შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარადოქსი მატარებლის რელსებზე


8-04-2018, 15:22
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 121

პარადოქსი მატარებლის რელსებზე

8 8 8
ძალიან ცუდი და აუტანელია ის, რომ ადამიანი სალაპარაკო საგნად იქცევა ხოლმე, ის უფრო უარესია, როდესაც მასზე არავინ არაფერს ამბობს." -ამ ფრაზით დაასრულა მან ოსკარ უაილდის, ფანტასტიკური რომანის კითხვა და წიგნი დროებით გვერძე გადადო.
სამყარო, რომელშიც სულ რამდენიმე წამის წინ მოგზაურობდა, წიგნის დახურვისთანავე გაქრა, შემდეგ კი, მეტყველი, ნაცრისფერი თვალების წინ რეალობის მეტად ჩვეულებრივი სურათი გადაიშალა. მატარებლის ვაგონში დაახლოებით ოციოდე პიროვნება იჯდა. აქედან ნაწილი გაზეთის კითხვით ირთობდა თავს, ნაწილს ყურსასმენები მოერგო და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში მიაბიჯებდა მშვიდი, ჰაროვანი ნაბიჯებით, ხოლო ნაწილი, გაუჩერებლად საუბრობდა თავის გვერდით მჯდომ პიროვნებასთან, რათა გრძელი გზის მომქანცველობა შედარებით ნაკლებად ეგრძნო.
დაუჯერებელია, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ზემოთხსენებული ადამიანები რეალურად არც კი არსებობდნენ. იქმნებოდა ილუზია, რომ ისინი აქ უბრალო მირაჟს წარმოადგენდნენ, რათა ვაგონის რბილი სავარძლები უნებლიედ, ცარიელი არ დარჩენილიყო. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანისთვის იყო ასე, რომელიც ზუსტად ახლა პირველი რიადის, ბოლო ადგილას, მდუმარედ იჯდა და ფანჯრიდან გადაშლილი დიდი მწვანე მინდვრების მიღმა ცდილობდა რაღაცის დანახვას. ზუსტად რის, თვითონაც ვერ ხვდებოდა, თუმცა მგონი ეს არც იყო საჭირო . . . ალბათ . . .
და ისევ ერთი და იგივე . . .
ისევ ცვალებადი კადრები გამჭვირვალე მინიდან . . .
მოულოდნელად კი რაღაც ხდება . . .
სარკმლიდან გადაშლილი სანახაობა იცვლება . . .
მორბენალი კადრები უეცრად შენელებას იწყებს, რამდენიმე წამში კი, საბოლოოდ ჩერდება და აქამდე, რელსებზე გაუჩერებლად მოძრავი ობიექტი ერთ ადგილას სრულიად გაუნძრევლად დგება. ბონუსად, ჩვეულებრივ თავისი გულისგამაწვრილებელ კივილი უშვებს, შემდეგ კი ისე დუმდება, თითქოს წამის წინ ხმაც კი არ ამოუღიაო.
სწორედ ეს ხმაური გახდა მიზეზი, იმისა, რამაც იგი აიძულა ასე მოულოდნელად და ერთბაშად გამოფხიზლებულიყო. ასეც მოხდა. ბიჭი რეალობას წამებში დაუბრუნდა, თავი თვალის დახამხამებაში ასწია და ირგვლივ მიმოიხედა. მატარებელი ვენის სადგურში გაჩერებულიყო. ფანჯრიდან უამრავი ჩემოდნიანი ადამიანი მოჩანდა, ხოლო შენობის ზემოთ დამაგრებული მოწყობილობიდან, ქალის ბოხი ხმა აცხადებდა, რომ მგზავრებს ბილეთების შეძენა სულ რაღაც, ხუთი წუთის განმავლობაში უნდა მოესწროთ.
რა თქმა უნდა, ეს დრო "სამგზავრო ბარათების" შესაძენადაც საკმარისი იყო და იმისთვისაც, რომ მატარებლის გადაღლილ მგზავრებს სადგურში გასეირნება მოესწროთ, თუ რა თქმა უნდა ერთ ადგილას ჯდომა მათთვის მოსაბეზრებელი გახდებოდა. ბევრი ასე მოიქცა კიდეც. მოკლევადიანი გასეირნების მსურველთა შორის იყვნენ- მოხუცები, შუა ხნის მამაკაცები და აგრეთვე თინეიჯერებიც. სულ ბოლოს კი, მარჯვენა ბეჭზე ზურგჩანთით და დინჯი მიხვრა-მიხვრით, ის მიაბიჯებდა. მიდიოდა და გარშემო ყველაფერს ცნობისმოყვარე მზერით ათვალიერებდა. არა, ყველაფერს არა. მხოლოდ ერთ სურათს-გაჩერებულ მატარებელთან მდგარ, ერთმანეთზე ჩახუტებულ წყვილს, რომელთაც თითქოს დროის შეგრძნება დაეკარგათ და სხვა სამყაროში მოგზაურობდნენ.
-გამომშვიდობების გულისამაჩუყუყებელი სცენა -ჩურჩულით და იდუმალი ღიმილით გადასძახა მას, მარცხენა მხარეს მდგარმა მოხუცმა ქალბატონმა, რომელსაც ხელში გრძელი, დახვეული გაზეთი ეჭირა
ბიჭს პასუხი არ გაუცია. უბრალოდ თავაზიანად გაუღიმა, შეყვარებულ წყვილს თვალი წამებში მოსწყვიტა და ვაგონის ღია კარიდან მოხერხებულად ჩახტა.
პირველად, თვალში ბილეთების რიგში მდგომი, დაახლოებით ათიოდე ადამიანი მოხვდა. თითოეულ მათგანს სახეზე მოუთმენლობა და საშინელი დაღლილობა ეხატა. ალბათ სწორედ ეს დაღლილობა იყო მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი, რიგის წესებს ურცხვად არღვევდა და ცდილობდა მის წინ მდგარის ადგილი ოსტატურად დაეკავებინა.
-ყოველკვირეული ჰოროსკოპი თუ შეიძლება -სადგურში მდგარ, გაზეთების ჯიხურს მიუახლოვდა ბიჭი და იქ მჯდარ, სათვალიან მოხუცს დოლარის კუპიურა გაუწოდა
-დღეს საკმაოდ ბევრი მგზავრია, თუმცა შენ პირველი ხარ ვინც ჰოროსკოპი შეიძინა. ასეთი რამეების გჯერა?
-ასე არ ვიტყოდი, მაგრამ ხანდახან ასტროლოგიაც ზუსტია. ხურდა შეგიძლიათ დაიტოვოთ . . .
საათი პირველის შვიდ წუთს უჩვენებდა. მატარებელი წესით სამ წუთში უნდა გასულიყო, ამიტომ სანამ თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, გადაწყვიტა ვაგონში ასვლამდე რაიმე გამაგრილებელი სასმელიც შეეძინა და სწორედ ამის შემდეგ გაემართა კუთვნილი ადგილისკენ. ხალხის ნაწილი უკვე თავიანთ სავარძლებში მოკალათებულიყო და მომქანცველი გზის გასაგრძელებლად ფსიქოლოგიურად ემზადებოდა. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც რამდენიმე წუთის წინ, თუმცა ერთი რამის გამოკლებით. თუ აქამდე მისი გვერდითა სავარძელი თავისუფალი იყო, ამჯერად იგი ვიღაცის მიერ შევსებულიყო და ეს ვიღაც, სწორედ ამწამს, იმ წიგნს ათვალიერებდა, რომელსაც ბიჭი ვაგონიდან ჩასვლამდე კითხულობდა.
-დაგაინტერესა? -ღიმილით მიუახლოვდა იგი თავის იდილიის დამრღვევ ახალგაზრდა გოგონას და გვერდით მიუჯდა
-უკაცრავად, ეს შენია? მაპატიე უცებ ვიფიქრე, რომ . . .
-კარგი ასე ნუ ნერვიულობ, მე ხომ არ გიბრაზდები?
-ალბათ მყუდროება დაგირღვიე არა? ზოგადად არც მე მიყვარს, როცა ტრანსპორტში ვინმე გვერდით მიჯდება
-ნუ ღელავ, მარტო ყოფნა მომწყინდა -გაუღიმა ბიჭმა და წიგნი ფრთხილად ჩამოართვა -კითხვა გიყვარს?
-შეიძლება ითქვას კი, მაგრამ უაილდის არაფერი წამიკითხავს, ღირს?
-ჩვეულებრივი ფანტასტიკაა, არაფრით განსხვავებული, თუმცა შეიძლება გამონათქვამებმა მოგხიბლოს
-გასაგებია . . . შენც პარიზში მიდიხარ?
-არა, მაგრამ შენი ნათქვამიდან გამომდინარე, შენ სწორედ იქ მიდიხარ
-მიხვედრილი ყოფილხარ -უზადოდ თეთრი კბილები გამოაჩინა უცნობმა და თავი ოდნავ ჩახარა
-ამის მისახვედრად დიდი ფილოსოფია ნამდვილად არ არის საჭირო
-მე მია მქვია
-მე კი, დანიელი
-სასიამოვნოა შენი გაცნობა
-ჩემთვისაც
-ზოგადად ეს ფრაზა არ მიყვარს, მაგრამ ახლა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე სიტუაციას, რომ შეეფერებოდეს
დანიელმა გოგონას გვერდულად გახედა და სახეზე რაღაც იდუმალმა ღიმილმა გადაურბინა, რომლის მნიშვნელობას ბოლომდე თავადაც ვერ სწვდებოდა.
-ჰო, ეს ფორმალური ფრაზები ცოტა არ იყოს მოსაწყენია. და აი დავიძარით კიდეც
-ძალიან მალე გავიდა ხუთი წუთი -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მიამ. ამ სიტყვებთან ერთად, წამებში მატარებლის ხმამაღალი კივილიც მოისმა
-შეიძლება ერთი რაღაც გკითხო?
-თუ ძალიან გინდა მკითხე
-პარიზამდე საკმაოდ შორია, უკვე გვიანი იქნება როცა ჩააღწევ. თვითმფრინავით რატომ არ წახვედი?
-პასუხი მარტივია-მე მატარებლები მიყვარს -ღიმილით მიუგო გოგონამ და დანიელიც გააღიმა
-სიმართლე გითხრა, მატარებლის ფანჯარასთან ჯდომა და სივრცეში უაზროდ ყურება ერთი მხრივ, კარგიცაა
-რას გულისხმობ? -სახეზე დაინტერესება გამოეხატა მის თანამოსაუბრეს
-იმას, რომ ისეთ რაღაცეებზე იწყებ ფიქრს, რაზეც აქამდე არასდროს გიფიქრია. ამ დროს შეიძლება შენს განვლილ ცხოვრებაში, ბევრი შეცდომა დაინახო და შენივე ქმედებები თავადვე გაამტყუვნო. მიხვდები, რომ უამრავი ადამიანისთვის გაქვს ბოდიში მოსახდელი და თუ შენი სიამაყე საშუალებას მოგცემს ამას გააკეთებ კიდეც -მორჩა თავის მონოლოგს ბიჭი და ფანჯრიდან გადაშლილ მორბენალ ხედებს თვალი კიდევ ერთხელ შეავლო
-ჩემი აზრით სწორედ სიამაყე გვიშლის ხელს ადამიანებს, გამოვხატოთ ის, რასაც შიგნიდან ვგრძნობთ. მაგალითად ჩემს თავს ავიღებ. თუ წინააღმდეგი არ იქნები ერთ ამბავს მოგიყვები, რაც თავს გადამხდენია და იმედია არ ჩათვლი რომ აბეზარი ვარ
-ადამიანი, რომელსაც მწვანე თვალები აქვს, არასდროსაა აბეზარი
მიას ბიჭის სიტყვებზე მსუბუქად გაეღიმა. იგრძნო, რომ ამ ადამიანთან დიდი ხნის ნაცნობობ აკავშირებდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მას პირველად ხედავდა.
-ეს შენ მოიფიქრე თუ?
-შეიძლება ითქვას, რომ მე მოვიფიქრე. რაღაცას ყვებოდი, არა?
-ჰო, ასეა . . .
-მაშინ გისმენ -ჩანთა ისეთი გამომეტყველებით გადადო დანიელმა, თითქოს ჯერ კიდევ არ დაწყებული ისტორიის მოსმენაში, მხოლოდ ის უშლიდა ხელს
-მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი. მახსოვს ივნისის თვე იყო, როდესაც ბებიასთან ამერიკაში ჩავედი დასასვენებლად. ცხელი მაიამი, სანაპირო და აუზები ალბათ ნებისმიერ ჩემი ასაკის ადამიანს გაახარებდა, მაგრამ არ დაგიმალავ და იქაურობა მძულდა -გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ განაგრძო -მიუხედავად ყველაფრისა იქ ყოველ არდადეგებზე მიწევდა ჩასვლა, ერთი კვირით. მთელი დღე აქეთ-იქით ხეტიალსა და წიგნების კითხვას ვანდომებდი, თუმცა იმ წელს რაღაც შეიცვალა. ერთი ვიღაც გავიცანი. გეფიცები რაღაც არაამქვეყნიური არსება იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ აქამდე მისნაირი მაართლა არავინ შემხვედრია. არ ჰქონდა არც სოციალური ქსელი, არც მობილური, არც კომპიუტერი, რაც ყველა თინეიჯერის განუყოფელი ნაწილია. არასდროს იღიმოდა და არც ბევრი ლაპარაკი უყვარდა. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მთელი სამი საათი, სიჩუმეში და ზღვის ტალღების ყურებაში გაგვიტარებია. მართალია ეს ყველაფერი მეუცნაურებოდა, მაგრამ იმდენად მომწონდა, მისი განსხვავებულობა და იმდენად მიჯაჭვული ვიყავი მასზე, რომ ზემოთხსენებული არც მადარდებდა. პირველად სწორედ მას ვაკოცე. გაგიკვირდება და ინიციატივა მე გამოვიჩინე, თუმცა შემდეგ პირველობა აღარ დაუთმია და იმ ღამეს საქმე ბოლომდე მიიყვანა -ამის თქმა და გოგონას სახეზე წამოწითლება ერთი იყო. მან დანიელს დამორცხვებულმა ახედა და როგორც კი ბიჭის თვალებში ინტერესი ამოიკითხა კვლავ განაგრძო
-ის წუთები უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. პირველად სწორედ მაშინ მითხრა, რომ ვუყვარდი, მერე კი მხარზე თავი ფრთხილად დამადო და ჩაეძინა. ამის შემდეგ აღარც მინახავს
-ასეთი რა მოხდა?
-დილით, მის საწოლში გამეღვიძა. პირველად, რაც თვალში მომხვდა დიდი ფანჯრიდან მომზირალი პალმა იყო. გამეღიმა და მეორე მხარეს გადავბრუნდი, მეგონა იქ ის დამხვდებოდა, თუმცა ბალიში რატომღაც ცარიელი იყო. ვერც კი წარმოიდგენ გული როგორ მეტკინა. წერილიც კი ვეძებე, სადაც შეიძლებოდა ეს მოუდლოდნელი გაუჩინარება ყოფილიყო ახსნილი, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვნახე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მაშინვე ჩავიცვი და სახლში წამოვედი. იმდენად იმპულსური ვიყავი, რომ დროის გასვლას არც კი დაველოდე და მეორე დღისთვისვე ავიღე თვითმფრინავის ბილეთები. იმ საშინელი დღის შემდეგ, ყველანაირად ვცდილობდი იგი დამევიწყებინა. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ერთი ღამის გასართობი ვიყავი, რომელთან ურთიერთობაც მეორე დღეს აღარ უნდათ, მაგრამ თურმე მიზეზი სულ სხვა ყოფილა -მიას სახეზე სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა. მასში ნათლად ამოიკითხავდით, რომ თავის საქციელს ახლა ძალიან სულელურად მიიჩნევდა, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი რამ ამართლებდა, მაშინ ხომ სულ რაღაც თხუთმეტი წლის იყო? -მოკლედ მეორე ზაფხულს, ისევ წავედი მაიამში. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მინდოდა ამ ადამიანის ნახვა. სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს, უბრალოდ ავდექი და გადავწყვიტე მისთვის სახლში მიმეკითხა. ასეც მოვიქეცი, თუმცა ამჯერად გზას ფეხით გავუყევი. ალბათ იმიტომ, რომ მოსალოდნელი საუბარი მაშინებდა, ან იმიტომ, რომ არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა. კარი დედამისმა გამიღო. მეც რა თქმა უნდა მაშინვე ვთხოვე მისთვის დაეძახა. სანამ ქალი პასუხს გამცემდა, გონებაში ათასჯერ მაინც მოვასწარი იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. თითქოს სამყარომ არსებობა შეწყვიტა, როდესაც მოვისმინე, რომ იგი აქ აღარ ცხოვრობდა და გერმანიაში წასულიყო სასწაველებლად. არც კი მახსოვს, როგორ გავბრუნდი და უკან როგორ წამოვედი. იმ დღიდან მხოლოდ ის დამამახსოვრდა, რომ უზომოდ ბევრი დავლიე და ღამით სახლში პოლიციელმა მიმიყვანა, რომელმაც ქალაქის ცენტრალურ პარკში მნახა ჩაძინებული ერთ-ერთ სკამზე -მიამ ამბის დასრულებისთანავე ღრმად ამოისუნთქა, ისე თითქოს ამის მოყოლით გულიდან ის დიდი ლოდი მოესხნა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში სტანჯავდა მის გონებასა და გულს
-და სულ ეს იყო? მის მერე ის არ გინახავს?
-არა არ მინახავს. შემდეგში მიზეზიც გავიგე, თუ რატომ მიმატოვა იმ დღეს ასე გაუფრთხილებლად. სკოლის ამხანაგს სახლის ტელეფონზე დაურეკავს და შეუტყობინებია, რომ მათი საერთო მეგობარი ავარიაში მოყოლილიყო. რა თქმა უნდა მის ადგილას ყველა წავიდოდა, მე კი სულელივით მოვიქეცი და მეორე დღესვე სახლში დავბრუნდი
-ამიტომ მითხარი, რომ ადამიანებს სიამაყე გვიშლის ხელს?
-ეგ რომ არა იდიოტივით არ მოვიქცეოდი და მიზეზს ვიკითხავდი. მოკლედ ახლა რა მნიშვნელობა აქვს? -თავი ჩახარა -წარსულს წარსული იმიტომ ჰქვია, რომ მას ვეღარ დააბრუნებ
-კარგი მაშინ მოდი ერთ რამეს გკითხავ -დანიელმა მსწრაფლ მოსწყვიტა თვალი მათ პირდაპირ მჯდარი ქალის კალთაში აჩხავლებულ პატარა გოგონას და თავი მიასკენ შეატრიალა
-მკითხე
-შანსი რომ გქონდეს, რომ შეგეძლოს რაიმე შეცვალო მასთან ყოფნას ისურვებდი?
-იცი? ბევვრი ფიქრი არ მჭირდება, რომ ამაზე გიპასუხო -გოგონამ ყურზე თმა მარჯვენა ხელით გადაიწია და მზერა ერთ კონკრეტულ წერტილს გაუშტერა, ისე რომ დანიელის მისკენ მიმართულ თვალებსაც თავისუფლად ამჩნევდა, რომელიც მას ინტერესით უმზერდა -არა არ ვისურვებდი მასთან ყოფნას. ალბათ გაგიკვირდა ჩემი პასუხი, მაგრამ ცოტა ხნის წინ, შენს წიგნში ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა ამოვიკითხე, რომელსაც ბოლომდე ვეთანხმები.
-რა ფრაზა?
-"წარსულის მთელი მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წარსულია". არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა? ჩემი აზრით ადამიანი არ უნდა შეეცადოს რაც იყო იმის დაბრუნებას, რადგან შესაძლოა ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი აღარ აღმოჩნდეს, როგორიც ადრე და იმედგაცრუებული დარჩეს
-სიმართლე გითხრა ამაში აზრი დევს
-ალბათ თავი მოგაბეზრე. ასეთი ვარ, ყოველთვის ბევრს ვლაპარაკობ -მორცხვად იკბინა ტუჩზე მიამ
-მე მაგალითად, ასე არ ვიტყოდი. შენთან ლაპარაკი ძალიან მსიამოვნებს
-შეიძლება ერთი კითხვა მეც დაგისვა?
-თუ ძალიან გინდა, მაშინ შეიძლება
გოგონას დანიელის სიტყვებზე ჩაეღიმა. ამ ღიმილში ბევრი რამ იყო შეუცნობელი, იდუმალი ან თუნდაც საიდუმლოებით მოცული, თუმცა ეს მატარებელში მყოფთაგანს არავის შეუმჩნევია. დანიელსაც კი.
-ჩავთვალოთ, რომ ძალიან მინდა
-მე კი, ყურადღებით გისმენ
-ამ კითხვას ყველას ვუსვამ, ვინც კი ჩემს გარემოცვაშია. თითოეულ მათგანს სხვადასხვანაირი პასუხი აქვს და ძალიან მაინტერესებს შენ რას მეტყვი. მოკლედ ამდენ ლაპარაკს ჯობია პირდაპირ გკითხო-ცხოვრებაში ყველაზე ძალიან რა გინატრია? რა გსურს ყველაზე უფრო მეტად?
-რა მსურს ყველაზე უფრო მეტად?
-არ მითხრა რომ ამაზე არ გიფიქრია.
-რა თქმა უნა მიფიქრია. იმდენჯერ რამდენჯერაც ვერც კი წარმოიდგენ და საბოლოოდ ყოველთვის ერთ დასკვნმდე მივდიოდი. წარმოიდგინე სამყაროში უამრავი ადამიანია და არ არსებობს ისეთი, რომელსაც ერთი ან ორი პრობლემა არ უმძიმებდეს ყოველდღიურობას -ბიჭმა თითები ერთმანეთში გადახლართა და სანამ კვლავ ლაპარაკს გააგრძეელებდა, მიას გვერდულად გახედა -რა თქმა უნდა მეც მათ რიცხვში ვარ. ყოფილა ისეთი მომენტებიც, როდესაც სირთულეები მქონია, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში და რამდენიმე ასეთი შემთხვევა უფრო გგვიანაც მაგონდება. სწორედ ამიტომ მსურს ვიცოდე კიდევ რა უსიამოვნებებს ინახავს ჩემთვის ცხოვრება, რათა წინასწარ ვიფიქრო იმაზე, თუ რა გზით უნდა გადავჭრა ისინი და ამ ყველაფერს მომზადებული შევხვდე . . .
ბიჭის გრძელი მონოლოგის შემდეგ, გარკვეული დრო სიჩუმემ დაისადგურა. გამეფებულ მდუმარებას მხოლოდ, რელსებზე გაუჩერებლას მოძრავი მატარებელი არღვევდა, რითაც თითოეულ იქ მყოფთ რეალურ სამყაროში აბრუნებდა. იმ რეალურ სამყაროში, სადაც ნებისმიერს განუცდია ტკივილი, და ტანჯვა, უღვრია ცრემლები, სტკენია გული და ცხოვრების სიმწარეც უგემია.
ჰო . . .
ეს ყველაფერი ოდითგანვე თანმდევი იყო იმ არსების ცხოვრებისა, რომელსაც ადამიანი ჰქვია . . .
იგი თითქოს მის გონებას და გულს მღელვარე ოკეანედ აქცევს, საიდანაც გამოსვლა დიდი ძალისხმევის ფასად შეიძლება. თუმცა ყველას როდი აქვს ძალა ამ "ტალღებს" შეეჭიდოს და ნაპირზე გამოსულმა ღრმად ამოისუნთქოს? ზემოთ ხსენებულის უნარი მხოლოდ ისეთებს შესწევთ, ვინც შინაგან ძალას ფლობს და ვისაც ნაპირზე ელოდება ადამიანი, ვის გამოც ღირს ამ ყველაფრის გადატანა . . .
-ასე უეცრად რატომ გაჩუმდი? -დანიელის მიერ ჩურჩულით წარმოთქმულმა სიტყვებმა გამოარკვია მია ღრმა და იდუმალი ფიქრების, უკიდეგანო ბურუსიდან
-ა . . . არ ვიცი . . . მე უბრალოდ შენი პასუხი მომეწონა
-მაინც რა მოგეწონა? ის რომ ასე გულწრფელად გიპასუხე, თუ ზოგადად ის რაც ვთქვი?
-ერთიც და მეორეც -კვლავ ღიმილი გამოესახა სახეზე გოგონას
-მოდი ახლა ერთ გიჟურ რამეს გეტყვი, ოღონდ დამპირდი, რომ არ გაიცინებ
-ასეთი რა არის? მითხარი, ძალიან დამაინტერესა
-ჯერ დაპირება
-კარგი პატიოსან სიტყვას გაძლევ არ გავიცინებ -მეტი დამაჯერებლობისთვის მარჯვენა ხელის გული ზემოთ ასწია მიამ
-მოკლედ ეს მაშინ მოვიფიქრე, როდესაც შენ შენს ფიქრებში იყავი ჩაფლული -საქმიანი ადამიანის სახე მიიღო დანიელმა -შემდეგი გაჩერება მიუნხენის სადგურია. ყოველთვის მინდოდა ამ ქალაქის დათვალიერება. ბევრისგან გამიგია, რომ იქ ბევრი რამაა საინტერესო. მინდოდა მეკითხა ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდი? მარტო ცოტა არ იყოს მოსაწყენია
-შენთან ერთად მიუნხენში? იქ რა უნდა ვაკეთოთ?
-არ ვიცი, ყველაფერი ვნახოთ რაც სანახავია. უბრალოდ . . . მოდი ვიხეტიალოთ
-გიჟური იდეაა -თავი ღიმილით გადააქნია გოგონამ -მაგრამ ერთ რაღაცას დავაზუსტებ- არც მე ვარ მთლად ნორმალური. ასე, რომ . . .
-რის თქმას ცდილობ? ანუ შენ . . .
-ანუ? -ღიმილით გაიმეორა მისი კითხვა. სხვა რომ არაფერი, პასუხის ამოკითხვა გოგონას თვალებიდანაც შეიძლებოდა
-თანახმა ხარ?
სიტყვაც არ უთქვამს. მხოლოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა, შედეგად კი, მხოლოდ ერთი რამ მიიღო -დანიელი რამდენიმე წამის განმავლობაში ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. გაოცებული იყო.
-არც კი მჯერა რომ დამთანხმდი -ძლივს მოაბა ბოლოს სიტყვებს თავი. კვლავ დაბნეული ჩანდა
-ფოტოაპარატი თუ გაქვს?
-ფოტოგრაფი ვარ. სწორედ ფოტოების გადაღებაა ჩემი ამჟამინდელი მოგზაურობის მიზეზი
-მართლა? -ღიმილი გამოესახა სახეზე მიას
-შეგიძლია მითხრა რა იცი ამ ქალაქის შესახებ? რისი მონახულებაა საინტერესო და რა ადგილებში არ ღირს ფეხის დადგმა?
-სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუო. მიუნხენის შესახებ არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ იგი გერმანიაშია. აქამდე იქ არასდროს ვყოფილვარ
-არაუშავს. შეგვიძლია ადგილობრივებს ვკითხოთ რჩევა. გმადლობ, რომ მთელი ღამე მარტო ხეტიალი ამაცილე თავიდან
-გასაგებია, ესეიგი მთელი ღამე აქეთ-იქით სიარულში უნდა გავათენოთ
-თუ ამასთან რაიმე პრობლემა გაქვს, მაშინ . . .
-არა, არა პირიქით. რაღაც ახალი და უჩვეულო იქნება ის, რასაც შენ მთავაზობ -თითქოს თავის წარმოსახვით მეგობარს ელაპარაკებაო, ისე წარმოთქვა გოგონამ -სწორედ ამიტომ დაგთანხმდი. მომწონს სიახლეები და ჩემს ცხოვრებაში მომხდარი უჩვეულო ისტორიები. ის, რაც ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავდება
-შენც განსხვავდები ყველა დანარჩენისგან. თავი მხარზე დამადე მია, ცოტა დავიძინოთ, წინ გრძელი ღამე გველის
-სასიამოვნო სურნელი გაქვს დანიელ
-დაიძინე . . .





8 8 8
<<4:10-ახალი რატუშა>>

-კარგი რაა მართლა ფიქრობ, რომ აქედან გადახტომა შემიძლია?
-მია ჩვენ ახლა 85 მეტრის სიმაღლეზე ვართ და ეს ის სიტუაციაა, როცა ცოტა ფრთხილად უნდა იყო. გაითვალისწინე მე ფრენა არ ვიცი
-კარგი კარგი -გაეცინა -გამახსენე ამ კოშკს რა ჰქვია. გაგიკვირდება და უკვე მესამედ დამავიწყდა
-ახალი რატუშა თუ არ ვცდები. შეგიძლია მითხრა რომელი საათია?
გოგონამ თავის წინ გადაშლილ ულამაზეს ხედს თვალი მოსწყვიტა და მაჯაზე დამაგრებულ პატარა ციფერპლატს დახედა.
-ათ წუთში, ხუთი საათი შესრულდება. რატომ მეკითხები?
-ზუსტად ხუთ საათზე ზარების რეკვა დაიწყება. ეს ამ ადგილას დღეში სამჯერ ხდება
-გასაგებია. მოდი მანამდე დავრჩეთ და მოვუსმინოთ. ჰო მართლა, ფოტოები ლამაზი გამოვიდა?
-გპირდები, ყველაფრის გადაღებას, რომ მოვრჩები გაჩვენებ -მიუხვდა დანიელი სურვილს და კამერა კვლავ ჩართო -ახლა კი, მოაჯირთან დადექი და თმა გაიშალე
-რატომ?
-გადავწყვიტე, რაც მომწონს ყველაფერი გადავიღო -მიას ბიჭის სიტყვებზე გულში სითბო ჩაეღვარა და მის გრძელ, ლამაზ თმას, სამაგრი მაშინვე მოაშორა
-აი ასე კარგია?
-ჰო, ზუსტად ეგ მჭირდება -ხმადაბლა მიუგო დანიელმა, თავისი განუყრელი მეგობარი მოიმარჯვა და როგორც ეს ფოტოგრაფებს სჩვევიათ, მითითებების მისაცემად მოემზადა
-მოაჯირთან მიდი, ზურგით მიეყრდენი და თავი ცოტათი გვერძე გააბრუნე. აი ასე. ოდნავ გაიღიმე, თითქოს სივრცეს უყურებ და გეღიმება. მორჩა იდეალურია, არ გაინძრე -რამდენიმე წამში, რომელიც დასაფიქსირებელ ობიექტს საუკუნედაც კი მოეჩვენა, კამერა გაჩხაკუნდა და თავის თავით კმაყოფილმა ხელოვანმა, იგი სახიდან ღიმილიანი გამომეტყველების თანხლებით ჩამოიღო
-არ მაჩვენებ? -იმდენად გულუბრყვილოდ და საყვარლად იკითხა მიამ, რომ დანიელს საშინლად მოუნდა მისთვის ეკოცნა. ეკოცნა და მთელი ღამე მისი ტუჩებით დამტკბარიყო. მოუნდა დრო გაეჩერებინა და ეს არამიწიერი არსება, რომელიც ახლა მის წინ იდგა და მომლოდინე მზერით უყურებდა თვალებში, არასდროს არსად გაეშვა. ზედმეტად კარგი იყო გოგონა რეალოობისთვის. ზედმეტად კარგი და სუფთა.
-გაჩვენებ, ოღონდ ახლა არა
-აუტანელი ხარ დანი!
-ჩემი სახელის შემოკლებული ვარიანტი, რომელიც შენი პირიდან ჟღერს? სასიამოვნოა
-იცი? ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის გარემოცვა, რომელშიც ვიმყოფებოდი და ეს მოსაწყენი ყოველდღიურობა ჩემთვის არ იყო -ისე მოულოდნელად შემოატრიალა მიამ საუბრის თემა, რომ ბიჭის ყურადღება მაშინვე მიიქცია -ბევრჯერ ვყოფილვარ ადამიანებთან ვისთანაც საუკეთესო დრო მიტარებია, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო და მათთან არაფერი მესაქმებოდა -გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა -მხოლოდ შენთან არ განვიცდი ამ გრძნობას დანიელ. შენთან შემიძლია ნებისმიერი რამ ვთქვა და არ მეშინოდეს იმის, რომ სულელად ჩამთვლი. უცნაურია, რომ ეს იმ ადამიანის მიმართ ვიგრძენი, რომელსაც მხოლოდ ექვსი საათია, რაც ვიცნობ, მაგრამ ასეა
-სამყარო უცნაურობებითაა სავსე მია -მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო ხმა, როდესაც დარწმუნდა, რომ მისმა თანამოსაუბრემ თავისი სიტყვების მარაგი უკვე ამოწურა -ეს დღე კი, მინდა გითხრა, რომ ყველაზე უჩვეულოა, მათ შორის, რაც კი აქამდე მქონია
-განიცადო რომანტიული წუთები ვინმე უცნობთან ერთად, მართლაც არაჩვეულებრივია. თან აქ არავინ გიცნობს და შენზე ცუდ რამეებს ვერ მეტყვიან -გაეცინა -ლამაზი თვალები გაქვს დანიელ. ნებისმიერს ჩაითრევს
-ათიდან უკუსვლით დაითვალე კარგი?
-რატომ?
ბიჭი მოაჯირს მიეყრდნო და სივრცეს გახედა.
-სწორედ ათ წამში ზარების რეკვა ატყდება . . .
მაღალ კოშკზე, რომელსაც აღმოსავლეთიდან მონაქროლი ქარი ეხეთქებოდა, მხოლოდ ორი ადამიანი იდგა, ერთმანეთის გვერდიგვერდ და ქვემოთ გადაშლილ ქალაქს ზარების ხმამაღალი რეკვის ფონზე გადასცქეროდა. მხოლოდ და მხოლოდ კარგად დაკვირვების შემთხვევაში თუ შეამჩნევდით ვაჟის ათრთოლებულ ნეკა თითს, რომელიც ძალზე მსუბუქად ეხებოდა გოგონას ბამბასავით თეთრ, მარჯვენა ხელს . . .




8 8 8
<<5:40-ინგლისური ბაღი>>

-აი იმ გედს შეხედე. მგონი მათ შორის ყველაზე ლამაზია არა?
დანიელმა მუხლზე ნიკაპით დაყრდნობილი თავი ზემოთ ასწია და გოგონას შეხედა.
-მაინდამაინც შავი რატომ მოგეწონა? ჩემი აზრით თეთრები ბევრად უფრო ლამაზები არიან
-შენ რა, რასისტი ხარ?
-არა რასისტი არ ვარ -გაეღიმა -და ეგ რა შუაშია? ჩვენ ახლა გედებზე ვსაუბრობთ და არა ადამიანებზე
-რა მნიშვნელობა აქვს?
-როგორ არ აქვს
-მოდი ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ-ათწამიანი კამათი მდინარე იზარის ნაპირას. როგორ მოგწონს?
-ეს კამათი იყო? -თვალმოჭუტულმა გახედა და ცოტა ხნის წინ გახდილი მოსაცმელი თავის გვერდით, ბალახზე დადო
-რაღაც მხრივ ჰო, მაგრამ კამათი ხომ ყოველთვის ცუდი არ არის? მას ხშირ შემთხვევაში ბევრი კარგი მოჰყვება -დამაჯერებლად ლაპარაკობდა გოგონა. დანიელს გაეღიმა.
-მაშინ გედებზე კამათის გამო, შერიგების ნიშნად აი ამას ვიზამ -ბიჭი წინ გადაიხარა, მასთან საკმაოდ ახლოს ამოსული ლამაზი, ვარდისფერი ყვავილი მოწყვიტა და გოგონას მარჯვენა ყურთან ლამაზად გაურჭო -მგონი გიხდება
-ნეტავ სარკე მქონდეს
-შეგიძლია წყალში ჩაიხედო, ოღონდ ეცადე არ გადავარდე
-ალბათ ადრე, სანამ სარკეს გამოიგონებდნენ, ხალხი სწორედ ამ გზას მიმართავდა. აქამდე ამაზე არ მიფიქრია -მია ნაპირს ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა -კარგი მორჩა, ვერაფერს ვხედავ, აზრი არ აქვს
კვლავ გაუნძრევლად იჯდა დანიელი. მის სიტყვებზე მსუბუქად იღიმოდა და სივრცეს იდუმალი მზერით გაჰყურებდა. რატომღაც გიჟურმა სურვილმა წამოუარა ბალახზე გულაღმა გაწოლილიყო. ზემოთ აიხედა. ლურჯი ცა უჩვეულოდ ლამაზი სანახავი იყო. იმდენად უჩვეულო და საოცარი, რომ შეეძლო მთელი დღის განმავლობაში ყოფილიყო ამ მდგომაორებაში და ოდნავადაც არ მობეზრებოდა. მიაც მის გვერდით დაწვა, იმავე პოზაში, თანაც ვაჟთან საკმაოდ ახლოს. იმდენად, რომ ერთმანეთის სუნთქვის ხმა ყურებში ექოსავით ჩაესმოდათ.
-დანიელ . . .
-გისმენ
-რაღაც მინდა გთხოვო
-მთხოვე
-მაკოცე! -გაისმა მტკიცედ და თავდაჯერებულად
ბიჭმა ცაზე გაშტერებული მზერა მისკენ მიმართა და მარჯვენა ხელი, სახეზე ნაზად ჩამოუსვა.
-მოდი ჩემთან
მისი დაბალი და ვნებიანი ხმის ტემბრისგან თავბრუდახვეული გოგონა, ვაჟს დაჰიპნოზებულივით მიუახლოვდა და ახლა, წინანდელზე უფრო მკვეთრად იგრძნო სუნთქვის აჩქარება. სულ რამდენიმე წამიც და ბიჭის ღონიერი მკლავების წყალობით, ის უკვე მის ზემოდან იყო მოქცეული.
-რას აკეთებ დანიელ? ვინმემ რომ გამოიაროს?
-სულ ერთია. აქ მაინც არავინ გვიცნობს
მერე კი იყო ის, რაც მიას უნდოდა . . . დანიელი ნელა და აუჩქარებლად ეალერსებოდა მის ბაგეებს, რომელთაც სულაც არ სურდათ ბიჭის ტუჩებს მოშორებოდნენ. არც მიას სხეულს უნდოდა ვაჟის ძლიერი მკლავებიდან თავის დახსნა და შეეძლო დაეფიცა, რომ ასე მთელი ცხოვრებაც კი გაძლებდა.
სიგიჟე იყო ეს ყველაფერი . . .
ერთი დიდი სიგიჟე და მეტი არაფერი . . .







8 8 8
<<6:30-ნიმფენბურგის სასახლე>>

ფოტოაპარატი გაჩხაკუნდა და კადრში ამჯერად სასახლის ულამაზესი ტბა აღიბეჭდა, იქ მოცურავე წყლის ფრინველებით.
-საინტერესოა ამხელა სასახლე, რაში სჭირდებოდათ? მათში ხომ ოთახების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყო?
-შენ რა იცი მია? იქ ნამყოფი ხარ?
-არა, მაგრამ ყოველთვის ასეა. მეფეები მუდამ დიდ სასახლეებს აგებდნენ 300 და 400 ოთახით. სწორედ ამიტომ იყო, რომ საკუთარი სახლის შესასწავლად რუკები სჭირდებოდათ და მასში ხშირად იკარგებოდნენ კიდეც
-შიგნით შესვლა რატომ არ გინდა? -გვერდულად გახედა -შეგვეძლო გიდი აგვეყვანა და ბევრი საინტერესო რამ გაგვეგო ამ ადგილზე
-არ მინდა დრო ასეთ რამეებში დავკარგო. თუმცა გპირდები, რომ როდესაც სახლში აღმოვჩნდები ამ ადგილის შესახებ ცნობებს ინტერნეტში აუცილებლად მოვიძიებ. და კიდევ რაიმე ტკბილი მომინდა. იქნებ აქედან წასვლის შემდეგ სადმე ნაყინი ვჭამოთ? -გვერდულად გახედა გოგონამ -ან შოკოლადის ნამცხვარი. ან უკეთესი-ერთიც და მეორეც. ხილის წვენზეც არ ვიტყოდი უარს
დანიელმა უზარმაზარ სასახლეს თვალი წამებში მოსწყვიტა და მიას სიტყვებზე გულიანად გაეცინა.
-მგონი ვიღაცას მოშივდა. იცი ამ ქალაქში სად შეიძლება რამე გემრიელი ტკბილეულის ჭამა?
-ხომ გითხარი აქამდე აქ არასდროს ვყოფილვარ მეთქი? შეგვიძლია ვინმეს ვკითხოთ. ჯანდაბა შოკოლადის ნამცხვარი ახლა სიგიჟემდე მინდა -ლამის ნერწყვები წამოუვიდა მიას
-მოდი ცოტა ხნით გაზონზე ჩამოვჯდეთ. დაგეხმარები რომ ეგ სურვილი დაიოკო. მოდი, მოდი -დანიელმა ზურგჩანთა გვერდით გადადო და ჯერ კიდევ ფეხზე მდგარ გოგონას ქვემოდან ახედა
-საინტერესოა მაგას როგორ აპირებ?
-ჩემი თერაპია მაქვს. თამამად, ნუ გეშინია!
-კარგი მე მზად ვარ შეგიძლია დაიწყო ეგ შენი თერაპია, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ მხოლოდ დროებით დამეხმარება. ნამცხვარი და ნაყინი აუცილებლად უნდა ვჭამო
ბიჭმა მის სიტყვებს ახლაც ღიმილით უპასუხა და სანამ მია კიდევ რამის თქმას მოასწრებდა, მის ბაგეებს თავისი ტუჩებით ნაზად შეეხო. ამჯერად ეს წინანდელზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. შეიძლება ითქვას უსასრულობამდეც კი. რაღაც არაამქვეყნიური ილუზია შექმნილიყო მათ გარშემო. ამ სიამოვნებას უფრო და უფრო ამძაფრებდა გოგონას ზურგზე მოსრიალე დანიელის ხელები, რომელთაც თანდათანობით მხურვალება ემატებოდა და ნელ-ნელა კანკალიც ეპარებოდა. ეს სასიამოვნო ცახცახი ხელის მტევნებიდან იწყებოდა და მთელი სხეულის გავლით, ფეხის თითებამდეც კი აღწევდა. ორივე გრძნობდა რომ რაღაც უხილავი ძაფები ებმებოდა მათ შორის, მაგრამ შეუძლებელი იყო იმის ახსნა, თუ რა იყო იგი და სადამდე მიიყვანდათ ზღაპარი, რომლის ავტორებადაც, სწორედ ისინი ითვლებოდნენ. ეს სიახლოვე იყო ის, რაც ერთსაც და მეორესაც, ჰაერივით სჭირდებოდა.
მართლაც, რომ სიგიჟე იყო ყოველივე . . .
სიგიჟე, რომელიც მიამ და დანიელმა ერთად შექმნეს. ისინი ითვლებოდნენ ამ ფილმის რეჟისორებად, იმ განვლილი და მოსალოდნელი სასიამოვნო მომენტების შემქმნელებად, რომელიც წესით არ უნდა ყოფილიყო . . . რომ არა სიგიჟე . . .
პირველად მათ შორის ბიჭი გაჩერდა . . .
ნიავი ისევ უწინდებურად ქროდა და მისი სასიამოვნო სიგრილე წყვილს სახეზე ნაზად ელამუნებოდა.
-რა ხდება ჩვენს შორის დანიელ? რატომ ვართ აქ ან რის გამო ვგრძნობ იმას, რაც თავადაც ვერ გამირკვევია?
-რას გრძნობ?
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი. შენ, მე და ეს ყველაფერი. რაღაც უჩვეულოა. წესით ახლა მატარებელში უნდა ვიჯდე და უნდა მეძინოს, ან ფანჯრიდან უნდა ვუყურებდე რკინის ლიანდაგებს. მე კი აქ ვარ, ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად, რომელსაც მგონია, რომ იმაზე კარგად ვიცნობ, ვიდრე იმათ, ვინც მთელი ცხოვრებაა ჩემს გარშემო ტრიალებენ. შენი კოცნა კი . . . -აქ წამით გაჩერდა და ტბიდან მონაქროლ ნიავს სახე მიუშვირა -ორივე არანორმალურები ვართ.
-სხვათა შორის -ღიმილით დაიწყო მისმა თანამოსაუბრემ -იყო არანორმალური, სულაც არ ნიშნავს რაიმე ცუდს. ეს ნიშნავს, რომ სხვებისგან რაღაცით განსხვავდები და შენში მეორე პიროვნებაა, რომელსაც ყველას არ აჩვენებ
-და ჩვენ ეს დამალული მხარეები ვაჩვენეთ არა ერთმანეთს?
-შეიძლება ასეცაა
-საინტერესოა მათთან როგორი ხარ, ვისაც შენს მეორე მე-ს უმალავ. მართლა მაინტერესებს
-მე უბრალოდ ფოტოებს ვიღებ, ვაწყობ გამოფენას, მადლობას ვუხდი მოსულ სტუმრებს და მათთან სურათებს ვიღებ. მერე კი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი აკეთებს, სახლში მივდივარ, მთელი დღის უნახავ, საყვარელ სავარძელში ვჯდები, სადაც იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომელ ქვეყანაში დავგეგმო ჩემი მომავალი მოგზაურობა.
დანიელმა სივრცეს თვალი მოსწყვიტა და მზერა მიაზე გადაიტანა. გოგონა მას თბილად უღიმოდა.
-ანუ მოგზაურობა გიყვარს არა?
-ყველა ქვეყნის ხალხი სხვადახვანაირია, სხვადასხვა ინტერესები და ცხოვრების სტილი აქვთ. მე კი თითოეული მათგანის შესახებ, ყველაფერი მაინტერესებს. მაგალითად ვენეციაში ხალხს ყველაზე მეტად თოვლი უყვარს. იქაურობა ამ დროს ისე ლამაზია, როგორც არასდროს
-შენ ეს საკუთარი თვალით გინახავს?
-მინახავს -დანიელი ჩაფიქრდა -ახლაც მახსოვს იმ ნავის პატრონის სახელი, რომლით სეირნობის დროსაც, უეცრად თოვლი წამოვიდა. გილერმო ერქვა და მოხუცის კვალობაზე საკმაოდ მაღალი იყო
-იქნებ ჩვენც წავიდეთ და ერთად ვნახოთ თოვლი ვენეციაში?
-მია ვენეციაში -ხმადაბლა წარმოთქვა და ყურზე თმა ორი თითით გადაუწია -ლამაზი იქნები თოვლის ფიფქებით თავზე. სიცივისგან რომ კანკალს დაიწყებ, მე იქვე ვიქნები და ჩემს სითბოს გიწილადებ
-სერიოზულად წავიდეთ?
-შენ თუ ეს გინდა, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს
-სულ ვოცნებობდი იტალიური კერძები გამესინჯა. მინდა შენთან ერთად ვენეციაში დანიელ. მაგრამ არ მგონია ეს გამოვიდეს
-მაინც რატომ? -ხმადაბლა ჰკითხა ბიჭმა. მის ტონში ნათლად იგრძნობოდა, რომ ის, რაც ცოტა ხნის წინ ითქვა, მის გულს ძლიერ უნდოდა
-იმიტომ, რომ ხვალინდელი დღე გათენდება და მე და შენ ჩვენ-ჩვენი გზით წავალთ
ხასხასა ბალახზე მჯდარი წყვილი, წამით დადუმდა. აშკარა იყო, რომ მათი ტვინი, რაღაცაზე გამალებული ფიქრობდა . . .
-იცი მია? უცნაურია, მაგრამ არ გვილაპარაკია იმაზე, ვნახავთ თუ არა კიდევ ერთმანეთს
-მართალი ხარ არ გვილაპარაკია. შენი აზრით უნდა ვნახოთ?
-თავიდან, ეს არც გვქონია დადგეგმილი. მე . . .
-იქნებ ჯობია ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც ახლააა? შეიძლება მერე ისეთი ლამაზი აღარ იყოს, როგორც ამწუთას და იმედგაცრუებულები დავრჩეთ. შენს წიგნში ამოკითხული აბზაცი გაიხსენე
-მართალი ხარ. ადამიანთა უმრავლესობა ყველაფერს რომანტიკულად უყურებენ. არ ღირს ბუზის სპილოდ გადაქცევა, უბრალოდ დღევანდელით დავტკბეთ და მორჩა
-ჰო, ასე გავაკეთოთ . . .
და მიუხედავად ამისა, ორივე მათგანის ტონში იგრძნობოდა თავდაუჯერებლობა. სადღაც გულის სიღრმეში და შეიძლება უფრო ზემოთაც, არც მიას სურდა ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო და არც დანიელს. უბრალოდ ამის ხმამაღლა თქმა მათ ძალებს აღემატებოდა . . .




8 8 8
<< 7:15 -კაფე White Star >>
ქუჩაში ხალხი სხვადასხვა ფერის ქოლგებით მოძრაობდა. წვიმა თანდათან მატულობდა და პატარ-პატარა წვეთები ნელ-ნელა უფრო და უფრო მსხვილი ხდებოდა. მართლაც, რომ უცნაური იყო ასეთი თბილი დღის შემდეგ ამინდის მოუდლოდნელი ცვლილება. როგორც ჩანს, ამას ადამიანთა განწყობაზეც მოეხდინა მცირედი გავლენა, რადგან ირგვლივ ყველა ჩქარობდა და მოღუშული გამომეტყველება აჰკვროდა დაღლილ სახეზე.
-აი იმ კაცს შეხედე -უეცრად გააწყვეტინა შოკოლადის ნამცხვრის ჭამა და გოგონა მათ უკან მჯდარი მოხუცისკენ გაახდა -ნახე როგორი გამომეტყველება აქვს. მხატვარი, რომ ვიყო დავხატავდი
-ასეთი რა დაინახე მის გამომეტყველებაში? -ჯერ კიდევ მოხუცს უყურებდა მია
-არ გქონია მომენტი, როდესაც ადამიანს შეხედავ და მიხვდები, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს გამოვლილი? მისი თვალების მიღმა ბევრი რამ ჩანს, ტკივილიც, სიხარულიც და ამჟამინდელი მარტოობაც -დანიელი სკამის საზურგეს მიაწვა -სიამოვნებით დაველაპარაკებოდი
-რაზე უნდა დაელაპარაკო?
-არ ვიცი, მაგრამ მინდა მის მაგდასთან გამომყვე
-დაჯდომის უფლება რომ არ მოგვცეს? -ამჯერად მისკენ მოტრიალდა გოგონა
-არამგონია აქ მარტო ყოფნა უხაროდეს. ვფიქრობ არ უნდა გაბრაზდეს. შეიძლება გავგიჟდი, მაგრამ ამ ადამიანთან გამოლაპარაკების გარეშე აქედან არ გავალ. მართლა ძალიან დამაინტერესა
-კარგი -მია ფეხზე წამოდგა და თავისი თეფშიც აიღო -მაშინ წავიდეთ . . .
რამდენიმე წამიც და წყვილი უკვე მოხუცის მაგიდასთან იჯდა. კაცი მათ გაოცებული და ამავდროულად ინტერესიანი თვალებით მიშტერებოდა. მეორე მხრივ, დანიელიც თავისი ფიქრების კორიანტელში ჩაძირულიყო, გაურკვეველი მიზეზის გამო, არც ლაპარაკის დაწყებას ჩქარობდა და რადგანაც, მიასთვის ეს სიჩუმე აუტანელი გახდა, გადაწყვიტა თავად ამოეღო ხმა:
-უკაცრავად რომ გაწუხებთ -დამტვრეული გერმანული აქცენტით წამოიწყო -ჩემს მეგობარს ძალიან დააინტერესეთ და გადავწყვიტეთ სანამ წვიმა გადაიღებს, ცოტა ხნით თქვენთან ვიყოთ. ხელს ხომ არ შეგიშლით?
კაცს გაეღიმა და საყრდენი ჯოხი გვერძე თბილი მზერით გადადო.
-აქ რისთვის ჩამოხვედით ბავშვებო?
-საქორწინო მოგზაურობაში ვართ -დანიელმა მეტი დამაჯერებლობისთვის გოგონას მხარზე ხელი გადახვია
-ცუდად იტყუები -ღიმილით დაუქნია საჩვენებელი თითი მოხუცმა -თქვენი დაინტერესება რითი გამოვიწვიე? აქ თითქმის ყოველდღე შემოვდივარ და მიმტანის გარდა პირველები ხართ, ვინც ჩემთან გასაუბრება მოინდომა
მიამ და დანიელმა ერთმანეთს ეშმაკურად გადახედეს. სახეზე ორივეს იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა. საბედნიეროდ, უკვე გოგონასაც დაემთავრებინა სასურველი დესერტის ჭამა და მთელი ყურადღებით საუბარზე იყო გადართული.
-"წარსულის მთელი მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წარსულია" -შთაგონებული სახით წარმოთქვა დანიელმა. მოხუცის დანაოჭებული ქუთუთოების მიღმა, მისი თვალის ფერის გარჩევას ცდილობდა -ეთანხმებით ამ სიტყვებს?
-"ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა"
უცნობის ხმას გარედან შემოსული სიგნალების ხმა შეერწყა. გზაზე დიდი საცობი შექმნილიყო და თითოეულ მათგანს ერთი სული ჰქონდა, როდის დაირღვეოდა მანქანათა დაუსრულებელი რიგი.
-და ეს რა შუაში იყო? -რამდენიმე წამიანი, უჩვეულო დუმილი, მიას ხმადაბალმა სიტყვებმა დაარღვია, რომელიც მხოლოდ არსებული ხმაურის ფონზე მოისმოდა სუსტად
-ჩვენ ადამიანები -დაიწყო კაცმა და ჯოხს ორივე ხელით ჩამოეყრდნო -წარსულს მხოლოდ იმიტომ ვნატრულობთ, რომ მასში რაღაც ფასეული დავტოვეთ, მაგრამ ყველა ნატვრა როდი ხდება? ან თუ ხდება, მას ხშირად იმედგაცრუება მოსდევს ხოლმე. ჯობია ყოველთვის მომავალზე ვიფიქროთ. რაც შეეხება წარსულს, მას წარსული იმიტომ ჰქვია, რომ მისი გაგრძელება აუცილებელი აღარ არის. ილუზიებს შექმნა არასდროსაა კარგი . . . ახლა კი ორივემ თვალები დახუჭეთ და ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეთ.
-ბატონო? -თითქმის ერთდროულად იკითხა, უცხო ქალაქში თავგადასავლების მაძიებლად ჩამოსულმა წყვილმა
-გააკეთეთ რასაც გეუბნებით ბავშვებო -აქ კი, დანიელმა, როგორც იქნა მოახერხა მისი თვალის ფერის ამოცნობა. ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, მეტყველი და საოცრად იდუმალიც, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა მისდამი ინტერესს
კაფეაში კიდევ ორი ადმაიანი შემოვიდა. მათგან ერთ-ერთს როკერის სტილში ეცვა, ხოლო თვალები შავი კრასკებით ჰქონდა ჩაშავებული და რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ თავის ადგილს დაიკავებდა, მხოლოდ მის შარვალზე დაკიდებული დიდი ჯაჭვების ჟღარუნი მოისმოდა.
-კარგი უკვე ჩავკიდეთ -გოგონას ხელზე მოჭერილი თითები, ოდნავ მაღლა ასწია დანიელმა -თვალების დახუჭვა აუცილებელია?
-არ უნდა იდიოტივით გამოჩნდეს -ძლივს ახერხებდა სიცილის შეკავებას ჯერ კიდევ გაოცებაში მყოფი მია, რომელსაც ისიც კი, ვერ გაეგო რა უნდოდა მათგან ამ კაცს, ან იქნებ ის, თუ თავად რა უნდოდათ ამ უცნობისგან.
-დახუჭეთ მეთქი! -როდესაც ხმაში ოდნავ მომთხოვნი ტონი გაურია, ბრძანება ორივემ უმალვე შეასრულა და მოხუციც თითქოს მოლბაო, ისე განაგრძო :-ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვარსკვლავები ხართ,
-ვარსკვლავი ვერ ვიქნები სიმაღლის მეშინია -თვალი არ გაუხელია, ისე გადაუჩურჩულა გოგონას და მიამაც სიცილის შეკავება ვერაფრით შეძლო. ერთდროულად ორი გარემოება ართობდა-დანიელის რეაქციები და ამ კაცის უცნაური სიტყვები. ვერაფერს იტყოდით, ნამდვილად საინტერესო ადამიანი იყო.
-სოკრატე ამბობდა -განაგრძო კაცმა თავისი მონოლოგი -რომ ადამიანები გარდაცვალების შემდეგ, ვარსკვლავებად გადაიქცეოდნენ. მას მიაჩნდა, რომ ჩვენი იმქვეყნად წასვლა, უკიდეგანო ცაზე კიდევ ერთი მბრწყინავი წერტილის გაჩენას გულისხმობდა. ახლა თქვენც ეს მნათობები ხართ, სამყაროს ზემოდან დაჰყურებთ და ანათებთ. მითხარით, როგორი გრძნობაა?
დანიელისგან განსხვავებით, მიამ მართლაც ცხადად წარმოიდგინა ეს ყოველივე და მისი ლამაზი ბაგეები, უეცრად მსუბუქმა ღიმილმა გააპო. გოგონას კვლავ ბიჭის ხელისთვის ჩაეჭიდა თავისი მარჯვენა და რაც უფრო მეტად გრძნობდა თავს ცაზე მიბნეულ ვარსკვლავად, მით უფრო მაგრად უჭერდა თავის, თხელ, თლილ თითებს მის მტევანს.
-რაღაც აუხსნელია, საოცარი, მსუბუქი და ამავე დროს სასიამოვნო, არა? -ისევ მოხუცმა განაგრძო და იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელზეც წესით მათ უნდა ეპასუხათ. დანიელი უკვე ნანობდა მაგიდის მონაცვლებას და ცდილობდა მიასთვის თვალებით მიეხვედრებინა თავისი სათქმელი, რომელიც ასე ჟღერდა "გავეცალოთ, ნამდვილი გიჟია"!
ნამდვილად არასწორი იქნება იმის თქმა, რომ გოგონა ვერ ხვდებოდა მის უთქმელ სიტყვებს, თუმცა იმდენად ერთობოდა დანიელის რეაქციებით და მისი გამომეტყველებით, რომ ამჯერად მას აღარ უნდოდა წასვლა და სურდა უცნობის გევრდით, რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაეტარებინათ.
უცნაურად წამოწყებული, ერთი შეხედვით პარადოქსული საუბარი, იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ამას რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა. საინტერესო მოხუცი, თითქმის ყველა თავისთვის ღირებულ თემას მოედო, ნებისმიერი ცხოვრებისეული სიბინძურის მანკიერება, თავგაგადასვლების მაძიებელ ტურისტებთან ერთად განიხილა და თავისი გრძელზე გრძელი, გიჟურ-ფილოსოფიური მონოლგი მხოლოდ მაშინ დაასრულა, როდესაც ზუსტად თერთმეტის ნახევარზე, ერთ-ერთმა ოფიციანტმა გოგონამ, რომელიც დაახლოებით თვრამეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგდასთან მჯდარ სამეულს, კაფის დახურვის დროის მოახლოების შესახებ ოფციალურად აუწყა . . .
ლამაზი ღამე იდგა. წვიმას უკვე მთლიანად გადაეღო და მისი კვალი ხეებსა და ქვებით მოკირწყლულ ქუჩებს, საკმაოდ ნათლად დამჩნეოდა. ნელა, ხმადაბალი საუბრით მიაბიჯებდნენ წვეთებისგან დასველებულ ქვაფენილზე მია და დანიელი, ხელის მტევნები ერთმანეთისაში გადაეხლართათ და ისეთი ჩიხებით მოძრაობდნენ, სადაც ხალხიც ნაკლები იქნებოდა და ხმაურიც, რომელიც ახლა მათ ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდათ. ალბათ იმიტომ, რომ ორივეს მთელი არსებით სურდა ეს პირველი და უკანასკნელი ღამე, რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ და რაც აღარასდროს განმეორდებოდა, მარტოდმარტო, ყველანაირი გარეშე პირის მონაწილეობის გარეშე გაეტარებინათ. სადღაც, ორივეს გულს უყინავდა იმაზე, ფიქრი, რომ ერთმანეთს ვეღარასოდეს ნახავდნენ, თუმცა ეს იმენად მტკიცე გადაწყვეტილების ფორმით დაკანონდა, შეუძლებელიც კი იყო რამის შეცვლა, თანაც ბოლო მომენტებში. ან, შესაძლოა ერთსაც და მეორესაც, სისუსტის გამომჟღავნების ეშინოდათ? ადამიანებს ხომ ხშირად გვემართება ასე? დგება მომენტები, როდესაც ჩვენი გრძნობების გამომჟღავნებას ვერიდებით, რადგან არ ვიცით იგივეთი გვიპასუხებენ თუ არა. იქნებ ახლაც ზუსტად ეს ხდებოდა? ვინ იცის? . . .

-დანიელ რაღაც უნდა გკითხო -რამდენიმე წამიანი, შემზარავი დუმილი, ცაში წარმოქნილი ელვასავით გაკვეთა გოგონას ხმადაბალმა, გაუბედავად წარმოთქმულმა სიტყვებმა და ბიჭს ხელზე ხელი, ოდნავ მოუშვა -ხვალ გათენდება და ჩვენ გოგრად გადავიქცევით, არა?
სწორედ ეს იყო ტკივილის პირველი ტალღა. იმდენად სულისშემძვრელად დაუარა ბიჭს მთელ სხეულში ცოტა ხნის წინ დასმულმა კითხვამ, რომ თავადაც გაოცებული დარჩა. არ უნდოდა პასუხი დადებითი ყოფილიყო, თუმცა რეალობას ვერსად გაექცეოდა.
-მია მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. უბრალოდ რაც დაგვრჩა იმით ვისიამოვნოთ, კარგი?
-მართალი ხარ. მგონი ასე სჯობს. ორივეს გვჯერა, რომ ჩვენი მომდევნო შეხვედრა ასეთი ლამაზი და უცხო აღარ იქნება, ამიტომ ამ ყველაფერს ნუ გავაფუჭებთ, ნუ გავაუფერულებთ. ის სილამაზე დავიმახსოვროთ, რაც ამ დღემ მოგვცა. და კიდევ ერთი რამ . . .
-რას გულისხმობ?
-აი ამას -თამამად მიუგო გოგონამ, კისერზე მარჯვენა ხელი მოხვია და მის ტუჩებს ნაზად შეეხო . . .
ქალაქი კვლავ განაგრძობდა სუნთქვას . . .
წვიმის წვეთებისაგან დასველებული ქვაფენილიდან, ნელ-ნელა ორთქლდებოდა ბრჭყვიალა სისველე. ირგვლივ ალაგ-ალაგ თუ მოისმოდა მანქანების ხმა, ხოლო ერთ-ერთ პატარა, ალბათ ამ ქალაქის ყველაზე წყნარ და უკაცრელ ქუჩაზე, რომელზეც მხოლოდ ორი ადამიანი დააბიჯებდა, ეს ხმებიც კი ვერ ახერხებდა მიღწევას. მხოლოდ ფეხის ხმა ფანტავდა მდუმარების იმ ნაწილაკებს, რომლებიც ჰაერში მოუსვენრად დაფარფატებდენ და ქაოსური მოძრაობებით აქეთ-იქით დახტოდნენ, ახალ ნაწვიმარ, ცის ცრემლებით გაჟღენთილს, ნოტიო ჰაერში . . .







5წლის შემდეგ

აივანზე მდგარ, ხის სავარძელში იჯდა დანიელი, ლონდონის ნესტიან ხედს გაჰყურებდა და მზერა ბიგ-ბენის საათზე ჰქონდა მიშტერებული, რომელზეც სადაც იყო, დილის თორმეტი ჩამოჰკრავდა. ჩვეული უღიმღამო დღე იყო. როგორც ეს უმეტესად ხდებოდა, ხალხი ქუჩებში ახლაც ფერად-ფერადი ქოლგებით დადიოდა, რითაც ოდნავ მაინც თუ ახერხებდა იმ ნაცრისფერთან შებრძოლებას, რომელშიც ეს ქალაქი, თავიდან ბოლომდე გახვეულიყო.
სიგარეტის ნახევრამდე ჩამწვარ ღერს განცხრომით აბოლებდა დანიელი, ალაგ-ალაგ ხელს საკმაოდ კარგად წამოზრდილ წვერზე ისვამდა და გონებით არარსებულ სამყაროში მოგზაურობდა. სწორედ ის დღე იდგა, როდესაც მიას პირველად შეხვდა და ცხოვრებაში ყველაზე აუხსნელი რამ განიცადა. განიცადა რას ნიშნავს იმ ადამიანს პოვნა, რომელსაც სულით ხორცამდე უგებ, რომლისაც უსიტყვოდ გესმის და რომელიც ასი პროცენტით ჯდება შენს იდეალებში. იგრძნო რას ნიშნავდა, როდესაც კონკრეტულ პიროვნებასთან არანაირ სისულელეზე საუბარი არ გერიდება და არ ელი რომ იგი შენს შეფასებას ეცდება.
დღესაც ახსოვდა. ახსოვდა ის შეგრძნებები, მიას თბილი, გლუვი კანი, მისი კოცნისგან გამოწვეული ემოციები და მათი საერთო ოცნება-ვენეციის ხილვა თოვლის სეზონზე.
ბევრჯერ უცდია დანიელს, ის დღე და თითოეული წუთი ამოეგდო თავიდან, რაც გოგონასთან ერთად გაატარა, თუმცა საბოლოოდ ყოველთვის იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ამ ყველაფერს დავიწყებისთვის ვერ გაიმეტებდა. არც გამოუვიდოდა, რადგან არსებობს მოგონეები, რომელიც სამუდამოდ ჩარჩება ჩვენ მეხსიერებაში, რომელსაც ვერასოდეს მივცემთ დავიწყების მორევს და წყვდიადში ვერ ჩავფლავთ. სწორედ ასეთ ფენომენს წარმოადგენდა მია. ის ჯერ კიდევ ტივტივებდა ბიჭის გონებაში, ყოველ წელს, როდესაც თავიდან დგებოდა მათი შეხვედრის დღე, თითქოს თითოეული გოგონას მიერ წარმოთქმული სიტყვა, მიმიკა და ჟესტი წარმოუდგებოდა თვალწინ, რომელიც ძველი, გახუნებული კინო-კადრივით გაირბენდა და შემდეგ თავდან აგრძელებდა ტრიალს.
"ალბათ მყუდროება დაგირღვიე არა? ზოგადად არც მე მიყვარს, როცა ტრანსპორტში ვინმე გვერდით მიჯდება"
"დანიელ . . . რაღაც მინდა გთხოვო . . . მაკოცე! "
"რა ხდება ჩვენს შორის დანიელ? რატომ ვართ აქ ან რის გამო ვგრძნობ იმას, რაც თავადაც ვერ გამირკვევია?"
"არ ვიცი, მართლა არ ვიცი. შენ, მე და ეს ყველაფერი. რაღაც უჩვეულოა. წესით ახლა მატარებელში უნდა ვიჯდე და უნდა მეძინოს, ან ფანჯრიდან უნდა ვუყურებდე რკინის ლიანდაგებს. მე კი აქ ვარ, ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად, რომელსაც მგონია, რომ იმაზე კარგად ვიცნობ, ვიდრე იმათ, ვინც მთელი ცხოვრებაა ჩემს გარშემო ტრიალებენ. შენი კოცნა კი . . . "
ეს და კიდევ მრავალი სხვა ფრაზა. ხმის ჟღერადობაც კი სრული სიზუსტით ჩაესმოდა. თითქოს სიზმარივით ხედავდა მის სახეს, ღიმილს, ყურზე თმის გადაწევას, რომლის დროსაც ყველაზე ნაზი ჩანდა. ენატრებოდა. ხუთი წლის შემდეგაც ენატრებოდა და ყველაზე მეტად ცხოვრებაში მათ სულელურ გადაწყვეტილებას ნანობდა ერთმანეთის არ ნახვის თაობაზე. ნეტავ გოგონას თუ ახსოვდა? ნეტავ მასაც თუ შემოუტევდა მონატრების სინდრომი და დანიელივით საათობით ერთ ადგილას ჯდომას და ფიქრს აიძულებდა?
ჰო ზოგჯერ ასეც ხდება . . .
გავა დრო და გადაწყვეტილება, რომელიც იმ დროს ყველაზე სწორი და გონივრული გვეგონა, მომავალში იმდენად აფსურდულად გვეჩვენება, საკუთარი თავის, ჩვენივე ხელით დასჯაც კი გვინდება. ვაცნობიერებთ, თუ რამდენად სულელები ვიყავით ადრე, რაზე ვთქვით უარი და როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო მოვლენები, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება რომ მიგვეღო. საუბედუროდ, ამაზე მხოლოდ ფიქრია შესაძლებელი. ამის შემდეგ კი, არის სინანული, არის ტკივილი, უხასიათობა. არის ყველაფერი, რაც ადამიანის გრძნობებში მოიაზრება და რაც ერთხელ მაინც გამოგვიცდია ან მომავალში მაინც გამოვცდით, იმ უცნაურობებით სავსე მორევში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია . . .
დანიელმა უკანასკნელი სიგარეტის ნამწვავიც ჩააფერფლა კობრისთავიან, მუქ ყავისფერ საფერფლეში, გარემოს არაფრისმთქმელი მზერა მოავლო, ფეხზე ზანტად წამოიმართა და უკან შემობრუნებულმა, აივანზე აფრიალებული, თეთრი, გამჭვირვალე ფარდის მიღმა, ნათლად დაინახა ოთახის კუთხეში მდგარ ტუმბოზე, კვლავ ხელშეუხებლად დადებული საშუალო ზომის ჩარჩოში ჩასმული, თმებგაშლილი გოგონას გამოსახულება, რომელიც კოშკზე იდგა, მკლავებით მოაჯირს დაყრდნობოდა და სადღაც შორს, უსასრულობაში იყურებოდა . . .


დასასრული . . .




ბევრს შეიძლებაა ეცნოს შინაარსი, როდესაც ვწერდი ჩემი საყვარელი ფილმის ანალოგი შინაარსი მინდოდა ჩამედო, თუმცა რაღაც ნიუანსები შევცვალე. იმედია პლაგიატობას არ დამწამებენ :დდ

скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent