკატერინეს საყვარელი სადედამთილოს ხმის გაგონებაზე, თუმცა თავს ძალა დაატანა და მაინც შეეკითხა მომვლელ გოგონას.
-ძალიან სუსტადაა. მე მასთან მხოლოდ ახლახანს დავიწყე მუშაობა, ექთნობასაც ვუწევ და სახლის საქმეებშიც ვეხმარები. მარტოს ძალიან უჭირს. - სახე შეუწუხდა ჟენიუშკას. - იცით, მე ვიცი, რომ თქვენ...რომ მისი გარდაცვლილი შვილის საცოლე იყავით... მე თქვენი რამდენიმე სურათი მაქვს ნანახი. სულ შემთხვევით! კარადის ლაგებისას აღმოვაჩინე...
-დიახ, მისი გარდაცვლილი შვილის საცოლე ვარ... - თავი დახარა ეკატერინემ, რათა მომენტალურად მომდგარი ცრემლი დაემალა.
-ძალიან გაუხარდება თქვენი ნახვა... - მხოლოდ ამის თქმა მოიფიქრა, უხერხულობის გასაფანტად, მომვლელმა გოგონამ და ფართედ გაუღიმა ჯაყელს. - აქეთ მობრძანდით. - სასტუმრო ოთახისკენ გაუძღვა შემდეგ სტუმარს.
-ჟენია, რატომ არ მეუბნები, ვინ მოვიდა?! თუ ისევ ნასწიაა, შემოვიდეს, რად უნდა ამას ამდენი დრო... - ლაპარაკით გამოდიოდა საძინებლიდან სასტუმრო ოთახში მიხალკოვა, როცა მეორე მხრიდან ეკატერინე და ჟენიუშკა შევიდნენ ოთახში და მათი მზერებიც მომენტალურად შეეჩეხა ერთმანეთს.
ლიუდმილა ვასილევნა გაშრა. თავიდან ეგონა, რომ ეჩვენებოდა. რამდენიმე წამის განმავლობაში გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა კარის ზღურბლზე ატუზულ ეკატერინეს, რომელიც სადაც იყო ატირდებოდა.
-კაწ...კაწირინა... - ძლივს ამოღერღა სარძლოს სახელი გაოცებულმა და ხელით იქვე მდგარ სავარძელს დაეყრდნო.
-გამარჯობა, ლიუდმილა ვასილევნა... - ძლივს გაუსწორა ცრემლით აბრჭყვიალებული თვალები ეკატერინემ ვასილევნას და სულ ოდნავ გაუღიმა.
-კაწირინა... - გაფართოებულ თვალებს ზანტად ახამხამებდა მიხალკოვა და ჯერ კიდევ ცდილობდა სიტუაციაში გარკვევას. – „დოჩკა...“ - წამოიძახა ტირილით მცირე ხნის შემდეგ და ხელები გაშალა ჯაყელის შესაგეგებლად.
ეკატერინემ წამიერი შვება იგრძნო. სწრაფად გაემართა ქალისკენ და მაგრად გადაეხვია. ისე მჭიდროდ ეხვეოდნენ ერთმანეთს, ისე უჭერდნენ მკლავებზე ხელებს, თითქოს ერთმანეთის ტკივილის შეგრძნება და მისი სხეულიდან განდევნა სურდათ. თითქოს სხეულები ეუბნებოდნენ ერთმანეთს - აჰა, იგრძენი, მეც არანაკლებ მტკივაო. ისე ტიროდნენ, ისე მოთქმით, როგორც გასვიანის დასაფლავებაზე უნდა ეტირათ, ერთად. ხომ ძლიერად ეხუტებოდნენ? - მაგრამ მაინც, ორივე გრძნობდა ბარიერს, რომელსაც ტკივილი წარმოშობდა; უზარმაზარი ტკივილი, სახელად - დათუნა გასვიანი.
მომვლელ გოგონას ორივე ხელი შეეტყუპებინა და პირზე მიედო. საოცრად ამაღელვებელი სცენის შემყურე, ვერაფრით იკავებდა ცრემლებს. ლუდმილა და ეკატერინე კი ერთმანეთს არ შორდებოდნენ. მიხალკოვა, შიგადაშიგ, რაღაცას ეჩურჩულებოდა გოგონას, მაგრამ ჟენიას არაფერი ესმოდა.
გარკვეული დროის შემდეგ პირველმა ტალღამ გადაიარა და გასვიანის ჭირისუფლებიც ჩააცხრო. ორივემ შეწყვიტა ტირილი და ერთმანეთს დასცილდა. ვასილევნამ უხმოდ ჩაკიდა ხელი ჯაყელს და იქვე, სავარძლებისკენ, წაიყვანა.
ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ - ხმას ისევ არცერთი იღებდა. უბრალოდ ისხდნენ და აკვირდებოდნენ ერთმანეთს. ორივე ამჩნევდა ნაცნობ ტკივილს ერთმანეთის სახეზე, მაგრამ სიტყვას მაინც არცერთი ძრავდა. ბოლოს ლიუდმილამ მზერა მოაცილა გოგონას და თავის მომვლელს გახედა.
-ჩაი გაგვიკეთე, ჟენიუშკა, ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო... - ისევ ეკატერინეზე გადაიტანა მზერა მიხალკოვამ და მკრთალად გაუღიმა გოგონას.
ეკატერინე ხმას მაინც არ იღებდა. ცრემლები შეიმშრალა და უკეთ განაგრძნო საყვარელ სადედამთილოზე დაკვირვება. ვერ იჯერებდა, რომ მის წინ ნამდვილად ლიუდმილა ვასილევნა იჯდა. რამდენიმე თვეში ისე დაბერებულიყო, მოტეხილიყო, მთლიანად დაეკარგა ეშხი და ხიბლი, რასაც ასაკშიც კი ინარჩუნებდა. ნაოჭები საგრძნობლად დამჩნეოდა, თმები გაჭაღარავებოდა, წონაში ალბათ თხუთმეტიოდე კილო მაინც ექნებოდა მოკლებული. მის წინ სრულიად ახალი ლიუდმილა მიხალკოვა იჯდა - უბედური გამოხედვით, ღიმილითა და საუბრის მანერით. ნათელი სხივი, მის მზერაში, აღარ არსებობდა; აღარ არსებობდა ქალური სიკეკლუცე მის ღიმილში. ეტყობოდა, რომ ცდილობდა ნორმალურად ცხოვრებას და ძველი ლიუდმილას როლის თამაშს, მაგრამ სახლში მაინც გამეფებულიყო მარტოობის მძაღე სუნი.
-დავბერდი, არა? - თითქოს ეკატერინეს ფიქრები ამოიცნოო, ნაღვლიანი ღიმილით ჰკითხა ლიუდმილამ გოგონას.
-ცუდად არ გამოიყურებით, ლიუდმილა ვასილევნა. - რაც შეეძლო დამაჯერებლად იცრუა ჯაყელმა.
-ჩემო კაწიუშა, ტყუილები ვერაფრით ისწავლე, არა? - ჩაეცინა ქალს და ამ ჩაცინებასაც კი გააყოლა ტკივილი.
-ყველაზე მეტად თქვენ გიჭირთ... - ტონი მაშინვე აუთამაშდა ეკატერინეს და ცრემლებმაც მაშინვე დანამეს მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ყვრიმალები.
-აღარც მიჭირს უკვე, ჩემო გოგო. აღარც კი მიჭირს... - ამოიხვნეშა ვასილევნამ.
-დრო ვერ გვიშველის, არა? - გულუბრყვილო ბავშვივით იკითხა ეკატერინემ.
-არ ვიცი, არ ვიცი... იქნებ შენ გიშელოს კიდეც, მაგრამ მე... - ხელები ჩაიქნია ლიუდმილამ.
-მის გარეშე ძალიან მიჭირს, ლიუდმილა ვასილევნა... - ამოიტირა ჯაყელმა.
-ვიცი, ვიცი, ჩემო გოგო, ვიცი... - გული დაეწვა მიხალკოვასაც და მანაც გადმოყარა ცრემლები.
-მითხარით, რა, როგორ ხართ? ხომ არაფერი გჭირდებათ? ვიცი, რომ ადრეც უნდა მოვსულიყავი, მაგრამ...
-ნუ მიხსნი, კაწიუშა, არ გინდა. - ხელზე ნაზად შეახო ხელი ლიუდმილამ სარძლოს. - მესმის, შენი ტკივილი.
-თქვენ კი გესმით ჩემი, ეს მე ვერ გავიგებ ვერასდროს, რამდენად ძლიერი ქალი ხართ, რომ ორი ყველაზე საყვარელი ადამიანის სიკვდილს ასე იტანთ.
-ვიტან კი?! - ტკივილიანად ჩაეცინა ქალს და ოთახში შესულ ჟენუშკას ფინჯანი ჩაი გამოართვა. - ასე მგონია, ლანდი დავრჩი.
-თქვენ ყველაზე ძლიერი ქალი ხართ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში, ლიუდმილა ვასილევნა! - საოცრად გულწრფელი იყო იმ წამს ეკატერინე.
-ძლიერი... - ჩაილაპარაკა მიხალკოვამ თავისთვის. - ჩემი თემურის შემდეგ სხვა გზა არც მქონდა. მყარად უნდა ვმდგარიყავი ფეხზე, რომ დათუნას არაფერი მოკლებოდა, რომ მას არ შეემჩნია ჩემი სისუსტე. მინდოდა, სიმტკიცე და პრინციპულობა ჩამენერგა მასში, რომ არასდროს ეგრძნო უმამობა...
-ყველაფერი გააკეთეთ, რომ მისგან ნამდვილი კაცი დამდგარიყო!
-იცი, რა რთული იყო, კაწირინა? ყოველ ნაბიჯზე იყო ხიფათი...
-ძალიან ხშირად მიყვებოდა იმ საშინელი ხალხის შესახებ, რომელშიც ტრიალი უწევდა. - უცებ იცრუა ჯაყელმა და ხელსაწმენდით შეიმშრალა ცრემლები.
-გიყვებოდა? - თვალები გაუფართოვდა ვასილევნას, რომელმაც ვერაფრით დამალა გაკვირვება.
-დიახ, ძალიან ხშირად მიყვებოდა. იმ მიზეზზეც, რის გამოც თბილისში გადაწყვიტა ჩამოსვლა...
-როგორ... რას გიყვებოდა? - ისედაც ფერმკრთალი სახე კიდევ უფრო გაეცრიცა ქალს.
-ყველაფერს. იმ სირთულეებზე, რისი გადატანაც უწევდა, რომ ცუდ წრეში არ მომხვდარიყო და... თქვენს ნათლულზეც. - დიდი სიფრთხილით დაამატა ბოლო სიტყვები ჯაყელმა და წინ მჯდომს შეხედა თვალებში.
-ლევანზეც გიყვებოდა?
-მასზე არ უყვარდა ლაპარაკი, მაგრამ გაკვრით ახსენებდა. ვიცი, რომ თქვენი ნათლული არაკანონიერი საქმეებისკენ უბიძგებდა დათუნას.
-დათუნამ გითხრა ასე?
-დიახ, რატომ გიკვირთ? რამეს არასწორად ვამბობ? რამე შეცდომით ვიცი? - ვასილევნას რეაქციით იმედი მიეცა ეკატერინეს და წამით თავი შეიძულა კიდეც, რომ რაიმე ცუდი იფიქრა დათუნაზე.
-არა... არა, კაწირინა, ყველაფერი სწორად გცოდნია... - თვალები ცრემლებით აევსო მიხალკოვას და თავი დახარა. - უბრალოდ, მე არ მეგონა, რომ შენც იცოდი... - დაამატა შემდეგ ჩურჩულით.
ეკატერინემ ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო გულის არეში - ენიშნა ლიუდმილა ვასილევნას რეაქცია და მიხვდა, რომ რაღაც საშინელებას იყო მიმდგარი.
-დათუნა არასდროს ეპუებოდა, არა? - ძლივს იკითხა ჯაყელმა.
მიხალკოვამ ამოიხვნეშა და სავარძელში გასწორდა. ფინჯნის სახელურს ნერვულად აწვალებდა და არაფრისდიდებით უსწორებდა თვალს გოგონას.
-ლიუდმილა ვასილევნა... - მღელვარება პიკს აღწევდვა კატოსთვის.
-ჩემი შვილი არასდროს ყოფილა რკინასავით მაგარი, პრინციპული და დაუნდობელი... - ჩახრეწილი ხმა გააჟღერა ლიუდმილამ.
-მაგრამ?!
-მაგრამ ლევანმა მაინც ვერაფრით მოახერხა მისი ბნელ მხარეზე გადაყვანა. დათუნამ ყოველთვის იცოდა, რაც მოყვებოდა ჩემი ნათლულის არჩეულ გზას. მართალიც აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში...
-ის მოკლეს, არა?!
-ორი წლის წინ, თურქეთის ციხეში. - ოხვრას ამოაყოლა სიტყვები ქალმა.
-ჰო, ეს კი არასდროს უთქვამს დათუნას... მეც შემთხვევით გავიგე.
-ნუ გაბრაზდები მასზე, კაწირინა, გთხოვ. უბრალოდ, ლევანი ის ლაქა იყო, ჩვენს ცხოვრებაში, რომლისაც ყოველთვის გვრცხვენოდა.
-არ ვბრაზდები, ლიუდმილა ვასილევნა. მასზე როგორ გავბრაზდები?!
-ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან... როგორც წყალი და ცეცხლი, ისე იყვნენ. - ჩურჩულებდა ლიუდმილა და თავს აქნევდა.
-მოდი, აღარ გვინდა ამაზე, უბრალოდ ჩაი დავლიოთ. - სიტუაციის განმუხტვა გადაწყვიტა ეკატერინემ, რადგან გრძნობდა - მისი გული მეტს ვეღარ გაუძლებდა.
მიხალკოვამ ცრემლები მოიწმინდა და სარძლოს გაუღიმა. შემდეგ აკანკალებული ხელები მოხვია ფინჯანს და ნელა მიიტანა პირთან.
ჩაის სვამდნენ ტაატით, აუღელვებლად და აუჩქარებლად. შიგადაშიგ, გამოელაპარაკებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, დროებით და შემდეგ ისევ ბეჯითად აშტერდებოდნენ თავიანთ ფინჯნებს. ჟენიუშკა შემოდიოდა, წამალს ასმევდა თავის ქალბატონს და მაშინვე იძურწებოდა ტკივილისა და დუმილის არეალიდან.
-მოსკოვში ჩემ გამო ჩამოხვედი, შვილო? - ჩაის ერთსაათიანი სმის შემდეგ ჰკითხა ლიუდმილამ გოგონას.
-სხვა რა მიზეზი მექნებოდა? - ნაღვლიანად გაეღიმა ჯაყელს. - რომ არ მენახეთ, მოვკვდებოდი...
-დიდი ხანია ამერიკიდან დაბრუნდი?
-რამდენიმე კვირა.
-მიხარია, რომ შეძელი, კაწირინა... ძალიან ძლიერი გოგო ხარ!
-არც იმდენად, რამდენადაც თქვენ.
-ოჰ, როგორ ცდები... - ჩაეცინა ნაღვლიანად მიხალკოვას. - მე ვერ ვიყავი იმდენად ძლიერი, კაწირინა, დამიჯერე...
-თქვენ შესანიშნავი ვაჟი აღზარდეთ!
-იცი, რატომ უყვარდი ასე გაგიჟებით? - უცებ შეუბრუნდა ვასილევნა სარძლოს. - იმიტომ, რომ ყველაზე მტკიცე, შეუვალი და ძლიერი ქალი იყავი, რომელიც საოცრად ახერხებდა ყველაფრის გულის სიღრმეში დაფვლას და ლოიალურობის შენარჩუნებას. იცი, რამდენს მელაპარაკებოდა შენზე? – „დედა, კაწირინა ასეთია, კაწირინა ისეთია... ჩემი კაწერინა საოცარია, ერთდროულად ძლიერიც და სათუთიც, დამთმობიც და შეუვალიც - ცეცხლი და წყალი!“ შენ მისთვის ყველაზე დიდი სხივი იყავი, ჩემო გოგო. სხივი, რომელმაც მე შვილი გადამირჩინა...
-გადაგირჩინათ? განა ჩემმა ოჯახმა არ წაგართვათ მისი თავი?! - ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა გოგონას.
-არა, არა, კაწირინა, ნუ ფიქრობ მაგაზე...
-არ გძლუვართ, ლიუდმილა ვასილევნა? - ხმამაღლა წასკდა ტირილი ეკატერინეს.
-ერთადერთი ხარ, რაც დამრჩა ცხოვრებაში. კაწირინა, ჩემო კაწიუშა, ჩემო უდაბნოს ვარსკვლავო, როგორ უნდა მძულდე?! შენ არ წაგირთმევია დათუნა ჩემთვის, შენ მე ის შემინარჩუნე. მისი თავი ადამიანების მცდარმა გადაწყვეტილებებმა წამართვა... ადამიანის დაუნდობლობამ და სიმხეცემ! შენ არა... შენ არა... სიყვარული, ნამდვილი და წრფელი სიყვარული ვერასდროს წარმოშობს ზიზღსა და ბოროტებას. არც გაბედო შენი თავის დადანაშაულება!
-მაპატიეთ, ლიუდმილა ვასილევნა! - წამოიყვირა ტირილით ეკატერინემ და სადედამთილოს ჩაუვარდა ფეხებში.
-ჩემო კაწირინა... ჩემო კაწიუშა... ჩემო უდაბნის ვარსკვლავო... - ტირილით ჩურჩულებდა ქალი და თავზე კოცნიდა გოგონას. - როგორ დაგტანჯა ამ ცხოვრებამ... როგორ გაგაწამა... როგორ გატკინა... - მონოტონურად ჩურჩულებდა მიხალკოვა და ცრემლებს ფართო არეალს აძლევდა. მის მკლავებში ეკატერინეს კიდევ უფრო ამოუჯდა გული და ისე ატირდა, როგორც არასდროს, დათუნას გამო.
აქამდე ის იყო დიდი ტრაგედიის მთავარი გმირი. ყველა მას ევლებოდა თავს და არავინ აცხადებდა პრეტენზიას, რომ მასზე მეტად სტკიოდა დათუნას სიკვდილი. მაგრამ ახლა იმ ადამიანის კალთაში ჰქონდა თავი ჩარგული, რომელსაც მასზე მეტად ანადგურებდა გასვიანის სიკვდილი. ახლა ის შვილმკვდარი დედის კალთას იყო მიფარებული და ზუსტად იცოდა, მისი ტკივილი თავისას ჭარბობდა.
-ლიუდმილა ვასილევნა, გაივლის? - დიდი ხნის შემდეგ წამოყო თავი ტირილით დაღლილმა ეკატერინემ და საწყალი თვალებით შეხედა ქალს.
-არა, კაწიუშა, ეს არ გაივლის... - ცრემლები მოწმინდა ლიუდმილამ გოგონას და მშვიდად უთხრა. - ეს სულ დარჩება...
-შევეჩვევი?
-აუცილებლად! - ნაღვლიანად გაეღიმა ვასილევნას.
-თქვენ შეძელით, ბატონი თემურის სიკვდილთან შეგუება?
-შეჩვევა და შეგუება სხვადასხვა რამეა, მაგრამ მაინც - ალბათ შევძელი. იცი? - თემური რომ გარდაიცვალა ყველაფრის და ყველას დანახვა მიჭირდა, ჩემი დათუნას ჩათვლით. ყველაფერი ბნელ ფერებში მეჩვენებოდა; აბსტრაქტულად კი არა, ფიზიკურად აღვიქვამდი ყველაფერს უფრო შავად, გაცრეცილად და უსახურად. აღარაფერი მახარებდა და არავინ მინდოდა. მერე, თვეების და წლების შემდეგ, ნელ-ნელა დამეწმინდა გამოსახულებაც და ნათელი ფერების მიმართაც დამიბრუნდა აღქმის უნარი. ახლა ყველაფერს ისევ ბნელად ვხედავ, ორჯერ უფრო ბნელად, ვიდრე მაშინ, მაგრამ უკვე აღარც კი მადარდებს, კაწირინა. იმ დონემდე ვარ, როცა ტვინი ტკივილს ვეღარ აღიქვამს...
-რატომ არ შეიძლებოდა, რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო?
-იმიტომ, რომ მე ღმერთს არ ვყვარებივარ, ჩემო კაწიუშა... - ტკივილით გაჟღენთილი ღიმილით გაეღიმა მიხალკოვას და თვალები მინაბა. - უბედური, ქვრივი და შვილმკვდარი ქალის როლი შეურჩევია ჩემთვის. - ეულმა კურცხალმა ჩამოისრიალა მის გადაღლილ ნაკვთებზე.
ეკატერინეს არაფერი უთქვამს; ლიუდმილა ვასილევნას კალთას ნელა მოსცილდა და ისევ სავარძელში დაიკავა ადგილი. მანაც საზურგეს მიაყრდნო თავი და გაიტრუნა. ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ისევ დაიკარგა სიტყვები.
-იცი, რას მივხვდი, კაწირინა? - დიდხნიანი დუმილი დაარღვია ლიუდმილამ, რომელსაც ბეჯითად გაეშტერებინა მზერა მაგიდაზე მდგარი ფინჯნისთვის. - სიძლიერე არ არის ის, რაც ქალმა უნდა ინატროს ცხოვრებაში. იცი, რამდენხანს ვცდილობდი ჩემში სისუსტის დაჩაგვრას? ძლიერი ქალის როლის თამაშს, მტკიცე ხასიათის გამოვლენას, ჩემი ქალური სიამაყის აფიშირებას. სინამდვილეში კი, იცი, ვინ არიან ყველაზე ბედნიერები? - ქარაფშუტა ქალები. ქმრის ხელისგულზე წამოწოლილები, მზეზე შეფიცხულები, საუკეთესო სუნამოებით,კ ოსმეტიკით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით განებივრებულები. მსუბუქი სიცილისა და ჰაეროვანი ტვინის პატრონნი. ყოველდღიური პრობლემებისგან გადაუღლელნი. უბრალოდ ლამაზები და უბრალოდ მარტივები. ვის ჭირდება ძლიერი ქალი? - სიძლიერე ხომ ქალს მხოლოდ ტკივილისა და ტანჯვის ფასად უჯდება?! ვის რაში ჭირდება ტკივილმიკედლებული, ტირილისაგან გამოფხეკილი ქალი?! ბედნიერია ქალი, რომელიც მწერის დანახვისას კივის და ხელის გასერვისას ცრემლად იღვრება. ჰო, ეს არის ნამდვილი, ჭეშმარიტი ბედნიერება! არავინ მოგატყუოს, ჩემო გოგო, არავინ გითხრას, რომ ბედნიერება სიძლიერეშია. ბედნიერება სიმარტივეშია; გადაუღლელ ღიმილში, ტკივილაურეკლავ თვალებში, ცრემლუცოდინარ ყვრიმალებში, თხელ, სიფრიფანა, თითქმის გამჭირვალე, მაგრამ ცხოვრების საზრუნავებისგან დაუმძიმებელ სხეულში. რაც უფრო ცარიელია ქალი, რაც უფრო პრაგმატული და რაც უფრო მატერიალური, მით უფრო ადვილია მისთვის ცხოვრება. არავის ჭირდება ფოლადი ხასიათში, ყველაზე კარგია ფაიფური. დაიტანჯები... რაც უფრო ძლიერი ხარ, გონიერი, პრინციპული, ღირსეული, ამაყი, ნიჭიერი, პირდაპირი, გულწრფელი - მით უფრო მეტად დაიტანჯები! უფრო მეტად გადაგთელავს ცხოვრება! ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, მხოლოდ ერთი რამის გაზიარება შემიძლია შენთვის, შვილო, ჩემთვის უკვე გათავდა გზა, მაგრამ შენ ჯერ წინ გაქვს ყველაფერი. დაიმახსოვრე, კაწირინა - ცხოვრების გზაზე ისე უნდა იარო, რომ არასდროს დაგავიწყდეს ქარაფშუტა ღიმილი, მსუბუქი კისკისი და უდარდელი მზერა. რაც უფრო ჭკუამხიარული იქნები, მით მეტად გაგაღმერთებს ყველა და მით მეტად გაბედნიერდები შენც. საკუთარ ხორცში გამომწყვდეული ტკივილი ყველას იმდენი აქვს, სხვაში მხოლოდ თავისუფლება თუ სწყურიათ. ქალის ცრემლები? - მხოლოდ ფილმში თუ ელამაზება ვინმეს. რეალურ ცხოვრებაში ძლიერი ქალი ვერ ხარობს ბედნიერების ნიადაგზე. კარგად დაიმახსოვრე და არასდროს დაივიწყო ჩემი სიტყვები. მენდე, ყველაფერი, საცდელი ვირთხასავით, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. - მთელი მონოლოგის განმავლობაში ლიუდმილა ვასილევნა წამითაც არ აცილებდა მზერას მაგიდას. თითქოს მას ელაპარაკებოდა და არა ჯაყელს. თავის მხრივ, ეკატერინე მიხალკოვას იყო მიშტერებული და ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა იმედგაცრუებულ, ნატანჯ ქალს, რომელიც ასე ეძვირფასებოდა. ფიქრობდა, რომ მისი გაჩუმების შემდეგ თავადაც იტყოდა რამეს; რაიმე სანუგეშოს და ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა ქალს ტკივილს, მაგრამ ლიუდმილა გაჩუმდა თუ არა ოთახში ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, გოგონამ ხმის ამოღება ვერ გაბედა.
რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ ჟენიუშკა მორიდებით შევიდა ოთახში და მაგიდასთან აიტუზა.
-ქალბატონო ლიუდმილა ვასილევნა, სადილი მზად არის... - ჩურჩულით მიმართა თავის ქალბატონს. ისე, თითქოს რაიმე სამარცხვინოს ეუბნებოდა.
-გმადლობთ, ჟენიუშკა, მალე მოვალთ. - ხელსახოცით უპეები შეიშრო მიხალკოვამ და ეკატერინეს მიუბრუნდა. - შენი ბარგი სად არის? ჟენია ოთახში შეიტანდა...
-ბარგი თან არ მაქვს, ლიუდმილა ვასილევნა, მე სასტუმროში გავჩერდი და იქვე დავრჩები, გთხოვთ.
-რატომ კი მაგრამ? რა საჭიროა სასტუმრო...
-ასე მირჩევნია, ლიუდმილა ვასილევნა. - მუდარა გაურია ხმაში ჯაყელმა და ისეთი სახით შეხედა ქალს, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.
-კარგი, კაწიუშა, როგორც გინდა... - თავი დაუქნია დანანებით ლიუდმილამ გოგონას და წამოდგა. - წამოდი, ვისადილოთ მაინც.

პროცესს მაგიდასთან ჯდომა უფრო ერქვა, ვიდრე სადილობა. არც ეკატერინეს და არც ლიუდმილა ვასილევნას პირი არაფრისთვის დაუკარებიათ. ერთმანეთს მისჩერებოდნენ თვალებში და აკვირდებოდნენ ყველაფერს გარშემო, მაგრამ ლუკმას ვერაფრით იდებდნენ პირში. რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე დაიღალა და წამოდგა სკამიდან. ეკატერინე ხვდებოდა, რომ ამ სიტუაციას მეტად ვეღარ აიტანდა და წასვლა გადაწყვიტა. დიდად არც მიხალკოვა შეწინააღმდეგებია, რადგან მასაც ძალიან უჭირდა ჯაყელთან საუბარი.
-მოსკოვში რამდენი ხნით დარჩები, კაწირინა? - გაცილებისას ჰკითხა ვასილევნამ გოგონას.
-არვიცი,ლიუდმილა ვასილევნა, ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე. მერე უნდა დავბრუნდე...
-ჰო, უნდა დაბრუნდე, რა თქმა უნდა. ხვალაც ხომ მოხვალ?
-აუცილებლად. - მკრთალად გაეღიმა ეკატერინეს და რაც შეეძლო მაგრად გადაეხვია ქალს. მიხალკოვამ ისე ჩაიკრა გოგონა გულში, როგორც საკუთარ ქალიშვილს ჩაიკრავდა.

გრძელი ცერემონიის შემდეგ ჯაყელი, როგორც იქნა, გამოაცილეს მიხალკოვების სახლიდან. კარი მიიხურა თუ არა ეკატერინე იქვე, კედელთან ჩასრიალდა, თავი ხელებში ჩარგო და ერთხანს ასე გაუნძრევლად იჯდა. ღრმად სუნთქავდა და დაცლილი ენერგიების შეკოწიწებას ცდილობდა. დაახლოებით ათ წუთში წამოდგა, სადარბაზოს კიბეები სწრაფად ჩაირბინა და გარეთ გავარდა. ისე იყო შეშლილი, ემოციებისგან გადაღლილი და გადატვირთული, კაფეში მჯდარი ანდრეა აღარც გახსენებია. ტაქსს სწრაფად დაუქნია ხელი და ჩაჯდა. ერთი სული ჰქონდა, იმ ადგილს გაცლოდა, ნომრმამდე მიეღწია და გამოსაცლელი ემოციაც ამოეგლიჯა ტანიდან. მანქანა ადგილს მოცილდა თუ არა, კატომ ფანჯარას ჩაუწია, თვალები მინაბა და წამით გონების გათიშვა გადაწყვიტა.
სასტუმრომდე ისე მივიდა, ვერც გაიგო. სწრაფად გადაუხადა მძღოლს ფული და შენობაში შევარდა. ნომრამდე ძლივს მოითმინა, რომ სადმე არ ეღრიალა ან ეტირა ან ფეხები მოკვეთოდა და უსულოდ დაცემულიყო მიწაზე. კარი გააღო თუ არა, იქვე ჩაიკეცა, თავი კედელს მიაყრდნო და ატირდა.

მისი მარტოობის ნეტარებამ და გრძნობების მოოხების წამმა მხოლოდ მცირე ხნით გასტანა, რადგან ეკატერინეს მალევე დაუკაკუნეს კარზე. ჯაყელი არც კი განძრეულა; იმდენად იყო გასავათებული, წამოდგომასაც ვერ ახერხებდა.
-ეკატერინე, გამიღე კარი, ანდრეა ვარ! - მოესმა ცოტახანში გოგონას ნაცნობი ხმა და თითქოს მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს. გაახსენდა სად იყო, რატომ იყო და ვისთან ერთად. თავი წამოსწია, ცრემლები მოიშორა სახიდან და წამოდგა.
-რატომ არ მიღებ კარს, ანდრეა ვარ-მეთქი! რას გამოვარდი იქიდან... - ჩხუბობდა ანდრეა, როცა უეცრად გაიღო კარი და ზღურბლზე ჯაყელი გამოჩნდა.
-რა გინდა?! - გადაღლილი და ჩახრეწილი ხმა ჰქონდა გოგონას.
-რა გჭირს, იტირე? - დანაოჭებული ფოსოები მაშინვე მოხვდა თვალში მამაკაცს.
-საღამოს ვილაპარაკოთ, დავიღალე. - ახვლედიანის თავიდან მოცილებას ცდილობდა კატო.
-საღამოს რატომ? კიდევ ბევრი რომ იტირო და გონების დაკარგვამდე მიიყვანო თავი? - არა, მადლობა, მერე ჩემი მოსავლელი უნდა გახდე! - ჩაეცინა ანდრეას და დაუკითხავად შეიჭრა ნომერში. - კარი მიხურე და მომიყევი ყველაფერი. - ჯიბეებიდან ამოიღო ხელები და კომფორტულად მოკალათდა სავარძელში.
-არაფერი მაქვს სათქმელი. - უემოციო ტონი ჰქონდა ჯაყელს.
-როგორ, არაფერი? სულ არაფერი?
-საერთოდ არაფერი!
-რა კითხე და რა გიპასუხა? ასე უბრალოდ „არაფერი“ არ არის პასუხი!
-რა უნდა მეკითხა, ანდრეა?! - წამოიყვირა ახვლედიანის სიტყვებით გაღიზიანებულმა გოგონამ. - რა უნდა მეკითხა მკვდარ შვილზე მისთვის?! რამეს ხომ არ მიმალავდათქო? რამე ხომ არ მიუქარავს წარსულშითქო? შვილს, რომელსაც აღმერთებდით და რომელიც მოგიკლეს, რამე საშინელი ხომ არ ჰქონდა ჩადენილი ახალგაზრდობაშითქო?! რა მეკითხა, შვილმკდარი დედისთვის?! რა მეკითხა და რა უნდა ეპასუხა?!
ანდრეას გამომეტყველება შეეცვალა და გაფითრდა. ეკატერინეს უეცარ გაცხარებას ვერ წარმოიდგენდა და უკვე მეორედ იმ დღეს, საკუთარი თავი მიუხვედრელობის გამო დატუქსა, გულში.
-ყვირილი არ არის საჭირო... - მშვიდი ტონით ეკატერინეს დამშვიდებასაც ცდილობდა მამაკაცი.
-მაშინ გითხარი, საღამოს ვილაპარაკოთ-მეთქი! - დაიყვირა ჯაყელმა და პატარა მაგიდაზე მდგარი ლარნაკი მოისროლა იატაკზე.
-ძალიან ხარ გაბრაზებული და ასე უბრალოდ „არაფრის“ გამო არ ბრაზდებიან. რა მოხდა?
-ღმერთო, შენ მომეცი გამძლეობა! - თმაზე ნერვულად ისვამდა ხელებს ეკატერინე.
-რა კითხე და რა გითხრა?
-რა უნდა მეკითხა? - მითხარი! რა უნდა მეკითხა დედისთვის გარდაცვლილ შვილზე? რა უნდა ეთქვა? რა უნდა ეთქვა, ერთადერთ შვილზე, რა?!
-და თუ არაფერი უთქვამს, რა გაგიჟებს ასე ძალიან?! - ტონს აუწია ახვლედიანმაც.
-შენ მაგიჟებ, შენ! შენი აქ ყოფნა მაგიჟებს! შენი გამოჩენა მაგიჟებს ჩემს ცხოვრებაში! შენი ამ საქმისადმი ინტერესი მაგიჟებს! გეყო, რა! უბრალოდ გეყოს თამაში და აღიარე, რომ შენ მომიკალი დათუნა! აღიარე, რომ შენმა ოჯახმა მოკლა ჩემი დათუნა! თქვი, რომ დათუნას წარსულში არაფერია! აღიარე! აღიარე და მომასვენე! - მთელ ხმაზე ყვიროდა ეკატერინე, რომელსაც ძარღვები დასკდომას ჰქონდა.
-კარგი, გეყოფა, დამშვიდდი. - გოგონასთან მიახლოვება ცადა ანდრეამ.
-შენ მომიკალი და შენმა ოჯახმა. სხვა გზა უბრალოდ არ შეიძლება, რომ არსებობდეს! არ შეიძლება, რომ ჩემს დათუნას ჰყოლოდა მტრები! არ შეიძლება, რომ ლიუდმილა ვასილევნას გაზრდილ შვილს რამე შეშლოდა! - გაყვიროდა ისტერიკაში მყოფი ჯაყელი.
-კარგი-მეთქი, გეყოფა! - წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაუკავა ხელები მამაკაცმა ეკატერინეს და გააჩერა.
-არ მომეკარო! ნუ მეხები! მკვლელი ხარ! ჩემი დათუნაც შენ მოკალი და ეს სულელური თამაშიც ჩემ გასამწარებლად წამოიწყე! აღარ მინდა აქ, უნდა წავიდე... უნდა გავეცალო აქაურობას, გამიშვი! - მკერდზე ურტყამდა ხელებს კატო ანდრეას.
-კარგი, კარგი, კარგი... - ჩურჩულებდა ანდრეა და აცახცახებული სხეულის გულში ჩაკვრას ცდილობდა.
-გემუდარები, ახვლედიანო, მითხარი, რომ შენი მოკლულია დათუნა... გეხვეწები, თქვი... - ყვირილისგან ხმაჩამწყდარი ეკატერინე ძლივსღა ეჩურჩულებოდა მამაკაცს და ტიროდა.
-დამშვიდდი შენ; დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ... - ხელი ნელა წამოსწია ანდრეამ და ფრთხილად შეახო ჯაყელის თმას, რადგან მაინც ეშინოდა მისი აფეთქების.
-არ შეიძლება, რომ დათუნას მტერი ჰყავდეს... არ შეიძლება... არ შეიძლება... - ლუღლუღებდა ახვლედიანის მკლავებს მისვენებული ჯაყელი.

ამდენი ლანძღვის, ცემის, ცინიკური ჩაცინებისა თუ კომენტარის, ყვირილისა და შეურაცხყოფის შემდეგ, ანდრეა ახვლედიანი და ეკატერინე ჯაყელი სასტუმროში, ნომერში იდგნენ ერთმანეთზე მჭიდროდ აკრულები. ეკატერინე მის მხარზე მოთქვამდა, ანდრეა კი მონოტონურად უსვამდა ხელს თმაზე. ვინმე რომ შემოსულიყო და ეკითხა, აქ რა ხდებაო, ხმას ვერცერთი ამოიღებდა, რადგან პასუხი არცერთს ექნებოდა. იმ წამს უბრალოდ ხდებოდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. იმ წამს ახვლედიანსა და ჯაყელს შორის ადამიანობა ხდებოდა და იქნებ ამის შემდეგ ისევ გაგრძელებულიყო უსასრულო ლანძღვა ან ცინიკური რეპლიკები, მაგრამ იმ წამს, იმ გაყინულ წამს, ორი სხეული ერთმანეთს ეხუტებოდა და ამით ცდილობდა დამშვიდებას.
გარკვეული დროის შემდეგ გოგონა აშკარად მოეშვა და ტირილი შეწყვიტა. ანდრეამ ფრთხილად წაიყვანა დივნისკენ და დასვა. ეკატერინე ერთიანად გაყინულიყო და ამიტომაც ახვლედიანმა პლედი მოაფარა. ანდრეა ისე იქცეოდა, როგორც მზრუნველი მშობელი ან მეუღლე. ისე ეპყრობოდა კატოს, როგორც ანასტასიას მოეპყრობოდა, დედამისს ან ბარბარეს. როცა დარწმუნდა, ჯაყელი ნამდვილად კარგად იყო, დივანს მოსცილდა და მის საპირისპიროდ მდგარ სავარძელში დაიკავა ადგილი.
ოთახში დაძაბული დუმილი ჩამოწვა. ეკატერინე მხოლოდ თვალებს ახამხამებდა და შიგადაშიგ სლუკუნებდა. ანდრეას იატაკისთვის ჰქონდა მზერა გაშტერებული და ხელებს იფშვნეტდა. პირველად იყო, რომ ეს ორი ადამიანი ერთ ოთახში დუმილს ქმნიდა. პირველად აღარ უჩნდებოდათ სურვილი, ერთმანეთისთვის რამე ცუდი ეთქვათ და გაემწარებინათ.
-მე არ მომიკლავს, ეკატერინე. - ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა ანდრეამ, მაგრამ მაინც არ შეხედა წინ მჯდომს თვალებში.
ეკატერინე მაშინვე გამოფხიზლდა და გასწორდა - ცრემლით ამოვსებული თვალები მიანათა თავდახრილ მამაკაცს.
-არც მე მომიკლავს და არც ჩემს ოჯახს. წმინდანები არ ვართ და არც მათ დაცვას ვცდილობ, უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია მაგ საქმეში. ქალაქში რომ დავბრუნდი, მამაჩემი და ჩემი ძმა ეკლებზე ისხდნენ; ეშინოდათ, რამე სისულელე არ ჩამედინა და შენი ბიძაშვილის მერე უარესად არ გამემწვავებინა სიტუაცია. ისინი არაფერს იზამდნენ. შენს საქმროს არ მოკლავდნენ, ვიცი! - ანდრეამ თავი წამოსწია და მიწისფერი თვალები შეაგება გოგონას.
-მაშინ... ვინ... ან რატომ... - რამდენიმე კურცხალი გადმოსცვივდა გულდაფლეთილს.
-მართლა გინდა ცოდნა?
-მოვკვდები, თუ ვერ გავიგებ! - მტკიცე იყო ჯაყელი.
-რომ გეტკინოს? იმაზე ათასჯერ უფრო მეტად რომ გეტკინოს, ვიდრე ახლა?
-არ მადარდებს! იმაზე უარესი არაფერია, როცა შენთვის ხატად ქცეულ ადამიანს ბზარები ეპარება. დათუნას კულტი ან მრთელი მირჩევნია ან დამსხვრეული!
-რაში გჭირდება ამდენი ტანჯვა? მას ვეღარაფერი გააცოცხლებს...
-შენ ვერ გამიგებ, ანდრეა. - სახელით მიმართა გოგონამ. - ვერასდროს გამიგებს ადამიანი, რომელსაც არასდროს ჰყვარებია. - პლედი უფრო მჭიდროდ მოიხვია ეკატერინემ და წამოდგა. - უნდა დავიძინო.
-საღამომდე. - ერთადგილსმიშტერებული მზერა ძლივს აამოძრავა ანდრეამ და წამოდგა. ფრთხილად გაიხურა ჯაყელის ნომრის კარი და თავისისკენ გასწია, ნელა. გონებაში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა. „ვერასდროს გამიგებს ადამიანი, რომელსაც არასდროს ყვარებია“ - უყვარდა კი? უყვარდა კი საკმარისად ძლიერად?! თუ უყვარდა, რატომ ვერ გაიგო ეკატერინეს შემართება და თუ უცხო იყო ეს გრძნობა მისთვის, რატომ მოხვდა ჯაყელის სიტყვები გულს?!
გონებამ დაუკითხავად მოიწვია ბარბარე ჟღენტის გამოსახულება მის გონებაში და საღამომდე აღარ მისცა გასაქანი.

*_*_*_*

მარიამი სამზარეულოში იჯდა და მეცადინეობდა, როცა ნანა შეფუსფუსდა ეზოდან სახლში ღიღინით.
-მარიამ, შვილო, უტა არ არის სახლში? - მორიდებით ჰკითხა გოგონას და მომცრო ზომის ჯამი გამოიღო კარადიდან.
-არა, ნანა, არ არის. რატომ მეკითხები? - წიგნებიდან თავი წამოსწია ჯაყელმა.
-არა... უბრალოდ... ქალბატონ ნინოს სასჭმელი უნდა გავუკეთო და ასეთ დროს უტა რჩება ხოლმე მასთან. - ტუჩი მოიკვნიტა ქალმა.
-და აქ რომ შემოიყვანო, არ შეიძლება? ისედაც მთელი დღე ბაღშია, არ გაცივდეს...
-ვთხოვე, შვილო, მაგრამ ეს ბოლო დღეებია რაღაც ჭირს, წუხს და ძალიან ჯიუტდება ყველაფერზე. ბაღში ჯდომა ამშვიდებს...
-კარგი, რახან ასეა, მე გავალ მასთან და შენ გაუმზადე სადილი. - მცირედი ყოყმანის შემდეგ წამოდგა მარიამი.
-მართლა, შვილო? - სახე გაუნათდა ნანას.
-რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა ჯაყელმა, ქალს გაუღიმა და ბაღში გავიდა.

ნინო, როგორც ყოველთვის, გრძელ სკამზე იჯდა და სიცარიელეს გასცქეროდა, გაოცებული თვალებით. მარიამი ფრთხილად მიუახლოვდა ავადმყოფს - არ უნდოდა მისი დაფრთხობა.
-ქალბატონო ნინო, ნანა სადილს გიმზადებთ და მანამდე მე ვიქნები თქვენთან. - ღიმილით მიმართა გოგონამ და სკამის კიდეზე ჩამოჯდა. ნინომ მაშინვე მას მიანათა დამფრთხალი თვალები.
-ნუ შეშინდებით, მე არაფერს გავნებთ. - რბილი ტონი ჰქონდა მარიამს, რომელიც სიბრალულით სავსე თვალებით უცქერდა ავადმყოფს.
-ანდრეა მოვიდეს! - უცებ თქვა ქალმა ძალიან ჩუმად და დიდი ტკივილით. მარიამს ისე შეხედა, თითქოს მას ევედრებოდაო დახმარებას.
-ანდრეა ახლა ვერ...
-სად არის? - წამოიტირა ნინომ და სახე დამანჭა.
მარიამი ძალიან დაიბნა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ეპასუხა კითხვაზე. ისიც კი არ იცოდა, რომ ქალბატონი ნინო ამდენად ავად იყო.
-ჩემს ანდრეას არავინ მოუკლავს... - დაიჩურჩულა ქალმა ძალიან ჩუმად, თითქმის ძლივს გასაგონად, თავი დახარა და ცრემლები გადმოყარა.
ჯაყელს გული მოეწურა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაც გამალებით აფათურებდა ხელებს მის შიგნეულობაში და გულზე უჭერდა, რათა სუნთქვა გაჭირვებოდა. მის გვერდით წლებისგან და ტკივილისგან შეჭმული და გაუბედურებული ქალი იჯდა - ბიძაშვილის მკვლელის დედა.
ნინო იყო ადამიანი, რომელმაც ნიკუშას მკვლელი გააჩინა და გაზარდა, მაგრამ მისი აწყლიანებული, ნაღველითა და ტანჯვით სავსე თვალები, საერთოდ არ იწვევდნენ სიძულვილს მარიამში.
-ჩემი ანდრეა მკვლელი არ არის. არაფერი დაუშავებია. - თითქოს გუმანი უგრძნობდა, რომ ჯაყელი იჯდა მის გვერდით, ლაპარაკს აგრძელებდა ქალი.
მარიამი აფორიაქდა და მოსვენება დაკარგა. ახვლედიანის სიტყვები დაუკითხავად შეუჩნდნენ გონებაში და ყველაფერი აურიეს გოგონას. საშინლად არ უნდოდა, მისი სიტყვები გულთან მიეტანა. ავადმყოფი ქალის სიტყვებად სურდა შეერაცხა და ყურადღება არ მიექცია მათთვის, მაგრამ მაინც გრძნობდა გულის უცნაურად ჩქროლვას. მაინც გრძნობდა ძალიან ყრუ და დაუპატიჟებელ ტკივილს.
ჯაყელი სწრაფად წამოხტა სკამიდან და ავადმყოფს მოსცილდა. სწრაფი ნაბიჯით შევარდა სახლში და ისე გაიარა სამზარეულო, ნანასთვის ყურადღება არც მიუქცევია. უბრალოდ უნდოდა, მოშორებოდა ნინოს. მის გვერდით თავს საშინლად გრძნობდა და დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს ის და მისი ოჯახი იყვნენ ანდრეას წინაშე დამნაშავე და არა პირიქით. არ უნდოდა მისი შეცოდება. არც ახვლედიანის და არც დედამისის.
არავინ განსჯიდა მათ მიმართ გამოჩენილი გულგრილობისთვის: არც იოანე, არც უტა და არც თავად ანდრეა, მაგრამ გულის სიღრმეში, გულის ძალიან ღრმა და პაწაწინა წერტილში მაინც არსებობდა ის მარიამი, რომელმაც ნინოს პირით წარმოთქმული სიტყვები დაიჯერა...

გოგონამ საძინებლის კარი შიგნიდან ჩაკეტა და, როგორც უკვე ჩვევად ჰქონდა ქცეული, საწოლზე დაემხო.
დანელიების სახლი მისთვის ნამდვილად იყო ემოციების თავშესაფარი. ამ სახლში ცხოვრება მისთვის ოსცდასამწლიანი ცხოვრების განმავლობაში ნაშენი კედლის დანგრევას ჰგავდა - ყოველდღე თითო აგური, თითო საათით განმარტოვება, ოთახში და ბევრი ცრემლი. იოანესთან ერთად ყოფნა მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების მეორე მხრიდან დაკვირვების შესაძლებლობა იყო. პროცესი, რომელსაც დიდი ტკივილი მოჰქონდა განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჯაყელიც კარგად ხვდებოდა მის აუცილებლობას.
„ნიკუშას სიკვდილმა, ჩემი ოჯახის გარდა, სხვაც დააზინა. ნიკუშას სიკვდილს მარტო ჩვენთვის არ მოუტანია დიდი უბედურება და ტკივილი“ - მარიამის გონებაში გავლებული ეს აზრი უზარმაზარი კედლის ყველაზე დიდი და მძიმე აგური იყო; ყველაზე მტკივნეულად მონგრეული...
მაინც ვინ არის უფრო საცოდავი? - მოკლულის ოჯახი თუ მკვლელის?!

*_*_*_*

შუაღამემ ისე მოაწია, ეკატერინეს თავიც არ აუღია საწოლიდან, თუმცა წამითაც ვერ მოხუჭა თვალი. გონებაში იმდენი აზრი ებადებოდა, იმდენი ეჭვი ჭამდა ტვინს, ბოლოს სუნთქვა გაუძნელდა გოგონას და წამოდგა. ნომრის ვერანდაზე გავიდა, ხელები მოაჯირზე დააწყო და მძინარე მოსკოვს გადახედა.
ღამე საუკეთესო ალეგორიაა ცხოვრებისა. ერთი შეხედვით, ყველაფერი წყნარად მოჩანს: სიმშვიდე სუფევს, არავინ ყვირის, არავინ ყეფს, არავინ ჩხუბობს, არავის სძულს, არავის შურს, არავის ეშინია - ყველას სძინავს; ყველას მშვიდი და უცოდველი ძილით სძინავს. არავინ აწუხებს ქვეყნიერებას თავისი არსებობით. სიზმარში ვერავინ წარმოიდგენს, რომ ქვეყანაზე სიბოროტე ტრიალებს. მხოლოდ დღის შუქზე, მზის ავი სხივები ააშკარავებენ ჩვენი სულის სიღრმეებში ჩაფლულ ოფოფებს. ერთი შეხედვით, ღამე ისეთივე უწყინარია, როგორც ცხოვრება ადამიანისა.
ქუჩის კუთხეში კაცს კლავენ - ქალაქს მაინც მშვიდად სძინავს.
ჩიხის ბოლოს ქალს აუპატიურებენ, მხეცი ლოთები - ქალაქი მაინც ბეჯითად ფშვენს.
სკვერში ყაჩაღები საკბილოს ძარცვავენ - ქალაქს მაინც არ ეჩქარება გაღვიძება.
ქვეყანას რომ დაქცევა მოუნდეს? - დილამდე დაიცდის! განა ვინ ურღვევს ქვეყნიერებას ღამის მშვიდ ძილს?!
ერთი შეხედვით, დღეა ისეთივე საძულველი, როგორც სიკვდილი, მაგრამ, ფარდაახდილ სცენაზე, მხოლოდ ღამე თუ იღვიძებს ადამიანის ხორცში გამომწყვდეული სატანა და ისევე აწამებს სულს, როგორც სიცოცხლე ადამიანს.


ეკატერინეს მელანქოლიურ ფიქრებს მოსკოვის სიცივემ დაუარა და ოთახში დაბრუნება აიძულა. მთელი სასტუმრო დუმდა, მაგრამ მას რა დააძინებდა?! - სასტუმროში ღამის ვოიაჟის მოსაწყობად შეემზადა.
ლიფტიდან პირდაპირ მიმღებში დაეშვა. უნდოდა, ბაღში გაპარულიყო და მცირე ხნით იქ მაინც ეპოვნა შვება. რესტორნის ოთახს ჩუმად ჩაუარა, რადგან აქა-იქ მაინც ირეოდა ხალხი. არც ბარი უჩივოდა სტუმრის ნაკლებობას. გოგონა სწრაფად გაერიდა ხმაურს და ჰოლს მიჰყვა. ბარ-რესტორნიდან მომავალი ხმაური დერეფნის ბოლოს მიწყდა. იქიდან გზა ორად იყოფოდა, ერთი ჩაბნელებულ ჰოლს, ხოლო მეორე სასტუმროს ეზოს მოასწავებდა. ეკატერინემ ეზოს გზა აირჩია და ნაბიჯიც გადადგა, როცა უეცრად მოესმა, მეორე მხრიდან, მომავალი მუსიკის ჰანგები.
ეს არ იყო რესტორნიდან მომავალი მუსიკის ხმა, არც ჩანაწერი უნდა ყოფილიყო. ვიღაც ფორტეპიანოზე უკრავდა. კლასიკური მუსიკის ნოტები ნელ-ნელა უფრო თამამად აღწევდნენ ჯაყელამდე და გოგონას გაყოლას თხოვდნენ.
ეკატერინე მონუსხულივით მიჰყვა ჰანგებს და სულ გადაავიწყდა ეზოს დათვალიერების სურვილი. რაც უფრო უახლოვდებოდა მუსიკალური ინსტრუმენტების ოთახს, მით მეტად იპყრობდა პიანისტის ახლოს ნახვის სურვილი. ფორტეპიანოს ნამდვილად ვირტუოზი ეჯდა, რომელიც მთელი გრძნობით აჟერებდა ინსტრუმენტს.
სასურველ ოთახს ნელა მიუახლოვდა, ჯერ კართან შედგა, შესვლაზე დაფიქრდა, თუმდა სურვილმა შეიპყრო და ფეხი შედგა შიგნით.

*_*_*_*

მთვარის შუქი მკრთალად და ალაგ-ალაგ ანათებდა ოთახს. როიალში დაბადებული ნოტები ანცად დახტოდნენ, აქეთ-იქით, ფარდებს ეკიდებოდნენ, სინათლის ლაქებს ეთამაშებოდნენ, იატაკზე დასრიალებდნენ და ჰაერში იჟღინთებოდნენ.
პიანისტის ზურგიდან მთელი ემოცია მოდიოდა. რა იქნებოდა, რომ შებრუნებულიყო და სხვა დახვედროდა? ვინმე თურქი, რუსი, უკრაინელი, ინგლისელი, ფრანგი ან ამერიკელი, ოღონდ არა ქართველი და არა ახვლედიანი; როიალთან მჯდარი ანდრეა ახვლედიანი...
როგორ სათუთად ახებდა თლილ თითებს კლავიშებს... თითქოს მის წინ გასაშიშვლებლად იდგა ქალი და არა როიალი. ისე ელეგანტურად ამოძრავებდა თითებს, მოქნილად და ამავდროულად ნაზად, ინსტრუმენტი რომ ქალი ყოფილიყო, აუცილებლად დააყრიდა ტაო სხეულზე.
მიიწევდა მისკენ და ყოველ ნაბიჯზე უფრო ცხადად გრძნობდა, მის სამყაროში იჭრებოდა. იმ სამყაროში, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი და არცერთ სულიერს მასში შეღწევის უფლება არ ჰქონდა.
მაგრამ ის მაინც მიიწევდა; მიიწევდა აკრძალულისკენ და დღისით ასე საძულველისკენ; მიიწევდა ღამით...
რამდენიმე ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი და მის გვერდით აღმოჩნდებოდა. არც შეშინებია, არც შეყოვნებულა, მონუსხულივით მიიწევდა მისკენ და როცა უკვე ასე ახლოს იყო მასთან, ყველაფერი გაიყინა.
მუსიკა შეწყდა;
მისი თითები უეცრად მოსწყდნენ კლავიშებს და ჰაერში გაშეშდნენ.
ორივეს სუნთქვა შეეკვრა, ეკატერინე ადგილზე გახევდა.

-რატომ არ გძინავს, ეკატერინე? საკმაოდ გვიანია... - არც შებრუნებულა, ისე მიმართა ანდრეამ გოგონას და ხელები დაუშვა.
ეკატერინემ თავი ისე იგრძნო, თითქოს დანაშაულზე გამოიჭირეს. მოეშვა, ამოისუნთქა და სახე გაასწორა.
-შფოთიანი ღამეა, ვერ დავიძინე... - სასხვათაშორისოდ აღნიშნა, თითქოს სულაც არ ადარდებდა მისი აზრი.
-გეშინია? - ჩაეცინასავით ახვლედიანს და ანაზდად მიუტრიალდა ჯაყელს. ეკატერინემ თავი სხვა მხარეს გაატრიალა.
-ღამე სიმშვიდისაა, ისე ვერ ვიძინებ.
ანდრეას ოდნავშესამჩნევად გაეღიმა, წამოდგა, გოგონას გვერდი აუარა და ფანჯარას მიადგა. - ღამე მთვარისააო, დედაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა...
-მთვარეც სიმშვიდეა, ერთგვარი; დიდი სიმშვიდის ბურთი!
-სულ რომ ბურთის ფორმა არ აქვს? - გაეცინა ანდრეას.
-აქვს, როგორ არ აქვს? - ბავშვივით გაიკვირვა კატომ. - უბრალოდ, ჩვენ არ გვენახება ყოველთვის ეგრე. ხანდახან, გაბრაზებაც საჭიროა.
-აჰა, ახალი თეორია შევძინეთ მოსკოვის ღამეს! - ჩაეცინა ახვლედიანს და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
-კარგად უკრავ. თურმე რაღაც კეთილი შენც შეგძლებია. - როიალის სკამზე ჩამოჯდა ეკატერინე და იმ კლავიშებს ნაზად დაუსვა ხელი, რომელთაც ახვლედიანი ეფერებოდა ცოტა ხნის წინ.
-დიდ კომპლიმენტად მივიღებ შენგან! - გაეცინა ანდრეას. - რაღაც კეთილი მეც შემძლებია, არა?
-რაღაც კეთილი ყველაშია, ძალიანაც ნუ შეიფერებ. - ცხვირი აიბზუა კატომ.
-კეთილი ყველაში არ არის, მერწმუნე! - ტონი ეცვალა ახვლედიანს.
-შენ რა იცი, ღმერთი ხარ?! - გაბრაზდა ჯაყელი.
-ღმერთობა რად უნდა მაგის ცოდნას? თვალები მაქვს და ყურები.
-სიკეთეს თვალები და ყურები არ ზომავს, ახვლედიანო, არასწორად გცოდნია.
-ვინ მეუბნება... - ჩაეცინა ანდრეას.
-რა?
-ანუ შენ და შენი ოჯახი თვალებით და ყურებით არ მზომავთ? - დაუფიქრებლად წამოისროლა სიტყვა მამაკაცმა. ეკატერინეს გამომეტყველება შეეცვალა, თითქოს დაიბნა.
-საკმარისად დიდი საზომი გვაქვს შენს „გასაზომად,“ არ გვინდა უტიფრობა!
-მე, ახვლედიანს, უტიფრობის გარეშე ნუ მომთხოვ ცხოვრებას, გთხოვ! - ჩაეღიმა ანდრეას.
-და ისევ შენი ნაცნობი ცინიზმი... - ამოიოხრა ეკატერინემ. - რომ უკრავდი სულ სხვანაირი იყავი.
ანდრეას გაეცინა. გაეცინა და გულის მივარდნილ კუთხეში ესიამოვნა კიდეც რეპლიკა.
-ჰო, როცა ვუკრავ ნამდვილად სხვანაირი ვხდები... იმ წუთებში მეც კი მჯერა, რომ უფრო კარგი ვარ.
-სამწუხაროა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთით გრძელდება ეგ შენი ფიქრი. ისედაც რომ გჯეროდეს მაგის, იქნებ მართლაც გახდე უკეთესი...
-მიკვირს, ასეთ რამეს რომ მეუბნები. - გაკვირვებისგან გაუფართოვდა თვალები ახვლედიანს.
-გასაკვირი არაფერია! - გაღიზიანდა ჯაყელი. - უბრალოდ ვამბობ. სრულიად უცხოსაც კი ვურჩევდი მსგავს რამეს.
-ხო, ძალიან გულკეთილი ხარ, ვიცი, მაგრამ ჩემზე დროის კარგვას არ გირჩევ, „ხელჩასაქნევი“ ამბავი ვარ.
-„ხელჩასაქნევი“ ამბავი არ არსებობს, ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება, უბრალოდ. - გააპროტესტა მამაკაცის სიტყვები კატომ.
-მეამიტიზმი ჭარბობს შენში, ჯაყელის ქალბატონო. გეტყოდი, მარიამს ჰგავხარ-მეთქი, მაგრამ შენი და ბევრად უფრო მკაცრი და პრინციპულია.
-მაშოს ჯერ კიდევ შემორჩა ახალგაზრდისთვის დამახასიათებელი დაუნდობლობა, თუმცა უკვე მგონია, ეს მისი ხასიათის თვისებაა და არასდროს გაუნელდება. მე მასთან შედარებით ძალიან ლოიალური ვარ.
-რატომ მერე? ნუთუ ცხოვრებამ საკმარისად არ გატკინა, რომ ფოლადი შეგერია შენი პიროვნებისთვის? - გულწრფელად ჰკითხა ანდრეამ გოგონას.
-როგორ არ მატკინა... მატკინა და თანაც ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ჯიუტი ვარ ბუნებით, რისიც მწამს, იმის მწამს ბოლომდე! - მკრთალად გაეღიმა ჯაყელს.
-არ მჯერა შენი! - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ აღნიშნა ახვლედიანმა.
-რაში მჭირდება შენთან თამაში? - ჩაეცინა კატოს.
-მაშინ მიპასუხე, დათუნას მკვლელი რომ ვიპოვნოთ ხვალ ან ზეგ, აქ ან თბილისში, რას იზამ? მასაც „თავისებურად მიუდგები?!“ მასთანაც ლოიალური იქნები? - ანდრეამ ანაზდად დაასო მზერა მის წინ, როიალთან, მოკალათებულ ეკატერინეს და პასუხის მოლოდინში ისე გაირინდა, თითქოს მას რაიმე ძირეულად უნდა შეეცვალა თავის ცხოვრებაში.
-ყველა ადამიანი შეიძლება იხსნა... ყველაზე ბნელი სულის პატრონიც კი... - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა ჯაყელმა და თავი დახარა.
-ტყუი, ასე არ ფიქრობ! - გაბრაზდა ანდრეა და გოგონას მიუახლოვდა. - შენისთანა არ შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჩემში რაღაც კარგი ყრია და რომ ჩემი გაკეთილშობილებისთვის ბრძოლა ღირს.
-ასე ვფიქრობ, ანდრეა. მართლა ასე მგონია და სულ არ მაინტერესებს, შენ დამიჯერებ, თუ არა! - გაბრაზდა ეკატერინეც.
-ანუ რა გამოდის? შენ ფიქრობ, რომ ჩემი შეცვლა შეგიძლია? - ცინიკურად ჩაეცინა ახვლედიანს.
-მერე და ვინ თქვა, რომ ჩემს თავზე ვლაპარაკობდი? არა, მე მსგავს დიდსულოვნებას ვერასდროს გამოვიჩენ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ყველაზე ბნელი სულის გაფერადება შეუძლიათ.
-არ შეიძლება გჯეროდეს იმის, რასაც თავად ვერ აკეთებ.
-ძალიან ცდები. მე ვეღარასდროს შევიყვარებ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარულის აღარ მწამს.
-რატომ გწამს? შენი სიყვარული ხომ აორთქლდა? ხომ გაქრა?! მაშ, რაღატომ გწამს მისი არსებობის?!
-მწამს და მორჩა!
-ეგრე არ გამოვა! ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, უმიზეზოდ არაფერი ხდება.
-როგორ არ ხდება?! - სიყვარული ხდება უმიზეზოდ.
-სისულელეა! - ხელი აიქნია ანდრეამ.
-დაწვრილმანების დონეზე, ყველაფერი სისულელე გამოდის, ამიტომ მოდი, ნუ დავწვრილმანდებით! - ჩაეცინა ეკატერინეს.
-ანუ შენ მართლა გგონია, რომ დედამიწაზე არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემ შველას შეძლებს? - ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა ახვლედიანმა და გამომცდელი მზერა მიაპყრო ჯაყელს.
-შენ რატომ არ გინდა, ამის გჯეროდეს? - გაეღიმა კატოს.
-იმიტომ, რომ ზღაპარია ეგ რაღაც. ზღაპრებს კი რეალურ ცხოვრებაში არაფერი ესაქმებათ!
-ზღაპრებს ყველგან ესაქმებათ, სადაც იმედია...
-შენთან არის იმედი, ეკატერინე?
-ჩემთან? - საჩვენებელი თითი გულზე მიიბჯინა გოგონამ და ნაღვლიანად ჩაიცინა. - ჩემთან... - დაიჩურჩულა თავისთვის, როიალისკენ შეტრიალდა და კლავიშებს მიაშტერდა. მისი დუმილი საკმარისი პასუხი აღმოჩნდა ანდრეასთვის.
-ორი უიმედო შევხვდით ერთმანეთს მოსკოვის ღამეს და ვსაუბრობთ იმ თეორიაზე, რომელსაც არაფერი ესაქმება ჩვენს ცხოვრებაში. - თავისთვის ჩაილაპარაკა ახვლედიანმა და უცნაური ჩაცინება დაურთო სიტყვებს.
-იცი, მე რა მგონია? - ოდნავ წამოსწია თავი ეკატერინემ. - ადამიანის სული ყველაზე, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში თუ გასცილდება სხეულს. არა, გარდაცვალებას არ ვგულისხმობ, განა ყველა ადამიანი სულიანად კვდება? ბევრი სიცოცხლეშივე კარგავს მას! ხოდა, მე მგონია, რომ ეგ პროცესი მხოლოდ ძალიან უკიდურეს შემთხვევაში თუ წარიმართება. ერთი ადამიანი მაინც ვერ უნდა აღმოჩნდეს ასეთი „სულდასაკარგავის“ გვერდით, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს?! შვიდ მილიარდ ადამიანში, როგორ ერთი ვერ მოხვდება იმ წამს საჭირო ადგილას? ჰოდა მაგიტომაც ვამბობ, რომ ხსნა ყველასთვის არსებობს. ყველაზე ბოროტის გვერდითაც კი შეიძლება აღმოჩნდეს იმ შვიდი მილიარდიდან ერთი ისეთი, სააქაოს რომ მოაბრუნებს გზააბნეულ, შეშინენულ და საკუთარ სხეულში დაჩაგრულ სულს. ამიტომაც გავხდი ასეთი ლოიალური... ერთი დღის ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ მონაკვეთში გავიაზრე, რომ ყველაზე ბოროტი, ნაძირალა და დაუნდობელი ადამიანებიც კი იმსახურებენ შეცოდებას, იმიტომ, რომ მათ სული აღარ აქვთ. წარმოგიდგენია, რამდენად მარტოსულები არიან? - შვიდ მილიარდ ადამიანში ერთი ვერ გამოიძებნა, რომ მათი სული ეხსნა... სწორედ ეგ არის ყველაზე გულდასაწყვეტი - ადამიანის გაბნეული სული... განა რა არის, ამ უკიდეგანო სამყაროში, ადამიანის გაბნეულ სულზე უფრო დასანანი?! ეს ხომ არც სიკვდილია, არც სიცოცხლე და მითუმეტეს,არც გარდაცვალება? ეს რაღაც საშინელია, ჯოჯოხეთისკენ მიმავალ რეისზე ნაყიდ ბილეთს ჰგავს. უსულოდ ნაცხოვრები თითოეული დღე, ამ რიგში ერთი ადგილით წინ წაწევას უდრის. და სწორედ იმ დღეს, რომელსაც ჩვენ „გარდაცვალებას“ ვუწოდებთ, ისინი უბრალოდ გაემგაზვრებიან დიდი ხნით ადრე დაჯავშნილ ადგილზე. ისინი ვერ „გარდაიცვლებიან,“ რადგან გარდასაცვლელი დიდი ხნის წინ ექნებათ განდევნილი სხეულიდან. ზუსტად ეს „განდევნაა“ მთელი ადამიანური ცხოვრების ტრაგედია. წარმოიდგინე, დედამიწა ერთი დიდი მბრუნავი ტრაგედიაა, „განდევნა“ კი ის ღერძი, რომელზეც ბრუნავს ასე ბეჯითად.

ანდრეა უყურებდა და უსმენდა ეკატერინეს, ფანჯრის რაფაზე იყო აყუდებული, მთელი სხეული დაჭიმვოდა და მხოლოდ იმასღა ახერხებდა, რომ შიგადაშიგ ნერწყვი მძიმედ გადაეგორებინა გამომშრალ ყელში. ბნელოდა, თორემ გოგონა აუცილებლად დაინახავდა ახვლედიანის თვალებში აკიაფებულ ცეცლს. ეს ცეცხლი იყო აღტაცებისა, რომელიც ჯაყელის მიერ ასე მშვიდად წარმოთქმულმა სიტყვებმა გამოიწვია.
წამით მთელი განვლილი ცხოვრება თვალწინ დაუდგა. იქნებ არც იმდენად ცუდი იყო, როგორც ეგონა? იქნებ მისთვისაც არსებობდა ცხოვრების რომელიღაც კუნჭულში ხსნა?! იქნებ უბრალოდ მოქმედება იყო საჭირო? მოქმედება და იმედი...
პირი რამდენჯერმე მოაღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ იმდენჯერვე ჩაფლავდა. მის ბგერებს ბორკილი დაედოთ, ვერაფრით ახერხებდა ხმის ამოღებას.
ეკატერინეს სიტყვები შეეძლო, დაეჯერებინა ან არ დაეჯერებინა, მიეღო ან უარეყო, მაგრამ ერთს კი დანამდვილებით გრძნობდა - მისი გული საოცრად ფეთქავდა იმ წამს. ისე, თითქოს რაღაცას ელისო, თითქოს ბავში იყო, საჩუქრის მოლოდინში. ამდენი წლის შემდეგ ძალიან ეუცხოვა გულის ასეთი გამალებული ბაგა-ბუგი; ასეთი ბავშვური ღელვა. ჯაყელის სიტყვები გველევიბით მიიკლაკნებოდნენ მისკენ, ყელზე ეხვეოდნენ, აბრუებდნენ და ახრჩობდნენ.
უნდოდა კი? უნდოდა ამდენი წლის შემდეგ რაღაც ამდაგვარის მიღება და დაჯერება?
ან იყო კი ეს მასზე დამოკიდებული?!

-თენდება უკვე... - ვინ იცის, რამდენხნიანი დუმილი დაარღვია ეკატერინემ და ფანჯარაში გაიხედა.
-ჰო... - ყრუდ ამოთქვა ანდრეამ.
-ალბათ, ჩვენც უნდა დავიძინოთ, გრძელი დღე გველის... - სასხვათაშორისოდ აღნიშნა ეკატერინემ და წამოდგა.
-ჰო, უნდა მოვისვენოთ... - დარეტიანებულივით ლაპარაკობდა ახვლედიანი.
-დილას შეგხვდები, ვესტიბიულში. - ანდრეას უცნაურობა არ შეიმჩნია გოგონამ და წასასვლელად შებრუნდა.
-ეკატერინე! - კართან შეაჩერა ანდრეამ მიმავალი.
-გისმენ. - უმალ მიბრუნდა გოგონა.
-შენ... მართლა გჯერა იმის, რაც თქვი? - ყოველგვარი ცინიკისა და სარკაზმის გარეშე ჟღერდა ახვლედიანის კითხვა.
ეკატერინეს გაეღიმა, რადგან მანაც უმალ შენიშნა ანდრეას გულწრფელი ინტერესი და ბავშვური დაბნეულობა.
-მჯერა, ანდრეა, მართლა გულით მჯერა!
-მაშინ მარიამს რატომ არ აძლევ კიდევ ერთ შანსს? - მაშინვე ჰკითხა ანდრეამ; ჯაყელი შეცბა.
-იმიტომ, რომ რაც უფრო ახლოა შენთვის ადამიანი, მით უფრო ღორულად მოქცევა გიყვარს მასთან! - მცირე ხნიანი ფიქრის შემდეგ უპასუხა კატომ და სიმწრით აცრემლებული თვალები მოარიდა.
ანდრეამაც სწრაფად მოაშორა თვალები გოგონას და იატაკს გაუშტერა მზერა - ისევ ჩაფიქრდა.
-ძილინებისა, ეკატერინე! - ცოტა ხნის შემდეგ ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-ძილინებისა, ანდრეა! - უცნაურად კმაყოფილს ჩაეღიმა ჯაყელს, შებრუნდა და აუღელვებელი ნაბიჯით დატოვა ოთახი.

*_*_*_*

დილა უჩვეულოდ ცივი და უჩვეულოდ მოღუშული გათენდა. თითქოს ბუნებას არ სურდა, რომ ადამიანს მისი სიმშვიდე დაერღვია და სახლიდან ცხვირი გაეყო. ცას ისეთი კუშტი პირი უჩანდა, ნებისმიერ წამს წვიმით იმუქრებოდა.

ეკატერინეს უჩვეულოდ მშვიდად ეძინა. მართალია, მხოლოდ რამდენიმე საათით, მაგრამ მაინც ისე მოსვენებით, როგორც ბავშვობაში, დედის ზღაპრის შემდეგ, იძინებდა ხოლმე. არც სიზმარი დასიზმრებია და არც შფოთს შეუწუხებია. ისე ეძინა, თითქოს ქვეყანას მისთვის აღარ ეცალა და სადარდებლის გარეშე დაეტოვებინა გოგონა.
შუადღე იწურებოდა, როცა თვალები მძიმედ გაახილა და გაიაზრა, რომ ისევ მოსკოვში იყო. ტანი ნელა წამოსწია და ზანტად წამოჯდა. ფანჯარაში გახედვისთანავე გაიფანტა დროებით შეფარებული სიმშვიდე - ამინდი სასიამოვნოს არაფერს იუწყებოდა.
მაქსიმალურად აჭიანურებდა სასადილოში ჩასვლის დროს, რადგან არ უნდოდა, ანდრეას გადაყროდა. ღამის სცენები კადრებად მეორდებოდა მის გონებაში. ყველაფერი ისე მოჩანდა, თითქოს რეალობა კი არა, ჯაყელის გონების ნაყოფი ყოფილიყო. ჩაბნელებული ოთახი, როიალთან მჯდარი ანდრეა, მათი გულახდილი დიალოგი და ადამიანური ურთიერთობა - ერთი შეხედვით სიზმარს ჰგავდა.
სასტუმროს რესტორანში ისეთი შეშინებული შევიდა, თითქოს ვიღაც ეძებდა და არ უნდოდა, რომ ეპოვნა. აქეთ-იქით მიმოიხედა და მას შემდეგ რაც ანდრეა ვერსად შენიშნა, აუღელვებლად გასწია თავისუფალი მაგიდისკენ. მიმტანს შეკვეთა მისცა და მშვიდად დაელოდა თავის საუზმეს. ცალ თვალს ფანჯრისკენ აპარებდა - ბუნება გაღიმებას არც კი ფიქრობდა.
-საოცარი დილაა, არა? - უცებ მოესმა ახვლედიანის ოდნავი ცინიზმით გაჯერებული ხმა და დამფრთხალიც მაშინვე შებრუნდა.
-აქ რას აკეთებ? - ჩვეული სიმტკიცის გამოჩენას ცდილობდა ჯაყელი.
-არ მოგბეზრდა ეგ შეკითხვა? - ჩაეცინა ანდრეას. - რით ვერ დაიმახსოვრე, რომ ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ? - თავისუფალი სკამი გამოსწია მამაკაცმა და არხეინად მოკალათდა.
-აქ ჯდები? - თვალები გაუფართოვდა კატოს.
-არ მიყვარს მარტო ჭამა. - მხრები აიჩეჩა ახვლედიანმა.
-ერთად დაჯდომა სახიფათოა...
-ვინ უნდა დაგვინახოს აქ? მოსკოვში?! - ჩაეცინა ანდრეას.
-მე არ მინდა, რომ ერთად ვისხდეთ! - გამკაცრდა ეკატერინე.
-კარგი, რა!
-გგონია, რადგან ერთი დღე გავატარეთ ადამიანურად და ერთამენთისთვის ნერვები არ მოგვიშლია, მეგობრები გავხდით?!
-ერთ მაგიდასთან საუზმე მეგობრობას ნიშნავს? რესტორანში ორმა სრულიად უცხო ადამიანმაც კი შეიძლება ისაუზმოს ერთ მაგიდასთან ხალხმრავლობის და თავისუფალი ადგილის უქონლობის გამო. - ბავშურ ღიმილს არ იცილებდა სახიდან ანდრეა. ისე იქცეოდა, თითქოს ჯაყელს ეპრანჭებოდა.
-ჰო, ჩვენც ორი სრულიად უცხო ადამიანი ვართ! - ჩაეცინა ეკატერინეს ირონიით.
-თუ გინდა, ფრანგი ვიქნები ან ბრიტანელი!
-გეყოფა მასხრობა, არ გიხდება.
-as you say, beautiful lady. - გაეღიმა ანდრეას.
-შენს უაქცენტო ინგლისურს გაუსვი ხაზი?
-ხო. რუსულით ხომ მოგხიბლე, ვიფიქრე, ინგლისურითაც დავახვევ თავბრუსთქო.
-ჰო, აი, სადაცაა წავიქცევი!
-არ გაგამტყუნებ! არც პირველი იქნები, ჩემი შარმისგან წაქცეული და არც უკანასკნელი.
-რა თავმომწონე ხარ, ღმერთო. - თავი ვეღარ შეიკავა ეკატერინემ და მსუბუქად გადაიკისკისა. ანდრეას გამომეტყველება შეეცვალა და ღიმილი სახეზე შეეყინა. - რა? - ახვლედიანის რეაქცია არ გამორჩენია გოგონას.
-ახლა რა ქენი? - გაოცებული იყო ანდრეა.
-რა ვქენი? - ვერ მიხვდა კატო.
-ახლა, აი, ამ წამს, გაიცინე?
-ჰა?!
-გაიცინე, ხო?! - გაიცინე! - მაგიდას მსუბუქად დაკრა ხელი მამაკაცმა და გაიცინა.
-გავიცინე, ხო, მერე? - გულწრფელად უკვირდა გოგონას ახვლედიანის ბავშვური გაოცება.
-რაღა რა?! პირველად გაიცინე ასე გულწრფელად ჩემთან ყოფნის განმავლობაში. საერთოდ იცინი ხოლმე?
ანდრეას კითხვამ წამში აუშალა სახე ეკატერინეს. მისმა სიტყვებმა გააანალიზებინეს, რომ დათუნას სიკვდილის შემდეგ, მართლაც პირველად გადაიკისკისა ასე ლაღად.
-არა, დიდი ხანია აღარ ვიცინი. - მშვიდი ხმით უთხრა და მაგიდაზე კოხტად გადაფარებულ სუფრას მიაშტერდა.
-არადა გიხდება ღიმილი. - დანანებით გააქნია თავი ანდრეამ და მიხვდა, რომ ის კარი შეაღო, რომელიც არ უნდა შეეღო. - შენ უკვე შეუკვეთე საუზმე? - თემის გადატანა ცადა მამაკაცმა.
-კი, შევუკვეთე და ალბათ, მალე მომიტანენ კიდეც. - ხელი თავქვეშ ამოიდო გოგონამ.
-ძალიან კარგი, მეც შევუკვეთავ მაშინ, თორემ მშია. - გაეღიმა ახვლედიანს და მიმტანის დასაძახებლად ტანი შეაბრუნა, როცა უეცრად გაიგონა მისი სახელი.
-ანდრეა?! - ახალგაზრდა მამაკაცი ედგა თავს ახვლედიანს. ანდრეა მაშინვე შებრუნდა და მამაკაცს ახედა.
-რეზი?! - გაკვირვებულ ტონალობაში წარმოთქვა მისი სახელი ახვლედიანმა და წამოდგა. - შენ ხარ, ბიჭო?!
-მე ვარ, მე! - გაეცინა ახალმოსულს.
-ვახ, რამდენი ხანია არ მინახიხარ?! - გაეცინა ანდრეასაც და მაგრად გადაეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს.
-აბა, ათ წელზე მეტი იქნება! - ეცინებოდა რეზისაც.
-როგორა ხარ? აქ რა ქარმა გადმოგაგდო?! - ჩახუტების შემდეგ ჰკითხა გაღიმებულმა ახვლედიანმა მეგობარს.
-უჰ, არ მკითხო, ანდრო, არ მკითხო. - დაიჩივლა მამაკაცმა.
-რა მოხდა, კაცო? ხომ კარგად გაქვს ყველაფერი? დედა ხომ კარგადაა?
-კი, კი, დედას არაფერი უჭირს. - ამოიხვნეშა მამაკაცმა და ოდნავ შეყოვნდა, თვალი ცერად გააპარა გაკვირვებული სახით მომზირალი ეკატერინესკენ.
-ნუ ნერვიულობ, რუსია და არ ესმის ჩვენი! - მაშინვე იცრუა ანდრეამ, რადგან არ უნდოდა, მის ძველ მეგობარს ეკატერინე ჯაყელი ეცნო.
-ოჰ, ახვლედიანო, არ ეშვები შენსას, არა?! - გაეცინა რეზის.
-კუზიანს მხოლოდ სამარეო, ხომ გაგიგია? - გაეცინა ანდრეასაც და თვალი ჩაუკრა ღიმილშეკავებულ ეკატერინეს. - ჰა, იტყვი რა გაგჭირვებია?
-ეჰ, ანდრო, ვერ მაქვს კარგი ამბავი... - ისევ მოიღუშა რეზი. - ექიმთან ვიყავით ჩამოსულები.
-რა პრობლემა გაქვს ამისთანა, მითხარი, იქნებ შემიძლია დახმარება?!
-ბიჭო, მეუღლეს აქვს ქალური პრობლემა და... შვილი არ გვიჩნდება შვიდი წელია... - თავი დახარა მამაკაცმა.
-რას მეუბნები?! ცოლი თუ გყავდა, ისიც არ ვიცოდი მე...
-სკოლა დამთავრდა თუ არა, ვიქორწინეთ და კიევში გადავედით, ბიჭო. არც ქორწილი გვქონია და არც არაფერი. კი უნდა გახსოვდეს ისე შენ, სოფო, ჩვენი პარალელური კლასელი. მთელი ბავშვობა რომ მაყლაპინა ნერწყვები. - მსუბუქად ჩაეცინა რეზის და გასასვლელისკენ გაიხედა.
ეკატერინემ მაშინვე შეამჩნია, რომ ქალის სახელის ხსენებამ ერთიანად აუშალა სახე ანდრეას. ღიმილი სახეზე შეახმა და წარბები შეკრა. თვალებში ამოუხსნელი სევდა ჩაუდგა და ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო.
-უი, აგერ, მოდის კიდეც! - ხალისიანად შესძახა ახვლედიანის ბავშვობის მეგობარმა და ხელი დაუქნია რესტორანში ახალ შესულ გოგონას. - სოფ, მოდი, ვინ განახო. - მაგიდასთან მიახლოვებულ ცოლს მიმართა რეზიმ და ანდრეას გაუღიმა. - ანდრეა ახვლედიანი ხომ გახსოვს? - ჩემი კლასელი. - ხელი მოხვია უკვე გვერდით მდგარ მეუღლეს და მკვდრისფერდადებული ანდრეასკენ მიანიშნა, ხელით.
ჯაყელის მახვილ თვალს არც გოგონას რეაქცია გამორჩენია. დაინახა თუ არა ახვლედიანი, შეცბა და თვალები აემღვრა. ისე უყურებდა ანდრეას, თითქოს თავად კურდღელი, ახვლედიანი კი მტაცებელი ცხოველი ყოფილიყო.
-ანდრეა... - ერთადერთი სიტყვა მოწყდა გოგონას ბაგეებს და დამფრთხალი თვალები ქმარს მიანათა. თითქოს უსიტყვოდ ევედრებოდა, აქედან წავიდეთო.
-ჰო, ჰო, ანდრეა - ჩვენი სკოლის მთავარი ჩხუბისთავი და დირექტორის თავისტკივილი! - იცინოდა რეზი.
ანდრეა და სოფო ისე უყურებდნენ ერთმანეთს, თითქოს ტყეში უმწეოდ დარჩენილი ბავშვები ყოფილიყვნენ. მათ შორის ნამდვილად იბმებოდა ის უხილავი ძაფი, რომელსაც მხოლოდ ეკატერინე ამჩნევდა იმ მომენტში.
-რა გჭირს, კაცო, რას დაიგუბეთ პირები, აღარცერთს გახსოვთ ერთმანეთი?! - ეუცნაურა ცოლის და მეგობრის უჩვეულო დუმილი რეზის.
-ვიხსენებდი უბრალოდ, რეზი... - ისე მძიმედ ამოიღო ხმა ანდრეამ, თითქოს გულზე დიდი ლოდი ედო, რომელიც ლაპარაკს უშლიდა. - ჰო, სოფო როგორ არ მახსოვს... ჩვენი სკოლელი... - საოცარი ტკივილითა და დარდით გაჟღენთილი მზერა გაუსწორა მამაკაცმა გოგონას ცრემლჩამდგარ თვალებს.
-შენ, სოფ? როგორ არ გახსოვს ანდრეა?! - სიყვარულით მიმართა რეზიმ ცოლს და ზურგზე დაუსვა ხელი.
-გამახსენდა, გამახსენდა... ანდრეა... - ძლივს ამოიღო ჩამწყდარი ხმა სოფომ და შემდეგ ჩაახველა, რათა უჩვეულოდ ჩახლეჩილი ხმა გამოეკეთებინა.
ანდრეა იძულებით წაიწია წინ და უსიცოცხლო მოძრაობით გადაკოცნა გოგონა. ეკატერინე მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და უკვე ხვდებოდა, რომ ამ გოგონასა და ანდრეას შორის რაღაც რიგზე ვერ იყო.
-შენ რას აკეთებ ანდრო მოსკოვში? - მხიარულად წამოიწყო ლაპარაკი რეზიმ.
-მე... რავიცი... არც არაფერს... რავიცი, რას უნდა ვაკეთებდე?! ისე, უბრალოდ... - გაურკვევლად დაიწყო ლაპარაკი ანდრეამ და დაცვარულ შუბლზე მოისვა მკლავი.
-კარგი, გასაგებია, გასაგებია! - გაეცინა რეზის და ისევ გააპარა მზერა ეკატერინესკენ. - ბიჭო, ეს გოგო მეცნობა საიდანღაც, ქართველი ნამდვილად არ არის? - ჩუმად გადაულაპარაკა ანდრეას.
-არა, რუსია ნამდვილად! - უფრო აირია ახვლედიანი და პატარა ბავშვივით დაიბნა. რეზის ელაპარაკებოდა, მაგრამ ვერაფრით აცილებდა მზერას მის გვერდით მდგარ და ტირილის ზღვარზე მყოფ გოგონას.
-რეზი, წავიდეთ, რა, წამალი არ დამილევია... - მკლავზე დაქაჩა სოფომ მეუღლეს და ისეთი მუდარით მიმართა, ანდრეას გული შეეკუმშა.
-ცუდად ხომ არ ხარ, სოფ? ფერი არ გადევს სახეზე... - შეწუხდა რეზიც და ცოლს მიუბრუნდა.
-წამალი არ დამილევია, წავიდეთ, რა ნომერში. - იმავე ტონალობაში გაიმეორა გოგონამ.
-წაყევი, რეზი, არ მეწყინება, სხვა დროს ვილაპარაკოთ... - სუნთქვა შეეკვრა ანდრეას.
-საღამოს ჩვენი ფრენაა, ანდრო. არამგონია, კიდევ შევხდეთ.
-მე ავალ ნომერში მაშინ, ვერ ვარ კარგად... - წამითაც ვეღარ ჩერდებოდა ადგილზე სოფო.
-ასე ცუდად ხარ? რა მოგივიდა, ხომ არ მოგწამლა რამემ? - ისევ ცოლს შეხედა რეზიმ.
-გაყევი, რეზი, გაყევი! - თითქოს ახვლედიანიც ეხვეწებოდა მეგობარს. ასეთი ანდრეა იქამდე არასდროს ენახა ეკატერინეს.
-კარგი, რა გაეწყობა, წავალთ ჩვენ მაშინ! - ამოიხვნეშა მამაკაცმა. - გამიხარდა შენი ნახვა, ანდრო. იცოდე, თუ კიევში მოხვდი, შემოგვიარე უსიკვდილოდ! - გადაეხვია შემდეგ მეგობარს.
-შენც, შენც, თუ დაბრუნდი თბილისში... - დაპროგრამებულივით ლაპარაკობდა მიტკლისფერი ანდრეა.
-იოანე და მათე მომიკითხე, თქვენი უცვლელი ტრიო არ დაიშლებოდა, ვიცი! - გაეცინა რეზის და ისევ ცოლს მოხვია ხელი.
-მოგიკითხავ. - გაეღიმა მკრთალად ახვლედიანს. - აბა კარგად იყავი, სოფო, გამიხარდა შენი ნახვა.
-კარგად. - ძლივს ამოთქვა გოგონამ და თითქმის ძალით წაათრია ქმარი გასასვლელისკენ.
-აბა ჰე, ანდრო, ბედნიერად! - ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად რეზიმ მეგობარს.
-ბედნიერად! - გაუღიმა ანდრემაც წყვილს და გასასვლელამდე მიაცილა მზერით.

კართან მაინც შედგა სოფო და ცრემლჩამდგარი თვალებით გახედა ანდრეას. მზერები გაცვალეს და თითქოს გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. შემდეგ გოგონამ სწრაფად შეიმშრალა თვალები და რესტორნიდან გავარდა. ახვლედიანი დარჩა ერთ ადგილზე გახევებული. კატო ქვევიდან უყურებდა მამაკაცს და არც იცოდა, რა უნდა ეთქვა. მის მზერაში ვერანაირ ემოციას კითხულობდა, ერთიანად გაყინვოდა ნაკვთები ახვლედიანს. ასეთი შეძრწუნებული ანდრეა პირველად იდგა ჯაყელის წინ. სულ ცოტახნის ურთიერთობა აკავშირებდათ, მაგრამ მაინც, არასდროს ეგონა ეკატერინეს, თუ ამხელა ტკივილის ამოკითხვას შეძლებდა ახვლედიანის სახეზე.
-ეს რა იყო? - გაოცება აღმოხდა ჯაყელს და წინ მდგომს, უფრო სწორად კი, გაქვავებულს მიაშტერდა.
-რა?! - ხმა ჩახრეწვოდა ანდრეას.
-აი ეს... რაც ახლა მოხდა. - დააკონკრეტა გოგონამ.
ახვლედიანმა სკამის საზურგეს ჩაფრენილი ხელები მოაცილა და ამღვრეული თვალებით შეხედა კატოს.
-შენი საუზმე მოაქვთ. ისაუზმე, მე წავალ.
-სად მიდიხარ? აღარ გშია? - დაიბნა ჯაყელი.
-არ დამელოდო მე. ლიუდმილა ვასილევნასთან წასვლას თუ გადაწყვეტ, წადი. რამე თუ მოხდება, დამირეკე. - სწრაფად მიაყარა ყველაფერი გოგონას და სწრაფად გაეცალა მაგიდას.
გაკვირვებულმა კატომ კითხვის დასმაც ვერ მოასწრო. წამში ანდრეა ახვლედიანი საერთოდ აღარ იყო რესტორანში. რაღას იზამდა? - მიმტანის მოტანილ საუზმეს შეექცა და გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ ეფიქრა მასზე.

*_*_*_*

ისაუზმა და თავის ნომერში დაბრუნდა. ოთახის კარი გააღო თუ არა, წვიმამაც დასცხო. ლიუდმილა ვასილევნასთან უნდოდა წასვლა, მაგრამ ასეთ ამინდში ცხვირსაც ვერ გაყოფდა სასტუმროდან. უნებურად ისევ ანდრეა მოაგონდა. სად უნდა წასულიყო ასე უცებ და თან ასეთ ამინდში ახვლედიანი?! მისი მზერა და ქცევები ვინმე სოფოსთან შეხვედრისას ნამდვილად არ ჰგავდა იმ ანდრეას, რომელიც დაუღალავად თამაშობდა ჯაყელის ნერვებზე.
-ახვლედიანზე ფიქრიღა გაკლდა, კატო! - თავის თავს ხმამაღლა უსაყვედურა გოგონამ და სავარძელში მოკალათდა. ჯერ ელენეს დაურეკა და ცოტახნით ესაუბრა, შემდეგ აგარაკზე მყოფ მშობლებს. ბოლოს გადაწყვიტა, რომ თოიძესთვისაც უნდა დაერეკა და რჩევა ეთხოვა.

ფიქრებში ისე მოაწია შუადღემ, ვერც გაიაზრა. წვიმა შესუსტებულიყო და ახლა მხოლოდ ცრიდა. ეკატერინემ მაშინვე იხელთა დრო, გაემზადა და ლიუდმილა ვასილევნას სახლისკენ აიღო გეზი. გზაში რამდენჯერმე დაურეკა ანდრეას, მაგრამ ახვლედიანი ჯიუტად არ პასუხობდა მობილურს. გულში გემრიელად გამოლანძღა მამაკაცი და აფორიაქებულმა იმგზავრა მიხალკოვას სახლამდე.

*_*_*_*

მარიამი თავისი საძინებლის ფანჯარასთან იდგა და, როგორც ყოველთვის, ჩუმად აკვირდებოდა ბაღში მჯდარ ნინოს. ისე ფრთხილად აკვირდებოდა, თითქოს დანაშაულს ჩადიოდა და ვინმეს რომ გაეგო, აუცილებლად დაიმსახურებდა გაკიცხვას.
აბაზანიდან გამოსულმა იოანემ ცოლს გაუღიმა და კარადა გამოაღო, რათა სასურველი ტანსაცმელი აერჩია. ჯაყელი იმდენად იყო ქალბატონი ახვლედიანის თვალიერებით გართული, არც შეუმჩნევია დანელიას ოთახში შესვლა.
-რას აკვირდებით ასეთი დიდი ცნობისმოყვარეობით, ექიმო? - ჩაეცინა იოანეს და საყვარელ წითელ ჯემპრს დაავლო ხელი.
-იოანე, ანდრეას დედა დიდი ხანია ავად არის? - შეუბრუნებლად ჰკითხა გოგონამ.
-რატომ დაგაინტერესა? - უჩვეულოდ დასერიოზულდა მამაკაცი და ცოლს მიუახლოვდა.
-დამაინტერესა უბრალოდ, არ შეიძლება?
-სამი წელი იქნება. - თვალები მოჭუტა იოანემ და იმ მიმართულებით გაიხედა, საითაც მარიამი იხედებოდა.
-რა დაემართა? ასე უიმედო მდგომარეობაში როგორ ჩავარდა?
-რა ცნობისმოყვარეობამ შეგიპყრო ამ დილაადრიან, ექიმო? - გაეცინა დანელიას და კითხვაზე თავის არიდება ცადა.
-არ მეტყვი?
-მგონია, რომ არ დამიჯერებ. მე კი არ მინდა, შენთან კამათი. - ისევ დასერიოზულდა მამაკაცი, ჯემპრი ჩაიცვა, ცოლს აკოცა და ფანჯარას მოშორდა.
-ვიცი, რომ თუ არ გინდა, არ მეტყვი, ამიტომ არ დაგაძალებ, მაგრამ უკვე ისედაც ვხვდები, რომ ეს ქალი ასეთ დღეში ანდრეას გამოა.
-წამოდი, რა, ვისაუზმოთ. - აშკარად არ აპირებდა ამ თემის განხილვას დანელია.
-ვისაუზმე მე უკვე, შენ წადი. - გაეღიმა მარიამს. - ჯიუტი ხარ. - ჩაილაპარაკა შემდეგ, მაგრამ უკვე ზღურბლზე მყოფმა იოანემ მაინც გაიგო მისი სიტყვები. გაჩერდა, ცალი ხელით კარის ჩარჩოს მიეყრდნო და წამით შეყოყმანდა.
-ნინო ამ დღეში მას შემდეგაა, რაც გაიგო, რომ ანდრეამ შენი ბიძაშვილი მოკლა. - თქვა ძალიან ჩუმად, ისე რომ არც შებრუნებულა ოთახში. - დღემდე არ სჯერა, რომ ანდრეაა მკვლელი. ვერავის ვერ ცნობს, მათ შორის ვერც ანდროს. მხოლოდ იმას გაიძახის, ჩემს ანდრეას არავინ მოუკლავსო.
-ნიკუშას სიკვდილის მერეა ასე? - ხმა გაეპარა ჯაყელს. იცოდა, რომ მსგავს რამეს მოისმენდა მიზეზად, მაგრამ მაინც ეტკინა გულის სიღრმეში რაღაც ნაწილი.
-ანდრეამ რომ ნახა პირველად, დაბრუნების შემდეგ - გაგიჟდა. ნოდარ გამყრელიძის დაბადებისდღე გახსოვს? - მიუბრუნდა იოანე მარიამს.
-იმ ღამეს რა დამავიწყებს?! - ჩაეცინა გოგონას.
-ჰო, ეგ კონცერტი იმიტომ მოაწყო, რომ თავის დასჯა უნდოდა. მე და მათემ ძლივს დავამშვიდეთ მაშინ. დღემდე თავს იდანაშაულებს, დედამისის ავადმყოფობის გამო. ნინოს რომ რამე დაემართოს, ალბათ ანდრეა საერთოდ დაკარგავს კონტროლს თავის თავზე.
-ჰო, წარმომიდგენია... - საერთოდ წაერთვა ხმა მარიამს.
-შენი ბიძაშვილის სიკვდილს მარტო შენი ოჯახი არ დაუზარალებია, მარიამ. - სევდაჩამდგარი თვალები გაუსწორა ცოლს იოანემ. - საერთოდ, ხანდახან მგონია, მკვლელის ოჯახი უფრო საბრალოა, ვიდრე მოკლულის. - უცნაურად და ცალყბად გაეღიმა დანელიას, შებრუნდა და ამჯერად მართლა წავიდა.
მარიამი დარჩა ფანჯარასთან აწურული ისე, როგორც სხვა დღეებში. იმ განსხვავებით, რომ ახლა მას წინა დღით გაჩენილ შეკითხვაზე პასუხი ჰქონდა.

*_*_*_*

ანდრეა სასტუმროსთან ახლოს, ერთ-ერთ ბარში იჯდა და ადრიანი საათის მიუხედავად, მაინც სვამდა. ჭიქებს ისე გამწარებით ცლიდა მიყოლებით, ბარმენი შიშით შეყურებდა და ყოველ ჭიქას დიდი სიფრთხილით აწვდიდა. ახვლედიანი არაფერზე ფიქრობდა. უნდოდა მალე გაეთიშა გონება, რათა წარსულის აჩრდილებს მისი გონება გაეთავისუფლებინათ. თითოეული ჭიქის შემდეგ მეტად გრძნობდა თრობას, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. შეხსენებული ცოდვები ანჩხლი მეზობელივით გაკიოდნენ მის თავში. მარჯვენა მტევანი მომუშტული ჰქონდა და შიგადაშიგ ისე ურტყამდა ბარის ზედაპირს, თითქოს რაღაც სტკიოდა და ამით ცდილობდა სიმწრის გადაფარვას.
მორიგ ჭიქას ცლიდა, როცა ჯიბეში მობილურის ზუზუნი იგრძნო - დაფარული ნომერი ურეკავდა. მაშინვე მიხვდა, ვინც იქნებოდა ზარის ავტორი.
-გისმენ. - უპასუხა მობილურს და ბარმენს ანიშნა, რომ ცოტახნით აღარ დაესხა.
-დუდა ვარ. გირეკავ რომ გითხრა, მივდივარ.
-ამჯერად საით? - ოდნავ ჩაეცინა ანდრეას.
-უკრაინაში. ერთი-ორი კარგი მეგობარი მყავს იქ, შემიფარებენ დროებით. ვნახოთ, შეიძლება რაღაც-რაღაც საქმეებსაც მოვკიდო ხელი. - მშვიდად ლაპარაკობდა მაჩაბელი.
-დიდი ხნით დარჩები?
-უსაფრთხოდ ვიქნები. მგონი, ცოტახნით შევწყვეტ აქეთ-იქით წანწალს და ერთ ადგილას გავჩერდები. - გაეცინა დუდას.
-წარმატებებს გისურვებ მაშინ. იცოდე, არ დაიკარგო და თუ რამე დაგჭირდეს, დარეკე.
-იმიტომ არ დამირეკავს, რომ ჩემი მარშრუტის შესახებ მეცნობებინა შენთვის. - ჩაეცინა მაჩაბელს. - კიდევ ერთხელ მინდა გკითხო, გინდა თუ არა, რომ იმ შენს გოგოს დაველაპარაკო?
-არ არის საჭირო, წადი შენს გზაზე.
-კბილებით იცავ ახვლედიანი ჯაყელს! - გადაიხარხარა მაჩაბელმა. - უცნაური კაცი ხარ, ანდრეა, ჯერ ის გოგო და ახლა ჯაყელი?
-უბრალოდ ჩემი საქმისთვის მჭირდება, რომ საღ გონებაზე იყოს! - გააბრაზა ანდრეა დუდას სიტყვებმა.
-კარგი, როგორც შენ იტყვი! - სიცილს არ წყვეტდა დუდა.
-კეთილი მგზავრობა, დუდა!
-შეხვედრამდე, ახვლედიანო!
ანდრეამ მობილური გათიშა და ხის ზედაპირზე დააგდო. მაჩაბელის სიტყვებმა უნებურად გააღიზიანა და ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფი, კიდევ უფრო მოშხამა. ბარმენს ხელი აუქნია და ჭიქის შევსება ანიშნა - ჩვეულებას ისევ არ ღალატობდა, ყველანაირ ემოციას სასმელში ახრჩობდა.

*_*_*_*

ლიუდმილა ვასილევნასთან მეორე სტუმრობამ იმაზე უფრო მძიმედ ჩაიარა, ვიდრე თავდაპირველმა. ეკატერინე გრძნობდა, რომ დათუნას სურათებით სავსე სახლში ყოფნას გული ვერ უძლებდა. მიხალკოვა საინტერესოს ისევ არაფერს ამბობდა. ჯიუტად დუმდა და ყოველთვის, როცა ჯაყელი ლევან ნაკაშიძეზე ცდილობდა სიტყვის ჩამოგდებას, თემას ცვლიდა.
ამჯერად სადილზე აღარ დარჩენილა. მიხვდა, რომ საყვარელ სადედამთილოსთან ვიზიტები ტკივილის მეტს არაფერს მოუტანდა, ამიტომაც რაც შეეძლო მალე დაიძვრინა თავი იმ მიზეზით, რომ საღამოს მისი რეისი მიფრინავდა.
ლიუდმილა ვასილევნამ დაუნანებელი ცრემლებით გამოაცილა ეკატერინე ზღურბლამდე. ჯაყელი ბოლოჯერ გადაეხვია ქალს და მიხვდა, მისი ნახვა აღარასდროს სურდა ცხოვრებაში. კიბეები სწრაფად ჩაირბინა - სირცხვილის გრძნობით ალმურმოდებულმა. საშინლად სტკიოდა იმ ერთადერთ ადამიანთან განშორება, რომელიც მას დათუნას თავს ახსენებდა, მაგრამ სწორედ ამავე მიზეზით შორდებოდა ქალს. უკვე კიბეებზე დაშვებულმა გაიგონა მიხალკოვას იმედგასხივოსნებული კითხვა, ხომ კიდევ ჩამოხვალო, მაშინვე შედგა, შებრუნდა და ურცხვად გაუღიმა ქალს. ისე დამაჯერებლად უპასუხა, კიო, თავადაც დაიჯერა, ოდესმე კიდევ შეძლებდა მის კარზე დაკაკუნებას და ტკივილის მორევში შეცურვას. ან იქნებ შეძლებოდა კიდეც? როცა დათუნას მკვლელს დაიჭერდა და გულდამშვიდებული შვილმკვდარი დედისთვის სათანადო სიტყვებს გამოძებნიდა.

შენობიდან გამოსულმა ისევ აღმოაჩინა, რომ საშინლად წვიმდა. უკვე მოსაღამოვებულზე ცა უფრო მრისხანედ და ავისმომასწავლებლად გამოიყურებოდა. გოგონამ სწრაფად გააჩერა ტაქსი და სასტუმროს მისამართი უკარნახა. სამუდამოდ ემშვიდობებოდა ლიუდმილა მიხალკოვას სახლს. სახლს, რომელიც დათუნა გასვიანის უამრავ მოგონებას იტევდა.
სანამ სასტუმროს კარამდე მიირბინა, ისე დასველდა, სასტუმროს ნომერში ასვლისთანავე საშხაპეს მიაშურა. რამდენიმე საათიანი ნებივრობის შემდეგ გარეთ გასულმა აღმოაჩინა, რომ უკვე საკმაოდ დაღამებულიყო. ანდრეა მთელი დღის განმავლობაში არ ჩანდა. არადა საქმეზე უნდოდა მასთან დალაპარაკება.
გაბრაზებულმა სწრაფად ჩაიცვა და მიმღებში ჩავიდა, რათა ანდრეა ეპოვნა. რესტორანში არ იყო, არც ინსტრუმენტების ოთახში. მისი ნომერი არ იცოდა ამიტომ ერთადერთ გზად სასტუმროს ბარი რჩებოდა.

შესვლისთანავე დაინახა ბართან მჯდარი ანდრეა, ვისკის ჭიქით ხელში და გაბრაზებულმა მაშინვე მისკენ გასწია. თავზე წამოადგა დოინჯშემორტყმული და ახვლედიანს რამდენიმე წამი მისცა საუბრის დასაწყებად.
-ამჯერად რა დავაშავე? - ამოიხვნეშა ღიმილით ანდრეამ და ქვევიდან ახედა ჯაყელს.
-შენ ნორმალური ხარ?! - მაშინვე შეტევაზე გადავიდა კატო.
-ძალიან მთვრალი არ ვარ, ნუ ღელავ. - ტანით შეუბრუნდა ახვლედიანი გოგონას და მის გვერდით სკამზე ანიშნა. - დაჯექი. - დაამატა სიტყვიერად, როცა მიხვდა, რომ ეკატერინე განძრევასაც არ აპირებდა.
-მთელი დღე დაიკარგე, არც დაგირეკავს, არც გამოჩენილხარ. დასალევად მოდიოდი მოსკოვში?! - უფრო შეუვალი ხდებოდა ჯაყელი.
-ნუ ყვირი და დაჯექი ან წადი საერთოდ! რისთვის მეძებდი? ლექცია რომ წაგეკითხა ჩემთვის? მაპატიე, ცოტა დიდი ვარ უკვე მსგავსი მოძღვრებისთვის! - უჩვეულოდ უხეშად და ყოველგვარი ცინიკის გარეშე ჟღერდა მამაკაცის ხმა.
-რას გამოიქეცი დღეს დილით რესტორნიდან? მეც, როცა მომეპრიანება, წავიდე და გადავიკარგო მთელი დღით?
-რაო, შენი დათუნას მკვლელი იპოვნე და ამაღელვებელ სცენებს დავაკლდი? - მობეზრებულად აატრიალა თვალები ახვლედიანმა და ისევ თავის სასმელს მიუბრუნდა.
-საერთოდ არ გადარდებს, არა, რას გელაპარაკები? - ცინიკურად ჩაეცინა გულმოსულ კატოს.
-მე საერთოდ ასეთი ადამიანი ვარ, ეკატერინე. არავინ და არაფერი მადარდებს ამ ქვეყნად! არც გრძნობები, არც ფასეულობები, არც ღირსება. აი, ასეთი ღორი გამაჩინა დედაჩემმა! - ჭიქას მაგრად მოუჭირა ხელი ანდრეამ და კბილები ერთმანეთს დააჭირა. გაკვირვებული ეკატერინე მხოლოდ მაშინ დააკვირდა მამაკაცს და შეამჩნია, რომ არც ისე კარგად გამოიყურებოდა. დილანდელი გაქცევაც ენიშნა და მიხვდა, ახვლედიანს რაღაც უჭირდა.
-რა ბზიკმა გიკბინა, არ იტყვი? - სკამზე ჩამოჯდა ჯაყელი და ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო.
-არაფერმაც არ მიკბინა. ხვალ გამეღვიძება და აღარც მემახსოვრება ეს ყველაფერი. - ჭიქა გამოცალა ანდრეამ და ბარმენს ანიშნა სასმლის გამეორება.
-მთვრალი ხარ. ეჭვი მაქვს, დღეს მთელი დღე სვამდი. რა მოხდა-მეთქი, რამდენჯერ უნდა გკითხო?
-ჰო... ალბათ ზოგადად ბევრს სვამენ იმ დღეს, როცა საკუთარ თავში ბინძურ ღორს აღმოაჩენენ. - გაეღიმა ცალყბად მამაკაცს.
-ძველი ნაცნობების ნახვის შემდეგ ხარ ასე. - აღნიშნა ეკატერინემ. - ასეთი რა გაგახსენა მათმა ნახვამ? - გაოცებული იყო გოგონა.
-ძველი ნაცნობები... - ჩაეცინა ანდრეას. - ძველმა ნაცნობებმა ძველი ცოდვები მოიტანეს...
-ძველი ცოდვები? რისი თქმა გინდა, ვერ ვხვდები.
-რაში გადარდებს, ვერ მეტყვი?! - უცებ წამოსწია თავი ახვლედიანმა და ეკატერინეს მიაშტერდა.
-ადამიანურად მაინტერესებს. რა იყო, არ შეიძლება?
-უკეთესად რომ გაიგო, რა ცხოველიც ვარ, არა? მერე უფრო კარგად რომ შეძლო ჩემი შეძულება... - ეკატერინეს შესაძლოა მოეჩვენა, მაგრამ მაინც ცხადად იგრძნო ანდრეას ხმაში ტკივილი.
-ის რეზი შენი კლასელი იყო, როგორც მივხვდი. მისი ნახვა გაგიხარდა კიდეც, მისი ცოლის ნახვის შემდეგ იყო, რომ გაფითრდი და დაემსგავსე ცოცხალ-მკვდარს.
-შეგიმჩნევია ყველაფერი, ჩემგან რაღა გინდა?
-ეგ გოგო ბავშვობაში გიყვარდა? ან ერთმანეთი გიყვარდათ? - უცებ დასვა ჯაყელმა მისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა.
-შენი აზრით, ჩემნაირ ღორს საერთოდ შეუძლია მაგ სიტყვის არსის ცოდნა? - ჩაიქირქილა ანდრეამ და ცალი თვალი მოჭუტა.
-იმას უყვარდი?
-იმას ვუყვარდი... იმას ვუყვარდი... - სიმწრით ჩაილაპარაკა კრიჭაშეკრულმა მამაკაცმა. -ღმერთო, იმას ვუყვარდი! - ორივე ხელი სახეში შემოირტყა ცოტა ხნის შემდეგ და თვალებზე ჩამოისვა. - იმას მართლა ვუყვარდი! - მარჯვენა მუშტი გამეტებით ჩაირტყა მუხლში.
-შენს მეგობარს ის უყვარდა, მას კი შენ, არა? - მკრთალად გაეღიმა ჯაყელს.
-ვიცოდი, რომ უყვარდა! ჩვენს სკოლაში ყველამ იცოდა, რომ რეზის სოფო უყვარდა, მაგრამ არავინ, რომ სოფო ჩემზე გიჟდებოდა. მხოლოდ მე გამიმხილა... მხოლოდ მე ღორს გამიმხილა ერთ ღამეს, ექსკურსიაზე. და მე? - საერთოდ არ მიფიქრია რეზიზე! ტვინში მარტო სოფოსთან გართობის გეგმებს ვატრიალებდი! იმ გოგოს ისეთი წმინდა გრძნობა ჰქონდა ჩემ მიმართ, მაგრამ მე ბინძური რას გავიგებდი?! როგორ გამოვიყენე... როგორი ცხოველივით მოვექეცი, ღმერთო! - თვალები აემღვრა ახვლედიანს და ეკატერინემ პირველად მოახერხა მათში ჩაძირული ტკივილის ფსკერზე დანახვა; ანდრეას წამწამებს ცრემლები მოსდგომოდნენ.
-ამის გამო იტანჯავ თავს? მისნაირი გოგოსთვის ალბათ ბაირამობაც იქნებოდა შენ გვერდით გავლა, რა არის ამაში ლოყებდასახოკი? - უნებურად ამართლებდა მამაკაცს ეკატერინე.
-შენ არ გესმის, ეკატერინე! არ გესმის! - წამოიყვირა ანდრეამ და მის ღაწვებზე აკაშკაშებული კურცხალიც მაშინვე შენიშნა გოგონამ. - შვილი ჩემ გამო არ უჩნდებათ! ჩვიდმეტი წლისები ვიყავით, ის კი დაორსულდა! მამაჩემმა ისე მოაშორა ბავშვი, არც მკითხა! არც ვიცოდი! მამაჩემმა ჩემი შვილი მოკლა და მე არც ვიცოდი... მერე გავიგე... სოფო შემხვდა, საერთოდ სხვანაირი, დაბერებული, მოუვლელი, გაუბედურებული. იმის თვალებს, ეკატერინე, დედამიწის ზურგზე ვერაფერი დამავიწყებს. შემომხედა და ცრემლიანი თვალებით მკითხა, სიყვარულისთვის ასე მწარედ რატომ დამსაჯეო. მე კიდევ ვიდექი იდიოტივით, გაშტერებული და ხმასაც ვერ ვიღებდი. რა უნდა მეთქვა? - შენთან მხოლოდ ცხოველურ ჟინს ვიკმაყოფილებდი და მაპატიე, თუ შენი ცხოვრება შემომენგრათქო?! რა მეთქვა? - მხოლოდ ჩვიდმეტი წლისები ვიყავით! არაფერი ვიცოდი! არ ვიცოდი, რომ ორსულად დარჩა! მამაჩემმა ისე მოაშორა ბავშვი, მე ნაბიჭვარს, მე დოყლაპიას არაფერი გამიგია! ჩემი გართობის შედეგი არც გამიგია! სოფოს ცხოვრება დავუნგრიე და არც კი ვიცოდი. რომ არ შემხვედროდა და რომ არ ეთქვა, არც მეცოდინებოდა... არც მეცოდინებოდა, რომ მამაჩემმა მუცელი მოაშლევინა, რომ ჩემ გამო ცხოვრება დაენგრა. ჩემ გამო! ჩემ გამო! ჩემ გამო! - მუშტს მაგრად ურტყამდა ხის ზედაპირზე ანდრეა და ცხარე ცრემლით ტიროდა. - როგორ მძულს ჩემი თავი! და როგორ მძულს მამაჩემი ასეთ კაცად რომ მაქცია! როგორ მძულს, როგორ ძალიან, ძალიან ძლიერად! - ღმუოდა წელში მოკაკვული და ერთ წამში დაჩიავებული ახვლედიანი.
ეკატერინე გაოცებული შეყურება მოტირალს და ენაგადაყლაპულს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა. მის წინ დამსხვრეული ანდრეა ახვლედიანი იჯდა და ტიროდა. ყვებოდა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ცოდვას და კიდევ ერთ მიზეზს აძლევდა შესაძულებლად, მაგრამ რატომღაც ჯაყელს საერთოდ არ უჩნდებოდა ზიზღის გრძნობა. საერთოდ არ უნდოდა, რომ ამრეზით შეეხედა ახვლედიანისთვის. იმ წამს ეკატერინე თავის თავს ხედავდა განადგურებულ ანდრეაში. თანაგრძნობა ჭარბობდა მასში.
-კარგი, გასაგებია... ანდრეა, კარგი. - ძლივს ამოიღო ხმა გოგონამ და აკანკალებული ხელები ფრთხილად შეახო მამაკაცს.
-რომ მცოდნოდა... რომ მცოდნოდა... - ზლუქუნებდა პატარა ბავშვივით ახვლედიანი. - შენი აზრით რას ვიზამდი, რომ მცოდნოდა? - ბარზე იყო გადამხობილი მამაკაცი და გულმხურვალედ ტიროდა. ბარმენი გაფართოებული თვალებით შეყურებდა ანდრეას.
-თქვენს საქმეს მიხედეთ! - შეუღრინა ეკატერინემ რუსს და ისევ ახვლედიანს მიუბრუნდა. - კარგი, ანდრეა, კარგი.
-მაინც მოიყვანა, გესმის? რეზიმ მაინც მოიყვანა ცოლად! იმდენად უყვარდა, იმდენად უნდოდა, რომ ჩემმა სიბინძურემაც ვერ შეუშალა ხელი! ჩემგამო შვილი არ უჩნდებათ! ჩემ გამო! - მუშტებს უშენდა ბარს მამაკაცი.
-ქალბატონო, მგონი თქვენმა მეგობარმა ბევრი დალია. ნომრამდე მივაცილებთ. - დაცვის წევრი მიუახლოვდა ჯაყელს.
-არ არის საჭირო, მეთვითონ წავიყვან. - უმალ გასცა პასუხი გოგონამ და ანდრეას ხელი დაავლო. - წამოდი, ანდრეა, გეხვეწები, ნომრამდე მიგიყვან.
-ღმერთო... რა დღეში ვარ. - ღრმად ხვნეშოდა ახვლედიანი. - არ მანებებენ, წარსული ცოდვების აჩრდილები არ მანებებენ თავს!
-წამოდი. - სკამიდან წამოაყენა კატომ და ბანცალით გაუყენა გასასვლელის გზას.

*_*_*_*

რის ვაი-ვაგლახით შეათრია თავის ნომერში და დივანზე დასვა. დამამშვიდებელი ამოიღო ჩანთიდან და წყალთან ერთად გაუწოდა მამაკაცს, ამ უკანასკნელმაც უხმოდ დალია წამალი და თავი საზურგეს მიაყრდნო. შიგადაშიგ ისევ ზლუქუნებდა, ორივე ხელს მუცელს, ხოლო კბილებს ერთმანეთს აჭერდა. უცხო თვალს ეგონებოდა, რომ რაღაც გაუსაძლისად სტკიოდა ფიზიკურად და ოფლშიც ამიტომ ცურავდა. ჯაყელი თავზე ედგა, შეცბუნებული, გაოცებული და აფექტის მდგომარეობაში ჩავარდნილი. არადა ხომ შეეძლო იმ ბარში დაეტოვებინა?! - ვინ იცის რამდენჯერ ჩავარდნილა მამაკაცი ასეთ მდგომარეობაში და მაინც მიუღწევია სახლამდე. მაგრამ ვერ დატოვა. ვერ და არ დატოვა ტკივილის მარწუხებთან მარტო ანდრეა.
-გგონია, ერთადერთი იყო? - ცოტა ხნის შემდეგ ჩახლეჩილი ხმით ამეტყველდა დივანს მისავათებული ანდრეა. - არა...
-არ მინდა, ნუ მომიყვები. - დაიხარა ეკატერინე და იქვე, მაგიდასთან ჩასრიალდა, იატაკზე.
-ვერთობოდი. გოგოებს მოვწონდი, გიჟდებოდნენ ჩემზე. რას არ აკეთებდნენ, რომ მათთვის ყურადღება მიმექცია. ზოგი მაწუხებდა კიდეც. მე კი სწორედ ეს მომწონდა. უყურადღებოდ რომ ვტოვებდი, ზოგიერთს ან სიგიჟეებს ვაკეთებინებდი. ხანდახან, თავმოყვარეობასაც ვავიწყებდი და სამარცხვინო საქციელებისკენ მოვუწოდებდი. მერე ერთი კვირით ვერთობოდი მათთან. ყოველგვარი ემოციის გარეშე, მხოლოდ ცხოველური ვნების დასაოკებლად. მათი სახელებიც კი აღარ მახსოვდა. ზოგიერთს ვეღარც ვცნობდი სახეზე. უბრალოდ ვიღებდი მათგან იმას, რაც მე თავად მინდოდა და შემდეგ ვიშორებდი, დაუფიქრებლად.
-ანდრეა, გეყოფა... - შეწუხდა გოგონა.
-მაგრამ სოფო სულ სხვანაირი იყო. სხვანაირად ვუყვარდი - გულწრფელად. რეზისთან ისეთი ამაყი იყო... შეუვალი და მტკიცე. ჩემთან... ჩემთან ემსგავსებოდა პატარა და დაუცველ კნუტს. ჩემი სიყვარული სჭირდებოდა. სხვა გოგოებივით ფეხებში არ მიხტებოდა და არ გაჰყვიროდა უსასრულოდ, რომ ვუყვარდი. დიდხანს მიმალავდა, დიდხანს ინახავდა თავისთვის გულში და ერთ ღამეს ძალიან ჩუმად, თითქმის ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა. მე, შინაგანად დამპალმა, კი ვერაფერი გავიგე. მასაც ისევე მოვექეცი, როგორც სხვებს. არადა ის არ ჰგავდა სხვას... არც მისი სიყვარული იყო ერთკვირიანი. ვერ გავიგე... ვერ გავუგე... წრფელ სიყვარულს ვერაფერი გავუგე. ისევე გავჭუჭყე და გავანადგურე, როგორც იაფასიანსა და ერთჯერად სიყვარულს ვჭუჭყავდი და ვანადგურებდი. - გულაღმა იწვა ანდრეა ახვლედიანი. მზერა ჭერისთვის ჰქონდა მიშტერებული. ოთახში ბნელოდა, მხოლოდ მთვარის შუქი ირეკლავდა მისი თვალებიდან ნაკადად დადინებულ ცოდვილ ცრემლებს.
-შეცდომას ყველა უშვებს, ანდრეა. - ძლივს ამოიღო ხმა ცრემლებით დამხრჩვალმა ეკატერინემ და ხელები მაგრად შემოაჭდო მოკეცილ ფეხებს. პირველად იყო, რომ საკუთარი კი არა, სხვისი ცრემლებით ტიროდა.
-რეზისნაირი ღირსეული კაცი იმსახურებს გვარის გამგრძელებელს, რომელიც მხოლოდ ჩემნაირი ღორის გამო ვერ ეყოლება.
-ღორებს სინანულის გრძონობა არ გააჩნიათ. არც ყელამდე ლაფი ურევთ გულს და არც რაიმეს გამოსწორება უნდათ. ღორებს არასდროს ახრჩობთ წარსული ცოდვები. შენ ღორი არ ხარ, ანდრეა. - პირველად იყო ახვლედიანთან ასეთი გულწრფელი ჯაყელი.
-რომ ვნანობ, ეგ ცვლის რამეს? სოფოს თვალებში გაქრება ოდესმე ჩემი დანახვისას ამოტივტივებული ტკივილი, თუ შვილის ყოლას შეძლებენ?! ჩემი მდაბიო სინანული რას ცვლის?!
-შენი „მდაბიო სინანული,“ შენში არსებულ ღმერთს ცვლის. შენში არსებული ღმერთი კი რეზის და სოფოს ცხოვრების გზაზე შენს სინანულს წამოაშველებს.
-შენ გჯერა მაგის, ეკატერინე?! - ტანით ოდნავ შეირხა ახვლედიანი.
-რაღაცის თუ არ იწამე და რაღაცას თუ არ ჩაეჭიდე, ამ ქვეყნის ჭაობში ჩაეფლობი. მე კიდევ არ მინდა იმის მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაზე ჭაობში ჩასაფლობად მოვედი. ეჭვი მაქვს, არც შენ მოგინდება მაგის დაჯერება.
ანდრეას არაფერი უთქვამს. მზერას ჯიუტად არ აცილებდა ჭერს. არც ინძრეოდა, არც თვალებს ახამხამებდა, სუნთქვაც კი შეკრული ჰქონდა და მხოლოდ ეკატერინეს სიტყვებზე ფიქრობდა. ჯაყელიც დუმდა. ხვდებოდა, თავისი სიტყვებისთვის გრამიც რომ დაემატებინა, ყველაფერი დაკარგავდა აზრს. დომინოს მიჯრით მიწყობილი ქვებივით - ერთის გაუფერულება, ყველა დანარჩენი სიტყვის გაუფერულებასაც გამოიწვევდა. ამიტომ დუმდა ორივე; ღამის სიბნელეს უზიარაბდნენ თავიანთ აზრებსაც და ტკივილსაც.
იქნებ რამდენიმე წუთიც ისხდნენ ასე ან თუნდაც საათი. არცერთი ირხეოდა. ახვლედიანს მოსვენებადაკარგული სუნთქვა ნელ-ნელა უმშვიდდებოდა. ამოვარდნილი ქარიშხალი ჩადგომის პირას იყო. ღამის მარწუხები ძალიან ნელა და ფრთხილად ეპარებოდნენ მამაკაცს. ამშვიდებდნენ, თენთავდნენ და ქუთუთოებს უმძიმებდნენ.
როცა ანდრეას საბოლოოდ დაუმშვიდდა სუნთქვა და ისევ თანაბარი გაუხდა, კატომ ნელა წამოსწია თავი და აღმოაჩინა, რომ ჩაძინებოდა. ფრთხილად წამოდგა, საძინებელში გავიდა და პლედით ხელში დაბრუნდა უკან. მხოლოდ მისი გადაფარებისას დააკვირდა ჯაყელი მამაკაცის სახეს. ანდრეას თავი უკან გადაეგდო. მთვარის შუქზე ნათლად მოსჩანდა მისი გაუხეშებული ნაკვთები, რომლებიც ძილისას პატარა ბავშვისას დამსგავსებოდნენ. ახვლედიანს ისე ეძინა, თითქოს ამ ქვეყნის ცოდო არათუ მხრებზე ედო, ყურმოკრულიც არ ჰქონდა ცხოვრებაში. ეკატერინე სუნთქვაშეკრული სწავლობდა მისი სახის თითოეულ წერტილს. არ უნდოდა, განძრეულიყო და ძლივს მიტყუებული ძილი დაეფრთხო ანდრეასთვის.
მისი სახე იყო მშვიდი. მუდამ შეჭმუხნული წარბები ძილისას გაეხსნა და ნათელი სახე დაენახებინა მთვარის შუქისთვის. ყოველთვის ფიქრობდა ეკატერინე, რომ მკვლელებს თავიანთი გულღრძო ბუნება ლაპარაკზეც ეტყობოდათ, სიარულზეც, ჭამაზეც და ძილზეც. შეიძლებოდა კი, რომ ასე მშვიდად მფშვინავი ადამიანი მკვლელი ყოფილიყო?! ტკივილისგან დაღლილს, ცოდვის აჩრდილებისგან გასავათებულს ისე ეძინა, თითქოს საუკუნო ღვიძილის შემდეგ დაეხუჭა თვალები. მისი ბობოქარი ბუნება ჩამდგარიყო, დაკარგულიყო, ღამის სიზმარში გაფანტულიყო...
ეკატერინე დივანს მოსცილდა და ფანჯარას მიუახლოვდა. ორივე ხელით დაეყრდნო რაფას და თავი ჩახარა. - ეს მეტისმეტი იყო! მის ოთახში მშვიდად მძინარე ანდრეა ახვლედიანი? - მეტისმეტი იყო! - მომტირალი ანდრეა ახვლედიანი? - მეტისმეტი იყო! - გულწრფელი და ცოდვებისაგან დატანჯული ანდრეა ახვლედიანი? - მეტისმეტი იყო! - ადამიანი ანდრეა ახვლედიანი? - მეტისმეტი იყო! ადამიანი ანდრეა ახვლედიანი იყო ზედმეტი... ბიძაშვილის მკვლელი ახვლედიანი...
-ნეტავ... ნიკუშას მოკვლასაც ასე ნანობ, ანდრეა? - დაიჩურჩულა ყელშიცრემლებგაჩხერილმა ჯაყელმა და უმწეოდ ჩაცურდა ძირს. თავი კედელს მიაყრდო, ფეხები უწინდებურად მოკეცა, ხელები მათ შემოაწყო და თავი დაადო.
ცრემლებს არც იმ ღამით გასჭირვებიათ ეკატერინე ჯაყელის პოვნა. და ისევ ატირდა ოთახში მარტო დარჩენილი გოგონა. ოღონდ ამჯერად უკვე არა სხვისი, არამედ თავისი ცრემლებით, რომლებიც ასე უხვად გაემეტებინა ღმერთს მისთვის.

*_*_*_*

ღამემ უსაშველოდ გაწელა გათეთრება, მაგრამ გოგონას წამითაც არ მოუხუჭავს თვალი. დაღლილი და უძილო თვალები დივნისთვის მიეშტერებინა და დროში არეული ელოდა ახვლედიანის გაღვიძებას. ანდრეა არ ჩქარობდა თვალის გახელას. იმაზე მშვიდად ეძინა, ვიდრე საკუთარ სახლში და საკუთარ საწოლში.
საათი დილის ათს ასრულებდა, როცა ჯაყელმა მამაკაცის თანაბარი სუნთქვის დარღვევა იგრძნო და მიხვდა, ანდრეას გაღვიძებოდა. ხმა არ ამოუღია, არც კი განძრეულა, მისგან ელოდა პირველ ნაბიჯს.
ანდრეა ერთხანს ისევ ისე იწვა, როგორც ჩაძინებამდე. წინა ღამის კადრებს დეტალურად იხსენებდა და ყველაფერს აანალიზებდა. შემდეგ მძიმედ წამოსწია თავი და იქვე, იატაკზე მოკუნტულ ეკატერინეს გახედა. პლედი მოიშორა, წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. ხმას არ იღებდა, უბრალოდ მოძრაობდა. არც ეკატერინე ამბობდა რამეს. დაქანცული თვალებს ადევნებდა მის თითოეულ ქმედებას.
ახალგაღვიძებულმა ჯერ დილის, უკვე გაღვიძებულ მოსკოვს გადახედა და ერთხანს დააკვირდა. მერე თავადაც ჩაცურდა ძირს, ჯაყელს გვერდით მიუჯდა და მასსავით მოკეცა ფეხები.
ორივე დუმდა. მაგიდაზე დადგმულ ლარნაკს ისე აკვირდებოდნენ, თითქოს მასზე უნდა შეემჩნიათ რაიმე ცხოვრებისეული საიდუმლო და მერე გულდამშვიდებულებს გაელიათ გათენებული დღე. ორივე ხვდებოდა, რომ მათ ბაგეებს მოწყვეტილი პირველი სიტყვა უბრალოებისთვის და უფერულობისთვის იქნებოდა განწირული. ამიტომ დუმდნენ შეთქმულებივით და დილას წამების ტაატით მიწყობის უფლებას აძლევდნენ.
-ახლა... - დაიჩურჩულა უცებ ახვლედიანმა და გაჩერდა. - ახლა ვართ მეგობრები? - ახალგაღვიძებულის ბოხი ხმა ჰქონდა მამაკაცს.
-რა? - ვერ გაიგო სამარისებურ სიჩუმეში შემოჭრილი უეცარი კითხვის არსი ეკატერინემ.
-ეს უკვე მეორე ღამე იყო. - თავი ჯაყელისკენ შეაბრუნა მამაკაცმა. - დღეს შეგვიძლია ერთ მაგიდასთან საუზმე? - ტუჩის ათამაშებულ კუთხეში მკრთალი ღიმილი გაექცა ანდრეას და ეკატერინემაც წამში ამოიცნო ძველი, ნაცნობი და ღიმილიანი „კომპანიონი“.
-ღმერთო ჩემო! - უხეიროდ ჩაეცინა გადაღლილ და გაოცებულ ეკატერინეს. - შენ მართლა არანორმალური ხარ, ხომ? - გაეცინა უფრო ხმამაღლა და თამამად. თითქოს წამში გაქრა გათენებული ღამის მძიმე კვალი. ანდრეასაც გაეცინა, უფრო გულწრფელად და უფრო ლაღად. მერე იცინოდა ორივე. ისტერიულ და ტკივილისგან ფარადგადადებულ სიცილს უფრო ჰგავდა მათი ხარხარი, მაგრამ გულწრფელობაც დიდი დოზით ერია მასში.
-გიჟი ხარ! არაპროგნოზირებადი და არანორმალური! - ოდნავი დამშვიდების შემდეგ შეამკო გოგონამ ახვლედიანი. ანდრეას მხოლოდ გაეღიმა, რის შემდეგაც ისევ დუმილი ჩამოწვა მათ შორის.
-მადლობა, ეკატერინე. - ისევ უეცრად ამოიღო ხმა ამჯერად სერიოზულმა ანდრეამ.
-არ არის საჭირო.
-დამიჯერე, არის. მადლობას ხშირად არ ვუხდი ადამიანს, მაგრამ შენ გულწრფელად დაიმსახურე, არასავალდებულოს სავალდებულოდ ქცევისთვის.
-მოდი ვთქვათ, რომ გუშიწინდელი დღისთვის გადაგიხადე სამაგიერო. გუშინწინ შენ აიტანე ჩემი კრიზი, გუშინ მე. - გაეღიმა ჯაყელს.
-ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და მაინც ძალიან ვგავართ. - აღნიშნა ანდრეამ.
-ალბათ ტყუილად არ შევუყრივართ ერთად ბატონ გიორგის. - ჩაეცინა კატოს.
-ტყუილად არაფერი ხდება, შენგან ვისწავლე! - გაეღიმა უცნაური სიმშვიდით შეპყრობილ ახვლედიანს და წამოდგა.
ერთხანს თვალებში უყურებდა მომღიმარ ეკატერინეს. ისეთი ლამაზი იყო ჯაყელი... ნამტირალევი და ამოღამებული თვალები საოცრად უელავდა ღიმილისას. იმ წამს უნდოდა, ქვეყანა გაეჩერებინა და სამუდამოდ გაეშეშებინა¬ ის წამი. წამი, რომელშიც ეკატერინე ჯაყელი გულწრფელად უღიმოდა ანდრეა ახვლედიანს. იცოდა, რომ კარს გააღებდა და იმ სამყაროში შეაბიჯებდა, რომელშიც ეს ორი გვარი ერთმანეთს მტრობდა და რომელშიც ის მისი ბიძაშვილის მკვლელი იყო. უნდოდა, სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში მომენტი, როცა ისინი არ ჩხუბობდნენ, არ შხამავდნენ ერთმანეთს და არ ლანძღავდნენ. უბრალოდ უღიმოდნენ... ძალიან გულწრფელად და მთელი გულით. ყველაზე ლამაზი იყო მზისშუქმიფენილი ეკატერინე ჯაყელი, რომელიც ცრემლიანი და დაღლილი, მაგრამ მაინც ბრჭყვიალა თვალებით, აწითლებული ცხვირითა და გულღია ღიმილით უმზერდა ანდრეა ახვლედიანს. მსოფლიოს პირველი ქალი იყო ეკატერინე ანდრეასთვის იმ წამს! იმ ყველაზე ლამაზ და ყველაზე მშვიდ წამს, რომელსაც მოსკოვის ღამე სამუდამოდ შეინახავდა და გაუფრთხილდებოდა თავისი გაყინული ფრთების ქვეშ.
-დღეისთვის რა გეგმები გვაქვს? - ჩუმად დაილაპარაკა ანდრეამ და წელში გასწორდა.
- თერთმეტზე შევხვდეთ ვესტიბიულში და საქმეს მივხედოთ. - უცებ მოეგო გონს ეკატერინეც და რეალობაში დაბრუნდა.
-as you say, beautiful lady! - გაეღიმა მამაკაცს და ჯაყელიც გააღიმა.
-ორი სრულიად სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობს შენში. - უცებ მოუნდა გულწრფელობა გოგონას. - დღის და ღამის ანდრეა ახვლედიანი.
-ღამე ვტირით და დილით საქმეს ვაკეთებთ. - გაეღიმა ანდრეას და კედელს მიეყრდნო. ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და ისევ ფანჯრიდან გადაშლილ დილის პეიზაჟს დააკვირდა. - სოფელი ასე შენდება.
-ეგ რომელი ფილოსოფოსის ნააზრევია? მემგონი, მეც მისი მიმდევარი ვარ. - ჩაიცინა კატომ.
-თუ ორივე მისი მიმდევრები ვართ, ფილოსოფოსი გიორგი თოიძე გამოდის. - მხრები აიჩეჩა ყურთამდეღიმილგაპობილმა ახვლედიანმა და კედელს მოსცილდა. - შეიძლება შენი აბაზანით ვისარგებლო? - ეკატერინეს სიცილი არც შეიმჩნია ისე ჰკითხა გოგონას.
-თუ ერთ მაგიდასთან საუზმობა უკვე შეგვიძლია, ალბათ ეგეც ნებადართულია. რავიცი, აქ წესებს შენ ადგენ, მგონი. - გახალისდა ჯაყელი.
-ეს უკვე მომწონს. - გაეცინა ანდრეას და საპირფარეშოს კარი შეხსნა. - ეკატერინე. - უცებ მიუბრუნდა ახვლედიანი რაფაზე აყუდებულ ჯაყელს. - დარწმუნებული ხარ, რომ ახლავე გინდა საქმეს შევუდგეთ? თუ გინდა, წავალ მე ჩემს ნომერში. შენ მოისვენე, დაიძინე და ცოტა აზრზე მოდი... - უჩვეულოდ სერიოზული იყო მამაკაცი.
-არ მინდა, ნუ ღელავ ჩემზე. კარგად მაშინ ვიქნები, როცა ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ერთი და ორი ღამის გათევა ვერ შემიშლის ამაში ხელს. - მკრთალად გაეღიმა გოგონას.
-კარგი, როგორც გინდა. - გაუღიმა ანდრეამ, კარი ბოლომდე შეაღო და შემდეგ ზურგსუკან მიხურა.
ეკატერინეც მოსცილდა ფანჯარას, ჩანთიდან თავისტკივილის წამალი ამოიღო და წყალთან ერთად დალია. შემდეგ დივანზე გადაინაცვლა და საფეთქლების ზელვას მოჰყვა. საძინებელში გასვლა და ტანსაცმლის გამოცვლა უნდოდა, როცა უეცრად დააკაკუნეს ნომრის კარზე. ჯაყელმა იფიქრა, რომ ნომრის დასუფთავება იქნებოდა. კარისკენ გაემართა, რათა დამლაგებელი უარით გაესტუმრებინა. ჭუჭრუტანაში არც გაუხედავს ისე გააღო კარი და გაოცებულს, ზღურბლზე ჩვეულებრივ ტანისამოსში გამოწყობილი, სრულიად უცხო მამაკაცი შერჩა.
უცნობი დაახლოებით ანდრეას სიმაღლის იყო, მასსავით უძიროდ შავი, იდუმალებით მოცული თვალებითა და გრძელი სწორი ცხვირით. ახვლედიანის წაბლისფერი თმისაგან განსხვავებით, მამაკაცს ჯაყელური გენისთვის ნაცნობი მიწისფერი ოდნავ გრძელი თმა ამშვენებდა. ეკატერინეს წინ ახოვანი და წარმოსადეგი მამაკაცი იდგა, ოდნავ მოშვებული წვერითა და მასში ჩაკარგული მრავლისმეტყველი ღიმილით.
-ვინ გნებავთ, უკაცრავად?! - წარმტაც გარეგნობას სწრაფად დაეხსნა გოგონა და ზღურბლზე მდგარ მამაკაცს რუსულად მიმართა.
-რუსულად ლაპარაკი არ არის საჭირო, მეც ქართველი ვარ და გადასარევად მესმის ყველაფერი. - სუფთა, უაქცენტო ქართულით ალაპარაკდა მამაკაცი და უნებართვოდ შეიჭრა ოთახში.
-ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ?! - ხმა გაიმკაცრა დაუპატიჟებელი სტუმრის თავხედი ქმედებით გაოცებულმა ჯაყელმა, მაგრამ მაინც ვერ დამალა უმალ გაჩენილი შიშის ნოტები.
-ნამდვილად შესანიშნავი კითხვაა! - მსუბუქად ჩაეცინა უცნობს. დივანზე დაგდებული ბალიში გაასწორა და კომფორტულად მოკალათდა. - მაგრამ მგონი არ დამჭირდება თავის წარდგენა. ისედაც მშვენივრად უნდა მიცნობდე. - ხელები მუხლებზე დაიკრიფა მამაკაცმა და იდუმალი ღიმილით დაასაჩუქრა მასპინძელი.
-პირველად გხედავ ცხოვრებაში. ვინ ჯანდაბა ხარ?! - შიში ნელ-ნელა ბატონდებოდა ეკატერინეს ხმაში.
-გამარჯობა, ეკატერინე, მე ლევან ნაკაშიძე ვარ, ჩემი ნათლიის შვილის და შენი საყვარელი საქმროს მკვლელი. - უდარდელი ღიმილით მიახალა ყველაფერი დივანზემჯდომმა ღიაკარში მდგარ კატოს და ადგილზე გაახევა. - დახურე ეგ კარი, ბევრი გვაქვს სალაპარაკო. - იმავე ტონალობაში და იმავე ღიმილით დაამატა ცოტა ხნის შემდეგ, როცა მიხვდა, მისმა სიტყვებმა გოგონა გააქვავა.
წამიერი სიჩუმე უცებ დაარღვია საპირფარეშოს კარის გაჩხაკუნების ხმამ და ანდრეაც მალევე გამოჩნდა ოთახში. ნაკაშიძემაც და ჯაყელმაც მაშინვე მას გახედეს. ანდრეა წამით გაჩერდა, ჯერ სახეზე მიტკლისფერდადებულ ეკატერინეს შეხედა, შემდეგ კომფორტულად მჯდარ და მომღიმარ „სტუმარს“. კინაღამ ენა გადაყლაპა გაკვირვებისგან, როცა წამებში გაიაზრა - მის წინ, ეკატერინეს ნომერში, დუდა მაჩაბელი იჯდა.
-ვაიჰ, მეგონა მარტო იყავი ნომერში! - ანდრეას სწრაფად მოაცილა მზერა ნაკაშიძემ და ირონიული ღიმილით შეხედა გოგონას.
-ეკატერინე, რა ხდება აქ? - გულწრფელად დაბნეული ანდრეა ხან დუდას, ხანაც ჯაყელს უყურებდა.
-ეს... ეს... ეს ვიღაც გიჟია! ანდრეა, გიჟია ეს კაცი, მოაშორე აქედან, გთხოვ! - გონს მოეგო ეკატერინე და პანიკის შეტევამაც მაშინვე იჩინა თავი.
-აგრესია არ არის საჭირო! მე თვითონ წავალ, როცა ყველაფერს მოგიყვები ან მოგიყვებით. რავიცი, ეგ უკვე შენ გადაწყვიტე. - კატოს მიმართა მამაკაცმა და ცინიკური მზერით აათვალიერა ახვლედიანი.
-ვინ ჯანდაბა ხარ და აქ რა გინდა?! - გამოსავლის გარეშე დარჩენილ ანდრეას ისღა დარჩენოდა, დუდას თამაშს აჰყოლოდა.
-ამბობს, რომ ლევან ნაკაშიძეა! - წამოიყვირა თვალებამღვრეულმა და სახეაშლილმა ეკატერინემ. - ლევან ნაკაშიძე მკვდარია!
-კი, გეთანხმები, ლევან ნაკაშიძე მკვდარია ყველასთვის. ყველა ნაცნობისთვის, თუ უცნობისთვის. ორი წლის წინ ციხეში მოკლეს, ბუნტისას. მაგრამ მე ვარ ცოცხალი. მე - ადამიანი, რომელიც თურქეთის ციხეს გამოექცა და მას შემდეგ წყვდიადში ცხოვრობს.
-გაეთრიე აქედან, სანამ ძალით გამიგდიხარ! - დაუყვირა ანდრეამ მაჩაბელს და იმ წამს მართლა მოუნდოდა, რომ დუდა წასულიყო.
-რატომ? ბევრი რომ იწვალოთ და ბოლოს მაინც ჩემს კვალზე გამოხვიდეთ? - არ არის საჭირო. იმდენად კეთილი ვიქნები, რომ საქმე შეგიმსუბუქოთ. თავად მოვედი თქვენს კარამდე.
-ვინ ხარ?! - ცრემლები ჩამოუგორდა ერთიანად შეშინებულ ჯაყელს, მაგრამ მაინც გაუსწორა თვალები „სტუმარს“
-ლევან ნაკაშიძე - დათუნა გასვიანის მკვლელი. - მშვიდად, აუღელვებლად და ძალიან ნელა წარმოთქვა სიტყვები ნაკაშიძემ. ჯერ ანდრეას გადახედა, ხოლო შემდეგ მუხლებში ძალაწართმეულ ეკატერინეს.
-იტყუები! - ენა ძლივს მოიტრიალა პირში შოკირებულმა ჯაყელმა. შეუძლებელი იყო, რომ იმ წამს მის წინ დათუნას მკვლელი მდგარიყო და მიწა არ გამსკდარიყო, რომ ყველა და ყველაფერი თან ჩაეტანა.
-გიჟი ვარ, რომ ასეთი რამ მოვიგონო? - ჩაეცინა დუდას და ქურთუკის შიდა ჯიბიდან ფოტოები ამოიღო. - იმ მანქანის ნომრებია, რომლიდანაც თქვენი ქორწილის დღეს გაისროლეს. - მაგიდაზე დაყარა სურათები მაჩაბელმა.
ეკატერინე სწრაფად ეცა მაგიდას და ხელისკანკალით აიღო ფოტოები. მანქანის ნომერი ნამდვილად არ ახსოვდა, მაგრამ მის მარკასა და ფერს რა დაავიწყებდა?! უეცრად ისეთი სისუსტე იგრძნო მთელ სხეულში, რომ ფოტოები ხელიდან დაუცვივდა და იატაკზე დაიყარა.
-მე მოვკალი შენი საქმრო. იმ მანქანაში მე ვიჯექი და მე გავისროლე. საუკეთესო მსროლელი ვარ და მარტო მას მოვარტყი, სხვისი დაჭრა აზრადაც არ მქონია. - ოლიმპიური სიმშვიდით და საოცარი სისასტიკით იყო გაჟღენთილი ნაკაშიძის პირიდან წარმოთქმული თითოეული სიტყვა. - ლიუდმილა ნათლიაჩემია! ქალი, რომელთანაც ბოლო ორი დღე გაატარე, შენი უსაყვარლესი დათუნიას მკვლელის ნათლიაა! ერთად ვიზრდებოდით მე და დათო, ძმებივით ვიყავით!
-გაჩუმდი! - წამოიკივლა უცებ ეკატერინემ და ხელები ყურებზე აიფარა. ანდრეას გული შეეკუმშა. მომენტით ისარგებლა და დუდას თვალებით ანიშნა, წადიო. საპასუხოდ, მტკიცე უარის ნიშნად, თავის გაქნევა და ღიმილი მიიღო.
-უნდა მოისმინო შენი საყვარელი ბიჭის ამბავი. აბა როგორ გინდა? - ბოლომდე უნდა იცოდე, ვინ გიყვარდა და რა გიყვარდა. - კბილებშორის ცრიდა სიტყვებს ზიზღით აღსავსე ნაკაშიძე. - გგონია, ანგელოზი იყო, არა, ეგ შენი დათუნა?! ცხოვრებაში ჭიანჭველისთვისაც კი არ ექნებოდა ფეხი დადგმული. ხოდა იცოდე, რომ შენმა საყვარელმა დათუნამ მაქცია იმ კაცად, რაც ახლა ვარ! - ბოლო სიტყვები წამოიყვირა მამაკაცმა და ხელში მოხვედრილი ბალიში იატაკზე ისროლა.
-მკვლელი ხარ! შენ ჩემი დათუნა მომიკალი! ხელებში ჩამაკალი ქორწილის დღეს! არამზადა მკვლელო! - განწირული ხმით ყვიროდა ეკატერინე, რომელსაც ნაკადად სდიოდა ცრემლები.
-ჰო, მკვლელი ვარ. ჰო, მე მოვკალი შენი ბიჭი, მე! - სიძულვილით აენთო თვალები ნაკაშიძეს. - მაგრამ არ ვნანობ! წამითაც არ ვნანობ მაგ ვირთხის მოკვლას! ამ დილით საუზმეზე კვერცხის მაგივრად ლორის ჭამას უფრო ვინანებ, ვიდრე მაგის დამპალი სიცოცხლის მოსწრაფებას! - ტონს თანდათან უწევდა ლევანი.
ანდრეა სწრაფად ეცა კარს და დაკეტა, რათა ყვირილის ხმა გარეთ არ გასულიყო. შემდეგ ეკატერინეს მივარდა და ზურგიდან მოხვია ხელები მხრებზე.
-დაჯექი, თორემ ცუდად გახდები. - მშვიდად უთხრა მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც იცოდა, მისი სიმშვიდე მეტად გაახელებდა გოგონას.
-მოკალი! - დაუყვირა ეკატერინემ მამაკაცს და ხელით ფეხზე წამომდგარ ნაკაშიძეზე ანიშნა.
-ჩემი მოკვლა ასე მარტივი რომ იყოს, დიდი ხნის წინ მიმსხვერპლიდა რომელიმე ვირთხა. მაგრამ ასე ადვილად მოსაცილებელი კაცი არ ვარ მე. ბევრჯერ ცადეს ჩემი მოკვლა, მაგრამ მაინც მოვახერხე ფერფლიდან აღდგომა! მე შურისძიების იარაღი ვარ და მანამ არ მოვკვდები, სანამ ყველას არ მივუზღვავ სამაგიეროს!
-რა დაგიშავა?! დათუნამ რა დაგიშავა, შე ნაძირალა მკვლელო?! - კიოდა ეკატერინე, რომელიც, რომ არა ანდრეას ხელები, აუცილებლად წაიქცეოდა.
-მაგან ყველაზე მეტი დამიშავა! მაგ ვირთხამ მაქცია ამ კაცად! თვითონ ანგელოზი იყო, არა?! წესიერი და ღირსეული შვილი და მოქალაქე! მე ვიყავი ცუდი?! მე ვიყავი ცუდი?!
-რა დაგიშავა ამისთანა?! - წამოიყვირა მოთმინებადაკარგულმა ანდრეამ. ისე იკითხა, თითქოს უკვე მოსმენილი არ ჰქონდა ეს ისტორია დუდასგან.
-გამყიდა მაგ ნაბ*ზარმა ვირთხამ, გამყიდა! - დაიღრიალა ნაკაშიძემ.
-შენნაირების ადგილი ციხეშია! - ისევ წამოიკივლა აგონიაში მყოფმა ეკატერინემ და მაჩაბელისკენ გაიწია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ანდრეას ძლიერმა მკლავებმა მისი დაკავება შეძლეს.
-აჰა, ჩემნაირების ადგილი ციხეშია და მისნაირების, არა?! - საჩვენებელი თითი მკერდზე მიიბჯინა დუდამ და ჩაიცინა. - ეგ ვირთხა წესიერი კაცი იყო, არა?! - კაცის მნიშვნელობასთანაც კი არ ყოფილა ახლოს არასდროს! - დაიყვირა ისევ და შუბლზე ჩამოშლილი თმა შეისწორა. - გგონია, მე მივათრევდი შენს უსაყვარლეს დათოს მორევში? მე ვუბიძგებდი, არა ცუდისკენ?! - თვითონ ჩამითრია! - წამოიყვირა მამაკაცმა. - თვითონ მიმიყვანა იმ ხალხთან, თვითონ!
-გაჩუმდი! - ისე დაიყვირა ეკატერინემ, რომ ხმა ჩაუწყდა.
-ძმებივით გვზრდიდნენ! მე და მაგ ნაბ*ზარს ძმებივით გვზრდიდნენ! მაგრამ არა, მე სად შევედრებოდი დათო გასვიანს?! ნიჭიერ დათოს, მონდომებულ დათოს, წესიერ დათოს, დამჯერ დათოს. სად შევედრებოდი მე, ურჩი და დაუმორჩილებელი ლევანი?! ოროსანი ლევანი როგორ დადგებოდა ოქროსმედლიან დათუნასთან?! რა გვესაქმებოდა ჩვენ ერთად?! ეგ ვირთხა თავს ყველას ისე აჩვენებდა, თითქოს ფრთებიღა აკლდა რომ ანგელოზი ყოფილიყო! არადა იცი ვინ იყო სინამდვილეში? - მშიშარა, უსუსური და ლაჩარი!
-გაჩუმდი-მეთქი, გაჩუმდი! - ხრიალებდა ჯაყელი და ახვლედიანის მკლავებში ბორგავდა.
-იცი, რა ქნა? იცი, რა ქნა შენთვის და ყველასთვის სანაქებო დათუნამ?! თხუთმეტი წლისები რომ ვიყავით, მამამისს მანქანა მოპარა და კლასელის წვეულებაზე იმით წავიდა. იცი, რატომ მოპარა? - ყველასთვის რომ დაენახებინა, მარტო წიგნის ჭია კი არა, „მაგარი ტიპიც“ იყო! მერე რა მოხდა, იცი? - მთვრალი დაჯდა საჭესთან და მანქანა დაამტვრია. როგორ დაამტვრია? - გადასაგდები იყო მანქანა! ლიუდმილა და თემური მაგ დროს თბილისში იყვნენ, მანქანა ფარეხში ეყენათ და იქიდან მოიპარა. ერთი კვირა ჰქონდა თავისი დასვრილის ასალოკად, თორემ ყველა გაიგებდა, რომ „წმინდანი“ დათუნა სვამდა კიდეც და სცოდავდა კიდეც! ხოდა იცი რა ქნა?! იცი, რა მოიმოქმედა შენმა უდიდებულესობამ?! - ჩვენი უბნის ყველაზე ცნობილ კანონიერ ქურდს მიადგა! თან ვინ გაიყოლა? - რა თქმა უნდა, მე, მისი ძმა და პირველი ძმაკაცი! აბა როგორ? - გასაჭირში ხომ არ დავაგდებდი საყვარელი ნათლიის შვილს?! ხოდა იმ ქურდმა, რომელიც ახლა საფლავში განისვენებს ძალიან მშვიდად, საქმე შესთავაზა დათოს იმ ფულის სანაცვლოდ, რომლითაც ძვირფას მამიკოს ზუსტად ისეთივე მანქანას უყიდდა. რამხელა ფულზე იყო საუბარი?! თანაც თხუთმეტი წლის ღლაპისთვის. რა ექნა, ჩვენს საწყალ დათიკოს?! - დათანხმდა და, რა თქმა უნდა, მეც დამითანხმა. ერთ კვირაში ახალთახალი, ზუსტად იმავე მარკისა და ფერის მანქანა იდგა თემურის ფარეხში და დათუნას სინდისიც დარჩა შეუბღალავი. მაგრამ იცი, რა იყო პრობლემა?! - ბევრი ფულის შოვნამ ძალიან მოხიბლა ჩვენი ბიჭიკო - მეტი მოუნდა! კიდევ წავიდა „ჩორნასთან“ და მეც თან წამიყოლა. მე არ მინდოდა! სულ მემახსოვრება და არასდროს დამავიწყდება ის სიტყვები, რომლითაც მე, აყალმაყალის მოყვარული, უგვანი შვილი მას, ანგელოზ დათუნას, ვთხოვდი, რომ კანონიერ ქურდებთან საქმე არ დაგვეჭირა. მაგრამ არ მომისმინა მაგ ვირთხამ! არ მომისმინა და მერე დაიწყო ყველაფერი. უბანში ხმა რომ გავარდა, დათუნა და ლევანი „ჩორნასთვის“ მუშაობენო, ლიუდმილა ფეხებში ჩაუვარდა დედაჩემს და თხოვა, გეხვეწები, შენი შვილი მოაშორე ჩემსას, თორემ ცუდ წრეში ატრიალებსო. გაიგე?! - თურმე მე ვატრიალებდი დათუნას ცუდ წრეში! ხოდა დედაჩემი და მამაჩემი როგორ აღუდგებოდნენ წინ დიდი თემურისა და ლიუდმილას თხოვნას? ჩვენ ხომ საკენკს მათი ხელებიდან ვკენკავდით?! - მომისროლეს თბილისში! მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო... მე უკვე „ჩორნას“ ძალიან ახლო კაცი ვიყავი. მონათვლას მიპირებდნენ მალე. ჩემს ასაკში და უკვე მონათვლას, წარმოგიდგენიათ? დათუნას მაგისიც ეშინოდა. სკოლაში „წარჩინებულ მოსწავლედ“ ყოფნას არ ანებებდა თავს. დღე ნამდვილი უფრთო ანგელოზი იყო, მაგრამ ღამე?! ძალიან ჭკვიანი იყო და ჩვენს საქმეში ყველაზე კარგად იყენებდა მაგას. მე რომ არც დამესიზმრებოდა, ისეთებიც დაუტრიალებია ხშირად, მაგრამ მონათვლაზე მაინც არ იყო თანახმა. „წითელი დიპლომი“ და „ასოცირებული პროფესორობა“ მაინც უნდოდა. მე რომ გამომაგდეს საქართველოში, ჩვენი მშობლებისთვის ისევ წმინდანად იქცა დათუნა და დედაჩემიც ისევ მის ხატს ფიცულობდა. ვინ იცოდა, სინამდვილეში რა საქმეებს ატრიალებდა მათი „მომავლის იმედი?“ ვინ იცოდა, რომ ჩვენს სამყაროში ოქროს ფასი ედო მაგის ჭკუას. საქმეც ეგ იყო. არასდროს ისვრებოდა და არასდროს „იწვებოდა“, იმიტომ, რომ თვითონ არასდროს მუშაობდა. ეგ საქმე ჩემნაირი „მდაბიოებისთვის“ იყო. თვითონ მხოლოდ ტვინი იყო. ფულს მარტო მაგაში იღებდა. შეეძლო თან სკოლის დავალებები ეკეთებინა და თან ახალი საქმეები დაეგეგმა. იცით მაინც, რამდენი წელი იყო თქვენი დათუნა ჩვენი მთავარი ტვინი?! რამდენი საქმე დაუგეგმავს?! ფულიც ბევრი აუღია,მაგრამ ფულისთვის არ მოსწონდა დათიკოს ეს საქმე, დათიკოს „კაი ტიპობა“ მოსწონდა. დათიკოს „მაგარი ზურგი“ მოსწონდა. „წიგნის ჭია“ რომ აღარ იყო თანატოლ ბიჭებში და ჰარიჰარალეზე რომ ახარჯავდა „მეგობრებს“ ფულს, ის მოსწონდა. თავისი უსუსურობის დასაფარად აკეთებდა ყველაფერს. თავისი ლაჩრული ხასიათის დასამალად... მე რომ თბილისში ვიყავი შეხება აღარც გვქონია. მე უკვე მონათლული ვიყავი და „ჩორნასთან“ აღარც ვმუშაობდი. ერთ ზაფულს თურქეთში დამითქვა შეხვედრა. უკვე სტუდენტი იყო, მე - კანონიერი ქურდი და ჩემს სახელს წონა ჰქონდა. სტამბულში შევხვდით ერთმანეთს. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გაეხარდა და გადამეხვია. მითხრა, რომ ბოლო საქმეს აკეთებდა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ აღარ სურდა ბიჭს შავი სამყაროს ზურგი. „ჩორნასთვის“ რომ თავი დაგეღწია იცით, რამხელა ამბავი იყო ეგ?! - რამდენი კაცი გაგორებულა მისგან თავის დაღწევის მცდელობით?! მაგრამ ეს ხომ გაიძვერა იყო? ასე მითხრა,“ჩორნა“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამიშვებს, თუ ძალიან ბობოლა საქმეს გავუკეთებ პირადად მეო. და, რა თქმა უნდა, ვინ დაეხმარებოდა ამაში?! - მისი განუყრელი ძმა და პირველი ძმაკაცი, ლევან ნაკაშიძე! უარი არ მითქვამს, მაგ ვირთხისთვის. უარი რომ მეთქვა, იქნებ დღემდე დავრჩენილიყავი ლევან ნაკაშიძედ, მაგრამ არ ვუთხარი! არც ამჯერად ვუთხარი უარი. წინასწარ დაგეგმილი რომ არ ჰქონოდა ყველაფერი, საქმის ჩავარდნის შემდეგ ისე ვერ გამოვიდოდა, რომ მე გისოსებს მიღმა აღვმოჩნდი და ეგ მხოლოდ მოწმე. წინასწარ რომ არ გაეთვალა საქმის ჩავარდნის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა, მეც ჩავჯდებოდი ციხეში და ისიც, მაგრამ მაგ ნაბო*ზარს გათვლილი ჰქონდა ყველაფერი, თითოეული დეტალი! მერე რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით და მეც. ჩემმა ძვირფასმა ნათლიის შვილმა ჩემ წინააღმდეგ მისცა ჩვენება, მოსკოვში ყველაფერი მიატოვა და თბილისში გაიქცა. მაგ სულელს ეგონა „ჩორნას“ დაემალებოდა სადმე. ვერც იცოცხლებდა იმდენი წელი, მე რომ ჩორნასთან ჩემი კაცი არ გამეგზავნა და მეთქვა, მე გადავუხდიდი ყველაფრისთვის. აი, მაგ დღის შემდეგ, რაც „ჩორნამ“ მე გადმობარა დათუნიას თავი, ძალიან, ძალიან დეტალურად ვგეგმავდი მაგისი ძაღლური სიცოცლის დამთავრების დღეს. ლევან ნაკაშიძეც იმიტომ მოკვდა ციხეში, რომ თავისუფლად ქმედების საშუალება მქონოდა. გგონია, ვინმეს ვადარდებდი? ჩემს მშობლებსაც და დათოს მშობლებსაც მხოლოდ მაგისი სახელი ეკერათ პირზე. ჩემებს რცხვენოდათ ჩემი. თბილისში ისე მისროლეს, არც დაფიქრებულან. დათო უფრო იყო მაგათთვის შვილი, ვიდრე მე. მე ფეხებზე დავიკიდე ყველა და ყველაფერი! მოვკალი ლევან ნაკაშიძე, ნაკაშიძეების ერთადერთი მემკვიდრე. წამითაც არ მიფიქრია ჩემს მშობლებზე. იმათ მთელი ცხოვრება არ უფიქრიათ ჩემზე და ერთხელ მე ვაჯობე. იცით, რაზე მწყდება გული? დედაჩემი და მამაჩემი რომ ვერ მოესწრნენ თქვენს ქორწილს. მათაც დიდი სიამოვნებით დავანახებდი მათი სანაქებო დათუნას სიკვდილის სცენას. მაგრამ სამწუხაროდ ორივემ ნაადრევად დაგტვტოვა. ეტყობა შვილზე დარდს გადაყვნენ, საწ....ბი...
მოკლედ, ასეა თუ ისე, დავაღწიე ციხეს თავი და მერე ცოტა გამიჭირდა. „ჩორნასთან“ დიდხანს მომიწია მუშაობა გაფუჭებულის გასაკეთებლად. რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ისევ მე ვასწორებდი დათუნას გაფუჭებულს. ლანდად ვიქეცი. ერთ დღეს მოსკოვში ვიყავი, მერე თბილისში, კიევში, სტამბულში… მერე ამერიკაშიც და არგენტინაშიც. დიდიხნით მომიწია მოგზაურობა. თითოეული დღე კი საჩუქარი იყო შენი დათუნასთვის. მერე დავბრუნდი საქართველოში და გავიგე, რომ ცოლი მოყავდა ძვირფას დათიკოს. მე მის დაფურთხებულს ვწმენდდი, ის ოჯახდებოდა - ჩვეულ სტილში იყო დათუნია. რომ გავიგე, ჯაყელის ქალი მოყავდა ცოლად, მაშინვე მივხვდი, რომ უკეთეს მომენტს ვერც შევარჩევდი. დათოს სიკვდილი ახვლედიანებს დაბრალდებოდათ და მე მშრალი გამოვიდოდი საქმიდან. ლევან ნაკაშიძე ხომ მკვდარი იყო? - როგორ მოკლავდა ვინმეს?! ხოდა როგორც კი ქორწილის თარიღი გავიგე, საჭირო ხალხიც შევაწუხე და საქმეც გავჩარხე. ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვიდა. იმაზე მარტივად, ვიდრე ვიფიქრებდი.
როგორ გგონია,ეკატერინე, მისი ქორწილის დღეს გავუშვებდი ხელიდან? ერთი დღით მაინც მივცემდი მაგ ძაღლს ცოლთან ერთად ცხოვრებით ტკბობის უფლებას?! - ისე მოვკალი, როგორც იმსახურებდა! ყველას თვალწინ, ძაღლურად! ადამიანი ადამიანურად უნდა მოკვდეს, ლომი - ლომურად, მგელი - მგლურად, ძაღლი - ძაღლურად! თავს იმ წამს მოვიკლავ, როცა მაგის სიკვდილის მოსწრაფებას ვინანებ! მირჩევნია, ცოცხლად დამაყარონ მიწა, ვიდრე მაგის დამპალი სული შევიბრალო ოდესმე! რასაც იმსახურებდა, ის მიიღო, ყველას თვალწინ. მადლობა მითხრას, რომ საყვარელი ადამიანის მკლავებში დავალევინე სული - მაგასაც არ იმსახურებდა! მთელი ცხოვრება გმირის მოსასხამი ისე ატარა, თითქოს მის ტანზე ყოფილიყო შეკერილი. მე არც მეამიტი ვყოფილვარ ოდესმე, არც ანგელოზი და არც კანონმორჩილი, მაგრამ რაც ვარ და ვინც ვარ, მხოლოდ მისი შექმნილია. ათასჯერ რომ მქონოდა შანსი, ათას ეთხელ მოვკლავდი! ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ ყოველდღე მის საფლავზე დაფურთხება არ შემიძლია. სხვას ეგ ვირთხა არც ოდესმე იმსახურებდა რამეს. რაც მივეცი, ისიც ზედმეტი იყო. - მთელი მონოლოგის განმავლობაში მორგებული ზიზღითა და სიძულვილით აღსავსე მზერა ლევან ნაკაშიძემ ბოლო სიტყვის თქმისას მოიშორა და თავდაპირველი ღიმილი მოირგო ისევ. - აი, სულ ეს იყო თქვენი დათუნა გასვიანი, მთელი თავისი დიდებულებით! - ტაში შემოკრა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს არც ადარდებდა. თითქოს თავის კი არა, სხვის ცხოვრების ისტორიას ყვებოდა და როლში იყო შეჭრილი. კარგი მსახიობისთვისაც კი უფრო რთული იქნებოდა როლიდან გამოსვლა, ვიდრე დუდასთვის იმ წამს თავდაპირველი ხალისის დაბრუნება იყო.
-შენი თითოეული სიტყვა ტუილია! - როგორც კი ნაკაშიძე გაჩუმდა, მაშინვე წამოიყვირა სასოწარკვეთილების ზენიტში მყოფმა ეკატერინემ და ორივე ხელი მაგრად მოუჭირა ანდრეას, რათა თავი შეემაგრებინა.
-ჰო, არა? ვერ იჯერებ შენი პრინცის ურჩხულობას?! გგონია, შენი მტერი ვარ და აქ ამ ტყუილების სალაპარაკოდ მოვედი?
-ლევან ნაკაშიძე ციხეში მოკლეს! - ჯიუტად იმეორებდა თავისას გოგონა.
-იცოდი? იცოდი ჩემი არსებობის შესახებ? იცოდი, რომ ციხეში ვიჯექი? ის თუ იცოდი, ვისი დამსახურებით?! იცოდი, რომ შენი დათოს გაყიდული ვიყავი?!
-ტყუილია! - ისევ წამოიყვირა ჯაყელმა და ხელახლა წასკდა ტირილი.
-ჰოო?! რაღაც არამგონია... აი, შენს „მეგობარს“ ისეთი სახე აქვს, მგონი, მან ნამდვილად იცოდა, შენი ბიჭის გრძელი ენის შესახებ! - ირონიული ღიმილი მოიშველია ლევანმა და თავით ანდრეაზე ანიშნა გოგონას.
შემცბარი კატო მაშინვე მიუბრუნდა ახვლედიანს და თვალი თვალში გაუყარა. ანდრეას ხმა არ ამოუღია.
-იცოდი? - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა და ყელში გაჩხერილი ბურთულა გადაყლაპა.
-ეკატერინე...
-იცოდი?!
-თოიძემ მითხრა... - თავი დახარა დასჯილი ბავშვივით ახვლედიანმა.
-საოცრება! ადამიანებს სცოდნიათ შენი ბიჭის მუხანათობის შესახებ! - თვალებში ეშმაკები აუთამაშდნენ მაჩაბელს.
ეკატერინემ ცივად შეუშვა ხელები მამაკაცს და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ცრემლები უკვე დაუკითხავად უსველებდნენ ღაწვებს.
-რომ გვეთქვა, დაფრთხებოდი. - თავი იმართლა ანდრეამ. - მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ლევან ნაკაშიძის წინააღმდეგ მთავარი ჩვენება დათუნა გასვიანს ჰქონდა მიცემული - სხვა არაფერი.
-ესეიგი... სიმართლეა?! - ხელები უმწეოდ დაუშვა ჯაყელმა, ანდრეას ზურგი აქცია და ტირილით დაღლილი თვალები გაუსწორა ნაკაშიძეს.
-ინტელიგენტი, მიზანდასახული, წესიერი, ზრდილობიანი და საამაყო შვილი დათუნა სინამდვილეში ჩვეულებრივი კრიმინალი, დამპალი მატყუარა, მშიშარა ვირთხა და გამყიდველი ნაძირალა იყო! - განაჩენივით ჟღერდა დუდას დაუნდობელი სიტყვები.
თითქოს ნაკაშიძის ბოლო სიტყვამ ოთახში დარჩენილი ჟანგბადი მთლიანად შეისრუტა, ეკატერინემ უეცრად დააღო პირი და ღრმად შეისუნთქა ჰაერი. ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს მუცელში მაგრად ჩაარტყესო და სუნთქვა უჭირდა. წელში მოიხარა და ორივე ხელი მუცელზე იტაცა. ანდრეა ვერც ხვდებოდა, რა სჭირდა გოგონას.
ჯაყელი იატაკზე დაეცა. ახვლედიანს ეგონა, გული წაუვიდაო, მაგრამ გოგონას თვალები გახელილი ჰქონდა. მერე გაურკვეველი ბგერების გამოცემა დაიწყო. პანიკური შეტევა ჰქონდა ჯაყელს. სუნთქვა უჭირდა, სახეზე წითელი ფერი ედო.
-ეკატერინე, რა დაგემართა?! - წამოიყვირა პატარა ბიჭივით შეშინებულმა ახვლედიანმა. დუდას გაკვირვებით ჩაეცინა.
ეკატერინე სწრაფად ამოტრიალდა, ხელები იატაკს დააყრდნო და მუხლებზე დაჯდა. ჟანგბადმა ისევ მიაღწია მის ფილტვებამდე და მანაც ამოისუნთქა. ამჯერად სწრაფად სუნთქავდა, პანიკა მძლავრობდა მასში. თან ტიროდა, თან ხმამაღლა და სწრაფად სუნთქვდა. ანდრეა შეშინებული იდგა ერთ ადგილას და არც იცოდა, რა ექნა.
-მგონი ჯობია, მე წავიდე. - ცუდად გამხდარ ჯაყელს გვერდი აუქცია ნაკაშიძემ და სწრაფად გაიჭრა გარეთ. დაბნეული ანდრეა მაშინვე ძირს დაცემულ ეკატერინეს მივარდა და ამოაბრუნა.
-შემომხედე, კატო, შემომხედე, რა გავაკეთო მითხარი? წამალი დაგალევინო? ექიმს დავუძახო? რა გავაკეთო, გეხვეწები, მითხარი?!
-გა...გა...გა... - სიტყვას თავს ვერ აბამდა გალურჯებული ჯაყელი. - გაეკიდე! - დიდი ძალისხმევის შედეგად ამოთქვა ერთადერთი სიტყვა და ანდრეას ხელები გააშვებინა.
-რა დროს ისაა, კატო, ვერ ხედავ, ცუდად რომ ხარ?! - წამოიყვირა ახვლედიანმა.
-გა...გაეკიდე! - ხელი კრა მამაკაცს ეკატერინემ, წამოიწია და მაგიდას მიეყრდნო ზურგით. სუნთქვას მაინც ვერაფრით იწყნარებდა. ხმაურით ქოშინებდა და ვერაფრით ახერხებდა ამოსუნთქვას.
ანდრეა სწრაფად წამოხტა. ანერვიულებულმა თავზე ხელი გადაისვა და ღია კარში გავარდა. ლიფტის ცდა არ უფიქრია, მაშინვე კიბეებზე დაეშვა. ისე სწრაფად ჩარბოდა, თითქოს მართლა უნდა დაეჭირა დუდა და პოლიციისთვის გადაეცა. ვესტიბიულში ჩავიდა თუ არა, სასტუმროს გასასვლელში დაინახა მაჩაბელი.
-მაჩაბელო! - ბოლო ხმაზე უღრიალა დარბაზის ერთი ბოლოდან მეორეში მამაკაცს. ყველამ მაშინვე მას გახედა, გაოცებულმა. დუდამაც გაიგო მისი ყვირილი. გაჩერდა, შებრუნდა, ანდრეას გაუღიმა და გარეთ გავიდა.
ახვლედიანი სწრაფად მოწყდა ადგილს და თავქუდმოგლეჯილი დაედევნა დუდას. გარეთ, ყინვაში უქურთუკოდ გავარდა, მაგრამ წამითაც არ შეუწუხებია სიცივეს. დაინახა მანქანისკენ მიმავალი მაჩაბელი და მაშინვე გაეკიდა.
-გაჩერდი! - დაუღრიალა და უმატა სირბილს.
დუდა მართლაც გაჩერდა. ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო და ანდრეასკენ მიბრუნდა. ახვლედიანმაც მალევე მიირბინა მასთან. გაშმაგებული, პირდაპირ დაეტაკა და ხელები მკერდზე კრა.
-ხომ გითხარი, არ მოხვიდეთქო?! ხომ გითხარი, წადი იმ შენს უკრაინაშითქო?! რატომ მოხვედი?! რატომ მოუყევი ყველაფერი ეკატერინეს?! - იფურთხებოდა გამწარებული ანდრეა და გაშლილ ხელისგულებს მკერდზე ურტყამდა მამაკაცს.
მაჩაბელი ყოველ ხელის კვრაზე ერთი ნაბიჯით უკან იხევდა და იღიმოდა.
-მშვიდად, მშვიდად. შენ რაღა დაგემართა? - ჩაეცინა ბოლოს, ცალი ხელი კისერზე მოკიდა ახვლედიანს, თავისკენ მიიზიდა და მეორე ხელი ზურგზე დაკრა მეგობრულად.
-ხელებში რომ ჩამაკვდეს, რა ვქნა?! - ისევ ყვიროდა ახვლედიანი.
-მაგისგან მკვდარი მე ჯერ არავინ მინახავს! ცოტას იტირებს, გამოიგლოვებს და მორჩა! - მაშინვე გაბრაზდა დუდა. - სიმართლე უნდა სცოდნოდა, ასე ჩავთვალე საჭიროდ!
-მაშინ მე რაღას დამირეკე გუშინ?! თუ არ უნდა დაგეჯერებინა, რაღას დამეკითხე?!
-შენი აზრი მაინტერესებდა, უბრალოდ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად მამაკაცმა. - შევცდი, იმაზე ძვირფასი ყოფილა ეგ გოგო შენთვის, ვიდრე მეგონა. - ღიმილი გაეპარა მოშვებულ წვერში დუდას.
-ჯანდაბა, მაჩაბელო, ნამდვილი ეშმაკის მოციქული ხარ! - წარბები შეჭმუხნა შეწუხებულმა ანდრეამ.
-გეყოფა ამერიკის აღმოჩენა. წადი და შენს გოგოს მიხედე, ძალიან დიდი ტრავმა მივაყენე, მგონი. - გაიცინა მაჩაბელმა.
-ასეთი ცივსისხლიანი როგორ ხარ? ეკატერინემ რა დაგიშავა?!
-არაფერიც არ დამიშავა! შემდეგში ეცოდინება, ვინ შეიყვაროს. როცა ვირთხა გიყვარდება, უნდა იყო კიდეც მზად დიდი ტკივილისა და იმედგაცრუების ასატანად. - უემოციო და ცივსისხლიანი იყო იმწამს დუდა.
-მაშინ, აეროპორტში, ამდენი არ მოგიყოლია ჩემთვის. დღეს ძალიან გაილექსე, აუცილებელი იყო?!
-რაც უფრო დეტალურად ეცოდინებოდა სიმართე, შენს ჯაყელს, მით უფრო კარგად შეიგნებდა, ვინც იყო მაგისი „უფრთო ანგელოზი“. დუდა მაჩაბელი ხომ მაინც არ მიხსენებია?
-კარგია, რომ მაგას მიხვდი. შეიძლება მიმხვდარიყო, რომ მთელი ეს დრო გიცნობდი და სიმართლე ვიცოდი.
-ოჰ, როგორ ეშინია ჩვენს ბიჭს ჯაყელის ქალის ახლადგამოჩეკილი ნდობის დაკარგვა. - ჩაეცინა მაჩაბელს.
-გეყოფა, რა! - გაბრაზდა ანდრეა. - შენი გულცივობა მეც კი მაოცებს.
-ეგ იმიტომ, რომ ეკატერინეს ტკივილს ეხება საქმე. აბა წადი და მაგისი ბიძაშვილის მკვლელობის ამბავი მოუყევი? - ისე მოყვები ყველაფერს, ძარღვიც არ შეგიტოკდება. ვინც იმსახურებს სიკვდილს, უნდა მოკვდეს! - ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ზიზღით თქვა დუდამ, შემდეგ მშვიდად დაიხურა ქუდი და მანქანის უკანა კარი გაააღო. - ახლა წადი შენს გოგოსთან და მლანძღე, თუ გინდა.
-გგონია, შენი ლანძღვა დამჭირდება?
-აბა მხარს არ აუბამ შენს ლამაზმანს? - გაეცინა მაჩაბელს.
-შენ ეკატერინეს არ იცნობ, დუდა. არც ის გაგლანძღავს, დამიჯერე. იმიტომაც არ მინდოდა, რომ აქ მოსულიყავი და ყველაფერი გეთქვა მისთვის. დათუნას კი არა, ეკატერინეს ვზოგავდი. გგონია, შენ შეგიძულებს უფრო მეტად? - ის შეძულდება - მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი! ეს გრძნობა გაანადგურებს შინაგანად. მე ამისგან ვიცავდი უნებლიედ, თორემ დათუნა რა ლაჩარი კაციც იყო, მეც კარგად მომეხსენება.
დუდა რამდენიმე წამით გაკვირვებული შეყურებდა ანდრეას, შემდეგ ჩაიცინა, მხარზე ხელი დაარტყა ახვლედიანს და თმაზე გადაუსვა ხელი.
-ჭკვიანად იყავი, ახვლედიანო, იცოდე, თავი არ დააჩაგვრინო ჯაყელის ქალს! - ბოლოჯერ გაუღიმა ძმაკაცს და მანქანაში ჩაჯდა.
ავტომობილი ისე სწრაფად მოწყდა ადგილს, თითქოს წამის წინ ერთ ადგილზე გაჩერებული არც მდგარა. სწორედ მაშინ მიხვდა ანდრეა, როგორ აორთქლდა მკვლელობის დღეს დუდას მანქანა ისე უცებ ქორწილიდან.
რამდენიმე წამით გაშტერებული გაჰყურებდა ჰორიზონტს, შემდეგ სწრაფად მოეგო გონს და ოთახში ცუდად მყოფი ეკატერინე გაახსენდა. ისევ იმავე სიჩქარით გაიქცა ნომრისკენ; არ უნდოდა, დაეგვიანა და რაიმე საშინელის მომსწრე გამხდარიყო.
სასტუმროს კიბეები სწრაფად აირბინა და ნომრამდე მიირბინა. კარი ღია დახვდა, როგორც დატოვა. ეკატერინე იატაკზე იწყვა მუცლით, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და მოთქმით ტიროდა. უკვე მერამდენედ, ანდრეას ისევ შეეკუმშა გული მოტირალი ეკატერინეს დანახვისას და საოცარი სურვილი გაუჩნდა, მისი დახმარების.
სწრაფად მიუახლოვდა, მასთან ჩაიმუხლა და ზურგზე ფრთხილად შეახო ხელი.
-ადექი, ეკატერინე. - მაქსიმალურად მზრუნველად უჟღერდა ტონი ახვლედიანს. ეკატერინე გაშმაგებულივით წამოხტა და ისე დააკვირდა ანდრეას, თითქოს პირველად ხედავდა.
-მარტო დამტოვე! - ხმის ტემბრი საერთოდ აღარ შერჩენოდა გოგონას. ჩაწითლებული, გაფართოებული თვალებით უმზერდა მამაკაცს.
-მარტო არ დაგტოვებ! - მტკიცე იყო ანდრეას პასუხი. - მოდი, ადგომაში დაგეხმარები. - ხელი შეაშველა გოგონას.
-შემეშვი და მარტო დამტოვე, ჩემს უბედურ თავთან! - უეცრად წამოიკივლა კატომ.
-ისევ ცუდად რომ გახდე?! ისევ რომ გაგიჭირდეს სუნთქვა?! - არ დაგტოვებ-მეთქი მარტო! - ტონს აუწია მამაკაცმაც.
-ისევ?! - ტირილი შეწყვიტა გოგონამ და ავადმყოფურად ჩაიქირქილა. - ისევ ცუდად არ გავხდე?! ახლა კარგად ვარ?! - მთვრალივით, ძლივს-ძლივობით მოერია დამძიმებულ სხეულს ჯაყელი და წამოდა.
-ეკატერინე... - წამოდგა ანდრეაც. - ახლა შენ უნდა იყო ძლიერი... - ჩვეული, უფერული და არაფრისმთქმელი ტექსტის წარმოთქმა დაიწყო მამაკაცმა.
-გაჩუმდი! - თვალები მაგრად მოჭუტა ჯაყელმა.
-დაახლოებით ასეთ სიმართლეს ელოდი და იმიტომაც გეშინოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, ხომ ასეა?! - შეგულიანდა ახვლედიანი და შეტევაზე გადავიდა. ფიქრობდა, რომ ასე უფრო დააწყნარებდა გოგონას.
-გაჩუმდი-მეთქი! - წამოიყვირა ეკატერინემ.
-სიმართლის დაჯერება მოგიწევს!
-რა დავიჯერო?! რა დავიჯერო, რომ დათუნა ჩვეულებრივი კრიმინალი იყო?! - დაიყვირა უკვე ისტერიკაში მყოფმა ეკატერინემ.
-ეკატერინე...
-არა, შემეშვი ანდრეა და წადი-მეთქი აქედან!
-მარტო მეშინია შენი დატოვება. - ისევ უკან დაიხია ახვლედიანმა, რადგან მიხვდა, უარესად აღიზიანებდა გოგონას.
-გგონია, რამეს დავმართებ საკუთარ თავს? - ჰო, ასე უნდა გეგონოს კიდეც! რა ფასი აქვს ჩემს ცხოვრებას? - მითხარი! როგორღა ვიცხოვრო, როცა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი შეიბღალა?! რა... რა... გავაკეთო... - ბოლო ხმაზე ბღაოდა ჯაყელი და ყველაფერს ამსხვრევდა, რაც კი ხელში ხვდებოდა. - სიკვდილი მინდა! სიკვდილი მინდა! სიკვდილი მინდა, ღმერთო, გემუდარები! აღარ მინდა... აღარცერთი წამით აღარ მინდა ამ საშინელი ტკივილის ატანა!
-თავი ხელში აიყვანე, ეკატერინე! - წამოიყვირა ახვლედიანმა და გოგონასთან მიახლოვება ცადა.
-წადი აქედან! - მაშინვე დაუყვირა კატომ მამაკაცს. - არც შენი დანახვა მინდა, დამტოვე მარტო!
-ასეთ მდგომარეობაში მარტო არ დაგტოვებ! - გაურჩდა ანდრეა.
-წადი... წადი-მეთქი, წადი! - ტიროდა ჯაყელი და საჩვენებელ თითს კარისკენ იშვერდა. - დამტოვე, გემუდარები. მარტო მინდა ჩემს უბედურებასთან დარჩენა! არაფერს ვიზამ. არაფერს ვუზამ ამ ჩემს საზარლად უბედურ სხეულს! - ლაპარაკობდა და თან საძინებლისკენ მიიწევდა.
ანდრეამ დიდხანს უყურა მოქვითინე ჯაყელს და ბოლოს მიხვდა, რომ მართლაც ჯობდა მისი ცოტა ხნით მარტო დატოვება. სიბრალულით სავსე თვალები სწრაფად მოაცილა გოგონას და ჩუმი ნაბიჯებით დატოვა ნომერი. კარი გამოიხურა და იქვე ჩაიკეცა. თავი სახელურს ქვემოთ მიაბჯინა და ფეხები გაშალა.
ეკატერინე საწოლზე დამხობილი ტიროდა, ანდრეა კი კართან იჯდა, აბსოლიტურად უემოციო, განცდებისგან დაღლილი.

რამდენიმე წამში, წუთში ან საათში ოთახიდან მომავალი ტირილის ხმა მიჩუმდა და ალბათ, შეწყდა კიდეც. ანდრეამ მძიმედ წამოსწია დაღალული სხეული და ისევე ფრთხილად შეაღო კარი, როგორც გამოიხურა.
საბოლოოდ ბრძოლაში მაინც სიჩუმეს გაემარჯვებინა და იმ წამსაც, სწორედ ის მეფობდა ოთახში. აქა-იქ მხოლოდ სრუტუნის ხმა თუ არღვევდა მის მყუდროებას.
ეკატერინე საწოლზე იყო მიფენილი. ემოციებგამოცლილს, თვალებდასიებულსა და ცრემლდამშრალს ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა მზერა. მომაკვდავივით ეგდო; ალბათ, ელოდებოდა კიდეც სიკვდილს.
ანდრეამ მთელ გულ-მკერდში იგრძნო რაღაცის ფართხალი, რაც მალევე გადაიზარდა წვაში. გაუცნობიერებლად დამანჭა სახე - ტკივილი იგრძნო. რაც უფრო მეტად აკვირდებოდა საწოლზე უსულოდ მწოლიარე ეკატერინეს, მით უფრო მეტად გრძნობდა წვას და მით უფრო უმძაფრდებოდა ტკივილიც. ასეთ რამეს ცხოვრებაში პირველად გრძნობდა. თითქოს მისი გული კაკლისოდენა გამხდარიყო, ჭმუნვისგან. ასე ცუდად თავს პირველად გრძნობდა. ყურები უკიოდა, თვალები უწითლდებოდა და კბილები უკაწკაწებდა.
მას ეკატერინე ჯაყელის მდგომარეობა სტკიოდა; სტკიოდა ისე, როგორც ახლობელი ადამიანის ტკივილი; სტკიოდა აუტანლად და სურვილი ახრჩობდა, ახლავე შეეწყვიტა ჯაყელის ტანჯვა.

რამდენიმე ნაბიჯი მთვარეულივით გადადგა და საწოლს მიუახლოვდა - ეკატერინეს რეაქციაც კი არ ჰქონია. თვალებსაც აღარ ახამხამებდა, მხოლოდ, შიგადაშიგ, სრუტუნებდა.
ანდრეა იქვე ჩაიმუხლა და ახლა საწოლს მიეყრდნო ისე, როგორც კარს ეყრდნობოდა საათების განმავლობაში.
-ახლა რომ შემეძლოს და რომ მთხოვო, ისე აგაძრობდი კანს სხეულიდან, არც დავფიქრდებოდი და ვიცი, ის ტკივილიც კი არაფრად მოგეჩვენებოდა, ამასთან შედარებით. - უძილობისგან დაბოხებული ხმა ძლივს შეურია ოთახში გაბატონებულ და დაღლილ სიწყნარეს. - არ შეგიყვარდებოდა. რომ გცოდნოდა, სიყვარულს ამხელა ტანჯვის მოტანა შეუძლია, არასდროს შეგიყვარდებოდა! გამოცდილი რომ გქონოდა ის სულის კივილი, ხორცის ტკივილი და კანის წვა - საკუთარ თავს სიყვარულზე დაფიქრების უფლებასაც კი არ მისცემდი! სიყვარული არის ტკივილის უმაღლესი სტადია. უბრალოდ, როცა ჩვენც ვუყვარვართ მორფს გვაძლევენ, ვერაფერი რომ ვერ ვიგრძნოთ. მაგის შეწყვეტა? - მაგის შეწყვეტა ცოცხლად სიკვდილის ტოლფასია. სიყვარულის შეწყვეტაა სიკვდილის ტოლფასი და როგორ გინდა, რომ მე, ჩვეულებრივმა ადამიანმა, სიყვარულის სახელით მოყენებული ჭრილობის ტკივილი გავითავისო?! როგორ გინდა, რომ განუგეშო, როცა მე თავად ვიყავი მაგ ტკივილის მიმყენებელი ბევრისთვის. - აზრზე არ ვარ! წარმოდგენაც არ მაქვს, ახლა რა ტკივილს გრძნობ! საყვარელი ადამიანისგან მოყენებული ტკივილი ყველაზე დიდი ღორობაა! რატომ უნდა შეიყვაროს კარგმა ადამიანმა ყოველთვის უნამუსო და ნაძირალა?! - რომელმა წყეულმა კანონმა განსაზღვრა ეგ?! რატომ შეუყვარდა შენნაირ ადამიანს მისნაირი ვირთხა?! ან სოფოსნაირს რატომ უნდა შევყვარებოდი მე, თავის დროზე. რატომ სეტყვა არ წამოვიდა იმ დღეს და რატომ მთელი კაცობრიობა არ წალეკა, როცა შენ იმ წყეულ კაცს შეხვდი და გულში მისთვის ადგილი გამონახე?! ღმერთო, რა დამპალია ეს ცხოვრება... - სუნს გრძნობ, ეკატერინე? - ეს ჩემი და შენი დამპალი ცხოვრების აყროლებული სუნია! იცი, ყველაზე მეტად რა მძულს? - რომ არ იმსახურებს ის ნაძირალა შენს ცრემლებს და შენ მაინც ყველაფერი გამოიფხიკე, რაც გქონდა. რომ ზოგჯერ არ იმსახურებენ სიყვარულს და მაინც, სწორედ ისინი იღებენ ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტს! იცი, რაზე მერევა გული? - ბარბარეს რომ მისნაირი კაცი შეხვედროდა, მასაც შეუყვარდებოდა. ალბათ მისნაირს შეიყვარებს კიდეც! დღეს, თუ არა, ხვალ... მერე მოვა ჩემთან თავისმართლებით და მეტყვის - „შენ არ იცი, ის რა კარგია.“ იცი რას მივხვდი, ეკატერინე? - ანგელოზები არ არასებობენ დედამიწაზე და ყველა, ვისაც ანგელოზად მოაქვს თავი, ეშმაკია!
ამას ვერ დაივიწყებ! ამას ვერასდროს ამოშლი შენი ცხოვრებიდან! მაგ ტკივილს ვერ აიდღლიზავ სხეულიდან - სულ შენთან ერთად იქნება და გეტკინება ყოველთვის, როცა გაიხსენებ. ხვალაც გეტკინება, ზეგაც, მაზეგაც, კვირის შემდეგაც, თვისაც და წლისაც! - სულ გეტკინება, როცა შეეხები! სულ გაბრაზდები საკუთარ თავზე და გულის რევის შეგრძნება დაგეუფლება, სარკეში ჩახედვისას! სულ გენდომება - დღესაც, ხვალაც, მერეც... დანაშაულის გრძნობა სულ შეგაწუხებს - დღესაც, ხვალაც, მერეც... ყოველთვის გაგახსენდება - დღესაც, ხვალაც, მერეც... - ანდრეამ ბოლო სიტყვები თითქმის ჩურჩულით თქვა და წამოდგა. ეკატერინეს შეხედა - სიცოცხლის ნიშანწყალი ისევ არ ეტყობოდა, უბრალოდ, ახლა თვალებსაც ახამხამებდა. სახეზე კარგად დააკვირდა და იგრძნო, რომ მისმა თითოეულმა სიტყვამ მიაღწია გოგონას დალუქულ გულამდე. შებრუნდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. შემდეგ ისევ გაჩერდა და ოდნავ მიუტრიალდა ჯაყელს. - არაკაცი იყო ეგ შენი დათუნა, მაგრამ შენ მაინც სულ გეყვარება - დღესაც, ხვალაც, მერეც... - ესღა თქვა, თავი ჩაქინდრა და მორჩილი ბავშვის ნაბიჯებით დატოვა ნომერი.

*_*_*_*

ანდრეას კარის გახურვის შემდეგ იყო ბინდი და ბურუსი - უკუნითი სიბნელე, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე დღით. უჰაერობა, უსიტყოვა, უმოძრაობა, უმადობა - უსიცოცხლობა. ანდრეა ისე ზრუნავდა ჯაყელზე, როგორც ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანზე იზრუნებდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ექიმიც იყო, მომვლელიც და მეგობარიც. ეკატერინე თითქოს კომაში ატარებდა დღეებს - მისი სიცოცხლის ყოველგვარი ნიშანწყალი დუდა მაჩაბელმა და ლევან ნაკაშიძემ წაიღეს თან.

*_*_*_*

-ეკატერინე, ხვალ საღამოს თბილისში ვბრუნდებით. - გამოუცხადა ანდრეამ კატოს მათი მოსკოვში ყოფნის ერთი კვირის თავზე. საპასუხოდ მხოლოდ უსიცოცხლო თავისდაქნევა მიიღო.

*_*_*_*

-იმედი მაქვს, უკეთესად ხარ და გადაიტან თბილისამდე მარტო მგზავრობას. აეროპორტამდე მიგაცილებ და მერე წავალ. - გამგზავრების დღეს მზრუნველი მშობელივით უხსნიდა ანდრეა გოგონას.
-კარგი. - ძლივს გაიმეტა ეული სიტყვა ახვლედიანისთვის ჯაყელმა და რესტორნის ფანჯრებიდან გახედა მოსკოვის გადატვირთულ მოძრაობას.
-თბილისში რომ ჩავალთ, ალბათ, თოიძე დაგვირეკავს და შეხვედრას გვთხოვს. უნდა მოვიფიქროთ, რას ვეტყვით. შენ თუ გინდა, რა თქმა უნდა, სიმართლეც შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ეგ ნაკაშიძე ისეთი ტიპია, არამგონია, მისი დაჭერა მოახერხონ. წამებით ადრე გასულს მეც კი ვერ დავეწიე, ამხელა ქვეყანაში სად იპოვიან?!
-ფეხებზე მ’კიდია! - ძალიან უემოციო პასუხი ჰქონდა კატოს.
-ანუ ვუთხრათ სიმართლე?
-ფეხებზე მ’კიდია, დაიჭერენ თუ არა მკვლელს. - ისევ იმავე ტონალობაში ჟღერდა პასუხი.
-ეგ რას ნიშნავს? - დაიბნა ანდრეა.
-მე მივდივარ.
-სად მიდიხარ? რას ქვია მიდიხარ?
-სულ მივდივარ. თბილისში ცხოვრება აღარ მინდა.
-სად მიდიხარ?!
-არვიცი. - მხრები აიჩეჩა უემოციოდ გოგონამ. - სადაც მარტო ვიქნები.
-თოიძესთან აღარ ითანამშრომლებ?
-მე უკვე ყველაფერი ფეხებზე მ’კიდია. - ნელა წარმოთქვა სიტყვები ჯაყელმა და წამოდგა. - მალე წავიდეთ აქედან, სულს მიხუთავს აქაურობა.
-მოსკოვში აღარასდროს ჩამოვიდეთ. - მკრთალად გაეღიმა ეკატერინეს სიტყვებით უკმაყოფილო ანდრეას.
-მძულს მოსკოვი. - ორი უფერული სიტყვაც თქვა ჯაყელმა და გასასვლელს მიაშურა.

*_*_*_*

-რომ ჩაფრინდები, დამირეკავ? - დამშვიდობებისას ჰკითხა ანდრეამ.
-რა საჭიროა?! - მხრები აიჩეჩა ჯაყელმა.
-ჰო, კარგი, მართალი ხარ. - გულის სიღრმეში გაჩენილ წყენას ფსკერზე ამოსვლის უფლება არ მისცა მამაკაცმა.
-კარგად იყავი, ანდრეა.
-შეხვედრამდე, ეკატერინე. - გაუღიმა ახვლედიანმა ჯაყელს. საპასუხოდ არაფერი მიუღია -ეკატერინეს ნაბიჯებიც კი უემოციო გახდომოდა.

*_*_*_*

ტკივილით, ტირილით, ყვირილით, ჩხუბით, სიძულვილით, ზიზღით, ცინიზმით, ირონიითა და სხვა, უამრავი, განცდით სავსე ერთი კვირის შემდეგ მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდნენ ანდრეა და ეკატერინე. ეკატერინე ისევ თვითმფრინავით, ანდრეა ისევ ავტობუსით. ისევ ცალცალკე მგზავრობდნენ, ისევ ყველასგან მალულად. ისევ იგივე მოსკოვიდან, ისევ იმავე თბილისში ბრუნდებოდნენ. ისევ იგივე რუსი ხალხიდან, ისევ იმავე ქართველებს უბრუნდებოდნენ. ერთი კვირა ვერაფერს ცვლიდა. მათ გარშემო ნაშენი რეალობა ისეთივედ რჩებოდა, როგორც მოსკოვში გამგზავრებამდე იყო. ერთი კვირა ცვლიდა მხოლოდ ორ ადამიანს - ანდრეასა და ეკატერინეს. ერთი კვირის შემდეგ სრულიად სხვა ახვლედიანი და სრულიად სხვა ჯაყელი უბრუნდებოდნენ თბილისს. ეკატერინე ისევ თვითმფრინავით, ანდრეა ისევ ავტობუსით. ისევ ცალცალკე მგზავრობდნენ - სრულიად სხვა ანდრეა ახვლედიანი და სრულიად სხვა ეკატერინე ჯაყელი. მოსკოვურმა კვირამ ერთმანეთის ტკივილი გაასიგრძეგანებინა ორ დაკარგულ სულს. მოსკოვურმა ღამეებმა ორი დაკარგული ნაწილი გაამრთელა. ისევ ცალცალკე მგაზვრობდნენ, მაგრამ ერთად უნდოდათ. ერთად უნდოდათ... სრულიად სხვა ანდრეასა და ეკატერინეს.

*_*_*_*

-ანდრეა, იმედი მაქვს, კარგად იმგზავრეთ. აუცილებლად უნდა შევხვდეთ და რაც შეიძლება მალე. ინფორმაციები გვაქვს გასაცვლელი. არ მომწონს, რომ არ მირეკავთ არცერთი და არ მიყვებით, რა მოხდა მოსკოვში.
-როდის შევხვდეთ, ბატონო გამომძიებელო?
-დღეს საღამოს, ისევ ჩემთან.
-ეკატერინეს მე დავურეკავ, შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე!

*_*_*_*

-ეკატერინე, მე ვარ, ანდრეა. გირეკავ, რომ გითხრა, თოიძეს დღეს საღამოსვე სურს ჩვენი ნახვა. შენი წამოსვლა არ არის საჭირო, მე ავუხსნი ყველაფერს. როგორც შევთანხმდით - ლევან ნაკაშიძეზე არაფერს ვიტყვი. შეგიძლია მშვიდად იყო და ქალაქიდანაც გახვიდე.
-მე უკვე გითხარი, ჩემთვის სულერთია ყველაფერი. როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეცი. კარგად იყავი, ანდრეა.

*_*_*_*

-რას ნიშნავს მიდიხარ, ეკა? სად მიდიხარ? მე და დედაშენი ახლახანს დავბრუნდით, შენც გუშინ ჩამოხვედი. ისევ ერთად ვართ ოჯახი და შენ ისევ მიდიხარ?
-მარტო ყოფნა მინდა, მამა.
-ეკა, შვილო, რატომ არ მიყურებ თვალებში, როცა გელაპარაკები? როდის აქეთიდან მარიდებ თვალებს?
-აქ გაჩერება აღარ შემიძლია, მამა!
-მოსკოვში რამე მოხდა? იქ წასვლამდე არ იყავი ასე ცუდად. ეკატერინე, ხომ არაფერს მიმალავ?
-მოსკოვში წასვლა ცუდი იდეა იყო...
-სად მიდიხარ? რამდენი ხნით? ისევ ამერიკაში ბრუნდები?
-არა, ამერიკაში არა, სადმე აქვე, ახლოს.
-მანგლისში ადი მაშინ. მეც მშვიდად მექნება გული და დედაშენსაც. თუ გინდა, სიუზიც გაიყოლე.
-არ მინდა მანგლისი, არც სიუზი მინდა.
-ეკატერინე, ასე მაშინაც არ ყოფილხარ, როცა...
-როცა დათუნა დავასაფლავე?! ჰო, მამა, მაშინ მხოლოდ მისი სხეული დავასაფლავე, ახლა სულიც.
-რას ამბობ, ვერ გავიგე. რას არ გვეუბნები?!
-კახეთში წავალ, ყვარლის სახლში. გაზაფხულისას ლამაზია იქაურობა.
-როგორც შენ გინდა, შვილო.
-ჰო, ასე მინდა.

*_*_*_*

-მარტო რატომ ხართ, ანდრეა? ეკატერინე არ მოვა?
-არა, ბატონო გამომძიებელო, ეკატერინე არ მოვა. მე აგიხსნით ყველაფერს.
-არ მომწონს ეს ამბავი. აბა გისმენთ, მომიყევით ყველაფერი.
-დათუნა გასვიანის მკვლელი ვიპოვნეთ. უფრო სწორად, არ გვიპოვნია,თვითონ მოვიდა ჩვენთან.
-მერე?! გაგექცათ? იქაურ პოლიციას არ შეატყობინეთ?
-ლევან ნაკაშიძის მარჯვენა ხელი ყოფილა თავის დროზე. მკვლელობაც მას დაუგეგმავს, შურისძიებისთვის.
-ვინ არის? სახელი და გვარი არ უთქვამს?!
-არაფერი უთქვამს. მხოლოდ იმ მანქანის ფოტოები გვაჩვენა, რომლიდანაც გაისროლეს.
-შური იმიტომ იძია, რომ გასვიანმა მისი ნაკაშიძე დაასმინა?
-არა მარტო. როგორც აღმოჩნდა, დათუნა არც ისე სუფთა ადამიანი ყოფილა. ნაკაშიძე მას დაუყენებია ცუდ გზაზე და არა პირიქით. ბოლოს კი, როცა საქმე საქმეზე მიდგა, დათუნამ დედის ნათლულს შეახოცა ხელები და თვითონ აქ გამოიქცა.
-ის ადამიანი როგორ გამოიყურებოდა? შეგიძლიათ, მისი გარეგნობა აღმიწეროთ, რომ ფოტორობოტის შედგენა შევძლო? ინტერპოლს გადავცემ მის სურათს!
-ჩემზე ერთი თავით დაბალი იქნებოდა, სუსტი აღნაგობის, წვერი საერთოდ არ ჰქონდა, თმა გადახოტრილი.
-კიდევ? რაიმე სახასიათოს ვერ იხსენებთ?!
-მწვანე თვალები ჰქონდა, კურნოსა ცხვირი და ოდნავ შეფაკლული ლოყები - ტიპური რუსი.
-რუსი იყო?!
-ან უკრაინელი. შეიძლება ბალტიისპირელიც, არ ვიცი.
-რა ენაზე საუბრობდა?
-აქცენტიანი რუსულით.
-მაშინ რუსი რატომ იქნებოდა?
-არ ვიცი, ბატონო გიორგი, ზედმეტად ბევრ კითხვას მაყრით! მხოლოდ ის ვიცი, რომ სრულიად უცხო ადამიანი დაგვადგა თავს ერთ მშვენიერ დღეს, თავი ლევან ნაკაშიძის მარჯვენა ხელად გაგვაცნო და გვიამბო გასვიანის წარსულის ყოველი დეტალი.
-ეკატერინე სად არის? რატომ არ მოვიდა?
-ეკატერინე ამ ამბის შემდეგ ძალიან ცუდადაა. ჩვენთან თანამშრომლობა აღარ აინტერესებს, მიდის.
-სად მიდის?
-არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ! მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ გაჩერება აღარ სურს და აღარც ამ გამოძიების შესახებ აინტერესებს რამე.
-გასაგებია... ძალიან ცუდია, რომ ეკატერინე ჩვენთან ერთად აღარ იქნება, მაგრამ მესმის მისი. მეშინოდა კიდეც, რომ ეს მოხდებოდა. რას ვიზამთ?! - მან მაინც გააკეთა თავისი მაქსიმუმი და მნიშვნელოვნად დაგვეხმარა საქმეში.
-საქმეზე გამახსენდა, ახლა თქვენ მოყევით. რა უქენით ზარდახშას და გაარკვიეთ თუ არა რამე ამ ერთი კვირის განმავლობაში?
-ამ ერთი კვირის განმავლობაში იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე შეიძლებოდა. ცუდია, რომ ეკატერინე არ მოვიდა. კარგი იქნებოდა, მასაც მოესმინა ყველაფერი.
-რა ხდება, გიორგი? რა იდო ზარდახშაში?!
-თქვენ თვითონ ნახეთ, ანდრეა, ზარდახშა თან მაქვს.

*_*_*_*

-არ მომწონს, რომ ისევ მიდიხარ, კატო!
-არც მე მომწონს.
-საოცრად შეცვლილი ხარ, ვერც კი გცნობ! რა მოხდა მოსკოვში?
-შეცვლილი არ ვარ, ელენე, უბრალოდ რეალობას მხოლოდ ახლა გავუსწორე თვალი.
-რომელ რეალობას, ეკატერინე?!
-უნდა წავიდე...
-რატომ არ გინდა, დამელაპარაკო?! მე - შენს დაქალს.
-სათქმელი არაფერი მაქვს.

*_*_*_*

-ეს ყველაფერი ეკატერინემაც უნდა ნახოს და იცოდეს!
-არ გინდათ, ანდრეა. თუ წასვლა უნდა, წავიდეს. ახლა მისთვისაც ასე აჯობებს და ჩვენთვისაც.
-დახმარება შეეძლება!
-არა, მეტად აღარამგონია ჩვენი დახმარება შეძლოს.
-ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ამ ინფორმაციას როგორ გამოვიყენებთ?!
-ანდრეა, იცი რას გეტყვით? - ახლა ის დროა, ორივე დავუმეგობრდეთ მამებს!
-ორივე? ეგ რას ნიშნავს, ვერ მივხვდი...
-გგონიათ, ერთადერთი ხართ, ვისაც მამასთან უთანხმოება აქვს?
-თქვენც?
-მრავალჯერ მოსყიდულ, ბნელ საქმეებში გახვეულ და ბინძური ფულის პატრონ პროკურორთან ვერ მაქვს კარგი ურთიერთობა. დიახ, მეც!
-ახლა რატომ უნდა „დაუმეგობრდეთ?“
-იმიტომ, რომ მამაჩვენების დროს საქმის მიჩქმალვა მამაჩემის გარეშე ვერ მოხდებოდა. თამარა ჯაყელზე ინფორმაცია იმიტომ არ არსებობს, რომ ის ვიღაცამ ყველა საბუთიდან ამოშალა, საგულდაგულოდ.
-და თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე მამათქვენმა რამე იცის?
-დარწმუნებული ვარ!
-და მამაჩემი რა შუაშია? გგონიათ, რამეს მეტყვის? მან ისიც კი უარყო, რომ თამარას წესიერად იცნობდა!
-არა, მამათქვენთან დამეგობრება მეტაფორა იყო. სინამდვილეში მის სამუშაო ოთახს უნდა დაუმეგობრდეთ, სახლში.
-გგონიათ, რამეს ვიპოვნი?
-ეკატერინემ ხომ იპოვნა?!
-ერთი ოთახი აქვს, სადაც ატარებს მთელ დროს. წესიერად დამლაგებლებსაც კი არ აძლევს იქ ყოფნის უფლებას...
-ხოდა სწორედ მაგ ადგილის შესწავლა მოგიწევთ! დროა, ცოტა წავუჯაშუშოდ.
-თუ ეს საქმეს წაადგება...
-წაადგება, წაადგება.
-იყოს ისე, როგორც თქვენ გსურთ.

*_*_*_*

-თავს გაუფრთხილდი, რა, დედი. რომ ჩახვალ, დარეკე.
-დავრეკავ, დედა.
-შოთას დავურეკე უკვე, დაალაგებინებდა სახლს ვინმეს.
-კარგი, მამა.
-არ მომწონს რომ მიდიხარ. თუ რამეა, ერთი ზარი და შენთან გავჩნდებით მე და ბექა, ხომ იცი?
-ვიცი, ლუკა.
-უსაშინლესი მამიდა და კიდევ უფრო საშინელი დაქალი ხარ!
-მაპატიე, ელენე.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ და ვიცი, თუ ამბობ, რომ უნდა წახვიდე, ესეიგი ასეცაა საჭირო. თავს გაუფრთხილდი, ეკატერინე.
-გავუფრთხილდები, ბექა.
-აბა კარგად იყავი ეკატერინე, შვილო.
-კარგად, ერეკლე ბიძია.
-ხომ დაგვირეკავ ხოლმე, დედი?
-დაგირეკავთ ხოლმე დედა, აუცილებლად დაგირეკავთ.
-მანქანა მზადაა!
-წავედი...

*_*_*_*

„ეკატერინე, ისევ მე ვარ, ანდრეა. ახლა, ალბათ, გზაში ხარ და მობილური ამიტომაც გაქვს გამორთული. უბრალოდ იმიტომ გირეკავ, რომ გითხრა, ყველაფერი მოვაგვარე. თოიძეს შენი წასვლა არ გაუპროტესტებია. ესმის შენი და იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად გექნება. შენთან დარეკვაც უნდოდა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ არ ღირდა. მოკლედ, შეგიძლია მშვიდად იყო. ვიცი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანე, ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი გეუცხოვება, მაგრამ დამიჯერე, ყველაფერი გაივლის. შეიძლება მეგობრები არ ვართ და ვერც ვერასდროს გავხდეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი - მე და შენ მტრები არ გვეთქმის! მშვიდობიან ცხოვრებას გისურვებ. იმედი მაქვს, ოდესმე ორივე ვიპოვნით სიმშვიდეს. თუ ჩვენი საქმის წინსვლა დაგაინტერესებს, ყოველთვის მზად ვიქნები შენს ზარზე საპასუხოდ. ამ შეტყობინებას რომ მოუსმენ, იმედია, არ გაიცინებ და არც გაგიკვირდება რამე. უბრალოდ... ხანდახან, ანდრეა ახვლედიანსაც უნდება ადამიანობა. კარგად იყავი, ეკატერინე, ბევრი კრიზისის მიუხედავად, მაინც სასიამოვნო იყო შენთან თანამშრომლობა“.

*_*_*_*

ყვარლის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ყველაზე წყნარ და მშვიდ ადგილას, ერთადერთი სახლი იდგა. სამსართულიანი სახლი ნამდვილად დაიკვეხნიდა მდიდარი პატრონითა და საუკეთესო ადგილმდებარეობით. მისი ხედი პირდაპირ იშლებოდა ტბაზე, რომელთანაც უკანა ეზოს ბილიკი რამდენიმე წუთში მიიყვანდა მსურველს. ქალაქის ეს ერთობ სახარბიელო ადგილი რამდენიმე წლის წინ დემეტრე ჯაყელს შეესყიდა და იქ აეშენებინა სააგარაკო სახლი, რომელსაც ზაფხულობით სიამოვნებით სტუმრობდა ოჯახთან ერთად.
შემოდგომისას განსაკუთრებით ლამაზი იყო გადაყვითლებული გარემო, რომელიც ასე ხარბად იშლებოდა ტბას გადამყურე ვერანდიდან. ეკატერინეს და მარიამს ალბათ ბავშვობის და მოზრდილობის ნახევარი მაინც ექნებოდათ გატარებული ამ ვერანდაზე. საღამოობით, ტბა გრილ ნიავს გაიმეტებდა მათთვის. მთელი ოჯახი ერთად იკრიბებოდა, ჩაის სმის ერთგვარ რიტუალს ასრულებდა და მხოლოდ ამის შემდეგ იძინებდა. ტკბილი იყო ყვარელში გატარებული თითოეული დღე და მოგონება. ბავშვობის სევდანარევი ნოსტალგია ეკრო სახლს გარშემო.
გაზაფხულის მიწურულს პირველად სტუმრობდა გოგონა ყვარლის სახლს. რატომღაც გრძნობდა, რომ მისი სული სიმშვიდეს მხოლოდ იმ ადგილას იპოვნიდა, სადაც უდარდელი ბავშვობის ნახევარი ჰქონდა გატარებული.
შუაღამე იწურებოდა, როცა უზარმაზარ ჭიშკართან შეაჩერა ჯაყელმა მანქანა. სახლის ერთადერთი მეთვალყურე და დემეტრეს იქაური მეგობარი შოთა გარეთ უცდიდა გოგონას.
-გამარჯობა, შოთა ძია. - მანქანიდან გადასვლისთანავე მიესალმა ეკატერინე კაცს და მკრთალად გაუღიმა.
-მშვიდობა მოგცეს უფალმა, შვილო. როგორ დამშვენებულხარ, გენაცვალოს შოთა ძია. - მთელი გულით გაეკრიჭა დამხვდური ჯაყელს. ეკატერინეს არაფერი უპასუხია. კიდევ ერთხელ გაუღიმა შოთას და საბარგულს თავი ახადა.
-დემეტრე და ქეთინო როგორ არიან? ლუკა და მარიამი? - მოკითხვას აგრძელებდა კაცი.
-კარგად არიან ყველანი.
-კარგად უნდა იყვნენ, მა რა?! ცუდად რათ უნდა იყვნენ?! - გულიანად გაეცინა შოთას და ჩემოდნებს ხელი დაავლო. - ნამეტანი ბევრი წამოგიღია, შვილო, დიდხანს აპირებ დარჩენას აქა? - ჭიშკრის ღია კარში შევიდა ბარგით დატვირთული და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა.
-არვიცი, შოთა ძია, ვნახოთ.
-დარჩი, შვილო, დარჩი. გაზაფხულზე იცი, რა ლამაზია ჩვენი ყვარელი?!
-მეც სწორედ ეს მჭირდება ახლა. - მონატრებულ ეზოს თვალი მოავლო გოგონამ, ღრმად შეისუნთქა ჰაერი და იგრძნო, რომ სახლში იყო.
-გაზაფხულზე ბევრი ტურისტი არ იცის აქა. ტბაზე ხალხმრავლობა არ შეგაწუხებს. მდელოები რო აბიბინდება მწვანედ, შენი გულიც კოკორივით გაიშლება და რაც კი დარდი გაწევს, იცოდე, რომ გადაგეყრება გულიდან. - გულიანად იკრიჭებოდა კაცი.
-იმედი მაქვს, შოთა ძია. - კაცის სიალალემ უნებურად გააცინა ჯაყელი.
-ლამაზი სიცილი გაქვს, გენაცვალოს შოთა ძია. სულ უნდა იცინოდე! - სახლის კართან დააწყო ჩემოდნები შოთამ და გასაღები ამოიღო ჯიბიდან. - სახლი დავალაგებინე, ყველაფერი მოვაწესრიგებინე.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
-თუ დამხმარე ქალი დაგჭირდეს, არ მოგერიდოს, იცოდე და დამირეკე. მამაშენმა ასე მითხრა, არა სჭირდებაო, თორემ აქამდეც გიშოვნიდი ვინმეს.
-არა, არ მჭირდება არავინ, მადლობა.
-როგორც შენ მეტყვი, შვილო. - ჩემოდნებს ისევ დაავლო ხელი კაცმა და სახლში შეიტანა.

ეკატერინემ შედგა თუ არა ფეხი სახლში, სითბომაც მაშინვე დაუარა მთელ სხეულში. ნაცნობმა გარემომ ერთიანად მოადუნა და დაამშვიდა გოგონა.
-მოიტა ეხლა მანქანის გასაღები მომეცი, შემოვიყვანო შიგნით და მერე შენი ნებართვით დაგტოვებ. - გაუღიმა შოთამ მონატრებული სახლის თვალიერებაში გართულ ეკატერინეს.
-აი, გამომართვით. - მაშინვე გაუწოდა გასაღები კაცს და თავად მოგიზგიზე ბუხარს მიუახლოვდა.

დარჩა ჯაყელი სრულიად მარტო ძველ სახლთან და ბავშვობის მოგონებებთან ერთად. ტბიდან მომავალი სუსხიანი სიგრილე იგრძნო, პლედი მოიფარა მხრებზე და ვერანდაზე გავიდა. მთვარის შუქს ლამაზად ირეკლავდა მდელოებს შორის ჩაფლული მთვარე. ირგვლივ ყველაფერი სიმშვიდის მშობელი იყო. ეკატერინე მოაჯირს მიუახლოვდა და იდაყვებით დაეყრდნო. წამიერად სუნთქვაც კი დაავიწყდა, იმდენად შთანთქა სიწყნარემ. შემდეგ ამოისუნთქა და თითქოს ამ უწყინარმა ქმედებამ დააბრუნა კიდეც რეალობაში. მისი ტკივილი დიდი ჭრილობის ქონას ჰგავდა. მთელი დღის განმავლობაში უვლიდა გარშემო, რათა არ შეხებოდა და ტკივილს თავი არ შეეხსენებინა მისთვის. მერე უცებ მოუხვდებოდა ხელი და იმდენად აუტანელ ტკივილს გრძნობდა, მთელ სხეულში, სიმწრით კბილებს ერთმანეთს აჭერდა.
მისმა პიროვნებამ და მისი ცხოვრების სინამდვილემ მალევე შეახსენეს თავი - წუთითაც არ დააცალეს გოგონას მშვიდად ყოფნა. ორივე ხელით ჩააფრინდა ხის მოპირკეთებულ მოაჯირს. ისე მაგრად უჭერდა ხელებს, თითქოს ტკივილის სხეულიდან განდევნა და მისთვის გადაცემა უნდოდა. მერე უეცრად შეუშვა, დანებებულმა, ხელები და ამოიხვნეშა. თავი დახარა, თმა წინ გადმოყარა და მთვარეს თავისი ერთგული სტუმრები - ყვრიმალებზე მოთამაშე ცრემლები დაუმალა.

*_*_*_*

ლუკა თავის საძინებელში, საწოლზე იწვა გულაღმა. მძიმედ სუნთქავდა და თვალებს ორივე მკლავით იფარავდა. ელენემ ფრთხილად შეხსნა საძინებლის კარი და როგორც კი ასე მწოლიარე ქმარი დაინახა, გული ეტკინა. იქვე, კიდეზე ჩამოუჯდა მამაკაცს და ფრთხილად დაიჩურჩულა:
-ვიცი, რომ კატოს წასვლას განიცდი...
-მეძინება, ელენე. - უხეშად ჟღერდა ჯაყელის პასუხი.
-დამელაპარაკე, რა. - მუდარა გაურია ხმაში გოგონამ.
-რაზე დაგელაპარაკო? - თვალებიდან ხელები მოიშორა და ცოლს შეხედა.
-რაც გაწუხებს, იმაზე.
-არ მაწუხებს არაფერი, დაღლილი ვარ და მეძინება! - გაღიზიანდა მამაკაცი.
-გთხოვ, რა, ლუკა, ნუ იკლავ ყველაფერს გულში. - თვალებზე ცრემლის თხელი ფენა გადაეკრო ელენეს.
-ვახ! - წამოიყვირა გაბრაზებულმა ჯაყელმა და საწოლიდან სწრაფად წამოხტა.
-ნუ ბრაზდები...
-არ ვბრაზდები! - ისე უეცრად დაიყვირა ლუკამ, ელენე ადგილზე შეხტა, შემცბარი. - როცა გეუბნები, რომ მეძინება და ლაპარაკი არ მინდა, უნდა შემეშვა და ძილის საშუალება მომცე!
-კარგი, რა გაყვირებს, რა ვთქვი ასეთი? მე გავალ და დაიძინე... - ხმა აუკანკალდა დევდარიანს.
-აღარ მინდა! გავალ და სტუმრების ოთახში დავიძინებ! - წამოიყვირა ჯაყელმა, უხეშად გააღო კარი და ხმაურით გაიჯახუნა.
ელენე გაოცებული, აცრემლებული და შეშინებული დარჩა ოთახში. ასეთი უხეში და თვალებშიბრაზჩამდგარი ლუკა არც ქორწინებამდე ენახა გოგონას და არც მის შემდეგ. ინსტიქტურად, ცალი ხელი მუცელზე, ხოლო მეორე პირზე აიფარა და ჩუმად აქვითინდა.

*_*_*_*

ახვლედიანების სახლში ოჯახური ვახშამი იყო გამართული, რომელსაც, რა თქმა უნდა, ყველა ესწრებოდა, ანდრეასა და დედამისის გარდა. ოჯახთან ერთად ვახშმობდა ვატოც, რომელიც ძმაკაცის და აწ უკვე სიძის სახლში აპირებდა ღამის გათევას. ანასტასია უჩვეულოდ უგუნებოდ იყო და საჭმელსაც უღიმღამოდ დაჰყურებდა, ჩანგლით ხელში. ყველა ამჩნევდა მის უხასიათობას, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხებოდა, რადგან ყველამ იცოდა,რომ გოგონა დედამისის წერილებს კითხულობდა და უგუნებოდ ყოფნასაც ყველა ამ მიზეზს აწერდა. ჯიუტად დუმდა სუფრის თავში მჯდარი ირაკლიც, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ფიქრებით სულ სხვაგან დაფრინავდა. მხოლოდ ლიზა თუ ეტყოდა რამეს სანდროს და სიყვარულით გაუღიმებდა. საპასუხოდ კი მხოლოდ ახვლედიანის მოვალეობის მოსახდელ ღიმილს იღებდა. ვატო მათ წინ იჯდა და გაფაციცებით აკვირდებოდა წყვილს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უნდოდა, ალექსანდრეს მაინც ვეღარ უყურებდა ისე, როგორც ძმაკაცს. ახვლედიანი ახლა მისი სიძე იყო და უნდოდა თუ არა, მაინც აკვირდებოდა მის დამოკიდებულებას თავისი დის მიმართ.
ნამდვილად დაიკვეხნიდა იმით, რომ ალექსანდრე ახვლედიანს მასზე კარგად არავინ იცნობდა. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო ვაჩნაძესთვის, რომ მიმხვდარიყო, რას ფიქრობდა და გრძნობდა ახვლედიანი. ახლაც გულდასმით აკვირდებოდა თავისი დის გვერდით მჯდარ სანდროს და გრძნობდა მის ხელოვნურობას. მართალია, თავს ყოველთვის უკრძალავდა ამ თემაზე ფიქრს, მაგრამ ის ეჭვი არასდროს ასვენებდა, რომ ალექსანდრეს გულწრფელი სიყვარულით არასდროს უყვარდა ლიზა. ქორწილმა დროებით გაუქრო ეს ეჭვები და მოასვენა, მაგრამ ახლა, როცა ასე ყურადღებით აკვირდებოდა ცოლ-ქმრის ურთიერთობას, ეჭვები თავიდან იბადებოდნენ მის გონებაში და პარაზიტებივით, სწრაფად მრავლდებოდნენ.

-თუ არ მიწყენთ, მე დაგტოვებთ, ძილი მომერია და ჯობს, საძინებელში გადავინაცვლო. - წამოდგა ირაკლი, ყველას დაემშვიდობა და სასადილოდან გავიდა.
-მეც ბიძიას მივბაძავ და დაგტოვებთ, სამეცადინო მაქვს. - მიჰყვა ანასტასიაც.
-იმედი მაქვს, ჯერ თქვენ არ გეძინებათ. - გაეცინა ლიზას. - ფილმისთვის ხომ არ გვეყურებინა, სან?
-როგორც შენ გინდა. - მხრები აიჩეჩა სანდრომ.
-ვატო, ხომ გინდა ფილმი?
-რა ვიცი, ვუყუროთ, კარგი. - გაეღიმა ვატოს და წამოდგა.
-სანდრო, რატომ ხარ ჩუმად, ბიჭო? რა გაგჭირვებია?! - მეგობრულად დაკრა ვაჩნაძემ მხარზე ხელი ახვლედიანს.
-დამღლელი დღე მქონდა, უბრალოდ. - მსუბუქად ჩაეცინა სანდროს.
-რთულია დირექტორობა, არა?! - გაეცინა ვატოს. ალექსანდრეს არაფერი უპასუხია, მასაც უბრალოდ გაეცინა.
-მეც სულ მაგას ვეუბნები, ვატო, ამდენს ნუ მუშაობთქო. დილით ადრე გადის და შუაღამეს ბრუნდება. ახლაც, ალბათ, შენ გამოა ამ დროს სახლში. - წყენით აღნიშა ლიზამ, მაგრამ ბოლოს მაინც გაიცინა და ქმარს მიეხუტა.
-ვახ, მართლა? - ჩაიცინა ვატომ.
-ჩემთვის სულ აღარ აქვს დრო! - აგრძელებდა გოგონა.
-ლიზა, კარგი, ნუ აზვიადებ. - უღიმღამოდ გაეღიმა ალექსანდრეს, მიხუტებული ცოლი ფრთხილად მოიშორა და სასტუმრო ოთახისკენ გასწია.

ტელევიზორს უყურებდნენ. ვატო და ლიზა ერთად ისხდნენ, ალექსანდრე ცალკე, სავარძელში. შუა ფილმისას ახვლედიანს მობილურზე დაურეკეს, საქმის თაობაზე, ისიც დაუყონებლივ წამოდგა და მარტო დატოვა და-ძმა.
-სახლშიც არ ასვენებენ, ხომ ხედავ? - სიცილით თქვა ლიზამ.
-სულ ასე ხართ თქვენ?
-სანდრო ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს და არ უნდა, მამამისს იმედები გაუცრუოს. მესმის, რომ პირველ ეტაპზე ასეთი დაკავებული იქნება, მერე რა?!
-ეგოიზმის ნასახიც არ არის შენში, არა, ლიზიკო? - გაეღიმა ვატოს.
-ჩემი დროც მოვა. სანდროს ვუყვარვარ და ჩემთვის ეს არის მთავარი. შეიძლება ისე კარგად ვერ მაგრძნობინებს ამას, მაგრამ მე ხომ ვიცი?!
-ლიზა, ამ ქორწინებით ბედნიერი ხარ? - ძალიან მოულოდნელად და სრული სერიოზულობით ჰკითხა ვაჩნაძემ დას. ლიზა შეცბა, სახე შეეშალა და თვალები მოარიდა ძმას.
-რატომ მეკითხები მაგას?
-არ უნდა მაინტერესებდეს?!
-ვატო, ჩემი ოცნების მამაკაცს გავყევი ცოლად...
-მაგას არ გეკითხები, ლიზა. გეკითხები, ბედნიერი ხარ, თუ არა?
ლიზა წამით გაჩუმდა და თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა. ძმის კითხვამ იმდენად არია, რომ დაუფიქრებელზე სწორედ იმ წამებში უწევდა დაფიქრება.
-კი... ვარ. - ჭოჭმანით თქვა გოგონამ ბოლოს.
-ხომ იცი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ?! - ერთგავრი უკმაყოფილება იგრძნო ვატომ.
-რატომ მეუბნები ამ ყველაფერს?! - გაბრაზდა გოგონა.
-იმიტომ, რომ მინდა, ბედნიერი იყო.
-ხოდა ვართქო, გეუბნები!
-ძალიან კარგი თუ ასეა, ლიზიკო. მეც ხომ ეს მინდა, არა? - გაუღიმა ვაჩნაძემ დას და თავზე აკოცა. - უბრალოდ მინდა, ერთი რამ იცოდე და გახსოვდეს ყოველთვის - მე ჯერ შენი ძმა ვარ და მერე სანდროს ძმაკაცი.
-ვიცი ეგ, ვატო, არ არის თქმა საჭირო.
-ძალიან კარგია, თუ იცი. - გაეცინა ვატოს და სწორედ ამ დროს დაბრუნდა ოთახში ალექსანდრეც.
-გამოვტოვე რამე? - და-ძმას გადახედა ახვლედიანმა.
-არაფერი, ალექს, ლიზიკოს ვეუბნებოდი, რომ მეძინება და უნდა დაგტოვოთ. - წამოდგა ვატო, სანდროს მხარზე დაკრა ხელი, დას აკოცა და სტუმრების ოთახისკენ აიღო გეზი.
-სან, მე და შენ ვუყუროთ, ხო ამ ფილმს ბოლომდე? - გაუღიმა ლიზამ ქმარს.
-აუ, ლიზა, დავიძინოთ რა ჩვენც. იცი, როგორი დაღლილი ვარ?!
-დავიძინოთ? - ღიმილი გაუქრა სახიდან გოგონას.
-მაინც არ იყო საინტერესო ფილმი. ამ შაბათ-კვირას ავარჩიოთ რამე კარგი და იმას ვუყუროთ.
-კარგი, როგორც გინდა, დავიძინოთ. - წყენა არ შეიმჩნია ვაჩნაძემ.
-მე წავალ და დავიძინებ. შენ თუ გინდა, იყავი. არ გეძინება, მგონი.
-ხო, რავიცი, ვიქნები მე... - მხრები აიჩეჩა ლიზამ.
-კარგი, აბა ძილინებისა. - ცოლს მიუახლოვდა ალექსანდრე, ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა და წავიდა.
მარტო დარჩენილმა გოგონამ ყელის ფხაჭვნა და თვალების წვა მაშინვე იგრძნო. ძალიან არ უნდოდა, რომ ეღიარებინა, მაგრამ მისი სურვილის მიუხედავად, ყრუ ტკივილი იგრძნო გულ-მკერდის არეში. ტელევიზორი სწრაფად გამორთო და ოთახი მთლიანად ჩააბნელა. უბრალოდ იჯდა სავარძელში და სიჩუმეში ცდილობდა იმ ძალის პოვნას, რომლითაც საძინებლის კარს შეუღებდა მეუღლეს და მის გვერდით დაიძინებდა.
დიდხნიანი ჯდომის შემდეგ უბრალოდ წამოდგა და ნელი ნაბიჯით გასწია თავისი ოთახისკენ. კარი ფრთხილად შეაღო და მძინარე ალექსანდრეც მაშინვე დაინახა. ტანსაცმელი ჩუმად გამოიცვალა, ფეხისწვერებით მიუახლოვდა საწოლს და საყვარელი მეუღლის გვერდით დაწვა.
რული არაფრით ეკარებოდა. თავში სულ ძმის სიტყვები უტრიალებდა. ქორწინების შემდეგ თავის ცხოვრებას მხოლოდ ახლაღა დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ თაფლობის თვის შემდეგ ცოლ-ქმარს ერთი საღამოც კი არ ჰქონდათ მარტოებს გატარებული. მოსიყვარულე ალექსანდრეც კომპანიის მმართველ ალექსანდრედ გადაქცეულიყო, რომელსაც სრულიად აღარ რჩებოდა დრო ცოლისთვის. მაგრამ მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ სანდროს დრო არ რჩებოდა, პრობლემა ის იყო, რომ ახვლედიანს არც კი ჰქონდა ცოლთან დროის გატარების სურვილი.
ლიზამ თავს ძალა დაატანა და ფიქრები ამოიგდო თავიდან. გადატრიალდა, მუცლით დაწვა და თავი ბალიშში ჩარგო. ეულმა ცრემლმაც მაშინვე ჰპოვა თავშესაფარი.
ოთახში მხოლოდ ალექსანდრეს მშვიდი და უცოდველი ფშვინვა ისმოდა...

*_*_*_*

ღამე ვერაფრით დაიძინა ანდრეამ. რამდენჯერაც თვალს მოხუჭავდა, იმდენჯ ეკატერინეს განადგურებული და ცრემლებისაგან დაცლილი სახე წარმოუდგებოდა. საწოლში ბორგავდა და ჯაყელის თავიდან ამოგდებას ცდილობდა, თუმცა მისი სილუეტი არაფრის დიდებით ტოვებდა ახვლედიანის გონებას.
გამთენიისას ჩაეძინა, თუმცა ორიოდ საათში მაღვიძარამ წამოაგდო ფეხზე. სამსახური ელოდა, რომელსაც ვერაფრით უღალატებდა, რადგან ისედავ ხვდებოდა, ზედმეტად ბოროტად სარგებლობდა იოანეს კეთილგანწყობით.

თითქმის ფირმასთან იყო მისული, როცა მობილურზე დაურეკეს დაფარული ნომრიდან.
-გისმენთ?! - გაკვირვებული ტონით უპასუხა ზარს.
-გამარჯობა, ანდრეა. - მაშინვე მოესმა მამაკაცის ხრინწიანი და არასასიამოვნო ხმა.
-რა ჯანდაბა გინდა?! - გაცეცხლა მაშინვე, როგორც კი ხმის პატრონი ამოიცნო.
-მიცანი, არა? კარგია, რომ არ გავიწყდები! - ჩაეცინა ჩახრეწილხმიანს.
-რატომ მირეკავ-მეთქი?! - საჭეს მოუჭირა ცალი ხელი მამაკაცმა.
-თხუთმეტ წუთში ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს გეყენოს მანქანა. რომ მიხვალ, დაგირეკავ.
-რა?!
-არ დააგვიანო, იცოდე. მე პუნქტუალური ხალხი მიყვარს. - მხოლოდ ესღა თქვა ჩახრეწილხმიანმა და ტელეფონი გათიშა.
ანდრეამ რამდენჯერმე შეიკურთხა უმისამართოდ და გამწარებულმა, მუშტი დაარტყა საჭეს. შემდეგ მანქანა მოიბრუნა და ჭავჭავაძის გამზირისკენ აიღო გეზი.
ათ წუთში ზუსტად ვაკის პარკის კიბეების მოპირდაპირე მხარეს იჯდა მანქანაში. მობილური ხელში ეჭირა და კბილების ღრჭიალით ელოდა ზარს. ზარმაც არ დააყოვნა და მალევე ააზუზუნა მობილური.

-გადმოდი მანქანიდან. - ირონიას არ ფარავდა ჩახრეწილხმიანი. ანდრეამ მორჩილად გააღო კარი და მანქანიდან გადავიდა. - თხუთმეტი მეტრი გაიარე აღმოსავლეთით და დიდვიტრინებიან კაფესთან შეჩერდი. - ისევ უხმოდ შეასრულა ბრძანება. - კარგია, მანდ გაჩერდი.
-მარიონეტივით მათამაშებ, შე ნაბი*ვარო?! - კბილებს შორის გამოცრა სიმწრით ჭარხლისფერმა ახვლედიანმა.
-მგონი, ჩვენ პირველი შეხვედრისას ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ანდრეა. - სიმშვიდეს და ირონიას არ კარგავდა ჩახრეწილხმიანი. - ერთი წლის ვადა იმისთვის არ მომიცია, რომ ეკატერინე ჯაყელი ყვარელში გაგეშვა.
-რა?! - ეკატერინეს სახელის ხსენებისას ხმამაღლა წამოიყვირა ანდრეამ.
-ძალიან პასიურობ და ზარმაცობ, რაც საქმეს არ წაადგება.
-რა ჯანდაბა გინდა?!
-რატომღაც მეგონა, რომ გარკვევით აგიხსენი ყველაფერი, მაგრამ თურმე შევცდი.
-აქ იმიტომ მომიყვანე და შუა ქუჩაში, იდიოტივით, იმიტომ დამაყენე, რომ ეს მომესმინა?! დამენახე მაინც, შე ახ*არო!
-ჩემმა ნახვამ, როგორც ჩანს, დიდად ვერ შეგმატა მოტივაცია, ამიტომაც სხვა ვინმეს დაგანახებ ამჯერად.
-ვის დამანახებ?! - მობილურს მაგრად მოუჭირა ხელი მამაკაცმა.
-იმ კაფის ვიტრინები შეათვალიერე, რომლის წინაც დგახარ. იქნებ ვინ დაინახო?! - ცინიზმის ზეიმი იგრძნობოდა ჩახრეწილხმიანის ტონში.
ანდრეა სწრაფად შებრუნდა ზურგით მდგარი კაფისკენ და თვალების ცეცებას მოჰყვა. კინაღამ მობილური გაუვარდა ხელიდან, როცა ფანჯარასთან მჯდარი და მომღიმარი ბარბარე დაინახა, ინასთან ერთად.
-იცი მაინც, რას გიზამ, შე ახ*არო ნაბი*ვარო?! - სიმწრით და ბრაზით გამწვანებულმა, ძლივს ამოიღო ხმა.
-მგონი, მოგემატა მოტივაცია. - გამხიარულდა ჩახრეწილხმიანი. - ამიტომაც იცოდე, ახლა უკვე ერთი წელი კი არა, ერთი თვე გაქვს. აბა შენ იცი, იმედი მაქვს, ამჯერად მაინც არ გამიცრუებ იმედებს.
-რა?! რა ერთი თვე?! - ისეთ ხმაზე წამოიყვირა ახვლედიანმა, გამვლელები დააფრთხო.
-თავისუფალი ხარ. როცა დამჭირდება, შეგეხმიანები. - ესღა უთხრა ჩახრეწილხმიანმა და ტელეფონი გაუთიშა.

გაცეცხლებულმა ანდრეამ მობილური ჩაიდო ჯიბეში და სწრაფად გაეცალა კაფეს, რადგან არ უნდოდა, ბარბარეს დაენახა. მანქანის კარი გამოგლიჯა და საჭესთან მოთავსდა. სწრაფად დაქოქა ძრავა და ისე მოწყვეტით მოსცილდა ადგილს, საბურავების კვალი კიდევ დიდხანს ეტყობოდა ასფალტს.

*_*_*_*

-ბატონო რეზო, თქვენთან ბატონი გიორგია მოსული. - ძველისძველი ბიბლიოთეკის ძველისძველი კარი ვიწროდ შეაღო სუსტი აღნაგობისა და ცქრიალა ხმის მქონე გოგონამ და ფანჯარასთან მდგარ სავარძელში, წიგნმომარჯვებულ მოხუცს მიმართა. მოხუცმა მაშინვე წამოსწია თავი და სათვალეებს ქვემოდან გახედა მოსამსახურე გოგონას.
-ვინ გიორგი? - გაოცებით იკითხა და წიგნი ისე დახურა, ორი თითი, სანიშნად, შიგ ჩატოვა.
-თქვენი ვაჟიშვილი. - გაკვირვება არ შეიტყო გოგონამ და უმალ გასცა პასუხი.
-აქ არის? ახლა? - წიგნს ხელი შეუშვა მოხუცმა და სავარძელში გასწორდა.
-დიახ, თქვენი ნახვა უნდა.
-შემოუშვი... - ღელვა შეეპარა ხმაში უფროს თოიძეს, მაგრამ მაინც მედგრად დაიჭირა თავი.
გოგონამ მორჩილად დაუკრა თავი უფროსს და ოთახი დატოვა. სულ მალე ისევ დააკაკუნეს კარზე და მოხუცმაც ომახიანად შესძახა:
-შემოდი!
კარი ნელა გაიღო. ოთახში გიორგი თოიძე გამოჩნდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი შედგა იქვე და მამას დააკვირდა, ანდრეასაგან ნასწავლი, ირონიაშეპარული ღიმილით.
რამდენიმე წამით ხმას არცერთი იღებდა. თვალებში უყურებდა მამა-შვილი ერთმანეთს და იმ განსხვავებების აღმოჩენას ცდილობდა, რაც ეუერთმანეთოდ განვლილ წლებს შეემატებინა ერთმანეთის გაგრეგნობისთვის.
-სალამი, მამაჩემო. - ბოლოს მაინც უმცროსმა თოიძემ დაარღვია სიჩუმე, თუმცა კი ადგილიდან არ დაძრულა.
-რას უნდა მივაწერო შენი უცაბედი გამოჩენა? - მკაცრი ხმა ჰქონდა მოხუცს.
-კარგად გამოიყურები, საერთოდ არ შეცვლილხარ. - გამხიარულდა გიორგი, რადგან მიხვდა, რომ მამამისი არც წლების შემდეგ აპირებდა მასთან მორგებული როლის დათმობას.
-აი, შენ კი დაბერებულხარ. - გულწრფელობა არ დაიშურა რეზომ შვილისთვის. - დაჯექი, რას დამდგარხარ?
-ბევრმა მუშაობამ და გადაღლამ ასე იცის - სწრაფად აბერებს. - მამის წინ, მეორე სავარძელში მოთავსდა თოიძე და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-რადგან ამდენი წლის შემდეგ მოხვედი მივიწყებული მამის სანახავად, თავადაც ვხვდები, რომ რაღაც საქმე გაქვს. რადგან არც მე ვკვდები და ეჭვი მაქვს, არც შენ უნდა ავადმყოფობდე. - ცივი და საყვედურნარევი ხმა ჰქონდა უფროს თოიძეს.
-რევაზ თოიძის მახვილი გონება... - ჩაილაპარაკა ირონიულად გიორგიმ და ჩაიცინა. - მართალი ხარ, საქმე მაქვს შენთან!
-რას ეხება ეგ შენი საქმე? ჩემამდეც კი რომ მოგაღწევინა ცნობილ და თავგამოდებულ გამომძიებელს? - არც რევაზს დაუკლია ირონია ნათქვამისთვის.
-შენ წარმოიდგინე და, დახმარება მჭირდება შენი.
-ნუთუ? - გაკვირვება არ დაუმალავს მოხუცს.
-პირველად ცხოვრებაში, მინდა, რომ შენი წარსული კავშირები და ყოფილი პოსტი დავიხმარო საქმის გამოძიებაში.
-გამაკვირვე, გიორგი. მაინც ვის გინდა, რომ დავურეკო?
-დარეკვა არ გჭირდება, ჩემი დახმარება შენ შეგიძლია.
-ვახ, ნუთუ ასეა საქმე? აბა მითხარი, რა საქმეს იძიებ ამისთანას?
-დემეტრე ჯაყელისა და ირაკლი ახვლედიანის ერთმანეთზე გადამტერების. - პირდაპირ თქვა პასუხი უმცროსმა თოიძემ და მკრთალღიმილაფარებული დაელოდა მამის რეაქციას. რეზოს ღიმილი წაეშალა და სახე მოეღრიცა. მაშინვე მოიხსნა სათვალეები და სავარძელში კიდევ ერთხელ გასწორდა.
-რას სულელობ?!
-არ ვსულელობ, მამაჩემო, მათი საქმის გამოძიებით ვარ დაკავებული, უკვე რამდენიმე თვეა.
-ჯაყელებისა და ახვლედიანების მრავალწლიან დაპირისპირებაში არც არასდროს უცდია ვინმეს ჩარევა და არც არავინ ეცდება, ოდესმე, მითუმეტეს ჩვენი სისტემა. რომც გეცადა, რამის გამოკვლევა, მაშინვე შეგაჩერებდა რომელიმე მხარე!
-საქმეს ჩუმად ვიძიებ, თანაც ხომ იცი? - შენი სახელი მუდამ ფარად დამყვება ყველგან! - ბოლო სიტყვებზე ცინიკურად ჩაეცინა მამაკაცს.
-ნუ სულელობ-მეთქი, გიორგი! - გაბრაზდა უფროსი თოიძე.
-არ მესმის, რა არის ამაში ასეთი რთული დასაჯერებელი? მე გამომძიებელი ვარ და ვიძიებ ისეთ საქმეს, რომელშიც ძალიან ბევრი მკვდარი და იდუმალი ფაქტებია. ნებისმიერი გამომძიებელი ასე უნდა იქცეოდეს. - მხრები აიჩეჩა გიორგიმ და მამას გაუღიმა.
-თავს ნუ იშტერებ! - წამოიყვირა რეზომ და წინ წამოიწია. - შეეშვი მაგ საქმეს, სანამ საღ-სალამათი ხარ!
-ეს რა, ბრძანებაა? - გაეცინა გაოცებულ გამომძიებელს. - საერთოდ არ მიცნობ, არა?
-გიორგი, მოეშვი სისულელეებს და გააკეთე, რასაც გეუბნები! შენ მე იდიოტი ხომ არ გგონივარ? არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, ვისთან დაჯახებაც არ ღირს!
-მე კი მგონია, მასეთებს ერთხელ თუ დაეჯახება ვინმე და მოსვამს თავის ადგილზე, ამდენი ადამიანიც აღარ იცხოვრებს შიშში!
-გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ, შვილო. მეამბოხე მოზარდივით რატომ მელაპარაკები?
-აქ არც მეამბოხეობაზეა ლაპარაკი და არც რომანტიკოსობაზე. ჩემი ვალია, რომ დამნაშავე ციხეში იჯდეს, პატიოსანი მოქალაქე კი მშვიდად ცხოვრობდეს.
-ღმერთო, რა ჯიუტი ხარ! სულ დედაშენს როგორ დაემსგავსე, როცა ჩემი პროფესია გინდოდა შენც?!
-მე შენი პროფესია არ მდომებია არასდროს!
-ოჰ, ჰო, როგორ დამავიწყდა. სად გეკადრება შენ მთავარი პროკურორის პოსტი, არა? შენ უფრო რიგითი გამომძიებლობა გხიბლავს, ნებისმიერ გამვლელთან რომ გიწევდეს ანგარიშის ბარება. - ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა სახიდან რეზო.
-როგორი სამარცხვინო შვილი ვარ, არა? - თავი გააქნია გიორგიმაც. - როგორ არ დავთანმხმდი, თავის დროზე, შენს პოსტს და როგორ დავრჩი ჩემი ბიუროს ერთგული. როგორ შემეძლო, უარი მეთქვა ქრთამითა და ბინძური საქმეებით ნასუქ თანამდებობაზე?! ამისთანა იდიოტი რამ გამაჩინა, არა, მამა?!
-არა, შენმა მზემ, ცუდი ცხოვრება მაქვს მე და შენ უკეთესად ხარ, ადამიანისას რომ აღარ გიგავს სახე!
-შენთან ლაპარაკს აზრიც არ აქვს. გაფუჭებული მაგნიტოფონის სმენას ემსგავსება ჩვენი ყოველი დიალოგი. - ამოიხვნეშა თოიძემ. - მოდი შევთანხმდეთ, შენ ერთხელ მაინც, ცხოვრებაში, გააკეთებ იმას, რასაც მე გთხოვ, მერე მე მადლობას გადაგიხდი და წავალ. დავცილდებით ასე ცივილიზებულად. ერთხელ მაინც, არ შეიძლება?!
-ტყვია დამახალე შუბლშიო - რომ მითხრა, იგივეა.
-რას აიჩემე ახლა ეს სისულელე?! - გაბრაზდა უმცროსი თოიძე.
-რას ქვია, რას ავიჩემე?! გიორგი, კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენ მე იდიოტი ხომ არ გგონივარ, ამდენი წელი არავის საქმეში რომ არ ჩამიყვია ცხვირი და ახლა მშვიდად ვტკბები დამსახურებული პენსიით?! დემეტრე ჯაყელი და ირაკლი ახვლედიანი ისეთი ადამიანები არიან, რომელთა დაპირისპირებაშიც არასდროს უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, გაიგე?!
-არა, ვერ გავიგე იმიტომ, რომ ჩემთვის არ არსებობს საქმე ან ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც კანონის უზენაესობა ვერ ჩაერევა.
-შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე არაფერს გეტყვი. ჩემი შვილი ხარ და მგლის ხახაში ჩასაგდებად ნამდვილად ვერ გაგიმეტებ! - მტკიცე და უტეხი ჩანდა უფროსი თოიძის ტონიც და გამომეტყველებაც.
-გგონია, რამეს დამიშავებენ? გგონია, შემაშინებენ და ამ საქმეზე ხელს ამაღებინებენ?
-შენ რატომ გგონია, რომ დედამიწაზე ერთადერთი და განუმეორებელი გულადი არსება ხარ, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ახადოს ფარდა ამდენწლიან ომს?! გგონია, შენამდე არავის უცდია?
-იცი, ჩვენი ურთიერთობის მთავარი პრობლემა ყოველთვის რა იყო? - ვერასდროს ხვდებოდი, რომ მე სხვა არ ვარ! არ მაინტერესებს, ვინ რას მიაღწია წარსულში. მე ამ საქმეს ვიძიებ და არ შევეშვები მანამ, სანამ პასუხს არ ვიპოვნი კითხვებზე და დამნაშავეებს ციხეში ჩავსვამ!
-ბავშვობიდან ასეთი იყავი, გრამითაც არ შეცვლილხარ...
-შეცვლა არც მიცდია. - მხრები აიჩეჩა გიორგიმ. რეზომ ამოიხვნეშა და ამ მოქმედებას ამოაყოლა მსუბუქი სიცილიც.
-მითხარი, რა გაინტერესებს? - დანებებულივით მოეშვა და სავარძელში გადაწვა უფროსი თოიძე.
-დემეტრე ჯაყელის და, თამარა ჯაყელი, სად არის და რატომ არ არსებობს მასზე რაიმე სახის საბუთი?! - გახარებული გამომძიებელი მაშინვე გადავიდა საქმეზე.
-შენ საიდან გაიგე...
-რა? რომ ვინმე თამარა არსებობს, თუ ის, რომ დემეტრე ჯაყელის დაა? - გაეღიმა მამაკაცს.
-ოხ, გიორგი, რა შეუძლებელი ადამიანი ხარ! - თავი გააქნია რევაზმა და ისევ ამოიხვნეშა. - ამ საქმეს, ალბათ, ვერასდროს ვერაფერი დამავიწყებს. მაშინ მთელი ქალაქის პოლიცია მთავრობის დონეზე მუშაობდა მის მიჩქმალვაზე.
-რის მიჩქმალვაზე? რა მოხდა ასეთი? - სმენად იქცა თოიძე.
-სწორად მიმხვდარხარ, თამარა ნამდვილად ჯაყელი იყო გვარად და ნამდვილად ძმები ჯაყელების და იყო. კიდევ რა იცი მასზე?
-ცნობილი ბიზნესმენის და დღემდე ძალიან გავლენიანი ილია ჯაფარიძის საცოლე იყო, არა?
-ჰო, მგონი ერთი წელი იყვნენ დანიშნულები...
-და კიდევ... - შეყოვნდა გიორგი. - დემეტრე ჯაყელი და ირაკლი ახვლედიანი ბავშობის მეგობრები არიან, ხომ ასეა?
-მგონი, მაგის გაგება ყველაზე მარტივი ნაწილი იყო. - გაეღიმა მოხუცს. - თბილისში დღემდე დაიძურწება ეგ ჭორი.
-მაგრამ დღის სინათლეს არასდროს ენახება, ამიტომაც ჭორი ჭორად რჩება.
-ჰო, ხალხი დღემდე შიშით მოიხსენიებს მათ გვარებს და შესაბამისად, ლაპარაკსაც ყველა ერიდება.
-ამისთანა რა მოხდა მათ შორის, მთავრობის დონეზე რომ იყო საჭირო ყველაფრის მიჩქმალვა?
-მახსოვს, მაშინ აბსოლიტურად ყველა ძალოვანი სტრუქტურა იქნა გაფრთხილებული, რომ ის რაც მოხდა, ჭორის სახითაც კი არ უნდა გავრცელებულიყო ხალხში და რაც მთავარია, თამარა ჯაყელის არსებობის შესახებ ყოველგვარი დოკუმენტი უნდა განადგურებულიყო. იცი, ვინ იყო მაშინ პოლიციის უფროსი? მისგან ვიცი მე ასე დაწვრილებით ეს ამბავი, თორემ მე დიდად არც მქონია შეხება ამ ამბავთან.
-ვინ იყო?
-გივი.
-ნათლიაჩემი გივი?
-ჰო, ნათლიაშენი გივი, აცხონე მისი სული უფალო. ის თანამშრომლობდა ჯაყელების მხარესთან, აქედან ახვლედიანები უტევდნენ, იქიდან ჯაფარიძე და იყო ასე გაწამაწიაში.
-მაინც რა მოხდა?
-თამარა ჯაყელმა თავი მოიკლა. ხიდიდან გადახტა მტკვარში.
-რა?! რატომ?!
-ზუსტი მიზეზი არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ქალი მტკვარში არ დამხრჩვალა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
-ვერ გადაარჩინეს?
-იქნებ გადაერჩინათ კიდეც, მაგრამ თამარას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და გადაყვა კიდეც მაგას.
-ორსულად იყო? ბავშვი გააჩინა? - თვალები აენთო თოიძეს.
-ნუ გაგიჟდები. ბავში მკვდარი დაიბადა, რაც მოსალოდნელიც იყო - თამარას ძალიან დიდი დრო ჰქონდა გატარებული წყალქვეშ.
-ასე დეტალურად საიდან იცი ყველაფერი? საავადმყოფოს ამბები ვინ მოგიყვა?
-მთავარი გინეკოლოგი მაშინ რუსიკო იყო, გახსოვს რუსიკო?
-შენი დეიდაშვილი? მეხუმრები?!
-არ გეხუმრები, გიორგი, სიმართლე გინდოდა და მიიღე.
-საქმე, რომელსაც ამდენი ხანია ვიძიებ, მთლიანად ჩემი ოჯახისა და ახლობელი ადამიანების მიფარჩხულია. მაგარია, არა?! - ჩაეცინა გაოცებულ თოიძეს და ორივე ხელი თავზე გადაისვა.
-ვითომ ახლა არკვევდე შენი წარმომავლობის გავლენიანობას. მეგონა, ეს იყო მიზეზი, რის გამოც ხუთი წლით დამივიწყე.
-ეს უკვე მეტისმეტია, მამა! ბედის ირონიაა, პირდაპირ!
-რას იზამ, შვილო? როგორც ჩანს, განგებას სურდა, რომ შენი ოჯახის გაფუჭებული შენ გამოგესწორებინა, წლების მერე. - გაეღიმა რევაზს.
-თითქოს ყველაფერი უნდა დალაგდეს, მაგრამ ამ დროს ყველაფერი უარესად ირევა ახლა. რატომ მოიკლა თამარამ თავი? ან ირაკლისა და დემეტრეს შორის გაუთავებელი დაპირისპირების წარმომქმნელი როგორ გახდა ეს? - წამოდგა ფიქრებით შეპყრობილი გიორგი და ფანჯარასთან დადგა, ზურგით.
-ზუსტი მიზეზი არავინ იცის, მათ შორის არც მე, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ომი მათ შორის თამარას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ისიც უეჭველია, რომ ჭორის თანახმად, მათი ერთმანეთზე გადამკიდებელი ქალი დემეტრეს და უნდა იყოს.
-ხო, მაგრამ რატომ? რატომ? - ჩაფიქრდა თოიძე და ორივე ხელით რაფას დაეყრდნო. - მესმის, დემეტრე და ილია რატომ შეიძლებოდა გადამტერებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ირაკლი და დემეტრე?
-ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მაგ ორ ადამიანს თუ შეიძლება ჰქონდეს.
-დემეტრე და ირაკლი ბავშობის მეგობრები იყვნენ, თამარა დემეტრეს და, ილია თამარას საქმრო... რას ვტოვებ? რას ვერ ვხვდები? რატომ მტრობს ილია ორივე გვარს და რატომ ცდილობს მათ შორის წყლის უარესად ამღვრევას? - თითებს ფანჯრის რაფაზე აკაკუნებდა გამომძიებელი და თვალდახუჭული ფიქრობდა. - თამარა მშობიარობას გადაყვა, ბავშვი მკვდარი დაიბადა... ბავშვი მკვდარი დაიბადა... ბავშვი... ბავშვი... - ერთი და იმავეს იმეორებდა და სულ უფრო უმატებდა თითებით კაკუნს. - ჯანდაბა! - წამოიყვირა ბოლოს გონებაგახსნილმა და თვალებიც გაახილა. - ნუთუ?!
-რა? რა ნუთუ?! - მოუსვენრობა დაეტყო უფროს თოიძესაც.
-მამა, რუსიკო მძარცველების თავდასხმას ემსხერპლა, ხომ სწორად მახსოვს?
-წელიწად ნახევრის წინ, კი, სწორად გახსოვს. მაგრამ ეს აქ რა შუაშია? ის საქმე გამოიძიეს, გახსოვს? ნამდვილად უბედურ შემთხვევას და თაღლითებს ემსხვერპლა.
-ჯანდაბა! - ისევ შეყვირა გიორგიმ.
-რა ხდება არ მეტყვი?
-უნდა წავიდე.
-სად მიდიხარ? სულ ეს იყო, რაც გაინტერესებდა ჩემგან? ასე უცებ მოვარდი და ახლა უნდა გავარდე?
-მადლობა დახმარებისთვის, არასდროს დავივიწყებ ამას. ახლა უნდა წავიდე!
-სად მიდიხარ, გიორგი, ამიხსენი რას მიხვდი!
-ჯერ ვერაფერსაც ვერ მივხვდი, მაგრამ ძალიან, ძალიან ცუდი ეჭვები მაქვს. - ბიბლიოთეკის კარი გააღო თოიძემ. - აბა კარგად იყავი! - მამას დაემშვიდობა და იქამდე აორთქლდა ოთახიდან, სანამ რეზო კიდევ რამეს კითხავდა შვილს.

გავარდა თუ არა მამის სახლიდან, მაშინვე ანდრეას ნომერი აკრიფა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს.
-გისმენთ, ბატონო გამომძიებელო, რამე მოხდა? - მალევე უპასუხა ახვლედიანმა.
-ანდრეა სად ხარ?!
-ახლა გავდივარ შესვენებაზე და შესაბამისად, მივდივარ სახლში. მოხდა რამე?
-ახლა კარგად მომისმინე, როგორც კი მამაშენის კაბინეტში შეხვალ, ყველა უჯრას და კუთხე-კუნჭულს დაძებნი ძალიან, ძალიან დიდი დაკვირვებით, გაიგე? მარტო კაბინეტს კი არა, სახლის თითოეულ ადგილს, სადაც კი შეიძლება, რამეს ინახავდეს.
-ეს ხომ ისედაც ცხადზე ცხადი იყო, ბატონო გამომძიებელო, რატომ ღელავთ?! - გაიკვირვა ანდრეამ თოიძისთვის უჩვეულო ნერვიულობა.
-როგორც კი სახლს დატოვებთ, მაშინვე ჩემთან მოხვალთ, გასაგებია? საღამომდე ვერ დავიცდით!
-ასეთი რა მოხდა? მამათქვენი ნახეთ? რამე მნიშნელოვანი გითხრათ?!
-მაშინვე ჩემთან მოდით, აბა თქვენ იცით! - კითხვა უპასუხოდ დატოვა გიორგიმ და მობილური გათიშა. შემდეგ სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოწყდა.

*_*_*_*

თოიძის უცერემონიო ზარის შემდეგ გაკვირვებულ ანდრეას სამსახურში გულმა აღარ მოუთმინა, ყველაფერი მიატოვა და ახვლედიანების სახლისკენ აიღო გეზი. სახლში მისულს, როგორც ფიქრობდა, არავინ დაუხვდა შინ. მანაც მაშინვე დრო იხელთა, კიბეები სწრაფად აირბინა და დერეფნის ბოლოს, იმ ყველაზე იდუმალსა და ყველასთვის უცნობ ოთახს მიადგა, რომელშიც არასდროს ენთო შუქი და რომლის სტუმარიც ასე ერთგულად იყო ირაკლი ახვლედიანი.
კარი ჩაკეტილი დაუხვდა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ გასაღები ირაკლის სეიფში უნდა ეძებნა. ისევ უჩუმრად ჩაიარა კიბეები და ირაკლის კაბინეტში ისე შეაღწია, არცერთ მოსამსახურეს დაუნახავს. პატარა ტუმბოს სწრაფად მივარდა, გამოხსნა და სეიფიც, რა თქმა უნდა, თავის ადგილზე დაუხვდა. ყველაფერი ცადა: ირაკლის კომპანიის სახელი, მისი დაარსების თარიღი, ალექსანდრეს დაბადების თარიღი, ანასტასიას დაბადების თარიღი, თავად ირაკლის დაბადების თარიღი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბოლოს გამწარებულმა ამოიხნეშა და საკუთარი დაბადების თარიღიც აკრიფა. მისთვის მოულოდნელად და გასაოცრად, კარი მაშინვე გაიღო.
ანდრეას გაკვირვებისთვის ნამდვილად არ ჰქონდა დრო. გასაღები სწრაფად იპოვნა, სეიფი ისევ ჩაკეტა და მეორე სართულზე დაბრუნდა.

ოთახში შესვლისთანავე ეცა სიძველისა და ჩახუთულობის სუნი. ოთახი ათასში ერთხელ ლაგდებოდა და იმაზე უფრო იშვიათად ნიავდებოდა, ამიტომაც ახვლედიანს საერთოდ არ გაჰკირვებია შმორის სუნი.
არც იცოდა, ძებნა საიდან დაეწყო. ოთახი საკმაოდ დიდი ზომის იყო და რამდენიმე კარადას იტევდა, დიდ საწერ მაგიდასთან ერთად.
პირველად ყველაზე დიდსა და შორს მდგარ კარადას მიადგა. მთლიანად გადაქექა, რამდენჯერმე დაათვალიერა თითოეული უჯრა, მაგრამ უსარგებლო საბუთებისა და ნივთების გარდა, ვერაფერი იპოვნა. კარადის გვერდით პატარა ტუმბო იდგა. ისიც გულმოდგინედ გადაქექა, მაგრამ ვერც ამჯერად იპოვნა რაიმე. საწერ მაგიდასთან ყველაზე ახლოს საშუალო ზომის დაბალი და განიერი კარადა იდგა. ამჯერად მისი დათვალიერება გადაწყვიტა ანდრეამ და პირველი უჯრა გამოხსნა. საინტერესო ისევ ვერაფერი იპოვნა და იფიქრა, რომ ეს კარადაც წინა ორის ბედს გაიზიარებდა, თუმცა მაშინ მიხვდა, რომ შეცდა, როცა ბოლო უჯრა გააღო.
პირველი, რაც დაინახა, მუქიმეწამულისფერი მოსასხამი იყო, რომელსაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ქალის უნდა ყოფილიყო. ნაჭერი მაშინვე ამოიღო უჯრიდან და მის ქვეშ ისიც აღმოაჩინა, რასაც ასე გამალებით ეძებდა. ორ დასტად შეკრული წერილები იდო მოსასხამის ქვეშ - გადაყვითლებული პერგამენტებისგან შემდგარი ორი დასტა. ანდრეა მაშინვე დაწვდა ორივეს და უჯრიდან ამოიღო. წამოდგა და მაგიდაზე დააწყო წერილები. ორივე შეკვრას ეწერა სახელი, რომელთა ამოკითხვამაც ახვლედიანს პირი დააფჩენინა გაკვირვებისგან. „წერილები კატერინას“ , „წერილები კეისარს“ - ეწერა ორივე დასტას, რომელიც ათობით წერილს აერთიანებდა.
ანდრეა კარგად ხვდებოდა, რომ მათი წაკითხვის დრო ახლა არ იყო, თანაც ირაკლის ისინი ადგილზე უნდა დახვედროდა. ამიტომაც ათასჯერ გაშლილი პერგამენტები ათასმეერთედ გაშალა, წაუკითხავად გადაუღო ყველას სურათი და ორივე თავის ადგილს დაუბრუნა. მოსასხამიც ისევე დაადო ზემოდან, როგორც ედო და ის უჯრაც მიხურა. დარჩენილი ორი კარადაც გულისყურით გაჩხრიკა, ამის შემდეგ კი საწერ მაგიდაზე მიდგა ჯერი, თუმცა ვეღარაფერი იპოვნა და წასვლა გადაწყვიტა. ისედაც საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა და ახლა მისი წაკითხვა მოუწევდა თოიძესთან ერთად.
ოთახის გასაღები ისევ სეიფში დააბრუნა და ჩუმად გამოიხურა კაბინეტის კარი. სამზარეულოში ჩაკეტილ მოსამსახურეებს არც კი შეუმჩნევიათ ანდრეას მისვლა. ვერც წასვლას შეამჩნევდნენ, მაგრამ ახვლედიანს კინაღამ გული შეუქანდა, როცა კარის ზღურბლზე სახლში დაბრუნებულ მამას შეეფეთა.
-ოჰ, ამას ვის ვხედავ ამ სახლში?! - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან ირაკლის. - რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ, შვილო? - გაუღიმა ვაჟიშვილს ირონიულად.
-ანასტასიას ნახვა მინდოდა, მაგრამ სახლში არ არის. - ცივად დაუბრუნა პასუხი და გვერდი აუარა.
-ჰო, წესით ახლა სახლში არავინ უნდა იყოს. მეც გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო დავბრუნდი.
-მაინც რამ შეაწუხა თვით ირაკლი ახვლედიანი? - ზიზღნარევმა ღიმილმა გაუპო ბაგეები ანდრეას.
-თავი მტკიოდა და ალექსანდრემ სახლში გამომიშვა. - ისევ გაეღიმა ირაკლის.
-ოჰ, როგორ ზრუნავს ჩემი ძამიკო შენზე! - თავი გააქნია ახვლედიანმა.
-შენგან განსხვავებით!
-კარგი რა, ხომ იცი? - ჩემგან კარგს არაფერს უნდა ელოდოს კაცი! მე მხოლოდ სხვისი ხელიდან სამადლოდ გამოწვდილი საკენკის კენკვა მეხერხება.
-კარგად დაგიმახსოვრებია. - ჩაეცინა უფროს ახვლედიანს.
-მეხსიერებას არ ვუჩივი, შენგან განსხვავებით.
-და მე რა დამავიწყდა? - ხელები გაშალა ირაკლიმ და გაიცინა.
-არვიცი, იქნებ დაგავიწყდა რამე? ან ვინმე? - მხრები აიჩეჩა ანდრეამ და მრავალმნიშნელოვანი ღიმილით გადახედა მამას. ამ უკანასკნელს მაშინვე აეშალა სახე და ნირი წაუხდა.
-ვის გულისხმობ? - შესამჩნევად დაიდაბლა ხმა.
-ვინმე კონკრეტული უნდა მეგულისხმა? – გაიკვირვა უმცროსმა ახვლედიანმა.
-როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა შენი ირონია, არა?!
-ხომ იცი? - რამდენიც არ უნდა უარვყო, ძალიან ვგავართ ერთმანეთს! - გაუღიმა ანდრეამ მამას და მოსცილდა. - აბა კარგად იყავი, ირაკლი, მე სამსახურში მეჩქარება! - ზურგი აქცია და ხელი დაუქნია.
-გაიქეცი, გაიქეცი, საქმე არ დაგრჩეს გაუკეთებელი! - ჩაეცინა ირაკლის და მანაც აქცია ზურგი შვილს.

*_*_*_*

ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. გიორგი დივანზე, ანდრეა სავარძელში. თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი ბევრი ჰქონდათ, ჯიუტად, არცერთი არღვევდა დუმილს.
-ეს საქმე ერთ დღეს შეგვიწირავს ორივეს, გრძნობთ? - ბოლოს ძლივს დაეხსნა სიჩუმეს ანდრეა და გამომძიებელს მიმართა.
-დღეს რატომღაც ყველა მაგას მეუბნება. - ჩაეცინა თოიძეს და ახვლედიანიც გააცინა. - სურათებს არ მაჩვენებთ?
-გაჩვენებთ, თუმცა კი არ მინდა. - ამოიხვნეშა ანდრეამ და მობილური ამოიღო ჯიბიდან. - ვგრძნობ, რომ ამ წერილებით რაღაც საშინებელას აღმოვაჩენთ.
-ბოლომდე უნდა გავიდეთ, ანდრეა, სხვა გზა არ გვაქვს. - უცნაური სევდა ედგა თვალებში დეტექტივს.
-მამათქვენთან საუბრის შემდეგ რომ დამირეკეთ საშინლად აღტკინებული ხმა გქონდათ. აქ მოსვლის შემდეგ კი შეთქმულივით დუმხართ. თქვენი აღმოჩენის ჭეშმარიტება გაიაზრეთ?
-ამის თქმა არ შემიძლია. სანამ არ დავრწმუნდები, რომ მართალი ვარ, ვერაფერს გეტყვით. - თავი ოდნავ ჩახარა გიორგიმ.
-ამდენად მძიმედაა საქმე? - მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ანდრეას.
-დროა, წერილები ვნახოთ! - გადაჭრით განაცხადა გამომძიებელმა და თავი წამოსწია. - ხმამაღლა წაიკითხეთ.
ანდრეამ პირველი წერილის ფოტო გაადიდა, კარგად დააკვირდა და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ დაიწყო:

„ჩემო კეისარო,
ახლა ღამეა, ჩემს ოთახში ცივა. შუქი არ არის, თუმცა ლამპის შუქზე მაინც ვახერხებ შენთვის მოწერას. ხელები ხშირად მიოფლიანდება, გული ისე გამალებით მიცემს, თითქოს საგულედან ამოხტომა და ფურცელზე გაწოლა სურდეს. ჩემს გულს ამ სიტყვებთან ერთად სურს შენამდე მოღწევა, კეისარო.
დამპირდი, გნახავო და ისევ მომატყუე. არაუშავს, უკვე შევეჩვიე. მესმის, რომ შენი ცხოვრება მე არ მეკუთვნის და იმ დროს უნდა ვჯერდებოდე, რომელსაც შენ ჩემთვის იმეტებ. იცი? - გუშინ ჩვენი კაკლის ხე ვნახე, აყვავებულა. მომავლ ზაფხულს, ალბათ, დიდ ჩრდილსაც გაიკეთებს უკვე. იქნებ ღამ-ღამობით ჩვენს ეზოში შემოპარვა შეძლო, ერთად დავსხდებოდით ჩვენი ხის ქვეშ და ვისაუბრებდით დაუსრულებდლად.
შენი ხმა მომენატრა, კეისარო. ხანდახან მგონია, რომ საუკუნეებით ვცილდებით ერთმანეთს. ყოველი შეხვედრა უკანასნკელი მგონია, ყოველი დამშვიდობება - სამარადისო. მენატრები მაშინაც კი, როცა ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვდგავარ და ხარბად ვისუნთქავ ნიავის მოტანილ შენ სურნელს.
ჩვენი ცხოვრების ტრაგედიაა - როცა ახლოს ხარ, შენგან ათასეული კილომეტრებით შორს ვგრძნობ თავს და როცა შორს ხარ, იმდენად მეახლოები, ხელის გაწვდენა და შენი ჩახუტება შემიძლია.
ოდესმე, ამ ქვეყნად ან იმ ქვეყნად, ერთად ვიქნებით, ჩემო კეისარო.
უყვარხარ შენს დედოფალს.
-შენს კატერინას.“


ანდრეამ პირველი წერილის კითხვა ჩაამთავრა და მაშინვე თოიძეს გახედა თვალებში გაკვირვებაჩაბუდებული მზერით.
-კატერინა... - მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა გიორგიმ და ნიკაპზე მოისვა ხელი.
-როგორც დათუნა ეძახდა ეკატერინეს. - ორივეს ფიქრი გააჟღერა ანდრეამ და ისევ დააცქერდა ფოტოს.
-კეისარი და კატერინა... ნამდვილად საინტერესო ზედმეტსახელებია...
-მაგრამ ვისი?
-შემდეგი წერილი წაიკითხეთ, ანდრეა. - კითხვა უპასუხოდ დატოვა თოიძემ და სმენად იქცა. ახვლედიანი შემდეგ ფოტოზე გადავიდა. წერილის ავტორი ამჯერად „კეისარი“ იყო.

„ძვირფასო კატერინა,

მივიღე შენი უკანასკნელი წერილი და უნდა გითხრა, რომ ცოტა ნაწყენი დავრჩი. ჩემო დედოფალო, ნუთუ არ იცი, რომ ჩემი ცხოვრების თითოეული წამი მხოლოდ შენ გეძღვნება და სხვას არავის?! ჩემი ცხოვრება შენ გეკუთვნის, ძვირფასო. მე მონა ვარ შენი, სამარადჟამოდ!
მაპატიე, რომ ვერ მოვედი და გნახე. ვიცი, რა საშინელი კაციც ვარ! ვიცი, რომ ხშირად გპირდები და მხოლოდ ხანდახან ვასრულებ, მაგრამ, კატერინა, შენ ხომ ასეთი საშინელი გიყვარს ჩემი სული?!
წუხელ სიზმარში გნახე, იცი? ჩვენს სახლში მელოდი. ფანჯრის რაფაზე იყავი შემოსკუპებული. შენი გრძელი და ნატიფი ფეხები მზისთვის მიგეშვირა და უხვად აფრქვევდი გარშემო შენს ბრწყინვალებას. დედოფალო, შემდეგში, როცა ჩვენს სახლში შევხვდებით, მინდა, რომ ასე დახვდე შენს კეისარს. კეისარს, რომელსაც სულ სჭირდები, სულ ენატრები, სულ ელანდები...
კატერინა, შენ არც კი იცი, რა ძლიერია ჩემი გრძნობა შენდამი! მინდა, რომ მთელ სამყაროს დაგპირდე; მთელი ქვეყანა იმ ნატიფ ფეხქვეშ გაგიფინო, რომელსაც ასე გამომწვევად უფიცხებდი მწველ მზეს, ჩემს სიზმარში.
„ვერ ვიპოვნი, გეფიცებით, ქვეყანაზე,
ქალს რომ ჰქონდეს თქვენზე დიდი ფასი,
გისახსოვრეთ, დაგიტოვეთ, მოგიძღვენით,
დედოფლურად - შავი ვარდი ასი“
ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც... ოდესმე? - არა, სამარადისოდ - ერთად ვიქნებით, ჩემო დედოფალო.
მთელ ქვეყანას შენი თავი ურჩევნია კეისარს“

ანდრეამ ისევ დაამთავრა წერილის კითხვა და გაორმაგებული გაოცებით შეხედა ჩაფიქრებულ გამომძიებელს.
-აქამდე მეგონა, რომ „კეისარი“ მამაჩემი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს შეუძლებელია. მამაჩემმა სიყვარულის მნიშვნელობაც კი არ იცის, არათუ ასეთი რომანტიკა ესმოდეს. თოიძეს უბრალოდ გაეღიმა და გაგრძელება სთხოვა ახვლედიანს.

„ჩემო კეისარო,
შენმა ბოლო წერილმა საოცრად გამახარა. ვარდები იყო ულამაზესი, თუმცა არტურმა ჩათვალა, რომ ის მის ცოლს მიართვი და პომპეზურად დაადგმევინა მისაღებ ოთახში. ყოველ დილით მახარებს მათი დანახვა. მათი შეხებისას თითქოს შენგან წამოსულ მუხტს ვგრძნობ კანქვეშ. მაგრამ მეშინია... ვიცი, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და დამჭკნარი ყვავილები სანაგვე ურნაში დამხვდება მოსროლილი.
იცი, რას გეტყვი?! - ეგ ვარდები სულაც არ იყო ჩვენი სიყვარულის სიმბოლო! ჩვენი სიყვარული არასდროს დაჭკნება და ამოყოფს თავს ნაგავში. ჩვენი სიმბოლო ჩემი სახლის ეზოში დარგული ის კაკლის ხეა, რომელიც ყოველ დღე იმაგრებს ფესვებს მიწაში და მედიდურად იწონებს თავს, სხვებთა შორის.
ერთი სული მაქვს, ეს კვირაც მიილიოს და შაბათს შენი ნახვა შევძლო ჩვენს სახლში. შენი სიზმრის ქალი ისე დაგხვდება, როგორც ეს შენ ისურვე, კეისარო.
შენი დედოფალი გელის... შენი კატერინა სულ შენთანაა, ფიქრებით და ცდილობს, შენი ცხოვრების ყველაზე მიუწვდენელი და შავ-ბნელი წერტილები გააფერადოს. ვიცი, რომ ოდესმე მთლიანად შევისრუტავ შენს არსებობას და ბოლომდე გაფერადებული, მზად იქნები ჩემთვის ხელის ჩასაჭიდად და აქედან წასაყვანად.
„გეხვეწები, სიყვარულით ჩამეხუტე,
მაგრძნობინე ორი წმინდა წამი.
გეაჯები, მონატრებით მეამბორე,
არ დამტოვო, გევედრები, მთვრალი.“
მალე შევხვდებით, ჩემო კეისარო. ჩვენს სახლში მუდამ დაგელოდები, ფანჯრის რაფაზე შესკუპებული.
უყვარხარ შენს დედოფალს,
-შენს კატერინას.“

-ეს არტური ვინღაა? - ისე ჰკითხა ანდრეამ გამომძიებელს, თითქოს მას უნდა სცოდნოდა პასუხი. - ძალიან პათეტიკური წერილებია, უცნაური სახელებით.
-სასიყვარულო წერილებია, ანდრეა. - გაეღიმა ახვლედიანის დამანჭული სახის დანახვისას თოიძეს.
-ხო, მაგრამ ზედმეტად მომართული პათოსითაა დაწერილი.
-აშკარაა, რომ ორივე ავტორის მიზანიც სწორედ ეს იყო. სასიყვარულო წერილებია, თანაც საიდუმლო.
-შეუძლებელია, რომ ამ წერილების ავტორი მამაჩემი იყოს.
-მაშინ მას რატომ ექნებოდა ეს წერილები?
-მამაჩემის ოთახი ორასი წელი მაინც იქნებოდა დაულაგაბელი. ეშმაკმა უწყის, ვის სასიყვარულო წერილებს ვკითხულობთ ახლა!
-კითხვა განაგრძეთ, იქნებ რამე საინტერესო აღმოვაჩინოთ. - თვალებით მობილურისკენ ანიშნა გიორგიმ ახვლედიანს და ისევ მოემზადა მოსასმენად.
წერილები იყო ძალიან ბევრი. თითოეული მათგანი თავბრუდამხვევი სასიყვარულო სიტყვებით, ფრაზებითა და ლექსებით იყო გაჯერებული. „კეისარი“ და „დედოფალი კატერინა“ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მათი საიდუმლო კავშირისა და იდუმალების ამოხსნა ძალიან უძნელდებოდათ თოიძესა და ახვლედიანს.

-ორი წერილიღა დაგვრჩა! - ამოიხვნეშა გადაღლილმა ანდრეამ და ფანჯრისკენ გააპარა თვალი - უკვე ბინდდებოდა.
-ძალიან კარგი, აბა გისმენთ. - ჩაის ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა გიორგიმ.

„ჩემო კეისარო,
ვგრძნობ, რომ ვგიჟდები! ყოველი მზის ამოსვლისას და ჩემს ოთახში სხივების შემოპარებისას, მგონია, რომ ის დღეა, როცა ერთმანეთს შევხვდებით. ამდენს ვეღარ მოვითმენ. ვიცი, რომ არ შეგიძლია. ვიცი, რომ შენს ცოლს... ღმერთო, ვიცი, რომ შენს შვილს სჭირდები, მაგრამ... კეისარო... შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. გთხოვ, გამონახე დრო და ჩვენს სახლში მოდი.
ქორწილი ახლოვდება. დაწყევლილი დღის სულისწამღები ხმა სულ უფრო ცხადად ჩამესმის ყურებში.
ქორწილი ახლოვდება! კეისარო, დედოფალი გითხოვდება.
უნდა მოხვიდე! უსიკვდილოდ და უმიზეზოდ, კვირა დღეს ჩვენს სახლში დაგელოდები. არაფერი მინდა: არც შენი შეხება, არც ჩახუტება, არც კოცნა და არც ალერსი - ლაპარაკი მინდა შენთან.
გემუდარები, მოსცილდი შენს ცოლს და ძველებურად დამითმე დრო. მჭირდები, კეისარო, შენს დედოფალს მცირეოდენი დრო სჭირდება შენი ცხოვრებიდან, რომლის ყველა წამიც მე მეკუთვნოდა, ერთ დროს.
შენ შვილი გეყოლება და მე გავთხოვდები, მაგრამ ეს მერე... მანამდე უნდა გნახო!
იქნებ საბოლოოდ, იქნებ უკანასკნელად, იქნებ სამუდამოდ...
უნდა გნახო, თვალებში ჩაგხედო და გითხრა!
ჩემი მეწამულისფერი მოსასხამი შენთან დამრჩა. სამახსოვროდ შეინახე და მოუფრთხილდი. მე ჩემს კეისარს, კეისრისა მოგართვი...
მჯეროდა, რომ ამ ქვეყნის მიწიერება იმდენად ფართო იქნებოდა, ჩვენს ბრალიან სიყვარულს დაიტევდა. იმისიც მწამდა, რომ ის, რაც ნამდვილი და წრფელია, ვერასდროს იქნება ცოდვათაგან შებღალული.
კეისარო, მინდა ბოლომდე მწამდეს ამის. კვირას მინდა, რომ ვიწამო ამქვეყნიური სიყვარულის ჭეშმარიტება.
მოდი! მე გელოდები...
ისევ იქ და ისევ ისე... ამჯერად დიდი სათქმელით, პირზე.
უყვარხარ...
შენს კატერინას კი არა,
ჩემს არსებას უყვარხარ.“

გამომძიებელი ნათლად ხედავდა, რომ კითხვისას ანდრეას ნელ-ნელა უხშირდებოდა სუნთქვა და ყბის კუნთები ეჭიმებოდა. კითხვა დაასრულა თუ არა, უკანასკნელ წერილზე ისე სწრაფად გადავიდა, თოიძესთვის არაფერი უკითხავს.


„უადრესატოდ. (ისე კი ჩემს კატერინას)
შენი ოცნებები, შენი სილამაზე, შენი არსებობა - უცებ დავამსხვრიე!
აღარარსებულო და ყველაზე მტკივნეულო - მე შენ გაგაწბილე...
შებღალულო და ნაღალატევო - მე ხომ გაგაფრთხილე?!
საშინელი ვართქო, ხომ გითხარი - რატომ არ მისმინე?!
ისევ ვიღაც მპოულობს და სახლში მიმათრევს. მეუბნებიან - სასმლის სუნად ყარხარო. არადა, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რომ ეს სასმლის კი არა, ჩემი აქოთებული სულის სუნია!
ცოლი ჩემთან მოკარებას ცდილობს, მე კი ისე ვიშორებ თავიდან, თითქოს არც მახსოვდეს, რომ იმ დამპალ მუცელში ჩემი ნაშიერი უზის.
მეზიზღებიან!
შენ გარეშე გატარებული დღეები...
შენ გარეშე დანახული ადამიანები...
შენ გარეშე უაზროდ მოხეტიალე წამები...
როგორ ვიცხოვრო?! შენ გარეშე როგორ ვიცხოვრო?! რისთვის ვიცხოვრო? - ქალისთვის, რომელიც არაფრად მიმაჩნია?! მე შენ მჭირდები!
კატერინა, მე ისევ მინდა შენთან ერთად კაკლის ხის ქვეშ დგომა და დაუსრულებლად იმაზე ჩურჩული, რომ არ არსებობს შენზე დიდი ქალი ამ უაზროდ განიერ ქვეყნიერებაზე. მე შენთან ერთად მინდა, ყოველი დილის შეხვედრა და ყოველი ღამის გაცილება.
არ მჭირდებიან!
ეს უაზრო და ჩამორეცხილი სახეები არ მჭირდებიან. არცერთი არ ხარ; არცერთში არ ხარ!
ნეტავ რა უნდა გეთქვა?! ნეტავ რა უნდა გეთქვა, იმ დღეს?! ნეტავ რა უნდა გეთქვა?!
მძულს ხელის კანკალით დაწერილი და უაზრო ცრემლებით გადღაბნილი სიტყვა - მაპატიე.
მაპატიე... მაპატიე... მაპატიე...
გევედრები! მაპატიე...
მჭირდებოდი,
გჭირდებოდი,
ვერ შეგინარჩუნე, ვერ დაგიცავი, ვერ მოგიფრთხილდი.
ჩემო დედოფალო, ჩემო კატერინა, ჩემო ერთადერთო, ჩემო სანუკვარო - შენი არაკაცი, შენი უღირსი, შენი საშინელი და ლაჩარი კეისარი - ვერ მოგიფრთხილდა...
ნეტავ რა უნდა გეთქვა?! ნეტავ რა უნდა გეთქვა?! წყეული სიტყვები, რომლებიც შენს ბაგეებს არ მოწყდა და მე ვერ გავიგონე!
- ნეტავ რა უნდა გეთქვა?!“

-რა უნდა ეთქვა, გიორგი?! - უცებ წამოხტა თვალებშისისხლჩაქცეული და ყბადაჭიმული ანდრეა ფეხზე და ისეთი სახით შეხედა გამომძიებელს, თითქოს ამ უკანასკნელს პასუხი რომ არ ჰქონოდა, თავს წააჭრიდა.
-ორსულად იყო... - თავი დახარა გიორგიმ და ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა.
ანდრეა მოწყვეტით დაეცა დივანზე და ხელში ჩაბღაუჭებულ მობილურს ხელი შეუშვა.
-თ...თამარა? - ხმა წაერთვა ახვლედიანს. გამომძიებელმა უბრალოდ თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად. - მამაჩემისგან? - ხელი უსიცოცხლოდ მიირტყა გულ-მკერდზე მამაკაცმა. თოიძემ ისევ დააქნია თავი.
-ღმერთო ჩემო... - ამოიგმინასავით ანდრეამ და ორივე ხელი სახეზე აიფარა.
-დედოფალი კატერინა და კეისარი... თამარა ჯაყელი და მისი ძმის ბავშობის მეგობარი, ირაკლი ახვლედიანი... - განაჩენივით ჟღერდა გამომძიებლის სიტყვები.
-ღმერთო ჩემო... - ენას ძლივს იბრუნებდა პირში ახვლედიანი.
-ეს არის მიზეზი, ანდრეა. ეს არის ამდენწლიანი მტრობის მიზეზი.
-რა მოუვიდათ?! თამარას და ბავშს რა ბედი ეწიათ?! მამაჩემის ბოლო წერილი რას ნიშნავდა?! მოკლეს?
-თავი მოიკლა...
-ღმერთო, დიდებულო! - ისევ შეყვირა გაგიჟებულმა ანდრეამ და ორივე ხელი თავზე გადაისვა.
-და როგორც ჩანს, ბავშვიც მოკლა. - დაამატა გიორგიმ ოდნავ უფრო მოგუდული ხმით.
-არ მჯერა! არ მჯერა ამ ყველაფრის. ამ... ამ წერილების და იმ სიტყვების... ღმერთო, მამაჩემი და თამარა? ის თამარა... ილია ჯაფარიძის საცოლე თამარა... - წამოდგა ახვლედიანი და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
-რაღაც დეტალები ისევ გასარვევი რჩება, მაგრამ...
-ვის ადარდებს დეტალები?! - წამოიყვირა ანდრეამ. - ვის ადარდებს დეტალები, როცა ახლა ყველაფერი ცხადია. მისი დამოკიდებულება დედასთან, მისი დამოკიდებულება ჩემთან - მას ვძულვართ, ორივე... ჩვენ... ღმერთო, მე შევუშალე მას ხელი, რომ თამარასთან ბედნიერი ყოფილიყო. მე ვიყავი, ბატონო გამომძიებელო, წარმოგიდგენიათ?! - ამ ყველაფრის მიზეზი მე ვარ! - ნერვულად იცინოდა მამაკაცი და ოთახში მიმოდიოდა.
-ილია არასდროს დათმობდა თამარას და მამათქვენი ვერასდროს გაშორდებოდა დედათქვენს. ანდრეა, თქვენ არაფერ შუაში ხართ!
-იქნებოდნენ! ერთად იქნებოდნენ დედა ჩემზე რომ არ დარჩენილიყო ორსულად!
-ამას უკვე ვეღარავინ გაიგებს...
-მამაჩემს უყვარდა... თამარა უყვარდა... ვიღაც უყვარდა... გესმით? - მამაჩემს უყვარდა! აი, აი, ისე ძლიერ უყვარდა. - მობილურისკენ გაიშვირა უსიცოცხლოდ აღმართული ხელი ანდრეამ. - იმ თითოეული სიტყვით უყვარდა... ჩემამდე... ჩემამდე.
-მამათქვენს მართლა ისე ძლიერ რომ ყვარებოდა თამარა, როგორც ამას წერილებში წერდა, აუცილებლად იქნებოდა მის გვერდით, ყველაფრისდა მიუხედავად! - ტონს აუწია გამომძიებელმაც და წამოდგა.
-მე ვერ დამტოვა, ვერ ხვდებით?! ჩემ გამო ვერ მიატოვა დედა! - უნებლიედ ამართლებდა ანდრეა მამამისს.
-დიახ, დედათქვენი, რომელიც თქვენი მიზეზით ნამდვილად არ მოუყვანია ცოლად. თამარას და მას ბავშობიდან უყვარდათ ერთმანეთი, ისინი ერთად იზრდებოდნენ! მამათქვენს რომ ნდომოდა იქამდე მოიყვანდა ცოლად თამარას, სანამ ნინო ან ილია გამოჩნდებოდა, მათ ცხოვრებაში. მაგრამ მამათქვენმა ფული არჩია და გარიგებით ქორწინება. ეს მამათქვენის არჩევანი იყო, მამათქვენის შეცდომა! ამ ფურცელზე დაწერილი თითოეული სიტყვა ფუჭია, გესმით?! იმიტომ, რომ მამათქვენი არასდროს აპირებდა დედათქვენის მიტოვებას.
-თქვენ რა იცით?! - წამოიყვირა ანდრეამ.
-განა ყველა ფაქტი ამაზე არ მიუთითებს, ანდრეა? - ჩაეცინა თოიძეს და ხელები გაშალა. - ცოლად ერთი ჰყავდა და იმას საყვარლობდა, რომელიც მისი მეგობრის და და პარტნიორის საცოლე იყო. ხედავთ, სად იმალება ყველაფრის თავიდათავი?! ხედავთ, სად იწყება ამდენწლიანი მტრობა?!
-ჯანდაბა... ჯანდაბა... - ხმა ჩაეხლიჩა ახვლედიანს. თვალებს უმწეო ბავშივით აქეთ-იქით აცეცებდა და გამოსავალს ეძებდა.
-ძალიან ვწუხვარ, ანდრეა, მაგრამ ესაა სიმართლე. სხვა სიმართლე არ არსებობს...
-უნდა წავიდე! - უცებ წამოიძახა ანდრეამ და დივანზე მიგდებულ ქურთუკს დასწვდა.
-რა?! ასე ვერსად გაგიშვებთ. რაღაც სისულელეს ჩაიდენთ!
-არაფერს არ გავაკეთებ, უბრალოდ უნდა წავიდე, გამატარეთ!
-არ გაგატარებთ, სანამ არ დამშვიდდებით და არ მეტყვით, სად მიდიხართ!
-გამატარეთ-მეთქი! არსად მივდივარ: არც ჯაყელებთან, არც ჯაფარიძეებთან და მითუმეტეს, არც ახვლედიანებთან!
-აბა სად მიდიხართ?!
-გამატარე, გიორგი! - წამოიყვირა ანდრეამ და ხელით გაწია მამაკაცი. - ჩემზე არ ინერვიულოთ და არ დამირეკოთ. არაფერს დავაშავებ! - ქურთუკი ჩაიცვა ახვლედიანმა და კარი გააღო.
-ანდრეა, გაჩერდი!
-აქ ვეღარ გავჩერდები, აღარ შემიძლია! - თავისთვის ბუტბუტებდა მამაკაცი და ჭიშკრისკენ მიიწევდა.
მანქანა სწრაფად დაქოქა და იქამდე აორთქლდა ადგილიდან, სანამ გიორგი გარეთ გავიდოდა. საჭეს არეული გონებით მართავდა და შიგადაშიგ, ხელს ურტყამდა, გამწარებული. სწრაფად ატარებდა და არაფერზე ფიქრობდა. საერთოდ არაფერზე: არც თამარაზე, არც ირაკლიზე, არც დედამისზე. მხოლოდ გზას გაჰყურებდა და გაზს ადგამდა ფეხს.
თბილისს რომ გაცდა, ადრენალინმაც იმატა მასში. არც კი იცოდა, სად მიდიოდა, უბრალოდ მიაქროლებდა მანქანას.
რაღაც დროის შემდეგ მოეშვა და გაზსაც აუშვა ფეხი. მანქანა გზატკეცილიდან გადაიყვანა და მობილური ამოიღო ჯიბიდან. გაუაზრებლად აკრიფა იმ ადამიანის ნომერი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად სჭირებოდა და რომელიც ახლა ყველაზე კარგად გაუგებდა.

-გისმენ, ანდრეა. - მალევე გაიგო ტელეფონში მისი მოგუდული ხმა.
-აქ უამრავი რამ მოხდა და ყველაფერი თავზე მემხობა. ვინმეს რომ არ მოვუყვე, გავგიჟდები. ამ ყველაფერს ჩემში ვერ დავიტოვებ, უნდა გნახო!
-გინდა, ისედაც განადგურებულს, კიდევ დამიმატო?!
-ახლა მხოლოდ შენ გამიგებ...
-ანდრეა, არ შემიძლია...
-გევედრები, მიმიღე! - უმწეო ხმა ჰქონდა ახვლედიანს.
დიდხნიანი პაუზა იყო, მერე ჩუმი ოხვრა და პასუხი:
-ჩემი სახლი ყვარლის ტბას გადაჰყურებს, სამხრეთის მხრიდან. ქალაქში როგორც კი შემოხვალ, სულ პირდაპირ იარე, გზას არ გადაუხვიო. მერე ქალაქიდან გამოხვალ და ერთადერთ გზას დაადგები. არ გადაუხვიო, ჩემამდე მოგიყვანს.
-რამდენიმე საათში შენთან ვიქნები, ეკატერინე. - შეწუხებული და შეჭმუხნული სახე წამში მოიცვა მკრთალმა ღიმილმა. ტელეფონი გათიშა, გვერდით გადადო, ისევ დაქოქა მანქანა და ყვარლის გზას დაადგა.

*_*_*_*

შუაღამე უკვე გადასულიყო. სავსე მთვარეს ხარბად ირეკლავდა ყვარლის ტბა. ირგვლივ გამეფებული სიწყნარით ტკბებოდა ვერანდაზე მდგარი და თვალებმინაბული ეკატერინე. გრძნობდა, რომ მისი სულიერი სიმშვიდე დიდხანს აღარ გასტანდა და მაშინვე დაირღვეოდა, როგორც კი ანდრეა ახვლედიანი მისი სახლის ზღურბლს გადალახავდა.
რა ვალდებული იყო, მასპინძლობა გაეწია ახვლედიანისთვის და მისთვის თავშესაფარი მიეცა?! რომელი მისი ახლობელი მეგობარი ის იყო?! ოჯახისწევრებს და მეგობრებს აუკრძალა მასთან კონტაქტი და მას იღებდა, შუაღამით, სტუმრად?! - ვალდებული სულაც არ იყო, მაგრამ ანდრეასაც თავისუფლად შეეძლო, თავი მიენებებინა ჯაყელისთვის მოსკოვში და ღამეები არ ეთენებინა მისთვის. არც ანდრეა იყო ვალდებული. ეს კარგად იცოდა ეკატერინემ, ამიტომაც, მასსავით განადგურებულ მამაკაცს გასაქცევი გზა ვერ მოუჭრა.
მანქანის ხმა მალევე გაიგო და მიხვდა, რომ ანდრეას მისი სახლისთვის მიეგნო. თბილი ჟაკეტი უფრო მჭიდროდ მოიხვია სხეულზე და გარეთ გავიდა, რათა მამაკაცს შეგებებოდა.

ანდრეამ ფარები ჩააქრო და ძრავა გათიშა. რამდენიმე წამით მანქანაში იჯდა და არ გადადიოდა, სანამ ჭიშკარი არ გაიღო და ჯაყელი გამოჩნდა. ნელი მოძრაობით გააღო კარი და გადავიდა. ხელები თხელი ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო და მანქანას მიეყრდნო ტანით. გარემო შეათვალიერა, დარწმუნდა, რომ უახლოეს რადიუსზე, ჯაყელების სახლის გარდა, შენობა არ ჭაჭანებდა. შემდეგ ისევ რკინის კართან აწურულ ეკატერინეს მიუბრუნდა და მკრთალად გაუღიმა.
ჯაყელისთვის ასე ნაცნობი ტკივილ და სევდაჩამდგარი თვალები მაინც ვერ დაფარა ანდრეას ბაგეების ოდნავ შეხსნამ. იმ წამსვე დარწმუნდა კატო თავისი გადაწყვეტილების სისწორეში და ჭიშკარს მოსცილდა.

-ადვილად მომაგენი? - უცნაურად ჩუმი და ოდნავ ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა გოგონას.
-ვეცადე. - მხრები აიჩეჩა ანდრეამ და უფრო ფართედ გაეღიმა. მანქანას მოსცილდა და ჯიბეებშიხელებჩაწყობილი დაუდგა ჯაყელს წინ. - მადლობა, რომ ჩემს ატანას დათანხმდი.
-სახლში შევიდეთ, ცივა. - ისეთივე უემოციო ხმა ჰქონდა კატოს, როგორიც მათი ბოლო შეხვედრისას. ზურგი აქცია მამაკაცს და სახლისკენ გაბრუნდა.
ახვლედიანი გარემოს ათვალიერებდა, ეკატერინე წინ მიუძღვოდა. სიჩუმეში ნაბიჯების ხმაც კი უხეშად ხმამაღლა ჟღერდა.
სახლში შესვლისთანავე, ანდრეას სხეულში სითბომ დაუარა, ხოლო ცხვირში საღებავის მძაფრი სუნი ეცა. პატარა ჰოლი გაიარეს და დიდ სასტუმრო ოთახში მოხვდნენ, რომელსაც ვერანდიდან მომავალი მთვარის შუქი ანათებდა, ბუხრის მბჟუტავ სინათლესთან ერთად. ქვით ნაშენი ბუხარი ხის მართკუთხა კიბის ქვეშ იწონებდა თავს. ანდრეამ მაშინვე შენიშნა ბუხრის თავზე გამწესებული საოჯახო სურათები და მიხვდა, რომ ყვარლის სახლს დიდი ხნის განმავლობაში არ წყალობდა ოჯახი. სურათებზე ეკატერინეც იყო, ლუკაც, ბექაც, ნიკოლოზიც და მარიამიც - ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი იღიმებოდა ჩარჩოებიდან.
-ლამაზი სახლია. - სხეულში სითბო და მყუდროებაგამჯდარმა ანდრეამ გულწრფელად აღნიშნა. ეკატერინეს არაფერი უთქვამს, უბრალოდ მიუბრუნდა მამაკაცს და რამდენიმე წამით მიაშტერდა. - მართლა ვამბობ. - დაამატა ღიმილით, როცა გოგონას ამოუხსნელი მზერა ეხამუშა.
-რატომ მოხვედი ჩემთან?! - ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის თავი არ ჰქონდა ეკატერინეს. ანდრეას ღიმილი გაუქრა სახიდან და წარბები შეკრა.
-არ ვიცი. - თვალები აარიდა გოგონას.
-გამოიქეცი?
-შენსავით. - უმალ გადაიტანა საოჯახო სურათებიდან კატოზე მზერა.
-მეგონა, ლაპარაკი გინდოდა. - სასხვათაშორისოდ აღნიშნა ეკატერინემ. ისე, თითქოს არც სალაპარაკო თემა აინტერესებდა და არც ანდრეას ყოფნა არ ყოფნა მის სახლში.
-არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო ან რით. - მთელი ძალისხმევით შებოჭილმა სასოწარკვეთილებამ გამოჟონა ახვლედიანის ხმაში. თვალებს ისევ აქეთ-იქით აცეცებდა და ნებისმიერ თემას ეძებდა, სალაპარაკოდ. უცებ კიბის მარცხენა მხარეს, ფანჯარასთან დადგმულ მოლბერტს მოკრა თვალი და მისკენ შებრუნდა მთელი ტანით.
-ხატავ? - სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ანდრეა, როცა მისი დასკნით ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფ სურათს წააწყდა. ახლა აღარ უკვირდა მთელ ოთახში გაჟღენთილი საღებავების სუნი, რომელიც შემოსვლისთანავე იყნოსა.
-მხატვარი ვარ. - მშრალი იყო ჯაყელის პასუხი.
-ხო, რა თქმა უნდა, ვიცოდი და დამავიწყდა. - ჩაიცინა მამაკაცმა და მოლბერტს მიუახლოვდა. სურათზე რამდენიმე ფერით შექმნილი ქაოსი იყო დატანილი; გამოუცდელი ანდრეასთვის არანაირი აზრის მატარებელი. თუმცა ხელოვნებაში ყოველთვის მოიკოჭლებდა, ამიტომაც ავტორს დაეკითხა:
-აქ რა ხატია, შეგიძლია მითხრა? - დაბნეული ღიმილით მიუბრუნდა გოგონას, ეს უკანასკნელიც მაშინვე მიუახლოვდა ახვლედიანს და სურათს დააცქერდა.
-ცხოვრება. - მოკლე იყო მისი პასუხი.
-ეს ფერთა ქაოსი ცხოვრებაა? - გაიოცა ანდრეამ და თითი სურათისკენ გაიშვირა.
-ჰო. - მხრები აიჩეჩა კატომ.
-შეგიძლია ამიხსნა, რატომ? აი, მაგალითად, წითელი ფერი რას ნიშნავს?
-წითელი ფერი ტკივილია.
-ტკივილი წითელი ფერია შენთვის?
-რატომ გაგიკვირდა?
-არ ვიცი, მეგონა შავი ასოცირდებოდა ტკივილთან.
-შავი ფერი ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება.
-კარგი, გასაგებია. და ეს წითელი თეთრიდან გამოდის, თუ თეთრად გარდაიქმნება? - თვალები დააწვრილა ანდრეამ და უკეთ დააკვირდა ნახატს.
-თეთრიდან გამოდის და თეთრად გარდაიქმნება. თეთრი ფერი სიკვდილისფერია.
-და ცისფერს ერწყმის? საინტერესოა, ცისფერი რას აღნიშნავს?
-მარადისობას.
-წითელი ფერი ალაგ-ალაგ ყვითლით რომ გაქვს დასერილი?
-ყვითელი ჩემთვის იმედისფერია. მწვანე - ახალი საწყისის, ლურჯი - შეცდომების.
-მაინცდამაინც ლურჯი რატომ არის შეცდომების ფერი? - დაინტერესდა ანდრეა.
-იმიტომ, რომ ჩემი ხედვით, ყველა ფერის გადაფარვა ან სხვა ფერთან გაზავება შეგიძლია. ლურჯის გარდა. ნამდვილი მუქი ლურჯი არასდროს იფარება სხვა ფერით და არც რაიმეს ერწყმის იმდენად კარგად, რომ თავისი ფერი დაკარგოს.
-რანაირად?! საღებავებით ხომ ყველა ფერი შემიძლია გადავღებო? ერთი გაშრება და მერე მეორეს გადავატარებ ზემოდან. ასე ხომ გადაიფარება პირველი ფერი?
-საღებავებზე არ მაქვს ლაპარაკი. იმდენად ძლიერი ქიმიაა, ხშირად ფერებს თავის პიროვნულ სიძლიერესაც კი უკარგავს. შავი უფრო ძლიერი ფერია, ვიდრე მწვანე, მაგრამ აბა საღებავებით ცადე? - მაშინ აღარ იარსებებს ძლიერი და სუსტი ფერები. ყველა ფერის გადაღებვაა შესაძლებელი.
-უცნაური ხალხი ხართ ეს ხელოვანები! - შეწუხდა ანდრეა. - თუ საღებავებზე არ გაქვს ლაპარაკი, აბა რას გულისხმობ?!
-ლურჯი ფანქარი რომ აიღო და მთელი ფურცელი გააფერადო, შემდეგ, შავის გარდა, რომელიმე ფერით მის სრულად გადაფარვას შეძლებ?
-ვერა?
-მხოლოდ ფერს შეუცვლის, მაგრამ არც იმდენად, რომ თავდაპირველი, ფერის გარჩევა ვერ შეძლოს თვალმა.
-შავიც ხომ ასეა? კიდევ უფრო მეტად ჯიუტი ფერია, ვიდრე მუქი ლურჯი.
-შავი პირველსაწყისია. უბრალოდ შავია და მორჩა, ბუნებაში გაჩნდა ასეთი. შეცდომები ასე ხომ არ არის? დაბადებისას ხომ არ დაგვყვება? ჩვენ ვქმნით მას მერე, ცხოვრების გზაზე და რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა დავხარჯოთ, ვეღარ ვშლით.
-წითელი ფერი რომ გადაუსვა, არ გადაიფარება?
-უნდა გადაიფაროს კიდეც. რაც უფრო კაშკაშა წითელ ფერს ავიღებთ, მით უკეთესად გადავფარავთ ლურჯს, მაგრამ ასეც უნდა იყოს. შეცდომები ხომ ტკივილის მშობელია?!
-საინტერესო თეორიაა. ხელოვნების ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მაგრამ მომხიბლე. - ჩაიცინა ანდრეამ და კიდევ ერთხელ დააკვირდა ნახატის ერთიანობას. - ეს გუაშებით შეასრულე ასე ოსტატურად?
-არა, ხელებით.
-რადგან ჩვენ ცხოვრებას საკუთარი ხელებით ვქმნით, არა?! სწორად მივხვდი? - გაეცინა ახვლედიანს.
-არა, უბრალოდ ხელით მუშაობაც მიყვარს. - მხრები აიჩეჩა ეკატერინემ უემოციოდ; ანდრეას ისევ ჩაეცინა.
-ქაოტური სურათია...
-ისევე, როგორც ჩემი ცხოვრება.
-და ჩემიც.
-ყველასი. ყოველი ახალი ფერი, ახალი ქაოსია ამ ცხოვრებაში.
-ხანდახან, კარგი იქნებოდა, ეს ცხოვრება შავ-თეთრი რომ იყოს, არა? უფრო მარტივი იქნებოდა - ან სწორია ან არასწორია. ან ასეა ან ისე.
-ისეთია, როგორიც არის. მისი შეცვლა აღარ შეგვიძლია.
-მაგრამ სამაგიეროდ დახატვა შეგვიძლია და ამით გულის მოოხება. - გაეღიმა ახვლედიანს. - ამ სურათს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი პარიზის რომელიმე ცნობილ გალერეაში. - დაამატა შემდეგ და კიდევ ერთხელ დააკვირდა „ცხოვრებას“.
-აქ ჩემს ნახატებზე სალაპარაკოდ ჩამოხვედი? - ისევ მშიდი და გაწონასწორებული ხმა ჰქონდა ეკატერინეს.
-უბრალოდ დრო გამყავს, რომ დავმშვიდდე და თავში აზრები დავალაგო. - გულწრფელად გამოტყდა მამაკაცი.
-აფორიაქებულის არაფერი გეტყობა.
-ჰო, შენ უარეს მდგომარეობაშიც გინახივარ. - გაეღიმა ანდრეას. - აქ დავსხდეთ?
-ვერანდაზე გავიდეთ. - დაიჩურჩულა ეკატერინემ და ისევ წინ გაუძღვა ღამის სტუმარს.

*_*_*_*

მრგვალ მაგიდას ერთმანეთის პირისპირ ესხდნენ და თვალებში უყურებდნენ ერთიმეორეს. ანდრეა პირველ პაემანზე მყოფი შეყვარებული ქალივით იფშვნეტდა თითებს, თუმცა მზერას არასდიდებით აშორებდა ქალს.
-უკეთესად გამოიყურებითქო, გეტყვი, მაგრამ ვიცი, რომ არ დამიჯერებ. - შორიდან მოვლა გადაწყვიტა ანდრეამ.
-ჰო, ხელებში აღარ გაკვდები. - სიმწრის ირონიით გაეჟღინთა თვალები ეკატერინეს - ტუჩები არც შერხევია.
-ვიცი, ახლა რასაც გრძნობ.
-იცი?!
-გგონია, რომ უფსკრულის პირას დგახარ და შეიძლება ნებისმიერ წამს გადაიჩეხო, მაგრამ არ გადარდებს. საერთოდ არაფერი გადარდებს, იმიტომ, რომ უკვე განიცადე ტკივილის ორგაზმი. მეტად შორს ვეღარ წახვალ.
-ტკივილს იქამდეც ვგრძნობდი. იმაზე ბევრად დიდს და გამანადგურებელს, ვიდრე ახლა. - ტონი არ უტოკავდა ჯაყელს.
-მართალი ხარ. ტკივილი არა, იმედგაცრუება გახრჩობს. ყელს გიფხაჭნის, არა? - ვიცი.
-აღარ აქვს მნიშვნელობა. არამგონია, აქ ჩემი ანამნეზის შესასწავლად მოსულიყავი. - მოკლედ ჭრიდა გზას ეკატერინე.
-აქ მოსვლის უფლება არ მქონდა. - თავი ოდნავ დახარა ანდრეამ და წარბებსქვევიდან გახედა გოგონას.
-გეთანხმები.
-მეტ დათრგუნვასა და ტკივილს აღარ იმსახურებ.
-შენ თვითონ არ თქვი, ტკივილის ორგაზმს განიცდიო?! - ტუჩის კუთხე ოდნავ აწია კატომ. - მეტად აღარ მეტკინება.
-არც იმდენად მინდა გტკიოდეს, რამდენადაც ახლა გტკივა. - ტონი ოდნავ აიმაღლა ახვლედიანმა და წამოიძახა.
-მაშინ აქ არ მოხვიდოდი. - ხელები მკერდზე დაიკრიფა გოგონამ.
-ხომ იცი, რა ეგოისტიც ვარ?! - ტკივილი გაუკრთა თვალებში ანდრეას.
-უბრალოდ, საქმეზე გადადი. - შორიდან მოვლით დაღლილმა ეკატერინემ ამოიოხრა და მამაკაცს გაუღიმა.
-თოიძემ ზარდახშა გახსნა. - უცებ მოწყდა ანდრეას ბაგეებს სიტყვები.
-მერე? - უემოციო სახე წამითაც არ შეცვლია ჯაყელს.
-თამარას ფოტოები ვიპოვნეთ, რაღაც წერილები და კულონი. სურათებზე მამაშენთან და ბიაძაშენთან ერთადაა. კულონიც, როგორც ჩანს, მამაშენმა აჩუქა.
-საყვარლები იყვნენ, თუ და-ძმა?
-და-ძმა. ეკატერინე, თოიძე მართალი აღმოჩნდა, თამარა მამიდაშენი ყოფილა.
-ეგ სურათებით დაასკვენით, თუ იმით, რომ კულონი აჩუქა?
-წერილებით. როგორც ჩანს, იმ დროს წერდნენ ერთმანეთს, როცა მამაშენი ჯარში მსახურობდა.
-რატომ გაქვს ისეთი სახე, თითქოს ჯერ ყველაზე მთავარი არ გითქვამს და უბრალოდ მამზადებ? - გამომეტყველება და ტონი საერთოდ არ ეცვლებოდა ეკატერინეს.
-წერილებით და სურათებით კიდევ ერთი რაღაც გავიგეთ და იმიტომ. მამაჩემი და მამაშენი ბავშვობის მეგობრები ყოფილან და ჯარიც ერთად მოუხდიათ. თითქმის ყველა სურათში ერთად არიან - მამაშენი, ბიძაშენი, მამიდაშენი, მამაჩემი და ზოგჯერ, ბიძაჩემიც.
-ვახ, ერთი დიდი და თბილი ოჯახი, არა? - ცინიკურად ჩაეცინა გოგონას. - ჭორები თურმე არ ტყუოდნენ. როგორ ამბობენ? – „კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.“
-ჰო, გამოდის ჭორები არ ტყუოდნენ.
-და ის ქალი ვინ არის, „ლეგენდის“ თანახმად?!
-ის ქალი თამარაა...
-თამარა?! თამარაა ყველაფრის თავიდათავი?! - ოდნავმა გაკვირვებამ გაიელვა ჯაყელის თვალებში.
-ჰო, იდუმალი თამარა ყოფილა ჩვენი თავსატეხის გასაღები.
-რა მოხდა ასეთი? - ინტერესი ეპარებოდა კატოს.
-მამიდაშენს და მამაჩემს ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი და საყვარლები იყვნენ. მაშინაც კი, როცა თამარა ილიაზე იყო დანიშნული და ირაკლის ცოლი ჰყავდა. - თავი დახარა ანდრეამ და ამოიხრიალა.
-საყვარლები იყვნენ?! - გაოცება გაუღვივდა გოგონას.
-მამაჩემის დაკეტილ ოთახში შევიპარე და მათი წერილები ვიპოვნე.
-რა ეწერა იმ წერილებში ასეთი?!
-შენთვითონ ნახე. - ჯიბიდან მობილური ამოაცურა მამაკაცმა და წინ მჯდომს გაუწოდა. თავად კი წამოდგა, ყოველი შემთხვევისთვის ნაყიდი სიგარეტიდან ერთი ღერი ამოაცურა, მოუკიდა და მოაჯირს დაეყრდნო, იდაყვებით.
ეკატერინე წერილებს კითხულობდა ჩუმად. ანდრეა კი სიგარეტს აბოლებდა და რამდენიმე ასეული მეტრით დაცილებულ ტბას გაჰყურებდა.
არ არსებობდა ამაზე უფრო მღელვარე და ამავდროულად მშვიდი წამი მათ თანაარსებობაში.
ჯაყელის უემოციო გამომეტყველება წვეთ-წვეთად იღვრებოდა კითხვისას. ყოველი ახალი წერილი უფრო მეტად უღვივებდა საგულდაგულოდ დალუქულ ემოციებსა და შეგრძნ