შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (9)


14-03-2018, 23:09
ავტორი Nickolson
ნანახია 291

Blue Neighborhood (9)

15.
გასვენება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე იყო. მე და გიორგიმ ვიჩხუბეთ, რადგან ვუთხარი კუბის არ ავწევ-მეთქი. სერიოზული არაფერი, დიდად არც გაჰკვირვებია, მაგრამ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც მითხრა ერთი-ორი მწარე სიტყვა. მიჭირდა იქ ყოფნა, სახლიდან სასაფლაოსკენ მიმავალი გზის გავლა, ხელში ატატებული კუბოსა და მომღიმარი მარიამის გადიდებული სურათის ყურება (ლამაზი იყო) და ყვავილები... პირველი მუჭა მიწა მე რომ მივაყარე, მივხვდი, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა, ვეღარასდროს ვნახავდი. ახლა, როცა ასე ცხადად გავიაზრე მისი სიკვდილი, საშინელი მონატრება ვიგრძენი. მასთან კონტაქტის, დაახლოების ან ყველაფრის გამოსწორების სირვილი კი არა, უბრალოდ მინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბედნიერი... ნეტავ ოდესმე ბედნიერი ყოფილა? ნეტავ როგორ ცხოვრება სურდა? მივხვდი, რომ დედაჩემის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი და უკვე ძალიან, ძალიან გვიანი იყო ამის გამოსწორება.
- კარგად ხარ? - მომიახლოვდა თვალებჩაწითლებული გიორგი, როცა კუბოს მიწა მიაყარეს და საფლავზე ყვავილებიც დააწყეს.
ინსტინქტურად დავუქნიე თავი.
- წამოდი, უნდა წავიდეთ.
- წადით. მე ცოტა ხანში წამოვალ.
- სირცხვილია, დავით...
თვალებში ჯიქურად შევხედე. ძალიან დიდხანს და დაჟინებით ვუცქერდი. მარტო მინდოდა დარჩენა და მას ჩემი უნდა გაეგო. ბოლოს მოლბა, ამოიოხრა და მზრუნველად მითხრა:
- კარგი, როგორც გინდა, - მხარზე ხელი დამარტყა.
ვუყურებდი როგორ მიდიოდა ხალხი. ამბობენ, უკან, საფლავისკენ მოხედვა არ შეიძლებაო. რაც უფრო მშორდებოდნენ, უფრო მეტად მიჭერდა მკერდზე რაღაც, თითქოს მგუდავდა, მახრჩობდა. ყოველ წამს უფრო მეტად მიჭირდა სუნთქვა. უეცრად ხელზე შეხება ვიგრძენი. შეშინებულმა მივიხედე და რეზი შემრჩა ხელთ. არც ვიცოდი, თუ დარჩა. თითქოს რაღაც ნაპერწკალი გამოჩნდა, რომ ეს დასასრული არ იყო. თითქოს შემეძლო ამ იმედს ჩავბღაუჭებოდი, მისთვის ხელი ჩამეკიდა და სუნთქვა მეცადა.
- მგონი მიყვარდა, - მთელი დარჩენილი ენერგია შევალიე ამის თქმას და ვიგრძენი, როგორ მომაწვა ცრემლები. აღარ შემეძლო თავის შეკავება. სახეზე ავიფარე ხელები და ავტირდი. რეზიმ ფრთხილად ჩამიკრა მკერდში. არ უცდია ჩემს დამშვიდებას, საშუალება მომცა ყველაფრისგან დავცლილიყავი.
ბოლოს თავი ავწიე და ცრემლები გავიმშრალე. ფრთხილად გადამისვა თმაზე ხელი და უცებ თვალებზე მაკოცა. გავშეში. უცნურად მოლოდნელი და ძვირფასი იყო მისი საქციელი. ხელები ქურთუკის საყელოში ჩავავლე და ვაკოცე. მთელი გრძნობით და მოთხოვნით ვკოცნიდი და ისიც იმავეთი მპასუხობდა. მგონი ყველაზე სასოწარკავეთილი კოცნა გამოგვივიდა.
- როგორ ხარ? - მკითხა ბოლოს.
- უკეთ.
- გინდა წავიდეთ?
თავი დავუქნიე. ფეხით წამოვედით სასაფლაოდან.
მეორე დღეს თბილისში ენდის მანქანით დავბრუნდით. უკანა სავარძელზე ვიწექი, თავი რეზის კალთაში მედო და მთელი გზა მეძინა. საღამო იყო, სახლში რომ მივედით. ენდი და ლუკაც დაღლილები იყვნენ და აღარ ამოვიდნენ. თავისუფლად ამოვისუნთქე როცა ზღურბლზე ფეხი გადავაბიჯე და ჩანთა იქვე, იატაკზე დავაგდე. ძალაგამოლეული ჩავესვენე სავარძელში.
- არ გშია? - მკითხა რეზიმ.
- არც ისე. დაღლილი ვარ.
- გინდა აბაზანა მოგიმზადო? - რეზი სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა და ჩემი ხელი აიღო.
- კარგი იქნებოდა.
ღიმილით დამიქნია თავი. ჩემკენ გადმოიხარა და მოწყვეტით მაკოცა.
მესმოდა, როგორ ამზადებდა აბაზანას, მე კი იმის თავიც არ მქონდა, რომ ფეხსაცმელი გამეხადა. ბოლოს, როგორც იქნა წამოვიზლაზნე და სააბაზანოში შევედი. რეზიმ ზუსტად იმ დროს დაკეტა ონკანი და წყალში ქაფი გახსნა. ტანსაცმელი გავიხადე და
ცხელ წყალში ჩავწექი. შვება იყო. რეზიმ მარტო დამტოვა, საჭმელს გავაკეთებო. წყალში მანამდე ვიყავი, სანამ არ გაცივდა. მართლა დამეხმარა. მხრებიდან სიმძიმე მომეხსნა. ახლა მხოლოდ გამოძინებაღა მჭირდებოდა.
- რა კარგი სუნია, - შემწვარი კარტოფილის სუნზე მუცელი ამიხმაურდა.
– დაჯექი, – რეზი უკვე სუფრას შლიდა.
მაგიდას მივუჯექი და დაველოდე, სანამ ისიც დაჯდებოდა. რეზი კარგად ამზადებდა, რითაც მე ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი.
ჭამის მერე მაგიდის ალაგება დავიწყეთ.
– წყალს გადავივლებ უცებ, – მითხრა მან.
სანამ რეზი იბანდა, ჭურჭელი გავრეცხე და გავამშრალე. ისეთი დაღლილი ვიყავი, ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. დავწექი. მესმოდა, როგორ ჩხრიალებდა წყალი სააბაზანოში, შემდეგ რეზიმ ონკანი დაკეტა და რამდენიმე წუთს სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც ხანდახან თუ დაარღვევდა შრიალის ჩუმი ხმა. რეზი სააბაზანოდან გამოვიდა და თავის ოთახში შევიდა.
თვალები დავხუჭე. მინდოდა, რომ ჩემთან შემოსულიყო. მარტო ყოფნა არ მსურდა, მაგრამ რეზის ძალიან დიდხანს აგვიანედებოდა.
„არც კი მითხოვია ჩემთან დაეძინა. ისე რატომ შემოვიდოდა?“ – გავიფიქრე სევდიანმა. მაგრამ ყვარელში ჩემთან ეძინა, ახლა რატომ მარიდებდა თავს? იქნებ იმიტომ, რომ იქ სხვა სიტუაცია იყო, ახლა კი მარტოები ვიყავით.
ამ ფიქრებში ვიყავი წასული, რომ ჩემი საძინებლის კარი გაიღო და რეზი შემოვიდა. თეთრი მაისური ეცვა და მოკლე შორტი. არაფერი უთქვამს, ჩემს საწოლს თავისუფალი მხრიდან მოუახლოვდა, საბანი გადასწია და სწრაფად შემოძვრა.
– გძინავს? – მკითხა ჩურჩულით.
თავი გავაქნიე და თვალები გავახილე.
– თმა ისევ სველი გაქვს? – ხელით მოვუსინჯე.
– ამაღამ გაშრება.
– არ გაცივდე.
– ჩამეხუტე, – მთხოვა მან.
ოდნავ წამოვიწიე, წელზე ხელი მოვხვიე და მკერდზე მივიხუტე. თავი ჩემს ხელში ჩამალა. სველი თმა უკან გადავუწიე, თორემ არც ისე კომფორტული იყო მისი შეხება. ლოყით შუბლზე მივიკარი და მხრებზე საბანი შემოვხვიე.
– ძილინების, – ჩავჩურჩულე ყურში.
– ძილინების, – ჩურჩულითვე მიპასუხა მან.
დილით თვალების გახელამდე ვიგრძენი, რომ რეზის თავი ჩემს მკერდზე ედო, მისი თმა ყელსა და მხრებზე მეფინა. სასიამოვნო იყო მის გვერდით გაღვიძება. მომწონდა მისი სურნელი და მისი მშვიდი სუნთქვა. შემეძლო დაუსრულებლივ დავმტკბარიყავი. როგორც ჩანს, რეზიც გავაღვიძე. შეიშმუშნა და ხელი სახესთან მიიტანა, თვალები მოიფშვნიტა. შემდეგ კი, თითქოს იმ წამს გააცნობიერა სადაც იყოო, შემკრთალმა მიმოიხედა გარშემო და უცებ თავი ასწია. ერთხანს გაოცებულმა მიყურა, მე კი ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ბოლოს ისევ მკერდზე დამადო თავი და ცალი ფეხი წელზე შემომხვია.
– გამარჯობა, – მივესალმე დაბნეულმა.
– გამარჯობა, – ჩურჩულით თქვა მან.
– რა მოხდა?
– არაფერი, – მიპასუხა მან.
უცებ ვიგრძენი, მკერდზე როგორ მაკოცა და მუცელში მსუბუქმა თრთოლვამ დამიარა. თითები შევუცურე თმაში. მისი სახის კუნთების მოძრაობაზე მივხვდი, რომ გაეღიმა. თმაზე მოფერება განვაგრძე. მალე ისევ ჩაეძინა.
თვალები რომ გავახილე, საწოლში მარტო ვიყავი. არ მახსოვდა როდის დამეძინა, რეზი კი გამეპარა. საწოლიდან წამოვჯექი. გარედან მუსიკის ხმა ისმოდა. ტანსაცმელი ჩავიცვი და გარეთ გავედი. მუსიკის ხმა გაძლიერდა. სამზარელოსკენ გავემართე და კარში გავშეშდი. რეზი გაზქურასთან ტრიალებდა, მაგრამ ისეთ ფორმაში იყო, სუნთქვა შემეკრა. წელზევით შიშველი იყო, მხოლოდ თავისი საყვარელი მწვანე შორტი ეცვა და წინსაფარი აეფარებინა. ლამაზი კი არა, საოცრება იყო. მზის განათებაზე მოწითალოში გადასული თმა ზემოთ აეწია და დაუდევრად შეეკრა, კისერზე კი ერთი კულული დარჩენოდა. სხივების ათინათები დასთამაშებდა სხეულზე, საოცრად წვრილი წელი ჰქონდა, მხრები განიერი. გამხდარი იყო, მაგრამ ლამაზი, სრულყოფილი. ხერხემლის მალებსა და ნეკნებს დავუთვლიდი. გრძელი და წვრილი ფეხები ჰქონდა, საჯდომი – მკვრივი და სექსუალური. მისი სრულყოფილების შემხედვარემ ტუჩი მოვიკვნიტე. ფრთხილად მივუახლოვდი, წელზე მივეხუტე და კისერზე, თმის ძირებში ვაკოცე. მოეღუტუნა და სიცილი აუტყდა.
– ხომ არ გაგაღვიძე? – მკითხა მან.
– არა. რას აკეთებ?
– არ ვიცი, ვექსპერიმენტობ.
– კარგი, ხელს არ შეგიშლი, – ვუთხარი ღიმილით. ზურგზე ძლიერად მივეკარი, მხარზე მოწყვეტით ვაკოცე და მოვცილდი.
– დავით, – მომესმა უცებ მისი ხმა.
უკვე სამზარეულოდან გასვლას ვაპირებდი.
– გისმენ, – მისკენ შევტრიალდი.
ბიჭმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ შეყოვნდა.
– რა მოხდა?
– საღამოსთვის შენი მეგობრები დავპატიჟე...
– მართლა? – ღიმილით ვკითხე. რეზი მხოლოდ ენდისა და ლუკას იცნობდა. ალექსი და რატი გასვნებაში ნახა, მაგრამ ეგ შეხვედრა საკმარისი არ იყო ადამიანის გასაცნობად, – ძალიან კარგი.
რეზის სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. ალბათ ეგონა წინააღმდეგი ვიქნებოდი.
– მოიცადე, დღეს გამოცდა არ გაქვს? – გამახსენდა უცებ.
– ხო, სამზე. მარტივი საგანია, არ ვნერვიულობ.
– იცი, რა? მე დავამთავრებ საჭმელს. შენ წადი, იმეცადინე.
– არა! – წამოიყვირა მან, – მაპატიე, მაგრამ შენთან ცხოვრებამ რაშიც დამარწმუნა ის არის, რომ გაზთან მისაშვები არ ხარ. არ ვიცი რა გეშველებოდა უჩემოდ, – თვალები მოჭუტა და საჭმლის კეთება განაგრძო.
– აბა, როგორია? – მკითხა, როცა მაგიდას მივუსხედით.
უცნაური ვიზუალის ბოსტნეულის ჩაშუშული ძალიან გემრიელი აღმოჩნდა.
– გემრიელია, – ვთქვი და საჭმელი თეფშზე გადავიღე.
მოულოდნელად რეზი ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩებზე წამეტანა. სუნთქვაშეკრულმა ხელები შემოვხვიე და მეც კოცნით ვუპასუხე.
– მიხედავ? – მთხოვა, როცა ჭამას მოვრჩით.
– კი.
– გადავიმეორებ ცოტას.
– აქამდეც უნდა დაგეწყო, – უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე, თუმცა მან ვერ გაიგო.
როდესაც რეზი გამოცდაზე წავიდა, იმდენად შემეშინდა მარტო დარჩენის, რომ მეც სასეირნოდ გავედი. ერთხანს უმიზნოდ დავბოდიალობდი აქეთ–იქით. იმდენი ხანი იყო, აქ გადმოვედი საცხოვრებლად, მე კი არაფერი ვიცოდი გარშემო რა იყო. რამდენიმე ძალიან ლამაზ ძველ შენობას გადავაწყდი. გადავწყვიტე, როგორც კი თავისუფალი დრო მექნებოდა, სურათების გადასაღებად წამოვსულიყავი. უკან დაბრუნებისას გზად სუპერმარკეტში შევიარე და ლუდი და წვრილმანი სასმუსნავი ვიყიდ. რეზიმ კი დამიბარა, უჩემოდ არაფერი იყიდოო, მაგრამ ის საჭმლის ინგრედიენტებს გულისხმობდა, რასაც მის გარეშე ნამდვილად ვერ ვიყიდდი. ის იყო, ლუდის ქილები მაცივარში შევალაგე, რომ რეზიც დაბრუნდა.
– მოვედი, – დაიძახა შემოსვლისთანავე.
– რა ქენი აბა? – მასთან გავედი.
– მგონი კარგად დავწერე. არ ვნერვიულობ. ეს რა პარკებია?
– რაღაცები ვიყიდე.
რეზიმ პარკებში ჩახედა.
– აჰ, ამას არაუშავს.
– რამის მომზადებას აპირებ?
წამით ჩაფიქრდა და ტელეფონში საათს ჩახედა.
– რვა საათისთვის მოვლენ. ახლა ოთხია. მგონი მოვასწრებთ.
– მოვასწრებთ? მრავლობითში თქვი?
ღიმილით დამიქნია თავი.
– წამო, მაღაზიაში ჩავიდეთ.
თვალები ავატრიალე.
– არ მინდა, რომ ჩემი მეგობრები მოვწამლო. მოდი, მზა საჭმელი ვიყიდოთ, რა.
– არა, – თავი გააქნია მან.
– არა და ყველაფერი შენი გასაკეთებელი იქნება, – ღიმილით შემოვხვიე ხელები და ტუჩებში ვაკოცე. მან ეშმაკურად ჩაიცინა.
სუპერმარკეტში რეზიმ კალათი მომაჩეჩა და ჩემ უკან იარეო, გამაფრთხილა. მიდიოდა და მგონი ყველაფერს შიგ მიყრიდა, რაც კი ხელთ მოხვდებოდა. თან ისეთი ინტერესით არჩევდა და კითხულობდა პროდუქტების შემადგენლობას. კითხვის დროს კი ტუჩს იკვნეტდა. რამდენჯერმე გავაფრთხილე, გაჩერდი–მეთქი, ის კი სიცილით გამომხედავდა და კვლავ კითხვას აგრძელებდა. ორიოდე წუთის შემდეგ ჩემი ნათქვამი ავიწყდებოდა და კვლავ იკვნეტდა ტუჩს. ბოლოს კალათი დავაჯახე. მან გაოცებით შემომხედა.
– ტუჩებს შეეშვი, თორემ აქვე გაკოცებ. მერე ვიღაც ჰომოფობები გამოგვეკიდებიან და გვცემენ. გინდა? – ისეთი სერიოზული ტონით ვკითხე, მგონი შევაშინე. სწრაფად გააქნია თავი და სიმინდის კონსერვი ჩამიგდო კალათში. სიცილი ამიტყდა.
– ამდენი რამის გაკეთებას აპირებ? – პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დავაწყე.
მხრები აიჩეჩა.
- სიმართლე რომ გითხრა, ძალიან მეზარება, - დამეკრიჭა ის, - მაგრამ სიზარმაცეს არ შევუშინდებით. ასე არ არის? - ხელი ჩამკიდა და სკამიდან წამომაგდო, - კარტოფილის შეწვა ხომ იცი?
- ვიცი.
- მაშინ დაიწყე.
თანახმა ვიყავი, თუკი ასე მარტივად გამოვძვრებოდი. კარტოფილი გავთალე და გრძლად დავჭერი.
- ახლა რა გავაკეთო? - ვკითხე, როცა ტაფაში ჩავყარე.
- არაფერი, ყურადღება მიაქციე.
- დღეს გამოცდაზე რომ წახვედი, მარტო დარჩენის შემეშინდა, - ვუთხარი უცებ. მეც არ ვიცოდი, რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი.
რეზიმ ბულგარული წიწაკის გასუფთავებას თავი ანება, დანა დადო და შეშფოთებულმა შემომხედა.
- რას გულისხმობ?
- არ ვიცი, უცებ ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, მანქანების ხმაც კი არ ისმოდა და შემეშინდა... ადრე ასეთი რამ არასდროს მომსვლია. მარტო ყოფნა სულ მიყვარდა, დღეს კი... ცოტა ხნით მაინც სიჩუმე რომ ჩამოვარდება, მაშინვე იმაზე ფიქრს ვიწყებ, რომ მარიამის სიკვდილი ჩემი ბრალია. ამ ფიქრს ვერ ვაჩერებ. ფიქირიც კი არ არის, უბრალოდ ვგრძნობ. მთელი სხეულით ვგრძნობ, რომ მე ვარ დამნაშავე.
- არა, არა, შენი ბრალი არ არის. შენ ხომ იცი, რომ მის სიკვდილთან არაფერ შუაში ხარ?.. შეიძლება ისეთი შვილი არ იყავი, როგორიც უნდოდა, მაგრამ კარგი, რა! ვინ არის მშობლების საოცნებო შვილი?!
- მაგრამ ხომ შემეძლო უკეთესად მოვქცეოდი?
- არ გიცდია?
- როგორ არა.
- რამე შედეგი ჰქონდა?
თავი გავაქნიე.
- თქვენ უბრალოდ ერთმანეთს ვერ უგებდით.
არაფერი ვუპასუხე. ვიცოდი, რომ მართალი იყო, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი.
კარტოფილს ამოვურიე.
- მე ტყუპისცალი და მყავდა, - თქვა უცებ რეზიმ.
- რა? - გაოცებულმა ვკითხე.
- 13 წლის ვიყავით, რომ გარდაიცვალა, - რეზიმ ძლიერად დააჭირა კბილები ერთმანეთს, - სკოლაში რაღაცაზე გამაბრაზა. ზუსტად აღარ მახსოვს რაზე, მგონი, ნახატზე დამცინა. მე კიდევ მეწყინა და გავებუტე. ყურსასმენები გავიკეთე, მისი ხმა რომ არ გამეგო და სახლში წამოვედი. ვიცოდი, რომ მომყვებოდა. ისე არ მინდოდა მისი დანახვა, ლამის გავრბოდი, რომ არ დამწეოდა. ქუჩაზე გადავდიოდი, როცა ვიგრძენი, რომ ხელი მკრეს და ტროტუარზე გადამაგდეს. მერე მანქანის დამუხრუჭების ხმა გავიგე... შეჯახებაც და... ის მანქანა მე უნდა დამჯახებოდა, დუდამ კი ხელი მკრა და გადამარჩინა. სამაგიეროდ, ის დაიღუპა. მე რომ არ გავბუტულიყავი იმ სულელური ნახატის გამო, ყურსასმენები რომ არ გამეკეთებინა, ალბათ მის ძახილს გავიგონებდი და ისიც ცოცხალი იქნებოდა... დუდას სიკვდილი ჩემი ბრალი იყო, მაგრამ მეც ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც ის, ამიტომ ისე მძაფრად აღარ ვგრძნობ ჩემს დანაშაულს. დედაშენის სიკვდილთან შენ არაფერ შუაში ხარ, დამიჯერე, – მითხრა მან.
– აქამდე რატომ არ მითხარი? – ნელა მივუახლოვდი მას.
– არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, – ოდნავ, სულ ოდნავ უთრთოდა ტუჩები, – მისი სიკვდილის შემდეგ ჩვენს საერთო მეგობრებს ჩამოვშორდი. თითქოს ჩემი ნაწილი მაკლდა, ნახევარი ადამიანი დავრჩი. აღარ შემეძლო იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთანაც მთელი ვიყავი, რადგან სულ დაკარგულ ნაწილს მახსენებდნენ. დუდა ჩემი ცხოვრებიდან იმ დონეზე ამოვშალე, რომ ვერავინ მიმხვდარიყო რა დავკარგე მისი სიკვდილით, მაგრამ როცა მარტო ვრჩები, როცა ხატვას ვიწყებ... ვცდილობ ისე დავხატო, რომ დუდას მოეწონოს. ის ისეთი ლამაზი იქნებოდა... ჩემს წარმოდგენაში 13 წლის არ დარჩენილა, ჩემთან ერთაც იზრდება. ვიცი, როგორი იქნებოდა ახლა, ცოცხალი რომ ყოფილიყო. ძალიან ლამაზი... – რეზიმ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
– ძალიან ვწუხვარ, – ფრთხილად გავუმშრალე დარჩენილი ცრემლები. მან თვალები დახუჭა და ლოყაზე ხელისგულით მომესვენა.
– გულზე მომეშვა რომ გითხარი, – გამიღიმა მან, – წლებია მასზე არ მილაპარაკია.
– ბავშვს რომ ხატავ ხოლმე, შენი დაა?
– ჰო.
– მე შენ მეგონე.
– ხო, ჩვენ... ძალიან ვგავდით ერთმანეთს... მგონი კარტოფილი დაგეწვა, – თქვა უცებ.
– რა? არა! – წამოვიყვირე და აშიშხილებულ ტაფას ვეცი. რეზის სიცილი აუტყდა, – ნუ დამცინი! – კბილებში გამოცერი და თავსახური მოვხარე, – მშვენივრად გამოიყურება. დაბრაწული კარტოფილი ყველას უყვარს.
– კი, – დამეთანხმა ის, ზურგიდან მომეხუტა და ყელში მაკოცა.
– შენ თუ ასე გააგრძელებ, შემწვარი კარტოფილით მოგიწევს სტუმრების გამასპინძლება.
– დამწვარი კარტოფილით, – სიცილით შემისწორა მან და ტუჩები ყურის ბიბილოზე წამავლო.
მუცელში ჟრუანტელმა დამიარა და ამოვიკვნესე.
– შენ საერთოდ დაუმთავრებელი საჭმელი გაქვს. ჯობია მაგ წიწაკებს მიხედო, – ჩურჩულით ვუთხარი და მისი ხელები მოვიშორე.
მომცილდა და სიცილით განაგრძო წიწაკების გასუფთავება. უკვე აღარაფერი ეტყობოდა. მშვენივრად შეეძლო თავის ხელში აყვანა. რაღაც სიმღერას ღიღინებდა და ჩემს ჩაფიქრებულ მზერას თავაზიანად არ იმჩნევდა.
შვიდ საათამდე რეზიმ უცნაური სალათის გაკეთება მოასწრო. ბრიტანული სალათი ჰქვიაო, მითხრა. კიდევ მაკარონი გააკეთა ტომატის სოუსით და ჩემი შემწვარი კარტოფილისთვის გარნირიც მოამზადა.
– წყალს გადავივლებ უცებ, – მითხრა მან და სააბაზანოში შევარდა.
არეული სამზარეულო მივალაგე. ამასობაში რეზიც გამოვიდა და კარზე კაკუნიც გაისმა. გასაღებად წავედი. ლუკა, ენდი, ალექსი და რატი, ოთხივე ჩამწკრივებულიყო და ყურებამდე დაკრეჭილები შემომყურებდნენ.
– დედაჩემმა შენთვის ნამცხვრები გამოაცხო, – მითხრა რატიმ და კონტეინერი გამომიწოდა.
– მართლა? – ვგიჟდებოდი ნანუკას ნამცხვრებზე, – შემოდით.
– გამარჯობა, რეზი, – დაიძახა ლუკამ, – სად ხარ?
– გამარჯობა, – თავზე პირსახოცშემოხვეულმა რეზიმ თავისი ოთახიდან გამოყო თავი, – ახლავე გამოვალ, – თქვა და ისევ შეიმალა.
– რა კარგი სუნები დგას. როგორ მშია, – ალექსმა აღფრთოვანება ვერ დამალა, – ეს შენ გააკეთე? – ხელი კარტოფილისკენ გაიშვირა.
– ხო, – მისი დაცინვისთვის მოვემზადე.
– ანუ, კარტოფილი არ უნდა ვჭამოთ, – გადაულაპარაკა ენდის და რატის.
ამ დროს რეზი შემოვიდა სამზარეულოში და ალექსისთვის პასუხის გაცემა ვეღარ მოვასწარი. უცებ რატის მზარა დავაფიქსირე, რეზის როგორც უყურებდა და ხმამაღლა ამოვიოხრე.
– ჯანდაბა! რეზი, ძალიან ვწუხვარ, – ვუთხარი სიცილით.
– რა? რაზე? – მკითხა მან.
სწორედ იმ წამს რატი რეზის მივარდა, დაბნეულ ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და სკამზე დასვა.
– რას აკეთებ?
– ასე იჯექი. არ გაინძრე. სავარცხელი მომიტანეთ ვინმემ!
– სავარცხელი რად გინდა? – ჰკითხა რეზიმ.
– თმა უნდა დაგიწყნა.
– კარგი, – ყოყმანით დათანხმდა რეზი, თუმცა მისი თანხმობა რატის სულაც არ სჭირდებოდა.
– ცოტა ფრთხილად, თმას მაწიწკნი, – რეზი სახედამანჭული იჯდა.
– ბოდიში, მალე მოვრჩები. ესეც ასე. თმის სამაგრი გაქვს?
რეზიმ ხელიდან მოიხსნა რეზინი და რატის გაუწიდა.
– მშვენიერია, – თავისი შემოქმედებით აშკარად კმაყოფილი რატი წელში გასწორდა და ყველას თვალი მოგვავლო.
– რა იყო ეს? – იკითხა დაბნუელმა რეზიმ.
– ნაწნავების ფეტიში აქვს, – აუხსნა ლუკამ.
რეზიმ დაეჭვებით ახედა რატის, მერე კი მე შემომხედა.
– რას იტყვი, დავით, მიხდება? – მკითხა მან და მაცდურად გამიღიმა.
ღიმილით გადავაქნიე თავი, მისკენ წავედი და ტუჩებში ვაკოცე.
– დავითის გაკეთებული დამწვარი კარტოფილი ვის უნდა? – სიცილით იკითხა რეზიმ, როცა მოვცილდი და სკამიდან წამოხტა.
– სულაც არ არის დამწვარი.
რეზიმ უცნაურად გამიღიმა და კარადიდან თეფშები გამოალაგა. იმდენი ვიყავით, მაგიდა რამდენიმე წუთში გავაწყეთ.
– არაუშავს, იჭმევა, – მითხრა რატიმ.
– მადლობა, – გავღიმე მას და ლუდი მოვსვი. რეზის გავხედე. ისიც ჩემს შემწვარ კარტოფილს ჭამდა. მისი თეფშიდან ერთი ნაჭერი ავიღე და გავსინჯე. რეზიმ სიცილით გამომხედა. ცუდი არ ყოფილა, მაგრამ უკეთ შეწვაც შეიძლებოდა.
– დღეს გამოცდა გქონდა, არა? – ჰკითხა ლუკამ რეზის.
– კი.
– რა ქენი?
– კარგად დავწერე. შენ როდის გეწყება გამოცდები? – მომიბრუნდა რეზი.
– ჯერ არა, დაახლოებით ორ კვირაში.
– არ გინდათ, გამოცდების შემდეგ კოჯორში ავიდეთ? – შემოგვთავაზა რატიმ.
– კარგი აზრია, – დავეთანხმე მე, – რას იტყვი? – ვკითხე რეზის.
– კარგი, – თავი დამიქნია მან.
– მე ვერ წამოვალ, – თქვა ალექსმა, – თვის ბოლოს პატარას ველოდებით.
– აუ, ხო. ციცი ვერ წამოვა, არა?
– ვერა, მისთვის მგზავრობა არ შეიძლება.
– ციცი ვინ არის? – იკითხა რეზიმ.
– ჩემი მეუღლე, – უპასუხა თვალებგაბრწყინებულმა ალექსმა და ქორწინების ბეჭედი დაანახა.
– მეუღლე? – დაიბნა რეზი, – მოიცადე, შენ ცოლი გყავს? ანუ შენ... შენ...
– მე გეი არ ვარ, – სიცილი აუტყდა ალექსს.
– როგორ მოხდა, რომ თქვენ მეგობრობთ?
– ე–ე–ე! – გააწყვეტინა ალექსმა, – შენი აზრით, ყველა ნატურალი ჰომოფობია?
– ხედავ, როგორ მეტყველებს ქვიარ ლექსიკონით? – ლუკამ ღიმილით ასწია თავი და რეზის თვალი ჩაუკრა.
– ბოდიში, ბოდიში, – გაეცინა რეზის, – როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ამ ისტორიის მოსმენა არ მბეზრდება, – თქვა ენდიმ და სკამზე კომფორტულად მოკალათდა, – ლუკა, შენ?
– მე რა შუაში ვარ? – შეუღრინა ლუკამ.
რეზიმ რიგ–რიგობით მოატარა თვალი ლუკას, ალექსსა და ენდის. ბოლოს კი მზერა ალექსს მიაპყრო.
– რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ფუქსავატი და უპასუხისმგებლო ვიყავი, როცა ადამიანების უფლებები ფეხებზე მეკიდა და სიმართლე რომ გითხრა, არც გეები მეხატებოდნენ დიდად გულზე, გავიგე, რომ მამაჩემს კიდევ ჰყოლია შვილი, ბიჭი, გუგა. თავიდან კარგი ურთიერთობა არ გვქონია, პირიქით, ხშირად ვჩხუბობდით ხოლმე. მასზე ვეჭვიანობდი, რადგან მამა ხშირად იკარგებოდა და როგორც მერე გავიგე, თავის მეორე ცოლ–შვილთან მიდიოდა. ერთ დღესაც გუგა ჩემთან მოვიდა, ნაცემი და შეშინებული. მაშინ მითხრა, რომ გეი იყო და ქუჩაში მანერული სიარულის გამო სცემეს. მე პირველი ვიყავი ნათესავებიდან, ვისთანაც გუგამ ქამინგაუთი გააკეთა. თუ ოდესმე ვინმე გეტყვის, რომ ერთ წამში ადამიანის აზროვნება და შეხედულებები არ იცვლება, დამიჯერე, რეზი, მათ ის არ გამოუცდიათ, რაც მე იმ მომენტში განვიცადე. იმდენი რამ გავიაზრე, როცა გუგამ სიმართლე მითხრა, იმდენ რამეზე ამეხილა თვალი... მივხვდი, რომ ჩემი ძმა მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, რომ ჩემ გარდა არავინ ჰყავდა, ვისთანაც მისვლას და დახმარებას ითხოვდა, ან უბრალოდ, დაელაპარაკებოდა... რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდებოდა და მე ამაზე წარმოდგენა არ მქონდა. გუგამ მითხრა, მანერული სიარულის გამო მცემესო... ისიც კი არ ვიცოდი, ეგ რას ნიშნავდა. მანამდე არც იმაზე მიფიქრია, გუგას სიარულში რამე ფემინური თუ იყო. მაშინ ისე გავბრაზდი... ძალიან გავბრაზდი. იცი, როგორი სიბრაზე იყო? ცვლილებების მომტანი. სიბრაზემ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. როცა გუგა ცოტა გამომჯობინდა, გადავწყვიტე, მის დასახმარებლად რამე გამეკეთებინა. ინფორმაციის შეგროვება დავიწყე. მერე ლუკას ორგანიზაციას მივაგენი. მე და გუგა ლუკასთან მივედით, ამ იდიოტს კი შეყვარებულები ვეგონეთ, – გაბრაზებულმა შეხედა ლუკას.
– აბა, რა უნდა მეფიქრა? ხელჩაკიდებულები მოხვედით ოფისში.
– რა სისულელეა! – გააპროტესტა ალექსმა, – გუგა შეშინებული იყო და გასამხნევებლად ხელი წავავლე. და მეც შეშინებული ვიყავი, რადგან წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ ვინ იყავით.
– წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყავით, – გამოაჯავრა ლუკამ.
– მერე რა მოხდა? – ინტერესით ჰკითხა რეზიმ.
– მერე ის მოხდა, რომ გუგამ ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული. ამ ვაჟბატონს ორგანიზაციაში PR–მენეჯერი სჭირდებოდა, მე კი ზუსტად იმ დროს აღმოვჩნდი იქ და დღემდე მასთან ვმუშაობ.
– და გუგა? ფსიქოლოგი რატომ დასჭირდა?
– იმიტომ, რომ შეშინებული იყო. ხალხის ეშინოდა. მარტო ქუჩაში ვერ გადიოდა. ფსიქოლოგთან სიარული ყველაფერთან გამკლავებაში ეხმარებოდა.
– ახლა როგორ არის? – ჰკითხა უცებ ლუკამ.
– შეგიძლია დაურეკო და თავად ჰკითხო.
ლუკამ არაფერი უპასუხა, ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს საყვედურობდა, რატომ მაქეზებო. მერე ლუდის ქილა მოიყუდა და სულ გამოცალა.
– არასდროს დაფიქრებულხარ, რატომ გეჩიჩინები ამდენს, რომ გუგას დაურეკო? – ჰკითხა მოთმინებადაკარგულმა ალექსმა.
– იმიტომ, რომ მასხარა ხარ.
– ან იქნებ იმიტომ, რომ ჩემს ძმაზე გელაპარაკები და რაღაც ვიცი...
– რა იცი? – გააწყვეტინა ლუკამ.
ალექსმა კბილები გააღრჭიალა. ლუკამ ძალიან გვიან გაიაზრა მისი ნათქვამი.
– მოიცადე, იმის თქმა გინდა, რომ...
– ლუკა, გაა*ვი აქედან დროზე! – დაუყვირა ალექსმა.
გაოგნებული ლუკა ფეხზე წამოხტა და სამზარეულოდან გავარდა. მერე ისევ უკან დაბრუნდა, ალექსთან მივიდა, ლოყაზე სწრაფად აკოცა და ისევ გაიქცა. ორიოდე წამში კარის გაჯახუნების ხმა გავიგეთ. ერთხანს ყველა გაოგნებული ვისხედით. ვერავინ მივხვდით, რა მოხდა.
– ის ახლა გუგასთან წავიდა? – იკითხა რეზიმ.
– იმედი მაქვს, – უპასუხა ალექსმა და ამოიოხრა, – გუგას მივწერ ცოტა ხანში.
– გუგა და ლუკა? ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, – სიცილით თქვა რატიმ.
– ჯერ არ ვიცით, – გულგრულად თქვა ენდიმ.
– ვერც მე წარმოვიდგენდი, – ვთქვი მე.
– მოდი, მაგიდა ავალაგოთ და მისაღებში გავიდეთ, – შემოგვთავაზა ენდიმ.
– კარგი აზრია.
სწრაფად ავალაგეთ მაგიდა. რატიმ, ჭურჭელს მე დავრეცხავ, მეხალისებაო. მისაღებში გავედით და ლუდი გავიტანეთ. დივანზე მოკალათებულ რეზის გვერდით მივუჯექი. მან ღიმილით დამადო თავი მხარზე.
– შენი მეგობრები ძალიან საყვარლები არიან, – ჩურჩულით მითხრა მან.
– მადლობა, – სიცილით ვუთხარი. მინდოდა მეკითხა, როდის აპირებდა ჩემთვის თავისი მეგობრების გაცნობას, მაგრამ თავი შევიკავე. აიას გარდა მგონი არავინ იცნოდა ჩემს შესახებ.
აიას გახსენებაზე ეჭვიანობის საშინელმა შეგრძნებამ სული შემიხუთა. ალბათ ვერასდროს მოვინელებდი იმ ფაქტს, რომ რეზი აიასთან იწვა.
ყელში რეზის კოცნა ვიგრძენი. ამან გამომაფხიზლა.
– კარგად ხარ? – მკითხა მან.
– კი, – თავი დავუქნიე და გავუღიმე. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა. მისკენ გადავიწიე და ტუჩები ტუჩებზე მივაწებე. მეგონა სამყარომ არსებობა შეწყვიტა. ჩემ ირგვლივ ყოველგვარი ხმა გაქრა, გარდა საკუთარი გულისცემისა და რეზის სუნთქვისა. ბიჭს მოვცილდი და ჯერაც სველ ნაწნავზე სიცილით წავეთამაშე.
– ჯანდაბა! მაკამ მომწერა, – წამოიყვირა უცებ ენდიმ.
– რაო?
– გავიგე რაც მოხდა და ძალიან ვწუხვარო. რა მივწერო? – ენდი დაბნეული ჩანდა.
– თუ საუბრის გაგრძელება არ გინდა, მარტო მადლობა გადაუხადე მოკითხვისთვის, – ვურჩიე მე.
ენდიმ ჩაფიქრებული მზარა მომაპყრო, მერე კი კვლავ ეკრანს დახედა.
– ხო, მასე ჯობია, – თქვა ბოლოს, – მივწერე, – მან ტელეფონი გვერდით გადადო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
– არ გინდა რეზის შენი ისტორია მოუყვე? – შევთავაზე ენდის. რეზის არაფერი უკითხავს, მაგრამ მაშინ, როცა ატირებულ ენდი ჩვენთან მოვიდა, რეზიმ ძალიან განიცადა მისი ამბავი. შეძრწუნებული იყო იმ ფაქტით, რომ ძმა ასე ძალადობდა მასზე.
– კარგი, – თავი დამიქნია ენდიმ, – მე... – ის წამით ჩაფიქრდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ამ დროს რატი გამოვიდა სამზარეულოდან, ენდის გვერდით მიუჯდა და გასამხნევებლად ხელი ჩაჰკიდა. ენდით ღიმილით გახედა მას და მოყოლა დაიწყო: – მე ყოველთვის ვიცოდი, რომ გოგოები მომწონდა. ძალიან, ძალიან ღრმა ბავშვობიდან მახსოვს ეგ. არასდროს მიფიქრია, რომ ეს ნორმალური არ იყო, ამიტომ არც მიცდია ამის დამალვა. ისე მოხდა, რომ სერიოზულად არავინ აღიქვამდა ჩემს დამოკიდებულებას გოგოების მიმართ. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა. მასაც მოვწონდი, მაგრამ მას ეშინოდა. პირველად როცა ვაკოცე, შემთხვევით მისმა ბიძაშვილმა დაგვინახა და თავის მშობლებს უამბო. ჩემმა მშობლებმაც გაიგეს და ყველაფერი მაშინ დაიწყო. ტელეფონი წამართვეს და ფსიქოლოგთან მიმიყვანეს. ბედმა გამიღიმა, ფსიქოლოგი პროფესიონალი აღმოჩნდა და არა უვიცი უმრავლესობიდან ერთ–ერთი. ფსიქოლოგმა რომ ვერ „გამომასწორა“, როცა რელიგიის პროპაგანდამაც ვერ გაჭრა ჩემზე, მამამ და ჩემმა ძმამ სკოლაში სიარული ამიკრძალეს, ოთახში ჩამკეტეს, ოთახიდან ყველაფერი გაიტანეს, წიგნები და რვეულებიც კი, რომ არაფერი წამეკითხა და დამეწერა, დრო რომ არ გამეყვანა. ორი კვირის მანძილზე მხოლოდ ტუალეტისთვის და დასაბანად გამოვდიოდი ოთახიდან. მაინც ვერ გამტეხეს. ყოველ ჯერზე ხმამაღლა გავიძახოდი, რომ ლესბოსელი ვიყავი და ამის არ მრცხვენოდა. ყოველ ჯერზე მცემდნენ, როცა ამას ვიძახდი. არ ვიცი, საიდან მქონდა იმის ძალა, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მიუხედავად, არ დავნებებულიყავი. სკოლის დირექტორმა რომ გაიგო, რაც ხდებოდა, სოციალურ მუშაკებს დაუკავშირდა. პოლიციასთან ერთად მოვიდნენ ჩვენთან და სახლიდან წამიყვანეს. 18 წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. არ გამჭირვებია. ბავშვთა სახლის ერთ–ერთმა ფარულმა სპონსორმა ჩემი სწავლაც დააფინანსა. მერე კი ჩემი ცხოვრება ნელ–ნელა აეწყო. ახლა ბინა მაქვს, იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მომწონს, ძალიან მაგარი მეგობრები მყავს. ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ბობოქრობს, მაგრამ მაგას როგორმე გავუმკლავდები...
– ბობოქრობს? შენმა ძმამ ლამის მოგკლა, – გააწყვეტინა ალექსმა.
– არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, ასეთი საშინელებების გადატანა თუ გიწევდათ, თქვა რეზიმ.
– ეს ყველაფერი გვაძლიერებს. იყო დრო, როცა გვეშინოდა, მაგრამ, იცი, რას მივხვდი? რაც უფრო გეშინია, უფრო მეტად გსრესს სამყარო. თუ დაანახებ, რომ შენ ძლიერი ხარ, ხალხიც ვეღარ ბედავს შენს დამცირებას, ცემას, მოკვლას... არადა, იყო დრო, როცა მართლა გვკლავდნენ მასკულინური ნორმიდან სულ მცირე გადახვევის გამო. ახლაც არ არის უკეთესი სიტუაცია, მაგრამ ისეთი ადგილები მაინც გვაქვს, სადაც თავისუფლად მოქცევა შეგვიძლია, გაცნობა, ფლირტი, სექსი... თუმცა, მაინც ვერ გამოვედით „სახლში რაც უნდათ ის აკეთონ, ქუჩაში ნუ გააკეთებენ“ აზროვნებიდან, რადგან თავისუფალ ადგილებშიც კი დამალვაა, ფეისკონტროლია, სადაც ჰომოფობ ნაბიჭვრებს არ უშვებენ. თავისუფალ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა მე და ჩემი შეყვარებული ქუჩაში იმდენს ვიზასავებთ, რამდენიც მოგვინდება, – თქვა რატიმ.
– ჩემს შეშინებას ცდილობთ? – იკითხა რეზიმ.
– ბოდიში, შენი შეშინება არ გვინდოდა, – გაეცინა რატის, – ის, რაც ჩვენ შეგვემთხვა, არ ნიშნავს, რომ შენც რამე მსგავსი მოგივა.
– ჰო, ეგ რა თქმა უნდა.
კიდევ დიდხანს ილაპარაკეს რეზიმ და რატიმ, ალექსი ყურადღებით უსმენდა მათ და ხანდახან თუ ჩაერთვებოდა საუბარში, ენდი კი ჩუმად იყო. შევნიშნე, ფეისბუქზე მაკას გვერდს როგორ ათვალიერებდა.
როდესაც მეგობრები წავიდნენ, მე და რეზიმ სახლი მივალაგეთ. ჭურჭულის რეცხვას რომ მოვრჩი, რეზი დივანზე მიწოლილი დამხვდა.
– გძინავს? – ღიმილით მივუახლოვდი, ფეხები ავაწევინე, დავჯექი და მისი ფეხები კალთაში ჩავწყე.
– არა, უბრალოდ დღეს ძალიან დავიღალე.
– აბა რა იქნებოდა, – გავუღიმე.
რეზი დივანზე გასწორდა და ჩაფიქრებული მზერით გამომხედა.
– რა მოხდა?
მან თავი გააქნია და თვალები დახუჭა.
– კარგად ხარ?
– კი. რატომ მეკითხები?
– დღეს ძალიან ბევრი რამ გაიგე და არ მინდა მაგის გამო ინერვიულო...
– არ ვნერვიულობ, – წამოიწია და იდაყვებს დაეყრდნო, – მაგრამ... მე მართლა არ ვიცოდი... როგორ შეიძლება ოჯახის წევრები ადამიანს ასე მოექცნენ?
– აღარ გვინდა მაგაზე ლაპარაკი, კარგი? ისედაც მძიმე დღე იყო.
მან თავი დამიქნია. მისკენ გადავიხარე და ვაკოცე. სიცილით შემომხვია ხელები, უკან გადავარდა და მეც თან გამიყოლა. ხელები ძლიერად მომიჭირა, რომ არ ავმდგარიყავი.
– ვერ ვსუნთქვავ, – ამოვიკვნესე.
მან ოდნავ გამიშვა ხელები. ავხედე. სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა. სახეზე ჩამოვუსვი თითები. რეზიმ თვალები დახუჭა და ტუჩები ოდნავ გააპო. მაგიჟებდა მისი ტუჩების სირბილე. ერთი სული მქონდა, ბოლომდე როდის შევიგრძნობდი. ენის წვერი გადავატარე ქვედა ტუჩზე და ნელა ვაკოცე. რეზიმ სუსტად ამოიოხრა და თითები თმაში შემიცურა. მის ტუჩებს რომ მოვცილდი, თავი მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე. დიდხანს მეფერებოდა თმაზე, ძილი მომერია.
– დაგეძინა? – მკითხა მან მოგვიანებით.
– უჰუ, – თავი დავუქნიე.
გაეცინა.
– წამოდი, დავწვეთ, – თმა ამიჩეჩა, რომ გამოვფხიზლებულიყავი. უკმაყოფილოდ ამოვიბუზღუნე და წამოვიწიე. ყურებამდე გაღიმუბულ რეზის მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებზე და წამოვდექი. ისიც მაშინვე ადგა და ზურგიდან ჩამეხუტა.
– გინდა, ხვალ უნივერსიტეტში გამოგივლი და ერთად წამოვიდეთ იქიდან? – მკითხა მან და პირველი შევიდა ჩემს ოთახში. ღიმილით შევყევი.
– შენი ველოსიპედით? – არც ისე ძალიან მხიბლავდა ეს იდეა.
უეცრად რეზი მკვეთრი მოძრაობით შემობუნდა ჩემკენ. ლამის შევასკდი.
– მოვითხოვ, რომ ჩემთან ერთად ჩემი ველოსიპედიც გიყვარდეს, – თვალები მოჭუტა და მკერდში თითი მატაკა. ხელი დავუჭირე, ჩემკენ მოვიზიდე და ვაკოცე.
– შენს სიყვარულზე თანახმა ვარ, მაგრამ ველოსიპედის რა მოგახსენო. ცუდი გამოცდილება მაქვს.
– რა გამოცდილება? – მომცილდა და საწოლს გადასაფარებელი გადააძრო. საწოლის ბოლოზე დაუდევრად მიგდებული გადასაფარებელი ავიღე და დაკეცვა დავიწყე. რეზიმ თვალები აატრიალა.
– გადატყავებული მუხლები და იდაყვები, ამოგდებული მხარი და გაბზარეული ნეკნები. დამიჯერე, ძალიან მტკივნეული იყო.
– და შენც დანებდი, არა?
– სპორტი დიდად არ მიყვარს. მითუმეტეს, ისეთი, სადაც ოფლი და... – შევყოვნდი, – მოკლედ, ქუჩაში ველოსიპედით გადაადგილება ძალიან საშიშია.
– მათთვის, ვინც ტარება არ იცის. ხვალ მაინც გამოგივლი.
– კარგი, – საწოლში შევძვერი და რეზის შემოვეხვიე, – თუ ფრთხილად ატარებ.
თავი დამიქნია. შევნიშნე, როგორ გაუფართოვდა თვალები, როცა ხელი მკერდზე ავუსრიალე.
– გეშინია? – ვკითხე ჩურჩულით.
ტუჩზე იკბინა და თავი დამიქნია.
– შეგვიძლია არ ვიჩქაროთ.
კვლავ დამიქნია თავი და თვალები დახუჭა. სახეზე ჩამოშლილი თმა გადავუწიე. მან წელზე შემომხვია ხელი და თავი ჩემს კისერში ჩამალა.
– მომწონს შენი სუნი, – ყელში მისი ცხელი სუნთქვა შემომეფრქვა და მწველმა ჟრუანტელმა დამიარა, – და შენი კანი... ისეთი ნაზია, განსაკუთრებით, აი, აქ, – ტუჩები ყელზე მომაწება, – მინდა, რომ დაგალურჯო, – ჩურჩლით გაეცინა.
– ჰო, მაგას უკვე მივხვდი, – თავი ავაწევინე და ენის წვერი ნელა გადავატარე ტუჩებზე. მაშინვე გააპო ბაგეები. თავი დავუჭირე და ენით ღრმად შევიჭერი მის პირში. მაშინვე ამყვა კოცნაში. ხელები მჭიდროდ შემომხვია და მთელი სხეულით მომეტმასნა.
– ახლა ძილის დროა, – ღიმილით შემომხედა.
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
– ხომ იცი, რომ სამაგიეროს გადაგიხდი ჩემი ასე წამებისთვის, – მაცდურად გავუღიმე და საჩვენებული თითის ზურგი ლოყასა და ტუჩებზე გადავუსვი.
მის გადიდებულ თვალის გუგებში საკუთარი თავი დავინახე. ჩემმა ნათქვამმა ააღელვა, სუნთქვა წყვეტილი და ღრმა გაუხდა.
– ერთი სული მაქვს... – დაიჩურჩულა.
– არა, ასე არ შეიძლება! – ნერვული სიცილი ამიტყდა. ვცდილობდი ახლოს არ მომეშვა მისი ვნებითა და მოლოდინით გაჯერებული სიტყვები. მისი შემოხვეული ხელები მოვიცილე და გამხიარულებულ ბიჭს მოვცილდი.
– ძილის დროა, – მის ნათქვამს დავეთანხმე. რეზიმ სიცილით მაქცია ზურგი, მუცელზე დაწვა, თავი ჩემკენ შემოაბრუნა და თმა უკან გადაიყარა, ორივე ხელი ბალიშის ქვეშ შეაცურა და ბალიშზე ჩახუტებულმა თვალები დახუჭა. ერთხანს ღიმილით ვუყურებდი, მერე მისკენ გადავიწიე და ყელში ხმაურით ვაკოცე. ჩუმად ჩაიხითხითა. გვერდით მივუწექი და მეც თვალები დავუხუჭე. რამდენიმე წუთის შემდეგ საწოლის ჩემს მხარეს გადმოძვრა და თავი მკერდზე დამადო. მაშინვე შემოვხვიე ხელები და ძლიერად მივიკარი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი M

მიყვარს ეს ისტორია და შენი წერის სტილიც და შენც მიყვარხარ მოუტმენლად ველოდები შემდეგს

 



№2  offline წევრი talia

Rogorc iqna dabrundiii,zalian gamaxare ai sul ar velodebodi shens gamocenas da sityvebit ver gadmoqcem cems grznobebs. Istoria ki,unakloa zalian shemayvare tavi, lodinad girda. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent