შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერწყმა (სრულად)


28-03-2018, 21:29
ავტორი lukakhati
ნანახია 1 289

შერწყმა (სრულად)

“ბერძნული მითოლოგიის თანახმად ადამიანები თავდაპირველად ოთხი ხელითა და ოთხი ფეხით შეიქმნენ, თავი კი ორი სახისაგან შედგებოდა. მათი ძლიერების შიშით ზევსმა ისინი ორ სხვადასხვა ნაწილად გაყო და მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავიანთი მეორე ნახევრის ძებნა მიუსაჯა”
-პლატონი

შერწყმა
ნაწილი პირველი
ალისფერი ფოთლები

გაბრიელისთვის ყველა დღე ერთნაირი იყო. ძველი ცხოვრებიდან არაფერი ახსოვდა. გაფლეთილ სურათს, არსაიდან მოსულ ხედვებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა. ეს ყველაფერი იმ სენის ბრალი იყო, რომელსაც სისხლით ატარებდა, რომელიც მის გონებაში ნისლად ჩამოწოლილიყო. ხანდახან თუ გამოჩნდებოდა ცეცხლის ნაპერწკლები, მისი ძველი,ცეცხლწაკიდებული სასხლი. ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აქ დასახლდა. მისთვის ყველაფერი უფრო მარტივი იყო, ვიდრე სხვა აქ მცხოვრებთათვის. ის არ გრძნობდა თავს დაჩაგრულად, უსამართლობის მსხვერპლად, ეს სიტყვებიც მისთვის ისეთივე ბუნდოვანი იყო, როგორიც მისი წარსული. მოგონებები ნელ-ნელა იშლებოდა, ამიტომ დროს გაუთავებელ მწუხარებასა და ზიზღში არ ატარებდა. გარეთ ხშირად გასვლას ერიდებოდა. მუდმივად შიშში ცხოვრობდა.
…სახლიდან გასულს ეშინოდა. უკან დასაბრუნებელი გზის დაკარგვის ძალიან ეშინოდა.
წლებთან ერთად სენი უფროდაუფრო აუტანელი ხდებოდა. მას აღარ ახსოვდა საკუთარი დაბადებისდღე, აღარ ახსოვდა საკუთარი გვარი, აღარც იმ სენის სახელი ახსოვდა, რომელიც ათი წლისამ ექიმის პირიდან გაიგო. მაშინ ვერც ხვდებოდა, რატომ ატირდა მისი დედა. ქალი, რომელიც უკვე ოცი წელი თვალითაც არ უნახავს. ის იძულებული იყო ოჯახისგან შორს დარჩენილიყო. დედა ჯანმრთელი იყო.
…ყველა შურით, ზიზღით იხსენებდა ოჯახის წევრებს, რომლებმაც მათი ხვედრი არ გაიზიარეს და მშობლიურ ქალაქებში დარჩნენ, მაგრამ გაბრიელისთვის ზიზღი უცხო იყო, მას არც დედის, არც მამის სახე აღარ ახსოვდა. დაუცხრომელმა შიშმა აიტანა, როდესაც პირველად საკუთარი სახელიც დაავიწყდა. იმ დღეს სახლშიმოსულმა ბასრი საგნით ხელზე ამოიკაწრა ორი სახელი : “მიქაელი”;”ელა”- ისინი გაბრიელის შვილები იყვნენ. მას ეშინოდა, ყველაზე მეტად საკუთარი შვილების დავიწყების ეშინოდა.
…იარას შეხორცების საშუალებას არ აძლევდა. ისევ და ისევ როგორც კი სისხლით დაწერილი ასოების კვალი ქრებოდა იღებდა ბასრ საგანს და სახელებს თავიდან წერდა. რამდენიმე წუთში აღარც ტკივილი ახსოვდა.
ერთადერთი ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ძველი ცხოვრება გაეხსენებინა, მაგრამ ვერ იხსენებდა,თვალები ცრემლებით ევსებოდა, თავჩაღუნული იჯდა და ფიქრობდა, გაბრიელი ძალიან ბევრს ფიქრობდა.
-მამა სამსახურში მივდივარ- მიქაელი თავის ასაკთან შედარებით მაღალი იყო. ბოხი ხმა ჰქონდა. მან პატარაობიდანვე შეითავსა მამის საქმიანობა. ხშირად ერიდებოდა მისი სიმყუდროვის დარღვევას. დიდი ხნის წინ შეგუებოდა აზრს, რომ მოხუც მამას აღარ შეეძლო ოჯახის რჩენა, ვეღარ აქცევდა ყუდაღებას თექვსმეტი წლის ელას, ამიტომ დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად მუშაობდა. მუშაობაში გართული გამვლელებს ყურადღებას არ აქცევდა, არც იმ დაუნდობელ, მტაცებელ მწერებს აქცევდა ყურადღებას, რომლებიც მათ ცოცხლად ჭამდა. მიქაელმა არ იცოდა, რატომ დადიოდა ყველა ამ ქალაქში სევდიანი, სასოწარკვეთილი, ვინ რას ნატრობდა ან რას ვერ ელეოდა, რატომ ეზიზღებოდა ყველას ერთმანეთი, ვინ იყვნენ ან რატომ იყვნენ აქ გამომწყვდეულნი. მოხუც მამას, კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ მოთხოვდა.
ოდესღაც ყველა კითხვაზე გაბრიელმა პასუხი იცოდა, მაგრამ აღარ ახსოვდა.
-სამსახურში?
-ხო, მამა სამსახურში
-სამსახურში... -დამარცვლა, რამდენჯერმე გაიმაორა, როდესაც სიტყვის მნიშვნელობას ვერ იხსენებდა ასე იქცეოდა-იმეორებდა ჩახლეჩილი, დაწვრილებული ხმით მანამ, სანამ გაიხსენებდა.
როდესაც აქ ჩამოვიდა, დაცარიელებული, დანგრეული შენობის პატარა სურსათის მაღაზიად გადაკეთება განიზრახა. ნიადაგი აქ მოწყალე იყო, ამიტომ ჰორიზონტს გაღმა დარჩენილი სხვადასხვა ქალაქიდან მომავალი მოწყალების მუდმივი ლოდინი არ უწევდა. ქალბატონ კატალიას მოელაპრაკა და კვირაში ერთხელ მისგან ახალი ბოსტნეულსა და ხილს იღებდა, სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა, მაგრამ კეთილსინდისიერი მეპატრონე ცდილობდა პატივისცემა არ დავიწყებოდა. ყოველკვირა სურსათით სავსეს წვრილმან საჩუქარს უძღვნიდა, მაგრამ ხანდახან ავიწყდებოდა, გაბრიელს ნელ-ნელა ყველაფერი ავიწყდებოდა.
ეს მაღაზია კიდევ რამდენიმე თაობა ამ ოჯახს გაიტანდა, ისინი ყოველთვის დაზღვეულები იქნებოდნენ შიმშილისაგან, სიღატაკისაგენ და იარსებებდნენ მანამ, სანამ საკუთარი არსებობაც არ დაავიწყდებოდათ.
ის ერთადერთი მოხუცი იყო, რომელიც არ მუშაობდა. ბევრი მის სახელს შურით, ბევრი კი სიძულვილით გაჟღენთილი, ამღვრეული ბგერებით წარმოთქვამდა.
-შენი და სად არის?
-ელა ოთახშია მამა. ჯერ სძინავს.
-ხო, ელას სძინავს.
-დაისვენე, მამა
-არ დაიგვიანო. ერთად ვივახშმოთ - სამსახურისაკენ მიმავალმა მიქაელმა იცოდა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, როდის მოვიდოდა. მის არ ყოფნას ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ ყოველდღე მაღაზიას რვა საათზე ხურავდა. საღამოშერეულ ქუჩებს სირბილით კვეთდა. სახლში ვახშმის დროს, ცხრა საათზე ბრუნდებოდა. პატარა დისთვის ტკბილეული, მოხუზი მამისთვის სამკურნალო მცენარეები მიჰქონდა.
შემოსასვლელში მრგვალი, დიდი მაგიდა თითქმის მთელ ოთახს იკავებდა. მაგიდას რაისა შლიდა. ის მეზობლად ორი სახლის მოშორებით ცხოვრობდა. რაისას საქმიანობა არ ჰქონდა ისევე, როგორც მის ოჯახს. ისინი აქ ცოტახნისწინ ჩამოვიდნენ. ოჯახში უმცროსის საქმიანობის შესახებ არ იცოდნენ მოხუცმა მშობლებმა, რომლებიც მის ძმებთან ერთად მთელი დღეები თავის გატანაზე ფიქრობდნენ. სახლიდან, რამდენიმე ძვირფასი ნივთის წამოღება მოასწრეს და რამდენიმე თვე, შეიძლება წელიც შიმშილით არ დაიხოცებოდნენ.
…საქმის კეთება არც ერთმა იცოდა. ოდესღაც ეს ოჯახი დიდ ქონებას ფლობდა და ქალაქის შუაგულში უზარმაზარი, სამსართულიანი სახლიდან უყურებდა. რა თქმა უნდა, მათ არასდროს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ უეცრად ყველაფერი შეიძლებოდა შეცვლილიყო. გაუმართლათ, ცნობისმოყვარე, ხუჭუჭა, შავთმიან
რაისას მოახლე სხვადასხვა საჭმლის კეთებას ასწავლიდა. სწორედ ამ ცოდნით აპირებდა რაისა ახალ “სახლში” თავის დამვკიდრებას.
რაისას ახსოვდა, ძველი ცხოვრების ყოველი შტრიხი ნათლად ახსოვდა.
ყოველ კვირა დღეს სახლიდან დედის ძვირფასი სამკაულით ხელში მიდიოდა გაბრიელის მაღაზიისკენ. მისი სენის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მიხვდა, რომ მოხუცისთვის მისი ყოველი მისვლა პირველი იყო. ერთხელ მიქაელსაც შეხვლა, გამოელაპარაკა და დღეში სამჯერ მოხუცი ოჯახის უფროსისთვის საჭმლის კეთებასა და მეთვალყურეობას უფასო სურსათის სანაცვლოდ დათანამხდა. მაგრამ მშობლებს იდუმალი საქმიანობის შესახებ არაფერს ეუბნებოდა. მშვიდად იყო. იცოდა, რომ გაბრიელს ის ისევე არ ახსოვდა, როგორც მას არ ახსოვდა ყველა იმ ადამიანის სახე, რომელიც შორს, მშობლიურ ქალაქში დარჩა.
ყოველ კვირა დღეს შვიდ საათზე, სახლიდან გასვლის წინ, დედას მაინც აღვიძებდა, მორიგ ძველი სიდიადის ნარჩენს ართმევდა და ტბის პირას, მიყურებულ ბაღში მაღალი, გამხმარი, სიცოცხლეწართმეული ხის ფუღუროში მალავდა.
რაისას ეზიზღებოდა თავისი მშობლები, ეზიზღებოდა საკუთარი თავი, ეზიზღებოდა მოხუცი კაცი, რომელსაც მაშინვე მოკლავდა, როგორც კი აქედან გასაქცევ გზას მონახავდა.
დღეში სამჯერ მაგიდას უხალისოდ აწყობდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ნახევარი საათი, რომელსაც საღამოს სახლში დაბრუნებული მიქაელი მოხუც მამასთან და პატარა დასთან ერთად ატარებდა, მაგრამ ყოველი წამი დათვლილი იყო- როგორც კი სენი თავს იჩენდა ბედნიერი, სიცოცხლით სავსე ოჯახის სურათს ალი ედებოდა, ცეცხლი ეკიდებოდა,იწვოდა, ნელ-ნელა მხოლოდ ფერფლი რჩებოდა.
მშობლის ყურება გულს უკლავდა. მან არ იცოდა რა ერქვა ამ ტკვილს, რომელიც ერთდროულად იყო უსუსურიც და საბედისწეროც. გაბრიელი განწირული
იყო ეცოცხლა. ეცოცხლა ისე თითქოს არც არასდროს უცხოვრია და ,რა თქმა უნდა, ოცდაერთი წლის ბიჭს აზრადაც არ მოუვიდოდა , რომ ამ თანალმობითა და სიბრალულით სავსე თვალებით, რომლითაც ის მშობელ მამას უყურებდა, მალე მას საკუთარი და,ელა, შეხედავდა.
ამას რაისაც ამჩნევდა და ორად იხლიჩებოდა. ხო, მას ეზიზღებოდა უდარდელი, მომღიმარი მიქაელი იმის გამო, რომ მის სხეულში მიამიტ ბავშვურ რწმენას ზიზღი არ ერეოდა. ხანდახან ძალიანაც უნდოდა ყველაფერი ეთქვა. ეთქვა, რომ მალე მის გონებაში შავი, სქელი ღრუბლის გარდა არაფერი დარჩებოდა, რომ ეს ქუჩები სისხლით იყო დაფარული და ჰაერში მხოლოდ ცხედრისა და ლეშის სუნი ტრიალებდა.აქ მხოლოდ იმიტომ ცხოვრობდნენ რომ ისინი არასასურველნი იყვნენ. მათი არსებობა არავის ანაღლევდა, როგორც მათი სიკვდილი, როგორც ყველაფერი, რაც მათ სახელს უკავშირდებოდა - ამ ყველაფერს რაისას მკრთალი, სიცარიელის ფერი თვალები ამბობდა.
მაგრამ ყველას არჩევანი ჰქონდა - სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. მათ წასვლა, გაქცევა, ყველაფრის მიტოვება და გაყინულ, გაცრეცილ ქუჩებში გვამად ქცევა არჩიეს.
როგორ ძალიანაც არ უნდა ენატრა მისი განადგურება, დალაქავებული, გაბზარული ოთკუთხა პრიზმის საბოლოოდ დამსხვრევა, ვერ ეუბნებოდა, რადგანაც იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა. მალე ყველაფერს მაინც დაავიწყდებოდა.
მიქაელსა და ელას წარსული არ ჰქონდათ. ისინიც, როგორც მათი მამა აწმყოში ცხოვრობდნენ. აწმყოში, რომელიც ყოველი წამის შემდეგ წარსული ხდებოდა. წარსული, რომელიც გაბრიელის გონებაში ფეხს ვერ იკიდებდა. მათ ამ ქუჩების, ძველი, ნგრევისპირას მისული კედლების მეტი არც არაფერი უნახავთ.
დაძველებულ მაღაზიაში ყოველთვის გათენებამდე მიდიოდა. წვიმს, ნესტიანი ჰაერი მის ფილტვებში სასიამოვნოდ ჩადის. ცივი წვეთები ეცემა და გრძნობს,
რომ ცოცხალია. სახლებიდან გამომავალი სინათლე უკუნითს არ არღვევს, მზეც შავ ღრუბელში დაიმალა. ეს ქუჩები უსასრულო აბლაბუდას ჰგავს, მიხვეულ-მოხვეულს, საზარელს. ეს ქუჩებიც მახეა, აქ მცხოვრებნი კი მასში გახვეული მსხვერპლი. ისინი ელოდებიან სიკვდილს, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ სიკვდილი არ არის ჩასაფრებული მტაცებელი. მათ სხვა გასაჭირი აქვთ. ისინი განწირულები არიან მასში გახვეულებმა აიტანონ მარადისობა.
კვირის ბოლო ახლოვდება. მაღაზიაც ნელ-ნელა ცარიელდება. მიქაელიც ნერვიულობს, ქალბატონი კატალია დღესაც თუ არ გამოჩნდა, რამდენიმე ოჯახს შიმშილი არ აცდება. ის საქმეს მუდმივად პასუხისმგებლობით ეკიდება. რადგანაც ის არ იცნობდა არაფერს, ამ ერთ ხაზად ჩამწკრივებული სახლების გარდა, ამიტომ სულაც არ უნდა გახდეს ვინმეს შიმშილის მიზეზი.
…ხო, მიქაელი გრძნობა, ამ ქალაქში ყველაზე მეტს ეს ახალგაზრდა ბიჭი გრძნობდა.
შესვლისთანავე დაცარიელებული თაროების დალაგება დაიწყო. სიცარიელის შევსება სცადა. არაფერი გამოუვიდა, ისიც დაცარიელდა, მძიმედ ამოისუნთქა, როდესაც უკვე საათმა ცხრის ათი წუთი აჩვენა ქალბატონი კატალიაც გამოჩნდა.
-როგორ ბრძანდებით?
გრძელი, ლურჯი ლაბადა ეცვა. დახვეწილი, გრაციოზული იყო მისი ყოველი მოძრაობა. ქერა თმა მხრებამდე წვდებოდა. ჩვეული, უდარდელი სახის გამომეტყველებთ მიესალმა მიქაელს.
-კარგად - იცრუა - ნაყოფიერი, მშვიდი კვირა მქონდა - ისევ იცრუა.
-გამიხარდა თქვენი გამოჩენა.
-თაროები სულ დაცარიელებულა.
-დიახ, ყველაზე შესაფერის დროს მოხვედით. უკვე მეშინოდა…
-გეშინოდა?
- ხო, ვნერვიულობდი ხალხი შიმშილს არ შეეწუხებინა.
-ხალხი - სიძულვილით იყო სავსე ეს სიტყვა.
-დიახ, მაგრამ დღეს წვიმს არამგონია ამ ამინდში ვინმემ შემოიაროს. - მუდმივად მოწიწებით, აღტაცებით ესაუბრებოდა. იყო ამ ქალში რაღაც ამოუცნობი, რომელიც იზიდავდა, ძალიან იზიდავდა.
- არცაა გასაკვირი შემოდგომა მოვიდა, წვიმა მოსავალს უხდება, საწუწუნო არაფერია.
-შემოდგომა?
-ხო, შემოდგომა. წელიწადის ამ დროს შემოდგომა ქვია. რა მნიშვნელობა აქვს, აქ შემოდგომის ფერებს მაინც ვერ ნახავ- მიქაელს მასთან საუბრისას ყოველთვის რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისკენ მიმავალი ყოველი ბგერა იყინებოდა. მისი ყოველი პასუხი წინასწარ იცოდა, ისევე, როგორც ყველაფერი,რაც მოხდებოდა.
-გაბრიელი როგორ არის?
-თავს შეუძლოდ გრძნობს.
-არ შეგეშინდეს, მამაშენი კიდევ დიდხანს, ჯანმრთელად იცხოვრებს.
-იმედია.
-დამიჯერე.
…სანამ კატალია და მიქაელი საუბარში იყვნენ გართულნი თედორესა და ელიაზარს უკვე ყველაფერი მოეტანათ. მიქაელმა შვებით ამოისუნთქა. ეს პროდუქტი ყველასათვის რამდენიმე კვირა საკმარისი იქნებოდა. კატალიამ სიამოვნებისაგან გაბადრულს მიქაელს ღიმილით უთხრა:
-აკი, გითხარი ნაყოფიერი კვირა იყო-მეთქი
-დიდი მადლობა.
-ეს საჩუქარი პატარა ელას გადაეცი. მალე თექვსმეტი წლის ხდება ხომ ასეა?
-დიახ
მაგიდაზე პატარა მიწით სავსე გაბზარული,ლურჯი ლარნაკი დადო.
-ყვავილი ელას დაბადებისდღემდე ამოვა. ბზარს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ეს ჩემი საყვარელი ყვავილია იმდენად ლამაზია, ბზარს ვერც შეამჩნევს.
-ძალიან გაუხარდება.მადლობელი ვარ.
-რამდენიმე პატარა - განაგრძო ისე, თითქოს არაფერი გაუგონია - ყვავილი ამოვა. შუაგული იასამნისფრით აქვს გაჟღენთილი, კიდეები ლურჯით, მაგრამ ყველაზე ლამაზი მათი გადაკვეთის წერტილია, საუცხოო ფერში გადადის. კვირაში ორჯერ ცოტა წყალი ჩაუმატეთ, დიდ მოვლასა და ყურადღებას არ მოითხოვს. ახლა ჩემი წასვლის დროა, დროებით.
-შეხვედრამდე. - ერთმანეთს ღიმილით დაშორდნენ.
გარეთ გასული კატალია რამდენიმე წამი საჩუქრით გახარებულ მიქაელს უყურებდა. ბავშვივით უხაროდა, აკვირდებოდა, ათვალიერებდა, იღიმოდა. კატალია ფიქრობდა და საკუთარი ძმების უსიხარულო სახეებს მიქაელის ბავშურ აღტაცებას ადარებდა.
სახლში ბრუნდებოდა, ყრუ სიჩუმეში ქუსლიანი ფეხსამლის ხმა ისმოდა. წვიმა წყდებოდა.
…მიქაელი სველ მიწას კიდევ დიდხანს უყურებდა, ეხებოდა და ცდილობდა წარმოედგინა მასში რა მცენარე იმალებოდა. საჩუქარი მოულოდნელი არ იყო, ელას დაბადებისდღე კატალიას არასდროს ავიწყდებოდა, მაგრამ წინასწარ საჩუქარი არასდროს მოუტანია. ალბათ, ასე იყო საჭირო.მიქაელს ეჩვენებოდა, რომ ამ ქალისათვის ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი და მართალიც იყო.მან იცოდა, კატალიამ ყველაფერი იცოდა.

***
ელიაზარი ალბათ, ერთადერთი იყო, რომლის ზიზღშეპარულ, სხეულში თანაგრძნობა სუფევდა. თედორესთან, კატალიასთან და მოხუც მშობლებთან ერთად აქ ხუთი წლის წინ დასახლდა. მებაღეობითა და მებოსტნეობით ცდილობდნენ თავის გატანას. ელიაზარი გაქცევაზე არ ფიქრობდა, მუდამ კითხულობდა, სხვადასხვა სამკურნალო ბალახს იკვლევდა. საკუთარი თავისა და სხვების გადარჩენის სურვილით არსებობდა. საკუთარი ოჯახისა და სხვა განწირულების ხსნას განუკურნებელი სენისაგან მთელი გულით ლამობდა.
გაბრიელისაგან და მიქაელისაგან განსხვავებით, მათ ნათლად ახსოვდათ სახლი, სადაც ადრე ცხოვრობდნენ. ისინი ერთ გვარს ატარებდნენ, ერთი სახლი ჰქონდათ, მაგრამ ყოველი მოგონება, ნატვრა განსხვავდებოდა მეორისაგან.
კატალიასთვის სახლი მწვანე ხავსით დაფარული ოთხი კედელი იყო. თბილი სიჩუმითა და არაფრისმთქმელი სიმსუბუქით გაჟღენთილი სივრცე, მაგრამ მისთვის წარსული ნაკლებად იყო მნიშვნელოვანი ისევე, როგორც აწმყო. კატალია მკრთალი, ცისფერი თვალებით უსუსური მდინარის დინებას აკვირდებოდა და მის ყოველ ნაბიჯს ხედავდა, კატალია მომავალს ხედავდა.
თედორესათვის სახლი უსასრულო ვნებების მორევი იყო. მან პირველად საზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის მაშინ დაკარგა, როდესაც შეუჩერებელი
ჟინი დაეუფლა ფუფუნებისა, სიმდიდრეში ცხოვრებისა. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სად იცხოვრებდა. ეს უდარდელი ცხოვრების მირაჟი მას სულ თან დასდევდა. მისთვის სულაც არ იყო ეს ქუჩები საზარელი, რადგან მისი მუქი თაფლისფერი თვალები ყველაფერს სხვანაირად ხედავდა - თედორე მხოლოდ წარსულს ხედავდა.
მათი მოხუცებული მშობლების მუქ, თითქმის შავ თვალებში სიცარიელეს დაესადგურებინა. სივრცეს ნელ-ნელა შავი ლაქა ჭამდა, სურათი ფერმკრთალდებოდა, ქრებოდა და ასე შავ სიცარიელეში მოლივლივეები ატარებდნენ საკუთარ ცხოვრებას. წარსულის მოგონება, მომავლის იმედები უცხო იყო მათთვის. სიცარიელეში მოტრფიალეებისათვის მხოლოდ არსებული იყო ნათელი - ისინიც ხედავდნენ, მხოლოდ აწმყოს ხედავდნენ.
ელიაზარისათვის კი ყველაფერი სხვანაირი იყო. მისთვის დრო ისეთივე უსარგებლო იყო, როგორც კატალიასთვის წარსული და თედორესათვის მომავალი. მისი სხეული მსუბუქი იყო. თავისუფალი ყველა იმ გრძნობისაგან, რომლის სახელიც იცოდა და ვერ განიცდიდა. მან იცოდა, რა იყო თანაგრძნობა და საკუთარი ქცევით მას გამოხატვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა- ელიაზარს გრძნობები არ გააჩნდა.
…კატალიას ეზიზღებოდა წარსულის მოგონებების ტყვე თედორე. მუდამ ქედმაღალი სიბრალულით უცქერდა. მასთან დარჩენასა და არარსებული კეთილდღეობის შესახებ საუბარს ერიდებოდა. სახლის გვერდით პატარა ორანჟერია მოეწყო და მთელ დღეებს იქ ატარებდა. უყურებდა ყვავილებს და ზუსტად იცოდა რომელი როდის დაჭკნებოდა, ისევე, როგორც იცოდა თვითონ როდის მოკვდებოდა. მას არ ახსოვდა ამ ყვავილების სახელები, ამიტომ იმათ სახელებს არქმევდა ვინც ენატრებოდა, ეზიზღებოდა ან ებრალებოდა : თედორე ყვითელ მინდვრის ყვავილს დაარქვა. ყვავილს, რომელიც მზისაგან მომავალ სინათლეს ყველაზე მეტად ეტრფოდა, მაგრამ რომლისთვისაც ზამთრის პირველი სუსხიანი ქარი საბედისწერო იქნებოდა.
ორანჟერიაში შესვლა ყველას ეკრძალებოდა. განსაკუთრებით კი მიწათმოქმედებაში გართულ თედორეს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბოსტნეულისა და ხილის მაგივრად ხელში ოქრო-ვერცხლი რჩებოდა. ელიაზარს განცდის უნარი რომ ჰქონოდა, აუცილებლად შეიბრალებდა თედორეს, მაგრამ შეიზიზღებდა კატალიას. საკუთარი მიზნის სიწმინდესა და ამაღლებულებაში დარწმუნებულ ელიაზარს, რომელსაც კატალიასგან საყვედურის გარდა არაფერი ესმოდა, ის ეზიზღებოდა, უბრალოდ არ იცოდა. ელიაზარი მას მომავლის გაზიარებას არასდროს თხოვდა. იცოდა, რომ მომავალი წარსულსა და აწმყოს არ ჰგავდა. სადღაც წაეკითხა, რომ მომავალი, სიტყვა, რომელიც მისთვის ბუნდოვანი და ბურუსისმომცველი იყო, ყოველ წამს იცვლებოდა, ამიტომ დის ხედვებს აგდებულად უყურებდა. მაგრამ ესეც არ იყო დაფარული მომავლის შვილისათვის და ელიაზარს საკუთარი მიზნისათვის მოღვაწეობაში ხელს არ უშლიდა.
მათ ყველას ჰქონდათ რაღაც საერთო, ეს იყო სისხლი, რომლის გამოც მათ რეალობის აღქმის უნარი დიდი ხნის წინ დაეკარგათ.
-კითხე? – კითხა კატალიას ელიაზარმა როგორც კი მაღაზიიდან გამოვიდნენ.
-კი - ცინიკურად უპასუხა შიშისფერთვალებიანმა.
-უშველა? - თვალები აციმციმებოდა ელიაზარს. ის დარწმუნებული იყო, რომ გაბრიელისათვის წამალი შექმნა. წამალი, რომელიც გაბრიელს ძველ გონებას, გამჭრიახობას დაუბრუნებდა. ელიაზარმა გადაწყვიტა პირველი გაბრიელის სენი განეკურნა. ის პირველი იყო, ვინც აქ მოვიდა, მაგრამ მის ცოდნას ფასი
დაეკარგა, ამიტომ გაბრიელისათვის ძველი ცოდნის დაბრუნება ელიაზარსაც საკუთარი მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა.
ის მას თანაუგრძნობდა, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა, მაგრამ ვერ გრძნობდა, ელიაზარი კვლავ ვერაფერს გრძნობდა.
- გაბრიელი თავს ისევ შეუძლოდ გრძნობს, წამალი არ ამართლებს, მისი სენის წამალი არ არსებობს- ყოველთვის ქედმაღალი იყო მისი მზერა. ის ხედავდა იმას, რასაც ელიაზარი ვერასდროს დაინახავდა, მაგრამ გაბოროტებულს საკუთარ ცოდნას არასდროს გაუზიარებდა, სანამ ელიაზარი არ გატყდებოდა და დამცირებული მის ფეხ ქვეშ არ აღმოჩნებოდა.
-წყეული…- მუჭი მაგრად შეკრა. ღოჯი ტუჩს დააჭირა. ელიაზარი თვითონ იყო საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი. მის ფანტაზიას მისი სხეულით შეესხა ხორცი. იქცეოდა ისე, როგორც წარმოიდგენდა. არ უნდოდა, ყველას ეფიქრა, რომ ის მხოლოდ სიცოცხლეჩაბერილი ჩალის თოჯინა იყო, რომლის სასჯელიც იყო მხოლოდ სცოდნოდა რომ ცხოვრობდა, მაგრამ ვერასდროს შეეგრძნო რა იყო ის. დამკვირვებელი იყო; მაყურებელი, რომელიც მუდმივად აკვირდებოდა მისთვის ყველაზე სანუკვარი პიესის მსახიობებს და შურდა მათი, რადგანაც მათ მსგავსად ვერასდროს ითამაშებდა.
…ერთში კი არ ცდებოდა ამ დასახლებაში ყველა მსახიობი იყო და უხილავი სცენარისტის მიერ განსაზღვრულ როლს ასრულებდა. ისინიც ითამაშებდნენ მანამ, სანამ ის მათი ყურებით სიამოვნებას მიიღებდა, მაგრამ ყველა როლს ჰქონდა დასასრული. ის მათ გააქრობდა, მოკლავდა როგორც კი ამას საჭიროდ ჩათვლიდა.
…სიკვდილს ყველა სხვადასხვანაირად ხსნიდა. აი, თედორე საკუთარ სიკვდილს ვერასდროს დაინახავდა. იქნებ ასეც სჯობდა, ის ვერასდროს შეიგრძნობდა ტანჯვას, ტკივილს და მისი სიკვდილი იქნებოდა ის ერთი წამი, როდესაც დაინახავდა რეალობას, მაგრამ გაცნობიერებასაც ვერ მოასწრებდა, რომ მისი ცხოვრება
ამ წლების განმავლობაში ფარსი იყო. თვალებს დახუჭავდა და მშვიდ, მარადიულ ძილს მიეცემოდა.
კატალია უკვე გარდაცვლილი იყო. მკვდარი, როგორც აწმყო. ის წლების წინ მოკვდა. მოკვდა მაშინ, როდესაც საკუთარი სიკვდილი პირველად დაინახა ისევე, როგორც თედორეს სიკვდილი, როგორც ყველას სიკვდილი, ვინც აქ ცხოვრობდა. თუ თედორე განწირული იყო მხოლოდ სიკვდილის წინ დაენახა რეალობა, რომელშიც ცხოვრობდა , კატალია განწირული იყო მხოლოდ სიკვდილის წინ დაენახა, როგორი იყო სინამდვილეში. ის საკუთარ ხილვებში სულ ერთნაირი, დანაოჭებული, ჭაღარა ქალი იყო. მას არ შეეძლო შეეგრძლო საკუთარი სილამაზე, გლუვი, ნაზი კანი, ფაფუკი, მოკლე, სწორი, ქერა თმა, გრძელი წამწამები.
მაგრამ იცოდა, რომ საკუთარ თავს ვერასდროს ნახავდა. იცოდა და ტკიოდა, დროსა და სივრცეში დაკარგულ კატალიას გული ძალიან ტკიოდა.
ელიაზარისთვის კი ყველაფერი ყველაზე მარტივი იყო. მისთვის სიკვდილი მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა იქნებოდა. ამოძვრებოდა მძიმე ხორცისაგან, რომელიც მის სულს მხოლოდ ამძიმებდა და ზევით მიმავალი გაიფანტებოდა. მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. სიცოცხლე, სიკვდილი, დრო. ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები იყო. მას უნდოდა სიკვდილის ჟამს მაინც შეეგრძნო რაიმე, თუნდაც ეს ტკვილი ყოფილიყო და ის გამხდარიყო ერთადერთო გრძნობა, რომელიც მას ეცოდინებოდა.
-რამდენი დრო დარჩა?
-რისთვის?
-გვიანია? - შერცხვენილმა კითხვა.
-რას გულისხმობ?-აგდებულად გასცა პასუხი დამ.
-ნუ მეთამაშები.
-გაინტერესებს გაბრიელის განკურნება თუ გამოგივა?
-კი მაინტერესებს.
-არა ელიაზარ ჯერ ადრეა.
-ანუ დრო ჯერ მაქ… - ძველი ნაპერწკალი დაუბრუნდა მის თვალებს,
- სანამ მუდარით -სიტყვა გააწყვეტინა- მუხლებზე არ დავარდები და პატიებას ითხოვ არაფერს გეტყვი მომავლის შესახებ.
დიდხანს უყურებდა სარკისებრ თვალებში დას და საკუთარ შეშინებულ, უსუსურ, უმაქნის სახეს ხედავდა. ლაპარაკის უნარი დაკარგა. პასუხს ვერ გასცემდა. საკუთარ სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებდა და ,რა თქმა უნდა, არც არასდროს ამაყი ბოდიშს არ მოუხდიდა.
-რაზე ლაპრაკობთ? - სიჩუმე დაარღვია თედორემ.
-არაფერზე თედორე, შინ წავიდეთ.
-წავიდეთ.
-დაიმახსოვრე, მე რომ არა შიმშილით დავიხოცებით - ელიაზარი იძულებული იყო დის ზურგისათვის ეცქირა. მას გაჰყოლოდა, დამორჩილებოდა ყოვლისმცოდნეს. ეს სიტყვები ისეთივე არასასიამოვნო იყო, როგორც თვითონ კატალია, მაგრამ არ ტკიოდა, ელიაზარს გული არასდროს ტკიოდა.
-რატომ? სახლში უამრავი გემრიელი საჭმელი გვაქვს. მოახლე საჭმელს მოამზადებს ჩვენ ვერანდაზე დავსხდეთ, ვისაუბროთ.
-თედორე… - არც ახლა აცადა წინადადების დასრულება.
-ისიც ისეთივე ხელმოცარულია, როგორიც შენ ელიაზარ.
ხო, კატალიას ორანჟერიაში ელიაზარიც იყო. თეთრი ყვავილი, რომელიც ვერც ერთ ფერს ვერ იღებდა. მის კიდეებში ყოველთვის იღვრებოდა სხვადასხვა ფერი, მაგრამ თეთრს ვერ გადაეწყვიტა, რომელი ფერი აერჩია, ვინ უნდოდა და როგორი უნდოდა ყოფილიყო, ამიტომ ბოლომდე შეღებვას ვერ ასწრებდა. სანამ, სითეთრეს მოიშორებდა ჭკნებოდა.

***
თედორემ განერვიულებულმა გაიღვიძა. ძმებისა და დის ოთახები გვერდიგვერდ იყო. ელიაზარს ღრმად ეძინა, კატალიას ეღვიძა, საღამოს სიჩუმით ტკბებოდა. ძალიან უნდოდა ახლა თედორეს დასთან საუბარი, ძმისათვის გულის გადაშლა, სართულით ზემოთ მუდამ მძინარე მშობლებისაგან რჩევა-დარიგების მიღება, მაგრამ როგორი დაბრმავებულიც არ უნდა ყოფილიყო აწმყოსა და მომავლის უარყოფითა და მუდმივად წარსულის აჩრდილებთან ცხოვრებით, მისთვის ნათელი იყო გაღიზიანება, ზიზღი, რომელსაც მისი ოჯახის წევრები მის მიმართ იჩენდნენ. რა თქმა უნდა, მიზეზი ისეთივე ბუნდოვანი იყო მისთვის, როგორიც ეს სახლი, როგორც ეს კედელები, რომლებიც თეთრი შპალერითა და ძველებური ჩუქურთმებით იყო დამშვენებული.
...არც მისი სენი იყო ბოლომდე კეთილსინდისიერი. კი, მისი რეალობა ერთ ადგილას იყო გაჩერებული და ის ყოველთვის იცხოვრებდა სახლში, რომელიც შეიძლება უკვე აღარც არსებობდა, მაგრამ არც მუდმივად წარსულში ყურება იყო საქმე მარტივი.
ძველი ტკივილები დამანგრეველი, დესტრუქციული ქარიშხლის სახით შემოიჭრა გულუბრყვილოს, ასაკით უმცროსის ცნობიერებაში და ჩავლილი სურათები გააცოცხლა. თედორეს სიზმარი ასეთი იყო:
სახლიდან გასული სეირნობას შეყვა და პატარა, სიცოცხლით სავსე ქალაქში აღმოჩნდა. მაღალი შენობებს უყურებდა და მათი სილამაზით აღტაცებული სეირნობდა. მის გარშემო ყველა მხიარული ჩანდა : ვაჭრები გამვლელებს საკუთარ საქონელს სთავაზობდნენ, მშობლებს ბავშვები სასეირნოდ გამოეყვანათ, მოხუცებულები კეთილმოწყობილ სკვერში სეირნობით იქცევდნენ თავს, სხვები კი უბრალოდ გადი-გამოდიოდნენ. მზე ანათებდა, სასიამოვნო ნიავი უბერავდა, ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, როდესაც სურათი ორად გაიყო. მზის ნათელი ფერები გაიხლიჩა და სხვადასხვა ფერი, სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. სივრცე დამძიმდა, შემაძრწუნებელმა ხმამ, რომელიც ახლადგამოფხიზებულს ისევ ნათლად ესმოდა, დაიპყრო არე-მარე. ნელ-ნელა ყველა ხმა ყრუ გახდა. ნაზი, შემზარავი, ავისმომასწავებელი ბგერები ძლიერდებოდნენ. ნათლად ესმოდა ხმებში გაშლილი სიმღერა და ეშინოდა. მაგრამ ხალხი არ ჩერდებოდა, ეს ნოტები მხოლოდ მისთვის იყო ხილული, მხოლოდ ის გრძნობდა შიშს. მეტყველების უნარი მასაც დაეკარგა, მისი ხმაც გადაეფარა.ძალიან უნდოდა დაეყვირა, ძალიან უნდოდა ყველა მოსალოსნელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა, უცნაური წინათგრძნობა ჩრდილად ჩამოწვა და ისიც დაიკარგა ამ ჩრდილთან ერთად, ისიც ყველა გამვლელისათვის უხილავი, გამოუსადეგარი გახდა.
...ქალაქის თავზე ჩიტების გუნდი გამოჩნდა. ეს სიმღერა სწორედ მათ ეგებებოდა. უფრო გამაღლდა, ხმა უფრო გაძლიერდა, ნოტები გამრავლდნენ. თედორემ გაარჩია, რომ ეს ჩიტების გუნდი არ ყოფილა. ქალაქს სახმედრო თვითმფრინავები უახლოვდებოდნენ. გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. საუთარ სხეულს ვერ მართავდა, ნელ-ნელა ჩრდილში იძირდებოდა. ნელ-ნელა ქვევით ეშვებოდა და უყურებდა, როგორ ეშვებოდა ქალაქისაკენ რამდენიმე საგანი, რომლებსაც ვერ არჩევდა. ხმა არ წყდებოდა, ერთ ტონალობას, მეორე ცვლიდა. გარშემო ეხვეოდნენ სიცარიელისაკენ მიმავალს. ისინი ბედნიერები ჩანდნენ. კმაყოფილები სწორედ ამას ელოდნენ. მძიმე საგანი ჰაერს აპობდა და ნელ-ნელა მისი ნამდვილი ზომის გარჩევა შესაძლებელი ხდებოდა. ის არ არის დარწმუნებული რა მოხდა, მაგრამ, როდესაც მისი თვალები ჩრდილის ქვევით აღმოჩნდნენ, სმენად იქცა და ნათლად გაიგონა როგორ ამოწურეს მომღერლებმა საკუთარი შესაძლებლობა. ბოლო ბგერას, რომლის მსგავსიც არაფერი არასდროს გაეგონა, სასოწარკვეთილი ყვირილი, მსხვრევის, ნგრევის და განადგურების ხმა მოჰყვა. ეს ბოლო ხმა იყო, რაც გაიგონა, სანამ ბოლომდე ჩრდილის ჭაობში ჩაიძირებოდა.
...როდესაც ბოლომდე ჩაიძირა გაიღვიძა.
გაყინული ფიქრობდა სიზმარზე.
-რა საშინელებაა…-ოფლიანმა წარმოთქვა და ისევ დაძინება სცადა. ძველ, დაგლეჯილ საბანში გაეხვა და თავი ფანჯრის მხარეს მოათავსა. იძინებდა და არ უწყებდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ ის ამ საშინელებაში ცხოვრობდა.

***
ეს ღამე არც რაისასთვის იყო ჩვეულებრივი. მას სიმშვიდე დიდი ხნის წინ დაეკარგა. რაისას სენი განსხვავებული იყო ყველა სხვისაგან. ჭაობში ფესვებგადგმულ ხეს ჰგავდა რაისა. მისი საკვები საწამლავი იყო და დროის განმავლობაში ის სიცოცხლეს კარგავდა. ხეს ფოთლები ცვიოდა, რაისას ტვინი იფლითებოდა.
დასაწყისში სისუსტის სახით შეერია სხეულს, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდა რა ელოდა. ხანდახან მარჯვენა ხელს ვერ იმორჩილებდა. ეს ტკივილი ერთ ადგილას არ ჩერდებოდა და მასაც მხოლოდ დარჩენოდა დალოდებოდა, როდის დაიპყრობდა მთელ სხეულს. ყველაფერი აზრს მაშინ დაკარგავდა, როდესაც რაისა ყველა ადამიანურ უნარს შეელეოდა და მხოლოდ მაშინ იგრძნობდა თავს ცოცხლად, როდესაც საკუთარ სუნთქვას შეიგრძნობდა. ის იქნებოდა ცოცხალი, გაჩერებული
ერთ ადგილას, დაბმავებული, დაყრუებული, დამუნჯებული, მაგრამ ცოცხალი. ერთ ადგილას გაჩერებული ვერაფერს დაინახავდა, საკუთარი სუნთქვის ხმას ვერ გაიგებდა, მაგრამ იარსებებდა მანამ, სანამ კანზე ბოლო ამოსუნთქვას არ შეიგრძნობდა.
როგორი საზარელიც არ უნდა ყოფილიყო ეს ქალაქი, ჰაერი აქ არ ჰგავდა მშობლიური დიდი ქალაქის დაბინძურებული, გამონაბოლქვგარეულ ჰაერს. რაისაც ღრმად სუნთქავდა და ყოველი ამოსუნთქვის დროს გრძნობდა, რომ ცოცხალი იყო. როდესაც გაბრიელის სახლს ტოვებდა, შინ დაბრუნებას არ ჩქარობდა. ქალაქის ბოლოს, პატარა ტბასთან დიდი ხის ძირში ჯდებოდა და წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება აქ რომ არასდროს მოხვედრილიყო, ცხოვრება რომ ჩვეულად გაეგრძელებინა და ამ სენისგანაც ყოფილიყო თავისუფალი მისი სისხლი. საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა და დროში უკან ბრუნდებოდა. რაისას ერთადერთი სურვილი ჰქონდა ამ ოჯახის ნაწილი არ ყოფილიყო. ეზიზღებოდა ყველა მისი ოჯახის წევრი, ყველა წინაპარი, რომელთა გამოც იძულებული იყო ბავშვობაზე, ცხოვრებაზე უარი ეთქვა და უძრავ, არაფრისმაქნის მორად ქცეულიყო.
...გრძელი შავი თმა ჰქონდა რაისას. ისეთივე შავი, ბნელი, საზარელი როგორიც ყველა აზრი, რომელიც აქ გადმოსვლის დღიდან მის თავში დაიბადა. ზიზღმა თავიდან ბოლომდე დაფარა მისი სხეული. მას ჰქონდა ამბიცია და დარწმუნებული იყო, რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდა. ეს თავმოყვარეობა, სიძულვილი ერთმანეთს ერეოდა და იმაზე დიდ ტკივილად გარდაიქმნებოდა, ვიდრე ნებისმიერ სენს შეეძლო მოეტანა.
ყოველ საღამოს აქედან გაქცევაზე ნატრობდა. ყველა ოჯახის წევრს ამ საზარელი არსებობისათვის გაიმეტებდა და ერთი წამითაც არ იფიქრებდა, რომ ეს ყველაფერი ამად არ ღირდა.
თუ ყველაფერი ამაო იქნებოდა, ამაყი აქ დარჩენას ვერ შეეგუებოდა. რაისას დიდი ხნის წინ ხის ფუღუროში სხვადსხვა დედის ფუფუნების საგანთან ერთად, მამის ძველი იარაღიც დაემალა, რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოიყენებდა, როდესაც უკვე ყველაფერი აზრს დაკარგავდა.
რაისას ორი ძმა ჰყავდა - თეოდორი და კრისტოფერი. ორი უფროსი ძმის მიმართ სიბრალული არასდროს გასჩენია. ასეთი იყო რაისა, მაგრამ მხოლოდ ის არ იყო დამნაშავე. ცხოვრება მართლაც სასტიკი აღმოჩნდა მისთვის, ყველასთვის. რაისას დანაშაული ერთი იყო- მცირედით არ კმაყოფილდებოდა და მუდამ წინ, უკეთესობისაკენ მიიწევდა. მისთვის ყველანაირი მსხვერპლი გამართლებული იყო, მთავარი იყო ის ყოფილიყო ბედნიერი და ის მართლაც იქნებოდა ბედნიერი, რომ არა სისხლი, რომელიც მის ვენებში ჩქეფდა.
რაისა სახლში დაბრუნდა.
-სად იყავი? - კარებში შეეგება თვალებჩაშავებული თეოდორი.
-ტბასთან. რამე ხდება?
-კრისტოფერი ისევ ცუდად არის რაისა. არ განაღვლებს შენ ძმას რა ბედი ეწევა?
-ეგ ბედი თეოდორ, მეც და შენც მალე გვეწევა.
კრისტოფერი უფროსი იყო. ის გახდა ოჯახური მემკვიდრეობის პირველი მსხვერპლი. ჯერ სიარულის უნარი დაკარგა, შემდეგ-მეტყველების. ძმისთვის თეოდორი ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ ისიც ისეთივე უმწეო და ხელმოცარული იყო, როგორც სხვა რაისა, როგორც სხვა ყველა.
არც ერთს არ ჰქონდა უფლება აერჩია რა როგორ იქნებოდა, ყველას ბედი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. ცხოვრება მათთვის მხოლოდ უსასრულო ტყე იყო, ისინი კი მსხვერპლები იყვნენ, რომლებსაც მონადირე ადრე თუ გვიან მაინც შეამჩნევდა, ბოლოს მოუღებდა.
კრისტოფერის სხეული ნელ-ნელა ცალმტვერდება და ქრება ყველანაირი კვალი სიცოცხლისა.
-კი, რაისა. შენც მალე დაემსგავსები კრისტოფერს, მაგრამ შენ თანაგრძნობით არავინ მოგეპყრობა. კრისტოფერი ყოველთვის იგრძნობს, რომ ცოცხალია. მანამ,
სანამ თანაგრძნობით გაჟღენთილი სიყვარული იქნება მისი არსებობის წყარო…
-თეოდორ, რამდენიც გინდა ილაპარაკე, თავი დაიმშვიდე და დაარწმუნე, რომ შენც გექნება ის, რაც შეგახსენებს, რომ ცოცხალი ხარ…
-ჯერ ბავშვი ხარ რაისა - დის ცინიკური, აგდებული კილო თეოდორის სიმშვიდეს ვერ არღვევდა. მან დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ყოფილიყო ძლიერი, წელში გამართული.- ჩვენ ყველა განწირულები ვართ. მუდმივად სიძულვილი საკუთარი ოჯახისა კარგს არაფერს მოგიტანს. ჩვენც გვაქვს დრო. უფრო ცოტა, ვიდრე სხვებს, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია რაიმე შევქმნათ. სადაც არ უნდა წახვიდე, ბედს ვერ შეცვლი, მაინც ჩავარდები ლოგინად და ერთ დღესაც მოკვდები, მაგრამ სიმშვიდეს ვერც სიკვდილის შემდეგ იპოვი.უდმივად დატყვევებული იქნები სიძულვილით, ზიზღით.
-საცოდავი ხარ თეოდორ. დარწმუნებული ხარ, რომ ეს ამაღლებული სიტყვები გიხსნიან? სინამდვილეში, შენც არაფრისმაქნისი ხარ. შენი ცოდნაც შენთან ერთად დაიკარგება.
-არაფრის მოსმენა არ გინდა..- ამოიოხრა.
თეოდორი ადრე გაჭაღარავდა. მხოლოდ რამდენიმე თმის ღერს შეენარჩუნებინა ძველი შავი ფერი და მხოლოდ ხანდახან თუ გამოჩნდებოდა ვერცხლისფერში გახვეული, მაგრამ მას სულაც არ აწუხებდა საკუთარი თმის ფერი.
…სინამდვილეში მას ყველაზე მეტად სწორედ რაისა ებრალებოდა და ბედნიერიც კი იყო, რომ მათ საერთო თმის ფერიც კი აღარ ჰქონდათ. კრისტოფერი მიმართ სიბრალულის მსგავსს არაფერს განიცდიდა - მან უკვე ბევრი ნახა და ორივე ძმა დარწმუნებული იყო, რომ ეს სენი, ეს მატერიალური, ადამიანური განსაცდელი მალე გაქარწ....ბოდა და სიმშვიდეს ორივე, წლების შემდეგ იპოვნიდა. ეს სიმშვიდე ყოველთვის იქნებოდა მიუწვდომელი ცხოვრებაში, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებოდა, როდესაც დრო მოვიდოდა. ხო, თეოდორი ცოცხლობდა, იმედის შენარჩუნებით ცოცხლობდა.
-იცი რაისა, კრიტოფერი ცოცხალია და ყოველთვის იქნება ცოცხალი, მაგრამ შენ ისეთივე მკვდარი ხარ, როგორიც იქნები წლების შემდეგ.
რაისას გაეცინა:
-როდემდე აპირებ იცხოვრო აჩრდილებში?
-მანამ, სანამ ამის უნარსაც არ დავკარგავ რაისა - მოკლედ მოუჭრა ძმამ და საძინებელი ოთახისაკენ გაეშურა.
…ძმის ყოველი სიტყვა მწარე იყო. ყოველი ზედაპირზე წამოჭრილი ბგერაბასრი უმცროსი დის სხეულზე ღრმა ჭრილობებს ტოვებდა. ორივემ იცოდა, თუ რა იყო
ამ ჭრილობის წამალი, მაგრამ ჯიუტს ერჩივნა მუდმივად სისხლში ყოფილიყო ამოსვრილი, ვიდრე ხმამაღლა ეთქვა, რომ მისი ძმა მართალი იყო.
…რაისაც საძინებლისაკენ გაეშურა. მისი ოთახი სხვა ოთახებთან შედარებით დიდი იყო. საწოლთან დიდი, თითქმის კარის ხელა ფანჯარა სიცარიელეს უყურებდა.
ზეწარში სიგარეტი ჰქონდა დამალული. უყვარდა მოწევა რაისას, მაგრამ თავს იკავებდა. მან მხოლოდ რამდენიმე კოლოფის წამოღება შეძლო. ამ ქალაქში კი თამბაქო იშვიათად იშოვებოდა.
ფანჯარა გამოაღო. გრძელ თითებში მოაქცია სიგარეტი და ღრმა ნაფაზი დაარტყა. კვამლი გარეთ გადიოდა, უკუნითში იკარგებოდა ისე თითქოს არასდროს არსებობდა. თეოდორის სიტყვები დააფიქრა. ჯიუტი თვითონაც დარწმუნდა, რომ აღარ შეეძლო კარგისა და ცუდის გარჩევა, მეტიც მას ნელ-ნელა “კარგის” მნიშვნელობაც ავიწყდებოდა.
კარის კაკუნის ხმამ რაისას სიმყუდროვე დაარღვია. ოთახიდან გავიდა. მშობლებს ეძინათ, კარისაკენ მიმავალ თეოდორს თვალი გააყოლა.
-თეოდორ, მარგო სახლშია?
-სძინავს ნაია. მე შემიძლია რამით დაგეხმაროთ? - ნაია, ქუჩის ბოლოს პატარა სახლში ცხოვრობდა. ის ერთადერთი იყო ამ ქალაქში, რომელიც ოჯახის გარეშე წამოვიდა. მშობლიური ქალაქისა თუ ქვეყნის სახელი აღარც მას ახსოვდა. სამი წლის იყო, როდესაც მარგომ საკუთარ შვილებთან ერთად სიკვდილს იხსნა.
ძველად ის გავლენიანი ქალი იყო, ამიტომ მას ჰქონდა შესაძლებლობა დაემალა საკუთარი ოჯახის ამბავი და სახლი მშვიდად დაეტოვებინა, მაგრამ ნაიას ოჯახს ეს შესაძლებლობა არ ჰქონია. ისინი ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ და ერთ დღესაც ყველამ უმალ შეიტყო მათ შესახებ. როდესაც გაქცევა გადაწყვიტეს უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ნაია გადარჩა.
…საბედისწერო ღამეს, სახლში სისხლის სუნი დატრიალდა. კედლები წითლად შეიღება. საკუთარ სიცოცხლეზე შეყვარებულთა გულებში სიკვდილის შიში დაიბადა. ყველა სხვა გრძნობა წითელ გუბეში ჩაიძირა. გადარჩენის სურვილი გახდა მთავარი მეთოჯინე, ყველა დანარჩენი კი- მისი იარაღი. ყველას
დაუნდობლად გაუსწორდნენ, დაღვარეს სისხლი, რომლისაც ეშინოდათ,ძალიან ეშინოდათ.
საფრთხის წინაშე ადამიანი ყველაფერ ღირებულს კარგავს. ისიც ხდება დაუნდობელი და ემსგავსება აზროვნება დაკარგულ ცხოველს, რომელსაც ამოძრავებს მხოლოდ თვითგადარჩენის სურვილი, მაგრამ ეს სისხლი არ დაიკარგება და ყოველთვის დარჩება ღრმა ლაქად მათ ცხოვრებაში.
ისინი მათ ადამიანებად, ცოცხალ არსებებად არ თვლიდნენ, მაგრამ მათ საპირისპირო დაამტკიცეს. მათ დაამტკიცეს, რომ ბედი შეცდა, როდესაც ამ ოჯახს ადამიანებად ცხოვრების შესაძლებლობა წაართვა, მათ კი-მისცა.
…მარგო ნაიას საკუთარი შვილივით უფრთხილდებოდა. ხშირად უყვებოდა თავის მშობლებზე, მათ სახლზე, გრძელ, მუქ, ქერა თმას ვარცხნიდა და უამბობდა ყველაფერზე, რაც შორეულ წარსულში გაუჩინარდა. სულ ორიოდე წელია, რაც მოზარდმა მარტო გადაწყვიტა ცხოვრება. ქუჩის ბოლოს მიტოვებულ სახლში დასახლდა და თავს კერვა-ქსოვით ირჩენდა. თუ კი რაიმე ჰქონდა ყოველთვის ამ ოჯახისათვის მოჰქონდა. ის თავს ვალდებულად თვლიდა ასე მოქცეულიყო, რადგან ვერასოდეს დააბრუნებდა იმას, რაც მათ მას მისცეს - სიცოცხლეს.
-არა, თეოდორ. თუ არ შეწუხდები უთხარი, რომ, როდესაც ეცლება, შემომიაროს.
-აღელვებული ჩანხარ. - უკვე გასასვლელად მომზადებული შეაჩერა.
-თუ არ შეწუხდები შემოვალ.
-შემოდი. ვისაუბროთ.
…გრძელი ცისფერი ქურთუკი გაიხადა. თეოდორისათვის ნაიას დანახვა მუდამ სასიხარულო იყო, მაგრამ ახლა მას საკუთარი სადარდებელიც ბევრი ჰქონდა. ის საკუთარი ძმის მდგომარეობაზე ფიქრობდა, საკუთარი დის გონებაში გაჩენილ შავ ლაქაზე, რომელიც უკვე იმდენად დიდი იყო, რომ სხვა ყველაფერი გაენადგურებინა.
მაღალი, ძალიან გამხდარი იყო ნაია. გრძელი თმა წელამდე წვდებოდა. თეთრი, სპეტაკი კანი ჰქონდა. საოცრად ნაზი არსება იყო.
როდესაც ის პირველად კატალიამ ნახა გადაწყვიტა მისი სახელი ორანჟერიაში ყველაზე ნაზი, სათუთი, მაგრამ დაუცველი ყვავილსათვის დაერქვა. ყვავილს, რომლის გულიც მისი თმის მსგავსად ყავისფერისა და ყვითლის ნაზავი იყო. კიდეებს კი მისი თვალების ფერი ცისფერი დაკრავდა. გულისაკენ მიმავალი სულ უფროდაუფრო ფემრკრთალი ხდებოდა და ბოლოს მისი კანი მსგავსად თეთრდებოდა.
სასტუმრო ოთახში მიიპატიჟა. ორი ფინჯანი ცხელი წყლით აავსო. ღია კარიდან შემომავალმა სიგრილემ ოთახში გაიდგა ფეხი. ფინჯნიდან ამომავალი ორთქლი გამოკვეთილად ჩანდა და არ ჰგავდა რაისას სიგარეტისაგან გარეთ გამავალ კვამლს, რომელსაც წამებში უკუნითი შთანთქავდა.
წყალს ჩაის ფერი შეურია, მაგიდაზე მძიმე დადო, ამოიოხრა და მოემზადა ამბის მოსასმენად.
რაისა მათ საუბარს ჩუმად ყურს უგდებდა, მორიგი წყევაკრულოვანი ამბის მოსმენას ელოდა.
-მადლობა, თეოდორ - გაყინულ ხელის გულებს შორის ცხელი ფინჯანი მოიქცია. ესიამოვნა. ამბის თხრობის დასაწყებად ყოველ სიტყვა ზომავდა და ჭერისაკენ მიმავალ ორთქლს თვალს არ აშორებდა. - კრისტოფერი თავს როგორ გრძნობს?- არ უნდოდა, რომ მის მეგობარს ეფიქრა, რომ ის უყურადღებო იყო. ისინი და-ძმასავით იზრდებოდნენ და მათ მართლაც ისინი უფრო ჰგავდნენ დასა და ძმას, ვიდრე თეოდორი და რაისა.
რაისამ ეს იცოდა, მაგრამ არ ადარდებდა.კიბესთან დამალულ რაისას ეს თანაგრძნობით ნათქვამი სიტყვები გულს ურევდა.
-არაფერი შეცვლილა. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მის ტანჯვას ვეღარ ვუყურებ - ჩაი მძიმედ მოსვა - ალბათ დროა რამე ვიღონოთ. ძალიან მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორ უნდა წამოდგეს და არ შეუძლია, როდესაც ვხედავ, რომ უნდა რაღაც მითხრას და ვერ ამბობს. არ ვიცი ხანდახან ვფიქრობ…
რაისამ ეს წინადადებ გონებაში დიდი ხნის წინ დაასრულა. ძალიან ესიამოვნა ძმისაგან ამ სიტყვების გაგონება და გაიფიქრა, რომ მასშიც ცხოვრობდა სასტიკი ურჩხული, რომელიც მას საკუთარ ძმას მოაკვლევინებდა, მაგრამ მისი იმედი არ გამართლდა თეოდორმა წინადადება ვერ დაასრულა, ნაიამ სიტყვა გააწყვეტინა.
-არა, თეოდორ. შენ ჩემზე უკეთ გესმის, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ყველაფერი ავიტანოთ, გავუძლოთ.
-ვიცი - გაეღიმა, ფინჯანი მაგიდაზე ხმაურით დადო - ყურადღება არ მომაქციო. სასოწარკვეთა შემომერია. ჩემს თმას ძველი ფერი წაართვა. ახლა მოსვენებასაც აღარ მაძლევს. მიჭირს ,ნაია, ძალიან მიჭირს იმის აღაირება, რომ მე საკუთარი ძმის დასახმარებლად არაფრის გაკეთება შემიძლია. მისი ყურება ჩემთვის იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე წარმოდგენა იმისა, რომ ერთ დღესაც მეც მისი მსგავსი გავხდები.
-რატომ… - მის ხმას სიცივე შეერია. ზედაპირზე გამოღწეული სიტყვა ქარის ნაწილი გახდა და სუსხიანი ნაკადი თეოდორის სახეს შეეჯახა - რატომ, მოხდა ყველაფერი ასე… ვინ გადაწყვიტა ან რატომ გადაწყვიტა ჩვენი ცხოვრება ჩვენს მაგივრად. სამართალი…
-დამიჯერე ამ კითხვებზე პასუხს მას შემდეგ ვეძებ, რაც აქ წამოვედით, მაგრამ ,ალბათ, ამას ვერასდროს გავიგებთ - ძალდატანილი ღიმილით სცადა საკუთარი და მოსაუბრის ტკივილის შემსუბუქება. მიამბე რა მოხდა…
-კატალიასთან ვიყავი.
ეს სიტყვები მოულოდნელ მეხს ჰგავდა. თითქოს სიცივეც გაჩუმდა და ამ სახელთან ქედი მოიხარა. რამდენიმე წამი აქ სუნთქვის ხმაც არ ისმოდა. ყველამ იცოდა, თუ ვინ იყო კატალია და რა შეეძლო მას. რაისაც სმენად იქცა. ის მალავდა საკუთარ განზრახვას და როგორი დარწმუნებულიც არ უნდა ყოფილიყო მის სიმართლეში, მას არ ტოვებდა შეგრძნება, რომ მას მუდამ ვიღაც უყურებდა. მართალიც იყო , რადგან ეს ცისფერი, უღრუბლო ცა კატალიას შიშისფერი თვალების ნაწილი იყო და შუამავალი იყო, რომელიც მომავალსა და რეალობას აერთიანებდა.
…თეოდორი კატალიას მუდამ ერიდებოდა, ისევე როგორ თედორეს, როგორც ელიაზარს. იმის მიუხედავად, რომ მათი არსებობა დამოკიდებული იყო მათ საქმიანობაზე ძალიან უნდოდა თეოდორს ერთ დღეს მათი სახლი ცეცხლს შეეჭამა და ფერფლად ექცია ყველა იმ ყვავილებთან ერთად, რომლებიც თითქოს მათ სიცოცხლეს ინახავდა.
ის დარწმუნებული იყო, რომ ისინი მათზე იღბლიანები აღმოჩდნენ და მათი სენი უბრალოდ მიუღებელი და არა სასიკვდილო იყო. რა თქმა უნდა, მისთვის გაუგებარი იყო, რომ და-ძმები აბლაბუდაში იყვნენ გახვეულები და მათთვის ამ სიცოცხლესაც მნიშვნელობა დიდი ხნის წინ დაეკარგა.
თეოდორსა და რაისასაც ჰქონდათ კიდევ ერთი საერთო - მათ ეშინოდათ, კატალიასი და-ძმას ძალიან ეშინოდათ.
-რა გითხრა? - ფიქრის შემდეგ ნელა, გამოკვეთილად წამოთქვა თეოდორმა. ტუჩზე ძლიერად იკბინა.
-არ ვიცი თეოდორ, მაგრამ ძალიან მეშინია. გაუგებარია ყოველი მისი სიტყვა ჩემთვის.
-ნაია, დამშვიდდი. კატალია შეიძლება ყველაფერს ხედავს, მაგრამ ბევრი, რამ მისთვისაც უხილავია.
-თეოდორ, ძალიან გთხოვ.
-გისმენ - მიხვდა, რომ გამხნევებას აზრი არ ჰქონდა.
-კატალიასთან ჩემი ნებით მივედი. პირველად, რომ შევხვდი მას შემდეგ მრავალი კითხვა გამიჩნდა. ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა თეოდორ. მე არ ვიცი ჩემი წარსული, არ ვიცი საიდან მოვედი… ცნობისმოყვარეობამ მძლია, ძალიან მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა. რა ბედი მეწეოდა.
-ნაია, ხომ გთხოვე.
-და , რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ის კარგს არაფერს მეტყოდა, მაგრამ მაინც - საუბრობდა და ფინჯანს მზერას არ აშორებდა. ამ ქალაქის წესები არავისთვის იყო უცნობი. კეთილგანწყობა აქაურობისათვის უცხო იყო, ამიტომ ყველა ერიდებოდა ყოვლისმცოდნესათვის მომავლის ჩვენების თხოვნას, რადგან ყველა იცოდა, რომ შიშისფერთვალებიანი სიმართლეს იტყოდა და სასტიკ მომავალს არ შეალამაზებდა- ასე გადავწყვიტე.
-რა გითხრა?
-ერთ დღეს, ხანძარი გაჩნდება. დაუნდობელი ხანძარი თეოდორ, ტბასთან ყველა ხის ფოთოლი ცეცხლისფრად განათდება.
-ნაია..
- ცეცხლი წყალსაც წაეკიდება. ბევრი დაიღუპება, ბევრისათვის იქნება ეს ხანძარი დასასრული. -მისი ხმა არ ესმოდა
-ნაია…
-ცეცხლი მხოლოდ მაშინ გაქრება, როდესაც უკუნითი შეჭამს. გარშემო შემოეხვევა ტბას და სანამ უკანასკნელ წვეთს არ ჩაყლაპავს არ გაქრება.
-დამშვიდდი - ამ ხმამაღლა, თითქმის ყვირილით ნათქვამმა სიტყვებმა გამოაფხიზლა.
-თეოდორ, აქ როგორ ჩამოვედით, აქამდე როგორ მოვედით? - მხოლოდ ახლა შეხედა თვალებში. მისი თვალები ანათებდა, მაგრამ თეთრ გარსს წითელი ჭამდა. დაუნდობლად შთანთქამდა სინათლეს და შიშითა და სისასტიკით გაძლიერებულს ვერაფერი აჩერებდა.
-ნაია, ვიცი, რასაც ფიქრობს. აზრი არ აქვს.
-მეშინია, ძალიან მეშინია.
-ძალიან გთხოვ, ეს ყველაფერი მარგოს არ უთხრა.
-მაგრამ…
-ის ვერ დაგეხმარება. მან იცის აქ როგორ მოვედით, მაგრამ აქედან წასასვლელი გზა არ არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს ნაია. სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენ მუდამ ვიცხოვრებთ სიკვდილთან ერთად და სულ გამოგვყვება შიში, რომ ერთ დღესაც დროზე ადრე დამთავრდება ჩვენი არსებობა.
…ნაია ბავშვი იყო. მას ჰქონდა მრავალი ოცნება. ეს ფაქიზი სხეული ხორცი იყო მრავალი იმედისა. ის მსუბუქი იყო, გაზაფხულის ნაზ ნიავს ჰგავდა. რომელიც ყველგან სითბოს აფრქვევდა.
რაისამ ყურადღებით მოუსმინა ნაიას სიტყვებს, მაგრამ მხოლოდ ერთზე ფიქრობდა :რომ დრო ცოტა იყო და აქედან წასასვლელი გზა რაც შეიძლება მალე უნდა ეპოვნა.
-მაპატიე, თეოდორ, მართალი ხარ.
-ასე ჯობს დამიჯერე. - სითბოთი სავსე იყო თეოდორის მუქი, თითქმის შავი თვალები.
-კი, მჯერა - ფინჯანი გამოცალა. ჩემი წასვლის დროა.
-გაგაცილებ - ქურთუკის ჩაცმაში დაეხმარა.
-არ არის საჭირო. დაღლილი ხარ, დაისვენე.
ის მართლაც დაღლილი იყო. დღე გრძელი აღმოჩნდა. ის არ იმჩნევდა, მაგრამ მეგობრის მონათხრობმა ისიც შეაშინა.
…ეშინოდათ.ღამით, ავის მომასწავებელი ქარიშხლის ყველას ეშინოდა
-დროებით. მარგოს მოკითხვა გადაეცი.
-აუცილებლად. ნაია…
-ნუ დარდობ, არაფერს ვეტყვი. აზრი არ აქვს ზედმეტი შიშით ჩვენი ყოფის დამძიმებას.
-მიხარია, რომ ასე ფიქრობ. დროებით.
კარი მძიმედ დახურა. რაისა ოთახში შევიდა და ჩამქრალ ღერს ცეცხლი ახლიდან მოუკიდა. ეწეოდა და ფიქრობდა მოსმენილზე და არ წარმოედგინა, რომ ფანჯრიდან უკუნითს ღაჟღაჟა ცეცხლის სინათლე ჩაანაცვლებდა.
…რაისა თრთოდა.
კვამლის ჭერისაკენ მიდიოდა. ოთახში შემომავალ გრილი ნიავს ეთამაშებოდა და მასთან ერთად უჩინარდებოდა.
…მონათხრობზე, თეოდორიც ფიქრობდა. ოთახში კრისტოფერს უყურებდა და ვერ ხვდებოდა ეძინა თუ ეღვიძა.
-კრისტოფერ, ნაია იყო მოსული. - მისთვის აუტანელი იყო დაჯერება, რომ საკუთარ ძმასთან ლაპარაკი არ შეეძლო. დაზუსტებით, არ იცოდა ესმოდა თუ არა უფროს ძმას მისი, მაგრამ ყოველღამით ჯიუტად მთელ დღეს დაწვრილებით უყვებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ტკბილად იძინებდა.
…ოთახებში შუქი ჩაქვრა.
ყველა აქ მცხოვრები ქუჩებში რიგად დალაგებულ მაღალ,ძველ შენობებს ჰგავდა. ისინიც მათ მსგავსად მიტოვებულები იყვნენ. ყველასათვის უსარგებლონი, დავიწყებულები. ისინიც უდანაშაულო მსვერპლები გახდნენ მოულოდნელი ავისა.
ნაია სახლს გაცდა. ტბისკენ წავიდა. ხეებს მიუახლოვდა და უკვე ნათლად წარმოდგენილი, საზარელი სურათის დავიწყებას მთელი ძალით სცადა.
..შიშველი ფეხებით წყალს შეეხო. ჰაერი ფილტვებში ჩაუშვა. ტბის ზედაპირი ბნელი იყო, მთვარეს ღრუბლებში დამალვა გადაეწყვიტა. ამ ღამეს, ქალაქს მორცხვ სინათლეს არ უძღვნიდა.
ყველა აზრი თითქოს სადღაც გაქრა. დაიკარგა ტბისაგან მომავალ ნოზულ სიმფონიასთან ერთად.
მისი სენიც ჩახლართული იყო. ის სწორედ ამ ცისფერი თვალებიდან მოდიოდა და სხეულში ფესვებს ღრმად იდგამდა. მისი სასჯელი ყველაზე მეტად ჰგავდა ყველასათვის ჩვეულ დაავადებებს და ის ერთადერთი იყო, რომელიც ძალიან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევდა:
თვალებში დაბადებული, სხეულში ჩადიოდა, ქვევით მიმავალი იზრდებოდა და ორის შეჯახებისაგან გამოწვეული ტკივილი ერთი წერტილიდან მთელ სხეულში წამში ვრცელდებოდა. აუტანელი წამით ყველაფერს აქრობდა. ფერად ტილოზე დაშვებულ ერთ წვეთს ჰგავდა. ისიც, ნელ-ნელა იღვრებოდა და სიცარიელის გარდა არაფერს ტოვებდა. შეტევის დროს მუხლებზე ვარდებოდა, სუნთქვა უჭირდა, თვალებში სიბნელე ისადგურებდა. მისი სხეული საზღვარი იყო. ამ ტკივილის მისი ნაფლეთებად ქცევა და გარეთ გამოღწევა უნდოდა. ვერ ერეოდა. ჯერ კიდევ ვერ ერეოდა.
…და ,ხო, კვდებოდა. ნაია, ყოველი დარტყმის დროს თავიდან კვდებოდა.
სხვების შემხედვარემ იცოდა, რომ მდგომარეობა ასაკთან ერთად მძიმდებოდა. ეს სენი მისთვისაც ამოუცნობი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა მომავალში რა მოხდებოდა.
ელიაზარი სხვადასხვა ნახარშს უმზადებდა. შეტევების სიხშირე იკლებდა, მაგრამ მოულოდნელი ტკივილი ყოველ ჯერზე წინაზე ძლიერი იყო. მანაც არ იცოდა სადამდე გაუძლებდა და ელოდა, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვას მოთმინებით ელოდა.
ნიავი ტბის ზედაპირზე თამაშობდა. ცეკვა-ცეკვით ხან მარცხნივ ხატავდა გზას, ხან მარჯვნის. ნაიას ძალიან უნდოდა ყოფილიყო წყლისავით სუფთა, კამკამა. როდესაც წყალი მის კანს ეხებოდა ყველაფერი ავიწყდებოდა. თვალებს, ხუჭავდა.მის ხმას უსმენდა, მიყვებოდა. სიღრმისკენ მიიწევდა. იძირებოდა ჰარმონიაში და მთელი სხეულით გრძნობა; ფსკერისაკენ ღიმილიანი, თმა გაშლილი ეშვებოდა.
თვალებს მხოლოდ მაშინ გაახელდა, როდესაც ზურგით მიწას შეიგრძნობდა. ციდან, ტბაში გაბნეულ სინათლეს თვალს აყოლებდა. წყალი მის კანს ფაფუკი, რბილი ქსოვილივით ედებოდა. გრძელი თმა ტივტივებდა და არეკლილ სინათლეს იტაცებდა. მშვიდად , გაწონასწორებულად სუნთქავდა. ის სუფთა იყო, თავისუფალი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნება იყო. ხილვა, რომელიც რეალობას არასდროს გაუსწორდებოდა.
ფსკერზე დაწოლილი, როდესაც ზედაპირს დაუბრუნდებოდა სიმშვიდეს შეიგრძნობდა. იქნებოდა ლაღი, უდარდელი, თავისუფალი ყველაფრისაგან, ყველა დარდისაგან, საკუთარი მომაკვდინებელი სენისაგან. სიცოცხლისმომნიჭებელი წყალი ყველაფერს გააქრობდა. ყველა ლაქას ჩამორეცხავდა და უკან დააბრუნებდა.
მას ერთი მაინც შერჩა. ის, რითიც შეეძლო ამაყი ყოფილიყო. მას- სილამაზის, მშვენიერების აღქმის უნარი ჯერაც არ დაეკარგა, ამიტომ ესმოდა, წყლის სიმღერა
და მისი მიმზიდველი ხმა მხოლოდ ნაიას ესმოდა.
…ის ცოცხალი იყო და ხარობდა. ნაია, ადრე აყვავებული ნუშის კვირტის მსგავსად სიცოცხლით ხარობდა.

***
-შემოდი ელიაზარ - მიქაელმა დილა ადრიან კარი გააღო. მისი სახის დანახვა ყოველთვის იმედის მომცემი იყო. დარწმუნებული იყო მის შესაძლებლობებში და გულწრფელად სჯეროდა , რომ მამის განკურნებას შეძლებდა. ამ ყველაფერს ელიაზარი ვერ გრძნობდა, მაგრამ იცოდა და საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.
გაბრიელისათვის ძველი ცოდნის დაბრუნება პასუხი იქნებოდა ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც აქ მცხოვრებებს ტანჯავდა. შეიძლება, არაფერი შეცვლილიყო, მას სულაც არ სცოდნოდა არსებობდა თუ არა აქედან წასასვლელი გზა, მაგრამ ელიაზარი დარწმუნებული იყო, რომ გაბრიელი პირველი იყო და ბევრ საიდუმლოს მალავდა, მაგრამ არ ახსოვდა და ქრებოდა, უკუნითში მისი ცოდნა-გამოცდილება უგზო-უკვლოდ ქრებოდა.
...მიქაელს კი ერთი კითხვა ტანჯავდა, დედის სახელის გაგონების სურვილი ტანჯავდა.
დილა ახალი გათენებული იყო. მშვიდი სიბნელე ნელ-ნელა იკარგებოდა , თბილი სინათლით შენობები იჟღინთებოდა.
ელიაზარი ყოველ შაბათ დღეს გაბრიელის მოსანახულებლად მიდიოდა. სხვადასხვა მცენარეული ნაყენი მიჰქონდა.
-თავს როგორ გრძნობთ? - საწოლის გვერდით ჩამოჯდა ელიაზარი.
-კარგად... - ვერ იცნო.
-მე ელიაზარი ვარ. - მიხვდა
-შვილო, ექიმი ხარ?
-არა; მაგრამ თქვენს დასახმარებლად ვარ მოსული.
-გისმენ.
-ეს დალიეთ - ყავისფერი სითხით სავსე ქილა მარჯვენა ხელით გაუწოდა.
-ეს რა არის.
-წამალი.
-არ მინდა - როდესაც ყველაფერი დაავიწყდა, გულში უნდობლობამაც გაუჩნდა.
სინამდვილეში, გაბრიელმა ელიაზარი დიდი ხნის წინ გაიცნო და სწორედ მან ასწავლა, აუხსნა სხვადასხვა მცენარის სამედიცინო დანიშნულება. ელიაზარის მშობლები ვერ იქნებოდნენ მისთვის მაგალითები. ისინი ყოველ წამს თავიდან იბადებოდნენ, მუდმივად აწმყოს უყურებდნენ და ეს აწმყო არასდროს ხდებოდა წარსული და მომავალი, რადგან ყოველი გასული წამი იფერფლებოდა, მომავალი კი ისეთივე ბუნდოვანი იყო, როგორც ყველა მოგონება გაბრიელის გონებაში. ელიაზარი ხშირად მოდიოდა გაბრიელის სანახავად. ისინი საუბრობდნენ, საუბრობდნენ ყველაფერზე ძველი ცხოვრებისა და ამ ქალაქის გარეთ არსებული
სამყაროს გარდა.
ახლა, ელიაზარი ძალიან ნანობს საკუთარ შეცდომას, ნანობს რომ თავის დროზე ყველაფერი არ კითხა. საცოდაობა იყო ეს ყველაფერი დაკარგულიყო . ცოდნა
იყო ერთადერთი, რასაც ის ღირებულად თვლიდა, რისი სიდიადის შეგრძნების უნარიც მას გააჩნდა და ასეც უნდა ყოფილიყო - ის გონებაჩადგმული თოჯინა იყო, რომელიც ვერ გრძნობდა, მაგრამ იცოდა, ძალიან ბევრი იცოდა.
გაბრიელი ელიაზარს საკუთარი შვილივით არასდროს უყურებდა. ასაკობრივ განსხვავებას ყურადღებას არ აქცევდა, მუდმივად თანასწორად თვლიდა. ის უკვე ოცდაათი წლის იყო, როდესაც აქ წამოვიდა და დარწმუნებული იყო, რომ მისი მთავარი სისუსტე მისი გრძნობები და ის მიჯაჭვულობა იყო, რომლის მნიშვნელობასაც ელიაზარი ვერასდროს გაიგებდა. ის თვლიდა მას იღბლიანად, რადგანაც მის სხეულს, ცხოვრებას მხოლოდ გონება წარმართავდა და ყოველთვის იქნებოდა დაზღვეული იმედგაცურებისაგან,
...მაგრამ გაბრიელი ცდებოდა. ადამიანობა უსაზღვრო, უკიდეგანოდ გაშლილ ზღვას ჰგავს და ელიაზარი იყო განწირული ყოფილიყო მუდმივად ერთ ადგილას მოტივტივე. მისთვის უცხო იქნებოდა ყოველთვის ტალღების სილამაზე და ნოზული ჰარმონია, რომელიც მათი დაჯახების დროს წარმოიქმნება.
...მას სიცოცხლის მხოლოდ ნაწილი ერგო, როგორც ყველას, ვინც აქ ცხოვრობდა.
-აუცილებლად უნდა დალიოთ.
-არა. - ხმა დაუწვრილდა. ბრაზი შეერია.
-გაბრიელ- ხმას აუწია.
-მიქაელ- შვილს დაუძახა,
-მამა - მამის ყვირილმა ოთახში შეიყვანა.
-უთხარი წავიდეს.
-მაგრამ...
-სასწრაფოდ უთხარი წავიდეს - წარმოთვა და ქილა ძლიერი ხელის მოძრაობით ისროლა. მინა დაიმსხვრა, სითხე იატაკზე გაუჩინარდა.
-მაპატიე ელიაზარ.
-მარტო დამტოვეთ. - ყვიროდა, ღრიალებდა გაბრიელი.
ელიაზარი წამოდგა მიქაელს კარისაკენ გაყვა.
-ძალიან ვწუხვარ.
-საბოდიშო არაფერი გაქვს მიქაელ.
-დაველაპარაკები, ყველაფერს ავუხსნი.
-სიმშვიდე არ დაურღვიო. შეეცადე გაუგო, ჩვენ არ გვესმის, რადმენად ძნელია იყო მისი ტვირთის მატარებელი.
-ელიაზარ განიკურნება?
-რა მოხდა?
-დილა მშვიდობის ელა - გაუღიმა ელიაზარმა.
ელა მამის ყვირილმა გააღვიძა. ის ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა. სიფრთხილით ეკიდებოდა აქ ცხოვრებას და მამის ჩამოტანილ წიგნებში მოგზაურობდა. დღეებს ოთახში მარტო ატარებდა, სანამ სახლში დაბრუნებულ მიქაელის ჩვეულად რბილი ნაბიჯების ხმას არ გაიგებდა.
ელას უყვარდა კითხვა ყველაფერზე, რაც მას ვერასდროს ექნებოდა.
-მამა თავს ცუდად გრძნობს?
-უბრალოდ, აღელვებულია - სიტყვა გააწყვეტილა ელიაზარმა ელას.
ელიაზარი იყო ერთადერთი, ვისაც ელა ამ ქალაქში არ ერიდებოდა. უხილავი კავშირი არსებობდა მათ შორის, რომელსაც ელა გრძნობდა, მაგრამ, რომელსაც ელიაზარი ვერც გრძნობდა და არც იცოდა, რადგან ეს არ იყო ის, რისი ცოდნაც, გონებაში არსებული სიტყვებით ახსნა იყო შესაძლებელი. ეს ის გრძნობა იყო, რომლის სახელიც ჯერ არავინ იცოდა, მაგრამ ის ელას უყვარდა. ელას ყველაზე მეტად ამოუცნობი გრძნობები უყვარდა.
-ოთახში შევალ, შევეცდები მამა დავამშვიდო.
პირსპირ ორი მარტო დარჩა.
ელას გრძელი წაბლისფერი თმა ჰქონდა. მიქაელის მსგავსად მაღალი იყო, ნაკვთები არც მამისას მიუგავდა, არც ძმისას. ალისფერი ტუჩები მის მწვანე თვალებს მიმზიდველობას მატებდა.
-რას კითხულობ? - საჩვენებელი თითით საწოლზე გადაშლილი წიგნისაკენ მიუთითა.
-არ ვიცი რა ქვია - გაეღიმა - ძველი წიგნია, ყდა თითქმის ბოლომდეა განადგურებული. მამას ვკითხე, მაგრამ არც მას ახსოვს - სუნთქვა უხშირდებოდა- არსებითი მნიშვნელობა არც აქვს ნაწარმოების სახელს.
-საინტერესოა?
-საკმაოდ. ომის შესახებაა.
-ომის.
-ხო, ომის. ელიაზარ, როგორი წარმოგიდგენია ომი?
-ომი?
-ჩემი აზრით ომი ყველაზე საშინელი რამ არის - ელიაზარს არ ესმოდა, როგორ შეეძლო მათი ყოფის შემხედვარეს რაიმესათვის “ყველაზე საშინელი” ეწოდებინა. ელა ყველასაგან იყო განსხვავებული. ის აქ დაიბადა და იმ დიდი ცოდნის მიუხედავად, რომელსაც “სხვა” ცხოვრების შესახებ ფლობდა, ის არ თვლიდა აქაურობას საზარლად, რადგანაც მას მიამიტას სჯეროდა, რომ ბედნიერება სიმშვიდე იყო, რომელიც მას ჰქონდა.
-ელიაზარ მგონი უმჯობესია სხვა დროს გვესტუმრო. - ნერვიულად გამოიხურა მამის საძინებლის კარი მიქაელმა.
-მესმის მიქაელ.
-გაგაცილებ.
-არ არის საჭირო - ლაპარაკში ელაც ჩაება - მე გავაცილებ. მიქაელ, დაისვენე ძალიან მკრთალი ხარ.
-გასასვლელს მარტოც ვიპოვი.
-გასასვლელს მარტო ყველა იპოვის, მაგრამ მშვიდად ხარ, როდესაც მეგზური გყავს, თანამგზავრი.
-მაშინ აღარ შეგეწინააღმდეგები.
ელამ მეგობარი კარამდე მიაცილა. სამწუხაროდ, ელიაზარი ყველა სხვა შეგრძნებასთან ერთად დროსაც ვერ გრძნობდა, მაგრამ ძალიან უნდოდა წამი, რომელიც მისთვის მხოლოდ ერთი სიტყვა იყო, გაყინულიყო და ელას პირისპირ დარჩენილიყო. მასთან ესაუბრა, ესაუბრა უსასრულოდ იმ ყველაფრის შესახებ, რაც იცოდა.
-დროებით.
-ელა... -სიჩუმე - არაფერი, დროებით. -გაღიმებული გარეთ გავიდა.
-გამიხარდა შენი ნახვა ელიაზარ.
-მეც.
***
გაბრიელის სახლიდან შინ დაბრუნებული ელიაზარი წუხდა. მისი ძველი მეგობრის მდგომარეობა უარესდებოდა. ისიც დაივიწყა, მათი მეგობრობაც დაავიწყდა, ვეღარ იცნო და ბრაზმორეულმა სახლიდან გააგდო. რთული დასაჯერებელი იყო ეს ყველაფერი ელიაზარისათვის, რომელიც გაბრიელს ერთადერთ მეგობრად მიიჩნევდა. არ ბრაზობდა, საკუთარ თავს მასზე გაბრაზების უფლებას არ მისცემდა. ეს ყოველთვის ასე იყო. გაბრიელისაგან გასხვავებით, ელიაზარი მას სულაც არ თვლიდა თანასწორად. მის უპირატესობაში დარწმუნებული ჯერ კიდევ ბავშვობიდან მუდმივად მზრუნველობით სავსე თვალებში უყურებდა და ელოდა, რომ ის მაინც შეაქებდა, თავზე ხელს გადაუსმევდა და გამოიჩენდა სითბოს, რომელსაც ელიაზარი მაინც ვერ იგრძობდა, გაბრიელი კი-დაივიწყდებდა.
...ბრაზობდა, უსამართლობაზე ელიაზარი ძალიან ბრაზობდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა ის ვერაფერს შეცვლიდა, სანამ გაბრიელს ძველი ცოდნის დაბრუნებაში ვერ დაეხმარებოდა.
ალბათ, ოცნების უნარი რომ შეენარჩუნებინა, სულაც არ იოცნებებდა ყველა ამ ქალაქის საიდუმლოს ამოხსნაზე. ის მხოლოდ ერთზე ოცნებობდა, სივრცეში დამალულიყო, საკუთარი გრძნობების ტყვე გამხდარიყო და ეყურა; მუდამ გაუჩერებლად ელას თვალებისათვის ეყურა. გრძნობები, რომ ჰქონოდა ცოდნას დაუფიქრებლად მისთვის გასწირავდა, მაგრამ მას ამის უნარი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ თვლიდა ოდესღაც გაბრიელი მას გამორჩეულად. ეს უცნაური, უსახელო, რომელიც მას ასე ძალიან იზიდავდა წინაღობა იქნებოდა, რომელიც ელიოზს სიმართლისაკენ არ მიუშვებდა, მაგრამ უნდოდა თუ არა ელიოზს ეს ყველაფერი? არ იცოდა, ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცოდა.
ჩაფიქრებული ცარიელ დაღლილი ოთახში იჯდა. გონებაში აღბეჭდილ გაბრიელის დაბერებულ სახეს აკვირდებოდა. “უნდა გადავარჩინო”- იმეორებდა. მძიმედ, ხანგრძლივარ სუნთქავდა.
არსებობს თუ არა ბედი? აძლევს თუ არა სამყარო რაიმე ნიშნანს? კი, არსებობს სადღაც შორს, მოშორებით ამ ადგილისაგან. ბედი სხვა ყველაფრის მსგავსად, შორს დარჩა. ელიაზარი ძალიან პატარა იყო, როდესაც აქ ჩამოვიდა. არ ახსოვდა, როგორ ცხოვრობდნენ, რა წესებს ემორჩილებოდნენ ადრე. კატალიას ახსოვდა, რომ ძმას სხვებთან თამაში არასდროს უყვარდა. განმარტოებას ცდილობდა და წარმოსახვას ეალერსებოდა.
...სანამ ელიაზარი ფიქრობდა, აივნიდან მის სანახავად მოსული ნაია გამოჩნდაა.
ეს სახლი მისთვის მუდმივად შიშს უკავშირდება. აქ მხოლოდ ელიაზარის სანახავად მოდის. ყველანაირად ცდილობს ორანჟერიას მზერა აარიდოს. თითქოს იმალება რაღაც ამ ადგილას, რაღაც საზარელი, რომელიც ყველა აქ მცხოვრებს არსებობის უნარს პარავს. იკვებება ყველას სიცოცხლით და მართლაც ყველა
ცოცხალი ემსგავსება ამ ყვავილებს, რომელთა ბედიც ამ ქალის ხელში ყვავდება და ჭკნება.
…კატალიას გატაცება ყველას აშინებდა და დაბნეული ნაია ვერ აცნობიერებდა, რომ სინამვდილეში მას ყველაზე მეტი საერთო სწორედ ამ ქალთან ჰქონდა. მათ შეძლეს ეპოვათ საქმე, რომელიც ძველ ცხოვრებასთან დააკავშირებდა, გახდებოდა უხილავი ძაფი, რომელიც მხოლოდ მათი იქნებოდა. დაიცავდნენ, გაუფრთხილდებოდნენ, მაგრამ ვერასოდეს გაყვებოდნენ წარსულში, რადგან, როგორც კი ძალას დაატანდნენ გაწყდებოდა.
-ელიაზარ - კიბიდან დაუძახა, ნაიამ, როდესაც დარწმუნდა, რომ კატალია მცენარეების მოვლით იყო გართული და მის ხმას ვერ გაიგონებდა.
-თავს როგორ გრძნობ ნაია?
-უკეთესად, მალამო დამიმთავრდა, თუ არ შეწუხდები, იქნებ ახალი დამიმზადო. ბავშვივით უხაროდა, უგრძნობ ელიაზარს, როდესაც მასთან დახმარების სათხოვნელად მიდიოდნენ. საკუთარი თავის მნიშვნელობაში, საჭიროებაში რწმუნდებოდა და ყველას თხოვნას უმალ უსრულებდა. ნაიას მოსვლა ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, რადგან რამდენიმე წამის წინ დარწმუნებული იყო საკუთარი ცხოვრების ამაოებასა და საკუთარი სხეულის გამოუსადეგარობაში, მაგრამ ახლა ყველა ფატალური აზრი, უსიხარულო ფიქრი გაიფანტა.
ხო, ყველას სხვადასხვა წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. საკუთარ თავს ბევრი ვერ აფასებდა, ზოგი კი ,პირიქით, ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. სხვა არაფერი შეეძლოთ, რადგან ვერავის აზრს ვერ კითხავდნენ. მათ არ ჰქონდათ დრო ეფიქრათ კარგი ადამიანები იყვნენ თუ არა, ან საერთოდ ცოხვრობდნენ თუ არა ადამიანების მსგავსად.
-ახლავე შევუდგები საქმეს რამდენიმე დღეში მზად იქნება.
-დიდი მადლობა, ელიაზარ. აღარ მოგაცდენ - აქაურობას გაცლა ძალიან უნდოდა. თრგუნავდა ეს ადგილი. უკვე უკან დასაბრუნებლად მოემზადა, როდესაც აივანზე ოფლიანი თედორე გამოჩნდა.
-ნაია, რაიმე გაწუხებს?
-არაფერი, თედორე. უბრალოდ ტკივილები შემომიჩნდა. - არავინ თედორეს სიმართლეს არ ეუბნებოდა, მასთან საუბარი არავის უყვარდა. მაცხოვრებლებს მხოლოდ ერთი სასაუბრო ჰქონდათ - ესაუბრათ მწარე ბედზე, წუხილზე, სენზე, გაემეორებინათ რამდენჯერმე კითხვები, რომელბზეც პასუხი არავინ იცოდა. მასთან საუბარი არავის არ სძგადა ისე, როგორც ნაიას. მისი დანახვის დროს ნაზი საკუთარ თავს კარგავდა და ეს სათუთი, დაუცველი სხეული დაუმორჩიელებელ მხეცს ემსგავსებოდა, რომელსაც საკუთარი მსხვერპლის გადანდგურება ძლიერ ეწადა. სიმართლის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედავდა. რაღაც აკავებდა. მას ეშინოდა. ნაიას ისევ ქალბატონი კატალიას რისხვის ძლიერ ეშინოდა.
-ალბათ, ამინდი ფუჭდება. მეც უძილობამ შემაწუხა. - მხრები აიჩეჩა თედორემ.
“საცოდავი” - ფიქრობდა ნაია, მაგრამ თქმას ვერ უბედავდა. თედორეს უძილობა ვერ შეაწუხებდა, რადგან მას ეძინა, მუდამ, შეუჩერებლად. ყოველ დღე სიზმრებში ცხოვრობდა, ამიტომ შეენარჩუნებინა კვლავ ბავშვური, მიამიტი გამომეტყველება. ის არავის უყვარდა, რადგან ბევრს მომავალზე არ ფიქრობდა. ერთადერთი შვება ნაიასათვის მომავალზე ფიქრი იყო. ქსოვის დროს ფერებს აკვირდებოდა და მიყვებოდა შორს და სწორედ ამ ნათელი, სიცოცხლით აღსავსე ფერებით სავსე არსებობაზე ნატრობდა.
-ვწუხვარ.
-კატალიაც, დანაღვლიანებული ჩანს. -განაგრძო თედორემ ისე, რომ არც შეუმჩნევია, წამითაც არ უფიქრია, რომ მის წინ მდგომას არც მასზე არც მის დაზე რაიმეს მოსმენა არ უნდოდა. - იშვიათან გამოდის. მთელ დროს მწვანე ბალახს უთმობს. ვერ ვხვდები რას ხედავს ამ ყვავილებში.
-ვერ გაიგებ თედორე, ვერასდროს გაიგებ - თავი ვეღარ შეიკავა.
-რას გულისხმობ.
-დროებით, მაპატიე, უნდა წავიდა.
-დროებით - გაუკვირდა. არ იყო შეჩვეული ნაიასაგან ასეთ მოპყრობას. მასში რაღაც შეიცვალა. იყო დრო, როდესაც ნაია და თედორე იყვნენ მეგობრები, ერთად თამაშობდნენ, მაგრამ ნაია გაიზარდა. როდესაც იზრდები გარემოში,სადაც აჩრდილები ჭამენ ყველაფერს კარგს ბევრი იკარგება, მაგრამ ამ დროს ვერ აცნობიერებ, თუ რამდენს კარგავ. როდესაც გაიზრდები მხოლოდ შემდეგ ხვდები დანაკარგის ფასს და ტირი. ყველაფერს, რაც შეგეძლო გქონოდა და არ გაქვს დასტირი.
...ახლაც აივნიდან უყურებს მისი ძველი მეგობრის ზურგს. ის წინ მიდის, თედორე კი უკან რჩება, როგორც მაშინ, როდესაც ნაია წინ მომავლისაკენ ამაყად წავიდა და თედორე წარსულის ნანგრევებში დარჩა. მათი გზები ერთმანეთს გაეყარა,მეგობრობა ზიზღმა ჩაანაცვლა. როგორი უმეცარიც არ უნდა ყოფილიყო სხვის თვალში თედორე ის სუფთა იყო და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, თუ სად ცხოვრობდა და ვისთან ცხოვრობდა. ნაია ხვდებოდა და სძულდა, ნაიას წარსულის მირაჟებთან გამოკეტილი თედორე ძლიერ სძულდა.

***
-მიქაელ, შეგიძლია დამეხმარო? - ნაია, მაღაზიაში ყუთებით დატვირთული გამოჩნდა. მიქაელი შემოტანაში დაეხმარა. ყუთებში სხვადასხვა ტანსაცმელი, ლამაზად მოქსოვილი ტილოები , თბილი, ფერადი, მოჩუქურთმებული კაშნები იდო. ნელა ქსოვდა ნაია. სხვადასხვა ნათელ, სიცოცხლით სავსე ფერს ერთმანეთს ურევდა, უხამებდა;მას ყოველი კვირის ბოლოს მიქაელისათვის საკუთარი ნაწვალები მიჰქონდა სანაცვლოდ კი ხილ-ბოსტნეულსა და საკვებს ღებულობდა.
ასეთი იყო ამ ქალაქში ცხოვრების წესი : ერთი შეხედვით, ყველა დაუოკებელ ზიზღს განიცდიდა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ მათი არსებობა ერთმანეთზე იყო დამოკიდებული. ისინი ვალდებულები იყვნენ ეცხოვრათ და საკუთარი არსებობით სხვების ტკივილი შეემსუბუქებინათ. ეს მათი კეთილი ნებით არ ხდებოდა. სინამდვილეში აქ ყველა მცხოვრები ერთი სხეულის ნაწილი იყო და , როგორი დარწმუნებულიც არ უნდა ყოფილიყო თითოეული საკუთარ შესაძლებლობებში, მარტო მაინც ვერაფერს შეცვლიდა.
-მადლობა, ნაია. - ღიმილით შეუდგა მიქაელი ყუთების ამოლაგებას. მან იცოდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ყველა ამ ქსოვილს ნაიასათვის. ყოველი მოძრაობა წინასწარ იყო განზრახული, ყოველი ფერი კარგად მოფიქრებული. მიქაელსაც უნდოდა ეჩვენებინა, რომ აფასებდა მის ძალისხმევას და ქსოვილებს სიფთხილიდ ექცეოდა.
-ძალიან ლამაზია. - აკვირდებოდა. ყველა განსხვავებული იყო. თითქოს ყველა, რომელიღაც აქ მცხოვრებისათვის იყო განკუთვნილი: თითოეული რაღაც ამბავს ყვებოდა. ეს ლურჯი, სქელი ძაფით ნაქსოვი ქუდი მიქაელმა თავისთვის გადადო.
-დიდი მადლობა. - ესიამოვნა. ის მართლაც დიდ ძალისხმევას დებდა იმაში, რაც უყვარდა. ნაიას ქსოვა ძალიან უყვარდა.
-ნაია, მგონი ჯობს ტილოების გაკეთებაზე აღარ იწვალო - ხმადაბლა, მორიდებულად უთხრა მიქაელმა. ნაია სხვადასხვა საჭიროსთან ერთად ტილოზე ფერადი ძაფით სხვადასხვა ფორმებსა და ფიგურებს ხატავდა. ქმნილება საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ ის არავისათვის იყო საინტერესო. -გულწრფელად გეუბნები, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ. ძალიან ლამაზია, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ამ ვიტრინებისათვის კი ის ზედმეტად ფაქიზია. მტვერი ედება, ტყუილ-უბრალოდ, ამაოდ უფასურდება.
-მართალი ხარ. - ის მიამიტი არ იყო და ეს ყველაფერი ნათელი იყო მისთვის, მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენა მაინც უსიამოვნო აღმოჩნდა. როდესაც დარდი ერეოდა, თვალებს იატაკს არ აშორებდა. არ უნდოდა მისი სევდანარევი მზერა ვინმეს შეემჩნია.
-ნუ გამინაწყენდები. აქ ცხოვრება რთულია ,ნაია, ამიტომ არავინ ფიქრობს სილამაზეზე, საკუთარი სახლის კეთილმოწყობაზე.
-მესმის. ეს ყველაფერი მეც ვიცი, მაგრამ ასე გაგრძელებას აზრი არ აქვს. ჩვენ აქ ვცხოვრობთ. ნუ დარდობ, მიქაელ მე სულაც არ ვიღლები ქსოვით. მინდა, გამვლელის ყურადღება მიიქციოს. - თვალებში ჩახედა - თუნდაც, წამით გუნება გამოუკეთოს.
-მართალი ხარ, მაპატიე- სქელი, წითელი და ლურჯი ფერით მოხატული ტილო შემოსასვლელ კართან დაკიდა. მაღაზიის პატრონმა სტუმარს გაუღიმა. მისი თვალებიდანაც დამძიმებული გამომეტყველება გაქრა.
…მაღაზიაში სითბომ დაისადგურა, ყოველი კუთხე-კუნჭული შეავსო.
-მიქაელ ეს კაშნე - ყუთში დარჩენილ ფაფუკ, იისფერ კაშნზე მიუთითა - ელასთვის არის. იისფერი ნაზი ფერია. შენი დის მსგავსად ნაზი. ცივი ზამთარი გველის წინ. საჭირო ნივთია. მგონი დაბადების დღისთვისაც შესაფერი საჩუქარია.
-ძალიან გაუხარდება; მადლობელი ვარ.
-საღამო მშვიდობის - ყურადღება გაფანტულებმა ვერც შეამჩნიეს, თუ როგორ შემოვიდა მაღაზიაში კატალია. ეს ქალი აჩრდილს ჰგავდა. მან ყოველთვის იცოდა, როდის სად უნდა გამოჩენილიყო. ყოველითვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას ჩნდებოდა და ყველამ იცოდა, რომ მისი გამოჩენა ყოველთვის წინასწარ იყო დაგეგმილი. მას მუდამ ფარული განზრახვა ამოძრავებდა.
…ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, კატალიას მომავლის შეცვლაც შეეძლო. მან დიდი ხნის წინ გააცნობიერა, იპოვა პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო მომავალი. ყოველდღე შენდება, ყოველი ქმედებით აგურს-აგური ედება და ერთი გაუთვალისწინებელი მოძრაობა არის ხანდახან საჭირო ყველაფრის შესაცლელად - ნგრევის პირას მისულის გადასარჩენად ან გამოუსწორებლად დასანგრევად, მაგრამ ის თავს უფლებას არასდროს მისცემდა შეეცვალა საკუთარი მომავალი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იმ სიკვდილისაკენ, რომელიც დიდი ხნის წინ დაინახა.
წლების წინ დაინახა აპრილის მშვიდი საღამო. გაყინული, ცარიელი სახლი. ორანჟერიაში ყვავილებს შორის უსულოდ დავარდნილი საკუთარი სხეული. ყველა იმ ყვავილს შორის, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებას უძღვნიდა. ბევრი ფიქრობს, რომ ის არის რჩეული. ალბათ მშობლიურ ქალაქში რომ დარჩენილიყო, ბევრს შეშურდებოდა მისი შესაძლებლობის, მაგრამ ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენდა რა იყო ცხოვრება, როდესაც უხილავი არაფერი რჩებოდა და ხედავდი მხოლოდ საზარელ რეალობას, რომელშიც კარგი არ არსებობდა.
…ამ დღის დანახვის შემდეგ კატალიას საკუთარ დამპალ, ჩამომხმარ სხეულზე დარდი არ დაუწყია. მხოლოდ ერთზე დარდობდა - რომ ეს ყველა ყვავილი საზარელი სასაფლაოს ნაწილი გახდებოდა, მისი მკვდარი სხეულის ყურებაში დაჭკენობდა.
ამ ქალისათვის ბევრს უკითხავს, თუ რატომ ერქვა მის ნიჭს სენი. საპასუხოდ ის იღიმოდა და ერთ, ძველ, დავიწყებულ ამბავს მშვიდად ყვებოდა :
ძველად, ორი ტყუპი და ცხოვრობდა. ერთი ყველა მოსალოდნელ სიკეთეს ხედავდა, ყოველ კარგ განზრახვას ჭვრეტდა, მაგრამ ის არ იღიმოდა, ნათლის მნახველი და არასდროს იღიმოდა. მეორის ბედი საპირისპირო იყო. ერთადერთი, რასაც მისი თვალები უყურებდა უბედურება, ბოროტება იყო, მაგრამ ის იღიმოდა, წყვდიადის მაყურებელი და მუდმივად, გაუჩერებლად იღიმოდა.
ერთხელაც დებს საკუთარი ღიმილის ამბავი ჰკითხეს. ორივემ განსხვავებული პასუხი გასცა. პირველმა განაცხადა, რომ, ყველა ცხოვრებისეულ სიკეთესა და სიხარულს ნახვის შემდეგ, მისი რეალობა დამძიმდა, ხიბლი დაკარგა , ამიტომ არასდროს, ვერაფერი მისი ღიმილის მიზეზი ვერ ხდებოდა. აი, მეორემ მშვიდად თქვა, რომ, როდესაც ყველა უბედურება დაინახა, რაც კი მოხდებოდა, მიხვდა, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ყოველდღიურობაში, მცირედში იმალებოდა. ეს ის სინათლე იყო, რომელიც სიბნელეს ფლეთდა და მის სხეულს ათბობდა, ამიტომ იღიმოდა, ყოველდღეს, ყოველ წამს უღიმოდა.
…ამ ორ დასა და კატალიას ჰქონდათ საერთო. ვერავინ ხვდებოდა, მათი ბედის არავის ესმოდა.
-საღამო მშვიდობის კატალია.
-ლამაზი ნამუშევარია - თავის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით კარისაკენ მიუთითა. კატალიას დანახვდა ნაიასთვის ყოველთვის ავისმომასწავებელი იყო. ადგილზე იყინებოდა ყველა იმ სიტყვასთან ერთად, რომლის თქმაც უნდოდა და ვერ ამბობდა.
-ნაია, ისევ ჩემს სიტყვებზე ფიქრობ?
-დიახ. - პასუხი ხმადაბლა გასცა და მის სიმშვიდეში ისევ ცეცხლი, დამწვარი ხეები და ჩახუთული ჰაერი გაჩნდა.
-არ აიკვიატო. მომავალი უცნაური რამ არის. მუდმივად იცვლება. ჩემი ხედვებიც ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგოა. ნუ შეგეშინდება - ეს სიტყვები გულწრფელი არ ყოფილა. კატალია ყოველთვის არჩევდა იმ ხედვებს, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო, იმ ხედვებისგან, რომლებიც უყვებოდა, თუ რა მოხდებოდა აუცილებლად. მან კი იცოდა, რომ ერთ დღეს ტბასთან ხანძარი აუცილებლად გაჩნდებოდა, მაგრამ სულაც არ იყო საჭირო ეს სხვას სცოდნოდა, ამიტომ ცრუობდა. კატალია შიშისფერი თვალებით ნაიას უყურებდა და ცრუობდა.
-ალბათ, მართალი ხართ. - კატალია ასაკით ნაიაზე უფროსი იყო, ამიტომ მისი ყოველი სიტყვა მოზომილი იყო. ასეც, რომ არ ყოფილიყო, რატომღაც ნაია ფიქრობდა, რომ თუ კატალიას მოწიწებით არ მოეპყრობოდა, ბედის რისხვა არ ასცდებოდა.
-დროებით მიქაელ. - ნაია წასასვლელად მოემზადა.
-დროებით. -გაუღიმა მიქაელმა
-შეხვედრამდე ნაია - გაუღიმა კატალიამაც
-მიქაელ, ამინდი ფუჭდება. ეს მოსავალზეც ისახება. ძალიან გთხოვ ყველას მოუწოდე, რაც შეიძლება სწორად გაანაწილოს. წელს ზამთარი ჩვეულზე რთული იქნება.
-კარგით.
-ელა, თავს როგორ გრძნობს?- მისი ჩვეული ხმა შედარებით აღელვებული ჩანდა.
-კარგად.
-საჩუქარი მოეწონა?
-კი, მადლობა შემოგითვალათ.
-ძალიან მიხარია.
-ძალიან მერიდება, მაგრამ შეგიძლიათ ელიაზარს თხოვოთ მამასთვის ახალი ნაყენი დაამზადოს?
-აუცილებლად გადავცემ.
-ეს ერთადერთია, რაც იმედს მაძლევს.
-კიდევ რაიმე ხო არ გადავცე? - კითხვა ორაზროვანი იყო.
მიქაელი დაფიქრდა, მაგრამ თხოვნა ვერ გაბედა. გაუღიმა და უარის ნიშნად თავი დაუქნია. მისი მცდელობა დაემალა უხერხულობა უშედეგო იყო.
კატალია წავიდა.
…დღე მოკლე აღმოჩნდა. მალე მოსაღამოვდა. მაღაზია ჩაკეტა. სახლისაკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.
ნაბიჯით გაეშურა. ხელში ელას საჩუქარი ეჭირა. მომღიმარს დის გახარება მთელი გულით ეწადა. ძალიან უყვარდა, როდესაც უმცროსი დის სახეზე სიხარულს ამჩნევდა. ის ერთადერთი იყო, ვინც მიქაელს ცხოვრების ძალას მატებდა.
კვირა დღე ჩვეულად მშვიდი იყო. ამ ქუჩებში მუდამ სიჩუმე სუფევდა. ხანდახან, მიქაელი ფიქრობდა, როგორი იქნებოდა ეს ქუჩები ხახლით სავსე. ალბათ, კუთხეში დაჯდებოდა და შეხედავდა, როგორ გადი-გამოდის ხალხი. ყველას თავისი საფიქრალი ექნებოდა
გზაში მისი სახლიდან მომავალ რაისას გადაეყარა:
-ვახშამი მზად არის… - მოვალეობის მოხდის მიზნით, ყოველგვარი თავაზიანობის გარეშე უთხრა გზაში შემთვევით შემხვედრს. მიქაელმა თავი თავაზიანად დაუკრა. იცოდა, რომ რაისას მასთან საუბარი არ უყვარდა.
ერთმანეთს დაშორდნენ. რაისას სილუეტი უკუნითში დაიკარგა.
გაბრიელი დანაღვლიანებული ჩანდა, ცარიელ მაგიდასთან იჯდა და თვითონაც არ იცოდა ვის ელოდა:
-მამა, თავს როგორ გრძნობ?
-კარგად…
-მამა ელა სად არის?
-ელა?...
-ხო, მამა ელა - ცრემლი ერეოდა, როდესაც საკუთარ მამას შვილის სახელი ავიწყდებოდა. გაბრიელმა ხელის მტევანს დახედა. ჯერ კიდევ მოუშუშებელ ჭრილობას დააკვირდა : “მიქაელი” “ელა” სახელები ამოიკითხა, უკუნითში სინათლის სხივები შემოიჭრა.
-ხო, ელას დაუძახე. ოთახში უნდა იყოს.
ელა დათქმულ დროს ყოველთვის მზად იყო. არასდროს აგვიანებდა. კატალიას სახე გაახსენდა. ყველაფერი ცუდზე მიუთითებდა. კიბე სწრაფად აიარბინა. კარი ნახევრად ღია იყო.
-ელა… - შეშინებულმა დის სახელის წარმოთქვის ძალა ძლივს იპოვა. მუხლებზა დაეცა, როდესაც უგონოდ დავარდნილი პატარა და დაინახა. ტკივილმა მთელ სხეულს ხელი მოკიდა და სიმძიმე, რომელიც გულიდან მოდიოდა ყელში გაეჩხირა.
ვერაფერს აკეთებდა. შეშინებული, დაბნეული უყურებდა. ის კი იწვა და კვდებოდა. ელა საკუთარი სახლის იატაკზე კვდებოდა.

***
-ელიაზარ - მიქაელის ჩახლეჩილმა, ბოხმა, სულისშემძვრელმა ღრიალმა მთელი სახლი მოიცვა, ღამის წყვდიადი გაიფანტა, სიმშვიდე დაირღვა სირბილით შევიდა მეზობლის სახლში. ოფლიანი ვერ აზროვნებდა, შეშინებული მკრთალი, ძალიან ფერმკრთალი იყო. მზერას ერთ ადგილას ვერ აჩერებდა. ეძებდა ერთადერთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა.
-რამე ხდება? - კატალიას არ ეძინა. მიქაელმა შეაშინა. რა თქმა უნდა, მან იცოდა რაც ხდებოდა და რაც მოხდებოდა, ეს დღეც მან დიდი ხნის წინ დაინახა.
-ძალიან გთხოვ კატალია, ელიაზარი გააღვიძე…-სიტყვების წარმოთქმა უჭირდა, სუნთქვა უძნელდებოდა. -ელა… ელა ძალიან ცუდად არის. კვდება კატალია, ჩემი და კვდება - ორანჟერიის ჭიშკარს დაეყრდნო, ვერ მშვიდდებოდ, თავის გამაგრებას ცდილობდა.ელა ერთადერთი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში. იცოდა, რომ მამის დღეები დათვლილი იყო და მას ნელ-ნელა სიბნელე ჭამდა. შეგუებული იყო აზრს, რომ მისი სახე მამის გონებიდან მალე წაიშლებოდა, მაგრამ არასდროს წარმოედგინა ცხოვრება უმცროსი დის გარეშე, რომელიც უყვარდა, ძალიან უყვარდა.
-ახლავე მიქაელ, დამშვიდდი.
კატალია სწრაფად შევიდა ძმების ოთახში. ორივეს მშვიდად ეძინა. არც ერთს წარმოედგინა რა ხდებოდა. მათთვის ეს ღამე ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორიც სხვა დანარჩენი. ზუსტად მხოლოდ კატალიამ იცოდა, მაგრამ მაინც, იმის მიუხედავად, რომ იცოდა რა მოხდებოდა, გული ტკიოდა, მას ამ ქალაქში გული მხოლოდ ნაზ, სათუთ ელაზე შესტკიოდა.
-ელიაზარ გაიღვიძე - შუქი აანთო ოთახში, სიბნელე გაიფანტა.
-კატალია? - ელიაზარმა დის სახელი უკმაყოფილოდ წარმოთქვა, სახე საბანში დამალა.
-ელა ძალიან ცუდად არის.
-ელა? - გამოფხიზლდა ელიაზარი. მისი სხეული ფიტული იყო, დაცლილი ყველა ადამიანური გრძნობისაგან. მისთვის ეს ამბავი ჩვეულბრივი იყო, იცოდა, რომ გული ეტკინებოდა ელას რომ რაიმე მოსვლოდა, მაგრამ ვერ იგრძნობდა, ელიაზარი ვერაფერს იგრძნობდა.
-ახლავე წამოვალ.
-მიქაელი გელოდება.
…სწრაფად ჩაიცვა. ჩანთაში სხვადასხვა მცენარე ჩაყარა. ფიქრობდა, რით შეეძლო ელას დახმარებოდა და პასუხს ვერ პოულობდა. თედორეს ეძინა, არც გაუგია რა ხდებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, ის მაინც ვერაფერს გაიგებდა.
-კატალია - ოთახის კარისაკენ მიმავალს დაუძახა.
-გისმენ - ზურგით იდგა, მისკენ არც შებრუნებულა. იცოდა რას კითხავდა და ეშინოდა, კატალიას ამ კითხვის გაგონების ყველაზე მეტად ეშინოდა.
-გემუდარები… მითხარი რა გავაკეთო, რით დავეხმარო. - სასოწარკვეთილი იყო ელიაზარის თვალები. ელა ჯერ ასაკით თექვსმეტი წლის იყო. მის სენს ჯერ თავი არ გამოუმჟღავნებია. ის არც ყოფილა სასიკვდილო, ამიტომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა სჭირდა ან რით შეეძლო გადაერჩინა.
-არ ვიცი.
-გემუდარები კატალია. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ის ბავშვია. ვერაფერს გრძნობ?
-ელიაზარ…
-მე უნდა დავეხმარო.-განაგრძობდა ელიაზარი.
-ელიაზარ, ეს დღე ერთადერთია, რომელიც მე არ დამინახავს . - როგორც კი ეს სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვა, თავი გამოუსადეგარ, უსარგებლო ნივთად იგრძნო, მაგრამ ის სიმართლეს ამბობდა. ყველაფრისმნახველი ერთს მაინც ვერ ხედავდა, კატალია ელას საკუთარ ხილვებში ვერასდროს ხედავდა.
-წყეულო…- ბრაზი მოერია ძმას.
-სიმართლეს გეუბნები, მე ელას ვერ ვხედავ. გაინტერესებს რა მოხდება ელიაზარ? დღეს ელა მოკვდება.
-არა! - მუჭი მაგრად შეკრა.
-ძალიან ვწუხვარ.
-წუხხარ? - ელიაზარი ახლა მზად იყო საკუთარი და მოეკლა. სამართლე მწარე აღმოჩნდა. მისი უსულო სხეულისთვისაც კი აუტანლად მტკივნეული.
-კატალია - შორიდან გაისმა მიქაელის სუსტი ხმა. განწირული დახმარებას მუდარით ითხოვდა.
-აზრი არ აქვს შენ წასვლას ელიაზარ. - ძმისაკენ შებრუნდა. შიშისფერი თვალებით მისი მზერა მოიგერია. წამი გაიყინა, სივრცე გაიყინა, ყველაფერი გაიყინა, მომავალი აწმყოს გაუსწორდა. - ჩავალ და ყველაფერს ვეტყვი. შენ არ ხარ საჭირო.
-არა, კატალია. არ მაინტერესებს შენ რა დაინახე. -ჩანთას ხელი მოკიდა და კარისაკენ სირბილით წავიდა. კიბე სწრაფად ჩაირბინა, მიქაელს მიუახლოვდა.
-ელიაზარ, მადლობა ღმერთს… - შვებით ამოისუნთქა, როდესაც ნაცნობი სახე დაინახა.
-დროს ნუ ვკარგავთ, მიქაელ.ყველაფერს გავაკეთებ ელას დასახმარებლად.
-ელა? - მიქაელის თვალებშიც ის ნისლი გამოჩნდა, რომელსაც გაბრიელის გონებაში ღრმად გაედგა ფესვები. ისიც ნელ-ნელა სნეულდებოდა და მალე ამ დღესაც, საკუთარ დასთან ერთად დაივიწყებდა. ელიაზარი ყველაფერს უმალ მიხვდა.
-კატალია მიქაელს მიხედე, მე წავალ.
…დაღლილი, მიქაელი კიბეზე ჩამოჯდა. მას არ ახსოვდა სად იყო და რას აკეთებდა, შიში ანადგურებდა, მაგრამ ახლა ამ სიტყვის მნიშვნელობასაც კი ვერ იხსენებდა. იქნებ სულაც არ იყო მისი სენი ბოროტი, არამედ კეთილი - ის ყოველთვის დაიცავდა მიქაელს იმედგაცურებისაგან, ტკივილისაგან. მას არასდროს ეცოდინებოდა რა დაივიწყა ან ვინ დაავიწყდა, ვერ მიხვდებოდა იმ თანაგრძნობისა და სიბრალულის მიზეზს, რომლებსაც სხვის თვალებში დაინახავდა.
ელიაზარი ელას სახლისაკენ სირბილით წავიდა. მირბოდა და ეშინოდა, მაგრამ ის მომავალს არასდროს შეეგუებოდა. ეს იყო განსხვავება მასსა და კატალიას შორის. კატალია ყველაფერს დიდი ხნის წინ შეეგუა, საკუთარ სიკვდილს, ყველას სიკვდილს. შეეგუა და დამთავრდა, მისმა არსებობამ, როგორც ყველა სხვა დანარჩენმა მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ ელიაზარი სულით მებრძოლი იყო, ის საკუთარი თავის გადასარჩენად ბედს შეერკინებოდა.
…ღამე ჩვეულზე ცივი იყო. ცა გაწმენდილიყო ყველა ღრუბლისაგან. მხოლოდ მთვარე მოჩანდა. თითქოს მის დაკვალიანებას ცდილობდა, მისთვის რაღაცის თქმას ლამობდა.
არც თვითონ იცოდა რატომ, მაგრამ ეს ღამე არაჩვეულებრივი ეჩვენა. “ის დღეს მოკვდება” “შენ საჭირო არ ხარ”-ეს სიტყვები გარშემო ეხვეოდა და უკუნითში მიმავალს გზას უგრძელებდა.
კატალია, გაბრიელის სახლისაკენ მიმავალს გრძელი ვერანდიდან თვალს ადევნებდა. ხო, ის საკუთარ ძმას კიდევ ერთ სიმართლეს არ უმხელდა. ის საკუთარ ხილვებში ვერც მას ვერასდროს ხედავდა.
…-გაბრიელ ელა სად არის - ღია კარებში ხმაურით შევიდა.
-ოთახში…- გაბრიელი თვალებაცრემლიანებული იყო, დღითიდღე ჭკნებოდა მისი სახე. სევდა სახეს უჭამდა, მისი გონება იმსხვრეოდა. საწყენი იყო, რომ მთელი მისი ცოდნა გამოუსადეგარი ხდებოდა.
-ელა გესმის ჩემი?- გოგონას შუბლზე ხელი დაადო. ძალიან ცხელი იყო. მძიმედ სუნთქავდა. მარჯვენა ხელი უკანკალებდა. ეძინა და კვდებოდა, ელა მძინარე მშვიდად კვდებოდა.
მისი გამოფხიზლება სცადა. საბანში გაახვია, შუბლზე სველი ტილო დაადო. ეძახდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, არაფერი გამოსდიოდა. ტემპერატურა არ იკლებდა. მაგიდასთან მივიდა და ჩანთიდან მცენარეები გადმოყარა. წამლის მომზადებას შეუდგა, მაგრამ დრო არ ითმენდა. წამები გადიოდა, სუნთქვა უფროდაუფრო მძიმე, იშვიათი ხდებოდა, ჰაერში გაფანტული ტკივილი სივრცეში იხლართებოდა, ფანჯარასთან ახლადაყვავებული ლურჯი, ფირუზისფერი ყვავილი ჭკნებოდა.
ელიაზარი საკუთარ ხელებს უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ორივე ხელი უკანკალებდა, დამორჩილება უჭირდა. ის ვერაფერს გრძნობდა, ისევე როგორ გუშინ, მაგრამ მისი ხელები კანკალებდა, გაუჩერებლად კანკალებდა.
…მან არ იცოდა რომ ეშინოდა, მას ელას დაკარგვის ძალიან ეშინოდა.
კვლავ საკუთარ თავზე დაფიქრდა და ოცნებობდა ახლა მაინც შეძლებოდა რაიმის შეგრძნება, თუნდაც ეს ელას სიკვდილის ტკივილი ყოფილიყო.
…ელიაზარი ყველაფერს იზამდა, რომ რაიმე შეეგრძნო, მას სული სჭირდებოდა.
…ელას სხეული, სიცოცხლე სჭირდებოდა.
…მწვანე სითხე ფრთხილად დაალევინა. საათს შეხედა, დრო დაინიშნა. საათის ისარს უყურებდა, მომაკვდავს შუბლიდან ხელს არ აშორებდა. ის იწვოდა, ცეცხლში იწვოდა.
-კვდება - ამ სიტყვების წარმოთქმაც უჭირდა. სიკვდილის სუნი გაჟღენთილიყო კელდებში. მწუხარე, საკუთარ დაზე ფიქრობდა და ეზიზღებოდა, კატალია როგორც არასდროს ისე ეზიზღებოდა.
ტემპერატურამ დაკლება დაიწყო. ეს კარგის ნიშანი სულაც არ ყოფილა. მისი სხეული ცივდებოდა, ინტერვალი ყოველ ამოსუნთქვას შორის იზრდებოდა. სიჩუმეს ელას სუსტი გულისცემა არღვევდა. ყველაფერი დამთავრდა ელა მოკვდა. ისიც ნელ-ნელა უკუნითში იკარგებოდა, იკარგებოდა ხსოვნასთან ერთად, რომელიც მამისა და ძმის გონებიდან მისი გულის ცემის მსგავსად ყოველ წამს ქრებოდა.
…ხელს არ უშვებდა. გრძელ წაბლისფერ თმას უსწორებდა. სახეზე ეფერებოდა. ახლა, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა ეტირა, დაკარგულის სახეზე ცრემლები დაეღვარა.
ხელს მის ცივ ხელს მაგრად უჭერდა.
ელა გაქრა, ელიაზარი გაქრა, ერთი გაჩნდა, მთლიანი დაიბადა.

უსახელომ თვალები გაახილა. ამ საწოლზე რამდენიმე წამის წინ ელას ცხედარი იწვა. ამ სკამზე წამების წინ ელიაზარი იჯდა და გარდაცვლილს უყურებდა. მისთვის ყველაფერი გაუგებარი იყო. არაფერი ახსოვდა, არ იცოდა ვინ იყო, მაგრამ ცოცხალი იყო და გრძნობდა, სისუსტეს გრძნობდა.
“ელა”, “ელიაზარი” ეს სახელები ნაცნობი იყო მისთვის. ის ორი იყო, ორი შეყვარებული, ერთი მკვდარი და ერთი ცოცხალი ფიტულობისათვის განწირული. ორი სხეული ერთმანეთს შეერწყა, ახალი შექმნა. ახალი, რომელიც დაშორებული ვერასდროს იარსებებდა,
მას არ ახსოვდა, მაგრამ როდესაც ელიაზარმა თვალები დახუჭა,ცრემლები წამოუვიდა. ცრემლებმა მთვარეს სინათლე მოპარა, ელას სხეულამდე მიტანა. გარდაცვლილის სხეული განათდა. უკანასკნელი, რაც მის გონებაში აღიბეჭდა იყო სითბო, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ იგრძნო, როდესაც მხოლოდ ელიაზარი იყო.
მან ელას სიცოცხლე მისცა, ელამ ელიაზარს გრძნობები შესწირა. მათ ერთნი შექმნეს, ერთი სრულყოფილი. ის, ვისაც კატალია საკუთარ ხედვებში ყოველთვის ხედავდა, მაგრამ მან არ იცოდა ვინ იყო და საიდან მოდიოდა და არც ის იცოდა, რომ თუ გაიყოფოდა, ყველაფერი ძველ წრე-ბრუნვას დაუბრუნდებოდა.

***
-არა - თედორემ კვლავ ღრიალით გაიღვიძა. სიზმრიდან გამოფხიზლება გაუჭირდა. სინამდვილეში მისი რეალობა სიზმარი იყო, ხოლო სიზმარი ერთადერთი ხიდი, რომელიც მას რეალობისაკენ მიმავალ გზას აჩვენებდა. ის ორ ხმელეთს შორის იყო მოქცეული, რომელსაც ხიდი აკავშირებდა. ხიდის შუაგულში იყო გაჩერებული, ხან მარჯვნივ იყურებოდა, ხან-მარცხნივ. ვერ აერჩია საით წასულიყო. ორივე იდენტური იყო. ისიც დაბნეული არც მარჯვნივ მიდიოდა, არც მარცხნივ და ხანდახან ფიქრობდა, რომ ერთი მიმართულების არჩევას უსასრულო, შავ ფსკერში გადავარდნა ერჩივნა. მაგრამ ვერ ბედავდა, სიკვდილთან შეხვედრას თედორე ვერ ბედავდა.
ძმის ღრიალი კატალიამაც გაიგონა. ის მიქაელის გვერდით კიბეზე იჯდა და სასოწარკვეთის მორევში ჩათრეულის დამშვიდებას ცდილობდა. თედორე ნელ-ნელა ეგუებოდა იმ ყველაფერს, რაც კატალიას ჯერ კიდევ წლების წინ დაენახა, როდესაც საკუთარი სენის შესახებ პირველად გაეგო. ის ძმის მიმართ სიბრალულს არ განიცდიდა. მხოლოდ ერთზე ფიქრობდა ახლა : ნიავი ჩვეულზე მძიმე იყო, ბუნებაც აღელვებული ჩანდა. ამ ქალაქში უჩვეულო, ჩვეული იყო, მაგრამ ამ საღამოს ყველაფერი სხვანაირად იყო. მთვარე სქელ შავ ღრუბლებში იმალებოდა. ქალაქის დანახვას ერიდებოდა.
-სად ვარ?
-უსაფრთხოდ ხარ
-რა მოხდა?
-არაფერი მიქაელ.
-ხო, მე მიქაელი მქვია.
-კი, შენ მიქაელი გქვია და სახლში მამა, გაბრიელი გელოდება.
მიქაელს დაავიწყდა ელა. კატალიამ არ შეახსენა, რომ მას ჰყავდა და იქნებ ასე ჯობდა. მას არ გაახსენდებოდა და არასდროს ეცოდინება რა ანიჭებდა იმ ტკივილს, დანაკლისის შეგრძნებას, რომელსაც ახლად მოსული ნისლის მიუხედავად, მაინც იგრძნობოდა.
შიშისფერი თვალები თანალმობით აევსო. მიქაელი ისეთივე რბილი იყო, როგორც წითელი, ალისფერი, გრძელტაროიანი ყვავილი, რომელსაც მისი სახელი უწოდა. ისიც გარეგნულად მასსავით ძლიერი და ამაყი იყო, მაგრამ სინამდვილეში ორივე დაუცველნი იყვნენ, პირველი ნიავი ფურცლებს ერთმანეთს დააშორებდა.
…თედორე საღ გონებას დაუბრუნდა. არ უყვარდა, როდესაც ღამე ეღვიძებოდა. ელიაზარის საწოლისაკენ გაიხედა - ცარიელი იყო, გაუშლელი.”ჯანდაბა”- თქვა უმისამართოდ და საბანში დაიმალა , სიმყუდროვის დაბრუნება სცადა.
დღევანდელი სიზმარი ასეთი იყო :
ლამაზად ჩაცმული, უზარმაზარ დარბაზში აღმოჩნდა. აქ ყველა იყო, ვისაც იცნობდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო. ყველა იღიმოდა, შორიდან ბედნიერები, მშვიდები ჩანდნენ. საკუთარი დისა და ძმის სახე გაარჩია. მათკენ წასვლა გაინზრახა, მაგრამ ის მაყურებელი იყო, სურათს შორიდან უყურებდა. მოძრაობდა, მგრამ გზააბნეულივით მუდამ ერთ ადგილას ბრუნდებოდა.
...ყველა ჩვეულზე აღტაცებულები იყო. დარბაზში სიმყუდროვე სუფევდა. ლამაზად იყო მორთული. გარედან ფერადი ფოიერვერკების ხმა შემოდიოდა, გაფერადებულ ცას ყველა აღელვებული უყურებდა. ცარიელ, ბნელ ღრუბლებში გაბნეული სინათლე რამდენიმე წერტილში იკვრებოდა, სხვადასხვა ფორმები იქმნებოდა, მაყურებელს ახალისებდა.
...აქ ყველა იყო მის გარდა.
ხალხში ერეოდა, მაგრამ, როდესაც მოძრაობდა იატაკს არ ეხებოდა. მას არ ესმოდა რას ლაპარაკობდნენ სხვები. ყველა ხმა მუნჯი იყო. ეს იყო სამყარო სავსე მუნჯი, ყრუ ხმებითა და სიკვდილად ქცეული სიცოცხლით.
მის გონებაში ნაცნობი მელოდია ტრიალებდა, მოსვენებას არ აძლევდა. უზარმაზარ ფანჯარას მიუახლოვდა. ნიავი, შავ, სიცოცხლეწართმეულ ფოთლებს ათამაშებდა. საკუთარ ჭკუაზე აცეკვებდა. ისინი ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას და მიჰყვებოდნენ იქ, სადაც წაიყვანდა.
თედორეს ფოთლებს უყურადებდა და მათი განწირულ ხმას აღცევდა. ისინი დახმარებას თხოვდნენ, განთავისუფლება, საკუთარ გზას დადგომა ეწადათ. მათი ხმა სულ უფროდაუფრო გაუგებარი ხდებოდა. უახლოვდებოდა. ფანჯარას ხელით შეეხო, როდესაც შორიდან მომავალი საზარელი ხმა გაიგონა. ყველა ფანჯარა ერთიანად დაიმსხვრა. ნამსხვრევები გაიფანტა, სინათლე ჩაქვრა. ფოთლები რიგ-რიგობით შემოფრინდნენ, ყველას გარშემო შემოეხვივნენ. ფეხზე მხოლოდ თედორე დარჩა. ახლა ნათლად არჩევდა მათ ხმას. ისინი მღეროდნენ და ეს ხმებში გაშლილი მელოდია ნაცნობი იყო მისთვის. იცოდა ეს სიკვდილის სიმღერა იყო და ევედრებოდა მის გარშემო მოცეკვავეებს, ევედრებოდა გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მისი ხმა ნიავში იკარგებოდა.
იატაკზე ბზარი გაჩნდა. ყველას ეშინოდა, მაგრამ არავინ გარბოდა. გასაქცევი, თავშესაფარი ადგილი არავის ჰქონდა. შორიდან მომავალმა მიწისძვრამ შენობამდეც მოაღწია. ბიძგები ძლიერი იყო. კედლები დაინგრა. თედორე ერთ ადგილას გაიყინა. უფროდაუფრო მეტი ფოთოლი შემოხვია გარშემო. მათ მიღმა სურათი უხილავი გახდა. ბგერებიც იზრდებოდნენ, მძიმდებოდნენ. თედორეს ცრემლები მოსდიოდა, ყურებს ხელს ძლიერ უჭერდა, მაგრამ მას უკვე მის გონებაშიც შეეღწია და ისიც ერთ-ერთი ფოთოლი იყო, რომელიც სიკვდილს ქადაგებდა.
იატაკი ნაწილებად დაიშალა, ყველა ქვევით, სიცარიელეში დაეშვა. ზევით მხოლოდ მომტირალი თეოდორი დარჩა.
...ძალიანაც უნდოდა საბანში გახვეულს დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო და მისთვის ზედმეტი მნიშვნელობა არ მიენიჭებინა, მაგრამ ძმის ცარიელ ლოგინს უყურებდა და გული ცუდს უგრძნობდა.
-რა ხდება ? - საკუთარ თავს ეკითხებოდა.
არაფერი არ ხდებოდა, არ მოხდებოდა. ყველაფერი, რასაც ის ხედავდა უკვე მრავალი წლის მომხდარი იყო, მაგრამ მისი წინათგრძნობა არ ტყუოდა. ყველაფერი კარგი უეცრად ნამსხვრევებად იქცა და ,ხო, ის ვეღარ ნახავდა. თედორე ელიაზარს ვეღარასდროს ნახავდა.

***
ფანჯარა ტბაზე არეკლილ მთვარის სილუეტს უყურებდა. პატარა ოთახში სიგარეტის კვამლი ყველაფერს ჭამდა.
-რა ხდება?
- დაიწყო - დას სანთებელა მიაწოდა.
-ნეტავ რა მოხდება - მოუთმენლობა ჩანდა მის ხმაში. აღტაცებული დაკვირვებით უკვე დაღლილიყო და მოუთმენლად ელოდა, როდის დაიწყებოდა.
ქალაქის ბოლოს. ყველა სხვა შენობისაგან მოშორებით, ტბის მეორე ნაპირას მაღალ დანგრეულ შენობაში სამი ტყუპი და ცხოვრობდა. არავინ იცოდა ზუსტად, როდის ჩამოვიდნენ ან როგორ აღმოჩნდნენ აქ. არავინ იყო დარმწუნებული ვინ, რომელი იყო ან ვინ იყვნენ საერთოდ. ეს ამ ქალაქის სამი აჩრდილი იყო. ქალაქში მათ სახელს არავინ ახსენებდა. ისინიც მუდამ დაუპატიჟებელი, არასასურველი სტუმრები იყვნენ, მაგრამ ისინი სამნი იყვნენ და ძალაუფლება და გავლენა რომელიც მათ გააჩნდათ ყოველ დღე იზრდებოდა.
სინამდვილეში, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სად იცხოვრებდნენ. ისინი სწორედ ამ ადგილისათვის იყვნენ შექმნილები და ყველასაგან გასხვავებით, ამ ქალაქს თავშესაფრად თვლიდნენ, რადგან უკანასკნელი, რაც მათ ახსოვდათ იყო ცეცხლი, რომელმაც მათი სახლი ჩაყლაპა. კი, მათი ადრეც ეშინოდათ, შორეულ წარსულში სამ ტყუპს ჯადოქრებიც შეარქვეს. შიშისაგან გაცხოველებულმა მოსახლეობამ სახლს ცეცხლი წაუკიდა. ფანჯრიდან უყურებდნენ, როგორ ედებოდა ალი მათ სახლს. შორიდან თვალებში უყურებდნენ, ღრიალებდნენ : “ამათ ჩვენი შვილებისთვის ვაკეთებთ”;”წყეულებო”; “აქ თქვენი ადგილი არ არის”. სასწაული იყო მათი გადარჩენა, სხვა გზა აღარც ჰქონდათ - გაიქცნენ, ფერფლად ქცევას დაკარგვა არჩიეს.
ბოლოს აქამდეც მოაღწიეს, მაგრამ ამ დრომ უკვალოდ არ ჩაიარა. სიცხისაგან მათი კანი გაუხეშებულიყო, ასაკმაც შეახსენა თავი, მაგრამ მთავარი ის ბოროტება, სიძულვილი იყო, რომელსაც მათ სხეულში გაედგა ფესვები და უკვე იმდენად უზარმაზარი იყო, რომ ტოტებ გაშლილი ყველაფერს ფარავდა, მათკენ სინათლესაც კი აღარ უშვებდა.
...მათ ნახვას კატალიაც ერიდებოდა და , როდესაც მისი ხედვა მათ სახლს უახლოვდებოდა, თვალებს ხუჭავდა და თრთოდა. კატალია დების წინაშე გაუჩერებლად თრთოდა.
“მეგი”,”დარინა”,”კელი”.
-საცოდაობაა - ცინიზმით იყო სავსე დარინას ქედმაღალი კილო.
-ყველაფერი ისე აღარ ხდება, როგორ უნდა ყოფილიყო - ღრმა ნაფაზი დაარტყა მეგიმ.
-შევატყობინოთ?
-დაველოდოთ. – კმაყოფილი ჩანდა კელი.
-კი, მაგრამ... - მუდამ ფრთხილი დის პასუხმა გააოცა.
-არ გაინტერესებს რა მოხდება?- დასრულება არ დააცადეს.
-საშიშია.
-უნდა დაველოდოთ - მკაცრად გაიმეორა.
სამი ტყუპი იდენტური იყო. გრძელი, ხვეული, წითური, ალისფერი თმა, რომ არა ყველა დაიჯერებდა, რომ ამ ნაზი, სიკეთით სავსე სახის მიღმა არაფერი ცუდი იმალებოდა. ისინი მუდამ ფრთხილად იყვნენ. ერთად გარეთ არასდროს გადიოდნენ. მზის სხივებს ერიდებოდნენ. არავინს იცოდა ქალაქში კატალიას გარდა მათი არსებობის შესახებ. ისიც ვერ ბედავდა თქმას, ამიტომ მათი ყოფის საიდუმლო ამოუხსნელი რჩებოდა.
-კელ, ჩვენ გაგვაფრთხილეს. - მის ხმას შიში დაეტყო.
-მათი რისხვა არ აგვცდება - სწრაფად დაუმატა დარინამ.
-გეშინიათ?
ორივე გაჩუმდა კელმა გააგრძელა :
-ჩვენ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ. მათთვის ამის ცოდნა არ არის აუცილებელი.
-არ ენდობი?
-მეგი, ჩვენ ერთმანეთის გარდა არავის უნდა ვენდოთ.
- ელიაზარს, მოიკითხავენ.
-მაგრამ ჩვენ თუ არ გადავწყვეტთ ვერაფერს გაიგებენ.
-რა მოხდება?
-არ ვიცი, ყველაფერი შეიძლება იმაზე უკეთ წარიმართოს, ვიდრე ჩვენ გვეგონა.
-ან გამოუსწორებლად განადგურდეს.
-დაველოდოთ?
-რას?
-ფოთლების ცეცხლისფრად შეღებვას.
ნაწილი მეორე
ნისლი
ჩვილმა არ იცის საკუთარი სახელი, არ იცის, როგორი გაიზრდება, რა მოხდება. ახალდაბადებულის ცხოვრება უსასრულო კიბეს ჰგავს. წინ მიმავალი იძულებულია მიიღოს მრავალი, გააკეთოს არჩევანი კარგსა და ცუდს, სწორსა და კეთილს შორის. ხანდახან ერთი ნაბიჯის გადადგმის სანაცვლოდ ყველაფრის უკან დატოვებასაც უსიტყვოდ თანხმდება. ის ერთია და ყველა მისი გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონ არის. ის ყოველთვის შეეცდება იყოს თვითონ და დათანხმდება ყველაფერს, გარდა ნაწილებად დაშლისა, დამსხვრევისა, საკუთარი თავის დაკარგვისა.
…ახლა, ელას ოთახში ჩამოყალიბებულმა, ზრდასრულ ქმნილებას საკუთარი სახელის წარმოთქმაც არ შეუძლია. ის წინ გადადგმული ნაბიჯის შედეგია,მაგრამ ის ერთი არ არის, ორია, ორი, რომლებმაც საკუთარი გზების გაზიარება გადაწყვიტეს და ერთად შექმნეს გზა, რომელმაც შეუცნობლისაკენ მიიყვანა. სიბნელეში მოქცეულნი, უკუნითად ფორმირებული გაურკვევლობის პირისპირ აღმოჩდნენ. ისინი ლივლივებენ სიბნელეში. ერთმანეთს ვერ ხედავენ, სივრცეს ვერ ხედავენ, ვერაფერს ხედავენ.
… ერთ ადგილას გაყინულ უცნობს ეშინია, ყველაფრის გარშემო ძლიერ ეშინია.
…კატალიამ მიქაელი სახლისაკენ გააცილა. მსხვრევის ხმამ ორანჟერიამდე მიიყვანა. ღია ფანჯრიდან შემომავალ ძლიერ ქარს ყვავილი გაენადგურებინა. იატაკზე ცარიელი მტევნის გვერდით წითელი, გრძელი ფოთლები ეყარა. ამ ყვავილს ელიაზარი ერქვა. ღამის ღრუბლებში ღაჟღაჟა გაქარწყლდა.
-ვინ ხარ? - გაბრიელს ელას ოთახში უცხო დახვდა, მაგრამ უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. გაბრიელს აღარ ახსოვდა, ამ ოთახის მკვიდრის, საკუთარი შვილის სახელი აღარ ახსოვდა.
“მამა”,”გაბრიელ”- ერთდროულად ორი რეპლიკა გონებაში არსაიდან გაჩნდა. იდენტური სისწრაფით გავრცელდა თავის ქალაში. შუბლისაკენ მიმავალნი ერთმანეთს შეეჯახნენ. აუტანელი, დამანგრეველი ხმა წარმოიქმნა, მთელი სხეული მოიცვა. შეუცნობელმა თვალებში სიმძიმე იგრძნო, თითქოს მისი გონება რამდენიმე ნაწილად იშლებოდა და ეს ყველაფერი მართლაც მოხდებოდა და ისიც აუცილებლად დაიფლითებოდა, რომ არა ის საერთო პატივისცემისა და სიყვარულის განცდა, რომელიც ორ სიტყვას ერთად გარდაქმნიდა.
ტკივილმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დახევა აიძულა, შებარბაცდა. გაბრიელი საუბრის წამოწყებას არ ჩქარობდა, მშვიდად უყურებდა.
საწოლის კიდეს მარჯვენა ხელით დაეყრდნო, წონასწორობის დაბრუნება სცადა. გვერდით, კედელზე ჩამოკირებულ გრძელ სარკეში საკუთარი სახე პირველად დაინახა.უცნაური შეგრძნება დაეუფლა, საკუთარი თავი, არსება შეიგრძნო, ყველა ხმა მის თავში მომენტალურად გაქრა.
…მოკლე,მუქი,ყავისფერი თმა ჰქოდა. თეთრი კანი თითქოს მის სახეს, ნაკვთებს შეუმჩეველს ხდიდა, ყველას მისი თვალების წინაშე ქედი მოეხარა. მსგავსი ფერი გაბრიელს არასდროს ენახა : ღია თაფლისფერ გარსში გუგის გარშემო მწვანე ნაზად ერეოდა, სქელი წარბ-წამწამით დამშვენებული ანათებდა. იყო მის გამოხედვაში რაღაც ნაცნობი, რომელიც გაბრიელისათვის რაღაცის თქმას ცდილობდა, სამწუხაროდ არ ესმოდა, საკუთარი შვილის ხმა გაბრიელს აღარ ესმოდა.
…პირველად, საკუთარი თავის დანახვამ წარმოუდგენელი სიამოვნება მიანიჭა. მოეწონა. ყველა აზრი გაიფანტა, ქარმა დაუბერა, ღია ფანჯრიდან შემომავალმა რაფაზე მარტო დარჩენილ, კატალიას ნაჩუქარ ყვავილს თავი მოწყვიტა, მასთან ერთად სივრცეში დაიკარგა, გაუჩინარდა.
-ელიოზი მქვია. - თავისდაუნებურად ეს სახელი შეარჩია.
-ელიოზი?
-დიახ.
-აქ რას აკეთებ?- მისი მკაცრი ხმა შიშმა შთანთქა.
-მე...თქვენს მოსანახულებლად მოვედი.
-მიქაელმა გთხოვათ?
-ხო, მიქაელმა - დაჩრდილული გონება ნელ-ნელა იწიმინდება.”მიქაელი” -სახელი ძალიან ეცნობა.ვერ იხსენებდა. მის სახეს დაორთქლილი მინის მეორე მხრიდან უყურებს. ვერ ეხება. ვერც უახლოვდება.
-ახალი ხარ?
-მგონი.
-როდის ჩამოხვედი?
-არ მახსოვს.
-მნიშვნელობა არ აქვს - შიში თანაგრძნობამ ჩაანაცვლა - ჩამოჯექი ყველაფერს აგიხსნი.
გაბრიელი უყურებდა იმას, რაც საკუთარი შვილისაგან დარჩა და პირველშემხვედრისავით უხსნიდა , თუ რა იყო ეს ქალაქი. ელიოზად წოდებული, გულდასმით უსმენდა, მაგრამ ყველაფერი, რაც კი უამბო უკვე იცოდა. ყოველი მოხუცის ბაგეებიდან წამოსული სიტყვა, ყურიდან პირდაპირ გონებაში იჭრებოდა.. ნელ-ნელა მის თავში აზრები იწმინდებოდა, მაგრამ დაორთქლილი მინა არ წიმინდებოდა. არაფერს იმჩნევდა, თავი ამაყად ეჭირა, ამ ქალაქის ამბავს ძველი მეგობრის მსგავსად უყურადებდა.
-მამა. - მიქაელი სახლში დაბრუნდა.
-მოდი მიქაელ, ელიოზს ვესაუბრები.
-ელიოზს? - ოთახში შევიდა, მამამ ფრთხილი, შეუმჩნეველი მოძრაობით მოსაუბრისაკენ მიანიშნა. - ახალია.
-სად არის ელა?- ეს სახელი უნებლიედ წამოცდა. სენი გაიზარდა, მთელი სხეული ჩაალპო, მაგრამ ის შიში, რომელიც მან რამდენიმე საათის წინ, იატაკზე უგონოდ მომაკვდავი დის დანახვის დროს განიცადა, მოსვენებას არ აძლევდა. ის არ იყო გონებაში გაბატონებულ წყვდიადზე სუსტი, არც მასზე უკეთესი. ის ცეცხლს ჰგავდა, რომელიც ბნელ სილუეტს ედებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ წვავდა. დაფერფლილი ადგილებიდან ძველი მოგონებები ჩანდა, წამიერად კრთებოდა, მაგრამ უმალ იმალებოდა, უსასრულოდ გაწელილ სივრცეში იმალებოდა.
-ელა? ვინ არის ელა? - სახეზე გაკვირვება გამოესახა.
-არ ვიცი. - შერცხვა.
-დაისვენე შვილო, გადაიღალე. - ცივი ხმით უთხრა მამამ. გაბრიელსაც ჰქონდა ერთი ცუდი თვისება- საკუთარი შვილის სისუსტე საშინლად აღიზიანებდა. ის მიქაელს არასდროს აფასებდა და ვერ ხვდებოდა, რომ დამნაშავე ყველაფერში თვითონ იყო. მოხუცი მუდამ სრულყოფილებისაკენ მიიწევდა, ამიტომ ზედმეტი დრო მიქაელის აღზრიდასთვის არასდროს დაუხარჯავს. უყვარდა, მაგრამ უპირატესობას ყოველთივს უსულო ელიაზარს ანიჭებდა. ის მის ხელში მოქცეული თიხა იყო, რომლისგანაც შედევრს შექმნიდა. უგრძნობს, არავისთვის საყვარელს, მაგრამ სრულყოფილს.
...გაბრიელს ერთი უნდოდა- მოკვდავთა მიწაზე სრულყოფილების საკუთარი ხელით შექმნა ძლიერ უნდოდა.
-ხო, ალბათ, მართალი ხარ. მაპატიე ელიოზ უპატივცემულობისთვის -მარჯვენა ხელი გაუწოდა. ძალიან უნდოდა ეთქვა, რომ მისი გაცნობა სასიამოვნო იყო, მაგრამ აქ ახალმოსულებს სიხარულით არავინ ხვდებოდა. მხოლოდ, თანაგრძნობით, მაგრამ თანაგრძნობა ნელ-ნელა იშვიათი ხილი გახდა. გასაჭირი, რომელიც ყველას აერთიანებდა და ამავდროულად აახლოვებდა უფროდაუფრო საზარელი, შეუმსუბუქებელი ხდებოდა.
“ელიოზმა” გაუღამა. მისი ღიმილი ნაცნობი იყო. მიქაელთან უცნაურ კავშირს გრძნობდა, როგორც გაბრიელთან, ამ სახლთან და ამ ქალაქთან.
-დიდი მადლობა ყველაფრისათვის, დაგტოვებთ - გასასვლელისაკენ გაიწია.
-ქუჩის მარცხენა მხარეს რამდენიმე სახლია. შეგიძლია ნებისმიერში დასახლდე. ხელსაქმე გეხერხება?
-არ ვიცი.
-დამშვიდდი, დაისვენე და ხვალ შემომიარე. ყველაფერს გასწავლი.
-მადლობელი ვარ.
-დროებით.
-შეხვედრამდე.
კარამდე სტუმარი არავინ გააცილა. ქუჩაში მარტო გავიდა. პირველად შეიგრძნო სახეზე სასიამოვნო სიო. შეგრძნება უცხო იყო. მის სხეულში მოლივლივე ელიაზარს სახეზე ღიმილი გამოესახა. ხშირად წარმოედგინა ეს წამი, როდესაც საკუთარი სხეულით სრულ თავისუფლებას იგრძნობდა. ეს ის ერთი წამია, რომლისკენაც ყველა მიიწევს. ეფემერულად, გონება ყველანაირ ძალაუფლებას კარგავს და ეს უცნაური, გაუაზრებელი სიამოვნება ხდება დროის მეგზური. მაგრამ მაინც ის ამ ყველაფერს საკუთარი სხეულით ვერ გრძნობდა. ის ნაწილი იყო იმისა, რასაც ელიოზი ერქვა, როგორც ელა, რომელიც კვდებოდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კვდებოდა.
ეს ქალაქი სულაც არ ეჩვენა უსიცოცხლო. გაუკვირდა, ეს ქუჩა არ ჰგავდა იმ საზარელ ადგილს, რომლის შესახებაც გაბრიელი უამბობდა. სიბნელეში მკაფიოდ ვერ არჩევდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირი იყო. ყურადღებას არ აქცევს გადიდებულ ბზარებს და აკვირდება სხვადასხვა ფერით მოჩუქურთმებულ კედლებს. შეიგრძნო არსებული და წარმოიდგინა აქაურობა განათებული, მხიარული. ხო, ელიოზს ჰქონდა ის, რაც არც ერთ მის შემქმნელს არასდროს ჰქონია, რაც ორივემ დიდი ხნის წინ დაკარგა. ეს იყო წარმოსახვის, ოცნების უნარი.
...ეს ქალაქი ყველასათვის თითქოს უსასრულოდ მყრალ ჭაობზე იყო გაშენებული.ყველა ამ კედელში გულის ამრევი სუნი ღრმად იყო ჩამჯდარი. ჭაობში გამრავლებული მწერები აქ მცხოვრებებს გარშემო ეხვეოდნენ და მათ სხეულში შეღწეულნი შიშსა და ზიზღში ცხოვრებისათვის ამზადებდნენ. ეს უნარი კი სუფთა, კამკამა წყლის წვეთს ჰგავდა. ჭაობის გულისამრევ ზედაპირზე დაცემულს არ გაუჭირდა მისი დაფარვა. გაფანტული სინათლის ლაქამ მწვანე,სქელი ზედაპირი კამკამა, სპეტაკ სითხედ აქცია. ამ ყველაფერს ის ერთადერთი ხედავდა. ელიოზი იღიმოდა, ელა იღიმოდა, ელიაზარი იღიმოდა
ყველა იღიმოდა და ცოცხლობდა, ელიოზში ელიაზარი და ელა ცოცხლობდა.
არ იცოდა სად მიდიოდა, სხეული გრძელ ქუჩას ძალდატანების გარეშე მიყვებოდა. ძალას გრძნობდა. ის მარტო არ იყო და არასდროს იქნებოდა,თუ გაიყოფოდა მოკვდებოდა, უკვალოდ გაქრებოდა.
...კატალია მთელი ღამე ძმას ეძებდა.
-ელიაზარ - შორიდან მომავალი სილუეტი ძმისას მიამსგავსა. უკან შებრუნდა კატალია დაინახა აურზაური დაბრუნდა.
-შენ? -ეს სახე არ იყო უცნობი მისთვის. სწორედ ის იყო კატალიას თვალებით დანახული სამყაროს მთავარი გმირი. სულ აინტერესებდა ვინ იყო და როდის გამოჩნდებოდა. კატალია ვერ ხედავდა ელიაზარს, ვერ ხედავდა ელას, მაგრამ ხედავდა ელიოზს. ეს ორი მომავლის შვილები არასდროს ყოფილან, მათ ცალ-ცალკე, დაშორებულებს არასდროს არ უნდა ეარსებდა, დასაწყისიდანვე ვალდებულნი, იყვნენ შეექმნათ ელიოზი- ცოცხალი, ჯამრთელი, სრულყოფილი.
...კატალია ელიოზს უყურებდა და გონებაში მისი სახელის მატარებელ ყვავილს არჩევდა.
-საღამო მშვიდობის.
-აქ რას აკეთებ?
-ჩვენ შევხვდერივართ ერთმანეთს?
-არა, არასდროს შევხვდერივართ - უამრავი კითხვის დასმა უნდოდა, მაგრამ ჯერ ადრე იყო. ძლიერ უნდოდა ეკითხა ვინ იყო? საიდან მოდიოდა? მაგრამდრო და გარემო შესაფერისი არ იყო- ჩემს ძმას მიგამსგავსეთ, შეშინებისათვის ბოდიშს გიხდით.
-არაფერია.
-გაბრიელის სახლიდან მოდიხართ?
-დიახ.
-ბიჭს, სახელად ელიაზარს ხომ არ გადაყრიხართ?
-მგონი არა, გაბრიელის და მისი ვაჟის გარდა არავინ მინახავს. - არ ტყუოდა.
-როდის ჩამოხვედით?
-არ ვიცი, არაფერი მახსოვს.
-ნუ იდარდებ, წარსულს ზედმეტი მნიშვნელობა არ მიანიჭო და შენი ცხოვრებაც
-ჩემი წასვლის დროა.სასიამოვნო იყო შენი გაცნობდა.
-ჩემთვისაც.
-შეხვედრამდე.
-დროებით.
ელიოზი საპირისპირო მიმართულებით წავიდა. გარკვეული დროის განმავლობაში კატალია მის ზურგს აკვირდებოდა. უყურებს და ფიქრობს. დიდი ხნის წინ შთააგონეს, რომ ყველაფერი იცოდა და ამ ღამით ესიამოვნა გაცნობიერება იმისა, რომ მასაც შერჩენოდა ცნობისმოყვარეობის უნარი. პირველად დიდი ხნის განმავლობაში ღელავდა, რადგან არ იცოდა რა მოხდებოდა. უკუნითში გახვეულ ახალგაზრდას თვალს აყალობდა, მისი მომავალი მრავალ დინებად იყო გაყოფილი ერთ ადგილას გაჩერებული, მისი მზერა კი ათვლის წერტილს ნელ-ნელა მიყვებოდა.
...წინ ვერ წავიდოდა, უკან ვერ დატოვებდა, მანამ, სანამ ელიოზის მომავლის ნახვის შესაძლებლობაში არავინ დაარწმუნებდა.
***
გაბრიელის საყვარელი იგავ-არაკების წიგნი გვერდი 104 :
“უხსოვარ დროში, შორეულ ქალაქში მდიდარი ვაჭრის შვილი ავად გახდა. ყველა დანაღვლიანდა. ახალგაზრდას ჯერ კიდევ ბავშვობაში გაეთქვა სილამაზით სახელი. ამბავი მისი სილამაზის შესახებ ღრუბელივით ყველგან დაძრწოდა. ბოლოს, სიკვდილამდეც მივიდა. პატივ მოყვარული ღრუბელს შეერია და უკან გაყვა, მისი ნახვა განიზრახა.
ერთ დღესაც სახლისაკენ მიმავალს გამოეცხადა, ქედი მოიხარა. მსუბუქის სილუეტი ნიავს ერეოდა და ახალგაზრდას წინ ლივლივებდა. მისი სილამაზით აღფრთოვანებულს კარგი განზრახვა არ ამოძრავებდა, მაგრამ ქალს ესიამოვნა სიკვდილის სიტყვები. მოეჩვენა, წამით დაიჯერა, რომ მართლაც მასზე ლამაზი არავინ არსებობდა. მოეწონა აზრი, რომ სიკვდილმა წყვდიადი მის სანახავად დატოვა. ქედმაღალი ჯოჯოხეთის უკუნითის დამარღვეველ სინათლედ ყოფნას ლამობდა. დიდხანს უსმენდა საკუთარი თავის ქებას და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მასაც ეს უნდოდა.
დანაღვლიანებულმა მოკრძალებით თქვა, რომ ძალიან სწყინდა, რომ წლების შემდეგ მისი სილამაზე დაბერდებოდა. საკუთარ სრულყოფილებაში დარწმუნებულს ეს აღარ ესიამოვნა და პირველად იფიქრა, რომ ეს ყველაფერი მართლაც წარმავალი იყო და რაც არ უნდა მომხდარიყო საკუთარი “ნიჭი” აუციელბლად უნდა შეენარჩუნებინა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წინასწარ დაინახა და , როდესაც, ქალის გულშიც ამპარტავნობა დათესა საჩუქრად ვარდისფერი სითხით სავსე ჭურჭელი უბოძა. დაარწმუნა ბოლომდე გამოეცალა, მუდმივ ახალგაზრდობას, სილამაზე დაპირდა და ფოთლების ქარიშხალში გაუჩინარდა.
...სურვილებით გაბრუებულმა ჭურჭელს თავი უმალ მოხადა, სწრაფად დაცალა.
მზე დაბნელდა, სამი ღამის განმავლობაში შეუჩერებლად წვიმდა. დიაცი ავად გახდა. მდიდარმა ვაჭარმა საუკეთესო ექიმები მოიხმო, მაგრამ დახმარება ვერავინ შეძლო. ის სრულიად ჯანმრთელი იყო, ვერავინ ხსნიდა მოულოდნელ ავადმყოფობას, ყველა არწმუნებდა, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ის საწოლს იყო მიჭაჭვული და ნელ-ნელა კვდებოდა.
ოთახს ზევიდან სიკვდილი უყურებდა და მოუთმენელი მამოძრავებელ ჟინს ვერ კლავდა.
დასუსტდა, ბევრი მიდიოდა მის სანახავად, მისი ნაქები სილამაზით დასატკბობად. დრო გადიოდა, მნახველები გადი-გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი ვაჟი ყოველდღე მოდიოდა და უყურებდა. გრძელ შავ თმაზე აკვიდრდებოდა და ერთადერთი სურვილი, რომელიც მთელ სხეულს ედებოდა მისი თვალების ნახვა იყო. სიცოცხლით სავსე, ნაზი, კაშკაშა თვალების ნახვა.
საკუთარი სილამაზით დაბრმავებულის თვალებსაც ძველი ელფერი დაეკარგათ. არსებობას მოწყვეტილიც მიხვდა რა მოხდებოდა, სად შეცდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ოსტატურად დაგებულ მახეში ასევე ოსტატურად გაება. დაიღალა, ფოთლების ხმას უყურადებდა და ევედრებოდა წაეყვანა, მაგრამ რაღაც არ უშვებდა. ხელს ყოველდღე მაგრად სჭიდებდა და არსად წასვლის უფლებას არ აძლევდა.
ვერც სიკვდილი უახლოვდებოდა. ეს ის იყო რის წინაშეც ისიც კი უძლურდებოდა. მანაც ხელი ჩაიქნია, უხილავმა მასაც გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა.
საბედისწერო ღამეს ვაჟსაც გამოეცხადა და სატრფოს სულის სანაცვლოდ გამოსასყიდი თხოვა. ერთადერთი, რისი მიცემაც ვაჟს შეეძლო საკუთარი სხეული იყო. ბიჭის სხეულში ორი სული ჩასახლდა, ერთმანეთს შეერწყა შექმნა. ერთი, რომელშიც ორი არსებობდა.
დატოვა სიკვდილმა ბედნიერნი და მიმავალს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ კვლავ მათი ხილვა. ძალიან მალე მოუწევდა
შერწყმულს არც ოთხი ხელი ჰქონდა და არც ოთხი ფეხი, ის ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავდ, მაგრამ მასში ორი არსებობდა. ის იმ თვალებით უყურებდა სამყაროს, რომლის დანახვაც შეყვარებულს მთელი ამ დროის განმავლობაში ეწადა, ახლა სარკეში უყურებდა და ტკბებოდა.
ვაჭრის ქალიშვილის გაუჩინარების ამბავი ფარული დიდხანს არ დარჩენილა. უსახლკაროს, ჯადოქარი უწოდეს. ბევრჯერ ჰკითხეს, თუ რა გაუკეთა გარდაცვლილის ნეშტს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. მოთმინება ამოეწურათ და მასაც სასტიკად გაუსწორდნენ.
სიკვდილს იმაზე მალე მოუწია აქ დაბრუნება, ვიდრე წარმოედგინა. კვლავ ხისფერი ფოთლების ხმაურთან ერთად მოფრინდა. ხელი მოკიდა,ფრთები გაშალა, ამ მიწიდან სამუდამოდ წაიყვანა.
უსაფუძვლო...
ყველაზე აუტანელი ლოდინია. მოლოდინი თავისუფლების, აღმაფრენის, მაგრამ, როდესაც არავინ იცის რა როგორ იქნება სხვანაირი ცხოვრება რომ ჰქონდეთ, მოლოდინიც მნიშვნელობას კარგავს, იმსხვრევა და გამვლელების ფეხ ქვეშ განადგურებული გამამთლიანებელს ელოდება. ეს არის მისი ბედი, როგორც სხვა ყველაფრის ამ ქალაქში.
ყველაფერი ასე არ უნდა წარმართულიყო. ადამიანებს მუდმივად უნდა ეცხოვრათ მომავლის იმედით. განეცადათ სიხარული, როდესაც სურივლები აუხდებოდათ და განეცადათ იმედგაცურებაც, როდესაც გააცნობიერებდნენ, რომ ის, რასაც მთელი გულით ელოდებოდნენ მუდმივად მიუვალ კარია და ყოველი მისკენ გადადგმული ნაბიჯი უფრო გაშორებს მიზანს.
...ალბათ, კატალიასაც რომ არ დაენახა ყველაფერი მოთმინებით დაელოდებოდა მომავალს. იოცნებებდა მშვიდ, დიდ ეზოიან სახლზე, სხვადასხვა ფერებში ჩაძირულ ორანჟერიაზე. სინამდვილეში მას ჰქონდა ეს ყველაფერი უბრალოდ ის ისევე ვერ აღიქვამდა ამ ყველაფრის ბედნიერებას, როგორც საკუთარი სხეულის მშვენიერებას, რომელსაც მუდმივად დანაოჭებულსა და დაბეჩავებულს ხედავდა.
არც მომავალის ყურებაა გამოსავალი. მის პირისპირ ყველაზე ძლიერიც ხელმოცარული ხდება და მთელი არსებით გრძნობს საკუთარ სისუსტეს. მარადიულობის სიძლიერესთან შეჭიდებული ადამიანისაგან მტვერი რჩება. კი, ეს ქალიც, რომელიც წინ გადადგმული ყოველი ნაბიჯის განჭვრეტის ნიჭით იყო დაჯილდოვებული მტვერი იყო. მას არასდროს გაჩენია კითხვა - რა მოხდება, მაგრამ ვერასდროს გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მოხდა? ამიტომაც აღიზიანებდა ხშირად ელიაზარის მრავალი ვარაუდი, რადგანაც მისთვის ერთი რამ არსებობდა - მომავალი.
არა, არ აღიზიანებდა, უბრალოდ შურდა. გულის სიღრმეში შეიძლება თედორესიც კი შურდა, ყველას ერთმანეთის შურდა და სხვების ხვედრი უფრო მშვიდი, ლმობიერი ეჩვენებოდა. თედორესათვის რაიმეს ლოდინი მართლაც უსაფუძვლო იყო, როგორც აწმყო და ის წარსულის კეთილდღეობა, რომელსაც მუდმივად უყურებდა, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც გაქრებოდა.
...ორანჟერიაში შევიდა, ყვავილებს ათვალიერებს, გატეხილი ქოთნის ნასხვრევებს კრეფს.
-სად ხარ ელიაზარ? ეკითხება საკუთარ თავს. თვალებს ხუჭავს, ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად უჭერს, მაგრამ ყველაფერი ამაოა. ვერაფერს ხედავს. მისი მზერა გრძელ, უსასრულო გზას მიუყვება.
ნუთუ გაიქეცი? - ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები. მას მართლაც შეზიზღებოდა საკუთარი ძმა, რომელმაც გასაქცევი გზა მონახა და ყველაფერი საკუთარი დისა და ძმის ჩათვლით დატოვა. კატალია მხოლოდ ამაზე ფიქრობდა და ძმის ყოფა, სიკვდილი თუ სიცოცხლე სულაც არ ანაღვლებდა. ახლა ელიოზი წარმოიდგინა. მისი სხეული, აღნაგობა საცორად წააგავდა ელიაზარისას. მაგრამ მისი თვალები განსხვავებული იყო და ,ხო, ის გრძნობდა, ყველაფერს, რაც ელიაზარისთვის უსაფუძვლო იყო ელიოზი გრძნობდა.
ღამე მშვიდი იყო, მაგრამ სახლში დაბრუნებულის სული ბობოქრობდა. გაბრიელის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. გასასვლელისკენ გაემართა და ღია ოთახის კარიდან მძინარე, ოფლში ჩაძირული თედორე დაინახა. წამით შეებრალა კიდეც. ის კვლავ საზარელ სიზმარს ებრძოდა.
...გაბრიელის სახლისაკენ სწრაფი ნაბიჯით გაეშურა. ღამე იწურება, მზის პირველი სხვიები ნელ-ნელა სიბნელეში ჩნდება. შავი სქელი ღრუბელი ქალაქის გარშემო ტრიალებს და ემსგავსება ათასობით მფრინავ ყვავს, რომელიც მომაკვდავის სისხლით წყურვილის ჩახჩობას ელოდება. არც ეს კოკისპირული, ხმაურიანი წვიმა არის მოულოდნელი კატალიასთვის.
ქუჩის შუაგულში გაჩერდა, ღრუბლების შეჯახების, გაელვების შემხედვარემ წასვლა გადაიფიქრა.
-აზრი არ აქვს - ხმამაღლა თქვა და კედლებს შეჯახებულმა სიტყვებმა სახლისაკენ წასვლა უბიძგა. ნელი ნაბიჯით უკან დაბრუნდა.
ამ უკუნითში ჩაძირულ განთიადს ყველა მღვიძარე ეგებება. არც კრისტოფერის ლოგინთან მუდამ მოდარაჯე თეოდორს სძინავს. ბუტბუტებს, მივიწყებულ ლოცვებს იხსენებს. მხოლოდ ამით შეუძლია ძმისა და საკუთარი თავის დახმარება. გრუხუნის ბავშვობიდან ეშინია. კარგად ახსოვს დრო, როდესაც შეშინებული უფროს ძმას ეკედლებოდა და მხოლოდ, მაშინ მშვიდდებოდა, როდესაც მასთან ერთად საბანში ეხვეოდა. ახლა, ყველაფერი სხვანაირადაა. გული უკვდება. ხალისიანი მოგონებები შერჩა, მაგრამ გაცნობიერება იმისა, რომ ეს დრო უკან უკვე ვეღარასდროს დაბრუნდება, ახლად გალესილ ბლაგვ იარაღს წააგავს. ყოველი მოძრაობით ქსოვილს შლის, სისხლი წვეთავს. ყოველი ახალი წვეთი ერთი დღის ტოლფასია. იატაკზე დაცემის წამს ფერს კარგავს და მისი ჭაღარა თმასავით ფერმკრთალდებოდა. შფოთვა უადგილო იყო. ძალიანაც რომ ნდომოდა ახლა დამლაპარაკებელს, გულის დარდის გამზიარებელს ვერ იპოვიდა. ხელებს ერთმანეთს მაგრად უჭერდა ბუტბუტებდა და ტკიოდა, თეოდორს მთელი სხეული ძალიან ტკიოდა.
კრისტოფერის დარაჯს სკამზე ხშირად ჩასძინებია. ამ ღამესაც სკამზე გაატარებდა მოულოდნელად ოთახში რაისას რომ არ შემოებიჯებინა.
...თეოდორი გამოფხიზლდა, რაისა შეშინებული ჩანდა :
-როგორ არის?
-რა ხდება რაისა?
-დღეს გაბრიელთან ვიყავი.
-გაბრიელთან?
-ხელი გამეყინა, ვერ ვამოძრავებდი.
-გასაგებია - უხერხულ სიჩუმეს ჩამოწოლის საშუალებას არ მისცა. უადგილო სიტყვებით და არ გაამხნევა. შეიძლება გულის სიღრმეში ესიამოვნა კიდეც, მაგრამ ამას არასდროს აღიარებს.
თეოდორსა და რაისას კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. ის ყოველთვის ზედმეტი იყო, თეოდორი და კრისტოფერი კი ყოველთვის ერთნი. ხუჭუჭა, შავთმიან ალქაჯს ძმაზე ნათქვამს არასდროს აპატიებდა, მაგრამ ეს თეოდორი იყო და ის არ ყოფილა არასდროს ბოროტი. უნდოდა, რომ დის გასაჭირი სწყენოდა, მაგრამ ნიღაბს ვერ მოირგებდა.
-კრისტოფერსაც ასე დაემართა?
-რაისა...
-მიპასუხე- თავი ვეღარ შეიკავა
-კი - მტკიცედ, ყველანაირი თანაგრძნობის გარეშე უპასუხა.
-რამდენი დამრჩა?
-რა მნიშვნელობა აქვს.
-თეოდორ - რაისას ხმა კანკალებდა
-არ ვიცი. ერთი წელი, შეიძლება მეტიც - ცინიკური ტონი ირეოდა თეოდორის ხმაში.
-შენ რატომ არ იყინები?
-ყველას თავისი დრო აქვს.
-რატომ თეოდორ? ერთხელ მაინც შეიძლება, როგორც საკუთარ დას ისე დამელაპარაკო?
-რაისა - ასეთ საუბარს არ ელოდა- იმდენად ბევრი დრო გაატარე საკუთარი თავის აშენებაში, ნიღბის მორგებაში, სიძლიერის ილუზიის შექმნაში, რომ ყველა და ყველაფერი დაკარგე. ნელ-ნელა იმსხვრევი.
-შენ არ გესმის.
-ზიზღით შეავსე საკუთარ სხეულში დამალული დიდი ხვერელი. ყველაფერი იმით დაამთავრე, რომ საკუთარი თავიც შეიზიზღე. წარმოიდგინე საკუთარი სიკვდილი და ამაყმა გონება დაარწმუნე, რომ ეს ყველაფერი შენთვის არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ, როდესაც მისი მოახლოება იგრძენი ამპარტავანობამ, თავმოყვარეობამ გძლია. გარდაწყვეტ წამს, გაგახსენდა, თუ როგორ გიყვარს საკუთარი თავი.
-გაჩუმდი - დაუყვირა.
-არასწორად იქცევი.
-შენ იქცევი სწორად?
-მე ჩემი გზა მაქვს არჩეული.
-ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა საკუთარი სახლი მქონოდა.,მყოლოდა შვილები, ოჯახი მინდოდა, ერთი ჩვეულებრივი ოჯახი. სადაც ყველას ერთმანეთი ისე ეყვარებოდათ, როგორც ჩვენ არასდროს გვყვარებია.
-არ გინდა რაისა.
-მქონოდა საკუთარი საქმე, ვყოფილიყავი თავისუფალი, დამოუკიდებელი .სახლში მისულს დამხვედროდნენ მონატრებული სახეები. მე მხოლოდ ეს მინდოდა და სხვა არაფერი. გემის? ერთადერთი მშვიდი ცხოვრება მინდოდა.
-ვწუხვარ.
..რაისა ვერ მშვიდდებოდა, აღარ ესმოდა რას ამბობდა.
-ერთადერთი, რაც ჩვენს ოჯახს აერთიანებს, რაც ყველას აერთიანებს ამ წყეულ ადგილას სიძულვილია. ერთმანეთისა და ცხოვრების სიძულვილი.
-აქ ცხოვრება არავის არ გადაგვიწყვეტია.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
-გეშინია რაისა.
-ჩვენი ერთი ბოლო გვაქვს. - ჩუმად გაეშურა გასასვლელისაკენ.
-შენ გკლავს შიში რაისა, გარდაუვალის მოლოდინისაგან გამოწვეული შიში. - ხმადაბლა მიაძახა.
...რაისა კართან გაჩერდა:
-შენც კვდები თეოდორ. შენ გკლავს სიმშვიდე, რეალობის უარყოფით შექმნილი სიმშვიდე.
ყველას ჰქონდა საკუთარი სიკვდილი და მიზეზი, რომლითაც ახსნიდა დამოკიდებულებას სიკვდილის მიმართ. ეს იყო აქ ცხოვრების ერთ-ერთი წესი. სიკვდილი ყოველთვის კართან იყო, მაგრამ ისიც ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც სხვა ყველაფერი. სინამდვილეში ამ სახლებს შორის სიკვდილი არ იქნებოდა ჩვეულებრივი. ოდესღაც ამ მიწას ბევრი სისხლი ენახა და კიდევ უფრო მეტს ნახავდა. მასზე ყველა ფიქრობდა, მაგრამ არავინ იცოდა სინამდვილეში რა იყო სიკვდილი, როდის მოდიოდა ან რას ფიქრობდა. თეოდორი დაზე კიდევ დიდხანს ფიქრობდა. ოთახში ადგილს ვეღარ პოულობდა და ჭრიალა იატაკზე აქეთ-იქით დადიოდა.
რაისა საკუთარ ოთახში აცრემლიანებული შევიდა. ის მართლაც სუსტი იყო. თეოდორის სიტყვები ყველანაირ იარაღზე მტკივნეული აღმოჩნდა. რაისას არ ჰქონია ბავშვობა, არ აქვს ცხოვრება, მაგრამ უნდა იარსებობს. ყოველთვის არწმუნებდა თავს, რომ საკუთარი ბედის მმართველი მხოლოდ თვითონ იყო, მაგრამ ამ საღამოს დარწმუნდა, რომ იარაღს, რომელიც წლების წინ მაღალი ხის ფუღუროში დამალა ვერასდროს გამოიყენებდა.
...საკუთარ სისუსტეში დარწმუნებული ვერ იძინებდა. გრძელი ღამე იწურებოდა.
პირველი მზის სხივებს საწოლში არ ნაია შეხვდა. ფანჯრის რაფაზე ცაში თავმოყრლილ, შეკუმშულ ღრუბლებს უყურებდა.
ნაიას, მხოლოდ ერთი ბედნიერი მოგონება ჰქონდა. ნათლად ახსოვს დღე, როდესაც დედამ თბილად ჩააცვა და სასწრაფოდ მარგოს სახლისაკენ წაიყვანა. სულ რაღაც სამი წლის იყო, ვერ დარბოდა. შეშინებულ დედას ხელით მიყა ვდა. თბილ ქურთუკში შვილს მალავდა. იმ დროს ჯერ პატარა ვერაფერს აცნობიერებდა. ჯერ აზორვნება ახლა დაეწყო და აზრადაც ვერ მოუვიდოდა, რომ ამ ადგილას ვეღარასდროს დაბრუნდებოდა, რომ დედას ბოლოჯერ ეხებოდა.
ძლიერ თოვდა, მაგრამ დედის მკლავებში არ სციოდა. გარშემო ფაგანტულ ფიფქებს თვალს აყოლებდა. მის წარმოსახვაში სადღაც ზევით ამოსულ მაღალ, თეთრი ყვავილებით მორთულ ხეებს ქარი აწვალებდა. ახალაყვავებულებს ფოთლებს წყვეტდა. მიწაზე მათთან ერთად ეშვებოდა.
ყოველთვის, როდესაც ნაია ქსოვდა სწორედ ამ ხეზე ფიქრობდა. ერთადერთი ,რაც მას ჯერ კიდე სწამდა იყო, რომ თუ ქსოვის დროს ძაფების ხმას მოუსმენდა, მათ შორის აუცილებლად გრძნობები გაჩნდებოდა. ეს ხე ერთხელ დახატა გონებაში და მუდამ მისკენ მიილტვოდა, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადა მისი ტილოზე გადმოტანა, ის არასდროს გამოდიოდა ისეთი, როგორიც წლების წინ დაინახა. ამის მიზეზი ნაიამ იცოდა და ვერ ეგუებოდა, რომ აღარ იყო ის გოგო, რომელიც ამ ხის ყოველ შტრიხს ნათლად ხედავდა.
...გამთენიისას რაფაზე იჯდა და ოცნებობდა. ნაია, შავი ღრუბლის გაფანტვაზე და თოვლის წამოსვლაზე ოცნებობდა.
***
...ელიოზი ყველასაგან განსხვავებით დაცარიელებულ ბინას ნელ-ნელა ეგუებოდა. ყოველი კუთხე, ნივთი ახალი აღმოჩენა იყო და შეგრძნება, რომ გარშემო ყველაფერი მხოლოდ მისი იყო უზომოდ, სიამოვნებდა. აღტაცებული ადგილს ვერ პოულობდა და საკუთარი ცხოვრებით, რომელიც ისეთივე ახალი იყო, როგორც ყველაფერი მის გარშემო, ტკბებოდა.
საკუთარი არსებობით ტკბობაც ნიჭია. არა ეგოისტური, უსაფუძვლო ვნებებში ჩაძირული ტკბობა, არამედ სუფთა ნიჭი - საკუთარი სხეულის შეგრძნებისა და წარმართვის ნიჭი. მას რომ სცოდნოდა, რომ მისი ნაწილი, რომელსაც ელიაზარი ერქვა, ოდესღაც გამოფიტულ, უსულო თოჯინას წააგავდა და საკუთარი ცხოვრების წარმართვას გონებით, წიგნებში ამოკითხული წინადადებებით გეგმავდა, აუცილებლად სიბრალულით აივსებოდა.
ცხოვრებაც მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როდესაც მას მთელი სხეულით გრძნობ. ყურს უგდებ და აცნობიერებ, რომ შენც ხარ ცხოვრება, მაგრამ ეს უნარი დანაწევრებული იყო და ყველა ამ ქალაქში მაცხოვრებელი მხოლოდ გარკვეული ნაწილის მფლობელი გახდა. ერთ დიდ სხეულს ჰგავდა ეს ქალაქი და ყოველი ადამიანი, ყოველი ოჯახი მისი ერთ-ერთი ნაწილი იყო. ერთად ისინი ქმნიდნენ სრულყოფილ ცხოვრებას, მაგრამ გახლეჩილები განწირულები იყვნენ ეცხოვრათ მხოლოდ იმ ნაწილით, რომელიც განკუთვნილი იყო მათთვის.
წვიმის ხმა მას ადრეც გაეგონა. წვეთები სახურავს ეცემოდა და დამსხვრეული მინიდან სახლში აღწევდა. მტვრიანი რაფა სველდებოდა. როდესაც ფანჯარას მიუახლოვდა კანზე წვეთები შეიგრძნო. მტევანზე სისველე იგრძნო.
-რა სასიამოვნოა - გაღიმებულს აღმოხდა. თვალები დახუჭა და სახლში შემომავალ სურნელს გაყვა. დამსხვრეული ფანჯარა გააღო, ხელი ასწია და წვიმიან ქალაქს დააკვირდა.
-რა ლამაზია. - დამშვიდებული ამბობდა.
გასაკვირი იქნებოდა ყველასათვის ამ სიტყვების გაგება, რადგან ამ ადგილსათვის ლამაზი ,ალბათ, წლებია არავისთვის უწოდებია. ყველა დაცარიელებულ ვიტინებში თავისი ანარეკლის უკან ვერაფერს ხედავდა და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა, რადგან მათი გასაჭირი მძიმე ტვირთი იყო და მისი მატარებლები ვერ უწოდებდნენ ამ შენობას, რომელიც მხოლოდ საკუთარ ტყვეობას, არასასურველობას აგონებდა, ლამაზს.
მაგრამ ამ ღამეს ქალაქი მართლაც ლამაზი იყო. კამკამა წყალს ყველაფერი ცუდი თან მიჰქონდა და არე-მარეს ძველ შინაურულ სურნელს უბრუნებდა. არეკლილი ელვის სინათლე კი წამით ერთიანად ყველაფერს აცისკროვნებდა ბევრისათვის აქაურობას სიცოცხლეს, ბევრისათვის კი-სიკვდილს აბრუნებდა.
...საიდუმლო, რომელიც ამ ქუჩას მიუყვებოდა უცნობ, მოულოდნელად მოსულ მგზავს წააგავდა. არავინ იცოდა რისთვის იხდიდა ყველა აქ მყოფი საფასურს , მაგრამ ისინი კვდებოდნენ, კარგის, სიმშვიდის მნიშვნელობა არ იცოდნენ, მაგრამ ელიოზმა არც ცუდის, ბოროტების მნიშვნელობა იცოდა და ხო, ის ცოცხლობდა. ელიოზი სიკვდილის, ლეშის სუნში ცხოვრობდა.
...სიკვდილის სუნს ელიოზის კართანაც მიეღწია. კარის ჭრიალი მოულოდნელი იყო, რადგან არავის არ უნდა სცოდნოდა, რომ აქ ცხოვრება გადაეწყვიტა. მის სახლის გარშემო ნისლი ჩამოწვა. ახლა, წვიმის ხმა არასასიამოვნოდ ჩაესმოდა. ყველაფერი ავისაკენ მიუთითებდა. სინათლე დაიკარგა, ეს ადგილი ყველაფერმა კარგმა დატოვა. მხოლოდ უკაცრიელი უბედურება დარჩა. კელი ელიოზის სახლის კართან იდგა და მოუთმენლობისგან ადგილს ვერ პოულობდა.
დების დაუკითხავად წამოვიდა, სახლი მარტომ პირველად დატოვა. ეწადა მხოლოდ მას სცოდნოდა ვინ იყო ის, ვისაც ყველაფრის შეცვლა შეეძლო. ის, ვინც არ უნდა დაბადებულიყო, მაგრამ დაიბადა.
მისი ღაჟღაჟა, წითური მოკლე თმა ნისლში გამოკვეთილად ჩანდა. ფანჯრიდან უყურებს ელიოზი; არ ეცნო;შეცბა;დიდხანს იფიქრა;ბოლოს ქვევით ჩასვლა გადაწყვიტა :
-რით შემიძლია დაგეხმაროთ? - თავაზიანად ჰკითხა. შეათვალიერა ქალი, რომელიც არასდროს ენახა.
კელიც ისეთივე იყო, როგორიც დარინა და როგორიც მეგი - მაღალი, გამხდარი, ალისფერთმიანი, მაგრამ მას დებისაგან მოკლე თმა ასხვავებდა, ბოლოები უხეშად ჰქონდა შეჭრილი, ეტყობოდა საკუთარი ნამოქმედარი, ჟინი ყოფილიყო განსხვავებული, ერთი, განსაკუთრებული და არა სამიდან ერთ-ერთი. მაგრამ თვალებში ჩასახლებულ წყვდიადში ცეცხლისფერით გაჟღენთილი სისხლის წყურვილი კავშირს დებს შორის აშკარას ხდიდა, სამ სხეულს აერთიანებდა და ერს ქმნიდა.
...ისინი მტაცებელი ცხოველები იყვნენ, სასტიკები, რომლებსაც ჰქონდათ ცოდნა და ერთადერთი მიზანი ამოძრავებდათ, ენახათ ყოველი სახლი ცეცხლწაკიდებული. დაენახათ, სქელი, შავი კვამლი, რომელიც მთელ ქალაქს ჩაყლაპავდა, შეჭამდა. შორიდან მოესმინათ განწირული ღრიალი, ვედრება და, გაეგრძელებინათ გზა, როდესაც ყველაფრისაგან მხოლოდ ფერფლი დარჩებოდა.
-ელიოზი თვენ ხართ? - თავიდან ფეხებამდა შეათვალიერა. კმაყოფილი ჩანდა. მასში ჩასახლებული შავი ღრუბელი სულ უფროდაუფრო ძლიერი ხდებოდა და მზად იყო ელიოზი ჩაეყლაპა. სისხლისფერ ტუჩებს ათამაშებდა, მოუთმენლობისგან მისი ყბა კანკალებდა.
-დიახ.
- შეიძლება შემოვიდე?
-მობრძანდით.
გაკრივებასა და აღშფოთებას შორის საზღვარს უკვე ვეღარ პოულობდა. მკერდის მარცხენა არეში ტკივილს გრძნობდა. ეს გამანადგურებელი სიცხე, რომელიც ამ ქალის სხეულიდან მოდიოდა სასხლს ცეცხლად ედებოდა და ხელშეუხებელს არც ერთ კუთხე-კუნჭულს არ ტოვებდა
....ძველ სავარძელს ხელი გადაუსვა, მტვერი ნაზი ხელის მოძრაობით გადაწმინდა.
-ამ ქალაქში ახლა ჩამოხვედი?
-დიახ.
-საიდან ხარ?
-არ მახსოვს.
-აქ რატომ გამოგიშვეს?
-არ ვიცი. - არ ცრუობდა მართლა არაფერი იცოდა. ელიაზარი და ელა უკუნითში ლივლივებდნენ, შეშინებულები გამოფხიზლებას არ აპირებდნენ. მოსიარულე ურჩხულის ნახვა არც ერთს არ უნდოდა.
-გაბრიელს იცნობ?
-დიახ.
-იცი აქ რატომ ხარ?
-აქ?
-ამ ქალაქში?
-რაიმე განსაკუთრებული მიზეზი სჭირდება აქ ყოფნას? - ელიოზის უმეცრება გამაღიზიანებელიც კი იყო კელისათვის. ის აქ რაიმე განსაკუთრებულის ნახვას ელოდა. იმედიც კი გაუცრუვდა, რადგანაც უნდოდა კიდეც ეს ქმნილება გამხდარიყო დაბრკოლება, წინაღობა, მაგრამ ,არა, ისიც ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ეს იმედგაცრუება დამამშვიდებელიც იყო. ის აქ სწორედ ამისათვის მოვიდა და დარწმუნდა, რომ ელიოზი საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენდა,. უბრალოდ, როდესაც ამას მიხვდა აღარ იყო დარწმუნებული, რომ აქ სწორად ამის გასაგებად მოვიდა.
-არ ვიცი - ყალბი ღიმილით უპასუხა.
-თქვენ რა გქვიათ?
-ეს სახლი მოგწონს?
-კითხვას თავს არიდებთ?
-ჩემ სახელი აქ არავინ იცის.
-რატომ?
-ასე არის საჭირო.
-იმალებით?
-ელიოზ, ჩემო კარგო, აქ ყველა იმალება.
-მე არ ვიმალები.
-არ გეშინია?
-ვისი უნდა მეშინოდეს?
-ჯერ ვერ შეგიმჩნევია რა ხდება ამ ქალაქში. - ელიოზის გამჭრიახობა კელს მისი მოკვლის სურვილს უორმაგებს.
-არაფერი განსაკუთრებული არ შემიმჩნევია.
-იცი, რატომ უნდა ყველას ამ ადგილის დატოვება?
-რატომ?
-შენ არ გინდა?
-მე აქაურობის გარდა არაფერი მინახავს და შეიძლება მიზეზიც ჰქონდეს ყველას სურვილს გაქცევისა, მაგრამ სიტყვა “გაქცევა” ჩემთვის უცხოა. -გაუღიმა, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული. მსმენელსაც გაუკვირდა. დიდი ხანია ასეთი გულწრფელი, გულთბილი საუბარი არავისაგან მოესმინა. მასში დიდი საფრთხე იმალებოდა და ეს საშიშროება იყო ის, რასაც მის გარდა აქ ვერავინ გაიზიარებდა - ბედნიერება. კელი ზიზღით ივსებოდა. ახლა, მზად იყო ახლაგაზრდასთვის ყელი გამოეჭრა და ყველაფერი მარტივად დაესრულებინა, მაგრამ მოვლენებს წინ ვერ გაუსწრებდა. გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა.
-ბედნიერი ხარ ელიოზ? - ხმა დაუდაბლდა. სხეულს მზერას არიდებდა და მის ჩრდილს უყურებდა.
წვიმა წყდებოდა. წვეთების დაცემის შორის ინტერვალი უფროდაუფრო იზრდებოდა. საათის ტიკტიკს წააგავდა ეს ხმა და პასუხის მომლოდინე კელისათვის აუტანელი ხდებოდა.
ელიოზმა ამოისუნთქა:
-მიწისაკენ მომავალი წვეთი სახურავს ეცემა და ქრება, მაგრამ რამდენიმე წამი მას შეუძლია დატკბეს თავისუფლებით. ცასა და მიწას შორის მოქცეული არც ერთს ეკუთვნის და აჟიტირებული მიიწევს წინ, გინდ წინ მას დასასრული დახვდეს.
-ხარ შენ ბედნიერი? - აგდებულად კითხვა გაუმეორა.
გაუღიმა, თაფლისფერ თვალებში ეშმაკი დაატყვევა და უპასუხა :
-და თქვენ იცით რას ნიშნავს იყო ბედნიერი?
...წვიმის წვეთების ხმა სიჩუმეში დაიკარგა ღრუბლები ნელ-ნელა გაიფანტა. მზემ მოკლძალებულად გამოანათა.
***
ახალი გათენებული დღე უსასრულო ცვრიან მდელოს ჰგავდა. გუშინდელი წვიმა აღარავის ახსოვდა. ბალახი წვიმის ნარჩენებით ყვაოდა. წყალს ფესვებით იწოვდა, სტიქიის ნარჩენებით იკვებებოდა. ყოველი ახალი დღე წასულის მოგონებას უგზო-უკგვლოდ შლიდა, აქარწ....ბდა. წესი ასეთი იყო, არსებობა აქ იყო გაყინული, როგორც დრო, რომელიც შეუმჩნეველი გამხდარიყო. ესეც სენი იყო, რომელსაც ყველა იზიარებდა - წარსული და მომავალი წვიმისავით ფესვებში იკარგებოდა და აქ მხოლოდ ერთი დრო არსებობდა - აწმყო.
ქუჩებში ღრმა ორმოებს წყალი ავსებდა და ცის ანარეკლი ორს ერთმანეთთან აკავშირებდა. ნაია მიქაელის მაღაზიისაკენ კვლავ დატვირთული მიემართებოდა. გარშემო იყურებოდა და თეთრი ფერი, რომელსაც სავსე ორმოებში ხედავდა დაუვიწყარ შეგრძნებას უტოვებდა. ეს ფერი ერთის მხრივ სევდიანი იყო, რადგან მისი მშვენიერება ახსენებდა ყველაფერს, რაც შეეძლო ჰქონოდა, მაგრამ არ ჰქონდა, მაგრამ ნაია მშვენიერების შეგრძნების უნარი ტკივილის მიუხედავად, არ დაუკარგავს და მას შეეძლო დაენახა ტალახ შერეულ წყალში ცა - სუფთა, უღრუბლო.
ცაც ხანდახან ჰგავდა ზღვას - მდუმარეს, ნოზულს. ეს ხორცშესხმული სიმშვიდე, რომელიც დაუვიწყარი ჰანგების სახით ნაის მეგზურად მიყვებოდა მიქაელთან მიახლოების წამს დაიკარგა ყველა იმ მოგონებასთან ერთად, რომელიც მას აღარ ახსოვდა.
-ნაია, კარგად გამოიყურები.
-შენც მიქაელ.
-რა მოიტანე?
-როგორც ყოველთვის. ხელით სავსე ცელოფნებისაკენ მიუთითა.
-ახლავე ამოვალაგებ.
-ისევ აქ დევს? - სიმწარე ირეოდა მის სიტყვებში. უყურებდა საკუთარ მოქსოვილ, კარებზე ჩამოკიდებულ ტილოს. გახუნებულიყო, ძველ ფერებს სიკაშკაშე დაეკარგათ. ისინი კარგავდნენ ფერებს, როგორც მათი შემქმნელი კარგავდა სიცოცხლეს.
-ნაია…
-არ არის საჭირო მიქაელ. ვიცი, რომ ჩემი ნუგეში გინდა.
-ნაია, შენი ნაქსოვები კატალიამ შეიძინა.
-კატალიამ? - გაუკვირდა. ამ ქალის სახელს მისთვის მხოლოდ დიდი პატივისცემა უკავშირდებოდა. ეს პატივისცემა იყო შიშნარევი. მისთვის დიდი პატივი იყო, რომ სწორედ კატალია გახდა მისი შემოქმედების , რომელსაც ნაია საკუთარი შვილივით უყურებდა, მფლობელი, მაგრამ მიზეზზე ფიქრობდა. ყველამ იცოდა, რომ ეს შიშისფერთვალებიან ქალი უმიზეზოდ არაფერს აკეთებდა და ყოველი კარგი, მოულოდნელი ჟესტი მისი მხრიდან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.
…რაზე ფიქრობდა კატალია? ამ კითხვაზე პასუხი არასდროს არავინ იცოდა. შეიძლება მასაც მოუნდა შეემსუბუქებინა ნაიას ტკივილი და მხოლოდ იმიტომ შეიძინა მისი ნაქსოვი, რომ მასაც ეგრძნო თავი საჭიროდ.
-ძალიან მომწონს ნაია. შენ ნიჭი გაქვს - მაღაზიაში კატალიაც შემოვიდა.
-მშვიდობიანი დღე, ქალბატონო კატალია.
-იცი რა მომწონს? ფერების შეხამება თითქოს უადგილოა, უბრალოა, მაგრამ ამ უბრალოებაში იმალება ჭეშმარიტი ხიბლი შენი შემოქმედებისა. - ის მართლაც აღტაცებული ჩანდა. კატალია საოცრად გამოიყურებოდა. სამწუხაროა, რომ ის საკუთარ თავს ასეთს, ვერასდროს დაინახავდა და არასდროს დაამახსოვრდებოდა, რომ ოდესღაც მისი სილამაზე გარშემო ყველასა და ყველაფერს მეტყველების უნარს აკარგვინებდა.
-მადლობელი ვარ.
-უმჯობესია ეს ტილო აქ დარჩეს, მაღაზიის კარზე. არ ვიცი ნაია რას ფიქრობდი ან საერთოდ ფიქრობდი თუ არა, როდესაც ქსოვდი, მაგრამ ეს ტილო სარკეა ჩვენი ცხოვრებისა. გვედებში გახუნებული ბეჟი გზაა, რომელიც ჩვენ აქ მოსასვლელად გამოვიარეთ. დროის განმავლობაში პირველი ფერი მან დაკარგა. დავიწყებას მიეცი და , როდესაც ფერს საბოლოოდ დაკარგავს და გახდება გაცრეცილი, უსიცოცხლო, ყველა უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი იქნება. სქელი წითელი წრე ციხეა. ტყვეობაში ცხოვრების საშინელებას ყველაზე მკაფიოდ ეს ფერი ასახავს. ეს ფერი ყვირის, ლამაზია, მაცდური, მაგრამ ავის შემცველი. მის გარეთ სიცოცხლეა, შიგნით-არაფერი.
კატალიას სიტყვებში საღი აზრი იდო. სასიამოვნო გასაგონი იყო, რომ ვინმემ ამ ტილოს ახსნა გადაწყვიტა, მაგრამ კატალიას სიტყვებს სიჩუმის გარდა არაფერი მოყოლია. ნაიამ საკუთარი განზრახვის დამალვა გადაწყვიტა :
-მე მსგავსზე არაფერზე მიფიქრია.- სასწრაფოდ გადაწყვიტა სალაპარაკო თემა შეეცვალა, მიქაელს მიუბრუნდა.-მიქაელ ელა როგორ არის?
-ელა?
-შენი და ელა.
-ჩემი და?
ნაიას მხარზე კატალიამ ხელი მოუჭირა. მიხვდა, რომ გაჩუმება ჯობდა. როგორი სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო გაბრიელის საგვარეულო სენი, მასაც ჰქონდა დადებითი მხარე - მიქაელსა და გაბრიელს არასოდეს არ დაამახსოვრდებოდათ სიკვდილი და არ ეცოდინებოდათ, რომ მათი სახლის ის ესტუმრა და ამ სახლის მკვიდრი წაიყვანა.
-არაფერი მიქაელ შემეშალა- უხერხულობის გამოსწორება სცადა ნაიამ.
-ნაია მგონი უმჯობესია წავიდეთ. მიქაელი დაღლილია.
…მიქაელი დაიბნა. ჯერ კიდევ ახსოვდა, რომ წინა დღით სახლში მისულმა სწორედ ეს სახელი წარმოთქვა. რაღაც მოხდა და ეს ყველაფერი მოულოდნელად გამოჩენილ სტუმარს უკავშირდებოდა.
-ელიოზს იცნობთ? - ეტყობა ამ სახელს დიდხანს იხსენებდა. კარისაკენ მიმავალ კატალიასა და ნაიას დაუძახა. კატალია უკვე შეხვედროდა ელიოზს და გაცილებით ადრე, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. ელიოზს ის მუდმივად ხედავდა. ნაია კი შეცბა. სახელი არც ეცნო და მიხვდა, რომ ყველაფერი იცვლებოდა და მალე რაღაც ამოუცნობის, სრულიად მოულოდნელის მომსწრე გახდებოდა.
-კი, მიქაელ. კარგი ახალგაზრდაა. ორი სახლის მოშორებით ცხოვრობს.
-კარგი, კატალია.
-დროებით- თავაზიანად დაემშვიდობა და კარიდან თითქმის ძალით გაიყვანა შეშფოთებული ნაია.
აღარ ციოდა. პეიზაჟი ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. გრძელ გზას მწკრივად დალაგებული სახლები ხატავდა.
-ელას რა დამერთა? - ვეღარ მოითმინა, თავი ვეღარ შეიკავა და გვერდით მიმავალს დაუყვირა.
უეცრად ეს ნაზი, დაუცველი გოგო წარმოუდგენლად შეიცვალა. შეშინებული ადამიანიც იცვლება. შიში ხდება მტაცებელი, რომელიც სახეს პარავს, მსხვერპლს დაბეჩავებულს ტოვებს, მაგრამ ნაიას შიში სხვანაირი იყო. მას ელას ამბის გაგება ეწადა, რადგან ის ეჭვებოდა. ნაია ეჭვობდა, რომ მან იცოდა ელას გაუჩინარების მიზეზი და შეიძლებოდა ისიც მის მსგავსად, ორმოებში თავმოყრილი წყალივით აორთქლებულიყო.
-ელა მოკვდა, ნაია.
-შეუძლებელია.
-ასეა.
-კი მაგრამ ელას სენი…
-ელა სენს არ მოუკლავს.
-მოკლეს? - ყველაფერს მისცემდა, ოღონდ კი ამ კითხვაზე დადებითი პასუხი არ მიეღო.
-არავინ იცის. - შეწინააღმდეგება უნდოდა. უნდოდა ეთქვა, მუხლებში ჩავარდნოდა კატალიას და შევედრებოდა სიმართლე ეთქვა, მაგრამ მისმა დედობრივმა, მზრუნველმა მზერამ და ხმამ მართლა დაარწმუნა, რომ არაფერი იცოდა. ეს სიმართლე იყო.
კატალიამ ელასა და ელიაზარის შესახებ არაფერი იცოდა.
-ელიაზარი გაიქცა.
-გაიქცა?-ყივირილით წარმოთქვა ეს სიტყვები. სახლის კედლებს შეეჯახნენ ბგერები და ტალღასავით გავრცელებულმა ექომ თითქოს ყველა უბედურება, რომელიც ამ ადგილას იმალებოდა, ერთიანად გააღვიძა გააღვიძა. ყველა აჩრდილი აღსდგა და ორ ქალს გარშემო შემოეხვია.
-როგორ?
-ჩემი აზრით, ეს ორი ამბავი ერთმანეთს უკავშირდება. ელიაზარსა და ელას შორის სიმპათია არსებობდა. შეიძლება ორივე საიდუმლოს ამოხსნა სწორედ ამაში იმალება.
..ნაია შეცბა, კატალიამ თავი დახარა.მის თვალებს ვეღარ ხედავდა :
-იჩქარე ნაია.
-მადლობა- ყველაფერს მიხვდა. არც დაემშვიდობა და სასწრაფოდ გაბრიელის სახლისაკენ წავიდა. მირბოდა. უკან არც მიუხედავს. ის მსხვერპლი იყო, მიზანში ამოღებული მსხვერპლი. გარბოდა , ეჩვენებოდა, რომ გზა სულ უფროდაუფრო გრძელდებოდა. ნელ-ნელა ტკივილი ერეოდა.
-ოღონდ ახლა არა - გაჩერდა. ხელით კედელს მიეყრდნო. ცდილობდა გაწონასწორებულად, მშვიდად ესუნთქა. ჩვეულად, ეს შეგრძნება მკერდში იბადებოდა. ჯერ ნაწილებად იპობა. ბასრი ქვევით ეშვება და ქსოვილებს ღრმად ესობა. ათას დარტყმას ჰგავდა ეს ყველაფერი. ყოველი შემდეგი წინაზე ბევრად მწარეა- ეს იცოდა, მაგრამ საკუთარ თავს გაჩერების უფლებას ვერ მისცემდა. როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო ეს ტკივილი ის მისთვის ფატალური არ აღმოჩნდებოდა, ამიტომ არჩია დესტრუქციას არ დამორჩილებოდა და საკუთარი თავის გადასარჩენად წინ წაეწია.
ნაბიჯებს აუჩქარა. უკვე ახლოს იყო, როდესაც სისხლს შერეული ტკივილი ერთ ადგილას შეერთდა და იმდენად აუტანელი გახდა, რომ სიარულის უნარი დაკარგა. დაეცა, მაგრამ ეს ტკივილი არ იყო ერთადერთი გამანადგურებული, მტერი. შიშმა ნაიას გონებას ხელი მოკიდა. ყველაფერს გარშემო ცეცხლი წაეკიდა. მშვიდი სურათი გაავებულმა ცეცხლმა ჩაყლაპა. მან დაინახა ალი, რომელიც ყველაფერს მოედო. შენობები იწვოდა ნელა, უსიცოცხლოდ, უსიხარულოდ. ხეები სანთლებს წააგავდნენ. ალისფრად ანათებდნენ. - ეს იყო სურათი, რომელიც კატალიამ დაინახა. რომელიც კატალიამ დიდი ხსნის წინ დაინახა.
-საკმარისია !- ნაიას განწირული კივილი სიჩუმეს აპობდა. ბოლოს საკუთარი ხმა გაიგონა. ცეცხლი მასაც მიუახლოვდა, შეშინებულმა თვალები დახუჭა. სიკვდილს ძირს დავარდნილი, ერთ ადგილას გაყინული ელოდა.
…როდესაც საღ აზრს დაუბრუნდა და თვალები გაახილა ელას ოთახში იყო.
-ნაია - მიქაელს გამოფხიზლებულის დანახვამ გაახარა.
-მიქაელ, რა მოხდა?
-შენი ხმა გავიგონე. როდესაც გიპოვე, უგონოდ იწექი. ძალიან შემაშინე ნაია. - ნაიას ხელის გულს აკანკალებული ხელებით ათბობდა. მიქაელი ძალიან შეშინებული ჩანდა.
-ძალიან მადლობელი ვარ, მიქაელ. შენ გადამარჩინე.
-დაისვენე. მოსაღამოვდა. შეგიძლია აქ დაიძინო.
-ეს ოთახი… - კატალიას სიტყვები გაახსენდა და გაჩუმდა - ღამე მშვიდობის მიქაელ. დიდი მადლობა.
-არ არის საჭირო ნაია.
…როგორც კი მიქაელი ოთახიდან გავიდა ნაია ფეხზე წამოდგა. ჯერ კიდევ თავს სუსტად გრძნობდა, მაგრამ დრო არ ითმენდა. საწოლის გარშემო ყველაფერი დაათვალიერა. “ნუთუ მოკლეს?”- ეს აზრი არ ასვენებდა და თავს მხოლოდ იმით იმშვიდებდა, რომ ამ საიდუმლოს შესახებ ელასა და მის გარდა სხვა არავინ იცოდა. ნაიას წესით თავი დამნაშავედაც კი უნდა ეგრძნო, რადგან ელა მართლა რომ მომკვდარიყო, ყველაფერი მხოლოდ მისი ბრალი იქნებოდა, მაგრამ როგორ გულუბრყვილოთაც და ფაქიზად არ უნდა ჩაეთვალა ყველას ნაია, ის მკვლელი იყო, რომელიც ადამიანი საკუთარი თავის გადასარჩენად სიკვდილისათვის დაუფიქრებლად გაიმეტებდა.
-ჯანდაბა, არსად არ არის - გარშემო შეშლილი სახით იყურებოდა. სიცილის ხმა ესმოდა. სიშმაგე ერეოდა. კედლებს ყურს უგდებდა, მაგრამ არავინ ეუბნებოდა სად იყო ის, რასაც ეძებდა. ყველაფერი აღიზიანებდა. გრძნობდა, როგორ წითლდებოდა სახეზე. მის გარშემო ყველაფერი იცინოდა, მის ფატალურ ბედს ყველა ერთდროულად დასცინოდა.- ნამდვილად მოკლეს და შემდეგ ყველა კვალი გაანადგურეს. - ცრემლები მოსდიოდა. სიკვდილი არ უნდოდა. ახლა გააცნობიერა, რომ არასდროს ექნებოდა ადამიანური ცხოვრება. სინამდვილეში, მას შეიძებოდა აქ მოეწყო საკუთარი სახლი და ეცხოვრა ისე, როგორც უნდოდა, მაგრამ მას მუდამ გაყვებოდა ჩრდილად აზრი, რომ გადაწყვეტილება ვიღაც სხვამ მის ადგილას მიიღო.
ნაიასთვის, რომ აქედან წასვლა ვინმეს მოულოდნელად შეეთავაზებინა შეიძლებოდა უარიც კი ეთქვა, მაგრამ არასდროს ინანებდა, რადგან მუდამ ემახსოვრებოდა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდა.
…წასვლის სურვილი გამანადგურებელიც იყო და აღმაფრენიც. ნაზ ქსოვილად გარდაქმნილი ეროსი მის კანზე გაუხეშებულ კანზე სრიალებდა. ფერადი ოსტატურად სხეულს გარშემო ეხვეოდა. გახშირებულად სუნთქავდა - რბილთან, ჰაეროვანთან შეჯვარება სიამოვნებდა, მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ მის მიღმა თანატოსი იმალებოდა. ორი ერთმანეთს ერწყმოდა და ეს ფაფუკი ქსოვილი ნელ-ნელა სახრჩობელას ემსგავსებოდა. ხმისამოუღებლად იხრჩობოდა. ნაია. გარშემო ფერები თხევადდებოდა, სხეულს ასველებდა, ყოველ კუთხე კუნჭულს ფარავდა. ქვევით მიიწევდა და სიღრმეში იკარგებოდა. ისე თითქოს ის რეალურ სამყაროში არასდროს არსებულა. მისი სასჯელი ყველაზე მძიმე იყო, რადგან მას საკუთარი ნაყოფი კლავდა. ანადგურებდა ის,რაშიც სიცოცხლეს დებდა.
ბოლოს დასასრულის ჟამს ამ ყველაფრისაგან მხოლოდ ნაქსოვი ტილო დარჩებოდა. ის ფერადიც იქნებოდა და უფერულიც, ცოცხალიცა და მკვდარიც, სიკეთისმომცველიც და საშინელიც. ნაია კი იქნებოდა ტყვე საკუთარი სურვილებისა, ქარიშხლიანი ვნებებისა.
-აზრი არ აქვს.
…ცოტახანს კიდევ ქექავდა მტვრიან კარადებსა და იატაკზე დაყრილ წიგნებს, ყოველ გვერდს დაკვირვებით უყურებდა, მაგრამ ბოლოს დანებდა. ყველაფერი მაინც ისე მოხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო. მას გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, არც საკუთარი ბედის განკარგვის, არც არჩევნის გაკეთების.
კარი მშვიდად გააღო. კიბეზე უხმაუროდ დაეშვა. უკუნითში დაკარგული საგანძურისავით გაუჩინარდა.
***
წერილი გაბრიელს
12 დეკემბერი
“დედი, დიდი ხანია აღარ მომიწერია. არ ვიცი ეს წერილები მოგდის თუ არა, კითხულობ თუ არა, არც ის ვიცი სად ხარ და ეს გაუგებრობა მკლავს. ისიც კი არ ვიცი სად გწერ. მეუბნებიან კარგად არისო, ყველა მეფიცება შენი შვილი უკან ჯანმრთელი დაგიბრუნდებაო.
…ძალიან მინდა შევინარჩუნო იმედი. თავი დავირწმუნო, რომ მალე ყველაფერი ძველებურად იქნება.სამსახურიდან შინ დაბრუნებულს შემომეგებები, მკითხავ როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ და გვიანობამდე მაგიდასთან ერთად ვისხდებით.
შენს გარდა მე შვილი არ მყოლია. ჩემი არსებობის ძალა შენში ვპოულობდი. უშენობდა ძალიან მიჭირს. სიმართლე გითხრა, სულ უფროდაუფრო აუტანელი ხდება ქალაქის ცხოვრება. ხალხმრავლობა მანადგურებს, ძალას მაცლის. დასუსტებული სახლში მოსვლის თანავე ვიძინებ. როდესაც დაბრუნდები ამ სახლს აუცილებლად გავყიდი. ქალაქგარეთ გადავალთ. შორს ყველასაგან, ყველაფრისაგან. იცი, ხშირად ვფიქრობ, რომ თავიდანვე ასე რომ მოვქცეულიყავი, შეიძლებოდა ახლა ეს წერილი სულაც არ დამეწერა, ჩემს გვერდით ყოფილიყავი.
…შეიძლებოდა, ახლა დიდ ეზოში გვეცხოვრა. ჩვენ ორს, ყველას გარეშე. მშვიდად, სანამ ჩვენი წასვლის დრო არ მოვიდოდა. ბალახს შევეხებოდით და ვივლიდით მასზე მანამ, სანამ მიწის ნაწილები არ გავხდებოდით. მთელი გულით ველი ამ დღეს. ყოველთვის, მხოლოდ ერთი მინდოდა - სიმშვიდე და ამ სიმშვიდასთვის ვიხდით ორივე სასჯელს. ყველაფერში ბრალი მხოლოდ მე მიმიძღვის. მე და სხვას არავის. დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ვიქცეოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ორი ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი : ერთხელ ტყუილი ვთქვი და მეორედ -სიმართლე.
რეალობა კამკამა წყალს წააგავს. სწრაფ, მარადიული სფეროს ზედაპირზე დაღვრილს. როდესაც ტყუილს ამბობ იყინება, სარკისებრი ხდება,. როდესაც მასში იყურები შენს ნათქვამ სიცრუეს ხედავ. უყურებ და სიმართლეს ამბობ. ლაპარაკის დაწყებისას ბზარი ჩნდება. “მე სწორად ვიქცევი”, იმეორებ და სიმართლის მოყოლას აგრძელებ. ბზარები მრავლდებიან. გაჩუმებას გევედრება, მაგრამ მერე რა? ის უსულოა, ჩემი შექმნილი რეალობაა და ჩემი გადასაწყვეტია როგორ მოვიქცევი. ილაპარაკებ, მანამ სანამ ბოლომდე არ დაიმსხვრევა, მაგრამ ის კამკამა წყლის სახით ძველ დინებას არ უერთდება. წითელ სითხედ იღვრება, კამკამა წყალში ერევა, მაგრამ დროის განმავლობაში შედედებული იფანტება, სიკაშკაშეში ქრება.
მონატრება მძიმე სატარებელი ყოფილა. ძალიან მაკლიხარ. მინდა იცოდე, რომ სულ მახსოვხარ და არასდროს მავიწყდები. არც შენ მინდა დამივიწყო. ვიცი, რომ შეიძლება თუ ამ ყველაფერს კითხულობ ჩემი სახე აღარც გახსოვს. შეიძლება გიჭირს მშობელი დედის სახის გონებაში აღდგენა ისევე, როგორც შენი სახლის, შენი ოთახის. შეიძლება ასეც არის უკეთესი. შენ ამ ტვირთის მატარებელი არ იქნები და ის მხოლოდ ჩემი საკუთრება იქნება, მაგრამ ნებისმიერი ტვირთი უფრო მსუბუქი ხდება, როდესაც მას ორი ერთად ატარებს.
ჩემო ბიჭო, დავიღალე ფიქრით. მუდმივად გადაწყვეტილებების მიღებით კარგისა და ცუდის, სწორისა და არასწორის გარჩევით. წავიდეს, იაროს, საკუთარი გზა იპოვოს, მაგრამ ერთს ვთხოვ უკან დაბრუნდეს. ჩემთან აუცილებლად მოვიდეს.
…გაბრიელ, პირველად, რომ დაგინახე სახელი ჯერ არ მქონდა მოფიქრებული. რომ შეგეხე, მაშინ გადავწყვიტე. დედი, სადაც ხარ და როგორც ხარ არასდროს დაივიწყო ვინ ხარ და ვინ იყავი. არ დაივიწყო ის ცხოვრება, რომელიც აქ ჩემს გვერდით გქონდა. მოგნებებიც უცნაური მოვლენაა. მტკივნეულია გაიხსენო ყველაფერი, რაც აღარ გაქვს, მაგრამ ეს აცოცხლებს ადამიანს, რადგან, როდესაც ეს სასოწარკვეთის, არეულობის წამები გადაივლის გააცნობიერებ და იბედნიერებ იმით, რომ ეს ყველაფერი ერთ დროს გქონდა და ოდესმე აუცილებლად ისევ გექნება.
…არასოდეს დამივიწყო. არ ვიცი მოვა თუ არა ეს წერილი შენთან სხვა ყველა დაწერილის მსგავსად, მაგრამ, როდესაც ვუყურებ უცნობი მიწებისაკენ მიმავალ მატარებელს, ვგრძნობ, რომ ცოცხალი ხარ. მე უკან ვრჩები და დიდხანს ვუცქერ ლიანდაგს.ერთადერთი, რაც მინდა წამოვიდე, ყველაფერი უკან დავტოვო და შიშველი ფეხებით შენტან მოვიდე. მაგრამ არ შემიძლია. წინ ყოველი ნაბიჭის გადადგმის ძალიან მეშინია.
ყოველთვის ველოდები ორთქლმავალის უკან დაბრუნებას, დღეებს ვითვლი, დილით ადრე ვდგები, ყოველთვის პირველი მივდივარ და ვუყურებ, როგორ მოიჩქარის გაჩერებისაკენ. ვუყურებ, როგორ მოაქვთ ამანათები, წერილები. საათის განმავლობაში ველოდები ჩემს სახელს, მაგრამ პასუხი ჩემთან არ მოდის.
იმედი მაქვს კითხულობ ამას და გახსოვს, რომ სადღაც შორს შენ გყავს დედა, ოჯახი, რომელიც მუდამ შენზე ფიქრობს და არასდროს ავიწყდები”

***
ყველა ღამე შეზიზღდა. ყოველი მზის ჩასვლა, უკუნითის ჩამოწოლა მტკივნეული იყო თედორესათვის. ქალაქის რბილ სიბნელეში იძირებოდა, მაგრამ ღამესთან დაკავშირებული სიმყუდროვე მან დიდი ხნის წინ დაკარგა. დაახლოებით მაშინ, როდესაც რეალობის ნარჩენები სიზმარში პირველად ნახა. დღე რეალური, ცოცხალი სიზმარი იყო მისთვის, რომლისგანაც წასვლა არ უნდოდა.
….ძილს ერეოდა თედორე და ეშინოდა. დაღლილს, მორიგი სიზმრის ძალიან ეშინოდა.
ყოველი ახალი ხილვა მეორეზე უფრო საზარელი იყო. ნელ-ნელა სახეებსა და დაკარგულ ფორმებს არჩევდა და ნათელი ხდებოდა თედორესათვის რა იმალებოდა ამ სიზმრების მიღმა. სიმართლე, საშინელი, დაუნდობელი, რომელიც მხოლოდ ახლა შეიცნო.
როგორ ცხოვრობდა აქამდე? ის ოთხკუთხა,სარკისებრ კუბში იყო ჩამწყვდეული. გამჭვირვალე გარედან შემომავალ სასტიკ რეალობას ირეკლავდა, თავიდან იშორებდა. შიგნით შემოღწეული მზის სხივები იშლებოდა და მხოლოდ იმას ხედავდა, რაც თვითონ უნდოდა რომ დაენახა. დრო ნელა გადიოდა, სულ უფროდაუფრო უკან მიდიოდა.
…ღამის ოთხ საათზე ოთახში მარტო დარჩენილს ეშინია. ელიაზარის საწოლი ცარიელია. მარტოა. ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ ძმა დაკარგა. დას არ ეძახის. მას თანაგრძნობა უნდა და არა რჩევა-დარიგების მოსმენა. მისი ცხოვრება ქვიშის ოკეანეში მოცურავე გემს ჰგავს. ილუზია იყო და ,როდესაც მანაც იპოვა უნარი დაენახა სიმართლე, უკან დახევა გადაწვყიტა. “რატომ?” განუწყვეტლივ ეკითხება საკუთარ თავს, მაგრამ პასუხს ვერ პოულობს. ვერაფერს ახსნას ვერ უძებნის. ეს გაჩენილი კითხვები ნელ-ნელა სიმშვიდეს უკარგავს და ემსგავსება მოუშორებელ ჯაჭვს, რომელმაც თედორე მიწას მიაბა, მოძრაობის უნარი წაართვა, ტყვე გახადა. არაფერი დარჩენია, ნელ-ნელა გიჟდება.
ბოლო სიზმარი ასეთი იყო:
ჩვეულებრივ ყველა გარეთ იყო გასული. არავინ ჩქარობდა, თითქოს არავის არსად ეჩქარებოდა და მხოლოდ იმიტომ გადაეწყვიტათ გარეთ გასვლა, რომ ბუნებისაგან სიამოვნება მიეღოთ. ჰაერი ჩვეულზე სასიამოვნო იყო. ფილტვებში სრიალით ეშვებოდა და უკან ამოსული ნათლად ჩანდა. ციოდა. ქალაქს ღრუბლები უყურებდა. ყველა ხმა დამუნჯებულიყო. თედორეს გაეღიმა, რადგან მას ყველა ხმის ეშინოდა. ყოველი საზარელი სიზმარი სწორედ ხმებში გაშლილი სიმღერით იწყებოდა, დამატერორებელ დასასრულს წინ უძვოდა.
ნაცნობ სახეებს ხედავს, მაგრამ ისინი არ არიან ისეთები, როგორიც თედორეს ახსოვდა. აქ ნაცნობებთან ერთად მრავალი უცნობიც იყო. სიცოცხლე არ იყო ამ ადგილისაგან წასული. სურათი იმდენად რეალური იყო, წამით დაიჯერა კიდეც, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა. მიწასთან შეხებას გრძნობდა. გულის სიამოვენბისსგან და მოუთმენლობისაგან უცემდა, მაგრამ ამ ყველაფერს მოულოდნელი შიში დაემატა, როდესაც პატარა, დაბალ გოგოში საკუთარი დის ნაკვთები ამოიცნო. “კატალია?”. მისი ხმა არ ესმოდა, გოგონა ცარიელ ვიტრინებს უყურებდა და საკუთარ ანარეკლს ეთამაშებოდა. მხოლოდ ახლა შეამჩნია თედორემ, რომ ის არ ჩანდა. ანარეკლი არ ჰქონდა, გაავებულმა მიწას დახედა. მას არც ჩრდილი ჰქონდა.
“გასაგებია” - ჩუმად ჩაიბურტყუნა. გააცნობიერა, რომ ისევ სიზმარში იყო და გზა განაგრძო. წინ მიდიოდა და ცარიელ ვიტრინებს თვალს არ აშორებდა.
…გულუბრყვილო სეირნობაში გაერთო და ვერც შეამჩნია, რომ განათებული სახლები , ხალხმრავალი მოედანი დიდი ხნის წინ უკან მოიტოვა. ვერც შეემჩნია, რომ მოეთოვა. თოვლი იშვიათი სანახავი იყო ამ ადგილას.
მხოლოდ გაბრიელს ენახა რამდენჯერმე, მაგრამ , რაღა თქმა უნდა , მას ეს დღეები აღარ ახსოვდა. პირველად თოვლი გაბრიელმა სწორედ ამ დღეს ნახა, რომელსაც ახლა თედორე უყურებდა.
ცივი, მაღალ, მოძველებულ შენობებს ნუგეშის სახით ედებოდა. სიმწრისაგან გავარვარებულებს ამშვიდებდა. თეთრად აფერადებდა, წარსულის ბზარებს ავსებდა. მათთის სიცოცხლის დაბრუნებას ცდილობდა.
გამოფხიზლდა, როდესაც ტკივილი იგრძნო. წინ რაღაცას შეეჯახა. გაკვირვებული წამოდგა. გზას ვეღარ აგრძელებდა. უხილავი კედელი წინ არ უშვებოდა. ეხებოდა, კედლის მეორე მხარეს არ თოვდა. ცნობისმოყვარეობას შიში ვერ ერეოდა. მთელი ძალით აწვებოდა. დამსხვრევას ლამობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
თოვლი წყდებოდა, მაგრამ გარშემო არაფერს ყურადღებას აღარ აქცევდა.
უკან, შორს ჩამოტოვებული სინათლე ჩაქვრა. გაშმაგებული მთელი ძალით უხილავი დაბრკოლების გადალახვას ცდილობდა. ის ზედმეტად სუსტი აღმოჩნდა. ბედკრული უკვე მუხლებზე დაეშვა, როდესაც ნაცნობი შორიდან მომავალი მელოდია გაიგონა. ის მეორე მხრიდან მოდიოდა. მის აქ გარდა არავინ იყო. ახლა, უეცარი უბედურების მსხვერპლი მხოლოდ თვითონ იქნებოდა. ჩვეულზე გამოკვეთილად ესმოდა, ყველა ბგერას არჩევდა.
…საღ გონებას ვეღარ ინარჩუნებდა შიში ხედვის უნარს აკარგვინებდა და ძალიან ცდილობდა თვალები გახელილი შეენარჩუნებინა. ტრიალ-ტრიალით მიმავალებს მისთვის არც კი შეუხედავთ. თედორე უყურებდა მიწიდან შენობებისაკენ წასულ წყევლას და მის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებდა.
…როდესაც მზერა მას მოაშორა სურათი ორად გაიყო.მეორე მხარეს სინათლე ჩაქვრა. ბოლოს მისკენ მიმავალი ხელი დაინახა
გაეღვიძა:
-მე მარტო ვერაფერს გავიგებ - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საწოლიდან პირველად წამოდგა. ძველ კარადებს შეხედა. რაღაცას ეძებდა. დამშვიდდა, როდესაც ხელით სქელ ფურცლებთან შეხება იგრძნო. ელიაზარს უყვარდა წერა და მუდმივად წერდა სხვადასხვა მცენარეების სარგებლობის შესახებ. რამდენიმე ფურცელზე გაბრიელის სენის აღწერილობაც დაეწერა, მაგრამ თედორეს ნაკლებად ადარდებდა მიწათმოქმედება, ოჯახის საქმიანობა, არც რამდენიმე დღის წასული ძმის ბედი ანაღვლებდა. მას არასდროს არაფერზე უდარდია და შეიძლება პირველად მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გადაწყვიტა გაკეთება იმისა, რაც სარგებლობას ვინმეს მის გარდა მოუტანდა.
…დიდი ხანია კალამი ხელში აღარ დაეჭირა. შეგრძნება ეუცხოვა. წითელი მელნით დიდი, ლამაზი ასოებით დაწერა : “თედორეს სიზმრების წიგნი” – ჩემი სიზმრების წიგნი - ჩუმად თქვა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. კიდევ დიდიხანს უყურებდა წარწერას და ნერვიულობდა, რადგან ამ ყველაფერს ვიღაც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ წაიკითხავდა. ყოველ შემთხვევაში მან ყველაფერი გონებაშე სწორედ ასე დახატა, მაგრამ მისი განზრახვა მართლაც იყო გულწრფელი რადგან მას მართლა, კეთილსინდისიერად უნდოდა საკუთარი სიზმრები სხვებისათვის გაეზიარებინა და იქნებ ვინმეს, ოდესღაც ყველა თედორესათვის უხილავი პასუხი ეპოვა.
…ამთქნარებდა და წერდა, თედორე მთელი ღამის განმავლობაში გაუჩერებლად წერდა.
***
...რაისა გაბრიელის სახლში აღარ დადიოდა. ყველას მსგავსად ელას გაუჩინარება მისთვისაც აუხსნელი იყო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მხოლოდ ბედის ხელი არ ერია, მაგრამ არავინ იცოდა რას ერქვა “ბედი” ეს სიტყვა ისეთივე ბუნდოვანი იყო, როგორც სხვა ყველაფერი. მოახლეს უნდოდა იმ სახლში დიდხანს დარჩენილიყო. ელას ოთახი ძირფესვიანად დაეთვალიერებინდა, მაგრამ ვერ ბედავდა. იმიტომ არა, რომ გაბრიელისა და მიქაელის ცხვენოდა. არა, უბრალოდ სიფრთხილეს იჩენდა საიდუმლოს წინაშე, რომელსაც ეს კედლები ინახავდნენ.
თეოდორთან უკანასკნელი საუბრის შემდეგ რაისამ რამდენიმე ღამე თეთრად გაათენა. ორი ღამის განმავლობაში სახლიდან წამოღებულ სიგარეტს, რომელიც იქამდე უნდა ყოფილიყო საკმარისი, სანამ ყველა ადაიმანურ უნარს საბოლოოდ არ შეელეოდა, ბოლო მოუღო.
ის დანაკლისს გრძნობს და ამ შეგრძნებას ნიკოტინით ვერ იკმაყოფილებს. ყველაზე საზარელი კი ის აღმოჩნდა, რომ ხუჭუჭა მუდმივად ამაყობდა განვლილი ცხოვრებით და თავი გამორჩეულიც კი ეგონა. ხავსს მოჭიდებულ მომაკვდავს წააგავდა. დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ გაიხსენა, ვერაფრით საკუთარი თავი ძმის სიტყვების სიცრუეში ვერ დაარწმუნა და ,როდესაც საბოლოოდ შეეჩვია აზრი, რომ არა მარტო აქ ცხოვრება, არამედ მისი მთლიანი ცხოვრება უსაფუძვლო იყო, ხავსი გაწყდა, რაისა სიცარიელეში დაიკარგა.
...რას ნატრობდა? დაბადებას. დროის გაჩერებას და ყველაფრის თავიდან დაწყებას. სხვა გზა აღარ იყო. ის აღარ ფიქრობდა საკუთარი სხეულის ხსნაზე და მზად იყო დედის მოპარული ყველა სამკაულიც კი დაებრუნებინა. ახლა მხოლოდ საკუთარი სულის, რომელზეც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, ხსნაზე ფიქრობდა. სამწუხაროდ, ყველაფრის შესაცვლელად , გამოსასწორებლად დრო აღარ რჩებოდა.
...სენი უკვე მარჯვენა ხელს ეპატრონებოდა. ქვვავდებოდა და მალე მხოლოდ ბუტაფორია, მულაჟი იქნებოდა. საწამლავით მისი სხეულის ყოველი ნაწილი მძიმდებოდა და რთული სამართავი ხდებოდა. მოდებული ცეცხლი ერთ დღეს ცოცხალისაგან მხოლოდ ნახშირს დატოვებდა. ნახშირს, რომელიც პატარა ნიავთან ერთად გაიფანტებოდა.
რაც მუშაობას თავი დაანება, სახლში გაჩერებას ერიდებოდა. სეირნობდა ქუჩებში. მთელი ძალით საკუთარ აზრებს ებრძოდა. მისი ყოველი განზრახვა ბოროტი იყო. ხო, მას საკუთარი თავის ეშინოდა. კანკალებდა იმის წინაშე, ვინც თვითონ იყო. ყველაფერი თვითონ გადაწყვიტა. საკუთარი სხეულის შემოქმედი გახდა. დიდხანს ძერწავდა თავს და ამაყობდა, რაისა წლების განმავლობაში საკუთარი თავით ამაყობდა.
როდესაც დაიღლებოდა უაზროდ სიარულით სახლისაკენ ბილიკს გაუყვებოდა. ხესთან მიახლოვებული გაჩერდებოდა და ფატალურ დასასრულზე ისევ თავიდან დაფიქრდებოდა. აკანკალებული, ამ სურათის წინაშე ისევ გრძნობდა სიმამაცეს, საჭირო მზადყოფნას იმისათვის, რომ მიახლოვებოდა და ყველაფერი ახლავე დაესრულებინა. მისი სხეული ტბაში ჩაიძირებოდა, ფსკერზე დაეშვებოდა და მუდამ ამ ადგილის ნაწილი გახდებოდა. წლების წინ ეს ასე ჩაიფიქრა, მაგრამ მაშინ არ გაჩენია კითხვა- არსებობდა, თუ არა რაღაც მასში, რომლის მომავალსაც თვითონ ვერ წარმართავდა? ისევ თავის დაბინძურებულ სულზე ფიქრობდა. სხეული დარჩებოდა ფსკერზე სანამ არ გაიხრწნებოდა, მაგრამ სად გააგრძელებდა არსებობას რაისას უკვდავი ნაწილი? არ იცოდა და ეშინოდა, მუდმივი, მოსალოდნელი ტანჯვის რაისას ძალიან ეშინოდა.
-წყეული... - ქვედა ტუჩს კბენდა. გასაკვირი არ იყო, რომ წყეულს საკუთარ ძმას უწოდებდა.
...თეოდორი ეზიზღებოდა და შურდა, საკუთარი ძმის ვითომ სუფთა,მსუბუქი სულის ძალიან შურდა.
...ამ სახლში სიჩუმე თითქმის არასდროს ირღვეოდა. კარის ჭრიალი ერთადერთი შემაწუხებელი ხმა იყო. მშობლებს ეძინათ. კრისტოფერის საწოლი ოთახიდან სინათლე ჩამოდიოდა. ბნელ დერეფანში იღვრებოდა. რაისამ კიბე ნელა აიარა. სიტყვებს ეძებდა. ახლა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თეოდორისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება იყო.
რაისას აზრით,თეოდორი ცდებოდა, რა თქმა უნდა ცდებოდა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონ იყო. საკუთარი თავისაგან ყოვლისმცოდნეს, უცოდველს ხატავდა და პატარა დის დასახმარებლად არაფერს აკეთებდა - რაისა ამ წინადადებებს გონებაში ხშირად იმეორებდა და ნელ-ნელა მათ სიმართლეს იჯერებდა.
...სიტყვასაც აქვს განსაკუთრებული ძალა, რაიმეს შექმნის ძალაუფლება. ყოველი ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა აგური ხდება, რომელიც ნელ-ნელა აშენებს ერთ სურათს. გამოსახულებას, რომელიც შეიძლება რეალობას სულაც არ შეესაბამება, მაგრამ ის ხდება შენი რეალობა და ეხვევი მასში. ვეღარ პოულობ გასხვავებას ცხადსა და ნათქვამს შორის.
-სძინავს? - რაისამ კრისტოფერის საძინებლის კარი ნელა გააღო.
-არა - თეოდორი მშვიდი , მაგრამ ჩვეულზე ცივი ჩანდა.
-ესმის?
-არა
რაისა მხოლოდ ახლა დაინტერესდა კრისტოფერის მდგომარეობით, რადგან შეეგუა სიმართლეს, რომ ძმის უფუნქციო სხეული მას თავის მომავალს უყვებოდა. ის მიხვდა, რომ სიმხდალეს ვერ გადააბიჯებდა და საკუთარ ამბავს ისე ვერ დაასრულებდა, როგორც წარმოიდგინა წლების წინ. გაქცევასაც აზრი არ ჰქონდა, როდესაც ელას გაუჩინარების შესახებ შეიტყო, დარწმუნდა, რომ აქედან ვერასოდეს გაიქცეოდა.
-საიდან იცი, რომ არ ღვიძავს?
-რის მიღწევას ცდილობ რაისა?
-მაინტერესებს რა მელის.
-კრისტოფერი ამ ყველაფერს არ იმსახურებდა. აი, შენ კი-იმსახურებ, კრისტოფერზე ბევრად უარესს სასჯელს იმსახურებ.
-ამის თქმის უფლება არ გაქვს.
-რატომ რაისა?! - თეოდორი პირს ამოძრავებდა, მაგრამ ეს მის ხმას არ ჰგავდა.. ეს ხმა მასზე ბევრად სასტიკ, დაუნდობელ ქმნილებას ეკუთვნოდა. - გიფიქრია ოდესმე, რომ შენი ძმისთვის დახმარება შეგეძლო? გიფიქრია, რომ შეგეძლო რამით წვლილი შეგეტანა მის გამოჯანმრთელებაში? - სახე ალეწილი ჰქონდა, თვალებში სიწითლე ერეოდა. მისი გამოხედვა სიძულვილით იყო სავსე, ყოველი ნათქვამი სიტყვით დისთვის განკუთვნილ ამოთხრილ საფლავს მიწას აყრიდა.
-ცოტახანში მეც...
-მიპასუხე!
-მე არაფრის გაკეთება შემეძლო.
-მკვდარია.
-ვინ?
-კრისტოფერი. ვიცი, რომ სძინავს იმიტომ, რომ მკვდარია. ორი დღის წინ მოკვდა.
...ამ სიტყვების წარმოთქმისას თეოდორი ზიზღს, რაისა კი შიშს განიცდიდა. “მოკვდა”- არ უყვარდა ეს სიტყვა თეოდორს. ყველას მუდამ შენიშვნას აძლევდა და მოითხოვდა მის ნაცვლად “გარდაიცვალა” ეხმარათ, მაგრამ ახლა ის თავის თავს არ ჰგავდა.
დანაკლისი და სიყვარული არც ერთი არ გრძნობდა. თეოდორიც კი, რომელსაც ძმა ოდესღაც მართლა გულწფერლად უყვარდა. ალბათ, დროის განმავლობაში ერთი შეხედვით უსასრულოც შეიძლება გაქრეს და ყველანაირი სულიერი თუ ფიზიკური კავშირი გაბილწდეს. წყდება, როდესაც მუდმივი ჭიდილის მსვერპლი ხდება. სინამდვილეში, ეს ზიზღი, რომელსაც თეოდორი რაისასკენ მიმართავდა, მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი. მას ახლა ეზიზღებოდა საკუთარ თავი, რადგან ძმის უეცარმა სიკვდილმა აჩვენა მას ვინ იყო და ვინ გახდა. ყველაფრისაგან დაიცალა და ,როდესაც ხელი კრისტოფერის სახესთან მიიტანა და სუნთქვა ვერ იგრძნო, გააცნობიერა, რომ ერთადერთი ის ამ სუნთქვას გრძნობდა. ამიტომ არ შეხებია ძმის ცხედარს ორი დღის განმავლობაში. არა, იმიტომ რომ ტკივილისაგან ყველანაირი უნარი დაკარგა, არამედ, რადგან ორი დღის განმავლობაში გაუჩერებლად მხოლოდ ერთ კითხვას ატრიალებდა : რატომ გავხდი ასეთი?
...ახლა, ოთახში ერთიადერთი, ვისიც მართლა ნამდვილ, სუფთა გრძნობები ედებოდა რაისა იყო. შიშთან ერთად მას რაღაც უფრო ძლიერი ერეოდა - სინდისი. გონება ნაწილებად დაეშალა. ერთდროულად მოსული ამდენი აზრი ვერ აიტანა. მეტყველების უნარი დაკარგა. თეოდორს გაშეშებული უყურებდა და ბგერებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა.
-წადი! გაეთრიე! - თეოდორი ღრიალებდა, მაგრამ საშინელი წუილის გარდა რაისას არაფერი ესმოდა. ის ტიროდა. დის ცრემლების დანახვამ თეოდორი მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოიყვანა. ორი დღის განმავლობაში საკუთარ თავს ვერ აიძულა ერთი ცრემლი მაინც დაეღვარა.
...მასაც შურდა, გრძნობების ცრემლებად გარდაქმნის უნარის ძალიან შურდა.
...ოთახიდან სირბილით წავიდა. არა იმიტომ, რომ მისი სიტყვები შეეხო. მას საერთოდ არც გაუგონია, რომ თეოდორი ოთახიდან აგდებდა. მირბოდა და უკან არ იყურებოდა, არც წინ, არც გარშემო. მსუბუქი ინსტინქტურად წინ მიდოდა და გარშემო ვერაფერს ხედავდა. ყველაფერი გაცრეცილი, ჩაბნელებული იყო. განერვიულებული, სივრცესა და დროს ვერ გრძნობდა. ქარის საპირისპირო მიმართულებით მიიწევდა. აწეწილი ხუჭუჭა თმა მოძრაობისას აწუხევდა.
შეჩერდა. გარშემო მიმოიხედა და მთელი არსებით იგრძნო, რამდენად ეზიზღებოდა ეს ადგილი და როგორ უნდოდა ყველაფერი : მიქაელის მაღაზია, კატალიას ორანჟერია, ტბის გვერდით მდებარე პატარა სკვერი, გრძელი შენობები - ყველაფერი ნანგრევებად ქცეულიყო. საკუთარ მოძრაობის მართვის, განსაზღვრის უნარი დაკარგა. ფეხები წინ თავისით წავიდა.
ტბას მიუახლოვდა. “ნუთუ ეს დასასრულია?”. გაცნობიერებას ვერ ასწრებდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. გონება,აზრები მისი საქციელის გაანალიზებას ვერ ახერხებდა.
სიცოცხლეზე წარმოდგენა დაკარგა. არა, ამ ქალაქში ცხოვრებაზე, არამედ იმ სიცოცხლეზე, რომელიც ერთ დროს ჰქონდა. ოდესღაც იღვიძებდა და ერთადერთი, რაც აწუხებდა სიახლოვე იყო, რომელიც მის ძმებს აკავშირებდა, მას კი ძალიან აკლდა. ყველაფერს მისცემდა ამ დროის დასაბრუნებლად, თუნდაც ერთი დღის. უბრალოდაც რომ გაეხსენებინა როგორ ცხოვრობდა აქ მოსვლამდე საკმარისი იქნებოდა რაიმეს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ხანდახან რამდენიმე მცირედი მოგონებაც საკმარისია იმის დასაჯერებლად, რომ არსებობას აქვს რაიმე აზრი.
...მაგრამ უკვე გვიანი იყო რაისა ნაცნობ ხეს მიუახლოვდა:
-რაისა - თეოდორი დაეწია. არც კი შეუმჩნევია ამ დროის მანძილზე, რომ უკან მიჰყვებოდა. უყვიროდა, მაგრამ მისი წვრილი, ისედაც გაწყვეტილი ხმა მორბენალს არ ესმოდა.
-თეოდორ?
-სისულელე არ ჩაიდინო. - მძიმედ სუნთქავდა. დაიღალა, მთელი ქალაქი სირბილითა და ყვირილით გამოიარა. უეცრად სურათი დალაგდა. მოწყურდა, დას ძმის სისხლი მოწყურდა.
-ჩემი ბრალი არაფერი არ არის. მე უდანაშაულო ვარ და ერთადერთი, ვინც წინ მეღობება, ხელს მიშლის, საპირისპიროში მარწმუნებს შენ ხარ. ყოველთვის იყავით შენ და კრისტოფერი, მაგრამ კრისტოფერი აღარ არის და შენც სუსტი ხარ. აღარაფერი შეგიძლია.
-დაუფიქრდი რასაც ლაპარაკობ.
-ის აღარ არსებობს და შენც არავის სჭირდები.
-საკმარისია!
-ყველაფერი თქვენი ბრალია.
-შენს თავზე ზედმეტს იღებ.
-კრისტოფერმა პასუხი აგო.
-გაჩუმდი!
-ახლა შენი ჯერია.
რაისამ ხის ფუღუროში ჩხრეკა დაიწყო. მის გარშემო შემოხვეული სიბნელე გაიფანტა. თვალებიდან ქვევით დაეშვა და სხეული დატოვა. ყველა აზრი და განზრახვა გაქრა, როდესაც მიხვდა, რომ ფუღუროს რაღაც აკლდა. ყველა ძვირფასი სამკაული, შენახული ნივთი ადგილას იყო. აქაურობას მხოლოდ იარაღი აკლდა.
-შეუძლებელია.
თეოდორმა მარჯვენა მკლავში ხელი მოკიდა. წონასწორობა გაჭირვებით შეინარჩუნა. მას ეგონა, რომ რაისა ტბაში დახრჩობას აპირებდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სინამდვილეში მან დამალული იარაღის მსხვერპლად სწორედ ის აირჩა.
-სახლში წავიდეთ.
ფუღუროს გადაეფარა, ხელი გააშვებინა. თავი დახარა და ჩაიბურტყნა:
-წავიდეთ.
ამ დროს ტბის მეორე მხარეს:
დების სახლის კარის ხმა იშვიათი გასაგები იყო. აქ სტუმარი არავის არასდროს უნახავს. სამივეს გაუკვირდა, როდესაც ავადმყოფური ნიკოტინის სუნით შექმნილი სიმშვიდე ხმაურმა დაარღვია.
-ვინ უნდა იყოს? - მშვიდად იკითხა დარინამ.
-იქნებ?
-ჯერ ადრეა. - სიტყვა გააწყვეტინა კელიმ მეგის.
-ელიოზზე გაიგებდნენ.
-აქ ჩვენს გარეშე ვერავინ ვერაფერს გაიგებს. - მშვიდად წარმოთქვა და ნაზი მოძრაობით დარინას კარისაკენ მიუთითა. - გააღე.
-იქნებ დაგვასმინეს?!
-კარგი გააღე დარინა!
დარინა დის სიტყვას უპასუხოდ დაემორჩილა. ის სამი დისაგან სიკვდილის სიყვარულით გამოირჩეოდა. მას უყვარდა ადამიანების ტანჯვის ყურება. ორივემ იცოდა, რომ თუ სტუმარი არასასრუველი ან გზააბნეული მგზავრი იქნებოდა, დარინა მისი სახით გასართობს იპოვნიდა.
-კართან ვინ არის? - პასუხი არ ისმის.
-ვინ ხარ? – სიჩუმე, კაკუნი ნელ-ნელა ბრახუნში გადადის.
-არ გააღო! - მეგის შეეშინდა.
საკეტის გახსნის ხმას სიჩუმე მოყვა. კარი დარინას არ გაუღია. როგორც კი საკეტი გადაატრიალა, მეორე მხრიდან სტუმარი მოუთმენლად მიაწვა.
დარინამ ავადმყოფურად გაიღიმა, თვალები გაუფართოვდა, შუქი ხვეულ თმა სიწითლეს მატებდა:
-საღამო მშვიდობის ნაია.
ნაია აფორიაქებული ჩანდა, მარცხენა ხელში რაისას მოპარულ იარაღს მალავდა.
***
თედორეს სიზმრების წიგნი მესამე გვერდი:
“სიზმრები ყოველდღე უფროდაუფრო აუტანელი ხდება. გაღვიძების შემდეგ ფურცელზე ვწერ, აღვწერ, ვკითხულობ წინა ღამით ნანახს და მოვლენებს ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ. ხელი ჩავიქნიე. მე არ მაქვს საკმარისი ცოდნა, რომ ამოცანა ამოვხსნა. ისიც კი არ ვიცი, რატომ ვხედავ ასეთ სიზმრებს.
ელიაზარი დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. ის ყველაზე ჭკვიანია, კითხვებზე პასუხების გაცემაში აუცილებლად დამეხმარებოდა, მაგრამ ისიც გაქრა,მანაც მიმატოვა.
ეს სიზმრები მაკავშირებს რაღაც ამოუცნობთან. უნდა ვაღიარო, თავს ყოველთვის ზედმეტად ვგრძნობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემ დასთან და ძმასთან კარგი უერთიერთობა არასდროს მქონდა. მათი ცივი გამოხედვა ჩემში იჭრებოდა. არასასურველ მწერად ვგრძნობდი თავს, რომელსაც არავინ კლავდა. ცხოვრების უფლებას აძლევდა, მაგრამ არავის უყვარდა და არც არასდროს არავინ შეიყვარებდა. რაც ამ სიზმრების დანახვა დავიწყე შემომიჩნდა აზრი, რომ მეც შეიძლება განსაკუთრებული ვიყო. მეც შეიძლება ვიცოდე ის, რაც კატალიას და ელიაზარს არ ეცოდინებათ.
...მაგრამ მე მხოლოდ ვხედავ. ვფიქრობ, ვცდილობ, ვწერ და ვერაფერს ვხვდები. ეს რუტინა მტვირთავს, მაგრამ თავს საჭიროდ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაწერი ვინმესათვის იქნება ღირებული. მე თედორე მქვია. საკუთარი გვარი არ მახსოვს. იქნებ ოდესმე სიზმარში საკუთარი თავიც ვნახო. თავიდან ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყოველთვის პროტაგონისტი მე ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა და ჩემი ეჭვები საბოლოოდ გუშინდელი ღამის შემდეგ დამტკიცდა.
ღამის მოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება. ყოველი ღამე სხვანაირია. თავიდან კედლები ირღვეოდა, ჯერ ყველაფერი იშლებოდა, შემდეგ ფერები თავიდან ჩნდებოდა. თვალებს ვახელდი და ვიცოდი, რომ სიზმარში ვიყავი. ყველაფერს ვგრძნობდი, ყველაფერს განვიცდიდი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა და ის რამდენიმე წამიც დავკარგე, როდესაც სიმშვიდით თავს ვიტყუებდი.
ახლა მგონია, რომ არაფერი არ იცვლება. უბრალოდ, ძილის წინ ჩემს ბოლო ამოსუნთქვას მიყვება ჩემი ცნობიერი და სხვაში სახლდება. ბოლო დროის განმავლობაში ჩემი თვალებით აღარ ვიყურები და გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარია. სიზმარი, სხვისი ცხოვრების შესახებ.
გუშინდელი სიზმარი ასეთი იყო:
როდესაც თვალები გავახილე უკვე ვმოძრაობდი. მზიანი დღე იყო, მშვიდი. ქუჩები-ცარიელი. არ მახსოვს რომელი საათი იყო და არც ის მახსოვს, რატომ მივუყვებოდი ქუჩას, რომელიც არასდროს მინახავს. თავი მტკიოდა. თითქოს ნაწილებად იშლებოდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდა დანიშნულების ადგილს ტკივილც მით უფრო იზრდებოდა. მახსოვს, რომ ვიცოდი სად უნდა წავსულიყო, რომელ შესახვევში შემეხვია, მაგრამ გაღვიძებისთანავე ყველაფერი დამავიწყდა. წამით გამოღვიძებისას მომინდა გარეთ გავსულიყავი,ნანახ გზას გავყოლოდი და მენახა სადამდე მიმიყვანდა, მაგრამ უმალ ყველაფერი დამავიწყდა.
მე ყველაფერს ვხედავდი : რა ხდებოდა წინ, რა ხდებოდა გვერდით და რა ხდებოდა უკან. ამ ღამით ერთი არ ვყოფილვარ. ჩემი აზრები მუდმივად იცვლებოდა. არ მახსოვდა რას ვლაპარაკობდი, ვის ველაპარაკებოდი,მაგრამ თითქოს კითხვასაც მე ვსვამდი და მევე ვპასუხობდი.
ბოლოს, როდესაც გავჩერდი ორი სილუეტი დავინახე. ორი ახალგაზრდა ქალის ჩრდილი ღია ფანჯრიდან გამოკვეთილად ჩანდა. ბავშვები იყვნენ, პატარა გოგოები. არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ, ხელში ქაღალდები ეჭირათ. ერთი ხმამაღლა კითხულობდა, მეორე-გაფითრებული უსმენდა.
ბგერების გარჩევა დავიწყე, მაგრამ იმავე წამს ჩემი ხედვა რამდენიმე ნაწილად, არა, ზუსტად სამ ნაწილად გაიყო და მომეჩვენა, რომ უსასრულოდ შემძლო ნანახი აღმეწერა. ყველა დეტალს ვიმახსოვრებდი. გონებაში სიტყვებს, ფრაზებს, წინადადებეს, ვალაგებდი, ვამზადებდი, ვიმეორებდი რომ შემდეგ დაწვრილებით ყველაფერი მომეხსენებიდა.
გარშემო ხეები-ბუტაფორი იყო,ეს კედლები მუყაოსი, ჩემი სხეული-პლასტმასის,
სინათლე გაქრა. მუყაოს ხეები წითლად შეიღება. სცენაზე ვიდექით. ჩემი სული სამ სხვადასხვა სხეულში იყო ჩასახლებული. ზევით ვერ ვიყურებოდი. ძაფებში იყო გახლართული ჩვენი სხეული, ყოველი მოძრაობა-აწონ-დაწონილი, გაუაზრებელი. ზევიდან გვმართავდნენ. მეთოჯინეს ვერ ვხედავდით.
სახეები დაჭიმული გვქონდა, სხეულის ყოველი კუნთი- დაძაბული. არაფერი აღარ ჩანდა. ტაშის, ოვაციის ხმა მოდიოდა, შორიდან გვიახლოვდებოდა. ვერ ვიხსენებ რა ვიგრძენი იმ წამს, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც წამით გრძელი, მაღლა მიმავალი ძაფი გაწყდა და ჩემი ერთ-ერთი სხეულის მარცხენა ხელი განთავისუფლდა. ჩემი ნება მან გამოამჟღანა. “მეტისმეტია” - მხოლოდ ამის გაფიქრება მოასწრო , მხოლოდ რამდენიმე წამით იპოვა თავისუფლება.
ისევ უკუნითი. დაჭიმული სახები. ძალდატანებით გამოსახული ღიმილი - ეს არის ბოლო რაც მახსოვს.
გამოფხიზლების შემდეგ ბევრი არაფერი მამახსოვრდება. ალბათ, ყველაფრის დამახსოვრება, დეტალებში აღწერა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიზმარში ჩემი სხეული არ მონაწილეობდა. ის არ იყო მთავარი მსახიობი, რომლისთვისაც იყო განკუთვნილი მუყაოს დეკორაციის მეორე მხრიდან მომავალი აღტაცებული ოვაციის ხმა. ხო, ხანდახან სიზმრების შემდეგ ჩემს ცხოვრებაზეც ვფიქრობ და დღეს მე კმაყოფილი ვარ.
ადამიანი კმაყოფილია, როდესაც რწმუნდება, რომ არსებობენ მასზე უბედურებიც. ეს შეგრძნება ერთი შეხედვით საოცრად ბოროტია, ეგოისტურია მაგრამ ის შეუქცევადია, დამახასიათებელია ყველა ადამიანისათვის. მეც ბედნიერი ვარ, რადგან ახლა გაღვიძებული ვგრძნობ თავისუფლებას და ზუსტად ვიცი არ ვარ ერთ-ერთი მეთოჯინის მარიონეტი. მეცოდებიან, გულწრფელად მეცოდებიან ისინი, ვის სხეულებშიც ვიყავი ჩასახლებული მთელი ღამის გამნავლობაში. ეს ხმები მე დახმარებას მთხოვდნენ, მაგრამ მე არაფერი შემეძლო და არც ახლა შემიძლია.
ერთს ვიტყვი - დღეს მე მადლობელი ვარ, ძალიან მადლობელი ვარ საკუთარი ცხოვრების”
***
საღამოს შვიდი საათი. მაღაზია ადრე დახურა. სახლში მისვლას მიქაელი არ ჩქარობდა. წინ მძიმედ მიდიოდა. დილით კატალიამ მაღაზიაში ჩვეულზე ადრე ხილ-ბოსტნეული მიიტანა. მაღაზიის მეპატრონეს უჩვეულოდ მოეჩვენა ქალის ნაადრევი სტუმრობა.არ ეჭვობდა, რომ მუდამდ ერთი და იმავე მეორდებოდა.
ხო,სინამდვილეში ყოველთვე ერთი და იგივე მეორდებოდა. თვეში ერთხელ, მესამე კვირას კატალია სურსათის მისატანად დათქმულზე ორი დღით ადრე მიდიოდა. ჩვეულებრივ ესალმებოდა მაღაზიის პატრონს, ეკითხებოდა მამის ჯანმრთელობის შესახებ და ახალი მოყვანილი მოსავლით ამარაგებდა. სანაცვლოდ სხვადასხვა ნივთები მიჰქონდა. მიქაელსაც უხაროდა. ნაყოფიერ მიწას ლოცავდა და გულში მადლობელი იყო იმისათვის, რომ კიდევ რამდენიმე კვირა ხალხი მშიერი არ იქნებოდა.
…ეს უხილავი რუტინა იყო. ციკლი, რომელიც მუდმივარ ერთ წერტილამდე მიდიოდა, თავიდან იწყებოდა, მაგრამ რეალობაში, ყოველი კატალიას მოულოდნელი გამოჩენა პირველი იყო მიქაელისათვის. კი, მის გონებაში ეს დღეები ადგილს ვერ პოულობდა.
ეს ყველაფერი კატალიას წინასწარ ჰქონდა გათვლილი, გადაწყვეტილი. არა, ის ბოროტი, დაუნდობელი არ იყო და მუდმივად მისი ტანჯვის ყურებას არ ნატრობდა. უდარდელი ბიჭის შემხედვარეს ეშინოდა, რომ, როდესაც დრო გაიწელებოდა ის სწორედ მას მიაკითხავდა და საკუთარ სენზე უამრავ კითხვას დაუსვამდა. მისი გონება კი ორად გაიხლიჩებოდა. ის თავს ვალდებულად ჩათვლიდა ყველაფერი აეხსნა მიქაელისათვის, მაგრამ შეეშინდებოდა, რომ ის ამ ყველაფერს ვერ შეეგუებოდა. ყველამ გამოიარა ის წამი, როდესაც საკუთარი ნაკლოვანებისა და გამოუსადეგარობის შესახებ შეიტყო. ეს ბოლო დღე იყო წარსულიდან, რომელიც კატალიას ნათლად ახსოვდა, რადგან სიმართლით ფორმირებულ სიტყვებს უეცრად მოვარდნილი ტკივილი მოყვა და ჭაობისფერ ნიაღვარად გარდაიქმნა, თვალებამდე ავიდა და იმ წამის შემდეგ მისი თვალები შიშისფერი გახდა, ამ დღის შემდეგ კატალიას წარსულსა და აწმყოში აღარ უცხოვრია, მის სამყაროში მხოლოდ ერთი სიტყვა არსებობდა - მომავალი.
ვალდებულება და თანაგრძნობა ერთნაირი სისწრაფით ჩნდებოდა და ქრებოდა. ის საკუთარ თავს არასდროს მისცემდა უფლებას საკუთარი საქციელით თავისი მომავალი შეეცვალა და თუნდაც რომელიმე მოსალოდნელი საფრთზე თავიდან მოეშორებინა, ბედს გაქცეოდა, დაპირისპირებოდა, მაგრამ, მიქაელის მადლიერი ღიმილისა და მიამიტი თვალების შემხედვარემ მისი მომავლის შეცვლა გადაწყვიტა.
მიქაელის დასაცავად თამაში მოიფიქრა, წესები ოსტატურად შეიმუშავა, რომ დაეზღვია ვაჟი იმედგაცრუებისაგან.
..თვეში ერთხელ, ყოველ მეორე კვირას მიქაელი ცნობისმოყვარე ბავშვივით კატალიას ერთსა და იმავე კითხვას უმეორებდა:
-მამა, ავად რატომ არის?
კატალიაც, როგორც პირველად ამ კითხვის გაგონებისას, ამოიოხრავდა და პასუხობდა:
-აქ ყველა ერთი ბედის გამზიარებლები ვართ - მაგიდას ორივე ხელით მძიმედ ეყრდნობოდა. საკუთარი სისუსტის დასამალად თვალებში უყურებდა და უყვებოდა ყველაფერს, რაც კი იცოდა. მოუყვა, რომ მისი სისხლიც დაწყევლილი იყო და დროის შემდეგ მზის სინათლის დანახვაც გაუკვირდებოდა. უხსნიდა, რომ მისი ყოვლისმცოდნე თვალებიც ისეთივე ტვირთი იყო, როგორც ნისლი, რომელიც მისსა და მისი მამის გონებაში ფეხს იდგამდა. ელაზე არაფერს ეუბნებოდა. სწრაფად ლაპარაკობდა, ზედმეტი კითხვების დასმის შესაძლებლობას არ აძლევდა, რადგან კითხვებზე იმ პასუხებს ვერ გასცემდა, რომლებიც არ იცოდა. არც საუბრის დასრულების შემდეგ აძლევდა რაიმის თქმის დროს. უმალ დგებოდა და მაღაზიიდან გადიოდა. მასაც აღარ შეეძლო ამდენი ტანჯვის ყურება. ამ ქალსაც უჭირდა ყოფილიყო ამდენი ტანჯვის მიზეზი, მაგრამ ის სიმართლის გარდა არაფერს ამბობდა.
მაღაზიიდან სახლისაკენ მიმავალს უამრავი აზრი უჩნდებოდა. გვერდით იყურებოდა ვერ ხედავდა მაგრამ ახსოვდა ნანახი და იცოდა, რომ დღეს აქ მარტო იყო. ადრე თედორესთან და ელიაზართან ერთად დადიოდა. კარგი და არასდროს ყოფილა. სწყინდა რომ თედორეს ტანჯვას ვერ ამსუბუქებდა. საკუთარი თავს დამნაშავედ თვლიდა იმის გამო, რომ ელიაზარმა, რომლის გაქცევაშიც დარწმუნებული იყო, ის უკან დატოვა. თავს მხოლოდ იმით იმშვიდებდა, რომ იმდეგაცრუება, რომელსაც მიქაელი მისი წყალობით განიცდიდა გარკვეულ დროში გაქარწყლდებოდა. ასეც ხდებოდა, პირველად ათ საათზე მეტი დასჭირდა, შემდეგ მხოლოდ სამიოდე და ახლა ერთ საათზე ნაკლები იყო დარჩენილი სანამ ისევ უდარდელ, მამის ერთგულ შვილად გარდაიქმნებოდა და ზუსტად ერთ თვეში მისი მაღაზიის სტუმარს იმავე კითხვებს გაუმეორებდა.
ეს დღეები ამ ქალისათვის, რომელიც ყველასათვის ამოცანა იყო, უფრო მძიმე ასატანი იყო. ყველაფრის მიუხედავად, მას გული ამ ყველაფრის თქმის დროს ძალიან სტკიოდა. ოდესღაც დარწმუნებული იყო, რომ, როდესაც ამ ამბავს ბევრჯერ მოყვებოდა ის ჩვეულებრივი, მისაღები გახდებოდა. მაგრამ არა. საუბრის დროს მიქაელის სენი მასზეც მოქმედებდა, ისიც მსხვერპლი ხდებოდა, მის თვალებში იყურებოდა და ყველაფერს ერთდროულად გრძნობდა, საუბარს ისევ იმავე სიცხოველით აღიქვამდა, როგორც პირველად.
ამ დღეს ორივე სახლში ერთსა და იმავე განწყობით ბრუნდებოდნენ. სიმართლით შეშინებულ მიქაელს სახლში ეჩქარებოდა. მაღაზიის დახურვაზე ფიქრობდა და მებრძოლი მამისთვის მეტი დროის დათმობაზე ოცნებობდა, მაგრამ ამას ვერ იზამდა და ,როდესაც ამას აცნობიერებდა გული ძალიან წყდებოდა. რამდენიმე საათით ადრე მიდიოდა სახლში და მხოლოდ მშობელთან ალერსზე ფიქრობდა.
გზაში მასაც სხვადასხვა აზრი უჩნდებოდა. გული სწრაფად უძგერდა. რაც უფრო უჩქარებდა ნაბიჯს, მით უფრო უჭირდა სუნთქვა. თავის თავს ჯობდნიდა. მამაცი, ცრემლებს იკავებდა.
...ტირილი საოცარი მოვლენაა. ადამიანი მხოლოდ მაშინ ტირის, როდესაც სხეულს აღარ შეუძლია ტვირთის დატევა, როდესაც სიტყვები მუნჯდება და ამ ყველაფრისაგან გასანთავისუფლებლად აღარ არის საკმარისი. წარმოდგენილი, უზარმაზარი, შეუჩერებელი ემოციები ერთ პატარა წვეთში იყრიან თავს, თხევადდებიან და ჩაწითლებული თვალებიდან მიწის ზედაპირზე ეშვებიან. ისინი პატარები არიან, მაგრამ ყველაფერს იტევენ. მაშველები არასდროს გღალატობენ და გახსენებენ, რომ ადამიანი ხარ.
ტირილიც კათარზისია, ცრემლებიც დაღვრის უნარიც სულის გადასარჩენად მოფიქრებული საჩუქარია.
კართან რამდენიმე წამი ჩერდებოდა. უყურადებდა და , როდესაც მსუბუქი ნაბიჯების ხმა არწმუნებდა, რომ გაბრიელი სახლში იყო. კარს სიხარულით აწვებოდა და ღიმილით, ხმამაღლა, ომახიანად ამბობდა:
-მამა, როგორ ხარ?
-მიქაელ, კარგად შვილო. რამე მოხდა?
-რატომ მეკითხები?
-ადრე მოსულხარ - თავის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით დიდი საათისაკენ ანიშნებდა.
-აღარავინ ჩანდა, ადრე წამოვედი - ყოველთვის ერთსა და იმავე მიზეზს იგონებდა.
-კეთილი, ვივახშმოთ?
-ახლავე გავშლი მაგიდას.
რამდენად მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო სიმართლე, ეს ბიჭი ყველასგან განსხვავდებოდა, რადგან , როდესაც დაღლილი გონების ხმა მხოლოდ ექო ხდებოდა, გულში მადლობას იმეორებდა. თვითონაც არ იცოდა ვის უმადლოდა, მაგრამ იცოდა საკუთარი მადლიერების მიზეზი. ის ცხოვრებას უმადლოდა, რომ დრო კიდევ ჰქონდა.
-მამა, დღეს კატალია იყო მოსული.
-ხო? ადრე მოსულა.
შემდეგ ყველაფერს უამბობდა. ღიმილით, უცრემლოდ, აუჩქარებლად ისე, როგორც მორიგ, ყველაზე ჩვეულებრივ ამბავს. არც ერთს აღარ ანაღვლებდა საკუთარი სენი და შვილის გულწრფელობითა და უბრალოებით მოხიბლულ, მონუსხულ გაბრიელს მეტი არაფერი რჩებოდა იმის გარდა, რომ გაეღიმა. საოცარი გარემო იქმნებოდა ამ სახლში. საუბრის შემდეგ სავახშმოდ სხდებოდა მამა-შვილი. ამ საღამოობით ყველაზე თავისუფლები იყვნენ. ადრე ელაც მათთან ერთად სხდებოდა, მაგრამ ახლა ისინი სახლში მხოლოდ ორნი იყვნენ.
...ასე მეორდებოდა. კარგიც და ცუდიც ყოველთვის თავიდან იწყებოდა.
დღესაც ყველაფერი ჩვეულად მიდიოდა. სახლში შესული მამას შეეგება, მოიკითხა, თუმცა ამ საღამოს გაბრიელის ნაბიჯები არ იყო ჩვეულებრისამებრ მსუბუქი. კართან მისული მიხვდა, რომ მოხუცი ბოლთას მოუსვენრად ცემდა. შეწუხებული ჩანდა. შვილის ალერსიანი მოკითხვის შემდეგ განზრახვებს მალავდა.
დღეს მხოლოდ ის შეიცვალა, რომ შუადღეს გაბრიელი საკუთარ ხელს დააკვირდა და “მიქაელთან” ერთად თითქმის წაშლილი სახელი “ელა” ამოიკითხა. ვერაფერი გაიხსენა, მაგრამ ორი ერთმანეთთან დააკავშირა. დანამვილებით ვერ იტყოდა ვინ იყო ეს გოგო. მხოლოდ ერთი იყო ნათელი - ის მისთვის მიქაელის მსგავსად ძვირფასი იყო და აღარ ახსოვდა.
მაგიდის გაწყობის დროს მიქაელმა საუბარი ჩვეული ფრაზებით დაიწყო:
-მამა, დღეს კატალია იყო მოსული.
-ხო? ადრე მოსულა.
-ყველაფერი მიამბო.
-ყველაფერი? - გახარებული მხოლოდ დღეს ელოდა, რომ ამ მონათხრობის ერთ-ერთი გმირის სახელი ელა იქნებოდა.
-მიამბო ჩვენი სენის შესახებ.
-ეს ავადმყოფობა მხოლოდ ჩემია, მიქაელ.
-არა მამა ის ჩემიც არის და იცი რა? ახლა უფრო დიდ კავშირს ვგრძნობ შენთან. მგონი არც ისეთი საზარელი მოვლენაა. ჩვენ მუდმივად რამდენიმე მოგონებით ვიცხოვრებთ. მერე რა? ბევრჯერ გავიცნობთ თავიდან ერთმანეთს, ბევრჯერ შევიყვარებთ, არც ერთი შეგრძნება არ იქნება მოსაბეზრებელი - როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა მუდმივად იღიმოდა, თეთრ ეშვებს აჩენდა და ჭერს უყურებდა - არც ცუდი გვემახსოვრება,არც კარგი. ყოველი დღე ახალი იქნება. თუ ვინმემ ეს ყველაფერი ჩვენს მაგივრად გადაწყვიტა, ჩვენ უნდა შევეგუოთ. არ უნდა დავღონდეთ.
ნათქვამს სიჩუმე მოყვა. პირველად გაიწელა. გაბრიელი გაოგნებული იყურებოდა, თვალებს ვერ აჩერებდა, ხან შვილს შეხედავდა, მაგრამ უმალ მზერას კედლებს აყოლებდა. ხელში ცარიელ ჭიქას ათამაშებდა.
ამ საღამოს მამამ შვილს განსხვავებული პასუხი გასცა, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა, რომელიმეს გონებაში რამდენიმე საათზე დიდხანს რომ დარჩენილიყო, მაგრამ გაბრიელი ერთ ძალიან დიდ სიმართლეს ვერ აცნობიერებდა. სენის სიდიადის გააზრება მიქაელს ყოველ თვე , ამ დღეს, თავიდან კლავდა. ის ამ ტყუილს, მთელ ამ საუბარს მხოლოდ გაბრიელისაგან საკუთარი სისუსტის დასამალად იგონებდა. მას მამისათვის არ უნდოდა ეჩვენებინა, რომ მისი სისხლის ტარება მისთვის შეურაწმყოფელი იყო, მაგრამ ამპარტავანი შვილის კეთილ განზრახვაში მხოლოდ სიბრიყვეს ხედავდა.
ამოისუნთქა, ლაპარაკი ხმამაღლა დაიწყო:
-მიქაელ, ბევრი რამ თავისით ქრება. მართალი ხარ. ჩვენ ყველაფერი იმაზე ადრე გვავიწყდება ვიდრე საჭიროა. თითქოს ნებაყოფლობით შეგვიძლია ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ, მაგრამ ამის საფასურად ყველაფერს კარგის დავიწყებასაც ვწირავთ.
-მამა…
-ნუ მაწყვეტინებ.
-მე ამის თქმა არ მინდოდა.
-იცი? ადამიანებს ბევრი რამის დროზე ადრე, საჭიროზე ადრე დასრულება შეგვიძლია. იმისიც, რაც გვინდა, რომ არასდროს დასრულდეს, მაგრამ ხანდახან მოსალოდნელი ტკივილის შიშით დროზე ადრე ვუსვამთ წერტილს ყველაფერს. ეს ხალხი ჩვენ გვგავს. ისინი ლაჩრები არიან, ჩვენ კი ლაჩრის იარლიყი ბედმა სამუდამო მეგზურად აქცია, მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. საბედნიეროდ, განსხვავება ლაჩარსა და მამაცს შორის ჯერ კიდევ თვალსაჩინოა. -გაბრიელი მრავლობითში ლაპარაკობდა, მაგრამ ლაჩარს მხოლოდ მიქაელს უწოდებდა. - ისინი არ ნებდებიან, უყურებენ საით წაიყვანს დინება. ორივე შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი მაინც უნდა დასრულდეს და დაიკარგოს აუცილებლად ასე მოხდება.
-მაშინ, რა განსხვავებაა?
-ორივეს ტკივილი ერთნაირია და შეიძლება ვინმემ სწორედ მათ უწოდოს ლაჩრები, ვინც სიმართლეს თვალი არ გაუსწორა და გარდაუვალი დასასრულისაკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. მომავალი ვერ დაინახა. ეთანხმები?
-არ ვიცი.
-მე სხვანაირად ვფიქრობ. ორივეს ერთნაირად სტკივა, მაგრამ მეორეს მკურნალი დრო ხდება, რადგან ყველაფერ ცუდთან ერთად მას კარგიც დარჩა. მან წამალი მოძებნა. ჩვენ არაფერი შეგვრჩენია. კარგიც და ცუდიც, მტკივნეულიც და ტკბილიც უფსკრულში თანაბარი სისწრაფით ეშვება. ვერც დრო და ვერც ვერაფერი ჩვენი მკურნალი ვერ გახდება. ტკივილი კი რჩება, ჩვენთან ერთად ტკივილი სამუდამოდ რჩება.
-მამა, რა უნდა ვქნათ?
-არაფერი. ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ნუ ღელავ, დამშვიდდი, ეს ლაპარაკიც რამდენიმე საათში დაგავიწყდება.
***
თედორეს სიზმრების წიგნი მეხუთე გვერდი:
"ეს სიზმრები ჩემი დასასრული იქნებიან. ყოველ ღამით სულ უფროდაუფრო რეალურები ხდებიან. ყველაფერს ვგრძნობ: შეხებას, სუნთქვას, ტკივილს, სხვადასხვა გრძნობებით ივსება ჩემი სხეული, მაგრამ გაღვიძების წამს ყველაფერი იკარგება.მესმის სხვისი ყურებით, ვხედავ უცნობის თვალებით, განვიცდი იმას, რაც ჩემთვის არ არის განკუთვნილი. ეს ყველაფერი საშინლად მღლის. დილით უკმაყოფილო ვიღვიძებ, მაგრამ ამ ყველაფერსაც აქვს დადებითი მხარე. ჩემთვის მხოლოდ ერთი არსებობდა და ეს ერთი იყო ერთ ადგილას გაყინული, ძალდატანებით გახანგრძლივებული კარგი. ახლა უკვე შემიძლია ცუდისა და კარგის, სილამაზისა და საშინელების განსაზღვრა, ერთმანეთისაგან განსხვავება. ეს უნარიც რთული მოსაპოვებელი ყოფილა. მასაც თავისი ფასი ჰქონია.
…გაღვიძებისთანავე კალამს ხელში ვიღებ. სწრაფად ვწერ, ხანდახან თავში ნანახს რამდენჯერმე ვატრიალებ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. როგორც კი ორივე თვალს ვახელ ჩემი გონება გაშლილ გრაგნილს ემსგავსება. გრძელს ბოლოში ალი ედება და ნელ-ნელა დაწერილ სიტყვებს შლის. იწვება და ბოლოს არაფერი რჩება. როგორც არ უნდა ვცადო, რაც არ უნდა ვიღონო ბოლომდე დამწვრის ფერფლიდან ვერაფერს აღვადგენ. თავის ქალიდან ქვევით ეშვება და გახურებული წვავს რასაც ეხება.
…როგორც კი ჩემი სახელი მახსენდება და ვხვდები ვინ ვარ, სიზმრები იფლითება.
ბოლო სიზმარი გასნხვავდებოდა სხვა ყველა ნანახისაგან. ის ასეთი იყო:
“ყველა მოძრაობა მუდამ წინასწარ არის დადგმული. მე თეატრს ვხედავ, მაგრამ არა ჩემი თვალებით. მთელი ძალით ვცდილობ მოძრაობას. მე სიზმრებში თედორე არ ვარ და არც მახსოვს რომ ოდესმე ვიყავი. ვხდები ის, ვისი თვალებითაც მიწას ვხედავ. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ერთნი ვხდებით.
არ შემიძლია დავინახო მისი სახე, მაგრამ ნათლად ვარჩევ მის ხელებს. გუშინ ალბათ, ასაკიანი კაცი ვიყავი. კანი უხეში მქონდა, დანაოჭებული. მარჯვენა ხელზე მოზრდილი, სქელი ხალი მოსვენებას მიკარგავდა. ბეჩავი, ძალიან სუსტი ვიყავი.
დილით წინა სიზმრები წავიკითხე და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ იმავე ქუჩას გავდიოდი და სწორედ იმ სახლს მივუახლოვდი, რომელიც წინათ ვნახე. ისინი ერთმანეთთან კავშირში არიან, მაგრამ ამ ღამის დამპალი სხეული ახლოსაც ვერ მივიდოდა წინათ ნანახთან. ისინი ცოცხლები იყვნენ, საოცრად უდარდენლნი. მათში მე ვგრძნობდი ჟინს, ყველაფრის განადგურების, გაცალმტვერების ჟინს. მთელი სხეული ცეცხლით ჰქონდათ სასვსენი და თვითონაც ემსგავსებოდნენ ავარვარებულ კოცონს, რომელიც ქუჩებს ედებოდა. სამ ნაპერწკლად გაყოფილი ქვაფენილზე მისრიალებდა, მაგრამ შეხვედრისას ერთი მთლიანი საზარელი, დაუმარცხებელი საფრთხე ხდებოდა. ის მზად იყო ყველაფერი დაეწვა, ერთიანად გავრცელებულიყო და ყველა სახლი, კედელი სიცარიელის ალში ჩაეყლაპა. ამ ღამით კი მხოლოდ უბრალო ნაფლეთი ვიყავი. ბევრი დრო არ მქონდა, ნიავს მივყვებოდი, დასასრულს ვუახლოვდებოდი.
ამჯერად სახლთან არ გავჩერებულვარ. კარიდან ფრთხილად შევედი. ზევით, გრძელ კიბეს ავყევი, მეორე სართულამდე გავყევი, როდესაც ნაცნობი მელოდია ამომიტივტივდა გონებაში, მაგრამ ამ ღამით მე არაფერი გამიგია. სიჩუმე სამარისებული იყო. სიბნელე ვიყავი და ჩრდილივით კედლებზე შეუმჩნევლად ვსრიალებდი.
ერთადერთი ხმა, რომელიც გავიგე კარის ჭრიალი იყო. საძინებელ ოთახშიც არარსებულივით შევსრიალდი. ყურებში საშინელი წუილი ჩამესმოდა. საწოლში ეძინათ. ხო, ვიღაცას მშვიდად ეძინა. არ მახსოვს ქალი იყო თუ კაცი, სქელი საბნის ქვეშ ვერ ვარჩევდი, მაგრამ, როდესაც დავინახე საწოლზე მძინარე, უვნებელი, მაშინ მივხვდი, რომ აქ კარგი განხრახვით ჩვენ მოსულები არ ვიყავით. ტუჩებთან ახლოს ვარდისფერი, არა, მგონი მწვანე, არა, არც მწვანე. ხო, მუქი ლურჯი თითქმის შავი სითხე მივუტანე და წვეთ წვეთად ყოველი ამოსუნთქვის დროს გავუშვი მის სხეულში. ნელ-ნელა სუნთქვას უმატა და როდესაც ბოლო საბედისწერო წვეთმა შეაღწია მის სხეულში მეც დარტყმა ვიგრძენი.
გარშემო არავინ იყო. ეს დარტყმა გამოგლეჯვას უფრო ჰგავდა. თითქოს რაღაც სხეულში დამწვყდეულს გარეთ გამოეღწია, ნაწილებად დაშლილიყო, ყოველ მხრიდან გამოსულიყო და გარშემო ერთიანად ყველაფერი შეევსო.
…მხოლოდ იმ წამს მივხვდი, მე ვკლავდი, მე მოვკალი… არა, მან მოკლა… ეს ერთადერთი იყო, რაც ამ ღამით ჩვენ ერთად არ გაგვიკეთებია.
ხო, ბოლოს ძლიერი ხმა გავიგე. ბოხი ღრიალი თითქოს უზარმაზარ კედლად ქცეულიყო. ვერ გავარჩიე რას ამბობდა. მგონი სახელი თქვა. დამავიწყდა”
***
-რით შემიძლია დაგეხმარო - სახეზე დარინას ღიმილი გამხმარიყო. ავადმყოფური გამოხედვით აკვირდებოდა, ათვალიერებდა და მისი სხეულით, სინაზით აღტაცებული გონებაში ანაწევრებდა.
-სად არის?
-ვის ეძებ?
-წერილებს! - სუნთქვა უჭირდა. შიში მაცდური იყო, მაგრამ სწორედ სიკვდილის შიშმა აიძულა ნაია თავისი ფეხით მისულიყო მის პირისპირ. ყველაფერი დღეს დამთავრდებოდა, მაგრამ დარინა სწორედ ამ შიშით იკვებებოდა. გუგები უფართოვდებოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო უკან არ დაიხევდა, მაგრამ ვერ ამჩნევდა, ვერ წარმოედგინა, რომ ნაია მარჯვენა ხელში დამალულ იარაღს ამზადებდა.
რამდენიმე დღის წინ :
ორანჟერიაში ყველაფერი სხვანაირი იყო. შუამავალია ეს ადგილი ცოცხალსა და მკვდარს შორის. გამოყოფილია ყველასაგან და ყველაფრისაგან, მთელს ამ ქალაქში ყველაზე ცოცხალია. შემოჭრილი დღის სინათლე ყვავილებს ახარებს. ეგებება, საკვებს აწვდის. ისინიც კმაყოფილები უცქერენ და თავს მისკენ ხრიან. კატალია შუაგულში უცქერს საკუთარ ნაღვაწლს. ეს ყვავილები ერთადერთი ღირებული იყო, რაც მას შერჩენოდა, რისი შექმნის უფლებაც ჰქონდა. ისინი ინახავდნენ მის სიცოცხლეს და კატალიაც ყოველდღე მუხლჩაუხრელად საკუთარ ცხოვრებას დარაჯობდა.
სიმწვანე სიმშვიდეს აფრქვევს. სხვადასხვა სურნელი ერთამენთს ერევა და ერთს ისეთს ქმნის, რომლის მსგავსიც არავის არასდროს უყნოსია. თვალებდახუჭული ზის შუაგულში და ყველა სხვა უნარს ენდობა ხედვის გარდა. მისი თვალები შიშს მხოლოდ მაყურებელს არ გვრიდა. მკრთალი, სარკისებრი, რომელშიც ყველა საკუთარ ანარეკლს ხედავდა, კატალიამ დიდი ხნის წინ შეიძულა. წლების განმავლობაში შეეგუა, შეეჩვია მათ და მზად იყო მიეღო საკუთარ ნაწილად სანამ მათი დაშორების დრო არ მოვიდოდა.
…ყოვლისმნახველს ცნობისმაყვარეობა ერეოდა. მისი თვალები თითქოს კინოფირი იყო. სავსე სხვადასხვა მოვლენებით. წინასწარ გამზადებული. ის მუდმივად შეგიძლია გადაახვიო, თავიდან უყურო, მაგრამ არასდროს შეგიძლია შეცვალო. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ცოცხალი ხარ. ხო, მას მხოლოდ ერთი დარჩენოდა - წარმოედგინა, თუ რა მოხდებოდა, როდესაც მისი სხეული გაიხრწნებოდა.
როგორ წარმოედგინა კატალიას წამები სიკვდილის შემდეგ? მისი სხეული სიმწვანით დაიფარებოდა, ნიავი დაუბერავდა და უამრავ ფოთოლად დაიშლებოდა. სხვადასხვა ადგილას წაიღებდა მისი სხეულის ნარჩენებს. აქაურობას მთლიანად მოედებოდა და სამარადისოდ აქ დარჩებოდა. რაც სხეულისაგან გადარჩებოდა ნიავის ნაწილი გახდებოდა და გაჰყვებოდა. რამდენიმე წამი თვალები ისევ დახუჭული ექნებოდა და აღტაცებული გააცნობიერებდა, რომ ეს ის წამი იყო, როდესაც აწმყოს დაინახავდა. ქუთუთოებს მოადუნებდა, ორივეს ნელ-ნელა გაათავისუფლებდა და სინათლეში ჩაიღვრებოდა.
-ქალბატონო კატალია - შორეულმა ხმამ ბუნების წიაღში ჩაძირული, ტკბილ სურნელს წარმოსახვისაკენ გაყოლილი გამოაფხიზლა.
-ორანჟერიაში შემოდი - დაღლილი ხმით უპასუხა. ძალიან ეზარებოდა საუბარი, რომელიც წინ ელოდა.
-როგორ ბრძანდებით? - ნაიას ანარეკლი ჯერ კიდევ შუშიდან ბუნდოვნად გამოჩნდა. მორიდებულად შემოაბიჯა. შიში დაძლია და საბოლოოდ მაინც გაბედა მოსულიყო ამ ქალთან, რომლისაც, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც ძალიან ეშინოდა. გაფითრებულს წასასვლელი ადგილი ვეღარ ეპოვა. როდესაც მოსაუბრე არავინ გახსენდება იმასთან მიდიხარ, ვის უპირატესობაშიც დარწმუნებული ხარ.
-შენ როგორ ხარ, ნაია?
-არ ვიცი.
-რამე მოხდა?
-მახსოვს, ადრე მითხარით, რომ ხანძარი გაჩნდებოდა, ყველა ხე ალისფრად შეიღებებოდა.
-კი, გითხარი.
-რა იგულისხმეთ?
-ნაია, ხშირად მეც არ მესმის რას ვხედავ. შეიძლება საკუთარ სხეულსაც ვცდები და სხვისი თვალებით ვიყურები. მახსოვს გაბრიელი პირველად რომ გავიცანი გამაოცა მისმა განათლებამ. მე და ჩემს ძმებს ასე მოგვესალმა - “კეთილი იყოს თქვენი ფეხი “მტაცებელ ჭაობში”. სუჩუმე რომ გაგრძელდა, უწყინარი მეტაფორააო დაამატა. შეიძლება ჩემი ხედვაც უწყინარი მეტაფორა იყოს და სულაც არ ნიშნავდეს მოსალოდნელ ხანძარს ან თუნდაც დამწვარ ხეებს. როდესაც გაბრიელი ამას ამბობდა წარმოდგენაც არ მქონდა ვინ ვიყავით და ვინ ვიქნებოდით. მე ახლაც არ ვიცი ვინ ვარ, მაგრამ შემიძლია დანამვილებით გითხრა ვინები არიან ჩემი ძმები. ელიაზარი ფერადი კუბიკებისაგან აწყობილ რობოტს ჰგავს. საყვარელს, რომელსაც ყველა ნაწილი ადგილას აქვს, სრულყოფილი აქვს, მაგრამ ერთადერთი აკლია მკერდის მარცხენა მხარეს. ის მნახველს გააოცებს, მაგრამ მას ვერ შეიყვარებ. თედორე კი გატეხილ სარკეს ჰგავს. ის მხოლოდ სამყაროს გარკვეულ ნაწილს ხედავს, მაგრამ მთლიან, სუფთა სურათს ვერასდროს დაინახავს. მისმ რავალი ნაწილი წლების შემდეგ გაიკარგა. ბზარებს ვერ უშველი. მხოლოდ ერთი, რამ შეუძლია დაელოდოს ბოლომდე, როდის დაიმსხვრევა არეკლილი სამყარო და გაუჩინარდება. ხედავ? ყველაფრის აღწერა შეიძლება უწყინარი მეტაფორით- სევდიანად გაიღიმა.
-რა მნიშვნელობა აქვს; ცეცხლი კარგის ნიშანი მაინც არ უნდა იყოს.
-არ გეთანხმები. ცეცხლი დამანდგრეველი, გამანადგურებელი ძალაა, მაგრამ ამავდროულად ის სითბოა, სინათლეა. ჩემი დანახული ალისფერი ფოთლები ძალზედ ლამაზი იყო. არ ვიცი. დანამდვილებით არაფრის თქმა შემიძლია.
-ალბათ, მართალი ბრძანდებით - ცოტა დამშვიდდა. – ეს ის ყვავილია დაბადებისდღეზე ელას რომ გაუგზავნეთ? - ლურჯ ყვავილებს მიუახლოვდა.
-კი, შენ საიდან იცი? - მისგან კითხვა უჩვეულო გასაგონი იყო. ნაიამ გაკვირვების დამალვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-დაახლოებით. - გაჩუმდა არ იცოდა სიმართლე ეთქვა თუ არა. სხვა რომ ყოფილიყო მის წინ სიმართლეს აუცილებლად დამალავდა, მაგრამ მისი შესაძლებლობების შემხედვარე ფიქრობდა, რომ სიმართლის დამალვას აზრი არ ჰქონდა. შერცხვა, თავი დახარა.
-შეგიძლია მენდო - ალერსიანი ხმა ჰქონდა კატალიას. გულს ულბობდა. ელას უეცარი აორთქლების შემდეგ ნაიას გულწრფელად არავისთან აღარ უსაუბრია. მხარდაჭერა ძალიან აკლდა. დიდხანს ელოდა ამ სიტყვების გაგონებას, თვალები აენთო და საკუთარი ამბის თხრობა დაიწყო :
-დაახლოებით ერთი კვირის წინ ელას მოსანახულებლად ვიყავი.
-მის სიკვდილამდე?
-დიახ, რამდენიმე დღით ადრე მის სიკვდილამდე. მაშინ შევნიშნე ყვავილი, ძალიან ლამაზი იყო, ნაზი…
-რაიმე გაიგეთ? - სიტყვა მკაცრად მოუჭრა.
-ელამ კარადაში მამამისის ძველი წერილები იპოვა. - პასუხის გაცემაზე არც დაფიქრებულა. მას სჭირდებოდა დახმარება და მზად იყო ეს საიდუმლო, რომელიც მისი სხეულს მძიმე ღუზად მოხვეულიყო, დაუფიქრებლად გაეშვა- დამტვერილი. ალბათ, გაბრიელს აღარც ახსოვდა, რომ ის წერილები ჰქონდა. მელანი დაღვრილი იყო, ხელნაწერი-გაურკვეველი. გარჩევა ძალიან გვიჭირდა.
-რა ეწერა? - ხმა აუმაღლდა. მოუთმენლობამ მთელი სხეული აიტანა. მოენატრა ეს სხეულში დაბადებული ცნობისმოყვარეობის ნაპერკლები, რომლებიც ხერხემალს სასიამოვნოდ ახურებდნენ. ხან ზევით ადიოდნენ, ხან ქვევით- ეშვებოდნენ. ეს ის ამბავი იყო, რომელიც მას არ დაუნახავს და შეიძლება სწორედ ეს ისტორია გახდებოდა გადამწყვეტი ყველასათვის. შეიძლება უკვე გადამწყვეტი გამხდარიყო ელასათვის.-განაგრძე ნაია.
-ელას ბებიის,გაბრიელის დედის წერილები იყო.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.
-როდის იყო მოსული? - ნაპერკლები ნელ-ნელა ღაჟღაჟებდნენ და კოცონს ემსგავსებოდნენ.
-თარიღის გარჩევა გაგვიჭირდა, მაგრამ გამოგზავნიდან სამ წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული. მთავარი ის არის, რომ გაბრიელს სამშობლოდან წერილი მოუვიდა. არის გზა, გასასვლელი, რომელსაც ვერავინ ხედავს. წერილში მატარებელი იყო ნახსენები, მაგრამ…
-შენსა და ელას გარდა ამ წერილების შესახებ ვინმემ იცოდა? - მთელ ხერხემალს მოედო ალი და სწორედ მის ხერხემალს წაკიდებული ხანძარი დაემსგავსა ალისფრად განათებულ ფოთლებს, რომლებიც მან ნაიასთან შეხვედრის დროს დაინახა.
…კატალიამ გაჭირვებით, მაგრამ სურათის წარმოდგენა შეძლო. მომაკვდავ ელასთან მისულმა ელიაზარმა წერილები ნახა. აზრი ამოიკითხა და მათი დახმარებით გაიქცა. მაგრამ ელას სხეული? ნუთუ ელიაზარმა გადამალა ელას ცხედარი?
-მე ვფიქრობ ელა სწორედ ამ წერილების გამო მოკლეს.
-შეუძლებელია.
-არ ვიცი, ძალიან მეშინია. - ნაია მუდმივად იმეორებდა, რომ ეშინოდა, მაგრამ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ მომხდარის გამო დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. - წერილები გაქრა.
…კატალიას სხეულში ხანძარი ჩაქრა. წარმოდგენილი სურათი წაიშალა. ელიაზარის სახეც გაუჩინარდა.
-შეიძლება. - ხმას დაუდაბლა, ტუჩზე ძლიერად იკბინა - მე იმ ღამეს დავინახე ყველა, ვისაც შეეძლო ელა მოეკლა. ელიაზარისა და თვითონ ელას გარდა. ელიაზარს სახლი არ დაუტოვებია, ელა კი თავს არ მოიკლავდა.
-რისი თქმა გინდათ?
-ელას სიკვდილში არავინ არის გარეული. ყოველ შემთხვევაში, ვისაც ჩვენ ვიცნობთ.
-რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
-ნაია, დაფიქრდი. ვის დასჭირდებოდა ელას მოკვლა? ყველა საკუთარი გასაჭირით, თავის გატანის სურვილით იმდენად არის შეწუხებული, რომ არც სხვისი არსებობა, არც სიკვდილი არ ადარდებს.
-ელას თავისით ვერ მოკვდებოდა.
-მე არ მითქვამს, რომ ელა თავისით მოკვდა. - ყელი გაუშრა, ლაპარაკი უჭირდა და ეშინოდა. კატალიას იმაზე ლაპარაკი უწევდა, რისიც ძალიან ეშინოდა. - ტბას ორი მხარე აქვს. ჩვენ მარჯვენა მხარეს ვცხოვრობთ და უმეცრებით ვიკვებებით. წყლის მახლობლად ამოსული ხე ჩირაღდანია, რომელიც მაშინ გაანათებს, როდესაც ამ უმეცრების უსასრულო ღრუბელის გახლეჩვისა და სიმართლის სახით მომავალი მანათებელი თუ დამანგრეველი ცეცხლის მისაღებად ვიქნებით მზად.
-მეორე ნაპირას…
-ტბა სარკეა. ის ირეკლავს და მიმართულებას უცვლის ყველაფერს. შეიძლება გვიცავს კიდეც. სიმართლის ბუნებაც ცეცხლისავით ცვალებადია, ნაია.
-ტბის მეორე მხარეს. - დამარცვლა და ჩუმად რამდენჯერმე გაიმეორა.
-ფრთხილად იყავი ნაია, მე მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია.
-მადლობელი ვარ. -უკან გაბრუნდა. - ქალბატონო კატალია.
-კიდევ, რამის თქმა გინდა,ნაია?
-როგორ მოვედით აქამდე?
-ჩემო კარგო, მკვლელობა განსხვავდება მკვლელობისგან. - პასუხის გაცემა ხმადაბლა დაიწყო. როდესაც პირდაპირ პასუხის გაცემა არ უნდოდა ლაპარაკს შესავლით იწყებდა. - განზრახ თუ უნებლიეთ ჩვენ ყველანი მკვლელები ვართ. გრძნობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით ორმხრივი მკვლელია. საკუთარ მშობელ სხეულსაც კლავს და მასაც, ვისთვისაც არის განკუთვნილი. ეს სიძულვილია. როდესაც ის ჩნდება მძიმდები და შენი სხეული ნელ-ნელა მცოცავ ქვიშაში ეშვება. იგივე ხდება, როდესაც აცნობიერებ, რომ ვიღაც იმავეს განიცდის. ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო ნელა ხდება. ყოველი ახალი ზიზღით სავსე გამოხედვა შენში რაღაც ნაწილს კლავს და რაც უფრო მეტ ადამიანს ეზიზღები, მით უფრო სწრაფად კვდები. სიკვდილი ერთია, მაგრამ აქ მას სახელი სწრაფად არ დაუმკვიდრებია. ის ჩვენ მოვიყვანეთ. მის წინ აღმართული წინაღობები გავანადგურეთ და ჩვენი მუდმივი მაცხოვრებელი გავხადეთ.
-რამის შეცვლა შეგვიძლია?
-წადი. ახლა შენ მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა შეგიძლია.
… ახლა, ტბის მარცხენა მხარეს:
-რა წერილებს?
-ნუ მეთამაშები.
-თორემ? მიპასუხე რას იზამ - დარინა საშიში გახდა, პირი გაუშრა. სისხლის წყურვილმა მოსვენება დაუკარგა. სუნთქვა გაუხშირდა. თვით უბედურება გახდა და მზად იყო წინ მდგომს დაუნდობლად გასწორებოდა. – საბრალო, რაიმე დაკარგე?
-გაბრიელის წერილებს ვეძებ!
-გაქცევა გინდა არა? წასვლა გინდა? - შეშინებულმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. კარში მდგომი არ მოძრაობდა, მშვიდად უყურებდა, აკვირდებოდა და შეშინებული მსხვერპლის დანახვაზე მტაცებელივით ველურდებოდა. საუბარი ყვირილით გააგრძელა:
-დაიმახსოვრე, აქედან ვერ წახვალ. აქ დარჩები და იქნები ცოცხალიცა და მკვდარიც. - მისკენ წაიწია - ჩალპები, შენი თავი ვინ გგონია? შენ არავინ ხარ. მიწაში დამალული ქვეწარმალი.
ტკივილი თავს ყველაზე უდროო დროს იჩენდა, სხეულს გარშემო ეკლებით სავსე ღეროსავით ეხვეოდა და ყოველი მოძრაობის დროს ეხებოდა. თუმცა სისხლი ჩვეული სისწრაფიდ არ ჩქეფდა, ვერც ტანჯვას გრძნობდა იმდენად ეშინოდა, ნაია მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ სიკვდილის უზომოდ ეშინოდა. კანკალებდა, მაგრამ უკან დახევას აღარ აპირებდა. როდესაც უკან შებრუნდა, როდესაც თვალი მის მოსაკლავად მომავალ მხეცს აარიდა, წამით გაქცევა გადაწყვიტა,, მაგრამ ყველანაირი სურვილი გაუქრა, ქალაქის დანახვისას. მნიშვნელობა არ ჰქონდა უკან გაიქცეოდა, რადგან ის მუდმივად ამ ლაბირინთში იცხოვრებდა. მეორე მხრიდან კი სხვადასხვა მტაცებლები წამოვიდოდნენ მის საპოვნელად. არჩევანი ხანგრძლივსა და უეცარ სიკვდილს შორის გააკეთა.
-მეტისმეტია. - შებრუნდა.
-მტვერადაც არ ღირხარ, ყველასაგან შეძულებული, არასასურველი ხარ.
-შეწყვიტე - ნაიც მისკენ წავიდა, საპირისპირო მიმართულებით სიარული გადაიფიქრა. ძალა იგრძნო. ის ან მოკვდებოდა ან მოკლავდა. თვალებში უყურებდა. მარჯვენა ხელს ძალას ატანდა. მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებდათ. გარშემო ლეშის სუნი დატრიალდა, ნათლად ჩანდა და ორი ერთმანეთის მოსაკლავად მიმავალი ქალის დამახინჯებული სხეულის გარშემო დაბინავდა. ჩახმახს ამოძრავებდა და თითს სასხლეტის გამოსაკრავად ამზადებდა.
-უოჯახო, ეული!
-შენ? შენ ვინ ხარ? ჩრდილი ხარ. იმდენად საბრალო, რომ ამ სახლსაც კი ვერ შორდები.
-განაგრძე! - მხოლოდ ოციოდე ნაბიჯიღა აშორებდათ.
-შენ მოკალი? ელა შენ მოკალი? -
-წყეულო, შენი თავისაგან გმირს ნუ ხატავ. ეს ცხოვრებაა და შენ საბრალო ნაქარგს არ ჰგავს. - მხოლოდ ათიოდე დარჩა.
-მიპასუხე!- ნაიამ ხელის უხეში მოძრაობით მკერდის მარჯვენა მხარეს იარაღით დარინას სხეულს ძლიერად მიაწვა - ხმა დაუდაბლდა, მძიმედ ამოიხვნეშა და დაღლილმა წარმოთქვა - კითხვაზე მიპასუხე.
-შენ არ იცი კითხვაზე პასუხი? - დარინა გონს მოეგო. საკუთარ სხეულს დაუბრუნდა. მხეცის ჩრდილი გაიფანტა და ისევ გამხდარი, გამართული ქალი გამოჩნდა. დაჟანგული იარაღის ცივი ლულის მკერდზე შეხებამ სიამოვნება მიანიჭა. შეიძლება რამოდენიმე წამით მას ნაიაზე უფროც უნდოდა, რომ ამ გოგოს გამბედაობა გამოეჩინა და სასხლეტისათვის მაგრად დაეჭირა, მაგრამ ჯერ დრო არ იყო.
გაეცინა :
-რა თქმა უნდა იცი. თავს რატომ იტყუებ? ელა ცოცხალია.
-ტყულია - ნაიას შეეშინდა. ცივმა ოფლმა დაასხა. გუგები შეეკუმშა. თვალის კუნთები დაეჭიმა.
-შენ გინდა დაიჯერო, რომ მკვდარია. - მარჯვენა ხელის, საჩვენებელი თითით ძალიან ნელა, მშვიდად ლულას ნაზად დააწვა და მოიშორა. - გინდა ისეთი უდანაშაულო და ერთგული გახსოვდეს, როგორიც სულ გეგონა - ხმადაბლა, გარკვევით წარმოთქვამდა ყოველ სიტყვას მარცვლავდა და თითქოს ნებით აგზავნიდა ნაიას ყურში ნაპერკლებს დესტრუქციული ხანძრის გასაჩაღებლად.
-შეუძლებელია. - ტკივილმა დაარტყა, მტევანი ერთიანად შემოეხვია, სწრაფად მოუჭირა, ყველა ეკალმა სხეულში შეაღწია.
…დარინა მეთოჯინე გახდა, ნაია კი-მარიონეტი. განწირული, ყველაზე უბედური მარიონეტი.
-ჩემს გარეშე წავიდა? - წითელი თეთრ გარს შეერია. ფიქრობდა, რამდენიმე წამის წინ გაგონილ სიტყვებზე ფიქრობდა და არ უნდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეს ძალიან ჰგავდა. ელას სხეული გაუჩინარდა, ელიაზარი კი კატალიას თქმით გაიქცა. ელიაზარი… ის ამჯობინა და ერთგული მეგობარი უკან დატოვა. ამ ყველაფრის წარმოდგენა იმდენად მტკივნეული იყო, რომ აღარც ტკივილი, აღარც მარჯვენა ხელში გაყინული იარაღი და აღარც მის მოსაკლავად გამზადებული მტაცებელი ახსოვდა. მხოლოდ ერთზე ოცნებობდა და ამ ოცნებაში სიკვდილის საერთოდაც აღარ ეშინოდა.
-შენ არავის სჭირდები. ერთადერთ ადამიანსაც კი, რომელსაც მეგობარს უწოდებდი. წერილები თან წაიღო გზა იპოვა და ყველაფერი უკან დატოვა.
-ტყუი!არაფერი იცი- თვალებიდან მომავალი სევდა სახეს უსველებდა.
არაფერი აღარ ესმოდა უსასრულო წუილის გარდა. დარინა მას ყურთან ახლოს მიუახლოვდა და ჩურჩულით აბრიყვებდა. მის მუცელში რაღაც დაიბადა. შეიქმნა, მატერიალური გახდა. ეს შავი საღებავი იყო, რომელსაც ის მუდამ გაურბოდა. საკუთარი თავის ის ნაწილი, რომელსაც ღიმილითა და მუდმივი საუბრით ,მშვიდ ცხოვრებაზე ,მალავდა, მაგრამ ის მასში არსებობდა. მისი სხეულიდან ეშვებოდა და მის ფეხებთან სითხის სახით იშლებოდა. ნაია მასში იძირებოდა…
…მეორე დღეს ყველაფერი ჩვეულ წრეს დაუბრუნდა. ნაიამ მშვიდად გაიღვიძა. ოფლი შუბლიდან მოიშორა, ცუდ ხასიათზე იყო და ხო, არაფერი აღარ ახსოვდა. არასასიამოვნო შეგრძნება გაჰყოლოდა : “ნეტავ რა დამესიზმრა”- ფიქრობდა და ქსოვდა. რამდენიმე დღეში მიქაელთან უნდა მისულიყო ახალი ნამუშევრების მისატანად. ხელები ძლიერ უკანკალებდა, ვერ იმორჩილებდა და პირველად დიდი ხნის შემდეგ ნემსი ააცილა და როდესაც ძაფი სისხლით შეეღება გონებაში წამით რამდენიმე სურათმა გაიელვა : წყვდიადი ღამის, იარაღის, სიძულივილით სავსე თვალების… მაგრამ ყველაფერი ძალიან მალე გაქრა.
ყველაფერი ჩვეულად მიდიოდა. დაფაზე ყველა ფიგურა თავის ადგილს უბრუნდებოდა. მხოლოდ ერთი შეიცვალა - ფუღურო დაცარიელდა, დაჟანგულმა იარაღმა ტბის ფსკერზე გადაინაცვლა.
***
სიჩუმე ჩვეულებრივზე დიდხანს გაიწელა. რაისას ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივმა გააღვიძა. უკმაყოფილოდ წამოდგა და ძმის ოთახისაკენ გაეშურა. კრისტოფერის სიკვდილის შემდეგ, იმ საღამოს შემდეგ, როდესაც საკუთარი ძმის, თეოდორის, მოკვლა განიზრახა თავში ათასი აზრი გაუჩნდა. ეცოდებოდა, გულის სიღრმეში კრისტოფერის სიკვდილი ძალიან ეწყინა. ის სარკე იყო მისთვის. უყურებდა და ხედავდა საკუთარ მომავალს, საკუთარ უმოძრაო, ბეჩავ მომავალს და ამიტომ კავშირს გრძნობდა მის სხეულთან, რადგან იცოდა, რომ დრო გადიოდა და ნელ-ნელა მას უახლოვდებოდა.
აი, თეოდორის მოკვლის სურვილი კი არ უცხრებოდა. კიბეზე ამავალი სწორედ მასზე ფიქრობდა. იქნებ მართლაც ის იყო დამნაშავე ყველაფერში? ეს აზრი, იდეაფიქსი აიკვიატა და ძალიან მოეწონა, რომ მისი მშვიდი, გაწონასწორებული ძმისაგან გამოუსწორებელი ანტაგონისტი, ხოლო საკუთარი თავისაგან უდანაშაულო პროტაგონისტი დახატა. მას სჭირდებოდა ვინმე, ვისაც ყველა საკუთარ უბედურებას მიაწერდა. ეს მას იხსნიდა. ერთს დაარქმევდა დამნაშავეს და მთელს სახლში გაფანტულ ზიზღს მისკენ მიმართავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს დაადანაშაულებდა და განადგურდებოდა.
დაკარგული იარაღი არც გახსენებია. გაუხარდა კიდეც, რომ წინა ღამით ის თავის ადგილას არ დახვდა. იარაღის დაკარგვასთან ერთად მან დაივიწყა დიდი ხნის წინ დახატული ცხოვრების დასასრული. თვითმკვლელობაზე იმ ღამის შემდეგ აღარც უფიქრია. თითქოს ყველა გზა გაეხსნა. თავს სუსტად, ლაჩრად აღარ თვლიდა, რადგან ახლა თავს ირწმუნებდა, რომ იარაღი, რომ არ დაკარგულიყო ნაბიჯის გადადგმას არ შეუშინდებოდა. ხო, იარაღიც ყვეფერში დამნაშავე იყო. ყველა იყო რაღაცაში დამნაშავე რაისას გარდა.
გამოძინების შემდეგ ისევ საკუთარ თავს დაემსგავსა, ძველებურად ქედმაღალი გახდა და აღარ ჰგავდა იმ გოგოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარ მძორობაში, არაფრისმაქნისობაში დარწმუნებული ფატალური ნაბიჯების გადადგმას გეგმავდა.
ყველაფერი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. ის ისევ ფიქრობდა, თუ როგორ წასულიყო აქედან. როგორ მიეტოვებინა ყველა, წაეღო თან დედის მოპარული ძვირფასეულობა მოემზადებინა ყველაფერი და ეცხოვრა მუდამ ერთ ადგილზე გაჩერებულს სიმდიდრესა და ფუფუნებაში მანამ, სანამ საკუთარი სისხლი ბოლოს არ მოუღებდა. ეს კათარზისის წამები კი, რომლებიც მან უკვე განიცადა აღარც გაახსენდებოდა. უკვე დაევიწყებინა, რომ სულ სხვანაირად შეხედა საკუთარ სახლსა და საკუთარ ცხოვრებას. იმდენამ არ მოსწონდა ის, რასაც ფიქრობდა და განიცდიდა, ის არეულობა, რომელიც მას არ ჰგავდა და ვერ ხვდებოდა რატომ დაატყდა თავს, რომ გამოსავალი იპოვა- ყველაფერი თეოდორის ბრალია - თქვა და ქაოსი გაქრა.
…ოთახში არავინ დახვდა. საწოლი ცარიელი, სკამი-იატაკზე დავარდნილი, შუქი ანთებული, სიცოცხლე- ჩამქვრალი. არც თეოდორი ჩანდა. ეს ადგილი ასეთი დაცარიელებული არასდროს ენახა. ღია ფანჯრიდან მძიმე ხმა შემოდიოდა. რაისამ დაინახა, რომ თეოდორი კრისტოფერს ეზოს უკან, თავით ტბისაკენ ასაფლავებდა.
…ისევ, ყველაფერს შორიდან უყურებდა. თეოდორი საყვარელ ძმას ასაფლავებდა ის კი კვლავ არავის სჭირდება. არაუშავს, ისინი ინანებენ, როდესაც რაისა აქედან გასაქცევ გზას იპოვის და ყველას აქ საცხოვრებლად დატოვებს. ყველა ინანებს, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, რომ არარაობად, არასასრუველ ოჯახის წევრად აგრძნობინეს თავი. ის იცხოვრებს მშვიდად, ნამდვილი ცხოვრება ექნება და არასდროს მათ არ გაიხსენდებს. ისინი კი ყოველთვის გაიხსენებენ, ემახსოვრებათ და საკუთარ დანაშაულზე იფიქრებენ, როდესაც სენი გაძლიერდება ერთ ადგილზე გაჩერდებიან და მხოლოდ ერთზზე იფიქრებენ - რატომ დატოვა ყველა უკან რაისამ? - ამ სიუჟეტს საკუთარ თავში ატრიალებს. თეოდორის გაკვრივებულ სახეს წარმოიდგენს, როდესაც მისი წასვლის ამბავს შეატყობინებენ. ღიმილი სახეზე გაუთამაშდა. კვლავ დამშვიდდა.
…არა, მაინც ასე ზურგიდან ყველაფრის ყურებაც დამღლელია. კრისტოფერი კიდევ ერთხელ უნდა ნახოს, მისი სახე უნდა დაიმახსოვროს. მასზე ცუდი არაფერი ახსოვს. იქნებ, ოდესღაც კარგადაც მოიგონოს. რაც არ უნდა იყოს, მაინც უნდა ნახოს.
-რას აკეთებ? - დაუძახა სახლიდან გამოსულმა რაისამ.
-შენს ძმას ვასაფლავებ.
-დედა და მამას სად არიან?
-არ ვიცი, არ მინახავს.
-დალოდებოდი. რა უფლებით გადაწყვიტე, რომ მარტოს შეგეძლო კრისტოფერის ყველასაგან შეუთანხმებლად დასაფლავება?
-რატომ გადავყწვიტე? - ამ საუბრის განმავლობაში, თეოდორი საქმეს არ მოშორებია, რაისასთვის არც კი შეუხედავს, და კი კვლავ ძმის დაღლილ, დაძაბულ ზურგს უყურებდა- იმიტომ, რომ ერთი სისხლის გარდა ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს. - მძიმედ სუნთქავდა - იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა ჩვენთვის ერთი ოჯახის დარქმევა, მაგრამ სინამდვილეში არც ჩვენ, არც თქვენ და კრისტოფერს არაფერი გვაქვს საერთო ამ განადგურებული სახლისა და გაფლეთილი ყოველდღიურობის გარდა. სასაცილოა! ასე არ ხდება. მე მაქვს უფლება გადავწყვიტო იმიტომ, რომ ჩვენ ძმები ვიყავით. ის ვერ მოძრაობდა, ვერ ხედავდა და შეიძლება არც ესმოდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოელითვის, ყოველ დღე გრძნობდა ჩემს გვერდით ყოფნას და ასევე გრძნობდა, რომ ჩემს გარდა მისთვის არავის დრო არ ჰქონდა. მე ვიყავი მისი სიცოცხლე და პირიქით- ის იყო ძალა, რომელიც სიცოცხლეს მეც მაძლევდა. მე, მხოლოდ მე ვიყავი ამ სახლში მისთვის.ამიტომ რაია, სწორედ მე მაქვს უფლება გადავწყვიტო რა როგორ იქნება!
-კი, მხოლოდ თქვენ იყავით ერთმანეთისათვის.
-რისი თქმა გინდა?
-თავს დამნაშავედ არ გრძნობ?
-კრისტოფერის წინაშე?!
-არა, თეოდორ ჩემს წინაშე.
-მებრალები. მუდმივად დამნაშავის ძებნაში გახდები შენც ამ მიწის ნაწილი - თქვა და მიწა კრისტოფერის სხეულს დააყარა.
-დაივიწყე. მაინც, ვერ გაიგებ. რატომ ასაფლავებ აქ? - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-სხვა ადგილი გეგულება? - შებრუნდა რაისასკენ დაღლილი თეოდორი. გაუწონასწორებლად სუნთქვადა. ღამის თევა თვალებზე ბეჭდად დაემჩნა. დასუსტებული ჩანდა. ალბათ, მთელი ღამე აქ გაატარა. ღრმა ორმო გათხარა. კრისტოფერი უკვე დააწვინა. დაყრილ მიწას მისი ფეხები დაეფარა, მაგრამ სახე ჯერ კიდევ გამოკვეთილად ჩანდა. ისეთი უცოდველი იყო, მნახველს გულგრილს არ დატოვებდა. თითქოს არაფერი შეიცვალა : ის ხომ მუდმივად ასე, გაუნძრევლად,იწვა, ვერ მოძრაობდა, ვერ საუბრობდა, მაგრამ რაისას ის ახლა უფრო კმაყოფილი, მშვიდი ეჩვენა. შეშურდა კიდეც მისი. კვლავ დაკარგულ იარაღზე გაახსენდა.
-არ ვიცი. სასაფლაო?
-რაისა, აქ მკვდარი ვინმე გინახავს? იცი რა ემართებათ აქ გარდაცვლილებს? თუ იცი მითხარი-გაჩუმდა. არ იცოდა რა ეპასუხა. თეოდორმა ზურგი აქცია და საფლავის მომზადება განაგრძო. მართლაც ჯერ არავის სიკვდილის შესახებ არ გაეგოთ. მხოლოდ ელას სიკვდილს ეჭვობდნენ. სწორედ, ამტომ ამოეთხარა თეოდორს ღრმა საფლავი და ,ამიტომ ასაფლავებდა ყველასაგან მალულად. ეშინოდა ისიც ელას სხეულივით არ გაუჩინარებულიყო და გაურკვევლობის გარდა არაფერი დაეტოვებინა. არ უნდოდა ერთადერთი, რაც ძმისგან დარჩა დაკარგულიყო.
-ეს წყეული ადგილი თვითონ არის სასაფლაო - ხვნეშდა - ძალიან ღრმად უნდა დავასაფლავო! ვერავინ უნდა იპოვოს! ვერავინ უნდა ნახოს! - საუბარი ნელ-ნელა ყვირილში გადავიდა, დაიღალა, ფხვიერ მიწაზე დაჯდა.
-მუდმივად იცვლება ადამიანის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. ხანდახან დაღლილი, სიკვდილი ნატრობს, მაგრამ, როდესაც ყველაფერი აქვს რაზეც კი უოცნებია, ყველანაირი ხერხით სიკვდილის თავიდან არიდებას ცდილობს. მე მაინტერესებს რას ფიქრობდა კრისტოფერი სიკვდილზე. ჰქონდა თუ არა მას ყველაფერი, რაც მას უნდოდა.
-არ ჰქონია რაისა. კრისტოფერს ის ცხოვრება არ ჰქონია, რომელსაც იმსახურებდა.
-მე არ მითქვამს, რომ კრისტოფერს ჰქონდა ის ცხოვრება, რომელსაც იმსახურებდა, მაგრამ მას ჰქონდა ის, რაც უნდოდა.
-ასე ფიქრობ?
-კი.
-საფლავი, რომ იპოვონ?
-ვერავინ იპოვის… - რაისას ხმაც შეეცვალა, დარბილდა. ძმას მიუახლოვდა. მის გვერდით ჩამოჯდა. - ამ საფლავს ყოველთვის ეყოლება დარაჯი, გუშაგი, რომელსაც ემახსოვრება და უკვდავყოფს კრისტოფერის დანატოვარს.
-როგორი? - ხმას დაუწია.
-დახვეწილი, ვერცხლისფერ ფრთიანი, მაღალყელიანი წერო.
-წერო?
-ხო, წერო. ლამაზი, ერთგული, ჭკვიანი.
თეოდორს გაეღიმა. მოეწონა რაისას სიტყვები. წარმოიდგინა მზით განათებული საფლავი და მის ახლობლად დაბუდებული ვერცხლისფერ ფრთიანი წერო.
შეიძლება პირველად ისინი მართლაც დაემსგავსნენ დასა და ძმას. კიდევ დიდხანს ისხდნენ და უყურებდნენ კრისტოფერს, მაგრამ სულაც აღარ ლაპრაკობენ მასზე. იღიმოდნენ, თვალებში ალერსიანად უყურებდნენ ერთმანეთს და ფიქრობდნენ მომავალზე, რაისამ გაქცევაზეც კი თქვა წამიერად უარი და დახატა ახალი დრო, სადაც ის და თეოდორი მომზადებულნი იქნებოდნენ ყველაფრისათვის, ყველა მოსალოდნელი დარტყმისათვის. კრისტოფერის მაგალითმა ბევრი ასწავლათ. ახლა ისინი გახდნენ ერთმანეთის დარაჯები. ყველანაირ შემთხვევაში თეოდორი ასე ფიქრობდა, მაგრამ ეს გამარჯვება მისი არ ყოფილა, არც რაისასი იყო, არავისი იყო.
…ახლა, ის აღარ იყო დამნაშავე ყველაფერში, ამ წამს დამნაშავე კრისტოფერი იყო. რაისასთვის ვიღაც ყოველთვის იყო დამნაშავე და შეიძლება ყველაც იყო დამნაშავე. ყველა რაისას გარდა.

***
ელიოზის სიცოცხლის წიგნი :
“დღე საღამოზე სასიამოვნოა. მზის სხივებით ივსება ნიავი და სხეულამდე სითბო მოაქვს. ფანჯარას არასდროს ვხურავ. სუფთა ჰაერი ნესტის სუნს ერევა. სიცოცხლის სურნელად ჩემს სახლში იფრქვევა. შემომავალი ჯერ სახის კანზე მეთამაშება. ყველაზე ნაზ ქსოვილს წააგავს. შემდეგ ზურგს მაქცევს და ოთახში დასადგურებულ სიცარიელეს შეავსებს.
…ეს სიცოცხლეა. არ მახსოვს სად ვცოხვრობდი აქ მოსვლამდე. ალბათ, ვერც ვერასდროს გავიხსენებ. ყველაფერი დამვიწყებია, ყოველი შეგრძნება ჩემთვის ახალია. არსებობის ხიბლს მხოლოდ ახლა ვეცნობი. ნელ-ნელა ვსწავლობ. ყველაფერს გარშემო საკუთარ სახელს ვარქმევ, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ შეუცნობელია ჩემთვის.
ასე ჯობს. ჩემი ბაგიდან ამომავალი სიტყვები სხვა ელფერს იძენენ. ყველა ნათქვამი განსხვავდება ერთმანეთისაგა. როდესაც რაიმეს სახელს ხმამაღლა ვამბობ, სიტყვები წინ გარბიან, საგნებს ერევიან და სამუდამოდ იქ რჩებიან. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ნებით იჭრებიან ჩემში. ხანდახან გაცნობიერებაც მიჭირს. გონება მათ სიჩქარეს ვერ ეწევა.
…რა სასიამოვნოა. ალბათ, წარსულში ყველა ამ გრძნობის სახელი ვიცოდი. დავიწყებულის თავიდან აღმოჩენასაც საკუთარ ხიბლი ჰქონია. პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით, პირველად ნანახი სურათი აღარ იცვლება. მუდმივად წარუშლელად რჩებას შენს გონებაში. თითქოს გაშლილ მდელოში გადიხარ. შენს დანახვაზე ბალახში დამალული პეპლები აფორიაქებულები ფრინდებიან. ყველას სხვადასხვა ფერის ფრთა აქვს, მაგრამ შენ მხოლოდ ერთს იმახსოვრებ. მუდამ ის ერთი გემახსოვრება. შემდეგ, როდესაც კვლავ ნახავ მფრინავს ისევ ის გაგახსენდება, შენთვის სახელი მხოლოდ მას ერქმევა.
წარსულზე ბევრს არ ვფიქრობ. აზრი არ აქვს. ხო, ეს სურვილიც თავისით მოვიდა. რატომღაც ყველაფრის მიტოვება და ახლისაკენ წასვლა მინდა.ეს ქუჩები თავისუფალია. ხალხს იშვიათად ვხედავ. აქ ცხოვრება მომწონს. არავინ ხმაურობს. ქალაქის ბოლოს პატარა მაღაზიაა პატრონი-გაბრიელის შვილი მიქაელია.
კარგი ოჯახია. მიქაელი მამას ჰგავს, მის მსგავსად თავაზიანია. იცის, რომ ჯერ საქმე ვერ ვიპოვე, ამიტომ სურსათს გამოსასყიდის გარეშე მაძლევს. ვალს აუცილებლად გადავუხდი. სასიამოვნო ღიმილი აქვს. ხანდახან ოჯახურ კავშირს ვგრძნობ მასთან, მაგრამ მისი თვალები სევდიანია. მუდმივი ღიმილი ჩაწითლებულ თვალებს ვერ მალავს. ხანდახან მგონია, რომ წუთი წუთზე ცრემლებად დაიღვრება, მთელ იატაკს სითხედ მოედება.
ბოლოს რამდენიმე დღის წინ მოვინახულე. გამოვუტყდი, რომ სევდიანი მეჩნებეოდა. მიქაელმა მხრები აიჩეჩა - გაუსაძლის მარტოობას ვგრძნობო დაჭმუჭნული ღიმილით მიპასუხა.
რა არის “მარტოობა”? სიტყვა ნაცნობია, მაგრამ ვერც ერთ ჩემთან მოსულთან ვერ ვაკავშირებ. როდესაც რაიმე ახალ სახელს ვიგებ, ვფიქრობ. ყველაფერს ვიხსენებ და თითქოს ნემსით და ძაფით რაიმესთან ვაკავშირებ. არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც მზრუნველი მამა ჰყავს მარტოობა აწუხებდეს? მე აქ არავის ვიცნობ. გაბრიელმა ყველაფერი მიამბო. მითხრა, რომ აქ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მე მარტო ვარ, მაგრამ სულაც არ ვგრძნობ თავს მარტოდ. არ მინდა ეს შეგრძნება ჩემამდეც მოვიდეს, სასიამოვნო არ უნდა იყოს. აქ მისი ყველას ეშინია. მარტოობის ამ ქალაქში ყველას ძალიან ეშინია.
ერთი შეხედვით აქ არაფერი ხდება. ყოველი დღე გასულს ჰგავს. ხო, წინათგრძნობა არ მასვენებს. აქ რაღაც იმალება და მეც ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი. ამბობენ ერთ ქალს მომავლის დანახვა შეუძლია. მირჩიეს მასთან მისვლა, მაგრამ არ მინდა რაიმე ჩემი მომავლის შესახებ გავიგო. მინდა დაველოდო და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახო, მაგრამ შიშიც მოუსვენარი ყოფილა.
წყლით დაფარულ ბილიკზე მიმავალმა არ იცი, როდის გამოგეცლება ფეხქვეშ მიწა და დაეშვები ფსკერზე. შეშინებული სისუსტეს მთელი არსებით იგრძნობ, მაგრამ თუ ჩაძირვის შიში გაგაჩერებს, სიმშვიდე მაინც მიუწვდომელი იქნება შენთვის. გაჩერდები მუდამ, მაგრამ სხეულის ნახევარი წყლით გექნება დაფარული. არც წყლის ნაწილი იქნები არც მიწის. შუამავალი იქნები და დაიტანჯები. ცხოვრებაში საკუთარ ადგილის დაკარგვით დაიტანჯები. რაღაც ახალი ეკლიანი დაიბადება შენს სხეულში. ეს ხმა მოსვენებას დაგიკარგავს .ადგილზე მოგიღებს ბოლოს.
შიშის გამო შეჩერება მცდარი ნაბიჯია. გარდაუვალს არ უნდა გაექცე, არ უნდა დაუპირისპირდე. გაჩერებული, სამყაროს პირისპირ მხოლოდ უკუნითად ქცეული სინალითა და სიცარელედ ქცეული სრულყოფილების ამარა რჩები. ეს ჩემი სამყაროა, რომელსაც დაცარიელება არ ემუქრება, მაგრამ, როგორც ყველას, მეც მეშინია, ჩემთვის ამოუცნობის ძალიან მეშინია.”

“გაბრიელი ხელობას მასწავლის. დილით ადრე მივდივარ. სარდაფში სხვადასხვა მტვრიან იარაღს მაცნობს. ხისაგან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს ვაკეთებთ. რა საინტერესოა. დიდი ძალა გვქონია. თურმე შექმნის, გარდაქმნის ძალაუფლებას ვფლობთ. ხეს ფორმებს ვუცვლით, ერთ-ადგილას ვჭრით, მეორეს- ხელუხლებელს ვტოვებთ, ბოლოს სრულიად იცვლება და ახალ დანიშნულებას იძენს. ისიც ყველასათვის სასარგებლო ხდება.
კარგად გამომდის. საკუთარი საქმეც ვიპოვე. უქმად დროს აღარ დავკარგავ და მეც გავხდები ამ ქალაქის ნაწილი. მისი თქმით ეს აუცილებელია, რომ თავი სრულფასოვნად ვიგრძნო. მარტივი საქმეა. არ მესმის, როგორ შეიძლება მხოლოდ ეს იყოს საკმარისი სრულფასოვნების მოსაპოვებლად. უამრავი კითხვა გამიჩნდა, გაბრიელმაც ყველა ჩემს კითხვას გულწრფელად უპასუხა. ბავშვს მეძახის, მაგრამ მისი ბაგეებიდან წამოსულ ამ სიტყვას გულწრფელი, მშობლური სიყვარულის მეტი არაფერი მოაქვს. პირველად დამაინტერესა, როგორი ბავშვი ვიყავი ან სად გავატარე საკუთარი ბავშვობა. ცნობისმოყვარეობა უმალ დავიკმაყოფილე. გონებაში უამრავი სურათი დავხატე. ჩემს ბავშვობასაც მე თვითონ ვქმნი. შეიძება ასე უკეთესოა.იქნებ საზარელი ბავშვობა მქონდა? იქნებ არავის ვუყვარდი? ამ ყველაფერს მე ვერასდროს გავიგებ. დაღად ტკივილი არ მაქვს დასმული. მშვიდად ვსუნთქავ. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ თურმე ყველაფრის დავიწყება არც ისე ცუდი ყოფილა.
როდესაც ყველაფერის ხმარება მასწავლა, განმიმარტა, რომ ხე ვერაფერს გრძნობს. მას სული არ გააჩნია. ჩვენ კი სულიერებს შეგვწევს უნარი გავხდეთ შემოქმედები. მისი თქმით, გარშემო ყველაფერი ორად იყოფა : სულიერად და უსულოდ.ჩემი შემდეგი კითხვაც ბუნებრივი იყო -როგორი არის სული? ეს ის ერთადერთი კითხვაა, რომელზეც გაბრიელმა ნათელი პასუხი ვერ გამცდა. ერთი ის მითრა, რომ სული უხილავი და ყველა თავისებურად გამოსახავს. მშობელივით გამიღიმა და საქმე განაგრძო.
…ჩემს თავში ყველაფერი ასე დაიხატა: ნათელში გახვეულ სილუეტს სინათლე თეთრი გამჭვირვალე ქსოვილად ედება, კანზე სრიალებს და მთელ სხეულს გარშემო ეხვევა. გრილი ნიავი არხევს და ზურგს უკან მოფრიალე ფრთების შთაბეჭდილებას ქმნის. სხეულის ფორმის მქონe ციცინათელის მსგავსად ანათებს. გარშემო ყველაფერს სიცოცხლეს უწილადებს.
არის რაღაც საერთო ჩემსა და გაბრიელს შორის. მასაც არაფერი ახსოვს საკუთარი წარსულის შესახებ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის პირველი დასახლდა ამ ადგილას. მოგონებები მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ყველა აქ მათ აღმრთებს. იქნებ ასეთია ყველას ბუნება და მე და გაბრიელი იმიტომ ვართ მშვიდად, რომ ახლა ვცხოვრობთ და არ ვიკარგებით წარსულის მორევში. როგორც გავიგე ისინი ყოველთვის მშვიდნი არ არიან, მაგრამ უბედურების ჟამს ჩვევა ჰქონია ყველას გაიხსენოს კარგი და მოეჭიდოს მას უკანასკნელი ხავსივით. აი, ჩვენთვის მხოლოდ ერთი სივრცე არსებობს, რომელსაც არ არღვევს მშვიდი სტვენის ხმა. ხო, რატომღაც წარმოვიდგინე, რომ მოგონებები ხალხთან ჩუმი, სტვენის სახით მოდის. ის ჩემთან არ მოდის.
…ერთ კითხვაზე პასუხი კი ჩემით გავეცი - როგორ უნდა იყო ბედნიერიც და უბედურიც ერთდროულად? ყველაფერი ყოველთვის სწორ გზას არ მიყვებდა და არც არასდროს დაირღვევა კარგისა და ცუდის ცვალებადი ბუნება. გზის შუაგულში გაჩერებული აცნობიერებ, რომ სრულყოფილი აქამდე არაფერი იყო და შეიძლება ვერც ვერასდროს მიუახლოვდე სრულყოფილებას, მაგრამ უკან გახედვისას უამრავი სურათი გაგახსენდება, შეხედავ და იტყვი ეს დრო იყო სრულყოფილი…
…მე გზის შუაგულში ვარ და მხოლოდ წინ ვიყურები. კი, მშურს, გულის სიღრმეში ბედნიერების და უბედურების ძალიან მშურს.”

“ჩემი სიმშვიდე მხოლოდ ჩემი სახლიდან გაბრიელის სახლამდე მიმავალ გზას მოიცავს. ყველა გამირბის, თავს არიდებს ჩემთან საუბარს. ვცდილობ თავაზიანობა გამოვიჩინო, ვცდილობ ჩემი სუნთქვით მათი ჩავყლაპო, საკუთარი განწყობა გადავდო. ჩემს გვერდით ყველაფერი იცვლება, მაგრამ მე ამაში წვლილი არ მიმიძღვის. ერთი, რამ შევნიშნე - ყველა ჩემს გარშემო იმდენად არის დამძიმებული გასაჭირითა და საკუთარ არსებობაზე ფიქრით, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევს. ხშირად ვუყურებ, როგორ გადი-გამოდიან და შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონაც არ იციან სად მიდიან. რა თქმა უნდა, ისინი გვერდიდან მაყურებელს ვერ მამჩნევენ, გარშემოც ვერაფერს ხედავენ. ავტომატურად, დაპროგრამებული მანქანებივით მიდიან წინ.
…ხანდახან მგონია,რომ ეს ყველაფერი უცნობი მეთოჯინის დადგმული მორიგი თამაშია, თითქოს ყოველი ნაბიჯი გათვლილია. დროის უმნიშვნელობა მძაფრად იგრძნობდა.თავიდან ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ამ ქუჩებს საშინელი სუნი აქვთ მოდებული. ეს სუნი ყველა მგზავრს უახლოვდება და ფილტვებში ჩასვლის თანავე მის სხეულსაც იპყრობს. მისი ნაწილიც ხდება და დაეოლოდება ყველაზე შესაფერის წამს, რომ გამოაღწიოს, სხვასთან მივიდეს და მის სხეულში აყვავებული ტოტები ერთიანად ჩააჭკნოს. ასე ვრცელდება ეს ყველაფერი, დღიდან-დღემდე ყველაფერს ყლაპავს, ჭამს.
ვერიდებიდი, გავურბივარ, მაგრამ მოვა დრო,როდესაც ჩემამდეც მოაღწევს. შეიძლება მოაღწია კიდეც. აქ ცხოვრებას აქვს მხოლოდ ერთი წესი : უნდა იცხოვრო მანამ, სანამ ამის ძალა შეგწევს. ყველა გაურკვეველ ჭირზე ლაპარაკობს. ალბათ, ამიტომ მივაჩნივარ ყველას უცხოდ, ამიტომ ხედავს ყველა ჩემში საფრთხეს. მე არ ვიცი, თუ რას ვატარებ ან საერთოდ ვატარებ თუ არა რაიმე სენს სისხლით. მე მათი ნაწილი არ ვარ და ვერც ვერასდროს გახდება ეს კედლები ჩემი. სახლში დავიმალები შეშინებული, დატანჯული.
…ხო,მტანჯავს. სიკვდილის სუნში ცხოვრება ჩემს გულს ტანჯავს.

“ყველაფრის თავიდან აღმოჩენა საკმაოდ რთული ყოფილა. ყველაზე მძიმე პირველი, უმიზეზოდ მოსული დანაშაულის შეგრძნებაა.მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია დავახასიათო ეს გრძნობა და ეს სიტყვა მძიმეა.
ყველა გრძნობის აღქმის, აღწერის უნარი არ შემწევს, მაგრამ ნათლად შემიძლია ვიგრძნო სიმძიმე რომელიც გულს გარშემო ეხვევა. ის ჩასაფრებულ მტაცებელს არ ჰგავს. მოუსვენარი პარაზიტი გულის გარშემო დაძრწის და ბრუნვის დროს ყველა მხარეს ედება. დაუნდობელი სიმძიმის სახით რჩება ჩემს სხეულში. ის სიმბიოზია კარგისა და ცუდისა. ერთადერთი ნაწილი, რომელიც მას ვერ ეგუება თვალებია. ყველაზე ძლიერ სწორედ ამ ადგილებს აწვება.
…ხშირად მიცრემლიანდება უმიზეზოდ თვალები. ხო, მაშინ, როდესაც ეს გრძნობა მოდის ფეხზე დგომა მიჭირს. მძიმედ ვსუნთქავ. ჩემს ფილტვებში ჩასულ ჰაერში მკვიდრდება, ამოსუნთქვა მიჭირს. ცუდის გახსენებაც კი არ შემიძლია, რომ თავს ვაიძულო იტიროს. არ ვიცი რატომ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, არ ვიცი რატომ ჩასახლდა ეს შეგრძნება, მაგრამ ერთი, რაც ზუსტად ვიცი - ძალიან მინდა მისგან თავის დაღწევა.
ფიქრებში გართული ტბის ნაპირს მივუახლოვდი. სახლი უკან დიდი ხნის ჩამომიტოვებია. ლამაზი ადგილია, წყალი მიზიდავს. სხეულისა და სულის გაწმენდა სწორედ რომ ღრმა წყალში დაშვებას ჰგავს. მეც ნაბიჯს ავუჩქარე, ვიარე მანამ, სანამ მიწა ფეხქვეშ არ გამომეცალა და ხელებგაშლილი დავეშვი ქვევით. მთელი ეს სიმძიმე დამაწვა, ქვევით მივყავდი. სუნთქვის შეკავება არ მიჭირდა. წყლიდან ზევიდან მომავალ, წყალში გაფანტულ სინათლეს ვხედავდი. სითბო ზევით დარჩა. სიცივე ვიგრძენი, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობდი. თითქოს სახლს დავუბრუნდი, თითქოს აქ უნდა დავრჩენილიყავი.
ზურგით მიწასთან შეხება ვიგრძენი. არაფრის შეცვლა აღარ მინდოდა. აქ ვიყავი მხოლოდ მე. ჩემს დამძიმებულ სხეულს უმოძრაობა აერჩია. შორიდან მომავალი სინათლე ფსკერამდე ვერ აღწევდა. ცეკვით უდარდელად, ხალისიანად ეშვებოდა ჩემსკენ.
…სინათლე ორად გაიყო. მარტო აღარ ვარ და უცებ გამახსენდა მთავარი- მე მნიშვნელოვანი ვარ. ორი ერთი გახდა და დაეცა ჩემს სხეულს. ეს შეგრძნება სხვა არაფერს ჰგავდა. ნათლად ვიგრძენი შეხება, რომელმაც უკნიდან ხელი მკრა, ზევით ასვლისაკენ მიბიძგა.
ზედაპირისაკენ მიმავალმა ყველაფერი სხვანაირად დავინახე. მე არ ვშორდებოდა სინათლეს, არა, მე მივდიოდი მისკენ. სიცივისაგან წამოსული სითბოსკენ მივიწევდი: მსუბუქი, უდარდელი, სწორედ იმ სხივის მსგავსი, რომელიც ჩემსკენ ეშვებოდა. “მე მნიშვნელოვანი ვარ” ეს სიტყვები გახდა ჩემი ფრთები და,როდესაც წყლიდან ამოვედი, ჩავისუნთქე. ნაზი სასიამოვნო ჩასრიალდა ჩემს ფილტვებში. სიმძიმე ქვევით დარჩა მე კი ტბის ნაპირას მშვიდად ვიყავი.
კიდევ დიდხანს დავრჩი, მაღალი ხის ძირიდან ვუყურებდი ერთ ადგილას გაჩერებულ ტბას. ამ დღეს მე მივხვდი, რომ მიყვარს, კი, მე სიცოცხლე ძალიან მიყვარს.”

ელიოზი
***
თედორე თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ეს ყველაფერი კვლავ სიზმრების ბრალი არ არის. დღეს ისიც ორია. გაჭედილი რეალობისა და შეუცნობლის გასაყარზე. სიმშვიდე მაშინ მოდის, როდესაც სული სხეულთან თანხვედრაშია,როდესაც ჰარმონიულად განაგრძობენ არსებობას. თედორეს სხეული ვერ ეგუება მის სულს. არსებობდნენ ცალ-ცალკე სხეული და სული. ხორცი ზედმეტად მცირეა. ამბოხებული მის თავიდან მოშორებას გამოგლეჯვას ლამობს. ვერ ეგუება ტყვეობას. წარმავალი, უვიცი ციხეს დაემსგავსა. სული კი ყოველი დატყვევებული პატიმრის მსგავსად თავისუფლებისაკენ, გაქცევისაკენ მიილტვის.
…ეს ტკივილი მუცლის ღრუში იბადება. ორად იხლიჩება. ერთი ზევით გონებისაკენ ემართება, თავის ქალაში ტვინის გარშემო ტრიალებს და ყოველ ქსოვილთან შეხების დროს გაუსაძლის ტკივილი იწვევს. მოუსვენარი ხან ერთ კედელს შეეჯახება, ხან -მეორეს. თედორე თავს ორივე ხელს მაგრად უჭერს. შუბლის არეში გაუსაძლის ტკივილს გრძნობს. ეს წერტილი ამოირჩია ზედაპირზე გამოსაღწევად. ძალას არ იშურებს, რომ ერთ წერტილში, შეაჩეროს. ცდილობს, მის დესტრუქციულ ძალას შეეწინააღმდეგოს. სხეული დუღს, გავარვარებული სული მის ნაკუწებად დაშლას ცდილობს.
მეორე განსხვავებულია, ერთი შეხედვით, შედარებით ლმობიერი. ქვევით მიმავალი ორივე ფეხს ქარიშხლისავით სისუსტის სახით ეხვევა და სასიცოცხლო ძალას აცლის. დაცარიელებულ კუთხე-კუნჭულებში სახლდება და არასდროს მიდის. ეს ის ნაწილია, რომელიც უსამართლობას ვერ შეეგუა. გაბოროტდა, დაუმსახურებლის ატანის ძალა აღარ ეყო. ეს ის ნაწილია, რომელიც ერთ დროს სიმართლისათვის იბრძოდა მაგრამ დანებდა. ასე ხდება- იმედ დაკარგული, სასოწარკვეთილი ყველაზე სასტიკია. იხლიჩებდა და იძულებული ხდება საკუთარ სხეულში დაცარიელებულ ადგილებში იარსებოს. გამოღწევას არ ცდილობს. განდეგილი დანაწევრებულის აჩრდილი ხდება, დაძრწის, სამარადისოდ აქ იმკვიდრებს ადგილს.
-მიშველეთ!-ღრიალით აღმოხდა თედორეს. ფეხებს ვეღარ დაიმორჩილა.წონასწორობა დაკარგა.იატაკზე სკამთან და მინის ნამსხვერვებთან ერთად დაეშვა.
-თედორე, კარგად ხარ?- კატალია ღამე ოთახიდან სირბილით გამოვიდა, ძმის საძინებლიდან გამომავალმა მსხვრევის ხმამ სიბნელის სახით მოსულ ღამეში ჩაძირული გამოაფხიზლა, სიმყუდროვე დაურღვია. -რა მოხდა? შეშინებული ოთახში შევიდა.
-აღარ შემიძლია!
-რა ხდება?
-დავიღალე. აღარ მინდა! კატალია, მეც მინდა ცხოვრება, თავისუფლება.
-უნდა მოითმინო - ცივად ამბობდა. ეს მხოლოდ სიტყვები იყო. ეს ბგერები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნამდვილი რომელიმეს ერთი წამითაც, რომ დაეჯერებინა, რომ სადღაც, თუნდაც ძალიან შორს ამ ყველაფრის დასასრული იმალებოდა,მაგრამ ეს ტყუილი იყო. სიცრუე კი სიტყვებს ყველანაირ სითბოს აცლიდა, ყინულის ლოდივით გაცივებულს ტოვებდა.
-უნდა მოითმინო! სხვა გზა არ გაქვს! - სახე აემღვრა თედორეს - ამ სიტყვების მოსმენა მომბეზრდა! მინდა ერთი დღე თავისუფლება ვიგრძნო, დავისვენო. ვოცნებობ ეს წყეული გონება რამდენიმე საათით მაინც გაჩერდეს. არა! არ ჩერდება და არც აპირებს გაჩერებას. ბოლოს მიღებს. გარშემო ყველაფერს ანადგურებს და ნანგრევების წინაშე მუხლებზე დავარდნილს მტოვებს.
-დამშვიდდი!
-მკლავს!
-გამოფხიზლდი!
-ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება. სრულ აბლაბუდაში ვეხვევი. ყოველი მხრიდან კედლებით ვარ გარემოცული. გასასვლელს ვერ ვპოულობ. - სახიდან ხელებს არ იშორებდა. ღრიალებდა,ქვითინებდა, თრთოდა, ქაოსის ჭაობში იძირებოდა.
-როგორ ბედავ?
-შენ რა გესმის!
-შენ? შენ ყველაფერი გესმის? შენ ხვდები რა არის არ იცოდე არაფერი საკუთარი თავის შესახებ? შენ იცი რა არის, როდესაც არ შეგიძლია საკუთარი თავის აღწერა? იცი რას ნიშნავს, როდესაც მხოლოდ საკუთარ ცხედარს ხედავ? სიკვდილი გაშინებს, მე კი ჩემი სიკვდილი დიდი ხნის წინათ ვნახე. დავინახე ჩემი გვამი და დამთავრდა. ჩემი, კატალიას, ამბავი დამთავრდა! საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ. ხანდახან თვალებს ვძაბავ. მომბეზრდა მომავალში ყურება! - ხმა ჩაეხლიჩა. ძლიერი, უდრეკი კვნესას დაემსგავსა.
-მე ამის თქმა არ მინდოდა.- დის კივილმა შეაშინა. მუდამ მშვიდის, გაწონასწურებულის თვალებში მორეულმა სევდამ და შიშმა ადგილზე შეაჩერა.
-გაჩუმდი! აქ არავინ არის მშვიდად. უნდა იცხოვრო. საკუთარ გონებას მიყვე. სული სიკვდილს გთხოვს? უნდა მოკვდე!
-მაპატიე - შერცხვა, საკუთარი სიტყვების თედორეს ძალიან შერცხვა.
-დაიძინე-კარისაკენ გაეშურა. კანკალებდა. სიარულიც კი უჭირდა. ნერვიულობას არ იყო შეჩვეული და არც არავის ჰყავდა გარშემო ეს ქალი ნანახი ასეთ მდგომარეობაში. ყელი ეჭიმებოდა, გულ-მკერდის არეში გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა.
-დარჩი
…კატალია პასუხს არ სცემს.
- ძალიან გთხოვ დარჩი!
-დაიძინე - ამოიოხრა და მისი საწოლის გვერდით, სავარძელში მძიმედ დაეშვა. თედორე საწოლზე მოკლათდა.
-აქ დარჩები?
-კი, მთელი ღამით.
-მადლობა.
დას პასუხი აღარ გაუცია. ის აქ დარჩა. უყურებდა, როგორ ცდილობდა დამშვიდებას უმცროსი ძმა. მას მართლა უნდოდა მშვიდად დაეძინა და ერთი ღამით მაინც დაევიწყებინა ყველაფერი. გული უცნაურად შეეკრა. ის დიდი ხნის წინ შეეგუა ყველაფერს და არასდროს შეწინააღმდეგებია მას, არც უცდია რაიმე შეეცვალა, არც არავისთვის უთხოვია ოდესმე დახმარება. ის მარტო იყო და საკუთარ სისხლში გაბატონებულ ავს ამაოდ ებრძოდა. შედეგი ერთი იყო, მაგრამ კატალია მარტო იყო, თედორეს კი ჰყავდა და.
-გძინავს? -თედორე საბანში იყო გახვეული. სახეს მალავდა.
-არა.
-იცი მე დავინახე ის, რასაც შენ ვერ ვეხავ.
-რა დაინახე?
-თვალები კატალია, შენი ძალიან ლამაზი თვალები.

უკვე რამდენიმე საათი იყო გასული, რაც თედორემ მშვიდად დაიძინა. კატალიას .სამწუხაროდ, ძილი არ მიჰკარებია. უმცროს, მძინარე ძმას უყურებდა და სიბრალული ბოლოს უღებდა. ის მართლაც ყველაზე მეამიტი იყო და არ ჰგავდა ელიაზარს, რომელმაც პირველი შემთხვევა გამოიყენა ყველას მისატოვებლად, საკუთარი ახალი ცხოვრების ასაწყობად. კატალიას და თედორეს შეეძლოთ გაეზიარებინათ ერთმანეტის ბედი, რადგან ორივენი გარკვეულ დროსა და სივრცეში იყვნენ გაჩერებულნი და ერთადერთი,რასაც ვერ ხედავდნენ აწმყო იყო.
-როგორ უნდა შევცვალო ყველაფერი უკეთესობისაკენ?- ხმამაღლა გარკვევით რამდენჯერმა გაიმეორე. დაღლილი სავარძელს მძიმედ მიეყრდნო. ეშინოდა კატალიას, ეშინოდა იმის, რის დანახვასაც დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა. ქუთუთოები დაძაბა, ერთმანეთს ძლიერ მოუჭირა. მისი ხედვა წინ წავიდა, ქუჩები ამაყად გააპო. ქარიან ღამეს ისიც ქარი იყო. ყველაფერს ედებოდა და ეძებდა. კატალია მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ მისი ხედვა ტბამდე არ მისულა. ელიოზის სახლთან გაჩერდა, მის გარშემო შემოხვეული ნისლი დაინახა
***
-სტუმრებს არ ველოდებოდი-ღიმილით თქვა ელიოზმა. გაუკვირდა დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვა. მისი ნახვა აქ არავის უხაროდა, მათ არავინ არასდროს ელოდებოდა. სწორედ ეს იყო მათი სენი. სენი, რომელსაც სამი სხეული იზიარებდა. ელიოზი უყურებდა. ამ ქალის სახე ნაცნობი იყო. კი, ეს სწორედ ის იყო, ვინც მასთან სტუმრად უკვე მოსულა. აკვირდებოდა, ათვალირებდა და საკუთარ ბედს უჩიოდა. იყო მასში რაღაც უცნობი. ის, რაც მას არასდროს ენახა. ხო, სწორედ ეს იყო ის, რაც სამ დას ერთმანეთისაგან განასხვავებდა. ახლა, ელიოზის პირისპირ მეგი იდგა.
-შეიძლება შემოვიდე?
-მობრძანდით.-თავაზიანი მოძრაობით შემოიპატიჟა ელიოზმა სახლში. სკამისაკენ მიუთითა.
-ლამაზი სახლია. - მეგი გარშემო ყველაფერს ათვალირებდა. ელიოზმა მართლაც შეძლო ამ ადგილისაგან სახლის აშენება. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა მეგის მოეწონა აქაურობა, ამიტომ ამ ყველაფრის გაცალმტვერება მას ორმაგ სიამოვენაბს მიანიჭებდა.
-გმადლობთ. უკვე მითხარით.
- როდის?
-განა არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს? - დაიბნა.
-არამგონია, დამამახსოვრდებოდი.ალბათ, ჩემი და გაიცანი.
-თქვენი და?
-კი, ჩემი და. ტყუპები ვართ, სამნი. შეიძლება? - გრძელ თითებში დამალულ სიგარეტზე მიანიშნა.
-დიახ. - გაბრიელმა ელიოზს ასწავლა, რომ უცნობებისაგან თავი შორს უნდა დაეჭირა. განსაკუთრებით, საშიშნი ისინი იყვნენ, ვინც არავის ახსოვდა. ელიოზის წინ დიდი საფრთხე იყო. ამაყი უყურებდა როგორ მოუკიდა სიგარეტს, მაგრამ შიშის მსგავსს არაფერს გრძნობდა.
ვწელში გამართული, ჭერისაკენ მიმავალ კვამლს აკვირდება, თამბაქოს სუნი არასასიამოვნოა. ნესტის სუნს ერევა და აქაურობას სიმყუდროვეს პარავს. სიცოცხლისა და სიკვდილის სურნელი ერთმანეთს ეჭიდება. არ იცის ელიოზმა, წარმოდგენაც არ აქვს, რომ ამ ღამით ერთი-ერთი მეორეს აუცილებლად მოერევა.
-შეეგუე აქაურობას?
-კი.
-და რას ფიქრობ?
-თავს კარგად ვგრძნობ. აქაურობა მომწონს. ეს კედლები ჩემი სახლი გახდა. ჩემი საქმეც ვიპოვე - გულახდილად საუბრობდა - გაბრიელს იცნობთ? ყველაფერი მან მასწავლა, ყველას შესახებ მიამბო. ხისაგან სხვადასხვა საჭირო ნივთებს ვაკეთებ.
-შენი ხელებით რაღაცას ქმნი- ლაპარაკის დასრულება არ აცადა.
-დიახ. - გაჩუმდა ელიოზი. იცის, რომ მას სულაც არ ანაღვლებს და არ აინტერესებს, თუ, როგორ გრძნობს ის თავს.
-იშვიათია აქ კმაყოფილი სახის დანახვა.-ღრმა ნაფაზი დაარტყა. ჰაერი ნიკოტინით სულ უფროდაუფრო ძლიერ იჟღინთება.
-თქვენ აქ დიდი ხნის წინ მოხვედით? - სიჩუმეს ჩამოწოლის საშულებას არ აძლევდა. რატომღაც ეშინოდა, სიბნელეში გახვეულს სიჩუმის ძალიან ეშინოდა.
-კი, ძალიან დიდი ხნის წინ - წამით, როდესაც ეს სიტყვები ძალიან ნელა, ხმამაღლა წარმოთქვა თითქოს ყოველმა აქ გატარებულმა დღემ თვალწინ ჩაუარა. ეს მხოლოდ ერთი სურათი იყო, მუდმივად ერთნაირი, შეუცვლელი, შავ-თეთრი. ისეთი სიცოცხლეწართმეული და ცარიელი, როგორც მისი სრულყოფილი სხეული. არასასიამოვნო შეგრძნება იყო. კვამლი შავდებოდა, ჰაერისაკენ მიმავალი ატმოსფეროში იხლიჩებოდა.
-გაბრიელთან ერთად?
-შეიძლება მასზე ადრეც. ვხედავ აღფრთოვანებული ლაპარაკობ შენს მასწავლებელზე. - დამცინავი გახდა მისი ხმა.
-არც თქვენ გახსოვთ წარსული?
-არა. აქ მოსულებისათვის წარსულს მნიშვნელობა აღარ აქვს.
-წუხართ?
-აქ ცხოვრებას?
-დიახ.
-არა.-ტყუოდა.
-გასაგებია.იცით, აქ ცხოვრების განმავლობაში ერთს მივხვდი - უმიზეზოდ არაფერი ხდება, ამიტომ იქნებ მითხრათ თქვენ და თქვენს დას რისი მოსმენა გინდათ ჩემგან.
...მეგიმ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-შეგიძლია შენს შესახებ რაიმე გაიხსენო?
-არა. - სიმართლეს ამბობს
-გაინტერესებს ვინ იყავი აქ მოსვლამდე?
-არა. - კვლავ სიმართლეს ამბობს.- აკი, მითხარით აქ მოსულს წარსულის შესახებ არავის არაფერი ახსოვსო.
-რა თქმა უნდა, არ გაინტერესებს, რადგან შენ აქ მოსვლამდე არაფერი იყავი. აქაურობის მეტი არც არაფერი გინახავს, ამ კედლების მეტი არაფერი იცი, ამიტომ შეგიძლია მხნედ იყო, შეგიძლია თქვა, რომ აქაურობა გულს არ გირევს, არ განადგურებს, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია და, როდესაც საკუთარ სიყალბესთან ერთად დაიმსხვრევი, გაქარწყლდები. მიმოიხედე გარშემო, რას ხედავ ელიოზ?
-სახლს.
-არის ეს შენი სახლი? აქაურობა არაფერს წარმოდგენს. განადგურებულ ოთახში ხარ გამომწყვდეული და არწმუნებ საკუთარ თავს, რომ რაიმის შექმნა შეგიძლია. ალბათ, ფიქრობ, რომ განსაკუთრებული ხარ, მაგრამ , არა, შენც ისეთივე არარაობა ხარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ამ ჭაობში სასიკვდილოს გამეტებული.
-ვერ ვხვდები რისი თქმა გინდათ - ბრაზი ერეოდა, ამ ქალის ყოველი სიტყვა არასასიამოვნო მოსასმენი იყო. გული მშვიდად ვერ უყურებდა და მხოლოდ ერთი ძალიან დიდი სურვილი ამოძრავებდა - მის წინ მჯდომი აქედან უკვალოდ, თამბაქოს სუნთან ერთად გაუჩინარებულიყო.
-მე შემიძლია ყველაფერი გითხრა. - დამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო, მეორე ღერს მოუკიდა. - გაგცე ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომლებიც ბოლოს გიღებს, გკლავს, რომლებზეც გაბრიელი ვერასდროს გიპასუხებს. უბრალოდ თქვი, რომ გინდა, გინდა იცოდე სიმართლე.
-არ მინდა.
-სამწუხაროა. ელიოზი. რა კარგი სახელი შეგირჩევია.
-შემირჩევია?
-სახელიც არ გქონდა. შენ თვითონ მოიფიქრე, უწოდე შენს თავს და მოირგე. მოგწონს და ამაყობ, მაგრამ ის არასდროს არ იქნება შენი!
-რატომ არ მიდიხარ?- მეგის რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ განერვიულებულმა, დაძაბულმა ელიოზმა გაგრძელების საშუალება არ მისცა. თუ ასე ძალიან გეზიზღება აქაურობა და ყველაფერი იცი, რატომ არ ტოვებ აქაურობას?
წყობილებიდან გამოსულს მთელი სხეული სტკიოდა. მოსაუბრის გამოხედვა ნაწილებად შლიდა. ვერ მიხვდა, რომ მის ოსტატურად დაგებულ მახეში ასევე ოსტატურად საკუთარი ნებით გაება.
-მე არ მითქვამს, რომ აქაურობა მეზიზღება - იღიმოდა. ეს ღიმილი, ამაზრზენი, გულის ამრევი ღიმილი ელიოზს მის თავს აძულებდა. ხო, მან ზიზღიც შეიგრძნო, ეს გრძნობაც თავიდან შეიცნო.
-რას ითხოვ?
-შენ არ გინდა აქაურობის მიტოვება?
-წყეულიც იყავ! არა!
-კარგად დაფიქრდი, გაიხსენე ვინ იყავი. შენ ეს შეგრძნება იცი.
-გაეთრიე!
-რა თქმა უნდა არ გინდა. შენ თვითონ ხარ გაქცევის სურვილი. ორის დაღლილის, მიტოვებულის, არაფრისმაქნისის დამაკავშირებელი აქაურობის დატოვების დიდი სურვილი. ამ სურვილმა შეგქმნა და სწორედ ის გაგანადგურებს.
-არა.. - მეტი ვერაფრის თქმა ვერ შეძლო. სიმძიმე დააწვა და აიძულა მოესმინა, ყური დაეგდო ყველაფრისათვის, რასაც მისი სიკვდილის მსურველი იტყოდა. გახშირებული სუნთქავდა, ცივი ოგლი ასხავდა, ეს შეგრძნება შიგნიდან მოდიოდა.
-შენ არ არსებობ და არც არასდროს იარსებებ. შენი არსებობა ყველასათვის ზიანისმომტანია.
-შეწყვიტე - ვეღარ ლაპარაკობდა.
-შენ ორს სიცოცხლე წაართვი. ვერასდროს იქნები მშვიდად, ვერასდროს იარსებებ, იმიტომ, რომ შენ სიკვდილის ნაყოფი ხარ. შენი სიცოცხლე შეცდომაა, მკვლელი ხარ და ვერასდროს ვერავიზე უკეთესი ვერ იქნები. შენ საკუთარი სიცოცხლეც არ გაქვს, შენ მხოლოდ სიკვდილის შერწყმა ხარ.
-დამთავრდა. - ეს ბოლო წინადადება იყო, რომელიც ამ ოთახში ითქვა. წამის შემდეგ აქ მხოლოდ განადგურებული, დაბნეული ელიოზი დარჩა. აღარ იცოდა, ვინ იყო და ნერვიულობდა, შიგნიდან რაღაც გამოღწევას ლამობდა. ნუთუ მართლა არასდროს არ არსებობდა? ნუთუ ის მხოლოდ იმის ნაყოფი იყო, რაც ასე ძალიან ეზიზღებოდა? კითხვები მორიგეობით ჩნდებოდა და ძალაგამოცლილს საღი აზროვნების უნარს აკარგვინებდა.
...ხო, ხედავდა ამ ყველაფერს დანაღვლიანებული კატალია ხედავდა და ხვდებოდა, ელიაზარისა და ელას ბედს ხვდებოდა.

***
-შეუძლებელია- კანკალებდა შუა ოთახში ელიოზი. ცარიელ საწოლს აკვირდებოდა და შეშინებული გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. ფიქრობდა სად შეიძლებოდა წასულიყო, რომ მშვიდად ეარსება ისეთს, როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო. თავისუფლებას, საკუთარ თავად ყოფნას ლამობდა. მას შეუყვარდა ცხოვრება და ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ შეპარვია ეჭვი, რომ ის შეიძლებოდა არ არსებული ყოფილიყო. რომ ცხოვრება, რომლითაც ის ცხოვრობდა სხვისი იყო. სინამვილეში, ის არსებობდა და რა თქმა უნდა იარსებებდა, რადგან მისი დაბადება არ იყო შემთხვევითი, მას ჰქონდა საფუძველი. ყველასათვის უხილავი, შეუცნობელი, მისთვისაც კი. მან არ იცოდა ვინ იყო, მაგრამ ის არ იყო არც ელიაზარი და აღარც ელა ის იყო თვითონ.
...მაგრამ ახლა, როდესაც დაარწმუნეს, რომ მან ცხოვრება სხვებს წაართვა, მან სულ საპირისპირო გადაწყვიტა:
-კმარა, მე აღარ მინდა სიცოცხლე - სიტყვები ჩვეულზე მძიმე წარმოსათქვამი აღმოჩნდა. ნელი გამოკვეთილი ბგერების შერწყმის ხმა სხეულს გენიად მოედო. მოულოდნელმა ჭექის ხმამ გააღვიძა მოლივლივე ელიოზი, ელა. პირველად, მთელი ამ დროის განმავლობაში მათ დაინახეს ერთმანეთი. არ იცოდნენ სად იყვნენ და როგორ იყვნენ, მაგრამ არც ერთს არაფრის შეცვლა არ უნდოდათ. გახლეჩილი სიბნელე ნელ-ნელა შეუჩერებელმა ნათელმა სრულიად ჩაყლაპა. ეს ელიოზის სხეული იყო. სილუეტი სინათლეში იძირებოდა და წარამარა იღვრებოდა. წყალში გაფანტულ სინათლეს ჰგავდა ახლა მისი სხეული. ამღვრეული ერთ წერტილში თავს ვერ იყრიდა, ფორმას ვერ ინარჩუნებდა.
ის ქრებოდა, იშლებოდა - შეუმჩნევლად, ფაქიზად, უმტკივნეულოდ, მაგრამ უსიხარულოდ. ერთი კვლავ ორად იხლიჩებოდა. ისევე, როგორც ერთ დღეს გახდა ერთი. ეს ყველაფერი გაუცნობიერებლად, თავისით მოხდა, მაგრამ ახლა მან ასე გადაწყვიტა, ორის მაგივრად მიიღო გადაწვეტილება. სიცრუესა და სიმართლის შორის შუამავლმა ვერ იპოვა წინ წასასვლელი გზა და ამიტომ გადაწყვიტა ის, რაც სულაც არ იყო გამოსავალი - გაქრობა, გაუჩინარება. მას შეეძლო ეთქვა საკუთარ ცხოვრებაზე უარი, როდესაც ერთი იყო, მაგრამ ის ახლა ორად იშლებოდა.
ნანგრევებში ხმები ისმოდა, ყრუ სიმღერა მისი სხეულიდან ამოდიოდა. გარშემო ეხვეოდა და ორად გაყოფილ სინათლეში ორი ერთმანეთს ეჭიდებოდა. გაურკვეველი ხმები ლაგდებოდა, კაცისა და ქალის ხმა ერთმანეთს ენაცვლებოდა:
“მე ცოცხალი ვარ”
“ჩემი სხეული მკვდარი”
“ჩემი სული ცარიელი”
“ხან მართალი ვარ”
“ხანაც ყალბი”
“შეუცნობელი”
“გარიყული”
“კეთილსინდისიერი, ლმობიერი”
“უსამართლო, დაუნდობელი”
“სიმართლისათვის თავდადებული”
“ჩვენ მთლიანნი ვართ”
“ის დამსხვრეული”
“ხელი არ გამიშვა”
“მე სითბოში ვარ”
“მე- სიცივეში”
ქარი ქროდა, კედლები ზანრაზრებდა. ელას ელიაზართან დაშორება არ უნდოდა. სიყვარულის მნიშვნელობა ორივეს მხოლოდ გაგონილი ჰქონდა, მაგრამ ისინი არ დაკარგავდნენ იმას, რაც იპოვეს. უსახელო, რომელსაც გონება ვერ ხსნიდა, მაგრამ რომლის არსებობასაც ორივე მთელი სხეულითა და სულით გრძნობდა.
მათ არ ჰქონდათ უფლება სცოდნოდათ, გამოეცადათ ეს გრძნობა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მაგრამ ორმა ერთად აყვავება შეძლო. ელიაზარი ფიტული იყო, რომლის სულიც გახდა ელა, რომელმაც აჩუქა ყველაფერი, რაც მას ადამიანობას მატებდა. სანაცვლოს ელიაზარის სხეული გახდა ელას სახლი. მან ის მიიღო და ერთად შექმნეს სიცოცხლე, რომელიც ყველა სხვა დანარჩენისთვის მიუწვდომელი, შეუცნობელი იყო.
მათი სიტყვები გულწრფელი იყო. ახლა დაშორების ჟამს ორივემ იცოდა, რომ საყვარლის ხელს ეხებოდა და განშორებას არც ერთი აპირებდა.
“ჩვენ მარტო არ ვარსებობთ”
“ვიშლებით”
“ჩვენ სრულყოფილები არ ვართ:
“ჩვენ ერთად ვართ უბრალო ადამიანი”
“ვიბრძვით”
“ვღელავთ”
“მხოლოდ ერთად ვიზიარებთ ცხოვრებას, რომელიც ჩვენი არასდროს უნდა ყოფილიყო”
“მიყვარს ყოველი გრძნობა, რომელსაც ერთად ვქმნით”
“ეს ტკივილიც მიყვარს, რომელიც ნაწილებად გვშლის”
“იმედგაცრუება”
“სევდა”
“გვაპობს”
“ გვკლავს”
“ქარი ერთმანეთს გვაშორებს”
ელას სიცოცხლე ყველასათვის დიდი ხნის წინ დასრულდა. მაგრამ მისი სული, რომელიც საოცრად ფაქიზი, ნაზი იყო იპოვა დარაჯი და მასთან ერთად შექმნა მთავარი- მომავალი.
მათ არც ამ სიტყვის მნიშვნელობა იცოდნენ. მომავალი ამ ქალაქში არავისათვის არ არსებობდა, რადგან აქ ყველა დროის ყინულის ქვეშ იყო მოქცეული და მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ ამ ყინულის სქელი ფენის ქვევიდან ციდან მომავალი ფიფქების დანახვა.
“მე შენ მჭირდები ელიაზარ”
“მე შენ მჭირდები ელა”
შედედდა. სინათლე კვლავ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. ისევ ადამიანის სილუეტი გამოჩნდა.
ელიოზმა თვალები გაახილა გარშემო მიმოიხედა. კედლებს, მტვერიან ავეჯს თვალი შეავლო და მიხვდა, რომ სახლში დაბრუნდა. ლაჩარს ყველა სირთულისაგან გაქცევა, გაქრობა გადაეწყვიტა. ღია ფანჯარა დახურა, ქარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დაბრუნება სასიამოვნო იყო, მაგრამ უზომოდ სიამოვნებას საკუთარ თავში გარკვევა და ყველა კითხვაზე პასუხის პოვნა. ნისლის გაფანტვა ანიჭებდა.
მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ მისი გადაწყვეტილება მცდარი იყო. ყოველი სიტყვა მისი ნაწილი იყო. ის დარჩა ისეთი, როგორიც იყო. არავის სჭირდებოდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა სად იქნებოდა, რადგან ის დაპირისპირების, თავდადების, ბრძოლის ნაყოფი იყო. ის იყო მათი ნათქვამი სიტყვები, საუბარი, აზრები, გრძნობები და ის არასდროს იქნებოდა მარტო, რადგან მას მამაცი გული ჰქონდა და მთავარი - ის იყო სიყვარული, ქარიან ღამეს, უნაყოფო მიწაზე ამოსული სიყვარული.













ნაწილი მესამე
გაქცევა

“სიკვდილი და სიცოცხლე მხოლოდ სახელებია, როგორც დრო, როგორც ელიოზი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ამას მხოლოდ მას შემდეგ ხვდები, რაც გააცნობიერებ, რომ რამდენჯერმე მოკვდი. შემოიჭრა სიკვდილი შენს სხეულში, მაგრამ ცოცხალი ხარ. ცოცხალი ხარ და გარშემო იყურები. ხანდახან ერთი საათი წამად გეჩვენება და ,პირიქით, შეიძლება ერთი წამი გაგრძელდეს დაუსრულებელ საათად. წამი, როდესაც ბრუნავ, გარშემო ყველაფერს ათვალიერებ, ყველასათვის უხილავ მელოდიას მიყვები და შენ თავს ეკითხები - ნუთუ კვლავ ცოცხალი ვარ?
დაბრუნება გახარებს, სახლში ხარ. კედლებს ხელით ეხები და გრძნობ, ისევ აქ ხარ. ცრემლები გერევა, ლოყებს გისველებს, ქვითინებ,კვლავ ჩანხარ. მე ისევ ცოცხალი ვარ და არ ვარ სიკვდილის ნაყოფი. არც გულადი, არც ლაჩარი, არც სუსტი, არც ძლიერი. ქარიან ღამეს, ქარს ვგავარ თითქოს, წვიმიან დილას, ცვარს ვაფრქვევ თითქოს. ჩვენ უხილავნი ვართ, მაგრამ ჩვენს მოსვლას აქ ყველა იგრძნობს”
ელიოზი
***
ღამის სამ საათზე გაბრიელის სახლისაკენ გარბის ელიოზი. სწადია ნახოს კაცი, რომელიც ერთდროულად მისი მშობელი მამა და უახლოესი მეგობარია. წინადადებებს ზომავს, შესაფერის სიტყვებს არჩევს და გონებაში მათ მოსალოდნელ საუბარს ხატავს. წარმოიდგინა როგორ უამბო ყველაფერი გაბრიელს, როგორ ჩაიკრა გულში გახარებულმა მოხუცმა იგი, მაგრამ მის წარმოდგენილ ამბავს დასასრული აკლდა. ბოლო, რომელიც არავინ იცოდა გაბრიელის გარდა.
ყველაფრის ახსნა უნდოდა, მაგრამ ერთის ეშინოდა. ელიოზში მცხოვრებ ელას, ძალიან ეშინოდა, რომ უკვე გვიანი იყო. მამის ხელზე ამოკაწრული ჭრილობა შეიძლება უკვე შეხორცებულიყო, მასთან ერთად კი სამუდამოდ წაიშლებოდა მისი სახელი მზრუნველი მამის გონებიდან. ვაი თუ ვერ გაიხსენებდა? მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა მამისა და ძმის მონახულებას მოუთმენლად ელოდა და ,თუკი უკვე არაფერს აღარ ექნებოდა მნიშვნელობა, არაფერს იტყოდა, სამუდამოდ გაჩუმდებოდა.
...ელიაზარიც აღტაცებით ელოდა გაბრიელთან და მიქაელთან შეხვედრას. დღეს რომ შესძლებოდა გაბრიელს თვალებში შეხედავდა, თანასწორივით მარჯვენა ხელს მხარზე დაადებდა და აუცილებლად ეტყოდა, რომ ცდებოდა, როდესაც მას სრულყოფილს უწოდებდა. ახლა, იპოვა მიზეზი ელიაზარმა, თუ, რატომ უცქერდა მუდმივად ქვევიდან გაბრიელს თვალებში.
ალბათ, ყველა ადამიანს ჰყავს მაგალითი და ეს მაგალითი ელიაზარისთვის სწორედ გაბრიელი იყო. ეს შური არ არის, ეს ადამიანის ბუნებაა. ის მუდმივად მიისწრაფის უკეთესობისაკენ, მუდმივად ადარებს საკუთარ თავს სხვას.კი, ელიაზარი მუდმივად ადარებდა საკუთარ თავს გაბრიელს და , რამდენჯერაც არ უნდა გაემეორებინა ხმამაღლა, რომ უახლოვდებოდა მას, ყოველთვის რაღაც აკავებდა. ხო, გაბრიელი გრძნობდა ყველა იმ გრძნობას, რომელიც ელიაზარს ვერასდროს ვერ უნდა ეგრძნო, მაგრამ, რომლებიც იგრძნო, როდესაც ელიოზი გახდა.
ის არასდროს იყო სრულყოფილი და ამაში მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდა, რაც საკუთარი ნაკლოვანება შეიგრძნო და სწორედ ეს წამი აღმოჩნდა სასიამოვნო, რადგან გააცნობიერა, რომ ის, რისკენაც მიდიოდა მას სულაც არ სჭირდებოდა.
ამ ღამით ელიოზი საბოლოოდ დარწმუნდა, თუ ვინ არის და ახლა სულაც აღარ ფიქრობს მის გარშემო მდგომ შენობებზე. ელიოზი არის ელიაზარი და ელა და ,პირიქით, ელიაზარი და ელა არიან ელიოზი. არც ერთს არ შესწევს უნარი გასცეს პასუხი კითხვაზე - რა მოხდა? როგორ მოხდა? მაგრამ ერთი ახლა ცხადია. ელიოზმა მისცა სიცოცხლე ყველაფერს, რაც მათ ჰქონდათ. ის გახდა ხიდი, რომელმაც დააკავშირა ორი მასთან, რაც არასდროს ჰქონიათ, ამიტომ სულაც არ არის ელიოზი ვალდებული მადლობელი იყოს მათი. პირიქით, ახლა დარწმუნებულია, რომ სწორედ ისინი უნდა იყვნენ მადლობელნი მისი, რადგან მან მისცა ყველაფერი, რაც ასე ძალიან აკლდათ.
…ის შეიძლება მართლა არის გაქცევის სურვილი. ახლა, როდესაც ყველაფერი ნათელი გახდა, გაახსენდა საკუთარი წარსული, ყველაფერი, რაც ენახა, აქ დარჩენას აღარ აპირებს. მისი წყალობით ელასა და ელიაზარს ახლა ჰქონდათ ის, რაც მათ აკლდათ, მაგრამ არ ჰქონდა ელიოზს. მტკივნეული აღმოჩნდა გახსენება და წარმოდგენა ყველაფრისა, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ არ ჰქონდა.
დაკარგულზე დარდი სასიამოვნო არ ყოფილა. დამძიმდა მისი სხეული. იბრძვის. უმეორებს საკუთარ თავს, რომ აქ ბედნიერი იყო, მაგრამ თავიდან ვერ იშორებს. რა თქმა უნდა, არ შემცდარა, როდესაც ერთხელ თქვა, რომ არაფრის გახსენება არ უნდოდა. არ უნდოდა, რადგან ელიოზისათვის სამყაროს თავიდან აღმოჩენა სიამოვნება იყო. მას შეეძლო ეცხოვრა დიდხანს, შეეძლო გაუცნობიერებლად ყოფილიყო ბედნიერი ისე, რომ ვერასდროს გაეგო, თუ რამდენ სისასტიკეს მალავდა აქაურობა. ის ამ ღამემდე ცხოვრობდა მშვენიერ სახლში, ეუფლებოდა საკუთარ საქმეს, წარმოიდგენდა უდარდელ ბავშვობასა და მოსიყვარულე მშობლებს. მას ჰქონდა ყველაფერი, რაც მისი არ იყო და ექნებოდა, რომ არა დამანგრეველი სიმართლე, რომელიც პირუტყვის პირით გაიგო.
მეგისთან საუბრის შემდეგ ზიზღი იგრძნო ამ ქალაქის მიმართ და სწორედ ამ წამს მოესმა ყვირილი შიგნიდან, ერთ წანს, ორი სხვადასხვა ხმით ნათქვამი ერთი სიტყვა - გაიქეცი! ის აუცილებლად უნდა წასულიყო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაემსგავსებოდა ყველას და დაიშლებოდა.
…მიქაელს არ ეძინა. სტუმარს არ ელოდა. მშვიდად უყურებდა სავარძელში ჩაფიქრებულ მამას. რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ამ სახლში რაღაც შეიცვალა, თუმცა მიქაელმა არ იცის რა დააკლდა ან ვინ დატოვა ეს სახლი, წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ ის, ვინც ძალიან აკლდა ახლა საკუთარი ფეხით მისკენ მიდიოდა. ახლა, უკვე შეუძლია გაიგოს მამის ტკივილი. მასაც გარეთ გასულს ხანდახან საკუთარი სახლი ავიწყდება, უკან დაბრუნებისას თავგზა ებნევა. ლამპიონებით, განათებულ ქუჩებში ვერ პოულობს სახლს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. შუქი მის გონებაში გაბატონებულ უკუნიტამდე ვერ აღწევს. უყურებს, აკვირდება, მაგრამ ვერ ცნობს.
მომავლის შიში დაეუფლა. ჯერ კიდევ შეუძლია უპატრონოს მაღაზიას, მაგრამ ნელ-ნელა ისიც შეელევა საკუთარ ცოდნას და იძულებული გახდება დარჩეს სახლში, გახდეს მაყურებელი და გაატაროს უამრავი დღე, რომელიც აუცილებლად დაავიწყდება.
…გაბრიელს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რაზე ფიქრობდა ახლა მისი შვილი. სავარძელში მშვიდად იჯდა და ხელის მტევანს ათვალიერებდა. მასზე ჯერ კიდევ ორი სახელი ჩანდა. უყურებდა და ვერ იხსენებდა, ვინ იყო ელა ვერაფრით იხსენებდა.
-ელიაზარ! - გაბრიელის სახლს მიახლოვებულ, დაღლილ ელიოზს ნაცნობი ხმა დაეწია.
-აქ რას აკეთებ კატალია? - ქოშინებდა ელიოზი. თვალებ აწითლებული უყურებდა ქალს, რომელთანაც სისხლი აკავშირებდა. კატალია აკვირდებოდა შეშინებულ ელიოზს და მის სახეზე ელიაზარის ნაკვთებს ეძებდა. ახლა მსგავსება მათ შორის ცხადი იყო. ელიაზარის ნაკვთებთან ერთად კატალია ელას შტრიხებსაც ხედავდა და უხაროდა, კატალიას ელას ნახვა მუდამ უხაროდა.
-შენ ხარ არა?
-კი, კატალია, მე ვარ.
-ეს როგორ მოხდა? ასეთი, როგორ გახდი? - აღფრთოვანებული ჩანდა კატალია ძმის დანახვით. მის წინ იდგა სწორედ ის ელიაზარი, რომელსაც მუდამ წასვლაში, განზე დადგომაში, ყველას მიტოვებაში ადანაშაულებდა. ამ ღამით მის წინაშე მდგომს სრულყოფილს უწოდებდა და აღტაცებით ათვალიერებდა. სახეს ცრემლები უსველებდა, მაგრამ არ ტიროდა, კატალია ძმის ყურებისას იღიმოდა.
“სრულყოფილი”- ამ სიტყვას კატალია სრულიად სხვანაირად ხსნიდა. სინამდვილეში ელიოზი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და სწორედ, ამიტომ იყო კატალიასათვის ის სრულყოფილი. მას შეეძლო ეოცნება, შეეგრძნო, გამოეცადა და ეცხოვრა, საკუთარი ცხოვრებით მშვიდად ეცხოვრა. ეარსება ყველა დროში, მაგრამ ელიოზი საერთოდაც არ გრძნობდა თავს იდეალურად, საკუთარ თავს ზედმეტ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მან იცოდა, რომ მრავალ ნაკლს მალავდა. ის ვიღაცისათვის იყო საფრთზე, ვიღაცისათვის მესია, მაგრამ არავის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის ყოველთვის იქნებოდა მხოლოდ თვითონ. ის, რაც ორმა შეყვარებულმა ერთად შექმნა.
“ალბათ, მას სულიც აქვს” - გაიფიქრა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
გაახსენდა დრო, როდესაც პატარა ძმებთან ერთად უფროსს დედა ზღაპრებს უკითხავდა. ალერსიანი ხმით ხმამაღლა ლაპარაკობდა. კატალია დედის კალთაში იჯდა, ოქროსფერ თმას ივარცხნიდა. ელიაზარი მუდამ აღტაცებული უსმენდა. თედორეს კი ყოველთვის ზღაპრის დასრულებამდე ყველაზე ადრე ეძინებოდა.
…ამ დღის შემდეგ მის გონებაში ერთი დიდი შავი წერტილი იყო. ეს ბოლო დღე იყო, როდესაც კატალიამ თავისი თავი დაინახა.
-არ ვიცი,კატალია. მართლა არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მე სიცოცხლე მერგო. ამას ვერაფრით ავხსნი. არ მოგატყუებ, მიზეზი არც მაინტერესებს. მე ამ ყველაფერს ვერ შეველევი. იცი რას ჰგავს ცხოვრება? ის ტბა არ არის, მდინარეა… არა, ზღაა… არა, ოკეანეა. ხო, უსასრულო, უჰორიზონტო ოკეანეს ჰგავს ცხოვრება. - ელიოზს აშკარად სიამოვნებდა ამ ყველაფრის თქმა. აჟიტირებული ხელებს ვერ აჩერებდა. ხან აზრი უწყდებოდა, მაგრამ იმდენად გულწრფელი იყო ყოველი მისი სიტყვა, რომ კატალიას გაყინული შიშისფერი თვალებიც კი დნებოდა. - უბრალოდ ერთი მინდა, წავიდე შორს. იქ, სადაც მექნება უფლება ვიცხოვრო ისეთმა, როგორიც ვარ.
-შენ ეს დაიმსახურე.
-მართლა ასე ფიქრობ? - გაუხარდა ამ სიტყვების გაგონება.
-კი. შენ უბრალო არარაობა იყავი. საწყენად არ გეუბნები. არასდროს არაფერი გესმოდა, მაგრამ შენი თავისაგან მუდამ ვიღაც სხვას ხატავდი. მნიშვნელოვანი, საჭირო გინდოდა ყოფილიყავი. ყოველთვის სიხარულით ივსებოდი, როდესაც ვინმე რჩევის ან წამლის სათხოვნელად მოდიოდა. სინამდვილეში, გულის სიღრმეში შენც იცოდი, რომ წამალი არ არსებობდა, დიდი ხნის წინ გააცნობიერე, რომ არ შეგეძლო ვინმეს დახმარებოდი. ყველას ატყუებდი და თავსაც იტყუებდი. სიმართლეს არ იჯერებდი. ქექვას აგრძელებდი. მეცოდებოდი კიდეც. თავიდან, ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ამბიციური, ამპარტავანი ბავშვი იყავი, მაგრამ შენ იზრდებოდა და არ იცვლებოდი. მე შენ ვერასდროს გხედავდი. ვიცოდი, რომ არსებობდი, გგრძნობდი, მაგრამ მაინც ვერ გხედავდი. მომავალში შენ არასდროს ჩანდი. თითქოს, შეცდომა იყავი და ისეთს არ უნდა გეარსება, როგორიც არსებობდი.
-ალბათ, არ ცდები. - მხრები აიჩეჩა ლოყებაწითლებულმა ელიოზმა.
-ძალიან გთხოვ დამასრულებინე. ნუ მაწყვეტინებ. - კატალიას ლაპარაკი უმძიმდა, აშკარად უნდოდა ამ ღამით ყველაფერი ხმამაღლა ეთქვა - ველოდებოდი, როდის მოხვიდოდი ჩემთან და მომავლის გადაშლას მთხოვდი, მუხლებზე დავარდებოდი და საკუთარ არარაობაში დარწმუნდებოდი. დიდ ხანს ველოდი დღეს, როდესაც აღიარებდი, რომ შეცდი მე კი- მართალი ვიყავი. ეს ასეა - ყველას სჭირდება, რომ ვინმემ უთხრას, რომ მართალია, თუმცა ეს წუთი მანამ არ დადგა, სანამ მიქაელი დახმარების სათხოვნელად არ მოვიდა. შენ მკითხე, თუ რით შეგეძლო გადაგერჩინა ელა, მე კი გიპასუხე, რომ არ ვიცოდი. მე შენ არ მომიტყუებიხარ. მე ვერც ელას ვხედავდი. არ ვიცოდი როგორი იყო, ამიტომ გონებაში დავხატე საოცრად სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა, გრძელთმიანი გოგო, რომელსაც ყველა იმ კარგ თვისებას მივაწერდი, რომელიც ჯერ კიდევ მახსოვდა. ყველა იმ თვისებას, რომელიც ადამიანს რწმენას უბრუნებს. ის ისეთივე ნაზი იყო ჩემს წარმოსახვაში, როგორც ყვავილები, რომლებიც დაბადებისდღეზე გავუგზავნე.
-ამ ყველაფერს ახლა რატომ მეუბნები?
-ელა, ჩემო კარგო. მე არ ვცდებოდი, როდესაც შენგან მხსნელს ვხატავდი. შენ ჩემი ძმა მართლა გადაარჩინე. ერთადერთი აღმოჩნდი ჩვენგან, რომლემაც კვალის დატოვება შეძლო. მე ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, ამიტომ მშვიდად ვარ და მიხარია. შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც სწორად გავაკეთე, რაღაცაში არ შევცდი. თქვენ ეს ყველაფერი ერთად შექმენით - კატალია დაიღალა. ყველაფრის თქმა რთული აღმოჩნდა. მას ერეოდა ყველა ის შეგრძნება, რომლებიც აქ წლების განმავლობაში ვერ გამოსცადა, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აღშობდა. თავისუფლდებოდა ყველა იმ ტკივილისაგან, რომელსაც დიდ ხანს ინახავდა. კედელს მიეყრდნო. ღამის სიცივეში მისი ყოველი ამოსუნთქვა ნათლად ჩანდა.
-მადლობელი ვარ. - ელიოზი დანაღვლიანდა, რადგან ეს ყველაფერი, მთელი ეს საუბარი გამოთხოვებას ძალიან ჰგავდა. ალბათ, კატალიამ იცოდა, რომ მას ვეღარასდროს ნახავდა.
-და მაინც, დიდი ხნის შემდეგ ვიპოვე პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ გხედავდით.- ახლა თვალებში აღარ უყურებდა, ზევით ბნელი ცისაკენ იხედებოდა - ბევრი, რამ რჩება შეუმჩნეველი ცხოვრებაში. -საუბარი კვლავ შესავლით დაიწყო . ელიოზი ყოველ მის სიტყვას ყურდ უგდებდა, იმახსოვრებდა, სევდა ერეოდა- მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თითქმის ყველაფერი შეუმჩნეველი დამრჩა. მე საკუთარი ასაკიც კი არ ვიცი. აი, თქვენ ჰგავხართ ცეცხლსა და ჰაერს. ელიაზარი ცეცხლი იყო, ჩამქრალი, დანახშირებული. მას მუდამ ეწადა გამხდარიყო ხანძარი, მაგრამ მარტომ ვერაფერი შეძლო. ელა ნაზ სიოს ჰგავდა, რომელმაც ცეცხლი ააგიზგიზა. შენ ,ელიოზ, ჩირაღდანი ხარ, მანათობელი, თბილი. ორივენი ყოველთვის ერთის ნაწილები იყავით. ცალ-ცალკე არ არსებობდით და არც არასდროს არ უნდა გეარსებათ. ორივეს გაკლდათ ის, რაც მეორეს ჰქონდა. ეს ყველაფერი ძალიან ადრე თქვენამდე გადაწყდა.ვერაფერს შეცვლიდით.
-ანუ, მხოლოდ მე მხედავდი?
-კი, გხედავდი მხოლოდ შენ ელიოზ, გხედავდით ყოველთვის ორს და არასდროს ცალ-ცალკეს შენ იყავი იდუმალებით სავსე. შენი სახის ყოველი ნაკვთი დიდი ხნის წინ დავინახე, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, რა გერქვა ან როდის შეგხვდებოდი. თავიდან ელიაზარს გამსგავსებდი, მაგრამ არა შენ არ ფიქრობდი არაფერზე. გონება არ გქონდა გადაჭედილი უამრავი უსარგებლო მიზნით, უაზრო სურვილით, საკუთარი თავისაგან მესიის დახატვის ვნებით. შენ ჩემს ხედვებში მუდად თავისუფალი იყავი და ლაღად ცხოვრობდი. გამიგონე, შენ გქონდა ის, რაც არავის აქვს. ის, რასაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. შენ სინათლე ხარ და ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ვერც შენ მომავალს ვერ ვხედავდი.
-ყველაფერი მე უნდა შევცვალო? - თითქმის ჩურჩულით თქვა შერცხვენილმა ელიოზმა.
-არა ელიოზ, შენ არაფერი არ უნდა შეცვალო. შენ უნდა გაიქცე! წახვიდე და აქაურობა აღარასდროს გაიხსენო.
-მეც ამ კედლების შვილი ვარ, ამ ქუჩების ნაწილი. - გაბრიელის სახლისაკენ წასვლა გადაიფიქრა.
-არა, შენ სხვა ხარ. აქაურობას არ ეკუთვნი. შენ დაიმსახურე ყველაფერი, რაც აქ ვერ გექნება.
-მეც ისეთივე პასუხისმგებლობა მაქვს, როგორც ყველას.
-შენ არანაირი პასუხისმგებლობა არ გაქვს. არავიზე იფიქრო. გული არასდროს დაგწყდეს. გაიხსენე, ყველა დღე, რომელიც კარგი მოსაგონარია. შეეცადე ეს ადგილებიც სიხარულით გაიხსენო.
-აკი, მითხარი, რომ ყველაფრის მიტოვებაში მადანაშაულებდი.
-კი, გადანაშაულებდი და საშინლად ვბრაზობდი, რადგან ვფიქრობდი, რომ შენ არ იმსახურებდი უკეთესს, მაგრამ ვცდებოდი. ნუ ფიქრობ წარსულზე. შენ გაქვს მომავალი. ყველასაგან დამოუკიდებელი, ხელშეუხებელი მომავალი.
-შენც წამოდი.
-მე აქ უნდა დავრჩე.
-რატომ? შენ თქვი, რომ მე აქ ყოფნას არ ვიმსახურებ. შენ იმსახურებ? ვინმე იმსახურებს?
-ელიოზ, მაინც ბავშვი ხარ.
-კი, შეიძლება ბავშვი ვარ. მიპასუხე კითხვაზე კატალია! რა არის აქაურობა? სად ვართ?
-ამ კითხვას ყველა სვამს. თავს ამაზე ფიქრით ნუ შეიწუხებ. შენ იცი ვინ დაგეხმარება სიმართლის გაგებაში. გაბრიელთან წადი, მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე აქ არ უნდა დარჩე. საკუთარი თავი უნდა გადაარჩინო. გაიხსენე, როგორ გინდოდა აქედან წასვლა, როგორ გინდოდა სიცოცხლე.
-მე აქაც შემიძლია ვიცხოვრო.
-შენ ხარ ცოცხალი, მაგრამ შენი ცხოვრებაც ვერ იქნება სრულყოფილი. დაფიქრდი! ერთხელ გადარჩი, მეორეჯერ ვერ გადარჩები. დაიშლები!
-მახსოვს, მაგრამ ახლა ძალიან მინდა ყველაფერი შევცვალო. ნუთუ არაფერი შემიძლია?
-შეგიძლია. გადარჩი!
-ძალიან გთხოვ წავიდეთ! - ელიოზს ცრემლები წამოუვიდა. მთელი გულით ერთიანად ინანა ყველაფერი, რაც ელიაზარს საკუთარ დაზე ცუდი ეფიქრა და ეთქვა. დანაშაულს უკვე ვეღარ გამოისყიდიდა, მაგრამ მას კიდევ შეეძლო დაერწმუნებინა მასთან ერთად გაქცეულიყო და ვინ იცის, იქნებ სადღაც შორს ნამდვილი ოჯახივით ეცხოვრათ.
-ცხოვრება უჰორიზონტო ოკეანეაო თქვი. მიპასუხე- შეიძლება დამშრალი კვლავ ძველებური გახდეს?
-არ ვიცი.
-შენ შეძელი ცხოვრების ტკბობის უნარი გეპოვა, ამიტომ ხარ ღირსი წახვიდე. მე კი, არაფერი გავაკეთე. მეც დამნაშავე ვარ. მე არაფერი გამიკეთებია და არც სურვილი მქონია ოდესმე, ვინმეს დავხმარებოდი. შევეგუე ამ ატმოსფეროს და მშვიდად დღეების ცვლას გავყევი. სიმართლე გითხრა წასვლის სურვილიც არ მაქვს. აქაურობა ჩემში ცხოვრობს და მეც ვცხოვრობ მასში.
-მესმის.
-ვერც, თედორეს დავტოვებ მარტოს, ვერც ჩემს ყვავილებს.
-თედორე - მზერა კატალიას აარიდა -მას ვეღარ ვნახავ?
-დრო არ ითმენს ელიოზ. გაიგე, შენ უნდა წახვიდე. შენი წასვლა ყველას გვჭირდება.
-რამის გაკეთება შემიძლია?
-კი, ერთი თხოვნა მაქვს.
-რაც გინდა!
-ჩემი სახელი არ დაივიწყო.
-არასოდეს!
-მპირდები?
-გეფიცები.
-სადაც არ უნდა წახვიდე ილაპარაკე ჩემზე. მოყევი, რომ ვარსებობდი.
-კი - გაეცინა ელიაზარს, მარჯვენა მტევნით ცრემლები მოიწმინდა - მუდამ მოვყვები, ყველა შემხვედრ ბავშვს კეთილ მომავლის მაყურებელ ქალზე მოვუყვები.
-კატალია, ერთი კითხვა მაქვს. ორანჟერიაში ჩემი სახელი რომელ ყვავილს დაარქვი?
-გაიქეცი! ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხს არ გაგცემ.
-ასეც ვიცოდი. მიხარია, რომ შეგხვდი.
-მშვიდობით ელიაზარ. იპოვე ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდი.
…ელიოზს წასვლა აღარ უნდოდა. დრო გაჩერდა. ეს საუბარი დაუსრულებლად უნდოდა გაგრძელებულიყო. მხოლოდ ახლა გააცნობიერა რამდენად აკლდა და, ოჯახი. ტკბილად საუბარი.
-მაპატიე.
-უკან არ მოიხედო.
-ყველაფრისთვის, მადლობელი ვარ.
-ბედნიერად.
…ელიაზარი გაიქცა. მთელი სიჩქარით, ყოყმანობდა, ჩუმად ქვითინებდა. სამუდამოდ გამოთხოვება უჭირდა.
…რა უცნაურია, აქამდე ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ რაღაც იყო აქ ისეთი, რასთანაც დაშორება ძალიან გაუჭირდებოდა. ყველა ადამიანი ბედნიერია, ვისაც გამოსალმება უჭირს, რომელსაც ჰყავს ის, ვისთანაც დამშვიდობება უნდა გაუჭირდეს.
როდესაც ელიოზი თვალს მიეფარა, კატალიაც საპირისპირო მიმართულებით სახლისაკენ წავიდა.
-ნეტავი რას, როგორ მოყვება? ხო, ალბათ, ასე დაიწყებს - იყო და არა იყო რა. ხო, აუცილებლად ასე დაიწყებს. იყო და არა იყო რა, სადღაც შორს ცხოვრობდა ქალი, რომელიც მომავალს ხედავდა. ამ ქალის სახელი იყო კატალია…

***
--როგორ ხარ მიქაელ? - ღამის წყვდიადში ელიოზის ჩამქრალი,ჩაწითლებული თვალები გამოჩნდა.
-ელიოზ, ამ დროს აქ რამ მოგიყვანა? - გამოფხიზლებას ცდილობდა აშკარად ახალგაღვიძებული მიქაელი. ვერ შეამჩნია, რომ სიცივისაგან თრთოდა ელიოზი, რომ ლოყებზე ჯერ კიდევ ცრემლების კვალი ეტყობოდა.
-მაპატიე, უბრალოდ. სხვაგან წასასვლელი არ მქონდა. გაბრიელი სახლშია?
-კი, შინაა. გაფითრებული ხარ. რამე მოხდა?
-არა. ისეთი არაფერი. - მიქაელის ალერსიანი, ბოხი ხმა ელას ამშვიდებდა.
ხშირად საუბრობდნენ წარსულში გულახდილად მიქაელი და ელა. სახლში დაბრუნებული, ვახშმის შემდეგ დაძინებამდე დარჩენილ დროს დის მოსმენაში ატარებდა. მიქაელი უყვებოდა ელას რა მოხდა დღეს, ვინ ეწვია ან რა უთხრა ელა კი უყვებოდა თუ, რა წაიკითხა, ახალ შთაბეჭდილებებსა და ცოდნას უზიარებდა. ასე ცხოვრობნენ შეხმატკბილებულად და არც ერთს არც ერთხელ არ გასჩენიათ კითხვა, თუ სად იყვნენ და რატომ იყვნენ. ელამ მალე ახალი გასართობი მოიფიქრა და აქ მცხოვრებებს სხვადასხვა წიგნების პერსონაჟებს ადარებდა. ძმასაც ახალისებდა დის წარმოსახვა და მასთან საუბრის შემდეგ მშვიდად იძინებდა.
ელასა და მიქაელს შორის ყოველთვის დიდი კავშირი არსებობდა. როდესაც სიკეთესა და სათნოებაზე კითხულობდა მუდამ თავის ძმაზე ფიქრობდა. მას ჰქონდა ყველა ის თვისება, რომელიც ელას პერსონაჟებში იზიდავდა. ელა საკუთარი ძმით ამაყობდა. ეს კავშირი არ გამწყდარა და ახლაც ეძახის ელიოზის სხეულში მცხოვრებ ელას.
ისინი მუდამ ჰგავდნენ დასა და ძმას, მაგრამ ეს კავშირი, ოჯახური სითბო და სიყვარული არასდროს არ არსებობდა მამა-შვილს შორის. გაბრიელი საკუთარი შვილებისათვის არასდროს იყო მისაბაძი. მათ სახლში მისული ელიაზარი ხშირად ახსენებდა ელასთან საუბრის დროს გაბრიელს და უსვამდა ხაზს მის ცოდნას, თბილ გამოხედვასა და მამობრივ ალერსს. ელა კი არ პასუხობდა და უხერხულობის დასამალად სასაუბროს შეცვლას ცდილობდა. მის ქებას არ ეხმაურებოდა, რადგან ის ყველაფერს სხვანაირად ხედავდა შეიძლება გაბრიელი მართლაც იყო საოცრად განათლებული და საღად მოაზროვნე პიროვნება, როგორც მას ელიაზარი ხედავდა, მაგრამ არ იყო კარგი მამა.
პატარა გოგო ოთახებში მხოლოდ იმიტომ არ იკეტებოდა, რომ გარეთ გასვლას ერიდებოდა. სინამდვილეში ის მამასთან მარტო დარჩენას გაურბოდა, ამიტომ ატარებდა მთელ დროს ოთხ კედელში. თავიდან გაბრიელს აღიზიანებდა ეს ყველაფერი. სიჯიუტეს ვერ პატიობდა და სხვადასხვა ხერხით ცდილობდა ქალიშვილთან დაახლოვებას, მაგრამ შემდეგ, როდესაც სენმა სძლია, ყველაფერი დალაგდა. ისინი ცხოვრობდნენ ერთ სახლში, მაგრამ ცალ-ცალკე. ერთმანეთს მხოლოდ ვახშმის დროს ხვდებოდნენ. გაბრიელისაგან განსხვავებით, ელამ იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს წუთები მისი ძმისთვის, ამიტომ ,როგორი არასასიამოვნოც არ უნდა ყოფილიყო, ყოველდღე დათქმულ დროს მაგიდასთან ჯდებოდა. სიმშვიდისათვის ასე იყო საჭირო. ასე ცხოვრება ყველას აწყობდა.
ელა მამას რაღაცისათვის სჯიდა და მხოლოდ მაშინ შეუნდო, როდესაც ის ელიოზის თვალებით დაინახა. ელიოზს გაბრიელი მართლა ყოველთვის საკუთარ შვილად აღიქვამდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ მისთვის ცხოვრება ესწავლებინა. ის მისთვის ჰგავდა იმ მზრუნველ მამას, რომელიც მის ღვიძლ შვილებს არასდროს ჰყოლიათ. იქნებ სწორედ ელას გამო გრძნობდა კავშირს ელიოზთან? ქალმა ეს აზრი თავის დასამშვიდებლად აიკვიატა. სინამდვილეში ის ელიოზს აფასებდა და მისი საშუალებით რაიმეს საკუთარი ხელით შექმნის ვნებას იკმაყოფილებდა.
ერთადერთმა ქალიშვილმა არ იცოდა რატომ ან როდის შეეპარა ეს სიცივე, როდის გახდა მშობელ მამასთან საუბარი მისთვის აუტანელი. როდესაც ელიოზს გაახსენდა ყველაფერი, ყველა ელასა და ელიაზარის კაეშანი. ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა ყველაფერი გამოესწორებინა, რადგან მას ამის ძალა ჰქონდა.
სანამ ელა მიქაელთან გატარებული დღეების სიტკბოს იხსენებდა ოთახში გაბრიელიც გამოჩნდა. კართან გაჩერებულ ელიოზს დაუძახა.
-ელიოზ, როგორ გამახარე! შემოდი კარში რატომ დგახარ? მიქაელ სტუმარს სახლში არ უშვებ?
-არა, მამა უბრალოდ ვსაუბრობდით.
-შიგნით ისაუბრეთ. გარეთ ცივა.
-მაპატიე, ელიოზ. შემოდი.
-არაფერია, მიქაელ. პირიქით, მაპატიე, რომ ძილი დაგირღვიე.
...ბევრს შეძულდებოდა მიქაელის ადგილას ელიოზი, მაგრამ მიქაელს ის არ ეზიზღებოდა. უყვარდა, მიქაელს ელიოზი დაკარგული ძმასავით უყვარდა.
ელას გაუჩინარების შემდეგ მიტოვებული ძმა მუდმივად დანაკლისს განიცდიდა. ვერ ხვდებოდა და ვერც იგონებდა, რატომ, მაგრამ სხეულში ტკივილი არ ცხრებოდა. ის თითქოს ორად იყო გაგლეჯილა. ერთ მხარეს დარჩა მისი დაბნელებული, ამომწვარი გონება, რომელიც ვერაფერს აცნობიერებდა, მეორე მხარეს კი მისი სული, რომელსაც გუშაგი ძალიან აკლდა. ელიოზთან შეხვედრის შემდეგ მან იპოვა ადამიანი, რომელმაც მი სხეულშიი დაცარიელებული ადგილი შეავსო, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ელიოზის ნაწილი ელა იყო. ხო, მიქაელი დანაკლისსა და მთლიანობას მხოლოდ ელას წყალობით განიცდიდა.
-ელიოზ, სიმართლე გითხრა -კიბისაკენ მიიწევდა გაბრიელი - მეც მინდოდა შენი ნახვა. ჩემს ოთახში შევიდეთ. - მიქაელს ანიშნა აქ გაჩერებულიყო. შვილი მამას უსიტყვოდ დაემორჩილა.
-კეთილი.
გაბრიელის სამუშაო ოთახი მეორე სართულზე, დიდი, ცარიელი საძინებელი ოთახის პირისპირ იყო. ამ ოთახში გარნმარტოება უყვარდა. შეიძლება ადრე ეს ოთხი კედელი ძალიან ლამაზი ყოფილიყო, მაგრამ ახლა აქ სევდა ტრიალებდა. სიხარული დიდი ხნის წინ შეეჭამა და გამხდარიყო მისი ნაწილი. ფანჯრის წინ მდგომი ხის მაგიდა დამლპარიყო, კედლების ფერიც გახუნებულიყო. თაროები დამტვერილი წიგნებით იყო სავსე. ხო, ელა წიგნებს ჩუმად სწორედ აქედან იღებდა. აქ იყო ყველაფერი, რაც გაბრიელს სახლიდან წამოეღო, ყველაფერი, რასაც შეეძლო უკან დარჩენილი გაეხსენებინა. ელიოზის ყურადღება სკამის გვერდით დაყრილმა ფურცლებმა მიიქციეს. ცდილობდა გაერჩია, თუ რა ეწერა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
გაბრიელი ჩვეულზე ჩაფიქრებული ჩანდა. მარჯვენა ხელი უკანკალებდა, მარცენათი კი ჭაღარა წვერს აწვალებდა. არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას და არც ელიოზი უსვამდე ზედმეტ კითხვებს. მან იცოდა, რომ მისი მოხუცი მეგობარი დღეს, ამ ღამით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გაუმხელდა.
-შენ და მიქაელი დამეგობრებულხართ. მიხარია.
-კი, ასეა. - ერთი სული ჰქონდა, როდის გამოუტყდებოდა ყველაფერში, როდის მოუყვებოდა ვინ იყო, მაგრამ ჯერ აკვირდებოდა და შესაფერის წამს არჩევდა.
-იცი, ელიოზ არასდროს არ მქონდა კარგი ურთიერთობა ჩემს შვილთან. ვიცოდი, რომ უნდა მყვარებოდა, მაგრამ ვერ ვიყვარებდი.
-არ მესმის.
-ელიოზ, მე,როდესაც მიქაელს ვუყურებდი მასში მუდმივად ჩემს თავს ვხედავდი. ის მე ძალიან მგავს და, რო ვხედავ როგორ აბეჩავეს სენი, როგორ ასუსტებს და ართმევს იმ ყველაფერს, რაც მე ერთ დროს წამართვა, გული მიკვდება. ვერ ვუყურებ, რამდენ სისულელეს აკეთებინებს. მახსენდება, რომ ასე მეც მიყურებდნენ, მიბრალებდნენ. მე ვერიდები საკუთარ შვილს, რადგან ის მე ჩემს თავს მაგონებს. ეს ზიზღია, რომელსაც მე განვიცდი ჩემი სისხლის მიმართ და ყველას მიმართ, ვინც ამ სისხლის მატარებელია.
-აკი, მასწავლიდი თანალმობა ყველაფერს შეცვლისო.
-მიხარია, რომ ამ ყველაფერს იმახსოვრებ. შეიძლება ასეც იყო. სადღაც შორს, მაგრამ არა აქ. მეც ასე მეგონა, სანამ ერთი, რამ გამახსენდა. მე მეორე შვილიც მყავდა - ელა.
ახლა შესაფერისი დრო იყო ელიოზს ყველაფერი ეთქვა. ხელები გაეშალა და მამა გულში ჩაეკრა. თვალებში ელვა გაუთამაშდა. ხმამაღლა სუნთქავდა. ფიქრობდა, თუ როგორ. ეთქვა, რომ ელა ბედნიერი იყო ელიაზართან ერთად და მას სხვისი თვალებით უყურებდა. საუბრის წამოწყება სცადა, მაგრამ გაბრიელმა სიტყვა მოუჭრა საკუთარი წინადადება გააგრძელა :
-დედაჩემს ელაიზა ერქვა. ალბათ, მის საპატივსაცემოდ დავარქცი ჩემს ქალიშვილს ელა. ბევრი ვერაფრის გახსენება შევძელი. ისევე ვერ ვიხსენებ მის სახეს, როგორც დედაჩემისას, რომელიც შეიძლება დღეს ცოცხალიც აღარ არის. ჩემი გონებიდან ეს სახელები ისე წაიშალნენ, როგორც ჭრილობის კვალი ჩემს მტევანზე - მარჯვენა ხელზე მიუთითა, ჯერ კიდევ ჩანდა ორი სახელი, მაგრამ გარჩევა ჭირდა - იცი, რა არის ყველაზე ცუდი? არ ვიცი ახლა ელა სად არის, მიქაელს კი-მისი არსებობა დაავიწყდა. - გაბრიელმა ეს ყველაფერი საეჭვოდ ცივად მოყვა.
-ვწუხვარ. - ელიოზმა მოცდა გადაწყვიტა.
-ყველაზე საზარელი კი ის არის, რომ მე ეს ყველაფერი ვერ ვიგრძენი. მიყვარდა ოდესმე ჩემი შვილები? რა თქმა უნდა, მიყვარდა, მაგრამ ჩემი წყეული სისხლი არა მარტო გონებაში ჭამს ყველაფერს, არამედ მთელ ჩემს სხეულში. ახლაც ვიცი რომ ის სადღაც შეიძლება იყოს, მაგრამ საძებნელად არ მივდივარ. იცი რატომ?
-არა.
-სურვილი ერთხელაც არ გამჩენია. მე ყველა ის შეგრძენაბაც დამავიწყდა, რომელიც ოდესმე საკუთარი შვილების მიმართ განმიცდია. რთულია ამის აღიარება, მაგრამ ეს სიმართლეა.
ეს სიტყვები ყველაზე მწარე მოსასმენი აღმოჩნდა ელიოზისათვის. მომდგარი ცრემლების შეკავება გაუჭირდა. ტუჩები გაუშრა. თვალწინ კატალია გამოეცხადა, მისი დარიგება გაახსენდა. ეს იყო სიმართლე და როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის უნდა მიეღო. საკუთარი გადაწყვეტილება არ უნდა შეეცვალა. წინ უნდა წასულიყო.
..სანამ გაბრიელის სახლამდე მოდიოდა, ბევრ რამეზე დაფიქრდა. ფიქრობდა კატალიაზე, მიქაელზე, თედორეზე, გაბრიელზე და საკუთარ თავზე. მართალია დაჰპირდა კატალიას, რომ, რაც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად წავიდოდა, მაგრამ სინამდვილეში სულ საპირისპიროზე ფიქრობდა. იქნებ რაიმე შეეცვალა, გამოსავალი ყველას ერთად ეპოვათ. მას არავის დატოვება აღარ უნდოდა, ყველას თანაუგრძნობდა და საოცრად უნდოდა მათთვისაც მიეცა ცხოვრება, რომელიც მხოლოდ მას ჰქონდა. სწორედ ამას აპირებ გაბრიელისათვის სიმართლის გაზიარების შემდეგ თხოვდა დახმარებოდა. ზედმეტად არარეალურზე ოცნებობდა.
ახლა ყველაფერი იცის და გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს. ელამ საკუთარი ბავშვობა დაინახა იმაზე ნათლად, ვიდრე ოდესმე დაუნახავს. ყველაფერი გაახსენდა და იპოვა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ სჯიდა მამას ამდენი წლის განმავლობაში. გაბრიელს მართლა ეშინოდა ყველაზე მეტად საკუთარი შვილების დავიწყების, მაგრამ იმიტომ არა, რომ მათი მშობელი იყო. ის თავს ვალდებულად თვლიდა არ დავიწყებოდნენ ისინი. ელა იძულებული იყო ჩუმად შემოპარულიყო ამ ოთახში და მამის წიგნები აეღო, რადგან ის მათ არ ელაპრაკებოდა, არაფერს უყვებოდა. მათ არ ჰქონდათ ბავშვობა და არსდროს იარსებებდა ეს ოჯახის ილუზია, რომ არა გულთბილი კავშირი, რომელიც ძმისა და დის სულებს აერთებდა.
.,,მთელი ამ დროის განმავლობაში ელიაზარი დუმდა, მაგრამ მას შავ-ბნელი აზრები არ ასვენებდნენ. თავს იკავებდა რაიმეს თქმისაგან, მაგრამ ძლიერ იმედგაცურებას გრძნობდა,
-აქ სხვადასხვა ოჯახები არ ვცოხვრობთ. ვართ მხოლოდ ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც ერთი საერთო სენი გვაქვს - ბედის უარყოფა და სიცოცხლის სიძულვილი.
-თუ ამას ყველაფერს ხედავ რატომ არაფერს ცვლი? რატომ არ ასწავლი შენთან რჩევის სათხოვნელად მოსულებს, რომ ერთმანეთს გაუგონ, დაეხმარონ.
-აქ ყველა ეხმარება ერთმანეთს.
-ამ დახმარებაზე არ გელაპარაკები.
-მე მარტო ვერაფერს შევცვლი.
-მაპატიე, ავღელვდი.მესმის
-არა, ელიოზ. ამას შენ ვერასდროს გაიგებ და არც უნდა გაიგო. არ ვიცი, რატომ ხარ აქ. როგორ მოხვდი, მაგრამ შენი ადგილი ამ სახლებს შორის არ არის.
-თქვენ იცით სხვები როგორ მოხვდნენ აქ? - ამ კითხვის დასმის დროს პასუხს არ მოელოდა.
-ჩამოჯექი.
-იცით? - შეცბა.
-მომისმინე. ძალიან გთხოვ.
...ელიოზი ძველ, დახეულ ტყავის ტახტზე მოკალათდა. გაბრიელი სიტყვებს ეძებდა. რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება, მაგრამ ჩუმდებოდა. ღრმად ამოისუნთქა, ძალ-ღონე მოიკრიბა და გაწყვეტილი სიტყვა განაგრძო.
-ჩემო კარგო, იცი სანამ აქ მოვიდოდი ადრე, ჩემს ქალაქში ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად.
-კი, მაგრამ. ეს ყველაფერი როგორ გახსოვ?
-ელიოზ, აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი, რომ ჩემი სენი გამოგონილი იყო.- ელიოზი შეკრთა. წამოდგომა და გასვლა განიზრახა, მაგრამ გაჩერდა. აქედან ისე არ წავიდოდა, რომ ყველაფერი არ გაეგო. მას არ ეშინოდა. ის მარტო არ იყო და არც იქნებოდა.
-მაგრამ რამდენიმე წუთის წინ შენი სენი საშინელებაზე მელაპარაკებოდი. - ზიზღი გაერია ხმაში.
-ეს თამაშია. აქ ყველაფერი ერთი დიდი თამაშია. მე წესები გამოვიგონე, როგორც საკუთარი სენი.
-რატომ?
-თავიდან მიზეზი მჭირდებოდა ყველაფრის ასახსნელად. აქ წამოსასვლელად ავადმყოფობა მოვიგონე. შემდეგ კი თამაში გაიწელა და თავის დაცვა დამჭირდა. მე ბევრი ვიცოდი, მიქაელისა და ელას სენის მისაკუთრებით დავმალე საკუთარი ცოდნა.
-ისინი თქვენი შვილები არიან?
-რა თქმა უნდა, არა.
-ცრუობ!
-არა, ელიოზ. ეს ერთადერთი სიმართლეა. მე შვილები არ მყავს. მიქაელსა და ელას კი ვზრდიდი, მაგრამ ეს ყველაფერი სიყალბე იყო. თავშესაფარი მჭირდებოდა.
-და ამ ყველაფრის გამო უკან არ დაიხიე?
-შენ არ იცი რაზეა წამსვლელი შეშინებული ადამიანი.
-მთელი თქვენი საუბარი, მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ყველაფერი...
-კი, ტყუილი იყო. - გაბრიელის სიმშვიდეს წყობიდან გამოყავდა ელიოზი. მას დაავიწყდა, რომ ის იყო ელიაზარი და ელა. ამ ოთახში მხოლოდ ორნი იყვნენ - გაბრიელი და ელიოზი.
-რაში დაგჭირდა?
-ვერ გადამეწყვიტა სიმართლე მეთქვა თუ არა. გამიგე, შემეშინდა, რომ მიქაელს ყველაფერს ეტყოდი. სიმართლე ყველაზე მწარედ მე დამიჯდება. ის მშვიდად არის.
-შენ არავინ ხარ, რომ გადაწყვიტო ის როგორ იქნება! არ გაქვს უფლება გადაწყვიტო ვინ რას იგრძნობს.
-ცდები. - ავადმყოფური ღიმილი გამოისახა გაბრიელის სახეზე. ეს სახე ელიოზს აღარ ეჩვენებოდა ნეტარი. ის ეზიზღებოდა. წვერსა და ნაოჭებს შორის სისხლის წვეთებს ამჩნევდა.
-ის იტანჯება შენ გამო! - წამოხტა აღშფოთებული - ამას როგორ ბედავ? საკუთარ მამად გთვლითა. შენთვის კი ის არაფერია. ამდენი წლის განმავლობაში ყველაფერი იცოდი და საკუთარი ტყავის გადასარჩენად ყველას იყენებდი. შენი თავისგან ვინ დახატე?
-მესმის. არც მიფიქრია, რომ ამ ყველაფერს გაიგებდი.
-მას სტკიოდა გული. ბევრჯერ უთქვამს, რომ მარტოობა აწუხებდა.
-მარტოობა.. - ჩაიცინა - მე მას ყველაფერი მივეცი, რომ ეცხოვრა.
-ყველაფერი მშობლის სიყვარულის გარდა!
-პასუხს ვერ მომთხოვ!
-შენ? შენ გქონდა უფლება ვინმესთვის პასუხი მოგეთხოვა? - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-დაჯექი!
-არა! არ გქონდა. მთელი ამ დროის განმავლობაში დასცინოდი შემდეგ კი მოიგონე ამბავი, რომ საკუთარი თავი გაგემართლებინა. ბოლოს რა გააკეთე? გულისმარევი სიმართლე მითხარი!
-კი, ეს ვარ მე.
-მოთამაშე ხარ. გასამარჯვებლად ყველაფერს აკეთებ, მაგრამ საკუთარი წესები გიღებენ ბოლოს. იმდენად გაერთე, იმდენი დრო დაკარგე, რომ თამაში გახდა შენი ცხოვრება და ისვე იქნება შენი სიკვდილი.
-შენ აქ ჩემს მოსასმენად მოხვედი. ჩემი განსჯა უკვე გვიანია, ამიტომ მინდოდა სიმართლე მეთქვა. უკვე არაფერი აღარ შეიცვლება. რეალობა გამოუსწორებლად განადგურებულია. რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, აქაურობას ვერ გადაარჩენ. ვიცი, რომ გინდა ყველაფერი გაიგო. შენ თვალებში ჟინს ვხედავ. ერთ დროს მეც გგავდი და ვფიქრობდი რა იყო სწორი და რა მცდარი.
-შეწყვიტე! ჩვენ ერთმანეთს არასდროს დავემსგავდებით!
-როგორც უკვე გითხარი - სიტყვა ბანზე აუგდო- ადრე მასწავლებლად ვმუშაობდი. ასაკით ჩემს მოსწავლეებზე ოდნავ უფროსი გახლდი. სურვილი მქონდა მემუშავა ბავშვებთან და მიმეცა მათთვის ისეთი მაგალითი, როგორსაც ოდესღაც მე მაძლევდნენ. ერთი წელი გავატარე სკოლაში. კარგი ბავშვები შემხვდნენ. მე ვცდილობდი მათთვის მესწავლებინა, თუ როგორ უნდა ეაზროვნათ და ბოლო დღეს, როდესაც ვემშვიდობებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ გამომივიდა. ჭიშკარი ამაყმა დავტოვე. ეს ადგილი ჩემს სახლს დაემსგავსა და ,მიუხედავად იმისა, რომ შვილი არასდროს მყოლია, მათი გახსენებისას თავს ახლაც კეთილ მშობლად ვგრძნობ. არ დამავიწყდება, თუ რამხელა ბედნიერებას მგვრიდა, გახარებული ბავშვების ყურება. სახლში მისული ყურადღებით ვკითხულობდი მათ გამოსამშვიდობებელ ბარათებს. აი ამ ბარათებს - გაბრიელმა გაცრეცილი, მაგიდის გვერდით გაშლილი ფურცლებისაკენ მიუთითა - ყოველი აბზაცის დამთავრებისას მათი ხმა მესმოდა. ახლა ჩამესმის და ვხედავ მათ მშვიდ, აუღელვებელ სახეებს. ისინი ვერაფერს აცნობიერებდნენ და სწორედ ამიტომ არიან მშვიდად. - ხელები გაშალა, ჭერისაკენ მიმართა, სიმშვიდეს ეთაყვანებოდა - მე მათ მივეჩვიე, ისინი კი-მე. დიდი პასუხისმგებლობაა იყო ვინმეს მასწავლებელი. აიღო პასუხისმგებლობა ასწავლო ვინმეს ცხოვრება. -ამოიოხრა - შეცდომები ძვირად გვიჯდება. წლები გავიდა, მე დედასთან ერთად დიდ სახლში ვცხოვრობდი. დრო გარბოდა. ეს სიტყვა იქ არ ჩანდა ისეთივე უმნიშვნელო, როგორც აქ. დღე არ გასულა, რომ არ მეფიქრა ჩემს აღზრდილ ბავშვებზე, მე მათი მომავალი დიდი ხნის წინ დამეხატა და მაინტერესებდა შევძელი თუ არა დავხმარებოდი მათ სწორ გზაზე სიარულში. ზოგის ამბავი ვიცოდი. ყველას კეთილდღეობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ერთხელაც ერთი მაღაზიის კუთხეში ძონძებში ჩაცმული ახალგზარდა ყმაწვილი შევნიშნე. გამვლელებს საკვებს თხოვდა. არ მოგატყუებ, ხშირად არ ვიძლევი მოწყალებას. არ მებრალებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ორი ფეხი, ორი ხელი და არაფერს აკეთებენ. უყურებენ თავის სწორებს და შებრალებას სთხოვენ. რა საცოდაობაა! ისინი მათ მაგონებენ, ვინც მთელი ცხოვრება ნიშანს ელოდებიან. ცაში იყურებიან და მანამ არ წაბვლენ წინ, სანამ თორმეტ მფრინავ მტრედს არ შეამჩნევენ. მისი ასაკი რომ არა, გვერდით ჩავუვლიდი. სახალისო რამაა ცხოვრება. უამრავი დამთხვევა არსებობს. ისე გამოვიდა, რომ ეს ახალგაზრდა ყმაწვილი ჩემი ყოფილი მოსწავლე იყო. სახელს ვეღარ ვიხსენებ და არც მინდა გავიხსენო. სწორედ ის ბავშვი, რომელსაც დიდი მომავალს ვუწინასწარმეტყველებდი, სწორედ ის, რომლის ცოდნის სრულყოფილებაშიც დარწმუნებული ვიყავი. გავოცდი, გამიჭირდა მურიან სახეზე მისი ამოცნობა. მეც ვიყავი ოდესღაც ბედის სამართლიანობაში დარწმუნებული, მაგრამ ამ დღეს ყველა ცაში მიმავალი მტრედი თითქოს ქაღალდის გახდა, ქვევით უსიცოცხლოდ დაეშვა. მე აღარ ვუყურებდი მათ ქვევიდან ზევით, პირიქით, ისინი მიცქედნენ მე მიწიდან. შერცხვენილს დაეტყო მიცნო, მაგრამ არ გამომელაპარაკა წასვლა სცადა. გამოვფხიზლდი, ვიმარჯვე, მხარით დავიჭირე. დავაპურე და მოვუსმინე. ძნელია ახლა გადმოგცე, თუ რას ვგრძნობდი, როდესაც მიყვებოდა საკუთარ ამბავს, თავგადასავალს. ის სულაც არ ჰგავდა ჩემს გონებაში დახატულ მის გზას. მაშინ ეჭვიც არ გამჩენია, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა ტყუილი ყოფილიყო. გული მეხლიჩებოდა, ცრემლები გაუჩერებლად მომდიოდა. - ძნელი დასაჯერებელი იყო, რადგან გაბრიელი ამ ამბავს საოცრად უემოციოდ ყვებოდა - შეშინებულ ადამიანზე საშიში მშიერი კაცია. ეს კარგად დაიმახსოვრე.
-განაგრძე.
-სახლში წავიყვანე. ღამის გათენება შევთავაზე. გადავყწვიტე, რომ ჩემი მოვალეობა იყო დავხმარებოდა. მე უნდა გავმხდარიყავი მისი საყრდენი. დედაჩემი მოხუცებულთა თავშესაფარში მუშაობდა სახლთან ახლოს, დილით ჩემზე ადრე გადიოდა. სახლში მარტო დავტოვე და მთელი დღე მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი. ცხოვრება უსამართლოა - ვიმეორებდი. ამ ბავშვს ჰქონდა შესაძლებლობა, ცოდნა, ნიჭი, უნარი, მიეღწია ყველაფრისათვის, რასაც კი მოისურვებდა. და რა მოხდა? რატომ მოხდა? მე უნდა შემეცვალა ყველაფერი, მაგრამ ვინ ვიყავი მე და როგორ უნდა მებრძოლა იმ ძალის წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი გაანადგურა.
-კარგია, რომ ამას ადრე მაინც ხვდებოდი.
-უამრავი საქმე მოვუფიქრე, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდი, არავინ დამხვდა უკმაყოფილო დედის გარდა. ბავშვს ეძებდა. გამოიცანი რა მოხდა. თურმე გაქცეულიყო და ყველა ძვირფასეულობა წაეღო. იცი? ხანდახან, როდესაც ადამიანების გვჯერა ისინი ამართლებენ ჩვენს იმედს, მაგრამ ხანდახან შეიძლება ყველაფერი პირიქით მოხდეს. როგორც ჩემსა და შენს შემთხვევაში მოხდა. ყველას არ უნდა ენდო, ესეც კარგად დაიხსომე.
-კი, ამ ყველაფერში შენი დამსახურებით დავრწმუნდი.
-ძალიან კარგი.
-ეს ამბავი შენ არ გამართლებს!
-ეს ამბავი ჩემს გასამართლებათ არც მომიყოლია. უბრალოდ მინდა გაჩვენო ვინ ვართ ადამიანები. მე მქონდა მიზეზი დამბადებოდა ზიზღი ამ არსებების მიმართ, მაგრამ, არა, - ისევ ავადმყოფური ნეტარება გამოესახა სახეზე, ხელები გაშალა - მე მთელი ცხოვრება ვცდილობდი შემექმნა სრულყოფილი, რომელიც აქედან არასდროს წავიდოდა, იცხოვრებდა, საკუთარი ცოდნით ყველას გააოცებდა. მომიგონებდა, უამრავ მადლობას მომიძღვნიდა.
-რატომ აქ?
-ნაკლოვანება მისთვის უცხო ხილი იქნებოდა - კითხვა არ გაუგონია, ახირებული გარშემო ვერაფერს ამჩნევდა. დიდხანს ინახავდა ამ აზრებს თავისთვის და მათგან დაცლა აურაცხელ სიამოვნებას ანიჭებდა. - ყველაფერი ისე უნდა წასულიყო, როგორც მე მინდოდა.
-რატომ ვართ ჩვენ აქ?
-იმიტომ, რომ ყველანი დაიბადეთ არარაობები. ჩვენ აქ წამოგიყვანეთ, გადაგარჩინეთ, სიკვდილისათვის განწირულები გიხსნებით. და რითი გადაგვიხადეთ? ერთმანეთი შეიძულეთ და სამოთხის მაგივრად აქაურობიდან ჯოჯოხეთი შექმენით.
-სამოთხის აგება ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.
-რა იცი შენ?! რა არის სამოთხე ან რა არის იყო ადამიანი. შენ ჯერ ჩვილი ხარ, რომელმაც არაფერი იცის. თავისუფალია შენი სხეული ბევრი რამისაგან, მაგრამ, როდესაც აივსება, შენც შეიცვლები.
-მე ერთი ვიცი ,გაბრიელ, ზედმეტს იღებ შენს თავზე.
-შენ ამბობ ამას? გაიხსენე, რამხელა სიამოვნება იყო შენთვის ხისაგან სხვადასხვა ნივთების დანიშნულება. ყველაში ცხოვრობს შექმნის, შემოქმედობის სურვილი.
-მებრალები.
-მე ეს სიმართლე იმისთვის არ მითქვამს, რომ პასუხად მხოლოდ ზიზღი და სიბრალული მიმეღო.
-მაშ, რას ელოდი?
-შენ ჩემი მადლიერი იქნები.
-რისთვის?
-მე გასწავლი, როგორ წახვიდე აქედან.
...ელიოზი შეცბა. მთელი ამ საუბრის შემდეგ ყველაფერს ელოდა ამის გარდა, მაგრამ ის არც ამ საუბრის ასე წარმართვას ელოდა. უკვე აღარაფერს აღარ ელოდა.
-შენ აქედან უნდა წახვიდე. ტბის მეორე მხრიდან აღმოსავლეთით რამდენიმე საათის სავალი გზაა. დღე დაიმალე, ღამე გადაადგილდი. არავის ელაპარაკო, არ ენდო და არ შეეცადე თვალში არავის მოხვდე. მიმართულება არ შეიცვალო, სანამ ლიანდაგებს არ დაინახავ. შემდეგ მათ გაყევი და სადგურსაც მალე მიაგნებ.- გაბრიელს არ ემეტებოდა თავისუფლება არც ელასათვის და არც ელიზარისათვის. მხოლოდ ელიოზი ჩათვალა ღირსად ესწავლებინა აქედან წასასვლელი გზა. არა, ეს სიყვარულის ბრალი არ ყოფილა. ეს ორივემ ოციოდა. ელიოზმაც გააცნობიერა, თუ ვინ იყო გაბრიელი და რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს, მაგრამ გაბრიელმა არ იცოდა ვინ იყო ელიოზი და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სწორედ მათთვის გაიმეტა თავისუფლება, ვისთვისაც ის ყველაზე მეტად ენანებოდა - ბოლომდე გაყევი. არ ვიცი შემდეგ, რას იზამ. სად წახვალ. თავისუფლება გინდა?
-მინდა!
-მაშინ გაუგებრობა ეს ის ფასია, რომელიც მისთვის დაუფიქრებლად უნდა გადაიხადო. ეს დაგეხმარება - რამდენიმე ფურცელი გაუწოდა - თავს მიხედე. აქაურობაზე არასდროს, არავისთან მოყვე. მაინც არავინ დაგიჯერებს, გიჟად ჩაგთვლიად. არავის გადარჩენა აზრადაც არ გაივლო. ძალიან გვიანია. ერთი სწორედ თქვი, ბოლოს ეს თამაში თვითონ გახდა მთავარი მოთამაშე ჩვენ კი მისი ფიგურები.
-რატომ მე? - შეშინებულმა გამოართვა.
-ჩემი საბედისწერო შეცდომა იყო ფიქრი რომ ადამიანის მიზანი იყო ყოფილიყო სრულყოფილი. სანამ შეგხვდი შენ, ყველაზე ჩვეულებრივს, უბრალოს, სხვებისაგან არაფრით გარმოჩეულს. როდესაც შენ გამოჩნდი მივხვდი, რომ შენშია სრულყოფილება, უბრალოებაშია.
...ელიოზმა დამცინავად შეხედა გაბრიელს. სიტყვის თქმის, გამომშვიდობების გარეშე. კართან შეჩერდა და ბოლო კითხვა დაუსვა :
-რა არის ეს ქალაქი?
-სამოთხედ გარდაქმნის სურვილით აგიზგიზებული ჯოჯოხეთი. ადამიანის უაზრო ამბიციის დასაკმაყოფილებლად, მისი ხელით შექმნილი ჯოჯოხეთი.
***
...საათები გასულიყო ელიოზის წასვლის შემდეგ. გაბრიელი კვლავ თავის ოთახში, საწერ მაგიდათან იჯდა. გაყინულიყო, მთელი ამ წლების განმავლობაში მის სხეულში გაჩერებული უთქმელი სიტყვები ყინულის ლოლოებად იქცნენ, დააწვნენ, დაეკიდნენ მის სხეულს და ერთ ადგილას გააჩერეს. სულ სხვანაირი წარმოედგინა გაბრიელს საკუთარი ცხოვრება. აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს ადგილი გახდებოდა მისი თავშესაფარი, რომ მას სიკვდილისაგან დაიცავდა გამოგონილი სენი, თუმცა სინამდვილეში, ის ერთადერთი სნეული იყო ამ ქალაქში. ის გახდა სენი საკუთარი თავისათვის, საკუთარი არსებობისათვის.
...ახლა, იყურება გარშემო, უყურებს გაბზარულ კედლებს და საკუთარ ცხოვრებაზე ფიქროს. ყველა იმ წელზე , რომლებიც თავისი მიზნის სიდიადეში დაბრმავებულმა გაატარა. ნუთუ ეს ყველაფერი ამაო იყო? არისტო, ხო, სწორედ არისტო ერქვა იმ ყმაწვილს, რომლის გაუჩინარებასთან ერთად გაქრა გაბრიელის ნდობა ადამიანთა მიმართ. ბიჭი, რომლის სწორ გზაზე დაყენებაც ვერ შეძლო. ხშირად ხატავდა გაბრიელი სურათებს წარმოსახვაში. ის უნდა ყოფილიყო გმირი, რომელიც ქუჩაში ობლად დარჩენილ ბავშვებთან მივიდოდა, ხელს მოკიდებდა და სწორ გზას აჩვენებდა. იგონებს, შავთმიან, სავსე, ყავისფერთვალებიან ბიჭს. “როდის დავემსგავსეთ ასე ერთმანეთს?” - ეკითხება საკუთარ თავს და ხელში მის დაწერილ ბარათს ათამაშებს. კითხულობს, ჭმუჭნის, გადასაგდებად ამზადებს, მაგრამ ჩერდება. კვლავ იღებს, შლის, თავიდან კითხულობს და შემდეგ ისევ ჭმუშნის.
...ბარათში შემდეგი წერია:
“მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ყველაფრისათვის. თქვენთან გატარებულმა წლებმა ბევრი მასწავლა. თქვენ განსხვავდებოდით ყველა სხვა მასწავლებლისაგან, ამიტომ იჩენდა ყველა განსაკუთრებულ მოკრძალებასა და პატივისცემას თქვენთან. მხოლოდ თქვენს თვალებში ჩანდა ნაპერწკალი, რომელიც ჩემამდე მოდიოდა. მე არ ვიყავი ერთადერთი, რომელიც ამ ყველაფერს ამჩნევდა. თქვენი საუბარი, უამრავ ხმად გაშლილ სიმღერას ჰგავდა. ყოველი ბგერა მატერიალდებოდა, მთელ საკლასო ოთახში ვრცელდებოდა და ყველა სხვა ხმას ამუნჯებდა, მათ წინაშე ყველა სხვა დანარჩენი ქედს იხრიდა. ეს ხმა მსმენლის გულში სამუდამოდ ბუდდებოდა. სწორედ იმ არარსებულ გმირებს ჰგავდით, რომელთა შესახებაც გვიყვებოდით. თქვენი წყალობით, ალბათ, მთავარს მივხვდი - ცხოვრება საჩუქარია, რომელიც უნდა მიიღო, შეიყვარო, შენი ნაწილი გახადო და არასდროს გაუშვა.
მიჭირს გაცნობიერება, რომ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ არასდროს დაგვივიწყებთ. იქნებ ოდესღაც კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე პირობას გაძლევთ, რომ მუდამ მემახსოვრებით, თქვენს სიტყვებს არასდროს დავივიწყებ. თქვენი წყალობით მჯერა. მწამს, რომ ადამიანს შეუძლია სიბნელის სინათლედ გარდაქმნა.”
...ეს მხოლოდ სიტყვები იყო და მუდამ დარჩებოდა ლამაზ წერილად ბედს რომ სხვანაირად გადაეწყვიტა და ეს საბედისწერო შეხვედრა არასდროს შემდგარიყო. არც არისტომ იცოდა, როდესაც ამას წერდა სად წაიყვანდა ცხოვრება. აზრადაც არ მოსვლია, რომ გაღმერთებულ მასწავლებელს კვლავ შეხვდებოდა და მისთვის თვალებში შეხედვასაც ვერ გაბედავდა.
ის მუდამ ძალას გრძნობდა, როდესაც მის საუბარს უსმენდა. სკოლის დამთავრებისას მთელი ამ ძალის გამოყენება სამყაროს უკეთესობისაკენ შესაცვლელად განიზრახა, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ თავის გასატანად, გადასარჩენად იყო საკმარისი. ის არ ყოფილა ყმაწვილური, მიამიტი ოცნებების დამსხვრევის მსხვერპლი. შეცდა, თუმცა ერთში არისტოც იყო მართალი, მთელი ეს დრო გაბრიელმა სინათლის შექმნას შესწირა და ერთხელაც არ უფიქრია, რომ ის ნაპერწკალიც დაკარგა, რომელიც მის სხეულში ბინადრობდა. ნაპერწკალი, რომელიც მის გარშემო მოხვეულ უკუნითს არღვევდა. მუხლებზე დაეცა, ბრძოლა გაუჭირდა,როდესაც საკუთარ თავში ეჭვი შეეპარა, მაგრამ, მხოლოდ მაშინ ჩაყლაპა უკუნითმა ბოლომდე, როდესაც სინათლის მნიშვნელობაც დაივიწყა.
ამ ბარათს ხშირად კითხულობდა აქ გატარებული წლების განმავლობაში. ეშინოდა, რომ ვინმე იპოვიდა ან დაიკარგებოდა, ამიტომ არასდროს ტოვებდა, მუდამ თან ატარებდა. მუდმივ მეგზურად აქცია, ყველაზე ძვირფასი იყო, რაც მას გააჩნდა, რადგან, როდესაც ამ გულწრფელად დაწერილ წინადადებებს კითხულობდა რწმუნდებოდა, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა, რომ იმავე შეცდომას აღარასდროს დაუშვებდა, თავისი მიზნისათვის ბოლომდე იბრძოლებდა, არჩეულ გზაზე სიარულს არასდროს ინანებდა.
...მაგრამ ინანა, ამ გზის არჩევა გაბრიელმა ძალიან ინანა.
...მიქაელისათვის და ელასთვის საკუთარი გულის კარი არასდროს გაუღია. საფრთხე მაშინ გამოჩნდა, როდესაც შეამჩნია, რომ ელიაზარი მის ნდობას იგებდა. ღამის წყვდიადში, წერილი რამდენჯერმა გადაიკითხა. გაიხსენა არისტოს დამურული, სიცოცხლისაგან გამწარებული სახე და შეძლო ისიც შეეძულებინა. მათ შორის არსებული ხიდიც ჩაეტეხა. ისიც მხოლოდ თოჯინად დაენახა, რომელსაც სულს ჩაბერავდა. დაუსრულებელ შენობად აღექვა, რომელსაც შედევრად გარდაქმნიდა.
...თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ელიოზი გამოჩნდა. მიწაზე დაშვებული უსულო ფურცლის ჩიტებს კვლავ დაუბრუნდათ სიცოცხლე, გაფრინდნენ, კვლავ ცას მიუახლოვდნენ. ელიოზი ახალშობილს ჰგავდა, ცხოვრების შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა და ,ელიაზარისაგან განსხვავებით, არც გონების გამჭრიახობით გამოირჩეოდა. მისი სხეულიც შეიძლებოდა ემართა გაბრიელს, მაგრამ ის უსულო თოჯინა არ იყო. მას ჰქონდა სული, რომელიც მხოლოდ მისი იყო, რომელსაც გაბრიელი ვერასდროს დაეპატრონებოდა. სინამდვილეში, მან სწორედ ამისათვის გადაუხადა მადლობა ელიოზს და აჩვენა გზა, რომ გაქცეულიყო. არ დატოვა მიწაზე. მისცა ფრთები, რომ გაფრენილიყო, რომ ცასთან ახლოს მისულიყო.
დიდი დრო დასჭირდა გაბრიელს,სანამ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ეს ფურცლის ნაგლეჯი აღარ სჭირდებოდა. თავიდან დაუყოვნებლივ უნდა მოეშორებინა. “მშვიდობით“ - ჩაიბურტყუნა. თავიდან შეყოყმანდა, მაგრამ ანთებული ასანთით ცეცხლი მაინც წაუკიდა. ფანჯრიდან გარეთ გაუშვა. მფრინავი ძლიერ ქარს შეხვდა, არ შეერკინა, ცეცხლწაკიდებული მორჩილად გაყვა. მიდიოდა და იწვოდა, მელნის კვალი ქრებოდა, მიწას ფერფლი ეცემოდა. ფანჯარას მანამ არ მოშორდა, სანამ ბოლომდე არ დაიწვა. ღრმად ჩაისუნთქვა, ჰაერი ფილტვებში ჩაუშვა და ამოსუნთქვისას გაატანა ყველაფერი, რაზეც ამ წლების განმავლობაში ფიქრობდა. “შესაძლებელია ისევ ვიპოვო?” - არ იცოდა იპოვიდა თუ არა ოდესმე კვლავ დაკარგულ სათნოებას, მაგრამ თავს ერთით იმშვიდებდა, ერთი აზრი აცოცხლებდა - ელიოზი წავიდა და მშვიდად იცხოვრებს.
...ელის. იცის, რომ ელიოზი არ არის ერთადერთი, ვინც ამ ღამით მის მოსანახულებლად მოვა. ღამის წყვდიადში მისი ძველი მეგობარი გამოჩნდება. ღელავს, მასთან შეხვედრის წინ ძალიან ღელავს. ამ მიწაზე მასთან ერთად ჰქონდა უტოპიის შექმნა განზრახული.მისგან დასაცავად გამოიგონა საკუთარი სნეულება და გახდა იძულებული დარჩენილიყო აქ. ის თავისთავზე არ ფიქრობდა, არც სიცოცხლე უღირდა ძვირად, აქ დარჩა, რადგან ერთ დღესაც უნდოდა ენახა საკუთარი თვალით ის სამყარო, რომლის აშენებასაც შეალია საკუთარი თავი, საკუთარი არსებობა. არ უნდოდა მხოლოდ მაყურებელი ყოფილიყო, ეწადა მისი ნაწილი გამხდარიყო.
...ღამე იწურებოდა, ქუჩებში ჯერ კიდევ არავინ ჩანდა. კედლის საათის ისრები ხუთს უახლოვდებოდნენ. მათ ხმას ყურს უგდებს და ყოველი სრული ბრუნვის შესრულების შემდეგ ხმამაღლა, მტკიცე ხმით ამბობს - შეიძლება შემდეგი საათისათვის ცოცხალი აღარ ვიყო.
...კარის გაღების ხმის გაგებამ შეაშინა. გული აუჩქარდა. ცდილობდა არ ესუნთქა, მაგრამ თავს ვერ იკავებდა. ვერ მშვიდდებოდა. იცოდა წინ, რაც ელოდა, მაგრამ მოლოდინი მას ვერ იცავდა. მისი სხეული მის დაუკითხავად სიკვდილის მოახლოებას ჩვეული სიცხოველით აღიქვამდა. სმენად იქცა. ყოველი ნაბიჯი ესმოდა. კიბე ჭრიალებდა. ნელ-ნელა უახლოვდებოდა. აჩრდილები მისკენ მოსრიალებდნენ, უახლოვდებოდნენ.
-დიდი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს გაბრიელ, - კარი უხმაუროდ გაიღო. მოხუც კაცს აშკარად უჭირდა სიარული. ოთახში დარინას დახმარებით შემოვიდა. ხო, ის მარტო არ მოსულა. სამ ალისფერთმიან ხორცშესხმულ თანატოსთან ერთად გამოჩნდა. შესახედაობით, უწყინარს ჰგავდა, დარინას სიცოცხლით სავსე, დახვეწილი სხეული მის სისუსტეს აშკარას ხდიდა. ტანად დაბალი იყო, მელოტი, წელში გასწორება უჭირდა, მაგრამ თვალები ძველებურად ცოცხალი ჰქონდა. უყურებდა, უახლოვდებოდა გაბრიელს და მათში ალი თამაშობდა. მარჯვენა ხელზე დაღად დადებული ხალი ყურადღებას იქცევდა. - წლებია აქ აღარ გვისაუბრია.
-გელოდი, ნათან.
-აღარ გეშინია? ახლა, ყველაფერი გახსოვს? - დამცინავად ჰკითხა მაგიდისაკენ მიმავალმა. გაბრიელს ადგილი არ შეუცვლია. უდრეკად იჯდა და უყურებდა როგორ მოემართებოდა მისკენ. მაგიდის წინ დახეულ სავარძელზე დაეშვა. იქ, სადაც რამდენიმე საათის წინ ელიოზი იჯდა.
-წლებს უკვალოდ არც შენთვის ჩაუვლია. დაღი შენთვისაც დაუსვია.
-ჩვენ ჩვენი დრო გვაქვს, მეგობარო. - დარინა, მეგი და კელი უკნიდან უყურადებდნენ, ნათანის განკარგულებას ელოდნენ. - მეც ისეთივე მოკვდავი ვარ, როგორიც შენ. მართალია, ვწვალობდით ჩვენი ღვაწლის უკვდავსაყოფად, მაგრამ ბოლოს მაინც აქამდე მოვედით. იქ მივედით, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. გახსოვს პირველად სოწრედ აქ.
-რა თქმა უნდა, სწორედ აქ გადავწყვიტეთ ყველაფერი.
-გადავწყვიტეთ ამ დანგრეული შენობებისათვის ძველი სიდიადე დაგვებრუნებინა.
-გვინდოდა, ახალი ცხოვრება შეგვექმნა.
-და ეს ცხოვრება მიტოვებულებისათვის მიგვეცა.
-და სინამდვილეში მათთვის არაფერი მიგვიცია შიშის გარდა, ცხოვრების შიშისა და სიძულვილის გარდა - წინადადება მოუჭრა გაბრიელმა.
-აზრი რატომ შეიცვალე? ჩემი მიტოვება რატომ გადაწყვიტე?
-ჩემი მოსმენა გაადწყვიტე?
-რა თქმა უნდა, მაინტერესებს რა მოხდა. რატომ ჩაიქნიე ხელი ყველაფერზე და დაიმალე ამ ნანგრევებში? - გარშემო ყველაფერს ზიზღით სავსე თვალებით ათვალიერებდა - აქაურობა რატომ ამჯობინე ჩვენს დიად მიზნებს. მითხარი, იქნებ მეც შევიცვალო საკუთარი აზრი.
-არ გინდა, ორივემ ვიცით, რისთვის ხარ აქ მოსული.
-გახსოვს? პირველად ეს ადგილი, რომ აღმოვაჩინეთ ორივენი შეძრწუნებულები დავრჩით, მაგრამ რაღაც უხილავმა გვაიძულა სწორედ აქ დავრჩენილიყავით. ამ კედლების შენებისათვის შეგველია ჩვენი ცხოვრების ძვირფასი წლები. ვიდექით ნანგრევების პირისპირ, მაგრამ ვხედავდით სიცოცხლით სავსე, მშვიდ, ყველაფრისაგან დაცულ დასახლებას. შენ ყოველთვის შეგეძლო დაგენახა ჩემზე მატი. მაშინაც კი, როდესაც ამ სახლებს ერთად ვათვალიერებდით, ვამოწმებდით ორივე სხვადასხვაზე ვფიქრობდით.მე წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი წლების შემდეგ. დიადი, ტრიუმფალური! შენ კი რაზე ფიქრობდი? შენთვის ეს ყველაფერი, ეს განადგურებული ქალაქი უკვე იყო გრანდიოზული. რატომ, გაბრიელ? რა დაინახე?
-ამას შენ ვერ გაიგებ ნათან.
-ყოველთვის ერთსა და იმავეს იმეორებ - ჩაიბურტყუნა - როგორ დაუშვი, რომ ელას წერილები ეპოვნა?
-შენ როგორ გაბედე, რომ საკუთარი ქმნილება მოგეკლა?
-სხვა გზა არ მქონდა.
-რატომ, ნათან? რაღა მნიშვნელობა აქვს წავლენ თუ არა ისინი აქედან? გამოფხიზლდი! აქაურობის არსებობს აზრი აღარ აქვს! შენი და ჩემი აღსასრული ახლოვდება. აქაურობა ჩვენ შევქმენით. გვქონდა ოცნება ვყოფილიყავით მმართველები, მაგრამ სინამდვილეში აქაურობა გახდა ჩვენი მმართველი, ჩვენ კი ვიქეცით ჩრდილებად. დავიწყებულ, უსახლკარო, არასასურველ აჩრდილებად.
-ყველაფერი კარგად მიდიოდა! სენი რატომ მოიგონე?
-იმიტომ, რომ მათ სჭრდებოდათ ადამიანი, რომელიც რაიმეს ასწავლიდათ ნათან! ჩვენ უნდა გამოვჩენილიყავით. მალვით დავიღალე. ჩვენ მათ გვერდით უნდა ვყოფილიყავით, გვესწავლებინა როგორ ეცხოვრათ, როგორ მოეპოვებინათ საზრდო. გამოეყენებინად ყოველი შესაძლებლობა , რომელიც საბოლოოდ განუკურნებელ სენად იქცა. ჩვენ მათ წავართვით ცხოვრება ნათან. როდესაც აქ მოვდიოდით დარწმუნებულები ვიყავით, რომ მათთვისაც ასე იქნებოდა უკეთესი, მაგრამ ზედმეტად უვიცები აღმოვჩნდით.
-მათი სიცოცხლე ჩვენ გვეკუთნოდა, როგორც სიკვდილი. რა დაგემართა? ნუთუ ყველაფერი მიქაელისა და ელას ბრალია. ნუთუ თქვენი თანაცხოვრობის შემდეგ თქვენ შორის კავშირი გაჩნდა?
-მათ არაფერი შეუცვლიათ.
-შენ მათთან დიდხანს ცხოვრობდი. მესმის, რომ შეიძლებოდა გარკვეულ წილად მართლა დამსგავსებოდი მათ მამას.
-არა, ისინი მართლაც არარაობები არიან, მაგრამ არც ჩვენ განვსხვავდებით მათგან. ისინი ჩვენი შექმნილი არარაობები არიან.სიმართლე რომ ცოდნოდათ აუცილებლად იტყოდნენ, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია. შემოგვჩივლებდნენ, როგორც ჩვენ ვუჩივით ბედს. ჩვენ სიმართლე ვიცით, მაგრამ მაინც ვერაფერს ვცვლით.
-ცდები!
-ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის და არც არასდროს იყო მხოლოდ ჩვენი. ნუთუ ამას ჯერ კიდევ ვერ მიხვდი? არაფერი გამოგვივიდა.
-წყეულო, მოხუცო! შემომხედე. ნუ ბოდავ. მათ შეხედე! - კარისკენ მიუთითა - ისინი სრულყოფილები არიან. ჩვენი ქმნილებები არიან.შეხედე მათ სხეულს. გრძნობ მათგან მომავალ ძალაუფლებისა და განადგურების ჟინს? უყურე და კარგად დაიმახსოვრე მათი სახეები, რადგან ისინი უკვდავყოფენ შენს დაბეჩავებულ ხსოვნას. ყური დამიგდე! შეიგრძენი სიმხურვალე, რომლის წინაშეც ყველა ქედს მოიხრის, რომლის შიშიც ყველას დაწვავს!
-რა არის სრულყოფილება ნათან? ღირდა ამ სრულყოფილების საპოვნელად ეს ყველაფერი?
-ღირდა, გაბრიელ. ასაკს შენთვის საღი აზროვნების უნარიც წაურთმევია. რამ დაგიბრუნა ადამიანების სიყვარული, რამ გაიძულა ისევ გერწმუნა მათი? - ხელი მაგიდას დაარტყა - რატომ?
...გაბრიელს ყურადღება მისთვის არ მიუქცევია. რა თქმა უნდა, იცოდა პასუხი ნათანის კითხებზე. თვალწინ ელიოზი გამოეცხადა. ჩვეულად მიამიტი, ბავშვური გამოხედვით. ცნობისმოყვარე, გულთბილი, კეთილი. მისგან მომავალი სითბო სხვანაირი იყო. ის არ აშინებდა, პირიქით, იზიდავდა. “ვინ არის?” ხშირად დაუსვამს ეს კითხვა საკუთარი თავისათვის ელიოზთან საუბრის შემდეგ გაბრიელს. უსვამდა და იმეორებდა მანამ, სანამ გააცნობიერა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო. ის მის გადასარჩენად გამოჩნდა. გაბრიელი ვერაფერს ასწავლიდა, რადგან სწორედ ელიოზს უნდა დაეყენებინა სწორ გზაზე.
...გაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. უფრთხილდებოდა, ელიოზს გაბრიელი ძლიერ უფრთხილდებოდა. ის მშვიდად იყო, რადგან ელიოზის ვალი გაისტუმრა. ის გახდა მისი მომავლის გუშაგი. ის კვლავ იყო საჭირო და შეძლო უკეთესობისაკენ შეეცვალა ერთის მომავალი. ერთის, რომელიც იყო მისთვის სრულყოფილი. ის კი გახდა ამ სრულყოფილების გადამრჩენი.
...მან მიზანს მიაღწია. გაბრიელმა დასახულ მიზანს არჩეულ გზაზე უკუღმა სიარულით მიაღწია.
-ამას ვერასდროდ გაიგებ.
-იცი, გაბრიელ. ეჭვი არასდროს მეპარებოდა შენში. ყოველთვის ვცდილობდი დაგხმარებოდი. მაშინაც კი,როდესაც ეს უაზრო სნეულება მიისაკუთრე, ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ შემეძლო გადამერჩინე. სამაგიერო რითი გადამიხადე? მიღალატე! ვფიქრობდი, რომ არ შეიძლებოდა ამდენი ცოდნა უკვალოდ გამქრალიყო. ამდენი ნანახი დავიწყებას მიცემულიყო. მინდოდა დაგხმარებოდი ყველაფერ იმის პოვნაში, რაც დაკარგე.
-მე ვიპოვე ნათან. ის, რაც წლების წინ დავკარგე - ცრემლებით აევსო გაბრიელს თვალები, ორივე ხელი მკერდზე მიიდო - ნაპერწკალი. ნაპერწკალი ჩემს სულში. სწორედ ის, რომელიც ბნელს ნათლად აქცევს.
-შენ ვეღარ გადარჩები. ყველაფრის გამანადგურებელი ხარ.
-არა, მე სულ ვიყავი ყველაფრის გამანადგურებელი. და ეს ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც დავკარგე რწმენა. რწმენა ადამიანობაში, თანადგომაში, სიცოცხლესა და არსებობაში. აქაურობა - წამოდგა, ზევიდან უყურებდა გაბრიელი, ნათანს სუნთქვა შეეკრა. დები უკნიდან უცქერდნენ, ზედმეტს არ მოძრაობდნენ. შემოქმედის ნიშანს ელოდნენ - ეს ყველაფერი, არავის არ დაუმსახურებია ჩვენს გარდა. ეს ქალაქი ანარეკლია ყველაფრისა, რაც ჩვენ ჩვენს თავებს დავმართეთ, მაგრამ ჩვენ არც ვართ ერთადერთნი, ვინც აქ ცხოვრობს. კი, მებრალებიან! გესმის? მეზიზღებიან, მაგრამ მებრალებიან. შეუძებელი შეიყვარო ყველა აქ მცხოვრები. შეუძლებელი ყველას გაუგო. მათ აქვთ საკუთარი სიმართლე. აქ კარგი და ცუდი არ არსებობს. არავინაა დამნაშავე ამ ყველაფერში ჩემსა და შენს გარდა.
-აქაურობა სამოთხე უნდა ყოფილიყო!
-სიბნელეს შეხვედრილი სიბნელე სინათლეს ვერასდროს შექმნის!
-შენთან საუბარს აზრი არ აქვს. უაზროდ ლაყბობ. ვწუხვარ ,რომ ასე უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს.
-მშვიდობთ ნათან, გაიქეცი, დაიმალე. მუდამ ჩრდილი იყავი! დაიმახსოვრე აქაურობა მალე ნანგრევებად იქცევა, შენ კი მათ ქვეშ აღმოჩნდები. საკუთარი ვნებების ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდები!
გამწარებული წამოდგა, პასუხი გაბრიელისათვის აღარ გაუცია. გაჭირვებით კარებამდე მივიდა. გასვლისას მეგის ჩურჩულით რაღაც უთხრა. კელი კიბეზე ჩასვლაში დაეხმარა, მეგიმ დარინას გაბრიელისაკენ საჩვენებელი თითით მიუთითა. დარინას სახეზე ავადმყოფური ღიმილი გამოესახა, გაბრიელისაკენ ნელი ნაბიჯით წავიდა.
...საათის ისრები ექვს უახლოვდებოდა. ყველა ხმა სიჩუმედ ქცეულიყო. ღია ფანჯრიდან ახალი დღის პირველი სხივები შემოდიოდნენ, საწერ მაგიდასთან სამარადისოდ დარჩენილი გაბრიელის სახეს ანათებდნენ.
***
თედორეს სიზმრების წიგნის დასასრული :
“ყველაფერი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. დრო ჩქარდება. ასეც უნდა იყოს. გარდაუვალთან მიახლოვებას თვეებიღა გვაშორებს. მიჭირს აღწერა, თუ რას ვგრძნობ. დავსუსტდი. ხანდახან სიარულიც მიძნელდება. დღეები გადის და წარსულში გაყინული ვერ ვივიწყებ, რომ აღსასრული შორს აღარ არის. მალე აწმყო მომავალს გაუსწორდება, მაგრამ ვერ დავინახავ, მე კვლავ ვერაფერს დავინახავ.
...არასდროს მიფიქრია დასასრულზე. უკვე აღარ მაქვს იმედი, რომ წლების შემდეგ ვინმე ამ ნაწერს გადაეყრება და მათ გამოსავლის პოვნისათვის გამოიყენებს. არ მინდა დავიკარგო, ამიტომ ვწერ. მინდა ჩემი სახელი რაიმემ შეინახოს. ახლა მესმის ჩემი დის. ვერასდროს ვხვდებოდი რატომ უთმობდა ამდენ დროს ყვავილების მოვლას. თურმე ისიც სიცოცხლეს დებდა მათში, როგორც მე ამ მელნით დაწერილ სიტყვებში. ხო, ჩემი და. მასზე არ ვდარდობ. ის ერთადერთია, ვინც აღსასრულს მშვიდად შეხვდება. იღბლიანია, კატალიამ დაინახა, დასასრული დიდი ხნის წინ დაინახა.
...ეს ყველაფერი მე აღემატება. ჩემს შესაძლებლობებსაც აქვთ საზღვარი. პირველად, როდესაც საზარელი, შემაძრწუნებელი სიზმარი ვნახე იმედი მქონდა, რომ ის უკანასკნელი იქნებოდა. იმედი მქონდა, რომ მხოლოდ იმ ღამეს ერქმეოდა საზარელი. მე შევიძულე ყველაფერი ნანახი. აღარ მინდოდა მეხილა, აღარ მინდოდა მომესმინა იმ ხმებში გაშლილი სიმღერასათვის, რომელიც მუდამ თან მსდევს. ძილსა და სიფხიზლეში.
გადავიღალე. ყოველი გაღვიძებისას ვგრძნობ ტკივილს, რომელიც გაუჩერებლად ვრცელდება ჩემს სხეულში. ორივე ხელი ძლიერ მიკანკალებს. კალმის დამორჩილება მიჭირს. ახალგაღვიძებულს ცრემლები მომდის, ფურცელს ასველებს, მელანს თხაპნის.
...ახლა, დანამდვილებით ვიცი, რომ წინა ღამით ნანახი სიზმარი უკანასკნელი იყო. არ ვიცი რა დავარქვა ოცნება თუ კოშმარი. აღარ მიხარია, უკანასკნელი სიზმრის ნახვა აღარ მიხარია.
უსახელო სიზმარი ასეთი იყო:
გაშლილ მდელოში მარტო მივაბიჯებდი. გარშემო არავინ იყო. ჩამავალი მზე ცას სხვადასხვა ფრად აფერადებდა.ფრადი ცის ქვევით მხოლოდ ჩემს თავს ვხედავდი. ნაცნობ მელოდიას ცეკვა-ცეკვით მივყვებოდა, თუმცა აღარ მეშინოდა. სულაც აღარ მეჩვენებოდნენ ეს ნოტები საშიშნი. ვტრიალებდი მდელოში და ვათვალიერებდი ხეებს, ბალახში დაღვრილ სითბოს. ჰაერი სასიამოვნოდ ეშვებოდა ჩემში. აქაურობის ნაწილი ვხდებოდი. ხალისიანი, უდარდელი მივუყვებოდი გზას. არ მახსოვს ვიცოდი თუ არა სად მივდიოდი, მაგრამ არ ვჩერდებოდა, წინ ამაყად, უდარდელად მივაბიჯებდი.
...სიარულმა მაღალჭერიან შენობამდე მიმიყვანა. ის არ ჰგავდა არაფერს, რაც კი აქამდე მენახა. მისი სილამაზე ყველა ჩემი ბაგიდან ამომავალ სიტყვას აბეჩავებდა. ერთბაშად იყო შემაძრწუნებელიც და გრანდიოზულიც, ამაღელვებელიც და გამყინავიც. სქელი მოჩუქურთმებული კედლები ქვევიდან ზევით წვრილდებოდნენ, გრძელი, ტრიუმფალური გუმბათი ცას უახლოვდებოდა, მისკენ მიიწევდა.
...შედევრი - ეს სიტყვაც ვერ იტევს იმ შთაბეჭდილებს, რომელიც დაბადა ამ დიდებული სანახაობის ცქერამ ჩემში. ნუთუ, ეს სილამაზე ადამიანმა შექმნა? ხმამაღლა ვთქვი. ჩემი ხმა გაწონასწორებული მეჩვენა. მძიმედ არ ვსუნთქავდი, გული ამალებით მიძგერდა. წამით დამავიწყდა კიდეც, რომ სიზმარში ვიყავი. განთიადთან ერთად გაჩენილი შფოთვა დამავიწყდა. მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი, გაოგნებული ჩემს წინ აღმართულს ვუყურებდი.
გარშემო არავინ ჩანდა. აქ ვიყავი მე, ეს ყველაფერი მე მეკუთვნოდა, მხოლოდ მე და სხვას არავის, ვუყურებდი ერთ ადგილას გაჩერებული ცის კალთან მიახლოვებულს და ვუყურადებდი სწორედ იმ ჰანგებს, რომლებიც მუდამ თან მომყვებოდნენ. მას სიფხიზლეში სიკვდილის სიმღერა ვუწოდე და ხშირად ვამსგავსებდი ლეშის გარშემო შემოხვეულ მწერებს, რომლებიც კმაყოფილები უცქერენ წართმეულ, შეწყვეტილ სიცოცხლეს. წინა ღამით ეს ტალღები სულაც აღარ მეჩვენებოდნენ ავისმომასწავლებელნი. ისინი იყვნენ იმედით სავსენი, ერთბაშად მხიარულები და სევდიანებიც. გარკვევით მესმოდა, ყოველი სიტყვის გარჩევა შემეძლო. შენობის შიგნიდან მოფრინავდნენ. ედებოდნენ ყველაფერს, კედლებს მიუყვებოდნენ, ფანჯრებს გარშემო სრიალებდნენ, გუმბათისაკენ მიიწევდნენ. მის თავზე ერთ წერტილში შეხვდნენ ერთმანეთს გადაიკვეთნენ, დაი კვლავ დაიშალნენ. ქვევით მომავალი კედლებს მტვერს აშორებს, ბზარებს ავსებს. დრომოჭმულ სილამაზეს კვლავ ამთელებს.
...ცნობისმოყვარეობა მომერია. შენობის კარი მძიმედ შევაღე. ერთ ადგილას გავიყინე, მეტყველების უნარი დავკარგე, როდესაც მომღერალთა გუნდი დავინახე. შიგნით ჩვენ ვიყავით, სამ რიგად დაყოფილები ვმღეროდით. მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ჩვენი სიმღერა იყო. მიტოვებულების, უპატრონოების სიმღერა. ჩვენ ვეძახდით მუდამ სიკვდილს, ვევედრებოდით მოსულიყო, გამოჩენილიყო. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როდესაც ვუყურებდი საკუთარსა და ნაცნობ სახეებს. აღელვებულები მთელი ძალით ვცდილობდით დირიჟორის განკარგულებას არ ავცდენოდით. ვადევნებდით თვალ-ყურს ჯოხის სწრად მოძრაობას. ხმები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდნენ, ხდებოდნენ ნიავის ნაწილები და მიეშურებოდნენ ცისაკენ. ქვევიდან მაყურებელი აღარ ვამსგავსებდი ლეშის გარშემო შემოხვეულ მწერებს, არამედ ცაში გუნდად მფრინავ თეთრფრთიან ჩიტებს. მეც მათ მივყვებოდი, ყველა მათ ვეტრფოდით.”
...
დაღლილმა თედორემ კალამი საწერ მაგიდაზე მძიმედ დადო. კიდევ უნდოდა დაეწერა, მაგრამ აღარ შეეძლო. ხელებში ძალას ვეღარ პოულობდა. “დასასრული” მხოლოდ ამის დაწერა მოახერხა გაჭირვებით. “ესეც დამთავრდა” ჩაილაპარაკა და საწოლისაკენ გაეშურა.
...მან იცოდა, რომ ეს ბოლო გვერდი იყო, რომელსაც დაწერა, რადგან წავიდოდა, თედორე მალე ამ ამდგილიდან ძალიან შორს წავიდოდა.
***
კრისტოფერის დასაფლავების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დღე იყო გასული. მის საფლავზე დაყრილი მიწა ჯერ ფხვიერია, მაგრამ ის ამ სახლში ყველას დაევიწყებინა თითქოს არც არასდროს ეარსება. სახლში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. მისი საფლავი ეზოში, ხეების გვერდით ბუჩქებში იყო დამალული. თეოდორმა ასე გადაწყვიტა. საფლავი ყველასაგან მალულად დაამზადა. ეშინოდა, რომ საყვარელი ძმის გვამი ,ელას მსგავსად, დაიკარგებოდა. მართალიც იყო, მაგრამ ღრმა საფლავმა კრისტოფერი ვერ იხსნა. ის დაიკარგა, როდესაც დაივიწყა, როდესაც ის თეოდორმა სამუდამოდ დაივიწყა.
თეოდორი და რაისა მთელ დღეებს ლაპარაკში ატარებდნენ. აქედან წასვლაზე ფიქრი ორივემ შეწყვიტა, ახლა მხოლოდ ამ სახლში გატარებულ საერთო მომავალზე ლაპრაკობდნენ. მისაღებ ოთახში დასხვდებოდნენ ყველასაგან ფარულად და ,როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ აქ მათ გარდა არავინ იყო ერთმანეთით გატაცებულები დაუსრულებლად ბაასობდნენ. რაისამ ყველაფერი უამბო. მოუყვა გაბრიელთან სამსახურის შესახებ, უამბო მოპარული სამკაულებისა და დაკარგული იარაღის ამბავი. არც საკუთარი საბედისწერო ზრახვები დაუმალავს. თეოდორი მშვიდად უსმენდა. ეს ყველაფერი მას რამდენიმე დღის წინ რომ მოესმინა, დის სახელს ზიზღით რამდენჯერმე ჩაიბურტყუნებდა. თვალებს დახუჭავდა და ძველად გაგონილ ლოცვას მოყვებოდა. კრისტოფერს გახედავდა, ხელს სახესთან ახლოს მიუტანდა და, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სუნთქავდა, გუნება გამოუკეთდებოდა.
თეოდორს მუზდმივად სჭირდებოდა ვიღაც, რომ დაყრდნობოდა. ძმის გარდაცვალების შემდეგ მარტოობა იგრძნო და ერთი დიდი შეცდომა დაუშვა. მარტოობაზე უარი თქვა, მაგრამ სიყალბეში ცხოვრებას დათანხმდა. რაისა კი უზომოდ იყო კმაყოფილი, რადგან საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ყოველი სიტყვა, რომელსაც თეოდორი ეუბნებოდა, არაფერს ნიშნავდა. ძმის ბაგეებიდან წამოსული სიტყვები, რომლებიც მას ძირს აგდებდა, კლავდა, უმნიშნელო იყო. “დამნაშავე ყველაფერში კრისტოფერი იყო”- ხშირად იმეორებდა.თურმე თეოდორსა და რაისას შორის არსებულ ბზარზე პასუხმგებელი კრისტოფერი იყო, აქ ცხოვრებაზე პასუხისმგებელიც კრისტოფერი ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საკუთარი თავის დასამშვიდებლად გამოგონილი მირაჟი იყო, მაგრამ რაისა ამას ვერასდროს გაიგებდა. ის იმდენად გაერთო სხვების შეცდომების ძებნასა და მათ გაკიცხვაში, ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ შეიძლება ისიც რაიმეში დამნაშავე ყოფილიყო.
..თუმცა დასა და ძმას შორის ჯერ კიდევ ერთი დიდი განსხვავება არსებობდა. რაისას მარჯვენა ხელი დალპა, გამოუსადეგარი გახდა. თეოდორის სხეული კი ჯერ კიდევ ყვაოდა. ვინ იყო ამაში დამნაშავე? არ იცოდა რაისამ და დარდობდა, რაისა გარდაუვალ მომავალზე დარდობდა.
-რაისა, შენი ძმა სად არის - დაუძახა კიბეზე მიმავალს დედამ. აქ ცხოვრებას არც მარგოსათვის ჩაუვლია შეუმჩნეველად. ის აღარ იყო ქალი, რომლის დახვეწილობასაც ყველა ტრფობით ხვდებოდა. ის ყოველთვის იყო მკაცრი, და ამავდროულად გულუხვი, სამართლიანი, მაგრამ ახლა ის მხოლოდ ლაჩარია. ლაჩარი, რომელიც დათანხმდა ჩრდილში ეცხოვრა, უარი თქვა მზის სხივების ნახვაზე. აღარ შეეძლო საუბარი. გარეთ თითქმის არასდროს გადიოდა. ცდილობდა დაემალა შვილებისაგან საკუთარი გულის ტკივილი და ოთახში იკეტებოდა. უნდოდა მათ გონებაში სამუდამოდ დარჩენილიყო ქალად, რომელსაც ყველა ეტრფის, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა ეს იცოდა და ტიროდა, მარგო ჩუმად ძალიან ბევრს ტიროდა.
-არ ვიცი. ალბათ, მალე მოვა.
-შენ სად მიდიხარ?
-ოთახში.
-მისაღებში დავსხდეთ, დავილაპარაკოთ.
-სისულელეებისთვის არ მცალია.
-ახლავე - ვერც ამ ხმას შეენარჩუნებინა ძველი სიდიადე. მისი ერთ დროს ბევრს ეშინოდა. მაშინ, როდესაც მარგო იყო მოსიყვარულე ცოლი, მზრუნველი დედა და მისაბაძი ქალი. ახლა საკუთარ შვილსაც კი ვეღარ აიძულებდა მასთან სასაუბროდ წამოსულიყო. ესეც იცოდა და იცინოდა, მარგო ჩუმად საკუთარ თავზე იცინოდა.
…უზარმაზარ მისაღებ ოთახში მარგო ბოლთას სცემდა, სავარძელზე მოკალათებულ ქალიშვილს ყურადღებას არ აქცევდა. რაისა მარჯვენა ხელს მარცხენათი აწვალებდა. უნდოდა რაიმე ეგრძნო, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. მას ახლა სულაც არ ადარდებდა რას ეტყოდა დედა. მხოლოდ საკუთარი ხელის მსგავსად გაყინულ ყოფაზე ფიქრობდა.
-შენ და თეოდორი მარტო აპირებთ გადასვლას?
-კი. პატარები აღარ ვართ.
-მესმის. იცი, რაისა. სულ ვდარდობდი შენსა და შენი ძმების ურთიერთობაზე. ბევრჯერ დამიდანაშაულებია საკუთარი თავი ცუდ დედობაში. მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო, რომ მთავარი გამომეპარა. შენ ძმებს ერთმანეთი ჰყავდათ, შენ კი მარტო ყოფნა გიზიდავდა. კრიტოფერის დასაფლავები შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.
-შენც ეგ არ გინდოდა?
-მე მინდოდა, რომ თქვენ ერთმანეთი გყვარებოდათ. მე ვერ ვხსნი თქვენს უეცარ დაახლოვებას და მეშინია. მე ვიცი, რაისა, რომ ხანდახან სიყვარულზე ძლიერი დამახლოვებელი სიძულვილია, ამიტომ მინდა გავიგონო შენგან პასუხი კითხვაზე, თუ რა შეიცვალა.
-არ ვიცი.
-კრისტოფერი გარდაცვალებამ შეგაცვლევინათ აზრი?
-შესაძლოა.
-რის მიღწევას ცდილობთ?
-მარგო, ტყუილად ნერვიულობ.
-მე შენ გიცნობ რაისა. ვიცი რისი გაკეთება შეგიძლია და ისიც ვიცი, რომ კრისტოფერი რომ არასდროს გარდაცვლილიყო თეოდორი ყოველთვის იქნებოდა შენთვის საძულველი. ვინც მუდამ საკუთარ სისუსტეს შთაგაგონებდა.
-ბოდავ!
-აღიარე რაისა! შენ თავს გამარჯვებულად თვლი, რადგან ძმის სასოწარკვეთა გამოიყენე და შენი გავლენის ქვეშ მოაქციე.
-საუბარი აღარ მინდა.
-ეს მუდამ არ გაგრძელდება. დაიმახსოვრე, თეოდორი გაიხსენებს ვინ იყო და შეგიძულებს, ისევე,როგორც შენ გძულდა ერთ დროს.
...რაისას შეპასუხება უნდოდა და აუცილებლად გაიმართლებდა თავს, რომ არა მოულოდნელი სტუმრის გამოჩენა. შემოსასვლელში ნაზად ნაიამ შემოაბიჯა. მარგოსა და რაისას მოწიწებით მიესალმა. ხელში ტილო ეჭირა. ნაიას გამოჩენა გახდა მიზეზი რაისასთვის დედასთან ლაპარაკს თავი აერიდებინა. მისი მოსვლის თანავე საკუთარი ოთახისაკენ გაეშურა. კიბეს მიუყვებოდა და ფიქრობდა, რაისა დედამისის სიტყვებზე ფიქრობდა.
-მარგო, როგორ გრძნობ თავს?
-კარგად, ნაია. შემოდი. - დაღლილი ტახტზე მძიმედ დაეშვა.
-მარგო, დიდხანს ვერ დავრჩები პატარა საჩუქარი მოგიტანე.
-რა საჩუქარი?
-დიდი არაფერია. უბრალოდ მინდა, რომ მუდამ შენ გქონდეს. - ტილო მარგოს მიაწოდა.
-ღმერთო, რა სილამაზეა! - სიამოვნებით აღმოხდა მარგოს. ტილო მართლაც მშვენიერი იყო - თეთრ ფოთლებიანი, ტოტებგაშლილი ხე.ნაიას ესიამოვნა შექება, მაგრამ თან შერცხვა, საკუთარ თავზე კარგის გაგონების ძალიან შერცხვა.
-მიხარია, რომ მოგეწონა.
-რაიმე ხომ არ გაწუხებს.ნაია?
-არაფერია მარგო. სამწუხაროდ, უნდა დაგტოვო.
-ძალიან ლამაზია. აქ დავკიდებ - ადგა და ტილო ყველაზე გამოსაჩენი კედლისაკენ წაიღო. -ყველა დაინახავს!
-კი ლამაზია, მაგრამ დაუსრულებელი. -პასუხს აღარ დაელოდა. ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
***
ცა ელავდა. საშინელი გრუხუნის ხმა მოსვენებას არავის აძლევდა. მიწაზე ყველა გარბოდა, იმალებოდა, თავშესაფარს ეძებდა. ცამ ფერი ცვალა. ის აღარ იყო სევდით სავსე, რომელიც ამ მიწას მუდამ თანაგრძნობით უყურებდა და სისხლით სავსე გუბეებს წვიმის სახით ცრემლებს უძღვნიდა. შენობებს ზევიდან შავი ღრუბლები უყურებენ. იცინიან და დიდხანს ნანატრ წამს ეალერსებიან. დიდხანს ელოდნენ ისინი, როდის ჩამოვიდოდნენ და წაშლიდნენ ამ არასასურველ, ყველასაგან შეძულებულ ადგილს პირისაგან მიწისასა.
ეს ყველაფერი თედორეს მორიგი სიზმარი არ ყოფილა. ეს რეალობა იყო. ქარიშხალი შემოიჭრა, შემოვარდა ქუჩებში და დაამსხვრია ქალაქის გარშემო აღმართული სქელი მინის, უხილავი კედელი, ნამსხვრევები ქვევით ნელა დაეშვნენ. ეშვებოდნენ მშვიდად, უმტკივნეულოდ, მაგრამ უსიხარულოდ. ირეკლავდნენ ყოველი ცის გაელვებას და ქუჩებს ანათებდნენ. ეს სინათლე არ ჰგავდა ახალი დღის მომასწავებელ ნაზ, სათნო სხივს. ის შემაძრწუნებელი იყო. მისი ფერი ყველა სხვა
დანარჩენს ფარავდა, ქუჩებში მხოლოდ ის ერთადერთი ჩანდა. ეს იყო აღსასრული, სიბნელედ ქცეული სინათლითა და სიჩუმედ ქცეული ხმებით სავსე აღსასრული.
გაორკეცდა ყველას სევდა, როდესაც შორიდან მომავალი სიკვდილი დაინახეს. ნელ-ნელა ძლიერდებოდა ჭექა. არ ჩქარობდა. დიდხანს ელოდა ამ წამს და ასე ადვილად მას არ დათმობდა. დატკბებოდა ნელ-ნელა ჩამოწოლილი უბედურების ყურებით. ღრიალის, განწირული ხმებში გაშლილი სიმღერის მოსმენით სიამოვნებას მიიღებდა. არავის შეიბრალებდა, ძლიერსა და სუსტს ერთნაირად გაუსწორდებოდა. მხოლოდ გამხმარ, ისცოცხლო მიწას დაინდობდა. სხვა ყველას ნანგრევებში გამომწყვდეულს სამარადისოდ დატოვებდა.
შეიძლება მას სულაც არ ჰქონდა ცუდი განზრახვა. არავინ იცის ამ ქალაქის არსებობას ჰქონდა თუ არა რაიმე დატვირთვა. ის დაკარგული იყო, აქ მხოლოდ დავიწყებულები, ცოცხალ გვამებად ქცეულები ცხოვრობდნენ, მაგრამ იმსახურებდნენ ისინი სიკვდილს? არა. მათი ცხოვრება ეს ძველი, მაღალი სახლები იყვნენ. სიძულვილი რომ არა საკუთარი არსებობის მიმართ, მათ შეიძლებოდათ შეყვარებოდათ კიდეც ეს ადგილი და მშვიდად ეცხოვრათ, მაგრამ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ. სასოება დაკარგულ ადამიანს პასუხს ვერ მოთხოვ. აქ საზღვარი დამნაშავესა და უდანაშაულოს შორის წაშლილი იყო, ისევე როგორც სიკეთესა და ბოროტებას შორის, როგორც სამართალსა და უსამართლობას შორის. ყველაფერი სხვანაირად, რომ ყოფილიყო ძალიანაც დაანაღვლიანებდათ მოსალოდნელი უბედურება, გულის სიღმრეში ამ დღეს ყველა დიდხანს ელოდა. ყველას თავისებურად წარმოედგინა ამ დღის მოსვლა, აქ ყველას საკუთარი სიცოცხლე და სიკვდილი ჰქონდა.
...არავის წყინდა, ღრუბლის სახით სიკვდილის დანახვა არავის სწყინდა.
კატალია მოსალოდნელ სიკვდილს ორანჟერიაში ელოდა. არ ღელავდა. ეს დღეც ყველა სხვა დანარჩენის მსგავსად დიდიხნის წინ დაენახა. არსად გაქცევაზე,
თავის შეფარებაზე წამითაც არ უფიქრია. მინიდან უყურებდა მშვიდად ცას ,იყურებოდა გარშემო და ენანებოდა ყოველი ყვავილი ნანგრევებში მოსაქცევად. მან ხომ ამ ადგილს შესწირა ის ცხოვრება, რომელიც დარჩა. აქაურობა ძალზეც ლამაზი იყო და მართლაც განსხვავდებოდა ყველა სხვა უსიცოცხლო ადგილისაგან.
...კატალია ადგილს არ იცვლიდა. ეს ადგილი მისი სულის სახლი, ყვავილები კი მისი სული დარაჯები გახდებოდნენ.
აქაურობაც შეცვლილიყო ელიოზთან ბოლო შეხვედრის შემდეგ. ის წავიდა, თავს უშველა და ამ დღეს კატალია სულაც აღარ არის ნაწყენი, რომ უკან დარჩა. კატალიას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო ის ყოველთვის იქნებოდა მომავლის შვილი და ვერ დატკბებოდა აწმყოს სილამაზით. მან მოინანია ყველაფერი და ახლა კმაყოფილიც კი არის, რადგან ეს კათარზისის შეგრძნება არასდროს დასრულდებოდა, რომ აქ მხოლოდ მისი სუფთა, მსუბუქი სული დარჩებოდა.
ერთი ჩვევა ჰქონდა. ერთსა და იმავე ყვავილს ორჯერ არ რგამდა. მრავალფეროვნების შექმნა სურდა. სხვადასხვა ფერებს ერთმანეთს უხამებდა და ცდილობდა საკუთარი უფერული ყოფა ამით შეელამაზებინა, მაგრამ უკანასკნელი საუბრის შემდეგ მხოლოდ ერთი ყვავილის გახარებაზე ფიქრობდა. ის ყველასაგან გამოირჩეოდა. გრძელ ტაროს, მკრთალი ყვითელი გულის გარშემო მოხვეული თეთრი ფოთლები ამშვენებდნენ. ის ყველაზე უბრალო იყო, მაგრამ ამავდროულად ყველაზე გამორჩეულიც. ხო, სწორედ ამ ყვავილს უწოდა კატალიამ ელიოზი და ყოველდღე, როდესაც მისთვის წყლის დასამატებლად მიდიოდა გულში იმეორებდა, რომ ელიოზი მანამ იქნებოდა კარგად, სანამ ყვავილი არ დაჭკნებოდა.
რამდენიმე დღე იყო გასული თედორეს გარდაცვალების შემდეგ. საწყალმა ვეღარ გაუძლო მუდმივ წვალებას, სიგიჟე შეეპარა. ერთ დღესაც დაღლილმა ბოლოჯერ ამოისუნთქა, მაგრამ ამჯერად მის სუნთქვას სხვის სხეულამდე არ მიუყვანია. წაიყვანა სადღაც შორს, ძალიან შორს ამ სახლისაგან. იქ, სადაც მუდამ სიმშვიდე იქნებოდა. გაშლილ მდელოში, მზის სხივებით შეღებილი ცის ქვეშ იწვა თედორე და უყურებდა. ცისა და მიწის გასაყარზე ღრუბლების სილამაზეს უყურებდა.
უკანასკნელი სიზმრის შემდეგ თედორეს აღარ დაუწერია, მაგრამ შედარებით მშვიდად იყო. იხსენებდა გრძელ გუმბათიან შენობას და იმედოვნებდა, რომ სწორედ ეს ადგილი გახდებოდა მისი სამკვიდრო. რომ ის მუდამ იმღერებდა და მისი ბაგეებიდან ამომავალი ბგერები დახშობილ სილამაზეს უკვდავებას მისცემდა. ხო, ამ სიმღერას სიკვდილისას აღარ უწოდებდა. ახლა, ის სიცოცხლის სიმღერა იყო. ამაღლებული, მოკრძალებული, მაგრამ სევდანარევი. ის მღეროდა თავის ცხოვრებაზე, რომელიც ჰქონდა და მუდამ ექნებოდა.
...კატალიას ძალიან შეებრალა საკუთარი უმცროსი ძმა. მუდამ ენანებოდა ის სასიკვდილოდ, განსაკუთრებით ელიაზარის ამბის გაგების შემდეგ. მას მხოლოდ თედორე დარჩა და ,როდესაც ელიაზარი მათი ცხოვრებიდან ელასთან ერთად სადღაც შორს წავიდა, კატალიამ ავადმყოფ თედორეს ხელი მაგრად ჩაკიდა და მანამ არ გაუშვა, სანამ ბოლოჯერ არ ამოისუნთქა.
მისი გარდაცვალების შემდეგ დამშვიდდა. მისი ერთი ძმა წავიდა და ალბათ, ცხოვრობდა მშვიდად სადღაც შორს, საყვარელთან ერთად, მეორეს ტანჯვას კი ბოლო დაესვა და იმ სიზმარში გადაინაცვლა, რომელსაც დღის განმავლობაში ხედავდა. ახლა მხოლოდ ის დარჩა. ის ერთადერთი აღმოჩნდა ამ სახლის ერთგული. მხოლოდ მან გადაწყვიტა ეს ისედაც ნანგრევებად ქცეული სახლი გამხდარიყო მისი საფლავი.
..ხმა ძლიერდებოდა. აღსასრული შორს აღარ იყო. კატალიას თვალები ცასთან ერთად ელავდნენ. ერთდროულად განიცდიდა შიშსა და აღმაფრენას. ღიღინებდა, თითქოს ეს დღე ყველა სხვა დღის მსგავსად ჩვეულებრივი ყოფილიყო. ყვავილებს წყალს ბოლოჯერ უმატებდა. თითების ფრთხილი მოძრაობით ფოთლებს ეალერსებოდა. ემშვიდობებოდა, კატალია საკუთარ სიცოცხლეს ემშვიდობებოდა.
გრუხუნი გაორკედა. სინათლე სიბნელე გახდა. ორანჟერია ინგრეოდა. ძლიერი ქარი შემოიჭრა ყვავილებს თავები წააცალა. ლივლივებდნენ ჰაერში, სხვადასხვა ფერის ფოთლები. მინები იმსხვრეოდნენ, იატაკისაკენ ეშვებოდნენ. კატალია საკუთარი ორანჟერიის იატაკზე იწვა და უყურებდა, როგორც მიიწევდნენ მისკენ თოვლს დამსგავსებული მინის ნამსხვრევები და თეთრ ფორთლები. “მალე ყველაფერს დავინახავ” - ეს უკანასკნელი იყო, რაც თქვა. თვალები დახუჭა, თეთრი ფოთლები წითლად შეიღებნენ, სისხლისფერნი გახდნენ
დაუსრულებელი...

სავალ გზაზე გახუნებულ მიწასა და გამხმარ ბალახებს შორის რკინის ლიანდაგი გამოჩნდა. სადგური სიცოცხლით იყო სავსე. ხალხი გადი-გამოდიოდა. ასეთი ხალხმრავლობა ჯერ არასდროს ენახა. ყველა ერთნაირი მოუთმენლობით ელოდა ორთქლმავალის გამოჩენას, თუმცა მათ შორის იყო ერთი უცნობი, რომელისათვისაც ეს გზა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
...ოცნების მოლოდინი ყველაფერს ანელებს. საზღვარზე წარმოსახვასა და რეალობას შორის ყველაფერი განსხვავებულად ჩანს. უამრავი აზრი ჩნდება გონებაში. ისინი წინ იყურებიან, ყველა ერთ მატარებელს ელოდება, მაგრამ ყველას სხვადასხვა გზა აქვს, ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომ წავიდე,ს,მაგრამ ყველა გვირაბიდან მომავალ სინათლეს ელის. კაშკაშას, გამაცისკროვნებელს, თუმცა მაინც მასთან ახლო მისულს გეშინია მოსული, მანათობელი არ გარდაიქმნეს გამანადგურებელ ცეცხლად და არ დაგწვას, არ გახდეს შენი აღსასრული. ყოველი წამი საათებად იწელებოდა. ყველა გაჩუმებული მატარებელს ელოდა.
...დაბნეულმა აღარ იცოდა სად წასულიყო, რომელიც მიმარტულება აერჩია. ხალხმრავლობას ვერ ერეოდა, სულიც ეხუთებოდა, ის არ იყო შეჩვეული მძიმე ჰაერს, გამონაბოლქვის სუნს. სუნტქვა გაუხშირდა, გული ნეტარებით უცემდა. ერთ ადგილას გაჩერებული მზერას აქეთ-იქით აცეცებდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ნაზი, ბავშვის ხმა გაიგონა :
-მარტო ხართ? - დაბნეულ უცნობს პატარა გოგონა მიუახლოვდა.
-კი, მარტო ვარ. - პატარა მოსაუბრე შეათვალიერა. გოგონას ყავისფერი თმა და ლურჯი, ზღვისფერი თვალები ჰქონდა. ლამაზად ეცვა, კოპწია ბაფთა, გაშლილ კაბას ამშვენებდა. მოუსვენრად ათამაშებდა ხელებს.
...მას უხაროდა, ელიოზის სადგურში პოვნა ძალიან უხაროდა.
-მეც მარტო ვარ. - გაუხარდა, თვალები სიხარული აენთო - მაპატიეთ თუ გაწუხებთ. უბრალოდ აქ ყველა ისეთი ჩაფიქრებული ჩანს. თქვნ კი სხვანაირი ბრძანდებით. საინტერესო ამბის გმირს გავხართ. იმ გმირების მსგავსს დედა, რომ ძილის წინ მიყვება ხოლმე.
-სად მიდიხარ, ჩემო კარგო? - გაეღიმა. ძველი უხერხულობა დაივიწყა. გარშემო არავის ყურადღებას აღარ აქცევდა. მისთვის ახლა არც ერთ გამვლელს აღარ ჰქონდა სახე. მხოლოდ ერთ ლოყებწითელა გოგონას უყურებდა, მისგან მომავალი ტკბილი სურნელი ამშვიდებდა.
-სახლში. ჩემს მშობლებთან ვბრუნდები.
-სად არის შენი სახლი?
-არც ისე შორს. რამდენიმე საათში ჩავალ. პირველად გამომიშვეს სახლიდან მარტო. თავიდან ცოტა მეშინოდა და გზა საშინლად გრძელი მეჩვენებოდა,
მაგრამ ახლა აღარ ვღელავ, პირიქით, კმაყოფილიც კი ვარ. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი მგზავრობის დროს. სასიამოვნოდ გავატარე გრძელი საათები.
თქვენ სად მიდიხართ?
-არ ვიცი. შორს.
-ძალიან შორს?
-პატარა - დაიხარა, ლამაზს თვალებში ჩახედა, გაუსწორდა. როდესაც მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს ორივეს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. იყო რაღაც მსგავსება მათ შორის, რომლის სახელიც არც ერთმა დანამდვილებით არ იცოდა - რამდენი წლის ხარ?
-რვის.
-გინდა მატარებელს ერთად დაველოდოთ?
-კი, ძალიან მინდა. - აღტაცებული ჩანდა პატარა გოგონა.
-რა გქვია?
-ნაილია.
-ძალიან ლამაზი სახელია. - სიტყვა გააწყვეტინა სანამ თავის სახელსაც კითხავდა.
-არაბულად საჩუქარს ნიშნავს. - ნაილიას შექება ესიამოვნა, გაიბადრა- დედა სულ ამას მეუბნება - შენ ჩვენი ბედის საჩუქარი ხარო.
-ბედის საჩუქარი?
-ხო, აი, რაღაცას რომ ძალიან ელოდები დიდი ხნის განმავლობაში. შემდეგ ის მაშინ მოვა, როდესაც უკვე იმედიც აღარ გაქვს. ამას ბედის საჩქარი ქვია.
-ბრძენიც ყოფილხარ პატარა ქალბატონო - აშკარად ესიამოვნა გოგონას გულწრფელი, ბავშვური, კეთილშობილი აზრების მოსმენა. ის სრულყოფილი იყო. მას გულში სიკეთის მეტი არაფერი ედო, როგორც ელიოზს, როგორც ელიაზარისა და ელას შექმნილ ელიოზს.
-ანუ ეს მატარებელი ჩემი ბედის საჩუქარი ყოფილა.
-ეგრეც შეიძლება.
-დედაშენი ძალიან იღბლიანი ქალი ყოფილა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ შენ ყავხარ. - შუბლზე ხელი დაადო - ყველაზე დიდი, გამორჩეული საჩუქარი.
-არ დავსხდეთ? ჯერ მაინც არ მოვა მატარებელი.
-გამიძეხი პატარა ქალბატონო.
...სადგური ხალხით იყო სავსე. ყველას თავისი საფიქრალი ჰქონდა. ზოგს სახლში ეჩქარებოდა, ზოგს წასვლა ეთაკილებოდა, ბრბოში პატარა სიცოცხლითა და სიხარულით სავსე გოგონა გზას იკვლევდა. თავისუფალ ადგილს ეძებდა.
-აი იქ დავსხდეთ - თავისუფალი ადგილისაკენ გაიქცა. ახალ შეძენილი მეგობარიც უკან სირბილით გაჰყვა.
-რა სასიამოვნოა. ფეხები დამეღალა. - სადგურის მოსაცდელში გვერდიგვერ მოკალათდნენ.
- მეც. დიდხანს ვიარე.
-რა გქვია?
-ელიოზი.
-შენი სახელიც რა ლამაზი ყოფილა. რას ნიშნავს?
-ზუსტად არ ვიცი.
-შენი აზრით?
-ჩემი აზრით კავშირს, მარადიულ, განუწყვეტელ კავშრს.
-ყოჩაღ. კარგად მოგიფიქრებია.
-დაიმახსოვრებ ჩემს სახელს?
-რა თქმა უნდა!
-მოუყვები ვინმეს ჩვენი შეხვედრის შესახებ,
-ელიოზ, მე პატარა ვარ, მაგრამ ყურადღებით მომისმინე. ბევრ ადამიანს ვხვდები ყოველდღე, მაგრამ არსებობს ნამდვილი შეხვედრებიც. როგორიცაა ჩვენი შეხვედრა. ისინი არასდროს გავიწყდებიან. ამ დროს განცდილი მუდამ თან მიგყვება, შენი ნაწილი ხდება.
-ამაზე არასდროს მიფიქრია
-საიდან მოდიხარ?
-ერთი შორეული ქალაქიდან. გინდა მის შესახებ გიამბო?
-კი, კი ძალიან მინდა - ნაილია მოკალათდა, თავი უცნობს კალთაში ჩაუდო და თვალებით ანიშნა თხრობა დაეწყო.
-იყო და არა იყო რა, სადღაც შორს ადამიანთა საცხოვრებლისაგან, ერთ მიყრუებულ, მიუსადაგარ ქალაქში ცხოვრობდა ქალი, რომელიც მომავალს ხედავდა. ამ ქალის სახელი იყო კატალია...
დასასრულიскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent